ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

როგორ იმახსოვრებენ მოლეკულები ჩვენს სახეს

0

ყოველ ზაფხულს
ცდილობ მოვახერხო 3300-3500  სიმაღლემდე ასვლა
და იქიდან თვალის შევლება სამყაროსადმი.  ამ
სიმაღლეზე ჯერ კიდევ  სახლობს ფლორა და ფაუნა
– მიუკარებელი, სადღაც მთის წვერზე გამოკერებული და განუმეორებელი.

უცქერ ამ სიმაღლიდან  სამყაროს და არ იცი, მზერა რომელ მხარეს შეაჩერო. მთის წვერზე მგდომს მინახავს თუ როგორ
დანავარდობს ლაღი მთის არწივი ჰაერში და როგორ ეთამაშება ჰაერის დინებებს.  ის ჰაერში, მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს, შენ  დედამიწაზე მყარად დგახარ, მაგრამ ის შენს ქვემოთაა,
შენ კი ზემოდან ჩასცქერი.

ასეთი სანახაობის
მნახველმა გინდა ფოტოაპარატი მოიმარჯვო, ფოკუსი გაასწორო და სამარადჟამოდ აღბეჭდო შენ
ქვევით ჰაერში მონარნარე არწივი. მაგრამ დროის დაკარგვა გენანება, ვაითუ სანამ აპარატს
მოიმარჯვებ, არწივი თვალს მოეფაროს. ასეთი სანახაობები ხომ არც ისე ხშირად ხდება და
თან  ძალიან მცირე დრო გრძლედება. ამიტომ ხშირად
ეს წამიერი ნეტარება მხოლოდ მეხსიერებაში რჩება, რომელსაც დროთა განმავლობაში ჟამთასვლის
მტვერი ედება და ღრმად ილექება მეხსიერებაში.

წამის შეჩერება ადამიანს ყოველთვის დიდ სიამოვნებას გვგვრის
– ალბათ გვგონია, ამით მარადიულობის პრობლემას ვჭრით.

ყველას კარგად
გვახსოვს ი. კრამსკის სურათი “უცნობი”.  მის ცნობირებაში ერთი წამით აღბეჭდილი მომენტი საუკუნოდ
აქცია დიდმა მხატვარმა. მაგრამ ხატვის, თან ასეთის, უნარი ბევრს არ გააჩნია. ამიტომ
მოვიგონეთ ფოტოაპარატი (სხვათაშორის რომლიც შექმნაშიც, თუნდაც ციფრულის,  ქიმიკოსებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს), რათა ჩვეულებრივ
მოკვდავთაც ჰქონებოდათ საშუალება დაეფიქსირებინათ წამის გაელვება.

მოგვიანებით ქიმიკოსები
კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მათ მიაგნეს მოლეკეულებს, რომელთაც გააჩნდათ _ მეხსიერება.
დიახ, მეხსიერება, რომელიც ცოტა განსხვავებულია ჩვენი დამახსოვრების  მექანიზმიდან, თუმცა მათ “საქციელს” მეტს
ვერაფეს დაარქმევ. ამიტომაც პოლიმერების ტექნიკურ კლასიფიკაციაში გაჩნდა ახალი კლასი
“ჭკვიანი  პოლიმერები”, ხოლო ტექნიკაში
კი ისეთი აპარატები, როგორიცაა ასლგადამღები მოწყობილობა (რატომღაც ქსეროქს რომ ვეძახით), ლაზერული პრინტერები და ა.შ.

ჭკვიან პოლიმერებს
ქიმიურად „პოლივინილკარბაზოლები” ჰქვიათ და ასე გამოიყურებიან:

 

მათგან მზადდება
სპეციალური პოლიმერული ფირები, რომელზეც სურათის დასხივებით ინფორმაცია ინახება. მათ
ასევე შეუძლიათ ეს ინფორმაცია სხვას გადასცენ. ამ პრინციპზე შეიქმნა ასლგადამღები  მოწყობილობა, რომლის მუშაობის პრინციპი სქემატურად
ქვემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები.

ორიგინალზე (ტექსტის,
ნახატის შემცველი ფურცელი) სინათლის დაშუქებით მიღებული სხივის კონა აირეკლება სარკეზე და გაივლის ლინზას. ლინზიდან გამოსული
ნაკადი მეორე სარკის საშუალებით ნეგატივს, პოზიტივად აქცევს ისევ და მიმართავს
პოლივინილკარბაზოლის ფირისაკენ. ამ უკანასკნელს კი შეუძლია  დიამახსოვროს სურათი დასხივების წერტილებითა და
ინტენსიურობით. პოლივინილკარბაზოლის ფირი მბრუნავ დოლს წარმოადგენს, ამიტომ მასზე ასახული
სურათის ადგილი შემობრუნების გარკვეულ სტადიაზე უახლოვდება ტონერის რეზერვუარს, საიდანაც
ელექტროსტატიკური ძალებით მიიზიდება პიგმენტის ფხვნილი და გადავა პოლიმერზე. დოლი კვლვავ
აგრძელებს შემობრუნებას და შემდეგ ეტაპზე ეხება სუფთა ფურცელს, რომელსაც გადასცემს
ტონერის ფხვნილს იმავე ფორმით და იმავე რაოდენობით, როგორც მასზე იყო “განთავსებული”.
შესაბამისად, ორიგინალის სურათი გადადის სუფთა ფურცელზე.

ასლის გადაღებისას
ძირითადად ფიზიკური პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მათი მუშაობის საფუძველს კი ქიმიკოსების
მიერ მიგნებული და შემდეგ დამზადებული ჭკვიანი პოლიმერი – პოლივინილკარბაზოლი წარმოადგენს.

ალბათ დამეთანხმებით,
რომ მეტად საინტერესო მასალაა ეს პოლიმერი. მაგრამ იგი უკვე წინა საუკუნის მიგნებად
მიიჩნევა. დღევანდელ ეპოქაში ორი განზომილება აღარ გვაკმაყოფილებს. ტელევიზია და კინომატოგრაფია
უკვე სამგანზომილებიან ჩვენებაზე ცდილობს გადასვლას. მიზეზი მარტივია – სამ განზომილებიან
სამყაროში აღქმა უფრო ადვილი და რეალისტურია. გულის ჯიბეში შეიძლება უსაყვარლესი ადამიანის
სურათს ატარებთ, მაგრამ იგი “ორიგინალს” ვერ შეგიცვლით.

ამიტომ დღეისათვის
ქიმიკოსებისა და ფიზიკოსების ერთობლივი ძალისხმებით მუშავდება ტექნოლოგიები, რომელიც
ინფორმაციის (მათ შორის სურათის) სამგანზომილებიან ჩაწერას უზრუნველყოფს. ამ მეთოდს
ჰოლოგრაფიული ჩაწერა ეწოდება და მასზე შემდეგ ბლოგში გვექნება საუბარი…

მითები და ფაქტები მასწავლებლის პროფესიის შესახებ

0

მასწავლებლის პროფესიამ ჩამოყალიბების გრძელი და რთული, მწვავე კრიტიკითა და დებატებით აღსავსე გზა განვლო. ამ პროფესიის შესახებ ფართოდ გავრცელებული მითებისა და მცდარი წარმოდგენების განხილვამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მე-20 საუკუნემდე მასწავლებლობა “ნახევარ” პროფესიად მიიჩნეოდა, ხოლო “სწავლებით დაკავებული პირები არ ასოცირდებოდნენ განსაკუთრებული ინტელექტუალური და სამეცნიერო ცოდნის მატარებლებთან, რომელთაც საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ”. დღეს, ცოდნის თანამედროვე საზოგადოებაში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მასწავლებლებს უდავოდ შესწევთ უნარი, დიდი გავლენა მოახდინონ მომავალ თაობებზე და, შესაბამისად, მომავალ საზოგადოებაზეც. მიუხედავად ამისა, მრავალი მითი, მასწავლებლის პროფესიის ჩამოყალიბებამდე რომ არსებობდა, დღესაც არსებობს. მინდა, ამ წერილში სწორედ ეს ფართოდ გავრცელებული და საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ გაზიარებული მითები გავიხსენოთ და, ამავე დროს, ფაქტებიც შევაჯეროთ.

მასწავლებლებს, გარდა იმ მითებისა, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ, ხშირად განათლების სისტემის ხარვეზებს სდებენ ბრალად. მცდარმა წარმოდგენებმა ისე ღრმად გაიდგა ფესვი საზოგადოებაში, რომ ზოგიერთი მასწავლებელიც კი იზიარებს მათ და ამით საკუთარ პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ვეცდებით, თითოეული მითი კონკრეტული ფაქტებით გავაბათილოთ და მასწავლებლის პროფესიის რეალური სახე გაჩვენოთ.
1. სწავლება საქმე არ არის

XX საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა ცნობილი ირლანდიელი დრამატურგის, ბერნარდ შოუს ციტატა, რომელიც მასწავლებლობაზე მანამდე არსებულ წარმოდგენებს ამყარებდა. “ვისაც საქმის კეთება შეუძლია, აკეთებს, ვისაც არა, ასწავლის!” – ასეთი იყო შოუს მოსაზრება. ფაქტია, რომ დღეს მასწავლებლის პროფესია დიდი პოპულარობით მართლაც არ სარგებლობს. მასწავლებლობის მსურველი ახალგაზრდებს შორის არც ისე ბევრია. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები მასწავლებლობას სხვა პროფესიას ამჯობინებენ. ერთი მხრივ, ზემოთ მოყვანილი მცდარი წარმოდგენა მასწავლებლის პროფესიის არაპოპულარობას განაპირობებს, მეორე მხრივ კი მასწავლებლობის მსურველთა ნაკლებობა ამყარებს ხსენებულ მითს.
ამ აზრს იზიარებს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ სწავლება პროფესია არ არის და მხოლოდ საგნის მცოდნე შეიძლება ჩაითვალოს პროფესიონალად, თუმცა, ცხადია, მხოლოდ საგნის ცოდნა ეფექტურ სწავლებას ვერ უზრუნველყოფს. მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივირება, მათი ცნობისმოყვარეობის გაღვიძება, სასწავლო პროცესში თანაბრად ჩართვა, ობიექტურად შეფასება და ა.შ. ის უნარ-ჩვევებია, რომლებიც მხოლოდ გარკვეული მომზადებისა და პრაქტიკის მქონე მასწავლებელს აქვს. ამ უნარ-ჩვევების გამოყენებით მასწავლებლები ზრდიან ადამიანებს, რომლებიც შემდეგ “ქმნიან პროდუქტს და აკეთებენ საქმეს”.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლის პროფესია მოითხოვს მუდმივ პროფესიულ განვითარებას, ლიცენზიის/მასწავლებლის სერტიფიკატის რეგულარულ განახლებას და ფსიქოლოგიის საფუძვლების ცოდნას.
2. მასწავლებელი არასრული განაკვეთით მუშაობს

მასწავლებელი აკადემიური საათებით უმეტესად დღის პირველ ნახევარშია დატვირთული. დაახლოებით დღის 3-4 საათისთვის ის სკოლას ტოვებს. გარდა ამისა, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე სასწავლო პროცესი წყდება და მასწავლებელი საათობრივი დატვირთვისგან თავისუფლდება. ამ ფაქტებზე დაყრდნობით გაჩნდა მოსაზრება, რომ მასწავლებელი არასრული განაკვეთით მუშაობს.

ამავე მოსაზრებას ეხმიანება გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ მასწავლებლებს, მათი საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აქვთ. აღნიშნული საკითხის შესასწავლად ევროკომისიამ 2008 წელს მასშტაბური კვლევა დააფინანსა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურება შეადარეს 12 სხვა პროფესიის მქონე მუშაკების ანაზღაურებას ევროპის 33 ქალაქში. შედარებისთვის ეს პროფესიები შეირჩა: ინჟინერი, ოფისის მენეჯერი, კომპანიის განყოფილების ხელმძღვანელი, ბანკის საკრედიტო ოფიცერი, მზარეული, ტექნიკური პერსონალი, მძღოლი, ქოლცენტრის ოპერატორი, მშენებლობის მუშა, ქარხნის მუშა, მდივანი-რეფერენტი, გამყიდველი. კვლევამ დაადგინა, რომ 33-დან მხოლოდ 4 ქალაქში (დუბლინი, ლუქსემბურგი, ლონდონი, ამსტერდამი) ჰქონდა მასწავლებელს უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე გამოკვლეული პროფესიის ადამიანების უმრავლესობას.

დასავლეთის ქვეყნებში მოქმედმა მასწავლებელთა პროფესიულმა კავშირებმა კვლევისა და მისი შედეგების ანალიზის საფუძველზე სცადეს გაებათილებინათ მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მასწავლებელი არასრული განაკვეთით მუშაობს. გამოკითხულ მასწავლებელთა 70%-მა აღნიშნა, რომ მათ სახლში უწევთ სამუშაოს წაღება, მოსწავლეთა თხზულებების გასწორება, წერითი დავალებებისა და პროექტების გადახედვა და მოსწავლეებისთვის წერილობითი შენიშვნების მომზადება. მაღალ- და საშუალორეიტინგიანი სკოლების უმრავლესობაში ზამთარში _ საზამთრო სკოლები, ხოლო ზაფხულში საზაფხულო ბანაკები ეწყობა, რომელთა დაგეგმვასა და ორგანიზებაში მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ.

არასასწავლო პერიოდში მასწავლებელი პროფესიული განვითარებისთვის ზრუნავს: ესწრება ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, მოსამზადებელ კურსებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა, რასაც მასწავლებლები ამ პერიოდში ასრულებენ, არის სილაბუსებსა და სასწავლო გეგემებზე მუშაობა. ამავე პერიოდს იყენებენ ისინი გასული წლის საგაკვეთილო გეგმების გადახედვისა და განახლებისთვის.
3. მასწავლებლის პროფესიული გამოცდილება მოსწავლეების აკადემიური მიღწევების პირდაპირპროპორციულია
მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება და ანაზღაურების სკალის დადგენა, მაგალითად, აშშ-ში მისი აკადემიური ხარისხით და სწავლების გამოცდილებით ხდება, თუმცა არაერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლის პროფესიული გამოცდილება არ უკავშირდება მოსწავლეთა საერთო აკადემიურ მოსწრებას. შესაძლოა, ერთი მასწავლებლის მოსწავლემ საგამოცდო ტესტში 100%-იანი შედეგი მიიღოს, ხოლო მეორე მასწავლებლის მოსწავლეებმა იმავე ტესტში ბევრად დაბალი ქულები დააგროვონ, მაგრამ ეს შედეგი იმის საშუალებას არ მოგვცემს, დავადგინოთ, რომელი მასწავლებელი ასწავლის უფრო ეფექტურად. ტესტისა თუ გამოცდისთვის მზადების დროს მოსწავლეს დამოუკიდებლად მუშაობაც შეუძლია. ამდენად, ეფექტურად მუშაობს ის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს თავდაჯერებულობას, წარმატებისკენ სწრაფვის ინსტინქტს გაუღვიძებს, სირთულეებთან გამკლავებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას ასწავლის.

