ორშაბათი, ივნისი 30, 2025
30 ივნისი, ორშაბათი, 2025

განათლებას გავრცელება სჭირდება – ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია

0

„საქართველოში ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ მხოლოდ მაქინაციებით კეთდება ფული. მე ფინანსური წარმატება ჩემმა მეცნიერულმა საქმიანობამ მომიტანა – ჩემი აღმოჩენა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინერგა და რაზეც ახლა ვმუშაობ, ამ პოლიმერის მასალებიდანაც უზარმაზარი კომერციული მოგების მიღება შეიძლება, თუ საქართველოში ამ კვლევას ვინმე დააფინანსებს”, – გვითხრა პროფესორმა რამაზ ქაცარავამ ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენციის გახსნის დღეს. კონფერენცია 17-19 მაისს თბილისში, სასტუმრო „დიდუბე პლაზაში” გაიმართა.


ქართველ ახალგაზრდებში პოპულარულ პროფესიებს შორის სამეცნიერო საქმიანობას ნამდვილად არ უკავია წამყვანი ადგილი. ამის მიზეზად, უპირველესად, მეცნიერების არაკომერციულ ხასიათს ასახელებენ, თუმცა კი თანამედროვე სამყარო მეცნიერებას ისეთ მოთხოვნებს უყენებს, – და, შესაბამისად, მეცნიერებიც ისე არიან ჩართულნი ზოგადსაკაცობრიო პროგრესში, – რომ მის კომერციალიზაციაზე დღეს არათუ საუბრობენ, წარმატებული მეცნიერი ფინანსურად წარმატებულ ფიგურასთან არის გაიგივებული, ხოლო ის, რომ ქართველი ახალგაზრდები სამეცნიერო საქმეს გვერდს უვლიან, მოძველებული შეხედულებებისა და ინფორმაციის ნაკლებობის ბრალი უფროა.


„განათლებას პროპაგანდა სჭირდება”, – ამბობს პროფესორი რამაზ ქაცარავა და ამ პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსაც, სადაც ხდება თვალსაწიერის გაფართოება, ინფორმაციის მიღება, კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერებს შორის.


ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში რვა ქვეყნის ასამდე ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობდა. კონფერენციის სამუშაო თემატიკა მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა: არაორგანული, ანალიზური, ორგანული ქიმია, ბიოქიმია და ფარმაკოქიმია, ქიმიური, ელექტროქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია, ეკოლოგია და გარემოს უსაფრთხოება, ნანოტექნოლოგიები და სხვა.


კონფერენციას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სპორტის, კულტურის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი) და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ გაუწიეს ორგანიზება.


ელიზბარ ელიზბარაშვილი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე და კონფერენციის ორგანიზატორი: „ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციას საფუძველი ჩაეყარა 2011 წელს. მისი ჩატარება შევძელით „ეროვნული სამეცნიერო ფონდის” ფინანსური თანადგომით. პირველ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებმა. 2012 წელს კონფერენცია საერთაშორისო გახდა და მასში ჩაერთნენ იტალიის, ირანის, თურქეთის, უკრაინისა და სომხეთის წარმომადგენლები.


კონფერენცია „ქიმია დღეს” ორიგინალური ფორმატით გამოირჩევა. იგი ორგანიზებულია ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებისა და სტუდენტების მიერ. საორგანიზაციო კომიტეტში შედიან მხოლოდ დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტები (გარდა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისა). კონფერენციას ჰყავს საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი. აქვე აღვნიშნავ, რომ თითოეულ ჩატარებულ კონფერენციას აქვს საკუთარი ვებგვერდი, რომელიც საერთაშორისო კონფერენციების კატალოგ-ვებგვერდებზეა გაწევრებული. საორგანიზაციო კომიტეტმა კონფერენციის დელეგატებისთვის მოამზადა თეზისების კრებული, კონფერენციის სამახსოვრო კალენდარი და სხვა ნაბეჭდი მასალები. კონფერენციის ფორმატია პლენარული, ზეპირი და სტენდური მოხსენებები. ყოველ კონფერენციაზე საორგანიზაციო კომიტეტი პლენარული მოხსენების გასაკეთებლად იწვევს ორ ცნობილ მეცნიერს. მათი მოხსენებები ახალგაზრდებისთვის საინტერესოა როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით. მიმდინარე კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა პროფესორი რამაზ ქაცარავა, რომელმაც ილაპარაკა ახალი გაწოვადი პოლიმერების გამოყენების შესახებ მედიცინაში, სახელდობრ, ქირურგიაში – გაწოვადი მასალების, ხოლო ფარმაციაში კონტროლირებადი გამოყოფის სისტემების სახით”.


როგორც საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ინგა ლომაძე გვიხსნის, ამ ღონისძიების მიზანია ქიმიისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდა, მათი ჩართვა აქტიურ სამეცნიერო-შემოქმედებით საქმიანობაში მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარების, ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და გაღრმავებისათვის. კონფერენციაში მონაწილეობა ახალგაზრდა მკვლევარებს გამოუმუშავებს შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც მათ მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენას გაუადვილებს”.


ვიქრონ შარმა პორტლენდიდან ჩამოვიდა თბილისის კონფერენციაზე. ის 13 წლისაა, შარშან მან სასკოლო ოლიმპიადისთვის დაამუშავა თემა სუპერკონტაქტების შესახებ და ამ მიმართულებით თეორიული აღმოჩენაც გააკეთა, მერე კი ინტერნეტში ეძებდა სამეცნიერო კონფერენციას, სადაც მისი აღმოჩენით დაინტერესდებოდნენ. თბილისის ახალგაზრდული კონფერენციის შესახებ ინფორმაცია სწორედ იქ იპოვა. ფიქრობს, აქ ჩამოსვლა მას გამოცდილებას შესძენს. როგორც ვიქრონ შარმამ გვითხრა, მის სკოლაში ისეთი მოსწავლეები სწავლობენ, რომელთაც 99 ქულაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, თუმცა კი ყველა არ არის სამეცნიერო კვლევებით გატაცებული. მისი ინტერესები კი ქიმიით არ შემოიფარგლება – მას სხვა საბუნებისმეტყველო საგნებიც იტაცებს, თუმცა სამომავლოდ ბედს ალბათ ქიმიას დაუკავშირებს.


ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტ ლალი ვარდოსანიძესაც მიაჩნია, რომ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მომავალი საქმიანობისთვის სტიმულია. იგი გასული წლის შემოდგომიდან ჩაება კვლევაში, ხოლო კონფერენციაზე ამ კვლევის ფრაგმენტი წარმოადგინა. ხელმძღვანელებთან – პროფესორ ლუიზა თალაკვაძესა და პროფესორ ნელი ღონღაძესთან ერთად ახალგაზრდა მკვლევარი მუშაობს კომპლექსური ნაერთების სინთეზზე თიოძმარმჟავას საფუძველზე. ლალი ვარდოსანიძემ პირველად მიიღო მონაწილეობა ასეთ ფორუმში და აინტერესებდა ის სიახლეები, რასაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მისი კოლეგები წარმოადგენენ. ახალგაზრდა მკვლევარი ასევე მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტში „ასწავლე საქართველოსთვის”. იგი წალკაში მუშაობს ქიმიის მასწავლებლად.


კონფერენციის მონაწილეთა შორის ისეთ მეცნიერებსაც შეხვდებოდით, რომელთა ინტერესს კოლეგებისთვის საკუთარი აღმოჩენის გაცნობა წარმოადგენდა. საკითხი, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერი ხათუნა მამაიაშვილი ამუშავებს, ვაშლის წვენში გააქტივებული ნახშირის გამოყენებით პატულინის შემცველობის შემცირებას ეხება. „თემა აქტუალურია, რადგან პატულინის მიკროტოქსინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კანცეროგენული ნივთიერებების რიცხვში შეიტანა და მისი შემცველობა ვაშლის წვენსა და კონცენტრირებულ წვენებში მკაცრად კონტროლდება. საქართველოში ჯერ არ არსებობს ამ პარამეტრის რეგულატორი და ჩვენი მოსახლეობა არ არის დაცული. მინდა, ექსპერიმენტის საფუძველზე წარმოვადგინო გაცნობითი ხასიათის ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ამ საკითხში ჩვენს ინფორმირებას”, – აგვიხსნა ხათუნა მამაიაშვილმა.


დღეს გვიკვირს, თუ ვინმემ სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესი გამოიჩინა. არა მხოლოდ ახალგაზრდებს, ასაკოვან მეცნიერებსაც კი საზოგადოება ისე უყურებს, როგორც გულუბრყვილო ადამიანებს, არადა, ეს დიდი სამყარო, რომელსაც მეცნიერება ჰქვია, იმაზე მეტი ადრენალინის მომცემია, ვიდრე ვირტუალური თამაშები ანდა სპორტის ექსტრემალური სახეობები. საკმარისია, მოვინდომოთ და მის უკიდეგანო სივრცეში გადავაბიჯოთ…


აქვე დავამატებთ, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენციის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge”, სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალი „ქიმიის უწყებანი”, ქიმიის პორტალი „chemistry.ge”. მისი პარტნიორები კი იყვნენ სასტუმრო „დიდუბე პლაზა”, ტურისტული კომპანიები „L-Tour” და „კურორტი აბათუმანი”.

