ინტერკულტურული საკომუნიკაციო კომპეტენცია, უცხოური ენის გაკვეთილის მიზანი
ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის თავისებურებები
ქართულ სასულიერო მწერლობაში, ალბათ, არ არსებობს ნაწარმოები, რომელზეც იმდენი უთქვამთ და დაუწერიათ, რამდენიც «შუშანიკის წამებაზე». ერთნი ამბობენ, რომ ეს არის ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ორიგინალური ნაწარმოები, მეორენი ამბობენ, არაო. მოკლედ, ამ ძეგლის თაობაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ყველა ქართველი მკვლევარი აღიარებს, რომ ათას ხუთასი წლის წინ, V საუკუნეში, დაწერილი თხზულება, იაკობ ხუცესის (ცურტაველის) «შუშანიკის წამება», დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
აფრიკიდან აფხაზეთამდე და უკან
მხატვრული ლიტერატურის განმავითარებელი ასპექტები სასწავლო პროცესში
პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესში ლიტერატურის სწავლების სწორი მიმართულებით წარმართვას მეტად მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია.
მხატვრული ლიტერატურა მკითხველისთვის საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის წყაროს წარმოადგენს, მისი მიზანმიმართულად გამოყენება კი დიდ შესაძლებლობებს ქმნის ისეთი პიროვნების აღსაზრდელად, რომელიც “თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს უპასუხებს” (ეროვნული სასწავლო გეგმა).
ამჯერად ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ერთ-ერთ მოთხოვნაზე შევჩერდებით: “მოზარდმა უნდა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში”. თვითგანვითარების უნარი აუცილებელია თანამედროვე სამყაროში ადგილის დასამკვიდრებლად. მოვიშველიებთ განვითარებისა და სწავლების თეორიებს. კარლ როჯერსის (ჰუმანისტური თეორია) აზრით, ადამიანს თანდაყოლილი მიდრეკილება აქვს პიროვნული ზრდისა და თავისი უნიკალური შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებისკენ. ეს ნიშნავს, რომ მას თვითრეალიზაციის ტენდენცია აქვს, რაც ყველა ინდივიდში სხვადასხვაგვარად გამოვლინდება. როჯერსის აზრით, ის ადამიანები, რომლებიც სწორად შეიცნობენ საკუთარ თავს – გემოვნებას, შესაძლებლობებს, ფანტაზიებს, ნაკლოვანებებსა და სურვილებს, უკვე თვითრეალიზაციის გზაზე დგანან.
ბუნებრივია, რომ თვითშემეცნების, რეფლექსური აზროვნების უნარის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწავლების თანამედროვე მეთოდიკაში. მხატვრულ ლიტერატურას კი ამ უნარის განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს.
თვითშემეცნება საკუთარი გამოცდილების კრიტიკულად გადამუშავების პროცესია, რომელიც გულისხმობს საკუთარი ქცევისა და აზროვნების გაცნობიერებას, ანალიზს, შეფასებას, დაგეგმვასა და კონტროლს. თვითანალიზის სიღრმე კი მრავალ სოციალურ და ინდივიდუალურ ფაქტორზეა დამოკიდებული. მხატვრული ლიტერატურის გააზრება თავისთავად გულისხმობს შეფასებისა და თვითშეფასების უნარის განვითარებას. მხატვრულ ტექსტში აღწერილი მოვლენებისა თუ პერსონაჟების მიმართ მკითხველს ძალაუნებურად უყალიბდება ემოციური დამოკიდებულება, რომელიც შემდეგ გაცნობიერებულ დამოკიდებულებაში გადადის. იგი ხშირად გაუცნობიერებლად ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას პერსონაჟთან. თავდაპირველად ეს მხოლოდ ემოციურ დონეზე ხდება, საბოლოოდ კი ასეთი იდენტიფიკაცია მკითხველისათვის თვითშემეცნების წყაროდ იქცევა.
გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის (“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”) პერსონაჟის, ვასიკო კეჟერაძის ცნობილ მონოლოგს მოვიშველიებთ: “ჩვენ, ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა, ყველაფერი, ეჰ, ყველაფერი გამოგვიცდია – მეფედ ვუკურთხებივართ, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხანაც ეკალი,… ჩვენ-ჩვენს ოთახებში მაგიდასთან თავდახრილნი ათასნაირი სიკვდილით მოვმკვდარვართ – ზღვაში ჩავძირულვართ, ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ; ღმერთო ჩემო, სულ რომ არაფერი, რამდენი ქალი გვყვარებია?!” ამ ემოციური მონოლოგის შემდეგ პესონაჟი ლაკონურად აყალიბებს მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობას: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი”.
აღსანიშნავია ისიც, რომ განათლება და კითხვა ყოველთვის არ არის პიროვნული ზრდის საწინდარი. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ წიგნიერება და განათლება, თუ არასწორად წარიმართა, შესაძლოა პიროვნული ძალების მომადუნებელი ფაქტორიც გახდეს.
შეიძლება ითქვას, რომ პიროვნების თვითგანვითარების სტიმულის გასაღვიძებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კითხვის ხასიათს (ანუ რაზე მახვილდება ყურადღება კითხვის დროს). აქ არის სწორედ მნიშვნელოვანი ლიტერატურის მასწავლებლის როლი: რა მიმართულებით წარმართავს იგი მხატვრულ ტექსტზე მუშაობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართულ ლიტერატურაში, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ტექსტებში, მდიდარი მასალაა იმ უნარებისა და ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად, რომლებსაც განვითარებისა და სწავლების თეორიები მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. მთავარია, ამ მიმართულებით წარვმართოთ მუშაობა და სწავლების სწორი სტრატეგიები მოვიშველიოთ. ზოგჯერ სტერეოტიპების გადაფასებაც საჭიროა და კლასიკური ტექსტების “ახალი თვალით” წაკითხვაც.
მოსწავლეებს კარგად უნდა გავაცნობიერებინოთ, რა უნარები და ფასეულობები სჭირდებათ მომავალი ცხოვრებისათვის. მართებული იქნება, თუ მათ გავაცნობთ (შესაბამის კლასში შესაბამისი ფორმით) პიროვნების განვითარების ზოგიერთ თავისებურებას. ლიტერატურის გაკვეთილი, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, გვაძლევს საშუალებას, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ.
ცნობილ მონაკვეთს გავიხსენებთ ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან: “მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით, რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია, ესეც კარგია, უარარაობას ეგა სჯობია, მაგრამ ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?” თუ ნაწარმოებზე მუშაობის დაწყებამდე ავუხსნით მოსწავლეებს, რომ ადამიანის პიროვნება წარმოადგენს ზრდისადმი თანდაყოლილი მიდრეკილებისა და თვითრეალიზაციის გამოხატულებას (კ. როჯერსი, აბ. მასლოუ), ისინი ადვილად მიხვდებიან, რომ ილიას ეს სიტყვები ეხება არა მხოლოდ ლუარსაბსა და იმ პერიოდის თავადებს, არც მხოლოდ მათ, ვინც უმოქმედოდ ატარებს ცხოვრებას, არამედ ყველას, ვინც არ ზრუნავს თვითგანვითარებასა და პიროვნულ ზრდაზე (მნიშვნელობა არა აქვს, რას დაუთმობს იგი უმეტეს დროს: ჭამა-სმასა თუ სხვა სახის გასართობს). მოსწავლეები მიხვდებიან, რომ ილიას ეს სიტყვები მათთვისაც ძალიან აქტუალურია. ამას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვითგანვითარების სტიმულის გაღვივებისათვის.
ამ მონაკვეთის სწავლებისას, როგორც წესი, ყურადღება მახვილდებოდა ადამიანის უმთავრეს ფუნქციაზე – ღმერთისკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე. ჩვენი მსჯელობა სრულიად არ ეწინააღმდეგება ამგვარ ხედვას, ის მხოლოდ მკითხველის თვალსაწიერს აფართოებს. მოვლენების სხვადასხვა კონტექსტში განხილვა კი თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდიკური ორიენტირია.
