მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თანამედროვე მოდელები
ხელოვანი და დრო
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”
– როგორც ხელოვანი,
პირუთვნელი მოწმის როლს ხომ არ ამჯობინებთ?
– ამის არც პრეტენზია
მაქვს და არც მოწოდება. პირადად მე არავითარ როლს არ
ვკისრულობ, მოწოდება კი ერთი მაქვს: ვითარცა ადამიანი, ბედნიერებას ვესწრაფვი, როგორც ხელოვანი, ვიმედოვნებ, რომ წინ კიდევ ბევრი
საქმე მიდევს, ბევრი პერსონაჟი მსურს გავაცოცხლო. ამისათვის კი არც ომებია აუცილებელი
და არც სამხედრო ტრიბუნალები. სხვებისა არ იყოს, მეც ეპოქის ფერხულში ვარ ჩაბმული. გარდასული დროის ხელოვანთ შეეძლოთ მორჩილად
აეტანათ ძალმომრეობა. დღევანდელი ტირანები
უფრო დახვეწილი არიან და დუმილი ან ჩაურევლობა ახლა უკვე არავის ეპატიება. ან მათი მომხრე უნდა იყო, ან მოწინააღმდეგე. ჰოდა, თუ კი ასეა,
მოქიშპეთა ბანაკში მიგულეთ.
მაგრამ ეს სრულიად
არ ნიშნავს, თითქოს მოწმის მეტად მოხერხებულ და
კომფორტულ პოზიციას ვირჩევდე. მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ეპოქა
ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც იგი სინამდვილეშია. ერთი სიტყვით, შენი საქმე უნდა აკეთო.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ დღეს მოსამართლე, ბრალდებული და მოწმე ერთურთისაგან ძნელი გასარჩევი ხდება. თუ
კი ოდესმე არჩევანზე მიდგება საქმე, მერწმუნეთ, ბევრი ჩვენი ფილოსოფოსის საწინააღმდეგოდ, მსაჯულის
სავარძელზე უარს ვიტყვი. ადამიანური მოქმედების არე საკმაოდ ვრცელია.
– თქვენი ნაწარმოებების
კითხვისას შთაბეჭდილება გექმნება, რომ ხელოვანის
როლს იდეალისტურ და რომანტიკულ ან, თუ გნებავთ, დონკიხოტურ ელფერს ანიჭებთ.
– დროთა განმავლობაში ცნებებმა, შესაძლებელია, სახეიცვალონ, მაგრამ პირვანდელ მნიშვნელობას მათ მაინც ვერ წავართმევთ. ჩემთვის
აშკარაა, რომ რომანტიკოსი, უპირველეს ყოვლისა,
ის არის, ვინც ისტორიის მარადიულ მდინარებას უწყობს ფეხს, გრანდიოზულ ეპოსს ქმნის
და სასწაულებრივ მოვლენებს ქადაგებს. მე კი
ადამიანისა და ისტორიის ერთობას ვამტკიცებ,
ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სინათლე და სიმჭვირვალე შევძინო ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას
და წინ აღვუდგე საკუთარი თავისა და სხვების დეგრადაციას.
წმინდა იდეალიზმი
ისაა, რომ ყოველი ქმედება და ადამიანური ჭეშმარიტება მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის აზრს
დაუკავშირო, რომელიც ამქვეყნიურ მოვლენებში
არ ცხადდება და რომელიც
რაღაც მითიურ მიზანს გულისხმობს, მაგრამ საკითხავია, შეიძლება თუ არა რეალისტად
მივიჩნიოთ ის, ვინც ისტორიის ერთადერთ კანონად მომავალს სახავს, ე. ი. იმას, რაც ჯერ
კიდევ ისტორიის კუთვნილებად არ ქცეულა და რომლის შესახებ ადამიანებს წარმოდგენაც არა აქვთ?!
