ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
1 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ბესო ხვედელიძე – “ბობ მარლის დახუჭული თვალები”

0

მწერალ ბესო ხვედელიძეს უჭირს თავისი ისეთი ნაწარმოების გახსენება, სადაც მოსწავლისა და მოსწავლის თემას ასახავს. ფიქრობს, ბოლოს ორად ორ მოთხრობას ასახელებს – “სოფელ ბადილოსა” და “მინდვრის ყვავილებს” – და აღიარებს, რომ მის შემოქმედებაში სკოლის თემა ალაგ-ალაგ კრთება და იქაც – არცთუ სახარბიელო კონტექსტში, თუმცა იცის, რომ უახლოეს მომავალში ავტობიოგრაფიული რომანის წერას შეუდგება, რომელიც სწორედ მასწავლებელთან დაკავშირებული ისტორიით დაიწყება. ამ შემთხვევამ, რომელიც ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში მოხდა, როგორც თავად ამბობს, მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.

 

-კრილოვის ქუჩაზე, რუსულ საბავშვო ბაღში დავდიოდი. მაგიდასთან რამდენიმე ბავშვი ვისხედით. აქედან ერთი გოგონა საოცრად შემიყვარდა, ჰოდა, ერთ დღესაც სიყვარული ავუხსენი. გოგონა ატირდა და საჩივლელად გაიქცა. მასწავლებელმა ტირილის მიზეზი რომ გაიგო, ყური ამიწია და კედელთან დამაყენა. მთელი მომდევნო კვირა, ბაღში მივიდოდი თუ არა, პირდაპირ კედელთან მაყენებდნენ, ის გოგო კი აღარასოდეს მოსულა. ალბათ სხვა ბაღში გადაიყვანეს, – იხსენებს მწერალი.

ბესო ხვედელიძის ავტობიოგრაფიაში მოხვდება მეორე მასწავლებელიც – კოტე ყუბანეიშვილი, რომელიც, მწერლის თქმით, მისთვის ერთ-ერთი სამაგალითო პედაგოგი იყო:

-კოტე ყუბანეიშვილი 55-ე სკოლაში მათემატიკას მასწავლიდა. პროფესიონალი პედაგოგი იყო და თან – ბავშვების მეგობარი, ამიტომ ყველა მოსწავლე პატივს სცემდა. ერთხელ თბილისში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა, გადაიპენტა მთელი ქალაქი. იმ დღეს პირველი გაკვეთილი ყუბანეიშვილისა გვქონდა. შემოვიდა და მთელი კლასი ფუნიკულიორზე წაგვიყვანა, “შატალოზე”. ულამაზესი დღე გვაჩუქა. მეორე დღეს კი ამის გამო პედსაბჭოზე დაიბარეს და სკოლიდან გაათავისუფლეს. არადა, მე თუ მკითხავთ, ეს საქციელი მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

კოტე ყუბანეიშვილთან ერთად ბესო ხვედელიძე იხსენებს გეოგრაფიის მასწავლებელს გია ჭანტურიას, გივი ალხაზიშვილს, ერლომ ახვლედიანს, ვახუშტი კოტეტიშვილს და სხვებს. ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეობისა და სტუდენტობის პერიოდში უამრავი მასწავლებელი მყავდა, თითებზე ჩამოითვლება ისინი, ვინც სამუდამოდ დამამახსოვრდაო.

– ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს მასწავლებელს, უფრო სწორად, მოძღვარს (არა ამ სიტყვის რელიგიური მნიშვნელობით) და თუ იპოვა, ეს იქნება პიროვნება, რომელსაც ენდობა, ყურს უგდებს, რომლის რჩევას ითვალისწინებს და რომელიც ცხოვრების გზას უჩვენებს. მეც სულ ვეძებდი ასეთ ადამიანს, ვიდრე თვითონ არ გავხდი სხვების მასწავლებელი. ახლა რომ ვიხსენებ, იმ მასწავლებლების უმრავლესობას, რომლებიც ცხოვრებაში შემხვედრია, არ ჰქონდა საკმარისი განათლება, იყო მოუმზადებელი ურთიერთობისთვის და, აქედან გამომდინარე, ისტერიული და აგრესიული. როდესაც მასწავლებელს არ აქვს საკმარისი განათლება, იგი საკუთარ თავსა და მოსწავლეს შორის აღმართავს კედელს, რომ თავი დაიცვას მოსალოდნელი კითხვებისგან. ამას მოსწავლე ძალიან კარგად გრძნობს. პედაგოგი არ შეიძლება იყოს მენტორი. მან მოსწავლეს ისე კი არ უნდა უყუროს, როგორ უვიცს და მასზე დაბლა მდგომს, არამედ მშობლიური გრძნობით. როგორც მცენარეს უსხამ წყალს, ასეთივე ურთიერთობა უნდა გქონდეს მოსწავლესთან. სიმკაცრეს არასოდეს გამოუღია კარგი შედეგი.

მე სკოლაში სიარული მომიწია საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც საბჭოთა სისტემაში აღზრდილი და განათლებამიღებულიპედაგოგები გვასწავლიდნენ. 1990 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში და ჩვენ უკვე სულ სხვა თაობა ვიყავით, სხვა იდეალებით, სხვა თვალსაწიერით, თავისუფლებით, პედაგოგების უმრავლესობა კი საბჭოთა კავშირში დარჩა, ამიტომ ჩვენს თაობაში უფრო მძაფრად წარმოჩნდა მამათა და შვილთა ბრძოლა, ვიდრე, ვთქვათ, ჩვენს მამებსა და მათ მშობლებს შორის იყო. ჩვენსა და ჩვენს შვილებს შორის ასეთი დიდი უფსკრული აღარ იქნება, რადგან უკვე განათლებაც სხვაა და ურთიერთდამოკიდებულებაც სხვაგვარია თაობებს შორის.

– რა იყო თქვენი მთავარი პრინციპი, როდესაც თავად გახდით მასწავლებელი?

– ჩემი უსაყვარლესი მწერალია კარლოს კასტანედა.18-19 წლის ვიყავი, მისი დონ ხუანის სწავლება”რომწავიკითხე – წიგნი, რომელიც მთლიანად მასწავლებლისდა მოწაფის ურთიერთობასეძღვნება. ამ წიგნმა ჩემს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენმოახდინა, სხვათვალითშევხედე მოვლენებს, ადამიანებს,საგნებს.

დღემდე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ,პედაგოგი შედეგს მხოლოდ მზრუნველობითდა მეგობრული დამოკიდებულებით მიღებს.გზა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრობაზე უნდა გადიოდეს.მე ვასწავლიდი ჯაზის აკადემიაში, სადაც იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, ძ-სდა ხ-ს რომ ვერ არჩევდნენ, მაგრამ ეს ტრაგედიად არ მიქცევია, ყველასთან ვიყავი თანაბრად მეგობრული, შევქმენი სწავლების ჩემეული მეთოდი, ვიგონებდი ვირტუალურთამაშებს და საბოლოოდ შედეგიც დადებითი მივიღე.ყველა ჩემი სტუდენტი თავის სფეროში წარმატებულია.

გარდა იმისა, რომ რეალურად ეწევით პედაგოგიურ საქმიანობას,შემოქმედი თავისთავად არისმასწავლებელი. თქვენი შემოქმედებით რა გინდასწავლომკითხველ?

– მინდა ვასწავლო, როგორიარ უნდა იყოს ადამიანი.თუნდაც მასწავლებელი – არ უნდა იყოს ანჩხლი, ისტერიული, გაუნათლებელი, უნდა იყოს თავისუფალი, მოაზროვნე, ჰქონდეს ფართო თვალსაწიერი. ასეთი მასწავლებელი რომ მყოლოდა, მეც უფრო მეტს ვისწავლიდი.

ის წაკითხვას ურჩევშვილებს და,საზოგადოდ,ახალ თაობას?

შვილებს, უპირველეს ყოვლისა,ვურჩევ, იკითხონსაკუთარი მამის წიგნები.ჩემი უფროსი შვილი 17 წლისაა, უმცროსი 13-ის. ისინი აქტიურად კითხულობენ ჩემს ნაწარმოებებს. ამასთან,ქართველებს ძალიან კარგი თანამედროვე პროზა გვაქვს მის წაკითხვასაცვურჩევ.საბჭოთა ტაბუს ახსნის შემდეგმრავალფეროვანი,საინტერესო, ექსპერიმენტული და ალტერნატიული ლიტერატურა შეიქმნა. ყველაფერი, რაც ამ ოც წელიწადში დაიწერა, აუცილებლად უნდა წაიკითხომოზარდმადა ზრდასრულმა ადამიანმაც, რომელსაც პრეტენზია აქვს განათლებასა და კულტურაზე. შესაძლოა ყველა მწერალი და ნაწარმოები თანაბრად ძლიერი არ იყოს, მაგრამ მაინც საინტერესოა. წიგნი ცხოვრების სარკეა, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხოთ ის, რაც ბოლო წლებში გადაგვხდა, რომ იგივე შეცდომები აღარ მოგვივიდეს.

სხვათა შორის, ახლა ვმუშაობთ “პენკლუბის” პროექტზე, რომელიც თბს ბანკმა და “სილქნეტმა” დააფინანსეს: ვაკეთებთ საქართველოს ელექტრონულ ლიტერატურულ რუკას, სადაც ადმინისტრაციული პუნქტების მაგივრად აღნიშნული იქნება მწერლების გვარები – სადაც დაიბადნენ და სადაც მათი სახლ-მუზეუმებია. აქვე მოყვანილი იქნება ინფორმაცია ამ მწერლების შესახებ, მათი ბიოგრაფია, მუზეუმის აღწერა, დაიდება ფოტოები და შემოქმედება. ეს იქნება პირველი ქართული ლიტერატურული ვიკიპედიის ჩანასახი. მაისში ვგეგმავთ ამ პროექტის პრეზენტაციას და ვფიქრობ, ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გახდება.

