პარასკევი, მაისი 8, 2026
8 მაისი, პარასკევი, 2026

„ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთ-ურთის დანდობისასა” „სტუმარ-მასპინძელი”

0

პოემაში სტუმარმასპინძლობის ადათზე დაყრდნობით პოეტი განიხილავს ერთ-ერთ მთავარ მოტივს თავის შემოქმედებაში – პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის მოტივს. „ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ინტერესი უპირატესად მიმართულია იქითკენ, რომ აჩვენოს, რატომ უწყობს ხელს ადათის მოქმედება პიროვნულის ისეთი სიმძაფრით გამოვლენას, რომ იგი დაუპირისპირდეს კოლექტივს, საზოგადოებას” (ი. ევგენიძე. ვაჟა-ფშაველა, 1989წ.). სიკეთე, რომელიც, ვაჟას რწმენით, ადამიანის სულის არსებით თვისებას წარმოადგენს, ამ პოემაშიც შეურიგებელ წინააღმდეგობაში ექცევა ადამიანთა მიერვე მტრობის, დაპირისპირებულობის ნიადაგზე შემუშავებულ არაადამიანურ კანონებთან. პოემის დასაწყისშივე ამ დაპირისპირებულობის გამომხატველია და დაძაბულ განწყობილებას ქმნის ვაჟასთვის ჩვეული ხერხით მოცემული ბუნების სურათი („ბნელ ხევზე მოჰყეფს მდინარე, გულამღვრეული ჯავრითა…”). თითქოს მთელი სამყარო „გულამღვრეულია” მტრობით, სიძულვილით.

 

ვაჟკაცობით განთქმული ზვიადაური, რომელსაც გზა დაჰკარგვია, ხვდება ნადირობიდან დაბრუნებულ გზად მიმავალ ქისტ ჯოყოლას. ისინი არ იცნობენ ერთმანეთს, შესაბამისად, ჯოყოლამ არ იცის, რომ დაკარგული მონადირე მისი მოსისხლე მტერია. ჯოყოლა ნანადირევს უნაწილებს და სტუმრად იწვევს ზვიადაურს თანახმად ადათისა, რომლის ძალა მოგვიანებით მასპინძლის ცოლისადმი მიმართულ სიტყვებში გამოჩნდება („აი, სტუმარი მოგგვარე, ღვთის წყალობაა ჩვენზედა”). ის კაცი, რომელიც ჯოყოლას სახლში „დაჰმღერდა გმირობისასა” სტუმარში მოსისხლეს შეიცნობს და როცა სტუმარს მასპინძელები სუფრასთან მიიპატიჟებენ, მოხუცი შეუმჩნევლად გადის კარში სოფლის ფეხზე დასაყენებლად. თემი შურისძიებისთვისაა განწყობილი („აღელდა მთელი სოფელი: ბალღი, კაცი და ქალია. უნდა შესწირონ თავის მკვდარს ზვიადაურის თავია; უნდა მტრის საფლავზე დაკლან, როგორაც წესი არია”). აქ მტრისადმი შურისძიების გრძნობა სარწმუნოებრივია, „ალუდა ქეთელაურისაგან” განსხვავებით, ქრისტიანული ეთიკის მაგივრად მას მაჰმადიანური ზნეობა უდევს საფუძვლად. სისხლის აღება, მკვლელობისთვის მოკვლა ყველა მთიელს წესად ჰქონდა, მაგრამ საფლავზე დაკვლა და ამგვარად „შეწირვა” მაჰმადიანი მთიელების ადათს წარმოადგენდა. ამ მოტივით თემი არღვევს სტუმარმასპინძლობის საღვთო კანონს, ქურდულად ესხმის თავს ჯოყოლას ოჯახს და შეიპყრობს ზვიადაურს. ჯოყოლა გაოგნებულია, ვერც მიმხვდარა, რატომ მიდის თემი საკუთარი თავის წინააღმდეგ და ხანჯლით გავარდება სტუმრის დასახმარებლად. თემი, რომელიც რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ, სისხლმოწყურებულ ბრბოს უფრო ჰგავს, ვიდრე მართლმორწმუნე, მოწესრიგებულ საზოგადოებას, ჯოყოლას ამ ზნეობრივ კითხვას თავისი არგუმენტაციით პასუხობს, ჯოყოლას უხსნიან, რომ მისი სტუმარი ზვიადაურია, რომლის სახელი ბავშვმაც კი იცის მთაში. მაგრამ ჯოყოლას თვალში თემის მოქმედება მაინც უკანონოა. თემისადმი მისი პასუხიც მისივე პიროვნული დიდბუნებოვნების, სულიერი სიმაღლის დასტურია:

 

„დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,

მითაც მე ვერ ვუღალატებ,

ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა”.

 

სტუმარმასპინძლობის ადათი ქართულ სინამდვილეში სტუმართან მეგობრობის ან სტუმრის მიღების სურვილს კი არ გამოხატავს მხოლოდ, არამედ სტუმრის, როგორც მოყვასის სიყვარულსაც გულისხმობს. ამ ადათის დახასიათებას იძლევა ვაჟა წერილში „ხევსურები”: „ხევსურს, იმის გარდა, რომ უყვარს სტუმარი, თავისდა შესაფერისად დახვედრაც იცის… სტუმარი ხევსურის სახლში ხელშეუხებელია. სტუმრის მოსისხლე მტერს, მასპინძლის მეზობელიც, თუნდაც ძმაც რომ იყოს, არ შეუძლიან სტუმარს ხმა გასცეს, თუ ვინმე გაკადნიერდა, მაშინ თვითონ მასპინძელი გასცემს პასუხს სტუმრის მოდავეს, სისხლის დაქცევასაც არ დაერიდება, ოღონდ სტუმარი შეურაცხყოფისგან დაიცვას“ (ვაჟა-ფშაველა, „პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები”, თხზ. IX ტ.). ქართულ ფოლკლორსა და ლიტერატურაში სტუმრად მოსული მეტრიც კი პატივისცემითაა მიღებული მასპინძლის მიერ. თუმცა სტუმარმასპინძლობის ადათი პატივისცემის ორმხრივ გამოვლენას გულისხმობს, მაგრამ სტუმრის მხრიდან ამ დამოკიდებულების დარღვევა არ არის უცხო ჩვენი ყოფისა და ლიტერატურისათვის (გავიხსენოთ აკაკი წერეთლის „გამზრდელი”). ამიტომაცაა გამართლებული „სტუმარ-მასპინძელში” გამჟღავნებული ჯოყოლას უნდობლობა თავისი სტუმრისადმი („ნამდვილ აკლებას გვიპირებს, გვღალატობს ჩვენი სტუმარი, ძმობით და მეგობრობითა შემოგვაპარა ლაშქარი!”).

სტუმართმოყვარეობა მასპინძლის ღირსებას წარმოაჩენს. ამგვარად ჯოყოლა სტუმრის დაცვით საკუთარ პიროვნულ ღირსებას იცავს („ვის გაუყიდავ სტუმარი, ქისტეთს სად თქმულა ამბადა?”) ამიტომაც თუ ზვიადაურის სახეში მოცემულია „შეუპოვრობა, გამძლეობის” მოტივი, ჯოყოლას სახეს აკავშირებენ „პიროვნული ღირსების დაცვის” მოტივთან.

„სტუმარ-მასპინძელში” ერთმანეთს ემთხვევა ორი ადათის შესრულების აუცილებლობა: ადათი სტუმრის პატივისცემისა და ადათის მტრის მტრულად დახვედრისა, „თვით თემშია მოცემული შინაგანი წინააღმდეგობა… ვაჟა-ფშაველას დამსახურებად სწორედ ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მან თემის ეს შინაგანი წინააღმდეგობა დაგვიხასიათა. „მან, როგორც შეიძლება ითქვას, არცერთმა ქართველმა მწერალმა ქართულ ლიტერატურაში, გვიჩვენა, რომ პიროვნების ტრაგედია საზოგადოების შიგნით არსებული წინააღმდეგობის საფუძველზეა აღმოცენებული” (გრ. კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, 1957წ.). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯოყოლა სრულიადაც არ ზრუნავს ზვიადაურის, როგორც მტრის დაცვაზე:

 

„მე გთხოვ გაუშვა, მუსაო,

ნუ სტანჯავ უდიერადა,

როცა გასცდება ჩემს ოჯახს

იქ მოეპყარით ავადა“.

 

ჯოყოლა ამ შემთხვევაში ცნობს იმ ადათს, რომლის თანახმად, ოჯახიდან გასული სტუმრის მიმართ ისევ ძალაში შედის სისხლის აღების მოთხოვნა. ასე რომ, ჯოყოლა სავსებით თანმიმდევრულია ადათების დაცვის თვალსაზრისით. პოემაში შექმნილ რთულ სიტუაციაში სწორედ თემია არათანმიმდევრული, სწორედ თემი ვერ ართმევს თავს ვითარების სირთულეს, თუმცა ჯოყოლა, რომელიც არ ექვემდებარება თემის კონტროლს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომლის შედეგიც მას თავიდანვე გაცნობიერებული აქვს. „ამ მხრივ ჯოყოლას უკომპრომისობა პოეტურია… ხასიათის ეს პოეტურობაა სწორედ მისი ზნეობრივი ამაღლების პირობა. ჯოყოლას მხრივ საკუთარი ქცევის ავტონომიურობის დაცვა ზნეობრივი იდეალის სახეს იღებს და რწმენის სფეროშიც იჭრება, ჯოყოლას სტუმართმოყვარეობის საფუძველი ღვთაებრივი შინაარსის მასპინძლური სიკეთეა” (ი. ევგენიძე, ვაჟა-ფშაველა, 1989წ.). ჯოყოლა სტუმრის მოსვლას „ღვთის წყალობად” და მის დახვედრას „საუფლო წესად” თვლის. ამ შემთხვევაში მწერლის პოზიცია ქ რ ი ს ტ ი ა ნ უ ლ ი სულის გამომხატველია, მიუხედავად იმისა, რომ ჯოყოლას სახით მაჰმადიანთან გვაქვს საქმე.

 

თემი ასრულებს თავის სურვილს („თემს რაც სწადიან, მას იზამს, თავის თემობის წესითა”). იგი ანგარიშს არ უწევს არც იმას, რომ იმავე „თემობის წესით” სტუმარი ხელშეუხებელია, არც ჯოყოლას ოჯახის შეურაცხყოფას. ჯოყოლა შეკრეს და დერეფანში დააგდეს, ზვიადაური კი შებოჭეს და ზვარაკად მიიყვანეს სათემო სასაფლაოზე დასაკლავად.

 

პოემის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ზვიადაურის, გმირული ხასიათი თვალსაჩინოდ იხსნება ეპითეტებში, რომლებსაც ხალხი ხმარობს მის მიმართ („მოუკლავთ ზვიადაური, /ცით ჩამოსული სვეტადა /ფშავ-ხევსურეთის ფარ-ხმალი, /გამოსადეგი მეტადა”).