მე კი ყოველგვარ ლოგიკას
მოკლებული, მომაკვდინებელი მითოლოგიისა და ბურჟუაზიული ყაიდის რომანტიკული ნიჰილიზმის
საპირისპიროდ ჭეშმარიტი რეალიზმის მხარეზე დგომას ვარჩევ. ერთი სიტყვით, რომანტიზმისაგან
შორს მდგომი, გარკვეული წესრიგისა და წესების აუცილებლობის თავგამოდებული დამცველი
გახლავართ. განა საოცარი არ იქნებოდა, რომ
ჩვენთვის ესოდენ საჭირო წესრიგის დაფუძნებას
სწორედ ამ უწესრიგო და ქაოტური საზოგადოების ან კიდევ დღევანდელი სქელშუბლა დოგმატიკოსებისაგან
გამოველოდეთ?
– რა ძალუძს ხელოვანს
დღევანდელ სამყაროში?
– მთავარი ის არის, რომ ფხიზელი თვალით შევხედოთ სინამდვილეს
და გავითავისოთ ტანჯვა, რომლის მსხვერპლადაც ისტორია ჩვენს გვერდით მდგომ ადამიანებს
აქცევს. მთხოვთ საკუთარი აზრი მოგახსენოთ, მეც გულახდილად გიპასუხებთ. როგორც ხელოვანს,
შეიძლება არც კი მომეთხოვებოდეს სამყაროს საქმეებში ჩარევა, მაგრამ მე, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი ვარ. უზომო ექსპლუატაციით
სიკვდილის პირას მიყვანილი, ჩაგრული და დაბეჩავებული მაშვრალნი, რომელთა რიცხვი დედამიწის
უზარმაზარ სივრცეზე დღითი დღე იზრდება, ითხოვენ,
რომ ყოველი ჩვენგანი, ვისაც კი სიტყვის თქმა
ძალუძს, გამოეპასუხოს მათ დუმილს და მათი ჭირის მოზიარე შეიქმნეს. და როცა გზნებით სავსე წერილებს ვწერ ან კიდევ საერთო ბრძოლაში ვმონაწილეობ, სულაც არ
ვითხოვ იმას, რომ სამყარო ბერძნული ქანდაკებებით ან სხვა რამ ხელთუქმნელი შედევრებით
დამშვენდეს. რა თქმა უნდა, სულის სიღრმეში მსგავს სურვილსაც ვმალავ, მაგრამ გაცილებით
მიჯობს ჩემივე წარმოსახვით მოვლენილ პერსონაჟებს შევასხა ხორცი. იმ დღიდან მოყოლებული,
რაც კალამს მოვკიდე ხელი, დღემდე, ჩემს ბოლო წიგნამდე, ერთი დიდი მიზნით ვსულდგმულობ:
მუდამ იმათ გვერდით დავრჩე, ვისაც დღეს უჭირს,
ვინც იტანჯება და ვისაც ესოდენ თრგუნავს სამყაროს
ბოროტება. ისინი ხომ იმედით ცოცხლობენ და, თუკი არავინ ილაპარაკებს ამ იმედზე, ბედის
ანაბარა შთენილთ, უკურნებელ უსასოებაში გადაჩეხვა
ელით. ამას კი ვერ დავუშვებთ და, თუ კი ასეა, მაშ, “სპილოს ძვლის კოშკშიც” აღარ დაგვედგომება.
რაღაც ზეადამიანური
სათნოების სახელით კი არ ვიღვწით, უბრალოდ ამდენი უბედობის ხილვა და ატანა აღარ ძალგვიძს.
ისიც კარგად ვუწყი, რომ ბევრი თვალს იბრმავებს და ყურებს იხშობს. მერწმუნეთ, მათი სიმშვიდისა არ
მშურს!