თავის მხრივ კი მკითხველს უახლოეს მომავალში სამი რომანის დასრულებასა და გამოცემას ჰპირდება. ამისთვის სერიოზულადაც ემზადება. როგორც თავად ამბობს, ცდილობს თბილისს გაექცეს და იმოგზაუროს:

– საზოგადოდ, ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება შემოქმედებით სიმშრალეს იწვევს. ზოგჯერ გარემოს გამოცვლა აუცილებელია, ამიტომ სულ ვცდილობ, ვიმოგზაურო, ახალი ემოციებით დავიტვირთო, მეხსიერება გადავტვირთო, გონებას წყალი დავუსხა, ნიადაგი გავაფხვიერო. ახლა ნეპალში მივდივარ და ორი კვირა საქართველოსგან სრულიად განსხვავებულ გარემოში ვიცხოვრებ, რაც მუშაობაში ძალიან დამეხმარება. ვფიქრობ, სწორედ იქ შევძლებ იმ რომანის დასრულებას, რომელზეც უკანასკნელი თორმეტი წელია ვმუშაობ. ასევე მაქვს შეკვეთა სამოგზაურო ხასიათის ნაწარმოებზე… ნეპალში ნამყოფ მეგობრებთან – დათო ტურაშვილთან, რეზო თაბუკაშვილსა და გიო მგელაძესთან უკვე გავიარე კონსულტაციები და ვიცი, რაზე უნდა გავაკეთო აქცენტი, თუმცა იქ ჩასულს, ცხადია, ჩემი ნეპალი დამხვდება.

რას ჩამოიტანს ნეპალიდან ბესო ხვედელიძე,მომავალში გაამხელს, თუმცა წინასწარ იცის, რომ აუცილებლად ნახავს ნეპალის მსოფლიო მუზეუმს, სადაც დატოვებს თავის რამდენიმე წიგნს და სამაგიეროდ, რაც მოეწონება, სამშობლოში წამოიღებს. ეს ამ მუზეუმის ორიგინალური ტრადიცია ყოფილა.

და კიდევ ერთი – რომანების გამოცემამდე მკითხველს მწერლისგან სიურპრიზი ელის. როგორც თავად ბესო ხვედელიძე ამბობს, აპრილის ბოლოს გაიმართება მისი პირველი და უკანასკნელი ლექსების კრებულის – “ბობ მარლის დახუჭული თვალების” პრეზენტაცია.

– წლების განმავლობაში ლექსებს ჩემთვის, ჩუმად ვწერდი. ხლა მივხვდი, რომ ეს კრებული ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, გამზითვებული მასალაა, დასრულებული ეტაპი, რადგან არა მგონია, პოეზიას კვლავ დავუბრუნდე.ძველ ნაწერებს რამდენიმე ლექსი ჩამოვაშორე და საკმაოდ დიდი კრებული გამოვიდა.ვფიქრობ, ამ პოეზიის გაცნობის შემდეგ მკითხველი ახალ ბესო ხვედელიძეს აღმოაჩენს.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

იაპონიის განათლების სისტემა

0

ღირებულებათა იერარქიაში განათლებას იაპონელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. სწორედ განათლების მაღალი დონის დამსახურებაა, ამომავალი მზის ქვეყანამ ძალზე მოკლე ხანში რომ მიაღწია უდიდეს წარმატებას და პროგრესს. ამიტომ განათლებისადმი სწრაფვას უფროსი თაობა ბავშვებს მცირე ასაკიდანვე უვითარებს.

 

იაპონიის განათლების სისტემის მთავარი ამოცანა არაორდინარული და აქტიური პიროვნებების აღზრდაა.

იაპონიის თანამედროვე განათლების ისტორია 5 ძირითად პერიოდად იყოფა:

1. დაარსების პერიოდი (1868-1885 წ.წ.);

2. კონსოლიდაციის პერიოდი (1886-1916 წ.წ.) – გამოიცა სკოლის კანონები, მოხდა განათლების სისტემური სტრუქტურირება;

3. ექსპანსიის პერიოდი (1917-1936 წ.წ.) –განათლების სისტემა ეფუძნებოდა განათლების საგანგებო საბჭოს რეკომენდაციებს;

4. სამხედრო პერიოდი (1937-1945 წ.წ.) –მილიტარისტული განათლების პიკი;

5. თანამედროვე პერიოდი (1945 წლიდან დღემდე).

რას წარმოადგენს იაპონური სკოლა

სასკოლო განათლება იაპონიაში თორმეტწლიანია. აქედან ნახევარზე მეტი დრო მშობლიური ენის სწავლებას ეთმობა. იაპონიის განათლების სამინისტროს მოთხოვნით,დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ, მოსწავლემ 1850 იეროგლიფი უნდა იცოდეს. ეს ცოტა როდია _ მაგალითად, ჩვეულებრივი გაზეთის წასაკითხად იაპონელმა 3000 იეროგლიფი მაინც უნდა იცოდეს. ყოველ იეროგლიფს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, იაპონურ ენაში იყენებენ მარცვლოვანანბანს, რომელთაგან თითოეულში 48 ნიშანია, და ლათინურ ანბანს.

თორმეტი წლის განმავლობაში ბავშვები დიდ დროს უთმობენ თავიანთი ქვეყნის ისტორიის შესწავლასაც.

გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები სახლში არ ბრუნდებიან – მათ დამატებითი მეცადინეობა უტარდებათ. იქ მიღებულ ცოდნას საშუალო სკოლაში და უნივერსიტეტში ჩაბარებისას გამოიყენებენ.

ადგილს, სადაც ისინი დამატებით მეცადინეობენ, “ძიუკუ” – “დაოსტატების სკოლა” ეწოდება, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, “რეპეტიტორთა სკოლა”, სადაც სპეციალურად დაქირავებული მასწავლებლები ბავშვებს გაკვეთილებს ამეორებინებენ და გამოცდებზე გამოსაყენებელ ახალ ინფორმაციას აწვდიან (პირველი ძიუკუტოკიოში XVII საუკუნეში გაიხსნა და მისი მესვეურები კალიგრაფიის ოსტატები იყვნენ).

კლასში საშუალოდ 45 მოსწავლეა, რაც ძიუკოსთვისმიუღებელია. რამდენიმე წლის წინ აქ მხოლოდ ის ბავშვები სწავლობდნენ, ვისაც სწავლის გაგრძელება ელიტურ უმაღლეს სასწავლებელში სურდა, ამჟამად კი ძიუკოშიდაწყებითი სკოლის მოსწავლეთა 15%, საშუალო სკოლის მოსწავლეთა 50% და უფროსკლასელთა 99% დადის.ძიუკოში3-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები სწავლობენ.

იაპონელები სწავლისთვის ფულს არასოდეს ზოგავენ. ძიუკუშიგადასახადი 20 ათასი იენია, მოსახლეობის საშუალო ხელფასი კი 300 ათასი იენი. ამდენად, ყოველწლიურად ძიუკურამდენიმე ტრილიონ იენს იღებს (დაახლოებით ამდენივეს ქვეყანა სამხედრო თავდაცვაზე ხარჯავს).

იაპონიაში ყველაზე გრძელი სასწავლო წელია 240 დღე. ბავშვები სკოლაში ძალიან იტვირთებიან. სამეცადინოდ მათ, სულ ცოტა, 6 საათი სჭირდებათ. მშობლები შვილების სწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. იაპონელი დედა ზუსტად გეტყვით, რა დავალება აქვს შესასრულებელი მის შვილს, სწორად არის ამოხსნილი თუ არა ესა თუ ის ამოცანა ფიზიკასა თუ სხვა საგანში. თანამედროვე დედებს ტყუილად კი არ ეძახიან “კეიკუს” _ “განათლებით აღტკინებულებს”. მრავალი მათგანი შვილის ავადმყოფობისას მზადაა, თავად დაესწროს გაკვეთილებს, ოღონდ კი მისი შვილი “არ ჩამორჩეს”.

იაპონიაში კერძო სკოლებიცაა, სადაც გამოცდები საერთოდ არ არის, მაგრამ ამ სკოლების მომსახურებით იშვიათად სარგებლობენ. ზარმაც იაპონელს სამსახურში მინისტრის სატელეფონო ზარის შემდეგაც კი არ დატოვებენ და ეს იაპონელებმა ბავშვობიდან იციან.

უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით – ცნობილებში, კონკურსი დიდია, გამოცდები – რთული, ამიტომ უნივერსიტეტებში სკოლადამთავრებულთა მხოლოდ მესამედი აბარებს. კერძო უნივერსიტეტებში გადასახადი მაღალია. ბევრი სკოლადამთავრებული ტექნიკურ კოლეჯში ან პროფესიულ სკოლაში ამჯობინებს სწავლის გაგრძელებას.

აქაური ტრადიციები იმდენად მძლავრია, რომ სკოლის ფორმაც კი საუკუნეზე მეტია არ შეცვლილა: ბიჭებს შავი, გოგონებს კი ცისფერი სამოსი აცვიათ. დაწყებით კლასებში ფორმას არ ატარებენ, პატარებს მხოლოდ ყვითელი ქუდები უნდა ეხუროთ, ისიც უსაფრთხოების მიზნით, რათა მანქანის მძღოლებმა შეამჩნიონ.

იაპონური სკოლები განთქმულია სისუფთავით. ბავშვები სკოლაში ფეხსაცმელს იცვლიან. კლასების დალაგება კი მოსწავლეების პრეროგატივაა.

საგანმანათლებლო პროგრამა

განათლების სისტემა იაპონიაში მოიცავს დაწყებით სკოლას (6-12 წელი) – სეგაკოს, უმცროს საშუალო სკოლას (12-15 წელი) – ტიუგაკოს, უფროს საშუალო სკოლას (15-18 წელი) – კოტოგაკოს, კოლეჯს ან უნივერსიტეტს. კანონით, აუცილებელია ბავშვმა სკოლაში ცხრაწლიანი განათლება 6-დან 15 წლამდე ასაკში მიიღოს. სკოლების დიდი ნაწილი სახელმწიფო დოტაციაზეა.

სასწავლო წელი იაპონიაში 1 აპრილს იწყება და სამი ტრიმესტრისგანშედგება. მოსწავლეებს გაზაფხულზე და ზამთარში ორკვირიანი არდადეგები აქვთ, ზაფხულში _ ექვსკვირიანი. ყოველი სასწავლო დღე სკოლებში სახელმწიფო დროშის აღმართვით და ჰიმნის შესრულებით იწყება.

