ორშაბათი, მაისი 18, 2026
18 მაისი, ორშაბათი, 2026

ლატვია ომების ეპოქაში

0

საქართველოში ხშირად ლატვიას ლიტვისგან ვერ არჩევენ, ესტონეთის მოხსენიება კი საერთოდ ავიწყდებათ ან ეზარებათ. იმპერიებმა ევროპის ჩრდილოეთით მდებარე სამ ქვეყანას საერთო სახელი შეურჩიეს, მცირე სახელმწიფოებს შორის არსებული განსხვავებები არაფრად ჩააგდეს, ხალხთა უნიკალური მახასიათებლები მეორეხარისხოვან ფაქტორებად მიიჩნიეს და რეგიონი ბალტიის ზღვის ნაპირას მდებარე ერთიან ტერიტორიად გამოაცხადეს. ტერმინ „ბალტიისპირეთის“ დამკვიდრება მხოლოდ გეოგრაფიული ლოგიკით რომ არ არის ნაკარნახევი, ამაში დასარწმუნებლად ევროპის რუკაზე დახედვაც კი საკმარისია. ბალტიის ზღვის ირგვლივ კიდევ ექვსი ევროპული სახელმწიფოა განლაგებული. საქართველოს ბალტიის რეგიონთან (და არა ბალტიისპირეთთან) ბევრი რამ აკავშირებს. წარსულში ყველანი ერთ საპყრობილეში ვიყავით გამოკეტილნი. დღესაც საერთო მტერი გვყავს. თავისუფლებისთვის ერთსა და იმავე გზაზე სიარული გვიწევს. აქედან გამომდინარე, ალბათ, ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის შესახებ. ახალი ცოდნა შეიძლება ქართულ-ბალტიური ურთიერთობების განმტკიცების წინაპირობად იქცეს.

დღეს ყურადღება ბალტიის რეგიონის ცენტრზე, ლატვიაზე შევაჩეროთ და რამდენიმე დეტალი გავიხსენოთ ქვეყნის უმძიმესი წარსულიდან.

ორ მსოფლიო ომს შორის აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ არაერთ ხალხს დამოუკიდებლობის გამოცხადების ხელსაყრელი შანსი გაუჩნდა. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებამ და რუსეთში წარმოქმნილმა რევოლუციის შემდგომმა ქაოსმა დაპყრობილ ქვეყნებს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა მისცა. აღმოსავლეთევროპელებმა თავისუფალი სახელმწიფოების მშენებლობა დაიწყეს. სხვების მსგავსად, გაუმართლა ლატვიასაც. საბჭოეთის წინააღმდეგ წარმოებული გამათავისუფლებელი ომის შემდეგ მანაც მოახერხა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მოპოვება. დამოუკიდებლობის გამოცხადებას პირველი დემოკრატიული არჩევნები მოჰყვა, ახალმა პარლამენტმა კი ლატვიის პირველი კონსტიტუცია მიიღო. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ომებს შორის პერიოდში არსებობა მარტივი არ ყოფილა. 1920-1934 წლებში ქვეყანაში თოთხმეტჯერ შეიცვალა მთავრობა. მინისტრთა კაბინეტს ხშირად ტოვებდნენ მრავალპარტიული კოალიციის უსუსტესი წარმომადგენლები. კოალიციის დაშლა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოასწავებდა. ხალხისთვის დემოკრატია არასტაბილურობასთან ასოცირებულ ცნებად იქცა. ხელისუფლებას პრობლემები ჰქონდა ყოფილ მსხვილ მიწათმესაკუთრეებთან, ნაციონალურ უმცირესობაში აღმოჩენილ გერმანელებთან, რომლებსაც ახალგაზრდა რესპუბლიკამ მიწები ღარიბი ლატვიელი გლეხების სასარგებლოდ ჩამოართვა. მეოცე საუკუნის ყველაზე მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა გასაღების ბაზარი ჩაუკეტა ლატვიურ ინდუსტრიას. შიდაპოლიტიკური პრობლემების, მესამე რაიხისა და სტალინური რეჟიმის გაძლიერების ფონზე ლატვიის პოლიტიკურმა ლიდერებმა მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს. მათ მიიჩნიეს, რომ გამოწვევებზე საპასუხოდ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში ცხოვრება საკმარისი არ იქნებოდა; პოლიტიკურმა ელიტამ ავტორიტარიზმის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად, პრემიერ-მინისტრი კარლის ულმანისი გამოაცხადა. მიუხედავად ულმანისის შეუზღუდავი ძალაუფლებისა, ქვეყანა მაინც ვერ გადაურჩა ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე, თუმცა ყველაზე სისხლიან კოშმარს.

ყველაფერი საბჭოთა ოკუპაციით დაიწყო. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმის მიხედვით, ბალტიის რეგიონი სსრკ-ს გავლენის ზონად გამოცხადდა. „წითელი არმიის” ლატვიაში შეჭრამდე გერმანელებმა ქვეყნიდან თანამემამულეები გახიზნეს, რაც კომუნისტებისთვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავდა. ძლევამოსილ ჯარს არ გასჭირვებია მცირე ქვეყნის დაპყრობა. დაპყრობას რეპრესიები და ათეულობით ათასი ადგილობრივის გადასახლება მოჰყვა. დაკავებულებს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სამსახურში ყოფნას ედავებოდნენ.

საბჭოთა ოკუპაცია წელიწადნახევარი გაგრძელდა. პაქტის დარღვევის შემდეგ, 1941 წელს, უკვე გერმანელები შეიჭრნენ ლატვიაში. ახლა უკვე ისინი დაერივნენ ლატვიელ კომუნისტებს საბჭოთა რესპუბლიკის ერთგულების გამო. ბუნებრივია, ნაცისტებს არც საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა დავიწყებიათ. 70 000 ლატვიელი ებრაელი ემსხვერპლა ბალტიურ ჰოლოკოსტს.

1944 წელს კი საბჭოთა კავშირის ძალები ხელახლა დაბრუნდნენ ლატვიაში. ამჯერად ქვეყნის მოსახლეობას ტყვედ ყოფნისა და ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით გაუსწორდნენ. უამრავი ლატვიელი საზღვარგარეთ გაიქცა, ბევრს გულაგებში მიუჩინეს ადგილი.

წარმოიდგინეთ, მეოცე საუკუნის ხუთწლიან პერიოდში მცირერიცხოვანი ლატვიელი ხალხი სამჯერ ააოხრეს. სამივე შემთხვევაში ხალხისა და სახელმწიფოს მოსპობაში მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე არაჰუმანური და სასტიკი რეჟიმები მონაწილეობდნენ. ხუთი წლის განმავლობაში დამპყრობლებმა ქვეყანაში თითქმის მთლიანად მოსპეს ორი ეროვნული უმცირესობა და ლატვიის შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი.

თურმე ჩვენს მახლობლად გასული საუკუნის განმავლობაში ჩვენზე უფრო გატანჯული სახელმწიფოებიც არსებობენ.

შვილები როგორც მასწავლებლები

0

„ოდესმე გიგრძნია, რომ დედა ან მამა არ გისმენენ, როცა რაიმეს ეუბნები? კი? ჰოდა, ზუსტად დეიზივით ყოფილხარ. დეიზის მათთვის თუნდაც ის რომ ეთქვა, თმაზე ცეცხლი გიკიდიათ ან ფოსტალიონი ძაღლმა შეჭამაო, მხოლოდ ამას უპასუხებდნენ: „კარგი, საყვარელო“, ან „მიდი, ბებოს უთხარი“, ან „ვერ ხედავ, რომ ტელეფონით ვლაპარაკობ?!“

ალბათ ყველას გვეცნო ეს სიტუაცია – ვცდილობთ, თავიდან მოვიშოროთ პატარა, როდესაც რაღაც „ძალიან მნიშვნელოვან“ საქმეს ვაკეთებთ, ან მნიშვნელოვან საქმეზე ვსაუბრობთ ტელეფონით, ან საკუთარ ლეპტოპში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და გადაუდებელი პროექტის დასრულებას ვჩქარობთ. ამ დროს კი პატარამ, რომელსაც შესაძლოა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბის შეტყობინება სურდეს, ეს ვერ მოახერხოს და ასე გამოგვეპაროს ის ფაქტი, რომ ჩვენს სახლში უზარმაზარმა მარტორქამ დაიდო ბინა, ჩვენ კი ვერ შევამჩნიეთ, იმიტომ რომ, მაგალითად, სარეცხს ვფენდით, ჭურჭელს ვრეცხავდით და ა.შ.

„მარტორქები ბლინებს არ ჭამენ“ ჩემი სამი წლის შვილის ერთ-ერთი საყვარელი წიგნია. მასაც უყვარს შთაბეჭდილებების გაზიარება, ცხოველები და საინტერესო ამბების კითხვა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად ვცდილობ, საქმეები, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია, შვილების თანდასწრებით არ ვაკეთო და ის მცირე დრო, რომელსაც ერთად ვატარებთ, საინტერესოდ იყოს დატვირთული. ვიყო უფრო მეტად ყურადღებიანი, ვიდრე ვიყავი წინა დღეს და ნამდვილად ვიფიქრო იმ სიტყვებზე, რომლებსაც ისინი მეუბნებიან.

დეიზის და მისი ოჯახის დაუპატიჟებელი იისფერი სტუმარი სწორედ საუზმის დროს შემობრაგუნდება სამზარეულოში და დეიზის ბლინს გაღეჭავს. ასე იწყება გოგონას და მარტორქის მეგობრობის ისტორია. მეგობრებს დიდი გულისტკივილი აქვთ – დეიზი წუხს იმაზე, რომ მშობლები არ უსმენენ, ზოოპარკიდან გამოპარულ მარტორქას კი მშობლები ენატრება. ორი არსება ერთმანეთს თავ–თავის გულისტკივილს უზიარებს და მათი მეგობრობაც უფრო მტკიცე ხდება.

დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ წიგნის ავტორები, ანა კემპი და სარა ოგილვი, აი, ასე უტრირებულად მიანიშნებენ მშობლებს, რომ რაღაც ვერ არის რიგზე, როცა ისინი შვილებს არ უსმენენ და ვერც მათ უზარმაზარ პრობლემებს ამჩნევენ.

სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით გამარტივდება, თუ დღის განმავლობაში ნახევარ საათს გამოვყოფთ და ამ მცირე დროს სრულფასოვნად გავატარებთ მათთან. ბავშვებს ისეთი რამეებიც ახალისებთ, როგორიც მათი საყვარელი ანიმაციის ერთად ყურებაა, ერთად ხატვა ან გაფერადება, ბლინების ცომის მომზადება ან თუნდაც ტანსაცმლის სწრაფად დახარისხება და უჯრებში ასევე სწრაფად ჩალაგება. მათ ყველაფერი ართობთ და ამხიარულებთ, რასაც ერთად ვაკეთებთ, თუ ჩვენი სივრციდან არ გავუშვით და საშუალება მივეცით, ბოლომდე გამოხატონ თავიანთი აზრი, გულწრფელად გვითხრან თავიანთი სათქმელი, გვიამბონ ბაღზე, იქ მომხდარ ამბებსა და ახალ მეგობრებზე. ამის შემდეგ ისინიც ბედნიერები და კმაყოფილები არიან. ოღონდ ეს ყველაფერი ისეთსავე პასუხისმგებლობას მოითხოვს, როგორსაც სამსახურის საქმე ან მეგობრებთან საუბარი, რადგან ბავშვები კარგად ხვდებიან, ნამდვილად ყურადღებით უყურებ მათ საყვარელ ფილმს თუ უგულისყუროდ, არც ის გამოეპარებათ, რამდენად ხშირად გარბიხარ სამზარეულოში გაზქურაზე მოთუხთუხე კერძის დასახედად, მერე კი ჩამჭრელ კითხვებს გისვამენ და უყურადღებობაში გამოგიჭერენ.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს გვევალება, ვასწავლოთ შვილებს ისეთი რამეები, რომლებიც მათ ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის, ზოგჯერ ისინიც შეიძლება იქცნენ ჩვენს მასწავლებლებად და გვასწავლონ, როგორ ვიყოთ უფრო ემპათიურები, უფრო ყურადღებიანები, პასუხისმგებლობიანები, უფრო მეტად ვიფიქროთ ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობაზე და გამოვნახოთ დრო ერთმანეთის მოსასმენად და გულისტკივილის გასაზიარებლად.

