ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ბობ დილანი დაცემის შემდეგ

0

სტატიაში მიმოხილულია ბობ დილანის შესახებ 2010 წელს გამოსული 2 წიგნი, Bob Dylan in America, by Sean Wilentz და Bob Dylan by Greil Marcus: Writings 1968–2010 , by Greil Marcus.

1.
თუ დავუჯერებთ შონ უილენცის ახალ წიგნს, ძალზე შთამბეჭდავსა და საინტერესოს (თუმცა საკმაოდ არაერთგვაროვანს), ბობ დილანი “ყველა სხვა ხელოვანზე უფრო ღრმად ჩასწვდა ამერიკის არსს”. ეს მართებულია, რადგანაც დილანის სიმღერებში (დღეისათვის ის უკვე ხუთასამდე სიმღერის ავტორია) ხილულ ზედაპირზე ზმანებასავით ამოდის ჩვენთვის უცნობი, სრულიად სხვაგვარი, სიღრმისეული ამერიკა, მტვრიანი შარაგზებისა და სასაზღვრო ქალაქების, მიტოვებული მაღაროებისა და მონებით სავსე პლანტაციების ძველისძველი ქვეყანა, რომლის ყველაზე თვალსაჩინო მოქალაქეებად ავაზაკები, მაწანწალები, შულერები, თაღლითები, ვიჯილანტები და რელიგიური ფანატიკოსები გვევლინებიან.
უილენცმა, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ისტორიის დარგში, თვითონაც უდაოდ ძალზე ღრმა გამოკვლევები ჩაატარა: მის წიგნში ვხვდებით დილანის მუსიკას (ოცდათოთხმეტი სტუდიური ალბომი, დაწყებული 1962 წლის სადებიუტო ნამუშევრით, დამთავრებული წლევანდელი სახასიათო ალბომით “შობა ჩემს გულშია” – “Christmas in the Heart”) და ამერიკის ისტორიისა და კულტურის მრავალ მოვლენასა და პიროვნებას შორის სიღრმისეული კავშირების – მიწისქვეშა გვირაბების – მთელ სისტემას. უილენცის მიერ არჩეულ კვლევის მეთოდს გარკვეულწილად გამოხატავს წიგნის ეპიგრაფად აღებული სიტყვები, რომელიც უიტმენს ეკუთვნის: “მხოლოდ ორიოდ მინიშნება – ორიოდ განბნეული, ბუნდოვანი განმარტება და თვალის ახვევა…” დილანის შემოქმედებას უილენცი განიხილავს, როგორც მინიშნებებისა და მითითებების წყებას, რომელსაც მგზნებარე დაჟინებით მიჰყვება.

საყოველთაოდ ცნობილია ბობ დილანზე ვუდი გათრის გავლენა. ბევრად უფრო იშვიათად საუბრობენ იმ გავლენაზე, რაც მასზე აარონ ქოუპლენდმა მოახდინა, ვის ცნობილ კომპოზიციასაც, სახელწოდებით “Hoe-Down” (ბალეტიდან “როდეო”), დილანი 2001 წლიდან მოკიდებული თავისი კონცერტების პრელუდიად იყენებს. უილენცი ამ ფაქტთან დაკავშირებით იწყებს გაცხარებულ მსჯელობას 1930-40-იანი წლების ნიუ-იორკის მემარცხებე მუსიკალური გარემოს თაობაზე. სწორედ ამ პერიოდში ქოუპლენდი დაუახლოვდა მუსიკათმცოდნესა და კომპოზიტორს, ჩარლზ სიგერსა და მის მეორე ცოლს, კომპოზიტორ რუთ ქროუფორდ სიგერს. სიგერი თავის კოლეგა ჯონ ლომექსთან ერთად კონგრესის ბიბლიოთეკის ბაზაზე ამერიკული ფოლკ-სიმღერის არქივის შედგენაზე მუშაობდა. სიგერისა და ლომექსის მეშვეობით ქოუპლენდმა აღმოაჩინა დიალექტზე დაწერილი მუსიკის ვრცელი და საინტერესო სფერო და მისი შემოქმედებითად ათვისებაც დაიწყო ისეთ ნაწარმოებებში, როგორიცაა “ლინკოლნის პორტრეტი” (1942) და “აპალაჩური ზაფხული” (1944) – Lincoln Portrait, Appa lachian Spring.
“როდეოში” შესული კომპოზიციის “Hoe-Down” შექმნისას ქოუპლენდმა გამოიყენა ვიოლინოს პარტია ძველი ქანთრის სტილის სიმღერიდან “ბონაპარტის გადასახლება” (Bonaparte’s Retreat), რომელსაც უსასრულო ვარიაციებით სრულიად ახალი ჟღერადობა მიანიჭა. ამ პროცესში უილენცი ხედავს თავად დილანის შემოქმედებითი სტილის წინაპირობას. მისი აზრით, ორივე მისიკოსი ხარბად ისრუტავდა გასული ეპოქების ამერიკული ხალხური მუსიკის ნიმუშებს… საკუთარ ნამუშევრებში ისინი გარდაქმნიდნენ ამ მუსიკას და ისეთ შემოქმედებით და სიმბოლურ დონემდე აჰყავდათ, რასაც წმინდა ფოლკლორისტები ვერასოდეს აღწევდნენ.
დილანი დაიბადა 1941 წელს დელუთში, მინესოტას შტატში, ის გახლდათ მეორე თაობის საკმაოდ შეძლებული ემიგრანტების რუსულ-ებრაული ოჯახის უფროსი ვაჟი. თავისი თაობის მრავალი მოუსვენარი და იმედგაცრუებული წარმომადგენლის მსგავსად, დილანმაც თავდაპირველად გვიანი ორმოცდაათიანი წლების ტრადიციული ფოლკ-სიმღერების მდიდარი საგანძური გადასინჯა და დაასკვნა, რომ ის რადიოთი მოსმენილი როკ-ნ-როლი, რომელსაც სიყმაწვილეში ერტფოდა და რომლის მწირი თემატიკა მოზარდთა ჰედონიზმითა და გულგატეხილობით შემოიფარგლებოდა, “ვერანაირად ვერ ქმნიდა ცხოვრების რეალისტურ სურათს”. სრულიად საპირისპირო როლს ასრულებს ფოლკ-სიმღერებიო, წერს დილანი თავის გულისამაჩუყებლად უწესრიგო და მოურიდებელ მოგონებათა წიგნში, სახელწოდებით “ქრონიკა” (2004). ეს სიმღერები მოგვითხრობს გახრწნილი ბუტლეგერებისა და იმ დედების შესახებ, საკუთარ შვილებს წყალში რომ ახრჩობენ, აქ გვხვდება ძველისძველი კადილაკები, ერთ გალონ საწვავზე მხოლოდ ხუთ მილს რომ გადის, წარღვნები, მთავრობის რეზიდენციის ხანძარი, წყვდიადი და მდინარის ფსკერზე ჩაძირული გვამები… დილანის თქმით, ამ სიმღერებს ტკბილსა და გულკეთილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ და სწორედ მათ გაუკვალეს გზა ახალგაზრდა მუსიკოსს სინამდვილის სრულიად ახლებური ხედვისაკენ, თავისი ქვეყნის უფრო უშუალო, თავისუფალი აღქმისაკენ. შესაძლოა, ამ განსხვავებული უშუალო სინამდვილის შეცნობისას საუკეთესო მეგზურად მუსიკათმცოდნე და კრიტიკოსი გრაილ მარკუსი უნდა მივიჩნიოთ, მით უმეტეს, რომ ახლახანს მოყვანილი გამონათქვამის შემდეგ დილანი თავის წიგნში სწორედ მას მოიხსენიებს, თანაც, დიდი აღფრთოვანებით. მარკუსის წიგნი “ძველი, უცნაური ამერიკა: ბობ დილანის სარდაფის ჩანაწერების ხანა” ოსტატურად და ხატოვნად დაწერილი კულტუროლოგიური გამოკვლევა გახლავთ, რომელშიც გავლებულია მრავალი პარალელი დილანის მუსიკასა და ისეთ კლასიკურ ნაწარმოებებს შორის, რომლებიც შესულია ჰარი სმიტის “ფოლკ-მუსიკის ანთოლოგიაში” (1952) თუ ჟარგონული სიმღერების სამი ორმაგი ფირფიტისაგან შემდგარ, ლეგენდად ქცეულ კრებულში, რომელიც 50-იანი და 60-იანი წლების გასაყარზე ფოლკის აღორძინების მნიშვნელოვან წინაპირობად იქცა. “ანთოლოგიამ” დილანს, ერთი მხრივ, მუსიკის ისტორიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მეორე მხრივ კი შეასრულა სოციალური და პოლიტიკური მოვლენების მატიანეს როლი, თუმცა ეს მოვლენები სიმღერებში ხშირად სახეცვლილი და დამახინჯებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მარკუსი მოგვითხრობს, მრავალი სიმღერა “უშუალოდაა გადახლართული ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენასთან”, – “თეთრი სახლის ბლუზი” პრეზიდენტ მაკკინლის მკვლელობას ეძღვნება, ხოლო სიმღერა “ჯონ ჰარდი თავზეხელაღებული კაცი იყო” დასავლეთ ვირჯინიაში მცხოვრები რკინიგზელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბანქოს თამაშისას ჩადენილი მკვლელობის გამო ჩამოახრჩვეს, – მაგრამ ამ სიმღერებს ისტორიულ დრამებს მაინც ვერ ვუწოდებთ. უფრო მართებულია ამგვარი აზრი: “ეს სიმღერები ყველასათვის ცნობილ ისტორიულ მოვლენებს, ომებსა თუ არჩევნებს, ეროვნულ მითოსად აქცევს, სადაც ვნება და სასჯელი, ცოდვა და იღბალი, ხუმრობა და შემზარავობა ერთმანეთშია გაზავებული.” დილანმა “ანთოლოგია” პირველად 1959 წელს მოისმინა, როდესაც, კოლეჯიდან ახლად გარიცხული, მინესოტას უნივერსიტეტის კაფეებში ტრიალებდა. მარკუსი გვაცნობებს, რომ “ეს კრებული დილანისათვის მისი სახელმწიფოს პირველ რუკად იქცა, რაც კი რეალურად აღიქვა და რამაც ერთბაშად აუხილა თვალი”. მაგრამ ამ სახელმწიფოს ხედვაში დილანმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

2.
წელს, ეგრეთ წოდებული “პატივისცემის აღდგენის” მიტინგის, ამ შემაშფოთებელი ალარმიზმისა და ცრემლიანი თვალთმაქცობის ზარზეიმის დღეს, გლენ ბეკი ლინკოლნის მემორიალის საფეხურებზე იდგა და შეერთებული შტატებისათვის ხოტბის შესასხმელად ბრტყელ-ბრტყელ, გაცვეთილ, შემზარავად ატავისტურ სიტყვებს არ იშურებდა. ბეკის გამოსვლა დაგვირგვინდა ფოლკ-მუსიკის კონცერტით “მშვენიერი ამერიკა”, რომელშიც ცნობილი ვარსკვლავები, ჯონ რიჩი და ჯო დი მესინა მონაწილეობდნენ. ხოლო ზუსტად ორმოცდაშვიდი წლით ადრე, 1963 წლის 28 აგვისტოს, იმავე მემორიალის სიმაღლიდან მარტინ ლუთერ კინგ უმცროსმა წარმოსთქვა თავისი გახმაურებული სიტყვა “ჩემი ოცნება”. კინგის გამოსვლის წინ მიკროფონებით დახუნძლული ტრიბუნიდან ახალგაზრდა ბობ დილანმა შეასრულა თავისი ახლადშექმნილი კომპოზიცია “მხოლოდ პაიკი ხარ მათ თამაშში” (“Only a Pawn in Their Game”). მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოცდაორი წლის იყო, დილანმა იმ დროისათვის უკვე დაიმკვიდრა თავი აღორძინებული ფოლკის მოწინავე ფიგურად, როგორც შემოქმედებითი, ისე მორალური თვალსაზრისით, რადგანაც მისი ნამუშევრები “გვიჩვენებს ერის იმ ნაკლოვანებებს, მანამდე მუდამ სათნოებებად რომ მიგვაჩნდა”, როგორც ამას მარკუსი გამოთქვამს თავის ახალ წიგნში, თავისუფალი, ჟურნალისტური სიცხადით რომ აჯამებს ჩავლილი ორმოცი წლის გამოცდილებას.
სიმღერა მიეძღვნა მისისიპის შტატში შავკანიანთა გაერთიანების ეროვნული ასოციაციის დამაარსებელს მედგარ ივერსს, რომელიც სამი თვით ადრე, 12 ივნისს, კუკლუსკლანელმა ბაირონ დე ლა ბექვიტმა მოკლა. ამ ფაქტისადმი დილანის მიდგომა, ისევე, როგორც გადაწყვეტილება, სწორედ ამ სიმღერით მიეღო მონაწილეობა ვაშინგტონში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში, დილანის დახვეწილი ზნეობრივი წარმოდგენებისათვის დამახასიათებელია. ის არავის არაფრისაკენ არ მოუწოდებს, არ ქადაგებს, მსგავსად, თუნდაც ფილ ოქსისა, რომლის პათეტიკური და საკმაოდ ბანალური სიმღერა “მედგარ ივერსის ბალადა” იმავე წელს დაიწერა და მალევე დავიწყებას მიეცა. დილანი ურჩევს მსმენელებს, შეიკავონ ბრაზი და იმას დაუფიქრდნენ, თუ როგორ ჯობს ამ მღელვარების პროდუქტიული შედეგისაკენ წარმართვა. თავისი მონოტონური, ოდნავ ხრინწიანი ხმით, სხვათა შეგონებების სმენით დაღლილი დილანი მღეროდა:
“სამხრეთელი პოლიტიკოსი ასე არიგებს ჭკუას ღარიბ თეთრკანიანს:
– ზანგებს სჯობიხარ, თეთრი კანით ხარ გაჩენილი,
მათზე მეტი გაქვს, საწუწუნო არაფერია!”
შავკანიანის სახელი კი გამოიყენეს
პოლიტიკოსებმა, ეს ხომ ცხადია,
საკუთარი გამორჩენისთვის,
დიდებაც მათ ერგებათ,
ღარიბი კი ისევ მატარებლის კუდში დარჩება.
რას იზამ, ძმაო, მათ თამაშში მხოლოდ პაიკი ხარ!”
ღარიბ თეთრკანიანს ფულის გარდა თანაგრძნობისა და სიმპათიის დანაკლისიც სტანჯავს. ამის თქმას გარკვეული ზნეობრივი გამბედაობა სჭირდებოდა, მით უმეტეს – უშუალოდ ივერსის მკვლელობის შემდგომ. მაგრამ დილანის სიმღერა, ამავე დროს, ძალზე ნატიფად, ქვეტექსტურად ეხმიანება კინგის მიერ წარმოთქმულ სიტყვას.
სამოციან წლებში დილანს სასტიკად აღიზიანებდა ფოლკ-მუსიკოსთა წრეში რელიგიურად განწყობილ მემარცხენე პოლიტიკოსთა მოზღვავება (ამგვარ პოლიტიზირებულ ფოლკ-მუსიკასა და მის წარმომადგენლებს დილანმა ერთ-ერთ მაშინდელ – ნაწილობრივ ძალზე ბუნდოვან – ინტერვიუში “გაზულუქებული ადამიანების ჯგუფი” უწოდა). ამის შედეგად ის უფრო რთული და სხვებისაგან გამორჩეული სიმღერების წერას იწყებს, რომლებიც პოლიტიკურ მოვლენებს ადრინდელზე უფრო ნაკლებ თვალშისაცემად უკავშირდება. მათში ვეღარ ნახავთ ქვეყნის ორ ნაწილად ცალსახა დაყოფას მორალური ნიშნით: ერთი მხრივ, იარაღით მოვაჭრეები, კორუმპირებული პოლიტიკოსები, სამხრეთელი რასისტები და მეშჩანური ბურჟუაზული საზოგადოება და, მეორე მხრივ, უქონელი, ჩაგრული ღატაკები და გიტარიან-ტუჩის გარმონიანი მოხეტიალე მუსიკოსები. ამ სიმღერებში აღარ ისმის შეკითხვა, რომლითაც ფლორენს რისმა 30-იან წლებში თავისი საპროტესტო სიმღერა დაასათაურა: “შენ ვის მხარეზე ხარ?” ამის საპირისპიროდ დილანი იწყებს აბსურდული ზმანებებით სავსე კომპოზიციების შექმნას, სადაც ტრადიციული ფოლკის უხეშ, უკანონო ამერიკას ერწყმის ისტორიიდან, ლიტერატურიდან, ლეგენდებიდან, ბიბლიასა და სხვა წყაროებიდან ნასესხები, სიურრეალისტურად დანახული სურათ-ხატები.
დილანის მიღწევები დიდია და ორიოდ სიტყვით მათი განსაზღვრა ძნელდება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით უდაოდ მნიშვნელოვანია ის, რომ მან იქამდე გააფართოვა შერჩეული მუსიკალური ფორმის საზღვრები, რომ, ჯოზეფ კორნელის “მუსიკალური ყუთების” მსგავსად, მასაც შეეძლო, ოთხწუთიან სიმღერაში აბსოლუტურად ყველაფერი მოეთავსებინა, რაც მოცემულ მომენტში მოეხასიათებოდა. მანამდე არც ერთ სხვა მუსიკოსს არ მოსვლია აზრად ერთი სიმღერის ფარგლებში მოექცია პოლ როვერის ცხენი, ბელ სტარის აჩრდილი, მფატრავი ჯეკი, კომერციის სამთავრობო პალატა, იოანე ნათლისმცემელი, გალილეის წიგნი მათემატიკის შესახებ, დალილა, სესილ დევილი, მა რეინი, ბეთჰოვენი და ეროვნული ბანკი, არადა, სწორედ ამას სჩადის დილანი თავის სახუმარო ფანტასმაგორიაში “საფლავის ბლუზი” (“Tombstone Blues”, 1965), რომელიც მისი იმდროინდელი შემოქმედების ტიპიურ ნიმუშს წარმოადგენს.
“ანთოლოგიაში” ასახული ამერიკის მსგავსად, დილანის სამოციანი წლების სიმღერების ამერიკაც (“მიწისქვეშეთის ნოსტალგიური ბლუზი”, “დაგორებული ქვის მსგავსად”, “გამხდარი კაცის ბალადა”, “უსასოობის ქუჩა”, “ჯოანას ხილვები” —”Subterranean Homesick Blues,” “Like a Rolling Stone,” “Ballad of a Thin Man,” “Desolation Row,” “Visions of Johanna”) არა იმდენად სანდო ისტორიულ ქრონიკად წარმოგვიდგება, რამდენადაც მრავალსახოვან კოშმარად, რომლიდან გამოფხიზლებასაც დილანი ყოვლად უშედეგოდ ცდილობს. დროდადრო ღვარძლიანი სოციალური კრიტიკა მაინც აშკარად გამოსჭვივის დილანის სიურრეალისტური ტექსტების ქსოვილის მიღმა. მაგალითისათვის ეს ფრაგმენტიც კმარა:
“ფილისტიმელთა ხელმწიფე თავის ჯარისკაცთა გადასარჩენად
ყბის ძვლებით ამკობს და ალამაზებს მათ სამარეებს,
ჭრელსამოსიან მესტვირეებს ციხეში ამწყვდევს
მონებს ასუქებს და შემდეგ მათ ჯუნგლში აგზავნის…”
(“საფლავის ბლუზი”)

– ამ სიტყვების გაგონებისთანავე აუცილებლად იფიქრებ ლინდონ ჯონსონზე, დეზერტირების დაპატიმრებასა და იმაზე, რომ ვიეტნამში გაწვეულ ამერიკელ ჯარისკაცთა შორის არაპროპორციულად დიდ პროცენტს აფრო-ამერიკელები შეადგენენ. თუმცა, ამ სიმღერებში ასახული ამერიკა მეტწილად მაინც კალიპსოს კუნძულისა და ლუის ქეროლის სარკისმიღმა ქვეყნის რაღაც ნაზავია; ესაა არამდგრადი ზედაპირებისა და სრულიად შემთხვევითი, ახირებული ცვლილებების ადგილი, სადაც ერთდროულად სუფევს ძრწოლის, შებოჭილობისა და ნიჰილისტური ლხინის განწყობილება. “ოო, მეძველმანე წრეებს უვლის კვარტალს”, – ასეთი იდუმალი დასაწყისი აქვს დილანის სიმღერას “ბრბოს შევერიე ისევ მემფისის ბლუზის ჰანგებში” (“Stuck Inside of Mobile with the Memphis Blues Again”), ის ბგერებს წელავს და არც მომდევნო სტროფების შინაარსს შემოაქვს რაიმე სიცხადე ჩვენს აღქმაში:
“მას შევეკითხებოდი, თუ რაშია საქმე,
მაგრამ ვიცი, ის არ ლაპარაკობს,
და ქალბატონებიც კეთილად მექცევიან
და ბაფთებით მამკობენ,
მაგრამ გულის სიღრმეში
ვიცი, რომ თავს ვერ დავაღწევ”.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამგვარ სიმღერას დილანის სიტყვების გარდა თავისებურ განწყობას უქმნის რობი რობერტსონის გიტარის სპაზმები და ელ კუპერის მიერ ორღანზე დაკრული ექსცენტრული მელოდია.
არაერთი კომენტატორი შენიშნავს, რომ დილანი თავისთავად საშუალო დონის ინსტრუმენტალისტია; ამაში დასარწმუნებლად საკმარისია მოვისმინოთ მისი არითმული, არათანაბარი აკორდები სიმღერებში “დაგორებულ ქვასავით” და “საფლავის ბლუზი”, ან ზოგიერთ ადრეულ საკონცერტო ჩანაწერში ჰარმონიკის მეტიმეტად მჭახე ხმას. მის ხრინწიან ვოკალთან ერთად ყველა ეს წუნი აშკარა უხეშ ჟღერადობას ანიჭებს სამოციანი წლების მის მძლავრ ტრიპტიქს – “ყველაფერს დავაბრუნებ” (1965), “სამოცდამეერთე შოსეზე დაბრუნება” (1965) და “ქერა და ქერა” (1966) – Bringing It All Back Home, Highway 61 Revisited, Blonde on Blonde; ეს გამომწვევი, ცეცხლოვანი კომპოზიციები მკვეთრად გამოირჩეოდა იმ ეპოქის ლბილი, ხავერდოვანი პოპ-მუსიკის ფონზე.

ამავე დროს, დილანს უზარმაზარი ვალი მიუძღვის იმ მუსიკოსთა წინაშე, ვინც წლების მანძილზე მონაწილეობდა მისი ალბომების ჩაწერაში. “სამოცდამეერთე შოსეზე დაბრუნებას” ბევრი დააკლდებოდა პოლ გრიფინის მაცოცხლებელი ფორტეპიანოს გარეშე, კაფეებისა და დუქნების განწყობილება რომ შემოაქვს აგრეთვე ისეთ სიმღერებში, როგორიცაა “მიახლოვებით დედოფალი ჯეინი” და “ძნელია სიცილი, ტირილი კი უფრო ძნელია” – “Approximately Queen Jane”, “It Takes a Lot to Laugh, It Takes a Train to Cry”. “ჯონ უესლი ჰარდინგის” (1967) შემაშფოთებელი ეფექტი (ერთდროულად უდარდელიც და სამგლოვიაროც, თამამიც და გაუბედავიც) დიდწილად კენი ბატრის დასარტყმელი იმსტრუმენტებისა და ჩარლი მაკკოის ლაღი ბასგიტარის დამსახურება გახლავთ, რომლებიც ენერგიასა და სიცოცხლეს მატებს დილანის ნელ ვოკალსა და აკუსტიკურ გიტარას. დისკი “სარდაფის ჩანაწერები” (1967-ში ჩაწერილი, მაგრამ მხოლოდ 1975 წელს გამოშვებული) აგრეთვე სულ სხვაგვარი იქნებოდა რიკ დენკოს, გართ ჰადსონის, რიჩარდ მანუელის, რობი რობერტსონისა და ლევონ ჰელმის აკომპანიმენტის გარეშე.
სწორედ ეს მუსიკალური ფონი გახდა დილანის თაყვანისმცემელთა შეშფოთებისა და გაუცხოების მიზეზი, როდესაც მან 1965 წელს პირველად დაიწყო ჯგუფთან ერთად გამოსვლა. ფოლკის აღორძინების მომხრეებს როკ-ნ-როლი კომერციულ ავანტიურად მიაჩნდათ, ამიტომაც დილანის ამ ახალ არჩევანს აღშფოთებით შეხვდნენ და მომდევნო წლის ხანგრძლივი ტურის მანძილზე ყველგან სტვენითა და დაცინვით ეგებებოდნენ. არადა, უილენცი ხაზს უსვამს იმას, რომ დილანმა თავისი შემოქმედებით დიდება შეჰმატა ფოლკ-მუსიკას, მის მითოსს, მის ამბივალენტურობასა და ქაოტურობას. მართლაც, ფოლკის აღორძინების მოძრაობა ძველი დროის მუსიკაში, უპირველეს ყოვლისა, უბრალოებასა და შეურყვნელობას აფასებდა და ამ ფონზე დილანის უეცარი შემობრუნება სურრეალიზმისა და ელექტრპნული საშუალებებისაკენ შეიძლება ფოლკის უფრო ძირეული, ველური და შეუპოვარი სულისკვეთების გაცოცხლებადაც კი აღვიქვათ.

