ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
16 ივლისი, ხუთშაბათი, 2026

პოეზიის გონებაში წვდომის მცდელობა – ჰაინრიხ ბიოლი

0

საქმეში ჩახედულ ადამიანებში ეჭვს არ იწვევს, ნაკლებად ჩახედულებს კი სადავოდ გაუხდიათ ისეთი, ერთი შეხედვით, რაციონალური საკითხი, რომელიც გაანგარიშებებს ექვემდებარება და, ამასთან, არქიტექტორების, მხაზველების, ინჟინრებისა და მუშების ერთობლივ შრომის ნაყოფს წარმოადგენს; მიუხედავად ამისა, ამ დროს ყველასგან გაუთვალისწინებლად, წესებიდან რამდენიმე მილიმეტრით გადახრა მაინც ხდება ხოლმე. ამრიგად, ამ კარგად დამუშავებულ და ჩამოყალიბებულ მთლიანობაში გაპარული წუნის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ წინასწარ ვერავინ ვერ გაითვალიწინებს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ტექნიკური მასებისა და ქიმიური ელემენტების ურთიერთრეაქციას, მით უფრო, რომ ამ დროს მოქმედებაში ჩაერთვება ოთხი ისეთი კლასიკური სტიქიონი, როგორიცაა: ჰაერი, წყალი, ცეცხლი და მიწა.

როგორც ჩანს, პრობლემას ამ დროს ქმნის არა იმდენად თავად იდეა ან ტექნიკურ-ქიმიური და სტატისტიკური სინთეზი, რომელიც მუდმივად მოწმდება და კონტროლს ექვემდებარება, რამდენადაც ის პროცესი, რომელსაც მე იდეის სისრულეში მოყვანას ან განხორციელებას დავარქმევდი. მაგრამ რა ვუწოდოთ იმ გაუთვალისწინებელ წუნს, რომელიც, მართალია, მილიმეტრებში იზომება, მაგრამ დეფორმაციის დროს ასევე გაუთვალისწინებელი განსხვავებების სახით იჩენს ხოლმე თავს? რას მალავს ეს ხვრელი? იმას ხომ არა, რასაც ჩვეულებრივ ირონიას ვეძახით, ან იქნებ ეს თავად ღმერთი, წინააღმდეგობა ან, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ირეალობაა?

ერთმა, ამ საქმეში ჩახედულმა მხატვარმა, რომელიც ადრე ხაბაზი ყოფილა, ასეთი რამ მითხრა: ფუნთუშების გამოცხობას ჩვეულებრივ, უთენია დილით, გარიჟრაჟზე უნდა შეუდგეს კაცი; ეს არცთუ მთლად იოლი საქმეა, რადგან ამ დროს აუცილებლად გარეთ უნდა გამოყო ცხვირი, რათა გუმანით მივხვდე, რა ტემპერატურას, ინგრედიენტებს და დროს საჭიროებს ფუნთუშების გამოცხობა, რადგან უფალი ყოველ ცისმარე დღეს ითხოვს დილის საუზმის ამ მნიშვნელოვან და წმიდათაწმიდა კომპონენტს მათთვის, ვინც საკუთარი მხრებით ეწევა ახალ დღის ჭაპანსო. ჰოდა, რა დავარქვათ ამ მოვლენას, რომლის გათვალისწინებაც თითქმის შეუძლებელია? იქნება მისთვის ირონია, პოეზია, ღმერთი, წინააღმდეგობა ან ირეალობა გვეწოდებინა? როგორ გავალთ ფონს მის გარეშე? მით უფრო, რომ ჯერაც არაფერი გვითქვამს სიყვარულზე. ჩვენ ხომ ვერასოდეს ვერ შევიტყობთ, რამდენ რომანს, ლექსს, მოსაზრებას, აღიარებას, ტანჯვასა და სიხარულს იტევს სიყვარულის კონტინენტი, რომელიც დღემდე გამოწვლილვით არავის შეუსწავლია?!

როდესაც მეკითხებიან, როგორ ან რატომ დავწერე ესა თუ ის ნაწარმოები, ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ამაზე არათუ ამ შეკითხვის ავტორს, საკუთარ თავსაც სიამოვნებით გავცემდი პასუხს, მაგრამ საამისოდ სავსებით უძლური ვარ. დიახ, არ უნდა მოვინდომო, არ ძალმიძს, აღვადგინო ამასთან დაკავშირებული ურთიერთმიმართებები, რათა თუნდაც საკუთარი საქმიანობა – ლიტერატურა უფრო ნაკლებად მისტიკური პროცესის სახით წარმოვადგინო, ვიდრე ეს ხიდების მშენებლობა ან ფუნთუშების ცხობაა.

და, რაკი ლიტერატურას შეუძლია ადამიანებს თავისუფლება მოუტანოს და შესწევს უნარი, თხრობის წყალობით, სხვადასხვა ხერხით ხორცი შეასხას ამ საქმეს, ერთობ სასარგებლო იქნებოდა იმის ახსნა, თუ როგორ ახერხებს იგი ამ ხორცშესხმას, რათა ამით უფრო აქტიური გახადოს ამ პროცესში საკუთარი თანამონაწილეობა. მაგრამ, რა ჰქვია ამ საქმიანობას, რომელსაც ნამდვილად ვეწევი, მაგრამ მიახლოებითაც კი არ შემიძლია ამის ახსნა? რა ხდება ამ დროს, როდესაც მე ყველა სტრიქონი თავიდან ბოლომდე გადამაქვს ქაღალდზე, ათასნაირად ვცვლი, ვამუშავებ და საკუთარ თარგზე ვჭრი მათ, მაგრამ მერე გადის დრო და ეს სტრიქონები თითქოს გვერდით ჩამიქროლებენ, უჩინარდებიან და ფორმაში ჩამოსხმული საზრისის სახით, განსაზღვრულ მნიშვნელობას სხვებისთვის იძენენ. თეორიულად შესაძლებელია ეს პროცესი სრულად აღვადგინოთ და წარმოვადგინოთ როგორც ოქმის მსგავსი რამ, რომლის წარმოებაც ლიტერატურული საქმიანობის პარალელურად ხდება, რათა ამ ოქმში დაწვრილებით იქნეს აღნუსხული ეს მრავალგანზომილებიანი შრომა. ოქმი აუცილებლად უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ინტელექტუალურ და სოციალურ, არამედ გრძნობად და მატერიალურ ასპექტებსაც; მან უნდა დაადგინოს და გამოავლინოს როგორც კვების, ნივთიერებათა ცვლისა და გუნება-განწყობის, ასევე გარემო პირობების მნიშვნელობა, და, ეს ყველაფერი, მხოლოდ მასალა კი არ უნდა იყოს, არამედ ფონსაც უნდა ქმნიდეს. მაგალითად, რომელიმე სპორტულ გადაცემას ზოგჯერ ცალი თვალით ვუყურებ ხოლმე, და, უნდა გითხრათ, ასეთ დაბნეულ მდგომარეობაში აზროვნება, თავისებურად იდუმალი საქმიანობა მგონია. ამიტომაც გამოდის, რომ ყველა ეს გადაცემა, ყოველგვარი შემოკლების გარეშე, შეტანილ უნდა იქნეს ზემოხსენებულ ოქმში, რადგან შესაძლოა ისე მოხდეს, რომ რომელიმე დარტყმამ ან ნახტომმა ჩემს გაფანტულ ფიქრებში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ამასთან, ეს შეიძლება ხელის ერთი მოძრაობა, ღიმილი, კორესპონდენტის სიტყვა ან რეკლამაც იყოს. რა თქმა უნდა, ამ დროს უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს არც ერთი სატელეფონო საუბარი, მოსალოდნელი ამინდი, მიღებული კორესპოდენცია და ყოველი ახალი სიგარეტიც კი; მოკლედ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველაფერი, რაც ხელს უშლის მოვლენებს შორის კავშირის დამყარებას, იქნება ეს სადღაც ხმაურით მიმავალი მანქანა, პნევმატიური უროს გრუხუნი თუ ქათმის კაკანი.

მაგიდის სიმაღლე, რომელზედაც ახლა ვწერ, 76,5 სმ-ია; მისი ზედაპირის სიგრძე 111 სმ-ს, ხოლო სიგანე 69,5სმ-ს შეადგენს. მაგიდას გრძელი ფეხები და დიდი უჯრა აქვს, თავისი არსებობის 70 თუ 80 წელს ითვლის და ჩემი ცოლის ბებიდის საკუთრებაა; ქალს ქმარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაეცვალა, რის შემდეგაც იგი უფრო პატარა ბინაში გადავიდა, მაგიდა კი თავის ძმას, ანუ ჩემი ცოლის პაპას მიჰყიდა; მერე კი როდესაც პაპა გარდაიცვალა, ეს სავსებით უფუნქციო მაგიდა ჩვენს ოჯახში მოხვდა, და, ვერ გეტყვით, საერთოდ სად იყო შეკუჭული, ვიდრე ერთ დღეს, სხვა ბინაში გადასვლის დროს, უეცრად არ მოგვხვდა თვალში; ამასთან, აღმოჩნდა, რომ მაგიდას ზედაპირი დაზიანებული ჰქონდა, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვისას, ჭურვის ნამსხვრევი მოხვედროდა; ასე და ამრიგად, წმინდა სენტიმენტალური ფასეულობების გარდა, ეს მაგიდა თითქოსდა იმ სოციალურ-პოლიტიკურ სივრცეში შესასვლელი, კარიბჭე აღმოჩნდა რომლის მოხსენიებაც აქ უპრიანი იქნება. დიახ, მაგიდას ამიერიდან ამ სივრცეში შესვლის საშუალებად აღვიქვამდი. ამასთან, მტვირთავი, რომელიც მაგიდის გადატანაზე ვაივაგლახით დავითანხმე, მისმა დანახვამ ისე აღაშფოთა, რომ მისი ეს აღშფოთება ლამის არის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ამ ნივთის ამჟამინდელი დანიშნულება; მაგრამ ეს შემთხვევითი ამბავი, რა მოსატანი იყო იმ დაჟინებულობასთან შედარებით, რომელიც ჩვენ არა გულაჩუყებულობით ან წარსულისადმი პატივისცემით, არამედ იმის გამო გამოვიჩინეთ, რომ მაგიდა ნაგავსაყრელზე გადასაგდებად არა და არ გვემეტებოდა. და, რაკი ამასობაში ამ მაგიდაზე რაღაც-რაღაცების დაწერაც მოვასწარი, მის მიმართ დროდადრო ნაზი გრძნობებიც კი გამიჩნდა და ეს “დროდადრო” ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. ახლა აღარაფერს ვიტყვი ნივთებზე, მაგიდაზე რომ აწყვია. ისინი მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ, რადაგნ მათ მაგივრობას ნივთებიც გასწევენ, და, მათი არსებობა შემთხვევითია, თუ არ ჩავთვლით 1957 წელს გამოშვებულ “რემინგტონის” მარკის საბეჭდ მანქანას, რომელსაც ისე შევეჩვიე, რომ იგი ჩემთვის რაღაც საწარმოო იარაღის ტოლფასი გახდა.

ამ ნივთისადმი საგადასახადო უწყებამ უკვე კარგა ხანია ინტერესი დაკარგა, თუმცა იგი ნამდვილად უწყობდა და დღესაც უწყობს ხელს შემოსავლების ზრდას. ამ მანქანას საქმეში ჩახედული კაცი ალბათ დამცინავ მზერას თუ შეავლებს, მე კი მისი წყალობით ოთხი რომანი და ასობით სტატია თუ კომენტარი დავწერე. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს საწერი მანქანა ჩემთვის ამის გამო არ არის ღირებული, და ჩემი ამგვარი დამოკიდებულება ისევ და ისევ იმ პრინციპით აიხსნება, რომ იგი ძველებურად მუშაობს და ადასტურებს, თუ რაოდენ მცირე საშუალებები გააჩნია მწერალს კაპიტალდაბანდებებისათვის.

მაგიდასა და საბეჭდ მანქანაზე ჩამოვაგდე სიტყვა, რათა თავად დავწმუნებულიყავი, რომ სულაც არ მესმის თვით ამ პირველადი მოხმარების ორი საგნის მნიშვნელობა; ამიტომ, თუკი შევეცდებოდი მათი წარმოშობისა თუ მატერიალური, საწარმოო და სოციალური ისტორიის წვრილმანებიც მათთვის საკადრისი გულისხმიერებით შემესწავლა, შედეგად ნამდვილად მივიღებდი კომპენდიუმს ინგლისისა და დასავლეთ გერმანიის საწარმოო და სოციალური განვითარების შესახებ. მაგრამ ჩვენ ხომ ჯერაც არაფერი გვითქვამს იმ სახლზე და ოთახზე, სადაც ეს მაგიდა დგას, იმ მიწაზე, რომელზედაც აღმართულია ეს სახლი; მით უფრო, არ გაგვიხსენებია ამ სახლის ცოცხალი თუ აწ გარდაცვლილი ბინადარნი, და, ის ადამიანები, რომლებიც გვამარაგებენ ნახშირით, რეცხავენ ჭურჭელს, დაატარებენ წერილებსა და გაზეთებს, და მით უფრო, ისინი, ვისთანაც უბრალოდ ახლობლობა, უფრო მეტი ახლობლობა და ყველაზე დიდი ახლობლობა გვაკავშირებს; ისე კი, საჭიროა ამ საქმეში ჩაგვერთო აბსოლუტურად ყველაფერი, იქნებოდა ეს მაგიდა თუ ზედ დაგდებული ფანქარი, ამასთან, მოგვეთხრო ყოველი ნივთის ისტორია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლობელ, უფრო ახლობელ თუ ყველაზე ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული ამბები. განა ამ დროს ნაკლებად გვექნებოდა საქმე მონარჩენებთან, ხვრელებთან, წინააღმდეგობებთან, პოეზიასთან, ღმერთთან და ირეალობასთან, ვიდრე ეს ყველაფერი ხიდის მშენებლობის ან ფუნთუშების ცხობისას იჩენს თავს?

არ გამიჭირდება ამის თქმა, და, მართალიც ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ენა მხოლოდ მასალაა, წერის დროს კი რაღაცის მატერიალიზაცია ხდება, მაგრამ, როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ როგორც ხანდახან ამბობენ, ამ დროს სიცოცხლის მსგავსი ჩაისახება, რომელიც ხორცს შეასხამს მათ ბედ-იღბალსა და გარემოებებს, და ეს ხორცშესხმა სადმე სხვაგან კი არა, სიცოცხლის ყოველგვარ ნიშანწყალს მოკლებულ ქაღალდის ფურცელზე ხდება; დიახ, ამ ფურცელზე ავტორის წარმოსახვა დღემდე ამოუცნობი წესით მკითხველის წარმოსახვას უკავშირდება; სწორედ აქედან იწყება მათი მსვლელობა საერთო გზაზე, რომლის რეკონსტრუქციაც შეუძლებელია, რადგან თვით ყველაზე გონივრული და ალღოიანი ინტერპრეტაციაც კი მასთან მიახლოების მხოლოდ მეტ-ნაკლებად წარმატებულ მცდელობას წარმოადგენს. მართლაცდა, აბა, როგორ შეიძლება იმის ზუსტად აღნუსხვა და აღწერა, თუ ყოველ ჯერზე როგორ გადაინაცვლებს მწერლისა და მკითხველის ცნობიერი მათ არაცნობიერში; და, ამასთან, მხედველობაში უნდა მივიღოთ მწერალსა და მკითხველს შორის არსებული ეროვნული, გეოგრაფიული, რელიგიური და მსოფლმხედველობრივი განსხვავებები და მათი ურთიერთმიმართების მუდმივი ცვალებადობა, რომელსაც ერთიც გრძნობს და მეორეც; მერედა, როგორ გინდა აღწერო ის უეცარი ფერისცვალება, რომლის წყალობითაც ერთი მათგანი მეორედ გარდაისახება და ამგვარი მოულოდნელი მონაცვლეობის გამო, მათ ერთმანეთისაგან უკვე ვეღარ განასხვავებ? რაც გინდა დაარქვი ამას, მონარჩენი თუ წუნი, ის ყოველთვის დარჩება ამოუცნობ საიდუმლოდ, და თუ გნებავთ, იგი არსებობს და იარსებებს თუნდაც სულ პაწაწინა ღრიჭოს სახით, რომელშიც ადამიანის გონებას შეღწევა არ ძალუძს, რადგან იქ იგი გადააწყდება პოეზიისა და წარმოსახვის აქამდე ამოუცნობ გონებას, რომელიც ჩვენთვის, ხორცშესხმულიც კი ქალის, მამაკაცისა თუ თვით ცხოველის სხეულივით შეუცნობელი დარჩება.

