პარასკევი, მაისი 8, 2026
8 მაისი, პარასკევი, 2026

პოეტის ოდისეა

0

თანამედროვე ქართული პოეზიის მოზაიკურ სივრცეს არაერთი შესანიშნავი პოეტი ქმნის. მათ შორისაა ირმა შიოლაშვილი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.  ქართულსა და მსოფლიო ლიტერატურაში ბევრი მაგალითია იმისა, როდესაც ემიგრაციაში მყოფ შემოქმედს სულიერი კრიზისის დასაძლევად, იდენტობის დასაყრდენად პოეზია ექცა. რუსთველის ცნობილი მოთქმა: „ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?/ ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა, /… სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა“ – იმ ლეგენდების წყარო გახდა, რომელთა მიხედვითაც, პოეტმა სული უცხოეთში დალია. სამშობლოზე ნატვრამ და ნოსტალგიამ შეაქმნევინა გურამიშვილს „დავითიანი“. შეიძლება გაგვეხსენებინა ქვეყნიდან გადახვეწილი ბესიკ გაბაშვილი, ვახტანგ მეექვსე, შემდეგ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა სისტემას თავდაღწეულნი და სხვანი. პოლიტიკურ-სოციალური თუ სხვა მიზეზით უცხოეთში წასული ქართველი შემოქმედნი დღესაც შესანიშნავ პოეტურ ნიმუშებს ქმნიან.

ირმა შიოლაშვილის ლექსებში წარმოჩნდება „კულტურული შოკის“ ყველა ეტაპი, რომლებიც ემიგრანტმა შეიძლება განიცადოს. კრებული „ოქტომბერი“(2021 წ. გამომც. „ინტელექტი“) შემოქმედის ესთეტიკური მრწამსის მანიფესტაციაა. ქართული ენა მისთვის, როგორც ჰაიდეგერი ამბობს, ყოფიერების ის სახლია, რომელიც მას სამყაროსთან ურთიერთობაში ეხმარება. თავისი ლექსებით უბრუნდება ის მშობლიურ ფესვებს, აქედან იღებს მასაზრდოებელ ენერგიას.  მის პოეზიაში წარმოჩნდება ეგზისტენციალური თემები, არსებობის საზრისის ძიება. ევროპული კულტურული ტრადიცია ის ნაყოფიერი წყაროა, რომლითაც მისი პოეზია საზრდოობს. მისი ლექსის ლირიკული გმირი უცხო კულტურასთან ზიარების „თაფლობის თვეს“ იხანგრძლივებს, რათა სულს აღმოჩენების სიხარული არ მოაკლოს. პოეტი თავის დარდსა და ბედნიერებას, წარსულის ტრავმებსა თუ აწმყოში განცდილ ტკივილს ტროპულ სახეებში აქარაგმებს. მისი ლექსები პალიმფსესტურია და სხვადასხვა მხატვრული კოდით დატვირთული. ეს მის პოეზიას ქვეტექსტურობას მატებს. ალუზიების გზით ერთი კონკრეტული ლექსის ჩარჩოები ფართოვდება, ირღვევა და კერძო ტკივილი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას იძენს.

პოეტი, ერთი მხრივ, აგრძელებს ქართულ პოეტურ ტრადიციას (რიტმის, ინტონაციის, თემატიკის თვალსაზრისით), მეორე მხრივ, ცდილობს ნოვაციების გათვალისწინებას. მის ლირიკულ გმირებს ხშირად იპყრობთ ნოსტალგია, რომელიც მრავალმნიშვნელოვნებითაა სავსე. მონატრება გულისხმობს, როგორც ფესვებთან დაბრუნების წყურვილს, აგრეთვე, იმ პირველსაწყისებთან მისტიკურ ზიარებასაც, რომლებიც სამყაროს სულიერ არსებობას განაპირობებს. მის პოეზიაში წარმოჩნდება თანამედროვე ადამიანის გაუცხოება საკუთარ თავსა, საზოგადოებასა და სამყაროსთან. მისი ლექსები ირეკლავენ იმ საფრთხეებს, რომლებსაც სიყვარულის ნაკლებობა უქმნის ჰუმანურ ღირებულებებს. ამიტომაც ხშირად იხედება ზეცისკენ, ღვთისკენ, უძღები შვილივით შინიდან წასულს, გაძარცულსა და გზადაბნეულს სჯერა, რომ შინ, მამისეული კერა მიიღებს, შეიფარებს, ტკივილებს დაუამებს:

„ყოველ კვირა დღეს,

როცა ჩემი სიტყვებისგან აშენებულ

ტაძართან ვდგავარ,

ვფიქრობ ხიდზე,

ჩვენ შორის რომ გადებულა, ღმერთო,

ყველა ხიდი დაიწვება, ამ ხიდის გარდა“.

… „ყველაზე მეტად მჯერა შენი სიყვარულის, –

ჩემში მილიონ აყვავებულ სიტყვად რომ ჩარგე“. („მას მერე მჯერა, ღმერთო“)

„აყვავებული სიტყვა“ ლოგოსის პირველხატებას ინახავს, ამიტომ აქვს მხსნელი და მაცოცხლებელი ძალა. მის პოეზიაში კონტრასტული შეგრძნებები ერთმანეთს ენაცვლება, რაც დრამატულობას ამძაფრებს და მკითხველსაც შეძრავს, რათა კათარსისის გზით რაღაც ახალსა და მნიშვნელოვანს ეზიაროს, იმას, რაც მას იდენტობის საყრდენებს შეუქმნის, უსაზრისობის კრიზისს დააძლევინებს და მოაპოვებინებს იმ ჰარმონიას, რომელიც გადაარჩენს, ავტონომიურობას მოაპოვებინებს და სრულფასოვან სიცოცხლეს შეაძლებინებს. ვერლიბრის რიტმული ვარიაციებით იგი ახერხებს, გულის ჭიდილი ექსპრესიულად წარმოაჩინოს, აზრის, ფერის, მუსიკისა და სურნელის ერთიანობა სიტყვაში მოაქციოს და ასე მიიტანოს მკითხველამდე.

მოულოდნელი მხატვრული სახეები, ორიგინალური მეტაფორები კარგად წარმოაჩენენ ლირიკულ გმირთა ყოფის ამაოებისაგან თავდაღწევის სურვილს. ოქტომბერი, სიმბოლურად, შეჯამების, გარკვეული ცხოვრებისეული ეტაპის გავლის, დაბოლოების გამომხატველია, თანვე ისახება სიახლის მოლოდინის წყურვილიც. ამან უნდა მისცეს ბიძგი შემოქმედს, რომ თვალები არ „დაეხუჭოს“ და გაღვიძებული შეხვდეს ყოველ ახალ დღეს, გააგრძელოს გზა თვითგანვითარებისა და სულიერი სრულყოფისაკენ, ყოფიერების საზრისისა და ჭეშმარიტების საძიებლად.

ბორხესის აზრით, „ყოველი სიტყვა პოეტური ნაწარმოებია“. მართლაც, მასში სამყაროსეული საიდუმლო ირეკლება. ირმა შიოლაშვილი, როგორც გამორჩეული პოეტური აღქმის შემოქმედი, ცდილობს სიტყვათა ორიგინალური, ასოციაციური კავშირებით საიდუმლოსთან მიახლოებას.

„ცხოვრების დაწყება“ ის ლექსია, რომელიც კრებულის პროლოგად შეიძლება მოვიაზროთ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში სხვადასხვა წელს დაწერილი ლექსებია თავმოყრილი, მას აქვს ერთიანი მოზაიკური სახე. ამ ლექსში, პირობითად, ორი სააზროვნო შრეა, ერთი ყოველდღიურ რუტინას ირეკლავს, რომელიც სავსეა წუთისოფლისეული ამაოების განცდით, წარმავალში მარადიული ხატის მოხელთების წყურვილით, მეორე – წარმოსახულს, თავისუფლებით გამსჭვალულს, რომელსაც რეალობა ვეღარ უქმნის ბარიერებს, რომ ლირიკულმა „მე“-მ უსაზღვროებაში იმოგზაუროს. ამ ლექსთა ლირიკული გმირი ცხოვრებას ყურს უგდებს, მაგრამ მისი მატერიალური კანონების გაზიარება არ შეუძლია, ამიტომაც წარმავალი, როგორც გოეთე ამბობს, მის შემეცნებაში სიმბოლურ მნიშვნელობებს იძენს. მისთვის გაღვიძება ნიშნავს, საკუთარი „თავის შეგროვებას“, ამ მეტაფორული სახით კარგად წარმოჩნდება, როგორ შეუძლია პოეტს მხატვრულ განზომილებაში ტკივილების ტროპებად ტრანსფორმაცია. იგი ქმნის ერთგვარ სიურრეალისტურ ნახატს, რომელშიც კარგად წარმოჩნდება ფიქრების „უღრანში“ გზადაბნეული ლირიკული „მე“-ს სახე:

„თვალებს ვახელ,

გუგებში ჩაზრდილ წაბლს ვაგროვებ და ვასუფთავებ,

წამწამებზე სულს ვუბერავ სიზმრის ნარჩენებს,

მტვერივით ვფანტავ, – არ მჭირდება, –

ცხოვრებაში მხოლოდ დამაბნევს!“

თვალების გახელა იქცევა რიტუალად, რომელმაც ლირიკულ გმირს რეალობა უნდა დაანახვოს, მაგრამ პოეტური მე წინააღმდეგობას უწევს და თვითშეგონება, რომ სხვებს ჰგავდეს, არ ჭრის. ირმა შიოლაშვილის წარმოდგენა შემოქმედზე, როგორც ადამიანზე, რომელიც გაუცხოებულია ყველასგან, „დაწყევლილია“ (როგორც ბოდლერი აღნიშნავს ლექსში „კურთხევა“) ირეკლავს ტრადიციულ შეხედულებებს. იგი ცდილობს პოეზიისთვის ნაცნობი თემების ორიგინალურ მხატვრულ სახეებში დაქარაგმებას, ხედვის რაკურსთა ცვალებადობით აღწევს იმას, რომ მკითხველმა მისი ლექსების კითხვისას აზრობრივ ჰორიზონტალებსა და ვერტიკალებზე ერთდროულად იმოძრაოს, ამგვარად, გამოიკვეთება ჯვარსახოვნება, რომელიც, ერთი მხრივ, იოლად აღსაქმელ ხატებს სიბრტყეზე განათავსებს. ეს იმ დეტალებს ირეკლავს, რომლებიც ლირიკული „მე“-ს მატერიალური ყოფისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო ვერტიკალი, რომელიც სულის მოძრაობებს ასახავს, მკითხველს, თავისი ინტელექტისა და გამოცდილების შესაბამისად, ქვეტექსტების სიღრმეებში მიუძღვება.

ლექსი „ოქტომბერი“ მის კონცეპტუალურ თვალსაზრისს ირეკლავს ხელოვანის როლსა და დანიშნულებაზე მატერიალურსა და მეტაფიზიკურ განზომილებებში. მას სჯერა, რომ მკითხველზეა დამოკიდებული მისი, როგორც პოეტის სიცოცხლე. მან ყველაფერი გაიღო ამ დიალოგისთვის, დრო გააჩერა, წამი და მარადისობა სტრიქონთა სივრცეში შეკუმშა, დააქარაგმა. მას სწყურია, რომ ირაციონალური, მისტიკური არსებობა, რომელიც მას პოეზიის სამყაროში აქვს, უცხო, დაშიფრული არ დარჩეს მკითხველისთვის, ამიტომაც სურს, რომ მკითხველს სულიერ საზრდოდ ექცეს მისი ლექსები:

„ერთ დიდ ტაბლაზე დაგიდე და ვახშმად მოგართვი.

ახლა უკვე შენი საქმეა, ჩემი სულის მწვანე ფოთლებით

როგორ გააფორმებ დღევანდელ საღამოს,

ოდნავ მზიანს, ოდნავ მოწყენილს,

როგორ გადაკვეთს ერთმანეთს ჩემი და შენი რეალობა,

როგორ შეეწყობა ერთმანეთს ჩემი და შენი ოქტომბერი“.

„ვინ არის პოეტი?~ – კითხვას სვამს კირკეგორი და თვითონვე ასე უპასუხებს: `სულიერად გატანჯული უბედური არსება, რომლის გმინვაცა და კვნესაც საუცხოო მუსიკად ჟღერს~. პოეზია ირმა შიოლაშვილისთვის საკრალურთან ზიარების გზაა, ამიტომაც შეიგრძნობა დიდი სიფრთხილე ფიქრის გამოსახატავად ზუსტი, ნათელი სიტყვიერი შესატყვისობების ძიებისა. ლექსები მას საშუალებას აძლევენ, შეეხოს აკრძალულს, რაც, რა თქმა უნდა, უმსხვერპლოდ არ ჩაივლის, ამიტომაც როგორც ზოგადად, პოეტისთვის, მისთვისაც თანმხლებია ტკივილი და ტანჯვა:

„რაც უნდა ხშირად შევფარებოდი პოეზიას და

ეკლებიდან ცხელი ლექსი გამომეწოვა.

შენ შენი წილი ლექსები გეზრდებოდა თითებზე, –

რომელთაც ვარდები ეკავათ,

მე ჩემი წილი ქაოსიდან

ვუსხამდი სისხლს პოეზიას“. („პოეზია“)

თავისუფლება და სიყვარული კრებულის მთავარი თემებია, რომლებიც სხვადასხვა კონტექსტში წარმოჩნდება. ეს ორი უმნიშვნელოვანესი საყრდენია მისი პოეტური „მე“-ს იდენტობისა. პოეტი ისე ოსტატურად ფლობს ხატოვნად გამოთქმის ხელოვნებას, რომ ახერხებს და ნაირგვარი ვარიაციით, ყოფითსა თუ ფილოსოფიურ კონტექსტებში წარმოაჩენს ქალ-ვაჟის, დედაშვილურ, მოყვასის, სამშობლოს, ღვთის, სიცოცხლის სიყვარულს. პოეტი თავის სათქმელს აზრობრივ-ინტონაციური მრავალფეროვნებით ამდიდრებს და შთამბეჭდავი მხატვრული სახეებით ქმნის ემოციურ-ინტელექტუალურ დაძაბულობას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მკითხველმაც იგრძნოს და განიცადოს ყოველივე ის, რის შესახებაც წერს ავტორი. ის პიროვნული სატკივარს იმგვარად აზოგადებს, რომ შესაგრძნობი გახადოს ადამიანის გულის ჭიდილი, დემონურისა და ანგელოზურის გამუდმებული დაპირისპირება ადამიანის სულსა, გულსა და გონებაში:

„დავიღალე საკუთარი თავის ნანგრევებში დგომით,

დავიღალე ფრთებით, რომელსაც შენ მაწებებ,

დავიღალე ძვლებში ვერშეზრდილი ბედნიერებით“ („წერტილი გადარჩენისთვის“).

წინაპრისა და შთამომავლის ერთიანობის მითოლოგიური პარადიგმა მის პოეზიაშიც აქტუალურია. ის სამშობლოსთან კავშირს ორი გზით გამოხატავს – ერთი ბიოლოგიურ-სისხლისმიერი და გენეტიკურია, ხოლო მეორე სულიერი, კულტურის, უპირველესად კი, ენის გზით განხორციელებული. მისი პიროვნული მეხსიერება ცდილობს გააცოცხლოს გენეალოგიური სიცოცხლის ხე, რათა გამუდმებით ისაზრდოოს ფესვების წვენით. ეს კარგად წარმოჩნდება ლექსში „წინაპარი“, რომელშიც ვკითხულობთ:

„ჩემი დიდი წინაპარი – პაპაჩემის პაპის პაპა –

რომელიც მთაში ცხოვრობდა და იყო პოეტი.“

…. „დიდი ხნის წინ გაურიგდა ღმერთს, რომ ჩემით

თავის მთა და თავის სიტყვა გადაერჩინა.

ჰოდა, ახლა ლაღად დადის ჩემს სისხლში და

სიტყვისგან დალურჯებულ თითებზე

შიგნიდან მიკაკუნებს“.