არსებობს მარტინ სკორსეზეს 2005 წელს შექმნილი დოკუმენტური ტილო “შინ წასასვლელი გზა აღარ არის”, სადაც ახალგაზრდა პირქუში ბრიტანელების ხროვა 1966 წელს დილანის ერთ-ერთი ელექტრული კონცერტის შემდეგ გარეთ გამოლაგდა და უკმაყოფილება გამოთქვა, აქ ბობ დილანის მოსასმენად მოვედით და არა რაღაც პოპ-ჯგუფისაო. ამის პასუხად ხალხიდან ვიღაცამ გასძახა: “ამისთანა პოპ-ჯგუფს, დამიჯერე, ბევრს ვერ ნახავ!”
3.
ორივე ახალი წიგნი ძირითადად ეხება დილანის კარიერის ხანგრძლივ პოსტკრიზისულ ფაზას, რომელიც დაიწყო 1966 წლის 29 ივლისს, როცა დილანი მოტოციკლეტით მგზავრობისას ავარიაში მოჰყვა. ცხადია, მას მერე არაერთი განსაცვიფრებელი ალბომი ჩაწერა, – საკმარისია, დავასახელოთ “სარდაფის ჩანაწერები”, “ჯონ უეზლი ჰარდინგი” და “სისხლიანი კვალი” – Blood on the Tracks (1975), მაგრამ მიყოლებით, რამდენიმე წლის მანძილზე, 1971-1975 და 1978-1989 წლებში მისი შემოქმედება ძირითადად სპირალის მოდელით ვითარდებოდა, ანუ ამ პერიოდებში შექმნილი ალბომები საკმარისად უღიმრამო ნამუშევრებს შეიცავს. მარკუსის წიგნის ერთ-ერთი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ამ კრიზისული პერიოდის ჟურნალისტური კვლევისას ის მწარე სინანულით აღწერს დილანის თითოეულ შემოქმედებით მარცხს.

“ეს რა ჯანდაბაა?” – ამ ცნობილი და სრულიად გამართლებული შეძახილით იწყება მისი კრიტიკული რეცენზია დილანის “ავტოპორტრეტზე” (1970); ეს ალბომი წარმოადგენს სტუდიური ამონარიდების, განმეორებული ჰიტებისა და ზედაპირული ქავერების წყალწყალა და არაფრისმთქმელ ნაკრებს, რომელიც მისი გამოქვეყნებისთანავე არტისტულ სერიოზულობაზე უარის თქმად იქნა მიჩნეული. მარკუსი გულისტკივილით უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ალბომი სრულიად დაცლილია დინამიზმისა და ფანტაზიისგან და შემდეგ შენიშნავს, რომ, თუკი დილანი მომავალში მეტი პროფესიონალიზმის შეგრძნებითა და საკუთარი ნიჭისადმი მოწიწებით არ დაუბრუნდა მუსიკალურ ბაზარს, მის ჩანაწერებში დომინანტური როლი სამუდამოდ დარჩება მის სამოციანი წლების ნამუშევრებს, იმისგან დამოუკიდებლად, გამოუშვებს თუ არა მომავალში რაიმე ახალს.

ეს წინასწარმეტყველება გამართლდა კიდეც: წლებმა გაიარა და დილანი საკუთარი ლეგენდის ტყვეობაში აღმოჩნდა.

დილანის ძალზე დაძაბული, მყვირალა საკონცერტო ალბომის, “კოკისპირული წვიმის” – Hard Rain (1976) თაობაზე მარკუსი წერს: “თავისთავად დილანის სცენაზე ხილვა უკვე ზედმეტს ხდიდა მუსიკალური დონის შესახებ ყოველგვარ შეკითხვას” (ამას შეიძლება შევადაროთ ის, რასაც მარკუსი წერს თავის პირველ, სამაგისტრო ნაშრომში “იდუმალი მატარებელი” სამოცდაათიან წლებში უკვე მოსუქებული ელვისის კონცერტების შესახებ: “ელვისი აღფრთოვანებული აუდიტორიის წინაშე იმდენად წარმატებულად განასახიერებს საკუთარ მითოსს, რომ არანაირი მუსიკალური ინდივიდუალობა აღარ რჩება და აღარც სჭირდება”). თვით მარკუსი სრულიადაც არ უფრთხის მუსიკალური დონის შესახებ საკითხის დასმას: “დილანი აღარ მღერის, – უფრო ზმუის”, – ასე ახასიათებს კრიტიკოსი მის ხმას ალბომში “კოკისპირული წვიმა”, – “და თავისი კარიერის მანძილზე პირველად სულელურ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე”. ოდნავ ქვემოთ ის დილანის ვოკალს არც თუ უსამართლოდ “მომაკვდავი ცხენის ხრიალს” ადარებს.

შემდეგ, დილანის ალბათ ყველაზე სუსტ დისკზე, შელამაზებულ და დავარცხნილ “Empire Burlesque”-ზე (1985) საუბრისას მარკუსმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ ჩაიქნია ხელი თავის სათაყვანებელ გმირზე. მისი თქმით, მომღერალი “გაბზარული კასრის ხმით აფრქვევს სიბრძნეებს” და “იმ ახირებულ კაცს ჰგავს, რომელსაც სურს დაგვარწმუნოს, აქაოდა, ცხოვრებაში ყველაფერი ნანახი მაქვსო, სინამდვილეში კი იმის თქმა სურს, რომ ნანახით ძალზე უკმაყოფილოა”. ამგვარი გამონათქვამები მარკუსს ნიჭიერ კრიტიკოსად წარმოგვიჩენს: განსაკუთრებული მჭევრმეტყველებისა და ხატოვანების უნარი საშუალებას აძლევს, სიტყვებით უზუსტესად გამოთქვას მოსმენილი მუსიკისაგან მიღებული შთაბეჭდილება (სხვაგან ის მარჯვედ ახასიათებს სიმღერის “ქერა და ქერა” ჟღერადობას: “გეგონებათ, კაცი მთვრალივით მოტორტმანე ნავში ფეხზე წამოდგომას ცდილობდეს და ეს მას წუთით გამოსდიოდეს კიდეც”). მარკუსის შეუწყნარებლობა აღფრთოვანებას იწვევს: მან კარგად იცის, რომ თუ დილანს უმაღლესი შემოქმედებითი სტანდარტებით არ მიუდგა, ეს მუსიკოსის შეურაცხყოფის ტოლფასი იქნება. “Empire Burlesque”-ს განხილვისას ის სინანულით გაჰყურებს სამოციანი წლების ტრიუმფებს და ამბობს, მაშინ დილანს ისტორიასა და აწმყოში ედგა ფესვები, მისი ამჟამინდელი მუსიკა კი მოწყვეტილიაო ყოვემგვარ ნიადაგს.
ოთხმოცდაათიან წლებში ძველ გავლენებში ჩაძიებამ დილანი ძველი ფოლკისა და ბლუზის ნიმუშებთან დააბრუნა, რომელთა ნაწილიც, – ”Love Henry,” “Stackalee,” “Frankie and Albert” – ჯერ კიდევ სამი ათწლეულის წინათ გაიცნო “ამერიკული ფოლკ-მუსიკის ანთოლოგიის” წყალობით. ამის შედეგად შექმნილ დისკებს “შენთვის კარგი ვიყავი” (1992) და “გაუკუღმართებული სამყარო” (1993) – Good As I Been to You, World Gone Wrong, რომლებაც გამოსვლისთანავე თითქმის არავითარი ყურადღება არ რგებია და სამუდამოდ ჩაიმარხა დილანის დისკოგრაფიაში, მარკუსიც და უილენციც მისი კარიერის კარდინალური შემობრუნების ეტაპად მიიჩნევენ. ოთხმოციანი წლების დიდი ნაწილი დილანმა ისეთი მუსიკის წერას მოანდომა, მხოლოდ იმწუთიერ მოთხოვნას რომ ასრულებდა, ახლა კი კვლავ იმ სტილს დაუბრუნდა, რაც მის დაბადებამდე უკვე რამდენიმე თაობისათვის იყო ცნობილი.

დილანის ვარსკვლავის ხელახალი აღმავლობა დაიწყო მომდევნო წლების ალბომებით “დრო გონებიდან ამომივარდა” (1997) და “სიყვარული და ქურდობა” (2001) – Time Out of Mind, Love and Theft. ორივე დისკი მთლიანად ორიგინალური სიმღერებისაგან შედგება, მაგრამ, ამასთან, აქ თვალშისაცემად ჭარბობს ძველი დროის მუსიკისაგან ნასესხები გიტარის აკორდები, მელოდიები თუ ტექსტები: ისეთი სიმღერებით, როგორიცაა “ცოტა ხანს იტირე” – Cry a While (უილენცი შენიშნავს, რომ მისი მელოდია ჰგავს ჯგუფ “Mississippi Sheiks”-ის 1930 წლის სიმღერას “შეჩერდი და ბლუზს უსმინე”) და “მისისიპი” (რომლის მისამღერიც აღებულია ძველი ხალხური სიმღერიდან “როზი”) დილანი, სხვადასხვა წყაროებიდან გათავისებული მოტივებით ისე იწონებს თავს, როგორც არასოდეს. მისი ვოკალიც მემკვიდრეობითობით დაიტვირთა: “გაბზარული კასრის” ნაცვლად, ახლა ერთგვარ ტკბილხმოვან ხროტინად იქცა, რომელიც ხან ბლუზმენ ჩარლი პეტონის ხმას მოგვაგონებს, ხანაც – დინ მარტინის თუ ფრენკ სინატრას მსგავსი საესტრადო მომღერლებისას. დილანმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, თუ რაშია მისი ნიჭის საიდუმლო: უილენცის თქმით, ესაა “თანადროულად რამდენიმე ეპოქაში წერისა და სიმღერის უნარი”.
უილენცი დილანის შესახებ ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ მისი პროზა ხშირად გაუმართავი და უღიმღამოა, მას არ შეუძლია მუსიკის ისეთი სიზუსტით დახასიათება, როგორც ამას მარკუსი აკეთებს. მის წიგნს “ბობ დილანი ამერიკაში” ზოგან კრიტიკული მიუკერძოებლობაც აკლია. უილენცი 2001 წლიდან მოყოლებული ასრულებდა “კარის ისტორიკოსის” როლს მუსიკოსის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.bobdylan.com), სადაც პირველად გამოქვეყნდა წიგნის ზოგიერთი თავი. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ უილენცის კომენტარი, განსაკუთრებით, დილანის ბოლოდროინდელ ნამუშევრებთან დაკავშირებით, არაობიექტური კეთილგანწყობითაა გაჯერებული. ხშირად გვხვდება ასეთი სახის მსჯელობა:

“მას მერე, რაც კრიტიკამ 2001 წელს უმაღლესი შეფასება მისცა მის ალბომს “სიყვარული და ქურდობა”, დილანმა ისეთი სისწრაფით დაიწყო ახალ-ახალი ნამუშევრების გამოშვება, თითქოს შთაგონების ძალამ აიტაცაო. მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ის ყოველწლიურად ქმნის მნიშვნელოვან ნამუშევრებს და დროის ამავე მონაკვეთს ეკუთვნის ორიგინალური მუსიკის ორი ალბომიც; აგრეთვე მიჰყავს რადიოგადაცემა, რომელსაც ორიგინალურობით ჩვენს ეთერში ბადალი არ მოეძებნება. მთელი ამ ხნის მანძილზე ატარებს წელიწადში საშუალოდ ასზე მეტ, მინიმუმ ოთხმოცდაჩვიდმეტ კონცერტს: არნახულად დამქანცველი განრიგი დილანის დონისა და პოპულარობის მქონე მუსიკოსისთვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მან უკვე სამოც წელს გადააბიჯა”.

ასეთი ყბადაღებული აღფრთოვანება არავის სჭირდება თვით დილანის გარდა, ვინც ამჟამად დაფნაზე განისვენებს და ნიღაბივით იფარებს მისკენ ყოველმხრივ მიმართულ ჰაგიოგრაფიულ პროექციებს, – ისეთს, როგორიცაა თოდ ჰეინზის მლიქვნელური ბიოგრაფიული ფილმი “მე იქ არ ვარ” (2007) ანდა დილანოლოგიის სხვა ახალ-ახალი ნიმუშები, განუწყვეტლივ რომ ჩნდება კინოსა და ლიტერატურის ბაზარზე.
ორივე წიგნი მართებულად შენიშნავს დილანის პარადოქსულ უნარს, იყოს, ერთი მხრივ, უღიმღამო და არაფრით გამორჩეული, მეორე მხრივ კი მოუხელთებლად უნიკალური; ერთი მხრივ, თითქოს ტრადიციის უსასრულობაშია განზავებული, მეორე მხრივ, თავისი განსაკუთრებული ემოციურობით თავის ინდივიდუალობას ანიჭებს და ბრენდად აქცევს ყველაფერს, რასაც კი მიეკარება, – იქნება ეს თორმეტტაქტიანი ბლუზი თუ სხვისი ტექსტი. თავისი წიგნის შესავალში მარკუსი იხსენებს, თუ როგორ დაესწრო პირველად დილანის კონცერტს 1963 წლის ზაფხულში, “ნიუ ჯერსის ერთ მინდორზე”. მის მიერ შესრულებულ სიმღერებს შორის იყო “ღმერთი შენს მხარესაა” – With God on Our Side, რომელიც ასე იწყება:
“ო, ჩემი სახელი არაფერს ნიშნავს,
ასაკი კიდევ უფრო ნაკლების მთქმელია…”

მარკუსი წერდა, დილანი “უასაკო, ანონიმურ ფიგურად წარმომიდგა, იგი ისეთივე ჩვეულებრივი კაცი იყო, როგორც ნებისმიერი იქ მყოფი მაყურებელი. და, მიუხედავად ამისა, მის თავდაჭერაში ისეთი რამ იგრძნობოდა, რაც თითქოს გიწვევდა, აბა, გაბედე და მომიხელთე, ამა თუ იმ კატეგორიაში მომათავსე და სახელი შემარქვიო და შენც გრძნობდი, რომ, რაგინდ ეცადო, ამას მაინც ვერ შეძლებ”.
ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

The New York Review of Books, 2010, 25 ნოემბერი.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

მოლეკულების ნანოწამები და ხასიათი

0

მინდა, მარტივი არითმეტიკით დავიწყო: 12-1=11; 12-2=10; 12-3=9… 12-12=12. უკანასკნელმა გამოსახულებამ შეგაკრთოთ თუ გაგამხიარულათ? ერთი ჩემი ნაცნობი დიდი ხანია ამტკიცებდა, რომ თორმეტს გამოკლებული თორმეტი ისევ თორმეტია, მაგრამ ვინ უჯერებდა… არადა, სხვა რა შეიძლება დაარქვა იმ შემთხვევას, როცა 12 საათზე გაფრინდები, თორმეტ საათს ჰაერში გაატარებ და სხვა ქალაქში იმავე დღის 12 საათზე დაეშვები? ეს თორმეტი საათი სადღაც გაქრა, თითქოს საერთოდ არ ყოფილა შენს ცხოვრებაში, თითქოს ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილხარ ამქვეყნად…

წინა ბლოგში ჟამთაცვლა ვახსენე. ჟამთაცვლა ხომ დროის ფუნქციაა, დროის გარეშე იგი არ არსებობს. ჩვენც მთლიანად დროზე ვართ დამოკიდებულნი. ჩვენი ყოველგვარი საქმიანობა, ჩვენი ყოფა, ოცნებაც კი დროშია გაწერილი. არადა, თუ დავუკვირდებით, მას ძალიან ორაზროვნად, ორმაგი სტანდარტით ვეკიდებით: არ გვიყვარს, ლოდინი თუ ვინმე აგვიანებს; თუ სადმე მივდივართ, გვინდა, მალე მივიდეთ; თუ რამეს დაგვავალებენ, გვთხოვენ, მალე შევასრულოთ; თუ ჩვენ დავავალებთ სხვას რამეს, მაშინ ხომ სულ ცეცხლს ვიკიდებთ… მაგრამ, იმავდროულად, გვინდა, დრო რაც შეიძლება ნელა გავიდეს, რაც შეიძლება გვიან შევამჩნიოთ ჭაღარა თმაში, გვიან ვიგრძნოთ დაღლა კიბეზე ასვლისას, გვიან დაგვაკლდეს თვალისჩინი, გვიან დადგეს სულისა და ხორცის გაყრის ჟამი…

მაგრამ სადარდებელი არაფერი გვაქვს; როცა რამის გაკეთებას ვერ ვასწრებთ, ანდა საშიში გარდაუვლობა გვიახლოვდება, გვგონია, დრო სწრაფად მიქრის, როცა კითხვაზე პასუხს გვიგვიანებენ – ძლივს მიიზლაზნება. არადა, დრო თავისი სიჩქარით, ის არც ჩქარდება და არც ნელდება, ამიტომ მღელვარებას აზრი არ აქვს – ჩვენით იქნება თუ უჩვენოდ, მოსასვლელი მოვა, დასარჩენი დარჩება (თუმცაღა დროებით) და წარმავალი წავა.

სულ რამდენიმე ძირითადი პარამეტრი არსებობს: კოორდინატი (ადგილი), ტემპერატურა, წნევა და დრო, – მაგრამ ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანია მოკვდავთათვის, რადგან სიცოცხლე მასზე უშუალოდ არის დამოკიდებული.

გასული კვირის ბლოგში „უხუცეს” მოლეკულებზე მოგიყევით, დღეს კი მინდა, საზოგადოდ მოლეკულების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გესაუბროთ, ქიმიაში სიცოცხლისუნარიანობა რომ ეწოდება.

მოლეკულების უმეტესობა დიდხანს ცოცხლობს. იმდენად დიდხანს, რომ შეიძლება შეგვშურდეს კიდეც. თუმცა არსებობს მოლეკულები, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ნანოწამებით იზომება. შეხედეთ პერიოდულობის ცხრილის ბოლო ელემენტებს, რომელთა გრაფაში სახელწოდების გარდა არაფერი წერია. ეს მათი მოუხელთებლობის ბრალია – ისინი იმდენად მცირე ხანს ცოცხლობენ, რომ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებითა და მეთოდებით მათი შესწავლა ვერ ხერხდება.

მაინც რაზეა დამოკიდებული მოლეკულების სიცოცხლის ხანგრძლივობა? მათ აღნაგობაზე და, აქედან გამომდინარე, მათსავე აქტიურობაზე. აქ ერთი საინტერესო კანონზომიერება მჟღავნდება: რაც უფრო აქტიურია ნაერთი, მით უფრო ხანმოკლეა მისი სიცოცხლე და პირიქით. ამიტომ, თუ გვეცოდინება მოლეკულის სტრუქტურა და გვემახსოვრება სხვადასხვა ფუნქციური ჯგუფის ქიმიური თვისებები, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას ადვილად „ვიწინასწარმეტყველებთ”. მაგალითად, ალდეჰიდის ჯგუფის შემცველი ნივთიერებები (ეთერზეთები, პარფიუმერიული ნაერთები, ზოგიერთი მედიკამენტი) მალე „ბერდებიან”, რადგან ჰაერზე ადვილად იჟანგებიან ჟანგბადთან ურთიერთქმედების გამო. ზოგიერთი ნაერთი (მავანი ჩვენგანის მსგავსად) მზეს უფრთხის. ეს „მზეთუნახავები” ორმაგი ბმების შემცველი მოლეკულები არიან, რომლებიც გამოსხივების ენერგიის შთანთქმისას იჟანგებიან და „ნაოჭდებიან”. ამ მოვლენას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. როდესაც სურთ, ჟამთაცვლის მიმართ რაიმე მასალის მდგრადობა შეისწავლონ, მას მცირე ხნით მაღალი ენერგიის (ულტრაიისფერი) სხივების ქვეშ ათავსებენ – ასე ადგენენ, როგორ გაუძლებს ის საუკუნეებს. უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ დრო დიდი მხატვრების გენიალურ ქმნილებათა მტერია: ზეთოვანი საღებავები დროთა განმავლობაში იჟანგება, მუქდება და ფერწერულ ტილოს პირვანდელ სახეს უკარგავს.

შეიძლება წავაწყდეთ „მიუკარებელ” მოლეკულებსაც. ისინი „უდიერ” მოპყრობას არ გვაპატიებენ და, თავმოყვარეობაშელახულებმა, შესაძლოა „ხარაკირიც” კი ჩაიტარონ.
არსებობს ბრიზანტული ნაერთები, რომლებიც მცირე შეჯახებაზეც კი ფეთქდება.

არსებობს ნაერთები, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მშვიდი ცხოვრება ექნებათ. ასეთ მოლეკულებს შეიძლება ლუმინოფორები დავარქვათ. თითოეულ მათგანს სხვადასხვა „ფობია” სჭირს. ზოგი სინათლეს ვერ იტანს (ფლუორესცენტული საღებავები), ზოგი – ხახუნს (ტრიბოლუმინესცენტური ნაერთები), ზოგს მეზობელი აღიზიანებს (ქემოლუმინესცენტური ნივთიერებები)… ასეთი ფობიების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ყველა ერთნაირად ასრულებს სიცოცხლეს: მოლეკულები ადვილად აღიგზნებიან და აღგზნების შედეგად ყოველ „წამოწითლებას” (ლუმინესცენტურ ნათებას) თან ახლავს მათი მოლეკულების გარდაქმნა, გარკვეული ხნის შემდეგ კი ისინი სულ მთლად იცლებიან „ემოციებისგან” და ყველაფრის მიმართ ინდიფერენტულნი ხდებიან. ამის წყალობით, მართალია, მშვიდდებიან, მაგრამ, როგორც წესი, უსახურ ნაერთებად გარდაიქმნებიან ხოლმე (რაც მათი სიკვდილის ტოლფასია) – რომელი თქვენგანი შეინახავს ლუმინესცენტურ (ე.წ. ეკონომიურ) ნათურას, რომელიც აღარ ანათებს?!

მოლეკულების სამყაროში მოლეკულის ფრაგმენტები – რადიკალები და იონები – ყველაზე მოკლე ხანს ცოცხლობენ. ისინი „დაჭრილი” მოლეკულები არიან და რაც მეტი ენერგია აქვთ, მით მალე იშუშებენ ჭრილობებს. ამიტომ რადიკალების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იონებისა და კიდევ უფრო ნაკლები, ვიდრე მოლეკულებისა. მიკროსკოპული ნაწილაკების გალაქტიკაში ისინი კომეტებს ჰგვანან – მოლეკულასთან შეჯახებისთანავე წყვეტენ არსებობას და სტაბილურ ნაერთად გარდაიქმნებიან.

მაგრამ, მაკროსამყაროს მსგავსად, გამონაკლისები მიკროსამყაროშიც არსებობს.

1,3-ციკლოპენტადიენი, შეიძლება ითქვას, მდგრადი ნაერთია. იგი თავისუფალი სახით გამოიყოფა, შესაძლებელია მისი შენახვაც, მაგრამ ადვილად შედის რეაქციაში მრავალ ნაერთთან – კარგავს ინდივიდუალობას და სხვა ნაერთის შემადგენლობაში აგრძელებს სიცოცხლეს. ასე იქცევა პრაქტიკულად ყველა სხვა ნაერთიც, მაგრამ, მათგან განსხვავებით, 1,3-ციკლოპენტადიენმა მიაგნო მეტად ორიგინალურ და ექსცენტრულ ფორმას, შედარებით მეტ ხანს შემორჩენოდა მოლეკულათა სამყაროს – რა გასაკვირიც უნდა იყოს, მისი ანიონი მასზე მდგრადია. ქიმიურად ეს პი-ელექტრონული სისტემის (არომატიზაციის) ჩამოყალიბებით აიხსნება, სხვა სიტყვებით კი – ტალანტითა და ექსცენტრიკულობით (როგორ შემორჩა ისტორიას ვან გოგი?).
P.S. შესავალში რომ მოგახსენებდით, 12 საათი სადღაც დავკარგე-მეთქი – წინ მელის უკანა გზა, სადაც ამ დანაკლისს იმავე 12 საათში ავინაზღაურებ. 12 საათში ორი დღე გადის…

უკუკავშირი და სასწავლო პროცესი

0

სწავლა/სწავლება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. იგი, გარდა მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობისა, იმ ასპექტებსაც მოიცავს, რომლებიც მიზანს – ცოდნისა და მისი გამოყენებისთვის შესაფერისი უნარ-ჩვევების შეძენას – ემსახურება. ეს ასპექტებია სწავლის თეორიები და მათი რეალიზების მახასიათებლები.

