თარგმნა დავით თინიკაშვილმა
მეთოდოლოგიური სწავლება მოსწავლეებს სკოლასთან მჭიდროდ აკავშირებს
ცვლილება როგორც სკოლის განვითარების აუცილებელი პირობა
ცვლილება სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარ ემოციას იწვევს: ერთნი გამუდმებით სიახლეების ძიებაში არიან, მეორენი ცვლილებებს შიშითა და უნდობლობით ხვდებიან. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია: ცვლილება აუცილებელია განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, სკოლის განვითარებისთვისაც. ამიტომ ცვლილების დაგეგმვისა და პრაქტიკაში განხორციელების გზების ცოდნა სკოლის ხელმძღვანელისთვის საჭირო და გამოსადეგია.
სკოლაში ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მეტად საჭირო, მაგრამ, იმავდროულად, ძნელად განსახორციელებელი რამაა. ვიდრე სკოლის ხელმძღვანელი სკოლაში ცვლილებას განახორციელებს, მან რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გასცეს პასუხი. ეს კითხვებია:
. რა უნდა შეიცვალოს სკოლაში?
. რა მეთოდით/მიდგომით უნდა განხორციელდეს ცვლილება?
. როგორია ცვლილების სავარაუდო შედეგი?
დავიწყოთ პირველი შეკითხვით: რა უნდა შეიცვალოს სკოლაში? პასუხი მარტივია: ყველაფერი, რაც გაუმჯობესებას მოითხოვს. იმისათვის, რომ სკოლის ხელმძღვანელმა იცოდეს, სახელდობრ რა მოითხოვს ცვლილებას, მან კარგად უნდა შეისწავლოს სკოლაში არსებული სიტუაცია. დაიწყეთ, მაგალითად, სასწავლო და სამუშაო გარემოს მოწყობით. გააანალიზეთ, რა მდგომარეობაა სკოლაში ამ კუთხით, რათა დაადგინოთ, როგორ უნდა შეიცვალოს ის უკეთესობისკენ. მოიძიეთ პროფესიული ლიტერატურა იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემო, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაცია და შრომისუნარიანობა აამაღლოს. როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, სასურველია, გამოკითხოთ მოსწავლეები და მასწავლებლები, რათა შეიტყოთ, როგორი გარემო სურთ მათ. მოსწავლეებისა და მასწავლებლების აზრი გამოგადგებათ, როდესაც სასწავლო და სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად დაიწყებთ მუშაობას.
თვალი გადაავლეთ სასკოლო სასწავლო გეგმასა და სკოლის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებს. მოისმინეთ ორგანიზატორების, მოსწავლეებისა და მშობლების აზრი ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ამგვარად მომავალში ბევრ რამეს უკეთ გააკეთებთ.
როგორია სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა და მათი ჩართულობა სკოლის მიერ განხორციელებულ პროფესიული განვითარების ღონისძიებებში? თქვენ უკვე იცით, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა უნდა შეიცვალოს – მათი რიცხვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას და თქვენი სკოლის კონკურენტუნარიანობას. თქვენ გსურთ, სიტუაცია ამ კუთხითაც შეცვალოთ უკეთესობისკენ: მომავალში მეტი და საინტერესო ღონისძიება დაგეგმოთ და განახორციელოთ. თქვენი სკოლა მომავალი სასწავლო წლიდან უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს.
ერთი სიტყვით, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესწავლით უამრავ მიზეზს აღმოაჩენთ, რომლებიც სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თემად გამოდგება.
მეთოდები ცვლილებების განსახორციელებლად განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით არის ასარჩევი. ვინაიდან სკოლაში ცვლილებების მთავარი გამტარებელი მასწავლებელია, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მასწავლებლებთან ინფორმაციის გაზიარება და მათი უფრო ინტენსიური ჩართვა სკოლაში დაგეგმილ ცვლილებებში. მასწავლებელი შეიძლება გახდეს ერთსა და იმავე დროს ცვლილებების სამიზნეცა და მოწინააღმდეგეც. სკოლის ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, აქციოს მასწავლებელი სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების მოკავშირედ, მოქნილი მიდგომებით დაანახოს მას სასკოლო ცვლილების საჭიროება და, რაც მთავარია, საკუთარი (მასწავლებლის) როლი ამ ცვლილებაში. ნებისმიერი სასკოლო ცვლილება, რომელიც მასწავლებელს აიძულებს, უარი თქვას მანამდე დაგროვილ ცოდნაზე, იქამდე მიგვიყვანს, რომ სკოლის განვითარებისთვის აუცილებელ ცვლილებას მასწავლებელი მტკივნეულად აღიქვამს და საბოლოო ჯამში უარს იტყვის მის გატარებაზე. საზოგადოდ, ყოველგვარ ცვლილებას ადამიანები იგონებენ და ადამიანებმა უნდა განახორციელონ, ამიტომ სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილების დაგეგმვისა და განხორციელებისას ადამიანური მხარის უგულებელყოფა თანამედროვე განათლების სისტემაში სკოლის ხელმძღვანელის ალღოს უქონლობის შედეგი შეიძლება იყოს.
სკოლის ხელმძღვანელმა სკოლაში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: აუცილებელია, დაიგეგმოს პირველი და მეორე რიგის ცვლილებები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცვლილების განხორციელება ორ შრედ დაგეგმოს. პირველი შრე გულისხმობს განსახორციელებელი ღონისძიებების იდეურ და სამართლებრივ დონეზე გადამოწმებას – ის, რაც დაგეგმილი გვაქვს სკოლის განვითარებისთვის, რამდენად შეესაბამება არსებულ კანონმდებლობას და გამართლებულია იდეურად; მეორე შრე კი უკვე ჩამოყალიბებული კონცეფციის, სამართლებრივი ბაზისა და სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში განხორციელებას გულისხმობს. ორივე შრე საკმაოდ შრომატევადია და ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს. ამასთან, თუ პირველი შრე წარმატებულად და გონივრულად არ დაიგეგმა, მეორე ვერასოდეს იმუშავებს. მაგრამ ვერც პირველ ეტაპზე დაგეგმილი ცვლილებები განხორციელდება წარმატებით, თუ არ გავითვალისწინეთ ადამიანური ფაქტორი, ანუ მათი პოზიცია, ვის მხრებზეც მხარზეც გადაივლის ცვლილებებისა და მათი შედეგების მთელი სიმძიმე.
სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისას გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ცვლილების ყველაზე დიდი ხელშემწყობიც შეიძლება გახდეს და ხელის შემშლელიც. ეს არის სკოლის კულტურა. ნებისმიერ ორგანიზაციაში, მათ შორის – სკოლებშიც, არსებობს ადამიანთა შორის გარკვეული ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები, ღირებულებები, შეხედულებები და ცოდნა. სკოლის შიგნით ჩამოყალიბებული კულტურა ბუნებით კონსერვატიულია და ცვლილებებს ეწინააღმდეგება. სტრუქტურული ცვლილება, რომელიც ხელმძღვანელმა შეიძლება დაგეგმოს, აუცილებლად გამოიწვევს ამ კულტურის ცვლილებას, კულტურის ცვლილება კი ადამიანების უნდობლობას იწვევს, რადგან ცვლილება მათთვის ჩვეულ გარემოს საფრთხეს უქმნის. იმისთვის, რომ ორგანიზაციაში მოღვაწე ადამიანები ცვლილებათა მოწინააღმდეგეები არ გახდნენ, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დაგეგმილ ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების მათთვის გასაგებ ენაზე განმარტებას. თუ სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებმა მასწავლებლებისთვის ჩვეული გარემოს საფრთხე შეუქმნა და ამას დაერთო მასწავლებლების ბუნდოვანი წარმოდგენა ცვლილების მიზანზე, მაშინ ისინი ისეთ წინააღმდეგობას გაგიწევენ, რომ საბოლოო ჯამში სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილებების წარმატებით განხორციელება შეუძლებელი გახდება.
