ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

უცხო ენის სწავლების კომპეტენციები

0

როგორია დღევანდელი კომუნიკაცია? უახლესი ტექნოლოგიების წყალობით დღეს ნებისმიერ ჩვენგანს აქვს საშუალება, კომპიუტერის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მიაკვლიოს მსოფლიოს ნებისმიერ ენასა თუ კულტურასთან დაკავშირებულ უამრავ ინფორმაციას. ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტისა თუ მესინჯერის მეშვეობით კომუნიკაცია პრაქტიკულად უფასო, ხელსაყრელი და, რაც მთავარია, უსწრაფესი გახდა. სულ უფრო მეტი ცალკეული ადამიანი თუ კომპანია აწარმოებს ბიზნესს საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ამის კვალობაზე, დღითი დღე იზრდება მათი რიცხვი, ვისაც უცხო ენისა და კულტურის შესწავლა სჭირდება, რათა მეტი წარმატებით ეწეოდეს საქმიანობას; იზრდება უცხო ენების შემსწავლელთა რიცხვი, რომლებიც არა მარტო შინ, არამედ საზღვარგარეთაც ეუფლებიან ცოდნას. ყოველივე ეს გლობალიზაციის ერთ-ერთ გამოვლინებადაა მიჩნეული და ეხება როგორც განვითარებულ ქვეყნებს, ისე განვითარებად სახელმწიფოებსაც.

გლობალიზაციის კვალი განსაკუთრებით შესამჩნევია ევროპაში. პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური განვითარება სულ უფრო მეტ კომუნიკაციასა და კონტაქტს უქადის ევროპელებს. მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში საერთაშორისო საკომუნიკაციო ენად ინგლისურია მიჩნეული, ევროპა თავისი მოქალაქეების მრავალენობრივ განათლებაზე ზრუნავს. ევროსაბჭოს სახელმწიფოთა ენობრივი პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს ავალებს, მოსწავლეებს ერთზე მეტი უცხო ენა შეასწავლონ. თანამედროვე ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის კიდევ ერთი პრიორიტეტია უცხო ენების სწავლების გაღრმავება ჯერ დაწყებითი სკოლის საფეხურზე, ხოლო შემდგომ – სკოლამდელ ასაკშიც კი.
თვალი გადავავლოთ უცხო ენების სწავლების ისტორიას: ანტიკურ ეპოქაში უცხო ენისა და იმავდროულად უცხო კულტურის შესწავლა ხშირად სამიზნე ქვეყანაში ხდებოდა. იმ ეპოქის ადამიანებს ესმოდათ, რომ ენა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის საშუალება როდია; მისი მეშვეობით ადამიანები შეიცნობენ სამყაროს. ენა ერთი თაობის მიერ დაგროვილი ინფორმაციისა და კულტურული ღირებულებების მეორისთვის გადაცემის საშუალებაა.
შუა საუკუნეების ევროპაში, ჯვაროსნული ომებისა და სხვა ინტერკულტურული მოვლენების წყალობით, ადამიანებმა საკმაოდ ბევრი ენა იცოდნენ. იმხანად წიგნიერების საზომად და ინტელექტუალური ინფორმაციის გადაცემის საშუალებად ლათინური ენა მიიჩნეოდა, რომელსაც ეკლესია-მონასტრებთან არსებულ სკოლაში ასწავლიდნენ მოსწავლე-შეგირდებს.
XVII-XVIII საუკუნეებში ევროპელ წარჩინებულთა ოჯახებში ძალზე პოპულარული იყო გუვერნანტის ინსტიტუტი. გუვერნანტები ბავშვებს სიყრმიდანვე ასწავლიდნენ იმხანად პოპულარულ ფრანგულ ან რომელიმე სხვა ენას. უცხო ენასა და კულტურასთან ზიარება განათლებული ადამიანის პრივილეგიად მიიჩნეოდა, ისევე როგორც უცხო ქვეყანაში მოგზაურობა და ცხოვრება – ფუფუნების აუცილებელ ნიშნად.
მეოცე საუკუნის ორმოცდათიან წლებამდე უცხო ენების ცოდნა შეძლებულთა პრივილეგიად რჩებოდა, თუმცა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი აღმავლობის ჟამს, მათი შესწავლა უფრო და უფრო აქტუალური გახდა მთელ მსოფლიოში. ეკონომიკურმა და კულტურულმა წინსვლამ და ამასთან ერთად გლობალიზაციის მომძლავრებამ უცხო ენების სწავლება ცივილიზებული სამყაროს საგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტად აქცია.
თანამედროვე ევროპული საზოგადოების მთავარი მახასიათებელი ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნებაა. ევროპა დიდი ხანია იქცა ხალხების, ენებისა და კულტურათა ურთიერთობის კერად. თანამედროვე ევროპელისთვის მნიშვნელოვანია სხვა კულტურისა და ენის მატარებელ ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი.
უცხო ენების კონკრეტული სოციალური კონტექსტისა და ვითარების მიხედვით გამოყენებისა და ვარირების უნარს ევროპაში კონკრეტული დეფინიციები მოუძებნეს: ევროსაბჭოს ლინგვისტური პოლიტიკის დეპარტამენტის დასკვნით, ენობრივი მრავალსახეობა ორ განსხვავებულ ფენომენს – მულტილინგვიზმსა და პლურილინგვიზმს – მოიცავს; მულტილინგვიზმი გეოგრაფიულ ფენომენად მოიაზრება – მოვლენად, როდესაც ერთ გეოგრაფიულ ზონაში ერთზე მეტი სალაპარაკო ენა ან დიალექტი ფუნქციონირებს, პლურილინგვიზმი კი ისეთ მოვლენას ეწოდება, როდესაც ადამიანები მშობლიურთან ერთად ერთ ან მეტ უცხო ენასაც ფლობენ. პლურილინგვიზმი სოციალურ მახასიათებელად მიიჩნევა. ის საფუძვლად უდევს უცხო ენების სწავლების არაერთი ქვეყნის ეროვნულ სასწავლო გეგმასა და კურიკულუმს. ის სასწავლო გეგმაში ენობრივთან ერთად კულტურული მრავალფეროვნების ინტეგრაციასაც ითვალისწინებს.
პლურილინგვიზმთან ერთად “ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი” განმარტავს ისეთ ცნებასაც, როგორიცაა პლურიკულტურული კომპეტენცია: “პლურილინგვური და პლურიკულტურული კომპეტენცია უკავშირდება კომუნიკაციის მიზნით ენის გამოყენების უნარს… აგრეთვე – ინტერკულტურულ კომუნიკაციაში მონაწილეობის უნარს, სადაც ესა თუ ის ადამიანი სხვადასხვა ენის ფლობის განსხვავებული კომპეტენციის დონეს აღწევს… პლურილინგვისტური და პლურიკულტურული კომპეტენცია რეალიზდება კომუნიკაციისა და ინტერაქციის უნარის დონეზე როგორც ცალკეული ადამიანის მიერ ენის ფლობის უნარი და უშუალო კავშირშია ადამიანის მიერ ენის შესწავლის პროცესთან”.
ბოლოდროინდელ დიდაქტიკურ ნაშრომებში სულ უფრო მეტად იკვეთება პლურილინგვისტური და პლურიკულტურული კომპეტენციების ადრეულ ასაკში განვითარების შესაძლებლობის ტენდენცია. თუ აქამდე, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებისა და კოგნიტური სიმწიფის გათვალისწინებით, უცხო ენების ინტენსიური სწავლება საბაზო საფეხურის (დაახლოებით 12-13 წლიდან) პრიორიტეტად მიიჩნეოდა, ამიერიდან სულ უფრო აქტუალური ხდება ადრეული, მათ შორის – სკოლამდელი ასაკის მოსწავლეთათვის უცხო ენების სწავლებისადმი უახლესი მიდგომები. დიდაქტიკოსები ვარაუდობენ და გამოკვლევებიც აჩვენებს, რომ ადრეული ასაკის მოსწავლეებისთვის პლურილინგვისტური კომპეტენციის განვითარება მათი კოგნიტური შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.

ქეთევან ოსიაშვილი – სასკოლო შფოთიანობა და მისი გავლენა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე

0

სასკოლო შფოთიანობა და მისი გავლენა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე

ემოციური მდგრადობადა სტაბილურობა ნებისმიერი საქმის წარმატებით განხორციელების უმნიშვნელოვანესწინაპირობას წარმოადგენს. ემოციურ წონასწორობასა და სულიერი კომფორტის განცდას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო პერიოდში. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოსწავლის ქცევითი და სასწავლო პრობლემების ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობად მის ემოციურ ცხოვრებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებები იქცევა ხოლმე.

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ბავშვის ემოციური არამდგრადობისა და არასტაბილურობის სხვადასხვა ფორმას გამოყოფენ. ბავშვის განცდები და შიშები, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება, შეიძლება ძალიან ინტენსიური და მდგრადი გახდეს. ასეთ ემოციურ დარღვევებს სპეციალისტები სხვადასხვანაირად იხსენიებენ.

ტერმინი “სასკოლო ნევროზი” გამოიყენება მაშინ, როდესაც მოსწავლეს აღენიშნება “უმიზეზო” პირღებინება, ტემპერატურის მომატება, მუცლისა და თავის ტკივილები და, ამასთან, ეს ყველაფერი – დილაობით, როცა ბავშვის სკოლაში წასვლის დრო ახლოვდება. არდადეგების პერიოდში და უქმე დღეებში ეს სიმპტომები რატომღაც ქრება.

სასკოლო ფობია აღნიშნავს სკოლასთან დაკავშირებული შიშის უკიდურეს ფორმას. მას შესაძლოა არც კი ახლდეს სხეულებრივი სიმპტომები, მაგრამ სამედიცინო ჩარევის გარეშე მისგან გათავისუფლება ძნელია.

ემოციური არამდგრადობის შედარებით მსუბუქ ფორმას წარმოადგენს სასკოლო შფოთიანობა.

სასკოლო შფოთიანობა – ეს არის ემოციური არაკეთილდღეობისა და დისკომფორტის განცდა, რომელიც დაკავშირებულია რაღაც ცუდის, არასასიკეთოს მოლოდინთან, წარუმატებლობისა და ხიფათის წინათგრძნობასთან.

შფოთვა და მღელვარება ამა თუ იმ დოზით მუდამ თან სდევს ბავშვის სასწავლო საქმიანობას ნებისმიერ, თვით საუკეთესო სკოლაშიც კი. უფრო მეტიც – ადამიანის აქტიური შემეცნებითი საქმიანობა ყოველთვის ერთგვარი მღელვარებისა და შფოთვის ფონზე მიმდინარეობს, რაც ბუნებრივია. ბავშვში შფოთვის, მღელვარების სრული არარსებობა სიგნალი უნდა იყოს პედაგოგებისა და მშობლებისთვის. სასწავლო საქმიანობაში ყოველგვარ შფოთვას და მღელვარებას მოკლებულნი არიან უზრუნველი, დაუდევარი და ინფანტილური ბავშვები, რომლებსაც სასწავლო მოტივაცია არ გააჩნიათ.

შფოთვა სასწავლო პროცესში წარმატების აუცილებელ პირობასაც კი წარმოადგენს. თუმცა, არცთუ იშვიათად, საქმე გვაქვს შფოთვის დესტრუქციულ გამოვლენასთან. ეს მაშინ, როცა შფოთვა დეზორგანიზებას უწევს ბავშვის საქმიანობას და სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის მას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ამ დროს ბავშვს ცუდის, არასასიკეთოს მოლოდინი უჩნდება. შფოთიანი ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან წარუმატებლობის მიმართ და მწვავედ რეაგირებენ მასზე. ავადმყოფურად ეშინიათ მარცხის და ხშირად უარს ამბობენ იმ დავალებებზე, რომელთა შესრულებისას სირთულეებს განიცდიან – ამით ისინი მარცხის თავიდან აცილებას ცდილობენ.

სასკოლო შფოთიანობის უარყოფითი შედეგები ხშირად იმითაც ვლინდება, რომ ინტელექტუალურ განვითარებაზე ზემოქმედებით არასასურველ გავლენას ახდენს დივერგენტულ (კრეატიულ, შემოქმედებით) აზროვნებაზე, რომლისთვისაც აუცილებელია ისეთი პიროვნული თვისებები, როგორებიცაა გამბედაობა, სითამამე, შიშის უქონლობა სიახლეებთან შეხვედრისას.