წარსული მის პოეტურ ცნობიერებაში, როგორც პრუსტის რომანში „სვანის მხარეს“, სურნელისა და გემოს გზით შემოიჭრება. ის მენტალური ამნეზიის საფრთხეს ამგვარად აცილებს. მისი მოგონებები არსად არ გაუჩინარებულა, არამედ საგნებსა და მოვლენებს შეეფარა, ახლა სიტყვით აცოცხლებს. ეს არაჩვეულებრივი მეტაფორებით იხატება ლექსში „ორცხობილა“, რომელშიც მკითხველიც შეიგრძნობს გემოს ახლადგამომცხვარი ორცხობილისას:

„რომელსაც ალბათ ინტერესით, ძალიან რბილად

შეეხებიან თითებით და მინორულ გამად

გადაგვაქცევენ და ჩვენს ახალ, ცხელ ორცხობილას

ექნება ძველი, გამომშრალი სიზმრების გემო“.

ამ ლექსებში პოეტური „მე“ მრავალი ნიღბით წარმოჩნდება. ამგვარად დაშლილი ავტორი ახერხებს შინაგანი თუ გარეგანი სამყაროები მრავალფეროვანი რაკურსით წარმოაჩინოს. თანვე იგრძნობა წყურვილი ნამდვილი სახის გამჟღავნებისა. იგი  ცდილობს გაექცეს დროის გარდაუვალ რღვევას წარსულად, აწმყოდ და მომავლად, მაგრამ არ ხერხდება:

„ერთი გრძელი სპირალია ჩემი ცხოვრება –

ერთი ბოლოთი მომავალს შეერთებული,

ხოლო მეორეთი ჭრელაჭრულა წარსულს!“ („თევზები“).

ეს წარსული მისი ბავშვობაა, სამშობლოა, რომელმაც უცხოეთში „მზითვად გაატანა“ მოძრაობის, წინააღმდეგობის, გამუდმებული არჩევანის გაკეთების ტკბილ-მწარე ჩვევა, განცდა იმისა, რომ ირონიით უყუროს მშვიდად მთვლემარე სამოთხეს, თუკი იქ არ იქნება გადასაცური მდინარე, რომელმაც შეიძლება გაიტაცოს („ირონია“). „გათენებიდან ამოზრდილი ხასხასა ისტორიების“ შთამბეჭდავი სახე მისი ცხოვრების მეტაფორაა:

„ჩემი ცხოვრება – დაფანტული ფერად ღილებად –

წარსულს და აწმყოს ერთნაირი სისავსით იტევს,

ხოლო ხეები – ცხოვრებიდან ამოზრდილები

ამ მარადიულ გასაყართან ხეთქავენ კვირტებს“ („ჩემი ცხოვრება“).

ამ ლექსებიდან ჩანს, რომ წარსულის ტრავმები არ მორჩენილა, ჭრილობები არ შეხორცებულა, მაგრამ სიბნელე და ტანჯვა ესთეტიზებულ მხატვრულ სახეებად ტრანსფორმირდა. ნიკო სამადაშვილისეული ექსპრესია შეიგრძნობა სტრიქონებში:

„და გავაგრძელე გზა ქალაქში, დამწვარ ქალაქში,

გახსნილი ჩანთით ჩავუარე ბიბლიოთეკას,

სადაც ჭვარტლიან წიგნებიდან ღმერთი ბღაოდა,

სადაც სიტყვები ადნებოდნენ წიგნის გარეკანს“. („მაშინ, როდესაც ცეცხლმა დაწვა ბევრი შენობა“)

წარსული, მისი იდენტობის განმსაზღვრელი, ახლა პოეტურ სტრიქონებში ცოცხლობს. პოეტს შეუძლია ყოფის უმნიშვნელო დეტალებით ცხოვრების ტრაგიზმი გამოხატოს. ფერების სიმბოლიკით პოეტი შინაგანი სამყაროს არაცნობიერსაც სწვდება და მხატვრულ სახეებად გარდაქმნის ტკივილებს. შავი ფერის კაბა მეოცე საუკუნის საქართველოს 90-იანი წლების პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისს აცოცხლებს. ახალ კულტურულ სივრცეში ევროპულ ფერადოვან გარემოში შავი ფერი თაობის ემბლემად წარმოჩნდება:

„ჩემი თაობის დარდებს ვაგრძელებ.

სარეცხის თოკზე კი ფრიალებენ ამბები წარსულიდან,

კაბებს აკრულები უფერო მაქმანებად.“

ელიოტი წერს: „ისტორიის შეგრძნება გულისხმობს, რომ წარსული არა მარტო წარსულად აღვიქვათ, არამედ თანა­მედროვეობადაც“. სწორედ ამგვარად განიცდის ირმა შიოლაშვილი დროის ერთიანობას და მხატვრულ სახეებად წარმოაჩენს ლექსებში.

უახლესი ისტორიის ტრავმული მოვლენები, აფხაზეთის თუ აგვისტოს ომის ტრაგიკული ამბები კრებულის რამდენიმე ლექსის ძირითადი თემებია:

„ვაზივით ვეხვეოდით ერთმანეთს,

და ვაზივით ვტიროდით,

რომ ვერ გადავარჩინეთ აფხაზეთი,

რომ აფხაზეთი

ახალგაზრდულად გულუბრყვილო ხელებში ჩაგვაკვდა!“. („27 სექტემბერი“)

აქ მჟღავნდება მისი პაციფისტური პათოსი. იგი ნებისმიერ სისხლისღვრას ანტიჰუმანურ აქტად გაიაზრებს, რომელიც ღვთის რწმენის საყრდენსაც კი ურღვევს:

„დაიწყევლოს ყველა ომი –

ვეშაპივით გაწოლილი დედამიწაზე,

აქვილეიას საუკუნის სასაფლაოდან

მუხათგვერდის თერთმეტწლიან სასაფლაომდე“. („ომი. აგვისტო. იტალია“)

ის ქართულ სინამდვილეში ენათესავება ორი განსხვავებული სტილის, ვერლიბრის, დიდოსტატებს, ბესიკ ხარანაულსა და ლია სტურუას. პირველს მაშინ, როცა შეგრძნებებს სადა სახეებით გადმოგვცემს, ხოლო მეორეს მაშინ, როდესაც ასოციაციური მეტაფორებით ცდილობს სათქმელის გამოხატვას. კრებულში ბესიკ ხარანაულისთვის მიძღვნილი ლექსიცაა, რომელშიც ჩანს ამ პოეტის შემოქმედებით აღტაცება და მის მიმართ თაყვანისცემა. ბესიკ ხარანაული მისთვის სიმბოლოა, ზოგადად, შემოქმედისა, რომელიც ეპოქის სათქმელსა და ტკივილებს გამოხატავს:

„მიდიოდა.

ნაბიჯ-ნაბიჯ იხდიდა ცხოვრებას,

რომ ცხოვრებისთვის არაფერი დაებრალებინა,

რომ მის მწარე გულწრფელობას

ჰქონოდა მხოლოდ საკუთარი ნაღველის გემო“ („პოეტი“).

კრებულში ევროპული ქალაქების სულიერ-მატერიალური ლანდშაფტებიც იხატება. პრაღა, ამსტერდამი თუ პარიზი თავიანთი კულტურული მემკვიდრეობით, მუზეუმებით, ხელოვნების შედევრებით, პოეტს, ერთი მხრივ, ამდიდრებენ შინაგანად, სულიერ შიმშილს უკლავენ, მეორე მხრივ, მძაფრად შეაგრძნობინებენ ღირებულებათა კრიზისს, ყოფის ხელოვნურობას, უჰაერობას, ფესვებისგან მოწყვეტას. გლობალიზაციის თავბრუდამხვევ რიტმსა და ქაოსში, რეკლამებით აჭრელებულ ქუჩებსა და მოედნებზე თითქოს ადამიანს ეკარგება უნარი შეყოვნებისა, სიმშვიდისა, სიჩუმის მოსმენისა, სწორედ ამ დროს ამოყვინთავს პოეზია, რომელიც პოეტსაც და მკითხველსაც ეხმარება, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს და კოსმოსში მობორიალე ატომად არ იქცეს.

მისთვის პოეზია დროსა და სივრცეში, მატერიალურ-სულიერ განზომილებებში დაუსრულებელი, აღმოჩენებით სავსე მოგზაურობაა. ეს ოდისეა, შინიდან გასვლა აუცილებელია იმისთვის, რომ ფენიქსივით გამუდმებით დაიფერფლოს და განახლდეს, სხვაგვარად დაინახოს ყოველივე და განედლებული შთაბეჭდილებები, მეტაფიზიკური გამოცდილება ლექსებით გაუზიაროს მკითხველს:

„რა კარგია, რომ ასე გგავარ გაზაფხულო –

წვიმით ვიწყებ და

ცნობისმოყვარე ვარსკვლავებით ვამთავრებ“ („წასვლა სამოგზაუროდ“).

ირმა შიოლაშვილი ახერხებს საკუთარი ხმა გამოკვეთოს თანამედროვე ქართული პოეზიის მრავალფეროვან სივრცეში. კრებულის ზოგიერთი ლექსი აღსარებითი ლირიკის ნიმუშებია, რომლებშიც პოეტი არავისთვის წასაკითხი დღიურების გულწრფელობით წარმოაჩენს იმედგაცრუებას, სინანულს, სასოწარკვეთილებას, არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი სულის უფსკრულებში დანახულ სიბნელის ქიმერებს. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს იმას, რომ ცოცხალ დიალოგურ ურთიერთობაში იყოს მკითხველთან, რომელმაც უნდა იგრძნოს, რომ პოეტი მის ვერგამოუთქმელ სათქმელსაც ამბობს. ამ ლექსებში, როგორც დამსხვრეულ სარკეებში, ისე ირეკლება ლირიკული „მე“. იგი თანამონაწილეა წუთისოფლისეული კარნავალისა, რომელიც მისგან გამუდმებულ შენიღბვას, რიტუალურ ამაოების ზეიმში ჩართვას მოითხოვს, ამიტომაც არასოდეს დასრულდება გულის ჭიდილი იმ ყველაფერთან, რაც მისგან მორჩილებას მოითხოვს. ამ ჭიდილში კი იბადება პოეზია, მშვენიერება, რომლის წყარო, როგორც ბოდლერი იტყვის, სამოთხეცაა და ჯოჯოხეთიც“. („ჰიმნი მშვენიერებას“)

ამ მოზაიკური კრებულის ეპილოგად შეიძლება გავიაზროთ ბოლო ლექსი „შემოდგომის მდინარე“, რომელიც ეხმიანება პროლოგისეულ სულისკვეთებას. პოეტური ნიჭი გააზრებულია, როგორც „განაჩენი“, რომელიც ერთდროულად, აბედნიერებს და აუბედურებს შემოქმედს, წირავს მარტოსულობისთვის, იდეალისა და რეალობის დაპირისპირებისგან გაჩენილი ტანჯვისთვის. პოეტი მდინარეა, რომელიც მიედინება და ლექსების ტალღებით მიიკვალავს გზას, ყოფის კალაპოტებს ეხეთქება და თავის არსებობას ამგვარად ამართლებს. პოეტის სულიდან კი მხოლოდ ამ გზით დაიბადება და გადმოედინება, როგორც თვითონ ამბობს: „თვეობით ნატარები მდინარე-ამბები“. კრებულს წინასიტყვად და ბოლოსიტყვაობად ორი შესანიშნავი წერილი აქვს ნინო სადღობელაშვილისა და როსტომ ჩხეიძისა. ავტორები, როგორც გურმანი მკითხველები, ზუსტად შეიგრძნობენ და აფასებენ ირმა შიოლაშვილის პოეზიის ღირებულებას. ამგვარად, ირმა შიოლაშვილისთვის, უცხოეთში მცხოვრები პოეტისთვის, ქართული პოეტური სიტყვა ისეთივე ფუნდამენტია, როგორიც მითოლოგიური ანთეოსისთვის  – მიწა. ეს არის მისი იდენტობის მთავარი საყრდენი.

 

 

როგორ გამოვიყენოთ ანალოგია გაკვეთილზე

0

საგაკვეთილო საქმიანობის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების სწორად შერჩევასა და გამოყენებასთან. ის შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს – გაიაზრონ, რის გაგება უჭირთ და რატომ; გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები; ნათელი წარმოდგენა შეიქმნან, რა გზით უნდა წავიდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად. მასწავლებლები განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებზე დაყრდნობით აუმჯობესებენ სწავლებას, ამოწმებენ მოსწავლეების გაგების/გააზრების დონეს და შესაბამისად გეგმავენ სწავლების პროცესს, ინტერვენციებს, მიმართულებას აძლევენ მოსწავლეებს, სანამ ცოდნას ნიშნით/ქულით შეაფასებდნენ.

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ანალოგიებს. ანალოგია – აზროვნების თანმდევი პროცესია, როდესაც ცნობილი სისტემის სტრუქტურას „არგებ“ უცნობ სისტემას. ამიტომ წარმოადგენს ის დაგროვილი გამოცდილების გამოყენებას. მაგალითად, როდესაც ჩვენ წინაშე წარმოიქმნება პრობლემა, პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის ანალოგიის მოძებნა – როგორ მოქმედებდნენ სხვები მსგავს სიტუაციაში. შემდეგ ვცდილობთ ამ მოქმედების გადატანას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაზე (ანუ ხდება ცოდნის გადატანა ერთი საგნიდან/მოვლენიდან სხვა მსგავს საგანსა თუ მოვლენაზე). მიუხედავად იმისა, რომ ანალოგია არ არის საიმედო, რადგან დაფუძნებულია ადამიანის პირად გამოცდილებაზე და არა ახალი სისტემის ობიექტურ შემეცნებაზე, ის ძალიან საჭირო ინსტრუმენტია, რადგან გამოცდილების გამოყენების გარეშე ყოველდღე ახალ ველოსიპედს გამოვიგონებდით.

სააზროვნო პროცესების თანმიმდევრობა ანალოგიების როგორც განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების დროს (სქემა 1):

 

 

ანალოგიებს იყენებენ თითქმის ყველა სასკოლო დისციპლინაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწავლის დაწყებითი საფეხურიდან შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს ასეთი სააზროვნო ოპერაციების ეფექტურად გამოყენებაში.

  • ანალოგიები უმცროსკლასელებისთვის – მარტივი ანალოგია: მოსწავლეს ვთავაზობთ ნიმუშს, რომლის მიხედვით ის შეასრულებს სავარჯიშოს. ამ დროს მნიშვნელოვანია იმის დადგენა, გაიგო თუ არა მოსწავლემ მაგალითის არსი, რადგან სხვა შემთხვევაში ნიმუშს სწორად ვერ გამოიყენებს. მაგალითად, – იპოვეთ სიტყვების ანალოგია მოყვანილი ნიმუშის მიხედვით: „ტყე – ხე (ტყეში ხეებია); მინდორი – ? (რა არის მინდორში?) ; თხა – ცხოველია; პური – ?…

დავალება შეიძლება წარმოდგენილი იყოს რამდენიმე ვარიანტად.მათ შორის – სურათებითა და ვიზუალიზაციის გზით. მაგალითად:

  • „მოიყვანეთ ანალოგია ქვემოთ მოცემული ნიმუშის მიხედვით“ (სურ.1):

 

სურ.1:

  • ანალოგიის მაგალითები უფროსკლასელებისთვის – რთული ანალოგია: დავალების შესრულების პრინციპი იგივეა, როგორც უმცროსკლასელთა შემთხვევაში, მხოლოდ სიტყვათა წყვილებია უფრო რთული, მაგალითად, სახე – სარკე; ხმა – ? ბურთი – წრე; კუბი – ?.. და ა.შ.

ანალოგიები ყველაფერზე შეიძლება შედგეს, მთავარია, რომ მოსწავლისთვის თვალსაჩინო იყოს სიტყვებს შორის ურთიერთკავშირი.

ზოგადად, მოცემული მიდგომის გამოყენება გულისხმობს ოთხი სახის ანალოგიის გამოყენებას: პირდაპირი, სიმბოლური, ფანტასტიკური და სუბიექტური/პიროვნული.

