ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

მურიკელა ღრრრ

0

ახლაც თვალწინ მიდგას: ზაფხულის მცხუნვარე დღეს, სადილის შემდეგ, ყველანი
რომ მოსასვენებლად გავიკრიფებოდით ჩვენ-ჩვენს ოთახებში, დედაჩემი ჩანიშნულ ადგილას
გადაშლიდა წიგნს, საიდანაც ახალი, უცნობი და მომნუსხველი სამყარო უნდა
გაცოცხლებულიყო ჩვენ თვალწინ.

მე და ჩემი ძმა ამ წუთს გაფაციცებით ველოდით. საუცხოო განცდაა – გარეთ მზე
აჭერს, პაპანაქებაა, შენ კი კაკლის ქვეშ წამოწოლილი ისმენ უჩვეულო და
თავბრუდამხვევ ამბებს. მაშინ მიკვირდა, რამდენ ხანს შეეძლო დედას ეკითხა ჩვენთვის
ზღაპრების წიგნი, ისე, რომ არ დაღლილიყო და მოწყენაც არ შეპარვოდა. არ მახსოვს,
თვითონ შეეწყვიტოს ან ვინმე უხეშად შემოჭრილიყოს, სანამ ჩვენ თვითონ არ
გამოვეთიშებოდით – დაგვეძინებოდა.

ზღაპრის პერსონაჟები ძილშიც განაგრძობდნენ
ცხოვრებას, სიზმარშიც მოგვყვებოდნენ.
ერთი ასეთი მშობლიური მურიკელა ღრრრ იყო და
ამ გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ბავშვობას სწორედ მისი ღრენა და ყეფა გასდევს
,
სანამ ავტომატების კაკანის, დაბომბვისა და სასოწარკვეთილი ადამიანების ხმა
შემოაღწევდა.

ჯერ მარტო სახელები იყო დაუვიწყარი:
მურიკელას დედას ავმყეფარი ერქვა, მის მეტოქე და მეგობარ კნუტებს
– ფისუნია ფი და პი, იმათ დედას კი ქალბატონი ფიჰფისო. ერთ დღესაც პატარა
ლეკვი მურიკელა მანქანაში ჩასვეს და სოფლიდან თბილისში წაიყვანეს.

აქედან იწყება ყველაფერი – აქედან იძაბებოდა
ჩვენი ცნობისმოყვარეობა. სულმოუთქმელად ველოდით, რას იზამდა დიდ ქალაქში
მოხვედრილი ლეკვი, რომელსაც გზაშივე გამოუცვალეს სახელი – მიკი შეარქვეს, მაგრამ
მურიკელა ახალ სახელს შეეჩვია, ახალ ყოფას კი
ვერა.
კორპუსების სივიწროვეში მოხვედრილს საბედისწერო ამბები გადახდა – ჯერ იყო და,
ბავშვს უკბინა, მერე ათი დღე მოუწია ცხოველთა სამკურნალო
პოლიკლინიკაში ყოფნა, იქიდან გამოწერილი ვიღაც მძღოლს გაატანეს სოფლისკენ, იმან კი შუა ქალაქში
ჩამოსვა და „ეზოს ძაღლი” თავზეხელაღებულ მაწანწალა „თანამოძმეებს” პირისპირ
შეატოვა.

მეც და ჩემს ძმასაც ერთი ქუჩის ძაღლი
მოგვწონდა ძალიან – ბუტუზო (იგივე ყურშა), იქაურობის წინამძღოლი, რომელსაც ცალი
თვალი ლომმა დასთხარა. ერთხელ ზოოპარკში, ლუკმაპურის საშოვნელად გასულს ლომის
გალიაში შეეყო თათი, რათა ხორცისთვის ჩაევლო კლანჭები, გალიის კიდესთან
მიეჩოჩებინა და დაეთრია. ლომმა თავი მოიმძინარა თურმე და როგორც კი ბუტუზო ხორცს
წაეპოტინა, წამოვარდა, ტორი ჩასცხო და ცალი თვალი დაუბუშტა.
 

თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, მურიკელამ სახელოვან
ბუტუზოსაც შეუღრინა.

თვითონ ეს სიტყვა – ღრრრ –  უცნაური მშობლიურობით ხვდებოდა გულს და არა
მარტო იმიტომ, მშობლისგან წაკითხული რომ გვესმოდა, არამედ იმიტომაც, რომ
დაუმორჩილებლობითა და შეუგუებლობით, მკაცრ ცხოვრებაში გაძლებითა და გარემო
პირობებთან გამკლავებით იყო ნაკარნახევი. ყველას და ყველაფერს უღრენდა მურიკელა –
კატის კნუტებს, გაფხორილ ინდაურს, მაწანწალა ძაღლებს, ქუჩას და ზღვასაც, მაგრამ
ღრენა მისი ახირება კი არა, უფრო თვითგადარჩენისა და საკუთარი თავის დამკვიდრების
ინსტინქტი იყო. ინსტინქტი, რომელმაც დიდი ქალაქიდან თავისი სოფლისკენ მიმავალ გზას
გაუყენა და მთელი წელი სიცხე-სიცივესა და ხიფათ-ფათერაკში გამოვლის ძალა
მისცა.
 

…მაშინ
არ დავკვირვებივარ, მაგრამ წლების შემდეგ რომ დავხედე ჩემი საყვარელი ზღაპრის
გარეკანს, მისი ავტორის – ნოდარ წულეისკირის შესახებაც მომინდა რაღაცების შეტყობა.
მერე სადღაც წავიკითხე, რომ სხვა ბევრი წიგნიც დაუწერია, უზენაესი საბჭოს დეპუტატიც
ყოფილა და იმ ტრაგიკული ამბების შემდეგ მარნეულში წასულა, სოფელ წერაქვის სკოლის
დირექტორად
და ქართულ ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

ეს ის დროა, როცა ავტომატების კაკანი მურიკელას ყეფასა და ღრენაზე მეტად
ისმის ჩვენს ბავშვობაში. მურიკელა კი ჩუმად არის, სადღაც მიმალულა, თითქოს თავის
დროს ელოდება, რომ ღამის დამთრგუნველ სიჩუმეში გამკრთალ ლანდებს გამოენთოს და
გააგონოს თავისი საბედისწერო და მშობლიური „ღრრრ”…
 

სწავლება ბედნიერებაა

0

მიუხედავად სირთულეებისა,
რომლებიც თან ახლავს
მასწავლებლის ყოველდღიურ
საქმიანობას,
მიუხედავად მცირე ხელფასებისა და იმ პრეტენზიების
მიუხედავადაც კი, მასწავლებლების მიმართ რომ გამოითქმის ხოლმე (ცოდვა გამხელილი ჯობია
და ზოგჯერ სამართლიანადაც), მე მჯერა, თითოეული ჩვენგანი გაკვეთილზე იმ რწმენით შედის,
რომელიც სტატიის სათაურში მაქვს გამოტანილი. სხვა გონივრული მიზეზის მოძიება, რის გამოც
მასწავლებლებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში, პრაქტიკულად უხელფასობის პირობებში,
მასობრივად არ დატოვეს სკოლა – გარდა პროფესიის დიდი სიყვარულისა, ძალიან ძნელია. სკოლაში
გატარებული წლების შემდეგ, ნება მომეცით, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რომელსაც არ აქვს
პრეტენზია, ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია იყოს – ბევრ მნიშვნელოვან და საპატიო
პროფესიას შორის უპირველესი მასწავლებლობაა. სტატიის სათაურიდან გამომდინარე, გასაგებია,
რომ ამჯერად მის მხოლოდ დადებით ასპექტებს შევეხები. რასაკვირველია, ყველა იმ დადებითი
მომენტის აღნუსხვა, რომლებიც მასწავლებლის საქმიანობასთან მოიაზრება, ერთ სტატიაში
შეუძლებელიცაა და არც მე მაქვს ამის პრეტენზია. მხოლოდ რამდენიმე მათგანს შევეხები,
რომელთა გამოც მომწონს ჩემი პროფესია, და განათლების ექსპერტთა მოსაზრებებსაც მოვიშველიებ.

საჯარო განათლების
სისტემა არის ჩვენი დღევანდელი და მომავალი ჯანსაღი საზოგადოების ქვაკუთხედი. ის უნარები
და ცოდნა, რომლებიც მოსწავლეებმა ჩვენი დახმარებით უნდა განივითარონ და აითვისონ, გადამწყვეტი
იქნება მათი მომავალი წარმატებისთვის და საბოლოო ჯამში ქვეყნის წარმატებას უნდა შეუწყოს
ხელი.

ჩემთვის დიდი სიამოვნებაა,
როცა მოსწავლის გამომეტყველებით ვგრძნობ, რომ იგი ჩასწვდა აზრს, რომლის გადაცემაც მსურდა.
ამ დროს მისი გამომეტყველება სავსეა არა მარტო კმაყოფილებით საკუთარი თავის მიმართ,
არამედ ბედნიერებითაც. მასწავლებლებს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ბავშვების ცხოვრება
უკეთესი გავხადოთ; როცა ბავშვის ცხოვრებას ცოტათი უფრო ბედნიერს ხდი, შენც ცოტათი უფრო
ბედნიერი ხდები, რადგან მოსწავლის დადებითი ემოციები მყისიერად აისახება შენს განწყობილებაზეც.

განსაკუთრებით სასიამოვნოა,
როცა წარმატებას აღწევ ისეთ მოსწავლეებთან, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ არ შეეძლოთ სწავლა,
რომ საკითხების უმეტესობა მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. არის შემთხვევები,
როცა მოსწავლეს წარუმატებლობის პერიოდი გაუგრძელდება ხოლმე. ის უხალისოდ მონაწილეობს
სასწავლო აქტივობებში, არასოდეს ასრულებს საშინაო დავალებას, რადგან არ ესმის ის. ასეთ
მოსწავლეებს დაკარგული აქვთ საკუთარი თავის რწმენა და შეგუებულნი არიან აზრს, რომ აკლიათ
გამჭრიახობა. შესაძლოა, ამ აკადემიურ წარუმატებლობათა მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემებიც
იყოს. ამ დროს მასწავლებელს რთული სამუშაოს შესრულება უწევს მრავალფეროვანი მეთოდოლოგიის
გამოყენებით, მაგრამ ჯილდო ის დიდი მიღწევაა, როცა მოსწავლეები იწყებენ გაცნობიერებას,
რომ მათი უიმედო განწყობილება არ იყო მართებული და მანამდე დაუძლეველი საკითხების დაძლევას
ახერხებენ. ეს უზარმაზარ კმაყოფილებას ანიჭებს როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლესაც.
ამ მოსწავლეების მიერ გაკეთებული ,,აღმოჩენა”: სწავლა და გაგება შესაძლებელია – ყველაზე
მნიშვნელოვანია.

მასწავლებლის კიდევ
ერთი საპატიო მოვალეობა ის არის, რომ ყოველდღიურად არაერთი ადამიანისთვის ხარ საჭირო.
შენი დახმარება ან რჩევა მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის, კოლეგებისთვის,
საზოგადოების წევრებისთვის. ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვისაც სჭირდები, ვისაც რაღაც
სურს შენგან.

მასწავლებლობა არის
პროფესია, რომელიც მასწავლებლებისგან თავიანთ სასწავლო საგანთან ყოველდღიურ კავშირს
მოითხოვს, კარგი გაგებით აიძულებს მათ, ყოველთვის ახსოვდეთ თავიანთი პროფესიის ფუნდამენტური
საკითხები და მუდამ სიახლეების კურსში იყვნენ. ცნობილი ჭეშმარიტებაა: საუკეთესო სწავლა
სწავლებაა. მოზარდების სწავლებისას მასწავლებლები თავადაც ხშირად ვიძენთ ახალ ცოდნას
და ვვითარდებით პროფესიული თვალსაზრისით.

ძალიან სასიამოვნოა,
რომ სკოლა არც იმ ადამიანებისთვისაა დახურული, რომლებიც არ არიან პროფესიით პედაგოგები,
მაგრამ აქვთ გარკვეული ცოდნა, რომელიც სჭირდებათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ასეთ
ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ გარკვეული მომზადება და მოხალისეებად შევიდნენ
სკოლებში. პირადად მიმუშავია ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლებთან ერთად და ამას
მხოლოდ დადებითი შედეგები მოჰქონდა (მოსწავლეებისთვის – სწავლის დამატებითი სტიმული,
საგნის მასწავლებლისთვის – სასაუბრო პრაქტიკა, პედაგოგიური კოლექტივისთვის – უცხო,
საინტერესო წევრის შემომატება). იგივე შეიძლება ითქვას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ
ადგილებში მომუშავე ქართველ მოხალისეებზეც. სასკოლო სისტემას აუცილებლად სჭირდება პარტნიორობა
ორგანიზაციებთან, კერძო პირებთან, კორპორაციებთან, რათა ერთიანი ძალებით მოვახერხოთ
განათლების დონის ამაღლება ქვეყანაში.

მასწავლებლობა გვაძლევს
შესაძლებლობას, გავეცნოთ სწავლებისა და განვითარების უნიკალურ თეორიებს, საგანმანათლებლო
პროგრამებს, უამრავ სასწავლო აქტივობას და სასწავლო პროცესში წარმატებით გამოვიყენოთ.
ძალიან საინტერესოა იმის გააზრება, რომ სასწავლო მეთოდოლოგიით ერთმანეთისგან განსხვავებული
ეს თეორიები მასწავლებლებს აძლევს შესანიშნავ საშუალებას, მათი ერთმანეთთან გონივრული
შეხამებით, კონკრეტული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, შეძლონ სასწავლო პროცესის
გამრავალფეროვნება, მოსწავლეებში მიძინებული უნარების აღმოჩენა და განვითარება, ეროვნული
სასწავლო გეგმით და საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა.

სტატიის დასასრულს
შემოგთავაზებთ განათლების სპეციალისტის ერიკა კარესის მოსაზრებებს მასწავლებლის პროფესიის
როლსა და დანიშნულებაზე საზოგადოებაში. გაეცანით მათ და დაფიქრდით – თქვენ რას დაამატებდით
ამ ჩამონათვალს, თქვენ რა გხიბლავთ საკუთარ პროფესიაში და რა გაძლევთ სტიმულს ყოველდღიურ
საქმიანობაში?

* ძალზე მნიშვნელოვანი
და საპასუხისმგებლოა ის დიდი გავლენა, რომელიც მასწავლებლებს ჰქონდათ, აქვთ და მომავალშიც
ექნებათ როგორც საზოგადოების საპატიო წევრებს.

