ხუთშაბათი, მაისი 14, 2026
14 მაისი, ხუთშაბათი, 2026

ვილიე დე ლილ-ადანი და გალაკტიონი – შორეული გადაძახილი

0

ფრანგი პოეტის, ვილიე დე ლილ ადანის, სახელი ცისფერყანწელებმა და გალაკტიონ ტაბიძემ გააცნეს ქართველ მკითხველს. იგი იქცა შორეული, მიმზიდველი და დახვეწილი პოეზიის ერთგვარ სიმბოლოდ. როდესაც ტიციან ტაბიძემ გალაკტიონის პირველ კრებულის ლექსებით აღძრული აღტაცება გამოხატა წერილით „მარტოობის ორდენის კავალერი“, მან სტეფან მალარმეს ის სიტყვები გაიმეორა, რომლებითაც მან ახალგაზრდა ვილიე დე ლილ ადანი შეაფასა: „ჩვენთან არავინ მოსულა ასეთი უცნაური ჟესტით, გაქანებული ილუზიის ქარით, უხილავი ნაბიჯით, როგორც ეს უჩვეულო და უტეხი ჭაბუკი, რომელიც ამბობდა: აი, მეო! ჭაბუკობისას არავისთვის გაუმჟღავნებია მას ის ბედისწერა, სადაც ანათებს აზრის ბრწყინვალება, რომელიც სამუდამოდ აღბეჭდილია მის მკერდზე მარტოობის ორდენის ბრილიანტებით“.

ვილიე დე ლილ-ადანს ახსენებენ ვალერიან გაფრინდაშვილი და სანდრო ცირეკიძე, როგორც პოეტური პროზის დიდოსტატს. როდესაც ვალ. გაფრინდაშვილი ახალ მითოლოგიაზე საუბრობს, რომელიც გულისხმობს „ძველი ღმერთების“ ნაცვლად მწერალთა სახელებისა და მათ მიერ შექმნილ სახეთა გაღმერთებას, ვილიე დე ლილ ადანსაც უთმობს ადგილს „ახალ ოლიმპოზე“: „დღეს პოეზიაში საბერძნეთის ღმერთების ადგილს იჭერენ პოეტები. ჩატერტონი, რემბო, ბესიკი, მაჩაბელი, ჰოფმანი, ვილიე დე ლილ-ადან არანაკლებ აღაფრთოვანებენ პოეტის ოცნებას, ვიდრე ზევსი და აპოლონი, აფროდიტე და ათინა. წინანდელი პოეტები _ გარდაქმნილნი დროის და სივრცის ჯადოქრობით უნდა გახდნენ არა მარტო დრამატიულ და ეპიურ, არამედ ლირიკულ სახეებად“ (“დეკლარაცია (ახალი მითოლოგია“)).

ვინ იყო ოგიუსტ ვილიე დე ლილ-ადანი?

პოლ ვერლენის მიერ „დაწყევლილ პოეტთა“ დასში მოხსენიებულ ლეგენდად ქცეულ გრაფ ვილიე დე ლილ-ადანს (1838-1889), მიუხედავად იმისა, რომ უძველეს არისტოკრატიულ გვარს განეკუთვნებოდა, ლუკმაპურის საშოვნელად ბევრი შეუფერებელი რამის გაკეთება უწევდა და არც ავანტიურა ყოფილა უცხო. ერთხელ „მოსიარულე რეკლამაც“ კი ყოფილა ერთი ფაბრიკისა. ყოფით პრობლემებთან გამკლავება მარცხით დასრულდა და უმშვენიერესი პოეტური სამყაროს პატრონი სიღატაკეში გარდაიცვალა. ოგიუსტ ვილიე დე ლილ-ადანი სალიტერატურო ასპარეზზე ლექსების კრებულით გამოჩნდა, შემდეგ კი აქტიურად მიმართა პროზას და მცირე ჟანრის ნაწარმოებთა თხრობის ოსტატად იქცა. წერდა დრამებსა და რომანებსაც. მისი შემოქმედება გამსჭვალულია სიმბოლისტური ესთეტიკით, ირაციონალურისა და მისტიკურის, მიღმა სამყაროს ჭვრეტის წყურვილით. იგი ხედავდა ბურჟუაზიულ საზოგადოებაში როგორ იკიდებდა ფეხს მომხმარებლური, პრაგმატული სულისკვეთება, ამიტომაც საზოგადოების მერკანტულ პათოსს განერიდებოდა და გაუცხოებას შემოქმედებაში დიდი ტკივილით გამოთქვამდა. გამოხატვის ფორმა მისთვისაც, როგორც არტურ რემბოს, შარლ ბოდლერის, თეოფილ გოტიესა თუ სტეფან მალარმესათვის, უპირველესი და უმნიშვნელოვანესი იყო. ყველაზე დიდი გავლენა კი მასზე ედგარ პოს, ე. წ. კოშმარულ ხილვებს ჰქონდა. სამწუხაროდ, ქართულად მცირე თარგმანები გვაქვს, მათ შორის, მისი პროზის მხოლოდ ორიოდე ნიმუში. ამჯერად მისი ორი ნოველის ინტერპრეტაციას წარმოვადგენთ, რათა უფრო ახლოს გავიცნოთ შემოქმედი, რომელიც ქართველ მოდერნისტთა სათაყვანებელ სახელებში შედიოდა.

სინამდვილისაგან გაქცევა მას რელიგიურ სამყაროშიც ამოგზაურებდა, წმინდანებისა და ანგელოზების ღვთაებრივ, მშვიდ და ჰარმონიულ სამყაროში. ერთი ასეთი შესანიშნავი ნოველაა „და ნატალია“, რომელშიც ცოდვისა და დანაშაულის გამოსყიდვის თემები წარმოჩნდება. სახარებისეული მეძავი ქალის ალუზიაც ჩნდება. ღვთისმშობლის სახე ქართულ სიმბოლისტურ პოეზიასა და პროზაშიც ხშირად გაიელვებს (სამაგალითოდ, სანდრო ცირეკიძის „მოზაიკის ღვთისმშობელი“ ან გალაკტიონ ტაბიძის „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ და მისივე სხვა ლექსები შეიძლება მოვიხმოთ, რომლებიც ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან, ღვთისმშობლის როგორი სიყვარულით გამოირჩევიან ქართველი შემოქმედნი. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, აგრძელებენ, უპირველესად, დავით გურამიშვილისეულ ტრადიციას).

„და ნატალია“ ნოველის ჟანრის კლასიკად შეიძლება მივიჩნიოთ, დრამატიზმითა და მოულოდნელი დასასრულით, შეკრული სიუჟეტითა და კომპოზიციური ქარგით. ნოველაში ერთმანეთს უპირისპირდება ტაძრისა და სოფლის ტოპოსები. მთავარი გმირი მონაზონი ნატალიაა, რომელიც გაორებული შინაგანი სამყაროს ჭიდილით იტანჯება. მის ახალგაზრდულ ვნებას ჩაკეტილი სივრცის გარღვევა და სამყაროს მოხილვა სწყურია, უძღები შვილივით შინიდან წასვლა სურს, რათა იგემოს დაცემის სიტკბოება. შეიძლება ვთქვათ, რომ მონაზვნობა მისი ნაადრევი არჩევანია, სულსა, გულსა და გონებას მასში ჯერ ვერ მიუღწევია იმ თანხმიერებისთვის, რომელიც მონასტრულ გარემოს ცოცხალ სამოთხისეულ ნეტარებად გარდაქმნიდა. მისთვის მრავალფეროვნება გარეთაა, ცოდვათა სიჭრელით სავსე წუთისოფელი მისთვის ბედნიერების ზიარების ერთადერთი გზაა. ამიტომაც ვერ ჩაუხშვია გარედან მომავალი ვნებიანი ხმები, რომელთაც მოაქვს განუცდელი და მომაჯადოებელი ნეტარების სურნელი. მიუხედავად დანაშაულისა და ღვთის ღალატის დიდი განცდისა, ნატალია შეყვარებულ ჭაბუკს მიჰყვება და ტოვებს მყუდრო და უშფოთველ მონასტერს. წასვლისას ღვთისმშობელს ევედრება: „ნუ მომაკლებ შენს მოწყალებას, მოქანცული სულითა და ხორცით მივდივარ აქედან და თან მიმაქვს ჩემს სულში შენი წმინდა სახე. წმიდაო ქალწულო, შეიბრალე ის, რომელიც მიწიერ სიყვარულისთვის ტოვებს წმიდათა სამთავროს. გესმის შენ ეს ხმა: ის მაფიცებს მე უსაზღვრო ერთგულებას! თუ არ გამოვეხმაურე მას, მაშინ მოკვდება, და განა უნდა უარვყო მე სიყვარული ჩუმი და მრავალი წლის განმავლობაში უიმედოდ მყოფი?!“ მწერალი მოკლედ და ექსპრესიულად გადმოსცემს წუთისოფლის ტკბობაში გაფრენილ ნახევარ წელს, რომელიც გავიდა „ნეტარებაში, სიყვარულში, ფლორენციის, რომისა და ვენეციის დათვალიერებაში“. მომხიბლავი ჭაბუკი კი ჩვეულებრივი დონ-ჟუანი აღმოჩნდება, ავანტიურისტი კოლექციონერი, რომელიც ერთ დღეს მიატოვებს მშვენიერ ნატალიას. ნოველაში ტრადიციული სიუჟეტური ხაზი ჩნდება, რომელიც დამატებით ფსიქოლოგიურ ნიუანსებს არ მოითხოვს იმისთვის, რომ ნატალიას თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მკითხველისთვის დამაჯერებლად მოტივირებული აღმოჩნდეს. ფსკერის ადამიანების სახარებისეული სიყვარული მწერლისთვისაც ჩვეულია და მას პერსონაჟი კვლავ მონასტერში მიჰყავს, რათა ცოდვა აღიარებინოს და მშვიდად გაუყენოს სიკვდილის გზას. მოულოდნელი ფინალი სწორედ აქ ჩნდება. ღვთისმშობლის ქანდაკთან დაჩოქილ ატირებულ ნატალიას მოულოდნელად და სასწაულებრივად ღვთისმშობელი, „ციური დედოფალი“ დაელაპარაკება: „ჩემო შვილო, განა შენ დაგავიწყდა? როცა ჩვენ ვშორდებოდით ერთმანეთს, დამიტოვე ზეწარი და გასაღები შენი სენაკისა. აქ ვმსახურებდი მე შენ მაგიერ, ამ ზეწარში გადაცმული მე ვასრულებდი შენს საქმეებს. ვერცერთმა შენმა ამხანაგმა ვერ შეამჩნია შენი წასვლა. დაიბრუნე ისევ უკან, რაც დამიტოვე. დაბრუნდი შენს სენაკში და… აღარ წახვიდე ამიერიდან“ (დაბეჭდილია ჟურნალში „ოქროს ვერძი“, 1913 წ. 30 ივნისი, #5, თარგმანი ხელმოწერილია ფსევდონიმით „სკ-ლი“).

ამ ნოველის საერთო განწყობას ეხმიანება გალაკტიონის ლექსი „გვიანი ოცნება“, 1919 წელს გამოცემული ეპოქალური წიგნის, „არტისტული ყვავილების“ კრებულში დაბეჭდილი შედევრი, რომელშიც პირდაპირ სახელდება ვილიე დე ლილ-ადანი და ერთგვარ მუსიკალურ აკორდად ჩაეწერება აზრობრივ სივრცეში:

„წიგნი ვედრებიანი,

ალოცება სატანის,

და ოცნება გვიანი

ვილიე დე ლილ-ადანის.

ხშირად მომეფარების

ჩემი კარგი ზმანება

და მტანჯავს მწუხარების

ყელით გადაქანება.

ლურჯი, ლურჯი დღე არის,

განშორების დღე არის,

მე არ ველი უარესს…“. („გვიანი ოცნება“).

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვილიე დე ლილ-ადანის ნოველა 1913 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ოქროს ვერძში“, შეიძლება იგი გალაკტიონისთვის ამ ლექსის შექმნის ერთგვარ შემოქმედებით იმპულსადაც ქცეულიყო. მისი საიდუმლო პოეტური სამყარო ხომ სავსეა ამგვარი კოდებითა და ენიგმებით.

