ორშაბათი, ივნისი 30, 2025
30 ივნისი, ორშაბათი, 2025

ბერას ფრედერიკ სკინერის ოპერანტული განპირობებულობის თეორია და პედაგოგიკა

0
ამერიკელი ფსიქოლოგი ბერას ფრედერიკ სკინერი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1945-1948 წლებში ინდიანას უნვერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე ჰარვარდში მოღვაწეობდა. მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკაში ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად სკინერმა ყველა დროის ფსიქოლოგთა შორის – მერვე, ხოლო თანამედროვეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
 
1. რა არის ქცევათმეცნიერების ძირითადი დებულება? 
ქცევათმეცნიერება აღმოცენდა აშშ-ში მე-20 საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი დებულების თანახმად, ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს ინდივიდის ფსიქიკის ის გამოვლინებები, რაც დაკვირვებადი და გაზომვადია, ამიტომ შეიძლება, ობიექტურად და მეცნიერულად შევისწავლოთ და გავზომოთ მხოლოდ ის, რაც ზემოქმედებს ინდივიდზე გარედან (სტიმული) და ინდივიდის რეაქცია მასზე (ქცევა).
 
2. რატომ მიიჩნევა სკინერი „რადიკალური ბიჰევიორიზმის” მიმდრად და განმავითარებლად? 
სკინერი „რადიკალური ბიჰევიორიზმის” მიმდევარი და განმავითარებელი იყო. ამ მეცნიერული მიდგომის მიხედვით, ფსიქიკური პროცესების მეცნიერული ახსნა და ზუსტი ინტერპრეტაცია შეუძლებელია, ვინაიდან ისინი ადამიანის „შიგნით” მიმდინარეობს და ხანდახან თვითონ ადამიანსაც არ ძალუძს, ბოლომდე გააცნობიეროს მათი არსი. მეცნიერებას შეუძლია ისეთი ფენომენის ახსნა, რაზე დაკვირვება და რის შემოწმებაც შესაძლებელია. ასეთად სკინერს ქცევა მიაჩნია. შესაბამისად, ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს ორგანიზმის ქცევა და ამ ქცევის შედეგები. თუ ბიჰევიორისტული დასწავლის ზოგიერთი თეორეტიკოსი ადამიანის ან ცხოველის ქცევის ასახსნელად ხშირად იყენებს ტერმინებს „მოთხოვნილება”, „მოტივაცია”, ანუ ისეთ ფენომენებს, რომლებზეც პირდაპირ დაკვირვება შეუძლებელია, ის არ არის მნიშვნელოვანი რადიკალური ბიჰევიორიზმისთვის. 
 
3. რას გულისხმობს ტერმინი „ქცევის ექსპერიმენტული ანალიზი”? 
ქცევის ექსპერიმენტული ანალიზი სკინერის ტერმინია და გულისხმობს ქცევასთან დაკავშირებული სამი ცვლადის ანალიზს. ეს ცვლადებია:
1. ორგანიზმის ქცევა;
2. პირობები, რომლებშიც მიმდინარეობს ქცევა;
3. ქცევის შედეგები (მეორდება თუ არა ქცევა თანმხვედრ გარემოებათა შემთხვევაში).
 
4. როგორ ხდება ქცევის ექსპერიმენტული ანალიზის მეშვეობით ქცევის ახსნა?  
ქცევის ახსნა სამი ცვლადის (ორგანიზმის ქცევა, პირობები, რომლებშიც მიმდინარეობს ქცევა და ქცევის შედეგები) ანალიზის საფუძველზე ხდება. ბავშვის პრობლემურ ქცევას  ყოველთვის რაღაც მიზეზი აქვს, რაც მოცემულ მომენტში არ ჩანს, ამიტომ აუცილებელია იმაზე დაკვირვება და აღწერა, რაც უძღვოდა წინ პრობლემურ ქცევას, თვითონ ამ ქცევის აღწერა (როგორი ინტენსივობისაა და რას აკეთებს ბავშვი) და აღწერა მისი შედეგისა. სკინერს, ისევე როგორც სხვა ბიჰევიორისტებს, მიაჩნია, რომ ქცევის პირობების, თვით ქცევისა და მისი შედეგების აღწერა უნდა იყოს დეტალური, ზუსტი, ობიექტური, ყოველგვარი სუბიექტური შეფასების გარეშე.
 
5. ქცევის რამდენ ტიპს გამოყოფს სკინერი? 
სკინერი ქცევის ორ ტიპს გამოყოფს: 
1. რესპონდენტულს – რეაქცია სპეციფიკურ სტიმულზე (მაგ., ცემინება, თვალების ხამხამი, შიმშილი და სხვ.) 
2. ოპერანტულს – სტიმულის გარეშე ორგანიზმის მიერ სპონტანურად შესრულებული გარკვეული ქცევა (მაგ., წერილის წერა, მანქანის მართვა, წიგნის კითხვა და სხვ.)
ოპერანტული ქცევა საპასუხო რეაქცია არ არის, ის შეიძლება გაკონტროლდეს ადამიანის მიერ და ემორჩილება ოპერანტული განპირობებულობის კანონებს.
 
6.რა არის ოპერანტული განპირობებულობა?
 
ოპერანტული განპირობებულობა – ეს არის დასწავლის ტიპი, როცა რომელიმე რეაქციის წარმოშობის ალბათობა იზრდება, თუ მას მოსდევს განმამტკიცებელი (მაგ., თუ მოსწავლე ყურადღებით უსმენს მასწავლებელს და მასწავლებელი მის ასეთ ქცევას ღიმილით ან ქებით აღნიშნავს, დიდია ალბათობა, მოსწავლე მომავალშიც ასეთივე ყურადღებიანი იყოს).
 
6.რა არის განმამტკიცებელი? 
განმამტკიცებელი შედეგია, შემდგომი მოვლენა, რაც მაშინვე მოჰყვება პასუხად ინდივიდის მოქმედებას, ქცევას. 
 
7.როგორ მოქმედებს განმამტკიცებელი ქცევაზე? 
განმამტკიცებელი აძლიერებს ქცევის აღმოცენების ალბათობას.
 
8.რა სახის განმამტკიცებელი სტიმულები არსებობს?   
არსებობს დადებითი და უარყოფითი განმამტკიცებლები.
 
9.აღწერეთ დადებითი და უარყოფითი განმამტკიცებლები 
განმამტკიცებელი სტიმული შეიძლება იყოს:
* დადებითი – დაჯილდოება (მაგ., ყოველთვის, როცა მასწავლებელი აქებს მოსწავლეს, უწერს მას მაღალ შეფასებას ან ეუბნება მშობელს, რა ნიჭიერია მისი შვილი, ის იყენებს პოზიტიურ განმამტკიცებელს); 
* უარყოფითი განმამტკიცებელი – შვება (უსიამოვნო სტიმულის გაქრობა ქცევის გამოსწორებისთანავე, მაგ., ყურის აწევა; როგორც კი არასასურველი ქცევა გამოსწორდება, ყურზე ხელს უშვებენ).
ორივე შემთხვევაში განმამტკიცებელი ზრდის მომავალში სასურველი ქცევის აღმოცენების ალბათობას.
 
10. რა არის დასჯა? 
დასჯა ისეთი ქმედებაა, რომელიც ამცირებს მომავალში ქცევის აღმოცენების ალბათობას.
 
11. დავასახელოთ დადებითი და უარყოფითი დასჯის მაგალითები. 
დადებითი დასჯა – სასჯელი თანამედროვე სკოლებში ნაკლებად გამოიყენება. მაგ., მოსწავლე ცუდი ქცევისთვის ისჯება საკლასო ოთახის დალაგებით.
უარყოფითი დასჯა – ჯარიმა – ამის მაგალითი უფრო ხშირია (მაგ., იმის გამო, რომ უმცროს დას აწვალებ, ტელევიზორს გამოგირთავ და დღეს შენს საყვარელ ფილმს ვერ ნახავ!).
 
12. რატომ ერევათ ერთმანეთში უარყოფითი განმტკიცება და დადებითი დასჯა და როგორ გავარჩიოთ ისინი? 
ხშირად ერთმანეთში ერევათ უარყოფითი განმტკიცება და დადებითი დასჯა, იმიტომ, რომ ორივე შეიცავს უსიამოვნო, ე. წ. ავერსიულ სტიმულებს, თუმცა მათი გარჩევა ადვილია ქცევაზე თითოეულის ზეგავლენის მეშვეობით, რადგან ეს ზეგავლენა მნიშვნელოვნად განსხვავებულია. სკინერის მიხედვით, ოპერანტული სწავლის დროს მომავალში ქცევის განმეორების ალბათობას ზრდის განმტკიცება (თავისი ორი ფორმით), ხოლო ამცირებს დასჯა (თავისი ორი ფორმით).
 
13. დასჯის საწინააღმდეგოდ რა არგუმენტები მოჰყავს თავად სკინერს? 
თავად სკინერს დასჯის საწინააღმდეგოდ მრავალი არგუმენტი მოჰყავს. 
ა) მას მიაჩნია, რომ დროთა განმავლობაში დასჯა არაეფექტური ხდება, ის მხოლოდ ახშობს არასასურველ ქცევას; როცა დასჯის შიში გაივლის, ქცევის ინტენსივობა უბრუნდება პირვანდელ დონეს, ანუ ეფექტი დროებითია.
ბ) მნიშვნელოვან არგუმენტად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ დასჯა მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რა არ უნდა გააკეთო და არა იმაზე, რის გაკეთება იქნებოდა მისაღები და კარგი. 
გ) დასჯა ამართლებს სხვა ადამიანისთვის ტკივილის მიყენებას (ბავშვს, რომელიც დედამ მიტყიპა, ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეუძლია – რომ არსებობს სიტუაციები, როცა ტკივილის მიყენება ნებადართულია) და იწვევს აგრესიას დამსჯელის ან სხვების მიმართ.
 
14. სკინერის აზრით, აქვს თუ არა დასჯას ალტერნატივა? 
სკინერის აზრით, დასჯას არაერთი ალტერნატივა აქვს: 
1. სიტუაციის შეცვლა;
2. იგნორირება 
3. განმამტკიცებლის მიგნება და გამორიცხვა.
 
15. სკინერის მიხედვით მოიყვანეთ მაგალითები, რატომაა დასჯაზე უფრო ეფექტური ალტერნატიული გზების გამოყენება. 
დასჯაზე უფრო ეფექტურია ალტერნატიული გზების გამოყენება. მაგალითად:
1. სიტუაციის ცვლილება არასასურველი ქცევის თავიდან ასაცილებლად (წინასწარ მოვაცილოთ ძვირფასი ლარნაკი ბავშვისთვის ხელმისაწვდომი ადგილიდან), 

2. უბრალოდ იგნორირება, რაც კარგ შედეგს იძლევა არასასურველი, პრობლემური ქცევის შემთხვევაში; მაგ., როდესაც ბავშვი ბრაზობს და ტირის, რადგან შოკოლადს სადილამდე არ აძლევენ, ეფექტურია იგნორირება. ამ დროს უფროსი არ აქცევს ყურადღებას ბავშვის ტირილს, თითქოს არც კი ესმის; სკინერის მიხედვით, ამ სტრატეგიის რამდენჯერმე გამეორება აქრობს ქცევას, რადგან იგი არ განმტკიცდება და ბავშვი ხვდება, რომ ამ გზით სასურველს ვერ მიიღებს. 

3. განმამტკიცებლის მიგნება და გამორიცხვა – გაკვეთილზე, როდესაც ბავშვმა იცის, რომ მისი გამოკითხვის ჯერი მოვა, ისე იქცევა, რომ კლასიდან გაუშვან, რადგან ასეთი ქცევისთვის მასწავლებელი ყოველთვის კლასიდან უშვებს ხოლმე ბავშვს. ამრიგად, მოსწავლის მიზანი მიღწეულია – მან კლასში თავიდან აიცილა დავალების შესრულება. თუ მასწავლებელი გააანალიზებს ბავშვის ქცევას და აღმოაჩენს, რომ მას წინ უძღვის მოსალოდნელი გამოკითხვა, ის მიხვდება პრობლემური ქცევის მიზეზს და აღარ განამტკიცებს მას კლასიდან გაშვებით.
 