* მასწავლებლობა ყველაზე
შემოქმედებითი პროფესიაა, რადგანაც თითოეული მოსწავლე განუსაზღვრელი პოტენციალის მქონე
გამოცანაა, რომელიც მასწავლებელმა უნდა გამოიცნოს და მოძებნოს სწავლების მისთვის საუკეთესო
სტილი.

* სწავლება ისტორიის
მონაწილეებად გვხდის, მასწავლებლების ხელში ,,გაივლის” და მოსწავლეებს ,,გადაეცემათ”
ის ცოდნა, რომელსაც კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში აგროვებდა და ეს პროცესი
უსასრულოდ გაგრძელდება მომავალ ათასწლეულებშიც.

* სწავლება გვაძლევს
შანსს, ვიყოთ კრეატიულები და გამომგონებლები, ყოველდღიურად შევქმნათ რაიმე ღირებული
და გავაკეთოთ ახალი აღმოჩენა.

* სწავლება ახალ თაობებთან
გვაკავშირებს, გვაცნობს რა ჩვენი ქვეყნის ყოველ მომდევნო თაობას, დაგვაფიქრებს მთელი
მსოფლიოს ახალ თაობებზე. ჩვენ თვალწინ თაობები ტალღებივით მიედინება და ყოველთვის იქ
ვართ, სადაც სიახლეები ყველაზე მძაფრად ხდება და ამ სიახლეების შემოქმედებიც ვხდებით.
მასწავლებელი ყოველთვის ახალგაზრდად გრძნობს თავს, ის არასოდეს „ბერდება”, რადგან არ
იტანჯებიან.

* მასწავლებლებს გვაქვს
ყველაზე რეალური შანსი, საზოგადოება უკეთესობისაკენ შევცვალოთ.

*  წარმატებული სასწავლო პროცესისგან მასწავლებელი იღებს
კმაყოფილების სრულყოფილ გრძნობას, რომელიც ხშირად მეორდება და დადებითი ემოციებით მუხტავს
მას. რაზეც არ უნდა საუბრობდეს მასწავლებელი, მთავარი ყოველთვის არის ის, რასაც უყურებს
– მისკენ მიმართული მოსწავლეთა სახეები.

* მიუხედავად იმისა,
რომ ჩვენ არ ვქმნით პროდუქციას პირდაპირი გაგებით, სწავლება საოცრად პროდუქტიულია.
რომელი პროდუქცია შეედრება იმას, როცა ერთმანეთს შევადარებთ მოსწავლის ცოდნის დონეს
სასწავლო წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს და აღმოვაჩენთ იმ პროგრესს, რომელსაც
მოსწავლემ მიაღწია.
ცოდნის ამაღლებაასწორედ ის პროდუქტი, რომლის წარმოებაც მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია
არა მარტო ვაწარმოოთ პროდუქცია, არამედ გავზომოთ კიდეც ის.


v 

საკლასო ოთახის კარი
ყველასათვის ღიაა, ხოლო მასწავლებელი კაცობრიობის ამ საუკეთესო ნაწილის პორტალთან იმ
რწმენით დგას, რომ ყველა მოსწავლეში არის საოცარი ძალა და მას ნამდვილად შეუძლია გახდეს
წარმატებული ადამიანი.

ვინც ჩემზე იტყვის ლაღია, გინა ამბავი პერუელი ტერორისტისა

0

არი ეგეთი სურათი, ოცდაათიანების ევროპაში გადაღებული,
ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის გოგო დგას მხრებში გამართული, თითო ხელში კიდევ თითო საბელი
უჭირავს, მწევრებს იოკებს, წელშიგაზნექილებს, ჯიშიანებს, პატრონივით ალწაკიდებულებს.
გოგოა, ქალობისკენ ახლად ნაბიჯგადადგმული, ჯერაც უგნური და მთვრალი საკუთარი არსით,
აი, იმ ასაკში, ქალობა დიდი რამ ბედნიერება რომ ჰგონიათ, დედოფლობა, სხვათა მორჩილება
და თაყვანისცემა, არა დარდი, არა უცრემლო, გულგვამში ჩაბრუნებული ქვითინი და თვალღიად
შემოთენებული ღამეები.

ამ ერთი თვის წინ ღონიერად დაბერებული კაცი გავიცანი
ერთი, პერუელი, სამოცდაათს ჩასცდენოდა უკვე, ყურში სმენა დაჰკლებოდა, ოღონდ ჯანი –
ჯერ ვერ. ბეჭები ჰქონდა არშინით გასაზომი, მთელ დღეს იჯდა ჩემ წინ, როგორღაც მზეში
გამოყვანილი ჯიშის. იჯდა და ამბავს ჰყვებოდა ესპანურ-ფრანგულად, ფრანგულად რო დაავიწყდებოდა
რამე, ესპანურს მოიშველიებდა და ეგრე. ჰოდა, იჯდა ეს გარუჯული პერუელი და ჰყვებოდა
ამბავს ორი მაოელი ტერორისტისას და ერთ მონაგლეჯს მეოცე საუკუნის ისტორიისას.

 
იდგა წელი 1962, ჰოდა ერთი ჩვეულებრივი, ამაყი და ღარიბი ბიჭი პისკოში ჩავიდა. პორტი
იყო მაინც და ბედს ეძებდა ეტყობა, სახლიდან აბარგებული, ლიმასთან ახლოს სოფლიდან ახეტებული.
წამოსული და წამოსული. ეხლა აღარ მახსოვს, რატომ და ეგრეც შეაბოტა ერთ მშვენიერ დღეს
არც ისე მდიდრული სახლის ეზოში. ყველაფერზე ეტყობოდა, ძველი მოსდევდათ რაღაც, ოღონდ
ხელს უჭერდნენო, ძველმა გვარებმა იციან ეგრე, ქალები რო დარჩებიან მარტო ოჯახში, ჩაიხვევიან
რაღაცნაიარად, ჩაიკეტებიან და მწყემსად უდგებიან საკუთარ ბედს, უხმო წუხილში ხმებიანო
ნელა. ჭასთან კიდე ქალი დაინახა, ძველ, გულუბრყვილო, ისტორიულ ესპანეთზე გადაღებულ
ფილმებში როგორცაა, ისე, დაინახა და წლის თავზე ის ქალი ცოლი იყო უკვე მისი.

მანუელ პერერა ასპაუზას ოცდაერთი შესრულებოდა მაშინ,
მოიკომუნისტებდა, ოღონდ სტალინმოძულე მაოისტი გამხდარიყო, ქვეყნის გადაბრუნების დიდად
მსურველი, მე ხო რა, ერთი დღით ვნახე, – ამდენი წლის მერეც თვალნათლივ ეტყობა მაშინდელი
გამობრძმედილობის კვალი. თვალს რომ დავხუჭავ, ეგრეც წარმომიდგენია ახალგაზრდობაში,
შარვალში რევოლვერგაჩრილი, უმსუბუქესად, ფეხაკრეფით მოსიარულე, უჩქამოდ.

სულ დასაწყისში სურათი რომ ვთქვი, მწევრებიანი გოგოსი,
ის მოიყვანა ცოლად. ცოლსაც, სიდედრსაც ტუნისური პასპორტები ჰქონდათ, მაინც იცოდა, არაბები
არ იყვნენ, უფროსი ქალი – უფრო ჩრდილოელი, უმცროსი სამხრეთელი მეტად. უფროსი – უფრო
მკაცრი და მშრალი, დახვეწილიც უფრო, მოევროპულოდ, უმცროსი – ამაყი უსაშველოდ, ამპარტავანი;
ისე ჩავიდა საფლავში, რამდენი წლის იყო, ვერ დავტყუე ვერაფრითო, შემოგვღიმილა, კარგად
დაფარული სიხარულით. მერე როდის როდის გაიგო, სიდედრი შვეიცარიელი ბარონესა ყოფილა,
ცოლი – ქართველი გენერლის გოგო. და უყურებდა, როგორ ცხოვრობდა პერუში გადახვეწილი ორი
ქალი, როგორ ეფერებოდნენ მეოთხედი საუკუნის წინ გარდაცვლილი ქმრისა და მამის ამღვრეულ
ლანდს.

მერე გახდნენ სამნი. სამნი. სიდედრს ერქვა მართა, ვაჟს – მანუელ, ქალს – მარიამი, რა
თქმა უნდა. დღეს მანუელ პერერა ასპაუზამ ერთადერთი სიტყვა იცის ქართულად, ,,დედა”;
ეგრეც გვითხრა, მე ყველგან დედას ვიტყვი და თქვენ კიდევ დადექით და მართა იგულისხმეთო.
ძალიან უყვარდა მართას მანუელი, დაისვამდა და ამბებს უყვებოდა ხოლმე, ოღონდ ფრანგულად,
ესპანური უკვე ვეღარ ესწავლა, თუ აღარ. იჯდა მარიამი და თარგმნიდა. ოჯახის ამბებს.
იმისასაც, სურათიდან მომზირალისას და სხვებისასაც. მერე იყო კრებები ღამით, იარაღით
სირბილი და ტერორისტული აქტები. დაჭერა და გამოქცევა ციხიდან, გადამწვარი სახლი, ფეხით
გაქცევა ბოლივიაში, საფრანგეთის იქაური საელჩო და ბოლოს პარიზში ნაპოვნი თავშესაფარი.

ამ ათიოდე წლის წინ დაქვრივდა მანუელი, ცოლის სხეულს
კრემაცია გაუკეთა, პერუში ფერფლიც არ ჩაასვენებინეს; დედის გვერდით დავკრძალავო, უფიქრია,
– არ გამოვიდა. საფრანგეთი თვითონ არ უყვარდა თურმე მარიამს; რა უნდა მექნა, ავდექი
და აქეთ წამოვასვენეო. მეთქი, რატო, ახსენებდა, ენატრებოდა თვალით უნახავი სამშობლო
თუ რატო. არაო, მითხრა, რაღაცას გეტყვით და სწორად უნდა გამიგოთო, მეთქი, თქვი. იმანაც,
ერთი კვიატი სჭირდა ჩემ ცოლს, სულ ისე როცა შეიქმნებოდა, დანა კბილს არ უხსნიდა, ადგებოდა,
საგანგებოდ გადანახულ კაბას გადმოიღებდა, ოთახში ჩაიკეტებოდა და ქართულს ცეკვავდაო.
მარტო.

ადრეც ხო ვახსენე, ის, გენერალი მამა, ჰოდა, იმ დიდი
ომის დროს გერმანიაში მარიამის მამა ქართულ ლეგიონებს ადგენდა, შვილი კიდე, შეღერებული,
ქალობაში ფეხგადაბიჯებული შვილი, თან დაჰყავდა ყველგან. მამაილა იყო, მამას ნებიერა
და აბა როგორ. სახლსმონატრებულ ჯარისკაცებს ეცეკვებოდა თურმე იქ ქართულს მარიამი, ეგრე
ცეკვა-ცეკვით გადადიოდა თურმე ნაწილიდან ნაწილში მამა-შვილი. წაქცევამდე ცეკვავდნენ
თურმე. მანუელმა – უფრო მაგიტომ ჩამოსვენეო.

გურამიშვილს ვუხსნიდი იმ დღეს ჩემებს, ღვთისმშობლის
ტირილის სულ დასაწყისს, აი, შვილმკვდარი დედების ეპიზოდს. დარდი რა არი-მეთქი და ვერა
თქვეს, მიკიბ-მოკიბეს უშნოდ. ხან აქედან შემოვუარე, ხან იქიდან, ვერ გავაგებინე, რო
დარდი მარტო უსაშველო შეიძლება იყოს, რო მარტო ტარება შეიძლება მისი, რო დარდად მარტო
ის ითქმის, რაც რო მოურევნელია. მერე ავდექი და ამ ამბავს მოვუყევი.

მაშინ კიდე, მანუელს რო ვემშვიდობებოდით უკვე, მოვეწონეთ
როგორღაც, ფეხზე ვიდექით, ლაპარაკვერმოთავებულები, სათქმელგაგრძელებულები, ჰოდა ეგრეც
გამოგვიშვირა ჩვენ, ორ ქართველს, მობრინჯაოსფერო პერუელმა თავისი დაძარღვული ხელი,
თვალებში შემოგვხედა და მეო ინკა ვარო, იმ ძველების არისტოკრატული გვარის ჩამომავალიო,
ჩვენაო ოქრო გადავმალეთ, რო ესპანელებს ვერ მიეგნოთ, ხო იპოვეს აქა-იქ მაინც, მაგრამ
ეგ ზღვაში წვეთიაო, ჰყვებოდა სიხარულით. თვითონ სოფელში დაბადებულიყო, როგორც ადრევე
ვთქვი, ლიმას მახლობლად, იქაურობის სახელი ალბათ ოქროვანად მოქართულდება, ეამაყებოდა
ეგეც. ჰოდა, იმას ვამბობდი, ხელი გამოგვიშვირა და მთელი სერიოზულობით გვითხრა, თუ იცით,
რით განსხვავდება ინკების მოდგმის პერუელი ესპანური მოდგმის პერუელისგანო. აბა საიდან
უნდა გვცოდნოდა, იმან კიდე დაბერილ ძარღვებზე დაგვახედა და – ჩვენ სისხლს სხვა ფერი
აქ, ოქრო დაჰყვებაო. მე კიდე ვიდექი და ვფიქრობდი, როგორ ჰგავს-მეთქი ეს ჩემზე ერთი
თავით დაბალი კაცი იმას, მასავით გადარეულს და მასავით პერუელს, დიდ ლიოსას. მეთქი,
მჯერა.

გაკვეთილი და მოდულური ტექნოლოგიები

0

საგანმანათლებლო პროცესის მთავარი მიზანი ინტელექტუალური, დამოუკიდებელი ადამიანის აღზრდაა, რისთვისაც მრავალგვარი საგანმანათლებლო პროგრამა და მათი ადეკვატური სასწავლო ტექნოლოგიებია შექმნილი.

ბლოკმოდულური სწავლება წარმოადგენს სწავლების ტრადიციულისგან განსხვავებულ, ალტერნატიულ სისტემას, რომლის ძირითადი მიზანი ასე შეიძლება განისაზღვროს:„გადავაქციოთ მოსწავლის საქმიანობა მის თვითშემოქმედებად”. მოდულური სწავლებისას, სხვა სისტემებისგან განსხვავებით:


·

სწავლების შინაარსი წარმოდგენილია დამთავრებული, დამოუკიდებელი ბლოკების (კომპლექსური თემების, საინფორმაციო ბლოკების) სახით;


·

მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან ინდივიდუალური ხასიათისაა;


·

მოსწავლე ყველაზე მეტ დროს დამოუკიდებელ სამუშაოს ანდომებს, რაც საშუალებას აძლევს მას, განსაზღვროს თავისი ცოდნის დონე, დაინახოს „ჩავარდნები” ცოდნასა და უნარებში.

