ორშაბათი, მაისი 4, 2026
4 მაისი, ორშაბათი, 2026

ტურბულენტობა

0

ჰიდროდინამიკაში ტურბულენტობა ან ტურბულენტური დინება არის სითხის ან აირის მოძრაობის რეჟიმი, რომელიც ხასიათდება დინების  ქაოსური ცვლილებით, რაც გულისხმობს დინების მახასიათებელი წნევისა და სიჩქარის სწრაფ და შემთხვევით ცვლილებას სივრცესა და დროში.

მასწავლებელი მოსწავლეებში კონკრეტული საგნისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით უნდა ცდილობდეს ბუნებაში მიმდინარე და  ცხოვრებისეული მაგალითების მოყვანას, შესაბამისი მოვლენების განხილვას და შესაძლებლობის ფარგლებში შესწავლას. რამდენიმე თვის წინ ვიმგზავრე თვითმფრინავით, მოვყევით ტურბულენტურ ზონაში.  არაკომფორტულია ასეთ დროს თვითმფრინავში ყოფნა და ერთგვარ შიშსაც იწვევს. გადავწყვიტე, ამ საკითხზე დამეწერა სტატია. ვფიქრობ, მოზარდებს და არამარტო მათ, დააინტერესებთ ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ, ასევე, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს მსგავსი შემთხვევები.

როდესაც თვითმფრინავით ვაპირებთ მოგზაურობას,  ოდნავ ვნერვიულობთ. თვითმფრინავები ხანდახან განიცდიან ტურბულენტობას,  მოულოდნელად იწყებენ რყევას. ეს მოძრაობები შეიძლება გამოწვეული იყოს ფრენის სიჩქარის, ჰაერის ნაკადის მიმართულების და ამინდის სხვადასხვა  პირობების ცვლილებით; თუმცა ბევრმა არ იცის, რა არის ტურბულენტობა.

სიტყვა ტურბულენტობა ყველა ჩვენგანისთვის თვითმფრინავით მგზავრობასთან ასოცირდება, მაგრამ ტურბულენტობა  უფრო ფართო ცნებაა, არის არა მარტო ჰაერში, ასევე წყალში და ხალხის მასებშიც კი.  საკმაოდ რთულია ტურბულენტობის და მასთან დაკავშირებული პრობლემების მეცნიერულ დონეზე შესწავლა.

მარტივი გაგებით, ტურბულენტობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ჰაერის და სითხის ნაკადის მდგომარეობა და მოძრაობა. ატმოსფეროში მიმდინარე შესაბამისი პროცესების გამო ხშირად არასასიამოვნოა თვითმფრინავით ფრენა. ტურბულენტობის მოვლენა კი აუცილებელია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის.

სიტყვა turbulence მომდინარეობს ლათინური turbulentĭa-დან, რომელიც აღნიშნავს ტურბულენტურ მდგომარეობას (არეულობა ან აგზნება). შეიძლება ითქვას, რომ თვითმფრინავი განიცდის ტურბულენტობას, როდესაც ის აჩქარებულად მოძრაობს ჰაერის ნაკადის სიჩქარისა და მიმართულების ცვლილების გამო. ტურბულენტობას ქმნის ამინდი. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ღრუბლების წარმოქმნა (უფრო ზუსტად: ღრუბლები, რომლებიც გადაადგილდება ვერტიკალურად), ქარიშხალი  და ჰაერის ჭავლური ნაკადები.

ტურბულენტობას აქვს მკვეთრი გამოხატულება ნაწილობრივ მოღრუბლული და მზიანი დღის პირობებში, რაც მაქსიმუმს აღწევს შუადღისას.  როდესაც მზის გამოსხივება ათბობს ზედაპირს, მის ზემოთ ჰაერი ხდება უფრო თბილი და ელასტიკური, ხოლო ცივი, მკვრივი ჰაერი ჩამოდის დაბალ ფენებში. შედეგად ჰაერის ვერტიკალური მოძრაობა, ზედაპირული დაბრკოლებების გარშემო ნაკადის დარღვევასთან ერთად, დაბალი ფენის ქარებს უკიდურესად არარეგულარულს ხდის. ღამით   მიწასთან ახლოს ჰაერი ცივდება, ჰაერის სიმკვრივე მატულობს, ვიდრე შედარებით ზედა ფენებში, იქმნება  ტემპერატურის არასტაბილურობა, რაც წარმოქმნის ქარს. დაბალ ფენებში ჰაერის ტემპერატურა დღე-ღამეში გაცილებით ნაკლებად იცვლება და ტურბულენტობა თითქმის მუდმივი რჩება.

შესაძლებელია ტურბულენტობა წარმოიქმნას იმ შემთხვევაშიც, თუ დიდი მოცულობის ჰაერი შეეჯახება თვითმფრინავის ფრთებს. ყველა შემთხვევაში, პილოტები იტარებენ ტესტებს და წვრთნებს, რათა გააკონტროლონ ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ფრენის დროს.

ტურბულენტობა, როგორც წესი, ხდება დაბალ სიმაღლეებზე ტიპური ხანმოკლე ფრენების დროს, მაგრამ არც  შორ მანძილზე ფრენაა გამონაკლისი. ღამის ფრენებზე ან დილით ადრე ფრენებზე ტურბულენტობა იშვიათად ხდება, რადგან ჰაერის ნაკადი ამ დროს უფრო ერთგვაროვანია.

შეიძლება გამოიკვეთოს ტურბულენტობის რამდენიმე ტიპი :

მცირე ტურბულენტობა არის  თვითმფრინავის მცირე, თითქმის არაპროგნოზირებადი მოძრაობა, ამ დროს შეიძლება  არანაირი დისკომფორტი არ შევიგრძნოთ. ზომიერი ტურბულენტობის დროს  შეიძლება  თვითმფრინავში დავეცეთ. ძლიერი ტურბულენტობისას თვითმფრინავი ისეთ მოძრაობას იწყებს, რომ ღვედით დამაგრებულებს ჰგონიათ,  სავარძლიდან „აფრინდებიან“.

ტურბულენტობის ინტენსივობის კლასიფიკაცია
ინტენსივობა ეფექტი
მსუბუქი სიმაღლის და/ან დამოკიდებულების უმნიშვნელო არასტაბილური ცვლილებები.
ზომიერი  თვითმფრინავი ყოველთვის რჩება პოზიტიურ კონტროლში.
ძლიერი სიმაღლის დიდი, მკვეთრი ცვლილებები. თვითმფრინავი შეიძლება მომენტალურად იყოს უკონტროლო.
ექსტრემალური თვითმფრინავის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. შეიძლება გამოიწვიოს სტრუქტურული დაზიანება.

 

არსებობს ტურბულენტობის რამდენიმე მიზეზი –

მექანიკური ტურბულენტობა – ჰაერსა და მიწას შორის ხახუნი, განსაკუთრებით არარეგულარული რელიეფი და ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები, იწვევს  ტურბულენტობას ქვედა დონეზე. ამ სიტუაციის ინტენსივობა დამოკიდებულია  ქარის სიძლიერეზე, ზედაპირის ბუნებასა და ჰაერის სტაბილურობაზე. რაც უფრო ძლიერია ქარის სიჩქარე,  უხეშია რელიეფი და  არასტაბილურია ჰაერი, მით მეტი იქნება ტურბულენტობა. თუ ჰაერი თბება ქვემოდან, ვერტიკალური მოძრაობა იქნება უფრო ენერგიული და სწრაფი.

სიჩქარის უეცარი მატება, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთს, იწვევს ჭექა-ქუხილს, რაც აძლიერებს ტურბულენტობის წარმოქმნას.

თერმული (კონვექციური) ტურბულენტობა აღინიშნება ზაფხულის თბილ დღეებში, როცა მზე დედამიწის ზედაპირს არათანაბრად ათბობს. ზოგიერთი ზედაპირი, როგორიცაა უნაყოფო მიწა, კლდოვანი და ქვიშიანი ადგილები, თბება უფრო სწრაფად, ვიდრე ბალახით დაფარული მინდვრები და ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე წყალი.  ძლიერდება კონვექცია – თბილი ჰაერი ინტენსიურად ადის ზედა ფენებში და უფრო გრილი ჰაერი ეშვება დაბლა, რაც ქმნის არაკომფორტულ პირობებს  თვითმფრინავისთვის. ტურბულენტობის ინტენსივობა იზრდება კონვექციური აღმავალი ნაკადის ინტენსივობის მატებასთან ერთად.

კონვექციური დინებები ხშირად იწვევს  ჭექა-ქუხილს, რომელთანაც დაკავშირებულია ძლიერი ტურბულენტობა. ტურბულენტობა ასევე მოსალოდნელია,თუ ცივი ჰაერის მასები მოძრაობენ  თბილ ზედაპირებზე. ქვემოდან სითბო ქმნის არასტაბილურ პირობებს, მძვინვარე ქარებს და აძლიერებს ტურბულენტობას.

თერმული ტურბულენტობა მკვეთრად მოქმედებს თვითმფრინავის ფრენის მარშრუტზე, თერმულმა ფაქტორებმა შეიძლება ააცდინოს თვითმფრინავი  დაგეგმილი საფრენი ბილიკიდან.

 ფრონტალური ტურბულენტობა  ყველაზე მეტად შეინიშნება, როდესაც თბილი ჰაერი ტენიანი და არასტაბილურია და ძალიან ძლიერდება ჭექა-ქუხილის  შემთხვევაში.

როდესაც გამოხატულია ქარის სიჩქარისა და მიმართულების ცვლილება, მოსალოდნელია საკმაოდ ძლიერი ტურბულენტობა. ტურბულენტობა, როგორც წესი, გვხვდება  ნებისმიერ სიმაღლეზე.

    ტურბულენტობა, რომელიც დაკავშირებულია ჭექა-ქუხილთან, შეიძლება იყოს უკიდურესად სახიფათო, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვითმფრინავის გადაჭარბებული დატვირთვა ან კონტროლის დაკარგვა.

ჭექა-ქუხილთან ერთად შესაძლოა განვითარდეს ძლიერი ტურბულენტობა. მიკროაფეთქებები შეიძლება იყოს განსაკუთრებით საშიში მათთან დაკავშირებული ძლიერი ქარის წარმოქმნის გამო.

ტურბულენტობა შესაძლებელია გამოიწვიოს  კონვექციურმა დინებამ. ასეთი შემთხვევა შესაძლებელია თბილ ამინდში დაბალ სიმაღლეზე ფრენისას. ამ სიტუაციის თავიდან აცილება შესაძლებელია მაღალ სიმაღლეებზე ფრენით, სადაც პილოტი უცვლელად იპოვის გლუვ ჰაერს ღრუბლის დონის ზემოთ.

გორაკთან ან მთასთან მიახლოებისას პილოტმა წინასწარ უნდა გამოთვალოს საკმარისი სიმაღლე. საჭიროების შემთხვევაში უნდა აიღოს გეზი ბორცვებსა და მთებს შორის, სადაც კანიონი ან ვიწრო ხეობაა.

მიწის სხვადასხვა ზედაპირი შთანთქავს, ირეკლავს და ასხივებს სხვადასხვა რაოდენობით სითბოს. თბილი ჰაერი ამოდის და ერევა რელიეფზე მოძრავ სხვა ჰაერს. ეს შერევა განსხვავებულ გავლენას ახდენს ზედაპირულ ქარებზე და ხშირად ხდის მათ მკვეთრს და არასტაბილურს.

თვითმფრინავის უსაფრთხოების თვალსაზრისით ტურბულენტობა არ არის დიდი პრობლემა, მაგრამ  მგზავრებისთვის ნორმალურია შიშის გრძნობა და თავბრუსხვევაც კი. არ უნდა გვეშინოდეს ტურბულენტობის,  თვითმფრინავების კონსტრუქციას შეუძლია გაუძლოს ყველაზე ძლიერ ტურბულენტობასაც კი. ასევე, პილოტებს ფრენის სიჩქარის შენელების და სიმაღლის შეცვლით შეუძლიათ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას.

ტურბულენტობის და მისი ინტენსივობის აღმოსაჩენად, ზოგიერთ სალონში დამონტაჟებულია პროგნოზის სენსორები. თვითმფრინავის შიგნით ადგილები მეტ-ნაკლებად ტურბულენტურია. Მაგალითად, სიმძიმის ცენტრში მდებარე სავარძლები და თვითმფრინავის ფრთები ნაკლებად გრძნობენ ამ ცვლილებებს, ხოლო თვითმფრინავის კუდში მდებარე სავარძლებზე ყველაზე მეტად შეიგრძნობა იგი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო დიდია თვითმფრინავი და სივრცე, მით ნაკლებად ვამჩნევთ ტურბულენტობას.

რამდენიმე რჩევა ტურბულენტობასთან გამკლავებისთვის

თუ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც თვითმფრინავით მგზავრობის ან მით უმეტეს, ტურბულენტობის ეშინია, ეცადეთ, არ ინერვიულოთ, თუ შესაძლებელია, აირჩიეთ სასურველი ადგილი, აჯობებს ფანჯარასთან და მოკალათდით.

რეკომენდებულია, თვითმფრინავში ასვლამდე იცოდეთ, რა არის ტურბულენტობა. თქვენ დარწმუნდებით,  რომ ის არ არის ისეთი საშიში, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

გაიკეთეთ უსაფრთხოების ღვედი და შეინახეთ თქვენი პირადი ნივთები, რათა ისინი არ “გაფრინდნენ”, თუ თვითმფრინავი  მოულოდნელად შეიცვლის განსაზღვრულ მიმართულებას.

მოგზაურობის განმავლობაში არ შეზღუდოთ სითხის მიღება და შეეცადეთ, გადაიტანოთ ყურადღება გარკვეული აქტივობებზე (შეგიძლიათ წაიკითხოთ, უყუროთ ფილმებს და მოუსმინოთ მუსიკას).

ტურბულენტობა დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს აერთიანებს სითბოს, ტენიანობას, ნახშირორჟანგს, დამაბინძურებლებს  და ამით  ინარჩუნებს ჩვენს ბიოსფეროს სიცოცხლისთვის საჭირო მდგომარეობაში. ტურბულენტობის გარეშე, მიწასთან ახლოს ჰაერი ბევრად უფრო ცხელი იქნებოდა, რასაც ადამიანი საკუთარ სხეულზეც კი შეიგრძნობდა.

დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს დიდ ქალაქებში,  რაც ქმნის ტურბულენტობის რთულ ფორმებს. მჭიდროდ დასახლებული რეგიონები შემცირებული მცენარეული საფარით შთანთქავს მზის სითბოს და იწვევს ჰაერის ფენების გადახურებას. ამ პროცესს შეუძლია შექმნას რთული მიკროკლიმატი ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი პრობლემებით. ტურბულენტობის ნაკადის დონის შემცირება იწვევს სმოგს, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს გარემოზე.

ყოველწლიურად გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 10% ამჟამად იხარჯება ტურბულენტობის შედეგების დაძლევის პროცესებზე. ტურბულენტობის უკეთ გაგებამ და გააზრებამ შეიძლება შეამციროს საწვავის და ზოგადად, ენერგიის მოხმარება და შექმნას უკეთესი  პირობები გარემოს დაცვისთვის.

ლეონარდო და ვინჩის თეორია ტურბულენტობასთან დაკავშირებით და  ტურბულენტობა, როგორც მხატვრების შთაგონების წყარო-ჰუმანიტარულ დისციპლინებში ტურბულენტობის ცნება ფართოდ გამოიყენება მხატვრულ წარმოდგენებში და ლიტერატურულ გამონათქვამებში, ფილოსოფიურ თეორიებში, ეკონომიკურ მოდელებში და პოლიტიკური რევოლუციების აღწერებშიც კი. ზუსტი მეცნიერების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ჰუმანიტარული მიმართულების სპეციალისტები ტურბულენტობის ცნებას იყენებენ თითქმის ნეგატიური გაგებით, როგორ არეულობის, შეფერხების და აჟიოტაჟის გამოხატულება. ხშირია ტურბულენტობის თემით დაინტერესება მხატვრობაში, განსაკუთრებით ამ თემაზე ნახატები ხშირად გვხვდება იმპრესიონისტების შემოქმედებაში.

