ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ტერმინოლოგია

0

როგორ აღვნიშნოთ ესა თუ ის სამეცნიერო ტერმინი? რა შესატყვისები მოვუძებნოთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიღწევას? რა მოვუხერხოთ ენაში შემოჭრილ ბარბარიზმებს? რა მივიჩნიოთ ნეოლოგიზმად? რომელი ტერმინი გაუძლებს დროს?

ამ აქტუალურ შეკითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ გვაქვს და, შეიძლება ითქვას, რომ დაკვირვებისა და კვლევის გარდამავალ პერიოდში ვართ.

ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ გაჩნდა და კვლავაც ჩნდება ახალი საკომუნიკაციო ენის შექმნის საჭიროება.

საინტერესოა, როგორ ყალიბდებოდა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია? რა „გაკვეთილები“ ვისწავლეთ ისტორიიდან? რა გამოცდილება შეიძლება გავიზიაროთ და რა ცოდნას დავეყრდნოთ?

ბლოგში წარმოგიდგენთ მცირე ისტორიულ ექსკურსს.

ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის მკვლევრის, როგნედა ღამბაშიძის აზრით, ქართული ტერმინების ისტორია სათავეს ქართული მწერლობის შექმნის დასაწყისიდანვე იღებს. მეათე-მეთორმეტე საუკუნეებში უკვე გვაქვს მეცნიერული ლექსიკის ქართულ ენაზე შექმნის მცდელობები. „ქართული ენის განვითარებამ ამ დროისთვის ისეთ დონეს მიაღწია, რომ მას შესწევდა უნარი გადმოეცა მაშინდელი განვითარებული აზროვნების თითქმის ყველა ნიუანსი“(როგნედა ღამბაშიძე, „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“, გვ.91). იმ პერიოდში შემოღებული და დამკვიდრებული არაერთი სიტყვა დღესაც ერთადერთია სამეცნიერო ლიტერატურაში.

გაინტერესებთ ეს სიტყვები?

არსი, არსება, არსებითი, მეტყველება, ბუნებათა მეტყუელება (დღევანდელი ბუნებისმეტყველება), სიბრძნის მეტყუელება, ძლიერება, გონება, გონიერება, გონიერი, ნივთი, ნივთიერი, სულიერი, ურთიერთობა, ჭეშმარიტება, შეზავება, სისრულე, სიმარტივე, სივრცე, უმეცრება, მეცნიერება, შუამდგომლობა, თანამზრახველობა, მხედველობა, ქმნადობა, ხორციელი, გულისხმა, შემოქმედებითი, თვითმპყრობელობა, რომელობა, რაოდენობა, ვარსკვლავთმრიცხველობა, თანამზრახველობა, მიმართება და ბევრი სხვა.

თუ დავაკვირდებით და გავიაზრებთ, დასახელებულთაგან უმრავლესობა დღესაც იმდროინდელი მნიშვნელობითაა გავრცელებული და ეს მოცემულობა მშვენიერი დასტურია იმისა, რომ ზუსტად, სწორად, ფრთხილად და მართებულად შერჩეული შესატყვისი ენაში ადგილს მყარად იმკვიდრებს.

შემდგომ საუკუნეებში ლექსიკოგრაფები, საზოგადო მოღვაწეები, მწერლები და მთარგმნელები მცდელობას არ აკლებდნენ ლექსიკური მარაგის შევსებას.

სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონმა, რომელსაც ვახტანგ მეექვსემ „სიტყვის კონა“ უწოდა (შეცდომით მიაჩნიათ, რომ ლექსიკონის სათაური ავტორისეულია), ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ენის გამდიდრების, ლექსიკური ფონდის შენარჩუნების საქმეში. საბას ლექსიკონის უბრალო გადაფურცვლაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, თუ რა სიფრთხილითა და ყურადღებით უდგებოდა საქმეს მწიგნობარი. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ცნებათა უჩვეულო დეტალიზაციისა და მეცნიერული მიდგომის თვალსაზრისით დღესაც ძირითადი წყაროა სპეციალისტებისთვის.

აქ საგანგებოდ აღვნიშნავთ ილიას წვლილსაც. ცნობილია, რომ მას უნდა ვუმადლოდეთ ისეთი ტერმინების შემოღებასა და დამკვიდრებას, როგორიცაა – მიმართულება, ღირებულება, სინამდვილე, უარყოფა, უფლება, შინაარსი, თვალთახედვა, ნაფიცთა მსაჯულება და სხვა.

მწერლები და ლექსიკოგრაფები დაუღალავად აგროვებდნენ მასალებს, იკვლევდნენ დიალექტებს, ინახავდნენ სიტყვებს ხალხური მეტყველებიდან და იყენებდნენ, აღნუსხავდნენ თავიანთ წიგნებში, სახელმძღვანელოებსა და ლექსიკონებში. ასე ივსებოდა, მდიდრდებოდა დარგობრივი და სხვადასხვა მიმართულებით საჭირო, აუცილებელი ლექსიკა. მაგალითად, რაფიელ ერისთავის ხელნაწერ სალექსიკონო მასალაში უხვადაა ურმის, შენობის, დაკლული საქონლის ნაწილების სახელწოდებები, ადამიანთა ხმების სახელები, ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა სახელები. მანვე გადმოაქართულა და დაამკვიდრა ენაში ისეთი ტერმინები და სიტყვები, როგორიცაა: კონცხი, აფრა, ოწინარი, ბუნიობა, კუნძული, რუკა და ა.შ.

სიტყვა ჟანგბადი ქართველი ქიმიკოსის, ვასილ პეტრიაშვილის დამსახურებით გვაქვს. როგორც ცნობილია, 1870-იან წლებში რუსული სიტყვა „კისლოროდისთვის“ აღსანიშნად მჟავბადი იხმარებოდა. ვასილ პეტრიაშვილმა კი ეს სიტყვა ჟანგბადით ჩაანაცვლა.

მეცნიერული ტერმინოლოგიის საჭიროებისა და „გასაჭირის“ საკითხი მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე „დაგვიდგა“. მეცნიერების მრავალი სხვადასხვა დარგის განვითარებამ უამრავი ახალი შესატყვისის გაჩენის აუცილებლობა წარმოშვა.

ტერმინოლოგიის დადგენისა და შედგენისთვის საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მიერ 1920 წელს გამოიცა ტექნიკური ლექსიკონი. ამ წიგნში თავმოყრილი სიტყვები ნათელი მაგალითია იმისა, რომ სამეცნიერო ცნების შესატყვისის მოძიება მშობლიური ენის წიაღში, ერთი მხრივ, სავსებით შესაძლებელია და მეორე მხრივ, ზომიერების დაცვის გარეშე, გადამეტებულმა პურისტულმა დამოკიდებულებებმა ღიმილისმომგვრელ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ამ ლექსიკონში ნახავთ ისეთ სიტყვებს, რომელთა გარეშეც დღევანდელი სამეცნიერო ლექსიკა რთული წარმოსადგენია. ესენია: წნევა, დენი, სადენი, სინჯარა, ხრახნი, ხსნარი, წნეხი, წინაღობა, ნათურა, სანთურა, ძრავა, ბრჯენი, კუთრი, ბუდობი, მინარევი, მდგრადი, მართი კუთხე, მართობი, სამკაპი, საცხი, ჯვარედინი…

ამასთან, აქვე ნახავთ საერთაშორისო ტერმინთა გადმოქართულების წარუმატებელ მცდელობებს. მაგალითად, ბენზინი – ბანჭვინი, კანტორა – ანგარანი, დეპო – საყუდი, კომპლექტი – სავსი, მონოპოლია – ხოლოუფება, ტერმინი – სახელსახი, ინსტრუქცია – ხელსაძღვანო, კლასი – განწალი, რადიაცია – სხივარობა, სექცია – განწევრი, სპირტი – ძალარი, რეზერვუარი – მარაგა, ფოსფატები – ციცინადები, მოლეკულა – წიარა და ა.შ.

რა ვითარებაა დღეს?

ჰიპერკავშირი, კლავიატურა, თხევადკრისტალური, მეხსიერების ბარათი, რუთინგი, ტრაფიკი, ინტერფეისი, ქულერი, სვიჩი, დედაპლატა, ვიდეობარათი, ლეპტოპი, მენტორინგი, ჰეითსფიჩი, ბულინგი, დამუთვა, დაშეარება, ნიუსი, ელექტორატი, მარკეტი, კოტონი, დენტისტი, ტინეიჯერი, შოპინგი, ივენთი, არტი, ბრენდი, ფეშენი, დეველოპერი, სივი, სეტინგი, აპი, რესტარტი, სპამი, ენჯეო, ვორკშოპი, გაიდლაინი, კონტენტი, ნარატორი, უკუკავშირი, ფიდბექი, პიარი, თბოიზოლაცია, ფეიკი, ჩელენჯი, სტაფი, თიმი, ერორი… თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ მეტყველებასა და აქტიურ ლექსიკურ მარაგში ეს და სხვა უამრავი სიტყვაა დალექილი. ამათგან ზოგიერთი სესხების მაგალითია, ზოგი – ბარბარიზმის, ნაწილი დავიწყებას მიეცემა და ქართული შესატყვისებით ჩანაცვლდება, რამდენიმე კი აუცილებლად დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს ორთოგრაფიულ და განმარტებით ლექსიკონებში.

ზედაპირული დაკვირვების შედეგად ასეთი სურათი იხატება – სამეცნიერო-ტექნოლოგიური ტერმინოლოგიის გამოყენებისას ყველაზე ხშირად სესხება, კალკირება, ქართული სიტყვათწარმოების მცდელობები და აფიქსაცია (სიტყვის შესაქმნელად სიტყვის დასაწყისში, შუაში ან ბოლოს პრეფიქსის, ინფიქსისა და სუფიქსის დამატება) გვხვდება.

საინტერესოა, დღეს შემოღებული და ხმარებული სიტყვებიდან რომელი დაიმკვიდრებს ადგილს ენაში? რას დაწერენ 100 წლის შემდეგ ენის სპეციალისტები თავიანთ ბლოგებზე, ელექტრონულ ცნობარებსა თუ ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების იმდროინდელ საშუალებებში?

როგნედა ღამბაშიძის წიგნის ციფრული ვერსია იხ. აქ

გააციფრულა და „მცდარბეჭდილის საძმოს“ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ვახტანგ ელერდაშვილმა

 

 

 

 

 

 

 

კუნძული საღორის უკან

0

მამაჩემი მეცხოველე იყო და მეცნიერულად ჰქონდა შესწავლილი საქონლის მოვლის ამბები. ხშირად იხედებოდა თავის წიგნებში და მათი მოშენების, კვებისა და გამრავლების შესახებ კარგად შესწავლილ მეთოდებს არაერთხელ მიუბრუნდებოდა ხოლმე. მისი თქმით, ყველაზე ადვილად მოსამრავლებელი და მომგებიანი ცხოველი ღორია. ამიტომაც ღორების მინი-ფერმა, რაც თავი მახსოვს, სულ ჰქონდა. სტუმრიანი და პურ-მარილიანი ოჯახი გვქონდა და თავად განსაჯეთ, რამდენად სასიამოვნო იქნებოდა, პატივსაცემი სტუმრების მობრძანებისას კარგად დაბრაწული, კრაწუნა გოჭის გაჩენა სუფრაზე, თავის სურნელოვან, ცხარე მეგრულ პომიდვრის საწებელთან ერთად.

ჩემი სოფელი კირცხი მცირემიწიანი არ არის და იქ მაცხოვრებელნი, თავიანთი მოზრდილი სამოსახლოებით, პატარა მემამულეებს ჩამოჰგვანან. იქ, იმ მადლიან მიწაზე, თუ ადამიანი მუქთახორა არ არის, იმას მაინც მოახერხებს, რომ ოჯახი არ დაამშიოს. ერთი ჭკვიანი ნათესავი მყავს, გაგრიდან დევნილი (ლტოლვილებს ხომ მიწისა და სახლის ფასი სხვაგვარად ესმით), მას ხშირად უთქვამს: მამაშენი ნამდვილი მემამულეა, უზარმაზარი მიწისა და სახლის მფლობელიაო. ცხადია, აჭარბებდა, რადგან მამაჩემს სახლიც ჩვეულებრივი ჰქონდა და მიწაც არც ამგვარად გასაჰიპებოლებელი, მაგრამ როცა უსახლკაროდ დარჩები და ერთი პაწაწინა ოთახი, მზისქვეშეთში თავშესაფარი საოცნებო გაგიხდება, როცა საკუთარ, დაკარგულ სახლზე ოცნება გაგაწამებს, ალბათ მაშინ მოგეჩვენება ასე.

სულ პატარა ვიყავი, წერა-კითხვა ახლად ნასწავლი მქონდა, როცა ჩემს ხელთ აღმოჩნდა ქართული ჯადოსნური ზღაპრების უზარმაზარი წიგნი, რომელიც მერე უცნაურად გაუჩინარდა. ვოცნებობ, ოდესმე მოვახერხო ქართული ზღაპრების სრულად შეგროვება და ქართველი ბავშვებისთვის ასეთივე დიდი წიგნის გამოცემა. დაუსრულებლად ამ წიგნს დავათრევდი. ნიშანდობლივია, რომ სათაური აღარ მახსოვს. სათაური ან რა საჭიროა? ის ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო. მახსოვს, ბოლოს, ჩემგან ნაწამებს, ყდები აღარ შერჩენოდა. მთელი ცხოვრება ამ წიგნს დავეძებდი. მერე აღარასდროს შემხვედრია მსგავსი გამოცემა და ახლა ვფიქრობ, ნეტავ რეალურად თუ არსებობდა? თუმც მის არსებობაში ეჭვის შეტანა ჩემი მხრიდან უსინდისობაა, რადგან ის მასაზრდოებდა, ქართული მითოსის მისტიკურ სამყაროს მისი წყალობით ვეზიარე. „იყო და არა იყო რა…“ – ასე იწყებოდა ზღაპრები… ამ წიგნმა წარუშლელი კვალი დააჩნია ჩემს სულს. მისი ფანტომებით ნაკვები სული სასწაულებს მიწაზე ეძიებდა და აი, აღმოვაჩინე კიდევაც – კუნძული საღორის უკან!