 ვრცლად

ტოლკიენი და მისი “მეორადი” სამყარო

0

ჯ. რ. რ. ტოლკიენის “ბეჭდების მბრძანებელი”,

როგორც დასავლეთევროპულ ლიტერატურულ, მითოლოგიურ და ფოლკლორულ ტრადიციათა სინთეზის ცდა)
“И снова скальд чужую песню сложет,
И, как свою, её произнесёт.”
О. Мандельштам.
ინგლისელი მწერლის ჯ. რ. რ. ტოლკიენის (1892-1973) ფანტასტიკურ-ზღაპრული ეპოპეა “ბეჭდების მბრძანებელი”, რომელიც იწერებოდა 1954-66 წლებში და მასთან ერთ ციკლში მოქცეული სხვა ტექსტები, დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მკითხველთა ფართო წრეებში როგორც ავტორის გასაოცარი ფანტაზიის მიერ შექმნილი მითიური სამყაროს – “შუა მიწის” თუ “შუახმელეთის” (“Middle Earth”) – ისტორია, როგორც ჯადოსნური ამბავი სიკეთისა და ბოროტების მარადი ორთაბრძოლისა. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ტოლკიენის “შუა მიწასთან” დაკავშირებული სერია კიდევ უფრო ფართო წრეებისათვის გახდა ცნობილი ჰოლივუდის მიერ გადაღებული გრანდიოზული ეკრანიზაციის გამო, რომელიც – თუმცა ეს ამ სტატიის თემას სცილდება _- საუკეთესოდ გამოხატავს ნაწარმოების ღირსებებს იმდენად, რამდენადაც ეს კინემატოგრაფის ფარგლებშია შესაძლებელი.
“ბეჭდების მბრძანებელი” არ არის უბრალოდ მშვენიერი საკითხავი წიგნი, უბრალოდ ფანტასტიკის თუ “ფენტეზის” ჟანრის ნიმუში; იგი არც მხოლოდ საყმაწვილო ლიტერატურაა. უფრო სწორედ – ერთიცაა, მეორეც და მესამეც. მაგრამ ეს წიგნი თითქოს ამ ყოველივეზე უფრო მეტიცაა. ტოლკიენის მხატვრული სამყარო მეცნიერული კვლევისათვის ძალზე საინტერესო ფენომენს წარმოადგენს. ტოლკიენისტიკა უკვე მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა როგორც ინგლისურენოვან, ისე რუსულ ლიტერატურათმცოდნეობაში და იმ მასალების საფუძველზე, რომელზედაც დღემდე მიმიწვდა ხელი, შემიძლია დავასკვნა, რომ რუსეთში ტოლკიენისტიკა განსაკუთრებით ღრმა და საინტერესო დასკვნებამდე მივიდა.
ტოლკიენი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მთელი ცხოვრების მანძილზე იკვლევდა უძველეს და შუა საუკუნეების ლიტერატურულ ძეგლებს და ამავე დროს ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ენათმეცნიერების დარგში. მას ეკუთვნის ფილოლოგიური ნარკვევები ძველი ინგლისური ლიტერატურის ისეთ ნაწარმოებთა შესახებ, როგორიცაა “ბეოვულფი”, “სერ გავეინი და მწვანე რაინდი”. სამეცნიერო საქმიანობა მასთან წინ უძღოდა ლიტერატურულ შემოქმედებას და მხოლოდ მერე და მერე, “ბეჭდების მბრძანებლის” წინამორბედი წიგნის, “ჰობიტის” გამოქვეყნების შემდეგ (1937 წ.) ტოლკიენმა დაიმკვიდრა თავი, როგორც ლიტერატორმა. ძნელი სათქმელია, რამდენად უბიძგა მას მხატვრული შემოქმედებისაკენ სამეცნიერო საქმიანობამ. ერთი კია: ტოლკიენის ნაწარმოებებს ნამდვილად ვერ გავუტოლებთ ე. წ. “პროფესორთა რომანებს”, როგორიცაა, ვთქვათ, შარლ დე კოსტერის “ტილ ულენშპიგელი” ან თუნდაც უმბერტო ეკოს არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელი ბესტსელერი “ვარდის სახელი”, ე. ი. მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებშიც ჰუმანიტარი მეცნიერები “აცოცხლებენ” იმ ისტორიულ ეპოქას თუ ფოლკლორულ ფენომენს, რომელსაც იკვლევენ. ტოლკიენმაც დაიწყო იმით, რომ “სერ გავეინის” ტექსტი თანამედროვე ენაზე საკითხავ წიგნად გადაამუშავა. მაგრამ იგი უფრო შორს წავიდა. მან დაიწყო სრულიად ახალი ზღაპრულ-ხატოვანი სამყაროს “შენება” და თითქმის ყველა თავისი ნაწარმოები, რამდენიმე მოთხრობის გამოკლებით, ამ ფიქტიური (მისივე განსაზღვრებით, “მეორადი”) და, ამავე დროს, ცოცხალი და მრავალგანზომილებიანი სამყაროს ფარგლებში მოაქცია, მის კანონებს დაუქვემდებარა. “შუა მიწის” სამყარო თავისი ისტორიით, ლეგენდებით, ქრონიკით, კარტოგრაფიითა და ლინგვისტიკით (ავტორმა “შუა მიწის” მაცხოვრებელ სხვადასხვა ხალხებს საკუთარი ენები შეუქმნა, რაც თავისთავად ცალკე კვლევის საგანს და ძალზე საინტერესო ფენომენს წარმოადგენს) საკუთარ თავში იტევს ზოგადად ევროპულ მითოლოგიურ და ფოლკლორულ ტრადიციათა ელემენტებს და ამავე დროს არ ტოვებს ხელოვნურად შექმნილი კომპილაციის შთაბეჭდილებას: რეალურად არსებულ _ ჩრდილოგერმანულ, კელტურ თუ სლავურ _ ტრადიციათა ელემენტები აქ იმდენად ორგანულადაა ჩაქსოვილი ავტორისეული ფანტაზიის მიერ შექმნილ ხატოვან სამყაროში, რომ ისინი მის განუყრელ ნაწილებად, თავდაპირველი წყაროსაგან უკვე დამოუკიდებელ ფენომენებად აღიქმება. რუსი მეცნიერი სვეტლანა ლუზინა, ავტორი საკანდიდატო დისერტაციისა თემაზე “ჯ. რ. რ. ტოლკიენის მხატვრული სამყარო: პოეტიკა, ხატოვანება” წერს: “ტოლკიენი არატრადიციულად უდგება “მითშემოქმედების” ცნებას: იგი არა უბრალოდ იყენებს მითოლოგიურ სიუჟეტებსა და სახეებს, არამედ ქმნის თავის საკუთარ უნიკალურ “მეორად” სამყაროს, აგებულს მის მიერ გამოგონილ ზღაპრულ მითოლოგიაზე, სადაც მხოლოდ გულდასმით შესწავლის შედეგად იკვეთება ცნობილ მითთა კონტურები”. ჩვენ ვეთანხმებით ავტორს იმაში, რომ ტოლკიენისეული სამყარო “უნიკალურია”, მაგრამ ნაკლებ დამაჯერებლად მიგვაჩნია მტკიცება იმისა, რომ “ცნობილ მითთა კონტურები” მასში ძნელი გამოსაკვეთია. ჩემის აზრით, ყურადღებით წამკითხავ, დამაკმაყოფილებელი ფილოლოგიური განათლების მქონე მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს ზოგიერთი მათგანის შემჩნევა, თუმცა, როგორც მართებულად აღნიშნავს იგივე ს. ლუზინა, “ფოლკლორულ მოტივთა და მითოლოგიურ სიუჟეტთა იმ მრავალფეროვნებასთან ერთად, რომელიც შეადგენს ტოლკიენისეულ მითოპოეტიკას, მის წიგნებში არსად არ არის პირდაპირი მინიშნებები კონკრეტულ წყაროებზე”. ტოლკიენისეული “მეორადი” სამყარო წარმოგვიდგება ისე, თითქოს ჩვენი რეალური სამყარო თავისი მითოლოგიით არც არსებობს, თითქოს თავად იგია ერთადერთი რეალობა (იმთავითვე გამოირიცხება წარმოდგენა იმისა, რომ ეს სამყარო შეიძლება სხვა სივრცით და დროით წერტილში, ვთქვათ, სხვა პლანეტაზე ანდა სხვა ეპოქაში არსებობდეს). სწორედ ლოკალიზებისა და იდენტიფიკაციის ეს აბსოლუტური გამორიცხვა ქმნის მკითხველის ქვეცნობიერებაში შთაბეჭდილებას იმისა, რომ სამყარო, რომელსაც მას ავტორი წარმოუდგენს, ერთადერთი შესაძლო სამყაროა, რომ თავად იგი, მკითხველი, ამ სამყაროს ნაწილია და რომ საბოლოოდ ეს “მეორადი” სამყარო ფარავს რეალურ სამყაროს და მისი იდენტური ხდება.
მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას შემდეგი: ტრადიციულ ელემენტთა გამოყენებისას ტოლკიენი გაცნობიერებულად ახორციელებს პროცესს, რომელიც სტიქიურ, გაუცნობიერებელ დონეზე მიმდინარეობს ფოლკლორში: ლაპარაკი გვაქვს “მემკვიდრეობითობაზე” (“преемственность”), როგორც ამ ტერმინს გულისხმობს ფოლკლორისტი ვ. ანიკინი. ფოლკლორის თეორიის სალექციო კურსში ეს ავტორი ერთმანეთისაგან განასხვავებს ლიტერატურულ და ფოლკლორულ მემკვიდრეობითობას იმის საფუძველზე, რომ პირველი შემთხვევა გულისხმობს “ახალი შემოქმედის მიერ არსებული ტრადიციის მიღებას და ამავე დროს მისგან დისტანცირებას” – ე. ი. ყოველ ავტორს სურს ახლის, საკუთარის შემოტანა, – ხოლო “ფოლკლორში მიმართება ათვისებულ და ახალ ელემენტებს შორის ისეთია, რომ ათვისება, ხელახალი გადმოცემა თვისობრივად სჭარბობს ახლის შექმნას”. ტოლკიენთან ერთის შეხედვით თითქოს გვაქვს ფოლკლორული მემკვიდრეობითობის მომენტი: მისი წიგნები დასახლებულია ევროპული მითოლოგიის ისეთი ფიგურებით, როგორიცაა დრაკონები, გობლინები, ელფები, გნომები და ა. შ. “შუა მიწის” მოსახლეთა შორის მხოლოდ ჰობიტების მოდგმაა თავად ავტორის გამონაგონი. მას შემოაქვს ისეთი მარადიული მითიურ-ფოლკლორული მოტივები, როგორიცაა მოგზაურობის, ძიების მოტივი (“the quest”), ურჩხულთან შერკინების მოტივი და მრავალი სხვა. ტოლკიენის წიგნები თითქოსდა წარმოადგენს მორიგ ზღაპარს თუ ლეგენდას ამ არსებათა მონაწილეობით, ანდა უკვე არსებული სიუჟეტის ვარიანტს, მაგრამ მალევე ვხედავთ, რომ ეს შთაბეჭდილება მოჩვენებითია, მეტიც: ავტორის მიერ განგებ გამოწვეული. ტოლკიენი ახდენს ტრადიციულობის ოსტატურ იმიტაციას, რათა მიაღწიოს მოჩვენებითი ფოლკლორულობის ეფექტს. მის მიერ კვლავ გაცოცხლებული მითიური პერსონაჟები, მართალია, ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციულ არსებით ნიშნებს, მაგრამ ამასთანავე ახალ უმდიდრეს და “მრავალშრიან” (ს. ლუზინა) სიუჟეტში ჩაქსოვილი მათი არსი ახალ სიღრმეს, სიფართოვეს, ახალ განზომილებებს იძენს.
თავისი “მეორადი” სამყაროსათვის სტერეოსკოპული სიღრმის მისანიჭებლად ტოლკიენი ავითარებს მის დროით-ისტორიულ, ფოლკლორულ-ლეგენდარულ და სხვა განზომილებებს. საამისოდ იგი მიმართავს ჟანრულ იმიტაციებს, რომლებიც შეიძლება ერთგვარ ლიტერატურულ მისტიფიკაციებადაც დავინახოთ. “შუა მიწა” არის სამყარო, რომელსაც აქვს სამ ეპოქად დაყოფილი ისტორია. დროით პლანში თხრობა მიმდინარეობს ამ ისტორიული მონაკვეთის თითქმის ბოლო წერტილის გადასახედიდან, რომლიდანაც, ამავე დროს, თვალს ვადევნებთ მთელ ისტორიულ დროს მის დასაბამამდე. ამის მომსწრენი ვხდებით წიგნში “სილმარილიონი”, რომელიც “ბეჭდების მბრძანებლის” წინარე ეპოქების ქრონიკას წარმოადგენს. ამ ნაწარმოების თხრობის სტილი გარკვეულწილად, თავიდან მაინც, განპირობებულია იმ მოდელით, რომელსაც იძლევა ძველი აღთქმა ებრაელი ერის ცხოვრების აღწერისას: აქაც თავდაპირველად აღწერილია სამყაროს შექმნა უზენაესის მიერ, შემდეგ _ მისი სრულყოფა და სხვადასხვანაირი არსებებით დასახლება. ამასთანავე “შუა მიწის” ხალხებს საკუთარი ფოლკლორი, მუსიკა და კულტი აქვთ (რაც შეეხება კულტსა და რელიგიას, ეს რთული საკითხია და ცალკე განხილვას საჭიროებს: ცხადად გამოკვეთილი კულტის ელემენტები აქვთ მხოლოდ ელფებს, მიღმიერ სამყაროსთან ყველაზე უფრო დაახლოებულ უკვდავ და გრძნეულ არსებებს და ალბათ ჯადოქრებსაც, მაგრამ “შუა მიწის” სამყაროში არსად არა გვაქვს ოფიციალური რელიგია, როგორც ინსტიტუცია). ტოლკიენის ნაწარმოებები თუ მათი ცალკეული ნაწილები წარმოადგენენ თითქოსდა “შუა მიწის” ხალხთა მიერ შექმნილ ტექსტებს. აქ ვხვდებით ისეთი ჟანრების ელემენტებს, როგორიცაა საგმირო ეპოსი, საგმირო სიმღერა, ქრონიკა, ლეგენდა, ხალხური ლექსი, საკულტო სიმღერა, მაგიური შელოცვა და სხვა.
როგორც “მეორადი” სამყაროს რეალობის იმიტაცია, ისევე ფოლკლორული ტრადიციულობის იმიტაცია ტოლკიენს სჭირდება თავისი სწორედაც რომ ლიტერატურული ამოცანების გადასაჭრელად. მისი სამყარო მართლაც ახალი, უნიკალური, განუმეორებელია. მაგრამ უბრალოდ ახალი მხატვრული სამყაროს შექმნა სინამდვილეში არ წარმოადგენს სიახლეს მხატვრულ შემოქმედებაში. ამისათვის ბევრად უფრო ადვილია მართლაც აბსოლუტურად ახალი, რეალურთან არაფერი საერთოს აღარმქონი სამყაროს შექმნა, როგორც ამას ათასგზის სჩადიან ფანტასტი მწერლები. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ტოლკიენის მიზანი ეს არაა. იგი პარადოქსულ აქტს ახორციელებს: ჯერ ქმნის ტრადიციულობის მოჩვენებით შთაბეჭდილებას, შემდეგ კი მხატვრული შემოქმედების ძალით ახდენს ათვისებული ტრადიციისაგან დისტანცირებას, რათა ბოლოს და ბოლოს, შემოვლითი გზით, კვლავ დაგვაბრუნოს უარყოფილ ტრადიციასთან. რისთვის შეიძლებოდა ავტორს დასჭირვებოდა ასეთი რთული სტრატეგია? ამის პასუხი შეიძლება ვეძიოთ ტოლკიენის მიერ 1964 წელს გამოცემულ ესსეში “ჯადოსნური ზღაპრების შესახებ” (“On Fairy-stories~), სადაც ვკითხულობთ: “…ჩვენ წინაპართა მრავალი თაობის მემკვიდრეობა გვერგო, მათი, ვინც ქმნიდა ხელოვნების ნიმუშებს და ტკბებოდა ამით. ეს მდიდარი მემკვიდრეობაა, მაგრამ მასში იმალება ხიფათი: მობეზრება და ორიგინალურობის წყურვილი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სიძულვილი მშვენიერი ნახატისადმი, ნატიფი ორნამენტისადმი, სუფთა ფერისადმი; შეიძლება აღიძრას სურვილი უბრალო მანიპულირებისა, ძველის გადაჭარბებული სრულყოფისა – ეს სრულყოფა ოსტატური იქნება, მაგრამ უსულგულო”. ჩემის აზრით, შეუძლებელია ამაზე უკეთ დახასიათდეს თანამედროვე, უახლესი ესთეტიკა თავისი დამცინავი, ამპარტავანი ზიზღით ყოველივე ტრადიციულისადმი, რის გამოც ხშირად ხდება ჭეშმარიტისა და მშვენიერის სამწუხარო და უაზრო უარყოფა. ტოლკიენი კი, ტრადიციათა მოსიყვარულე მკვლევარი, მეთოდურად, პედაგოგიური ალღოთი ცდილობს დაუბრუნოს თანამედროვე ადამიანს სამყაროს პირველადი, უშუალო აღქმა, დაკარგული ბავშვური უბრალოება: “მხოლოდ ზღაპრის სიყვარული შეგვინარჩუნებს ან დაგვიბრუნებს ბავშვობას ანუ სამყაროს ბავშვურ აღქმას”. და რაკიღა თანამედროვე ადამიანი ჯიუტად ზურგს აქცევს ტრადიციულ-მითიურს, ტოლკიენი თითქოს ეუბნება მას: შეხედე, ეს თითქოს ძველია, მაგრამ ამავე დროს ახალიც, – ახალი, რომელიც სინამდვილეში კარგად დავიწყებული ძველია.
ჩემს მიერ ციტირებული მისი გამონათქვამის დასაწყისი თითქმის სიტყვასიტყვით ემთხვევა ოსიპ მანდელშტამისეულ ბწკარებს:
“Я получил блаженное наследство:
Чужих певцов блуждающие сны.
Своё родство и скучное соседство
Мы презирать заведомо вольны.
И нe одно сокровище, быть может,
Минуя внуков, к правнукам уйдёт,
И снова скальд чужую песню сложет
И, как свою, её произнесёт.”
ლექსი შეიცავს მინიშნებას იმ ცნობილ ფაქტზე, რომ ინგლისელმა რომანტიკოსმა მეკფერსონმა საკუთარი ნაწარმოები “ოსსიანი” კელტური ფოლკლორის უძველეს ნიმუშად გაასაღა. მანდელშტამი ადგილს უცვლის ფაქტებს (ლექსში გვაქვს არა “საკუთარი, როგორც სხვისი”, არამედ პირიქით – “სხვისი, როგორც საკუთარი”) და ამით გვახსენებს უძველესი დროის პოეტებს, სკალდებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცნობდნენ ავტორობის ცნებას და ერთიმეორისაგან მოსმენილს თავისებურად, მცირე თუ დიდი ჩასწორებებით, ხელმეორედ ასრულებდნენ, ოღონდაც ამ ახალს საკუთარ ქმნილებად არ თვლიდნენ. ავტორად მათ ევლინებოდათ თავად ჟანრი, თავად ეპოქა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, თავად ამბავი, რომელსაც ისინი მოუთხრობდნენ ხალხს.
მეკფერსონის მსგავსად, XX საუკუნის რომანტიკოსი და დონ კიხოტი ტოლკიენიც მსგავს მისტიფიკაციას მიმართავს, ოღონდაც მისტიფიკაციაც მისეული ხატოვანების მორიგი მხატვრული ხერხია. იგი თითქოსდა გვიამბობს ამბავს, რომელიც არავის მიერ შეთხზული არ არის, – უბრალოდ ნანახს, უბრალოდ მოსმენილს, უბრალოდ მომხდარს.
* * *
თვალსაჩინოობისათვის მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ტოლკიენის მიერ სხვადასხვა კულტურული ტრადიციის ელემენტთა გამოყენებისა. ამავე დროს ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო დეტალურად დავინახოთ ტოლკიენისეული სამყარო.
იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა არ დავეთანხმე ს. ლუზინას იმაში, რომ ნასესხებ ელემენტთა აღმოჩენა “ბეჭდების მბრძანებელში” სიძნელეს წარმოადგენს, _ რაკიღა მართლაც “შეუიარაღებელი თვალით” შევამჩნიეთ ქვემოთაღნიშნული მომენტები, _ მაგრამ, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩაღრმავებული კვლევის შედეგად ტოლკიენისეულ ტექსტებში შეიძლება კვლავაც და კვლავაც ახალი ალუზიების, თემატურ-მოტივური, ჟანრული და სხვა სახის თანხვედრათა აღმოჩენა. ასე რომ, “ბეჭდების მბრძანებელი” უშრეტი საგანძურია ფილოგოგი (და არა მხოლოდ ფილოლოგი) მკვლევარისათვის.
თავად ავტორი პირად წერილებში არაერთხელ აღნიშნავს, რომ “შუა მიწის” სამყაროს შექმნისას მასზე უძლიერესი გავლენა მოახდინა ფინურმა საგმირო ეპოსმა “კალევალამ”. მართლაც შეიძლება ამ თვალსაზრისით დავინახოთ რამდენიმე შესატყვისი. პირველ რიგში, ტოლკიენის პერსონაჟთა უცვლელი თანამდევი და შემწე, ჯადოქარი გენდალფი, შეიძლება დავუკავშიროთ “კალევალას” გმირს, “მოხუც, ბრძენ ვიანემეინენს”. ეპითეტები “მოხუცი” და “ბრძენი” ჭაღარა, გრძელწვერა გენდალფსაც ძალზე უხდება. თუმცა გენდალფის პროტოტიპად აგრეთვე (და ალბათ უფრო მეტადაც) უნდა დავინახოთ ბევრად უფრო პოპულარული სახე – ართურის ციკლის პერსონაჟი, ჯადოქარი მერლინი. ერთი სურათი კი აშკარად “კალევალას” გავლენის ქვეშაა შექმნილი – გენდალფი, ვეება არწივზე ამხედრებული. “კალევალა”, როგორც არქაული ტექსტი, არაერთგზის ანიჭებს სიმღერას მაგიურ, ზებუნებრივ ძალას. მისი პერსონაჟები სიმღერით ამარცხებენ თავიანთ მტრებს. ამის გამოძახილი იგრძნობა ტოლკიენთანაც. სიმღერის, სიტყვის, ხოტბის პათოსი და ძალა აქაც დიდია. ტოლკიენის პერსონაჟები განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ამაღლებულ მომენტებში წარმოსთქვამენ სიმღერებს, რაც გვაბრუნებს საგმირო თუ სახოტბო სიმღერასთან, როგორც ერთ-ერთ უძველეს ლიტერატურულ ჟანრთან.
ტოლკიენის მიერ “კალევალას” დაჟინებული ხსენების გვერდით გასაკვირად მეჩვენება არხსენება მეორე დიდი წყაროსი, რომლის გავლენა “შუა მიწის” შექმნაზე ასევე დიდია: ესაა “უფროსი ედდა”. აშკარაა, რომ საკუთარი “მეორადი” სამყაროს შექმნის დასაწყისშივე ტოლკიენმა იხელმძღვანელა ჩრდილოგერმანული მითოლოგიის სამყაროს მოდელით, რომელიც “ედდაშია” ასახული. თავად დასახელება “Middle Earth” პირდაპირ მომდინარეობს სიტყვიდან “Midgard” _ ასე ეწოდება “ედდაში” შუასკნელს, სადაც ადამიანები სახლობენ. ეს მიწიერი საუფლო მართლაც შუაშია მოქცეული ღმერთების საუფლოს, “ასგარდსა”, და ქვესკნელს, “ჰელს” შორის. ტოლკიენის “შუა მიწაზე”, მართალია, ადამიანების გარდა მრავალი სხვა არსებაც სახლობს, მაგრამ ის მაინც მიწიერ, ადამიანურ სამყაროს წარმოადგენს მიღმიერ სამყაროსთან მიმართებაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა “ღმერთი” საერთოდ არ მოიხსენიება ტოლკიენის წიგნებში, მაგრამ აქ ჩნდება სამყაროს შემოქმედი ერუ (ან ილუვატარი), რომელიც შესაქმის აქტს თავისი თანაშემწეების დახმარებით ახორციელებს და ამის შემდეგ საერთოდ ქრება მკითხველის თვალსაწიერიდან. მისი თანაშემწეები (ვალარები), წარმართულ ღვთაებათა მსგავსად, სტიქიათა ძალებს განასახიერებენ და მატერიალური სამყაროს მხოლოდ დასაბამიერ ეპოქაში ფიგურირებენ. ამდენად გვაქვს მონოთეიზმისა და პანთეიზმის ერთგვარი, მე მგონი, ძალზე ორგანული და საინტერესო სინთეზი, მაგრამ ღვთიური, ტრანსცენდენტური არავითარ უშუალო მონაწილეობას არ იღებს ტრილოგიის სიუჟეტში, იგი იდუმალებითაა მოცული და მის შესახებ მხოლოდ გრძნეულმა ელფებმა იციან. “შუა მიწის” დანარჩენი ხალხები, როგორც ჩანს, მშვენივრად არსებობენ ყოველგვარი რელიგიის გარეშე.
დავუბრუნდეთ “ედდას”. უმთავრესი და საკვანძო მომენტი, რომლითაც იხელმძღვანელა ტოლკიენმა, არის ის, რასაც “უფროსი ედდას” რუსი მთარგმნელი და მკვლევარი მ. სტებლინ-კამენსკი განსაზღვრავს, როგორც “პერსონაჟთა ცალკეული ჯგუფების კოლექტიურ ინდივიდუალობას”. იგი გამოჰყოფს “ედდას” უძველეს სიმღერებში პერსონაჟთა ისეთ ჯგუფებს, როგორებიცაა ალვები, ვალკირიები, იოთუნები (გოლიათები) და სხვ., რომლებიც კოლექტიური სახასიათო ნიშნებით ერთიანდებიან. ერთი ჯგუფის ცალკეული წარმომადგენელი არაფრით გამოირჩევა დანარჩენებისაგან. ტოლკიენმა გარკვეულწილად გადმოიღო პერსონაჟთა სტრუქტურის ეს მოდელი, მაგრამ, რაც უფრო წინა პლანზე გამოჰყავს მას ჯგუფი, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება ცალკეული ინდივიდუალობები. თუკი გობლინებისა და ტროლების შემთხვევაში საქმე მუდამ კოლექტიურ ტიპთან გვაქვს, ელფებთან, გნომებთან და ჰობიტებთან უკვე გვყავს გამოკვეთილი პერსონაჟები, თუმცა მუდამ რჩება ფენომენოლოგიურ ნიშანთა ჯამი, რომელიც ინდივიდს მის ჯგუფთან აკავშირებს.