აბრამ მასლოუ (მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია) ამგვარად აყენებს საკითხს: რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის წინსვლა, განვითარება მეტად რთული და მტკივნეული პროცესია? ამ შეკითხვის პასუხს იგი შემდეგნაირად აყალიბებს: ადამიანში არსებობს საკუთარი თავის შეცნობის შიში. ეს შიში ჩნდება იმის გამო, რომ მის უკან დგას უფრო ძლიერი შიში – მოქმედების შიში. საკუთარი თავის შეცნობა გვკარნახობს მოქმედების აუცილებლობას მიღებული ცოდნის კვალდაკვალ, ანუ როდესაც პიროვნება ხედავს თავის დადებით და უარყოფით მხარეებს, ასევე ხედავს მათი შეცვლის აუცილებლობას.
ეს მოვლენა ნათლად გვიჩვენა ილია ჭავჭავაძემ მოთხრობაში “კაცია-ადამიანი?!”. მან გვიჩვენა ადამიანის ბუნებაში ჩაბუდებული ერთი უარყოფითი თვისება _ გულგრილობა, რომელიც სწორედ მოქმედების, ცვლილების შიშით არის გამოწვეული: “კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანაბრად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისთვის გაიხეთქავს თავს და არც მეორისათვის დაიწყებს ბრძოლასა და არის ასე ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი. ამ გულგრილობასა და შეუპოვრობას კმაყოფილებად ადიდებენ.…კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია. ბედნიერია ახალი თაობა, თუ ის კმაყოფილება არა აქვს. იმედი თუა სადმე, ამაში უნდა იყოს”.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ადამიანის განვითარებისა თუ თვითგანვითარების პროცესი მხოლოდ განათლებას არ უკავშირდება. არასწორად წარმართული განათლება შესაძლოა პიროვნების შენიღბული დეგრადაციის მიზეზიც კი გახდეს. ამის ნათელი მაგალითია თეიმურაზ ხევისთავის ცხოვრება (“ჯაყოს ხიზნები”). დიდი განათლების, ფართო თვალსაწიერის მიუხედავად, იგი შემზარავი რეალობის წინაშე აღმოჩნდა: “უკან მიიხედა თეიმურაზმა, მიიხედა და ნავალი გაზომა, გაზომა და ვერ მიხვდა, როდის და როგორ განვლო ასეთი დიდი მანძილი _ რუსთაველის პროსპექტიდან სოფლის ორღობემდე? საზოგადო საქმის მეთაურიდან თავის ნამოჯამაგირევ ჯაყოს დახლიდარობამდე?!” თითქოს მხოლოდ ახლა გაიცნობიერა თეიმურაზმა საკუთარი მდგომარეობა, თითქოს შეკითხვები აქამდე არც კი გასჩენია საკუთარ თავთან და მხოლოდ ცხოვრების შემზარავმა კონტრასტმა დააფიქრა თავის ბედზე: “ეს რა დაემართა თეიმერაზ ხევისთავს?! ეს რა ტუტუცური მასხარაობაა ბედისა?” აქედან ჩანს, რომ თეიმურაზი კარგად არ იცნობდა საკუთარ თავს.
მიუხედავად უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკური ვითარებისა, თეიმურაზი, ალბათ, მაინც არ აღმოჩნდებოდა ასეთ მძიმე მდგომარეობაში, გარკვეული უნარები რომ ჰქონოდა. მას უჭირდა პრობლემების გადაჭრა, ის არ იცნობდა კარგად საკუთარ თავს. მწერალი პაულო კოელიო წერს: “თუ კარგად იცნობ შენს გულს, ის ვერასდროს მოგაყენებს მოულოდნელ დარტყმებს”. თეიმურაზს კი მხოლოდ ბედისაგან მიყენებული მძიმე დარტყმების გამო გაუჩნდა თვითდაკვირვებისა და თვითანალიზის მითხოვნილება.
საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, ნაკლოვანებებსა და სურვილებს კარგად იცნობენ კონსტანტინე გამსახურდიას გმირები. გავიხსენოთ მეფე გიორგის მონოლოგი სიკვდილის წინ: “მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია”. კონსტანტინე არსაკიძე კი იმ მცირერიცხოვან რჩეულთაგანია, რომელთაც შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია. ის კარგად იცნობს საკუთარ შესაძლებლობებს, სურვილებსა და გემოვნებას: “მე ის ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყებიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება”.
რომანში კარგად ჩანს, როგორ ავითარებს და სრულყოფს კონსტანტინე არსაკიძე თავის შესაძლებლობებს. დასაწყისში აღნიშნულია: “არც თუ ოდესმე გაბედავდა არსაკიძე არაგვისა და მტკვრის შესართავთან ტაძრის აგებას უკვარცხლბეკო ვაკეზე”. შემდეგ კი ვხედავთ მის დაუოკებელ სწრაფვას თვითსრულყოფისაკენ: “მთელ საქართველოში დაეხეტებოდა, ციხეთა და ეკლესიათა მშენებლობას თვალს ადევნებდა, თავად ხაზავდა გეგმებს, ასწორებდა სხვის მიერ დახატულ დეტალებს”. არსაკიძე სრულიად გააზრებულად (თუმცა არა უმტკივნეულოდ) აკეთებს არჩევანს სიყვარულსა და შემოქმედებას შორის. მისთვის შემოქმედება ყველა ფასეულობაზე აღმატებულია.
მოსწავლეთა თვალსაწიერს უდავოდ გავაფართოებთ, თუ მათ გავაცნობთ ადამიანურ მოთხოვნილებათა იერარქიას და ავუხსნით, რომ თვითრეალიზაცია, საკუთარი უნიკალური პოტენციალის რეალიზაცია ყველაზე მაღალი დონის ადამიანური მოთხოვნილებაა. ის გულისხმობს ცოდნის შეძენის, სამყაროს შეცნობისა და გაგების, პიროვნული ზრდისა და განვითარების სურვილს. ამის ცოდნა მოსწავლეთა თვითსრულყოფის მოტივაციის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.
დიმიტრი უზნაძის მიხედვით, აღზრდის მთავარი ამოცანა ისაა, რომ თითოეულმა ადამიანმა განახორციელოს თავისი დანიშნულება, სკოლამ კი უნდა განავითაროს ის სულიერი ძალები, რომლებიც ადამიანის შესაძლებლობების ზრდას შეუწყობს ხელს. ჩვენ შევეხეთ მხატვრული ლიტერატურის მხოლოდ იმ მცირე ნაწილს, რომელსაც შეუძლია მოსწავლეებს თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა გაუღვივოს და თუ მასწავლებელი სწავლების სათანადო სტრატეგიებსაც მოიშველიებს, უდავოდ აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, ეს კი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა წარმატებული პიროვნების ფორმირებისთვის.
თენგიზ ვერულავა – “სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ”
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა, რომელსაც სტუდენტები და კოლეგები ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის და სადაზღვევო საქმის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელად იცნობენ, ქართული საზოგადოებისთვის, უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო და სახელოვნებო ბლოგ “ბურუსის” შემქნელია. ტექსტებთან ერთად აქ თავმოყრილია ფოტო- და ვიდეომასალა ხელოვნების, ლიტერატურის, მუსიკის, ფილოსოფიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, ისტორიის შესახებ.
საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, იმასაც ვიტყვი, რომ “ბურუსი” ის ინტერნეტრესურსია, რომელსაც ყველაზე ხშირად მივმართავთ მასწავლებლები – საპრეზენტაციოდ ვიყენებთ აქ განთავსებულ მასალებს, ვურჩევთ მოსწავლეებს… ხოლო პირველი კითხვა, რომელიც ამ საგანმანათლებლო ბლოგის შემქმნელის მიმართ გაგვიჩნდა, ბუნებრივია, ასე ჟღერს: “რატომ უწოდეთ ბლოგს “ბურუსი”?