ახლა, როცა ბავშვობაზე ვფიქრობ, მაგონდება რეზო ინანიშვილის გენიალური მოთხრობა „წალო“… მწერალი ბავშვობას იხსენებს: „და მაინც – რა მეჩვენება დღეს, იცი? – მეჩვენება, რომ მე მაშინ დიდი ვიყავი, დიდი იყო ირგვლივ ყველაფერი, ეს ოთახი, ეზო, უბანი, – უამრავ რამეს იტევდა აქაურობა. შემდეგ და შემდეგ კი დავპატარავდი. დაპატარავდა ოთახიც, ეზოც, უბანიც, მთელი ქვეყნიერებაც. მე ახლა მთლად პატარა ვარ, ვეღარსად ავდივარ და ვეღარაფერს დავყურებ მაღლიდან. ძალიან ვცდილობ, რომ ასე არ იყოს, ვიჯგიმები, ვფაფხურობ, რაღაცებს ვწვდები, მაგრამ არაფერი გამომდის“.

თუ ჩემთვის საოცრებათა სამყარო და სულის ნავთსაყუდელი ბავშვობაში იყო პაწაწინა კუნძული საღორის უკან (რომელსაც კუნძულს პირობითად ვეძახი, თორემ ერთი ციდა, სამკუთხა მიწის ნაგლეჯი იყო), რეზო ინანიშვილისთვის ასეთი ყოფილა სალოგინე წალო, სადაც პატარა, მგრძნობიარე ბიჭი სულიერი განცხრომით გადაიჩრდილებდა ხოლმე ამსოფლიურ ხვატში.

როგორც გამოცდილ მეცხოველეს, მამას ეზოში ედგა საძროხე, საღორე, საქათმე… მას კოხტა, ოროთახიანი საღორე ჰქონდა აგებული, თუკი საღორეს ეთქმის „კოხტა“. ერთ ოთახში ბურვაკები ბინადრობდნენ, მეორეში – დედა ღორი, თავისი გოჭუნებით. სულო ცოდვილო, იმ საღორეშიც ბევრჯერ შევმძვრალვარ, როცა ღორები ტყეში იყვნენ გარეკილნი და ის ჩემთვის იმავე დანიშნულებას ასრულებდა, რასაც წალო – პატარა რეზო ინანიშვილისთვის.

საღორის უკან იყო ჩვენი მამულის ძირითადი ნაწილი. ხშირად მივსეირნობდი ხოლმე ყანისა და ტყისკენ. ხან თხილის ხეივანში თხილს ვაგროვებდი, ხან მოშორებით მდგომ ორ უნაბის ხეს ვსტუმრობდი ხოლმე. ამ უნაბებს შორის ერთი ალვასავით აშოლტილი იყო, ხოლო მეორე – დატოტვილი, გაფარჩხული. ისინი ჩემთვის ცოლ-ქმარი იყვნენ, განუყრელად გვერდი-გვერდ მდგომნი, უსაშველოდ შეყვარებულები. მერე დაბერდნენ და გავიდნენ ამა სოფლით. ხშირად მომნატრებიან. გაზაფხულობით უნაბების სიახლოვეს ისევ გამიჩნდებოდა ხოლმე საქმე: მათ გასწვრივ ალუჩა იდგა, ჯადოსნური ხე, რომლის კრეფასა და კბილების მოკვეთამდე ჭამასთან ერთად გაზაფხული ახალ სიცოცხლესა და ხალისს შთამბერავდა ხოლმე. იქვე იყო ვენახიც – ქრისტეს მადლის მიწიერი განსხეულება. მის მწკრივებში მოხეტიალეს თავი სემირამიდას ბაღში წარმომედგინა. ამის იქით იწყებოდა დაღმართი, სადაც სიმინდის ყანა იყო, რომელიც უსასრულოდ დიდი მეჩვენებოდა. სიმინდის ტაროებს ნაზ ულვაშებს ვაგლეჯდი და დასახიჩრებულ, თმებდაგლეჯილ თოჯინებს თმებად ვამაგრებდი თავზე. ყანის ბოლოს ტყე იწყებოდა. ერთ მხარეს ტრიალი ველი იყო, რომლის ცენტრში უზარმაზარვარჯიანი ველური ვაშლის ხე იდგა. ახლა რომ ვიგონებ, ის ველი სალხინებელი იყო, ნამდვილი ედემი, ხოლო „ედემს რგული ალვის” როლს ეს ვაშლის ხე ასრულებდა. მეორე მხარეს გორაკი თუ კორდი იყო, აკაციის ხეებით დაჩრდილული. იქ ქართული აკაციაც ხარობდა, თეთრყვავილოვანი და სურნელოვანი და გლედიჩიაც (მეგრულად ლედიშია), რომელიც ლობიოს მსგავს, ოღონდ ბევრად უფრო დიდ პარკებს ისხამდა. მასში თესლებიც იყო მოთავსებული და ტკბილი, ბლანტი წვენიც. ბავშვები ამ პარკებს ვგლეჯდით და იმ ტკბილ წვენს ვწუწნიდით. თან გვეშინოდა, არ ვიცოდით, ეს სასარგებლო იყო თუ მავნებელი. გლედიჩიას უზარმაზარი, სადგისივით გრძელი და დიდი ეკლები ჰქონდა, რომლებიც ფრიად სასარგებლო რამ იყო ათასგვარი ბავშვური სათამაშოს დასამზადებლად.

ველისა და გორაკის მიღმა მოზრდილი ღელე იყო, რომელიც წვიმიან ამინდში ადიდდებოდა ხოლმე და პატარა გულებს ხალისით გვივსებდა ბავშვებს. მასზე მამას რკინის ხიდი გაედო, ხიდი თუ ხიდუკა, რომელიც მაშინ ჩემთვის, რაღა თქმა უნდა, მეგაპოლისების დიდ მდინარეებზე გადებულ თვალუწვდენელ ხიდებს შეედრებოდა ლამის. ხიდს რომ გადახვიდოდი, დიდი ფერდობი იწყებოდა, მის ძირას კი, ღელის გაყოლებაზე, თხმელის ტყე იყო, ბნელი, ნესტიანი და იდუმალი. გაზაფხულზე ეს თხმელნარი მთლიანად იფარებოდა ყოჩივარდებით. ბევრი ლამაზი რამ მინახავს რეალურად თუ ტელეეთერითა და ინტერნეტის ვირტუალური სანახებით, მაგრამ ჩემს წარმოსახვაში ამაზე მშვენიერი არაფერი იმალება. რამდენჯერ მიცდია ყოჩივარდების ბოლქვებიანად მოთხრა და ქოთნებში ჩარგვა, მაგრამ ვერასოდეს ვახარებდი. არ მესმოდა, რომ ყოჩივარდა ქოთნის ყვავილი არ იყო, ფარვანასავით ხანმოკლე ცხოვრებისთვის უფალმა ველად მოავლინა… ხიდის მიმდებარე ფერდობიდან ისევ ჩავდიოდით პატარა ხევში, რომელსაც გვიმრით დაფარული ფერდობიც ერტყა და ჩავარდნილი ხეობაც, სადაც იდგა ზღმარტლის ჯადოსნური ხე.

გვიმრა მეგრელებისთვის მისტიკური მცენარეა. მეგრელის წარმოდგენით, გვიმრა ადრე უზარმაზარი ხე იყო და დედამიწაზე მომხდარ კლიმატურ ცვლილებებთან ერთად დაჩიავდა. უძველესი კოლხების სევდიანი შთამომავლები გვიმრის ხის დაჩიავებასა და მომაკვდავ ბუჩქად ქცევას კოლხეთის სამეფოს განადგურების ანალოგად სახავენ. გური ოტობაიას აქვს საოცარი მეგრული ლექსი „გვიმარა”, სადაც ეს ძველკოლხური სევდაა გადმოღვრილი:

„ოხვამერი ჯა რდი, მარა დეჩიჩიო გვიმარა,

ვეკანგარა ირიათო თი თუთას დო თი მარას!

ჩელაია ნირსი ცაშე მირაყვალუ,

გოკურცხია, დიდა ინგირი გირაქვალუ,

გოლუაფირო, გოლუაფირო, ირო ფალუ,

კუჩხეფიშა წყურგილეფი ქუმოიდვალუ”…

სახელდახელო თარგმანი ასეთია: სალოცავი ხე იყავი, დაჩიავდი გვიმარა, ნუ მისტირი იმ თვესა და იმ კვირას… თეთრი ნისლი ციდან მოცურავს, იფხიზლეო, დედა ენგური გიჩიჩინებს, გენაცვალე, სულ უნდა ხარობდე, ფეხებზე რომ წყაროები ამოგიცვამს…

დედა ენგური მაცოცხლებელი მდინარეა, მის სახელში კოდირებულია დედამიწის პირველი სიტყვები. შუამდინარულად, კაცობრიობის პირველ ენაზე, „ენ” ზეცაა და „ქი” – მიწა, ეს ორი ელემენტი ამ მდინარის სახელშია გაერთიანებული – „ენქი” და „ენგური” ფონეტიკურად ერთი და იგივეა. მეგრულად „ქიანა”, ფონეტიკურად იგივე „ქიენ” (მიწა და ზეცა), დედამიწას ან სამყაროს აღნიშნავს. ქართული მითოსის სამი სკნელი მეგრულში ასეა გამოხატული…

ახლა ისევ კირცხს მივუბრუნდები: ზღმარტლის ნაყოფზე გემრიელი ქვეყანაზე არაფერი მეგულებოდა. მას მეგრულად საოცარი სახელი ჰქვია – ცქუმუნტური. უჯიათი ხე იყო, ვეება, უხეში, დაღარული, უფორმო, უკარება და ზღმარტლის კრეფა ტანჯვა-წამებით გვიხდებოდა, მაგრამ სწორედ ამაში იყო მთელი ნეტარება. სკოლიდან მომავალნი, მოსაწყენი გაკვეთილებით დაქანცულნი და გაზაფხულის თბილი მზით მოთენთილნი, მაინც კისრისტეხით ჩავრბოდით იმ თავდაღმართში ზღმარტლის საკრეფად. შემდეგ კი ისე ხარბად შევექცეოდით, უკვდავების წამალივით. ჩანთები, თეთრი პერანგები და მთელი სამოსი გადამწიფებული, დაჭყლეტილი ცქუმუნტურით გვეთითხნებოდა, მაგრამ რა გვენაღვლებოდა?

ჩემი სოფლის სახელზე აქამდე არაფერი გითხარით – კირცხი მეგრულად სეტყვას ნიშნავს. ეს ჩემთვის არა მარტო ფონეტიკა და სიტყვის ეტიმოლოგიაა, არამედ მითოსური შიფრ-კოდი – ამ სოფლის არსებობით სული მარადი გრძნობით დასეტყვილია. გამიგრძელდა. კიდევ ბევრის თქმა შემიძლია ჩემი ბავშვობის სამოთხის შესახებ, მაგრამ სხვათათვის ალბათ მოსაწყენი იქნება, ამიტომ მოდი, მივადგეთ კუნძულს საღორის უკან. ეს კუნძული ზამთრის თოვლიან ღამეში აღმოვაჩინე – საღორეს ესაზღვრებოდა. წესიერი სამკუთხედის ფორმა ჰქონდა და დიდი ფერდის გასწვრივ მამას გათხრილი ჰქონდა სანიაღვრე ორმო. ერთ მხარეს საღორის უკანა კედელი საზღვრავდა, მეორე მხარეს – სანიაღვრე თხრილი, ხოლო მესამე მხარეს – ღობე, რომელიც მეზობლის ყანისგან გვმიჯნავდა. კუნძულის მიწა ოდნავ ამოზნექილი იყო და ამით კუნძულს გამოარჩევდა მთელ არე-მარეში.

უბიწო თოვლით დაფარული კუნძული ფანტასმაგორიებით გაჯერებულ თოვლიან, ნათელ ღამეში საოცრებად მომეჩვენა. დავინახე და თვალები გამიშტერდა. როგორ აქამდე ვერ შენიშნე-მეთქი? – ვუსაყვედურე საკუთარ თავს. იმ ღამეს თოვლმა გადამრია. დედას ვარდების ხეივანი ჰქონდა. იქვე იყო მსხლის დიდი ხეები. მათ ძირას თოვლი განსაცვიფრებლად ლამაზი იყო, მომხიბლავად მაცდური. მიხმობდა და მახელებდა. ამ ხეივანში შევგორდი და მუხლამდე თოვლში კოტრიალი დავიწყე. ჩემზე ბედნიერი სულიერი ცისქვეშეთში არ მეგულებოდა. ვინმეს რომ დავენახე, უთუოდ იტყოდა, ბავშვი გაგიჟებულაო. კარგა ხნის შემდეგ იმის შიშმა წამომაგდო, რომ სახლიდან ვინმე გამოვიდოდა, ან დედა მომისაკლისებდა და ასეთ ყოფაში თუ მნახავდნენ, უსიამოვნება არ ამცდებოდა, ტრაგიკულად დამთავრდებოდა ჩემი წრეგადასული სიხარული. წამოვდექი, თოვლი ჩამოვიბერტყე და კუნძულისკენ წავედი. იქ გაგორებაც მომინდა, მაგრამ მისი თოვლი ისეთი შეურყვნელი იყო, ისეთი კამკამა, რომ ცდუნება დავძლიე და არ გავიმეტე, არ შევბილწე მისი პირველქმნილი მშვენება. ამ ღამის შემდეგ ეს კუნძული ჩემთვის თავშესაფრად იქცა. სულ იქ გავრბოდი, წვიმიან ამინდში იქ ჩავცუცქდებოდი, საღორის უკანა კედელს მიყრდნობილი გავირინდებოდი და ჩემი ფანტაზია სად არ მიმაქროლებდა…

როცა ვინმე გამაბრაზებდა, ჩემი კუნძულისკენ გავრბოდი. ის გასულიერდა ჩემთვის, ჩემი მესაიდუმლე გახდა, რადგან კუნძულს მარტო ველაპარაკებოდი კიდევაც. იდეალური მესაიდუმლე იყო – თან ჩემს ფანტაზიას ახელებდა და თან გულმოდგინედ ინახავდა ჩემს ყველა უწყინარ საიდუმლოს, ერთხელაც არ უღალატია, ერთხელაც არ გავუცივარ. მე კი არ მივდიოდი მასთან, თავად მეძახდა, თავად მახსენებდა თავს და მეც ვენდობოდი, მიყვარდა, მეიმედებოდა. ხშირად ვაკითხავდი.

