კვირა, მაისი 3, 2026
3 მაისი, კვირა, 2026

მითი უდარდელ ბავშვობაზე

0

გუშინ კლუბში ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს 11 წლის გოგონაზე, რომელმაც თავისი ნებით აირჩია მონაზვნობა. ოჯახი მშვიდად შეხვდა მის არჩევანს. ღიმილითა და ლოტოსის ყვავილებით მიაცილეს ბუდისტურ ტაძრამდე კლასელებმაც. უზარმაზარ, თეთრ, დამთრგუნველად ლამაზ პაგოდაში გოგონა უსიტყვოდ შეელევა თავის შავსა და პრიალა თმას, შეიმოსება ვარდისფერი და ნარინჯისფერი ტრადიციული სამოსით თავის ტოლებთან ერთად, მაგრამ მალევე ხვდება, რომ მისი ადგილი აქ, ამ აუმღვრეველ სიმშვიდეში, არ არის. თამაში ენატრება, სიმღერა, სახლი, მშობლები…

ბავშვები დაძაბული, გაფაციცებული უყურებდნენ, რას იზამდა გოგონა – გაბედავდა თუ არა თქმას, გაუშვებდნენ თუ არა მონასტრიდან, დააბრუნებდნენ თუ არა მონატრებულ სახლში … გაუშვეს. თან თავისი წილი სიყვარული და სიმშვიდე გაატანეს. ვიგრძენი, როგორ ამოისუნთქეს თანატოლებმა ან ოდნავ დიდებმა აქ, ჩემ გვერდით, გრძელსა და ვიწრო, კომპიუტერებჩამწკრივებულ  საკლასო ოთახში.

ცოტა მოგვიანებით ვიდექით უკვე სახლებში წასასვლელად გამზადებულები, ჩანთებაკიდებულები და მიყვებოდნენ, რა რთული და დატვირთულია მათი დღის რეჟიმი. როგორ უწევთ 7 გაკვეთილის შემდეგ მომდევნო 7 გაკვეთილის მომზადება თავაუღებლად და შეუსვენებლად დაძინებამდე, მიხსნიდნენ, რომ იმიტომ დადიან მასწავლებლებთან ახლა, რათა მერე ისედაც სტრესული აბიტურიენტობა შეიმსუბუქონ; პარალელურად როგორ არიან მასწავლებლების ხათრით „გახლართულები“ რამდენიმე პროექტში და როგორ ესმით მასწავლებლებისაგან მუდმივი წუწუნი მოუცლელობასა და გადატვირთულ რეჟიმზე. მე ვუსმენდი შეშფოთებული და შერცხვენილი ერთდროულად – შიშით  ვიხსენებდი, დამიწუწუნია თუ არა ჩემს უთავბოლო დღეებზე მოსწავლეებთან- მეთქი. თან მანამდეც და შემდეგაც ვმოძღვრავდი, რამდენად მნიშვნელოვანია, კვირაში ერთხელ მაინც ადამიანმა გადადოს გვერდით ყველაფერი და საკუთარ თავს დაუთმოს დრო… ესენი კი გამწარებით მიხსნიდნენ, რომ საკუთარი თავისთვის დასათმობი დრო არა აქვთ, არა აქვთ, არა აქვთ და მორჩა! ჩვენ, მასწავლებლები და მშობლები, არ ვუტოვებთ.

სახლში მოსულს მთელი ქვეყნისთვის საზარელი ამბავი დამხვდა: ჩვენს ქვეყანაში არც ახალი პარკი, არც ლამაზი შადრევანი, არც ბურთით თამაში ყოფილა თურმე უსაფრთხო ბავშვებისთვის… მარიტა დაიღუპა.

თავისით ამოაგდო გონებამ სახურავიდან გადმოფრენილი ლუკა სირაძის სახე, შაქარას სახე მისი საყვარელი მელოდიის ფონზე, დათო სალარიძისა და მამამისის სახეები ერთდროულად, ძალადობის მსხვერპლი 14 წლის თვითმკვლელი გოგონას ამბავი სახის გარეშე… ამ ბავშვების უკან მათი განცდები, დიდი ვნებათაღელვა, გაუსაძლისი ტკივილები დგას და მეორე მხარეს ვდგავართ ჩვენ, ზრდასრულები, მათ წინაშე ჩადენილი შეცდომებით, ან გულგრილობით, ან ვერდათმობილი დროით, რადგან არ გვქონდა მათთვის საკმარისი დრო, სიყვარული და სიფრთხილე… არ გვქონდა, არ გვქონდა, არ გვქონდა და მორჩა!

ცნობილი ფრანგი რეჟისორი, ფრანსუა ტრიუფო, რომელსაც არაერთი ძალიან საინტერესო ფილმი აქვს ბავშვებსა და მათ პრობლემებზე გადაღებული, თავის ერთ-ერთ წერილში წერს: „ცამეტი წლისა მოუთმენლად ველოდი, როდის გავიზრდებოდი, რომ ყველანაირი ცუდი საქციელი დაუსჯელად ჩამედინა. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, მოზარდის ცხოვრება- დანაშაულებისაგან, უფროსისა კი შემთხვევითობებისგან შედგებოდა. თუ ჭურჭლის რეცხვისას თეფში გამიტყდებოდა, ნამსხვრევები მაშინვე უჩუმრად გამქონდა ქუჩაში გადასაყრელად, რომ ამ დანაშაულზე არავის შეეტყო. და იმავე საღამოს მესმოდა ჩემი მშობლების მეგობრების ხალისიანი მონაყოლი იმის შესახებ, როგორ დაეჯახნენ ხეს და მანქანა დაამტვრიეს.  აზრი არც წლების მერე შემიცვლია და როდესაც მესმის, ზრდასრულ ადამიანს როგორ ენატრება ბავშვობა, მგონია, რომ მას, უბრალოდ, ცუდი მეხსიერება აქვს.“  ამ თემას ის არაერთხელ უბრუნდება, რადგან ბავშვებს უტრიალებდა ხშირად, ძალიან ბევრს და სიამოვნებით მუშაობდა მათთან. წერილში „ ფიქრები ბავშვებზე და კინოზე“ უფრო სიღრმისეულად მსჯელობს იმაზე, თუ რატომ არის თავის მოტყუება ბავშვობისთვის ე. წ. ვარდისფერი სათვალეებით ყურება: „ბავშვის გაღიმება ეკრანზე და თამაში მოგებულია. მაგრამ როდესაც ცხოვრებას ვაკვირდებით, უპირველესად თვალში გვხვდება ბავშვის არსების სიმძიმე და სიმძაფრე ზრდასრულთა ცხოვრების ამაოებასთან შედარებით. ვფიქრობ, სიმართლის უფრო მაღალ საფეხურს მივაღწევთ, თუ გადავიღებთ არა მარტო ბავშვების თამაშს, არამედ მათ უსაზღვრო განცდებსაც, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვთ უფროსების კონფლიქტებთან.“

იმ პრობლემაზე, რომელზეც დიდი ფრანგი რეჟისორი საუბრობს, გენიალურად წერს ჩვენი რეზო ინანიშვილი თავის არაჩვეულებრივ ნოველაში, სათაურით – „განგაში“. ვერცერთი უფროსი ვერ ხვდება, რატომ იქცევა გოგი უცნაურად, რატომ ყვირის ხოლმე გაკვეთილზე, რატომ აღარ სწავლობს… ბოლოს კი თვითონვე უხსნის დედას:

„ -აი, მე ვზივარ მაგიდასთან. ჩემთვის ვარ, ჩემთვის ვდარდობ. ავიხედავ უცებ და მასწავლებლის თვალებშიც სწორედ იმ დარდს დავინახავ, მე რომ მაწვალებს იმ წამს; მასწავლებლის თვალებში უფრო დიდ დარდს, უზარმაზარს, რომელიც ცასაც კი დაფარავს ჩემს წინ… და მევე ვისჯი საკუთარ თავს, ასე რომ ვხედავ რაღაცეებს…

– როგორ ისჯი, რა დარდისთვის?

-კარგი დედა, რა!..ფიქრებში…მივაგორებ დიდ, ჩემზე მაღალ, გუნდასავით რაღაცას, ავხედავ, წინ მიდგას სწორედ ისეთივე მთელი მთა, მთლიანად დაუფარავს ცა, ვდგავარ, აღარ ვიცი, რა ვქნა, როგორც სიზმარში, და … მერე ჩემს თავს მე ვისჯი, რა გინდათ?!“ – ამ სიტყვებში ატევს ბიჭი თავის სადარდებელს, თავის მშფოთვარე დღეებს, ბავშვურ მოუსვენრობას. რეზო ინანიშვილიც, ფრანგი რეჟისორის მსგავსად, არაერთ ნოველაში აკვირდება ბავშვებს, მათ ყოველდღიურობას, პრობლემებს, საფიქრალს და როგორც ჭაში, ისე გვახედებს მკითხველებს სიღრმეში და ცდილობს, სიკამკამესთან ერთად, ბავშვობის სირთულე და სიმძიმეც დაგვანახოს.

აუცილებლად უნდა გავიხსენო არჩილ ქიქოძის რომანიდან „სამხრეთული სპილო“ მონაკვეთი, როცა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, თაზო, მიწისქვეშაში დაინახავს, როგორ მიჰყავთ პატარა ბიჭი უფროს ბიჭებს, სავარაუდოდ, ე.წ. „ ქუჩური გარჩევისთვის“. შეამჩნევს ამას, არ ჩაერევა და  ეს არჩარევა საბედისწერო აღმოჩნდება, რადგან სახლში მისული ტელევიზორიდან იგებს, რომ სწორედ იქ და იმ დროს, როცა თვითონ გულგრილად ჩაუარა მოზარდებს, მოკლეს 15 წლის ლევანი. თამაზი გრძნობს უდიდეს ტკივილს, სინანულსა და სინდისის ქენჯნას თავისი უმოქმედობის გამო და ისჯის თავს: ზურგს აქცევს საზოგადოებას, საკუთარ საქმეს და ლამის განდეგილის ცხოვრებას არჩევს.

ბავშვებთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით მახსენდება კიდევ ერთი წიგნი „კოსმოსი“, რომელიც დიახ, კოსმოსს ეხება და არა ბავშვებისა და ზრდასრულების ურთიერთობებს. მაგრამ კარლ სეიგანი – ამერიკელი მეცნიერი, კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი – ამ ძალიან საინტერესო წიგნში ერთ თავში ბირთვულ საფრთხეებსა და მსოფლიო ომებზე საუბრობს. მოსალოდნელი ომების თემასა და მათი თავიდან აცილების გზებსაც განიხილავს. წერს, რომ აუცილებელია მთავრობები გავანათლოთ, შევისწავლოთ მეცნიერებები და ტექნოლოგიები, რომლებიც კაცობრიობის გადარჩენისთვის საჭირო ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს შეგვძენს, გაბედულად უნდა დავუპირისპირდეთ გაბატონებულ დოგმებს… ბოლოს კი საუბრობს ერთ-ერთი მეცნიერის კვლევების შესახებ: „ნეიროფსიქოლოგმა ჯეიმს უ. პრესკოტმა ჩაატარა 400 სხვადასხვა პრეინდუსტრიული საზოგადოების საუცხოო ზოგადკულტურული  სტატისტიკური ანალიზი და აღმოაჩინა, რომ ის სოციუმები, რომლებიც ჩვილი ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, ძალადობისკენ ნაკლებად მიდრეკილნი არიან. იქაც კი, სადაც ჩვილებისადმი შედარებით მშვიდ ემოციებს გამოხატავენ, არამოძალადე ადამიანები იზრდებიან, თუ ახალგაზრდების სექსუალური აქტივობა არ იზღუდება.“ პრესკოტს მიაჩნია, რომ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოებები შედგება ინდივიდებისგან, რომლებსაც ამ ორ კრიტიკულ ასაკში, ჩვილობასა და სიყმაწვილეში, აკლდათ სიყვარული. ასეთ საზოგადოებაში მძლავრობს ძალადობა, ქალების დამცირება, კრიმინალი. კარლ სეიგანი ამ მეცნიერის მოსაზრებას არ იღებს როგორც აქსიომას, მაგრამ აშკარად მიანიშნებს მკითხველს, რომ ომის არიდების ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი გზა ბავშვებისა და მოზარდების უპირობო სიყვარულით სიყვარულისთვის აღზრდაა.

ამ წერილით მხოლოდ ის მინდოდა შემეხსენებინა საკუთარი თავისთვის და სხვა ზრდასრულთათვის, რომ ბავშვობა სულაც არ არის მარტივი, ვარდისფერი და საოცნებო ხანა. საზარელი ამბით მოცულ გონებაში კიდევ უამრავი ლიტერატურული თუ ცხოვრებისეული მაგალითი მიტრიალებს, რომლებიც მიმტკიცებს, რომ „დიდობაზე“ ნაკლებად რთული, გასაძლები, მყიფე არც ბავშვად ყოფნაა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გაუძლებენ ამ სიმყიფეს, რამდენად შევაშველებთ  ლამაზ, ფერად  და სიყვარულით სავსე დღეებს.

მართალია, ჩვენთვის ძალიან დიდი ტვირთია გასათავისებლად, მაგრამ უნდა დავიჯეროთ, რომ საბედისწერო „შემთხვევითობას“ შეწირულ, თვითმკვლელ,  ძალადობის მსხვერპლ- თუ მოძალადე ბავშვების გზები მაინც ჩვენამდე მოდის. სანამ საფრთხის პირისპირ აღმოჩნდებიან, მანამ სჭირდებათ დიდი სიყვარული, უსაფრთხო ფიზიკური თუ სულიერი გარემო, ჩვენი ნდობა და აღიარება, თორემ მერე, უფსკრულის პირას, ყველანი ვერ გავხდებით დამჭერები, ვერ გადავარჩენთ. გადარჩენა ხომ გმირობაა და (დევ)გმირები კი, სამწუხაროდ, ცოტანი არიან, ცოტანი არიან, ცოტანი არიან და მორჩა!

ცნობისმოყვარეობა – სიყვარულის ენა

0

„რატომ ვიქცევი ასე?,“ „რისთვის ვიქცევი ასე?,“ „რატომ ვგრძნობ, რასაც ვგრძნობ?,“ „რისთვის ვგრძნობ, რასაც ვგრძნობ?,“ „რატომ ვფიქრობ, რასაც ვფიქრობ?,“ „რისთვის ვფიქრობ, რასაც ვფიქრობ?,“ „რას შეიგრძნობს ჩემი სხეული?,“ „რისთვის შეიგრძნობს ჩემი სხეული, რასაც შეიგრძნობს?“

ბოლოს როდის დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები? გაიხსენეთ, ბოლოს როგორ დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები? იქნებ, ბრაზით და სულსწრაფად, გაღიზიანებითაც კი იმისათვის, რომ სასწრაფოდ დაბრუნებოდით ყოველდღიურობას, რომელიც პირობებითაა სავსე. იქნებ, აფორიაქებითაც კი, რადგან დრო არ გქონდათ ამ კითხვებისათვის.

ჩვენი ცხოვრება გაჯერებულია პირობებით, რომელთაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ამაში უჩვეულო ან მიუღებელი არაფერია. თუმცა, დროთა მანძილზე, სხვადასხვა მოთხოვნასა თუ მოლოდინთან გამოხმაურებას შეჩვეულებს, შესაძლოა, დაგვავიწყდეს, საკუთარ თავს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა დავუსვათ იმაზე, თუ რას ვგრძნობთ, რას ვფიქრობთ და როგორ ვიქცევით. ეს ყველაფერი რატომ და რისთვის ხდება.

რადგან შეყოვნების ბედნიერება ჩამორთმეული გვაქვს, რადგან, მართლაც, თუნდაც, ჩვენივე ნებით და სურვილით, უამრავ ისეთ პირობას ვპასუხობთ, რომელიც გარემოსთან ჩვენი შეგუებისთვისაა საჭირო, დროთა მანძილზე, შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ ვერ ვპასუხობთ მარტივ კითხვებს: „რა მინდა?,“ „რა მჭირდება?,“ „რატომ მინდა ის, რაც მინდა?,“ „რატომ მჭირდება ის, რაც მჭირდება?,“ „რისკენ ვილტვი? რატომ და რისთვის?“

ჩვენს კულტურაში დამკვიდრებულია საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილებისადმი განმდევნი, ჩამხშობი და მიმჩქმალავი დამოკიდებულება. ადამიანები, რომლებიც აღვიზარდეთ იმაზე დაყრდნობით, რომ ჩვენი მოთხოვნილებები და სურვილები მეტისმეტია, ხშირად, ვატარებთ მუდმივი არასრულფასოვნების, ტვირთად ყოფნის განცდას, იმის განცდას, რომ დადგენილი წესრიგისათვის ჩვენი არსებობა ზედმეტია, რწმენას, რომ ჩვენს მოთხოვნილებებს ჯეროვნად არასდროს არ გამოეხმაურებიან, ამდენად, არც მათი გახმოვანება ღირს და, რაც მთავარია, არც მათი მიღება და აღიარება, თუნდაც, ჩვენივე მხრიდან.

 რატომაა მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების მნიშვნელოვნების აღიარება განათლების სისტემაში?

ნებისმიერი ქცევა კონკრეტული მოთხოვნილების ან სურვილში თუ ლტოლვაში ასახული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ ვცემთ პასუხს კითხვას – „რას ისახავს მიზნად ქცევა?,“ „რისთვის იქცევა მოსწავლე ისე, როგორც იქცევა?,“ „რატომ ვიქცევი მე ასე, როგორც ვიქცევი?,“ „რომელ ემოციებსა და განცდებს აღძრავს ჩემში მოსწავლის ქცევა?,“ ან „რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას უშლის ხელს ჩემი მოსწავლის ქცევა?,“ გაგვიჭირდება, სწორად განვსაზღვროთ, როგორც მოსწავლისადმი, ასევე – საკუთარი თავისადმი მიდგომები, გაგვიჭირდება, გავიაზროთ, რისთვისაა განსაზღვრული მიდგომა საჭირო ან რთული იქნება, საკუთარი თავის დამშვიდებაც, თუ როგორც სხვებისადმი, ასევე საკუთარი თავისადმი ცნობისმოყვარეობის განცდა და გამოხატვა გვირთულდება.

 რატომ არის ცნობისმოყვარეობა სიყვარულის ერთ – ერთი ენა?

ცნობისმოყვარეობა წარმოადგენს გულდასმით მიყურადების, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან თავშეკავების და გულისხმიერების ნაზავს, რომელიც როგორც საკუთარი თავისადმი, ასევე სხვებისადმი განუყოფელი ყურადღების გულუხვად გაცემისკენ გვიბიძგებს.

როგორც წესი, ცნობისმოყვარეობა, ამავდროულად, დამზოგავია: ის გვიცავს მცდარი დასკვნების ნაჩქარევად გამოტანისა და მათზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღებისგან.

ცნობისმოყვარე დამოკიდებულება ქმნის შემეცნების სივრცეს და, ასევე, წარმოადგენს უსაფრთხოების განცდის ერთ – ერთ გამოხატულებას: მე მზად ვარ, გადავაწყდე სიახლეს, მე მზად ვარ, გამიცრუვდეს იმედები, მზად ვარ, ჩემი საწყისი შეფასებები მიკერძოებული აღმოჩნდეს, დავიტიო იმედგაცრუება და შევძლო, ჩემი სავარაუდო, საწყისი დასკვნების დათმობა, მათზე უარის თქმა.

ცნობისმოყვარე დამოკიდებულება ნებისმიერი მეცნიერული კვლევის საფუძველია და, სინამდვილეში, ის საკუთარი თავისადმი ცნობისმოყვარეობით იწყება.

როგორ გავხდეთ ცნობისმოყვარეები?

ადამიანების ნაწილს გაუმართლა და ცნობისმოყვარე, გულისხმიერი და მზრუნველი მშობლები ჰყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გულისყურით შეიმეცნებენ, რას გრძნობენ, რას შეიგრძნობენ, რას ფიქრობენ და როგორ იქცევიან მათი შვილები. როგორც წესი, ასეთი ადამიანები გაცილებით მეტად ისწრაფვიან შემეცნებისკენ, რადგან მათ ახსოვთ, უშუალოდ, მათკენ ცნობისმოყვარე, თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულებით განწყობილი მშობლები. მათ ახსოვთ უსაფრთხოების განცდა, რომელიც მათი მშობლის დამოკიდებულების ანარეკლია.

ცნობისმოყვარეობის უნარის განვითარება, პირველ რიგში, ამ უნარის საკუთარი თავისკენ მიმართვით შეიძლება. მასწავლებლის, როგორც აღმზრდელის საქმიანობა, გაჯერებულია უსუსურობისა და უუნარობის განცდით, რაც ამ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეუძლებელია წარმატებით გამიჯნოთ თქვენი პასუხისმგებლობა სხვისი პასუხისმგებლობისგან, ზედმიწევნით წარმატებით შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ კონკრეტული ბავშვის ქცევა უამრავი, სხვადასხვა ცვლადის ზემოქმედების შედეგია და მხოლოდ თქვენი ცოდნის დანაკლისს არ შეიძლება მიეწეროს და, ამავდროულად, ყოველთვის შეუძლებელია, საკუთარ თავზე ის პასუხისმგებლობა აიღოთ, რომელიც ჩვენი ქცევების შედეგებზე სხვების წინაშე ანგარიშვალდებულებას მოიცავს. თუმცა, არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ საკუთარი თავისადმი და მოსწავლეებისადმი ცნობისმოყვარე დამოკიდებულების უნარის განვითარებაში.