ისტორიები საფეხბურთო ისტორიებზე

0

ფეხბურთი უცნაური რამაა. კაცმა შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ათასობით მატჩი ნახოს, მაგრამ რომელიმე მნიშვნელოვანი საფეხბურთო სეზონიდან მხოლოდ ერთი საუცხოო პასი, დრიბლინგი ანდა უცნაურად დარტყმული ბურთი დაამახსოვრდეს. გავიხსენოთ, აბა – განა ყველა ასე არ ვართ?

ფეხბურთი, უპირველეს ყოვლისა, ცალკეული ეპიზოდებისაგან შედგება და ეს ეპიზოდები შესაძლოა ერთი შეხედვით არასაფეხბურთოც კი იყოს. სუარესის კბენა, მატერაცის მუცელში შეჩრილი ზიდანის შუბლი ანდა ლუიშ ფიგუსათვის ტრიბუნიდან გადაგდებული ღორის თავი ვინმეს შესაძლოა უმნიშვნელო ეგონოს, მაგრამ ფაქტია: მომავალში შესაძლოა ვერც წელი გავიხსენოთ და ვერც სეზონი, როცა ეს ამბები მოხდა, თუმცა საკუთრივ ასეთ მომენტებს ალბათ ვერასოდეს დავივიწყებთ.

ალბათ ამიტომაა, რომ ფეხბურთი არასოდეს ყოფილა და, იმედია, არც იქნება 90–წუთიანი რუტინა, რომელთა განმავლობაშიც 22 გადარეული ერთ ბურთს დასდევს და, როგორც ფეხბურთზე გამწყრალ ადამიანებს უყვართ ხოლმე თქმა, “რა ყრია ამ ყველაფერში?“ ფეხბურთი ზეთისხილივითაა – ან ძალიან უყვართ, ან ეჯავრებათ და კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული, ამ სიძულვილს როგორ გამოამჟღავნებენ. თუმცა ამ შემთხვევაში სხვა რამაა მნიშვნელოვანი.

თბილისის “დინამოს“ უფროსი თაობის გულშემატკივრებისგან ალბათ ყველას მოგვისმენია საუბრები 60–იანი წლების ლეგენდარულ “დინამოზე“ და იმაზეც, თუ რა სასწაულებს სჩადიოდნენ მიშა მესხი და სლავა მეტრეველი. საუბრობენ “მესხისტებსა“ და “მეტრეველისტებზე“, რომლებიც ხშირად სტადიონის განივ ტრიბუნებზე ორივე მხარეს ყიდულობდნენ ბილეთებს, რათა საყვარელი ფეხბურთელის ფლანგზე თამაში ორივე ტაიმში კარგად ენახათ. არაერთხელ მითხოვია ამ ხალხისთვის, ზუსტად გაეხსენებინათ თუნდაც ერთი სეზონი, გარდა ბედნიერი 1964 წლისა (როდესაც “დინამოს“, როგორც იქნა, ეღირსა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა), მაგრამ, სამწუხაროდ, კონკრეტული მატჩების გახსენება უჭირთ. აი, ცალკეული ეპიზოდები კი, იცოცხლეთ, უამრავი ახსოვთ. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ცალკეული ამბებია მთავარი და ფეხბურთიც ალბათ ამიტომაა სპორტის გამორჩეული სახეობა.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ლეგენდარულმა რობერტო ბაჯომ საბოლოოდ გადაწყვიტა ფეხბურთიდან წასვლა და ბუცები კედელზე დაკიდა, ერთი თბილისელი ბიჭი ამტკიცებდა, ჩემი ახლობელი იტალიაში ცხოვრობს და იმან მითხრა, რომ ბაჯოს თამაში კიდევ შეეძლო, მაგრამ როცა ბუდისტი გახდა, ბუდისტმა ბერებმა ურჩიეს, ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა და ხათრი ვერ გაუტეხაო. რასაკვირველია, აღმოჩნდა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა – რობერტოს კარიერის დასრულებაში ბუდისტ ბერებს არავითარი წვლილი არ მიუძღოდათ. მაშ, რატომ თქვა ბიჭმა ასეთი რამ? რიგითმა ქართველმა ქომაგმა იცოდა სამი მაგიური სიტყვა: “ბაჯო ბუდისტი გახდა“; დანარჩენი კი მარტივად აიხსნება: ბუდისტი გახდა? მაშასადამე, ბუდისტ ბერებსაც იცნობს. ბერები? როგორ გაიგებენ ისინი ფეხბურთისადმი ვნებას, როდესაც თავად არასოდეს უთამაშიათ?.. ჰოდა ამბავიც დაიბადა…

ზოგი წუწუნებს, რომ ფეხბურთი აღარ არის ის, რაც წინათ იყო, რომ უფრო და უფრო ემსგავსება ბიზნესს. შესაძლოა, მათი შიში გამართლებულიც იყოს, მაგრამ წინა მუნდიალიდან, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ოთხი წელი გავიდა, ყველაზე მეტად ლეო მესის დამჟავებული სახე და სუარესის ნაკბენი გვახსენდება.

გაუგონრობა ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ვფიქრობ, არ არსებობს მშობელი, რომელიც ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ფორმითა და ხარისხით გამოვლენილი გაუგონრობისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების მოწმე არ გამხდარა. მართალია, სხვადასხვა ტიპოლოგიური თავისებურებების მქონე და განვითარების სხვადასხვა პერიოდში მყოფ ბავშვთან ის განსხვავებულად ვლინდება, მაგრამ ძნელია მოიძებნოს პატარა, რომელსაც გაუგონრობის გამო უფროსებისათვის პრობლემები არ შეუქმნია. თითოეული მშობელი, ამა თუ იმ ხარისხით, ეჯახება საკუთარი შვილის გაუგონრობას. რა თქმა უნდა, პრობლემის მასშტაბები სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვანაირია. ზოგიერთი ბავშვი იშვიათად განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე ავლენს გაუგონრობას, სხვებს კი შეიძლება ქრონიკული გაუგონრები ვუწოდოთ.

შეიძლება თუ არა ბავშვის გაუგონრობა მნიშვნელოვან პედაგოგიურ პრობლემად ჩავთვალოთ და სრული გამარჯვება  ბავშვის გაუგონრობაზე ყოველთვის მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ  მშობლები ბავშვის აღზრდას სწორი მიმართულებით წარმართავენ. უნდა ითქვას, რომ დასმულ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია.

გაუგონარ ბავშვთან მოქმედების სწორი სტრატეგიის შესარჩევად, პირველ რიგში, უნდა შევეცადოთ ვიპოვოთ მისი ქცევის გამომწვევი მიზეზები. შევეცადოთ, გავაანალიზოთ რასთან არის დაკავშირებული გაუგონრობის გამოვლინებები. ასეთი ქცევის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს და სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქცევის სტილი გაუგონარ ბავშვთან ურთიერთობაში.

გაუგონრობის მიზეზები ბავშვებში:

