კვირა, მაისი 31, 2026
31 მაისი, კვირა, 2026

წინწანაქარი

0

გასული საუკუნის ოთხმოციანების შუაწლები ახალი გადასულია. დიადი საბჭოეთი უკვე ნაჩერნობილარია. საგაზაფხულო ხვნა-თესვაც ჩატარებულია – იმ წელს პირველად დაითესა ახალი კულტურა სახელად „გლასნოსტი“… აშკარაა, რაღაც ახალი ხდება ქვეყანაში, თუმცა არავინ იცის, რომ თვით ქვეყანას უკვე სასიკვდილო სენი აქვს შეყრილი. ძალიან ახლობლებმა იქნებ იციან, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნებიან. ამიტომ მთელი ქვეყნის ჭირ-ვარამი ისევ ისე თუხთუხებს ჟანგიან და გამურულ ქვაბში, როგორც ხუთი და ათი წლის წინ.

ჰოდა, აი, ასეთ დროს ჩვენს სკოლას სტუმრად ეწვია ლატვიის ერთი დაძმობილებული სკოლა სუვენირებითა და საჩუქრებით ხელში. გაცილებისას ჩვენც დავიწყეთ ჩურჩხელებისა და ღია ბარათების შეგროვება. მერე შემთხვევით ერთ-ერთ სტუმარს ვკითხე: რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? იმას გაჩუქებთ-მეთქი. მამაჩემი ჯარში ერთ ქართველთან ერთად მსახურობდა და დამაბარა, იქნებ ქართული ბროწეული და ჩაჩა წამომიღოო. ბროწეული ვიყიდე და ეს ჩაჩა რა არის, ვერ მივაგენიო. ავუხსენით, რომ ჩაჩას ქართულად ჭაჭა ჰქვია, ეროვნული მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელია და მაღაზიებში არ იყიდება. ამის გამგონემ, ჯერ დაიმორცხვა, ეს რა გთხოვეთ ამ გაგანია მშრალ კანონშიო, მერე გაუკვირდა – ღვინის სამშობლოში ჭაჭა როგორ არ იყიდებაო…

დიახ, ასე იყო დიად საბჭოეთში. ღვინისა და დავით სარაჯიშვილის სამშობლოში ქარხნები რუსულ ვოდკას (სტალიჩნაია) ასხამდნენ, ქართული მაწვნის ნაცლად ჩვენი რძის კომბინატები რუსულ პრასტაკვაშას ადედებდნენ. ასე ითხოვდა გეგმური ეკონომიკა და საბჭოთა იდეოლოგია – ეროვნულობას სახლის ზღურბლისთვის არ უნდა გადმოებიჯებინა, გარეთ კი უკვე საბჭოეთი იყო და ყველაფერი – საბჭოური.

საბჭოეთი ამ ამბებიდან მალე დაიშალა. გეგმური ეკონომიკაც, ცხადია, უკან გაჰყვა, მაგრამ ჭაჭამ, ჟიპიტაურმა, ლირდემ კიდევ დიდხანს ვერ მოიკიდეს ფეხი ჩვენს ცნობიერებაში. ვისკის, ტეკილასა და თვით ვოდკას გვერდით მეჯლისზე მოხვედრილი მენახირე ბიჭივით იყო – დამორცხვებული, თავჩაქინდრული, კუთხეში მიყუჟული.

თუ ჩვენი ხაჭაპური პიცის ტოლ-სწორია, ჭაჭა რატომ უნდა იყოს ტეკილაზე ნაკლები? ან რაში სჭირდება სიტყვა „არყის“ დამატება? მით უფრო – ისეთი ფორმით, როგორითაც ჩვენში გაიდგა ფეხი – „ჭაჭის არაყი“? ტეკილას ვინ მოიხსენიებს კაქტუსის არყად? საბედნიეროდ, ბოლო დროს ყინული გალღვა და ჩვენი მაღაზიების თაროებზე უკვე გამოჩნდა ჭაჭა, მაგრამ დასანანი იქნება, თუ ამ სახელს სიტყვა „არაყს“ დავურთავთ ხოლმე.

თან, თუ დიდ მეფეს ვახტანგ VI-ს დავუჯერებთ (ვახტანგ VI. წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის. თსუ-ს გამომცემლობა, 1981), სიტყვა „არაყი“ სულაც არ ნიშნავს მაინცდამაინც სასმელად ვარგის სითხეს. აი, რას წერს ქართულ ენაზე გამოცემული ქიმიის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი:

 

  1. ნარინჯისა, თურინჯისა და ლიმონის არაყი და ზეთი

მოიტანე, ან გამხმარი, ან ნედლი, ნარინჯისა გინდა, თუ თურინჯისა, თუ ლიმოს ყვითელი ქერქი. ერთს ქვის ქვაბი იყოს, თუ მინისა ბადია იყოს, ან ქაშანურისა ბადია იყოს, რა ერთიც გინდოდეს, ჩაყარე. ზედ, რა ერთი წყალიც გინდოდეს, დაასხი. თავს დაახურე. 7-8 დღე დადგი. მერმე საარაყეს ქვაბში ჩაასხი, არაყსავით გამოხადე. რა დენა გაათაოს, რაც გამოვიდეს, ნახე. ერთ რაშიმე ჩაასხი ზეთი, მაგრამ ქერქი ისე უნდა გასთალო, სითეთრე არა ჰქონდეს, ქაღალდსავით იყოს.

 

  1. არაყი დართულისა

დართული დანაყე. სხვას არაყსავით გამოხადე. ჯერ არაყი გამოვა, მერმე – ზეთი.

 

  1. ქაფურის არაყი

მოიტანე სამი წილი გილიერმანი, ერთი წილი ქაფური. ცალ-ცალკე დანაყე, მერმე ერთად გარიე. შუშა მრუდი რომ იქნება, იმაში ჩაყარე. ქვიშა ქვაბში ჩაყარე და მინა შიგ ჩადგი. ნელი ცეცხლი მიეც. ქაფური მინის ყელში ამოვა. რა ამივიდეს, გარდმოიღე. ქაფური ამოიღე და რაც მინაში დარჩეს, გარდაყარე და ქაფურში სამი თავისი წონა გილიერმანი გაურიე, კიდევ ცეცხლი მიეც; კიდევ ასე ქენ. სამჯერ რომ ისე ქენ, მესამედ არაყად გადნება და შუშაში ჩამოვა და აღარ გაყინავს.

 

მაშასადამე, „არაყი“ თანამედროვე ტერმინოლოგიით დისტილატს (გამონახადს) ნიშნავს. გამოხდის პროცესით კი ბევრი რამის მიღება შეიძლება, იმისდა მიხედვით,
„საარყე ქვაბში“, ტექნოლოგები კუბს რომ ვეძახით, რას მოვათავსებთ. ვახტანგ VI-ისა და ძველი არაბი ქიმიკოს-ტექნოლოგების მიხედვით, ჭაჭაც, ნავთიცა და ბენზინიც არაყია…

 

ქართულში კიდევ ერთი კარგი სიტყვა გვაქვს – წინწანაქარი, რომელიც ზუსტად აღწერს პროცესსაც და მის პროდუქტსაც. თუ ვინმეს ერთხელ მაინც გამოუხდია რამე კოლბასა თუ საარყე ქვაბში, ადვილად მიხვდება ამას.

რამდენი პროცენტია – ერთი გაკვეთილისთვის

0

პროცენტების გაგებისა და კომპეტენტურად მუშაობის უნარი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ესმის მოსწავლეს ათობითი პოზიციური სისტემა და რიცხვთა თანრიგები, წილადები და მათზე მოქმედებები. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიკვლიონ, ამოიცნონ, წარმოაჩინონ და გამოხატონ ეს კავშირები და თავისუფლად იმუშაონ.

პროცენტული პრობლემების რეალური კონტექსტის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. მოსწავლემ უნდა დაინახოს, სად ჩნდება პროცენტი მის ცხოვრებაში და როგორ იყენებს მას, რამდენად სასარგებლოა მისი ცოდნა. სასურველია, შეაგროვონ და აღწერონ მაგალითები პროცენტულად სკოლის მონაცემებიდან, სარეკლამო მასალებიდან, მედიიდან… ასეთი აქტივობები დაეხმარება მათ, გააცნობიერონ რამდენად ხშირად გამოიყენება პროცენტები ყოფა-ცხოვრებაში.

გაგაცნობთ მე-7 კლასში ჩატარებული გაკვეთილის გეგმას, პროცენტების სწავლების ერთი ეტაპს.

თემა: როგორ გამოვთვალოთ პროცენტი

კლასი: მე-7

მიმართულება: რიცხვები. რიცხვითი გამოსახულებები

სამიზნე ცნება: პროცენტი

საკითხი: ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია

მკვიდრი წარმოდგენები:

  • ეკვივალენტური ფორმები გვეხმარება რაოდენობებს შორის კავშირის დადგენასა და განზოგადებაში.
  • ფარდობა ადგენს შესაბამისობას ორ რაოდენობას (სიდიდეს) შორის.
  • პროპორციული დამოკიდებულება გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება რაოდენობები ერთმანეთთან მიმართებაში/დამოკიდებულებაში. აღნიშნული დამოკიდებულება შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით.
  • პროპორციის მეშვეობით შესაძლებელია კავშირის დადგენა ზომის სხვადასხვა ერთეულებს შორის, ასევე რაოდენობებს შორის.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ, წარმოადგინონ ერთი რიცხვი მეორეს რამდენი პროცენტია, შეძლებენ პროცენტების შესახებ ცოდნის სინთეზირებასა და კონცეფციების გამოყენებას პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას, სხვადასხვა გზით.

აქტივობა 1. ფაზლის აწყობა (მოსწავლეთა ორგანიზება)

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნათა კონსოლიდირება, კონვერტაციები პროცენტს, წილადს, ათწილადსა და ვიზუალურ წარმოდგენებს შორის.

აღწერა: თითოეულ მოსწავლეს ურიგდება ფაზლის ნაწილი. მოსწავლეებს აქვთ საკლასო ოთახში გადაადგილების საშუალება. ისინი ეძებენ ერთმანეთში ფაზლის ნაწილებს შესაერთებლად. აწყობილი ფაზლი ქმნის ერთ ჯგუფს. მაგალითად 30%; 48%; 12%;150%. ასე ხდება კლასის ორგანიზება ოთხ ჯგუფად.

გიზიარებთ ამ აქტივობის ზოგიერთ ფოტოს საკლასო ოთახიდან:

მასწავლებლის მიერ შექმნილი ფაზლი ფაზლის აწყობის პროცესი ჯგუფის მიერ აწყობილი ფაზლი (30%)

 

 

ეს აქტივობა, სახალისო იყო, ამავდროულად მოსწავლეებმა გაივარჯიშეს რიცხვების ეკვივალენტურ ფორმებად წარმოდგენაზე

აქტივობა 2: წინარე ცოდნის გააქტიურება (სავარჯიშო საშინაო დავალებიდან)

მიზანი: მოსწავლეთა მათემატიკური უნარების გაძლიერება და მზადება ახალი კონცეფციისათვის

მოსწავლეთა ორგანიზება: მთელი კლასი

აღწერა: კლასში განვიხილეთ საშინაო დავალების ერთი სავარჯიშო.

თუ 4 არის რიცხვის 5%, რამდენია ამ რიცხვის 30%?

ეს დავალება ერთი შეხედვით რთული არაა, მაგრამ კლასში განხილვა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეებმა სხვადასხვა გზით ამოხსნეს ის და სხვადასხვა მიდგომების ერთმანეთთან გაზიარება მნიშვნელოვანია. ბავშვებმა თავად აღნიშნეს, რომ პროცენტული ამოცანების ერთი მეთოდით ამოწურვა ნაკლებად დამაკმაყოფილებელია.

გიზიარებთ მოსწავლეთა პასუხებს (მოკლედ):

1.       ვიპოვე 1%. თუ 1% არის 4/5 მაშინ 30% არის 4/5 ·30=24
2.       რადგან 30% 6 -ჯერ აღემატება 5%-ს, ამიტომ 4·6=24
3.       რადგან

4.       რადგან

5.       რადგან

6.      

მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს:

  • 4 რა რიცხვის 5%-ია?
  • 4 რა ნაწილია 80-ის?
  • 24 რა რიცხვის 30 %-ია?
  • 24 რა ნაწილია 80-ის?

ეს შეჯამება შემდგომში დაეხმარებათ მოსწავლეებს, განსაზღვრონ ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია.

აქტივობა 3. გიოს და მისი მეგობრების შინაური ცხოველები

მოსწავლეთა ორგანიზება: 5-6 მოსწავლისაგან შედგენილი 4 ჯგუფი

მიზანი: მოსწავლეები ცოდნათა სინთეზირებითა და მსჯელობით დაადგენენ, როგორ იპოვონ, ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია.

აღწერა: მოსწავლეთა ჯგუფებს ვურიგებ თითო ამოცანას ამოსახსნელად. (3 წთ.)

I ჯგუფი IIჯგუფი
გიოს ჰყავს პატარა ახალშობილი ლეკვი, რომელიც 600 გრამს იწონის, რაც მისი ზრდასრული წონის 20%-ია.

დიაგრამის გამოყენებით იპოვე, რა უნდა იყოს ზრდასრული ლეკვის წონა.

გიოს მეგობარ ლუკას ჰყავს ძაღლი.

აქ არის გიოს მიერ დახაზული დიაგრამა, რომელიც გამოსახავს ძაღლის წონას.

შეავსე დიაგრამა და იპოვე ლუკას ძაღლის წონა.

IIIჯგუფი IVჯგუფი
გიოს მეგობარ ნინის ჰყავს ფისო, რომლის 50% არის 1,5 კგ.

იპოვე ფისოს წონა

ნინის ფისო იწონის 3 კგ-ს. ვეტერინარმა ურჩია, რომ დღის განმავლობაში ფისოს კვების ულუფა მისი წონის 3,5% უნდა შეადგენდეს. რა რაოდენობის საკვებს ჭამს ფისო დღეში?

 

ამ ოთხმა ამოცანამ გაამთლიანა „ამბავი“. მოსწავლეებმა გამოიტანეს გადაწყვეტილებები და 1-2 წუთიანი წარდგენის შემდეგ, შეჯამების მიზნით კლასს ვუსვამ შეკითხვებს:

– ზრდასრული ლეკვის წონის რა ნაწილია ახალშობილი ლეკვის წონა? (როგორ ხედავ დიაგრამაზე?)

– რამდენჯერ აღემატება ძაღლის წონა ლეკვის წონას?

– შეადარე ლეკვის წონა ძაღლის წონას წილადის გამოყენებით.

– შეადარე ლეკვის წონა ძაღლის წონას პროცენტის გამოყენებით.

– ფისოს წონა გიოს ლეკვის წონის რამდენი %-ია?

– საკვების ულუფა ფისოს წონის რა ნაწილია?

– საკვების ულუფა ფისოს წონის რამდენი პროცენტია?

ამ კითხვებზე პასუხების ანალიზით მოსწავლეებმა თავად დაადგინეს, რამდენი პროცენტია ერთი რიცხვი მეორისა პოვნის ალგორითმი.

იმისათვის, რომ ვიპოვოთ ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია, საჭიროა:

1.       ვიპოვოთ ერთი რიცხვი მეორეს რა ნაწილია და გამოვსახოთ თანაფარდობა წილადით;

2.        მიღებული წილადი გამოვსახოთ პროცენტით.

 

დავუბრუნდით მე-2 აქტივობის სავარჯიშოს. გადავამოწმეთ:

  • 4 რამდენი %-ია 80-ისა?
  • 24 რამდენი % -ია 80-ისა?

 აქტივობა 4. „კი- არა“ მაგალითები:

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ, იპოვონ ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია, საკითხის გაგების გასამყარებლად.

მოსწავლეთა ორგანიზება: მთელი კლასი

აღწერა: მოსწავლეებს აქვთ ორი ფერის ბარათი. ლურჯი და ყვითელი. კლასს თანმინდებრობით ვუკითხავ შეკითხვებს. თითოეულზე მთელი კლასი მაჩვენებს შესაბამისი ფერის ბარათს. თუ წინადადება ჭეშმარიტია, კლასის თითოეულმა მოსწავლემ უნდა აჩვენოს ლურჯი ბარათი, თუ მცდარია – ყვითელი ბარათი. კლასზე ერთი თვალის მოვლებით ვიგებ საკითხის გაგების ხარისხს, თუმცა დასაზუსტებლად ზოგიერთ მოსწავლეს საშუალებას ვაძლევ, ახსნას მისი გადაწყვეტილება მსჯელობით, ან თუ შეცდომით პასუხობს მოსწავლე, ვეხმარები საკითხის გააზრებაში.

·         30 არის 40-ის 10%. – (ეს მგონი არაა სწორი)

·         50 არის 100-ის 50%.

·          3 დმ. ნერგის სიმაღლე 15 მ ხის სიმაღლის 20%-ია.

·         მომღერალთა გუნდში 22 ქალი და 18 მამაკაცია. გუნდის წევრთა 55% არის ქალი,

ü  გუნდის წევრთა 18% მამაკაცია.

ეს აქტივობა განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია.

აქტივობა 5: გასასვლელი ბარათები

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ, იპოვონ ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია.

მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური

აღწერა: თითოეულ მოსწავლეს ვურიგებ ინდივიდუალურ სამუშაო ბარათს. ბარათზე 2 პატარა ამოცანაა. 3-4 წუთში უნდა შეასრულონ.

გიზიარებთ ბარათების ოთხ ვარიანტს:

1)      12$ 16$-ის რამდენი პროცენტია?

 

 

 

2)      კლასში 25 მოსწავლიდან 10 გოგონაა. კლასის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია ვაჟი?

 

 

1)      75 ₾ 200 ლარის რამდენი პროცენტია?

 

 

 

2)      კლასში 25 მოსწავლიდან 15 გოგონაა. კლასის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია ვაჟი?

3)      40$-ის რამდენი პროცენტია 12$?

 

 

 

კლასში 30 მოსწავლიდან 12 გოგონაა. კლასის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია ვაჟი?

1)      რამდენი პროცენტია 200 ლარის 45₾?

 

 

 

კლასში 30 მოსწავლიდან 18 გოგონაა. კლასის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია ვაჟი?

 

 

მოსწავლეთა ნამუშევრების ანალიზი მეხმარება მათი მზაობის დონის გამოსავლენად და მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად.

საშინაო დავალება:

მოიძიეთ ინფორმაცია. უპასუხეთ კითხვებს:

·         ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია გოგონა/ვაჟი?

·         ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია დაწყებითი საფეხურის, საბაზო საფეხურის და საშუალო საფეხურის?

·         ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია სოციალურად დაუცველი ოჯახიდან?

·         ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია მრავალშვილიანი ოჯახიდან?

·         ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია დაკავებული სპორტით?

·         რაში შეიძლება გამოიყენოს სკოლის ადმინისტრაციამ, ან სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ან სხვა დაინტერესებულმა პირმა ეს ინფორმაცია?

დავალების წარდგენისას იმსჯელე:

როგორ მოიპოვე ინფორმაცია, როგორ შეასრულე მოქმედებები, როგორ შეიძლება შენ მიერ გაკეთებული გამოთვლების სასარგებლოდ გამოყენება.

 

 

მოსწავლეებს მოეწონათ ხალისიანი გაკვეთილი, სახალისო აქტივობებით. გაკვეთილის შეჯამებისას აღნიშნეს, რა იყო მათთვის ყველაზე საინტერესო და რატომ.

ჩემი აზრით, თუ ნამდვილად გვსურს ბავშვებმა საფუძვლიანად გაიგონ საკითხი, გაკვეთილზე უნდა გამოვიყენოთ მრავალფეროვანი რესურსები, აქტივობები და მეთოდები ნაცვლად მრავალფეროვანი თემების გაცნობისა.

გიზიარებთ საპრეზენტაციო მასალას, რომელიც დაგეხმარებათ გაკვეთილის პროცესის წარმართვაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-7 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/meshvide-klasi/

  1. მე-7 კლასის ონლაინსახელმძღვანელო. თავი 3. პროცენტი ავტორი ქეთი ცერცვაძე. https://drive.google.com/drive/folders/12t4YQKbuHKf_OgR5l1ZF-i09T7DjqqMs

 

 

მასწავლებლის ერთი მოთხრობა, რომელიც სასკოლო თემისთვის დაიწერა.

0

მასწავლებლები ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც რაიმე კონკრეტულ საკითხზე გვიჭირს მხატვრული ტექსტის მოძიება. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მასწავლებელმა მთხოვა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვაზე პატარა მოთხრობა დამეწერა. ეს ამბავი მივიღე როგორც გამოწვევა და დავთანხმდი. ასე შეიქმნა „მზის მეგობარი“, რომელიც შემდეგში უკვე მეც გამოვიყენე. ბავშვებს მოეწონათ, იმსჯელეს, წერილები მისწერეს პერსონაჟებს და ხეებიც დარგეს. გარდა ამისა, თავისთავად გაეცნენ დღიურის ჟანრსაც და სცადეს დღიურების შექმნა. ბუნებასთან ინტეგრირებით მშვენიერი გაკვეთილები გამოგვივიდა, საერთოდაც კვირეული. მოთხრობის გაცნობის პარალელურად ვიმსჯელეთ ხეებზე, გარემოს დანაგვიანებაზე, იმაზე, თუ რა ზიანი მოაქვს ადამიანს ბუნებისთვის. ვნახეთ ანიმაციური ფილმი: „ლორაქსი“, ბოლოს კი „გადასაყრელი“ ნივთებისგან დამზადებული სამკაულებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოვაწყვეთ, მოვიპატიჟეთ მშობლები, მიღებული თანხით და უპატრონო ძაღლთა თავშესაფრის ბინადრებს საკვებით გავუმასპინძლდით. იმდენად საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა ამ პატარა მოთხრობით დაწყებული თავგადასავალი, თქვენც გიზიარებთ.

 

მზის მეგობარი

 

ისეთი ლურჯი და მბზინვარე კანი აქვს, რომ ძნელია საკუთარი თავი არ მოსწონდეს. განსაკუთრებით მაშინ, მზის ოქროსფერი სხივები რომ გადაწყვეტენ ხოლმე მასთან თამაშს. ოჰ, ეს ისეთი სანახაობაა, რომ მერწმუნეთ მის მსგავს ვერსად ვერ ნახავთ.

ეს მზესთან მოთამაშე, ძალიან ლამაზი, ძალიან კეთილი და მხიარული არსება პატარა დელფინი გახლავთ, სახელად ზიზი.

ზიზი ზღვაში ცხოვრობს, სადაც საკუთარი სახლი მოუწყვია, ნიჟარებითა და ათასნაირი წყალმცენარეებით, მარჯნებით, ზღვის ვარსკვლავებით მორთულ-მოკაზმული.

ზიზი, დილით ძალიან ადრე დგება და მაშინვე მზესთან შესახვედრად მიემართება. მისთვის ეს ყველაზე საყვარელი დროა. მზეც სწორედ ამ დროს ამოდის და ერთი სული აქვს, თავის პატარა მეგობარს მიაკითხოს, სხივები მის სველ ტანზე ააცეკვოს, მიეალერსოს, ათასგვარად ააბრჭყვიალოს, შეუღიტინოს, მოკლედ რომ ვთქვათ, კარგად გაერთონ.

ერთხელ, როდესაც პატარა დელფინი მზის სხივებს ეხუტებოდა, კუდზე სამკაულად ზღვის ვარსკვლავი დაებნია, ყელზე კი ნიჟარებში ნაპოვნი მარგალიტების მძივი, სწორედ მაშინ ზიზიმ შეამჩნია, რომ რაღაც ძველებურად ვერ იყო. თითქოს სხივებს მხიარულება და სიხალისე მოჰკლებოდათ, ისე აღარ ბრჭყვიალებდნენ, ზანტადაც კი მოძრაობდნენ დელფინის კრიალა კანზე.