ამ მხრივ მასწავლებლებისგან მეტისმეტსაც კი ელის საზოგადოება. მშობლებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებელი ვალდებულია, ყველაფერი ასწავლოს მათ შვილებს, გადასცეს ცოდნა მორალური ღირებულებების შესახებ და განუვითაროს კრიტიკული აზროვნება. არაერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ მოსწავლის წარმატებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მასწავლებელი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიუხედავად, ვერ იქნება სწავლაზე სრულად პასუხისმგებელი. ის ხელს უწყობს მოსწავლეს სწავლის პროცესში. მშობლებს კი განსაკუთრებით დიდი როლის შესრულება შეუძლიათ შვილის აკადემიურ მოსწრებასა და მის მიერ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ათვისებაში.
4. მასწავლებელს არ უწევს კონკურენციის პირობებში მუშაობა

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ იმის შესახებ, რომ მასწავლებლის პროფესია დღეს დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. ამდენად, შეიძლება დავუშვათ, რომ მასწავლებლები კონკურენტულ გარემოში არ მოღვაწეობენ. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. თანამედროვე საზოგადოებაში, განათლების მზარდი სტანდარტების პირობებში, კომპეტენტურ მასწავლებელზე დიდი მოთხოვნაა. ვაუჩერული დაფინანსების მქონე განათლების სისტემებში კომპეტენტურ მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეთა დიდ კონტინგენტს იზიდავს, კერძო თუ საჯარო სკოლაში მეტი ანაზღაურება აქვს. საქართველოში ახლად შემოღებული საბაზო დაფინანსების პირობებში ასეთი კონკურენცია უმთავრესად ქალაქის სკოლებში შეიძლება იყოს, ხოლო სოფლად, სადაც მოსწავლეთა გადაადგილება გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული პირობების გამო გართულებულია, მასწავლებლებისთვის ნაკლებად კონკურენტუნარიანი გარემოა.

რამდენად კონკურენტუნარიან გარემოში უწევთ მასწავლებლებს მუშაობა, დამოკიდებულია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკაზე, პედაგოგიური ინსტიტუტებისა და საუნივერსიტეტო კურსების ხარისხზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, სასკოლო ცხოვრებაში ადგილობრივი თემის ჩართულობაზე.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მასწავლებლის პროფესიის შესახებ

მასწავლებლები ქვეყნის მომავალს ქმნიან. დაწყებითი კლასებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები ამ მხრივ განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებენ.

საგნობრივი ცოდნის გარდა, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის გამორჩეული უნარი, შეეძლოს მოსწავლეთა შთაგონება და მოტივირება, მათი ნდობის მოპოვება.

მასწავლებელი აკვირდება და აფასებს თითოეული მოსწავლის როგორც პიროვნულ/ემოციურ, ისე სასწავლო საჭიროებებს.

მასწავლებელი მრავალფეროვან მეთოდიკას იყენებს, რათა ყველა ტიპის მოსწავლემ თანაბრად აითვისოს სასწავლო მასალა და მაღალი აკადემიური შედეგები მიიღოს.

სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელი ითვალისწინებს სტანდატულ კურიკულუმს, რესურსების ხელმისაწვდომობას, მოსწავლეთა ცოდნის დონეს, სასწავლო მიზნებს.

მასწავლებელი, ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით, მოსწავლეებს სწავლასა და ახალი ცნებების პრაქტიკულ გააზრებაში ეხმარება.

ის ხელს უწყობს მოსწავლეებს, განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა.

მასწავლებლებს მუდმივად უწევთ მოსწავლეთა აკადემიური შეფასება; მათგან შეფასების ახალი, უფრო ობიექტური ფორმების შემუშავებას მოელიან.

არამოტივირებულ მოსწავლეებთან მუშაობისას მასწავლებლის მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოთმინებისა და შემოქმედებითი უნარის გამოჩენა.

მასწავლებელი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ, თემში.

რა საერთო შეიძლება იყოს უცნაურ ციხესა და საღებავს შორის?

0

მორიგი წერილის
თემაზე ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, თემა ქიმიიდან  იქნებოდა, მაგრამ ამ წერილების მიზანი ხომ მხოლოდ
ქიმიაზე წერა არ არის. ჩემი აზრით, ქიმია რაღაც ცხოვრებისეულთან უნდა დავაკავშიროთ,
ან თუნდაც რაიმე ისტორიულ ფაქტთან, მოკლედ რაიმე ისეთთან რომ არა მხოლოდ მოსწავლე,
სხვა პროფესიის ადამიანებიც დაინტერესდნენ. რაიმე ცხოვრებისეულთან უნდა იყოს კავშირში
თქო კი ვწერ, მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ქიმია ისედაც არის ჩვენთან დაკავშირებული,
უბრალოდ ამის დანახვა ჩვენც უნდა შევძლოთ და მოსწავლეებსაც ვაჩვენოთ.

 

მოკლედ, მორიგ
თემას  „ვეძებდი”, როდესაც ტელევიზორი შემთხვევით
Discovery”-ის
არხზე გადავრთე, სადაც ეგზოტიკურ ციხეებზე იყო ფილმი. დაახლოებით მე-18 საუკუნის ერთმა
ციხემ მიიპრყო ჩემი ყურადღება, სადაც მხოლოდ საშიში, სიკვდილმისჯილი  დამნაშავეები იყვნენ. სასტიკი წამებით უნდა მომკვდარიყვნენ.
„აღმასრულებლების” როლს კი ბიოგენური ამინები თამაშობდნენ და მეთოდათ მათი  ჩვეულებრივი ბიოქიმიური მეტაბოლიზმი გამოიყენებოდა.

 

დაინტერესდით? 

 

სანამ გავაგრძელებ,
ორი სიტყვით ჯერ ამინებზე, შემდეგ კი  ბიოგენურ
ამინებზე დავწერ.

ამინები შეიძლება
განვიხილოთ, როგორც ამიაკის ნაწარმები, რომლის მოლეკულაშიც ერთი ან რამდენიმე წყალბად
ატომი ჩანაცვლებულია ნახშირწყალბადური რადიკალით. მეთილამინი, დიმეთილამინი, ტრიმეთილამინი-გაზებია.
ამინების საშუალო წევრები სითხეებია, მაღალი კი-მყარი ნივთიერებებია. თევზის ლპობის
შედეგად ტრიმეთილამინი წარმოიქმნება, რომელიც თევზს სპეციფიურ სუნს ანიჭებს. თევზის
სუნის მქონე ამინები გამოიყენებიან, როგორც სატყუარა მღრღნელებისთვის. ყველა ამინი
ტოკსიკურია.

 

ქიმიურად ამინები
ორგანული ფუძეებია, უფრო ძლიერი, ვიდრე ამონიუმის ჰიდროქსიდი. ამიტომ მათ ორგანული
ფუძეები ეწოდათ.

 

რაც შეეხება ბიოგენურ
ამინებს, ისინი  ადამიანის ორგანიზმის განუყოფელ
ნაწილს წარმოადგენენ და ამინომჟავების გარდაქმნებით წარმოიქმნებიან. კერძოდ, ამინომჟავა
განიცდის დეკარბოქსილირებას, ანუ კარგავს კარბოქსილის ჯგუფს, რომელიც
CO2-ის სახით გამოიყოფა. შედეგად, ბიოგენური ამინი მიიღება:

ბიოგენური ამინები
ძლიერ გავლენას ახდენენ ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე, თუმცა უჯრედში მათი მაღალი
კონცენტრაციით დაგროვება უკვე სახიფათო ხდება. ცხოველური ორგანიზმის უჯრედები (მათ
შორის, რა თქმა უნდა, ადამიანის ორგანიზმიც) შეიცავენ ფერმენტს- მონოამინოოქსიდაზას, რომელიც  ბიოგენურ ამინებს დაჟანგვით  აუვნებელყოფს.

 

ორგანიზმში სამი
ამინომჟავასგან განსაკუთრებით საშიში ამინები, ანუ პტომაინები წარმოიქმნებიან. არგინინისგანწარმოიქმნება აგმატინი; ლიზინისგანკადავერინი; ორნითინისგანპუტრესცინი.

 

კადავერინი (CADAVRE ფრ. გვამი) იგივე-გვამის შხამი– ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში
ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება და მოქნილი დამცავი სისტემის მეშვეობით ხდება მისი
გაუვნებელყოფება. გარდაცვლილი ადამიანის და ცხოველის ორგანიზმში კი ეს ამინი დიდი რაოდენობით
გროვდება. განსაკუთრებით მაღალია მისი კონცენტრაცია უჯრედშორის სითხეში.

 

ეკატერინე მედიჩის
პერიოდის საფგრანგეთში (ეს პერიოდი სისასტიკით გამოირჩეოდა) კადავერინს ხშირად მიმართავდნენ
არასასურველი მეტოქეების თავიდან მოსაცილებლად. კადავერინისგან სხვადასხვა საწამლავების
დამზადებაში თურმე ბადალი არ ჰყავდა ეკატერინეს პირად პარფიუმერს და აფთიაქარს – რენე
ფლორენციელს.

 

ახლა კვლავ ზემოთ
ხსენებულ უცნაურ ციხეს დავუბრუნდები. განსაკუთრებული სისასტიკით და წამებით უნდა დასჯილიყო
საშიში დამნაშავე. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა გამოეყენებინათ? – ახალი, მოხარშული
დეკეულის ხორცი. დიახ, მხოლოდ  ეს იყო მათი
საკვები. დაახლოებით ერთ თევეში პატიმრებს ღვიძლთან დაკავშირებით  პრობლემები ეწყებოდათ. სიკვდილის დრო კი პატიმრის
ორგანიზმის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული, რადგან მათ არ მკურნალობდნენ.

 

რა თქმა უნდა
მიხვდით, რაშიც იყო საქმე.

ხორცი ცილაა,
ცილა კი ამინომჟავებისგან შედგება. ცილა ორგანიზმში მოინელებოდა, იშლებოდა ამინომჟავებად,
ამინოჟავები კი თავის მეტაბოლიზმსს განაგრძობდნენ და ჩაერთვებოდნენ ზემოთ მოცემულ დეკარბოქსილირების
რეაქციაში. სხვა ბიოგენურ ამინებთან ერთად პტომაინებიც წარმოიქმნებოდა. თუ ნორმალური
რაოდენობით ბიოგენური ამინი აუცილებელია ორგანიზმისთვის (მაგ. ამინომჟავა ჰისტიდინისგან
წარმოიქმნება ბიოგენური ამინი-ჰისტამინი, რომელსაც ვაზოკონსტრიქტული (სისხლძაღვების
შევიწროვებაში მონაწილეობას) მოქმედება ახასიათებს), მათი გადაჭარბებული რაოდენობა
უკვე სახიფათოა, რადგან თავდაცვის სისტემა ვეღარ ასწრებს მათ დაშლას. რადგან მათი გაუვნებელყოფა
ძირითადად ღვიძლში მიმდინარეობს, სწორედ ამ ორგანოს დაშლით ანუ ცეროზით იღუპებოდნენ
პატიმრები და საშინლად იტანჯებოდნენ, რადგან მათ არავინ არ მკურნალობდა. ხორცის მიღება
ყოველდღიურად კი (ციხის წესებიდან გამომდინარე) უბრალოდ სავალდებულო იყო.

 

იმავე არხზე შემდეგი
გადაცემა უკვე საღებავების აღმოჩენის ისტორიას ეხებოდა და ე.წ. „იისფერ ათწლეულზე” იყო საუბარი. გაგიკვირდებათ
(არა, ქიმიკოსებს ნამდვილად არ ვგულისხმობ!) აქაც ამინებზე მოგვიწევს საუბარი. კერძოდ-ანილინზე. ანილინი წყალში მცირედ ხსნადი,
უფერო ზეთისებრი სქელი სითხეა, ჰაერზე ნაწილობრივი დაჟანგვის გამო ღია ყავისფერ შეფერილობას
ღებულობს. ანილინი ფუძე თვისებების მქონე არომატული ამინია. მისი ფუძე თვისებები სუსტადაა
გამოხატული. არ ვცლის ლაკმუსის ფერს, მაგრამ მჟავებთან მარილებს წარმოქმნის. ანილინზე
ძლიერი მჟანგავების მოქმედებით (მაგ. ბიქრომატისა და გოგირდმჟავას ნარევი) სხვადასხვა
ფერის მღებავი ნივთიერებები მიიღება. უფრო ძლიერი მჟანგავით კი მიიღება შავი ფერის
ანილინი, რომელიც გამოიყენება, როგორც მდგრადი შავი საღებავი.

 

სხვათა შორის
(საღებავების თემას არ ეხება, მაგრამ ცნობისთვის) ანილინის და კონცენტრირებული მარილმჟავას
ნარევი პრიდუქტში ვიტამინ D-ს ძალიან კარგი აღმომჩენია. ანილინის და მარილმჟავას შერევა
ფრთხილად უნდა განვახორციელოთ, რადგან შეიძლება წვეთები ამოაშხიფოს და დავზიანდეთ.
გარდა ამისა, გვახსოვდეს, რომ ისევე როგორც ნებისმიერი ამინი, ანილინიც ტოქსიკურია
და ჯობს მასთან ამწოვ კარადაში ვიმუშავოთ. საკვლევ პროდუქტს, მაგ. რძეს ან თევზის ქონს
ვამატებთ ზემოთ ხსენებულ ნარევს, რომელიც ყვითელ ფერს მიიღებს.  ვიტამინის არსებობის შემთხვევაში ყვითელი მასა ჯერ
მწვანედ შეიფერება, შემდეგ კი წითლად. 1-2 წუთის შემდეგ ემულსია ორ ფენად დაიყოფა,
რომლის ქვედა ფენა ინტენსიური წითელი ფერისაა.

 

ეხლა რაც შეეხება,
საღებავების ისტორიას.

მე-19-ე საუკუნის
პირველ  ნახევარში სინთეზურ ორგანულ ქიმიას
ჩაეყარა საფუძველი. ბერტლოს, რომელმაც სინთეზური გზით ცხიმი მიიღო, მიბაძეს სხვა ქიმიკოსებმაც
და დაიწყეს სხვადასხვა ორგანული მოლეკულების შეერთება. თუმცა, მოლეკულური სტრუქტურის
არასრულად ცოდნა მათ ხელს უშლიდა სასურველი შედეგის მიღებაში.

 

40-იან წლებში
ინგლისში არ იყვნენ ძლიერი ქიმიკოს-ორგანიკოსები, ამიტომ გერმანიიდან მიიწვიეს  ლიბიხის მოსწავლე ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანი.
 რამდენიმე წლის შემდეგ ჰოფმანმა თანაშემწედ აიყვანა
სრულიად ახალგაზრდა უილიამ პერკინი; იმ დროისთვის ჰოფმანი ქვანახშირს სწავლობდა. ერთხელ,
პერკინის თანდასწრებით დაუწყია ხმამაღლა ფიქრი ქინინის სინთეზის თაობაზე. პერკინი ისე
აფორიაქდა ამ იდეით, რომ სახლში თავის ლაბორატორიაში იმავე ღამეს დაიწყო მუშაობა. მან
დაამუშავა ანილინი კალიუმის ბიქრომატით და შედეგით იმედგაცრუებულმა ის-ის იყო დააპირა
მიღებული მასის გადაგდება, რომ  შეამჩნია, მასამ
როგორ მიიღო  მოწითალო შეფერილობა. დაამატა
სპირტი, რომელმაც გამოყო მოწითალო ნივთიერება სარექციო არიდან. პერკინი მიხვდა, რომ  ეფექტური საღებავი მიიღო.

 

ამის შემდეგ სწავლა
მიატოვა და თავისი ოჯახის სახსრებით  ფაბრიკა
ააგო. ექვსი თვის შემდეგ კი ფაბრიკამ დაიწყო “ანილინის მეწამულის” გამოშვება.

ფრანგ მღებავებს
ძალიან მოეწონათ ახალი საღებავი და იისფერი უწოდეს მას.  ეს ფერი იმდენად პოპულარული გახდა, რომ დროის ამ
პერიოდმა ისტორიაში “იისფერი ათწლეულის” სახელი მიიღო.

 

პერკინი 35 წლის
ასაკში უკვე ძალიან მდიდარი იყო და შეეძლო ფაბრიკების მართვა სხვებისთვის დაევალებინა,
თვითონ კი ცხოვრებით დამტკბარიყო.

1867 წელს ადოლფ
ბაიერმა  ინდიგოს სინთეზი განახორციელა.