სკოლის განვითარებაში მონაწილე ნებისმიერმა მხარემ, თავად სკოლის ხელმძღვანელიდან დაწყებული, ცვლილების ნებისმიერი გამტარებლით დასრულებული, შესაძლოა უნებლიეთ ხელი შეუშალოს სკოლის განვითარებას:
სკოლის ხელმძღვანელი: თუ სკოლის ხელმძღვანელმა სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვამდე არ ჩაატარა სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები – სკოლაში არსებული სიტუაციის კვლევა, საერთაშორისო და სხვა წარმატებული სკოლების გამოცდილების ანალიზი, სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისას არ გაითვალისწინა შესაბამისი იურიდიული შესაძლებლობებისა და განსახორციელებელი ცვლილებების იდეური შესაბამისობა განათლების პოლიტიკასთან, გამოვა, რომ სკოლის ხელმძღვანელი თავად იქცევა წარუმატებელი რეფორმის მიზეზად.
მასწავლებელი: მასწავლებლების უმეტესობა ბუნებით კონსერვატორია. ისინი თავიანთი პრაქტიკის განმავლობაში აგროვებენ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ მათი მთავარი იარაღია პროფესიულ ცხოვრებაში. თუ მასწავლებლებს არ ექნებათ საკმარისი ინფორმაცია ცვლილებათა აუცილებლობის შესახებ და მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, ისინი ხელს შეუშლიან სკოლის ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი ცვლილების წარმატებით განხორციელებას.
თუ დაგეგმილი გაქვთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რიცხვი უნდა გაორმაგდეს, ეს საკითხი უნდა განიხილოთ მასწავლებლებთან ერთად, რათა სერტიფიკატის მისაღებად მათი მზაობა და სურვილი თანხვდეს სკოლის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებას. თუ გსურთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხი და სკოლის კონკურენტუნარიანობა გაზარდოთ, მოისმინეთ მასწავლებელთა მოსაზრებებიც ამ საკითხზე და გაითვალისწინეთ მათი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა ამ მიზნის მისაღწევად.
სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილების დაგეგმვისას არასოდეს დარჩეთ მარტო პრობლემის პირისპირ. მასწავლებლების ჩართულობის, მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გარეშე არაფერი გამოვა. ჩართეთ ისინი ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მოისმინეთ და გააანალიზეთ მათი მოსაზრებები, კოლეგების კარგი და ცუდი გამოცდილება და დაინახავთ, რომ ცვლილება, რომელიც სკოლის განვითარებისთვის დაგეგმეთ, სხვებისთვის მისაბაძი და წარმატებულია.
მითოსად ქცეული ტკივილი
“Всякая рукопись беззащитна. Я вся – рукопись”
Google, ვებგვერდების რანჟირების ალგორითმი და მათემატიკა
ციფრულ სამყაროში ახალი პრობლემები, როგორც წესი, მარტივად გადაიჭრება ახალი ალგორითმების ან ახალი მოწყობილობების საშუალებით. ვისაც ინტერნეტში მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება მაინც აქვს, ალბათ კარგად ახსოვს ძველი საძიებო სისტემები, მაგალითად, Alta Vista და Yahoo. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა, ვინც იმ დროს ინტენსიურად იყენებდა ამ საძიებო სისტემებს, ამჟამად ინტერნეტში ინფორმაციის ძიებისას Google-ის საძიებო სისტემას იყენებს. გასაოცარია, მაგრამ Google-მა პოპულარობა სულ რამდენიმე თვეში მოიპოვა. ამაში მას დაეხმარა ინოვაცია, რომელსაც ძიების შედეგების რანჟირების ალგორითმი (PageRank Algorithm) ეწოდება. სტატიის მიზანია, მკითხველს, რომელიც ფლობს მცირე მათემა¬ტიკურ აპარატს, ამ ალგორითმის შესახებ წარმოდგენა შევუქმნათ.
საშინაო დავალებები ‘ქოფი-ფეისთის’ ეპოქაში


ღვინის განათლება თანამედროვე საქართველოში
ღვინო რომ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ქართული პროდუქტია, ამის შესახებ, მგონი, არავინ დავობს, თუმცა ღვინის განათლების კუთხით საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ღვინის სამშობლოდ მიგვიჩნევს, ჩვენს ქვეყანაში ღვინის ცნობადობა მაინც ძალზე დაბალია.
მერე რა, რომ ჩვენში უზარმაზარი რაოდენობის ღვინო ისმება; სამაგიეროდ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს,
რას ნიშნავს ხარისხიანი ღვინო, არ იცის გარჩევა, არ ინტერესდება ღვინის წარმოშობით, არ ფიქრობს მის ჯიშურ შემადგენლობაზე, ღვინისა და კერძის შეხამებაზე.
საქართველოს კვების დაწესებულებათა 80-90%-ში გაურკვეველი წარმოშობის სასმელი იყიდება, რომელსაც ღვინოსთან არაფერი აქვს
საერთო, არადა ამ დაწესებულებებში
ყველაზე მეტ “ღვინოს”
მოიხმარენ და დღესდღეობით სწორედ ისინი წარმოადგენენ ქართული მეღვინეობისთვის მთავარ
საფრთხეს: მომხმარებელთა
ერთი ნაწილი ნამდვილის ნაცვლად გაკეთებული ღვინით თვრება, მეორე კი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ღვინორესტორნებში უვარგისი აქვთ, არაყს და სხვა მაგარ სასმელებს მიეძალა, ასევე უხარისხოს.
კატასტროფული ვითარებაა ამ მხრივ ახალგაზრდებში.
ჯერ ერთი, ლუდის სმას ბავშვები 13-14 წლიდან იწყებენ, უფროსკლასელები და სტუდენტები კი ლუდს არაყსაც უმატებენ. არყის სმა კარგ ტონადაც ითვლება.
ბოთლიც ლამაზად გამოიყურება, ყინულიც კარგად ჩხრიალებს არყიან ჭიქაში… არაყი მალე ათრობს და ადუნებს დამლევს. ამგვარი
ეფექტით ღვინო მას
ვერ შეედრება – ის ხომ უფრო მშვიდი და ღრმა სასმელია…
ცხადია, როდესაც ალკოჰოლიზმისპრობლემაზე ვიწყებთ საუბარს, ღვინოსა და არაყს
შორის განსხვავება მნიშვნელობას
კარგავს – ალკოჰოლიზმს
ხომ ორივე იწვევს, ისევე
როგორც ლუდი და ბევრი სხვა ალკოჰოლის შემცველი სასმელი. რა თქმა უნდა,
მოზარდების ალკოჰოლისადმი
მიდრეკილება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, მაგრამ დღევანდელ
წერილში ამ პრობლემას
მხოლოდ ნაწილობრივ შევეხები, რადგან დღეს ჩვენ ღვინის განათლებაზე ვისაუბრებთ – საკითხზე, რომელზეც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ქვეყნის
მომავალი თაობების ჯანსაღი აღზრდა. სწორედ ღვინის გაუნათლებლობის ბრალია, რომ ალკოჰოლიზმი სულ უფრო მეტად გვიტევს.