ზიზის, რაღა თქმა უნდა, ბევრი არ უფიქრია და მაშინვე ჰკითხა სხივებს მოწყენილობის მიზეზი:

  • მზეო, მზეო ჯადოსნურო, ბრჭყვიალავ და ოქროსფერო, დღეს რა დაგმართია, რატომ დაჰკარგვია ხალისი შენს სხივებს?
  • ჩემო ტკბილო და კეთილო! ერთ ამბავს შევესწარი, მეტად ნაღვლიანს, ერთ გოგონას, ზღვის ნაპირას ქოხში რომ ცხოვრობს, საყვარელი ლეკვი დაჰკარგვია, ვერ გავუძელი მისი ცრემლების ყურებას. გასამხიარულებლად სხივებიც კი გავგზავნე, მაგრამ სულ ამაოდ.

ამოიოხრა მზემ, და ოხვრას თეთრი ღრუბლის ქულაც ამოაყოლა. თავის ჩაქინდვრაც კი დააპირა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ მზე იყო, თავის დახრით კი დედამიწაზე უამრავ ცოცხალ არსებას მოაკლებდა სითბოს. ამიტომაც, მოიკრიბა ძალები და წითლად გაკაშკაშდა.

შემდეგ კი დაამატა:

  • ამ ამბავში, ყველაზე სევდიანი ის არის, რომ ლეკვს ერთი ხე ჰქონდა ამოჩემებული, მაღალი, ბრტყელ ფოთლებიანი, ამ ხით განსაზღვრავდა ხოლმე სად იყო, ამ ხით იგნებდა ყოველთვის გზას. ერთხელაც, ადამიანებმა ხე – მოჭრეს, მოსპეს სიცოცხლე, იმისთვის, რომ საკუთარი სურვილები აეხდინათ, ფუფუნებაში ეცხოვრათ. ხესთან ერთად უამრავი სიცოცხლე დაიღუპა და დარჩნენ უსახლკაროდ: ხეზე, მცხოვრები ჩიტები, ჭიაღუები, ციყვები. თავად ადამიანებიც ჩავარდებიან ცუდ დღეში, თუ ასე გააგრძელეს, რადგან ხეები სუნთქვისთვის აუცილებელ ჟანგბადს აძლევენ, ქარისგან და მტვრისგან იცავენ. საწყალმა ლეკვმა, კი გზა დაკარგა და ამით პატარა გოგოც ძალიან დაანაღვლიანა.
  • მზეო, ცის გვირგვინო! შენ ხომ ყველაფერს ხედავ მთელ ქვეყანაზე, იქნებ იცოდე, სად იმყოფება გოგონას ლეკვი, იქნებ დაეხმარო, რომ გოგონამ საკუთარი ბედნიერება კვლავ იპოვოს. რა კარგი იქნება დაეხმარო ადამიანებს იმის გაგებაში, რომ დედამიწაზე ნებისმიერ სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ, საკუთარი თავებისთვის, ჩვენთვის. რამდენი ზღვის ბინადარია დაღუპული – იმ საშინელი ნივთებით, საწვავით თუ ნაგვის ნარჩენებით, დაურიდებლად რომ ყრიან წყალში. ერთხელ, რაღაც ბრჭყვიალა ნივთს წავაწყდი ფსკერზე. მინდოდა, გამეგო, რა იყო. მივუახლოვდი. როგორც კი შევეხე, ისეთი ბასრი პირი ჰქონდა რომ კანი გამიჭრა. ძალიან შემეშინდა, უკან მოუხედავად გამოვიქეცი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზღვაში მოსროლილი კონსერვის ქილა იყო.

ზიზიმ ამოიოხრა. ამ საკითხზე ძალიან ბევრს ფიქრობდა და გამოსავალს ეძებდა. მზეს კი მოლოდინით სავსე თვალებით შეჰყურებდა, და გულში კი გაუჩერებლად იმეორებდა: რა მოხდება გოგონამ დაიბრუნოს თავის ლეკვი, რა მოხდება ლეკვი გოგონასთან დაბრუნდესო.

  • მშვენიერო ზიზი, როგორ არ ვიცი. პატარა ლეკვს გზა აბნევია, და ახლა შეშინებული, აკანკალებული, ზედ ზღვის ნაპირზე, მეთევზის ძველი ფარდული რომაა იქ შეყუჟულა, და დაბნეულობისგან აღარ იცის, რა ქნას. უბრალოდ ზის და ელოდება, როდის იპოვიან. მე მზე ვარ და არ შემიძლია, გოგონას რაიმე ვუთხრა, დაველაპარაკო, მივანიშნო. თან უამრავი საქმე მაქვს, სანამ საუბრით ვერთობი, შეიძლება სადღაც ადამიანი, ცხოველი თუ მცენარე იყინებოდეს და მზის სხივებს ნატრობდეს. ადამიანებს კი მუდამ მივანიშნებ, რომ გარემოს გაუფრთხილდნენ, თუმცა ვინ იგებს და ვის ესმის ჩემი ნიშნების! ახლა უნდა დაგტოვო. აბა, ხვალინდელ დილამდე მეგობარო!

ჰოდა, ამის მერე იყო რომ ჩვენმა ზიზიმ გადაწყვიტა: რაც არ უნდა მომხდარიყო, ლეკვს პატრონს აუცილებლად დაუბრუნებდა და მიწაზე ერთ ხეს მაინც დარგავდა, ოღონდ როგორ ეს ჯერ არ იცოდა.

 

ანას დღიურიდან

გამარჯობა დღიურო. ერთი საოცარი ამბავი მინდა მოგიყვე. ხომ გახსოვს, ლეკვი რომ მაჩუქა მამიკომ? როგორ მიყვარდა, როგორ ვუფრთხილდებოდი, სულ მამიკოს მახსენებდა. მამიკო მეზღვაურია, ზღვაშია. ასე მეგონა, თავის რაღაც ნაწილი დამიტოვა. მჯეროდა, რომ თუ ჩემი ლეკვს არ შესცივდებოდა, მამიკოც თბილად იქნებოდა, თუ ლეკვი მაძღარი მეყოლებოდა, მამიკოსაც არ ეშიებოდა. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ ლეკვი დაიკარგა, სად აღარ ვეძებე! ძალიან დავსევდიანდი, მაშინვე გამეფიქრა: მამიკოს ხომ არ უჭირს ნეტა რამე-მეთქი, ღმერთმა დაიფაროს! ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა და ვგლოვობდი: აქეთ ხმელეთზე – ლეკვს და ზღვაში – მამას. აღარც მზის სხივები მახარებდა და აღარც ლურჯად მოკიაფე ზღვა.

ეს დარდი მაქვს გულში, თან ზღვის ნაპირს მივუყვები და რას ვხედავ, ზღვის ნაპირს, ნელი ცურვით მოუყვება პატარა, ლურჯი დელფინი. გავჩერდი. ისიც გაჩერდა. გადავდგამ ნაბიჯს და მომყვება. აი, საოცრება! ვფიქრობ, იქნებ რამის თქმა უნდა, უნდა ვცადო. გადავწყვიტე, გავყოლოდი. გავყევი, ვდიე, ვდიე კარგა ხანს. დაღლილობისგან შევჩერდებოდი ხოლმე, შეჩერდებოდა ჩემი წყლის მეგზურიც და შემდეგ ერთად ვაგრძელებდით გზას. ვიარეთ, ვიარეთ და მივადექით ერთ, ძველ ფარდულს. აქ გაჩერდა ის და ცხვირით რაღაცას მანიშნებს, ვუყურებ და მგონია, თითქოს მიღიმის. დედას გეფიცები ასეთი კეთილი სახე იშვიათად თუ მენახოს. მივუხვდი, რისი თქმაც სურდა. ფარდულს მივუახლოვდი, სადაცაა უნდა გავაღო მისი ჭრიალა კარი, რომ ლეკვის წკმუტუნი არ შემომესმა! სიხარულისგან და გაოცებისგან ლამის გავგიჟდი, შევვარდი შიგნით, იქიდან კი ჩემი პატარა, საწყალი, შეშინებული ლეკვი შემომახტა. სველი ენით მთელი სახე ამილოკა, თან კუდს აქიცინებდა და ბედნიერებისგან თვალები უციმციმებდა. გამოვედით ფარდულიდან, გავიხედე ზღვისკენ, ჯადოსნური რამ ვნახე: ჩემი დელფინი ტალღებზე ცეკვავდა, მალაყებს გადადიოდა, მის სველ, ლურჯ კანზე კი მზის სხივები ოქროსფრად ელავდნენ, ისე ბრჭყვიალებდნენ, რომ თვალი ძლივს გავუსწორე. თითქოს მზე და პატარა დელფინი ერთ დიდ ალმასად ქცეულიყო.

ცოტა ხანში, ასე ცეკვა-ცეკვით ნაპირს მოუახლოვდა, და ჩემს მოლოდინში გაინაბა. მეც მივედი, ერთი ხელით ლეკვს ვიხუტებ, მეორით კი მინდა, დელფინს მივეფერო, მადლობა გადავუხადო. დელფინი არ ინძრევა, ხელი გადავუსვი მის სლიკინა კანს, ის კი პირით მეფერება. ვიგრძენი ხელში რაღაცას მიდებს, მუჭა გავაკეთე. პატარა მარცვლებია, წვრილი კენჭების ტოლა. დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მაგრამ ვიცი, რომ კიდევ შევხვდებით, ის უკვე ჩემი მეგობარია.

ჩემო დღიურო, როგორ უნდა გაგაოცო! დელფინმა კენჭები კი არა, თესლი მაჩუქა, ნამდვილი ხის თესლი. სახლიდან მოშორებით დავთესე ისეთ ადგილას, რომ ზღვიდანაც კარგად მოჩანდეს. ძალიან სწრაფად იზრდება. ძალიან დიდი ფოთლები აქვს. ჩემს ლეკვს ისე უყვარს, რომ სულ მის ჩრდილში ნებივრობს. ბევრი არ მიჯერებს, ამ ამბავს. მაგრამ შენ ხომ მაინც გჯერა?

 

ნაბიჯები შემაჯამებელი დავალებისკენ

0

ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ იმ გაკვეთილის  მრავალფეროვანი, სახალისო აქტივობები, რომელიც  დამეხმარა  მოსწავლეები შემემზადებინა შემაჯამებელი  დავალებისათვის.

სახელმძღვანელოში მოცემულმა თავმა  ,, ძალა  ერთობაშია’’  შემოგვთავაზა  ნინო ბეზარაშვილის მოთხრობა   ,, ერთი გემი’’, რომლის მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით  მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ ტექსტის დახმარებით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება და ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება და ახალი კუთხით წარმოჩენა.

სამიზნე ცნების, ქვეცნების და მკვიდრი წარმოდგენების გაცნობის შემდეგ დავგეგმე  გაკვეთილი, რომელიც მიზნად ისახავდა ტექსტის მოსმენას, გაგება-გააზრებას და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას პერსონაჟების, მათი საქციელის და მოთხრობაში განვითარებული მოვლენების მიმართ.

გაკვეთილის თემა მოსწავლეებს საშუალებას მისცემდა, საკუთარი  ცოდნა და გამოცდილება  დაეკავშირებინათ  ერთმანეთთან და საკითხი მრავალ ჭრილში  გაეაზრებინათ. მოსწავლეები შეფასდებოდნენ გაკვეთილზე აქტიურობის, ჯგუფში მუშაობის ( თანამშრომლობის )  და მსჯელობის უნარის მიხედვით.

საშინაო დავალების შემოწმების და მოსწავლეთათვის უკუკავშირის დაბრუნების  შემდეგ,  მოსწავლეებს  გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა, თემა კი უცნობი დავტოვე, რადგან გამოწვევის ფაზაზე მჭირდებოდა გარკვეული დროით თემა დაფარული ყოფილიყო.

