სამშაბათი, აგვისტო 5, 2025
5 აგვისტო, სამშაბათი, 2025

 გზა ბედნიერებისაკენ

0

„დედამიწაზე გაცილებით მეტი ბედნიერებაა, ვიდრე გგონია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისათვის ისინი დაფარული რჩება“, – ასე არიგებს ტილტილსა და მიტილს სინათლე  მორის მეტერლინკის ცნობილ პიესაში „ლურჯი ფრინველი“. მწერალმა სინათლე პიესის მთავარ პერსონაჟად აქცია. შობის ღამეს, რომელიც „მზიან ღამედ“ გადაიქცევა, როცა სასწაულები ხდება, სინათლე ბავშვებს მშვენიერ მანათობელ ქალწულად მოევლინება და იდუმალ, უხილავ განზომილებაში გაუძღვება, რომელიც ჩვენ გვერდითაა, მაგრამ ვერ ვხედავთ, რადგან სულიერი თვალი დახშული გვაქვს. მხატვრული ლიტერატურა სწორედ სულიერ თვალს უხელს მკითხველს და აჩვენებს გზას, რომელსაც „ბედნიერების ბაღნარში“ მიჰყავს.

 

მწერალი სიმბოლისტური ფანტასმაგორიით პატარებსაც და დიდებსაც შთააგონებს, რომ სიცოცხლე ბედნიერებაა. ლურჯი ფრინველი სულია და ადამიანი მას ხედავს და შეიგრძნობს მაშინ, როცა უყვარს, როცა ვიღაცას უანგაროდ შეეწევა, როცა ახსოვს, როცა გაკვირვება და აღტაცება შეუძლია. თუმცა ბედნიერებაც ნაირგვარია, მოჩვენებითი მატერიალურ სამყაროს განეკუთვნება, ნამდვილი კი – სულიერს. ერთ ეპიზოდში მწერალი ხატავს მდიდრულ სასახლეს, აქ შეკრებილან და ღრეობენ: მდიდრად ყოფნის ბედნიერება, მესაკუთრედ ყოფნის, სმისა და ჭამის ბედნიერება. ამათ გარდა, „ქოთანივით ყრუ“ არაფრის ცოდნის ბედნიერება, აგრეთვე, თხუნელასავით ბრმა არაფრის კეთების ბედნიერება,  საჭიროზე მეტი ძილის ბედნიერება, რომელსაც აქვს „უმაქნისი ხელები და ატმის ჟელეს მსგავსი თვალები“. ამ დროს ჩნდება ენით გამოუთქმელი წმინდა, ღვთაებრივი, ვარდისფერი ჰარმონიული და მსუბუქი შუქი. დარბაზის სქელი წითელი ქსოვილები და ვარდები ქრება, მათ მიღმა კი გამოჩნდება ჰაეროვანი თავისუფლებისა და სიმშვიდის ზღაპრული ბაღი, ყოველივეს „სიცინცხლე თითქოს უშორეს თვალსაწიერზე განავრცობს თვით ნეტარების იდეას“. გამუდმებული ღრეობის მაგიდა უკვალოდ ინთქმება უფსკრულში. მსუქან ბედნიერებათა ფარჩა და ხავერდი, გვირგვინები და მათთან ერთად მხიარული ნიღბებიც და სტუმრებიც გამსკდარი ბუშტებივით თვალსადახელშუა იფუშებიან, გონს მოდიან, ერთმანეთს შეჰყურებენ, თვალებს ახამხამებენ ამ უცნობი თვალისმომჭრელი შუქით დასხივებულნი ახლა ხედავენ ერთმანეთს ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან – შიშვლები, საძაგლები, მოფლაშულები, უბადრუკები, ყველას სირცხვილისა და შიშის ყვირილი აღმოხდება.

 

სინათლე ამგვარად ყველას დაანახვებს მოჩვენებით ბედნიერებათა  ყალბ თვალისმომჭრელობას და „საგანთა ჭეშმარიტებას“ აზიარებს. ბავშვები ხედავენ იმ უამრავ ნამდვილ ბედნიერებას, რომლებიც შეგიძლია შეიგრძნო, თუ სინათლეს ჩაიღვრი თვალებში: ბავშვობის ბედნიერება, მშობლების, ახლობლების სიყვარულის ბედნიერება, ლურჯი ცის, ტყის, გაზაფხულის ბედნიერება. „ვარსკვლავების ამოსვლის ნახვის ბედნიერება“, წვიმის, ზამთრის, კერიის ბედნიერება, უმანკო აზრების ბედნიერება, ცვარში შიშველი ფეხებით რბენის ბედნიერება (გალაკტიონი გვახსენდება: „ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული?“).

 

მეტერლინკი ხატავს მანათობელ, ანგელოზურ ფიგურებს, რომლებიც განასახიერებენ დიდ სიხარულებს, ესენი არიან: სამართლიანად ყოფნის დიდი სიხარული, რომელიც იღიმება ყოველთვის, როცა უსამართლობა გამოსწორებულია. კეთილად ყოფნის სიხარული – „ყველაზე ბედნიერი, თუმცა ყველაზე სევდიანიც, რომელსაც ძალიან უშლიან ხელს, რომ არ წავიდეს უბედურებებთან მათ სანუგეშებლად“. დამთავრებული სამუშაოს სიხარული, აზროვნების სიხარული, გაგების სიხარული, რომელიც „მუდამ ეძებს თავის ძმას – ვერაფრის გაგების ბედნიერებას“.

მეტერლინკის აზრით, უდიდეს სიხარულებს შორის გამოირჩევა „ყოველივე მშვენიერის ხედვის სიხარული, ყოველდღიურად კიდევ რამდენიმე სხივს რომ უმატებს აქ გამეფებულ სინათლეს“. აქვეა სიყვარულის უნარის ოქროსფერი დიდი სიხარული, რომელსაც მთლიანად ვერასოდეს დაინახავ. მწერალი ცალკე წარმოაჩენს „დედობრივი სიყვარულის შეუდარებელი სიხარულს“.

 

„გამოღვიძებული“ ბავშვები და მკითხველიც ბედნიერი არიან, რადგან შეიმეცნეს ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა, რომელიც არასოდეს სრულდება, რომ „მკვდრები“ ცოცხლები არიან, სანამ გვახსოვს, რომ ლურჯი ფრინველი ყოველთვის გასხლტება ხელიდან, რადგან სწორედ მისი დევნაა სიცოცხლე; აგრეთვე, მისი ძიების, პოვნისა და დაკარგვის ბედნიერება, რათა შევიგრძნოთ, რომ ყოველი დასასრული მხოლოდ ილუზიაა, მის მიღმა კი ნამდვილი დასაწყისია, სიხარულის მოლოდინის თანხლებით.

 

აი, რატომ იყო გიორგი ლეონიძის ჩამოძონძილი ელიოზიც მუდამ თვალებგაბრწყინებული. მას სჯეროდა, რომ ბედნიერებას იპოვიდა („ნატვრის ხე“). მოთხრობაში ვკითხულობთ: „ნაზი გულის ადამიანი იყო ელიოზი და თან ცხარე მეოცნებე. ცხოვრების სისასტიკეს მის სულში ვერ ჩაექრო ოცნების ნაპერწკალი და თავისივე შეთხზული უცნაური ოცნებებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისაგან. ჯერ ოქროკვერცხას, ოქროს მდებელ ქათამს, ეძებდა ბუჩქნარებში, მერე დაეჟინა ნათელთევზას დაჭერა და მთელი დღეები დაკარწახებული იდგა იორში: მოჩხრიკა, ამოხაპა იორი, დაღალა ბადე“ . „ელიოზს სწამდა: იანვრის სასტიკ ყინვიან ღამეში თუ შუაღამისას მოხვდი ტყეში და თუ ცის გახსნას შეესწარ, მაშინ დაინახავ ტურფად აყვავილებულ ჯადოსნურ ხეს. არა მშვენიერება მას არ სჯობია! ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც ნაყოფს მოისხამს. თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა! სიღარიბე იმ წამსვე ჩამოგეცლება სამუდამოდ!“. ამიტომაცაა, რომ გიორგი ლეონიძე გვაჯერებს: „პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან, პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე!“

 

ბორხესის ერთი მინიატურის ბრძენი პარაცელსუსი მასთან მისულ, ჭეშმარიტების მაძიებელ ჭაბუკს უკან გააბრუნებს, რადგან ხედავს, რომ იგი ჯერ კიდევ გარეთ ეძიებს ალქიმიურ ქვას, რომელიც „ოქროდ გადააქცევს ბუნების ყველა ელემენტს“. პარაცელსუსის აზრით კი, „ეს გზაა თვითონ ქვა. ადგილი, საიდანაც მოდიხარ, ქვა არის თვითონ. თუ ამ სიტყვის მოსმენა არ ძალგიძს, მაშინ ვერაფერს გაიგებ. ყოველი ნაბიჯი ამ გზაზე მიზანს წარმოადგენს“.  ყმაწვილი დარწმუნებულია, რომ მზისქვეშეთში ყოველივე მოკვდავია, რასაც უარყოფს ბრძენი და ეუბნება: „მაშ, სად ვართ ჩვენ? რა გგონია, მამაზეციერი სხვა რამეს შექმნიდა, თუ არა სამოთხეს? გესმის თუ არა, რომ პირველყოფილი ცოდვა სწორედ იმის ვერ გაგებაა, რომ სამოთხეში ვიმყოფებით!“ („პარაცელსუსის ვარდი“). ჭაბუკი მოტანილ ვარდს ცეცხლში აგდებს, შეჰყურებს დაფერფლილ ყვავილს და არ სჯერა ბრძენისა, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ვარდი უკვდავია და მხოლოდ მისი სახე იცვლება. ერთი ჩემი სიტყვა და შენ კვლავ იხილავდი მას“. ბრძენს შეუძლია, მოიხმოს ის, რასაც „მოიხმობდა მამაზეციერი, როდესაც ქმნიდა ცასა და ქვეყანას და უხილავ სამოთხეს, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც პირველი შეცოდების გამო დაფარულია ჩვენგან“. ყმაწვილი ვარდის აღდგენის ხილულ სასწაულს ითხოვს, მაგრამ უარს იღებს. რადგან  ჯერ არ განუცდია სიტყვის ძალა, რომლითაც საკუთარი სულის უხილავი კარის  შეღება შეუძლია.  ამიტომაც ბრძენმა უკან გააბრუნა. თვითონ კი „მყუდროდ მოკალათდა საკარცხლულში, ღველფში გაქექა ნაცარი და ჩუმად წარსთქვა სიტყვა. და აღმოცენდა ვარდი“.

 

ჰემინგუეის სანტიაგო, მოხუცი მამაცი მებადური, დაჭერილი უზარმაზარი თევზის ზვიგენებისგან დაცვას რომ ცდილობს („მოხუცი და ზღვა“) საკუთარ თავს ასე იმხნევებს: „ყოველი დღე ერთმანეთს ხომ არ ჰგავს. ცხადია, კარგია, როდესაც კაცს ბედი სწყალობს. მაგრამ მე მაინც მირჩევნია, ჩემს საქმეს მარჯვედ ვაკეთებდე, ხოლო როდესაც ბედი გამიღიმებს და ბედნიერება მეწვევა, მზად შევხვდები მას“. ამიტომაც „დაესიზმრა მოხუცს ზღვის გრძელი, ყვითელი ნაპირი. ნახა, როგორ გამოვიდა ბინდბუნდში შამბნარიდან პირველი ლომი, მას სხვებიც მოჰყვნენ. მოხუცი ნიკაპით დაეყრდნო ღუზაზე დაბმული გემის ქიმს; ხმელეთიდან საღამოს ნიავი უბერავდა; მოხუცი ელოდებოდა, გამოჩნდებოდნენ თუ არა კიდევ ლომები, და სრულიად ბედნიერი იყო“. სანტიაგო საკუთარი ფიქრების ნაკადებში ცდილობს გზის გაკვლევას:

„ნუ თვლემ და საჭეს მიხედე. შეიძლება კიდევ გეწვიოს ბედნიერება.

– ნეტამც მეყიდა პატარა ბედნიერება, თუ სადმე ჰყიდიან, – თქვა მოხუცმა.

– რით იყიდი? – ჰკითხა მან თავის თავს, – განა დაკარგული ჭვილთით, გატეხილი დანით და დასახიჩრებული ხელებით ბედნიერებას იყიდი?

– ვინ იცის! აკი გინდოდა გეყიდა ბედნიერება იმ ოთხმოცდაოთხი დღით, ზღვაზე რომ გაატარე. სხვათა შორის, კინაღამ მოგყიდეს ბედნიერება… არ არის საჭირო ფიქრი ყოველგვარ სისულელეზე. ბედნიერება ადამიანს სხვადასხვა სახით ეწვევა. ვინ გამოიცნობს მას? მე, მაგალითად, ერთ ციცქნა ბედნიერებას მივიღებდი, რა სახითაც უნდა ყოფილიყო და ყველაფერს მივცემდი, რასაც მოითხოვდნენ. ნეტავ, ჩირაღდნების დაფიონს დავინახავდე, – გაიფიქრა მან. – ძალიან ბევრი რამ გსურს ერთბაშად, ბერიკაცო. მაგრამ ახლა მხოლოდ ჩირაღდნების დანახვა მსურს და სხვა არაფერი“.