 

სიკვდილ-სიცოცხლეზე

0
სულ პატარამ დავინახე პირველად სიკვდილი. არა, კი არ დავინახე, ვიგრძენი: ცივი და სველი იყო. ჩემს სახლში შემოიხედა, ისე, სასხვათაშორისოდ, და, აბა, ხელცარიელი ხომ არ გაბრუნდებოდა უკან?! ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, მაგრამ ვიცი, ერთ დღესაც გავახსენდები და შემომივლის… მე კი არ შემეშინდება – ვიცი, როგორიც არის: ცივი და სველი.
დღეს იმ პროცესებზე მინდა დავწერო, რომელთა ერთობლიობაც გვაცოცხლებს. ამ ქიმიურ რეაქციებს მეტაბოლიზმი ეწოდება.
ადამიანის ორგანიზმი მინიატურული ქიმიური ქარხანაა, რომელშიც მილიონობით ქიმიური პროცესი მიმდინარეობს. მასა და გარემოს შორის ურთიერთკავშირი ნივთიერებათა ცვლის საშუალებით მყარდება. ადამიანის გარემომცველი სამყარო განუწყვეტლივ იცვლება, ეს კი ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე აისახება. ორგანიზმი ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი შინაგანი გარემოს მუდმივობა, ანუ ჰომეოსტაზი. ამას მძლავრი მარეგულირებელი მექანიზმების საშუალებით ახერხებს. ამ მექანიზმების მოშლა ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს.
ნივთიერებათა ცვლა ცოცხალი მატერიის არსებობის აუცილებელი პირობაა. არაცოცხალი მატერიის შემთხვევაში კი, პირიქით, ნივთიერებათა ცვლა მატერიის დაშლას იწვევს.
ადამიანის ორგანიზმში გარემოდან მიღებული საკვები ნივთიერებების დაშლის შედეგად მხოლოდ დაშლის შუალედური და საბოლოო პროდუქტები კი არ წარმოიქმნება, არამედ გამოიყოფა ენერგია, რომელსაც უჯრედი იყენებს დაბალმოლეკულური ნაერთებისგან მაკრომოლეკულების სინთეზისთვის. როგორც დაშლის, ისე სინთეზის პროცესები შესაბამისი ფერმენტების საშუალებით ხორციელდება. ფერმენტების მეშვეობით უჯრედებში ათასობით ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. სწორედ მათ ერთობლიობას ეწოდება მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზმის პროცესში შუალედური ნაერთები წარმოიქმნება. მათ მეტაბოლიტებს უწოდებენ. მეტაბოლიზმი ურთიერთსაპირისპირო ორი პროცესის, ორი ფაზის – კატაბოლიზმისა და ანაბოლიზმის – ერთობლიობაა.
კატაბოლიზმი მეტაბოლიზმის ფაზაა, რომლის დროსაც რთული ორგანული ნაერთები შედარებით მარტივ დაბალმოლეკულურ საბოლოო პროდუქტებად იშლება. ამ პროცესში ენერგია თავისუფლდება, რომელსაც უჯრედი სხვადასხვა ფიზიოლოგიური ფუნქციის განსახორციელებლად იყენებს. გათავისუფლებული ენერგიის ნაწილი ATP-ის ენერგიით მდიდარ ბმებში აკუმულირდება და შემდგომი პროცესებისთვის გამოიყენება.
ანაბოლიზმი კი მეტაბოლიზმის ის ფაზაა, რომლის დროსაც დაბალმოლეკულური ნივთიერებებისგან მაკრომოლეკულების ბიოსინთეზი ხორციელდება. ანაბოლიზმი სინთეზის პროცესია, რომელიც ნაერთის სტრუქტურის გართულებით მიედინება. ამისთვის აუცილებელ ენერგიას კატაბოლიზმის დროს გამოთავისუფლებული ATP იძლევა.
კატაბოლურ ფაზაში სამ სტადიას არჩევენ. პირველ სტადიაზე უჯრედის მაკრომოლეკულები შემადგენელ კომპონენტებად იშლება. ცილებისგან ამინმჟავები მიიღება, პოლისაქარიდებისგან – გლუკოზა, ტრიაცილგლიცეროლებისგან- გლიცეროლი და ცხიმოვანმჟავები. ამ სტადიაზე სითბოს სახით გამოიყოფა ნაერთში არსებული პოტენციური ქიმიური ენერგიის დაახლოებით 1%. მეორე სტადიაზე წარმოქმნილი ნივთიერებები უფრო მარტივ, ნახშირბადის 2-3 ატომის შემცველ ნაერთებად გარდაიქმნება. ამ სტადიაზე სითბოს სახით გამოიყოფა ნაერთში არსებული პოტენციური ქიმიური ენერგიის დაახლოებით 30-35%. მესამე სტადიაზე წარმოქმნილი ყველა ნაერთი კრებსის ლიმონმჟავას ციკლში ჩაერთვება და ბოლომდე იჟანგება ნახშირორჟანგისა და წყლის წარმოქმნით. სხვათა შორის, ამ ციკლს ენერგეტიკულ „ქვაბსაც” უწოდებენ, რომელიც ყველაფერს ჟანგავს. აქ ქიმიური ენერგიის 60-70% გამოიყოფა.
ანაბოლიზმიც სამი ფაზისგან შედგება და აქ ორგანიზმისთვის დამახასიათებელი და აუცილებელი რთული ნივთიერებების ხელახალი, ანუ de novo აწყობა მიმდინარეობს. შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ანაბოლიზმი უბრალოდ კატაბოლიზმის შებრუნებული პროცესია. ეს ორი პროცესი სხვადასხვა ფერმენტის მეშვეობით ჩქარდება და სხვადასხვა ადგილას არის ლოკალიზებული, თუმცა საერთო შუალედური პროდუქტები ამ ორი გზისთვის დამახასიათებელია.
ხომ გახსოვთ, ალქიმიკოსები ფილოსოფიურ ქვას ეძებდნენ. ზოგს ის ოქროს მისაღებად სჭირდებოდა, სხვებს კი მისი მედიცინისთვის გამოყენება სურდათ. ალ-რაზი, იგივე რაზესი, მედიცინის ორი უდიდესი პრობლემის გადაჭრას ცდილობდა – ადამიანის გაახალგაზრდავებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას. არა, არ მოგესმათ – რაზესს ეს საკითხები მეშვიდე საუკუნეში აღელვებდა. იმავეზე ფიქრობდნენ ავიცენა და რუდოლფ გლაუბერი. ამ უკანასკნელმა ხსნად გლაუბერის მარილი, ნატრიუმის სულფატი მიიჩნია. არაქიმიკოსებსაც გაგიგონიათ მის შესახებ. ეს იგივე ინგლისური მარილია, რომელსაც წინათ მავნე ნივთიერებებისგან ორგანიზმის გასაწმენდად იყენებდნენ. გლაუბერს სწამდა, რომ თუ ორგანიზმი სუფთა იქნებოდა, ის ახალგაზრდობასაც შეინარჩუნებდა და სიცოცხლეც გაუხანგრძლივდებოდა.
ეს პრობლემები მედიცინაში 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია. ადამიანებს დიდხანს სიცოცხლე სურთ. ზოგი ამისთვის შიმშილობს, – მათუსელა და პოლ ბრეგი ხომ გახსოვთ? ჰოდა, მათი მიმდევრები, – ზოგიერთი კი თანამედროვე მეთოდებს მიმართავს. აი, თუნდაც იმორტალიზმს, კრიონიკის სახელითაც რომ იცნობენ: შეძლებული ადამიანების სხეულს გარდაცვალების შემდეგ თხევად აზოტში ინახავენ, – ცხადია, მათივე  სურვილით და საკმაოდ დიდ ფასად, – იმ იმედით, რომ ერთ დღესაც გამოაღვიძებენ. ზოგიერთი მათგანი მძიმედაა ავად და იმედი აქვს, იმ დროისთვის მისი სნეულების წამალი უკვე იარსებებს, ზოგიერთს სწამს, რომ მომავალში მას გააახალგაზრდავებენ, ზოგიერთს კი უბრალოდ ჰგონია, რომ ამ გზით მარად იცოცხლებს. გამოუვათ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მიმდინარეობა არსებობს და არც გაყინულთა, არც გაყინვის მსურველთა სიმცირეს არ უჩივის.
კრეონიკა მე-17 საუკუნიდან იღებს სათავეს. სწორედ იმ პერიოდში დაიწყეს ცხოველების გაყინვა მათი გამოღვიძების მიზნით. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელმა ექიმ-ქიმიკოსმა ჯონ ჰანტერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება ნებისმიერი ვადით იყო შესაძლებელი, თუ მას გაყინავდნენ და მის მეტაბოლიზმს შეაჩერებდნენ. მეოცე საუკუნეში კრიოპროტექტორად რთულ სამატომიან სპირტს – გლიცერინს იყენებდნენ, თუმცა მისი მეშვეობით ქსოვილების მხოლოდ მცირე ფრაგმენტებს ყინავდნენ. 1956 წლიდან გლიცერინთან ერთად თხევადი აზოტის გამოყენებაც დაიწყეს. თანამედროვე კრიონიკას კი საფუძვლად დაედო რობერტ ეტინგერის 1964 წელს გამოქვეყნებული წიგნი „უკვდავების პერსპექტივა”. 1967 წელს გაყინეს პირველი ადამიანი – ფსიქოლოგიის პროფესორი ჯეიმს ბედფორდი, რომელიც ფილტვის კიბოთი სასიკვდილოდ იყო განწირული. სიმართლე გითხრათ, ბევრი ვეძებე სხვადასხვა წყაროში, რა ბედი ეწია მას. სამწუხაროდ, ვერაფერი აღმოვაჩინე. ასე რომ, არ ვიცი, გამოაღვიძეს თუ ჯერაც თავის რიგს ელის.
2011 წლის 26 ივლისს კი დეტროიტში 93 წლის ასაკში კრიონიკის კონცეფციის დამფუძნებელი რობერტ ეტინგერი გარდაიცვალა. ბუნებრივია, მაშინვე გაყინეს და 1967 წელს დაარსებული კრიონიკის ინსტიტუტის 106-ე პაციენტი გახდა. ყველას მშვიდობიან გამოღვიძებას ვუსურვებ, თუმცა მინდა, კვლავ რეალურ ცხოვრებას დავუბრუნდე და სიკვდილთან ჩემი მეორე შეხვედრა გავიხსენო.
ზოგჯერ ის ისეთი სულმდაბალია, რომ პატარა ბავშვების წაყვანაზეც არ ამბობს უარს. ჩემი გარდაცვლილი მამის მეგობარმა თხოვნით მომმართა, აქვე, შენი სკოლის ახლოს, სისხლის გადასხმის ინსტიტუტში, შენსავით მეშვიდეკლასელი ბიჭი სიკვდილს ებრძვის და იქნებ შეიხედო, გაამხნეოო. ხათრი ვერ გავუტეხე და მოვინახულე. საწოლში პატარა, ფერმიხდილი, შავგვრემანი ბიჭი იწვა, უკანასკნელ წუთებს ითვლიდა და მაინც აქეთ ამხნევებდა მშობლებს… კარგი ბავშვი იყო… დავმეგობრდით. ლეიკოზი ჰქონდა. ბოლომდე იბრძოლა… რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.
ორგანიზმში ათასობით ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. სწორედ მათ ერთობლიობას ეწოდება მეტაბოლიზმი. წყდება მეტაბოლიზმი – წყდება სიცოცხლე… ჩვენი სიცოცხლე… 
ალექსანდრე მაკედონელს ინდოელი ბრძენისთვის უკითხავს: რა უფრო ძნელია, სიცოცხლე თუ სიკვდილიო? სიცოცხლე – მასში მეტი ტანჯვააო.