მეორე ნოველაც, სახელწოდებით „ვერა“ სიმბოლისტური ესთეტიკითაა შექმნილი. მასშიც რეალობას ილუზია და მირაჟი ჩაენაცვლება. ნოველის მხატვრული სივრცის გაცნობისას ჩნდება ედგარ პოს „ყორნისა“ თუ თეოფილ გოტიეს „შეყვარებული მკვდრის“ ალუზიები. მთავარი გმირი გრაფი რაიმონდია, რომელსაც ახალგაზრდა მეუღლე, ულამაზესი ვერა გარდაეცვლება. ერთად ყოფნის ექვსი თვე სავსე იყო ვნებათა ფეიერვერკებით. ავტორი დახვეწილი, ნატიფი ნიუანსებით ხატავს ქალ-ვაჟის ურთიერთტოლვას, რომელიც თანაბრად იტევს სულიერ-ხორციელ მისწრაფებებს. სიყვარულს ფონად დამათრობელი სურნელებანი და მომაჯადოებელი ფერადოვნება ახლავს. მწერალი აღწერს გრაფის გლოვას და სიკვდილის გადალახვის მცდელობას (ნოველა იწყება სოლომონის ოდნავ სახეცვლილ ფრაზით „ქებათა ქებიდან“: „სიყვარული სიკვდილზე ძლიერია“ (VIII, 6). იგი სასახლეში მარტო რჩება ერთ მსახურთან ერთად და წარმოსახულ სამყაროში აცოცხლებს გარდაცვლილს: „ბუხართან იჯდა და მაგიდასთან, რომელზეც ჩაის ორი ფინჯანი იდგა, მომღიმარ ილუზიას ესაუბრებოდა“; „ჰაერში რაღაც სულიერის არსებობა შეინიშნებოდა _ ვიღაცის სახე მიუწვდომელ სივრცეში გამოჩენას, გამოსახვას ლამობდა“, „მიცვალებული, როგორც ბავშვი, თითქოს დამალობანას ეთამაშებოდა“. გრაფს იმდენად დიდი ჰქონდა რწმენა მეუღლის გაცოცხლებისა, რომ იხილა კიდევაც ხორცშესხმული სილუეტი, კიდევ ერთხელ განიცადა ექსტაზი მიწისა და ცის შეერთებისა, მაგრამ მოულოდნელად გამოფხიზლდა. სიკვდილი აღიარა და ტკივილით დაიწყო ფიქრი, რა გზით შეიძლებოდა სიყვარულის დაბრუნება. მოულოდნელად აკლდამის გადაგდებული გასაღები შენიშნა. „მშვენიერმა ღიმილმა“ გაუნათა გრაფს სახე. მკითხველი გრძნობს, რომ ეს თვითმკვლელობის გადაწყვეტილებაა, თუმცა თხრობა აქ მთავრდება და ამ წარმტაცი სიყვარულის ამბავი მკითხველის წარმოსახვაში ჰპოვებს მარადიულობას. ნოველა თარგმნილია დიანა მიქელაძის მიერ, შენარჩუნებულია ვილიე დე ლილ-ადანის სტილური თავისებურებანი, მოქნილი ფრაზები თითქოს სუნთქავენ, ფერი, მუსიკა და სურნელი თანაბარი ინტენსივობით იჭრება მკითხველის შეგრძნებებში (ნოველა გაზ. „ლიტერატურულ გაზეთშია“ დაბეჭდილი (2019 წ.#9, გვ. 12-13).

 

 

 

Microsoft Teams და დისტანციური სპექტაკლი

0

27 წელია დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. ამ ხნის განმავლობაში  უამრავი რამ ვისწავლე და უამრავ გამოწვევას გავუმკლავდი და საკმაოდ წარმატებითაც. თუმცა უნდა ვაღიარო,  რომ რაც 12 მარტიდან დღემდე ჩვენს თავს ხდება, ვერავინ წარმოიდგენდა…

წელს პირველი კლასი მყავს… და მოგეხსენებათ, პირველი კლასი ისეთი ეტაპია,  როცა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლემ სასურველ გარემოდ აღიქვას საკლასო ოთახი. მასწავლებელიც მისთვის მისაღებ, საინტერესო ადამიანად იქცეს. ჰქონდეს თანატოლებთან პოზიტიური დამოკიდებულება,  შეძლოს მათთან ეფექტური კომუნიკაცია, ჩამოუყალიბდეს მართლწერისა და მართლმეტყველების უნარები, სწავლა იქცეს საყვარელ საქმიანობად.

ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებზე ვმუშაობდით, როდესაც  მოულოდნელად პანდემიამ სრულიად სამყარო საკუთარ სახლში გამოკეტა!  ჩემი მოსწავლეებიდან ბევრმა დატოვა ქალაქი  და სოფელს მიაშურა, რამაც გაართულა ინტერნეტის ეფექტურად გამოყენება. ზოგი მხოლოდ მობილური ინტერნეტის ამარაღა დარჩა. უნდა ვაღიარო, რომ მეც მომიწია სოფელში გადასახლება, ამან კი მობილური ინტერნეტის აქტიურ მომხმარებლად მაქცია.

პირველი რაზეც ვიფიქრე, ეს იყო,  როგორ უნდა გაგვეგრძელებინა სწავლა? არანაირად არ მინდოდა იმ სასიკეთო  ძაფების გაწყვეტა ჩემს პირველკლასელებთან. ვთვლი, რომ ტექნიკას დიდი ხანია დავუმეგობრდი, არაერთი პროგრამა შევისწავლე დამოუკიდებლადაც და სხვადასხვა პროექტების დახმარებით.

4 წელია დისტანციურად ვასწავლი ქართულს საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტ ბავშვებს. ამიტომაც დიდი გამოცდილება მაქვს  Microsoft Teams-ით  მუშაობის. ამ გამოცდილებამ გადამაწყვეტინა მსგავსი ჯგუფის შექმნა ჩემი პირველკლასელებისათვის. სანამ ყველა მშობელს გავაცნობდი პროგრამაში მუშაობის სპეციფიკას,  დავალებებს Facebook-ზე არსებულ ჯგუფში ვაწვდიდი…

ცოტა ხანში განათლების სამინისტრომ ეფექტურ  სამუშაო სივრცედ სწორედ Teams გამოაცხადა. რამაც მოსწავლეთა მშობლებიც დაარწმუნა, რომ ჩემ მიერ სასწავლო პროცესის ეფექტურად გაგრძელებისთვის შეთავაზებული პროგრამა ნამდვილად საჭირო იყო.

ახლა საფიქრალი მხოლოდ სწავლის სპეციფიკა რჩებოდა. ერთი წელია ჩართული ვარ განათლების სამინისტროს ახალ პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“, როგორც კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი და, მიმაჩნია, რომ ამ პროექტის მიერ დანახული სწავლა-სწავლების პროცესი ძალიან ეფექტიანია ბავშვებისთვის. სწორედ ამიტომაც კომპლექსური დავალების განხორციელება ახლა, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ბავშვებისთვის, რადგან მათ ევალებოდა არა მხოლოდ დეკალარატიული (რა ვიცი?), პროცედურული ( როგორ შევასრულო?) და პირობისეული (როდის ვიყენებ? და რატომ?) ცოდნის გამთლიანება, არამედ, მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა როგორც ფსიქოლოგიური გადარჩენა,  ასევე სახალისო და საინტერესო დავალებებით სწავლის ჩაუქრობელი სურვილის შენარჩუნება. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ კლასში.  სასიხარულოა, როცა მშობელი ხედავს დავალებების მნიშვნელობას და გვერდში დგომით ამხნევებს ბავშვს, ერთვება მის ყველა გამოწვევაში,  ააქტიურებს პროგრამას, იღებს ვიდეოებსა და ფოტოებს, ტვირთავს მისთვის განკუთვნილ ველში, ითვალისწინებს რჩევებს. ასეთი თანადგომა მასწავლებელს უმტკიცებს რწმენას, რომ ბრძოლა მოგებულია: მშობლები და ბავშვები იზოლაციამ ვერ წაგვართვა, მზად არიან შენთან ერთად ყველა დაბრკოლება გადალახონ!

ამ ორ თვის განმავლობაში არაერთი უცნაური დავალება გააკეთეს ბავშვებმა მშობლებთან ერთად, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეს აღვნიშნავდი:

  • პირბადე გეომეტრიული ფიგურებით (eTwinning-ის პროექტის „ბედნიერი მომვალისთვის“ მონაწილე უცხოელი პარტნიორის დროშის ფერებში);

  • დედამიწის დღე;

 

 

 

  • დისტანციური სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“.

ზემოთ ჩამოთვლილი დავალებებიდან პირველმა სამმა შეიძლება ვერავინ გაკვირვოს, მაგრამ ბევრისთვის შეიძლება აღმოჩენა იყოს დისტანციური სპექტაკლი. განსაკუთრებით კი იმ ფონზე,  როცა მოსწავლეც და მასწავლებელიც მობილური ინტერნეტით სარგებლობს, ჭირს გაკვეთილზე შემოსვლა, ხშირად ითიშება პროგრამა.

ზემოთაც აღვნიშნე კომპლექსური დავალებების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში თითოეული საგნისათვის. და აქაც ცოტას დავამატებ, კიდევ უფრო ფასეულია  კომპლექსური დავალება, როცა საგანთა ინტეგრირებას მოითხოვს. ასეთ დავალებათა რიგს მიეკუთვნება კომპლექსური დავალება: დისტანციური სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ კომპლექსურმა დავალებამ გაართიანა რამდენიმე საგანი:  ქართული, ბუნება, ხელოვნება, ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ამ საგნების ფარგლებში კი არაერთი  ცნება დამუშავდა.

რა შედეგები   მიიღეს ბავშვებმა?

 ისინი მიხვდნენ რომ:

  • სტანდარტული ზღაპარი შეიძლება გადააკეთო და თანამედროვეობას მოარგო;
  • სპექტაკლი რომ შედგეს, უნდა შეგეძლოს ინსტრუქციების მოსმენა, გაგება, დამახსოვრება, გამოყენება;
  • როლი რომ კარგად ითამაშო, ტექსტი კარგად უნდა წაიკითხო, გაიგო, გაითავისო, ისწავლო და გასაგებად გადმოსცე;
  • უნდა იმეტყველო ხმამაღლა, საშუალო სიჩქარითა და გამოთქმით;
  • როლი რომ კარგად ითამაშო, კარგად უნდა იცნობდე შენს პერსონაჟს, იცოდე როგორ გამოიყურება, როგორ ხმას გამოსცემს, როგორ მეტყველებს;
  • კარგი იქნება თუ შენი პერსონაჟის უკეთ წარმოსაჩენად ნიღაბსაც დაამზადებ;
  • სპექტაკლი რომ კარგი გამოვიდეს, მხოლოდ შენი კარგი შესრულება არაა საკმარისი, სხვასაც უნდა მოუსმინო, დაელოდო შენს რიგს, ყურადღებით უნდა იყო, რომ შენი როლი არ გამოტოვო;
  • კარგად უნდა გახსოვდეს საკუთარი სიტყვები, რომ სხვას დაეხმარო მისი როლის თამაშში;
  • უნდა იცოდე ტექნიკასთან ურთიერთობა;
  • სპექტაკლის ჩაწერისას უნდა იჯდე იზოლირებულ ოთახში.

ერთი შეხედვით უბრალო სპექტაკლი, თურმე რამდენ უნარს უვითარებს პატარებს.

ალბათ ყველას დააინტერესებს  ის ტექნიკა, რომელიც ასეთი ტიპის სპექტაკლის დადგმისას დასჭირდება პედაგოგს:

ა) დაწერეთ სცენარი და გააცანით მშობლებსა და ბავშვებს, მიეცით მათ უფლება თავისუფლად გამოთქვან აზრი როლებსა და მათ განაწილებაზე;

ბ) გაანაწილეთ როლები, მოსწავლეთა სხვადასხვა უნარისა და სურვილის   გათვალისწინებით; (თუ ბევრი მოსწავლე გყავთ, კლასი გაყავით 2-3 ჯგუფად);

დ) დაახატვინეთ მოსწავლეებს ემოციები,  რომლებიც ექნებოდა ზღაპრის პერსონაჟებს სხვადასხვა  სიტუაციაში, ეს დავალება  პატარა მსახიობებს როლის მორგებასა და ემოციების გამოხატვაში დაეხმარება;

ე) შეუთანხმეთ  მოსწავლეებს სპექტაკლის დრო;

ვ) ჩანიშნეთ სპექტაკლი Teams-ის კალენდარში;

ზ) მოიწვიეთ კალენდარში მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც სპექტაკლში იღებენ მონაწილეობას.

თ) გააფრთხილეთ მოსწავლეები, რომ შემოვიდნენ  „სცენაზე“ მხოლოდ თქვენი მოწვევის შემდეგ და გავიდნენ როლის დასრულების შემდეგ;

ი) აჩვენეთ ჩანაწერი და  დაწუნების შემთხვევაში, ხელახლა ჩაწერეთ.

აქვე აღვნიშნავ, რომ შეგიძლიათ Teams-ში ჩაწერილი ვიდეო Microsoft Stream-ის დახმარებით გადმოწეროთ და ჩვეულებრივ დაამუშაოთ პროგრამა Camtasia-ის გამოყენებით.

ჩემი მოსწავლეების სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მათ ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით გაითვალისწინეს და სულ 2 რეპეტიციის შემდეგ შეძლეს კარგი სპექტაკლის დადგმა, რომელსაც youtube.com-ზე 800-მდე  ნახვა აქვს!

მინდა, შემოგთავაზოთ  სპექტაკლის სცენარიც, იქნებ თქვენც გაგიჩნდეთ სურვილი და თქვენს მოსწავლეებს იზოლაციაში ცხოვრება გაუმრავალფეროვნოთ: https://bit.ly/35LDYJ1

 

ქვა სამზარეულოს თაროზე

0

ბავშვის აღზრდა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. სხვადასხვა საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციაში აღზრდის მიზანსა და ამოცანებს საზოგადოებრივი ცხოვრების პირობები განსაზღვრავს.

რა არის აღზრდის მიზანი?

ანტიკური ხანის მოაზროვნეები მიიჩნევდნენ, რომ აუცილებელი იყო ბალანსის არსებობა პიროვნების სულიერი და ფიზიკური ძალების ჰარმონიულად განვითარებისთვის. მოგვიანებით ამას დაემატა ზნეობრივი აღზრდა.

როგორ ხდება ზნეობრივ გრძნობათა ჩამოყალიბება?