 

ამ გმირის ხასიათის შინაგანი სიძლიერე განპირობებულია იმით, რომ მას და მისი კუთხის წარმომადგენლებს საერთო შეგნება აქვთ. ზვიადაურის მოქმედების წარმმართველია მტრისადმი სიძულვილი. სწორედ ეს სძენს არტისტიზმს მის სიკვდილს. განსაკუთრებული მხატვრული ოსტატობით არის აღწერილი ზვიადაურის მსხვერპლად შეწირვა. თუ შეკრთა ხევსური სიკვდილის წინ, საიქიოს იგი თავისი მოკლულის მუდმივი მსახური იქნება, თუ არ შეკრთა – დარლა სამაგიეროს გადაუხდელი დარჩება. ასე სწამთ ქისტებს. ნაწარმოებში ვაჟა ადამიანთა ბნელ, მგლურ ბუნებას გვიხატავს („სიკვდილი ყველას გვაშინებს, სხვას თუ ჰკლავენ, ცქერა გვწადიან, კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა, როგორ დიდს ცოდვას სჩადიან. რამდენი ავსული ვიცი, წარბშეუხრელად დადიან”). ზვიადაური გასაოცარ სიმტკიცეს გამოიჩენს – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უდიერად ახსენებს დარლასაც და სისხლის ამღებებსაც („ძაღლ იყოს”, – ყელში ამბობდა, მანამ მოსჭრიდნენ თავსაო!”). მისი ვაჟკაცური დაუმორჩილებლობა უმწეო აღშფოთებას იწვევს ქისტებში, რადგან მათ არაფრით შეუძლიათ სამაგიერო მიუზღონ ზვიადაურს, გარდა სიკვდილისა, რასაც ხევსური ზიზღნარევი გულგრილობით შესცქერის („ბოღმა მიტომ ჰკლავს ვაჟკაცსა, რომ ხელთ არა აქვს ხმალია. „ჩამიგდეთ ხელში, ძაღლებო, კარგი დაგიდგათ დარია”.) ზვიადაური უკიდურესად ტრაგიკულ წუთებშიც ინარჩუნებს სულიერ სიმტკიცეს, ერთგული რჩება საკუთარი თავისადმი. იგი არ გალაჩრდა, არ შეშინდა მტრისა და სიკვდილის წინაშე, არ შეეწირა დარლას, კვდება თავისუფალი, როგორც გმირი (აქვე გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველასთვის დამახასიათებელი ფოლკლორული მოტივი, ბუნება გლოვობს გმირს: „ზვიადაურსა გლოვობდა შფოთვა და ბორგვა მთისაო…”). გმირი კი საიქიოში მონად არ გამოდგებოდა („გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა, / გული გულადვე რჩებოდა…”).

 

ქისტების საქციელში ჯერ გაბოროტება ჭარბობს. მოგვიანებით ეს აღშფოთება თავისებურ აღტაცებასა და სინანულში გადადის. თემი თითქოს ხვდება და ინანიებს თავის დანაშაულს („ხომ მაგას არ მოვუკლავდით მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდნენ? კარგი ვაჟკაცი ყოფილა, – ყველა ალლაჰსა ჰფიცავდა”), მაგრამ საბოლოოდ მაინც თემის უნივერსალური კანონი, ტრადიციული შეგნება იმარჯვებს („მაგრამ მტერს მტრულად მოექეც” – თვითონ უფალმა ბრძანაო”). „ვაჟა-ფშაველა მაჰმადიანურ თემს იმაში კი არ სდებს ბრალს, რომ მან თავისი დაუძინებელი მტერი-ზვიადაური მოჰკლა, არამედ მხოლოდ იმაში, რომ თემმა დაარღვია სტუმარმასპინძლობის საუკუნეების გრძელ მანძილზე განმტკიცებული წესი” (დ. ბენაშვილი, ვაჟა-ფშაველა, 1989წ.). ზვიადაურის ხასიათში არ არის დრამატიზმი, მასში არ არის შინაგანი წინააღმდეგობა, იგი იღუპება ფიზიკურად, თუმცა მისი სული გაუბზარავი რჩება. ჯოყოლას და აღაზას (განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის) ხასიათები გაცილებით უფრო რთულია, ერთგვარად გაორებულიც.

 

სახე აღაზასი, რომელიც ზვიადაურის ტრაგიკულ წუთებში ამჟღავნებს თავის პიროვნულ სიღრმეს, რომელიც ზნეობრივი მარტოობის საოცარი განცდით იტანჯება („ქისტეთში ჩემი ერთგული კენჭიც კი აღარ არია”) და რომლის ხასიათიც ბოლომდე მაინც გაუხსნელი რჩება მკითხველისათვის, უძლიერესია ვაჟა-ფშაველას მიერ შექმნილ ქალთა სახეებს შორის. ეს არის მხატვრულად სრულყოფილი, ფსიქოლოგიურად ცოცხალი სახე იდეალური გმირისა.

 

ხევსურნი დაესხნენ ქისტებს ზვიადაურის მოკვლის გამო სამაგიეროს გადასახდელად. ქისტების აზრით, ჯოყოლა მოღალატე და გამცემია. ამ უკანასკნელს კი, რომლისთვისაც თემის მთლიანობა გარდაუვალი კანონია, აზრადაც არ მოსდის უღალატოს თემს. იგი მარტოდმარტო იშვიათი გამბედაობით გადაეშვება ხევსურთ ლაშქარში საბრძოლველად.

 

შთამბეჭდავია ჯოყოლას სიკვდილის სურათი: თემისგან განწირული ჯოყოლა, რომელიც თავის დანაშაულს არ გრძნობს, არც მის გამოსასყიდად მოქმედებს და თავისი ქცევის სიმართლეში მტკიცედ არის დარწმუნებული, თავისი შეუპოვრობითა და გაუტეხლობით (რითაც ის ზვიადაურს როდი ჩამოუვარდა) აკვირვებს თანამემამულეებს.

 

ჯოყოლა და აღაზა პატარა სამყაროს პირველი ჰუმანისტები არიან, რომელნიც თავიანთ გრძნობებს უპირისპირებენ თემის რკინის კანონებს, ბრმა რელიგიურობას. თემისაგან განსხვავებით, ისინი ბრმად არ მოქმედებენ, არ არიან ინდიფერენტულნი და არიან ძლიერები დამოუკიდებლობით, როგორც გამოკვეთილი პიროვნებები. როგორც ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარი ამბობს, ისინი სცილდებიან თემს, როგორც ყველაზე უფრო კეთილი მტრები და მიუხედავად ამისა, მაინც ასრულებენ თავიანთ დადებით ფუნქციას საზოგადოების მომავალი განვითარების თვალსაზრისით. მომავალი კი არა მარტო ჯოყოლასა და აღზასთვის, გამოუცნობი და ბინდით მოცული იყო თვით ვაჟასთვისაც. ალბათ ამიტომაა, რომ ზოგჯერ მისი თხზულებები „სტუმარ-მასპინძლის” მსგავსად მთავრდება ნაღვლიანი ეპილოგით. ამ პოემის ეპილოგში კი სიმართლე მხოლოდ მიღმიერ ქვეყანაში იმარჯვებს. ზვიადაური და ჯოყოლა ქისტების მიწაში წვანან, აღაზა თავს მდინარეში იხრჩობს, რადგან თავს ცოდვილად, უღირსად თვლის, ხალხისგან გაკიცხულს და დაწყევლილს ქმრის სიკვდილის შემდეგ ამქვეყნად აღარაფერი დარჩენია. „ფშაური დიდების” თანახმად, ღვთისშვილნი „ღვთის მოთანაყმენი, ერთურთის მოდე-მოძმენი და სტუმარ-მასპინძელნი არიან”. უნდა აღინიშნოს, რომ ვაჟას პოემის „სტუმარ-მასპინძლის” სათაური საკრალური ხასიათის ამ იდიომიდან მოდის და მას ღრმა ქვეტექსტი ახლავს: კაცნი, ღვთისშვილთა მსგავსად, ერთმანეთის ძმები, სტუმარ-მასპინძლები ან რაც იგივეა, მოყვასნი და მაშასადამე, სწორფერნი ანუ თანასწორნი არიან მამაღმერთის წინაშე” (თ. ჩხენკელი, ტრაგიკული ნიღბები, 1971წ.).

 

პოემის ეპილოგში ღამეული სურათია მოცემული: აღაზა, ჯოყოლა და ზვიადაური ერთმანეთს იმ კლდესთან ხვდებიან, რომელთანაც ჯოყოლა მოკლეს. მათი კავშირი ადამიანთა გამთიშავ მტრობაზე ძლიერია. კლდის თავი, მითოლოგიური წარმოდგენით, ზეციური მთაა, სადაც ღვთისშვილები, იგივე „მარსკვლავები” მზის ჩასვლის შემდეგ იკრიბებიან. ამგვარად, ჯოყოლა, ზვიადაური და აღაზა, ღვთისშვილთა მსგავსად, ერთმანეთის სტუმარ-მასპინძელნი და მოდემოძმენი არიან. ასეთივე „მოძმე, ანუ „ლამაზი ძმაა” ალუდასათვის მუცალი (ლამაზიც მზიური ღვთაებების ეპითეტია). მუცალიც და ალუდაც, როგორც ჯოყოლა და ზვიადაური, ზეციურ საუფლოში ერთიანდებიან, როგორც მარადიულად „ლამაზი” ღვთაებრივი მოძმეები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აბოს თავისუფლება

0

ფიოდორ დოსტოევსკი თავისი რომანის „ძმები კარამაზოვების“ ერთ-ერთ თავში, რომელსაც „კონტრავერსა“ ჰქვია, გვიამბობს აზიაში ისლამის მიმდევართა ტყვეობაში მყოფი „მართლმადიდებელი“ რუსი ჯარისკაცის თავგადასავალს, რომელსაც რჯულის შეცვლა მოსთხოვეს. მან უარი თქვა რელიგიის შეცვლაზე, რის გამოც აწამეს, ბოლოს კი „ტყავი გააძვრეს“ და მოკლეს. რომანის ოდიოზური პერსონაჟი სმერდიაკოვი რუსი ჯარისკაცის ქმედებას დიდ უაზრობას უწოდებს. მიაჩნია, რომ მას სარწმუნოების უარყოფაც არ ჩაეთვლებოდა ცოდვაში, რადგან მწვალებლების მოთხოვნაზე, როგორც კი გაიფიქრებ, ქრისტიანობის უარყოფის შესახებ, წამის მეოთხედიც არ იქნება გასული, რომ უკვე განკვეთილი ხარ, და როგორ უნდა ჩაგეთვალოს ცოდვად იმის უარყოფა, რისი მიმდევარიც უკვე ისედაც არა ხარო. შემდეგ სმერდიაკოვი საუბრობს ადამიანის ურწმუნოების მიზეზზე: როდესაც გაწამებენ, ქრისტიანობის უარყოფას გთხოვენ, გაგახსენდება ქრისტეს სიტყვები: „თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანებთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის“. ჰოდა, როდესაც მაწამებდნენ, ვთხოვე მთას გადაადგილდი და დასრისე ჯალათები-მეთქი, მაგრამ ის ადგილიდან არ დაძრულა. როგორ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა არა მაქვს? დავუშვათ, მე ურწმუნო ვარ – განაგრძობს სმერდიაკოვი – თქვენ ხომ ხართ მორწმუნე? მაშინ უბრძანეთ აბა მთას, იქნებ გადაადგილდეს… არ გადაადგილდა? მაშინ შენც ურწმუნო ყოფილხარ და რატომ აწამებინებ და აკვლევინებ თავს ჯალათებს? გასაგებია, რომ ამ მსჯელობაში სოფისტური და იეზუიტური ელემენტი ურევია, მაგრამ მოვიტანე მხოლოდ იმიტომ, რომ დამესვა შემდეგი შეკითხვა: რა არის აბოს მთავარი ღირსება, ის, რომ ჭეშმარიტება შეიცნო, თუ ის, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთა?