თქვენ უნდა გენახათ ჩემი გაოცება გაზაფხულზე, როცა ჩემი ენგადი მოულოდნელად მწვანედ გადაბიბინებული დამხვდა. ასე როგორ ახერხებ ჩემს გაოცებას-მეთქი? – ვკითხე. მრავალმნიშვნელოვნად ამოიგმინა, ხასხასა მწვანე ბალახი შეარხია, ისეთივე უბიწო და თვალისმომჭრელი, როგორიც ის ქალწულივით შეურყვნელი, ქათქათა თოვლი. ბალახზე ფეხის შედგმა ვერ შევბედე და თხრილთან ჩამოვჯექი ჩემს ერთგულ მეგობართან სასაუბროდ. იმ დღიდან მოყოლებული არასოდეს ვღალატობდი. თოჯინა იქ მიმყავდა და დედობრივ გრძნობებსაც იქ ვაფრქვევდი. იქ ამოვსვამდი ჩანთიდან ჩემს „შვილს“, რომელსაც ხან სოფიო ერქვა და ხან კიდევ – მარიტა (ლეონიძის მარიტას მაშინ არ ვიცნობდი და ეს სახელი საიდან მოვიგონე, არ ვიცი). კუნძულთან აღარაფრის რიდი მქონდა, მას ხომ ყველაფერი ესმოდა, მათამამებდა?! გეფიცებით, ჩვენ შორის ნამდვილად იყო დიალოგები. ერთხელაც არ განრისხებულა ჩემს სისულელეებზე, ძალიან ლმობიერი იყო, მხოლოდ სანუგეშო სიტყვებს მეჩურჩულებოდა, სიხარულიც ჩემთან ერთად უხაროდა და ჩემი ტკივილიც სტკიოდა ისეთი განცდით, მიწამ რომ იცის… აბა, რატომ ვამბობთ, იმათი ცოდვით მიწა იწვოდაო?

ერთ უბედურ დღეს კი, ზაფხულის არდადეგებზე კურორტიდან სახლში მობრუნებულს, ჩემი კუნძული აღარ დამიხვდა. როგორ მოულოდნელადაც გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ისევე მოულოდნელად გამქრალიყო, მასთან გამომშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი…

მამამ, რა თქმა უნდა, ამ კუნძულთან ესოდენ ფაქიზი გრძნობებით ჩემი კავშირის შესახებ არაფერი იცოდა… რომ სცოდნოდა, ასეთ ვანდალიზმს არ ჩაიდენდა, რადგან მამა ჰუმანური კაცი იყო… უბრალოდ მან საღორის უკან ახალი საძროხის აგება გადაწყვიტა, რასაც შეეწირა ჩემი კუნძული. მამამ ბოსელი ააშენა, კუნძულის მიწა გულმოდგინედ გადათოხნა, დაავაკა, დატკეპნა და საძროხის შესასვლელად აქცია. თხრილი თუ არხი, რომელიც კუნძულს აფიქსირებდა, ამოავსო და კუნძულის კვალი ისე გაქრა, თითქოს არც არასდროს არსებულიყო.

ცხარედ ვიგლოვე მეგობრის გაუჩინარება და თითქოს იმ დღიდან უკვე აღარ ვიყავი ბავშვი… კუნძულის გაქრობასთან ერთად გაქრა ბავშვობაც… საბედისწერო დამთხვევა იყო… ახლა მგონია, რომ მას შემდეგ ათასი საუკუნე გასულა, მაგრამ კუნძული ჩემს მეხსიერებაში სამარადჟამოდ ცოცხლობს. მაშინაც ხომ გასულიერებული მყავდა? არც მის არსებობაზე ვუყვებოდი არავის და მისი გაქრობაც საიდუმლოდ დარჩა… ახლაც სევდიანად გავცქერი ხოლმე მიწის იმ მონაკვეთს, მაგრამ ახლა იქ ვერც ბიბინა მწვანე მოლს იხილავთ და ვერც ქალწულივით უბიწო, ქათქათა თოვლს, რადგან ძროხებისა და ღორებისგან შერყვნილია ყველაფერი…

ნამდვილად არ ვარ ისე თამამი, რომ ცხოვრებას საღორე ვუწოდო, მაგრამ მის წიაღში ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუნძულები, სადაც თავს შევაფარებთ ხოლმე… ზოგჯერ ისეთი ჟამიც კი დგება, ეს კუნძულები სულ ერთიანად გადახრიოკდებიან და სულს ვერსად მოითქვამს ადამიანი… „ვეფხისტყაოსანშიც“ ასეა… როცა გმირებს უჭირთ, სულ შამბნარზე (გამხმარბალახიან ველზე) დააბიჯებენ, ხოლო როცა ხარობენ, მწვანე კორდზე აღმოჩნდებიან ხოლმე… ზურმუხტოვანი კუნძულები მინდა გისურვოთ…

 

რჩევები აღმზრდელებს: როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო პროცესი წლიდან წლამდე

0

„არსებობს სამი გზა სიბრძნის სასწავლად: პირველი – საკუთარ თავში ჩაღრმავება, რომელიც უკეთილშობილესია; მეორე – მიბაძვა, რომელიც უმარტივესია და მესამე – გამოცდილება, რომელიც უმწარესია“.

კონფუცი

აღმზრდელ-პედაგოგისთვის თვითრეფლექსია* ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორია. საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, მიღწეული შედეგების პერიოდული შეფასება და გაუმჯობესება პედაგოგების მუშაობის განუყოფელი ნაწილია. ვაღიაროთ, რომ დიდ ჯგუფებში ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მუშაობისას ძნელია წლის ბოლომდე შეინარჩუნო ბალანსი, გამუდმებით იფიქრო შემოქმედებითად და გადაურჩე პროფესიულ გადაწვას, განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიამ ყველა ჩვენგანის რუტინა თავდაყირა დააყენა.

 

წარმოიდგინეთ თქვენი თავი პროფესიაში შესვლამდე. რა იყო ის, რის გამოც ბავშვებთან მუშაობა გადაწყვიტეთ? გადახედეთ განვლილ გზას მას შემდეგ: რამდენი რამ ისწავლეთ მათთან ყოველდღიური მუშაობის პროცესში? ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა გიღიარებიათ, როგორ გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე და კონკრეტულ ბავშვთან ხანგრძლივი მუშაობისას მიაღწიეთ დასახულ მიზანს. მინდა, ამ წერილში გაგიზიაროთ ხრიკები თვითრეფლექსიისთვის, რომლებიც პატარ-პატარა ნაბიჯებით დიდ მიზნებამდე მიგიყვანთ.

 

უპირველეს ყოვლისა, გამონახეთ დრო საკუთარ თავთან დიალოგისთვის. მოკალათდით მყუდროდ და ჰკითხეთ თქვენს თავს:

1) გასულ წელს რამ იმუშავა ნამდვილად კარგად? აქ მოძებნეთ თქვენი ის ძლიერი მხარე, რომელიც უცვლელია მასწავლებლობის პირველი დღიდან (ბუნებით მონიჭებული განსაკუთრებული უნარი) ან ის, რაზეც ბოლო წლებში ბევრი იმუშავეთ და განივითარეთ.

2) ძალისხმევის მიუხედავად, რამ არ იმუშავა ყველაზე მეტად? აქ ეცადეთ დაფიქრდეთ იმაზე, სად მთავრდება თქვენი როგორც მასწავლებლის შესაძლებლობები, რა არის ის ნიშა, სადაც შეგიძლიათ ცოდნის გაფართოება.

 

პიროვნული თუ პროფესიული განვითარების ტრენინგებზე ხშირად მომისმენია რჩევა: დაისახეთ მიზნები, ჩამოწერეთ სია და მიჰყევით მას მანამდე, სანამ არ შეასრულებთ. ბევრისთვის შესაძლოა ეს დამხმარე საშუალება იყოს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მიღწევებზე მეტად შესაძლო შეცდომებზე კონცენტრირება ჭრის? სცადეთ ჩამოწეროთ თქვენი სისუსტეების სია და ყოველ წელს კონცენტრირდეთ ერთი მათგანის დაძლევაზე არა რაიმე სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ თავთან უკეთესი შედეგის მისაღებად.

მაგალითად:
* წელს ჯგუფში მყავდა უფრო მეტი ბავშვი, ვიდრე აქამდე. ვერ გავუმკლავდი, თავს დამარცხებულად ვგრძნობ.

* ვერ გამოვნახე დრო ბავშის ინტერესების გასაღრმავებლად.

* მუშაობის ყოველ ნაწილში მქონდა ჩავარდნა და გამიჭირდა არეულობასთან გამკლავდება.

* ძალიან ბევრ რესურსზე მაქვს წვდომა, რომელთა სასწავლო პროცესში ორგანიზებასაც ვერ ვასწრებ.

* გასულ წელს ჯგუფში გატარებული დრო ყველა ბავშვისთვის შედეგიანი არ მეჩვენება.

 

მესამე ხრიკი: დაგეგმეთ მომდევნო 12 თვე.

ამოირჩიეთ პროფესიული განვითარების ერთი კონკრეტული პრიორიტეტი, მოიძიეთ წიგნები და დაგეგმეთ ამ თემაზე დისკუსია კოლეგებთან, ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტებთან, გამოიყენეთ ღია ჯგუფები და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კი ხედვის არეალს გაგიფართოებთ.

პირად დღიურში დაწერეთ: მიმართულება, რომელზეც მომდევნო 12 თვე ვიმუშავებ არის…

 

მეოთხე ნაბიჯი: შეიმუშავეთ გეგმა.
1. დაწერეთ თქვენი მიზანი;

  1. ამოირჩიეთ სწავლის თქვენთვის სასურველი მეთოდი:

– სამუშაო შეხვედრები;

– თანამშრომლებთან საუბარი;

– mastsavlebeli.ge-ზე სტატიების გაცნობა;

– წიგნების კითხვა;

– პირადი ტრენერის აყვანა;

– სასწავლო პროგრამის გავლა;

– კვლევითი სტატიების კითხვა;

– თემატური ბლოგების გაცნობა;

– ტრენინგების გავლა.

  1. განსაზღვრეთ პიროვნული განვითარების განრიგი. თქვენი რუტინიდან გამოყავით დრო ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად და აქციეთ ეს პრიორიტეტად.

 

მოიძიეთ და ამოირჩიეთ:

სამი წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ ამ წელს

  1. 2.
    3.ხუთი სტატია, რომელიც უნდა წაიკითხოთ მომდევნო 12 თვის განმავლობაში (ეცადეთ, ერთი მაინც იყოს სამეცნიერო)
  2. 2.
    3.
    4.
    5.

 

ერთი პროფესიული ელექტრონული რესურსი, რომელსაც რეგულარულად გაეცნობით

 

კარგი იქნება, თუ შერჩეულ თემატიკაზე წლის განმავლობაში ერთ ტრენინგს ან სასწავლო კურსს მაინც გაივლით.

 

ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავების შემდეგ აწარმოეთ ყოველდღიური მიმოხილვა.

თარიღი ___

რამ იმუშავა დღეს ძალიან კარგად?

რა იყო მთავარი სირთულე?

რაში დაგეხმარა ამ მიმართულებით ბავშვებთან მუშაობა? რატომ?

ხვალ რას გააკეთებ განსხვავებულად?

 

წლის ბოლოს, როცა ახალი გეგმის შემუშავებაზე დაიწყებთ ფიქრს, აღმოაჩენთ გაცილებით მრავალფეროვან გამოცდილებებს და შედარებით ადვილად შეიმუშავებთ გაუმჯობესებულ სასწავლო გეგმას.

ბანალურად ჟღერს, მაგრამ მაინც: გახსოვდეთ, ხვალინდელი დღე 365-გვერდიანი წიგნის პირველი ცარიელი ფურცელია.

 

_________

* თვითრეფლექსია საკუთარი გამოცდილების კრიტიკული გადამუშავების პროცესი, საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზი, გაცნობიერება, შეფასება, დაგეგმვა და კონტროლი

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების გრძელვადიანი მიზნები  დაწყებით საფეხურზე

0

 მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გრძელვადიანი მიზნები წარმოდგენილი არის სტანდარტის შედეგებისა და ამ შედეგებთან დაკავშირებული სამიზნე ცნებებით.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ანბანის შემდგომი პერიოდიდან მეოთხე კლასის ბოლომდე, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოკვეთს სამ სამიზნე ცნებას:

  1. ტექსტი და კონკრეტული ჟანრი

(შედეგები: I 2;  I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)

  1. ფუნქციური სამეტყველო ქმედება

(შედეგები: I. 1; I. 2; I. 3; I. 4; I; 5;I. 9;  I. 13; I. 14; I. 15)

  1. სიტყვის ფორმაცვალება

(შედეგები: ქართული, დაწყებითი I. 11)

სამიზნე ცნებები ქმნის პედაგოგიკურ ჩარჩო-ინსტრუმენტს, რომელიც გაღრმავებული სწავლა-სწავლების საშუალებას იძლევა.