თენგიზ ვერულავა:
– “ბურუსი” შეუცნობელთან, იდუმალთან ასოცირდება. მე ვერ წარმომიდგენია ყველაფრის მცოდნე ადამიანი. შეუცნობლის კვლევა უფრო საინტერესოა, ვიდრე მიღწეულით კმაყოფილება. სიზიფეს მითივითაა: რაღაცას მიაგორებ მთაზე და გგონია, ცოტაც და დაისვენებ, მაგრამ ხვდები, რომ მწვერვალისკენ სვლა უფრო გსიამოვნებს, ვიდრე იმის განცდა, რომ მას უკვე მიაღწიე. ყველაფერი შემთხვევითია ამ ცისქვეშეთში. რაღაცის შეცნობაც შემთხვევითობასთან, ალბათობასთანაა დაკავშირებული. ადამიანის განათლება არის ნაკრები შემთხვევითობისა და დაუსრულებელი ძიებისა. ბურუსი მუდმივ დაეჭვებასთან, შეუცნობლის მარადიულობასთან, პასუხგაუცემელ კითხვებსა და ძიებასთან ასოცირდება. არასოდეს გეუფლება მიგნებით გამოწვეული კმაყოფილება, შესაძლოა გავიდეს დრო და შეიცვალო აზრი, შეიცვალო შეცნობის მოგზაურობათა ტრაექტორია. ეს უფრო საინტერესო მგონია, ვიდრე სწორ გზაზე სვლა. ამიტომაც არ მიყვარს ადამიანთა მკაცრად დაყოფა – მემარჯვენეებად და მემარცხენეებად, ჰაიეკისტებად და კეინზიანელებად… ვფიქრობ, ქართველები ხშირად ფსიქოლოგიურად ბიპოლარულები და რადიკალურები ვართ – ან მკაცრად მემარცხენე უნდა იყო, ან მემარჯვენე, ხოლო ვინც შენკენ არ არის, ის მსოფლმხედველობრივი მოწინააღმდეგეა.
– როცა ადამიანი ამბობს: “ბურუსში ვარ”, – ეს ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის…
– ბურუსი სწორედ ძიების პროცესში გვამყოფებს და ეს უფრო სასიამოვნოა ჩემთვის, ვიდრე მიგნებულით განათებულ გზაზე სიარული. ერთი ნოველა მაქვს, რომელსაც “სწორი გზა და კედლების ლაბირინთი” ჰქვია, სტუდენტობის დროს დავწერე, და მინდოდა მეთქვა, რომ შეუძლებელია, მთელი სიცოცხლე წინასწარ განსაზღვრული გეზით იარო, აქეთ-იქით არ გაიხედო. მოთხრობა ახალშეუღლებულ ცოლ-ქმარზეა, რომლებიც სწორ გზაზე მიდიან და მუდამ ასე აპირებენ სიარულს, მაგრამ გზის გასწვრივ დიდი მწვანე ველია, საიდან მომავალ ხმებსაც ვერაფრით დააღწევ თავს – მაინც გაგახედებს გვერდზე და გზიდან გადასვლას გაიძულებს. ველი გახეტიალებს დიდხანს, ძალიან დიდხანს და ბოლოს აღმოჩნდები კედლების ლაბირინთში, საიდანაც გასასვლელი არ ჩანს და, ვფიქრობ, არც არასოდეს გამოჩნდება. ამაში ტრაგიკული არაფერია – ლაბირინთში ხეტიალი, გასასვლელის ძიება თავად პროცესია, რომელიც არასოდეს მთავრდება. ეს მოგზაურობა, ხეტიალი, გასვლა თუ გადასვლა გზიდან გარდაუვალია და ასეა დასაბამიდან, ლიტერატურაში კი – ჰომეროსის “ოდისეადან” მოყოლებული.
დგება დრო, როდესაც სახლის კარს გაიხურავ, ჭიპლარი საბოლოოდ წყდება და იწყება დაუსრულებელი მოგზაურობა, მაგრამ ეს წრეზე მოგზაურობაა და დგება დღე, როდესაც ამ ხეტიალის დროს მიღებული გამოცდილებით უბრუნდები საკუთარ კერას, ურიგდები მამას. პიკასო მთელი სიცოცხლე მამის სურვილის საპირისპიროდ იქცეოდა, ხატავდა იმას, რაც მამამისს არ უყვარდა. ერთხელ, პატარაობისას, მამამ პრადოს მუზეუმში წაიყვანა, რომ მისთვის ველასკესის ტილოები ეჩვენებინა, პატარა პაბლოს კი თვალი ელ გრეკოსკენ გაურბოდა, რომელიც მამამისს სძულდა არატრადიციული ხელწერის გამო. 13 წლის იყო პიკასო, როდესაც მამამისმა დაინახა, რომ შვილი მასზე უკეთ ხატავდა და თავისი საღებავები მას გადაულოცა. თავად კი მას შემდეგ ფუნჯი აღარც აუღია ხელში… კუბისტური ნახატები, რომლებსაც პიკასო ხატავდა, მიუღებელი იყო მამამისისთვის… მამასა და შვილს შორის ამ წინააღმდეგობამ მხატვრობაში ახალ მიმდინარეობას დაუდო სათავე. ხოლო სიცოცხლის მიწურულს, როდესაც უკვე დიდი მხატვარი იყო, პიკასომ დახატა მტრედი, რომლის ხატვა ძალიან უყვარდა მამამისს. მხოლოდ ასეთ უარყოფას მოაქვს შერიგება, მონანიება; მტრედი ზავია მამასა და შვილს, წარსულსა და მომავალს შორის.
სწორედ ეს მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს: ღირებული რამ მხოლოდ შინიდან წასვლით და ხეტიალით, წინააღმდეგობით, არსებულის უარყოფით იქმნება. ახალგაზრდა შექსპირიც წავიდა შინიდან, ლონდონში გაჰყვა მსახიობთა დასს და წერა პიესები, სიცოცხლის ბოლოს კი დაბრუნდა შინ და ამით, როგორც მამამ, თითქოს აღადგინა დარღვეული დროთა კავშირი. შინიდან წასვლა დროთა, თაობებს შორის არსებული კავშირის დარღვევაა, მაგრამ ამ დარღვევით, ამ მოგზაურობით ვსწავლობთ, ვეცნობით ახალს, ამ ხეტიალში ვესაუბრებით მამის აჩრდილსაც და ვბრუნდებით უკან, თავად მამები.
ბურუსი ჩემთვის სხვა განწყობებთანაც ასოცირდება: ბრიტანეთში, იორკის უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, სადაც ხშირად წვება ნისლი, საღამოობით საგანგებოდ გამოვდიოდი ბურუსში სასეირნოდ. არემარე ისე იყო დაბურული, ორ ნაბიჯზე აღარაფერი ჩანდა და ხეებს ვეჯახებოდი, მეორე დილით კი კოპებით დამშვენებული მივდიოდი ლექციებზე… ზოგჯერ მგონია, რომ ბურუსი წიაღია, სადაც დაბადებამდე ვიყავით – უსაფრთხოდ, კომფორტულად… ამიტომაც მსიამოვნებს ძიება უფრო მეტად, ვიდრე რაღაცის მიგნება და შეჩერება; მიმაჩნია, რომ გამარჯვება სიკვდილია, თუ მან შემდგომ ძიებას, ხეტიალს არ მისცა ბიძგი.
– როგორია ბლოგის შექმნის ისტორია?
ყველამ ვიცით, რა ღარიბი იყო ინტერნეტსივრცე ქართულენოვანი ინფორმაციით. ქართველები ამ მხრივ დაუდევრები ვართ. მინდოდა, ბლოგი აუცილებლად ქართულ-ინგლისური ყოფილიყო, რათა უცხოელებსაც ესარგებლათ. უამრავი ქვეყნიდან მწერენ, განსაკუთრებით – ქართველ ემიგრანტთა შვილები, მოსწავლეები…
ბლოგი გამუდმებით ივსება, მაგრამ, გამოგიტყდებით, მასალების განთავსება სპონტანურად ხდება და არა წინასწარ შედგენილი გეგმით. ბუნებით სპონტანური ვარ, მიყვარს ბუნებრივი წესრიგი. ბლოგზე განთავსებული ყველა მასალა ჩემი ემოციური დამოკიდებულების, იმ დღისა თუ წუთის შთაბეჭდილებათა შედეგია, და ეს ყველაფერი კეთდება სიყვარულით. უსიყვარულოდ არასოდეს არაფერი გამიკეთებია. პავლე მოციქული ამბობს: “წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ”.
– თქვენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის პროგრამებთან ერთად თანამედროვე აზროვნების შესავალ კურსსაც კითხულობთ. როგორ ფიქრობთ, უმთავრესად რა უწყობს ხელს თავისუფალ აზროვნებას?
– უნივერსიტეტში თანამედროვე აზროვნების შესავალი საყოველთაო საგანია ბაკალავრებისთვის და პირველივე სემესტრში იწყება. ვკითხულობთ ყველა მოაზროვნეს, პლატონიდან მოყოლებული: პავლე მოციქულს, მაკიაველის, ჯონ ლოკს, ჰობსს, ჰაიაეკს… კურსის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს სამყაროს გააზრებაში. დისკუსიას უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე დავალებების შემოწმებას. ამაში ვიდეოლექციებიც გვეხმარება – სტუდენტები მათ წინასწარ ისმენენ, მერე კი ლექციაზე ამ საკითხების შესახებ ვსჯელობთ. არ მწამს “ენდე, მაგრამ შეამოწმეს” პრინციპი. მიმაჩნია, რომ გამოცდით ვერასდროს გაზომავ ადამიანის განათლებას, რადგან განათლება უწყვეტი პროცესია, მთელი სიცოცხლე გრძელდება, გამოცდები და ტესტირებები კი მოსწავლეს ცოდნის მიღების პროცესში ერთგვარ ბარიერს უქმნის. სად გვაქვს ქვიზებისა და ტესტირებისთვის დასაკარგი დრო! მიღებულ ცოდნას სემესტრის ბოლოსაც შევამოწმებ, გამოთავისუფლებული საათები კი, მირჩევნია, დისკუსიაში, საინტერესო საკითხების კვლევაში დავხარჯო. მთავარია, ახალგაზრდებში ცოდნის წყურვილი გავაღვიძოთ, განვუვითაროთ მათ დაეჭვების, კრიტიკული მიდგომის, საკუთარი ხედვის, საკითხის ირგვლივ იმპროვიზაციის უნარი. დღეს გამეფებული სიძულვილი და არატოლერანტულობა სათავეს მოწაფეობის ასაკიდან იღებს. სკოლაში გაკვეთილის ახსნისას არ ატარებენ დისკუსიებს, ბავშვებს არ უვითარებენ იმპროვიზაციის, საკუთარი აზრის გამოხატვის უნარს. ამიტომაც არის, რომ ასე გვიჭირს განსხვავებული აზრის პატივისცემა. ასევე იყო ჩვენს დროს, საბჭოთა სკოლაში. ლექსების და პოემების ზუთხვით ვერ განუვითარებ მოწაფეს კრიტიკული აზროვნების უნარს, განსხვავებული აზრისადმი პატივისცემას. ამიტომაც ვართ დაავადებულნი კოლექტივიზმით და მესიის დაუსრულებელი ძიების სურვილით.
– რა ტიპის სკოლა შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურ ცოდნის გადამცემად?
– განათლება ვერ იქნება ეფექტური, თუ სისტემა კონკურენტული არ არის. სწავლების ხარისხის ასამაღლებლად ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია კონკურენცია, კერძო სკოლების განვითარების ხელშეწყობა, სკოლებისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება და ვაუჩერული მეთოდი. მიმაჩნია, რომ გამოცდებით ვერ გაიზომება მოსწავლის განათლება და რაც შეიძლება ნაკლები გამოცდის ჩატარებას ვემხრობი. გამოცდებისთვის ბევრი რეპეტიტორთან ემზადება, რაც გარკვეულ თანხას მოითხოვს და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის მიუწვდომელია. ამავე დროს, გამოცდებს ყოველთვის თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესი. სწავლის პროცესი ასეთ სტრესზე არ უნდა იყოს აგებული. მოსწავლეს სკოლაში უნდა მიუხაროდეს – იქ მას დაზუთხული გაკვეთილის ჩაბარებას კი არ უნდა სთხოვდნენ, არამედ ხვდებოდეს სივრცე დისკუსიისთვის, მრგვალი მაგიდა, შემოქმედებითი გარემო, სადაც უკეთ გამოავლენს საკუთარ ცოდნას, გამოხატავს საკუთარ თვალთახედვას, იმპროვიზებულად გადმოსცემს გაკვეთილს. კარგი იქნება სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების, კომპიუტერული სწავლების, ვიდეოგაკვეთილების გამოყენება – მოსწავლე წინასწარ გაეცნობა მათ და მასწავლებელს საშუალება ექნება, ნაკლები დრო დახარჯოს გაკვეთილის დეტალურ ახსნაში, ხოლო გამოთავისუფლებული საათები დისკუსიას დაუთმოს. დისკუსია მოსწავლის პიროვნულ პასუხისმგებლობასაც ავითარებს, რადგან ამ დროს იგი აქტიურად არის ჩართული პროცესში და, ამის კვალობაზე, თანდათან საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყალიბდება. იძულებით, შიშით, ავტორიტარული მიდგომით მოსწავლეს სკოლას ვერ შევაყვარებთ, ვერ შთავუნერგავთ ადამიანების, ქვეყნის სიყვარულს, იმ სიყვარულს, რომლის შესახებაც პავლე მოციქული წერს.
ცხადია, ყოველივე ეს მასწავლებლისგან დიდ ძალიხსმევას მოითხოვს, რისთვისაც მას ანაზღაურებაც სათანადო უნდა ჰქონდეს.
ჩვენ არც გაზი გვაქვს, არც ნავთობი. ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა განათლებაა. უინსტონ ჩერჩილმა თქვა: “მე ვერ ვხედავ იმ იმპერიის ძლიერებას, რომელსაც ძალუძს, მართოს ტალღები და ამავე დროს არ შეუძლია, გაწმინდოს კანალიზაცია”. ჩვენს ქვეყანაში მრავალმილიონიანი მეგაპროექტები განხორციელდა; ეს თანხა განათლების სისტემას რომ მოხმარებოდა, უფრო ეფექტური ეკონომიკის, უფრო განათლებული და ტოლერანტული საზოგადოების აშენებას შევძლებდით, თუნდაც ათი წლის შემდეგ. და ეს ათი წელი ხომ გაივლის…
ესაუბრა ბელა ჩეკურიშვილი
სააზროვნო სტრატეგიის სწავლება
მანანა რატიანი
სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება შეიძლება ეროვნული სასწავლო გეგმის ამოსავალ წერტილად მივიჩნიოთ. თითოეული დისციპლინის საგნობრივი პროგრამა სწორედ იმ პრინციპით შეიქმნა, რომ მოსწავლემ აზროვნება ისწავლოს და ის მხოლოდ ნასწავლის დამახსოვრებაზე არ იყოს კონცენტრირებული. დღეს სასწავლო პროცესი მოსწავლეებს უბიძგებს იმისკენ, რომ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, შეძლონ მათი დასაბუთება, იაზროვნონ კრიტიკულად და შემოქმედებითად. სხვა შემთხვევაში, მოსწავლეები ვერ იქნებიან მზად თანამედროვე, სწრაფი ცვლილებების გარემოში ცხოვრებისა და საქმიანობისათვის. რთული სათქმელია, თუ როგორ შეიცვლება სამყარო იმ დროისათვის, როცა მათ მოუწევთ საქმიანობა, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან ისინი, რადგან ტექნოლოგიების განვითარება კაცობრიობას საოცრად დინამიკურ რიტმს ჰკარნახობს.
პოეტი და სამყარო – ვისლავა შიმბორსკა
სიტყვის წარმოთქმისას ყველაზე ძნელი პირველი ფრაზაა. მაშასადამე, ეს მე უკან ჩამოვიტოვე… მაგრამ ვგრძნობ, იოლი არც მომდევნო ფრაზები – მესამე, მეექვსე, მეათე და არც სულ ბოლო იქნება. მე ხომ პოეზიაზე ვაპირებ საუბარს. ამ თემაზე აზრს იშვიათად, უკიდურესად იშვიათად გამოვთქვამ. მაგრამ ყოველთვის ისეთი განცდა მეუფლება, რომ ამას მაინცდამაინც კარგად ვერ ვახერხებ. ამიტომაც სიტყვას მეტისმეტად არ გავაგრძელებ.