მოდულური სწავლება საშუალებას გვაძლევს:


·

გავააქტიუროთ სასწავლო პროცესი;


·

გავზარდოთ შესასწავლი მასალის ათვისების დონე;


·

ავამაღლოთ სწავლის მოტივაცია;


·

განვავითაროთ თანამშრომლობითი და საქმიანი ურთიერთობებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;


·

შევძლოთ სწავლის შინაარსის ინდივიდუალიზაცია და სწავლების რაციონალიზაცია.

მოდულური სწავლებისას მნიშვნელოვანი მომენტია სწავლების რაციონალიზაციია, რადგან მისი არსია:


ü

სწავლების შინაარსის ინდივიდუალურობა;


ü

მოსწავლის მიერ სწავლის გზებისა და ტემპის (დროის მონაკვეთი) დამოუკიდებლად არჩევა;


ü

სწავლის პროცესის მუდმივი კორექციის შესაძლებლობა (კონტროლისა და თვითკონტროლის განხორციელებით).

მოდულური სწავლების მოსალოდნელი შედეგია: ა) მოსწავლემ შეძლოს ცოდნის შემოქმედებითად, დამოუკიდებლად მოიპოვება; ბ) ჩასწვდეს მოვლენათა, საგანთა არსს, გააანალიზოს და განაზოგადოს ისინი.

რა საზოგადო პრინციპები აქვს მოდულურ სწავლებას? ესენია: მოდულობა; სწავლის შინაარსიდან ცალკეული ელემენტების გამოყოფა; დინამიკურობა; პარიტეტულობა; მრავალმხრივობა და მეთოდური კონსულტირება; მოსალოდნელი პერსპექტივების განჭვრეტა; ცოდნის ეფექტურობა და მოქნილობა. ვინაიდან მოსწავლე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, თავისი საქმიანობის აქტიური სუბიექტია, ამ პრინციპების განხორციელება მისთვის აუცილებელია. მოსწავლის პოზიცია – ეს ხომ სრულფასოვანი სუბიექტის პოზიციაა, რომელიც მოღვაწეობისას საქმიანობის ყველა ეტაპს გადის: მიზანმიმართულობას, დაგეგმვას, რეალიზაციას, განსაზღვრავს საქმიანობის მიზანსა და შედეგს (რეზულტატს).

რა არის მოდული?იგი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერთგვარი კვანძი, რომელიც თავს უყრის სწავლების შინაარსსა და სწავლების ტექნოლოგიას:


სწავლების ასეთი ფორმის დროს სასწავლო პროცესი დინამიკურად ვითარდება ყველა მიმართულებით (მოსწავლე – მასწავლებელი – კლასი), ხოლო მასწავლებლის ფუნქციური დანიშნულება საინფორმაციო-მაკონტროლებელი პოზიციიდან კონსულტანტ-კოორდინატორის ფუნქციისკენ მიემართება, თავად ურთიერთობა კი მოსწავლე-მასწავლებელს შორის მიმდინარეობს მოდულის მეშვეობით.


როგორია
მასწავლებლის სამოქმედო გეგმა მოდულური სწავლებისას?

მოდულური სწავლებისას (ანუ მთლიანი კურსის, მთელი მასალის
თემატურ ბლოკებად დაგეგმვისას), უპირველესად, ყოველი მოდულის დიდაქტიკური მიზანი (თდმ)
განისაზღვრება, მერე კი მთლიანი, საერთო კომპლექსური, ინტეგრირებული მიზანი (იდმ).
თავის მხრივ, იდმ-ის მოდულს შესაძლოა ჰქონდეს თავისი კერძო, დიდაქტიკური მიზანი (კდმ),
რომლის (კდმ-ის) საფუძველზეც შემდეგ ხდება ცალკეული სასწავლო ელემენტების (სე) ფიქსირებაც.
ყოველ კერძო დიდაქტიკურ მიზანს შეესაბამება ერთი სასწავლო ელემენტი, რის შედეგადაც
ვიღებთ მიზნების მთელ წყებას: თდმ-იდმ-სედმ-კდმ-სე.

ძირითადი მასალის თემებად კონცენტრირება დამოუკიდებელი
მუშაობისას (ინდივიდუალურადაც და ერთობლივადაც) შეიცავს გარკვეულ უპირატესობას მასალის
უკეთ ათვისების კუთხით. მისი მეშვეობით ადვილია მთელი მასალის ერთიანობაში წარმოდგენა,
მისი პრაქტიკული მნიშვნელობის გაცნობიერება. გაკვეთილების ზოგად თემებად დაყოფა ასევე
კარგია სწავლის კონსტრუირებისთვის, რადგან გამოკვეთს იმ მასალას, რომელიც მოსალოდნელ
შედეგებს შეესაბამება. ამავდროულად იგი ეფექტური საშუალებაა დამოუკიდებელი კვლევისა
და მიღებული შედეგების განხილვისთვის.

მასალის
ზოგად თემატურ ბლოკებად შესწავლისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის დაცვა:
სასწავლო პროცესის მკაცრი ორგანიზაცია; მთლიანი ბლოკის
მიზნისა და ამოცანის განსაზღვრა; შესაბამისი მეთოდების შერჩევა; დამოუკიდებელ მუშაობაში
მოსწავლეთა ფართო ჩართულობა და კომბინირებული საშუალებები – ისეთი, როგორიცაა წერილობითი
პასუხი, ზეპირი გადმოცემა, ურთიერთკონტროლი და მასწავლებლისადმი მოსწავლის რწმენა.

ყოველ თემატურ ბლოკში გამოიყოფა რამდენიმე მოდული:

1-ელი მოდული(1-2 გაკვეთილი) – მასწავლებლის მიერ თემის ძირითადი საკითხების ზეპირი გადმოცემა,
ძირითადი ცნებების განმარტება;

მე-2 მოდული(3-5 გაკვეთილი) – დამოუკიდებელი და პრაქტიკული სამუშაო, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის
ხელმძღვანელობით მუშაობენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე, შეიმუშავებენ თხზულების
მასალას, განიხილავენ. ამ ეტაპზე ეფექტურია პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება, კონფერენციების,
თამაშების, პრეზენტაციების გამართვა;

მე-3 მოდული(1-2 გაკვეთილი) – თემის განმეორება და განზოგადება;

მე-4 მოდული(1-2 გაკვეთილი) – მთლიანი თემის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის კონტროლი/შემოწმება.

როგორ ხდება შეფასება მოდულური სწავლებისას: ამ დროსმთავარია არა კრიტიკა, არამედ სწავლებისთვის კომფორტული
გარემოს შექმნა, წარმატების განცდა და მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
მთავარია, მოსწავლე გაცდეს სავალდებულო მინიმუმის ჩარჩოებს, რაც დასახული მიზნისკენ
მიმავალი პირველი ნაბიჯი იქნება. აქ გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება
– „კარგია” და „ შესანიშნავია” [შეფასების ეს სისტემა, საზოგადოდ, შეიძლება გამოვიყენოთ
ცოდნის თითოეული საფეხურისთვის (ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება)].

 

განვიხილოთ შეფასების აღნიშნული სისტემა ისტორიის საგნის
მაგალითზე: 


ამის კვალობაზე, შეფასების
ფურცელს ექნება ასეთი სახე: 

სახელი, გვარი

სე -1

სე-2

სე-3

სე-4

სე-5

სე-6

შედეგები

შეფასება

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოდულური სწავლების პრინციპს
როგორც ალტერნატიული სწავლების ტექნოლოგიას საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს.
ასეთ გაკვეთილებზე საუკეთესო პირობებია ცოდნის ათვისებისთვის,
მოსწავლეთა ყურადღება მაქსიმალურია, თვალში საცემია სამუშაო გარემოს კომფორტულობაც.
მოსწავლეებს აქვთ ინდივიდუალური და თვითრეალიზაციის საშუალება, თვითკონტროლის გზით
კი შეუძლიათ მოდულის ათვისების ხელშემშლელი ფაქტორებს გამოვლენა. და ყოველივე ეს საუკეთესო
გზაა საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად – მოსწავლის მოტივაციისა თუ სწავლების ხარისხის
ასამაღლებლად, ცოდნის დასაუფლებლად. 


მოსწავლეთა ლიტერატურული ინტერესების განვითარება

0

დიმიტრი უზნაძისა და შარლოტა ბიულერის კვლევებზე დაყრდნობით

არდადეგების პერიოდში მშობლებისა და პედაგოგების განსაკუთრებული საზრუნავია ბავშვებისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევა. იმისთვის, რომ ბავშვი წიგნმა გაიტაცოს და კითხვა შეუყვარდეს, ძალზე მნიშვნელოვანია, საკითხავი ლიტერატურა მის ინტერესებსა და ასაკს შეესატყვისებოდეს.

დ. უზნაძემ მოსწავლეთა ინტერესების სფეროები ლიტერატურული ინტერესების განვითარებაზე დაყრდნობით იკვლია. აღნიშნული კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში დამუშავდა. 

კვლევის მონაცემების თანახმად, 8-9 წლის ბავშვი მეტი ხალისით კითხულობს იმ  წიგნს, რომლის სიუჟეტიც მისი თანატოლის ცხოვრებას, მის ყოველდღიურ გამოცდილებას  ასახავს. შესწავლილი ბავშვების 41,3% სწორედ ამ მოტივით ანიჭებდა წიგნებს უპირატესობას. 18,4% პროცენტისთვის მომხიბვლელი გახლდათ ზღაპრული შინარსი, მაგრამ ორივე შემთხვევაში წამყვანი პირობა წიგნში მხიარული ეპიზოდების ან იუმორისტული სცენების არსებობა იყო.  უზნაძის თანახმად, „ბავშვს ცრემლი და უბედურება არც წიგნში არ უყვარს, იგი მასში უსიამოვნო ნალექს ტოვებს, და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წიგნი იმ წიგნთა სიაში მოაქციოს, რომელიც განსაკუთრებით არ მოსწონს” (უზნაძე, 2005, გვ 491).

ამ ორთან ერთად უზნაძე ხაზს უსვამს კიდევ ერთ ფაქტორს – წიგნი, მასში არსებული ლექსიკა ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს, ვინაიდან იმის შესახებ, მოეწონა თუ არა წიგნში აღწერილი სიუჟეტი, გამოიწვია თუ არა მასში ღიმილი, ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებს, თუ წაკითხული კარგად გაიგო. 

ბავშვისთვის ახალშეძენილი ჩვევა და მასში დახელოვნება, საზოგადოდ, სასიამოვნოა, ამიტომაც მას ისეთი წიგნი მოსწონს, რომელიც ამ პირობის ამოქმედების საშუალებას აძლევს, კერძოდ, გასაგებია და სასიამოვნო. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს რისკი, ბავშვს კითხვის ხალისი თავიდანვე ჩაუქრეს.

8-9 წლის ბავშვები წიგნის დადებით მხარედ ილუსტრაციებსა და დიდ შრიფტსაც ასახელებდნენ.

საინტერესოა, რომ წიგნის ზღაპრული, ფანტასტიკური შინაარსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 9-10 წლის ბავშვებისთვის ხდება. მოწონებულ წიგნს უპირატესობას ფანტასტიკური, ზღაპრული შინაარსის გამო მოსწავლეთა 31,6% ანიჭებდა, მაშინ როდესაც მომდევნო ასაკში ეს მოტივი 5,9%-მდე ეცემოდა. არმოწონების მიზეზებზე საუბრისას ბავშვები ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ ზღაპრის სიუჟეტი სინამდვილეში არასოდეს ხდება.
ამავე, 9-10 წლის ასაკში ბავშვს ახალი ინტერესი უჩნდება – ეს არის ფათერაკი, მოქმედი გმირის მოხერხებულობა, სახიფათო სიტუაციისგან თავის დაღწევა  ან ბოროტებასთან ბრძოლა. 

გერმანელმა ბავშვთა ფსიქოლოგმა შარლოტა  ბიულერმა ამის სადემონსტრაციოდ რობინზონ კრუზოს ტიპის ნაწარმოებისადმი ინტერესის დინამიკა წარმოადგინა. მან 8000 ბავშვის ლიტერატურული ინტერესების შესწავლისას შემდეგი მონაცემები მიიღო:

 

ასაკი

8-9

9-10

10-11

11-12

12-13

13-14

14-15

15-16

16-17

17-18

გოგონა

10

13

18

16

16

11

4

2

1


ვაჟი


4

12

12

10

6

4

1



როგორც ცხრილიდანაც ჩანს, აღნიშნული ნაწარმოები განსაკუთრებით პოპულარულია 10-11 წლის ბავშვებს შორის, რომელთაც სიუჟეტში ადამიანის მოხერხებულობა და გამჭრიახობა ხიბლავთ. 
11-12 წლის ბავშვები კიდევ ერთი სიუჟეტით ინტერესდებიან. კერძოდ, გმირის მიერ განხორციელებული ალტრუისტული ქცევით. ამგვარ სიუჟეტს ამ ასაკის ბავშვების 17% ანიჭებდა უპირატესობას.
რამდენადმე იცვლება სურათი 12-13 წლის ასაკში. ამ ასაკის ბავშვები ალტრუისტულმა ქცევამ რომ დააინტერესოს, ის თავგანწირვასა და გმირობას, მაღალი ღირებულებებისკენ სწრაფვას უნდა აღწერდეს. ეს განსაკუთრებით რაინდთა თქმულებების ლიტერატურულ ჟანრს ახასიათებს. რაინდთა ისტორიებისადმი ინტერესი სასკოლო ასაკში ცხრილის სახით არის წარმოდგენილი (შ. ბიულერის მონაცემები):

 

ასაკი

8-9

9-10

10-11

11-12

12-13

13-14

14-15

15-16

16-17

17-18

გოგონა

2

9

13

16

12

7

2

3

2

2

ვაჟი

2

3

6

13

15

5

3

1

1


საინტერესოა ისიც, რომ ეს ინტერესი 14 წლამდე ნარჩუნდება.