კაცობრიობის დღევანდელი პრობლემები – ტექნოლოგიური, კულტურული,სოციალური თუ პოლიტიკური, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება ტურბულენტობის მოვლენას. ომების დროსაც, აფეთქებების, ქიმიური იარაღის გამოყენება ასევე უარყოფითად აისახება ატმოსფერულ ტურბულენტობასა და ადამიანთა შორის ურთიერთობებზე.

ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება და ნაშრომები ადასტურებენ, რომ ტურბულენტობის კვლევებს დიდი ისტორია აქვს. ამ ისტორიის ცოდნა ფუნდამენტურია იმის გასაგებად, თუ როგორი იყო ტურბულენტობის კონცეფცია წარსულში, რომლის გააზრებით გვესმის იგი ახლა და როგორ მოვიაზრებთ მას მომავალში.

ლეონარდო და ვინჩიმ  დეტალურად შეისწავლა ჰიდრავლიკა. მას ეკუთვნის უამრავი დაკვირვება წყლის მოძრაობაზე და დატოვა რთული მოძრაობების დახვეწილი ანალიზი წრფივი და წრიული კომპონენტების თვალსაზრისით.

ლეონარდო და ვინჩიმ  დაბრკოლების ირგვლივ წყლის მორევის ტრიალი დაახასიათა, როგორც აჟიოტაჟი და არეულობა-როგორც ,,turbolenza”.

და ვინჩის ხელოვნება და მეცნიერება არ წარმოქმნილა ვაკუუმში, მისი ზოგიერთი ნაშრომი ჰაერისა და წყლის ნაკადის შესახებ, ასევე გამოგონებები, რომლებიც ახასიათებენ ფრინველთა ფრენას, უშუალოდ უკავშირდება ტურბულენტობის აბსტრაქტულ გაგებას. ტურბულენტობა და ვინჩისთვის არა მხოლოდ აბსტრაქტული კვლევის საგანი, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებაც იყო.

ვინსენტ ვან გოგი ცნობილია თავისი ქაოსური ნახატებით. მისი ნამუშევრების მათემატიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ბევრ ნახატში ქარიშხლიანი სიუჟეტები ძალიან ჰგავს ნამდვილ ტურბულენტობას. გვხვდება  ნახატები, რომლებიც უკავშირდება ტურბულენტობას როგორც წყალში, ასევე ჰაერში.

მკვლევრების მიერ ვინსენტ ვან გოგის ,,ვარსკვლავური ღამის“ ანალიზი აჩვენებს, რომ მის მბრუნავ სტრუქტურებს აქვთ ტურბულენტური თვისებები, რომლებიც ემთხვევა მოლეკულურ ღრუბლებს, რომლებიც შობენ ვარსკვლავებს.

  ხელოვნება შთააგონებს მეცნიერებას და მეცნიერება შთააგონებს ხელოვნებას, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მხატვრები აკვირდებიან ბუნების სირთულეებს და ცდილობდნენ დააფიქსირონ   საკუთარ ნამუშევრებში.

ტურბულენტობა მასწავლებელმა შეიძლება დაუკავშიროს ფიზიკაში სითბური მოვლენების თემატიკას, კონკრეტულად, სითბოგადაცემის სახეებს, თბოგამტარობას, კონვექციასა და გამოსხივებას; წნევას, მოძრაობას და სხვ. ასევე, ტურბულენტობაზე ინტეგრირებული გაკვეთილების და პროექტების დაგეგმვა შესაძლებელია ლიტერატურის, გეოგრაფიის, ისტორიის, ხელოვნების, მუსიკის,  სამოქალაქო განათლების, ქიმიის საკითხებთან მიმართებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://theconversation.com/turbulence-isnt-just-a-science-problem-97171

https://www.meteorologiaenred.com/ka/que-son-las-turbulencias.html

https://aip.scitation.org/doi/full/10.1063/5.0070984

https://physics.aps.org/articles/v12/45 

https://www.weather.gov/source/zhu/ZHU_Training_Page/turbulence_stuff/turbulence/turbulence.htm

https://www.britannica.com/science/atmospheric-turbulence

https://www.britannica.com/science/clear-air-turbulence

 

უხეშობა ბავშვებში

0

დღეს რომ უხეშობა ჩვენი საზოგადოებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, არავისთვისაა შეუმჩნეველი. ამის დასაფიქსირებლად ნამდვილად არ არის საჭირო მეცნიერული კვლევის ჩატარება.  საკმარისია მხოლოდ ქუჩაში გავიდეთ  და დავუკვირდეთ,  როგორ ურთიერთობენ და ელაპარაკებიან ერთმანეთს ადამიანები, განურჩევლად ასაკისა და სქესისა.  თუმცა, განსაკუთრებით მტკივნეული და საყურადღებოა, როცა ბავშვებსა და მოზარდებში ვაწყდებით უხეშობას.

უხეშობა ბავშვებში შეიძლება საკმაოდ ადრეულ ასაკში დავაფიქსიროთ. გარდატეხის ასაკში უხეშობისაგან კი პრაქტიკულად არცერთი მოზარდი არ არის დაზღვეული. ხშირად ისეთი ბავშვებიც კი, რომლებიც ადრეულ ასაკში, უმცროს სასკოლო პერიოდში, არანაირ პრობლემას არ უქმნიდნენ აღმზრდელებს, გარდატეხის ასაკში საოცრად უხეშები ხდებიან. ბევრი მშობელი იბნევა და საგონებელში  ვარდება, როცა მისი, ერთ დროს მოალერსე, მეგობრული, კეთილშობილი, წყნარი ბავშვი ყველაზე უმნიშვნელო  და უვნებელი შენიშვნების და შეკითხვების პასუხად იწყებს უხეშობას. მთავარი გრძნობა, რომელიც უხეშ ადამიანს ეუფლება, არის ბრაზი, რომელიც გამანადგურებელია ფსიქიკისთვის. თუ ის დომინანტური გახდება, ფსიქიკური დაავადებაც კი შეიძლება განვითარდეს. გარდა ამისა, როცა ადამიანს სიბრაზე და გაღიზიანება  იპყრობს, ის კომფორტულად და მყუდროდ ვერ გრძნობს თავს – ვერ პოულობს ადგილს, დადის წინ და უკან, შეიძლება რაიმე ნივთი, რაც ხელში მოხვდება, მოისროლოს, გაიჯახუნოს კარი. შემდეგ, როცა უარყოფითი ემოციების სიმძაფრე ჩაცხრება, ის განიცდის დაღლილობას, აპათიას, სინდისის ქენჯნას, სინანულს. ამასთან ცდილობს, იპოვოს საკუთარი თავშეუკავებლობის გამართლება. ბუნებრივია, მსგავს სიტუაციებში ბავშვებს უფრო უჭირთ, რადგან მათი ფსიქიკა ნაკლებად მდგრადია, თავდაცვის მექანიზმები კი ჯერ კიდევ  სუსტი.

ბავშვებში უხეშობის დასაძლევად და მოქმედების ეფექტიანი სტრატეგიის შესამუშავებლად აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, უხეშობის გამომწვევ მიზეზებში გავერკვეთ.  გასათვალისწინებელია  ისიც, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული ქცევის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს.

ბავშვის უხეშობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები:  

  • ასაკობრივი თავისებურებები – ყველას სმენია გამოთქმა „რთული“ ასაკი. და ეს არ ეხება მხოლოდ გარდატეხის, მოზარდობის ასაკს. თუმცა, სწორედ ამ ასაკის მოზარდებში ვლინდება უხეშობა ყველაზე  ნათლად. მათთვის უხეშობა, როგორც წესი, არის პროტესტი მშობლების მხრიდან კონტროლის და მეურვეობის წინააღმდეგ, რადგან ის თავს უკვე დიდად, ზრდასრულად გრძნობს;
  • მშობლების მხრიდან ყურადღების ნაკლებობა – შესაძლოა, სრულიად ობიექტური მიზეზების გამო – დიდი დატვირთვა სამსახურში, მოუცლელობა, ოჯახში სხვა ბავშვების და ხანდაზმული ნათესავების ყოფნა, რომლებიც ასევე საჭიროებენ მოვლას და ყურადღებას – მშობელმა საკუთარ შვილს ვერ დაუთმოს დრო და არ გამოიჩინოს მის მიმართ სათანადო ყურადღება. მაგრამ ბავშვისთვის ძნელია ოჯახში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მიღება. ის ცდილობს, მიიპყროს ყურადღება და უხეშობა ხდება ამ მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი. თუ ბავშვისთვის არავის სცალია, არავინ აქცევს ყურადღებას, თავისი უხეშობით მან შეიძლება ძალიან სწრაფად მიიპყროს ყველას ყურადღება. ასეთ შემთხვევაში, ის მომავალშიც განახორციელებს მსგავს ქცევას. ბევრი ბავშვისთვის ეს უმოკლესი გზაა ყურადღების ცენტრში მოსახვედრად. გავითვალისწინოთ, რომ „ნეგატიური, უარყოფითი“ ყურადღება ასევე ყურადღებაა. „თუ გეჩხუბებიან, გლანძღავენ, ეს ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ, თუ საერთოდ ვერ გამჩნევენ, ეს უკვე პრობლემაა!“ – ასე ფიქრობს ბავშვი და თუ გავითვალისწინებთ, რომ უყურადღებობა და გულგრილობა ზრდასრული ადამიანისთვისაც არ არის ადვილი ასატანი, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი  ყურადღების მისაპყრობად ბავშვმა უხეშობაზეც არ თქვას უარი;
  • ქცევის ოჯახური მოდელი -ცნობილია, რომ მხოლოდ მშობლების პირადი მაგალითი შეიძლება იყოს აღზრდის ყველაზე უფრო ეფექტიანი მეთოდი. და, თუ ოჯახში მშობლებს შორის უხეშობა ნორმას წარმოადგენს, ან გარშემომყოფებთან უხეშობა მიღებულია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დროთა განმავლობაში ბავშვი აითვისებს და გაიმეორებს ქცევის ამ მოდელს;
  • უხეშობა, როგორც საპასუხო რეაქცია – თუ ბავშვი მუდმივად განიცდის ზეწოლას, მას უყვირიან, მის მიმართ აღზრდის რეპრესიულ მეთოდებს იყენებენ, გარკვეულ ეტაპზე ის „აფეთქდება“ – თავადაც დაიწყებს უხეშობას, ყვირილს; მოაწყობს ისტერიკას;
  • უფროსების მანიპულირების მცდელობა – ცნობილია, რომ ბავშვები „კარგი“ მანიპულატორები არიან. და, თუ მშობლები იწყებენ მათი ახირებების დაკმაყოფილებას უხეშობის და ისტერიკის მოწყობის შემდეგ, რისკი იმისა, რომ ბავშვი სასურველის მიღწევას ისევ უხეშობით და ისტერიკის მოწყობით შეეცდება, საკმაოდ დიდია. იმ შემთხვევაში კი, თუ შევეცდებით ასე მიჩვეულ ბავშვს უარი ვუთხრათ მისი სურვილის დაუყოვნებლივ შესრულებაზე, შეიძლება მასში გამოვიწვიოთ აგრესია და უხეშობა. თუ სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვს უხეშობა ჩვევად ჩამოუყალიბდება, გარდამავალ ასაკში შეიძლება ურთიერთობის სერიოზულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.

რეკომენდაციები ბავშვებში უხეშობის დასაძლევად:

  • დავადგინოთ მისაღები ქცევის მკაფიო საზღვრები, განვიხილოთ ის ბავშვთან და დავრწმუნდეთ, რომ მან სწორად გაიგო ჩვენი ნათქვამი. შეიძლება ზოგიერთმა მშობელმა სხვა გზას მიმართოს – სიმკაცრე, აკრძალვები, მკაცრი ტონით საუბარი. თითოეული ოჯახი ინდივიდუალურად უდგება აღნიშნულ პრობლემას. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ოჯახის ყველა წევრი იცავდეს შეთანხმებას და მიღებულ წესებს;
  • ბევრი აღმზრდელი, როგორც მშობელი, ასევე პედაგოგი, ხშირ შემთხვევაში, იგნორირებას უკეთებს ბავშვის კარგ ქცევას, კარგ ქმედებებს. სამაგიეროდ, ყურადღების გარეშე არ ტოვებს აღსაზრდელის შეცდომებს და მიუღებელ ქცევებს. იმას, რომ პატარა ადამიანი ცდილობს რაიმეს კარგად გაკეთებას, ჩვენ ხშირად ნორმად მივიჩნევთ, ვთვლით, რომ ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ საკმარისია მან რაიმე მიუღებელი, არასასიამოვნო ქცევა განახორციელოს, რომ ჩვენ ყველა საქმეს გვერდზე გადავდებთ პრობლემაში გასარკვევად. ბევრი მშობელი თვლის, რომ თავი უნდა შევიკავოთ შექებისგან, რაც არ უნდა გააკეთოს ბავშვმა, რადგან მათი აზრით ეს უარყოფითად იმოქმედებს მასზე. მაგრამ, თუ ხშირად შევაქებთ ბავშვს, დადებით კომენტარებს გავუკეთებთ მის ქცევას, როცა ის ყველანაირად ცდილობს ჩვენთვის მოსაწონი რამის გაკეთებას, მას აღარ დასჭირდება უხეშობა, მიუღებელი, უარყოფითი ქცევის განხორციელება ჩვენი ყურადღების მისაპყრობად;
  • პატივი ვცეთ ბავშვის უფლებას იყოს ცუდ გუნებაზე, ჰქონდეს უარყოფითი ემოციები, არ სურდეს ლაპარაკი, ჰქონდეს განმარტოების სურვილი. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვთან ურთიერთობისას. მოზარდობის ასაკი ეს ის პერიოდია, როდესაც სამყაროს ორი ფერი აქვს – შავი და თეთრი, ამასთან ჭარბობს შავი ფერი. ნუ გამოვხატავთ უკმაყოფილებას და ნუ გავუწყრებით მოზარდს, თუ ის უარს ამბობს ჩვენთან საუბარზე, გვთხოვს, რომ გარკვეული დროით არ შევეხოთ და ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ცუდ ხასიათზეა, მარტო ყოფნა და მუსიკის მოსმენა სურს;
  •  თავად ჩვენც მოვერიდოთ უხეშობას. ნუ გავაუფასურებთ მოზარდის გრძნობებისა და განცდების მნიშვნელობას. ნუ ვიქნებით უხეში მისი უხეშობის საპასუხოდ. თუ ჩვენ დავკარგეთ კონტროლი და უხეშობა გამოვავლინეთ, გულწრფელად მოვუხადოთ ბოდიში;
  • მოვუყვეთ მოზარდს გარდატეხის ასაკის სირთულეებთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილების შესახებ. ალბათ, ყველას გვახსოვს,  როგორ გვეჩვენებოდა ამ ასაკში, რომ სამყარო ინგრევა და არავის ესმის ჩვენი. გავუზიაროთ მოზარდს, რა გრძნობებს და ემოციებს განვიცდიდით ამ პერიოდში,რომ იცით, როგორ გრძნობს თავს. სინამდვილეში ჩვენ ეს შეიძლება ნამდვილად არ ვიცოდეთ. უბრალოდ ვესაუბროთ ანალოგიურ, მსგავს გამოცდილებაზე და მხარი დავუჭიროთ მოზარდს;
  • კონფლიქტურ სიტუაციებში ნუ ვაწარმოებთ დიალოგს ხმააწეული ტონით. თუ მოზარდი უხეშობს და ყვირის, ვუთხრათ: „არ შემიძლია შენთან ასეთი ტონით საუბარი. მოდი, ორივე დავმშვიდდეთ და შემდეგ გავაგრძელოთ“. ამას შესაძლოა, სულ რამდენიმე წუთი დასჭირდეს – ბავშვი დამშვიდდება და კვლავ მზად იქნება დიალოგისთვის;
  • თუ ბავშვმა გაგვანაწყენა თავისი უხეშობით, ნუ შევაფასებთ მას, ნაცვლად ამისა ვესაუბროთ ჩვენს გრძნობებზე: „მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ შენგან ასეთი სიტყვების მოსმენა ძალიან მტკენს გულს“. დიალოგი გრძნობად დონეზე მოზარდთან ურთიერთობის გასაღებია;
  • რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ ნებისმიერი ადამიანის მიმართ ბავშვის მიერ გამოვლენილი უხეშობა. ის ელოდება უფროსების რეაქციას საკუთარ ქმედებებზე. მათი მხრიდან იგნორირება კი აღიქმება როგორც ასეთი ქცევის ნებართვა;
  • ნებისმიერი ასაკის ბავშვის აღზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლის მაგალითი. თუ ჩვენ საკუთარ თავს ვაძლევთ უფლებას, ვიყოთ უხეში ადამიანებთან ურთიერთობისას, ნუ ველით, რომ ჩვენი აღსაზრდელი ინტელიგენტურობის განსახიერება იქნება. ბავშვები იმახსოვრებენ და იმეორებენ ჩვენი ქცევის მოდელს, ჩვენს სიტყვებს და რეაქციებს სხვადასხვა ვითარებაში. თვალყური ვადევნოთ ჩვენს ქცევას და მეტყველებას ბავშვის თანდასწრებით;
  • ავუხსნათ ბავშვს, რომ უხეშობის გამოვლენის შემთხვევაში არ უნდა მოგვერიდოს ბოდიშის მოხდა ჩვენი ქცევის გამო და კარგი იქნება, თუ ამის მაგალითს ჩვენ თავად მივცემთ;
  • ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები. რა თქმა უნდა, უფროსებიც ვიღლებით ემოციურად, მაგრამ ეს მაინც არ გვაძლევს უფლებას, რომ პირველივე უხეშობის შემთხვევაში ბავშვს თავს რისხვად დავატყდეთ.