ა) როგორ მოქმედებს ჩემზე განსაზღვრული მოვლენა? რას ვგრძნობ, რას ვფიქრობ, როგორ ვიქცევი და რას შევიგრძნობ ამ მოვლენის პასუხად? – მაგალითად, თქვენში ერთ – ერთი მოსწავლის ქცევამ აღძრა ბრაზი, გაღიზიანება ან, თუნდაც, რისხვა. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა გეფიქრათ ამ მოსწავლის ქცევის პასუხად? რას შეიგრძნობდა თქვენი სხეული, როდესაც ბრაზი, გაღიზიანება ან რისხვა დაგეუფლათ? როგორ მოიქეცით? რა შედეგი მოჰყვა თქვენს ქცევას და ამ შედეგების პასუხად რა განიცადეთ?

გ) როგორია თქვენი შინაგანი მეტყველება? – დააკვირდით, როგორია თქვენი შინაგანი მეტყველება? რისადმია შემწყნარებელი და რისადმი – დაუნდობელი? დააკვირდით, რომელი ემოციებისა და მდგომარეობების განცდას უკრძალავთ საკუთარ თავს და რომელი მდგომარეობებია მისაღები?

დ) სცადეთ, სულ რამდენიმე, მოკლე ჩანაწერი გააკეთოთ იმაზე, დღის მანძილზე, რა იყო თქვენთვის უსიამოვნო განცდების აღმძვრელი და რა – სასიამოვნო განცდების. – სცადეთ, სულ რამდენიმე სიტყვით მაინც აღწეროთ მოვლენები, რომლებმაც თქვენში სასიამოვნო განცდები აღძრა და მოკლედ უპასუხოთ, რატომ შეიძლებოდა ამ მოვლენებს სასიამოვნო განცდები აღეძრა. შეგიძლიათ, იგივე მიდგომა უსიამოვნო განცდებისადმი გამოიყენოთ.

ე) რა მამშვიდებს და რა უძღვის წინ ჩემს აღელვებას? რა მჭირდება იმისათვის, რომ თავი უკეთ ვიგრძნო და რა მჭირდება იმისათვის, რომ ღელვის მართვა შევძლო? – ეს მნიშვნელოვანი კითხვები მოიცავს პასუხის ძიების მცდელობას იმისათვის, რომ თქვენს თავს საჭიროებისამებრ გამოეხმაუროთ, სცადოთ, განსაზღვროთ, რა დაგეხმარებოდათ, ან რა შეგიშლიდათ ხელს საკუთარი ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნებაში. მნიშვნელოვანია, კითხვის დასმა იმაზეც, თუ ვის შეიძლება მიმართოთ მტანჯველი, დამთრგუნველი განცდების შემსუბუქებისთვის.

თუ საკუთარი თავისადმი გულისყურით განეწყობით, გაგიადვილდებათ შესატყვისი კითხვები დასვათ მოსწავლის ქცევების გაგებისთვის: მათკენ მიმართოთ სიყვარულის − გულისყურის − ენა.

 

 

 

ათას ერთი დილის ქრონიკები

0

რატომ ქრება იდეალები სამყაროდან? რა ამძაფრებს ჰუმანიზმის კრიზისს? რა უჩლუნგებს ადამიანს სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების, ჭეშმარიტ და ყალბ ღირებულებათა გარჩევის უნარს? სად ქრება სიყვარული და რატომ უცხოვდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან? კითხვათა ეს დაუსრულებელი ნაკადები დიდი ხანია აწვალებს ადამიანს. ეს, რა თქმა უნდა, ტანჯვის წყაროა, თანვე მცირე და დიდი აღმოჩენებით სავსე გზაა, რადგან პასუხების ძიებაში შეიმეცნებს ადამიანი საკუთარ თავსა და სამყაროს. მართალია, ამგვარი ფიქრებისაგან, „ჩავარდების კაცი ჭირსა“, როგორც რუსთველი ამბობს, თანვე, შეიგრძნობს ეგზისტენციალური „შეწუხებისგან“ მოგვრილ ბედნიერებას (ვაჟა-ფშაველა).

მაია ციციშვილიც თავისი საფიქრალით ეხმიანება თანამედროვეობის უმწვავეს პრობლემებს. მის კრებულში „ათას ერთი დილიდან“, რომელიც სითბოსა და სიყვარულის ჩუმ ნაკვალევს ტოვებს მკითხველში,  2014-2020 წლებში დაწერილი მოთხრობებია გაერთიანებული. ავტორი ცდილობს და ახერხებს კიდევაც იმგვარი პოლიტიკურ-სოციალური თუ კულტურული კონტექსტების შექმნას, რომელშიც ყოველდღიურობის პრიზმაში გადატეხილი ზოგადსაკაცობრიო სატკივარი ირეკლება. ავტორი ქმნის პერსონაჟთა ცოცხალ ხასიათებს, ცდილობს, რომ თხრობა იყოს მიმზიდველი, ექსპრესიული. მკითხველის თვალწინ ცოცხლდება კალეიდოსკოპური ყოველდღიურობა რუტინული საზრუნავებით, რომლებიც მთლიანად ნთქავენ ადამიანის გონებას და მატერიალურ სამყაროს აჯაჭვავენ. იხატება მეგაპოლისის ხმაურიანი ქუჩები, მარტოსული და გაუცხოებული ადამიანებით, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობას ათასი მიზეზით უფრთხიან. ბოლო დროის პანდემიამ მთელი მსოფლიო შეაშინა და ფიზიკურად თუ სულიერად გამოკეტა, გამოამწყვდია საკუთარი სახლისა თუ ეგოს ჩარჩოებში. მწერალი ხედავს, რომ ადამიანის გულში არსებულ სიყვარულის ცეცხლის ნაპერწკალს ვერაფერი ჩააქრობს, ამიტომაც გრძელდება სიცოცხლე თავისი ტკივილითა და სიხარულით. თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, დადგება თუ არა ათას მეერთე დილა.

აღმოსავლური ზღაპრით შთაგონებული მოთხრობის სათაური მეტყველებს მწერლის სურვილზე, რომ ვერანაირმა განსაცდელმა ვერ ჩაკლას ერთმანეთთან სიახლოვის წყურვილი. შაჰრაზადა გადარჩა იმით, რომ ცხოვრება დაუსრულებელ ზღაპრად აქცია. ადამიანმა უნდა გაიღვიძოს ყოველ დილას იმ იმედით, რომ ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის თვითონაც საჭიროა, როგორც ერთი უნიკალური ფერი, რომლის გარეშეც სამყაროს რაღაც მოაკლდება. კრებულის ბოლო მოთხრობა სწორედ ამ ცინცხალ ფერადოვნებას წარმოაჩენს, რომელიც ყოველდღე ახლდება. მთავარი პერსონაჟი  ტაქსით მგზავრობს და სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მძღოლებს ხვდება, ზოგს ჩუმსა და ჩაკეტილს, ზოგს გულღიასა და მოლაპარაკეს. მათ მოყოლილ ამბებში ჩანს სხვადასხვა კულტურის თავისთავადობა. მწერლის მრავალფეროვან თემებს შორის ემიგრანტების თემაცაა. უცხო გარემოში მოხვედრილ ადამიანები უამრავ დაბრკოლებას გადალახავენ, რათა ახალ სივრცეში მშობლიურად იგრძნონ თავი. ნოსტალგია მაინც მათი მუდმივ თანამდევად რჩება.

ამბების მოზაიკური ნატეხებით, რომლებსაც მწერალი დეტალების გულდასმით დამუშავებით ქმნის, თვალწინ გვეშლება თანამედროვეობის მფეთქავი პანორამა. ავტორი მცირე დიალოგების საშუალებით კარგად გამოკვეთს ადამიანთა ინდივიდუალურობას. საინტერესოა ერთი მძღოლის მოყოლილი ამბავი შხამიან ყვავილზე, რომელიც სურნელითა და სილამაზით იზიდავს ადამიანს, ათრობს და კლავს. ამბის განზოგადება კი ასეთია: „სამყარო ასეა შექმნილი, ყველა ცოცხალ ორგანიზმში, ლამაზ ყვავილებშიც კი, შხამია, ზოგში ცოტა, ზოგში _მომწამვლელი“. ამგვარი ფრაზები მოთხრობის ქვეტექსტურობას აღრმავებენ და მოთხრობილ ამბებსაც სიმბოლურ მნიშვნელობებს ანიჭებენ. რა თქმა უნდა, მკითხველზეა დამოკიდებული, რა გამოძახილს პოვებს ესა თუ ის ამბავი მის სულსა, გულსა და გონებაში.

მთხრობელს, რომელიც ქართულ ენას ასწავლის უცხოელებს, ერთი მძღოლი საიდუმლოს უმხელს, ურჩევს, გამოცდის წინ ჩაეხუტოს სტუდენტებს, რათა მათ მღელვარება მოეხსნათ, უსაბუთებს, როგორ აქტიურდება ტვინი ჩახუტებისას, როგორ იოლდება მეხსიერებიდან სათანადო ცოდნის გახმობა. ერთმანეთისთვის სითბოს გადაცემის ამ უბრალო უძველეს მეთოდზე აქცენტირება მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანებმა უნდა გადალახონ ბარიერები, საგნებით, წეს-კანონებით, შეხედულებებით, უცხო კულტურის შიშით, მცდარი წარმოდგენებით ჩახერგილი ერთმანეთისკენ მიმავალი გზები. „ჩახუტება“ რა თქმა უნდა, ერთმანეთთან დიალოგის აუცილებლობას გულისხმობს. სწორედ ამ საუბრის შემდეგ გადაიწმინდება ცა, ეს მინიშნებაა პერსონაჟის გულში შიშსის დაძლევისა, სხვაში საკუთარი თავის დანახვისა. გაღებული ფანჯრიდან, რომელიც, სიმბოლურად, გახსნილ გულზე მიანიშნებს, სამყარო იჭრება „დილის სიგრილით, სუფთა ჰაერითა და ხმაურით“. ამიტომაც ფიქრობს მთხრობელი: „ქუჩის პოლიფონიით“ სიცოცხლის მარადისობა შეიგრძნობა“. სწორედ ეს არის მთავარი: მარადისობის შეგრძნება და ამ გადასახედიდან ყოველდღიური ყოფის დანახვა. ამიტომაც არის ათას ერთი დილა დაუსაზღვრავი დილების დღიურის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი.

მოთხრობაში „ეპიკურეს ბაღები“ კარგად წარმოჩნდება ქართველის ლაღი, უდარდელი ხასიათი, რომელიც უცხო გარემოში უფრო გამოიკვეთება. ქართველთა დამახასიათებელი ხმაური, გაწევ-გამოწევა გადახდაზე პერსონაჟისთვის კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მახასიათებელია, ამიტომ წუხს, როცა წარმოიდგენს შემდეგი თაობები ამას დაკარგავენ და კაფეში შესულებზე აღარავინ იკითხავს, თუ რომელი ქვეყნიდან არიან, იმდენად დაემსგავსებიან სხვებს.

