კვირა, აპრილი 26, 2026
26 აპრილი, კვირა, 2026

ტულჩა, ქიმია და ყარყატები

0
ისე მოხდა, რომ იმ დღეს თურქეთის ავიახაზებით პირველად ვიმგზავრე. სხვა დროს მათი მარშრუტი თუ განრიგი არასოდეს დამთხვევია ჩემსას. თვითმფრინავის სალონში „ჩემს” ადგილზე მოვკალათდი. „ჩემი” ნიშნავს, რომ ფანჯარასთან უნდა ვიჯდე, აუცილებლად გვერდულად და – არ აქვს მნიშვნელობა, დღეა თუ ღამე – ცას უნდა ვზვერავდე. როგორც კი ასაფრენად მოვემზადეთ, რაღაცნაირი ნაღვლიანი მუსიკა ჩართეს. აშკარად თურქული ფოლკლორიდან იყო, ოღონდ ისეთი, მაშინვე ტირილის განწყობაზე რომ დაგაყენებდა. მეც რაღა გამონაკლისი ვიყავი – ვიგრძენი, რომ თუ არ ვიყოჩაღებდი, წყვილი ცრემლი ლოყაზე ჩამოსაგორებლად ემზადებოდა. დავფიქრდი და არა, სატირლად ნამდვილად არ მქონდა საქმე. ძალიან კარგ ადგილას კარგ ადამიანებთან შესახვედრად მივემგზავრებოდი ძალიან საინტერესო თემატიკაზე სასაუბროდ.

ავიახაზების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბუქარესტში ზუსტად განრიგის მიხედვით ჩავფრინდით. იქ უკვე მელოდებოდნენ კოლეგები. წინ დიდი გზა გვედო – ქალაქ ტულჩაში მივემგზავრებოდით. ხუთსაათიანი მგზავრობა გველოდა. თავს ვიმშვიდებდი, საუბარსა და პეიზაჟებით ტკბობაში დრო შეუმჩნევლად გავა-მეთქი, მაგრამ მხოლოდ საუბარი შემრჩა ხელში, რადგან ირგვლივ ისეთი თეთრი ნისლი იდგა, არაფერი ჩანდა, გზაც კი. ნისლზე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ რაკი ვახსენე, გეტყვით, რომ ნისლი ჰაერისა და წყლის წვეთების ნარევია. ჰაერი, თავის მხრივ, სხვადასხვა აირის – ჟანგბადის, აზოტის, ნახშირორჟანგის, ინერტული გაზების – ნარევს წარმოადგენს, თუმცა აქ შეიძლება შემთხვევითი კომპონენტებიც შეგვხვდეს, მაგალითად, აზოტისა და გოგირდის ოქსიდები. ჰოდა, სწორედ ამ ნარევში ვიმგზავრე ხუთი საათის განმავლობაში.

ერთი სამუშაო დღე მდინარე დუნაიზე გასვლას მიეძღვნა. პირდაპირ სასტუმროს გასასვლელიდან სპეციალური ხიდით გემზე ავედით და ხანმოკლე სამზადისის შემდეგ გავცურეთ. გემით სეირნობა მიყვარს, დუნაიზე კი განსაცვიფრებლად კამკამა ჰაერი და უცნაური მოსახვევებია. უცნაური იმით, რომ მოხვევისთანავე გასაოცარი პეიზაჟი გადაგეშლება თვალწინ. გვერდით სომეხი ორნითოლოგი კარენ აღაბაბიანი მიდგას და თითოეულ აფრენილ ფრინველზე ამომწურავ ინფორმაციას მაწვდის. ვცდილობ, საუბარში ავყვე, მაგრამ შეცდომებს ვუშვებ და კარენი დაუღალავად მისწორებს. ბოლოს ვეუბნები: „კარენ, ქიმიკოსს ფრინველების ამოცნობა შეეშალოს, რა გასაკვირია; მოდი, თუ გინდა, ქიმიაზე ვისაუბროთ”. თითქოს არ ესმის, რას ვთავაზობ; ხელს იშვერს: „უყურე, უყურე, თეთრკუდა არწივი აფრინდა, რა უცნაურია დუნაისთვის ამ დროს…” ოღონდ ამჯერად უკვე მე აღარ ვუსმენ, რადგან გემზე აღარ ვარ, აღარც დუნაიზე…

მეშვიდე საუკუნეში ნილოსის პირას ვდგავარ. სანაპიროს არაბები მოსდგომიან. კეთილი ზრახვებით არ მოსულან – ეგვიპტის დაპყრობა სურთ. ეგვიპტელებიც მზად არიან, ცეცხლოვან ბურთებს უშენენ მათ ხომალდებს. არაბებმა აღარ იციან, რა იღონონ. ცეცხლმოკიდებულ ხომალდს წყალს ასხამენ, მაგრამ ხანძარი უფრო ჩაღდება. ეს ჩვეულებრივი ცეცხლი არ არის, კალენიკეს შექმნილი „ბერძნული ცეცხლი” გახლავთ. მის შემადგენლობაში ნავთობი, გოგირდი და ზეთი შედის. ასეთ ცეცხლს წყალი კი არ აქრობს, პირიქით, აღვივებს… საერთო ყიჟინაში თავს ზედმეტად ვგრძნობ და უფრო მშვიდ ეპოქაში გადავინაცვლებ, ოღონდ თემად წვის პროცესებს გავიყოლებ თან.

წვის პროცესებს ალქიმიკოსები ყურადღებას მაინცდამაინც არ აქცევდნენ. არც ამ დროს გამოყოფილი აირები ანაღვლებდათ დიდად. ქიმიურ პროცესებს რომ აირების გამოყოფა ახლდა თან, ფლამანდიელმა მეცნიერმა იან ბაპტისტა ვან გელმონტმა აღმოაჩინა. მან შეამჩნია, რომ რეაქციის დროს გამოიყოფოდა რაღაც სუბსტანცია, რომელიც ჰაერში იფანტებოდა და ეს მითიურ ქაოსს შეადარა. სწორედ იმ ქაოსს, რომლისგანაც, ბერძნების წარმოდგენით, შედგებოდა კოსმოსი. ფლამანდიურ ენაზე დაწერილი სიტყვა „ქაოსი” წარმოითქმის როგორც „გაზი”, ამიტომ ჰაერში გაფანტულ ამ სუბსტანციას გაზი ეწოდა. ვან გელმონტი ხეებს წვავდა და მათი წვის შედეგად გამოყოფილ გაზს „ტყის გაზი” უწოდა. მიხვდით ალბათ, რომელ გაზს ვგულისხმობ – ნახშირორჟანგს. თუმცა, მოდი, ვან გელმონტი აქ დავტოვოთ და იმ ეპოქაში გადავინაცვლოთ, სადაც ორთქლის მანქანა გამოიგონეს. ამის შემდეგ ქიმიკოსები წვის პროცესით უკვე საბოლოოდ დაინტერესდნენ, თუმცა წვის შესახებ მოსაზრებები მანამდეც არსებობდა. მაგალითად, ძველ ბერძნებს მიაჩნათ, რომ რაც იწვოდა, ცეცხლის ელემენტს შეიცავდა. ამიტომ იყო, რომ ზოგი რამ იწვოდა, ზოგი კი – არა. ალქიმიკოსები ძველი ბერძნების მოსაზრებას იზიარებდნენ, მეტიც – ამტკიცებდნენ, რომ წვადი საგნები ელემენტ „სულფურს” შეიცავდა. არ გეგონოთ, აქ გოგირდზე იყოს საუბარი – ელემენტი „სულფური” რაღაც განყენებული რამ იყო. სიმართლე გითხრათ, მგონი, თვითონაც არ იცოდნენ, რა. სიტყვა „სულფურის” ჟღერადობა თუ მოსწონდათ. გვიანდელი პერიოდის ქიმიკოსები ალქიმიკოსებს ნაწილობრივ ეთანხმებოდნენ. ეს დაახლოებით, იცით, რას ჰგავს? ადამიანს რომ აკრიტიკებ, მაგრამ გულის სიღრმეში მისი იდეები მოგწონს, ოღონდ, რაკი ამ ადამიანის კრიტიკა გევალება, იდეაც ოდნავ უნდა შეცვალო და ისე გააჟღერო. ქიმიკოსი იოან ბეხერი ამბობდა, რომ არსებობდა ოთხი ტიპის მიწა, რომელსაც წვადი საგნები შეიცავდა, მაგრამ ყველაზე უკეთ ის საგნები იწვოდა, რომელთა შემადგენლობაში „terra pinguis”, ანუ ცხიმიანი მიწა შედიოდა. გახსოვთ გეორგ შტალი, ალქიმიკოსებს თაღლითები რომ უწოდა? ჰოდა, ამ შტალმა გამოაცხადა, რა „სულფური”, რის ცხიმიანი მიწა, წვადი საგნები ფლოგისტონს შეიცავსო. ბევრი უკირკიტეს, რა არის ეს ფლოგისტონიო, მაგრამ რას ახსნიდა, რაც არ იცოდა?! უბრალოდ, ჯიუტად იმეორებდა, ხე იმიტომ იწვის, რომ ფლოგისტონს შეიცავს; მისი წვის შემდეგ ნაცარი რჩება და ის ვეღარ დაიწვება, რადგან ფლოგისტონი მასში უკვე აღარ არისო. ქაღალდიც ფლოგისტონის გამო იწვოდა, ოღონდ, რაკი მას მცირე რაოდენობით შეიცავდა, წვის პროცესიც ხესთან შედარებით ხანმოკლე იყო. შტალის ვერსიით, ხის წვის პროცესი შეიძლებოდა ასე გამოესახათ: ხე=ნახშირი+ფლოგისტონი.

შტალმა მეტალების ჟანგვაც წვის პროცესს შეადარა: მეტალები იწვის, რადგან შეიცავს ფლოგისტონს და მათ ზედაპირზე წვის პროდუქტი (ჟანგი) წარმოიქმნებაო. შტალმა სცადა, მადნებიდან მეტალების მოპოვების მექანიზმი აეხსნა. მისი ვერსიით, მადანი ფლოგისტონით მდიდარი არ იყო, მაგრამ ხის ნახშირზე გახურებისას მასში ფლოგისტონი გადადიოდა, აიძულებდა, დამწვარიყო და მეტალი გამოეთავისუფლებინა. ხომ იცით, როგორც არის – იტყვი რაღაცას და კრიტიკოსების მთელი ჯარი დაგატყდება თავს. ჰოდა, შტალსაც დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, გერმან ბურგამემ სასტიკად გააკრიტიკა – გვიპასუხოს ბატონმა გეორგმა, თუ ხის წვა და მეტალების ჟანგვა ერთი და იგივე პროცესია, რატომ არის, რომ ხე და ქაღალდი სწრაფად და კაშკაშა ალით იწვის, მეტალი კი ნელა იჟანგება და ვერც ალს ვხედავთო. შტალს პასუხი ამაზეც ჰქონდა: ხეს, ქაღალდს და სხვა კარგად წვად საგნებს იმდენად ბევრი ფლოგისტონი აქვს, რომ აალდება და ხილული ხდება, მეტალს კი ამდენი არ გააჩნია, ამიტომ ნურც ალს ელით, მხოლოდ ჟანგით დაიფარებაო. ბურგამემ ახალი კითხვა შეაგება: რატომ არის, რომ ხისგან დარჩენილ ნაცარს ხესთან შედარებით მცირე მასა აქვს, მეტალი კი დაჟანგვის შემდეგ წონას იმატებსო? პირველ კითხვას შტალმა იოლად უპასუხა – ხე კარგავს ფლოგისტონს და რჩება ნაცარი, რომელიც გაცილებით ნაკლებს იწონისო, მაგრამ მეორემ ჩიხში შეიყვანა. ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა, თუმცა შემდგომ ამაზე არც არავის უნაღვლია დიდად, მგონი, თვით ბურგამესაც კი.

მოგვიანებით ლავუაზიემ ფლოგისტონის თეორიის თავისებური ვერსია ჩამოაყალიბა. მისი თქმით, საბადოში მეტალი გაზთან იყო დაკავშირებული, მადნის გაცხელებისას წარმოიქმნებოდა ნახშირორჟანგი და მეტალი თავისუფალი სახით გამოიყოფოდა. შტალის ვერსიით, ფლოგისტონი ხის ნახშირიდან მადანში გადადიოდა, ლავუაზიე კი ამტკიცებდა, რომ გაზი გადადიოდა მადნიდან ნახშირში. დრომ ლავუაზიეს სიმართლე დაამტკიცა.

ერთხელ ანტუან ლორან ლავუაზიესთან შაქრის ფაბრიკის მფლობელი მივიდა – მიშველოს რამე თქვენმა ქიმიამო. შემოტანილი შაქრის პარტიას მოყვითალო ფერი დაჰკრავს და მუშტარი არ ეტანება, თუმცა გემო იგივე აქვსო. ლავუაზიეს განმარტება ასეთი იყო: შაქარი ფლოგისტონს შეიცავდა; მაშასადამე, ფლოგისტონი ყვითელი ფერისა იყო, ოღონდ იმდენად ბაცი, რომ მხოლოდ შაქარივით გამჭვირვალე ნივთიერებებში თუ გამოჩნდებოდა. ზემოთ მოყვანილი რეაქციის საფუძველზე, მისთვის უნდა დაემატებინათ ნახშირი, რომელიც გამოიტანდა ფლოგისტონს და შაქარი კვლავ გამჭირვალე გახდებოდა. ასეც მომხდარა, ოღონდ მაშინ ადსორბციის შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ. არც ის, რომ ნახშირი ნომერ პირველი ადსორბენტი იქნებოდა.
– დასანანია, არა? – ჩამესმის საიდანღაც. თვალის დახამხამებაში ვბრუნდები გემზე, დუნაის ტალღებს რომ მიაპობს. გვერდით კვლავ კარენი მიდგას და მეკითხება, ხომ დასანანიაო.