შფოთიან ბავშვებს აქვთ მავნე, ნევროზული ხასიათის ჩვევებისადმი (ფრჩხილების კვნეტა, თითის წოვა, თმების წიწკვნა-ამოგლეჯა, ონანიზმი) მიდრეკილება. საკუთარი სხეულით მანიპულირება ამცირებს ასეთი ბავშვების ემოციურ დაძაბულობას და ამშვიდებს მათ.

მართალია, სასკოლო შფოთიანობა ემოციური არამდგრადობის შედარებით მსუბუქი ფორმაა, მაგრამ ის შეიძლება გადაიზარდოს უფრო რთულ ფორმებში და ნევროზის ერთ-ერთ წინაპირობადაც იქცეს. ამდენად, აუცილებელია მუშაობა მის დასაძლევად.

საკორექციო მუშაობის წარმატებით ჩასატარებლად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს შფოთიანობის მიზეზი, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია.

სასკოლო შფოთიანობის მიზეზებია:

 

  • ბავშვის თანდაყოლილი, ნერვულ-ფსიქიკური ორგანიზაციის ბუნება;
  • მშობლების გადაჭარბებული მოთხოვნები და ზედმეტი სიმკაცრე (“ყველაფერი უნდა გაკეთდეს საუკეთესოდ”; “კარგად სწავლა მხოლოდ უმაღლესი ქულების მიღებას ნიშნავს”);
  • სწავლების სისტემისა და მასწავლებლის დამოკიდებულების თავისებურებანი;
  • მუდმივი სტრესი და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემებიდან მიღებული ნეგატიური ინფორმაციის ნაკადის უარყოფითი ზემოქმედება ბავშვის ფსიქიკაზე;
  • მშობლების ჰიპერმზრუნველობა, ზედმეტი მღელვარება და შიში, რაიმე არ დაემართოს მათ შვილს;
  • სკოლის ხშირი ცვლა და ახალ პირობებსა და თანაკლასელებთან გართულებული სოციალური ადაპტაცია. სოციალური დამოკიდებულებების ცვლილება ბავშვისთვის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს;
  • სასკოლო ცხოვრების დასაწყისში სკოლაში სწავლისთვის მზაობის არასათანადო დონე;
  • სწავლისთვის საჭირო ინტელექტუალური ბაზის დეფიციტი;
  • ოჯახური პრობლემები;
  • აღზრდის მოუქნელი, დოგმატური სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს, უნარებსა და მიდრეკილებებს;
  • ბავშვის იძულებითი, ძალდატანებითი მონაწილეობა ისეთ საქმეებში, რომლებიც არ აინტერესებს;
  • ორიენტაცია ნიშანზე და არა შემეცნების პროცესზე;
  • ოჯახისადა სკოლის მიერ ბავშვის მიმართ წაყენებული მოთხოვნების წინაღმდეგობრივი ხასიათი და შეუთავსებლობა;
  • წინააღმდეგობა მშობლების პრეტენზიების მაღალ დონესა და ბავშვის რეალურ შესაძლებლობებს შორის;
  • პატივისცემის, ყურადღების, აღიარებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა;
  • მუდმივი ცვლილებები გარე სამყაროში, ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა;
  • აღზრდის ავტორიტარული სტილი, მოთხოვნებისა და შეფასებების არათანამიმდევრულობა;
  • დიდი მოცულობის დავალებები და ბავშვის შიში, რომ თავს ვერ გაართმევს მათ;
  • დროის მცირე მონაკვეთში განმეორებადი შეფასებით-საგამოცდო სიტუაციები. 

ევროპული სკოლის IV-IX კლასებში ბავშვთა ემოციური მდგომარეობის შესასწავლად ფსიქოლოგიური კვლევა ჩატარდა. კვლევაში 216-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. კვლევა ტარდებოდა ფილიპსის სასკოლო შფოთიანობის კითხვარით, რომელიც სტანდარტიზებულ ფსიქოდიაგნოსტიკურ მეთოდიკას წარმოადგენს და საშუალებას იძლევა, შევაფასოთ სასკოლო შფოთიანობის არა მხოლოდ დონე, არამედ სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული შფოთვის განცდების თავისებურებანი, გამოვყოთ ფაქტორები, რომლებიც დომინანტურ როლს ასრულებს ბავშვში ემოციური არამდგრადობის აღმოცენებაში.

სასკოლო შფოთიანობის ძირითადი ფაქტორების შინაარსობრივი დახასიათება: 

  1. ზოგადი შფოთიანობა სკოლაში – ბავშვის ზოგადი ემოციური მდგომარეობა, დაკავშირებული სკოლის ცხოვრებაში მისი ჩართულობის სხვადასხვა ფორმასთან;
  2. სოციალური სტრესის განცდა – ბავშვის ემოციური მდგომარეობა, რომლის ფონზეც ვითარდება მისი სოციალური კონტაქტები (პირველ რიგში, თანატოლებთან);
  3. წარმატების მოთხოვნილების ფრუსტრაცია – არახელსაყრელი ფსიქიკური ფონი, რომელიც საშუალებას არ აძლევს ბავშვს, დაიკმაყოფილოს წარმატების მოთხოვნილება მაღალი შედეგების მიღწევით და ა.შ.
  4. თვითგამოხატვის შიში – უარყოფითი ემოციური განცდები ისეთ სიტუაციებში, სადაც საჭიროა საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა;
  5. ცოდნის შემოწმების შიში – ნეგატიური დამოკიდებულება და შიშის განცდა სიტუაციებში, სადაც მოწმდება ბავშვის ცოდნა, მიღწევები, შესაძლებლობები (განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საჯაროდ ხდება);
  6. შიში, რომ ვერ გაამართლებს გარშემო მყოფთა მოლოდინს, ორიენტაცია სხვათა შეხედულებებსა და აზრებზე საკუთარი შედეგების, ქცევებისა და აზრების შეფასების დროს, შფოთვა იმ შეფასებების გამო, რომელსაც სხვებისგან იღებს, რადგანაც მუდმივად უარყოფითი შეფასების მოლოდინშია;
  7. დაბალი ფიზიოლოგიური მდგრადობა სტრესის მიმართ – ფსიქოფიზიოლოგიური ორგანიზაციის თავისებურება, რომელიც ხელს უშლის ბავშვს, შეეგუოს სტრესოგენული ხასიათის სიტუაციებს და ზრდის არაადეკვატური, დესტრუქციული რეაგირების ალბათობას შფოთვის შემცველ გარემო ფაქტორებზე;
  8. მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები – სკოლაში უფროსებთან ურთიერთობისას საერთო ნეგატიური ფონის არსებობა, რაც აქვეითებს მოსწავლის აკადემიურ წარმატებას. 

კვლევის შედეგად მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე დადგინდა როგორც ცალკეული მოსწავლეების შფოთიანობის დონე, ასევე კლასების მიხედვით მოსწავლეთა ჯგუფებში არსებული მდგომარეობა. რაც შეეხება სკოლის საერთო მაჩვენებელს, ის ქვემოთ დიაგრამის სახით არის წარმოდგენილი:

დიაგრამა

გამოკვლევაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა

სულ 216 მოსწავლე (120 ბიჭი და 96 გოგო)


როგორც დიაგრამიდან ჩანს, რვა ფაქტორიდან არც ერთის მიხედვით არ აჭარბებს სასკოლო შფოთიანობის მაღალი და მომატებული დონე ნორმალურს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სასკოლო შფოთიანობის მაღალი დონის მქონე თუნდაც ერთმა ბავშვმა შეიძლება საგრძნობლად შეცვალოს ფსიქოლოგიური კლიმატი კლასში და სასწავლო-საგაკვეთილო პროცესს სერიოზული პრობლემებიც კი შეუქმნას, აუცილებლად მიგვაჩნია ყურადღების გამახვილება იმ ფაქტორებზე, რომლებიც დომინანტურ როლს ასრულებს ცალკეულ მოსწავლეებში შფოთიანობის დონის მომატებაში. როგორც გამოკვლევის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, ჩვენს მოსწავლეებში შფოთიანობის გამომწვევ ფაქტორებს შორის დომინანტურია: მეოთხე (ცოდნის შემოწმების სიტუაციის შიში), მეხუთე (თვითგამოხატვის შიში) და მერვე (მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები) ფაქტორი (იხ. დიაგრამა).

ცოდნის შემოწმების სიტუაციის შიში – ის მოსწავლეებს, რომელთა შფოთიანობასაც აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს (მომატებული დონე – 26%-თან, მაღალი დონე – 11%-თან), მიაჩნიათ, რომ მასწავლებლები მათ ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ, რის შედეგადაც შესაძლოა უარყოფითად შეაფასონ ისინი. ნეგატიური შეფასებები კი, თავის მხრივ, ძალიან მტკივნეულია მოზარდებისთვის და საფრთხეს უქმნის მათ მდგომარეობას თანატოლთა შორის, მათ თვითშეფასებას. ამასთან ერთად, ამ მოსწავლეებს იმდენად აკლიათ საკუთარი თავის, საკუთარი ცოდნისა და ძალების რწმენა, რომ მხოლოდ მოლოდინიც კი ცოდნის შეფასებისა მათში მღელვარებას და შფოთვას იწვევს. მასწავლებელთან ურთიერთობა ასეთი ბავშვებისათვის მხოლოდ ნეგატიური ემოციებით არის დატვირთული.

თვითგამოხატვის შიში – კვლევის შედეგებში ეს ფაქტორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი (მომატებული დონე აღირიცხა გამოკითხული მოსწავლეების 26%-თან, მაღალი დონე – 10%-თან). ის ბავშვები, რომელთათვისაც შფოთიანობის მიზეზი თვითგამოხატვის შიშია, უარყოფით ემოციებს განიცდიან ისეთ სიტუაციებში, სადაც თავი სხვებს უნდა წარუდგინონ. ეს, ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ ისინი საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ საკუთარ თავს, მაგრამ იმავდროულად უკიდურესად ეგოცენტრულები არიან და თავი “სამყაროს ცენტრად” მიაჩნიათ. თვითაღქმის ეს წინააღმდეგობრიობა საშუალებას არ აძლევს მათ, ადეკვატურად შეაფასონ საკუთარი თავი და სათანადოდ წარდგნენ გარშემო მყოფთა წინაშე. მეორე მხრივ, ამ ასაკში ბავშვი ხშირად განიცდის ისეთ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც არ ესმის და რცხვენია, ამიტომ უჩნდება მისწრაფება, ჩაიკეტოს, დაუმალოს თავისი შინაგანი სამყარო გარშემო მყოფებს.

მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები – გამოკვლევაში მონაწილე მოსწავლეთა 4%-თან სასკოლო შფოთიანობის დონეს მაღლა სწევს მასწავლებლებთან ურთიერთობა – მათ მიერ ბავშვის ცოდნის შემოწმება, კომენტარები და ქულებით გამოხატული შეფასებები. როგორც დიაგრამიდან ჩანს, მომატებული დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36% – სწორედ აღნიშნულ ფაქტორთან ფიქსირდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა და მისი შეფასებების მოსმენა ბავშვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულ ურთიერთობაში არსებული პრობლემები საკმაოდ მაღლა სწევს სასკოლო შფოთიანობის დონეს. კვლევაში მონაწილე მოსწავლეების 60%-ს მასწავლებლებთან ურთიერთობაში არავითარი განსაკუთრებული პრობლემა და შიში არ აქვს, მათთვის ეს ურთიერთობა საკმაოდ იოლად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

გამოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ საკორექციო პროგრამა ცალკეულ ბავშვებთან შფოთიანობის დონის შესამცირებლად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულ საკორექციო მუშაობას თან უნდა ახლდეს სერიოზული ცვლილებები ბავშვის პედაგოგებთან, მშობლებსა და თანატოლებთან ურთიერთობაში. ამ მიზნით მომზადდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება პედაგოგებისა და მშობლების მიერ საგრძნობლად შეამცირებს შფოთიანობის დონეს ცალკეულ ბავშვებში. ამასთან, აღნიშნული რეკომენდაციების გამოყენება მუშაობის პროცესში პროფილაქტიკის კუთხითაც დიდ დახმარებას გაგვიწევს.