  • ბავშვის უზომო ცნობისმოყვარეობა. ძირითადად ის დამახასიათებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მაგრამ პერიოდულად მსგავსი ქცევა ცოტა უფრო მოზრდილებშიც გვხვდება. ის დაკავშირებულია ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან ცხოვრების პირველ წლებში. ამ პერიოდში პატარა იმყოფება გარემომცველი სამყაროს შემეცნებისა და გამოცდილების აქტიური დაგროვების სტადიაში. თუმცა, ამასთან ერთად, მას ჯერ კიდევ არა აქვს ერთგვარი „შინაგანი ბარიერი“, რომელიც დაეხმარება პოტენციურად სახიფათო ან სოციალურად დაუშვებელი ქცევებისგან თავშეკავებაში;
  • მშობლების რეაქციის შემოწმების სურვილი. შეისწავლიან რა გარემომცველ სამყაროს, პატარები ცდილობენ ასევე ექსპერიმენტული გზით იპოვონ მშობლებთან კომუნიკაციის ოპტიმალური ხერხები. ამისათვის ისინი იყენებენ მათზე ზემოქმედების სხვადასხვა საშუალებებს და მათ შორის გაუგონრობასაც – „რა მოხდება, თუ არ გავაკეთებ იმას, რასაც დედა მთხოვს?“ 1-3 წლის ასაკის ბავშვებში ეს არ არის განებივრებულობისა და ხასიათის ცუდი თვისებების გამოვლენის ნიშანი. უფრო მეტიც, შეიძლება ის ნორმალური ქცევის ვარიანტადაც კი მივიჩნიოთ. ამიტომ, არ არის საჭირო პანიკაში ჩავარდნა და გაუგონარი ბავშვის გამოსწორებაზე ფიქრი;
  • ბავშვის სურვილი მიიქციოს ყურადღება. პატარებს ძალიან სჭირდებათ მშობლებთან ურთიერთობა. ეს ძალიან ბუნებრივია – მშობლებისგან ისინი სწავლობენ აუცილებელ ჩვევებს, მშობლები ეხმარებიან მათ სამყაროს შემეცნებში. და, თუ დედ-მამა არასაკმარის ყურადღებას უთმობს პატარას, ის ცდილობს მიიპყროს მათი ყურადღება ყველა ცნობილი ხერხით, მათ შორის გაუგონრობითაც;
  • ბავშვის არასაკმარისი მოტივაცია უფროსების მოთხოვნების შესასრულებლად. იმისათვის, რომ ბავშვმა გაითვალისწინოს ჩვენი სურვილები, მას ნათლად უნდა ესმოდეს, თუ რატომ უნდა გააკეთოს ის, რასაც ჩვენ მოვითხოვთ მისგან, ამისათვის კი საჭიროა გასაგებად მივიტანოთ ბავშვამდე ჩვენი სურვილების აზრი;
  • ბავშვის მიმართ დაწესებული  უამრავი შეზღუდვა და აკრძალვა. სანამ ჩვენ მას გაუგონრობის გამო ვუსაყვედურებდეთ, დავფიქრდეთ, ზედმეტად ბევრს ხომ არ მოვითხოვთ მისგან. ზოგიერთი მშობელი თავისი ავტორიტეტის გამოხატვას ბავშვისთვის სხვადასხვა შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებაში ხედავს. ხშირად ყველაზე მშვიდი, გაწონასწორებული და მორჩილი ბავშვიც კი შეწუხებული და დათრგუნულია გაუთავებელი შენიშვნებით და აკრძალვებით – „არ შეიძლება“,  „საჭიროა“ და სხვა ამის მსგავსი ფრაზების სისტემატურად გამოყენება, როგორც წესი, ბავშვის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს და გაუგონრობის სერიოზული მიზეზიც ხდება;
  • იმის მოთხოვნა ბავშვისგან, რისი გაკეთება თავადაც გვიჭირს. მაგალითად, ბავშვისგან მოვითხოვთ, რომ ტყუილი არ თქვას და ვსჯით კიდეც ამისათვის, ჩვენ კი მისი თანდასწრებით ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვიტყუებით. პირადი მაგალითი უძლიერესი აღმზრდელობითი ინსტრუმენტია. ბავშვებს ახასიათებთ მშობლების კოპირება წვრილმანებშიც კი. ამასთან, ისინი ამას აკეთებენ სრულიად გაუცნობიერებლად. ამიტომ, თუ ჩვენ თავად არ გამოვირჩევით ორგანიზებულობით, ნუ მოვითხოვთ ამას ბავშვისგან, ვინაიდან, ჩვენი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება;
  • ბავშვის უნდობლობა მშობლების მიმართ. ასეთ სიტუაციას შეიძლება შეეჯახონ 4-5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების მშობლები. პატარები, როგორც წესი, აღმერთებენ მშობლებს და დაინტერესებული არიან იმით, რომ დაიმსახურონ მათი კეთილგანწყობა და სიყვარული. მაგრამ, თუ მშობლები პედაგოგიურად არასწორად იქცევიან – ხშირად უყვირიან ბავშვს ყოველგვარი მიზეზის გარეშე; საყვედურობენ იმის გამო, რაშიც დამნაშავენი არ არიან; ფიზიკურად სჯიან ისე, რომ ბავშვისთვის გაუგებარი რჩება მიზეზი – გარკვეულ მომენტამდე ბავშვი განიცდის დანაშაულის გრძნობას, თავს დამნაშავედ თვლის და ცდილობს გამოასწოროს თავისი ქცევა. მაგრამ, თუ ამ მცდელობებს შედეგი არ მოაქვს (მაგალითად, დედა მიეჩვია გადმოანთხიოს ბავშვზე თავისი სიბრაზე ქმრის საქციელის გამო, და ბავშვის ქცევასთან ეს არანაირ კავშირში არ არის), ერთ მშვენიერ დღეს ბავშვი მიხვდება, რომ შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე მშობელია. მასში ქრება ნდობა მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის მიმართ, რამაც შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს ჩვენთვის მიუღებელი ქცევის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის „ქრონიკულ“ და  მიზანმიმართულ გაუგონრობას;
  • გაუგონრობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიზეზი შეიძლება გახდეს განვითარების კრიტიკული პერიოდებისთვის (3-დან 5 წლამდე და 10-დან 14 წლამდე პერიოდი) დამახასიათებელი თავისებურებები. 3-5 წლის ასაკში ახლად გამოღვიძებულ პიროვნებას უჩნდება საკუთარი აზრის, სურვილის, შეხედულების გატანის სურვილი, რაც ხშირად ბავშვს გაუგონრობისკენ უბიძგებს. მეორე კრიტიკულ პერიოდში მოზარდში აღმოცენებული „დიდობის გრძნობა“ ხდება საფუძველი იმისა, რომ ბავშვმა საკუთარი თავი ზრდასრულად ჩათვალოს და აკეთოს ის, რაც მოესურვება. მოზარდის ასეთი სურვილი ხშირად უფროსების პროტესტს იწვევს, რაც ბავშვის გაუგონრობის მიზეზი ხდება.

რეკომენდაციები ბავშვის გაუგონრობის დასაძლევად:

  • დავაყენოთ საკუთარი თავი ბავშვის ადგილას და სიტუაციას მისი პოზიციიდან შევხედოთ;
  • შევეცადოთ გავარკვიოთ ბავშვის ნამდვილი სურვილი;
  • შევთავაზოთ ბავშვს მისთვის მიმზიდველი ალტერნატივა, ამასთან, მივცეთ საშუალება, საქმე ბოლომდე მიიყვანოს. აუცილებლობის შემთხვევაში დავეხმაროთ;
  • მნიშვნელოვანია არ გადავიდეთ იმ ზღვარს, რომლის იქითაც ვერ შევძლებთ გაუგონარი ბავშვის მართვას ცრემლისა და ისტერიკის გარეშე;
  • ნუ შევეცდებით ბავშვის მოსყიდვას და ნუ შევთავაზებთ მას რაიმე მატერიალურს (კანფეტი, სათამაშო, მობილური, კომპიუტერი და ა.შ.) კარგი ქცევის სანაცვლოდ;
  • ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს ქცევაში, იმისათვის, რომ ბავშვს სჯეროდეს ჩვენი და შეეძლოს, დაეყრდნოს ჩვენს სიტყვებს;
  • გვიყვარდეს ბავშვი მისი ქცევის მიუხედავად;
  • ბავშვები საჭიროებენ ახლობლების კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას. ამით ისინი უფრო ადვილად შეძლებენ თავიანთი ქცევის კორექტირებას.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის გაუგონრობა ნამდვილად არ არის სერიოზული საფრთხის შემცველი და პანიკაში არ უნდა გვაგდებდეს. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ბავშვის უსიტყვო მორჩილება ბევრად უფრო დასაფიქრებელი და საფრთხის მატარებელია მისი შემდგომი განვითარებისთვის, ვიდრე გაუგონრობა.

 

 

 

 

„გოგებაშვილის მეთოდის“ პარადოქსი

0

გოგებაშვილის დედაენამ, როგორც ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და განათლების სიმბოლომ, ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი – საბჭოთა რეჟიმის პირობებში საქართველოს ნაციონალური იდენტობის შენარჩუნების საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ გოგებაშვილისა და მისი ნაშრომის აღქმა საქართველოში, ერთგვარად, იდეალიზებულია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში გაძლიერდა და დღემდე ცალკეულ მცდელობებს, პროფესიულ დისკურსში გავიაზროთ გოგებაშვილის გამოცდილება, შევაფასოთ მისი დედაენის ძლიერი და სუსტი მხარეები, საგანმანათლებლო საზოგადოება სკეპტიციზმით პასუხობს.

თითოეულ ასეთ მცდელობაზე შეფასებები ორგვარია. მასწავლებლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ გოგებაშვილის მეთოდი უნიკალური და შეუცვლელია, მშობლების უმრავლესობა კი შიშობს, რომ მათ შვილებზე ცდებს ატარებენ. ჰიპოთეტურად, ამგვარ სკეპტიციზმს დაატეხდა თავს ქართული არისტოკრატია 25 წლის იაკობ გოგებაშვილს, რომელმაც სწავლების ტრადიციული მიდგომების ნაცვლად, მაშინდელი ევროპის ყველაზე პროგრესულ მეთოდებზე გაასწორა პირველი ქართული დედაენის „ფოკუსი“. დიახ, გოგებაშვილის „პირველი საკითხავი წიგნი“, სწორედ რომ, ნოვატორული და ექსპერიმენტული სახელმძღვანელო იყო. ის თანმიმდევრულად იზიარებდა ბავშვზე ორიენტირებული განათლების ფილოსოფიას და გაცილებით პროგრესულ მიდგომებს ეფუძნებოდა, ვიდრე ჩვენი თანამედროვე დედაენები.

არიან ფილოლოგები, ვინც დღესაც თვლიან, რომ დედაენა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებში გამოვიდა, მთელი თავისი ლექსიკა-ფრაზეოლოგიით, დიდაქტიკური ინსტრუმენტებითა და სასწავლო მასალით, 2010-იანების თაობის პირველკლასელებისთვისაც ისევე საინტერესო უნდა (!) იყოს, როგორიც გლეხის გოგო-ბიჭებისთვის, რომელთათვისაც ეს წიგნი თავის დროზე დაიწერა. სინამდვილეში, ტექსტები ცხოველებსა და მათ ნაშიერებზე, ხვნა-თესვაზე, ქოთნებსა და ორშიმოებზე, ქვევრებსა და ქოცოებზე დაიწერა იმ ბავშვების დასაინტერესებლად, რომელთა ყოველდღიურობა სწორედ ამ საქმიანობებს უკავშირდებოდა; იმ მშობლების გულის მოსაგებად, რომლებიც ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ერთადერთი „წიგნი“, რომლის „კითხვა“ მათ შვილებს უნდა სცოდნოდათ, მიწა იყო; გავიხსენოთ „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!” და საგლეხო რეფორმის შემდგომი პუბლიცისტიკა. წიგნსა და განათლებას მიწათმოქმედი ქართველები ყოველთვის არ მიესალმებოდნენ. სახალხო სკოლების გახსნის პირველ პერიოდში სწავლას ისინი განიხილავდნენ, როგორც ედემის ხილს, რომელიც ყმაწვილის წრფელ გულში ურწმუნო ეჭვებს აღძრავდა. ამიტომ პირველი საკითხავი წიგნის ავტორი დიდი გამოწვევის წინაშე იდგა – ისეთი სახელმძღვანელო უნდა შეექმნა, რომელიც ბავშვებსა და მშობლებს იმ თავიანთ სანუკვარ ყანას, ვენახსა და კალოს ძალიანაც არ დააშორებდა.

პროგრესის მომხრეებს ყოველთვის ბრძოლა უწევდათ  არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მათი მომავლისთვისაც, ვისაც პროგრესის არ სჯეროდა. თუკი საზოგადოება მე-19 საუკუნის ბოლოს ვერ ხედავდა ახალი ცხოვრების კონტურებს, განმანათლებლები იბრძოდნენ, რომ თავადებისა და გლეხების შვილებს თავისუფალ გარემოში განვითარების თანასწორი შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამიტომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს გოგებაშვილის დედაენის ენობრივ, დიდაქტიკურ, თუ მეთოდურ გადახედვას მოიწადინებენ, ამგვარი დაბრკოლებებისთვის მზად უნდა იყვნენ.

დამოკიდებულებამ, რომ იაკობ გოგებაშვილის დედაენა არ ექვემდებარება ანალიზს, განხილვას, მიგვიყვანა გარემოებამდე, რომ დღეს ე.წ. „გოგებაშვილის მეთოდი“ ფართო, საგანმანათლებლო მოედანზე, კითხვა-წერის მსოფლიო გამოცდილებათა ჭრილში არც კი გაგვიაზრებია. ტერმინის მიღმა უამრავი მითი და მცდარი ფაქტი დგას, რასაც საერთო არ აქვს არც გოგებაშვილთან და არც მეთოდებთან, რომელსაც ის საკუთარ ნაშრომში იყენებდა. შევეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ გამოცდილების გააზრებასა და მითების ფაქტებთან შესაბამისობის დადგენაში.

მითი პირველი – „გოგებაშვილის მეთოდი. მეთოდი რომ მისი არ არის, ამას თავად გოგებაშვილი ადასტურებს. პირველი სახელმძღვანელოს („ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“) წინასიტყვაობაში, რომელიც 1865 წელს გამოვიდა, ის წერს: „მეთოდი ზოლოთოვისა, რომელზედაც არის შედგენილი ეს ანბანი, არღვევს ზემოხსენებულ ნაკლულოვანებას“. „ზემოხსენებულ ნაკლულოვანებაში“ ის მოიაზრებს სინთეზურ მეთოდს, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა, როგორც წერა-კითხვის სწავლის უალტერნატივო წესი. ზოლოთოვის მეთოდში კი გულისხმობს ანალიზურ პრინციპს, რომელიც მთელი სიტყვების შესწავლასა და მათ მარცვლებად / ასოებად დაშლას ითვალისწინებს.