ადამიანები ათასი გზით ილამაზებენ ყოფას. დღესასწაულები, კარნავალები, რიტუალები მოწმობენ, როგორი თავგამეტებით ცდილობს ადამიანი წლების სიმრავლით მოგვრილი სევდასა და მოწყენილობასთან გამკლავებას. ამ დროს ეკლესიასტეს ამაოების ნოტები უფრო მახლობელი ხდება. მოთხრობაში „სადღესასწაულო დეკორაციები“ ავტორი მოხუცი ამერიკელი ცოლ-ქმრის ცხოვრებისეული ეპიზოდების გაცოცხლებით კარგად წარმოაჩენს, რომ „გული არა ბერდება“. თავიდან დეკორაციებით მორთვა ოთახისა თუ კარისა და ამგვარად სიბერისა თუ მარტოობის მოგერიება უაზროდ ეჩვენება და სიბრალულით იმსჭვალება მოხუცი ცოლ-ქმრის მიმართ, მაგრამ მერე მათი ოპტიმიზმი გადაედება. ადამიანი არ უნდა დანებდეს დროის დინებას და ხვალინდელი დღის იმედი არ უნდა დაკარგოს, ამიტომაცაა, რომ მისი ნაღვლიანი განწყობილებაც ამგვარი საახალწლო საზეიმო ფიქრებით გადაიფარება: „ახლის მოლოდინს და მიღებას თუკი შეძლებ, სიბერე ვეღარ მოგამწყვდევს წარსულის ცხრაკლიტულში“. ამიტომაც „გაცრეცილი მოსართავები“ „წლებთან დაუმორჩილებლობის სიმბოლოებად“ იქცევიან და ბადებენ რწმენას, რომ ყოველი ახალი წელი „უკეთესი იქნება ჩემთვის, შენთვის და საერთოდ ყველა ადამიანისათვის ამქვეყნად“.

მწერალი სხვადასხვა მოთხრობაში მრავალფეროვნებისთვის კარგად ჩართავს მოარულ მახვილგონივრულ ამბებსა და ანეკდოტებს. მაგალითად, ასეთია ამბავი, ნილს ბორმა ნალი რომ ჩამოკიდა კარზე, არ მწამს, მაგრამ თურმე ბედნიერება იმათთვისაც მოაქვს, ვისაც არ სჯერაო („ათას ერთი დილიდან“). ან ამბავი მეთევზის შესახებ, რომელმაც ჰენრი ფორდს მილიონებზე უარი უთხრა, ისედაც იმას ვაკეთებ, რაც მინდა და ბედნიერი ვარო („აი ია“).

ამერიკაში ხანგრძლივმა ცხოვრებამ ავტორს ამ მულტიკულტურული ქვეყნის შესახებ დიდი გამოცდილება დაუგროვა, ამიტომაც ნიუანსირებულად ხატავს, როგორ თანაარსებობს აქ სხვადასხვა ტრადიცია და წეს-ჩვეულება: „ყველა სტუდენტი განსხვავებულია: სამხრეთელს თავისი კოლორიტი აქვს. აღმოსავლეთ, დასავლეთ სანაპიროდან- თავისი, მაგრამ საქმისადმი მიდგომა, შრომის დისციპლინა კი ყველას ერთმანეთის მსგავსი აქვს. ამ მოთხრობაში („აი ია“) კარგად წარმოჩნდება ის სიხარული, რომელსაც მთხრობელი განიცდის, როდესაც უცხოელებს ქართული ანბანის სილამაზეს, ქართული კულტურის უნიკალურობას შეაგრძნობინებს.

დაკარგული დროის ძიება მსოფლიო ლიტერატურისთვის ნაცნობი თემაა. უპირველესად, მარსელ პრუსტის რომანები გაგვახსენდება. სად ქრება წარსული? მარსელ პრუსტისთვის წარსული საგნებსა და მოვლენებს შეეფარება, ამიტომაც დავიწყებული ბავშვობის ნახატები მის წარმოსახვაში ჩაიში ჩამბალი ნამცხვარ „მადლენის“ სურნელიდან გადმოიღვარა. დღეს მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის საშუალებით უამრავი ოცნება რეალობად იქცა. მოთხრობაში „მეხსიერების არქივიდან“ აღწერილია, „ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის“ დროს როგორ წამოუტივტივდა მთხრობელს ბავშვობის დავიწყებული მოგონება. ამან გაუჩინა ფიქრი „ხელოვნური აპარატის“ შესახებ, რომლის საშუალებითაც ადამიანი ნებისმიერ თავისთვის სასურველ დროს „წარსულს დააბრუნებდა“. ამგვარ ოცნებას თან სდევს ეთიკური ხასიათის პრობლემების გაჩენა, მათ შორის, იმის შიშიც, რომ „ხელოვნური ინტელექტის“ შექმნამ შეიძლება კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნას. ამ საფრთხეთა რეალობა კარგად წარმოჩნდება ფანტასტიკური თუ ანტიუტოპიური ჟანრის ნაწარმოებებსა და ფილმებში. ამ მოთხრობით („მეხსიერების არქივიდან“) ავტორი კიდევ ერთხელ დააფიქრებს მკითხველს ამ დილემაზე.

ხელოვნური “ბედნიერების“ თემაზეა მოთხრობა „სიცილის განრიგი“. ავტორი კარგად იყენებს ირონიას იმისთვის, რომ წარმოაჩინოს ცხოვრების სხვადასხვა სიყალბე. პერსონაჟი ესწრება პროგრამას, რომლის მიზანია, ადამიანი უმიზეზო სიცილის ტექნიკას დაეუფლოს და ამგვარად გამხიარულდეს, როცა მოუნდება. თავდაპირველად ეს მიმზიდველი აღმოჩნდება მთხრობლისთვის, მაგრამ მალე მიხვდება, რომ სტრესის განმუხტვის ამგვარი გზა მას ვერ გააბედნიერებს. ბავშვი თავისი პირდაპირობით აუხელს თვალს, როდესაც მასთან ასეთ დიალოგს გამართავს:

„ვის უცინი? _ მეკითხება გაკვირვებული.

_არავის. უნდა ვიცინო, სასარგებლოა, შენც გაიცინე!

_არ მეცინება!-აიჩეჩა მხრები ბიჭმა“. მერე კი დედამისს უთხრა: „ეს ქალი სულელია“. მთხრობელი ფიქრობს, რომ ხელოვნური სიცილი და ყველაფერი ყალბი ჯანსაღი სიცოცხლისთვის მავნეა. მთხრობელი შერლოკ ჰოლმსის ფრაზებს იხსენებს: „მუშაობა, საქმიანობა უგუნებობის საუკეთესო ანტიდოტია, ჩემო უოთსონ“. მოთხრობა ქუჩაში მოხუცის მიერ დაკრული ფლამენკოს აკომპანემენტით სრულდება, რაც კიდევ ერთხელ არწმუნებს მკითხველს, რომ ბუნებრივი გზით აღძრული სევდაცა და სიხარულიც თანაბრად მშვენიერია.

თუ როგორ არის სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვული და არაფერი არ არის შემთხვევით, ეს პრობლემა კარგად წარმოჩნდება მოთხრობაში „მარფის კანონით“. ცოცხალი ცხოვრებისეული ამბების დახატვით, ავტორი კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს, რომ ყველამ თავისი საქმე პირნათლად, პატიოსნად უნდა შეასრულოს და არანაირი მიზეზით არ გაამართლოს თუნდაც უნებური უპასუხისმგებლობა. ამავე მოთხრობაში ჩანს დიდი წუხილი იმის გამო, რომ ადამიანები ნაბეჭდი წიგნის მიმართ ინტერესს კარგავენ. წიგნის მაღაზია „ადამს ბუქსი“ ნაღვლიანი პერსონაჟივით იხატება, რომელიც პატრონებმა გასაუქმებლად გაიმეტეს, რადგან შემოსავალი არ მოაქვს და ბიზნესისთვის აღარ გამოდგება. მკითხველიც გრძნობს, როგორ დაიკარგება ის მოგონებები, არომატები, რომლებიც ამ წიგნის მაღაზიაში შესვლისას ცოცხლდებოდა.

უცხო კულტურასთან შეხვედრას ახლავს ერთგვარი შოკიც. სწორედ ამ თემაზეა მოთხრობები „მწვანე ქამარი“ და „რიზორიუსი“, რომლებშიც სხვადასხვა რაკურსით წარმოჩენილია ამერიკული საგანმანათლებლო სისტემისა თუ საზოგადოებაში არსებული „წეს-კანონების“ უცნაურობა თუ თავისებურებანი.

ადამიანის სული რომ სიბნელით სავსე, საიდუმლოებით სავსე უფსკრულია, ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, როცა ვკითხულობთ ფსიქოლოგიური ნიუანსებით გამოკვეთილ ამბებს მოთხრობაში „ნიუ-ორლეანი, ნიღბების ქალაქი“. როდის არის ადამიანი ნამდვილი? ცხოვრება ხომ მას ნიღბების ტარებას აჩვევს. სიცოცხლის ამ კარნავალში შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავი საერთოდ დაკარგოს. ჰერმან ჰესე „ტრამალის მგელში“ ხატავს ადამიანის უამრავ მეს, რომლებსაც ჰარი ჰალერი „მაგიურ თეატრში ხვდება“ და საკუთარი თავს ამგვარად შეიმეცნებს. მოთხრობა „ნიუ-ორლეანი, ნიღბების ქალაქი“ კარგად წარმოაჩენს ალექსის შინაგან სიმხდალეს, რომელმაც ვერ გაბედა სტიქიის დროს საყვარელი ქალის დასახმარებლად წასვლა. მიძინებულმა სინდისმა მოულოდნელად გაიღვიძა და მიხვდა, სილაჩრის ამ „ლაქას“ სულიდან ვერასოდეს მოიშორებდა. „ნიუ ორლეანის ორმაგი სახე და ამბივალენტურობა“ ალექსის შინაგანი გახლეჩილობის სიმბოლური ხატებასავითაა.

