სამშაბათი, მაისი 12, 2026
12 მაისი, სამშაბათი, 2026

ინკლუზიური განათლების პრობლემები პოსტპანდემიურ რეჟიმში

0
ჟურნალ “მასწავლებლის” ავტორები “პიკის საათის” საკლასო ოთახში
დილის შემეცნებით- გასართობი პროგრამა “პიკის საათი”, კვირაში ერთხელ, ეთერს, ჟურნალ “მასწავლებლის”  ავტორებს  დაუთმობს და ვისაუბრებთ განათლების საკითხებზე.  გადაცემის სტუმარია დიანა ანფიმიადი, რომელიც საუბრობს ინკლუზიური განათლების პრობლემებზე პოსტპანდემიურ რეჟიმში
  • პრობლემები, რომელთა წინაშეც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და მათი მშობლები აღმოჩნდნენ სასწავლო პროცესის განახლების პერიოდში.
  • ბავშვების ფსიქოლოგიური, სენსორული თუ ფიზიკური თერაპიის აუცილებლობის საკითხები.
  • სენსორული და ფიზიკური თერაპიის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები.
  • ტექნოლოგიები, როგორც მიზნის მიღწევის რესურსი და მისი მართებულად მოხმარების გზები.
  • ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე:

 მშობლები, მოზარდები და წესები

0

ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ ერთი პატარა ნაწყვეტი პატრისია ზურიტა ონას – კალიფორნიელი კლინიკური ფსიქოლოგის წიგნიდან: „რთული მოზარდი“. ზურიტა ონას მოღვაწეობა დაიწყო სკოლის ფსიქოლოგობიდან. მან დიდი გამოცდილება შეიძინა ბავშვებთან, მოზარდებთან  და უფროსებთან ურთიერთობებით. კლინიკური ფსიქოლოგი დახმარებას უწევდა და უწევს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა შფოთვითი აშლილობა და ემოციების რეგულაციის პრობლემა. დოქტორი ზურიტა სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციისა და ფონდის წევრია. ის რამდენიმე პოპულარული წიგნის ავტორიცაა.

„ჩემი სამშობლო – ბოლივია – რვა წლის მანძილზე იყო დიქტატორული მმართველობის წნეხის ქვეშ. 1970 წლიდან მოყოლებული 1978 წლის ჩათვლით ქვეყანას დიქტატორი განაგებდა. მისი სურვილისამებრ მოქალაქეებს ეძლეოდათ მითითებები ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და მათ შორის საზოგადოებრივი ცხოვრების წესიც კი  მკაცრად იყო გაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მე – განმარტავს ავტორი – სულაც არ მიმაჩნია გამართლებული მრავალი რიგიდული წესის არსებობა, მაინც ვადასტურებ, რომ საზოგადოებებს სჭირდებათ წესები და კანონები, რადგან მათ გარეშე სრული ქაოსი იქმნება. ევოლუციურად და ბიოლოგიურად ჩვენი თავის ტვინი იმგვარად არის დაპროგრამებული, რომ თავად გამოიმუშავებს წესებს, რომლებიც აუცილებელია სოციუმისთვის. წესები საჭიროა ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციონირებისთვის, მაგრამ თუ მათ უკიდურესად მკაცრი და დაუნდობელი შინაარსი ენიჭება, მაგალითად, დიქტატორების ან ძალიან მკაცრი მშობლების მხრიდან, მაშინ წესები სრულიად უსარგებლო და ზიანის მომტანიც კი ხდება.

მშობლების დიდი ნაწილი ცდილობს, გაგებით მოეკიდოს ბავშვებისათვის ქცევის წესების შემუშავებას. მაგრამ თუ შვილებთან მათი მიტანა იმპერატიულ ტონში ხდება: „ეს ასეა – უნდა გააკეთო, შენ ვალდებული ხარ“; „ასეა საჭირო, ეს წესია და უნდა შეასრულო“ – მაშინ, უფროსებს საკუთარი გამოცდილებით მოეხსენებათ, რომ ასე მიწოდებული წესები მუშაობს მანამდე, სანამ ბავშვები გაიზრდებიან და სხვადასხვა საკითხზე საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდებათ“.

მოდით, ახლა განვიხილოთ ის წესები, რომლებსაც თქვენ უფროსები უწესებთ საკუთარ მოზარდ შვილებს – გვთავაზობს ფსიქოლოგი – და მიაჩნია, რომ ყოველ ჯერზე, როცა მშობელი განუმარტავს მოზარდს, რა უნდა გააკეთოს მან და რა არა – სწორედ ეს არის წესები. ავტორი სთავაზობს მშობლებს, შეასრულონ სავარჯიშო, რომელიც დაეხმარება მათ, გაარკვიონ რა ტიპისა და შინაარსის წესების დამკვიდრებას ცდილობენ ისინი საკუთარ ოჯახში.

სავარჯიშო: „აიღეთ ერთი რვეული და შეადგინეთ სრული სია იმ მოლოდინებისა და წესებისა, რომლებითაც თქვენ სარგებლობთ თქვენს მოზარდ შვილთან ურთიერთობისას. ერთი მინიშნება ასეთია: დაასრულეთ ფრაზა „ჩემი გონება მკარნახობს, რომ ჩემმა შვილმა არ უნდა ….“ და მეორე მინიშნება: დაასრულეთ ფრაზა: „ჩემი გონება მკარნახობს, რომ ჩემმა შვილმა უნდა გააკეთოს…“.

თექვსმეტი წლის მოზარდის მამამ ამ სავარჯიშოს შესრულებისას ასეთი მოსაზრებები გამოთქვა – ჩემი გონება მკარნახობს, რომ ჩემმა შვილმა არ უნდა გამიწიოს წინააღმდეგობა, როდესაც მე მას ვუხსნი, როგორ უნდა მოიქცეს; არ უნდა დამემუქროს, რომ თავს მოიკლავს; არ უნდა იყურყუტოს მთელი დღეები საკუთარ ოთახში; არ განათავსოს თავისი ყველა ფოტო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე; არ იჯდეს მთელი ღამე კომპიუტერთან და არ ითამაშოს ვიდეოთამაშები სკოლის დღეებში; არ დახარჯოს მთელი ჯიბის ფული მორიგი უსარგებლო ნივთის საყიდლად. სამაგიეროდ, გონება მკარნახობს, რომ ჩემმა შვილმა უნდა შეასრულოს საშინაო დავალებები ყოველთვის დროულად; დამოუკიდებლად უნდა დაალაგოს საკუთარი ოთახი და გაირეცხოს პირადი ტანსაცმელი; უნდა ეხმარებოდეს მშობლებს სამეურნეო და საშინაო საქმეების კეთებისას; ნებართვა უნდა ითხოვოს ინსტაგრამზე თავისი გვერდის შესაქმნელად“.

ძვირფასო მშობლებო, ხომ არ ჰგავს ეს წესები იმ წესებს, რომლებიც თქვენი შვილებისთვის გაქვთ შემუშავებული? – კითხულობს ზურიტა ონა და განაგრძობს – შესაძლოა თქვენ მსგავსი ან სრულიად განსხვავებული წესები აღმოგაჩნდეთ თქვენი მოზარდისათვის. თუ თქვენ დეტალურად განიხილავთ თქვენი შვილის ქცევებს თქვენივე წესების შესრულების კონტექსტში, შეამჩნევთ, რომ მოზარდი მუდამ არღვევს წესებს, რის გამოც თქვენ შორის ხშირად იძაბება ურთიერთობა. ამიტომ ფაქტობრივად ყოველდღე ახალი წესების გამოგონება მიწევს – შემომჩივლა ერთმა მშობელმა. ის ფიქრობს, რომ საერთოდ ვერ იგებს, რას ფიქრობს მისი შვილი ამ წესების შესახებ. წესებისადმი დაუმორჩილებლობა რთული პრობლემების წინაშე აყენებს უფროსებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოზარდს ემოციური არასტაბილურობის პერიოდი აქვს. მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ წესების შესრულება მნიშვნელოვანია, რადგან უფროსების მოვალეობაა, შვილის ქცევებს გარკვეული ჩარჩოები დაუწესოს, რათა მათმა მოზარდმა ოჯახის გარეთაც დაიცვას სოციუმში მისაღები წესები და ნორმები.

ასევე, უნდა ითქვას, რომ მშობლები, სავარაუდოდ, სწორედ ისეთ წესებს უწესებენ შვილებს, რომლებსაც, მათი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს. მოდით, გავარკვიოთ, მაინც რა მიზანს ემსახურება მშობლების მიერ დაწესებული შეზღუდვები. ის, თუ როგორია წესები, რომლებსაც მშობლები უწესებენ შვილებს, რათა მათი ქცევები კონტროლირებადი იყოს, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს: წარსულში მოზარდის ქცევები, თქვენი ოჯახის ისტორია, საკუთრივ მშობლების აღზრდის სპეციფიკა და კიდევ მრავალი სხვა მიზეზი. უმთავრესი კი არის ის, რომ ნებისმიერი წესის უკან დგას კონკრეტული მიზანი, რომელიც გარკვეულ აღმზრდელობით დატვირთვას ატარებს. მაგალითისთვის შემიძლია გავიხსენო ერთი მშობლის მიერ შემუშავებული აკრძალვა, რომ მისმა მოზარდმა არავითარ შემთხვევაში არ შეიტანოს საკვები საკუთარ ოთახში. მშობელს მიაჩნდა, რომ ამით ის ცდილობდა შვილისთვის წესრიგისა და სისუფთავის დაცვისათვის აუცილებელი ნორმების სწავლებას, რადგან კოლეჯში ჩაბარების შემდეგ მას ახლად შეძენილ კურსელთან ოთახის გაყოფა მოუწევდა. ეს დაეხმარებოდა მას, მარტივად შეგუებოდა საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას. სხვა მშობლებს სხვა წესები და პრინციპები აქვთ, მაგრამ მათაც მიაჩნიათ, რომ ყველა ეს აკრძალვა, დაეხმარება მათ შვილებს, გაიზარდონ დამოუკიდებელი, შეძლონ საკუთარი თავის დაცვა, ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა, რათა მომავალში გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი.

ახლა მინდა კიდევ ერთი სავარჯიშო შევთავაზო მშობლებს – განაგრძობს კალიფორნიელი ფსიქოლოგი. – აიღეთ ფურცელი და მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ თქვენ მიერ შემუშავებული ზოგიერთი წესი. მარჯვნივ კი მიუწერეთ ის პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მიზანი, რომელსაც ეს წესი ემსახურება. ყურადღებით დააკვირდით თქვენ მიერ ჩამოწერილ სიას და გადაწყვიტეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია – წესები თუ პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მიზანი?  პედაგოგიური მიზნები – მშობლების აღმზრდელობითი სამუშაოს ნაწილია. აბა როგორ უნდა მოახერხოს მშობელმა კარგი ადამიანის აღზრდა საზღვრებისა და ჩარჩოების დაწესების გარეშე? ეს ყველაფერი სრულიად მისაღები და ნათელია, მაგრამ მაინც არის რაღაც კითხვები. აი თუნდაც – რა ხდება მაშინ, როდესაც წესები ზედმეტად რიგიდულია? პასუხი მარტივია: წესებს აქვთ განსაკუთრებული სპეციფიკა – მათ მოზარდები არღვევენ. რეალისტები თუ ვიქნებით, შევამჩნევთ, რომ მოზარდების უმრავლესობა ერთ კვირაზე მეტ ხანს ვერ ემორჩილება წესებს.

ჩემი დაკვირვებით, – საკუთარი პრაქტიკიდან ფსიქოლოგიური გამოცდილებას გვიზიარებს წიგნის ავტორი, – მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ როგორც ის თავად აღზარდეს მშობლებმა, ასევე უნდა აღზარდოს მან საკუთრი შვილებიც. „გოირგიმ უსიტყვოდ უნდა დამიჯეროს, რადგან მე ზუსტად ასე ვიქცეოდი – ჩემს მშობლებს ყველაფერში ვეთანხმებოდი“. მშობლების გაგება არ არის რთული, რადგან ძნელია შეეგუო იმას, რომ შენი მოზარდი შვილი ხან საკუთარი ოთახიდან არ გამოდის, მთელი დღე კომპიუტერთან ზის და თამაშობს; ხან სრულ იგნორირებას უკეთებს მშობლებსა და უახლოეს ადამიანებს; პერიოდულად შეიძლება სასმელსა და ნარკოტიკებსაც გაუსინჯოს გემო; სკოლაში სიარულზე უარის თქმა ხომ პროტესტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მსგავსი ქცევები მოზარდობის ასაკისათვის დამახასიათებელია, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ასეთი საქციელი გარდატეხის ასაკში მყოფ ყველა ბავშვს ახასიათებს. უბრალოდ, მინდა, დავანახო მშობლებს, რომ ისე როგორც თქვენ იქცეოდით და თქვენ გექცეოდნენ მშობლები, არის სამაგალითო აღზრდის მოდელი. სოციალურ ქსელში მიმოწერის აკრძალვა, თანამედროვე მოზარდებისთვის არა მგონია დიდად შედეგის მომტანი გახდეს, რადგან ბავშვები ინტერნეტით ურთიერთობების ვირტუოზები არიან. სამწუხაროდ, მშობლებს ავიწყდებათ, რომ შვილების დაცვა მხოლოდ აკრძალვებით კი არ უნდა განახორციელონ, არამედ უნდა ასწავლონ მათ საფრთხის შემცველი სიტუაციების ამოცნობა და დახმარების თხოვნა ნებისმიერ ადგილას – იქნება ეს ვირტუალური სივრცე, ქუჩა თუ სკოლა.