უხეშობა კომპლექსური პრობლემაა. მის ფორმირებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. ერთობლიობაში ისინი იძლევიან უარყოფით ქცევით რეაქციას, რომლის კორექტირება შეიძლება და საჭიროა კიდეც. ვიყოთ უფრო ყურადღებიანი მოზარდის მიმართ, გვიყვარდეს ის ჩვენთვის მიუღებელი და არასწორი ქცევის მიუხედავად. დავაფასოთ და ვისიამოვნოთ მისი სწრაფი განვითარების პროცესზე დაკვირვების, ამ პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვის, მოზარდის პიროვნების ფორმირების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობით.

 

მებიუსის ფირი ცხოვრებასა და ხელოვნებაში

0

Möbius Friend Tape – ციფრული მედია, ინსტალაცია (იტალია)

 

ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება, სოციალურ ქსელში სქროლვისას დრო როგორ გადის. რამდენიმე საათის შემდეგ კი საერთოდ გავიწყდებათ, რა ნახეთ და რა წაიკითხეთ.

ზემოთ მოცემულ ინსტალაციაში არტისტი იკვლევს სწორედ  სოციალური ქსელების ფენომენს, როგორც ინფორმაციის ძირითად წყაროს ადამიანებისთვის.

Möbius Friend Tape – ასე უწოდებს მას ავტორი. ამგვარად სტრუქტურირებული ტექსტების კითხვის ჩვევა იწვევს მკითხველში გარკვეული ტიპის ცნობიერების ფორმირებას. მყარი სტრუქტურები ქრება, სწრაფად ხდება გადართვა სხვადასხვა ემოციაზე, გამომუშავდება დავიწყების ჩვევა; – ხომ არ გეცნოთ?

აი, გამოჩნდა თაიმლაინზე რაღაც სევდიანი ამბავი და ჩვენც თვალები გვიწყლიანდება, შემდეგ ვიღაცის ქორწილია, ან ბავშვი დაიბადა და ცრემლი ღიმილით იცვლება. უცებ დებატებში აღმოჩნდები და ბრაზი გერევა და დღის ბოლოს ყველაფერი იშლება.

ამ კონტექსტში, მომხმარებლის მიერ ხელოვნების აღქმა განსაკუთრებულ ხასიათს იძენს, ადამიანს უყალიბდება საკმაოდ სპეციფიკური ხედვა იმის შესახებ, თუ რა ითვლება ზოგადად ხელოვნებად, კონკრეტულად თანამედროვე ხელოვნებად და რას აკეთებენ თანამედროვე ხელოვანები.

მებიუსის ზოლი, გარკვეული გაგებით, უსასრულო ობიექტია, მას დასასრული არ აქვს, თუმცა არის ზღვარი – სამგანზომილებიან ევკლიდეს სივრცეში ეს ობიექტი ყოველთვის დახურულია.

ინსტალაცია “Möbius Friend Tape” წარმოგვიდგენს სოციალური ქსელის მომხმარებლის ცნობიერებას, როგორც ფრენდ – ფირს, როგორც დახურულ სისტემას, საიდანაც გამოსავალი არ არის გარდა გარე სივრცისა, გალერეის დარბაზში.

 

არქიტექტურულმა ბიურომ Miliy Design დაასრულა ბუდისტური სამლოცველოს დიზაინი ჩინეთის ქალაქ ტაიცანისთვის. მისი ფორმა მებიუსის ფირია. რომელიც უსასრულობის სიმბოლოა.

თავად არქიტექტორებისთვის ტაძრის ფორმა უფრო მოგვაგონებს რეინკარნაციას – ბუდიზმისთვის დამახასიათებელი სულების გადასახლების იდეას. მათი იდეით, შენობის გარეგნობა უნდა ასახავდეს უძველესი რელიგიის არსს. თუმცა, მებიუსის ბეჭედი, რომელიც არის მომავალი შენობის საფუძველი, არის არა მხოლოდ მეტემფსიქოზის (ანუ სულების ტრანსმიგრაციის) მეტაფორა, არამედ ფუნქციური დიზაინის გადაწყვეტა: მისი ციკლური ფორმა იძლევა ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო მინა – ჩანართები უზრუნველყოფს ოთახის ბუნებრივ განათებას.

თანამედროვე ფოტოხელოვანი ჟილბერ გარსენი თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს მებიუსის ლენტის მეტაფორას.

ხშირად შეხვდებით მებიუსის პრინციპს ხელოვნებაში. ჰოლანდიელი მხატვარ-გრაფიკოსი  მორის კორნელიუს ეშერის (Maurits Cornelis Escher 1898 – 1972) შემოქმედების საფუძველი მებიუსის ფირია.

ამ განსაკუთრებული გრაფიკით ისე ერწყმის დრო და მარადიულობა ერთმანეთს, ჩვეულებრივი ცნობიერებიდან თითქოს სულ სხვა განზომილებაში გვამოგზაურებს მხატვარი-გრაფიკოსი.

წარმოსახვა და რეალობა მებიუსის ფირზე სრულიად ახალ რეალობას ქმნის. ამიტომ წერდა ეშერი: ხანდახან, როცა ვხატავ, მეჩვენება, რომ მე ვარ მედიუმი იმ არსებებისა, რომლებიც თავად შევქმენი ჩემს წარმოსახვაში.

ადვილი არ არის, სარკმელი გაჭრა ახალ სამყაროში და გაბედო იქ შეხედვა. ეს მათემატიკოსებმა ვერ მოახერხეს. „მათემატიკოსებმა გააღეს სხვა სამყაროს კარი, მაგრამ თავად ვერ გადაწყვიტეს ახალ სამყაროში შესვლა. მათ უფრო მეტად აინტერესებთ, სად დგას კარი, ვიდრე ბაღი, რომელიც ამ კარს მიღმაა“ (ეშერი).

ეს კი ცუკერბერგის METAსამყაროა – რეალურისას და ვირტუალურის განთავსება მებიუსის ფირზე, – ეს არის ახალი სარკმლის გაჭრა სხვა რეალობაში!

რას მოუტანს ეს კაცობრიობას? ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული – როგორი წარმოსახვები გვაქვს და როგორი უნარი, რომ ეს წარმოსახვა რეალობად ვაქციოთ!

ფაქტი კი ერთია: სამყარო შეიცვალა, ის ისეთი აღარ არის, როგორც ციფრულ ტექნოლოგიებამდე იყო.

„ამერიკული მთებიც“ მებიუსის ლენტის პრინციპზეა აგებული, იქნებ ამიტომ იწვევს ასეთ თავბრუდამხვევ ემოციებს? ერთ ზედაპირზე გადმოტანილი შიგნითა და გარეთა მხარე და მოძრაობა „თავდავიწყებულს“ ხდის ადამიანს და განუმეორებელ განცდებს ანიჭებს!

იქნებ ცხოვრებაც „მებიუსის ფირია“…? თქვენ როგორ ფიქრობთ?

გასასვლელი ბილეთები

0

 

გასასვლელი ბილეთები განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მისი გამოყენება ყველა საგნის მასწავლებელს შეუძლია გაკვეთილის ბოლოს, კერძოდ, გაგება-გააზრების პროცესზე დაკვირვებისას. მისი შინაარსი და ფორმატი თავად შეგვიძლია შევარჩიოთ. სახელწოდება „გასასვლელი ბილეთი“ ძალიან უცნაურად ჟღერს და საწყის ეტაპზე მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობას უღვივებს, თუმცა, მისი შევსება მაშინაც კი ახალისებთ, როცა ფორმატი მათთვის უკვე კარგად ნაცნობია.

გთავაზობთ გასასვლელი ბილეთების შესახებ ამონარიდს წიგნიდან „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ და საკუთარი პრაქტიკიდან კონკრეტული მაგალითების მოყვანით თითოეული მახასიათებლის გამოკვეთას შევეცდები:

 

 

გასასვლელი ბილეთების გამოყენებით მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა,

გაკვეთილის ბოლოს:

 

ა. მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

 

·       მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების შესახებ;

·       მოსწავლეთა ინტერესების, ღირებულებების, დამოკიდებულებების შესახებ;

·       სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით მოსწავლეთა მოსაზრებებისა და შეხედულებების შესახებ.

 

ბ. მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად მოსწავლეთა საჭიროებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

 

გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინი ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას გაკვეთილის ბოლომდე. საკლასო რუტინის არსებობა კლასისა და დროის მართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

 

 

სასწავლო წლის განმავლობაში გასასვლელი ბილეთები გამოვიყენე  დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან  არაფორმალურ გარემოში, კერძოდ, უბნის ბიბლიოთეკაში, „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“, ეროვნულ მუზეუმში, ცისფერ გალერეასა და დედაენის პარკში სტუმრობისას.

მოსწავლეებს გასასვლელ ბილეთებთან ერთად ვთავაზობდი განმავითარებელი შეფასების კიდევ ერთ ინსტრუმენტს – შესასვლელ ბილეთებს, რომლებიც მათი მოლოდინების გარკვევაში მეხმარებოდა.

გასასვლელი ბილეთებისთვის შეგვიძლია მრავალფეროვანი, კონკრეტულ საჭიროებას მორგებული შაბლონი მოვიფიქროთ.

ჩემ მიერ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული გასასვლელი ბილეთის ქარგა ამგვარი იყო:

 

გასასვლელი ბილეთი                                                 სახელი:                      გვარი:

3 რამ, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა დღევანდელი შეხვედრიდან:

 

1.

 

 

2.

 

 

3.

 

 

2 რამ, რაც სიახლე იყო ჩემთვის:

 

1.

 

 

2.

 

 

1 კითხვა, რომელსაც პასუხი მინდა გაეცეს:

 

 

რისი თქმა მსურს ლელა მასწავლებლისთვის:

 

 

 

 

თავდაპირველად, სანამ გაერკვეოდნენ, რა უნდა დაეწერათ და რას ვითხოვდი მათგან, მკაფიო ინსტრუქციების მიცემა დამჭირდა.

როგორც აღვნიშნე, გასასვლელი ბილეთები არაფორმალურ გარემოში გამოვიყენე, ამიტომ ბილეთების შევსება უცნაურ გარემოში უწევდათ, მაგალითად, მაკდონალდსში, ილიას ბაღში, დედაენის პარკში, ბიბლიოთეკაში… მთავარია, გასასვლელი ბილეთები შეხვედრის შემაჯამებელ ნაწილად იქცეს.

გასასვლელი ბილეთების წაკითხვის შემდეგ მასწავლებელს საშუალება ეძლევა შეაფასოს რა გაიგეს, ამისთვის კი მოსწავლეთა ნაწერების დახარისხება და ანალიზია საჭირო, რისთვისაც გარკვეული დროა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს უკუკავშირი მივაწოდოთ, ამისთვის, შეგვიძლია: 1. მთელ კლასს მადლობა გადავუხადოთ და გავუზიაროთ შთაბეჭდილებები, რომლებიც გასასვლელი ბილეთების კითხვისას დაგვეუფლა ან 2. პატარა ბარათებზე კომენტარი დავუწეროთ.

ჩემს პრაქტიკაზე დაკვირვებით, გასასვლელ ბილეთს ყველა დიდი ხალისით ავსებს. არ ყოფილა თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე მოსწავლეს ინსტრუქციის შესრულებაზე უარი ეთქვას მაშინ, როცა რამდენიმე მათგანი საკლასო გარემოში ყველა ტიპის წერით დავალებას თავს ვერ ართმევს.

შესაძლოა, მოტივაციის ამაღლებასა და შინაგანი ძალების მობილიზებას არაფორმალურმა გარემომ შეუწყო ხელი, სადაც წერისა და ფიქრის დრო საკმარისი ჰქონდათ ან საკლასო ოთახიდან სრულიად განსხვავებულ, საინტერესო, თავისუფალ გარემოში ყოფნამ იმოქმედა.

სემესტრის ბოლოს მეხუთეკლასელები ეროვნული მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების კუთხის სანახავად წავიყვანე, სადაც მოუსმინეს გიდს, შემდეგ შეარჩიეს ერთი ფრინველის ფიტული, გაასულიერეს და მისი დღის ჩანაწერი დაწერეს. მუზეუმიდან დედაენის პარკში გადავინაცვლეთ. ბავშვებს წამოღებული ჰქონდათ სკეიდბორდები, გორგოლაჭები და სკეიდპარკში ისრიალეს.

ამ დღის გასასვლელი ბილეთების ანალიზი ამგვარია:

  • საკითხის გაგება-გააზრება

გასასვლელი ბილეთებიდან გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ თავის ქალები, ძველი ფული, ცხოველების ძვლები, მწვანე კოდალა, 9 აპრილის ბაღი, წითელყელა ბატის არსებობა, სიტყვა „ექსპონატი“, წესების დაცვის აუცილებლობა, დედაენის ბაღი, ლეოპარდი, ფრინველთა ბუდეები.

რამდენიმე მოსწავლის პასუხი ზოგადი და ზედაპირული იყო, ვერ შეძლეს მთავარი დეტალის გამოკვეთა, რაზეც შემდგომში აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას.