დ. უზნაძის კვლევის მონაცემების თანახმად,  რაინდთა ისტორიებისადმი  ინტერესი მაქსიმალურ დონეს 13-14 წლის ასაკში აღწევდა.
ამგვარ განსხვავებას უზნაძე განსხვავებული საკვლევი ობიექტით ხსნიდა. კერძოდ, შ. ბიულერი
აღნუსხავდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებში თითოეული ჟანრის წაკითხვის ინტენსივობას, დ.
უზნაძე კი ნაწარმოებების მოწონების მოტივებს იკვლევდა.

11-12 წლიდან ბავშვებს უჩნდებათ ახალი, უცნობი რეალობის
შეცნობის სურვილი, ამიტომ იმგვარ საკითხავ ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც
რომელიმე რეალური სფეროს შედარებით ღრმად შესწავლის შესაძლებლობას იძლევა და ინტელექტუალურ
მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ამგვარ ლიტერატურას ბავშვების 20,9% ანიჭებდა უპირატესობას.

12-13 წლის ბავშვებთან კვლავ დიდ ინტერესს იწვევს თავგადასავლები,
ოღონდ, 9-10 წლისებისგან განსხვავებით, სახიფათო სიტუაციებისგან თავის დაღწევის პროცესი
მეტად ხიბლავთ, ვიდრე თავისთავად წარმატებით დაგვირგვინებული სიუჟეტი. კვლევის ერთ-ერთი
მონაწილე წიგნის მიმართ ინტერესის მოტივს ამგვარად ასაბუთებდა: „მომეწონა, როგორც მოგზაურობდნენო”.
პერსონაჟის მიმართ სიმპათიას კი მისი ფიზიკური ძალ-ღონე, ვაჟკაცობა და გამბედაობა განაპირობებდა.

უზნაძე მიმოიხილავს კესტერის კვლევებსაც. რომელთა თანახმადაც,
6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებს უმთავრესად ზღაპრები ხიბლავთ და ამ პერიოდს მეცნიერი
 ზღაპრის ხანას უწოდებს. 10-დან 13 წლამდე მოზარდები
უპირატესობას სათავგადასავლო ამბებს, მოგზაურთა ცხოვრებასა და  სამხედრო ისტორიებს ანიჭებენ. განსხვავებული სურათია
გოგონებთან: მათ 10 წლიდან სენტიმენტალური სიუჟეტი იტაცებთ. 14-17 წლიდან ბავშვები
უმთავრესად ავანტიურისტული და დეტექტიური სიუჟეტებით იხიბლებიან, აგრეთვე ისტორიული
და რეალისტური შინაარსის ნაწარმოებებითაც. კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე კი, კესტერის
მოსაზრებით, ინტერესი ტექნიკურ, ფილოსოფიურ და ისტორიულ ლიტერატურაზე გადადის, გოგონების
შემთხვევაში კი ინტერესთა სფეროს  რომანებიც
ემატება.

უზანაძე ინტერესთა მსგავს ცვალებადობას ბავშვის ასაკობრივი
თავისებურებებით ხსნის, რაც ვლინდება კიდეც სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის
მონაცემების მსგავსებით. უზნაძე ინტერესების განვითარებას სხვა სფეროებზეც განაზოგადებს
და ასკვნის, რომ ინტერესების ამგვარი განვითარება სპექტაკლებისა და კინოფილმების მიმართაც
ნარჩუნდება.

დ. უზნაძის, შ. ბიულერის მიერ ჩატარებული კვლევების
მონაცემები ალბათ დიდ დახმარებას გაუწევს მკითხველს   არდადეგების განმავლობაში ბავშვებისთვის საკითხავი
ლიტერატურის შერჩევაში.

სპარსული ლექსი

0
პატარაობისას ხშირად ვოცნებობდი უცხო ქვეყნებში მოგზაურობაზე. საოცრად მიზიდავდა თავგადასავლები და მთელი გულით მჯეროდა, რომ სადღაც სხვაგან უფრო კარგია, ვიდრე აქ, ჩემს სამშობლოში. ჩვენი თაობის ბავშვობამ თბილისისა თუ აფხაზეთის ომსა და ჩაბნელებულ სახლებში ჩაიარა. იქ, სადღაც კი ყველაფერი ისეთი ლამაზი და ფერადი ჩანდა… საბჭოთა ადამიანს მაშინ ვერც კი წარმოედგინა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისთვის მთელი მსოფლიოს კარი გაიღებოდა და ისიც თავისუფალი მოქალაქე იქნებოდა. სამწუხაროდ, ბავშვობისდროინდელი ოცნება ჯერაც ვერ ავიხდინე, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ვიდრე სხვაგან წახვალ, კარგად უნდა გაიცნო საკუთარი. 

თანამედროვე ქართველებისთვის ევროპა ყველაზე მიმზიდველი და მისაბაძია. გასაკვირი როდია – ჩვენი წინაპრებიც ხომ გამუდმებით დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობას ესწრაფოდნენ. რუსეთთან შეერთების შემდეგ ევროპული კულტურა ნაწილობრივ აღწევდა ჩვენამდე, უფრო – გაფილტრული სახით, ამიტომ ქართველობა გამუდმებით ცდილობდა, ევროპასთან პირდაპირი კავშირი ჰქონოდა. არჩევანი საუკუნეების წინ გავაკეთეთ და დღესაც მის დასაცავად ვიბრძვით. ევროპა ისევ ახლოსაა და თანაც შორს. ბევრი ქართველი გეტყვით, რომ ოცნებობს პარიზის, რომის, ლონდონის, ბერლინის მონახულებაზე. ჩვენ გვიყვარს ევროპული თავისუფლება. მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ქართულ კულტურას, რომელსაც დღეს დასავლურის, ევროპულის ნაწილად მოვიაზრებთ, თავის დროზე დიდი ღვაწლი დასდო აღმოსავლეთმა. ჩემი აზრით, ქართველი მენტალურად აღმოსავლელი უფროა, ვიდრე ევროპელი. მოგზაურობა ვახსენე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად ჩემი საბერძნეთის შემდეგ სწორედ აღმოსავლეთის ქვეყნები მაინტერესებს, ის უძველესი ადგილები, სადაც ოდესღაც მსოფლიოს ნახევარი გული ძგერდა. 

XI-XII საუკუნეების საქართველოს ცოცხალი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ქრისტიან და მუსლიმან ხალხებთან. ივ. ჯავახიშვილი წერს: „თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველო სხვადასხვა მაჰმადიანთა სამთავროებს და სპარსეთს ებრძოდა, პოეზია და კულტურა ქართველ-სპარსთა სულიერს ერთობას ჰქმნიდა და მტრობის მაგიერ სიყვარულს თესავდა. ქართველებისთვის სპარსული კულტურა უცხო რამე არა ყოფილა და თავისი პოლიტიკური მტრების მწერლობას, მეცნიერებასა და ხელოვნებას ისინი დიდ პატივს სცემდნენ”. ეს სიტყვები ბევრ ქართველს დააფიქრებს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, რომ ხელოვნება, ლიტერატურა ისეთი ფენომენია, რომელსაც მტრობის სიკეთად გარდაქმნაც კი ძალუძს. პოლიტიკას ერთი შეხედვით საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს კულტურათა გაცვლასთან, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის ასე როდია.

ქართულ ენაზე ითარგმნებოდა, ერთი მხრივ, ჰომეროსი, მეორე მხრივ კი სპარსელ-ტაჯიკ-აზერბაიჯანელ პოეტთა თხზულებანი. არსებობს მოსაზრებაც, რომ ქართული საზოგადოება უფრო კარგად იცნობდა სპარსელ კლასიკოსებს, ვიდრე თავად სპარსელები. 

სპარსეთი რომ უძველესი და ძალზე საინტერესო კულტურის კერაა, აქ, ვფიქრობ, მკითხველიც დაგვეთანხმება. საქართველომ კი მართლაც ბევრი რამ შეითვისა მეზობლისაგან.

როგორც ვიცით, XV-XVI საუკუნეებიდან საქართველო სპარსეთის მფლობელობაში იმყოფებოდა. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების სატრანზიტო გზებმა სამხრეთისკენ გადაინაცვლა. საქართველო მოსწყდა ევროპულ კულტურას და მუსლიმანური იმპერიების ხელში ჩავარდა. სპარსელები ქართველთა წინააღმდეგ ყველანაირ იარაღს იყენებდნენ. ცდილობდნენ, თავს მოეხვიათ ენა, რელიგია, წესწყობილება. დახმარება ევროპიდან აგვიანებდა, „დიდი რუსი ხალხი” კი მუდამ მზად იყო ჩვენს საშველად. დამპყრობელი ცდილობდა, თავისი იდეოლოგია, დამწერლობა თავს მოეხვია ქართველთათვის. განსაკუთრებით საშიში იყო სპარსეთი. თავად-აზნაურები გატაცებული იყვნენ სპარსული სალაღობო პოეზიით. თეიმურაზ პირველი დაუფარავად აცხადებდა: „სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი… მძიმე არს ენა ქართველთაო”. ძნელია, ამ მოსაზრებას დაეთანხმო… მე როგორც ერთ ქართველს მიმაჩნია, რომ ქართული ძალიან მოქნილი, ლაზათიანი და სიტყვაუხვი ენაა, რომელიც ზუსტად გამოხატავს მწერლის ემოციას და აღწევს მკითხველამდე. 

სპარსული ლექსები პირველად რომ წავიკითხე, მოვიხიბლე და ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს უცხოტომელის კი არა, ქართველი ავტორის შემოქმედებას ვეცნობოდი. სპარსული პოეზია მხოლოდ სალაღობო და ყურის დამატკბობელი როდია; მასში ძალიან დიდი სიბრძნეა ჩაქსოვილი. არ ვიცი, როგორ ჟღერს ეს ლექსები ორიგინალურ ენაზე, მაგრამ ქართული რომ ძალიან უხდება, ვფიქრობ, თქვენც დამეთანხმებით.

აი, სწორედ ახლა ხელთ მაქვს სპარსული პოეზიის ნიმუშები – მაგალი თოდუას თარგმანი, რომელიც 1980 წელს დაისტამბა და ამ სახის პირველი გამოცემა გახლდათ. რამდენიმე ავტორი თანამედროვეთა თარგმანშიც ვნახე, მაგრამ ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მომეწონა. 

პოეზიის მოყვარულთ, რასაკვირველია, ერთხელ მაინც წაუკითხავთ სპარსული ლექსი, რომელიც ასე ლამაზად ჟღერს:
ჰაფეზი, „წუთისოფელი”
ხომ ნახე უკვე წუთისოფელი,
რარიგ ბილწი და რარიგ ფლიდია?!
დრო ცოტა დაგვრჩა, მოვასწროთ, თორემ
ცოტა გვახაროს, ისიც დიდია.
საწუთროს ნუ სწუხ, მასზე ვიწუხოთ, 
ეგ ჩვენი გზები საით მიდიან?
ხვალ რა მოგველის, არავინ ვუწყით
სიცოცხლე ჩვენი ბეწვზე ჰკიდია.
ჰაფეზი (შამს-ედ-დინ მოჰამედ შირაზი ჰაფეზი), პოეტი, რომლის ლექსიც სპარსული კლასიკური პოეზიის საუკეთესო ნიმუშია, მოღვაწეობდა 1320-1389 წლებში, მისი საფლავი კი დღესაც წმინდა ადგილად მიაჩნიათ ირანელებს. მე-19 საუკუნის ევროპაში ძალზე პოპულარული იყო მისი ლირიკა. გოეთემ ერთ-ერთ წიგნს „ჰაფეზის წიგნი” უწოდა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა ამ პოეტის მიმართ. ძალიან კარგი თარგმანი აქვს ვახუშტი კოტეტიშვილს, რომელმაც ქართული სულიც ჩაბერა სპარსულ ლექსს. 

კიდევ ერთი ავტორი, რომლის შემოქმედებაც ქართველი მკითხველისთვის უცხო არ უნდა იყოს, ჯალალედინ რუმია (1207-1273). პოეტი, რომლის შემოქმედება ადვილად აღწევს ადამიანის გულში, რადგან სავსეა სიკეთით, სიყვარულითა და პოეტური გულწრფელობით. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ იგი სუფიზმის მიმდევარი იყო და ქადაგებდა მშვიდობას, ერთმანეთის სიყვარულს, მიტევებას. ისლამისტებისგან განსხვავებით, სუფისტები ასკეტურ ცხოვრებას მისდევენ, თუმცა ჯალალედინ რუმი ასკეტი არ ყოფილა. 

ჯალალედინ რუმი, „განა არ იცი?”
მე ქვა ვიყავი,
მოვკვდი ქვა და მცენარედ მოველ,
მოვკვდი მცენარეც
და ბუნაგი ცხოველში ვპოვე.
მოვკვდი ცხოველიც და ვიქეცი ადამის ტომად.
მოვკვდები აქაც, მაგრამ განა მაძრწუნებს კვდომა!
გარდავიცვლები ახალ დღეთა იმედით მთენი, 
რომ ანგელოზის გამომესხას მსუბუქი ფრთენი.
და ერთ დღეს, როცა ანგელოზის დადგება რიგიც,
არავინ იცის, იქ რა მელის, რა არის იქით…
წერილი მოგზაურობაზე საუბრით დავიწყე, რომ არავის გაჰკვირვებოდა ჩემი ესოდენ დიდი სურვილი აღმოსავლური კულტურის გაცნობისა. ალბათ, ოცნების ასრულებას ჭრელა-ჭრულა აღმოსავლეთით დავიწყებ. ეს სურვილი უფრო მეტად გამიმძაფრდა მას შემდეგ, რაც სპარსული ლექსები შევიყვარე. ვფიქრობ, სპარსული პოეზია ძალიან საყურადღებო პოეტურ ნიმუშებს შეიცავს, რომლებიც ლიტერატურის მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესო იქნება. გარდა ამისა, ეს არის ლექსი, რომელიც სავსეა სიმსუბუქით, სიმშვიდით, თითოეული ტაეპის მიღმა კი მკითხველი შემოქმედის გულისცემას გრძნობს.

„მგორავი ქვები“ და მათი დაბრუნება

0

„Rolling Stone Gathers No Moss” – ეს ინგლისური გამოთქმა
ქართულად დაახლოებით ამგვარად ითარგმნება: აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო. ილია
ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებიც” გეხსომებათ – მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა, ჩემო
თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემიო… ქვეყნისა არ ვიცი, ჩემთვის კი ნამდვილად
ასეა. ჯერ ერთი, ძალიან ბევრს დავდივარ, მეორე – ვცდილობ, ერთ დონეზე არ გავჩერდე და
განვითარების გზა ვეძებო ყველგან, სამუშაო იქნება ეს, სწავლა, მუსიკა თუ აქ, ამ ბლოგზე
წერა.