16. სკინერის აზრით, აუცილებელია თუ არა რთული თეორიების ჩამოყალიბება ადამიანის ქცევის შესასწავლად? 
სკინერის აზრით, ადამიანის ქცევის შესასწავლად რთული თეორიების ჩამოყალიბება აუცილებელი არ არის. ის ძირითად ამოცანად მიიჩნევს სტიმულის ტიპებსა და რეაქციის ტიპებს შორის ურთიერთქმედების საფუძვლების შესწავლას. ეს გულისხმობს მასტიმულირებელი მოვლენისა და გაზომვადი ქცევის ფუნქციურ ანალიზს.
 
17. სკინერის თეორიის მიხედვით, რის საშუალებას იძლევა ფუნქციური ანალიზი? 
სკინერს მიაჩნდა, რომ ფუნქციური ანალიზი საშუალებას იძლევა, სრული წარმოდგენა ვიქონიოთ ორგანიზმზე როგორც ქცევით სისტემაზე, ანუ იმაზე, რაზე რეაგირებს ან არ რეაგირებს ინდივიდი, რა პირობებში მიმდინარეობს ქცევა და რა შედეგი აქვს მას.
 
18. დაინტერესებული იყო თუ არა სკინერი განათლების სისტემაში საკუთარი თეორიის გამოყენებით? 
სკინერი დაინტერესებული იყო განათლების სისტემაში საკუთარი თეორიის გამოყენებით. მას მიაჩნდა, რომ დასწავლა ეფექტურია, როცა:
1. ასათვისებელი მასალის მიწოდება ხდება თანდათანობით;
2. მოსწავლეები იღებენ დაუყოვნებელ უკუკავშირს იმის შესახებ, რამდენად სწორად დაისწავლეს მიწოდებული მასალა;
3. დასწავლა მიმდინარეობს მოსწავლეთათვის მისაღებ ტემპში.
ამ მიდგომით, მასწავლებელი ინფორმაციის, ცოდნის გადამცემია. ის ქმნის პირობებს ამ ცოდნის გადაცემისთვის და ასევე არჩევს მასალას, მოსწავლეები კი ამ ცოდნას ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებენ.
 
19. რაში მდგომარეობს ბიჰევიორიზმის (ქცევათმეცნიერების) გავლენა სასწავლო გეგმასა და სწავლებაზე? 
ბიჰევიორიზმმა რამდენიმე მიმართულებით მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა საგანმანათლებლო პროგრამებსა და ტექნოლოგიებზე. კერძოდ:

. ქცევითი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა სასწავლო გეგმაში;

. ბიჰევიორიზმის გავლენით სასწავლო გეგმაში 40-იანი წლებიდან დაიწყეს სასწავლო მიზნების სპეციფიკური ფორმულირების პრინციპების დანერგვა. სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ შეიძლებოდეს მათზე დაკვირვება და რაოდენობრივი შეფასება. მე-20 საუკუნის 60-იანი წლების დამლევისთვის ამერიკელი მასწავლებლების უმრავლესობა იყენებდა სასწავლო მიზნებისა და სწავლების შედეგების ფორმულირების წესებს. ქცევის მიზნებისა და შედეგების სპეციფიკური განსაზღვრის მოთხოვნამ მისცა ბიძგი გავარჯიშებით დასწავლის მიდგომას. კერძოდ, მორისონმა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სკოლაში შეიტანა ე. წ. „დაოსტატების ფორმულა”: წინატესტირება, სწავლება, შემდგომი ტესტირება, საჭიროებისამებრ – ადაპტაციისა და დახმარების პროცედურა, სწავლება და შემდგომი ტესტირება. მორისონის გეგმა გულისხმობს, რომ კლასში ყველა მოსწავლემ უნდა აითვისოს გაკვეთილზე გათვალისწინებული მასალა.

მე-20 საუკუნის 30იანი წლები

მე-20 საუკუნის 40იანი წლები

მე-20 საუკუნის 60იანი წლები

ქცევის მიზნებისა და შედეგების სპეციფიკური განსაზღვრის მოთხოვნამ მისცა
ბიძგი გავარჯიშებით დასწავლის მიდგომას

ბიჰევიორიზმის გავლენით სასწავლო გეგმაში დაიწყეს სასწავლო მიზნების სპეციფიკური
ფორმულირების პრინციპების დანერგვა

აშშ-ში მასწავლებლების უმრავლესობა
იყენებდა სასწავლო მიზნებისა და სწავლების შედეგების ფორმულირების წესებს

ა) სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომა
აშშ-ის განათლების სისტემაში ეს იდეა დაინერგა მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან და კელერის გეგმასთან არის დაკავშირებული. ამ გეგმის მიხედვით, სწავლება უნდა განხორციელდეს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებათა განსაზღვრის საფუძველზე. ამ ტიპის სასწავლო გეგმის სპეციფიკაა სწავლის ინდივიდუალური ტემპის გათვალისწინება, დაოსტატების ტექნიკის გამოყენება, სასწავლო მოტივაციის გაძლიერება, მასალის ნაწილებად დაყოფა და მათი ათვისებისთვის საჭირო ეტაპების გამოყოფა, ყოველი ნაწილის ათვისების შეფასება. ამ გეგმის საფუძველზე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში პიტსბურგის უნივერსიტეტში შეიქმნა სწავლების ინდივიდუალური გეგმა და ფლანაგანის სასწავლო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა დახმარება და დამატებითი სწავლება კონკრეტული საჭიროების გათვალისწინებით.

ბ) კომპიუტერის დახმარებით სწავლება. აშშ-ში გავრცელდა მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან და ძირითადად მიმართული იყო ჩვევების გავარჯიშებისა და მექანიკური დასწავლისკენ. სწავლების პრინციპი ბიჰევიორისტულ მიდგომაზე იყო დაფუძნებული: მიზნის განსაზღვრა, დავალების ნაწილებად დაყოფა, ყოველ ნაწილზე მუშაობა კონკრეტული ალგორითმის საფუძველზე და შედეგის შეფასება. დღეს კომპიუტერს სასწავლო პროცესში მრავალმხრივ იყენებენ არა მხოლოდ სასწავლო კომპიუტერული პროგრამების სახით, არამედ სასწავლო პროცესში დავალების შესრულების დროს კომპიუტერის გამოყენების გზითაც.

გ) სწავლებისადმი სისტემური მიდგომა. მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში ჩამოყალიბდა და კომპიუტერული მეტაფორა დაედო საფუძვლად. შესაბამისად, სწავლების სისტემის დიზაინი გულისხმობს მოსწავლის საჭიროებათა შეფასებას, გრძელვადიანი მიზნების დადგენას, მათ საფუძველზე მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბებას, შეფასების სტრატეგიის განსაზღვრას, სწავლების მეთოდის შემუშავებას, მასალების შერჩევას, მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებას.
 
20. რა არის თეორიის ძლიერი მხარე? 
თეორიის ძლიერი მხარეები:

ა) ბიჰევიორისტული მიდგომა ეფექტურია ჩვევების ასათვისებლად, მასალის შინაარსის დასასწავლად, ქცევის მართვისთვის, სასურველი ქცევის მისაღწევად და ქცევის შესაცვლელად.

ბ) სწავლების მეთოდოლოგია:
* დავალების ანალიზი და კომპონენტების გამოყოფა;
* მოსწავლეთა მისაღები ქცევების განსაზღვრა და მათი განმტკიცება;
* სწავლების მეთოდიკა დამყარებულია ხშირ ასოციაციურ კავშირებზე, შესრულებასა და მისაღწევ მიზანს შორის მკაფიო უკუკავშირზე. 

გ) დავალებები იყოფა მცირე კომპონენტებად და მათ ასათვისებლად საჭირო ეტაპებად, შემდეგ კი ხდება გამთლიანება. გამოიყოფა დახმარების ხარისხები: ფიზიკური დახმარება, ერთობლივად კეთება, სიტყვიერი, მითითებით დახმარება და დამოუკიდებელი შესრულება. დავალებების მიწოდება ხდება მარტივიდან რთულისკენ და მოსწავლე ოსტატდება კონკრეტული დავალების დამოუკიდებლად შესრულებაში.

გზაგასაყარი უდაბნოში

0
ასე ერქვა პატარა მოთხრობას, რომელიც დიდი ხნის წინ რომელიღაც გაზეთიდან თუ ჟურნალიდან ამოხეულ ფურცლებზე ამოვიკითხე. მას შემდეგ ამ მოთხრობის გმირები სულ თვალწინ მიდგანან. შევეცდები, გიამბოთ მისი შინაარსი.

უდაბნოს გრძელ ბილიკს თაკარა მზის ქვეშ ორი გლახაკი დასდგომოდა. კერიის მიტოვება ორივეს დუხჭირი ცხოვრებით გამო მოუწია. გზაც თითქმის ერთი ჰქონდათ – უდაბნოს მეორე ნაპირი. ერთს იქ პორტი ეგულებოდა, მეორეს – საყდარი. პირველს იმედი ჰქონდა, პორტში რაიმე საქმეს იპოვიდა, ცოტა ფულს იშოვიდა, თავსაც გაიტანდა და შინ დარჩენილ ცოლ-შვილსაც დააპურებდა… მეორეს გაეგონა ძველი სასწაულმოქმედი ეკლესიის ამბავი და იქ მიეჩქარებოდა. ეს მისი უკანასკნელი იმედი იყო. მანამდე თავის მხარეში ყველა წმინდა ადგილი მოელოცა, მრავალჯერ დაჩოქილიყო ხატების წინაშე, მრავალი საათი გაეტარებინა ვედრებაში, შეეწიეო, უფალო, ჩემს ოჯახს, მაგრამ მუდმივი თანამგზავრებისთვის – შიმშილისა და სიცივისთვის – ვერა და ვერ დაეღწია თავი.

მიუყვებოდა ბილიკს ეს ორი გლახაკი – მაშვრალი და მლოცველი – და დაუსრულებელ, მომქანცველ გზას ფიქრებით იმოკლებდა. ერთმანეთს ბილიკზე შეხვედრისას გამოლაპარაკნენ. გაანდეს თავ-თავიანთი გულისნადები და მიხვდნენ რა, რომ მათი გზები უდაბნოს ბოლოს უნდა გაყრილიყო, დადუმდნენ… გზას ჩუმად მიუყვებოდნენ. ერთი კია, ერთმანეთის ფიქრები თითქმის ესმოდათ…

“უფალო, რა იქნება ამ მაშვრალ კაცს თვალი აუხილო და შეაგნებინო, რომ ხსნა მხოლოდ შენს სიყვარულშია. ერთადერთი სწორი გზა შენკენ მოდის. იქნებ დაინახოს გზა ჭეშმარიტებისა და ჩემთან ერთად წამოვიდეს შენს ტაძარში…” – ფიქრობდა მლოცველი.

“ეჰ, რა იქნებოდა, ჩემი თანამგზავრიც პორტში მოდიოდეს. ერთად ხომ უფრო ადვილად ვიშოვით ლუკმაპურს. ერთს გვექნებოდა – მეორეს გავუზიარებდით… გზაც გაგვიიოლდებოდა, ერთად უკეთაც მოვიფიქრებდით ამ ძაღლუმადური ცხოვრებიდან გამოსავალს…” – ფიქრობდა, თავის მხრივ, მაშვრალი.

“ღმერთო, როგორ შეიძლება, ასე უგუნურად იცხოვროს ადამიანმა, ეს გლახაკი რომ ცხოვრობს? მთელი ცხოვრება წელებზე ფეხს იდგამს, დღესა და ღამეს ასწორებს ლუკმაპურის საშოვნელად და ერთხელაც არ მომდგარა შენს კარზე, გროშიც არ გაუღია სანთლის დასანთებად…” – კიცხვაზე გადავიდა ტაძრისკენ მიმავალი.

“ალბათ დიდი ჭკუა-გონებით არ გამოვირჩევი… თუნდ ჩამქოლოთ, არ მესმის, როგორ შეიძლება, მთელი ცხოვრება მხოლოდ ღმერთს ევედრო სარჩოს და თავად ერთი კვალიც არ გაავლო ხნულში, ხორბლის ერთი მარცვალიც არ ჩააგდო მიწაში”, – ბრაზი მოერია მაშვრალსაც.