ჯერჯერობით მხოლოდ ღვინის
ენთუზიასტებს მიგვაჩნია, რომ ღვინის განათლება უმნიშვნელოვანესი თემაა. ბევრი ირონიულად
უყურებს ამ საკითხს, ბევრი – ეჭვის თვალით, ერთი რამ კი ცხადია: ტრადიციული მეღვინეობის
ქვეყანაში მოზარდს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ვენახსა და ღვინოზე, ახალგაზრდობა
კი უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდეს ადგილობრივი ღვინოებით. ცხადია, ეს ღვინის განათლების
უქონლობასთან ერთად უფერული ქართული ღვინის ბაზრის ბრალიც არის, რადგან, თითო-ოროლა
ღვინის კომპანიას თუ არ ჩავთვლით, არავინ ინტერესდება ახალგაზრდული თემით, არავინ ცდილობს,
თანამედროვე ენაზე მიაწოდოს თანამედროვე ადამიანებს ქართული ტრადიციული პროდუქტი, რის
გამოც ღვინო ხანდახან რეგრესის სიმბოლოდაც კი აღიქმება.
“ღვინის კლუბი”
უკვე ორი წელია ქართული ღვინის პოპულარიზებით არის დაკავებული და ჩვენი უმთავრესი ამოცანა
სწორედ ამ ერთგვარი ღვინის ნიჰილიზმის დაძლევაა. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ყოველკვირეული
სხდომები და სემინარები, ყოველთვიური დეგუსტაციები, სხვა ღონისძიებები და აქციები,
რომელთაგან, პირველ რიგში, გამოვყოფდი “ახალი ღვინის ფესტივალს” (გაიმართა
გასული წლის მაისში და წელსაც აუცილებლად ჩატარდება), ღვინისა და კერძის შეხამების
აქციებს და სხვა. ყოველდღიურად ახლდება ჩვენი საიტი vinoge.com, ხოლო ჩვენს ფორუმზე forum.vinoge.comძალიან საინტერესო პოლემიკები იმართება
ღვინისა და კულტურის საკითხებზე.
მაგალითად, შარშან, თებერვალში,
ჩვენი ფორუმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გახსნა თემა სახელწოდებით “ალკოჰოლი და
ბავშვები”, სადაც იგი ჩვენი წარსულისა და თანამედროვეობის მეტად მტკივნეულ საკითხს
შეეხო, კერძოდ, იმას, თუ რა ზიანი მოაქვს ბავშვობიდან ღვინის დაგემოვნებას, უფროსების
მიერ სასმლის გასინჯვინებას და ა.შ. საკითხის ასე დასმას მომხრეებზე მეტად მოწინააღმდეგეები
გამოუჩნდნენ, რომლებსაც მრავალი ქვეყნის გამოცდილება მოჰყავდათ, სადაც უფროსები ბავშვობიდანვე
აზიარებდნენ შვილებსა და შვილიშვილებს ღვინის კულტურას. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასეთი
რამ დაწერა ფორუმზე: “სხვათა შორის, ეს ტრადიცია მეღვინეობის ყველა ქვეყანაშია. არაერთხელ წამიკითხავს, თუ როგორ ასმევდა ამა თუ იმ ცნობილ მეღვინეს ბავშვობიდან ღვინოს მამა ან უფრო ხშირად ბაბუა. ასეა, მეღვინეობა სახიფათო პროფესიაა. საქმე ისაა, რას აჩვევ ბავშვს _ გამწე (კაცური) სმისთვის ამზადებ თუ ღვინის ცოდნას და სიყვარულს ასწავლი“.
მართლაც, ძალიან სახიფათოა, ადრეული ასაკიდან აზიარო ბავშვი ღვინოს, თუ ზუსტად არგაქვს გაცნობიერებული,რისთვის აკეთებ ამას. მხოლოდ ზერელე წარმოდგენებზე დაფუძნებული ფსევდოტრადიციონალიზმი
მავნებელი იქნება, ეს ყველაფერი ცოდნას უნდა ემყარებოდეს და ასეთ ენთუზიასტებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ სამომავლო
შედეგების დადებითი თუ უარყოფითი მხარეები.
ცხადია, საკითხის ჭკვიანურად გადაწყვეტის შემთხვევაში შედეგი მხოლოდ დადებითი
იქნება და ბევრ პრობლემას აგვაცილებს თავიდან. ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი პოსტი, რომელიც ზემოხსენებულ თემაში დაიწერა,
“ღვინის კლუბის” წევრს, ჟურნალისტ ალეკოცქიტიშვილს ეკუთვნის, რომელმაც სცადა, მრავალი საკითხი მოეცვა:
“თუ საქართველო მეღვინეობის აკვანია, საქართველოს მოქალაქემ
მთლად აკვნიდან თუ არა, პატარაობიდანვე მაინც
უნდა იცოდეს, რა არის ღვინო. მიმაჩნია, რომ ჩვენი ბავშვები როცა გაიზრდებიან, არასოდეს
გალოთდებიან, თუკი ქართული ტრადიციების
შესახებ სკოლაში სწორად მივაწვდით ინფორმაციას და ვასწავლით, რას ნიშნავდა ვენახი ქართველი
კაცისთვის, რას წარმოადგენდა ღვინო მისთვის,
როგორი ჭურ-მარანი ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, როგორ მონაწილეობდნენ
ბავშვები ვენახის სამუშაოებში, რთველში, თვითონ ღვინის შექმნაში და ა.შ. მათ ასევე
უნდა ავუხსნათ, რომ ქართველი კაცი ღვინოს დასათრობად
არ სვამდა. ძველად საქართველოში საკმარისი იყო,
ვინმე თუნდაც ერთხელ ენახათ მთვრალი და მას სამუდამოდ უტყდებოდა სახელი როგორც ლოთს,
სამარცხვინო ადამიანს.
ბავშვებმა უნდა
იცოდნენ ქართული სუფრის წეს-ჩვეულებები საუკეთესო გაგებით. რაც მთავარია, კარგი იქნება,
თუკი ხშირად მიიღებენ მონაწილეობას ვენახის მოვლაში, რთველსა და ღვინის დაწურვაში. ამ დროს მიღებული ენერგეტიკა და ინფორმაცია ბავშვს მხოლოდ კულტურულ ადამიანად ჩამოაყალიბებს.
მიმაჩნია, რომ
სკოლების ეზოებში (განსაკუთრებით – ქალაქში) უნდა არსებობდეს
ქართული ტრადიციული მარნები – საწნახელით, ქვევრებით და სხვა ეთნოგრაფიული აქსესუარებით,
სადაც ბავშვები პრაქტიკულადაც შეისწავლიან იმას, რაც სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელოებში
გაბნეულია თეორიის დონეზე”.
სახელმძღვანელოებზე
ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, ღვინოსთან დაკავშირებული სახელდობრ რა ტექსტებია გაბნეული იქ, მაგრამ ერთი
რამ ცხადია – სკოლას ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს ამ
თვალსაზრისით, თან ისე, რომ ამ ყველაფერს არც რელიგიური რიტუალის სახე მიეცეს და არც
რაიმე სავალდებულო ფორმა.
მე მომხრე ვარ
სწავლების თამაშებრივი პრინციპისა და ღვინის განათლება უაღრესად თანამედროვე გასართობად შეიძლება ვაქციოთ, სადაც ბავშვები ძალდაუტანებლად, სიამოვნებით და ინტერესით შეისწავლიან საგანს. საგანიც პირობითად
ერქმევა ამას, რადგან ეს იქნება კლასგარეშე აქტივობა, ზოგჯერ – ექსკურსიებზე
მიბმული, ზოგჯერ – გარკვეულ აქციებთან დაკავშირებული, რომლებიც სკოლაშიც შეიძლება ჩატარდეს და სკოლის გარეთაც.