ბავშვის ზნეობრივ გრძნობათა ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური გარემო, უპირველეს ყოვლისა – ოჯახი და შემდეგ – სკოლა. არ არსებობს უნივერსალური ფორმულა ან ,,ოქროს წესი’’,  რომელთა დახმარებით მშობელი და მასწავლებელი შეძლებს ბავშვის ზნეობრივი გრძნობების განვითარებას, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე, მზრუნველობა, ემპათია, სიმდაბლე.

სამაგიეროდ, არსებობს პირადი მაგალითის ძალა. ბავშვი სინქრონულად იმეორებს უფროსის ქცევას.

,,იმისათვის, რომ ადამიანები ზნეობრივად იქცეოდნენ, მარტო ზნეობრივი შეგნება

და გრძნობები არაა საკმარისი. ასევე საჭიროა მათში შეგნებისა და ქცევის, სიტყვისა და საქმის ერთიანობის ფორმირება, რაც დროთა განმავლობაში, ჩვეულებად, საკუთარ შინაგან მოთხოვნილებად იქცევა, ჩვეულება კი, როგორც იტყვიან, რჯულზე უმტკიცესია’’.

 

ხშირად მშობლები ყურადღებას აქცევენ იმას, ბავშვები კარგად იკვებონ და ჯანმრთელები გაიზარდონ. ზოგი მათგანი ცდილობს, რომ  კარგი განათლება მიაღებინოს. სხვანი ძალისხმევას არ იშურებენ, ბავშვებში ნიჭი განავითარონ და ოცნებობენ, ისინი პოპულარული მუსიკოსები, მხატვრები ან მეცნიერები გამოვიდნენ.

ფსიქოლოგებისა და განათლების მკვლევრების მოსაზრებით, ბავშვის ყოველმხრივი, ჰარმონიული ფორმირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ბედნიერების განცდა.

კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვები ვერ პოულობენ ბედნიერებას პრესტიჟულ სკოლებში სწავლით, ვერც იმით, რომ უამრავ წრეზე დაჰყავთ მშობლებს,  ბავშვებს არც აინტერესებთ რა თანხას იხდიან მშობლები.

„უდიდესი ბედნიერება, რომელიც შეიძლება სიცოცხლეში დაგემართოს, არის ბავშვობა“ – აგატა კრისტი.

და მაინც, როდის არიან ბავშვები ბედნიერი?

აღმოჩნდა, რომ ბავშვები ბედნიერად გრძნობენ თავს, როცა:

  • ბევრი დრო აქვთ სათამაშოდ;
  • უფროსებს ხედავენ ბედნიერებს;
  • ოჯახური ტრადიციების თანახმად ოჯახთან ერთად აკეთებენ საქმეს;
  • მოსწონთ, როცა უფროსები არ ერევიან მათ ყველა საქმიანობაში;
  • ნებას რთავენ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე;
  • უფროსები ესაუბრებიან საკუთარ ინტერესებზე;
  • თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას;
  • მათ შრომას აფასებენ.

 

რა არ მოსწონთ ბავშვებს?

 

ბავშვებს არ მოსწონთ, როცა:

  • მათ უფროსები თანატოლებს ადარებენ;
  • ხმამაღლა ან ყვირილით ესაუბრებიან;
  • უფროსები საუბრობენ იმაზე, რაც ბავშვებმა მათზე უკეთ იციან, მაგალითად: რას გრძნობენ ბავშვები;
  • ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, როცა უფროსები მათი თანდასწრებით საუბრობენ პრობლემებსა და მძიმე თემებზე და ა.შ.

 

რატომ  ხდება ბავშვი ფიზიკური დასჯის მსხვერპლი?

სამწუხაროდ, უფროსებს ამ დროს  ავიწყდებათ პატარისთვის იმის ახსნა, რატომ არის მათი საქციელი დაუშვებელი. თუ ბავშვი გაიაზრებს თავის შეცდომას, ის მას აღარ გაიმეორებს, ხოლო ფიზიკური დასჯა  შედეგს ვერ გამოიღებს. ბავშვი  ვერ ხვდება, რატომ სჯიან მას და განამტკიცებს თავის საქციელს.

70-იან წლებში ბავშვების ფიზიკური დასჯა აღზრდის ნაწილად მიიჩნეოდა.

ყველასთვის საყვარელ მწერალს,  ასტრიდ ლინდგრენს მიაჩნდა, რომ ეს პიროვნების სულიერ დამახინჯებას უწყობდა ხელს.

მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ არის ცნობილი მშვიდობის პრემიის გადაცემისას ასტრიდის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომლის  შემდეგ შვედეთის სკოლებსა და ოჯახებში კანონმდებლობით აიკრძალა ბავშვების ფიზიკური დასჯა.

,,ბავშვი დაბადებისას არც კარგია და არც ცუდი. მაშ, ვინ წყვეტს, როგორი იქნება ის შემდგომში – კეთილი და გულისხმიერი თუ სასტიკი და გულქვა მარტოხელა მგელი?

ამას ჩვენ, მათი მშობლები ვაკეთებთ – ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს სიყვარული უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენივე სურვილის წინააღმდეგ, საპირისპიროს ვჩადით’’.

ამ საოცარი სიტყვის ინსპირირების წყარო აღმოჩნდა ასტრიდ ლინდგრენის  შეხვედრა პასტორის მეუღლესთან, რომელმაც უამბო თავის პირველ შვილთან დაკავშირებული ისტორია:

,,როცა ბავშვი 4 თუ 5 წლისა გამხდარა, რაღაც ისეთი ცელქობა ჩაუდენია, რომ პასტორის ცოლს პრინციპებისთვის უღალატია და შვილის გემოზე გაროზგვა გადაუწყვეტია – პირველად ცხოვრებაში. ბავშვი თავად გაუშვია ეზოში წკეპლის მოსატანად.

ბიჭს კარგა ხანს დაგვიანებია და როცა დაბრუნებულა, სახე ერთიანად ცრემლებით ჰქონია სველი. მისულა და დედისთვის უთქვამს:

– დედიკო, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ ქვა მოგიტანე და შეგიძლია მესროლო.

და ამ დროს დედას ცხოვლად შეუგრძნია ბავშვის თვალით აღქმული ვითარება: თუ დედას უნდა ტკივილი მომაყენოს, მაშ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებს ამას – წკეპლით თუ ქვით?!

გულშეძრულ დედას შვილი კალთაში ჩაუსვამს და ერთად უტირიათ. მერე კი ბიჭის მოტანილი ქვა სამზარეულოს თაროზე შემოუდია, როგორც მუდმივი შეხსენება იმისა, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის.

….

არცერთ ჩვენგანს არ აწყენდა ქვა სამზარეულოს თაროზე, რათა მუდამ გვახსოვდეს:

„არა ძალადობას!”

 

…რადგან ბავშვების ბედნიერება, თითქმის ყოველთვის, მოდის იმ ადამიანებისგან, ვისაც ისინი უყვართ.

საგაკვეთილო სცენარები, პანდემია და ცისარტყელა

0

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ ბევრი თავსატეხი გააჩინა. რა პლატფორმები და ინსტრუმენტები გამოვიყენოთ? რომელია მათგან ყველაზე ეფექტური? როგორ უნდა დავგეგმოთ და წარვმართოთ ონლაინგაკვეთილები? როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები? რა ტიპის აქტივობები და დავალებები, რა რესურსები უნდა  შევთავაზოთ  მათ? როგორ ვიურთიერთოთ მშობლებთან?.. – ყველა ეს შეკითხვა ერთად დაგვატყდა თავს და არც ისე იოლი გახდა მათი ლაბირინთიდან თავის დაღწევა.  შეიცვალა სასწავლო გარემო, ახალ გარემოში კი ახალი მიზნები, აქტივობები, სტრატეგიები და ინსტრუქციები – ერთბაშად ყველაფერი – თავიდან გახდა შესამუშავებელი. ეს კი განათლების მესვეურებსა და მასწავლებლებს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს.

 

დავიწყოთ იმით, რომ სოციალური იზოლაციის ჩვენთვის უჩვეულო და რთულ პირობებში საკუთარ თავზე ზრუნვა არ უნდა დაგვავიწყდეს, ონლაინგაკვეთილების დაგეგმვისა თუ წარმართვის პროცესში სკამიდან ხშირად ავდგეთ, სუფთა ჰაერი შევისუნთქოთ და ფიზიკური აქტივობებით ენერგია და ძალები აღვიდგინოთ. აქტივობები (თუნდაც დაჯდომა-ადგომის და ტაშის შემოკვრის) ბავშვებსაც უნდა შევთავაზოთ ვიდეოჩართვებისას, რათა დაძაბულობა რამდენადმე მოვუხსნათ.

 

შევეცადე, სწორედ ამგვარად ამეგო საგაკვეთილო სცენარი ადაპტირებული მასალით ცისარტყელას შესახებ, ჩემი პატარა მოთხრობაც გამახსენდა, რომელიც მკითხველს იქნებ კიდეც ახსოვს. როცა უკვე ყველაფერი თითქოს შევკარი, ცისარტყელას სურათის მოსაძებნად პატივსაცემ და ყოვლისმცოდნე ბიძია Google-ს ვეწვიე. მან კი ცისარტყელას შესახებ BBC-ის ასეთი უახლესი ამბები შემომაგება: https://www.bbc.com/news/uk-england-51988671

მას შემდეგ, რაც სკოლები დაიხურა, სკოლები ბავშვებს ახალისებენ, დახატონ ცისარტყელები, მათში გადაიტანონ და ასე გაავრცელონ თავიანთი საგაზაფხულო იმედებიო.  ჰოდა მეც ძალიან გამახარა იმან, რომ ჩემი და მათი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა და მეტი მოტივაცია გამიჩნდა სახელდახელოდ შექმნილი სცენარის გაზიარებისა.

სცენარები ერგება ჩვენს ონლაინკლასებში ნებისმიერი განვითარების ტიპის მოსწავლეს.  მაშ ასე:

სცენარი 1.

 

აქტივობა 1:

  • ვაჩვენოთ ბავშვებს ცისარტყელა:

https://www.google.com/search?q=rainbow&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwifh7zHnq7oAhVyxaYKHbbjDIUQ_AUoAXoECBIQAw&biw=1154&bih=463#imgrc=32JBZ7l1OgEccM

  • თავდაპირველად ერთად დავთვალოთ მასზე ფერები, მერე ცალცალკე.
  • ახლა დავასახელოთ ფერები, ჯერ ერთად, მერე   ცალცალკე.
  • დავაკვირდეთ ფერების განლაგებას: რომელი ფერია ქვემოთ? რომელი ფერია ზემოთ? შესაძლებელია თუ არა ფერების შებრუნება? რა თანმიმდევრობით?

 

აქტივობა 2:

 

აქტივობა 3. 

ვაძლევთ ინსტრუქციას, რომ უნდა დავხატოთ ცისარტყელა წითელი ფერით ქვემოთ და ფერთა შემდეგი განლაგებით:

  1. წითელი, 2. ნარინჯისფერი, 3. ყვითელი, 4. მწვანე, 5. ცისფერი, 6. ლურჯი, 7. იისფერი.

ვიმეორებთ ფერებს და ვემზადებით დასახატად.

 თუმცა  მანამდე ფიზიკური აქტივობის/ენერჯაიზერის  დროა. 

აქტივობისთვის ინსტრუქცია არის შემდეგი: ყველანი ვდგებით ფეხზე, ვშლით განზე ხელებს, ვხუჭავთ თვალებს და წარმოვიდგენთ, რომ ერთი წუთის მანძილზე გაშლილ ხელებზე ცისარტყელა გვადევს. ერთი წუთის შემდეგ მასწავლებელი ხმამაღლა ამბობს ფერს, ბავშვებმა კი ეს ფერი ცისარტყელაზე მერამდენეცაა, იმდენჯერ უნდა შემოჰკრან ტაში.  ყველა ფერის დასახელების შემდეგ ყველანი ვსხდებით ან ფეხზე ვრჩებით და ასე  ვხატავთ.

 

აქტივობა 4.

  • წავიკითხოთ მოთხრობა

https://i0.wp.com/mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2016/11/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%931.png

 

კითხვები გააზრებისთვის:

  1. თქვენი აზრით, რატომ გააფერადა ავტორმა ზღაპარი ასე?
  2. ვინ როგორ გამოიცნობს, რის თქმა სურს მას?

(ცხრილში იწერება ბავშვის სახელი და თვალსაზრისი)

 

 

სახელი, გვარი თვალსაზრისი

 

შევქმენი ტექსტის ადაპტირებული ვერსიაც:

 

სავარჯიშოები ადაპტირებული  ტექსტისთვის:

  • იპოვე შეცდომები ამ უცნაურ ცისარტყელაზე:

 

  • რა შეეშალათ?
  • სულ რამდენი შეცდომა იპოვე?

 

  • იპოვე შეცდომები სიტყვებში და დაწერე ისინი მართებულად
  • წილეთი
  • ყვითლიე
  • ნარიჯინსფერი
  • მწავნე
  • ციფსერი
  • ურჯილ
  • იიფსერი

ყველაფერი კარგად შეასრულე და შესვენებაც დაიმსახურე!

მანამდე კი დავალება ყველასთვის:

 

  • წარმოსახვის დავალება

 

მოვიფიქროთ ლექსი, მოთხრობა ან ზღაპარი ცისარტყელაზე.

მითითებები:  1. არავის დავემსგავსოთ. 2. მოვიფიქროთ ყველასგან განსხვავებული და სახალისო ამბავი – ეს  ყველაზე საინტერესოა.