უცებ ზურგს უკანიდან შორეული სიცილი შემოესმათ. ორივე შედგა და უკან მიიხედა. არავინ ჩანდა… წინ დიდი გზა ედოთ, ამიტომ გააგრძელეს სიარული, თუმცა ნაბიჯს უკლეს, იმ იმედით, რომ ის მესამე წამოეწეოდათ.

“რა იქნება, ისიც პორტში მოდიოდეს… მაშინ ხომ ჩემს თანამგზავრს ადვილად დავაჯერებდი, რომ მე უფრო სწორ გზას ვადგავარ დღეს. მაშინ უკვე სამნი ვიქნებოდით ერთად…” – ფიქრიდან ოცნებისკენ გადაუხვია მაშვრალმა.

“ღმერთო, მიეცი ძალა, რომ მალე დაგვეწიოს და დაინახოს ამ გლახაკმა, საით უნდა მიდიოდეს”, – გაიფიქრა მლოცველმა, თითქმის დარწმუნებულმა, რომ ის მესამეც მისნაირი იყო.

კვლავ შემოესმათ სიცილი, ახლა – უფრო ახლოდან… ისევ მიიხედეს – ისევ ვერავინ დალანდეს… თუმცაღა დიდი იყო მესამის შემოერთების წადილი, დრო არ ითმენდა და არც ამათ შეუნელებიათ ნაბიჯი.

“ღმერთო დიდებულო, უზომოა შენი მოწყალება. ჰქმენი მადლი და მოაბრუნე ჭეშმარიტი გზისკენ ეს ცოდვილი. როგორ შეიძლება, ერთხელაც არ მიხვიდე წირვაზე, ერთხელაც არ მოინანიო შეცოდებანი?! აბა, შეხედეთ, სული ისე აქვს დამძიმებული ცოდვებით, რომ ფეხებს ძლივს მოათრევს”, – ფიქრობდა მლოცველი.

“განა მე არ ვიცი, რომ ცოდვილი ვარ, განა დაიარება ამ ქვეყანაზე სულიერი, ცოდვა არ ჩაედინოს? მაგრამ ყველაზე დიდი ცოდვა იმ ცოდვის მონანიება მგონია, რომელსაც ვიცი, რომ ისევ ჩავიდენ. ღმერთო, ნუ მიწყენ, რომ არ მოვდივარ შენს ტაძარში და არ ვინანიებ ცოდვებს შენ წინაშე. ვერ მოგატყუებ… უკანასკნელი ამოსუნთქვის წინ მოვალ შენთან, მაშინ გეტყვი აღსარებას, მეტად ვეღარ შემაცდენს ცხოვრება… მანამდე კი მაპატიე ჩემი თავნებობა…” – თითქოს მიუხვდა მაშვრალი მლოცველს…

ასე მიუყვებოდნენ უსასრულო ბილიკს და მათი ფიქრებიც განაგრძობდნენ ხეტიალს ფიქრთა უკიდეგანო სამყაროში. ხან კიცხავდნენ ერთმანეთს, ხან იცოდებდნენ და ხანაც, ვინ იცის, ოცნებით რომელი მთის მწვერვალს იპყრობდნენ… დროდადრო ისევ ესმოდათ მოგუდული სიცილი, თუმცა მესამე ჯერ კიდევ არ ჩანდა… მათაც ნელ-ნელა მიავიწყდათ იგი. ახლოვდებოდა გზის დასასრული… იმდენად დიდი იყო საწადელის მიღწევის სურვილი, რომ უხილავი თანამგზავრის სიცილს ყურადღებას აღარც აქცევდნენ.

ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს გზის გასაყარს… აქ მათი გზები იყრებოდა. წუთით შეჩერდნენ და თვალებში ჩახედეს ერთმანეთს მდუმარედ.

“მენანები, გლახაკო, დიდ შეცდომას უშვებ, სალოცავად რომ არ მომყვები. წამოდი, ილოცე და შენც გეშველება და შენს ოჯახსაც…” 

“მე გამომყევი, თანამგზავრო, ერთად ვღვაროთ ოფლი, ერთად მოვიპოვოთ სარჩო. ასე უფრო შეისმენს უფალი შენს ლოცვა-ვედრებას…”

გაიფიქრეს ეს, ზურგი აქციეს ერთმანეთს და მარტონი გაუყვნენ თავ-თავის ბილიკს.

ღმერთი კი იცინოდა…
რატომ დამამახსოვრდა ეს ამბავი ასე კარგად? ვინც ლაბორატორიაში ერთხელ მაინც ყოფილა და ორგანული ნაერთის სინთეზი უცდია, ადვილად მიმიხვდება სათქმელს… ვიღებთ რეაგენტებს, ვურჩევთ რეაქციის პირობებს, მოწყობილობებს, მერე რამდენიმე საათის განმავლობაში თავს დავტრიალებთ, ცივ ნიავს არ ვაკარებთ… მაგრამ, მთელი ჩვენი ცოდნისა და რამდენიმესაათიანი მუყაითი გარჯის მიუხედავად, სულ სხვა ნაერთს ვიღებთ… რატომ? ალბათ ქიმიის ჯერ კიდევ შეუცნობელი კანონზომიერებები დაგვცინიან…

მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, ანუ სასიკვდილო ჩვენ ვართ მხოლოდ

0
მეგობარი მყავს ერთი, უნივერსიტეტის, მასწავლებელი თუ ვარ დღეს, მისი დამსახურებაა. კაი ხნის ამბავს ვყვები, იმდენი ხნისას, ჩემმა დირექტორმა გაიცინა ერთი კვირის უკან, მე და შენ მგონი შევაბერდით ერთმანეთსო.

გამექცა სიტყვა. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ჩემი ძმაკაცის დამსახურებაა-მეთქი ჩემი მასწავლებლობა, „თხამ შეჭამა ვენახს” ჰგავს ეგ ამბავი. ჩემი ძმაკაცის ნაცნობს თავისმა ნაცნობმა ჰკითხა, ვინმე ახალგაზრდა ხო არ იცი, სკოლაში რომ გამოდგებოდეს, ისეთიო, ჩემი ძმაკაცის ნაცნობმა ჩემს ძმაკაცს ჰკითხა, –  სტუდენტები ვიყავით მაშინ ჯერ კიდევ, – შენიანს მუშაობა ხო არ უნდა ვინმესო, ამ ჩემმა ძმაკაცმა – ჩვენს საერთო ძმაკაცს, რას იტყვიო, იმან – მე არა, მაგრამ ეგ იზამსო, ჩემზე, მერე ჩემმა ძმაკაცმა მითხრა მე, მე ვუთხარი „კი” ჩემს ძმაკაცს, იმან – თავის ნაცნობს, იმ ნაცნობმა – თავისას და ის ნაცნობის ნაცნობი აგერ ამდენი წელია ჩემი დირექტორია, მოკლედ, უკუღმა დატრიალდა ეს კარუსელი. 

ამ ოდესღაც მომხდარს იმიტომ არ ვყვები ახლა, რომ სენტიმენტები შემომაწვა და მაისის ხვატში იანვრის გაყინული დილით ჩატარებული პირველი გაკვეთილი გამახსენდა, რომლის, ვაღიარებ და, ნახევარი რაა, მეოთხედიც არ ჩამრჩენია გონებაში, ნერვიულობისგან. არა სულ სხვა ისტორია მინდა გიამბოთ, სიტყვა გამექცა ისევ.

ჩვენ შორის მუშაობა ყველაზე ადრე იმ ჩემმა ძმაკაცმა დაიწყო. ჩვენ სკოლაში წასვლა არ გვიფიქრია თავიდან, გოგოების არ ვიცი და ფილოლოგი ბიჭები ცოტა სხვას ფიქრობდნენ ხოლმე გუნებაში, როცა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პირველ სექტემბერს 103-ე აუდიტორაში მოხვედრაზე ოცნებობდნენ. ჰოდა, ჩვენც მივედ-მოვედებოდით ათას საქმეს, მასწავლებლობას შორს ვიჭერდით, სკოლაში მაინც, – უიღბლოთა საქმედ ჩანდა 19 წლის პოეტებისა და მთარგმნელებისთვის ორმოცწუთიანი ლაყაფი, „წესიერად მოიქეცი, გაკვეთილი რატომ არ იცი” მონოლოგები, ჟურნალის წარმოება და წლის ბოლოს გამოყვანილი ნიშნები. ახალი გამოქცეულები ვიყავით ბავშვობიდან და არავითარი სურვილი უკან დაბრუნების არ გვქონდა. 

ამ ჩემმა ძმაკაცმა კიდე დაადო თავი და პირველმა დაიწყო მუშაობა, შეჰყვა და შეჰყვა, ახლა ვიცი, როგორც არი, მაშინ გვეუცხოებოდა; ჩვენ რომ მომავლის გეგმებზე დავიწყებდით ხოლმე ლაპარაკს, ის თავის ბავშვებზე გვიყვებოდა – როგორ გაჰყავდა თითისტოლა პირველკლასელები ტუალეტში მოსაფსმელად და როგორ წითლდებოდა თვითონ ყურებამდე.

ჰოდა, იმან თქვა ერთხელ, უკეთესი სამსახური შემომთავაზეს და არ ვიცი, რა ვქნაო, მეთქი, როგორ რა უნდა ქნა, დათანხმდი. მოვიდა ერთ კვირაში, უარი ვთქვიო. დავცინეთ, მახსოვს, მარტო მაშინ კი არა, მთელი სტუდენტობა ვეშაყირებოდით, ის კიდე ჩვენთან ერთად იცინოდა და თავის მართლებასავით გაიძახოდა, რა ვქნა, არი რაღაცაო, ვერ დავტოვებო. იმის მერე წლები გავიდა, უკვე ვიცი, რო მართალი იყო ის ჩემი ძმაკაცი, მართლა არი ის რაღაც და ბავშვმა ერთხელ თუ გკითხა, „მომავალ წელსაც ხო თქვენ გვასწავლით, მასწავლებელოო”, მერე მოკვდები და მთლად ოქროს საბადო თუ არ შემოგაძლიეს, იმ ბავშვს იმედს ვერ გაუცრუებ. არადა მაინც დიდივით ეტყვი, რომ არ იცი, სასექტემბროდ რა და როგორ იქნება.

ერთი კვირის უკან ძალიან გაიქაჩნენ ჩემი მეათეები. ბოროტებით არ მოსდიოდათ – რასაც ისმენდნენ და უყურებდნენ, იმას იმეორებდნენ, მე კიდე ტვინში სისხლი ჩამექცა კინაღამ, მეთქი, „ვეფხისტყაოსანი”, მეთქი, შუშანიკი, მეთქი, ხანძთელი, მეთქი, „აბოს” პირველი თავი, მეთქი, გეი ვარ და თუ ვინმე გინდათ შეიძულოთ, პირველ რიგში ჩემი შეძულება მოგიწევთ. დაიზაფრნენ, დაიზაფრნენ უბედურად. თან ახლა „,დავითიანის” პირველ ნაწილს გადიან, აი, იმას, „ისწავლე სწავლის მძებნელომდე” როა, რომელიღაც ჭკუის კოლოფმა სკოლის პროგრამიდან რომ ამოიღო, ჰოდა, მაგრად უჭირთ ეს გურამიშვილისეული სახარება და ქრისტიანობა. 

პარასკევს არ ვიცი რომელიმემ მიბედა თუ არა იმ მუშტის ტრიალში, აღარც მიკითხავს მერე, იმედი კი მაქვს, რომ უმრავლესობა შინ დარჩებოდა. არადა რამდენი სკოლისჩანთაგადაკიდებული დაგლიჯინობდა აქეთ-იქით ჩვიდმეტში, იგინებოდა და უხაროდა ბრბოს ნაწილობა. იმის ილუზია არა მაქ, მე დამიჯერეს და იმიტომ დაეტივნენ-მეთქი სახლში – პირიქით, დარწმუნებულიც ვარ, რაღაც სულ ერთი გრამი არ ეყოთ ველურობისა, თორე წამსვლელები იყვნენ. თავის მოტყუება იქნება სხვანაირად ფიქრი, თავის მოტყუება კიდე რა საკადრისია.