დაწყებით სკოლაში ბავშვები ექვსი წელი დადიან და სწავლობენ მშობლიურ ენას, არითმეტიკას, ბუნებისმეტყველებას, აქვთ ზნეობის, კალიგრაფიის (სედოს), მუსიკის, ხატვის, მებაღეობის, ეკოლოგიის, ჰიგიენის გაკვეთილები. გადიან სეიკაცუს კურსს (“ცხოვრების შესახებ”), სწავლობენ უცხო ენებსა და კომპიუტერს, ჩართულები არიან სპორტში: ფრენბურთში, კალათბურთში, ფეხბურთში, ჰოკეიში, ცურვაში და ა.შ. ყოველწლიურად, ზაფხულში და გაზაფხულზე, სკოლებს შორის ბეისბოლის ტურნირი იმართება, რომელსაც თვალს მთელი ქვეყანა ადევნებს.

უმცროს საშუალო სკოლაში მოსწავლეები სამი წელი შეისწავლიან მშობლიურ და უცხო ენებს, ისტორიას, მათემატიკას, გეოგრაფიას და სხვა საგნებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიკურ აღზრდას _ მუსიკას, სიმღერას, ხატვას.


დაწყებით და უმცროს სკოლებში ხუთდონიანი შეფასების სისტემაა:S –ძალიან კარგი, A –კარგი, B –დამაკმაყოფილებელი, C – ცუდი და D – ძალიან ცუდი.

სკოლის სავალდებულო პროგრამაში შედის ექსკურსიები, ქვეყნის ისტორიული ღირშესანიშნაობებისა და ნაკრძალების დათვალიერება.

 

15 წლის ასაკისთვის იაპონელი მოსწავლეები ცხრაწლიან განათლებას იღებენ. მათი 97% სწავლას უფროს საშუალო სკოლაში აგრძელებს. სწავლა ფასიანია, მაგრამ ყველა იაპონური ოჯახისთვის ხელმისაწვდომი.

ბავშვებს სკოლაში უქმეებზე და არდადეგების დროსაც უწევთ მისვლა. სკოლაში თამაშობენ, მეცადინეობენ მეცნიერულ, კომპიუტერულ, სპორტულ კლუბებში, აღნიშნავენ დღესასწაულებს, მართავენ ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, ზრუნავენ თეატრალურ დადგმებზე.

ვინ არიან იაპონელი მასწავლებლები

“უკან დაიხიე სამი ნაბიჯით, მაგრამ მასწავლებლის ჩრდილს ფეხი არასოდეს დაადგა”, _ გვამცნობს იაპონური სიბრძნე. იაპონურ სკოლაში მასწავლებელი ყველაზე საპატიო, პრაქტიკულად საკულტო ფიგურაა. იაპონურად “მასწავლებელი” (“სენსეი”) “ადრე დაბადებულს” ნიშნავს. სკოლის პედაგოგი თავის მოსწავლეს არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს, არამედ მისი აღმზრდელი, დამკვალიანებელი და პირველესი გულშემატკივარია.

 

უფროსკლასელებს უმეტესად მამაკაცი მასწავლებლები ჰყავთ. დაწყებით სკოლაში მამაკაცი მასწავლებლების რაოდენობა 42%-ია, უმცროს სკოლაში 62%, უფროსში 80%-ი.

მასწავლებლის სამუშაო დღე ზოგჯერ 14 საათსაც კი გრძელდება. პროფესიის პრესტიჟულობის შესანარჩუნებლად და სწავლების ხარისხის გასაზრდელად პედაგოგის შრომას გამუდმებით ასტიმულირებენ. კოლეჯში ორ-სამწლიანი სწავლის შემდგომ ახალგაზრდა მასწავლებელს თავდაპირველად ყოველთვიურ ხელფასად 165 ათასი იენი (10 ათასი იენი 75 ამერიკული დოლარია) ენიშნება, უნივერსიტეტდამავრებულს 190 ათასი იენი. გამოცდილების ზრდასთან ერთად ხელფასიც იმატებს.

მასწავლებლის ანაზღაურებას ემატება პრემიები, რომელთა ოდენობა ხშირად ექვსი თვის ხელფასს უტოლდება. გარდა ამისა, მისი ოჯახი ყოველთვიურ შემწეობას იღებს: უშვილო ოჯახი – 15 ათას იენს, 1-2-შვილიანი – 4,5 ათასს, ხოლო ყოველი მომდევნო შვილის მატებისას – 1000 იენით მეტს. თუ მასწავლებელი დაუოჯახებელია, მაგრამ ბავშვს ზრდის, 10 ათას იენს აძლევენ.

რეგიონში მოღვაწე მასწავლებელს ყოველთვიური კომპენსაცია ეძლევა, ქალაქს მოწყვეტილი სკოლის მასწავლებლის ანაზღაურებას კი ყოველდღიური დანამატი ემატება. იმ მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი სახლი აქვს ან იძულებულია, ძვირად ღირებულ ნაქირავებ სახლში იცხოვროს, თვიური ხელფასის 10%-ის შესაბამისი კომპენსაცია ერიცხება.

იაპონურ სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ასევე, ძალზე ფასობს მასწავლებლის თვითგანათლება, თვითგანვითარება. ვინც საკუთარი სურვილით ესწრება საღამოს გაკვეთილებს ან დაუსწრებელზე მეცადინეობს, დამატებით თვიური ხელფასის 1/10 ეძლევა.



მოამზადა ირმა კახურაშვილმა

ვისი დღეა პარასკევი?

0

ელა გოჩიაშვილის პოეტური კრებული სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა თანამედროვე ქართულ პოეზიაში. განსაკუთრებულია როგორც ფორმის, ასევე შინაარსის მხრივ, რადგან აქ ფორმაც და შინაარსიც ერთმანეთს ავსებს და ზუსტი, თანამედროვე აქცენტების გამოკვეთას ემსახურება. ელას პოეზიაში მთავარია ნიუანსი, რომელიც ტალღებით ატაცებული ჩალის ღერივით ხშირად სულაც არ ტივტივებს ზედაპირზე და მის შემჩნევას ფაქიზი პოეტური სმენა ესაჭიროება. ქართული ლიტერატურული სინამდვილე ასეთი ნიუანსობრივი პოეზიით განებივრებული არაა და პოეტები, რომელთაც სადღეგრძელოების ანუ პათეტიკის მომგებიან, მკითხველის ყურში ადვილად მოსახვედრ ჟღრიალს ჩუმი, მაგრამ გულში ჩამწვდომი ინტონაცია ამჯობინეს, სავალალოდ ცოტანი არიან. ეს სრულიად ბუნებრივია იმ ქვეყნის ლიტერატურისათვის, სადაც პოეზიამ სხვა ბევრ ზედმეტ ფუნქციასთან ერთად, ერის გამომღვიძებლისა თუ მებაირახტრის მისიაც “შეითავსა” და ამ მისიამ მისგან ლოზუნგების გარითმვა მოითხოვა. ლოზუნგები მასის ყურსა და გულზე იყო გათვლილი და ამიტომაც, გამიზნულად ხმაურიანი თუ ზეაწეული. ამ ხმაურსა და ყიჟინაში კი ნელ-ნელა ჩაიკარგა პოეზიის უმთავრესი ხმა, ხმა მასიდან პიროვნების გამომცალკევებელი და მანუგეშებელი.

XX საუკუნის მიწურულიდან თანდათან დაიწყო პოეზიის ახალი ფორმების ძიება და დამკვიდრება. ამ პროცესის სათავეებთან, ჩემი აზრით, უპირველესად, ერთის მხრივ, სტურუა-ხარანაული, მეორეს მხრივ კი გივი გეგეჭკორი უნდა ვიგულისხმოთ. დღეს კი თუ ვინმე აგრძელებს ამ წარმატებულ ძიებებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ ელა გოჩიაშვილია. ელა გოჩიაშვილის პოეზიაში მთავარი ინტონაციაა, ინტონაციათა მრავალმხრივობა თუ პოლიფონიურობა. ამ პოლიფონიურობის ჟღერასა და ინტონაციათა გამოკვეთას კი ხელს უწყობს არაჩვეულებრივად მდიდარი ლექსიკური მარაგი, რაც საერთოდ ნიშნეულია ქართლ-კახური მეტყველებით ნასულდგმულები პოეტებისათვის. საერთოდ, ჩემზე ისე გამაღიზიანებლად არაფერი მოქმედებს, როგორც რამდენიმე კლიშედ ქცეული ფრაზა და, მათ შორის, “ძარღვიანი ქართული”, რომელსაც კრიტიკოსის მანტიამოსხმული ლიტერატორები ხშირად იყენებენ ხოლმე ამა თუ იმ მწერლის ლექსიკურ-სტილისტური მარაგის დასახასიათებლად. ამ დროს, თუ კარგად გადაჩხრეკ, ეს “ძარღვიანი ქართული” არც თუ იშვიათად დიალექტიზმების ან ისტორიზმების ფერუმარილით გათხიპნილ ღვარჭნილ მეტყველებას გულისხმობს, რასაც ნამდვილ შემოქმედებასთან, ნამდვილ ვნებასთან არაფერი ესაქმება. ელა გოჩიაშვილის შემთხვევაში მდიდარი ლექსიკური მარაგი პრინციპულად სხვა რამეს აღნიშნავს. კერძოდ იმას, რომ მას მართლაც ოსტატურად შეუძლია ზუსტი, შესაბამისი სიტყვის მოძებნა, რომელიც ისე ბუნებრივად ზის ამა თუ იმ ფრაზაში, რომ მისი სხვა სიტყვით ჩანაცვლება წარმოუდგენელი და დაუშვებელია. ჩემი სიტყვების დასტურად შემიძლია ელა გოჩიაშვილის კრებულის ნებისმიერი გვერდი გადავშალო და არაერთი მაგალითი მოვიტანო _ აი, ის რაც ხელთ პირველი მომხვდება. წიგნი 31-ე გვერდზე გადაიშალა. აქ არა მხოლოდ ელა გოჩიაშვილის, არამედ მთელ თანამედროვე ქართულ პოეზიაში გამორჩეული ციკლის _ “ჩემთვის და ჩემი ორი დისათვის” _ ფრაგმენტი _ “ამბავი ფრჩხილებისა” _ არის დაბეჭდილი:

“გვიყვარდა ბავშვებს
სიკვდილ-სიცოცხლის თამაშობანი.
გვიყვარდა ბავშვებს
მიწიანი თამაშობანი.
მიწა ხომ მუდამ
უშურველად გვეძლევა ხოლმე,
მიწა მუდამ საკმარისია,
მით უმეტეს,
სიკვდილ-სიცოცხლის თამაშებისთვის.
მკვდარ ჩიტებსაც რა გამოლევდა _
ჩვენი სამყოფი ყოველთვის იყო.
სულ პირწმინდად ჩაიხოცნენ მაშინდელები,
სულ პირწმინდად დახუჭეს ფრთები.
გავხედავ ხოლმე, გამაკანკალებს _
გოჯს ვერ იპოვი,
თითო ჩიტი ყველგან მარხია.”
ეს ალალბედად მოტანილი ფრაგმენტი, მე მგონი, ყველაზე უკეთ დამეხმარება იმის გამოკვეთაში, რის თქმასაც ვაპირებდი. დავუკვირდეთ, რამდენჯერ მეორდება ამ პატარა მონაკვეთში ერთი და იგივე სიტყვა:
გვიყვარდა ბავშვებს სიკვდილ-სიცოცხლის თამაშობანი, გვიყვარდა ბავშვებს მიწიანი თამაშობანი… მიწა.. მიწა…… თამაშებისთვისთვის…… ჩიტებსაც… ჩიტები…
ამ გამიზნულ ტავტოლოგიათა მიუხედავად, ლექსიკა მაინც მდიდარია, რადგან დამოწმებული ფრაგმენტის ყველა სიტყვა იმდენად თავის ადგილასაა, ისეთი ზუსტია, რომ ვერაფრით ჩაანაცვლებ. ამის განსაზღვრა სწორედ ინტონაციური სიზუსტით შეიძლება. ინტონაციურ სიზუსტეს კი იმის მიხედვით გამოარკვევ, რამდენად გაჯერებს პოეტი ნათქვამის სიმართლეში.
ელა გოჩიაშვილის პოეტური ძალაც სწორედ მის დამაჯერებლობაშია, მის ლექსებში ყველა ადამიანი თავის წილ სიკვდილ-სიცოცხლეს ითამაშებს, ეს ლექსები ყველას სათავისოდ მიეწვდება, რადგან კრებულში “პარასკევი ჩემი დღეა” ერთი ლექსიც კი არ არის უბრალო მიზეზით დაწერილი, თითოეული ლექსი ზღვარია, რომლის იქითაც ან თავი უნდა მოიკლა, ან არა და, ლექსი დაწერო. ასეთი ლექსი კი აღასარებას ემსგავსება, სადაც სათქმელის შინაგანი ტონალობაა მთავარი და არა _ მისი პოეტური ჩუქურთმებით მოპირკეთება. თუმცა სწორედ ეს მართალი შინაგანი ტონალობა თან ისეთ სახეობრივ სისტემასაც მოიყოლებს, რომელსაც მხოლოდ გარეგნულ ეფექტებზე გაფაციცებული პოეტი ვერასდროს იპოვნიდა.
ამ აზრს ეხმიანება ელა გოჩიაშვილის ერთი შესანიშნავი უსათაურო ლექსი:
“არავის უნდა უჩუმარი კედელი იყოს,
და ყველას უნდა იყოს ჩუქურთმა.
ვინმე ხომ უნდა დაწვეს ბილიკად
მწვერვალისაკენ… ცისკენ…
ვინმე ხომ უნდა დამთავრდეს ჩუმად,
უსახელოდ და უზარზეიმოდ,
ვინმე ხომ უნდა ჩადგეს საძირკვლად,
ვისაც არასდროს გადააბრწყინებს
აღტაცებული თვალების შუქი
და მხოლოდ თვითონ ემახსოვრება
რომ ამოდენა მშვენიერება
მის მკერდზეა დაშენებული…
რად არ გვყოფნის ჩვენივე თავი,
რად არ ვიცით ნამდვილი შეწირვა?
რატომ დაჰყვა ასეთი გემო თაყვანისცემას _
მაცდური, ბრმა და დაუშრეტელი,
რომ ყველას უნდა ხმამაღალი ჩუქურთმა იყოს
და არვის უნდა, იყოს კედელი.”
საერთოდ, ელა გოჩიაშვილის პოეტური კრებულის პათოსს მსჭვალავს თანაგრძნობა უჩინარი, ერთი შეხედვით, უბრალო ადამიანების, საგნებისა თუ მოვლენებისადმი, რომელთაც ამქვეყნიურის საყოველთაო ბრწყინვაში ჭახჭახს გამოცალკევება, სიჩუმე და სიმარტოვე ამჯობინეს. ადამიანების, რომლებიც არასოდეს ილაპარაკებენ საკუთარ ღირსებებზე, თავწახრილები შრომობენ, უყვართ, ერთგულობენ და, თითქოსდა, არც არაფრით გამოირჩევიან, მაგრამ სინამდვილეში სწორედ მათ ზურგზე, მათ მოთმინებაზე, მათ ერგულებაზეა დაშენებული, ყველა სიმყარე, რაც კი ამ ცოდვა-მადლით აბარბაცებულ ქვეყნიერებას წონასწორობას უნარჩუნებს.
სწორედ ეს თანაგრძნობაა ბიძგის მიმცემი ლეღვის ხისადმი გამჟღავნებული ნუგეშისადმი, რომლის სახარებისეული იგავის განსხვავებული, ადამიანური წაკითხვა ელა გოჩიასვილის ლექსში ყოფიერების ტრაგედიის ახალ ჰორიზონტებს გადაშლის:
“შენთან მაქვავებს შენზე დარდი
და იგავის მღვიმეებში
აღარ მახედებს…
………………………………. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . .. . . . . . . .. .”
პოეტს სათქმელი მეტადაც რომ აღარ დაეკონკრეტებინა, ლექსის ეს საოცარი დასაწყისიც იკმარებდა იმისათვის, რომ გვეგრძნო, როგორი სასწაულის მოხდენა შეუძლია ნამდვილ პოეზიას. ფრაზა _ “შენთან მაქვავებს შენზე დარდი” და განსაკუთრებით, ამ კონტექსტში გახმიანებული “მაქვავებს” სრულად გადმოსცემს ყველაფერს, რისი თქმაც პოეტს უნდოდა ჩვენთვის იმწუთას და იმ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით. ეს (პირველი) ფრაზა თითქოს ტრაგედიის მწვერვალზე გტყორცნის, მეორე კი (“და იგავის მღვიმეებში აღარ მახედებს”) ისევ ქვემოთ, მიწაზე განარცხებს. ამ საოცარ რყევაში კი თითქოს ხელახლა იბადები და ახლებურად მოჩანს შენს თვალწინ ყველაფერი _ ნაჯახმომარჯვებული ქვეყნიერებაც, მარტომდგომი, უნაყოფო ლეღვიცა და ისიც, ვისგანაც სათავეს იღებს მისტიკური ნუგეში ადამიანური ტრაგედიისადმი, მაგრამ ამ იგავით ნაყოფით ჩამოხუნძლული ქვეყანა უნაყოფო, მარტოსული ლეღვის გასაწირად ისე წააქეზა, თითქოს ნებისმიერი ხისა თუ ადამიანის ნაყოფიერება, ვინმეს ჩვეულებრივობა ან სხვანაირობა სწორედ მის უზენაეს ნებაზე არ იყოს დამოკიდებული.
ამას გარდა, მეორე ფრაზა “და იგავის მღვიმეებში აღარ მახედებს” ძველ, წმინდა ტექსტებთან თანამედროვე ადამიანის დამოკიდებულებაზეც მიუთითებს. სინტაგმა _ “იგავის მღვიმე”, რომელიც თავისთავად მშვენიერი და მოულოდნელი პოეტური სახეა, სახარებასთან ჩვენს დღევანდელ ადამიანურ მიმართებასაც განსაზღვრავს. “მღვიმე” ასოციაციურად სიგრილეს, ნუგეშს, სულისმოთქმასაც გულისხმობს და ამავე დროს, შიშსაც, გაურკვევლობასაც, ჩვენი წინასწარი ხედვის დასაზღვრულობასა თუ მღვიმის შიგთავსის, როგორც თავისთავადი მოცემულობის, მრავალშრიანობას. სწორედ ეს მრავალშრიანობა უბიძგებს პოეტს თავისებურად გაიაზროს ქრისტეს სახარებისეული ცნობილი ლოგია _ “ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოიკვეთოს და ცეცხლსა დაედვას” _ და მომავალი, მოსალოდნელი მსჯავრისა აღარ შეეშინდეს. ერთხელ ამ იგავის მღვიმეში ხვდება იგი ქრისტეს, როგორც პოეტი პოეტს და მეორედ ჯვარზე, რომელიც უნაყოფო ლეღვის ფესვიდან გამომავალი, მის ცხოვრებად, ღვთის ნაბოძებ ამქვეყნიურ ყოფად იტოტება. ასე უკავშირდება ერთმანეთს “ნუგეში ლეღვის ხისადმი” და ელა გოჩიაშვილის მეორე ლექსი _ “სიზმარში…… სიზმარში… (შვილს) “:
“ნუ გეშინია, მე შენ მყავხარ,
სიზმარში მყავხარ…
უყვარხარ დედას,
დარდობს დედა,
როცა სიზმარში ავად უხდები
და ამ დარდით ბედნიერია…”
ამ ლექსის განწყობილებას აგრძელებს თუ ეხმიანება ელა გოჩიაშვილის ერთი ბოლოდროინდელი საუკეთესო ლექსიც “თამაში”:
“_ დედა, წავიდე ბებოსთან?
_ წადი.
_ დავრჩე ამაღამ?
_დარჩი.
დარჩიო!!!
თუ არ არსებობს ბედნიერება,
მაშინ იმ წამს რა უნდა ერქვას?
თუ სამოთხე აქაური არ არსებობს,
მაშ, რაღაა ბებიის სახლი?
წამოვკრიფე
თოჯინა და
აკვანი და აკვნის რამერუმეები
და გავფრინდი ზევითუბანში.
ის აკვანი ჩემი ხელით გამოვჩორკნე.
უშოვნელობა თუ იყო, თორემ
გულს არ დამწყვეტდნენ,
დურგლობამდე საქმე ალბათ არ მივიდოდა.
გამომივიდა ნახელავი _
ირწეოდა… იდგა… დამქონდა…
აკვნობას სწევდა;
არ დაშლილა, გამოგვზარდა
მე და ჩემი პატარა “კუკლა”.
კიდევ კარგი, გამოვჩორკნე,
ხომ ვეღარ ვიტყვი
აკვანთან არ ვმჯდარვარ-მეთქი…
უიმედოდ გადაბრტყელებულ ჩითის მკერდზე
მივიკრავდი იმ ჩემ პატარას,