საილუსტრაციოდ აქვე წარმოგიდგენთ შეფასების რუბრიკას:

 

 

დაბალი

 

 

საშუალო

 

 

 

 

მაღალი

 

გაკვეთილზე აქტიურობა

 

მოსწავლე უმეტესად პასიურია და არ ერთვება აქტივობებში

 

მოსწავლე   აქტიურია, ხანდახან ერთვება აქტივობებში და იჩენს ინიციატივას

მოსწავლე  ყოველთვის აქტიურია.  ნაყოფიერად  ერთვება ყველა აქტივობაში და ყოველთვის იჩენს ინიციატივას
 

ჯგუფებში  მუშაობა

 

(თანამშრომლობა)

 

 

მოსწავლე პასიურია,  არ იჩენს ინიციატივას  ჯგუფში დავალების  შესრულებისას, არ ეხმარება ჯგუფის წევრებს მოსწავლე ზოგჯერ ეხმარება ჯგუფის წევრებს და ცდილობს  წვლილი შეიტანოს დავალების შესრულებაში მოსწავლე ყოველთვის  თანამშრომლობს ჯგუფის  სხვა წევრებთან და   წვლილი შეაქვს დავალების შესრულებაში
 

მსჯელობის უნარი

 

მოსწავლე არგუმენტირებულად ვერ ასაბუთებს  მოსაზრებას

.

 

მოსწავლე ხანდახან ასაბუთებს მოსაზრებას და მოჰყავს არგუმენტები

 

მოსწავლე ყოველთვის ასაბუთებს მოსაზრებას  და მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები

 

 

მოსწავლეებში  გაკვეთილის თემის მიმართ ინტერესის გაზრდისათვის გამოვიყენე  “იდუმალი ყუთი’’, რომელიც წარმოადგენდა ლამაზად შეფუთულ ყუთს. ყუთში მოვათავსე ხის სათამაშო გემი და მოსწავლეებს ვკითხე, რა შეიძლება ყოფილიყო  მოთავსებული შიგნით. ვერსიები  მრავალფეროვანი იყო, თუმცა მათ შორის სწორი პასუხი რადგან  არ გაჟღერდა,  გადავწყვიტე სენსორული უნარების განვითარებისათვის  ერთი მოსწავლე თვალდახუჭული შეხებოდა სათამაშოს და აღეწერა ბავშვებისათვის, მისი აზრით, რა  ნივთი “იმალებოდა” ყუთში.

ამ ქმედებამ უფრო გაზარდა ბავშვების ინტერესი და  ჩართულობა. მოსწავლეთა ვარაუდების გაჟღერების შემდეგ, ვაჩვენე მოსწავლეებს გემი და მის ნაწილებზეც ვესაუბრე. ამ აქტივობამ საშუალება  მისცა  ბავშვებს,თვითონ გამოეცნოთ შემდეგი დავალება – ,, დღის სიტყვა ‘’.  დაფაზე  დავწერე  სიტყვა ,, გემი’’ და მოსწავლეებმა გაიხსენეს, რა იცოდნენ ამ სიტყვის შესახებ, დაახასიათეს სიტყვა ასოების, ხმოვნების, თანხმოვნების, მარცვლების მიხედვით და შეადგინეს განსხვავებული შინაარსის წინადადებები.

ინტერესის გამოწვევისა და  დღის სიტყვის დახასიათების შემდეგ, გადავედით დავალებაზე – ,, ყველაზე მნიშვნელოვანი’’. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფებში   (მოსწავლეთა ჯგუფებად განაწილება  მოვახდინე გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით). ეპიზოდებად დაყოფილი ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა ნაწყვეტი შეაჯამა ერთი წინადადებით, მეორე  ჯგუფმა კი ამოარჩია 4 მნიშვნელოვანი სიტყვა და დაასაბუთა, რატომ იყო ეს სიტყვები მნიშვნელოვანი ტექსტში.

აქტივობის დასრულების შემდეგ მივიღეთ 3 შემაჯამებელი წინადადება და 12 მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში. დავალების დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრებმა რიგ-რიგობით წარადგინეს დავალებები,  გაუზიარეს და დაასაბუთეს  თავიანთი მოსაზრებები კლასელებს.

იმის შესამოწმებლად, როგორ მისმენდნენ მოსწავლეები კითხვის დროს და მიაქციეს თუ არა  ყურადღება ტექსტში გამოყენებულ უცხო სიტყვებს, გამოთქმებს, პერსონაჟთა მრავალფეროვნებას და ა. შ.,  მივმართე სახალისო აქტივობას – ,, კითხვების ბურთები’’. ამ აქტივობისათვის დამჭირდა ფერადი ფურცლები და სხვადასხვა დონის სააზროვნო კითხვების მომზადება ტექსტიდან :

  • რა ნივთები გამოიყენეს ბავშვებმა გემის ასაგებად?
  • რატომ უბრაზდებოდა მეეზოვე ბავშვებს, რა იყო პრობლემა?
  • რა მოილაპარაკეს ბავშვებმა?
  • ვინ შეკერა ალამი გემისთვის?
  • რა გამოიყენეს ბავშვებმა საკვამლე მილად?
  • ვის დაავალა მეეზოვემ აუზის სისუფთავეზე ზრუნვა?
  • რა მოილაპარაკეს ბავშვებმა ? და  ა.შ

( ამ აქტივობისათვის დაგვჭირდება იმდენი კითხვის მომზადება, რამდენი მოსწავლეცაა კლასში ) .

ფერად ფურცლებზე დაწერილ კითხვებს მივეცი  ბურთების ფორმა და ავყარე ჰაერში.  მოსწავლეები წამოხტნენ ადგილებიდან და დაუწყეს ძებნა კლასში მიმოფანტულ ,, ბურთებს’’. ირჩევდნენ არა ახლოს მდებარე , არამედ მათთვის საყვარელი ფერის ბურთს.

 

მოსწავლეებმა ხალისით უპასუხეს კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში, ეხმარებოდნენ კიდეც ერთმანეთს.  ტექსტის გაგება-გააზრების შემდეგ გადავედით  ,, რეაქციის ბარათების ‘’  დახმარებით პირადი დამოკიდებულების გამოხატვაზე პერსონაჟების, მათი საქციელის და მოთხრობაში განვითარებული მოვლენების მიმართ.  ამ აქტივობისათვის მომზადებული მქონდა მყარი მუყაოსგან შექმნილი ბარათები სიტყვებით  ,, მე ვფიქრობ’’ ,  ,, მე არ მინდოდა”,  ,, მე მომეწონა ‘’,  ,, მე არ მომეწონა ‘’,  ,, მე აღმოვაჩინე  რომ..’’,   ,, მე გამიხარდა’’, მე დავფიქრდი’’ ,   ,, მე შევცვლიდი’’,  ,, მე რომ…ვყოფილიყავი’’,   ,,მაინტერესებს, რატომ’’ და ა. შ.  შემთხვევითობის პრინციპით შეხვედრილი ბარათებით მოსწავლეებმა გამოთქვეს და დაასაბუთეს  თავიანთი  მოსაზრებები.   ( აღნიშნულ ბარათებს ვიყენებთ დღის შესაჯამებლადაც და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებ მათგან , რაც მეხმარება შემდეგი აქტივობების  დაგეგმვაში ).

 

ძირითადი აქტივობების დასრულების შემდეგ დადგა დრო შეგვეჯამებინა გაკვეთილი და გაგვერკვია, მივაღწიეთ თუ არა მიზანს, რომელიც დასაწყისში  დავისახეთ. მოსწავლეების დახმარებით  გავიხსენეთ გაკვეთილის მიზანი და ყველა აქტივობა, რომელიც შევასრულეთ მისი მიმდინარეობის დროს.  ერთობლივი მსჯელობით მივედით იმ აზრამდე, რომ გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა და მიზანი მიღწეულია. თვითშეფასების დროც დადგა.

მოსწავლეებს ვაჩვენე დაფაზე გაკრული პლაკატი, რომელიც თემასთან შესაბამის  კომპოზიციას წარმოადგენდა, კერძოდ, აუზში, რომლის შუაგულში შადრევანი ჩქეფდა, ,,დაცურავდნენ’’  1 აფრიანი, 2 აფრიანი და 3 აფრიანი გემები.  პლაკატის დაბლა სტიკერებზე ეწერა  თითოეული  მოსწავლის  სახელი.

თუ მოსწავლე ჩათვლიდა, რომ შეფასების რუბრიკაში ჩამოთვლილ კრიტერიუმებს ძალიან კარგად გაართვა თავი,  ირჩევდა 3 აფრიან გემს და იქ მიაკრავდა თავის სახელს, თუ საშუალო შედეგი ჰქონდა 2აფრიანს და თუ დაბალი შედეგი-1 აფრიანს. ყველა მოსწავლემ მოახდინა თვითშეფასება, რასაც მოჰყვა შემდგომ მასწავლებლის განმავითარებელი კომენტარები მათი შესრულებული დავალებების  შესახებ. შეფასების შემდეგ დადგა იმ აქტივობის დრო, რომელიც ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ.  ერთ-ერთი ტრენინგის დასრულების შემდეგ, რომელზეც დიფერენცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს გავეცანი, გამიჩნდა იდეა მომემზადებინა პოსტერი ქართულ ენაში, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემდა, თვითონ  აერჩიათ სასურველი დავალება ინტერესის და შესაძლებლობების მიხედვით.

პოსტერი აერთიანებს  შემდეგ დავალებებს  –  ,, დიორამა’’,   ,, აფიშა’’ , ,,მისწერე წერილი პერსონაჟს’’,   ,, პერსონაჟთა გალერეა’’,  ,, პოსტერი’’,   “კომიქსი’’,  ‘’ აღწერე პერსონაჟი’’,  ,, გააგრძელე მოთხრობა ან ზღაპარი ‘’ და ა.შ.  მოსწავლეებმა ამოირჩიეს მათთვის სასურველი დავალება,  რომელიც შემდეგ გაკვეთილზე უნდა წარმოედგინათ კლასში. აღნიშნული აქტივობა გათვლილია სხვადასხვა მოდალობის,  ინტელექტის და მზაობის მქონე მოსწავლეებისთვის და მათ თავისუფლად შეუძლიათ შექმნან მათთვის სასურველი პროდუქტი და იყონ აქტიურები.

ეს თანმიმდევრული ნაბიჯები  ძალიან დაეხმარა ჩემს მოსწავლეებს  შემაჯამებელი დავალების წარმატებით განხორციელებაში.

 

175 წლის პოეტი 15 წლის ბიჭის განცდებით

0

არიან პოეტები, რომელთა ტექსტების აღქმა-გააზრება მკითხველისთვის იოლია, პოეტური მეტყველება ნათელი და დაუშიფრავია და არიან პოეტები, რომელთა ტექსტები არ არის მასობრივი მკითხველისთვის, ტექსტი თითქოს კოდირებულია და პალიმფსესტივით რამდენიმეშრიანი. „ძალიან გამოკიდებული იმაზე, რომ მოეწონოთ, არა ვარ“, – უთხრა ინტერვიუში ტორესა  მოსის ამ უცნაურად მეტყველმა და კიდევ უფრო უცნაური ტექსტების შემოქმედმა კაცმა. ასეთია მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული პოეზია, განსხვავებით რომანტიკული და რეალისტური მწერლობისგან. პოეზიის სწავლების დროს მასწავლებელს მართებს განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ტექსტების საიდუმლო პოეტური შიფრ-კოდები, მეტაფორული ენა, სიმბოლურ-ალეგორიული ქვეტექსტები ახალბედა მკითხველამდე მიიტანოს. ბესიკ ხარანაული ასეთ „რთულ“ პოეტთა რიგს მიეკუთვნება. „ბევრი რამ, ტაბუირებული რომ იყო, იმიტომ შემომაქვს, რომ ვერთობი, ვლაღობ. სიტყვებს ძაან დიდი წებო აქვთ და უცნაურები არიან სიტყვები“, – ბესიკის ეს სიტყვებიც ზემოხსენებული ინტერვიუდანაა.