წესების დაცვა არ უნდა იქცეს მშობლების თვითმიზნად და არ უნდა აამუშაოს მშობელში „მცხოვრები დიქტატორი“.  „დიქტატორის“გაღვიძებისგან თავის დასაცავად გთავაზობთ ასეთ სავარჯიშოს – ურჩევს მშობლებს ზურიტა ონა – შეეცადეთ პასუხი გასცეთ შემდეგ შეკითხვებს: 1. რას აკეთებთ, როდესაც თქვენი მოზარდი წესებს არღვევს ან თუნდაც თქვენს მოლოდინს არ ამართლებს? 2. როგორ ეხმარება თქვენი რეაქცია მოზარდს, უახლოეს პერსპექტივაში შეძლოს ქცევის გამოსწორება? 3. და ხანგრძლივ პერსპექტივაში როგორ ეხმარება თქვენი რეაქციები მოზარდს? თუ მშობლის რეაქცია მოზარდის მიერ წესების დარღვევაზე ზიანს აყენებს მათ ურთიერთობებს, გამოდის, რომ თქვენ დამოკიდებული გახდით ისეთი წესების გაკონტროლებაზე, რომლებიც აღარ მუშაობს. დააკვირდით კითხვებზე საკუთარ  პასუხებს. სავარაუდოდ, აღმოაჩენთ, რომ ისინი ხელს გიშლიან, ახალი უფრო მისაღები ფორმები შეარჩიოთ მოზარდის დაცვისთვის. თუ მოზარდები ყოველ ჯერზე ახალ-ახალ წესებს იღებენ უფროსებისგან, ისინი უბრალოდ ცდილობენ მათ უარყოფას, რადგან თვლიან, რომ არც ახალი წესებია მათთვის მისაღები. მოზარდები ამ ასაკში საკუთარი თავის, სხვა ადამიანებისა და გარესამყაროს შესწავლის პროცესში არიან და მოვლენებს საკუთარი და არა უფროსების გადმოსახედიდან უყურებენ. უფროსები კი მხოლოდ საკუთარ პიროვნებაში გაღვიძებულ დიქტატორს ემორჩილებიან და არ ითვალისწინებენ მოზარდი შვილების სოციალურ კონტექსტს, მათი განვითარების სპეციფიკასა და მისი აზროვნების თავისებურებებს.

გარდატეხის ასაკი – ეს არის ცვლილებების, გამოწვევებისა და მოულოდნელობების პერიოდი. მოზარდები ხშირად არიან უხასიათონი, უხეშები და ძალიან ჯიუტები. მათ სოციალურ ქსელებში ჯდომა ურჩევნიათ, ვიდრე მშობლებთან ერთად ვახშმობა, ზოგჯერ დიდხანს სძინავთ. ამ დროს მშობლების მხრიდან ხისტი წესების დამკვიდრება ნიშნავს, რომ უფროსები ანგარიშს არ უწევენ მოზარდის რეალურ განცდებსა და თავისებურებებს. გარდატეხის ასაკი, კიდევ უფრო დაძაბული ხდება, როდესაც მოზარდი ემოციურ დისრეგულაციას ებრძვის. ის ძალიან მგრძნობიარე ხდება საკუთარი გარემოცვისადმი, ხშირად ღიზიანდება, წონასწორობას კარგავს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, წესები არ იყოს ზედმეტად მკაცრი, გარდა ძალიან რთული სიტუაციებისა (მაგალითად, თუ მოზარდი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა).

კიდევ ერთხელ: წესები აუცილებელია მოზადისათვის, ოღონდ გასათვალისწინებელია მისი განვითარება, სოციალური კონტექსტი და ის შესაძლო ზიანი ან სარგებელი, რომელიც მომავალში  მის დაწესებას მოჰყვება.

 

ქვესკნელი ქართული ხალხური ზღაპრებიდან

0

ქვესკნელი მითოლოგიურ ლექსიკონში განმარტებულია, როგორც შავეთი აჩრდილთა სამეფო, საიქიო, სულეთი, მიცვალებულთა სასუფეველი, მიწისქვეშა სამყარო. ქართულ მითში ვხვდებით ზესკნელსაც და გარესკნელსაც, ქვესკნელი მათი საპირისპიროა, სულ სხვა სივრცე – დროული განზომილებაა. ის ისეთივე „მრავალფეროვანი” ქვეყანაა, როგორიც დედამიწა. ბერძნულ მითებში მასში მარადიული ბურუსია, ცეცხლი და ყინული, უნაყოფო ხრიოკები და ალვები, პერსეფონეს სევდიანი ველები, სადაც არ იშლებიან ყვავილები. იქ სხვადასხვა გზით ჩადიან, უფრო უკიდურეს დასავლეთში, სადაც ოკეანის მქუხარე ნაკადები მიედინებიან და მზის შუქი არასოდეს აღწევს.

ადამიანებს ოდითგანვე აინტერესებდათ: რა ხდება სიკვდილის შემდეგ? როგორია სიკვდილის შემდგომი ცხოვრება? სიკვდილი სწორედ ის მიჯნა, ზღურბლია, რომლის გადალახვა ყველა მოკვდავს უწევს. მოკვდავთ ყოველთვის სურდათ უკვდავება, ამიტომ ადამიანური აზროვნების უძველესი ეტაპიდანაც კი ნათლად ჩანს მათი ეს ინტერესი და სურვილი.

ქვესკნელმოვლილმა გილგამეშმა დაინახა, რომ არცთუ ისე ადვილია მარადიულობის მოპოვება, არათუ ადამიანებისთვის, ნახევარღმერთებისთვისაც კი. იგი ბრუნდება თითქოს სხვა გზით, სხვა კაცი, რომელმაც თუმცა ვერ მიაღწია თავიდან დათქმულ მიზანს, მაგრამ ბრუნდება სხვა ცოდნითა და გამოცდილებით, მოკვდავთაგან უნახავი საიდუმლოებებისა და სიღრმეების მხილველი. შორი გზით იარა, დაშვრა და დაბრუნდა.

მიუხედავად მრავალი შეცდომისა, ქვესკნელში ჩასვლის გამოცდილება მართლაც მნიშვნელოვანია.

ქართულმა ხალხურმა სიტყვიერებამ თავისებურად, ეროვნულ ნიადაგზე აღმოაცენა ბნელეთის საუფლოს ხილვის სიუჟეტები, სადაც უამრავ ტიპოლოგიურ მსგავსებას ვპოულობთ უძველეს მითებთან თუ სხვა ხალხის ზღაპრებთან, რაც მიანიშნებს როგორც კაცობრიობის აზროვნების საერთოობაზე, ისე სიკვდილთან ერთნაირ დამოკიდებულებაზეც.

ქართულ ხალხურ ზღაპრებში გმირს აგდებენ ქვესკნელში ან იგი ჩადის ვინმეს (უპირატესად მავნებელს) საცოლის გამოსახსნელად. ქვესკნელში გმირს ბევრი სირთულე ხვდება, მრავალ მავნე სულს შეებრძოლება და ზესკნელში გამარჯვებული, გამოცდილებით აღჭურვილი ამოდის.

ქვესკნელში ჩასული გმირი განწირულია სასიკვდილოდ. ეს იცის მანაც და ჩამგდებმაც (ამიტომ მიჰყავთ მისი მოპოვებული მზეთუნახავი მშვიდად), მაგრამ გმირს იმიტომ აქვს გამორჩეული ენერგია, რომ თავის ბედს ებრძოლოს.

ჯადოსნურმა ზღაპარმა შემოგვინახა გვაროვნული წყობის დროს არსებული „მამაკაცთა სახლის” ანუ „საიდუმლო კავშირის” ხსოვნა. ეს სახლები წარმოადგენდნენ ერთგვარ ადგილს, სადაც მამაკაცები ინიციაციას გადიოდნენ. შესაძლოა რიგ შემთხვევაში ქვესკნელს ეტვირთა იგივე მოვალეობა და იქიდან დაბრუნების შემდეგ შეერთო ვაჟს ცოლი. „მამაკაცების სარიტუალო სახლი” და ქვესკნელი ზოგიერთ შემთხვევაში ერთნაირ ფუნქციას ტვირთულობს: გმირი გამოაწრთოს და დაავაჟკაცოს.

ქართულ ხალხურ ზღაპრებში ხშირად ქვესკნელი ნაგულისმებია ისეთ ადგილებში, რომლებიც ქვესკნელის სახელწოდებით არ არის მოხსენიებული, თუმცა დატვირთვითა და ფუნქციით ქვესკნელია. მაგალითად: გზაჯვარედინი, საიდანაც რამდენიმე გზას შორის მთავარი გმირი მაინცდამაინც ეკლიან გზას ირჩევს, საიქიო, გველებშემორტყმული ბაღი, ორმო, ცხრა მთას იქით და ცხრა ზღვას იქით არსებული სივრცე, ზღვისსკნელი და სხვა,

ქართულ ხალხურ ზღაპრებში ქვესკნელში ჩასვლა თითქმის ყოველთვის უმცროსი ძმის ხვედრია. გზაჯვარედინზე ის ყოველთვის იმ გზას ირჩევს, რომელზე მიმავალი მგზავრიც უკან არ ბრუნდება. ხშირად უფროსი ძმები ღალატობენ, თუმცა ეს ღალატიც შეიძლება მივიჩნიოთ როგორც კიდევ ერთი გამოცდა, რომლის დაძლევის შემთხვევაშიც ჯილდო მზეთუნახავი და გამოცდილებაა, ის გამოცდილება რომლითაც ცხოვრების მომდევნო ეტაპზე გადასვლა გახდება შესაძლებელი.

ზღაპარში „სამი ძმისა და მისი ცოლების ზღაპარი” ქვესკნელის როლს „ქაჯების ქვეყანა” ასრულებს. ზღაპრის გმირი რაშის რჩევით ქაჯების ქვეყნის დარაჯებს: ლომებს, ვეფხვებს და მგლებს დააღწევს თავს (საგულისხმოა, რომ ეს ცხოველები გვხვდება დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაშიც” ჯოჯოხეთის კარიბჭის მცველებად: „გამომეცხადა დაღრენილი, მძვინვარე ლომი..”. „შემდეგ ვიხილე მომავალი ჩემკენ ძუ მგელი…”). შემდეგ ქაჯების ხელმწიფის მძინარე ასულს თმის დალალს აჭრის. (თმას, როგორც სასიცოცხლო ძალის მქონეს, ზღაპრებში საკრალური დატვირთვა აქვს. გავიხსენოთ ბიბლიური სამსონი ან ქართველი ღვთაება დალის ოქროს თმები, შემდეგ ქრისტიანიზებული წმ. ნინოს თმები და სხვა).

თმის მოჭრის შემდეგ ქალს ვაჟი ისაკუთრებს და ცოლად ირთავს.

თითქმის იგივე ცხოველები დარაჯობენ ქვესკნელის კარიბჭეს ზღაპრში – „ზღაპარი ხელმწიფისა, რომელსაც სიკვდილი სანატრელი გაუხდა”.  უმცროსი ძმა რაშზე ამხედრებული მიადგება ადგილს, რომელიც ადამიანების ძვლებით არის სავსე. (ეს მომენტი საგულისხმოა ჯოჯოხეთთან პარალელის გასავლებად). ქალის საძებნელად წამოსულებს, მღვრიე ჭუჭყიანი წყალი ხვდებათ – როგორც ჯოჯოხეთის განუყოფელი ატრიბუტი. ქვესკნელის კარიბჭეს იცავენ: უდაბური ტყე, კლდე, მგლები, სამი არწივი და ერთი დედაბერი. რაშის დახმარებით ყმაწვილი დაძლევს ამ დაბრკოლებებს და მიადგება მძინარე ქალს. ძილი ქვესკნელისთვის დამახასიათებელია. გილგამეშს ქვესკნელში მოგზაურობის დროს ისეთი ძილქუში დაეცემა, უთანაფიშთიმი ძლივს გააღვიძებს და სწორედ ამის შემდეგ უბრუნდება იგი ამ ქვეყანას.

ქალი იღვიძებს და ვაჟს მოჰყავს. ძალზე ხშირად ვხვდებით მითსა და ზღაპარში იმ მომენტს, როცა ქვესკნელიდან არაფრის წამოღება, წამოყვანა არ შეიძლება. ქვესკნელი ხომ იგივე ჯოჯოხეთია, სადაც მკვდარი სულები სუფევენ. მაგალითად „კალევალაში” რამდენჯერაც ილმარინენი კალევალას მკვიდრი, პოხელის ბნელეთის ქვეყნის ასულს წამოიყვანს, იმდენჯერ უკვდება.