ვაწოვებდი და ვუგურგურებდი.
დაუბანელს არ ჩავაწვენდი;
გაკრიალებულს, გამშრალებულს,
უკვე სააკვნედ გამზადებულს
ქათმის სკინტლსაც ამოვცხებდი ერთ ალაგას _
თავისით არ ჩაისვრიდა
და ისე კიდე რაღა ბავშვი იქნებოდა!
მერე ხომ უნდა მებუზღუნა,
მომკლა ამდენმა სარეცხმა-მეთქი.
კიდევ კარგი, ეს მოვიფიქრე;
ხომ ვეღარ ვიტყვი,
რომ ჩვილისები არ მირეცხია…
ისეთებიც არიან თქვენში? _
ვინც იკადრებს, ნიშნი მომიგოს _
ქათმის სკინტლიანს რეცხავდიო!
ბავშვობის მადლით და სასწაულით და
წარმოსახვის განამდვილების ღვთიური ნიჭით
მე მაშინ მართლა დედა ვიყავი
და შვილი მართლა ჩასვრილი იყო.”
მკითხველს ბოდიშს ვუხდი ვრცელი ციტატისთვის, მაგრამ იგი ჩემი რამდენიმე მოსაზრების საილუსტრაციოდ მჭირდებოდა. ამიტომაც აქ ამ ვრცელი ლექსის თითქმის მთლიანად გადმოწერასაც არ მოვერიდე. ჯერ ერთი, ეს ლექსი გვიჩვენებს წინა ნიმუშთან შედარებით, როგორ გადადის ელა გოჩიაშვილის პოეზიაში პიროვნული საზოგადოში და კონკრეტული _ ზოგადში. როგორც ვხედავთ, ამბავი იწყება ავტობიოგრაფიული ელემენტების გახსენებით და პოეტს თავის ბავშვობიდან გამოყოლილი ამ ალბათ ყველაზე სასიამოვნო პასაჟების გახსენება დღევანდელი დღის შეფასების საშუალებას აძლევს. დღEევანდელის, როცა:
“ასფურცელა ქადასავით
დამძიმდა და დატკბა წარსული,
შემიჩვია გემრიელ თითებს მალოკინებს,
ტანი გაივსო ფუვდება, ფუის;
მომიახლოვდა დამიახლოვდა,
ლამის არის,
აწმყო კი არა,
ხვალეებიც გადამიფაროს.”
მე არ ვიცი, ასე უბრალოდ და მშობლიურად და, ამავე დროს, ასე ტრაგიკიულად, კიდევ როგორ უნდა გამოიხატოს ის განცდა, რაც ალბათ ყველა ადამიანს ეუფლება, როცა ბავშვობის სახლზე ფიქრობს, იმ გაუჩინარეულ “შინაზე”, სადაც სამწუხაროდ, ვერავინ ბრუნდება, რადგან ეს სახლი არასოდეს დაგიხვდება ისეთი, როგორიც შენი ბავშვობიდან დაგამახსოვრდა, როგორიც იყო მაშინ, როცა სრულიად უწყინარი ბავშვური გულუბრყვილობითა და მიამიტობით თურმე “მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობდი”… ამიტომაც ტკბება და მძიმდება წარსული მერე ასფურცელა ქადასავით, ამიტომაც მთელი ცხოვრება მიგყვება და ყოველ წამს “ფუვდება, ფუის”. სხვადასხვა ფორმით გამეორებული ეს ზმნა ძველი ტკივილის მემკვიდრეობითობას, დროში ხანგრძლივობას, მის წარსულიდან ახლანდელში გადანაცვლებაზე მიუთითებს. გარდა ამისა “გაფუება” თუ ერთი მხრივ სისავსის, ხვავრიელობის, ბავEშვური ფუფუნების ასოციაციას აღძრავს, მეორე მხრივ, დამდუღრულ-გაფუებული სიმსივნის განცდასაც მოიყოლებს. ამ პოლარულ ასოციაციებს კრავს ფრაზა “გემრიელ თითებს მალოკინებს”, სადაც განსაზღვრება “გემრიელი” წარსულს, ბავშვობას უკავშირდება, “თითების ლოკვა” კი წარსულსაც (ბავშვურ მიამიტობას) და ახლანდელსაც (ყოველდღიურობისაგან დამდუღრულობისა თუ დადაღულობის წამიერად დაამების სურვილს).
გარდა ამისა მკითხველი ალბათ ყურადღებას მიაქცევდა წინა მონაკვეთში, ერთი შეხედვით, საჩოთიროდ გაჟღერებულ ბარბარიზმს “კუკლას” და იქნებ, ვინმე შემომედავოს კიდეც, აბა, ეგ რა ლექსიკური სიმდიდრეა, თითქოს ქართული სიტყვა არ გვქონდეს, ლექსში “კუკლა” რა მოსატანიაო. ჩემი აზრით კი, ეს ის შემთხვევაა, როცა ბარბარიზმი არა თუ არ ანაგვიანებს ენას, არამედ რაღაც ისეთ მნიშვნელოვანსაც გამოხატავს, რასაც სხვა სიტყვით ვერასოდეს ჩაანაცვლებდი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი “თოჯინა” ან, მით უფრო, “დედოფალა” გააუფერულეებდა, უფრო სწორად ვერაფრით ვერ გადმოსცემდა იმ ინტიმურ-მშობლიურ განცდას, რასაც ბავშვი ელა გოჩიაშვილისათვის ქართლ-კახეთის სოფლებში ფართოდ გავრცელებული “კუკლა” იწვევდა. სხვათა შორის, ლექსის ბოლოსკენ უკვე “კუკლა” “თოჯინით” იცვლება: _ “აი, ჭერმის ტოტს შეამტვრია წკირი, ნაწვიმარს, ქათმის სკინტლში ამოურია, თოჯინას წასცხო…” ეს უკვე დიდი ელა გოჩიაშვილის ხმაა, რომელიც წარსულს გადასცქერის და ამბობს:
“იცოდა ღმერთმა,
უფრო დედა, ვიდრე მაშინ,
არასოდეს რომ არ უნდა ვყოფილიყავი,
იცოდა, რომ რეალობას წარმოსახვებით
არაერთხელ ჩამინაცვლებდა.
იცოდა ღმერთმა, რისთვის უნდა ვემზადებინე,
როგორი შემქმნა _
არარსებულით ისე მძაფრად უნდა მეცხოვრა,
რასაც მრავალნი
არსებულით ვერ ახერხებენ.
იცის ღმერთმა,
ვისაც ნამდვილი წყალი სჭირდება
დასარწყულებლად,
თუნდ უგემური,
ოღონდ ნამდვილი,
ხელშესახები, ჩასაყლურწი,
იმას ნამდვილ წყალს ჩაუსხამს პეშვში…”
და აი, აქ კიდევ ერთხელ გაიელვებს ლეღვის ხის ხატი, რომლისთვისაც ბედისწერას თუ რეალურ, ან ტრანსცენდენტულ სინამდვილეში არა, ამ ორი სინამდვილის მიჯნაზე, ანუ პოეზიაში, მაინც უსათუოდ მოეთხოვება პასუხი.
სხვათა შორის, ჩვენ მიერ ზემოთ განხილული ლექსი ორგანული ნაწილია ელა გოჩიაშვილის პოეზიის იმ თავისებური ნაკადისა, რომელსაც ალბათ არა თუ ქართულ, არამედ მსოფლიო პოეზიაშიც ძნელად მოეძებნება ანალოგი. ეს არის ერთგვარი თხრობითი, ნარატიული ნაკადი, რომელსაც ვერც “ლექსები პროზად” დაერქმევა და მით უმეტეს, ვერც პოეტური პროზა, რაკიღა ლიტერატურისმცოდნეობაში დამკვიდრებული ორივე ეს ტერმინი პრინციპულად სხვა ხასიათის მოვლენებს აღნიშნავს. ელას შემთხვევაში, ეს ალბათ უფრო “ნარატიული პოეზიაა”, სადაც ამბავი თავისთავად არის პოეტური ცნება-სიმბოლო, როგორც გარკვეული ლირიკული რეფლექსიის მახასიათებელი. ამ ტიპის, ანუ “ნარატიული პოეზიის” ნიმუშებს განეკუთვნება ელა გოჩიაშვილის საუკეთესო ლექსები: “მარია”, “ადამიანი _ ცოცხალმშობიარე”, “ჭეჭეთობის ღამე” და პოეტური ციკლი _ “ჩემთვის და ჩემი ორი დისათვის”. შინაარსობლივად, ყველა ეს ლექსი ქალის ბედისწერას ეძღვნება. ეს ზოგადად, თორემ თითოეულ აქ დასახელებულ ნიმუშში იმდენი შინაგანი პლასტი ეწვნის ერთმანეთს, იმდენ საფიქრალს მოიყოლებს, რომ მხატვრული თვალსაზრისით ალბათ რამდენიმე რომანს ეყოფოდა. მთავარი მოტივი, მეტაფორული ხერხემალი კი, რაც ყველა ამ ლექსს აერთიანებს, სხვანაირი, განსხვავებული ადამიანის ბედია ერთნაირობის მომთხოვნ, განსხვავებულის ვერმგუებელ სინამდვილეში. ეს დაპირისპირება ერთნაირობისა და განსხვავებულობისა ყველაზე უფრო მკაფიოდ იკითხება “მარიაში”:
“ჰოდა, მიდიან…
ერთნაირები…
ერთნაირი ფილაქნები გადმოიარეს…
ერთნაირი მარნის კარი გამოგულეს,
ჩაუარეს უბრალო ვარდებს (ასე ეძახდნენ);
ერთნაირი უბრალო ვარდი ედგა ყველას,
და ზამბახები,
მარტო ბებრის ეზოებს რომ შემორჩენოდა.”
მთელი ეს შესავალი ერთ სოფელში მცხოვრები, ერთნაირი ბებიების აღწერა პოეტს კონტრასტისათვის სჭირდება, რათა უკეთ დაგვანახოს მარია_ “ცოდო მარია, როგორც ყველა სხვანაირი, ბევრ ერთნაირში გამორეული.” კონტრასტს ამძაფრებს ვითომ სასხვათაშორისოდ შენიშნული “ჩვეულებრივი ვარდები” (ასე მართლაც ეძახიან საქართველოში ერთგვარი ჯიშის ვარდს). ამის წამკითხველს თან სიბრალული გიპყრობს, თანაც გებრაზება ამ სოფლის უსაშველო ერთნაირობაზე, სადაც ყველას იმდენად ერთნაირი ვარდი უდგას, რომ ამ ვარდსაც კი ჩვეულებრივს ეძახიან.
“ეზოდან დავიწყოთ მარიაც.
ფილაქანს არა, სულ სხვანაირ წინკარს გამოსცდა,
ჟასმინებით ჩამობურულს.
უცხო ვარდები მოჰყვებოდნენ,