  • პირდაპირი ანალოგიის გამოყენების დროს ობიექტს ადარებენ მეტ-ნაკლებად მსგავს სხვა ობიექტს. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერი სახის მშენებლობაზე, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლებოდა აგებულიყო ეგვიპტის პირამიდები და ა.შ. (ანუ გამოიყენება ნებისმიერი მსგავსება, რომელიც დაფუძნებულია შედარებაზე);
  • სიმბოლური ანალოგია მოითხოვს ფრაზების ისე ფორმულირებას, რომ „ორ სიტყვაში“ აისახოს მოვლენის არსი. ეყრდნობა რა მეტაფორასა და შედარებას, ის გვეხმარება პრობლემის არსის განსაზღვრაში. სიმბოლური ანალოგიის დროს ცნება „უნდა გარდაისახოს“ მოვლენად ანდა გრაფიკულ სიმბოლოდ (მაგალითად, ხელისუფლების სიმბოლოდ ზოგადად გვხვდება გვირგვინი.. განხეთქილება საზოგადოებაში ხშირად გამოისახება ხოლმე ელვის სახით და ა.შ.);
  • ფანტასტიკური ანალოგიების დროს ხდება ფანტასტიკური პერსონაჟების ანდა ფანტასტიკური სიტუაციების წარმოდგენა, სადაც ან ვის მიერაც ხდება ის მოქმედება, რომელსაც მოითხოვს კონკრეტული ამოცანა. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ გზა არსებობდეს ყველგან, სადაც შესაძლებელია იმოძრაოს ავტომობილის საბურავებმა. ასეთი მიდგომა გვიბიძგებს ფანტაზიისკენ, ფანტასტიკური საშუალებებისა და გამოგონილი პერსონაჟების შექმნისკენ;
  • პირადი ანალოგია (ემპათია) საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი იმ საგნის ადგილას, რომელიც განიხილება. მაგალითად, მოგზაურობის დროს შეიძლება საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ ფრინველად, რომელსაც არ შეუძლია შორ მანძილზე ფრენა.

რას გვაძლევს ასეთი წარმოსახვები? უპირველესად ისინი მნიშვნელოვანწილად ამცირებენ „ინერციულ აზროვნებას“ და ამით გვიბიძგებენ, ამოცანას შევხედოთ ახალი კუთხიდან, განსხვავებული თვალთახედვით და ამ პროცესში დავეყრდნოთ ჩვენს შეხედულებებს საკუთარი მტკიცებულებებისა და შეფასების საფუძველზე.

ზოგიერთი მაგალითი საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების კურსიდან:

მნიშვნელოვანია, ანალოგიის როგორც განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის გამოყენება ისტორიის საგნის სწავლების დროს, მით უფრო, რომ ანალოგია (ბერძნ. ἀναλογία – „შესაბამისობა“, „მსგავსება“) არის მიდგომა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ისტორიული კვლევის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული – ისტორიულ-შედარებითი მეთოდი. ანალოგიების უამრავ ფორმას შორის მთავარია, შევარჩიოთ აზროვნების ფორმირებისათვის მეტ-ნაკლებად პროდუქტიულები.

მაგალითად, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შეიძლება დავუსვათ ასეთი შეკითხვა:

  • რა აქვთ საერთო პითეკანტროფსა და თანამედროვე სმარტფონს?

შეკითხვა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და ისინი იწყებენ იდეების ჩამოთვლას, რომლის საფუძველია „განვითარებაზე“ ორიენტირებული სიტუაციის წარმოდგენა:

  • ადამიანის ევოლუცია და მობილური გაჯეტების სრულყოფა..
  • ადამიანთა საზოგადოების ევოლუცია და საკომუნიკაციო საშუალებების ევოლუცია…
  • ესაა ნიშანი, როგორ ხდება ადამიანის დეგრადაცია (აქცენტი გაკეთებულია მობილურ მოწყობილობებზე, რომლებიც ადამიანის გონების განვითარებას კი არ უყწობს ხელს, არამედ მხოლოდ მზა ინფორმაციების წვდომის საშუალებას იძლევა) და სხვ.
  • ან – რა საერთოა ასურეთის მეფე სარგონ II-სა და სპარსეთის მეფეთა მეფე დარიოსს შორის? (აქცენტი გაკეთებულია „ისტორიული დროისა“ და „ისტორიული მოვლენების“ შესაბამისობაზე) და ა.შ.
  • შეავსე შედარების ცხრილი – შეადარე სატვირთო ავტომობილი სახელმწიფოს (ავტომობილი – საჭე – ძრავა – მუხრუჭი – ბორბალი..);
  • დახატე/გამოსახე მცენარის სახით სამი მმართველი: ფარაონი ხეოფსი… იულიუს კეისარი… ალექსანდრე მაკედონელი…
  • „განმარტე ტერმინები“ – შეარჩიე ცნება „ქვის“ შესატყვისი ზედსართავები (მტკიცე… მაგარი…).. რომელი სოციალური მოვლენა შეესაბამება ამ თვისებას?“
  • ახსენი ანალოგიის საფუძველი. (სურ.2):

 

სურ.2

 

საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეგვიძლია ასეთი ანალოგიები შევთავაზოთ:

  • 1923 წელს რატომ გახდა შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ინტერვენციის განხორციელება? (პასუხი: საქართველოს ხელისუფლება იყო სუსტი… და ა.შ.);
  • მოცემულია სურათის რეპროდუქცია და მოიყვანეთ მარტივი ანალოგიაკითხვაზე პასუხის მიხედვით:
  • რომელი საუკუნის რომელი ისტორიული მოვლენებია წამოწეული წინა პლანზე?..
  • რა კავშირია სპარტაკის აჯანყებასა და 1789 წლის რევოლუციას შორის?
  • მოცემული სურათები დააკავშირე სოციალურ მოვლენებთან… (სურ.3):

 

სურ.3

ანალოგია სამოქალაქო განათლებაში:

  • გაიხსენეთ ქიმიური რეაქციის სახეები და იპოვეთ ანალოგიები საზოგადოებრივ მოვლენებს შორის (მაგალითად, ქიმიური ნივთიერებების რეაქციამ შეიძლება გაგვახსენოს საზოგადოების ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა: სახალხო მღელვარებების ზრდა, ხელისუფლების ზეწოლა ხალხზე, ომები, რევოლუციები და ა.შ.).

ანალოგია გეოგრაფიაში:

  • შეადარეთ ცნება „კულტურა“ დედამიწის სფეროს აგებულებას, გამოყავით მისი შემადგენელი ნაწილები, როგორიცაა „ქერქი“, „ბირთვი“, „ლითოსფერო“, „მანტია“, „ატმოსფერო“, „ჰიდროსფერო“… (ანალოგია – ქერქი: მყარია, ძნელად იცვლება როგორც კულტურა, რომელიც დაფუძნებულია ტრადიციებზე, წარმოადგენს თავად კულტურის საფუძველსაც კი.. და ა.შ.);
  • ბუნებრივი მოვლენები (წვიმა, თოვლი, გვალვა..) თავისი თვისებებით შეიძლება განვიხილოთ საზოგადოების განვითარების ფორმების ანალოგიად, მაგალითად, რევოლუცია – ქარბუქი-რეფორმა-წვიმა და ა.შ. და ამ გზით განვავითაროთ მოსწავლეთა აზროვნება და გავაფართოოთ ცოდნის რაოდენობა;
  • ანალოგიის პრინციპს დედამიწის სხვადასხვა ადგილას მომხდარ მოვლენებსა და პროცესებს შორის მსგავსებისა და განსხვავების დასადგენად შეიძლება წარმოადგენდეს კარიბის ზღვისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის, ან ამაზონის ჯუნგლების ლაკანდონის ჯუნგლებთან შედარება (სურ.4) და სხვ.

 

სურ.4: 

ამგვარი მიდგომით პრაქტიკულად მივიღებთ თითოეული ადგილის ზოგად და სპეციფიკურ მახასიათებლებს, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეს, უკეთ გაიგოს მათი თავისებურებები.

 

ანალოგიის გამოყენება ძალიან სასარგებლო შედეგებს იძლევა, ხელს უწყობს საგანთაშორისი კავშირების დამყარებას და ცოდნის ინტეგრაციას და მათზე ყურადღების გამახვილება, მათი ჩართვა საგაკვეთილო პრაქტიკაში, ძალიან ღირებულია.

 

 

 

კუთხეების ხელოვნება – გაკვეთილის გეგმა

0

ყოველდღიურად სამკუთხედის ფორმის უამრავი ნივთი გვხვდება. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს დავანახოთ პრაქტიკაში მათი გამოყენების მაგალითები. არქიტექტორებმა და კონსტრუქტორებმა ძალიან ზუსტად უნდა გამოთვალონ კუთხეები, რათა შექმნან უსაფრთხო და მყარი სტრუქტურა, ააშენონ  უკეთესი ქუჩები და ქალაქები. კუთხეების ცოდნა საჭიროა მოცეკვავეებისთვის, სპორტსმენებისთვის, ინჟინრებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, ასტროლოგებისთვის, მხატვრებისთვის, დიზაინერებისა და სხვა პროფესიის ადამიანებისთვის. კუთხის ცოდნა მნიშვნელოვანია გეომეტრიის შესწავლისას. ის გვეხმარება სამყაროს შესწავლაში.

გაგიზიარებთ გაკვეთილის გეგმას, რომელიც მომზადებულია მე-5 კლასის მოსწავლეებისათვის, თემაზე კუთხე და მისი გაზომვა.

ვრცლად 

კუთხეების ხელოვნება. თამარ მურუსიძე

გლობალური გარიგება და „ერთი დედამიწა“

0

ტერმინი „ერთი დედამიწა“ პირველად გაისმა სტოკჰოლმის კონფერენციაზე 1972 წელს, როდესაც ბარბარა უორდმა (ინგლისელი მწერალი, ეკონომისტი) და რენე დუბომ (ამერიკელი მიკრობიოლოგი, გარემოს დამცველი) საგანგებოდ ამ კონფერენციისთვის დაწერეს ნაშრომი „მხოლოდ ერთი დედამიწა“.

გარემოს დაცვის დღე პირველად 1973 წლის 5 ივნისს აღინიშნა და მისი თემა იყო „მხოლოდ ერთი დედამიწა“.

One Earth-ის ქსელის ინტერნეტგვერდზე უამრავ საინტერესო მასალას იპოვით.

 

„ერთი დედამიწა“ (One Earth) ფილანტროპიული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია მოქმედებათა დაჩქარება, რათა ხელი შეეშალოს გლობალური საშუალო ტემპერატურის აწევას. კლიმატის კრიზისის დასაძლევად გადაწყვეტილებები უკვე არსებობს, უახლესი კვლევები გვიჩვენებს, რომ შეგვიძლია, ტემპერატურის მატება 1.5°C-ის ფარგლებში შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა სამი რამ: 2050 წლისთვის მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადასვლა, მსოფლიოს მიწებისა და ოკეანეების ნახევრის დაცვა-აღდგენა და რეგენერაციულ, კლიმატისადმი მდგრად სოფლის მეურნეობაზე გადასვლა. ამ მიზნების მისაღწევად ცივილიზებულმა სამყარომ სწრაფად უნდა გააფართოოს ფილანტროპიული საქმიანობა, რათა ამოივსოს დაფინანსებაში არსებული კრიტიკული ხარვეზები მომავალი ათწლეულის განმავლობაში.

One Earth-ს სჯერა, რომ კლიმატის კრიზისის დაძლევა შესაძლებელია, რომ ეს შეცვლის სამყაროს და მეცნიერებას ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და კლიმატის ცვლილების ორმაგი კრიზისის დაძლევის საშუალებად აქცევს. ორგანიზაციას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ინოვაციური მეცნიერება, კლიმატის ფილანტროპიის პოტენციალი და საზოგადოების მიერ მართულ ქმედებათა ძალა. One Earth-ს აქვს პროგრამები სამი მიმართულებით. ესენია მეცნიერება, ფილანტროპია და კომუნიკაციები, რომლებიც შეთანხმებულად მუშაობენ კლიმატის კრიზისის დასაძლევად. მეცნიერების პროგრამა საფუძველს უყრის მომავლის ხედვას, რომელიც მიღწევადია. ფილანტროპიის პროგრამა მუშაობს რესურსების პრიორიტეტულ რეგიონებსა და პროექტებზე გასანაწილებლად, კომუნიკაციების პროგრამა აყალიბებს ახალ ნარატივს, რომელიც ფოკუსირებულია კლიმატის კრიზისის დაძლევის გადაწყვეტილებებზე, მაღალპრიორიტეტული პროექტების მარკეტინგზე ფართო აუდიტორიისთვის.

კლიმატის კრიზისის პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზები უკვე არსებობს. One Earth-მა დააფინანსა ინოვაციური კვლევითი პროექტები სახელწოდებით „პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზნების მიღწევები“ (Teske et al. 2019) გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 1,5 გრადუსამდე შეზღუდვისთვის.

სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (UTS), გერმანიის საჰაერო კოსმოსური ცენტრის (DLR) ორი ინსტიტუტისა და მელბურნის უნივერსიტეტის კლიმატისა და ენერგიის კოლეჯის 17 წამყვან მეცნიერთან ორწლიანი თანამშრომლობა 500-გვერდიანი წიგნის გამოცემით დაგვირგვინდა.

One Earth მუშაობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერით, რომელიც ორიენტირებულია სამი რთული, ურთიერთდაკავშირებული პრობლემის – კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და სურსათის უსაფრთხოების – გადაჭრაზე. ამაში ერთიანდება:

  • ენერგიის გადასვლები – რეგიონული დეკარბონიზაციის გზები ენერგეტიკის სექტორებისთვის;
  • გლობალური უსაფრთხოების ქსელი – რეგიონული და გლობალური მონაცემთა ბაზები ბუნებრივი მიწების დაცვისა და აღდგენისთვის;
  • 10 მილიარდის კვება – გლობალური კვების სისტემების მოწინავე სიმულაცია 1.5°C-იანი დათბობის პირობებში მდგრადი კვების უზრუნველსაყოფად.

მეცნიერებას შეუძლია განსაზღვროს, როგორ შეიძლება განაწილდეს კაპიტალი – რა მოხდეს, სად მოხდეს და როდის. ის გვაძლევს სიცხადეს და თავდაჯერებას, ჩავდოთ ინვესტიცია გადაწყვეტილებებში, რომლებიც ეფექტურია და მეცნიერების მოქმედებად ქცევაში გვეხმარება.

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მუშაობს საზოგადოებებსა და ორგანიზაციებში კლიმატის კრიზისის მოსაგვარებლად. ისინი სუფთა, განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფენ თავიანთ თემებს, იცავენ და აღადგენენ ბუნებრივ ეკოსისტემებს და ფერმები რეგენერაციულ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაზე გადაჰყავთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ შეზღუდული რესურსებით, ზოგჯერ ერთი შეხედვით შეუძლებელსაც ახერხებენ. ამ ლიდერებს დღეს მხარდაჭერა სჭირდებათ.

კლიმატის კრიზისის გადასაჭრელად და სასურველი მომავლის ასაშენებლად ჩვენ რადიკალურად უნდა გავაფართოოთ კლიმატის ფილანტროპია, რათა ეს ძალისხმევა მიზნობრივად დაიხარჯოს ადგილებზე. One Earth-ის მისიაა მნიშვნელოვანი ფილანტროპიული კაპიტალის მობილიზება – შეძლებული ოჯახებისგან, კომპანიებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან – საჭირო რესურსების სასწრაფოდ მისაწოდებლად ლიდერებისთვის, ორგანიზაციებისა და თემებისთვის, რომლებიც დღეს კლიმატის კრიზისის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ამ მიზნით დედამიწის მოწოდების ფონდმა და One Earth-მა ძალისხმევა გააერთიანეს. საერთო მისიამ და ღირებულებებმა გამოიწვია უწყვეტი თანამშრომლობა კლიმატის კრიზისის სწრაფად მოსაგვარებლად.

2020 წელს One Earth-მა წამოიწყო პროექტი Marketplace-ი, რომელიც წარმოადგენს იმ შემოწმებული პროექტების პირველ ონლაინ მონაცემთა ბაზას, რომლებიც ამჟამად ეძებენ დაფინანსების წყაროს. პროექტები ორგანიზებულია ბიოგეოგრაფიული ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც სამი ძირითადი გზით – ენერგიის გადასვლა, ბუნების დაცვა, რეგენერაციული სოფლის მეურნეობა – აკავშირებს კაპიტალს ცვლილებებთან.

კომუნიკაციები: კლიმატის ნარატივის დაბრუნება

კლიმატური ნიჰილიზმი, სამწუხაროდ, გადამდები გახდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. კვლევების თანახმად, თუმცაღა ადამიანების უმეტესობას ესმის, რომ კლიმატი იცვლება, ბევრს მიაჩნია, რომ ყველაზე უარესი სცენარია მოსალოდნელი, ზოგი კი მიიჩნევს, რომ უკვე გვიანია. რამდენიმე წლის წინ „კლიმატის უარმყოფელნი“ უშლიდნენ ხელს პროგრესს, მაგრამ დღეს კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარებას ყველაზე დიდ საფრთხეს უიმედობის განცდა უქმნის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 1.5°C-ის შენარჩუნება შესაძლებელია, თუ ერთად, ფოკუსირებულად და მიზანმიმართულად  ვიმოქმედებთ.