 

„ჩირაღდნების დაფიონს“ დაინახავს საინტიაგო და ყველა ის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ბედნიერება და სიხარული ყველგანაა, მთავარია, მათი დანახვა შეგეძლოს. ამ დანახვას ადამიანს მხატვრული ლიტერატურა ასწავლის, ზემოთ ნახსენებთან ერთად კიდევ უამრავი მწერალია, რომლებიც „დაწერილი სიტყვის ბედნიერებას“ განიცდიდნენ, მიუხედავად იმისა, გადარჩებოდა თუ არა, მიაღწევდა თუ არა ეს სიტყვა მკითხველის გულამდე. და კიდევ: ყველა ადამიანი იმ სიხარულს ხედავს, რომელიც მას აბედნიერებს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ჩვენი ბედნიერება სხვისას არ „ემთხვევა“, უბრალოდ, „ლურჯი ფრინველის“ მოსახელთებლად ყველამ თავისი გზა და ბილიკი უნდა მონახოს.

წინ, ბავშვობის დაუსახლებელი კუნძულისკენ!…

0

(ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას”)

1960 წელს გამოცემულმა ამ რომანმა, რომელმაც მის ავტორს ჰუმანისტი მწერლის სახელი, უდიდესი წარმატება და პულიცერის პრემია მოუტანა, ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებადაა აღიარებული და ლიტერატურული კლასიკაა. წიგნი ეფუძნება რეალურ ამბავს, რომელიც ნამდვილად მოხდა ავტორის მშობლიურ ქალაქში 1936 წელს, როცა ის 10 წლის იყო. მეიკომის ოლქის (სადაც მოქმედება ხდება) ერთ-ერთი მკვიდრი, ადვოკატი ატიკუსი მიმართავს თავის გოგონას: „იცი, რა, გენაცვალე, შენ ერთი პატარა ოინი უნდა ისწავლო. მაშინ ბევრად უფრო გაგიადვილდება ხალხთან ურთიერთობა. ადამიანს ვერასოდეს ვერ გაუგებ, თუ არ შეეცდები, მისი თვალით შეხედო გარემოს”. სწორედ ამას გვთავზობს ჰარპერ ლიც.

 

ნაწარმოებში სამყარო პატარა პერსონაჟის, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალითაა დანახული. სწორედ ბავშვის სუფთა თვალსაწიერიდან ვეცნობით დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამას შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებულ მოვლენებს. ბიბლიაც გვიყვება, რომ ბავშვის უმანკო გულში დაივანებს ხოლმე ჭეშმარიტება. სწორედ ამას ვეზიარებით ამ წიგნით – სიცოცხლისა და სამართლიანობის სიყვარულს. ბავშვი არასდროს ფიქრობს, რატომ უყვარს სუნთქვა თუ შაქარმოყრილი კარაქიანი პური, თუნდაც საოცნებო ზაფხული: „მწერებისაგან დამცავი ბადით შემოღობილ ღია აივანზე ძილი, ხის ქოხში თამაში, ათასგვარი გემრიელი საჭმელი და სიცხისაგან ალაპლაპებული, ნაირფრად მორთული ბუნება”. კიდევ დიდობაზე ოცნება, რეალური ადამიანების თამაში თავიანთ გამოგონილ პიესებში და ცხოვრებასთან შეჩვევა. საოცარი დამაჯერებლობით გვეშლება თვალწინ პატარა ჭყიტას მონათხრობი და წარმოსახვა, რომელსაც პეპი მაღალიწინდასავით მაინცდამაინც არ უნდა „ნამდვილი ლედი” გაიზარდოს, მიაჩნია, რომ მამის მზის სხივი ბრიჯებშიც შეიძლება იყოს.

 

ნელ-ნელა ვეცნობით ჭყიტას ძმას, მუხლუხოებს, ჭიანჭველებსა და კოღოებზე მზრუნველ ჯემს; მას მეგობარს – დილს, რომლსაც ადამიანურმა სისასტიკემ აფიქრებინა, რომ, როცა გაიზრდება, კლოუნი იქნება, არა სევდიანი, რომ ხალხმა დასცინოს, არამედ სულ რომ იცინის, იცინის და იცინის; მის მოდის, იშვიათად სამართლიან ქალ-ქამელეონს, გაღიმებისას ორი ოქროს კბილი რომ გამოუჩნდება ხოლმე; რედლი ბუას, ნაწარმოების დასაწყისშივე გამოჩენილ, დიდი ცხოვრებისეული საიდუმლოს მატარებელ პერსონაჟს (მის სახელს უკავშირდება სწორედ კვანძის შეკვრა ნაწარმოებში, რომელიც ბოლომდე არ იხსნება), რომლის სახლიც საშინელ სამყაროსეულ ხმებთან ასოცირდება, სანამ ბოლოს ყველაფერი ნათელი არ გახდება; რეიმონდ დოლფუსს, რომელსაც ეკუთვნის ფრაზა ბავშვურ, უტყუარ ალღოზე: „თქვენ ბავშვები ხართ და ამის გაგება არ გაგიჭირდებათ”, თავისი უცნაური გულახდილობით პატარებთან, უფროსების აზრი ნაკლებად აინტერესებს, იმიტომ, რომ მათ ცუდი წარმოდგენა აქვთ მასზე და ნაკლებად ადარდებთ, „როგორ ტანჯავს ერთი კაცი მეორეს სრულიად დაუფიქრებლად”; ატიკუსს, ჯინისა და ჯემის მამას, რომელიც ერთგვარად იდეალიზებული პერსონაჟია ნაწარმოებში. იგი სიუჟეტის მიხედვით ყოველი გმირის ვალს იკისრებს და სასამართლო დარბაზსა და ქუჩაშიც ერთნაირად იქცევა. ატიკუსის აზრია: „სანამ ადამიანებთან მორიგებაზე ვიზრუნებ, ჯერ საკუთარ თავს უნდა მოვურიგდე… არის ერთი რამ, რაც უმრავლესობის დაკანონებულ შეხედულებებს არ ექვემდებარება. ესაა ადამიანის სინდისი”. ვეცნობით მამიდა ალექსანდრასაც, რომელიც ბიურგერული მორალის გამჟღერებელია. სწორედ ამიტომ ის და მეიკომის პროვინცია კარგად „მოურიგდნენ” ერთმანეთს. პატარა ჭყიტამ უკვე იცის, რომ „ზოგჯერ იძულებული ხარ, იცრუო. ანკი რა უნდა ქნა, როცა იცი, რომ მაინც ვერაფერს გახდები”, მაგრამ არაფრით ეთანხმება მამიდას, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანის კეთილშობილებას მისი ოჯახის სიძველე განსაზღვრავს.

 

ატიკუსი ზემოთქმული შეხედულებათა სისტემისაგან თავისუფალია და ბავშვებსაც მსგავსი სულისკვეთებით ზრდის, რაც მამიდის უკმაყოფილებას იწვევს. მაგალითად, მამიდას არ სურს, ბავშვები ზანგ მოსამსახურესთან, ძიძასთან წავიდნენ სტუმრად. მეტიც, ატიკუსისგან ოჯახის ერთგული კელპუნიას დათხოვნას მოითხოვს. და, აი, მივადექით არა მარტო ამერიკის, არამედ პროგრესული მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას – რასიზმს.

 

ჭყიტა პირველად მძაფრად იგრძნობს ამ უსამართლობას, როცა ატიკუსს არცხვენენ შავკანიანის ვექილობისთვის. ამ უკანასკნელს ვერ გაუგია, „რატომ გადადიან ხოლმე ჭკუიდან საღად მოაზროვნე ადამიანები, როცა საქმე შავკანიანებს ეხება”. ალბათ იმიტომ, რომ ზოგიერთის ხელში ბიბლია მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ვისკის ბოთლი და ისინი იმდენს ფიქრობენ საიქიოზე, რომ ნამდვილი ცხოვრებისა აღარაფერი გაეგებათ და ფიქრობენ, „თითქოსდა, ყველა ზანგი მატყუარაა, ყველა ზანგი უზნეოა”. „ადამიანები განგებამ თანასწორუფლებიანები გააჩინა”. ეს კი თომას ჯეფერსონის, ამერიკელი განმანათლებლის, ბურჟუაზიული დემოკრატიის იდეოლოგის, აშშ-ს მე-3 პრეზიდენტის ფრაზაა. ეს უნდა იყოს ყველაზე კაცთმოყვარე სახელმწიფო ინსტიტუტისთვის გასათვალისწინებელი ფრაზა, რომელიც „მათხოვარს როკფელერს უთანასწორებს, შლის ზღვარს ბრიყვსა და აინშტაინს შორის, უმეცარსა და უნივერსიტეტის რექტორს შორის”.

 

აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ნიკო ლორთქიფანიძის „დადიანის ასული და მათხოვარი”, რომელიც ყოველი ადამიანის, თუნდაც ბედისწერისგან დაკნინებულის, ღირსების საგალობელია. ინსტიტუტი, ადამიანებს შორის უთანსწორობას რომ შლის – სასამართლოა. ყველა თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე – ესაა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი. და ბავშვების წინაშე დილემაა, წყევლა-კრულვიანი საკითხავი: „თუ ყველა ადამიანი ერთნაირია, მაშინ რატომ ვერ ეგუებიან ერთმანეთს?”

 

ძალიან შთამბეჭდავია სცენა, როცა დილი სასამართლოზე ბრალმდებელი გილმერის ზანგი ბრალდებულისადმი უხეშობაზე ატირდება. თითქოს, მისი უმანკო გული იხსენებს ჭეშმარიტებას, რომელიც მან დაბადებამდე „იცოდა”. ძალიან ცოტაა, როგორც ატიკუსი ამბობს, ისეთი ადამიანი, რომელსაც, ბავშვების გარდა, გული შესტკივა ამაზე. პატარებსაც უწევთ ასეთ გარემოში, როგორც მშობლიურ სახლში, ყოფნა და ისინიც სწავლობენ ამ სახლში ცხოვრებას. როგორ? აი, თუნდაც ჯემი, რომელიც ცდილობს იმის დავიწყებას, რომ ჰიტლერის მიერ ებრაელების დევნასა და თეთრკანიანების მიერ შავკანიანთა მიუღებლობას შორის განსხვავება არ არის, ფიქრობს, რომ მასწავლებელი მის გეიტსი, ჰიტლერი რომ სძულს, თავისი ქვეყანა იდეალურად დემოკრატიული ჰგონია და თეთრკანიანებისა და ფერადკანიანების დაქორწინების წინააღმდეგია, ძალიან ცდება.

 

ატიკუსი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორისაა, ვინც ცდილობს წინ აღუდგეს კაცთა შორის გაჩენილ ამ უფსკრულს. თუმცა მისი ძალისხმევაც, ავტორის აზრით, „წინ გადადგმული ნაბიჯია, აი, ისეთი, როგორსაც ჩვილი ბავშვი გადაადგამს ხოლმე, სანამ სიარულს ისწავლის”. ესეც სიმამაცეა: როცა წინასწარ დარწმუნებული ხარ შენი წამოწყების წარუმატებლობაში და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, იღვწი, ბოლომდე მიდიხარ. ამ დროს იშვიათია სრული გამარჯვება, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ მიაღწევ საწადელს? ეს იმიტომ, რომ – ღვთაებრივი და მეორეა – ადამიანთა უსამართლო სამართალი. ამიტომ ამსგავსებს ავტორი ხეიბარი ზანგი ტომის მოკვლას უწყინარი, მგალობელი ფრინველების ხოცვას. ეს ხდება თებერვლის ერთ სუსხიან დილას, როცა ჯაფარები ჭიკჭიკს შეწყვეტენ. „- ატიკუს, ეს უსამართლობაა”, – ამბობს ჯემი…

 

როგორ იხსნება კვანძი? რაზე მოთქვამდა, ნეტა, რედლი ბუას ეზოში მდგარ ხეზე („არ უწყოდა, ვის ხეზე იჯდა”) მჯდომი მასავით ეული ჯაფარა? იქნებ ამ კეთილშობილ განდეგილზე, თავისი ნებით უსწორმასწორო წუთისოფლისგან იზოლირებულ მგრძნობიარე ადამიანზე (რომელსაც ცრემლები წასკდება ჭყიტასთან შეხვედრისას)? სწორედ ისაა „ჯაფარა”, რომელიც არ უნდა მოკლა. სწორედ ისაა ერთი „ცხვარი”, რომლის საძებნელადაც „მწყემსმა” მთელი ფარა მიატოვა. ასეა – ყოველი ჩვენგანის მნიშვნელობა ისაა, რაც ღვთის ჩვენდამი სიყვარულით იზომება. ამ სიყვარულს ვერაფერი აწონის და შეედრება, ეს სიყვარული გვათანაბრებს ადამიანებს და მოგვიწოდებს, გავიაზროთ ის და გავიზიაროთ, ერთმანეთს გავუზიაროთ…

 

„მე და ჯემი გავიზრდებით”, – ეს ჭყიტას ცნობიერების ნაკადია – „მაგრამ სწავლით ნეტა რაღა დაგვრჩა-მეთქი სასწავლი? იქნებ მარტო ალგებრა?”. მართლაც, ეს ბავშვობაში ნასწავლი ცხოვრებაა, ბავშვობაში, რომლის ღვთაებრივი ცოდნა შეიძლება იმ რწმენითაც შემოიფარგლებოდეს, რომ „ადამიანთა უმრავლესობა ისეთივე კარგია, როცა ახლოს გაიცნობ…”. ჩვენი წუთისოფელიც სხვა არაფერია, თუ არა სვლა ბავშვობისაკენ…

 

 

 

 

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა!

0

ეს წერილი ერთი პროექტისთვის დაიწერა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მადლიერებით იხსენებდნენ მათ მასწავლებლებს, ერთ-ერთ  ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს ცხოვრებაში. წერილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. რატომღაც მომინდა ეს ჩემი ნაფიქრალი თქვენთვის აქაც გამეზიარებინა.

მადლობა მასწავლებელს, რომელიც მინდოდა მყოლოდა.