2015 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა მისი პოეტური კრებული უცნაური სახელით „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“. კრებულის ბოლოსიტყვაობაში ვკითხულობთ: „ცხოვრებისგან სხვა არაფრით მისარგებლია, მარტო ასაკით“, – ასეთია განაცხადი წიგნის ავტორისა და მთავარი გმირისა, რომელიც სრულიად ახალი გადასახედიდან იწყებს შემოქმედებით რეფლექსიას – ის 175 წლის პოეტის მდგომარეობაშია. ეს მისი ახალი როლია და ახალი სასჯელიც, რომელსაც  თვითნებურად იღებს საკუთარ მარტოობაში. ეს ახალი მდგომარეობა განაპირობებს კიდეც წიგნის მთავარ თვისებას – სიახლეს, რომელიც მარადიულ თემებს განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს: სიკვდილ-სიცოცხლე, სიყვარული და სიძულვილი. ამ ყველაფერს კი განუმეორებელი თვითირონიის ხიბლი, მოხდენილი იუმორი ახლავს, რაც კიდევ უფრო მეტი ხალისით შეიტყუებს მკითხველს პროზისა და პოეზიის გასაყარზე შექმნილ, თავბრუდამხვევად რთულ და ამავდროულად მსუბუქ წიგნში“.

დიახ, მართლაც რომ „თავბრუდამხვევად რთულია“ ბესიკის პოეტურ სამყაროში ნავიგაცია, მაგრამ როცა პოეტი ლექსს გამოაქვეყნებს, ის უკვე მხოლოდ მისი არაა, მკითხველისაცაა და ჩვენ უნდა შევძლოთ მისი რთულად აღსაქმელი პოეტური სახლის ცხრაკლიტულების გასაღებების ძიება. თავად ამბობს იმავე ინტერვიუში, „რო ვთქვი, მე ის უკვე აღარა ვარ“…

„რაც არ ითამაშება, ის არც იცხოვრება“… ბესიკის ეს ფრაზაც იმავე ინტერვიუდანაა. ცხოვრება თამაშია მწერლისთვის. ეს პოეტური კრებული (სხვებიც მასთან ერთად) თითქოს პოეტური პერფორმანსია, ერთგვარი სიტყვებით თამაშია, ლოგოსის მაგია, განსხვავებული მეტყველება, როგორც მხოლოდ პოეტს ან ქურუმს შეუძლია საუბარი. ის აქ როლშია, მოთამაშეა, მსახიობი, პერფორმერი. ლექსში „ჩემს სახლში ყველა ციხეზე სუფთა ჰაერია“ ის იტყვის: „აი, რაები გამომრჩებოდა, იქ რომ ვიყო, სადაც სხვები ყრიან,

    აი, რაებს არ ვიტყოდი,

                 ასსამოცდათხუთმეტი წლის ტყავი რომ არ მეცვას

                 და შიგ თხუთმეტი წლისა არ ვიტანჯებოდე“…

ას სამოცდათხუთმეტი წლის პოეტი თხუთმეტი წლის ბიჭის განცდებით – ეს ბესიკის ახალი როლია და იმდენად საინტერესო, დამაინტრიგებელი, სააზროვნო, რომ სიტყვის მაგიით დაინტერესებული მკითხველი ამ წიგნს ხელიდან ვერ გააგდებს. ამჯერად მინდა ვისაუბრო კრებულის პირველ ლექსზე, რომელსაც ასე ჰქვია: „ავტორი: – თავისთვის, ოდნავ გასაგონად“…

ლექსის ლირიკული გმირი საიქიოს გზაზე შემდგარი მოხუცი პოეტია. ქურუმს გვაგონებს. ლექსის ლირიკული ამბავი ასეთია: ზამთარი რომ გავიდა და გაზაფხული დადგა, პროტაგონისტი სოფელში წავიდა. ბევრი რამ შეცვლილი დახვდა. დაიბარა სოფლის „საზუგარდოება“ (თუნდაც მხოლოდ ეს ირონიული სახელი ყველაფერს ამბობს ანტაგონისტებზე), ბირჟის მებჭენი, რომლებიც ზლაზვნით, თუმცა რაღაც საინტერესოს მოლოდინით მოვიდნენ. შვილ-შვილიშვილებმა გმირი სტუმრების დასახვედრად საგანგებოდ გამოაწყვეს: „აბრაშუმის“ (აქაც თვითირონია!) ნიფხავ-პერანგზე პალტო მოასხეს, საკარცხულში ჩასვეს, ნიშში თოფ-იარაღი დაუკიდეს, წინ მაგიდა დაუდგეს ზედ  – კალამ-ფურცლით, გვერდით ცოცხი და საგზაო ჯოხი, რომ სანახევროდ სჩვენებოდა მსმენელს. მასპინძელმა სტუმრებს რომ შეხედა, მიხვდა, რომ ზომა-წონა და ღირსება მათთვის მის წარმოსახვას მოემატებინა და გული დაწყდა.

–         ხალხო, სოფელო! – მიმართა „ქურუმმა“ თანასოფლელებს, – მალე მოვკვდები! ზამთარში ქალაქში საიქიოს გზას ვისუფთავებდი და მშვიდად მოვკვდებოდი კიდეც, მაგრამ თქვენ გამახსენდით, ჩემი წყალ-ჭალა მომენატრა, სადაც ასე გზნებით ვმღეროდი, აქაური წყალი მომენატრა, რადგან ქალაქის წყალი ჩემთვის საწამლავია! ხალხო, სოფელო, მიდექ-მოდექით, ქვეყნიერებას ნუ ჩამორჩებით, გეყოთ სულ სხვის კარზე მიყუდება, ტვინი გაიხსენით! მე მარგალიტი ვიყავ თქვენ შორის და ახლა დიდხანს არ ვიქნები… არ იფიქროთ, ჭკუას გასწავლით, ეს უზნეობად მიმაჩნია, არ გეგონოთ, ქურდ-ბოზობის ამოძირკვის ილუზია მქონდეს, არა, ეგენია ადამიანის ხერხემალი, ხოლო სხვა ყველაფერი – მასზე გაშლილი მარაო. და მეც უხილავ მუზას კი არ ვთხოვდი სიმღერას, არამედ სარკეში საკუთარ თავს მივმართავდი: გაირთხე, ჩემო პირ-ბაგევ, წარამარაის გარმონო!

სტუმრები რომ წავიდნენ, ბესიკის გმირს მოფსმა მოუნდა და ბერფუყ წნორთან მიაყენეს.

ლექსის ლირიკული ამბავიც, თხრობის მანერაც, დეტალებიც, ლირიკული გმირებიც და მხატვრული სახეებიც იდუმალი, შეუცნობელი, გროტესკული, მაგიური, დამაფიქრებელი და დამაინტრიგებელია.

ფიქრები ლექსის მთავარ სათქმელზე: ერთი შეხედვით ეს ფორმითა და შინაარსით უცნაური ლექსი არ ჩანს იდეურად ისეთი ღრმა, როგორიც არის სინამდვილეში. მწერლის მისია ყოველთვის იყო აქტუალური თემა ჩვენს მწერლობასა და საზოგადოებაში. უკვე ხანში შესული პოეტი თავის ხალხზე, მათ ავ-კარგსა და ქვეყანაზე ფიქრობს. ლექსი მინიმალისტურად, მარტივად და გენიალურად ამბობს მთავარს, რაც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ილიასეული მამხილებელი პათოსი, სარკაზმი და საზოგადოების გაკეთილშობილების სურვილი. ავტორმა იცის საკუთარი თავის ფასიც, ზოგადად მწერლის სიტყვის ძალაც და თავს უფლებას აძლევს, რომ ხალხს გადამწყვეტი სიტყვა უთხრას, გამოაფხიზლოს, გონს მოიყვანოს, შეაჯანჯღაროს. მას არც კი შეუძლია მშვიდ სიკვდილზე ფიქრი. ასე რომ ყოფილიყო, როგორც თავად ამბობს, ქალაქშივე საკუთარი ხელებით დაიხუჭავდა თვალებს, მაგრამ ეს მიწა-წყალი ენატრებოდა და ამ ხალხის დარდი ჰქონდა. და რა არის ამ ხალხის პრობლემა: პირველი ის, რომ ისინი უმაქნისები არიან, არაფრის კეთება არ უნდათ, უმოძრაოდ გალევენ წუთისოფელს, ამიტომაც ღარიბ-ღატაკნი არიან და ვერც ქვეყანას არგებენ ვერაფერს, მეორე ისაა, რომ სხვისი წყალობის მოლოდინი აქვთ მუდამ, სხვის კარებს ეყუდებიან, სხვისი სარფიანი მასპინძლობისკენ უჭირავთ თვალი და მესამე კი ისაა, რომ პარვა და ტყუილი მათ უკურნებელ სენად ქცეულა. ბესიკი მათ ეხვეწება: „ნუ მომპარავთ, ნუ მომატყუებთ, რამდენადაც იყოს ეს თქვენთვის შესაძლებელი!“ პოეტი ვერასდროს იქნება მორალისტი, პირიქით, მას სძულს მორალისტობა და უზნეობად მიაჩნია სხვისთვის ჭკუის დარიგება, არც იმით იტყუებს თავს, რომ ოდესმე ქურდ-ბოზობა ამოიძირკვება ამ სამყაროში, მაგრამ ის ხომ „წარამარაის გარმონია“, აკაკის ენაზე რომ ვთქვათ „გარემოების საყვირი“ და ისიც კი ადარდებს, რომ „კაცი პურს ცეცხლავს და არ უმღერის“. ლექსი პოსტმოდერნისტული ნარატივის სახით არის გადმოცემული და იდეები თითქოს მის ამორფულ სიტყვიერ ქსოვილში არის გაბნეული, მაგრამ მაინც ნათლად იკვეთება ჰუმანისტური იდეალები. მწერალს თავისი ხალხის გაკეთილშობილება დაუსახავს მიზნად. საამისო ძალა კი ყველაზე მეტად სწორედ მწერალს შესწევს, რადგან არავის სიტყვას არა აქვს იმხელა ფასი, რამდენიც მწერლისას.

ფიქრები პროტაგონისტზე: როცა ბესიკის მონათხრობს ვკითხულობ და მის გმირს წარმოვიდგენ, ვხედავ ბესიკს და ვამბობთ: ეს ნამდვილად ის არის, მისი ხასიათი, მისი ხმა, მისი სახე, მისი ფერთამეტყველება. ეს კრებული ნამდვილად მისი ცხოვრების რეფლექსიაა, გაჯერებული თვითირონიით, სამყაროზე დაკვირვებით, ფილოსოფიური ჭვრეტით, ლირიკულ გმირთა ფსიქოში ინტროსპექციით. ამ ლექსის ბესიკი ნამდვილი ქურუმია. ცხოვრებაში თავმდაბალი და სიტყვაძუნწი ბესიკი აქ განბრძნობილსა და წმინდანს ემსგავსება. ამის დამადასტურებელი სახე-სიმბოლოა თუნდაც მისი საკარცხული. საკარცხული ხომ სვანური კულტურიდან მახვშის, ოჯახის ლიდერის ატრიბუტი იყო. ბესიკიც მახვშია, შვილები და შვილიშვილები მის ნება-სურვილს ასრულებენ. მან გემოვნებიანი პერფორმერივით დადგა სცენა. იცოდა, რომ „ყოველ საქმეს, რაგინდ სერიოზულს, მოჩვენებითი მხარე უნდა ახლდეს, როგორც ბუხარს ნაცარი“… ბუხარი პოეტის ფერადი სამყაროს ალეგორიად მესახება, იმ შემოქმედებითი ცეცხლის ალაგად, რომელიც მასში მუდამ ღვივის, ხოლო ნაცარი – მისი ფილოსოფიური ფიქრისა. ცოცხი სიმბოლოა იმისა, რომ პოეტი არის ადამიანთა სულების დამგველ-დამწმენდელი, როგორც ჰერაკლე ასუფთავებს ავგიას თავლას, ხოლო საგზაო ჯოხი მისი ცხოვრებისეული გზის სიმბოლოა. ის, რომ გმირი ნაწილობრივი სახით, სანახევროდ ეჩვენება სტუმრებს, მის ღვთაებრივ ბუნებაზე, ინიციაციურ სიბრძნეზე მიუთითებს. ნიშანდობლივია ბესიკისგან აღიარება იმისა, რომ თურმე მისი წარმოსახვა არაადეკვატურად აფასებდა სოფლის კაცებს და გული სწყდება, რომ პოეტის წარმოსახვამ „სინამდვილეს ისევ ააცდინა“… მას არ აქვს პრეტენზია, რომ მისი შეფასებები ან სინამდვილის აღქმა უცდომელია. თვითკრიტიკა და თვითირონია ხაზს უსვამს გმირის სიძლიერეს. მისი მთავარი მამოძრავებელი ქვეყნის სიყვარულია. როგორც თავად ამბობს,  მშობლიური მიწის სიყვარული აძლევდა ინსპირაციას: „გულს მომელამუნა ეს მიწა, მთები, მდინარე, ჭალა, – სადაც გზნებით ვუკრავდი რიყეზე“… მშობელი ხალხის სიყვარულიც ქვეყნის სიყვარულით არის ნასაზრდოები… თავისი ხალხის განსაცდელისადმი კი ის გულგრილი ვერ იქნება. ლექსის დასასრულს მისი ეპატაჟური ფრაზა: „რომ წავიდნენ, მოფსმა მომინდა. მიმაყენეს ბერფუყ წნორთან – საუკუნის ხარჯი გავიღე“… არ უნდა იყოს შემთხვევითი. ბერფუყი წნორი თვალში საცემი სახე-სიმბოლოა, ეს არის ალუზია დავით გურამიშვილის „დავითიანის“ ლექსიდან „სწავლა მოსწავლეთა“, სადაც პოეტი ამბობს:

„ვით ძნიად წნორი ბერფუყი დაიგრიხების წნელადა,

ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა“…

წნორი, ტირიფისებრთა ოჯახის ხე, იგივე ლათინური Salix alba, რომლისგანაც სამოსის შესაღებ წითელ საღებავს იღებდნენ, ალბათ იმიტომ გააცოცხლა გურამიშვილმა, რომ ეს ხე თავისი დაშვებული ტოტებით, მოქნილობითა და ელასტიკურობით არის გამორჩეული, მაგრამ როცა ბერფუყია, უკვე ვერც მისი რტოები დაიგრიხება წნელად. სიბერე ყველაფერს უკარგავს მომხიბვლელობას. ხოლო როცა ბესიკი იტყვის, რომ მოსაფსმელად მიაყენეს ბერფუყ წნორთან, ის ალეგორიულად ამით გამოხატავს უნდობლობას სოფლელებისადმი, რომლებიც სიკვდილის წინ კი დაამუნათა, მაგრამ მათი ცხოვრების წესის შეცვლის იმედი არ აქვს და მათ ამ მანკიერ მხარეს „მიაფსა“… თუმცა თავისი ვალი კი მოიხადა.

ფიქრები ლექსის ენასა და თხრობის მანერაზე: თავისი ინდივიდუალიზმითა და ორიგინალურობით აღმაფრთოვანებელია ბესიკის პოეტური ენა, ნაზავი პროზისა და პოეზიისა, აბსოლუტურად საკრალიზებული, დაწმენდილი, დაშიფრული. მთელი ლექსი თითქოს ერთი უწყვეტი მისტერიაა, რომელიც ერთი ამოსუნთქვით უნდა წაიკითხო, ემოცია არ ნელდება არსად. მართალია, ვერლიბრის სალექსო ფორმაა, მაგრამ მის ფრაზებს აქვს საოცარი რიტმიკა, ნამდვილი მაგია, რომელიც იპყრობს მკითხველს, ავტორის დიდი შინაგანი ენერგიაა ჩადებული ყოველ სტრიქონში. როგორი გულწრფელიც არის მთავარი ლირიკული გმირი, ისეთივე გულწრფელი და ემოციურია ტექსტის ენაც. მხატვრული ხერხებიდან გამოყენებულია შეფარული ირონია, ლიტოტესი (სოფლის კაცების სახეების ხორცშესასხმელად), შედარებები, ეპითეტები, მეტაფორები (მაგალითად: „ძირს დავუშვი თოფი ხელმოცარვისა“, ან: „ეგენია ხერხემალი ადამიანისა, ხოლო სხვა ყველაფერი მასზედ გაშლილი მარაო“)…

ბესიკ ხარანაულის მოცემული ლექსი საუკეთესო მასალაა მასწავლებლისთვის, როგორც უცხო ტექსტი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია საშუალო საფეხურის მოსწავლეებს პოსტმოდერნისტული ტექსტის დეკოდირება-ანალიზი ვასწავლოთ.

ფოტო: არტარეა

ბელორუს რკინიგზელთა ფარული აჯანყება

0

ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატორულ რეჟიმს მრავალი იდეა, ღირებულება და მეთოდი აერთიანებს პუტინის დესპოტიასთან. ორი ავტორიტარული სისტემის ლიდერებს ერთმანეთის გაგება არ უჭირთ. რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების პირველივე დღეებიდან რუსი სამხედროები აქტიურად იყენებენ ბელორუსის ტერიტორიასა თუ ინფრასტრუქტურას თავისუფლებისთვის მებრძოლ ქალაქებზე თავდასხმისათვის. ბელორუსის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს ალყაში ვერ მოაქცევდა. მაშასადამე, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელორუსი ევროპის შუაგულში დაწყებულ ომში საბედისწერო როლს ასრულებს.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო მხოლოდ მმართველი ელიტისგან არ შედგება. სახელმწიფოს ფუნდამენტს მმართველების გარდა რიგითი მოქალაქეებიც ქმნიან. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებულმა საერთო-სახალხო გამოსვლებმა აჩვენეს, რომ ოფიციალური მინსკის პოზიციები მყარი არ არის. მილიონობით ადამიანი არ იზიარებს ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული პრეზიდენტის ხედვებს, ისინი მასობრივ დემონსტრაციებს აწყობენ და რეპრესიების მიუხედავად აქტიურად ეწინააღმდეგებიან ერთი კაცის ოცდახუთწლიან, ერთპიროვნულ მმართველობას. ბუნებრივია, რომ ბელორუსის ოპოზიცია ლუკაშენკოს საშინაო პოლიტიკის გარდა აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს კარტოფილის მოყვანით გატაცებული ლიდერის საგარეო პოლიტიკასაც. ოპოზიციურად განწყობილ ბელორუსებს დანაშაულად მიაჩნიათ უკრაინელების წინააღმდეგ Z ნიშნით აღბეჭდილი სატანკო შენაერთებისთვის ხელშეწყობა. მათ არ სურთ მოძმე ხალხის დაჩოქებაში მონაწილეობა, ისინი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას.

უშედეგოდ დამთავრებული ორწლიანი საპროტესტო კამპანიის შემდეგ პოლიტიკოსები ძალაგამოცლილნი არიან. მათი ნაწილი დაკავებულია, უმრავლესობას ხელ-ფეხი აქვს შეკრული და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია. სამაგიეროდ ფხიზლად არიან ბელორუსის მუშათა კლასის, მუშათა არისტოკრატიის წარმომადგენლები. მთელ პოსტ-კომუნისტურ სივრცეში დასაქმებულთა შორის ყველაზე აქტიური, განათლებული და ორგანიზებული ძალა რკინიგზელები არიან. ისინი თავიანთი ენერგიითა და გამბედაობით, ბრძოლის რესურსებით ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ დგანან ვიდრე სხვა სფეროებში მშრომელი ადამიანები. ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ბელორუსი რკინიგზელები ცდილობენ ნამუსი შეუნახონ თავიანთ სამშობლოს.

რას აკეთებენ ბელორუსი რკინიგზელები პუტინ-ლუკაშენკოს ალიანსის წინააღმდეგ?

ცხადია, საომარი ვითარებისა და დიქტატურის, ძალოვანი სტრუქტურების სასტიკი მოქმედებების პირობებში ღია და დემოკრატიული პროტესტის ორგანიზება ურთულეს საქმეს წარმოადგენს. ომის წინააღმდეგ ღია გამოსვლა სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეთ რიგით მშრომელებს. აქედან გამომდინარე, ბელორუსმა რკინიგზელებმა ფარული, იატაკქვეშა წინააღმდეგობის გზა აირჩიეს. კერძოდ, ისინი საიდუმლო ქსელების საშუალებით ცდილობენ ხელი შეუშალონ რუსული სამხედრო ტვირთების ბელორუსის რკინიგზით გადაადგილებას.

საიდუმლო ქსელში რკინიგზის ყველა საფეხურის თანამშრომლები არიან ჩართულნი.

ხშირად, მეისრეებს „ერევათ“ რუსული ეშელონების მიმართულება და უკრაინისკენ მიმავალი მატარებლები მოულოდნელად საზღვრისგან ოდნავ მოშორებით მდებარე პროვინციებში ამოყოფენ თავს. ცხადია, სამხედრო ჯავშნოსნები მალევე უბრუნდებიან ცენტრალურ მაგისტრალს და საბოლოოდ მაინც კვეთენ რუსეთ-უკრაინის საზღვარს, მაგრამ მეისრეების „დაბნეულობის“ წყალობით უკრაინის თავდაცვის ძალები დროს იგებენ და უკეთ ემზადებიან მომხდურის მოსაგერიებლად.

არის შემთხვევები, როდესაც ლიანდაგ შემკეთებელთა კოლონის მონტიორები უხარისხოდ არემონტებენ ან სპეციალურად აზიანებენ რკინიგზის სხვადასხვა მონაკვეთს. ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ ლიანდაგის დეფექტის წყალობით სამხედრო ტვირთით სავსე რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა და რუსულ არმიაში რამდენიმე დღიანი ლოჯისტიკური ქაოსი გამოიწვია.

ევროპულ გაზეთებში წერენ, რომ რკინიგზელთა ნაწილი ლიანდაგებთან ახლოს მდებარე კოლმეურნეობებიდან ტრაქტორებს ეზიდება. ტრაქტორებს პირდაპირ სარკინიგზო კვანძებზე აჩერებენ, რათა მატარებლები ან ვერ გაიარონ, ან მძიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას შეასკდნენ და ამგვარად გზა გაირთულონ.

რიგი მემანქანეები კი ხშირად უარს აცხადებენ Z ნიშნით დაღდასმული ლოკომოტივების მომსახურებაზე და ათას რაიმეს იმიზეზებენ სამსახურში გამოუცხადებლობისა თუ სხვა სადგურზე გადაყვანისათვის.

როგორც ჩანს, საბოტაჟის ფაქტებმა იმდენად იმატეს, რომ ბელორუსის მთავრობა ღიად ალაპარაკდა. ოფიციალური სტრუქტურები ოცწლიანი პატიმრობით ემუქრებიან ყველა იმ პირს, ვინც რკინიგზაზე ეშელონების გადაადგილებას შეუშლის ხელს. ძალის დემონსტრირების მიზნით მინსკმა სპეცოპერაციაც ჩაატარა, კბილებამდე შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა ოთხი რკინიგზელი დააკავეს, მათი ოჯახის წევრები და თანამშრომლები შიშში აგრძელებენ ცხოვრებას.

იმედია, ომი მალე დასრულდება. იმედია, ევროპის ცენტრში კვლავ დაისადგურებს მშვიდობა. საუკუნეების განმავლობაში გაიხსენებენ იმას, თუ როგორ დაუთმო საკუთარი ტერიტორია მეზობელი ქვეყნის გასანადგურებლად ბელორუსმა კრემლს. ბელორუსთა ახალი თაობები სამარცხვინო ღალატის გამო სირცხვილით დაიწვებიან. მაგრამ მათ მაინც შეეძლებათ, რომ თავი იმართლონ და თავიანთი ხალხის ღირსებაზე მიანიშნონ. ბელორუსი ხალხის ისტორიის საამაყო გვერდებს საბოტაჟის მონაწილე რკინიგზელები ქმნიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღები, ცნობილია!

0

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

გთავაზობთ 2022 წლის გამოცდების განრიგს. 