ჰობიტები – ავტორის მიერ გამოგონილი კაცუნები – ეპოპეის ცენტრში არიან მოქცეულნი: “შუა მიწის” სამყაროში მომხდარ დიდ ამბებს მკითხველი მათი თვალით უმზერს, არადა ისინი თავდაპირველად ამ სამყაროს პერიფერიაზე არსებობდნენ და მხოლოდ შემდგომ რამდენიმე მათგანს უწევს მთავარი როლის თამაში აღწერილ მოვლენებში. თავიანთი არსით ჰობიტები თითქოსდა არ წარმოადგენენ სიახლეს ევროპული (შედარებით გვიანდელი, ე. წ. “მდაბალი”) მითოლოგის თვალსაზრისით. მათი ისეთი ნიშნები, როგორიცაა ტანმორჩილობა, შიშველი ბანჯგვლიანი ფეხები, მიწისქვეშა საცხოვრისები მიეკუთვნება იმ ზოომორფულ-ანთროპომორფულ არსებათა “ჩვეულ” ატრიბუტიკას, რომელთაც აერთიანებთ ზოგადი სახელწოდება “the fairy folk” – ფერიები, ალები, ჭინკები… უფრო საინტერესოა ის, რომ ტოლკიენი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ჰობიტთა ბიურგერულ ყოფასა და ჩვეულებებზე: მათ უყვართ სტუმრობა, სმა-ჭამა, დღეობები, მყუდრო, გაწონასწორებული ცხოვრება, მათი “სოროები” კოპწია და კეთილმოწყობილია. ამით ისინი უახლოვდებიან საშუალო ევროპელი (ყველაზე მეტად, ალბათ, გერმანელი) გლეხების ზოგად სახეს. მათი იუმორი, უდარდელობა, ობივატელური მიუღებლობა ყოველივე ექსტრემალურისა და არაყოველდღიურისა კონტრასტულად გამოკვეთავს ელფების რასას, რომლებიც თითქოსდა მეორე პლანზე დგანან, სინამდვილეში კი “ისტორიულად” უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ “შუა მიწის” ცხოვრებაში: ისინი მისი პირველმოსახლენი არიან, მათ არასოდეს დაუკარგავთ კავშირი მიღმიერთან და გრძნეული ცოდნა “შუა მიწისა” და მის მკვიდრთა ბედის შესახებ. ტანადი, გოროზი, მარად ნორჩი, უკვდავი ელფები მოგვაგონებენ ანგელოზებს, ატლანტიდის ლეგენდარულ მოდგმას. თავიანთი ზეადამიანობითა და იდუმალებით ისინი განსაკუთრებით მიმზიდველად მოქმედებენ მკითხველზე. ტოლკიენი მიმართავს ძალზე ეფექტურ მხატვრულ ხერხს, როცა მეორეხარისხოვანის წინ წამოწევით აძლიერებს მეორე პლანზე მოქცეული პირველხარისხოვანის მნიშვნელობას: ჩია ჰობიტებთან ერთად მკითხველიც აღფრთოვანებით და ოდნავი შიშითაც კი აჰყურებს მშვენიერ ელფებს და ამით ისინი მისთვის კიდევ უფრო მეტ იდუმალებასა და ხიბლს იძენენ. “შუა მიწის” შესახებ ქრონოლოგიურად მეორე წიგნის, “სილმარილიონის” შედარებით წარუმატებლობას ტოლკიენი სწორედ იმას აბრალებს, რომ მასში, მისი თქმით, “ჭარბობს ის კელტური პათოსი, რომელიც დიდი დოზებით ანგლოსაქსებს აღიზიანებს”. უკვე “ბეჭდების მბრძანებელში” იგი ახერხებს პათოსის იუმორით იმგვარ შეზავებას, რომ ეფექტი შესანიშნავია. “იმ დროისათვის უკვე დავრწმუნდი ჰობიტთა “გამოსადეგობაში” – წერს ტოლკიენი, – ეს არსებები საგმირო ეპოპეას მყარ ნიადაგს შეუქმნიდნენ, თანაც მათგან შეიძლებოდა ისეთი გმირების შექმნა, “პროფესიონალებსაც” რომ აჯობებდნენ სიმამაცეში”. ავტორი იმდენად გვაახლოვებს ჰობიტებს, რომ ისინი უსასრულოდ ახლობელნი და საყვარელნი ხდებიან ჩვენთვის. სიუჟეტის განვითარება კი მართლაც ისე ხდება, რომ ერთი მათგანი ცენტრალურ ადგილს იკავებს და საკუთარ თავზე იღებს მთელი “შუა მიწის” გადარჩენის მისიას. საბოლოოდ მოწმენი ვხდებით ჰობიტის “გაელფებისა”. უკანასკნელნი გახდებიან პირველნი, – როგორც სახარება გვეუბნება.
თუკი კვლავაც დავუბრუნდებით “ედდას”, უნდა ვაღიაროთ, რომ, თუმცა იგი ტოლკიენისთვის ძალზე მდიდარ მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენს, მან იგი გამოიყენა მხოლოდ დასაწყისში, პირველი წიგნის, “ჰობიტის”, შექმნისას, შემდეგ კი დაშორდა მას და განაგრძო “შუა მიწის” სამყაროს დამოუკიდებლად შენება, ისე რომ შეიმჩნევა ბევრი შეუსაბამობა “ჰობიტსა” და “ბეჭდების მბრძანებელს” შორისაც კი. ჟანრობრივადაც “ჰობიტი” უფრო მარტივია, იგი აშკარად საბავშვო წიგნია, ხოლო “ბეჭდების მბრძანებლის” საგმირო ტრილოგია ბევრად უფრო მასშტაბური ჩანაფიქრის განხორციელებაა.
“უფროსი ედდას” პირველ სიმღერაში, “ვიოლვას წინასწარმეტყველებაში”, მოთავსებული სახელების ჩამონათვალიდან აღებულია “ჰობიტის” ზოგიერთი პერსონაჟის სახელი: ალვების სახელებს – “დურინი”, “დვალინი”, “თრორი”, “ფილი და კილი”, “დორი და ორი”, “გლოი” – ტოლკიენი ან პირდაპირ იყენებს თავისი გნომენის სახელებად, ან ოდნავ ცვლის. თვით “გენდალფიც” აშკარა სახეცვლაა ერთ-ერთი ალვის სახელისა “განდალვ”. აგრეთვე “ედდადან” არის აღებული ისეთი ტოპონიმი, როგორიცაა “Mirkwood” (“ედდაში” – [mjurkvid]) ” “ტყებნელი”, ასევე “ბეჭდების მბრძანებლის” მთავარი პერსონაჟის, ფროდოს სახელი (სკანდ. “ფროდი”) და სხვა. “ედდადან” მოდის “ჰობიტში” გამოყენებული ისეთი უძველესი მოტივებიც, როგორიცაა გამოცანებით პაექრობა, სადაც დამარცხებულს სიკვდილი ელის (“ვაფტრუდნირის სიტყვები”); ალვის თუ გამოქვაბულის სხვა ბინადრის (ტოლკიენთან _ ტროლის) მოტყუებით შეყოვნება დედამიწის ზედაპირზე, რათა ალიონის სხივებმა იგი ქვად აქციონ (“ალვისის სიტყვები”); განძეულზე გართხმული დრაკონის სახე და სხვა ცალკეული, მთლიანობაში ნაკლებ მნიშვნელოვანი მომენტები.
დიდ ყურადღებას იმსახურებს ტრილოგიის ცენტრალური მომენტი – “ძალმოსილების ბეჭედი” – რომელიც არა მხოლოდ “ედდას”, არამედ, მრავალ სხვა წყაროს უკავშირდება და, ალბათ, შეიძლება ვთქვათ, რომ იგი ტოლკიენისეულ მხატვრულ სამყაროს მთელი ევროპული მითოლოგიური სამყაროს ნაწილად აქცევს. ჯადოსნური ოქროს ბეჭედი, შექმნილი ბოროტების უზენაესი განსახიერების, საურონის მიერ სამყაროს დასამონებლად, თავისი უკეთური ძალით იმონებს, სულიერად რყვნის და საბოლოოდ ღუპავს ნებისმიერ არსებას, რომელსაც ის ჩაუვარდება ხელში. ბეჭედი წარმოგვიდგება სამყაროს უკეთურ ცენტრად, ყოველი არსების ბედისწერის მოდარაჯე ბოროტ ძალად, საერთოდ _ ბოროტების სიმბოლოდ. საინტერესოა, რომ პირველად ბეჭედი ჩნდება “ჰობიტში”, მაგრამ იქ ავტორი ჯერ არ ანიჭებს მას ასეთ მნიშვნელობას: ეს უბრალოდ ჯადოსნური ბეჭედია, თავის პატრონს უხილავს რომ ხდის.
“ედდას” გვიან სიმღერებში, ნიბელუნგების ციკლში, გვხვდება ასეთი ბეჭედი: ნიბელუნგების საგანძური შეიცავს ოქროს ბეჭედს, რომელიც თავის პატრონს სიმდიდრეს უმრავლებს. შესაძლოა, უფრო დიდი გავლენა “ძალმოსილების ბეჭდის” იდეაზე იქონია ჯადოსნურმა წისქვილმა სამპომ, რომლის გარშემოც ვითარდება “კალევალას” ძირითადი სიუჟეტი. ისიც თავის პატრონს განუსაზღვრელ სიმდიდრესა და ძალაუფლებას ანიჭებს და, ამავე დროს, შეიცავს რაღაც იდუმალ, თავდაპირველად ალბათ საკულტო მნიშვნელობას. თუკი “კალევალას” პერსონაჟები დაჟინებით იბრძვიან სამპოს მოხელთებისათვის, ტოლკიენთან, მართალია, ბევრს სურს ბეჭდის მეშვეობით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მაგრამ მთავარი გმირები, ისინი, ვინც იცის, რომ ეს ძალაუფლება მოჩვენებითი და დამღუპველი იქნებოდა, პირიქით, ცდილობენ გაანადგურონ ბეჭედი და ამით იხსნან “შუა მიწა” ბოროტებისაგან. ამდენად აქცენტირებულია არა ჯადოსნური ნივთის ფლობა-გამოყენება, არამედ მასზე უარის თქმა, მისი განადგურება. ხდება ტრადიციული ზღაპრულ-მითოლოგიური მოტივის ამოტრიალება.
სწორედ ბეჭდის განადგურებაა ტრილოგიის ცენტრალური მოქმედების, სახიფათო მოგზაურობის მიზანი, რითაც, ისევ და ისევ, ხდება ტრადიციული მოტივის, ძიების (“quest”) ამოტრიალება. ეს მოტივი უკავშირებს “ბეჭდების მბრძანებელს” “ედდასა” და “კალევალასთან” შედარებით უფრო გვიანდელ, შუა საუკუნეების ტრადიციას: ესაა წმინდა გრაალის ძიების გარშემო შექმნილი სარაინდო რომანების ციკლი. ეს ტრადიცია, რომლის ცენტრშიც წმინდა საგანი, გრაალია მოქცეული, სამყაროს ჰორიზონტულ სიბრტყეზე გაჭიმულად ხედავს. თავისი უშორესი მიზნის მისაღწევად, მიღმიერთან, საკრალურთან შესახებად ადამიანს აღარ სჭირდება ზეცაში ასვლა ან ქვესკნელში ჩასვლა, როგორც ეს უფრო ადრეულ ტრადიციებში ხდება: წმინდა გრაალი დედამიწაზევე ეჩვენება მათ, ვინც მისი ხილვის ღირსია. საინტერესოა, რომ “შუა მიწის” სამყაროს მოდელი, თითქოს უფრო ადრეული მოდელების მიხედვით აგებული, უფრო გრაალის მაძიებელთა მოდელს უახლოვდება იმ გაგებით, რომ არც ის სცილდება ჰორიზონტულ სიბრტყეს. მიწისქვეშა არსებებიც კი ტოლკიენთან კლდეებისა და მთების გამოქვაბულებში ცხოვრობენ (გნომები, მაგალითად, “მიწისქვეშა” კი არა, _ “მთისქვეშა” მოდგმად იწოდებიან), ასე რომ, მაინც თითქმის ველისა და ტყის ბინადართა დონეზე რჩებიან. პერსონაჟებს უხდებათ ღრმა მაღაროებსა და ჯურღმულებში ჩასვლა, მაგრამ სამყაროს უძველესი “სამსართულიანი” მოდელი (ქვესკნელი, შუასკნელი, ზესკნელი) ტოლკიენთან მაინც არ “მუშაობს”. მიღმიერი სამყაროც, ვალარების სამყოფელი, არა ზევით, არამედ “შორეულ ზღვებს მიღმა”, “დასავლეთით” მდებარეობს. აქ ვხედავთ კავშირს მრავალ სხვა ტრადიციასთან – ზოგიერთი მათგანი ასევე უძველესია: მაგალითად, ეგვიპტურ მოთოლოგიაში საიქიო დასავლეთით მდებარეობს, – მაგრამ, პირველ რიგში, ვგულისხმობთ სარაინდო-მისტიკურ ტრადიციას: მეფე ართურის განსასვენებელი ადგილი, ლეგენდარული კუნძული ავალონი, ასევე ზღვის მიღმაა, ართური მისკენ ხომალდით მიემგზავრება, ისევე, როგორც ტოლკიენისეულ ფინალში ელფები სამუდამოდ უტოვებენ ადამიანებს “შუა მიწას” და თავიანთი თეთრი, მსუბუქი გემებით “ზღვის მიღმა” მიემგზავრებიან.
ბეჭდის განადგურების მისია ჩვენ გრაალის ძიების მისიას შევადარეთ. ამას თავისთავად მოჰყვება აზრი, რომ “ძალმოსილების ბეჭედი” შეიძლება დავინახოთ, როგორც გრაალი მინუს ნიშნით, “ანტი-გრაალი” – კიდევ ერთი ამოტრიალება.
ვოლფრამ ფონ ეშენბახის “პარციფალის” – გრაალის გარშემო შექმნილი უმნიშვნელოვანესი რომანის – კითხვისას შეიძლება ძალზე ბევრი და გამაოგნებელი პარალელის აღმოჩენა ტოლკიენისეულ ციკლთან. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ დუალისტური სიმეტრიის სისტემა, რომელიც ორივე შემთხვევაში მოქმედებს: კეთილი და ბოროტი მკვეთრადაა გამიჯნული და ანტიპოდურ წყვილებს ქმნის. ეშენბახთან ბოროტი ჯადოქარი კლინგზორი, ტოლკიენისეული საურონის მსგავსად, მთელი მოქმედების მანძილზე უხილავი ბოროტი ძალის სახით მოქმედებს და ფინალში ისე მარცხდება, რომ თავად არ ჩნდება მკითხველის წინაშე. ეს ტრადიციული მომენტია და აქ შეიძლება გავიხსენოთ უკვდავი კაშჩეი, რომელიც ასევე არ ჩნდება ზოგიერთ რუსულ ზღაპარში და გმირი მას ორთაბრძოლაში კი არ კლავს, არამედ საიდუმლო ადგილას დამალულ მის სიკვდილს პოულობს. იმ საგნების გახსნა-გადატეხვა (კიდობანი, კურდღელი, იხვი, კვერცხი, ნემსი), რომლებშიც ჩადებულია კაშჩეის სიკვდილი, პირდაპირ მიმართებაშია ბეჭდის განადგურების აქტთან: როგორც კი გადატყდება ნემსი, კაშჩეი კვდება; როგორც კი ბეჭედი ვარდება ბედისწერის მთის კრატერში, საურონი მთელ თავის ციხე-კოშკთან ერთად ნადგურდება და ქრება.
ეშენბახთან გვაქვს ანტიპოდური წყვილი კლინგზორი – ანფორტასი (გრაალის სნეული მეფე). ორივე დასაჭურისებულია. ტოლკიენთან გვყავს საურონი და ფროდო, ორივეს მოკვეთილი აქვს არათითი, რომელზეც “ძალმოსილების ბეჭედი” ეკეთათ. კლინგზორის სასახლეში არის ერთგვარი “ანტი-გრაალი” – ჯადოსნური სვეტი, რომელშიც შეიძლება მოვლენებისათვის შორეულ მანძილზე თვალის დევნება (ტელევიზორის მსგავსი საგანი). ბეჭდის მეშვეობით საურონის “უძინარი თვალი” ჭვრეტს სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. გრაალის სამეფოს განსაცდელს შეესაბამება უმეფოდ დარჩენილი გონდორის სამეფოს ბედი. აგრეთვე ძალზე საინტერესო იქნება ჩავუღრმავდეთ იმ მომენტს, რომ ელფების გრძნეული ცოდნა ვარსკვლავებს უკავშირდება. ისინი საგალობლებს უმღერიან ვარსკვლავების შემოქმედ ვალარ ქალს, ელბერეტს. ეს სახელი ჟღერადობით უახლოვდება ვარსკვლავს სახელწოდებით “Almaret”, რომელსაც მოიხსენიებს ეშენბახის პერსონაჟი, გრძნეული კუნდრი. ეს პლანეტა მარსის კიდევ ერთი დასახელებაა. მთელი ტოლკიენისეული ეპოპეა კი, შეიძლება ითქვას, მარსის ნიშნით მიმდინარეობს: ცენტრალური ადგილი აქ უკავია გრანდიოზულ ომს, რომელშიც “შუა მიწის” მთელი ხალხები არიან ჩაბმულნი.
ტოლკიენთან შეინიშნება სლავური გავლენებიც. მაგალითად, საინტერესო შედეგი შეიძლება გამოიღოს კვლევამ იმისა, თუ რა კავშირია მდინარეთა რუსულ დასახელებებს `Дон~, “Дунай” და “შუა მიწის” უძველეს მოდგმას, დუნადანელებს შორის. რუსულში ეს ძირი სანსკრიტიდან მოდის (“dhuni” – “მდინარე”) და საკრალური მდინარის თუ ზღვის, საერთოდ მიღმიერი განზომილების მითოლოგიურ სახეს უკავშირდება. სლავური მითოლოგიიდან ტოლკიენმა ისესხა სახელები “რადეგასტი” (წარმართული ღვთაება, რომელიც ტოლკიენმა ცხოველთა და ფრინველთა მფარველ ჯადოქრად აქცია), “სმოგი” – დრაკონის სახელი (დას. სლავურ ტრადიციაში: “Цмок”) და ალბათ არა ერთი სხვა.
შეიძლება ვისაუბროთ კიდევ ერთ პარალელიზმზე, რომელიც ტოლკიენისეულ სამყაროს ქრისტიანულ ტრადიციასთან აკავშირებს. მაგრამ აქ სიფრთხილე გვმართებს თუნდაც იმიტომ, რომ ეს პარალელიზმი ზემოთგანხილული შემთხვევებისაგან არსებითად განსხვავდება. ტოლკიენის “მითოლოგიას” არც ერთი კონკრეტული ელემენტი არა აქვს ნასესხები ქრისტიანული მითოლოგიიდან, იგი იმთავითვე მიგვანიშნებს უფრო ძველ, ზღაპრულ-წარმართულ წყაროებზე. ამავთანავე, როგორც ვნახეთ, ტოლკიენისეულ სამყაროს საკმაოდ ბევრი აქვს საერთო გრაალის ტრადიციასთან, რომელიც უძველეს წარმართულ ტრადიციათა მრავალფეროვან მემკვიდრეობას სწორედ ქრისტიანობის საერთო ველში აერთიანებს. შეიძლება ითქვას, რომ ტოლკიენისეული სამყარო უხილავადაა განმსჭვალული ქრისტიანული სულისკვეთებით, მისით სუნთქავს, ოღონდაც არ ვგულისხმობ ქრისტიანობას, როგორც დოგმატიკას თუ მორალურ-დიდაქტიკურ მოძღვრებას. თავად ტოლკიენი ძალიან ხშირად უსვამდა ხაზს იმას, რომ იგი მორწმუნე კათოლიკეა. ამავე დროს აშკარაა, რომ ის კონფესიური დოგმებისაგან თავისუფალი, უაღრესად საღი ადამიანი იყო. ქრისტიანული სულისკვეთება, როგორც სიკეთე, უბრალოება, უფლის ქმნილების სიყვარული და მისთვის მსხვერპლის გაღება – სწორედ ესაა თავად ტოლკიენის და მისი წიგნების სულიერი საფუძველი.
ტოლკიენის მთავარი პერსონაჟი, ჰობიტი ფროდო, “შუა მიწის” ყველაზე პატარა მკვიდრი, აღმოჩნდა ერთადერთი, ვისაც შეეძლო ეკისრა ბეჭდის განადგურებისა და სამყაროს გადარჩენის მისია: მხოლოდ მასზე არა აქვს ბეჭედს დამღუპველი გავლენა, იმდენად უბრალო და სუფთა სული, იმდენად ძლიერი ნება აღმოაჩნდა მას. ფროდომ, ფიზიკურად სუსტმა, განახორციელა თითქმის შეუძლებელი მოგზაურობა ბოროტების საუფლოში, მორდორში. საკუთარი გადარჩენის არავითარი იმედი არ ჰქონდა, მას ამოძრავებდა მხოლოდ ჩანაფიქრის შესრულებისაკენ სწრაფვა, თუმცა ბოლო ეტაპზე, თითქმის მიზანთან მისულს, ბეჭდის ცდუნებამ ლამის სძლია. ფროდოს მრავალი მეგობარი დაეხმარა, მაგრამ სულ ბოლომდე მხოლოდ მისი მსახური, ერთგული სემი მიჰყვა. მან ზურგზე აიკიდა დაუძლურებული და გონებადაბინდული ფროდო და ასე აიყვანა ბედისწერის მთის მწვერვალზე. მათ კვალდაკვალ მისდევდათ გოლუმი, რომელიც ბეჭდის გამანადგურებელმა ძალამ ბოლომდე დახრა, მიწაზე მხოხავ უბადრუკ არსებად აქცია. ბეჭდის მოხელთების სურვილი მას მოსვენებას არ აძლევდა, ის ზომბისავით უკან მისდევდა ბეჭედს, მაგრამ ფინალში ის თავისდაუნებურად დაეხმარა მისიის აღსრულებას იმით, რომ ფროდოს – რომელიც გადამწყვეტ მომენტში ბეჭედს ვეღარ თმობდა – ბეჭდიანი თითი მოჰკვეთა და თავის სანატრელ ნივთთან ერთად ცეცხლოვან უფსკრულში ჩავარდა. ბოროტების დამარცხების შემდეგ ფროდომ დატოვა ადამიანთა სამყარო ელფებსა და მათთან ერთად, ვინც რაიმე მონაწილეობა მიიღო ბეჭდის ამბავში. ფიზიკურმა და სულიერმა განსაცდელმა მხიარული ფერხორციანი ჰობიტი გამხდარ, ფერმკრთალ, ფიქრიან არსებად აქცია, ნაკვთები გაუნატიფა ისე, რომ მეგობრები შენიშნავდნენ, ფროდო თანდათან ელფს დაემსგავსაო. მის არსებაში მომხდარი ცვლილება იმდენად დიდია, რომ ის აბსოლუტურად ამოვარდა ჩვეული მიწიერი ცხოვრებიდან. თითქოს სწორედ ტოლკიენის პერსონაჟებს გულისხმობს ფრიდრიხ ნიცშეს ერთ-ერთი აფორიზმი: “ვინც ურჩხულებს ერკინება, სიფრთხილე მართებს, რათა თავადაც ურჩხულად არ იქცეს. და როდესაც დიდხანს იხედები უფსკრულში, იცოდე, რომ უფსკრულიც ჩაიხედავს შენში”. ბეჭედთან შეხების შემდეგ “შუა მიწის” მრავალი არსება იქცა ურჩხულად, ხოლო ფროდო იმდენ ხანს იხედებოდა უფსკრულში, რომ უფსკრულმაც – საურონის უძინარმა თვალმა – ჩაიხედა მის სულში და წარუშლელი კვალი დატოვა მასში. თუმცა ფროდო ფიზიკურად გადარჩა, მან მაინც შესწირა საკუთარი თავი, საკუთარი მიწიერი ხვედრი თავისი სამყაროს გადარჩენას. მისი ადგილი ამიერიდან მხოლოდ მარადისობაა.
ტოლკიენი გვიამბობს სიკეთისა და მშვიდობის დამკვიდრების ამ მარად უცვლელ და მარად ახალ ამბავს, რომელიც აერთიანებს ევროპის მთელ მითოსურ მემკვიდრეობას და აერთიანებს მას ერთი გამჭოლი თემით – ქრისტიანობით. დასავლურ სულიერებაზე უდიდესი გავლენის მქონე და, ამავე დროს, თანამედროვე დასავლეთის მიერ ყველაზე დაჟინებით უარყოფილი ეს ტრადიცია ტოლკიენისეული ზღაპრული სამყაროს კონტექსტში, ერთის შეხედვით, პარადოქსულად და მოულოდნელადაც კი გვევლინება, ავტორი განგებ ნიღბავს მას, რათა საბოლოოდ დაგვარწმუნოს ჩვენს მიერ უარყოფილის, “მობეზრებულის” ჭეშმარიტებაში. ზემოთ ციტირებულ ესსეში ტოლკიენი ამბობს: “სახარებებში ვხვდებით ჯადოსნურ ზღაპარს ან, უფრო სწორედ, იმ ყოვლისმომცველ ამბავს, ყველა ჯადოსნურ ზღაპარს რომ შეიცავს… ამ ამბავს ახასიათებს რეალურის შინაგანი ლოგიკურობა. არ არსებობს სხვა ზღაპარი, რომლის დაჯერებაც ასევე ძლიერ სურდეს ადამიანს… იგი საოცრად დამაჯერებელია, რადგანაც შესაქმისეული ხელოვნების ენით გვესაუბრება… ხელოვნება თავად სიუჟეტში სუფევს და არა მის გადმოცემაში, სიუჟეტი კი ევანგელისტების შექმნილი არ არის… სახარებამ როდი აღმოფხვრა, პირიქით – გააპატიოსნა ჯადოსნური ზღაპარი მისთვის დამახასიათებელი კეთილი ბოლოთი”. უზენაესი ხელოვნება – სამყაროს შემოქმედება – მარადი მაგალითია ხელოვანისათვის და ისიც, თავისი შემოქმედის მსგავსად, “მეორად” სამყაროებს ქმნის. ასეთი მეორადი სამყაროებია კულტურული, მითოსური, რელიგიური ტრადიციები, რომელიც ერთმანეთს ცვლის კაცობრიობის ცივილიზაციებთან ერთად. სწორედ ამას გვეუბნება ტოლკიენი თავის ლექსში, რომლის ორიგინალი, სამწუხაროდ, ხელთ არ მაქვს, მაგრამ თავს მაინც ვაძლევ იმის უფლებას, რომ იგი აქ მოვიყვანო შესანიშნავ რუსულ თარგმანში, რომელიც ს. კოშელიოვის მიერაა შესრულებული:
 