1868 წელს ბაიერის
მოსწავლემ კარლ გრებემ  სინთეზით მიიღო ალიზარინი.

სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები

0

რა ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებას?

ვიდრე უშუალოდ დასმულ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, მოკლედ განვიხილოთ, რა არის მოტივაცია და რა მნიშვნელობა აქვს მას სწავლა-სწავლების პროცესში.
მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტერმინია თანამედროვე პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. ის მოიცავს მოსწავლის ქმედებისა და ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და გარე (გარემო) სტიმულებზე საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ. საზოგადოდ, ადამიანის ქმედება უმეტესად მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული და მას განსაზღვრული მოტივები უდევს საფუძვლად. აქედან გამომდინარე, მოტივაცია შეიძლება განიმარტოს როგორც სასურველი მიზნის მიღწევისკენ მიმართული პროცესი.
პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გააზრება როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.
სწავლის მოტივაცია სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან შიდაპიროვნულ ფაქტორს, რომლებიც სწავლის მოტივაციას განაპირობებს:
1.ცნობისმოყვარეობა
ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას, თავსატეხს, ცდილობს, გადაჭრას ახალ-ახალი პრობლემები და ა.შ., რის შედეგადაც მას ისეთი უნარები და კომპეტენციები უვითარდება, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსთან ადაპტაციასა და შინაგანი წონასწორობის დამყარებაში.
სწავლა-სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის ინტერესებისკენ არის მიმართული. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ. ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში. ის გონებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისკენ, ახალი იდეების აღმოჩენისა და ჰიპოთეზების წარმოდგენისკენ, ახალი მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობა მოსწავლეს კვლევა-ძიებისკენ უბიძებს.
სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას ნაცნობი გამოცდილების კონტექსტში, გამოიყენოს ისეთი სტიმულები, რომლებიც არ იქნება მათთვის სრულიად უცხო. საჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ სქემასა და ახალი დავალების სირთულეს შორის _ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს.
მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას: პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიწოდებით; რეალური ფაქტის გაცნობამდე მასში წარმოდგენილ პრობლემურ სიტუაციაზე მსჯელობით; ვარაუდის გამოთქმაზე ორიენტირებული კითხვების დასმით; ახალი, უცნობი ფაქტებით; რაციონალური და ემოციური ფაქტორების თანხვედრით; მხატვრული ლიტერატურისა და ცხოვრებისეული მაგალითების გამოყენებით; ვიზუალური და აუდიომასალით; მოკლე ისტორიული ექსკურსით და ა.შ.
2.თვითრწმენა
თვითრწმენა მნიშვნელოვანი მოტივია სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. იმისთვის, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში. წარმატების განცდა მოსწავლეს, საზოგადოდ, ადამიანს ხშირად აღუძრავს სურვილს, აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში, რაც თავისთავად იქცევა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელ ფაქტორად.
როგორ განვუმტკიცოთ მოსწავლეებს თვითრწმენა?
ამისთვის მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას მოსწავლეების ცოდნის დონისა და კომპეტენციების, სასწავლო პროცესისთვის ხელსაყრელი თუ არასასურველი რწმენის შესახებ. მას შეუძლია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ნეგატიური რწმენის პოზიტიურით შეცვლას. საწყის ეტაპზე სასურველია, მასწავლებელმა მათ ისეთი დავალებები მისცეს, რომლებსაც იოლად დაძლევენ _ ეს უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ წარმატების განცდას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შესრულებული საქმიანობის ადეკვატურად შეფასება, მისი პოზიტიური მხარის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში _ კონსტრუქციული შენიშვნების მიცემა. სასწავლო პროცესი, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურ უკუკავშირზე, მოსწავლეს აგრძნობინებს საკუთარ პროგრესს და წარმატებას, თანდათანობითი სტიმულირება კი ხელს შეუწყობს მას, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკიცოს თვითრწმენა.
თვითრწმენის განმტკიცება უშუალოდ უკავშირდება კომპეტენციების განვითარებას, რისი მიღწევაც შესაძლებელია მოსწავლეთა ინტერესებისა და ასაკობრივი განვითარების შესაბამისი დავალებებისა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ამგვარი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ სხვადასხვაგვარი გამოცდილების მიღებას. განვითარებული კომპეტენციები კი შემდგომ თავად იქცევა წამახალისებელ ფაქტორად და თვითრწმენის განმტკიცების საფუძვლად.
3. დამოკიდებულება
რა არის დამოკიდებულება?
დამოკიდებულება შეიძლება განიმარტოს როგორც ადამიანის მიერ მოვლენების, ფაქტების, იდეების, პიროვნებების და ა.შ. პოზიტიური ან ნეგატიური შეფასება. ის დამოკიდებულია გარე სამყაროს ინდივიდუალურ აღქმაზე და მომდინარეობს ადამიანის ფიქრებიდან, ემოციებიდან, გრძნობებიდან და გამოცდილებიდან. პირადი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უმთავრესად ის გარემო, საზოგადოება, რელიგია, კულტურა და ტრადიცია განაპირობებს, რომელშიც ადამიანი იზრდება და ვითარდება. აქვე უნდა ითქვას, რომ დამოკიდებულების შეცვლაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი გარემო, სადაც ღირებულებების, კულტურული და საზოგადოებრივი ნორმების შეფასება-გადაფასება სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, საინფორმაციო საშუალებები და სხვ. გამუდმებით ცდილობენ, შეცვალონ ადამიანის ფიქრები, ემოციები და განცდები ამა თუ იმ საკითხისა თუ მოვლენის მიმართ. აი, ამ რთულ ინფორმაციულ გარემოში მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა შეასრულოს გზამკვლევის როლი მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
ვიდრე უშუალოდ სწავლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულების განხილვას შევუდგებოდეთ, გავეცნოთ მის შემადგენელ კომპონენტებს, რომელთა გააზრებაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს, ადეკვატურად დაგეგმოს და გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგიები მოსწავლის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.
დამოკიდებულება სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
1. აფექტური კომპონენტი მოიცავს ადამიანის ემოციურ რეაქციას კონკრეტული ობიექტების მიმართ. ის გამომდინარეობს ადამიანის ემოციური გამოცდილებიდან. ასეთი დამოკიდებულება ლოგიკური აზროვნების შედეგი კი არ არის, არამედ ადამიანის შინაგანი მიმართებების, გრძნობებისა და განცდების გამოხატულებაა.
2. ქცევითი კომპონენტი კონკრეტულ ქმედებებში აისახება. მოსწავლემ არ იცის, მისაღებია თუ არა მისთვის კონკრეტული ქცევა, სანამ თავად არ გამოსცდის მას პრაქტიკაში. ასეთი დამოკიდებულება უმეტესად საკუთარ ან სხვების ქმედებებზე დაკვირვების შედეგად ყალიბდება.
3. კოგნიტური კომპონენტი ეფუძნება რაციონალურ გამოცდილებასა და ფაქტებს. ასეთი დამოკიდებულება საშუალებას აძლევს ადამიანს, მოვლენები, პიროვნებები, ფაქტები თუ მოსაზრებები შეაფასოს ლოგიკაზე დაყრდნობით, არსებული გამოცდილების საფუძველზე.
მნიშვნელოვანია ასევე, მასწავლებელმა იცოდეს, რომ მოსწავლეთა დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და მათი ქცევა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, ის, რომ მოსწავლე უმეტესად მომზადებული მოდის გაკვეთილზე, შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს, რომ მას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სწავლის მიმართ. მისი ეს ქმედება შესაძლოა სულ სხვა მოტივით იყოს განპირობებული _ დასჯის შიშით ან/და საჩუქრის მიღების დაპირებით. მასწავლებლის მთავრი ამოცანა კი ის არის, რომ მოსწავლეთა მოტივაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და განვითარებისკენ მიმართოს.
როგორ განვსაზღვროთ მოსწავლეთა დამოკიდებულება და როგორ შევუწყოთ ხელი სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას? ამისათვის:
. შექმენით მოსწავლეთათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო;
. შეიტანეთ ურთიერთობაში მეტი სიცხადე და სიზუსტე;
. გამოიყენეთ ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ნდობის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი;
. მიეცით მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება;
. გამოხატეთ პატივისცემა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და იდეების მიმართ;
. შეეცადეთ განსაზღვროთ, დამოკიდებულების რომელი კომპონენტი უდევს საფუძვლად მოსწავლის შეხედულებას;
. ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩართეთ მოსწავლე სასწავლო პროცესში და დაანახეთ საკუთარი მნიშვნელობა;
. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მსჯელობითა და დისკუსიებით თავად განსაზღვრონ პირადი დამოკიდებულება სწავლის მიმართ; გაიაზრონ არსებული დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, როგორ დაეხმარებათ პოზიტიური დამოკიდებულება სასწავლო ამოცანების დაძლევასა და მათ მომავალ წარმატებაში;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მათ განვითარებასა და მომავალზე;
. წაახალისეთ ისინი, რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.
4. მოთხოვნილებები
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები შესაძლოა ერთმანეთისგან მეტად განსხვავებული იყოს. ამის შესახებ ყველაზე ცნობილ კლასიფიკაციას ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ გვთავაზობს. ის ადამიანის მოთხოვნილებათა ხუთ კატეგორიას გამოყოფს: 1. ბიოლოგიური (კვების, წყურვილის დაკმაყოფილების, ძილის…) მოთხოვნილებები; 2. უსაფრთხოების (სტაბილურობის, დაცულობის განცდის…) მოთხოვნილება; 3. კუთვნილებისა და სიყვარულის (ოჯახის, გუნდის, ურთიერთობების, ემპათიის…) მოთხოვნილება; 4. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და აღიარების (ამა თუ იმ სტატუსის ქონის, წარმატების, რეპუტაციის მოპოვების…) მოთხოვნილება; 5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიულ მოდელში ბიოლოგიური, ანუ საბაზისო მოთხოვნილებები ყველაზე დაბალ საფეხურზე განიხილება, ხოლო პიროვნების განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის მოთხოვნილებები _ ყველაზე მაღალ საფეხურზე. განათლების მიზნები ორიენტირებულია უფრო მაღალი მოთხოვნილებების ყოველდღიურ აუცილებლობად ქცევაზე. მოსწავლეებს ისეთი უნარები და დამოკიდებულებები უნდა ჩამოუყალიბდეთ, როგორიც არის გუნდურად მუშაობის უნარი, სოციალური აზროვნება, სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება, თვითრეალიზება და ა.შ.
რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას სწავლის მოტივაციისთვის?
ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს იერარქიის მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის მოტივაცია იყოს. მაგალითისთვის მივუბრუნდეთ ზემოთ განხილულ სიტუაციას, რომელიც სწავლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულებას ეხებოდა. მოსწავლის მიერ დავალების კარგად შესრულება შესაძლოა განპირობებული იყოს: დასჯის შიშით, საჩუქრის მიღების დაპირებით, აღიარების მოთხოვნილებით, ინტერესით და სხვ.
მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.
როგორც განხილული ფაქტორებიდან ჩანს, მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ წარმატებაში. თუ გსურთ, ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების გააზრება და სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე _ უშუალოდ სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა.

კაუჩუკი და რეზინა

0

ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge ” და ‘პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია” პარტნიორობის საფუძველზე, გთავაზობთ სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის სერიას.

img_news_line (4)