ვფიქრობ, სწორედ ამის გამოა, რომ უმცროსი ძმის მიერ ქვესკნელიდან წამოყვანილი ასული მაშინვე ითხოვს ერთ არყის ქვაბ ლომის რძეში განბანვას. ლომი სიძლიერის სიმბოლოა. დაღლილ, ძალადაკარგულ ძუ ლომს შეუძლია ერთი გამოძინებით აღიდგინოს მთელი თავისი სასიცოცხლო ენერგია. სწორედ ამიტომ ითხოვს ლომის და არა, მაგალითად, ირმის რძეში განბანვას ქვესკნელიდან ამოსული ქალი. რძეში განბანვა ერთგვარი განწმენდაცაა.

ლომის რძეს ისევ მთავარი გმირი მოიპოვებს. ადუღებულ რძეში განბანვის შემდეგ ქალ-ვაჟი უღლდებიან (ცხელ რძეში განბანვა კიდევ ერთ დაბრკოლებას და ინიციაციის დასასრულს წარმოადგენს ვაჟისთვის).

ზღაპარში „სამი მატყუარა” უმცროსი ძმის „ქვესკნელი” რეალურ, ყოფით ცხოვრებაში ჩნდება. ინიციაციას იგი ძმების დაცინვის, აბუჩად აგდების ქვეშ გადის. ვაჟი „მუდოს” ტყავებს აგროვებს, დღისით სძინავს, ხოლო ღამე მუდოებზე სანადიროდ გადის. ტყავები საჩოხე მასალად სჭირდება. მისი ეს ქმედება იდუმალი და საკრალიზებულია. ზღაპრის გმირი სანამ ბოლომდე არ მოაგროვებს მუდოს ტყავებს, ძმებისგან დამცირებას უხმოდ თავდახრილი იტანს. თუმცა როგორც კი ბოლო ტყავს მოიპოვებს: „მუდოს ტყავების საჩოხე რომ შევასრულე, ვაჟკაცობის მოწიფულობაში მოვედი და როცა ჩვეულებრივ წამითაქუნეს, ორივე მივტყიპე და მივაგდე. მე აწი მათი არ მეშინიაო”. სწორედ ამ ეტაპის დასრულების შემდეგ ირთავს ვაჟი ხელმწიფის ულამაზეს მზეთუნახავს, თუმცა მანამდეც მას ეკუთვნოდა, რადგან ასული უკვე მოპოვებული ჰყავდა. სანამ მუდოს ტყავისგან ჩოხა არ შეისრულა და მოწფულობაში არ გადავიდა, მანამდე არ გამოჩნდა იდუმალი სასიძო.

ზღაპარში „სამნი ძმანი” უმცროსი ძმის ისარი ქვას ხვდება, რომელ ქვასაც ისევ უმცროსი ძმა გადააგორებს, გამოჩნდება „ჩურჩუტანა”, სადაც, როგორც წესი, ჯერ უფროსი ძმები ეშვებიან, თუმცა მათი ყვირილის შემდეგ: „დავიწვი, დავიწვიო” ისინი უკან ამოჰყავთ. „დაწვა” მცხუნვარე ქვესკნელის, იგივე ჯოჯოხეთის თვისებაა.

უმცროს ძმას დაბრკოლებების გადალახვის დრო დაუდგა, ამიტომ იგი ამბობს: „რამდენიც ვთქვა: დავიწვი, უფრო ძირს ჩამიშვითო”.

პატარა ძმამ უფროსი ძმებიც ჩაიყვანა. ძირს, ამ „ჩურჩუტანაში” მათ დევების სახლი (საწესჩვეულებო, ინიციაციის სახლი) დახვდებათ. სახლს უმცროსი ძმა აღებს (მან უნდა გაიაროს ინიციაცია და იმიტომ). სახლში სამი ოქროს ჩანგი და ოქროს სკამი დახვდებათ, რომლებიც ღვთაების სიმბოლიკაა. ინიციაციის დროს მოწიფული შეიცნობდა: რწმენას, (სიწმიდეს), სიკვდილს და სექსუალურობას. ასეთ სახლებში ოქროს საგნები სწორედ რომ პირველი მათგანის შეცნობაა. ძმები მაშინვე დაეპატრონებიან და გამოიყენებენ ამ საგნებს, უფრო მეტად კი უმცროსი. (ე.ი. შეიცნობენ). ამის შემდეგ იწება მათი თავგადასავალი ამ „ჩურჩუტანაში”, ქვის ქვეშ აღმოჩენილ ქვესკნელში. პატარა ძმას ცეცხლის მოპოვება უხდება, რითაც ის კულტურულ გმირად ყალიბდება, ცეცხლს დევებს წაართმევს. ამასობაში ქვესკნელში, ხელმწიფის ქალს ირთავს ცოლად და სავარაუდოა, რომ აქ დასრულდეს კიდეც მისი ქვესკნელური თავგადასავალი, „გამოცდილების შეძენა”, თუმცა ვაჟს ცოლის მოპოვება ძალის გამოყენებით ან რაიმე დაბრკოლების გადალახვის შემდეგ არ უხდება. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია სრულყოფილი ინიციაციისთვის, სრულყოფილი მოწიფულობისთვის. ამიტომ ზღაპარი გრძელდება. მის ცოლს დევი იტაცებს, ვაჟი, რა თქმა უნდა, მიდის ცოლის საძებნელად, მის ხელმეორედ, ღირსეულად მოსაპოვებლად. კლავს დევს და იბრუნებს ასულს. აქ უკვე ნამდვილად სრულდება ამბავი, ვაჟის ქვესკნელური გამოცდილება სრულყოფილია: „მოვიდა ვაჟიც, მოიყვანა ცოლიც და ცხრა დღე და ცხრა ღამე სულ ქეიფს ეწეოდნენ”.

ქართულ ხალხურ ზღაპრებში გვხვდება ქვესკნელში გაქვავებული ადამიანები, რაც ჯოჯოხეთისთვის, საიქიოსთვის არის დამახასიათებელი. („ორი ძმა მონადირენი”, „ვაჟად ქცეული ქალი”).

ხშირად ქვესკნელის ფუნქცია „უკიდეგანო ზღვას” იგივე უფსკრულს ენიჭება, „აიყვანა ეს კაცი, ააფარა პირზე ხალათის კალთა, ზღვაში შეიყვანა და ხელმწიფეს მიჰგვარა” („კაცს რომ ერთი ანჩხლი ცოლი ჰყავდა”).

ზღაპრის გმირი სიკეთისთვის დაჯილდოვდება. ზღვის მბრძანებელი პირში ენას „გამოავლებს” და კაცს ყველა სულდგმულის ენის გაგების შესაძლებლობა მიეცემა. ზღვისსკნელიდან, იგივე ქვესკნელიდან დაბრუნებული კაცი გამოცდილებაშეძენლია. მას ყველა არსების ენა ესმის, თუმცა არ უნდა გაამხილოს, თორემ მოკვდება. მაცდურის როლში ამ კაცის ცოლი გვევლინება, თუმცა ზღაპრის გმირი ზღვის ხელმწიფისგან მიცემული ნიჭის წყალობით სხვა (მისთვის უფრო საჭირო და არსების საშუალებით) სიბრძნესაც შეიცნობს: მამლის ნათქვამს გაიგებს, რომ კაპას ცოლს იფნის სახრეები არჯულებსო.

ეშმაკების სამფლობელოში ვიზიტი სასიკეთოდ წაადგება და გამოცდილებას შეიძენს ერთი ძუნწი კაცი ზღაპარში „ეშმაკის ლაგამი”. ეშმაკის „ქისტის წაკვრის” შემდეგ იგი სხვა ადამიანად იბადება (ახალშობილივით ტიტველაა), სიძუნწის ლაგამს ეშმაკებთან ტოვებს და ამ ქვეყანას ხასიათშეცვლილი უბრუნდება.

ქართულ ხალხურ ზღაპრებში კარგად ჩანს ქართველი ხალხის აზროვნება, მათი შეხედულებები, წარმოდგენები სიკვდილსა და სიცოცხლეზე. ბოროტი ყოველთვის მარცხდება, კეთილი იმარჯვებს. ავი სულები ნადგურდებიან და მზეთუნახავი ასული უმცროს ვაჟს რჩება. ზღაპრებში მოცემულია გმირის ცხოვრების ის ეტაპი, როდესაც ყმაწვილობიდან მოწიფულობაში გადადის ეს ყველაფერი კი ქვესკნელურ ინიციაციას უკავშირდება. გმირი იღებს იმ გამოცდილებას, იმ ცოდნას, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიჰყვება, ის ხომ ჩვენს თვალწინ ნამდვილ გმირად, ვაჟკაცად ყალიბდება.

 

წამახალისებელი სიგელების შექმნა

0

მოტივაცია არის ის, რაც გაძლევს ბიძგს, გააკეთო უფრო მეტი. იმოქმედო მაშინ, როდესაც შესაძლოა არ იყო განწყობაზე, გააუმჯობესო მიღწეული შედეგები. მოტივაცია სჭირდება როგორც პატარას, ასევე დიდსაც. ის ადამიანს განაწყობს დადებითად და ეხმარება საქმის კეთებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, მოტივაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმპულსია ადამიანისთვის.

მასწავლებლები ხშირად ვცდილობთ, წავახალისოთ მოსწავლე სხვადასხვა გზით. ხელმძღვანელებიც ცდილობენ თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებას, რადგან იციან, რომ მოტივირებული ადამიანები  უფრო  პროდუქტიული არიან.

ვინ, თუ არა მასწავლებელმა, ყველაზე უკეთ იცის, რა შეუძლია ერთ უბრალო სიტყვას „ყოჩაღ“. და თუ ჩვენ ამ სიტყვას მივცემთ სიგელის ან  სერტიფიკატის ფორმას, მოსწავლის თუ თანამშრომლის მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა უფრო მეტად გაიზრდება.

ამ სტატიაში გთავაზობთ სწორედ სიგელებისა და სერტიფიკატების დამზადების ინსტრუქციას, რომელიც არის მარტივად დასამზადებელი.

  1. ამისათვის დაგჭირდებათ https://www.canva.com მითითებულ ბმულზე

რეგისტრაციის ან ავტორიზაციის გავლა.  Login in-ის არჩევის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ უკვე არსებული Gmail ან Faceboook მომხმარებლის ანგარიშიდან გაიაროთ ავტორიზაცია.  ხოლო Sign up-დან დარეგისტრირდეთ. ჩაწერეთ თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტა, პაროლი (შეიცავს მინიმუმ 8 სიმბოლოსა და დიდ/პატარა ასოებს, ციფრებს)  და აირჩიეთ ღილაკი Get started!

 

  1. ამის შემდეგ აირჩიეთ რა მიზნით აპირებთ პლატფორმის გამოყენებას

შემდეგ აირჩიეთ მოცემული ღილაკი. Maybe later რის შემდეგაც თქვენ საშუალება გექნებათ ისარგებლოთ აღნიშნული პლატფორმით.

  1. სიგელებისა და სერტიფიკატების დასამზადებლად ირჩევთ ღილაკს Creater a design შემდეგ კი ჩამონათვალში

4. ის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ შაბლონები, ან თავად შექმნათ ინსტრუმენტების გამოყენებით:

 1 პირველ დაფაში მოცემულია სიგელის დამზადების ინსტრუმენტები:

Uploads-შეგიძლიათ, დაამატოთ ფოტოები თქვენი მოწყობილობიდან ;

Photos-გაძლევთ თემატურად დალაგებული ფოტოების არჩევის საშუალებას;

Elements-იდან შეგიძლიათ აირჩიოთ  სიგელის გასაფორმებელი ელემენტები;

Text-იძლევა საშუალებას დაიტანოთ ტექსტი თქვენს სიგელზე;

Music Videos-დან შეგიძლიათ დაამატოთ მუსიკა და ვიდეო, რომელიც უფრო  პრეზენტაციის დროს არის საჭირო.

Background-დან შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფოტო.

2 ნაწილში მოცემულია შაბლონები, რომლებიც შეგიძლიათ დაარედაქტიროთ. ისევე როგორც შაბლონების, ასევე სხვა ინსტრუმენტების გარკვეული ნაწილი არის ფასიანი. ფასიანი მასალები აღნიშნულია გვირგვინის ფორმით . ხოლო უფასო ვერსიას აწერია Free. თუ თქვენ ფასიანს აირჩევთ, მისი შენახვის დროს მოგთხოვთ თანხის გადახდას. თუ გსურთ, ისარგებლოთ უფასო ვერსიით, უნდა აირჩიოთ free შაბლონები.

მე-3 ნაწილი არის თქვენი სამუშაო დაფა, სადაც თქვენი მოქმედებები იქნება ასახული, ხოლო მე-4 ნაწილის საშუალებით შეგიძლიათ დაამატოთ ახალი სიგელის ფორმა.

მე-5 გახლავთ სიგელის შენახვის ფუნქცია. Share ღილაკით თქვენ აზიარებთ სიგელის ბმულს, Download-იდან კი შეგიძლიათ მისი გადმოწერა. აუცილებელია ფაილის ტიპის მითითება.