რეკომენდაციები სასკოლო შფოთიანობის შესამცირებლად 

  • მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ის უნდა გრძნობდეს, რომ მას იღებენ და აფასებენ იმისგან დამოუკიდებლად, როგორ იქცევა და როგორ სწავლობს. ბავშვის უპირობო მიღება შფოთიანობის შემცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
  • შევუქმნათ ბავშვს სათანადო პირობები და დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში, გავუჩინოთ წარმატებულობის განცდა.
  • მოვერიდოთ ბავშვის სასწავლო შედეგების შედარებას წარმატებულ თანაკლასელთა მიღწევებთან. თითოეული მოსწავლის სასწავლო შედეგები უნდა შევადაროთ მხოლოდ მის ადრინდელ შედეგებს და შევაქოთ იმის გამო, რომ ადრინდელთან შედარებით უკეთესად შეასრულა სამუშაო.
  • ნამუშევრების შეფასების დროს, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რაც კარგად არის გაკეთებული, მერე კი გამოვთქვათ კონკრეტული მითითებები იმის თაობაზე, რა არის გასაუმჯობესებელი. მნიშვნელოვანია, დავეყრდნოთ მოსწავლეების ძლიერ მხარეებს.
  • ნუ დავუშვებთ, რომ ბავშვი საკუთარ წარუმატებლობაში ჩაიკეტოს. მას აუცილებლად სჭირდება ისეთი არასასწავლო საქმიანობა, რომელშიც თვითდამკვიდრებას შეძლებს, ეს კი მოგვიანებით მის სასკოლო საქმიანობაზეც პოვებს ასახვას. რაც უფრო მეტად არის მიჯაჭვული ბავშვი სკოლას, მით უფრო მეტად უჭირს სასკოლო წარმატებების მიღწევა.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, დავანახოთ და ვაგრძნობინოთ ბავშვს, რომ ჩვენთვის მისი მიღწევები და წარმატებები საკმაოდ მაღალი ღირებულების მატარებელია.
  • ბავშვს, რომელიც გამუდმებით განიცდის მარცხს, უბრალოდ ხშირი შექება და ნაკლები საყვედური კი არ სჭირდება, არამედ შექება სწორედ მაშინ, როცა რაღაცას გააკეთებს (და არა მაშინ, როცა პასიურად ზის და ხელს არავის უშლის).
  • ხანდახან უმჯობესია, თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ ბავშვს დავალებები სრულყოფილად არ აქვს შესრულებული, თუ ვიცით, რომ, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უკეთესად შესრულება არ შეეძლო.
  • მოვერიდოთ მოსწავლის მუშაობის ტემპის, პიროვნული თვისებების, მეხსიერების, ყურადღების, აღქმის თავისებურებების, მოქმედების ტემპის შეფასებას.
  • ვერიდოთ შფოთიანი ბავშვების გამოკითხვას გაკვეთილის დასაწყისში ან გაკვეთილის ბოლოს.
  • არა უფრო მეტი, არამედ უფრო ეფექტიანად. დამატებითი დავალებების რაოდენობა ვერ გააუმჯობესებს მდგომარეობას, თუკი არ დავუკვირდებით, რა უჭირს თითოეულ ბავშვს და არ მივცემთ მას ისეთ დავალებებს, რომლებიც ეფექტიანად დაეხმარება მას ამ სირთულეთა დაძლევაში.
  • ნუ დავაჩქარებთ ასეთ ბავშვებს დავალების შესრულების დროს. დაჩქარების გარეშე შესრულებული დავალება, განურჩევლად იმისა, გამოუვა თუ არა, მას შფოთიანობისთვის თავის გართმევაში დაეხმარება.
  • მკაცრად ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები შფოთიან ბავშვებთან ურთიერთობისას, ვინაიდან ბავშვის შფოთიანობა ბევრად არის დამოკიდებული გარშემო მყოფი ადამიანების შფოთიანობის დონეზე.
  • დავეხმაროთ შფოთიან ბავშვს, გადალახოს დაურწმუნებლობა საკუთარ თავში. ამ კუთხით კარგ სამსახურს გაგვიწევს გულწრფელი შექება. ამასთან, ბავშვმა უნდა იცოდეს, რისთვის შეაქეს. სურვილის შემთხვევაში შექების მიზეზი ყველაზე სუსტ მოსწავლესთანაც კი შეიძლება მოიძებნოს.
  • დავეხმაროთ ბავშვს, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ჯგუფში.
  • განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ სკოლაში ახალგადმოსულ ბავშვებს, რათა უცხოდ არ იგრძნონ თავი და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ამ კუთხით კარგი იქნება, თუ სასწავლო წლის დასაწყისშივე ამ ბავშვების თანატოლებისთვის წარდგენის რაიმე განსაკუთრებულ ფორმას გამოვიყენებთ.
  • სასურველია შევამციროთ ნიშნის (და არა ცოდნის) ღირებულება ბავშვის თვალში.
  • მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ ბავშვის თუნდაც სულ მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წარმატება. 

P. S. სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ისეთი ფსიქოლოგიური პირობების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის სრულფასოვან ფსიქიკურ და პიროვნულ გავითარებას. პიროვნების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ანუ სულიერ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. თუ ადამიანი დისკომფორტს განიცდის, პირველ რიგში, ფრუსტრაცია ემუქრება ემოციურ სფეროს, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვება შფოთიანობა როგორც საპასუხო რეაქცია სტრესულ სიტუაციაზე.

სკოლა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება. მრავალი მისი ძირითადი თვისება და პიროვნული მახასიათებელი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება. იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება ისინი, ბევრად არის დამოკიდებული მთელი მისი შემდგომი განვითარება. სწორედ ამიტომ პიროვნების ფორმირება სკოლისთვის პრიორიტეტად უნდა იქცეს და სასწავლო პროცესიც ისე დაიგეგმოს, რომ პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში სერიოზულმა პრობლემებმა არ იჩინოს თავი. ამისთვის გასაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ურთიერთობებს. როგორც ერთმა მოსწავლემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის სწავლა პირველადი არ არის და ვერც იქნება; მოზარდებისთვის პირველადი ურთიერთობებია. გასულ წლებში ევროპულ სკოლაში სასკოლო მოტივაციის კვლევამ გვიჩვენა, რომ სასწავლო მოტივებს შორის დომინანტურია აღიარების, პატივისცემის, ყურადღების მოთხოვნილების დაკმაყოფილება. იმისთვის, რომ ბავშვმა სწავლაზე იფიქროს და კარგადაც ისწავლოს, უპირველეს ყოვლისა, ეს მოთხოვნილებები უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული. შემთხვევითი არ არის, რომ ამჯერად ჩატარებული კვლევის მიხედვითაც სასკოლო შფოთიანობის ყველაზე მაღალი დონე ურთიერთობის პრობლემებს უკავშირდება. ამდენად, აღნიშნული პრობლემების მოგვარება სასწავლო მოტივაციასაც გააძლიერებს და სწავლების ხარისხსაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს.

როგორ მოვემზადოთ კარგი პრეზენტაციისთვის

0

რა არის პრეზენტაცია?

პრეზენტაცია არის რაიმე საკითხისსაჯარო წარდგენაუდიტორიის წინაშე. მისი მიზანია, გავაცნოთ საკუთარი საქმიანობა ადამიანების გარკვეულ წრეს. მასწავლებელს ხშირად უხდება პრეზენტაციის ჩატარება სხვადასხვა აუდიტორიის – მოსწავლეებისა თუ მათი მშობლების, კოლეგებისა თუ სკოლის ხელმძღვანელობის – წინაშე.

რა უნდა გავითვალისწინოთ პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვისას

პრეზენტაციის დაგეგმვა

სანამ პრეზენტაციისთვის მზადებას დავიწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

აუდიტორია

მომხსენებლის უმთავრესი ამოცანა აუდიტორიის დაინტერესებაა, ამიტომ გამოსვლის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მსმენელთა მომზადება და მოთხოვნები: რა იციან მათ ამ თემის შესახებ? რისი გაგება სურთ ჩვენგან და რააღუძრავს მათ ინტერესს ამ თემასთან მიმართებით? რა მოცულობისა და სირთულის ინფორმაციის ათვისება და გააზრება შეუძლიათ თემის შესახებ? რაურთიერთობა გვაქვს მათთან? რამდენად ფორმალური ან არაფორმალური შეიძლება იყოს ჩვენი პრეზენტაცია?

თუ აუდიტორიას თქვენი კოლეგები წარმოადგენენ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციფიკური ტერმინოლოგია, მოახდინოთ საკითხის ღრმა ანალიზი; თუ აუდიტორია სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისგან შედგება, მაშინ პრეზენტაცია უფრო ზოგადინფორმაციული ხასიათისა უნდა იყოს.

პრეზენტატორის გამოსვლის სტილი მსმენელთა რაოდენობაზეც არის დამოკიდებული. თუ აუდიტორია არ აღემატება 10-12 კაცს, რეკომენდებულია არაფორმალური საუბარი. მას ხშირად დისკუსიის ხასიათი აქვს. დიდ აუდიტორიასთან შეხვედრის დროს კი პრეზენტაცია დისკუსიის რეჟიმშივერ წარიმართება, ამიტომ იგი მეტად უნდა იყოს სტრუქტურირებული, მოხდეს უფრო მეტი ვიზუალიზაცია, ყველა საკითხს გაეცეს მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი.

პრეზენტაციის დაგეგმვისას მსმენელთა მომზადების, ინტერესისა და რაოდენობის ანალიზი იმის განსაზღვრაში გვეხმარება, რა სახის ინფორმაციის მიწოდება იქნება კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ადეკვატური და როგორ.

პრეზენტაციის თემა, მიზანი და შინაარსი

პრეზენტაციის როგორც თემა, ასევე მიზანი მსმენელთა აუდიტორიას უნდა მიესადაგებოდეს. მიზნის განსაზღვრა წინაპირობაა იმისა, რომ პრეზენტაციის დროს მაქსიმალურად კონკრეტულნი ვიყოთ.მიზნის ფორმულირების შემდეგ კი უნდა განვსაზღვროთ, რა გზით შეიძლება სასურველ შედეგამდე მისვლა, ე.ი. განვსაზღვროთ პრეზენტაციის შინაარსი.

შინაარსზე მუშაობის პროცესი შეიძლება სამ საფეხურად დავყოთ:

  • საპრეზენტაციო თემის შესახებ ინფორმაციის შეკრება;
  • შეკრებილი მასალიდან იმ ინფორმაციის ამოკრება და გაანალიზება, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება;
  • გადარჩეული და გაანალიზებული ინფორმაციის სათანადო თანამიმდევრობით დალაგება.

პრეზენტაციის ხანგრძლივობა

რაც უფრო ხანმოკლეა პრეზენტაცია, მით უფრო რთულია მისი ეფექტურად წარმართვა, რადგან პრეზენტატორს ხშირად არ ჰყოფნის დრო, რათა სრულად განიხილოს საკითხი და აუდიტორიისგან უკუკავშირი მიიღოს.

სასურველია, პრეზენტატორმა თავისი გამოსვლა წერილობით ჩამოაყალიბოს, მაგრამ პრეზენტაციისას მხოლოდ გეგმით ან თეზისებით ისარგებლოს და ზეპირად მიმართოს აუდიტორიას. ეს მის სიტყვებს ბუნებრიობასა და დამაჯერებლობას შემატებს.

+ექსპერტებიგვირჩევენ, პრეზენტაციის წინ კოლეგასთან გავიაროთ სრული რეპეტიცია თვალსაჩინოების, შესავალი სიტყვის, მოხსენების ძირითადი ნაწილისა და დასკვნების გამოყენებით. ეს თავიდან აგვაცილებს იმ მღელვარებას, რომელიც გველის სიტყვით გამოსვლის წინ.