  • ინტერესები

მოსწავლეთა ინტერესი მრავალფეროვანი აღმოჩნდა, მაგალითად:

„სკეიდპარკში თამაში კლასთან ერთად“; „სკეიდპარკში როგორ „ვკატაობდით“; „ბევრი ტკბილეული ვჭამეთ“; „მთელი პროცესი, ბავშვებს ფოტოებს რომ ვუღებდი ლელა მასის ფოტოაპარატით“; „მაქსიმესთან (ნამდვილი სახელი არ მახსოვს) ფოტო“…

ამგვარად, შემეცნებითი, კულტურული სიტუაციების პარალელურად ბავშვებს უხარიათ იმგვარი გარემო, სადაც ერთად ერთობიან, ტკბილეულს მიირთმევენ, მსახიობებს რომ ხვდებიან და როცა ენდობიან. ამ ყოველივეზე დაკვირვებამ გადამაწყვეტინა სწავლების პროცესში შევიტანო  ბევრი ისეთი აქტივობა, რაც მოსწავლეების ინტერესებს ეხმიანება.

  • ღირებულებები

„მე დამამახსოვრდა, მეტროში რომ შემოვიდა ერთი კაცი და მღეროდა“. – მეხუთეკლასელი გოგონას ამ ფრაზამ სურვილი გამიჩინა, მეტი ყურადღება მივაქციოთ ქუჩის მუსიკოსებს, რომლებიც ურბანულ ცხოვრებას ალამაზებენ და, ამასთანავე, მათი პატივისცემა ვასწავლოთ ბავშვებს.

  • დამოკიდებულებები

გასასვლელი ბილეთების კითხვისას მასწავლებელი მარტივად ამოიცნობს მოსწავლეთა დამოკიდებულებას გარესამყაროსადმი – რა აოცებთ და ახარებთ, მაგალითად, ერთი მოსწავლის ფრაზის წაკითხვისას მივხვდი, როგორ აკვირდებიან უფროსების ქცევას და როგორი მნიშვნელოვანია მათთვის კლასელის მშობლების დამოკიდებულებები.

ბავშვებისა და კლასელის მშობლების ურთიერთდამოკიდებულებების გასაცნობად მიზანმიმართული აქტივობის დაგეგმვაც საინტერესო იქნებოდა.

  • სწავლა-სწავლების შესახებ მოსწავლეთა მოსაზრებები

გასასვლელი ბილეთები მრავალფეროვნებითა და მოულოდნელობებით გამოირჩევა, თუმცა, თითქმის ყოველი მოსწავლე გამოხატავს სწავლა-სწავლების შესახებ პოზიტიურ დამოკიდებულებას, მაგალითად:

„მეექვსე კლასში სად წაგვიყვანთ?“

„ლელა მას, დღეს ყველა ძალიან გავერთეთ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის“.

„საიდან იფიქრებთ ასეთ მაგარ რაღაცებს?“

„კიდევ როდის წამოვალთ?“

მასწავლებლისთვის ძალიან დიდი ძალა აქვს იმის დანახვას, ბავშვები როგორი სავსეები არიან შთაბეჭდილებებით და როგორ გამოხატავენ მადლიერებას. მათი კითხვები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სწავლა-სწავლება მათთვის სასიამოვნო და სიახლეებით სავსე პროცესია.

  • მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა

მოსწავლეთა დასმული შეკითხვები შემდეგი გაკვეთილის ინსპირაციად შეიძლება იქცეს:

„რატომ გადაწყვიტეთ, ამ მუზეუმში რომ წაგეყვანეთ?“

„მას, პენი-ბორდის ტარება ვერ ისწავლეთ?“

„ლელა მას, გასწავლათ ვაჟიკომ პენიბორდის ტარება?“

„ყველაზე მეტად რა მოგწონთ თქვენში?“

„ლელა მას, თქვენ რა მოგეწონათ?“

„მოგეწონათ დღევანდელი დღე, ლელა მას?“

„როგორ მოგეწონათ დღე, ლელა მას?“

ერთი და იმავე შინაარსისა და სხვადასხვა სიტყვით ჩამოყალიბებული შეკითხვები მშვენიერი ბიძგია შემდეგი გაკვეთილისა და მასწავლებლის უკუკავშირისთვის, მაგალითად, პასუხად მასწავლებლის მიერ შევსებული გასასვლელი ბილეთის კლასისთვის წაკითხვა, პირადი წერილი ან ღია ბარათი მოკლე, სახალისო კომენტარებითურთ.  

  • ყურადღების შენარჩუნება/მთავარი დეტალების შემჩნევა

გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინი მოსწავლეებს აქტიურ მოსმენასა და მთავარი დეტალების გამორჩევას ასწავლის.

  • მშობელთა ჩართულობა

როგორც ზემოთ აღვნიშნე, არაფორმალურ გარემოში ჩვენთან ერთად არიან მშობლები, ბებიები, უფროსი და-ძმები. ერთხელ ბავშვებს რომ გასასვლელი ბილეთები დავურიგე, ერთმა მშობელმა მთხოვა, ჩვენც შევავსებთო და მას შემდეგ ტრადიციად იქცა, რომ გასასვლელ ბილეთში ყველა დიდი მონდომებით  წერს საკუთარ შთაბეჭდილებებს. უფროსების ამგვარი ინტერესი და დამოკიდებულება ბავშვებისთვის ენითაუწერელი სიხარულია და შებრუნებული პირადი მაგალითიც შეგვიძლია ვუწოდოთ, ეს ხომ ის იშვიათი მომენტია, როცა ბავშვების მონდომება უფროსებში აღძრავს იმავეს კეთების მოტივაციას.

რას გვაძლევს მასწავლებლებს გასასვლელი ბილეთების ანალიზი?

ამგვარად, მასწავლებლებს გასასვლელი ბილეთების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ, რა გაიგეს მოსწავლეებმა, როგორია მათი დამოკიდებულებები, კიდევ რისი სწავლა სურთ.

სტატიაზე მუშაობისას  ჩემი  მოსწავლეების გასასვლელი ბილეთები წავიკითხე. გამახსენდა ჩვენი ბედნიერი დღეები, რომლებიც გარეუბნის სკოლისთვის დამახასიათებელი ერთფეროვანი რუტინის გასახალისებლად გამოვიგონე  და ამ თავგადასავალში კლასის დამრიგებლებთან ერთად მშობლები, ბებიები და უფროსი და-ძმები გამოგვყვნენ. კითხვისას თითოეულის სახე ამომიტივტივდა და მადლიერების განცდა დამეუფლა, საკუთარ აზრებს რომ მიზიარებენ. ყველაფერთან ერთად, სწორედ ამ ნიშნით გამოირჩევა გასასვლელი ბილეთები, რომ სკოლის სწრაფ დროს აჩერებს, დაკვირვების, მოსმენისა და შეფასების საშუალებას გვაძლევს.

მოსწავლეების მიერ შევსებული გასასვლელი ბარათები იხილეთ სკოლის ბლოგზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი. 2018. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს წილადში მრიცხველისა და მნიშვნელის ადგილის დამახსოვრებაში.

0

დიდი ხანია, აღარ დავობენ იმ საკითხზე, რომ მათემატიკის სწავლებისას მხოლოდ სახელმძღვანელოს პარაგრაფების ფურცელზე დაწერილი ინფორმაცია დაბალეფექტურია, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში.

მათემატიკის გაკვეთილზე ბავშვისთვის გასაგები, მიმზიდველი, საინტერესო აქტივობების და რესურსის გამოყენება,მასწავლებელს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად მიაღწიოს მიზანს და გაზარდოს ჩართულობა და სწავლის ეფექტურობა.ეს აუცილებელია,რათა მოსწავლემ ადვილად დაიმახსოვროს, ეფექტიანად აითვისოს სასწავლო მასალა.ბევრი მასწავლებელი დამეთანხმება, რომ წილადების სწავლა ბავშვებისთვის რთული და დამაბნეველია.

კარგად მახსოვს, როგორი ძალისხმევა დამჭირდა  წილადი რიცხვების სწორად ჩასაწერად. რომ აღარაფერი ვთქვათ მათ მნიშვნელობაზე, ვერ დავიმახსოვრე, სად იწერებოდა მრიცხველი და სად  მნიშვნელი. როცა მე თავად გავხდი მასწავლებელი და წავაწყდი ანალოგიურ პრობლემას, სწორედ მაშინ დავიწყე  ფიქრი, რომ რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრებინა,რაც გაუადვილებდა ჩემს მოსწავლეებს ამ საკითხის შესწავლას. პირველ რიგში, აუცილებელია მათთვის სრულიად ახალი ტერმინების _,,მნიშვნელი,, წილადის ხაზი,, ,მრიცხველი,, გააზრება.

შეიძლება ვერც კი ვამჩნევთ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში წილადები მუდმივადაა ჩვენ გარშემო. მაგ.რესტორანში, სუპერმარკეტებში, სამზარეულოში და ა.შ. მოსწავლეებთან  მომყავს სადემონსტრაციო მაგალითები, რათა აღვძრა მათი ინტერესი თემის მიმართ და დავანახო მისი შესწავლის აუცილებლობა.

გთავაზობთ მარტივი სტრატეგიის გამოყენებას, რომელსაც შეუძლია თქვენს მოსწავლეებს  წილადის ცნებების და მნიშვნელობის გარკვევაში დაეხმაროს.

უცხო სიტყვების ბანკიდან ვიღებ სამ ტერმინს : მრიცხველი,წილადის ხაზი და მნიშვნელი. ვუჩენ მათ თავიანთ ადგილებს. დიდი ალბათობით, მოსწავლეებს მათი დამახსოვრება უჭირთ.  ყურადღების კონცენტრირებისთვის და საკითხის გასამარტივებლად ვიწყებ ზღაპრის მოყოლას.  მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებლისგან  ზღაპრის თხრობას  არ ელიან, მაშინვე ცქვეტენ ყურებს და სულგანაბული ისმენენ, რაც ზრდის მათ  ჩართულობას.

ზღაპარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეოცნებე,ცნობისმოყვარე ბიჭი,რომელიც სულ ცაში იცქირებოდა. აინტერესებდა იქ ,შორს, ვარსკვლავებთან რა ხდებოდა. (აქ ვაკრავ დაფაზე შესაბამის ილუსტრაციას).

გავიდოდა ღამით აივანზე და ათვალიერებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას,თან ითვლიდა და ითვლიდა ვარსკვლავებს.შემდეგ თავის უზარმაზარ წიგნში იწერდა, რამდენი ვარსკვლავი დაითვალა. ამასობაში ბიჭუნა გაიზარდა და  უფრო დაინტერესდა ამ საქმიანობით.

მან მლიონობით ვარსკვლავი აღრიცხა თავის წიგნში. ამასობაში დაბერდა კიდეც (აქაც ვაკრავ შესაბამის ილუსტრაციას).

ამდენ ოცნებაში  მას ხალხმა”ვარსკვლავთმრიცხველი” უწოდა.

შემდეგ ვეკითხები, მოეწონათ თუ არა ზღაპარი, რა დაამახსოვრდათ.

– სად იყურებოდა ბიჭი?

– რა უწოდეს მას?

– რატომ უწოდეს მას ვარსკვლავთმრიცხველი?

– იმიტომ რომ მაღლა იყურებოდა.

აქ კი ვეუბნები, რომ წილადში მრიცხველი იწერება ზევით და ეს არასდროს დაგავიწყდებათ, რადგან თქვენ ადვილად გაიხსენებთ ვარსკვლავთმრიცხველ ბიჭუნას, ვარსკვლავები კი სადაა? მაღლა,ზევით….

ასე იმახსოვრებენ ისინი, რომ წილადში მრიცხველი იწერება მაღლა,(აკავშირებენ ვარსკვლავებთან და ვარსკვლავთმრიცხველთან) შესაბამისად, მაშინ მნიშვნელი იწერება ქვევით.

გარწმუნებთ წამოვა ემოციების ზღვა….აუ,რა ადვილია, მას! ძალიან ადვილია, მას! ვარსკვლავები ზევითაა -მრიცხველიც ზევით იწერება!

შემდეგ კი შესაბამისი აქტივობებით და მაგალითებით გააგრძელებთ მათი მნიშვნელობების ახნას, თუ რას გვიჩვენებს მრიცხველი და მნიშვნელი წილადში.

მე ასე დავეხმარე ჩემს მოსწავლეებს მრიცხველისა და მნიშვნელის ადგილმდებარეობა ადვილად დაემახსოვრებინათ. იმედია,მსგავსი აქტივობა  თქვენც დაგეხმარებათ იმ მოსწავლეებთან, ვისაც უჭირს დამახსოვრება, სად იწერება მრიცხველი და სად მნიშვნელი და საკითხის სირთულე სწავლების დროს სახალისო აქტივობის გამოყენების შემთხვევაში არ გამოიწვევს მათში იმედგაცრუებას.

ნესტან-დარეჯანის „გულის სამართალი“

0

„ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირები გულისა თუ გონების კარნახით თანაბრად მოქმედებენ. ეს პოემა თავისი ფაბულით, სიუჟეტით, პერსონაჟთა ხასიათებით, თემებით, სიმბოლო-ალეგორიებით, ქვეტექსტებით, ერთი სიტყვით, ფორმითა თუ შინაარსით, როგორც ნამდვილი კლასიკა, თანამედროვე მკითხველთანაც თავისუფლად მართავს დიალოგს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ უამრავი გამოკვლევა, წერილი არსებობს, ასახსნელ-განსამარტავი კვლავ ბევრია, რადგან თავისი საიდუმლოებებითაც გამოირჩევა. მისი საინტერპრეტაციო სივრცე კი უსაზღვროა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ, როგორც ელიოტი წერს: „ახალი ნაწარმოები, იმავდროულად, გავლენას ახდენს ხელოვნების ყველა ადრინდელ ნიმუშზე: ახლის გამოჩენა (თუკი ეს ნამდვილი სიახლეა) არღვევს მანამდე არსებულ იდეალურ წესრიგს“. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას პოემების წაკითხვის შემდეგ მთავარ გმირთა ხასიათების ჩვენეულ აღქმაში რაღაც იცვლება.

პოემის იმ სტრიქონებს შორის, რომელთა შესახებ კიდევ ბევრი დაიწერება, არის ნესტანის ფრაზა: „სცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად“. ეს სიტყვები მან ქაჯეთის ციხიდან მოსწერა ტარიელს. ამ სტრიქონს განიხილავენ სხვა სტრიქონის: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ – კონტექსტში. ამ უკანასკნელზე ბევრია დაწერილი. გავიხსენოთ რამდენიმე. დავით წერედიანის აზრით, „ეს არის არა კანონზე, არამედ სიმართლის შინაგან განცდაზე დამყარებული სამართალი, სუბიექტური სამართალი, მაგრამ იგი აუცილებლად ობიექტურ საყრდენსაც საჭიროებს, რადგან მაინც სამართალია და არა თვითნებობა. შეყვარებულებს კი სასწორის პინაზე არაფერი აქვთ დასადები, ერთმანეთისადმი სიყვარულის გარდა. მათი სიმართლე პირწმინდად სუბიექტურია და მან გმირები სასჯელისაგან ვერ იხსნა“ („ესე ამბავი სპარსული“).