თითოეულ სამიზნე ცნებას მიწერილი აქვს სტანდარტის შესაბამისი ინდექსი.

აზროვნების სტრუქტურირებას,  ორგანიზებას და გრძელვადიან მეხსიერებაში განვითარებას უზრუნველყოფს სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები, რომელიც

პირდაპირ უკავშირდება სამიზნე ცნებების არსობრივ მახასიათებლებს.

რას გულისხმობს სამიზნე ცნება ტექსტი და კონკრეტული ჟანრი?

ზოგადად, ყველასთვის ცნობილია, რომ მხატვრული და არამხატვრული ტიპის ტექსტები ჯგუფდება სხვადასხვა ჟანრის მიხედვით.

მხატვრული ჟანრის ტექსტებია:

  • მოთხრობა
  • იგავი
  • ზღაპარი
  • ლექსი
  • თქმულება

არამხატვრული ჟანრის ტექსტებია:

  • საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი
  • წერილი
  • საინსტრუქციო ტექსტი
  • საინფორმაციო-ყოფითი ტექსტი
  • რეკლამა

ნებისმიერ ტექსტზე მუშაობის პროცესში მუშავდება კონკრეტული ჟანრი. სწორედ ამიტომ არის ერთ სამიზნე ცნებაში მოქცეული ტექსტი და კონკრეტული ჟანრი.

 

ამ სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებია:

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
  4. ტექსტი შეიძლება იყოს:

ზღაპარი, მოთხრობა, იგავი, თქმულება, ლექსი, საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი, წერილი, რეკლამა, ინსტრუქცია, კომიქსი, პოსტერი, ჩანახატი, დღიური,  საინფორმაციო-ყოფითი.

 

რას გულისხმობს სამიზნე ცნება, ფუნქციური სამეტყველო ქმედება?

კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდების დიდი უმრავლესობის მეტყველება არის უკიდურესად მწირი, რომელიც აფერხებს აზრების, განცდების, გრძნობების  ჩამოყალიბების პროცესს და მოსწავლე ვერ ახერხებს აზრის გადმოცემას, გასიტყვებას.

ამიტომ აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსწავლეთა მეტყველების განვითარებას.

ფუნქციური სამეტყველო ქმედება გულისხმობს ,,მეტყველების წისქვილის ამუშავებას’’ საკლასო ოთახებში და თითოეული მოსწავლის ,,გონებრივ საამქროში’’. როგორც წისქვილს აუცილებლად სჭირდება მასალა, რომ იმუშაოს, ასევე სჭირდება მოსწავლეს მრავალფეროვანი ლექსიკური ერთეულების მიწოდება, რომ მისმა ,,გონებრივმა საამქრომ’’ შეძლოს ამუშავება. (თამარ ჯაყელი)

სამიზნე ცნებას, ფუნქციურ სამეტყველო ქმედებას, ახლავს ქვეცნებები:

  1. თხრობა
  2. შედარება
  3. აღწერა
  4. დასაბუთება

ამ სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებია:

  1. სამეტყველო ქმედების სხვადასხვა ტიპს (მაგ., თხრობას, აღწერას, დასაბუთებას) თავისებური სტრუქტურა-აგებულება აქვს.
  2. მეტყველებისას საჭიროა სიტყვების შერჩევა სამეტყველო ამოცანის გათვალისწინებით.
  3. ზეპირი სამეტყველო ქმედების დროს წინადადების შინაარსს გამოვხატავთ ინტონაციით, წერითი სამეტყველო ქმედების დროს – სასვენი ნიშნებით.
  4. სამეტყველო ქმედების შესასრულებლად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

 

რას გულისხმობს სამიზნე ცნება, სიტყვის ფორმაცვალება?

ეს გახლავთ გრამატიკული ცნება, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ოთხწლედის განმავლობაში გრამატიკული საკითხების გაგებასა და შესწავლაში მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. მათ სჭირდებათ ფორმალური, თვალსაჩინო ნიშან-თვისებები, რომლის საფუძველზეც მოსწავლეები განახორციელებენ სხვადასხვა პროცედურას.

სამიზნე ცნებას, სიტყვის ფორმაცვალებას, ახლავს ქვეცნებები, როგორიცაა:

  1. ბრუნება
  2. სიტყვაწარმოება
  3. რიცხვის წარმოება
  4. უღლება
  5. ხარისხის ფორმები და სხვა.

ამ სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებია:

  1. წინადადებაში სიტყვები ერთმანეთთან დასაკავშირებლად საჭირო ფორმას იძენს.
  2. სიტყვის ფორმის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მნიშვნელობის ცვლილება.

 

ამიზნე ცნებები წარმოადგენს აზროვნების განვითარების არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელიც აადვილებს თემის დაგეგმვასა და  სასწავლო პროცესის მიზანმიმართულად მართვას პირობისეული,  არსობრივი ცოდნისაკენ.

განსაზღვრავს, რა მიმართულებით უნდა ხდებოდეს მოსწავლის ცოდნის გაღრმავება წლისა და საფეხურის განმავლობაში.

ეს არის ორგანიზებული იდეა, რომლის დაუფლებაც განაპირობებს აზროვნების სტრუქტურირებას,  ორგანიზებას და გრძელვადიან მეხსიერებაში განვითარებას.

 

გამოყენებული რესურსები:

  1. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საგნის, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. (ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტის, თამარ ჯაყელის ვიდეოლექცია)
  2. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ანბანისშემდგომი პერიოდის ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ბუნების საოცრება – მანგროს ტყეები

2

მანგროს ტყეები, რომლებიც ხეებისა და ბუჩქების სახით გვხვდება, ბუნების ერთ-ერთ საოცრებას წარმოადგენს. ტანდაბალი (5-10 მ) და მარადმწვანე მანგროს ტყეები მხოლოდ ლიტორალურ (ზღვის ფსკერის ზონა, რომელიც მიქცევისა და მოქცევის შედეგად დღე-ღამეში ორჯერ იფარება წყლით და შიშვლდება) ზონაში იზრდება,                               შემდეგ კი თანდათან კონტინენტურ ტენიან ტროპიკულ ტყეებში გადადის.

მანგროს ტყეები გვხვდება აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მადაგასკარზე, სეიშელის და მასკარენის კუნძულებზე, სამხრეთ აზიისა და ავსტრალიის სანაპიროებზე; ასევე – აფრიკის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე, ამერიკის კონტინენტების წყნარი ოკეანის სანაპიროზე სამხრეთ კალიფორნიიდან ჩ.გ. 4°-მდე.

სამხრეთ ნახევარსფეროში მანგროები ეკვატორს კიდევ უფრო სცილდება: აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ისინი დურბანის მიმდებარე ტერიტორიებს (ს.გ. 33°) აღწევენ, ხოლო აღმოსავლეთ ავსტრალიაში – ს.გ. 38°-ს.

სულ მსოფლიოში მანგროს დაახლოებით 70 სახეობას ითვლიან. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: მირტი, პალმა, ნიპა, მბრწყინავი და ზღვის ავიცენია, ჰიბისკუსი. ამ მცენარეებისადმი დიდი ინტერესი იმის გამო გაჩნდა, რომ ისინი  წყლის სქელი ფენის ქვეშ და მაღალი მარილიანობის პირობებშიც კი იზრდებიან. მონაცემები მანგროს ხეების ფესვების სიგრძის შესახებ ფიქსირებული არაა: მათი ფესვის სიგრძე 30 სმ-დან  20-30 მ-მდე იცვლება.

მანგროები  ხმელეთსა და ზღვას შორის, წყლის მოქცევის ადგილებში იზრდება, იქ სადაც მლაშე და მტკნარი წყალი ერთმანეთს ერევა. აქ წყალი ისეთი მარილიანია, რომ მრავალი მცენარე ამას ვერ აიტანდა, მაგრამ მანგრო ადვილად ეგუება ასეთ გარემოს.

მანგროს ტყეების მნიშვნელობა  ეკოსისტემაში

მანგროს ტყეებს ასევე  დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის. მას იყენებენ შეშად, მისგან იღებენ ნახშირს და ამზადებენ საქონლის საკვებს; მანგროდან მიიღება ტანინი; ასევე სხვადასხვა მედიკამენტის დასამზადებელ ნედლეულადაც გამოიყენება.  მოიპოვება თაფლი. მანგროს ხეები გამოიყენება მშენებლობაში, ქაღალდის, ქსოვილისა და ტყავის წარმოებაში. მანგროს გავრცელების არეალში ვხვდებით საკვებად ვარგის თევზებს, კიბოსნაირებსა და მოლუსკებს, ხამანწკებს, ამიტომ ამ მიდამოებს ხშირად სტუმრობენ თევზსარეწაო კომპანიები. ეს ადგილები ტურისტებისთვისაც ძალიან მიმზიდველია.

მანგროს ხეები აკავებს ქარიშხალს, რომელიც გამოიწვევდა არა მხოლოდ სანაპირო ზოლის ეროზიას, არამედ ათასობით ადამიანის სიცოცხლესაც შეუქმნიდა საფრთხეს. ეს ტყეები, როგორც მყარი კედელი, ცუნამისგან იცავს ნიადაგს, ნაგებობებსა და ადამიანებს. მაგ; 2004 წელს კუნძულ შრი-ლანკას რეგიონში მომხდარი უძლიერესი ცუნამის დროს ყველაზე ნაკლებად სწორედ მანგროს ტყეების მიმდებარე არეალები დაზარალდა. ეს ეფექტი პირდაპირ კავშირშია მანგროს ხეების ფესვების რაოდენობასთან, რადგან ისინი ნიადაგს ფაქტობრივად „ქსელის“ სახით აფიქსირებენ და არ აძლევენ მას გადარეცხვის ან გაფანტვის საშუალებას. მანგროს ხშირი ტყეების წყალობით ასევე ნაკლებად დაზარალდა კუნძულის მოსახლეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მანგროს ხეები ეკოსისტემაში, ამ ტყეების ფართობები მაინც თანდათან მცირდება. ექსპერტთა მონაცემებით, ყოველ წელს 100 000 ჰექტარი ფართობის მანგროს ტყე იჩეხება. ხშირად მათ იმიტომ ჭრიან, რომ, ერთი შეხედვით, უფრო მომგებიანი, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო საქმეები ან სამშენებლო პროექტები განახორციელონ. მანგროს ჭაობიან მიდამოებს ბევრი მიიჩნევს კოღოების ბუდედ ქცეულ ტალახიან და მყრალ ადგილად.

ბოლო პერიოდში ბევრ ქვეყანაში მანგროს ტყეების აღდგენითი ღონისძიებები გატარდა და აიკრძალა მანგროს ხეების მოჭრა. ზოგიერთ ქვეყანაში  მანგროს ტყეების გაშენების ხელშემწყობი სისტემაც კი არსებობს. განსაკუთრებით ინტენსიურად ამ ტყეების გაშენება ცუნამების გავრცელების რეგიონების სანაპირო ზოლში მიმდინარეობს.

 

 

 

დიდი რიცხვები ათობით სისტემაში. გაკვეთილის გეგმა

0

მეხუთეკლასელმა მოსწავლემ კარგად იცის, რომ რიცხვებთან ურთიერთობა და რაოდენობრივი მსჯელობა  ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ახლა მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს დავანახოთ „დიდი რიცხვების“ ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და მეცნიერებებში გამოყენების მნიშვნელობა. გთავაზობთ ერთ გაკვეთილს, რომელიც მე-5 კლასში დავგეგმე და ჩავატარე.

სამიზნე ცნება: რაოდენობა, რიცხვები და თანრიგები

საკითხი: მილიონზე დიდი რიცხვების წაკითხვა, ჩაწერა, შედარება

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ დიდი რიცხვის თანრიგთა დასახელებას, რიცხვების დათვლას, წაკითხვასა და ჩაწერას. განუვითარდებათ მსჯელობის უნარები

ესგ სტანდარტი: მათ.დაწყ.(II).1. ნატურალური და არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების გამოსახვა, კლასიფიცირება და გამოყენება

მკვიდრი წარმოდგენა: რიცხვი შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით

სასწავლო მასალა და რესურსები: სახელმძღვანელო. ინტერნეტში ჩართული ერთი კომპიუტერი მაინც და პროექტორი. მასწავლებლის მიერ დამზადებული ბარათები.

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა 1. თემისა და მიზნისა გაცნობა

მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი.

 დრო: 2-3 წთ

აქტივობა 2. წინარე ცოდნის გააქტიურება

ექვსნიშნა რიცხვების წაკითხვა, ჩაწერა, შედარება.

დრო: 8-10 წთ.

აღწერა: ბავშვებმა უკვე იციან, რომ რიცხვები უსასრულოა, თუმცა აქამდე მათ შეეძლოთ მხოლოდ ექვსნიშნა რიცხვების ჩაწერა, წაკითხვა, და მათზე მოქმედებები. იციან თვლის ათობითი სისტემის სტრუქტურა, რომ თითოეულ ციფრს აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა და დამოკიდებულია მის პოზიციაზე. იციან ერთეულებისა და ათასეულების კლასები და თანრიგები.  ძალიან მნიშვნელოვანია რიცხვების თანრიგებად დაყოფის პრინციპის გამეორება. განვიხილეთ სავარჯიშოები წინარე ცოდნის გაუაქტიურებლად.

სავარჯიშო 1. (მოსწავლეთა ორგანიზება – მთელი კლასი)

ა) წარმოადგინე რიცხვები სათანრიგო დაფაზე.