მოხსენების/პრეზენტაციის ეფექტიანად დაწყება და ეფექტიანად დამთავრება

დასაწყისიდა დასასრული პრეზენტაციის ხერხემალია. ეფექტიანი დასაწყისით მივიპყრობთ მსმენელის ყურადღებას და მოტივაციას აღვუძრავთ მას, ჩაერთოს მოხსენებაში, ამიტომ ეს ნაწილი განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა მომზადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, დამსწრეთა დიდმა ნაწილმა პრეზენტაციის დასაწყისიდანვე არ დაგიგდოთ ყური და პასიურ მსმენელად იქცეს.

დასასრულიამთლიანებს პრეზენტაციას და მეხსიერებაში რჩება მსმენელს. პრეზენტაციის სუსტი მხარეები, რომლებიც მოხსენების შუაში შეიძლება გაგვეპაროს, დავიწყებას მიეცემა, თუ დასასრული ლოგიკური, გააზრებული და შინაარსიანი იქნება.

უნდა ვეცადოთ, პრეზენტაცია პოზიტიურად დავასრულოთ. ეს დაეხმარება მსმენელებს, კარგი განწყობით დატოვონ აუდიტორია. სასურველია, მომხსენებელმა აუდიტორიას დაუტოვოს საფიქრალი თემა, რომელიც მას განხილულ საკითხთან მიაბრუნებს.

შექმენითშინაარსობრივი ჩარჩო

კარგიპრეზენტაციით ჩვენ უნდა მივიღოთ კარგად სტრუქტურირებული ინფორმაცია, რომელიც დასაწყისიდან დასასრულამდე ინტერესის აღმძვრელი იქნება.

პრეზენტაცია ძირითადად ასე უნდა იყოს სტრუქტურირებული:

1. შესავალი

  • მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა;
  • საპრეზენტაციო თემისა და მიზნის გაცნობა;
  • პრეზენტაციის სტრუქტურის გაცნობა;
  • საპრეზენტაციო თემისადმი საკუთარი მიდგომის წარდგენა.

2. ძირითადი ნაწილი

  • ძირითადი საკითხების გაშლა, გაანალიზება და საკუთარი შეხედულების არგუმენტირებული დასაბუთება.

3. დასკვნა.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება;
  • პრეზენტაციის მომზადების პროცესში გამოყენებული ძირითადი ლიტერატურის წარდგენა;
  • აუდიტორიის გამოწვევა ქმედებისა და განსჯისკენ;

მსმენელთა აუდიტორიისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც პრეზენტაციის მომზადებაში დაგვეხმარა, მადლობის გადახდა.

აუდიტორიამ პრეზენტაცია ადვილად რომ გაიაზროს, სასურველია, მივაწოდოთ მხოლოდ მთავარი საკითხები. კვლევები ადასტურებს, რომ ზეპირი პრეზენტაციის დროს აუდიტორიას შეუძლია აითვისოს არა უმეტეს ათი საკითხისა, რომლებიც დაახლოებით სამი სათაურით არის გაერთიანებული.

მას შემდეგ, რაც პრეზენტატორი ძირითად ნაწილში სათითაოდ მიმოიხილავს ძირითად საკითხებს, აჯამებს ნათქვამს და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს.

მნიშვნელოვანია, თემა არ იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიულ მასალაზე დაფუძნებული. ის უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით, რომლებიც თემას შეესატყვისება. სწორედ საინტერესო მაგალითები იძლევა საშუალებას, აუდიტორიამ უკეთ აღიქვას მოსმენილი და დიდხანს დარჩეს იგი მეხსიერებაში.

მოხსენება უფრო მიმზიდველი გახდება, თუ პრეზენტატორი პრეზენტაციის დასაწყისში დასვამს კითხვებს, რომლებსაც დასასრულს დასკვნის სახით უპასუხებს.

შეიძლება ასევე, პრეზენტაცია დავიწყოთ და დავასრულოთ რაიმე სახალისო ისტორიით, რომელსაც, ბუნებრივია, საპრეზენტაციო თემასთან ექნება კავშირი.

პრეზენტაციის გამჭვირვალედ დაგეგმვა

პრეზენტატორი უნდა შეეცადოს, მსმენელის ყურადღება და კონცენტრაცია მთელი პრეზენტაციის განმავლობაში არ მოდუნდეს. გამჭვირვალე დაგეგმვის გარეშე ადვილად გაწყდება მსმენელთან კავშირი, რომლის აღდგენა საკმაოდ ძნელია. ამიტომ გირჩევთ, მოხსენების დასაწყისში აუდიტორიას მოკლედ გააცნოთ პრეზენტაციის გეგმა (რა საკითხებს შეეხებით და რა თანამიმდევრობით) და ყოველი ნაწილის დასასრულს თითო წინადადებით შეაჯამოთ იგი. ასეთი დამოკიდებულება მოხსენებას სტრუქტურირებულ სახეს აძლევს, რაც მსმენელს მოსმენილის ცალკეულ თემატურ ბლოკებად დალაგებას უადვილებს.

გონივრულია ასევე, ცალკეული შინაარსობრივი პუნქტები ერთმანეთის მიყოლებით წარმოადგინოთ ეკრანზე და აჩვენოთ აუდიტორიას. ასე დამსწრეებს ეცოდინებათ, სად არის ამჟამად შეჩერებული მომხსენებელი და კიდევ რამდენი დარჩათ მოსასმენი.

მაშასადამე, შესავალ სიტყვაში აცნობთ მსმენელებს, რა თემაზე ისაუბრებთ და როგორ გაქვთ ეს სტრუქტურირებული (მთავარი საკითხები თანამიმდევრობით); საუბრის შუაში გაშლით ამ საკითხებს, ხოლო ბოლოს შეაჯამებთ ნათქვამს (მთავარ საკითხებს) და დასკვნებს გამოიტანთ.

რესურსებისგონივრული გამოყენება

რესურსების სწორი ჩართვა მოხსენებას ეფექტურს ხდის და მსმენელებს პრეზენტაციის აღქმას უადვილებს. თუმცა ცუდ პრეზენტაციას ვერავითარი ვიზუალიზაცია (Power Point-ი, ვიდეოფილმები, სტენდები და სხვ.) ვერ გახდის საინტერესოს. გაუაზრებლად ჩართულმა ვიზუალიზაციამ კი შესაძლოა კარგი პრეზენტაცია დაანგრიოს.

ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმის მონაცვლეობითი გამოყენება პრეზენტაციას აცოცხლებს. კარგი იქნება, თუ დამატებით რესურსად გამოვიყენებთ ჰენდაუტებს. ამ შემთხვევაში მსმენელებს საშუალება მიეცემათ, ძირითად ინფორმაციას მოგვიანებითაც გაეცნონ, მაგრამ მას აქვს სუსტი მხარეც – არსებობს საფრთხე, რომ მსმენელი პრეზენტაციის პროცესში გაერთოს მისი კითხვით და პასიურ მსმენელად იქცეს. ამიტომ ვურჩევთ პრეზენტატორს, ჰენდაუტები პრეზენტაციის დასასრულს დაარიგოს.

მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოება იყოს აუდიტორიისთვის ადვილად აღსაქმელი, წარმოდგენილი მხოლოდ ძირითადი პოსტულატების სახით, რომლებსაც პრეზენტატორი საუბრისას ახსნის.

ისევე, როგორც სახლისთვის – სახურავი, პრეზენტაციისთვის აუცილებელია კარგად მიგნებული ვიზუალიზაცია. მაგრამ სახურავი (ვიზუალიზაცია) ფუნდამენტის (შინაარსის) და კედლების (სტრუქტრურის) გარეშე უსარგებლოა.

ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენება

წარმატებული გამოსვლისთვის საჭიროა, აუდიტორიასთან კონტაქტი დამყარდეს. გამოსვლისას გასათვალისწინებელია ხმის ტემბრი, რომელიც აუდიტორიის ზომაზეა დამოკიდებული. დგომა, ჟესტები ბუნებრივი უნდა იყოს, მეტყველება – გამართული და მშვიდი, წინადადებები – მარტივი. მომხსენებელმა თავი უნდა აარიდოს თემიდან თემაზე გადახტომას – ეს აუდიტორიას კონცენტრირებაში შეუშლის ხელს.

როგორ უნდა შეფასდეს პრეზენტაცია?

პრეზენტაციის დაგეგმვის, მზადებისა და წარდგენის პროცესში გამუდმებით უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებასა და პრეზენტაციის უნარების დახვეწაში დაგვეხმარება.

გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების სარეკომენდაციო რუბრიკას:

პრეზენტაციის შეფასების ჰოლისტური ცხრილი

კრიტერიუმები შეფასება
საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას, რომელიც შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად შეფასებებს;ფლობს აუდიტორიას,ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე; ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს (სლაიდშოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.) ძალიან კარგი
საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული;ტერმინოლოგიურად გამართულია;შეცდომები უმნიშვნელოა; რეფერენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს საპრეზენტაციო მასალას;კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს მასთან;ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს. კარგი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; რეფერენტი ფლობს საპრეზენტაციო მასალას, მაგრამ აქვს მცირე შეცდომები; იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს; ცდილობს აუდიტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ ზოგჯერ უშედეგოდ; უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს. დამაკმაყოფილებელი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია არასწორია; მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; არის რამდენიმე არსებითი შეცდომა,პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას; რეფერენტი რიოდულად ცდილობს აუ­დი­ტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ არ იცის, როგორ მოახერხოს ეს;ძალზე იშვიათად ან არაადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს არადამაკმაყოფილებელი
პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია;პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა;რეფერენტივერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან,ლაპარაკობს გაურკვევლად; არ იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს. სრულიად არადამაკმაყოფილებელი

მაშასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთ გააზრებული პრეზენტაციისთვის?

  • პრეზენტაციის შინაარსის განსაზღვრა – რის პრეზენტაციას ვაკეთებ, რა არის ჩემი მიზანი?
  • პრეზენტაციის სტრუქტურის განსაზღვრა – როგორ წარმოვადგინო იგი ყველაზე უკეთ?
  • პრეზენტაციის პროცესში რესურსების გამოყენება – როგორ გავუადვილო აუდიტორიას პრეზენტაციის შინაარსის აღქმა?
  • აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება – როგორ მივიპყრო მსმენელთა ყურადღება და გავუღვიძო მათ ინტერესი?