– უკაცრავად, კარენ, ვერ მოგისმინე, რა არის დასანანი?

– ტულჩას სიმბოლოს, ყარყატს, ამ დროს დუნაიზე ვერ ვნახავთ.

ჰოო, ტულჩადან ყარყატის უნახავად წასვლა მართლაც დასანანია… 

ძველი ვიდეოკასეტა

0
ცოტა ხნის წინ ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ლევანი თინეიჯერი ბიჭი აღარ არის და ასაკის მატებასთან ერთად ალბათ თავადაც ნათლად უწყოდა, რომ მისი საფეხბურთო კარიერა დასასრულისაკენ მიდიოდა. წლების ამბავი ხომ იცით…

 კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენლები არიან დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველი თაობისა. ამ თაობას ჰყავდა ძმები არველაძეები, ქინქლაძე, დემეტრაძე, ცხადაძე, ქეცბაია.. სხვანი და სხვანი, რომლებმაც მთელი რიგი მიზეზების გამო ვერ ითამაშეს ის ფეხბურთი, რასაც მათგან ყველა ქართველი მოელოდა და ევროპულ საშუალო კლუბებში ჩაკარგულებისაგან ყოველი მიცემული საგოლე პასი თუ საშუალოზე ოდნავ მაღალი შეფასებაც სასიამოვნო ამბავი იყო უიმედობით გატანჯული ქართველებისათვის. 

მაშინ, როდესაც ვიდეოტექნიკა საქართველოში ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, კარგად მახსოვს, ერთმა ჰოლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა ბიჭმა თბილისში ნიდერლანდების ტელევიზიის მიერ გაკეთებული დოკუმენტური ფილმი ჩამოიტანა. ბევრი ხმარებისაგან მონჯღრეულ და ათასჯერ ლენტაგადაბმულ, დაწებებულ ვიდეოკასეტაზე ჩაწერილი ფილმი ქართულ ფეხბურთზე და ევროპაში მოთამაშე ჩვენებურ ლეგიონერებზე იყო.

 ღმერთმა უწყის, რამდენმა ადამიანმა გააკეთა ამ კასეტის დუბლიკატი და წინ და უკან გადახვევით რამდენმა გაცვითა ფირი. “აეკში” მოთამაშე ქეცბაიას, ჯერ ისევ “ტრაბზონსფორელი” არველაძეების, “ალანიელი” შელიასა და კიდევ ბევრი სხვა ქართველი ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლები თუ სათამაშო მომენტები სხვებთან ერთად მეც ფაქტობრივად, ზეპირად ვიცოდი. იმ პერიოდში ალექსანდრე იაშვილი უსახელო “ლიუბეკში” თამაშობდა და ზემოთნახსენები დოკუმენტური ფილმიდან განსაკუთრებით მახსოვს ერთ-ერთი ლიუბეკელი სტუდენტის კომენტარი (ლიუბეკი ხომ მთელ ევროპაში ცნობილი სტუდენტური ქალაქია).

 ის გერმანელი ახალგაზრდა ამბობდა, რომ იაშვილის დარი ფეხბურთელი “ლიუბეკისთანა” მაჩანჩალა გუნდისთვის უზომოდ დიდი ფუფუნება იყო და იმასაც ამბობდა: “იაშვილი უცნობი საქართველოდან რომ არ იყოს, იგი ახლა ალბათ უკვე “ბაიერნში” ან “ბორუსიაში” ითამაშებდაო”.

 ადამიანი წარსულ და თუნდაც სულ ცინცხალ დამარცხებებს ძალიან ადვილად ივიწყებს და მის მოგონებებში, როგორც წესი, მხოლოდ ნათელი დღეებისა და გამარჯვებებისთვის რჩება ადგილი. უბრალოდ ადამიანის ბუნებაა ასეთი, რადგან ყველაფერი ავადმოსაგონებლის ტრაგიზმში გადატანას ვერა კაცი ვერ გაუძლებს. ალბათ სწორედ ამიტომაც არის, რომ ფაქტობრივად ვერ ნახავთ ქართველ გულშემატკივარს, რომელიც დეტალურად გაიხსენებს კატოვიცეში, ლა ვალეტაზე ან რეიკიავიკში გამართული მატჩების პერიპეტიებს, სადაც ჩვენი ნაკრები სამარცხვინოდ დამარცხდა. მაგრამ ყველას გვახსოვს მავანი ევროპელი ჟურნალისტის ნაწერი თუ გამონათქვამი, სადაც ჩვენი ფეხბურთელების ქება და, ზოგადად, ქართველებისათვის სასიამოვნო ამბები იყო გაჟღერებული.

 ის ძველი და მიმტვრეულ-მომტვრეული ვიდეოკასეტის გახსენებაც სწორედ იმის დასტურია, რომ კარიერადასრულებული კობიაშვილი, ისევე როგორც მათი ძველი და აწ უკვე ფეხბურთისათვის თავდანებებული თანაგუნდელები, ქართველ ქომაგებს არასოდეს დაავიწყდებათ. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა სულ რაღაც 20-ოდე წელს ითვლის და ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენი ნაკრების მიერ რამდენიმე მოგებული მატჩის გარდა, არცთუ ბევრ სასიხარულო ამბავსა და დღეს გავიხსენებთ. ეს არ არის უბრალო ამბავი…

მედიკო

0
ერთ ბებიაზე ბევრი დავწერე, ახლა მეორეზე დავწერ.

ნატანები უცნაური სოფელია, ბევრი ხალხით და ალაგ-ალაგ – ურბანული მოტივებით: დიდი სკოლით, სპორტდარბაზით და საბავშვო ბაღით. იმაზე უფრო დიდით, ვიდრე თუნდაც პატარა ქალაქებშია. ბებიაჩემი მედიკო, მეორე ბებია, იქ ცხოვრობს. დიდი ხნის ქვრივი. მისი ქმარი, ბიჭიკო, მე არ მახსოვს. ბარემ ძნელად ნახავთ კაცს, რომ ახსოვდეს – ახალგაზრდა მოკვდა. ხვდებით – მეორე ბებიაზე გელაპარაკებით. ის ცხოვრობდა სოფელ შემოქმედში და ნატანებში გათხოვდა. შემოქმედი ძალიან ლამაზია – მთაზე შეფენილი, ძველი მონასტრით და ტყეში დატანილი დიდი ასოებით, ჰოლივუდის ცნობილ წარწერასავით. ხოლო ნატანებში არის ბევრი ციტრუსი და ჩაი.

ბებიაჩემმა გაზარდა სამი შვილი. სამი ობოლი. ლამაზი ქალია და ეყოლებოდა მთხოვნელები, მარა „არ ქნა”. ამ მხრივ უკიდურესად პრინციპული ეთქმოდა.

ნატანები სურებთან შედარებით ოზურგეთთან ახლოს არის და მეც ლამის ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავი, რომ არაფერი ვთქვათ საშემოდგომო არდადეგებზე და ოთხმოცდაათიანებში მოგონილ ბევრ სხვა მსგავს დასასვენებელ კვირეულზე. მივყვებოდი ხან ავტობუსს, ხან ტრაქტორს, ხან სუფსა-ტერმინალის მომმარაგებელ სატვირთოებს და უკან, როგორც წესი, ბათუმ-ოზურგეთის მატარებელს, სახელად ელექტრიჩკას მოვყვებოდი. ეს ელექტრიჩკა ცალკე საგა იყო. ხან ძაბვა ვარდებოდა და სადღაც ჩერდებოდა. ერთხელ ნატანებში ძველი ველოსიპედი მაჩუქეს და ოზურგეთში მომქონდა. ერთი სული მქონდა შინ მისვლამდე და შუაღამემდე კი ველოდეთ ამ ელექტრიჩკას. იქ მომუშავე კაცი უიმედოდ ამბობდა: „ოჩხამურშია გაჭედილი, ოჩხამურშიო”. რაღაც საბედისწერო ქოროს სიტყვებად მახსოვს ეს „ოჩხამურშია გაჭედილი”.

ბებიაჩემი მარტო ცხოვრობდა უკვე. უვლიდა ბევრ ქათამს, ორ ძროხას, ღორებს და გოჭებს – საღორეში შემახედებდა და მათვლევინებდა. დიდი აზარტი და სიხარული იყო.

სოფლის შემთხვევათა გამგე იცით? ეს არის ქორწილის და ქელეხის სუფრების მენეჯერი. ზოგან თავიკაცს ეძახიან. საარაკო დეტალების მცოდნე კადრი. ადამიანი, ვინც ზუსტად იცის, ერთი ბურვაკი რამდენ კაცს ეყოფა, ამ კაცთა კუჭის ზომა და იმ მაგიდის კვადრატები, სადაც ეს ხალხი განეფინება. იცის, რამდენ თეფშ ლობიოს შემუსრავენ სიცხეში, სიგრილესა თუ სიცივეში. სადაც ჩრდილი ადგება, რამდენს სვამენ და სადაც სეფიდან ქარი უქრის – რამდენს. რამდენი ხაჭაპური მორჩება „მეორე დღიზა”. ფლავს რომ ოთხ კაცში ერთი შეჭამს და ღომი ყოველ მეორეს უნდა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისე ითვლიან ციფრებს და ვარაუდობენ სტატისტიკას, ფინანსურ ბირჟათა გაწვრთნილ სპეციალისტებს შეშურდებათ. კრიშნასავით არიან – არჯუნას რომ ეუბნება კურუკშეტრას ველზე, გადი, იომე, ჩემგან ეგენი უკვე დახოცილები გახლავანო. სწორედ ასე გადახედავენ საქეიფოდ მოსულ ხალხს – მიდით, დასხედით, მე ეგ სუფრა უკვე ალაგებული მაქვსო.

ნატანები იმითაც არის უცნაური, რომ აქ მთავარი სასმელი ყავაა, ნალექიანი. „კოფე გაქ დალეული?” – ისე გკითხავენ, რომ აუცილებლობას გულისხმობს. თუ ვინმემ უპასუხა: „ცა, დღეს მეოთხე ჩაშკა დავლიე”, – პასუხი სტანდარტულია: „არ მოგკლავს მეხუთე”. ან: „დედა, დღეს რაცხა გლახათ ვარ, კოფე არ დამილევია” – „ა, გაგიხაზირებ, მოგიდუღებ ელანძე”. ამ ბოლოს ლამის ეგრე ყოფილა, რომ მიცვალებულის სახელზე, გარდაცვალებიდან მესამე დღეს სვამენ ყველაზე ხარისხიანს. მოკლედ, დიდი ფეტიშია ამ ამბის. ჰოდა, სოფლის ქალების უმეტესობა მედიკო ბებიასთან დადის ყავის სასმელად. ისედაც დადიან. აი, რვა მარტს, მაგალითად – არის ნატანებში, კერძოდ, უბან ლეკურაში, ერთგვარი ტრადიცია წვეულების. შეკრების ადგილი მედიკოს სახლია, რადგან, როგორც პირველადვე ვსთქუ, მარტოხელა ქალი გახლავთ და ზედმეტი შემწუხებელი არავინ ეგულებოდათ. მამაკაცთაგან ერთადერთი მე გახლდით სუფრაზე, ისიც – სკოლის მოსწავლე. შესაბამისად, არ მერიდებოდნენ. ჰოდა, ასე განსაჯეთ, სექსზეც კი საუბრობდნენ მეხუთე ჭიქის მერე და მეზობელი ვაჟიას საყვარელზე და იმ საყვარლის ლოგინში ვერმარჯვე ქმარზე და პირველ ღამეებზე და ბოლო ღამეებზე. სევდით და ოცნებებით სავსე ღამეებზე.

ბებიაჩემი ერთადერთია, ვინც ცოცხალი დარჩა უფროსებზე უფროსთაგან, როგორც ბავშვობაში ვეძახდი. და ის ამ წიგნს წაიკითხავს.

ნატანები იმითაც არის უცნაური, რომ იქ არათუ წიგნები, ყველაზე უფრო არარეიტინგული ჟურნალიც კი ჩადის რაღაც მანქანებით და დიდი ინტერესით კითხულობენ. ბებიაჩემიც კითხულობს.

რეალურად მეც იქ ვისწავლე კითხვა. ბაღშიც პირველად იქ წავედი. ბაგა-ბაღში. ბუნდოვნად, ფრაგმენტულად მაგონდება. სექტემბერი ხომ ამგვარი წასვლების თვეა. ცხოვრებასთან საჭიდაოდ წასვლების.

დინამიკური და ფუნქციური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული გაკვეთილები

0
თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ადამიანი მუდმივად ეჯახება უამრავ სხვადასხვა მოსაზრებას, განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ეროვნების, სოციალურ-პროფესიული ჯგუფების ადამიანთა შეხედულებებს და იძულებულია  კომპრომისული გადაწყვეტილებები მიიღოს, გაუგოს სხვა ადამიანებს, გაითვალისწინოს სხვისი აზრი, იყოს ტოლერანტული სხვათა ტრადიციების მიმართ. ამ პრობლემებთან ერთად მან მთელი ცხოვრება უნდა იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც უნდა ისწავლოს და შეძლოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება და გადამუშავება, შეიძლება შეიცვალოს პროფესიაც,  საქმიანობის სფეროც და ის მუდმივად მზად უნდა იყოს ამისთვის.   