საშუალო კლასებში ღვინის გასინჯვის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, შეზღუდული უნდა იყოს (უფრო ზუსტად, აკრძალული), უფროსკლასელებისთვის კი მცირე დეგუსტაციებიც შეგვიძლია დავუშვათ, რათა მოზარდებმა ღვინოსთან დაკავშირებით თავიანთი პატარა აღმოჩენები გააკეთონ. ეს მათ მხოლოდ დაიცავთ და, უკვე სტუდენტები, მეტი ყურადღებით აარჩევენ პროდუქტს და სხვასაც დაეხმარებიან არჩევანში. ცხადია, ამ ასაკში ღვინის გასინჯვა საკამათო თემაა და
გადაწყვეტილების უცებ მიღება ძნელია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ 15-17 წლის ყმაწვილებს ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა
ჰქონდეთ ქართული ღვინის ისტორიაზე, ძირითად ჯიშებზე, ღვინის ტიპებზე და ა.შ. ასეთი
ცოდნით ისინი უკვე თავად გახდებიან ქართული ღვინის ელჩები აქაც და უცხოეთში – ქვეყნებში,სადაც მათ შესაძლოა სწავლა გააგრძელონ. ამ საკითხით, განათლების სისტემასა და ხელისუფლებასთან ერთად, ვფიქრობ,უნდა იყოს დაინტერესებული ღვინის სექტორიც– ის დიდი თუ მცირე
ღვინის საწარმოები, რომლებიც დღეს ქართული მეღვინეობის სახეს წარმოადგენენ. ეს ახალგაზრდები ხომ, პირველ რიგში, სწორედ მათი ღვინის მომხმარებლები გახდებიან და მათთან როგორც გათვითცნობიერებულ (და არა ზერელე) მომხმარებელთან აქტიური და ნაყოფიერი ურთიერთობით
სულ მალე მართლა გახდება შესაძლებელი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა.
რაც მთავარია, საქართველოში არსებობს ამის პრეცედენტი. უკვე არაერთ სკოლაში სცადეს
დაენერგათ ღვინის პრაქტიკული ცოდნა. “ფეისბუკში” ჩემ მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე, ასევე – ჩვენი ფორუმის ზემოხსენებულ თემაში არაერთი მაგალითია
მოყვანილი, როგორ აზიარებენ
ბავშვებს ღვინის კულტურას. აი, მაგალითად, როგორ გამოეხმაურა ერთ-ერთი სკოლის მესვეური ჩემს წინადადებას:
“პირველმა ექსპერიმენტულმა სკოლამ ორი წლის განმავლობაში ასეთი პროექტები მოამზადა: პირველად “თბილღვინოსთან” ერთად მოსწავლეები წავიდნენ რაჭაში, სადაც დაკრიფეს ყურძენი და ქარხანაში დაესწრენ მის დაწურვა–დაბინავებას; შემდეგ კომპანიამ საჩუქრად გამოაგზავნა რამდენიმე ყუთი ღვინო შესაბამისი სერტიფიკატით, რომ მის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა. ამ ღვინოს შემდეგ საჩუქრად ვურიგებდით სკოლის საპატიო სტუმრებს. თუ პროექტის ფარგლებში მოექცევა მოსწავლეთა ჩართულობა ყურძნის მოყვანის მთელი ციკლის განმავლობაში (გაფურჩვნა, შეყელვა და ა.შ.), დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით”.
კიდევ რამდენიმე სკოლის დასახელება შეიძლება, სადაც ასეთი რამ სცადეს, პირველ რიგში – წმ. გიორგის სახელობის სკოლისა, ასევე – ბაგებში არსებული სკოლისა.
ცხადია, მარტო სკოლების აქტიურობითა თუ მონდომებით არაფერი გამოვა და ჩვენი, “ღვინის კლუბის”, ეს ინიციატივა, მზად ვართ, პირველ რიგში
ჩვენ თვითონ განვახორციელოთ, თუმცა, ცხადია, ამაში ღვინის კომპანიებმა თუ
კერძო პირებმაც უნდა შეიტანონ წვლილი, რათა მომზადდეს
ადგილები, სადაც შესაძლებელი გახდება
ბავშვების ჩაყვანა, სპეციალური გასვლითი გაკვეთილების ჩატარება, სადაც ისინი უშუალო
მონაწილეობას მიიღებენ სამუშაოებში– როგორც ვენახში,
ისე მარანში. ამ უფასო კურსების ჩატარება თავად
მევენახეებსა და მეღვინეებს შეეძლებათ. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს კურსები სულ მალე ვიდეოფაილებადაც
შეიძლება იქცეს, რომლებიც იუთუბზე აიტვირთება, იუთუბიდან კი ბმულები სოციალურ ქსელებში გავრცელდება.
ყოველივე ეს სტიმულს მისცემს სხვადასხვა კომპანიას, მეტი ყურადღება მიაქციონ თავიანთი პროდუქტის წარდგენას და
ამ თვალსაზრისით სწორედ უმცროს თაობას, მოზარდებს, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ ყველაზე მეტი
შანსი, ხელი შეუწყონღვინის ტურიზმის დაბადებას საქართველოში. დაბადებას, რომელსაც
აგერ უკვე რამდენიმე წელია არა და არ დაადგა საშველი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ
ქართველი ტურისტის, პირველ რიგში კი ახალგაზრდა, ცნობისწადილით სავსე ადამიანების გარეშე
საქართველოში ღვინის ტურიზმს არაფერი ეშველება. განუწყვეტლივ მიწევს იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ
უცხოელი ტურისტის იმედად ყოფნა
სისულელეა, უფრო მეტიც – დანაშაული, ისევე, როგორც აბსურდული მეჩვენება ქართული ღვინის ბაზრის დღევანდელი
მდგომარეობა, როდესაც ჩვენი
ბოთლის ღვინის ყველაზე ფართო მომხმარებლად უკრაინელები და ყაზახები ითვლებიან და ისინი
გაცილებით მეტ ქართულ ღვინოს სვამენ, ვიდრე თავად ქართველები.
სწორედ ასეთი ახალგაზრდების მოთხოვნით, გნებავთ, საზოგადოებრივი
დაკვეთით გახდება შესაძლებელი, საქართველოში
შეიქმნას გერმანული Strausswirtschaft-ების ტიპის ღვინის ბარები, სადაც ადგილობრივი ღვინისა და კერძების დაგემოვნებაც იქნება შესაძლებელი.
თანაც ასეთი კულტურის დანერგვა უფრო ადვილად გაგვათავისუფლებს უზომო რაოდენობით ღვინის სმის ყალბი ტრადიციისგან. ეს “ტრადიცია”
თავისთავად უკვე გულისხმობს ღვინისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, და იმედია, ქართული საზოგადოება ფსევდოგულბაათობის სტადიიდანმალე ღვინის კულტურის საფეხურზე გადავა. გადავა ცოდნის მეშვეობით და არა ფსევდოლიბერალური უსაგნო რიტორიკით ან რელიგიური აკრძალვებით. თუკი ცოდნაზედამყარებულმა კულტურულმა ღვინის სმამ ჩვენში ბევრი მომხრე
მოიპოვა, ჩვენ უკვე ნამდვილად გვექნება, უფლება “ღვინის აკვნად” ვიწოდებოდეთ.