წერა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ჟინია, აქამდე ამოუცნობი სხეულის დამორჩილებას რომ ელტვის. ეს არის მოძრაობა არსაიდან არსაითკენ, რაღაც იდუმალის შესაცნობად, ამ დროს წინასწარ არასოდეს არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ყველაფერი, თუმცა, როდესაც “დამთავრებაზე” ვლაპარაკობ, კლასიკურ დრამაში კვანძის გახსნა არა მაქვს მხედველობაში; აქ მე იმ რთული და მრავალმხრივი ექსპერიმენტის შედეგს ვგულისხმობ, რომელშიც წარმოსახვაში ამოტივტივებული და უწესრიგოდ მიმოფანტული ეს სულიერი, ინტელექტუალური თუ გრძნობადი მასალა ხორცშესხმას ელტვის – და, თანაც ქაღალდის ფურცელზე! ამ აზრით, საერთოდ არ შეიძლება არსებობდეს წარმატებული ლიტერატურა, წარმატებული ფერწერისა და წარმატებული მუსიკის მსგავსად, რადგან არავის არ ძალუძს, წინასწარ დაინახოს სხეული, რომელსაც ელტვის; ამიტომაც ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები, რომელსაც აღნიშნავენ ზერელე სიტყვით “თანამედროვე” (უფრო კი უპრიანი იქნებოდა, მისთვის “ცოცხალი” გვეწოდებინა), ექსპერიმენტსაც წარმოადგენს, აღმოჩენასაც და დროების გამოვლინებასაც, რამდენადაც მისი შეფასება და სხვა ნაწარმოებებთან შედარება მხოლოდ ისტორიულ პერსპექტივაშია შესაძლებელი; ამასთან, მარადიულ ფასეულობებზე ლაპარაკი და მათი მოძიება არცთუ მთლად აუცილებელი მგონია. მაშ, როგორღა გავიდეთ ფონს იმ ხვრელისა თუ მონარჩენების გარეშე, რომელსაც შეიძლება ირონიაც ვუწოდოთ, პოეზიაც, ღმერთიც, ირეალობაც და წინააღმდეგობაც?

სახელმწიფოებიც კი მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებენ იმის განხორციელებას, რასაც უკვე არსებულად აცხადებენ; არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც არ ექნებოდა ხვრელები კონსტიტუციასა და მის მოქმედებას შორის. ეს ის მორჩენილი სივრცეა, რომელშიც ღვივდება, – და ღმერთმა ქნას, რომ ყვაოდეს! – პოეზია და წინააღმდეგობა. ამ ხვრელის გარეშე ვერ იარსებებს ვერც ერთი ლიტერატურული ჟანრი: ნებისმიერ, თვით ყველაზე დახვეწილ რეპორტაჟშიც კი, რაღაცის გამოტოვება ხდება; მაგალითად, ყოფითი საგნების გამოწვლილვით აღწერა ვერ მოხერხდება მონტაჟისა და ადგილმონაცვლეობის გარეშე. ამ შემთხვევაში ვერც ინტერპრეტაცია და ვერც მუშაობის პროცესში წარმოებული ოქმი იმიტომაც ვერ გაგვიწევს დახმარებას, რომ ენის მასალა არ დაიყვანება ყველასათვის გასაგებ ინფორმაციამდე, რადგან ყოველ სიტყვას ამძიმებს ისტორიის, მითების, ეროვნული და სოციალური განვითარებისა თუ ისტორიული პერსპექტივის ტვირთი; ჰოდა, ამ ტვირთის გადმოტანაც აუცილებელია და ამის ჩვენებას ჩემი საწერი მაგიდის მაგალითზე შევეცადე. მნიშვნელობის განმარტება მხოლოდ ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმნის პრობლემა არ არის; იგი ბევრად უფრო სერიოზულად იჩენს ხოლმე თავს ერთი ენის საზღვრებში, სადაც შესაძლოა, განმარტებამ მსოფლმხედველობის მნიშვნელობა მიიღოს, და, ამ დროს, მსოფლმხედველობა ომის დაწყებას ნიშნავდეს. გავიხსენოთ თუნდაც რეფორმაციის შემდგომი ომები, რომლებიც მხოლოდ ძალაუფლებისა და პოლიტიკური ბატონობისათვის ბრძოლას კი არ უკავშირდება, არამედ რელიგიური თვითგამორკვევის ბრძოლებსაც წარმოადგენს. სხვათა შორის, უნდა შევნიშნო, რომ, თუ უგულებელვყოფთ ტვირთს, რომლის ზიდვაც ყოველ სიტყვას მისმა რეგიონალურმა და, თუნდაც, ადგილობრივმა ისტორიამ დააკისრა, მაშინ, რა თქმა უნდა, ენაც ცვლილებას განიცდის. თავად მე, როდესაც გერმანულს ვკითხულობ ან ვისმენ, ეს ენა უფრო მეუცხოება, ვიდრე შვედური, რომელიც, სამწუხაროდ, თითქმის არ მესმის.

პოლიტიკოსები, იდეოლოგები, ღვთისმეტყველნი და ფილოსოფოსები კვლავაც ცდილობენ შემოგვთავაზონ ისეთი ვარიანტები, სადაც ყველაფერი, ყოველგვარი მონარჩენის გარეშე, მკაფიოდ და ნათლად წყდება. ეს მათი მოვალეობაა, ხოლო ჩვენი, მწერლების ვალია, შევაღწიოთ იმ ხვრელში, რადგან ვიცით, რომ არც ერთი საკითხი არ გადაიჭრეს იმ მონარჩენისა და წინააღმდეგობის გარეშე. უამრავი ამოუცნობი და აუხსნელი მონარჩენების მთებია აღმართული ირგვლივ. ადამიანები, რომლებიც აშენებენ ხიდებს, აცხობენ ფუნთუშებს და წერენ რომანებს, როგორც წესი, თავიანთ მონარჩენებს, ასე თუ ისე, აუდიან, და მათთვის ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. სუფთა და ანგაჟირებულ ლიტერატურაზე როცა ვლაპარაკობთ, მათ ერთმანეთს ვუპირისპირებთ ხოლმე; ეს არასწორად მიმაჩნია, და, ამ საკითხს მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდები. საქმე ისაა, რომ ამ დროს ყოველთვის არ ვაცნობიერებთ ანდა ვცდილობთ აზრები ქვეცნობიერში გადავიტანოთ, როდესაც საქმე სუფთა და ანგაჟირებულ ფულს ეხება. როდესაც ვხატავთ და გვესმის, როგორ მსჯელობენ პოლიტიკოსები და ეკონომისტები ისეთ, ერთი შეხედვით, რაციონალურ საკითხზე, როგორც ფულია, მაშინ ზემოხსენებული სამი პროფესიის ფარგლებში არსებული იდუმალი, და, ლამის არის, მისტიკური სფერო, საოცრად უწყინარი ჩანს. მაგალითისთვის ავიღოთ ამასწინათ ჩატარებული ღონისძიება, რომელიც დოლარის თავხედურ შემოტევას უკავშირდება (და თავმდაბლობით დოლარის კრიზისად რომ მოიხსენიებენ). ჩემისთანა უნიჭო დილეტანტსაც კი თვალში მოხვდა ერთი გარემოება, რომელსაც თავის სახელს არავინ არქმევდა: ორ სახელმწიფოს, რომელსაც ეს კრიზისი სხვებზე მეტად შეეხო, დაჟინებით უბიძგებდნენ, ერთი უაღრესად უცნაური საქმისაკენ (თუკი, რა თქმა უნდა, ამ დროს “თავისუფლების” ცნებას უბრალო ფიქციად არ ჩავთვლით): მათ საქონელი იძულების წესით უნდა შეეძინათ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვალი უნდა გადაეხადათ. ამ ორ ქვეყანას, ისტორიულად რაღაც საერთო გააჩნია; ესაა წაგებული მეორე მსოფლიო ომი, და, თუ ჭორებს დავუჯერებთ, – მუყაითობა და სიბეჯითე. ნუთუ ამ დროს არ უნდა ავუხსნათ იმას, ვისაც ეს ამბავი უშუალოდ ეხება, ვინც ხურდა ფულს აჩხრიალებს ჯიბეში და ჰაერში აფრიალებს სახელმწიფო სიმბოლოებით აჭრელებულ კუპიურებს, დიახ, ნუთუ მას არ უნდა ავუხსნათ, რა არის მიზეზი იმისა, რომ, თუმცა ის უწინდელზე ნაკლებს არ შრომობს, მაგრამ ამ ფულით უფრო ნაკლებ პურს, რძესა და ყავას ყიდულობს, ამასთან, ტაქსისთვის უფრო ნაკლები ფული რჩება?

მერედა, რამდენი ხვრელი აღმოჩნდება ხოლმე ფულის მისტიკაში და რომელ სეიფებში ინახება ამ მისტიკის პოეზია? იდეალისტურად განწყობილი მშობლები და აღმზრდელები დღენიადაგ შთაგვაგონებდნენ, ფული ხელის ჭუჭყიაო. ჩემთვის ეს ყოველთვის გაუგებარი იყო, რადგან ფულს მხოლოდ საკუთარი შრომით ვშოუ­ლობდი (აქ არ ვგულისხმობ იმ უზარმაზარ პრემიას, შვედეთის აკადემიამ რომ მომანიჭა), ამიტომ, ვინც თვით ყველაზე ჭუჭყიან სამუშაოს ასრულებს, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არა აქვს, ამ სამუშაოში აღებული ფული სუფთა ფულია; მას და მის ახლობლებს იგი ხომ არსებობისთვის სჭირდებათ! ფული შრომის საზღაურია, ლაპარაკი კი მხოლოდ სუფთა შრომაზე შეიძლება. თავად შრომასა და შრომით მონაგარს შორის, რა თქმა უნდა, რჩება ის ამოუცნობი მონარჩენი, რომლის ახსნაც ისეთი ბუნდოვანი ფორმულირებით, როგორიცაა “კარგი და ცუდი ხელფასი”, უფრო რთულია, ვიდრე იმ ხვრელის ამოვსება, რომელიც წარმოიქნება რომანის ან ლექსის ანალიზის შემდეგ.

ლიტერატურაში არსებული გაურკვეველი მონარჩენები, ფულის მისტიკაში არსებულ აუხსნელ ხვრელებთან შედარებით, გვაოცებენ თავისი უწყინარობით, და, მაინც, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, დანაშაულებრივი ქარაფშუტობით რომ გვიქადაგებენ თავისუფლებას; ამით ისინი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ გარკვეული მითისადმი მორჩილებას და აკმაყოფილებენ ამ მითის პრეტენზიებს ბატონობაზე. ასეთ შემთხვევებში გაისმის ხოლმე მოწოდება პოლიტიკური სიფხიზლისაკენ, ეს კი, სახელდობრ, იქ ხდება, სადაც არამც­თუ სიფხიზლეს, არამედ უბრალოდ პრობლემის განხილვასაც კი უამრავ წინააღმდეგობას უქმნიან. ჩემი საბანკო ჩეკის ქვედა კიდეზე ოთხ ჯგუფად ჩამორიგებულ ციფრებს ვხედავ; მთლიანობაში ეს 32 ნიშანია, რომელთაგან ორი იეროგლიფებს მაგონებს. ამ ოცდათორმეტი ნიშნიდან ხუთს ვცნობ: სამი მათგანი ჩემი ანგარიშის ნომერია, ორი კი – ბანკის განყოფილებებზე მიუთითებს; მაგრამ, რა მოვუხერხო იმ დანარჩენ ოცდაშვიდ ნიშანს, უამრავი ნულით რომაა აღჭურვილი? დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ყველა ამ ნიშნის გონივრულად, გააზრებულად, და, – როგორ ვთქვა უფრო ლამაზად, – გამჭვირვალედ ახსნა. მაგრამ ჩემს ტვინსა და ცნობიერებაში ვერ გამოინახა ადგილი ამგვარი გამჭვირვალე განმარტებისათვის, და, ამ საიდუმლო დამწერლობიდან მეხსიერებას მხოლოდ იმ ციფრების მისტიკა შემორჩა, რომელიც თავისი პოეზიითა და სიმბოლიკით ბევრად უფრო მიუწვდომელია ჩემთვის, ვიდრე მარსელ პრუსტის “დაკარგული დროის ძიებაში” ან “ვესობრუნული ლოცვა”. ერთადერთი რამ, რასაც ჩემგან ეს 32 ნიშანი მოითხოვს, არის სრული ნდობა, რომელიც ამ დროს უნდა გამოვიჩინო და დავიჯერო, რომ მათ სისწორეში ეჭვი არ მეპარება, და, რომ ყველაფერი ნათელი და გასაგებია ყოველგვარი მონარჩენის გარეშე; ამასთან, ოდნავ მაინც რომ მომენდომებინა, შესაძლოა, ჩემთვისაც კი ძნელი არ ყოფილიყო ამ ნიშნების გაგება; მიუხედავად ამისა, ჩემში კვლავაც რჩება მისტიკისა და თვით ბევრად უფრო ძლიერი შიშის შეგრძნება, ვიდრე ეს შეეძლო გამოეწვია ნებისმიერ პოეტურ ნაწარმოებს. ეჭვი მაქვს, რომ ეს ფინანსურ-პოლიტიკური ამბები სავსებით მათთვისაც კი არ უნდა იყოს მთლად გასაგები, ვის ფულზეც აქ მიხდება ლაპარაკი.

აი, კიდევ, ოცდაათ ციფრს სატელეფონო ანგარიშზე და რამდენიმეს სადაზღვევო პოლუსებზე ვხედავ, ამას გარდა, მართვის მოწმობის, მანქანისა და ტელეფონის ნომრებიც ხომ არსებობს?! ჰოდა, არ შემწევს ძალა, ჩამოვთვალო ყველა ის ციფრი, რომლებიც უნდა დავიმახსოვრო ან სადმე ჩავიწერო, რათა ნებისმიერ დროს შევძლო, ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში. ახლა ჩემი ჩეკის ოცდათორმეტ ციფრს ექვსზე ან, ოდნავ გამარტივებული სახით, ოთხზე თუ გადავამრავლებ, მერე ამ ნამრავლს ჩემი დაბადების წელს და რამდენიმე ციფრულ კოდსაც მივუმატებ, ჩემს აღმსარებლობასა და ოჯახურ მდგომარეობას რომ აღნიშნავენ, შევძლებ კი, ბოლოს და ბოლოს, ვეზიარო დასავლურ აზროვნებას, მისთვის აგრერიგად ნიშნეული შეკრება-გამოკლებითა და გამრავლებით? ვინ იცის, ეს ჩვენ მიერ გაცნობიერებული და აღიარებული გონება, რომელიც ჩვენივე შემეცნებასაც გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენეული, დასავლური ზესთამჩენობაა, მთელ მსოფლიოში კოლონიზაციისა და მისიონერობის საფარქვეშ რომ ვავრცელებდით, როგორც დათრგუნვის იარაღს? ვისაც ეს ეხება, დაე, მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონოდა განსხვავებებს ქრისტიანობას, სოციალიზმს, კომუნიზმსა და კაპიტალიზმს შორის, დაე, ამ გონების პოეზიას ხანდახან რაღაც შეეგონებინა მათთვის, განა გამარჯვებული მაინც მათი პოეზიის გონება არ დარჩებოდა? რაში მდგომარეობდა ინდიელების მთავარი დანაშაული, როდესაც ისინი პირისპირ შეეჯახნენ ამერიკაში ჩატანილ ევროპულ გონებას? დიახ, მათ არ ესმოდათ ოქროს ფასი, ფულის ფასი! მერე ინდიელებმა იმის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, რასაც დღესდღეობით ჩვენც ვებრძვით, და ეს ჩვენი გონების უახლესი მიღწევა გვგონია. ისინი იბრძოდნენ სამყაროსა და ბუნების განადგურების, სიმდიდრის მოსახვეჭად მიწის გამოყენების წინააღმდეგ, და, ეს ყველაფერი ამ ადამიანებისთვის ბევრად უფრო უცხო იყო, ვიდრე ჩვენთვის მათი ღმერთები და სულები არიან. რა შეეძლო მიეცა ინდიელებისთვის ქრისტიანობას ან თუნდაც სიკეთის მაუწყებელ ხმას, როდესაც ხედავდნენ, მათი დამპყრობლები კვირაობით ეკლესიებში რა გიჟური და პირმოთნე თვითკმაყოფილებით შეჰღაღადებდნენ მაცხოვრად წოდებულ ღმერთს, ორშაბათობით კი, როგორც წესი, აღებდნენ ბანკებს, სადაც ყველაფრის ღირებულებას ფული, საკუთრება და მოგება განსაზღვრავს? წყლის, ქარის, კამეჩებისა და ბალახის პოეზიას, რომელიც ინდიელთა ცხოვრების არსს შეადგენდა, დაცინვით ვუყურებდით. ჩვენ, დასავლეთის ადამიანები, ჩვენი ყოვლისმომცველი გონების უკანასკნელ ქმნილებებში – ქალაქებში გამოვიკეტეთ (სამართლიანობა მოითხოვს, ისიც ითქვას, რომ ჩვენ საკუთარი თავიც არ დავინდეთ), და ახლაღა ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, თუ რას ნიშნავს წყლისა და ქარის პოეზია და, რას განასახიერებს იგი! ეკლესიის ტრაგედია ის კი არ არის, რასაც განმანათლებლობის ეპოქის სულისკვეთებიდან გამომდინარე, შეიძლება მისი არაგონივრულობა ვუწოდოთ; არა, ეს არის სასოწარკვეთილი და მარცხისთვის განწირული, უიმედო მცდელობა, დაეწიოს და გაუსწროს გონებას, რომელიც ვერასოდეს ვერ შეეგუება ისეთ აშკარა უგონობას, როგორიცაა სხეულმოვლენილი ღმერთი. მითითებები, წესდებები, სპეციალისტთა დასკვნები, დანომრილი დირექტივებისა და ცრურწმენების ურიცხვი რაოდენობა ჩაბეჭდილია ჩვენში და მიედინება ისტორიის სწავლების კონვეიერზე; ეს ყველაფერი კი იმისთვის ხდება, რომ, რაც შეიძლება, მეტად მოხდეს ადამიანთა გაუცხოება. ევროპის უკიდურეს დასავლეთშიც მის გონებას რაღაც ისეთი უპირისპირდება, რასაც ჩვენ არაგონივრულობას ვუწოდებთ. ჩრდილოეთ ირლანდიის საშინელი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ორი სხვადასხვა გონება ასწლეულობით ჩაბმულია ბრძოლაში, რომელსაც არა და არ უჩანს ბოლო.