HÖGTIDSDAG – თომას მანი

0
ჩემთვისაც რომ დადგა ნანატრი წუთი, – მადლიერების წუთი, ეს ისედაც ნათელია. და ახლა, როდესაც იგი მოვიდა, როდესაც ეს გადამწყვეტი წამი დამიდგა, იმის საშიშროება ვიგრძენი, რომ სიტყვა უძლურია გრძნობის წინაშე, როგორც ეს ჩვეულებრივ ემართება ხოლმე იმას, ვისაც დაბადებიდანვე არ დაჰკვებებია მჭევრმეტყველების უნარი.
მწერლებს მე საზოგადოდ დაბადებითვე ორატორობის უნარმოკლებულ ადამიანებად ვთვლი: არსებობს ღრმა განსხვავება, უფრო მეტი, წინააღმდეგობაც კი შექმნისა და ზემოქმედების ორატორულ და მწერლურ ხერხს შორის და, თუ გნებავთ, დამჯდარ მწერალს გულსაც კი უმღვრევს იმპროვიზატორული საწყისი, ყოველგვარი ენამჭევრობის, ლიტერატურასთან ამგვარად მიახლოების წესი. ეს ხომ მხატვრული ხარვეზის პრინციპია, რომელიც მნიშვნელოვანწილად, უფრო მეტიც, არსებითად იმედს ამყარებს დამატებითი პიროვნული ზემოქმედების მოხდენაზე.
ჩემს შემთხვევაში ამას უნდა დაემატოს მომენტის უხერხულობაც, რაც ჩემს ტლანქ მჭევრობას წარმატების იმედს ნაკლებად უტოვებს – ეს გახლავთ იმგვარი ვითარება – ამაღელვებელი, თავგზის დამბნეველი და სასიამოვნოდ ამაფორიაქებელი სადღესასწაულო ვითარება – რომელშიც ჩამაყენეთ თქვენ, პატივცემულო ბატონებო, შვეციის აკადემიიდან. რაც მართალია, მართალია! ვერც კი წარმომედგინა, ესოდენ მეხისებრი ძალა და ზეგავლენა თუ ექნებოდა იმ განმადიდებელ ზეიმს, რომელსაც თქვენ ფლობთ და რომელიც უნდა მართოთ. ეპიკური ბუნების კაცი გახლავართ და არა დრამატულისა. ჩემს სურვილებსა და მიდრეკილებებს, არსებითად, აი, რა შეესატყვისება – წყნარად ვართავდე ჩემს ძაფს და ცხოვრებასა და ხელოვნებაში ზომიერებას ვინარჩუნებდე. ამიტომაც გასაოცარი სულაც არ არის: ამგვარი დრამატული ფურორი, რომელიც ჩემეულ განზომილებაში ჩრიდლოეთიდან შემოიჭრა, ჩვეულებრივზე მეტად რომ ზღუდავს ჩემს ორატორულობას.
მას შემდეგ, რაც შვეციის აკადემიის წიაღში მიღებული გადაწყვეტილება მთელ მსოფლიოს ემცნო, მე ვიმყოფები განუწყვეტელ საზეიმო ფაციფუცში, მომხიბვლელ ორომტრიალში, რომლის ფსიქოლოგიურსა და გონებრივ შედეგებს უკეთ განვსაზღვრავ, თუ შეგახსენებთ გოეთეს ერთ საოცრად ნატიფ სატრფიალო ლექსს. იგი მიმართულია თვით კუპიდონისადმი. მხედველობაში მაქვს სტრიქონი – “ჭურჭელი მიგიწევ-მოგიწევია, ყველაფერი გადაგიადგილებია” (პწკარედული თარგმანი, – რედ.). ზუსტად ასე, ნობელის პრემიამ მთელი ჩემი ეპიკური ჯამ-ჭურჭელი და დგამი დაძრა და გადაადგილა. ვიმედოვნებ, არ დავამდაბლებ იმ მაღალ პატივს, რაც დამდეს, თუკი მის ზემოქმედებას შევადარებ მოწესრიგებულსა და გამოზომილ ყოფა-ცხოვრებაზე ვნებიანი სიყვარულის ზემოქმედებას.
და მაინც, რარიგ უჭირს ხელოვანს თვალდაუხამხამებლად გაუძლოს ამგვარ აღიარებასა და პატივისცემას, რაიც ამჟამად თავზე მათოვს. განაღა არსებობს იმგვარი ზნეკეთილი, თვითკრიტიკულად განწყობილი არტისტიზმი, რომელსაც ამ დროს სუფთა სინდისი ექნება? აქ შემწეობა მხოლოდ ზეპიროვნულ, ზეინდივიდუალურ თვალსაზრისს ძალუძს. ინდივიდუალურზე უარის თქმა მუდამ სასარგებლოა, განსაკუთრებით ამგვარ შემთხვევაში. გოეთეს აქვს ამაყი სიტყვები: “მხოლოდ ის არის თავმდაბალი, ვინც არარაობაა” (პწკარედული თარგმანი, – რედ.). ეს გახლავთ ძალიან დიდი ბატონის სიტყვები. ამ სიტყვებით მას ეწადა, ვიღაცის პირმოთნეობისა და ფარისევლობისაგან თავი დაეცვა. ოღონდაც, ღრმად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ეს სიტყვები უთუმცაო სამართლიანობას როდი შეიცავს. თავმდაბლობას გონებასთანაც აქვს ერთგვარი დამოკიდებულება.
მე ასე ვფიქრობ: ნამდვილი ყეყეჩია ის, ვინც იმგვარ აღიარებას, რაც მე მხვდა წილად, თვითგანდიდებისა და ყოყოჩობის წყაროდ გაიხდის. სრულიად მსოფლიო ჯილდო, მეტ-ნაკლებად შემთხვევით დაკავშირებული ჩემს სახელთან, უმჯობესია, ფერხთით დავუდო ჩემს ქვეყანასა და ხალხს, იმ ქვეყანას, რომელთანაც ჩემი გონება-განწყობილების მქონე კაცი უფრო მჭიდროდ დაკავშირებულად დღეს გრძნობს თავს, ვიდრე მაშინ გრძნობდა, როდესაც იგი იარაღს აჟღარუნებდა. მაშასადამე, არა მე, არამედ გერმანულ სულს, განსაკუთრებით კი გერმანულ პროზას, მიენიჭა წლევანდელი სტოკჰოლმის მსოფლიო პრემია და ეს განმეორდა მრავალი წლის შემდეგ. და თქვენ, ალბათ, ძნელად წარმოიდგენთ ამ დაჭრილი და ხშირად გარეშეთაგან გაუგებარი ხალხის თანალმობრივ გულისხმიერებას მის მიმართ მსოფლიოსაგან გამომჟღავნებული სიმპათიის ამგვარი ნიშნებისადმი.
მაქვს თუ არა უფლება განვმარტო ამ სიმპათიის აზრი რამდენადმე დაწვრილებით? ყველაფერი, რაც გერმანიაში უკანასკნელ თხუთმეტ წელიწადში სულიერ და მხატვრულ სფეროში შეიქმნა, იქმნებოდა არაკეთილსასურველ ფსიქოლოგიურსა და მატერიალურ პირობებში; არც ერთი ნაწარმოები არ მომწიფებულა და არ დასრულებულა უსაფრთხოებასა და სამშვიდეში, არა, ხელოვნებისა და სულიერი ცხოვრების პირობები – ეს გახლდათ მწვავე საერთო პრობლემების, გაჭირვების, ფორიაქისა და ტანჯვის პირობები, თითქმის აღმოსავლური, თითქმის რუსული მტანჯველი ალიაქოთის ვითარება, რომელშიც გერმანულმა სულმა შეინარჩუნა დასავლური, ევროპული პრინციპი, ფორმის ღირსება. ფორმა ხომ, – და განა ეს ასე არ არის? – ევროპული ღირსების საქმეა!..
კათოლიკე არა ვარ, – დიდად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი ტრადიცია ისევე, როგორც, ალბათ, ყველა აქ დამსწრისა, – ეს გახლავთ ღვთის პროტესტანტული უშუალობა. ოღონდაც მყავს და მიყვარს ერთი წმინდანი. დაგისახელებთ მის სახელს – ეს არის წმინდა სევასტიანე. გაიხსენეთ ბოძთან მდგარი ჭაბუკი, რომელიც, ყოველი მხრიდან ისრებითა და შუბებით დაჩხვერილი, მიუხედავად ტანჯვა-წამებისა, მაინც იღიმის. ტანჯვა-წამებაში მიმზიდველობის შენარჩუნება – აი, გმირობა, რისი სიმბოლოც გახლავთ წმინდა სევასტიანე. ეს ხატოვანი შედარება, შესაძლოა, ერთობ თამამიც კი იყოს, მაგრამ ძლიერ მინდა ამგვარი გმირობა მივაწერო გერმანულ სულს, გერმანულ ხელოვნებას და ვიფიქრო, რომ ამ მაღალ გმირობას სათანადო პატივს მიაგებს გერმანიის სულიერი მიღწევების მსოფლიო აღიარება.
თავისი ლიტერატურით გერმანიამ შეძლო მიმზიდველობის შენარჩუნება. იგი გაუფრთხილდა პოლიტიკურ ღირსებას, როდესაც ტკივილების ანარქიაში კი არ დაიშალა, არამედ შეინარჩუნა თავისი სახელმწიფოებრიობა; მან შემოინახა სულიერი ღირსება, როცა შეძლო ტანჯვის აღმოსავლური და ფორმის დასავლური პრინციპების შეერთება, როდესაც შეძლო ტანჯვა-წამების უღელში შებმულს შეექმნა მშვენიერი.
დასასრულს, ნება მიბოძეთ, ერთხელ კიდევ მოვიხსენიო საკუთარი თავი. ჩემს პირველსავე მოსაუბრეებს, რომლებმაც ნობელის პრემიის კომიტეტის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ მინახულეს, ვეუბნებოდი, თუ რაოდენ გამახარა და ამაღელვა იმან, რომ ჯილდო ჩემთან მოვიდა, სახელდობრ, ჩრდილოეთიდან, სკანდინავიური სფეროდან, რომელთანაც მე, როგორც ლიუბეკის პირმშოს, სიყრმიდანვე მაკავშირებს ცხოვრების ყაიდის დიდზე დიდი მსგავსება, ხოლო როგორც მწერალს, – აღტაცებული ლიტერატურული სიყვარული ჩრდილოური სულისა და კოლორიტისადმი.
ახალგაზრდობაში დავწერე მოთხრობა, რომელიც ჯერჯერობით ისევ უყვართ ყმაწვილკაცებს – ეს გახლავთ “ტონიო კრიოგერი”. მასში საუბარია სამხრეთსა და ჩრდილოეთზე და მათს შეჯუფთებაზე ერთ პიროვნებაში – რასაც შედეგად მოსდევს კონფლიქტები და ნაყოფიერი აღრევა. ამ მოთხრობაში სამხრეთი გახლავთ მთელი სულიერ-გრძნობადი ავანტიურულობის, მხატვრულობის მთელი ცივი ვნებიანობის სიმბოლო; ჩრდილოეთი, პირიქით, – ყოველგვარი გულითადობის, ყოველგვარი ბიურგერული მამულის, ყოველგვარი ღრმად ფესვებგადგმული გრძნობების, ყოველნაირი იდუმალი ადამიანურობის სიმბოლო. და აი, იგი, ეს ჩრდილოეთი, მთლიანად მომიცავს და თან გულში მიკრავს როგორც სიხარულით ანთებული დღესასწაული, ეს გულის საოცნებო მხარე, ეს ტკბილმშობლიური ჩრდილოეთი!
დიახ, ეს გახლავთ შესანიშნავი, ღირსახსოვარი დღე ჩემს ცხოვრებაში, ცხოვრების ნამდვილი ზეიმი, “ჰöგტიდსდაგ”, როგორც ხატოვნად აღნიშნავს ხოლმე შვედური ენა დღესასწაულს საერთოდ. ნება მიბოძეთ, შვედური ენისაგან უგერგილოდ ნასესხებ ამ სიტყვას თან თხოვნაც მოვაყოლო, რომლის დროც უკვე დადგა. მოდით, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ერთობლივი მადლიერების გრძნობით მივულოცოთ ღვთივკურთხეულსა და საყოველთაოდ მნიშვნელოვან ფონდს, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ამ შესანიშნავ საღამოს. კეთილი შვედური ჩვეულებისამებრ ნობელის ფონდს ოთხჯერ შევსძახოთ “ვაშა!”

როგორი მასწავლებელი ვარ?

0
შემოხაზეთ თქვენს მოსაზრებასთან ყველაზე მიახლოებული პასუხი (სამიდან – მხოლოდ ერთი). დააჯამეთ პასუხები შეკითხვის ნუმერაციის მიხედვით.
1. გაკვეთილზე თითქმის არასოდეს ვიგვიანებ.
2. ხშირად მაგვიანდება.
3. დროულად თითქმის არასოდეს მივდივარ.
1. ყოველთვის ვცდილობ გადავამოწმო, ყველა მოსწავლემ დაწერა თუ არა დავალება.
2. დავალებას მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეს ვუმოწმებ.
3. შემოწმებას აზრი არა აქვს.
1. თუ გაკვეთილზე ხმაური და არეულობაა, ესე იგი რაღაც ვერ გავთვალე.
2. თუ გაკვეთილზე ხმაური და არეულობაა, ესე იგი რამდენიმე მოსწავლეს ქცევის პრობლემები აქვს.
3. თუ გაკვეთილზე ხმაური და არეულობაა, ესე იგი მოსწავლეები ცუდად იქცევიან
1. გაკვეთილის დაწყებამდე ვიცი, რის გაკეთებას ვაპირებ.
2. გაკვეთილის დაწყების შემდეგ მახსენდება, რა უნდა გავაკეთო.
3. წინასწარ არაფერს ვგეგმავ.
1. საკლასო ოთახში ერთ პოზიციას იშვიათად ვინარჩუნებ: ხან ვზივარ, ხან ვდგავარ, ხან მოსწავლეებთან ახლოს მივდივარ.
2. უმეტესად მასწავლებლის მაგიდასთან ვზივარ ან ვდგავარ.
3. ფეხზე იშვიათად ვდგები.
1. როცა დაფაზე ვწერ, ვცდილობ დაფისკენ ზურგით ვიდგე და შევინარჩუნო მოსწავლეებთან ვიზუალური და ვერბალური კონტაქტი.
2. როცა დაფაზე ვწერ, დაფისკენ ვარ მიბრუნებული და თან ვლაპარაკობ.
3. როცა დაფაზე ვწერ, მოსწავლეებისკენ ზურგით ვდგავარ და წერის დასრულების შემდეგ განვაგრძობ ლაპარაკს.
1. ჩემს გაკვეთილზე უმეტესად მოსწავლეები ლაპარაკობენ.
2. ჩემს გაკვეთილზე თითქმის თანაბრად ისმის მოსწავლეებისა და მასწავლებლის ლაპარაკი.
3. უმეტესად მე ვლაპარაკობ.
1. ვცდილობ, ყოველი დადებითი შემთხვევისას შევაქო მოსწავლე.
2. კარგი ნიშანი საკმარისია დადებითი შეფასების გამოსახატავად. სიტყვიერად იშვიათად ვაქებ.
3. უმეტესად მოსწავლეების დასჯა მიწევს, შექება – იშვიათად.