ფიზიკა ამოცანებში 3
ალი და ნინოს ამბავი
დღეს ერთი წიგნის შესახებ მინდა მოგითხროთ. წიგნისა, რომელიც სავსეა რომანტიკული ისტორიებით, სიყვარულით, თავგადასავლებით, პოლიტიკით, იუმორით, სახალხო ფილოსოფიით. წიგნი საერთაშორისო ბესტსელერია, მასში მოთხრობილი ამბები კი ყველაზე მეტად სწორედ კავკასიელი მკითხველისთვისაა ახლობელი. საკითხები, რომლებიც ამ წიგნშია წამოჭრილი, დღემდე ისეთივე აქტუალურია ჩვენს რეგიონში, როგორიც საუკუნის წინ იყო. თითქოს ისევ იმ წერტილში დავბრუნდით – იგივე კითხვები გვაწუხებს, იმავე პრობლემების წინაშე ვდგავართ. ჩამორჩენილი აზია თუ პროგრესული ევროპა? რუსეთი თუ დასავლეთი? მეგობრობა თუ მტრობა? სიყვარული თუ სიძულვილი? კავკასიური სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც სიყვარულის, მეგობრობისა და სიძულვილის ბეწვის ხიდზე გადის.
ნინო ყიფიანისა და ალი ხან შირვანშირის სიყვარულის ამბავი, ვფიქრობ, ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომლებიც მოსწავლეებმა მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის შესწავლის პარალელურად უნდა წაიკითხონ. და არამხოლოდ მოსწავლეებმა – “ალი და ნინო” ხომ ბათუმში მდგარი პოსტმოდერნული ძეგლი არ არის.
წიგნის ავტორობის სამი პრეტენდენტი არსებობს. ებრაელი ბიზნესმენის ვაჟი ლევ ნასიმბაუმი (იგივე ყურბან საიდი) 1905 წელს ბაქოში დაიბადა. ახალგაზრდობაში მაჰმადიანობა მიიღო და ასად ბეი დაირქვა. ნასიმბაუმმა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო წერა. მას ასად ბეის სახელით გამოცემული აქვს მუჰამედის, რეზა შაჰის, ნიკოლოზ მეორისა და ლენინის ბიოგრაფიები, ეს რომანი კი ყურბან საიდის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.
“ალი და ნინო” გერმანულადაა დაწერილი და პირველად ვენაში გამოიცა 1937 წელს. საავტორო უფლებები ავსტრიელ ბარონესას, ელფრიდე ერენფელსს ეკუთვნის, რომელიც ასევე ირწმუნება, რომ წიგნი მისი დაწერილია.
აზერბაიჯანში კი მიაჩნიათ, რომ “ალი და ნინო” ცნობილმა აზერბაიჯანელმა მწერალმა იუსიფ ვეზიროვმა დაწერა, ხოლო ყურბან საიდი უბრალო პლაგიატორია.
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ავტორი; მთავარია, რომ ეს საინტერესო მწერლის მიერ კარგად მოთხრობილი ამბავია, რომელიც, ბაქოს სკოლაში ჩატარებული გეოგრაფიის გაკვეთილიდან დაწყებული, წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დაპყრობით დამთავრებული, განუწყვეტლივ გგვრის ლიტერატურით ტკბობის განცდას და კითხვის შეწყვეტის საშუალებას არ გაძლევს. ის იმ წიგნების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც იოლად გაგათენებინებენ ღამეს და არაერთხელ დაგაბრუნებენ თავისთან. მე სწორედ ასე ვარ, უკვე მესამედ გადავიკითხე. პირველად – მეათე კლასში, მერე – უნივერსიტეტში, ახლა კი ერთხელ კიდევ ჩამოვიღე თაროდან. ემოციაც და დამოკიდებულებაც სწორედ ისეთივეა, როგორიც პირველი წაკითხვისას. მხოლოდ ახალ დეტალებს თუ აღმოაჩენ, რომლებიც აქამდე არ შეგიმჩნევია.
წიგნის მთავარი ღირსება გულწრფელობაა. ის არ ცდილობს გმირებისა და ანტიგმირების შექმნას, არ თამაშობს კავკასიელთა ნაციონალისტურ გრძნობებზე. ცდილობს დაგვანახოს ამ საზოგადოებაში არსებული არმენოფობიის სიმახინჯე, მეგობრობის ხელი გაუწოდოს სამივე ერის წარმომადგენლებს. არც ქართველი ქალისგან ქმნის ცრემლივით წმინდა და სპეტაკ ხატებას… ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ჩვენს ფანჯრებს მიღმა არსებულ სამყაროში, ყოველგვარი ფერ-უმარილის გარეშე.
შეგიხედავთ სამყაროსთვის მუსლიმის თვალით? ალბათ არა. ყურბან საიდი კი რომან “ალი და ნინოში” სწორედ ამ რაკურსით უყურებს სამყაროს. ის ცდილობს, გადოს ერთგვარი ხიდი უდაბნოსა და ტყის მოყვარულ ადამიანებს, ევროპისა და აზიის მოყვარულ ადამიანებს, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. გვიჩვენებს კავკასიურ ტრაგედიას ისტორიულ კონტექსტში, წრეს, რომლის გარღვევაც აგერ უკვე საუკუნეა ვერ შევძელით.
სწორედ ასეთი წიგნის შესახებ მინდოდა მომეთხრო. გულწრფელი ამბებით სავსე წიგნისა. იმედი მაქვს, კითხვისას ჩემსავით ისიამოვნებთ.
|
10 რჩევა ინგლისური ენის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს: „მეტყვი – დავივიწყებ, მაჩვენებ – დავიმახსოვრებ, ჩამრთავ – გავიგებ“
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, 15-დან 19 მარტამდე ,,ინგლისური ენის სწავლების პროგრამის” ფარგლებში თბილისის,ფოთის, ზუგდიდისა და ქუთაისის, აფხაზეთის საჯარო და ასევე საქართველოს სხვადასხვარეგიონისსკოლებში მომუშავე აფხაზეთიდან დევნილ ინგლისური ენის 51 მასწავლებელს ტრეინინგი ჩაუტარდა.
ტრეინინგს დაწყებით კლასებში ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკის შესახებ „მაკმილანის” სახელმძღვანელოს „Publishers Around The World” მიხედვით უძღვებოდა ოსტინისსაზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი, პროფესორი ტატიანა გაბრიელსონი (ტეხასი, აშშ).
ტრეინინგს კოორდინირებას უწევდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
მონაწილეებს დაურიგდათ სათანადო ლიტერატურა. ტრენინგებზე პედაგოგებმა მიიღეს მნიშვნელოვანი დახმარება და ინფორმაცია სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ აღნიშნული სახელმძღვანელოს მიხედვით, რაც დახმარებას გაუწევს მათ ინგლისური ენის სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაში. ,,მაკმილანის” სახელმძღვანელო უხვადაა ილუსტრირებული, რაც ძალიან სახალისოს ხდის სწავლების პროცესს დაწყებით კლასებში, ზრდის მოსწავლეთა ინტერესსა და მოტივაციას.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი მანანა ქვაჩახია:
“ჩატარებული სემინარები დაეხმარება აფხაზეთის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებსპროფესიული დონის ამაღლებაში, ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესებასა და მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადების პროცესში – დღეის მონაცემებით, რეგისტრირებულია 20-ზე მეტი ინგლისური ენის დევნილი მასწავლებელი. კონკრეტული ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და ეხმიანება იმ ახალ ინიციატივებს, რომლებსაც ახორციელებს ჩვენი ქვეყანა ინგლისური ენის სწავლების კუთხით”.
როგორც პროფესორმა გაბრიელსონმა გვითხრა, მან ტრეინინგი განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე ააგო და მისი მიზანი იყო, მასწავლებლებისთვის მიეცა რჩევები, ეჩვენებინა გზები, თუ როგორ შეიძლება ეროვნული გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღება იმ სახელმძღვანელოების გამოყენებით, რომლებიც დაწყებითი კლასებისათვის დაამტკიცა განათლების სამინისტრომ. სახელმძღვანელო “English World” შეიცავს: მოსწავლის წიგნს, რვეულს, მასწავლებლის წიგნს, პლაკატების სერიას (12 პლაკატს), 168 ილუსტრირებულ ბარათს – რადგან ამ საფეხურზე ამდენი სიტყვის ათვისებაა გათვალისწინებული, DVD-სა და CD-ზე ჩაწერილ სიმღერებს და სასწავლო ფილმს.