იქნებ ასეც იყოს, მაგრამ, ჩემი მხრივ, დავამატებდი, რომ მაინც სიცოცხლე ჯობია, რადგან სიკვდილი ისედაც გარდაუვალია.

გია მამულაშვილი – თანამშრომლობის კულტურის დასამკვიდრებლად

0
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას განაგრძობს. მათი დახმარებით, მასწავლებლებს შეუძლიათ, გაეცნონ სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდებს, მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენონ სასწავლო პროცესში, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და მიიღონ სპეციალისტთა ღირებული რეკომენდაციები. 2012 წელს, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა რამდენიმე ექსკლუზიური კვლევა, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა, რომ ზოგადი განათლების სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ პედაგოგთა უმრავლესობა – 71.4% დადებითად არის განწყობილი. მასწავლებელთა პოზიტიურ შეფასება, სხვა საკითხებთან ერთად, მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ტრენინგებმაც დაიმსახურა (81,2%). უახლოეს მომავალში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებისთვის სასარგებლო სიახლეების დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ უფრო დეტალურად ცენტრის დირექტორი, გია მამულაშვილი გვიამბობს.   
გასულ წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა  სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო კვლევები ჩაატარა. რას ეხებოდა ისინი? რა ცვლილებებს გეგმავთ კვლევების შედეგებიდან გამომდინარე? 
კვლევები მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანობის დაგეგმვისათვის. სამწუხაროდ, აქამდე არსებული პოლიტიკის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლევებზე ნაკლებ აქცენტს აკეთებდა. ახლა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პრობლემა მათ საფუძველზე განვიხილოთ. 
2012 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა 5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა, მასწავლებელთა არსებულ და საჭირო რაოდენობებს შორის ბალანსის კვლევა, მასწავლებელთა მოსალოდნელი და არსებული ნაკადის კვლევა. შედეგად, გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც ჩვენი სამუშაოს დაგეგმვისას აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. 
მაგალითად, ცენტრისთვის საინტერესო იყო მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებული შედეგები. სქემა მასწავლებელს კრედიტების დაგროვების საშუალებას აძლევს. გარკვეული რაოდენობით დაგროვებული კრედიტებით კი მას შეუძლია, სასერტიფიკაციო გამოცდები აღარ ჩააბაროს. სქემა მხოლოდ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ეხებოდა. მომავალში ის ყველა პედაგოგს მოიცავს. სქემა ორი წლის წინ გაკეთდა, მაგრამ მასში გარკვეული ხარვეზები იყო, რაც უკვე სამუშაო პროცესშიც გამოჩნდა. გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა არსებული სქემისთვის. ამაში ძალიან დაგვეხმარა კვლევა. კვლევის შემდეგ ის დაიხვეწება და სრულყოფილ სახეს მიიღებს.  
ასევე, საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა მასწავლებელთა არსებული ნაკადის კვლევისას საჯარო სკოლებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სად გვაქვს მასწავლებლების დეფიციტი და რას უნდა ველოდოთ მომავალში. ამ კუთხითაც აუცილებლად ვიმუშავებთ. 
მასწავლებლები ხშირად უჩივიან 5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემებს. ეს აჩვენა კვლევამაც, სადაც პედაგოგთა 81.4% უარყოფითად აფასებს მინიმალური სასკოლო ასაკის დაწევას. ასევე, არცთუ დადებითად შეფასდა თორმეტწლიანი სწავლების სისტემა. რას ფიქრობთ ამის შესახებ?  
ამ საკითხის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის უარყოფითი იყო. კვლევამაც დაადასტურა, რომ საქართველოს სკოლები არ არის მზად ხუთი წლის ბავშვების სწავლებისათვის. პრობლემაა, როდესაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ კლასში სხედან. მათ აქვთ განსხვავებული შესაძლებლობები. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის აკადემიური და ფსიქიკური უნარ-ჩვევები, მოტორიკის განვითარების დონე და სხვ. ასეთი მაჩვენებლებით 5 წლის ბავშვების უმეტესობა 6 წლის ბავშვებს ჩამორჩება. ამიტომ ექსპერტების ნაწილი მხარს უჭერს ბავშვების სკოლისათვის მზაობის ინდივიდუალურ შეფასებას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, 4-5 წლის ბავშვს ვასწავლოთ შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. ბავშვის სკოლისათვის მზაობა მნიშვნელოვანი მექანიზმია სკოლაში სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის. თუ ხუთი წლის ბავშვების მიღების წესი არ შეიცვლება, კვლევამ გვაჩვენა, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. 
რაც შეეხება თორმეტწლიან განათლებას, ეს საერთშორისო მოთხოვნაა. იმ მოსწავლის ატესტატს, რომელსაც თორმეტწლიანი კურსი არ აქვს გავლილი, უცხოეთში არ აღიარებენ.  
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არაერთი  მნიშვნელოვანი პროგრამა მუშაობს. გავიგეთ, რომ ბევრი სიახლეც გაქვთ დაგეგმილი.     
დღეს ცენტრს იმის საშუალება მიეცა, რომ უფრო თავისუფალი იყოს და თავის საქმიანობას შემოქმედებითად მიუდგეს. დავიწყეთ მუშაობა ორი ახალი მიმართულებით. პირველი: ჩვენი ცენტრის საქმიანობა მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება იყო; გვქონდა ხუთდღიანი ტრენინგ-პროგრამები და ის მასწავლებლები, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდებს აბარებდნენ, ჩვენთან ემზადებოდნენ. ეს, სინამდვილეში, ცენტრის ფუნქცია არ იყო, თუმცა განათლების მაშინდელმა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მასწავლებელთა ტრენინგების ცენტრალიზება მოეხდინა და ის პროვაიდერი კომპანიები, რომლებიც მანამდე ვაუჩერული სისტემით მუშაობდნენ, მთლიანად ჩვენს ცენტრში გადმოეტანა. ამ მიზეზით ცენტრის დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი მასწავლებელთა საგამოცდო მომზადებაში მიდიოდა. 
ამჟამად ეს მიდგომა შევცვალეთ. წელს პირველად გავაკეთეთ გძელვადიანი კურსები მასწავლებლებისათვის – ტრენინგ-მოდულები, რომლებიც უშუალოდ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისკენ არის მიმართული. ისინი ბევრი ქვემოდულისგან შედგება. მასწავლებელი მისთვის სასურველს ირჩევს. მთლიანი კურსი 90-საათიანია. მასწავლებელს შეუძლია დაყოს კურსი და უფასოდ გაიროს ტრენინგი. ერთი სიტყვით, ხუთდღიან საგამოცდო მოსამზადებელ ტრენინგებს ჩავანაცვლეთ გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლის განვითარებას ემსახურება და რომლის შედეგადაც ხარისხიან გაკვეთილს ვიღებთ.  
მეორე ცვლილება: შეიქმნა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საპილოტე პროგრამა, რომელმაც საქართველოს ის 210 სკოლა მოიცვა, სადაც ყველა ძირითადი საგნობრივი კათედრაა. თითოეული საპილოტე სკოლიდან ტრენინგს 7 წარმომადგენელი გადის. ისინი იზრუნებენ არა მხოლოდ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, არამედ ხელს შეუწყობენ კოლეგების პროფესიულ განვითარებასაც: მუდმივად გააცნობენ სიახლეებს, დაეხმარებიან გაკვეთილის დაგეგმვაში და თვითშეფასების გაკეთებაში, გამოავლენენ მათ საჭიროებებს. სკოლებში თანამშრომლობის კულტურა მკვიდრდება, მასწავლებელთა საქმიანობის ხარისხის ეფექტიანობა კი ურთიერთსწავლების გზით იზრდება.
ასეთი პრაქტიკა დასავლეთის ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს. მაგალითად, გერმანულ სკოლებში მას „კრიტიკული მეგობრების ჯგუფი” ჰქვია, ფინეთში – „მეგობართა ჯგუფი”. ჩვენთან „პროფესიული განვითარების ჯგუფს” ვუწოდებთ. სასკოლო ცხოვრებაში ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მომავალი წლიდან ამ პროგრამაში ყველა სკოლა ჩაერთვება. 
„პროფესიული განვითარების ჯგუფის” საშუალებით გაადვილდება სკოლებთან კომუნიკაცია. საქართველოში 70 ათასამდე მასწავლებელია და რთულია, ყველას საჭიროება შევნიშნოთ. ჯგუფის საშუალებით ჩვენ სხვა მასწავლებლებთან კავშირს არ დავკარგავთ და უფრო მარტივად განვსაზღვრავთ, თუ რა მიმართულებით სჭირდება სკოლას თანადგომა. ცენტრს ყველა მიმართულების ექსპერტ-კონსულტანტი ჰყავს და მზად არის, ნებისმიერი საგნის მასწავლებელს ან სკოლას ადგილზევე გაუწოს დახმარება.  
 