1-8: ნამდვილად გამოცდილი მასწავლებელი ბრძანდებით და კარგად იცნობთ სწავლების თანამედროვე მეთოდიკებსა და მიდგომებს.
9-16: საკმაოდ კარგი მასწავლებელი ბრძანდებით, თუმცა შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებით საკუთარ საქმიანობას. გახსოვდეთ, რომ თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი გიჭირავთ. თუ მოსწავლეებს უყვართ და აინტერესებთ საგანი, ეს მასწავლებლის დამსახურებაა, ხოლო თუ იგრძნეს, რომ მათი მასწავლებელი არ არის დაინტერესებული თითოეული მოსწავლის პროგრესით, სწავლის მოტივაცია იკარგება. ეცადეთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ. გამოიჩინეთ ტრეინინგებში მონაწილეობის ინტერესი, გაეცანით პროფესიულ ლიტერატურას. მასწავლებლობა სწავლებასთან ერთად სწავლასაც გულისხმობს. რაც უფრო მეტი მონდომებით მოეკიდებით თქვენს პროფესიას, მით უფრო თვალსაჩინო შედეგს მიიღებთ.
17-23: თქვენთვის მასწავლებლობა მძიმე ტვირთია. პროფესიულ საქმიანობაში პრობლემებს აწყდებით, თუმცა მათ მიზეზს სხვაგან ეძებთ. კარგი იქნება, თუ გადააფასებთ თქვენს პირად შეხედულებებსა და მიდგომებს. გახსოვდეთ, თუ გაკვეთილი ქაოსური და უმართავია, ეს მოსწავლეების ბრალი არ არის. დაწყებამდე კარგად დაგეგმეთ გაკვეთილი, დაფიქრდით, როგორი ფორმით მიაწვდით მოსწავლეებს ახალ მასალას. შეარჩიეთ რაც შეიძლება სახალისო გზები. გამოიჩინეთ მეტი მობილურობა საკლასო ოთახში. არ დაგავიწყდეთ, მიაქციოთ ყურადღება მოსწავლეებს ინდივიდუალური მუშაობის პროცესში. ეცადეთ გამოიმუშაოთ დაფაზე ისე წერის უნარი, რომ წერის დროს დაფისკენ ზურგით იდგეთ და მოსწავლეებთან ვიზუალური კონტაქტი შეინარჩუნოთ (მცირე პრაქტიკის შემდეგ ეს საკმაოდ ადვილი მოგეჩვენებათ). თუ გაკვეთილზე უმეტესად თქვენი ხმა ისმის, ესე იგი მოსწავლეების უმეტესობა არაფერს სწავლობს. მაქსიმალურად შეზღუდეთ თქვენი სალაპარაკო დრო და მიეცით მოსწავლეებს ახალშეძენილი ცოდნის გამოხატვის საშუალება. არასოდეს დაგავიწყდეთ მოსწავლეების შექება. გირჩევთ, მეტი განვითარებისთვის პროფესიულ ცენტრებს მიმართოთ. გისურვებთ წარმატებებს!

ქიმია და კოსმეტიკა

0

ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge ” და ‘პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია” პარტნიორობის საფუძველზე, გთავაზობთ სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის სერიას.

 

სრულად

ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებების ისტორიულ-კულტურული ანალიზი

0
XXI საუკუნემ საგრძნობლად შეცვალა სამყაროსადმი ადამიანების დამოკიდებულება. თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად მომთხოვნი, კრიტიკული და თავდაჯერებულია. ახალმა რეალობამ საშუალება მოგვცა, გადაგვეფასებინა განვლილი გზა და თვალნათლივ დაგვენახა დაშვებული შეცდომები.
საუკუნის მიღწევებმა და ტექნიკურმა პროგრესმა დააჩქარა ცხოვრების რიტმი, ადამიანებიც უფრო პრაგმატულები გახდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მარადიული თემები და კითხვები დღესაც ისევე აღელვებს საზოგადოებას, როგორც ადრეულ ეპოქებში. თავისუფლებისკენ სწრაფვა, საკუთარი თავის ძიება და არსებობის გამართლება – ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც გამუდმებით ფიქრობს თითოეული ჩვენგანი.
ხელოვანები, მწერლები ამ თემებით განსაკუთრებით არიან დაიტერესებულნი, რადგან სამყაროს შემეცნება და ამოხსნა შემოქმედებითად მოაზროვნე ინდივიდებს უფრო ხელეწიფებათ. ჩვენი მიზანია, მათი მონაპოვარი და ნაღვაწი ზედმიწევნით და ზუსტად გადავცეთ ახალ თაობას. ბავშვმა მცირე ასაკიდან უნდა შეიყვაროს წიგნი, მწერალი და ის ჯადოსნური სამყარო, რომელშიც მას ავტორი ამოგზაურებს. ვფიქრობ, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან ზიარება საუკეთესო საშუალებაა მოზარდისთვის მრავალმხრივი ინტელექტის განსავითარებლად. ჰოვარდ გარდნერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ადამიანს საყოველთაოდ ცნობილ რვა ინტელექტთან ერთად შესაძლოა ჰქონდეს მეცხრე, ეგზისტენციალური ინტელექტიც, რომელიც ფილოსოფიურ აზროვნებას გულისხმობს. ამგვარ საკითხებზე ფიქრის შესაძლებლობას ქმნის მდიდარი ლიტერატურული ცოდნა. ლიტერატურა არის მუსიკა, რომელსაც უსმენ და ყველა კითხვაზე პოულობ პასუხს.
საქართველოს მრავალი თვალსაჩინო მწერალი ჰყავს. შემოქმედის ყველაზე უტყუარი საზომი დროა. ხშირად აღიარება გარდაცვალების შემდეგ მოდის, მაგრამ მწერლის უკვდავების საზომი ის ნაწარმოებებია, რომლებმაც დროს გაუძლო.
ბოლო რამდენიმე წელია, სასკოლო პროგრამაში შეტანილია ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა “იგი”. მწერლისა და მისი შემოქმედების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ბევრს ის არ მოსწონს. ვფიქრობ, მიზეზის ძებნა შორს წაგვიყვანს, რადგან ავტორის, მისი შემოქმედების გაგება რთულია, როდესაც ვერ სწვდები მის შინაგან სამყაროს. ლიტერატურას სჭირდება ჩაღრმავება, შიდა შრეების გახსნა და მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება.
მოზარდის მიზანი ნაწარმოების გადაკითხვა არ უნდა იყოს; მთავარი მისი გაგება და ანალიზია. ბენჯამენ ბლუმმა აზროვნება დონეებად დაყო, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულია. მარტივი ცოდნა არაფერია, თუ ადამიანი ვერ ახერხებს ნასწავლის შეფასებასა და ანალიზს. ამგვარად, რთულია გაიგო “იგი”, თუ არ იცი, საიდან იწყება მისი ამოხსნა.
უნდა დავიწყოთ თავიდან. სწორედ ამიტომ, შევეცდები, უფრო ღრმად განვიხილო ის მეტად მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დიდმა ქართველმა მწერალმა თავისი შემოქმედების ბაზისად გამოიყენა.
ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ჯემალ ქარჩხაძის ბიოგრაფიას, რადგან მწერალი მისი ცხოვრებით არის საინტერესო.
დაიბადა 1936 წელს უხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სულიერ ნათესაობას ნიკოლოზ ბარათაშვილთან გრძნობდა, უყვარდა დავით კლდიაშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება. საგულისხმოა, რომ პირველი ავტორი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში წაუკითხავს, ყოფილა ჰომეროსი, ამიტომ შემთხვევითი როდია მის ნაწარმოებებში მითისა და რიტუალის ენა. მისი მოთხრობები და რომანები უკვე თარგმნილია რუსულ, ჩეხურ და გერმანულ ენაზე და დღესაც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ჯემალ ქარჩხაძის პირველი მოთხრობა 1960 წელს დაიბეჭდა. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა მეტად რთულ და კრიტიკულ დროს დაემთხვა. როგორც ნამდვილმა კალმის ოსტატმა, ისტორიული მოვლენები ფრთხილად და მოზომილად გააცოცხლა თავის ნაწარმოებებში. ცნობილია, რომ ერის თვითმყოფადობა და წინსვლა მის კულტურულ და ისტორიულ განვითარებაზეა დამოკიდებული. ქვეყნის შიდა პოლიტიკა, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა, კულტურათა გაცვლა ხშირად განსაზღვრავს ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს. როდესაც კულტურულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი, რომელიც ერთიან, უწყვეტ ჯაჭვს ქმნის და რომელსაც მწერალი გვერდს ვერ აუვლის. ჯემალ ქარჩხაძე არ მიუთითებს კონკრეტულ დროს, ეპოქას, მაგრამ გონიერი მკითხველი აუცილებლად დაინახავს კავშირს ისტორიულ სინამდვილესთან. გარდა ამისა, ჩვენი ეროვნული და უკვე თანდაყოლილი პრობლემები ისე შევისისხლხორცეთ, რომ ზოგჯერ მგონია, მათი გადაჭრა, მათგან თავის დაღწევა აღარც კი გვინდა.
ქარჩხაძის გმირები გამოირჩევიან ჰუმანურობით, სამყაროს განსაკუთრებული სიყვარულით. ისინი ხშირად არღვევენ დადგენილ წესებს. ყველას უყვარს სიცოცხლე, ადამიანი. მწერალი თავის პერსონაჟებში ცოცხლობს, მათი პირით გვესაუბრება და მკითხველს ყველა კარს უღებს.
ავტორი მთელი თავისი არსით ცდილობს ამოიცნოს ქართული ხასიათის თავისებურებანი. გავიხსენოთ მისი შესანიშნავი მოთხრობა “გუბე”, რომელიც იმდენად ქართულია თავისი კომპოზიციით, გმირებითა და სიუჟეტით, რომ შეუძლებელია არ შეგრცხვეს და არ გაწითლდე. კოსტა – ისიც ამ კულტურის ნაწილია – ბევრი ქართველია ერთად, რომელთაც ქვეყნის ორომტრიალში საკუთარი თავი დაუკარგავთ, აღრევიათ ღირებულებები და ბედის ანაბარა დარჩენილან.
მწერალი არ ერიდება კრიტიკას და სხვადასხვა პერსონაჟის საშუალებით ქართველების მანკიერ თვისებებს ამხელს. ამის ნათელი ილუსტრაციაა მოთხრობა “რაჰათ-ლუხუმი”, რომელშიც მწერალი იხსენებს ჩვენი ქვეყნის წარსულს და ღალატისადმი ქართველთა უცნაურ მიდრეკილებას. მოთხრობაში მოხუცი თურქი ძალიან კარგად ახასიათებს ქართველებს, მაგრამ მწერალი უპირისპირებს მას მღვდლის სახეს და აჩვენებს, რომ ყველა ქართველი მოღალატე როდია.
მწერალი უცხო თვალით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და დასკვნები ისე გამოაქვს. შემოქმედის მოვალეობაა, დასვას კითხვები და ნაწილობრივ გასცეს მათ პასუხი, საბოლოო დასკვნების გამოტანა კი მკითხველს მიანდოს. მაშინ არის მწერალი დიდი და საინტერესო.
ქართული ხასიათის შტრიხები გამოიკვეთა მოთხრობაში “ანტონიო” და დავითი”. საყოველთაო გულგრილობა, ზრუნვა მხოლოდ პირადზე და თვითგადარჩენის ცხოველური ინსტინქტი – აი, რა ამოძრავებთ სოფლის მკვიდრთ. მათი ბატონი კი “ჭეშმარიტი” ქართველია, რომელსაც ძალაუფლება ყველაზე ძვირად უღირს.
“იგი” პალეოლითის ხანის ადამიანია, თითქოს ისიც ქართველი, მაგრამ საკუთარ თავსა და “საზოგადოებაზე” გამარჯვებული. იგი ერთდროულად არის ერთიც და მრავალიც, ვინც აერთიანებს ადამიანურსა და ღვთაებრივს. უკვე არსებული და შობილი ხელახლა იბადება, რათა ადამიანის გონს, სულს უმღეროს სადიდებელი.
ჯემალ ქარჩხაძის ყველა გმირი პიროვნებაა, რომელიც ებრძვის ბრბოს და იმარჯვებს. “იგი” ადის დიდი დაძინების ქარაფზე, მაგრამ არ ეშინია. მან იცის ის, რაც არ იციან სხვებმა, თვით ბელადმაც კი. იცის წუხილი, სევდა, ტკივილი, სიყვარული და ღიმილი, რომელიც არ ჰგავს თანთმოძმეთა ავისმომასწავებელ კბილთა ღრჭენას; მას სითბო ეფინება სახეზე და გრძნობს რაღაც კარგს. ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა? ის უკვე თავად სრულყოფილებაა, რომელიც არასდროს შეწყვეტს არსებობას. ასეთივეა დავითი (“ანტონიო და დავითი”) – ოდესღაც სოფლის მტერი, კაცთმოძულე და ურწმუნო, სრულიად გარდაისახება და ცხოვრების აზრს სიკეთის მსახურებაში ხედავს. ის აჯანყებული გმირია, რომელიც ბრბომ მკვლელად აქცია, მაგრამ განგებამ მოუვლინა ანტონიო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა იგი საუკუნო სატანჯველისგან.
როდესაც მწერალს ჰკითხეს, როგორ უნდა გადაირჩინოს ადამიანმა სულიო, მან უპასუხა: “ბოლოს და ბოლოს, არც სიხარბეა ისე ძნელი დასამარცხებელი, არც პატივმოყვარეობა, არც ამპარტავნობა თუ სხვა ზადი და ბიწი, რომ ადამიანმა საკუთარი სულის გადარჩენა ვერ შეძლოს”. შეუძლებელია არ დაეთანხმო ამ სიტყვებს, რომელთა დასტური თვით ჯემალ ქარჩხაძის გმირები არიან.
1988 წელს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა ჯემალ ქარჩხაძის “მონოლოგი”, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ქვეყნის ბედი და იმედი ადამიანებმა მწერლობას ჩააბარეს. “ჩვენში ყოველი კაცი სიტყვის შემოქმედია”, – ამბობდა იგი. მართლაც, მწერლები ის უიარაღო ჯარისკაცები არიან, რომელთაც არაფერი გააჩნიათ, სიტყვის გარდა. სიტყვის ძალა კი განუზომლად დიდია. ნიშანდობლივია, რომ ჯემალ ქარჩხაძის გმირები ემორჩილებიან ამ ძალას. “იგი” სულიერ ამაღლებას იწყებს მას შემდეგ, რაც მის არსებაში იჭრება გაცნობიერებული, ხორცშესხმული სიტყვა. ანტონიო ებრძვის დავითს, მაგრამ უიარაღოდ, სიტყვით, და სძლევს მას, დაეხმარება შიშის დამარცხებაში. მწერლის მიზანიც ეს არის – კიდევ ერთხელ დაგვარწმუნოს საკუთარ სიმართლეში.
ვცადე, ამ პატარა წერილში კიდევ ერთხელ წარმომეჩინა ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების რამდენიმე ასპექტი, თუმცა ნაწარმოებები თავად მეტყველებენ მასზე. ყველა მოთხრობა იდუმალებით სავსე და მეტად მრავალფეროვანია, ყოველ მათგანში გაშლილია კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე არსებული ყველა კითხვა, თავმოყრილია ადამიანური, ზოგადი და პირადი, ცნობიერი და შეუცნობელი, ერთმანეთს ერწყმის მისტიკა და რელიგია, რომლებიც ჰარმონიულად თანაარსებობს და ერთ მთლიანობას ქმნის.