ნიღბების თემის პოლიტიკურ ჭრილში საინტერესო ვარიაციებია წარმოჩენილი მოთხრობაში „ფრთხილი ოპტიმიზმით“. ორი მეგობრის დიალოგში კარგად წარმოჩნდება მედიის დახმარებით, პოლიტტექნოლოგიებით, იმიჯმეიკერების საშუალებით პოლიტიკოსები როგორ ახერხებენ სიყალბეთა იმგვარად შეფუთვას, რომ ამომრჩეველს კრიტიკული აზროვნებისა და შეფასების უნარს უქვეითებენ, მათ ფიქრს ზედაპირზე ატივტივებენ და საკუთარი არჩევანის ყალბ ილუზიას უქმნიან. მოთხრობაში წარმოჩნდება, როგორ დაიხვეწა ამომრჩეველზე ზემოქმედების მეთოდები, მათი მოხიბვლის სიტყვიერი და არავერბალური ტექნიკები. სოფისტური მსჯელობები, შენიღბული და პირველხარისხოვნად გასაღებული არააქტუალური თემები, კარნავალური შეხვედრები, შოუები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – გაიმარჯვოს იმან, ვისაც უფრო მეტად შეუძლია სიყალბის ჭეშმარიტებად გასაღება. მოთხრობას ეპიგრაფად ჯოან როულინგის მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა აქვს წამძღვარებული: „ჰარი, ჩვენს შესაძლებლობებზე უკეთ ჩვენი არჩევანი წარმოაჩენს, რანი ვართ სინამდვილეში“. მკითხველიც კიდევ ერთხელ გრძნობს, როგორი საჭიროა სიფხიზლე და მღვიძარე გონება იმისთვის, რომ ერთხელ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანი წლების განმავლობაში სანანებელი არ გახდეს.

ავტორი კარგად ახერხებს მოთხრობებში სხვადასხვა პირით თხრობის მონაცვლეობას ისე, რომ გულწრფელობისა და დამაჯერებლობის განცდას ტოვებს, როდესაც პირველ პირში ჰყვება ამბავს, აქ მკითხველს განცდა აქვს, რომ მთხრობელი ავტორის ალტერ ეგოა და რასაც გვიამბობს, ნამდვილად გადახდა თავს და სუბიექტურ პრიზმაში გარდატეხილ ადამიანურ ხასიათებს გვიხატავს. მესამე პირში როდესაც მოგვითხრობს, აქაც კარგად წარმოჩნდება „ყოვლისმცოდნე ავტორი“, რომელმაც ყველა პერსონაჟის შესახებ ყველაფერი იცის და მკითხველებსაც გამოცდილი მეგზურებივით მიუძღვება ყოველი მათგანის სულის ლაბირინთებში.

ვფიქრობთ, მაია ციციშვილის მოთხრობათა ეს პატარა, მშვენიერი კრებული მკითხველისთვის დაუვიწყარი მოგზაურობა იქნება, რადგან ბევრ რამეს შეიტყობს საკუთარი თავისა თუ უცხო ადამიანების, განსხვავებული კულტურის შესახებ. მოთხრობები რეალისტურ-რომანტიკული სულისკვეთებითაა გამსჭვალული.

მაია ციციშვილის მოთხრობათა მთავარი გმირები ქალაქის რეალურსა თუ მეტაფიზიკურ სივრცეებში „მოძრაობენ“ და ქუჩებში გაბნეული სითბოს ნატეხებით სულის მყუდრო თავშესაფარს აგებენ. მშობლების – ნათელა ღამბაშიძისა და გიორგი ციციშვილის _ ნათელი ხსოვნისთვის მიძღვნილი წიგნი ყველა იმ ადამიანის მიძღვნადაც აღიქმება, რომლებიც ჩუმად, უხმაუროდ მიუყვებიან ცხოვრების გზას და სიკეთისა და სიყვარულის ნაკვალევს ტოვებენ. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა (2021 წ.). მანანა ღარიბაშვილისა და ზვიად კვარაცხელიას მცირე გამოხმაურებანიც ნათელყოფენ, თუ რა გამოძახილი მოჰყვა ამ მოთხრობებს მკითხველის გულში.

კრეატიულობა – კავშირი განსხვავებულებს შორის

0

ტექნიკა – შემთხვევითი სიტყვები

კრეატიულობა არის ორ განსხვავებულ საგანს/ცნებას/მოვლენას  შორის კავშირის პოვნის უნარი. რაც უფრო განსხვავებულები არიან ისინი ერთმანეთისგან,  მით უფრო შემოქმედებითი ხდება აზროვნება და, შესაბამისად, მეტყველება.

შეარჩიეთ ორი შემთხვევითი სიტყვა/ცნება.  შეუთავსეთ ისინი ერთმანეთს, ეცადეთ იპოვოთ მათ შორის რაიმე საერთო. მოიფიქრეთ არარეალური ისტორია, რომელიც იქნება ამ სიტყვებთან კავშირში…

როცა ხვდებით ადამიანს, რომელზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ „ზუსტად თქვენნაირია“, „უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის“, „ერთნაირი ღირებულებები გაქვთ“ და ასე შემდეგ… ასეთ ადამიანთან ურთიერთობა მხოლოდ გარკვეული დროით არის კომფორტული, ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ თქვენ სულაც არ გჭირდებათ მეორე „თქვენნაირი“, სულაც არ გჭირდებათ მკვდარი სიმშვიდე და ის, რომ წინასწარ ყველაფერი ზუსტად იცოდეთ, მეორე ადამიანი რაზე ბრაზობს, რა უხარია ან რა სიამოვნებს…

როგორც აკაკი წერეთლის ერთ ლექსშია: „ზღვაო, აღელდი, აღელდი…“, ზუსტად ისეა ცხოვრებაშიც. მშვიდმა წყალმა არ იცის ფსკერი, არ იცის, რა სიმდიდრეს ინახავს მისი სიღრმე, მხოლოდ მაშინ, როცა აღელდება, ხდება სასწაული: მარგალიტები ამოიყრება ზღვის გულიდან, პოეტის გულიდან და ნებისმიერი ადამიანის გულიდანაც.

მარგალიტების სალარო

შენი უფსკრული გულია,

მყუდროების დროს ის განძი

ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ,

გულს უხსნი მზეს და მთვარესა,

იმ მარგალიტებს შესტყორცნი

შენ შემკვრელს არემარესა.

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ განრისხებული წყალი გულიდან მარგალიტებს შობდა. ადამიანებსაც ხშირად არყევთ ცხოვრებისეული მოვლენები და აგერ, თუ პოეტს დავუჯერებთ, ეს საშიში სულაც არ არის. ბუნების კატაკლიზმებიც არ ყოფილა დამღუპველი, ისინი განაახლებენ სამყაროს. მართალია, ჩვენთვის სტიქიები საშიში და დამაზიანებელია, მაგრამ აბა, სამყაროს ჰკითხეთ: ყველაფერი განახლებისთვისაა!

ამასობაში, აკაკის ამ ლექსით, ჩვენ აღმოვაჩინეთ კავშირი სრულიად განსხვავებულებს შორის: ერთი მხრივ, ადამიანი და, მეორე მხრივ, ბუნება…  თურმე ორივესთვის ზომიერი რყევები სასარგებლო ყოფილა.

პოეზია ხშირად მიმართავს მეტაფორას, მეტაფორა – გადატანაა ორ საგანსა და მოვლენას შორის ხდება, რომლებსაც ერთმანეთთან, ერთი შეხედვით, არაფერი აკავშირებთ.  მეტაფორების გაშიფვრით კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდებით კრეატიულობის არსსაც.

იცით, რა აკავშირებს მყინვარს და გალაკტიონს? აბა, მოუსმინეთ:

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,

ლამაზი ცეცხლთა მარადი ნთებით:

მე – მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,

მყინვარს – უმძიმეს იაგუნდებით!

რატომ არის ტიციანისთვის თამუნია წერეთელი: „ხარ დანგრეული შენ მოდი-ნახე, ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი“.

რატომ დაუკავშირა ერთმანეთს ნიკოლოზ ბარათაშვილმა წუთისოფელი და აღუვსებელი საწყაული?

მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?

პოეზიაში უამრავ მსგავს დაკავშირებას ნახავთ, ამიტომაც არის ის პოეზია – განსხვავებულად გამოთქმა, მეტაფორებით მეტყველება, რიტმი და რითმა… მაგრამ ეს მხოლოდ სანიმუშოდ მოვიტანეთ და სავარჯიშოდაც გამოდგება.

ახლა კი კრეატიულობის სხვა სავარჯიშოზე გადავიდეთ. უფრო სწორად, იმ სავარჯიშოზე, რომელიც დასაწყისში აღვწერეთ.

ამ ტექნიკას ჰქვია: შემთხვევითი სიტყვები; ავიღოთ ნებისმიერად ორი სიტყვა (ჩამოვწეროთ უამრავი სიტყვა და ავირჩიოთ იქიდან, ან დავასახელებინოთ ბავშვებს, ან ავარჩიოთ ლექსიკონებიდან შემთხვევითობის პრინციპით).

მაგალითად ჩემმა მსმენელებმა შემთხვევით სიტყვებზე ზოგმა ლექსი დაწერა, ზოგმა – ფენტეზის ჟანრის მინიატურა და სხვადასხვა;

 

საქანელა და ჭიანჭველა 

ერთი მხრიდან მეორისკენ

მიაქანებ საქმეს ნელა,

ეს მას შემდეგ გაზარმაცდი,

რაც გაჩუქეს საქანელა…

ყველას ადრე პირს ეკერა:

ტვირთი მასზე მძიმე აწევს,

მაინც ნახეთ, როგორ მიდის,

აიიი… არც კი მიბარბაცებს…

ახლა ხალხი დაგცინის და

ამბობს ჩვენი გაუგია,

ჭიანჭველას ეს ცხოვრება

საქა-ნელად აუგია….    /ანი სალდაძე/

მაია გელაშვილს შეხვდა სიტყვათა წყვილი (ცოცხი – პოეზია). კითხვა: დაამყარე კავშირი პოეზიასა და ცოცხს შორის. რით ჰგვანან ისინი ერთმანეთს?

პასუხი: ზოგი პოეზიით დაფრინავს, ზოგიც – ცოცხით.

რა არის ტექსტი?

ტექსტი უბრალოდ სიტყვათა მნიშვნელობების ჯამი კი არა, „კავშირის დამყარებაა“ – სიტყვებს, ცნებებს, ფაქტებს, მოვლენებს, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებს, მეცნიერებებს შორის…

ჩვენ ვწერთ იმიტომ რომ, დავამყაროთ  კავშირი. უფრო გლობალური კავშირებიც არსებობს: ჩვენსა და სამყაროს შორის, განსხვავებულ კულტურებს შორის, განსხვავებულ საქმიანობებს შორის; ვინ იცის, იქნებ უცხოპლანეტელებსაც მივწვდეთ და მათთანაც აუცილებლად მოვძებნით საერთოს.

სამყარო ერთიანი და განუყოფელია. ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია, ერთმანეთთან რიზომატული ქსელით დაკავშირებული. ამიტომ არ არსებობს ამ და სხვა სამყაროებშიც ისეთი რამ, როცა კავშირს ვერ აღმოაჩენ. განსხვავებულებს შორის კავშირის აღმოჩენა სრულიად შეცვლის თქვენს სამყაროსეულ ხედვებს, იდეებს, ღირებულებებს და ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება თქვენს ცხოვრებაში!

ასე რომ, სცადეთ და სამყაროს მთლიანი სურათის აღდგენა განსხვავებულ სიტყვებს შორის კავშირის აღმოჩენით დაიწყეთ!