რატო მოვყევი ამ ყველაფერს და ჩემს ეზოში ჩემს თაობაში სამი კაცის გარდა ყველა ან ყოფილი ნარკომანია, ან მოქმედი. ჩემი კლასელებიდან ერთი ჩხუბში დაჭრეს და სისხლი მოეწამლა, ერთი კაიფში ჩარჩა და, რაც თავი მახსოვს, სულ მკურნალობდნენ, ზოგი დაიჭირეს, გოგოები დათხოვდნენ, ბიჭები კიდე სულ თითზე ჩამოსათვლელები ვართ გადარჩენილები. ჩემი დის კლასიდანაც ეგრეა. ერთი თვის უკან ჟვანიას მოედანზე თოთხმეტიოდე წლის ბიჭი ჩემ წინ აჭერდა ხელს შუქნიშნის ღილაკს და იგინებოდა, კარი რატო არ იღებაო. პარასკევს კიდე ზღვა ხალხი დარბოდა ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე, დაგხოცავთო, ყვიროდნენ.

თევზი თავიდან ყროლდებაო, ნათქვამია. რამდენი თაობა უნდა დავკარგოთ ჩვენ, ქართულმა სკოლამ, ქართველმა მასწავლებლებმა, რომ მივხვდეთ – ეტყობა, რაღაცას ისე ვერ ვასწავლით, როგორც საჭიროა. იმ ხუთმა, ათმა თუ თხუთმეტმა ათასმა კაცმა ხო არაფერი არ იცოდა თავისი ქვეყნის, სამშობლო რა არი, არ იცოდა, ,,ვეფხისტყაოსანი” არ იცოდა, ვაჟა არ იცოდა და გურამიშვილი. სულ იმას ვფიქრობ, ეტყობა, ვერ ვასწავლით კარგად. არადა წლებია, მამაცურად ვდუმვართ, ოო, რა მამაცები ვართ თვალის მოხუჭვაში, ხმის ჩაკმენდაში. თქვენი არ ვიცი და მეხუთე დღეა, ეგ დუმილი კივილად რეკავს ჩემს გულგვამში, კივილად რეკავს, ხმაჩახლეჩილი.

ეგრე მგონია, ჩვენ, მასწავლებლებს, ყველას, ქართული სახელმწიფოს წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი, პატიება უნდა ვთხოვოთ არა მხოლოდ იმათ, ავტობუსებში მსხდომებს, დაზარელებულებს, ვითომ ბარიკადს იქით გადადენილებს, არამედ პირველ რიგში იმ ბიჭების, იმ გოგოების მშობლებს, შეშლილი სახეებით რომ დარბოდნენ რუსთაველის გამზირზე. პატიება უნდა ვთხოვოთ – ვერ გაგვიზრდია, წაგვიხდენია მშობლებისგან გულმხურვალედ მობარებული შთამომავლობა. თორმეტი წელი გვიწვალია და დაგვიმახინჯებია, ნაიარევებით აგვივსია ოდესღაც ტუალეტში მოსაფსმელად გაყვანილი თითისტოლები. არ იფიქროთ, ექვსი წლისანი, როცა პირველად დასხდნენ მერხებთან, ამგვარები იყვნენო; არა, არა და არა – ჩვენ ვაქციეთ ისინი ასეთებად, პოტენციურ კაცის მკვლელებად. ჩვენ ვერ ვასწავლეთ სიყვარული მათ, ვერც ადამიანის, ვერც სამშობლოსი, ვერც ზნეობის და კარგი კაცობის. 
ჩვენ, ქართველმა მასწავლებლებმა, 17 მაისს კიდევ ერთხელ გავუცრუეთ იმედი საქართველოს.

დაუსჯელად

0

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის დასაწყისშივე მიმაჩნდა, რომ დასჯა (რასაკვირველია, ფიზიკურ დასჯას არ ვგულისხმობ, რომელიც საერთოდ მიუღებელია) არ იყო იმ შედეგის მომტანი, რომლის იმედიც შეიძლებოდა გვქონოდა. ეს შეხედულება კიდევ უფრო გამიმყარდა და დღეს უკვე ვთვლი, რომ დასჯას არ მოაქვს სასურველი ეფექტი. უფრო პირიქით, უმეტესად ვნებს სასწავლო პროცესს და უარყოფით გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების ხარისხზე. წინამდებარე სტატიაში შევეცდები ამ მოსაზრების დასაბუთებას როგორც საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან მოყვანილი, ასევე იმ ექსპერტების არგუმენტებით, რომლებიც დასჯას არაეფექტურ სასკოლო ღონისძიებად მიიჩნევენ.

 

სტატიის დასაწყისში მინდა აზრი გამოვთქვა დღევანდელ თაობაზე, რომელიც მე ძალიან მომწონს. ის მასწავლებლები და მშობლები, რომლებმაც, სულ ცოტა, 40 წელს მაინც გადავაბიჯეთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ დღევანდელი ბავშვები სკოლაში სულ სხვა შეხედულებებით მოდიან, ვიდრე წინა თაობები. აქ, რასაკვირველია, არ ვგულისხმობ 20 და მეტი წლის წინანდელ თაობებს – განსხვავება 10 წლის წინანდელ თაობასთანაც თვალში საცემია. ყველაზე დამახასიათებელია პიროვნული თავისუფლების მძაფრი მოთხოვნილება, ბავშვები ვერ ეგუებიან მის შეზღუდვას და მტკივნეულად, ხშირად აგრესიულადაც კი რეაგირებენ დასჯაზე. სულ უფრო ცხადი ხდება – მოსწავლეთა დისციპლინირების ძველი მეთოდები ახალი თაობების მიმართ სრულიად უშედეგოა. სკოლიდან უკვალოდ არის გამქრალი არათუ ის წესები, რომლებსაც დაახლოებით ოცდაათი წლის წინ, ჩემი მოწაფეობისას იყენებდნენ მასწავლებლები, არამედ ვხედავთ, რომ ყველა ახალი თაობა ახალ მიდგომებს მოითხოვს.

მშობლების იმ თაობას, რომელიც 60-70-იან წლებში გაიზარდა, მიაჩნია, რომ მათი თაობა ავტორიტეტების გავლენას განიცდიდა. მათ ზოგჯერ პროტესტის გრძნობაც ჰქონდათ, მაგრამ უმეტესად ვერ ბედავდნენ ,,ჩარჩოებს გარეთ” გასვლას. დღეს მშობლების უმეტესობა თავიანთი შვილების დახასიათებისას ალბათ იტყვის, რომ მისი გოგონა ან ვაჟი „შესანიშნავი ბავშვია, მაგრამ, მისი თაობის სხვა ბავშვებივით, არათუ პატივს არ სცემს ავტორიტეტებს, არამედ საერთოდ არ ეშინია მათი”.

მასწავლებლები დღეს საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგანან: ჩაუნერგონ მოსწავლეებს ავტორიტეტების პატივისცემა ისე, რომ მათ უკმაყოფილება არ გამოთქვან მათი უფლებების რღვევის გამო, თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ და ა. შ.

მაშ, როგორ მოვახერხოთ მოსწავლეთა დისციპლინირება, რათა ჩვენ, მასწავლებლებმა, შევძლოთ ჩვენი საქმიანობის განხორციელება და ვასწავლოთ იმ მოსწავლეებსაც, რომლებსაც არ სურთ სწავლა?

როცა მასწავლებელი მოსწავლეს სჯის, ამ ღონისძიებას მისი მოტივაციის ამაღლების საშუალებად განიხილავს. ეს მოსაზრება, როგორც კვლევები ადასტურებს, მცდარია. მაგალითად, დადგენილია, რომ მოსწავლეები, რომლებსაც სჯიან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმით, გაკვეთილების შემდეგ დატოვებით, ამის წყალობით არავითარ პროგრესს არ განიცდიან. სასწავლო ფორუმებზე, რომლებზეც ასეულობით მასწავლებელია გაწევრებული, ძალზე იშვიათად აღნიშნავენ, რომ გაკვეთილების შემდეგ დატოვება მოსწავლეთა ცუდი ქცევის გამოსწორების ეფექტური საშუალებაა.

საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახლანდელ თაობას არ აქვს შიში, ხოლო როცა მოსწავლეებს არ ეშინიათ, დასჯა კარგავს ეფექტურობას. თუ ამ ფაქტორს ყურადღება არ მიექცა და დასჯა მაინც გაგრძელდა, მისი ეფექტურობა კიდევ უფრო დაიკლებს და დადებით შედეგს, პრაქტიკულად, ვერ გამოიღებს.

განათლების ფსიქოლოგებსა და თეორეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ როდესაც მასწავლებელი დასჯას მიმართავს, მისი მოქმედება დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სწავლა რთული, საწვალებელი საქმიანობაა და სასწავლო პროცესის სამართავად ზოგჯერ ძალის გამოყენებაა საჭირო. სინამდვილე კი ის არის, რომ ადამიანები უკეთესად სწავლობენ მაშინ, როცა თავს კარგად, თავისუფლად გრძნობენ და არა მაშინ, როცა მათ სწავლას აიძულებენ.

გახსოვდეთ, დასჯა რომ ეფექტური საშუალება ყოფილიყო არასასურველი ქცევის გამოსასწორებლად, მაშინ დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა სკოლებიდან საერთოდ გაქრებოდა.

დასჯის ირონია ის გახლავთ, რომ რაც უფრო მეტად იყენებ მას მოსწავლეთა ქცევის გასაკონტროლებლად, მით უფრო ნაკლებ ძალაუფლებას ინარჩუნებ მათზე. ამის მიზეზი მარტივი ჭეშმარიტებაა: იძულება შობს უკმაყოფილებას. და კიდევ, თუ მოსწავლეები იქცევიან ისე, როგორც აიძულებენ მოქცევას, ეს არ შეიძლება მასწავლებლის ნამდვილ წარმატებად ჩაითვალოს. მოსწავლეები კარგად საკუთარი სურვილით უნდა იქცეოდენენ და არა დასჯის შიშით.

აქ იმის გახსენებაც უპრიანი იქნება, რომ დასჯა გარეგანი მოტივაციაა. როგორც ცნობილია, გარეგანი მოტივაციის ფაქტორები შინაგანზე სუსტია და დროებითი ეფექტი აქვს. მოსწავლეები შეიძლება დროებით დაემორჩილონ იძულებას, მაგრამ შინაგანი მოტივაცია, რომელიც ადამიანებს შეცვლის სურვილს აღუძრავს, უფრო ძლიერი და ეფექტურია. დასჯა როგორც მოსწავლეთა დისციპლინირების ინსტრუმენტი არ არის ხანგრძლივი მოქმედების აგენტი. გაცილებით პოზიტიური იქნება, თუ მოსწავლეებს შინაგან მოტივაციას ავუმაღლებთ და არა გარეგანს. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა ინსტრუმენტები გამოიყენოს იმისთვის, რომ სწავლის პროცესი იყოს საინტერესო, სახალისო და ეფექტური.

განათლების ექსპერტები გვთავაზობენ მეთოდოლოგიურ რჩევებს, რომლებიც თანამედროვე მასწავლებლებმა უნდა გაითავისონ და სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად დასჯისა და თუნდაც დაჯილდოების გარეშე, რადგან ჯილდოც გარეგანი მოტივაცია გახლავთ.

1. წარმატებულ მასწავლებლებს კარგად ესმით, რომ მათი საქმიანობა ურთიერთობების სფეროს განეკუთვნება. ბევრი მოსწავლე, განსაკუთრებით – დაბალი სოციალური წრიდან, ძალიან მცირე ძალისხმევას გაიღებს სასურველი შედეგის მისაღწევად, თუ ნეგატიური გრძნობები ექნება მასწავლებლების მიმართ. წარმატებული მასწავლებლები კარგ ურთიერთობას ამყარებენ მოსწავლეებთან და ბევრს ელიან მათგან.

2. წარმატებული მასწავლებელი ყოველთვის პოზიტიური გზით ახერხებს კომუნიკაციას. ის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, კარგად გაიაზრონ, რა სურთ მათგან მასწავლებლებს, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, როგორი მოქცევა იქნებოდა კარგი და არამც და არამც არ მიუთითებს მოსწავლეებს, რისი გაკეთება ეკრძალებათ მათ.

3. წარმატებული მასწავლებელი არ ცდილობს მოსწავლეთა დამორჩილებას. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას და არა მორჩილებას. მან კარგად იცის, რომ მორჩილება კლავს შთაგონებას.