“[Из письма человеку, считавшему сказки и мифы враньём]
Мой милый сэр, – писал я, – не навек
Был осуждён и проклят человек.
Пусть благодати ныне он лишен,
Но сохранил ещё свой древний трон.
Ведь белый луч, через него пройдя,
Рождает семь цветов; они ж плодят
Живые образы – сознания дары.
Так он творит вторичные миры.
Пускай мы спрятали за каждый куст
Драконов, эльфов, гоблинов. И пусть
В богах смешали мы со светом мрак –
Мы обладаем правом делать так.
Как прежде, праву этому верны,
Творим, как сами мы сотворены”

თეა თოფურიას „გასაღვიძებელი ზღაპრები“

0

ზაზა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია – ჩემი ქმარი. ადრე ერთხელ დავწერე 1.80 სმ. მუზას ვეძებ-მეთქი და ოლიმპოელებმა გეგმას თითქმის 20 სანტიმეტრით გადააჭარბეს.

ზაზა მათემატიკოსია, სულ სხვადასხვაგვარი გემოვნება გვაქვს, მას – საშინელებათა ჟანრის ფილმები მოსწონს, მე – მელოდრამები მირჩევნია, მას – სამეცნიერო ფანტასტიკა უყვარს, მე – ბიოგრაფიული რომანები, მისთვის ქართული პოეზია გალაკტიონ ტაბიძით მთავრდება, ჩემთვის პირიქით, გალაკტიონ ტაბიძის შემდეგ იწყება. მას დაბალი გოგოები მოსწონს, მე მაღალი ბიჭები.

ერთადერთი, რაც ორივეს ერთნაირად მოგწონს – ჩვენი ბავშვობის წიგნები და მულტფილმებია.

როცა დავსხდებით და ლინდგრენსა თუ ეკზიუპერიზე საუბარს ვიწყებთ და „ ბემბისა” თუ „ ნისლში მობოდიალე ზღარბის ისტორიებს ვუყურებთ, ისეთი შეხმატკბილებულები ვხდებით, ჩვენს ყურებას არაფერი ჯობია.

ხოდა, მოკლედ, ერთი პატარა ეჭვიანობის ამბავზე მინდა მოგიყვეთ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წიგნის ფესტივალზე თეა თოფურიას „ გასაღვიძებელი ზღაპრები” ვიყიდე. ზაზასთვის არა, გიოსთვის, ჩემი პატარა შვილისთვის, ყდაზე დავაწერე “გიოს წიგნები” და შინ მოსულმა თაროზე შემოვდე, ლამაზი წიგნი იყო, წითელყდიანი, თვალში რომ მოგხვდება , ეგეთი.

ზაზა ჩვეულებრივად, საღამოს 9 საათისთვის დაბრუნდა სახლში, ივახშმა, ცოტა ხანს გიოსთან ითამაშა და . . . მერე უბრალოდ დავკარგე.

ბიბლიოთეკაში შესულმა თაროზე შემოდებული წითელი წიგნი დაინახა, ჩამოიღო და კითხვა დაიწყო.

შევიდოდი ოთახში – გავუვლიდი, გამოვუვლიდი, ის კი ზედაც არ მიყურებდა, კითხულობდა „ გასაღვიძებელ ზღაპრებს” და კვდებოდა სიცილით, ისე, ბავშვივით იცინოდა.

მერე გიო შევუშვი, გიომ თავისი პატარა ბურთი ესროლა, მერე მანქანა გაუგორა, მერე მუსიკალური სათამაშო აახმაურა – არანაირი შედეგი, ზის ეს ჩვენი ზაზა, კითხულობს „ გასაღვიძებელ ზღაპრებს” და იცინის.

ჯერ სამზარეულოში ფოლგაში გახვეული ხორცის შეწვა დავიწყე – იქნებ სუნმა შეაწუხოს და გამოვიტყუო – მეთქი, მერე კექსიც შევაგდე აირღუმელში, ბევრი ვანილით- არანაირი შედეგი, თქვენც არ მომიკვდეთ, ზის ეს ჩვენი ზაზა, კითხულობს და კვდება სიცილით.

გიო დავაძინე, მეორე დღის სადილი მოვამზადე, ტელევიზორი ავახმაურე, ჭურჭელი დავრეცხე, ავეჯი გადავაადგილ-გადმოვაადგილე. მაინც ვერაფერი, ზედაც არ მიყურებს. დავწექი და დავიძინე.

მეორე დღეს მკითხა – ეს გოგო ნამდვილად არსებობს, ასეთი რამეები თავში როგორ მოსდისო?

არსებობს მეთქი – ვუპასუხე, ისევე, როგორც მაგნიტური ღრუბლები, ქვეყანა, სახელად პ, სიზმრის ცხვრები, რომლებიც, როცა შეყვარებული ხარ, თაფლს იწველებიან, თოვლისა თუ ფერადი მთების ქვეყნები და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი სიმართლე:

„ მართას დამ ზღაპარი დაასრულა და ერთ ჟურნალში დაბეჭდა. მეორე დღეს ის ყვირილმა და აურზაურმა გამოაღვიძა. სახლის წინ მშობლები შეკრებილიყვნენ. ხელში პლაკატები და გადახეული ჟურნალის ნაფლეთები ეჭირათ.
-რა მოხდა? – მართას და პიჟამის ამარა გამოვიდა აივანზე. ხალხი აზუზუნდა.
-რას შვრები? გვეგონა კარგი მწერალი იყავი. შენ კიდევ რაებს წერ? ბავშვები აგვიტირდნენ, ვეღარ დაგვიწყნარებია. ყველას ის გოგო ეცოდება. ვის გაუგია ასეთი პატარებისთვის სიმართლის მოყოლა. მეზღაპრე ხარ თუ ჟურნალისტი? ახლავე შეცვალე დასასრული!
– – არაფერსაც არ შევცვლი, – გადმოსძახა მართას დამ აივნიდამ.
-რამე მოიგონე!
-არაფერსაც არ მოვიგონებ! – მართას და ისევ ლოგინში ჩაწვა.”
ეს ის მართას დაა, მთელი ღამე ქრისტე ღმერთის მონაყოლ ამბებს რომ ისმენდა.

რას გვაუწყებს დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის «საფლავი მეფის ირაკლისა»?

0

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების 150 წლისთავი, რომელიც წელს, 1995 წელს აღინიშნება, საკმაოდ განსხვავებული იქნება გარდაცვალების 100 წლისთავის იუბილისაგან, რომელიც 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ეიფორიაში აღინიშნებოდა; განსხვავებული იქნება არა მხოლოდ იმით, რომ ბორის პასტერნაკი (ან სხვა რუსი პოეტი, _ თუმცა მისი რანგისა დღევანდელ რუსეთში ძნელად თუ მოიძევება) არ წაიკითხავს პოეტის ლირიკის მისეულ თარგმანებს თბილისის საოპერო თეატრის სცენიდან და არც მხოლოდ იმით, რომ პოეტის თხზულებათა ახალი, საგანგებო გამოცემა არ დაიბეჭდება (რადგან დღევანდელ საქართველოს არა აქვს ქართველ კლასიკოსთა საიბილეო გამოცემის შესაძლებლობა, – მით უმეტეს, ისე შესანიშნავად, როგორც ეს 50 თუ 60 წლის წინ ხერხდებოდა), – მთავარი განსხვავება ისაა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების 150 წლისთავის იუბილე, ალბათ, პირველი იქნება უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, როცა «მერნის» ავტორის «პროგრესულობა» იმით აღარ შეფასდება, თუ რა პოზიცია ეკავა პოეტს საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხში და პოეტის ჯანსაღი და სწორი პოლიტიკური ორიენტაციის ხაზგასასმელად გადაჭარბებული მნიშვნელობა აღარ მიენიჭება მის ლექსს _ «საფლავი მეფის ირაკლისა».

მაგრამ, შესაძლოა, ამ ლექსის ხელახლა გადაკითხვა სწორედაც ახლა იყოს უპრიანი _ რუსეთთან ჩვენი ტკბილ-მწარე ურთიერთობების ახალ მოსაბრუნზე, როცა საქართველოს ხსნა და მომავალი ისევ რუსეთის გადასაწყვეტია (და იყო?!), ოღონდ ჩვენ ამჯერადაც არ ვიცით (და არ ვიცოდით?!), რას გვიპირებს ჩვენი ჩაწიხლვისა და იმედის ამოუწურავი წყარო; და როგორც საუკუნეების განმავლობაში, ჩრდილოელი მეზობლის მიმართ ჩვენი გრძნობები _ სასოება და აღშფოთება _ ისევ განუწყვეტლად ენაცვლება ერთმანეთს.

«საფლავი მეფის ირაკლისა» ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის მწვერვალებს არ განეკუთვნება, თუმცა მისი ნაწერების მეტად მცირე მოცულობის, მეტად მცირე რაოდენობის გამო პოეტის ყოველი სტრიქონი განსაკუთრებული მოწიწებითაა მოცული, მაგრამ ამჯერად ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ პოეტს ასე ცალსახად, აშკარად, ერთმნიშვნელოვნად, თითქმის პუბლიცისტურად სხვაგან არსად განუცხადებია თავისი დამოკიდებულება რუსეთის (და რუსეთის ქართული პოლიტიკის) მიმართ, ან უფრო ზუსტად, ერეკლესეული ორიენტაციის მიმართ, თან ამ ლექსში ის გაორებაა დაძლეული, რომელიც სამი წლით ადრე დაწერილ «ბედი ქართლისაში» ასე აშკარად იგრძნობა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი ფილოსოფიური სიღრმითა და გაქანებით პოემა უკან იტოვებს ლექსს, _ იქ კი, სადაც ფილოსოფიური ნაპერწკალი გაკრთება, ერთმნიშვნელოვანი პასუხების ძებნა უიმედო საქმეა. «ბედი ქართლისა» გარდაუვალობის წინაშე ტრაგიკულ დამორჩილებას ასახავს და ამიტომ პოემის ფინალი ყოველგვარი ლოგიკის, ემოციის, განსჯის მიღმა დგას, ამიტომ ჟღერს ბედისწერის დარტყმასავით ბოლო სტრიქონები:
მაგრამ ამაო იყო ყოველი:
დიდი ხანია, გულს ირაკლისა,
გარდუწყვეტია ბედი ქართლისა!

ლექსში «საფლავი მეფის ირაკლისა» კი პოეტი საღი, ლოგიკური, პრაგმატული მსჯელობის შედეგად აყალიბებს თავის შეხედულებას, თუ რა მოუტანა ქვეყანას მისი პაპისპაპის არჩევანმა (ცნობილია, რომ ბარათაშვილი ერეკლეს პირდაპირი მემკვიდრე _ მისი შვილისშვილის შვილი იყო), მაგრამ ეს არაა პოეტის უშუალო, შინაურული საუბარი თავისი წინაპრის აჩრდილთან, _ ამ ლექსში იმის ამოკითხვა შეგვიძლია, თუU რას ელოდა საქართველო რუსეთისაგან და ან როგორ წარმოედგინა რუსეთის მისია საქართველოში თუ მთელ ქართველობას არა, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, იმ ნაწილს მაინც, რომელსაც ოცდახუთი წლის ნიკოლოზ ბარათაშვილი მიეკუთვნებოდა.

პოეტურ ნაწარმოებში საზოგადოებრივი აზრის მანიფესტაციის ამოკითხვა, ალბათ, მკრეხელობა და მხატვრული უგრძნობელობაა, მით უმეტეს, როცა კარგად მოგვეხსენება, რომ ბარათაშვილისნაირი პოეტები უმთავრესად საკუთარ თავსა და ღმერთს ესაუბრებიან, მაგრამ «საფლავი მეფის ირაკლისა» აშკარად საყოველთაობის ნიშნითაა აღბეჭდილი და ამ საზეიმო, პათეტიკურ ოდაში პოეტი მეფე-პატრონს ქვეშევრდომთა ან ქვეშევრდომთა შთამომავლების სახელით მიმართავს, მათ ხმასა და სათქმელს წარმოადგენს:
აჰა, აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი
და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი.

მაინც რა იყო ეს «ნაყოფი»? რას ემადლიერებოდა რუსეთს შეგნებული, მოაზროვნე, ქართულად მოფიქრალი ქართველი?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გასახსენებელია საუკუნეების მანძილზე ჩვენს ცნობიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი რეალობა, რომ საქართველო მსოფლიო საქრისტიანოს მესაზღვრეა _ აქედან გამომდინარე, ყველა მძიმე, მტკივნეული და საპატიო მოვალეობით, რომ საქართველოს შემდეგ ისლამური ოკეანე იწყება, საქართველოს დაცემა კი ქრისტიანული სამყაროს საზღვრის გადანაცვლებას, მისი სივრცის შემცირებას გამოიწვევს.

იდეოლოგიური მოძღვრება ამ «მესაზღვრეობის» შესახებ ისლამური გარემოცვის აღმოცენებისთანავე ჩაისახა (ყოველ შემთხვევაში, ამ თვალსაზრისს გამოხატავს უკვე VIII საუკუნის ქართველი მწერალი იოანე საბანისძე, _ «აბო ტფილელის წამების» ავტორი). ქართულ ცნობიერებას ყოველთვის თრგუნავდა ისლამური საფრთხის, ისლამური საშიშროების შეგნება (და შეგრძნება) და ჩვენი საგარეო პოლიტიკაც ძირითადად ამ საფუძველზე იყო აგებული: ყველა პოტენციურ ქრისტიან მფარველს ვარწმუნებდით, რომ საქართველოს დაცვა მათ უშუალო ინტერესებს ემსახურებოდა, მათი ქრისტიანული მეობის უსაფრთხოებას, რადგან საქართველოსათვის დახმარების აღმოჩენით ისინი საერთოქრისტიანულ გალავანს ჰმატებდნენ (ან შეჰმატებდნენ) სიმყარესა და ურყევობას.

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან მიერთებიდან ორმოცი წლის შემდეგ ბარათაშვილი მადლიერებას გამოხატავს ერეკლეს მიმართ, რადგან როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმორწმუნე რუსეთის კალთას შეფარებულ ქვეყანას აღარ ემუქრება ის ისლამური ქარიშხლები თუ წყალდიდობები, რასაც ლექსში «კასპიის ღელვა» და «შავი ზღვის ზვირთნი» განასახიერებენ (იგულისხმება, ერთი მხრივ, სპარსეთი _ ირანი და, მეორე მხრივ, ოსმალეთი _ თურქეთი). პოეტი ამბობს, რომ საქართველოში მრავალი საუკუნის შემდეგ პირველად დამყარდა მშვიდობა და ქართველობას, ბრძოლების მაგივრად, ადამიანური, ნორმალური, სამოქალაქო ცხოვრების დაწყების საშუალება მიეცა:
სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,
მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი.

აქ კი ბარათაშვილისა და მისგვარად მოაზროვნეთა კიდევ ერთი იმედია გაცხადებული _ «სამშვიდობო მოქალაქის მმართველობა» ან «მშვიდობიანი სამოქალაქო მმართველობა», როცა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია საგანგებო წესები, საომარი ვითარება, სამხედრო მდგომარეობა, მაგრამ აქ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის «მოქალაქე», რომელიც ძველ ქართულში წმიდანს, ასკეტური ცხოვრებით მცხოვრებ მოღვაწეს ნიშნავდა, პოეტი კი საუკუნენახევრის წინ ამ ტერმინს არა მარტო იმ მნიშვნელობით ხმარობს, რაც არასამხედრო პირს გულისხმობს და კიდევ ნაკლებად ქალაქში მცხოვრებს, არამედ, შესაძლოა, იმ შინაარსსაც ვარაუდობდეს, რასაც ჩვენ ვდებთ დღეს საკმაოდ გაცვეთილ გამოთქმებში: «სამოქალაქო საზოგადოება», «სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა», «სამოქალაქო ცნობიერება».

აი, რისი მოლოდინი, რისი იმედია გაცხადებული ამ სიტყვებში, _ იმედი, რომ საქართველოში რუსეთი ცივილიზაციას მოიტანდა, იმ ცივილიზებულ ანუ სამოქალაქო ურთიერთობებს, როცა ყველა უთანხმოება საყოველთაო კანონის, წესდების, ხელშეკრულების საფუძველზე წყდება და არა ცემა-ტყეპითა და მუშტი-კრივით, როცა ყველა მოუგვარებელი საკითხი ბიუროკრატიულ-საკანონმდებლო მაგიდასთან გვარდება, თუნდაც უთვალავი ზედმეტი და გამაღიზიანებელი ქაღალდით გადაჭედილ მაგიდასთან, ოღონდ არა ხელჩართული ბრძოლის ველზე. «სამშვიდობო მოქალაქე» ამგვარად მართავს ქვეყანას და როცა ბარათაშვილი ამ სტრიქონებს წერდა, ბევრი ევროპული იმპერია თავისი შინაური ცხოვრების მოწყობის უკვე ამგვარ გზას ადგა, _ მაგრამ არა რუსეთი, სადაც მთელი მისი ისტორიის მანძილზე მოხელის (ჩინოვნიკის) გუნება-განწყობა კანონის ფუნქციას ასრულებს, ხოლო თვითმპყრობელი იმპერატორის ნება ნებისმიერ კანონს ენაცვლება ან აღემატება. ცივილიზაცია ევროპული მოვლენაა, რომელიც ამ ძველი კონტინენტის ათასწლოვანი ტრადიციების გაგრძელება-განვითარებას წარმოადგენს და რომელსაც საფუძვლად უდევს, ერთი მხრივ, რომაული სამართალი და, მეორე მხრივ, ანტიკური კულტურული მემკვიდრეობა, საშუალო საუკუნეებში კი მათ კიდევ ერთი საყრდენი სვეტი შეემატა _ რომის ეკლესია. ამ საფუძველთა განხილვა და შეფასება ძალზე რთულ და გრძელ საუბარს მოითხოვს (რომ აღარაფერი ვთქვათ საკითხთა საკამათო და საჭოჭმანო განზომილებების შესახებ), მაგრამ ფაქტია, რომ ევროპა ამ ჩარჩოებში ყალიბდებოდა, რუსეთი კი განვითარების განსხვავებულ გზას მიუყვებოდა, და ამ განსხვავებულობას რუსეთის თაყვანისმცემლებიცა და მოძულენიც შეთანხმებულად აღიარებენ.

დაბოლოს, ის კეთილი ნაყოფი, რომელიც ბარათაშვილის ჩამონათვალში პირველია და, შესაძლოა, მისი შეხედულებით, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ დადებით შედეგთა შორის, რაც საქართველოს რუსეთთან შეერთებამ მოუტანა _ განათლება, კულტურა, რომელიც, თუნდაც რუსული ტყვეობის ფასად, თავიანთ ქვეყანაში ჩამოაქვთ სამშობლოში დაბრუნებულ ქართველებს:
ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენ შვილთ მიდამო
მოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო,
მათი ცხოველი, ტრფიალებით აღსავსე სული
უდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა, განცეცხლებული.
ეს ის ქართველებია, რომელთაც, განათლებულთ და შთაგონებულთ, გამთოშავი რუსული ყინულის გადნობაც კი ძალუძთ და რომლებიც რუსეთიდან ჩამოტანილი განათლების თესლს ქართულ ნოყიერ და გამთბარ მიწაზე ათასმაგ ნაყოფს გამოაღებინებენ:
და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს ქვეყანად,
მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალთა ერთი ათასად!

ჩვენი წინაპრების ხანგრძლივი ორიენტაცია ჩრდილოეთზე, სხვა მიზეზთა გარდა, კულტურული იზოლაციიდან თავის დაღწევის მცდელობაც იყო, მტკივნეული სწრაფვა ევროპული კულტურისაკენ, _ სწორედ ევროპული, რადგან ჩვენი აღმოსავლელი მტერ-მოყვარე მეზობლის, ირანის, მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვანი ხელოვნება და ლიტერატურა ქართველებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. რუსეთი კი იმ ხიდად იყო მიჩნეული, რომელიც საქართველოს ევროპული განათლებისა და სულიერი ცხოვრებისაკენ გაუხსნიდა გზას. აღსანიშნავია, რომ თავად რუსული კულტურა ევროპულ გარემოში მხოლოდ ხანმოკლე დროით იყო ჩართული; მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ, ყოველ შემთხვევაში, იმ დროს, როცა «საფლავი მეფის ირაკლისა» იწერებოდა, ის თავის აღმართს იყო შემდგარი. იმ დროიდან რუსეთი გენიალურ ადამიანთა ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა, მაგრამ კულტურული ცხოვრების ინტენსიურობამ, კულტურულმა გარემომ, ფასეულობათა ევროპულმა კრიტერიუმებმა მხოლოდ რამდენიმე ათწლეულს გასტანა.

ოდითგანვე იმპერიებს ცივილიზატორული ფუნქცია ეკისრებოდათ, _ კოლონიებში მათ თუნდაც სკოლები, გზატკეცილები (ან რკინიგზა) და წამალი შეჰქონდათ. რუსეთი, მართალია, უმთავრესად მტრულად იყო განწყობილი ცივილიზაციის მიმართ, მაგრამ XIX საუკუნეში იმპერიის მახასიათებელ სამ ნიშანს მაინც ატარებდა: მეტროპოლიაში დაუნჯებული იყო ძალა, სიმდიდრე და კულტურა. ბოლშევიკურმა რევოლუციამ სიმდიდრის მოსპობა თავის ერთ-ერთ მიზნად დაისახა, კულტურა და განათლება ან განადგურდა ან ნელ-ნელა დაიწრიტა, ამიტომ საბჭოთა პერიოდში იმპერიის მახასიათებელთაგან მას მხოლოდ და მხოლოდ ძალაღა შერჩა.