მოაცილებდნენ;
მერე ღობეზე გადმოკიდეს
სურნელოვანი ეკლიანი მკლავები და
გამოაყოლეს ვარდის თვალები.
… და ჟასმინივით ყვაოდა მარია.”
ლექსის დასასრული კი “მშობლიური სახლის” იმ მოტივს უკავშირდება, რომელზედაც ზემოთ მივუთითეთ და ამ სახლში დაბრუნების შეუძლებლობა, რასაც ნათქვამის ქვეტექსტი გულისხმობს, კიდევ უფრო ამძაფრებს “მარიას” ტრაგიკულ ტონალობას:
“ჩვენუბნელი, მაშინდელი ბავშვებიდან
ვინ სადა ვართ,
ვინ საით არი…
ზაფხულობით ვნახულობთ ხოლმე ერთიმეორეს;
მშობლების სახლებს,
ბავშვობის სახლებს,
ჩვენს ნამდვილ სახლებს
ორი კვირით რომ მოველანდებით…
ერთი ამ ზაფხულს,
თავს რომ მოვიყრით
და ჩვენუბნელ ბავშვებად რომ
ვიქცევით ისევ,
მარიაზე უნდა ვიკითხო,
გახსოვთ-მეთქი?_
ის ჟასმინი,
სარწეველა სავარძელი,
ხავერდის ჩიტები…
ის სხვანაირი მარია
გახსოვთ-მეთქი?
მაგრამ ამ ტრაგიკული შეკითხვის დასმა ალბათ მხოლოდ ლექსშიღა მოხერხდება, რადგან ის სამოთხე _ ბებიის, ბავშვობის ანუ ნამდვილი სახლი _ დიდი ხანია, აღარ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, პოეტისთვის, და ამას უკვე სხვა ლექსიდან _ “ადამიანი _ ცოცხალმშობიარედან” ვგებულობთ:
“დღეს იმ ეზოში
უცხო კაცი დგას და იძახის:
ჩემი ეზოო,
ჩემი სახლიო,
ჩემიო, ჩემი!
იმისია ღმერთმა ამრავლოს,
მაგრამ მე სად მოვიკითხო
ჩემი ბავშვობა,
ის ნიბლია სად მოვიკითხო!
ჩვენი ფესვი ამოთხარა ახალმოსახლემ,
ღობის გარეთ გადაისროლა
უსარგებლო, ზედმეტი, სხვისი…”
სხვათა შორის ელა გოჩიაშვილის ბევრ ლექსში მეორდება დედისა და ბებიის ხატი, როგორც ერთიანი პოეტური პარადიგმა, სადაც ერთი მეორეს, ორივე ერთად კი ლექსების ავტორს გულისხმობს. ეს არის ქალად ყოფნის სამნაირი შესაძლებლობა, რომელიც თითოეულში (ბებიაში, დედასა და თვითონ ლექსების ავტორში) სხვადასხვაგვარადაა რეალიზებული. არც ის არის შემთხვევითი, რომ ბებიას ლურჯი (“ჩოხა მხარიღლივ გადაეგდოო” _ იხსენებდა და უბრწყინავდა უბერებლად ლურჯი თვალები”), ხოლო დედას ცისფერი თვალები აქვს (“უცხო ფერი აქვს, უსახელო; არადა, მახსოვს,… ფიქრით მივირბინ-მოვირბინე ლურჯის ნაირსახეობანი: ზეცა ბავშვობის, და ბავშვობისშემდგომი ზეცა, ბინდი, რიჟრაჟი, ზღვა და ზღვისფერი, კაბები და კაბისფერები, სიზმრის ფერადი ტომეულებიც ავაშრიალე… არსად არ იყო, ყველაზე ბოლოს იქ მივედი, სადაც მუდამ ბოლოს მივდივარ, საიდანაც უნდა დამეწყო. ყველაზე ბოლოს შენთან მოვედი და შენს თვალებში ვიპოვე, დედა! სხვა არაფერი მახსენდება ამნაირი _ დაღლილი ცისფერი………). ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ფერის აღმნიშვნელ სიტყვათა განსაზღვრებებიც. ბებიის შემთხვევაში: “უბერებლად ლურჯი”, ხოლო დედასთან: “დაღლილი ცისფერი”. სხვანაირობის, განსხვავებულობის, სხვაფერობის ეს ტრაგიკული დამღა ელასთან პოეზიის სახით არის მოცემული.
წერილის დასაწყისში ელა გოჩიაშვილის პოეზიის ინტონაციურ მრავალმხრივობაზე მივუთითეთ. ეს ინტონაციური მრავალმხრივობა ყველაზე უკეთ ვლინდება მისი “ნარატიული პოეზიის” ნიმუშებში, რადგან ამ ლექსების ფორმა და შინაარსი თავისთავად ფართე დიაპაზონს მოიცავს და ეს დიაპაზონი ოსტატურად არის ათვისებულ-გამოყენებული. განსაკუთრებით ეს ითქმის “ჭეჭეთობის ღამეზე”, რომელშიც თავისუფალი (ვერლიბრი, ვერბლანი) და კონვენციური ლექსი ერთმანეთს ისე ენაცვლება, რომ მთლიანობის განცდას ტოვებს. რაც შეეხება ტრადიციული სალექსო ფორმებისა და საზომების მრავალფეროვნებას, იგი უფრო პოეტის ბოლო პერიოდის ლექსებისთვის არის დამახასიათებელი და ესეც, ჩემი ფიქრით, მისი შინაგანი ზრდის მანიშნებელია.
“ნარატიული პოეზიის” ნიმუშებიდან ყველაზე პატარა, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე ექსპრესიულია ლექსი, რომლის სახელიც წიგნის საერთო სათაურიც გახლავთ _ “პარასკევი ჩემი დღეა”. როგორც ჩანს, ამ ლექსის ბიძგის მიმცემი ერთი სიზმარი უნდა ყოფილიყო, სადაც პოეტს გარდაცვლილი მამა საბედისწერო ფრაზასავით ეტყვის: პარასკევი შენი დღეაო, მიზეზს კი, როგორც სიზმარში ხშირად ხდება ხოლმე, აღარ აკონკრეტებს. ამ მიზეზის ძიებაა ლექსი _ “პარასკევი ჩემი დღეა”, სადაც ფიქრი ორი მიმართულებით მოძრაობს: კონკრეტულიდან ზოგადისკენ და ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
საერთოდ, ამბის გაპოეტურება, პოეტურ მეტყველებად გარდაქმნა ერთ-ერთი ყველაზე ძნელი და სარისკო საქმეა. ამიტომაც საინტერესოა, როგორ გვიყვება ამბავს ელა გოჩიაშვილი და რანაირად ახერხებს იმას, რომ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ნარატივი ნამდვილ პოეზიად გარდასახოს. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება “პარასკევი ჩემი დღეა”- ს პირველი ორი სტრიქონი “სიზმრის კარებს მიეყრდნობა ბინდის ტვირთით მხრებზე”, რომლის სახეობრიობა და ასოციაციურობა პოეტურ სიმყარეს უნარჩუნებს მომდევნო, თხრობით პასაჟსაც: “პარასკევი შენი დღეა, დაიმახსოვრებდე! _ მეუბნება. ვერას ვხვდები. არ წახვიდე! _ ვნატრობ. რატომ, სიზმრის მამაჩემო, პარასკევი _ რატომ?” ბოლო ფრაზა:_” რატომ, სიზმრის მამაჩემო, პარასკევი, რატომ?”_ მეორე მხრიდან ამყარებს თხრობას, თავისი ტრაგიზმითა და მრავალშრიანობით. მას კონკრეტული სიზმარი საზოგადო პრობლემაში გადაჰყავს და დღევანდელობიდან ეხმიანება ამქვეყნად ყველაზე დიდი ჯვარცმულის, ყველაზე უფრო სხვანაირისა და ერთნაირების მიერ ყველაზე უფრო ვერ დანახულ-დაფასებულის ბედისწერასა თუ მწარე ამოძახილს: “უფალო, უფალო, რაისთვის დამიტევე მე?!” ეს ასოციაცია კიდევ უფრო იკვეთება ლექსის შემდგომ პასაჟებში:
“იქნებ, ჯვარი შემახსენე,
ჯვარედინა ჯვარი,
ოთხშაბათით ფესვგამძღარი,
ოთხშაბათზე მდგარი.
ჩემი წილი,
მკლავწითელი,
ჯვარი ჯვარედინა,
გაძლების და ძლივსგაძლების,
ვერგაძლების ბინა.
მჭამს თაკარა პარასკევი… …
პარასკევის პატრონს
არ იქნება არ წამომოსცდეს _
რატომ, მამავ, რატომ?”
ესეც იგავის მღვიმეა: ჯვარი, სადაც ერთმანეთს ხვდება ორი მარტოსული პოეტის სული და ორი ბავშვობისკარგადარაზული ადამიანის სხეული; ცოცხალში მკვდრეთით აღდგება ჯვარცმული და ჯვარცმული მკვდრეთით აღადგენს ცოცხალს: ასეთია ჭეშმარიტი პოეზიის სასწაული, რომელიც მუდამ შეულამაზებელი და მართალი, ამდენად ტრაგიკული, მაგრამ იმედიანია:
“ცისკენ ვახელ გამხმარ თვალებს
ჯვარსა ზედა მზირალს:
კენწეროზე ჩიტი ბარტყობს _
მწყალობელი კვირა.”
მთავარი შეკითხვაც წიგნისა “პარასკევი ჩემი დღეა” (“მერანი”, 2003, რედაქტორი ლია შერვაშიძე, მხატვარი რატი მიქელაძე) სწორედ ამ მისტიკური ერთიანობის განცდას უკავშირდება. ჯვარზე შეხვედრას იმ მდგომარეობაში, როცა პოეტი იტყვის, თქვენ რომ გგონიათ ჰორიზონტით სავსე მაქვს თვალები… ჰაერს ვუყურებ მხოლოდ და მხოლოდ.” ეს საბედისწერო გათიშულობაა _ საკუთარი თავისგან, ქვეყნიერებისაგან, საყვარელი ადამიანებისა და თუ არსებებისაგან. ეს ჯვარზე შეხვედრაა, პარასკევს, მწუხრის მეექვსე ჟამამდე და იქვე გეძლევა პასუხი: პარასკევი ჯვარცმული პოეტების დღეა, რადგან მხოლოდ პოეტები ატარებენ თავისთავში ქრისტეს ჯვარცმას იმით, რომ მუდამ ჰორიზონტით სავსე აქვთ თვალები.