კრიტიკული აპოლოგია ანუ ღმერთების გაშიშვლება დეივიდ ლორენსის მიერ

0

კრიტიკული აპოლოგია ანუ ღმერთების გაშიშვლება დეივიდ ლორენსის მიერ

როდესაც მწერალი კრიტიკულ ნაშრომში სხვა მწერალთა ნაწარმოებებს განიხილავს, იგი, როგორც წესი, თავის მწერლურ და პიროვნულ მხარეს ჩრდილში ტოვებს და ობიექტური, მოუსყიდავი სიზუსტით ეკიდება საქმეს. მაგრამ დეივიდ ლორენსი კრიტიკულ წერილებშიც კი ემოციურ შემოქმედად რჩება. მისი “ესეები კლასიკური ამერიკული ლიტერატურის შესახებ” (1923) მხატვრული ნაწარმოებივით იკითხება, იმდენადაა ეს წიგნი დატვირთული ლორენსისეული ხატოვნებით, მისთვის ჩვეული გულწრფელი მგრძნობიარე პათოსით, ცოცხალი იუმორითა და ბასრი ბრიტანული ირონიით. და, რაც მთავარია, მასში მკაფიოდ ჩანს თავად ლორენსი, ბრწყინვალე მოსაუბრე და მომხიბვლელი პიროვნება. ამ ესეებში, რომლებიც ლორენსმა ამერიკელ კლასიკოსთა შემოქმედებას დაუთმო, ლაპარაკი მხოლოდ ამ ნაწარმოებთა მხატვრულ ღირსებაზე როდია. ამ წიგნების “კლასიკურობა” ლორენსში ეჭვს არ ბადებს, მითუმეტეს, რომ საქმე გვაქვს ისეთ მწერლებთან, როგორებიც არიან ფენიმორ კუპერი, ედგარ პო, ნათანიელ ჰოთორნი, უოლტ უიტმენი, ჰერმან მელვილი და ზოგიერთი სხვა ამერიკელი შემოქმედი, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის შეიძლება სრულიად უცნობნიც კი აღმოჩნდნენ, მაგრამ რომელთაც ამერიკული კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ლორენსი ასე აყენებს საკითხს: ამ ავტორთა დაფასება სრულიად სამართლიანია, მაგრამ სწორად თუ იქნენ ისინი გაგებულნი საზოგადოების მიერ? იმ ღირსებებისთვის თუ იქნენ კლასიკის რანგში აყვანილნი, რითაც მართლა იმსახურებენ ამას? ხომ არ მოვიდა დრო ამ წიგნების ახლებურად გააზრებისა?
რატომ აუცილებლად ამერიკული ლიტერატურა? რად არ მიმართა ბრიტანელმა მწერალმა საკუთარი კულტურის მდიდარ საგანძურს? ინგლისისადმი ლორენსს რთული და მტკივნეული დამოკიდებულება აქვს. საუკუნო დიდებით გადაღლილი ბებერი ინგლისის სამეფო გამოფიტულია და ერთ ადგილას შეჩერებული. თუმცა მხოლოდ ინგლისი არა: მთელი ევროპა დაუძლურებული გოლიათივით მისცემია ძილ-ბურანს. ახალ ძალას, ახალი სისხლის ნაკადს ლორენსი ამერიკის უკიდეგანო სივრცეებში გამოზრდილ ახალგაზრდა ერში ჭვრეტს. ამერიკას ყველაფერი წინ აქვს და უხვი, თვითმყოფადი ბუნებაც თავისი მზარდი შანსების გამოყენების ყოველგვარ საშუალებას აძლევს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. მომავალი მსოფლიოს ბედი, ლორენსის აზრით, სწორედ ისეთი ახალგაზრდა და ძალ-ღონით სავსე ერების კულტურაში ამოიკითხება, ამერიკელები და რუსები რომ არიან. მომავლის ჩანასახის საძიებლად ესეების ავტორი ამერიკის კონტინენტის წარსულში გვიხმობს, თეთრკანიანი რასის მიერ მისი დალაშქვრის დღეებიდან მოკიდებული თანამედროვეობამდე. რა იდეალებსა და იდეოლოგიაზე დგას ამერიკის მძლავრი სახელმწიფო? როგორია მისი სულიერი “პური არსობისა”?
ლორენსისთვის ლიტერატურა ძირითადად ორ განზომილებას შეიცავს: “ამბავი” და მხატვრული ქარგა, რომლითაც “ხელოვანი”, ავტორი, როგორც წესი, სიმბოლურ საფარველში ახვევს სათქმელს. “ჩემი მიზანია, გადავარჩინო ამერიკული ამბავი ამერიკელი ხელოვანისაგან”, – წერს ლორენსი.
აქედან გამომდინარე ლორენსის ესეებს ორი პლასტი აქვს: 1. იგი აკრიტიკებს, უფრო მეტიც, სრულებით აცამტვერებს მწერლის სტილისა და იდეალების სიყალბეს, მის მიერ საკუთარი თავისა და სხვების მოტყუების მცდელობას, საზოგადოებრივი აზრის წინაშე მლიქვნელობას და 2. მის მიერ ყოვლად განადგურებული ავტორის ნაწარმოებიდან, მისი სიუჟეტური მიზეზ-შედეგობრივი ჩონჩხიდან ლორენსი გამოადნობს პირველქმნილობითა და ბუნებრიობით დამშვენებულ, ყოველგვარი ქარაგმულობისაგან და შელამაზებისაგან გაძარცულ ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას და ამით ლაფგადასხმულ ავტორს სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს, ვიდრე ის დახავსებული კვარცხლბეკია, რომლიდანაც სულ ცოტა ხნის წინ თავადვე ჩამოამხო.
ეს ღირსეული კლასიკოსები რომ მოსწრებოდნენ ლორენსის მიერ თავიანთ “გაუკვდავებას”, პირველ რიგში, ცხადია, ძალიან განრისხდებოდნენ და ამ გამურული მეშახტის შვილს ქოქოლას დააყრიდნენ მათი ეგზომ აბუჩად აგდებისათვის. ხოლო უფრო ღრმად თუ ჩაიხედავდნენ (ეს კი მათ ახლა, მათი უკვდავების სიმაღლიდან მაინც, არ გაუძნელდებათ), იყუჩებდნენ და შეიძლება კმაყოფილებით გაეღიმათ კიდეც. ისინი აღმოაჩენდნენ, მათ წიგნებს რა დიდი და წარუშლელი გავლენა მოუხდენიათ არამარტო ამერიკული, არამედ ევროპული ცნობიერებისა და კულტურის ჩამოყალიბებაზე, რაც არცერთ ქრესტომათიაში, არცერთ ენციკლოპედიაში, თაყვანისმცემლის ყველაზე მხურვალე წერილშიც კი, ყველაზე ლმობიერი კრიტიკოსის რეცენზიაშიც კი არ ამოეკითხათ. უფრო მეტიც: მათ ეს თავადაც არ წარმოედგინათ.
“მე არა ვარ ერთი ადამიანი, ჩემში მრავალი ადამიანია”, _ ამბობს ლორენსი. უეჭველია, რომ ყოველ ადამიანში, განურჩევლად მისი გარეგნული ქცევებისა, არსებობენ სიღრმისეული ძალები, ხატები თუ იდეები _ იქნებ სხვამ სხვა რამეც უწოდოს, _ რომლებიც ამ პიროვნების მრავალწახნაგოვან, ბუნებრივ სწრაფვებზე დაყრდნობილ, პირველადი საწყისებიდან მომდინარე შინაგან სამყაროს შეადგენენ. ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური პოტენცია, ალბათ, იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ახლოსაა პიროვნება თავის შინაგან სამყაროსთან და ხელოვანის ნიჭის შეფასების ერთადერთი უტყუარი კრიტერიუმიც ალბათ სწორედ ესაა: რამდენადაა ჩართული მისი შინაგანი ძალები მის შემოქმედებაში.
ადამიანის ზედაპირული, “გაცნობიერებული მე” მეტ-ნაკლებად, მაგრამ გარდუვალად ყალბია: ამბიციური, ეგოისტური მატყუარაა, რომელსაც საზოგადოებაში ცხოვრებამ თავდაცვის პატარა ეშმაკური ილეთები შეასწავლა და საკუთარი თავით ტკბობასაც მიაჩვია. მაგრამ შიგნით, სიმარტოვის უკუნეთში მყოფი, სამყაროს შუაგულთან უშუალოდ მოკავშირე ძალები არასოდეს არ სტყუიან. ოღონდ ადამიანს უძნელდება მათი ნათქვამის დღის სინათლეზე გამოტანა.
ხელოვანი თითქმის ყოველთვის აყალბებს შინაგან ჭეშმარიტებას, ცდილობს მის შენიღბვას და ხშირად თვალისმომჭრელი სილამაზის გარეგნულ ფორმას ანიჭებს. ამისკენ მას “გაცნობიერებული მე” უბიძგებს. მაგრამ ნამდვილი ხელოვანის ხელში ჭეშმარიტება მაინც არ იკარგება და შორსმჭვრეტი თვალითა და მისანი გულით აღჭურვილ მკითხველს ენახვება ხოლმე.

როდესაც აკუტაგავას პერსონაჟი, ტოკიოში მცხოვრები ქრისტიანი მეძავი გოგონა კითხვაზე “ქრისტიანი თუ ხარ, როგორღა მრუშობო”, ასე პასუხობს: “მე მჯერა, რომ ქრისტე მიგებს და იცის, რომ სხვა გზა არა მაქვს. ასე რომ არ იყოს, ქრისტესა და ტოკიოელ პოლიციელს შორის რაღა განსხვავება იქნებოდაო”, – ამ დროს ჩვენს თვალწინ ჭეშმარიტების სადა და მშვენიერი ყვავილი იშლება. მაგრამ როცა თავად ავტორი ამავე ფრაზას იმეორებს, გულში კი ფიქრობს: “ეს მე მოვიგონე. რა გენიოსი ვარ!”, ამით ჭეშმარიტება უბრალოების ცოცხალ სურნელს კარგავს და წიგნის ფურცლებს შორის გამხმარ ყვავილს ემსგავსება (აკუტაგავას გენიალურობა ამ შემთხვევაში იმაში ვლინდება, რომ მან მთელი ეს სიტუაცია – გოგონას უშუალობაც და საკუთარი ნარცისიზმიც – თავადვე დაგვანახა).
როდესაც ტყეში მობინადრე გაუთლელი მონადირე ნათანიელ ბამპო გულუბყვილოდ აცხადებს, რომ იმისთვის ნადირობს, რათა შიმშილი დაიკმაყოფილოს, იგი აბსოლუტურად მართალია, უფრო მეტიც: ის ცოცხალი, ღირსეული, ბუნების მკაცრი კანონებით მცხოვრები კაცია და მკითხველის სიმპათიასაც იმსახურებს. ის მკვლელია, ნადირთმჟლეტი, კლავს, რათა იცოცხლოს და ამას არანაირად არ ამართლებს. მაგრამ საფრანგეთის ლიტერატურული სალონების ნებიერის, სახელოვანი მწერლის, ფენიმორ კუპერის კალმის ქვეშ მისი პერსონაჟი გაყალბებული, შაქარმოყრილი, გაიდეალებული გმირია, რადგან კუპერი მას “ჰუმანიზმის”, “ხალხთა მეგობრობის”, “ველურ ბუნებასთან დაბრუნების” შაბლონურ პათეტიკაში ახვევს, რადგან ავტორის ზედაპირულ “მე”-სა და გმირის შინაგან “მე”-ს შორის უფსკრულია.
ლორენსმა ჩაიფიქრა ხელოვანის მიერ დამალული ჭეშმარიტების გაშიშვლება და ეს ბრწყინვალედ შეასრულა კიდეც. ამ ჭეშმარიტებებს იგი ადამიანის შიგნით დავანებულ ღმერთებს უწოდებს, რომლებიც ჩვენი გულის საკურთხეველზე ერთმანეთს ენაცვლებიან. დიახ, ეს წარმართული ღმერთები არიან – ამაზე თუნდაც მათი სიმრავლე მიგვითითებს. ლორენსს თავისუფლად შეეძლო მათთვის კერპებიც ეწოდებინა. ისინი ხომ ცოცხალი სისხლითა და ხორცით იკვებებიან და ხშირად ადამიანისგან მთელ სიცოცხლესაც კი ითხოვენ მსხვერპლად. ისინი ხშირად ერთურთის საპირისპირო მცნებების შესრულებასაც კი გვაკისრებენ, მაგრამ ეს წინააღმდეგობებიც აქსიომად უნდა მივიღოთ, რადგან ეს დიადი ჭეშმარიტების სხვადასხვა იპოსტასებია, ჭეშმარიტებისა, რომელსაც ლორენსი “სულიწმიდას” უწოდებს. ის ქრისტიანული სამების ერთ-ერთი წევრის ტრადიციულ წარმოდგენას სცილდება, მისთვის არსებობს მხოლოდ ეს სულიწმიდა: ყოველი ადამიანის შიგნით და მის გარეთ არსებული უზენაესი ღვთაებრივი ჭეშმარიტება, ერთადერთი ავტორიტეტი, ერთადერთი ორიენტირი, ერთადერთი ღმერთი. ყოველი გულწრფელი, ბუნებრივი, უშუალო შინაგანი სწრაფვა, ვნება თუ იმპულსი სულიწმიდისგან მოდის და შეუფერხებლად უნდა შესრულდეს. მართალია, ამ მრწამსის მეშვეობით ვინმემ შეიძლება არაგულწრფელი სწრაფვებია სულიწმიდის მიერ ნაკარნახევ კანონებად გამოაცხადოს – ისევ იმ ზედაპირული ამბიციური “მე”-ს სასარგებლოდ. ალბათ ასეთი შემთხვევებიც მრავალია ცხოვრებაში. მაგრამ ლორენსი შინაგანი ღმერთების ძალასა და შორსმჭვრეტელობას სავსებით ენდობა. მისი აზრით, ისინი გზიდან გადახვევის საშუალებას არ მოგცემენ და თუ მაინც ურჩი აღმოჩნდი, ცოცხალი ადამიანი კი აღარ იქნები, ბაწარზე ჩამოკიდებულ ყალბ ფიტულად იქცევი, მაგრამ ესეც არ იქნება შენი ბოლო: რაც უფრო მეტ ხანს შეაკავებ და დათრგუნავ ფარულ სწრაფვებს, ბოლოს ისინი მით უფრო ძლიერად იფეთქებენ და წაგლეკენ. რაგინდ სიწმინდის ნიღბით იცოცხლო, მიჩქმალული ცოდვა მაინც იჩენს თავს. ცოდვად ის შენვე აქციე, ბუნებრივად რომ დანებებოდი მას, ის ცოდვა აღარ იქნებოდა. ასე მოსდით ჰოთორნის “მეწამული ასოს” პერსონაჟებს.
სულიწმიდა სხვაა, გონება კი სულ სხვა. გონებით – ცივად, განუცდელად შეიძლება ჭეშმარიტების მრავალი მშვენიერი მარგალიტი “შექმნა”, მაგრამ ეს ყალბი მარგალიტები ზღვაში ნაპოვნს მაინც ვერასოდეს გაუტოლდება.
ამერიკელ იდეოლოგს, აქტიურ საზოგადო მოღვაწეს, ბენჯამინ ფრანკლინს მთელი გულით სურდა ამერიკელებისგან მორალურად მდგრადი, კარგად გაწვრთნილი, კაცთმოყვარე, მშრომელი, ადვილად სამართავი ერი აღეზარდა, მაგრამ მთელი შრომა წყალში ჩაეყარა: მისი გონივრულად გამოზომილი, მაგრამ თავსმოხვეული სწავლება ზედაპირულ “მე”-ს ვერ გასცდა, სიღრმეში კი, სიღრმეში ამერიკელები ისეთებად დარჩნენ, როგორებადაც ჭეშმარიტმა მასწავლებლებმა – შინაგანმა ღმერთებმა და ამერიკის “ადგილის სულმა” – გამოზარდეს. ადგილის სული: თურმე ადგილებსაც თავიანთი იდუმალი ღმერთები ჰყოლიათ, მძლავრი მაგნეტური ძალით შუაგულისკენ რომ იზიდავენ მათი გავლენის ზონაში მოხვედრილ ყოველ არსს.
ამერიკელ მწერალს რეი ბრედბერის ასეთი შინაარსის მოთხობა აქვს: მარსზე ჩასული და დასახლებული ადამიანები ნელ-ნელა, გარეგნობითაც და ქცევებითაც, შეუმჩნევლად ემსგავსებიან თავის დროზე მათ მიერვე ამოხოცილ მარსის აბორიგენებს. მარსი იმარჯვებს მათზე ჰაერის, ნიადაგის, გამოსხივების ძალით. ლორენსისეულ “ადგილის სულსაც” იგივე შავბნელი იდუმალი ძალა აქვს: “სან-ფრანცისკოში მცხოვრები ჩინელები სულ მალე ჩინელები აღარ იქნებიან”, – წერს ლორენსი – “ისინი გადაიხარშებიან იმ უზარმაზარ ქვაბში, რომელსაც ამერიკა ჰქვია”.
როგორია ამერიკის “ადგილის სული”? ხომ შეუძლებელია წითელკანიანი რასის უძველესი სისხლისმსმელი ღვთაებანი მასთან წილნაყარი არ იყვნენ? როგორღა შეიძლება ამერიკელი ერი “ზრდილი” და “კაცთმოყვარე” იყოს? ეს ხომ სიყალბეა. და ამ სიყალბის ნამდვილი საზარელი სახე ყოველი ამერიკელი ხელოვანის ქმნილებებში იჩენს თავს. ის საკუთარ ავტორებსაც კი აშინებს, მაგრამ მისი წარმოჩენა გარდუვალია.
https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=136&composition=328 

ინტერაქციულობა და ქართულის გაკვეთილებინაწილი პირველი

0
მოსწავლე სუფთა დაფა რომ არ არის, ამის შესახებ ევროპელი ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები, თითქმის, საუკუნეა წერენ. საგანმანათლებლო პროცესების დემოკრატიზაციას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე ჩაეყარა საფუძველი ჯონ დიუისა და მის თანამედროვეთა თეორიებში. დიუის მიდგომის თანახმად, ერთმანეთს არსებითად ემიჯნება “სწავლებისა” და “სწავლის” ცნებები. საგანმანათლებლო პროცესის უმთავრეს გამოწვევად მოიაზრება ექსპერიმენტული შესაძლებლობების გაფართოება და ყოფითი, ცხოვრებისეული გამოცდილების ადეკვატური გარემოს შექმნა სასწავლო სივრცეში. დიუისა და მონტესორის კონცეფციები საფუძვლად დაედო კონსტრუქტივიზმსა და ჰუმანიზმს, როგორც განათლების თეორიებს.