ისტორიამ მემკვიდრეობით დაგვიტოვა უზარმაზარი სფეროები, რომელთა არსებობასაც უარვყოფთ და სიძულვილით ვუყურებთ. ჩვენი გონების გამარჯვების მაუწყებელი დროშები უკვე ფრიალებს მთელი კონტინენტების თავზე. მოსახლეობის სხვადასხვა ფენა კვლავინდებურად უცხო რჩებოდა ერთმანეთის მიმართ, თუმცა თითქოს ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობდა. ცოლქმრობის ევროპულმა ნიმუშმა მაორგანიზებელი საწყისის სახე მიიღო, მაგრამ, ამასთან, მიჩუმათებული იყო ის ფაქტი, რომ ეს ნიმუში პრივილეგიას წარმოადგენდა, და, მაშასადამე, მასზე ხელი არ მიუწვდებოდათ ბოგანო გლეხებსა და მოჯამაგირეებს, რომლებსაც ზეწრის საყიდელი ფულიც კი არ ჰქონდათ; საქმე ისაა, რომ მათ ეს ფული გინდაც დაეგროვებინთ ან ქურდობით ეშოვათ, მერე მაინც ვერ იყიდიდნენ საწოლს, რომელზედაც ამ ზეწარს გადააფარებდნენ. ამგვარი გულგრილობის წყალობით, გლეხები კანონგარეშე აგრძელებდნენ ცხოვრებას, არადა, მათ ხომ ამასობაში შვილები უჩნდებოდათ! თუმცა საიდანაც არ უნდა შეგეხედა, ამ საქმეში ყველაფერი თითქოს მონარჩენების გარეშე გადაწყვეტილი იყო. ფსევდოკატეხიზმოს წყალობით ყველაფერზე ზუსტი პასუხები, ზუსტი კითხვები და ზუსტი მითითებები არსებობდა. ჰოდა, აბა, რა გასაკვირია, რომ პოეზიას ყოველთვის აღიქვამდნენ როგორც არამიწიერ მოვლენას, რომელიც არანაირად არ იყო დაკავშირებული ამქვეყნიურ ცხოვრებასთან. ახლა კი ძველ წესრიგს მისტირიან და გაკვირვებას ვერ მალავენ, როდესაც მათთვის საძულველ, მიგდებულ პროვინციაში მღელვარება იწყება, რასაც ესა თუ ის პარტია, რა თქმა უნდა, საკუთარი მატერიალური და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. იმასაც კი ცდილობენ, სქესობრივ სიყვარულად წოდებული დღემდე შეუსწავლელი კონტინენტი იმ მკაცრი მითითებების ჩარჩოებში მოაქციონ, დამწყები ფილატელისტებისთვის მიცემულ მითითებებს რომ მოგვაგონებს. ასე და ამგვარად, ზუსტად ჰქონდათ დადგენილი ნებადართული და აკრძალული ნაზი გრძნობების ნუსხა, და, აი, შეძრწუნებულმა ღვთისმეტყველებმა და იდეოლოგებმა უეცრად აღმოაჩინეს, რომ იმ კონტინენტზე, რომელიც მშვიდი, მოწესრიგებული და ჩამცხრალი ეგონათ, თურმე მაინც დარჩენილა მოქმედი ვულკანები, და, თვით თავდადებულ მეხანძრეებსაც კი აღარ ძალუძთ მათი ჩაქრობა. მერე კი, რა ცოდვა აღარ აჰკიდეს უფალ ღმერთს, სიბრალულის ღირს ამ ინსტანციას, რომლის სახელსაც გამუდმებით ბოროტად იყენებენ. დიახ, ყველაფერს, რაც ისევ და ისევ პრობლემად რჩება, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური და სექსუალური საკითხები, მას აბრალებენ, ყველა გზა მისკენ მიდის, მასზე გადააქვთ შეურიგებელი სიძულვილი და ყველა გზა მისკენ მიდის და ყველა იმ მშფოთვარე “მონარჩენსაც” მის სახელს უკავშირებენ; თუმცა იმავდროულად სხეულმოვლენილ ღმერთზე ლაპარაკობენ და არ სურთ დაფიქრება იმაზე, რომ, დაე, თუნდაც ვაღიაროთ ეს სხეულმოვლენილი ღმერთი, მაინც არც ის შეიძლება, რომ ადამიანი მოახვიო თავს ღმერთს, და, არც ის, ღმერთი მოახვიო თავს ადამიანს. მაშ, რაღად გვიკვირს, რომ ღმერთი გადარჩა იმ ადგილას, რომელსაც უღმერთობას მიაწერდნენ, ხოლო ქვეყნისა და საზოგადოების უბადრუკობას, დოგმატური კატეხიზმოს და იმ სულ უფრო და უფრო შორეული მომავლის მეშვეობით ამართლებდნენ, აუცილებლად პირქუშ აწმყოდ რომ გადაიქცეოდა ხოლმე? ჩვენ კი ისევ და ისევ მხოლოდ აუტანელ ზესთამჩენობას ვიჩენთ და, თავს უფლებას ვაძლევთ, ამაზე ისე ვიმსჯელოთ, თითქოს ეს რეაქციული პროცესი იყოს; ჩვენი ზესთამჩენობა კი იმ სახისაა, რომელიც ადგილობრივ ჩინოვნიკ ღვთისმსახურებს აგულიანებს, რათა ღმერთი, თითქოსდა საბჭოთა კავშირში რომ გადარჩა, თავისად მიიჩნიონ, მაგრამ ისე, რომ არ გაწმინდონ ის ჩვენი ნაგავსაყრელები, სადაც ეს ღმერთია ჩამარხული; ამგვარად, ღმერთის მოვლინებას იქ იმისთვის გამოიყენებენ, რათა გაამართლონ გარკვეული საზოგადოებრივი წყობის არსებობა აქ. როდესაც თავი მოგვაქვს ჩვენი რწმენით, სულერთია, ქრისტიანული იქნება ის თუ ათეისტური, გამუდმებით იქითკენ მივილტვით, რათა ესაა თუ ის კატეგორიულად გამოხატული აზრთა წყობა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ამ დროს ჩვენი სიგიჟე და ზესთამჩენობა ასამარებს ერთსაც და მეორესაც: სხეულმოვლენილ ღმერთს, ანუ ღმერთკაცსაც, და, კაცობრიობის იმ ნათელ მომავალსაც, ამ ღმერთის ადგილას რომ აღმართულა. ისეთ კანონმორჩილ არსებებს, როგორებიც ჩვენ ვართ, არ გაგვაჩნია ერთი საგულისხმო თვისება, სახელდობრ კი, თვინიერება, რომელიც არ უნდა გავაიგივოთ თავმდაბლობასთან, და, მით უფრო, მორჩილებასთან. არადა, სწორედ ასე მოვექეცით კოლონიალურ ხალხებს, როდესაც მათთვის დამახასიათებელი თვინიერება და ამ თვინიერების პოეზია დამცირების იარაღად გამოვიყენეთ; ყოველთვის დათრგუნვისა და დაპყრობის ჟინით რომ ვიყავით შეპყრობილი, კაცმა რომ თქვას, ეს არც გასაკვირია იმ ცივილიზაციისათვის, რომლის უცხოურ ენაზე საკითხავ ნაწარმოებებსაც, წლების მანძილზე, იულიუს კეისრის “Bელლუმ ჩალლიცუმ-ი” წარმოადგენდა, ხოლო თვითკმაყოფილების მომგვრელ სავარჯიშოებად იმ კატეხიზმოს მარტივი და მკაფიო პასუხები გამოიყენებოდა, რომელიც უცდომელობისა და “მონარჩენების” გარეშე, სწრაფად გადასაჭრელი პრობლემების ნიმუშად იყო მიჩნეული.

ასე და ამრიგად, რამდენადმე დავშორდი ხიდების მშენებლობის, ფუნთუშების ცხობისა და რომანების შექმნის საკითხს და ყურადღება ხვრელებზე, ირონიაზე, ფანტასტიკის სფეროზე, და, ასევე “მონარჩენებზე”, ღმერთებზე, მისტიფიკაციასა და წინააღმდეგობაზე გადავიტანე. რატომღაც ვიფიქრე, ეს რთული საკითხები უფრო საჭიროებს ახსნა-განმარტებას, ვიდრე ის ამოუცნობი კუთხე-კუნჭულები, რომლებშიც ჩვენი დამთრგუნველი გონება კი არა, ის პოეტური გონება იმალება, აგრერიგად რომ ახასიათებს, მაგალითად, რომანს. ის ორასი ციფრი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე წყვილ კოდთან ერთად, ზედმიწევნით ზუსტად, მეხსიერებაში, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, ქაღალდზე მაინც უნდა შემოვინახო, ჩემს არსებობას ადასტურებს, თუმცა ვერა და ვერ გამიგია მათი მნიშვნელობა. ჰოდა, ეს ორასი ციფრი მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ზოგადი პრეტენზიისა და იმ ბიუროკრატიის არსებობის ფაქტზე მიუთითებს, რომელიც არამც­თუ უბრალოდ თავს იკატუნებს, რომ გონიერია, არამედ ნამდვილად გონიერია. ამ ბიუროკრატიისადმი ბრმა ნდობას შთამაგონებდნენ და შემაჩვიეს კიდეც ამას, მაგრამ ისიც ხომ შესაძლებელია, რომ პოეზიის გონებასაც არა მხოლოდ ნდობით მოეკიდებიან, არამედ მის მომძლავრებასაც შეუწყობენ ხელს და მხოლოდ სიმშვიდეში კი არ ამყოფებენ, არამედ, პირიქით, მოახერხებენ, სიმშვიდესა და სიამაყეში მიბაძონ მას; ეს სიამაყე ხომ სათავეს იმ თავმდაბლობაში იღებს, არა ზემდგომის, არამედ ქვემდგომის წინაშე რომ წარმოჩნდება. ამგვარ გონებაში იმალება პატივისცემაც და სინატიფეც, სამართლიანობაც და სურვილიც, აღიაროს სხვა და აღიარებულ იქნეს სხვის მიერ.

აქ არ ვაპირებ რაიმე ახალი მისიონერული გზებისა და საშუალებების შემოთავაზებას, მაგრამ რატომღაც მგონია, როდესაც თვინიერებაზე, სინატიფესა და სამართლიანობაზე ვლაპარაკობ, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ბევრ მსგავსებასა და სიახლოვეს ვხედავ, ერთი მხრივ, “უცხოს” კამიუსეულ თვალსაზრისსა და კაფკას გმირების გაუცხოებას, ხოლო, მეორე მხრივ, სხეულმოვლენილ ღმერთს შორის, რომელიც ასევე უცხო დარჩა, მაგრამ, რომელსაც თუ არ მივიღებთ მხედელობაში რამდენიმე ემოციურ აფეთქებას – ნამდვილად ახასიათებს სინატიფე და სიტყვიერი სიზუსტე.

რატომ ხდებოდა, კათოლიკური ეკლესია ძალიან დიდხანს, – თქმაც კი მიჭირს, რამდენ ხანს, გმანავდა წმინდა ტექსტებთან მისასვლელ ყველა გზას და მათ მხოლოდ ლათინურ და ბერძნულ ენებზე არსებობის უფლებას აძლევდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ტექსტებზე მხოლოდ განდობილთ მიუწვდებოდათ ხელი? ამის მიზეზი ალბათ ის უნდა ყოფილიყო, რომ ეკლესია ცდილობდა თავიდან აეცილებინა პოეზიის ხორცშესხმულ სიტყვაში დანახული საფრთხე, რათა საკუთარი გაბატონებული გონება ამ გზით დაეცვა პოეზიის სახიფათო გონებისაგან. შემთხვევით არ იყო, რომ რეფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად ენებისა და მათი შინაგანი ქსოვილის აღმოჩენა იქცა.

განა შესაძლებელია იმპერიის არსებობა ენობრივი იმპერიალიზმის, ესე იგი, საკუთარი ენის საზღვრების გაფართოებისა და დამარცხებულთა ენების დათრგუნვის გარეშე?

სახელდობრ, ამასთან დაკავშირებით განვიხილავ არა იმპერიალისტურ, არამედ, ერთი შეხედვით, ანტიიმპერიალისტურ მცდელობებს, სახელი გაუტეხონ პოეზიას, ენის მგრძნობელობას, მის სხეულებრივ ქსოვილსა და წარმოსახვას (რამდენადაც ენა და წარმოსახვა ერთ მთლიანობას ქმნის) და ძველი “გათიშე და იბატონეს”@ პრინციპის თანახმად, წამოაყენონ მორიგი, მცდარი ალტერნატივა: ინფორმაცია თუ პოეზია. ამ ახალი გონების ახალთახალ და საყოველთაოდ გავრცელებულ ზესთამჩენობას შეუძლია აღიაროს, ვთქვათ, ინდიელების პოეზია, იმ ძალად, ბრძოლისკენ რომ მოუწოდებს და ძირეულ აუცილებლობას რომ წარმოადგენს ქვეყანაში კლასების გასათავისუფლებლად, თუმცა მას მაინც ურჩევნია, საკუთარ პოეზიას დაუჭიროს მხარი. მაგრამ პოეზია კლასობრივ პრივილეგიას არ წარმოადგენს და არც არასოდეს ყოფილა ასეთი. ფეოდალიზმისა და ბურჟუაზიული ეპოქის ლიტე­რატურა იმ ენაში იღებს დასაბამს, საზეიმოდ @ხალხურ ენას@ რომ უხმობდნენ, დღეს კი “ჟარგონი” და “სლენგი” ჰქვია. მაშინაც კი, თუ ამ პროცესს ენობრივ ექსპლოატაციად მოვნათლავთ და მის ყალბ ალტერნატივად ინფორმაციასა და პოეზიას თუ წამოვაყენებთ, ექსპლოატაციის ამ პროცესში ვერაფერს ვერ შევცვლით. ნოსტალგიასთან შერწყმული სიძულვილი, რომელსაც მალავენ სიტყვები: “ხალხური ენა”, “სლენგი” და “ჟარგონი”, ჯერ კიდევ არ გვაძლევს საფუძველს, სანაგვეზე მოვისროლოთ პოეზია, და, მასთან ერთად სხვა გამომსახველობითი ფორმები და საშუალებები. აქ ერთობ ძლიერად იგრძნობა სამღვდელოების ხელი: იგი ცდილობს მიჩქმალოს სხვა სახით სხეულმოვლენილი მგრძნობელობა, და, იმავდროულად შექმნას ახალი კატეხიზმო, რომელშიც ლაპარაკი იქნება ერთადერთ სწორ, და, საფუძველშივე ყალბი გამოხატვის საშუალებებზე.

შეუძლებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ინფორმაციისა და იმ გამოხატვის ძალა, რომელიც ამ ინფორმაციას გააჩნია. ღვთისმეტყველების თვალსაზრისიდან გამომდინარე, ეს ნაწილობრივ მოგვაგონებს ზიარების ორი სახეობის გარშემო ატეხილ, საკმაოდ მოსაწყენ, მაგრამ მნიშვნელოვან დებატებს. რის შედეგადაც კათოლიკურ სამყაროში სხეულმოვლენილი ღმერთის უარყოფა უკავშირდება ზიარების პურის ფერს, რომელსაც, კაცმა რომ თქვას, პურსაც ვერ დაარქმევ! უკვე აღარაფერს ვამბობთ მილიონობით ჰექტოლიტრ გადამალულ ღვინოზე! აქ საქმე ეხება არა მხოლოდ მატერიის ამპარტავნულ არაღიარებას, არამედ იმასაც, თუ რას უნდა განასახიერებდეს ეს მატერია.