თუ გსურთ სურათის სახით სიგელის შენახვა, მაშინ უნდა აირჩიოთ მეორე ფოტოზე მითითებული ფორმატით და ამის შემდეგ აირჩევთ გადმოწერის ღილაკს Download a free warermarked drafts (3) გადმოწერილი სიგელი შეინახება თქვენი კომპიუტერის Downloads ფოლდერში.

გთავაზობთ ჩემ მიერ დამზადებულ ნიმუშს:
ასევე გიზიარებთ სიგელისა და სერტიფიკატის დამზადების ვიდეოინსტრუქციას.

რამდენიმე გზა წერის სწავლებისთვის

0

კალმის ხელში დაჭერიდან წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებამდე საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი. სკოლამდელი აღზრდის პროგრამაში დიდი ადგილი უჭირავს წვრილი მოტორიკის განვითარებას (წერტილების შეერთებით სხვადასხვა ფიგურების შექმნა, ხატვა, გაფერადება, ძერწვა, გამოჭრა და ა.შ.). ყურადღება ექცევა ფანქრის სწორად დაჭერის ჩვევის გამომუშავებას, სახატავ სივრცეში ორიენტირებას, დავალების გათვალისწინებით სივრცის ადეკვატურად გადანაწილებას და სხვ. ზემოაღნიშნული გამოცდილება ბავშვებს წერის საწყის ეტაპზე გადასვლას და გრაფიკული გამოსახულებების სპეციფიკურ საგნობრივ (ბადიანი, უჯრებიანი) ბადეებში გადატანას გაუადვილებს. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასოების/ციფრების მათთვის განკუთვნილ ჩარჩოში სწორი მიმართულებით მოხაზვას.

წერის სწავლების ადრეულ ეტაპზე გარკვეული ყურადღება ნაწერის ვიზუალურ მხარესაც ეთმობა. მართალია, ელექტრონული „საბეჭდი მანქანების“ საუკუნეში კალიგრაფია ისეთივე აქტუალური ვერ იქნება, როგორც – წიგნების გადამწერთა ეპოქაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ხელით წერის საჭიროება ბოლომდე არასდროს გაქრება. მაგალითისთვის, ადამიანებს ყოველდღიურად სჭირდებათ სხვადასხვა მიზნობრივი ჩანაწერების გაკეთება (დღის გეგმა, საყიდლების სია და სხვ.).  ამას გარდა, წარმოგიდგენიათ სწავლა-სწავლების პროცესი ფურცლისა და კალმის გარეშე?! აღარაფერს ვიტყვი გრაფოლოგიაზე, რომლის თანახმადაც კალიგრაფია შესანიშნავად გვიხატავს ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს.

რა თქმა უნდა, ტექნიკის დახვეწა მნიშვნელოვანია, თუმცა წერის პროცესი მხოლოდ ასოების ფურცელზე წესების დაცვით მოხაზვას არ ნიშნავს. მოსწავლეები საბაზისო უნარებთან ერთად თანდათანობით ივითარებენ საკუთარი ნააზრევის გადმოცემის, ნამუშევრის აზრობრივად და სტილისტურ-გრამატიკულად გამართვის, მიზნობრივი თუ შემოქმედებითი ტექსტების შეთხზვის, ნამუშევრის კორექტირება-რედაქტირების უნარებს. მიუხედავად იმისა, რომ წერის კომპლექსური უნარების სათანადოდ ჩამოყალიბებას წლები სჭირდება, საკუთარი ნააზრევის ნათლად და თანმიმდევრულად გადმოცემაზე (მნიშვნელობის კონსტრუირება) „საძირკველიდანვე“ უნდა დავიწყოთ მუშაობა, რადგან სხვაგვარად წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება შეუძლებელია.

წერას წინ უსწრებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ზეპირი ინტერაქცია და კითხვა. წიგნებთან ურთიერთობა ბავშვებს მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს წერილობით სათქმელის ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც. მათ მექანიკურად ექმნებათ წარმოდგენა ტექსტის სტრუქტურირების (სასვენი ნიშნები, აბზაცები, წინადადებების წყობა და ა.შ.) შესახებ. ბავშვები გარკვეულ წერით გამოცდილებას დაკვირვების გზითაც იძენენ (ასო-ნიშნების კოპირება, მინაწერები ნახატებზე, საკუთარი სახელის ჩაწერა და სხვ.).

წერის სწავლება მოითხოვს ბევრ დროს, სისტემატურ ვარჯიშს და მრავალფეროვან აქტივობებს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ წერის ყველა ასპექტის (თემა, იდეა, შინაარსი, სტრუქტურა, სტილი, ორთოგრაფია, პუნქტუაცია) გააზრება და ეფექტურად გამოყენება. დამოუკიდებლად ამდენ მიმართულებაზე ერთდროულად კონცენტრირება რთულია. ამიტომ მასწავლებლები ხშირად ვიყენებთ  ე.წ. „მე-ჩვენ-შენ“ მოდელს, ანუ  პასუხისმგებლობის ეტაპობრივად გაზრდის მეთოდს. მოსწავლემ მოდელირებიდან დამოუკიდებელი წერის ეტაპამდე გაკვალული ბილიკი იმდენჯერ უნდა გაიაროს, სანამ დამოუკიდებლად არ შეძლებს კომპლექსური წერითი დავალებების შესრულებას.

საგანმანათლებლო სივრცეში წერის სწავლებასთან დაკავშირებით საკმაო გამოცდილება დაგროვდა. წერითი აზროვნების განვითარების არაერთი ეფექტური გზა გვასწავლეს და გამოვცადეთ. მათგან გამოვყოფდი ერთ-ერთ საკმაოდ საინტერესო და შემოქმედებით მეთოდს, რომელსაც ხშირად ვიყენებ სწავლების პროცესში.

„წერა ილუსტრაციების მიხედვით“

მეთოდის თანახმად, მოსწავლეებმა უნდა შეთხზან ამბავი რომელიმე უცნობი მოთხრობის/ზღაპრის ილუსტრაციების მიხედვით. წარმოსახვასთან ერთად, ზემოაღნიშნული აქტივობა ავითარებს ნააზრევის წერილობით გადმოცემასა და სიუჟეტის აგებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობის დროს.

აუცილებელია ილუსტრაციების ყურადღებით შერჩევა, რადგან ისინი უნდა იძლეოდნენ „ფრთების გაშლის“ შესაძლებლობას. გამოიყენეთ ფერადი ან კონტურული ილუსტრაციები. შავ-თეთრი ნახატების გამოყენების შემთხვევაში მოსწავლეებს მათი გაფერადება შეეძლებათ. თუ შთაგონებისთვის ერთი ამბის რამდენიმე ილუსტრაციას მიაწვდით, მოსწავლეებმა ჯერ მათი თანმიმდევრობა უნდა აღადგინონ ან მოვლენათა განვითარების განსხვავებული, თუმცა ლოგიკური ჯაჭვი შექმნან.

დავალების ერთ-ერთ ვარიაციას წარმოადგენს ჯგუფებისთვის  საერთო მოთხრობის ან ზღაპრის ილუსტრაციების (ყველა ჯგუფს სხვადასხვა) დარიგება. საინტერესოა, მოერგებიან თუ არა ერთმანეთს მათ მიერ შეთხზული ეპიზოდები და თხზულების ახალი ვერსია რამდენად დაშორდება დედანს.

მოსწავლეებს დეტალური ინსტრუქციის, ქარგების გარეშე უჭირთ მსგავს კომპლექსურ აქტივობებთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის ორგანიზება, ამიტომ, სჯობს, მკაფიო ნაბიჯებად გაწერილი სამოქმედო გეგმა შესთავაზოთ, მაგალითად:

  • ჩამოწერე, რას ხედავ ილუსტრაციაზე;
  • დაწერე შეკითხვები, რომლებიც ილუსტრაციასთან დაკავშირებით გაგიჩნდა;
  • შეეცადე, შენივე შეკითხვებს პასუხი გასცე ვარაუდით ან ილუსტრაციაზე დაყრდნობით;
  • ახლა დააჯგუფე შენი პასუხები აღწერითი და სიუჟეტური შინაარსის წინადადებებად და ისეთი თანმიმდევრობით გადააბი, რომ ამბავი გამოგივიდეს (შესაძლოა, დაგჭირდეს რამდენიმე წინადადების ჩამატება და ნამუშევრის სტილისტურად დახვეწა);
  • წერის დასრულების შემდეგ აუცილებლად წაიკითხე შენი ნამუშევარი. ყურადღება მიაქციე სასვენ ნიშნებს, სიტყვების მართლწერას და ა.შ.

აქვე ერთგვარ ექსპერიმენტს შემოგთავაზებთ:

დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ილუსტრაციას და გეგმის მიხედვით შეთხზეთ რაიმე ამბავი. შემდეგ კი შეგიძლიათ ჩემს ვერსიას და ილუსტრაციის პირველწყაროს (ტექსტს, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ილუსტრაცია) გაეცნოთ.

გეგმის მიხედვით გაკეთებული ჩანაწერები:

  • ილუსტრაციაზე ვხედავ:
  1. ტყეს, დათოვლილ ნაძვებს, ბილიკს და ხის ტოტს, რომელზეც ციყვი შემოსკუპებულა. მას პომპონიანი ქუდი უჭირავს და ქვემოთ იყურება.
  2. პატარა ბიჭს, რომელიც ხის კუნძზე დგას და ხელები წინ აქვს გაშვერილი (სავარაუდოდ, ციყვისკენ). მას სვიტერი, ბოტები და რამდენიმე ადგილას დაკემსილი შარვალი აცვია.
  • შეკითხვები:
  1. ეს ქუდი, ციყვს რომ უჭირავს, ამ ბიჭისაა?
  2. რატომ არ აცვია ბიჭს ქურთუკი? არ სცივა?
  3. როგორ მოხვდა ბიჭი ტყეში? დაიკარგა თუ სახლიდან გამოიპარა?
  4. საით მიდის ბილიკი? ეს გზა ბიჭს სახლში დააბრუნებს?
  5. ციყვი ბიჭს ქუდს დაუბრუნებს?
  • პასუხები:
  1. ქუდი, რომელიც ციყვს უჭირავს, სავარაუდოდ, ბიჭუნას ეკუთვნის.
  2. ტყეში ეციება, რადგან ხეები თოვლითაა დაფარული და მოღრუბლულია. ალბათ ბიჭსაც სცივა, მაგრამ, ქუდის მსგავსად, მგონი ქურთუკიც დაკარგა.
  3. ბიჭი ალბათ ტყესთან ახლოს ცხოვრობს. რადგან პატარაა, სასეირნოდ მარტოს არავინ გამოუშვებდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გამოიპარა და სახლისკენ მიმავალ გზას ვეღარ აგნებს.
  4. ბილიკზე ნაფეხურების კვალია. ალბათ ბიჭი ამ ბილიკით მოვიდა. შეუძლია, თავის ნაფეხურებს გაყვეს და სახლში დაბრუნდეს, ან მშობლები მოაგნებენ ბილიკზე დატოვებული კვალის დახმარებით.
  5. ვფიქრობ, ციყვი ქუდს ფუღუროში წაიღებს და თბილად გამოიზამთრებს.

წინადადებების თანმიმდევრულად დალაგების შემდეგ ამბის კონტური გამოიკვეთა და მისი „გამხატვრულება“, ანუ თხზულებად ქცევა აღარ გამჭირვებია:

ნისლიანი დღე იყო. მზე არსად ჩანდა, ციოდა. ნაძვებს თოვლის სქელი საბნის ქვეშ მშვიდად ეძინათ. მიწაზე რბილი, ფაფუკი თოვლი ეფინა. ტყიდან ბილიკი გამოდიოდა. აქ აშკარად ვიღაცას გაევლო და თოვლში პატარა ოვალური ხვრელები დაეტოვებინა. ნაკვალევს თუ გაყვებოდი, ტყის სიღრმეში შეყუჟულ პატარა მინდორზე გაგიყვანდა. კვალი ხის კუნძთან წყდებოდა. მასზე აბობღებული პატარა ბიჭუნა ხელებგაშვერილი იდგა და რაღაცას ბუტბუტებდა. მოპირდაპირე ხის ტოტზე არხეინად შემოსკუპებულ ციყვი კი ბიჭს გაკვირვებული ჩაჰყურებდა. თათებით პომპონიანი ქუდი ჩაებღუჯა და, როგორც ჩანს, „ნადავლის“ ძველი პატრონისთვის დაბრუნებას სულაც არ აპირებდა.

ბიჭუნა ტყისპირა სახლში ცხოვრობდა. ათას საქმეში გართულ მშობლებს ხანდახან სახლიდან ეპარებოდა და იქვე, შორიახლოს დასეირნობდა. დღეს დილით კი იმხელა თოვლი დახვდა გარეთ!.. თან ახალი წელი ახლოვდებოდა და იფიქრა, იქნებ თოვლის ბაბუს სახლს მივაგნო და ჩემი სურვილი პირადად გავუმხილოო (წერა ჯერ არ იცოდა). ბევრი აღარ უფიქრია, თბილად ჩაიცვა და ტყის სიღრმისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.