1946 წელს თავის ერთ-ერთ საეტაპო ნაშრომში “განათლება ახალი სამყაროსთვის” მარია მონტესორი წერდა, რომ განათლება არ არის ის, რასაც მასწავლებელი გვაძლევს; განათლება ინდივიდის მიერ სპონტანურად მიღწეული ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ვიღებთ არა მოსმენის, არამედ განსაზღვრულ გარემოში მიღებული გამოცდილების ხარჯზე. სწორედ გამოცდილების დაგროვება, არსებულ ცოდნაზე ახლის დაშენების შესაძლებლობა გახდა კონსტრუქტივიზმის მთავარი პოსტულატი. თავის მხრივ, კონსტრუქტივიზმი როგორც თეორია საგანმანათლებლო პრაქტიკებში წაახალისებს სწავლის ინტერაქციულ მეთოდებს.
მოსწავლეზე ორიენტირებული ლიბერალური მიდგომები დასავლეთის ქვეყნებში მე-19 საუკუნემდე ფეხს ვერ მოიკიდებდა, რადგან მანამდე ბავშვი არ წარმოედგინათ დამოუკიდებელ ინდივიდად. ის აღიქმებოდა როგორც “პატარა დიდი”. მე-19 საუკუნიდან კი ბავშვის ქცევა, აზროვნების სტილი და გემოვნება განიხილებოდა როგორც თავისთავადი და არა დუბლიკატური მოვლენა. ეს პროცესი მხოლოდ მეცნიერთა ყურადღების ფოკუსში კი არ მოექცა, არამედ შესაბამისი რეფლექსიებით აღიბეჭდა ხელოვნებაში. თვით ისეთ სფეროსაც კი, როგორიც ბავშვთა მოდაა, მე-19 საუკუნიდან ჩაეყარა საფუძველი.
ქართულ ლიტერატურასა და საგანმანათლებლო გარემოშიც ბავშვი განსაკუთრებული ყურადღების საგანი მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა, როდესაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რეგიონების მიუვალ სოფლებში დაიწყო ბიბლიოთეკებისა და სკოლების გახსნა. დაახლოებით ამავე პერიოდში დაარსდა ქალთა რამდენიმე საზოგადოება, რომელთა მიზანი იყო სოციალურად დაუცველ ბავშვთა განათლების ხელშეწყობა. ორგანიზაციის აქტიური წევრები (ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია) ქმნიდნენ ლიტერატურას ბავშვებზე და ბავშვებისთვის.
საბჭოთა სკოლაში მოსწავლის როლი მაქსიმალურად იყო შესუსტებული, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა დონეზე _ გაკვეთილის სტრუქტურასა და გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული პედაგოგიკური მეთოდების ხასიათითაც (აქტიური მასწავლებელი:პასიური მოსწავლე/მოუბარი მასწავლებელი:მსმენელი მოსწავლე). ყოველივე ეს ტოტალიტარული სისტემის ლოგიკით შეიძლება აიხსნას _ საბჭოთა კავშირის მიზანი არ იყო აქტიური, კრიტიკული და დამოუკიდებელი მოქალაქის აღზრდა. დღესდღეობით მიიჩნევა, რომ სასწავლო პროცესი საქართველოში ინტერაქციულ სწავლებას და იმ ფილოსოფიას ემყარება, რომლის მიხედვით, თავად ამ პროცესის ცენტრში მოსწავლე დგას.
რა განასხვავებს თანამედროვე სკოლას საბჭოთა პერიოდის სასწავლო გარემოსგან მაშინ, როდესაც ცოდნის მიმღები და საგანმანათლებლო სისტემის მთავარი ბენეფიციარი ძველ სისტემაშიც მოსწავლე იყო? რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ თანამედროვე სწავლების თეორიები მოსწავლეზე ორიენტირებულია? უმთავრესი ცვლილება და მიდგომათა განსხვავება უნდა გავიგოთ ასე _ დღეს მოსწავლეები სასწავლო პროცესის პასიური შემსრულებლები კი არ არიან, არამედ აქტიურად მონაწილეობენ სისტემის მართვაში. შესაბამისად, აქტუალურობას კარგავს უფროსებზე (მასწავლებლებსა და მშობლებზე) მორგებული “ღონისძიებები”, “ღია გაკვეთილები”, “ბანკეტები” და სხვა აქტივობები, სადაც მოსწავლეები სხვათა კარიერული წინსვლის ინსტრუმენტებად დარჩებიან. სასკოლო კურიკულური და ექსტრაკურიკულური აქტივობების მიზანი მხოლოდ მოსწავლეთა სასწავლო და სოციალური უნარების განვითარება უნდა იყოს.
რა როლი შეიძლება დაეკისროს ქართულის სწავლებაში ინტერაქციას? თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 21-ე საუკუნეში არა მხოლოდ მოსწავლე-მკითხველი, არამედ, საზოგადოდ, მკითხველი უფრო აქტიურია, ვიდრე ოდესმე. ამას განაპირობებს კულტურალურ თავისებურებათა წყება, რაც პოსტმოდერნისტულმა ესთეტიკამ მოიტანა. მხატვრულმა ტექსტმა დაკარგა ის ფორმობრივი და ნარატიული მთლიანობა, რაც ე.წ. კლასიკურ ლიტერატურას ახასიათებდა. ნაწარმოებში ძველებური სიმძლავრით აღარ ისმის ავტორის ხმა, რომელიც ამთლიანებდა სიუჟეტურ ქარგასა და თხრობის სხვადასხვა მოდალობას. მე-20 საუკუნის ლიტერატურული თეორიების საფუძველზე ავტორის როლი ტექსტში საგრძნობლად შესუსტდა, მისი სოციალური ფუნქცია რა ხანია აღარ იგივდება ერის წინამძღოლის ხატთან. თუ უტრირებულად გადმოვცემთ მოვლენის არსს, ავტორიტარული მწერლის ფუნქცია ლიბერალურმა პროცესმა _ მკითხველთა მიერ ტექსტის ინტერპრეტაციების განუსაზღვრელმა შესაძლებლობამ ჩაანაცვლა.

ვებ 2.0 საგანმანათლებლო ხელსაწყოებისა და ინტერაქციული წიგნების ფონზე მოსწავლეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია ქართულის მოცულობითი ტექსტების კითხვა სპეციალური სავარჯიშოების, დამხმარე მასალებისა და უკუგების გარეშე. ეს მათ ისედაც დაბალ მოტივაციას კითხვისა და სწავლის მიმართ კიდევ უფრო დაბლა სწევს. მწერლები საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ პოტენციური მკითხველი წიგნისკენ მოაბრუნონ. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენს ქვეყანაში არის აკა მორჩილაძის ინტერაქციული წიგნები “სანტა ესპერანსა” და “მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი”, სადაც მკითხველი წიგნის თანაავტორია არა მხოლოდ ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, არამედ ტექსტის კითხვის სტილითაც. “მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი” არ არის კლასიკური ფორმის წიგნი; ეს ყუთია, სადაც შეკრებილია საგამოძიებო მასალები: მოსაწვევი ბარათები, ბლოკნოტები, სპექტაკლის ბილეთები, დღიურები და სხვ. გამომძიებელი მისტერ დიქსლი კი თავად მკითხველია, რომელმაც ეს მასალები სიუჟეტად უნდა გაამთლიანოს და საქმის არსს ჩასწვდეს. ასეთი პროექტები წარმატებით იმუშავებს სკოლაში, განსაკუთრებით _ იმ ტექსტების სწავლებისას, რომელთა მიმართ მოსწავლეები ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებენ. თუკი ბავშვებს ამ ნაწარმოებებს ასეთივე საინტერესო და ორიგინალური ფორმით მივაწვდით, ისინი ხალისით შეისწავლიან საგანს და ადვილად გადალახავენ ტექსტების კითხვასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებსა და მასწავლებლის წიგნებს თუ გადავავლებთ თვალს, ცხადი გახდება, რომ ბოლო წლების განმავლობაში მათში საგრძნობლად გაიზარდა ინტერაქციულობის ხარისხი. დაახლოებით ხუთი წლის წინანდელი წიგნებისგან განსხვავებით, სადაც აქტივობის ძირითად ფორმად ჯერ კიდევ ე.წ. ფრონტალური კითხვები რჩებოდა, ქართული ენისა და ლიტერატურის ამჟამინდელი სახელმძღვანელოები მოსწავლეებს სავარჯიშოთა მეტ მრავალფეროვნებას სთავაზობს. მათში წარმოდგენილია დამხმარე მასალები: ისტორიული დოკუმენტები, ფოტომასალა, ამა თუ იმ კრიტიკოსის შეხედულება საანალიზო ტექსტის შესახებ და მისთ. თუმცა სასურველი იქნება, მეთოდურ მითითებებში უკეთ წარმოჩნდეს მასალების მიზნობრიობა და ის სასწავლო ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც უნდა მოხერხდეს გაკვეთილზე ამ მასალების გამოყენება. სავარჯიშოების დიდი ნაწილი კვლავ “წავიკითხოთ, ვიმსჯელოთ” რუბრიკის სახით არის წარმოდგენილი, კითხვები კი თავის თავში პასუხებსაც აერთიანებს, ანუ იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მოსწავლეს ამა თუ იმ მტკიცებულების დადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობაღა რჩება. ამასთანავე, გაურკვეველია, პრაქტიკულად ვისთვის არის გამიზნული ეს კითხვები, რომელთა მოცულობა და ხასიათი არ შეესაბამება საგაკვეთილო დროსა და ფორმატს. საზოგადოდ, ნუ მოვერიდებით ჩვენი სასწავლო ინსტრუმენტების არსენალიდან ზეპირი კითხვების მაქსიმალურად ამოღებას. ამით დავზოგავთ დროს და უზრუნველვყოფთ საგაკვეთილო პროცესში არა მხოლოდ სხარტად მოაზროვნე და კომუნიკაბელური მოსწავლეების ჩართვას, არამედ იმ მოზარდების გააქტიურებასაც, რომლებიც განსაკუთრებული მოხერხებულობით არ გამოირჩევიან, თუმცა მათი ცოდნა და განვითარების დონე არაფრით ჩამოუვარდება წარმატებული თანაკლასელებისას.
გაკვეთილი რომ უფრო დემოკრატიული იყოს, სახელმძღვანელო უნდა გვთავაზობდეს სხვადასხვა ფსიქოტიპის მოსწავლის, მათ შორის _ სპეციალური საჭიროებების მქონეთა გააქტიურების შესაძლებლობას. ქართულის სახელმძღვანელოების არჩევისას კათედრებმა, ვფიქრობ, სწორედ ამგვარ წიგნებს უნდა მიანიჭონ უპირატესობა. თუ სახელმძღვანელო ამის საშუალებას არ იძლევა, მასწავლებელს მოუხდება დამატებითი მუშაობა, რომ თავად დაგეგმოს აქტივობები, მოიძიოს დამხმარე ტექსტები, გაამდიდროს გაკვეთილი ვიზუალური ელემენტებით, შეადგინოს ტესტები, რაც მას მოსწავლეთა მიმართ ინდივიდუალური მიდგომისა და გაკვეთილის ინტერაქციულ რეჟიმში წარმართვის საშუალებას მისცემს.
გარკვეული გამოცდილებისა და მასალების დაგროვების შემდეგ მასწავლებელთა ჯგუფებს ან დამოუკიდებელ მასწავლებლებს თავად შეეძლებათ სახელმძღვანელოს შექმნა. როგორც ცნობილია, მოქმედი სტანდარტების მიხედვით სახელმძღვანელოს ავტორობა მხოლოდ საგნის ექსპერტებისთვის არ არის შესაძლებელი.
ინტერაქციული სწავლებისთვის აუცილებელი მასალების სიმწირის გარდა დგას მათი რელევანტურობის პრობლემა. იმის გამო, რომ ქართული ლიტერატურის დღემდე არსებულ არც ერთ სახელმძღვანელოში სასწავლო მასალა არ არის გაკვეთილებად დაყოფილი, ძალიან ხშირად მასწავლებლებს უძნელდებათ გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა. ისინი კი არ ირგებენ მასალებს სასწავლო მიზნებისთვის, არამედ თავად ერგებიან არსებულს. ეს მოვლენა აფერხებს მოსწავლეთა მიერ გაკვეთილზე გაანალიზებული საკითხების რეფლექსიასა და ცოდნის გამთლიანებას. მიზნობრივი მასალების შერჩევას ნაწარმოების შესწავლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, თუ გაკვეთილი მიმართულია მოსწავლეების მიერ ჰაგიოგრაფიული ეტიკეტის (ე.წ. ჰაგიოგრაფიული შაბლონის) შესწავლისკენ, უსარგებლოა ქართული ლიტერატურული ძეგლების ხელნაწერთა ისტორიის შესახებ არსებული მასალების დამუშავება, ხოლო თუ ტექსტების ისტორიის სწავლებას ვგეგმავთ, არამიზნობრივია ამონარიდების გაცნობა ამა თუ იმ მკვლევარის სამეცნიერო ნაშრომიდან, სადაც საუბარია ჰაგიოგრაფიული ჟანრის თავისებურებებზე.
გარდა იმისა, რომ შერჩეული მასალები გაკვეთილის მიზანს უნდა მოერგოს, დიდი მნიშვნელობა აქვს მასალების ხასიათსაც. მოსწავლეებისთვის ტექსტის “გასაგებად” მეორადი ლიტერატურის მიწოდება ნაკლებად ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ამ ლიტერატურაში გამოთქმულ დასკვნებამდე მოსწავლეს თავად შეუძლია მივიდეს. მაგალითად, ავერინცევის ნაშრომის ამონარიდის გაცნობას აგიოგრაფიული ნაწარმოების თავისებურებების შესახებ ჯობს, მოსწავლეებს უშუალოდ წყაროებზე მიუწვდებოდეთ ხელი, სადაც ეს სპეციფიკა თავისთავად იკვეთება. სასურველია, თუ დამხმარე მასალად გამოვიყენებთ ლიტერატურის მომიჯნავე დარგებს, ამ შემთხვევაში _ იკონოგრაფიას, გალობას, ხუროთმოძღვრებას და სხვ. თუ თქვენთვის მაღალპოლიგრაფიული ენციკლოპედიები და კატალოგები არ არის ხელმისაწვდომი, უფრო მოხერხებულია ვებრესურსების გამოყენება, ხოლო თუ შესაბამისი მანიპულაციების გამოცდილება არ გაქვთ, სთხოვეთ თქვენს მოსწავლეებს, დაგეხმარონ. ისინი დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთვებიან ამ საქმეში, თქვენც გაგიადვილებენ მუშაობას და თავადაც პროცესის სრულფასოვან მონაწილეებად იგრძნობენ თავს.

“გაქცევა თავისუფლებიდან” და კონტრკულტურა

0

პარადოქსებს რა გამოლევს ჩვენში, მაგრამ მათგან ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მაინც ჩვენს “კულტურისტებსა” და “კონტრკულტურისტებს” შორის არსებული დაპირისპირებაა. უცნაური კი ის არის, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარე უკრიტიკოდ იღებს და ეფუძნება იმ კულტუროლოგიურ სქემას, რომელიც საქართველოში პირველად, ვგონებ, კიტა აბაშიძემ დააფუძნა XX საუკუნის დასაწყისში თავისი “ეტიუდებით”. ამ სქემის მიხედვით, XVIII საუკუნემდე ძირითადად სპარსული კულტურის ეპიგონობიდან გამოსული ქართული კულტურისათვის XIX საუკუნიდან ისეთივე სისხლხორცეული ხდება სხვადასხა ესთეტიკური მიმდინარეობების მონაცვლეობა, როგორც ევროპულისთვის. შესაბამისად, XIX საუკუნე საქართველოში იწყება რომანტიზმით, რომელსაც მოჰყვება რეალიზმი და ასე შემდეგ XX საუკუნის მოდერნიზმით დამთავრებული. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე დარწმუნებულია, რომ ჩვენი კულტურის ასეთი ევროპული სვლა-გეზი ძალადობით იქნა შეცვლილი საბჭოთა სოციალისტური რეალიზმით.

გაუგებრობები ამის შემდეგ იწყება.
განსხვავებით დღევანდელი ევროპულად ორიენტირებული ხელისუფლებისა, რომელიც მხარში უდგას “კონტრკულტურისტებს” სხვადასხვა აქციებისა და გამოფენების მოწყობაში, რადგან მათ საქმიანობაში ჩვენი კულტურის მშობლიურ ევროპულ წიაღში დაბრუნების მცდელობას ხედავს, “კულტურისტები” სხვაგვარად იქცევიან.