ანალიზური მეთოდი ვასილი ზოლოტოვს არ შეუმუშავებია, თუმცა ის მართლაც იყო რუსეთში ამ პრინციპზე მორგებული ერთ-ერთი პირველი ანბანისა და საკითხავი წიგნის (1860) ავტორი. რუსეთში, როგორც ცნობილია, ამ ტენდენციის სულისჩამდგმელად მაინც ბარონი კორფი (1860) ითვლება, თუმცა მის გარდა ამ მიმართულებით მუშაობდნენ კორფსა და ზოლოტოვზე გაცილებით გავლენიანი ავტორებიც, მაგალითად, უშინსკი და ლევ ტოლსტოი. როგორც ჩანს, იაკობ გოგებაშვილი ზოლოტოვს ამ უკანასკნელის თბილისში მოღვაწეობის პერიოდიდან იცნობდა. რუსი პედაგოგი და განმანათლებელი აქ 1849-1856 წლებში, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

თუმცა ანალიზური მეთოდი რუსეთში არ მოუგონიათ. ის მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში ჩამოყალიბდა გერმანული რომანტიზმის, რუსოიანული და ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სკოლების წიაღში. ამ წრეებში ერთ-ერთი გამოჩენილი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა შვეიცარიელი პედაგოგი, იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი. მის ნაშრომებს დიდი გავლენა ჰქონდა მე-19 საუკუნის შუა წლებში ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების განათლების რეფორმებზე. როგორც ცნობილია, სწორედ პესტალოცისთან და მის მოსწავლეებთან ურთიერთობით შთაგონებული ჰორას მანი ამერიკის სახალხო სკოლების რეფორმას ჩაუდგა სათავეში. მანვე გაავრცელა ამერიკაში კითხვა-წერის ანალიზური მეთოდი.

მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში ევროპაში, ამერიკასა და რუსეთის იმპერიაში ანალიზური მეთოდის ბუმი, თითქმის, თანადროულად დაიწყო. იდეები, როგორც იტყვიან, „ჰაერში ტრიალებდა“. არ დარჩენილა გავლენიანი განმანათლებელი, ან პედაგოგი, ამ ფერხულში რომ არ ჩაბმულიყო და ანალიზური საანბანო სახელმძღვანელო არ გამოეცა. ამდენად, 1865 წელს გოგებაშვილის პირველ საკითხავ წიგნში გამოყენებული, ან თუნდაც, 1876 წლის დედაენაში გატარებული მეთოდი არც ვასილი ზოლოთოვის და მით უმეტეს, არც იაკობ გოგებაშვილის მოგონილი არ არის. თუ მაინცდამაინც, ის ყველაზე მეტად პრუსიული საგანმანათლებლო რომანტიზმის სკოლებისგანაა დავალებული.

ცხადია, ჩვენი მიზანი არ არის გოგებაშვილის, როგორც განმანათლებლისა და პირველი ქართული დედაენის ავტორის ღვაწლის დაკნინება. ვფიქრობ, კითხვა-წერის მეთოდის უნიკალურობის დადასტურება სულაც არ არის აუცილებელი პირობა გოგებაშვილის უმნიშვნელოვანესი ღვაწლის აღიარებისთვის. მან, როგორც ქართული ენის საუკეთესო მცოდნემ, დიდი ოსტატობითა და ნიჭით მოარგო თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები და მეთოდები ქართული ენისა და სიტყვიერების არსებულ რესურსებს. წარმოუდგენლად დიდი შრომა ჩადო ორიგინალურ ენაზე არსებული სასწავლო მასალების შეკრება-ადაპტირებაში, უცხოენოვანი ტექსტების თარგმნასა და ახალი ლიტერატურის შექმნაში. მისმა დედაენამ ახალი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გამოწვევების ზღურბლზე მდგომი ყმაწვილები და მათი დაეჭვებული ოჯახები წიგნთან და განათლებასთან დააახლოა. რაც მთავარია, გოგებაშვილი, როგორც ავტორი იყო ძალიან მოქნილი დროისა და გარემოებათა მიმართ და ის სახელმძღვანელოს შექმნას განიხილავდა, როგორც ცოცხალ, ინტერაქციულ, სრულყოფისკენ მიდრეკილ პროცესს.

მითი მეორემეთოდი, თუ მეთოდები? გოგებაშვილმა თავისი სიცოცხლის მანძილზე „დედაენა“ (სხვადასხვა სახელწოდებებით) 33-ჯერ გამოსცა. პირველი რედაქცია – „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის” როგორც აღვნიშნეთ, 1865 წელს დაიბეჭდა, რომლის მესამე გამოცემაში, 1867 წელს მან ცვლილებები შეიტანა. ეს რედაქცია 1872 და 1873 წლებშიც (მეხუთე და მეექვსე გამოცემები) ჩასწორდა და შემოკლდა. 1876 წლის რედაქციას მან უწოდა „დედა ენა, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისთვის”. თითოეული ახალი რედაქცია, ერთი მხრივ,  მიზნად ისახავდა წინა გამოცემის ხარვეზების გასწორებას, მეორე მხრივ კი – მოსწავლეთა და სასკოლო გარემოს მოთხოვნასა და შესაძლებლობებს ერგებოდა.

ასე, მაგალითად, 1876 წლის „დედაენაში“ გოგებაშვილი წერდა, რომ რაკი 60-იან წლებში არც მასწავლებლები და არც სასკოლო ინფრასტრუქტურა მზად არ აღმოჩნდა ანალიზური მეთოდის დასანერგად, მას სახელმძღვანელოს მომდევნო რედაქციებში მეთოდური ცვლილებების შეტანა მოუხდა. ასე ჩაანაცვლა, მისივე თქმით, ანალიზური მეთოდი სინთეზურმა. 1876 წლის გამოცემაში კი მეთოდები, ერთგვარად, მოარიგა და ანალიზურ-სინთეზური პრინციპი გამოიყენა. ეს ნიშნავს იმას, რომ გოგებაშვილის დედაენის 33 რედაქციაში გამოყენებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოცდილებაში აღიარებული როგორც ანალიზური, ისე – სინთეზური და ანალიზურ-სინთეზური მეთოდები. ამიტომ კითხვა, თუ რას გულისხმობენ დღეს „გოგებაშვილის მეთოდის“ მიღმა, კვლავ ბუნდოვანებითაა მოსილი.

ფაქტია, იაკობ გოგებაშვილს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ჰქონდა გააზრებული, რომ კითხვა-წერის სწავლის ერთადერთი მეთოდი მრავალი ასპექტით ვერ იქნება უნივერსალური ბავშვზე ორიენტირებულ განათლებაში. პირველ რიგში, სწორედ, ბავშვების განსხვავებული საჭიროებებიდან და შემეცნების მრავალფეროვანი სტილიდან გამომდინარე. გოგებაშვილი თავად უფრო მეთოდების დაბალანსების მომხრე იყო, ვიდრე ერთი – უნივერსალური და როგორც დღეს ამბობენ, „უნიკალური“ მეთოდისა. ამიტომ პასუხი იმ მკვლევარების, მასწავლებლებისა და მშობლების მოთხოვნაზე, შევინარჩუნოთ „გოგებაშვილის მეთოდი“, თავად გოგებაშვილის დედაენაა – ცოცხალი, დროისა და გარემოს ადეკვატური სახელმძღვანელო, რომელიც მკითხველთა „მაჯისცემას“ აყურადებდა და მათ ინტერესებს, საჭიროებებს მუდამ ადეკვატურად პასუხობდა.

მთავარი პარადოქსი. სალაღობოდ შეგვიძლია, ხუთი სიძის პარადოქსი დავარქვათ (ანტონ კათალიკოზის სამი სტილის ამბავში). წესით, ხუთი სიძე დედაენასთან რა შუაში უნდა იყოს, თუმცა, ვშიშობ, ასე მარტივადაც არ იყოს საქმე.

„ხუთი სიძე. ოთხი ძია. ათი ძე. ეს თეძოა. ის ძუაა. ეს სესეს სიძეა. თათუ ძიძას ეძახის.“ და ა.შ. – ეს არის ერთ-ერთი, ლექსიკურ-სტილური თვალსაზრისით, ტიპური პასაჟი დედაენიდან, რომელიც დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოთა გრიფირების კონკურსშია წარდგენილი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ან ლიტერატურული გემოვნებით, ან კითხვის მიმართ დამოკიდებულებით, ბევრად განსხვავდება, თუნდაც, იმ დედაენისგან, რომელიც ბევრი წლის მანძილზე სახელმძღვანელოების ბაზარზე ერთ-ერთი უკონკურენტო ლიდერია.

მაშა –> მა შა –> მ ა შ ა –> ასო-ბგერა „შ“. ჩააჭიკჭიკებს პირველკლასელი და მშობლებს გაახარებს, რომ იმ დღეს ახალი ასო – „შ“ – ისწავლეს. მშობელი კმაყოფილია, რომ სკოლამ, სადაც მისი შვილი სწავლობს, „გოგებაშვილის მეთოდი“ აირჩია.

მაგრამ საინტერესოა, რა შეხედულება აქვს თავად გოგებაშვილს „გოგებაშვილის მეთოდზე“. 1865 წლის საკითხავი წიგნის წინასიტყვაობაში ის წერს: „რა ნაკლულოვანება აქვს ჩვეულებრივ ანბანების მეთოდს? პირველი და უმთავრესი ნაკლულოვანება ამ მეთოდისა მდგომარეობს იმაში, რომ ანბანი იწყების ასოებიდგან. ასოები კი ცალ ცალკე არა საგანს არა ჩვენებენ. არა ჰაზრს არ ხატვენ. ამიტომ სწავლის დაწყება ასოებიდგან ყმაწვილისთვის არის მავნებელი… ამ მეთოდს მაშა სადამე, შეუძლიან პირველათვე შეაძულოს სწავლა ყმაწვილსა და წაართვას მას წადილი სწავლისა!

მეთოდი ზოლოთოვისა, რომელზედაც არის შედგენილი ეს ანბანი, არღვევს ზემოხსენებულს ნაკლულევანებას. ეს ანბანი იწყების სიტყვებიდგან. მაშასადამე, ყმაწვილი პირველვე დაინახავს სწავლაში ჰაზრსა; ამიტომ, რომ ყველა სიტყვა ხატავს რაიმე ჰაზრსა, აჩვენებს რომელმე საგანსა, მაშა სადამე პირველათვე ყმაწვილი შეხედავს სწავლას, როგორც გონივრულ საგანს და წახალისდება… აი ყმაწვილს მასწავლებელმა წააკითხა სიტყვა დე-და. ყმაწვილი წარმოიდგენს თავის დედასა, ამასთანვე თავის სახლს, მამას, ძმებს, ადგილს. ერთი სიტყვით, ეს ერთი სიტყვა რამდენმე საგანს მოაგონებს, რამდენმე ჰაზრს წარმოუდგენს გონებაში ყმაწვილსა.”