One Earth მუშაობს ცნობიერების ასამაღლებლად გლობალური საშუალო ტემპერატურის აწევის 1.5°C-მდე შეზღუდვის აუცილებლობის და იმის შესახებ, რა უნდა გაკეთდეს ამ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც ის სამ ძირითად აუდიტორიაზე ფოკუსირდება. One Earth წარადგენს საზოგადოების მიერ მართულ პროექტებს, რათა მiიზიდოს ინვესტიციები მოწინავე გადაწყვეტილებებისთვის მთელ მსოფლიოში. One Earth ატარებს ბრიფინგებს დაინტერესებული მხარეებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ინფორმირებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ძირითადი პოლიტიკის ცვლილებებს.

One Earth იყენებს სოციალურ მედიას ოპტიმისტური ცვლილებების, სამართლიანი და ძლიერი მომავლის შესაქმნელად.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.globalsafetynet.app/ https://www.oneearth.org/navigator/

თავისუფლების მეტაფორა

0

კატო ჯავახიშვილის პიესისათვის „სად არის ანდრეიკა?!“

 ისტორია გამოცდილებით ჭედავს სივრცეებს, თუმცა მუდმივად ტოვებს ადგილს მეტაფორებისთვის. თავისუფლება მისი ყველაზე გაცვეთილი მეტაფორაა, მაგრამ არსებობს საავტორო ექსკლუზივები – ეპოქები, მოვლენები და ადამიანები, რომლებიც ამ მეტაფორას, როგორც ჭეშმარიტების ილუზიას, ისტორიის კარზე ნალივით აკრავენ. ყოველთვის ამ კარიდან იწყება მომავალი.

თავისუფლების იდეის გააზრება ისტორიულ კონტექსტში, ერთდროულად რთული და უმადური, თუმცა სასიცოცხლოდ არსებითი საქმეა, ამიტომ ყველა, ვინც ამ საქმეს მოეკიდება, იობის მოთმინებით უნდა აღიჭურვოს და ყველა შესაძლო შედეგსაც მამაცურად დაუხვდეს. მით უფრო, თუ ეს ისტორიული კონტექსტი ბევრი აქცენტით მეორდება თანადროულ ყოფაში და საქმეს აწმყოს სინამდვილე ართულებს – ეს ყველაზე მიუდგომელი და მტკივნეული წერტილი თვალის გასასწორებლად.

დაახლოებით ერთი წლის წინ, კატო ჯავახიშვილმა დაწერა პიესა „სად არის ანდრეიკა?!“.  ის ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ დასტამბა (კონსულტანტი: სალომე ჭანტურიძე; ყდის დიზაინი: მაკა ცომაია). პიესა თავიდანვე გახმაურდა. ერთი მიზეზი ის თემაცაა, რომელსაც ეძღვნება – 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. გასულ წელს საქართველოს გასაბჭოების ასი წლისთავიც იყო, თუმცა ეს თარიღიც უხმაუროდ ჩაიკარგა, ყოველ შემთხვევაში, თვალში არ მომხვედრია საზოგადოებრივი მსჯელობა, სოციალური თუ სახელოვნებო აქტივობები ამ ტრაგიკული ისტორიული მოვლენის მიმართ, თანაც დღევანდელ დღეს – მცოცავი ოკუპაციის პირობებში. ბოლოს და ბოლოს, ეს პიესაც არ დადგმულა თეატრის სცენაზე, ჯერჯერობით ის რჩება ლიტერატურულ პროდუქტად, რომლის მკითხველებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ მისი სახით ძალიან საინტერესო, ღრმა და მრავლისმომცველი ტექსტი გაჩნდა ჩვენს მწერლობაში.

დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არც ისე ბევრი მხატვრული ტექსტი მახსენდება. არადა, ესაა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და საინტერესო ეპიზოდი ჩვენს უახლეს წარსულში. კატო ჯავახიშვილის პიესის მთავარი ხიბლიც, ისტორიული კონტექსტის უაღრესად საინტერესო ინტერპრეტაციაა, რომელსაც თავად ავტორმა ლიტერატურულ-დრამატურგიული ექსპერიმენტი უწოდა და ორ მოქმედებად წარმოადგინა.

კატო ჯავახიშვილი პოეტია, მისი დრამატურგიული ექსპერიმენტის საიდუმლოც, ვფიქრობ, სწორედ ტექსტის პოეტურ ენერგიაშია, უფრო სწორად, მეტაფორულობაში, რომლის წყალობითაც ერთი შეხედვით ყველაზე „მძიმედ მოსანელებელი“ დოკუმენტური მასალა და მხატვრული სივრცე ასე ორგანულად თავსდება ერთმანეთთან. პიესის მთავარი მეტაფორა – მიტოვებული თეატრია. ეს იმდენად ზუსტი და ავთენტური მიგნებაა, რომ სცდება ტექსტის ჩარჩოებს და მთლიანად ისტორიულ კონტექსტს აზოგადებს – დამოუკიდებლობისა და მონობის ასწლიან თავგადასავალს. ეს მეტაფორა ხედვის წერტილებსაც მონიშნავს მკითხველის/მაყურებლის წინაშე – ყველაფერი დღეს ხდება, თვით ასი წლის წინანდელი ამბავიც კი…

მიტოვებულ თეატრში რეჟისორობას აქამდე ყველასგან უჩინარი მოკარნახე ითავსებს და იწყებს სპექტაკლის დადგმას დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. მსახიობები პირდაპირ ცხოვრებიდან შემოდიან „სცენაზე“, რიგრიგობით ირგებენ როლებს და თამაშში ერთვებიან.

თეატრალური პირობითობა სცენოგრაფიულ „მაკეტში“ კიდევ უფრო მძაფრდება – სცენა რამდენიმე სივრცედაა გაყოფილი, ისევე, როგორც ასი წლის წინანდელი ქვეყანა/საზოგადოება – გამზირი, სტამბა, დუქანი, ნაგავსაყრელი… ეს კამერული ატმოსფერო ორმაგად ხუთავს ისედაც დახშულ და აფეთქებამდე დაჭიმულ გარემოს, მსახიობების გრძნობათა ბუნებაში კი, თამაშსა და ცხოვრებას შორის ზღვარი თანდათან იშლება. ერთი მათგანი ჩივის კიდეც: „რა ძნელია იყო ის, ვინც არ ხარ“.

ზოგადად, ეს პიესა პარადოქსებითაა სავსე. ამ წინააღმდეგობრიობაში ჩანს თავისუფლების იდეის რეფლექსია – ყველაფერი თავის თავს ეწინააღმდეგება, აზრი აზრს ეომება, ეჭვი – ეჭვს, იმედი – იმედს. „რას გაუგებ ისტორიას – გადაუფრენს ამ საუკუნეს, ტკივილს, დაფასებასა და იმედგაცრუებებს; რას გაუგებ სიყვარულს, თავისუფლებას დახარბებული ხალხის გულში მოკალათებულს; დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სურვილს, რომელიც ხშირად ილზორულ სიმართლეს გვაჯერებს და ჩვენც, ჰო, ჩვენ, ადამიანებს, გვჯერა, რომ სამშობლო ზუსტად იქაა, სადაც მოგვიხაზეს, ზუსტად ის, რაც დაგვაჯერეს. ჩამოგვაჭრეს და მოგვატყუეს“, – ამბობს მოკარნახე პიესის დასაწყისშივე. წინააღმდეგობრივია თავად პერსონაჟების „თამაში“ – ისინი ხან თამაშობენ და ხან – არა, ზოგჯერ როლებს, რომლებიც მათ მოკარნახემ მიაჩეჩა, სცენაზევე ერჩიან, ანგრევენ, ზოგჯერ პირიქით – საკუთარ სამოქალაქო ტრიბუნად იყენებენ. ამ პიესაში მხოლოდ ნაგავსაყრელის ადამიანები არ თამაშობენ. ისინი ნაგავში იქექებიან და ეს ყველაზე ბასრი რემარკაა, რომლითაც კატო ჯავახიშვილი დოკუმენტურ მასალას მხატვრული სივრცისგან მიჯნავს. ნაგავსაყრელის ადამიანები ის ერთადერთი რემარკაა, რომელიც ამ ასწლიან ისტორიაში უცვლელად დარჩა.

„სად არის ანდრეიკა?!“ დოკუმენტურ ნარატივს ეყრდნობა – მკითხველი/მაყურებელი ბევრ საინტერესოს შეიტყობს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. საგულისხმოა ისიც, რომ პიესის ინსპირაციად იმდროინდელ პრესაში დაბეჭდილი განცხადება იქცა, რომელიც იტყობინებოდა, რომ დაიკარგა ნოე ჟორდანიას ვაჟის ძაღლი, სახელად ანდრეიკა. ეს ერთი შეხედვით უწყინარი განცხადება კატო ჯავახიშვილმა დაკარგული სამშობლოს, დაკარგული თავისუფლების იდეაში განაზოგადა. „სად არის ანდრეიკა“ ეჭვებისა და შეკითხვების ენერგიითაა დამუხტული. ქაოსი, რომელშიც ყველა და ყველაფერია ჩართული, ჩვენს ყოფასაც განასახიერებს და ჩვენს დამოკიდებულებებსაც – წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. „სად დავდგე – გადაწერილ წარსულსა თუ გაურკვეველ მომავალში, წინსწარ ვიმღერო დამარცხებულთა სიმღერა თუ დროის ათვლას დაველოდო, არასდროს რომ არაა საკმარისი გამოცდილებისთვის, სამშობლოსათვის, თვალის გასახელად ან მოსახუჭად“.

რა იყო იმ სამწლიანი დემოკრატიული რესპუბლიკის ხიბლი და ხინჯი? როგორ მოხდა, რომ დღემდე მის საფუძვლებზე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნიშანსვეტი – სამად სამი წლის განმავლობაში, აგრესიული საგარეო სიტუაციისა და დაძაბული შიდა მდგომარეობის პირობებში, შექმნილ პოლიტიკურ და კულტურულ საფუძვლებზე? რა დარჩა იმ დამოუკიდებლობის ამბიდან, რა შეიძლება იმემკვიდრეოს მომავალმა?

ეს კითხვები ღონივრად გაისმის კატო ჯავახიშვილის პიესაში. მათზე ფიქრი მოუწევს ყველას, ვინც წაიკითხავს და ვინც სცენისთვის გააცოცხლებს. ვფიქრობ, რეჟისორებს წინ მეტად საინტერესო შემოქმედებითი პროცესი ელით, მაყურებლებს კი – დიდი შთაბეჭდილება.

ხოლო ვიდრე „სად არის ანდრეიკა?!“ სცენაზე განხორციელდება, მანამდე ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მოიძიოს და კონცეპტუალურად გაფორმებულ წიგნად წაიკითხოს, მით უფრო, რომ პიესაში კატო ჯავახიშვილის პოეზიის ფრაგმენტებიცაა, რაც ცალკე საბადოა მკითხველური სიამოვნებისთვის.

თავისუფლების მეტაფორა კი ახალი კითხვის ნიშნებს ბადებს – მართლაც, „სად არის ანდრეიკა?!“

 

 

 

ჩემი კუთხე

0

დიდ, ნათელ, მზიან სახლში გავიზარდე. ჩვენი სახლი რემონტითა და თანამედროვე ავეჯით თავს ვერ მოიწონებდა. სამაგიეროდ, სახლს დღემდე ამშვენებს მამას ხელით აწყობილი ვერცხლისფერი კარი, რომელსაც მანამდე ვაპრიალებდი, სანამ საკუთარი ანარეკლი არ გამოჩნდებოდა. წამოვიზარდე თუ არა, ერთი ოთახი დამითმეს. მეზობელმა ყავისფერხავერდიანი საწოლი გვაჩუქა და დავისაკუთრე. საწოლს პატარა კარადა ჰქონდა მიბმული, მერე რა, რომ ჩატეხილი თავი ჰქონდა, მე მაინც მთელი გულით შევიყვარე. მერე მამამ საწოლის თავზე საბჭოთა კავშირის შესაფერად უსახური და ერთფეროვანი წიგნის თაროები დამიკიდა. მაინც მიხაროდა. თაროებზე წიგნები, ფუმფულა სათამაშოები და სუვენირები დავაწყვე. ჩემი ოთახის ფანჯარა ხმაურიან ქუჩას გადაჰყურებდა და ჭადრის ხეებთან ერთად ვიზრდებოდი.

ახლა, როცა მასწავლებელი ვარ, ხშირად მახსენდება ჩემი ოთახი და კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, როგორი დიდი როლი ითამაშა მან ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, პირადი სივრცის მნიშვნელობაზე მოსწავლეებთანაც გამემახვილებინა ყურადღება, რადგან მოზარდობისას საკუთარ იდენტობაზე დაფიქრება ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი მგონია.

ამავე პერიოდში Artarea-ს ვიდეო-ჩანაწერს ვუყურე დინა ოგანოვას შესახებ. ფოტოგრაფი საკუთარ ბავშვობას იხსენებს და მოგონებებს გვიზიარებს. დინას საუბარს გულდასმით ვუსმენდი და თან თვალი მისი ოთახისკენ გამირბოდა. ძველებური მაგიდა გადავსებული ჰქონდა წიგნებით, დღიურებითა და ფერადი ბარათებით. My space მისი ერთ-ერთი პროექტია, რომელზეც ათი წლის წინ უმუშავია. ფოტოები ჰყვებიან ამბებს მათზე ასახული ადამიანების პირადი სივრცის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები მოსწავლეებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა.

ჩემი კუთხე – მეშვიდე კლასთან საკლასო პროექტად ჩავიფიქრე და ნაბიჯებად დავგეგმე:

  1. საკუთარი კუთხიდან სკოლაში წავიღებ ხუთ ნივთს და თითოეულის ისტორიას ვუამბობ. ნივთების ამორჩევა გამიჭირდა. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარ გზავნილზე ვფიქრობდი, კერძოდ, რის თქმა მსურდა თითოეული ნივთით. ჩემი არჩევანი ამგვარია:

ძველი ფოტო

შავ-თეთრი ფოტო ფასანაურში ჩემს დაბადებამდე გადაღებული. დედ-მამა ახალგაზრდები არიან. სტუმრად მამას მეგობარი ჰყავთ და ვახშმობენ. პაპაჩემ შიოს ღვინის ჭიქა უჭირავს ხელში. მამა მას უყურებს, დედა მამას გვერდით ზის და იღიმის. სუფრა გაშლილია. ლურჯზოლიანი თეფშები, გამჭვირვალე  ფარდები და ძველებური რადიო მეცნობა. მთავარი განწყობაა, რომელსაც მეც ვგრძნობ და გამოუთქმელი ემოციით მავსებს. ისინი – ჩემი საყვარელი ადამიანები – ერთად არიან, ხარობენ და ამდენი წლის შემდეგ თითქოს მეც მათთან ერთად ვარ. ეს პაპაჩემის ერთადერთი ფოტოა. მასთან განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ვგრძნობ. ბრგე, ახოვანი, მწვანეთვალება კაცის „უშანკა“ ქუდების, კოსტიუმებისა და „ტელეგრეიკების“  ჩაცმა  საყვარელი გასართობი იყო. შვიდი წლის გოგოსთვის მთიული პაპის გარდერობი ნარნიისას ჰგავდა. ნეტავ, ვინ გადაიღო ეს სურათი? ნეტავ, როგორი ამინდი იყო იმ დღეს?

ძველი ფოტო საყვარელ ადამიანებს, ჩემს დაბადებამდე არსებულ დროზე მიამბობს და მისი ჩვენებით მოსწავლეებს ძველი ალბომების თვალიერებისკენ ვუბიძგებ. ერთი ფოტოს აღსაწერად ბევრი სიტყვა რომ გვჭირდება, ამაზეც დაფიქრდებიან.

მოსწავლის ნახატი

ტასომ, ჩემმა მოსწავლემ, 13 წლის წინ ჩემთვის სამი ბალერინა დახატა. დღემდე ვინახავ. მასწავლებლობის პირველ ნაბიჯებს მახსენებს. საწერ მაგიდასთან სხვა მოსწავლეების ნახატებიც მაქვს გაკრული. მასწავლებლის ცხოვრება სავსეა მოსწავლეების საჩუქრებით – წერილებით, ნახატებით, ხელნაკეთი ნივთებით. ვფიქრობ, ტასოს ნახატის ჩვენებით ისინი იგრძნობენ, რომ ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, ნაჩუქარი პატარა ნივთიც კი ძალიან ძვირფასია.