იგეგმება თუ არა მასწავლებლის არსებული სტანდარტის გადახედვა და მიიღებს თუ არა ცენტრი ამაში მონაწილეობას?
   
მასწავლებლის სტანდარტის შემუშავება ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი ფუნქციაა, რომელსაც შემდგომში მინისტრი ამტკიცებს. მასწავლებლის სტანდარტი მუდმივად საჭიროებს გადახედვას. ექსპერტების ჯგუფი უკვე მუშაობს როგორც მასწავლებლის, ისე სკოლის დირექტორის სტანდარტის გადახედვაზე. ვგეგმავთ ამ თემაზე საჯარო განხილვების მოწყობასაც. 
სამწუხარო რეალობა ასეთია: პროფესიების ჩამონათვალში მასწავლებლობა არ იკავებს საპატიო ადგილს… მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი კი ახალი ადამიანების მოზიდვაა მასწავლებლის პროფესიაში. ამ კუთხით რა იგეგემება? 
კვლევამ დაადგინა, რომ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების არსებულ ნაკადში მასწავლებლად დასაქმებისთვის ყველაზე რეალური რაოდენობა სტუდენტებს შორის თითქმის 17%-ა, კურსდამთავრებულებს შორის კი – 13.2%. ჩვენ ვგეგმავთ აქტიურ ურთიერთობასა და თანამშრომლობას უნივერსიტეტებთან. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ პოტენციური პედაგოგები, პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ პროფესიას. 
ცნობილია, რომ ახლახან მასწავლებლის ხელფასი გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ ესეც შუწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიის წინ წამოწევას. იმავე კვლევით დადგინდა: 710-ლარიანი მინიმალური ანაზღაურება საკმარისია, რომ დღეს მომუშავე იმ მასწავლებელთა 65%3-მა, ვინც, არ გამორიცხავს, რომ, შეთავაზების შემთხვევაში, სხვა სამსახურში გადავა, საკუთარი შრომის ანაზღაურება ადეკვატურად ჩათვალოს. შესაბამისად, მას მოტივაციაც გაუჩნდება სკოლაში დარჩენისათვის. 
მასწავლებლის ხელფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. 
როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი? 
უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს განათლებული, უნდა იცოდეს თავისი საგანი, და უნდა იყოს ძალიან თანამედროვე, რაშიც არ ვგულისხმობ მასწავლებლის ასაკს. მე ვიცნობ უფროსი ასაკის  ადამიანებს, რომლებიც დროსთან ფეხშეწყობილნი არიან. თანამედროვე მასწავლებლისთვის ახალგაზრდა თაობის ინტერესები და შეხედულებები უცხო არ უნდა იყოს. კარგ მასწავლებელს ბუნებრივად უნდა უყვარდეს ბავშვები, უნდა იყოს თბილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, თითოეული მოსწავლის გულშემატკივარი და რაც მთავარია, ობიექტური. მასწავლებელი, რომელსაც მენტორული დამოკიდებულება აქვს ბავშვისადმი და მას ზემოდან უყურებს, ვერასოდეს გახდება კარგი მასწავლებელი.

„ციხე შიგნიდან ტყდება“ ანუ ფესვების ძიებაში

0

როცა პატარა ვიყავი, მთელ ზაფხულს მშობლიურ სოფელში ვატარებდი. ჩემი სოფელი გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მდებარეობს. აქ, ჩემი აზრით, ყველაზე ენაკვიმატი და ენასწრაფი ხალხი ცხოვრობს. გურულების თავშეყრის ადგილას ყოველთვის იბადება ახალი ანეკდოტი ან ჩაკრიმანჭულებული შაირები. ერთხელ, სადილობისას, გვეწვია ბაბუას ძველი მეგობარი, სანდომიანი და სასიამოვნო მოსაუბრე. მაშინ ოჯახში ახალი აღმოჩენილი ჰქონდათ ჩემი სათქმელის არცთუ წელში გამართული, მაგრამ მაინც გარითმული ფორმით გადმოცემის ნიჭი და ბაბუამ, როგორც სჩვეოდა, სტუმართან წაიტრაბახა, ჩემი შვილიშვილი ლექსებს წერსო. მოხუცს გაეღიმა და მითხრა: ლექსს რა დაწერა უნდა, ბაბუ, საუზმეს, სადილსა და ვახშამს ჭიქა ღვინოსავით ვაყოლებო.

ეს გულწრფელი „გაკვირვება” გულში ჩამრჩა. დიდხანს ვუარე გარშემო უკარო ციხესავით და მივხვდი, რომ ციხე მართლა შიგნიდან ტყდება. ლექსით უნდა დაავადდე, მის ნაჭუჭში შეძვრე, რომ გაიგო, უფრო კი იგრძნო, რა აქვს ასეთი განსაკუთრებული, რაშია მისი მაგნეტიზმი და ხიბლი. მართალია, ლექსის წაკითხვისა და გაგების რეცეპტი არ არსებობს, მას ყველა თავისებურად აღიქვამს და ითავისებს, მაგრამ მე მაინც შევეცდები, პასუხი გავცე თუნდაც იმ ერთ კაცს, უფრო კი ჩემს თავს, რატომ არ არის ლექსი ადვილი და რომ პოეზია, თუნდაც ხალხური, ერთსტროფიანი შაირით არ ამოიწურება.

ქართველები, განსაკუთრებით – მთის მოსახლეობა, უხვად არის დაჯილდოებული ნიჭით, რომელსაც მე სალექსო სმენას დავარქმევდი. მათ სისხლში აქვთ გამჯდარი სხარტი იუმორი, რითმისა და რიტმის გრძნობა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი ნათქვამი შაირების შენახვა არა მარტო ზეპირი, არამედ ბეჭდური გზითაც. ამიტომ უნდა ჩაიწეროს თუნდაც ისეთი ლექსი, რომელსაც ჩვენი ენამოსწრებული სტუმარი სადილს ჭიქა ღვინოსავით აყოლებდა… და რაკი ლექსი მისთვის შაირია და სხვა არაფერი, შაირი კი სათავეა ქართული პოეზიისა, ამიტომ მეც თავიდან, ანუ ფესვებიდან დავიწყებ.
***
ამას წინათ გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი” გვქონდა გაკვეთილად. დავიწყე ცისფერყანწელი გოგლა ლეონიძის გავლილი გზის გახსენებით, მერე ზემოხსენებულ ლექსზე შევჩერდი. ყურადღება გავამახვილეთ ყივჩაღებთან დაკავშირებულ ისტორიულ ფაქტებზეც. ლექსის დაბადების ისტორიამ, პოეტის ერთგვარმა მუზამ, „მუხრანულმა”, და მისმა ლირიკულმა გმირმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. დიდხანს იმსჯელეს ყივჩაღთან შეხვედრის ხალხურ ვერსიაზე, როგორც არაერთი პოეტის შთაგონების წყაროზე, ისტორიული და ლიტერატურული ყივჩაღის სახეთა მსგავსება-განსხვავებაზე… მოკლედ, ბავშვები ძალიან გაიტაცა ლექსის ფესვების ძიებამ. გავიდა რამდენიმე კვირა და გურამ დოჩანაშვილთან დაკავშირებული გაკვეთილისთვის მზადება დავიწყე, მაგრამ მისი შემოქმედებიდან ერთი ნაწარმოების ამორჩევა ძალიან გამიჭირდა. უცებ გამახსენდა ყივჩაღის ლეგენდით აღფრთოვანებული კლასი და შვებით ამოვისუნთქე:

„თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ჰყვარობდა, ზღვა ჰქონდა წინად სავალი, გასვლას შიგ არა ზარობდა. ქალი ანთებდა სანთელსა, სანთელი კელაპტარობდა. ერთი ავსული ბებერი ვაჟისთვის ავსა ლამობდა, სარკმელზე ანთებულ სანთელს აქრობდა, აბეზარობდა, თან ამას ეუბნებოდა: – წინადაც ეგა გყვარობდა! ვაჟი მიანგრევს ტალღებსა, გულმკერდი არა ჩქამობდა. ცალ ხელით დოლაბი მიაქვს, ცალ ხელით ნიავქარობდა, ზღვის გაღმა ერთი სანთელი გამოღმა კელაპტარობდა. ღამე ჩამოდგა წყვდიადი, უკუნს რამესა ჰგვანობდა, ტალღა ტალღაზე ნაცემი ვაჟის ჩანთქმასა ლამობდა. დაჰკარგა ფონი, შეშჭირდა, მორევი ბობოქარობდა, გათენდა დილა ლამაზი, კეკლუცის თვალებს ჰგვანობდა, წყალსა დაეხრჩო ჭაბუკი Wოროხზე ეგდო, ქანობდა, წითელი მოვის პერანგი ზევიდან დაჰფარფარობდა, ლეშს დასჯდომოდა ზედ ორბი, გულს უგლეჯავდა, ხარობდა”.

ჯერ ბალადას წავუკითხავ, შემდეგ ვეტყვი, რომ პირველად 1882 წელს ჩაიწერა და ჩვენამდე მისმა რამდენიმე ვარიანტმა მოაღწია. ჰეროსა და ლეანდრეს მითსაც გავახსენებ. ასოციაციური ჯაჭვის გაბმის შემდეგ ბავშვებს ისევ ფესვებთან დავაბრუნებ. ვეტყვი, რომ ბალადას ჯავახური ფოლკლორის პირმშოდ მიიჩნევენ (სოფელი ასპანა ჯავახეთის ტბის ახლოს მდებარეობს), ამ კუთხის ფოლკლორული ნიმუში კი ძალიან ცოტაა შემორჩენილი. მერე ასოციაციურ ჯაჭვს ერთ რგოლსაც ჩავაბამ და პაპანაქება სიცხეში მინდორში ცივი წყლით სავსე კოკით ხელში მდგომ მორცხვ თებრონესა და ლაღ მოვისპერანგა ჭაბუკთან აღმოვჩნდები:

გ. დოჩანაშვილის მოთხრობის გმირი, მზეჭაბუკს რომ მოჰგავს, ცელით მიარღვევს ბალახის ზღვას, რადგან „მიწა -დიდი ქალი” მუდამ თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. ჭაბუკს, მიუხედავად თანასოფლელი ლამაზმანების გადამეტებული ყურადღებისა, მაინც შორი სიყვარული აწვალებს და გული ზღვისკენ ეწევა („სიტყვის დედოფალი დაინახა თავფარავნელმა, წამსვე შეიცნო სიტყვის მსახურმა თავისი მბრძანებელი”). დედამ იცის, რომ მისი შვილი, ალვის ხე, წასაქცევად განწირულია, მაგრამ ბედისწერისა თუ თავისუფალი ნების პატივისცემის გამო ხელს ვერ უშლის ვაჟის გადაწყვეტილებას.