დღევანდელი პოეტი სკეპტიკოსი და ეჭვიანიც კია, მაგრამ, შესაძლოა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. საკუთარ თავს ხმამაღლა უხალისოდ ეძახის პოეტს – თითქოსდა რცხვენია კიდეც. ჩვენს მყვირალა ეპოქაში ბევრად უფრო იოლია საკუთარი ნაკლის აღიარება, თუკი, რასაკვირველია, იგი ეფექტურია, ვიდრე ღირსებისა, რომელიც ღრმად არის დაფარული და რომლის არსებობაშიც თავიდან ბოლომდე არ ვართ დარწმუნებულნი… სხვადასხვა ანკეტებსა და შემთხვევით თანამგზავრთან, როცა პოეტი იძულებულია აღნიშნოს საქმიანობის სახეობა, ამჯობინებს გაურკვეველ ფრაზას: “ლიტერატორი” ანდა თავის სხვა სპეციალობას ასახელებს. ჩინოვნიკები თუ ავტობუსის მგზავრები სიტყვა “პოეტს” ერთგვარი უნდობლობითა თუ სიფრთხილით ეკიდებიან. ვგრძნობ, ამგვარ რეაქციას აწყდება ხოლმე ფილოსოფოსიც. თუმცა ფილოსოფოსი მაინც უკეთეს მდგომარეობაშია: მას, უმეტესწილად, შესაძლებლობა აქვს თავისი პროფესია რამდენიმე სამეცნიერო წოდებით დაამშვენოს. ფილოსოფიის დოქტორი – ეს უკვე ღირსეულად ჟღერს.
პოეზიის დოქტორები კი არ არსებობენ. ასე რომ ყოფილიყო, “პოეტის” პროფესია უეჭველად მოითხოვდა საგანგებო განათლებას, გამოცდების თანმიმდევრულ ჩაბარებას, ბიბლიოგრაფიითა და სქოლიოებით განმტკიცებულ შრომებს, დაბოლოს, საზეიმოდ გადაცემულ დიპლომებს. ეს კი, თავის მხრივ, მაუწყებელი იქნებოდა იმისა, რომ საკმაოდ არ იყო შევსებული ფურცელი – თუნდაც უშესანიშნავესი ლექსებით: პოეტად რომ ითვლებოდე, საჭიროა და აუცილებელი პირობაც გახლავთ რაღაც ბეჭედდასმული ფურცელი. გავიხსენოთ, რომ სწორედ ასეთი ფურცლის უქონლობის გამო იყო გადასახლებული ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი, რუსული პოეზიის სიამაყე – იოსიფ ბროდსკი.
რამდენიმე წლის წინათ მისი პირადად გაცნობის პატივი და ბედნიერება მხვდა წილად. შევამჩნიე, რომ ჩემს ნაცნობ მელექსეთაგან მხოლოდ ის უწოდებდა საკუთარ თავს “პოეტს” და ამ სიტყვას შინაგანი წინააღმდეგობის გაუწევლად, ასე განსაჯეთ, რაღაც გამომწვევი სილაღით წარმოთქვამდა. ვფიქრობ, იმიტომ, რომ ახალგაზრდობისას განცდილი საშინელი დამცირება ჯერაც არ დავიწყებოდა.
უფრო ბედნიერ ქვეყნებში, სადაც ადამიანური ღირსება ასე იოლად ხელწამოსაკრავი არ გახლავთ, პოეტები, რასაკვირველია, ოცნებობენ, რომ მათი ლექსები დაიბეჭდოს, წაიკითხონ, გაიგონ, არაფერს ან თითქმის არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ირგვლივ მყოფთაგან რაიმეთი გამოირჩეოდნენ. არადა, არც ისე დიდი ხნის წინათ, ჩვენი საუკუნის პირველ ათასწლეულში, პოეტებს უყვარდათ ხალხის განცვიფრება უცნაური სამოსით, ექსცენტრული ყოფა-ქცევით.
თუმცაღა ეს მხოლოდ საზოგადოებისათვის თავშესაქცევ სანახაობას წარმოადგენდა.
მაგრამ ადრე თუ გვიან დგებოდა ჟამი, როცა პოეტი კარს მიიხურავდა, თავიდან იცილებდა ფურფუშელას, ბრჭყვიალა სამკაულსა და პოეტურ აქსესუარს და სრულ სიჩუმეში რჩებოდა საკუთარი თავის მოლოდინში, ჯერაც სუფთა ფურცლის პირისპირ, რადგან, არსებითად, მთავარი სწორედ ეს არის.
დამახასიათებელი მოვლენა: უამრავ ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ გამოჩენილ მეცნიერებსა და მხატვრებზე. პატივმოყვარე რეჟისორები მიზნად ისახავენ ზუსტად წარმოაჩინონ შემოქმედებითი პროცესი, რომლის შედეგადაც მიღწეულ იქნა უმნიშვნელოვანესი მეცნიერული აღმოჩენები ანდა შეიქმნა ხელოვნების ესა თუ ის თვალსაჩინო ნაწარმოები. შესაძლებელია, საკმაო სიზუსტით აჩვენონ მეცნიერის სამუშაო: ლაბორატორია, სხვადასხვა ხელსაწყო, – მოქმედ მექანიზმს შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში მაყურებლის ყურადღების მიპყრობა. ამას გარდა, ეკრანზე შესაძლებელია ერთობ დრამატულად წარმოჩნდეს მერყეობის, დაძაბული მოლოდინის წუთები: წარმატებით დაგვირგვინდება თუ არა უკვე მეათასედ – ოღონდ უმცირესი ცვლილებებით – განმეორებული ექსპერიმენტი?
სანახაობრივია აგრეთვე მხატვრობაზე შექმნილი ფილმებიც. იოლად შეიძლება ნახატის შექმნის ყველა სტადიის განმეორება – პირველი მონასმით დაწყებული ტილოზე ფუნჯის უკანასკნელ შეხებამდე. კომპოზიტორებზე გადაღებული ფილმები სავსეა მუსიკით – შემოქმედის არსებაში ჩასახული პირველი ტაქტიდან მოყოლებული თვით საბოლოოდ მომწიფებულ ინსტრუმენტირებულ ხორცშესხმამდე. ყოველივე ეს, არც მეტი, არც ნაკლები, გულუბრყვილობაა და არაფერს გვეუბნება სულის უცნაურ მდგომარეობაზე, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, შთაგონებას ეძახიან, თუმცაღა მაყურებელს რაღაცის დანახვა და მოსმენა მაინც შეუძლია.
უფრო ცუდადაა პოეტების საქმე. მათი სამუშაო, სამწუხაროდ, სრულიად არაფოტოგენურია. ადამიანი მაგიდას უზის ანდა ტახტზე წევს – კედელსა თუ ჭერს თვალმიშტერებული – დროდადრო შვიდ ხაზს დაწერს, რომელთაგან ერთ-ერთს თხუთმეტიოდ წუთის შემდეგ გადახაზავს, მერე კიდევ ერთი საათი არაფერი ხდება… რომელი მაყურებელი გაუძლებს ამგვარ რაიმეს?
ზემოთ შთაგონება ვახსენე. კითხვაზე: “რა არის ეს?” – თუკი იგი მართლა არსებობს, თანამედროვე პოეტები ორჭოფულად უპასუხებენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ არასოდეს განუცდიათ ამ შინაგანი იმპულსის მადლი.
მიზეზი სხვაა. იოლი არ არის, ვინმეს აუხსნა ის, რაც შენთვისაც გაუგებარია.