სიარულის დროს ბიჭუნას დასცხა. ქურთუკი გაიხადა და ნაძვის პატარა ნერგს „ჩააბარა“, თან დაუბარა, არ დამიკარგოო! უცებ იგრძნო, რომ ვიღაცამ ქუდი მოხადა. ჯერ შიშისგან გული ლამის გაუსკდა, იფიქრა, საშიში ცხოველი მესხმის თავსო, მაგრამ მალევე მოჰკრა თვალი ტოტიდან ტოტზე მოხტუნავე პომპონს და აედევნა… უკვე საღამოვდებოდა, ბიჭუნა კი ისევ იმ ხესთან იდგა, რომელზეც, სავარაუდოდ, ციყვს დაედო ბინა და „ქურდს“ ჩურჩულით ემუდარებოდა:

  • დამიბრუნე რა ჩემი ქუდი! დამიბრუნე რაა!..

ციყვმა ერთ ხანს უყურა ბიჭს, უყურა და ახალ „საბანთან“ ერთად ფუღუროში შეიმალა.

საბედნიეროდ, მალე ბიჭუნას მშობლები გამოჩნდნენ. სიცივისგან და შიშისგან ერთიანად აცახცახებული პატარა  გულში ჩაიკრეს, თანატოლი ნერგისთვის ჩაბარებული ქურთუკი მოახურეს და ისევ იმ გათელილ ბილიკს გაუყვნენ  სახლისაკენ.

ციყვი კი საძილე ტომრად ქცეულ ქუდში შემძვრალიყო და ფიქრობდა:

  • ეს რა კარგი საწოლი ვიშოვე! ნეტა იმ ბიჭს რად უნდოდა?! აბა ეგ ამაში როგორ ჩაეტეოდა?!..

 

ილუსტრაცია ამოღებულია ანე-კატერინე ვესტლის ყველასათვის საყვარელი წიგნიდან „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ და ასახავს წრიპა მორტენის ერთ-ერთ თავგადასავალს („იყო ერთი პატარა ციყვი“). ეს თავი ზამთრის არდადეგებიდან დაბრუნებულ პატარებს თავიანთი თავგადასავლების გახსენების შემდეგ წავუკითხე, მანამდე კი, ილუსტრაციაზე დაყრდნობით, ამბის ახალი ვერსიები დავაწერინე. მგონი ქ-ნ ვესტლს მოეწონებოდა… და თქვენ?!

 

 

 

 

გაკვეთილი ოკუპაციის შესახებ

0

ჩემი მოსწავლეობის დროს ყოველთვის აღვნიშნავდით ხოლმე ოკუპაციის დღეს. ვატარებდით კონფერენციებს, კონფერენციებისთვის ვამუშავებდით სპეციალურ მოხსენებებს, უმარტივეს პროგრამებში ვამონტაჟებდით ვიდეო რგოლებს. ყველაზე მეტად პოსტერების დამზადება მომწონდა, რადგან ჩვენი ხელით გვიწევდა მათზე დასატანი რუკების შედგენა. ჩვენი რუკები დახუნძლული იყო ფერადი ისრებით, რომლებიც მატარებლებისა და გემების, დევნილებისა და სამხედროების გადაადგილებაზე მიანიშნებდნენ. წესისამებრ, ოკუპაციის დღეს სკოლაში ტელევიზიაც მოდიოდა და დაწვრილებით აშუქებდა სხვადასხვა კლასში გამართულ ღონისძიებებს.

ტრადიციული სასწავლო პროცესის მიღმა განსახორციელებელი საქმიანობა ყველას გვახალისებდა. უბრალოდ, ხანდახან განსაკუთრებული სევდა შეგვიპყრობდა, რადგან ყოველ წელს ერთი და იმავე პათოსით გვიწევდა მოსწავლეთა თავყრილობების ორგანიზება. ყოველწიურად გვიმეორებდნენ, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა და „ილიას მკვლელებმა“ ქვეყანა მიატოვეს. ყოველწლიურად შეძრწუნებული გამომეტყველებითა და გამყინავი ხმით გვიკითხავდნენ კოლაუ ნადრაძის ცნობილ ლექსს, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ხალხის სიმხდალეზე, უიმედობასა და დუმილზე მოგვითხრობს. მაშინ ჩემთვის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს არ უთქვამს, რომ „ცისფერყანწელის“ ლირიკა და რეალობა რამდენადმე განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

ორ კვირაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ასი წლისთავი შესრულდება. აქედან გამომდინარე, მინდა შეგახსენოთ რამდენიმე დეტალი, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ მოსწავლეებისთვის საუკუნის წინ განვითარებული მოვლენების უფრო ზუსტად და ობიექტურად წარმოჩენის საქმეში.

1921 წლისთვის საქართველო რუსეთის წინაშე მარტო, ერთი ერთზე აღმოჩნდა.  ოკუპაციის დაწყების მომენტისთვის ბოლშევიკები აკონტროლებდნენ აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც. ჩრდილოეთ კავკასიიდან თითქმის სრულად იყვნენ განდავნილნი რუსეთის სამოქალაქო ომში მონაწილე ანტიკომუნისტური ძალები. არც სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით, თურქეთის მხარეს გვყავდნენ პარტნიორები, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის განადგურებით ხელის მოთბობაზე იტყოდნენ უარს. რეგიონიდან უკვე გასული იყო ბრიტანეთის ჯარები, ევროპულ მთავრობებში ჯერ უპირატესობა მოპოვებული არ ჰქონდათ საქართველოს გულშემატკივარ მემარცხენე პოლიტიკოსებს. მაშასადამე, თებერვლისთვის რესპუბლიკას ახლომახლო არცერთი ძლიერი მოკავშირე არ ეგულებოდა და თან ყველა სიკეთესთან ერთად ალყაში იყო მოქცეული.

1921 წლის თებერვალ-მარტში წარმოებული ომი რესპუბლიკისთვის პირველი სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირება არ ყოფილა. 1918 წლიდან  მოყოლებული დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების იარაღი არ გაუგდიათ ხელიდან და განუწყვეტლად ცდილობდნენ ქვეყნის დაცვას შავი ზღვის ნაპირებზე გამაგრებული „თეთრგვარდიელებისგან“, სამხრეთიდან შემოჭრილი თურქებისგან, ცხინვალში აჯანყებული ბოლშევიკებისგან, გვქონდა ომი სომხეთთანაც. სამხედრო სიმამაცე და თავგანირვა არც სახალხო გვარდიის წევრებს და არც ქართველ ჯარისკაცებს არ აკლდათ, საქართველო მხოლოდ ასამდე იუნკერის იმედად არ ყოფილა მიტოვებული.

ასი წლის წინ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან არ დასხმიან თავს. ბოლშევიკებმა ქვეყანას ყველა მიმართულებიდან შემოუტიეს. რუსები შემოვიდნენ აფხაზეთიდანაც, რაჭიდანაც, კახეთიდანაც. მიუხედავად მოკავშირის არყოლისა, ომებით დაქანცულმა ქართულმა სახელმწიფომ სამი კვირა იბრძოლა. გენერალ გიორგი კვინიტაძის მიერ თბილისის დატოვების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (გადაწყვეტილება მიიღო სამხედრო ხელმძღვანელობამ და არა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, ნოე ჟორდანია არსად არ გაქცეულა, იგი დაემორჩილა კანონსა და მთავარსარდალს) ჩვენი თანამოქალაქეები რუსებს წინააღმდეგობას უწევდნენ მთელ საქართველოში, განსაკუთრებით სასტიკი იყო ბრძოლა სურამთან და ქუთაისთან, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ ათ მარტს დაეცა. საქართველოს პირველ რესპუბლიკას უბრძოლველად, დალისა და ქსნის ხეობების მსგავსად, ერთი გოჯი მიწაც კი არ დაუთმია.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობიდან პირველ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. მთავრობის რიგი წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ ჟორდანიას მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე თავისი სამ შვილთან ერთად  კრეისერიდან ჩამოვიდა, რათა ბათუმი დაეცვა სამხრეთიდან დაწყებული მორიგი შემოტევისგან. სტამბოლისკენ მიმავალთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღიათ. მთავრობას ემიგრაციაში წასვლა დამფუძნებელმა კრებამ დაავალა, რათა ქვეყნის წარმომადგენლებს დასავლეთში გაეგრძელებინათ ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ და რუსებისთვის არ მიეცათ ქვეყნის დაპყრობის, რესპუბლიკის დამხობის ლეგიტიმაციის საშუალება. სამწუხაროდ, ბევრს ავიწყდება, რომ ქვეყანა არ დაუტოვებია დაახლოებით ას პარლამენტარს, პოლიტიკური კლასის წარმომადგენელთა უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მათი უმრავლესობა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და რესპრესიებს შეეწირნენ. 1924 წლის აჯანყებამდე თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც ინტენსიურად იმართებოდა ანტისაოკუპაციო დემონსტრაციები და აქციები, რომელთაც ასევე სისხლში ახშობდნენ.

ქვეყანა 1921 წლის თებერვალში არ დადუმებულა, ჩვენ ვცდილობდით წინააღმდეგობის გაწევას, ჩვენ ვიბრძოდით, მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ბედისწერამ გადარჩენის შანსი მაინც არ დაგვიტოვა.

მოზარდის პარალელური სამყარო

0

ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ კრიტიკულ პერიოდში, ინტენსიური ფსიქოლოგიური ცვლილებების პროცესში, ფსიქიკა იყენებს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რათა პიროვნება ზედმეტი ტრავმისაგან იყოს დაცული. ამ მდგომარეობაში იცვლება სამივე კომპონენტი, რომელიც ქმნის ჩვენს ცნობიერს. თუ ადამიანი ცნობიერია, მან ზუსტად უნდა უპასუხოს სამ შეკითხვას: სად ვარ მე? ვინ ვარ მე? და როდის ვარ მე „მე“?

შეცვლილ მდგომარეობაში სამივე ინდიკატორის მიერ ცნობიერების კონცენტრირება ვიწროვდება ან ფართოვდება, რაც ფსიქიკას იმის საშუალებას აძლევს, რომ შეასრულოს გარკვეული მანევრები და სიტუაციის შესაბამისად გადაეწყოს, პიროვნების სტაბილურობის შენარჩუნებით.

ვეცადოთ, გავიგოთ, როგორ იცვლება მოზარდის ცნობიერება და რატომ სჭირდება ეს მის ფსიქიკას? დასაწყისისთვის, აღვნიშნავთ, რომ ეს არ ეხება ანომალიებსა და პათოლოგიებს, არამედ უფრო ბუნებრივ ფსიქო-ფიზიოლოგიურ პროცესებს და ჯანსაღ პიროვნულ გარდაქმნებს.

როგორც წესი, მოზარდს სამყარო ამორფულად ეჩვენება – მას არ აქვს მკაფიო სტრუქტურა და შეიძლება სიტუაციაზე მორგებული რომელიმე ფორმას მიეცეს. ამ სამყაროში არ არსებობს პოსტულატები და აქსიომები. ამიტომ ეჭვქვეშ დგება ნებისმიერი სოციალური კავშირი, ურთიერთობების სტაბილურობა. მასში არსებობს თავისუფალი თვითგამოხატვის უზარმაზარი პოტენციალი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო „დაბრმავებული“ უფროსი თაობა ბლოკავს.

რატომ სჭირდება მოზარდის ფსიქიკას ასეთი ილუზიის შექმნა? პასუხი მარტივია:

მოზარდის მოთხოვნილებების სფერო იმდენად სწრაფად გარდაიქმნება, რომ  საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული ქმედებების ორგანიზებისა და განხორციელების პროცესი ამას ვერ ეწევა. ტვინი მოზარდის პიროვნებას არ აცნობს იმას, თუ როგორ უნდა იარსებოს რეალურ სოციუმში, სადაც ამჟამად ცხოვრობს.

ადრე მოზარდს მუდმივად ეუბნებოდნენ, რა და როგორ უნდა ეკეთებინა, ახლა კი ცხოვრება მისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს. ის თავს ახლებურად გრძნობს და ხედავს, რომ მას საზოგადოება ახალ მოთხოვნებს უყენებს. სამყაროს ძველი – ბავშვობის დროინდელი სურათი – აღარ არის აქტუალური, ახალი სურათი – ზრდასრულობის – ჯერ არ არსებობს, რადგან არ არსებობს არანაირი გამოცდილება, რომლის საფუძველზეც შეიძლება ის ჩამოყალიბდეს.

სწორედ ამიტომ მოზარდის ფსიქიკა ქმნის ილუზორულ სამყაროს, ასევე პირადი თავისუფლების გამოხატვის დიდი პოტენციალის ილუზიას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოზარდი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა აკეთოს, არ აქვს გარანტიები, რომ რამეს მიაღწევს, იწყებს მოქმედებას ახალი გამოცდილების მისაღებად და სამყაროსთვის თავისი თავის გასაცნობად.

საზოგადოების წესების უნებლიე დარღვევა საშიში არ არის, როცა არსებობს ილუზია, რომ ეს წესები არცთუ მკაცრია. არ არის საშიში მოიქცე აბსურდულად და უჩვეულოდ, როცა არსებობს თვითგამოხატვის თავისუფლების ილუზია.