ამ უკანასკნელთა აზრით, ქართველი “კონტრკულტურისტები” ძირითადად პრივილეგირებული ოჯახებიდან გამოსული, გზაკვალაბნეული და ფეხქვეშ ქართულმიწაგამოცლილი გოგო-ბიჭები არიან, რომლებიც თავიანთ “რეაქტიული ჟღურტულით”, გამომწვევი ყოფაქცევით, “ქართული როკით”, კლასიკური მემკვიდრეობითა და სხვადასხვა ხასიათის ფორმალისტური ჩხირკედელაობით მხოლოდ ზიანს აყენებენ ჭეშმარიტ ქართულ კულტურას. ამ “ჭეშმარიტ ქართულ კულტურას” კი კავშირი აქვს მხოლოდ ასევე “ჭეშმარიტ ევროპულ კულტურასთან”. ხოლო ეს უკანასკნელი “ჭეშმარიტის” სტატუსს, როგორც ჩანს, სიმბოლიზმის შემდეგ კარგავს. ანუ ამგვარი ლოგიკის ძალით “ჭეშმარიტად ქართული” შეიძლება იყოს მხოლოდ “ჭეშმარიდატ ევროპული” რომანტიზმი, რეალიზმი და ნაწილობრივ ნატურალიზმი, ნეორომანტიზმი და სიმვოლიზმი. ეს უკანასკნელიც ჩვენი ცისფერყანწელების ხათრით. კანონგარეშედ რჩება XX საუკუნის ევროპული კულტურის დეკადენტურ-მოდერნისტულ-ავანგარდისტული ესთეტიკური მიმართულებების უზარმაზარი სპექტრი, როგორც “ჭეშმარიტი ევროპული კულტურის” მიღმა მყოფი მავნებლური აბდაუბდა.
გასაოცარი ლოგიკაა.

თითქოს XX საუკუნის ევროპული კულტურა-კონტრკულტურა ისეთივე ნაწილი არ იყოს მთელი დასავლური ცივილიზაციისა, როგორც XIX ან XVIII საუკუნეების კულტურა.
ასეთი “ღრმად მეცნიერული” მსჯელობის ფონზე მართლაც მეტად თანმიმდევრული ჩანს ჩვენი “კონტრკულტურისტების” პოზიცია, რომლებიც ცდილობენ ქართული კულტურა “მშობლიურ ევროპულ წიაღს” დაუბრუნონ.

მართლაცდა, რა უნდა იყოს ამაზე დიდებული?
მაგრამ რეალურად ეს საქმე რატომღაც ვერ გამოდის.
ვერაფრით ვერ გამოდის და, ცხადია, არა ჩვენი “კულტურისტების” ლუღლუღის გამო. ეტყობა, მიზეზები უფრო სერიოზულ სიღრმეზეა მოსაძებნი.
***
ჯერ რუსულსა და მერე საბჭოურ ფილტრებში გამოტარებულსა და რეალურ ევროპას შორის უზარმაზარი განსხვავება აღმოჩნდა. ჩვენს ცნობიერებაში ცარიელი სიტყვების რახარუხს ვერაფრით ვერ გასცდა ევროპული კაცობრიობის ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორიცაა ინდივიდუალიზმი, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლების დაცვა, საერთოდ დემოკრატია. რაღა უნდა ითქვას ყოველივე ამის გვირგვინზე – კულტურაზე?

ამიტომ, მე მგონი, ნამდვილად არ გვაწყენს საბჭოური სამების უმთავრესი პერსონის – კარლ მარქსის ერთი მშვენიერი დებულების გახსენება, რომლის თანახმადაც დიდი შეცდომაა რომელიმე კულტურის მოწყვეტა მისი შემქმნელი ხალხის ისტორიული ყოფიერების ფუნდამენტური ტენდენციებისაგან და მისი თავისი არსით პრინციპულად განსხვავებული კულტურის კონტექსტში განხილვა.

იქნებ სწორედ ამ მარქსისტული თეზის ჭეშმარიტებას ადასტურებს ის გარემოება, რომ, ვთქვათ, ჯიმი ჰენდრიქსის, ჯენის ჯოპლინის ან მიკ ჯაგერის დიდად მოყვარულ ქართველს სიტყვათშეხამება “ქართული როკის” ხსენაბზეც კი ტანში სზარავს?

იქნებ ამიტომვე ხდებოდა XX საუკუნის დასაწყისში ევროპიდან სამშობლოში დაბრუნებული ნიცშეანელი ქართველი ახალგაზრდების ელვისებური ტრანსფორმაცია ორთოდოქს პატრიოტებად?
იქნებ სწორედ ამიტომ მოხდა იმავე XX საუკუნის 20-ანი წლების ჩვენებური მოდერნისტების სწრაფი მოდერნიზაცია ადამიანის სულის მგზნებარე ინჟინრებად?

არ ვიცი, რას ფიქრობენ ამის შესახებ ჩვენი თანამედროვე ავანგარდისტები, მაგრამ დასავლურ ცივილიზაციასთან უშუალო კონტაქტი მართლაც რაღაც მეტად ქართულს რომ უპირისპირდება, ფაქტია.

იმას კი თავადვე აღიარებენ, რომ ჩვენს სამშობლოში აბსოლუტური უმრავლესობისათვის ყოველთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო იმ თითოოროლა ადამიანის ნაშრომ-ნაღვაწი, რომლებიც შინაგანი ბუნების, პროტესტის განცდის, ევროპულ კულტურასთან რაღაცნაირი ზიარებისა თუ სხვა რამ მიზეზის გამო, რაღაც გამაღიზიანებლად იცვამდნენ, ბუნდოვნად წერდნენ და გაუგებრად ხატავდნენ.

აღიარებენ და ისევე როგორც ყველანი, ისინიც ხელს საბჭოთა სისტემისაკენ იშვერენ. თითქოს შესაძლებელი იყოს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ერის ცნობიერების 70 წელიწადში ისე შეცვლა, რომ მერე მან თავისი ფესვები ვეღარ იცნოს. უფრო მეტიც, მასთან შეხებამ დააზარალოს კიდეც.

ეს შეუძლებელია. ჩვეულებრივ ასე არა ხდება.

ეტყობა, დასავლური ცივილიზაცია თავისი არსით პრინციპულად უცხოა ჩვენი ცნობიერებისათვის. შეიძლება უფრო გასაგები, ვიდრე ავღანელის ან პაკისტანელისათვის, მაგრამ თავისი არსით მაინც უცხო და მიუღებელი.
ამიტომ თუა, რომ ტრადიციული ქართული კულტურა და აშკარად შინაგანად უფრო თავისუფალი კონტრკულტურა ერთმანეთიდან კი არ გამომდინარეობენ და ერთმანეთს კი არ ავსებენ, როგორც ევროპაში, არამედ ერთმანეთს ანგრევენ, როგორც ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავებული მოვლენები.
***
არა მგონია, რაღაც განსაკუთრებული ტვინის ჭყლეტა სჭირდებოდეს იმის გაცნობიერებას, რომ ის, რასაც ევროპულ კულტურასა და ხელოვნებას ვუწოდებთ, დაწყებული რენესანსიდან პოსტმოდერნიზმამდე (ან პოსტავანგარდიზმამდე – როგორც გნებავთ), ერთი მთლიანობა, ერთი სხეულია, რომელსაც განვითარების საკუთარი, სხვებისგან მკვეთრად განსხვავებული ლოგიკა გააჩნია, რადგან იგი უშუალოდ არის დაკავშირებული იმ ყოფიერებასთან, რითაც ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ევროპული კაცობრიობა. ამიტომ ყოვლად შეუძლებელი და აბსურდულიც კია ამ სისტემიდან ცალკეული რგოლების თვითნებურად ამოგლეჯა მათი საკუთარ კულტურაზე მორგების განზრახვით.

საქართველოს არასოდეს უცხოვრია ევროპის ცხოვრებით, ჩვენს ცნობიერებას არასოდეს არ გადაუტანია ის კატაკლიზმები, რაც ევროპულმა გადაიტანა. ამიტომ იმთავითვე დასაზუსტებელია, მაინც რა კონკრეტული შინაარსი იგულისხმება ისეთ ცნებებში, როგორიცაა ქართული რომანტიზმი ან რეალიზმი. მაშინ იქნებ ისიც გავიაზროთ, რატომაა კონტრკულტურა მიუღებელი როგორც სოციალისტური რეალიზმის, ისე ტრადიციული ქართული კულტურისათვის.

მაგრამ მანამდე ძალზე მოკლედ იმის შესახებ, მაინც რა არის ის უმთავრესი, რამაც ასე რადიკალურად განასხვავა დასავლური ცივილიზაცია თავისი კულტურითა და ხელოვნებით დანარჩენი მსოფლიოსაგან.
***
რამდენიც არ უნდა აკრიტიკონ მიშლე ან ბურკჰარტი, ფაქტია, რომ ევროპაში სწორედ რენესანსად წოდებულ ეპოქაში ხდება აშკარა, დასავლური ცნობიერების იმ სპეციფიკური მიმართულებით მოძრაობა, რომელმაც საბოლოოდ შექმნა კიდეც ის ზემძლავრი ფენომენი, რომელსაც დღეს დასავლურ ცივილიზაციასა და კულტურას ვუწოდებთ.

მოძრაობა, პირველ როგში, იწყება რელიგიაში, მერე ინტელექტუალურსა და ბოლოს, სოციალურ სფეროებში. ადამიანი საკუთარ თავს პოულობს, რაც მართლაც უცნაურია, რადგან მანამდე იგი თავის თავს აღიქვამდა როგორც რასას, ხალხს, პარტიას, კორპორაციას, ოჯახს ან როგორც კოლექტივის კიდევ რაღაც სხვა ფორმას.
მთელი ძალღონით წამოიმართა ინდივიდუალიზმი – სოციალიზირებული რელიგიისა და ფეოდალური სისტემის დაუძინებელი მტერი. ევროპელი ადამიანი იცნობიერებს თავის ავტონომიურობას, პასუხისმგებლობას, ღირსებას, თავისუფლებას, ძალას, უთვალავ შესაძლებლობას და თანდათან იწყებს იმ დაბრკოლებების გზიდან ჩამოშორებას, რომლებიც ამ შესაძლებლობების განხორციელებას ეღობება გზაზე.

დაბრკოლებებს კი ფეოდალურ საზოგადოებაში რა გამოლევს.

ამ თვალსაზრისით, დასავლური ცივილიზაციისა და კულტურის ხერხემალი სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისათვის ანუ ინდივიდუალიზმის ბრძოლა კოლექტივიზმთან. სხვა სიტყვებით – კაპიტალიზმის ბრძოლა ფეოდალიზმთან.

ეს დაუნდობელი, მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა განსაზღვრავს დასავლური კაცობრიობის ყოფიერებასა და, შესაბამისად, კულტურასაც. მიყოლებული რენესანსიდან, ყოველი ესთეტიკური მიმდინარეობა თუ მხატვრული სტილი, იქნება ეს ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი თუ სხვა, თვისებური ანარეკლია იმ მდგომარეობისა, იმ საფეხურისა, რომელზედაც ამ პერიოდში იმყოფება ევროპული კაცობრიობის ცნობიერება, როგორც უმთავრესი ბრძოლის ველი ინდივიდუალიზმ-კოლექტივიზმის უსასტიკესი ომისა.

ამიტომ არ არსებობს თავისთავად უდიდესი კულტურის ინდოეთში ინდური კლასიციზმი, სპარსეთში – სპარსული რომანტიზმი ანდა ჩინეთში – ჩინური მოდერნიზმი.

არც შეიძლება არსებობდეს, რადგან რელიგიურ სიღრმეებსა და მისტიკურ ვიზიონებს მიცემული აღმოსავლური ცნობიერება არასოდეს დაინტერესებულა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არასოდეს მიუნიჭებია ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების მოწყობისათვის. შესაბამისად, აღმოსავლეთში არც არასოდეს დამდგარა Mმწვავედ ადამიანის თავისუფლების პრობლემა. ანუ აღმოსავლეთის ინდივიდუალიზმი ძირითადად მისტიკაში ვლინდება და ოდნავადაც არ იტკიებს თავს კოლექტივიზმთან ბრძოლით.

ამგვარი ბრძოლა საერთოდ უცხოა აღმოსავლური ცივილიზაციებისათვის.
შესაბამისად, არც ფეოდალიზმს დამუქრებია დღემდე რაიმე სერიოზული საშიშროება. ეგ არის მხოლოდ, რომ დასავლური ცივილიზაციის სულ უფრო მზარდი ზეგავლენითა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით, იგი სისტემატურად იცვლის ფორმებს. არსი უცვლელი რჩება.
***
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევროპაში ყოველი ესთეტიკური მიმდინარეობა თავისებური ბარომეტრია იმ ვითარებისა, რამდენადაა ამ პერიოდში ადამიანი თავისუფალი ანუ რა მდგომარეობაა ინდივიდუალიზმ-კოლექტივიზმის ფრონტზე.

ასე რომ, რენესანსულ ხელოვნებაში აფეთქებული ადამიანის სხეულის კულტი, მისი სრულქმნილება, მისი მშვენიერება, მისი აპოთეოზი უშუალოდ უკავშირდება ამ ეპოქაში წარმოქმნილი ჰუმანიზმის არსს – ადამიანის არსების პატივისცემას, მისი უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენას, პიკო დელა მირანდოლას “სიტყვის” პათოსს.
ბაროკო და კლასიციზმი, რომლებიც უშუალოდ მოსდევენ რენესანსს, ამ პერიოდისათვის ისევ ძალამოცემული კოლექტივიზმის ესთეტიკას აფუძნებენ. ბაროკოს საერთოდ აღარ აინტერესებს ადამიანის თავისუფლება და მასთან დაკავშირებული პრობლემები. იგი თავისი ესთეტიკურ-ფორმალისტური ხასიათით, შინაარსის სიღარიბითა და ცარიელი კონტრასტების თამაშით, ძირითადად ძლიერთა ამა სოფლისათა თავდაჯერებულობის, მაძღარი ყოფისა და სიმდიდრის პომპეზურ გამომხატველად დეგრადირება.

მაგრამ ამ დროისათვის კვლავ მომძლავრებული ფეოდალური სახელმწიფოს ინტერესებს მხოლოდ ბაროკო ვერ დააკმაყოფილებდა. აბსოლუტური მონარქიისათვის რენესანსული ინდივიდუალიზმი და თავისუფალი ადამიანი, ცხადია, მხოლოდ ანარქიისა და უწესრიგობის წყაროა, მაგრამ იგი ვეღარც პიროვნების შუასაუკუნეობრივ ნიველირებას მოახერხებს.

გამოსავალი კლასიციზმმა მონახა. მან მხოლოდ სანახევროდ მიიღო პიროვნება, რასაც ადასტურებს მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანთაგანი – მსოფლმხედველობრივი ანტინომიურობა. იგი სისტემატურად უპირისპირებს ერთმანეთს გონებასა და გრძნობას, მოვალეობასა და სურვილებს, საზოგადოებრივსა და პირადულს, რაციონალურსა და ირაციონალურს და ამ ბრძოლაში ყოველთვის მოვალეობის ასრულებას, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის პირადულის მსხვერპლად შეწირვას უჭერს მხარს. ხოლო კოლექტივიზმის ასეთ, შედარებით დახვეწილ ფორმის რაციონალიზმის კულტით ამართლებს.
***
კლასიციზმმა 300 წელი იარსება, მაგრამ ევროპულ გონში ბოლომდე მაინც ვერასოდეს ვერ აღმოიფხვრა რენესანსული თავისუფალი ადამიანის იდეალისაკენ სწრაფვა. XVIII საუკუნეში კლასიცისტური ცალმხრივობის საპირისპირო რეაქციად მხატვრულ შემოქმედებაში გვევლინება სენტიმენტალიზმი, მაგრამ საზოგადოებრივ ცნობიერებაში რენესანსული იდეალების ახალი ძალღონით აღორძინება მაინც განმანათლებლობის დამსახურებაა.
1789 წლის საფრანგეთის დიდი რეოლუცია აღმოჩნდა ის გიგანტური სოციალური კატაკლიზმი, რომელმაც ინდივიდუალიზმის საუკუნეობრივი ბრძოლა კოლექტივიზმის წინააღმდეგ, პირველის სასარგებლოდ გადაწყვიტა. უკვე მორყეულ ფეოდალიზმს უკანასკნელი ბურჯიც გამოეცალა. მანამდე რელიგიურადა და ინტელექტუალურად თავისუფალი ადამიანი სოციალურადაც გათავისუფლდა.