დოქტორი გაბრიელსონის აზრით, მსგავსი სემინარების საჭიროებას ის იწვევს, რომ, მიუხედავად მასწავლებლის წიგნში მითითებული სასწავლო მეთოდიკისა, რომლითაც პედაგოგები ხელმძღვანელობენ, სირთულეს წარმოადგენს მისი დაკავშირება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ინგლისურის ენის სწავლების მაკმილანისეული პრინციპი იმას გულისხმობს, რომ საწყის საფეხურზევე გრამატიკა და ლექსიკა ინტენსიურად შემოდის და სისტემატურად ცირკულირებს. ასეთმა მიდგომამ უნდა მისცეს მოსწავლეს ინგლისური ენის სტრუქტურის ცოდნაც და ლექსიკური მარაგიც.
ტატიანა გაბრიელსონი: “ეს ისაა, რაც არ იყო საბჭოთა სკოლებში და რისი უქონლობის გამოც, მიუხედავად სიტყვების ცოდნის, მოსწავლეებს საუბარი არ შეეძლოთ. ამ მეთოდით, საუბრის დაწყებას თავიდანვე ექცევა ყურადღება. ყოველი გაკვეთილი აღწერს სიტუაციას და მოცემულია დიალოგში. ახალი სიტყვები თავიდანვე შემოდის ფუნქციური ერთეულებად. ფრაზები, რომლებსაც ბავშვები იმეორებენ, დამყარებულია საკლასო კომუნიკაციაზე. მთავარი ისაა, რომ სიტყვები ისწავლება საუბარში და წერა-კითხვა უკვე აქედან გამომდინარეობს. ამგვარი მიდგომა კი მოსწავლეს ანიჭებს თავდაჯერებას – მას უკვე შეუძლია, ილაპარაკოს უცხო ენაზე! რაც მთავარია, სახელმძღვანელოში ხაზგასმულია სტრატეგია, თუ როგორ მიუდგნენ უცხო ენის სწავლას, როგორ დამიმახსოვრონ სიტყვები, როგორ ისწავლონ კითხვა და სწორად წერა.
პრობლემას რამდენიმე ფაქტორი ქმნის: სახელმძღვანელო 12 ნაწილისგან შედგება. ყოველი სამი ნაწილის შემდეგ მოდის გამეორება, რაც ცოდნის გაკონტროლებას ემსახურება; სახელმძღვანელო აგებულია იმაზე, რომ მოსწავლეებს კვირაში 4 საათი უნდა ჰქონდეთ ინგლისური ენის გაკვეთილი, ნაცვლად ორისა, როგორც დღეს საქართველოს სკოლებშია.
სირთულეს ქმნის ისიც, რომ პირველ კლასში ბავშვებს უწევთ ორი ახალი აანბანის შესწავლა, რაც ადვილი არ არის. ამ პროგრამით ინგლისური ანბანიც ინტენსიურად შემოდის, დაძაბულობა თავიდან რომ ავიცილოთ, მასწავლებლებმა აქცენტი უნდა გააკეთონ სიმღერებზე, ილუსტრირებულ ბარათებზე და ამით დადებითი ემოციები გამოიწვიონ.
გავიხსენოთ, როგორი მასწვლებლები გვყავდა დაწყებით კლასებში, რა გვახსოვს მათგან. როდესაც პედაგოგებს ამ კითხვას ვუსვამ, ისინი აუცილებლად გამოკვეთენ ორ თვისებას – მოთმინებას და ხალისს. რით განსხვავდებიან 6-7 წლის ბავშვები 10-11 წლისებისგან? უცხო ენის სწავლების მეთოდიკა მათი ასაკის შესბამისადაც უნდა შეირჩეს. სწავლების გეგმა ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ბავშვმა კომფორტულად იგრძნოს თავი, იცოდეს, როდის წერს, კითხულობს, თამშობს და, რაც მთავარია, გაკვეთილი აუცილებლად მრავალფეროვანი უნდა იყოს. არსებობს გამოთქმა, რომელიც უცხო ენის სწავლების ფილოსოფიას ზუსტად განსაზღვრავს – “მეტყვი – დავივიწყებ, მაჩვენებ – დავიმახსოვრებ, ჩამრთავ – გავიგებ”.
ტატიანა გაბრიელსონი მასწავლებლებს აძლევს 10 რჩევას იმის თაობაზე, როგორ იმოქმედონ ლექსიკის ეფექტურად სწავლებისათვის:
1. სწავლების დროს აუცილებლად გამოვიყენოთ ნამდვილი ნივთები, რომ ბავშვი შეეხოს მათ, დაყნოსოს, გემოც კი გაიგოს. მაგალითად, ბოსტნეული, ხილი, პური. მაკმილანს ამისათვის აქვს ბარათები, სადაც სიტყვებთან ერთად სურათებიც არის გამოსახული. და იმ ბარათებს, რომელიც უკვე გაიარეს, კინუ შევინახავთ, არამედ კედელზე გავაკრათ, რათა მოსწავლეებს მუდამ თვალწინ ჰქონდეთ.
2. იმისთვის რომ სიტყვები დაიმახსოვრონ, საჭიროა, ისინი ხშირად მეორდებოდეს სავარჯიშოებში. ამისთვის გამოდგება კროსვორდები, თავსატეხები.
3. მოვიფიქროთ თამაშები, თუნდაც “ჯვრისა და ნულის” თავსატეხი, ანდა ზურგს უკან მივცეთ ნივთი, რომელსაც ბავშვი შეეხება და მის სახელს წარმოთქვამს და ა.შ.
4 პირველივე გაკვეთილიდან ბავშვებს უნდა ვაგრძნობინოთ პასუხისმგებლობა სწავლის პროცესის მიმართ. ისინი უნდა მიხვდნენ, როგორ ისწავლონ დამოუკიდებლად, როგორ ჩამოიყალიბონ საკუთარი სისტემა. მაგალითად, ყოველდღიურად შეარჩიონ სიტყვები და ჩაყარონ ყუთში, ანდა ყოველდღე ჩაიხატონ რვეულში თითო საგანი თითო სიტყვაზე.
5. ისეთი სიტყვები, რომლებიც დამოუკიდებლად არ იხმარება: არტიკლები, წინდებულები, ასევე – სიტყვათა მყარი შეთანხმებები თავიდანვე ერთად ვასწავლოთ.
6. საჭიროა, სიტყვები პერსონიზებულად ვასწავლოთ. ამა თუ იმ სიტყვაზე ყველა ადამიანს საკუთარი ასოციაცია აქვს. ზოგიერთი სიტყვა ჩვენთვის დადებითად და ლამაზად ჟღერს, ზოგი – უხეშად და ა.შ. ითამაშონ – შეარჩიონ, გადაანაწილონ და ა.შ.
7. სიტყვების დამახსოვრებას ხელს შევუწყობთ, თუ საკლასო ოთახში არსებულ ყველა საგანს გავუკეთებთ წარწერას ინგლისურ ენაზე.
8. მასწავლებლებს ვურჩევდი, გამოეყენებინათ ინტერნეტი თამაშების, კროსვორდების, ფაზლების მოსაძიებლად, რათა სწავლების პროცესი მრავალფეროვანი გახდეს.
9. ცოტა უფროსებთან იმავე მეთოდს დავუმატოთ სალექსიკონო სისტემა – სიტყვა, ტრანსკრიფცია, სიტყვის წინადადებაში გამოყენება.