მოზარდის კიდევ ერთი ილუზიაა – ზედმეტი თავდაჯერებულობა ქცევის ფორმების ეფექტურობის შეფასების უნარში. თავისი მომავლის შესაძლო სცენარებზე ფიქრისას, მოზარდი ისე გეგმავს მომავალს, რომ დარწმუნებულია – ეს ნამდვილად ასე იქნება და ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.

ეს ილუზია აუცილებელია. ამ ილუზიით მოზარდისთვის უფრო ადვილია ცხოვრებისეული არჩევნის გაკეთება, თორემ უბრალოდ გამბედაობაც არ ეყოფოდა იმისათვის, რომ გარკვეულიყო, რა მიმართულებით უნდა იაროს, ან როგორ უნდა გადადგას პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები სოციალური ავტონომიისკენ.

მოზარდის ცნობიერების კიდევ ერთი ილუზიაა საკუთარ თავთან გაორება. რადგან მოზარდი ბავშვი აღარ არის, მაგრამ არც ზრდასრულია, ის ერთდროულად გრძნობს თავს ბავშვადაც და ზრდასრულადაც. ეს მრავალი თვალსაზრისით საკმაოდ წინააღმდეგობრივი მდგომარეობაა, რადგან ზრდასრულ ადამიანს შეუძლია თავი იგრძნოს ბავშვად, ამავდროულად, მას ზუსტად ეცოდინება, რომ ის ზრდასრულია. მოზარდის შემთხვევაში ეს რთულდება.

მოზარდი განუსაზღვრელ მდგომარეობას ფიზიოლოგიის დონეზეც კი განიცდის. მას არ შეუძლია, საბოლოოდ დაადგინოს – ბავშვია თუ ზრდასრული? როდესაც უფროსები ამ საკითხში დახმარებას სთავაზობენ, მოზარდი ეწინააღმდეგება. თუ მოზარდს ბავშვს უწოდებენ, ის იწყებს მტკიცებას, რომ ზრდასრულია. თუ ზრდასრულს უწოდებენ, ამბობს, რომ ეს უსამართლობაა, რადგან ჯერ ისევ ბავშვია. და ეს ილუზია ასევე აუცილებელია! მის გარეშე შინაგანი მდგომარეობების შეუსაბამობა მოზარდს დეზორგანიზებულ ნევროზამდე მიიყვანს.

კიდევ ერთი ფენომენი უკავშირდება ორმაგობის ამ ილუზიას – სასურველ მდგომარეობასთან ფსიქოლოგიურ შერწყმას. ილუზიის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებებს ჩვენ მაშინ ვხედავთ, როდესაც რეალურ ცხოვრებაში მოზარდები ცდილობენ, მიბაძონ თავიანთ კერპებს, ფაქტობრივად, კოპირებენ მათ გარეგნობასა და ქცევას. მოზარდი კერპის პიროვნულ თვისებებს ჰიპერმნიშვნელობას ანიჭებს. ის მათ ბევრად უფრო ნათელ ფერებში ხედავს, ვიდრე სინამდვილეშია.

ეს ემყარება ბუნებრივ მექანიზმს, რომელსაც ფსიქიკა მოზარდის ახალი თვისებების განვითარებისკენ მიმართული საქმიანობის ორგანიზებაში იყენებს. ამით მოზარდი არაფრით განსხვავდება ახალბედა სპორტსმენისგან, რომელიც სპორტული კარიერის დასაწყისში თავს ოლიმპიური მედლის მფლობელად, ჩემპიონად წარმოიდგენს. ერთადერთი განსხვავება ამ პროცესში საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა. სპორტსმენმა იცის, რომ ის ჯერ არ არის ჩემპიონი, მას შეუძლია ილუზიიდან „ამოხტომა“, ხოლო თინეიჯერი, რომელიც ერწყმის თავის წარმოსახვით პერსპექტიულ სურათს, თავს მართლაც ასეთად გრძნობს.

სწორედ ამის გამო მოზარდი უფროსი მეგობრების პირად თვისებებს დამახინჯებულად აღიქვამს და ჰგონია, რომ ისინი „ძალიან გამოსულები“ არიან. თუკი მოზარდი თავს ჩემპიონად გრძნობს, უფროსი ასაკის მეგობრები მისთვის მთლად სუპერმენები არიან.

კიდევ ერთი ილუზია, რაც მეტწილად პირადი მანიფესტაციების ჰიპერმნიშვნელობის შედეგია, არის მოზარდის ცხოვრებისეული მიზანსცენების ჰიპერმნიშვნელობის ილუზია. მოზარდს შეუძლია, მთელი დღეები გაატაროს ემოციებში, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ სიტუაციასთან, რაც მას წინა დღეს დაემართა. ის საათობით ინახავს თავში ვიზუალურ მოდელს, რომელშიც პერსონაჟები გაშეშებული არიან, მაგრამ, ამის მიუხედავად, ისინი არიან ცოცხლები და ანიმე-გმირებივით ემოციებს გამოხატავენ. აქედან გამომდინარე, მოზარდის ქცევაში გარკვეული თეატრალიზმი და დრამატულობა ჭარბობს.

ეს ილუზია ფსიქიკისთვის აუცილებელია, რათა მოზარდს ემოციური ინტელექტის განვითარება გაუადვილოს. მოზარდი საათობით შეისწავლის ცხოვრებისეულ მიზანსცენებს, საკუთარ და სხვის ემოციებს, მათ პროგნოზირებას.

მოზარდის ცნობიერების უკანასკნელი ილუზია ფსიქოლოგიური უკვდავების ილუზიაა. მიუხედავად ზემოთ აღწერილი შესაძლებლობისა, მოზარდი მარტივად ადგენს გრძელვადიან გეგმებს, მაგრამ მისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს.

სამომავლო გეგმების დასახვის რეალური შესაძლებლობა პირდაპირ კავშირშია საკუთარი თავისა და საჭიროებების ჰოლისტიკურ იდეასთან, როგორც აწმყოში, ისე მომავალში. მოზარდს არც პირველი და არც მეორე არ აქვს, ამიტომ მას არ შესწევს ძალა თავის აღქმაში შეადგინოს დროის სრულფასოვანი ხაზი საკუთარ თავთან მიმართებით.

მოზარდს არ შეუძლია წარმოიდგინოს მომავალი, არ შეუძლია წარმოიდგინოს და იგრძნოს თავი ზრდასრულად, მოწიფულად. თავის წარმოსახვით მომავალში ის საკუთარ თავში ყველა იმ მოზარდულ თვისებას ხედავს, რომელიც ახლა აქვს, ოღონდ განსხვავებული კუთხით.

მოზარდს არ შეუძლია წარმოიდგინოს თავი მოხუცად, არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად. ამაზე ფიქრმაც კი შეიძლება მასში ზიზღი გამოიწვიოს. ის თითქოს თრგუნავს იმ აზრს, რომ მას მომავალში ფსიქოლოგიური სიბერე ელის, ამ მხრივ, ის ფსიქოლოგიურ უკვდავებას გრძნობს.

ამ განცდას ამყარებს ის ფაქტი, რომ ფიზიოლოგიურად ის ინტენსიური განვითარების ეტაპზეა და ეჩვენება, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს, ეს საბოლოოდ მხოლოდ მის ზრდა-განვითარებას გამოიწვევს.

ყველა ზემოთ აღწერილი თავისებურების გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ, რომ მოზარდი თითქოს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაშია, რომლის გამოვლენასა და შენარჩუნებას ხელს თავად ბუნება უწყობს. მოდით, შევეცადოთ ეს უფრო ღრმად გავიაზროთ, რამდენად რთულია მოზარდისთვის ისეთი რამის გაკეთება, რაც, როგორც ჩანს, ზრდასრული ადამიანისთვის მარტივია. რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს მოზარდს იმის გამო, რომ მთელი სამყარო, მთელი მოზრდილთა საზოგადოება რეალურად სხვა სისტემაში, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. რამდენად დიდია კედელი, რომელიც მას მოზრდილთა სამყაროსგან ჰყოფს!

მოდით, იმაზე დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია სამყარო უფრო კომფორტული გავხადოთ მოზარდებისთვის? რა გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია მათთვის? რა შეგვიძლია ვუთხრათ? იქნებ, ჩვენ კი არა, მათ გვასწავლონ რამე ახალი?..

 

წყარო: https://mel.fm/blog/artem-tarayants/85936-izmenennoye-soznaniye-i-parallelny-mir-podrostk

საინტერესო პროექტი, ანუ „ფარული“ მათემატიკა

0

ამ სტატიაში მინდა, გიამბოთ ერთ საინტერესო პროექტზე, რომელიც  სკოლაში განვახორციელეთ. მასში საბაზო და საშუალო საფეხურის სამი ათეული მოსწავლე მონაწილეობდა.

სიამოვნებით გაგიზიარებთ გამოცდილებას, როგორ გახადეს პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა სკოლის დერეფნები ყველასათვის მიმზიდველი და კომფორტული, და როგორ დაგეგმეს სხვადასხვა თამაში გაკვეთილებს შორის აქტიური დასვენებისათვის.

ყველაფერი ასე დაიწყო: პროექტის მოდერატორებმა (სკოლის მათემატიკის, ფრანგული ენის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა) შევკრიბეთ მოსწავლეები და ვაჩვენეთ ფილმი  https://clck.ru/SkPas, გერმანული გამოცდილებით. ფილმში ბაღის აღსაზრდელები თავიანთი სურვილებითა და იდეებით სასიკეთოდ ცვლიან არსებულ გარემოს. ამ ფილმით ბავშვებს ვუთხარით, რომ თუ მათ ექნებათ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ცვლილებებში, ცვლილებები მოხდება!

დაინტერესება მყისიერი იყო. პირველად ბავშვებმა დაიწყეს სკოლაში არსებული პრობლემების გამოკვეთა (ჩამონათვალი მცირე არ იყო). შემდეგ აირჩიეს ისეთი, რომლის გადაჭრაც შესაძლებელი იქნებოდა და სკოლაში არსებულ სასკოლო ცხოვრებას გაამრავალფეროვნებდა.

ისევე როგორც ბევრ სკოლაში, ჩვენს სკოლაშიც სასკოლო ცხოვრება და არაფორმალური განათლება გააქტიურებას საჭიროებს. მოსწავლეებს არა აქვთ არაფორმალური განათლებისათვის „კომფორტული სივრცეები“. დასვენებებზე ისინი ქაოსურად მოძრაობენ, დარბიან, ხმაურობენ, ერთმანეთს აბულინგებენ. სასკოლო ცხოვრება რუტინულია. სამწუხაროდ, არავის ცდილობს კლასის გარეთ იზრუნოს სკოლაზე, გარემოსა და ერთმანეთზე. არავინ ცდილობს, დაგეგმოს საინტერესო და სახალისო აქტივობები, გახადოს სასკოლო ცხოვრება ლამაზი, შემოქმედებითად გააცოცხლოს და აამეტყველოს სკოლის დერეფნები.

საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა სკოლის მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების, შემოქმედობითობისა და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისათვის დერეფნებში კომფორტული სივრცეების მოწყობა. გადაწყვიტეს, დერეფნის კუთხეებში დადგან რბილი კომფორტული ფერადი ავეჯი, სადაც დასვენებებს შორის გამართავენ სხვადასხვა სახალისო აქტივობას. ბავშვები ფიქრობენ, რომ ამ სივრცეებში მასწავლებლებსაც შეეძლებათ საგაკვეთილო პროცესის საინტერესო გარემოში გადმოტანა.

ბავშვებმა დაიწყეს გადაჭრის გზების ძიება, დაწერეს გეგმა. დაიწყეს ფიქრი, როგორ შეფუთონ იდეა ისე, რომ ერთდროულად მომხიბვლელი აღმოჩნდეს როგორც სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისთვის, ასევე სამეურვეო საბჭოსა და დირექციისათვის, რათა იდეა დაფინანსდეს.

 

ბავშვებმა მეტი თვალსაჩინოებისა და ეფექტისთვის სკოლის დერეფნის მაკეტის შექმნა გადაწყვიტეს. ასე ფარულად შემოვიდა პროცესში მათემატიკა.

მოსწავლეებმა დაიწყეს აზომვითი სამუშაოები. სახაზავი ლენტის საშუალებით გაზომეს დერეფნის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. დერეფნის „შეჭრილი“ ნაწილებიც მთელი სიზუსტით გაიზომა. გაზომეს საკლასო ოთახების ფანჯრებსა და კარებებს შორის მანძილები, ასევე კარებებისა და ფანჯრების განზომილებები. მონაცემები, რა თქმა უნდა, ჩაინიშნეს. შეიმუშავეს მასშტაბი 1:20. რეალური ზომები მასშტაბის მიხედვით გადაიყვანეს შესაბამის ზომებში და შექმნეს დერეფნის იატაკისა და კედლების ნახაზები. კედლებზე, ცხადია, დახაზეს კარებები და ფანჯრები შესაბამის პროპორციულ ზომებში.