ამიტომაა რომ მოსაზრება – „განათლება მთელი ცხოვრებისთვის”  სადღეისოდ     შეიცვალა მიდგომით – „განათლება მთელი ცხოვრების მანძილზე”.  ასეთ პირობებში საგანმანათლებლო დაწესებულებებიც ვალდებულია  ფეხი აუწყოს ახალ გამოწვევებს და სწავლების მეთოდიკაც შესაფერისად მოქნილი, ღია გახადოს.   შედეგებს, ცხადია,  წინასწარ ვერავინ გათვლის, მაგრამ მაინც შესაძლებელია გარკვეული შეკითხვების ფორმულირება, რომელზე პასუხის გაცემაც მოსწავლეებს მთელი ცხოვრების  მანძილზე მოუწევთ. 

შესაბამისად, გასაგებია რამდენად დიდია დატვირთვა  სკოლაზე და მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე – გაკვეთილზე. მსგავსი მოთხოვნები ხომ სწავლების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს  და მეტ–ნაკლებად  თითქმის ყველა გაკვეთილზე წამოიჭრება. ისინი არც პედაგოგის ყურადღების მიღმა რჩებიან, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტურად ცხოვრებიდან  წამოსულ პრობლემებზე  ფიქრი  და განსჯა ინტერაქტიურ გაკვეთილებზე ხდება.  

ასეთი   გაკვეთილების   თავისებურებას   წარმოადგენს თვითონ  ამ  გაკვეთილების  მიზანი და მასწავლებლის მისწრაფება – გაამრავალფეროვნოს მოსწავლეთა ცხოვრება, გამოიწვიოს შემეცნებითი ინტერესი, დააკმაყოფილოს მოსწავლეთა  მოთხოვნილება ინტელექტის განვითარების კუთხით, ხელი  შეუწყოს   მათ პიროვნულ ზრდას,  მოტივაციის, კომპეტენციის, კომუნიკაციური კულტურის ამაღლებას. ამავე დროს ასეთი გაკვეთილებით მასწავლებლები არღვევენ შაბლონს, თავისუფლდებიან მეთოდოლოგიური ჩარჩოებისგან,  ამიტომ თითოეული  ასეთი შემთხვევა ნამდვილი ზეიმია მოსწავლეებისთვის. 

ინტერაქტიური   გაკვეთილები  თავის  თავში  მოიცავენ:    

 დამატებითი მასალის გაცნობას;
 სხვადასხვა პროფესიების (სხვადასხვა პროფესიების ადამიანების) გაცნობას; 
 საკლასო სივრცის შესაბამისად გაფორმებას და ამით მოსწავლეთა მოტივაციის გამოწვევას; 
 შემოქმედებითი დავალებების გადაწყვეტას; 
 გაკვეთილის დაწყების წინ და შემდეგ თვითანალიზის, თვითკონტროლის წარმოებას; 
 დიდაქტიკური მიზნების მკაფიოდ განსაზღვრას;
 მასწავლებლის გამოცდილების გამდიდრებას;
 გაკვეთილის სტრუქტურული ხერხების გამყარებას;

 აღმზრდელობით ფუნქციას (პიროვნების ფსიქოტრენინგს და ფსიქოკორექციას ცხოვრებისეული სიტუაციების მოდელირების გზით);

  რელაქსაციას (ემოციური დაძაბულობის მოხსნას). 

ინტერაქტიური გაკვეთილის შესახებ ზოგადად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს: ზოგის აზრით ისინი დამატებითი სირთულეა მასწავლებლისთვის, რადგან  იძულებულს  ხდის  მას  დაეყრდნოს ისეთ მოსწავლეებსაც, რომელთაც გარჯა ეზარებათ. ზოგის აზრით კი, სწავლების ტრადიციული ფორმები მოძველდა და მოსწავლეთა ყურადღებას ვეღარ იმსახურებენ. ამიტომ ინტერაქტიურ  გაკვეთილებს პედაგოგიური ძიებების პროგრესად, სკოლის დემოკრატიზაციის ნიმუშად მიიჩნევენ. თვლიან, რომ  მათი  მეშვეობით  შესაძლებელია მოსწავლეთა  მეტად დაინტერესება, გაკვირვება, გაოცება. მაგრამ ეს, ცხადია, არც ისე  მარტივია, რადგან ასთი გაკვეთილები საკმაოდ დატვირთულია შინაარსით. 

ინტერაქტიურ   გაკვეთილებზე  მიმდინარეობს მოსწავლის:

 საერთოკულტურული  განვითარება;
 პიროვნული განვითარება;
 მოსწავლეთა  შორის  შემეცნებითი  საქმიანობის  გაღვივება;
 სწავლის  უნარების  განვითარება;
 კომუნიკაციური  კულტურის  განვითარება.

ფაქტია, რომ  ინტერაქტიური გაკვეთილები სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი  ნაწილია და კონკრეტული მეთოდური კონცეფციის ხორცშესხმას ემსახურება (ბუნებრივია, გარკვეული  დაგეგმარების გარეშე  მათი ჩატარება   წარმოუდგენელია).  

რაც  შეეხება  ამ  ტიპის  გაკვეთილების  ჩატარების  მეთოდიკას,  მისი კოპირება შეუძლებელია. ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ისინი სპეციფიკური ხასიათისაა.  მიუხედავად  ამისა,  თითოეული  მათგანის დასახელებაც კი გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს მათ მიზნებზე, დავალებებზე და ასეთი მეცადინეობების  ჩატარების  მეთოდებზე.

ინტერაქტიური  გაკვეთილების ვარიანტები

·გაკვეთილი – თამაში ( როლური თამაში); 
·გაკვეთილი – კონფერენცია, პრეს-კონფერენცია; 
·გაკვეთილი – შეჯიბრი;
·გაკვეთილი – „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი”; 
·შემოქმედების გაკვეთილი; 
·გაკვეთილი – ბენეფისი; 
·გაკვეთილი- კონკურსი; 
·ინტეგრირებული  გაკვეთილი; 
·გაკვეთილი – აუქციონი; 
·გაკვეთილი – პარადოქსი; 
·გაკვეთილი – ექსკურსია; 
·გაკვეთილი – მოგზაურობა; 
·გაკვეთილი – „რა, სად, როდის?” 
·გაკვეთილი – ლიტერატურული სალონი; 
·განზოგადების გაკვეთილი „სიმაღლეზე ასვლა”;
·გაკვეთილი – „გამოძიებას წამყვანი ექსპერტები აწარმოებენ”; 
·გაკვეთილი – „სასამართლო მოდის”; 
·გაკვეთილი საწარმოში; 
·გაკვეთილი – რეფერენდუმი; 
·გაკვეთილი – მუსიკალური სალონი; 
·გაკვეთილი ნახატების გამოფენაზე, ტყეში, მინდორში, მდინარესთან; 
·გაკვეთილი – თეატრი; 
·გაკვეთილი – „მკითხე-გიპასუხებ” და ა.შ.  
როგორც ვხედავთ, ამ სქემაში  ზოგიერთი ისეთი მეცადინეობის ტიპებიც მოხვდნენ, რომლებიც მანამდე კლასიფიცირდებოდნენ როგორც დამხმარე, კლასგარეშე  სამუშაოები. ეს გასაგებიცაა, რადგან ასეთი გაკვეთილები თავისი ჩანაფიქრის, მეთოდიკის და ორგანიზაციის  უჩვეულობიდან  გამომდინარე  შეიცავენ  მსგავს სიტუაციებსაც. უფრო  მეტად ხომ მოსწავლეებს   ასეთი  გაკვეთილები მოსწონთ. 

მოვიყვანოთ        „თამაში-გაკვეთილის”   მაგალითი   

XI კლ. 

საგანი – ისტორია  

თემა  – „ნაპოლეონის ეპოქა” 

თამაში    სასწავლო   მეცადინეობის  აქტიური  ფორმაა. ისტორიის  გაკვეთილზე  მისი  გამოყენებისას   ხდება წარსულისა  და  აწმყოს  გარკვეული  სიტუაციის  მოდელირება.  მთავარია,  ამ  დროს შეიქმნას სათამაშო   სიტუაცია  ანუ  სპეციფიური  ემოციური მდგომარეობა ისტორიული სინამდვილის მიმართ. თამაშმა უნდა გაუღვიძოს  მოსწავლეს სურვილი – გადაიქცეს სხვა ადამიანად (წარსულში ან თანამედროვეობაში), აიძულოს ის, განასახიეროს მოზრდილი ადამიანი;  გრძნობების, ქმედებების და აზრების გამოხატვით მოახდინონ ისტორიული სინამდვილის  მოდელირება. ამ გზით მოსწავლეები  უკეთ გაიცნობენ ეპოქას  და ცოდნა,  რომელსაც  ისინი  მიიღებენ  გაკვეთილის მომზადების  პროცესში, გახდება გაცილებით ღრმა და  გააზრებული. გაიზრდება  ინტერესი  საგნის  მიმართაც. 

თამაშის დროს მოსწავლეები სხვადასხვა როლებში გამოდიან: იქნება ეს მსახიობის, მაყურებლის  თუ  ექსპერტის როლი. 

ისტორიის გაკვეთილზე შეიძლება სასამართლო პროცესის მოდელირებაც მოეწყოს.  თამაშის ასეთ  ფორმას  ბევრი მასწავლებელი  უარყოფს, თუმცა მოსწავლეებს ის ძალიან  ეხმარება წარსულის შეფასებაში, რადგან 

·ამ დროს   ხდება  საკითხის სიღრმისეულად განხილვა/შესწავლა;

·ამიერიდან  მოსწავლეები   გაითვალისწინებენ, რომ   უაპელაციოდ, გარკვევა-განხილვის გარეშე არ  შეიძლება  სხვათა მტკიცებულებების მიღება;

მაგრამ  ასეთი გაკვეთილის ჩატარება ხანგრძლივ და სერიოზულ მომზადებას ითხოვს: 

1.მოსწავლეები, გამოდიან რა მოწმეების როლში, სწავლობენ წყაროებს (წერილებს, მემუარებს და სხვა დოკუმენტებს);

2.მათი მუშაობის შედეგი  გამოჩნდება  სასამართლო პროცესზე  და ეს იქნება –  მოწმის ჩვენებები; 

3. მოსწავლეები, გამოდიან რა ადვოკატისა და პროკურორის როლში, წინასწარ ემზადებიან, ეცნობიან  შესაფერის მასალებს;

4. ნაფიცი მსაჯულები სწავლობენ ეპოქას და ემზადებიან მოწმეებისთვის შეკითხვების მისაცემად;

5.მასწავლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ თავის აზრს გამოთქვამს. 

მოვიყვანოთ  კონკრეტული  ნიმუში: 
როლური თამაში  „ნაპოლეონ  ბონაპარტეს  სასამართლო” 

გაკვეთილის მიზანი:

§თემა  – „ნაპოლეონის ეპოქა” –  მიღებული ცოდნის განზოგადება და  განმტკიცება;

§ისტორიული მოვლენებისა და იმ ადამიანების შეფასების უნარის განვითარება, რომლებიც ამ მოვლენებთან იყო დაკავშირებული;

§არგუმენტირებული მსჯელობა; 

§დისკუსიის წარმოება; 

§სხვადასხვა შეხედულებების გაანალიზება;

§ისტორიული მოვლენების მრავალმნიშვნელობის შესახებ წარმოდგენების ფორმირება, პიროვნების როლის წარმოჩენა ისტორიაში, ქვეყნის საშინაო მდგომარეობის გავლენა ადამიანთა ბედზე.  

გაკვეთილის მომზადება

მოსწავლეებს ურიგდებათ რეკომენდებული ლიტერატურა, ნაწილდება როლები, თითოეული იღებს თავის როლს და შესაბამის ინსტრუქციასაც (მოსამართლე, თავმჯდომარე,  ნაფიცი მსაჯულები, მთავარი  ბრალმდებელი, დამცველი, დაცვისა და ბრალდების მოწმეები).  

 

სასამართლო დარბაზის მოწყობისთვის და კლასის გაფორმებისთვის აუცილებელია ასევე რეკვიზიტები. ამისთვის უნდა „გამოვიყენოთ”  წარმოდგენები მაშინდელ  ევროპაზე, იმდროინდელ ეპოქაზე.    
1.გაკვეთილის მსვლელობა

მასწავლებელი ხსნის გაკვეთილის მიზანს, წარუდგენს მოსწავლეებს იმპროვიზირებულ სასამართლო  პროცესს  და  წარმოთქვამს  შესავალ  სიტყვას:

„წარსულის მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც მსოფლიო ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს. ასეთ  ადამიანებს შორის უპირობოდ იგულისხმება გენერალი ბონაპარტიც, რომელიც 1804 წელს საფრანგეთის იმპერატორი გახდა. ნაპოლეონს დღემდე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს,  მასზე  მრავალი მონოგრაფია არსებობს,  დღესაც  ხშირად წერენ და  ხატავენ მას. თანამედროვე მსოფლიოში დღემდე ცოცხლობს პოლიტიკური ტრადიცია, რომელსაც შეგვიძლია ბონაპარტიზმიც  კი ვუწოდოთ. 

მაგრამ ასეთი გამორჩეული პიროვნებების შესახებ ყოველთვის არსებობს განსხვავებული  მოსაზრებები. ზოგიერთისთვის ნაპოლეონი – „მომავლისთვის მებრძოლი ადამიანის სიმბოლოა”, სხვათათვის – ნამდვილი სისხლისმსმელი, რომელმაც საფრანგეთის რევოლუციური მონაპოვარი დაასამარა. ბონაპარტის ობიექტური შეფასება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მის პიროვნებას მრავალმხრივად განვიხილავთ, თუ გავთავისუფლდებით წინანდელი მოსაზრებებისაგან. ამიტომ  ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო იქნება, თუ ნაპოლეონის ეპოქას თანამედროვის თვალთახედვით,  სხვადასხვა შეხედულებებისა და სხვადასხვა ფენის ადამიანების თვალით შევხედავთ. 