4. წარმატებულმა მასწავლებლებმა კარგად იციან, როგორ გახადონ სასწავლო მასალა იოლად დასაძლევი, ხოლო გაკვეთილები – მიმზიდველი. მათ ესმით, რომ სასწავლო პროცესის წარმატება და მოსწავლეთა შთაგონება ცნობისმოყვარეობაზე, გამოწვევასა და შესაბამისობაზე გადის.

5. წარმატებული მასწავლებლები აღუძრავენ მოსწავლეებს საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღების სურვილს და სტიმულს აძლევენ მათ, უფრო მეტი ძალისხმევა გაიღონ უკეთესი აკადემიური შედეგის მისაღწევად.

6. წარმატებული მასწავლებლები რეალისტურად აღიქვამენ სასწავლო პროცესს. ისინი გრძნობენ, როცა გაკვეთილის ბოლოს სასურველი შედეგს ვერ იღებენ და სწორად განსაზღვრავენ ამის მიზეზს. ისინი ცდილობენ, თვითონ შეცვალონ რამე და არ ცდილობენ მოსწავლეების შეცვლას.

7. წარმატებულმა მასწავლებლებმა იციან – სწავლა მოტივაციის გარეშე არ არსებობს. მასწავლებლებს შეუძლიათ, მოტივაციის ასამაღლებლად გამოიყენონ გარეგანი დადებითი სტიმულები: სტიკერები, ქება და სხვ., – რათა მოსწავლეებს ბედნიერება და კმაყოფილება აგრძნობინონ, მაგრამ ამ დროს არ უნდა გამოეპაროთ უნივერსალური და მარტივი ჭეშმარიტება: ადამიანი თვითკმაყოფილებას და დადებით თვითშეფასებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიცდის, როცა წარმატებას საკუთარი ძალისხმევით აღწევს.

 

კითხვის ხელშემწყობი საქმიანობები

0

კითხვა სტრუქტურირებული პროცესია, რომელიც სამი ეტაპისაგან შედგება: კითხვამდე ეტაპი, უშუალოდ კითხვის ეტაპი და კითხვის შემდგომი ეტაპი.

კითხვამდე ეტაპზე გამოყენებული სტრატეგიები მოსწავლეს ეხმარება იმ ცოდნის შეხსენებაში, რომელიც მას მოცემულ საკითხთან თუ თემასთან დაკავშირებით უკვე აქვს, ანუ ააქტიურებს თემის, პრობლემის, კონცეფციის შესახებ არსებულ ცოდნასა და პასიურ ლექსიკას. 
ამ ეტაპზე მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეთა დონისა და კითხვისათვის მზაობის დადგენა, აქედან გამომდინარე, იმის განსაზღვრაც, რა და როგორ მიაწოდოს მათ. 
კითხვამდე ეტაპის მიზნებია:
_ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, მოტივაციის აღძვრა. კითხვის წინარე აქტივობებით დგინდება მოსწავლეების ინტერესები, წინარე ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც უკავშირდება წასაკითხ ტექსტს. Eეს ხელს უწყობს კითხვის სურვილის გაღვივებას. 
_ მოსწავლეთა ლინგვისტური ცოდნის შეფასება და აქტივაცია. მასწავლებელი ტექსტის წაკითხვამდე აცნობს მოსწავლეებს ძირითად ტერმინებს, ახალ ცნებებს, ახალ სიტყვებსა და გამოთქმებს. ამ ეტაპის საქმიანობებით მასწავლებელი აფასებს მოსწავლის ლექსიკურ მარაგს და ხელს უწყობს ამ მარაგის გამდიდრებას.
_ კითხვის მიზნის განსაზღვრა. როცა მოსწავლემ იცის, რისთვის კითხულობს, რა შეიძლება იყოს მისთვის მნიშვნელოვანი ტექსტში, კითხულობს უფრო მეტი ინტერესით.

საქმიანობები, რომლებიც წინ უძღვის კითხვას:

მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს ტექსტის შესახებ ვარაუდების გამოთქმის საშუალებას ფოტოებზე, სურათებზე, ილუსტრაციებზე, თავებსა და ქვეთავებზე დაყრდნობით (როგორ ფიქრობთ, რაზე შეიძლება იყოს ტექსტი? რა მიგანიშნებთ ამას? როგორ განვითარდება ამბავი მოთხრობის იმ თავში, რომელსაც ჰქვია. . .).

მასწავლებელი თავად აწვდის ინფორმაციას თემის შესახებ ან მოსწავლეთა ფონური ცოდნის დასადგენად შეკითხვებით მიმართავს მათ (რა იცით ან გგონიათ, რომ იცით . . . ? გაიხსენეთ . . . და ა. შ.).

მასწავლებელი წინასწარ აცნობს მოსწავლეებს ტექსტის მოკლე შინაარსს.

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ტექსტიდან წინადადებებს არეული თანამიმდევრობით და მათ ინტუიციით უნდა დაალაგონ ისინი (შემდეგ, კითხვისას, ისინი საკუთარ ვერსიას შეადარებენ ტექსტს).

მოსწავლეები წინასწარ ეცნობიან ტექსტში გამოყენებულ ლექსიკას (უცნობ, სპეციფიკურ სიტყვებს) და იდიომატურ გამონათქვამებს (უცნობი სიტყვების განმარტებებს პოულობენ ლექსიკონში, მასწავლებელი აძლევს იდიომების განმარტებებს ან მასალას, სადაც შეუძლიათ თავად მონახონ ისინი).

მასწავლებელი ასმენინებს აუდიომასალას ან აჩვენებს ფილმს იმ თემაზე, რომელზედაც არის წასაკითხი ტექსტი და აძლევს მსჯელობის საშუალებას.

მოსწავლეები წინასწარ შეისწავლიან იმ საკითხებს, რომლებიც საფუძვლად უდევს წასაკითხ ტექსტს, ააქტიურებენ იმას, რაც უკვე იციან, მოიძიებენ და წარმოადგენენ ახალ ინფორმაციას.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ტექსტის თემას და ამ თემაზე იმართება დისკუსია, რომელშიც ისინი გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. დისკუსია რომ არ ასცდეს წასაკითხი ტექსტის თემას, მასწავლებელი შეკითხვებით აბრუნებს მათ სასურველ კალაპოტში.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებას. მათ უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია: რომელს ეთანხმებიან და დაასაბუთონ _ რატომ. ტექსტის წაკითხვისას მათ შეუძლიათ შეადარონ საკუთარი პოზიცია ავტორისას.

მასწავლებელი აწვდის საყრდენ სიტყვებს ან რამდენიმე ფრაზას და მოსწავლეები ამ სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებით ადგენენ ტექსტს, რათა შემდეგ შეადარონ წასაკითხს. შეიძლება ტექსტის შედგენა სათაურზე ან ილუსტრაციაზე დაყრდნობით.
უშუალოდ კითხვის ეტაპზე ისეთი სტრატეგიები გამოიყენება, რომელთა საშუალებითაც მოსწავლე თავად ადევნებს თვალს და აფასებს კიდეც კითხვის პროცესს. რა იცოდა, რა გაიგო ახალი, რის გაგება სურს კიდევ? _ აი, შეკითხვები, რომლებზედაც ის პასუხს სცემს.

მოსწავლე კითხვისას უნდა გრძნობდეს პირად პროგრესს, წარმატებას, ეს კი დამოკიდებულია ტექსტის გაგების ხარისხზე, იმაზე, თუ რამდენად ჩასწვდა იგი ავტორის იდეას, რამდენად გაიაზრა ტექსტის თემა და მასში ასახული პრობლემა/პრობლემები. მან უნდა შეძლოს იმ სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება, რომლებიც ტექსტის გააზრებაში დაეხმარება. ამ ეტაპზე მას აუცილებლად ესაჭიროება მასწავლებლის რეკომენდაციები, რჩევები.

უშუალოდ კითხვის ეტაპის მიზნებია:

ტექსტის შინაარსისა და იდეის გაგება.

ამაში მოსწავლეებს დაეხმარება:

_ კითხვის მიზნის გააზრება.

_ ფონური ცოდნა (თემასთან დაკავშირებული ცოდნა).

_ გაგების ხელშემწყობი სტრატეგიების ცოდნა.

სხვადასხვა ტიპის, სახისა და ჟანრის ტექსტების ნიშნების, სტრუქტურის, ორგანიზაციის თავისებურებების გააზრება.

ტექსტის სტრუქტურის და მისი ორგანიზაციის თავისებურებების ცოდნა მოსწავლეებს ეხმარება როგორც წაკითხულის უკეთ გააზრებაში, ისე წერის დროს მათს გამოყენებაში. მასწავლებლის მიერ ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მათ დამოუკიდებელი კითხვის პროცესს გაუადვილებს.
ენის ეფექტიანი გამოყენება.

მოსწავლეები მუდმივად უნდა ვავარჯიშოთ ენისათვის დამახასიათებელი ფრაზეოლოგიის, ხატოვანი გამონათქვამების (იდიომები, ანდაზები, სხვა მყარი სიტყვათშეთანხმებები) ჯერ გაგებასა და შემდეგ მათს გამოყენებაში. ეს დაეხმარება მოსწავლეებს როგორც წაკითხულის გაგებაში, ისე ენის თავისებურებების გააზრებაში. ამ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ წერისა და ზეპირმეტყველების დროს.

ავტორისეული იდეებით, თემებით, ენობრივი საშუალებებით აღძრული რეაქციების გამოხატვისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა.

მოსწავლეებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ საკუთარი რეაქციის, გრძნობების, დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება. ამით ისინი ამყარებენ კავშირს ტექსტსა და სუბიექტურ გამოცდილებას შორის, რაც კითხვის პროცესში მათი აქტიური ჩართვის აუცილებელი პირობაა. არსებითია, მოსწავლეებს ამ რეაქციების დროს შეექმნათ ინტელექტუალურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო.
საქმიანობები უშუალოდ კითხვის პროცესში:
განსაზღვრა:

_ ტექსტის ტიპის.

_ ჟანრის.

_ თემის.

_ აუდიტორიის (ვისთვისაა ტექსტი შექმნილი, ვინ არის სავარაუდო მკითხველი?).

_ ტექსტის მიზნის (მაგალითად, ინფორმირება, გართობა, დარწმუნება და ა. შ. ).

_ აბზაცის, რომელშიც თავმოყრილია ტექსტის ძირითადი ინფორმაცია.

_ თითოეული აბზაცის ძირითადი იდეის და მისი განცალკევება დამატებითი ინფორმაციისაგან (მაგალითად, საყრდენი წინადადებები აბზაცის დასაწყისში ან ბოლოში).

_ ტექსტის ტონის (მაგალითად, ირონიული, სატირული . . . ).

_ მწერლის დამოკიდებულების.

_ ციტატების ტექსტიდან (ვინ თქვა? როდის თქვა? სად არის ამის შესაბამისი ადგილი ტექსტში. . . ).

_ ენობრივი საშუალებებისა და მხატვრული ხერხების (მაგალითად, დროის რომელი ფორმაა გამოყენებული, რომელ პირშია თხრობა, მხატვრული განსაზღვრებები, მეტაფორები და ა. შ.).

_ თანამიმდევრულობის (რა მოხდა ჯერ, შემდეგ და ა.შ.).

ურთიერთმიმართების დადგენა:

_ სათაურის ან თავების სათაურების შინაარსთან;

_ ნახატების, ფოტოების და სქემების ტექსტებთან;

_ ერთმანეთის შემავსებელი ტექსტების (მაგალითად, წერილები და მათზე პასუხები);
_ ტექსტის ნაწილებს შორის;

_ სათაურის ტექსტის რომელიმე ნაწილთან.
ლოგიკური თანამიმდევრობით დალაგება:

_ გათიშული აბზაცების ან წინადადებების.

შედარება:
_ ორი ტექსტის, რომლებშიც საპირისპირო ინფორმაციაა მოცემული (მაგალითად, ორი საგაზეთო სტატია, რომლებშიც ერთი და იგივე თემა სხვადასხვა პოზიციიდან არის განხილული).
_ ორი სხვადასხვა ტიპის ტექსტისა ერთ თემაზე (მაგალითად, საგაზეთო სტატიისა და მხატვრული ნაწარმოების).;
_ მოთხრობისა და მისი ილუსტრაციის.
_ ორი პერსონაჟის.