საგულისხმოა ელგუჯა ხინთიბიძის მოსაზრებაც. იგი ითვალისწინებს ანტიკურ ფილოსოფიასა და შუა საუკუნეების იურისპრუდენციულ ლიტერატურას, ბიზანტიურ ეპოქაში მართალი სამართლით განაჩენის გამოტანას, როგორც მართლმსაჯულების თავისებურ სახეობას, XIII-XVII საუკუნეების ქართული სამართლის ძეგლებს. მისი აზრით, „მართალი სამართალის“ მართლმსაჯულებაზე დაყრდნობა უპირისპირდებოდა გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციაში კანონის, ანუ მიღებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით განსჯას და უფლებას იძლეოდა, კონკრეტული შემთხვევის მიმართ განაჩენი გამოტანილიყო რეალური ფაქტებიდან გამომდინარე სიმართლეზე დაყრდნობით. „ვეფხისტყაოსნის“ სხვა პასაჟიც ადასტურებს მართალი სამართლის ამგვარ გააზრებას. ნესტანი ითხოვს, რომ ტარიელმა მართალი სამართლით განსაჯოს მისი პიროვნება, მისი მოქმედება, მისი გულისთქმა. ქაჯეთის ციხიდან იგი სატრფოს სწერს: „რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად;/ ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად“ („თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული „ვეფხისტყაოსანი“).

ზურაბ კიკნაძის აზრით, „აქ გაცხადებულია „მართალი სამართლის“ არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მისი ონტოლოგიური ღირებულებაც, როგორც ისეთი სამართლისა, რომელიც არა მხოლოდ ადამიანთა ურთიერთობებს აწესრიგებს, არამედ ბუნებასაც მსჭვალავს, მკვდარ ბუნებაშიც შეაღწევს და სიცოცხლე შეაქვს მასში. ქაჯეთის ციხიდან მოწერილ წერილში ნესტანი ერთხელ კიდევ ახსენებს თუ იხსენებს „მართალ სამართალს“. აი, ეს სტრიქონი: „ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად“. ვერ ვიტყვით, რომ ეს სტრიქონი ბოლომდე გასაგებია. ის კი ცხადია, რომ ამ სიტყვებში მართალი სამართალი იურიდიული სფეროდან გულის, განცდის სფეროში ინაცვლებს, ის გაშინაგანებულია… პოემაში ნამდვილად არის სინანული იმ „მართალი სამართლის“ სახელით ჩადენილი აქტის გამო. ეს ნესტანის წერილში იგრძნობა. მსგავს წერილს ვერ დაწერდა ის ნესტანი, რომელიც „ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული“, ვერც ის, რომელიც იმ რჩევას იძლეოდა“ („მართალი სამართალი“).

მოცემულ თვალსაზრისებში გამოიკვეთა „სამართალი მართალი გულისა“. ჩვენი აზრით, აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს სტრიქონის შინაარსის ამგვარ გაგებაზე: გულის მართალ სამართალს (სამართალი მართალი გულისა) ყველა ვერ გაიგებს (გულსა მივა რად). აქ ნესტანი გულის გონებაზე უპირატესობას წარმოაჩენს. მისი სამართალი გულიდან იბადება. სახარებისეული სწავლებით, ღვთის სასუფეველი გულშია. ნესტანს ამ გულის სამართალს ვერ მიუხვდა ვერც ფარსადანი, ვერც დავარი, რომელთაც მიჯნურები გასწირეს სატანჯველად. ასევე, ვერ გაიგო ალუდა ქეთელაურის „გულის სამართალი“ ვერც ბერდიამ და ვერც თემმა. ალუდა ეუბნება უშიშას:

„გული გამიწყრა, არა ჰქნა,

რაც საქნელია ძნელადა

„დაე დააკლდეს სახელსა,

მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.

ამიტომაც გააკრიტიკა არსებული სამართალი:

„ვაი, ეგეთას სამართალს

მონათლულს ცოდვა-ბრალითა“.

„გულის სამართალმა“ გამოიყვანა შინიდან დონ კიხოტი, რათა სამყაროდან გამქრალი რაინდული იდეალები დაებრუნებინა და დაემკვიდრებინა. „გულის სამართალმა“ არ მისცა ნება ანტიგონეს მტრად გამოცხადებული ძმა უპატრონოდ მიეტოვებინა. გულის სამართალი უკარნახებდა ჯოყოლას, ეთქვა:

„მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა

თქვენს გულისთქმასთან ძაფითა.

დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“,

გულის სამართალმა ჩაადენინა „უსამართლობა“ აღაზას და უცხო ვაჟკაცი დაატირებინა. ამ გულის სამართალმა ათქმევინა ჯოყოლას:

„იტირე?! მადლი გიქნია,

მე რა გამგე ვარ მაგისა?“.

გულის სამართალი ღვთის „დაწერილია“ და არა ადამიანისა. ქართულსა და მსოფლიო ლიტერატურაში ბევრი მოქმედებს „გულის სამართლით“, დარწმუნებული, რომ ეს „ღვთის სამართალია“.

ნესტანი გულისხმობს, რომ მისი „გულის სამართალი“ სხვებისთვის აუხსნელი დარჩა. ამ სხვებისთვის ნესტანიც უცხოა და „გაუგებარი“. სწორედ ამას შენიშნავს ზღვათა მეფე, როდესაც მასზე იტყვის:

„ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი;

ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,

სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი“.

რატომ არ ენდობიან გულს ადამიანები?

გული პოემაში წარმოჩენილია, როგორც ვნებათა ჭიდილის ასპარეზი:

„გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,

გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,

გული – ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,

ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!“.

თანვე გულს ისეთი დიდი ძალა აქვს:

„გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:

რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;

უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან“.

ამგვარი გული მხოლოდ წუთისოფლისთვის ირჯება. გაღვიძებული, სულიერი განვითარების გზაზე დამდგარი ადამიანის გულში კი ღმერთი შემოდის. ამიტომ გულის სამართალს რომ მიჰყვე, ისეთი ზნესრული უნდა იყო, როგორიც ნესტან-დარეჯანია. ის ხედავს, რომ წუთისოფელი, ბედისწერა უპირისპირდება ღვთაებრივ კანონებს.

„ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა“. ის საკუთარ თავს კი არა, ბედისწერას ადანაშაულებს მომხდარში. ქაჯეთის ციხიდან მოწერილ წერილში ნესტანი კიდევ უფრო გაძლიერებულია შინაგანად, კვლავაც „პირგამეხებული ვეფხვია“, რომელიც თავის დასაცავად არაფერზე დაიხევს უკან:

„შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,

ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდაო იგი ალვისა ტანითა.

არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;

ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა“.

პოემაში ბრმა ბედისწერა, წუთისოფელი დაპირისპირებულია ღმერთთან:

„ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!

ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა?!

მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა“.

„ნუ გეშის ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია“.

ბედისწერის სამფლობელო წუთისოფელია. ისინი სინონიმური შინაარსის მატარებელნი არიან. შეიძლება ვთქვათ, ორივე წილნაყარია ბნელ ძალასთან, რომელიც სინათლეს ხელს უშლის, მაგრამ ვერ აქრობს. ნესტანი სწორედ ასეთი სინათლეა (სიმბოლურ-ალეგორიულად, ღვთის ნაწილია. „ის, რაც ამქვეყნად არ არის“, როგორც არაერთგზის არის აღნიშნული ზვიად გამსახურდიასა და სხვათა ნაშრომებში). ამ „გულის სამართლის“ აღსრულების გზაზე გმირებს უწევთ ბნელეთის მოციქულების დახოცვა (ხვარაზმშა, ჭაშნაგირი).

ნესტანი ქაჯეთის ციხეში კიდევ უფრო დარწმუნებულია თავისი გულის სიმართლეში. იგი შინაგანად წუხს, რომ სხვებს არ ესმით მისი, მაგრამ დარწმუნებულია, ღმერთმა იცის, როგორც ბარათაშვილი ამბობს: „შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რა ვიზრახო მე“ („ჩემი ლოცვა“). „გულის სამართალს“ ბადებს ღვთის ხმა. ამ ხმას მისდევს ის, როგორც რჩეული ადამიანი. როგორც ბეატრიჩეს მიჰყვება დანტე და გაივლის ჯოჯოხეთის სანახებს. ტარიელისთვის თავიდან გამოუკვეთელი იყო ეს ხმა, ამიტომ შეყოვნდა თითქოს, როცა ხვარაზმის უფლისწული უნდა მოეკლა და ნესტანის „შეხსენება“ დასჭირდა. მერე „ჩაიცვა“ ნესტანით შთაგონებულმა ვეფხვის ტყავი და გახდა „ვეფხისტყაოსანი“, რაც იყო მისი ხელახლა დაბადება, გაღვიძება, ინიციაციის გზაზე დადგომა (პოემის პერსონაჟთა, როგორც კაცობრიობის უნივერსალურ სახე-იდეათა გააზრებაში უპირველესად, ზვიად გამსახურდიას შესანიშნავი ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“ გვეხმარება). ავთანდილმა მალევე გაიაზრა, რომ ნესტანის გამოხსნა სამყაროს, სინათლის ბნელი ძალებისგან გამოხსნას ნიშნავდა (ამას ყველაზე ადრე თინათინი მიხვდა, რომელმაც იგრძნო, რომ უცხო მოყმის გამოცანა აუცილებლად უნდა ამოხსნილიყო, რომ ეს იყო ღვთაებრივი ნიშანი). ფრიდონი ეუბნება ტარიელს პირველი შეხვედრისას: „ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო“. შემდეგ კი ამ სანთლის კვლავ „ანთებისთვის“ თვითონაც თავი არ დაზოგა.

წუთისოფლის მოყვარული ფატმანი, რომელიც თავის განსხვავებულობას დროდადრო უმიზეზო მოწყენილობითაც ამხელს, გაიგებს და დაინახავს ამ სინათლეს, ამიტომაც გამოეყოფა „ბრმებს“ და მათთან ერთად აღარ გადავარდება ამაოების უფსკრულში. „თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივიან“ (მათე, 15, 14). იგი უყვება ტარიელს:

„რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა,

ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა;

დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა“.

ნესტანის დახმარებით იგი, უპირველესად, საკუთარ თავს ეხმარება, რომ ჩაფერფლილი ღვთიურ საწყისი კვლავ ააღორძინოს საკუთარ თავში. ამიტომაც განიცდის სულიერ ფერისცვალებას. ავთანდილთან შეხვედრის შემდეგ იგი გაიაზრებს საკუთარი არსებობის აზრსა და მიზანს.

ზვიად გამსახურდიას აზრით, „ვეფხისტყაოსანში“ ნეგატიური ძალების პერსონიფიკაციაა ქაჯეთი, რომელთანაც არის დაკავშირებული დავარი, შავი მაგიის ეს ადეპტი („ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი“). პოემაში არის მინიშნებებიც იმაზეც, რომ ფარსადანის კარზე საიდუმლოდ მოქმედებენ ქაჯეთის ემისრები, შავი მაგები, რომელთა მიზანიც არის ინდოეთის დამხობა და ნესტანის გატაცება. შავი მაგიის ეს ადეპტები „ღვთის მტრებად“ არიან მოხსენიებულნი: „დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან“. მართალია ტექსტში პირდაპირ ამაზე არსად არის საუბარი, მაგრამ მსგავსი მინიშნებების საფუძველზე შესაძლოა დავასკვნათ, რომ ხვარაზმშას ძის სასიძოდ მოწვევა დავარისა და ამ „ღვთის მტრების“ იდუმალი შეთქმულების შედეგია, რომელთაც შეძლეს გავლენის მოხდენა მეფეზე“ („ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“).

მართლაც, ნესტანი კარგად იცნობს დავარის სიბრძნეს, ამიტომ არა მხოლოდ გამოიცნობს, არამედ ჩაშლის კიდევაც მის გეგმას. სასიძოს მკვლელობა ფარსადანმა დავარს „ღალატად“ ჩაუთვალა და მოკვლით დაემუქრა. დავარი თვითმკვლელობით გადის დრამის სცენიდან, მაგრამ კვალს ტოვებს, ბნელი ძალების მოქმედება გრძელდება.

ნესტანის, როგორც ღვთაებრივი საწყისის, სინათლის გამოსახსნელად თითქოს კოსმოსის ყველა კეთილი ძალა ერთიანდება (ავთანდილი, თინათინი, ფრიდონი, ასმათი, მზე, მთვარე და ვარსკვლავები), რადგან ის „მართალია“. სწორედ მისი გამოხსნით კიდევ ერთხელ ზეიმობს სიცოცხლის კანონი: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. სიყვარულის მისტერია კი გრძელდება. პოემის ფინალი დასტურია „გულის სამართლის“, ე.ი. „ღვთის სამართლის“ ყოველივეზე აღმატებულობისა. ამ „გულის სიმართლის“ უძლეველობა ჩანს ვაჟა-ფშაველას პოემებში, განსაკუთრებით კი, „სტუმარ-მასპინძლის“ ფინალში.

მხატვრული წერის გაკვეთილები მეხუთე-მერვე კლასის მოსწავლეებისთვის

0

 

ნაწილი მეხუთე

ნაწილი მეოთხე

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

სავარჯიშო მეათე

მეათე გვერდის სავარჯიშო. აიღეთ ნებისმიერი წიგნი თქვენი თაროდან, გადაშალეთ მეათე გვერდზე და მეათე წინადადება გააგრძელეთ თქვენებურად ისე, რომ დაწეროთ მინიმუმ 10 ახალი ლოგიკური წინადადება.

 

მაგალითი: (ნაწყვეტი აღებულია წიგნიდან „ტომ სოიერი“)

„მოხუცმა ხელი შეახო ტომის პერანგს და თქვა: ასე რამ დაგასველა?“ (ციტატა წიგნიდან)

ტომმა უპასუხა: აქვე, მდინარეში ჩავხტი და…

  • და რა, გახიე?
  • არა, მაგრამ, დავასველე!
  • მდინარეში რა გინდოდა?
  • გაგრილება!
  • ტანზე რომ გაგეხადა და ისე ჩამხტარიყავი, არ სჯობდა? – ჰკითხა დეიდამ.
  • ვერ მოვასწრებდი, გოგო იხრჩობოდა.
  • აკი გაგრილებაო? რატომ მატყუებ, ტომ?

 

სავარჯიშო მეთერთმეტე

ჰკითხეთ საკუთარ პერსონაჟს თერთმეტი „რატომ?“, რომელზეც მისი პასუხები ამომწურავი იქნება.

მაგალითი:

შეკითხვა 1: ბუსი, რატომაა შენი საყვარელი ფილმი Star Wars?

პასუხი: იმიტომ, რომ ყველაზე საინტერესო სიუჟეტი აქვს.

შეკითხვა 2: რატომ ემეგობრები ბილს?
პასუხი: ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს.

შეკითხვა 3: რატომ გიყვარს შენი და უფრო მეტად, ვიდრე ძმა?
პასუხი: ბუნებრივია, ასე რომ არის. ჩემი ძმა საერთოდ არ მეკონტაქტება.

შეკითხვა 4: რატომ ცდილობ, ძმა მის მეგობრებთან შეარცხვინო?
პასუხი: ზედმეტად ტრაბახაა და იმიტომ.

შეკითხვა 5: რატომ მოგწონს კომპიუტერული თამაშები?
პასუხი: იმიტომ, რომ ძალიან სახალისოა.

შეკითხვა 6: რატომ გიყვარს ანიმეები?
პასუხი: ძაან მაგარი სიუჟეტი აქვს და სულ ბრძოლებია.

შეკითხვა 7: რატომ მოგწონს ჭადრაკი?
პასუხი: ტვინს მირთობს.

შეკითხვა 8: რატომ ვარჯიშობ?
პასუხი: რომ გავძლიერდე.

შეკითხვა 9: რატომაა შენი საყვარელი კომპიუტერული თამაში Blood Born?
პასუხი: საუკეთესო „ბოსებთან“ ბრძოლებია.

შეკითხვა 10: რატომ გირჩევნია ნარუტო ბორუტოს?
პასუხი: ბორუტო უინტერესოა.