„ალვის ხე რომ წამოიქცა, ნეტავ, დედავ, რაო… შვილო, შენი ტანი არის, ვაჰ, შენს დედასაო!”

ჭაბუკი სიძნელეებს მაინც არ ეპუება, სანამ ლამპარი ანთია, სანამ მიზანი ჩანს, შეყვარებული ჭაბუკი ყოველთვის უძლეველია. მაგრამ…

„წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბწყინდება. ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება”.
მოთხრობაში ზღვის გაღმა მცხოვრებ ავსულ დედაბერს დამხმარეც ჰყავს – ორბი, რომელიც ლამპარს კი არ აქრობს, ფრთით აბნელებს. ამ მცირედი განსხვავების მიუხედავად, მათაც იგივე ,,მისია” აკისრიათ, რაც ბალადის ავ პერსონაჟს:

„ლისო, ლისო, ქარი ქრისო – ლისიმ დალალეო, ჩემი ორბი ფრთასა შლისო – ლისიმ დალალეო, ხორცი არ გინდა, ხორცი?”

ბალადის მსგავსად, მოთხრობაშიც გზას იძნელებს ჭაბუკი („დოლაბდაკრული, მძიმედ შედიოდა ზღვაში. ჯიუტი ცურვა უნდა ესწავლა”, – „ცალ ხელით დოლაბი მიაქვს, ცალ ხელით ნიავქარობდა”), ბოროტს კი ისევ სწყურია ცხელი სისხლი და სიყვარულის შუქს სიძულვილით აბნელებს და… „ფსკერი იგრძნო თავფარავნელმა”.

ალბათ, ამ ფრაზასთან ისევ ისე გავჩუმდები, როგორც პირველად წაკითხვისას და ისევ ვარდნის შეგრძნების მსგავსი ელდა მომიწურავს გულს.

ისღა დამრჩენია, ბავშვებს დანაპირები შევუსრულო და კიდევ ერთხელ ჩავუყვეთ ქართულ სიტყვას – ფესვებამდე.

ირაციონალური რიცხვების გეომეტრია

0
სასკოლო მათემატიკის ერთ-ერთ მიმართულებას ეწოდება „რიცხვები და მოქმე­დებები”.  ეს მიმართულება თავიდან ბოლომდე უწყვეტად გასდევს მათემატიკის საგნობრივ პროგრამას და შეიძლება ითქვას რომ მათემატიკის სწავლების საფუძველს წარმოადგენს. მათემატიკური აზროვნების პირველი ნაბიჯები სწორედ რიცხვებთან და რაოდენობებთან დაკავშირებული ცნებების და პროცედურების გააზრებასთანაა დაკავშირებული. ამასთან, რიცხვები და მათზე მოქმედებები წარმოადგენს მათემატიკის სხვა მიმართულებების აუცილებელ საყრდენს. სწორედ მათი საშუა­ლებით ხდება გეომეტრიული ობიექტების თვისებების კვლევა, ალგებრული ცნებე­ბის შემოტანა ეფუძნება რიცხვებთან დაკავშირებული შესაბამისი ცნებების განზო­გადებას, ხოლო მონაცემთა ანალიზის ყველა ძირითადი პროცედურა დაკავშირე­ბულია რაოდენობრივი (რიცხვითი) მახასიათებლების გამოყენებასთან. ყოველივე აქედან გამომდინარე, რიცხვითი სისტემების და მათი თვისებების ღრმად გააზრება აუცილებელია ყველა სხვა მათემატიკური სტრუქტურების შესწავლისათვის.

 ვრცლად

ოთარ ჭილაძის ქართულ-ამერიკული ამბავი

0
ყველაფერი 1492 წელს დაიწყო – მაშინ, როცა კოლუმბმა ახალი მიწა აღმოაჩინა. მოგვიანებით კონტინენტს ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად ამერიკა ეწოდა და ევროპელებმა ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცია დაიწყეს. მანამდე თანამედროვე აშშ-ის ტერიტორია დასახლებული იყო ინდიელებითა და ესკიმოსებით, რომლებიც პირველყოფილი თემური წყობილების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებოდნენ. ეს იყო ბრძოლა მიწისათვის, რომელსაც თან ახლდა ინდიელთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა.

მე-18 საუკუნის 70-იანი წლებიდან ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტიფეოდალური მოძრაობა, რომელიც თომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაციით დაგვირგვინდა. 1776 წლის 4 ივლისს შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი სახელმწიფო. სულ მალე, 1783 წელს, ინგლისმა ცნო აშშ-ის დამოუკიდებლობა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა დამოუკიდებლობისთვის ომში ამერიკული ჯარის მთავარსარდალი ჯორჯ ვაშინგტონი.

ასე და ამგვარად, ნელ-ნელა, რევოლუციების, სამოქალაქო დაპირისპირებების, უამრავი შიდა კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები იქცა ერთიან, ძლევამოსილ სახელმწიფოდ, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე განსაკუთრებული როლი და ადგილი აქვს.

ამერიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ კონტინენტებს ერთმანეთისგან ყოფს პანამის ყელი. ამერიკის მეხუთე პრეზიდენტის ჯეიმზ მონროს ცნობილი დოქტრინა, „ამერიკა ამერიკელებისთვის”, გულისხმობდა ორივე კონტინენტის გაერთიანებას, სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას. 1903 წელს აშშ-მა ხელშეკრულების საფუძველზე მუდმივ მფლობელობაში მიიღო პანამის ტერიტორია წყნარი და ატლანტის ოკეანეების დამაკავშირებელი არხის გასაყვანად. ეს იყო კაბალური დოკუმენტი, რომელიც ამერიკამ თავს მოახვია პანამას. სამწუხაროდ, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ამერიკა-პანამას შორის ურთიერთობა მეტად დაიძაბა. 1989 წელს ამერიკის არმია პანამაში შევიდა ე.წ. „სამართლიანი მიზეზით”. ოპერაცია სამი დღე გაგრძელდა და მას 345 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ეს ამ წერილის ისტორიული ნაწილია, რომელიც, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო დეტალებს უნდა შეიცავდეს. არ ვიცი, ამერიკა-პანამის კონკრეტულად რომელ ბრძოლაზე იყო საუბარი იმ საგაზეთო სტატიაში, რომელიც დიდი ქართველი მწერლის პოემის წყაროდ იქცა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ისტორიული სინამდვილე ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

ოთარ ჭილაძის შემოქმედება თანამედროვე ლიტერატურის კლასიკაა. სასკოლო პროგრამაში მისი რამდენიმე ლექსია შეტანილი, მათ შორის – პოემა „ადამიანი გაზეთის სვეტში”. ეს ნაწარმოები თეთრი ლექსის კარგი ნიმუშია.
თეთრი ლექსი, როგორც ვიცით, ურითმო ლექსს ჰქვია. მისი ავტორი მკითხველს მიანიშნებს, რომ მთავარი აზრია და არა რითმებით გამოწვეული ეფექტი. ცნობილია, რომ განვითარების პირველ ეტაპზე ქართული ლექსი ურითმო იყო. მოგვიანებით რითმა იმდენად შეერწყა ლექსს, რომ ურითმოდ მისი წარმოდგენაც კი აღარ შეეძლოთ. დღესაც მკითხველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამ უკანასკნელზე ამახვილებს. კარგია, როდესაც ლექსის სტროფები მუსიკის ჰანგებივით ჟღერს და თითოეული ბგერა მღერის.

პოეზიას მიზიდულობის ძალა და ერთი მეტად უცნაური თვისება აქვს – მკითხველს მივიწყებულ სევდას უღვიძებს და მიჩქმალულ ცრემლს მოადენს ხოლმე. ერთხელ მეგობარმა მითხრა, ლექსებს მაშინ ვკითხულობ, როდესაც ძალიან მოწყენილი ვარ და მინდა, უფრო მეტად მოწყენილი ვიყოო. დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ ზოგჯერ მართლა ასეა, სენტიმენტები გვიბიძგებს ლექსის წასაკითხად. კარგი პოეტის ლექსის თითოეული სტროფი, სიტყვა ავტორის გულივით ფეთქავს. ის პოეზიაა ყველაზე უფრო მოსაწონი, რომელსაც ნამდვილი, წრფელი ხელოვანის ნათელი ახლავს. ლექსში ყველა იმას პოულობს, რაც სურს. პოეტი ხშირად არღვევს გაბატონებულ ფორმებს და ახალ, საინტერესო აღმოჩენებს გვთავაზობს, რადგან ენა მდინარეს ჰგავს და არასდროს არის ერთნაირი.

ოთარ ჭილაძის შემოქმედებაც ასეთია, განსხვავებული და ყველასთვის „მისი”. პოემა ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებზე მოგვითხრობს. ეს არის სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი, რომელიც ავტორმა პოეტური სისადავით გადმოსცა. ეს არის გაგრძელება პანამის არხში მომხდარი სისხლიანი ამბისა – როგორ მოკლეს ამერიკელებმა თავიანთი თანამოძმე მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ მოინდომა, უდანაშაულო ხალხზე აღემართა ხელი. მეგობრების მიერ მოკლულმა, სულის ხორცთან გაყრისას ცხოვრების უმთავრესი აზრი და ღირებულებები აღმოაჩინა.