საქმე მარტივი ეგონათ, თუმცა მიხვდნენ, რომ თუ ყველა ზომა სიზუსტით არ იქნებოდა აღებული და მასშტაბის მიხედვით სწორად გადაყვანილი, ნახაზები არაზუსტი გამოვიდოდა, პროპორცია დაირღვეოდა და მაკეტიც ვერ აიგებოდა. კიდევ უფრო მონდომებით შეუდგნენ სამუშაოების შესრულებას, არაერთხელ მოუწიათ ერთი და იმავე სიგრძის გაზომვა ცდომილების აღმოსაფხვრელად.

ჯერი მაკეტის შექმნაზე მიდგა. რა მასალით უნდა გააკეთონ მაკეტი? მოიძიეს დიდი ზომის მუყაოს ყუთები, დაშალეს, გადაიტანეს ზედ ნახაზები, გამოჭრეს და შეკრეს მაკეტი. მაგრამ მაკეტის შექმნის მიზანი ხომ ეფექტის მოხდენა იყო, მუყაოს მაკეტს კი სილამაზე აკლდა. გადაწყვიტეს მუყაოს მასალა პენოპლასტის ფილებით შეეცვალათ. იგივე სამუშაოები პენოპლასტზე ჩაატარეს და შექმნეს დერეფნის ლამაზი მაკეტი, მათემატიკური სიზუსტისა და პროპორციების დაცვით.

მაკეტში ავეჯიც ხომ უნდა ჩაედგათ? ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ მაღაზიებში ნაყიდი ავეჯი არ გამოდგებოდა, რადგან ზუსტად უნდა მორგებოდა დერეფნის კუთხეებსა და ბავშვების ჩანაფიქრს. დაიწყო ავეჯის დიზაინზე ფიქრი. ბევრი ვერსიის შემდეგ დაადგინეს, რომ ერთ ნაწილში დადგან კუთხის დივანი, წინ მართკუთხედის ფორმის მაგიდითა და პატარა რბილი სკამებით (პუფები), ხოლო მეორე ნაწილში – მრგვალი მაგიდა, ირგვლივ ფერადი პუფებით. ცხადია, ავეჯის ესკიზი უნდა შექმნილიყო, ზუსტი ზომების დაცვით, ისე, რომ სივრცეში განლაგება ჰარმონიული ყოფილიყო. ბავშვებმა ესეც გააკეთეს – ისევ გაზომვები, ისევ მასშტაბი, ისევ პროპორცია… უნდა აღვნიშნო, როგორ მოხაზეს ერთ-ერთ შეკრებაზე დერეფნის იატაკზე წრე, სივრცის აღქმისა და მრგვალი მაგიდის რადიუსის დასადგენად. პროცესი შემოქმედებითი იყო, მატემატიკური ცოდნითა და უნარებით გაჯერებული. შეიქმნა ავეჯის ესკიზიც და მაკეტიც, რომელიც მოსწავლეებმა დერეფნის მაკეტში განათავსეს და ასე მიიღო მაკეტმა სრულყოფილი სახე.

მაკეტი მზადაა წარსადგენად, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მოსწავლეები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ – რა ჯდება ავეჯის დამზადება და სად უნდა შევუკვეთოთ ის? მომდევნო ნაბიჯი ხარჯთაღრიცხვაა. ბავშვებმა მედიატორთან ერთად დაიწყეს ავეჯის საამქროებში სიარული. აკვირდებოდნენ ფასებს, ხარისხს, მომსახურეობას. შეარჩიეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი და ხარჯთაღრიცხვაც შეადგინეს.

 

ბიუჯეტი

# დასახელება რაოდენობა ერთეულის ფასი ფასი
1 კუთხის დივანი 1 1830 1830 ლარი
2 მრგვალი მაგიდა 1 350 350 ლარი
3 ოთხკუთხედი მაგიდა ლამინატის 1 290 290 ლარი
4 პუფი 16 35 560 ლარი
  სულ 3030 ლარი

 

მაკეტი თავისი ბიუჯეტით საინიციატივო ჯგუფმა ჯერ მოსწავლეთა თვითმმართველობას წარუდგინა, შემდეგ მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ წარადგინა სკოლის სამეურვეო საბჭოსთან. დირექციამ პროექტი დააფინანსა. ასე შეცვალეს ბავშვებმა არსებული გარემო. გააცოცხლეს დერეფნები. დასვენებებზე მართავდნენ შემეცნებით თამაშებს სხადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის. სხვათა შორის, ისეთი ლამაზი და მომხიბვლელი გარემო შეიქმნა, რომ სკოლის საპატიო სტუმრებსაც აქ ღებულობდნენ. მაგალითად, სკოლას სტუმრობდა საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი მისი აღმატებულება დიეგო კოლასი და ბავშვებმა ის სიამაყით მიიწვიეს მათ მიერ შექმნილ „თავისუფალ ზონაში“ კითხვებზე საპასუხოდ.

ახლა მათემატიკას მივუბრუნდეთ და მონაწილეობით პროექტში მის წვლილზე ვისაუბროთ. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ რთული იქნებოდა ვერბალურად აღეწერათ თავიანთი იდეები. მათემატიკის დახმარებით ეს თვალსაჩინო და ნათელი იყო. მაკეტი ყველა შეკითხვას პასუხობდა.

მაკეტზე მუშაობისას მოსწავლეებმა გაიაზრეს

  • ჩვენ გარშემო არსებულ უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს;
  • რეალურ ცხოვრებაში მოვლენებს აღიწერება გეომეტრიული ობიექტების ან ფიგურის მეშვეობით. კარგი მოდელი გვეხმარება მიმდინარე პროცესების გაგებაში;
  • სიბრტყესა და სივრცეში გეომეტრიული ფიგურების ზომის გამოთვლა ხდება შესაბამისი წესით, გაზომვა ხდება შესაბამისი სტანდარტული ერთეულით;
  • ფარდობა ადგენს შესაბამისობას ორ რაოდენობას (სიდიდეს) შორის;
  • პროპორციული დამოკიდებულება გვიჩვენებს, როგორ იცვლება რაოდენობები ერთმანეთთან მიმართებაში/დამოკიდებულებაში;
  • საკვლევი თემის განსაზღვრისა და მონაცემების შეგროვების შემდეგ, მონაცემების უკეთ აღქმისა და გაანალიზების მიზნით მათი მოწესრიგება, ორგანიზება და შესაბამისი ფორმით წარმოდგენაა საჭირო.

არაფორმალურ გარემოში მათემატიკური ცოდნისა და პროცედურების გამოყენებით ბავშვებმა დაინახეს მათემატიკის როლი და მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შედგენისათვის. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისათვის (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით). ქეთი ცერცვაძე .
  2. https://clck.ru/SkNrc

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა, კითხვის უნარ-ჩვევის გამომუშავებისთვის

0

დაწყებითი სწავლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მოსწავლეებისთვის კითხვის უნარ-ჩვევის გამომუშავებაა, რაც ხანგრძლივი პროცესია. მოსწავლე ისე უნდა შევაჩვიოთ წიგნების კითხვას, რომ მისთვის ეს სახალისო იყოს. კითხვის უნარ-ჩვევის გამომუშავებისთვის აუცილებელი პირობაა, მოსწავლემ იკითხოს ასაკის შესაბამისი დამატებითი ლიტერატურა და გაიუმჯობესოს კითხვის ტექნიკა. დამეთანხმებით, რომ საპროგრამო მასალა არ არის საკმარისი; კითხვის უნარის განვითარებისთვის მასწავლებელს უწევს დამატებითი ლიტერატურის მოძიება და სახალისო აქტივობების მოფიქრება.

ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტში ვკითხულობთ, რომ „კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთან, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვას. მათში მოცემული ინფორმაციის გაგებას, გააზრებასა და გამოყენებას“.

„საწყის ეტაპზე კითხვის სწავლების უპირველესი მიზანია მოსწავლეებში წერილობითი ტექსტის გაშიფვრის უნარის გამომუშავება. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განივითარონ გაწაფული კითხვის უნარ-ჩვევა, მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რას კითხულობენ და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ტექსტებიდან“.

აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს უნდა მივაწოდოთ შესაბამისი ლიტერატურა შესაბამის ასაკში, სასურველია, ილუსტრირებული, რომ უკეთ შეძლონ წაკითხულის გაგება-გააზრება. დაწყებითი კლასების მოსწავლეები უკეთ აღიქვამენ, გაიგებენ და გაიაზრებენ ილუსტრირებულ ტექსტებს.

მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, გამონახოს რამე ფორმა, რამე საინტერესო აქტივობა, რომ მოსწავლეს მეტი ინტერესი გაუჩნდეს წიგნის მიმართ. უბრალოდ მოწოდება, რომ „წიგნი იკითხოს“, არ არის საკმარისი; საჭიროა პრაქტიკული გზის მიგნება, რომელიც ბიძგს მისცემს მოსწავლეს და კითხვის პროცესს სასიამოვნოს გახდის.

მინდა, გაგიზიაროთ ერთ-ერთი აქტივობა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კითხვის უნარ-ჩვევის განვითარებაში და მათში ინტერესი აღძრას.

აქტივობა გულისხმობს წარმატებულ, წიგნიერ ადამიანებთან შეხვედრასა და საუბარს. ეს შეიძლება ერთ-ერთ დამხმარე, მამოტივირებელ აქტივობად ჩაითვალოს წიგნიერი თაობის აღზრდის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში.

ნაბიჯი 1: შეარჩიეთ სტუმარი, რომელიც შეძლებს საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემას ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე.

ნაბიჯი 2: შეარჩიეთ თემა – „რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები“.

ნაბიჯი 3: განსაზღვრეთ შეხვედრის მიზანი.

ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებს გაოდათ მეტი ინტერეს წიგნიერებისა და სწავლისადმი. დაკმაყოფილებინათ ცნობისმოყვარეობა, განმტკიცებინათ მოსმენის და შეფასების უნარები.

ნაბიჯი 4: არჩეული თემის ირგვლივ მოიფიქრეთ კითხვები. მოსწავლეებმა გამართეს საუბარი ამ თემის შესახებ. შემდეგ ვთხოვე, ჩამოეწერათ კითხვები, რომლებსაც სტუმარს დაუსვამდნენ. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა კითხვები თვითონ მოიფიქრონ. შემდეგ მასწავლებელს შეუძლია, შეიტანოს შესწორება.

მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესო კითხვები მოიფიქრეს:

  1. რომელია თქვენი საყვარელი მწერალი?
  2. როგორც ვიცით, ძალიან დაკავებული ბრძანდებით, ახლა თუ გრჩებათ დრო წიგნების საკითხავად და რას კითხულობთ?
  3. ბავშვობის მოგონება, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით იხსენებთ.
  4. რამდენად რთულია თქვენი საქმიანობა?
  5. თქვენთვის რომელი წიგნია განსაკუთრებული და რატომ?
  6. ვინ შეგაყვარათ კითხვა?
  7. ვინ იყო თქვენი პირველი მასწავლებელი? ორიოდე სიტყვით მოგვიყევით მასზე.
  8. რა ასაკიდან დაიწყეთ წიგნების კითხვა?
  9. რომელ მასწავლებელს მიუძღვნიდით ლექსს და რატომ?
  10. რომელია თქვენთვის ყველაზე სამახსოვრო წიგნი, რომელიც ბავშვობაში წაგიკითხავთ?
  11. რა უნდა გავითვალისწინოთ წარმატების მისაღწევად?
  12. ბავშვობაში წასაკითხ წიგნებს ვინმე გირჩევდათ თუ თვითონ ირჩევდით?
  13. ალბათ ხშირად გიწევთ უცხოელებთან შეხვედრა. თუ უჩუქებიათ თქვენთვის წიგნი, რომელმაც ძალიან გაგაკვირვათ ან გაგახარათ?
  14. პირველი წიგნი, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ.
  15. რა ჟანრის ნაწარმოებებს ანიჭებთ უპირატესობას?
  16. რა გვირჩევთ, რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?
  17. ბავშვობაში წაკითხულმა რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება?

ნაბიჯი 5: შეადგინეთ წესები, რომლებითაც შეხვედრისას იხელმძღვანელებთ.

მაგალითად:

. ერთ მოსწავლეს ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა ჰქონდეს;

. მოვუსმინოთ ერთმანეთს.

კითხვის დასმის რიგითობა განვსაზღვრეთ ე.წ. სახელის არჩევის მეთოდით. ამისთვის გამოვიყენე ვებგვერდი https://wheelofnames.com/.

ნაბიჯი 6: დანიშნეთ შეხვედრა. Microsoft Teams-ის პლატფორმა მშვენიერი საშუალება აღმოჩნდა შეხვედრების ორგანიზებისთვის. წინასწარ გადაამოწმეთ, სტუმრის ელექტრონული მონაცემები რამდენად თავსებადია იმ პროგრამასთან, რომლის გამოყენებასაც აპირებთ.

თუ შეხვედრის ჩანაწერის გაკეთებას გეგმავთ, აუცილებლად შეუთანხმდით სტუმარს და დამსწრე პირებს.