ბატონ ნაპოლეონ ბონაპარტს,  დაბადებულს  1769 წლის    15 აგვისტოს  კ. კორსიკის  ქ. აიაჩოში, ბრალად ედება მთელი რიგი დანაშაულებები დემოკრატიისა და ადამიანის წინაშე. ამ გარემოებების გათვალისწინებით  მის სასამართლო პროცესს    გახსნილად ვაცხადებ”.    
2.  ამის შემდეგ  გამოდიან  მოწმეები  და  პასუხობენ   ნაფიცი  მსაჯულის,  პროკურორის  და ადვოკატის შეკითხვებს. შემდეგ  კი  სიტყვა ეძლევა  მბრალდებელს.
 
ბრალდების   მხარე  –   მადამ  დე  სტალი, ტალეირანი,  ევროპელი  მონარქები,   მ. კუტუზოვი – საუბრობენ ნაპოლეონის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე,  მისი რეჟიმის დამახასიათებელ თვისებებზე, ნაპოლეონის ომებზე ევროპაში.  

მოსამართლე იძლევა შეკითხვებს, შეაქვს შესწორებები, დაზუსტებები, ითხოვს მტკიცებულებებს.  

2.შემდეგ  ეტაპზე  სიტყვა ეძლევა  დაცვის მხარეს. 
 
დაცვის მოწმედ გამოდიან პოლკოვნიკი ლაბედუაიერი,  ჟოზეფინა ბოგარნე, მხატვარი ჟ-ლ. დავიდი, ბანკირი კოლო,  საფრანგეთის   არმიის  რიგითი  ჯარისკაცი. დაცვაზე სიტყვა  შესაძლებელია  ნაპოლეონსაც მიეცეს. 

სასამართლო პროცესის  შემდეგი მიმდინარეობის ფორმატი:

Øმოწმეთა  ჩვენებების   შემდეგ  სასამართლოზე   გამოდიან პროკურორი და ადვოკატი;

Ø  შემდეგ ნაფიც  მსაჯულებს გამოაქვთ თავისი ვერდიქტი;

Ø  გაკვეთილის  ბოლო ნაწილში კი სასამართლოზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს   მასწავლებელი;

Ø მასწავლებელი აჯამებს შედეგებსაც. 

4. სულ ბოლოს მასწავლებელი იძლევა საშინაო დავალებას:

ა)  ისტორიის სახელმძღვანელოსათვის ანდა ლექსიკონისთვის გააკეთეთ  ჩანაწერი  ნაპოლეონ  ბონაპარტის შესახებ; 

ბ) ნაპოლეონის რომელ პორტრეტს  შეარჩევთ თქვენი ტექსტისთვის და რატომ?

ინტერაქტიური გაკვეთილები კარგად პასუხობენ თანამედროვე საგანმანათლებლო  და ცხოვრებისეულ გამოწვევებს და  ამიტომ ეფექტურად  გამოიყენებიან  სასწავლო  პროცესში, რის შედეგადაც მოსწავლეები დინამიკურ და  ფუნქციურ ცოდნას იძენენ. 

მუზეუმები და ისტორიის გაკვეთილები

0

გახსოვთ როდის გაიგეთ, რომ არსებობდა საშინელება სახელად ფაშიზმი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ჩვენს დაბადებამდე რამდენიმე ათწლეულის წინ? მე მახსოვს პატარა წიგნიდან უწყინარი სათაურით “ანა ფრანკის დღიური”. მაშინაც ისეთი ცხელი ზაფხული იყო, როგორც წელს, როცა ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი გოგოს ნაწერები ჩამივარდა ხელში. სიცხეზე მეტად ის შიში მაწუხებდა, რომლის ქვეშაც ანა თავის ამბებს ჰყვებოდა. ის ბრძოლისუნარიანობა და სიცოცხლის სიყვარული მაოცებდა, რომელიც ფაქტობრივად განწირულ ადამიანს ჰქონდა.

 ის თუ გახსოვთ, როდის გააცნობიერეთ, საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია რომ იყო? მე ძალიან პატარა ვიყავი,  ბაბუა მიყვებოდა ხოლმე ამბავს, როგორ დახვრიტეს მამამისი მაშინ, როცა მეცხრე კლასში იყო, როგორ მოუწია სკოლის მიტოვება, სწავლაზე უარის თქმა და მრავალშვილიანი დედის დასახმარებლად რკინიგზის მუშად მუშაობის დაწყება ექიმობაზე მეოცნებე წარჩინებულ მოსწავლეს. მერე დედამ ამიხსნა, რომ არა მხოლოდ ბაბუამისი, არამედ ასეთი ათასობით ადამიანი შეიწირა 37-38-მა წლებმა.

 

ცოტა მოგვიანებით იმასაც მივხვდი, რომ საბჭოთა კავშირი და რეპრესიები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გამო დატრიალებული ერთადერთი ტრაგედია არ იყო და ის მის შექმნამდე და მისი დაშლის შემდეგაც მხოლოდ უბედურების მომტანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. სხვა ვერაფრით აიხსნება გიორგიევსკის ტრაქტატიდან დღემდე სხვადასხვა ადგილას დატოვებული რუსული ჩექმისა და ტანკის კვალი.

ამავეს ვფიქრობდი, როცა ვკითხულობდი რუსების მიერ უღელში შებმული ქალების ამბებს და მაშინაც, როცა ასევე ცხელ აგვისტოში რამდენიმე წლის წინ ცეცხლში გახვეულ გორში გავიარე.

მიუხედავად იმისა, რომ რასიზმსა და ფაშიზმს დღემდე გამართლებას ვერ ვუძებნი, ვთვლი, რომ ჩემი დამოკიდებულება რუსეთის იმპერიის მიმართ ლეგიტიმურია ჩვენს ქვეყანაში გაბმული მავთულხლართებისა და იმ მოვლენების ფონზე, რაც ყოველდღიურად ვითარდება მაგალითად უკრაინაში. მაგრამ ახლა იმაზე არ ვწერ, რა ზიანს აყენებს რუსეთის პოლიტიკა მსოფლიოს და არც იმაზე, საბჭოთა რეჟიმს მეტი ემსხვერპლა თუ ფაშისტურ გერმანიას, ახლა სხვადასხვა რეჟიმების მსხვერპლების მიმართ დამოკიდებულებაზე ვწერ.  

ზაფხულში რამდენიმე დღით ქვიშხეთში ვიყავით დასასვენებლად. ერთ-ერთ წინა წერილში ვწერდი კიდეც, აქ სიზარმაცე კარგად დამკვიდრებული პერსონაჟია–მეთქი. ქვიშხეთი ერთი ჩვეულებრივი სოფელია, განსაკუთრებული ჰაერით და სოფლის თავში “მწერლებით”. ასე ეძახიან ადგილობრივები ადგილს, სადაც საბჭოთა კავშირის დროიდან მწერალთა სახლის ანგარიშზე არსებული კოტეჯები დგას. ამბობენ, აქედან აიყვანეს მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წელსო. ამავე ეზოშია სახლი, სადაც დიმიტრი ყიფიანმა საქართველოში ცხოვრების ბოლო წლები გაატარა და სადაც ახლა მუზეუმია განთავსებული.

 


 

დიახ, სწორედ იმ დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც თქვენსავით მასწავლებელი იყო 16 წლის ასაკიდან. მან შეძლო და ღიად დაუპირისპირდა რუსეთის იმპერიის მავნე წარმომადგენლებს საქართველოში, ვისაც კარგად ესმოდათ, ერთი მხრივ, განათლებისა და ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობა, მეორე მხრივ, ლიბერალური დამოკიდებულების და სხვადასხვა თაობების მშვიდად თანაცხოვრების უპირატესობები.

 

აი, ამ დიმიტრი ყიფიანის სახლი დგას შუაგული ქართლის ერთ პატარა სოფელში, დანგრევის პირას მისული, მოუვლელი, უკაცრიელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მცხოვრები ან დამსვენებელი, ზაფხულის საღამოებს სწორედ ამ სახლის ეზოში ატარებს, არავინ ინტერესდება სახლის ბედით, არავის ეხამუშება მოუვლელი რელიქვიები, არავინ ინტერესდება მუზეუმში დაცული ნივთებით და ამბებით.

ერთი ეგაა, მოზარდები აწერენ ხოლმე თავიანთ სახელებს დანგრეულ კედლებს.

სწორედ ასეთი სახლების დანგრეული კედლები, სათანადოდ შეუსწავლელი გმირები და ისტორიის გაკვეთილების იგნორირებაა ის, რაც ალბათ უფრო განვითარებული სამყაროსგან განგვასხვავებს. სხვადასხვა რეჟიმების მსხვერპლების ცხოვრების არცოდნა და დაუფასებლობა გვიშლის ხელს, გავიაზროთ ამ რეჟიმების სიმძიმე, შავს შავი დავარქვათ, თეთრს – თეთრი. სწორედ ამიტომ არსებობს ალბათ ჩვენში კიდევ ხალხი, რომლებიც თვლიან, რომ მაგალითად სტალინი კარგი კაცი იყო, რომ ჩვენ უნდა ვიამაყოთ მისი ქართველობით, შევინარჩუნთ მისი ძეგლები. ალბათ, სწორედ ამიტომ გვგონია, რომ მტერთან შეიძლება თბილად ლაპარაკი და ა.შ.

ჩვენზე განვითარებული სამყარო დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია წარსულის სათანადოდ გააზრება, შესაბამისი დასკვნების გამოტანა, შეცდომების აღიარება, გმირების დაფასება და ბოროტების დაგმობა. სწორედ ამიტომ არსებობს, მაგალითად, ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალები, რეჟიმის მსხვერპლების კარგად მოვლილი მუზეუმები და ამიტომ დადის იქ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი. ისევ ანა ფრანკს რომ დავუბრუნდეთ, რომელიც ალბათ ყველაზე პოპულარული 15 წლის გოგონაა და რომლის ამბავსაც ერთნაირი ინტერესითა და თანაგრძნობით კითხულობენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მის თავშესაფარს, სადაც დღიური იწერებოდა, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს.

შთამბეჭდავია არა მხოლოდ ამსტერდამში არსებული მუზეუმი, არამედ მისი ოფიციალური ვებგვერდიც, სადაც ბევრ სხვა რამესთან ერთად შეგიძლია დაინახო კონტრასტი ანასდროინდელ და ახლანდელ ამსტერდამს შორის, 3დ ფორმატში დაათვალიერო  სახლის თითოეული ოთახი, გაიცნო მის დღიურში ხსენებული ყველა ადამიანი. მოკლედ, ნამდვილი საგანძურია.

ამის შემდეგ ორმაგად მძიმეა იმის გააზრება, როგორ ვიქცევით ჩვენ, როგორია სხვადასხვა რეჟიმების მიერ დახოცილი ადამიანების მემორიალური ადგილები?


 


 


 


 

ჩვენი ბავშვობის უკურნებელი ჭრილობები

0
ჩვენი შვილების სასკოლო განათლება 12 წელი გრძელდება. თუ დავაჯამებთ მხოლოდ გაკვეთილებზე გატარებულ დროს, გამოვა, რომ ცხოვრების 7 წელს ბავშვები სკოლაში ატარებენ. მხოლოდ ესეც კი მოწმობს, რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია სკოლას მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაში. სკოლა საზოგადოების მცირე მოდელია. აქ მიღებული გამოცდილება პიროვნული მახასიათებლების სახით მთელი ცხოვრება მიჰყვება ბავშვს. მოცემული კვლევა მძაფრად წარმოაჩენს საჯარო განანთლების პრობლემებს, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების პიროვნულ განვითარებაზე.

მასწავლებლის პროფესია მძიმე და დაუფასებელია, მაგრამ ის, ვინც სკოლაში მუშაობას გადაწყვეტს, იღებს სერიოზულ პასუხისმგებლობას ჩვენი შვილების პიროვნების ჩამოყალიბებაზე. აქ დაშვებულ შეცდომებსა და არასწორ პედაგოგიურ მიდგომებს ვერ გაამართლებს დაბალი ხელფასი და სოციალური მდგომარეობა. ნუ დავივიწყებთ  – საქმე ჩვენს შვილებს ეხება.

სამწუხაროდ, ამ კვლევაში წამოჭრილი პრობლემები აქტუალურია საქართველოს საჯარო სკოლების უმრავლესობისთვის.
კირსტენ ოლსონი არის მკვლევარი განათლების საკითხებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი, კონსულტანტი და მწერალი, თავისი საქმის ენთუზიასტი. მას ძალიან აწუხებს პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან ბავშვები სწავლის პროცესში და, საზოგადოდ, სკოლებში არსებული გარემო. ეს ქალბატონი გახლავთ „ამერიკის დემოკრატიული განათლების ინსტიტუტის” დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი. მისი ბოლო წიგნია „სკოლაში ტრავმირებულნი: როგორ დავაბრუნოთ სწავლის ხალისი და ძველი სკოლების კულტურა”.