დამჭკნარი ყვავილების გვირგვინი

რამდენიმე წლის წინ მოსწავლეებმა გაკვეთილის დაწყებამდე გვირგვინი დამახვედრეს – რკინის წვრილ მავთულზე წებოვანი ლენტით ყვავილები და ფოთლები ჰქონდათ დამაგრებული. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. ყვავილები გახმა, მაგრამ ბავშვების გულწრფელი თანადგომის ხათრით, ყუნწები ისევ მყარად აქვთ გაბმული წებოვან ლენტსა და მავთულს შორის. იმ დილას გვირგვინი გასამხნევებლად მაჩუქეს და ჩემთვის თანადგომის სიმბოლოდ იქცა. იმედგაცრუება ბავშვების თანადგომამ მშვენიერი რომ შეიძლება გახადოს – დამჭკნარი ყვავილების გვირგვინი ამ ნიშნით გამოვარჩიე.

სანემსე

მოწნულ თითბერში ჩასმულ პატარა, მრგვალ ბალიშს ჩემი ქმრის ბებია, ნაზიკო, ნემსებისთვის იყენებდა. ნაზიკო ბებო ჩემი უფროსი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი იყო. ერთად ყოფნა და ამბების გაზიარება გვიყვარდა. შემოდგომის ერთ სუსხიან საღამოს ლოგინადჩავარდნილ ბებოს მე და ჩემმა ხუთი წლის გოგონამ თბილი წინდები ამოვაცვით და საუბარი გავუბით. რა ლამაზი სანემსე გაქვთ-მეთქი, ვუთხარი და შენი იყოსო, შემომცინა. ახლა გაუხეშებულ ნაჭერში ნემსის ჩარჭობა ჭირს, მაგრამ მე მაინც ვინახავ ჩემი ძვირფასი მეგობრის გულით მოძღვნილ საჩუქარს. ნაზიკო ბებოს სანემსე რაჭაში ბებოსთან გატარებულ დროს მახსენებს. მისი დანახვისას მოწყვეტილი ვარსკვლავივით გაიელვებს ხოლმე ერთად ყოფნის წუთები, რომელთა მოხელთება ახლა შეუძლებელია, მაგრამ დიდ ძალას მჩუქნის. როგორ შეიძლება იქცეს ერთი ნივთი მეგობრობის სიმბოლოდ – სანემსეს მთავარი სათქმელი ამგვარია.

შეკერილი ჟ ასო

ასო „ტელესკოლის“ გაკვეთილისთვის შევკერე. ჩემი ერთი წლის გოგონა დავაძინე და საკერავი მანქანა ავარახრახე. გაჯიუტდა. წვრილი, ყვითელი ტანისა და მომრგვალებული ცხვირის ბამბით ამოვსება გამიჭირდა. ბოლოს მაინც ულამაზესი გამოვიდა. ვიცი, რომ ბევრ ბავშვს გული გაუხარა. სახლში დაბრუნებულმა სარკმელთან შემოვდე. ზოგჯერ ღია ფანჯრიდან შემოჭრილი ქარი წააქცევს ხოლმე და ვფიქრობ, ერთ დღესაც მეცხრე სართულიდან რომ გადავარდეს, ერთდროულად როგორი უცნაური და მშვენიერი იქნება ჰაერში გაფრენილი ყვითელი ასო-მეთქი. შეკერილი ასო ჩემი ახდენილი ოცნების მანიფესტაციაა. ყოველ დილას, როცა შეკერილი ასოები ჩემი 28 პირველკლასელისთვის მიმქონდა, ვოცნებობდი, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გამეკვირვებინა და გამეხარებინა. „ტელესკოლის“ საშუალებით ეს მართლაც შევძელი.

  1. ჩვენი ნივთების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს პირადი სივრციდან ხუთი ნივთის შერჩევას ვთხოვ. აღწერენ, დახატავენ და ნამუშევრებს კლასის გალერეაში გამოვფენთ.

 

  1. ვაყურებინებ ვიდეო-ჩანაწერს დინა ოგანოვას შესახებ. დაწერენ კომენტარს – რა შთაბეჭდილება დარჩათ ფოტოგრაფის პირადი სივრცისა და მის მიერ გადაღებული ფოტოების შესახებ, რას ფიქრობენ პროექტ My spece-ზე, თავადაც ხომ არ გაუჩნდათ ოთახის კედლების მორთვა.

 

  1. წავაკითხებ უფროსი ადამიანის ინტერვიუს პირადი სივრცის მნიშვნელობის შესახებ. ეს იდეა ჩემს უფროს მეგობართან, მაია დეიდასთან, საუბრისას დამებადა. მისი მონათხრობის სასწავლო რესურსად გამოყენების დიდი სურვილი გამიჩნდა. ამიტომ ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე. მისი ნებართვით, თქვენც გიზიარებთ:

„მე ხაშურში დავიბადე და გავიზარდე. იქ ჩემი სამყარო მქონდა. ნივთები ბავშვობიდან საყვარელ ადამიანებთან მაკავშირებენ. სკოლა რომ დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, ქალაქში ცხოვრება მომიწია. ჩემი თავდაჯერებულობა ახალმა გარემომ შეარყია. მანამდე გადაულახავი არაფერი იყო, მაგრამ ქალაქმა თითქოს ჩამყლაპა. პირველ კურსზე ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ არაფერს ჩამოვრჩენოდი, თუმცა, შინაგანად ვიყავი ძალიან დათრგუნული. ოკეანეს რომ გახედავ და უსაზღვრო სივრცის გამო შიში გიპყრობს, ასეთი განცდა დამეუფლა.

სტუდენტობისას ორ ბიძაშვილ გოგონასთან ერთად ვცხოვრობდი თბილისში, საბურთალოზე, ნაქირავებ ბინაში. ერთი დიდი ოთახი იყო. მე და ჩემი ტოლი ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ვიწექით პირისპირ და შუაში გვედგა ხის ძველებური კარადა. ამიტომ ერთმანეთს ვერ ვხედავდით. ამ მართკუთხედ სივრცეში მოვაწყვე ჩემი სამყარო. მაგალითად, ერთხელ ექსკურსიიდან ჩიტის ბუმბული ჩამოვიტანე და ხის კარადაზე მივამაგრე. რომ შევხედავდი, სასიამოვნო წუთები მახსენდებოდა. ამ დროს თითქოს მიადვილდებოდა სიძნელეების გადალახვა. სტუდენტობისას ბევრი ახალი ადამიანის გაცნობა გიწევს, რაც მთრგუნავდა. ამას მონელება სჭირდებოდა. ჩემს კუთხეში რომ განვმარტოვდებოდი, თავს დაცულად ვგრძნობდი. ვიღებდით ფოტოებს, თავად ვბეჭდავდით… ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადასვლას მიადვილებდა ჩემი კუთხე.

მახსოვს, მეორე კურსის დაწყებისას, სოფელთან განშორება ისევ გამიჭირდა. მატარებლით მოვდიოდი და გზად ვერხვის ორი ფოთოლი გამოვიყოლე, პლასტილინით გავაკარი ხის კარადაზე. ეს ყველაფერი პრობლემებს მავიწყებდა, ხმაურიც კი აღარ მიშლიდა ხელს. ჩემი კუთხე ნავსაყუდელი იყო, თუნდაც გაბრაზებისას ან დიდი სიხარულისას იქ მიყვარდა ყოფნა. მერე პატარა სათამაშოების შეგროვება დავიწყე. ერთ პატარა რეზინის დათვს მე და ჩემმა ბიძაშვილმა ჭრილი გავუკეთეთ და ერთმანეთს წერილობით შეტყობინებებს ვუტოვებდით. რეზინის სათამაშო დათვი მობილური ტელეფონის ფუნქციას ასრულებდა. დღემდე სხვენში ვინახავ იმ სათამაშოებს. ვერ ველევი. დაბადების დღეზე მორთმეული ყვავილებიც მქონდა გაკრული კედელზე. ღამე ვიყავი მეორე მე. ეს იყო ოცნების დროს. იქ რომ დავწვებოდი და ჩემს ღუნღულა საბანში გავეხვეოდი, ჩემი მეორე ცხოვრება იწყებოდა. იქვე მეწყო წიგნებიც. დროდადრო ვცვლიდი ნივთებს.

ახლაც სასთუმალთან ათამდე წიგნი მიდევს და ხასიათის მიხედვით ვკითხულობ. კედელზე ჩემი შვილიშვილის ფოტოები მაქვს გაკრული და მიკიდია პატარა პრინცის გამოსახულებიანი საათი, რომელიც მოსწავლეებმა მაჩუქეს. ვფიქრობ, ნივთებისადმი იმდროინდელი დამოკიდებულება საყვარელ ადამიანებზე ზრუნვამ ჩაანაცვლა. შეიძლება ეს ახლა შვილიშვილისთვის გამომცხვარი ნამცხვარი იყოს ან პატარა მეგობრისთვის შეკერილი ტყავის ჩანთა.

ბავშვს თავისი სამყარო აქვს. ყველას სჭირდება სამეცადინო მაგიდა, ერთი უჯრა პირადი ნივთებისთვის. ბავშვებს ვურჩევ, რომ მოაგროვონ მოგონებები, მოუსმინონ უფროსებს“.

მაია დეიდას გულწრფელ, უზომოდ საინტერესო, ფაქიზ მოგონებებს ამოვბეჭდავ, მოსწავლეებს დავურიგებ, მთხრობლის ასაკის, პროფესიის, ხასიათის ამოცნობას ვთხოვ  და ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებდა მის ცხოვრებაში პირადი კუთხე. საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ კი მაია დეიდას გავაცნობ.

  1. პრეზენტაცია – მოსწავლეებს ვთხოვ მათთვის მნიშვნელოვანი სამი ნივთის სკოლაში მოტანას და ერთმანეთისთვის გაცნობას.

 

  1. პერსონაჟის კუთხის აღწერა, გამოგონება, დახატვა ტექსტთან მიბრუნებისთვის და პერსონაჟზე დაკვირვებისთვის სახალისო დავალებად იქცევა. ახლა ვკითხულობთ ნატო დავითაშვილის რომანს „ნისლებში და ნისლებს მიღმა“. ვიცი, რომ ერეკლეს ან გვანცას პირად კუთხეს სიხარულით დახატავენ და ძველ ქართულ ნივთებს ვიზუალურადაც გააცოცხლებენ.

 

  1. ჩაწერენ ინტერვიუს ოჯახის წევრებთან. გამოჰკითხავენ პირადი კუთხისა და საყვარელი ნივთების ამბავს. სასკოლო ცხოვრებაში ოჯახის წევრების ჩართულობა ყოველთვის დიდ, მრავალმხრივ დაინტერესებას იწვევს.

 

  1. პროექტის შემაჯამებელ აქტივობა იქნება პირადი წერილი, რომელსაც მაია დეიდას მისწერენ – რომელსაც შემაჯამებელი სამუშაოს დატვირთვა ექნება. ძირითად ტექსტში საკუთარ თავს გააცნობენ, გამოხატავენ შთაბეჭდილებებს მაია დეიდას მონათხრობის შესახებ, უამბობენ პროექტზე და ბოლოს საკუთარ სივრცესაც გააცნობენ. ბოლო აბზაცში იმაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რა შეცვალეს პირად სივრცეში პროექტის შემდეგ, რომელი ნივთი დაინახეს სხვა თვალით და შეიყვარეს.

 

მინდა, რომ მაია დეიდას მსგავსად ბავშვობის კუთხე დიდი სიყვარულით გაიხსენონ. თავად შექმნან პატარა სამყარო, სადაც სიხარულისა თუ მწუხარების დროს განმარტოვდებიან, დამშვიდდებიან, იფიქრებენ და იოცნებებენ.

 

 

 

ბორხერტის შუქურა

0

საქართველოში გერმანისტებს მაინცდამაინც არ აფასებენ. დარგის ბევრი კარგი სპეციალისტის შესახებ საზოგადოებას არც კი სმენია. როგორც წესი, ისინი თავიანთ ოთახებში არიან გამოკეტილნი და უყურადღებობის, გულგრილობის მიუხედავად, საქმის პატიოსნად კეთებას ცდილობენ. ერთი მათგანი ბ-ნი მიხო ბეროშვილი გახლავთ, რომლის წყალობითაც გამორჩეული გერმანულენოვანი მწერალი ვოლფგანგ ბორხერტი გავიცანი. ბეროშვილის მიერ თარგმნილი ბორხერტის მოთხრობები გასული წლის მიწურულს ერთ-ერთ ალმანახში გამოქვეყნდა.

ბორხერტმა ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ინტერესი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება გამოიწვიოს.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მის ტრაგიკულ ბედს უნდა მივაპყროთ. ვოლფგანგ ბორხერტი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა – გურამ რჩეულიშვილივით, ისიც მხოლოდ 26 წლის გახლდათ. მისი ცხოვრების წლები ევროპისთვის ურთულეს ხანას დაემთხვა. ჰიტლერის ეპოქაში სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანებს იშვიათად შეეძლოთ საქმისა და სწავლის მიტოვება, რათა თეატრალური სამყაროსთვის შეეწირათ თავიანთი დრო და ენერგია. ოჯახის წევრების, დიდი ქალაქების ქუჩებში მარშით მოსიარულე თანატოლების წინააღმდეგობა მომავალმა მწერალმა არაფრად ჩააგდო და წიგნებით ვაჭრობის ხელობაში დაოსტატებაზე უარი განაცხადა, მან განათლების მიღება თეატრალურ სკოლაში განაგრძო. თუმცა ნაცისტურ გერმანიაში ხაკისფერ სამოსში გამოწყობილი დამნაშავეებისგან თავის დაღწევა ასეთი ადვილი არ იყო. 1941 წელს ოცი წლის ხელოვანი ჯარში გაიწვიეს და მისი ცხოვრების ერთადერთ მშვენიერ პერიოდს სიხარულით დაუსვეს წერტილი.

ბორხერტი ვერმახტში მსახურობდა, მაგრამ ხელმძღვანელებს ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდა. მას შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების საშუალება არ ჰქონდა, მწერალს დამოკიდებულების გამოხატვისთვის სულ რამდენიმე ბერკეტი ეპყრა ხელთ.

ბორხერტმა არაერთხელ სცადა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რათა სამხედრო სამსახურისთვის, მისი რწმენით, უსამართლო ომისათვის გამოუსადეგარი ყოფილიყო. ამგვარი ქმედების გამო ის შეიძლებოდა სიკვდილით დაესაჯათ, მაგრამ ხელოვანს სახრჩობელა არ ადარდებდა, მან მშვიდად მიიღო მეთაურთა მიერ დაკისრებული საპატიმრო სასჯელი.

ახალწვეულმა შესანიშნავად იცოდა, რომ ჯარისკაცთა მიმოწერას სპეციალური სამსახურები ამოწმებდნენ, ამიტომ თავის პირად წერილებში მოურიდებლად აკრიტიკებდა ნაცისტურ ხელისუფლებასა და ომის გარდუვალობის იდეას. ახლობლებისთვის გაგზავნილ ტექსტებში გამოთქმული მოსაზრებები ბორხერტს დამატებითი სამუშაოების შესრულებად და მორიგ დამცირებად, საჯარო შეურაცხყოფად უჯდებოდა.

ჰამბურგელ ავტორს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, მას ხშირად უწევდა სამხედრო ლაზარეთში ყოფნა, მაგრამ მაინც არ წყვეტდა წინააღმდეგობას, მის ხელთ არსებული რესურსებით სისხლისღვრის გაპროტესტებას. რიგითთა ერთ-ერთ თავყრილობაზე მან იოზეფ გებელსის პაროდია გაითამაშა და პროპაგანდის მინისტრი რამდენიმე ტყუილში ამხილა. ცხადია, ურჩი მსახიობი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, ბორხერტი სიკვდილს ომის დამთავრებამ გადაარჩინა.

გერმანელი მწერლის გამოცდილებამ მოსწავლეები შესაძლოა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქროს. ისინი აღმოაჩენენ, რომ ყველაზე ბნელი და სისხლიანი მტრის ბანაკშიც შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალადობას, ჩაგვრას, განადგურებას არ ემხრობიან და მწირი საშუალებებით იბრძვიან თავს მოხვეული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, პატიმრობისა და მუდმივი ავადმყოფობის მიუხედავად არ ეგუებიან ძლევამოსილ დიქტატორთა მიერ დადგენილ წესრიგს.