თქმა არ უნდა, ხელოვანის
ბუნება და მრწამსი რაიმე სოციალური რეცეპტების ძიებას არ უნდა შეეწიროს. სხვა დროსაც
მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: დღეს ხელოვანის არსებობა უფრო აუცილებელია, ვინემ ოდესმე,
მაგრამ ცხოვრების ორომტრიალში ჩარევა ჩვენს მხატვრულ მეტყველებას ხომ არ დაამჩნევს კვალს? თუკი ჩვენმა ენამ მხატვრულობა დაკარგა, რაღა ხელოვანი გვეთქმის? მთავარი ერთია:
თუ მართლაც მებრძოლები ვართ და ერთხელ და სამუდამოდ
აქტიური პოზიცია ავირჩიეთ, ხოლო ჩვენს ნაწარმოებში უდაბნოსა და ეგოისტურ
სიყვარულზე ვწერთ, ჩვენი მებრძოლი სულისკვეთება
ამ სიყვარულსა და ამ უკაცრიელ
უდაბნოს ადამიანურ სითბოს შესძენს და ცოცხალი
არსებებით დაასახლებს. ჰუმანიზმის ღირებულებათა დაცვა შემოქმედების ღირებულებათა უგულებელყოფას
სრულიადაც არ გულისხმობს, მით უფრო ახლა, როცა ესეს არის ნიჰილიზმის ტყვეობას დავაღწიეთ
თავი. ჩემთვის ღირებულებათა ეს ორი რკალი განუყოფელია
და ხელოვანის (მოლიერი, ტოლსტოი, მელვილი) სიდიადეს იმით ვზომავთ, თუ როგორ ახერხებს იგი მათ გაწონასწორებას. დღეს საქმე იმგვარად აეწყო,
რომ ეს წონასწორობა თუ თანხვდომა
ჩვენს ყოველდღიურობაშიც უნდა გადმოვიტანოთ
და დავამკვიდროთ. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ბევრი ხელოვანი ტვირთის სიმძიმეს ვერ უძლებს და “სპილოს ძვლის კოშკს” აფარებს
თავს. ამას კი აშკარა ღალატის სუნი ასდის. ჩვენ ერთდროულად მშვენიერებასაც უნდა
ვემსახუროთ და ადამიანური ტკივილის დაამებაც ვცადოთ. ხანგრძლივი თმენა და ძალისხმევა,
რასაც ჩვენი ამოცანა ითხოვს, სწორედ ის სიქველეებია, საიდანაც ესოდენ აუცილებელი აღორძინება
გაიკვირტება.
და ბოლოს, კიდევ ერთი:
ჩვენს ქმედებას საფრთხე და გულისტკივილი ახლავს. მაშ, თვალი ვუსწოროთ სიძნელეებს: კაბინეტებში
გამოკეტილი მწერლების დრომ თავისი მოჭამა. მაგრამ ტკივილსა და უიმედობას ქედს ნუ მოვუდრეკთ! ყოველი ხელოვანის ერთი დიდი
სწრაფვაც ხომ ის არის, რომ სხვების თანამოძმედ და თანამდგომად დაიგულოს თავი. ხელოვანი სხვების დონეზე უნდა დადგეს, არც ზემოთ და არც ქვემოთ, ზუსტად
იმათ დონეზე, ვინც შრომობს და იბრძვის. ის
მონობის მოძულეა. მისი მოწოდებაა, ძალით შეანგრიოს დილეგის კარი, აახმიანოს ადამიანების
ტანჯვა და სიხარული. სწორედ ამით მოიძიებს ხელოვნება საკუთარ გამართლებას და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ იგი არავის
მტრობას არ ეპირება. ერთი კი უეჭველია: მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალებით იგი შორს
ვერ წავა და სამართლიანობას და თავისუფლებას ვერ დაამკვიდრებს, მაგრამ უიმისოდაც ადამიანის
აღორძინება სათანადო ფორმას ვერ შეიძენს, ესე იგი ვერც იარსებებს. უკულტუროდ შთენილი თვით სრულქმნილი საზოგადოებაც
კი ჯუნგლებს ემსგავსება.