მანგროს ტყეების გადასარჩენად

0

მანგროს ტყეები ერთერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია. ჩემი ბოლო წლების საქმიანობა მთლიანად გარემოს დაცვაზეა ორიენტირებული, ამიტომაც ბევრ საკითხს სხვა კონტექსტით შევხედე და გავითავისე. როგორც ხუმრობით ვამბობ  „ავიკვიატებ“ მეთქი. „აკვიატებულ“ საკითხს განსაკუთრებით ვამუშავებ ხოლმე: ვეძებ რესურსებს და მოსწავლეებთან ერთად ვაკეთებ აქტივობებს. მანგროს ტყეებიც ჩემი ერთერთი „აკვიატებაა“.

მანგროს ტყეებზე და მის მნიშვნელობაზე არაფერს დავწერ, რადგან ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ  მაია ბლიაძის სტატიაში -„ ბუნების საოცრება – მანგროს ტყეები“. მე მხოლოდ დამატებით რესურსს შემოგთავაზებთ ამ საკითხის დასამუშავებლად, როგორ იბრძვიან მანგროს ტყეების გადასარჩენად სხვადასხვა ქვეყანაში. რატომ ავიკვიატე? იმიტომ, რომ მანგროს ტყეები გვხვდება იქ, სადაც სხვა მცენარეები ვერ ხარობს. ის ადაპტირებულია მარილიან წყალთან და ტროპიკულ სიცხესთან. მსოფლიოს 120 ქვეყანაში, თითქმის 14 მილიონი ჰექტარი მანგროს ტყეებია, როგორც ბუნებრივი სანაპირო მცენარეულობის ნაწილი. მანგროს უმეტესობა აზიაშია, შემდეგ მოდის აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა და ოკეანეთი.

ხელუხლებელი და დაცული მანგროს ტყეები შეუცვლელ გავლენას ახდენენ გლობალურ კლიმატზე. მანგროს ფოთლები, რომლებიც წყალში ვარდება, გაცილებით ნელა ლპება, ვიდრე ხმელეთზე. სქელი „საბადოები“ წარმოიქმნა ათასობით წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მანგროებს შეუძლიათ ჰექტარზე 3-დან 5-ჯერ მეტი ნახშირორჟანგის შენახვა, ვიდრე ტროპიკულ ტყეებს. მანგროს ტყეების განადგურება გამოყოფს ათასობით წლის განმავლობაში შენახულ ნახშირორჟანგს და აქცევს “მანგროს კლიმატის სასწაულს” “კლიმატის მკვლელად”.

იუნესკოს გენერალურმა კომისიამ  2016 წელს 26 ივლისი მანგროს მსოფლიო დღედ  გამოაცხადა – ოფიციალურად: „მანგროს ეკოსისტემის დაცვის საერთაშორისო დღედ“, რათა მეტი ყურადღება მივაქციოთ მანგროს ტყის მწვავე საფრთხეს და მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ ეკოსისტემის უზარმაზარ ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას.

“გადავარჩინოთ ჩვენი მანგროები ახლა!” არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს მანგროს ტყეების განადგურების შეაჩერებას. ინიციატივას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), WWF და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) ხელმძღვანელობენ. ისინი მანგროს კონსერვაციის საკითხებზე დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ, რათა ბუნებისა და ხალხის საჭიროებები შეაჯერონ; ხმას აძლევენ  მიმდინარე ეკოლოგიურ გამოწვევებსა და გადაწყვეტილებებს, რადგანაც მანგროს ტყეების შენარჩუნება მთლიანი ეკოსისტემისთვის არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მანგროს ტყეების მესამედზე მეტი განადგურდა, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკოსისტემას. მანგროს ხეებს ჩეხავენ და იყენებენ მშენებლობისთვის, შეშისთვის. გათავისუფლებულ ადგილებზე შენდება ბრინჯის, სოიოს და პალმის პლანტაციები, ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ერთი-ერთი საინტერესო პროექტი არის მანგროს ტყეები Etihad-გან, რომლის მთავარი მიზანია „მანგროს ტყეების შენარჩუნება კლიმატის კრიზისის დასაძლევად და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად“. პროექტი შემუშავდა აბუ დაბის გარემოს დაცვის სააგენტოსთან ერთად და დაიწყო თებერვალში.

Etihad Airways არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია 2003 წლის ივლისში დაარსდა სამეფო (ემირ) შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაიანის ბრძანებულებით .

Etihad Mangrove Forest აბუ დაბიში ჯუბაილის კუნძულზე მდებარეობს.

ამ ფართომასშტაბიან ბუნებრივ ტყეში მანგროს დარგვით, ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად შევძლოთ CO² -ის შემცირება – თუნდაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მკაცრი კლიმატის პირობებში. ჩვენ გვინდა გავაშენოთ ტყეები ყველა კონტინენტზე, სადაც დავფრინავთ და მოგზაურებს მივცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ CO2-ის გამოყოფის შემცირებაში“, – თქვა Etihad Aviation Group-ის მდგრადი განვითარების ხელმძღვანელმა მარიამ ალ კუბაისიმ.

Etihad Airways-მა პროექტ Abu Dhabi Mangrove Initiative-ს ფარგლებში ახალი ინიციატვის შესახებ განაცხადა: ამიერიდან მგზავრის მიერ დაჯავშნილი ეკონომ კლასის თითოეული ადგილისთვის მანგროს ხე დაირგვება, ეს შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას ატმოსფეროში – განმარტავენ Etihad-ში. გამოდის, რომ ერთი მანგრო თავის სიცოცხლეში შთანთქავს იმდენ CO2-ს, რამდენსაც წარმოქმნის თვითმფრინავი 7 საათიანი ფრენის დროს. შედეგად, გადამზიდავის ეკონომ კლასში ადგილები ნახშირბად-ნეიტრალური იქნება.

მგზავრები, რომლებმაც დაჯავშნეს ეკონომ კლასის ადგილები, გამგზავრებიდან 10 დღის განმავლობაში ელექტრონულ ფოსტას მიიღებენ, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ მიიღეს საჩუქრად მანგროს ხე Etihad-ის ტყეში. ელ.ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით ისინი შეძლებენ ვირტუალურად დააკვირდნენ თავიანთ მცენარეს.

“მანგროს ტყეები Etihad-გან“ არის მთავარი ინიციატივა ჩვენი მდგრადობის ძიებაში. ჩვენ გვინდა გავაშენოთ ტყეები ყველა კონტინენტზე, სადაც დავფრინავთ და მოგზაურებს მივცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ CO2-ის გამოყოფის შემცირებაში“, – თქვა Etihad Aviation Group-ის მდგრადი განვითარების ხელმძღვანელმა მარიამ ალ კუბაისიმ.

2005 წლის ივლისში ქარიშხალმა მუმბაი გაანადგურა, რასაც 24 საათიანი წვიმის რეკორდული მაჩვენებელიც დაერთო. წყალდიდობას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნანდაკუმარ პავარი, ადგილობრივი მეთევზე და აქტივისტი, როგორღაც გადაურჩა ნგრევას.

პავარი იხსენებს: მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობამ გაანადგურა ქალაქის უმეტესი ნაწილი და ხალხის საცხოვრებელი, ნგრევას  გადაურჩა მისი მეთევზეთა სოფელი ბჰანდუპი, ძირითადად ძირძველთა გარეუბანი, რომელსაც გარს აკრავს მანგროს ტყეები და იცავს მას წყალდიდობისგან.

პავარმა გადაწყვიტა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა ქალაქში მანგროს საფარის დასაცავად. მან საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად ჩამოაყალიბა Shree Ekvira Aai Pratishthan, ინიციატივა ქალაქის ჭაობების შესანარჩუნებლად.

მას შემდეგ ისინი ასუფთავებენ ნარჩენებისგან, რომლებიც გროვდება მანგროში. ასევე ფხიზლად ეკიდებიან მანგროს ტყეში განხორციელებულ აქტივობებს, რადგან ცდილობენ ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილის გადარჩენას.

მათ შეძლეს მანგროებისა და სანაპირო ზოლის 65 კვ.კმ -ზე გაშლილი ეკოსისტემის გადარჩენა.

შემდეგ სტატიაში სხვა ქვეყნების მაგალითებს გაგიზიარებთ.

რესურსები და გამოყენებული ვებგვერდები:

იფრინეთ უფრო მწვანე Economy Space-ით – https://www.youtube.com/watch?v=CuQ-Corgz_s&t=24s

https://www.oneearth.org/category/mangroves/; ბუნების საოცრება – მანგროს ტყეები – https://mastsavlebeli.ge/?p=31318

ათი საუკეთესო მოთხრობა – “ვწერ მასწავლებლისთვის” – ჟურნალ “მასწავლებლის” სპეციალური ნომერი

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ,  ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ქართველი მწერლებისთვის  გამოცხადებული  ლიტერატურული კონკურსის  –  „ვწერ მასწავლებლისთვის“,  სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელი ბმულიდან: 

ათი საუკეთესო მოთხრობა

ლიტერატურული კონკურსის „ვწერ მასწავლებლისთვის“ გამარჯვებული მოთხრობები და სხვა პრიზები

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“  მიერ , ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადებული  ლიტერატურული კონკურსი- „ვწერ მასწავლებლისთვის“-  დასრულდასაუკეთესო მოთხრობის ავტორები ცნობილია.  ავტორების  დაჯილდოება  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში   გაიმართა

კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ,  რომლის შემადგენლობაში იყვნენ : ზაალ ჩხეიძე გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, ნატო ინგოროყვა,ალექსანდრე ლორთქიფანიძე   შეარჩია ათი საუკეთესო მოთხრობა, რომელთაგან  სამი გამარჯვებული გამოვლინდა.  გამარჯვებული მოთხრობის ავტორებს    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და კონკურსის პარტნიორ ლიბერთ ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ:

I ადგილი-  იუნონა გურული „ჩემი საყვარელი გერმანული სიტყვა“ – 1000 ლარი;

II ადგილი –„უახლესი ისტორია “ – ცოტნე ავსაჯანიშვილი – 700 ლარი;

III ადგილი – „მშვიდობიანთკარი“- მიშა ბახსოლიანი–  500 ლარი.

კონკურსის პარტნიორმა,  ლიბერთი ბანკმა მათი რჩეული ავტორიგიორგი შერვაშიძე  მოთხრობისთვის – „ჰეი, ფიზკულტურა“,  სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ლიბერთი ბანკმა ასევე სპეციალური საჩუქრები გადასცა საუკეთესო მოთხრობის ათივე ავტორს .

მასწავლებლის სახლის რჩეული მოთხრობები და ავტორები გახდნენ:

ფიქრია ყუშიტაშვილი – არჩევანი.  გურო დავითლიძე -სომეხა, მარიამ კაშია სკოლის დღე

“საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის” სპეციალური პრიზი სოფო გოგალაძეს გადაეცა მოთხრობისთვის  დილა მშვიდობისა მეგობრებო ანუ guten morgen freunde“

გამომცემლობა “ინტელექტმა” თავის რჩეულ ავტორებ – გიორგი შერვაშიძე „ჰეი, ფიზკულტურა“ ლევან ლორია  „პირველყოფილი“  , სპეციალური პრიზები გადასცა.