მაგრამ ევროპულ გონს წინ დიდი იმედის გაცრუება ელოდა.

საქმე ის არის, რომ ევროპის საუკეთესო ადამიანების საუკუნეობრივი ოცნებების განხორციელებას სრულიადაც არ მოჰყვა ისეთი შედეგები, როგორსაც ელოდნენ – თავისუფალი ადამიანი ოდნავადაც არ გამხდარა იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე გახლდათ.

ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალო იმედგაცრუება.

ინტელექტუალებისა და შემოქმედი ნატურების მიერ შექმნილი ვითარება აღიქმებიდა როგორც სრული კოლაფსი, კატასტროფა. ფეოდალიზმზე უარის თქმასა და ადამიანის გათავისუფლებას არ მოჰყვა არც საზოგადოების გონივრული მოწყობა, არც ცხოვრებისეული წინააღმდეგობების წაშლა და არც საყოველთაო იდეალური კეთილდღეობის დამყარება.

ევროპული ცნობიერება ჯერ ვერ ფლობს აუცილებელი ბოროტების თეორიას. იგი ვერაფრით ვერ ეგუება იმ იდეის კრახს, რომლის თანახმადაც, ადამიანის სრული გათავისუფლებით ამქვეყნად სამოთხის აშენება შეიძლება.
ასეთი იდეალისტური ხასიათის იმედების ფონზე მართლაც შოკის მომგვრელი უნდა ყოფილიყო იმის აღმოჩენა, რომ გამარჯვებულმა ინდივიდუალიზმმა კი არ გააუქმა ცხოვრებისეული წინააღმდეგობები, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო გაამწვავა ისინი. კოლექტივიზმის მკაცრად რეგლამენტირებული ყოფიერებიდან თავდახსნილი ადამიანური ეგოიზმი, ცხადია, უკიდურესად გაამძაფრებდა ყოველგვარ წინააღმდეგობებს, შეუბრალებლად გააშიშვლებდა ცხოვრების სისასტიკეს, სიდუხჭირეს, გაუტანლობას, დაუნდობლობას…
***
რომანტიზმი სწორედ ამ სასოწარკვეთილების, ამ შოკის ამსახველი ესთეტიკური მიმდინარეობაა ევროპულ კულტურაში.

რომანტიზმი ამთავრებს ევროპული კულტურის ბავშვობასა და სიყმაწვილეს და იწყებს მოწიფულობის ხანას, როცა მანამდე მიღებული ცოდნა და გამოცდილება სულ სხვა ხარისხში გადადის და სულ სხვა აზრსა და დატვირთვას იძენს. იგი ნიადაგს უმზადებს რეალიზმს.

რომანტიზმით ევროპულ კულტურაში იწყება გამარჯვებული ინდივიდუალიზმის ხანა, რომელიც დღემდე გრძელდება. ვფიქრობ, გასაგებია, ევროპული ცივილიზაციის რა რთული და მნიშვნელოვანი პროცესები დაედო საფუძვლად ამ მხატრულ სტილს და რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მას ევროპული კულტურის ისტორიაში.
***
რა საერთო აქვს, რანაირად შეიძლება დავუკავშიროთ ეს პროცესები იმხანად საქართველოში მიმდინარე პროცესებს?!

მართალია, ევროპული გონის ამ ყოვლისმომცველი კრიზისის ექომ რუსეთის გავლით ჩვენამდეც ჩამოღწია, მაგრამ ამ გზით ინსპირირებული შემოქმედებითი პროცესები არც რუსეთში და, მითუმეტეს, არც ჩვენში, რასაკვირველია, თავისი არსით არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ევროპულის ადეკვატური მოვლენა. სავსებით ბუნებრივია” რომ ის, რასაც ჩვენ ქართულ რომანტიზმს ვუწოდებთ, ადგილობრივი პრობლემატიკის დამუშავებით არის დაკავებული. ადგილობრივ პრობლემატიკას კი, ჩვენდა საუბედუროდ, აბსოლუტურად არაფერი ჰქონია საერთო იმ მოვლინებთან, რომლებმაც ევროპაში რომანტიზმად წოდებული მხატვრული სტილი წარმოქმნეს.
ისევე როგორც საერთოდ აღმოსავლეთში, ინდივიდუალიზმს არც ჩვენში ჰქონია ოდესმე ისეთი ძალა და მნიშვნელობა, რომ კოლექტივიზმს დაპირისპირებოდა და საზოგადოებრივი ცნობიერების ისეთი რადიკალური მეტამორფოზა მოეხდინა, როგორიც ევროპაში მოახდინა. თუმცა იმავე აღმოსავლეთისაგან განსხვავებით ჩვენში არც მისტიციზმი აყვავებულა, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ გარემოებას, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოში ევროპა ნამდვილად არ არის, მაგრამ არც კლასიკური აზიაა. იგივე ვითარება ერთ ჯერ პასუხგაუცემელ კითხვასაც აჩენს: ნეტა მაინც რას მიველტვოდით, რა გვინდოდა, საით მოვდიოდით?
ასეა თუ ისეა, ჩვენებური რომანტიზმი იქნება, რეალიზმი თუ სხვა რამ, მხოლოდ პირობითად უნდა ჩაითვალოს ასეთად, რადგან მიუხედავად ზოგიერთი საერთო გარეგნული ნიშნისა, არაფერი საერთო არა აქვს ევროპულ პირველწყაროსთან.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენში გამეფებულ ყრუ პროვინციალურ ფეოდალიზმს არავითარი საფრთხე არც გარედან და, რაც მთავარია, არც შიგნიდან არ დამუქრებია. ამიტომ ჩვენებური რომანტიზმი ძირითადად დამოუკიდებლობის დაკარგვითა და ნიკოლოზ ბარათაშვილის მართლაც საარაკო პირადი უყისმათობითა და იშვიათი პოეტური ნიჭიერებით იკვებება.
***
ქართულ ფეოდალურ ცნობიერებას საფრთხე ცოტა მოგვიანებით, კერძოდ, XIX საუკუნის 60-ინი წლებიდან ემუქრება და ისიც “გარედან”. ყირიმის ომში ინდივიდუალისტურ ევროპასთან ჭიდილში სამარცხვინოდ დამარცხებული რუსეთის იმპერია ცდილობს გამარჯვებული მტრისგან ზოგი რამ გადაიღოს
ასე ხელოვნურად იწყება კოლექტივიზმის წიაღში ინდივიდუალისტური ცნობიერების მიერ შექმნილი ზოგიერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტისა და ეკონომიკური ურთიერთობის დანერგვა, რამაც მთელ იმპერიაში დიდი აღრეულობა და ქაოსი გამოიწვია.

პატრიარქალურ-ფეოდალური ცნობიერების საქართველოსთვის ეს გარემოება ყველა ჯალალედინ-მურვან ყრუს შემოსევაზე უფრო სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. ასე რომ, კაპიტალისტური საზოგადოებრივ-ეკონომიკური სისტემის ზოგიერთი ელემენტის ფრთხილად დანერგვის მცდელობმაც კი მეტად სერიოზული ნგრევა გამოიწვია ჩვენში. ძველი ცნობიერება ვერაფრით ვერ ეგუებოდა განსხვავებული ცნობიერების მიერ შექმნილი ფასეულობებით ცხოვრებას. დაიწყო ხალხის მასობრივი გაღატაკება, ტრადიციების მსხვრევა. ეს მართლაც უსერიოზულესი განსაცდელი იყო (რაღაც ამგვარი რამ ხდება დღესაც!). გარედან შემოტანილი ვეღარ ახერხებს არსებობას.

რა საერთო აქვს ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქართულ ცნობიერებას ევროპულთან, რომლის წიაღშიაც იბადება ისეთი ესთეტიკური მიმინარეობა, როგორიცაა რეალიზმი?

ჩვენს თერგდალეულებს არ შეეძლოთ რეალისტები ყოფილიყვნენ.

ის მხატვრული სტილი, რომელსაც ევროპაში რეალიზმი ეწოდა, ანარეკლია დასავლური ცნობიერების განვითარების იმ ფაზისა, როცა “რომანტიკული კრიზისის” შემდეგ ევროპული გონი იცნობიერებს იდეალისტური ოცნებების უნიადაგობას, დედამიწაზე სამოთხის აშენების შეუძლებლობას. ამიერიდან იგი უკვე ზედმეტი ტრაგიზმის გარეშე იღებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ინდივიდუალიზმი მუდმივი მოძრაობაა, მუდმივი პრობლემებია, მუდმივი კრიზისია და ამ გზაზე ყოველმა კაცმა მარტოდმარტო, მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა იაროს.

რომანტიკოსებისაგან განსხვავებით, რეალისტები ახერხებენ ცხოვრება ისეთად მიიღონ, როგორიც არის კიდეც ის სინამდვილეში – არც ცალმხრივად უარყოფილი და არც დადებითი, არც ჯოჯოხეთი და არც სამოთხე.
სულ სხვა ამოცანას იცნობიერებენ ჩვენი თერგდალეულები: ისინი ხალხის გადარჩენას ცდილობენ, ერთი იდეის, ერთი აზრის გარშემო მის დარაზმვას მიელტვიან. ამისათვის კი არც რეალიზმი გამოდგებოდა თავისი ესთეტიკით და მითუმეტეს, არც რომანტიზმი. ამისთვის კლასიციზმი იყო ზედგამოჭრილი, მისი რაციონალიზირებული კოლექტივიზმით. ამიტომაა, რომ თერგდალეულთა შემოქმედებისა და მოღვაწეობის გამჭოლი ისეთი აშკარად კლასიცისტური იდეა, როგორიცაა მსოფლმხედველობრივი ანტინომიურობა, მათ მაინცდამაინც ბუალოს ტრაქტატისაგან არ უსესხებიან, ამას მოითხოვდა საზოგადოებრივი ცნობიერების მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათი მოღვაწეობით ჩვენში საფუძველი ეყრება კოლექტივიზმის უფრო დახვეწილ, რაციონალიზებულ ფორმას, როცა ერი, სამშობლო, საზოგადოება იმ რანგის ფასეულობებად ცხადდება, რომლებთან შედარებითაც ადამიანის პიროვნება, მისი ტკივილები, მისი ინტერესები სათვალავშიც კი არაა ჩასაგდები. შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ეს იდეა დღესაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართულ კულტურაში და ჩვენს “კონტრკულტურისტებსაც” სწორედ მასთან უწევთ ბრძოლა.
***
სხვათა შორის, ასეთ უცნაურ, მაგრამ მაინც ნამდვილად ჩვენი ყოფიერებიდან ამოზრდილ “კლასიკურ რეალიზმს” თავისი ძალა და მნიშვნელობა არც საბჭოურ პერიოდში დაუკარგავს და ახლა უკვე “კლასიციხტურ სოციალისტურ რეალიზმად” გვევლინება.

ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო ჭეშმარიტებას, რომ საბჭოთა სახელმწიფო ფაქტიურად იმავე ცნობიერების პროდუქტია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში იმპერიის მესვეურთაგან ზემოდან ფრთხილად დაშვებული ინდივიდუალისტური ფასეულობების დამანგრეველ ზემოქმედებას კლასიცისტურ რაციონალიზირებულ კოლექტივიზმს უპირისპირებს.

მარქსიზმ-ლენინიზმი კიდევ უფრო ამძაფრებს რაციონალიზმს. კოლექტივიზმის იდეას იგი მაქსიმალურად წმენდს ყოველგვარი ზიზილ-პიპილებისაგან და იმის გაკეთებას ცდილობს, რაც მე-17 საუკუნის ფრანგულ აბსოლუტურ მონარქიებსაც კი არ უცდიათ. ცდილობს და ახერხებს კიდეც – საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტის, ყველა ნიუანსის რეგლამენტაციას. ეს იყო კოლექტივიზმის ზეიმი, მისი ციტადელი.

საერთოდ, ვისაც საბჭოთა კავშირი ერთი მუჭა ხულიგანი ბოლშევიკების დესტრუქციული ახირებების შედეგად მიაჩნია, დიდ შეცდომას უშვებს. “ბოროტების იმპერია” იგი მხოლოდ დასავლური სამყაროსა და იმ იშვიათი ტიპის ადამიანებისათვის იყო ჩვენში, რომელთაც შინაგანად არანაირად არ შეეძლოთ კოლექტივისტურ ფერხულში ჩაბმა. ინდივიდუალისტური დასავლეთისა და კოლექტივისტური აღმოსავლეთის საუკუნეობრივ დაპირისპირებაში აღმოსავლეთს არასოდეს ჰქონია ისეთი ძალა და გავლენა, როგორიც საბჭოთა კავშირის არსებობისას ჰქონდა. იგი თავისი არსით სხვა არაფერი იყო, თუ არა ფეოდალური სახელმწიფოს მაქსიმალურად რაციონალიზირებული ფორმა, რომლის ორგანულ ნაწილს, სამწუხაროდ, საქართველოც წარმოადგენდა.

მაგრამ ამჯერად ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დასავლურმა სამყარომ აღმოსავლეთის ეს მრისხანე ფორპოსტი, ეს გიგანტური მონსტრი, იარაღით კი არა, თავისი ცივილიზაციითა და კულტურით დაამარცხა.
დასავლეთის ინდივიდუალისტური ცივილიზაცია აღმისავლეთის კოლექტივისტურ ცივილიზაციებთან შეხებისას მათზე გამხრწნელ ზეგავლენას ახდენს. თუმცა არა სპეციალური განზრახვით, არა რაღაც მითიური მასობრივი კულტურით. უბრალოდ ასეთია კანონზომიერება – დასავლეთი ხრწნის და ანგრევს აღმოსავლეთს.
***
ინდივიდუალისტური ცნობიერების განვითარების სისწრაფემ განსაკუთრებით იმატა XIX საუკუნეში, ევროპაში კოლექტივიზმის საბოლოო დამარცხების შემდეგ. დასავლური ცივილიზაციის ეს ფენომენი კარგად ჩანს მის კულტურაზე დაკვირვებითაც. საუკუნეების მანძილზე მდორედ გაწელილი რენესანსის, ბაროკოსა და კლასიციზმის ფონზე რომანტიზმი, რეალიზმი და ნატურალიზმი ელვისებური სისწრაფით ცვლიან ერთმანეთს.
სისწრაფე კიდევ უფრო მატულობს XX საუკუნეს დადგომასთან ერთად, როცა ევროპულ კულტურაში მთავრდება სინამდვილის ობიექტურად შემეცნების მცდელობები და იწყება უკიდურესად სუბიექტური ხელოვნების ერა.
***
“ღმერთის სიკვდილით” შეძრული XX საუკუნე თავისი ორი მსოფლიო ომით, არნახული ტექნიკური პროგრესით, თერმობირთულ კატასტროფაში დანთქმის შიშით, გაუცხოებითა და ეგზისტენციალური უსახლკარობის გაცნობიერებით, განაპირობებს დასავლური ცნობიერების სრულიად ახალი ხარისხის კრიზისში შესვლას. ამ გარემოებას არამცთუ რაიმე შველის, პირიქით, ხელსაც კი უწყობს სახელმწიფოს მოწყობის თითქმის იდეალური მოდელი და აქამდე არნახული მატერიალური სიმდიდრე, მასობრივი კომფორტი და ფუფუნება, რაც იმას მოასწავებს, რომ “გარეგანი” პრობლემების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ანუ თითქმის აღარ დარჩა აღარცერთი ისეთი ჰუმანიტური იდეა თუ ოცნება, რომელიც ან არ განხორციელებულიყოს, ანდა მისი განუხორცილებლობა არ გამხდარიყოს ნათელი. თითქოს საჭირო ხდება რაღაც პრინციპულად ახალი, რაღაც გაუგებარი ნახტომი სრულიად შეუცნობელში…

მანამდე კი დასავლური ცივილიზაცია და კულტურა ციებცხელებიანივით ცდილობს ბოლომდე ამოწუროს, ბოლომდე გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სამყაროს შემეცნებისა, მისი ასახვისა და მერე პოსტმოდერნიზმის სახით თითქოს ყოველივე აქამდე გაკეთებულის, აქამდე შემეცნებულის კოლაჟსაც მიმართავს.