როგორც ჩანს, გოგებაშვილის არჩევანი არ ყოფილა, რომ ქართულის გაკვეთილის თემა „შ“ და „ჟ“ ყოფილიყო, სადაც „შ“-ზე ყმაწვილებს საუკუნენახევრის მერეც „ორშიმოს“ ასწავლიდნენ, „ჟ“-ზე კი – მაჟალოს (პირობითად). მაშ, რატომ ვუწოდებთ ამ გამოცდილებას გოგებაშვილისას? რატომ მოგვწონს თანამედროვე სახელმძღვანელოებში, მაინცდამაინც, აგრარული ლექსიკა, ან არქაიზმები?

საინტერესოა, რა „ჰაზრი“ უნდა „დაჰხატოს“ ყმაწვილის გონებაში ამ პასაჟმა: ხუთი სიძე.

ეს თეძოა.

ის ძუაა.

ეს სესეს სიძეა.

თათუ ძიძას ეძახის.

თავი დავანებოთ იმ შინაარსობრივ ბორძიკს, რომელსაც საანბანო პერიოდში, ვთქვათ, შესწავლილი გრაფემების სიმწირე იწვევს… მაგრამ იმას რაღა გამართლება აქვს, რომ თანამედროვე დედაენების ლექსიკური მარაგი (მაშა, ძუა, ორშიმო, თოხი, სათითე, აკიდო და სხვ) დიდწილად, აცდენილია თანამედროვე, თუნდაც, სოფლად მცხოვრები ბავშვების ყოველდღიურობას? თვით მცირეწლოვან გმირთა სახელებიც (იასე, ძიძია, შიო, ნუნუ, გოგი) კი ისეთი შერჩეულია, თითქოს ავტორები გოგებაშვილის მეთოდის გადაშენებით შეწუხებულებს აფრთხილებდნენ – „ნუ შფოთავთ, ეს წიგნი სიახლეებს არ გთავაზობთ და თანამედროვეობას არ ცნობს”.

გვრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, სახელმძღვანელოს ავტორებისთვის, მასწავლებლებისა და საკონკურსო ექსპერტებისთვისაც კი, მთავარი დედაენების გარეგნული იერსახე, მასალის დიზაინი, თვალთა სატყუარაა, რათა საზოგადოების ირაციონალური შიშების ჯინმა ბოთლიდან თავი არ დაიძვრინოს და „გოგებაშვილის მეთოდის“ ამოძირკვის წითელი ალამი არ აუფრიალოს ჩვენი საზოგადოების ყველაზე რეაქციულ (მცირე, მაგრამ თამამ) ნაწილს. ამ გარემოებათა შედეგად კი მოცემულობა ასეთია – ყველაზე სანდო საერთაშორისო კვლევის (PIRLS) მონაცემებით, გოგებაშვილისა და თხუთმეტსაუკუნოვანი წერილობითი ტრადიციების ქვეყანაში ბავშვებს წაკითხულის აღქმა უკიდურესად უჭირთ და წიგნიერების დონე საგანგაშოდ დაბალია.

ვფიქრობ, დროა, გავაცნობიეროთ, რომ გოგებაშვილის დედაენის მთავარი ღირსება არა აგრარული ლექსიკა და მიწათმოქმედების თემატიკაზე შედგენილი ტექსტებია, არამედ პრინციპი, რომ საკითხავი მასალა უნდა იყოს მოსწავლის ასაკობრივ გამოწვევებსა და მის ყოველდღიურ ყოფაზე მორგებული. სხვა მხრივ, დედაენას, ისევე, როგორც ნებისმიერ სახელმძღვანელოს, შეიძლება ჰქონდეს  ასპექტები, რომლებიც გარკვეულ საზოგადოებაში მუშაობდა, მაგრამ დროში მდგრადი არ აღმოჩნდა, ან, უბრალოდ, ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც ავტორმა სწორად განჭვრიტა, ან ალღომ უმტყუვნა.

„რადგან უეჭველია, ეს წიგნი კიდევაც ბევრჯერ დაიბეჭდება, კარგი იქნება, უკეთ გაშალაშინდეს. კარგი წიგნი რომ არა ყოფილიყო, არას ვიტყოდიო“ – წერდა დიმიტრი ყიფიანი თავისი შენიშვნების ბოლოს, რომელიც მან დედაენის 1876 წლის რედაქციასთან დაკავშირებით გააკეთა. შენიშვნები უკიდურესად სკრუპულოზური იყო და ეხებოდა სახელმძღვანელოს, თითქმის, ყველა ენობრივ შრეს – კორექტურიდან და პუნქტუაციიდან –  რუსულის კალკით შეთხზულ ხელოვნურ ფრაზებამდე. საბედნიეროდ, იაკობ გოგებაშვილი კრიტიკის მიმღებელი იყო და დიმიტრი ყიფიანის შენიშვნები მომდევნო რედაქციებში გაითვალისწინა. თუმცა ვერც იაკობ გოგებაშვილი და ვერც დიმიტრი ყიფიანი მაშინ ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს პროგრესული, ინოვაციური, დემოკრატიული, მოქნილი სახელმძღვანელო ოდესმე პროგრესის, ინოვაციის, დემოკრატიულობის, მოქნილობის წინააღმდეგ დასამუნათებელ იარაღად შეიქნებოდა. იმედია, ამ სევდიან ისტორიას ბედნიერი დასასრული ექნება.

მარია კალასი ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში მასტერ კლასით

0

მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი მომღერალი მარია კალასი 1971-72 წლებში ამერიკის ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში ახალგაზრდა ვოკალისტ-პროფესიონალების ჯგუფს სიმღერაში დაოსტატებისთვის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ბუნებრივია, კალასის მიერ ვოკალური მაგალითებით გამოხატული ყოველი „სიტყვა“ ჩვენამდე ვერ მოაღწევდა, თუმცა ძირითადი სათქმელი დღევანდელ წერილშია გადმოცემული. გაკვეთილები ძალზე სასარგებლო იქნება არა მხოლოდ პროფესიონალი მომღერლებისა და სტუდენტებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც.

საყურადღებოა, რომ ლეგენდარულმა სოპრანომ ახალი პატარა „კალასების“ შექმნა არ ისურვა, მაგრამ სცადა თითოეულ მომღერალში ინდივიდუალური თვისებებისა და ღირსებების გახსნა. ის მხოლოდ მაგალითების ჩვენებით კი არ შემოიფარგლებოდა, არამედ ხსნიდა, თუ როგორ უნდა შეესრულებინათ და რატომ.

სიმღერის გაკვეთილები

„სიმღერის სწავლა ადრე დავიწყე. ჩემი აზრით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონების მკვიდრნი, განსაკუთრებით გოგონები ადრეული ასაკიდან ვითარდებიან. მომღერლის კარიერა, უმთავრესად, ახალგაზრდობიდან იგება. სიბრძნე კი მოგვიანებით მოდის. სამწუხაროდ, მომღერლებს გამოსვლები სიბერეში არ ძალგვიძს, რასაც ვერ ვიტყოდით დირიჟორებზე. ამიტომ მუსიკალური ანბანის შესწავლას რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ, მით სწრაფად შევიძენთ გამოცდილებას“,  – გვიზიარებდა მარია კალასი.

„დაკვირვებული, მკაცრი და კარგად გაანალიზებული დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც აკეთებ, საუკეთესო დამხმარეა არტისტისთვის“ (მ. კალასი).

კალასი სულ რაღაც ცამეტიოდე წლისა იყო, როცა ელვირა დე იდალგოს – ესპანელ მასწავლებელს, „ბელკანტოს სკოლის“ წარმომადგენელს მიაბარეს. იდალგოს მარიასთვის სიმღერის შესრულების საიდუმლოებები და ბელკანტოს მანერა უნდა ესწავლებინა. ბელკანტო არა მხოლოდ უბრალოდ „ლამაზი მღერაა“, არამედ ერთგვარი დამორჩილების მეთოდი, თავისებური „გიჟის პერანგი“. მეთოდი მომღერალს ასწავლის, როგორ მიუდგეს ბგერას, იერიშით როგორ იმღეროს, როგორ მიაღწიოს ლეგატოს, როგორ შექმნას ატმოსფერო, ისე როგორ ისუნთქოს, რომ ნაწარმოებში პირველი ტაქტიდან ბოლომდე ერთიანობის განცდა შექმნას.  შთაბეჭდილება უნდა რჩებოდეს, თითქოს სუნთქვას მხოლოდ ერთხელ იღებს. სინამდვილეში, თითქოსდა ერთი შესუნთქვით ფრაზებს შორის უამრავ პატარ-პატარა სუნთქვის აღებას ასწრებს.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საბაზისო ცოდნას, ფუნდამენტს, რაზეც აიგება სწავლება. დასაწყისში დაშვებული შეცდომების, მცდარი უნარ-ჩვევების გამოსწორება ძალზე ძნელად თუ აღმოიფხვრება.

მომღერლისთვის მხოლოდ კარგი ხმა საკმარისი არ არის. რა მოსაწყენი იქნებოდა მხოლოდ ტექნიკურად სრულყოფილი ინსტრუმენტალისტი ან მომღერალი. უდიდესი მხოლოდ მაშინ ხდები, როცა შეგიძლია „კითხვა ნოტებს შორის“, სიტყვებში ღრმად წვდომა, სერიოზული და თავდადებული შრომა. სრულყოფისთვის მხოლოდ ნიჭი და სურვილი არ კმარა. საჭიროა დიდი სიყვარული და მოწოდება, რისკენაც მიისწრაფი.

„მუსიკა ყველაფერზე მეტად მიყვარდა და ალბათ ამიტომ შრომა არასდროს გამჭირვებია. ნებისმიერი რამ, რაც მუსიკას უკავშირდებოდა, აღმაფრთოვანებდა. ათენში, ჩემი მასწავლებლის – ელვირა იდალგოს ყველა სტუდენტს ვუსმენდი გამონაკლისის გარეშე და რეპერტუარს სრულიად არ ჰქონდა მნიშვნელობა. კონსერვატორიაში დილის ათ საათზე ვჩნდებოდი, ხოლო შენობას უკანასკნელ სტუდენტთან ერთად ვტოვებდი“, – ამბობდა კალასი.

მშობლები მუდამ ცდილობენ განსაზღვრონ შვილების მომავალი, პროფესიული არჩევანის თვალსაზრისით. მაგალითად, კალასის დედამ (შვილის მუსიკით გატაცების გათვალისწინებით) გადაწყვიტა, რომ მარია არტისტი, კერძოდ, მომღერალი გამხდარიყო და ის არჩევანში არც შემცდარა.

ბედნიერი შემთხვევით ჯერ კიდევ პატარა მარია დრამატული (სოპრანოს) ხმის წყალობით ერთი წლით მიწვეულ იქნა ნაციონალურ თეატრში.

კალასის აზრით, ხმა ათლეტის სხეულის მსგავსად ყოველთვის მსუბუქი და მოქნილი უნდა იყოს, ხოლო ჟღერადობა ფორსირების გარეშე. მარიას ამ სიმსუბუქის მიღწევა იტაცებდა. საერთოდ, გამოწვევები, სიძნელეების გადალახვა უყვარდა და შესანიშნავად დაძლეული ამოცანების მაყურებლებისთვის წარდგენა.

ინსტრუმენტალისტის მსგავსად მომღერალიც უნდა სწავლობდეს სირთულეებთან გამკლავებას დაწყებული ნელი გამებითა და არპეჯიოებით, და თანდათან სიჩქარის მატებით. ვინაიდან ყოველივეს სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე გვიწევს, საქმისადმი საკმარისზე მეტი სიყვარული და სრულყოფისთვის უდიდესი სურვილი გვმართებს.