ძვირფასო მასწავლებელო,

გმადლობთ, რომ იყავით სამართლიანი, რომ მისმენდით, რომ გიყვარდით, მპატიობდით, პატივს მცემდით, გქონდათ იუმორის გრძნობა, იყავით თვითირონიული. მეუბნებოდით, რომ არცოდნა სირცხვილი არ არის, რომ შეცდომებიც მოსულა, რომ უნდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, თავისუფალი და ლაღი.  რომ ყველა გაკვეთილი საინტერესო იყო და ერთმანეთს არ ჰგავდა. არ მაყენებდით კუთხეში, არ მაგდებდით საკლასო ოთახიდან, არ იბარებდით მშობელს სკოლაში, არ მემუქრებოდით დირექტორის კაბინეტში მიბრძანებით, არ გამომატანეთ სკოლიდან შიშები, სტერეოტიპები და  არასრულფასოვნების კომპლექსი.  მასწავლეთ გამბედაობა, რომ დამესვა შეკითხვები და არ დამემალა, თუკი არ გეთანხმებოდით. მადლობა, რომ არ მეშინოდა თქვენი, რომ მომმართავდით სახელით. ჩემი თავდაჯერებულობაც თქვენი ღვაწლია.  მასწავლეთ, რომ ჩემი თხრობა ამევსო შინაარსით და არ მაიძულებდით ზეპირობას. გმადლობ,  რომ არ ვარ ღირებულებისგან ცარიელი, რომ არ ფიქრობდით ჩემს მაგივრად. მადლობა, რომ ვარ ბედნიერი. თქვენგან ვისწავლე, რომ ბედნიერება მთელი ცხოვრების პროცესია და არა შედეგი. მადლობა, რომ ამაყობთ ჩემით და ამბობთ, რომ თქვენი მოსწავლე ვიყავი, თქვენი აღზრდილი ვარ.

დიახ, გეთანხმებით, გადაჭარბებულია ჩემი მოლოდინები თქვენი პროფესიის  მიმართ, დიდია პასუხისმგებლობაც და რისკიც.   ძნელი პროფესიაა, დაუფასებელი,  მაგრამ…

გმადლობთ, რომ თუკი მკითხავენ,  დავასახელო სამი ადამიანი მაინც,  ვინც  ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში, თქვენ მათ შორის ხართ.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე, მაია ჯალიაშვილი, თამთა დოლიძე, გიტა თვალაბეიშვილი, თამარ მურუსიძე,  ქეთევან ოსიაშვილი, შორენა ტყეშელაშვილი, გურამ მეგერლიშვილი, თინათინ ზარდიაშვილი, ქეთევან კობალაძე, რუსუდან რუხაძე,  ლევან ალფაიძე, ნინო ლომიძე, თამარ გეგეშიძე, მეგი კავთუაშვილი, ლელა კოტორაშვილი, ირმა კახურაშვილი, დიანა ანფიმიადი, ნასტასია არაბული, ელიზბარ ელიზბარაშვილი

 

ჟურნალის ჩამოწერა და წაკითხვა შესაძლებელია ბმულიდან.

არა მზა პასუხები, არამედ ანალიზი და ფიქრის უნარი

0

ათი მცნება ოსკარ ბრენიფიესგან

ოსკარ ბრენიფიე ფილოსოფიის დოქტორი, მწერალი და ბავშვთა განვითარების მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სპეციალისტი და რევოლუციონერი, ასევე რამდენიმე ათეული წიგნის ავტორი და იუნესკოს ოფიციალური ექსპერტია. ის ამბობს, რომ აღზრდასა და განათლებაში მნიშვნელოვანია, უფროსებმა არა მხოლოდ მზა პასუხები იქონიონ ბავშვების მიერ დასმულ რთულ შეკითხვებზე, არამედ ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიონ ბავშვები ფიქრს, აზროვნებასა და ანალიზის უნარს, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ პასუხების პოვნა.

მცნება 1: ავარჯიშეთ მოთმინებ

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მშობლების მოუთმენლობა მთავარი დაბრკოლებაა, რომელიც ბავშვებს ფიქრში ხელს უშლის. თუ გსურთ, თქვენმა შვილმა აზროვნება ისწავლოს, ჯერ საკუთარ თავზე იმუშავეთ და ავარჯიშეთ ყველაზე მნიშვნელოვანი – მოთმინება.

ერთხელ ერთმა დედამ თავისი პრობლემის შესახებ მიამბო – მისი ბავშვი ნელა ჭამდა. მე ვკითხე: სად ხედავდა პრობლემას. მან მიპასუხა, რომ დროულად უნდა დაელაგებინა, რადგან სხვა საქმეებიც ჰქონდა, ბავშვი კი აფერხებდა. მე განვუმარტე: „ეს თქვენი პრობლემაა და ის ბავშვის პრობლემაში არ უნდა აგერიოთ. რატომ არ აძლევთ ნელა ჭამის საშუალებას?“ დედისთვის ეს მიდგომა უჩვეულო იყო. ჩემ მიერ შემოთავაზებულ  შემთხვევაში ის ვერ შეძლებდა სიტუაციის კონტროლს, ხოლო ბავშვთან ურთიერთობისას მას სურდა თავად ყოფილიყო მოქმედების რიტმის განმსაზღვრელი.

როდესაც ბავშვს რამეს ეკითხებით, შეიძლება მან უმალ არ გიპასუხოთ, ან თქვას: „არ ვიცი“. თუ მოუთმენელი ხართ, თქვენ ბავშვის ნაცვლად ისაუბრებთ (განსაკუთრებით, თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი იცით).

ერთ გამოფენაზე ჩემთან გოგონა მოვიდა. მე სახელი ვკითხე. მის გვერდით მდგომმა დედამ გოგონას ნაცვლად მიპასუხა. დედას ვკითხე, რატომ მოიქცა ასე, რაზეც მან მითხრა: „ბავშვი მორცხვია“. სინამდვილეში, დედა მოუთმენელი იყო და სჯეროდა, რომ მან ყველაფერი იცოდა (იცოდა, რომ ის მორცხვი იყო). არადა, საქმე სულ რაღაც 30 წამს ეხებოდა, უნდა დავლოდებოდით და გვენახა, რას იტყოდა ან რას გააკეთებდა გოგონა. მაგრამ დედასთან ამის მტკიცება შეუძლებელი იყო. მას უბრალოდ ისიც კი არ შეეძლო ბავშვისათვის შეექმნა სივრცე, სადაც ის თავს თავისუფლად იგრძნობდა.

მცნება 2: იყავით უმეცარი, როდესაც თქვენს შვილს კითხვებს უსვამთ

ეს ჩემი მასწავლებლისგან, სოკრატესგან გავიგე. მან თქვა, როდესაც ჭეშმარიტებას ეძებ, უმეცარი უნდა იყოო. საიდუმლო ის გახლავთ, რომ, როდესაც თქვენს შვილს უსვამთ კითხვებს (და კითხვის დასმა ბავშვის ფიქრის გასაღებია), თქვენ არ უნდა იცოდეთ მათზე პასუხი, მაშინაც კი, როცა ეს პასუხი ნამდვილად იცით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ბავშვისგან მოითხოვთ თქვას ის, რაც მხოლოდ თქვენ მიგაჩნიათ სწორად.

მაგალითად, თუ ბავშვს ჰკითხავთ, რამდენია ორს მივუმატოთ ორი და გენდომებათ, რომ მან გიპასუხოთ: „ოთხი“, ეს ცოდნის გამოცდაა, მაგრამ არა აზროვნების. ჰკითხეთ ბავშვს: „რამდენი იქნება ორს მივუმატოთ ორი?“ როდესაც ის გიპასუხებთ (იმისდა მიუხედავად, პასუხი სწორი იქნება თუ არა), ჰკითხეთ, როგორ მივიდა ამ დასკვნამდე. იქნებ ეს უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე ხწორი პასუხი. იმის გადამოწმება, ისწავლა თუ არა ბავშვმა გაკვეთილი და შეუძლია თუ არა ფიქრი, ორი სხვადასხვა რამეა.

მაგალითად, თუ თქვენმა ვაჟიშვილმა თავის დას დაარტყა, ორი რამის გაკეთება შეგიძლიათ. პირველი – მისთვის ზნეობრივი ფასეულობების სწავლება: დას ეტკინა, მისი ცემა არ შეიძლება და ა.შ. (მშობლებს ღირებულებების გადაცემის ფუნქციაც აკისრიათ). და მეორე გზა ორი ბავშვის კონფლიქტის მოსაგვარებლად – უნდა გაარკვიოთ, რატომ ხდება ეს. შეეკითხეთ თქვენს შვილს: „რატომ დაარტყი?“ ვთქვათ, გიპასუხათ, რომ დამ შეაწუხა. ჰკითხეთ: „ეს რას ნიშნავს?“ „მინდოდა მისთვის რაღაცების წართმევა“, – ამბობს ვაჟიშვილი. „თუ შენი და იმას არ აკეთებს, რაც შენ გინდა, იქნებ დარტყმის გარდა უფრო კანონიერი ქმედებაც გამონახო?“ – დაუსვით თქვენს შვილს ეს კითხვა.

მთავარი იდეა ისაა, რომ თქვენ უნდა შეისწავლოთ სიტუაცია, პრობლემა, დაუსვათ ბავშვს შეკითხვები, იმსჯელოთ. თუ კამათში ორი ბავშვი მონაწილეობს და თქვენ ერთ-ერთ მათგანს უსვამთ შეკითხვებს, მეორე აუცილებლად გაგაწყვეტინებთ. „მოითმინე, მოდი, ჯერ ამას მოვუსმინოთ, ვეცადოთ, გავიგოთ, რას ამბობს. თითოეულ თქვენგანს ექნება აზრის გამოთქმის საშუალება და ერთად გავიგოთ, რა მოხდა“. თუ თქვენ გრძნობთ, რომ უხასიათოდ ხართ ან ბავშვების კამათმა დაგღალათ, უბრალოდ, ბავშვები განაცალკევეთ და უთხარით, რომ მათ საქმეს მოგვიანებით გაარჩევთ.

მცნება 3: ყველა მშობელი ცუდი და არასრულყოფილია

ყველა დედა და მამა ცუდი და არასრულყოფილია. ისინი მეზობლებსა და მეგობრებს ეუბნებიან, რომ მათი შვილები მშვენიერი არიან. ეს მათი ვალდებულებაა, მაგრამ სინამდვილეში, მშობლები ხშირად იმედგაცრუებული არიან, მათ არ იციან, როგორ ესაუბრონ ბავშვებს, მაგრამ სხვა ადამიანების თვალში სურთ, სრულყოფილ მშობლებად გამოიყურებოდნენ. პრობლემა დანაშაული როდია, არც ცოდვაა, ის უბრალოდ რეალობაა. ჩვენ ადამიანები ვართ, ბავშვებიც. სადაც ადამიანები არიან, იქ პრობლემებიცაა, რადგან ჩვენ რთული არსებები ვართ. ამიტომ მშობლები ყოველთვის უკმაყოფილონი არიან, მათ სურთ ის, რაც არ არის, ისინი ფიქრობენ სრულყოფაზე და სურთ იყვნენ უკეთესები, იყვნენ ნომერ პირველნი. მოიშორეთ პერფექციონიზმი! ეს ცხოვრებას გაგიადვილებთ.

მცნება 4: ნუ შეაწუხებთ ბავშვებს თქვენი მოლოდინებით

მშობლებისთვის დიდი პრობლემაა ბავშვის მიმართ მაღალი მოლოდინი. ჩვენ ზეწოლას ვახდენთ ბავშვებზე, რომ მივაღწიოთ იმას, რასაც მათგან მოველით. კარგია ზნეობრივი ფასეულობების ქონა და მათი გადაცემა ბავშვისთვის, მაგრამ, როდესაც ეს აკვიატებად იქცევა, ბავშვის ცხოვრება უბედურდება და აზრს კარგავს. რაღაცის სურვილი – პრობლემა არ არის, პრობლემაა აკვიატება, ეს არის ბუდისტური ფილოსოფია.

მაგალითად, არსებობს ასეთი პრობლემა: მშობლებს უნდათ, რომ მათი შვილი კლასში საუკეთესო იყოს. მაგრამ კლასში 30 ბავშვია და თითოეული ბავშვის მშობელს ერთი და იგივე სურვილი აქვს. აქ მცირე ლოგიკური პრობლემაა: ყველა ბავშვი არ შეიძლება იყოს საუკეთესო. მათ უნდა მიიღონ, რომ შესაძლოა მათი შვილი რიგით მეორე ან ოცდამეათე გამოდგეს.

ჩემთან მშობლები ასეთი კითხვით მოდიან: „მე არ მესმის შვილის, ის ჩემზე გაბრაზებულია“. ვიწყებ სიტუაციის გამოკვლევას და ვხვდები, რომ მშობელი ვერ იღებს იმ ფაქტს, რომ მისი შვილი საუკეთესო არ არის. ზოგიერთ ბავშვს სკოლა არ უყვარს, ზოგიც ცუდად სწავლობს. დედას კი თავისი რეცეპტი აქვს: ბავშვს მეტი და მეტი შრომა სჭირდება. ბავშვი ისე იზრდება, რომ მისთვის წარუმატებლობა მიუღებელი ხდება. ამიტომაც გვყავს თინეიჯერები, რომლებიც ჩაფლავებული გამოცდის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ.

ერთმა დედამ მომმართა, რომლის შვილი მათემატიკური ნიჭით ვერ დაიტრაბახებდა. ის ამაში პრობლემას ხედავდა. მე ვუთხარი: „ვთქვათ, თქვენი შვილი ცუდად თამაშობს ჰოკეის. დააძალებდით მეტის გაკეთებას, იმისთვის, რომ ჰოკეის ჩემპიონი გამხდარიყო?“ დედამ მიპასუხა: „არა, ამას აზრი არ აქვს“. „თუ ჰოკეის აზრი არ აქვს, რატომ არ უნდა გვესმოდეს ეს სკოლასთან მიმართებით? თქვენი შვილი ისეთია, როგორიცაა. სკოლა არ არის სამყაროს დასასრული, თუმცა ის მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანია, რომლებიც მშვენივრად ცხოვრობენ ყოველგვარი ჩემპიონობის გარეშე“.