ინფორმაციის მონიშვნა და ორგანიზება:

_ ინფორმაციის შეტანა შესაბამისი სათაურებით სქემაში ან დიაგრამაში.
_ ძირითადი იდეის ჩამოყალიბება.
_ არგუმენტების დაჯგუფება პრინციპით: “მხარდამჭერი” _ “საწინააღმდეგო” (ე.წ.  სქემა).
_ სპეციფიკური და მნიშვნელოვანი მომენტების მონიშვნა.
_ პირობითი ნიშნების ან მარკერების გამოყენება სხვადასხვა ადგილის მოსანიშნად და დასაჯგუფებლად.
გამოტოვებულის შევსება:
_ დაუსრულებელი წინადადების ან აბზაცის დასრულება.
_ ტექსტში გამოტოვებული სიტყვების ან წინადადებების შეტანა.
_ სქემის ან “გონებრივი რუკის” დასრულება ტექსტიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე.
მესამე, კითხვის შემდგომ ეტაპზე სასურველია ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეს მიღებული ინფორმაციის ორგანიზებაში ეხმარება. ორგანიზებისას ის გაცილებით უკეთ იმახსოვრებს მასალას და ხელახლა გაიაზრებს, გადააფასებს მიღებულ ინფორმაციას, ცოდნას. ამ ეტაპზე ის იმასაც აფასებს, რამდენად ნაყოფიერი იყო მისთვის კითხვის მთელი პროცესი.

სწორად წარმართული საქმიანობებით მოსწავლეებს გონებაში უყალიბდებათ ანალიზის, სინთეზის და შეფასების სქემები, რომლებსაც ისინი წარმატებით გამოიყენებენ დამოუკიდებელი კითხვის დროს. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი თავისუფლად, შეუზღუდავად გამოთქვამენ მოსაზრებებს წაკითხული ტექსტის შესახებ, დაამყარებენ კავშირს ადრინდელ ცოდნას, პირად გამოცდილებასა და ახალ წაკითხულს შორის, გამოიყენებენ მიღებულ ინფორმაციას და იმ ლექსიკას, რომელზედაც იმუშავეს როგორც კითხვამდე, ისე კითხვის პროცესში. მათ ეძლევათ საშუალება, თვალი ადევნონ საკუთარი ცოდნის კონსტრუირებას: რა იცოდნენ, რა ისწავლეს და რის სწავლა სჭირდებათ კიდევ.

კითხვის შემდგომი ეტაპის მიზნებია:

ავტორისეულ იდეებზე, ჩანაფიქრზე, პრობლემებზე ფიქრისა და მსჯელობის წახალისება.
ავტორის მხატვრული ოსტატობის შეგრძნებისა და შეფასების უნარის ჩამოყალიბება.
ლიტერატურასა და ცხოვრებას შორის კავშირის დანახვის ხელშეწყობა.
შედარებითი ანალიზის სქემების შემუშავება, რაც მათ დაეხმარება სხვა ქვეყნების ლიტერატურის გაგებასა და შეფასებაში, სხვისი კულტურის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
მოსწავლეთა აქტიური ჩართვა ტექსტის ანალიზის, სინთეზის პროცესში (მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, უმყარდებათ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება).
ტექსტის ორგანიზაციის თავისებურებათა გააზრებისათვის ხელის შეწყობა.
გააზრების პროცესის განგრძობადობის უზრუნველყოფა (მოსწავლეებს უნდა დარჩეთ დაუკმაყოფილებლობის განცდა, სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ, გააგრძელონ მუშაობა ტექსტზე, კიდევ ერთხელ გადაიკითხონ);
კითხვისა და კითხვის შემდგომ პროცესში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) გამოყენება წერაში.
წინარე ცოდნის დაკავშირება და შედარება ახალ იდეებსა და ინფორმაციასთან (ეს მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, თვალი გაადევნონ საკუთარ პროგრესს, მიმართონ ძალისხმევა ხარვეზების გამოსწორებისაკენ, ეძებონ გზები და საშუალებები ახალი იდეებისა და ინფორმაციის მოსაპოვებლად, სრულყონ საკუთარი ლინგვისტური და თემასთან დაკავშირებული ცოდნა).
კითხვის შემდგომი საქმიანობებია:

საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა ტექსტის შესახებ და ტექსტში ასახული ამბის (თემის) დაკავშირება როგორც პირად, ისე ჯგუფის სხვა წევრთა გამოცდილებასთან.
ტექსტის საკუთარი ინტერპრეტაციის ახსნა და დასაბუთება.
ახალი ტექსტების შექმნა (მაგალითად, თხრობითი ტექსტის გადაკეთება დრამად, მწერალსა და პერსონაჟებთან წარმოსახვითი ინტერვიუსათვის შეკითხვებისა და პასუხების მომზადება, წაკითხულის ჟანრობრივად ან თემატურად მსგავსი ტექსტის შექმნა).
ტექსტის აღდგენა, მისი შინაარსის გადმოცემა საყრდენი სიტყვების მიხედვით.
ტექსტის გამოყენება გრამატიკასა და ლექსიკაში სავარჯიშოდ (მაგალითად, მოქმედების გადატანა სხვა გრამატიკულ დროში _ აწმყოდან წარსულში ან, პირიქით; ანტონიმებისა და სინონიმების მოძებნა და სხვა).
უფრო დეტალურად კითხვის თითოეული ეტაპის საქმიანობებს შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ.

მასწავლებლის მოსაზრება- დახანების დრო არ არის

0

მინდა, ყველა ჩვენგანისთვის მტკივნეულ საკითხზე, ქართული ენის სწავლებაზე, გესაუბროთ. განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა ამ საგანში, უპირველესად, გამოიხატა იმით, რომ ორი სახელმძღვანელო – ქართული ენისა და მშობლიური ლიტერატურისა – ერთში: „ქართულ ენასა და ლიტერატურაში” – გაერთიანდა. რა შედეგი მოგვცა ლიტერატურასთან ინტეგრირებულმა ენის სწავლებამ? დღეს, რეფორმის დაწყებიდან საკმაო ხნის შემდეგ, უკვე შეიძლება ამ კუთხით გარკვეულ შეფასებათა გაკეთება, სისტემის ღირსება-ნაკლოვანებების შესახებ მსჯელობა.

ფაქტია, ერთადერთ საგანს, რომელსაც, თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე, მშობლიურთან ასოცირების ამბიცია ჰქონდა, ეს ფუნქცია აღარ გააჩნია, თაობისთვის, რომელიც ისედაც სიყვარულს დეფიციტს განიცდის, ქართული (და არა მშობლიური!) ენა ჩვეულებრივ საგანთა რიგში აღმოჩნდა. შესაძლოა, ვინმემ საკითხის ასე დასმა არასერიოზულად მიიჩნიოს, მაგრამ ზღვა კოვზით დაილიაო, ნათქვამია… განწყობა კი, ისიც მოზარდისთვის, სულაც არ არის უმნიშვნელო ფაქტორი. არც ის მგონია საკამათო, რომ ეროვნული მენტალიტეტის ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში გადამწყვეტი როლი სწორედ მშობლიურმა ენამ უნდა შეასრულოს, როგორც ეროვნული თავისთავადობის განმსაზღვრელმა უპირველესმა მოვლენამ. ასე რომ, ის, ვინც ქართულის სწავლების „გათანამედროვეების” საბაბით მისი როლის დაკნინებას ვარაუდობდა, მართლაც იჭერდა ორ კურდღელს: ჯერ ერთი, აუფასურებდა მრავალსაუკუნოვან, თავისი არსით სრულიად უნიკალურ და წარმოუდგენელი ფასეულობის მქონე ეროვნულ ღირებულებას, მეორეც, მის მომავალ აქტიურ მომხმარებელს, დღევანდელ მოსწავლეს, აგუებდა იმ აზრს, რომ ის, რაც ხდება, სავსებით ბუნებრივი რამაა და არაფერი დაშავდება იმით, თუ მის მშობლიურ ენას განიხილავენ რომელიმე სხვა დისციპლინის ბადალად, საათებს ჩამოაკლებენ, შეკვეცენ. მოზარდის ცნობიერებაში რა კვალს დატოვებს ეს, რამდენად გააღარიბებს მის სულს (და არა მხოლოდ გონებას), ამაზე, მეეჭვება, ვინმეს ეფიქროს, გარდა იმისა, ვისაც სწორედ ამგვარი ქართველი უნდა სამომავლოდ „გლობალიზებული” სამყაროსთვის.
ახლა – რა ხდება საკუთრივ ამჟამად მოქმედ სახელმძღვანელოებში. ჩვენი სკოლა განსვენებული ბატონი ვახტანგ როდონაიას ჯგუფის სახელმძღვანელოთი მუშაობს. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია მოქმედ სახელმძღვანელოთა შორის და წიგნის მიმართ არც გვაქვს რაიმე პრეტენზია – აქ არსებითია სახელმწიფოებრივი მიდგომა, ამ საკითხისადმი გენერალური პოზიცია, რომლის კორექტირების უფლება არავის, არც ერთ ავტორს, არ აქვს. ამ მხრივ კი ასეთ სურათს ვაწყდებით: ენობრივი მასალა სახელმძღვანელოში, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია, მაგრამ, საკითხავია, რა დოზით, რა მეთოდით არის იგი მოწოდებული. ნებისმიერი კლასის სახელმძღვანელოში მასალა (მეხუთე და მეექვსე კლასები გადიან ნათელა მაღლაკელიძის, საბაზო საფეხური კი ვახტანგ როდონაიას ჯგუფის სახელმძღვანელოთი) შეტანილია სპონტანურად. ყოველ პარაგრაფს მოსდევს ე.წ. ენობრივი თემები რუბრიკებით: „გრამატიკა”, „სინტაქსი”, „მართლწერა”, „პუნქტუაცია”. რუბრიკების თანმიმდევრობა, ჩემი აზრით, მოკლებულია რაიმე ლოგიკას, გარდა ერთისა – იგი შერჩეულია მოცემული ლიტერატურული მასალის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უფრო ხშირად კი ლიტერატურული მასალის ენობრივ დახასიათებას წარმოადგენს. ყველა მწერლის ენა რომ საგანგებო შესწავლის საგანი უნდა იყოს, ამაზე არც არავინ დავობს, მაგრამ ნუთუ ამით უნდა ამოიწურებოდეს მშობლიური ენის შესწავლა? ხომ ცხადია, რომ ამგვარი დამოკიდებულებით ჩვენ ვიღებთ სრულიად ქაოსურ სურათს ერთიანი, მწყობრი სისტემის ნაცვლად? მაგ., თუ გადავშლით მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოს, ვთქვათ, 107-ე გვერდზე, ვნახავთ, რომ აქ განხილულია არსებითი სახელის ნაცვალსახელთან და არსებითის ზედსართავთან ერთად ბრუნების წესები. მომდევნო მასალა კი გახლავთ სათაურის მართლწერა. ამგვარად არის აგებული ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელო. თუ რეფორმამდელ სახელმძღვანელოს გავიხსენებთ, აკ. შანიძისა და ლ. კვაჭაძის „ქართულ ენას” განსაზღვრული, ჩამოყალიბებული კურსი ჰქონდა: იგი მარტივიდან რთულისაკენ სვლას გულისხმობდა, ფონეტიკის მარტივი კურსის შემდეგ მორფოლოგიის შესწავლას მოსდევდა ენის სინტაქსი. ამჟამად, როგორც მოგახსენეთ, მოქმედ სახელმძღვანელოში ქაოსურად არის მოცემული გრამატიკის სხვადასხვა ნაწილის სხვადასხვა საკითხი. რამდენად გამართლებულია ამგვარად ენის სწავლება, ამის თაობაზე დასკვნის გამოტანა მიჭირს, თუმცა ერთი რამ ნათელია: მოსწავლეს ენისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, ამასთანავე, მას არ ეძლევა საშუალება, ენა აღიქვას როგორც ერთიანი ცოცხალი ორგანიზმი, რომლის შიგნითაც საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, დაინახოს ენის განვითარების მაგისტრალური ხაზი.