იოანეს სახარება ჭეშმარიტების შეცნობასა და თავისუფლებას ერთმანეთთან აკავშირებს: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“. თუმცა კონკრეტულად არც ჭეშმარიტებას განმარტავს და არც თავისუფლებას, თითქოს უსასრულო სივრცეს ტოვებს ინტერპრეტაციისთვის. ყოველთვის გვაფიქრებს პილატეს მიერ ქრისტესთვის ირონიულად დასმული უკიდურესი სკეფსის გამომხატველი შეკითხვა: „რაი არს ჭეშმარიტება?“. ეს შეკითხვა მუდმივად თან სდევს კაცობრიობის ისტორიას. ყველა დროში ადამიანი თავისებურად ცდილობდა ამ შეკითხვისთვის დამაჯერებელი პასუხის გაცემას, მაგრამ ყოველთვის ტრაგიკულ შედეგამდე მიდიოდა, რადგან „საერთო თაყვანისცემის მოთხოვნილების გამო [ადამიანები] ანადგურებდნენ ერთმანეთს. ისინი… ერთმანეთს აიძულებდნენ: ზურგი აქციეთ თქვენს ღმერთებს და თაყვანი ეცით ჩვენს ღმერთებს, თორემ სიკვდილი თქვენც და თქვენს ღმერთებსაცო!“. (ფიოდორ დოსტოევსკი, „ძმები კარამაზოვები“). მთელი ამ ტრაგიკული თავგადასავლის შემდეგ კაცობრიობა მივიდა, ე.წ. რელატივიზმამდე, შენ შეგიძლია მიხვიდე ჭეშმარიტებამდე, მაგრამ ეს ვერ იქნება ობიექტური და საყოველთაო, არამედ ეს იქნება ჭეშმარიტება შენთვის. ადამიანმა სხვის არჩევანსაც პატივი უნდა სცეს, ამას აღიარებს ყველა ცივილიზებული (და ზოგი არაცივილიზებული) ქვეყნის კონსტიტუცია. როგორც ჩანს, ეს ყველაზე საღი მიდგომაა საკითხის მიმართ.

შეძლო თუ არა აბომ ობიექტური ჭეშმარიტების შეცნობა, არ ვიცი. ერთი რამ ცხადია, მან შეძლო გააზრებული და თავისუფალი არჩევანის გაკეთება და ამ ნაბიჯის წყალობით სულის თავისუფლების უდიდესი აქტი განახორციელა. „მოიპოვო ჭეშმარიტი თავისუფლება – ნიშნავს შეხვიდე სულიერ სამყაროში. თავისუფლება სულის თავისუფლებაა… სულიერ სამყაროში შესასვლელად ადამიანმა თავისუფლების გმირობა უნდა შეძლოს“ (ნიკოლოზ ბერდიაევი).

საიდან ვიცით, რომ აბომ შეგნებული არჩევანი გააკეთა? როგორც ჩანს, იგი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, კარგი განათლებაც ჰქონდა მიღებული, რადგან „სუნნელთა“ შეზავების საიდუმლო იცოდა, მენელსაცხებლე იყო. მის დროს მოღვაწეობდა ალქიმიის დამაარსებელი, დიდი მეცნიერი ჯაბირ იბნ ჰაიანი (721-815), ლათინურად – გებერი. მას არაფერი აკლდა, მაგრამ მაინც გაბედა და იმ სფეროში დასვა შეკითხვა, რომლის მიმართაც შეკითხვის დასმა უდიდეს მკრეხელობად მიიჩნეოდა. მან თავის რელიგიას (რომლის მოძღვრებითაც აღზარდეს), მამა-პაპის მიერ გადმოცემულ, საუკუნით დამკვიდრებულ და განმტკიცებულ ტრადიციებს დაუსვა კითხვები. ფაქტობრივად, თავისი აზროვნებით საკრალურ სფეროში შეიჭრა და ტაბუ დაარღვია. დაეჭვდა, შემდეგ შეკითხვა დასვა, ბოლოს კი თავისუფალი, შეგნებული არჩევანი გააკეთა. კვლავ ვიმეორებ, კაცთაგან არავინ იცის ეს არჩევანი ობიექტურად სწორი იყო თუ არა, მაგრამ თავისთავად არჩევანია ღირებული. ამ არჩევანით მან თავისუფლება მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, იმდროინდელ ზნეობრივად დაძაბუნებულ და დათრგუნულ ქართულ საზოგადოებასაც მოუტანა. მან შიშის ტყვეობიდან გაათავისუფლა თბილისის მთელი მოსახლეობა. უცნაური პარადოქსია: დამმონებელი ერის შვილმა გაგვათავისუფლა ისე, რომ დღესაც, როცა არაბები საქართველოში აღარ არიან, ამ თავისუფლების სიო ისტორიის ფურცლებიდან ისევ სასიამოვნოდ უბერავს.

აბო 14-15 წლის იყო, როდესაც ქართლის ერისთავ ნერსეს დახმარებით არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა, 17 წლისამ კი არაერთი გაბედული ნაბიჯი გადადგა. შეუძლია დღევანდელ ქართველ თინეიჯერ მოსწავლეს მსგავსი შეკითხვების დასმა, მათზე მსჯელობა და შემდეგ შეგნებული არჩევანის გაკეთება? თუ დამკვიდრებული ტრადიციების ბრმა მიმდევრად რჩება? ავითარებს თანამედროვე პედაგოგი მასში შეკითხვის სწორად დასმის უნარს, თუ უკვე დამკვიდრებული „ჭეშმარიტების“ ბრმად მიღებისკენ უბიძგებს? თუ გაკვეთილზე ძირითადად აბოს მიერ ჭეშმარიტი რელიგიის არჩევაზე ვამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება კლასში იჯდეს ისლამის მიმდევარი მოსწავლე, რომლისთვისაც აბომ ჭეშმარიტება კი არ შეიცნო, მამა-პაპის რჯულს უღალატა. ისლამსაც ჰყავს თავისი აბოები (რწმენისთვის წამებულები). ამიტომ ჭეშმარიტებისკენ გზა თავისუფლებაზე გადის და ვინც ასწავლის, უპირველესად ის უნდა იყოს თავისუფალი. ვასწავლოთ თავისუფლება, ჭეშმარიტებამდე მიყვანა ღმერთს მივანდოთ.

ისე ფიქრი, როგორც ყველა ფიქრობს, მარტივია, საკუთარი ორიგინალური აზრის ქონა რთული. იმის გაკეთება, რასაც უმრავლესობა აკეთებს, მარტივი და კომფორტულია, კრიტიკული აზროვნება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების რეალიზება – რთული. გაბედულების მაგალითს სწორედ პატარა არაბი ბიჭი აბო გვაძლევს, რომელმაც შეძლო თავისუფალი ყოფილიყო და ასეთი სიტყვები წარმოეთქვა:

„მე პატივსა კაცთაგან არა ვეძიებ“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ იქმნებოდა თანამედროვე ევროპა?

0

ევროკავშირის შექმნის ისტორიას უკვე დიდი ხანია ასწავლიან სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც. მეცხრე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ ზეპირად გვითხრან, თუ როდის მოეწერა ხელი რომის ხელშეკრულებას და როდის შეიქმნა ნახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება. თუმცა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის ერთიანობა მხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საზეიმოდ ხელმოწერილ შეთანხმებებზე არ დამყარებულა. „ბებერი კონტინენტის“ შესაკავშირებლად ერებს ძველი შუღლი უნდა დაეძლიათ და საერთო ენა გამოენახათ.

ერთიანი ევროპა წარმოუდგენელი იქნებოდა საფრანგეთსა და გერმანიას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გარეშე. მეტიც, სივრცის შესაკავშირებლად ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაც გარდაუვლად აუცილებელი წინაპირობა გახლდათ. გერმანელებსა და ფრანგებს შორის ხიდების მშენებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში თითქმის გადაუწყვეტელ ამოცანას წარმოადგენდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ჩიხიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო. სკეპტიკოსებს უიმედობის მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ, რადგან 1950-იან წლებამდე საფრანგეთი და გერმანული სახელმწიფოები თითქმის ყოველთვის მტრობდნენ ერთმანეთს.

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მთელ ევროპას, მათ შორის გერმანიასაც გადაუარა ნაპოლეონის ქარიშხალმა. ფრანგი იმპერატორის მიერ წამოწყებულმა ომმა დაქუცმაცებულ სამთავროებს შიმშილი, სისხლისღვრა, ეპიდემიები და ძარცვა მოუტანა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1870-71 წლებში უკვე „რკინის კანცლერ“ ბისმარკის მიერ ამუშავებულმა გერმანულმა მანქანამ გადაუარა საფრანგეთს. ვილჰელმ პირველმა და მისმა მიმდევრებმა მეზობელი ქვეყნის დაპყრობა, დამორჩილება, ათასობით ადამიანის დატყვევება არ იკმარეს და ერის სიმბოლოდ მიჩნეულ ნაგებობაში – ვერსალში დაჭრილი ჯარისკაცების ლაზარეთი მოაწყვეს. ამავე სასახლის მთავარი დარბაზიდან ამცნეს გერმანელებმა მთელ მსოფლიოს გაერთიანებისა და ახალი იმპერიის დაფუძნების შესახებ. ფრანგებმა დიდი ხანი ინახეს გულში დამცირებისა და დამარცხებისგან გამოწვეული ტკივილი და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმესი რეპარაციებითა თუ ძველი გერმანული მიწების ოკუპაციით იძიეს შური საუკუნოვან მტერზე. ფრანგებისთვის სამაგიეროს გადახდის დაუოკებელი სურვილით გახლდათ შეპყრობილი ნაცისტთა ლიდერი ადოლფ ჰიტლერი. 1940 წელს, „მესამე რაიხის“ მიერ საფრანგეთის დაპყრობისთანავე გერმანელებმა ადგილობრივი ომის მუზეუმი ააფეთქეს, რათა შენობიდან ისტორიული ვაგონი გამოეტანათ. ეს ის ვაგონი გახლდათ, სადაც 1918 წელს მათიას ერცებერგერმა გერმანიის კაპიტულაციას მოაწერა ხელი. ნაცისტებმა ფრანგებს დამარცხების აღიარება ზუსტად იმ ვაგონში მოთხოვეს, სადაც თავის დროზე ანტანტამ დააჩოქა დანგრეული გერმანია. ტრიუმფის შემდეგ გერმანელებმა კომპიენის ვაგონი ბერლინში ჩაიტანეს, ღირსშესანიშნაობა დიდი ხანი იდგა ბრანდერბურგის კარიბჭის წინ, რათა ხალხისთვის „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“ შეეხსენებინა. ნაციონალ-სოციალისტთა სიხარული მალე დასრულდა, 1945 წლის შემდეგ გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციები და დედაქალაქის ნაწილი ომში გამარჯვებულ ფრანგებს გადაეცათ სამართავად.

ასორმოცდაათი წლის განმავლობაში ფრანგები და გერმანელები ერთმანეთს ებრძოდნენ, ანადგურებდნენ და აუბედურებდნენ. ორივე ქვეყანაში თაობები იყვნენ აღზრდილნი მეზობელი ხალხის მიმართ შიშითა და სიძულვილით. მეორე მსოფლიო ომში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შემდეგ გერმანელთა ყოველ მოქმედებას თან რიდი, სირცხვილი და ტკივილი ახლდა, ქვეყანა და კონტინენტი უკვე ორ ნაწილად იყო გახლეჩილი. ამგვარი წარსულისა და აწმყოს პირობებში ევროპის ერთიანობის მომავალი ტყვიისფერ ღრუბელში გახლდათ გახვეული, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომელთაც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის იმედი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკარგული.

იმედით განწყობილ მოღვაწეებს შორის ორი ლიდერი შეგვიძლია გამოვარჩიოთ – გენერალი შარლ დე გოლი და კანცლერი კონრად ადენაუერი. გენერალი სამხედრო სკოლაში სწავლის პერიოდიდან მეზობელი ქვეყნის დამარცხების იდეით იზრდებოდა და ორივე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას იარაღით ხელში ებრძოდა გერმანელებს. კანცლერი კი ჰოჰენცოლერთა იმპერიის დაარსებიდან, ფრანგებზე გამარჯვებიდან რამდენიმე წელიწადში დაიბადა და მთელი ცხოვრება ჯერ იმპერიის, შემდეგ კი ვაიმარის რესპუბლიკის საჯარო სამსახურში გაატარა, სადაც ყველას არწმუნებდნენ, რომ ქვეყანას მთავარი საფრთხე დასავლეთიდან მოელოდა. ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებულ სამყაროში ჩამოყალიბებული ადამიანები იყვნენ, მაგრამ მაინც შეძლეს საერთო ენის გამონახვა.