რიცხვი ათასეულების

კლასი

ერთეულების კლასი
ასეულ ათასეული ათეულ ათასეული ათასეული ასეული ათეული ერთეული
8123 8 1 2 3
780 451
420544
150008
13024
1 2 5 7 0 9
5 0 3 0 0
2 5 8 9 8

ბ) დაშალე მოცემული რიცხვები თანრიგის შესაკრებთა ჯამის სახით

სავარჯიშო 2.

მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვურიგებ თითო ბარათს, რომელზეც რიცხვი დაწერილია ციფრებით და ვთხოვ, მოცემულ რიცხვებში გამოყონ კლასები, გააფერადონ ფერადი ფანქრებით და რიცხვები ჩაწერონ სიტყვებით.

სავარჯიშო 3.

მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვურიგებ ბარათებს, რომლებზეც გარკვეულ რიცხვებს შეესაბამება ქართული ანბანის ასო. მოსწავლემ უნდა დაალაგოს რიცხვები ზრდის ან კლების მიხედვით. მიიღებს სიტყვას.

ასეთი დავალებები სახელმძღვანელოებშიც არის. აქ თითქოს უცხო და ახალი არაფერია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს მოსწავლეებს უფრო მოსწონთ ასეთი ფერადი რესურსებით მუშაობა, ვიდრე სახელმძღვანელოდან მითითებული სავარჯიშოს შესრულება. ბარათების ნაკრები ყველა მოსწავლისთვის დავამზადე, დავალება ხალისით შეასრულა როგორც მაღალი, ასევე დაბალი მზაობის მოსწავლეებმა. ინდივიდუალური „ფერადი დავალებები“ ასევე მეხმარება, უკეთ დავადგინო მოსწავლეთა საჭიროებები და მყისიერად მივცე მათ განმავითარებელი უკუკავშირი.

აქტივობა 3. სად გვხვდება „დიდი რიცხვები?“

მიზანი: დიდი რიცხვების წაკითხვა

დრო: 7-8 წთ.

აღწერა: მილიონებისა და მილიარდების კლასის შემოტანამდე პირველ რიგში მოსწავლეებს გავუჩინე წარმოდგენა უფრო დიდი რიცხვების შესახებ.

კლასს დავუსვი შეკითხვები:

– ხომ არ იცით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა?

– ხომ არ იცით მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა?

– ხომ არ იცით დედამიწის ასაკი?

– რამდენი მ.-ია დედამიწიდან მთვარემდე?

– რამდენი წლის წინ ცხოვრობდნენ დედამიწაზე დინოზავრები?

ცხადია, ამ კითხვებზე პასუხი მოსწავლეებმა არ იცოდნენ. ინტერნეტში მათთან ერთად მოვიძიე კითხვებზე პასუხები: 3728000;  6825900000; 4560000000; 149597870691; 200000000.

რიცხვები თვალსაჩინოდ გამოვაჩინე მოსწავლეების წინ ეკრანზე, მაგრამ წაკითხვა გაუჭირდათ. იმისათვის, რომ ეს რიცხვები წავიკითხოთ, შემოგვაქვს მათთვის უცნობი კლასები – მილიონების კლასი და მილიარდების კლასი. მოსწავლეები წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ „ახალ კლასებშიც“ სამ-სამი ციფრი ჯგუფდება, თავად ასახელებენ თანრიგებსა და რიცხვის წაკითხვის „წესს“.

  • პირველი სამი ციფრი მარჯვნივ ქმნის ერთეულების კლასს.
  • სამციფრიანი მარჯვნიდან მეორე ჯგუფი ქმნის ათასეულების კლასს.
  • სამ ციფრით შედგენილი მარჯვნიდან მესამე ჯგუფი ქმნის მილიონების კლასს.
  • სამციფრიანი მარჯვნიდან მეოთხე ჯგუფი ქმნის მილიარდების კლასს.

რიცხვების უკეთ წაკითხვის მიზნით წარმოდგენილი რიცხვები დავყავით კლასებად. კლასები ერთმანეთისგან გამოვყავით პატარა სივრცით ან წერტილით, დავაწერეთ სახელები და წავიკითხეთ.

6 მილიარდ 825 მილიონ 900 ათასი და ა. შ.

აქტივობა. 4. რიცხვის ათობითი სტრუქტურა

დრო: 4-5 წუთი

ვზრდით განსახილველ რიცხვთა არეალს მოსწავლეებთან ერთად. მათი აქტიური ჩართულობითა და წინარე ცოდნაზე დაყრდნობით. მოსწავლეები ხვდებიან, რომ რიცხვის თანრიგებად დაყოფის პრინციპი კანონზომიერია, ერთობლივად ვასახელებთ და ვწერთ რიცხვის ათობით სტრუქტურას:

 

 

აქტივობა 5. პლანეტარული მოდელი

„დიდი რიცხვების“ შედარება

დრო: 8-10 წთ.

რიცხვების თანრიგებად ჩაწერის მეთოდი ამარტივებს რიცხვების სიდიდის მიხედვით დალაგებას. თანრიგებად ჩაწერის ფორმით მოსწავლეები ხვდებიან, ორ რიცხვს შორის რომელია მეტი ან ნაკლები. კითხვა-პასუხისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე მოსწავლეებმა თავად აღნიშნეს, რომ მრავალნიშნა რიცხვებზე შედარების იგივე წესი გამოადგებათ: რაც უფრო მეტი თანრიგი აქვს რიცხვს, მით უფრო დიდია ის, ხოლო ერთნაირი თანრიგით ჩაწერილი რიცხვების შესადარებლად, საკმარისია ერთმანეთს შევადაროთ თანრიგების ციფრები.

სავარჯიშო: წარმოდგენის შესაქმნელად მოსწავლეებს ვაჩვენებ ფოტოს.

მზის სისტემაში მზიდან პლანეტებამდე მანძილი კმ.-ები ასე გამოისახება.

დედამიწა – 150 მლნ. ვენერა – 108 მლნ. იუპიტერი – 778 მლნ. სატურნი – 1მრდ. 428 მლნ. მარსი – 228 მლნ. ნეპტუნი – 4მრდ 502მლნ. მერკური – 58 მლნ. ურანი – 2 მრდ 873 მლნ. მოცემული მანძილები ჩაწერე სიტყვებით და დაალაგე პლანეტები მზიდან მათი დაშორების მანძილის მიხედვით. ეს სავარჯიშო მოსწავლეებმა ელექტრონული რესურსის გამოყენებით დიდი ინტერესით შეასრულეს. https://learningapps.org/12398254

აქტივობა 6. სავარჯიშოების შესრულება

დრო: 5 წთ.

ამის შემდეგ რაოდენობრივი ცნებების უკეთ გაგება-გააზრებაზე ვმუშაობთ და ვასრულებთ სავარჯიშოებს. ვკითხულობთ მილიონზე დიდ რიცხვებს, ვწერთ. წარმოვადგენთ რიცხვებს სათანრიგო დაფაზე. ან პირიქით – სათანრიგო დაფაზე ჩაწერილ რიცხვს წავიკითხავთ და ჩავწერთ სიტყვებით. რიცხვს წარმოვადგენთ სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით. „ვაფერადებთ რიცხვებს“ კლასებისა და თანრიგების მიხედვით, ვადარებთ რიცხვებს და ა.შ.

აქტივობა 7. გაკვეთილის შეჯამება

გაკვეთილი შევაჯამე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტით 3-2-1.

დრო: 2-3 წთ.

მოსწავლეებს ვთხოვე, გაკვეთილის შესახებ შეევსოთ ბარათი

3 რამ, რაც ვისწავლე –

2 რამ, რაც გავიგე –

1 რამ, რაც მინდა გითხრათ –

 

საშინაო დავალება

1) გთავაზობთ ელექტრონულ რესურსს. რესურსი მოიცავს რამდენიმე სავარჯიშოს.  სიტყვებით ჩაწერილი რიცხვი უნდა შეუსაბამოთ ციფრებით ჩაწერილ რიცხვს. რესურსი თვითონ ამოწმებს შესრულებული დავალების სისწორეს. https://learningapps.org/display?v=pr7xz9v2c20 (რესურსი ითარგმნება coogle translate-ის საშუალებით).

2) ინტერნეტის დახმარებით მოიძიე ინფორმაცია პლანეტის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის შესახებ. ამოწერე მათი ქონება რამდენი დოლარითაა შეფასებული. თითოეული რიცხვი ჩაწერე ციფრებითა და სიტყვებით და დაალაგე კლების მიხედვით. წარმოადგინე ნამუშევარი ცხრილში.

გაკვეთილის მსვლელობაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე. ძალიან საინტერესო იყო საშინაო დავალების პრეზენტაციები, რომელმაც შეაჯამა და გაამთლიანა საკითხი. მოსწავლეები გატაცებით საუბრობდნენ ილონ მასკისა და ბილ გეითსის გამდიდრების წყაროებზე და თან კითხულობდნენ, წერდნენ, ითვლიდნენ და ალაგებდნენ რიცხვებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა:

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198.

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-6 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში:

https://math.ge/mekhute-klasi/.

 

  1. მე-5 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო „მე მიყვარს მათემატიკა“ ელფის გამომცემლობა:

https://issuu.com/elf67/docs/-5-1-.

 

   ბარბარე ყიფიანი

0

ვინც ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში ერთხელ მაინც მოხვედრილა, დაუეჭვებლად იგრძნობდა ისეთ გარემოს, სადაც ყველაფერი ისტორიის იერითაა აღბეჭდილი, იგრძნობდა მძლავრ კავშირს წარსულთან, რომელიც ყველა ალაგიდან და ჩრდილიდან, ნივთიდან და პორტრეტიდან გამოსჭვივის.

აქ ოდესღაც დიდი მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და რუსული ცარისტული რეჟიმის მიერ მოკლული დიმიტრი ყიფიანის ოჯახი ატარებდა ზაფხულებს. ისმოდა მათი სიცოცხლით და ხალისით სავსე ხმები, მომავლის სილუეტებად ჩნდებოდა მათი დიდი და მშვენიერი ოცნებები, მათი დაუღალავი ძალისხმევა – სამშობლოს და მთელი სამყაროს წინაშე მსახურებისა.

ამ დიდ ოჯახში ერთი გამორჩეული ხმაა ბარბარე ყიფიანი –  დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი, ნიკოლოზისა და ანასტასია ერისთავის (სოლომონ პირველის შთამომავლის) ქალიშვილი. მის შესახებ მეც მხოლოდ ყურმოკვრით ვიცოდი, სანამ ერთი კარგი საქმის მიზეზით, მის თავგადასავალთან უფრო ახლოს მისვლა არ მომიწია. არადა, ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ამ თავგადასავალში მთელი ქვეყნის ტრაგიკული ბედისწერაც ირეკლება და ადამიანური წარმატების ის სევდიანი ამბავიც, რომელმაც თითოეული სიამაყით უნდა აგვავსოს. ბარბარე ყიფიანი ცნობილი ფსიქოფიზიოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი გახლდათ, რომელმაც ევროპაში თავისი კვლევის მეთოდებით დიდად გაითქვა სახელი, ამ მეთოდებით დღემდე მკურნალობენ პედიატრიაში და ყოველთვის ახსენებენ სახელს ქართველი ქალისა, რომელმაც მთელი ცხოვრება საყვარელ საქმეს და უცხოეთში სამშობლოს კულტურის პოპულარიზაციას მიუძღვნა.

ბარბარე ყიფიანი 1879 წელს ქუთაისში დაიბადა. ის მესამე ქალიშვილი იყო ნიკოლოზისა და ანასტასიას ოჯახში. უფროსი დები – ელისაბედი (ვეტა) და ნინო (ნუცა) მისი მუდმივი თანამოაზრეები და გულშემატკივრები იყვნენ, მიუხედავად რთული ცხოვრებისა და განშორებებისა. ბარბარე (შინაურობაში ვარას ეძახდნენ და სიცოცხლის ბოლომდე თავადაც შეინარჩუნა ეს სახელი) ჯერ თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ხარჯით, 1901 წელს კი, სწავლის გასაგრძელებლად, მამასთან ერთად, ბელგიაში გაემგზავრა. 1902 წელს ჩაირიცხა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. წლების განმავლობაში იკვლევდა ადამიანის მეხსიერების სახეობათა განსაზღვრის ხერხებს, აღზრდის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ტროპიზმს, ამბიდექსტრიას (ორივე ხელის ერთნაირად მომარჯვება) მოსწავლეთა შორის და სხვა.

თუმცა, ამ შრომისა და ძალისხმევის შეუსაბამო იყო მისი ცხოვრების პირობები, მუდმივად განიცდიდა ფინანსურ სიდუხჭირეს. ამ მდგომარეობის გამოსწორებას მწერალი ეკატერინე გაბაშვილიც შეეცადა და ბარბარეს სწავლის დასაფინანსებლად იმ სათავადაზნაურო ბანკისგან ითხოვა დაფინანსება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც სწორედ დიმიტრი ყიფიანი იყო. მაგრამ ბანკმა უარი შემოუთვალა. საბოლოოდ, ბარბარეს სწავლაზეც და ცხოვრებაზეც მეურვეობა მისმა პედაგოგმა, პოლონელმა პროფესორმა იოტეიკომ იკისრა. ამ ქალის როლი, ბარბარეს პიროვნულ და პროფესიულ ჩამოყალიბებაში, განუზომელია.

როდესაც 1904 წელს, ბრიუსელში, მეექვსე საერთაშორისო კონგრესი შედგა,  მასში ორმა ქართველმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა – ბარბარე ყიფიანმა და ივანე თარხნიშვილმა (რუსეთიდან). მათ მოხსენებებს ხანგრძლივი ტაში დაუმსახურებია. მათი გამოსვლით აღტაცებულმა რევაზ გაბაშვილმა „ცნობის ფურცელში“  წერილიც დაბეჭდა, სადაც წერდა, რომ ბარბარე ყიფიანის მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღოდა პროფესორ იოტეკოს, ეროვნებით პოლონელ ქალბატონს. მან ბარბარე თავის ლაბორატორიაში სამუშაოდ მიიღო და საშუალება მისცა სწავლის ფული გადაეხადა, როცა იგი საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. რევაზ გაბაშვილი გულისტკივილით აღნიშნავდა: მგონია, საჭიროა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ, სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებლის – დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილებს უცხოელნი პატრონობენ და თავის შინაურობამ კი მათ უარი უთხრა სტიპენდიაზე. ალბათ ასე ესმის თავადაზნაურობას მადლის გადახდა და თავის მოვალეობა“.