გამომცემლობა “სულაკაურმა და მისმა წარმომადგენელმა ნათია ნაფეტვარიძემ ათივე კონკურსანტს საჩუქრები გადასცა და გამომცემლობის რჩეული ავტორებიირმა კახურაშვილი  მოთხრობისთვის  „რატომ არ მოვკალი მიშო“ და ლევან ლორია მოთხრობისთვის „პირველყოფილი“  სპეციალური პრიზებით   დააჯილდოვა.

კონკურსის სიმბოლო გადაეცა კონკურსის გამარჯვებულს – იუნონა გურულს.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.

ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი, რომელშიც კონკურსში გამარჯვებული ათი საუკეთესო მოთხრობა შევიდა, გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „„mastsavlebeli.ge-ზე.

აქტივობები პირველკლასელებისთვის

0

სასწავლო წელი ტრადიციულ სასკოლო გარემოში დაიწყო. მრავალფეროვანი იდეებით მოირთო საკლასო ოთახები, განსაკუთრებით კი პირველი კლასელებისთვის. მათთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, როგორი იქნება პირველი ემოცია სკოლასთან და ზოგადად, სწავლასთან დაკავშირებით. მასწავლებლებზე და ოჯახის წევრებზეა დამოკიდებული, როგორი განწყობით ჩაებმებიან ბავშვები სასკოლო თავგადასავალში.

მალე ანბანის გაცნობა მოუწევთ. „ანბანის შემობრძანება“, „ანბანეთში მოგზაურობა“ და სხვა არაერთი სახელწოდებითაა ცნობილი ის დღე, როდესაც მშობლიური ენის მთავარ ასო-ბგერებს – „აი ია“-ს გაიცნობენ პირველკლასელები.

პატარებს უყვართ ჯადოსნობები. მნიშვნელოვანია, ყველა ასოს გაცნობა და შესწავლა ჯადოსნურ და საოცარ ამბად ვაქციოთ, რათა გაიზარდოს სწავლის მოტივაცია და ცნობისმოყვარე პატარებმა თამაშ–თამაშითა და ინტერესით შეისწავლონ წერა-კითხვა.

გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც დაგეხმარებათ ანბანის შესწავლა სახალისო და საინტერესო გახადოთ.

 

აქტივობა – იისფერები

გააფორმეთ კლასი იისფერებში. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს გაწყობისთვის.

ხელნაკეთი (გამოჭრილი) იები დაგეხმარებათ, გაალამაზოთ ფარდები, ჭერი, დაფა და კედლები, დაატრიალოთ ის აურა, რაც „აი ია“-ს ახსნისას გჭირდებათ. შეგიძლიათ მოიძიოთ დეკორატიული, ქოთნის ია და ვიზუალურადაც აჩვენოთ ბავშვებს, სავარაუდოდ, ეს ყვავილი ბევრ მათგანს ნანახი არ ექნება.

https://www.pinterest.com/pin/757519599837308531/sent/?invite_code=dc257bbf3ee44a40ace72fd02d621967&sender=799459508761171705&sfo=1

https://www.youtube.com/watch?v=zAMKtnQTdFI

 

აქტივობა – კლასში დაპატიჟეთ ადამიანი, რომელმაც „დედაენა“ დაგვიწერა

იაკობ გოგებაშვილის პორტრეტი ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია და მისი ვიზუალური მხარის მთავარი შტრიხებით შექმნა შესაძლებელია. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცით, გაესაუბრონ „ბატონ იაკობს“. თავად უამბოს „ლეგენდა“, თუ რატომ ვიწყებთ ქართული ანბანის შესწავლას, სწორედ „ა“ და „ი“ ასო-ბგერებით.

ვიზუალური ეფექტისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებით კლასებში, შეგიძლიათ ააწყოთ მცირეხნიანი ვიდეო-რგოლი ან მოძრავი ეფექტების გამოყენებით პრეზენტაცია, ლეგენდაზე დაყრდნობით.

ეცადეთ, ყოველი ასო-ბგერის შესწავლისას, კლასში ჯადოსნობა დაატრიალოთ, მოიფიქრეთ საოცარი ამბები, ისტუმრეთ ბავშვებისთვის ნაცნობი პერსონაჟები, რომლებიც გააცნობენ შესასწავლ ასო-ბგერებს. ეცადეთ, ბავშვები მუდმივად იყვნენ ინტერესის ქვეშ, თუ რას შესთავაზებს მათი მასწავლებელი მომდევნო ასო-ბგერის შესწავლისას.

ასევე, შეგიძლიათ მცირეხნიანი ვიდეოს ჩვენება, სადაც ანიმაციის სახით არის ნაჩვენები ამ ასო-ბგერების შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=HyiLGBt0V5A

აქტივობა – ფოტოსესია

შეგიძლიათ დაამზადოთ ჩარჩო, იების დიზაინით. ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებთ.

https://www.pinterest.com/pin/7248049392541144/sent/?invite_code=ef2eaf0ed08a48aea950a802ef1ae1e9&sender=799459508761171705&sfo=1

აქტივობა – ვიპოვოთ ია

შესაძლოა კლასში იყვნენ ბავშვები, რომლებმაც უკვე იციან წერა-კითხვა, ან ცნობენ ასო-ბგერების ნაწილს. ეს მარტივი აქტივობა დაგეხმარებათ, ამ მოსწავლეების გახარებაში. ტრიალებთ „აი ია“-ს ირგვლივ. იისფერ ფურცლებზე წინასწარ ამობეჭდეთ სიტყვები, რომლებშიც ურევია სიტყვა „ია“ და სთხოვეთ მოსწავლეებს, მოძებნონ და შემოხაზონ, ან გულებში ჩასვან. მაგ. მზ  ნი.

ია
ია

აქტივობა – ვიპოვოთ ნივთები

შესთავაზეთ ბარათები, სადაც დახატული იქნება სხვადასხვა ნივთი, არსება თუ საგანი, რომელთა სახელებიც იწყება „ა“ და „ი“ ასო-ბგერებზე. შეეცადონ, დაასახელონ ეს სიტყვები და შემდეგ თავადაც მოიფიქრონ.

აქტივობა – დავხატოთ

დაახვედრეთ იისფერ ფურცლებზე წყვეტილად დაწერილი შესასწავლი ორივე ასო-ბგერა, წინადადების სახით – „აი ია“ . ბავშვები გადაავლებენ კალამს და შეუძლიათ გააფერადონ კიდეც.

აქტივობა – ასო-ბგერების ხე

მოსწავლეები ბარათებს ჩამოკიდებენ ხეზე, რომელიც ასო-ბგერების ხე იქნება და შემდეგ შესწავლილი ასოებიც აქ დაიკავებენ ადგილს.

ამ აქტივობაში ხის ნაცვლად შეიძლება გამიყენოთ სხვა ვიზუალიზაციაც. მაგალითისთვის გთავაზობთ:

აქტივობა – წვიმის წვეთები

წინასწარ დაამზადეთ ან მოიტანეთ ნამდვილი ქოლგა, მის ქვემოთ კი უნდა დაამაგროთ წვიმის წვეთები. თუმცა მანამდე, ბავშვებს უნდა ჩამოურიგოთ, მათ უნდა შემოხაზონ წყვეტილად დაწერილი ასო-ბგერა (ან „ა“, ან „ი“, რომელიც შეხვდებათ), რიგრიგობით უნდა გავიდნენ ქოლგასთან და დაამაგრონ ისე, რომ მიიღონ წინადადება „აი, ია“. (იხ. ფოტო). შეგიძლიათ წვიმის წვეთების ფერებიც საკლასო ოთახის ფერებს დაუახლოოთ.

 

შეჯამება – გაკვეთილი რომ ბავშვებისთვის სახალისოდ დასრულდეს, მათ სჭირდებათ შექება, წამახალისებელი შეძახილები და გამხნევება, რომ აქტიურად განაგრძონ ანბანის შესწავლა. ჯილდოდ შეგვიძლია გადავცეთ ფოტოზე მოცემული სახალისო ემოციების ბარათები, რომლებსაც ბუშტები აქვთ დამაგრებული (იხ.ფოტო). ბუშტების ფერები შეგვიძლია ჩვენი გაკვეთილის თემატიკას დავუახლოოთ და ყვითელ-იისფერში შევარჩიოთ. მოსწავლეებს მიეცით უფლება, თქვენთან ერთად გაბერონ ბუშტები და გაკვეთილი მხიარულად, თუნდაც ბუშტების ზევით აყრით დაასრულონ, სიმღერის „აი ია“ ფონზე. შეგიძლიათ, სთხოვოთ მუსიკის პედაგოგს, ან თუნდაც მშობლებს, წინასწარ, ასწავლონ ეს სიმღერა ბავშვებს, რათა შეძლონ აყოლა.

https://www.youtube.com/watch?v=sDDvSvOosEY&t=39s

 

 

ასეთი სახალისო გაკვეთილი თქვენთვისაც საინტერესო ჩასატარებელი იქნება და ბავშვებშიც გააღვიძებთ სასწავლო მოტივაციას.

 

არაფორმალური გარემოს როლი  სწავლებაში

0

სასკოლო განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, რადგან პიროვნება საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირებისა და რეალიზაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს არაფორმალური განათლების გზით იღებს. მას აქვს დამატებითი, ალტერნატიული და შემავსებელი ფუნქცია ფორმალური განათლებისთვის პიროვნების მუდმივი განათლების გზაზე. არაფორმალური განათლება ავითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემისთვის მნიშვნელოვანია: თანამშრომლობითი, გუნდური მუშაობის, დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემათა გადაჭრის, კვლევა-ძიებისა თუ საკომუნიკაციო უნარი. ასეთი გარემო ხელს უწყობს: მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, სწავლის გაუმჯობესებას, შემოქმედებითი, კრიტიკული და სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, თვითშეფასების ამაღლებას. არაფორმალური განათლების ამოცანაა მოზარდისათვის ისეთი ცოდნის მიწოდება, რომელსაც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემა ვერ ახერხებს, ან ვერ ახორციელებს იმ მასშტაბით, რომელიც მოზარდს წაადგება.

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს დავგეგმე შემეცნებითი-სასწავლო ექსკურსია ქ. თბილისში, ფიზიკის მუზეუმში, კერძოდ, „ექსპერიმენტორიუმში” https://www.experimentorium.ge/. ამ სასწავლო ექსკურსიის მიზანი იყო, მოსწავლეებს განემტკიცებინათ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შესწავლილი საკითხები, მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ტრანსფერი რეალურ გარემოში. ლაბორატორიაში დააკვირდნენ, შეიგრძნეს, განიცადეს ის, რაც გაკვეთილზე თეორიულად ისწავლეს და მიღებული ცოდნა დაუკავშირეს პრაქტიკაში მიმდინარე მოვლენებს. მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი.