ხელოვანის ცხოვრება ომის შემდეგაც თავგადასავლებით დატვირთული გამოდგა. დაბომბილ და მიწასთან გასწორებულ ჰამბურგში დაბრუნებულმა დაავადმყოფებულმა ახალგაზრდამ სცენაზე დადგომა გადაიფიქრა და ადგილობრივ გაზეთში დაიწყო თავისი ლექსებისა და მოთხრობების გამოქვეყნება. ყოფილი ჯარისკაცის ტექსტებმა მალე მოიპოვა პოპულარობა, დიდი ქალაქის მინგრეულ-მონგრეულ ქუჩებში ყველას პირზე ეკერა გადარჩენილი თანაქალაქელის სახელი.

ბორხერტის შემოქმედება უზუსტესად აღწერს დამარცხებულ, შერცხვენილ, მტვრად ქცეულ ევროპაში გამეფებულ ტკივილსა და სასოწარკვეთას. გერმანელის ორ-სამგვერდიანი ნოველები შესაძლებლობას გვაძლევს, დავაკვირდეთ რიგით მოქალაქეებსა და მათ განცდებს.

პატარა მოთხრობაში „პური“ ცოლ-ქმრის ცხოვრებაა აღწერილი. სიღარიბეში აღმოჩენილ ოჯახს მთელი დღის სარჩოდ მხოლოდ პურის ექვსი პატარა ნაჭერი აქვს. კაცი ყოველ ღამე იღვიძებს, სამზარეულოში გასასვლელად ათას მიზეზს იგონებს, რათა დღის ბოლოს შემორჩენილ ნამცეცებს მიაკვლიოს და საუზმისთვის გამზადებული ულუფებიდანაც მოიპაროს სხვისი წილი საკვები. ქალი მამაკაცზე ძლიერი აღმოჩნდება, ბოლომდე უერთგულებს პურის პატიოსნად განაწილების შეთანხმებას, მეტიც, ქმრის მორალური დილემისგან გადასარჩენად შიმშილისთვისაც გადადებს თავს.

ბორხერტის ოჯახშიც, მის სამეზობლოშიც ქალებს უწევდათ ომის შემდგომი გაჭირვების ტვირთის ზიდვა, რათა საყვარელი ადამიანები სიკვდილისა და სირცხვილისგან გადაერჩინათ. „პური“ კიდევ ერთხელ მიანიშნებს დანგრეულ ქალაქებში ქალთა განსაცდელის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

როგორები იყვნენ მეორე მსოფლიო ომგამოვლილი მასწავლებლები ევროპაში? მათ გრძნობები დაჩლუნგებული ჰქონდათ, აღარაფერი აკვირვებდათ და მოსწავლეებს სამყაროს ყველა სისასტიკეს დაუფარავად უმხელდნენ. პედაგოგთა ნაწილს აღარ შეეძლო იმედისა და მომავლის რწმენის გაღვივება ბავშვების გულში. ბორხერტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთხრობის: „ღამით ხომ სძინავთ ვირთხებს“, – უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი სწორედ მასწავლებელი გახლავთ. იგი თავის მოსწავლეებს დაუფარავად უხსნის, რომ „ნანგრევებში დარჩენილი მკვდრებით ვირთხები ირჩენენ თავს“. სკოლაში მოსმენილი ფრაზა შეცვლის 8-9 წლის იურგენის ცხოვრებას, რომელიც გარდაცვლილი უმცროსი ძმის გადასარჩენად ღამღამობით თავის დაბომბილ სახლს ყარაულობს. საბედნიეროდ, ბავშვებისთვის ცხოვრების აზრის დაბრუნებაზე მხოლოდ ოჯახის წევრები და სკოლის თანამშრომლები არ ზრუნავენ – მასწავლებლის მოვალეობის შეთავსება გულკეთილ ქურდსაც შეუძლია.

„სამზარეულოს საათის“ ნებისმიერი მკითხველი, ალბათ, დიდხანს იფიქრებს ცხოვრების ყველაზე უბრალო წესის სიკეთეებზე. დიდ კატასტროფას, მასობრივ ნგრევას შესწევს ძალა, ერთ დროს მოსაბეზრებელი რუტინა სამოთხედ წარმოაჩინოს.

ბორხერტის არც ერთი მოთხრობის შინაარსი ბოლომდე თქვენთვის არ გამიმხელია, მხოლოდ ის მსურდა, გერმანელის შემოქმედების ყველაზე მქრქალი კონტურებისთვის გამესვა ხაზი. ჰამბურგელი ავტორის მარტივი, ყველასათვის ადვილად გასაგები, შესანიშნავად თარგმნილი ტექსტები დიდ საფიქრალსა და უამრავ თავსატეხს იტევს, თან კიდევ ერთხელ გვიხსნის, თუ რატომ უნდა ვაქციოთ ომი ისტორიად.

ახალგაზრდა მწერლის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება ტრაგედიითვე დასრულდა. ომის დროს გადატანილმა არაერთმა ავადმყოფობამ და პატიმრობამ, ომის შემდგომმა შიმშილმა საბოლოოდ შეურყია ჯანმრთელობა 26 წლის კაცს. ის იმ დღეს გარდაიცვალა, როდესაც მისი ლექსი პირველად გადასცეს რადიოთი. გარდაცვალებიდან მეორე დღეს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სცენაზე მისი პიესის პრემიერა გაიმართა.

ბორხერტი ერთ-ერთ ლექსში აღნიშნავს, რომ საკუთარი თავი შუქურად წარმოედგინა, სინამდვილეში კი გასაჭირში მყოფი, დაღუპვისთვის განწირული ნავი აღმოჩნდა. მგონი, მწერალი საკუთარი თავის შეფასებისას შეცდა, მისმა მოთხრობებმა ნაომარ ქვეყანაში არაერთ ადამიანს გაუკვალა გზა.

მუსიკის გაკვეთილზე კლასიკური მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა

0

დღევანდელი ყოფა ცხოვრების სხვადასხვა – სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ – სფეროში ფართომასშტაბიანი ცვლილებებით ხასიათდება. XX-XXI საუკუნეების ტექნიკურმა პროგრესმა წარმოუდგენელი საინფორმაციო ტექნოლოგიების, მულტიმედიის, სინთეზური ჟანრებისა და მუსიკის სხვადასხვა ტიპის განვითარება განაპირობა – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს თანამედროვე ბავშვებში მუსიკალური აღქმის სტრუქტურაზე. სოციალურ-კულტურული ურთიერთობების რეფორმირების ეპოქაში დღის წესრიგში მწვავედ დადგა ბავშვთა ინტერესის, როგორც მუსიკის სულიერი, მორალური და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების აღზრდის პრობლემა.

ინტერესი პიროვნების მთავარი მოტივატორი და შემოქმედებითი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. განათლებისა და სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ინტერესის მიზანმიმართული ფორმირება. ჩვენი დროის კულტურის მდგომარეობა, მიანიშნებს იმაზე, რომ ახალგაზრდები უპირატესობას ანიჭებენ გასართობ, დაბალი ხარისხის მუსიკას, რომლებიც საშუალო მხატვრულ გემოვნებას აყალიბებს.

აკადემიური მუსიკა მინიმალურადაა წარმოდგენილი თანამედროვე მასობრივი კულტურის სივრცეში, ხოლო კლასიკური მუსიკალური ჟანრები და კლასიკური მუსიკის ნიმუშები საინფორმაციო სფეროდან აქტიურად იდევნება. არსებული სოციალურ-კულტურული ვითარების კონტექსტში თავისი პრაგმატიზმით, ეკონომიკური ინტერესების პრიორიტეტით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განსაკუთრებული ამოცანაა ბავშვებისა და მოზარდების სულიერ განვითარებაზე ზრუნვა.

აქტუალურია მოზარდებში კლასიკური მუსიკის მიმართ ინტერესის განვითარების პრობლემა. ამ პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს ღრმა და მრავალმხრივ მიდგომას – აუცილებელია კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის არსებითი მახასიათებლების დასაბუთება მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მათი ინტერესის განვითარების დონის შესაფასებლად ყველაზე სრულყოფილი კრიტერიუმების შემუშავება, კლასიკური მუსიკის მიმართ მოსწავლეების ინტერესის გასაზრდელად ღონისძიებების კომპლექსის შემუშავება.

ესთეტიკური გემოვნება, მუსიკალური კულტურა, ხელოვნების მაღალმხატვრულ ნიმუშებთან ურთიერთობის აუცილებლობა ადრეულ ასაკში უნდა ჩამოყალიბდეს. მუსიკას განსაკუთრებული ადგილი უკავია სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდაში. ის წარმოადგენს ბავშვის ფსიქიკის წამყვან, ემოციურ სფეროს და გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში, მისი გონებრივი ფუნქციების რეგულირებაში, ზოგადად ქცევაში. ადრეული ასაკიდან ბავშვები მკაფიოდ რეაგირებენ მუსიკაზე, რაც გამოიხატება მათ ემოციებში. ბევრი ბავშვისთვის მუსიკალური აღქმის მიზანმიმართული განვითარება სკოლამდე იწყება. ისინი ეცნობიან მათთვის ხელმისაწვდომ ხელოვნების ნიმუშებს, სწავლობენ – როგორ გააცნობიერონ მუსიკის შინაარსი და ბუნება, განასხვაონ მუსიკალური გამოხატვის საშუალებები, დაიმახსოვრონ მოსმენილი. სწორედ სკოლამდელ ასაკში იღებს ბავშვი მუსიკალური აქტივობის გამოცდილებას, რაც შემდგომში ზოგად მუსიკალურ განვითარებაზე აისახება. რაც უფრო მეტად ეცნობა ბავშვი მუსიკას, მით უფრო ინტენსიურია მისი საერთო განვითარება. ბავშვები ხდებიან უფრო ყურადღებიანი, უფრო სწრაფად კონცენტრირდებიან, თავისუფლად საუბრობენ, უმჯობესდება მათი კოორდინაცია. ცნობილი იაპონელი მევიოლინე და მასწავლებელი შინჩი სუზუკი მიიჩნევს, რომ ბავშვის ცხოვრების პირველივე დღეებიდან მუსიკის მოსმენა უდავოდ სასარგებლო გავლენას ახდენს მის შემდგომ განვითარებაზე. ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ ადრეული სკოლამდელი ასაკის ბავშვი თანაბრად აღიქვამს როგორც კლასიკურ, ასევე გასართობ მუსიკას. ამიტომ მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან მაღალმხატვრულ რეპერტუარზე აღზრდა. ბავშვი, რომელიც ადრეული ასაკიდან ეზიარება კულტურულ მუსიკალურ მემკვიდრეობას, შემდგომში უკეთ აღიქვამს სილამაზეს, ითვისებს თაობების ძვირფას კულტურულ გამოცდილებას.

აქედან გამომდინარე, ძალიან აქტუალურია მუსიკისადმი ინტერესის განვითარება, დაწყებით საფეხურზე მუსიკის გაკვეთილზე მუშაობის ეფექტური მეთოდოლოგიის ძიება. ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარე და სწავლის სურვილით აღსავსე არიან. ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი ნიჭის გამოსავლენად, არის უფროსების გამოცდილი ხელმძღვანელობა. ადამიანში ფანტაზიის აღძვრის უნარით ხელოვნება უდავოდ პირველ ადგილს იკავებს ყველა იმ მრავალფეროვან ელემენტს შორის, რომლებიც ქმნიან ადამიანის განათლების რთულ სისტემას. მუსიკა არის შუამავალი შემოქმედებასა და აღქმას შორის.

არ შეიძლება მუსიკის სწავლება ინტერესის გაღვივების გარეშე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვები სწავლობენ მუსიკალური ხელოვნების ჭეშმარიტად მხატვრული ნიმუშების აღქმას.

მუსიკისადმი ინტერესის გაღვივება პირველივე გაკვეთილებიდან მნიშვნელოვანია. მოგვიანებით შეიძლება მოსწავლეებს სერიოზული მუსიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაც კი გაუჩნდეთ. მაშინ უკვე მუსიკის მასწავლებელს ამ დამოკიდებულების დაძლევა უკიდურესად გაუჭირდება. რაც უფრო ადრე ისწავლიან და შეიყვარებენ ბავშვები გემოვნებიან მუსიკას, მით უფრო ნაყოფიერი იქნება ეს მათი მუსიკალური განვითარებისთვის, პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. მუსიკის მოსმენა ავითარებს ინტერესს, აფართოებს მუსიკალურ ჰორიზონტს, ზრდის ბავშვების მუსიკალურ მგრძნობელობას.  ფიზიკური ან გონებრივი მუშაობა ინტერესის გარეშე შეუძლებელია. აუცილებელია ინტერესთა მიმართულების შეცვლა, მათი გადართვა ერთი სფეროდან მეორეზე. განათლების მიზანია პოზიტიური ინტერესების გაღვივება და არასასურველის აღმოფხვრა.

შემეცნებითი ინტერესის სტრუქტურა:

კლასიკური მუსიკა, მაღალმხატვრული ნაწარმოების მოსმენა ავითარებს გემოვნებას. ტერმინი „კლასიკური მუსიკა“ Lat Classicus – ნიშნავს სამაგალითოს, სრულყოფილს.

მოზარდებში ინტერესის ფორმირების შინაარსისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია განისაზღვროს კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის შემდეგი ფუნქციები: ღირებულებითი, შემეცნებითი, მარეგულირებელი.

ღირებულებითი ფუნქცია გამოიხატება ემოციური და ღირებულებითი დამოკიდებულების ფორმირებაში, რომლის დროსაც მოზარდი კლასიკურ მუსიკას აღიქვამს, როგორც მსოფლიო მუსიკალური კულტურის განუყოფელ ნაწილს.

ღირებულებითი ფუნქციის სუსტ გამოვლინების დროს მოზარდი არ უარყოფს აკადემიურ მუსიკას, თუმცა ვერ გრძნობს მასში პიროვნულ ღირებულებას ან მნიშვნელობას. ხოლო ნორმალურ გამოვლინებისას მოზარდი უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

შემეცნებითი ფუნქცია გამოიხატება აკადემიური მუსიკის თავისებურებების შესახებ ცოდნის გამდიდრებასა და სისტემატიზაციაში, მუსიკის ენის გაგებაში.

მოსწავლეები, რომლებსაც მოსწონთ რეპი – ხშირად დასცინიან სერიოზული, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, საყვედურობენ მათ მივიწყებული ჟანრების მოწონების გამო და რეპ-კულტურას ჩვენი დროის მიღწევად თვლიან. ისინი არც კი ფიქრობენ, რომ ეს ჟანრი მრავალი საუკუნის წინ აფრიკაში წარმოიშვა და შემდეგ ის წარმატებით გადაამუშავეს მე-20 საუკუნის კომპოზიტორებმა (ამის მაგალითია ჯორჯ გერშვინის ოპერა „პორგი და ბესი“). ამის გაგების შემდეგ რეპის მოყვარულები კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მეტი პატივისცემით ეპყრობიან.

მარეგულირებელი ფუნქცია გამოიხატება როგორც კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის თვითრეგულირებაში, ასევე მოზარდის შემოქმედებით საქმიანობაში.

სუსტი გამოვლინების დროს, მოსწავლეები თავს იკავებენ აკადემიური მუსიკის ნაწარმოებების ზეპირი განხილვისგან, ასევე მოსმენილი ფრაგმენტის წერილობით ანალიზში მონაწილეობისგან. ნორმალური გამოვლინება ხასიათდება მოზარდის აქტიური მონაწილეობით მოსმენილი მუსიკის ერთობლივ განხილვაში.

კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის დონეები:

ცნობისმოყვარეობა (დაბალი დონე) – ემოციური რეაქცია ცნობისმოყვარეობის დონეზე ხასიათდება ხანმოკლე ხანგრძლივობით;

ცნობისმოყვარეობა (საშუალო დონე) – შემეცნებითი აქტივობის დამახასიათებელი გამოვლინება კლასიკური მუსიკის შესწავლილი ნაწარმოებების მიმართ. ამ დროს მოზარდი ცდილობს, გაიგოს მუსიკალური ენა, დაეუფლოს მუსიკის ჟანრებსა და სტილს;

მდგრადი ინტერესი (მაღალი დონე), ხასიათდება აკადემიური მუსიკის სტაბილური პოზიტიური შეფასებით, აქტიური მუსიკალური და შემოქმედებითი აქტივობით.