შეკითხვა 11: რატომ გიყვარს ბურგერი?
პასუხი: მმმ. გემრიელია!

სავარჯიშო მეთორმეტე

დაწერეთ ერთი და იგივე ამბავი თქვენი გმირის მონაწილეობით მინიმუმ 5 სხვადასხვა ჟანრში.

სავარჯიშო მეცამეტე

განათლების მინისტრის მიმართვა მშობლებს: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ საკუთარი ქვეყნის განათლების მინისტრი ხართ და ოფიციალური, სატელევიზიო გამოსვლისთვის წერთ მიმართვის ტექსტს, სადაც უნდა ილაპარაკოთ, რა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ნაყინი, კომპიუტერული თამაშები, გართობა და თამაში. გამოიყენეთ რაც შეიძლება ოფიციალური და შაბლონური სიტყვები.

 

სავარჯიშო მეთოთხმეტე

თქვენი პერსონაჟი ელაპარაკება უსინათლოს, რომელიც სთხოვს მას აღუწეროს: ცისფერი, ატამი, ხე, ზღვა, მარტორქა და ტელევიზორი. აღწერეთ ჩამოთვლილი ისე, რომ უსინათლომ გაიგოს.

მაგალითი:

ბუსი: წყალს შეეხე და ჰაერი ჩაისუნთქე, ახლა წარმოიდგინე ფერი. როგორია?

უსინათლო: არ ვიცი. მაგას ვერ აღვწერ. ვერ ვხედავ.

ბუსი: ღიაა?

უსინათლო: ანუ?

ბუსი: როგორსაც ხედავ, სიბნელეს, იმისგან განსხვავებულია?

უსინათლო: კი.

ბუსი: სისუფთავეს მოგაგონებს?

უსინათლო: დიახ!

ბუსი: აი, ეს არის ცისფერი. კარგი, ახლა ატამს აღგიწერ! ოდესმე ატამი გიჭამია?

უსინათლო: რა თქმა უნდა, კი.

ბუსი: ახლა შენს ლოყას შეეხე და ატმის გემო გაიხსენე! გამოვიდა?

უსინათლო: მრგვალია?

ბუსი: სწორად გამოიცანი. ალბათ, მარტო დაჭრილი ატამი გიჭამია, არა?

უსინათლო: დიახ.

ბუსი:ჰოო. მთელი მეც არ მომწონს.

უსინათლო: მშობლები მიჭრიან.

ბუსი: მოდი, ხეს შეეხე. მუქია?

უსინათლო: მე მხოლოდ ერთ ფერს ვხედავ.

ბუსი: წარმოსახვაში ცოტა გააღიავე. გამოვიდა?

უსინათლო: მგონი, კი.

ბუსი: ეს არის ყავისფერი. ამ ფერის ტოტები და ღერო აქვს ხეს, როგორც ჩვენ გვაქვს ხელები და ფეხები. ფოთლები მწვანეა, მაგრამ ამ ფერს ვერ აღვწერ, მწვანილს რომ ჭამ, რა გემოც აქვს მას, ისეთი ფერია ფოთოლი. სასიამოვნო შრიალი ხომ მოგისმენია ფოთლის?

უსინათლო: მომისმენია.

ბუსი: ასეთია ხე. ზოგ ხეს წიწვები აქვს, როგორც ადამიანს თმა, ოღონდ უხეში, დაუბანელი თმა. ზოგს კი ფოთლები აქვს.

უსინათლო: ეგ ვიცი.

ბუსი: წარმოიდგინე?

უსინათლო: კი.

ბუსი: ახლა წამოდი ისევ წყალთან, შევეხოთ. ცისფერი რომაა ხომ წარმოიდგინე უკვე?

უსინათლო: რატომაა წყალი ცისფერი?

ბუსი: ცას ირეკლავს და ცის ფერს იღებს.

უსინათლო: ყველა წყალი?

ბუსი: არა, ბევრი წყალი, მაგალითად, ზღვა.

უსინათლო: წარმოვიდგინე.

ბუსი: ახლა გეტყვი, რომ ზღვა ძალიან ბეეევრი მლაშე წყალია.

უსინათლო: მზადაა!

ბუსი: ახლა მარტორქა. ის დიდია, ნაოჭებიანი, სქელი ტყავი აქვს და გრძელი რქა ცხვირის ნაცვლად. წარმოიდგინე?

უსინათლო: კი.

ბუსი: ახლა ტელევიზორს აგიხსნი. ტელევიზორი… მმ, ეს ყუთია, სადაც ადამიანები და ცხოველები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში, ისინი იმ წუთას იქ კი არ არიან, სხვაგან არიან და ამ ყუთში კი ვუყურებთ.

უსინათლო: უღრმესი მადლობა.

ბუსი: შეხვედრამდე!

უსინათლო: შეხვედრამდე!

სავარჯიშო მეთხუთმეტე

ერთი სრული დღით წაიყვანეთ საკუთარი პერსონაჟი სრულიად უცხო ქვეყანაში, ქალაქში და მიეცით დავალება.

მაგალითი:

ერთ დღეს ბუსი ბილთან და მის ოჯახთან ერთად თურქეთში გაფრინდა დასასვენებლად. იქ უზარმაზარ აკვაპარკში წავიდნენ და ბუსიც წაიყვანეს.

ცურვის შემდეგ ცოტა მოშივდათ და გადაწყვიტეს ბურგერი ეჭამათ. ბილს ადგილის მოძებნა სთხოვეს გარეთ, სადაც ყველანი დასხდებოდნენ ბილის მამა და უმცროსი ძმა კი შენობაში ეძებდნენ თავისუფალ სივრცეს. სამწუხაროდ, ყველაფერი დაკავებული აღმოჩნდა, ამიტომ ბუსი და ბილის დედიკო საჭმლის ქუჩაში საყიდლად წავიდნენ.

თურქული საჭმელი რომ იყიდეს და უკან ბრუნდებოდნენ, ბილის დედას ფეხი აუცურდა და მარჯვენა კოჭი მოიტეხა. ბუსი არ დაიბნა, აკვაპარკის ექიმთან გავარდა, მაგრამ ახლა მას შეემთხვა ცუდი რამ – სხვას შეეჯახა და ხელი გადაიტყავა. ამასობაში ხალხმა სასწრაფო გამოიძახა, თუმცა გაირკვა, რომ ექიმები 20 წუთი ვერ მოვიდოდნენ.

ბუსიმ მოიფიქრა ასეთი რამ: ხმამაღლა ინგლისურად დაიყვირა: ვინმე ექიმი ხომ არაა აქვეო (ასე ენახა, რომ თვითმფრინავში გააკეთეს ერთხელ) და მართლაც, იქვე ტრუსიკიანი კაცი მოვარდა და ბილის დედას რჩევები მისცა, როგორ დამჯდარიყო.

ამასობაში ექიმებიც მოვიდნენ, ბილი, მამამისი და უმცროსი ძმაც იქვე გაჩნდნენ და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბუსის კი ხელი შეუხვიეს.
მერე მთელი კვირა, ყველა ცურავდა, ბუსისა და ბილის დედიკოს გარდა.

 

 

ბავშვის მიჯაჭვულობა დედასთან – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

„არ ვიცი, რა მოვუხერხო ამ ბავშვს. მის გარეშე ნაბიჯს ვერ ვდგამ, კალთაზე მყავს მოწებებული. სულ მის გვერდით უნდა ვტრიალებდე. მის გარეშე სახლიდან ვერ გავსულვარ იმის შიშით, რომ ისტერიკაში არ ჩავარდეს. საბავშვო ბაღში მინდოდა მეტარებინა, მაგრამ პირველივე დღეს სახლში დაბრუნება მოგვიწია, რადგან 5 წუთითაც არ გაჩერდა უჩემოდ. მალე სკოლაში მოუწევს წასვლა და ვშიშობ, რომ არც იქ დარჩება ჩემ გარეშე“. ეს სიტყვები ეკუთვნის 5 წლის ნინის დედას, რომელიც სერიოზულად წუხს და შფოთავს მასზე შვილის ასეთი ავადმყოფური მიჯაჭვულობის გამო.

ვფიქრობ, ზემოაღწერილი სიტუაცია უცხო არ უნდა იყოს ბევრი პატარის მშობლისთვის, რომლის გასვლა სახლიდან და დროებით ბავშვის მხედველობის არიდან გაქრობა სერიოზულ პროტესტს, ისტერიკას იწვევს მასში და ხშირად ის დედის გამოჩენამდე ჭამაზეც კი უარს ამბობს.

ადრეულ ასაკში, 3 წლამდე ბავშვის დედასთან მიჯაჭვულობა სრულიად ნორმალური ფსიქოლოგიური მოვლენაა, გარკვეული ფაზაა ფსიქიკის განვითარებაში. ამ პერიოდამდე პატარა საკუთარ თავს დედის ნაწილად აღიქვამს. მას ყოველთვის ახარებს დედის გამოჩენა და შფოთავს, თუ დიდხანს ვერ ხედავს მას. ხდება ხოლმე, რომ დედის გარდა, ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ ახერხებს პატარის დამშვიდებას. დედას მასზე „მაგიური“ გავლენა აქვს. მართალია, გარკვეულ ასაკამდე ასეთი მიჯაჭვულობა სერიოზული საფრთხის მატარებელი არ არის, მაგრამ არასწორი მიდგომის შემთხვევაში ის ავადმყოფურ ხასიათს იღებს და ბევრ პრობლემას უქმნის, როგორც დედას, ასევე ბავშვს. ზოგიერთი ბავშვი მწვავედ რეაგირებს დედის არყოფნაზე, მის წასვლაზე უკვე 7 თვის ასაკში. ასეთი პატარები ავლენენ შფოთვას, იწყებენ ტირილს, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მადის დაკარგვაც. უკვე ამ ასაკში განვითარებას იწყებს შიშის ავადმყოფური გრძნობა. მართალია, სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვი საკუთარ თავს დედის ნაწილად აღიქვამს, მაგრამ „მე“-ს ცნობიერების აღმოცენებასთან ერთად დედა მისთვის „მე“-ს აუცილებელ საყრდენს წარმოადგენს, რომლის გარეშეც მას არ შეუძლია. ამ პერიოდში, არასწორი მიდგომის შემთხვევაში ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დედის გაქრობის, გაუჩინარების შიში. ასეთ დროს ბავშვმა შფოთვა და ნერვიულობა შეიძლება მაშინაც კი დაიწყოს, როცა დედა მეზობელ ოთახში ან სამზარეულოში გადის. შედეგად დედასთან განშორება მარადიულ პრობლემად იქცევა, როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვის. რაც შეეხება საბავშვო ბაღს, იქ, სადაც ყველა უცხოა, გარემო კი ახალი, ბავშვს პანიკურად ეშინია დედის გარეშე დარჩენა. მისთვის არ არსებობს გარანტია, რომ მოულოდნელად „გაუჩინარებული“ დედა დაბრუნდება. მან არ იცის, რას უნდა ელოდოს მისგან. პრობლემის დასაძლევად, როგორც წესი, საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევა.

ბავშვის დედასთან ავადმყოფური მიჯაჭვულობის გამომწვევი ძირითად მიზეზები:

  • დედის ქვეცნობიერი მისწრაფება გახდეს ყველაზე მთავარი ადამიანი საკუთარი შვილისთვის. ის მუდმივად მისი ყურადღების ცენტრშია, სხვა ადამიანებთან დიდხანს არ ტოვებს და მათთან ბავშვის ურთიერთობას ეჭვის თვალით უყურებს;
  • გარე სამყაროსთან კონტაქტების ნაკლებობა. ხანდახან ბავშვის მოვლითა და აღზრდით მხოლოდ დედაა დაკავებული. მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ბებია-ბაბუების არყოფნა გვერდით, მშობლების დაცილება, ოჯახის სხვა წევრების დაკავებულობა და სხვა. ასეა თუ ისე, მთელ დროს დღის განმავლობაში პატარა დედასთან ატარებს. ასეთი ბავშვისთვის დედა მთელი სამყაროა. მაშინაც კი, როცა ის სხვა ბავშვებთან თამაშობს, მუდმივად გრძნობს მის გვერდით დედის არსებობას;
  • მამის გარდაცვალება ან ოჯახიდან წასვლა. მამის ოჯახიდან წასვლის შემთხვევაში ბავშვს უჩნდება დედის დაკარგვის შიში, რომელიც, როგორც მას ეჩვენება, შეიძლება გაქრეს ისევე მოულოდნელად, უეცრად, როგორც გაქრა მამა;
  • ჰიპერმზრუნველობა. დედები ხანდახან უზომოდ ზრუნავენ ბავშვზე, უზღუდავენ მას დამოუკიდებლობას. მეურვეობა მტკივნეულ ფორმებს იღებს. ისინი არწმუნებენ ბავშვებს, რომ მათ დედის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. პატარები ქვეცნობიერად იღებენ დედის პოზიციას და ძლიერ ეჯაჭვებიან მას.

აღნიშნულმა მიზეზებმა შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ცნობიერებაზე კომპლექსურად და პროვოცირება გაუკეთოს დედასთან ავადმყოფურ მიჯაჭვულობას. ხშირად დედები ვერ აცნობიერებენ პრობლემას, მათ ძალიან მოსწონთ კიდეც, რომ პატარას არ შეუძლია მათ გარეშე. თუმცა, ძალიან მალე დგებიან ისეთი პრობლემის წინაშე, რომლის დაძლევა მარტივი უკვე აღარ არის.

ცნობილია, რომ ნებისმიერი პრობლემის პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მისი დაძლევა. ამიტომ, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ბავშვთან ურთიერთობისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ თავად ჩვენ არ გავხდეთ ბავშვის ავადმყოფური მიჯაჭვულობის მაპროვოცირებელი.