ყველა ფანჯარაში ერთნაირად თოვს?

0

მე და ჩემს მეგობარს ერთი საერთო კედელი გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი ფანჯრები ქუჩის მხარეს თითქმის გვერდიგვერდაა. გახსოვთ, ამ ზამთარს, ერთ დღეს, ძლიერ თოვდა. ციდან უზარმაზარი ფანტელები ცვიოდა. მეგობარმა დამირეკა და მკითხა: “ჩემს ფანჯარასთან დიდი და ულამაზესი ფანტელები ცვივა, შენთან რა ხდებაო?”

ზოგს შეიძლება გაეცინოს ჩემი მეგობრის შეკითხვაზე, ზოგმა მიამიტ ადამიანად მიიჩნიოს, ზოგმაც, ვინ იცის, რა გაიფიქროსმაგრამ ეს კითხვა არც სასაცილოა და არც მიამიტური. რატომ? თავიდანვე განვაცხადებ: არ არსებობს ორი ადამიანი, ერთსა და იმავე საგანს (მით უფრო, თუ იგი შეფერილია) ერთნაირად რომ ხედავდეს. ცხადია, აქ არ ვგულისხმობ აღქმის პოეტურლიტერატურულგანწყობილებით ასპექტებს.

არ მეთანხმებით? დაგაფიქრათ ასეთმა კატეგორიულმა განცხადებამ? შევეცდები ამ წერილით ავხსნა ჩემი განცხადების საფუძველი და ამით ერთგვარად გავაგრძელო წინა კვირას წამოწყებული საუბარი.

პირველ რიგში, დავსვათ კითხვა და გავარკვიოთ, როგორ ვხედავთ საგნებს, მათ კონტურებსა და შეფერილობას.

საგნის აღსაქმელად სამი რამ არის საჭირო: განათების წყარო, თვით საგანი და დამკვირვებელი. ამ ტრიადაში საგნის არსებობა ცხადზე ცხადია. დიდი მნიშვნელობა აქვს განათების წყაროსაც. მის გარეშე ჩვენ ანუ დამკვირვებელი ვერაფერს გავაწყობთ. განათების წყაროდან წამოსული სხივი სანამ დამკვირვებლის თვალს მიაღწევს, გზად უნდა შეეხოს საგანსაირეკლოს ან გამჭოლად გაიაროს მასში. ამის შემდეგ იწყება რთული ფიზიკურქიმიურბიოქიმიური პროცესები. სხივი ეცემა თვალში არსებულ კოლბებს, აღაგზნებს მათ, რის შედეგადაც გამომუშავდება შესაბამისი ნივთიერები, რომლებიც, თავის მხრივ, მიეწოდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამ უკანასკნელს კი საბოლოო ვერდიქტი გამოაქვსადგენს საგნის მოხაზულობასა და ფერს.

 

მაგრამ რატომ აქვს ზოგიერთ მასალას ფერი, ზოგს კი არა?

ადამიანის მხედველობის არეალი შეზღუდულია. ბუნებაში გამოსხივების ბევრად უფრო ვრცელი დიაპაზონი არსებობს, ვიდრე ჩვენს თვალს შეუძლია აღქმა. განგებამ ჩვენი მხედველობის არეალი 400-დან 800 ნმ დიაპაზონში შემოსაზღვრა. სამწუხაროდ შეუიარაღებელი თვალისთვის მის გარე უბნები უხილავია, თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობენ. მაგრამ რასაც ვხედავთ, იმასაც ძალიან სუბიექტურად ვეკიდებით. მაგალითად, არსებობს ორი ფერი, რომლებსაც ყველა სულიერი მეტნაკლებად ერთნაირად აღიქვამს, მათ შორისდალტონიზმით დაავადებული ადამიანებიც. მაგრამ სინამდვილეშითეთრიდაშავი ფერი“,როგორც ასეთი, არ არსებობს. ის, რასაც ჩვენთეთრსვეძახით, რეალურად შვიდი ფერის ნაკრებს წარმოადგენს (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს შვიდი ფერიც პირობითია, სინამდვილეში რამდენიმე მილიონი ფერი არსებობს). ხოლოშავინიშნავს, რომ ფერი ანუ გამოსხივება საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება დანარჩენ ფერებს, იქაც დიდი სუბიექტივიზმი ბატონობს. საგანი, რომელსაც ჩვენ წითლად ვხედავთ (წითელს ვეძახით), სინამდვილეში მოლურჯომწვანეა. რატომ? მოდი, ამ საკითზე ცოტა დაწვრილებით ვისაუბროთ.

ყველა ნივთიერებას შესწევს უნარი, მასზე დასხივებისას სინათლე შთანთქოს. მაგრამ ყველა ნივთიერებამ იცის თავისირაციონი” – პლანკის თეორიის თანახმად, გამოსხივების ფართო დიაპაზონიდან იგი მხოლოდ მისთვისშესაფერისტალღებს შთანთქავს, ხოლო დანარჩენების მიმართ გულგრილი რჩებააირეკლავს ან გაატარებს.

ჩვენ თვალამდე სწორედ ესნასუფრალისინათლე აღწევს. როდესაც წითლად შეფერილ საგანსთეთრისხივი ანუ შვიდი ფერის სხივების ნაკრები ეცემა, მათგან მომწვანოლურჯ სხივს აარჩევს და შთანთქავს, დანარჩენებს კი გაატარებს ან აირეკლავს. დარჩენილი ფერები ახალ კომბინაციას წარმოქმნიან, რომელიცთეთრისნაცვლად იძლევა წითელ ფერს. ამიტომ ვეძახით მომწვანოლურჯ საგანს წითელს.

 

 

ტალღის სიგრძე, 

 

ნმ

 

 

სპექტრალური ფერი

დამატებითი ფერი (ფერი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ)

400-435 იისფერი მომწვანო–ყვითელი
435-480 ცისფერი ყვითელი
480-490 მომწვანო–ლურჯი ნარინჯისფერი
490-500 მოლურჯო–მწვანე წითელი
500-560 მწვანე მეწამული
560-580 მოყვითალო–მწვანე იისფერი
580-595 ყვითელი ლურჯი
595-605 ნარინჯისფერი მომწვანო–ლურჯი
605-730 წითელი მოლურჯო–მწვანე
730-760 მეწამული მწვანე

 

გარდა ამისა, ფერის აღქმის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც. აქაც ძალიან ხშირად გვაცდუნებს ხოლმე ჩვენი თვალი. ბატონ ადელსონს არაერთი ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული ფერის შესახებ ჩვენს წარმოდგენებზე. დავაკვირდეთ, ქვემოთ მოყვანილ სურათს და შევაფასოთ A და B უჯრების ფონის ფერი. დარწმუნებული ვარ, თქვენ A უჯრის ფონს უფრო მუქ ტონალობაში ხედავთ ვიდრე B უჯრის ფონს. დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ მე თავადაც ასე ვხედავ, თუმცა მეორეს მხრივ ვიცი, რომ ორივე ერთი და იგივე ფერია.

 

 

 

არ მიჯერებთ,
მაშინ მოდით ამ ვიდეო კლიპს შევხედოთ.
https://www.youtube.com/watch?v=z9Sen1HTu5o

ნუ გეგონებათ, რომ ვინმე გატყუებთ, – ეს თქვენი თვალი და წარმოდგენა იტყუებიან. ადამიანები მიჩვეული ვართ სამ განზომილებაში ცხოვრებას და აზროვნებას. სამ განზომილებაში კი ცხოვრება სავსეა ჩრდილებით. როდესაც ვაკვირდებით B უჯრას, რომელიც ცილინდრის ჩრდილი ეცემა, ჩვენი თვალი კი ხედავს მას ისეთივე მუქად, როგორც A უჯრას, მაგრამ ქვეცნობიერი არ უჯერებსსაკუთარ თვალებსდა მას ღია ფერად აღიქვამს. თავს ვიტყუებთ, გვგონია, რომ მუქად იმიტომ გვეჩვენება, ჩრდილი ამუქებს, ხოლო რეალურად ღიაა.

აქედან გამომდინარე, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი თვალი და იმდენი წარმოდგენაა. ჩვენ ყველანი ჩვენი წარმოდგენების ტყვეები ვართ ფერის აღქმაშიც და სხვა დანარჩენშიც. ამიტომ, მოდი, კარგად დავაკვირდეთმოსწავლე, რომელიც ბოლო მერხზე ზის, ვინ იცის, პირველ მერხზე სულ სხვა ვინმედ მოგვეჩვენოს.