მარია კალასი უზომოდ ემადლიერება გამოჩენილ იტალიელ დირიჟორს: „ბევრი რამ ვისწავლე მაესტრო ტულიო სერაფინისგან: გამომსახველობის და აზრის ჩადება ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. მუსიკის სიღრმე სწორედ მან დამანახვა და მისგან მაქსიმუმი ავიღე. მაესტრო ტულიოსგან ვისწავლე, რომ თუკი არ ვიცით რას და რისთვის ვაკეთებთ, მუსიკა ერთგვარ საპყრობილეს დაემსგავსება, სადაც მუდმივად ეწამები. მე ვგავარ ღრუბელს, რომელიც ყველაფერს იწოვს, რაც მისთვის სასარგებლოა. დებიუტმა (1947 წ. იტალია), ჭეშმარიტად კარიერის დასაწყისმა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გაიარა და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია“.

უნდა ითქვას, კალასის დებიუტს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. საზოგადოებისთვის ის უცნაურად ახალი და უცხო ჩანდა. მარიას ხმამ და თამაშმა მაყურებელი ჩააფიქრა. ისინი აღფრთოვანებულ აზრს ვერ გამოთქვამდნენ. კოლეგებს შორის კი ისეთებიც იყვნენ, რომლებიც აღიარებდნენ, რომ მარია კალასის გარეშე თავს უკეთ გრძნობდნენ და რომ მისი გამოჩენა გაორმაგებით შრომას აიძულებდა. აშკარა იყო, მარია კალასმა ხელოვნებაში ერთგვარი ცვლილებები გამოიწვია (ზოგიერთი მავნე საოპერო ტრადიციაც დაარღვია). კალასს მიაჩნდა, რომ საზოგადოებას ისეთი უნდა უყვარდე, როგორიც ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს.

მარია კალასი განსაკუთრებულ მომღერლად გრძნობდა თავს, ვინაიდან ახერხებდა მაყურებლისთვის სიმართლის თქმას, საკუთარი ნამდვილი გრძნობების გადაცემას და ხედავდა, როგორ გულწრფელად იღებდა ყოველივეს მსმენელი.

„ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ, მომღერლები მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებლები ვართ კომპოზიტორის სამსახურში და ძალზე დელიკატურ სამუშაოს ვასრულებთ. გარდა ამისა, პატივს უნდა მივაგებდეთ დიდი ტრადიციების მქონე სცენებს“ (მ. კალასი).

გთავაზობთ ფრანკო ძეფირელის გახმაურებულ ფილმს „კალასი სამუდამოდ“, სადაც მომღერლის ბიოგრაფიულ ეპიზოდებთან ერთად ნაჩვენებია ხელოვნების არსებითი პრობლემები და მისი როლი ადამიანების ცხოვრებაში.

 

ტანტეები და იდეოლოგიური ველი

0

გასულ წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ კიდევ ერთი კარგი წიგნის წაკითხვის საშუალება მისცა იმ მკითხველს, რომელსაც, ჩემი არ იყოს, დასავიწყებლად განწირულ ისტორიებში ქექვა უყვარს. „კალენდულა და ლურჯი ღილი. თბილისის გერმანული ბაღის ისტორია“ – სათაურის წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რომ სხვა წიგნები ცოტა ხნით გვერდზე უნდა გადამედო და ეს უნდა წამეკითხა. მერე სარჩევი ვნახე, ავტორების სახელები და გვარები: ნინო ლეჟავა, ანა კორძაია-სამადაშვილი, ანა მარგველაშვილი, ნინო ბექიშვილი, მაშო სამადაშვილი, ბიძინა რამიშვილი.  ის წიგნიც გამახსენდა, რომელზეც შარშან დავწერე – „თქმული და უთქმელი ისტორიები. გერმანელები საქართველოში“. მისმა ავტორმა, თამთა მელაშვილმა უდავოდ დიდი საქმე გააკეთა ამ ზეპირი ისტორიების შეკრებითა და წარსულის თავისებური რეკონსტრუქციით.

საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ათწლეული ჩემი მოსწავლეობის წლებს დაემთხვა. შესაძლოა იდეოლოგიური ზეწოლა ზოგ სასწავლო დაწესებულებაში ისე შემაწუხებლად აღარ იგრძნობოდა, შესაძლოა უბრალოდ აბსურდად აღვიქვამდით საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის იმპერატივებს და ცოტა წამოზრდილები დიდად აღარც ვემორჩილებოდით, მაგრამ პირველი სიტყვა, რაც სკოლის გახსენებისას ისევ და ისევ მომდის თავში, ციხეა. სკოლა – ციხე – ამ ასოციაციას ვერაფერს ვუხერხებ.

ეს წიგნი, „კალენდულა და ლურჯი ღილი“ გვეუბნება, რომ საბჭოთა ეპოქის ბოლო ათწეულებში (თუმცა ტრადიცია უფრო ადრე იწყება) თბილისელ მშობელთა ნაწილმა ერთგვარ გამოსავალს მიაგნო: ენის შესასწავლად და განსხვავებულ კულტურასთან საზიარებლად შვილების არაფორმალურ გერმანულ ბაღებში მიბარება დაიწყო. ამგვარ ბაღებს ტანტეები უძღვებოდნენ, რომელთა სასწავლო თუ აღმზრდელობითი მეთოდებიც არსებითად განსხვავდებოდა იმისგან, რაც საბჭოთა საბავშვო ბაღებში დაგხვდებოდათ. ბავშვები ენას თამაშით სწავლობდნენ, ბუნებრივად, დაუძაბავად – სიმღერებით, ზღაპრებით, სახალისო წარმოდგენებით…

„ქვეყანაში, სადაც უცხოელებთან კონტაქტი, პრაქტიკულად, უკიდურესად შეზღუდული იყო და ამის შესაძლებობა მხოლოდ რჩეულ მეცნიერებს, პარტიულ და იდეოლოგიურ სტრუქტურებში მომსახურე ან უშიროების ორგანოებთან მოთანამშრომლე პირებს ჰქონდათ, უცხო ენის მატარებელ ადამიანებთან სწავლა განსაკუთრებული პრივილეგია იყო. უცხო ენის ცოდნა იდეოლოგიური ველიდან გაღწევის შესაძლებლობას იძლეოდა და ასე გამოდის, რომ ტანტეების ადრეულ ასაკში ენის „ავტომატური“ შესწავლის მეთოდიკა უნებლიეთ საბჭოთა განათლების პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა“, – წერს ამ წიგნის იდეის ავტორი, იურისტი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა პირველივე წერილში „ტანტეების მოსაგონრად“.

ცხადია, გაუმართლათ მათ, ვინც ცხოვრების პირველივე წლებში ასეთი გამოცდილება მიიღეს. წიგნში შესული მოგონებების კითხვა მთელი სიამოვნებაა. ყოფილი ბაღელები ჰყვებიან იმ მომნუსხველ ატმოსფეროზე, რომელსაც ეს გერმანელი თუ ნახევრად გერმანელი ქალები ქმნიდნენ, იხსენებენ მათ პირად ნივთებს, სამკაულებს, ვარცხნილობას, რჩევებს, ჩვევებს, საყვარელ გამოთქმებს, მათგან გაგონილ ამბებს, სხვადასხვა თამაშს, სხვადასხვა დროს საჩუქრად მიღებულ ღია ბარათებსა თუ კოწახურის კანფეტებს… ტანტეებს არც ზედმეტი შექება სცოდნიათ და არც უზომოდ გაბრაზება. გაკვეთილზე მისულ პატარა მოსწავლეებს მათთან სითბო და წესრიგი ხვდებოდათ, გერმანულ ენასთან ერთად კი უამრავ ისეთ რამეს სწავლობდნენ, რასაც სხვაგან ვერსად ისწავლიდნენ. ამიტომ იყო, რომ გერმანულ ბაღში წასვლა ყველას უხაროდა – იცოდნენ, ამ პატარა სამოთხეში მხოლოდ სიხარული ელოდათ.

მოგონებების კითხვისას არაერთხელ გადავაწყდი ისეთ აბზაცებს, ამოწერა და სხვებისთვის გაზიარება რომ მომინდა. ბევრი რამ ამ ქალების პედაგოგიური პრაქტიკიდან დღესაც საგულისხმოდ მოჩანს – უპირობოდ მისაღებად თუ არა, გასათვალისწინებლად მაინც. მართალია, ტანტეებს პროფესიული პედაგოგიური განათლება არ მიუღიათ, მაგრამ მათ დიდი ტრადიცია უმაგრებდა ზურგს. ყოფილი მოსწავლეების მონათხრობი გვარწმუნებს, რამდენად სწორი იყო ეს აღმზრდელობითი მეთოდები, არაფორმალურ ბაღებში ენის თამაშ-თამაშით სწავლების მათეული პრაქტიკა.

ერთ-ერთი მოსწავლის, ნინო გოგიტიძის დედის მოგონება ტანტე ლანდაზე: „არასდროს აცდენდა. თუ არ მოვიდოდა, უნდა ჩაგეთვალათ, რომ მოკვდა. ოღონდ არ გაეცდინა, გზა რომ მოლიპული იყო, ფეხსაცმელზე წინდას იცვამდა და ისე მოდიოდა. ძალიან ყურადღებიანი იყო. იცოდა, რით სუნთქავდნენ ბავშვები“.

და ბოლოს, მოგონება, რომელმაც ყველაზე მკაფიოდ დამანახა სრულიად უცხო ქალის სახე: „თუ ეტყოდი, რომ თავი გტკივა, კალთაში გისვამდა და გეფერებოდა. მე ამას ძალიან ხშირად ვეუბნებოდი. რა თქმა უნდა, ვიტყუებოდი, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ მომფერებოდა. ისიც ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ უარი არასოდეს უთქვამს. ვეჯექი კალთაში და თავზე მეფერებოდა“. ეს მოგონება მარიამ აბრამიშვილისაა.

„კალენდულა და ლურჯი ღილი. თბილისის გერმანული ბაღის ისტორია“. დაიმახსოვრეთ.

ათი წლის ჟურნალი “მასწავლებელი”

0

ჟურნალი „მასწავლებელი“ ათი წლის გახდა. თითქმის  ცხრა წელია, მისი მთავარი რედაქტორი ვარ. ზოგჯერ, როცა მეტისმეტად ვიღლები ტექსტებისგან, ავტორებისგან და ათასი სხვა წვრილმანისგან, რისგანაც ჟურნალის მთავარი რედაქტორის საქმიანობა შედგება, ვფიქრობ, ბევრი ხომ არ არის ცხრა წელი იმისთვის, რომ ერთსა და იმავეს აკეთებდე.

იქვე ჩნდება კითხვა: რას გავაკეთებდი უფრო უკეთესად და უკეთესს? სხვა პასუხი, გარდა იმისა, რომ ისევ ჟურნალ „მასწავლებლის“ რედაქტორი ვიქნებოდი, არ მაქვს და მეც ვაგრძელებ.

რატომ ვაგრძელებ?