ცოტა ხნის წინ, როცა სტამბოლის აეროპორტის გავლით შვედეთიდან
ვბრუნდებოდი, ერთ-ერთ მაღაზიაში მუსიკალური ჟურნალების დიდ კოლექციას წავაწყდი. სწორედ
იქ შევიძინე ჟურნალი „The Rolling Stone”, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან
გამოცემად ითვლება მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. 23 მაისით დათარიღებული ნომრის პირველ
გვერდზე ამ ჟურნალის სეხნია ჯგუფი, 60-70-იანი წლების როკენროლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი,
„The Rolling Stones”-ი იყო აღბეჭდილი. ამ ლეგენდარულმა ჯგუფმა და ჟურნალმა შთამაგონეს
ეს პოსტიც.

Rolling Stone-ს, „აგორებულ ქვას”, ისეთ ადამიანს უწოდებენ,
რომელსაც ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია და მუდამ ახლის ძიებაშია. მიკ ჯაგერი, კიტ
რიჩარდსი, ჩარლზ უოტსი და რონი ვუდი სწორედ ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ და, როგორც
ჩანს, მუდმივი სიახლის ძიებით მოახერხეს ჯგუფის ასე დიდხანს შენარჩუნება. დიახ, თუ
მცირე ცვლილებებს არ ჩავთვლით (რომლებიც ზოგჯერ ტრაგიკულიც გახლდათ), „The Rolling
Stones” უკვე 51 წელია დგას სცენაზე. ეს უდავო რეკორდია როკჯგუფებს შორის.


„როლინგების” (როგორც ჩვენთან უყვართ ხოლმე თქმა) ისტორია
1962 წელს იწყება. მაშინ ბენდში ბრაიან ჯონსი, მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, იან სტიუარტი,
ბილი უილმანი და ჩარლი უოტსი ირიცხებოდნენ. პირველი წარმატება ჯგუფს სამოციანი წლების
შუაში ეწვია – პირველმა სამმა ალბომმა „როლინგებს” არნახული პოპულარობა მოუტანა. შემდეგ
იყო დიდი ტრაგედია – 1969 წელს გარდაიცვალა ბენდის 27 წლის ლიდერი, ბრაიან ჯონსი (მიზეზი,
როგორც ჩანს, ნარკოდამოკიდებულება იყო). სწორედ ბრაიან ჯონსმა დაუდო სათავე მითს „27-ელთა
კლუბის” შესახებ. ამ ვირტუალურ კლუბში აერთიანებენ მუსიკოსებს, რომლებიც 27 წლის ასაკში
დაიღუპნენ: ჯიმი ჰენდრიქსს, ჯენის ჯოპლინს, ჯიმ მორისონს, ოდნავ მოგვიანებით – კურტ
კობეინს…

ჯონსის გარდაცვალებას ჯაგერისა და რიჩარდსის დუეტის
„გალიდერება” მოჰყვა. სწორედ ამ ორმა, ჩარლი უოტსა და რონი ვუდთან ერთად, მოიყვანა
ბენდი დღემდე. დღეს მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა ვუდია – 66 წლის. კიტი და მიკი
69-სა არიან. ჩარლი ყველაზე ხანდაზმულია – 72 წლისაც კი არ ანებებს დასარტყამ ინსტრუმენტებს.
თანაც არცთუ ურიგოდ გამოსდის.

კიტ რიჩარდსი ჟურნალ „Rolling Stone”-ისთვის მიცემულ
ინტერვიუში ამბობს: „ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფი გატყდა, მაგრამ მისი შეკეთება შესაძლებელია”.
რა თქმა უნდა, ურთულესია დაუკრა ცოცხლად 70 წლისამ (სავარაუდოდ, სწორედ ამას გულისხმობს
რიჩარდსი ბენდის „გატეხვაზე” ლაპარაკისას). მიუხედავად ამისა, „როლინგები” დღესაც აგრძელებენ
წარმატებულ ტურნეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.


2012-ში, როდესაც ბენდს 50 წელი შეუსრულდა, მან საკუთარი
კომპოზიციების ახალი ნაკრები გამოუშვა, სათაურით: „GRRR”. ალბომში რამდენიმე ათეული
ძველი და ორი ახალი სიმღერა – „Doom and Gloom” და „One More Shot” – შევიდა. მიუხედავად
ასაკისა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის განწყობა და სული, რომელიც მრავალი ათეული
წელია მოსდევთ, ბენდის წევრებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.

ჩემთვის „როლინგები” ისტორიაა, რომელიც დროდადრო მეორდება.
კარგი ალბომები, შემდეგ – პაუზა, რომლის დროსაც ბენდის წევრები სოლო ალბომების კეთებით
არიან დაკავებული, უთანხმოებები, ბევრი ნარკოტიკი, შერიგება, დაბრუნება, ახალი ალბომი,
მეტი წარმატება, კიდევ ერთი პაუზა… და შემდეგ ყველაფერი თავიდან… კიტ რიჩარდსი
და მიკ ჯაგერი დღესაც აღიარებენ, რომ ერთმანეთთან ადრინდელი ურთიერთობა აღარ აქვთ (ისინი
ბავშვობის მეგობრები არიან). ბოლო გაერთიანების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე, იყვნენ
თუ არა მიკი და კიტ რიჩარდსი „უწინდებურად ძმები”, ჯაგერმა უპასუხა: „მე ძმა მყავს;
კიტი და მე უბრალოდ ერთად ვმუშაობთ”.

როგორც ხედავთ, საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობენ 🙂 თანაც,
ასაკის კვალობაზე, სცენაზე იდეალურად დგანან და უკრავენ. გასაკვირია, რომ წარსულში
სერიოზული ნარკოდამოკიდებულების, ალკოჰოლის ზემოქმედების, გადატვირთული გრაფიკის, ათეულობით
წლის მუშაობისა და, ბოლოს, ასაკის მიუხედავად, „The Rolling Stones” დღემდე ძალიან
კარგ ფორმაშია და დაუვიწყარ კონცერტებს მართაფვს მსმენელისთვის. მსმენელი კი, ვფიქრობ,
ამ ჯგუფს არასდროს მოაკლდება.

უსმინეთ „Rolling Stones”-ს, მათ შექმნეს როკენროლის
ისტორია.



გამოცდები პითაგორასებურად

0

,,ის, რაც მოხდება დიდი ხნის მერე,

უკვე ყოფილა დიდი ხნის წინათ”

ო. ჭილაძე


მთარგმნელის
წინათქმა:


 

მისაღები გამოცდები მოახლოვდა და
აბიტურიენტები შეიცვალნენ, ძალიან შეიცვალნენ: ვინც მთელი წელი ღელავდა, უკვე
,,გადაიწვა” და გულგრილად შესცქერის მოვლენებს, ოპტიმისტები გამოუსწორებელ
სკეპტიკოსებად გადაიქცნენ, ბიჭებმა იუმორის გრძნობა დაკარგეს, გოგონები სკოლის
დამამთავრებელი საღამოს მერე სილამაზის სალონში აღარ წასულან; სვამენ ზუსტად
იმდენივე შეკითხვას, რამდენსაც სამი წლის ასაკში.

ყველა შეკითხვა ასე იწყება:
,,მასწ, გამოცდაზე რომ…” – და მთავრდება რაღაც წარმოუდგენელი კატაკლიზმის ანდა
მისტერ პიტკინისა თუ მისტერ ბინის შესახებ კომედიებში ნანახი  უხერხულზე უხერხული სიტუაციის აღწერით.

– თქვენ რომ პითაგორას აკადემიაში
გქონოდათ გამოცდები ჩასაბარებელი, რაღა გეშველებოდათ?! – ვექილიკები მე.

პითაგორა იციან ან ბუნდოვნად ახსოვთ.
ოდნავ, სულაც ზრდილობის გულისთვის ინტერესდებიან. მეც მაშინვე ვიყენებ შანსს, ორიოდ
წუთით სხვა საკითხზე გადავიტანო მათი დაძაბული ყურადღება და პითაგორასა და მისი
აკადემიის შესახებ ვუამბობ.

ეს ტექსტი ნაწყვეტია წიგნიდან, რომლის
თარგმნაც (როგორც ხშირად ხდება ხოლმე) მე დავიწყე და სხვამ დაასრულა თუ არა, ვერ
გეტყვით, ვინაიდან ქვეყნიერებას ჯერჯერობით არ მოვლენია. ყოველ შემთხვევაში,
ბედნიერი ვარ, რომ ამ წარუმატებელი პროექტის მეშვეობით მეტი რამ შევიტყვე ამ
საოცარი ადამიანის შესახებ და ხანდახან ჩემს მოსწავლეებსაც ვუამბობ მის
თავგადასავალს:

 

*

,,პითაგორა გახლდა დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, რომელიც ქრისტეშობამდე მეექვსე საუკუნეში სამოსში დაიბადა. ახალგაზრდობიდანვე ჩაება ბერძნული კულტურის ფერხულში, რომლისგანაც მან შეისწავლა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრში მდბარეობს და მზე და პლანეტები მის ირგვლივ ბრუნავენ; ამის შემდეგ იგი ეგვიპტეში, მემფისში გაემგზავრა. იქ მრავალ წელიწადს დაყო და შეისწავლა რიცხვები, სიმბოლოები, გეომეტრია, ასტრონომია და ეგვიპტური რელიგიის საიდუმლოებანი. მემფისში მან ირწმუნა სულთა გადასახლების თეორია, რომ ველჩვენგანი დიდი უნივერსალური სულის ნაწილია, რომელსაც კვლავ შეუერთდება სიკვდილის შემდეგ.
   

სულ ცოტა ხნის შემდეგ, რაც მან მემფისში განათლების მიღება დაასრულა, ეგვიპტეში სპარსელები შემოიჭრნენ.

პითაგორა სხვა სწავლულებსა და ქურუმებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს, სადაც 12 წლის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა. მიუხედავად ,,ტუსაღობისა, მას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად ესაუბრა სხვადასხვა რწმენისა და რელიგიის სწავლულებთან. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც მონოთეიზმს, ანუ ერთღმერთიანობას ქადაგებდნენ, ისეთები, რომელთაც სწამდათ სპარსული დუალიზმი, რომელიც ემხრობოდა აზრს, რომ სინამდვილე სუბსტანციის ორი ძირითადი სახეობისგან შედგებაგონისა და ქმედებისაგან... პითაგორა შეხვდა ინდოელ ფილსოფოსებსა და ზოროასტრიზმის მიმდევრებს, რომელთაც ორმუზდის, სიკეთის შემქმნელი ანგელოზის,სჯეროდათ და მათი ოკულტიზმის ცენტრალური რწმენა გახლდათ, რომ იგი დაამარცხებდა აჰრიმანს, ბოროტ ძალას. არ არის გასაკვირი, რომ პითაგორა მისტიციზმის ღრმა მცოდნედ იყო აღიარებული.

როდესაც თავისუფლება მიანიჭეს, პითაგორა საბერძნეთში, დელფოსში, მერე კი კროტონში, იტალიის სანაპიროზე დასახლდა, სადაც ეზოთერული ფილოსოფიის სკოლა დააარსა. სკოლის ჭიშკართან იდგა ჰერმესის, ბერძნული ფილოსოფიის თანახმად,ეზოთერული ცოდნის მფარველი ღმერთის, ქანდაკება, რომელიც ერისკაცებს ანიშნებდა, უკან დაეხიათ. სავარაუდო მოსწავლეები ხანმოკლე, რამდენიმეთვიან გამოსაცდელ პერიოდს გადიოდნენ, სანამ პირველკურსელთა შორის დაიკავებდნენ თავიანთ ადგილს. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ კანდიდატებს ფიზიკური და მორალური გამოცდის გავლა უწევდათ.

ერთი გამოცდა გულისხმობდა ღამით მარტო დარჩენას კუპრივით ბნელ გამოქვაბულში, რომელშიც, გადმოცემის თანახმად,მოჩვენებები სახლობდნენ და უღირს კანდიდატებს და სკოლის იდეალების მოღალატე მოწაფეებს საშინელ მაჯლაჯუნებად მოევლინებოდნენ. მა, ვინც ამ გამოცდას გაუძლებდ, ცარიელ სარდაფში კეტავდნენ და ერთი კვირის განმავლობაში პურის ნატეხსა და ერთ დოქ წყალზე სვამდნენ. მათ ასევე აძლევდნენ ფიცარს, რომელზეც პითაგორას სიმბოლოთა მნიშვნელობების ჩამოწერას სთხოვდნენ. ამის შემდეგკანდიდატს დიდ ოთახში შეიყვანდნენ, სადაც საზეიმო სიტყვა უნდა წარმოეთქვა, დასცინოდნენ და რთული შეკითხვებით აცლიდნენ ქანცს, რომლებზეც აუცილებლად უნდა ეპასუხა. ჩაფლავების შემთხვევაში მას მყისვე აგდებდნენ სკოლიდან, ხოლო წარმატებულახალბედათა შორის იღებდნენ.

ახალბედა შეგირდი სამი წლის განმავლობაში ეუფლებოდა პითაგორასეულ ფილოსოფიას, რომელიც პატივისცემას, შემწყნარებლობას და ხალხთა და რელიგიათა ერთიანობას ეფუძნებოდა. აქ დილა გაკვეთილებს ეთმობოდა, შუადღე ფიზიკურ დატვირთვას, ხოლო საღამო ლოცვას, ლექციებსა და დისკუსიებს.


ახალბედებს ასწავლიდნენ, რომ მათი მშობლები იყვნენ ღვთაებათა ხორციელი წარმომადგენლები დედამიწაზე და ამიტომაცმათთვის ღვთაებათა სადარი პატივი უნდა მიეგოთ. ქორწინება უწმინდეს ინსტიტუტად მიიჩნეოდა და კაცები ცოლებს თანასწორებივით უნდა მოპყრობოდნენ, კლასიკური პერიოდისთვის ასეთი რამ უცხო გახლდათ.

მეგობარი ადამიანისალტერ ეგოდ ითვლებოდა და მასაც მშობლების მსგავსი პატივით ეპყრობოდნენ. ტანჯვას მიიჩნევდნენ გრდემლად, რომლისგანაც ადამიანის სული უნდა გამოჭედილიყო და თუმცა ვაჟკაცურად უძლებდნენ, საგანგებოდ არავის მიაყენებდნენ მას.