10. არსებობს ასეთი გამოთქმა: “წესი შვიდი”, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შვიდჯერ უნდა შეხვდეს ახალი სიტყვა, რათა გააცნობიეროს ის და დაიმახსოვროს. უნდა გამოვიგონოთ ისეთი საშუალებები, რომ მოსწავლეებს ახალი სიტყვა რაც შეიძლება მეტჯერ შეხვდეთ.
როგორც ტატიანა გაბრიელსონის გვიხსნის, უცხო ლექსიკის სწავლებისას თავს იჩენს ორი საკითხი: როგორ ვასწავლით და როგორ ვეხმარებით უკვე ნასწავლის ათვისებაში. ამაში ეფექტურად გვეხმარება თამაშები. ეს ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი ძალიანკარგი აქვს და ბავშვებისთვის საინტერესოა.
ამერიკელი პედაგოგი ასევე გვირჩევს, თავიდანვე გავამახვილოთ ყურადღება სპეციფიკური ბგერების წარმოთქმაზე, მუდმივად ვაჩვენოთ, როგორ წარმოითქმება ისინი და სწორად წარმოთქმაში ვავარჯიშოთ. ამისთვის გამოვიყენოთ ენის გასატეხები, ლექსები და სიმღერები.
“მიმაჩნია, რომ მსგავსი სემინარები განსაკუთრებით საჭიროა რეგიონების სკოლებისთვის, სადაც ცოტაა წიგნები და მწირია ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია”, – ამბობს დოქტორი გაბრიელსონი.
საგულისხმოა, რომ სემინარისმონაწილე პედაგოგები უკვესაუბრობენ მის დადებით შედეგებზე. აფხაზეთის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელსთეა ფირცხალავას, რომელიც ტატიანა გაბრიელსონის სემინარში მონაწილეობდა, მიაჩნია, რომ გაცნობილი მეთოდი ძალიანეხმარება მოსწავლეებს ახალი სიტყვებისადა გამოთქმების დამახსოვრებაში. “თუ აქამდე მხოლოდ კითხვითა და თარგმნით შემოვიფარგლებოდით, ახლა გაკვეთილები გაცილებით ხალისიანი და საინტერესო გახდა პატარებისთვის. ჩატარებული ტრეინინგი სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან აქ მიღებული უნარ-ჩვევების გამოყენება სწავლების პროცესში მეტად ნაყოფიერი გამოდგა”, – გვითხრა თეა ფირცხალავამ.
ბესო ხვედელიძე – “ბობ მარლის დახუჭული თვალები”
მწერალ ბესო ხვედელიძეს უჭირს თავისი ისეთი ნაწარმოების გახსენება, სადაც მოსწავლისა და მოსწავლის თემას ასახავს. ფიქრობს, ბოლოს ორად ორ მოთხრობას ასახელებს – “სოფელ ბადილოსა” და “მინდვრის ყვავილებს” – და აღიარებს, რომ მის შემოქმედებაში სკოლის თემა ალაგ-ალაგ კრთება და იქაც – არცთუ სახარბიელო კონტექსტში, თუმცა იცის, რომ უახლოეს მომავალში ავტობიოგრაფიული რომანის წერას შეუდგება, რომელიც სწორედ მასწავლებელთან დაკავშირებული ისტორიით დაიწყება. ამ შემთხვევამ, რომელიც ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში მოხდა, როგორც თავად ამბობს, მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
-კრილოვის ქუჩაზე, რუსულ საბავშვო ბაღში დავდიოდი. მაგიდასთან რამდენიმე ბავშვი ვისხედით. აქედან ერთი გოგონა საოცრად შემიყვარდა, ჰოდა, ერთ დღესაც სიყვარული ავუხსენი. გოგონა ატირდა და საჩივლელად გაიქცა. მასწავლებელმა ტირილის მიზეზი რომ გაიგო, ყური ამიწია და კედელთან დამაყენა. მთელი მომდევნო კვირა, ბაღში მივიდოდი თუ არა, პირდაპირ კედელთან მაყენებდნენ, ის გოგო კი აღარასოდეს მოსულა. ალბათ სხვა ბაღში გადაიყვანეს, – იხსენებს მწერალი.
ბესო ხვედელიძის ავტობიოგრაფიაში მოხვდება მეორე მასწავლებელიც – კოტე ყუბანეიშვილი, რომელიც, მწერლის თქმით, მისთვის ერთ-ერთი სამაგალითო პედაგოგი იყო:
-კოტე ყუბანეიშვილი 55-ე სკოლაში მათემატიკას მასწავლიდა. პროფესიონალი პედაგოგი იყო და თან – ბავშვების მეგობარი, ამიტომ ყველა მოსწავლე პატივს სცემდა. ერთხელ თბილისში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა, გადაიპენტა მთელი ქალაქი. იმ დღეს პირველი გაკვეთილი ყუბანეიშვილისა გვქონდა. შემოვიდა და მთელი კლასი ფუნიკულიორზე წაგვიყვანა, “შატალოზე”. ულამაზესი დღე გვაჩუქა. მეორე დღეს კი ამის გამო პედსაბჭოზე დაიბარეს და სკოლიდან გაათავისუფლეს. არადა, მე თუ მკითხავთ, ეს საქციელი მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.
კოტე ყუბანეიშვილთან ერთად ბესო ხვედელიძე იხსენებს გეოგრაფიის მასწავლებელს გია ჭანტურიას, გივი ალხაზიშვილს, ერლომ ახვლედიანს, ვახუშტი კოტეტიშვილს და სხვებს. ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეობისა და სტუდენტობის პერიოდში უამრავი მასწავლებელი მყავდა, თითებზე ჩამოითვლება ისინი, ვინც სამუდამოდ დამამახსოვრდაო.
– ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს მასწავლებელს, უფრო სწორად, მოძღვარს (არა ამ სიტყვის რელიგიური მნიშვნელობით) და თუ იპოვა, ეს იქნება პიროვნება, რომელსაც ენდობა, ყურს უგდებს, რომლის რჩევას ითვალისწინებს და რომელიც ცხოვრების გზას უჩვენებს. მეც სულ ვეძებდი ასეთ ადამიანს, ვიდრე თვითონ არ გავხდი სხვების მასწავლებელი. ახლა რომ ვიხსენებ, იმ მასწავლებლების უმრავლესობას, რომლებიც ცხოვრებაში შემხვედრია, არ ჰქონდა საკმარისი განათლება, იყო მოუმზადებელი ურთიერთობისთვის და, აქედან გამომდინარე, ისტერიული და აგრესიული. როდესაც მასწავლებელს არ აქვს საკმარისი განათლება, იგი საკუთარ თავსა და მოსწავლეს შორის აღმართავს კედელს, რომ თავი დაიცვას მოსალოდნელი კითხვებისგან. ამას მოსწავლე ძალიან კარგად გრძნობს. პედაგოგი არ შეიძლება იყოს მენტორი. მან მოსწავლეს ისე კი არ უნდა უყუროს, როგორ უვიცს და მასზე დაბლა მდგომს, არამედ მშობლიური გრძნობით. როგორც მცენარეს უსხამ წყალს, ასეთივე ურთიერთობა უნდა გქონდეს მოსწავლესთან. სიმკაცრეს არასოდეს გამოუღია კარგი შედეგი.