რევაზ სირაძეს, გულითადობით
მისი სახელი მოულოდნელად
გავიგე – მეგობარს ადევნებული სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ნესტან ფიფიასთან, ქალაქში
კარგად ცნობილ ფილოლოგთან. მაგიდას ჩემიტოლა გოგო-ბიჭები უსხდნენ და ისე უბრალოდ და
ჩვეულებრივად მიმიღეს ახალმოსული, რომ ცოტა გამიკვირდა კიდეც. გაოცება მერე გენახათ,
როცა მათმა ქართულის მასწავლებელმა პირადად ჩემთვის იმდენი უცნობი გვარ-სახელი ახსენა
მეცადინეობის დროს, რომ ერთიხანობა ვიფიქრე, ავდგები და წავალ, სანამ თავი მომეჭრება
საბოლოოდ, ეს რა ხალხში მოვხვდი-მეთქი.
მეორე დღესვე
ბიბლიოთეკიდან გამოვიწერე რევაზ სირაძის „სახისმეტყველება” და კარგახანს ვკითხულობდი,
ნელ-ნელა, დადინჯებით, სვენებ-სვენებით. შეიძლება ითქვას, ეს სულსწრაფი და მაძიებელი
მეცხრეკლასელის იძულებითი დადინჯება იყო, რომელსაც დახვეწილი და უზადო ოსტატობით დაწერილი
წიგნი იმდენად აღიზიანებს, რომ მისი თავიდან ბოლომდე წაკითხვა გადაუწყვეტია, თუნდაც
სხვების ჯიბრზე.
სიღრმე და სისადავე
– ალბათ ეს ეპითეტები ყველაზე უკეთ შეეფერება
რევაზ სირაძის შემოქმედებით მემკვიდრეობას: სამეცნიერო მონოგრაფიებს, წერილებს, ესეებს,
თარგმანებს. მისი აზროვნების მასშტაბი კი არ გთრგუნავს (როგორც ეს ხდება ხოლმე ზოგიერთი
მკვლევარის ოპუსთა გაცნობის შემდეგ), არამედ ძალას გაძლევს, მეტი იფიქრო და ბოლომდე
გაეხსნა სამყაროს – ღმერთის, ადამიანისა და ტექსტის იდუმალებას. აქ კი, ისევე
როგორც ყველა სხვა ნამდვილი მწერლის შემთხვევაში, არსად ჩანს ავტორი, ყოველ შემთხვევაში,
აშკარად აღარ გხვდება თვალში, არ გაღიზიანებს, პირიქით, ჩრდილში ყოფნით უფრო მეტადაც
კი ამბობს თავის სათქმელს.
რევაზ სირაძეც
ჩრდილში იდგა. თუკი პედაგოგიურ საქმიანობას არ ჩავთვლით, იგი ძალზე იშვიათად ჩნდებოდა
ტრიბუნაზე, თუმცა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ღონისძიებებზე ხშირად მინახავს.

პირველად, ამ
რამდენიმე წლის წინ, საგურამოში, ილიას სახლ-მუზეუმში, ივანე ამირხანაშვილმა მაჩვენა
ოდნავ მოშორებით მდგომი, ნოემბრის ქარში თბილად ჩაცმული კაცი. მერე ახლოს მივედით და
რეზო სირაძეაო, რომ თქვა, სიხარულისა და მღელვარებისგან ისე დავიბენი, გვიან შევნიშნე
ჩემკენ გამოწვდილი ხელი. დიდხანს არ გავჩერებულვართ, არც ბევრი გვისაუბრია. თანდათან
სხვებიც შემოგვიერთდნენ, ესალმებოდნენ ერთმანეთს, ბატონ რეზოსაც, ის კი ყველას თავს
უკრავდა, ხელს ართმევდა და სათითაოდ ამხნევებდა: „იცოცხლე!”
„იცოცხლე!” –
იმ დღისგან ეს ერთადერთი სიტყვა დამამახსოვრდა და ახლა რომ ვუკვირდები, რევაზ სირაძე
ჩემთვის ეს სიტყვაა.