არავითარი ლაპარაკი არ შეიძლება იყოს რაიმე კლასის გათავისუფლებაზე, თუკი მას წინასწარ რაღაცას უმალავ; დაე, მანიხეიზმის ახალი მიმართულება საკუთარ თავს არარელიგიოზურს, და, ანტირელიგიოზურსაც კი უწოდებს, მას მაინც გადმოაქვს იმ საეკლესიო ხელისუფლების მოდელი, რომლის თანახმადაც ჰუსი კოცონზე დაწვეს, ლუთერი კი – ეკლესიიდან მოკვეთეს.

რა თქმა უნდა, უსასრულოდ შეიძლება კამათი “მშვენიერის” კატეგორიაზე, შეიძლება ახალი ესთეტიკური თეორიების შექმნა, რომლებიც საკუთარ თავს თვითონვე გამოუყვანენ წირვას, მაგრამ არაფრით არ შეიძლება რაიმე საქმის მალულად დაწყება, არ შეიძლება გამოვრიცხოთ სივრცის გადალახვის უნარი, რომელიც გააჩნია ლიტერატურას.

დიახ, ლიტერატურას შეუძლია გადაგვიყვანოს სამხრეთ ან ჩრდილოეთ ამერიკაში, შვედეთში, ინდოეთსა და აფრიკაში, და, ზუსტად ასევე შეიძლება აღმოვჩნდეთ სხვა კლასში, დროში, რელიგიასა თუ რასაში. თვით ბურჟუაზიულ ლიტერატურასაც კი არასოდეს არ დაუსახავს მიზნად ადამიანების გაუცხოება; პირიქით, იგი ყოველთვის ცდილობდა ამ გაუცხოების გადალახვას.

და დაე კლასმა, რომელიც აქამდე ქმნიდა მას, ისტორიულად ამოწურა თავი, მაგრამ ამ კლასის მიერ შექმნილი ლიტერატურა არცთუ იშვიათად ქცეულა მისდამი გამოვლენილი წინააღმდეგობების თავშესაფრად.

რა თქმა უნდა, ამ წინააღმდეგობამ უნდა შეინარჩუნოს საერთაშორისო ხასიათი, რომლის წყალობითაც ერთ-ერთი მათგანი – ალექსანდრ სოლჟენიცინი – მორწმუნე ხდება, მეორე კი – არაბალი, – რელიგიისა და ეკლესიის გააფთრებულ მოწინააღმდეგედ გადაიქცევა. ეს წინააღმდეგობა არ უნდა გავიგოთ, როგორც რაიმე მექანიზმი ან რეფლექსი, რომელიც ერთ შემთხვევაში ღმერთისადმი რწმენას, ხოლო მეორე შემთხვევაში უღმერთობას ბადებს. მას უნდა მივუდგეთ, როგორც ისტორიულად არსებული სულიერი კავშირების განხორციელებას, ჩვენ მიერ უარყოფილ სფეროებსა და იქ აღმოჩენილ ნარჩენებს შორის რომ გამოვლინდა; ამასთან, ეს წინააღმდეგობა უნდა გვესმოდეს როგოც სოლიდარობის აღიარება, რომლისთვისაც უცხოა ამპარტავნობა და უცდომელობაზე პრეტენზია. მართალია, პოლიტპატიმარს ან დისიდენტს საბჭოთა კავშირში, შესაძლოა, არასწორად, და, სიგიჟედაც კი მოეჩვენოს დასავლეთის პროტესტი ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, რაც ციხის საკანში ან საზოგადოებრივ იზოლაციაში მყოფი ადამიანის მხრიდან ფსიქოლოგიურად სრულიად გასაგებია. მაგრამ იგი იმაში მაინც დაგვეთანხმება, რომ ერთი ადამიანის დანაშაული მეორეს დანაშაულით არ გამოისყიდება, და, რომ ვიეტნამის მხარდასაჭერად გამართული დემონსტრაცია მასაც უჭერს მხარს! სწორედ ეს ფაქტი მიმაჩნია ახალი ინტერნაციონალიზმისა და ახალი ნეიტრალიტეტის ერთადერთ შესაძლებლობად, რაგინდ უტოპიურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ვერც ერთი მწერალი ვერ დაეთანხმება ყურით მოთრეულ, ყალბ დაპირისპირებებსა და შეფასებებს; ამიტომაც თვითმკვლელობის ტოლფასი მგონია ჩვენი გაუთავებელი მსჯელობა სუფთა და ანგაჟირებული ლიტერატურის დაპირისპერების თაობაზე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ერთი ლიტერატურის აღიარების შემთხვევაში მეორეს არსებობაც უნდა ვაღიაროთ! არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ყალბ ალტერნატივასთან ერთად გადმოგვაქვს დაპირისპირების ბურჟუაზიული პრინციპიც, რომელიც გვთიშავს და ერთმანეთს გვაშორებს. ეს კი ამცრობს არა მხოლოდ სავარაუდო ძალას, არამედ – გავბედავ და, დაუმორცხვებლად ვიტყვი, – სავარაუდო სილამაზის წარმოჩენასაც, რადგან ამ სილამაზეს, ზუსტად გამოთქმული აზრის მსგავსად, შესწევს უნარი, მოგვანიჭოს თავისუფლება; ამას კი იგი მოიმოქმედებს თავისთავადაც და მასში არსებული გამოწვევის საშუალებითაც.

ერთიანი ლიტერატურის ძალა მიმართულებათა ნეიტრალიზაციაში კი არა, დაპირისპირების ინტერნაციონალურ ხასიათში მდგომარეობს, რომელიც მოიცავს პოეზიას, გამომსახველობას, მგრძნობელობას, წარმოსახვასა და სილამაზეს. რელიგიის ახალი მანიხეისტური ბრძოლა მიზნად ისახავს, წაგვართვას ეს ყველაფერი და, ამასთან ერთად, მთელი ხელოვნება; იგი გვძარცვას არა მარტო ჩვენ, არამედ იმათაც, ვისი სახელითაც სჩადის ამას. არავითარი შეჩვენება და სისასტიკე, ამა თუ იმ კლასის სასოწარკვეთილი მდგომარეობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ შეიძლება არსებობდეს პოეზიის გარეშე; თვით მისი შეჩვენების შემთხვევაშიც კი, ჯერ აუცილებლად უნდა აღიარო მისი არსებობა. ნახეთ როზა ლუქსემბურგის ჩანაწერები, ანდა, ყურადღება მიაქციეთ, ვისი ძეგლების აღმართვა ბრძანა ლენინმა თავდაპირველად; ეს იყო გრაფი ტოლსტოი, რომელზედაც იგი ამბობდა, რუსულ ლიტერატურას ამ გრაფის მსგავსი ვაჟკაცი არ ჰყოლიაო, მეორე ძეგლი კი “რეაქციონერი” დოსტოევსკისთვის უნდა დაედგათ.

გარდაქმნათა ასკეტური გზის არჩევის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, უარი თქვას ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება სხვების მაგიერ, ვიდრე ეს სხვები თავად არ გააცნობიერებენ, რაზე აპირებენ უარის თქმას. უარის თქმა ნებაყოფლობითი აქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სამღვდელოების მიერ შემოგდებულ, მორიგ მითითებად, ახალი კატეხიზმოს მსგავს მოვლენად გადაიქცევა, რის შემდეგაც მთელ ამ კონტინენტს, სიყვარულის კონტინენტის მსგავსად, გვალვა მოსრავს. ლიტერატურა და ხელოვნება სულაც არ ისახავს მიზნად გართობას ან ვინმეს შოკში ჩაგდებას, როდესაც დროდადრო ახალ ფორმებს გვთავაზობს, ექსპერიმენტის პროცესში რომ იქმნება.

ბევრი რამ თვით ყველაზე ახალ ფორმებში შეისხამს ხორცს, და, თითქმის არასოდეს არ წარმოადგენს უკვე ნაცნობის განმეორებას; და, როდესაც ამ ფორმებს ანადგურებენ, რჩება კიდევ ერთი შესაძლებლობა: ეშმაკობა. ხელოვნება დღემდე შესანიშნავ სამალავს წარმოადგენს, ოღონდ აქ მალავენ არა დენთს, არამედ ნელი მოქმედების სულიერ და სოციალურ ნაღმებს. აბა, მაშ, სხვაგვარად როგორ მოხერხდებოდა მისი ასეთი მრავალმხრივი გამოვლინება? და, სწორედ ამ თავისი საძულველი სილამაზითა და გაუმჭვირვალობით, ხელოვნება საუკეთესო სამალავი გამოდგა იმ კაუჭისთვის, მოულოდნელი ბიძგის ან უეცარი აღმოჩენის პროვოცირებას რომ ახდენს.

დასასრულ, დასკვნის სახით უნდა დავძინო: ჩემი მოსაზრებებისა და მსჯელობის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ იმ გონების ტრადიციას, რომელშიც, საბედნიეროდ, არცთუ მთლად წარმატებით, თავად ვიზრდებოდი, იმავე გონების საშუალებებით ვაყენებ ეჭვქვეშ, და, რაღა თქმა უნდა, ყველა თვალსაზრისით უსამართლობა იქნებოდა ამ გონებისთვისს სახელის გატეხა.

აშკარაა, რომ ეს გონება ხანდახან ახერხებდა თავის უნივერსალობაში და ეჭვის შეტანას, და იმასაც ეჭვის თვალით უყურებდა, რასაც მე ამპარტავნობა შევარქვი; ასევე ახერხებდა, შემოენახა მახსოვრობაში ის, პოეზიის გონებად რომ მოვიხსენიებ. და, ჩემის აზრით, არასწორი იქნებოდა და თუ მას პრივილეგიად ან ბურჟუაზიული აზროვნების წესად გამოვაცხადებდით. ეს გონება შეგიძლია სხვებს გადასცე, და, სწორედ იმის გამო, რომ სიტყვაში ხორცშესხმული, იგი უცხო და უცნაური გვეჩვენება, მას შესწევს უნარი, დაუპირისპირდეს საკუთარ უცნაურობასა და გაუცხოებას, და, კიდევაც გადალახოს იგი. “უცხო” ხომ “უცნაურს”, “საოცარს” და “უჩეულოსაც” ნიშნავს. რასაც თვინიერებაზე (რაღა თქმა უნდა, ერთობ მიახლოებით) ვამბობდი, ამას არც რელიგიურ აღზრდას ვუმადლი და არც მეხსიერებას, რომელიც მკარნახობდა, თვინიერებაზე საუბრის დროს, ჩვეულებრივ “დამცირება” აქვთ ხოლმე მხედველობაში, სიჭაბუკეში ან უფრო მოგვიანებით წაკითხული დოსტოევსკის გავლენითო. უდიდესი ლიტერატურული მოვლენა მგონია ის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც უკლასო ან კლასობრივი ნიშნით თავისუფალი ლიტერატურისთვის და მთელი რიგი ადრე განადგურებული იმ სფეროების გამოსავლენად იბრძვის, ამჟამად რომ გაწმენდილია ნაგვისაგან; დიახ, სწორედ ამის გამო, მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ არსებობს პოეზიის განადგურების, მშრალი მანიქეიზმის და რელიგიური ბრძოლის საფრთხე; ეს უკანასკნელი, ჩემი აზრით, დამახასიათებელია იმ ფანატიზმისათვის, რომელიც დაბანილ წყალს არათუ გადააყოლებს ბავშვს, არამედ საერთოდ წყლის ხსენებასაც კი გაურბის. უაზრობად მიმაჩნია, ახალგაზრდებისა თუ მოხუცების გაკიცხვა ან ქება. ასევე უაზრობაა, იმ ძველ წესრიგზე ოცნება, რომლის აღდგენაც ალბათ მხოლოდ მუზეუმში თუ მოხერხდება; უაზრობა მგონია ასევე “კონსერვატიული პროგრესიული” ტიპის ალტერნატივის წამოყენებაც. იმ ნოსტალგიის ახალი ტალღა, რომელიც ძველ ავეჯს, ტანსაცმელს, გამომსახველობით საშუალებებს და ფასეულობათა სისტემებს ებღაუჭება, მხოლოდ იმის მაუწყებელია, რომ ახალ სამყაროს სულ უფრო და უფრო მოეძალა გაუცხოება და, თუ გონებამ, რომელსაც ასე შევფოფინებდით და ვენდობოდით, ვერ შეძლო, მოეახლოებინა ჩვენთვის ეს სამყარო, გამოდის, რომ “რაციონალობა-ირაციონალობის” ალტერნატივა მცდარი ყოფილა. აქ ბევრ რამეს ავუარე გვერდი და ბევრიც გამოვტოვე, რადგან თავში აზრები ერთმანეთს უსწრებს, და, ყველა კონტინენტის შემოვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა. აი მაგალითად, იძულებული გავხდი, გვერდი ამევლო იუმორისათვის, რომელიც ასევე წარმოადგენს კლასობრივ პრივილეგიას. ჰოდა, იუმორში ვერც პოეზიას გრძნობენ და ვერც ფარულ დაპირისპირებას.

ინერტულობიდან კეთილშობილებამდე

0

როგორ ვევლინებით  ქვეყანას? – დედიშობილა. ეს ლამაზი და ტევადი სიტყვა ზედგამოჭრილია ჩვენი მაშინდელი მდგომარეობის დასახასიათებლად, მაგრამ იგი მარტო ჩვენს გარეგნულ იერ-სახეს როდი აღწერს. რა გვაბადია დაბადებისას? არაფერი – არც სამოსი, არც მეხსიერება, არც ცოდნა… ვტოვებთ ჩვენს თბილ, მზრუნველობით აღსავსე სადგომს და, ცარიელ-ტარიელები, სრულიად უცხო გარემოში ვიწყებთ ცხოვრებას… შემოვდგამთ თუ არა ფეხს ამქვეყნად, დავჭექთ (თუ ვერ მოვახერხეთ, ერთს გემრიელად მოგვცხებენ ხოლმე) და ქვეყნიერებას ვამცნობთ ჩვენს დაბადებას.

მაინც რატომ წამოვიტირებთ ხოლმე დაბადებისთანავე? გული გვწყდება, “დედულეთი” რომ დავტოვეთ? არა. ჩვენი წამოტირება ფილტვების ჰაერით შევსებას ემსახურება. სწორედ იმ წუთიდან იწყება ჩვენი მუდმივი ლტოლვა შევსებისკენ. მივისწრაფით, სტომაქი საკვებით შევივსოთ, მეხსიერება – ინფორმაციით, ინტელექტი – ცოდნით. თავისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი უამრავ რამეს ნთქავს, ეს მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილოს და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, მიღებული ინფორმაციის ოდენობა საგრძნობლად აღემატება სტომაქში გადაშვებული ნახშირწყლების, ცილებისა და ვიტამინებისას.

რატომ მგონია ასე? მოდი, კიდევ ერთხელ გავაპაროთ თვალი ქიმიური ელემენტებისკენ და დავაკვირდეთ, როგორ იქცევიან ისინი. ელემენტების მთავარი საზრუნავიც ხომ შევსებაა – ელექტრონებით შევსება. ყოველი მათგანი მიისწრაფის, გარე სავალენტო შრე შევსებული ჰქონდეს და დილემის წინაშე დგება – ან უნდა გასცეს ელექტრონები, ან, პირიქით, სხვა ელემენტებისგან მიიტაცოს. ელემენტების სწორედ ეს მისწრაფება განაპირობებს მათ აქტიურობს. რაც უფრო მცირე რაოდენობის ელექტრონის გაცემა-მიერთებაა საჭირო, მით უფრო “სხარტია” ელემენტი – სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და ქიმიურ რეაქციებშიც ადვილად ერთვება. მაგალითად, პირველი ჯგუფის ელემენტებისთვის გარე სავალენტო შრის შესავსებად ენერგეტიკულად მომგებიანია ერთი ელექტრონის გაცემა, მეორე ჯგუფის ელემენტებისთვის – ორი ელექტრონისა. ჰალოგენებისთვის, პირიქით, ერთი ელექტრონის მიერთებაა ხელსაყრელი, ამიტომ ისინი ყველაზე რეაქციისუნარიან (თუმცა კი თვისებებით დიამეტრულად განსხვავებულ) ელემენტებს წარმოადგენენ. შუა პერიოდის ელემენტებს კიდევ უფრო დიდი საზრუნავი აქვთ – მათთვის ელექტრონის გაცემა-მიერთება ხშირად გარეშე ფაქტორებზეა დამოკიდებული. თუ უფრო ძლიერი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტს გადაეყარნენ, საკუთარ ელექტრონებს უთმობენ, ხოლო უფრო სუსტს შავ დღეს აყრიან – თვითონვე ართმევენ ელექტრონებს.

მოკლედ, ელექტრონების ეს აღებ-მიცემობაა ელემენტთა სამყაროს მთავარი საზრუნავი.