ყველაფერი 1958 წელს დაიწყო. შვებულებიდან შინ მიმავალი ადენაუერი მოულოდნელად პრემიერ-მინისტრმა დე გოლმა თავის აგარაკზე, სოფელ კოლომბეში მიიწვია. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში გენერალმა მხოლოდ ერთ პოლიტიკოსს უმასპინძლა თავის კერძო სახლში და ისიც მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაური გახლდათ. ზოგიერთი ცნობით, დე გოლი მთელი დღე არწმუნებდა თავის მზარეულს, რომ მათთან სტუმრად „სხვანაირი“ გერმანელი მოდიოდა. მოსამსახურეს ნაცისტური ოკუპაციის დროს ჰყავდა ოჯახის რიგი წევრები დაკარგული და ყველა გერმანელს დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევდა. ორივე ლიდერი თავიანთ მემუარებში წერს, რომ მარტო ყოფნისა და მშვიდი საუბრის დროს ბევრი საერთო აღმოაჩინეს ერთმანეთთან. გენერალიც და კანცლერიც მართლმორწმუნე კათოლიკეები იყვნენ, მათ დაახლოებით ერთნაირი ხედვები ჰქონდათ ევროპული აზროვნების ისტორიაში ქრისტიანობის როლთან დაკავშირებით. დე გოლმა და ადენაუერმა უამრავი დრო დახარჯეს მასპინძლის წიგნების კარადაში აღმოჩენილი ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვაში. აღმოჩნდა, რომ გენერალი კარგად იცნობდა გოეთესა და შილერს, კანცლერს კი თავისუფლად შეეძლო მსჯელობა ბალზაკისა თუ ფლობერის შესახებ. ლიდერები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ფრანგული და გერმანული ლიტერატურა საერთო ევროპული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს და არ შეიძლება ამ სიმდიდრის მხოლოდ ერთი ქვეყნის საკუთრებად გამოცხადება. ორი დღით სოფლად ყოფნის დროს ლიდერებმა ნაციზმთან ბრძოლის გამოცდილებაც გაიხსენეს. დე გოლიც და ადენაუერიც ჰიტლერის მიერ დევნილი და სასიკვდილოდ განწირული ლიდერები იყვნენ, ორივენი გამოცხადებულნი იყვნენ „მესამე რაიხის“ მტრებად, ფრანგისგან განსხვავებით გერმანელი გესტაფოს საპყრობილეში გამოწყვდევასაც ვერ გადაურჩია. მოკლედ, სტუმარმა და მასპინძელმა გააცნობიერეს, რომ მათ ქრისტიანობის, ჰუმანიტარული მემკვიდრეობის გარდა ანტიფაშისტური წარსულიც აერთიანებდათ. თუმცა, მთავარი სხვა რამ გახლდათ. ფრანგი ნაციონალისტიც და გერმანელი ქრისტიან-დემოკრატიც ფიქრობდნენ, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაერთიანებისა და თანამშრომლობის გარეშე ევროპას არც ერთიანობა და არც მშვიდობა არ ეწერა მომავალში. ერთიანობისა და მშვიდობის გარეშე კი ევროპა „ცივი ომის“ რამდენიმე პაიკად ქცევისთვის იყო განწირული, კონტინენტს დამოუკიდებელი და თვითმყოფადი სახის დაკარგვა ელოდა, რაც არც ერთ შორსმჭვრეტელი ევროპელის ინტერესებში არ შედიოდა. აქედან გამომდინარე, სოფელ კოლომბეს კარ-მიდამოში შეკრებილმა მოღვაწეებმა მიზნად დაისახეს ფრანგულ-გერმანული მტრობის მტკიცე მეგობრობად გარდასახვა.

1958-1963 წლებში ადენაუერი და დე გოლი 15-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მასშტაბურ ღონისძიებაზე, ასზე მეტი საათი გაატარეს პირისპირ საუბარში და 40 ოფიციალური წერილი გაცვალეს ერთმანეთთან. ლიდერთა ყველა შეხვედრას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის ორივე უდიდესი მოღვაწე ფიქრობდა, რომ დიდი და განსაკუთრებული სიმბოლოების გარეშე ორ ხალხს შორის ყინულის გალღვობა შეუძლებელი იყო.

წარმოიდგინეთ, რამხელა შთაბეჭდილების ქვეშ იქნებოდნენ ევროპელები, როდესაც 1962 წლის 8 ივლისს საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში გადაღებულ ვიდეო კადრებს შეავლეს თვალი. პოლიგონზე 1500 ფრანგმა და 1000 გერმანელმა ჯარისკაცმა ტანკების თანხლებით ერთობლივი აღლუმი გამართეს, რომელიც გენერალმა დე გოლმა და კანცლერმა ადენაუერმა ჩაიბარეს. მურმელონის მოედანზე მოწყობილი მსვლელობა იყო ერთ-ერთი პირველი სამხედრო ღონისძიება, რომელიც საუკუნოვანმა მტრებმა ერთად დაგეგმეს და განახორციელეს. იქ, სადაც ომის დროს მხარეები ერთმანეთს ებრძოდნენ და ხოცავდნენ, თხუთმეტი წლის შემდეგ ერთ მწყობრში დგომაც შესაძლებელი გახდა.

მსოფლიო პრესა ბევრს წერდა რეიმსის კათედრალში გამართული საზეიმო მესის შესახებ. პრეზიდენტი დე გოლი და ფედერაციული რესპუბლიკის ლიდერი ადენაუერი ერთად მივიდნენ ნაცისტების მიერ დაბომბილ კათოლიკურ ტაძარში და მონაწილეობა მიიღეს საკვირაო წირვა-ლოცვაში, რომლის დასრულების შემდეგ ფრანგი და გერმანელი ხალხების შერიგება და დაახლოვება შესთხოვეს ღმერთს. მოვლენამდე სულ რამდენიმე წლის წინ დანა-სისხლად გადაკიდებული ქვეყნების პირველ პირთა ერთობლივ ლოცვა ფიქრი ფანტასტიკის სფეროს ყველაზე გაბედულ წარმომადგენლებსაც კი არ შეეძლოთ. გენერალმა და კანცლერმა ევროპელებს ეს პერსპექტივაც დაანახეს.

მრავალი გერმანელისთვის დაუვიწყარი იყო პრეზიდენტ დე გოლის ოფიციალური ვიზიტი ბონში. პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტმა და კანცლერმა ქალაქის მერიის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს. გენერალმა პროტოკოლის დაცვაზე უარი თქვა და ხალხს სათქმელი გერმანულ ენაზე გაუზიარა: „როდესაც ყველას ჩემ ირგვლივ შემოკრებილს გხედავთ, როდესაც თქვენს ღონისძიებებს, გამოსვლებს ვუსმენ, ადრინდელთან შედარებით კიდევ უფრო ძლიერად შევიგრძნობ ჩემს პატივისცემასა და ნდობას თქვენი დიდი ხალხის, დიახ! დიდი გერმანელი ხალხის, მიმართ! თქვენ დარწმუნებულნი შეგიძლიათ იყოთ, რომ საფრანგეთში, სადაც ახლა ყველა თვალყურს ადევნებს ბონში განვითარებულ მოვლენებს, მეგობრობის ტალღა ვრცელდება ადამიანთა გულებსა და გონებაში! გაუმარჯოს ბონს, გაუმარჯოს გერმანიას, გაუმარჯოს გერმანულ-ფრანგულ მეგობრობას!“. დე გოლი იყო პირველი მსოფლიო რანგის ლიდერი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელებს მშობლიურ ენაზე მიმართა და შეახსენა მათ, რომ ისინი დიდი ერის შვილები არიან. მრავალი წლის შემდეგ თავიანთი უდიდესი დანაშაულით დამძიმებულმა გერმანელებს კვლავ დაეუფლათ სიამაყის ფრთხილი და ზომიერი გრძნობა.

დე გოლისა და ადენაუერის ურთიერთობები გერმანია-საფრანგეთის მეგობრობის ხელშეკრულებით დაგვირგვინდა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და განათლების სფეროში ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას, მუდმივ კონსულტაციებსა და პერიოდულ შეხვედრებს  პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის. ფრანგულ-გერმანულმა მეგობრობამ ევროკავშირის შექმნის, ევროპის ქვეყნებს შორის კავშირების დამყარებისა და განმტკიცების პროცესი დააჩქარა. გენერლისა და კანცლერის გარეშე ერთიანი ევროპის საფუძველი მყარი და უდრეკი ვერ იქნებოდა. ასე იქმნებოდა ერთიანი ევროპა.

 

განსხვავება აუცილებლობაა – ბლოგი ინკლუზიურ განათლებაზე

0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2018 წლის 21 თებერვლის #16/ნ ბრძანება „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესს და პირობებს, სსსმ მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს, რომელიც მოიცავს სსსმ მოსწავლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის წესს, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ინკლუზიური განათლების სფეროში.

ამავე დოკუმენტში განსაზღვრულია ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტთა როლები, მათ შორის კონკრეტული საგნის მასწავლებლის როლი. მუხლი 24 განმარტავს, რომ შესაბამისი საგნის მასწავლებელი:

  • აკვირდება მოსწავლის მიერ გამოხატულ პროგრესს სწავლაში და აფასებს მისი მიღწევების დონეს, ახდენს მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელის დროულ იდენტიფიცირებას;
  • მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართავს კლასის დამრიგებელს ან/და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ შესაბამის სპეციალისტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მოთხოვნით მიმართავს დირექციას, დადგენილი წესით;
  • თანამშრომლობს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტთან;
  • მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) ჯგუფის საქმიანობაში;
  • ისგ-ით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად მიმართავს სწავლების სხვადასხვა სტრატეგიას;
  • პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას აწვდის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.

გარდა ამ ბრძანებებისა, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ თითოეულ სპეციალისტს აქვს კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი როლი.

კანონი გვაქვს, მაგრამ ასეთი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცე ჯერ კიდევ ბოლომდე არ შეგვიქმნია და ინკლუზიური განათლების ხარისხის ასამაღლებლად კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი.

ინკლუზიური განათლების დანერგვის მთავარი პირობა, განათლებული და კაცთმოყვარე მასწავლებელია.

 

ინკლუზიური განათლების ძირითადი ღირებულებებია:

  • ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით და ეს აუცილებლობაა;
  • უფრო ჯანსაღი და ადამიანური საზოგადოების აშენება;
  • მეტი ცვლილებები სიახლისკენ.

          მე, როგორც სოფელ დიდი თონეთის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ვცდილობ, გავიაზრო, რა არის ინკლუზიური განათლება, რომ უნდა ვისწავლო ბევრი და თამამად დავუხვდე გამოწვევებს.

რა კარგი იქნება ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც „განსხვავებულობის“ არ ეშინიათ.