დღეს საქართველოს ისევ ევროპულ კალაპოტში, ევროპულ დინებაში ჩართვა ეიმედება და ისევ რუსეთის პირისპირ დგას, ოღონდ იმ რუსეთისა, რომელსაც ძალაც შესამჩნევად შეჰრყევია, სიმდიდრე ჯერჯერობით სრულებით არ ემუქრება, ხოლო ევროპულ კულტურას საკმაოდ დაჰშორებია.

ქართულ ცნობიერებაში ერეკლე მეფე არა მარტო უმაგალითო ვაჟკაცობის სიმბოლოდ, არამედ რუსეთთან დამოკიდებულების განსახიერებადაც დარჩება. ამიტომ, ალბათ, დღესაც მის აჩრდილს ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვებით უნდა მივმართოთ:
აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა…
მაგრამ გამოდგება ახლა ეს სიტყვები? რას მივხვდით? ან როგორ მივხვდით? რა განზომილებას იძენს ჩვენი მწარე გამოცდილების შუქზე ბარათაშვილის ეს დაუვიწყარი ლექსი?
პრაჰა, 1995

როგორც ადვილად შესამჩნევია, ეს მცირე ესეი გასულ საუკუნეში დაიწერა, _ ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების 150 წლისთავის გამო. მისი დაბეჭდვა მაშინვე ივარაუდებოდა, მაგრამ მდგომარეობათა გამო ვეღარ მოხერხდა.

და მაინც, ასე ხანგრძლივი დროის შემდეგ მისი ასე დაგვიანებული გამოქვეყნება დღევანდელ საქართველოში, თითქოს, ზედმეტად არ უნდა ჩანდეს. საკითხსაც და სათქმელსაც სიმწვავე ისევ არ დაუკარგავს…

თუ მკითხველი ავტორს ენდობა, იმჟამინდელ ტექსტში ამჟამად ერთი წერტილიც ან მძიმეც არაა შეცვლილი.

 

https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=574&composition=1609

იაპონია, გაორებულობა და მე – ქენძაბურო ოე

0
უკანასკნელი კატასტროფული მსოფლიო ომის დროს პატარა ბიჭი ვიყავი და ვცხოვრობდი აქედან ათასობით მილის დაშორებით, იაპონიის არქიპელაგის კუნძულ სიკოკუზე, მიყრუებულ ტყისპირა სოფელში. იმ დროს აღტაცებაში მოვყავდი ორ წიგნს “ჰეკლებერი ფინის თავგადასავალსა” და “ნილს ჰოლგერსონის საოცარ მოგზაურობას შვედეთში”. მაშინ მთელ მსოფლიოს გადაუარა შიშის ტალღამ. ჰეკლებერი ფინის მსგავსად ღამღამობით მთაში ავდიოდი, მეძინა ხეებს შორის, სადაც თავს უფრო უშიშრად ვგრძნობდი, ვიდრე შინ.

“მოგზაურობის” მთავარი გმირი, პატარა კაცუნად ქცეული, რომელსაც ფრინველების ენა ესმის, დაადგება თავგადასავლებით სავსე გზას. ამ წიგნმა ბევრი სასიამოვნო წუთი განმაცდევინა. ერთი ის, რომ ვცხოვრობდი ტყეში კუნძულზე, ოდითგან რომ სახლობდნენ ჩემი წინაპრები და აღმოვაჩინე, რომ ეს სამყარო და ცხოვრების ასეთი წესი ჭეშმარიტი თავისუფლების მომნიჭებელია. მეორეც, თანავუგრძნობდი ნილსს, წარმოვიდგენდი თავს მის ადგილას, ცელქ ბიჭად, რომელიც მოგზაურობს შვედეთში, ცხოვრობს გარეულ ბატებთან ერთად, ესარჩლება მათ, ინარჩუნებს სიწმინდეს და ხდება გულდაჯერებული და თავმდაბალი. ბოლოს შინ დაბრუნებული საუბრობს მშობლებთან. ვფიქრობ, ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ნაწარმოების ენა, იმდენად, რამდენადაც ვიმეორებდი რა ნილსის სიტყვებს, საოცარ სიფაქიზესა და სულიერ აღმავლობას ვგრძნობდი.

“დედავ და მამავ! – წამოიძახა მან. – მე დიდი ვარ, მე ისევ ადამიანი ვარ!”

განსაკუთრებით მხიბლავდა ფრაზა “მე ისევ ადამიანი ვარ!” ვიზრდებოდი და გამუდმებით ვაწყდებოდი სიძნელეებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: ოჯახში, იაპონურ საზოგადოებასთან ურთიერთობაში და საერთოდ მთელ ჩემს ყოფაში XX საუკუნის მეორე ნახევარში. გადავრჩი იმის წყალობით, რომ ჩემს ტანჯვა-ვაებას რომანის ფორმას ვაძლევდი. წერისას ვამჩნევდი, რომ ჩემდა უნებურად ვიმეორებდი, თითქოსდა ამოვიოხრებდი: `მე ისევ ადამიანი ვარ!~ ალბათ, შეუფერებელია აქ, ამ გარემოებაში საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი ნაწარმოებების სტილის საფუძველი ყოველთვის იყო ის, რომ ვიწყებდი პირადი გამოცდილებიდან, შემდეგ ვუკავშირებდი საზოგადოებას, მერე ქვეყანასა და მთელ მსოფლიოს. ვიმედოვნებ, რომ მომიტევებთ, თუ კიდევ ცოტა ხანს ვილაპარაკებ საკუთარ გამოცდილებაზე.

ნახევარი საუკუნის წინ მიყრუებულ ადგილას წავიკითხე “ნილსის საოცარი მოგზაურობა” და იქ ორი წინასწარმეტყველება ვიპოვე. ერთის თანახმად ოდესმე ფრინველების ენას დავეუფლებოდი, მეორე მიქადდა საყვარელ ბატებთან ერთად გაფრენას… შეიძლება, სკანდინავიაში. როცა დავოჯახდი, პირველი შვილი გონებასუსტი გამიჩნდა. მას ხიკარი დავარქვით, რაც ჩვენებურად `სინათლეს~ ნიშნავს. ჩვილობისას იგი რეაგირებდა მხოლოდ გარეული ფრინველების გალობაზე და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ადამიანის ხმას. ერთხელ ზაფხულში, როცა იგი ექვსი წლისა იყო, ვცხოვრობდით ქალაქგარეთა სახლში. ბავშვმა მახლობელი ტბიდან ჭაობის ქათამურას რაკრაკის ხმა გაიგონა და ფრინველთა გალობის ჩანაწერის ხმით წარმოთქვა: “ეს ჭაობის ქათამურაა”. ეს იყო მისი პირველი სიტყვები. ზუსტად იმ მომენტიდან დაიწყო ჩვენი სიტყვიერი ურთიერთობა შვილთან.

ახლა ხიკარი სწავლობს გონებრივად ჩამორჩენილთა პროფესიული მომზადების ცენტრში, შვედებიდან ნასესხები იდეების საფუძველზე შექმნილ ორგანიზაციაში. ამასთანავე, იგი თხზავს მუსიკალურ ნაწარმოებებს. ფრინველთა წყალობით იგი ქმნის ადამიანურ მუსიკას. საჩემო წინასწარმეტყველება ხიკარის აუხდა, მას ესმის ფრინველთა ენა. ისიც მინდა დავამატო, რომ ვერ შევძლებდი მეცოცხლა, რომ არა ჩემი ცოლის ძალა და სიბრძნე. ის განხორციელებაა აკისა – ნილსის ბატების გუნდის წინამძღოლისა. ჩვენ ერთად ჩამოვფრინდით სტოკჰოლმში და მეორე წინასწარმეტყველებაც, ჩემდა საბედნიეროდ, ამიხდა.

იასუნარი კავაბატამ, პირველმა იაპონელმა მწერალმა-ნობელიანტმა ამ ტრიბუნიდან წაიკითხა ლექცია სათაურით “იაპონია, მშვენიერი და მე”. ლექცია იყო ერთდროულად მშვენიერიც და ბუნდოვანიც. ესაა ბუნდოვანება, უკვე სათაურშივე მინიშნებული, რომელიც განზრახ შექმნა კავაბატამ. იგი შეიძლება ასეც ითარგმნოს: “მე ვეკუთვნი მშვენიერ იაპონიას”(…).

ამ ლექციაში კავაბატა ლაპარაკობს უნიკალურ მისტიციზმზე, რომელიც შეიმჩნევა არა მარტო იაპონურ, არამედ მთელ აღმოსავლურ აზროვნებაში. ვთქვი რა “უნიკალური”, მხედველობაში მქონდა ძენ-ბუდიზმის ტრადიციები. XX საუკუნის მწერალმა კავაბატამაც კი გამოიყენა შუა საუკუნეების მონაზვნების მიერ შექმნილი პოეტური ხერხები თავისი განწყობისა და აზრის მდინარების აღსაწერად. ბუდისტი ბერების ლექსთა უმრავლესობის თემაა ჭეშმარიტების სიტყვიერი გამოხატვის შეუძ­ლებელობა. მათი აზრით, სიტყვა ნაჭუჭშია გამომწყვდეული. მკითხველს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ოდესმე სიტყვები გამოვლენ ლექსებიდან და ჩვენამდე მოაღწევენ. ძენის ამ ლექსების არც გაგება შეიძლება, არც თანაგანცდა, თუკი როგორმე არ შეაღწევ ნაჭუჭში გამომწყვდეულ სიტყვათა შორის, ნებაყოფლობით იტყვი რა უარს საკუთარ “მე”-ზე.

რატომ მიიღო კავაბატამ ასეთი თამამი გადაწყვეტილება – წაეკითხა ეს უკიდურესად ეზოთერიკული იაპონური ლექსები სტოკჰოლმის აუდიტორიის წინაშე? თითქმის ნოსტალგიით ვიხსენებ მისი შესანიშნავი კარიერის დასასრულისათვის მიღწეულ გამბედაობასა და გულახდილობას, რითაც მან საკუთარი რწმენა აღიარა. კავაბატა ათეულობით წლების მანძილზე მოხეტიალე იყო და ამავე დროს, შექმნა უამრავი ნაწარმოები. მოგზაურობის წლების შემდეგ, იკმარა რა იმის აღიარება, რომ აღაფრთოვანებდა ეს მიუკარებელი იაპონური ლექსები, რომელთა სრულყოფილი გაგების ყოველგვარი ცდა ამაოა, შეეძლო ეთქვა: “იაპონია, მშვენიერი და მე”, – მაშასადამე, ესაუბრა სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობდა და ლიტერატურულ ნაწარმოებებზე, რომელიც შექმნა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კავაბატამ თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა:
“ჩემს ნაწარმოებებს ყოველთვის მოიხსენიებდნენ როგორც სიცა­რიელის ნაწარმოებებს, ოღონდ ეს სიცარიელე არ უნდა გავიგოთ, როგორც დასავლური ნიჰილიზმი. სულიერი საფუძველი სულ სხვაგვარია. დოგენმა თავისი ლექსი წელიწადის დროებზე დაასათაურა როგორც “თანდაყოლილი რეალობა” და მაშინაც კი, როცა წელიწადის სხვადასხვა დროის სილამაზეს უმღეროდა, ღრმად იყო ჩაძირული ძენში”.

აქაც ვპოულობ გაბედულ და გულახდილ თვითდამკვიდრებას. ერთი მხრივ, კავაბატა აცხადებს თავის არსებით მიკერძოებულობაზე ძენის ფილოსოფიის ტრადიციისა და იმ ესთეტიკის მიმართ, რომლითაც იკვებება აღმოსავლეთის კლასიკური ლიტერატურა. მეორე მხრივ, ცდილობს განასხვაოს ერთმანეთისაგან თავისი ქმნილებების სიცარიელე და დასავლური ნიჰილიზმი. ამბობდა რა ამას, გულწრფელად მიმართავდა კაცობრიობის მომავალ თაობებს, ვისი დიდი იმედი და რწმენა ჰქონდა ალფრედ ნობელს.

მართალი რომ ითქვას, ჩემს თანამემამულე კავაბატაზე უფრო, ამ ტრიბუნაზე რომ იდგა ოცდაექვსი წლის წინ, ძლიერ სულიერ ახლობლობას ვგრძნობ ირლანდიელ პოეტ უილიამ ბატლერ იეიტსთან, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა სამოცდათერთმეტი წლის წინ. მაშინ იგი დაახლოებით იმ ხნისა იყო, რა ხნისაც მე ვარ. რა თქმა უნდა, თავს არ ვადრი გენიალურ პოეტს, მე მხოლოდ მისი მოკრძალებული მიმდევარი ვარ შორეული ქვეყნიდან (…).

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ვწერდი ტრილოგიას, რომელიც ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობის კულმინაციად უნდა იქცეს. დაიბეჭდა მხოლოდ ორი ნაწილი. ამას წინათ დავამთავრე მესამე, დასკვნითი ნაწილი და ვუწოდე “მოგიზგიზე მწვანე ხე”. ეს სათაური მიკარნახა იეიტსის პოემის ამ სტროფმა:
“არის ხე, რომელიც ყველაზე ზედა რტოდან (ნახევრად რომ სულ მოციმციმე ალისფერია, ნახევრად – სულ მწვანე) დაფარულია ცვარნამით სველი ფოთლებით”.

მართლაცდა, ჩემი ტრილოგია გაჟღენთილია იეიტსის მთელი პოეზიის გავლენით. იეიტისისათვის ნობელის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით ირლანდიის სენატმა გამოაქვეყნა მილოცვა, რომელშიც ასეთი სიტყვებით ურევია: “… აღიარება, რომელიც პოვა ხალხმა მსოფლიო კულტურაში შეტანილი წვლილისათვის იეიტსის წარმატების წყალობით”, “… ხალხი, რომლის კანონებსა და ზნე-ჩვეულებებს აქამდე სხვა ერები არ ცნობდნენ”, “… იეიტსის სახელი ჩადგა ჩვენი ცივილიზაციის დაფასების სამსახურში”, “… ყოველთვის იარსებებს იმის საშიშროება, რომ ბრბომ გაიყოლიოს ნგრევით გატაცების უგუნურებისაგან შორს მდგომი ადამიანებიც”.

იეიტსი ის მწერალია, რომლის მიბაძვასაც ვისურვებდი. ვისურვებდი იმ ხალხის ინტერესების გათვალისწინებითაც, რომლის კანონები და ზნე-ჩვეულებანიც ახლა უკვე ცნეს სხვა ერებმა, თუმცა, ეტყობა, მხოლოდ ელექტრონული და საავტომობილო მრეწველობის მიღწევების წყალობით. მისი მიბაძვა იმიტომაც მინდა, რომ წარმომადგენელი ვარ იმ ხალხისა, რომელიც ნგრევით გატაცების უგუნურებაში იყო ჩაბმული როგორც საკუთარი, ასევე მეზობელი ხალხების ტერიტორიებზე.

როგორც ადამიანმა, რომელიც ცხოვრობს თანამედროვე სამყაროში, ისეთში, როგორიცაა, და როგორც ადამიანმა, რომელსაც წარსულთან მწარე მოგონებები აკავშირებს, არ შემიძლია კავაბატასთან ერთად წარმოვთქვა ფრაზა: “იაპონია, მშვენიერი და მე”. ზემოთ შევეხე კავაბატას ლექციის სათაურისა და შინაარსის “ბუნდოვანებას”. ჩემი ლექციის დარჩენილ ნაწილში მინდა გამო­ვიყენო სიტყვა “გაორებული”, ვითვა­ლისწინებ რა განსხვავებას, რომელიც აღნიშნა ცნობილმა ბრიტანელმა პოეტესამ კეტლინ რეინმა უილიამ ბლეიკზე საუბრისას: იგი იმდენად ბუნდოვანი არაა, რამდენადაც გაორებულიო. საკუთარ თავზე არ შემიძლია ვთქვა სხვა რამ, გარდა ამისა: “იაპონია, გაორებულობა და მე”.

ჩემი დაკვირვებით, ას ოცი წლის მოდერნიზაციის შემდეგ, რაც ქვეყანა ღია გახდა გარე სამყაროსათვის, თანამედროვე იაპონია იხლიჩება გაორებულობის ორ პოლუსს შორის. და მე, როგორც მწერალს ამ პოლარიზაციამ ღრმა დაღი დამასვა.

ეს ორაზროვნება, მძლავრი და ყოვლისგამმსჭვალავი, ხლეჩს ქვეყანასა და ხალხსაც და ვლინდება სხვადასხვა ფორმით. იაპონიის მოდერნიზაცია მიმართული იყო იქით, რომ გვესწავლა დასავლეთისაგან და მიგვებაძა მისთვის. მაგრამ იაპონია აზიური ქვეყანაა და დღემდე ჯიუტად ერთგულია თავისი ტრადიციული კულტურისა. ორაზროვანმა ორიენტაციამ იაპონია იქამდე მიიყვანა, რომ აზიის აგრესორად იქცა. მეორე მხრივ, ახალი იაპონიის კულტურა, რომელსაც განზრახული ჰქონდა სრულად გახსნილიყო დასავლეთისათვის, დიდხანს ბნელით მოცული იყო მისთვის, მიუწვდომელი და, უფრო რბილად, ძნელად გასაგები. უფრო მეტიც, იაპონია იზოლირებული აღმოჩნდა სხვა აზიური ქვეყნებისაგან არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სოციალურად და კულტურულადაც.
თანამედროვე იაპონურ ლიტერატურაში ყველაზე გულწრფელები, თავის მისიაში ყველაზე უფრო დარწმუნებული იყვნენ ეგრეთ წოდებული “ომისშემდგომი მწერლები”, სამწერლო არენაზე ბოლო ომის დამთავრებისთანავე გამოსულნი, კატასტროფისაგან ღრმად ტრავმირებულნი, მაგრამ აღორძინების მაინც დიდად მოიმედენი. ისინი მთელი ძალ-ღონით ცდილობდნენ გამოესყიდათ იაპონიის არმიის მიერ აზიის ქვეყნებში ჩადენილი არაადამიანური დანაშაულობანი, აგრეთვე გაედოთ ხიდი ღრმა უფსკრულზე, რომელიც იაპონიას ყოფდა არა მარტო დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისაგან, არამედ აფრიკისა და სამხრეთ ამერიკისაგანაც. ამით მათ სურდათ შერიგებოდნენ დანარჩენ მსოფლიოს. ყოველთვის მქონდა დიდი სურვილი ბოლოში მაინც ვმდგარიყავი იმ ავტორთა რიგში, ამ მწერალთა ტრადიციები რომ აითვისეს.

იაპონიისა და მისი ხალხის მდგომარეობა თანამედროვე, პოსტმოდერნიზაციის პერიოდში არ შეიძლება არ იყოს ამბივალენტური. იაპონიის მოდერნიზაციის შიგ შუაგულში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი – ომი, რომელიც გამოიწვიეს თვით მოდერნიზაციის პროცესში მომხდარმა გადახრებმა. ორმოცდაათი წლის წინ განცდილმა მარცხმა იაპონიასა და იაპონელებს, ამ ომის აქტიურ მონაწილეებს, მისცა შანსი კვლავ აღორძინებულიყვნენ სიღატაკისა და ტანჯვის ჯოჯოხეთიდან, რომელსაც ასახავდნენ სწორედ “ომის შემდგომი მწერლები”. ზნეობრივი ბაზა ამ აღორძინების მსურველი იაპონელებისა იყო დემოკრატიის იდეები და გადაწყვეტილება, აღარასოდეს დაეწყოთ ომი. პარადოქსულია, რომ ხალხიც და სახელმწიფოც, ვინც ეს ზნეობრივი საფუძველი აირჩია, წარსულისაგან ლაქამოცხებული იყვნენ აზიის სხვა სახელ­მწიფოებში შეჭრით. ამ ზნეობრივ საფუძველს მნიშვნელობა ჰქონდა მათთვისაც, ვინც ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური იარაღით დაიღუპა, მათთვისაც, ვინც გადარჩა და ამ გადარჩენილთა შთამომავლებისთვისაც, რომელთაც რადიაციის ზემოქმედებამ თავისი კვალი დაატყო (ათეულ ათასობით იმ ადამიანის ჩათვლით, რომელთა მშობლიური ენა კორეული იყო).

ბოლო წლებში იაპონიის მისამართით გაისმის საყვედურები, რომელთა აზრიც ისაა, რომ მან მეტი სამხედრო ძალა უნდა გამოყოს გაეროსათვის და ამით უფრო აქტიური როლი ითამაშოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მშვიდობის შენარჩუნებასა და აღდგენაში. სამწუხაროა ეს საყვედურები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიისათვის კატეგორიულ იმპერატივად იქცა ომების სამუდამო უარყოფა, რაც აისახა კიდეც ახალი კონსტიტუციის მთავარ მუხლში. იაპონელებმა აირჩიეს მარადიული მშვიდობის პრინციპი, როგორც ზნეობრივი საფუძველი ომისშემდგომი აღორძინებისათვის.

მგონია, რომ ამ პრინციპს ძალიან კარგად გაიგებენ დასავლეთში, სადაც არსებობს დიდი ხნის ტრადიცია რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისა. თვით იაპონიაში არიან ადამიანები, უცხოელთა ზემოქმედებით რომ ცდილობენ კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღებას. მაგრამ კონსტიტუციიდან მარადიული მშვიდობის მუხლის ამოღება ღალატი იქნება აზიის სხვა ხალხებისა და ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბით დაღუპულთა წინაშე. მწერალს არ მიჭირს წარმოვიდგინო რა მოჰყვება შედეგად ამ ღალატს.

იაპონიის ომამდელ კონსტიტუციას, რომელიც ამკვიდრებდა აბსოლუტურ ძალაუფლებას ნებისმიერ დემოკრატიაზე უფრო, მაშინ მოსახლეობის ერთგვარი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა ახლანდელი კონსტიტუცია ორმოცდაათი წლისაა, მოსახლეობის ნაწილს მაინც ძველი ურჩევნია. თუკი იაპონია ოფიციალურად სხვა პრინციპს გააფორმებს და არა იმას, რომელსაც ორმოცდაათი წელია ვიცავთ, ნანგრევებად ქცეულ ქვეყანაში ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება საყოველთაო ადამიანურობის პრინციპის უზენაესობის თაობაზე არარაობად იქცევა. აი, ასეთი აჩრდილი წარმომიდგება თვალწინ უბრალო ადამიანს.

რასაც ჩემს ლექციაში იაპონიის “გაორებულობას” ვუწოდებ, თანამედროვე ეპოქაში ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. იაპონიის ეკონომიკური აყვავებაც არაა მისგან თავისუფალი, რამდენადაც პოტენციური საფრთხეა მსოფლიო ბაზრის ცვალებადობაც და გარემოს დაბინძურებაც. “გაორებულობა” ამ აზრით ძლიერდება. და ეს, ალბათ, უფრო შესამჩნევია გარეშე კრიტიკული თვალისათვის, ვიდრე ჩვენთვის, იაპონიაში მცხოვრებთათვის. ომისშემდგომი სიღატაკის სულ ბოლო წერტილზე მყოფებმა გავძელით და გაჯანსაღების იმედი არ დაგვიკარგავს. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ჩვენგან ნაკლებ ძალისხმევას არ ითხოვს დღევანდელი შიში, რომ ახლანდელი აყვავება დიდხანს არ გასტანს. თუ ამას სხვაგვარად შევხედავთ, იქმნება ახალი სიტუაცია, რომლის დროსაც იაპონიის კეთილდღეობა უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება მთლიანად აზიაში მზარდ წარმოებასა და მოხმარებაზე.

მე ერთი იმ მწერალთაგანი ვარ, რომელიც ცდილობს შექმნას სერიოზული ლიტერატურული ნაწარმოები, არაფერი საერთო რომ არა აქვს ფართო სამომხმარებლო ბაზრისათვის გათვალისწინებულ რომანებთან. როგორი უნდა გავხდე მე, როგორც იაპონელი?

უ. ჰ. ოდენმა ერთხელ რომანისტი ასე დაახასიათა:
იგემე მოწყენილობა ცხოვრებისა და ცდუნების,
სურვილებს და მისწრაფებებს, დაგჭირდეს, ურტყი წიხლები,
კეთილს კეთილად მოექეც, ბოროტს ნუ ესალბუნები,
შენც ებოროტე, სიძვასაც ემონე, ნუ ეტიხრები.
და როცა ყელში ამოვა სისაძაგლეთა ყურება,
წვრილ-წვრილად გეცოდინება, კაცთ სჭირთ რა უბედურება.

ესაა ის, რაც ჩემს “ცხოვრებისეულ ჩვევად” იქცა, რაკიღა პროფესიით მწერალი ვარ.
პიროვნების სასურველი იაპონური ტიპის აღსაწერად გამოვიყენებდი სიტყვა “ზრდილობიანს”, ჯორჯ ორუელის მიერ მისთვის სასურველი ხასიათის ტიპების ასახვისათვის ხშირად გამოყენებულ ზედსართავს, ისეთებთან ერთად, როგორიცაა “ჰუმანური”, “გონიერი” და “სასიამოვნო”. ეს მაცდურად მარტივი ეპითეტი შეიძლება მკვეთრად დაუპირისპირდეს სიტყვა “გაორებულს”, რომლითაც დავახასიათე საკუთარი თავი სათაურში “იაპონია, გაორებულობა და მე”. არსებობს ძალიან დიდი და ირონიული შეუსაბამობა მათ შორის, როგორები არიან იაპონელები გარეშე თვალისათვის და როგორები უნდათ, რომ გამოჩნდნენ.