 

ჩაწერე აუდიო ან ტექსტი და გადმომიგზავნე.

 

ელ-ფოსტა: mariamgoduadze@yahoo.com

დედლაინი 29. 03. 20    

დამატებით რესურსად შესაძლოა ცისარტყელასთან დაკავშირებული ის სამუშაო ფურცელი გამოვიყენოთ, რომელსაც კარგი სკოლა გვთავაზობს. ბმულიც აქვეა:  https://kargiskola.ge/myadmin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/cisartkela.pdf.

ვფიქრობ, კარგი იქნება, ონლაინგაკვეთილებზე დახატული ცისარტყელებით ჩვენი შენობა-ნაგებობებიც ისევე რომ მოვრთოთ, როგორც ეს ამერიკაში გააკეთეს. ფერადოვნება გაგვახალისებს და მოვლენილ განსაცდელს იმედიანად დაგვამარცხებინებს.

 

ანიმაციის გამოყენება დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში

0

გლობალური პანდემიის  გამო სწავლა-სწავლების პროცესმა დისტანციურ, ელექტრონულ სივრცეში გადაინაცვლა. როგორც მასწავლებელთა უმრავლესობა აღნიშნავს, მოსწავლეთა შინაგანმა და გარეგანმა მოტივაციამ იკლო.

მნიშვნელოვანია,  ისე დავგეგმოთ საგაკვეთილო პროცესი, რომ მოსწავლეს აუმაღლდეს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული თემის შესწავლის მოტივაცია და გარდა ინფორმაციისა, მან შეძლოს სხვადასხვა უნარის განვითარება.

მოტივაციის ამაღლების მიზნით, კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს შევთავაზებთ, მრავალფეროვან, საინტერესო, სახალისო და სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებულ ანიმაციებს.

შესაძლებელია მათ დავავალოთ, გაკვეთილის დაწყებამდე უყურონ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ანიმაციას და შემდეგ ონლაინრეჟიმში განვიხილოთ თემა, ან ერთად ვუყუროთ ანიმაციას გაკვეთილის მსვლელობის პროცესში, გაზიარების ფუნქციის გამოყენებით და გაკვეთილზევე შევძლოთ მთავარი აქცენტების გაკეთება.

ჩვენს თანამედროვეობაში თითქმის ყველა თემატიკასთან დაკავშირებით შეიძლება ანიმაციის მოძიება. ანიმაციის ჩვენების შემდეგ მასში წარმოდგენილ თემაზე დისტანციურ რეჟიმშიც შესაძლებელია დისკუსია, დებატები,  სოციალური კამპანიის ორგანიზება და სხვა.

ანიმაციის ჩვენება ხელს უწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარის განვითარებას, მათ შორის მნიშვნელოვანია ტრანსფერის, ანალიტიკური და კრიტიკული, შემოქმედებითი, წარმოსახვითი აზროვნების უნარების განვითარება, ემპათიისა და ტოლერანტობის განცდის გაღვივება და სხვა.

მაგალითად, დისკრიმინაციის, სტერეოტიპებისა და მათ საფუძველზე წარმოქმნილ ძალადობაზე მოსწავლეებს შეგვიძლია ვუჩვენოთ შემდეგი ანიმაციები:

The House

The sneetches

კედელი

მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ვესაუბრებით სიტყვის თავისუფლებაზე, პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და რეჟიმზე, კარგი იქნება, თუ ვუჩვენებთ ანიმაციას – „ვინ არის აქ მთავარი?“

 

აღნიშნული ანიმაცია მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ შეუქმნის წარმოდგენას. გარდა ამისა, მოსწავლეები პარალელს გაავლებენ, დააკავშირებენ სხვადასხვა პოლიტიკურ რეჟიმსა და ეპოქასთან.

ანიმაციის ჩვენების შემდეგ შევთავაზოთ მათ, მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება, დასახონ პრობლემის გადაჭრის გზები, დააკავშირონ ის რეალობასთან, ადამიანის უფლებებთან და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.

ქვემოთ მოცემული სქემიდან დისტანციური სწავლების დროს შეგვიძლია, კითხვების გამოყენება და დისკუსიის წარმართვა. თუ მას დავალების სახით ვუზიარებთ მოსწავლეებს, შესაძლებელია სქემაში მუშაობა.

რომელი იდეა/პრობლემაა იკვეთება ანიმაციაში? ადამიანის/ბავშვის უფლებათაგან რომელი უფლებაა დარღვეული/

უგულებელყოფილი?

 

 

 

რა არის პრობლემის გამომწვევი მიზეზი/ები? როგორ დააკავშირებდი წარმოჩენილ პრობლემას თანამედროვეობასთან?
 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ მოაგვარებდი შენ ამ პრობლემას?

სტრატეგია 1.

სტრატეგია 2.

სტრატეგია 3.

 

თუ გვსურს, მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ბუნების მდგარდი განვითარების ხელშეწყობა, კარგი იქნება, თუ ვუჩვენებთ ეკოანიმაციებს, რომლის შემდეგაც მოსწავლეებს შევთავაზებთ კომპლექსურ დავალებას, მოამზადონ სოციალური პროექტი თემში არსებული ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად.

ეს პრობლემა კარგადაა ასახული ანიმაციებში:

The Men

Meerkat Traffic

Jellyfish

ww.youtube.com/watch?v=KF4EpQ9vVoc)

 

ანიმაციების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეებს უკვე აქვთ, თეორიული ცოდნა და ცდილობენ მის კონსტრუირებასა და შეჯამებას. აღნიშნული რესურსის გამოყენება შეუძლია, როგორც სამოქალაქო განათლების, ასევე სხვა საგნის პედაგოგსაც.

 

 

 

 

რა ვისწავლე თვითიზოლაციაში როგორც მასწავლებელმა

0

ადამიანი მუდმივად ცდილობს, განვითარდეს. გაიგოს უფრო მეტი, ვიდრე იცის. ისწავლოს და გაიუმჯობესოს საკუთარი შედეგები. პროფესიული თვალსაზრისით ჩვენ, მასწავლებლები, მუდმივად ვცდილობთ ამას. ეს ხშირად უნებურად, თავისთავადაც კი ხდება, რადგან სწავლა-სწავლების პროცესში ჩვენც ბევრი რამ შემოგვესწავლება ხოლმე მოსწავლეებისგან.

თვითიზოლაციაში ყოფნისას ალბათ ბევრმა აღმოაჩინა საკუთარ თავში ახალი უნარი და შესაძლებლობები. ხელი მიჰყო იმ საქმეს, რისთვისაც აქამდე დრო არ ჰქონდა. მე მასწავლებელი ვარ და თვითიზოლაციამ გამიხსნა მიხურული ფანჯრები, საიდანაც აგერ უკვე მეორე თვეა ხელები ისე მაქვს გაშლილი, თითქოს დავფრინავდე. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რა მიზეზი მაქვს საამისოდ? მე კი გეტყვით, რომ თვითიზოლაციაში ყოფნისას მომეცა საშუალება, რომ მთელი დრო დამეთმო ჩემი საქმისთვის, რასაც მასწავლებლობა ჰქვია. მსიამოვნებს, როდესაც ვქმნი რაღაც ახალს, ვმეგობრობ ტექნოლოგიებთან და ახლა სწორედ მათთან მიწევს ყველაზე დიდი დროის გატარება. სახლში არ მაქვს კონკრეტული წუთები გაწერილი ზარიდან ზარამდე. აქ თითქოს საათი საერთოდ გამქრალია. ვერ ვგრძნობ, როდის ღამდება, ისე ჩქარა გარბის დრო საქმეში. შეიძლება მეორე კითხვაც გაგიჩნდათ, განა რას ვაკეთებ სახლში ამდენს? კაი, დისტანციურად გაკვეთილები ჩაატარე, მერე? მერე ის, რომ მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებით არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩემი ყოველდღიური განრიგი. ამაზე დაწვრილებით ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ.

ვფიქრობ, ახლა უფრო მეტად გამოჩნდა ის შრომა, რასაც ჩემი პროფესიის წარმომადგენლები ვდებთ საქმეში. გამჭვირვალე ბურთში აღმოვჩნდით, რომელშიც ყველაზე ნათლად ჩანს ჩვენი  ქმედებები.

უკვე თითქმის ორი თვეა, რაც ჩვენი სამუშაო ოთახები საკლასო ოთახად ვაქციეთ. კომპიუტერის ეკრანები კი მოსწავლეებთან დაკონტაქტების პირველწყაროდ. ასეა ახლა. ესაა ჩვენი რეალობა და ჩვენც ვდილობთ, ფეხი ავუწყოთ მას. სახლში ყოფნამ და დისტანციურად მუშაობამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში. გავაცნობიერე, რომ დისტანციურ სწავლებას პირველ რიგში საჭირო და აუცილებელი რესურსები სჭირდება, ისეთი, რაც მოსწავლეებს დააინტერესებს. დავიწყე სწავლა, სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობა. პირველად შევისწავლე microsoft teams, რადგან  მისი საშუალებით ვატარებ გაკვეთილებს. პარალელურად გადავწყვიტე, მიღებული ცოდნა გამეზიარებინა ჩემი კოლეგებისთვის, რადგან როგორც ჩემთვის, ასევე მათთვისაც სიახლე იყო ეს და დავიწყე ვიდეოინსტრუქციების ჩაწერა. ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა. ამასთან ერთად ვისწავლე,   როგორ გადამეღო, დამემონტაჟებინა ინსტრუქციის ვიდეო. გამოვიდა, რომ ერთი საქმის კეთებით, მეორე თავისით შემომესწავლა.

გაკვეთილების დაგეგმვის დროს მიმდინარე თემების მიხედვით ვფიქრობდი რესურსების შექმნაზე. რა შეიძლებოდა შემექმნა ახალი? სწორედ ამიტომ მოვიძიე საინტერესო პლატფორმები და დავიწყე მათი შესწავლა. პირველი იყო ვირტუალური გამოფენის შექმნა, რომელიც ჩემს მოსწავლეებთან პროექტის სახით განვახორციელე ხელოვნების გაკვეთილისთვის. (იხ. სტატია ვირტუალური გამოფენა ხელოვნების გაკვეთილისთვის) ჩემს კოლეგებს ძალიან მოეწონათ  ვირტუალური გამოფენა, ამიტომ მათთვის გადავწყვიტე ჩამეწერა ვიდეოინსტრუქცია. რამდენიმე დღეში მათ გამომიგზავნეს თავიანთი შექმნილი გამოფენები, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა.

მათემატიკის თემა უცნობი შესაკრების პოვნა იყო შემდეგი გაკვეთილისთვის. გადავწყვიტე  მესწავლა და შემექმნა პატარა ანიმაციური ვიდეო, სადაც მოსწავლეებს სახალისოდ ავუხსნიდი ამ მასალას. ასეც მოვიქეცი, POWTOON-ის პლატფორმამ მომცა იმის საშუალება,  ანიმაციებით ჩემი მოსწავლეებისათვის მასალა სახალისოდ და საინტერესოდ ამეხსნა.

მოსწავლეების შესრულებულ დავალებებს ვაფასებთ განმავითარებელი კომენტარებით, თუმცა, მოსწავლეების მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს წამახალისებელი ჯილდოები. რადგან დისტანციურ სწავლებაზე ვართ, ყველაფერმა ელექტრონული და ციფრული სახე მიიღო, მათ შორის ჯილდომაც. ამიტომ გადავწყვიტე მესწავლა სიგელებისა და სერტიფიკატების დამზადება, რისთვისაც იდეალური პლატფორმა აღმოჩნდა canva. ამავე ბმულზე დავამზადე ელექტრონული დაბადების დღის კალენდარი.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ცოდნის სხვისთვის გაზიარება. ამიტომაც ჩემ მიერ შექმნილ ჯგუფში აქტივობები კლასში ყოველ სიახლეს ვუზიარებ მის წევრებს. ვცდილობ, გავუწიო მათ დახმარება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მათ შედეგს ვხედავ.  დავინტერესდი, რა შეიცვალა ჩემი კოლეგების საქმიანობაში მას შემდეგ, რაც თვითიზოლაციაში არიან. რა ისწავლეს  ამ დროის განმავლობაში. ამისთვის ჩავატარე გამოკითხვა, რომლის შედეგებსაც გაგაცნობთ.

გამოკითხულთა 97%-ისთვის დისტანციური სწავლება არის ახალი გამოწვევა. ხოლო დარჩენილი 3%-ისთვის რთულად წარმართული სასწავლო პროცესი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის თვითიზოლაციაში სამუშაო გრაფიკი უფრო გაიზარდა, დავინტერესდი, რა ხდებოდა ჩემს კოლეგებთან. აღმოჩნდა, რომ მეც უმრავლესობის რიცხვში ვარ:

 

გამოკითხვაში სამუშაო გრაფიკის გადატვითვასთან ერთად რესპონდენტებმა გამოცდილების მატებასაც გაუსვეს ხაზი. შეკითხვაზე ,,რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დისტანციურ სწავლებაზე გადახვედით?გთავაზობთ რესპონდენტების რამდენიმე საინტერესო პასუხს:

თუ პასუხებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მასწავლებლებისათვის თვითიზოლაციის პერიოდი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა თვითგანვითარების კუთხით. მომდევნო შეკითხვებმა – ,,რა ისწავლეთ თვითიზოლაციაში, დისტანციური სწავლების დროს? რა იყო თქვენთვის სიახლე?“ – ეს ვარაუდი უფრო გამიმყარა. რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ ისწავლეს სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობა, აღმოაჩინეს საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები, ისწავლეს დისტანციურად გაკვეთილის ჩატარება, დახვეწეს ტექნოლოგიებთან მუშაობა.