გრიგოლ რობაქიძეს
თუ დავესესხებით, „ცეცხლი” და „სიცოცხლე” ერთი ფუძიდან მომდინარეობს, და რარიგ გაიხარებდა
ჰერაკლიტე ეფესელი, ეს რომ სცოდნოდა: სიცოცხლე ხომ უსასრულო წვააო.
თუმცა მანამდე,
სიცოცხლის საბედისწერო დაფერფვლამდე თითოეული ჩვენგანი ცხოვრობდა რევაზ სირაძის ყოველდღიურობაში,
მის გვერდით. ისმენდა მის ღრმა, გულშიჩამწვდომ, სიბრძნითა და დიდი გამოცდილებით დაპურებულ
საუბრებს, ცხოვრებისეულ ამბებს.
– 1990 წელს რუსთველოლოგიის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი
ლიტერატურის ინსტიტუტში. წლიური თემები უნდა დაგვემტკიცებინა და თანამშრომლებმა გამომიცხადეს,
ქვეყანას ცეცხლი უკიდია, ჩვენგან შველა უნდა და ამ დროს რა გული გაგვიძლებს სამეცნიერო
ნაშრომების საწერადო. რას ვეტყოდი… მაგრამ საქმე თავისას მოითხოვდა: თემები უნდა
დაემტკიცებინა მეცნიერებათა აკადემიას და წლის ბოლოს მოხსენებებიც უნდა ყოფილიყო…
საგონებელში და სადარდებელში ვარ ჩავარდნილი და ამ დროს, იღება კარი და შემოდის ზვიადი,
მოაქვს გამზადებული ყველაფერი! ისე გამიხარდა, გულზე მომეშვა, ჩამოვუარე ყველას, –
აგერ, ეს კაცი, დღედაღამ იქ ტრიალებს, თქვენ რა დაგემართათ-თქო…
ეს ამბავი ზვიად
გამსახურდიას 70 წლისთავიდმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე გაიხსენა. და მას შემდეგ,
ამ მოგონებასთან ერთად, რამდენჯერმე ვთხოვე, „ჩანაწერების” სერიისთვის დაეწერა დიდი
ხნის წინ, პეტრიწონის მონასტერში ყოფნის შთაბეჭდილებები. „ყველაფერი გონებაში მაქვს,
გუშინდელივით მახსოვს, ცოტა დრო მჭირდება და მივხედავო”, – მამშვიდებდა.
…ტრაგიკული
აღსასრულის შემდეგ, ზედიზედ ორ წიგნში დაიდო ბინა. მთარგმნელმა და კრიტიკოსმა ოქტაი ქაზუმოვმა წერილებისა და ესეების
კრებული მიუძღვნა წარწერით – „რეზო სირაძის ნათელ ხსოვნას”, ხოლო ირაკლი კაკაბაძემ,
ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წიგნში „თურქული სიმღერების
გზამკვლევი”, პროფესორი რეზა სარაქოღლუ თავისი სტუდენტობის ბნელი და უფერული წლების
ბედნიერ გამონათებად მოიხსენია: „იმის მიუხედავად, რომ სტუდენტთა უმრავლესობას დიქციისა
და ხმის დაბალი ტემბრის გამო საერთოდაც არაფერი არ ესმოდა მისი… პროფესორ სარაქოღლუს
ცქერასა და მოსმენას მაინც არაფერი სჯობდა”. და იქვე, ორიგინალური და ზუსტი შეფასება:
„მისი წიგნები პოეზია უფროა, ვიდრე სამეცნიერო ლიტერატურა, გეგონება სამეცნიერო პრობლემები
ჰაიკუებისა და ტანკების ტექნიკით აქვს დაწერილი”.