თუმცა არსებობენ ელემენტები, რომელთაც დამბადებელმა უდრტვინველი ცხოვრება დაანათლა. გარე სავალენტო შრე მათ უკვე შევსებული აქვთ, ამიტომ პერიოდულობის ცხრილის მარჯვენა განაპირა სვეტში განცხრომით არიან მოკალათებულნი. მათთვის უცხოა სხვა ელემენტთა ვნებათაღელვა, ყოველდღიური ფაციფუცი, ელექტრონების საფონდო ბირჟაზე მუდმივი მანიპულაციები, რათა რაც შეიძლება ხელსაყრელ ფასად (ენერგეტიკული თვალსაზრისით) ჩაიგდონ ხელში ელექტრონი და ეზიარონ მისი დეფიციტის შევსების ნეტარებას.

ამ მშვიდ ელემენტებს ნათლიებმა მათი ქცევის შესაბამისი სახელი – ინერტული ელემენტები უწოდეს. მათი საცხოვრისი ქიმიკოსებმა ერთგვარ ნაკრძალად გამოაცხადეს და იშვიათად სტუმრობდნენ, ისიც – უმთავრესად სალექციო კურსის დროს. “ინერტულია, ესე იგი უმოქმედოა!” – აი, ვერდიქტი, რომელიც მათ წლების წინ გამოუტანეს და ელემენტთა საერთო ფერხულიდან გარიყეს.

მაგრამ ქიმიკოსებს შორისაც მოიძებნებიან კირკიტა ადამიანები, რომელთაც ერთი შეხედვით მიუღწეველის მიღწევა სწყურიათ. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ნილ ბარლეტი, რომელმაც 1962 წელს ინერტული აირებისგან ნაერთების მიღება მოახერხა. კიდევ რა არის საინტერესო ამ ისტორიაში? იმ დღიდან ინერტულ აირებს სახელი შეეცვალათ და დღეს მათ უკვე კეთილშობილ აირებს ვუწოდებთ. ლიტერატურულ წყაროებში აქა-იქ შეიძლება შეგხვდეთ ტერმინი “იშვიათი გაზებიც” (კეთილშობილება, ისევე როგორც ჩვენში, აირებს შორისაც იშვიათობაა), მაგრამ მათი საერთაშორისო დასახელება მაინც კეთილშობილი აირებია.

კოლეგებო, გყავთ კლასში ინერტული მოსწავლეები? მაშ, მოდი, ნილ ბარლეტები გავხდეთ და “გავაკეთილშობილოთ” ისინი.

Club 27

0
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუსიკის სამყაროში ჩემს იდეალებად მიმაჩნია. მათი რიცხვი არცთუ დიდია. ზოგი უკვე აღარ არის ცოცხალი, რამდენიმეს კონცერტს კი ახლაც სიამოვნებით დავესწრებოდი. მაგალითად, როჯერ უოტერსისა, ანდა ბი ბი კინგისა… სამწუხაროა, რომ ვეღარასოდეს მოვუსმენ ცოცხლად ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც, მაგალითად, ჯიმი ჰენდრიქსი ან ჯენის ჯოპლინი იყვნენ. რობერტ ჯონსონზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

სხვათა შორის, ეს სამი სახელი შემთხვევით არ მიხსენებია ერთ ჭრილში. მიუხედავად არათანადროულობისა, ამ სამ მუსიკოსს ბევრი ერთ დიდ კლუბში აერთიანებს. მასში მოხვედრა, მართალია, დიდი პატივია, მაგრამ ერთი უარყოფითი მხარეც აქვს: კლუბში მხოლოდ გარდაცვლილი მუსიკოსები ხვდებიან.

ყოველთვის მინდოდა დამეწერა ამ მისტიკური “კლუბის” შესახებ. მას “Club 27” ჰქვია და მის გარეშე მუსიკის შესახებ ფიქრი ჩემთვის წარმოუდგენელია… ამ თემას გაკვრით შევეხე წერილში “გზაჯვარედინზე”, როდესაც რობერტ ჯონსონის შესახებ ვწერდი. ამჯერად კი მინდა, პოსტების სერია წამოვიწყო და “ოცდაშვიდელთა კლუბს” რამდენიმე პუბლიკაცია მივუძღვნა.

თავდაპირველად მოკლედ მოგითხრობთ იმის შესახებ, რას წარმოადგენს ეს კლუბი.

ყველაფერი 1969-1971 წლებში დაიწყო, როდესაც მუსიკის მოყვარულებმა ზედიზედ რამდენიმე ძალიან სამწუხარო დანაკარგი განიცადეს. 69-ში ბრაიან ჯონსი გარდაიცვალა. ის ლეგენდარული ამერიკული როკ ჯგუფის, “The Rolling Stones”-ის, ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი გახლდათ. ჯონსის გარდაცვალებას კიდევ ორი ძალიან დიდი და, ვიტყოდი, მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული ადამიანის სიკვდილი მოჰყვა: ჯენის ჯოპლინისა და ჯიმი ჰენდრიქსისა.

ჯოპლინი – მუსიკის მეამბოხე ქალღმერთი, ჩახლეჩილი ხმით, დამახასიათებელი მანერულობითა და წარმოუდგენლად ძლიერი ვოკალური მონაცემებით. ქალღმერთი, რომელმაც სიცოცხლე ნარკოტიკების გამო დაასრულა…

დიდი ალბათობით, იმავე მიზეზს მიეწერება მსოფლიოს ყველა დროის ნომერ პირველი გიტარისტის, ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალებაც. ჰენდრიქსზე მომდევნო პოსტში უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მსოფლიოს პირველი გიტარისტის სტატუსი მას მუსიკალურ სამყაროში ძალიან ავტორიტეტულმა ჟურნალმა, “როლინგ სტოუნმა” მიანიჭა. ამავე ჟურნალმა 2005 წელს ჰენდრიქსს მე-6 ადგილი მიაკუთვნა მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო ხელოვანს შორის.

განგებამ მუსიკის მოყვარულებს ეს დანაკლისიც არ აკმარა – 1971 წელს ჯიმ მორისონიც გარდაიცვალა, ჯგუფ “The Doors”-ის ვოკალისტი და შესანიშნავი ამერიკელი პოეტი. გარდაცვალების მიზეზი – ჰეროინის ზედმეტი დოზა…

ალბათ ძნელია იმ ეპოქაში ცხოვრება, როდესაც მუსიკალური იდეალები ნელ-ნელა გეცლება ხელიდან… თანაც ყველა ზუსტად 27 წლისა გარდაიცვალა. არავინ იცის, ეს უბრალო დამთხვევაა თუ რაღაც მისტიკური მოვლენა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარეობს “ოცდაშვიდელთა კლუბის” იდეაც. ეს იდეა თითქოს კიდევ ერთხელ “დაადასტურა” ჯგუფ “ნირვანას” ლიდერის, კურტ კობეინის მოულოდნელმა გარდაცვალებამ 1994 წელს. გავრცელებული ვერსიით (რომლისაც ჯგუფის თაყვანისმცემელთა დიდ ნაწილს დღემდე არ სჯერა), მან ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე თავი მოიკლა. კურტიც 27 წლის იყო.

ბევრი “ოცდაშვიდელთა კლუბის” იდეის დაბადებას კობეინის დედას, უენდი ო’კონორს უკავშირებს. კურტის გარდაცვალების შემდეგ მან ასეთი კომენტარი გააკეთა: “ახლა ის მკვდარია და შეუერთდა იმ საშინელ კლუბს… მე მას ვთხოვდი, ამ სულელურ კლუბს არ შეერთებოდა…”

კობეინის გარდაცვალებამ და მისი დედის განცხადებამ “Club 27”-ის შესახებ დისკუსიის აქტიურ გაგრძელებას დაუდო სათავე. არადა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ო’კონორი “კლუბში” არა მუსიკოსებს, არამედ კურტ კობეინის ბაბუის ძმასა და ორ ბიძას გულისხმობდა – სამივე მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოკლედ, საქმე კიდევ ერთ მისტიფიკაციასთან გვაქვს, რომელიც ლეგენდარულ ხელოვანთა თაყვანისმცემლებმა თავად განახორციელეს. მთავარი იდეა დაახლოებით ასე ჟღერს: “ყველაზე ძლიერი როკმუსიკოსები 27 წლისანი იხოცებიან”.

ასეა თუ ისე, “ოცდაშვიდელთა კლუბში” მსმენელებმა 50-მდე ცნობილი თუ ფართო მასებისთვის ნაკლებად ცნობილი მუსიკოსი გააერთიანეს. ერთ-ერთი მათგანია 1938 წელს გარდაცვლილი რობერტ ჯონსონი, რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ წერილში “გზაჯვარედინზე”. სადღეისოდ კლუბის უკანასკნელ წევრად R&B-ს მომღერალი, 5 გრემის მფლობელი ემი უაინჰაუსი ითვლება – ისიც 27 წლისა გარდაიცვალა 2011 წელს.

აი, ასეთია ისტორია “ოცდაშვიდელებისა”, რომელიც ლეგენდებსა და ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებს. სხვებისგან განსხვავებით, ისინი სამუდამოდ ახალგაზრდებად დარჩნენ.

თუმცა უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მათგანი ყველასგან გამორჩეულია. ამაში მალე თავად დარწმუნდებით – მომდევნო პოსტი ხომ ამ ადამიანზე იქნება:

 

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები. სეგმენტური მეთოდი

0

სოფიკო ლობჟანიძე

თანამშრომლობითი სწავლება წარმოადგენს სწავლების ყველაზე თანამედროვე ფორმას, რომელსაც მასწავლებლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სასწავლო პროცესში. იგი მიმართულია პარტნიორული და ჯგუფური მუშაობისკენ, რომელიც მოითხოვს მონაწილეთა სინქრონულ და ასინქრონულ, კოორდინირებულ და კონსტრუქციულ აქტივობას პრობლემის ერთობლივად გადასაჭრელად და საერთო მიზნის მისაღწევად.

თანამშრომლობითი სწავლების დროს, დამოუკიდებელი და კონკურენტული სწავლებისგან განსხვავებით, მოსწავლეებს უვითარდებათ ორმაგი – როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური – პასუხისმგებლობა. ამ დროს თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მარტო საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე, არამედ ჯგუფსა და მის წარმატებაზეც.

ამრიგად, თანამშრომლობითი სწავლებისას გამოყოფენ პასუხისმგებლობის ორ დონეს. პირველია ჯგუფური პასუხისმგებლობა, რათა ჯგუფმა მიაღწიოს მიზანს, ხოლო მეორე – ჯგუფის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობასა და წარმატებაში. სწორედ პასუხისმგებლობის ეს ორი დონე უნდა იყოს ინტეგრირებული თანამშრომლობით გაკვეთილში, თითოეულ მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი წარმატება ჯგუფის წარმატების საწინდარია.

თანამშრომლობითი სწავლებისთვის შექმნილი ჯგუფის ერთ-ერთი ამოცანაა, თითოეული წევრი აქციოს მკვეთრად გამოხატულ ინდივიდად, თუმცა კვლევები გვიჩვენებს, რომ ჯგუფური მუშაობის დროს ბევრი მოსწავლე ცდილობს, სხვის ხარჯზე გავიდეს ფონს და დაუმსახურებლად მიიღოს ჯილდო. აქედან გამომდინარე, ადვილი არ არის, შევაფასოთ ჯგუფურ მუშაობაში თითოეული მოსწავლის მიერ შეტანილი წვლილი. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა გონივრულად უნდა შეარჩიოს ჯგუფური მუშაობის მეთოდი.
გთავაზობთ თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთ მეთოდს – სეგმენტურ მეთოდს, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პასუხისმგებლობის განვითარებაში და საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეაფასოს როგორც თითოეული მოსწავლის პირადი წვლილი ჯგუფურ მუშაობაში, ასევე ჯგუფის საქმიანობის საერთო პროდუქტი.
მეთოდის მოკლე აღწერა
სეგმენტური მეთოდი არის გრაფიკულად სტრუქტურირებული თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური მუშაობის შედეგების შერწყმით მომზადდეს და კლასს წარედგინოს ჯგუფის საერთო პროდუქტი.
მეთოდის მიმდინარეობა
. კლასი იყოფა ოთხ-, ხუთ- ან ექვსკაციან ჯგუფებად.
. თითოეულ ჯგუფს ურიგდება მუშაობისთვის საჭირო რესურსები – A3 ან უფრო დიდი ზომის ფორმატი და მარკერები.
. ფორმატი იყოფა სეგმენტებად – ერთ ცენტრალურ და რამდენიმე გარე სეგმენტად (გარე სეგმენტების რაოდენობა ჯგუფის წევრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება, გარე სეგმენტიც ოთხია და ა.შ.).

იხ. ქვემოთ მოცემული გრაფიკული გამოსახულება:
 
თითოეული გარე სეგმენტი ჯგუფის თითო წევრს ეკუთვნის, ხოლო ცენტრალური – მთელ ჯგუფს.
. ჯგუფის ყოველი წევრი იღებს მასწავლებლისგან დავალებას (ერთსა და იმავეს ან სხვადასხვას).
. მოსწავლეები საკუთარ იდეებს მათთვის განკუთვნილ სეგმენტში აღწერენ და ხელის მოწერით ადასტურებენ. ამ ეტაპზე მეთოდი მოითხოვს სრულ მდუმარებას, ერთმანეთთან კომუნიკაცია იკრძალება.
. მას შემდეგ, რაც ჯგუფის თითოეული წევრი შეავსებს საკუთარ სეგმენტს, მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ნააზრევს და თუ საჭიროდ მიიჩნიეს, ურთავენ წერილობით კომენტარებს.
. მომდევნო საფეხურზე იმართება დისკუსია, ერთიანდება ყველა წევრის ნამუშევარი, გამოიყოფა ყველასათვის მისაღები იდეები, იბადება ახალიც. საბოლოოდ ყველა იდეა ჯამდება და ფიქსირდება ცენტრალურ სეგმენტში, სადაც ჯგუფის ყველა წევრი აწერს ხელს.
. უკანასკნელ ეტაპზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის შესრულებულ სამუშაოს.

მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება
სეგმენტური მეთოდი შეიძლება განვიხილოთ როგორც კონსტრუქტივისტული. კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეაა, ვასწავლოთ მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება-შენება. ამ დროს მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. კონსტრუქტივისტული თეორიის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სასწავლო გეგმებს, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზეა აგებული. სეგმენტური მეთოდი სწორედ იმ მეთოდთაგანია, რომლებიც მოსწავლეთა გამოცდილებასა და წინარე ცოდნას ეფუძნება. ამ დროს კონკრეტული თემის ან პრობლემის შესწავლისას აქტიურდება თითოეული მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი უნარები, დგება იდეათა, შეხედულებათა ინტერპერსონალური კავშირები, ჯგუფის წევრთა მოსაზრებების გაცნობითა და საკუთარი კომენტარების დართვით იზრდება თითოეული მოსწავლის ინფორმირებულობა, ვითარდება ინტერპრეტაციის უნარი, დისკუსიის საშუალებით კი მოსწავლეები ანალიზის, შეფასებისა და შეჯამების უნარებს ივითარებენ.
სეგმენტური მეთოდის სასწავლო შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მოსწავლეთა სუბიექტურ წარმოდგენებზე, დამოკიდებულებებზე, რომლებიც თავდაპირველად ინდივიდუალურად, მერე კი სხვებთან იდეების გაცვლა-გამოცვლის პროცესში სტრუქტურირდება. ამრიგად, სწავლა სეგმენტური მეთოდით არ უნდა გავიგოთ როგორც მხოლოდ ცოდნის რეპროდუქციის პროცესი – ეს არის აქტიური ათვისება, “სადაც ათვისებული ყოველთვის მასწავლებლის თვალთახედვით მოდიფიცირდება, იცვლება, რეკონსტრუირდება, მაგრამ, ამავე დროს, ხელახლა კონსტრუირდება ინდივიდის ხედვით” (Reich, K. (2006) Konstruktivistische Didaktik (3. Auflage). Weinheim:Beltz:195).