მაგალითად, ზოგი მშობელი ამბობს: „მე უბრალოდ მინდა, ჩემი შვილი ბედნიერი იყოს“. სავარაუდოდ, ის თავად არ არის ბედნიერი და იმედოვნებს, რომ ბავშვს ექნება ის, რაც მას არა აქვს. მშობლებს არ შეუძლიათ დაუშვან ის, რომ მათი შვილი უბედური იქნება. ის მშვიდად ვერ რეაგირებს ბავშვის ტირილზე. ცირკს აწყობს, გამორბის ბავშვისკენ და ეხუტება. პრობლემა ისევ აკვიატებაა. ბავშვი დაეცა, ტირის. იქნებ იმის გამო ტირის, რომ მოულოდნელმა დაცემამ გააოგნა? ჰკითხეთ მას: „გტკივა? რამე დაიზიანე?“ იქნებ მან მაშინვე შეწყვიტოს ტირილი? თუ მას დაუყოვნებლივ აიტაცებთ ხელში, ის უფრო ძლიერად ატირდება და შემდგომში ამ მომენტს სათავისოდ გამოიყენებს.

მცნება 5: გახსოვდეთ, რომ ბავშვი სათამაშო არ არის

მშობლებს მიდრეკილნი არიან, აჰყვნენ გრძნობებს.

ერთ-ერთი წიგნის გამოფენაზე, როდესაც გოგონას ვესაუბრებოდი, დედამისი უკნიდან მიადგა და მისი თმა აათამაშა. როდესაც გოგოსთან რაღაცის განხილვა ვცადე, დედამ კოცნითა და ჩახუტებით აიკლო. ვკითხე: „როგორ შეიძლება ამ დროს ბავშვმა რამეზე იფიქროს? მას კონცენტრაციაც კი არ შეუძლია. თქვენ ძალიან კარგი დედა ხართ, მაგრამ ბავშვი სათამაშო არ არის“.

მცნება 6: იყავით შვილთან გულწრფელი

ბავშვთან რომ ილაპარაკოთ, პირდაპირ ლაპარაკი უნდა ასწავლო. „ყოველთვის არა“ – ეს ცრუ სიტყვაა. „კი“ ან „არა“ – ასეთი უნდა იყოს პასუხი შეკითხვაზე. იმისათვის, რომ ერთად იფიქროთ, არ უნდა მოიტყუოთ.

მცნება 7: ყველაფერს ნუ გაართულებთ

გართულება – აზროვნების ტიპური პრობლემაა. იმის გამო, რომ მშობლები ართულებენ რაღაცებს, ისინი ამჯობინებენ ამ საკითხებზე ბავშვებთან საერთოდ არ ილაპარაკონ. შევამჩნიე, რომ ძალიან ხშირად ოჯახებში ტყუილის თემაზე ბავშვებს არ ესაუბრებიან ან მხოლოდ გაკიცხვის დროს საუბრობენ. ეს იმიტომ, რომ მშობლები ტყუილს საშინელ ელფერს აძლევენ.

მცნება 8: ჯერ პასუხი, შემდეგ ახსნა-განმარტება

ახსნა-განმარტება პასუხის წინ ან პასუხის ნაცვლად – სისულელეა და გაქცევის  საშუალება.

მაგალითად, თქვენ ბავშვს ეკითხებით: „ჭიქა შენ გატეხე?“ „მოდი, მე ყველაფერს აგიხსნი“, – ამბობს ბავშვი. ჯერ პასუხი მოსთხოვეთ! თქვას, „ხო“ ან „არა“. შემდეგ კი ახსნა-განმარტება.

მცნება 9: იყავი მოქნილი

უნდა იყოთ მოქნილი. როდესაც ბავშვს ვესაუბრები და მინდა, რომ დაფიქრდეს, მე მუდმივად უნდა მოვიფიქრო კითხვები, მივუბრუნდე საკითხს და სხვადასხვაგვარად ვკითხო. თუ მოქნილი არ ვიქნები, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევ.

მცნება 10: ნუ დაამცირებთ ბავშვის აზროვნებას

როდესაც ბავშვის აზროვნებას სიბრალულით უდგებით, არაფერი გამოდის. თუ მას შესაძლებლობას მისცემთ, ის აუცილებლად ისწავლის. „სესიების“ დროს ბავშვებთან ერთად ჩვენ რთულ საკითხებს განვიხილავთ. ზოგიერთი უფროსი თაობის დამკვირვებლისთვის ჩვენი დისკუსია ბავშვზე ზეწოლას ჰგავს. მათ ეცოდებათ ბავშვები, რომლებიც ჩემთან დისკომფორტს განიცდიან. როგორც ჩანს, ასეთ ბავშვებთან სახლში მშობლები არ საუბრობენ ჩემ მიერ წამოწეულ თემებზე. მაგრამ 3-4 შეხვედრის შემდეგ ბავშვს აღარ უჭირს საუბარი.

მაგალითად, ბავშვი სწავლობს ველოსიპედის ტარებას. პირველი გაკვეთილი საშინელებაა. ნუ შეშინდებით, რომ ეს მისთვის რთულია. კიდევ სცადეთ. 5-6 გაკვეთილის შემდეგ ბავშვს ველოსიპედიდან ვეღარ ჩამოსვამთ. თქვენ ეს ერთად უნდა გაიაროთ. თუ მიიღებთ და გაიზიარებთ იმას, რომ ზოგჯერ ვერ დააკმაყოფილებთ ბავშვს, ის ისწავლის. რატომ არ მოსწონთ მშობლებს ბავშვებთან საუბარი? ეს მათთვის მტკივნეულია. თავდაპირველად, ბავშვი მისთვის რაღაც მნიშვნელოვანს აღმოაჩენს. გვერდიდან ეს შეიძლება პატარა დრამას ჰგავდეს, მაგრამ დრამა სწავლის საშუალებაა. დრამა საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება, მისი არ უნდა გვეშინოდეს, თორემ მხოლოდ კომედიაში ვიცხოვრებთ.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

წყარო:: mamamoldova.com

პოეტური გამოცდილების სიმწარე XXI საუკუნის დასაწყისში

0

შოთა იათაშვილი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის ქართველ ავანგარდისტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტია. მაშინ პოეზიაში, ფორმის თვალსაზრისით, ნავსი უკვე გატეხილი იყო და თავისუფალი ლექსი მყარად იკავებდა თავის დამსახურებულ ადგილს ზოგად პოეტურ ლანდშაპტზე, მაგრამ შოთა ნამდვილად იყო ერთ-ერთი პირველი მათ შორის, ვინც დაუპირისპირდა პოეზიაში ჯერ კიდევ გაბატონებულ თემატურ სეგრეგაციას და ისეთ თემებზე თუ საგნებზე დაიწყო წერა, მანამდე რომ ვერავინ მოიზრებდა ლექსის ინსპირაციის წყაროდ.  მე წაკითხული მაქვს ოცი-ოცდაორი წლის ასაკში დაწერილი მისი ლექსები და გაოგნებულიც კი დავრჩი. ამ ასაკში, როგორც წესი, პოეტები საკუთარ თავს ეძებენ, ჩემს წინაშე კი ჩამოყალიბებული პოეტი იყო. მისი თაობის პოეტებიდან ზოგი გარდაცვლილია და ზოგი აღარ წერს, შოთა კი დღემდე აქტიურად განაგრძობს წერას.

მას შემდეგ, დღემდე, შოთა იათაშვილს არ გადაუხვევია არჩეული კურსისთვის, მისი ბოლო კრებულიც, „XXI საუკუნის დასაწყისი პოეტი“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ შარშან გამოსცა შოთასვე ალტერ ეგოს, დიანა ვაჩნაძის, რედაქტორობით, ამ გზის ლოგიკური გაგრძელებაა. აქაც ბლომად შეხვდებით ლექსებს ისეთი უცნაური სათაურებით, როგორებიცაა: „პოეზია ნაგავში“, „მწვანე თხები“, „სანტექნიკოსების სევდა“, „მოკლე ოდა ცოცხს“ და ა. შ. შოთა იათაშვილის შემოქმედების ლაპიდარულად დასახასიათებლად ზედგამოჭრილია ერთი მრავალპერსონაჟიანი ნარატიული ლექსის ერთ-ერთი პერსონაჟის ნათქვამი სიტყვები ლირიკული სუბიექტისადმი (ავტორისადმი):

„ის შენი ძველი ლექსები კი ვიცი,

მწვანე კალბასებზე რომ წერდი,

ახლა რას წერ, ის მაინტერესებსო.“

ამ სიტყვებს ავტორი, თავის მხრივ, დასძენს:

„არასდროს დამიწერია თითქოს ლექსი მწვანე კალბასებზე,

მაგრამ უცებ მივხვდი,

იცოდა სოსომ ჩემი ლექსები

და ძალიან ზუსტადაც ხვდებოდა,

რაზე იყო“.

თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ის თვითირონიაა, რომელიც წიგნის პირველ ორ ლექსში – „რამ დაგაბერა პოეტოში“  და „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტში“ ჩანს. ორმოცდაათს გადაბიჯებული პოეტები, როგორც წესი, თავს კლასიკოსებად მიიჩნევენ და ასეთი გამანადგურებელი თვითირონია არ ახასიათებთ ხოლმე. სხვა რომელი ქართველი პოეტი მიმართავს ასე საკუთარ თავს:

„რამ დაგაბერა პოეტო,

სიტყვა რათ გაგიფარჩაკდა,

მის ცეხლს ნავთს რატომ ვერ ასხამ

და ეგ ხანძარი რათ ჩაქრა…“

„… რამ დაგაბერა პოეტო,

რათ დაგიბლაგვდა ვერლიბრიც,

რათ მოგეჩვენა უცებ რო

მაგ ხანჯლით უკვე ვერ იბრძვი.“ („რამ დაგაბერა პოეტო“)

ან ასე ვინ იტყვის:

„ზარმაცებმა დაიწყეს ლექსების წერა.

წამოწვებიან დივანზე, ამთქნარებენ,

მუცელს იფხანენ,

არ იციან, რა აკეთონ და

ზუსტად ამ დროს თავპირისმტვრევით მოფრინავს მუზა.

ცერათითზე ჩამოჯდება ან მუხლისთავზე,

მოუღიტინებს ზარმაცს და ისიც გახალისდება.

ლექსის წერა უქნარასთვის ხომ ის საქმეა,

არასდროს რომ არ დაეზარება…“

„… რაღაც გრძელი ლექსი გამომდის.

დავიღალე მგონი უკვე და მომბეზრდა კიდეც

ამ ლექსის წერა.

კიდევ თუ გავაგრძელე,

თქვენ წაკითხვა დაგეზარებათ,

ამიტომ ჯობს

აქ დავამთავრო ეს ჩემი მორიგი ზარმაცი ლექსი,

გადავბრუნდე და დავიძინო.“ („XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“)

ფორმის თვალსაზრისით, კრებულს ერთფეროვანი ნამდვილად არ ეთქმის, აქ შეხვდებით როგორც რიტმულ, ისე ურიტმო ვერლიბრებს, ბესიკური თოთხმეტმარცვლიანით თუ დაბალი შაირით დაწერილ ლექსებს, მეორე პეონურ-დაქტილური ბიმეტრით დაწერილ, სპორადულად გარითმულ ვერბლანს და ორბელიანის მუხამბაზური, მეორე პეონურ-დაქტილური ტრიმეტრით დაწერილ ტრიოლეტსაც კი. ყველა ეს ტექსტი დიდი პროფესიონალისთვის დამახასიათებელი სიმარტივით გამოირჩევა.

ცალკე უნდა გამოვყო პოემა „სან-მიქელე“, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკული პოემა, სასაფლაოს მომვლელის პერსპექტივიდან დანახული, მოდერნისტულ-ეპიტაფიური პოეზიის ძალიან ორიგინალური ნიმუში. მე ვფიქრობ, ეს ტექსტი კრიტიკოსების მხრიდან მეტ ყურადღებას იმსახურებს. წიგნში ასევე შესულია ეპიტაფიური პოეზიის სამი ბრწყინვალე ნიმუში, რომელთაგან ორი ყველასთვის ძვირფასი ადამიანების, ომარ თურმანაულის და ტრისტან მახაურის, ხსოვნას ეძღვნება, მესამე კი ბათუმში, 1916 წელს, ხმის მიცემის შემდეგ გარდაცვლილი 85 წლის კაცის სიკვდილამდელ განცდებზე გვიყვება…

ამას წინათ შოთამ ფეისბუქზე დაპოსტა, რომ შესაძლოა, ეს მისი ბოლო კრებული იყოს, რადგან აქტიურად გადაბარგდა პროზაში და წელს სქელტანიანი რომანიც გამოსცა. მე მისი ადრინდელი მოთხრობები წაკითხული მაქვს და ეჭვი არ მეპარება, ეს რომანიც ძალზე საინტერესო იქნება, მაგრამ განაცხადი, რომ შეიძლება პოეზიას თავი დაანებოს, ზედმეტად რადიკალური მგონია, რადგან არაერთი, პროზაში გადასული, პოეტისგან მსმენია იგივე, თუმცა, ლექსების წერა მაინც გაუგრძელებიათ და შოთას შემთხვევაშიც ვისურვებდი, ორივე ფლანგზე – პროზაშიც და პოეზიაშიც – ერთნაირი მონდომებით იმუშაოს.