ყველაფერი ერთი ბეჭდური გამოცემით, ორ თვეში ერთხელ გამოცემული ჟურნალით დაიწყო, რომელიც დღესაც გამოდის და საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა. მე მინახავს აჭარის, ფშავის, ხევსურეთის, იმერეთის და საქართველოს სხვა რეგიონების ყველაზე მაღალმთიანი რაიონების სკოლებში კითხვისგან გაცრეცილი ჟურნალი „მასწავლებელი“.

მასწავლებლის პროფესიის რეგულაციებმა ამ პროფესიის ადამიანებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების შექმნის აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში, ამიტომ შეიქმნა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, რამაც ჩემი როგორც რედაქტორის საქმიანობა უფრო დინამიკური და საინტერესო გახადა. ინტერნეტგაზეთს დღეს მილიონ-ნახევარზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და მის მიმართ ინტერესი, თემატიკის მრავალფეროვნებისა და განსაკუთრებული ავტორების გამო, დღითი დღე იზრდება.

ჟურნალის პროგრამის ფარგლებშივე დავიწყეთ „მასწავლებლის ბიბლიოთეკის“ შექმნა. ათი წლის განმავლობაში ბიბლიოთეკა თერთმეტი „მასწავლებლის წიგნით“ გამდიდრდა.

ჟურნალ „მასწავლებლის“ პროგრამას ასევე შეემატა ახალი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „განათლების მეცნიერება“, რომელიც განათლების მკვლევრებისა და მკვლევარი მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი გახდა.

წამოვიწყეთ ყოველწლიური კონკურსი – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, რაც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ლიტერატურაში თანამედროვე მასწავლებლის სახის შექმნას უწყობს ხელს.

რედაქციაში მრავალი მადლობის ბარათი მოდის როგორც საქართველოდან, ისე ქვეყნის გარეთ მცხოვრები ჩვენი ერთგული მკითხველებისგან და ეს ძალიან დიდი სტიმულია რედაქციის თანამშრომლებისთვის.

ჩვენს ავტორებს არაერთ საერთაშორისო კონკურსში გაუმარჯვიათ ჟურნალ „მასწავლებელში“ გამოქვეყნებული სტატიებით. თავად ჟურნალიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჯილდოთა მფლობელია.

ეს მხოლოდ ზედაპირული მოგზაურობაა ჟურნალის საქმიანობაში. ამ ყველაფრის მიღმა უამრავი დეტალი, დიდი შრომა და საქმის სიყვარულია, რომლის კეთებისას არ მტოვებს განცდა, რომ ეს სასარგებლოა და აუცილებლად უნდა ვაკეთო.

ცხადია, არის ხარვეზებიც, არის საზოგადოების დაკვეთა, ჟურნალიდან მეტი ხმაური და განათლების სისტემის კრიტიკა ისმოდეს.

მინდა, დავპირდე ჩვენს მკითხველებს, რომ ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან ხმაურის ნაცვლად საჭირო სიგნალებს გაიგონებენ და ასე იქნება ყოველთვის. ჩვენ მასწავლებლებისა და ჩვენი მკითხველების მოთხოვნაზე ვრეაგირებთ, ოღონდ პროფესიონალურად, აკადემიურად და ხმაურის გარეშე.

ცხადია, მადლობის გარეშე არც ეს წერილი დასრულდება. გულწრფელი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც შრომობს ამ რესურსებისთვის, ვინც ხელს გვიწყობს შრომაში და, რაც მთავარია, მადლობა ჩვენი შრომის მთავარ ადრესატებს – ჩვენს მკითხველებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ვინმე მკითხავს, რა იქნება ჩემი მთავარი საქმიანობა კიდევ რამდენიმე წელი, ერთმნიშვნელოვნად ვუპასუხებ: ჟურნალ „მასწავლებლის“ მთავარი რედაქტორობა!

მოსწავლე და მასწავლებელი. როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი

0

თანამედროვე ბავშვებს აზრის გამოთქმის და მასწავლებელთან კამათის აღარ ეშინიათ, თუმცა ეს კამათი შესაძლოა კონფლიქტშიც გადაიზარდოს. ამ შემთხვევებში ბევრი რამ მშობლის ქცევაზეა დამოკიდებული – როგორ განმუხტავს დაძაბულ სიტუაციას და რა შედეგამდე მიიყვანს მოზარდს. ასევე, მშობლის „ინსტრუქციაზეა“ დამოკიდებული, როგორ ურთიერთობას დაამყარებს ბავშვი მასწავლებელთან და როგორ გაუმკლავდება უთანხმოებას.

კონფლიქტურ სიტუაციებში მოქმედებას ბავშვი საბავშვო ბაღსა და სკოლაში სწავლობს,  სკოლის დამთავრების შემდეგ კი ამ უნარ-ჩვევებს ზრდასრულ ცხოვრებაში იყენებს. სამწუხაროდ, ხშირად თავად მშობელმაც არ იცის, როგორ მოიქცეს კონფლიქტის დროს. ზოგი გაჩუმებას ამჯობინებს, ზოგი ხმამაღლა გამოთქვამს იმას, რაც არ მოსწონს, ზოგიც საქმის მოგვარებას ხმაურიანი სკანდალით ცდილობს. საბოლოოდ არცერთ სცენარს დადებითი შედეგი არ მოაქვს.

რა არის მნიშვნელოვანი მასწავლებელთან პრობლემის ეფექტიანად მოგვარებისთვის?

ბავშვს მასწავლებლის მიმართ პრეტენზიის გამოთქმის არ უნდა ეშინოდეს. ხდება ხოლმე, რომ მასწავლებელი პირდაპირ და მიზანმიმართულად ამცირებს მოსწავლეს, მას კი 15 წლის ასაკშიც ეშინია, ეს მშობელს უამბოს. ხდება ისეც, რომ ადამიანი პირველად ზრდასრულობაში უყვება ფსიქოლოგს იმაზე, რომ ოდესღაც საბავშვო ბაღის მასწავლებელმა დაარტყა.

ასეა თუ ისე, მასწავლებლის ნეგატიურად განხილვა სახლში არ ღირს. ყველაფერი, რასაც მცირეწლოვანი ბავშვი შინ მოისმენს, სკოლაში მიიტანს, რაც სიტუაციას უფრო მეტად გაამძაფრებს.

სკანდალი ან პრობლემაზე თვალის დახუჭვაც ცუდია. ხშირად მშობლები სიტუაციაში ვერ ერკვევიან, მაგრამ მასწავლებელთან პირდაპირ მიიწევენ საჩხუბრად ან პირიქით, ნერვიულობენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ და ბავშვსაც შთააგონებენ, მასწავლებელს არ შეეწინააღმდეგოს. გვახსოვდეს, რომ სკოლა საზოგადოების და სახელმწიფოს მინიატურული ვერსიაა, რომლის „მოქალაქეებს“ დაცვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ბავშვს თავისი აზრის და საკუთარი თავის დაცვა უნდა ასწავლოთ. პატარაობაში თუ უჭირთ ამისი გაკეთება, 12 წლიდან უკვე მეტი ძალა აქვთ, დამოუკიდებლად დაუპირისპირდნენ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფს. თუ არ იცით, ეს როგორ ასწავლოთ ბავშვს, მიმართეთ ფსიქოლოგს. იარეთ ფსიქოლოგთან ბავშვთან ერთად. მოზარდებისთვის არსებობს ტრენინგი კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებში, სადაც ისინი თავდაცვას სწავლობენ.

არ ესაუბროთ მასწავლებელს ბავშვის დაუსწრებლად. ხშირად კონფლიქტის გარემოებებში გასარკვევად მისული მშობელი მხოლოდ მასწავლებელს ესაუბრება, ბავშვს კი დერეფანში ტოვებს. ეს არასწორი მიდგომაა, მით უმეტეს მაშინ, როცა მოსწავლე მოიქცა არასწორად. მან მშობლებს თავისი „სიმართლე“ უამბო, მასწავლებელმა კი თავისი. მშობელს ვეღარ გაუგია, ვის დაუჯეროს.

ბავშვს არ უნდა ეშინოდეს მშობლებისთვის სიმართლის თქმის, იმ შემთხვევაშიც კი, როცა თვითონ არის დამნაშავე. ამის რომ მივაღწიოთ, ბავშვებს არ უნდა ვეჩხუბოთ. მათ შეცდომების გამოსწორება უნდა ვასწავლოთ.

ასწავლეთ ბავშვებს დიპლომატიურობა. ყოველი ადამიანი დროის ნებისმიერ მომენტში შეიძლება სხვადასხვა რამეს გრძნობდეს. ბავშვიც შეიძლება ბრაზობდეს, როდესაც მასწავლებელი მას არასათანადოდ ელაპარაკება. ჩვენ ვერ ავუკრძალავთ გრძნობებს საკუთარ თავს, მაგრამ შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორ ვიმოქმედოთ. მასწავლებელზე გაბრაზებულმა მოსწავლემ შეიძლება უხეშად მიმართოს მას ან თავი შეიკავოს, დაფიქრდეს და გადაწყვიტოს, ღირს თუ არა საპასუხოდ მასწავლებლის შეურაცხყოფა. მოსწავლეს უნდა შეეძლოს პრეტენზიის გამოთქმა: „არ მომწონს და თუ შეიძლება, ნუ მელაპარაკებით ასეთი ტონით“.

თუ არსებობს საფრთხე, რომ მასწავლებელი კონფლიქტის გამო გამიზნულად გაუფუჭებს ბავშვს ნიშნებს, მაშინ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რა უფრო გაინტერესებთ – ქულები თუ ბავშვის თავისუფალ პიროვნებად აღზრდა. ვიღაცისთვის მაღალი ნიშნებია პრიორიტეტული, ვიღაცისთვის კი ბავშვის ღირსების დაცვა. ასეა თუ ისე, სასურველია, მასწავლებელთან საუბარს დიპლომატიურად მიუდგეთ. სცადეთ მის მდგომარეობაში შესვლა, თუმცა საკუთარი მოსაზრებაც გამოთქვით, აი, ასე: „მესმის, რომ თქვენთვის ეს რთულია. ზოგჯერ მეც მიჭირს ჩემს შვილთან ურთიერთობა და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. წარმომიდგენია, რას გრძნობთ, როდესაც კლასში ოცდაათი მოსწავლეა, მაგრამ მე არ მინდა, რომ…“

თუ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია იმის გამო, რომ მასწავლებელს და მშობელს დიპლომატიურობა აკლიათ, შესაძლოა ღირდეს საქმეში მესამე პირის, მაგალითად ფსიქოლოგის, ჩარევა.

 

მასწავლებელი, ბავშვი, დედა: როგორ არ დავუშვათ კონფლიქტი

„სამკუთხედში“ მასწავლებელი-ბავშვი-დედა ყოველთვის შეიძლება არსებობდეს კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კონფლიქტურ სიტუაციას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, არსებობს წესები, რომელთა წყალობითაც ურთიერთობა კონსტუქციულ კალაპოტში გადაგვყავს და არ ვუშვებთ, რომ ბავშვს სწავლისადმი ინტერესი გაუქრეს.

მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც მასწავლებელს და მოსწავლეს შორის არსებული კონფლიქტის დროს ჩაურევლობას ამჯობინებენ და ბავშვს მარტოს ტოვებენ პრობლემის წინაშე.