ფილოსოფია და პოეზია

0

აღიარებულია,
რომ რომანტიზმმა შეიმუშავა პიროვნების ახლებური კონცეფცია და, კერძოდ, გამოავლინა ადამიანის
სულიერი სამყაროს მთელი წინააღმდეგობრიობა
და სირთულე. რომანტიკული ლიტერატურაში პიროვნების “მე” გარკვეული სიმრავლის
(რამდენიმე “მე”-ს) სახით წარმოგვიდგა, რამაც საფუძველი დაუდო ე.წ. “ორეულების”
პოეტიკის” დამკვიდრებას.

ვრცლად

ბავშვები და მათი „უნიკალური“ თვისებები

0

გამოვლენისა და სწავლების მსოფლიო პრაქტიკა, ხელშემწყობი ფაქტორები, კვლევის შედეგები

ცნებები “ნიჭიერი” და “ტალანტური”ყოველდღიურ მეტყველებაში ზოგჯერ სინონიმებად გამოიყენება, თუმცა ეს ორი განსხვავებული ფენომენია.ნიჭიერებისცნება მოაიზრებგანსაკუთრებულზოგადუნარებს, ხოლო ტალანტი არის სპეციფიკური უნარი/შესაძლებლობაკონკრეტულსფეროში, მაგალითად, მუსიკაში ანლიტერატურაში.ბავშვებ,რომლებმაცტალანტიძალიან ადრეგამოამჟღავნეს, ვუნდერკინდებს უწოდებენ.ამისნათელი მაგალითია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. თუმცა ისიც ცხადია, რომ ნიჭიერი ბავშვები ხშირად ტალანტურებიც არიან. ვინაიდანამ ორი ფენომენის ერთმანეთისგანდიფერენცირება პრაქტიკაში საკმაოდრთულია,დამკვიდრებულია ტერმინინიჭიერი და ტალანტური.

ის საფუძველზე შეიძლებადავასკვნათ, რომ ბავშვი ნიჭიერი და ტალანტურია?

პრაქტიკაში ნიჭიერებად მოიხსენიებენ ბავშვებს, რომლებიც მაღალქულებს იღებენ ინტელექტის ტესტებშიდარომლებსაც მასწავლებლებინიჭიერმოსწავლეებს უწოდებენ.მაგრამხშირად უფროსები ასეთებადმიიჩნევენ ბავშვებს, რომლებსაც აქვთსწავლის მაღალი მოტივაცია და კარგიაკადემიური მოსწრება. აქერთპრობლემას ვაწყდებით, მოსწავლეებს, რომლებიც არიან ნიჭიერები ან ტალანტურები, მაგრამ არგამოირჩევიანაკადემიური მოსწრებით,ხშირად არ მიაკუთვნებენ ამ ჯგუფს.როსტმა და ჰანსესმა (Rost&Hanses,1997)გამოკვლევაჩაატარეს.მათ პედაგოგებს სთხოვეს, ნიჭიერების მიხედვით რეიტინგულად შეეფასებინათ 7000 მესამეკლასელი მოსწავლე.კვლევამ გამოავლინა, რომნიჭიერი, მაგრამ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთა ორი მესამედიყურადღების მიღმა აღმოჩნდა.

ამ კუთხით პრობლემას ვერც მხოლოდინტელექტის ტესტებაგვარებს.ტესტის შესრულებისხარისხზეარაერთი ფაქტორი ახდენს გავლენა:დაღლილობა, მოტივაციისუქონლობა, ამგვარი ტესტების შესრულებისგამოცდილების ქონა ან უქონლობა,ცდისპირისა და ექსპერიმენტატორის პიროვნება

საინტერესო პრაქტიკა არსებობს აშშ-ში. შეერთებული შტატების სახელმწიფო კანონის თანახმად (91-230), ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა შემდეგი კრიტერიუმებით ხდება:

. ზოგადიინტელექტუალური უნარები;

.სპეციფიკური უნარები რომელიმე აკადემიურ დისციპლინაში;

.შემოქმედებითი აზროვნება;

.ლიდერობა;

.განსაკუთრებული უნარებიხელოვნების რომელიმე სფეროში;

.ფსიქომოტორული უნარები.

ფსიქოლოგებმა რანზულიმ, რაისმა და სმიტმა (Ranzulli, Reis&Smith, 1981) დაადგინეს, რომ ნიჭიერება მოიაზრებს შემდეგი სამი ფაქტორის კომბინაციას:

. კარგი აკადემიური მოსწრება/მაღალი ქულები ინტელექტის ტესტში;

. შემოქმედებითი უნარები (რაც გამოიხატება ახალი იდეების წამოყენებითა და პრობლემური ამოცანების არასტანდარტულად გადაჭრით);

. მიზანდასახულობა.

მიიჩნევა, რომ რანზულის მიერ შემუშავებული პიროვნული მახასიათებლების სკალა კარგი რესურსია ნიჭიერი მოსწავლეების გამოსავლენად. ამ სკალაზედაყრდნობით რანზულიმ და მისმაკოლეგებმა დაადგინეს, რომგანსაკუთრებული ნიჭიერებით ბავშვების 20% გამოირჩევა.

გარდა ამისა, ხაზი გაესვა იმ ფაქტორს, რომ კულტურა მიშვნელოვანწილად განაპირობებს ნიჭიერებას. კერძოდ, თუ კულტურაში ნიჭიერება და ტალანტურობა მნიშვნელოვან თვისებებად განიხილება, მის განვითარებაზე სათანადოდ ზრუნავენ.

ნიჭიერი ბავშვების სწავლების პრაქტიკა

ნიჭიერი ბავშვების სწავლებისადმი ორი ძირითადი მიდგომა არსებობს: აქსელერაცია და გამდიდრება. ორივე მიდგომის გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივ კლასში, ისე განსაზღვრული პროფილის სკოლებში.

აქსელერაციის პროგრამის დროს ბავშვები დაჩქარებულად გადიან სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალას, გამდიდრებული პროგრამით კი ნიჭიერ მოსწავლეებს დამატებით მასალებსა და მომსახურებას სთავაზობენ.

გამდიდრებული პროგრამით სწავლებისას ბავშვებს შეუძლიათ, საგაკვეთილო პროცესის მიღმა საკუთარი შესაძლებლობების კვალობაზე აირჩიონ სასურველი წრე/წრეები. გარდა ამისა, სკოლებს აქვთ რესურს ოთახები, სადაც ბავშვებს შეუძლიათ, იმუშაონ ამა თუ იმ პროექტზე. მსურველთა რაოდენობა შეუზღუდავია. ბავშვს შეუძლია, სურვილისამებრ დატოვოს ან შეიცვალოს წრე.

აქსელერაციის პროგრამის ყველაზე გავრცელებულ ფორმად მიიჩნევა მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით (Gross, 1992), აქსელერაციის პროგრამაში ჩართვამდე მოსწავლეები მოწყენილობასა და ფრუსტრაციას (წინააღმდეგობას მოთხოვნილების დაკმაყოფილების გზაზე) უჩიოდნენ, პროგრამაში ჩართვის შემდეგ კი მათ აუმაღლდათ თვითშეფასება და პრეტენზიის დონე. ეს პრაქტიკა დღემდე პოპულარულია ჩინეთსა და ავსტრალიაში. მაგრამ ამ მიდგომას მრავალი მოწინააღმდეგეც ჰყავს. მას ხშირად აკრიტიკებენ. საქმე ის არის, რომ მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანისას ორიენტაციას იღებენ მხოლოდ წარსულ მიღწევებზე, არ ხდება სასწავლო გეგმის მოდიფიცირება, კონკრეტულ მოსწავლეზე მორგება. თანაც მოსწავლეებს სწავლა უხდებათ მათზე უფროსი ბავშვების გარემოცვაში, რაც ხელს უშლის მათ სოციალიზაციას და დაბრკოლებას უქმნის თანატოლებთან “სოციალურ ჰარმონიას”.