ვინაიდან კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარების განვითარება ეფექტიანი სწავლების მნიშვნელოვანი საყრდენია, გაკვეთილმა უნდა უზრუნველყოს მრავალფეროვანი სოციალური ინტერაქცია – საუბრები, დისკუსიები, დებატები და სხვა – და, რაც მთავარია, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება, ისე სხვისი ნააზრევის გაგების, ანალიზის, შეფასებისა და ერთიანი დასკვნის გამოტანის უნარები. სწორედ სეგმენტურ მეთოდს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ უნარების განვითარებაში. ამ მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ როგორც წერითი (საკუთარი აზრის წერილობით ფორმულირება, მეგობრის ნააზრევზე წერილობითი კომენტარის დართვა), ასევე ვერბალური (დისკუსიის პროცესში) კომუნიკაციის უნარები.
მეთოდური კომპეტენციები
სეგმენტური მეთოდის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად აქვთ განვითარებული მოსწავლეებს ზემოხსენებული უნარები. მათ უნდა შეეძლოთ, განსაზღვრულ დროში გარკვევით, ზუსტად და გამართულად გამოხატონ საკუთარი თვალსაზრისი, რათა ჯგუფის სხვა წევრებმა შეძლონ მისი ადეკვატურად გაგება და კომენტირება. გარდა ამისა, ეს მეთოდი მოსწავლისგან მოითხოვს აბსტრაქციის, განზოგადების უნარს, ასევე – უნარს, იყოს აქტიური მსმენელი, გაუგოს სხვებს, გააგებინოს და დაიცვას საკუთარი მოსაზრება, გააანალიზოს და მიუკერძოებლად შეაფასოს როგორც საკუთარი, ასევე სხვათა იდეები, რაც აუცილებელი პირობაა კონსენსუსის უნარის განსავითარებლად.
მეთოდის გამოყენება
სეგმენტური მეთოდი ეკუთვნის იმ უნივერსალურ მეთოდთა რიცხვს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო ჯგუფსა (ელემენტარული სკოლით დაწყებული, მოზრდილთა განათლებით დამთავრებული) და დისციპლინაში. ეს მეთოდი შეიძლება განვიხილოთ როგორც ჯგუფური დისკუსიის ალტერნატიული ვარიანტი, სადაც ჯგუფის თითოეული წევრის აზრს ისმენენ და ითვალისწინებენ. მეთოდი მეტად ეფექტურია პრობლემის გადაჭრის გზების საპოვნელად – აქამდე მოსწავლეთა იდეების განხილვასა და შეჯერებას მივყავართ. მეთოდი იმითაც არის უნივერსალური, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც თემის შესწავლის დაწყებისას, როდესაც მასწავლებელს სჭირდება მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება, ასევე შესწავლის პროცესში, როდესაც გვსურს გავიგოთ, როგორ მიმდინარეობს ის, და დასრულება-შეჯამებისას, რაც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ როგორც თითოეული მოსწავლის, ასევე ჯგუფის მიღწევა განსაზღვრული ეტაპის ბოლოს.
პრაქტიკული გამოცდილება
სკოლებში მეთოდის დანერგვის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ მეთოდის პოზიტიური ეფექტი დაადასტურა. მეთოდის დაყოფას ინდივიდუალური და ერთობლივი მუშაობის ფაზებად მინიმუმამდე დაჰყავს ჯგუფური მუშაობის დროს თავჩენილი ის რისკები, რომლებიც წერილის დასაწყისში ვახსენეთ.

მადლობა ჩემო საყვარელო ფრაუ, ასტრიდ ლინდგრენს

0

ბავშვობა სულაც არ არის სახლის მსგავსი რამ, სახლის კარი, შესაძლებელია, ერთხელაც სამუდამოდ გამოიხურო. “ბავშვობის ასაკიდან გამოსვლა” ან “ბავშვობის ასაკში დაბრუნებაც” არაზუსტი ცნებები და სუსტი მცდელობაა, ბავშვობა ოთხკედელშუა მოაქციო, შუაში კი კარი ჩამოუკიდო და თქვა, რომ რადგან 13, 14, 15 წელს გადასცდი, ამ კარიდან უკანმოუხედავად უნდა გახვიდე, ხოლო თუ 70– ს უკვე მიაღწიე, დაბრუნების დროა. კედლის თვისება სიმყარეა და ამ თვისებას მას სხვადასხვა ტიპის საშენი მასალა სძენს. სამშენებლო მასალები კი იმდენად კონკრეტულია, მეტაფორულადაც შეუძლებელია ამ მოსაწყენი რამეებით ისეთი უზარმაზარი და მნიშვნელოვანი რამ ააგო, როგორიც ბავშვობაა. თუმცა, უზარმაზარობასთან ერთად, დიახაც, მისი კომპაქტურობაც აღსანიშნავია: სახლს მთელი ცხოვრება ზურგზე მოგდებულს ვერ ატარებ, ბავშვობა კი სულ თან რომ არ გქონდეს, იმაზე მეტად გაგიჭირდებოდა, ვიდრე უწყლოდ თუნდაც სულ მცირე უდაბნოს გადალახვისას.

ბოლოსდაბოლოს, ბავშვობა ხანდახან არის წიგნი. წიგნი სრულიად უთვისებოა იმ შემთხვევაში, თუ მას დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებ, სხავადსხვა და სასარგებლო თვისებებს კი საჭირო დროს საჭირო ადამიანების ხელში მოხვედრისას იძენს. მაგრამ არანაირი საჭირო დრო და საჭირო ადამიანები არ არსებობენ მაშინ, როცა ასტრიდ ლინდგრენზე ვსაუბრობთ: რჩებიან ადამიანები და დრო. ადამიანების და დროის საერთო თვისება დავიწყებაა, დავიწყების პოზიტიური გაგება უფროსების მიერ ასაკის, როგორც ხელსაქმის, გვერდზე გადადებას, ბავშვების მიერ კი უფროსების, როგორც ცენზორების მივიწყებას გულისხმობს. ეს დროებითი ამნეზია მხოლოდ იმ შემთხვევაში “გვემუქრება”, თუ ჩვენს საყვარელ ასტრიდ ლინდგრენს ვკითხულობთ.

როგორ უნდა დაწერო ლინდგრენზე მაშინ, როცა მისი დაბადების დღეა? როგორ ულოცავენ საყვარელ ადამიანებს დაბადების დღეებს? მით უმეტეს, ამას როგორ აკეთებს დაბადების დღეების ყველაზე ცუდი მომლოცველი დედამიწის ზურგზე?– კარგი. მაშ ასე, ჩემო საყვარელო ფრაუ, მადლობა, რომ მაჩუქეთ ყველაზე კომპაქტური ბავშვობა, მე მას ხანდახან ჩანთითაც ვატარებ, თუ გავითვალისწინებთ ჩემს მისამართს, რომელიც თბილისის ცენტრს საკმაოდაა მოშორებული, მიხვდებით, რომ ეს განსაკუთრებული პირობა მგზავრობაში დაკარგულ დროს გულისხმობს. მაგრამ მე ხომ ჩანთაში კომპაქტური ბავშვობები მიდევს ხოლმე. ნებისმიერ დროს, ნავთლუღის ბაზრის მისადგომებთან, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ავლაბარში, მე შემიძლია ვიმოგზაურო შხერებში.
მე საერთოდაც ბევრი რამ შემიძლია. შემიძლია, ახლა დავკარგო ჭკუა ზომიერად ფერხორციან, მოწიფულ მამაკაცზე და მივხვდე, რომ ეს მამაკაცი, სინამდვილეში, ერთი მარტოსული ბიჭია, რომლის ტყუილებიც ამ მარტოობიდან გაქცევის და უადამიანობის დავიწყების ერთადერთი საშუალებაა.
მე შემიძლია, ბიულერბიუელ ბავშვებთან ერთად თივის ზვინზე მეძინოს მაშინ, როცა ჩემს ქალაქში ფუმფულა საწოლებზე მისვენებული ფუმფულა სხეულები ფუმფულა სიზმრებს ხედავენ. და რა თქმა უნდა, მერე თავადაც ფუმფულა ლოგინს მივაშურო– ვის გაუგონია, სულ თივაზე ძილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი ალერგიული ვარ.
მე, პეპის გადამკიდეს, შემიძლია, ჩემს მეგობრებთან სტუმრობისას სრულიად არასტუმრულად და არამოკრძალებულად მოვიქცე და მთელი ტკბილეული გადავჭამო. მე შემიძლია, მათ შინ აღარასდროს მიმიწვიონ.
მე შემიძლია, გადავწყვიტო, გავხდე მანდილოსანი და ჭორფლები ძალიან არამანდილოსნურად მეყაროს სახეზე.
მე შემიძლია, ჩემ გვერდით მჯდომ სიმპათიურ ბიჭს ბოროტმოქმედობა მხოლოდ ჩემოდნის მსგავსი ჩანთის გამო დავაბრალო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ჩანთაში იარაღის და ფულის ნაცვლად სრულიად უწყინარი ლეპტოპი უდევს. სხვათაშორის, ეს ყველაფერი სინდისის ქენჯნის გარეშე, გამობლუმკვისტების ჟამს შემიძლია.
მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა და სამივე ჩემი შეყვარებული კი არა, ბოროტმოქმედი მეგონოს. ვწერდე: “მე შემიძლია, მოდიოდეს სამი გოგონა. აქედან ერთი ბოროტმოქმედია და მეორე ბოროტმოქმედია და მესამე კი ბოროტმოქმედია” და ძალიან მიკვირდეს ზვიად რატიანის, რომელმაც ზუსტად ამ გოგონებზე კარგა ხნის წინ სხვანაირად დაწერა.
მე შემიძლია, ყველა უსახლკარო ბავშვი მაწანწალა რასმუსი მეგონოს და განსაკუთრებით შემიძლია, ვერ დავეხმარო. მე შემიძლია, გული მტკიოდეს.
მე შემიძლია, შენი უცნაური, არც თუ ისე სამაგალითო პერსონაჟები, რომლებიც გამოსწორებას სულაც არ გეგმავენ, მხოლოდ იმიტომ მიყვარდეს, რომ როგორც ბავშვმა ვიცოდე: მათთან არ მოვიწყენ და როგორც ცოტათი უფროსი კი, ანტიავტორიტარული აღზრდის სიკეთეებზე და ემანსიპაციის პრობლემებზე დავფიქრდე.
“საბავშვო ლიტერატურის გმირთა შორის პეპი არის პირველი გოგონა, რომელთან იდენტიფიკაციაც არა მარტო გოგონებისთვის, არამედ ბიჭებისთვისაც მისაღები გახდა. ასე რომ, ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს ”ემანსიპაციაც” იმაზე უფრო ადრე მოევლინა, ვიდრე 60-იან წლებში მოდურ ცნებად ქცევას მოახერხებდა. მაგრამ პეპის დამაჯერებლობასა და პოპულარობას მარტო მისი უჩვეულობა როდი განაპირობებს: თუ ურჩ გოგონას სკოლა გულზე არ ეხატება, ეს არ ნიშნავს, რომ წიგნი ბავშვებს სკოლის დაგმობისა და უარყოფისაკენ მოუწოდებს. პეპიც და ჩვენში არანაკლებ პოპულარული კარლსონიც ბავშვური ფანტაზიის ნაყოფი, ბავშვების წარმოსახვითი გმირები არიან. ისინი არ არიან ბრმად მისაბაძი ფიგურები, არამედ შიშისა და მარტოობის დაძლევაში, საკუთარი ნიჭისა და ძალის აღმოჩენაში ეხმარებიან პატარებს – ასტრიდ ლინდგრენის წიგნების ნამდვილ გმირებს”– ამას მარიამ ჭიაურელი ამბობს რადიო “თავისუფლებისთვის” და რადგან, ციტატების მოყვანა კარგ ტონად ითვლება ხოლმე სხვადასხვა ტიპის ტექსტის წერისას (თან გაითვალისწინეთ, რომ ეს პოსტი უფროსებისთვისაც იწერება), დაე, ვიყო მოდური და ტონები კარგად შევახამო.
ბოლოსდაბოლოს, მე შემიძლია, ბედნიერი ვიყო, რადგან ვიცოდე, რომ ეს ყველაფერი შემიძლია.

და რადგან მე ეს ყველაფერი შემიძლია, დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო ფრაუ.

ლ. ბონდარი – თამაში სწავლის პროცესში

0

ალბათ, არც ერთი კულტურული მოვლენა ისე არ უკავშირდება განათლებას, როგორც თამაში. ეს კავშირი ანტიკური ხანიდან არსებობს. სიტყვა ludus-ს, რომლითაც რომაელები “თამაშს” აღნიშნავდნენ, მეორე მნიშვნელობაც აქვს – „სწავლა”. იოჰან ჰეიზინგას ნაშრომის შემდეგ კულტურაში თამაშის როლის უზარმაზარი მნიშვნელობის დასაბუთების საჭიროება აღარ არსებობს. კერძოდ სწავლის პროცესში კი თამაშის მნიშვნელობაზე ბევრი უფიქრიათ ფსიქოლოგებს, პედაგოგებს, მეთოდისტებსა და ფიზიოლოგებსაც კი. ყველას მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თამაში, რომელიც ავითარებს მას. ასევე შეუძლებელია უარვყოთ თამაშებრივი საწყისის არსებობა მეცნიერებაში. ამ გარემოებას კი, თავის მხრივ, მივყავართ იდეამდე, რომ ნებისმიერი დისციპლინის შესწავლის პროცესი თამაშს ჰგავს. თამაშს კი თავისი წესები აქვს. ქვემოთ ჩვენ მხოლოდ თამაშის ძირითად წესებზე ვისაუბრებთ, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ჰეიზინგას ხედვას ეფუძნება.

უპირველეს ყოვლისა, თამაშის კანონების დაცვა მასწავლებელს აიძულებს, შემოსაზღვროს სივრცე და იმ ინდივიდების წრე, რომლებიც პროცესის მონაწილენი იქნებიან. იმთავითვე გაცნობიერებულ უნდა იქნეს, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მხოლოდ ჩვენ მივიღებთ, სხვა არავინ. უცხოები თამაშის მიღმა რჩებიან. ბევრი გამოცდილი პედაგოგი ქვეცნობიერად იცავს ამ წესს, როდესაც არ აძლევს სხვა მსმენელებსა თუ პედაგოგებს ასეთ გაკვეთილებზე დასწრების უფლებას.

მოთამაშეთა წრის ასეთი შეზღუდვით ხსენებულ პროცესში შეძენილი ცოდნა დამატებით ღირებულებას იძენს. რჩეულთა შორის ყოფნის სურვილი და იმ ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა, რომელიც ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, ძლიერი სტიმულია სწავლის პროცესში. ცოდნა განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და ღირებულებას იძენს, როდესაც ძნელი მოსაპოვებელია.

მეორე: ეს პროცესი გულისხმობს უკან დახევებსა და განმეორებებს. თამაში ვერ იქნება თამაში, თუ ის მხოლოდ წინსვლითია. უკან დაბრუნება, განმეორება, გახსენება თამაშისა და შემეცნების განუყოფელი ნიშნებია. თამაშმა წრეზე უნდა იტრიალოს და მოთამაშე მოკლებული იყოს შემოსაზღვრული სივრცის დატოვების შესაძლებლობას, რითაც ხაზი ესმება თამაშის მთავარი წესების უნივერსალურ ხასიათს.

მესამე: საჭიროა წესრიგის ანუ წესების არსებობა, რომლებიც არ უნდა დაირღვეს. ეს მთელ კურსს ავტომატურად აქცევს თამაშად. მეთოდი უამრავია: მისასალმებელი სიტყვების შემოღება (მაგალითად, ერთ-ერთი საშუალო სკოლის ყველა კლასში გერმანულის გაკვეთილები იწყება ერთი და იმავე სიტყვებით: Guten Tag! Es hat gelautet. Die deutsche Stunde beginnt); შეთანხმება ერთნაირი ნივთების გამოყენების თაობაზე (მაგალითად, შეიძლება მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეებს, რომ მათი უნიფორმები და რვეულები ერთი და იმავე ფერისა იყოს); მეცადინეობებზე ერთმანეთისადმი მხოლოდ სახელებით (და არა გვარებით) მიმართვა და სხვ. არ აქვს მნიშვნელობა, ამ წესებს ვინ დაადგენს – მოსწავლეები თუ მასწავლებლები (რასაკვირველია,ურთიერთშეთანხმებით); მთავარია, ისინი განუხრელად იქნეს დაცული.

ერთი მხრივ, ყველაფერი ძალიან მარტივია. მეორე მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზომიერების გრძნობა, რათა ეს წესები არ გადავაქციოთ დამოკლეს მახვილად, არ მივცეთ ნება, ბორკილებად გვექცეს. ამას გვასწავლის თამაშის ფილოსოფიაც: დროულად უნდა შეგვეძლოს შეჩერება, იდეალური სამყაროდან რეალურში დაბრუნება, რათა თამაში უგუნურებად არ იქცეს. გამარჯვების სურვილმა ნებისმიერი საშუალების გამოყენებისკენ არ უნდა გვიბიძგოს და არც თამაშის წესები უნდა გახდეს მონოტონური.

მეოთხე: რიტმის ანუ დაძაბული მუშაობისა და დასვენების მონაცვლეობა. ეს სასწავლო პროცესის იმდენად ცხადი და გასაგები კომპონენტია, რომ მასზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით.

არსებობს თამაშისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანი: ადამიანს სჭირდება არა მხოლოდ თამაში, არამედ სათამაშოებიც – ნივთები. იშვიათია ადამიანი, რომელსაც აბსტრაქტული ცნებებით თამაში შეუძლია. ამ კუთხით ლინგვისტური თამაშები ყველაზე რთულია, მრავალი მათგანი მხოლოდ ინტელექტუალთათვის არის განკუთვნილი. საშუალოსტატისტიკურ ადამიანს კი სჭირდება სათამაშო, როგორც თამაშის მატერიალური განსხეულება. საუბარია, უპირველეს ყოვლისა, მრავალფეროვან და თვალსაჩინო მასალაზე, მაგრამ ასეთი სათამაშო შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რვეულიც. შემჩნეულია, რომ სკოლის მოსწავლეები ხშირად ცდილობენ რვეულით “თამაშს”, მისით მანიპულირებას: უყვართ მისი მორთვა, მოხატვა და სხვა.