ასეთი ულმობელი პარადოქსებით სავსე იყო არამხოლოდ ბარბარეს, არამედ მთელი მისი ოჯახის ისტორია. დიმიტრი ყიფიანის მოწამებრივი აღსასრული საბედისწერო კამერტონად იქცა მათი საგვარეულო თავგადასავლის სიმფონიისათვის. თავად ბარბარეს მამა – ნიკოლოზი, ცნობილი მეცნიერი, პუბლიცისტი და ადვოკატი იყო, რომელმაც მამის მკვლელობის გამოძიება საკუთარ თავზე აიღო, თუმცა ცარისტულმა რეჟიმმა ისე შეავიწროვა და გაამწარა, რომ ნერვიულობის ნიადაგზე მძიმედ დაავადდა და 1890 წელს, საბოლოოდ გადავიდა საზღვარგარეთ საცხოვრებლად. სხვათა შორის, სწორედ ნიკოლოზ ყიფიანს ეკუთვნის საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნის – „მარსელიეზას“ ტექსტის თარგმანი.

საოცარი სინაზით და სიყვარულით სავსეა მისი წერილები ქალიშვილების და ყოფილი მეუღლის მიმართ. ის სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა შვილების წარმატებით უცხოეთსა თუ სამშობლოში, იყო მათი მხურვალე გულშემატკივარი. ბარბარე და ნიკოლოზი ბევრი რამით ჰგავდნენ ერთმანეთს. პირველ რიგში, უცხოეთში ცხოვრების რთული ბედისწერითა და აღსასრულით – ორივე ბრიუსელშია დაკრძალული.

1912 წელს, დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ბარბარემ ბრიუსელიდან თბილისში შემდეგი შინაარსის დეპეშა გამოაგზავნა: მუხლმოდრეკით ვამკობ დიდებული პაპაჩემის საფლავს 25 წლის განმავლობაში ნაგრძნობ მწუხარებისაგან დაწნულ თაიგულით.

1918-1921 წლებში ბარბარე ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა და დასთან, ნუცასთან ერთად, დემოკრატიული რესპუბლიკის შენების პროცესში აქტიურად ჩაება. მასალებში იძებნება ცნობა, რომ ის სიტყვითაც გამოვიდა 1918 წელს, ეროვნული უნივერსიტეტის გახსნის დღეს. თუმცა, თავად ეს სიტყვა, სავარაუდოდ, დაკარგულია. ბარბარე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, ასწავლიდა ფრანგულ ენას, იყო აკაკი შანიძის თანაშემწე, ხელოვანთა კავშირისა და სამხედრო კავშირის წევრი.

სამწუხაროდ, რუსული ოკუპაციის შედეგად, 1921 წელს, იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო. ის კვლავ ბრიუსელში გაემგზავრა და უკან აღარასდროს დაბრუნებულა.

ბარბარე ყიფიანის თაოსნობით, ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში დაარსდა მსოფლიო ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვარგარეთ ქართული სულიერებისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება მის მიერ ფრანგულ და ქართულ ენებზე შედგენილი მიმართვა, რომელშიც იგი ქართულ საზოგადოებას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს სამუზეუმო ექსპოზიციის შექმნაში: ეს პირველათაა, რომ საქართველოს შემთხვევა ეძლევა ევროპას დაანახვოს თავისი გონებრივი და ტეხნიკის წარმატების რეზულტატი და ამ მხრით ცხადყოს, რომ ის საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. …აი, ამ წერილით მივმართავ ყველას, ვისაც კი გული შესტკივა ქართველი ერის წინსვლისა და მის წარმატებისათვის. ვთხოვთ, დაგვეხმარონ, მოგვაწოდონ ანგარიშები, სასტატისტიკო ცნობები, წიგნები, ქართები, გრაფიკები, სურათები და სხვა ნივთები. იმედი გვაქვს, ჩვენი საზოგადოება ზნეობრივსა და მატერიალურს დახმარებას აღმოგვიჩენს, რაიც რომ ასე საჭიროა ამ ახალ დაწესებულების ასაღორძინებლად.

1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს ბარბარე ყიფიანმა, როგორც სალომე დადიანისა და მიურატების ქონების მეურვემ, მიუნხენიდან იხმო ქართველოლოგი, ქართული დამწერლობისა და კულტურის მკვლევარი მიხეილ თარხნიშვილი და შესთავაზა ნაანდერძევი სახსრებით (ფულითა და ნივთებით) დაეარსებინა რომის კათოლიკური მონასტერი ქართული კულტურის ძეგლების შესანარჩუნებლად. მიხეილ თარხნიშვილს მიუღია ეს წინადადება, შეუძენია სამონასტრო შენობა და ბარბარე ყიფიანისაგან მიღებული ნივთები და დოკუმენტები იქ დაუბინავებია. ამავე მონასტერში გადმოუტანია კონსტანტინოპოლის ქართული კათოლიკური მონასტრიდან წამოღებული უნიკალური მასალები, ჩამოუყალიბებია ქართული არქივი, ქართული კათოლიკური სასულიერო სემინარია და თვითონ დამდგარა რექტორად.

ბარბარე ყიფიანს ოჯახი არ შეუქმნია. გარდაიცვალა 1965 წელს, დაკრძალულია ბრიუსელში. თუმცა, დღეს მისი საფლავიც არავინ იცის.

ყიფიანთა დიდი ოჯახის შთამომავლები დღემდე ცდილობენ მისი საფლავის მოძიებასაც და მისი სახელის გაცხადებასაც. ამ პროცესში მათ თავად ბარბარე ყიფიანის მიერ გაწეული ღვაწლი და გაკეთებული საქმეები ეხმარება – სწორედ ისინი საუბრობენ ქალზე, რომელმაც, უამრავი სირთულის მიუხედავად, მაინც შეძლო და დიდ წარმატებებს მიაღწია უცხოეთში, შეძლო და არ დაივიწყა სამშობლო, მისი კულტურა, ენა, პირიქით – მთელი სასიცოცხლო რესურსი დაახარჯა ამ კულტურის პოპულარიზაციას, საქართველოს სახელის გაქვეყნებას.

როგორც მის არქივში შემორჩენილი რამდენიმე წერილიდან ირკვევა, ბარბარე ლექსებსაც წერდა. ვინ იცის, რამხელა ტკივილები ჩამარხა მათში, რამხელა დარდი ჩაფლა და ჩაკარგა, როგორც მისივე საფლავი ჩაიკარგა ამ სოფლისა და იმ სოფლის გასაყარზე, კიდევ ერთი სულიკოს საფლავი, სიყვარულით და საიდუმლოთი სავსე…

ბარბარე ყიფიანის სახელი კიდევ ბევრჯერ გაიბრწყინებს მომავლის/მარადისობის წინაშე. ასეთ სახელთა შუქზე დგას ჩვენი გენეტიკური მეხსიერება. ასეთი სახელებია ის, რაც არასდროს არ იკარგება.

 

 წერილში გამოყენებული მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ბარბარე ყიფიანის შთამომავალს, თამარ მიქაძეს

დასანანი რა არის, იცით?

0

ცოტა ხნის წინ ერთი პროექტის ტრენინგზე ფოთში წავედი. ფაქტობრივად, ყველა მონაწილე თბილისიდან ვიყავით, ადგილზე მხოლოდ ერთი-ორი შემოგვიერთდა. ასეთ დროს ჯგუფის შემადგენლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჰოდა, სწორედ, რომ გაგვიმართლა და ყველაზე შეკრული, მოტივირებული და ხალისიანი შემადგენლობა გამოვიდა.

ფოთში ჩასულებს, რაც თვალში მოგხვდებათ, უამრავი მაწანწალა ძაღლია. ყველა სადღაცაა შეფარებულ-მიკედლებული, მაგრამ მაინც ქუჩის არიან და ყველას რაღაცნაირად ნაღვლიანი მუდარის თვალებით უყურებენ – იქნებ, იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს და მოგვხედოთო. ისიც გულდასაწყვეტია, რომ ამ მაწანწალათა შორის, ძალიან ბევრი ჯიშიანი გახლავთ. აი, ოჯახში, რომ ჰყავდათ სათამაშოსავით. შემდეგ მობეზრდათ და გარეთ მოისროლეს.

სირცხვილი თქვენ, ასეთო ადამიანებო!

მაღალფარდოვნებაში ნუ ჩამომართმევთ და პირდაპირ გეტყვით – მე რომ შესაძლებლობა მქონდეს, ერთ დიდ თავშესაფარს გავხსნიდი, სადაც ყველა უპატრონო ცუგას თუ ფისოს დარჩენილ დღეებს გავულამაზებდი და განვლილ ცუდ დღეებს დავავიწყებდი.

ახლა კი მხოლოდ ის შემიძლია, რომ ყველას სითბო გავუნაწილო და რაც ხელთ მომხვდება, შევუძინო და გავუმასპინძლდე. სადღაც, გულის სიღრმეში იმისაც მწამს, რომ როცა ბედის უკუღმართობით „ცისარტყელაზე“ გაემგზავრებიან, „იქ“ მყოფ ჩემი ოჯახის წევრებს, აქ ჩემგან მიღებულ სითბოს თუნდაც ერთ პატარა ნაწილს გადასცემენ და გაათბობენ.

მანამდე კი, ერთი კიჭებმოღრეცილი ამუნია ქუჩის გადაღმა ტყე-პარკში მიმაცილებს. ბილიკს თუ დაადგები და „ოქროს ტბაზე“ გადებულ ბაროკოს გუმბათივით მოხრილ ხიდს გადაივლი, ზღვის ნაპირას გახვალ და მის დანაბარებს მოისმენ.

ზღვა მიყვარს… ოღონდ ჩემებურად… არ ვცურავ და არ ვირუჯები… აბა, რა გიყვარსო, მკითხავთ სამართლიანად. ზღვის ნაპირზე ჯდომა და ზღვისიქითა სივრცეში ყურება. ტალღების ხმაურის მოსმენა და არაფერზე ფიქრი. ან შეიძლება ვიფიქრო კიდეც, ვინ დამიშლის.

ჰოდა, ზუსტად ზღვის მოსასმენად წავედი. ხიდის დასაწყისში ეს კიჭა ამუნა შეჩერდა და მისი ადგილი სხვა ჩასკვნილმა ყურებდაცქვეტილმა ცუგამ გადაიბარა. ეტყობა, ამ ადგილიდან მისი ტერიტორია იწყებოდა. ასე ვიარეთ ერთად ზღვის ნაპირამდე. იქ დავსხედით და მე ჩემი ვუთხარი, იმან თავისი. მერე წამოვედით…

სხვათა შორის, წავიდეთო, თავად შემახსენა, ბინდდება უკვე და სხვა ცუგებთან მე მოგიგვარებ საქმეს, მაგრამ „ორფეხა“ ყაჩაღებიც ბევრია და იმათგან ვერ დაგიცავო.

 

„ოქროს ტბაზე“ შეტივტივებული ჰუმუსური მასალა შეინიშნებოდა. წყალიც გვარიანად მღვრიე იყო. ეს უკვე მასში ქლოროფილის მაღალ შემცველობაზე მიანიშნებდა.

სანაპირო წყლებში, განსაკუთრებით მდინარეების შესართავებთან, ხშირად შეინიშნება მღვრიე წყლის ნაკადი.

სიმღვრივე გამოწვეულია წყალში არსებული ნახევარი მიკრონიდან რამდენიმე მილიმეტრამდე ზომის მცირე ნაწილაკებით, ასევე – ზოგიერთი მინერალის (თიხა ან ორგანული წარმოშობის) შემცველობით.

სიმღვრივის გამომწვევ ნაწილაკებს შეწონილი ნაწილაკები ეწოდება. მათ შორის შეიძლება იყოს წყალმცენარეებიც.

სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მონიტორინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანიაბინფორმაცია შეწონილი ნაწილაკების გავრცელების შესახებ.

 

  • ორგანული ნაწილი შედგება ორგანიზმის ხრწნადი ფრაგმენტებისა და ფეკალიებისგან;
  • სხვადასხვა ნაწილაკები ქმნიან სხვადასხვა ფორმისა და სტრუქტურის, ე.წ. ფანტელებს (ჰუმუსური მასალის ნაწილს);
  • ფანტელები მრავალი მიკროორგანიზმის სუბსტრატს წარმოადგენს და ისინი ვითარდებიან ფანტელებში არსებული მინერალური მასალის გახრწნის ხარჯზე;
  • მთელი რიგი არაორგანული და ორგანული „კვალის“ ნივთიერებები შეტივტივდებიან შეწონილ ნაწილაკებთან და მონაწილეობენ ფანტელების ფორმირებაში.

ჰუმუსური მასალა Humic material (HM) ორგანული მასალის ტიპია და ის შეიძლება იყოს მიწისქვედა (მიკრობები) და მიწისზედა წარმოშობის (გახრწნილი მცენარეები).

ჰუმუსური მასალის შემადგენელია მოყვითალო-მოწითალო შეფერილობის ფულვინის მჟავა, ის ზღვის წყალში კარგად იხსნება და PH-ის მთელ დიაპაზონშია აქტიური.