გამოკითხული რესპოდენტები 10-ბალიანი სისტემიდან საშუალოდ 8 ბალით აფასებენ თავიანთ წვლილს თვითიზოლაციის დროს  დისტანციურ სწავლებაში, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ კარგი შედეგია.

მე, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მასწავლებელმა, მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩემი კოლეგების მიმართ, რომლებიც მართლა დაუღალავად დღედაღამ ზრუნავენ და ფიქრობენ იმაზე, როგორ შეუმსუბუქონ თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდი საკუთარ მოსწავლეებს. ძველებურად გაუფერადონ ყოველი სასწავლო დღე მოსწავლეებს, რომლის ჩატარებაც დისტანციურად გვიწევს.

მართალია, თვითიზოლაციასა და დისტანციურ სწავლებას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა, ჩემი გამოკითხვის შედეგებიდან და საკუთარი  მაგალითიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას ძალიან ბევრი დადებითი მხარეც აქვს. მათ შორის კი პირველ ადგილს იკავებს თვითგანვითარება, რომელიც ყველას ასე ძალიან გვჭირდება.

 

მათემატიკის ახსნა – გიორგი ლაზრიშვილისგან

0

გიორგი ლაზრიშვილის, იგივე ცვანციკა მასწავლებლის სწავლების მთავარი საიდუმლო – დაფა, ცარცი და მოსწავლის სიყვარულია. ასე მარტივად ხსნის ზოგიერთისთვის რთული საგნის – მათემატიკის ახსნის მთავარ მეთოდს. ინტერვიუს დროს ბევრჯერ გაიმეორა, რომ არასდროს ოცნებობდა მასწავლებლობაზე, მაგრამ დღეს მასწავლებლობით უბედნიერესი ადამიანი და ამ პროფესიამ, მთელი მისი ცხოვრება უსაზღვრო სიხარულით აავსო. გიორგი ლაზრიშვილს მასწავლებლობის 25წლიანი გამოცდილება აქვს. ახლა სკოლაში აღარ ასწავლის, კერძო რეპეტიტორია და მისი ვიდეოგაკვეთილები, საზოგადოებრივ არხზე გადის.

 

როგორ დაიწყეთ მასწავლებლობა და როგორ ფიქრობთ, გაამართლა თუ არა თქვენმა სურვილმა?

 

მასწავლებლობაზე არასდროს მიოცნებია. ჩემს დროს მასწავლებლობა არ ითვლებოდა პრესტიჟულ პროფესიად. ამიტომ მეც არ მიფიქრია ამაზე. ჩემი მასწავლებლობა განაპირობა გურამ რამიშვილის „გერმანულმა სკოლამ”. ბატონმა გურამმა ეს სკოლა 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა თავის თანამოაზრეებთან ერთად და ეს იყო სწავლის ახალი კუნძული ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბატონი გურამი (ლინგვისტი და ენათმეცნიერი) ცდილობდა, შეექმნა ისეთი სივრცე, რომელიც თავისუფალი იქნებოდა კომუნისტური რეჟიმის სწავლების მეთოდებისაგან და შეექმნა ისეთი პროგრამა, რომელიც იქნებოდა ფასეული. ბატონმა გურამმა მიიზიდა კარგი და ახალგაზრდა მასწავლებლები თავის სკოლაში, მათ შორის ჩემი რამდენიმე მეგობარიც. როდესაც, მეც შემომთავაზეს მუშაობის დაწყება, მაშინვე დავთანხმდი, იმდენად კარგი გარემო იყო სკოლაში. ამ სკოლამ და იქ მომუშავე ადამიანებმა მთელი ჩემი ცხოვრება უდიდესი ბედნიერებით აავსეს. 25-წლიანი მასწავლებლობის გამოცდილება ჩემთვის უძირფასესი წლებია, მე შევიძინე ძალიან დიდი გამოცდილება ურთიერთობის, ბავშვებთან, კოლეგებთან; ვისწავლე ყველას მოსმენა, დიდის თუ პატარის. ახლა ვერც კი წარმომიდგენია, ვინ უნდა ვყოფილიყავი, თუ არა მასწავლებელი.

 

როგორ გარემოში იზრდებოდით, ხომ არ მზადდებოდა თქვენი მასწავლებლად ჩამოყალიბების წინაპირობა ოჯახში?

 

ჩვენს სახლში ყოველთვის იყო ფიქრის გარემო. მამაჩემი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი იყო, ჩემზე გაცილებით კარგი მათემატიკოსი ყველანაირი პარამეტრით, დიდი მასშტაბის. მამა ძალიან ცნობილი რეპეტიტორი იყო თბილისში, მოსწავლეებს ამზადებდა. სახლში – ერთ ჯგუფს ქართულად ასწავლიდა, მეორე ჯგუფს – რუსულად; პაპა სკოლაში ასწავლიდა ფიზიკა-მათემატიკას, ასტრონომიასა და სპორტს. ბავშვობაში ჩემი და, რომელმაც მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, დიდი სიბეჯითით გამოირჩეოდა, მუდმივად წერდა და მეცადინეობდა. ამას მეც ვხედავდი. წარსულში ბებია თბილისის განათლების განყოფილების გამგის მოადგილე გახლდათ და ოჯახშიც მუდმივად საგანმანათლებლო ფუსფუსი იყო, მაგრამ მაინც ვამბობ, მე არასოდეს მიფიქრია მასწავლებლობაზე.

 

მათემატიკა ბავშვობიდან გაინტერესებდათ?

 

ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი მათემატიკაში, სხვა საგნებზე იმავეს ვერ ვიტყვი. თავისუფალი თემის დაწერა და ისტორიის გაკვეთილის სწავლა ჩემი უბედურება იყო, მერჩივნა 15-ჯერ მეტი ამოცანა გამეკეთებინა.

 

როგორია ის საგანი, რომელსაც თქვენ ასწავლით?

 

მათემატიკა არის ფიქრის მეცნიერება, ხარ ოთახში და ფიქრობ, აზროვნებ. მე ჩემი ნატურიდან გამომდინარე ძალიან მიყვარს ურთიერთობა ხალხთან. იდეალური პირობები რომ შემიქმნან და მითხრან – „დაჯექი სახლში, იმუშავე სამეცნიერო კვლევებზე”, მაინც დგება ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდი, რომ მე მინდა საუბარი, აუდიტორია მინდა… ახლა სკოლაში აღარ ვარ, მაგრამ როდესაც ახალგაზრდას ვხედავ, მინდა მასთან საუბარი და ყველა მათემატიკოსის სურვილიც ალბათ ის არის, რომ ის მათემატიკა, რომელსაც ჩვენ ვასწავლით – იყოს ყველასთვის და არა, მხოლოდ ერთეულებისთვის, რომლებზეც იტყვიან „ღმერთისგან მინიჭებული ნიჭი აქვსო”. სხვათა შორის, ვეძებდი ინფორმაციას, უყვარდა თუ არა გალაქტიონ ტაბიძეს კვადრატული ამოცანის ამოხსნა, ჯერ ვერ მივაკვლიე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ლუჩიანო პავაროტი დაწყებით კლასებს ასწავლიდა მათემატიკას. ასე რომ, მათემატიკა ყველას შეიძლება დასჭირდეს.

 

რატომ რჩება ზოგიერთი მოსწავლისთვის მათემატიკა დაუძლეველ საგნად? როდის ჩნდება სწავლის პროცესში პირველი ბარიერი?

 

პირველ რიგში, ეს ხდება, როდესაც არ გამოდის სწავლების თანმიმდევრულობის დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათემატიკის სწავლების დროს. როგორც კი გაკვეთილს გამოტოვებ, მაშინვე ბუნდოვანი ხდება მეოთხე, მეხუთე გაკვეთილი და შემდეგ, ის თავს იჩენს მეშვიდე კლასში. ამ ყველაფრის ანაზღაურებას უკვე ზედმეტი ენერგია სჭირდება. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ პროგრამები დასახვეწია და მე წინააღმდეგი ვარ, ამ პროგრამებით ისწავლებოდეს. მეხუთე კლასიდან ჩნდება მოსწავლისთვის პირველი ბარიერი და ის ამბობს – „მე არ შემიძლია მათემატიკა”. ეს არის ნიშანი, რომ არასწორად მივდივართ. ყველა საგანს ერთი და იმავე წარმატებით და ხალისით ვერ ისწავლი, მაგრამ მათემატიკა დაუძლეველი არ არის.

 

აღნიშნეთ, რომ პროგრამები დასახვეწია. რას მიიჩნევთ პროგრამის მთავარ ხარვეზად?

 

პროგრამა არის არასაინტერესო და სჭირდება გადახედვა. უნდა იყოს ცოტა და ხარისხიანი მასალა. ვფიქრობ, ზედმეტად გადატვირთულია. „მივლინებისას, ჩემოდანში ჩავდოთ ის, რაც გვჭირდება და თუ ადგილი დაგვრჩა, მერე დავამატოთ”, – ეს უნდა იყოს პროგრამის შედგენის მთავარი მეთოდი. გამარტივება გაუბრალოებას არ ნიშნავს. გამარტივება გულისხმობს, მივცეთ მოსწავლეს ცოტა რაოდენობის, მაგრამ ხარისხიანი განათლება.

 

სწავლების მეთოდოლოგიები იცვლება. რა არ იცვლება თქვენთვის, თქვენი საგნის სწავლების პროცესში?

 

ის, რაც არ შეიცვლება მასწავლებლისთვის არასდროს – არის ცარცი, დაფა და მოსწავლესთან პირისპირ ურთიერთობაა. მასწავლებელმა არასოდეს არ უნდა უთხრას მოსწავლეს – „რა დაგემართა, ეს როგორ ვერ გააკეთე, ნახე იმან გააკეთა”… სწავლების მთავარი მეთოდი მასწავლებლისთვის, ძალიან დიდი სიყვარულია თავისი საქმისადმი, თავისი მოსწავლეებისადმი, მაგრამ თუ მოსწავლეს ეს საქმე არ გამოსდის, ტყუილი ნიშნები არ უნდა დავუწეროთ. ჩვენ – მათემატიკის მასწავლებლები, არ ვზრდით მათემატიკის მასწავლებლებს, ჩვენ მოსწავლეებს ვასწავლით ანგარიშსა და აზროვნების წესს. ამოცანის ამოხსნის დროს, მოსწავლეს რომ სახე გაებადრება, ეს არის ჩვენი ბედნიერება. ყველას მინდა ვუთხრა – დედას, მამას, მასწავლებლებს – ერთად იფუსფუსეთ მათემატიკაში და როდესაც ამ პროცესში ბავშვი წამოგყვებათ, მიიღებს სწორ პასუხს, ბარიერს გადალახავს და მიხვდება, რომ მისთვის ეს შესაძლებელი ყოფილა, ეს არის ყველაზე იდეალური ფორმა სწავლების და ის აუცილებლად იტყვის: „ვახ, რა კარგია! სწორი პასუხი მივიღე, რა ადვილი ყოფილა!”. ბედნიერია ასეთი მოსწავლე და ბედნიერი ხარ ამ დროს შენ, მასწავლებელი.

 

რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო?

 

პატივისცემა და დაფასება არის მასწავლებლის მთავარი ჯილდო. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, თუკი ადამიანი მცირეოდენ კომპლიმენტს გამოხატავს ჩემი საქმის მიმართ, ჩემი ჩატარებული გაკვეთილის მიმართ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი აღმაფრენა. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის ანაზღაურების საკითხი. მასწავლებელი რეალურად დაფასებულია, როდესაც მას აქვს კარგი ანაზღაურება.

 

ფოტო:1TV.GE

 

 

„სამყაროს გაჩრება“, როგორც მეტაფორა და როგორც რეალობა

0

„…იგი მასწავლიდა „ხედვას“, განსხვავებით უბრალოდ „ყურებისგან“, და „სამყაროს გაჩერება“კი » პირველი ნაბიჯი იყო ხედვისკენ“». მრავალი წლის განმავლობაში მე განვიხილავდი «სამყაროს გაჩერების» იდეას, როგორც იდუმალ მეტაფორას, რომელიც სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. და მხოლოდ არაოფიციალური საუბრის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩემი მოსწავლეობის ბოლო პერიოდში, გავიგე ბოლომდე მისი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მომენტის მნიშვნელობა, დონ ხუანის ცოდნაში.“

კარლოს კასტანედა, „მოგზაურობა იქსტლანში“

 

„სანამ წვიმა გადივლიდეს – გზები გამშრალდებოდეს –

ნუ მოაცლი ცბიერ რიდეს, რომ ბურუსში ჩნდებოდეს.

თითქო სული სადმე ვლიდეს და გულს ცეცხლი დებოდეს,

სანამ წვიმა გადივლიდეს, გზები გამშრალდებოდეს…“

გალაკტიონი

 

რეალობა, რომლის წინაშეც დღეს აღმოჩნდა ადამიანი, გარკვეულწილად მეტაფორულია. „სამყაროს გაჩერება“ დღემდე მხოლოდ მეტაფორულად წარმოგვედგინა. ახლა კი, როდესაც ეს რეალობაა, ვცდილობ, ამ რეალობაში მეტაფორულობაც დავინახო და ავხსნა!