„სკოლაში ტრავმირებულნი” – ეს არის შედეგები კვლევისა, რომელიც ოლსონმა ჯერ კიდევ ჰარვარდის ასპირანტობის დროს წამოიწყო. ოლსონს ყოველთვის უყვარდა სწავლა და მაღალ შეფასებას აძლევდა განათლების სისტემას, ამიტომ უნდოდა, თავისი კვლევები მიეძღვნა იმ სახალისო აღმოჩენებისთვის, რომლებიც სკოლაში სწავლასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ როდესაც ხალხის გამოკითხვა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ მათი მოგონებები არცთუ სასიამოვნოა და ძირითადად უარყოფითი ემოციებით არის დატვირთული. ოლსონის სამეცნიერო ხელმძღვანელი, სარა ლოურენს-ლაიტფუტი, მისი წიგნის ანოტაციაში წერს: „კვლევის დასაწყისში ოლსონმა გამართა ინტერვიუები ცნობილ არქიტექტორებთან, გამოჩენილ პედაგოგებთან, ნიჭიერ მწერალებთან, ტოპმენეჯერებთან. ის დარწმუნებული იყო, რომ მხიარული და ნაყოფიერი სწავლების ისტორიებს მოისმენდა, სადაც სერიოზულობა შეხამებული იქნებოდა თავგადასავალსა და კმაყოფილებასთან, მუშაობა – გართობასთან, ოცნება – ყოველდღიურ მუშაობასთან. ნაცვლად ამისა, მან აღმოაჩინა, რომ სკოლის მოგონებები დაკავშირებულია ტკივილთან, იმედგაცრუებასთან და ცინიზმთანაც კი. ეს ისტორიები ამხელდა არა მხოლოდ ძველ, უკვე მოშუშებულ და დავიწყებულ ჭრილობებს, არამედ აღვიძებდა იმ იარებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ სტკიოდათ და კვლავ და კვლავ ამახინჯებდა პირად და პროფესიულ თვითშეფასებას.

ოლსონის პროექტი თანდათან ფართოვდებოდა. მან გააგრძელა სხვადასხვა ასაკის პირთა, სხვადასხვა პროფესიული და სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფის გამოკითხვა. ის გააოცა იმ გულწრფელმა ემოციამ, რომლითაც ეს ადამიანები ლაპარაკობდნენ სკოლაში მიღებული და მრავალი წლის შემდეგაც შეუხორცებელი ჭრილობების შესახებ. ეს ქალბატონი იყო პირველი, ვინც ასე მიუახლოვდა იმას, რა გავლენას ახდენს სკოლა ადამიანის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე.

თავის წიგნში ოლსონმა გამოყო ტრავმირების სამი სახე და თვალსაჩინოებისთვის გამოიყენა ციტატები ინტერვიუებიდან. შემდეგ აღწერა, როგორ შეუძლიათ მზრუნველ მშობლებს, მასწავლებლებს და თვითონ ბავშვებსაც ამ ტრავმების თავიდან აცილება და მათგან განკურნება.

ტრავმირების პირველი ოთხ სახეს იწვევს ის შეზღუდვები, რომლებსაც სკოლა უწესებს მოსწავლეებს და სწავლების პროცესს. ლაპარაკია სასწავლო გეგმაში შესაძლებელი მეთოდებისა და ტესტების შეზღუდულ არჩევანზე, სადაც ყოველ კითხვას მხოლოდ ერთი სწორი პასუხი აქვს და წესებზე, რომელთა შექმნაშიც მოსწავლეები არ მონაწილეობენ. აი, როგორ ტრავმებთან მივყავართ ამ ყველაფერს:
1. შემოქმედებითი აზროვნების ტრავმირება

სკოლა თრგუნავს შემოქმედებით უნარებს და ეს ყველაზე თვალსაჩინო პრობლემაა. მოსწავლეთა ინტერესები და გატაცებები, როგორც წესი, უყურადღებოდ რჩება. თუ მოსწავლე სთავაზობს დავალების ამოხსნის საკუთარ, განსხვავებულ მეთოდს ან აქვს არასტანდარტული პასუხი, რომელიც არ შეესაბამება „სწორ, მასწავლებლის პასუხებს”, გადაღლილი მასწავლებლები „ვერ ხვდებიან” ამას და დაბალ შეფასებას აძლევენ. დაზეპირება და ერთი სწორი პასუხის მქონე ტესტები ადგილს არ უტოვებს შემოქმედებით აზროვნებას. ზოგიერთმა თუ შემდგომ შემოქმედებითი პროფესია აირჩია, ეს სრულიადაც არ ყოფილა სკოლის დამსახურება. მათ დასჭირდათ იმ შემოქმედებითი აზროვნების აღდგენა, რომელიც ოდესღაც, სკოლამდე, ასე ბუნებრივი იყო მათთვის. სავარაუდოდ, ბევრი არც კი დაფიქრებულა სკოლაში დაკარგულ შემოქმედებით პოტენციალზე, ზოგს არც კი შეუმჩნევია, რა დაკარგა. არიან ისეთებიც, რომლებმაც შეინარჩუნეს შემოქმედებითი მუხტი იქ, სადაც არ იყო სკოლა, მაგრამ უარი თქვეს მასზე ყველგან, სადაც სასწავლო გეგმას აწყდებოდნენ. საინტერესოა, რამდენმა დაკარგა ინტერესი მათემატიკისადმი იმის გამო, რომ ამ საგანს უინტერესოდ ასწავლიდნენ სკოლაში…
2. კონფორმიზმის ტრავმა 

სკოლაში მოსწავლეები გამუდმებით წესებს უნდა დაემორჩილონ. სავალდებულო დავალებები არანაირად არ არის დაკავშირებული მათ ინტერესებსა და მოთხოვნილებებთან. ბავშვები, როგორც წესი, ვერ ბედავენ სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ხოლო მას, ვინც ბედავს, თავხედს ეძახიან. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ბავშვები იძულებული არიან, ბრმად დაემორჩილონ წესებს, ბრმა მორჩილება კი ის არ არის, რაც დემოკრატიულ ქვეყანას სჭირდება. დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ, წინააღმდეგობა გაუწიონ დადგენილ წესებს და ებრძოლონ უსამართლო და სულელურ კანონებს. გარდა ამისა, სკოლაში ბავშვები ეჩვევიან იმ აზრს, რომ ჩარჩოებიდან გასვლა საშიშია.
3. „მოჯანყის” ტრავმა

ზოგიერთი მოსწავლე თავს მოხვეულ წესებსა და დავალებებს არ ემორჩილება და ჯანყდება. მათ აბრაზებთ სისტემა, რომელმაც წაართვა დამოუკიდებლობა და ღირსება, აბრაზებთ პედაგოგები, რომლებიც ამ სისტემას ცხოვრებაში ატარებენ, აბრაზებთ მორჩილი მოსწავლეები, რომლებიც ყველაფერს ეგუებიან. ასეთი ბავშვები ბოლო მერხებზე სხდებიან, მუდამ ცინიკურად ხუმრობენ, შეგნებულად არღვევენ წესებს და ხშირად, თუ ყოველთვის არა, არ ასრულებენ საშინაო დავალებებს, რითაც თავიანთ მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავენ. ზოგ შემთხვევაში ჯანყი უფრო ჯანსაღი რეაქციაა, ვიდრე მორჩილება, მაგრამ თუ ის ჩვევად ექცათ, შესაძლოა, გაცილებით დიდი ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს. დაბალმა მოსწრებამ შესაძლოა პერსპექტივა წაართვას ადამიანს და სკოლაზე გაბრაზებამ ბავშვი სწავლის სრულ უარყოფამდე მიიყვანოს. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ პროტესტი ხანდახან ანადგურებს როგორც თვითონ ადამიანს, ისე მის გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითგამოხატვის ფორმა ხდება ნარკომანია, უწესრიგო სექსი და დანაშაულებრივი ქმედებები.
4. უგრძნობლობის ტრავმა

სკოლაში მუდმივი დაზეპირება, ერთი და იმავე მოსაწყენი და უინტერესო დავალებების შესრულება, სკოლის წესების დაცვა – ყოველივე ამას შეუძლია, ბავშვი ინტელექტუალურ უგრძნობლობამდე მიიყვანოს. ოლსონის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობდა, რომ სკოლაში ისინი ხან „თიშავდნენ” და ხან „რთავდნენ” ტვინს. სკოლაში შესანიშნავ ინსაიტებს მასწავლებლები იშვიათად აჯილდოებენ ქებით, მათგან განსხვავებით, ვინც კარგად იზეპირებს, მორჩილია და ყოველთვის მოცემულ დროში ასრულებს ყველაფერს. თუ ერთ საგანს გადასარევად ისწავლი და მეორეს – არა, გექნება დაბალი და მაღალი ქულები, ხოლო თუ ორივე საგანს კარგად დაიზეპირებ, მაშინ ორივეში უმაღლესი ქულა გექნება. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როგორ კლავს სკოლა ბავშვის ინტელექტუალურ ენთუზიაზმს.
დანარჩენი ტრავმები, როგორც ჩანს, გამოწვეულია იმით, თუ როგორ აფასებენ მოსწავლეს და რომელ „კატეგორიაში” ხვდება ის. იმისდა მიხედვით, წარჩინებულად ითვლება ბავშვი, საშუალოდ თუ ჩამორჩენილად, ის ერთი, მეორე ან მესამე მეთოდით ტრავმირდება. 

5. დაბალი შეფასების ტრავმები

ინტერვიუების დროს ოლსონმა აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ მოსწავლეს ტრავმას აყენებდა დაბალი შეფასება. მათ სხვაზე უარესად მიიჩნევდნენ რასის, სოციალური წარმომავლობის, სქესის ან იმ ტესტების შედეგების გათვალისწინებით, რომლებსაც, პედაგოგის ჩანაფიქრით, მათი ინტელექტი და უნარები უნდა გამოევლინა. ზოგჯერ დაბალ შეფასებასთან შეგუება უფრო იოლია, ვიდრე მისი გაპროტესტება. ეს ნიშნავს, რომ ერთ ან რამდენიმე საგანში დაბალი მოსწრების გამო მოსწავლემ შესაძლოა უარი თქვას საკუთარ მოწოდებაზე. ბიოლოგობაზე მეოცნებე ირჩევს ნაკლებად საინტერესო კარიერას მეცხრე კლასში მიღებული დაბალი შეფასების გამო. მას, ვისაც მწერლობა უნდოდა, მიაჩნია, რომ საამისოდ ნიჭი არ ეყოფა – ენის მასწავლებელი მას დაბალ შეფასებას უწერდა, რადგან არ გააჩნდა უნარი, ბავშვის თხზულებაში ნიჭის ნაპერწკალი და წინადადებების არასტანდარტული წყობის მშვენიერება დაენახა. მოსწავლეებმა რომ იცოდნენ, რამდენი დიდი ადამიანი იღებდა დაბალ შეფასებას სკოლაში სწორედ იმ დისციპლინაში, რომელშიც შემდგომ წარმატებას მიაღწიეს! კარგი იქნებოდა, ეს თავად პედაგოგებსაც ახსოვდეთ.

6. პერფექციონიზმის ტრავმა

ინტელექტის ტესტებში მაღალმა შეფასებამაც შეიძლება დააზიანოს ბავშვი. მოსწავლემ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ის ყოველთვის სათანადო სიმაღლეზე უნდა იდგეს და ყველაფერში მაღალი შედეგის ჩვენება მოსთხოვოს საკუთარ თავს. ცხრიანი ან სკოლის სპექტაკლში მეორეხარისხოვანი როლიც კი ასეთმა ბავშვმა შესაძლოა საშინელ მარცხად მიიჩნიოს. მარცხია იმის შესაბამისად ცხოვრება, რას ფიქრობენ შენზე სხვები ან რას ფიქრობ თავად შენ საკუთარ თავზე. პერფექციონიზმის ტრავმა ხსნის, რატომ არის, რომ ასე ბევრი წარიჩებული მოსწავლე იწერს სხვისგან ან სარგებლობს „შპარგალკით” მაშინ, როდესაც მიაჩნიათ, რომ უნდა მიიღონ ის შეფასება, რომელსაც მათგან ელიან. როდესაც ნიშანი ხდება სრულყოფილების საზომი, ყველაფერი კეთდება მხოლოდ ნიშნისთვის. სკოლაში „სრულყოფილება” და ინტელექტუალური ჩაკეტილობა ხშირად მედლის ურთიერთსაპირისპირო მხარეებს წარმოადგენს.
7. საშუალოების ტრავმა

საშუალო მოსწავლეებს, რომლებიც არც მეტისმეტად ცუდად სწავლობენ და იქცევიან, მაგრამ ვერც კარგი სწავლითა და ქცევით იპყრობენ მასწავლებლის ყურადღებას, შესაძლოა შეუმჩნევლობის პრობლემა აწუხებდეთ. გამოკითხვისას ისინი ამბობდნენ, რომ თავი შეუმჩნეველ ადამიანებად მიაჩნდათ, რომლებზეც არაფერია დამოკიდებული, უარეს შემთხვევაში კი თავს მიიჩნევდნენ უმნიშვნელო ადამიანებად, რომლებსაც არაფერი ახლისა და საჭიროს შექმნა არ შეუძლიათ.

ეს ყველაფერი არასწორია! განათლება, როგორც უკვე ითქვა, არ ითხოვს მკაცრ სასწავლო გეგმას, იძულებით დავალებებსა და შეფასებებს ან ბავშვების დახარისხებას. მაშინ, როდესაც მოსწავლეები მართავენ თავიანთ სწავლას, თითოეული მათგანი ამჟღავნებს საკუთარ ინტერესებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს. არ არის საჭირო ერთიანი საზომი, რომლითაც მოსწავლეებს შეაფასებენ და ერთი მათგანი მეორეზე უკეთესი აღმოჩნდება. ასეთი სკოლა უფრო მეტად ჰგავს რეალურ ცხოვრებას, ვიდრე სტანდარტული სკოლა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. რეალურ სამყაროს, იმისთვის, რომ ვითარდებოდეს, მასში ცხოვრება კი სახალისო იყოს, სჭირდება სხვადასხვანაირი ადამიანები განსხვავებული უნარ-ჩვევებითა და ნიჭით. 
თარგმნა კახა ჟღენტმა
გამოყენებული წყაროები:
https://freeedu.ru/modx/kak-travmiruet-shkola
https://www.kirstenolson.org/wounded.php
https://www.democraticeducation.org/index.php/about-us/staff-board-advisors/

ღია წერილი

0
გამარჯობა, მარიკა!
მე მგონია, უნდა გახსოვდე. მრავალი წლის წინ, საპირველსექტემბრო ზეიმზე ულამაზესი, ფრიალა კაბა მეცვა. შენი გაცრეცილი მაისური უფროსი დების სუნს ინახავდა. მე მაშინ ვერ ვიგრძენი ეგ სუნი, რადგან ვიყავი ათი წლის და ჩემი კაბის აბრეშუმი მესმოდა. დაქალის გრძელ, ოქროსფერ თმებს ვხედავდი და ვიღიმოდი. შენი ბიჭურად შეჭრილი თმა კი იყო ისეთივე უხმაურო, როგორც სტუდენტი მდგმური ნაქირავებ ბინაში. შენი კლასელები ბოროტი დიასახლისებივით გაკვირდებოდნენ. 