კლასიკური მუსიკის მოსმენისადმი ინტერესის განვითარების დონეების გათვალისწინებით, საჯარო სკოლის მოზარდებში შესაძლებელია კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის განვითარების გარკვეული მოდელის განსაზღვრა.

პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მოზარდში კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების ფრაგმენტების მოსმენისას ემოციის აღძვრა. მოსწავლე იღებს მხოლოდ ზოგად წარმოდგენას მუსიკალური ნაწარმოების შესახებ, რომელიც შეიძლება სიღრმისეულად უმნიშვნელო იყოს. ამ ეტაპზე მასწავლებლის ამოცანაა, დაეხმაროს მოზარდს ნაწარმოებისადმი დამოკიდებულების პოვნაში – გაიგოს, რა გრძნობებს იწვევს მასში ეს მუსიკა. მასწავლებელი ყოველმხრივ ასტიმულირებს მოზარდების ემოციურ დამოკიდებულებას კლასიკური მუსიკისადმი, სთავაზობს მას საუკეთესო მუსიკალური შედევრების მოსმენას. ამ ეტაპის შედეგია ცნობისმოყვარეობის დონის მიღწევა (დაბალი დონე).

მეორე ეტაპ (ინტელექტუალური) დაკავშირებულია მოსმენილი მუსიკალური მასალის ანალიზთან, რომლის მიზანია კლასიკური მუსიკის სფეროში ცოდნის გამდიდრება. მოზარდები ეცნობიან მუსიკალური ნაწარმოების ექსპრესიულობის კონცეფციას, იძენენ ცოდნას კომპოზიტორებისა და მუსიკოსების შესახებ კლასიკური ევოლუციის კონტექსტში. კლასიკური ნაწარმოებისადმი ემოციური აღქმა უფრო ღრმა ხდება და შემოქმედებითი აქტივობა ძლიერდება. პირველი ეტაპისთვის დამახასიათებელი მთლიანობის აღქმა ადგილს უთმობს დიფერენცირებულს, შინაარსობრივს. ამისათვის მასწავლებელი მოზარდების ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ გადმოსცემს კომპოზიტორი ნაწარმოების შინაარსს, როგორი მუსიკალური და ლექსიკური საშუალებებით. მეორე ეტაპის შედეგია ცნობისმოყვარეობის დონის მიღწევა (შუალედური დონე).

მესამე ეტაპზე აქტივობის მიზანია მოზარდების დამოუკიდებლობის გააქტიურება კლასიკური მუსიკის აღქმისას. მოზარდები იწყებენ ემოციური სიამოვნების მიღებას კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებთან კომუნიკაციისგან. აღქმის ამ ეტაპზე ხდება მოსმენილი მუსიკის ემოციური შთაბეჭდილებების ურთიერთქმედება და მისი აზრიანი აღქმა, რაც დაკავშირებულია მუსიკალური ნაწარმოების ღრმა ანალიზთან. თუ მოზარდი, რომელიც უსმენს აკადემიურ მუსიკას, გრძნობს და ცდილობს მის შეცნობას, მაშინ ეს ნაწარმოები მისთვის ღირებული ხდება. მუსიკალური რეპერტუარის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოზარდების ემოციური რეაგირება.  მესამე ეტაპის შედეგია მდგრადი ინტერესის ფორმირება (მაღალი დონე).

აღქმის ამ ეტაპზე ხდება მოსმენილი მუსიკის ემოციური შთაბეჭდილებების ურთიერთქმედება და მისი გააზრებული აღქმა, რაც დაკავშირებულია მუსიკალური ნაწარმოების ღრმა ანალიზთან. აკადემიური მუსიკისადმი ინტერესის განვითარებისას მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობისა და ეტაპობრიობის როლი.

მოზარდებში აკადემიური მუსიკისადმი ინტერესის განვითარებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ:

  • მოზარდობის ფსიქოლოგიური მახასიათებლები;
  • აკადემიური მუსიკის მოსმენისადმი ინტერესის განვითარების დონეების დიაგნოსტიკა;
  • შესაბამისი მუსიკალური და საგანმანათლებლო გარემო, როგორც საკლასო ოთახში, ასევე სკოლის გარეთ.

ამჟამად პოპულარულია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, რომლის დროსაც მასწავლებელი აზროვნების განვითარებას წინა ცოდნაზე დაყრდნობით ცდილობს. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ორგანიზება კი ის გახლავთ, რომ მასწავლებლის სწავლების ძირითადი მეთოდი არ ითვალისწინებს მასალის ახსნას, არამედ კითხვების, შემეცნებითი ამოცანების ფორმულირებას, სასწავლო დავალებებს, რომლებიც შეიცავს პრობლემებს.

მუსიკის გაკვეთილზე პრობლემური მეთოდების გამოყენება ძალიან შრომატევადია – მასწავლებელს გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას: ბავშვებმა უნდა იფიქრონ კითხვაზე პასუხის შესახებ; ისაუბრონ, იპოვონ დავალების შესრულების ვარიანტი. მუსიკის გაკვეთილზე პრობლემური სიტუაციების შექმნას ხელს უწყობს კომპიუტერული ტექნოლოგია, რომლის დროსაც მოსწავლეები ადარებენ და მოჰყავთ ანალოგიები. მაგალითად, ერთმანეთს ადარებენ ორ-სამ ნაწარმოებს, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო ჟანრისაა. გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელი აკვირდება ბავშვების აქტიურობას, აფასებს მათ რეაქციებს, ითვალისწინებს ინტერესისა და ყურადღების ხარისხს.

მუსიკას შეუძლია ინტერესის გაღვივება, მოსწავლის აღფრთოვანებაში მოყვანა; შეუძლია, განაცდევინოს მას სიხარული და სევდა, იმედი და იმედგაცრუება, ბედნიერება და ტანჯვა – ყველა ადამიანური გრძნობა. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს – ასწავლოს მოსმენა, განცდა. ამავე დროს, აუცილებელია მოზარდების შემეცნებითი ინტერესის გაღვივება – ამისათვის საჭიროა გააზრებულად დავგეგმოთ მუსიკის მოსმენის პროცესი.

მუსიკის მოსმენის პროცესში აკადემიური მუსიკის აღქმის გასაუმჯობესებლად სასურველია, გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდი:

კონტრასტული შედარებების მეთოდი ხელს უწყობს მუსიკის აღქმის ცნობიერებას, პრობლემური სიტუაციის შექმნას, აძლიერებს მუსიკისადმი ემოციურად რეაგირებას, ავითარებს პიროვნების წარმოსახვასა და შემოქმედებითობას.

ეს მეთოდი ემყარება დავალებების სისტემას, რომლის დროსაც ერთმანეთს ადარებენ კონტრასტულ ნაწარმოებებს, ერთნაირი განწყობის ნაწარმოებებს, მუსიკისა და მეტყველების ინტონაციებს, ერთი ნაწარმოების სხვადასხვა ინტერპრეტაციას.

მუსიკის ინტონაციურ-სტილისტური გააზრების მეთოდი უზრუნველყოფს სხვადასხვა ფენის მუსიკალური კულტურის შინაარსობრივ წარმოდგენას ინტონაციურ შედარებებში, ეპოქალურ და ეროვნულ სტილში. ეს მეთოდი ხელს უწყობს ტრადიციებისა და ინოვაციების იდენტიფიცირებას, ხელოვნების უწყვეტობასა და განვითარებას. მეთოდი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების მუსიკალური და სმენითი გამოცდილების განვითარებას ინტონაციის საფუძველზე. აუცილებელია, რომ მოსწავლეებმა იგრძნონ და გააცნობიერონ მუსიკალური ინტონაციის გამომხატველი და ფერწერული შინაარსი.

მხატვრული გამოსახულების მოდელირების მეთოდი ნაწარმოების მხატვრული გამოსახულების, მისი შინაარსის შემეცნების ერთ-ერთი მეთოდია. მხატვრული გამოსახულების მოდელირებისა და მისი განხილვისას ჩნდება სიტუაციები, რომლებიც აიძულებს მსმენელს, განსაზღვროს თავისი პოზიცია სიუჟეტის პერსონაჟებთან მიმართებაში, შეაფასოს მათი იდეალები, პრინციპები, მსოფლმხედველობა.

მხატვრულ-შემოქმედებითი პროცესის მოდელირების მეთოდი მიზნად ისახავს ბავშვის შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. ეს მეთოდი მოითხოვს დამოუკიდებლობას შემოქმედებითობაში, ხელს უწყობს ინდივიდუალური მოსმენისა და შემოქმედებითი ინტერპრეტაციის უნარების განვითარებას. მასწავლებლის ამოცანაა, მოახდინოს შემოქმედებითი პროცესის სიმულაცია, რათა ბავშვმა დაინახოს საკუთარი თავი სხვა ადამიანის პოზიციიდან.

მუსიკის ბგერის ბუნებასთან ასიმილაციის მეთოდი გულისხმობს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი მოქმედების გააქტიურებას, რომელიც მიზნად ისახავს მუსიკალური გამოსახულების გაგებას, მხატვრული აზროვნების განვითარებას.

ემოციური გავლენის მეთოდი. ემოციური და შემოქმედებითი ატმოსფეროს შესაქმნელად მუსიკალური აქტივობის სტიმულირების სხვადასხვა ხერხი გამოიყენება. ემოციური გავლენის მეთოდი გულისხმობს მასწავლებლის უნარს, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მუსიკალური ნაწარმოების მიმართ სიტყვით, სახის გამომეტყველებით, ჟესტებით, ხმის ტემბრით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ბუნებისა და განწყობის მიხედვით. თბილად და ნაზად ისაუბრეთ იავნანაზე, მკაცრად და გაბედულად – პატრიოტულ სიმღერაზე. მასწავლებელი იყენებს ყველა ექსპრესიულ ხერხს მუსიკის ემოციური ზემოქმედების გასაძლიერებლად და მოსწავლეთა შთაბეჭდილებების გასამდიდრებლად.

მიქს-მეთოდი“. მოზარდებს აკადემიური მუსიკის ჟღერადობის ორ ვარიანტს სთავაზობენ: ორიგინალურ ჟღერადობას და თანამედროვე დამუშავებას. ორი ნიმუშის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს სთხოვენ, შეადარონ ისინი ერთმანეთს. მოზარდების უმეტესობას აკადემიური მუსიკის თანამედროვე ჟღერადობა უფრო საინტერესოდ მიაჩნია, რადგან აქ გამოიყენება მოდური მუსიკალური ინსტრუმენტები (მაგალითად, ელექტრონული გიტარა, რაც ნაწარმოებს უფრო ენერგიულს ხდის). თუმცა, ავტორის განზრახვის გაანალიზებისას, მოზარდები ყურადღებას აქცევენ მის აშკარა დამახინჯებას თანამედროვე არანჟირებაში.

რემიქსის მეთოდი“ გულისხმობს მუსიკალური ნაწარმოების დამოუკიდებელ დამუშავებას. კლასიკური მუსიკის დამუშავება ხორციელდება ორი გზით: ელექტრონული ფორტეპიანოს და კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მოზარდები გვთავაზობენ კომპოზიციის საკუთარ ვერსიებს, რომლებიც მასწავლებლის დახმარებით ხორციელდება.

პროექტის მეთოდი მიმართულია მკაფიოდ განსაზღვრული მოცემული პრობლემის გადასაჭრელად.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები მოიცავს შემდეგს:

  • მოსწავლეების ინტერესის განვითარება კლასიკური მუსიკის მიმართ;
  • მოსწავლეების უნარი ეფექტურად გააცნობიერონ საკუთარი თავი შემოქმედებითი პროცესის სხვადასხვა სფეროში, რომელიც დაკავშირებულია კლასიკურ მუსიკასთან;
  • მოსწავლეებში ინდივიდუალური და ჯგუფური შემოქმედებითი პროცესის უნარის ჩამოყალიბება.

კლასგარეშე აქტივობები.  ერთობლივი კულტურული გასვლები ოპერის თეატრში, ფილარმონიაში, რასაც მოჰყვება მეგობრული დისკუსია. ღონისძიების ეს ფორმა აუცილებელია მოზარდების კულტურული დონის ასამაღლებლად, აკადემიური მუსიკისადმი ინტერესის გასაღვივებლად. პირველ რიგში, მოსწავლეები ეხებიან მუსიკას ვიზუალურად (განსაკუთრებით მუსიკალური წარმოდგენის – ოპერის ან ბალეტის სახით); მეორეც – ის დიდ საგანმანათლებლო გავლენას ახდენს მოზარდების ესთეტიკურ განვითარებაზე – ბავშვებს ნამდვილი ხელოვნების სამყაროში იწვევენ, რომელიც განსხვავდება იაფი მასობრივი კულტურისგან.

კომუნიკაცია მოწვეულ მუსიკოსებთან – შემსრულებლებთან (პროფესიონალებთან და მოყვარულებთან). კლასგარეშე აქტივობების ეს ფორმა დაეხმარება მოსწავლეებს, მეტი გაიგონ კლასიკური მუსიკისა და შესრულების სპეციფიკის შესახებ.

კლასგარეშე აქტივობების ერთ-ერთი ეფექტური სახეობა, რომელიც აყალიბებს აკადემიური მუსიკის მოსმენის ინტერესს, არის ფილმის ყურება ახალგაზრდა მუსიკოსების შესახებ. ახალგაზრდა მუსიკოსების მაგალითი შეიძლება გახდეს მოზარდის თვითგანვითარების ძლიერი მოტივატორი და სტიმული.

ესეი მუსიკის მოსმენის შესახებ. ამ ტიპის სამუშაო შეიძლება შესრულდეს როგორც საშინაო დავალების ნაწილი – მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს თემა ესეის დასაწერად „აკადემიური მუსიკა ჩემს ცხოვრებაში“. მოსწავლეები ასეთ ესეებში გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას სერიოზული მუსიკის მიმართ – ისინი განმარტავენ, როგორი მუსიკა მოსწონთ/არ მოსწონთ და რატომ, რა გრძნობებს იწვევს ის მათში.

ამჟამად მოზარდებში განსაკუთრებით მწვავედ დგას აკადემიური მუსიკისადმი ინტერესის განვითარების პრობლემა. ამ საკითხის აქტუალობაზე მოწმობს სულიერი, მორალური ფასეულობების დაბალი დონე თანამედროვე მოზარდების გარემოში, საშინაო და მსოფლიო აკადემიური მუსიკალური ხელოვნების ნიმუშებისადმი სათანადო ინტერესის ნაკლებობა.

მოზარდებში აკადემიური მუსიკის მოსმენისადმი ინტერესის განვითარების პროცესი წარმატებული იქნება, თუ გამოყენებული იქნება პედაგოგიურ მოდელი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფორმას – სასწავლო პროცესის ორგანიზება (საგანმანათლებლო, კლასგარეშე და საპროექტო აქტივობები) და მასთან დაკავშირებული მეთოდები და ტექნიკა.

კლასიკური მუსიკის მოსმენისადმი ინტერესის განსავითარებლად აუცილებელია ჰარმონიული ურთიერთქმედება კულტურასა და საზოგადოებას შორის. კლასიკური მუსიკა ამ პროცესში საუკეთესო საშუალებაა კაცობრიობის მუსიკალური კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გასაცნობად.

         

  გამოყენებული ლიტერატურა

  • დიმიტრი უზნაძე – ბავშვის ფსიქოლოგია;
  • ლორა ბერკი-ბავშვის განვითარება

         https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/bavshvis-ganvithareba.pdf;

  • მერაბ მაღრაძე-ასაკობრივი ფსიქოლოგიის საკითხები

     https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/333967;

  • ქეთევან ჭკუასელი-პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები;
  • მაკ-დუგალი, სოციალური ფსიქოლოგიის პრობლემები;
  • ვ.პეტერსი – მოზარდობის სტრუქტურა;
  • გ.ცუკერმანი-თვითგანვითარების ფსიქოლოგია;
  • კაბალევსკი – მშვენიერი აღვიძებს კარგს;
  • კ.ორფი -ბავშვთა მუსიკალური განათლების სისტემა .
  • ა.პალაუსკასი- მუსიკის შემეცნება, როგორც საგანმანათლებლო პრობლემა

სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი ძირითადი ზოგადი განათლებისთვის/განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

  • ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024.