განრიგს სანახავად მიჰყევით ბმულს:

გამოცდების განრიგი

პანამიდან უკრაინამდე

0

უკრაინაში მიმდინარე ომმა ეს ქვეყანა უკეთ გაგვაცნო. საინფორმაციო პორტალებსა თუ ფეისბუქგვერდებზე ყოველდღიურმა ვიზიტმა, სადაც სამხედრო ექსპერტების ანალიზსა და მიმდინარე ომთან დაკავშირებულ პროგნოზებს ვეცნობით იმ საკითხებზე მოგცა ცოდნა, რაზეც აქამდე არ გაგვაჩნდა. ყოველდღე ვსწავლობთ ომის კარტოგრაფიას და ამასობაში უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ბევრი ისეთი ქალაქისა თუ სოფლის დასახელება გაგვიჯდა გონებაში, რომ ალბათ კიდევ რამდენიმე ათეული წელი მეხსიერებიდან ვერ წავშლით. ომის გეოგრაფია საშინელი მეცნიერებაა. დაჰყურებ რუკას და იცი, რომ აქ, ამ მიწასთან გასწორებულ ქალაქებსა და სოფლებში დღესაც, თავისუფლება მედგარ წინააღმდეგობას უწევს მონობასა და სიკვდილს და რადგან უკრაინის მდგომარეობა ძალიან გვაახლოებს ჩვენს ტკივილთან, მით უფრო გვესმის მათი.

მაგრამ ამ ომის რუკის შესწავლისას მე კიდევ ერთი მსგავსება აღმოვაჩინე. ერთ-ერთ უკრაინულ სოფელს, რომელთანაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა გორელოვკა ჰქვია. ამავე სახელწოდების სოფელი საქართველოშიც გვაქვს. კერძოდ ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ქალაქიდან 10 კილომეტრის დაშორებით.

საერთოდ, სლავური ეტიმოლოგიის მქონე სოფლები ჯავახეთში რამდენიმეა. თავად ნინოწმინდასაც ერთ დროს ბოგდანოვკა ერქვა. შემოგარენში არსებულ სოფლებს ძველი სახელები დღემდე შენარჩუნებული აქვთ: სპასოვკა, გორელოვკა, ორლოვკა… ეს ამბავი მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება, როცა საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკურად რუსი დუხობორები ჩამოასახლეს. იგივე წესით აღმოჩნდნენ ისინი უკრაინაში, მელიტოპოლის მაზრაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს იმ დუხობორების შთამომავალი სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათი ცხოვრების ძველი კვალი სოფლების განაშენიანებას, სახლების არქიტექტურას დღემდე ეტყობა. ამჟამად აქ მდებარეობს დუხობორების ეთნოგრაფიული მუზეუმიც, ხოლო სამ კილომეტრში ერთ დროს დუხობორებით დასახლებული მეორე სოფელი – ორელოვკა, სადაც ერთხელ ჩემს ერთადერთ, მეცხრე კლასელ დუხობორ მოსწავლეს ოთარ ჭილაძის „ადამიანი გაზეთის სვეტში“ წავუკითხე. ჯავახური ზამთარი იდგა. ფანჯარაში თოვდა, შიგნით შეშის ღუმელი ენთო. კლასში მხოლოდ მე და ჩემი მოსწავლე ვისხედით. სტრიქონებს შორის პაუზებისას სიჩუმე ისადგურებდა და მონოტონურად ტკაცუნებდა შეშა ფეჩში. თითქოს საგანგებოდ შეირჩა ეს დეკორი ჭილაძის შედევრში ჩასაძირად.

გალაკტიონის შედევრის, „ი. ა.“- ს შემდეგ, სადაც პირველივე სტრიქონში შემოსული ელდა ცვლის დროის მდინარებას, ქართულ პოეზიაში ძნელია იპოვო უფრო ზუსტი გარინდების წამი. კადრი, რომელსაც სროლის ექოზე მავთულებიდან აფრენილი ჩიტების თვალებით აკვირდები. ქვემოთ ჩანან პანამელი და ამერიკელი ჯარისკაცები, მათ შორის კი, სისხლის გუბეში პირქვე დამხობილი კრუს ხიმენესი, რომელსაც თავისიანებმა ეს ესაა ესროლეს. ამ სურათს ეპიგრაფში ოთარ ჭილაძე უზუსტეს კვალიფიკაციას ანიჭებს, როდესაც ამბობს, რომ  ამერიკელი ჯარისკაცებიც და პანამელი პატრიოტებიც ოდნავ დაბნეულები არიან, „მაგრამ ყველანი გრძნობენ გუმანით, რომ დიდი ამბის გახდნენ მოწმენი“. ისინი ხვდებიან რომ ამ მომენტიდან დროს რაღაც დაემართება. ის ტრანსცენდენტურ მოცემულობაში გადავა და იმ კაცის მონოლოგს დაეთმობა, რომელიც იმ წუთას სამყაროში ყველაზე მეტად იმსახურებს სიტყვის უფლებას. და სანამ სამყარო თავის შეშლილ რიტმში ცხოვრებას ისევ განაგრძობს, კრუს ხიმენესის ხმა იძულებულს გახდის ყველა სულიერსა თუ უსულოს შენელდეს – უსაგნო მარადისობის ნაწილად გადაიქცეს.

ეს არის მანიფესტი თავისუფლებაზე, მის ცოდნასა და სწორ ანალიზზე, რომელიც რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, არასდროს დაკარგავს აქტუალობას. შეიარაღებულ ძალებში აპრობირებული სისტემები იდეალური ჯარისკაცების წვრთნაზე არიან ორიენტირებულები. საუკეთესოდ ის ითვლება, ვინც უსიტყვოდ ასრულებს ბრძანებას და როგორ აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს ის, კითხვები არ უჩნდება. ამიტომ ხანდახან ეს ტრადიცია სამართლიანობის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იქცევა ხოლმე. ასეთ შემთხვევაში ჯარისკაცები იმ მხარეს აღმოჩნდებიან, რომელიც არსობრივად ეწინააღმდეგება მათსავე მხედრულ კრედოს და მაშინ, როცა უნდა დაიცვან თავისუფლება, პირიქით, მისთვის იქცევიან საფრთხედ. თუმცა როგორც კრუს ხიმენესის მაგალითი გვეუბნება, მათ აქვთ თვითგამორკვევის უფლება.

ძნელია ოპტიმისტურად განგვაწყოს იმ სურათმა, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ყოველდღე ვუყურებთ საშინელი ომის განახლებად კადრებს, რომელშიც ჩანან თავისუფლებისთვის დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები თუ ჯარისკაცები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ლიტერატურას სამწუხაროდ არ აღმოაჩნდა უნარი სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალა. მაგრამ მას რასაც ვერ დავუკარგავთ, ეს წამის უკვდავყოფის, მისი სიდიადის შეცნობისა და ყველაზე შთამბეჭდავად ასახვის უნარია. არისტოტელე წერდა, რომ ლიტერატურასა და ისტორიას შორის განსხვავება მათი რეალობასთან მიმართების თავისებურებაში მდგომარეობს. რომ ეს უკანასკნელი მომხდარს აღწერს, ხოლო ლიტერატურა იმაზე გვიყვება, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. კაცობრიობის მეხსიერება ამ ომსაც საზარელი, მშრალი სტატისტიკით შემოინახავს, სადაც აღიბეჭდება რუსული სისასტიკე თავისუფლების წინააღმდეგ ომში. ლიტერატურა კი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო სხვაგვარად, ოკუპანტი არმიის რიგებში კრუს ხიმენესებივით ჯარისკაცები რომ ყოფილიყვნენ.

 

 

 

 

ნეიტრალიტეტი და მასთან დაკავშირებული ნიუანსები

0

მოსწავლეებისთვის სწორი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

შემეცნების პროცესი აღმოჩენებს, კრიტიკულ და დამოუკიდებელ აზროვნებას უნდა უკავშირდებოდეს, ამიტომ სწავლა-სწავლების დროს მოსწავლეებს უნდა დავუტოვოთ სივრცე ფიქრისთვის და არა მზა პასუხები მივაწოდოთ.

სტატიის მიზანი ნეიტრალიტეტის შესახებ ტყუილ-მართლის დადგენაა. მოდი, ერთად ვიმსჯელოთ, რამდენად ვაკმაყოფილებთ ნეიტრალური სახელმწიფოებისთვის განკუთვნილ კრიტერიუმებს.

 

ისტორიული ექსკურსი

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ 1907 წლის ჰააგის კონვენცია, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ნეიტრალიტეტის საკითხებს. კონვენციის V და XIII თავები ეხება ნეიტრალური ტერიტორიების უფლებებსა და მოვალეობებს სახმელეთო და საზღვაო ომის შემთხვევებში.

კონვენციის V თავის პირველი მუხლის მიხედვით, ნეიტრალური სტატუსის მქონე სახელმწიფოს ტერიტორია ხელშეუხებელია, ხოლო მე-2 მუხლი დაპირისპირებულ სახელმწიფოებს უკრძალავს ჯარების გადაადგილებას ნეიტრალური სტატუსის მქონე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

თავის მხრივ, ასეთი სტატუსის მქონე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ მისი ტერიტორია არ იქნება გამოყენებული სამხედრო ნაწილებისა და იარაღის გადასაადგილებლად.

განასხვავებენ მუდმივ და დროებით ნეიტრალიტეტს. შვეიცარია და ირლანდია მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის მატარებლები არიან. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც კონკრეტულ კონფლიქტებში გვევლინებიან ნეიტრალურებად. ამის საუკეთესო მაგალითია საქართველო, რომელიც ყარაბაღის ბოლო ომში (2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერი) ნეიტრალური სახელმწიფოს პოზიციას იკავებდა.

როგორ შეიძლება ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მიღება?

იმისთვის, რომ ესა თუ ის ქვეყანა გახდეს ნეიტრალური, მან რამდენიმე პირობა უნდა დააკმაყოფილოს.

  1. ქვეყანას, რომელსაც ნეიტრალურის სტატუსი სურს, არ უნდა ჰქონდეს ტერიტორიული დავა მეზობელ სახელმწიფოებთან. ამ დროს, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და არ გვაქვს დადგენილი საზღვრები (დემარკაცია და დელიმიტაცია) აზერბაიჯანთან, სომხეთსა და რუსეთთან.
  2. თვითგამოცხადებული ნეიტრალიტეტი დაცვის არავითარ გარანტიას არ იძლევა. ამის საუკეთესო მაგალითია მოლდავეთი, რომელმაც 1994 წელს კონსტიტუციით ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, თუმცა, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე აქვს დნესტრისპირეთის მოუგვარებელი კონფლიქტი. შესაბამისად, სხვა ქვეყნების აღიარების გარეშე, თვითაღიარებულ ნეიტრალურობას აზრი ეკარგება.

ხშირად დიდი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, რომ გახდებიან კონკრეტული სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის გარანტორები, ერთგვარი დამცველები. აქ უნდა დავსვათ ლოგიკური კითხვა: შეიძლება კი, რუსეთი, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს ნეიტრალიტეტის გარანტორი გახდეს?

  1. მსოფლიოში არ არსებობს ქმედითი საერთაშორისო დოკუმენტი ან შეთანხმება, რომელიც ნეიტრალურ სახელმწიფოს თავდასხმისგან დაიცავს. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგია ნეიტრალური ქვეყანა იყო. მიუხედავად ამისა, 1914 წლის აგვისტოში ის ოკუპირებულ იქნა გერმანიის მიერ, რითაც დაირღვა ჰააგის კონვენციის V თავში ასახული პრინციპები.

მაშ, როგორ უნდა დაიცვას თავი ნეიტრალურმა ქვეყანამ?

ნეიტრალურმა სახელმწიფომ საკუთარი თავის დაცვა თვითონვე უნდა შეძლოს. ამისთვის ის უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, რათა მეტი და მეტი თანხა მიმართოს თავდაცვის ბიუჯეტისკენ. შვეიცარია და ფინეთი ამის საუკეთესო მაგალითები არიან. შვეიცარიას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შეიარაღებული ჯარი ჰყავს. 5,5 მილიონიან ფინეთს, საჭიროების შემთხვევაში, 61 000 პროფესიონალისა და ტერიტორიული თავდაცვის 176 000 ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია.

  1. ევროპაში, დღეის მდგომარეობით, ნეიტრალურ სახელმწიფოებად გვევლინებიან:
  • ავსტრია;
  • ირლანდია;
  • ფინეთი;
  • შვედეთი;
  • შვეიცარია;

ფორმალურად

  • მოლდავეთი;
  • სერბეთი.