მე თავადაც, როცა ამაზე მეკითხებიან, საქმის არსს შორიდან ვუვლი. ამგვარად ვაძლევ პასუხს: შთაგონება სრულიადაც არ გახლავთ პოეტებისა თუ, საერთოდ, მხატვრების უპირატესობა. არის, იყო და ყოველთვის იქნება გარკვეული კატეგორია ხალხისა, რომელთაც შთაგონება ეწვევათ ხოლმე. ისინი შეგნებულად ირჩევენ საქმეს და სიყვარულითა და ფანტაზიით იღვწიან. არსებობენ ასეთი ექიმები, არსებობენ ასეთი მასწავლებლები, არსებობენ ასეთი მებაღენი; შეიძლება კიდევ ასეულობით სხვა პროფესიის ჩამოთვლა. ამ ხალხისათვის სამუშაო შეიძლება იქცეს მარადიულ მომხიბვლელ თავგადასავლად, თუკი უყურადღებოდ არ დატოვებენ მისგან შემოთავაზებულ არც ერთ გამოწვევას. სიძნელის, მარცხის მიუხედავად, მათ ცნობისმოყვარეობას ბოლო არ უჩანს. ყოველ გადაჭრილ პრობლემას თან სდევს ახალი შეკითხვების მთელი ჯაჭვი. შთაგონებას, რაც არ უნდა იყოს იგი, მუდმივი “არ ვიცი” შობს.
ოღონდ ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან. დედამიწის მკვიდრთა უმეტესობა საარსებო საშუალების მოსაპოვებლად შრომობს, დიახ, შრომობს, რადგან ვალდებულია – იმუშაოს. სამუშაოს ისინი გულის კარნახით კი არ ირჩევენ, მათ მაგივრად არჩევანს ცხოვრებისეული მდგომარეობა აკეთებს: მოსაწყენი, საძულველი სამუშაო, რომელსაც მხოლოდ იმიტომ აფასებ, რომ (თვით ასეთიც კი) ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის; მწარე უბედობა, ყველაზე მძიმე, როგორიც კი შეიძლება წილად ხვდეს ადამიანს. და ამას ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს ასწლეულებშიც სასიკეთო არაფერი მოხდება.
და მაინც, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ: თუმცა პოეტებს მონოპოლიას ვართმევ შთაგონებაზე, მათ მაინც ვათავსებ ბედის მიერ განებივრებულ რჩეულთა ჯგუფში. აქ მსმენელებს, შესაძლოა, ეჭვი გაუჩნდეთ, ყველა ჯურის ჯალათებს, დიქტატორებს, ფანატიკოსებს, დემაგოგებს რამდენიმე და, რაც მთავარია, მყვირალა ლოზუნგებით ხელისუფლებისათვის მებრძოლებსაც უყვართ თავიანთი სამუშაო და მას გულმოდგინედ და გერგილიანად ასრულებენ. დიახ, მაგრამ მათ “იციან”. მათ იციან ის, რაც იციან, მათთვის სრულიად საკმარისია და სხვა აღარაფერი აღელვებთ, რამეთუ, შესაძლოა, მერე საკუთარ სიმართლეში დაეჭვდნენ. ხოლო ყოველნაირი ცოდნა, მორიგ კითხვებს რომ ბადებს, ერთობ მალე კვდება, სიცოცხლისათვის აუცილებელ მხურვალებას კარგავს. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, და ამის მაგალითებიც არსებობს როგორც უძველეს, ასევე უახლოეს ისტორიაშიც, იგი შეიძლება საზოგადოებისათვის მეტად საშიშ იარაღად იქცეს.
ამიტომაცაა, რომ ასე ძალიან ვაფასებ ორ მოკლე სიტყვას: “არ ვიცი”. პატარა, მაგრამ ყოვლისშემძლე სიტყვები, თვალწინ რომ გადაგვიშლიან სივრცეებს, თვით ჩვენს წიაღშივე ჩამალულ სივრცეებს, რომელთა შორის ჩაკარგულია ჩვენი ნამცეცა დედამიწა. ისააკ ნიუტონს რომ არ ეთქვა “არ ვიცი”, მის ბაღში ვაშლი ყველას თვალწინ ჩეჩქივით ჩამოცვივდებოდა, მას კი, დიდი-დიდი, აეკრიფა და გემრიელად ეჭამა… ჩემს თანამემამულე მარი სკლოდოვსკაია-კიურის საკუთარი თავისთვის რომ არ ეთქვა “არ ვიცი”, ის, ალბათ, ქიმიის მასწავლებელი იქნებოდა კეთილშობილ ქალთა პანსიონში და სრულიად ღირსეულ საქმიანობაში გალევდა წუთისოფელს, მაგრამ მან თქვა “არ ვიცი” და სწორედ ამ სიტყვებმა მოიყვანეს იგი და, ამასთან ორჯერ, სტოკჰოლმში, სადაც დაუდგრომელი და მარად მაძებარი სულის ადამიანებს ნობელის პრემიას ანიჭებენ.
და პოეტიც, თუკი იგი ჭეშმარიტი პოეტია, საკუთარ თავს განუწყვეტლივ უნდა უმეორებდეს: “არ ვიცი”. ყოველი თავისი ლექსით იგი რაღაცის ახსნას ცდილობს, მაგრამ წერტილს დასვამს თუ არა, უმალვე ეჭვი იპყრობს და ხვდება, რომ მისეული ახსნა არც საბოლოოა და არც ამომწურავი. და იგი კიდევ ერთხელ ცდის ბედს, და კიდევ ერთხელ, და მერე, მისი უკმაყოფილების მტკიცებებს ლიტერატურის ისტორიკოსები ვეებერთელა სამაგრით შეკრავენ და “შემოქმედებით ბარგს” დაარქმევენ.
ხანდახან სრულიად არარეალურ სიტუაციებს წარმოვიდგენ. მაგალითად, ვკადნიერდები და წარმოვისახავ, თითქოს საშუალება მეძლევა გავესაუბრო ეკლესიასტეს – ნებისმიერი ადამიანური წამოწყების ამაოების უჩვეულოდ ამაღლებული გოდების ავტორს. თავს მდაბლად დავუხრიდი, რამეთუ იგი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. მერე ხელს ჩამოვართმევდი. “ახალი არაფერია ამა მზის ქვეშე” – შენი ნათქვამია, ეკლესიასტევ. მაგრამ მზის ქვეშე შენ იშვი ახალი და შენი შექმნილი პოემაც ახალია მზის ქვეშე, რადგან შენამდე იგი არავის შეუქმნია. და ახლები არიან მზის ქვეშე შენი მკითხველებიც, რამეთუ შენამდე მისი წაკითხვა არ შეეძლოთ და კვიპაროსიც, რომლის ჩრდილშიც შენ ჩამოჯექი, ამ ქვეყნის დღიდან არ ამოზრდილა. მას სული ჩაუდგა რომელიღაც სხვა კვიპაროსმა, შენმა მსგავსმა, მაგრამ არა ზუსტად ისეთივემ. ამას გარდა, ნება მიბოძე, ეკლესიასტევ, გკითხო, ახალი რა გსურს დაწერო კიდევ, რამე ისეთი, რაც შეავსებდა შენს მსჯელობებს, თუ ცთუნებას ვერ სძლევ, რომელიმე მათგანი რომ არ გააბათილო? უკვე დაწერილ პოემაში, სხვათა შორის, შეამჩნიე სიხარულიც – თუმც წარმავალი, მაგრამ მერე რა? ეგებ, სწორედ მას უნდა ამ მზის ქვეშე ახალი პოემა? უკვე გაქვს რაღაც შენიშვნები, წინასწარი მონახაზები? იმედია, არ იტყვი: “მე ყველაფერი დავწერე, დასამტკიცებელი არაფერი მაქვს”. ასეთ რამეს დედამიწის ზურგზე არ იტყვის არც ერთი პოეტი, მით უფრო, შენნაირი.