რეკომენდაციები ბავშვის დედაზე ავადმყოფური მიჯაჭვულობის თავიდან ასაცილებლად:

  • ნუ გავკიცხავთ, ნუ დავსჯით ბავშვს ზედმეტი მიჯაჭვულობის გამო. ნუ შევეცდებით შთავაგონოთ, რომ ის ხელს გვიშლის ცხოვრებაში – სულერთია ის ამას მაინც ვერ გაიგებს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი ამ დროს კი არ ჭირვეულობს, უბრალოდ მფარველობას ეძებს ჩვენში. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბავშვი „არანორმალურია“ მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ, როცა ყველა მშვიდად რეაგირებს დედის არყოფნაზე, მის წასვლაზე, ის ისტერიკას აწყობს. ნუ მოვუყვანთ მას მისაბაძ ნიმუშად მშვიდ ბავშვებს – ამან შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბება, საკუთარ თავში ჩაკეტვა;
  • ნურასოდეს ვიმოქმედებთ ძალადობრივი მეთოდებით. დედის ყოველი გასვლა სახლიდან ტრავმას აყენებს პატარას და ამძიმებს მის მდგომარეობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ფარულად მიდის, უჩინარდება. დედის შეუმჩნევლად წასვლა კიდევ უფრო აშინებს პატარას. ამჯერად მისთვის დამთრგუნველი ხდება არა იმდენად განშორება, რამდენადაც მოულოდნელობა და გაურკვევლობა;
  • მთავარი, რაც აუცილებელია ბავშვისთვის, რომელიც დედაზე უზომო მიჯაჭვულობის გამო იტანჯება – არის სიმშვიდის, დაცულობის და უსაფრთხოების განცდა. კარგი იქნება ბავშვთან ერთად ბუნებაში გასეირნება, მოძრავი თამაშები სუფთა ჰაერზე. ეს ყველაფერი გაუძლიერებს ბავშვს ნერვულ სისტემას, რაც ბუნებრივად გაზრდის მის ამტანობას;
  • არ დაგვავიწყდეთ, რომ ბავშვი საჭიროებს ურთიერთობას არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ სხვა ადამიანებთანაც. რაც უფრო დიდხანს იცხოვრებს ის ჩაკეტილ სამყაროში, მხოლოდ ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, მით უფრო მეტად დაიტანჯება საკუთარი კომპლექსებით. ხშირად წავიყვანოთ ბავშვი ჩვენთან ერთად სტუმრად, მოვიწვიოთ მეგობრები ბავშვებით ჩვენთან სახლში;
  • გვიხაროდეს ბავშვის მხრიდან დამოუკიდებლობის გამოვლენა, არასოდეს გავამახვილოთ ყურადღება მის მიჯაჭვულობაზე. მოვერიდოთ მისი თანდასწრებით სხვასთან საუბარს ამ საკითხზე;
  • მიჯაჭვულობის დასაძლევად არ ვიმოქმედოთ მკვეთრად, ხისტად, შედეგის დაუყოვნებლივ მიღების მოლოდინით. ბევრად უკეთესი და ნაყოფიერი იქნება ეტაპობრივად მოქმედება. მაგ. დასაწყისისთვის მივაჩვიოთ ბავშვი ოთახში მარტო დარჩენას. ამასთან, მან უნდა იცოდეს, რომ დედა ახლოსაა, მაგ. სამზარეულოში. ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე მივაჩვიოთ ბავშვი დედის ხანმოკლე დროის განმავლობაში მის გვერდით არყოფნას. ამისათვის შევარჩიოთ ისეთი დრო, როცა ბავშვი მშვიდად და კარგ ხასიათზეა, როცა რაღაც საინტერესო საქმიანობით არის დაკავებული. მის ყურადღებაზე ზედმეტად ფოკუსირების გარეშე, ისე, სხვათა შორის ვუთხრათ, რომ მალე დავბრუნდებით;
  • ოჯახის წევრებმა, რომლებიც რჩებიან ბავშვთან დედის არყოფნის დროს, უნდა იზრუნონ, რომ ამ დროს ის დაკავებული იყოს რაიმე საინტერესო საქმიანობით. ასეთ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ბავშვი მიხვდება, რომ დედის მის გვერდით არყოფნისას მას შეუძლია არანაკლებ კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს თავი, ვიდრე მისი გვერდით ყოფნის დროს. მხოლოდ ოჯახის ყველა წევრის ერთობლივი ძალისხმევით, მოთმინებითა და გაგებით შეიძლება ბავშვის დედაზე ავადმყოფური მიჯაჭვულობის დაძლევა.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის დედაზე ავადმყოფური მიჯაჭვულობის დროულად დაუძლევლობისა და მისი პროგრესირების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოვჩნდეთ პიროვნების ფორმირების პროცესში. როგორც წესი, ბავშვებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იზრდებიან დედის დაკარგვის მუდმივი შიშით და მისი მუდმივი მეურვეობით, ზრდასრულობაშიც უჭირთ დამოუკიდებლად მოქმედება; ახასიათებთ დაქვეითებული თვითშეფასება, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ფსიქიკური მდგომარეობის არასტაბილურობა მოცემულ შემთხვევაში სოციალური სირთულეების თანამგზავრი ხდება, რაც ზრდასრულობის ასაკში სერიოზულ პრობლემად იქცევა ადამიანისთვის.

პარეტოს კანონი  და პროფესიული განვითარება

0

პარეტოს კანონი ნებისმიერი საქმიანობის ეფექტურობის შეფასების პრინციპია. იტალიელმა ეკონომისტმა ვილფრედო პარეტომ ეს აღმოჩენა XIX-XX ს.ს.-ების მიჯნაზე გააკეთა: გამოყენებული ძალისხმევის 20%-ს მოაქვს შედეგების 80% და ძალისხმევის დანარჩენ 80%-ს – მხოლოდ  20%-იანი  შედეგები მოჰყვება.

ამ პრინციპს იყენებენ ბიზნესმენები, გამომგონებლები, სპორტსმენები, მენეჯერები, ექიმები და სხვა. როგორ გამოვიყენოთ ეს პრინციპი სასწავლო პროცესში და როგორ ავამაღლოთ მისი ეფექტიანობა?

რა არის 10-80-10-ის წესი?

ეს არის პარეტოს კანონის, ანუ პრინციპის 20/80-ს უფრო ჩაღრმავებული განხილვა. თანდათან პარეტოს პრინციპი გაფართოვდა 10-80-10 წესამდე, რომლის მიხედვითაც ადამიანები იყოფიან სამ კატეგორიად: 10% – ნამდვილი ლიდერები; 80% – შრომისუნარიანები და პასუხისმგებლობიანები; კიდევ 10% კი – არაპროდუქტიულები.

თუ ამ პრინციპს გადმოვიტანთ სასკოლო სინამდვილეში, მივიღებთ ასეთ სურათს:

  • 10% მაღალეფექტური მოსწავლეებს, ე.წ. კლასის „ელიტას“, რომლებიც ორიენტირებული არიან უმაღლეს შედეგებზე, შეუძლიათ პრობლემების გადაჭრის საკუთარი ვარიანტის შეთავაზება. ისინი ახდენენ იდეების მაქსიმალურ გენერირებას;
  • 80% – პროდუქტიული, პასუხისმგებლობიანი მოსწავლეები, რომლებიც დავალებებს სხვადასხვა წარმატებით ასრულებენ, ნაკლებად ინოვაციური არიან, მაგრამ აქვთ მოვალეობის შეგრძნება;
  • 10% – „ზარმაცი“ მოსწავლეები, რომლებთანაც, როგორც წესი, რთულია მუშაობა; მათთან დახარჯული შრომის 80%-ის საპასუხოდ ვიღებთ მხოლოდ 20%-იან შედეგს.

როგორ გამოვიყენოთ 10-80-10 პრინციპი სწავლების პროცესში?

როგორც წესი, მასწავლებლების უმეტესობა, ცდილობს რა კლასის შედეგების გაუმჯობესებას, ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს კლასის იმ ნაწილს, რომელიც კლასს „დაბლა ექაჩება“. ამ დროს არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია კლასის მხოლოდ 10%-ზე, რომლებზე დახარჯული შრომის 80%-იც არაპროდუქტიულია. ხომ არ აჯობებს, რომ ყურადღება მივაქციოთ უმრავლესობას, 80%-ს, რომელთათვისაც ხელმძღვანელი ავტორიტეტია და, შესაბამისად, მათთან უფრო ადვილად შეიძლება იქნას მიღწეული შედეგი? ქვემოთ განვიხილოთ ეს საკითხი.

რა თქმა უნდა, 80% არ არის ერთგვაროვანი. მათგან ზოგიერთი ახლოს არის „ელიტურ“ 10%-თან, ზოგიერთი კი – „ზარმაცების“ 10%-ისკენ იხრება. თუ ძალისხმევას სწორად მივმართავთ, შესაძლებელია, ყველაზე ეფექტური მოსწავლეების კატეგორია გავზარდოთ 20-30%-მდე.

როგორ გავზომოთ ეფექტურობა/პროდუქტიულობა?

მასწავლებელმა მკაფიოდ უნდა წარმოიდგინოს, როგორებად სურს მისი მოსწავლეების ნახვა (აკადემიური და სოციალური მიმართულებით). ამის გაგება შესაძლებელი გახდება, თუ პასუხს გავცემთ კითხვებზე:

  • როგორი განვითარება სჭირდება კლასს?
  • რა დონემდე უნდა გაიზარდოს ის?
  • რომელ სფეროშია საჭირო ცვლილებები?
  • რა ღონისძიებებს/აქტივობებს უნდა მივმართოთ?

ამ საკითხებში გარკვევა შესაძლებელს გახდის, რომ ჩამოვაყალიბოთ მოქმედების გეგმა, რომელიც უნდა დავიწყოთ მოსწავლეთა 80%-ის უფრო მეტი ინტენსივობით ასამუშავებლად საჭირო აქტივობების დაგეგმვით.

აშშ-ის ინსტიტუტის, Gallup-ის კვლევებმა ცხადყო, რომ 30%, ანუ თითქმის ერთი მესამედი არ არის მოტივირებული. მათ რიცხვში შედის „ზარმაც“ მოსწავლეთა 10% და 80%-ში შემავალ მოსწავლეთა ნაწილი.

ამავე  ინსტიტუტის  გამოკვლევებით, მოტივაცია ყველაზე  მაღალი აქვს „ელიტურ“ 10%-ს, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ მათი შედეგები გავლენას ახდენენ/განაპირობებენ კლასის წარმატებას.

გავარჩიოთ დამოკიდებულება მოტივაციასა და პროდუქტიულობას შორის. შეიძლება იყო მაქსიმალურად მოტივირებული, მაგრამ შესაბამისი სტრატეგიის ან სწორი მიმართულების გარეშე, ძალისხმევა იქნება დაკარგული.

„ელიტური“ 10%-ის შემთხვევაში, ისინი გრძნობენ, რომ მათ აზრს ითვალისწინებენ და შეუძლიათ კლასში/პიროვნებაში ცვლილებების მოხდენა. ეს აიხსნება მარტივი ადამიანური ფსიქოლოგიით – ყველას გვინდა, რომ ჩვენს იდეებს იღებდნენ, ითვალისწინებდნენ. როცა ჩვენ იგნორირებას გვიკეთებენ, ჩვენი თვითშეფასება და მოტივაცია ქვეითდება.

ეს არ ნიშნავს, რომ კლასში ყველა მოსწავლე გახდება ძალიან წარმატებული. საქმე ის გახლავთ, რომ კლასში ყველამ იცოდეს, როგორი მნიშვნელოვანია მათი აზრი, მათ მიერ შესრულებული დავალება. როდესაც მოსწავლეები იგრძნობენ, რომ მათ უფასდებათ ნამოქმედარი/ნამუშევარი/ძალისხმევა, მათი მონდომება  იზრდება და მივიღებთ მოტივაციის ძალიან სწრაფი ტემპით ამაღლებას. ეს ცვლილება ასევე აისახება დარჩენილ 10%-ზეც და იწყებენ გადმოსვლას ძირითად ნაწილში, 80%-ში.

როგორ მოვახდინოთ 10-80-10 წესის  ინდივიდისათვის ადაპტირება?

ინდივიდისათვის ადაპტირების  შემთხვევაში 10-80-10 წესი უნდა მოვარგოთ ჩვენს შესაძლებლობებს. ამისათვის პასუხი უნდა გავცეთ სამ კითხვას:

  • რისი ნიჭი/ტალანტი გაქვთ?
  • რა იცით/გეხერხებათ/გამოგდით კარგად?
  • რის გადადებას ცდილობთ შემდეგისათვის?

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ ძალიან კარგი რომანის ავტორი ხართ და თქვენი ნაწარმოების მიხედვით იღებენ ფილმს. ეს თქვენი კრეატიული უნარი, რომელიც იქცა რომანის იდეად, თავსდება თქვენს „ელიტურ“ 10%-ში.  ამ ნაწარმოების წერის, შემოწმების, გადახედვის პროცესი – 80%-ში. დარჩენილი 10%, რომლის გადადებას ცდილობთ, არის რუტინული ამოცანები: მიმოწერები, სავალდებულო გადახდები და სხვ.

თქვენი შესაძლებლობები და სინამდვილე უნდა დაყოთ ამ პრინციპით და დაიწყოთ თქვენი 80%-ის განვითარებით. დააკვირდით, რა გამოგდით კარგად და სად გეკარგებათ მოტივაცია და იწყებთ შეცდომების დაშვებას.

მას შემდეგ, რაც გააუმჯობესებთ თქვენს 80%-ს, მიუბრუნდით თქვენს „ზარმაც“ 10%-ს და გაააქტიურეთ ის.

10-80-10 პრინციპის მთავარი არსი არ არის ამ წესის მკაცრი დაცვა. ეს წესი არის ერთგვარი ლინზა, რომლითაც უნდა დავაკვირდეთ კლასს/კოლექტივს თუ ინდივიდუალურად მოსწავლეს, ასევე საკუთარ თავსაც. ასეთი ხედვა დაგვეხმარება, გავარკვიოთ, რომელ სფეროში შეგვიძლია მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური შედეგის მიღება და დავგეგმოთ საჭირო ცვლილებები წარმატებებისა და შემდგომი განვითარებისათვის.

სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, როგორ „მოვატყუოთ“ საკუთარი სიზარმაცე. ვფიქრობ, ყველასთვის და, მით უმეტეს, „ზარმაცების“ 10%-ისთვის საინტერესო და საჭირო იქნება მათი გაცნობა.

 

როგორ „მოვატყუოთ“ ჩვენი სიზარმაცე?

საკმარისია, სიზარმაცე მხოლოდ ერთი წუთით შემოვუშვათ, რომ ის დაიწყებს ჩვენი დროის მართვას. ეს რომ არ მოხდეს, უნდა ვისწავლოთ რამდენიმე ხრიკი:

10 წუთის პრინციპი.
ვთქვათ, ვერაფრით თავს ვერ აბამთ საქმეს, რომელიც დიდი ხანია, რაც დაწყებული გაქვთ.  თქვენ თავს უთხარით, რომ იმუშავებთ/იმეცადინებთ მხოლოდ 10 წუთს და არცერთი წამით მეტს. შეგიძლიათ ტაიმერიც დააყენოთ.
საქმე ის არის, რომ ამ 10 წუთის შემდეგ თქვენ არ მოგინდებათ სამუშაოსთვის თავის დანებება.
თუ ეს ასე არ მოხდა, გული არ დაგწყეთ – 10 პროდუქტიული წუთი სჯობს, ვიდრე არაფერი.

ადვილი ამოცანები გადადეთ დილისათვის.
დილით ადვილი საქმეების იოლად დაძლევა თქვენ განგაწყობთ თანდათან უფრო რთული საქმეების/დავალებების შესასრულებლად.

ივარჯიშეთ.
მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით დადასტურდა, რომ ფიზიკური, განსაკუთრებით ძალისმიერი ვარჯიშები, აგიმაღლებთ განწყობას და თქვენ იგრძნობთ, რომ მზად ხართ „მთების გადასადგმელად“.

შეცვალეთ. გარემო.
თუ თქვენ ამჩნევთ, რომ სახლში ვერ მეცადინეობთ, შეიცვალეთ გარემო: იმეცადინეთ ბიბლიოთეკაში, ბუნებაში ან, ბოლოს და ბოლოს, გადააადგილეთ ავეჯი სახლში.

იპოვეთ მეწყვილე.
თქვენს სიზარმაცესთან ბრძოლაში დაიხმარეთ მეგობარი. ერთად ივარჯიშეთ, ერთად იარეთ წრეებზე, ერთად იმეცადინეთ.

გამოიცვალეთ ტანსაცმელი.
სახლში ვერ იწყებთ მუშაობას და თავს ვერ ანებებთ ფეისბუკს? გამოიცვალეთ საშინაო ტანსაცმელი და ჩაიცვით საგარეო, რომელიც გეცმებოდათ სკოლაში. ეს ხელს შეგიწყობთ იმაში, რომ გამიჯნოთ სამუშაო და დასვენების დრო.

2 წუთის პრინციპი.
თუ საქმეს სჭირდება მხოლოდ 2 წუთი, უბრალოდ გააკეთეთ ის და არ გადადოთ. როცა ამ საქმეს შეასრულებთ, მიუბრუნდით სხვა საქმეებს/დავალებებს, რომელთა შესრულება მოითხოვს რამდენიმე წუთს. საბოლოოდ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, როგორ მოასწარით ამდენი საქმე ასეთ მოკლე დროში.