აბიტურიენტობის ტვირთი და მისაღები გამოცდების დილემა

0

დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში აბიტურიენტობა მოზარდის ცხოვრების უმძიმეს პერიოდად იქცა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

 

  1. განცდა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება და ყველა აბიტურიენტი სკოლის დამთავრებისთანავე აპრიორი სტუდენტი უნდა გახდეს. ზოგჯერ სულერთია – სად ჩააბარებს, რა სპეციალობით, მთავარია – სტუდენტობა. ბიჭების შემთხვევაში ამ „გარდაუვალობას“ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შიშიც ამყარებს.
  2. მოზარდების უმეტესობა ფიქრობს, რომ მე-12 კლასი ეს ის ჯადოსნური წელია, როცა რეპეტიტორების დახმარებით საშუალო საფეხურზე შესასწავლ მთელ მასალას ერთდროულად შეისწავლის. აქამდე ჭრიჭინასავით უზრუნველი ახლა იწვალებს, გადალახავს მისაღებ გამოცდებზე დაწესებულ ზღვრებს და საოცნებოში თუ არა, რომელიმე უნივერსიტეტში მაინც აღმოჩნდება.
  3. ვინც წიგნებს თავს აკლავდა (ცოტა გაუგებარია, წიგნს თავი რატომ უნდა დააკლა ან შეაკლა, წიგნი აქეთ უნდა დაგეხმაროს, გაგაძლიეროს, სასურველი ცოდნის მიღების დამხმარე მოწყობილობად უნდა იქცეს მოსწავლის ხელში), მათთვის ერთი და იმავე საკითხის, მისაღებ გამოცდებზე დამკვიდრებული შაბლონების კარგად გათავისება-შესისხლხორცების, მათზე საფუძვლიანად მორგების წელია. ისინი ჩასაფრებული, დაძაბული გულისკანკალით ელოდებიან – რაიმე არ შეიცვალოს რომელიმე საგნის ასე დაშტამპულ ტესტში. თუ შეიცვალა, მერე იწყება გლოვა, ახალი შაბლონების გასაღებების ძიება რეპეტიტორებთან ერთად, თავიდან მორგება, უსასრულო იმიტირებული გამოცდის ჩაბარება, სანამ ნამდვილ, მტანჯველ მისაღებ გამოცდებზე გავლენ.

 

პანდემია განათლების სისტემაში არსებული პრობლემების ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა. საშუალო საფეხურზე წარმოქმნილი პრობლემების ჩამონათვალში ისიც შედის, რომ პანდემიისას ბევრმა მოსწავლემ დაკარგა ყოველგვარი მოტივაცია. ზოგიერთს სიზარმაცისთვის საუკეთესო მომენტი დაუდგა და დაიჯერა, რომ სკოლის გარეშეც შესაძლებელი ყოფილა არსებობა.

მუხტი, რომელსაც მასწავლებლები ავად თუ კარგად ჯგუფური მუშაობის, მრავალფეროვანი აქტივობებისა და პროექტების დახმარებით ვინარჩუნებდით, მრავალი მიზეზის გამო ონლაინსწავლებამ საგრძნობლად შეასუსტა. არასტაბილური სიტუაციის, მუდმივად ცვალებადი ონლაინ- და ოფლაინრეჟიმის გამო ბევრმა მშობელმა არჩია, შვილები რეპეტიტორებთან მაინც დაეკავებინა იმ საგნებში, რომლებიც სამომავლოდ მისაღები გამოცდებისთვის დასჭირდებოდათ.

შედეგად მივიღეთ ის, რომ თუ მანამდე მე-12 კლასის უფუნქციობას ვუჩიოდით, ახლა შეგვიძლია, უფუნქციო მე-10-11-12 კლასებზეც ვივიშვიშოთ და საშველი ვეძებოთ. ანუ პრობლემა, რომელიც მანამდეც არსებობდა (ფუნქციადაკარგული მე-12 კლასი), პანდემიამ (სხვა კლასებზეც გაავრცელა) საგრძნობლად გააღრმავა.

მგონია, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) განმაპირობებელი პანდემიამდეც და პანდემიისასაც არის მისაღები გამოცდების დაშტამპული ტესტები, რომლებიც წლების განმავლობაში არ იცვლება და თუ იცვლება, მოსწავლეების, მშობლების, ზოგჯერ მასწავლებლების სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვებოდა ხოლმე.

არადა, შაბლონური მისაღები გამოცდები არასწორი დამოკიდებულებისკენ უბიძგებს მოსწავლეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას ავტომატურად უჩნდება ფიქრი, თუ შესაძლებელია, ერთ წელიწადში „დავამუღამო“ ის საკითხები, რომლებიც მე-10-11 კლასებში ისწავლება, რაღატომ დავაკლა წიგნებს თავი?! ჩემი მიზანი ხომ არა საბაზისო ცოდნის შეძენა, არამედ უნივერსიტეტში მოხვედრაა.

დავიწყებ იმით, რომ საშუალო საფეხურის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელ ეტაპად მოაზრებაც თავისთავად არასწორი და მავნებელი მგონია მოსწავლეებისა და სკოლისთვის. საშუალო სკოლა მოსწავლეებს უმნიშვნელოვანეს საბაზისო უნარებს უნდა უვითარებდეს და მრავალმხრივ, ფუნდამენტურ ფაქტობრივ ცოდნას უნდა აძლევდეს ყველა საფეხურზე. ეს ცოდნა მას უნდა სჭირდებოდეს, მიუხედავად იმისა, უნივერსიტეტში გააგრძელებს თუ არა სწავლას. თუ არადა, სხვა მოდელზე უნდა გადავიდეთ, სისტემამ სერიოზულად უნდა იმუშაოს საბაზო საფეხურით სკოლის დამთავრებასა და პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაციაზე. საშუალო საფეხურზე კი უნდა შემცირდეს საგნების რაოდენობა, მოსწავლეს უნდა მიეცეს არჩევანის შესაძლებლობა და სწავლება უნდა დაიყოს მიმართულებებად. სანამ აქამდე არ მივალთ, საშუალო საფეხური ნამდვილად ვერ შეასრულებს მოსამზადებლის ფუნქციას, რადგან საგნის მასწავლებელს სხვა გზით უწევს სიარული, აბიტურიენტს სხვა სიღრმე სჭირდება. ჰოდა, რეპეტიტორებს სკოლის გარეთ ეძებენ.

 

ვინაიდან მე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, სჯობს, ამ საკითხზე ჩემი საგნის ჭრილიდან ვისაუბრო – ხშირად სკოლაც თავისდაუნებურად მისაღები გამოცდების შაბლონს ერგება: ადრე გამოცდებზე ითხოვდნენ წაკითხულის გააზრებას, გამალებით მუშაობდნენ მხოლოდ ამ კუთხით; მოსწავლეს უნდა შესძლებოდა არგუმენტირებული ესეის წერა. ბავშვებს მთელი წელი მხოლოდ ესეები უნდა ეწერათ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაგონებაც აღარ სურდათ ფრაზის: „საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ… “. მაინც თვითონვე ითხოვდნენ ამას, რადგან დაპროგრამებული იყვნენ, მისაღებზე ეს მოეთხოვებოდათ. წელს, დიდი ხნის შემდეგ, ნაწილობრივ შეიცვალა მისაღები გამოცდის ქართულის ტესტი და სასწავლო პროცესი ახლა ამ მიმართულებით მობრუნდა.

როცა განსხვავებულ, არაშაბლონურ დავალებებს ვაძლევდი, ზოგიერთი ჩემი საშუალო საფეხურის მოსწავლეც არასერიოზულად ეკიდებოდა მას მხოლოდ იმიტომ, რომ „მისაღებ გამოცდებზე ასე არ ითხოვდნენ“. ეს იმ ფონზე, როცა ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ კონკრეტულად რომელიმე გამოცდისთვის კი არ უნდა მოემზადონ, ტექსტის სწორად აღქმა – გააზრება, მისდამი საკუთარი დამოკიდებულების ნებისმიერ ფორმატში გამოხატვა უნდა შეეძლოთ; სიტყვებზე, ფრაზებზე, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება და მათი ამოკითხვა უნდა ისწავლონ, თავიანთი ნააზრევის გამართულად ჩამოყალიბება უნდა შეძლონ, რომ მერე ქართული ენისა და ლიტერატურის ნებისმიერი ფორმატის გამოცდა ჩააბარონ (აბიტურიენტმა, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა იცოდეს გამოცდის ფორმა, მაგრამ ნებისმიერი ფორმატის გააზრება-დამუშავებისთვის მაქსიმუმ 2 თვე საკმარისია). ბევრი მაინც სკეპტიკურად უყურებდა და უყურებს ჩემს ამ მიდგომას, რადგან გარემოება, არსებული „ტენდენციები“ მოზარდებს სულ სხვა რამეს უკარნახებს. გამოდის, რომ მათი შემოქმედებითობა, სილაღე, ლიტერატურასთან შეთამაშება-გაშინაურება მე-9 კლასში სრულდება. მათ ფანტაზიას ფრთები ნელ-ნელა უმოკლდება და ფრენითაც მხოლოდ ერთი მიმართულებით ფრენენ, მშობლების მხარდაჭერით უხილავი ექსპერტის თუ მასწავლებლის მიერ გაბმულ თოკს მიჰყვებიან.

რა არის გამოსავალი?

დიდი ხანია, სპეციალისტები საუბრობენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმდეს, რომ თავად უნივერსიტეტები უნდა ადგენდნენ მიღების ფორმატს და თვითონვე ირჩევდნენ თავისთვისვე სასურველს. თუმცა ამ ეტაპამდე მისვლას, ჩემი აზრით, სხვანაირი მენტალური მზაობა სჭირდება და ზემოთ განხილული დამოკიდებულებების გათვალისწინებით ჯერ კიდევ არ ვართ მზად ამ რადიკალური ცვლილებისთვის. ეს კი ბევრ უკუჩვენებას გამოიწვევს (ბევრი ადამიანი აღაშფოთა, ჩემი აზრით, ყოვლად მახინჯი, არაფრის მომცემი ე.წ. კატის, საატესტატო გამოცდების გაუქმებამ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროტესტსაც ჰქონდა თავისი ლეგიტიმური საფუძვლები. ერთ-ერთი იყო ის, რომ ბავშვები საშუალო საფეხურზე საერთოდ აღარ ისწავლიდნენ რიგ საგნებს, რაც მოხდა კიდეც).

 

ამიტომაც სკოლის პრესტიჟის ამაღლებაზე სხვა კუთხით უნდა ვიზრუნოთ და კარგი იქნება, კომპლექსურ პრობლემებთან ერთად იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ: ეროვნულ გამოცდებზე წინასწარ გამზადებული, წლობით გამყარებული შაბლონები კი არ უნდა ხვდებოდეს აბიტურიენტს, არამედ ზუსტად უნდა იცოდეს, რა უნდა ისწავლოს სკოლაში, რა უნარები უნდა ჰქონდეს, რათა ნებისმიერი ფორმატით ჩააბაროს კონკრეტული საგანი. ზემოთ ვთქვი და აქაც გავიმეორებ: რა თქმა უნდა, აბიტურიენტმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა ფორმით უნდა ჩააბაროს გამოცდა, მაგრამ ამ ფორმის გასაცნობად და დასამუშავებლად 2 თვე სავსებით საკმარისია.

 

პარადოქსული აზრი გამომივა, მაგრამ ფაქტია, რომ პანდემია სტაგნაციასთან ერთად, დიდი გამოწვევებისა და შესაბამისად, დიდი ცვლილებების დროა. ნებით თუ იძულებით, ავად თუ კარგად, გავიარეთ რაღაც ეტაპი დისტანციური სწავლების გზაზე. ყველაზე ცხადად ახლა დავინახეთ, რომ სრულიად განსხვავებულ ერაში ვცხოვრობთ და მომავლის ადამიანებს ვასწავლით.

სწორედ ასეთ გარდამტეხ მომენტშია საჭირო რადიკალური ცვლილებები: ცვლილებები საგნობრივ პროგრამებში, მოთხოვნებში, მიზნებში, მიდგომებსა და მეთოდებში, რადგან პანდემია ოდესმე დასრულდება, დრო კი უკან აღარ დაბრუნდება, სწავლებას ძველებურ ფორმატში ვერ გავაგრძელებთ და არც უნდა ვეცადოთ. პირიქით, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მიღებული გამოცდილება სწავლა-სწავლების ახალ რელსებზე გადასასვლელად, მომავლის ბავშვებს ავყვეთ და ასე სწორად ფრენა ვასწავლოთ.