ვისაც კი რევაზ
სირაძისგან საჩუქრად წიგნი მიუღია, მაშინვე თვალში ეცემა მისთვის დამახასიათებელი სადა,
ღრმა და ლაკონური წარწერა. ხშირად გამჩენია სურვილი, მისი სიტყვებით დამეწერა ის მიძღვნა, რომლითაც ძვირფას და
პატივსაცემ ადამიანს წიგნს ვუსახსოვრებდი. ამ წერილის სათაურზეც დიდხანს ვფიქრობდი,
სანამ 2011 წელს გამოცემული „ესსები და თარგმანები” არ გადმოვიღე თაროდან. წარწერაში
მხოლოდ ადრესატი შევცვალე:
„რევაზ სირაძეს,
გულითადობით”.
თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება
ბავშვის ფიზიკური მზაობა სკოლისათვის
ნაციონალური ფოტოგრაფია


საშიში ახლობელი
ნინო ჩაკვეტაძე – ორშრიანი დუპლექსის მიღმა





ფრონტალური გაკვეთილი კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში(მეორე ნაწილი)
ინტერნეტ წყროების სანდოობის შეფასება
ინტერნეტი მოიცავს როგორც ღირებულ, მაღალი ხარისხის ინფორმაციულ წყაროებს, ასევე, ბევრ არასანდო, მიკერძოებულ და სიმართლესთან შეუსაბამო მასალას. ინფორმაციის მრავალფეროვნება ინტერნეტის მახასიათებელია, რასაც მასზე ღია წვდომის შესაძლებლობა და ნებისმიერი მასალის თავისუფლად გავრცელება ქმნის. საძიებო სისტემა ინფორმციას ეძებს, როგორც სანდო, ასევე არასანდო წყაროებში, ამიტომ რამდენადაც ადვილია ინტერნეტში დიდი რაოდენობით მასალის მოპოვება, მით უფრო ძნელია სანდო და სარწმუნო წყაროს მიგნება.
ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს და ძნელია, დადგინდეს ზუსტი და ნათელი კრიტერიუმები, რომლებიც ამის შესაძლებლობას მოგვცემენ. ეს სტატია დაეხმარება მკითხველს, განსაზღვროს და შეაფასოს, შეესაბამება თუ არა კონკრეტული ვებ-საიტი მის მიზნებს და არის თუ არა მოძიებული ინტერნეტ-რესურსი შედარებით სანდო.
იმისათვის, რომ დავადგინოთ, რამდენად სანდოა ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას კითხვების დასმა წარმოადგენს. კითხვები საშუალებას იძლევა, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იოლად შემოწმდეს ვებ-საიტისა და მასზე განთავსებული ინფორმაციის სანდოობა:
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, შესაბამის შეკითხვებთან ერთად:
ცნობილია, რომ ბევრი მოსწავლე ინფორმაციას მოიპოვებს ისეთი საიტებიდან, როგორიც არის ვიკიპედია და ბლოგები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან კარგი საშუალებებია იდეების გენერირებისა და ინსპირირებისთვის, ამგვარი საიტებიდან მოპოვებულ მასალას ყოველთვის სჭირდება გადამოწმება და სხვა წყაროებით დადასტურება. ამას მარტივი ახსნა აქვს, მაგ: ვიკიპედია წარმოადგენს თავისუფალ, ღია ვიკი-ენციკლოპედიას, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. ბლოგები კი, ძირითადად, პერსონალური ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებული ვებ-საიტებია, სადაც გამოქვეყნებული ინფორმაცია ხშირად სუბიქტურ ხასიათს ატარებს.
ინფორმაციის მოძიებისას თუ თავიდანვე გვეცოდინება, რომელია შედარებით არასანდო წყარო, მაშინ უფრო გაგვიადვილდება მოპოვებული ინფორმაციიდან საჭირო მასალის სელექცია.
და ბოლოს, ინტერნეტში სანდო ინფორმაციის მოსაპოვებლად სასურველია, უმეტესად მივმართოთ საგანმანათლებლო და სამთავრობო ინსტიტუციების, ბიბლიოთეკების, სამეცნიერო ელექტრონული ბაზების, ფონდებისა და ა.შ ვებ-საიტებს.