ნაბიჯი 7: დასასრულს შეაჯამეთ შეხვედრა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სტუმარმა საინტერესოდ ილაპარაკა ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე. დასასრულს შეხვედრა შეჯამდა: რა მოეწონათ, რამ მიიპყრო მათი ყურადღება, რა გაიგეს მნიშვნელოვანი.

გიზიარებთ შეხვედრის ჩანაწერს. იხილეთ ბლოგზე.

პირად მაგალითს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფორმირებისთვის. გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრები/საუბრები მოსწავლეებს ეხმარება, დაისახონ მიზანი, გაუჩნდეთ ინტერესი წიგნიერებისა და სწავლისადმი. ამ ფორმით მიღებული შთაბეჭდილებები სამახსოვროა და შეუძლია, დადებითი გავლენა მოახდინოს ბავშვზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“

https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი, ქართული ენა და ლიტერატურა დაწყებით საფეხურზე

https://ncp.ge/files/ESG/2016-2021/58%20muxli%20-%20qartuli%20ena%20da%20literatura%20-%20standarti.pdf

„ოტო ფონ დარდიმანდიანცი“

0

2016 წლამდე მე და ფისოებს დათვის და რაჭველის ურთიერთობა გვქონდა. მე ფისოებთან არ მივდიოდი, ისინი ჩემთან. აღნიშნულ  წელს კი  კართან ოთხფერი ფისო გამოჩნდა პატარა ჟღალი კნუტით. თავის სამყაროშიც სწორედ მაშინ ჩამითრიეს. უფრო სწორედ, კნუტმა მომაჯადოვა და დედამისსაც მისი ხათრით ვაჭმევდი. სადარბაზოში  ჩემს მიერ სპეციალურად ნაყიდ სახლში ცხოვრობდნენ. მთელი დღეები ან მზეს ეფიცხებოდნენ (მეზობლის აივანზე) ან უხილავ ჩრდილებს დასდევდნენ. პატარა ბიჭს „ფინტიკოზ დარდიმანდიანცი“ დავარქვი. რომელი დარდიმანდი ის იყო, მაგრამ მოუხდა რაღაც ეს სახელი. მერე „ფინტი“ წავიდა  ფინტი… და დედამისი, „კატუშა დეიდა“  ჩემი მეგობარი გახდა. დიახ, არ მოგესმათ ბევრ ადამიანზე მეტად გამოსდის მეგობრობა და ზოგჯერ ჩემს გასახალისებლად, ამხელა დროული ქალი, პატარა კნუტივით ფუნდრუკობს.

ფისოების გადამკიდე, ბუნებრივია, სოციალურ ქსელში მათივე  ჯგუფშიც აღმოვჩნდი   და იქ ჩემი ყურადღება ერთმა ეშვა-კიჭა აპრუწუნებულ პირიანმა ფისომ მიიპყრო.  მოკლედ, საქმე ასეა, რომ ეს ფისო თავისი დედა-ბებოს ერთგული ყოფილა და დედა-ბებოს შვილს, თავად დად რომ ეკუთვნის თითქმის არ წყალობს. გულში კი ნამდვილად ეყვარება, მაგრამ ახლოს მისვლას უკრძალავს, დედა ბებოს არ ეწყინოსო.  ეს გოგოც რა სახელს აღარ უწოდებს: „ოტო ფონ კამილოტ-ლანსელოტ გუინპლერ იმერელი“… „ოტო ფონ დრაკულა დე ლა უხასიათო“… „ოტო ფონ ქონქადა 15-ღერულვაშა“… და რა ვიცი, კიდევ უამრავი სახელი აქვს ფისო ოტოს. ჰოდა, ფოტოებიდან ისეთი სახით შემოგვქცერის ხოლმე, რომ ჩემი მხრიდან „ოტო ფონ დარდიმანდიანციც“ შევარქვი.

„ოტო“ სოფლად ცხოვრობს და  რახან იმერელს ეძახიან, სავარაუდოდ სოფელიც იმერეთშია. ყოველ დილას მამულების შემოვლით იწყებს და შემდეგ თითოეულ ფოთოლზე ანგარიშს დედა-ბებოს აბარებს. ყოველ შემთხვევაში, მისი და ეთო, ასე ირწმუნება. ოტოს მამულებში ჯემალა მეზობლის კარმიდამოცაა, ოღონდ ჯემალამ არ იცის, რომ „დრაკულას“ ხიზანია და ოტოც აღარ ახსენებს, რომ დროულ კაცს გული არ ატკინოს.

ადრე, „ოტო“  გველს შებრძოლებია და ბრძოლის ველი გამარჯვებულს, თუმცა მრავალმხრივ დაჭრილს დაუტოვებია. ეთოს გადაურჩენია და ეს საყვარლად მოპრუწული პირიც იმ ბრძოლის საჩუქარია. არადა, თან უხდება, თან ვაჟკაცური წარსულის დასტურიცაა.

წინა კვირას „ოტო ფონ დრაკულას“ მამულში გაურკვეველი მხეცის ძვლები უპოვნია. მაშინვე სირბილით სახლში დაბრუნებულა და დედა-ბებოსთვის მოუხსენებია, რომ იქეთ, მამულის განაპირას, სადაც ჯემალას კომშები დგას, მამონტის ძვლები ვიპოვეო. მართლა ნახა, თუ მხოლოდ მოეჩვენა, ეს არავინ იცის.

თუმცა, როდესაც პანდემიის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდებიან, ძვლის შემადგენლობა შეიძლება გამოიკვლიონ. და სულაც არ არის აუცილებელი, ძვალი მამონტის იყოს, სადილის შემდეგ გადანახული ძვალიც გამოდგება.

მაშ ასე, ძვალს საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს და შეიცავს, როგორც ორგანულ, ისე არაორგანულ ნივთიერებებს. არაორგანული კომპონენტების უმეტესობა ჰიდროქსილაპატიტებია და ძვლის მასის 70%-ს შეადგენს. ჰიდროქსილაპატიტის ემპირიული ფორმულაა Ca5(PO4)3(OH), თუმცა, ფორმულას შემდეგნაირად წერენ Ca10(PO4)6(OH)2, რადგან ჰიდროქსილაპატიტის კრისტალური სტრუქტურა ბიმოლეკულურია.

 

რა გვჭირდება:

სათვალე, ხალათი, ხელთათმანები;

სასწორი;

ქიმიური ჭიქა, 150მლ (ორი ცალი);

საზომი ცილინდრი, 10მლ;

პიპეტები (5 ცალი);

სინჯარა (6 ცალი);

სინჯარის დასაჭერი;

სინჯარების სადგამი;

გაზი ან სპირტქურა;

შტატივი სხვადასხვა ფორმის თათებით;

მოსარევი წკირი;

ძაბრი და ფილტრის ქაღალდი;

ლაკმუსის  ქაღალდი;

ძვლის ნიმუში;

აზოტმჟავა (6M, 30მლ);

ვერცხლის ნიტრატი (0.1M, 1-2მლ);

ბარიუმის ქლორიდი (0.1M, 1მლ);

ამონიუმის მოლიბდატი (0.1M, 5მლ);

ამონიუმის ოქსალატი (0.2M, 15მლ);

კალიუმის თიოციანატი (0.1M, 1-2მლ);

კონც. მარილმჟავა, 1მლ;

ნატრიუმის ტუტე(6M, 5მლ);

ნატრიუმის ჰექსანიტროკობალტატი  (CoN6Na3O12);

 

რა რითი ჩავანაცვლოთ:

ძვლის ნიმუშის მხოლოდ 1გრამია საჭირო. სადილიდან მორჩენილი ნებისმიერი ძვალი გამოდგება.

ნატრიუმის ჰექსანიტროკობალტატი   შეიძლება შეიძინოთ ან თავად დაამზადოთ.

25გ ნატრიუმის ნიტრიტი გახსენით 75გ გამოხდილ წყალში, დაამატეთ 2მლ კონცენტრირებული ძმარმჟავა, დაამატეთ 2.5გ კობალტჰექსანიტრატი და მოურიეთ კობალტის მარილის სრულ გახსნამდე.  ხსნარი რამდენიმე დღე დააყოვნეთ,  გაფილტრეთ და ფილტრატი  გამოხდილი წყლით შეავსეთ  100 მლ-მდე.

 

მოვამზადოთ ძვლის ნიმუში:

აწონეთ ძვლის ნიმუშის 1გ. 150მლ-იან ქიმიურ ჭიქაში დაამატეთ 25მლ 6 M აზოტმჟავა და 25მლ გამოხდილი წყალი. აქვე მოათავსეთ ძვლის ნიმუში და გააცხელეთ, დრო და დრო მოურიეთ. ძვალი ბოლომდე უნდა გაიხსნას. არ აადუღოთ. ეს პროცესი ან ამწოვ კარადაში ჩაატარეთ, ან ღია ფანჯარასთან ან ეზოში.  გაცხელება მორევის პირობებში 10-15 წუთი გააგრძელეთ. შემდეგ ჭიქა გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე. აიღეთ სხვა 150მლ-იანი ჭიქა, ძაბრი და ფილტრის ქაღალდი.  გაციებული ხსნარი გაფილტრეთ. მიღებული ფილტრატი ჩვენი ნიმუში იქნება.

 

გავაანალიზოთ მიღებული ნიმუში:

 

აიღეთ 5მლ ნიმუში და პირველ სინჯარაში ჩაასხით. დაამატეთ 0.1M  ვერცხლის ნიტრატის რამდენიმე წვეთი. წარმოქმნილი თეთრი ნალექი ქლორის იონების არსებობას ადასტურებს.  თქვენი დაკვირვება ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახეთ.

 

ახლა, ნიმუშის იგივე რაოდენობა, ანუ 5მლ მეორე სინჯარაში ჩაასხით. დაამატეთ 0.1M ბარიუმის ქლორიდის 10წვეთი, მოურიეთ.  წარმოქმნილი თეთრი ნალექი სულფატ იონების არსებობას დაადასტურებს. თქვენი დაკვირვება ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახეთ.

 

ნიმუშის იგივე რაოდენობა, ანუ 5მლ მესამე  სინჯარაში ჩაასხით. დაამატეთ 4მლ 6 M აზოტმჟავა და 6მლ ამონიუმის მოლიბდატი, მოურიეთ.  ყვითელი ნალექი ფოსფატ იონების არსებობას დაადასტურებს.  შეიძლება ნალექის წარმოქმნა ხუთ წუთამდე გაგრძელდეს. თუ, ხუთი წუთის შემდეგაც არ წარმოიქმნა ნალექი, მაშინ სინჯარა ფრთხილად გააცხელეთ. თქვენი დაკვირვება ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახეთ.

 

3მლ ნიმუში მეოთხე სინჯარაში ჩაასხით. დაამატეთ 15მლ 0.2 M ამონიუმის ოქსალატი და მოურიეთ. კალციუმის იონების არსებობას თეთრი ნალექი წარმოქმნა დაადასტურებს. თქვენი დაკვირვება ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახეთ.

 

5მლ ნიმუში მეხუთე  სინჯარაში ჩაასხით. დაამატეთ 5მლ 6M აზოტმჟავა და მოურიეთ. დაამატეთ 0.1M კალიუმის თიოციანატის 5 წვეთი, კვლავ მოურიეთ. დააკვირდით ფერის ცვლილებას. წითელი ფერის წარმოქმნა რკინის სამვალენტიანი იონების არსებობაზე მიუთითებს. წითელი ფერის სიმკვეთრით რკინის იონების რაოდენობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ.

 

და ბოლოს…

 

5მლ ნიმუში მეექვსე   სინჯარაში ჩაასხით. დაამატეთ 3მლ 6M ნატრიუმის ტუტე, მოურიეთ. დაყნოსეთ სინჯარა მხოლოდ ქიმიური მეთოდით. ამიაკის სუნი ნიმუშში ამონიუმის იონების არსებობას ადასტურებს.

იგივე სინჯარა ადუღებამდე გააცხელეთ. გააცივეთ და დაუმატეთ 3მლ ნატრიუმის ჰექსანიტროკობალტატი. კალიუმის ნიტროკობალტატის უხსნადი ნალექის წარმოქმნა  ნიმუშში კალიუმის იონის არსებობას ადასტურებს.

 

 

დაკვირვების ცხრილი

იონი რეაგენტი დაკვირვება
ქლორიდ იონი (Cl)    
სულფატ იონი (SO42-)    
ფოსფატ იონი (PO43-)    
კალციუმი (Ca2+)    
რკინა (Fe3+)    
ნატრიუმი (Na+)    
ამონიუმი (NH4+)    
კალიუმი (K+)    

 

ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტი, ცხილიც შეავსეთ და მე ჩემი მხრიდან თქვენს შედეგებს „ოტო ფონ დარდიმანდიანც ქონქადა 15 ან 17 ღერულვაშას“  გადავუგზავნი. ისიც, თავის მონაცემებს შეადარებს და დაადგენს, მართლა ნახა თუ არა, ჯემალას კომშებთან მამონტის ძვლები.

საბოლოო ანგარიში კი  „ქონქადას“ დედა ბებოს წარედგინება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...