მინდა გამოგიტყდე, ცხოვრებაში მეორე წერილს ვწერ. ერთხელ ლინდგრენს ავუხსენი სიყვარული, ახლა კი, დიდი და მოკლეთმიანი პატიებას ვითხოვ. 

გახსოვს, ნაძვები?.. სკოლის ეზოები ნაძვების გარეშე ისე გამოიყურებიან, როგორც დედები ამპუტირებული მკერდით. ფიზკულტურის გაკვეთილები გახსოვს?- ჩვენი „სახლობანა” ხეების ჩრდილში და ერთადერთი ბარბი, რომელიც მე მქონდა. ყოველთვის მე ვიყავი დედა და აზრად არ მომსვლია, ერთხელ მაინც მეთქვა, რომ მინდოდა, შენნაირი მოკლეთმიანი შვილი მყოლოდა.

გახსოვს უწიგნობა?- ჩვენი გამოსავალი ცოდნის მოსაბეზრებელი აუცილებლობისგან. ზიზია სახელმძღვანელოებიც, მგონი, მარტო მე მქონდა და თავს ცოტათი კი ვგრძნობ სულელ ტირანად. ალბათ გაგეღიმა და გაიფიქრე, რომ ბავშვობა გარკვეული დოზით მონსტრების კორპორაციაა, უნებლიე ცოდვებით, უნებლიე დაუნდობლობით და მაინც უზარმაზარი, კეთილი გულებით. მე კი მთელი ბავშვობა ფეხებს ვაბაკუნებდი და ბატკანი არავინ დამიხატა. შენ მთელი ბავშვობა ჩუმად, ფეხაკრეფით დადიოდი და დღემდე მგონია, რომ ნებისმიერი გამვლელის შლაპა სპილოგადაყლაპულ გველს გაგონებდა. 

მაპატიე, რა. რამდენჯერმე რომ არ გათამაშე, მაპატიე. რამდენჯერმე რომ ვერ დაგინახე, ეგეც. შენი გაცრეცილი მაისური მართლა ძალიან მაგარი იყო და მიკი მაუსი ეხატა, უბრალოდ, მაშინ ძალიან უგემოვნო ვინმე ვიყავი და რაც მთავარია,- კოლექტიური. 

საინტერესოა, როგორ ხარ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით მომავალ პროფესიებზე, ჩუმად კი ვფიქრობდით, რომ სუპერგმირები გამოვიდოდით და წარმატება ისეთივე ჩვეულებრივი, არაეგზოტიკური ხილი იქნებოდა, როგორც, მაგალითად, ლეღვი. ალბათ, გაგეღიმა სიტყვაზე „ლეღვი”. ფსიქოლოგობა გინდოდა და ყოველთვის მიკვირდა: მაშინ ძალიან მოსაწყენ საქმედ მეჩვენებოდა „ქექვა სხვების ტვინებში”. მსოფლიოს ცენტრი მე ვიყავი და იმიტომ. როგორი უხერხული იყო ჩემი ჩემდამი სიყვარული. 

სიმართლე რომ გითხრა, ბავშვობა მომენატრა და ქუჩები სხვანაირად რომ ახმაურდება, ნაძვების სანახავად წავალ. ზაფხულის მოწყენილი ნაძვები არ ვნახე,- ისინი იწყებიან შემოდგომიდან. დავჯდები და ვიფიქრებ, მაინც როგორი სევდიანია თხუთმეტი პირველი სექტემბერი. მაინც როგორ ჰგავს სკოლა  ყოფილ შეყვარებულს, რომელმაც ცხოვრება გასწავლა და როცა გტოვებდა, გითხრა, რომ ასე აჯობებდა. რომ არ უნდოდა, ასე მომხდარიყო, რომ ძალიან წუხს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. 

დავჯდები და ვიფიქრებ ჩვენზე,  რომლებიც ვერ გამოვედით სუპერგმირები. ჩავიცვით გაცრეცილი მაისურები და თმა ბიჭურად შევიჭერით. ზოგიერთმა მათგანმა გარს წიგნები შემოიწყო, ზოგმა- ადამიანები, ზოგმა- უზარმაზარი ოფისები და ყველა თავისთავად შესანიშნავი დარჩა. იმის მიუხედავადაც კი, რომ ასეთი შესანიშნავები ხანდახან ნოსტალგიურ წერილებს სასექტემბროდ წერენ, ბავშვების ჟრიამულამდე რამდენიმე დღით ადრე.

რამდენიმე სასწავლო აქტივობა, მოსწავლის ინტერესის გასაღვივებლად

0
ახალი სასწავლო წელი. მოლოდინები არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივია. ყველანი ვთანხმდებით, რომ წლევანდელი სასწავლო წლის ყველაზე დიდი სიახლე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოსული ,,მითიური” საფარველიდან, თუმცა მისი ოფიციალურად გამოქვეყნება დღე დღეზეა უნდა მოხდეს. სამაგიეროდ ვიცით ძირითადი პრინციპი – მასწავლებლის მეთოდურად გამართული ყველა აქტივობა კრედიტქულებად შეფასდება. განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალიც აგრეთვე ცნობილია. თუმცა მასწავლებლებისთვის შეთავაზებული საქმიანობები მათი აბსოლუტური უმრავლესობისათვის სულაც არ გახლავთ თანაბრად მოსახერხებელი და კომფორტული. ხოლო ზოგიერთი მათგანი პრაქტიკულად შეუძლებელიცაა. მაგალითად, კრედიტების დაგროვების ზოგიერთი გზა (კონფერენციები, სემინარები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სახელმძღვანელოს ან სასწავლო რესურსის ავტორობა და ა.შ.) მასწავლებლების უმეტესობისათვის სხვადასხვა მიზეზის გამო მიუწვდომელია და სავარაუდოდ ვითარება კარდინალურად არც მომავალში შეიცვლება. ამას თავისი ობიექტური (სუბიექტურს რომ თავი დავანებოთ) მიზეზები აქვს. მაგ: სასწავლო წლის განმავლობაში სულ ათიოდე რესპუბლიკური კონფერენცია და სემინარი ტარდება, სადაც მონაწილეთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, შეზღუდულია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი სემინარებსა და კონფერენციებში მასწავლებელთა საერთო რაოდენობის ძალზე მცირე ნაწილი შეძლებს მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მით უმეტეს სახელმძღვანელოს ან სასწავლო რესურსის ავტორობას, ამისათვის განსაკუთრებული ცოდნა, უნარი, უამრავი დრო, ენერგია და მნიშვნელოვანი ფინანსებია საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, სკოლის მასწავლებლებს შორის ასეთი საქმიანობით მხოლოდ რამდენიმე ათეული თუ მოახერხებს კრედიტების დაგროვებას. სავარაუდოდ, მასწავლებლებმა კრედიტების უმეტესი ნაწილი ისევ საგაკვეთილო პროცესში უნდა მოაგროვონ (მეორე ყველაზე ,,შემოსავლიანი” საქმიანობა ალბათ ტრენინგები იქნება). ასე რომ, სქემის ამოქმედების შემდეგ ორიგინალური, შემოქმედებითი და სააზროვნო საგაკვეთილო აქტივობების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. პირველი, ასეთი აქტივობები საინტერესოს და მიმზიდველს ხდის სასწავლო პროცესს (ამ თემას ამჯერად შეგნებულად აღარ განვავრცობთ). მეორე, მეთოდურად გამართული აქტივობები მასწავლებლის ფინანსურად მომგებიანი ვალდებულება ხდება.

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ისტორიის მასწავლებლებისათვის განკუთვნილ რამდენიმე სასწავლო აქტივობას, რომლებიც საკმაოდ შემოქმედებითი და პროდუქტიულია. მათი გამოყენებით შეგვიძლია გავაძლიეროთ მოსწავლეების ინტერესი საგნის მიმართ, განუვითაროთ მათ სააზროვნო – კოგნიტური, კითხვისა და წერითი მეტყველების უნარები, გაუფართოოთ წარმოსახვა და ფანტაზია.

მოცემული აქტივობები აგრეთვე მიზნად ისახავს ორ კონკრეტულ ამოცანას :

.ა) ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ ისტორიული კონტექსტის გააზრებას;

ბ) დაეხმაროს მოსწავლეებს უკეთ შეაფასონ პიროვნებების როლი ისტორიაში, არგუმენტებით დაასაბუთონ მათ მიერ გაღებული ძალისხმევის შედეგად მომხდარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების მნიშვნელობა.

ტექსტის კითხვისას, კითხვებზე პასუხების გაცემისას, წერითი დავალების შესრულებისას მოსწავლეები აღმოაჩენენ ფუნდამენტურ განსხვავებებს წარსულსა და აწმყოს შორის, გაიაზრებენ იმ გრანდიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ამ ადამიანებმა თავიანთ ეპოქაში გარშემომყოფთა აზროვნებაზე მოახდინეს. საგაკვეთილო აქტივობები რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს, სასურველია მასწავლებელმა შეარჩიოს ისეთი ისტორიული პიროვნებები, რომლებსაც თანამედროვეების მხრიდან თავს დიდი რისხვა დაატყდათ, რომელთა საქციელსაც თავის დროზე მიუღებლად, მკრეხელურად, შეურაცხმყოფელადაც კი თვლიდნენ. საინტერესოა, რომ ისტორიამ სრულად მოახდინა ზოგიერთი მათგანის ,,რეაბილიტაცია”, მათი საქმეები კი მომდევნო თაობებმა აიტაცეს და ნორმად აქციეს. თუმცა არსებობენ ისტორიული პიროვნებები, რომელთა საქმიანობას თაყვანისმცემლები და მოწინააღმდეგები არც თავის დროზე აკლდა და არც ახლა განიცდის მათ სიმცირეს. ამ პიროვნებების თაობაზე დღემდე რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები არსებობს. თუ არჩეული პერსონა ქალბატონი იქნება, აქტივობის დევიზად მისი ცხოვრებისეული პერიპეტიებიდან გამომდინარე შესაძლოა ცნობილი ისტორიკოსის, ლაურელ ტეტჩერ ულრიხის გამონათქვამიც გამოგვადგეს: ,,კარგად აღზრდილი ქალბატონები ისტორიას იშვიათად ქმნიან”.

სანამ უშუალოდ აქტივობების აღწერაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას, რომ მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს ნებისმიერ აქტივობას, გამოიყენოს მხოლოდ ის აქტივობები, რომლებიც მისთვის არის მოსახერხებელი, შეიტანოს მათში ცვლილებები და ა.შ.

თავდაპირველად აუცილებელია მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხონ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სახელმძღვანელოს ტექსტთან და ისტორიულ წყაროსთან ერთად შეიძლება კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაც იყოს. სასურველია, ეს იყოს მომცრო ზომის ნახატებიანი წიგნი. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ამ პიროვნების ირგვლივ განსახილველი საკითხების ჩამონათვალს შეადგენენ. მათში ყურადღება გამახვილებული იქნება, ერთი მხრივ, ისტორიულ გარემოებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ისტორიული პერსონის პიროვნულ ღირსებებსა და ხასიათის თვისებებზე. საბოლოოდ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას რამდენიმე აქტივობაში (უმეტესად წერით აქტივობაში) გამოიყენებენ. აქტივობები მიმართულია მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისაკენ, მაგრამ ამასთანავე ფოკუსირებულია კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტზე, მომხდარ სოციალურ ცვლილებებზე, ისტორიული პიროვნებების საზოგადოებასთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე.

მასწავლებლის მომზადება

ა) მოსწავლეებს სთავაზობს წასაკითხი ტექსტის რამდენიმე ვარიანტს. საბოლოო არჩევანს მოსწავლეები აკეთებენ (ეს არის მოსწავლეების მოტივირებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივების კიდევ ერთი საშუალება).

ბ) აწვდის მოსწავლეებს ტექსტებს. თუ ტექსტი მცირე ზომისაა, სურათების პრეზენტაციასთან ერთად, შესაძლოა მისი ხმამაღლა წაკითხვაც მოხერხდეს. სასურველია ყველა მოსწავლეს თავისი ეგზემპლიარი ჰქონდეს.

გ) მოსწავლეებს აცნობს შესასრულებელ დავალებებს, ხოლო დავალებების უკეთ გასაგებად და დროის მოგების მიზნით წინასწარ მომზადებული აქვს საჭირო რაოდენობით სპეციალური ფორმები.

თავდაპირველად მოსწავლეები უპასუხებენ რამდენიმე შეკითხვას. ეს მათ შემდგომი დავალებების უკეთ შესრულებაში დაეხმარება. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებსაც მოსწავლეები მას შემდეგ შეასრულებენ, როცა მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მათ გაიაზრეს წაკითხული ტექსტი. პირველი აქტივობა შეიძლება პროექტადაც მივიჩნიოთ.