 

 

კულტურის გადაცემის პრეფიგურაციული ტიპი

0

კომპიუტერმადა ინტერნეტმა ბევრი რამ შეცვალა. ამას ყველა კომპიუტერის მომხმარებელი ხვდება, მაგრამ ზოგიერთი ცვლილება ერთი შეხედვით თვალსაჩინო არ არის. მაგალითად, შეიცვალა ინფორმაციის დამახსოვრების მოდელი. ერთხელ დიდი ინტერესით გავეცანი გამოკვლევის შედეგებს, რომლებიც ცხადყოფდა, რომ დღეს ადამიანები ვცდილობთ დავიმახსოვროთ არა ჩვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია, არამედ ადგილი, წყარო, სადაც ამ ინფორმაციის მოპოვება შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, მისი დამახსოვრება აღარ არის საჭირო, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუბრუნდეთ ინფორმაციის წყაროს.

აი, მეც, სანამ ამ წერილის წერას შევუდგებოდი, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტში, ადრე ჩანიშნულ ინტერნეტმისამართებსაც გადავავლე თვალი და შევეცადე, ცალკეული ნაწილებისგან ერთიანი სურათი შემედგინა.

 

ციფრული ეპოქის აბორიგენები

 

ტერმინიციფრული ეპოქის აბორიგენები” (Digital Natives) ამერიკელ პროფესორს მარკ პრენსკის (Marc Prensky) ეკუთვნის. მეცნიერმა ეს ტერმინი ჯერ კიდევ 2001 წელს გამოიყენა უმაღლეს სასწავლებელშიახლად მოსულისტუდენტების აღსანიშნად. მისი თქმით, ტერმინი იმ ახალგაზრდებს მიესადაგება, რომლებიც კომპიუტერული თამაშების, MP3 ფორმატის მუსიკალური საკრავების (MP3 player), ციფრული კამერებისა და მობილური ტელეფონების გარემოცვაში გაიზარდნენ. უფროსი თაობისგან განსხვავებით, მათ არ მოუხდათ ტექნოლოგიური ბარიერის გადალახვა. არც კომპიუტერზე მუშაობის სწავლება დასჭირვებიათ, ვინაიდან, როდესაც დაიბადნენ, კომპიუტერი უკვე იდგა მათ სახლებში და თამაშთამაშში დაეუფლნენ ამ ტექნოლოგიას. ისინი ციფრული ეპოქის მკვიდრ მოსახლეობას წარმოიდგენენ. უფროს თაობას კი თავის დროზე კომპიუტერზე მუშაობის სწავლა მოუწია და საერთოდ, მათ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით გაჯერებულ სამყაროსთან ადაპტაციის რთული პროცესი გაიარეს. როდესაც ისინი დაიბადნენ, ეს ყველაფერიყოველ შემთხვევაში, ამ დოზითარ არსებობდა. შესაბამისად, უფროსი თაობა ციფრული, ტექნოლოგიების ეპოქის ემიგრანტია.

ემიგრანტების უმრავლესობა შეეგუა ახალ რეალობას, მაგრამ მაინც ძველი მოდელებით აზროვნებს. ციფრული ეპოქის ემიგრანტები იმეილებს პრინტერზე ბეჭდავენ და ქაღალდიდან კითხულობენ. მათ ურჩევნიათ, კომპიუტერზე აკრეფილი ტექსტი ქაღალდზე ჩაასწორონ და არა პირდაპირ ტექსტურ რედაქტორში. მას შემდეგ, რაც იმეილს გააგზავნიან, ტელეფონით რეკავენ და ადრესატს ეკითხებიან, მიიღო თუ არა მან გზავნილი. მათ ურჩევნიათ, ურთიერთობის დამყარებისას ახალ პარტნიორს უშუალოდ შეხვდნენ და ისე გაესაუბრონ, ვინაიდან თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აგებულ ურთიერთობებს ბოლომდე არ ენდობიან, მაშინ როდესაც ციფრული ეპოქის აბორიგენებისთვის ინტერნეტში გაცნობილი ადამიანი, რომელიც შესაძლოა სინამდილეში ვერც ვერასოდეს ნახონ, ზოგჯერ სავსებით რეალური მეგობრად იქცევა.

 

როდესაც ემიგრანტები აბორიგენებს ასწავლიან

როგორც მარკ პრენსკი ამბობს, ციფრული ეპოქის აბორიგენები განსხვავებული მოდელებით აზროვნებენ და უფრო მეტიცსხვანაირად გასცემენ და სხვანაირად იღებენ ინფორმაციას. როდესაც ციფრული ეპოქის ემიგრანტები ცდილობენ, ამავე ეპოქის აბორიგენებს ასწავლონ, პარადოქსული სიტუაცია იქმნება. თავად განსაჯეთმასწავლებელმა, რომელიც კარგად ვერ ფლობს სალაპარაკო ენას და აქცენტით ლაპარაკობს, როგორ უნდა ასწავლოს სტუდენტებს? სწორედ ამ დროს იქმნება ასე ნაცნობი სიტუაცია, როდესაც უფროს თაობას ჰგონია, რომ ახალგაზრდები უბრალოდ გაუნათლებლები არიან და ცდილობენ ასწავლონ იმ მეთოდებით, მიაწოდონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის არის გასაგები, ხოლო ახალგაზრდა თაობა საერთოდ ვერ ხვდება, რას სთხოვენ, რა უნდათ მათგან იმ ადამიანებს, რომლებსაც თანამედროვე სამყაროში ამდენ მოწყობილობას შორის ორიენტაცია უჭირთ.

 

კულტურის გადაცემის პრეფიგურაციული ტიპი

ამრიკელი ანთროპოლოგი მარგარეტ მიდი (Margaret Mead) პოლინეზიაში, სამოაზე და ცივილიზებულ საზოგადოებაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ურთიერთობებს სწავლობდა. იგი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა თანამედროვე საზოგადოებაში თაობათა შორის წარმოქმნილ კონფლიქტს და გაკვირვებული დარჩა, როდესაც პოლინეზიელ პაპუასებში ასეთი რამ ვერ აღმოაჩინა. მარგარეტ მიდი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამოაზე თაობათა კონფლიქტის პრობლემა საერთოდ არ არსებობდა და მოზარდების სოციალიზაციის პროცესი სირთულეების გარეშე მიმდინარეობდა.

თავის ნაშრომშიComing of Age in Samoaმარგარეტმა კულტურის გადაცემის სამი ტიპი გამოყო.

პირველია პოსტფიგურაციული ტიპი, სადაც ბავშვები წინაპრებისგან სწავლობენ.

მეორეა კონფიგურაციული ტიპი, სადაც ბავშვები თანატოლებისაგან სწავლობენ.

მესამეა პრეფიგურაციული ტიპი, სადაც მოზრდილები სწავლობენ ახალგაზრდებისაგან.

პრეფიგურაციული კულტურები მეოცე საუკუნის ბოლოს აღმოცენდა და ემყარება ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს. მსგავსი კულტურა წარმოადგენს თაობათა შორის სოციალური ურთიერთობის ახალ ფორმას, როდესაც უფროსი თაობის ცხოვრების სტილი აღარ არის წნეხი ახალგაზრდობისთვის. ცოდნის განახლების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ შესაძლოა ახალმა თაობამ უფრო მეტი იცოდეს. თაობათა შორის კონფლიქტი მწვავდება და ახალგაზრდული სუბკულტურები შესაძლოა კონტრკულტურად გადაიქცეს.

 

დაბოლოს, რამდენიმესაინტერესოლინკი:

 

მარკ პრენსკის ნაშრომები:

https://www.marcprensky.com/writing/

მარგარეტ მიდის შესახებ:

https://www.loc.gov/exhibits/mead/oneworld-comment.html

როგორ გავაფორმოთ საგნისა და თემატური გეგმები

0

როგორ გავაფორმოთ საგნისა და თემატური გეგმები

რა მიზანს ემსახურება დაგეგმვა?

სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. მასწავლებლები რამდენიმე დონეზე ახდენენ სასწავლო პროცესის დაგეგმვას: ესაა წლიური (საგნის გეგმა – სილაბუსი), თემატური, კვირისა და გაკვეთილის გეგმები. ყველა ეს დონე ერთმანეთთან უნდა იყოს კოორდინირებული. წლიური გეგმის შესრულება მოითხოვს მის განაწილებას თემებზე, თემატურისა – დროის ცალკეულ დანაყოფებზე, თავის მხრივ ამ გეგმების განაწილებას კვირებსა და დღეებზე. პედაგოგთა ნაწილში ჩნდება შინაგანი პროტესტი სასწავლო პროცესის დაგეგმისადმი, მათ მიაჩნიათ, რომ დაგეგმვა ზღუდავს მათ შემოქმედებითობას, თავისუფლებას. მათგან ხშირად ისმის შემდეგი ფრაზა: ”კლასი ცოცხალი ორგანიზმია. კარგი მასწავლებელი გაკვეთილს და, ზოგადად, სასწავლო პროცესს უნდა აგებდეს სიტუაციიდან გამომდინარე. ეს უფრო საინტერესო იქნება როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლისთვისაც”.

 

სრულად

როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი

0

როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი

 

მასწავლებლის პორტფოლიოს ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტგაკვეთილი, რომელსაც ეძღვნება წინამდებარე სტატია.

პროექტგაკვეთილი არის სწავლების განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები მიმართავენ ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას, მის დასამუშავებლად ადგენენ გეგმას, მონაწილეობენ ამ გეგმის შესრულებაში და წარმოადგენენ ერთ საერთო პროდუქტს.

პედაგოგიურ ლიტერატურაში პროექტგაკვეთილის სხვადასხვა სინონიმი გვხვდება: პროექტმეთოდი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო პროექტი და სხვ.

პროექტგაკვეთილი როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალ ამოცანებს აყენებს, რომლებიც მას არსებითად განასხვავებს ტრადიციული გაკვეთილისგან.

პროექტით სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესში სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის – როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის – კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები.

პროექტგაკვეთილი მასწავლებელს მისცემს შესაძლებლობას, როგორც სასწავლო პარტნიორმა, სრულად წარმოაჩინოს თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია.

 

სრულად

ფიზიკა ამოცანებში 2

0

წინამდებარე წერილში ჩვენ ვაგრძელებთ კინემატიკური ამოცანების განხილვას. ვიდრე ახალ ამოცანებს შემოგთავაზებდეთ, შევეხებით წინა წერილის ბოლოს დასმული ამოცანის ამოხსნის ალტერნატიულ გზას.

ვრცლად

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...