ვიმედოვნებ, ორეულს საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა, თუკი სიტყვა `ზრდილობიანს~ ვიხმარ როგორც სინონიმს “ჰუმანისტისა” რამდენადაც ერთიც და მეორეც მოიცავენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა შემწყნარებლობა და კაცთმოყვარეობა. ჩვენს წინამორბედებში გვხვდებიან პირველმკვალავები, იაპონელის გადაქცევას რომ ცდილობდნენ “ზრდილობიანად” და “ჰუმანისტად”.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო განსვენებული პროფესორი კაძურო ვატანაბე, ლიტერატურისა და ფრანგული რენესანსის იდეების სპეციალისტი. ომამდელი და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პატრიოტული ისტერიის ვითარებაში მარტოსული ვატანაბე ოცნებობდა ჰუმანისტური შეხედულებანი დაემყნო მშვენიერებისა და ბუნებისადმი იაპონელთა ტრადიციულ მიდრეკილებებზე, ჯერ კიდევ სავსებით რომ არ იყო დაკარგული. ვჩქარობ აღვნიშნო, რომ მშვენიერებისა და ბუნების ვატანაბესეული გაგება განსხვავდება იმისაგან, რასაც ვეცნობით კავაბატას ლექციაში “იაპონია, მშვენიერი და მე”.

გზამ, რომლითაც იაპონია ცდილობდა ახალი სახელმწიფოს აშენებას, კატაკლიზმამდე მიგვიყვანა. სხვა გზებით იაპონელი ინტელექტუალები ცდილობდნენ უაღრესად სიღრმისეულ დონეზე გადაელახათ უფსკრული დასავლეთსა და მათ ქვეყანას შორის. ეს, ალბათ, მეტად ძნელი სამუშაო იყო, მაგრამ სიხარულის მომგვრელი. ფრანსუა რაბლესადმი მიძღვნილი პროფესორ ვატანაბეს გამოკვლევა იყო იაპონიის ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი უშესანიშნავესი მიღწევა.

მეორე მსოფლიო ომამდე ვატანაბე პარიზში სწავლობდა. როცა მან თავის სამეცნიერო ხელმძღვანელს განუცხადა, რაბლე მინდა ვთარგმნო იაპონურადო, მან პასუხად ასეთი ფრაზა წარმოთქვა: გაუგონარი წამოწყება უთარგმნელი რაბლეს თარგმნისა იაპონურად. მეორე ფრანგმა მეცნიერმაც არ დამალა განცვიფრება: პანტაგრუელისეული წარმტაცი წამოწყება. ამისდა მიუხედავად, ვატანაბემ არა მარტო გაასრულა თავისი დიადი წამოწყება ომისდროინდელი უკიდურესი სიღატაკისა და ამერიკული ოკუპაციის წლებში თავგანწირული მუშაობით, არამედ მთელი ძალ-ღონით ცდილობდა დაბნეული, ორიენტაციადაკარგული იმდროინდელი იაპონიისათვის მაგალითად დაესახა ცხოვრება და აზროვნება ფრანგი ჰუმანისტებისა, ფრანსუა რაბლეს წინამორბედთა, თანამედროვეთა და მიმდევართა.

ცხოვრებითაც და შემოქმედებითაც ყოველთვის ვატანაბეს მოწაფე ვიყავი. მან ჩემზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა ორი ასპექტით. პირველია – ჩემი როგორც რომანისტის მეთოდი. უშუალოდ რაბლეს მისეული თარგმანიდან გავიგე ის, რაც მიხეილ ბახტინმა განსაზღვრა, როგორც “გროტესკული რეალიზმის სახეობრივი სისტემა, ანუ ხალხური სიცილის კულტურა”; გავიგე მატერიალური და ხორციელი პრინციპების მნიშვნელობა, კოსმოსური, სოციალური და ხორციელი პრინციპების ურთიერთშესატყვისობა, განუწყვეტელი კავშირი სიკვდილსა და ახლადშობისაკენ მისწრაფებას შორის და როლი სიცილისა, თავდაყირა რომ აყენებს იერარქიულ ურთიერთობებს.

ამ სახეობრივმა სისტემამ მისცა შესაძლებლობა მოეძია ლიტერატურული მეთოდები კაცობრიულის მისაღწევად ისეთ ადამიანს, როგორიცა ვარ მე, დაბადებული და გაზრდილი პერიფერიული, მარგინალური და განაპირა ქვეყნის იაპონიის პერიფერიულ, მარგინალურ და განაპირა რაიონში. ასეთი წარმოშობის კაცი გამოვხატავ არა აზიას – ახალ ეკონომიკურ ძალას, არამედ აზიას – სიუხვეში აღრეული მარადიული სიღატაკით გაჟღენთილს. ძველი ნაცნობი და მაინც ისევ ცოცხალი მეტაფორები უფლებას მაძლევს დავაყენო ჩემი თავი ისეთი მწერლების გვერდით, როგორებიცაა კორეელი კიმ ჯი-ხა და ჩინელები გხონ ი და მუ ჯენი. ჩემთვის მსოფლიო ლიტერატურის ძმობა ასეთი კონკრეტულად გამოხატული ურთიერთობებისაგან შედგება. ერთხელ მონაწილეობა მივიღე შიმშილობაში ერთი ნიჭიერი კორეელი პოეტის პოლიტიკური უფლებების დასაცავად. ახლა ღრმად ვარ შეშფოთებული ნიჭიერი ჩინელი მწერლების ბედით, თავისუფლება რომ აღუკვეთეს ტიანიანმენის მოედანზე მომხდარი ამბების შემდეგ.

მეორე ასპექტი ჩემზე ვატანაბეს გავლენისა, მისი ჰუმანიზმის იდეაა. ჰუმანიზმი მიმაჩნია ევროპის როგორც ცოცხალი მთლიანობის კვინტე­სენციად. ასეთივე აზრი შეიძლება შევამჩნიოთ მილან კუნდერას მიერ რომანის სულის განსაზღვრებაში. ისტორიული წყაროების გულდასმით შესწავლის შემდეგ ვატანაბემ დაწერა რამდენიმე კრიტიკული ბიოგრაფია, რაბლეს ბიოგრაფიის მოთავეობით, ისტორიული პიროვნებებისა ერაზმ როტერდამელიდან სებასტიან კატელონამდე და ჰენრიხ მეოთხესთან დაახლოებულ ქალთა ბიოგრაფიები მარგარიტა ნავარელიდან გაბრიელა დესტრემდე. ამ შრომით ვატანაბემ განიზრახა იაპონელთათვის მოეთხრო ჰუმანიზმისა და შემწყნარებლობის მნიშვნელობის შესახებ, იმაზე, თუ როგორ ხდება ადამიანი მსხვერპლი ცრურწმენებისა და თავის მიერვე შექმნილი მანქანებისა. გულახდილობამ დაამოწმებინა ჩემს მასწავლებელს დანიელი ფილოლოგის ქრისტოფერ ნიულოპის ნათქვამი: “ვინც ომს პროტესტს არ უცხადებს, ის მისი მომხრეა”.

დასავლური აზრის ძირითადი დასაყრდენის ჰუმანიზმის იაპონურ ნიადაგში გადასანერგად ვატანაბე გაბედულად იმეორებდა “გაუგონარ წამოწყებასა” და “პანტაგრუელისეულ წარმტაც წამოწყებასაც”.

როგორც ადამიანი, რომელზეც ვატანაბეს ჰუმანიზმმა მოახდინა ზემოქმედება, ჩემს მწერლურ ამოცანად მივიჩნევ მივცე შესაძლებლობა, ვინც საკუთარ თავს სიტყვის საშუალებით გამოხატავს და მათ მკითხველებსაც, თავი დააღწიონ საკუთარ და თავისი დროის ტანჯვა-წამებას და მოიშუშონ სულის ჭრილობები. უკვე ვთქვი, რომ ვიხლიჩები იაპონელი ხალხისათვის დამახასიათებელი გაორებულობის ორ პოლუსს შორის. ყოველთვის ვცდილობ განვიკურნო ამ ტკივილისა და იარებისაგან ლიტერატურის მეშვეობით. ვლოცულობ ჩემი თანამემამულე იაპონელების განკურნებისთვისაც.

თუ ნებას მომცემთ, ისევ ჩემს შვილს გავიხსენებ. ჩიტების ხმებმა მიიყვანეს ხიკარი ბახისა და მოცარტის მუსიკასთან და ახლა თვითონაც ქმნის საკუთარ ნაწარმოებებს. პირველივე მისი შეთხზული პიესები აღსავსე იყო სიხარულითა და ჭაბუკური ხიბლით, ჩამოჰგავდნენ ბალახის ფოთლებზე მოციმციმე ცვარ-ნამს (…).
ხიკარი განაგრძობდა მუსიკის თხზვას და არ შემეძლო არ შემემჩნია მის ქმნილებებში “მოტირალი ბუნდოვანი სულის ხმა”. თუმცა გონებრივად ჩამორჩენილია, ბეჯითმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ოსტატობა მოემატა, მუსიკა უფრო ღრმა გახდა. ამან, თავის მხრივ, აპოვნინა საკუთარი სულის სიღრმეში ბუნდოვანი სევდის შენადედი, რომლის გამოხატვაც სიტყვებით მან ვერ შეძლო.

“მოტირალი ბუნდოვანი სულის ხმა” მშვენიერია და ის, რომ ხიკარი მას მუსიკის საშუალებით გამოსცემს, კურნავს მას ბუნდოვანი სევდისაგან. უფრო მეტიც, აღიარეს, რომ მისი მუსიკა აგრეთვე კურნავს თანამედროვე მსმენელებსაც. ესაა ჩემთვის საფუძველი, მწამდეს ხელოვნების დიადი განმკურნავი ძალა.

ჩემს რწმენას ჯერაც ვერ უპოვია სრული დადასტურება. და თუმცა “სუსტი ბუნებისა” ვარ, ამ რწმენის შეწევნით ვისურვებდი “უსიხარულოდ ვიტანჯო იმ ბოროტებათათვის”, XX საუკუნეში რომ დაგროვდა საზარელი ტექნიკური პროგრესის შედეგად. როგორც ადამიანი, რომელიც ეწევა პერიფერიულ, მარგინალურ და განაპირა ცხოვრებას ამ სამყაროში, მინდა გავერკვე, – იმედი მაქვს, ეს იქნება მოკრძალებული ჰუმანისტური წვლილი, – როგორ შევძლო დავეხმარო კაცობრიობას განიკურნოს და მიაღწიოს საყოველთაო შერიგებას.

კუნძულების გოთიკა

0
არსებობენ წიგნები, რომლის შესახებ წერა ყოველთვის მოითხოვს ხოლმე ამ წიგნის სამოქმედო სივრცის მონიშვნას, ადგილების, ჩვევების, ისტორიული მოვლენებისა და ა.შ. აღწერას. სანამ უშუალოდ ტექსტს მიადგები, ბევრი რამ უნდა დააზუსტო, რათა არ დაიბნენ ისინი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ეს ნაწარმოები და მეტი დამაჯერებლობისთვის, რაღაც პარალელებიც შეიძლება გაავლო. მაგალითად, შეუძლებელია `ილიადას` აცნობდე მკითხველს და მხოლოდ აქილევსის რისხვის ამბავი მოყვე. არ გაგახსენდეს არც ქალღმერთების ნაძლევი და არც ელენეს მოტაცების ამბავი, თავისი მრავალწლიანი ომით. ასეთ შემთხვევაში კომენტატორი დაახლოებით ისეთივე ამოცანების წინაშე დგება, ჰომეროსმა რომ გადაჭრა დიდი ხნის წინ, როცა აუცილებლობითა და ალბათობით შეარჩია მოსათხრობი მასალა, ამიტომ სანამ პარალელებამდე მივალთ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ადგილზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას, მითუმეტეს, რომ ჩემთვის ამ რომანის მთავარი გმირი სწორედ ეს საბრალო (თუმცა კი პირქუში) ადგილია, რომელსაც სახელად შავი ზღვა ჰქვია. 

მაშ ასე, შავი ზღვა. ბერძნული ევქსინოს პონტო, თურქული ყარადენიზი, სპარსული ახშაინა… როგორც ამბობენ, ბერძნებს ეს `ახშაინა` (რაც მუქს, მკაცრს ნიშნავს) `აქსენოსად` (არასტუმართმოყვარე) უთარგმნიათ, თუმცა მალევე შეუცვლიათ სახელი და გულის მოსაბრუნებლად `ევქსინოსი`, ანუ სტუმართმოყვარე ზღვა უწოდებიათ. II საუკუნეში არიანეს მთელი წიგნიც დაუწერია შავი ზღვის შესახებ, `Periplus Ponti Euxini`. ფართობი ზღვისა 420,3 ათასი კვადრ. კილომეტრია, საშუალო სიღრმე 1300 მეტრი. კუნძულები ცოტაა, ძირითადად მცირე ზომისა, მათ შორის ყველაზე ცნობილი აქამდე ბერეზანი იყო (ანტიკური ბორისთენოსი), სანამ ლიტერატურულ რუკაზე სამი ახალი კუნძული არ გამოჩნდა, სანტა ესპერანსას არქიპელაგი. ანუ, თუკი აქამდე შავი ზღვის ტალღები მხოლოდ ექვსი ქვეყნის ნაპირებს ეხლებოდა, დღეიდან მათ მეშვიდეც შეუერთდა. 
ახლა პარალელებსაც მივხედოთ. ყველაზე მარტივი ანალოგია, რაც ამ რომანის კითხვისას გაგიჩნდება კაცს, უილიამ ფოლკნერის იოკნაპატოფაა, მწერლის მიერ გამოგონებული მხარე თუ ოლქი, სადაც ერთად-ერთი მფლობელი და ბატონ-პატრონი თავად ფოლკნერი იყო. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია `სანტა ესპერანსას` რუკასაც მივაწეროთ `Sole Owner&Proprietor Aka Morchiladze`, მითუმეტეს, რომ ეს გამონაგონიც რეალურ ადგილასაა მონიშნული და არა სადღაც ცხრამთასიქით. მოგეხსენებათ, იოკნაპატოფა მისისიპის შტატშია, სანტა ესპერანსა კი, როგორც გითხარით, სამკუნძულიანი არქიპელაგია შავ ზღვაში. ესაა სახელმწიფო 237 ათასიანი მოსახლეობით, რომლის 58%-საც იოანური, ანუ ქართველური წარმომავლობის ხალხი შეადგენს. 

კუნძულებზე ასევე ცხოვრობენ თურქები, იტალიელები და ინგლისელები, შესაბამისად, სკოლაშიც ოთხი ენა ისწავლება და ამიტომ, თანამოსაუბრესთან მის მშობლიურ ენაზე გამოლაპარაკება კარგ ტონად ითვლება. 
სანტა ესპერანსა (დედაქალაქი სანტა სიტი) ბრიტანეთის დედოფლის ქვეშევრდომია განსაკუთრებული სტატუსით. რომანში აღწერილ მოვლენებამდე კუნძულის საქმეებს გუბერნატორი განაგებდა, სერ სესილ-პიჩგეიმერ-მონტე კრისტო. 
მოდით ჯერ ამით დავკმაყოფილდეთ, დანარჩენამდე კი იმედია თავად სიტყვა მიგვიყვანს. ახლა კი ავტორის შენიშვნა მინდა მოვიხმო, თავის მიერ გამოგონილი კუნძულების მთავარ ქალაქზე რომ წამოცდა: იქო, `ცხოვრება სინამდვილითაა სავსეო`. ჯერ გვეუბნება, `ყოველთვის ვცდილობდი ქალაქი გამომეგონა და უკვე გამოგონილი კი ყოფილიყოო`, მერე კიდევ დასძენს, იქაური `ცხოვრება სინამდვილითაა სავსეო`. 
მაინც რაზე მიანიშნებს ეს სიტყვები, რისი თქმა სურდა ავტორს, როცა ამბობდა `უკვე გამოგონილი კი ყოფილიყოო`? მემგონი აქ სევდის ამბავია, აკა მორჩილაძის ჯერ კიდევ პირველი რომანებიდან გამოყოლილი სევდისა და სევდისთვისვე დაწერილი ერთი მოთხრობისა, სახელწოდებით `ტიფლისი, გრანტის საგრაფო`. ამ მოთხრობაში აკა ამერიკაში, გრანტის საგრაფოში ჩაკარგულ პატარა ქალაქს ეძებს, ტიფლისს. ინტერნეტით ჰქექავს ამბებს ქალაქისას, რომელიც არის კიდეც და არც არის: `არც ხევია, არც სხვა რამ. არც ძველი რკინიგზა, არც რაიმე. ყველგან ნახსენებია და არსად არ არის. გამქრალა. ყოფილა და წასულა, ქუდიც არ დაუხურავს. ჩვენი საწყალი, პატარა და კოხტა ტიფლისი, ამერიკული პროვინციის ქალაქი, რუკიდან ამოშალეს. მოდი და დამითვალე, რამდენი დეკალიტრი სევდა დამიგროვდება.` 
ბოლოს ეს ქალაქი სულაც სასაფლაო აღმოჩნდება, მიტოვებული სასაფლაო თითზე ჩამოსათვლელი საფლავის ქვებით. ისეთი, მხოლოდ ამოოხვრა რომ მოუხდება. 

როგორც ჩანს, ეს სასაფლაო `სანტა ესპერანსაშიც` გადმოჰყვა აკას, უფრო მეტიც, გადმოჰყვა კი არა, შესაძლოა სწორედაც ამ პატარა ამერიკული სასაფლაოდან იშვა ეს დიდი რომანი. ამას დაუმატეთ ის აუარება ლიტერატურული სასაფლაო, მივიწყებული, სარეველაგადავლილი მოტივები თუ პერსონაჟები, აქ რომ შეხვდებით და `უკვე გამოგონილი კი ყოფილიყო`-ს აზრიც ნათელი გახდება. 
ავტორი გვაუწყებს ერთგან, ყველაზე ძვირფასი აზრები საფლავებიდან არის მოსული, კაცი კვდება და მის აზრებს მეტი პატივი და სარგებელი ემატებაო, ჰოდა აკაც ასეთ პატივიან და სარგებლიან სულებს აცოცხლებს და მისი ეს ურბანული თუ კუნძულების გოთიკა, თავისი მოხეტიალე, მაძიებელი სულებით, ახალ სამყაროს უდებს სათავეს, მხარეს, რომელიც გრანტის საგრაფოს ტიფლისისგან განსხვავებით, არსადაა ნახსენები, მაგრამ ყველგანაა, სხვისია, მაგრამ მაინც ჩვენი გვგონია. 

რომელიღაც ქართულ ტაძარზე ასეთი წარწერაც ყოფილა, XI საუკუნისა, `ერთა იყვნეს იესო და იოვანე`-ო, სადაც თურმე იესო საქართველოს აღნიშნავდა, იოანე კიდევ კუნძულებს. ანუ ოდესღაც კუნძულელებიც საქართველოს კალთას ყოფილან მიყრდნობილნი, სახარების პერიფრაზერება რომ მოვახდინოთ, მიყრდნობილნი `წიაღთა თანა საქართველოისა`. დღეს კი ლიტერატურის მოყვარულებისთვის ამ კუნძულების საქართველომ ჩაანაცვლა უტყვი და უჩინარი ზეციური საქართველო და ახალი, წმინდა იმედი, ანუ `სანტა ესპერანსა` ჩაგვისახა გულებში. 
ზემოთჩამოთვლილის გამო კარგი იქნებოდა რომანზე წერა სანტა ესპერანსული ზღაპრის პირველი სიტყვებით დაგვეწყო, აკა მორჩილაძის მიერ გამოგონილი, თურმეობითებით ნაქსოვი წინადადებით: `რაც იყო იყო, და რაც არ ყოფილა, ისიც ყოფილა`, მაგრამ ასეთი დასაწყისი შესაბამის გაგრძელებას მოითხოვდა, ახალი მითების თხზვას მაიძულებდა, არადა ამ რომანში ისედაც ბევრია მითი და ვამჯობინე სწორედ მათ მივხედო, მოკლედ ჩამოვთვალო ისინი, ვინძლო ამ მიმოხილვაში სხვა ამბებიც წამომცდეს. 
პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი მითია ალი ბეის ჩიბუხის ამბავი, რომელიც XVII საუკუნიდან იღებს სათავეს. 1662 წელს კუნძულებზე ფაშად ალი ბეი დამჯდარა, წარმოშობით ქართველი, არჩილიანთა დინასტიიდან, თვალდარდიანი კაცი, და ეს მითიც მის სახელს უკავშირდება. რომანის ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი ამ გრძელი ჩიბუხის კვალდაკვალ ვითარდება და მოხუც ქალბატონთან, აგათიასთან მივყავართ, აგათია ციხისთავ არჩილიანთან. იგი არჩილიანთა ერთად-ერთი შთამომავალია და კუნძულების მომავალი დედოფალი. აგათიას გარშემო კიდევ ბევრი მოვლენა მოიყრის თავს, ამბები, რომლებიც ელვის სისწრაფით განვითარდება, მას შემდეგ რაც ინგლისელები კუნძულს დატოვებენ. აგათიას სახლს აფარებს თავს თბილისიდან გამოქცეული ნიკა აბაიშვილიც, კუნძულებზე ყველაზე გავლენიანი გვარის, ვისრამიანების სიძე, ვისი ცხოვრებაც კიდევ ერთი სიუჟეტური ხაზია ამ რთულად მოწნულ ნაწარმოებში. 

მეორეა ბანქოს მითი, რომელსაც კუნძულებზე ინტს ეძახიან. ეს კულტურა ესპანელმა ხინეს დე პასამონტემ გაავრცელა, არქიპელაგის ნათლიამ, ადამიანმა, ვინც `სანტა ესპერანსა` დაარქვა იქაურობას. დროთა განმავლობაში ინტი ესპერანსაზე უფრო მნიშვნელოვან ფენომენად იქცა, ვიდრე რელიგია და მისდამი მიძღვნილ ფესტივალსაც ასოცდამეცხრეჯერ მართავდნენ უკვე. თავიდან ამ თამაშს `ლ`ომბრე` რქმევია თურმე, შემდეგ კი მეგრული `ინტი` დაურქმევიათ, რადგან `ძველად ყოფილა შემთხვევები, რომ წაგებული ბანქოს მიყრიდა და გაბრაზებული გარბოდა, რაც იოანელთა ტემპერამენტის ბრალი თუ იყო. ამისდაკვალად, წაგებულს დაცინვით ხშირად ეუბნებიან, ინტი, ინტიო, ანუ იმ ძველებს მიბაძე და გაიქეციო. ანდა, აშკარა მარცხის შემხედვარე მოთამაშე თავადაც ამბობს, ინტი, ანუ გავიქეციო. და საერთოდაც, ინტი იმგვარ პრინციპზე ჩამოყალიბდა, რომ თავის გადარჩენას, ანუ არწაგებას გულისხმობს.` ფერები კი თამაშში (მასტებს რომ ეძახიან) სერჯიო ლეონეს შერქმეული გეგონება, კოხტა (გული), კაი (აგური), გლახა (ჯვარი) და ავი (ყვავი). 

ინტთან დაკავშირებით შეუძლებელია არ გავიხსენოთ რომანის კიდევ ერთი ხლართი, დათა ვისრამიანს რომ უკავშირდება და მისი სიყვარულის ისტორია, ვინმე კესანესთან გამიჯნურების ამბავი. აქედან უკვე კუნძულების რიგით მესამე მითოლოგემა გამოიმზირება და ეს მითოლოგემა თუ ლეგენდა მოდარდე ქალებს უკავშირდება. 
აკა მორჩილაძემ, ნიცშესთან თვალის ჩაპაჭუნებით, ლეგენდას ასე უწოდა, `მუსიკის დაბადება ტალღების შხუილიდან` და მოგვითხრო რომანის ყველაზე სევდიანი და უცნაური ისტორია, რომელსაც ფესვები, ჩემი აზრით, შექსპირის `მეფე ლირამდე` აქვს გადგმული. გახსოვთ ის სცენა, ლირი რომ ეკითხება გადაცმულს კენტს, რა ხნისა ხარო? იქნებ ისიც გაიხსენოთ, რას პასუხობს კენტი, კაცი, რომელიც თავის დროზე დიდის ამბით გამოეთხოვა ლირს, იმის იმედით, რომ უცხო ქვეყნადაც იმავე კენტად დარჩებოდა, მაგრამ მაინც კი მოუწია გადაცმა… აი ეს პასუხიც: `არც ისე ყმაწვილი ვარ, რომ დედაკაცი მარტო სიმღერის გამო შევიყვაროო`. ახლა კი ნახეთ, როგორ იბადება მუსიკა ტალღების შხუილიდან და საით მიიქცევა ამ სირინოზულ ხმათა ზვირთები. 