ყოველ მათგანს სხვადასხვა გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს. საქართველო ისტორიულად დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების შეხვედრის ადგილი იყო. რეალობა არც დღეს, XXI საუკუნეში შეცვლილა. გარშემო 1000 კილომეტრის რადიუსით დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილებია განლაგებული.

რამდენად აქვს ასეთ ქვეყანას ნეიტრალიტეტის ფუფუნება?

 

ახალი რეალობა

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ნეიტრალიტეტისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალა. დღემდე ნეიტრალურმა ქვეყნებმა, ფინეთმა და შვედეთმა, ოფიციალურად დაადასტურეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) გაწევრიანების სურვილი.

როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღეს საქართველოზე ბევრად უკეთესი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და განვითარების მქონე ქვეყნებმა მსგავსი გადაწყვეტილება?

 

კონსტიტუციური ჩანაწერი

საქართველოს კონსტიტუცია უზენაესი კანონია. ის გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს, სურვილებს და ქვეყნის განვითარების კურსს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნათქვამია, რომ: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, საქართველოს როგორც ქვეყნის ურყევი სურვილია როგორც ევროპის კავშირში, ასევე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაცია და ნეიტრალიტეტზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

ნეიტრალიტეტის იდეას ხშირად ტროას ცხენს ადარებენ. ეს არის მარტივი გზა რუსეთისთვის, დაუცველ ქვეყანაში მარტივად და უმტკივნეულოდ დამკვიდრდეს.

 

გამოყენებული მასალები:

საქართველოს კონსტიტუცია

https://worldpopulationreview.com/country-rankings/neutral-countries

https://www.adducation.info/general-knowledge-politics-religion/all-neutral-countries/

https://nato.gov.si/eng/topic/national-security/neutral-status/neutral-countries/

https://www.youtube.com/watch?v=3LvWTmqn7A4

The Avalon Project – Laws of War : Rights and Duties of Neutral Powers and Persons in Case of War on Land (Hague V); October 18, 1907 (yale.edu)

The Avalon Project – Laws of War : Rights and Duties of Neutral Powers in Naval War (Hague XIII); October 18, 1907 (yale.edu)

სიუჟეტი

0

პერსონაჟი მირბის, ავტორი მისდევს…

„მოიფიქრე პერსონაჟი, რომელიც გგავს, რომელსაც მთელი სულითა და გულით უნდა ან არ უნდა რაღაც. უბრძანე – გაიქეცი! უბიძგე! მერე კი მიჰყევი ფეხდაფეხ. არ ჩამორჩე. პერსონაჟი, შეპყრობილი სიყვარულით ან სიძულვილით, თავად გაგიძღვება და თხრობის ფინალამდეც მიგარბენინებს. მისი მხურვალე ვნებათაღელვა (სიძულვილს განა ნაკლები ცეცხლის შენთება შეუძლია) ააბრიალებს გარემოს და გაახურებს შენს საბეჭდ მანქანას“ – რეი ბრედბერი,  ესე „წერის სიხარული“.

ეს „მხურვალე გარბენი“, ბრედბერი თავის არაჩვეულებრივ ესეში ასე ხატოვნად რომ აღწერს, სინამდვილეში, მთელი შემოქმედებითი გზაა. პროცესი, რომელიც ძალიან ჰგავს მოგზაურობას ირეალურ, გამოგონილ სამყაროში. მოგზაურობას გარკვეული მარშრუტით, „სქემით“, რუკით, რომელსაც მიჰყვება ავტორიც და მასთან ერთად – მკითხველიც.

მკითხველებს დაუღალავად გვიზიდავს ეს  სამყარო, ვილტვით იქ გადასაბარგებლად, დავიკავებთ წიგნს ( ერთგვარ ბილეთს) და მივუყვებით მწერლის მიერ შემუშავებულ „მარშრუტს“.

თხრობა „გვითრევს“, საფიქრალს აღგვიძრავს, გვღლის, გვაფრთიანებს…

მაშ, რაში მჭირდება ეს ტერმინები…

რაზეა ეს ტექსტი? რას გვიამბობს? რა გონებრივ საზრდოს გვიტოვებს? რა საფიქრალს აღძრავს მკითხველში? – ამ კითხვებს ტექსტის ანალიზისას ხშირად სვამენ ხოლმე მასწავლებლები.

ლიტერატურის თეორია, ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო ცოდნა ძალიან ეხმარება ადამიანს წაკითხულის გაგებასა და გააზრებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნება, რომლის ცოდნა, გათავისება ძალიან დაეხმარება მკითხველს, ჩაუღრმავდეს ნაწარმოების საზრისს, არის სიუჟეტი.

სიუჟეტი, განმარტების თანახმად, „ნაწარმოების შინაარსის მხატვრული გაშლის ფორმაა“. ტექსტში ამბავი, მოვლენები გარკვეული კანონზომიერების თანახმად ვითარდება, ესა თუ ის შემთხვევა მიზეზშედეგობრივად უკავშირდება ერთმანეთს, ქმნის საერთო ქარგას. ავტორის ჩანაფიქრი, მისი სათქმელი სხვადასხვა სტილისტიკური ხერხის გამოყენებით გადმოიცემა და ქმნის ერთიან კომპოზიციას. სიუჟეტი აქვს ეპიკურ, დრამატულ და ლირიკულ-ეპიკურ ნაწარმოებებს.

თეორიაში გამოყოფენ სიუჟეტის კომპონენტებს. ესენია: პროლოგი, ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა (გაკვანძვა), კულმინაცია, კვანძის გახსნა, ეპილოგი. ეს ელემენტები ყოველთვის ამ თანმიმდევრობითა და რაოდენობით არ გვხვდება და შემოქმედის ნებაზეა დამოკიდებული, რას და რა თანმიმდევრობით გამოიყენებს ის. თუმცა ნებისმიერ ამბავს აქვს კულმინაცია, კვანძის გახსნა, ის როგორღაც ვითარდება. პოსტმოდერნულ ტექსტებში მწერლები ზოგჯერ „ჟონგლიორობენ“ სიუჟეტის ამ ელემენტებით და საინტერესო, მოულოდნელ „ილეთებსაც“ წარმოუდგენენ მკითხველებს.

სიუჟეტის მშრალი ლექსიკონისეული განმარტება ბევრს არაფერს გვეუბნება ამ გასაოცარი კომპოზიციური ელემენტზე. სამაგიეროდ, იუმორით, საინტერესოდ, ხალასად გვიამბობენ ამის შესახებ თავად მწერლები.  პერსონაჟს „დადევნებული“ მწერალი ხომ სწორედ სიუჟეტით იკვლევს გზას. ბრედბერის ეს მეტაფორა საინტერესო, სურათხატოვანი ილუსტრაციაა, არა?

ბლოგში კურტ ვონეგუტისა და ხორხე ლუის ბორხესის მოსაზრებებს გაეცნობით.

ბორხესის 4 სიუჟეტი

არგენტინელი მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის, წიგნში „ვეფხვების ოქრო“ არის ერთი მოთხრობა „ოთხი ციკლი“, რომელშიც ავტორი თავის ხედვას გვიზიარებს. ის ამბობს, რომ მსოფლიო ლიტერატურაში მუდამ ოთხი ამბის ირგვლივ ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, გვაქვს 4 მთავარი სიუჟეტი:

  1. სიუჟეტი გამაგრებულ ქალაქზე, რომელსაც თავს ესხმიან და იცავენ მამაცი გმირები; ამასთან, მათ იციან, რომ ქალაქის დაცემა გარდაუვალია და ბრძოლა განწირულია…
  2. სიუჟეტი დაბრუნებაზე, სახლში დაბრუნებაზე და ეს დაკავშირებულია პირველთან…
  3. სიუჟეტი ძიებაზე, გამოწვევებითა და დაბრკოლებებით სავსე გზაზე, გმირთა სამოგზაურო თავგადასავლებზე…
  4. სიუჟეტი ღმერთის მსხვერპლთშეწირვაზე.

ბორხესის აზრით, ადამიანები სხვადასხვაგვარად ჰყვებიან ამ ამბებს, სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ და ასე ქმნიან მხატვრულ რეალობას.

მწერალთა ოსტატობა და მხატვრული სიტყვის ჯადოქრობა კი სწორედ ისაა, ეს საბაზისო ამბები შეამკონ ისე, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული, განუმეორებელი, ჯადოსნური სამყაროები შეიქმნას.

ვონეგუტის 8 „ფორმა“

ვონეგუტის მტკიცებით, ის იყო ერთი იმათგანი, ვინც ლიტერატურის თეორიასა და კრიტიკაში მეცნიერული ხედვის დანერგვა სცადა და ამისთვის „არასაკმარისი მადლიერება მოიმკო“. ცნობილია, რომ კურტის სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში წარადგინა, კომისიამ არ განიხილა, რადგან მეტისმეტად მარტივად და სალაღობოდ მიიჩნია.

ეს „სალაღობო თეზისი“ „8 ფორმის“ სახელითაა ცნობილი. მართალია, აკადემიურმა საბჭომ ის დაიწუნა, მაგრამ თვალსაზრისი ნამდვილად საინტერესოა და მას ხშირად ციტირებენ ხოლმე სპეციალურ ლიტერატურაში.

ვონეგუტის აზრით, მხატვრული ნაწარმოებების სიუჟეტი 8 ძირითადი ნიშნით ჯგუფდება. ვონეგუტმა თითოეული დაასათაურა.

ადამიანი ორმოში

მთავარ გმირს თავს რაღაც დაატყდება, ის ძლევს სირთულეებს და ამბავი სრულდება იმით, რომ გმირი ან ჯილდოვდება, ან გამოცდილებას იღებს.

ბიჭი ხვდება გოგოს

მთავარი გმირს რაღაც არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი რამ გადახდება, ის მოიპოვებს ბედნიერებას, კარგავს მას, მერე კი იბრუნებს სამუდამოდ.

ცუდიდან უარესისკენ

მთავარი გმირი, „ცუდად იწყებს“, თანდათან კი უკან-უკან მიდის, არაფერიც არ გაუმჯობესდება. ყველაფერი ცუდადაა!

რა გზას დავადგე?

ამბავი ისეთივე ორაზროვანია, როგორც თავად ცხოვრება. მუდმივად  საორჭოფოა – კარგისკენ მივდივარ თუ ცუდისკენ?

შესაქმე

სხვადასხვა კულტურაში  კაცობრიობას შემოქმედი სხვადასხვა საჩუქრით ანებივრებს. თემა მიწიერისა და ზეციერისა, ღვთიური საჩუქრებისა. დასავლურ ამბებში ასეთი რამ ნაკლებადაა.

ძველი აღთქმა

კაცობრიობა იღებს საჩუქრებსა და შანსებს შემოქმედისგან, მაგრამ ვერ ინარჩუნებს ამ სიკეთეს, ვერ განკარგავს სათანადოდ, საუკუნოდ განწირული და დაცემული რჩება.

ახალი აღთქმა

კაცობრიობა იღებს საჩუქრებსა და შანსებს შემოქმედისგან, ვერ ინარჩუნებს, თუმცა საბოლოოდ მაინც ცხონდება.

კონკია

ჰგავს ახლი აღთქმისეულ განვითარებას. ესა ამბავი აღმასვლაზე (აღზევება), დაღმასვლაზე (დაცემა), კვლად აღმასვლაზე და ა.შ.

საინტერესო და სახალისო უნდა იყოს ამ მზამზარეული ჩარჩოების მისადაგება შესწავლილი ტექსტებისთვის. მოსწავლეებთან ერთად მსჯელობა იმაზე, რომელი პერსონაჟი რომელ სიუჟეტურ „გარბენს“ წარმოგვიდგენს. ვის რომელ ჯგუფს მიაკუთვნებდნენ.

გაკვეთილის გადახალისება, სალაღობო ელემენტების გამოყენება, მოსწავლეების ფიქრისა და აზროვნებისკენ წახალისება ხომ ასე მნიშვნელოვანია სასკოლო რუტინაში.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...