 

 

აუტიზმი და იუმორი

0

როდესაც აუტიზმის რთულ და საინტერესო სივრცეს ვეხებით, პირველი, რაც გვაოცებს, დეფინიციების, გზამკვლევების, წესების, თეორიისა და პრაქტიკის ერთგვარი პარადოქსულობაა. მაგალითად, გვეუბნებიან, რომ აუტიზმის სპექტრის დროს ადამიანებს ორაზროვანი, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი სიტყვები არ ესმით – ამ დროს, თავად საუბრობენ მეტაფორებით. ვკითხულობთ, რომ იუმორიც რთული სფეროა მათთვის – არადა, სხვადასხვა სივრცეში ხშირად ვხვდებით აუტიზმის მქონე ბავშვებს, რომლებიც მშვენივრად ხუმრობენ, ამით სიამოვნებას იღებენ და სხვის ხუმრობებზეც იცინიან.

სამეცნიერო კვლევები თუ ექსპერიმენტები ადასტურებს, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობების სხვადასხვა ფორმის დროს იუმორის, როგორც სამეტყველო საკომუნიკაციო აქტის წარმოება, გაგება და აღქმა სპეციფიკური, თუმცა ბუნებრივია. შესაძლებელია, ზოგჯერ იუმორის გამოხატვა ინდივიდუალური, თავისებური იყოს, თუმცა იუმორის, როგორც სოციალური ინტეგრაციის, კომუნიკაციის ფორმას, აუტიზმის მქონენი ისევე იყენებენ, როგორც ნეიროტიპური ადამიანები.

იუმორის განვითარების ერთგვარ სისუსტეს მკვლევრები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან – იქნება ეს კოგნიტიური განვითარების თავისებურება, განზოგადების უნარის ნაკლებობა, იუმორის ლინგვისტურ სტრუქტურაში წვდომის სირთულე, სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა და სხვა.

იუმორს სოციალურ „წებოს“ უწოდებენ, ის ბუნებრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, სრულყოფილი სოციალური ინტეგრაციისთვის მისი გამორიცხვა შეუძლებელია. ის ერთგვარად სასაუბრო ეტიკეტის, კომუნიკაციის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

იუმორი ენის განსაკუთრებული ფორმა, მისი ერთ-ერთი კოგნიტიური ინსტრუმენტი, მეტაფორული, მხატვრული აზროვნების გამოხატულება, ენის პრაგმატიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორია მისი ლინგვისტური დეფინიცია, ლინგვისტური მოდელი? იუმორი, როგორც ნიშანი, იუმორი, როგორც ენობრივი მოვლენა? შესაძლებელია თუ არა, დავშალოთ იუმორი ენობრივ შემადგენლად, სტრუქტურად, წარმოქმნის მექანიზმად და შემდეგ ისევე დავასწავლოთ იგი მეტყველების პრობლემების მქონე ადამიანებს, როგორც, ვთქვათ, ტროპული მეტყველება?

იუმორს, როგორც სოციალურ ქცევას, მის ფსიქოლოგიურ და ლინგვისტურ თავისებურებს არაერთი კვლევა და თეორია მიეძღვნა. ამ საკითხებით ჯერ კიდევ ძველი ბერძნული ფილოსოფია, პლატონი და არისტოტელე იყვნენ დაინტერესებული. იუმორის თანამედროვე კვლევები სრულიად კომპლექსური, მასშტაბური და მულტიდისციპლინურია, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ლინგვისტიკის, კულტუროლოგიის, ანთროპოლოგიის მეცნიერებებს მოიცავს.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, იუმორი ადამიანის თანდაყოლილი მექანიზმია, ზოგი კი ფიქრობს, რომ იუმორის სწავლება შეიძლება. ის უნივერსალური მოვლენაა, თუმცა, ამავე დროს განსხვავებული ენებისა და კულტურების მიხედვით. ზოგიერთი თეორიით, იუმორი არამხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ კოგნიტიური განვითარების ფორმაა. ზოგიერთი მეცნიერისათვის შფოთვისგან გათავისუფლების, ადაპტაციის ფორმაა. ადამიანი ხუმრობს იმისთვის, რომ რაიმე სიტუაციაში, მათ შორის, ენობრივში, თავი „შინ“ დ „შინაურად“, მიღებულად იგრძნოს, იუმორი კომუნიკაციის საჭირო, ზოგჯერ აუცილებელი ფორმაცაა.

მნიშვნელოვანია პ. კ. შპიგელის მიერ შექმნილი ტიპოლოგია – იუმორის თეორიის რვა კატეგორია: (ბიოლოგიური, უპირატესობის, შეუსაბამობის/შეუსატყვისობის, გაოცების, ამბივალენტობის, განმუხტვის, კონფიგურაციისა და ფსიქოანალიტიკური თეორიები).

იუმორი, როგორც გამოხატვის ფორმა, სხვადასხვა ტიპისაა – ვიზუალური, ჟესტური, ემოციური, ტექსტური, ვერბალური. მისი აღქმისთვის ლინგვისტურის გარდა, პარალინგვისტური ნიშნები, კინესიკური პარალინგვიზმის იდენტიფიცირება და, რასაკვირველია, ექსტრალინგვისტური კონტექსტის გააზრებაა საჭირო.

იუმორის ენობრივი გამოხატულება შედგენილობითაც მრავალფეროვანია. შეიძლება ერთი სიტყვისგან, სინტაქსური წყვილისგან, წინადადებისგან, აბზაცისა თუ უფრო დიდი ზომის ტექსტისგან შედგებოდეს. შედარება, კალამბური, ნონსენსი, სიტყვათა თამაში, ანეკდოტი, ლიტერატურული იუმორი – იუმორი, როგორც ტექსტი, როგორც ნიშანი განსხვავებული შეიძლება იყოს.

როდესაც აუტიზმის მქონე ცდის პირს ვთხოვე, აღეწერა იუმორი, ხუმრობა, ასეთი საინტერესო დეფინიცია მივიღე:

„ხუმრობა ორნაირია, ერთი, რაც არსებობს და სასაცილოა, და მეორე, რაც არ არსებობს და იმიტომაა სასაცილო, მაგალითად, სკამი რომ დადის” – ეს დეფინიცია არცთუ შორსაა იუმორის ლინგვისტურ სახეებთან, თუ მათ ნიშნის ტიპების მიხედვით აღვწერთ. რაღაც სასაცილოა, იმიტომ, რომ აღმნიშვნელი აღსანიშნის მსგავსია (მაგალითად, ადამიანისთვის რაიმე სასაცილო ზედწოდების მოფიქრება, რაიმესთან შედარება); რაღაც – იმიტომ, რომ სასაცილო შინაარსს გულისხმობს ან აბსოლუტური პარადოქსი, ნონსენსია; რაღაც კი – იმიტომ, რომ სიმბოლოა, კულტურული კონტექსტის გააზრება სჭირდება.

მეორე დეფინიციაც ძალიან საინტერესოა და ლინგვისტური ნაწილის პარალინგვისტურთან კავშირს ასახავს. აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის პარალინგვისტური ნიშნები – ემოცია, ჟესტები შესაძლოა გაუგებარი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ემოციის გაგება და იდენტიფიცირება რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, ემოციას თან ახლავს ვიზუალური ხატი, თვალსაჩინოება, რაც ამარტივებს მის ამოცნობას. შემთხვევითი არაა, რომ მეორე აღწერა, რომლითაც აუტიზმის მქონე ცდისპირმა იუმორი დაახასიათა, სწორედ ეს იყო: – „ნათქვამი, რომლის ბოლოს ადამიანი იღიმის ან იცინის“.

აუტიზმისა და იუმორის ენის მკვლევრები, ჯილი, ვაითი და რეიესი (Gill, White, & Reyes, 2010) თავიანთ კვლევაში ენობრივად დაკონკრეტებულ, ენობრივად თვალსაჩინო იუმორის ფორმებს ლექსიკურ იუმორს უწოდებენ და მაღალფუნქციური აუტიზმის მქონე ბავშვების სწავლებისა და თერაპიის საშუალებად განიხილავენ.

„ბუნებრივ ენაზე სამყაროს პროეცირების დროს ადამიანი ერთმანეთს ადარებს კონკრეტულ ობიექტებს და ახდენს მათ იდენტიფიცირებას, ამავე ტიპის ოპერაციები საფუძვლად უდევს მეტაფორულ გადასვლებს, რომლებსაც ენის კოგნიტიურ მოდელში ცენტრალური ადგილი უჭირავს“ (გამყრელიძე, თეორიული ენათმეცნიერების კურსი).

სწორედ იდენტიფიცირების, შედარების გამოკვეთა და ერთგვარი ავტომატიზაცია გამოგვადგება იუმორის ახსნისა და სწავლებისათვის მაშინ, როდესაც სახეზეა განზოგადების, აბსტრაჰირების სუსტი უნარი. ამ მიზნის მისაღწევად სემიოტიკა მოხერხებული იარაღია.

ენა ნიშანთა სისტემაა, სემიოტიკური თეორიები ანალიზის მოხერხებულ ვერსიებს გვთავაზობს, აღმნიშვნელ-აღსანიშნის ურთიერთმიმართების ტიპების საშუალებით იუმორიც აღიწერება. ნიშანთა თეორიის სხვადასხვა ვერსიები ძალიან მოხერხებული და ადვილად გასაგებია აუტიზმის დროს თავისი ვიზუალურების, თვალსაჩინოებისა და კონკრეტულობის დამსახურებით.

სემიოტიკაში არსებობს უამრავი დეფინიცია ნიშნის შესახებ, მაგრამ ყველა მათგანი ორ ძირითად განმარტებას ეყრდნობა და მათ მეტ-ნაკლებ შევსება – ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

პირველი არის პირსის (სემიოტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის) მიდგომა, რომლის მიხედვითაც, „ნიშანი წარმოადგენს რაღაცას, რაც აღნიშნავს რაიმეს ვინმესათვის რაიმე მიმართებით ან მოცულობით არსებობას“.

მეორე გახლავთ ფერდინანდ დე სოსიურისეული მოდელი ნიშნისა, როგორც აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ერთიანობისა, რომელსაც მხოლოდ სისტემის სხვა ელემენტებთან ერთიანობის შედეგად ენიჭება ფუნქცია.

საინტერესო ინტერპრეტაცია წარმოადგინა როლან ბარტმა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ნიშანი გულისხმობს სამი ტიპის დამოკიდებულებას: შინაგანი დამოკიდებულება, რომელიც აკავშირებს აღმნიშვნელსა და აღსანიშნს და ორი გარეგანი დამოკიდებულება. პირველი ვირტუალურია, იგი მიაკუთვნებს ნიშანს სხვა ნიშანთა განსაზღვრულ სისტემას. მეორე დამოკიდებულება აქტუალურია, ის აერთიანებს ნიშანს სხვა ნიშნებთან, ანუ გამოიყოფა სიმბოლური, პარადიგმატული და სინტაგმატური განზომილება.

როგორც ვიცით, პირსის სემიოტიკური თეორია გამოყოფს ნიშანთა სამ ტიპს – ხატს, ინდექსსა და სიმბოლოს. როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს იუმორის შინაარსის მქონე ენობრივი ნიშანი, დენოტატის ნომინაცია ძირითადად ირიბია, რადგან იუმორი გადატანით მნიშვნელობას გულისხმობს. სწორედ ეს არის ის მთავარი, რაც ართულებს იუმორის გაგებას აუტიზმის დროს.