რატომ გაჩერდა სამყარო? კორონავირუსი – კორონავირუსად, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ შედეგია და არა მიზეზი. შემთხვევით კი არაფერი ხდება. რამდენჯერ გვითქვამს ბოლო დროს, რომ „ცხოვრება გაჩერდა, დრო გაჩერდა, თითქოს არასაით მიდის…“, მაგრამ ამას ყოველთვის მეტაფორული საფუძველი ჰქონდა. ახლა კი მეტაფორა და რეალობა დაემთხვა ერთმანეთს – პლანეტა გაჩერდა და ადამინი დარჩა საკუთარ თავთან (ოჯახთან) მარტო… მარტო იმ გაგებით, რომ ამოვარდა ჩვეული რიტმიდან და იმას ვეღარ აკეთებს, რასაც მანამდე თუნდაც რუტინულად აკეთებდა, თორემ ინტერნეტის და ტექნოლოგიების ეპოქაში, მარტო ვერ დარჩები, თუ თავად არ გადაწყვეტ, რომ მონაზვნური ან ბერული ცხოვრება გინდა.

„სამყაროს გაჩერებამ“ გამახსენა კარლოს კასტანედას ერთი საინტერესო წიგნი „მოგზაურობა იქსტლანში“ (რომელიც ქართულად მამუკა გურულმა თარგმნა).

წიგნის პირველ ნაწილს ჰქვია: „სამყაროს გაჩერება“.  რა თქმა უნდა, დონ ხუანი არ გულისხმობდა, კორონავირუსით სამყაროს გაჩერების პროცესს, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეტაფორასა და ფრაზის პირდაპირ მნიშვნელობას შორის ნამდვილად სერიოზული კავშირია.

კარლოს კასტანედა წერს, რომ დონ ხუანმა „ამიხსნა, რომ მაგისთვის ყოველდღიური ცხოვრების სამყარო არ წარმოადგენს რეალურს, როგორც გვჩვევია გვჯეროდეს. მაგისთვის რეალობა, ანუ ის სამყარო, რომელსაც ყველანი ვიცნობთ, მხოლოდ აღწერილობაა. იმისთვის, რომ ეს მომენტი გაემყარებინა, დონ ხუანმა თავისი ძალისხმევების კონცენტრირებით შეძლო მივეყვანე გულწრფელ რწმენამდე, რომ ის სამყარო, რომელიც გონებაში მაქვს, უბრალოდ სამყაროს აღწერილობა იყო; აღწერილობა, რომელსაც დაბადების მომენტიდან მიტენიდნენ თავში…“

ახლა, როცა სამყარო ჯერ კიდევ გაჩერებულია, ხშირად ისმის ფრაზა, რომ „კორონავირუსის შემდეგ სამყარო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც მანამდე იყო.“

ამ ფრაზის მნიშვნელობაზე მეც ბევრი ვიფიქრე ამ დღეებში. თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს შეცვლა მხოლოდ ტექნოლოგიურ ცვლილებას გულისხმობს, ალბათ შევცდებით. მაშ, როგორ უნდა შეიცვლოს სამყარო…? რას დაეფუძნება ცვლილება?

პლანეტაც ხომ ერთი გლობალური სხეული და სულია და როგორც ინდივიდუალურ ადამიანს, მასაც დაუდგა ტრანსფორმაციის დრო…? ამბობენ, რომ ეს იქნება „კვანტური ნახტომი“, ეს იქნება დედამიწის გადასვლა ახალ მე-5 განზომილებაში, ეს იქნება კაცობრიობისთვის გამოღვიძების პროცესი და ასე შემდეგ…  ყველა გრძნობს, ახალი სამყროს მოახლოებას, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როგორი უნდა იყოს ის?

ახლა კი ისევ დონ ხუანის „სამყაროს გაჩერებას“ მივუბრუნდეთ. მისთვის „ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობა შედგება აღქმის ინტერპრეტაციათა უსასრულო ნაკადისგან, რომელთა კეთებაც ჩვენ, ანუ ინდივიდებმა, რომლებიც განსაკუთრებულ წევრობას ვინაწილებთ, ერთნაირად ვისწავლეთ.“

რა არის „სამყაროს გაჩერება“ დონ ხუანის სწავლების მიხედვით?

ენერგიები, რომლებიც სამყაროში შემოედინება, მრავალგვარდ ინტერპრეტირდება, რაც აშუალებს აღქმას და გვაშორებს ჭეშმარიტებას. დონ ხუანის „მეომრის გზა“ – ეს არის სამყაროს იმგვარი შეცნობა, როდესაც თავისუფლდები ყველა სახის სამყაროს აღწერისგან და ინტერპრეტაციისგან და უშუალოდ იღებ და აღიქვამ ენერგიას. აი, ეს არის „სამყაროს გაჩერება“.

ვფიქრობ, რომ თანამედროვეობაც იმ გამოწვევის წინაშეა, რომ გააცნობიეროს სამყროს ერთი აღწერილობის ამოწურვა (ყველა პარადიგმას ვერ ამოწურავს, ბუნებრივია, ეს მხოლოდ ინდივიდებს ძალუძთ) და გადავიდეს აღქმისა და შემეცნების სხვა პარადიგმაზე. ეს საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია. უეცრად ჩერდება ყველაფერი, რაზედაც ადამიანის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური საათი იყო მომართული და დგება „გაურკვეველი დრო“, ძველი სისტემების „დემონტაჟი“, ცნობიერება იტანჯება იმისგან, რომ ვეღარ აკეთებს, რასაც ყოველდღიურად აკეთებდა და რაც უმეტესად  შეადგენდა მის „ცრუ ცხოვრებას“, ამას ემატება კორონავირუსის ტრაგედიები…. ცნობიერება ამის შემდეგ ის აღარ არის, რაც მანამდე იყო, შესაბამისად, ის ვეღარ იცხოვრებს ძველებურად! – აი, ამაში მდგომარეობს კორონას სიბრძნე.

შეგვიძლია, ეს პროცესი დონ ხუანის და კასტანედას კიდევ უფრო შთამბეჭდავი დიალოგებით ავხსნათ.

კასტანედა წერს: დონ ხუანი „…მასწავლიდა „ხედვას“, განსხვავებით უბრალოდ „ყურებისგან“.  „სამყაროს გაჩერება“» პირველი ნაბიჯი იყო „ხედვისკენ“. მრავალი წლის განმავლობაში მე განვიხილავდი «სამყაროს გაჩერების» იდეას, როგორც იდუმალ მეტაფორას, რომელიც სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. და მხოლოდ არაოფიციალური საუბრის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩემი მოსწავლეობის ბოლო პერიოდში, გავიგე ბოლომდე მისი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მომენტის მნიშვნელობა დონ ხუანის ცოდნაში.“

როდესაც კასტანედა ეკითხება დონ ხუანს, რა უნდა მოუხერხოს მისმა მეგობარმა შვილს, რომელსაც არაფერი არ აინტერსებს, კონცენტრაციას ვერაფერზე ახდენს, სკოლაში არ დადის და სახლიდან გარბის, – დონ ხუანი მეომრისთვის შესაფერის რჩევებს აძლევს, რაც შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს წარმოდგენებს ჰუმანურ აღზრდაზე; ის ეუბნება, რომ ბავშვი მამამ არ უნდა ცემოს, არამედ უნდა დაეხმაროს ბავშვს „სამყაროს შეჩერებაში“, ამისთვის კი უნდა შეიმუშაოს სტრატეგია: იქირავოს ვინმე საშიში შესახედაობის მაწანწალა  და როდესაც ბავშვი არასწორ ქცევას ჩაიდენს, ის მაწანწალა დათქმულ დრო გამოვიდეს და ერთი გვარიანად მიბეგვოს ბავშვი.

რა ხდება შემდეგ?

„მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი შეაშინებს ბავშვს, შენი მეგობარი ნებისმიერი საშუალებით უნდა დაეხმაროს ბავშვს, რომ აღიდგინოს თავდაჯერებულობა. თუ იგი ამ პროცედურას სამ-ოთხჯერ გაიმეორებს, გარწმუნებ, ბავშვს სრულიად სხვა გრძნობები ექნება ყველაფრის მიმართ. იგი შეიცვლის სამყაროს შესახებ თავის იდეას.

— და რა მოხდება, თუ შეშინება დაასახიჩრებს მას?

შეშინება არასოდეს არავის არ ასახიჩრებს. სულს ის ასახიჩრებს, როცა ვიღაც გამუდმებით გყავს ზურგზე, ვინც გცემს და გამუდმებით გეუბნება, რა უნდა აკეთო და რა არ უნდა აკეთო.

 

P.S.  იქნებ კორონავირუსი სწორედ ის საშიში შესახედაობის მაწანწალაა, რომელმაც იმის გამო, რასაც მანამდე ჩავდიოდით, ერთი გვარიანად გაგვტყიპა…

უხილავმა ძალამ დონ ხუანის  სწავლება ჩაგვიტარა და „სამყაროს გაჩერებით“  ჩვენი აღქმისა და შემეცნების პარადიგმაც შეცვალა.

იქნებ ეს მართლაც მაგიაა და კვანტური ნახტომი ცნობიერებაში?

 

ქართული ლიტერატურის პერიოდიზაცია და ნაციონალური ლიტერატურის კანონი

0

ლიტერატურის პერიოდიზაცია არის საკვანძო და კომპლექსური კვლევის საკითხი. მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ პერიოდიზაცია არის მუდმივი დისკუსიის საგანი, დაუსრულებელი პოლემიკა. ლიტერატურის პერიოდიზაციას ხშირად ადარებენ ქაოსიდან წესრიგის შექმნის პროცესს, რომელიც კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და შემადგენელია.

ლიტერატურის ისტორია, როგორც ეპოქათა ერთობლიობა, აერთიანებს ტექსტებს, რომლებიც კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ეპოქაში შეიქმნა და საერთო ტენდენციებს ამჟღავნებს. უმრავლეს შემთხვევაში, ლიტერატურულ ტექსტებს ეპოქებად ყოფენ, რომელშიც ითვალისწინებენ ეპოქის პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ, ფილოსოფიურ, იდეურ, კულტურულ, საგანმანათლებლო თავისებურებებს, ამასთან სხვა ლიტერატურულ კრიტერიუმებს, მიზნებსა და ამოცანებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლიტერატურულ ეპოქებში გამოიყოფა დასაწყისის, განვითარებისა და დასასრულის ეტაპები. ამასთან, ლიტერატურული ეპოქები ხშირად განიხილება არა როგორც მკაცრი ჩარჩოს მქონე აბსოლუტური სახის ერთეულები, არამედ როგორც სამეცნიერო მოდელების კონსტრუქცია, რომლის კლასიფიკაცია ყოველთვის შეიძლება იყოს ვარიანტული. შესაბამისად, ქრონოლოგიური ჩარჩო იცვლება და ფორმირდება ეპოქათა აგებისა და კულტურული მახასიათებლების,  ასევე, ლიტერატურული ფენომენების მმიხედვით.

ეპოქა (ბერძნ. ათვლის წერტილი, დროის მონაკვეთი) არის დროის მონაკვეთი, რომელსაც აქვს თავისი დამახასიათებელი თვისებები. ის ძირითადი კონსტრუქცია, რომელიც დროის კონკრეტულ პერიოდთან ერთად ასახავს კონკრეტულ შეხედულებებს, ძირითად იდეებსა და მის კავშირებს. ლიტერატურული ეპოქა განისაზღვრება, როგორც ერთგვარი მცდელობა, ლიტერატურის ისტორიაში კონკრეტული ფაზები და მისწრაფებები იყოს იდენტიფიცირებული, აღწერილი და შესწავლილი, რაც პერიოდიზაციას წარმოადგენს. ლიტერატურული ეპოქები ხშირად გაგებულია, როგორც ლიტერატურული პერიოდები, რომლებშიც შედის მაღალი დონის ლიტერატურული ნაწარმოებები.

ქართული ლიტერატურის კვლევა და სისტემატიზაცია მე-19 საუკუნიდან იწყება. ამ მხრივ მნიშვენლოვანია სწორედ დასავლური გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა საქართველოში, რასაც ქართული ლიტერატურის ისტორიის ადრეულ კვლევებში ვხვდებით.

გერმანელ-ავსტრიელი მკვლევრის, ლინგვისტისა და მოგზაურის, ფრანც კარლ ალტერის (1749-1804) მცირე გამოკვლევაში „ქართული ლიტერატურის შესახებ“ (ვენა, 1798), მიმოხილულია ქართული სასულიერო ლიტერატურის, ანბანის, ბიბლიის თარგმნის საკითხები. გამოკვლევის მიზნებში ალტერი აღნიშნავს: „ლიტერატურის ერთიან ისტორიაში ქართული ლიტერატურა ჯერ კიდევ ის სფეროა, რომელიც საფუძვლიან დამუშავებას საჭიროებს. მე დავიწყე სათანადო მასალების შეგროვება ქართულ ლიტერატურაში, რითაც მსურს მკითხველს გავაცნო ქართული ლიტერატურის ხელნაწერი და დაბეჭდილი  წიგნები. მოხარული ვიქნები, თუკი ქართულ ლიტერატურას მეგობრებს  შევძენ, რომლებიც ჩემს მცირე და ნაკლოვან შრომას გააფართოებენ და შეავსებენ“.