არ გაწყვიტოთ ჯაჭვი.
ეს ხერხი განსაკუთრებით კარგად მუშაობს, როდესაც ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებაა საჭირო. ყოველდღე კალენდარში აღნიშნეთ თქვენი წარმატება და დაუნიშნეთ თქვენ თავს პრიზი 5 ზედიზედ წარმატებული დღის შემთხვევაში. რაც უფრო გრძელი იქნება ასეთი დღეების აღმნიშვნელი ჯაჭვი, მით უფრო მნიშვნელოვანი პრიზი გეკუთვნით.

შეიძლება დავასკვნათ, რომ ყოველთვის არ არის  აუცილებელი 100%-იანი შედეგისკენ სწრაფვა. დავჯერდეთ 80%-ს, რომელზეც ჩვენი ენერგიისა და ძალისხმევის მხოლოდ 20%  დაგვეხარჯება და დანარჩენი რესურსები უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. სწორედ ეს გახლავთ საკუთარი შესაძლებლობების მართვის ხელოვნება.

 

რამდენიმე საინტერესო ფაქტი, როგორ მუშაობს პარეტოს პრინციპი, რომელსაც ადასტურებს 2021 წლის სტატისტიკა:

  • მობილური ზარების 80%-ს მოსახლეობის 20% ახორციელებს.
  • კოვიდ პაციენტების 80%-ს ეს დაავადება მოსახლეობის 20%-ისგან გადაედოთ.
  • კალათბურთის მატჩებში ქულების 80%, კონკრეტული კალათბურთელების 20%-ის წყალობით გროვდება.
  • დროის 80%-ის განმავლობაში, თქვენ გაცვიათ ერთი და იგივე ტანსაცმელი, რომელიც თქვენი გარდერობის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.
  • მსოფლიოს დოვლათის 80% მოსახლეობის 20%-ზე არის გადანაწილებული.
  • სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის 80%-ს, მომხმარებლების 20% ავრცელებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://blh.com.ge/პარეტოს-პრინციპი-8020/
  2. https://lifehacker.ru/kak-obmanut-len/
  3. https://www.infopostalioni.com/2021/07/22/პარეტოს-პრინციპი-იტალიე/

 

 

 

თუკი ბავშვმა მოწევა დაიწყო…

0

ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის უკვე ნაკლებად ნერვიულობს იმაზე – როგორ გადადის მისი შვილი გზაზე, იბანს თუ არა ხელებს ჭამის წინ. ბავშვი იზრდება, მისი ნაცნობების წრეც ფართოვდება, მაგრამ ეს ყოველთვის არ ახდენს მასზე დადებით გავლენას.

თუ შვილი მოწევის დროს გამოიჭირეთ, გირჩევთ, მშვიდად აწონ-დაწონოთ არსებული სიტუაცია, ვიდრე რაიმეს მოიმოქმედებთ. რა თქმა უნდა, თქვენ მოგინდებათ ერთი ამბის ატეხა, დამუქრება, რომ ყველა გაჯეტთან წვდომას შეუზღუდავთ, მაგრამ ამით სასურველ შედეგს ნამდვილად ვერ მიაღწევთ.

სამწუხაროდ, დღეს კარგ აღზრდა-განათლებას ყოველთვის არ შეუძლია დადებითი გავლენის მოხდენა ადამიანის ჩვევებზე. თამბაქოს რეკლამის განმთავსებლები არაფერს თაკილობენ მომხმარებლების, მათ შორის, ახალგაზრდების მოსაზიდად. თანაც, მოწევა ბევრისთვის უწყინარი ჩვევაა, რომელიც „ნერვებს აწყნარებს“.

მართალია, მწეველ მშობლებს არ სურთ ხოლმე, რომ შვილებმა მოწიონ, მაგრამ თავად აგრძელებენ მოწევას. მათ, ასევე, ხშირად მწეველი მეგობრები ჰყავთ. ბავშვები ამას პატარაობიდანვე უყურებენ – დამტკიცებულია, რომ მწეველთა 80% გაიზარდა ოჯახში, სადაც მშობლები ეწეოდნენ, რასაც ემატება საყვარელი ფილმის მწეველი პერსონაჟის მიმზიდველი იმიჯი, რომელიმე ნათესავის მიბაძვის სურვილი ან ბანალური ცნობისმოყვარეობა. მოწევის მიზეზი უამრავია და თითოეულს თავისი ახსნა აქვს.

მოწევის თემაზე ბავშვებთან საუბარი და მათი გადარწმუნება რთულია, მაგრამ არც დროის კარგვა ღირს. აუცილებლად გამონახეთ დრო ამ თემაზე სასაუბროდ.

გვახსოვდეთ, რომ მოზარდობის ასაკში მოწევა, ნებისმიერ შემთხვევაში, არის პროტესტი „სისტემის“ წინააღმდეგ, რაღაცის დამტკიცების საშუალება. ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვთან ერთად დადგინდეს მოწევის მიზეზი. მოუსმინეთ მას, თვითონ ახსნას, რატომ მოიხმარს თამბაქოს, მოსწონს თუ არა, ესმის თუ არა, რას შედეგს მიიღებს მოწევის შედეგად.

ოღონდ თავს ნუ მოაწყენთ ამაზე საუბრებით, არაფერი აიძულოთ. აგრძნობინეთ, რომ თქვენ არ აპირებთ გაბრაზებას. უბრალოდ, გსურთ ბოლო მოუღოთ შექმნილ სიტუაციას. ნუ დააფრთხობთ ბავშვს.

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ფაქტების მოყვანით უთხრათ მოზარდს, რომ თამბაქო კლავს მის მომხმარებლებს ან ის, რომ რეალური ზიანი გაცილებით მასშტაბურია. არ დაგავიწყდეთ, რომ მწეველ მოზარდთა წრეში მოწევაზე ხშირად საუბრობენ და ალბათ არცთუ ცუდად. ბავშვები ერთმანეთთან არ ისაუბრებენ ფილტვის კიბოსა და თამბაქოს კვამლის ქიმიურ შემადგენლობაზე. ამაზე საუბარი თქვენი მხრიდანაც შეიძლება სრულიად უსარგებლო იყოს, თუ ამით ბავშვის დაშინება განიზრახეთ.

გირჩევდით, ყურადღება მეტად გაგემახვილებინათ პრობლემის ფსიქოლოგიურ მხარეზე: აუხსენით, რომ მოწევა ადამიანს დამოკიდებულს ხდის და ნელ-ნელა ის ამ ჩვევის მონა ხდება. არცერთ მოზარდს არ მოუნდება რაღაცის ან ვიღაცის მონა იყოს. განუმარტეთ, რომ ის, ვინც სიგარეტზე ფულს ხარჯავს, არ გამოიყურება ჯანმრთელად და მისი ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხეშია.

ასევე, სხვა კუთხიდანაც შეგიძლიათ მიუდგეთ, თუ მოზარდი ცნობიერია, ვთქვათ, გარემოს დაცვის მიმართ. უთხარით, რომ 300 სიგარეტის დასამზადებლად ერთი ხეა საჭირო, ანდა თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული რეალური ზიანი ძალიან დიდია. მაგალითად, ყოველწლიურად გარემოში 4,5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი იყრება და გამოიყოფა 7000-ზე მეტი მავნე ნივთიერება, მათგან 70 ცნობილია კანცეროგენად, რომელიც აბინძურებს ტროტუარებს, პარკებს, ხვდება წყალში, რითაც წამლავს სიცოცხლეს ზღვაში.

თუ ოჯახში მწეველები გყავთ, შეგიძლიათ საუბარში ისინიც ჩართონ, რათა მათ ამ საკითხთან დაკავშირებით მავნე ჩვევის ჩამოყალიბების გამოცდილება გაუზიარონ.

აუხსენით ბავშვს, რომ მოწევა-არ მოწევა მისი არჩევანია. თქვენ მაინც მიიღებთ მას ისეთს, როგორიც არის, თუნდაც მწეველად. ამის გამო ნაკლებად არ გეყვარებათ, მაგრამ მოწევა არაგონივრულია. შეგიძლიათ ერთად დაითვალოთ/ჩამოწეროთ მოწევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ნუ ურჩევთ ბავშვს რაიმე წიგნს დამოკიდებულებასთან გამკლავების შესახებ, ნუ გაიქცევით აფთიაქში ნიკოტინის საწინააღმდეგო პრეპარატის საყიდლად. მოზარდს ჯერ არ ექნება ჩამოყალიბებული ძლიერი ფიზიკური დამოკიდებულება და სავსებით შესაძლებელია კომპეტენტური საუბრის შემდეგ დამოუკიდებლადაც თქვას უარი მოწევაზე.

ნებისმიერ სიტუაციაში, მთავარია ბავშვთან საერთო ენის გამონახვა. აკრძალვა არ არის პანაცეა და არც ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ნუ ეცდებით ბავშვის შოკირებას. მშვიდად ესაუბრეთ და თქვენი აზრი გაუზიარეთ. ბავშვმა უნდა დაიჯეროს, რომ მოწევას სიკეთე არ მოაქვს.

ოღონდ არ მოიშველიოთ ტყუილები. არგუმენტები იმის შესახებ, რომ მწეველს არ აქვს ტვინი ან ის ვერ იპოვის თავის ადგილს ცხოვრებაში, უსაფუძვლოა. თქვენი არგუმენტები უნდა იყოს მეცნიერულად და ყოფითი მაგალითებით გამყარებული.

თუ შვილი ამბობს, რომ კლასში ყველა ეწევა და ეს მაგარია, აუხსენით, რომ ახლა ტრენდულია ფიტნესი და ცურვა. მოწევა აღარ არის მოდური. მოდა მოდის და მიდის. მავნე ჩვევა რჩება და მისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია. მოწევა არის დამოკიდებულება, საიდანაც, თუნდაც დიდი სურვილის შემთხვევაში, 10-დან მხოლოდ 2-3 ადამიანი ახერხებს თავის დაღწევას.

თუ თქვენი შვილი ამბობს, რომ სკოლაში ძალიან იტვირთება, ნერვიულობს, სიგარეტი კი ამშვიდებს, აუხსენით, რომ „რელაქსაციის“ ეფექტი მიიღწევა ნერვული სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებზე თამბაქოს შხამების მაინჰიბირებელი ეფექტის გამო, რომელსაც მწეველი განმარტავს როგორც რელაქსაციას. შემდეგ კი ის ეჩვევა მოწევას და სიგარეტის არქონის შემთხვევაში, ზოგჯერ სტრესის მოხსნის სხვა წყაროების მოძიებას იწყებს. სიგარეტის გარეშე ის უკვე ვეღარ დუნდება.

ზოგჯერ მწეველი გოგო მოზარდები ამბობენ, რომ მოწევა სიგამხდრის შენარჩუნებაში ეხმარებათ. აუხსენით, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა, რადგან გარშემო უამრავი დიდწონიანი მწეველი ადამიანია. ხოლო თუ სიგარეტი შიმშილის გრძნობას ცოტა ხნით აქრობს, ეს ძალიან ძვირიც ჯდება – დროთა განმავლობაში გასტრიტისა და კუჭის წყლულის სახით.

სიგარეტით წონის დაკლების მცდელობა უშედეგოა, რადგან საბოლოოდ არა მხოლოდ წონაში იკლებ, არამედ ხდები ნაცრისფერსახიანი ადამიანი, არაჯანმრთელი თმითა და ფრჩხილებით, ავადმყოფურად აცრემლებული თვალებითა და გაყვითლებული კბილებით.

ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებისგან საქართველოში 11400 ადამიანი იღუპება. თუმცა, 2018 წლიდან შემცირებულია როგორც აქტიური, ისე პასიური მწეველობის მაჩვენებლები. 2020 წლის მონაცემებით, ზრდასრულთა 27,4% აქტიური მწეველი იყო, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 31%-ს აღწევდა.

არსებობს 14 დაავადება, რომელთა გაჩენა ადამიანში დაკავშირებულია მოწევასთან. მაგალითად, ბრონქოფილტვის სისტემის დაავადებების 92% გამოწვეულია მოწევით; ტუჩების, ხორხის, ყელის კიბოს მიზეზის 90% მოწევას უკავშირდება, ასევე, არტერიების დაბინძურების და კიდურების განგრენის 95% მოწევის ბრალია და სხვ. მსოფლიოში ამას აღარავინ ამტკიცებს, რადგან ეს აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება.

აუხსენით მოზარდს, რომ თუ ის საკუთარ თავს ინდივიდად და პიროვნებად მიიჩნევს, შეუძლია, უარი თქვას მოწევის შეთავაზებაზე, არ შეუშინდეს თანატოლების დაცინვას. უბრალოდ თქვას: „არ მინდა“ მიზეზების განმარტების გარეშე.

მეცნიერთა, ფსიქოლოგთა და ექიმების მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ მოწევა მოზარდობაში, გარდა ზოგადი ფიზიოლოგიური განვითარების შეფერხებისა, გულისა და სისხლძარღვების გაუმართავი მუშაობისა, სმენის დაქვეითებისა, ანემიისა და ახლომხედველობის განვითარებისა, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებსაც იწვევს. მყიფე ნერვულ სისტემაზე ნიკოტინი მოქმედებს როგორც ნარკოტიკი და როგორც უკვე აღვნიშნეთ, იწვევს დამოკიდებულებას. მოზარდები, რომლებიც ეწევიან, ხშირად განიცდიან ფსიქიკურ აშლილობას და დეპრესიულ მდგომარეობებს, რაც შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკში მოწევის შეწყვეტის შემდეგაც.

თუ მოზარდი მზადაა, თავი დაანებოს მოწევას, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, მაშინ შესთავაზეთ სპეციალისტების (ფსიქოლოგების) დახმარება. შესაძლოა, ბავშვმა უარი არ თქვას გარე დახმარებაზე მისი პრობლემის გადაჭრაში.

ხშირად მოწევისადმი ლტოლვის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა ყველა მათგანის მოგვარება შესაძლებელია ოჯახის ან სპეციალიზებული სარეაბილიტაციო ცენტრების ფსიქოლოგიური მხარდაჭერით.

მანამდე, ვიდრე სპეციალისტებს მიმართავთ, გულახდილად და ღიად უთხარით მოზარდს, რა ელის მას სიგარეტის მიტოვების შემდეგ (აბსტინენციის სინდრომი, თავის ტკივილი, დეპრესია), მაგრამ ამავე დროს ესაუბრეთ ადამიანებზე, რომლებსაც კარგად იცნობენ და პატივს სცემენ ახალგაზრდები და რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ მოწევას. აჩვენეთ, რომ ამ რთულ სიტუაციაში თქვენ მას უჭერთ მხარს და ძალიან იამაყებთ მისი გამარჯვებით დამანგრეველ ჩვევაზე.

თუ თქვენ მშობელი, მწეველი ხართ, ეს თქვენი შანსია, თავი დაანებოთ მოწევას და პირადი, ცოცხალი მაგალითი მისცეთ თქვენს შვილს. შეადგინეთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა თქვენს ოჯახში მოწევასთან საბრძოლველად. შვილთან ერთად გაითვალისწინეთ მოწევასთან დაკავშირებული ყველა მინუსი, მათ შორის ფულის ფლანგვა, რომელიც შეიძლება შეგროვდეს სიგარეტის მიტოვებით და მოზარდისთვის უფრო მიმზიდველ საყიდლებში დაიხარჯოს.

წაახალისეთ ბავშვის სპორტული და სხვა ჯანსაღი ჰობი, რომელიც აინტერესებს.

ესაუბრეთ მასწავლებლებს სკოლაში მოწევის პრევენციის შესახებ, ლექციების სერიის გამართვის შესაძლებლობის შესახებ. ასეთი ლექციები არაფორმალური ხასიათის უნდა იყოს, რომ მოზარდებში ნამდვილი ინტერესი აღძრას.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...