როდესაც ახალბედობის პერიოდი დასრულდებოდა, მოწაფეს ნება ეძლეოდა, ,,შიდა ეზოშიშესულიყო, სადაც მას აცნობდნენ ,,საღმრთო სიტყვას
პითაგორასეულ მეცნიერებას რიცხვების შესახებ:

 

1 (წერტილი)

ღმერთი არის განუყოფელი, დაუსრულებელი და ყოველივეს საწყისი ამქვეყნად.

2 (ხაზი)

მამაკაცი და დედაკაცი გაერთიანებულია ერთ ღმერთში.

3 (სამკუთხედი)

სრულყოფილი ციფრი. სამი ელემენტი სულისკვეთება, სული და სხეული ქმნიან ადამიანს. სამი იდეალი სიბრძნე, ძალა და სილამაზე.

4 (კვადრატი)

გამოხატავს ოთხ მიმართულებას და ბუნების ნაყოფიერების გასაღებს წარმოადგენს.

5 (პენტაგრამა)

თავისუფალი ნებისა და სამართლიანობის, ასევე ბრძოლისუნარიანობის აღმნიშვნელია.

6 (ჰექსაგრამა)

მიუთითებს კოსმიური სივრცის ექვს მიმართულებაზე. პითაგორას მოძღვრების თანახმად, გვიჩვენებს სამყაროს ნაწილთა ჰარმონიულ შერწყმას.

7 (სამკუთხედი და კვადრატი)

წმინდა და სრულყოფილი რიცხვი. ცხოვრების სიმბოლო, იგი აერთიანებს სხეულის ოთხ და სულის სამ ელემენტს.

8 (ორი კვადრატი)

რიცხვი, რომელიც გამოსახავს უნივერსალურ ჰარმონიას და მეგობრობისა და სიყვარულის ერთიანობას.

9 (სამი სამკუთხედი)

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სწორედ ამდენი მუზა არსებობდა. მუზები, ზევსისა და მნემოსინეს ასულები იყვნენ და თითოეულ მათგანი გაიგივებული იყო ხელოვნებისა თუ მეცნიერების რომელიმე დარგთან. ასე რომ,ეს რიცხვიც ხელოვნებასა და მეცნიერებას გამოხატავს.

10 (ტეტრაქტისი)

თვლის დასაბამი და მსოფლიოს, ბედისწერისა და მარადისობის სიმბოლო.

 

,,საღმრთო სიტყვისცოდნის ათვისების შემდეგმოწაფე ეუფლებოდა მეცნიერებას, რომელსაც ღამღამობით ანდა ზღვისპირას ასწავლიდნენ. ამის შემდეგ მას ,,მესამე ხარისხის განდობილისსტატუსს ანიჭებდნენ და იგი მიიწევდა მეოთხესაკენ ამ საფეხურზე მას ნათელმხილველის თვისებებიგამოვლენა მოეთხოვებოდა.


ამის შემდეგუკვე სწავლულის წოდებამიღებული ყოფილი მოწაფე სკოლას ტოვებდა. თუკი ვინმეზე ეჭვს მიიტანდნენ, რომ აკადემიის საიდუმლო გასცა, მის სახელზე აკლდამას აღმართავდნენ და მის სულს მკვდრად გამოაცხადებდნენ.

     

მთარგმნელის ბოლოთქმა:

– …და მასწ, ამ გამოცდების ჩაბარებას ვინმე ახერხებდა?

– თავისთავად ცხადია, ყველა – ვერა, მაგრამ, როგორც
ჩანს, ზოგი ახერხებდა კიდეც, აბა, აკადემია ისე როგორ იარსებებდა?

– თქვენი აზრით, ჩვენგან რომელი ჩააბარებდა?

– აი, შენ თვითონ როგორ გგონია, შეძლებდი?

გაჩუმდა, ვერც კი თქვა, არც არა; მგონი, ცოტა შეშურდა
მათი, ვინც ოდესღაც გაუმკლავდა ამ გამოცდას და თავი ინუგეშა:

– მერე რა, მასწ. ასეთი გამოცდები მაინც აღარასოდეს
იქნება.

– ნუ იტყვი მასეც:

,,ის, რაც მოხდება დიდი ხნის მერე,

უკვე ყოფილა დიდი ხნის წინათ”

ჭილაძეა, გაგიგონია ეს სტრიქონები ოდესმე?

არ გაუგონია, არადა ერთმა, ალბათ, მისმა თაობელმა თაბუკაშვილის
ქუჩაზე კედელზე გრაფიტით მიაწერა ეს სიტყვები – იქნებ მას მაინც სჯეროდა, რომ არასოდეს
არაფერია გამორიცხული…

რა არის ავტონომია?

0

მეათე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად მომიხდა ჩემი
სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა. მას შემდეგ კიდევ წელიწად-ნახევარი
ვცდილობდი ამგვარ თავყრილობებზე მოსწავლეთა პოზიციების გამოხატვას. ჩემი მუდმივი ბუზღუნით,
უკმაყოფილებითა და თითოეულ მნიშვნელოვან საკითხზე მეტი ყურადღების გამახვილების მოთხოვნით
სასწავლებლის მესვეურებს ვაღიზიანებდი კიდეც. ერთ-ერთ ასეთ გაფართოებულ შეხვედრაზე
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ნაკლებად ლოგიკურ დირექტივას განიხილავდნენ, რომელსაც,
ტრადიციულად, მონდომებით დავუპირისპირდი. ზემდგომ მოხელეებთან ურთიერთობის გაფუჭების
რისკით შეშფოთებულმა სკოლის დირექტორმა გაბრაზებით მკითხა: “ადამიანო! ბოლოს და ბოლოს
გაგვაგებინე, რა გინდა? რა დაგიშავეთ?” ცხადია, გამეღიმა და ვუპასუხე, რომ სკოლის ავტონომიას
ვუჭერდი მხარს. მაშინ ეს ცნება კარგად არ მესმოდა, ვერც დღეს დავიკვეხნი მისი თითოეული
ნიუანსის ცოდნით, მაგრამ მაინც მინდა აგიხსნათ, რას ვგულისხმობ, როდესაც საგანმანათლებლო
დაწესებულების (სკოლის ან უნივერსიტეტის) ავტონომიურობას ვახსენებ.

სასწავლებლის ავტონომიის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი აკადემიური თავისუფლება გახლავთ. ეს ფუნდამენტური
პრინციპი უზრუნველყოფს იდეების, შეხედულებების, ცოდნის თავისუფალ გავრცელებასა და გადააადგილებას
დაწესებულების სააზროვნო სივრცეში. მაშასადამე, პედაგოგები და სტუდენტები (მოსწავლეები)
თავიანთი ზოგადი, პროფესიული მრწამსის მიხედვით იმოქმედებენ. მათ გადაწყვეტილებებზე
გავლენას ვერ მოახდენს ვერც ერთი პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური სტრუქტურა, მატერიალური
მდგომარეობა და სხვადასხვა ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა – ყველაზე მნიშვნელოვან, პირველხარისხოვან
ფასეულობად პროფესიონალიზმი ყალიბდება.

ამის კვალობაზე, სასწავლებლის ავტონომია შეგვიძლია აკადემიურ ხარისხზე  დაფუძებულ მოცემულობადაც განვიხილოთ. თუ დაწესებულება
დისფუნქციურია ანუ ვერ ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, ვერ ახერხებს ცოდნის შეუფერხებლად
გადაცემას, მისი დამოუკიდებლობის შინაარსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

საგანმანათლებლო დაწესებულებათა სუვერენულობაზე საუბრისას
არ შეიძლება არ განვიხილოთ მათი ფინანსური
დამოუკიდებლობის
 ასპექტიც. თუ სასკოლო
ან საუნვერსიტეტო საზოგადოება არ ფლობს გარკვეულ ქონებას და არ აქვს კუთვნილი მატერიალური
რესურსების თავისუფლად, სხვათა ჩაურევლად გადანაწილების შესაძლებლობა, მაშინ ის  ვერ უზრუნველყოფს სასურველი მიმართულების აკადემიური
საქმიანობის წარმართვას.

კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე მრავალმხრივი კომპონენტი
სასწავლებელთა ადმინისტრაციული მოწყობის საკითხია.
უმნიშვნელოვანესია პასუხი კითხვებზე: ვინ მართავს? ვინ ირჩევს მმართველებს? ავტონომიის
იდეალურ ვარიანტთან ყველაზე მიახლოებულია მმარველობის ის წესი, როდესაც საგანმანათლებლო
პოლიტიკის ძირითად პრინციპებს პროფესორ-მასწავლებელთა საერთო კრება განსაზღვრავს და
თავადვე ირჩევს სასწავლებლის აღმასრულებლებსა თუ უმაღლესი თანამდებობის პირებს (დირექტორებს/რექტორებს).

ეს ოთხი კრიტერიუმი ალბათ მხოლოდ ელემენტარული მინიმუმია.
საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიის თემა გაცილებით ფართო და კომპლექსური ხასიათისა
გახლავთ, ის უამრავ კომპონენტსა და დეტალს გულისხმობს. პირობის სირთულე განაპირობებს
სურვილს, პოლიტიკოსებმაც, აკადემიური და სასკოლო წრეების წარმომადგენლებმაც, რექტორებმაც
და დირექტორებმაც, სტუდენტებმაც და მოსწავლეებმაც მეტი სიფრთხილით გამოიყენონ ეს ცნება.

მხოლოდ ოპტიმიზმით შეიძლება მომავლის შექმნა

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

პეტრე ლეონიდეს ძე
იყო არა მარტო თავისი სამშობლოს შვილი, არამედ მთელი პლანეტისა და გრძნობდა უზარმაზარ
პირად პასუხისმგებლობას საკუთარ ბედზე. კაპიცას იწვევდნენ პრეზიდენტები, მეფეები,  პრემიერ-მინისტრები.
მასზე ამბობდნენ, რომ იგი განასახიერებს მეცნიერების ინტერნაციონალიზმს. მეგობრობდა
და თანამშრომლობდა სხვადასხვა ეროვნების დიდ მეცნიერებთან:  ალბერტ აინშტაინთან, ერნესტ რეზერფორდთან, ნილს
ბორთან, მარია კიურისთან, პოლ ლანჟევენთან, ბერტრან რასელთან…

ცხოვრების ბოლო წლებში
იგი  გახდა საზღვარგარეთის ოცდაათამდე სამეცნიერო
აკადემიის საპატიო წევრი და მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. “როცა
დავინახე ეს მანტიები, მეჩვენა, რომ მომესმა მათი შრიალი მეცნიერების ტაძართა კამარაში,
სადაც  არ შეიძლება ხმამაღლა საუბარი, რომ  ფიქრი არ დააფრთხო”, – თქვა მან.

იუგოსლავიის საზღვაო  ქალაქ დუბროვკაში, ერთ-ერთ კუზიან ქუჩაზე, ვხედავ
ჩვენებურ “ვოლგას”, აქაურობისათვის ასე მოულოდნელს, და თანაც მოსკოვური ნომრით.
საჭესთან იჯდა პეტრე კაპიცა. იგი სამოცდაათ წელს იყო გადაცილებული. თავის ვაჟ დიმიტრისთან
ერთად საჭესთან მჯდარა მონაცვლეობით და ასე ჩამოსულა, “ვოლგით”  მოსკოვიდან ადრიატიკის ნაპირებთან, როგორც პრეზიდენტ ბროზ ტიტოს სტუმარი. პეტრე ლეონიდეს
ძე ხომ იუგოსლავიის ძველი მეგობარი  იყო. იგი
დააჯილდოვეს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უმაღლესი ორდენით. მან მოგზაურობის დროს გადაუხვია
მარშრუტს, რომ შეევლო სერბიულ სოფელში, რომელსაც კაპიცა ჰქვია. აქედან ხომ არ არიან
მისი შორეული წინაპრები?

ეს მოხდა მაისის ერთ
მშვენიერ დღეს. ლენინგრადის საზღვაო პორტიდან პირველად გადიოდა ლაინერი “მიხეილ
ლერმონტოვი”, რომელიც ხსნიდა ტრანსატლანტიკურ ხაზს ლენინგრადიდან ნიუ-იორკში.

ბორტზე იყვნენ ცოლ-ქმარი
კაპიცები და მაშინვე მოექცნენ ყურადღების ცენტრში – მეზღვაურებმა ყურადღება გამოიჩინეს
ანა ალექსის ასულის, ცნობილი გემთმშენებლის აკადემიკოს კრილოვის ქალიშვილის, მიმართ.

პეტრე ლეონიდეს ძეს
უცხოელი ჟურნალისტები უტევდნენ, უამრავ შეკითხვას აყრიდნენ და იგი ყველას პასუხს აძლევდა
ოთხ ენაზე, იმისდა  მიხედვით, თუ  რომელ ენაზე ეკითხებოდნენ მას: რუსულზე, ინგლისურზე,
ფრანგულსა თუ გერმანულ ენაზე.

– მივცურავ ინგლისში.

– რატომ?

– საპატიო სამეცნიერო
მედლის მისაღებად.

– ასეთი ბევრი გაქვთ?

– არ მახსოვს, რამდენი.

– რას ფიქრობთ თანამედროვე
საერთაშორისო მდგომარეობაზე?

– იმედებს მისახავს.

– თქვენი აზრით, შეიძლება
ახალი ომის თავიდან აცილება?

– სავსებით შესაძლებელია.

– ამისათვის რა უნდა
გავაკეთოთ?

– უნდა ვიყოთ კეთილგონიერნი.

– მართალია, რომ თქვენ
საბჭოთა ატომური ბომბის შემქმნელი ხართ?

– არ არის მართალი.

– მაგრამ თქვენმა
შრომებმა ხომ განაპირობეს მისი შექმნა?

– მისი შექმნა ჯერ
კიდევ გალილეის შრომებმა განაპირობეს.

– თქვენზე რეზერფორდი
ამბობდა, გამოუსწორებელი ოპტიმისტიაო, – ეთანხმებით?

– მას შეიძლება დაუჯეროთ,
რადგანაც მისი  მოსწავლე ვიყავი. დარწმუნებული
ვარ, რომ მხოლოდ ოპტიმიზმით შეიძლება მომავლის შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი
არ გვექნება.