სამყარო, რაც უნდა ვიფიქროთ მასზე, მისი უსაზღვრობითა და მისდამი უმწეობით შეშინებულებმა, ნაწყენებმა მისი გულგრილობის გამო სხვადასხვა არსებათა – ადამიანების, მხეცების და, შესაძლოა, მცენარეთა ტანჯვისადმი, საიდანაც დაედო სათავე ამ თავდაჯერებულობას, რომ მცენარეები არ იტანჯებიან, რაც უნდა ვიფიქროთ ვარსკვლავთა გამოსხივებით განმსჭვალულ სივრცეებზე, ვარსკვლავებისა, რომელთა ირგვლივაც თანდათანობით აღმოაჩენენ ამა თუ იმ პლანეტებს – უკვე მკვდრებს? კიდევ მკვდრებს? – ვინ იცის; რაც უნდა ვთქვათ ამ სამყაროსეულ თეატრზე, სადაც, მართალია, ბილეთი კი გვაქვს, მაგრამ რომელსაც მეტისმეტად მოკლე – ორი გარკვეული თარიღით შემოსაზღვრული ვადა აქვს, დიახ, რაც უნდა ვიფიქროთ ამ სამყაროზე – იგი განსაცვიფრებელია.
მაგრამ განსაზღვრებაში “განსაცვიფრებელი” ერთგვარი ლოგიკური მხარე იმალება; ჩვენ ხომ, ჩვეულებრივ, გვანცვიფრებს ის, რაც ცნობილ და ზოგადად მიღებულ ნორმას სცილდება, არ ეტევა უკვე ჩვეულ სიცხადეში. მაგრამ ასეთი ცხადი სამყარო, უბრალოდ, არ არსებობს. ჩვენი განცვიფრება უნებლიეა და არ გამომდინარეობს რაიმესთან შედარებიდან.
თანახმა ვარ, რომ საყოფაცხოვრებო მეტყველებაში, რომელიც ყოველ სიტყვაზე დაფიქრებას არ გვაიძულებს, ხელგაშლილად ვხმარობთ განსაზღვრებებს. “ჩვეულებრივი ცხოვრება”, “ჩვეულებრივი სამყარო”, “ჩვეულებრივი წესრიგი”… მაგრამ პოეზიაში, სადაც ყოველი სიტყვა სასწორზე მისხალ-მისხალ იწონება, არაფერია ჩვეულებრივი და ნორმალური. არც ერთი ბორცვი და ამ ბორცვების თავზე არც ერთი ღრუბელი, არც ერთი დღე და არც ერთი მომდევნო ღამე და, რაც მთავარია, ამქვეყნად არავის არსებობა. ეტყობა, პოეტებს ყოველთვის ბევრი სამუშაო ექნებათ.
მხატვრული ტექსტი უცხო ენის გაკვეთილზე: ადაპტაცია თუ დიდაქტიზაცია
ა) ფორმალური თვალსაზრისით, კლასში შეტანილი ტექსტი ენობრივად დაძლევადი და იმავდროულად ამა თუ იმ კომპეტენციისა თუ ასპექტის დახვეწაზე ორიენტირებული უნდა იყოს;
ბ) შინაარსობრივი კუთხით ის უნდა შეესატყვისებოდეს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის მოლოდინებსა და ფონურ ცოდნას.
კრისტალივით სუფთა
მოდით, კიდევ ერთხელ ჩამოვსხდეთ საფიხვნოზე. დიდხანს არ შეგაწყენთ თავს.მინდა, დღევანდელი შეხვედრა კითხვით დავიწყო: დაასახელეთ ადგილი, სადაც ჰაერი ყველაზე სუფთაა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). სამწუხაროდ, ჩვენი დიალოგი „ცოცხალი” არ არის და მე თქვენი ვერსიები არ მესმის, მაგრამ დაახლოებით მაინც წარმომიდგენია: მრავალი თქვენგანი ახლა საავადმყოფოს, საოპერაციო ბლოკს ანდა სულაც ჰიმალაის მწვერვალს დაასახელებს. ასე იმიტომ მგონია, რომ როცა მე ვიყავი თქვენს ადგილას, ჩემმა წარმოსახვამაც მთელი სამყარო მოიარა… თითქმის დარწმუნებული ვარ – ცოტას თუ ექნება სწორი პასუხი. თავის დროზე მეც ძალიან გავწბილდი. ახლაც ვბრაზობ საკუთარ თავზე, ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვას როგორ ვერ ვუპასუხე-მეთქი. სწავლა სიბერემდეო, ნათქვამია. სამწუხაროდ, ამას ხშირად შევაგონებთ ბავშვებს და გვავიწყდება, რომ სიბერემდე ჩვენ ერთი გზა გვაქვს… ვინ, ვინ და მასწავლებელი მოსწავლეზე მეტს უნდა სწავლობდეს; ცოდნა წყალივითაა – თუ სათავე უფრო მაღლა არ არის, სხვა ჭურჭელში ვერ გადაედინება…
კითხვა დაგისვით და ენად გავიკრიფე, ფიქრის საშუალება აღარ მოგეცით… მოკლედ, ყველაზე სუფთა ჰაერი ქარხანაშია, სადაც მიკროპროცესორებისთვის ნახევარმეტალების კრისტალებს ზრდიან. იქ გარემო მილიონჯერ (დიახ, მილიონჯერ) უფრო სუფთაა, ვიდრე საოპერაციო ბლოკში.
რატომ?
არაერთხელ მითქვამს – მოლეკულები ჩვენზე ჭკვიანები არიან. მათ სისუფთავის უფრო დიდი მოთხოვნილება აქვთ, ვიდრე ჩვენ. ცხადია, სისუფთავის ხსენებისას ხელ-პირის ბანას არ ვგულისხმობ – მოლეკულათაშორის ურთიერთქმედებაზე ვლაპარაკობ.
ზემოთ ვთქვი, კრისტალებს ზრდიან-მეთქი. სწორედ ასე ჰქვია პროცესს, როდესაც ციცქნა ნაწილაკები ერთმანეთს იზიდავენ, თავ-თავის ადგილს პოულობენ და ერთიან სხეულად ფორმირდებიან. სხეულად, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული ფორმა (მეობა) აქვს, რომელსაც შეუძლია, ბრწყინვალებით თვალი მოგვტაცოს (ბრილიანტი), თავისი სიმაგრით გზა გაგვიკაფოს და მრავალი პრობლემა გა(და)გვიჭრას (ალმასი) ან გონიერებით, ფართო მეხსიერებითა და სხარტი აზროვნებით გაგვაოცოს (ინფორმაციის შესანახი კრისტალები).
კრისტალის გამოსაზრდელად ერთი პირობაა აუცილებელი: ნივთიერება ზედმიწევნით სუფთა უნდა იყოს. კრისტალის ზრდისას მოლეკულათაშორისი ურთიერთობა უცხო ჩანართებს ვერ იტანს. ზოგჯერ მინარევის კვალიც კი საკმარისია, რომ კრისტალმა ზრდა შეწყვიტოს ან უგვანო, უსახო ფორმა მიიღოს, ასეთ კრისტალებს კი არც ბრწყინვალება ახასიათებთ, არც სიმაგრე და არც გონიერება. ასე რომ, მომიტევეთ და, ჩვილ ბავშვებსა და ერთეულოვან მოლეკულებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ…
კიდევ რით ჰგვანან მოლეკულები ჩვენს პატარებს? ხანდახან მათაც უყვართ ჭირვეულობა. ხსნარი, საიდანაც ველით კრისტალების გამოყოფას, მიუხედავად ყოველგვარი პირობის დაცვისა, ზოგჯერ მაინც არ ვარდება. ასეთ დროს მოთმინება გვმართებს. ფაციფუცს, ხსნარის ხელახალ გაცხელება-გაცივებას და სხვა ღონისძიებებს აზრი არ აქვს; უმჯობესია, ხსნარში იმავე ნივთიერების ერთი სუფთა კრისტალი შევიტანოთ. ეს კრისტალი უმალ იქცევა კრისტალიზაციის ცენტრად, ხსნარში არსებული მოლეკულები კი დაჯარდებიან, მწყობრი ნაბიჯით გაემართებიან მისკენ და თავ-თავის ადგილს დაიკავებენ. საამო საცქერია ეს პროცესი. გიჩნდება განცდა, რომ აჩქარებულ ვიდეოჩანაწერს უყურებ. მოლეკულები შესაშური წესრიგით მიემართებიან კრისტალისკენ და ძერწავენ მის კონტურებს.