ყველაზე მარტივი იუმორის ის ეტაპია, როდესაც იუმორისტულ დატვირთვას იძენს შედარება, აღწერა, ილუსტრაცია, პაროდია. მაგალითად – ეპიზოდი დონ კიხოტიდან, სადაც მისი ცხენია აღწერილი; პერსონაჟის შედარება რომელიმე ცხოველთან; სიტუაცია, სადაც ქცევა და მეტყველებაა კომიკური – ეს ნიშანთა ტიპის მიხედვით შეიძლება „ხატად“ დავახასიათოთ. მისი აღქმა ყველაზე მარტივია აუტიზმის დროს. კვლევისას, ცდისპირებმა სწორედ ასეთი იუმორის ამოცნობა, დახასიათება და მსგავსი ფორმულის სხვა მაგალითის შექმნა მოახერხეს.

უფრო რთული, მაგრამ მაინც შესაძლებელი აღმოჩნდა ისეთი იუმორისტული ფრაზების იდენტიფიცირება, რომლებიც არა მსგავსებაზე, არამედ პირიქით, პარადოქსსა და ოქსიმორონზე, საპირისპირო, შეუსაბამო ცნებების კავშირზეა აგებული. მიუხედავად ამ ტიპის გამონათქვამების გაგების სირთულისა, შემადგენლების გამჭვირვალობა, რომელიც აუტიზმის დროს ამ გამონათქვამების გაგებას აადვილებს, აქაც თვალსაჩინოა. ნიშნის თეორიის მიხედვით ამ ტიპის გამონათქვამები ინდექსსა და ზედაპირულ, მარტივ სიმბოლოს შორის მერყეობს. აღსანიშნავია, რომ იუმორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, შეუსაბამობის თეორია კარგად აღწერს ამ ტიპს. შეუსაბამობის თეორიის თანახმად იუმორი გულისხმობს ორი სრულიად შეუსაბამო იდეის, კონცეპტისა თუ სიტუაციის ერთმანეთთან დაკავშირებას მოულოდნელობისა და გაოცების ეფექტის შექმნის თვალსაზრისით, ანუ, შეუსაბამობას ნათქვამსა და ნაგულისხმევს შორის. არტურ კოსტლერი ამ ტიპისთვის ტერმინ „ბისოციაციას“ იყენებს, რომელიც ერთგვარად, ასოციაციის საპირისპირო მნიშვნელობას ატარებს.

შემდეგი დონე, ეტაპი ლინგვისტური იუმორის უფრო ფართო, არაერთაზროვანი ფორმაა, როგორიცაა, კონტექსტური იუმორი, ანეკდოტი, კალამბური, შავი იუმორისა და სიტყვათა თამაშზე აგებული იუმორის შემცველი გამონათქვამები. ეს ნიშნის მესამე ტიპია, სიმბოლო, სადაც აღსანიშნის გაგებისას აღმნიშვნელი არაა საკმარისი. კვლევებმა აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს განსაკუთრებულად უჭირთ ისეთი იუმორის გაგება, რომელიც დაფუძნებულია სოციალურად შეუსაბამო მოქმედებაზე.

როგორ გავაგებინოთ აუტიზმის მქონე ბავშვებს იუმორის შემცველი სხვადასხვა ტიპის ფრაზების სტრუქტურა? როგორ ვასწავლოთ მსგავსი სამეტყველო აქტის წარმოება? როგორ გავხადოთ იუმორი, უფრო მისაწვდომი, ადვილი და სოციალური ცხოვრება უფრო ხარისხიანი?

  • ილუსტრაცია, თვალსაჩინოება, კარიკატურა, ფორმულის სტრუქტურირება:

ლინგვისტური იუმორის კარიკატურად, თვალსაჩინოებად ქცევა – გააადვილებს იუმორის გაგებას. ამისთვის სასწავლო და სამუშაო რესურსად შეგვიძლია გამოვიყენოთ საბავშვო ლიტერატურის გრაფიკული გამოცემები, საბავშვო კარიკატურები, ანიმაცია, კომიქსი, მიმები, ვიდეოები,

  • აქცენტი პარალინგვისტურ ნიშნებზე: ღიმილი, დადებითი განწყობა, ხმამაღალი სიცილი; ზოგჯერ, უარყოფითი ემოციაც – დაცინვა, ირონია. ამ შემთხვევაში ჩვენ გარეენობრივი საშუალებების, ჟესტებისა და ემოციის აღქმას ვასწავლით;
  • ლინგვისტური მახასიათებლების მიხედვით დაშლა:
  • ფონეტიკური დაკვირვება – სიტყვათა თამაშის ფონეტიკური დონე, როდესაც ერთი თანხმოვნის ცვლილებისას შინაარსი სასაცილო ხდება;
  • მსაზღვრელ-საზღვრული, რომელთა სემანტიკური ბმა საპირისპირო, პარადოქსულ კავშირზეა დამყარებული;
  • წინადადება, რომლის შინაარსი ნონსენსია,
  • რეალობისგან განსხვავებული, გადატანითი მნიშვნელობის, არატიპური, არაზუსტი შედარება და სხვა;
  • იუმორის სწავლებისას მოგიწევთ, აარჩიოთ სხვადასხვა დონისა და ეტაპის იუმორისტული ერთეული, იქნება ეს ტექსტი თუ სინტაგმა და ბავშვს აუხსნათ, რა ხდის ამ ტექსტს სასაცილოს. დაახლოებით ისე ავუხსნათ, როგორც, ვთქვათ ახალი ლიტერატურული ტექსტის გამარტივებას თუ ახსნას ვცდილობთ გაკვეთილზე.
  • იუმორისთვის მნიშვნელოვანია ენობრივი თუ შინაარსობრივი წინააღმდეგობების, შეუსატყვისობების, ორი, საპირისპირო მხარის დანახვა, შესაბამისად, იუმორის შემცველი ფრაზების ანალიზში შეიძლება დაგვეხმაროს ანტონიმური წყვილების შესწავლა და გაგება.
  • როგორც უკვე აღვნიშნეთ, იუმორი ერთგვარი მეტაფორაა, ამიტომ ტროპის სახეების ვიზუალიზაცია და სწავლება, განსაკუთრებით ისეთის, როგორიცაა – ჰიპერბოლა და ლიტოტესი, უთუოდ დაგვეხმარება იუმორის არსის ახსნაში.
  • იუმორის ახსნისას ყველაზე მეტად გამოგვადგება იუმორის შეუსატყვისობის/შეუსაბამობის (Incongruity Theory) თეორია, რომელიც თვლის, რომ იუმორი შეუსატყვისობის გაცნობიერებაა. სწორედ ამ შეუსატყვისობის სწავლებით იუმორის სივრცის წვდომა უფრო მარტივი გახდება.

 

 

ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” 10 წლისაა!

0

დღეს,  1 მარტს,  ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge”  10 წლის გახდა. აქ შეგვეძლო  ბევრი გვესაუბრა მის მნიშვნელობასა და წარმატებაზე. სათქმელიც ბევრი დაგროვდა ამ ათი წლის მანძილზე.  მაგრამ დღეს სხვა განწყობა და სხვა რეალობაა. იმედია, ამ ამბის საზეიმოდ აღნიშვნის შესაძლებლობაც  გვექნება. ძალიან, ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას და თითოეულს ვინც ინტერნეტგაზეთის შექმნის იდეიდან- დღემდე, თანამშრომლობდა და გულშემატკივრობდა, ვინც მხარს გვიჭერდა, კითხულობდა, გვეკამათებოდა, ვჭირდებოდით და გვენდობოდა.   განსაკუთრებული მადლობა   „mastsavlebeli.ge“- ს გუნდს,  სრულიად გამორჩეულ, საინტერესო, სანდო, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებმაც გაზეთის დაბადების დღეს გადაწყვიტეს თავიანთი ჰონორარებიდან საჩუქარი სხვებს გაუკეთონ.

მათი გადაწყვეტილებით:

  •   ნინოწმინდის რაიონს სოფელ  უჩმანაში,  იქნება  ჟურნალ „მასწავლებლის“ ბიბლიოთეკა და ჩვენს მიერ შეძენილ და ჩვენი მეგობრების  ნაჩუქარ 200-ზე მეტ  წიგნს ჩავიტანთ.
  • ასევე მათი გადაწყვეტილებით ჩავრიცხეთ თანხა უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში.

საიუბილეო წლის განმავლობაში კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გელოდება.

ჟურნალ “მასწავლებლის” 2022 წლის პირველი ნომერი გამოიცა!

0

ეს ჟურნალ „მასწავლებლის“ 93-ე ნომერია. ჟურნალი არსებობის მეთოთხმეტე წელს ითვლის, ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს კი საიუბილეო 10 წელი უსრულდება. როცა ამ წერილის წერა დავიწყე, მასზე უკვე 8373 სტატია, ბლოგი და სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსი იყო გამოქვეყნებული.

ძნელია განათლების საკითხებზე წერა.

ჩვენ ვწერთ მასწავლებლისთვის და არამხოლოდ – ვწერთ მშობლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, განათლების მკვლევრებისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც განათლების საკითხები აინტერესებს. ვწერთ გაკვეთილის ჩატარების მეთოდიკებზე, განათლების მართვაზე, განათლების ფსიქოლოგიაზე, გამჭოლ კომპეტენციებზე, სამიზნე ცნებებზე, წიგნებზე, რომლებიც უნდა წავიკითხოთ, ფილმებზე, რომლებიც უნდა ვნახოთ, ვქმნით საგანმანათლებლო რესურსებს, გამოვცემთ წიგნებს მასწავლებლის ბიბლიოთეკისთვის… რაც მთავარია, ვწერთ ღირებულებებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ადამიანისთვის, მით უფრო – მასწავლებლისთვის, რომელიც ცოდნის გამავრცელებელია. ამიტომაც არის ეს რესურსები დინამიკური, მრავალწახნაგოვანი და ამიტომაც აღმოჩნდა თავისი მრავალფეროვნებით გამძლე.

ჟურნალის ეს ნომერიც საინტერესო საკითხავით წარუდგება მკითხველს. განსაკუთრებული ყურადღება შეფასების თემაზე შევაჩერეთ.

ხშირად კამათობენ იმის შესახებ, რამდენად ამართლებს განმსაზღვრელი შეფასება და რა უპირატესობა აქვს განმავითარებელს. ჟურნალის ამ ნომერში ჩვენი ავტორები გვესაუბრებიან განმავითარებელ შეფასებაზე როგორც გაგების-გააზრების დონის განმსაზღვრელზე, რომელიც მასწავლებელს საკუთარ სასწავლო პრაქტიკასა და თითოეული ბავშვის მიღწევებზე, მათ საჭიროებებსა და ამ საჭიროებათა დაკმაყოფილების გზებზე დააფიქრებს.

როგორ შეარჩიოს და გამოიყენოს მასწავლებელმა განმავითარებელი ინსტრუმენტები სწორად, მიზნის შესაბამისად?

როგორია შეფასების დროს გარე შემფასებლის მიერ დადგენილი სტანდარტების, ინდიკატორებისა და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება, როდესაც შედეგებზე მთავარ პასუხისმგებლობას სკოლა იღებს?

რის გაკეთება შეუძლია მასწავლებელს, რათა მოსწავლემ ლაღად იმოგზაუროს წარმოსახულ მიზანთა მშვენიერ სამყაროში? რით შეუძლია შეუწყოს ხელი შემოქმედებითად დამუხტული, თავისუფალი, უჩვეულო, არასტანდარტული სურვილებისა თუ ოცნებების დაბადებას?

რაში ეხმარება თვითშეფასება სპეციალურ მასწავლებელს, უადვილებს თუ არა საკუთარი პრაქტიკის ობიექტურ აღქმას და ანალიზს?

გარდა შეფასებისა და თვითშეფასებისა, ამ ნომერში ჩვენი ავტორები ისაუბრებენ იმაზე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საგნის სწავლების პარალელურად; იმაზე, რომ მოსწავლეთა ემოციური მდგრადობისადმი ყურადღების გამოჩენით ხელს შევუწყობთ სტრესის შემცირებას, შევასუსტებთ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტიგმას და თავს დავიზღვევთ მოსალოდნელი გართულებებისგან. შევეცდებით ბიოჩიპების შესახებ მოარული მცდარი წარმოდგენების გაფანტვას და გავიგებთ, როგორ ვესაუბროთ მოსწავლეებს ნანოტექნოლოგიებზე.