რამ შეიძლება გაგვახაროს მაშინ, როცა არაფერი გვიხარია

0

ყველას, ვისაც უხარია გახარებული ბავშვების ყურება, ვინც თავს ვალდებულად თვლის, მოუსმინოს და გაუგოს ბავშვებს, ცდილობს მათი ცხოვრება უკეთესი გახადოს

 

სიხარულის მიზეზებზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჩემი თავისა და სხვების გასამხნევებლად. ისეთი ადამიანებიც შემხვედრიან, სისხამ  დილას  ჩიტების ჭიკჭიკი, ადრე გაზაფხულზე  ყვავილების კვირტები, უცბად დაწყებული წვიმა, თოვა ან შოკოლადის ერთი ფილა რომ ანიჭებს სიხარულს და ისეთიც, რომლებსაც ვერაფრით დაარწმუნებ, რომ ამ ცისქვეშეთში შესაძლოა ბედნიერი იყო. ყველას შემიძლია გავუგო, თუმცა უფრო მეტი ინტერესით მათ ვაკვირდები, ვისაც პატარა სიხარულების მოხელთება კარგად გამოსდით. ალბათ იმიტომაც, რომ ჩვენი აღზრდის ნაწილი არ ყოფილა, გვესწავლა, როგორ დავტკბეთ ცხოვრებით და ასეთ ადამიანებზე დაკვირვებით ამ დანაკლისის შევსებას ვცდილობ ხოლმე.

 

ცოტა ხნის წინ ერთი გადასარევი წიგნი ვიყიდე ჩემი შვილებისთვის, რომელიც  მეც ახლა წავიკითხე პირველად – ელინორ პორტერის „პოლიანა”. ეს არის ამბავი პატარა გოგოზე, რომელსაც ყველა უბედურება თავს მანამ დაატყდება, სანამ წიგნის პირველ თავში მომხდარი ამბავი დაიწყება. 11 წლის გოგოს არც დედა ჰყავს, არც მამა და იძულებულია საცხოვრებლად დეიდასთან წავიდეს, რომელსაც არც ის უყვარს დიდად და არც მისი გარდაცვლილი მშობლებისადმი პატივისცემის გრძნობით გამოირჩევა. დეიდასთან მოხვედრამდე გოგოზე ეკლესიის მსახურები და საქველმოქმედო კომიტეტის ქალები ზრუნავენ. დეიდასთან მოხვედრის შემდეგ კი ერთადერთი ახლო ნათესავი და მისი მეურვე ზრუნვის სანაცვლოდ ითხოვს არ ილაპარაკოს მშობლებზე, განსაკუთრებით მამაზე და დაემორჩილოს მის მკაცრად შედგენილ გრაფიკს, რომელიც „ცხოვრებისთვის” დროს და სივრცეს არ უტოვებს.

 

 

მას შემდეგ, რაც დისშვილს დღის განრიგი გააცნო, მის პოლი სკამიდან ადგა და გასასვლელისკენ გაემართა.

— მაგრამ, დეიდა პოლი! — წამოიკივლა შეშინებულმა პოლიანამ. — დეიდა პოლი! როდისღა უნდა ვიცხოვრო? თქვენ დრო საერთოდ არ დამიტოვეთ.

— იცხოვრო? — წარბები ასწია ზევით, გაკვირვებულმა პოლიმ. — ვერ გავიგე, რას გულისხმობ, შვილო ჩემო? ჩვენ მანამდე ვცხოვრობთ, ვიდრე უფალი თავისთან არ გვიხმობს. შენ ცხოვრობ, და მნიშვნელობა არა აქვს, რას საქმიანობ.

— დიახ, დიახ. დეიდა პოლი! რა თქმა უნდა, ყოველთვის, ვიდრე ვმეცადინეობ, მე სუნთქვას და მოძრაობას არ ვწყვეტ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვცხოვრობ. მაგალითად, როდესაც მძინავს, მე მაშინაც ვსუნთქავ, მაგრამ იმ დროს არ ვცხოვრობ. როდესაც ვამბობ ცხოვრებას, დეიდა პოლი, იმას ვგულისხმობ, რომ შემიძლია ის ვაკეთო, რაც მე მინდა.

 

 

იმის მიუხედავად, რომ ბედნიერი ცხოვრება პოლიანას არც დეიდასთან ელოდება და დეიდამისის მოსამსახურეებს უკეთ ესმით, ვიდრე ერთადერთ ცოცხალ ნათესავს, ობოლი გოგონა არც წუწუნებს და არც ბედს უჩივის. მეტიც, ის ცდილობს გარშემო ყველას ასწავლოს ის, რაც მამასგან ისწავლა – ეძებოს სიხარულის მიზეზები ყველაზე სევდიან ამბებში, ყველაზე უხერხულ სიტუაციებშიც კი. გასაკვირი ის არის, რომ გოგო ამას გადასარევად ახერხებს. მაგალითად, როცა დეიდა სთხოვს ახლადგარდაცვლილ მამაზე არ ელაპარაკოს, ფიქრობს, რომ ეს კარგიცაა, თუ ხშირად არ გაიხსენებს, გულიც ნაკლებად ეტკინება, რომ ის მასთან აღარ არის. იმის ნაცვლად, რომ თავისი მწირი გარდერობის გამო დადარდიანდეს და თავი უხერხულად იგრძნოს, ამბობს, რომ რამდენიმე კაბის ამოლაგება უფრო სწრაფად შეიძლება. როცა დეიდა ისეთ ოთახს დაუთმობს, სადაც არც სარკეა და არც ნახატები, თავს იმით დაიმშვიდებს, რომ სარკის გარეშე არც თავის ჭორფლებს დაინახავს, რომელიც არ მოსწონს, ნახატების დანაკლისს კი ფანჯრიდან გადაშლილი შესანიშნავი ხედით შეივსებს. მოკლედ, პოლიანა ისეთი გოგოა, რომელმაც იცის, როგორ გადარჩეს, როგორ არ იქცეს უბედურ ობლად, როგორ მოითხოვოს თანაგრძნობის ნაცვლად აღიარება სხვებისგან, რომ ისიც მათნაირია და არა განსაკუთრებულად უიღბლო, რომელსაც გარშემომყოფები საბრალოდ მიიჩნევენ.  პოლიანა სხვებს ასწავლის, როგორ არ უნდა დაივიწყონ, რომ ბედნიერება მათი უფლებაა და სამყარო საბოლოოდ ისეთია, როგორადაც ჩვენ მას ვხედავთ.

 

 

–         ეს თამაში მაშინ დავიწყეთ, როცა ერთხელაც ეკლესიისთვის შეგროვებულ შემოწირულებაში ხის საბავშვო ყავარჯნები აღმოვაჩინეთ.

–         ყავარჯნები?

–         ჰო… მაშინ მე თოჯინა მინდოდა ძალიან და მამამ ქალთა კომიტეტს მისწერა, რომ თუ ისე მოხდებოდა და ეკლესიას ვინმე თოჯინას შემოწირავდა, ის თოჯინა ჩემთვის გამოეგზავნათ. ქალთა კომიტეტიდან კი უპასუხეს, რომ თოჯინა, სამწუხაროდ, არავინ შემოწირა. სამაგიეროდ, ვიღაცას შემოწირულებაში ბავშვის ყავარჯნები ჩაედო იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე ვინმეს დასჭირდებოდა. თოჯინის ნაცვლად ყავარჯნები გამოგვიგზავნეს. ჰოდა, ეს თამაშიც სწორედ თოჯინის მაგივრად ყავარჯნების მიღების შემდეგ დავიწყეთ.

–         სიმართლე გითხრა, პირადად მე ამ ამბის თამაშად გადაქცევის ვერანაირ, აი საერთოდ ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ,- ლამის გაღიზიანებული ხმით უპასუხა ნენსიმ.

–         არადა, არის! თამაშის მთავარი წესი ისაა, რომ ყოველთვის, მაშინაც კი, როცა სასიხარულო თითქმის არაფერია, რაღაც ისეთი მოძებნო, რაც გაგახარებს. თანაც მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება ეს, – სერიოზული სახით განაგრძო ახსნა პოლიანამ, – და ჩვენც მაშინვე დავიწყეთ… სწორედ იმ ყავარჯნებიდან.

–         ღმერთო მიშველე! როგორ შეიძლება იმან გაგახაროს, რომ თოჯინის მაგივრად ვიღაც ყავაჯნებს გჩუქნის?!

პოლიანამ ისევ გაიცინა და აღფრთოვანებულმა ტაშიც კი შემოკრა.

–         არადა, შეიძლება… შეიძლება! – წამოიძახა სიხარულით თვალებანთებულმა და მაშინვე გულწრფელად დაამატა: – რა თქმა უნდა, თავიდან მეც ვერ მივხვდი, რატომ შეიძლებოდა ეს გამხარებოდა, მაგრამ მერე მამამ ამისხსნა და ყველაფერი გავიგე.

–         მაშინ იქნებ მეც ამიხსნა, რომ გავიგო?! – უთხრა ლამის ნაწყენმა და უკვე საბოლოოდ გაღიზიანებულმა ნენსიმ.

–         რა თქმა უნდა! ეს ხომ ძალიან მარტივია, ნენსი! უბრალოდ გიხარია, რომ ის ყავარჯნები შენ არ გჭირდება! – მოზეიმე ხმით წამოიძახა პოლიანამ. ხედავთ რა ადვილია?.. მთავარია, იცოდე, როგორ ითამაშო!

 

პოლიანა ამბობს, რომ თამაში უფრო საინტერესო და სახალისო გამოდის მაშინ, როცა განსაკუთრებით რთულია სიხარულის მიზეზის პოვნა, თუმცა ზოგჯერ ეს თამაში რთულდება, როცა აღარ გყავს ის, ვისაც შეიძლება ეთამაშო, ვისაც უნდა რომ გახარებული იყო, ვისაც შენი სიხარულის მიზეზები აინტერესებს. თუ გარშემო არავინ გყავს, ვისაც აინტერესებს, რა გწყინს და რა გიხარია, თამაშს [და ზოგჯერ ცხოვრებასაც] აზრი ეკარგება. ბოლოს და ბოლოს მთავარი ხომ ისეთი ადამიანებია, ვისაც შენი ესმის, ვინც თავს ვალდებულად თვლის დაგიცვას უბედურებისა და მოწყენილობისას, გადაგარჩინოს ტრაგედიების დროს და არა ის, გექნება თუ არა თოჯინა ან ნახატები და სარკე საძინებელ ოთახში.

 

სიხარულის მიზეზების ძებნა ზოგჯერ სულელურ თამაშს და ზოგჯერ თავის მოტყუებას ჰგავს – დღეები გადის და არაფერი ხდება საინტერესო, საამური, მნიშვნელოვანი, ზოგჯერ სულ პირიქითაც კია. სიხარულის მიზეზების ძებნა ასკეტურ სავარჯიშოსაც ჰგავს და განძის ძიებასაც – უნდა ივარჯიშო მანამ, სანამ არ გამოიმუშავებ უნარს დაინახო ის, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ, დაიჭირო მომენტები, რომლებიც გაბედნიერებს, ან სულაც მიხვდე, რომ მთავარი არა კონკრეტული წუთები, პროცესია, იყო იმაზე უკეთ, ვიდრე ხარ, შენი მცდელობები, არ შეეგუო ბედს და არ მიჰყვე დინებას. ბედნიერებაა იმის ცოდნაც, რომ უკეთესს იმსახურებ და არ უნდა დანებდე. ეს არ არის სულელური აკვიატება და გასართობად თამაში, უფრო პრევენციაა საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად, ზოგჯერ გადასარჩენადაც.

 

სიხარულის მიზეზების ძებნა უბედურების მიზეზებზე თვალის არდახუჭვასაც ნიშნავს. უფროსები ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რა უხარიათ და რა სწყინთ ბავშვებს, რა სიმძიმის ტვირთს შეუძლიათ, მარტო გაუმკლავდნენ და როდის არის საჭირო ჩარევა და გვერდით დგომა.

 

სამედიცინო სფეროში მოქმედი პროტოკოლით ინტერესის ან სიამოვნების უნარის დაქვეითება, უიმედობა, სიხარულის განცდის დაკარგვა და შფოთვითი ეპიზოდები დეპრესიის კლინიკური სურათის შემადგენელი ნაწილია და ამის ცოდნა ამარტივებს საკუთარი და გარშემომყოფების, განსაკუთრებით მოზარდების დაცვას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან. ხშირად შეიძლება გავბრაზდეთ ვინმეზე, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება უჭირს, კონცენტრაციის პრობლემები აქვს ან მომავალის მიმართ უიმედოდ არის განწყობილი, მაგრამ ესეც დეპრესიის ნიშნებია და შესაძლოა მას, ვისზეც ვბრაზობთ, ჩვენი დახმარება სჭირდება.

 

არ არის ადვილი ღარიბ, განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ, დემოკრატიის პრობლემების მქონე ქვეყანაში, სადაც ბავშვები არც დიდად უყვართ და არც მათი საჭიროებების შესახებ აქვთ საკმარისი ცოდნა; სადაც ბავშვების ნაწილი თავს სრულიად მარტო გრძნობს სისტემების, სოციალური პრობლემების, უგულო და მოძალადე უფროსების პირისპირ, მოზარდებს  უთხრა, რომ ეძებონ სიხარულის მიზეზები, იყვნენ ბედნიერი და ყველაფერი გააკეთონ უკეთესი მომავლისთვის, თუმცა ის ნამდვილად შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ისინი მარტო არ არიან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიანასავით მარტო ან უიმედოდ დარჩებიან ცხოვრების პირისპირ, ცოცხალი ადამიანების გარდა, მათ შეუძლიათ ხარისხიანი ლიტერატურის იმედიც ჰქონდეთ. წიგნის მოყვარულებმა კარგად იციან, როგორი ხსნაა სხვების ამბებში დაკარგვა და იქ საინტერესო, შენთვის ახლობელი პერსონაჟების პოვნა, რომლებმაც შეიძლება გარშემომყოფებზე მეტად გაგამხნევონ პოლიანასნაირმა, მალინისნაირმა, ჰაიდის და რონიას მსგავსმა გოგოებმა და ბიჭებმა.