ფოტოალბომი კომენტარებით
ეს აქტივობა განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო, რომლებსაც კეთებით სწავლა მოსწონთ. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შექმნან განსახილველი ისტორიული პიროვნების რამდენიმე ფოტოსურათისგან ან რეალისტური ნახატისაგან შემდგარი ფოტოალბომი, რომლებსაც მოსწავლეები, რასაკვირველია, ინტერნეტიდან მოიპოვებენ. დავავალოთ მოსწავლეებს მოპოვებულ მასალებზე თავიანთი კომენტარების დართვა. რასაკვირველია, ეს აქტივობა შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ისტორიულ პიროვნების შესახებ ასეთი რესურსი არსებობს. სასურველია ფოტოსურათზე ან ნახატზე სხვა პიროვნებებიც იყვნენ გამოსახულნი, ამასთანავე მოპოვებული სურათი (ნახატი) ისტორიული ხასიათის ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს.

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წერითი დავალებები უყვართ და ფანტაზიის უნარი კარგად აქვთ განვითარებული, განსაკუთრებით მოეწონებათ დავალება, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. ამ დავალებას პირობითად წარმოსახვითი ინტერვიუ დავარქვით.

წარმოსახვითი ინტერვიუ

მოსწავლეებს ვთხოვოთ გონებრივი იერიშით მოიფიქრონ ის კითხვები, რომლებსაც ისტორიულ პიროვნებას დაუსვამდნენ. კითხვები დაფაზე დავწეროთ. შემდეგ მოსწავლეები წყვილებად ან ტრიადებად დავყოთ და ვთხოვოთ მოფიქრებული კითხვებიდან ამოირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო კითხვების განსაზღვრული რაოდენობა (ვთქვათ 5 კითხვა) და მათზე ისეთი პასუხები გასცენ, როგორსაც მათი წარმოდგენით ისტორიული პერსონა გასცემდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პასუხების გაცემაა, მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ პასუხების გაცემისას თავი ისტორიული პიროვნების ადგილას წარმოიდგინონ, გაიხსენონ ისტორია და დავალება ისე შეასრულონ. მოსწავლეების პასუხებში უნდა ჩანდეს, რომ მათ იციან ამ პიროვნების ცხოვრების შესახებ. დავალების ბოლოს ერთი ან რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი შეიძლება წავიკითხოთ, ხოლო ყველა დასრულებული კი ინტერვიუ ერთად ავკინძოთ ხელნაწერ წიგნად.

აი, რამდენიმე მარტივი შეკითხვა, რომელიც ინტერვიუში შეიძლება გამოვიყენოთ :

ა) რას მოელიან ადამიანები თქვენგან?
ბ) რა იყო თქვენი უდიდესი მიღწევა? რატომ ამაყობთ მისით?
გ) როგორ დაახასიათებდით თქვენს პიროვნებას?
ე) ხასიათის რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში?
ვთხოვოთ მოსწავლეებს, ამ სიას სხვა კითხვებიც დაუმატონ.
ბოლო ორი დავალება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას ისტორიული პიროვნების ხასიათის თვისებებსა და ზნეობრივ ღირებულებებზე აკეთებს. ორივე აქტივობა ამოწმებს მოსწავლის მიერ წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს.

ხასიათის სოციოგრამა

ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ ისტორიული პიროვნების ხასიათი, დააფიქსირონ მისი დამოკიდებულებები უახლოეს ადამიანებთან, ამ ადამიანების დამოკიდებულება მათდამი. იგი მოსწავლეს განუვითარებს წაკითხულის გააზრების, აგრეთვე წაკითხულ ტექსტში სპეციფიკური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებისა და ადეკვატურად გამოყენების უნარს. დავალება ასე სრულდება: სამუშაო ფურცლის შუა რგოლში მოთავსებულია ისტორიული პერსონის სახელი. ავირჩიოთ ამ ადამიანის ცხოვრების რამდენიმე (ოთხი ოპტიმალური რაოდენობაა) მნიშვნელოვანი პიროვნება. მათი სახელები ორი ურთიერთსაპირისპირო ისრით დავაკავშიროთ მთავარ პიროვნებასთან. ვთხოვოთ მოსწავლეებს, ისრების გასწვრივ თითო წინადადებით დაწერონ, რა აკავშირებს ამ ადამიანებს ერთმანეთთან. მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ მათი აზრით მთავარი დამაკავშირებელი მომენტი. ეს შეიძლება იყოს: ერთმანეთთან დამოკიდებულება, დამსახურება ერთმანეთის წინაშე, რას ფიქრობდნენ ერთმანეთზე, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი და ა.შ. დავალების დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლეები ისრებზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით პიროვნების ხასიათის სოციოგრამას შეადგენენ.

კონცეპტუალური წრე

ეს წერითი დავალება მოსწავლეებს განუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას და წაკითხულის გააზრების უნარს. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ კავშირი მასწავლებლის მიწოდებულ სიტყვებსა და წაკითხულ ტექსტს შორის. აქტივობა ასე სრულდება: მასწავლებელი წრეში ქმნის მისთვის საჭირო რაოდენობის დანაყოფებს. თითოეულ დანაყოფში წერს იმ სიტყვას ან მოკლე ფრაზას, რომლებიც ყველაზე ნათლად ახასიათებს ისტორიულ პიროვნებას. მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ დაწერონ პიროვნების დახასიათება ისე, რომ აუცილებლად გამოიყენონ მოცემული სიტყვები. აქტივობა საკმაოდ პროდუქტიულია. იგი ავითარებს მოსწავლის წერით უნარებს, ლოგიკურ აზროვნებას, სიტყვებისა და ფრაზების სწორად დაკავშირებისა და გამოყენების უნარს. მოსწავლეებს ვთხოვოთ მიწოდებული სიტყვების გამუქება. სამუშაოს დასრულების ბოლოს კი – გამოთქვან თავიანთი აზრი, რამდენად დაეხმარა მასწავლებლის მიერ მიწოდებული სიტყვები და ფრაზები დავალების შესრულებაში, რამდენად ზუსტად ასახავდა ეს მონაცემები პერსონის ხასიათს.

დაბოლოს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზეპირი მსჯელობისას მოსწავლეებისთვის დამახასიათებელია მთავარი თემიდან გადახვევა, რომლის მიზეზიც მეტისმეტი მონდომებაა. ასეთ დროს მასწავლებელმა მოსწავლე აქტიურობისათვის უნდა შეაქოს, მაგრამ მათი მსჯელობა ისევ განსახილველი თემებისკენ უნდა შემოაბრუნოს. და კიდევ ერთი, შეფასებისას მასწავლებელმა მოსწავლეების ლექსიკურ მარაგთან და შემოქმედებითობის უნართან ერთად უნდა გაითვალისწინოს რამდენად ლოგიკურად იყენებენ ისინი წაკითხულ ინფორმაციას და რამდენად ადეკვატურად ახერხებენ თავიანთი მოსაზრებების დასაცავად წაკითხული ინფორმაციის მოშველიებას.

ნიკუშას

0

ჩემი ძმიშვილი – ნიკუშა, წელს პირველი კლასის მოსწავლე გახდა. იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახში უკანასკნელმა მე გამოვიარე სკოლის წლები, ანუ მოწაფეობის ავან-ჩავანი წესით დანარჩენებზე უკეთ უნდა მახსოვდეს, გადავწყვიტე წერილი მივწერო მას. იქნებ რამეში გამოადგეს კიდეც. „რა უნდა ისწავლო სკოლაში?” – ვკითხე ნიკუშას რამდენიმე დღის წინ, რაზეც დაუფიქრებლად მიპასუხა – „კითხვა”. იმედი მაქვს, როდესაც კითხვას ისწავლის, ამ წერილისთვისაც დარჩება დრო.

ნიკუშა,
მეოთხე კლასი რომ დავამთავრე, მეგონა ცხოვრებაში უკვე ყველაფერი მქონდა ნანახი. კითხვა შემეძლო, წერაც ვიცოდი. რიცხვების ნამრავლის გასაგებად 12 ფურცლიანი მწვანე რვეულის (ზედ რუსული ასოებით ეწერა ხოლმე – ТЕТРАДЬ) უკანა გარეკანზე დახედვა სულ უფრო იშვიათად მჭირდებოდა, 1-ლი სექტემბრისთვის ჩემი ძმის, მამაშენის გამონაცვალის მაგივრად, ბებიაშენმა და ბაბუაშენმა ლილოს ბაზრობიდან თეთრი ბოტასი მომიტანეს, რაც ჩემს ცხოვრებაში იმავე წონის მოვლენა იყო, როგორიც მსოფლიოს ისტორიიისთვის დასავლეთ რომის იმპერიის დაცემაა. ისტორიის მასწავლებელი ამ ამბავს ალბათ ცოტა მოგიყვებათ მოგიყვებათ და მაშინ კი ნამდვილად მიხვდები რა ძვირფასი იყო ჩემთვის ის ფეხსაცმელი.
თუმცა, მეხუთე კლასამდე დიდხანს ვიარე…
ჩემს დამრიგებელს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მზრდიდა, ქაღალდისგან დამზადებული 5-იანებისა და 2-იანების გულსაბნევები ჰქონდა, რომლებსაც ხან მკერდზე გვამაგრებდა, ხან – თმაში, იმის მიხედვით, თუ რა ნიშანს მივიღებდით, ან როგორ მოვიქცეოდით. ამ წამოწყების მთავარი იდეა ის იყო, რომ გულსაბნევი სახლამდე უნდა გკეთებოდა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგეხსნა. გვჯეროდა, რომ ჩვენს მასწავლებელს არგუსის მსგავსად (მის შესახებ მითოლოგიის წიგნში წაიკითხავ) მრავალი თვალი ჰქონდა და ჩვენს თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდა. არ მოგატყუებ, ვისთან-ვისთან და შენთან ტყუილი არაფერში მჭირდება – ხუთიანითაც გამივლია ჩვენს სახლამდე მისასვლელი გზა და ორიანითაც, თუმცა, უნდა ვაღიარო, პირველ ჯერზე გვარიანად ვინერვიულე. მთელი გზა ტირილ-ტირილით გავლიე. მერე ამეკვიატა აზრი, რომ მამაჩემს სამსახურში გააგებინეს ჩემი ორიანის ამბავი და დამალვა აღარ გამოვიდოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს ორიანით გულდამშვენებული დავხვედროდი. მისხალი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა მოხდა ამის შემდეგ, ანუ რა მითხრა ბაბუაშენმა. დამეფიცება, ამ ამბის გამო, ერთი რამ ბოლომდე, დიდი ლურსმნით ჩავიჭედე გონებაში და არასოდეს ამომვარდნია: ყველაფერი, რასაც განგებ ან შემთხვევით ვაკეთებ თუ ვაფუჭებ, ყველაფერი, რაც ჩემი ნახელავია, ჩემს ზურგჩანთაში დევს და მასზე პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ, რადგანაც ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან. ლაჩრებს კი მოგვიანებით – ლიტერატურაში, ისტორიასა და რეალურ ცხოვრებაშიც, ბევრს შეხვდები. დააშავებ რამეს? – ისწავლე საკუთარ შეცდომაზე, მწარე გაკვეთილად მიიღე ის და აღარასოდეს გაიმეორო, მაგრამ არამც და არამც არ უარყო საკუთარი საქციელი და არც პასუხისმგებლობა აირიდო თავიდან.
წლების შემდეგ, ვინმე – მეზობელი, ნაცნობი, წვეულებაზე ახლადგაცნობილი გოგონა, თანამშრომელი ან იქნებ ჟურნალისტი, აუცილებლად გკითხავს, თუ როგორ გაიცანი შენი საუკეთესო მეგობარი. დამიჯერებ? – ამაზე ფიქრში ღამეები მითენებია და ვერაფრით გავიხსენე როგორ გავიცანი, მაგალითად, ირაკლი ისაკაძე – კლასელი, რომელსაც თითქოს სარკეში ჩახედვის დროს ვხედავ, 19 წელია ერთად ვართ. ნუ შეიქმნი წარმოდგენას თანაკლასელებზე იმის მიხედვით, თუ რამდენად ლამაზი კედები ან მაისური აცვიათ მათ (ასე მხოლოდ მათი მშობლების ჯიბეზე შეიძლება წარმოდგენის შექმნა), უმჯობესი იქნება მიხვიდე და პირდაპირ ჰკითხო: „რომელი სუპერგმირი ხარ?” – თუკი დაუფიქრებლად გიპასუხებს, ესეიგი მასთან მეგობრობა შეიძლება.
მეხუთე კლასში რომ გადავედი, პირველი სართულიდან მეორეზე ამოვბარგდით – დირექტორის მისაღების წინ. ჩვენმა ახალმა დამრიგებელმა ბიოლოგიის კაბინეტი დაგვითმო. ეს იყო ალბათ ყველაზე მოწესრიგებული, დალაგებული და ნიმუშებით სავსე საკლასო ოთახი მთელ შენობაში. ოთახი დაახლოებით ნახევარ წელიწადში სხვა ოთახების ინფრასტრუქტურას გავუთანაბრეთ – დავხატეთ მერხებსა და კედლებზე, ადამიანის ჩონჩხს (შეგახსენებ, ბიოლოგიის კაბინეტი იყო) ამოვაცალეთ მალები, რის შემდეგაც ჯერ ქვედა ყბა მოვატეხეთ, შემდეგ კი – ხელები მოვამტვრიეთ. ბოლოს პარკეტიც ავყარეთ. დამიჯერე, თუკი ცხოვრებაში რამის ძალიან მრცხვენია, ალბათ სწორედ ეს საქციელია. ხანდახან, როცა ლალი ყიფიანს (მაშინდელ დამრიგებელს) ქუჩაში ვხვდები, სურვილი მიჩნდება, რომ 1000 ბოდიში მოვუხადო ამის გამო, მაგრამ, როგორც წეღან გითხარი, ყველაფერი – კარგიცა და ცუდიც ზურგჩანთაში მიდევს და ამ სირცხვილის გრძნობასაც ბოლო ამოსუნთქვამდე მივიტან.
შენს მოწაფეობრივ ცხოვრებაში იქნება წლები, როცა სახლში ყველაფერი დაგრჩება ფიზკულტურის (მგონი ახლა სპორტის ჰქვია) ფორმის გარდა. ერთი სული გექნება, რომ ზარი დაირეკოს, რათა დარბაზის გასახდელ ოთახამდე ყველას მიასწრო. ცხადია, ამაში ცუდი არაფერია. აი მე კი, ფიზკულტურის გაკვეთილზე ყოველთვის ეს ამბავი მახსენდება: მეშვიდე კლასში ვართ. დარბაზთან ვდგავართ. კარი დაკეტილია. მასწავლებელი იგვიანებს. ისე ვხმაურობთ, ლამის ჭერს ვიმხობთ თავზე. ვყვირით, ვხტუნაობთ და გაუქმებული ბუფეტის კარს, რომელსაც ისედაც ძლივს უდგას სული, ფეხებს ვურტყამთ. უცებ, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, ნანა მასწავლებელი წაგვადგა თავზე და ხელში სწორედ ის მოიგდო, რომელიც ცელქობით გამოირჩეოდა – თორნიკე სადილიანი. ჩვენ გადავრჩით, თორნიკე კი – დირექტორთან წაიყვანეს. კრება გავმართეთ, რა ვქნათ, რით ვუშველოთო, შეიძლება გარიცხონო, დედამისს დაურეკავენო, ისაო, ესაო. იქამდე ცოტა ხნით ადრე ერთი ყმაწვილის ისტორია მქონდა მასწავლებლისგან მოსმენილი – თავისი მეგობრები ბოროტ კაცს დაუტყვევებია და ტანზე თაფლწასმულები მზის გულზე (აი, შუადღისას ჩვენი საშრობის კიდესთან როა ისეთ სიცხეში) გაუკრავს მიწაზე. ამას კიდევ უთქვამს, როგორც ჩემი მეგობრები იტანჯებიან, ისე უნდა დავიტანჯოო, მისულა, ტანსაცმელი გაუხდია და მეგობრებთან ერთად დამჯდარა (ამ ყმაწვილს ცოტნე ერქვა – მერე წაიკითხავ ამაზეც). ამ ისტორიით შთაგონებული დირექტორის კაბინეტისკენ გავემართე. მეშინოდა, მუხლები მიკანკალებდა, მეტირებოდა, მაგრამ მაინც შევედი. „მურმანი მასწ, მეც ვურტყამდი კარს ფეხებს” – ვუთხარი დირექტორს, რომელმაც სათვალის ზემოდან გადმომხედა. სადილას სახე გაუბრწყინდა და ჯიგარი ხარო – თვალებით მანიშნა. მურმანი მასწავლებელმა მოგვატყუა, პოლიციაში ვრეკავ და დაკავებააო, ამიტომაც ხელწერილები იკმარა.
გგონია ამ ამბავს იმიტომ გიყვები, რომ თავი გმირი მგონია? – არა. სულაც არა. უფრო სწორად, მაშინ მეგონა, მაგრამ ახლა ეს ისტორია ჩემი ზუგჩანთის იმ ჯიბეში გადავდე, სადაც სამარცვინო ამბებია მოთავსებული. მეგობრის თანადგომას არაფერი სჯობია, მაგრამ ხანდახან, როცა პრობლემა შეგექმნება, შეეცადე კადრები უკან გადაახვიო ხოლმე და დაინახავ, სად დაუშვი შეცდომა. შეცდომა და სწორი საქციელი ხშირად რთული გასარჩევია, ამიტომ შენს ენაზე აგიხსნი: როცა კარს ფეხებს ვურტყამდით ჩვენ ვიყავით მწვანე გობლინები და არა ადამიანი ობობები; ამ დროს ჩვენ ბოროტ ბეინს უფრო ვგავდით, ვიდრე ბეტმენს. მწვანე გობლინი და ბეინი კი, როგორც ამთავრებენ ხოლმე, ჩემგან არ გესწავლება.
კიდევ ბევრი პერიოდი დაგიდგება სკოლაში სწავლის დროს – შატალოების პერიოდი, მოწონებულ-შეყვარებულობის პერიოდი, აბიტურიენტობის პერიოდი. აქ არ არსებობს რეცეპტები. აქ ვერავინ ვერაფერს გირჩევს – ისე უნდა მოიქცე, როგორც გული და სინდისი გიკარნახებს. მთავარი იცი რა არის? – კითხვები დასვი. დაუსვი კითხვები მასწავლებლებსაც და საკუთარ თავსაც. არ მოგერიდოს, რომ არასწორად გაგიგებენ, ან სულაც – ვერ გაგიგებენ. თუკი ვინმე პასუხს ვერ გაგცემს, ჩათვალე, რომ ესეც პასუხია.
იმედი მაქვს, რომ ლიტერატურის სიყვარულში დამემსგავსები და არა ფიზიკურად.
ერთსაც მოგიყვები და ჩემით წავალ: 172-ე სკოლის შენობა, რომელშიც მე და მამაშენმა 11-11 წელი გავატარეთ, აჭრელებული იყო კურსდამთავრებულთა სახელებით. ისე მოხდა, რომ ჩემი კლასის გამოშვების წელს, სკოლა შეღებეს და მოაკოხტავეს. როცა ბოლო ზარი მოახლოვდა, ჩვენ დიდი თათბირი მოვაწყეთ და ყველამ – ოროსნებმა, ხუთოსნებმა, ცელქებმა, წყნარებმა, აღრიცხვაზე აყვანილებმა, სპორტსმენებმა, მოცეკვავეებმა – გადავწყვიტეთ, რომ კედლებზე არცერთი სახელი არ დაგვეწერა. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ზედაპირები, რომლებზეც თუკი საკუთარ ინიციალებს არ ამოტვიფრავ, შენი სახელი უფრო დიდხანს ემახსოვრებათ.
იფიქრე ამაზე.