მე სკოლაში სიარული მომიწია საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც საბჭოთა სისტემაში აღზრდილი და განათლებამიღებულიპედაგოგები გვასწავლიდნენ. 1990 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში და ჩვენ უკვე სულ სხვა თაობა ვიყავით, სხვა იდეალებით, სხვა თვალსაწიერით, თავისუფლებით, პედაგოგების უმრავლესობა კი საბჭოთა კავშირში დარჩა, ამიტომ ჩვენს თაობაში უფრო მძაფრად წარმოჩნდა მამათა და შვილთა ბრძოლა, ვიდრე, ვთქვათ, ჩვენს მამებსა და მათ მშობლებს შორის იყო. ჩვენსა და ჩვენს შვილებს შორის ასეთი დიდი უფსკრული აღარ იქნება, რადგან უკვე განათლებაც სხვაა და ურთიერთდამოკიდებულებაც სხვაგვარია თაობებს შორის.
– რა იყო თქვენი მთავარი პრინციპი, როდესაც თავად გახდით მასწავლებელი?
– ჩემი უსაყვარლესი მწერალია კარლოს კასტანედა.18-19 წლის ვიყავი, მისი “დონ ხუანის სწავლება”რომწავიკითხე – წიგნი, რომელიც მთლიანად მასწავლებლისადა მოწაფის ურთიერთობასეძღვნება. ამ წიგნმა ჩემს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენამოახდინა, სხვათვალითშევხედე მოვლენებს, ადამიანებს,საგნებს.
დღემდე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ,პედაგოგი შედეგს მხოლოდ მზრუნველობითადა მეგობრული დამოკიდებულებით მიიღებს.გზა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრობაზე უნდა გადიოდეს.მე ვასწავლიდი ჯაზის აკადემიაში, სადაც იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, ძ-სადა ხ-ს რომ ვერ არჩევდნენ, მაგრამ ეს ტრაგედიად არ მიქცევია, ყველასთან ვიყავი თანაბრად მეგობრული, შევქმენი სწავლების ჩემეული მეთოდი, ვიგონებდი ვირტუალურთამაშებს და საბოლოოდ შედეგიც დადებითი მივიღე.ყველა ჩემი სტუდენტი თავის სფეროში წარმატებულია.
–გარდა იმისა, რომ რეალურად ეწევით პედაგოგიურ საქმიანობას,შემოქმედი თავისთავად არისმასწავლებელი. თქვენი შემოქმედებით რა გინდათასწავლოთ მკითხველს?
– მინდა ვასწავლო, როგორიარ უნდა იყოს ადამიანი.თუნდაც მასწავლებელი – არ უნდა იყოს ანჩხლი, ისტერიული, გაუნათლებელი, უნდა იყოს თავისუფალი, მოაზროვნე, ჰქონდეს ფართო თვალსაწიერი. ასეთი მასწავლებელი რომ მყოლოდა, მეც უფრო მეტს ვისწავლიდი.
–რის წაკითხვას ურჩევთშვილებს და,საზოგადოდ,ახალ თაობას?
–შვილებს, უპირველეს ყოვლისა,ვურჩევ, იკითხონსაკუთარი მამის წიგნები.ჩემი უფროსი შვილი 17 წლისაა, უმცროსი – 13-ის. ისინი აქტიურად კითხულობენ ჩემს ნაწარმოებებს. ამასთან,ქართველებს ძალიან კარგი თანამედროვე პროზა გვაქვს –მის წაკითხვასაცვურჩევ.საბჭოთა ტაბუს ახსნის შემდეგმრავალფეროვანი,საინტერესო, ექსპერიმენტული და ალტერნატიული ლიტერატურა შეიქმნა. ყველაფერი, რაც ამ ოც წელიწადში დაიწერა, აუცილებლად უნდა წაიკითხოსმოზარდმაცდა ზრდასრულმა ადამიანმაც, რომელსაც პრეტენზია აქვს განათლებასა და კულტურაზე. შესაძლოა ყველა მწერალი და ნაწარმოები თანაბრად ძლიერი არ იყოს, მაგრამ მაინც საინტერესოა. წიგნი ცხოვრების სარკეა, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხოთ ის, რაც ბოლო წლებში გადაგვხდა, რომ იგივე შეცდომები აღარ მოგვივიდეს.
სხვათა შორის, ახლა ვმუშაობთ “პენკლუბის” პროექტზე, რომელიც თბს ბანკმა და “სილქნეტმა” დააფინანსეს: ვაკეთებთ საქართველოს ელექტრონულ ლიტერატურულ რუკას, სადაც ადმინისტრაციული პუნქტების მაგივრად აღნიშნული იქნება მწერლების გვარები – სადაც დაიბადნენ და სადაც მათი სახლ-მუზეუმებია. აქვე მოყვანილი იქნება ინფორმაცია ამ მწერლების შესახებ, მათი ბიოგრაფია, მუზეუმის აღწერა, დაიდება ფოტოები და შემოქმედება. ეს იქნება პირველი ქართული ლიტერატურული ვიკიპედიის ჩანასახი. მაისში ვგეგმავთ ამ პროექტის პრეზენტაციას და ვფიქრობ, ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გახდება.
თავის მხრივ კი მკითხველს უახლოეს მომავალში სამი რომანის დასრულებასა და გამოცემას ჰპირდება. ამისთვის სერიოზულადაც ემზადება. როგორც თავად ამბობს, ცდილობს თბილისს გაექცეს და იმოგზაუროს:
– საზოგადოდ, ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება შემოქმედებით სიმშრალეს იწვევს. ზოგჯერ გარემოს გამოცვლა აუცილებელია, ამიტომ სულ ვცდილობ, ვიმოგზაურო, ახალი ემოციებით დავიტვირთო, მეხსიერება გადავტვირთო, გონებას წყალი დავუსხა, ნიადაგი გავაფხვიერო. ახლა ნეპალში მივდივარ და ორი კვირა საქართველოსგან სრულიად განსხვავებულ გარემოში ვიცხოვრებ, რაც მუშაობაში ძალიან დამეხმარება. ვფიქრობ, სწორედ იქ შევძლებ იმ რომანის დასრულებას, რომელზეც უკანასკნელი თორმეტი წელია ვმუშაობ. ასევე მაქვს შეკვეთა სამოგზაურო ხასიათის ნაწარმოებზე… ნეპალში ნამყოფ მეგობრებთან – დათო ტურაშვილთან, რეზო თაბუკაშვილსა და გიო მგელაძესთან უკვე გავიარე კონსულტაციები და ვიცი, რაზე უნდა გავაკეთო აქცენტი, თუმცა იქ ჩასულს, ცხადია, ჩემი ნეპალი დამხვდება.
რას ჩამოიტანს ნეპალიდან ბესო ხვედელიძე,მომავალში გაამხელს, თუმცა წინასწარ იცის, რომ აუცილებლად ნახავს ნეპალის მსოფლიო მუზეუმს, სადაც დატოვებს თავის რამდენიმე წიგნს და სამაგიეროდ, რაც მოეწონება, სამშობლოში წამოიღებს. ეს ამ მუზეუმის ორიგინალური ტრადიცია ყოფილა.
და კიდევ ერთი – რომანების გამოცემამდე მკითხველს მწერლისგან სიურპრიზი ელის. როგორც თავად ბესო ხვედელიძე ამბობს, აპრილის ბოლოს გაიმართება მისი პირველი და უკანასკნელი ლექსების კრებულის – “ბობ მარლის დახუჭული თვალების” პრეზენტაცია.
– წლების განმავლობაში ლექსებს ჩემთვის, ჩუმად ვწერდი. ახლა მივხვდი, რომ ეს კრებული ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, გამზითვებული მასალაა, დასრულებული ეტაპი, რადგან არა მგონია, პოეზიას კვლავ დავუბრუნდე.ძველ ნაწერებს რამდენიმე ლექსი ჩამოვაშორე და საკმაოდ დიდი კრებული გამოვიდა.ვფიქრობ, ამ პოეზიის გაცნობის შემდეგ მკითხველი ახალ ბესო ხვედელიძეს აღმოაჩენს.
ესაუბრა თამარ კაციტაძე