გერმანელმა მწერალმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტმა (1819-1892), საქართველოში ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად რამდენიმე ნაშრომი გამოაქვეყნა. ,,ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“ (1850 წ.); „კავკასიის ხალხები და მათი ბრძოლა რუსების წინააღმდეგ თავისუფლებისათვის“ (1848 წ.); ორტომეული „მოგონებები ჩემი ცხოვრებიდან“ (1888-1889 წ. წ.) და სხვ. ნაშრომში „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“, რომელიც 1844-45 წლებში დაიწერა, ბოდენშტედტი ყურადღებას აქცევს ქართული ლიტერატურის თემატურ და ჟანრობრივ მრავალფეროვნებას, გამოყოფს ქართულ ფოლკლორს, საერო და სასულიერო ლიტერატურულ თხზულებებს.

ფრანგმა მეცნიერმა, ქართველოლოგმა, მარი ბროსე (1802-1880) გამოკვლევებში: “ქართული ლიტერატურის თანამედროვე მდგომარეობა“ (1828 წ. პარიზი), „ჴელოვნება აზნაურობითი გინა ქართულისა ენისა თჳთმასწავლებელი“ (1834 წ. პარიზი), ასევე, „ქართული ენის გრამატიკა“ (1837 წ. პარიზი) მსჯელობს ქართული ლიტერატურის თავისებურებების შესახებ, განიხილავს ქართულ ლიტერატურას ევროპული ლიტერატურის განვითარების პერსპექტივიდან.

მე-18-მე-19 საუკუნეებში ქართული ლიტერატურის შესახებ ევროპულ ენციკლოპედიებში ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც უმეტესად ყურადღება ექცევა ქართული დამწერლობის სიძველესა და მწერლობის ხანგრძლივ ტრადიციას, ქართულ ქრისტიანულ ლიტერატურას, ასევე, საერო ლიტერატურას. 1859 წელს გამოქვეყნებული უნივერსალური ლექსიკონი ქართულ ლიტერატურაზე მსჯელობისას ისტორიულ მეთოდოლოგიას იყენებს: „ქართული ლიტერატურა საკმაოდ მდიდარია, თუმცა მის განვითარებაში მრავალი გავლენა შეიმჩნევა ბიზანტიური, ბერძნული, შემდეგ კი სომხური, სპარსული, ისევე, როგორც ახალი დროის დასავლეთის ლიტერატურისა. მეცნიერება და პოეტური ხელოვნება საქართველოში ძალზედ თაყვანცემულია, ისევე, როგორც ბიზანტიურ სათავადოებში, ქართველ თავადთა და აზნაურთა შორის საპატიოდ ითვლებოდა ლიტერატურული საქმიანობა“ (Pierer’s Universal-Lexikon: 1859).

ქართული ლიტერატურის ისტორიის ეპოქების მიხედვით დეფინიცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია. დღემდე გამოიყენება ქართული ლიტერატურის ისტორიის ამგვარი პერიოდიზაცია:

  • ძველი ქართული ლიტერატურა (დღიდან მწერლობის დაწყებისა, მე-19 საუკუნის დასაწყისამდე)
  • ახალი ქართული ლიტერატურა (მე-19 საუკუნე)
  • უახლესი ქართული ლიტერატურა (მე-20 და 21-ე საუკუნეები)

თავის მხრივ, საქართველოს ისტორიის ყველაზე ვრცელ პერიოდს, ძველ ქართული ლიტერატურას, ტრადიციისამებრ, ყოფენ ოთხ ქვეპერიოდად. აღნიშნული პერიოდიზაცია ეფუძნება კ. კეკელიძის მოსაზრებებს. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ოთხი პერიოდი, კ. კეკელიძის აზრით, ეყრდნობა ფეოდალური საქართველოს განვითარების ეტაპებს.

  • პირველი პერიოდი – ადრინდელი ფეოდალიზმის ხანა (დღიდან მწერლობის დაწყებისა, მეათე საუკუნის ოთხმოციან წლებამდე);
  • მეორე პერიოდი – განვითარებული ან პატრონყმული ფეოდალიზმი (დეოდალური მონარქიის ხანა) მეათე საუკუნის 80-იანი წლებიდან მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე;
  • მესამე პერიოდი – ფეოდალური მონარქიის დაცემის ხანა (მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგამდე);
  • მეოთხე პერიოდი – მოგვიანო ან ბატონყმური ფეოდალიზმი (აღორძინების ხანა) მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგიდან მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლებამდე.

 

რამდენად მართებულია დღეისათვის ეს პერიოდიზაცია? შეესაბამება თუ არა ქართული ლიტერატურის განვითარების პროცესს ამგვარი დეფინიცია? ეს შეკითხვები არაერთხელ დამდგარა ქართული ლიტერატურის პროცესის, ან ცალკეული ლიტერატურული ეპოქებისა და მიმდინარეობის ანალიზისას.

ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციასთან და ლიტერატურულ პროცესებთან კავშირში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტერმინი ნაციონალური ლიტერატურის კანონი, იგივე ეროვნული ლიტერატურული კანონი.

ნაციონალური ლიტერატურული კანონი არის იმ ძირითადი ტექსტების ერთობლიობა, რომლისგანაც შედგება  ნაციონალური ლიტერატურა. ნაციონალური ლიტერატურის კანონის კონცეპტი მეცხრამეტე საუკუნეში, თეოლოგიური მიმართულებიდან იქნა გადმოტანილი, სადაც მეცხრამეტე საუკუნემდე მინდინარეობდა დებატები კანონიკური და არაკანონიკური რელიგიური ტექსტების შესახებ.

ნაციონალური ლიტერატურული კანონის დადგენა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის საგნობრივ, სივრცულ და საგანმანათლებლო მიზნებზე. მუდმივად ისმის კითხვა, თუ რას უნდა მოიცავდეს ლიტერატურული კანონი. ნაციონალური ლიტერატურის ძირითადი ფილოლოგიური დისკუსიები სწორედ ლიტერატურული კანონის ირგვლივ მიმდინარეობს. ნაციონალური ლიტერატურის კანონს დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო სწავლებისათვის, ასევე, ლიტერატურული კანონი მნიშვნელოვანია ნაციონალური ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნის პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალური ლიტერატურული კანონი მთლიანად განსაზღვრავს ავტორებისა და ტექსტების შერჩევის საკითხს, როგორც ზოგადი განათლების პირობებში, ასევე, უცხო ენაზე თარგმნის დროსაც, , თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური ვითარების დროს, განსაკუთრებით, ტოტალიტარული რეჟიმის არსებობის დროს, ნაციონალური ლიტერატურული კანონი იცვლება.

ქართული ნაციონალური ლიტერატურული კანონისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის პერიოდიზაციის აღნიშნული განსხვავებები ისტორიულ, ეპოქალურ, ლიტერატურულ, ესთეტიკურ და სხვა ნიშნებთან ერთად, ამჟღავნებს პოლიტიკურ-იდეოლოგიურ გავლენებსაც. ვფიქრობთ, ქართული ლიტერატურის კანონის განხილვა მინშვნელოვანია დასავლური ლიტერატურული კანონის სტრუქტურისა და ქართული ლიტერატურის ნაციონალური ესთეტიკურ-ლიტერატურული განვითარების მიხედვით. რაღა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ქართული, ორიგინალური ლიტერატურის პროცესი და თვისობრიობა.

ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციის როგორი სქემა შეიძლება არსებობდეს?

სქემის რამდენიმე მონახაზი არსებობს (დეტალურად იხ. რატიანი 2018; შათირიშვილი 2003).

ქართული ლიტერატურის პროცესებზე დაკვირვება და ლიტერატურის გარკვეული ეპოქალური მახასიათებლებით დაჯგუფება ვფიქრობ, შესაძლებელია ამგვარი სქემით:

  • ფოლკლორი – ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ქართულ სამწერლობო ლიტერატურას, ისევე როგორც სხვა ნაციონალურ ლიტერატურებს, წინ უძღვის ფოლკლორი.
  • გვიანანტიკური პერიოდი და ადრეული შუასაუკუნეები: მე-4 – მე-10 საუკუნეები.
  • კლასიკური შუასაუკუნეები – მე-11 – მე-13 საუკუნეები
  • გვიანი შუასაუკუნეები – მე-14-მე-15 საუკუნეები
  • ახალი დრო, განმანათლებლობა – მე-16 – მე-18 საუკუნეები
  • რომანტიზმი
  • რეალიზმი
  • მე-20 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურული მიმდინარეობები საქართველოში: მოდერნიზმი, სიმბოლიზმი, ავანგარდი
  • საბჭოთა ტოტალიტარიზმი/კოლონიალიზმი
  • პოსტმოდერნიზმი
  • საქართველოს დამოუკიდებლობა და თანამედროვე ლიტერატურული პროცესი: პოსტსაბჭოთა ქართული ლიტერატურა.

ქართული ლიტერატურის პერიოდიზაცია და ქართული ლიტერატურის კანონი კვლავაც მრავალგზის იქცევა განსჯის საგნად. ეს ბუნებრივი პროცესია და გარკვეული აუცილებლობითაც არის გამოწვეული. შეუძლებელია, ხელშეუხებლად დარჩეს ქართული ლიტერატურის ერთი საუკუნის წინანდელი დეფინიციები და არ გავითვალისწინოთ უახლესი ლიტერატურული თეორიები, მეთოდები, ლიტერატურის თანამედროვე ანალიზი და თვით თანამედროვე ლიტერატურული პროცესები, რომელიც ქართული ლიტერატურის პროცესის ორგანული ნაწილია.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

Alter F. C., Ueber georgianische Literatur, Wien, 1798

Bodenstedt F., Tausend und ein Tag im Orient, Berlin, 1850

Brosset M., Eléments de la langue géorgienne. Imprimerie Royale, 1837

Burdorf D., Fasbender Christoph, Moennighoff Burkhard (Hg.), Metzler Lexikon Literatur: Begriffe und Definitionen, 3. Auflage, Verlag J. B. Metzler, 2007

Meyers Großes Konversations-Lexikon, Band 7. Leipzig 1907

Pierer’s Universal-Lexikon, Band 7. Altenburg 1859

კეკელიძე, კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I,  ”მეცნიერება”, თბ. 1980

პოპიაშვილი ნ., ნაციონალური ლიტერატურის კანონი და დიქტატურა (სტალინი და აკაკი წერეთლის „სულიკო“), სამეცნიერო სტატიათა კრებული, IX საერთაშორისო სიმპოზიუმის „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, მასალები, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტიტი, თბ., 2016, გვ. 190-202

პოპიაშვილი ნ., ნაციონალური ლიტერატურული კანონი და იდეოლოგიური კონტექსტი თარგმანში ქართული პოეზიის გერმანულენოვანი თარგმანების მაგალითზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2016

პოპიაშვილი ნ., ქართული ლიტერატურის ინტერკულტურული მოდელი. სამეცნიერო შრომათა კრებულში: „მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია“, რედაქტორ-გამომცემლები: ალექსანდრე კარტოზია, ნინო პოპიაშვილი, შორენა შამანაძე, ნათელა ჩიტაური. თბილისი, 2017, გვ. 162-186

რატიანი ი., ქართული მწერლობა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018

შა­თი­რიშ­ვი­ლი ზ., კა­ნო­ნის თე­ო­რია და სა­მი ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო კა­ნო­ნი, ჟურნ. „სჯანი”, 2003, #4.

„დიადი გადააზრების“, ანუ ერთადერთი ნამდვილისკენ მიბრუნებისთვის- დისტანციური სწავლება და ღირებულებები

0

“ძვირფასო მასწავლებელო!

მე ცოცხალი გადავურჩი საკონცენტრაციო ბანაკს და ჩემმა თვალებმა იხილა ის, რაც არ უნდა ნახოს არც ერთმა ადამიანმა:
როგორ აშენებენ სწავლული ინჟინრები გაზის კამერებს;
როგორ წამლავენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს;
როგორ კლავენ სწავლადამთავრებული მედდები ჩვილ ბავშვებს;
როგორ ესვრიან და წვავენ ბავშვებსა და ქალებს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების კურსდამთავრებულები.

ამიტომაც, მე არ ვენდობი განათლებას!

მე გთხოვთ, დაეხმარეთ მოსწავლეებს, გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არ უნდა მიგვიყვანოს სწავლული მონსტრების, ნამეცადინარი  ფსიქოპათების, განათლებული აიხმანების ჩამოყალიბებამდე.
კითხვა, წერა, არითმეტიკა მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეხმარება ჩვენს შვილებს, გახდნენ უფრო ა დ ა მ ი ა ნ უ რ ე ბ ი!  (საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი სკოლის ერთ–ერთი დირექტორის წერილი სამსახურში აყვანილი მასწავლებლებისადმი)

ეს ეპიგრაფად გამახსენდა. მთავარი სათქმელი კი ეს არის:

უთვალავ რესურსს შორის, რომელიც ბოლო პერიოდში იქმნება და ვრცელდება, ერთ–ერთში  მამა ძილისწინა ზღაპრად ჟამიანობის მიზეზებზე და მოსალოდნელ შედეგებზე უყვება შვილებს. ვირუსის გავრცელების მიზეზს ასე უხსნის, „ზოგჯერ ავად უნდა გახდე, სანამ თავს უკეთ იგრძნობ“–ო და მომხდარის იმედიან შედეგად ცხოვრების წესის „დიად გადააზრებას“ ელოდება.