მასწავლებელს შეუძლია, გამოიყენოს ეს გარემოება, მაგალითად, დაადგინოს რვეულში ჩაწერის წესები (ანუ გამოიგონოს თამაშის დამატებითი წესი), კერძოდ: უცხო ენის გაკვეთილზე თითოეულ საკითხზე შეიძლება როგორც უცხო, ისე მშობლიურ ენაზე წერა; ან: მეცადინეობის დასასრულს რვეულის მინდვრებზე ვაკეთებთ შენიშვნებს (“საინტერესო თემაა”, “უინტერესოა”, “გასაგებია”, “რთულია”, “მნიშვნელოვანია”, “მოითხოვს გააზრებას” და სხვ.). აქ მოსწავლე მხოლოდ თამაშის ფორმალურ წესებს კი არ ასრულებს, არამედ, თავის მხრივ, მოცემული მასალის შეფასებით თამაშობს მასწავლებელს (ან ასრულებს მის როლს).

მომდევნო ნაბიჯი – მასწავლებელი საგნის შესაბამისად იყენებს გამზადებულ “სამუშაო რვეულებს”, რომლებსაც მოსწავლეები გაკვეთილზე ავსებენ მასწავლებლის ხელმძღვანელობით. ასეთი რვეულების გამოყენებას რამდენიმე მიზანი აქვს:
. გვაზოგვინებს დროს, რომელიც კონსპექტის შესადგენად არის საჭირო;
. გამორიცხავს მრავალ შეცდომას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას სმენითი აღქმის დროს;
. შემოაქვს თამაშის ელემენტი;
. მოსწავლეები ავსებენ ერთგვარ ბლანკს, მის ცარიელ ადგილებს – ეს ძალიან საინტერესო პროცესია (მაგალითად შეგვეძლო მოგვეყვანა ბევრისთვის საყვარელი საქმიანობა – კროსვორდების შევსება, როცა ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი სწორედ ცარიელი გრაფების შევსებაა).

საბოლოოდ სხვადასხვა მოსწავლის კონსპექტი ხდება ერთნაირი. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება უნიფიკაციად და ინდივიდუალიზმის დათრგუნვად მოგვეჩვენოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამაში არის თამაშის მნიშვნელოვანი ელემენტი. თამაშ-შეჯიბრებებისა და თამაშ-გამოცანების დროს ხომ სწორი პასუხი ერთადერთი; ასეთ თამაშში გამარჯვებული ის არის, ვინც სწორად შეასრულა ყველა პირობა და მივიდა ერთადერთ სწორ შედეგამდე ანუ გამარჯვებამდე.

გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ ანტიკურ სიბრძნეს: Aut disce, aut discede – “ან ისწავლე, ან დაგვტოვე”. ნებისმიერი სახის განსწავლა იწყება არა შემოქმედებით, არამედ ანბანური ჭეშმარიტების ათვისებით და აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. სწორედ ასეთი ჭეშმარიტებების ადგილია “სამუშაო რვეულები”. ერთიანი ცოდნა ხომ ამა თუ იმ სამეცნიერო სკოლის საფუძველია. შემოქმედება და ინდივიდუალიზმი – ეს მომდევნო ეტაპია.
კონსპექტები ყველას ერთნაირი აქვს, ყველამ იცის, რომ ავსებენ ერთსა და იმავე “ბლანკებს”, შესაბამისად, შედეგებსაც ერთნაირს ვიღებთ. თამაშის ეს “კოლექტიური ფაქტორი” ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მიგვითითებს კაცობრიობის კულტურის ისტორიაც, რომლის განმავლობაშიც კოლექტიური თამაშები ძალზე პოპულარული იყო – სახალხო ზეიმები, კარნავალები და დემონსტრაციები, გულშემატკივრებით სავსე სტადიონები და სხვ.
გარდა ამისა, ბევრ მოსწავლეს უყვარს მასწავლებლის ახსნა-განმარტების სახელმძღვანელოს ტექსტთან შედარება-გადამოწმება. ზოგ შემთხვევაში ეს მოუთმენლობის გამოვლინებაა, ზოგ შემთხვევაში – შინაგანი მოთხოვნილება, რომელიც აღქმის თავისებურებებთან არის დაკავშირებული. ასეთი სტუდენტებისთვის შაბლონური კონსპექტი სწორედ რომ მისწრებაა.

რასაკვირველია, შეიძლება არსებობდეს “სამუშაო რვეულის” სხვა ვარიანტებიც – ეს პედაგოგის შემოქმედებით ინიციატივაზეა დამოკიდებული.

“თამაშის” ცნება გულისხმობს როგორც “გართობას”, ისე “შეჯიბრებას”. შეჯიბრების შედეგი კი შეიძლება იყოს როგორც გამარჯვება, ისე მარცხი. პედაგოგებმა არ უნდა დაივიწყონ მედლის ეს მეორე მხარე. ფსიქოლოგებისა და პედაგოგების უმრავლესობის მითითებით, მოსწავლისთვის მთავარი სტიმული წახალისებაა. მაგრამ როდესაც ვივიწყებთ დამარცხებულთა დასჯას, ჩვენ თამაშის წესებს ვარღვევთ. ზოგჯერ ნეგატიური სტიმული უფრო ძლიერია, ვიდრე პოზიტიური.

ამ კუთხით ჭკუის სასწავლი უნდა იყოს თანამედროვე სატელევიზიო შოუ-თამაშები, სადაც თამაშის ერთადერთი მიზანია რაც შეიძლება მეტი ფულის მოგება, ანუ სადაც არ არსებობს სასჯელის გაგება: “თუ მოვიგე – დამაჯილდოებენ, თუ ვერ მოვიგე – არა”. ამგვარ თამაშებში ხშირად შეინიშნება მონაწილეთა აქტივობის ხარისხის დაცემა. მაგრამ თუ გაჩნდა სასჯელის – მაგალითად, სუსტი მოთამაშის ჯგუფიდან გარიცხვის, გაკიცხვის და ა.შ. – საფრთხე, ეს ზრდა-განვითარებისთვის ძლიერ სტიმულად იქცევა ხოლმე. მაგრამ უნდა შეგვეძლოს იმის განსაზღვრაც, რომელ მოთამაშეზე რომელი სტიმული (პოზიტიური თუ ნეგატიური) მოახდენს უფრო მეტ გავლენას.

ი. ჰეიზინგას მითითებით, თამაშში ასევე უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს რისკისა და არაპროგნოზირებადობის მომენტს. თამაშის შედეგი ადვილად გამოსაცნობი არ უნდა იყოს. ის დეტექტივს უნდა ჰგავდეს – წესების სიცხადისა და სიმარტივის მიუხედავად, ყოველთვის არსებობდეს ინტრიგა და იდუმალება. მასწავლებელმა არ უნდა დაივიწყოს ეს ცალკეული გაკვეთილისა თუ მთელი კურსის დაგეგმვისას.

ამრიგად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ვინაიდან სწავლა არსობრივად წარმოადგენს თამაშს, სასურველია, ის შეიცავდეს თამაშის ყველა ფორმალურ ნიშანსაც: შეზღუდულ სივრცესა და მონაწილეთა რაოდენობას, განმეორების ელემენტებს, წესებსა და რიტმს; შეძლებისამებრ, უნდა არსებობდეს სათამაშოებიც, შეჯიბრებითობა კი გულისხმობდეს როგორც ჯილდოს, ისე სასჯელს; თამაში არ უნდა იყოს ადვილად პროგნოზირებადი. ასე რომ, წარმატებული სწავლისთვის საჭიროა თამაშის წესების შესწავლა და მათი დაცვა. თუ მოსწავლემ დაარღვია წესები, ის წარმატებას ვერ მიაღწევს. მასწავლებელსაც შეუძლია დაარღვიოს ან არ გაითვალისწინოს ეს წესები, – ამ შემთხვევაში თავად იგემებს მარცხს.
მცირეოდენი შემოკლებით
თარგმნა დავით თინიკაშვილმა

ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში

0

თეო ჭყოიძე

 

ალბათ ხშირად წავწყდომივართ სიტუაციას, როდესაც მოსწავლეები ერთმანეთთან, მასწავლებელთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას კონფლიქტურ და დაძაბულ გარემოს ქმნიან.

 სკოლა არის ადგილი, სადაც ხშირად იჩენს თავს ინტერპერსონალური კონფლიქტები. ეს გარდაუვალი ნაწილია ადამიანების ინტერაქციისა, ზრდისა და განვითარებისა. მოგვარებული კონფლიქტები შემდეგ, როგორც წესი, სკოლის კულტურის ნაწილი ხდება და განსაზღვრავს ჯანსაღი სასკოლო სოციუმის ჩამოყალიბებასა და საზოგადოების დამოკიდებულებას სკოლის ღირებულებათა მიმართ.

პედაგოგებსა და განათლების მუშაკებს ხშირად უწევთ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტურ სიტუაციებში ჩარევა, მაგრამ არც ისე ადვილია ეფექტური სტრატეგიების შერჩევა პრობლემების უმტკივნეულოდ მოსაგვარებლად.

ინტერპერსონალური კონფლიქტების დაძლევა, რომელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა, მეტად აქტუალურია, სკოლა კი ის ადგილია, სადაც დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ამგვარი საკითხების განხილვას, მათ თეორიულ შესწავლასა და პრაქტიკასთან დაკავშირებას. კონფლიქტების მოგვარება ხელს უწყობს არა მარტო მოსწავლეებში მოლაპარაკების, პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის, სტრესთან გამკლავების, სიტუაციის მრავალი კუთხით დანახვა-შეფასებისა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარების ჩამოყალიბებას, არამედ ამ კუთხით მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიულ განვითარებასაც განაპირობებს. კონფლიქტების დაძლევის სტრატეგიების გამოყენება და კონსტრუქციული დიალოგი პიროვნების განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

ბევრს მიაჩნია, რომ კონფლიქტი არღვევს წესრიგს, იწვევს მძაფრ ემოციებს, სტრესს და, ამდენად, ის თავიდან უნდა ავიცილოთ. რა თქმა უნდა, კონფლიქტური სიტუაცია ყოველთვის არასასიამოვნოა და დაძაბულობას წარმოშობს, ვინაიდან ეს არის ინტერესების, შეხედულებების, მიზნების, სურვილების დაპირისპირება ორ ან მეტ მხარეს შორის, მაგრამ აუცილებელი როდია, კონფლიქტმა ნეგატიური გავლენა მოახდინოს. კონფლიქტები ხშირად დადებით ცვლილებებსაც იწვევს. მთავარი ის კი არ არის, როგორ ავიცილოთ კონფლიქტი თავიდან, არამედ ის, თუ როგორ გამოვიყენოთ იგი პოზიტიური ცვლილებისთვის. როდესაც კონფლიქტს ეფექტურად ვუმკლავდებით, პრობლემის გადაჭრის ალბათობა იზრდება, ძლიერდება ინტერპერსონალური, სოციალური უნარები და მცირდება კონფლიქტის შედეგად მიღებული სტრესი. გარდა ამისა, ინტერპერსონალურმა კონფლიქტებმა შესაძლოა ნათელი მოჰფინოს მხარეთა რეალურ ინტერესებსა და მიზნებს, გააქარწყლოს დაძაბულობა, ხელი შეუწყოს ახალი იდეების გენერირებასა და კონსტრუქციულ ცვლილებებს.

როდესაც კონფლიქტი აღმოცენდება, ის სწორედ კომუნიკაციის პროცესზე აისახება. ადამიანები საკომუნიკაციო ხერხების საშუალებით გამოხატავენ საკუთარ პროტესტსა თუ განსხვავებულ აზრს. იმავდროულად, კომუნიკაცია უთანხმოების წარმატებით დაძლევაში გვეხმარება. პიროვნების ინტერესების, შეხედულებებისა და გრძნობების აღიარება, ემპათია, ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება, სიცხადე ურთიერთობაში და ორმხრივი სარგებლის მიღების შესაძლებლობა კონფლიქტის პოზიტიურად მოგვარებას უწყობს ხელს.

პრობლემურ სიტუაციებში ადამიანებს ძირითადად ორი ინტერესი აქვთ: საქმესთან დაკავშირებული მიზანი, რომლის მიღწევაც სურთ და ურთიერთობა, რომელიც მეორე მხარესთან აკავშირებთ. ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით ირჩევენ ისინი კონფლიქტის მოგვარების სტილს. ამის შესაბამისად განისაზღვრება მათი საპასუხო ქცევაც სიტუაციასთან მიმართებით.

სტატიაში განვიხილავთ კონფლიქტის დროს ქცევის 5 სტრატეგიას (Thomas-Kilmann Conflict Mode Instrument). მათი გააზრება მასწავლებელს სხვადასხვა სიტუაციასთან მიმართებით შესაბამისი მიდგომის შერჩევაში დაეხმარება.

 

1. თავიდან აცილება

თავიდან აცილება კონფლიქტის მოგვარების არაკომუნიკაციური და არათანამშრომლობითი სტილია, რომლის დროსაც ადამიანი პასიურობს, იგნორირებას უწევს კონფლიქტს და დაპირისპირებაში არ შედის. ეს არის ისეთი სტრატეგია, როდესაც ადამიანი ხუმრობაში ატარებს სადავო საკითხს, ცდილობს, შეცვალოს თემა ან საერთოდ გაერიდოს კონფლიქტურ გარემოს. თავიდან აცილება არ არის საკუთარი ინტერესების განხორციელების აგრესიული ფორმა, მაგრამ ის არც სხვებს ეხმარება კონფლიქტის გააზრებაში.

თავიდან აცილების დროს კონფლიქტში ჩართული მხარე ნაკლებად არის დაინტერესებული როგორც საკუთარი მიზნის მიღწევით, ისე ურთიერთობის შენარჩუნებით.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

თავიდან აცილება როგორც კონფლიქტის მართვის სტილი, ჩვეულებრივ, კონტრპროდუქტიულია. მართალია, ის ხშირად გვარიდებს სტრესს და მომავალ კონფლიქტს, მაგრამ მუდმივად ასეთი მიდგომა გრძნობების დამალვას, გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, საკუთარ თავში ჩაკეტვას ან აგრესიას იწვევს.

თავიდან აცილება კონფლიქტის მოგვარებისადმი სტატიკური მიდგომაა და არაფერს აკეთებს პრობლემის გადასაჭრელად, არც იმ ცვლილებისთვის, რომელიც შესაძლოა კონფლიქტის პრევენციისთვის იყოს საჭირო. თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც თავიდან აცილება კონფლიქტის შეჩერების კარგი საშუალებაა, მაგალითად, როდესაც გამოსავალი ტრივიალურია ან წინასწარ ცნობილია, რომ კონფლიქტის შედეგი მნიშვნელოვნად უარყოფითი იქნება. თავიდან აცილების ტაქტიკის გამოყენება შესაძლოა ეფექტური იყოს ასევე კონფლიქტის განმუხტვისა და დროებით მოგვარებისთვის, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს დრო სჭირდებათ დასამშვიდებლად და საუკეთესო გამოსავლის საპოვნელად.

 

2. შეგუება

შეგუება სხვების ინტერესების დაკმაყოფილებისკენ მიმართული სტილია და ურთიერთობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ამ დროს ადამიანი აღიარებს სხვების საჭიროებებს და იგნორირებას უწევს საკუთარს. ის მიმართავს შემდეგ ფორმულირებებს: “შენ ხარ მართალი”, “მე გეთანხმები”, “მოდი, დავივწყოთ” _ და ა.შ.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

შეგუება საშუალებას აძლევს ადამიანს, თავი დააღწიოს შინაგან დისკომფორტს. დათმობით მას შეუძლია შეამციროს ფრუსტრაცია, რომელსაც კონფლიქტური სიტუაცია იწვევს. ეს სტრატეგია ეფექტურია, როდესაც პრობლემის გადაწყვეტაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნებაა.

მიუხედავად იმისა, რომ შეგუებას კონფლიქტის სწრაფად მოგვარება შეუძლია, ამ დროს ადამიანმა შესაძლოა ურთიერთობის შესანარჩუნებლად მცდარი გადაწყვეტილება მიიღოს და დათრგუნოს საკუთარი სურვილები, მიზნები და ინტერესები, რაც ხშირად შიდაპიროვნული კონფლიქტის საფუძველი ხდება.