მინდა, რამდენიმე სიტყვით მუზეუმის შესახებაც ვთქვა: ის წარმოადგენს საქართველოში ყველაზე უჩვეულო მუზეუმს, რადგან მთლიანად ცვლის საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს მეცნიერებაზე და მუზეუმებზე და სულ სხვა კუთხით გვაჩვენებს სამყაროს. მუზეუმის მიზანია, წარმოდგენილი ექსპერიმენტების მეშვეობით სამყაროში მიმდინარე ფიზიკური პროცესებით მომავალი თაობის დაინტერესება, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია. აქ დაცულია ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის 80-მდე ექსპონატი. მოსწავლეებს შეუძლიათ ექსპონატებთან შეხება, მათი დატრიალება, დაგდება, შეგროვება, დაშლა, გამოცდა. პარალელურად ისინი ხედავენ, რომ ფიზიკა და ქიმია სულაც არ არის რთული და მოსაწყენი მეცნიერებები. ისინი ბუნებაში მიმდინარე პროცესებს, მოვლენებს, მათთვის დამახასიათებელ კანონზომიერებებს ხსნიან, იაზრებენ და აანალიზებენ. ამგვარად ისინი იკმაყოფილებენ ინტერნეტში ნანახ, გაკვეთილზე ან უფროსებისგან მოსმენილ, უამრავ ექსპერიმენტთან დაკავშირებით აღძრულ ცნობისმოყვარეობას. ამ მუზეუმში მოსწავლეებს შეუძლიათ, გაზომონ თავიანთი ყვირილის ძალა, დასხდნენ ლურსმნებიან სკამზე, აწიონ მეგობარი ჰაერში, ხელით დაიჭირონ ელვა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია, ანუ მათთან შესაძლებელია უკუკავშირი. ასევე, აქ შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამებით წარმოდგენილი ექსპონატები ახდენენ გარკვეული მექანიკური მოვლენების, ენერგიის, ბგერისა თუ ოპტიკური მოვლენების ვიზუალიზაციას. ამ მუზეუმში არის ქიმიის ლაბორატორიაც, სადაც მოზარდებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ქიმიური ცდის ჩატარებაში. კერძოდ, წარმოდგენილი იყო აზოტის, ძალიან საინტერესო და სახალისო შოუ.

თავდაპირველად გადავწყვიტე სასწავლო ექსკურსია ჩამეტარებინა მოსწავლეთა STEAM-ჯგუფთან ერთად, რომელიც აღნიშნულ სკოლაში ჩამოყალიბების პროცესშია. ამისათვის:

  • მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია, როგორც სასწავლო ექსკურსიის მიზნის, ასევე ადგილის შესახებ;
  • გავაცანი სათანადო ქცევის წესები;
  • მოსწავლეები წავახალისე, რათა დაესვათ შეკითხვები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში;
  • ექსკურსიის შემდეგ მოვახდინეთ ექსპერიმენტების შედეგების ანალიზი და მათი ინტერპრეტაცია.

არაფორმალური გარემოს – სასწავლო ექსკურსიის დადებითი მხარეები:

  • მოსწავლეები თვალსაჩინოდ ეცნობიან და რეალურ ვითარებაში ექსპერიმენტებით აკვირდებიან სამყაროში მიმდინარე მოვლენებს და შეისწავლიან მათ;
  • ეს მეთოდი ხელს უწყობს უკვე ნასწავლი საკითხის სიღრმისეულად გააზრებას;
  • ეს ექსპერიმენტები ცოდნის გაღრმავების კიდევ უფრო დიდ სურვილს უჩენს მოსწავლეებს და ფიზიკისა და ქიმიის სფეროში უსაფრთხო ცდების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს;
  • მოსწავლეებს თავად ეძლევათ შესაძლებლობა, წამოაყენონ გარკვეული ჰიპოთეზა, გამოცადონ ის ექსპერიმენტით, და რაც უფრო მეტად აქვთ მათ ქმედების შესაძლებლობა, მით უფრო იზრდება მათი ინტერესი საკითხისადმი;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის, შემეცნებითი, მოტორული უნარები;
  • ვინაიდან მოსწავლე თავად ხდება აღმომჩენი, ახალი ცოდნის შემოქმედი, მაღალია მისი სწავლის მოტივაცია და ჩართულობა;
  • ხელს უწყობს ყურადღების მაქსიმალურად მობილიზებას;
  • მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან მყისიერი და დროული უკუკავშირით;
  • ზრდის მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას. ამ მეთოდის ინტენსიური, თანმიმდევრული და ეფექტიანი გამოყენების შედეგად მოსწავლეთა უბრალო ცნობისმოყვარეობა გადაიზრდება ცოდნისმოყვარეობაში;
  • მოზარდს უჩენს სურვილს, ისწავლოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
  • მოსწავლეები ცხადად ხედავენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
  • გარემო მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს;
  • მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ყოველი ექსპერიმენტის ბოლოს გამოიტანონ დასკვნები და მოახდინონ მიღებული ცოდნის ტრანსფერი.

უნდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ექსკურსიას აქვს უარყოფითი მხარეც, ეს შეიძლება იყოს დაფინანსების მოპოვება. ასევე ასეთ სამეცნიერო მუზეუმში მხოლოდ ერთხელ სტუმრობა არაა საკმარისი. მსგავსი არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც საჭიროა დაკვირვება, მსჯელობა, მოვლენების ანალიზი, შეკითხვების დასმა და პასუხების გაცემა, მოითხოვს მუზეუმში ხშირ სტუმრობას და მეტ დროსაც.

საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად ჩატარებული სასწავლო ექსკურსია ნამდვილად უწყობს ხელს მოსწავლეებში თეორიულად მიღებული ცოდნის, უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და განმტკიცებას, ცოდნის ტრანსფერს, მოსწავლეთა მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებას, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბუნებისმეტყველო მეცნიერების სტანდარტის მიღწევის ეფექტური საშუალებაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. პედაგოგიური გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის;
  2. ხატია თორდუა. როგორ დავაინტერესოთ ბავშვები მეცნიერებით – ინტერაქტიური სამეცნიერო მუზეუმი.

https://youtu.be/j1jhGqhjcxQ

https://youtu.be/BmK66fLAMW8

 

ბავშვის საკომუნიკაციო პასპორტი

0

სასწავლო პროცესის პოზიტიური დასაწყისი მოსწავლის მხარდაჭერის უმთავრესი ინსტრუმენტია და სკოლაში შესვლის პირველი დღეებიდანვე ტრანზიციის ხელშეწყობის პროცესად განიხილება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვებისთვის სკოლის დაწყების პირველი დღეების დაგეგმვას. სკოლამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პირველკლასელების დახვედრის სტანდარტული პროცედურა შესაძლოა, ყველა ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს არ ეხმიანებოდეს.

სკოლის თითოეულ წარმომადგენელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ბავშვისთვის შეიძლება სტრესული იყოს ხალხმრავალი და ზედმეტად ხმაურიანი გარემო, პომპეზური და ხანგრძლივი მისალმების ღონისძიება, მშობლის გარეშე უცხო ადამიანების გარემოცვაში აღმოჩენა და სხვა, იმის მიუხედავად, რომ სკოლის დაწყებას წინ შესაძლოა ბავშვის მოსამზადებელი აქტივობები უსწრებდა.

სამართლიანად არის მიჩნეული[1], რომ ტრანზიციის პროგრამით განსაზღვრული იყოს პირველი დღის ღონისძიებები და პირველი სასწავლო დღეების ფარგლებში ბავშვებისა და მშობლებისთვის გასაწევი მხარდაჭერა. ტრანზიციის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა:

  • როგორ არგებს სკოლა პირველ დღეს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს (როდესაც განსაკუთრებული საჭიროება იკვეთება);
  • როგორ რეაგირებს სკოლა, თუ ბავშვი პირველ დღეს/დღეებში სტრესს განიცდის;
  • როგორ რეაგირებს სკოლა, როცა ბავშვს უჭირს გაკვეთილზე/გაკვეთილებზე მშობლის გარეშე დარჩენა;
  • როგორ უწყობს ხელს სკოლა ბავშვს, როცა მას თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება უჭირს;
  • რა ღონისძიებებს ატარებს ის მშობელთან თანამშრომლობითი ურთიერთობის დასამყარებლად სკოლის დაწყების პირველივე დღეებიდან.

სკოლაში პირველი დღის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს ბავშვების მიერ ერთმანეთის გაცნობა. ცალკეულ პედაგოგსა თუ სკოლას შესაძლოა მოსწავლეების მიერ ერთმანეთის გაცნობის განსხვავებული ფორმატი ჰქონდეს შემუშავებული, თუმცა, აუცილებელია, რომ თანატოლების გაცნობისა და საკუთარი თავის წარდგენის აქტივობა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს კლასში მყოფი ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით კომუნიკაციისა და საკუთარი თავის წარდგენის სირთულე აქვთ, თანატოლებისთვის ბავშვის გაცნობის ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს საკომუნიკაციო პასპორტი, რომელიც მარტივი, პოზიტიური და ყველასათვის მისაწვდომი ფორმით შეჯამებულად ასახავს ინფორმაციას ბავშვის შესახებ, მის ხედვებს, ინტერესებს, ძლიერ მხარეებს, საჭიროებებს, ბავშვთან კომუნიკაციის დამყარების ყველაზე ეფექტურ გზებს და სხვა. საკომუნიკაციო პასპორტი ბავშვის შესახებ ინფორმაციასთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს შესაბამის ვიზუალურ მასალასაც. ამრიგად, ეს არის სასარგებლო, ინფორმაციული და სახალისო დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მომზადდეს მშობლის მიერ ბავშვის ჩართულობით.

საკომუნიკაციო პასპორტის მომზადება დამრიგებელმა მშობელთან სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა შეათანხმოს და სკოლის პირველ დღეს ბავშვს მისი საშუალებით კლასისთვის თავის გაცნობაში დაეხმაროს.

მაია წულაძის მიერ მომზადებულ გზამკვლევში, „მზად ვარ პირველკლასელების დასახვედრად“, რომელიც არის ბავშვების სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერის სახელმძღვანელო, სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად მკაფიოდ და ნათლად არის გაწერილი საკომუნიკაციო პასპორტის არსი, მიზანი და შევსების ინსტრუქციები.

აღნიშნული მასალის გაზიარება მნიშვნელოვნად გვესახება ფართო სასკოლო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისათვის. გზამკვლევის თანახმად:

 

 

 

 

 

 

[1] წერილში გაზიარებულია მაია წულაძის მიერ მომზადებულ გზამკვლევში, „მზად ვარ პირველკლასელების დასახვედრად“ არსებული მასალა. https://inclusion.ge/res/docs/2022031015125583574.pdf გვ 31.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...