ბავშვზე კომპიუტერული თამაშების გავლენა ერთმნიშვნელოვანი არ არის. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ისინი კარგია და ბავშვმა შეიძლება ითამაშოს იმდენ ხანს, რამდენსაც მოისურვებს, თუმცა გაუმართლებელი იქნება იმის მტკიცებაც, რომ ცუდია და მათზე უარი უნდა ვთქვათ.

„ჩემი დაკვირვებით, ცხოვრების ხარისხიც დიდწილად მოსმენის კულტურაზე დგას. დაკვირვებიხართ, ვის უსმენთ დღის განმავლობაში? რას ისმენთ? როგორ ჟღერს სიტყვები, რომლებითაც სათქმელს ვქსოვთ?“ – წერს ჩვენი ერთი ავტორი. მართლაცდა, დავკვირებივართ?

ხშირად მიფიქრია ამაზეც: ამდენს ვსაუბრობთ, ვკამათობთ და დასკვნებიც გამოგვაქვს, ვსვამთ კითხვებს და ზოგჯერ პასუხებსაც ვპოულობთ; მაშ, რატომ ვუშვებთ შეცდომებს ასე ხშირად, მით უფრო – გამეორებით?

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

 

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: მანანა ბოჭრიშვილიმაია ფირჩხაძე, თამთა კობახიძე, მაია ჯალიაშვილი, მარიამ გოდუაძე, თინათინ ზარდიაშვილი, ქეთევან ოსიაშილი, ნათია ფურცელაძე, ლელა კოტორაშვილი, თამთა დოლიძე, თემურ სუყაშვილი, ინა იმედაშვილი, ბესო პაპასქუა, დიანა ანფიმიადი, ნათია უჩავა, ქრისტინა  სურგულაძე.

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა, შესაძლებელია ბმულიდან :

ჟურნალი “მასწავლებელი” 2022 #1

მედიაწიგნიერება ჩემს გაკვეთილზე

0

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობა დავანახოთ, პირველ რიგში კი, მათ გაიაზრონ, თუ რისთვის არის ის საჭირო. ჩვენს ეპოქაში ინფორმაციის მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მთავარია, ინფორმაციების ერთმანეთისგან გარჩევა ვიცოდეთ. კომიქსები, ტელევიზია, ინტერნეტი, რეკლამები – ბავშვებს მოსწონთ.  ეს ყველაფერი ეხმარება მათ სამყაროსა და საკუთარი თავის შესწავლაში. მედიაწიგნიერება იძლევა მოვლენის კრიტიკულად შეფასების შესაძლებლობას; ასწავლის გამოგონილი და რეალური ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნას, იძლევა შედარების საშუალებას ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სასკოლო ცხოვრებაში მეტი აქტივობა შესთავაზოს აუდიტორიას. ჩემი პროექტი სწორედ მოსწავლეებში  მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფურად, რათა შექმნან სატელევიზიო რეკლამები ერთი და იმავე პროდუქტისთვის. ჯგუფების მუშაობაში განსხვავება ის იქნება, რომ ეყოლებათ განსხვავებული სამიზნე აუდიტორია. თითოეულმა უნდა წარადგინოს კლასში პრეზენტაცია თავისი კომერციული დიზაინის შესახებ, დაარწმუნოს სხვები, თუ რატომ არის მათი პროდუქტი მნიშვნელოვანი და გაყიდვადი.

პროექტი განსაზღვრულია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა თავისუფლად შეგიძლიათ ზედა საფეხურზე გადაიტანოთ, შეცვალოთ სამიზნე აუდიტორია და იმოქმედოთ ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე.

მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეკლამაში იყოს დამაჯერებელი შეტყობინებები; გამოიყენონ მედიატექნიკები, თხრობა, გაითვალისწინონ სამიზნე აუდიტორია.

პროექტის მიზანი:

  • მოსწავლეები პრაქტიკაში გამოიყენებენ ცოდნას დამაჯერებელი შეტყობინების შექმნის შესახებ;
  • გაეცნობიან აუდიოვიზუალური შეტყობინების სხვადასხვა ელემენტს;
  • პრაქტიკაში გამოიყენებენ სცენარის ფორმების გამოყენების ტექნიკას;
  • გაიუმჯობესებენ თანამშრომლობით უნარებს, ისწავლიან სხვისი აზრის გათვალისწინებას.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები უნდა მიხვდნენ რეკლამების მნიშვნელობას, მათ გავლენას და შეძლონ იმ ძირითადი მესიჯის “დაჭერა“, რომელიც თითოეულ რეკლამას აქვს.

ჯგუფური მუშაობის დროს თქვენ უნდა მისცეთ სწორი მიმართულება გუნდს, თუ ისინი სამიზნე აუდიტორიას ასცდებიან. მაგალითად, თუ ქმნიან სკოლამდელი მოსწავლეებისთვის  განსაზღვრული წიგნის რეკლამას, არ უნდა შექმნან ისეთი რთული ტექსტი და პერსონაჟი, რომ გაუჭირდეთ გაგება.

ყველა მოსწავლე მაქსიმალურად უნდა ჩართოთ ჯგუფურ მუშაობაში. თუ ხედავთ, რომ რომელიმე მოსწავლე ჩართული არაა, კონკრეტული დავალება მიეცით ან დახმარება გაუწიეთ.

სანამ პროექტზე მუშაობას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, თქვენი აუდიტორია რამდენად არის მზად. დარწმუნდით, რომ მოსწავლეები იცნობენ მოთხრობასა და მისი შექმნის ელემენტებს, რომლებიც რეკლამაში ხშირად გამოიყენება; აქვთ წარმოდგენა ზოგადად რეკლამაზე – რა არის, რისთვის გამოიყენება? ანახეთ მოსწავლეებს სხვადასხვა რეკლამა და სთხოვეთ, ამოიცნონ, რა არის მისი მთავარი სათქმელი? ძირითადი შეტყობინება როგორ იყო გადმოცემული რეკლამაში? თვითონ თუ გაუჩნდათ სურვილი, მისი ხილვის შემდეგ შეეძინათ პროდუქტი? ან თუ დაფიქრდნენ მასში გადმოცემულ იდეაზე? კითხვების საშუალებით დაეხმარეთ მოსწავლეებს, მთავარ იდეამდე დამოუკიდებლად მივიდნენ.

  • მომზადების შემდეგ დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად. სასურველია, ჯგუფში 5-6 მოსწავლე იყოს.
  • დაურიგეთ მათ წინასწარ მომზადებული სცენარის ფორმები, სადაც ეწერება სამიზნე ჯგუფი. ისინი შეავსებენ ბარათს გუნდურად, მოიფიქრებენ მასში მოცემულ კითხვებზე პასუხს, გააკეთებენ პრეზენტაციას და შემდეგი შეხვედრისთვის ამ ყველაფერს შექმნიან ელექტრონული სახით.

  • მოსწავლეებს სთხოვეთ, რომ სცენარის ფორმის მიხედვით შექმნან სარეკლამო რგოლი. მისი წარმოდგენა შესაძლებელი იქნება როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ბუკლეტის სახით. სარეკლამო რგოლის შესაქმნელად საჭიროა სცენარის შემუშავება და წინასწარ დაგეგმვა. მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ წიგნი, პერსონაჟი თავისი მცირე ამბით. წიგნში წარმოდგენილი უნდა იყოს პერსონაჟის ასაკი, ხასიათი, გემოვნება, ინტერესები, სურვილები, ოცნებები. ასევე მოიფიქრონ მისი აღწერა – რა ფერის თვალები, თმა ექნება და ა.შ.
  • ყველა ჯგუფს შეურჩიეთ სამიზნე აუდიტორია – რომელი ასაკობრივი აუდიტორიისთვის შექმნიან მას: ბაღის მოსწავლეებისთვის, სკოლამდელებისთვის, პირველკლასელებისთვის და ა.შ.
  • თითოეულ ჯგუფს აქვს 20 წუთი იმისათვის, რომ შეავსოს სცენარის ფორმა, რომლის დასრულებულ ვარიანტსაც წარუდგენს კლასს. ჯგუფებს სთხოვეთ, რომ მოფიქრებული ამბის პანტომიმით წარმოდგენა სცადონ.
  • პრეზენტაციის დროს ჯგუფი არ ასახელებს სამიზნე აუდიტორიას, ისე წარმოადგენს რეკლამას. ხაზს უსვამს რეკლამის მნიშვნელოვან ნაწილს – თუ რატომაა მათი პროდუქტი მნიშვნელოვანი. თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ ჰკითხეთ აუდიტორიას: ამ რეკლამას რომელ სამიზნე აუდიტორიას შეურჩევდნენ? ჩამოწერეთ დაფაზე სამიზნე აუდიტორია და ჯგუფის დასახელება. მონიშნეთ კლასის იდეები და შემდეგ შეადარეთ, რამდენად გამოიცნობენ. გუნდის პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას ჰკითხეთ, შეიძენდნენ თუ არა ამ პროდუქტს? რატომ? როგორ მოახდინა შთაბეჭდილება რეკლამირების დროს გუნდმა?

გუნდური მუშაობის შემდეგ, მომდევნო შეხვედრისთვის, სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, შექმნან რეკლამა ელექტრონული სახით. წინასწარ გაუგზავნეთ მათ ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შექმნან ელექტრონული ბუკლეტი. დაავალეთ მათ, ელექტრონული სახითაც წარმოადგინონ რეკლამა შემდეგ შეხვედრაზე.

რეკლამის შექმნა თავისუფალ თემაზე

შეგიძლიათ პროექტის მიზანი უცვლელი დატოვოთ და შეცვალოთ მხოლოდ პროდუქტი, რომლის რეკლამასაც გააკეთებენ მოსწავლეები. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნებათ პროექტის მიზანზე, შეგიძლიათ შესთავაზოთ თავისუფალ თემაზე რეკლამის შექმნა. მიეცით მათ საშუალება, თავად მოიფიქრონ პროდუქტი. თქვენ მხოლოდ ძირითად საკითხზე გაუმახვილეთ ყურადღება. დასახონ სამიზნე აუდიტორია, აღწერონ პროდუქტი გასაგებად და გადმოსცენ მთავარი სათქმელი ისე, რომ მაყურებლისთვის აღქმადი იყოს. არ შეზღუდოთ მოსწავლეები დავალების შესრულების ფორმატში. შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრები ფოტო-ვიდეო მასალის სახით წარმოადგინონ. ასე თქვენ უფრო მრავალფეროვნად შესრულებულ აქტივობას მიიღებთ.

მოსწავლეების მიერ შექმნილი რეკლამის ნიმუშები თავისუფალ თემაზე

პროექტის დასასრულს მნიშვნელოვანია შეფასება, რათა მოსწავლეებმა შემდგომში გააუმჯობესონ შედეგები. მოსწავლეებს წინასწარ უნდა გააცნოთ  შეფასების კრიტერიუმები, შესაბამისად, ისინი მუშაობისას შეფასებაზეც იფიქრებენ. შეფასების კრიტერიუმში ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს პროდუქტის სახელწოდებაზე, პერსონაჟზე, ამბავზე, ვიზუალზე. შეაფასეთ თითოეული გუნდი პრეზენტაციის შემდეგ და ასევე უკუკავშირის გაკეთება სთხოვეთ აუდიტორიას.

ვფიქრობ, მსგავსი აქტივობებით ხელს შევუწყობთ კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციების უნარების ჩამოყალიბებას მოსწავლეებში.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...