მდგომარეობის ხსნის მისია ეკისრება „მოსწავლის რვეულს”, რომლის შექმნაც მართლაც გადაუჭარბებლად შეიძლება შეფასდეს ენის გადარჩენის ვაჟკაცურ და გაბედულ ცდად, ოღონდ რამდენად ინტენსიურად ვიყენებთ მას პრაქტიკულად, აი, ეს არის საკითხავი… იმ პირობებში, როცა ქართულის სწავლება ყველა კლასში ხუთსაათიან კვირეულ დატვირთვაზეა დაყვანილი, მასწავლებლის წიგნში კი არანაირი მინიშნება არ არის ენობრივი მასალის მიწოდების მეთოდიკაზე, ეს პრობლემა ღვთის განგებას, ანუ მასწავლებლის კეთილსინდისიერებას, არის მინდობილი. რა შედეგს უნდა ველოდოთ ასეთ სიტუაციაში?..

„რვეულებიც” იწვევს უკმაყოფილების გრძნობას. თუ ბატონი ავთანდილ არაბულის „რვეულები” თემატური პრინციპითაა დალაგებული, მეშვიდე კლასი მთლიანად მოიცავს ზმნას და მის კატეგორიებს, მერვე – სინტაქსს, მარტივი წინადადებით დაწყებული, რთულით გათავებული, მეცხრეს კი სისტემაში მოჰყავს მთელი ცოდნა, – მეექვსე კლასში ეს მიდგომა დარღვეულია (სხვა ავტორი შემოდის), იგივე ლიტერატურული მასალა, რომელიც შეისწავლება ლიტერატურის გაკვეთილზე, ხელახლა მუშავდება რვეულში. სახელები, მათი წარმოება, მორფოლოგია აქაც ისევე სპონტანურად, ნაგლეჯ-ნაგლეჯ არის გაბნეული, როგორც სახელმძღვანელოში. ასე რომ, ალბათ, ამ ხარვეზის გასწორება სასურველი იქნება. საბოლოოდ, ჩემი აზრით, ამგვარი სურათი იშლება ჩვენ წინ: არასისტემურად, ფრაგმენტულად მიწოდებული ენობრივი მასალა სტაბილურ ცოდნას არ იძლევა. ლიტერატურულ მასალაზე „მიბმული” ესა თუ ის გრამატიკული საკითხი, შერჩეული ნებისმიერად და არა ლოგიკური თანმიმდევრობით, მოსწავლეს არ აძლევს საშუალებას, რაიმე ენობრივ პროცესს გაადევნოს თვალი. ცხადია, ენის ერთიანი ორგანიზმის დანახვა-შეთვისებაც რთულდება, მით უფრო ძნელდება მისი შეყვარება. უსიყვარულობის შედეგს კი ახალგაზრდობის განათლებულობის დღევანდელი დონეც გვიჩვენებს.

მიმაჩნია, რომ საკითხით სასწრაფოდ უნდა დაინტერესდეს განათლების სამინისტრო, რომ დროზე გასწორდეს ის, რაც უხეშად გამრუდებულა. კეთილი ნების გამომხატველი პირველი, უმარტივესი ნაბიჯი კი იქნება ენისთვის დამატებითი საათების გამოყოფა და ამ გზით ქართული ენის როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის სტატუსის აღდგენა. როცა უკვე არსებობს ყოველმხრივ დამაკმაყოფილებელი დონის, სწავლების თანამედროვე მოთხოვნილებების გათვალისწინებით შექმნილი კრებულები ყოველი კლასისათვის (მერე რა, თუ მათ ყდაზე „რვეულები” აწერია!), რა გვიშლის ხელს, დროულად დავუბრუნოთ ქართველი ბავშვი მშობლიური ენის წიაღს, მასში დამარხულ საიდუმლოებებთან ზიარების სიხარულს?
ირინა ტაბატაძე
180-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მამაცი გოგო “ჭყიტა”

0
სულ ხელიდან რომ წავიდა მაისი და თავი მარტი ჰგონია, ამას ყოველდღე ვწუწუნებთ: ვიჭმუხნით წარბებს, ვიყურებით გარეთ და თავს უკმაყოფილოდ ვიქნევთ. გარეთ კი, გამვლელები თავების ნაცვლად ქოლგებს ისე საშიშად იქნევენ,  ლამის სხეულის რომელიმე ნაწილით ზედ წამოგვაგონ და ჩვენ, უქოლგოები, მივდივართ და წვიმასთან ერთად ქოლგების ჯარს მივარღვევთ. ერთ– ერთი მსგავსი გარღვევისას, რომელიღაც წინა თავსხმაში მოყოლილი დინჯად მოვუყვებოდი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას. პირველი კორპუსი ვისთვის “ცოდნის ტაძარია”, ვისთვის– საინტერესო არქიტექტურის მქონე შენობა, ვისთვის– სრულიად არასაკრალური ნაგებობა, სადაც ფიქრად არასდროს მოსვლია ცოდნის კელაპტრების აგიზგიზება, ვისთვის კი შენობაა, რომელიც სამი წელი რემონტდებოდა. 
თანაც, მე ჩემი მეექვსე კორპუსის მორყეული მოაჯირები პირველი კორპუსის დიდებულ მარმარილოებს ყოველთვის მერჩივნა და დიდად არ განვიცდიდი “დედა შენობაში” ვერჩატარებულ ლექციებს. სამაგიეროდ,  ძალიან მაფიქრებდა იქვე, მიწისქვეშა გადასასვლელის კიდეებზე ფენა– ფენად დალაგებული წიგნების ბედი. მათი წიგნური ბედი მუდამ ამინდზე იყო დამოკიდებული: ხან ქარი ფურცლებს აუფრიალებდათ, ხან წვიმა პურივით დაალბობდათ, ხან სეტყვა ყდებს, როგორც თავებს, გაუჩეჩქვავდათ.
ერთი სიტყვით, მკვდარი წიგნების ნახვის მოლოდინით მოვდიოდი. მაგრამ  ბუკინისტებს მოუფიქრებიათ, პოლიეთილენის პარკები გადაუფარებიათ და საბანივით საგულდაგულოდ შეუმოუკეცავთ. ჰოდა, მკვდარი წიგნების ნაცვლად მძინარე წიგნები დამხვდნენ. საბჭოთა ენციკლოპედიებით დაწყებული, კამიუთი გაგრძელებული და ფამუქით დამთავრებული ყველას შუადღის ძილით ეძინა. ფამუქის არსებობა გამიკვირდა: უმტვერო, ახალი და თეთრფურცლებიანი წიგნები მიწისქვეშა გადასასვლელებში ან მათ კიდეებზე ჩემი სტუდენტობისას, როგორც წესი, არ ხვდებოდა. 
ვათვალიერებ წიგნებს და მგონია, რომელიმე გადაბრუნდებიან, გვერდს მოიცვლიან ან ხვრინვას ამოუშვებენ. თან მეცინება. ვდგავარ უქოლგოდ თავსხმა წვიმაში და ვიცინი. ეს კი სიცილისთვის სრულიად შეუფერებელი დროა. ძირითადად, მშრალსა და კომფორტულ გარემოში ეცინებათ ხოლმე.
მსუქანი, ექვსასგვერდიანი ფამუქის გვერდით გაჩხიკული ჰარპერ ლი რომ აღმოაჩინო, ან მახვილი თვალი უნდა გქონდეს, ან იყო მე, რომლისთვისაც ჰარპერ ლი არა მხოლოდ უცნაური ლიტერატურული წარსულის მქონე, რასობრივი დისკრიმინაციის თემით დაინტერესებული, პულიცერის პრემიის მფლობელი მწერალია, არამედ– პატარა ჯინ ლუიზა ფინჩის და დიდი ატიკუს ფინჩის შემქმნელი. წიგნების წერა ისეთი მარტივი საქმე არ არის, როგორც ბლენდერით ბოსტნეულის დამუშავება და არც გარკვეული ხერხი არსებობს, რომელიც გამოუცდელ მწერალს ისე გამოადგება, როგორც სანტექნიკოსს– სუპერქანჩი. პირველი და თითქმის ერთადერთი ტექსტი ძალიან იშვიათად გამოდის კარგი და მით უმეტეს, იშვიათად ხდება პოპულარული.

იურისტი ლი კი იმაზე იღბლიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჯეკპოტის რომელიმე მფლობელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი მილიონი ერთხელაც აუცილებლად დაიხარჯება და “ნუ მოკლავ ჯაფარას” კიდევ ხშირად აღმოაჩენენ მელიქიშვილის კუთხეში.
იმას ვამბობდი, ვხედავ ამ მჭლე, მწვანე წიგნს თეთრი ზოლებით. მერე ვაღვიძებ, ლარნახევრად ვყიდულობ და სახლში მოტანილს გადაშლამდე ისე ვუღიმი, როგორც ძველ, დაკარგულ მეგობარს, რომლის სუნი და ტემპერატურაც ისევ შესანიშნავად მახსოვს და რომელიც წლების შემდეგაც ისევ ჩემი მეგობარივით გამოიყურება, ოღონდაც, ჩუმად, ჩემთვის მგონია, რომ მე შევიცვალე და საერთო აწმყოს არსებობა ცოტათი მაბნევს.
ახალნაყიდი წიგნი ტყუპისცალივით ჰგავს ჩემი ბავშვობის წიგნს, რომელიც თავისი სიგამხდრის გამო დაიკარგა: რამდენი თხელტანიანი წიგნიც ვათხოვე ნაცნობებს, იმდენი აღარ დამიბრუნეს. მეც ვიფიქრე, რომ ზოგისთვის წიგნის წონა განსაზღვრავს მის ლიტერატურულ ღირებულებას და ჰიპოთეტურად, ასოცდათხუთმეტგვერდიანი რომანი  მფლობელისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება. თითქოს წიგნი ხორცის ნაჭერი იყოს, თითქოს სასწორზე დაუდევრად აგდებდე, თითქოს ქონის სისქეს უმოწმებდე, თითქოს ხურდაში კევს გიბრუნებდნენ…

ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ვამბობ ხოლმე, რომ წიგნს აქვს საკუთარი დრო და რაც უფრო ადრე წაიკითხავ, მით უფრო ადრე გახდები უკეთესი, მით უფრო დიდხანს გემახსოვრება, რომ უკეთესი ხარ, ვიდრე წინათ იყავი და მით უფრო ადრე გეცოდინება, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად სქესისა, რწმენისა თუ კანის ფერისა. რაც მთავარია, კისრისტეხით არასდროს მიირბენ სახლში ხელების სასწრაფოდ და საგულდაგულოდ დასაბანად იმ მიზეზით, რომ ცოტა ხნის წინ ხელი “ზანგმა” ჩამოგართვა. ასეც ხდება ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში, აქვე, ჩემს მეზობლად, ზუსტად ორი სართულის ქვევით მაშინ, როცა მეოცე საუკუნის დასაწყისის ამერიკაში, შავკანიანების მასობრივი, ამაზრზენი ჩაგვრის  პირობებში მეიკომელი ატიკუს ფინჩი “თეთრი” ქალის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილ “ზანგს”, ტომ რობინსონს, იცავს. პატარა “ჭყიტა”, ატიკუსის უმცროსი შვილი კი მთხრობელია და ყველაზე საზრიანი გოგო დედამიწის ზურგზე. 
ამერიკულ სასკოლო პროგრამაში შეტანილ ამ წიგნში ძალიან ხშირად არის ნახსენები მათი ფაქიზი ყურებისთვის მჭახე და მართლაც არასასიამოვნო,  საფრთხილო სიტყვა “ზანგი”. აქ “ზანგები” ყველაფრის ჩამდენები არიან, აქ “ზანგებს” დედამიწის საუკუნო ცოდვები აწევთ კისერზე, აქ არ არსებობენ კარგი “ზანგები”, აქ “ზანგები” ადამიანები კი არა, უსიცოცხლო ხორცები არიან, რომელთა ერთადერთი ფუნქცია “თეთრებისთვის” შრომაა, აქ “ზანგებს” სიკვდილს ისე მარტივად უსჯიან, თითქოს საქმე სიცოცხლეს კი არა, შაურმაში წიწაკის არსებობა– არარსებობას  შეეხებოდეს. აქ “ზანგებს” ფიქტიურად იცავენ და კონსტიტუციაც ადამიანის ფერის მიხედვით იცვლის შინაარსს. აქ კანონები ფიქციაა.
ამ ფონზე შავკანიანის უდანაშაულობის დამტკიცების ყოველგვარი მცდელობა თვითმკვლელობის ტოლფასია. ეს არის “შავ– თეთრი” წიგნი მეიკომელების შესახებ, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლე ისე უბრალოდ მოიპარეს, როგორც მანქანა იპარავს ბენზინს. ეს არის წიგნი რეგრესისა და პროგრესის შესახებ და იმის შესახებ, რა მახე უნდა დაუგო ბუა რედლის, რომ, ბოლოსდაბოლოს, თვალი შეავლო. ეს არის წიგნი ადამიანების სიყალბის შესახებ და ბავშვის შესახებ, რომელიც ფართოდ გახელილი თვალებით აკვირდება გაუგებარ  სამყაროს, სავსეს სრულიად გაურკვეველი ადამიანებით: ისინი, ფარისევლობით გართულები, ქუჩაში საკუთარ თავებსაც რომ შეხვდნენ, უცნობი გამვლელები ეგონებათ. რაც მთავარია, პატარა “ჭყიტა” ძალიან ჰგავს ჰერმიონ გრეინჯერს გამჭრიახობით, მოხერხებულობით და მბრძანებლური თვისებებით. ის ჰერმიონივით მეტისმეტად მამაცი და კარგი გოგოა. 
“საბჭოთა აჭარას”  მიერ 1986 წელს მიერ გამოცემული, წინა მკითხველის მიერ გადაფხეკილი “მონო” ბარათით ჩანიშნული წიგნი რომ გიდევს წინ და თან გეღიმება, რადგან ამდენი წლის შემდეგაც ისევ მეორე ნაწილი ჩაგივარდა ხელში, უკვე დროა, პირველი ნაწილის მოძიებაზეც იფიქრო. ახლავე თუ არა, მომდევნო წვიმისას მაინც. 