პოემის მთავარი გმირი კრუს ხიმენესი სისხლის გუბეში ცურავს და…

ამ პოემას, მიუხედავად იმისა , რომ ეროვნულ მოტივებზე არ არის შექმნილი, ქართული სული დაჰყვება თან. სულ მგონია, რომ ქართველია ეს ჯარისკაციც, რომელსაც სიცოცხლე, ადამიანები და სამშობლო ყველაზე მეტად უყვარს, მისი აღსასრული კი რაღაც ახლის, სასიკეთოს, გამარჯვების დასაწყისია. არიან ადამიანები, რომლებიც ბრმად მიჰყვებიან ცხოვრების დინებას, უსიტყვოდ ასრულებენ ვიღაცის ბრძანებებს და არასოდეს დაფიქრდებიან, რა დგას ამ ყველაფრის მიღმა. მონობა საოცარი რამაა, ზოგჯერ გრძნობ მას, ზოგჯერ – ვერა. ადამიანები კანონების, დოგმების, გრძნობების ტყვეობაში ხშირად ექცევიან, მაგრამ განსჯის უნარს არ უნდა კარგავდნენ. ჯარისკაცი ვალდებულია, სიცოცხლის ფასად დაიცვას ქვეყანა, მაგრამ არსებობს ადამიანური მოვალეობა, რომელიც პროფესიულ ვალდებულებებს აღემატება. ომში უდანაშაულო ხალხის დახოცვა კაცობრიობის წინაშე დიდი დანაშაულია. მავანი იტყვის, რომ ომს თავისი დაუწერელი კანონები აქვს. კრუს ხიმენესი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც უსამართლობას წინ აღუდგა, ბრმა მორჩილება დაამარცხა და შეეწირა კიდეც მას სიცოცხლის სახელით – როგორც თავად ამბობს: „ჩემი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია”.

ოთარ ჭილაძემ ამ გმირს ქართული სული შთაბერა, კითხულობ და გრძნობ, რომ ძალიან შენია, ახლობელი და ასე ნაცნობი. ჩვენი ისტორიაც არაერთ ასეთ გმირს იცნობს, სამშობლოსთვის, იდეებისთვის შეწირულს საკუთარი ძმების ხელით, მაგრამ მათი აღსასრული გზის დასაწყისია და არა პირიქით. ზოგჯერ ძალიან ძნელია, იპოვო ყველა საჭირო სიტყვა, რათა შენი ფიქრი მკითხველთან მიიტანო. სწორედ ამიტომ პოეზია ნამდვილი ხელოვნებაა, ისევე როგორც მხატვრობა. ვან გოგი ბერნარს სწერდა: „განა საგნის სიტყვებით კარგად გამოხატვა ისევე საინტერესო და ძნელი არ არის, როგორც მისი დახატვა ფერებით?” პოეზიაში საკმარისი არ არის საგნის დასახელება – ამისთვის კონტრასტები, შორეული გზით სვლაა საჭირო. პოეტმა ლექსად უნდა აქციოს ადამიანის ცხოვრება, მხატვრული ფერებით მორთოს იგი და დანარჩენებსაც უწილადოს. ქართველმა პოეტებმა ნამდვილად კარგად იციან ეს ხელოვნება. ქართული ლექსი ადამიანის გულის ძარღვებს ისე ეხება, რომ ზოგჯერ ფიზიკურ ტკივილსაც კი განაცდევინებს.

ოთარ ჭილაძე თავის პოემაში ისეთ ცხად, ნათელ და მკითხველისთვის გასაგებ სურათს ხატავს, რომ პოეტური ხერხების გადამეტებული გამოყენება აღარ არის საჭირო. ბიბლიური ალუზია და გმირის განცდები დიდ ეფექტს ახდენს მკითხველზე, სხვა ყველაფერი კი ზედმეტია. ეს არის ტრაგედია ინდივიდისა, რომლის ღირებულებები არ თანხვდება მასის ღირებულებებს. ის, რაც სხვა მეომრებისთვის უბრალო დავალებაა, ბრძანება, კრუს ხიმენესისთვის მიუღებელი და ამორალური საქციელია. ეს არის კეთილი მარცვალი ბოროტთა შორის, ერთი ბევრის წინააღმდეგ, თუმცა ბრძოლა გამართლებული და მოგებულია.

პოემა გამომსახველობითი და ნამდვილია, რეალური გმირით, რომელსაც პროტოტიპი ნებისმიერი ერის ცხოვრებაში მოეპოვება. გმირები ყველგან და ყოველთვის არიან. დასანანია, რომ ადამიანს სიკვდილი ეხმარება, გმირად აღიარონ. ქართულ სინამდვილეშიც ასეა, ვინმე უნდა შეეწიროს, რომ გზა ხსნისა გამოჩნდეს და ის ყველამ დაინახოს. პოემის მთავარი აზრი ფინალშია გაცხადებული, ეს არის ზოგადსაკაცობრიო პრობლემა – ადამიანის მიერ სიცოცლის საზრისის, საკუთარი თავის პოვნა. 

გამოჩენილ ფრანგ პოეტს ვერლენს უთქვამს: „მე მგონია, რომ მკითხველმა ჩემს ლექსებში უნდა იგრძნოს ჩემი ცხოვრების გოლფშტრემის დინება”. მართლაც, ოთარ ჭილაძის შემოქმედებაც ასეთია, ნაღველით, ტკივილებით, განცდებითა და ქარტეხილებით აღსავსე, რომელსაც მზის თბილი სხივებივით ათბობს მისი პოეტური სული და ენა.

რა შეუძლიათ კურსდამთავრებულებს

0

ჩემს ბლოგში უკვე მერამდენედ მიწევს იმის გამეორება, რომ საქართველოს განათლების სისტემის ყველა საფეხურს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. არც ის მავიწყდება, რომ ჩვენ ღარიბი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ხანდახან ჩვენს სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგებისთვისაც კი ენანება სერიოზული მატერიალური რესურსების გამოყოფა. შესაბამისად, ცოდნის სფეროს განვითარების ტემპი და მაჯისცემა საგრძნობლადაა შეფერხებული, მაგრამ იქ, სადაც ადამიანებს გულწრფელად სურთ თანამოქალაქეთა, მომავალ თაობათა წიგნიერებაზე ზრუნვა, გადაულახავი ბარიერები არ არსებობს. მსოფლიო პრაქტიკაში უნივერსიტეტებისა თუ სკოლებისადმი სამოქალაქო პასუხისმგებლობის უამრავ მაგალითს აღმოვაჩენთ. სოლიდარობის ამგვარმა აქტებმა სამეცნიერო პროგრესი გამოიწვია.

წლებია, ნიუ-იორკის შტატში ფუნქციობს აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მეტ-ნაკლებად ძლიერი მრავალპროფილური სასწავლებელი – ვების ინსტიტუტი. ეს დაწესებულება, სამწუხაროდ, არ იმყოფება სახელმწიფოს სრულ დოტაციაზე. იგი არც რომელიმე მულტიმილიონერის საკუთრებაა, რომ კერძო კაპიტალის გამოყენებით ცდილობდეს ფონს გასვლას. სხვათა შორის, შერჩევის უმკაცრესი კრიტერიუმების გამო ვების ინსტიტუტში მოხვედრას ყველა ვერ ახერხებს, ამიტომ სტუდენტთა კონტინგენტი შედარებით მოკრძალებულია. შესაბამისად, მათ მიერ გადახდილი სწავლის ქირით შეუძლებელია ეფექტური საგანმანათლებლო სტრუქტურის ორგანიზება და მისი სიცოცხლისუნარიანობისა თუ ხანგრძლივი სტაბილურობის უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, ეს სასწავლებელი კონკურენტთა შორის ხშირად იკავებს მოწინავე პოზიციებს.

ცხადია, ჩნდება კითხვა: რა არის ამ სკოლის წარმატების საიდუმლო?

ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა 70%-ზე მეტი ყოველთვიურად ხელფასის, სულ მცირე, ერთ მეასედს რიცხავს თავისი „ალმა მატერის” ანგარიშზე. მაშასადამე, სასწავლო დაწესებულების განვითარების პოტენციალის ამაღლება მეტწილად ძველი სტუდენტების, კურსდამთავრებულების ხარჯზე ხდება. გასათვალისწინებელია, რომ ვების ინსტიტუტი კონტექსტიდან ამოვარდნილ, სპეციფიკურ შემთხვევას არ წარმოადგენს – დამატებითი ფინანსური სახსრების პოვებას ანალოგიური ხერხებით ცდილობენ სხვა სასწავლებლებიც, მათ შორის – საერთაშორისო მასშტაბის მქონე პრისტონის უნივერსიტეტი და კარტონ კოლეჯიც.

მოქალაქეთა მხრიდან განათლების სისტემის მხარდასაჭერად არსებობს კიდევ ერთი გზა. ეს გზა კურსდამთავრებულთა გონივრულ ქველმოქმედებაზე გადის. ამ შემთხვევაში Alumni-მეწარმეები მყისიერ პირად მოგებაზე უარს ამბობენ და მზად არიან გრძელვადიანი, არარენტაბელური ინვესტიციის განსახორციელებლად.

2008 წლამდე დევიდ ბუტს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ფონდის დირექტორად იცნობდნენ. იგი რიგითი, არაფრით გამორჩეული მდიდარი ადამიანი გახლდათ, მაგრამ ერთმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა მისდამი საზოგადოების დამოკიდებულება. სასწავლო წლის დაწყებამდე DFA-ს მთავარმა მესვეურმა მოულოდნელად 300 მილიონი დოლარი გადაურიცხა საკუთარ სასწავლებლს – ჩიკაგოს უნივერსიტეტს. შედეგად ათობით სხვადასხვა სამეცნიერო კვლევასა და პროგრამას, ულტრათანამედროვე სასწავლო კურსს მიეცა გასაქანი. ბუტმა დაიმსახურა საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ისტორიაში განათლების სექტორის ყველაზე დიდი წამხალისებლის სახელით შევიდა.