Targmna kaxmeg kudavam


 

შეხვედრა

robert babliZe


ორმოცდაათიანი წლების
ბოლოს ჩემი ხელმძღვანელის თხოვნით კაპიცამ ნება დამრთო მემუშავა მასთან, საბჭოთა კავშირის
მეცნიერებათა  აკადემიის  ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტში, სადისერტაციო
ნაშრომის  შესასრულებლად. ადვილი წარმოსადგენია,
რას  ნიშნავდა ეს ახალბედა ასპირანტისათვის.
მოხვდე ინსტიტუტში, რომელიც თანამედროვე  ფიზიკის
მექადაა აღიარებული, სადაც  მუშაობენ აკადემიკოსები,  შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატები კაპიცა და
ლანდაუ, თეორიული თუ  ექსპერიმენტული ფიზიკის
ვირტუოზები, აკადემიკოსები ფოკი, ლიფშიცი, შალნიკოვი და კიდევ სხვა მრავალი – ამაზე
მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა, და აი, ეს ოცნება ჩემთვის რეალობად იქცა.

მოსკოვში სექტემბრის
დასაწყისში  ჩავედი. განთქმული მოსკოვური შემოდგომა
იდგა. მეორე დღესვე ვორობიოვის გზატკეცილზე ფიზიკური პრობლემების, ანუ, როგორც მოსკოველები
ეძახდნენ, კაპიცას  ინსტიტუტში, გამოვცხადდი.
ჩემთვის უკვე ცნობილი იყო, რომ უნდა მემუშავა პროფესორ პეშკოვის ლაბორატორიაში, რომელ-
მაც თავის დროზე ლანდაუს მიერ თეორიულად ნაწინასწარმეტყველევი მეორე ბგერა, ანუ ენტროპიის
ტალღები, აღმოაჩინა ზედენად ჰელიუმში. ჩემი სადისერტაციო თემაც სწორედ მეორე ბგერის
მეთოდთან იყო დაკავშირებული. პროფესორმა გულთბილად მიმიღო, დაწვრილებით გამომკითხა  ჩემი სამომავლო  გეგმები, შემომატარა თავისი ლაბორატორია, გამაცნო
თანამშრომლები, მაჩვენა ჩემთვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი, ამიხსნა, როგორ და ვისგან
შემეძლო მიმეღო მუშაობისათვის საჭირო ინსტრუმენტები და გამზომი აპარატურა, როგორ გამეფორმებინა  შეკვეთები სახელოსნოში  და, ბოლოს, დასძინა, დანარჩენ საკითხებს  კაპიცასთან ვიზიტის შემდეგ გადავწყვეტთო. ახალი შთაბეჭდილებებით გაბრუებულსა და ოდნავ  შემცბარს ბოლო ფრაზისათვის ყურადღება არ მიმიქცევია,
ჩავთვალე, რომ  იგი მე  არ მეხებოდა, ვიფიქრე, ალბათ, თვითონ პროფესორი
აპირებს კაპიცასთან  რაღაც საკითხების შეთანხმებას-
მეთქი. მაგრამ, თურმე,  ვცდებოდი.

როგორც აღმოჩნდა,
არსებული ტრადიციის მიხედვით, ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტში ვერავინ დაიწყებდა  მუშაობას კაპიცასთან პირადი ვიზიტის გარეშე, ამიხსნეს,
რომ ვიზიტს გასაუბრების  სახე ექნებოდა და,
იმისდა  მიხედვით, თუ  როგორ შეაფასებდა პრეტენდენტის მიერ  დაყენებული პრობლემების აქტუალობასა და თავის ინსტიტუტში
მათი შესწავლის მიზანშეწონილობას, კაპიცა საბოლოოდ გადაწყვეტდა,  მიეცა თუ არა  ინსტიტუტში მუშაობის ნება. პეშკოვმა
თავისი განთქმული პირდაპირობით განმიცხადა, რომ ვიზიტის მოსალოდნელი შედეგის წინასწარ
განჭვრეტა აბსოლუტურად უიმედო საქმე იყო, რომ კაპიცასაგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო,
და მირჩია პირდაპირ, დროის დაუკარგავად, წავსულიყავი დირექტორის რეფერენტთან, დამედგინა,
როდის დამინიშნავდნენ ვიზიტს და დარჩენილი დრო რაციონალურად გამომეყენებინა.

– ხვალ, დილის 11
საათზე, – მითხრა კაპიცას  რეფერენტმა  – პავლე რუბინინმა. ჩემს განკარგულებაში დღე და
ღამეზე ნაკლები რჩებოდა. მაგრამ სხვა რა ჩარა იყო, სასწრაფოდ დავბრუნდი სასტუმროში
ხვალინდელი დღისათვის მოსამზადებლად.

კაპიცა  მანამდე სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი სამეცნიერო
ფორუმებზე. ახლა კი ამ ლეგენდას პირადად უნდა შევხვედროდი. ვიჯექი წიგნებსა და კონსპექტებში
ჩაფლული და ამაოდ ვცდილობდი აზრის ერთ წერტილში ფოკუსირებას. გონებრივი მოძრაობის ყოველი
ახალი სპირალი კვლავ და კვლავ კაპიცას პიროვნების გარშემო ტრიალებდა. ჩემ თვალწინ კალეიდოსკოპური
სისწრაფით იცვლებოდნენ მისი ცხოვრების გაგონილი თუ  სადღაც ამოკითხული ამბები.

აკადემიკოსი პეტრე
კაპიცა – თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის ჯადოქარი, გენიალური რეზერფორდის უახლოესი
მოწაფე, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ანუ ინგლისის მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი, ბუნების ნამდვილი საოცრების, თხევადი ჰელიუმის ზედენადობის, აღმომჩენი
კაცი, რომელზეც ლეგენდები იქმნებოდა, რომელიც ფაქტობრივად თვითონ იქცა ლეგენდად.

აი, თუნდაც ერთი ლეგენდა:
ინგლისის ერთ-ერთმა ელექტროტექნიკურმა ფირმამ საკონსულტაციოდ მიიწვია  კაპიცა და დახმარება სთხოვა,  გაერკვია, რატომ
არ მუშაობდა ახლად კონსტრუირებული მძლავრი ელექტროგენერატორი. ამ კონსულტაციისათვის
ფირმამ კაპიცას  1000 გირვანქა სტერლინგი წინასწარ
გადაუხადა. კაპიცამ აუჩქარებლად დაათვალიერა გენერატორი, რამდენჯერმე ჩართო და გამორთო
იგი, შემდეგ კი მოითხოვა ჩაქუჩი. თხოვნა სასწრაფოდ შეუსრულეს. კაპიცამ აიღო ჩაქუჩი,
მძლავრად მოიქნია და გულმოდგინედ დასცხო გენერატორს შერჩეულ წერტილში. ამ დარტყმის
შემდეგ ჩართულმა გენერატორმა ნორმალურად დაიწყო მუშაობა. დაინახა  რა, როგორ მარტივად აამუშავა  მეცნიერმა მანქანა,
ფირმის წარმომადგენელმა მორიდებით სთხოვა  მას
წერილობითი ანგარიში წარმოედგინა მიღებული თანხის თაობაზე.  კაპიცამ იქვე ჯიბის ბლოკნოტიდან
ამოხეულ ფურცელზე შეადგინა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ჩაქუჩის ერთ დარტყმაში მას
ერგება 1 გირვანქა სტერლინგი, ხოლო დანარჩენი 999 გირვანქა კი მას ეკუთვნის იმაში,
რომ ზუსტად იცოდა, თუ  სად და როგორ დაერტყა
ჩაქუჩი.

აი, ასეთი  და მსგავსი ამბები მიტრიალებდა თავში და, რაც მეტს
ვცდილობდი, სისტემაში მომეყვანა და დამელაგებინა აზრები, მით უფრო და უფრო ბუნდოვანი
ხდებოდა ჩემთვის ხვალინდელი ვიზიტის მოსალოდნელი კონტურები. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე
სწორი გადაწყვეტილება მივიღე  – კარგად გამომეძინა
და ბედს მივნდობოდი.

ზუსტად 11 საათზე
რეფერენტის ნებართვით კარები შევაღე და უზარმაზარ კაბინეტში აღმოვჩნდი. შორს, ლამაზი
ფერებით აბიბინებული ვეებერთელა სპარსული ხალიჩის მიღმა, კრეისერისოდენა საწერ მაგიდასთან
კაპიცა  იდგა და მისთვის ჩვეული ღიმილით შემომცქეროდა.
ასე მეგონა, რომ  დიდი დრო გავიდა, ვიდრე ხალიჩა
გადავიარე და მასთან მივედი.  ხელი ჩამომართვა
და მაგიდასთან დამსვა. რამდენიმე უმნიშვნელო კითხვის შემდეგ, რომლებიც ჩემს წლოვანებასა  და განათლებას შეეხებოდა, კაპიცამ მკითხა, როდის
წამოვედი თბილისიდან. ორი დღის წინათ-მეთქი.

– როგორ არის ნიკალაი
ივანოვიჩი? – მომესმა მისი ოდნავ შერბილებული ხმა.

უცებ ვერ მივხვდი,
ვისზე იყო ლაპარაკი და ერთხანს შევყოვნდი. მერე კი, ახლაც ვერ  გამიგია როგორ, რაღაცნაირად ძალიან სწრაფად მოვისაზრე,
რომ ლაპარაკი ჩვენი აკადემიის პრეზიდენტზე, აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილზე იყო. მომეჩვენა,
ვიდრე ამას მოვიფიქრებდი, საკმაოდ დიდი დრო გავიდა, შემდგომი დუმილი უხერხულად ჩავთვალე
და მაშინვე, როგორც ჩვეულებრივ აძლევენ პასუხს ხოლმე მორიგ შეკითხვაზე  “როგორ ხარ”, მეც ვუპასუხე:

– კარგად!

ახლაც ძალიან მიჭირს
გადმოგცეთ,  თუ  როგორ იმოქმედა ჩემმა პასუხმა კაპიცაზე. როგორღაც
წამიერად გამოიცვალა, მის სახეზე უდიდესი კმაყოფილებისა და სიხარულის გრძნობა  ამოვიკითხე, თითქმის ფიზიკურად შევიგრძენი მასში
რაღაც ძლიერი სულიერი მოძრაობა. მომეჩვენა, რომ მისი წარმოსადეგი ფიგურა კიდევ უფრო
მიმზიდველი და სასიამოვნო გახდა. ალბათ, გარკვეულწილად, სწორედ ამ წუთებში მოვიპოვე
ის მკვეთრად გამოხატული კეთილგანწყობა, რომელსაც შემდგომ მისგან ყოველთვის ვგრძნობდი.
უმალ მივხვდი, რომ  რაღაც მგრძნობიარე სიმებს
შევეხე. მივხვდი, რომ  უნდა  არსებულიყო რაღაც  სერიოზული მიზეზი, თუ რატომ მოახდინა
ჩემმა,  ერთი შემთხვევით ბანალურმა პასუხმა,
ასეთი  ეფექტი. მაგრამ რა იყო ეს მიზეზი, ჩემთვის
ჯერ გაუგებარი რჩებოდა.

ვიზიტი კარგახანს
გაგრძელდა. კაპიცამ მომიწონა განზრახვა, შემესწავლა მეორე ბგერის მეთოდით მბრუნავ ზედენად  ჰელიუმში არსებული კვანტული გრიგალების სისტემა,
მათი წარმოქმნისა და გაქრობის კინეტიკა, აღმითქვა ყოველგვარი დახმარება. მითხრა, რომ
დაჩქარების მიზნით ექსპერიმენტული დანადგარის ასაგებად საჭირო შეკვეთები მასთან მიმეტანა
ხელმოსაწერად, რასაც, როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, სასწაულმოქმედი ძალა ჰქონია – კაპიცას
ხელმოწერილი შეკვეთები თვალის დახამხამებაში სრულდებოდა. ბოლო აკორდით კი, რომ  იტყვიან, მართლაც გამაოცა – გამოიძახა სამეურნეო
ნაწილის გამგე, გვარად კალდაევი, და დაავალა გამოეყო ჩემთვის ოროთახიანი ბინა იქვე,
ინსტიტუტის ტერიტორიაზე, იმავე სახლში, სადაც ცხოვრობდნენ ლანდაუ, ლიფშიცი, შალნიკოვი,
ალექსეევსკი და კიდევ სხვა ცნობილი ფიზიკოსები. ეს ისეთი ბედნიერი შემთხვევა გამოდგა
ჩემთვის, რომლის შეფასება, ალბათ, შეუძლებელია. საშუალება  მომეცა ახლოს გავცნობოდი და ხშირად შევხვედროდი მეცნიერების კორიფეებს, რომლებსაც მანამდე
მხოლოდ წიგნებით ან სამეცნიერო პუბლიკაციებით თუ ვიცნობდი.

პირველი, რაც გავაკეთე
კაპიცას  კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ, ის
იყო, რომ  სასწრაფოდ გავექანე ცენტრალური ტელეგრაფისაკენ
და დავრეკე თბილისში, უნივერსიტეტის კრიოგენულ ლაბორატორიაში. ტელეფონზე ჯელილ წაქაძე
შემხვდა. კარგა ხანს ლაპარაკი არ გამოგვივიდა. ახლა ცოტა მეცინება კიდეც, მაშინ კი
სასაცილოდ სულაც არ მქონდა  საქმე. ეტყობა,
ჯელილი მართლაც ძალიან გავაოცე, როცა უშესავლოდ პირდაპირ საქმეზე გადავედი და, ისიც
რა საქმეზე – არც  მეტი, არც  ნაკლები, მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდენტის ჯანმრთელობის დადგენას  ვთხოვდი, თანაც, რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში.
ჯელილს ვერა  და ვერ დაეჭირა რაიმე ლოგიკური
ძაფი ჩემს თხოვნასა და იმ მისიას შორის, რომლითაც სულ ორი დღის წინ გამომიშვეს მოსკოვში.
ლაპარაკის დრო იწურებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა მოკლედ, ერთხელ კიდევ
ამეხსნა საქმის ვითარება, მაგრამ, ალბათ, ზედმეტად ავჩქარდი და ერთი ისეთი “კოლორიტული”
ფრაზა დავიმსახურე, ჯელილისაგან სულ რომ არ მოველოდი და ვერც აქ გავიმეორებ გარკვეული
უხერხულობის გამო.  მე მაინც ჩემსაზე ვიდექი.
ასე იყო თუ ისე, ჯელილმა დახმარება აღმითქვა. ორი დღის შემდეგ დავრეკე თბილისში და,
აი, რა გამოირკვა; თურმე,  ბატონი ნიკო ძალზე
სერიოზულად იყო ავად, ისე, რომ ექიმებიც კი შეშფოთებული იყვნენ მისი მდგომარეობით და
რომ  სწორედ იმ დღეს, როცა მე კაპიცას ვესაუბრებოდი,
კრიზისულმა მდგომარეობამ გადაიარა და ახლა საქმე უკვე გაუმჯობესებისაკენ მიდიოდა. აი,
გამართლებაც ასეთი უნდა, ამაზე იტყვიან, თუ ღმერთი გწყალობს, ეშმაკები ვერაფერს დაგაკლებენო. კაპიცამ, რა თქმა უნდა, იცოდა
მეგობრის ავადმყო- ფობის ამბავი და შეწუხებული იყო მისი  მძიმე მდგომარეობით, მე ჩემდაუნებურად მისთვის კეთილი
ამბის მახარობელი გავხდი.