წყალში Chl-a– ს გაზომვა გამოიყენება:

  • (ა) სანაპირო და შიდა წყლებში წყლის ხარისხის მონიტორინგის მაჩვენებლად;
  • (ბ) წყალმცენარეების ე.წ. აყვავების მონიტორინგისას;
  • (გ) და ფიტოპლანქტონის ეკოლოგიური კვლევების დროს. (Jordan et al., 1991; Morrow et al., 2000);
  • (დ) ციანობაქტერიების მაჩვენებლად (Ogashawara and Moreno-Madriñán, 2014).

წყალში ქლოროფილის შემცველობას, როგორც წესი, სენსორებით ან სპექტროფოტომეტრის მეშვეობით საზღვრავენ. თუმცა, კვლევა ქლორიფილის კონცენტრაციაზე, ე.წ. დისტანციური ზონდირებითაც შესაძლებელია, რაც კოსმოსური სატელიტებიდან ამოღებული გამოსახულებების სპეციალური პროგრამებით დამუშავებას გულისხმობს.

პირველი სატელიტური სენსორი, რომელიც Chl- კონცენტრაციის შესაფასებლად შეიქმნა, იყო სანაპირო ზონის ფერთა სკანერი (CZCS), რომელიც 1978 წლის ბოლოს გაიშვა. (O’Reilly et al., 1998).

სატელიტური პლატფორმა იღებს მონაცემებს სახმელეთო და საზღვაო მონაცემთა ბაზებიდან (მაგ.Copernicus, MODnet, Géoservices Sextant და BLACKSEASCENE) და მიღებულ სურათებს ქლოროფილის კონცენტრაციის დინამიკის შესაფასებლად იყენებს. ეს კი თავის მხრივ, წყლის საკვები ნივთიერებებით (ნიტრატებითა და ფოსფატებით) დაბინძურების ინდიკატორია.

 

(Schalles, J.F., 2006. OPTICAL REMOTE SENSING TECHNIQUES TO ESTIMATE PHYTOPLANKTON CHLOROPHYLL a CONCENTRATIONS IN COASTAL, in: Richardson, L.L., LeDrew, E.F. (Eds.), Remote sensing of aquatic coastal ecosystem processes. Springer Netherlands, Dordrecht, pp. 27-79)-ის თანახმად, ქლოროფილის დაბალი კონცენტრაცია (<2მგ/მ3) კარგად აისახება სპექტრის ლურჯ ნაწილში (400–500 ნმ), ტალღის სიგრძის ზრდასთან ერთად ახლო ინფრაწითელ სპექტრში (NIR, 700–800 ნმ) რეფლექსია იკლებს 0-მდე; ქლოროფილის კონცენტრაციები 2-დან 30 მგ/მ3-მდე შორის, აისახება მწვანე ნაწილში (500-600 ნმ) და წითელ ზოლებში (600-700 ნმ). უფრო მეტი რეფლექსიისას, სპექტრის მწვანე ნაწილში პიკის ასახვას და 300 მგ/მ3-ზე ზემოთ ქლოროფილის კონცენტრაციას, აჩვენებს სპექტრის მწვანე ნაწილში, ლურჯი და წითელი ზოლები ამ შემთხვევაში მცირე ამსახველობას ავლენს.

 

თანამგზავრიდან მიღებული და შესაბამის პროგრამაში დამუშავებული გამოსახულება შემდეგნაირად გამოიყურება. ფერთა კონცენტრაცია ქლოროფილის კონცენტრაციაზე მიუთითებს. შესაბამისად, წითელი ზონა ყველაზე საგანგაშოა, ყვითელი საშუალო საფრთხეა და მწვანე კი – უსაფრთხო. გამოსახულების მარცხენა მხარეს პროგრამის მიერ გამოთვლილი რიცხობრივი მაჩვენებლები ისახება. ასეთი პროგრამების გაცნობა კარგი კომპლექსური დავალება იქნებოდა გეოგრაფია-ბიოლოგია-ქიმიის გასაერთიანებლად.

 

საქართველოში ქლოროფილის კვლევის ნაწილი EMBLAS პროექტის ფარგლებში 2014-2017 წლებში განხორციელდა.

ამ კვლევის თანახმად, ქლოროფილი a-ს ყველაზე მაღალი შემცველობა საქართველოს სანაპირო წყლებში ანაკლიის ზედა ფენის შერეულ წყლებში დაფიქსირდა, რაც. სავარაუდოდ. გამოწვეულია მდინარის ამონიუმის აზოტით დაბინძურებით.

ერთადერთი ტერიტორია, სადაც ტერიტორიულ წყლებში კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე სანაპიროზე, არის ფოთთან კვეთა, რაც, სავარაუდოდ, ფოთის პორტში მაღალი ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგია.

ჩვენც სწორედ ამ პრობლემის საკვლევად ვიყავით, რადგან გარემოს მონიტორინგი ქვეყანაში დაგროვილ სხვა პრობლემებზე არანაკლებ საყურადღებო და საგანგაშო გახლავთ.

ზღვის ნაპირიდან მობრუნებულს ჩასკვნილმა ამუნიამ ჩემი თავი კვლავ კიჭა-ღრიცა ცუგას გადააბარა. სწორედ მასთან ერთად გამოვიარე სასტუმრომდე დარჩენილი გზა.

სხვა ყველაფერთან ერთად, დასანანი რა არის, იცით?

 

ადამიანებს ულამაზესი გარემო და ბუნება აქვთ, თუმცა აბინძურებენ და ვერ აფასებენ…

ადამიანებს დედამიწაზე სტუმრობისთვის სიცოცხლე აქვთ ნაბოძები, უმეტესობა კი მას ქილიკსა და სხვების შანტაჟში ხარჯავს…

ადამიანებს გვერდით უანგაროდ ერთგული არსებები ჰყავთ ცხოველების სახით, მაგრამ მათ ვერ აფასებენ…

ჰოდა, სამწუხარო და დასანანია-მეთქი. სულ ესაა…

 

გაკვეთილის დაგეგმვა საგანმანათლებლო ck12 პლატფორმის გამოყენებით

3

21-ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა მიღწევებმა და ინტერნეტმა ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გააიოლა. რადიკალურად შეიცვალა ადამიანის ქცევა, ინფორმაციისა და გადაწყვეტილების მიღების, ურთიერთობების საშუალებები. ადამიანებმა შეცვალეს საკუთარი თავის გამოხატვის ფორმებიც და ცდილობენ, ფეხი აუწყონ პროგრესს, თუმცა, ზოგადად, განათლება ჯერჯერობით ვერ ავიდა იმ სიმაღლეზე, რომ ეპოქის გამოწვევებს უპასუხოს.

სასურველ შედეგს არ იძლევა მოდელი: სკოლა – ჩაბარებისთვის, უმაღლესი განათლება – კარიერისთვის, კარიერა – სოციალური სტატუსისთვის. დროა, ეს მიდგომა ჩაანაცვლოს უფრო ეგოცენტრულმა და ჰუმანურმა მოდელმა:  განათლება – ბედნიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

განათლების მესვეურები ბევრ სიახლეს გვთავაზობენ, შედეგის დანახვას კი წლები სჭირდება. რეალურად, განათლების ამჟამინდელი მოდელი საშუალო დონის დასწავლეზეა ორიენტირებული. სხვადასხვა შესაძლებლობისა და მოთხოვნილების მოზარდებთან თანამშრომლობას დიფერენცირებული მიდგომები სჭირდება. ასეთი სწავლების ფორმა კი უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე საგაკვეთილო პროცესია.

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისა, რომ პედაგოგმა თავი გაართვას განსხვავებული მოთხოვნილების მოზარდებთან წარმატებულ ურთიერთობას, გახლავთ შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი. შებრუნებული საკლასო ოთახი ინოვაციური სწავლების კარგი მეთოდოლოგიაა. იგი ორიენტირებულია ცოდნის მიმღების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. აუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს, ააქტიურებს მოსწავლეებს და ამაღლებს მოტივაციას.

შებრუნებული საკლასო ოთახის უპირველესი დანიშნულება ინტერაქციული სწავლებაა. იგი საშუალებას აძლევს მასწავლებელს, ოპტიმალურად გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესი. ამ მეთოდის გამოყენების საშუალებას იძლევა ინტერნეტი და ელექტრონული სისტემები. მოსწავლე ახალ საკითხს ეცნობა მცირე ვიდეოს საშუალებით და სასწავლო მასალას სახლში იკვლევს. გაკვეთილი კი ეთმობა უკვე განხილულის განმტკიცებასა და პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას.

ჩვენს რეალობაში საკმაოდ რთულია მცირე ვიდეოგაკვეთილების სისტემატურად ჩაწერა, რასაც შებრუნებული საკლასო ოთახის აპრობირებული მეთოდი გულისხმობს. ვიდეოგაკვეთილების ჩანაცვლება ბევრი მასალის ირგვლივ შესაძლებელია საგანმანათლებლო ck 12 პლატფორმის გამოყენებით. აღნიშნულ პლატფორმაზე საკითხები განიხილება ცხოვრებისეული მაგალითებით და დაწერილია მეტად მარტივი ენით. ასევე, საკითხების სპეციფიკურობის გათვალისწინებით თანდართულია ვიდეომასალა და სახალისო ანიმაციები.

წარმოგიდგენთ ფიზიკის გაკვეთილის გეგმას იმის საილუსტრაციოდ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ საგაკვეთილო პროცესში ck 12 საგანმანათლებლო პლატფორმა.

CK-12 წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას, რომლის მიზანია, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ციფრული რესურსების საშუალებით. პლატფორმაზე განთავსებულია სახელმძღვანელოები და დამხმარე რესურსები მეტწილად STEM-ის მიმართულებით. ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოსა (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია.

გაკვეთილის თემა:  სიმკვრივე

გაკვეთილის მიზანი:

  • მოსწავლე ck12 პლატფორმის გამოყენებით გაეცნობა ინტერაქციულ სიმულაციასა და თეორიული მასალას;
  • განმარტავს სხეულის სიმკვრივეს და ესმის მისი ფიზიკური შინაარსი;
  • აკეთებს პრაქტიკულ ამოცანებს სიმკვრივეზე.

 გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი:

  • მოსწავლეები გაიუმჯობესებენ დაკვირვების, აღწერის, შედარების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, ცოდნის ტრანსფერის, წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, ციფრული წიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების უნარ–ჩვევებს.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან ფიზიკაში:

ფიზ. საბ. 1. მატერიის დახასიათება მისი ფიზიკური თვისებების მიხედვით.

ფიზ. საბ. 4. ფიზიკური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევის (ცდა, ექსპერიმენტი) დაგეგმვა (ჰიპოთეზების შემუშავება, დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა, კვლევის პროცედურის, მონაცემების აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა, სათანადო რესურსების შერჩევა).

ფიზ. საბ. 6. თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმით (ცხრილებით, დიაგრამებით, გრაფიკებით და სხვ.) ჩაწერა და ორგანიზება; მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;

ფიზ.საბ.7. მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა, ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად დიაგრამებისა და გრაფიკების გამოყენება;

ფიზ.საბ.8. მოდელების შექმნა და გამოყენება ფიზიკური მოვლენების/ კანონზომიერებების საჩვენებლად.

აქტივობის მიზანი: ცოდნის კონსტრუირება – საშინაო დავალების განხილვა

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, წარმოადგინონ განხილული საკითხის ირგვლივ კორნელის ჩანიშვნის მეთოდით შედგენილი ცხრილი. ის განიხილავს მოსწავლეების მიერ ჩანიშნულ საკვანძო პუნქტებს. შემდეგ მოსწავლეები საუბრობენ იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც მიიღეს ck 12 პლატფორმის ფლექსბულისა და სიმულაციის გაცნობით. პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს შესაბამის მასალას და სვამს განმამტკიცებელ კითხვებს. კერძოდ:

https://flexbooks.ck12.org/user:c2vuzc50by5zywxvbwvaz21hawwuy29t/cbook/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-7/section/2.3/related/lecture/5-facts-about-density/

ისაუბრეთ, რა გაიგეთ აღნიშნული ვიდეოს ნახვის შემდეგ. უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

– რა შეამჩნიეთ ვიდეოს ყურებისას? რატომ არ ჩაიძირა ცარიელი კოკა-კოლას ქილა და რატომ იძირება სითხით სავსე იგივე ქილა?

– ახსენით საჰაერო ბურთის მოძრაობის მიზეზი.

– შეაჯამეთ ამ ვიდეოთი გადმოცემული ინფორმაცია.

https://interactives.ck12.org/simulations/chemistry/density/app/index.html?hash=665a8ef9d09765f31ae16c715ea66bab&source=ck12&artifactID=2931904&encodedID=SCI.CHE

განვიხილოთ მოცემული სიმულაცია.

– რა გაიგეთ?

– რატომ არის აუცილებელი ანკესზე მცირე მასიური ტვირთის დაკიდება?

– მასისა და მოცულობის შეფარდების გათვალისწინებით როდის არ იძირება, როდის ტივტივებს და როდის იძირება სხეული?

– თქვენ უკვე გაეცანით თეორიულ საკითხსა და ვიდეომასალას, სიმულაციებს. ახლა უკვე იოლია განვმარტოთ სიმკვრივე, მისი ფიზიკური შინაარსი, გავიაზროთ მისი გამოსათვლელი ფორმულა და ერთეულები.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წარმოადგინონ საშინაო დავალება, ორი განსხვავებული ნივთიერების ესკიზი, სადაც მათ შემადგენელ ნაწილაკებს განსხვავებული სიმკვრივე აქვთ და უპასუხონ კითხვას:

– იმსჯელე არგუმენტირებულად, ესკიზზე გამოსახულ რომელ ნივთიერებას აქვს უფრო დიდი სიმკვრივე?