 

3. კონკურენცია

კონკურენცია არის სტრატეგია, რომლის დროსაც ადამიანი ორიენტირებულია საკუთარი მიზნების მიღწევაზე და არ არის დაინტერესებული ურთიერთობის შენარჩუნებით. ის გულისხმობს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების დაკმაყოფილებასა და ცალმხრივი გადაწყვეტილების გატანას. ეს სტილი მიმართულია გამარჯვება-დამარცხებისკენ და უმეტესად ამწვავებეს დაპირისპირებას.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

მიუხედავად ზემოთქმულისა, კონკურენცია ზოგიერთ სიტუაციაში პოზიტიური შედეგის მომტანია, მაგალითად, როდესაც სწრაფი, გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო და არ არის განხილვისა და მსჯელობისთვის საკმარისი დრო. გარდა ამისა, კონკურენცია შეიძლება ხელს უწყობდეს შემოქმედებითი იდეების გენერირებასა და მოტივაციის ამაღლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ის უბიძგებს დაპირისპირებულ მხარეებს, გამოავლინონ მაქსიმალური ძალისხმევა გამარჯვების მოსაპოვებლად.

თუმცა კონკურენტული მიდგომა მაინც უფრო უეფექტოა, ვიდრე შედეგიანი. ის ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ერთი მხარის ინტერესების აღიარებას და უგულებელყოფს დანარჩენების პრობლემებსა და საჭიროებებს, ამას კი ხშირად არასტაბილურ სიტუაციამდე და დესტრუქციულ კომუნიკაციამდე მივყავართ.

 

4. კომპრომისი

კომპრომისი გულისხმობს კონფლიქტში ჩართული მხარეების მიერ დათმობაზე წასვლას როგორც საქმის, ასევე ურთიერთობის კუთხით. ამ სტრატეგიის დროს დამაკმაყოფილებელი შედეგი ორივე მხრიდან ნაწილობრივი დათმობის ხარჯზე მიიღწევა.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

კომპრომისი თანამშრომლობასა და კომუნიკაციას ემყარება. ის კონფლიქტის მოგვარებისადმი პოზიტიური მიდგომაა და გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ყველა დანარჩენი. კომპრომისი საშუალებას აძლევს მხარეებს, მოახდინონ ძალების გადანაწილება-დაბალანსება და, ამგვარად, ერთობლივად მიაღწიონ ცალ-ცალკე დასახულ მიზანს.

თუმცა, ისევე როგორც სხვა გზებს, მასაც აქვს ნაკლოვანებები. მაგალითად, კომპრომისი შესაძლოა იქცეს მარტივ გზად შედეგის მისაღწევად, მაგრამ არ იყოს საკმარისი კონფლიქტის ეფექტურად მოგვარებისთვის. გარდა ამისა, კომპრომისის დროს მხარეები მთლიანად არ გამოხატავენ საკუთარ მოთხოვნებსა და სურვილებს და, შესაბამისად, სრულყოფილად არც ერთი მხარის ინტერესების დაკმაყოფილება არ ხდება.

 

5. თანამშრომლობა

თანამშრომლობა კონფლიქტის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზაა. ის აღიარებს ადამიანებს შორის კონფლიქტის გარდაუვლობას და მას კონსტრუქციული შედეგის მისაღებად იყენებს. ამ დროს ორი ან მეტი მხარე საერთო მიზნისთვის ერთობლივი ძალისხმევით მოქმედებს და კონფლიქტის ყველა მონაწილის ინტერესის დაკმაყოფილებას ცდილობს. ეს არის გამოცდილების გაზიარების, უწყვეტი განათლებისა და კონსენსუსის მიღწევის შემოქმედებითი პროცესი. თანამშრომლობის არსი ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმალური გამოყენებით მაქსიმალური შედეგის მიღწევაა.

თანამშრომლობა ორიენტირებულია მხარეების მიერ როგორც საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებასა და მიზნის მიღწევაზე, ასევე ურთიერთობის შენარჩუნებაზე.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

თანამშრომლობითი სტრატეგიის არჩევისას კონფლიქტის შედეგი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია. ამ დროს ორივე მხარე გამარჯვებულია, კომუნიკაცია ეფექტურია, ურთიერთობები _ ძლიერი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული.

სამწუხაროდ, თანამშრომლობა ყველაზე რთული სტილია შედეგის მისაღწევად. მონაწილეთა განსხვავებების, ინტერესის სფეროების სიღრმისეულად შესასწავლად და ისეთი გადაწყვეტილების ასარჩევად, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება, საჭიროა შრომა, მოლაპარაკებების წარმართვა, შემოქმედებითი მიდგომა და ახალი ალტერნატივების შესწავლა, რაც, შესაბამისად, დიდ დროს მოითხოვს.

კონფლიქტის დროს ეს ხუთი სტრატეგია შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში გამოვიყენოთ, მაგრამ ვიდრე რომელიმე მათგანს მივანიჭებდეთ უპირატესობას, მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ პრობლემის არსი და მისი გადაჭრის ალტერნატიული გზები, რათა თავიდან ავიცილოთ არასწორი არჩევანი და ხელი შევუწყოთ კონფლიქტის დროებით, ნაწილობრივ ან სრულად მოგვარებას.

თვითმოტივაცია როგორც წარმატების აუცილებელი პირობა

0

ნინო ელბაქიძე

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ლოდინში ატარებენ. ელიან, როდის დაუდგებათ უკეთესი დრო, როდის გაუღიმებთ ბედი, როდის მიაღწევენ დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს ან აისრულებენ ნატვრას. ამ მოლოდინში გადის დრო, რომელსაც თან მიაქვს მიუღწეველ მიზნებზე ოცნება და ხანდახან ადამიანს ავიწყდება კიდეც, რაზე ოცნებობდა.

მაგრამ არსებობენ სხვანაირი ადამიანებიც. ისინი არ ელიან, ისინი თავად იღებენ ხელში ვითარების სადავეებს და მიზნის მისაღწევად მოქმედებას იწყებენ. ფუნდამენტური განსხვავება პროაქტიურ (მოქმედ) და რეაქტიულ (მოლოდინის რეჟიმში მყოფ) ადამიანებს შორის სწორედ ეს არის – ერთი ელოდება, მეორე მოქმედებს.

წარმატების ფორმულა იოლი გამოსაყვანია: მიზანს რომ მივაღწიო, საჭიროა, კი არ ველოდო, არამედ ვიმოქმედო. მაგრამ იქვე ჩნდება კითხვა: როგორ? როგორ გამოვიწვიო საკუთარი მოტივაცია იმისთვის, რომ დავისახო მიზნები და სისტემურად ვიმოქმედო მათ მისაღწევად?

ამერიკელი მოტივაციის მკვლევარი მიჰაი ჩიკსენტმიჰაი აკვირდებოდა ადამიანებს, რომლებიც თავისუფალ დროს რაიმე აქტივობით იყვნენ დაკავებულნი, მაგალითად, თამაშობდნენ ჭადრაკს, რგავდნენ მცენარეებს ან ექსტრემალურ სპორტს მისდევდნენ. ეს ადამიანები თავიანთ პროფესიულ მოვალეობას სიამოვნებით, ძალდაუტანებლად და, შესაბამისად, ნაყოფიერადაც ასრულებდნენ. ამის კვალობაზე, ჩიკსენტმიჰაიმ დასვა კითხვა: რა შეიძლება ვიღონოთ, რომ ძირითადი საქმიანობა, სამუშაო, ადამიანისთვის სასიამოვნო და, ამასთან, პროდუქტიული გახდეს? როგორ მივაღწიოთ იმას, რომ მუშაობისას დრო შეუმჩნევლად გადიოდეს, ადამიანს სიამოვნებდეს პროფესიული მოვალეობის შესრულება და, რაც მთავარია, აღწვდეს წარმატებას?
ადამიანის ძირითადი საქმიანობის წარმატების საიდუმლო სასწორის ორ პინაზე დევს. ერთ მხარეს “შესაძლებლობაა”, მეორე მხარეს – “გამოწვევა”.

არ აქვს მნიშვნელობა, გამოწვევა უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობა თუ პირიქით – ემოციური სტაბილურობის ბალანსი, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი თუ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ იქნება სახარბიელო, როდესაც წონასწორობა გამოწვევასა და შესაძლებლობას შორის დარღვეულია. ამგვარი დისბალანსი აქვეითებს მოტივაციას, რაც უშუალოდ აისახება ჩვენს პირად თუ პროფესიულ წარმატებაზე.
როდესაც ადამიანს მეტი შეუძლია, ვიდრე პროფესიული გარემო მოითხოვს მისგან, იგი კარგავს ინტერესს სამსახურის მიმართ და მოუსვენრობა იპყრობს. ეს იმ გამოთავისუფლებული ენერგიის შედეგია, რომელიც ადამიანმა ვერ მოახმარა თავის საქმიანობას, გამოუყენებელი პოტენციისა, რომელიც მასში ძევს.

როდესაც გამოწვევა აღემატება შესაძლებლობას, ჭარბი ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვა იწვევს სტრესს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში შესასრულებელი სამუშაო ადამიანისგან სასიცოცხლო ძალების მობილიზებას მოითხოვს. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ადამიანი დატვირთვას, უბრალოდ, ვეღარ გაუძლებს და ბორნ აუტის, ანუ პროფესიული გადაწვის სინდრომის რისკის წინაშე აღმოჩნდება.

დასაქმებულთა მოტივაციაზე, ბუნებრივია, მენეჯერები და ხელმძღვანელი პირები უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გამოვიწვიოთ თვითმოტივაცია, რომ პროფესიულ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ არ ველით, როდის ჩაატარებს ჩვენი ორგანიზაციის ტოპმენეჯმენტი კადრების აკადემიურ საჭიროებათა კვლევას, ანდა გამოიკვლევს ჩვენს პოტენციას. არ ველით – ვმოქმედებთ. ამიტომ უნდა მოვძებნოთ გზები შესაძლებლობასა და გამოწვევას შორის ბალანსის აღსადგენად.

რა პლუსი შეიძლება ჰქონდეს პირველ შემთხვევას, როდესაც შესაძლებლობა გამოწვევას აღემატება? თუ მიგაჩნიათ, რომ სამსახურში არასათანადოდ ხართ დატვირთული და მეტი შეგიძლიათ, ესე იგი თქვენ გაქვთ ფუფუნება, პროფესიული განვითარებისთვის იზრუნოთ. თქვენ გაცილებით მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გევალებათ? – ეს ნიშნავს, რომ თქვენ ბევრი თავისუფალი დრო და ენერგია გრჩებათ. პროფესიულ ზრდაზე უკეთესს რას მოახმართ? თქვენ გაქვთ ორი არჩევანი: თავისუფალი დრო გაფლანგოთ, იწუწუნოთ და უკმაყოფილო იყოთ ცხოვრებით, ანდა რამე სასარგებლოს მოჰკიდოთ ხელი, თუნდაც ისწავლოთ ის უცხო ენა, რომლის სწავლაც დიდი ხანია გინდოდათ. ცოდნა, რომელსაც აგროვებთ, ინფორმაცია, რომელსაც მოიპოვებთ, პროფესიული განვითარებისთვის ზედმეტი არასოდეს იქნება; თუ საკუთარ თავზე იმუშავებთ, აუცილებლად მოგეცემათ მისი გამოყენების შესაძლებლობა. თუ დროს უქმად დახარჯავთ, ისიც დაგავიწყდებათ, რაც იცოდით და ხვალ თქვენს ადგილს, რომლითაც ასე უკმაყოფილო ხართ დღეს, სხვა დაიკავებს.

დადებითი მხარე აქვს მეორე შემთხვევასაც, როდესაც იმაზე მეტს გავალებენ, ვიდრე შეგიძლიათ. გამოწვევები ხელს უწყობს ჩვენს პროფესიულ განვითარებას. საქმიანობა, რომელიც დღეს ბევრ ენერგიასა და მობილიზებას მოითხოვს თქვენგან, ხვალ უფრო ადვილად გამოგივათ ხელიდან. რა თქმა უნდა, ეს რეცეპტი ყოველთვის არ ჭრის – ხანდახან გამოწვევასა და შესაძლებლობას შორის დისბალანსი იმდენად დიდია, რომ საფრთხესაც კი უქადის ადამიანის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში ერთადერთი მრჩეველი და მაკონტროლებელი თქვენივე თავია.
არსებობს ე.წ. დეპრესიის სპირალი, რომელიც ადამიანს საკუთარი თავისა და იმ სტრესის შეფასებაში ეხმარება, რომელიც მის ემოციურ სტაბილურობა საფრთხეს უქადის.
თვითმოტივირებული ადამიანის რამდენიმე მახასიათებელი:

. თვითმოტივირებული ადამიანები ცნობისმოყვარენი არიან. ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ ისწავლონ.
. თვითმოტივირებული ადამიანები დიდი სიამოვნებით ასწავლიან სხვებს, რადგან იციან, რომ სწავლა და სწავლება პროფესიული ზრდის საუკეთესო საშუალებაა.
. თვითმოტივირებულმა ადამიანებმა იციან, რომ ორივე – მასწავლებლისა და მოსწავლის – როლში ყოფნა წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა.
. თვითმოტივირებული ადამიანები არასოდეს ელიან “სასწაულს”, არ ელიან, რომ მათ მიზნებს მათ მაგივრად ვინმე სხვა მიაღწევს, მათ მოვალეობებს სხვა შეასრულებს. მათ აქვთ მიზანი და ხედავენ ამ მიზნისკენ მიმავალ გზას.
მარტივი ტესტი იმის გასარკვევად, რამდენად მოტივირებულები ვართ ჩვენი სამუშაოს შესასრულებლად
უპასუხეთ კითხვებს “დიახ” ან “არა”:

1. ყოველ დილით სიამოვნებით მივდივარ სამსახურში.
2. მუშაობაში დრო თვალსა და ხელს შუა გარბის.
3. ჩემი ხელმძღვანელი მაძლევს შესაძლებლობას, პროფესიულად დავიხარჯო.
4.ჩემს საქმიანობაში ჩემთვის საინტერესო ბევრი გამოწვევაა.
5. ვაღწევ დასახულ მიზნებს/წარმატებით ვასრულებ პროექტებს.
6. საკმაო რესურსი მაქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
7. ჩემ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის ხელმძღვანელობისგან სისტემატურად ვიღებ უკუკავშირს.
8. მაქვს საკუთარი პროფესიული განვითარების გეგმა, რომელიც შეთანხმებულია ჩემს ხელმძღვანელთან და ვმოქმედებ ამ გეგმის შესასრულებლად.
თუ კითხვების ნახევარზე მეტს უპასუხეთ “დიახ”, ესე იგი საკმარისად ხართ მოტივირებული, რათა პროფესიულ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ.
რა გზას დავადგეთ, თუ კითხვების უმეტესობას უარყოფითად ვუპასუხეთ?

რამდენიმე რჩევა წონასწორობის აღსადგენად და თვითმოტივაციის გამოსაწვევად:

. კარგად გამოიძინეთ, რათა ძალ-ღონე აღიდგინოთ და დილაობით მშვიდად ისაუზმოთ. საუზმე აუცილებელია!
. ნუ მისცემთ თავს უფლებას, დილაობით ცაიტნოტის გამო სტრესი განიცადოთ. ჯობს, 10 წუთით ადრე ადგეთ და მშვიდად წახვიდეთ სამსახურში.
. როდესაც უარყოფითი ემოციები გეძალებათ, გაიღიმეთ, რა ძნელიც არ უნდა იყოს ეს. გაუღიმეთ სარკეში საკუთარ თავს. ეს განწყობას შეგიმსუბუქებთ.
. პროფესიული რუტინა სხვადასხვა აქტივობით გააფერადეთ: შეასრულეთ სამუშაო ადგილზე ვარჯიშები, რათა აამუშაოთ სისხლის მიმოქცევა, შესვენების დროს გარეთ გადით, სამუშაო მაგიდისთვის შეიძინეთ ახალი აქსესუარი, სამუშაო ოთახში დადგით ქოთნის მცენარე, კოლეგებთან ერთად მოაწყვეთ განხილვა.
. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები, გაემიჯნეთ პრობლემურ საკითხს და ეცადეთ, შორიდან შეხედოთ მას.
. გააკეთეთ ობიექტური თვითშეფასება. საფუძვლიანია თქვენი უკმაყოფილება სამუშაო პირობებით?
. შეიმუშავეთ წესები თქვენი სამუშაო გარემოსათვის და მისდიეთ მათ. უქმად ნუ დახარჯავთ დროს. აი, დასვენება კი დროის ფლანგვა არ არის.
. ბრაზი და წყენა გულში არ ჩაიხვიოთ, თორემ შიგნიდან შეგჭამთ. უთანხმოების მიზეზებზე ესაუბრეთ ხელმძღვანელობას, გაერკვიეთ ვითარებაში. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი.
. გამოიყენეთ ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევა, რათა ფიზიკურად იაქტიუროთ. მაგალითად, იარეთ კიბით ლიფტის ნაცვლად, ფეხით ტრანსპორტის ნაცვლად, თავისუფალ დროს, ნაცვლად ტელევიზორის ყურებისა, ისეირნეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...