ერთ საღამოს, ინსტიტუტის
პარკში სეირნობის დროს, აკადემიკოს ევგენი ლიფშიცს მოვუყევი ეს ამბავი, ბევრი იცინა,
მერე კი მითხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო მუსხელიშვილისა და კაპიცას  დიდი მეგობრობის ამბავი და მომიყვა, თუ  რა რისკისა და მოქალაქეობრივი თავგანწირვის ფასად
შეძლეს კაპიცამ და მუსხელიშვილმა ოცდაა- თიანი წლების ბოლოს,  მასიური რეპრესიების იმ ავადსახსოვარი ძნელბედობის
ჟამს, ფაქტობრივად დაღუპვას გადაერჩინათ მთელი რიგი წამყვანი საბჭოთა მეცნიერები. ლიფშიცმა
გვარებიც ჩამოთვალა, სამწუხაროდ, მაშინ ეს სათანადოდ ვერ  შევაფასე, არავითარი ჩანაწერები არ გამიკეთებია
და ახლა მათგან მხოლოდ აკადემიკოსების ფოკისა და ლანდაუს გვარები მახსენდება, ლიფშიცმა
ისიც აღნიშნა, რომ ამ საქმეში   განსაკუთრებული
მნიშვნელობა ჰქონია მუსხელიშვილის ავტორიტეტსა და პირად კონტაქტებს პარტიული და საბჭოთა
ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებში.

 

 

მოგონება

 elefTer andronikaSvili

გადაკეცილსაყელოიან
პერანგზე  გადაცმულ ლურჯი შალის ჟილეტში გამოწკეპილი,
მბრუნავ სკამზე მჯდომი რესპექტაბელური რეფერენტი პისარჟევსი ჩემკენ მოტრიალდა.

– თქვენ დოცენტი ანდრონიკაშვილი
ბრძანდებით? შალნიკოვმა მთხოვა პეტრე ლეონიდეს ძესთან მიღებაზე ჩამეწერეთ, მაგრამ ის
მხოლოდ გუშინ საღამოს დაბრუნდა შვებულებიდან და ვეღარ შევძელი მომეხსენებინა. მითხარით,
გეთაყვა, თქვენი სახელი, მამის სახელი, სამსახურის ადგილი, რა საკითხზე ხართ…

კითხვებს რომ მაძლევდა,
ჩემს პასუხებს თეთრ ბლანკზე ბეჭდავდა, შემდეგ მარჯვედ ამოაძრო ფურცელი საწერი მანქანიდან
და დირექტორის კაბინეტის კარს მიეფარა.

კაპიცა არ მღებულობდა
ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო აღმოჩნდა, რომ გონს მოვგებოდი. ისე კი, რაც გინდათ
თქვით და, ჩემი თავი დიდ თავხედად მიმაჩნდა.

“არ მეგონა,
თუ როდისმე ასეთ რამეს გავბედავდი”, – ვბუტბუტებდი და თან ფეხზე შემოდებული ფეხის
ქანაობით ვერთობოდი. რეფერენტი სტენოგრამიდან თვალმოუცილებლივ სწრაფად ბეჭდავდა საწერ
მანქანაზე რომელიღაც ლიტერატურული ნაწარმოების თავს.

როგორც იქნა, ზარმა
დარეკა.  პისარჟევსკი წამით შევიდა კაბი- ნეტში
და, კვლავ რომ გამოჩნდა, მითხრა:

– შეფი გთხოვთ.

ჩემ წინ ვეებერთელა
კაბინეტში, რომლის კედლებს ერთ მესამედზე შემოვლებული ჰქონდა ხის პანელები, ვეებერთელა
მაგიდასთან იჯდა ასე ორმოცდახუთი წლის მხარბეჭიანი მამაკაცი. პირი დაძაბულად დაეჭიმა,
ტუჩები ჩამოეშვა, განსაკუთრებით მარცხნივ, იქ, სადაც მინიატურული ჩიბუხი გაეჩარა და განუწყვეტლივ ეწეოდა.

სახის  დაძაბულ ქვედა ნაწილთან სრულ კონტრასტს ქმნიდნენ
თვალები; ძალიან ღია ცისფერი, თითქმის უფერული თვალები დაბნეულად დაბორიალობდნენ სივრცეში;
მაშინაც კი, როცა თანამოსაუბრეზე ჩერდებოდნენ, კაპიცა მათ წინ მდგომი კაცის მიღმა მიაპყრობდა
ხოლმე, თითქოს უნდოდა ეს კაცი გამჭოლი ხედვით დაენახა.

პეტრე ლეონიდეს ძე
მძიმედ წამოდგა სავარძლიდან და მაგიდას შემოუარა, თან ყავისფერ ზამშის ქურთუკზე ელვა-შესაკრავს
მაღლა ეწეოდა. მან გულგრილად, არცთუ მაგრად ჩამომართვა ხელი და კვლავ თავის სავარძელს
დაუბრუნდა. თვალში გეცემოდათ  მისი ჩასკვნილი,
ოდნავ წინ წახრილი ტანი.

ცოტა დრო როდი გავიდა,
სანამ ხმამაღლა, დამარცვლით და არასწორად წაიკითხა ჩემი სახელი და მამის სახელი.

– ქათველი ხართ?

– ქართველი გახლავართ.

– თქვენ თიბლისში
ცხოვრობთ? (სწორედ ასე თქვა – “თიბლისში”).

– დიახ. უკვე ხუთი
წელიწადია იქ ვცხოვრობ მას შემდეგ, რაც მოსკოვში ვიმუშავე ორიოდე წელი.

– რამდენი წლისა ხართ?
ოცდაცხრის? სად სწავლობდით? ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, – დაფანტულად იმეორებდა
იგი ჩემს პასუხებს ფრაზის ბოლოსაკენ დაწეული ინტონაციით. – მე ნათესავები მყავდნენ
ქართველები – ჩუხჩუვაძეები. ისინი წარმოშობით თიბლისიდან იყვნენ. საქმე ისაა, რომ პაპაჩემი
გენერალი სტებნიცკი დიდხანს მუშაობდა კავკასიის კარტოგრაფიული სამმართველოს უფროსად,
– წარმოთქვა კაპიცამ, თან ჩემ მიღმა იცქირებოდა.

– დიახ, ჭავჭავაძე
– ეს ჩვენში ერთობ ცნობილი გვარია; გრიბოედოვის ცოლი, სხვათა შორის, ჭავჭავაძეების
ოჯახიდან იყო.

– მართალი ხართ,
– თქვა პეტრე ლეონიდეს ძემ, მაგრამ  ჩემი შესწორება
არ მიიღო, – ჩუხჩუვაძე – ეს თქვენთან ძალიან ცნობილი გვარია. ჩვენ ყოველთვის ახლოს
ვიყავით ზავრიევებთან, რომლებიც გარეთა ბიძაშვილებად მერგებიან. იცნობდით იმათ?

– როგორ არა, მე ვიცნობ
კირიაკ სამსონის ძე და დავით ქრისტეფორეს ძე ზავრიევებს, ოღონდ, სიმართლე გითხრათ,
არ ვიცოდი, რომ ისინი ჭავჭავაძეების ნათესავები არიან.

– ჰო, არც მე ვიცოდი..
– ამოღერღა პეტრე ლეონიდეს ძემ; როგორც ჩანს, განიზრახა ქართველებთან ნათესაობის უარყოფა,
რაკი ენათესავებოდა ისეთ სომხებს, რომლებიც სულაც არ იყვნენ ჭავჭავაძეთა ნათესავები.

– აბა, მომიყევით
თქვენი  ამბები, – მომმართა და ისევ  გააბოლა მინიატიურული ჩიბუხი, რომელიც შემდგომ  ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა: მარცხენა ხელით ყავისფერ
ზამშის ქურთუკზე რამდენ- ჯერმე მოსინჯა ელვა-შესაკრავის ძვრია, მარჯვენა ხელით მარცხენა
ყურს ზემოთ გაყოფილი და მარჯვენა  ყურისკენ მიმართული თმები დაიტკეპნა; ასე მოემზადა
მოსასმენად, თან მზერა მომაპყრო.

– თქვენ, მაშასადამე,
თიბლისის უნივერსიტეტში კათედრას ხელმძღვანელობთ?

სათქმელი ითქვა,  შეკითხვები დაისვა,  პასუხები გაიცა,  ახლა რა იქნება? პაუზა რაღაც დიდხანს გრძელდება!

– ჰოდა,  ასე. მე პირადად წინააღმდეგი როდი ვარ,  რომ  ჩემთან
ინსტიტუტში წაიმუშაოთ, თუმცა, მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი მთხოვს მიღებას… თქვენ,
გეტყობათ, საზრიანი და აქტიური კაცი ხართ: 27 წლისამ ასეთ ძნელ პირობებში კათედრა შექმნას,
მერმე კიდევ უხელმძღვანელოს… რამდენის  იყავით,
როცა დაიცავით? ოცდახუთის… მაშ ასე: მე თვითონ ერთპიროვნულად არასოდეს არ ვწყვეტ
საკითხს – ავიყვანო თუ არა თანამშრომელი. ეს ჩემი ინსტიტუტის მეცნიერთა კოლექტივმა
უნდა გადაწყვიტოს. თქვენ, მართალია, თანამშრომელი კი არა, მივლინებით გამოგზავნილი
იქნებით, მაგრამ წესები ერთნაირი მაქვს. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ
ჩემს ლაბორატორიებში მუშაობდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები – მოსკოვისა თუ  სხვა ქალაქების ინსტიტუტების წარმომადგენლები. მგონია,
რომ  ადგილებზე დაბრუნებისას ისინი საბჭოთა
კავშირის ყველა ქალაქში თან ჩაიტანენ ფიზიკური ექსპერიმენტის კულტურას, ეს გაცილებით
უფრო სასარგებლოა, ვიდრე ერთ ადგილას გქონდეს ერთი დიდი ინსტიტუტი, რომელიც სამუდამოდ
გადაიბირებს ყველაზე უფრო ნიჭიერებს.

შემდგომ მე მომეჩვენა,
რომ  ეს არ იყო საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა.
აბრამ თევდორეს ძე იოფემ უდიდესი წარმატებების მოპოვება შეძლო სსრ კავშირში ფიზიკის
განვითარებაში. ამას მან მიაღწია ქვეყნის ვეებერთელა ტერიტორიის სხვადასხვა ადგილას
კარგად დაკომპლექტებული  და სრულფასოვანი კოლექტივების
დასახლების გზით, რომლებსაც ცენტრიდან უჭერდა მხარს. ასე ჩამოყალიბდა ინსტიტუტები ტომსკში,
სვერდლოვსკში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში. მარტოხელებს კი აბა რა შეუძლიათ? მარტოხელა
შეიძლება ადვილად ჩაკვდეს და თუნდაც ყველაზე საუკეთესო ინსტიტუტში შეძენილი სიკეთე
წყალში ჩაეყაროს, თუ  ადგილზე დაბრუნების შემდეგ
ისევ  რუტინისა და მეცნიერების ჭეშმარიტი ამოცანების
გაუგებლობის პირობებში მოექცევა.

 

– სიტყვამ მოიტანა
და, – განაგრძობდა კაპიცა, – ჩემი მასწავლებელი რეზერფორდი ზუსტად ასევე იქცეოდა: ყოველთვის
ჰყავდა ოცდაათი ახალგაზრდა და უნარიანი მოწაფე, რომლებსაც შემდეგ სხვა უნივერსიტეტებში
უშვებდა, თავისთან კი ყველაზე ნიჭიერებს იტოვებდა… ასე რომ, მოდით, შევთანხმდეთ:
უახლოეს ოთხშაბათს თქვენ მოხსენებას კითხულობთ ჩემს სემინარზე,  მოხსენების მერე კი გადავწყვეტთ, დარჩებით თუ არა.
მოგვიყევით ერთ-ერთი თქვენი შრომის შესახებ, ჩვენ კი ვნახავთ. მანამდე  ჩემს ლაბორატორიებს გაეცანით, მე ვინმეს დავავალებ,
რომ დაგათვალიერებინოს.

– გმადლობთ, პეტრე
ლეონიდეს ძევ, ჩემმა  მეგობრებმა უკვე დამათვალიერებინეს.

– განა ჩემი თანამშრომლებიდან
იცნობთ ვინმეს?

– როგორ არა, ალექსანდრე
იოსების ძე ერთ დროს ჩემი ფაკულტეტის დეკანიც გახლდათ პოლიტექნიკურში…

– აჰაა! მეც ხომ ლენინგრადში
ვსწავლობდი პოლიტექნიკურში… აბა, როგორ მოგეწონათ ჩემი ინსტიტუტი?

– პეტრე ლეონიდეს
ძევ! განა მაგას კითხვა უნდა? ყველაფერი, რაც ვნახე, შესანიშნავია!

– ჰოდა  ძალიანაც კარგი, თუ მოგეწონათ. მოხარული ვარ, რომ
გაგიცანით. ნახვამდის.

– ნახვამდის, პეტრე
ლეონიდეს ძევ! დიდი მადლობა ყველაფრისათვის.

– მადლობა ჯერ ნაადრევია,
ყველაფერი ოთხშაბათს  გადაწყდება.

უკან-უკან დახევით
გამოვედი  კაბინეტიდან, მერე და ვისი კაბინეტიდან:
აკადემიკოსი  კაპიცა,  სამეფო საზოგადოების წევრი, ფიზიკის პრობლემების
ინსტიტუტის (უჰ, რა სახელი ჰქვია!) დირექტორი, კემბრიჯში ლაბორატორიის (სიტყვამ მოიტანა
და, მგონი, სპეციალურად მისთვის ააშენეს) ყოფილი დირექტორი, თვით დიდი რეზერფორდის
ყოფილი მოწაფე.

აი, აქ კი გვარიანად
წამიხდა გუნება.

Targmna Tamaz ebanoiZem

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...