 

 

 

 

 

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება Case-Stady მეთოდის გამოყენებით

0

სასწავლო პროცესის წარმატება და მოსწავლეზე ორიენტირებულობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, რა მეთოდებს დავეყრდნობით ჩვენ, მასწავლებლები მოსწავლეებისთვის აქტივობების შეთავაზებისას. „ბავშვი მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, როდესაც ჩვენ მას საშუალებას ვაძლევთ, შეებრძოლოს კონკრეტულ პრობლემებს და თავად უხდება რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება“, – ამბობს დევიდ ქლუსტერი.

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებისას:

  • მოსწავლე თავად უმკლავდება პრობლემას;
  • მასწავლებელი ირგებს „ფალსილიტატორის“ როლს;
  • ხდება მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება;
  • მოსწავლეებში ვითარდება მაღალი სააზროვნო უნარები;
  • ვითარდება სოციალური უნარები;
  • მოსწავლე იღებს ცოდნას და ხდება აქტიური შემმეცნებელი.

ყოველივე ეს ჩამოთვლილი უნარი კი ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლის მთავარი გამოწვევაა. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება ეყრდნობა სწავლებისადმი კონსტრუქტივისტურ მიდგომას, თავად კონსტრუქტივისტული მიდგომა კი გულისხმობს თითოეული მოსწავლის მზაობას, ინტერესებისა და სწავლის სტილის გათვალისწინებას.

 ამ სტატიის საშუალებით მინდა, გაგიზიაროთ ქეისებით სწავლების საუკეთესო გამოცდილება ისტორიის გაკვეთილის უკეთ წარმართვისათვის, რომელიც პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების განსაკუთრებული საშუალებაა. თუმცა მეთოდი მისაღებია ნებისმიერი საგნის საგაკვეთილო პროცესის გასამრავაფეროვნებლადაც.

ქეისების სწავლების მეთოდი ჰარვარდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს, რომელიც რეალურ შემთხვევათა შესახებ დისკუსიებზე, რეალური სიტუაციის ანალიზსა და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებაზეა ორიენტირებული.

განასხვავებენ ქეისებით სწავლების შემდეგ ვარიაციებს:

Case-Study მეთოდი – გულისხმობს პრობლემის იდენტიფიცირებას, ანალიზს, სინთეზს, პრობლემის გადაჭრის განსხვავებული გზის პოვნასა და მისი მართებულობის დასაბუთებას.

Case-Problem მეთოდის საშუალებით ხდება პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივის შემუშავება, მართებულობის დასაბუთება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

Case-Incident მეთოდი – მიმართულია ინფორმაციის დეფიციტის ამოცნობისა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისკენ.

Stated-Problem მეთოდი – გულისხმობს პრობლემის გადაჭრის თითოეული გზის გაანალიზებას, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოყოფას, არსებული ხედვების კრიტიკულად შეფასებას, მათეული გადაჭრის გზის ძიებას, პოვნასა და დასაბუთებას.

ჩამოთვლილი მეთოდებიდან გთავაზობთ ჩემ მიერ საგაკვეთილო პროცესში შემუშავებულ ქეისს – Case-Stady.

 სკოლა: სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს N 2 საჯარო სკოლა

 საგანი: ისტორია

 მასწავლებელი : ნათია მეკოკიშვილი

სასწავლო თემა საქართველო და თანამედროვე მსოფლიო
კლასი IX
ცნება ისტორიული მოვლენა/პროცესი
მკვიდრი წარმოდგენები შედეგები: საბაზო საფეხური: 3, 7, 8

1) ყველა ისტორიულ მოვლენას აქვს თავის მიზეზი/მიზეზები და შედეგი/შედეგები;

2) ისტორიკოსები ხშირად კამათობენ ისტორიული მოვლენების მიზეზებისა და შედეგების შესახებ;

3) ზოგიერთ ისტორიულ მოვლენას ლოკალური, ზოგს კი გლობალური მნიშვნელობა აქვს;

4) ისტორიული ფაქტები და მოვლენები ტიპოლოგიურად შეიძლება დაჯგუფდეს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ნიშნით.

 

მიმართულება ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა
შეფასების ინდიკატორები ·         წერილობით, ციფრულ მონაცემებსა და ზეპირ ისტორიებზე დაყრდნობით თანამედროვე საზოგადოების დახასიათება (ისტ. საბ. 1,2,3,4,5,7,9,10,11,12);

·         თანამედროვე ეპოქის არსებითი მახასიათებლების გამოკვეთა (ისტ. საბ. 1,2,3,5,7,8,9,10,11,12);

·         თანამედროვე საზოგადოების წინარე ისტორიული ეპოქების საზოგადოებასთან შედარება (ისტ. საბ. 1,2,3,7,9,10,11,12);

·         სხვადასხვა ისტორიული მოვლენების შედეგად გამოწვეული ცვლილებების დახასიათება, საქართველოზე მისი ზეგავლენის გაანალიზება; სხვა ისტორიულ მოვლენებთან მისი შედარება (ისტ. საბ. 1,2,3,6,7,8,9,10,11,12).

ქეისი- Case-Stady ძირითადი მიზანი: მოცემული პრობლემების აღმოჩენა და გაანალიზება; ქვემოთ მოცემული სიტუაცია მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

1.       აღმოაჩინეთ, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე? გააანალიზეთ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება.

2.       შენი აზრით, რატომ შეუშალა ერთა ლიგის წესდების მე–10 მუხლმა ხელი საქართველოს ამ სტრუქტურაში გაწევრიანებას?

3.       რატომ იბრძოდა საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანა ერთა ლიგის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ბევრ დიდ სახელმწიფოს აღიარებული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა?

4.       გამოთქვი მოსაზრება – როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუ საქართველო ერთა ლიგის წევრი გახდებოდა?

5.       გაავლეთ პარალელი თანამედროვეობასთან – რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ, რომ გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი?

6.       დაასახელეთ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზა და დაასაბუთეთ თქვენი გადაწყვეტილების მართებულობა.

7.        შეადარეთ თქვენი გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში მიღებულ გადაწყვეტილებასთან.

 

 

წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ, როდესაც ხდება კონკრეტული ფაქტის იდენტიფიცირება, საკითხის სიღრმისეული ანალიზის მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს რესურსს, საიდანაც მოსწავლემ უნდა მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება და შეძლოს გადაჭრის გზების ძიება.

 

ქეისი

 

რატომ ვერ გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი?

 

ერთა ლიგა 1919 წელს აშშ–ის პრეზიდენტ ვ. ვილსონის იდეის თანახმად შეიქმნა. იგი მოწოდებული იყო სახელმწიფოთა შორის კეთილგანწყობის დასამყარებლად, საყოველთაო მშვიდობისა და უშიშროების განსამტკიცებლად. საქართველომ იმთავითვე გამოთქვა სურვილი, შესულიყო ამ თანამეგობრობაში, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საიმედო გარანტად წარმოედგინა.

საქართველოს კანონიერ მისწრაფებებს, დაეკავებინა საკუთარი ადგილი სახელმწიფოთა საერთაშორისო გაერთიანებაში, მრავალი ქომაგი გამოუჩნდა. 1920 წლის 16 დეკემბერს, ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის პირველ ასამბლეაზე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ერთა ლიგაში მიღებაზე უარი ეთქვა. საფრანგეთის წარმომადგენელმა რენე ვივიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ჩამოაყალიბა:

„ერთა ლიგა ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს თავისი წესდების მე–10 მუხლს, რომლის თანახმადაც ერთა ლიგის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დაიცვან ყოველი თავისი თანაწევრი, თუ უკანასკნელს რაიმე საფრთხე მოელის. აშკარაა, ის სახელმწიფოები, რომლებიც ხმას მისცემენ საქართველოს ერთა ლიგაში მიღების საკითხს, ამით საკუთარ თავზე აიღებენ ვალდებულებას, დახმარება აღმოუჩინონ მას, თუ გარედან რაიმე საფრთხე დაემუქრება. ასეთი ვალდებულების სისრულეში მოყვანა ამჟამად ძალიან ძნელია“.

შეფასების კრიტერიუმები

  სრულად ნაწილობრივ არა
მოსწავლის მიერ პრობლემა იდენტიფიცირებულია.      
შემუშავებულია პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები და გაანალიზებულია თითოეული მათგანის ძლიერი და სუსტი მხარეები.      
პრობლემის გადაჭრის გზებიდან შერჩეულია საუკეთესო და დასაბუთებულია მისი უპირატესობა/მართებულობა.      
მიღებული გადაწყვეტილება შედარებულია რეალურ გადაწყვეტილებასთან და შემუშავებულია კონკრეტული რეკომენდაციები.      
მოსწავლემ პარალელი გაავლო მასალაში მოცემულ რეალობასა და თანამედროვეობას შორის, საკუთარი მოსაზრება გაამყარა არგუმენტებით.      

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. შავერდაშვილი ე, . მოსიაშვილი თ. ცოდნა და ღირებულებითი განათლება, შესავალი. თბ. 2018 წელი
  2. ჟაშია ნ. ნ. იმედაზე, ს. გორგოძე. განვითარებისა და სწავლების თეორიები. 2008. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი.
  3. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018–2024 წელი.
  4. ქლუსთერი დ – რა არის კრიტიკული აზროვნება? – წიგნიერი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2002-2004.
  5. ლობჟანიძე ს. სწავლების მეთოდები და სწავლების სტრატეგიები, 16. 05. 2012, ჟურნალი მასწავლებელი https://mastsavlebeli.ge/?p=2536 (10. 04. 2019)

 

 

 

 

 

 

 

 

 

კითხვის ეფექტური სტრატეგია – „ნიჭიერი მკითხველი“

0

კითხვის უნარის განვითარება სკოლამდელი ასაკიდან იწყება, ადამიანის ეფექტურ მკითხველად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო პერიოდი კი სასკოლო ასაკი, კერძოდ, დაწყებითი საფეხურია.

გამართული კითხვა გულისხმობს უშეცდომოდ, გაბმულად, სათანადო სიჩქარით, გამომეტყველებით კითხვას. კარგი მკითხველი  ახერხებს ტექსტის ვიზუალიზებას, ვარაუდების გამოთქმას, მთავარი და მეორეხარისხოვანი ასპექტების ერთმანეთისგან გამიჯვნას, წაკითხული ტექსტის ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირებას, წინარე ცოდნის გააქტიურებას.

პედაგოგიური პროცესი ეფექტური მკითხველის ჩამოყალიბებისთვის ორი გზით მიმდინარეობს:

  1. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს მრავალფეროვან ტექსტს შესაბამისი სავარჯიშოებით;
  2. მასწავლებელი თავად აჩვენებს მათ გამართული კითხვის მაგალითს.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კითხვის უნარის ჩამოყალიბება და განვითარება რამდენიმე ძირითად ასპექტს მოიცავს, ესენია:

  • გაგება-გააზრება,
  • გამართული კითხვა,
  • მთლიანი სიტყვების ამოცნობა,
  • ლექსიკური მარაგი,
  • ფონეტიკური ცოდნა,
  • წიგნისა და ტექსტის მახასიათებლების ცოდნა,
  • ზეპირი მეტყველება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოგთავაზებთ სტრატეგიას სახელწოდებით „ნიჭიერი მკითხველი“. სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, სხვადასხვა საგანში. მისი მიზანია მოსწავლეებისთვის წერისა და კითხვის, პრეზენტაციის უნარის განვითარება, მათი კრიტიკულ მკითხველებად ჩამოყალიბება, შემოქმედებითობის გაღვივება.

გაკვეთილზე განსახილველი ტექსტის მაგალითად ავიღებ იაკობ გოგებაშვილის „სპილო და ჭიანჭველას“.

გაკვეთილს ვიწყებ გამოწვევის ფაზით, რომლიც ემსახურება მოსწავლეების დაინტერესებას, საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას და მოცემული ტექსტის წაკითხვის მიზნის განსაზღვრას. წინასწარ მომზადებული მაქვს ორი ილუსტრაცია. ერთზე გამოსახულია სპილო, მეორეზე – ჭიანჭველა, ვთხოვ მოსწავლეებს, გვერდით მსხდომებთან დაწყვილდნენ. თითოეულ წყვილს ვურიგებ ორივე ილისტრაციას და ვთხოვ, თითოეულმა მათგანმა ჯერ ინდივიდუალურად იმუშაოს ერთ-ერთ ილუსტრაციაზე, დააწერონ, რა სიტყვები ახსენდებათ ამ ცხოველის დანახვისას. (მაგ. დიდი, პატარა და ა.შ), შემდეგ კი გაცვალონ ფურცლები და შეავსონ იმ სიტყვებით, რომლებიც გვერდით მჯდომ მეწყვილეს არ უწერია.

რამდენიმე წყვილი თავის დაწერილ სიტყვებს კითხულობს, სხვა წყვილები კი ასოციაციურ რიგს განსხვავებული სიტყვებით ავსებენ.

გარდა დაინტერესებისა, ეს აქტივობა ემსახურება წერის, ასოციაციური ლოგიკური აზროვნების, ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

ამის შემდეგ მოსწავლეებს ვურიგებ თხრობით ტექსტს, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული სტრუქტურა (შედგება შესავლისგან, შუა ნაწილისა და დასკვნისგან). ამავე დროს ტექსტი იძლევა ილუსტრირების საშუალებას. თითოეულ მოსწავლეს ვურიგებ ტექსტს, რომელის მონაკვეთებიც დანომრილია (1, 2, 3). ვუხსნი ტექსტის სტრუქტურას. ტექსტთან ერთად მოსწავლეებს ვურიგებ „ვარაუდების სქემას“.

სანამ ტექსტის პირველ (შესავალ) ნაწილს წაიკითხავენ, ვთხოვ, შეავსონ მოცემული სქემის პირველი სტრიქონის უჯრები კითხვებზე პასუხით:

  • სათაურის წაკითხვის შემდეგ როგორ ფიქრობ, რა მოხდება?
  • რატომ გგონია ასე?
  • სინამდვილეში რა მოხდა?

უკანასკნელ კითხვას პასუხს გასცემენ პირველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ. პირველი სტრიქონის შევსების შემდეგ კი პასუხობენ იმავე კითხვებს იმავე პრინციპით ტექსტის სხვა ნაწილების ეტაპობრივად წაკითხვასთან ერთად.

საყურადღებოა, რომ მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებების გასამყარებლად არგუმენტი უნდა მოიყვანონ ტექსტიდან.

ყველა უჯრის შევსების შემდეგ მოსწავლეები ატარებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე. შეიძლება გაიმართოს მინიდისკუსია, თუ რომელიმე მოსწავლე პრეზენტატორის მიერ მოყვანილ არგუმენტს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.

ყოველივე ეს ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მიზნად ისახავს მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას კითხვის პროცესში. ბავშვები ცდილობენ კითხვების დასმას, ვარაუდების გამოთქმას და არგუმენტირებულ მსჯელობას, რაც მთავარია, ამ მეთოდის გამოყენებით ყველა მოსწავლე რთულ ტექსტსაც კი ადვილად გაიაზრებს, არ ეფანტება ყურადღება კითხვისას და ბოლომდე დაინტერესებულ მკითხველად რჩება.

შემდეგ მოსწავლეები მუშაობას წყვილებში აგრძელებენ. თითოეულ წყვილს ვურიგებ, სხვადასხვა ფერით დაწერილ სიტყვებს. ამ სიტყვებიდან ზოგი ნახსენებია ტექსტში, ზოგი – არა, ვარჩევ ისეთ სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა შესაძლოა არ იცოდნენ და ვთხოვ მოხაზონ სიტყვა, რომელიც ტექსტში შეხვდათ, მისი მნიშვნელობის არცოდნის შემთხვევაში ჰკითხონ მეწყვილეს.

ბოლოს მოსწავლეები ხმამაღლა ასახელებენ მოხაზულ სიტყვებს და კლასის წინაშე განმარტავენ.

ეს აქტივობა მიზნად ისახავს მახსოვრობის უნარის განვითარებას, ტექსტის უკეთ გააზრებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. თითოეულ ნამუშევარს ბავშვები აწერენ თავიანთ სახელსა და გვარს. ბოლოს ამ ფურცლებს ვაკრავთ დაფაზე. ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ათვალიერებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და უკეთებენ კომენტარს.

ამ სტრატეგიის გამოყენების შედეგად მოსწავლე ახერხებს რთული ტექსტების მარტივად გააზრებას, მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა, სხვისი აზრის მოსმენას და საკუთარის ლაკონურად, არგუმენტირებულად დასაბუთებას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...