 

როცა ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რა გვიხარია მაშინ, როცა არაფერი გვიხარია, პირველი ზუსტად ისაა, რომ ჩვენ გადავრჩით და ამ გზაზე ვისწავლეთ, როგორ დავინახოთ პატარა, რომელიც შველას ითხოვს, რომელსაც უნდა მოვუსმინოთ. ჩვენ გადავრჩით და ვიცით, რა რთულია გადარჩენა, როცა შენი კარგად არ ესმით, როცა ცეცხლს ეთამაშები, როცა ბეწვის ხიდზე დადიხარ, როცა ყველა ელოდება, რომ ვერ გადარჩები. ჩვენ გადავრჩით და ხმამაღლა ლაპარაკი, თანამოაზრეების პოვნა შეგვიძლია, ბავშვების დასაცავად და გასაძლიერებლად. შეიძლება ეს დიდი არაფერია იქ, სადაც ბავშვები დიდად არ უყვართ, მათი არ ესმით და არც სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა სიამოვნებთ დიდად, მაგრამ ესეც საქმეა. პოლიანა ამბობს, რაც უფრო რთულია სიხარულის მიზეზის პოვნა, მით უფრო საინტერესოა თამაშიო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტემპის, არზრუნის და ილუზიების შესახებ

0

ფოთში, შემოდგომის მიწურულს ერთხელ დუნე, უსიცოცხლო განწყობა შემომაწვა და გვერდში მყოფ კაცს ხმამაღლა გავუზიარე, მანაც დამაფიქრებლად მოიშორა სიგარეტის მოკიდებული ღერი პირიდან და ჩახრინწული ხმით თქვა: „ჯერ სად ხარ, ცოტა აცივდეს და მერე ნახე… სასაფლაოა, რა“. ცნობილი ამბავია, რომ იქ, სადაც ხმაური იკლებს და ნელ-ნელა უახლოვდება სიჩუმის ნიშნულს, ადამიანებს ყველაზე ხშირად სიკვდილი ახსენდებათ. გარდა ამისა, კაცი, რომელმაც ეს თქვა, ომის ვეტერანი იყო და ამიტომ, კიდევ უფრო ბუნებრივია, რომ სრულიად ჰქონდა გამახვილებული წარმოდგენებისა და კავშირების ამდაგვარი ალღო, შეგრძნებათა საკმაოდ უტყუარი, ასოციაციურ-მეტაფორული დიაპაზონი გააჩნდა და ეს საოცრად მიწყობდა ხელს მოსმენის უნარის განვითარებაში. რატომ ვისხედით შემოდგომის იმ წყნარ საღამოს ფოთის სრულიად დაცარიელებულ პარკში, ხის სკამზე მხოლოდ ჩვენ ორნი, ახლა ნამდვილად ვეღარ ვიხსენებ.

კაცი ლაპარაკობდა თავის წარსულზე, იმ დროსა და ადგილებზე, სადაც წლების წინ ეცხოვრა და ამ ისტორიებს ყურადღებით ვუსმენდი. კონკრეტულად მისი მონათხრობი შეეხებოდა მოგონებებს ერთი ზღვისპირა ქალაქის ზაფხულზე, სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც ჰქონდა სახლი და ჰყავდა მშობლები, ჰყავდა ნათესავები, იძენდა მეგობრებს და უთავბოლოდ იყო შეყვარებული ერთ გოგოზე. მალე მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც იხსენებდა და რაზეც ასეთი სითბოთი ლაპარაკობდა, სხვა ტემპის მონატრებით იყო პროვოცირებული. ეს შემეძლო ამომეკითხა გახუნებული ფოტოებიდან, ძველი ალბომების მკვიდრ ფერად სურათებში, რომლებიდანაც ჯერ კიდევ ასხივებდა მზე, მაგრამ წარწერა „სოხუმი 87“ თანდათან – უფერულდებოდა. და კაცმა, იმ ვარდისფერი სურათებით სავსე, გადარჩენილი ალბომის განწყობის საპირწონედ, რომელიც თავისთავად უდრიდა სხვა ტემპს, ადგილსა და სინამდვილეს, თვალი იმ გარემოს ნაღვლიანად მიმოავლო, სადაც ვისხედით და თქვა: „აქ კი“…

მივხვდი, რომ ახალი აღმოჩენით მიღებული შთაბეჭდილების სხვისთვის გაზიარების სურვილი არ მასვენებდა და წერილების წერა დავიწყე. ჩემს ძველ რვეულებში მარეკ პეგუსის, ტომ სოიერის, პორთოსის, დევიდ კოპერფილდის, მონტე-კრისტოსა და სხვათა სახელზე გაგზავნილი ათამდე წერილი არსებობს, რომლებშიც ბევრი აბდაუბდა წერია ტემპზე. მართალია, ძირითადად გზავნილები უპასუხოდ რჩებოდა და ამ წვრილმანის გამო მათ მიმოწერას ვერ ვუწოდებ, მაგრამ ეს უცებ არ გამხდარა უკან დახევის მიზეზი. პირიქით, მორიგი შესაძლებლობისკენ მიბიძგა და მალე თავადვე გამოვიგონე ჩემი ქალაქის ტემპისთვის შესაფერისი პერსონაჟი, რომელსაც ხშირად ვუზიარებდი ჩემს აზრებს და რომელიც სხვის გამოგონილ პერსონაჟებთან შედარებით ნამდვილად ამჟღავნებდა ტაქტს, რომ ჩემთვის მოკლე პასუხები მაინც დაებრუნებინა. ეს პერსონაჟი ბრმა იყო. გრძელი პალტო ეცვა, ხელჯოხი ეჭირა, თავს მუქი შლიაპა უმშვენებდა, ასაკით 3-4 ჯერ აღმემატებოდა და სიამოვნებით ატარებდა დროს ჩემს გვერდით, ქალაქის პარკის იმ ამოჩემებული ხის მოსასვენებელ სკამზე, საიდანაც კარგად მოჩანდა ბიბლიოთეკის წითელი აგურით ნაგები შენობა. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობდით და ეს ლაპარაკი უამრავ, ერთმანეთისგან განსხვავებულ საკითხს შეეხებოდა. ეს იყო ის უწყინარი, წარმოსახვითი დიალოგები, რომლის ერთადერთ დანაშაულსაც იმ თორმეტფურცლიანი რვეულების გაფუჭება წარმოადგენდა, რომლებშიც მათ ვწერდი. მაგრამ მას ჰქონდა ღირსებაც. უპირველესად ეს იყო იმაში თვითგამორკვევის მცდელობა, თუ რა ხდებოდა ჩემ გარშემო. ბრმა კარგი მეგობარი იყო. იმდენად კარგი, რომ როცა დრო გავიდა და თანდათან გაქრა ჩემი წარმოსახვიდან, ადგილი რვეულებით გამოტენილი კორდონის ყუთის ფსკერზე, სრულიად უპრეტენზიოდ და უდავიდარაბოდ დაიკავა.

მას შემდეგ საცხოვრებელ ადგილს პერიოდულად ვიცვლიდი და ეს ჩემთვის ყოველთვის გულისხმობდა ერთი ტემპიდან მეორეში მონაცვლეობის პრაქტიკას. ჯავახური მარტოობის წლებში ჩემი ერთი მოსწავლე სახლში მსტუმრობდა ხოლმე, არზრუნი. საშინაო დავალებებს ერთად ვასრულებდით. იმ სახლში უკვე წელიწადზე მეტია, რაც აღარ ვარ, მაგრამ ქუჩაში, ან სკოლაში როცა მხვდება, ხელს დღესაც მოწიწებით მიწვდის, ზრდილობიანად მომიკითხავს. ახლაც კი, როცა ჩემი ნინოწმინდაში ჩამოსვლის წლით ინტერესდებიან, მას კალენდრით არასდროს ვითვლი, უფრო ზუსტი რამ მეხმარება – არზრუნი. მე და არზრუნი სკოლაში ერთ დღეს მივედით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის სკოლაში პირველკლასელად ჩაეწერა, მე კი მოხალისე მასწავლებლად. ახლა მეექვსე კლასის მოსწავლეა. სანამ სკოლაშია ის ყოველთვის იქნება ჩემი ათვლის წერტილი. მერეც, თუ აქ ვიქენი, მაშინ რომელიმე სხვა პირველკლასელ მოსწავლეს ამოვირჩევ. ალბათ არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ყოფითი აპოკალიფსებისგან ყველას რაღაც მკვეთრად თავისი გადაარჩენს, მასწავლებლის ერთადერთი ხსნა კი აქაც მოსწავლეა.

ჰოდა, იმ მარტოობისას, როცა არზრუნი ჩემთან დავალებების დასაწერად შემოივლიდა ხოლმე, ისეც ხდებოდა, რომ სხვა რამეებზეც ვლაპარაკობდით. სასწავლო წელი ახალი დაწყებული იყო, როცა ერთხელ მესტუმრა და ეზოში გამოვედით. ლამაზი საღამო იყო, ოქროში ამოვლებული, მზე თბილ საძოვრებს ელოლიავებოდა და ამდენი წლის მერე იმ დღიდან, ისევ გამიცოცხლდა მძაფრი შეგრძნება დუნე, ზანტ ტემპზე, რომელსაც თითქოს ორივენი თვალებში ვუყურებდით.

„აზრუნ, მაკკოფე გიყვარს?“ – ვკითხე.

ღიმილით დამიქნია თავი.

„შეხედე, მაკკოფეს ფერი საღამოა“. – ვუთხარი და ორი დღის შემდეგ, როცა თავის რამდენიმე თანაკლასელ ბიჭთან ერთად კარზე მომიკაკუნა და მზესუმზირის ახალდაკრეფილი, ყვითელი თავთავებით ამივსო სახლის შემოსასვლელი, მივხვდი, რომ ჩემი გაიგო.

იმ საღამოს სახლის უკანა ეზოში ისევ აღმოვჩნდი, ოღონდ ამჯერად, მარცხნივ როცა მივიხედე 16-17 წლის შემდეგ პირველად არ მიგრძნია თავი მარტოსულად. შევნიშნე, რომ გვერდში ის ძველი ნაცნობი პერსონაჟი ამომდგომოდა, რომელიც კაი ხნის დავიწყებული მყავდა. ბრმა.

„მგონი ჩემი გამოჩენისთვის შესაფერისი ტემპი იყო“. – თქვა და გაიღიმა.

მზესუმზირას ჩიტივით ვკენკავდი და გავცქეროდი საღამოს, რომელსაც მართლა დაჰკრავდა მაკკოფეს გემო და ფერი, ძროხები კი ბალახს ისევ ისე, ზანტად ძოვდნენ. ყველაფერი ისე იყო, როგორც ოდესღაც დავტოვეთ – ძველ და დავიწყებულ ნახატებში… ზანტი და დასავიწყებელი იყო გარშემო ყველაფერი, ამ მზესუმზირის თავთავის გარდა, რომელიც ვიცოდი, რომ მზე როცა ჩავიდოდა, მაშინაც გაანათებდა.

სამყაროს ილუზორულობის არაერთი თეორია არსებობს. მისი სიმულირების ათასგვარ ვერსიებს განიხილავენ. თუ ერთ-ერთ მათგანს ვენდობით, მაშინ თავისუფლად შეიძლება, რომ ახლაც იქ ვიყო, ფოთის ცენტრალურ პარკში. ხის მოსასვენებელ სკამზე ვიჯდე, ჩემ გამოგონილ პერსონაჟს საკუთარ მომავალზე ველაპარაკებოდე, ამ აქტის ერთადერთ დანაშაულს კი ისევ იმ თორმეტფურცლიანი რვეულების გაფუჭება წარმოადგენდეს, რომლებშიც ეს სიტყვები იწერება.

და ვინმემ დაუყოვნებლივ უნდა შემანჯღრიოს, რომ გამოფხიზლება შევძლო.

ვესაუბროთ საკუთარ თავს

0

განვაგრძობ ამონარიდების გაცნობას ამერიკელი ავტორების გერშენ კაუფმანის, ლევ რაფაელის და პამელა ესპელანდის წიგნიდან „შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია. შენი თვითშეფასების გზამკვლევი“. წიგნი დაწერილია ისეთი ფორმით, რომ მკითხველისთვის ნათელი ხდება ავტორების მიზანი, დაელაპარაკონ მოზარდებს და მათ მშობლებს რაც შეიძლება გასაგები და მარტივი ენით. თხრობა გაჯერებულია რეალური ამბების და სიტუაციების აღწერით, რაც საინტერესოდ საკითხავს და ადვილად აღსაქმელს ხდის ტექსტს.

ამ ფრაგმენტში მეცნიერები კვლავ ბავშვებსა და მოზარდებს მიმართავენ, მაგრამ, იმედი გვაქვს, უფროსებიც გაიგებენ შეფარულ გზავნილს, რათა შესაბამისად იმოქმედონ თავიანთი მცირეწლოვანი აღსაზრდელების საკეთილდღეოდ.

 

ნებისმიერ ადამიანს აქვს სხვა ადამიანების დახმარების მოთხოვნილება.

ნინო მთელი დღე ელოდა იმ წუთს, როდესაც მამიკო დასასვენებლად ტელევიზორის წინ წამოწვებოდა. ის ფრთხილად გავიდა ეზოში, სადაც მამამისი ავტომობილს აჩერებდა და მისი რეცხვა დაიწყო. ნინო ღელავს, რადგან ფიქრობს, რომ შესანიშნავ სიურპრიზს უმზადებს მამიკოს. როდესაც ის ეზოში გავა და გარეცხილ მანქანას დაინახავს ძალიან, ძალიან გაიხარებს შვილის ყურადღებით.