სწავლის დაწყებას გილოცავ!

საუკეთესო განათლების მიღების გზები-ფინეთი, სამხრეთ კორეა

0

ჯერ კიდევ ორმოცდაათი წლის წინ სამხრეთ კორეასა და ფინეთს საშინელი საგანმანათლებლო სისტემა ჰქონდათ. მაშინ ფინეთი ეკონომიური კრიზისის საფრთხის წინაშე იდგა. სამხრეთ კორეა კი სამოქალაქო ომის გამო, მიწასთან იყო გასწორებული. დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ, ამ ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა დანარჩენი მსოფლიოსთვის სამაგალითოდ იქცა.  სამხრეთ კორეისა და ფინეთის სკოლებში მოსწავლეები შესანიშნავ განათლებას იღებენ. საინტერესოა, რა შეუძლიათ სხვა ქვეყნებს ისწავლონ ამ ორი ქვეყნის მაგალითზე, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებული საგანმანათლებლო მოდელით ხელმძღვანელობენ?!

კორეული მოდელი შრომისმოყვარეობასა და დაუღალავ შრომას მოიაზრებს.

„ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში, თუ სოციოეკონომიკურ კიბეზე აცოცება და სტაბილური სამუშაოს პოვნა გინდა, რთული გამოცდების ჩაბარება მოგიწევს”, –  ამბობს მარკ აკერი, განათლებისა და ეკონომიკის ეროვნული ცენტრის დირექტორი. გამოცდების ჩაბარება დიდ ცოდნასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს. ამ გზით მიღწეულ წარმატებას სამხრეთ კორეაში უპირატესი მნიშვნელობა აქვს. 

კორეელებმა საგმირო საქმე ჩაიდინეს – დღეს ქვეყანაში განათლების დონე 100%-ს აღწევს. ამ შედეგის მისაღწევად, ქვეყანა საგანმანათლებლო ექსტრემიზმის მიმდევარი გახდა.  ადგილობრივი მოსწავლეები ტიტანური შრომისა და უდიდესი წნეხის ქვეშ ცხოვრობენ. აქ ნიჭი ღვთისგან ბოძებულ საჩუქრად არ მიიჩნევა. ხალხს სამხრეთ კორეაში ღრმად სწამს, რომ დაუღალავი შრომითა და სიბეჯითით დასახულ მიზანს მიაღწევ. მოკლედ, აქ მოსწავლეებს წარუმატებლობის უფლება არ აქვთ.  სკოლაში სწავლასთან ერთად ისინი კერძო მასწავლებლებთან ემზადებიან და მთელი დღის მანძილზე თავისუფალი დრო მხოლოდ ერთი საათი აქვთ.  აქაურებს ერთგვარი დევიზიც გააჩნიათ – თუ საკმარისად ბევრს სწავლობ, საკმარისად ჭკვიანი ხარ. თუ აქაური მოსწავლეების საგამოცდო შედეგებს სხვა ქვეყნებისას  შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ სამხრეთ კორეაში საუკეთესო შედეგი აქვთ, კრიტიკული აზროვნების ტესტისა და ანალიზის ჩათვლით.

 „სამხრეთ კორეელებს სჯერათ, რომ ამ რთული სასწავლო პერიოდის გავლის შემდეგ, მათ შესანიშნავი მომავალი ელით”, – წერს ანდრეას შლაითერი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგანმანათლებლო პოლიტიკის მრჩეველი. „აქ მშობლები შვილებს ეკითხებიან:  რა გირჩევნია –  ხანმოკლე უბედურება თუ ხანრძლივი ბედნიერება?!”.

სამხრეთ კორეაში საკლასო ოთახი დიდი ზომისაა და კლასში ბევრი ბავშვი სწავლობს, რაც, მაგალითად, მიუღებელი იქნებოდა ამერიკელი მშობლისათვის. სამხრეთ კორეაში მასწავლებლის მიზანი კლასის ერთ საზოგადოებად ჩამოყალიბება და მათთან, როგორც ერთიან კომუნასთან ურთიერთობის მართვაა. ამერიკელი მასწავლებლები კი მოსწავლეებთან ინდივიდუალურ ურთიერთობას ამჯობინებენ.

„თუ არჩევანის აკეთება ამერიკულსა და კორეულ საგანმანათლებლო მოდელს შორის მომიწევდა, ჩემი შვილისათვის კორეულს ავირჩევდი. თანამედროვე მსოფლიოში ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ ისწავლოს, როგორ იშრომოს ბეჯითად და როგორ არ დანებდეს მარცხს. კორეული მოდელი სწორედ ამაზეა ორიენტირებული”, – ამბობს მწერალი ამანდა რიპლი.

ფინური საგანმანათლებლო მოდელი დაფუძნებულია მოსწავლის მოტივაციასა და კლასგარეშე აქტივობაზე.

ზოგჯერ სპეციალისტები აქაურ საგანმანათლებლო მოდელს უტოპიურს უწოდებენ. აქაური მოსწავლეები საკლასო ოთახებში ძალიან ცოტა დროს ატარებენ. მოკლე გაკვეთილებს სკოლის მიერ ორგანიზებული კლასგარეშე აქტივობები ცვლის, რადგან აქ სჯერათ, რომ ბავშვები საკლასო ოთახის გარეთ უფრო მნიშვნელოვან ცოდნას იღებენ. ფინეთში სკოლა თანაბრადაა განათლების მიღებისა და ირგვლივ მყოფებთან სოციალიზაციის საშუალება.

ფინური კულტურაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოსწავლის მოტივაციასა და სწავლის მიმართ პერსონალურ ინტერესს. აქ მესამე გაკვეთილი არა სავალდებულო, არამედ არჩევითია. მოსწავლეები გამოცდებსაც არჩევით აბარებენ. აქაური საგანმანათლებო მოდელი ნაკლებად სტრესულია და მისი უპირატესობა  მოსწავლისთვის მიცემული არჩევანის საშუალებაა – ისწავლოს ის, რაც სურს.

„საერთო ჯამში ფინელების ცხოვრებისეული გასაღები მაინც განათლებაა”, – ამბობს ანდრეას შლაითერი, „მაგალითად, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ საუბრობენ ფინურად. ამიტომ ფინელები შვედურ ენას შეისწავლიან. ეს ფაქტი უბიძგებს მათ შეისწავლონ უცხო ენები. ამასთანავე, ყველა ფინელს, რომელსაც წარმატებასა და მაღალანაზღაურებად სამსახურზე აქვს პრეტენზია, დამატებით კიდევ ერთი უცხო ენის შესწავლა უწევს. ისინი ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულ ან რუსულ ენებზე არიან ორიენტირებულნი. აქ მცირეწლოვანი ბავშვებიც კი ხვდებიან, რომ ფინური ფინეთის გარდა სხვაგან არსად ესმით, ამიტომ საჭიროა უცხო ენის  სწავლა”.

ფინურსა და სამხრეთ კორეულ საგანმანათლებლო მოდელებს ერთი მსგავსება აქვთ. ორივე ქვეყანაში დიდ პატივს სცემენ მასწავლებელსა და მათ პროფესიულ მიღწევებს. ფინელები დიდ ყურადღებას აქცევენ მასწავლებლის პროფესიონალიზმს და მათ განსაკუთრებით მკაცრ გამოცდებს უტარებენ.   

მასწავლებლები ფინეთში წელიწადში 600 საათის განმავლობაში ატარებენ გაკვეთილებს, დანარჩენს კი პროფესიულ განვითარებას უთმობენ. ამ უკანასკნელს დიდ ყურადღებას აქცევენ სამხრეთ კორეაშიც, ამიტომ მასწავლებლობა აქ ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საქმიანობაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მასწავლებლები წლის განმავლობაში 1,100 საათს საკლასო ოთახში ატარებენ და პროფესიული განვითარებისთვის ნაკლები დრო რჩებათ.

წყარო: https://ideas.ted.com/2014/09/04/what-the-best-education-systems-are-doing-right/

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...