მუსიკის სული
ხუთი წლის ვიყავი, მაგრამ დღემდე კარგად მახსოვს სატელევიზიო რეკლამა, საზეიმო განწყობითა და ბედნიერი ხმით რომ გვამცნობდა: „რეი ჩარლზის ბიგ ბენდი, ჩვიდმეტ ოქტომბერს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე!”
ვაღიარებ, რეკლამამ იმუშავა… თექვსმეტიწელი გავიდა, ეს ხმა კი დღემდე მახსოვს და გაორებულ გრძნობას იწვევს ჩემში: ერთი დადებითია – რეი თბილისში, „მეორე ჯორჯიაში”
ჩამოვიდა და კონცერტი გამართა; რაც შეეხება მეორეს – მწყინს, რომ მაშინ
მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რამხელამნიშვნელობის მოვლენა იყო მისი ჩამოსვლა. ბილეთის ფასი 1996 წლისთვის
არარეალური გახლდათ
– 200 ლარამდე
– და კონცერტზე დასწრებას
ალბათ ვერ მოვახერხებდი, მაგრამ მაინც.
რამდენიმე დღის წინ კი ძალიან უცნაურ გუნებაზე გამეღვიძა.
უქმე დღე იყო, არსად
მეჩქარებოდა და წინა ღამით განგებ გვიან დავიძინე. ჰოდა,გაღვიძებისთანავე ვიგრძენი დაღლილობა. საწოლიდან არც კი წამოვმდგარვარ, იქვე მიგდებული ლეპტოპი გავშალე და ჩავრთე
პირველივე ფილმი, რომელიც ხელში მომხვდა.
პირველი კადრების შემდეგ ძალიან ნაცნობი მელოდია მომესმა:
ჩემ მიერ არჩეულ ფილმს „რეი” ჰქვია. ის რეი ჩარლზის ცხოვრების რეალურ ისტორიას
ეფუძნება. ცოტა მხატვრული შტრიხებიც აქვს დამატებული, მაგრამ, საერთო ჯამში, საკმაოდ სერიოზული ნამუშევარია. ჩარლზის როლს ძალიან კარგად თამაშობს
ჯემი ფოქსი. ამ როლისთვის მან ოსკარიც დაიმსახურა.
დღევანდელი პუბლიკაციის თემაც სწორედ ამ ფილმის უკვე მეორედ ყურებისას მომაფიქრდა: რეი როგორც მუსიკალური ფენომენი. ვინ იყო ის და რა იყო მასში განსაკუთრებული, ისეთი, რაც არ ჰქონდათ მის თანამედროვე სხვა მუსიკოსებს?
დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე
ზუსტ პასუხს კარგა ხანს ვერავინ გამცემს, პირადად ჩემთვის კი რეის „სულია” განსაკუთრებული.
რეი ჩარლზ რობინსონმა, 1930წელს დაბადებულმა
ღარიბმა ჯორჯიელმა ბიჭმა, მსოფლიო მუსიკაში ძალიან ღრმა კვალის დატოვება
შეძლო. 7 წლისა სრულიად დაბრმავდა,
მაგრამ ბრწყინვალე სმენის წყალობით უსინათლობას გამოცდილი
თვალიც ვერ
შეატყობდა. ჩარლზის კომპოზიციებზე თაობები აღიზარდნენ არა მხოლოდ შტატებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. განუმეორებელი იმპროვიზაცია კლავიშებზე, სპეციფიკური ვოკალი და თამამი ექსპერიმენტები – ეს რეის სტილი იყო.
ჩარლზი გახლდათ პიონერი მუსიკალური ჟანრისა Soul
(რომელიც ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „სული”). სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ რეი
ჩარლზი სხვა ხელოვანთაგან
სწორედ სულით განსხვავდებოდა. სოული რითმ-ენდ-ბლუზისა და გოსპელის (სასულიერო მუსიკის) ერთგვარი სინთეზია. ისეთ საზოგადოებაში, როგორშიც რეი ცხოვრობდა,1950-იანი წლებისთვის ამ სტილის ჩამოყალიბება
ნამდვილად თამამი განაცხადი გახლდათ. თუ ფილმს დავუჯერებთ, ერთ–ერთი კონცერტის
დროს რეის ადგილობრივ მორწმუნეებთან
უთანხმოებაც კი მოუვიდა, რადგან მათ მისი მუსიკა – კლავიშებზე გადატანილი საგალობლები– ღვთის გმობად აღიქვეს.
საკმარისია, რამდენიმე წამი უსმინო ჩარლზის ნებისმიერ
კომპოზიციას, რომ დარწმუნდე – ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მუსიკა. ეს არის ფიქრები, გრძნობები, ემოციები; ეს
არის ბგერებით
გამოხატული სული – ისეთივე ძლიერი, როგორიც თავად რეი იყო. მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა
მოუხდა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე: პირველ რიგში, ის უსინათლო იყო, ამიტომ
ყველა მის გაცურებას, მოტყუებას ცდილობდა, რასისტული საზოგადოების წნეხის ქვეშ მცხოვრები
კი ხშირად აწყდებოდა
სირთულეს კანის ფერის გამოც.
თექვსმეტიწლის ასაკში რეი ნარკოტიკებსაც
დაუმეგობრდა და რამდენიმეჯერ სერიოზული უთანხმოება მოუვიდა კანონთან.
ბოლოს, 34 წლისამ, გადაწყვიტა, გაევლო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი მედიკამენტური ჩარევის გარეშე, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. სწორედ იმ პერიოდში დაწერა სიმღერა „I
Don’t Need No Doctor“ („არ მჭირდება ექიმი”), რომლის ტექსტიც ქართულად დაახლოებით ასე ჟღერს: „მე არ მჭირდება ექიმი, რადგან ვიცი, რაც მაწუხებს”. მისმა ნებისყოფამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჩარლზმა ნარკოტიკებს საბოლოოდ დაანება
თავი და მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ კარგი მუსიკის შექმნა სტიმულატორების გარეშეც შეეძლო.
საინტერესოა შემთხვევა, რომელიც რეის მშობლიურ შტატში, ჯორჯიაში,
შეემთხვა 1961 წელს. მან შეიტყო, რომ პუბლიკა, რომელიც მის კონცერტზე მივიდოდა, ორ ნაწილად გაიყოფოდა: ერთ მხარეს თეთრკანიანები ისხდებოდნენ, მეორე მხარეს კი შავკანიანები. ამის გაგებისთანავე ჩარლზმა კონცერტი გააუქმა, რის გამოც 757$-იანი ჯარიმა
დააკისრეს. შტატის მთავრობამ შეცდომა 1979 წელს გამოასწორა, როცა რეის უკვდავი ჰიტი, „Georgia
On My Mind“, ჯორჯიის ოფიციალურ ჰიმნად გადაიქცა.
ორმოცდაჩვიდმეტწლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში რეიმ არაერთი
მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო, მათ შორის – 12 გრემი. 2004წელს გავლენიანმა ჟურნალმა „Rolling
Stones“-მა რეი ჩარლზი მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო ხელოვანის
რეიტინგში მე-10 პოზიციაზე გაიყვანა. პირადად ჩემთვის კი ის, უნიკალური სტილისა და ტექნიკის წყალობით,
დღემდე რჩება მსოფლიოს ყველა დროის ნომერ პირველ ბლუზ
პიანისტად.
2004 წელს, როდესაც რეი ჩარლზის გარდაცვალების ამბავი
შევიტყვე, გული საშინლად დამწყდა, მაგრამ გონებაში
მაშინვე გამიელვა
ბანალურმა ფრაზამ: „რეი ასე უბრალოდ
არ მოკვდება!”
მისი შემოქმედება დღემდე გვაძლევს საშუალებას, მასზე ვწეროთ, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, შევადაროთ, გავაანალიზოთ. ეს კი ცოცხალი პროცესია. ხელოვნება არ კვდება,
სანამ მას ცოცხალი პროცესების ინიცირება შეუძლია. კარგი ხელოვნება კი, –
ისეთი, როგორიც ჩარლზისაა, – ყველაზე მეტხანს ცოცხლობს.