`ქალი ტალღას აყოლებდა ხმას და აყოლებდა კი არა მხოლოდ, უწყობდა კიდეც. სწორედ ისე, როგორც გალობაში უწყობენ ხმებს ერთმანეთს ქართველები. ამიტომ ქალის ხმა ეხამებოდა ზღვის ხმას და მეტიც, ტალღა თითქოს რაღაც საკრავი იყო, იმ ცოდვილ მემუსიკეთა ხელში, განცმხრომთ რომ გაართობენ ხოლმე ეშმაკეულ სახლებში. ოღონდ ზღვის საკრავი არ მუსიკობდა ცოდვილად და ქალის ხმაც, მას შეწყობილი, არ იყო წარმართთა გასართობი. ეს ხმა უსიტყვო იყო, დარდიანი, განწირული, სავედრებელი და ქალი სუნთქავდა ისე, როგორც ზღვა.` 
ამ ნამღერებს სადარდოები დაარქვეს და მოდარდეებს სახეზე არავინ იცნობდა, მხოლოდ სახელით, უფრო სწორად ფსევდონიმებით უხმობდნენ: ნათელო, მათანე, ემინე, თალითო და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მამაკაცები ძალიან მიიზიდა ამ სირინოზებმა, ქალი მხოლოდ ხმის გამო უყვარდებოდათ და ბევრი თავსაც კი იკლავდა: `ყოველღამ ნასმენი სადარდოები`, ყურთასმენას მოღწეული ეს გამოუვალი კაეშანი ზღვისკენ ითრევდა უცხოელებსაც და ადგილობრივებსაც. ბოლოს კი `დადგინდა ხმათა სიყვარული, როგორც მძიმე ცოდვა, მრუშობაზე მძიმე, მაგრამ ვერ აღმოიფხვრა. ტკივილმა იძალა, გრძნობამაც იძალა და გაჩნდა პირველი პოეტი ამ კუნძულზე.` 
რაც შეეხება სიყვარულს, კუნძულები ვნებებითაა სავსე. აქ, გოგოსა და ბიჭის სიყვარულს შვიდი სხვადასხვა სახელი ჰქვია და სანტა სიტის თავისი მონტეკები და კაპულეტებიცა ჰყავს, ვისრამიანები და და კოსტები, რომეო და ჯულიეტად კი ალესანდრო და კოსტა და სალომეა ვისრამიანი მოჩანან (მათ ერთმანეთი 13 მაისს შეუყვარდათ, ალბათ 1981-ში, `კარლ ცაისზე` `დინამოს` გამარჯვების წელს). აქაც დაიარებიან მაგარი გოგოები, აი ისეთები `სარკეში რო გავლენ და გამოვლენ` და აქაც, ისევევ როგორც ძველ ტრაგედიებში, სიყვარული ყოველთვის შეცდომაა ხოლმე, ანდა სინანულის საგანი. მაგალითად ერთ-ერთი პერსონაჟი, ბუზია, სულ იმას დარდობს, თავის დროზე როზმარი კლუნი რატომ არ შევირთე ცოლადო (ჯორჯ კლუნის მამიდა იყო ეს მშვენიერი მომღერალი ქალი). 
სიტყვა სიყვარულზე ჩამოვარდა და მოდით პოეზიაზეც ვთქვათ, მითუმეტეს თავად ავტორის სიტყვები გვაქვს დამოწმებული, `გრძნობამაც იძალა და გაჩნდა პირველი პოეტი ამ კუნძულზე`-ო. აქაურ პოეტებზე საუბარი იმ აუარება გამოცანის ამოხსნასაც გულისხმობს, რომანში რომაა გაფანტული. როგორც გითხარით, ბევრი რამ აკა მორჩილაძეს ქაღალდის სასაფლაოებიდან აქვს წამოღებული და კარგ მკითხველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ნაცნობი მწერლებისა და პერსონაჟების ამოცნობა. 

ერთ-ერთი მთხრობელი ამბობს, ჩემი სახელისა და გვარის ხსენება არ მინდა, თუკი ვინმე ჩაუკირკიტდა, ისედაც მიაგნებსო. ჰოდა რომანიც სავსეა ასეთ საკირკიტო სახელებითა და გვარებით. მაგალითად ესპერანსელი პოეტი მაფეო ტანელი გიორგი ლეონიძესაც ჰგავს და ნიკო სამადაშვილსაც, ერთ გრძელ ლექსად რო დაუწერია ზღვაში ჩავარდნილი საზამთროებისა და ჭირიანი ყივჩაღების ამბავი. სუნგალების კუნძულზე კი (სუნგალები ოდესღაც მეფის მიერ გადმოსახლებული ხალხია, კახელებისა და სვანების უცნაური ნაზავი) ასეთი გამოთქმა არსებულა თურმე, `თუთა ლამის არი და სახლში შამოგვივარდესაო` (ესეც კუნძულელი ანა კალანდაძე). თბილისელი მეცნიერი, სანტა ესპერანსას მკვლევარი ვალოდია ნებიერიძე გალაკტიონსაცა ჰგავს და პავლე ინგოროყვასაც, მოჩეჩილი გრძელი წვერით დადიოდა თურმე და არავინ ჰყავდა ერთი ძმიშვილის გარდა. იგი ღვინის სარდაფების ხშირი სტუმარი იყო და საზღვრებზე წერდა. 

აგათია ციხისთავი, `ჯვაროსანი და დიდი ქალბატონი` რა თქმა უნდა, აგათა კრისტია, რიდიკულით რომ პატარა რევოლვერს დაატარებს. ლამურ მოსიალურე თავიდან მოხეტიალე მელმოტს გაგახსენებს, მაგრამ შემდეგ მიხვდები, რომ ეს უფრო ჩვენი დროის ცრუ რაფსოდია, რომელიც ამბებს, ჭორებს დაატარებს და მათ დიდებულთა სუფრებზე კი არ დაამღერებს ხოლმე ჰომეროსის აედებივით, არამედ ჰყიდის ამ ინფორმაციას. 
სუნგალების კუნძულის უკანმოუხედავი ღელეები, ბარათაშვილის არაგვიან არაგვს ეხმიანება. იქაური მარტია საგურამოელ მარტიას გაგახსენებთ, ილია ჭავჭავაძის ყმას, ასე კარგად რომ დაგვიხატა თავის დროზე იაკობ მანსვეტაშვილმა. ხეტიაში კი ლუარსაბ თათქარიძეს ამოიცნობთ. ეს მსუქანი, ულვაშებჩაგრეხილი კაცი გულაღმა წევს ხოლმე, `ყალიონს აბოლებს და ცას შესცქერის, თავქვეშ ამოუდია ერთი ხმარებისგან შუაზე გაწყვეტილი მუთაქა და ასევე ბატკნის ხუჭუჭა ტყავის ბოხოხიც`. ამ ხეტიასა და მარტიას ერთი დიალოგი აკამ პირდაპირ `გლახის ნაამბობიდან` წამოლალა. 

ქუხილას მთამ ემილი ბრონტე გამახსენა და ერთგან ჯონ ფაულზმაც კი გაიელვა. 1891 წელს სანტა სიტიში, ტყვია გავარდნილა თურმე, ვინმე ლეგა ქარიანს ინგლისელი ლეიტენანტისთვის უსვრია, ცოლზე უეჭვიანია. თანაც დაუყვირია, `ეს ქალი ჩემი ცოლია თუ ფრაგი ლეიტენანტისაო`, რაზეც მიუგეს, `ფრანგის კი არა, ანგლეზისაო`, თუმცა კი ქარიანისთვის სულერთი იყო, `დამბაჩა და ფინდიხი არც ერთისთვის დაელეოდა`. 
აქვე შეხვდებით ორჰან ფამუქსა და ბუკერის შარშანდელ ლაურეატს, დი ბი სი პიერს, თოლიას სახელად ბუ ვისრამიანსა და ჯულიან ბარნსს, პროფესორ პაგანელს `კაპიტან გრანტის შვილებიდან` და ირლანდიელ პარნელს, ირლანდიისა და სანტა ესპერანსას განმანთავისუფლებელს. ჩრდილოეთის კუნძულის დედა ესპერანსასთან დაბრუნება კი დახვეწილი ირონიით გვახსენებს აჭარის დედა საქართველოსთან დაბრუნების ისტორიას. ვინ იცის, იქნებ, ამ მოვლენის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე იქაურმა აკაკი წერეთელმა გრძელი სადღეგრძელოც კი წარმოსთქვა. 
სუნგალების კუნძულთანაა დაკავშირებული ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზიც. აღმოჩნდება, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა განძის კუნძული და რომანის ფინალური სცენებიც სწორედ ამ განძის გარშემო ტრიალებს. ბოლოს კი აკა მორჩილაძე ისევ თავისი კუნძულების გოთიკურ ნისლში გვხვევს და ცდილობს და კოსტათა გვარის ძველისძველი წითელი ფეხსაცმელებით დააფრთხოს ლიტერატურული სასაფლაოებიდან მოსული `პატივიანი და სარგებლიანი სულები`. ეს ფეხსაცმელები რომანის ბოლო თავში უკვე ჟურნალისტ მონიკა უსო დი მარეს აცვია და მის შესახებ წერს კიდევაც: `ოჯახური ადათით, ამ ფეხსაცმელებს მაშინ იცმევენ, როცა სახლში მოჩვენებები და აჩრდილები მომრავლდებიან. თურმე მათ წითელი ფერი არ ჰყვარებიათ. მეც ამიტომ ჩავიცვი ეს საოცარი ძალის ფეხსაცმელი, რომ სუნგალის კუნძულზე აჩრდილები დავაფრთხო`-ო. 

აკა მორჩილაძემაც უამრავი აჩრდილი გამოიხმო (თავად აკაც ხომ აჩრდილია, ანარეკლი გიო ახვლედიანისა), მაგრამ ეყო ძალა, გაუმკლავდა მათ და შედეგად `ამბავთა მრავალფერხიანობით` გამორჩეული, რთულად დატოტვილი, ავტორისავე `ხელხუჭუჭით` დამშვენებული დიდი რომანი მივიღეთ, სადაც ავტორს წითელი ფეხსაცმელი ჩაუცვამს და თვალყურს ადევნებს, რომ გათამამებულმა აჩრდილებმა წიგნის, უფრო სწორად კი ჩანთის საზღვრები არ გადმოლახონ.

https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=306&composition=983 

ნახშირბადიდან ხეოფსამდე

0

რისი გვეშინია ყველაზე მეტად? ალბათ სიკვდილის, წარმავლობის, დიდი ცვლილებების, განშორების, რაიმე ძვირფასის დაკარგვის, ავადმყოფობის… სია საკმაოდ ვრცელია. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ყველაფერს მაინც ვერც ჩამოვთვლით.

რა გაეწყობა. ადამიანი თავის წარმოსახვასა და ოცნებაშია დიადი, რეალურად კი ერთი სუსტი არსებაა, რომელსაც სიახლის ნელი სიოც კი აკრთობს. ძალისხმევას არ ვიშურებთ ახალ-ახალი ტექნოლოგიების, მანქანების, იარაღის გამოსაგონებლად, ტვინის ყოველი უჯრედი მობილიზებულია ახალი იდეების გენერირებისთვის, რათა როგორმე დავძლიოთ შიში, დავამარცხოთ “მტერი”. გამოვიგონეთ მედიკამენტები, უსაფრთხოების ბალიშები და სხვა საშუალებები, დამცავი სისტემები, ტანკები, თვითმფრინავები, ატომიც კი გავხლიჩეთ. მაგრამ… ყველაზე დიდი მტრის წინაშე უძლურნი ვართ. მასზე ჩურჩულითაც კი არ ვლაპარაკობთ.

რა არის ის, რასაც ასე უსიტყვოდ ვემონებით?

ეს ჟამთაცვლაა!

დრო მიდის, ზოგჯერ მიქრის კიდეც. ვიცვლებით ჩვენ და იცვლება ყველაფერი ჩვენ გარშემო. როგორც ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ ორჯერ, ისე ერთსა და იმავე წამს ორჯერ ვერ იცხოვრებ.

დიახ, ჟამთაცვლამ გაანადგურა უძლეველი იმპერიები, აღგავა პირისაგან მიწისა მრავალი დიდი ცივილიზაცია… რა შემორჩა თუნდაც ძველი ეგვიპტის დიდებიდან? საჰარის უდაბნო და ფარაონთა მარადიული სამყოფელი. პირველი მათგანი ერთ დროს პურის ბეღელი იყო ეგვიპტისა და რომის იმპერიისთვის. პირამიდები კი, თუმცაღა კარშეხსნილნი და გვერდებჩამოქცეულნი, დღესაც დგანან და გვაოცებენ იმდროინდელ ხუროთმოძღვართა სიბრძნით.

რატომ გაუძლეს მათ სხვებზე უკეთ ჟამთაცვლის ქარიშხალს? იმ დროის ძლიერთა ამა ქვეყნისათა ამქვეყნიური სადგომიც მდიდრული, კოხტად ნაგები და ლამაზად მოწყობილი ექნებოდათ, მაგრამ ისინი ისევე შთანთქა დროებამ, როგორც მდაბიოთა უბადრუკი ქოხები… მაშ, როგორ გაუძლეს ჟამთასვლას სამარხებმა? ერთი უბრალო მიზეზის გამო – მათ პირამიდის ფორმა ჰქონდათ!

ხეოფსის პირამიდა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რატომ შეიცავს ნავთობი ნაჯერ ნახშირწყალბადებს და არა უჯერებს. მეთანს, რომელიც ალკანების უმარტივესი წარმომადგენელია, პირამიდის მსგავსი აღნაგობა აქვს. ნახშირბადატომი,  ფარაონის მუმიის მსგავსად, ამ პირამიდის შუაგულში “განისვენებს”, წვეროებში კი წყალბადის ატომები მოკალათებულან გუშაგებად. ნახშირბადატომისკენ მიმავალი ყველა ბილიკი ყველა მისადგომიდან ერთნაირია, მოლეკულა უზადოდ სიმეტრიულია და სწორედ ეს უზადო სიმეტრიულობა სძენს მას იმ სტაბილურობას, რომელსაც შეუძლია საუკუნეებს გაუძლოს, მომხდური ნაწილაკები აირიდოს, რეაქციაში არ შევიდეს.

ხეოფსის პირამიდასაც ალბათ მრავალი ჭურვი მოხვედრია თავის დროზე. ნავთობსაც არაერთი მძიმე დღე გადაუტანია მიწის წიაღში საუკუნეების განმავლობაში მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე…

მეთანის სტაბილურობას, სიმეტრიულობასთან ერთად, განაპირობებს ის “სიმშვიდეც”, რაც ამ მოლეკულის შიგნით სუფევს (თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ სიმეტრიულობა უშუალო კავშირშია ამ მდგომარეობასთან). ნახშირბადი მართლაც მეფური სიდინჯით დაბრძანებულა თავის ტახტზე. სიმშვიდის საფუძველს მას ის ატომები (წყალბადატომები) აძლევს, გარს რომ ახვევია. “მეფესა” და “მცველებს” შორის თითქმის იდეალური ჰარმონიაა – ამ ელემენტთა მცირედ განსხვავებული ელექტროუარყოფითობა მათ დამაკავშირებელ სიგმა ბმას უმნიშვნელოდ პოლარულს ხდის, ამიტომ ნახშირბადი მისი პირამიდის სიახლოვეს ჩავლილი თავზეხელაღებული იონების მიმართ სრულიად ინდიფერენტულია. ერთადერთი მომხდური, რომელსაც შეუძლია პირამიდის ერთიანობა (სიმეტრიულობა) დაარღვიოს, რადიკალია, ისიც – მაღალი ენერგიისა. ასეთ ნაწილაკებთან შეხვედრისას პირამიდის წვეროებში დადარაჯებული წყალბადატომები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძვიან და უცხო ატომებს  იგერიებენ. მაგრამ ზოგჯერ მეთანის პირამიდა ამ ბრძოლაში მარცხდება. მაშინ ნახშირბადის ამალიდან ერთ-ერთი წყალბადის ატომი თავს წირავს – თავის ადგილს მომხდურს უთმობს. ახალი ატომი არღვევს იმ ერთიანობას, იმ იდილიას, იმ სიმეტრიას, რომელიც მანამდე სუფევდა ამ “სამეფოში”, ამიტომ მეთანის მოლეკულა შემდგომ გარდაქმნებს ადვილად ემორჩილება – მოლეკულის შიგნით არსებული დაძაბულობა უმალ აისახება მის ხასიათზე. ასეთი მოლეკულა ადვილად იღებს ახალ გამოწვევებს და ახალ “კონფლიქტებში” ებმება.

ზოგჯერ მეთანის ციხესიმაგრის ასაღებად ტროას ცხენსაც იყენებენ. თუ ვინმემ უფრო დიდი სამეფოს შექმნა მოინდომა, ვიდრე ერთი ციცქნა მეთანის მოლეკულაა, მაშინ მეთანის პირამიდაში ჯერ ტროას ცხენი უნდა შეგზავნოს. მაგალითად, მეთანისგან მიიღოს ეთანი:

რეაქციის ამ ფორმით წარმართვას დიდი დღე არ უწერია. მაგრამ თუ მაინც გვინდა, მეთანისგან ეთანი მივიღოთ, მაშინ ჯერ ქლორმეთანის სინთეზია საჭირო:

კიდევ არაერთი მსგავსი ანალოგიის  პოვნა შეიძლება. ეს იმიტომ, რომ, როგორც ხშირად მითქვამს, მაკრო და მიკრო სამყაროები ერთიანი სამყაროს ნაწილებია და ერთიან კანონებს ემორჩილება.

P.S. მეთანის მოლეკულა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი, კლასი, სკოლა, ქვეყანა… როცა ლიდერის, ოჯახის, ქვეყნის თავკაცის გარშემო თანამოაზრენი არიან შემოკრებილნი, სტაბილიზაციის, ერთიანობის, სიმშვიდის მიღწევა გაცილებით ადვილია და “სამეფოს” თითოეული “ქვეშევრდომიც” უფრო დაცულად, მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს.

Back In The USSR!

0

ბავშვობაში, როდესაც მუსიკის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ მესმოდა, ჩემთვის სულერთი იყო, რას ვუსმენდი. უბრალოდ, მსიამოვნებდა ის ხმაური, რომელიც ძველი ხმის გამაძლიერებლებიდან მოდიოდა. დიახ, სახლში მეც ძველი საბჭოთა „პრაიგრივაწელი” მქონდა, აი, ფირფიტები რომ იდება, ის. ხანდახან ნემსის გაწმენდა ან სულაც გამოცვლა რომ სჭირდებოდა, ერთი ზოლიდან მეორეზე ნორმალურად რომ გადასულიყო და შეუფერხებლად დაეკრა.

მახსოვს, ბევრი ფირფიტა გვქონდა, თუმცა იყო მათ შორის ერთი, რომლის მოსმენაც განსაკუთრებით მსიამოვნებდა. რუხი გარეკანი ჰქონდა, შუაში ფოტოთი, რომელზეც ოთხი ადამიანი იყო აღბეჭდილი. შიგნით შავი ფირფიტა იდო წითელი ეტიკეტით და რუსული წარწერით „Мелодия”.

სწორედ ამ ფირფიტის მოსმენისას გავიგონე პირველად განსხვავებული ჟღერადობა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

ფოტოზე აღბეჭდილი ოთხი ადამიანი ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი იყვნენ, ფირფიტას კი ორ ენაზე ეწერა: „The Beatles. A Taste of Honey/Битлз. Вкус Меда”. თითქმის დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ექნებოდა შინ ასეთივე ფირფიტა (რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმღერების ნაკრები ყოფილა და „Beatles”-ს ამ სახელწოდების ალბომი საერთოდ არ გამოუშვია).

არაბუნებრივი და ძალიან სასიამოვნო – აი, როგორი განწყობა მეუფლებოდა ჯგუფის მოსმენისას. მერე გავიზარდე და უკვე მაგნიტოფონი საშუალებით, აუდიოკასეტაზე ვუსმენდი „ბიტლზს”. მერე იყო კომპაქტდისკი, კომპიუტერი… ახლა კი ეს ბენდი ჩემი iPod-ის განუყოფელი ნაწილია კლასიკურ ჯაზთან, ბლუზთან, „Pink Floyd”-სა და კიდევ რამდენიმე მართლაც ეპოქალურ მუსიკალურ მოვლენასთან ერთად. ასე რომ, შეიძლება ითქვას, „The Beatles”-ს ყოველდღე თან ვატარებ.

ოთხ ლივერპულელ ახალგაზრდაზე ბევრი თქმულა და, სავარაუდოდ, უფრო მეტი დაწერილა, ახალს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ რამდენიმე საინტერესო დეტალზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ „Beatles”-მა როგორც ჯგუფმა ამ შემადგენლობით სულ ათი წელი იარსება. ხოჭოები იმდენად პოპულარულები იყვნენ, რომ ლენონმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, ჩვენ მსოფლიოში ქრისტეზე მეტად ცნობილები ვართო. მართალია, ამით მათ არაერთი რელიგიური ორგანიზაციის გულისწყრომა დაიმსახურეს, ხოლო სამხრეთ აფრიკაში მათი მუსიკა 1971 წლამდე აკრძალულიც კი იყო, მაგრამ „ბიტლზის” პოპულარობის დონის განსაზღვრა ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

აკრძალული გახლდათ „ბიტლზის” მუსიკა საბჭოთა კავშირშიც. ჩემ მიერ უკვე ნახსენებმა სტუდია „მელოდიამ”, რომელიც 60-იან წლებში ერთადერთი სტუდიური მწარმოებელი იყო საბჭოეთში, უარი თქვა ჯგუფის ჩანაწერების გამოშვებაზე. მიზეზი: „მათნაირი მუსიკოსები, რომლებიც მუსიკალური ხელოვნების ფსკერზე არიან დაცემულნი, საბჭოთა ჩანაწერებში ადგილს არ იმსახურებენ”. თუმცა ჩანაწერებმა, მიუხედავად ყველაფრისა, როგორღაც მოახერხა „რკინის ფარდის” გარღვევა. ბიტლომანებმა სწრაფად გაამრავლეს და გაავრცელეს აუდიომასალა. საბჭოეთისთვის ეს სერიოზული პრობლემა იყო, რადგან ხალხი იმას აკეთებდა, რაც არ სურდა მმართველ ძალას: უსმენდა თავისუფალ მუსიკას – კლიშეებისგან, სტანდარტებისა და ჩარჩოებისგან თავისუფალს. BBC-ს ერთ-ერთ სიუჟეტში ისიც კი ითქვა, რომ „ბიტლზმა” დიდი როლი შეასრულა საბჭოთა ხალხში ანტიტოტალიტარული აზროვნების ჩამოყალიბებაში. შესაძლოა, სწორედ მათი და შემდეგ სხვა, უკვე საბჭოთა ჯგუფების გავლენა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც სისტემის რღვევა გამოიწვია. ამ მოსაზრებას შეიძლება დავეთანხმოთ, შეიძლება უარვყოთ კიდეც. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მნიშვნელოვან ფაქტორად განვიხილავთ კულტურას საზოგადოებისთვის. პირადად მე მას ძალიან დიდ მნიშვნელობას მივანიჭებდი.

ქართველი ბიტლომანებისთვის „ხოჭოების” ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია, ალბათ, „Back in The USSR”-აა („უკან, საბჭოთა კავშირში”), რომლის ტექსტში საქართველოც არის მოხსენიებული: „Georgia’s always on my mind” – „საქართველო მუდამ ჩემს გონებაშია” (ფრაზა აღებულია რეი ჩარლზის ცნობილი ტრეკიდან, რომელიც ბლუზის ლეგენდამ შტატ ჯორჯიას მიუძღვნა, „ბიტლზმა” კი ის საბჭოთა კავშირს მოარგო და ჩვენებურ „ჯორჯიაზე” იმღერა). პოლ მაკარტნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, რომ ეს არის სიმღერა რუს ჯაშუშზე, რომელიც დიდხანს იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, მერე კი თავის ქვეყანას დაუბრუნდა.

სხვათა შორის, დღემდე არსებობს მოარული აზრი, რომ „ბიტლზმა” საბჭოთა კავშირში საიდუმლო კონცერტი გამართა საგანგებოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკთა შვილებისთვის. ბევრს ჰგონია, რომ ზემოხსენებული სიმღერა სწორედ ამ კონცერტისთვის შეიქმნა. რუსეთში „ბიტლზის” ზოგიერთ ფანს ამ ვერსიისა დღესაც სჯერა, თუმცა რამდენად რეალურია იგი, ძნელი სათქმელია.

როგორც უკვე გითხარით, „ბიტლზის” მუსიკის აღსაქმელად მთავარი პირადი ემოციებია. პოსტის ბოლოს სწორედ მათ გაგანდობთ:

არასოდეს შევიტან ეჭვს ფრაზაში „მიეცით შანსი მშვიდობას” („Give Peace a Chance”),

ყოველთვის მწამს, რომ „რაც გვჭირდება, სიყვარულია” („All You Need Is Love”)

და ვერასოდეს ვიპოვი საყვარელი ადამიანისთვის გრძნობის გაზიარების უკეთეს საშუალებას, ვიდრე ეს სიმღერაა:

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...