გამდიდრებული პროგრამის სასარგებლოდ კი იგივე არგუმენტი მეტყველებს, რაც აქსელერაციის პროგრამის საწინააღმდეგოდ: ამ დროს ზიანი არ ადგება მოსწავლის სოციალურ განვითარებას, ბავშვი სწავლობს თანატოლების წრეში, ოღონდ ეძლევა შესაძლებლობა, გაიღრმაოს ცოდნა ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას მოსწავლის შესაძლებლობათა და ინტერესთა გათვალისწინებით ადგენენ. ამ გეგმაში გაწერილია ბავშვის სწავლების ფორმა, მეთოდები, მასალა, აგრეთვე – სტრატეგიები მეტაკოგნიტური უნარებისა და მოტივაციის განვითარებისთვის.

ნიჭის გამოვლენის/განვითარების ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიჭიერი ბავშვების სწავლებისას ძალზე მნიშვნელოვანია სწავლის მოტივაციის შენარჩუნებაზე ზრუნვა, ვინაიდან ხშირია შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ცხოვრებაში წარმატებას ვერ აღწევენ. მეცნიერები თორანსი და სისკი (Torrance&Sisk, 1997) ამ ფაქტს შემდეგი მიზეზებით ხსნიან: მშობლებს ხშირად მხოლოდ ის აინტერესებთ, რა ნიშანი მიიღო მათმა შვილმა და არა ის, რა იცის მან. ხშირად წარმატების განმსაზღვრელად სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ ტესტის წარმატებით ჩაბარება მიიჩნევა; სწავლების პროცესი ნიჭიერი ბავშვებისთვის ან ძალზე მოსაწყენია, ანდა, გამდიდრებული პროგრამისა და მოსწავლეთა შესაძლებლობებით გატაცების შემთხვევაში, მათ აწვდიან წმინდა მეცნიერულ, თეორიულ ცოდნას, რომლის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობასაც მოსწავლეები ვერ ხედავენ, ან იგი არ შეესაბამება მათ ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასაკს და არ ითვალისწინებს სწავლის ინდივიდუალურ სტილს.

ოჯახური გარემო

წარმატების ხელშემწყობი ფაქტორების დასადგენად თორმანმა და ოდენმა (Terman&Oden, 1959) 100 წარმატებული მოსწავლის მონაცემები 100 ნაკლებწარმატებული მოსწავლისას შეადარეს. განსხვავება უმთავრესად ოჯახურ გარემოში აღმოჩნდა. წარმატებულ მოსწავლეთა მშობლები თვითონაც ბევრს კითხულობდნენ, ხელს უწყობდნენ ბავშვების შემეცნებითი ინტერესების გაღვივებას (ხალისით პასუხობდნენ მათ შეკითხვებს, აწვდიდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას), ზრუნავდნენ ინიციატივის, დამოუკიდებლობის განვითარებაზე, ადეკვატური პრეტენზიის დონის ჩამოყალიბებაზე უფრო მეტად, ვიდრე იმ მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც ნაკლები წარმატებით გამოირჩეოდნენ.

საკლასო გარემო

მიიჩნევა, რომ ნიჭიერება და კრეატიულობა შეიძლება წაახალისოს საკლასო გარემომ – სწავლების მეთოდებმა (დიკუსია, გონებრივი იერიში, როლური თამაშები, ინტერაქციული ლექცია) და მართვის სტილმა, რომელსაც მიმართავს პედაგოგი (მაგალითად, დემოკრატიული – მოსწავლეზე ცენტრირებული ან ავრორიტარული – მასწავლებელზე ცენტრირებული).

ჰედონმა და ლიტონმა (Haddon&Lytton, 1968) აღწერეს ორი ტიპის სკოლა, რომლებსაც პირობითად “ფორმალური” და “არაფორმალური” უწოდეს. “ფორმალური” სკოლები ცენტრირებულია მასწავლებელზე. დავალებები სრულდება ინდივიდუალურად, მოტივაცია უმთავრესად გარეგანია – ნიშნები; ანუ, ეს არის სწავლების იმგვარი სტილი, რომელსაც ჩვენ დირექტიულს ვუწოდებთ.

“არაფორმალური” სკოლები კი მოსწავლეზეა ორიენტირებული (კონსტრუქტივისტულია). აქ გათვალისწინებულია სწავლის სტილი, კლასში მოსწავლეები თავად ირჩევენ, სად დასხდნენ, თვითონვე ირჩევენ საკითხის ფარგლებში საპრეზენტაციო თემებს და მოტივაციაც აქ უფრო მეტად სწავლა-სწავლების პროცესით სიამოვნების მიღებაა. დიდი დრო და ყურადღება ეთმობა თვითრეგულაციის უნარებისა და პიროვნულ-ზნეობრივ განვითარებას.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ “არაფორმალურ” სკოლებში მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარი მათზე მეტად აქვთ განვითარებული, ვინც განათლებას “ფორმალური” ტიპის სკოლებში იღებს.

მასწავლებელთა მოლოდინების გავლენა მოსწავლეთა წარმატებებზე

არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მოლოდინმა გავლენა მოახდინოს რეალობაზე. ამ მიმართულებით როზენტალმა და ჯეიკობსონმა (Rozenthal&Jacobson, 1968) საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს. მათ სკოლის მასწავლებლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს ახასიათებთ უცაბედი “გამოცოცხლება”. ამის შემდეგ მათ ინტელექტის ტესტი ჩაუტარეს მოსწავლეებს და მიღებული შედეგები მასწავლებლებს გააცნეს, მაგრამ მაღალი ინტელექტით გამორჩეულ მოსწავლეთა გვარების ნაცვლად მათ მიაწოდეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული მოსწავლეთა გვარები. წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები, რომელთაგანაც მასწავლებლები კარგ შედეგებს მოელოდნენ, გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით, თანაც იმავე ტესტის გამეორებით ჩატარებისას ინტელექტის უკეთეს მაჩვენებლებს წარმოაჩენდნენ. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ თვალშისაცემი გაუმჯობესება მხოლოდ პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებში გამოიკვეთა.

ეს ექსპერიმენტი სხვა მეცნიერებმა მრავალჯერ გააკრიტიკეს. ამასთან, როდესაც იგი სხვა მეცნიერებმა გაიმეორეს, შედეგები ასეთივე არ აღმოჩნდა, მაგრამ განათლების ფსიქოლოგიაში ცნობილია აგრეთვე ბროფისა და გუდის (Brofy&Good, 1974) გამოკვლევები, რომელთა შედეგადაც მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიკვეთა: თურმე პედაგოგები უფრო მეტს ელიან იმ მოსწავლეთაგან, ვინც მეტად დამჯერე და მოწესრიგებულია და პედაგოგთანაც უფრო ახლოს ზის, ვიდრე იმათგან, რომლებიც ნაკლებად მოწესრიგებულნი ცხადდებიან გაკვეთილზე და ხშირად არღვევენ დისციპლინას. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: განსხვავებულია მოლოდინები გოგონებისა და ვაჟების მიმართ. ბევრს მიაჩნია, რომ გოგონები უკეთ უნდა სწავლობდნენ ჰუმანიტარულ საგნებს, ვაჟები კი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯამებთ, შეიძლება დავასკვნათ: ნიჭიერი და ტალანტური მოსწავლეების (და არამხოლოდ მათი) მოტივირება დიდად არის დამოკიდებული სასწავლო გარემოზე, მშობლების ჩართულობასა და მასწავლებელთა მოლოდინზე. მიიჩნევა, რომ რაც უფრო დადებითად ვართ განწყობილნი პატარების მიმართ, რაც უფრო უკეთეს შედეგს მოველით მათგან, ბავშვებიც მით მეტად არ იშურებენ ძალ-ღონეს, რომ თავიანთი “უნიკალური” მხარეები წარმოაჩინონ.

დაუდუმებელი ხმა ადამიანისა – უილიამ ფოლკნერი

0

ასე მგონია, მე კი არა, შემოქმედებას აჯილდოებენ-მეთქი – შემოქმედებას, ანუ მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად ან, მით უმეტეს, გამორჩენისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა. ასე რომ, ამ ჯილდოს მხოლოდ ნდობის გამოცხადებად ვთვლი. ძნელი არ იქნებოდა პრემიის ფულადი ნაწილი დანიშნულებისამებრ გამომეყენებინა და გამეცა მისი მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის შესაბამისად. მაგრამ მსურს ამ წუთით ვისარგებლო და ეს ადგილი ვაქციო უმაღლეს ტრიბუნად, რათა ხმა მივაწვდინო იმ ჭაბუკებსა და ქალი­შვილებს, ვისაც ამგვარივე ტანჯვა-წამებისათვის გადაუდია თავი. მათ შორის უკვე იქნება ის პიროვნება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აქ იდგება, მე რომ ვდგავარ.

ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საყოველთაო და ყოვლისმომცველი შიშია, რაც იმდენი ხანია გვაძრწოლებს, რომ ლამის შევეჩვიოთ კიდეც. სულიერ პრობლემებს ვიღა ჩივის. ყველას ერთი კითხვა აკვიატებია, როდის გააცამტვერებენ. ამიტომაცაა, რომ დღესდღეობით ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს მთავარი – ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან, ურომლისოდაც ღირებული ვერაფერი შეიქმნება, რადგან მხოლოდ ესაა დაწერის ღირსი, ღირსი ტანჯვისა და ოფლის ღვრისა.
ეს ყოველივე მწერალმა თავიდან უნდა ისწავლოს. უნდა შეიგნოს, რომ შიში ყველაზე სამარცხვინო გრძნობაა, შეიგნოს და სამუდამოდაც დაივიწყოს იგი, არაფერი დაიტოვოს თავის სახელოსნოში, გარდა გულის ძველისძველი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა – სიყვარულისა, პატიოსნებისა, ლმობიერებისა, სიამაყისა, თანაგრძნობისა და თავგანწირვისა, ურომლისოდაც ყოველი ნაწარმოები წარმავალი და განწირულია. უამისოდ მწერ­ლის ღვაწლს მადლი არ ექნება. სიყვარულზე კი არ დაწერს, არამედ ავხორცობაზე ან მარცხზე, სადაც არაფერი ღირებული არ იკარგება; ან გამარჯვებაზე, რომელსაც სასოების ნატამალიც არ ახლავს და, რაც ყველაზე სავალალოა, არც თანაგრძნობა ახლავს და არც სიბრალული. მის ვაი-ვიშს ქვეყნის სატირალი არ გაერევა და ვერც ჭრილობას დააჩნევს გულში. ჯირკვლებზე დაწერს, გულზე კი არა. ვიდრე ყოველივე ამას ხელახლა ჩასწვდებოდეს, ისე დაწერს, თითქოს მოწმე იყოს კაცობრიობის აღსასრულისა.
ხოლო მე კაცობრიობის დაღუპვას ვერ შევეგუები. სათქმელად იოლია, ადამიანი უკვდავია თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერს გაუძლებსო; მომაკვდავი საღამოს მეწამულ ფერებში უბადრუკ, პიტალო კლდეზე საბედისწერო ბოლო ზარი რომ ჩამორეკეს და მიჩუმდა, მაშინაც გაისმის ხმა, სუსტი, დაუდუმებელი ხმა ადამიანისაო. მაგრამ ამასაც ვერ ვირწმუნებ. მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, გაიმარჯვებს კიდეც.
ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ, რომ სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით მხოლოდ მას აქვს დაუდუმებელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ სული აქვს მომადლებული, სული, რომელსაც თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი შესწევს. პოეტის, მწერლის ვალი ამაზე წერაა. მისი დანიშნულებაა შეეწიოს ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამაცეს, პატიოსნებას, იმედს, სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერებას, თავგანწირვას – დიდებით რომ მოსავდა ადამიანის წარსულს. პოეტის ხმა უსარგებლოდ არ უნდა იხარჯებოდეს, საყრდენად, ბურჯად უნდა ედგეს ადამიანს, შეეშველოს და გააძლებინოს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...