ჩვენთან ძნელად იპოვით ცოდნის სფეროსთვის რამდნიმე ასეული მილიონის გამმეტებელ მეწარმეს. დრო არ ითმენს, ასობით მოძველებულ სასკოლო ლაბორატორიას, დარბაზსა თუ ბიბლიოთეკის განახლება სჭირდება. მერხებს, რომლებთანაც ადრე ჩვენ ვისხედით, დღეს სხვები უსხედან და თანამედროვე, ხარისხიანი განათლება სჭირდებათ. სახელმწიფო უსწრაფესად ვერ რეაგირებს მათ ყველა საჭიროებაზე. მგონი, ჯერი ჩვენზე, კურსდამთავრებულებზეა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სკოლებისთვის გაღებულ სიმბოლურ თანხასაც კი შეუძლია ბევრისთვის სასიკეთო შედეგების მოტანა.

გუნდური მუშაობა

0
რით არის მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის გუნდური მუშაობის სწავლება და როგორ მივაღწიოთ ამას?

სოციალური მედიის მზარდი გამოყენების პირობებში სულ უფრო მეტი ადამიანი ამყარებს ერთმანეთთან კავშირს. უფროსკლასელებს შორის ინტერნეტსივრცეში ჩართულთა პროცენტული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დიდად არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 100%-ს. ამის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს, თუმცა ვისურვებდით, გაზრდილიყო ინტერნეტის სასწავლო მიზნით გამოყენების ხვედრითი წილი. ჩნდება მოსაზრება, რომ მოსწავლეები სულ უფრო ნაკლებად ურთიერთობენ ერთმანეთთან პირდაპირი, უშუალო კომუნიკაციის გზით. ამის გამო მათ ეკარგებათ უშუალო ურთიერთობის აუცილებელი უნარები. ვფიქრობთ, კარგი იქნება, ამ უნარების დაუფლება სასწავლო პროცესში, უშუალოდ გაკვეთილზეც მოხდეს. ონლაინ კომუნიკაციის არნახული ზრდის მიუხედავად, პირდაპირი კომუნიკაცია არასოდეს დაკარგავს მნიშვნელობას. ადამიანები, რომლებიც დაუფლებული იქნებიან უშუალო ურთიერთობის საჭირო უნარებს, მეტ წარმატებას მიაღწევენ, ვიდრე ამ უნარებს მოკლებულები.

გუნდური მუშაობის უკეთ დასაუფლებლად არსებობს უამრავი უკვე აპრობირებული აქტივობა, რომლებიც ასწავლის მოზარდებს ერთმანეთთან პოზიტიურ და პროდუქტიულ კომუნიკაციას. ასეთებია: პროექტები, რომლებიც მოსწავლეებმა შეიძლება ერთად აკეთონ, სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ერთად მუშაობას მოითხოვს და უამრავი საგანმანათლებლო თამაში, რომლებიც ასევე უზრუნველყოფს გუნდური მუშაობის წარმატებით დაუფლებას.

მოსწავლეებს გუნდური მუშაობა რომ ვასწავლოთ, საჭიროა, მასწავლებელმა მკაფიოდ აუხსნას მათ ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობა. მოსწავლეები ჯგუფურ მუშაობაში უნდა ჩავაბათ მას შემდეგ, რაც მათთან ერთად განვიხილავთ რამდენიმე აუცილებელ საკითხს. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომელ საჭირო უნარებს განუვითარებს მათ გუნდური მუშაობა, რა უნარები უნდა ჰქონდეთ მათ, რომ გუნდური მუშაობა ეფექტური აღმოჩნდეს. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს და მათთან ერთად განიხილოს გუნდური მუშაობის დროს დასაცავი წესებიც. 

მოდი, შევჩერდეთ რამდენიმე მნიშვნელოვან უნარზე, რომლებიც სწორად წარმართული გუნდური მუშაობით შეიძლება განვუვითაროთ მოსწავლეებს (შეგიძლიათ განიხილოთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად).
მოსმენა

მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მოსმენის უნარი აუცილებელია. იგულისხმება, რომ ყველა მოსწავლეს უნდა შეეძლოს აზრის ისე გამოთქმა, არ შეაწყვეტინონ. აგრეთვე ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა საკითხი განიხილება, რათა არ გამოეთიშოს განხილვის პროცესს. შეგვიძლია შემოგთავაზოთ ერთი უბრალო საშუალება ამის მისაღწევად: მივცეთ მოსწავლეებს რაიმე პატარა საგანი და დავთქვათ, რომ ლაპარაკობს მხოლოდ ის, ვისაც ხელში ეს საგანი უკავია. საამისოდ გამოდგება პატარა ფუმფულა სათამაშო ან სულაც ჩვეულებრივი ფანქარი.

საუბარი 

მოსწავლეები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ სჭირდებათ აზრის გამოთქმის უნარი. მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმა და სხვისი იდეებისა და მოსაზრებების შეფასება. მოსწავლეთა უმეტესობა არავითარ სირთულეს არ აწყდება მეგობრებთან საუბრისას, მაგრამ ჯგუფში რაიმე საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სულ სხვა უნარებს მოითხოვს. აქ საჭიროა, მოსწავლემ აზრი არა ერთ ან ორ მეგობარს, არამედ ჯგუფის რამდენიმე წევრს გაუზიაროს, თანაც ისე, რომ მისი იდეები სხვებისთვისაც ადვილი გასაგები იყოს. მნიშვნელოვანია, აზრის გადმოცემისას მოსწავლემ გაითვალისწინოს დროის ფაქტორიც. თუ ის დიდხანს მოუნდა თავისი მოსაზრების ჩამოყალიბებას, მის მეგობრებს ყურადღება გაეფანტებათ და შესაძლოა, მისი სავსებით სწორი მოსაზრება დაიკარგოს. მეტისმეტად დიდხანს ლაპარაკი ერთსა და იმავეზე ან ერთი მოსაზრებიდან მეორეზე გადახტომა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.
თავდაჯერება

ჩვენი რწმენით, ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს თავდაჯერების გამომუშავებას. ჯგუფში წარმატებული მუშაობისთვის მოსწავლეებს სჭირდებათ თვითრწმენა, საკუთარი თავის რწმენა. მათ თავიანთი აზრები გაბედულად უნდა გამოთქვან და მიიღონ ნეგატიური უკუკავშირი ისე, რომ არ განაწყენდნენ და მუშაობის გაგრძელება შეძლონ. თავდაჯერების, თვითრწმენის ჩამოყალიბება რთული, ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ რაც უფრო მეტად მიიღებს მოსწავლე ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობას, რაც უფრო უკეთ ისწავლის სხვების მოსმენას და აზრის გამოთქმას, მეტად თავდაჯერებულიც გახდება.

ჯგუფური მუშაობა მხოლოდ ზემოთ განხილული უნარების განვითარებას როდი უწყობს ხელს – რასაკვირველია, კიდევ ბევრის ჩამოთვალა შეიძლება: ურთიერთპატივისცემა, ლიდერობის გრძნობა, როლების განაწილება, პასუხისმგებლობა და სხვ. თუმცა მიგვაჩნია, რომ მოსმენა, საუბარი და თავდაჯერება წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ უნარებს, რომელთა განვითარებაც ჯგუფური მუშაობით არის შესაძლებელი.

ოპტიკური იზომერია

0
სახალიდან გასვლისას, სარკეში ჩახედვა და “საკუთარი თავისთვის” თვალის შევლება, თითოეული ჩვენთაგანისათვის  თითქმის ინსტიქტის დონემდე დაყვანილი, აუცილებელი პროცედურაა. ვიმზირებით სარკეში და გვგონია, საკუთარ თავს ვხედავთ. მაგრამ, ის ვინც სარკეში მოსჩანს, ჩვენ არ ვართ. თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ მას ყველაფერი უკუღმა აქვს… ჩვენი სარკული გამოსახულება ჩვენ ისევე გვგავს, როგორც ჩვენი მარჯვენა ხელი ჰგავს მარცხენას… ერთი შეხედვით, ორივე ხელი ხომ ერთნაირი გვაქვს, მაგრამ მათ შორის სხვაობას ადვილად “დავიჭერთ”, თუ ერთ მარტივ ექსპერიმენტს ჩავატარებთ: მოხსენით თოჯინას მარცხენა ხელი და შეეცადეთ დააყენოთ მარჯვენა ხელის ადგილას. 

მაშასადამე, სარკეში რასაც ვხედავთ  ჩვენი ანარეკლია, სარკული გამოსახულებაა. ქიმიაში მას ენანთიომერი (სტერეოიზომერი) ეწოდება. სტერეოზომერები კი  ეწოდებათ ისეთ ნაერთებს, რომლებიც შედგებიან ერთდაიმავე მიმდევრობის, ერთიდაიმავე ატომებისაგან, მაგრამ აქვთ განსხვავებული სივრცითი აღნაგობა. 

ყველა მოლეკულას შეიძლება ჰქონდეს სტერეოზომერი?  ცხადია არა. სტერეოზომერიის გამოვლინებისათვის მოლეკულა ერთ განსაკუთრებულ თვისებას უნდა ატარებდეს. მას უნდა ჰქონდეს ქირალური ცენტრი – ანუ ისეთ ნახშირბადატომს უნდა მოიცავდეს, რომელსაც ოთხი ჩამნაცვლებელი აქვს და იმავდროულად ოთხივე განსხვავებული.

 
ტესტი ქირალობაზე ადვილი ჩასატარებელია. თუ სხეულს (მოლეკულას) გააჩნია სიმეტრიის ღერძი, მაშინ მას ქირალური ცენტრი არ ექნება და აქირალური იქნება. მაგალითად, 2-ქლორპროპანში C2 ატომი მხოლოდ სამ განსხვავებულ ჩანმაცვლებელს მოიცავს, ამიტომ მასზე სიმეტრიის სიბრტყის გატარება შეიძლება. შესაბამისად იგი აქილარულია. 2-ქლორბუტანში C2ატომზე სიმეტრიის სიბრტყის გატარება შეუძლებელია და ამიტომ იგი ქირალურია. შესაბამისად მას ექნება შესაბამისი ოპტიკური იზომერი.
 