დავითი მოუთმენლად ელოდება სასკოლო ღონისძიების დაწყებას, რომელზეც მისი კლასელები და დამრიგებელი გორგოლაჭებზე ისრიალებენ. მართალია, მაია მასწავლებელი სრული აღჭურვილობით გამოცხადდა მოედანზე, მაგრამ ბიჭს ახსოვდა, რომ წინა დღეს მან ღიმილით აუხსნა მოსწავლეებს, არც ისე კარგად ვსრიალებო და სთხოვა, გაგებით მოჰკიდებოდნენ ამ ამბავს. დამრიგებელი მოედნის მოაჯირს იყო ჩაჭიდებული და ფრთხილად სრიალებდა მის გასწვრივ. ბიჭმა შეამჩნია მასწავლებლის დაძაბულობა, მასთან მისრიალდა, ხელი გაუწოდა და დახმარება შესთავაზა. პედაგოგმა მადლიერებით გაუღიმა და დიდი მადლობა გადაუხადა დავითს ყურადღებისა და მზრუნველობისთვის.

სხვა ადამიანებზე ზრუნვა, მათი დახმარება ჩვენვე გვაბედნიერებს.

თუ დაფიქრდები, – მიმართავენ წიგნის ავტორები ბავშვებსა და მოზარდებს, – გვჯერა, გაიხსენებ, სულ ცოტა, სამ ისეთ შემთხვევას, როდესაც უცნობ ან თუნდაც ნაცნობ ადამიანს უანგაროდ დაეხმარე. გაიხსენე, რას გრძნობდი ამ დროს, როგორ იქცეოდნენ ის ადამიანები. დაჯექი და მოუყევი საკუთრ თავს ამ განცდებისა და ემოციების შესახებ.

 

ნებისმიერ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, იყოს მნიშვნელოვანი, ღირებული და იმსახურებდეს აღფრთოვანებას.

ბავშვებო, მოზარდებო, თინეიჯერებო! თქვენ, სავარაუდოდ, გაიხსენებთ თუნდაც ერთ შემთხვევას, როდესაც დედას, მამას ან ვინმე სხვა ზრდასრულ ადამიანს სთხოვდით, გულისყურით ეყურებინა თქვენთვის იმ დროს, როდესაც რაიმეს აკეთებდით, მაგალითად, უკრავდით რომელიმე ინსტრუმენტზე, ცეკვავდით, მღეროდით, სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობდით ან რამე სხვა ისეთი საქმიანობით იყავით დაკავებული, რომელსაც მთელს თქვენს ძალისხმევას ახმარდით. გაიხსენეთ, როგორ გიყურებდნენ სხვა ადამიანები. დიახ, ყველას სჭირდება, გრძნობდეს საკუთარი პიროვნების მნიშვნელოვნებას, იყოს აღიარებული და იმსახურებდეს გარშემო მყოფების აღტაცებას.

ადამიანებს იმედი აქვთ, რომ სხვები აუცილებლად დაეხმარებიან ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. გარკვეული ხნის შემდეგ ბავშვები და მოზარდები ეჩვევიან საკუთარი მიღწევების დამოუკიდებლად ქებას. ზუსტად ისე, როგორც პატარა, რომელიც სიარულს სწავლობს. მას მშობლების დახმარების იმედი აქვს, უფროსები ყოველთვის მის გვერდით არიან, ხელს აშველებენ, წაქცეულს ხელში აიტაცებენ, ამხნევებენ და ასე იწყება დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. მერე სხვა რამის გამოც იმსახურებ ქებას: „ძალიან მიხარია, როცა მესმის, რა სიყვარულით ესაუბრები შენს უმცროს დაიკოს“. ამ დროს შენ ფიქრობ, რომ ძალიან კეთილი ხარ. ხოლო როდესაც მასწავლებელი გაქებს: „ყოჩაღ, უკვე უშეცდომოდ წერ კარნახს“, – სიამაყით ივსები.

ამით იმის თქმა გვინდა, ჩვენო ძვირფასებო, – მიმართავენ ავტორები პატარებს, – რომ როდესაც სხვა ადამიანები ამჩნევენ შენს ნიჭს, განსაკუთრებულ უნარებს და მათ შესახებ ხმამაღლა საუბრობენ, შენ გიჩნდება საკუთარი პიროვნების მნიშვნელოვნების განცდა და გიხარია, რომ ნამდვილად იმსახურებ, გარშემო მყოფები აღფრთოვანებულები იყვნენ შენით.

კიდევ ერთხელ დაფიქრდი და გაიხსენე შენი სამი ნიჭი და უნარი. შემდეგ გაიხსენე სამი ადამიანი, რომლებიც გეხმარებიან, რომ საკუთარი პიროვნებისადმი პატივისცემა იგრძნო. ჰკითხე შენს თავს, ვინ არიან ის ადამიანები. არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ახლობლები არიან ისინი თუ უცხოები.

 

ნებისმიერ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, გავლენა მოახდინოს ურთიერთობებსა და საკუთარ ცხოვრებაზე.

ჩვენი აზრით, – განმარტავენ ამერიკელი ავტორები, – ფსიქოლოგები ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნონ ადამიანებმა სიმშვიდე და შინაგანი წონასწორობა. მაგრამ საგულისხმოა, რომ არსებობს ძლიერების კიდევ ერთი ტიპი, რომელიც ყველასთვის აუცილებელია. სხვა ადამიანებთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. ადამიანისთვის აუცილებელია დარწმუნდეს, რომ ის საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონია. ცხოვრება სავსეა ისეთი მოვლენებით, რომელთა გაკონტროლება ადამიანს არ შეუძლია. განსხვავებით უამრავი ისეთი რამისგან, რაც შენი ასარჩევია, – მიმართავენ წიგნის ავტორები ბავშვებსა და მოზარდებს, – დაწყებული იმითმ რას და როდის შეჭამ, როდის დაიძინებ, რას ჩაიცვამ, ივლი თუ არა მუსიკალურ სკოლაში, რომელიმე სპორტულ სექციაში. ტრადიციულად, ეცადე ჩამოწერო სამი რამ, რაზეც ოჯახში გავლენის მოხდენა შეგიძლია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამი ისეთი რამის გახსენება, რაზეც გავლენას ვერ ახდენ. დაფიქრდი, დაეკითხე საკუთარ თავს, რომელია ამ სამიდან ისეთი მოვლენა, რომელზე გავლენის მოხდენაც შენთვის მნიშვნელოვანია. დაელაპარაკე ამის შესახებ მშობლებს და მოიფიქრე პრობლემის გადაჭრის მინიმუმ ორი ვარიანტი, რათა მშობლებსაც შესთავაზო არჩევანი.

სტატიის სულისკვეთების გასაძლიერებლად ვეტყვი მკითხველებს, რომ ავტორები სთავაზობენ მოზარდებს, საკუთრ თავთან დიალოგის გამართვა ისწავლონ: „ჰკითხე საკუთრ თავს: „რას ვგრძნობდი დღეს?“ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაფიქრებაა საჭირო. პირობითად: „მე მთელი დღე მოწყენილი ვიყავი იმის გამო, რომ გუშინ მამასთან სერიოზული კამათი მომივიდა“. საკუთარ თავთან საუბარი შეიძლება ასე გაგრძელდეს: „რისი გაკეთება შემიძლია ამ პრობლემის მოსაგვარებლად?“ შედეგად, დიდი ალბათობით, დაასკვნი, რომ მამასთან საუბარი პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა“.

აი, კიდევ ერთი კითხვა საკუთარ თავთან საუბრისთვის: „რაზე ვოცნებობ?“ „როცა გავიზრდები, მინდა, ცხოველებთან ვიმუშაო“. „და რისი გაკეთება შემიძლია ოცნების ასახდენად?“ მაგალითად, დასაწყისისთვის შემიძლია ვიკითხო წიგნები იმ თემაზე, რომელიც მაინტერესებს. შემიძლია, ვეტერინარებს, ცხოველთა მომვლელბსა და მომთვინიერებლებს გავესაუბრო“.

ბავშვებმა და მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ შესაძლოა ვერ მოერიონ თავიანთ გრძნობებს, მაგრამ მათ შესახებ საკუთარ თავთან საუბარი მაინც წაადგებათ, რადგან გრძნობების იგნორირებას გაცილებით ცუდი შედეგი მოაქვს. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ შესაძლოა ვერ აიხდინო სურვილი, ვერ მიიღო ის, რაც გინდა. მიუხედავად ამისა, მაინც საჭიროა საკუთარ თავთან საუბარი. ეცადე, გამოიმუშაო ეს ჩვევა. ამისთვის საჭიროა, ხშირად გამონახო დრო და მყუდრო ადგილი. თუ ეს არ ხერხდება, შეგიძლია ჩანაწერები გააკეთო, კითხვები დასვა და პასუხებიც იქვე დააფიქსირო.

მეტაფორული ბარათები ქართულის გაკვეთილზე

0

კლასში ოცი ან მეტი სხვადასხვა ხასიათის, ტემპერამენტის, ცოდნის მოსწავლეა. ყველა ინდივიდუალურ მოსმენას, მიდგომას, და „აღმოჩენას“ მოელის ჩვენგან. არის კი საკმარისი 45 წუთი (პანდემიის „წყალობით“ ეს დრო კიდე უფრო შემცირდა) იმისთვის, რომ გაიგო თითოეულის დარდისა თუ სიხარულის მიზეზი? ხშირად კი სწორედ ეს ისტორიებია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვაჟას დაჭრილი „არწივი“ თუ გალაკტიონის პოეტური სიღრმეები. აღმოვაჩენთ, რომ მათი „უყურადღებობისა“ და „სიცელქის“ მიღმა უხმო და ხშირად გაუზიარებელი დარდი და ფიქრი, ოცნება, ბრაზი და სიყვარულ იმალება. ჩვენი გადმოსახედიდან მათი პრობლემები მდოგვის მარცვლის ოდენა მოჩანს, გარკვეული ხნის შემდეგ მარცვალი შეიძლება აუტანელ სიმძიმედ, თავს მოხვეულ ტვირთად და საბოლოოდ მოურჩენელ ტრავმად იქცეს. არადა, მხოლოდ მოსმენა იყო საჭირო.

რამდენად შესაძლებელია, პედაგოგმა მიაყურადოს თითოეული მოსწავლის გულისხმას ისე, რომ დაიცვას გაკვეთილისთვის რეგლამენტირებული დრო, უპასუხოს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს და შედეგზე იყოს ორიენტირებული?

 

ბოლო რამდენიმე წელიწადია, მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ სკოლის ფსიქოლოგებთან. პედაგოგებმა გაიაზრეს, რომ ფსიქოლოგი მათი მოკავშირეა კლასის სწორად მართვაში. ეს თანამშრომლობა არ აკნინებს მასწავლებლის საქმიანობასა თუ ავტორიტეტს. ფსიქოლოგები იძლევიან კომპეტენტურ რჩევებს, გვთავაზობენ მნიშვნელოვან აქტივობებს და, რაც მთავარია, გვეხმარებიან, დავინახოთ მოსწავლე სხვა რაკურსით, გავთავისუფლდეთ „მე ხომ ეს ყველაზე უკეთ ვიცი-ს“ მავნე ზეგავლენისგან. შედეგად კი იზრდება ჩვენი ცნობიერება და სწავლების ხარისხი.

სწორედ ამ ძიების გზაზე აღმოვაჩინე „მეტაფორული ბარათები“ – ფსიქოლოგიაში არცთუ დიდი ხნის წინ დანერგილი მიდგომა.

„მეტაფორა“ ბერძნული სიტყვაა და გადატანას ნიშნავს, ემყარება მსგავსებას. მეტაფორას ხშირად „შემოკლებულ შედარებასაც“ უწოდებენ. ბარათების შემთხვევაში მეტაფორული ბმა ხდება ნახატსა და ჩვენს შინაგან სამყაროს შორის.

ქართული მეტაფორული ბარათების ნაკრების – „საგანძურის“ – ავტორი პროფესიით პედიატრი და ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, არტთერაპევტი, ტრენერი, ქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი ეთერ ფილიპოვიჩი გახლავთ. ნაკრები შეიქმნა ცნობილი ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ნახატების მიხედვით.

 

მეტაფორული ბარათების ისტორია 1975 წელს დაიწყო, როდესაც კანადელმა მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ ელი რამანმა შექმნა ბარათების კრებული, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ახალ ეტაპად იქცა ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარების, პიროვნული განვითარებისა და მხარდაჭერის გამოცდილებაში. ფსიქოთერაპევტმა ჯო შლიხტერმა შეიმუშავა ბარათების გამოყენების წესები და პრინციპები.

მთავარი პრინციპი კი ის არის, რომ მეტაფორული ბარათი წარმოადგენს საუკეთესო მეგზურს ჩვენი არაცნობიერისკენ. ყველა ადამიანი ბარათში მხოლოდ საკუთარ ინტერპრეტაციას ხედავს, თავისი ცნობიერი თუ არაცნობიერი გამოცდილების შესაბამისად.

 

ეთერ ფილიპოვიჩი https://sputnik-georgia.com/people/20181105/242813360/eter-filipovich.html

 

სწორედ ეს ბარათები დამეხმარა, „უკეთ მომესმინა“ ჩემი მოსწავლეებისთვის, თანაც ისე, რომ არ შემელახა მათი პირადი სივრცე.

 

ბავშვებს უსაზღვრო ფანტაზია აქვთ, თუმცა ზოგი ახერხებს წარმოდგენების გასიტყვებას, ზოგს კი ჩვენი დახმარება სჭირდება. ამისთვის ხშირად ვიშველიებთ ილუსტრაციებს, რომლებიც უხვად არის სასკოლო სახელმძღვანელოებში.