დიადი გადააზრება, ჩემთვისაც ადამიანობისკენ შემო–  თუ და–ბრუნებაა, რომელსაც განათლება ემსახურება ან უნდა ემსახურებოდეს.

ქართულად სიტყვა ადამიანის ერთადერთ ონლაინ განმარტებას ვიკიპედიაში ნახავთ: გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) — პრიმატების სახეობა, ჰომინიდების ჯგუფის, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელი. კემბრიჯის ლექსიკონში ადამიანი (ადამიანური) ნიშნავს ისეთი თვისებების, ნაკლოვანებების და ემოციების ქონას, რომელიც ახასიათებთ ადამიანებს, განსხვავებით ღმერთების, ცხოველების ან მანქანებისგან.

ჰოდა, გადავწყვიტე ასაკისა და საგნისგან დამოუკიდებელი რამდენიმე ონლაინ რესურსი გამეხსენებინა, რომელიც ადამიანური თვისებების განვითარებას – გაადამიანებას  უწყობს ხელს:

  • რუბენ გალიეგოს ავტობიოგრაფიული მოთხრობა თეთრით შავზე (მთარგმნ. ნინო ბექიშვილი) ყველაფერზეა, სადაც, მაგალითად, მოქალაქეობის და ისტორიის (და არამარტო) ინტეგრირებული სწავლებისთვის ბევრ იდეას ნახავთ.
  • ტაილანდური კომპანიის CPG-ს მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი (6.30 წთ.) მადლიერებას, პასუხისმგებლობას, ზრუნვას, ნამდვილი სიყვარულის ძალით სტერეოტიპების მსხვრევას ეხება. კარგი რესურსია, მაგალითად, მოქალაქეობისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული სწავლებისთვის.
  • ნაწყვეტი ნანა მჭედლიძის ფილმიდან გასეირნება თბილისში (71 წთ.), თავი დაანებე, სულელია, (3.18 წთ.) კონფორმიზმის მანკიერებაზე და მის საშიშ შედეგებზეა. კონფორმიზმზე, რომელიც სისტემისთვის არის დამახასიათებელი და რომლის წინააღმდეგ ცალკეული ადამიანები ხშირად უმწეონი არიან ან უბრალოდ ცხოვრების გართულებას დანებება ურჩევნიათ („ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“). მოქალაქეობრივი აქტიურობის, პროფესიული პატიოსნების შესახებ მსჯელობისას საინტერესო რესურსია. ბევრ სხვა საკითხზეც არაჩვეულებრივ ნაწყვეტებს ნახავთ ფილმში.
  • სტივ კატსის ანიმაცია შენც ჩემსავით დაიკარგე სამყაროში? (Are You Lost In The World Like Me? 3.15 წთ.) თანამედროვე მომხმარებლური და ადამიანურობისგან დაცლილი სამყაროს მანკიერებებზე, კარგზე და ცუდზე, ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევაზე დააფიქრებს ბავშვებს. ზოგადად, მისი ანიმაციები უამრავ საკითხზე მუშაობისას შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს.
  • იგავის მიხედვით გადაღებული ანიმაცია საზოგადოებრივი აზრი (2.48 წთ.) საკუთარი გზის პოვნაში გვეხმარება. ვერასოდეს მოვიქცევით ყველას მოსაწონად. მთავარია, საკუთარ ღირებულებებს ვუერთგულოთ და ღირსება შევინარჩუნოთ.
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმი წამის მეასედი (One Hundredth of a Second 5.31 წთ.) ნებისმიერ პროფესიაში ზნეობრივი პრინციპების ერთგულებას, ადამიანის, როგორც უმთავრესი ღირებულების, მისი სიცოცხლის უზენაესობას გვახსენებს.
  • Kalhil Adames–ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი იდენტობა (Identity 5.18 წთ.) იმ უამრავი ნიღბის შესახებაა, რომლის ტარებასაც საზოგადოება გვაიძულებს, საკუთარი თავის აღმოჩენის სიხარულის შესახებაც და ადამიანებს იდენტობის ძიებასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
  • Kerith Lemon–ის მოკლემეტრაჟიანი ფილმიც სოციალური ცხოვრება (A Social Life 8.26 წთ.) გარკვეულწილად, იდენტობის ძიებას ეხება და ონლაინ და ოფლაინ ცხოვრებას შორის არჩევანზე, საზოგადოებრივი აზრისა და სოციალური მედიის გავლენაზე დაგვაფიქრებს. როგორ რთულდება ხშირად ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება და როგორი აუცილებელი ხდება გადღაბნილ „მე“–სთან დაბრუნება.
  • ბელგიელი მუსიკოსის Stromae–ს კლიპიც Carmen (3.37 წთ.) სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ამსახველია და ადამიანებს ზოგადად დამოკიდებულების ზიანზე დააფიქრებს.
  • დამოკიდებულების საკითხზეა ეს ორი ანიმაციაც: Andreas Hykade–ს Nuggets (5.05 წთ.) და Laura Neuvonen–ის The Last Knit (6.44 წთ.). ამ უკანასკნელში დამოკიდებულება, როგორც ვნება, ლამის ბოლოს უღებს მსხვერპლს და გამოფხიზლების ძალისხმევის გარეშე სიკვდილი ელის.
  • Cameron Covell–ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი უმშვენიერესი (The Most Beautiful Thing, 10.43 წთ.) სიყვარულის სიხარულებსა და სევდებს ეხება და ადამიანებს ამ გრძნობის მთელ სილამაზეს და სიდიადეს ახსენებს ჰელენ კელერის სიტყვებით: „შეუძლებელია სამყაროში უმშვენიერესის დანახვა, მოსმენა ან შეხება, ის გულით უნდა იგრძნო“. სიყვარულზე სასაუბროდ ასევე არაჩვეულებრივი რესურსია ნაირა გელაშვილის მოთხრობა მე ის ვარ.
  • Maaz Khan–ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნაჩქარევი განსჯა (Too Quick To Judge, 3.42 წთ.) წინასწარი შეხედულებების საფრთხეს ეხება. გვეხმარება, დავინახოთ და გავაანალიზოთ მისი მოსალოდნელი შედეგები. მასში ერთგვარი სევდაცაა იმის გამო, რა მოუთმენლები და ხშირად დაუნდობლები ვართ ერთმანეთის მიმართ და როგორ არ ვიწუხებთ თავს სიღრმისეული ფიქრებით.
  • ეს ერთწუთიანი ნორვეგიული ფილმი ბავშვს საჭმელი არ აქვს (A child has nothing to eat at school) გაზიარების სიხარულში და აუცილებლობაში გვარწმუნებს. შესაძლოა, ის არა ზოგადად მშიერ ბავშვს, არამედ იმ მომენტში მშიერ ბავშვს ეხება, მაგრამ სწორედ ეს იმწუთიერი, დაუფიქრებელი და დაუგეგმავი (ან, საერთოდაც, სად გაგონილა სიკეთის დაგეგმვა!) სიკეთის ხაზგასმაა მნიშვნელოვანი.
  • მიზნის მიღწევისას ძალისხმევის აუცილებლობასა და სიჯიუტეზეა ანიმაცია ნამცეცა (Pip, 4.05 წთ.). შესაძლოა, არანაირ სასურველ ფიზიკურ სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებდეთ, სხვებზე მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს ე. წ. ნორმატივების საუკეთესოდ შესასრულებლად, მაგრამ ემოციურად ყველაზე მეტად ვიყოთ მზად საყვარელი საქმის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
  • რეალურ მამაც ადამიანებზე მოგვითხრობს ლევან თეთვაძის დოკუმენტური ფილმი როგორ ინგრევა კედელი (34.53 წთ.), რომელშიც ბევრი კარგი ადამიანის პირადი გამოცდილების მოსმენით, ცხოვრებისთვის აუცილებელ ძალას და გამძლეობას ვიძენთ.
  • სტერეოტიპებზე, დისკრიმინაციაზე ფიქრსა და მათი დაძლევის გზებს გვთავაზობს ანიმაცია Sneetches (12.10 წთ.). მასში ნაჩვენებია სტერეოტიპების ჩამოყალიბების აბსურდული სიმარტივე, მათი დაჟინებული დაცვის დაუოკებელი და სულელური სურვილი; ის, თუ როგორ შეუძლიათ სხვებს, ისარგებლონ სტერეოტიპული აზროვნების შეზღუდულობით და რამდენად შორს შეიძლება, წავიდეს მანკიერი პროცესები, თუკი ადამიანები ფიქრს არ დაიწყებენ.
  • უზნაძის განწყობის თეორიის და ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების თვალსაჩინოებაა ანიმაცია ბუზი (The Fly, 2.47 წთ.). ის გვასწავლის, რომ ხშირად უსიამოვნების დასაძლევად მისი სხვა პერსპექტივიდან დანახვა საუკეთესო გამოსავალია. ეპიგრაფად წამძღვარებული სიტყვები „შეცვალე საკუთარი ფიქრები და შეცვლი სამყაროს“,  განათლების ზოგად მიზანს ასახავს, თუკი გვჯერა, რომ განათლება სასიკეთო ცვლილებას ემსახურება.
  • ავტორთა ჯგუფის Anna Hinds Paddock–ის, Isabela Littger de Pinho–სა და Kriti Kaur–ის ანიმაციაში არაფერი მსგავსი (None of That, 09 წთ.) კარგად ჩანს ცრუ რელიგიურობის აბსურდული და სევდიანი შედეგები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა დამოკიდებულება ნამდვილი ხელოვნებისადმი. მეორე მხრივ, მასში ნაჩვენებია, როგორ ესმით ადამიანებს პროფესიის ერთგულება.
  • მცირე ამბები სახელწოდებით ღირებულებები, გადაეცი (Values, pass it on 27 წთ.) მოთმინებას, მხარდაჭერას, წახალისებას ეხება და მნიშვნელოვანი ადამიანური ღირებულებების შესახებ დაგვაფიქრებს.

ჩემი აზრით, ნებისმიერი საგნის მასწავლებელს ცალკე კატალოგი სჭირდება Pixar–ისა და CGMeetup–ის ანიმაციებისთვის. აქ ჩემს რამდენიმე ფავორიტს გაგიზიარებთ:

  • La Luna (6.57 წთ.) თვალსაჩინოდ ჩანს თაობებს შორის ურთიერთობები, სწავლება–სწავლის განსხვავებული გზები და საკუთარი ერთადერთი გზის პოვნის აუცილებლობა.
  • Piper (6.26 წთ.) სწავლის სირთულეებისა და შიშის შესახებაა და იმ ადამიანებს დაეხმარება, ვინც ხელი ჩაიქნია (ან ჩააქნევინეს) საკუთარ შესაძლებლობებზე.
  • Presto (5.14 წთ.) მასწავლებლებს და მშობლებს ნებისმიერი საქმის კეთებისას სტიმულებისა და წახალისების მნიშვნელობაზე დააფიქრებს.
  • The Power of Teamwork (1.22 წთ.) გუნდური მუშაობის ძალაზეა და სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკის – ძალა ერთობისა – ერთგვარი ანიმაციური ფორმატია.
  • Bruised (2.42 წთ.) ვისი სწავლებაც გვსურს, იმის ტკივილისა და სიხარულის ცოდნის აუცილებლობაზეა. ვერ ვასწავლით ადამიანს, თუკი მის საზრუნავს არ ვიცნობთ, რომელიც შესაძლოა ისეთი სიმძიმისა იყოს, რომ სხვა რამეზე ფიქრის ადგილს აღარ უტოვებდეს.
  • Daniel Martínez Lara–სა და Rafa Cano Méndez–ის ანიმაცია მსგავსები (Alike 8.1 წთ.) ყოველდღიური ცხოვრების ერთფეროვნებაში ყველაზე მნიშვნელოვანის არდავიწყებაზე გვაფიქრებს.
  • Aryasb Feiz–ის ანიმაცია ბატონი განურჩევლობა (Mr Indifferent, 2.45 წთ.) სამ წუთზე ნაკლებ დროში ინდიფერენტულობის შედეგებზე გვიყვება.
  • Jacob Frey–ის ანიმაცია საჩუქარი (The Present, 4.18 წთ.) გვეუბნება, რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ, მაშინაც კი, როცა საშველი არსაიდან ჩანს და ცხოვრება ერთ დიდ ტანჯვად გვეჩვენება.

ცხადია, ეს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ უთვალავი რესურსისა, რომლის გამოყენება პირისპირ თუ დისტანციური სწავლება/სწავლის დროს მზამზარეულად შეგვიძლია. ცხადია, თითოეულ რესურსთან მიწერილი განმარტებები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის სწორედ მოცემული საკითხის/ების ახსნისას გამოვიყენოთ. ამგვარი რესურსების მთავარი ხიბლი სწორედ ის არის, რომ როგორი პერსპექტივითაც გსურს, იმ პერსპექტივით დაანახებ და საფიქრალს აღუძრავ ადამიანს. უფრო მთავარი  კი ის არის, რომ ამ რესურსებით თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლდეს ჩვენი ვრცელი მონოლოგები მნიშვნელოვან საკითხებზე.

P.S. ალბათ, ამგვარი რესურსების გამოყენებისას ისიც მთავარია, რომ ჩვენი ქცევა ჩვენს სიტყვებს არ ეწინააღმდეგებოდეს.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...