საშინაო დავალების განხილვის შემდეგ მასწავლებელი აჯამებს საკითხს და მოსწავლეებთან ერთად განიხილავს სიმულაციაზე წარმოდგენილ გრაფიკს. მოსწავლეებს უკვე ესმით სიმკვრივის ფიზიკური შინაარსი.

https://interactives.ck12.org/simulations/chemistry/density/app/index.html?screen=sandbox&hash=665a8ef9d09765f31ae16c715ea66bab&source=ck12&artifactID=2931904&encodedID=SCI.CHE

აქტივობის მიზანი: ნასწავლი საკითხის განმტკიცება

აქტივობის აღწერა:

  • პრაქტიკული ამოცანების განხილვა;

ა) ე.ბასიაშვილი, მოსწავლის წიგნი, გვ.44.

ბ) გვ.46. განვიხილოთ გრაფიკი, იმსჯელეთ, რომელ წერტილს შეესაბამება ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი სიმკვრივე?

 

 

 

გ) ე. ბასიაშვილი; ამოცანებისა და ტესტების კრებული, მე-7 კლასი; გვ. 14-16.

შეჯამება – შეფასება

აქტივობის მიზანი: მასწავლებლების მიერ გაკვეთილის შეჯამება/შეფასება, ეფექტური უკუკავშირის მიწოდება. მოსწავლეთა უკუკავშირი – გასასვლელი ბილეთი.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით შეაჯამებს გაკვეთილს. მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბილეთს – ,,შავი ლაქა“.

კლასის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის გასაგები იყოს მიცემული სამუშაოს ინსტრუქციები. ინსტრუქციის ზედმიწევნით კარგად მიწოდება ეფექტიანი აქტივობების განხორციელების წინაპირობაა. მნიშვნელოვანია პედაგოგის მიერ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, რაც მეტად საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის სასწავლო პროცესს. საყურადღებოა დისკუსიების მართვა და თემატიკის ჩარჩოების კონტროლი. პედაგოგმა უნდა მოახერხოს განსხვავებულ პერსონებთან სათანადო ურთიერთობა და ყველას აზრის მოსმენა.

მსგავსი სამუშაო გეგმით გაკვეთილის ჩატარებას ბევრი უპირატესობა აქვს.

  • მასწავლებელი ოპტიმალურად იყენებს საგაკვეთილო დროს;
  • ამ მეთოდით დაგეგმილი გაკვეთილი ეფექტურია დისტანციური სწავლების პირობებში;
  • მასწავლებელი მეტ დროს უთმობს საკითხის განმტკიცებასა და მოსწავლეებთან დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინებით მუშაობას.

კორნელის ჩანიშვნის მეთოდი:

დასვით კითხვები საკითხის ირგვლივ ძირითადი იდეები და მოსაზრებები გამოხატეთ აბრევიატურებითა და სიტყვებით
 

 

 

 

მოკლედ შეაჯამეთ ინფორმაცია  

 

 

მიღწევის დონის შეფასება:

ზუსტად იცავს დავალების შესრულების ინსტრუქციას. ნამუშევარი ორგანიზებულია. პრობლემის გადაჭრა სწორია, შემოქმედებითია.

სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, კორექტულად იცავს თავის აზრს. ამჟღავნებს თემასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას.

 მაღალი
მეტწილად იცავს დავალების შესრულების ინსტრუქციას. ნამუშევარი ნაკლებად ორგანიზებულია, აქვს მხოლოდ მონახაზი. პრობლემის გადაჭრა სწორია, თუმცა არაოპტიმალური.

მეტწილად სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, კორექტულად იცავს თავის აზრს. მეტწილად ამჟღავნებს თემასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას.

საშუალო
არ იცავს დავალების შესრულების ინსტრუქციას.  ნამუშევარი არ არის ორგანიზებული. ვერ ავლენს თემასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას. უჭირს პასუხი დასმულ შეკითხვებზე და ვერ იცავს თავის აზრს.

 

დაბალი

 

გასასვლელი ბილეთი:

 

რა დამრჩა ბუნდოვანი გაკვეთილის ბოლოს? რაზეც მესაჭიროება მეტი ინფორმაციის მოძიება?

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://iswd.ge/uploads/Flipped%20Classroom%20Teacher%20Handbook.pdf

https://ck12.edu.ge/maswavleblebi/salome-nasyidashvili/fizika-vii/

ე. ბასიაშვილი, ფიზიკა, მე-7 კლასი, მოსწავლის წიგნი;

ე. ბასიაშვილი, ფიზიკა, მე-7 კლასი, მასწავლებლის წიგნი;

ე. ბასიაშვილი, ფიზიკა, მე-7 კლასი, ამოცანების და ტესტების კრებული.

 

 

 

 

საბავშვო არქიტექტურა

0

„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,

ჯავრი შევაბი კარადა,

საიქიოდან მოიდენ

ამ ციხის სანახავადა.

 

არც კი მახსოვს, როდის წამოვიწყე თამაში – წიგნებში აღწერილი გარემოების, შენობა-ნაგებობების, გზების და დასახლებების გაცოცხლებას რომ გულისხმობს, მერე მათ შედარებას, განსხვავებების და მსგავსებების პოვნას და ჩემს გარემოსთან “გალინკვას.” ალბათ მაშინ, როცა პატარა, მოწყენილი გოგო ვიყავი და ამ მოწყენილობას წიგნებში გავურბოდი. იმხანად ილუსტრაცია და მით უმეტეს კარგი, ფერადი ილუსტრაცია ძალიან ცოტა საბავშვო წიგნს ჰქონდა და მეც მალევე გამოვიმუშავე უნარი, გონებაში გავაცოცხლო ზღაპრული ციხესიმაგრეები, მწყობრი ქალაქები, მთებზე შეფენილი სოფლები თუ ზღვისპირა დასახლებები.

 

ასე მაგალითად, ბავშვობიდან ნათლად მაქვს წარმოდგენილი გზა, რომელსაც ბიულერბიუელი ბავშვები სახლიდან სკოლისკენ გადიან – ტყეზე მიმავალი გზა, სადაც ზამთარში ნამქერმა შეიძლება დაგფაროს და სახლამდე ვერ მიაღწიო. როცა ამ გზაზე ვფიქრობდი ხოლმე, სკოლაშიც უფრო მალე მივდიოდი და თოვლში ან წვიმაში დასველებული ფეხებიც ნაკლებად მაწუხებდა. ან ძველი სახლი კუნძულ სალტკროკაზე, რომელსაც 4 შვილის მამა, დაბნეული მწერალი იქირავებს ზაფხულის გასატარებლად მისი ოჯახისთვის – დურგლისეულ კარმიდამოში ზოგჯერ წვიმს, ფანჯრებიდან ქარი უბერავს და ათასი რამ ხდება, თუმცა ცოტა ოჯახი თუ ატარებს ზაფხულს ისე ბედნიერებად, როგორც ეს მელკერსონებმა შეძლეს ამ ჯადოსნურ წიგნში. მათზე ფიქრი სოფლებში მდებარე ძველ სახლებში გატარებულ არდადეგებს ნაკლებად მოსაწყენს ხდიდა.

 

ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო თავსატეხი ზღაპრებში აღწერილი ციხე-კოშკები იყო, რომლის კარსაც მავანი მოგზაური თუ თავგადასავლების მაძიებელი ვერ პოულობს – უვლის გარს, უვლის და უშედეგოდ, კარი არ არის. როგორი დიდებული და საზარელი მხატვრული სახეა ნამცხვრის ფირფიტებით ნაგები მყუდრო სახლები უღრან ტყეებში, სადაც სასტიკი კუდიანები ცხოვრობენ, რომლებიც მზად არიან ტყეში დაკარგული დამშეული ბავშვები მოასუქონ და შეწვან ან მოხარშონ, გემრიელი სადილისთვის.

 

იფის ციხესიმაგრეზეც ბევრი მიფიქრია, ინდიელების კარვებზეც, წყალქვეშა გემებზეც და ეკალ-ბარდებით დაფარულ სასახლეებზეც – ახლა ამ ამბებს ჩემს შვილებს ვუკითხავ და მათ ჩათრევას ვცდილობ თამაშში, რაც შეიძლება მეტი დაწერილი ამბავი “გააცოცხლონ” გონებაში, რაც შეიძლება მეტი ნიუანსი დაიჭირონ წიგნებში, რაც შეიძლება მეტი კუთხიდან შეხედონ ადამიანებს და მათ ისტორიებს. საბავშვო არქიტექტურაზე დაწერის იდეაც მათთან ლაპარაკისას გამიჩნდა. სხვადასხვა ავტორების მიერ აღწერილ თავგადასავლებს და გასართობებს ვადარებდით ერთმანეთს და უცბად მითხრეს, რომ იმის მიუხედავად, როგორია საცხოვრებელი ან სკოლა, ბავშვები წიგნებში გაცილებით მეტ დროს ატარებენ გარეთ, ტყეებსა და მინდვრებში, ვიდრე ჩვენო. მართლები არიან. სამწუხაროდ, ჩვენ არც საბავშვო შენობები გვაქვს ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული და არც გარემოა მათთვის უსაფრთხო. წარმოსახვითი თამაშებით თუ გავირთობთ თავს და ბავშვებს, წიგნებში თუ ვიპოვით თავშესაფარს.

 

ერთ ჩვეულებრივ დღეს სახლში მყოფი სამი ბავშვი ამ სახლის ნგრევას ემსხვერპლა – ამბავი ცოტა ხნის წინ ბათუმში მოხდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბავშვების მკვლელი შენობა ხდება. 6 წლის წინ ქობულეთში დაიხოცნენ ბავშვები სასტუმროში გაჩენილი ხანძრისას, 4 წლის წინ 13 წლის ბავშვი მოკვდა თბილისში იმის გამო, რომ ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც ტრანსპორტს ელოდებოდა, უკან მდებარე შენობიდან შუშა ჩამოვარდა და დაეცა. გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ არც უფროსებისთვის და მით უმეტეს, არც ბავშვებისთვის არ არის  დიდად კომფორტული და უსაფრთხო; არქიტექტურა, რომელსაც ვქმნით უსახური შენობების ტყვედ გვაქცევს; ჭკუა კი, რომელიც საკუთარი და სხვისი შეცდომების გამოცდილებად ქცევას და ახალი უბედურებებისგან თავის დაცვას სჭირდება, არც თუ ხშირად აღმოგვჩენია. არქიტექტურას დროებით თავი რომ დავანებოთ, ვერ ვაღიარებთ პედოფილიის, ბავშვებზე ძალადობის, ბავშვების ექსპლუატაციის კატასტროფულ მასშტაბებს. ამ გარემოში რა თქმა უნდა, ბავშვები შინ და გარეთ თითქმის ერთნაირად დაუცველები არიან.

 

ვფიქრობ ერთ-ერთი გენიალური დასაწყისი ქართულ ლიტერატურაში “კაცია-ადამიანს” აქვს, რომელიც თავად თათქარიძის სახლ-კარის აღწერით იწყება და როცა კითხულობ ფრთამოტეხილი ბატივით გვერდ აწეული საბძელის ან უბადრუკი და მგლოვიარე, ცალთვალა სასიმინდის ამბავს, უკვე ხვდები, რანაირი ადამიანებიც შეიძლება ცხოვრობდნენ აქ.

“თითონ ეზო ისე უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული” – მხოლოდ ეს ერთი წინადადება ძველ ჩინოვნიკებზეც და ამ სახლის მეპატრონეზეც სრულიად ნათელ წარმოდგენას ქმნის.

 

კაცია-ადამიანშიც და სხვა საპროგრამო ნაწარმოებებშიც არქიტექტურის, გარემოს როლის გააზრება პერსონაჟის ბედის განსაზღვრისთვის ვფიქრობ ბავშვებისთვის კარგი სავარჯიშო იქნება და მათ მისცემს ფიქრის საბაბს იმაზე, როგორია გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, რამდენად განკარგავს მათ ყოველდღიურობას ნაგებობები, სადაც ხვდებიან და რა სჭირდებათ იმისთვის, რომ უკეთესად იგრძნონ თავი. შეიძლება რაიმეს შეცვლა ახლავე შეუძლიათ უკეთესობისკენ, რაიმეზე უფროსების დახმარება სჭირდებათ, ვინმემ სულაც მომავალი პროფესია შეიძლება იპოვოს.

 

დღეს საქართველოში ბავშვებისთვის განკუთვნილი შენობების და სივრცეების უმეტესობას, სკოლებს, ბაღებს, ბიბლიოთეკებს, პარკებს და სათამაშო თუ სპორტულ მოედნებს მიუხედავად მათ მოწყობაზე დახარჯული თანხებისა და ძალისხმევისა, აქვთ გათბობის, სველი წერტილების, ვენტილაციის პრობლემა – ისინი ბავშვების ინტერესებს არ ითვალისწინებენ, მათი განვითარების საშუალებას არ იძლევიან, არ ქმნიან კომფორტულ გარემოს კავშირების დასამყარებლად, განმარტოებისთვის, ფიქრისთვის – რთულია ამ ნაგებობებში ბავშვმა თავი თავგადასავლის მონაწილედ იგრძნოს. განვითარებული საზოგადოებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისთვის იმასაც კი იკვლევენ, რომელ კუთხეებში, რა სივრცეებში არსებობს ძალადობის მეტი რისკი და ამ რისკების შემცირებაზე ზრუნავენ – ჩვენ ჯერაც იმას ვცდილობთ, კედელი მყარი იყოს, ონკანში თბილი წყალი მოედინებოდეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ როცა რეალური გარემო არ გვაძლევს თავგადასავალს, ლიტერატურა და ხელოვნება გვაწვდიან მაშველ რგოლებს. თუკი მაშველ რგოლად ინტერნეტსაც გამოიყენებთ, არაერთ მასალას და რესურს ნახავთ როგორც ბავშვების საჭიროებებზე მორგებული არქიტექტურის, ასევე იმის შესახებ, როგორ დავაინტერესოთ ბავშვები არქიტექტურით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...