XX საუკუნის დასავლური კულტურის ყველა ეს ძიება აბსოლუტური თავისუფლების ნიშნით, შეუზღუდავად მიმდინარეობს და თანდათანობით კონტრკულტურიდან კულტურად შეიწოვება მოდერნად და ავანგარდად წოდებული უთვალავი მიმართულება, რომელთა უმრავლესობა გვერდიგვერდ არსებობს.

გამომდინარე კრიზისის სპეციფიკური ხასიათიდან, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, იქნება ეს უაღრესად დისჰარმონიული ესთეტიკა, საგანთა ხილული ფორმებისადმი უნდობლობა და ჭეშმარიტების მათ “შიგნით” და მათ მიღმა ძიება თუ კონცეპტუალურობა და პირიქით, ადამიანური გონების შესაძლებლობების მიმართ ეჭვით აღვსება.

მათ შორის აღარ შეიმჩნევა ისეთი მნიშვნელოვანი არსობრივი განსხვავება, როგორიც არსებობდა XX საუკუნებდე არსებულ ესთეტიკურ მიმდინარეობებს შორის, რომელთა მონაწილეობა ყოველთვის მოასწავებდა დასავლური ცნობიერების ახალ დონეზე, ახალ საფეხურზე ასვლას.

ასეა თუ ისე, დასავლური სამყაროს მოდერნიზმი, ავანგარდიზმი და XX საუკუნის მუსიკალური ფენომენი – როკი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ვიღაც ქარაფშუტა, ექსცენტრული ან ნარკომანი ჯეელების ხულიგნურ გამოხტომად. თითქმის ყოველი მიმართულება, ჩვენი “კულტურისტებისათვის” ზოგჯერ ალბათ ფრიად სკანდალურიც, ალბათ ფრიად პორნოგრაფიულიც, დიდი ხანია კონტრკულტურად აღარ აღიქმება და დასავლური კულტურის ორგანულ ნაწილად იქცა, რადგან ყოველი მათგანი გაგრძელებაა ინდივიდუალისტური საზოგადოების ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციისა – მაქსიმალურად შეულამაზებლად შეიმეცნოს საკუთარი თავი ახალ რეალობაში, მაქსიმალურად შეულამაზებლად გაიაზროს ის აბსურდული სამყარო, რომელშიაც იგი დღეს არსებობს.
***
ალმანახი “კონტრკულტურა” მოწმობს, რომ რაღაც ამგვარი მოვლენა საქართველოშიც არსებობდა და Dდღესაც არსებობს. შეიძლება ძალზე სუსტად, შეიძლება ზოგჯერ გაუცნობიერებლად, ზოგჯერ კი გაცნობიერებულადაც, მაგრამ ის მაინც არსებობს.

ეს ფაქტია.

თუმცა საქმე ამაში არ არის.

საქმე ის არის, რომ იგი არანაირად არ უკავშირდება იმას, რასაც ჩვენი “კულტურისტები” ასე ამაყად და პათეტიკურად “ქართულ სულად” მოიხსენიებენ ხოლმე. პირიქით, ჩვენი კონტრკულტურის თავისუფლება, სუბიექტივიზმი, აღმზრდელობით ფუნქციებზე უარის თქმა, პიროვნების წინ წამოწევა საზოგადოების უკან დახევის ხარჯზე და სხვა ამგვარი ინდივიდუალისტური თვისებები საფუძველშივე ეწინააღმდეგება ქართული კულტურის იმ “კლასიცისტურ” ხერხემალს, რომელიც თერგდალეულებმა შექმნეს.

ამიტომ რჩება იგი მუდამ უცხო სხეულად ჩვენი კულტურის სხეულზე.

ამიტომ სდევნიდა მას საბჭოთა “კლასიცისტური სოცრეალიზმი”.

ამიტომ არის იგი დღესაც მიუღებელი ჩვენი კულტურის მუშაკებისთვის.
მიუხედავად ამისა, ეჭვი არ არის, დღევანდელი სიტყვის თავისუფლების მეშვეობით აქამდე სუსტი კონტრკულტურა თანდათან უფრო მომძლავრდება, რითაც კიდევ უფრო გაზრდის იმ დისკომფორტის განცდას, რომელშიაც დღეს მთელი საქართველო იმყოფება. ეს კი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, კიდევ უფრო დააჩქარებს იმ პროცესს, რომელსაც ერიხ ფრომმა თავის დროზე “თავისუფლებიდან გაქცევა” უწოდა. მითუმეტეს, რომ ასეთი გაქცევის გამოცდილება უკვე გვაქვს: XX საუკუნის დასაწყისში “დიად საბჭოეში” გავიქეცით.
დღეს XXI საუკუნის დასაწყისია.,
საით და რა ფორმით გავიქცევით დღეს?

https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=173&composition=501 

თბილისის ანძა VS ეიფელი

0

ყველაფერი სოციალური ქსელით დაიწყო. მეც ხომ თქვენსავით მიჯაჭვული ვარ, მაგალითად, ფეისბუქს: ჩემი კედელი აბლაბუდაა, ვაბამ და ვაბამ ქსელებს – ვაზიარებ სტატიებს, ჩემი საყვარელი როკჯგუფების კომპოზიციებს, ვწერ სტატუსებს და ვიმეგობრებ ადამიანებს – უცნობებს, ნაცნობებს, ვიწონებ სხვადასხვა გვერდს… ჰოდა, ჩვენ, ვირტუალური ობობები, სხვის ქსელებშიც ხშირად ვიხლართებით.

 


ქსელი, რომელშიც მხოლოდ “ქართველი” ობობები იყვნენ გაბმულნი
ეს მთლად დასაწყისიც არ ყოფილა; ეს გახლდათ დიდი ხნის თავშეკავების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების – ამ თემაზე აუცილებლად წერის – სტარტი.
უმეტესობა უყურებს “ნიჭიერს” – ტელეშოუს, გამართულს “ტალანტების” გამოსავლენად. დღეს შოუს ავ-კარგის შესახებ საუბარს არ ვაპირებ და არც “კომპეტენტური” ჟიურის განქიქებას მოვყვები.
ერთ დღესაც ერთ ფეისბუქურ გვერდზე დაახლოებით ასეთი შინაარსის სტატუსს წავაწყდი: “სამარცხვინოა ქართულ ტელეშოუში ინდოელების გადაყვანა შემდეგ ეტაპზე”.
მე, როგორც ვირტუალურ ობობას, ერთადერთი სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება შემეძლო: გვერდის “დარეპორტება”, რადგან ჩემთვის სამარცხვინო გახლდათ ადმინისტრაცია, რომლისთვისაც პატრიოტიზმი მხოლოდ ქართულ ღვინოზე მხოლოდ ქართველების მიერ შესრულებული სიმღერა და “რაცკარგებივართქართველებივართ” მენტალიტეტი იყო. ერთი სიტყვით, ეს არის ამბავი ჩვენ შესახებ.
ქსელი ძველი და ურღვევი
რამდენი ქართველი კლასიკოსის ტექსტი, როგორც ძველი, დამოკლებული სვიტერი, დაგვირღვევია და ნარღვევი ძაფისგან თანამედროვე და მოდური შარფი მოგვიქსოვია, რამდენი ქართველი მოაზროვნის ფრაზა ქამარივით უფრო შორიშორს გამოგვიხვრეტია და მოგვირგია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთა ტექსტებიც არც “რეცხვით” გაცვდა, არც “დაგვიმოკლდა” და არც გადავაკეთეთ, – თითქოს სულ ჩვენი ზომისანი იყვნენ.
1905 წელს “შეიკერა” წერილი კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის შესახებ, ფრაზები – ნამდვილი ბამბა (სირბილე, რატომღაც, სიკეთესთან ასოცირდება, ამ შემთხვევაში – ჰუმანიზმთანაც), პრინტი – დღემდე ულტრათანამედროვე, სილუეტი – საუკუნეგამძლე, “დიზაინერი” – მთაში გაზრდილი ბიჭი, ჩემი, არა, ჩვენი ვაჟა ფშაველა (დიახაც, დამდეთ ბრალად ბანალურობა და პათეტიკა).
პატრიოტიზმი, როგორც სიკეთე
სიტყვა “პატრიოტიზმს” მარტივად, სიტყვასიტყვით თარგმნიან ხოლმე და იღებენ “მამულიშვილს”. მაგრამ ძველად, ამ ტერმინის სათავეებთან, მამული სანათესაოს ადგილსამყოფელი გახლდათ; “მე ვარ პატრიოტი” ძველი ბერძნისთვის დაახლოებით ამას ნიშნავდა: “მე ვარ მამაჩემის შვილი და პაპაჩემის შვილიშვილი (ლ. ბერძენიშვილი)”. ასე რომ, ეტიმოლოგიას შეცდომაში შევყავართ და ის შინაარს აცლის სინამდვილეს: “XII საუკუნის ქართული (ან ფრანგული, ან ესპანური, ან, მით უმეტეს, გერმანული და იტალიური) პატრიოტიზმი ანაქრონიზმია თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იმ ეპოქაში ლოიალობის სუბიექტს წარმოადგენდა არა სახელმწიფო, არამედ მეფე ან მთავარი (ლევან ბერძენიშვილი)”.
ციტირება ძალიან მოსაწყენი რამეა, უძილობისას “ჰიპოპოტამების” თვლაზე უფრო მოსაწყენი რამე, მაგრამ ამ რისკზე წასვლა მაინც ღირს, როცა ტერმინების დაზუსტებას იმ სტატიიდან ცდილობ, რომელიც “სტატიათაშორისი საზომით” “უსტატიესია” და პუბლიცისტური ნაკადი – “უნაკადესი” (“უნაკადესი”, იქნებ, ასეც ჟღერს – ნიაღვარი).
ერთი სიტყვით, პატრიოტიზმი არ არის “ბელადის” ფეტიში, არც მხოლოდ ნაციონალიზმი და არც რელიგიური ერთიანობა. ის უფრო ფართო ცნებაა, იგივდება “სახელმწიფოსთან” და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტს შეიცავს. ამასთანავე:
ყველა პატრიოტი ჰუმანისტია;
ყველა პატრიოტი პაციფისტია;
ყველა პატრიოტი კოსმოპოლიტია;
ყველა ჰუმანისტი კეთილია;
ყველა პაციფისტი კეთილია;
ყველა კოსმოპოლიტი (კოსმოპოლიტიზმის პოზიტიური გაგებით) კეთილია;
ასე რომ, ყველა პატრიოტი კეთილია.
თეზისების დამტკიცება ვაჟას დახმარებით
როდის ხარ ჰუმანური, როცა ინდოელებს უკრძალავ “სამამულო” პროექტში მონაწილეობას, აცხადებ, “სხვაფერისკანიანებმა წაგვლეკესო”, გძულს სომხები და “არტურას” გაგონებისთანავე აგრესიული ხდები თუ მაშინ, როცა თბილისურ მეჩეთს არბევ? იქნებ მაშინ, როცა გულის წასვლამდე გიყვარს შენი ნასათუთევი, აწ უკვე სრულწლოვანი შვილი და არჩევანის უფლებას მშობლის უპირატესობით ართმევ: “მხოლოდ ქართველ გოგოს (ბიჭს) შემოვუშვებ ოჯახში, გაფუჭებული ევროპელი არ დამანახვო!” როგორი ზნეობრივები ვართ: საკუთარ შვილებს ულტიმატუმს ვუყენებთ და ამ დროს ჩვენი შვილის დედებს “ხანდახან” ვღალატობთ რკინის მყარი არგუმენტით: “კაცებისთვის შეიძლება”. როგორი ალტრუისტები ვართ: მოყვასის სიყვარული მხოლოდ ქართველის სიყვარულად გვესმის, რადგან მხოლოდ ქართველია მოყვასი; “კაცობრიობა” ჩვენთვის მხოლოდ ქართველობაა – ნაციონალიზმის ნეგატიური გაგება გამორიცხავს სხვა ერის, სხვა ეთნოსის ღირსებათა აღიარებას და მიდის ფაშიზმამდე: აღმატებული რასა, იშვიათი გონებრივი შესაძლებლობები, შეუდარებელი ვიზუალი. არადა:
“ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა უნდა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში”, – მეოცე საუკუნის დასწყისში ამბობდა ვაჟა-ფშაველა.
როგორ არა, განა ჩვენ არ გვიყვარს “კაცობრიობა”?! განა საქართველოში ჩამოსულ უცხოელს “პატივს არ ვცემთ”, ქართული სუფრის წიაღს საფუძვლიანად არ ვაცნობთ და რესტორანს არ ვხურავთ მისი გულის მოსაგებად?! კულინარიული თავმოწონების მცდელობა ქართული კუდაბზიკობის გამოვლენაა და არა კაცთმოყვარეობის. უცხოელის პოზიცია ჰგავს მხატვრობაში გაუწაფავი თვალის თვისებას, რუბენსის ტილოში მხოლოდ ქალის ცელულიტს რომ ზომავს; ცელულიტის იქით – არაფერი, შინაარსგამოცლილი სილუეტი. სწორედ ასე კნინდება ხოლმე საქართველო ხინკლის ოხშივარში (მე, რა თქმა უნდა, ქართული კერძების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, სამზარეულოც გამომხატველია ერის იდენტობის, მაგრამ, როგორც საჭმელს არ უხდება ჭარბი სუნელი, ასევე, იქნებ დავფიქრებულიყავით მხოლოდ ხორაგით თავმოწონების უცნაური ტრადიციის მცდარობაზე).
ვაჟას კოსმოპოლიტიზმს საჭმლის სუნი არ უდის და ის უფრო ჰუმანიზმია: “გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს”. თუმცა, კოსმოპოლიტი ვერ იქნები, თუ არ გაქვს შენი ენა და ფასეულობათა სისტემა, შენი ქალაქი, სადაც უფრო მშვიდად და ბედნიერად გრძნობ თავს, ვიდრე სხვა ქვეყნის რომელიმე მეგაპოლისში, არ გყავს ადამიანები, რომლებთანაც მენტალური სიახლოვე გაკავშირებს (“ვისაც თავისი მშობელი დედა არ უყვარს, იგი სხვას როგორ შეიყვარებს, სხვას როგორ მოეპყრობა, როგორც ნამდვილ დედას?”)…
აქვეა ვაჟას ლოგიკური ჯაჭვი (ყოველგვარ ლითონსა და ნაკეთობაზე ძვირფასი, ნამდვილი იუველირის ნაჭედი ჯაჭვი): “შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად… მაგრამ “ჰამლეტით”, ”მეფე ლირით” ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ”. ეს ლიტერატურული ჯაჭვი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ხელოვნებას ყველაზე კარგად შეუძლია დაარღვიოს საზღვრები და სულ ერთი საათით მაინც ებრაელი არაბის სამყაროში უომრად შეუშვას.
და ვინაიდან შეუძლებელია, მშვიდობისმოყვარეობა და კაცთმოყვარეობა საკუთარ თავში ქაოსსა და ბოროტს გულისხმობდეს, “ზოგადი უნარ-ჩვევების” ანალოგიით, სამშობლოსმოყვარეობა კეთილი ადამიანების თვისებაა, კეთილი ადამიანები კი არასოდეს არიან შეპყრობილნი განდიდების მანიით და არასოდეს ეტყვიან ფრანგს, რომ “თბილისის ანძა სჯობს ეიფელს”.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...