ასურათებული ლექსი თუ მოთხრობა იწვევს მოსწავლის ინეტერესს, ეხმარება მასალის ათვისებაში, ხელს უწყობს ნაწარმოების გაგება-გააზრებას. შედეგად საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანად და საინტერესოდ მიმდინარეობს. მოსწავლეები ასოციაციურად პოულობენ კავშირს ტექსტსა და ნახატს შორის. ილუსტრაცით შეგვიძლია წინარე ცოდნა გავააქტიუროთ ან მომდევნო გაკვეთილისთვის გამოწვევის ფაზა წარვმართოთ. თუმცა ის ნახატები, რომლებიც სახელმძღვანელოშია მოცემული, მორგებულია საგაკვეთილო გეგმას, ეს კი ერთგვარად წინასწარ განგვისაზღვრავს სასაუბრო თემას.

მეტაფორულ ნაკრებში შემავალი 150 ბარათი კი საუკეთესო დამატებითი რესურსი აღმოჩნდა ჩემი მოსწავლეებისთვის. ბარათების ხარისხი და A6-ით   შესრულებული რეპროდუქციები მარტივად აღიქმება და ხელს უწყობს ამბის თხრობას. აღსანიშნავია, რომ კრებულს თან ახლავს კითხვები, რაც გვეხმარება, საუბარი სწორად, რაფინირებულად და მიზანმიმართულად წარვმართოთ.

 

ნინო ჩაკვეტაძის პერსონაჟების სიმშვიდე, სევდა, ურთიერთდამოკიდებულება ქართულის გაკვეთილებზე ისტორიებად, ზღაპრებად იქცა. მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ ამბებში ფარულად ჟღერდა თითოეული მათგანის ოცნება, სიხარული, წადილი, წყენა თუ სინანული. ზღაპარი ხომ ჩვენი რეალობის მეტაფორული გარდასახვაა. ბავშვები გაუცნობიერებლად საუბრობენ საკუთარ თავზე, პრობლემებზე, თითქოს მათი „სულიერი ზარდახშა“ იხსნება და აღმოჩნდება, რომ იქ არაერთი ტალანტია დავანებული. ვხვდებით, რომ მათ საუბარი სურთ, ისინი მთელი ხმით გვიხმობენ, ჩვენამდე კი მხოლოდ ჩურჩული აღწევს.

 

გაკვეთილზე ბარათების გამოყენების რამდენიმე გზას მივმართავ:

მოსწავლეებს შეუძლიათ, სათითაოდ აირჩიონ ბარათები და მოიფიქრონ ინდივიდუალური ისტორიები. სინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ამბის შეთხზვის ის ვარიანტიც, როდესაც ზღაპარს ერთი წინადადებით იწყებს მასწავლებელი ან რომელიმე მოსწავლე, თხრობას აგრძელებს სხვა და ასე იქმნება კლასის საერთო ნამუშევარი. ნახატი ეხმარება, მარტივად განავითარონ ამბის სიუჟეტური ხაზი.

განსაკუთრებით მოსწონთ პირველ პირში თხრობა. თუ რომელიმე მოსწავლეს დახმარება სჭირდება, ვცდილობ, კითხვები მივაშველო:

  • აღწერე გარემო
  • აღწერე პერსონაჟი (პერსონაჟები) გარეგნულად
  • შენი აზრით, რაზე ფიქრობს (ოცნებობს, დარდობს, უხარია, სურს) პერსონაჟი?
  • რას ეტყოდი მას?
  • რას გიამბობდა ის?
  • რას დაარქმევდი შენს ამბავს?

ვფიქრობ, მასწავლებლობა მხოლოდ საგნის ზედმიწევნით ცოდნას არ გულისხმობს, ის რამდენიმე პროფესიის გადაკვეთის წერტილია.

მეტაფორული ბარათების გამოყენება შეგვიძლია ხელოვნების გაკვეთილზეც. ფერის, ხასიათისა და ემოციის ურთიერთმიმართების გასააზრებლად.

  • რა ფერები ჭარბობს ნახატზე?
  • როგორი განწყობა შეგიქმნა მხატვრის ნამუშევარმა?
  • რა დეტალები (ფერები) იწვევს შენში მხიარულ ან სევდიან განწყობას?
  • რომ შეგეძლოს, რა ფერს დაამატებდი განწყობის შესაცვლელად?

მეტაფორული ბარათები მოსწავლეებს ეხმარება, განივითარონ შემოქმედებითი უნარები, ინტეგრირდნენ გარემოსთან და გაუმკლავდნენ მენტალურ პრობლემებს.

ქართულის გაკვეთილებზე გამოყენებული მეტაფორული ბარათები დამეხმარა, გულისყურით „მომესმინა“ ჩემი მოსწავლეებისთვის, მოვრგებოდი ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს და ამ ისტორიებისთვის 45 წუთი საკმარისი აღმოჩნდა.

ჩემი მოსწავლეების ერთ-ერთი ზღაპარი პატარა გოგონაზეა, რომელმაც გაზაფხულის ყვავილებს დაკარგული ფერები დაუბრუნა. საინტერესოა, თქვენ როგორ გააგრძელებდით ჩვენს დაწყებულ ამბავს?

ვის და რას ვეძებთ ტექსტში? – წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის

0

ჩემი მესამეკლასელი შვილის ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო დავალებებში ხშირად გვხვდება ისეთი საკითხები, რომლებიც ტექსტის გააზრებისა და გაანალიზების ჩვევის გამოსამუშავებლად არის საჭირო. ისიც ვიცით, როგორი დიდი პრობლემაა ტექსტის გააზრება, მისი დეკოდირება მოსწავლის მიერ და, სამწუხაროდ, ეს პრობლემა სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება. კითხვა კითხვისთვის სარგებელს ვერ მოგვიტანს, თუ მას არ ახლავს რეფლექსიის, შემეცნებისა და ტექსტის გაანალიზების პროცესი. ამიტომ მნიშვნელოვანია, არა წაკითხული წიგნების რაოდენობა, არამედ ხარისხი და ის, თუ როგორ გაიგო და გააანალიზა ის მოსწავლემ.

 

მოსწავლის კარგ მკითხველად ჩამოყალიბების დასაწყისში მნიშვნელოვანია, ამ ფუნდამენტურ კომპონენტებზეც გამახვილდეს ყურადღება, იმისათვის, რომ მას შემდგომში გაუადვილდეს რთულ ტექსტებთან ურთიერთობა და არც აზრის გამოტანა გახდეს პრობლემა. ამაზე ზრუნვის დაწყება შესაძლებელია მცირე ასაკში, როდესაც ბავშვს წიგნებს ვუკითხავთ. თუ შევყოვნდებით და ბავშვს მარტივ შეკითხვებს დავუსვამთ ნაწარმოების შინაარსის შესახებ, ის აუცილებლად გაგვცემს პასუხებს და ეს უნარიც ბავშვობიდან გამოუმუშავდება.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია კითხვა მცირე ასაკიდან, წიგნთან ურთიერთობა, წიგნიერი გარემოს შექმნა ბავშვისთვის და ამის წახალისება. კვლევები ცხადყოფს იმასაც, რომ, თუ ბავშვს ბავშვობაში ოჯახის წევრები წიგნებს უკითხავენ, ისინი გამოირჩევიან სწავლების ზედა საფეხურებზე და უკეთესი აკადემიური შედეგებიც აქვთ იმათთან შედარებით, ვისაც წიგნს არ უკითხავდნენ. ბავშვებისთვის წიგნების კითხვა ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია წიგნის შესაყვარებლად.

 

ჩემს შვილებთან ერთად წიგნის კითხვისას ყველა საკვანძო ეპიზოდზე ვჩერდებით და განვიხილავთ გმირის ამა თუ იმ ქცევას. ბავშვები უფრო აქტიურობენ, გმირის მორალურ ჭრილში განხილვისას; ასაბუთებენ, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, რა იყო გამაღიზიანებელი მის ქცევაში და რა შეიძლებოდა, რომ გამოესწორებინა. ისინი მსჯელობენ გმირის გადაწყვეტილებებზე და ფიქრობენ, რომ სხვანაირად რომ მოქცეულიყო, იქნებ უფრო უკეთესად ეცხოვრა, იქნებ ხიფათები და განსაცდელი აერიდებინა თავიდან და ა.შ. ვფიქრობ, სკოლამდელი ასაკის ბავშვებთანაც ერთობლივი კითხვის პროცესშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ ტექსტის გაგების ეს მეთოდი. გარდა იმისა, რომ ბავშვი ასეთ დროს სწავლობს მისი აზრების დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას და გვიზიარებს საკუთარ ლიტერატურულ შეფასებებს, ასევე სწავლობს, როგორ დაინახოს ესა თუ ის პერსონაჟი, როგორ შეაფასოს მისი ქცევები, ეს კი საკმაოდ დიდი გამოცდილება და უნარია პატარა მკითხველისთვის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეეჭიდა ახალ ტექსტებს.

 

ტექსტის კითხვისას, პირველი, ვისაც ვამჩნევთ ან გამოჩენას ველოდებით, ეს მისი უმაღლესობა – პერსონაჟია. ჩვენი დაინტერესებაც უფრო იზრდება, თუ ის გამორჩეული, საინტერესო და სხვა დადებითი თვისებებითაც არის შემკული. ასეთ დროს მკითხველი, განსაკუთრებით ბავშვი ახდენს პერსონაჟის საკუთარ თავთან იდენტიფიცირებას. ის როლურ მოდელებს არა მარტო ფიზიკურ გარემოში და ოჯახში ეძებს, არამედ ლიტერატურაშიც და შეიძლება ეს როლური მოდელი, ბევრად ავტორიტეტული და მისაღები იყოს მისთვის, ვიდრე რეალური პერსონაჟები თავისივე ცხოვრებიდან.

 

  • გაიხსენეთ ბოლოს წაკითხული მოთხრობა, იგავი ან ზღაპარი.

 

  • შენი აზრით, რომელი იყო გმირის ყველაზე მნიშვნელოვანი საქციელი?

 

  • დაწერე, რატომ მოგწონს ან არ მოგწონს მისი ეს საქციელი.

 

  • როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?

 

ეს ჩემი მესამეკლასელი შვილის ქართულის ერთ-ერთი ჩვეულებრივი საშინაო დავალებაა. ის მსგავს სავარჯიშოს ხშირად აკეთებს. მისთვის ასეთი ტიპის სავარჯიშოს შესრულება უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან სასკოლო ლიტერატურის გარდა, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მხატვრულ ლიტერატურას და მასზე დისკუსიებს. წინა ზაფხულს ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული „საიდუმლო კუნძული” წაიკითხა. კითხვას მთელი ზაფხული მოანდომა, არ იყო მარტივი მეორეკლასელისთვის საკმაოდ დიდი და სქელტანიანი სათავგადასავლო ნაწარმოების წაკითხვა. შთაბეჭდილებებს გზადაგზა მიზიარებდა, აღაფრთოვანებდა წიგნის მთავარი პერსონაჟის – ინჟინერი სმიტის და მისი ოთხი მეგობრის ამბავი, ოცნებობდა საიდუმლო კუნძულზე მოხვედრასა და თავგადასავლებზე. წაკითხულ ტექსტზე ბევრს ვსაუბრობდით, რადგან ძლიერი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო და თავს კაპიტან სმიტთან აიგივებდა. კაპიტან სმიტის თავგანწირვა და სიძლიერე მართლაც აღმაფრთოვანებელია და სწორედ ამით მოიხიბლა ისიც და მისთვის, სამახსოვრო ლიტერატურული პერსონაჟების გალერიაში ერთ-ერთ სახასიათო და გამორჩეულ სახედ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ბევრ სხვადასხვა ტექსტთან მოუწია ურთიერთობა, „საიდუმლო კუნძულის” გმირები ანდროსთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. დავალებაც კაპიტან სმიტზე დაწერა, მისი საუკეთესო თვისებები და ისეთი გადაწყვეტილებები გაიხსენა, როცა მეგობრების გამო საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა.

 

კარგ მკითხველად ჩამოყალიბების პროცესში, სკოლის და მასწავლებლების მონდომებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მშობლის როლი და ჩართულობა. მშობელი ის პირველი ადამიანია, რომელიც პირველ წიგნს უკითხავს შვილს და ესაუბრება მასზე. ერთობლივი კითხვა კი შეიძლება კიდევ უფრო დიდ საინტერესო თავგადასავლად იქცეს. თუკი ეს ხშირად ხდება და მშობელი დაინტერესებულია, გააძლიეროს ბავშვში მკითხველის უნარები, სავარაუდოდ, მომავალში, ტექსტის გაგება-გააზრება პრობლემად აღარ იქცევა.

 

თუ ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს, როგორ გაშიფრონ ტექსტი, შეისწავლონ პერსონაჟები, ამოიცნონ და შეამჩნიონ მათი მახასიათებლები, ამოიცნონ ტექსტის გზავნილი, შეიძლება ისინი დიდხანს დარჩნენ მხოლოდ წამკითხველებად. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ტექნიკის სწავლება და ტექსტზე ყურადღებით დაკვირვება, იმისათვის, რომ მათ გაუადვილდეთ ურთიერთობა ნებისმიერი ტიპის და სირთულის ტექსტთან. ამიტომ, ჩვენც გავიწაფოთ მათთან ერთად კითხვაში, ვეძებოთ და ვარჩიოთ კარგი ლიტერატურა მათთვის, გავიცნოთ ჩვენთვის უცნობი პერსონაჟები და, რაც მთავარია, ვიკითხოთ ყველგან და ყოველთვის.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...