 

მოლეკულა შეიძლება მოიცავდეს ერთზე მეტ ქილარულ ცენტრსაც. ასეთ შემთხვევაში ენენთიომერების რიცხვი მნიშვნელონდა იზრდება და შეიძლება გამოითვალოს ფორმულით: ენენთომერების რაოდენობა = 2n, სადაც n- ქირალური ცენტრების რაოდენობაა. შესაბამისად, ღვინომჟავას, რომელსაც ორი (C2 და C3) ქირალური ნახშირბადი აქვს, 4 ენანთიომერი გააჩნია. 
 



ოპტიკური იზომერიის მოვლენა მოლეკულებზე ჯერ კიდევ ბერცელიუსის დროს იქნა შენიშნული. ბერცელიუსმა აღმოაჩინა, რომ ერთიდაიგივე შედგენილობისა და ქიმიური თვისებების მქონე ღვინომჟავის კრისტალები მასზე დაცემულ ბრტყლად პოლარიზებულ სხივს ან მარჯვნივ გადახრიდნენ, ან კუთხის იმავე მნიშვნელობით მარცხნივ. ვინაიდან მოლეკულები ქიმიურად ერთნაირად იქცოდნენ, ეს განსხვავებულობა კრისტალურ სტრუქტურას მიეწერა. ბერცელიუსი ამ აღმოჩენას სტუდენტებს ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით აცნობდა წლების განმავლობაში, სანამ მის კლასში არ  მოხვდა  ლუი პასტერი. პასტერმა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, ლექციაზე მხცოვან პროფესორს შეკადრა და განუცხადა მთელი აუდიტორიის წინაშე, რომ იგი ცდებოდა. სხივის გადახრა არა კრისტალის, არამედ მოლეკულის თვისება იყო, ვინაიდან მარჯვნივმაბრუნებელი ღვინომჟავის წყალხსნარი ისევე იქცეოდა, როგორც მისი კრისტალები. ბერცელიუსმა სასტიკად გაკიცხა საჯაროდ ლუი პასტერი და მას თავხედი და პოპულისტი უწოდა. მაგრამ პასტერი იმდენად იყო დარწმუნებული თავის განცხადებაში, რომ მას შესთავაზა ექსპერიმენტით თავისი მოსაზრების დამტკიცება… დაინიშნა სამეცნიერო “დუელი”. ლუი ჩაკეტეს ლაბორატორიაში ღვინომჟავის კრისტალებთან ერთად. მას მეორე დღემდის უნდა მოესწრო მარჯვნივ და მარცხნივ მაბრუნებელი ღვინომჟავის კრისტალების  ცალ-ცალკე გადაწყობა… მეორე დღეს იმავე აუდიტორიის წინაშე ლუი პასტერმა დაამტკიცა, რომ სხივის გადახრა მოლეკულის თვისება იყო და არა კრისტალის… 

ბერცელიუსმა სოკრატეს ცნობილი  ფრაზა მოიშველია: “მე ის ვიცი ქიმიაში, რომ არაფერი ვიციო” და ისევ ბუმბერაზ მეცნიერად დარჩა…

 შეცდომის დაშვებისაგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები…. მთავარია, მათი აღიარება და გამოსწორება შევეძლოთ.

„მეგობრობა გზად და ხიდად“…

0

განსხვავებული აზრის გამო ჯერ არც ერთი მეგობარი არ დაგიკარგავთ? საჯარო თუ პირად საუბრებში მიწასთან არავის გაუსწორებიხართ? არასდროს უთქვამთ, რომ თქვენი აზრი თუ თეორია მხოლოდ იმიტომაა ცუდი ან გაუგებარი, რომ განსხვავებულია? მოკლედ, ფეისბუქის ენით რომ ვთქვა, არავის წაუშლიხართ „ფრენდებიდან” ან არ „დაუბლოკიხართ”? თუ ასეა, თქვენ იშვიათ გამონაკლისთაგანი ბრძანდებით.

 

ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველსავე კურსზე, ქართული ენის შესწავლის ისტორიის ლექციასა თუ ძველი ქართული ენის სემინარზე, ხშირად ვკითხულობდით და ვსწავლობდით ქართულ სამეცნიერო ეპისტოლოგიას, ანუ დიდ მეცნიერთა წერილებსა თუ გამოხმაურებებს მნიშვნელოვანი სამეცნიერო საკითხების ირგვლივ.

საკმარისია გავიხსენო ცნობილი წერილების ციკლი წოდებითი ბრუნვის წამოშობასა თუ ბრუნვა-არბრუნვად მისი მოხსენიების საკითხებზე – აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა… ბრუნვაა თუ არა წოდებითი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამ წერილების ერთიან, ერთგვარად დრამატურგიულ სქემაში წარმოდგენისა და კითხვისას ჩემ წინაშე ცოცხლდება მეოცე საუკუნის ქართული სამეცნიერო ინტელიგენცია, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით – მეცნიერი, რომელიც საოცრად ფრთხილად და კორექტულად შენიშნავს ოპონენტის მცდარ აზრსა თუ არასწორ მიგნებას.

ამას წინათ შესანიშნავი ენათმეცნიერის, ნიკო მარის შესახებ მასალების ძებნისას მისი და ექვთიმე თაყაიშვილის საოცარი მეგობრობის ამბავს გადავაწყდი, კიდევ ერთხელ დამწყდა გული, რომ სუბიექტურობის ღობეშემოვლებულ ჩვენს ეზოში ხშირად ყველაზე ახლობლებსაც კი არ ვუშვებთ, თუ ზუსტად ჩვენნაირად არ ფიქრობენ.

წარმოიდგინეთ ორი სხვადასხვაგვარად დიდი ადამიანი: ნიკო მარი და ექვთიმე თაყაიშვილი.

ნიკო მარი – ადამიანი-ვულკანი, გენიალური აღმოჩენებისა და გენიალური შეცდომების, ზოგჯერ ფანტასტიკური თეორიების ავტორი, უდიდესი გაქანებისა და დიაპაზონის, დაულაგებელი, იმპულსური, აფექტური, „მსოფლიო მეცნიერი ქართული ქოხიდან”, რომელიც ყველაზე ხშირად თავად ამტკიცებდა საკუთარი ჰიპოთეზების უარმყოფელ და საპირისპირო თეორიებს.

ექვთიმე თაყაიშვილი – მეცნიერი-ფუტკარი, უსაზღვროდ მშვიდი, ერთგული, ჩუმი, საქართველოს ხაზინადარი, ყველა საკითხის ძირისძირობამდე გამომკვლევი, სკრუპულოზური და თავმდაბალი მეცნიერი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი).

მათი წერილები სავსეა გულწრფელი მეგობრული სიყვარულითა და გულშემატკივრობით, ზოგჯერ ფრთხილი და ზომიერი კრიტიკით, ზოგჯერ – არანაკლებ ფრთხილი შექებით.

ექვთიმე თაყაიშვილი გულახდილად წერს, ნიკო მარმა არაერთგზის აღნიშნა „შეცდომები ჩემ მიერ ძველი ტექსტების კითხვაში”, მისი „შენიშვნები სწორი იყო და ხელს უწყობდა ჩემი შემდგომი მუშაობის გაუმჯობესებას”, „მეც ვაზუსტებდი ზოგ-ზოგ წაკითხვებს მარის პუბლიკაციებში და თვითონ მეუბნებოდა: დაწერე ეგაო, არა, მე არ ვწერდი”.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ თავის პუბლიკაციაში ექვთიმე თაყაიშვილი ზომიერად აკრიტიკებს მარის იაფეტურ თეორიას, მოგვიანებით წერს: „ჩვენთვის მთავარია არა იაფეტური თეორია, არამედ ის, რომ დიდი და დაუფასებელია ღვაწლი ნიკო მარისა ქართული და ქართულის მონათესავე ენების საფუძვლიან შესწავლაში, ასეთივეა მისი ღვაწლი ძეგლების გამოცემაში, სომხური და საერთოდ კავკასიის კულტურის შესწავლაში”.

ნიკო მარის თეორიებმა აზრთა დიდი სხვადასხვაობა და კრიტიკა დაიმსახურა, ზოგჯერ – ბოღმიანი და ბოროტიც. ასეთ სიტუაციებში ექვთიმე ყოველთვის იცავდა მეგობარს და ნიკოსაც ბავშვივით სჯეროდა მისი, მაგალითად, როდესაც მორიგ შხამიან წერილზე პასუხის გაცემას ექვთიმე აუკრძალავდა, ნიკო მარი აუცილებლად ემორჩილებოდა.

ცინიკური გამოხმაურებების ავტორ ზოგიერთ კრიტიკოსს ასე ურჩია ექვთიმე თაყაიშვილმა: „პროფესორ მარზე, მის მეცნიერულ შრომებზე და მის მოღვაწეობაზე წერილის წერას თავი გაანებოს, ვინაიდან წელზევით ვერ ახტება და სასაცილო კი გახდება”.

მერეც, როდესაც ნიკო მარი გარდაიცვალა, ექვთიმე თაყაიშვილი ყოველთვის დადარაჯებულად კითხულობდა თავისი მეგობრის შესახებ ყველა გამოხმაურებას და თუ საჭირო იყო, ღირსეულადაც პასუხობდა ოპონენტებს.

ვკითხულობ ამ ორი გენიოსის მიმოწერას და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სულაც არაა აუცილებელი, ვინმე შენნაირად ფიქრობდეს იმისთვის, რომ შეიყვარო და გული გაუზიარო.

ადამიანი გიყვარს მისი მსოფლმხედველობითა და თეორიებით, მისი ჩვევებითა და მანერებით, გიყვარს სამუდამოდ – ისევე როგორც ორ სრულიად განსხვავებულ მეცნიერსა და ადამიანს, ექვთიმე თაყაიშვილსა და ნიკო მარს, უყვარდა ერთმანეთი.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...