ასევე გავრცელებული შეცდომაა ბავშვის ინტერესების დაცვა მისი საჩივრის მოსმენის შემდეგ. მშობლებს შვილების დაცვის ბუნებრივი ინსტინქტი აქვთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ არსებობს კონფლიქტი, მასზე ყველა მონაწილეა პასუხისმგებელი. ბავშვმა შეიძლება ისარგებლოს იმით, რომ მშობელი მის მხარესაა და მოჰყვეს ისტორიას ისე, როგორც მას აძლევს ხელს.

 

როგორ გავხადოთ მასწავლებელთან საუბარი კონსტუქციული:

შეარჩიეთ მოხერხებული დრო. ეს არ უნდა იყოს გაკვეთილის დასაწყისი, შესვენება ან დროის ის მონაკვეთი, როცა მასწავლებელს არ სცალია და გარკვეული მოვალეობები აქვს შესასრულებელი. მასწავლებელი ამ დროს ვერ შეძლებს პრობლემისთვის ყურადღების მიქცევას და კონცენტრირებას.

ჯობს, შეარჩიოთ დრო გაკვეთილების შემდეგ, მაგრამ არა გვიან საღამოს. კარგი იქნება, წინასწარ შეუთანხმდეთ მასწავლებელთან.

ნუ დაიწყებთ საუბარს აგრესიულად. თქვენ ბავშვის მხარეს ხართ და გულში ბობოქრობთ, მაგრამ ეცადეთ, არ შეუტიოთ მასწავლებელს. აგრესიულად განწყობილი ადამიანისგან მეორე ადამიანი თავის დაცვას იწყებს ან აგრესიითვე პასუხობს.

დაიცავით ეთიკა. არ ღირს, კაბინეტში შესვლისთანავე ჰკითხოთ: „რისთვის გამომიძახეთ?“, „რატომ უთხარით ესა და ეს ჩემს შვილს?“ მიესალმეთ მასწავლებელს. ნუ დაიწყეთ საუბარს პრობლემით. თავდაპირველად ჰკითხეთ, როგორი მოსწრება აქვს ბავშვს, როგორ იქცევა. ამით აჩვენებთ, რომ თანამშრომლობისთვის მზად ხართ. ეს მასწავლებელს დიალოგისთვის განაწყობს.

თუ დედა ბავშვის თანდასწრებით ეჩხუბება მასწავლებელს, ბავშვს გაუჩნდება განცდა, რომ მასწავლებელი არ არის ადამიანი, რომელმაც შეიძლება რამე ასწავლოს, ის არ არის ავტორიტეტი. ადამიანისგან, რომელიც არ არის ავტორიტეტი, ბავშვი ვერაფერს ისწავლის.

არ გაერთიანდეთ მასწავლებელთან ერთად ბავშვის წინააღმდეგ. ცუდია, როცა ორივე ავტორიტეტი ბავშვის წინააღმდეგ ერთიანდება. ის თავს კუთხეში მიმწყვდეულად იგრძნობს და ვერ დაინახავს შესაძლო გამოსავალს.

ნუ შექმნით მასწავლებლის კულტს. მნიშვნელოვანია, აჩვენოთ ბავშვს, რომ მასწავლებელიც ადამიანია, ადამიანებს კი სჩვევიათ შეცდომების დაშვება. მან რაღაც შეიძლება სამართლიანად განსაჯოს, რაღაც კი – ვერ.

გამოხატეთ პატივისცემა წესების მიმართ. მნიშვნელოვანია, რამდენად პატივისცემით მიმართავს მშობელი მასწავლებელს, როგორ სცემს პატივს სკოლის განაწესს. ბავშვი ყველაფერს აკვირდება და ხედავს.

ბავშვთან საუბრისას ჰკითხეთ მას, როგორ ჩაიარა დღემ. არ დაიწყოთ საუბარი კითხვით: „რა ნიშანი მიიღე?“. ჯობს ჰკითხოთ: „ახალი რა გაიგე?“ როდესაც მშობელს ეცოდინება, რა ხდება შვილის ცხოვრებაში, მის განვითარებაში უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. თუ რაიმე პრობლემა გამოჩნდა, ერთად მისი მოგვარება გაცილებით მარტივი იქნება.

მასწავლებლის გამორჩეული მოსწავლე

0

„მე ყველა ერთნაირად მიყვარხართ“, „მე არ გამოგარჩევთ“, „ყველა ერთი ხართ ჩემთვის“, – ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ძალიან ხშირად იყენებდნენ მასწავლებლები ჩემი მოწაფეობის დროს. ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყავი, როგორი იყავი, რა ოჯახიდან გამოდიოდი ყოველ დილით რვა საათზე, რომელ უბანში ცხოვრობდი, რამდენი ჰქონდათ ხელფასი შენს მშობლებს და რა მანქანა გაკითხავდა გაკვეთილების შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ყველა კლასში, რომელშიც მისწავლია (მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია მცირე სტატისტიკისთვის) ყოველთვის იყო ორი ან სამი მოსწავლე, რომელიც დამრიგებელს ან რომელიმე სხვა მასწავლებელს გამორჩეულად უყვარდა და ხშირად ვერც კი მალავდა ამ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას.

მასწავლებლის გამორჩეული მოსწავლე ორნაირია: ერთი, რომელიც ვერ გრძნობს მასწავლებლის განსაკუთრებულ სიყვარულს და, შესაბამისად, ვერ იყენებს ამ უპირატესობას და მეორე, რომელიც გრძნობს ამას და სათავისოდ იყენებს, იცის, რომ მასწავლებლის გამორჩეული მოსწავლეა და ხვდება, რომ სხვებთან შედარებით ბევრი რამ ეპატიება. როგორია სხვა, ჩვეულებრივი მოსწავლეების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ? ზოგი ამჩნევს, ზოგი – ვერა, ზოგი უფრო გონიერია და ხმასაც იმაღლებს, ზოგს ყველაფერს ხვდება, მაგრამ ეშინია. ფაქტი ერთია: დანარჩენი მოსწავლეები გრძნობენ, რომ არ არიან რჩეულები და ხშირად ეს ძალიან, ძალიან დიდხანს ტოვებს კვალს მათ ცნობიერებაში.

კაცმა არ იცის, როგორ შეიძლება გახდე მასწავლებლის გამორჩეული მოსწავლე, ალბათ, ყველა მასწავლებელს თავისი მოთხოვნები აქვს. ზოგი მდიდარი ოჯახის შვილისკენ იხრება, ზოგს ფრიადოსანი უყვარს, ზოგს – ყველაზე მაჩანჩალა, რომელსაც მთელი თორმეტი წელი ათრევს… ასე იყო თუ ისე, თითქოს ყველა მასწავლებელმა იცოდა, რომ გამორჩევა არ შეიძლება, ან, თუ გამოარჩევ, გამოხატვით მაინც არ უნდა გამოხატო, მაგრამ მაინც უშვებდნენ ერთსა და იმავე შეცდომას.

ხშირად გამჩენია უსამართლობის განცდა იმის გამო, რომ რომელიმე საგნის მასწავლებლის გამორჩეული მოსწავლე არ ვიყავი და უფრო მეტი სირთულის გადალახვა მიწევდა, ვიდრე იმ ერთადერთს. სულ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ ხშირად ვერ ვბედავდი. იყო ერთი მასწავლებელი, რომელიც ძალიან ძნელად წერდა ნიშნებს. მის საგანში 10 ქულის მიღება მხოლოდ რჩეულს შეეძლო, რომელიც მართლაც ჩვენზე გონიერი და ნიჭიერი იყო, მაგრამ ხანდახან მოდუნების უფლებასაც აძლევდა საკუთარ თავს – მაინც 10 ქულას იღებდა. ერთ დღესაც, მორიგი 8 ქულის მიღების შემდეგ, პრეტენზია გამოვთქვი: მე და „რჩეული“ ერთნაირად მოვყევით, მე – 8 და იმას 10 რატომ დაუწერეთ–მეთქი. ვცადე, კლასიც ამეყოლიებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მასწავლებელმაც მისაყვედურა, ჯობია, საკუთარ ქულაზე იფიქრო და სხვისი ქულების თვლას თავი დაანებოო. მაინც რომ არ გავჩერდი, ბოლოს „რჩეულსაც“ რვა ქულა დაუწერა და ამით დამთავრდა ეს ამბავი. მაგრამ დამთავრდა მხოლოდ საკლასო ოთახში – შესვენების ზარი დაირეკა თუ არა, ყველასთვის ის მოსწავლე გავხდი, რომელიც მზად არის, ერთი ქულისთვის თანაკლასელსაც გადააბიჯოს.

იმ დღის შემდეგ მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე ორივეს გამოგვიყვანდა ხოლმე დაფასთან და გვაყოლებდა გაკვეთილს, ორივეს ერთნაირად რვა ქულას გვიწერდა და თან მიმეორებდა, აი, შენ გამო ოქროსმედალოსანს რვა ქულას ვუწერო.

საქმე იქამდე მივიდა, რომ თანაკლასელებმა მომიძულეს. მეც ნაკლებად ვერთვებოდი საგაკვეთილო პროცესში და დიდად აღარც გაკვეთილის მოყოლის სურვილს გამოვხატავდი. ვიჯექი ჩემთვის წყნარად. კლასელებმა ნელ-ნელა მოიბრუნეს გული, მაგრამ მასწავლებლის უსამართლობა დღემდე მწარედ მახსოვს. ახლაც კი, როცა, ვაცნობიერებ, რომ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს, მაინც მიჭირს მისი სახის დავიწყება. ყოველთვის წამოყოფს ხოლმე თავს, როცა რამე სირთულეს ვეჯახები და ჩამჩურჩულებს, რომ ვერასდროს ვიქნები გამორჩეული, ყოველთვის სხვა იქნება ის, ვინც მასწავლებელს განსაკუთრებით ეყვარება და თუ ხმის ამაღლება გავბედე, დავისჯები.

ვიცი, რომ ძნელია, გამორჩეულად არავინ გიყვარდეს, ძნელია, 25 ადამიანი ერთნაირად შეიყვარო. დღესაც, როცა სამსახურში 96 თინეიჯერთან მიწევს თითქმის ყოველდღიური კონტაქტი, მეც მიჭირს, არავინ გამოვარჩიო და შევიყვარო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ეს არავის ვაგრძნობინო, ვცდილობ, გადაცემის ყველაზე ნაკლებად დასამახსოვრებელ მონაწილეშიც, რომელიც ყოველთვის კუთხეში დგას, რამე განსაკუთრებული დავინახო, ჩავუღრმავდე და ხაზი გავუსვა, დავაჯერო, რომ არაჩვეულებრივია, ვუთხრა, რომ მასზე ლამაზი ამ ქალაქში ცოტა თუ დაიარება, რომ შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს, რაც მოუნდება და შევახსენო, რომ ასეთი გადასარევი გოგოსთვის თუ ბიჭისთვის შეუძლებელი არაფერია.

მასწავლებლების უმეტესობას კი რატომღაც ავიწყდება, რომ სინამდვილეში ყველა მოსწავლე ერთნაირად კარგია, რომ ზუსტად მასწავლებელს შეუძლია, თავისი სიყვარულით და პატივისცემით სწორად წარმართოს მოსწავლის ცხოვრება, რომ მარტო საგნის სწავლება არ არის მასწავლებლის საქმე, რომ მოსწავლეებს ქიმიასთან, ფიზიკასა და ბიოლოგიასთან ერთად საკუთარი თავის სიყვარულიც უნდა ასწავლონ და ეს იმით დაიწყონ, რომ ჯერ თვითონ შეიყვარონ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...