ჩვენ და ჩვენი წიგნიერება

0

2011 წლისთვის ქართველმა მოსწავლეებმა 2006-თან შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენეს, მაგრამ თუ ასეთი ტემპით განვაგრძეთ წინსვლა, სულ ცოტა, 16 წელი დაგვჭირდება, რომ ჩვენი მოსწავლეები წიგნიერების საშუალო დონეს მიუახლოვდნენ.

გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებს, უპირველესად, როგორც მშობელი ვუსმენდი და ვაანალიზებდი. ჩემს შვილს რომ მიეღო მონაწილეობა ამ კვლევაში, მოსწრების რომელ ჯგუფში მოხვდებოდა? შეძლებდა თუ არა ის ტექსტიდან იმპლიციტურად და ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის ამოცნობას? საერთოდ, როგორია მისი წიგნიერების დონე? ბავშვები დღეს კითხულობენ, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც ჩვენ მათ ასაკში.

მერე იმავეზე ვფიქრობდი მასწავლებლის პოზიციიდან: რამდენი მოსწავლე აჩვენებდა წიგნიერების ელემენტარულ უნარებს? რამდენი დარჩებოდა მინიმალური ნიშნულის მიღმა?

მოდი, უპირველესად, განვმარტოთ, რა არის წიგნიერება. „წიგნიერება განისაზღვრება როგორც საზოგადოების მიერ ღირებულად მიჩნეული და/ან ინდივიდისათვის ფასეული წერილობითი ენობრივი ფორმების გაგებისა და გამოყენების შესაძლებლობა. პატარა მკითხველებს უნდა შეეძლოთ მრავალფეროვანი ტექსტების შინაარსის გაგება…” – ვკითხულობთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევის ანგარიშში.

ამ განმარტების გაცნობა და გაცნობიერება მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, რადგან, ჩემი გამოცდილებით, მათ უმრავლესობას მიაჩნია, რომ წიგნიერება ნიშნავს, ბავშვს რაც შეიძლება მეტი მხატვრული წიგნი ჰქონდეს წაკითხული, იცნობდეს ქართველ და უცხოელ ცნობილ მწერლებსა და პოეტებს და შეეძლოს კონტექსტის შესაფერისად მათი ციტირება. სინამდვილეში წიგნიერება გულისხმობს ტექსტთან ურთიერთობის ხელოვნებას, კითხვის მეთოდების ცოდნას, ინფორმაციის მიღებასა და მის მენეჯმენტს და იგი სტატიკურ ცოდნაზე არ არის ორიენტირებული.

წიგნიერება იმიტომაც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მოსწავლეთა წარმატებისთვის, რომ მისი დაბალი დონე უშუალოდ აისახება მათემატიკაში მიღწეულ შედეგებზე. თუ მოსწავლეს არ შეუძლია არამხატვრული ტექსტების გაგება და ინფორმაციის დამუშავება, – მაგალითად, მათემატიკური ამოცანის პირობისა, – ის ვერც ამოცანას ამოხსნის. მეორე მხრივ, თუ მოსწავლეს არ აქვს განვითარებული ლოგიკური აზროვნება, მხატვრულ ტექსტებთან მუშაობისას მას გაუჭირდება ინფორმაციის დაჯგუფება და ტექსტში ლოგიკური კავშირების დადგენა, მაგალითად, კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა.

წიგნიერება და მათემატიკური უნარები ურთიერთდაკავშირებული და ერთმანეთზე გადაჯაჭვული კომპონენტებია, რომელთა განვითარებაც მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული.

დავიწყოთ მასწავლებელთა კომპეტენციით. მოსწავლეთა წიგნიერების დონის ასამაღლებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის მიმართულ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ მოსწავლეთა წერისა და კითხვის უნარების განვითარება უნდა იყოს. პროფესიული განვითარების ღონისძიებები მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი, თუ ისინი არ იქნება გათვალისწინებული მომავალ მასწავლებელთა განათლების პროგრამებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს ამზადებენ, მოსწავლეთა წერისა და კითხვის უნარების განვითარება საუნივერსიტეტო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

წიგნიერების განვითარება მას შემდეგ გახდება სარეკომენდაციო, რაც ის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში აისახება. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მულტიფუნქციურია და ერთ-ერთი ფუნქციაა სტანდარტის მიხედვით მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამების ორიენტირება სტანდარტზე. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში არსებული პუნქტი, რომ მასწავლებელმა იცის წერისა და კითხვის განვითარების სტრატეგიები და ეფექტიანად იყენებს მათ სასწავლო პროცესში, ნიშნავს, რომ მომავალ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, შესაბამისი თეორიული ცოდნა. მომავალი მასწავლებლების მოსამზადებელ სასწავლო პროგრამებში წერისა და კითხვის სწავლების მეთოდების ცოდნა მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის არ იქნება სავალდებულო. საუნივერსიტეტო განათლების შემდეგ, მაძიებლობის პერიოდში, მომავალი მასწავლებელი პრაქტიკულად ისწავლის ამ თეორიული ცოდნის სასწავლო პროცესში გამოყენებას. ამგვარი მიდგომით, უნდა ვივარაუდოთ, სკოლაში მუშაობის დაწყებისას ახალბედა მასწავლებელს უკვე ექნება საწყისი და აუცილებელი ცოდნა და უნარები, რათა მოსწავლეებში წიგნიერების დონის განვითარებას ხელი შეუწყოს. სწავლების პროცესი და ხარისხი უშუალოდ უკავშირშდება სწავლის ხარისხს, ანუ როგორ ასწავლის მასწავლებელი, კავშირშია იმასთან, როგორ სწავლობს მოსწავლე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდება ამ მიმართულებით, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა კომპეტენციების, შესაბამისად, სწავლების დონის და, საბოლოოდ, სწავლის დონის ამაღლებას.

მაგრამ მხოლოდ მასწავლებელთა კომპეტენციაზე ზრუნვა, საუნივერსიტეტო განათლებაში დამატებითი კომპონენტების შეტანა და პროფესიული განვითარება არ არის საკმარისი, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა წიგნიერების ისეთივე მაღალი დონე აჩვენონ, როგორიც მათმა ფინელმა ან გერმანელმა თანატოლებმა.

როგორც კვლევამ აჩვენა, მოსწავლის წიგნიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური ფაქტორი. ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის კავშირი მოსწავლის მოსწრებასთან ერთგვარი ჩაკეტილი წრეა. თუ მშობლები მუშაობენ და სოციალურად და ეკონომიკურად გამართულები არიან, მათი შვილებიც მაღალ შედეგებს აჩვენებენ, ხოლო თუ მშობლებს ფინანსურად უჭირთ, წიგნიერების თვალსაზრისით უჭირთ მათ შვილებსაც. ეს ტენდენცია შიშის მომგვრელია იმ თვალსაზრისითაც, რომ წარმოშობს რისკს, მომავალში ისევ შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ წიგნიერები, ხელმოკლე ოჯახებისა კი – პირიქით. აქ განათლების სამინისტროს ძალისხმევა არ არის საკმარისი. თუ სახელმწიფომ პრიორიტეტად არ მიიჩნია განათლებისა და საგანამათლებლო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის, ეკონომიკურად დაჩაგრულები ისევ ყურადღების მიღმა დარჩებიან.

თუ სახელმწიფომ ეს საკითხი პრიორიტეტად დასახა და სათანადო ღონისძიებები გაატარა, ადვილი შესაძლებელია, წიგნიერების პრობლემა მოგვარდეს და მომავალი კვლევის შედეგები დღევანდელზე გაცილებით უკეთესი იყოს, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ის როდია, მომავალ საერთაშორისო კვლევაში რამდენიმე ხაზით წავიწიოთ წინ, საშუალო მაჩვენებლისაკენ – წიგნიერების განვითარებაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებიან ჩვენი შვილები, რას მიაღწევენ ისინი ხვალ, ან თუნდაც ის, როგორი იქნება ჩვენი სიბერე რამდენიმე წელიწადში.

ბევრი რამ არის გასაკეთებელი მშობელთა ინფორმირებისთვის. რა მოვუხერხოთ მათ, ვისთვისაც შვილების სწავლა არ არის მთავარი პრიორიტეტი? მშობლების უმეტესობა ძალიან კონსერვატიულია. მათ თავისებური წარმოდგენა აქვთ როგორც სკოლის, ასევე წიგნიერების შესახებ. რეალურად რა არის წიგნიერება დღეს და რა უნარებს უნდა ფლობდეს მათი შვილი წარმატებისთვის, მრავალმა მათგანმა, უბრალოდ, არ იცის. მშობელი, რომელიც არ კითხულობს, შვილს კითხვის მაგალითს ვერ მისცემს. ტრადიციული წიგნი იქნება ეს თუ ელექტრონული, მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ბევრი მშობლისთვის ელექტრონული წიგნი წიგნი არ არის.

სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა და მათი ამოქმედება წიგნიერების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. კომპეტენტური სკოლის ბიბლიოთეკარების მომზადება და ღონისძიებათა ხელშეწყობა სასურველ შედეგს უფრო მეტად მიგვაახლოებს. სკოლის დირექტორების მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებში წიგნიერების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხას აუცილებლად უნდა დაემატოს წიგნიერების ხელშემწყობი გარემოს მოწყობაზე ზრუნვა. სკოლის დირექტორის კომპეტენციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ხატოვნად რომ ვთქვათ, დირექტორი ქმნის სკოლაში ამინდს. მასვე შეუძლია სკოლაში წიგნიერების განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოსა და განწყობის შექმნა, „წიგნის მეგობართა კლუბი” იქნება ეს, „სამკითხველო კუთხეები” თუ სხვა უფრო ინოვაციური და გონივრული ღონისძიებები, დირექტორის სურვილზე, მონდომებასა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა წიგნიერების თვალსაზრისით სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორისაც დიდი განსხვავებაა. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, რათა ახალ სახელმწიფო პროგრამაზე ვიფიქროთ. მაგალითად, სოფლის სკოლის განვითარებისა და ქალაქისა და სოფლის სკოლების თანამშრომლობის პროგრამაზე. თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე მოსწავლეთა წიგნიერებაზე ორიენტირებულ აქტივობათა ჩატარებაც. თავდაპირველად ამგვარი თანამშრომლობა უნდა წაახალისოს, ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ, მასში უნდა ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობები და, რაც მთავარია, მშობლები.

იქნებ, ვაჟა რომ გვესწავლა…

0

ბოლო ხანს მომხდარ ამბებს რომ ვადევნებ თვალს, ყველაზე ხშირად ვაჟა-ფშაველა მახსენდება. მისი მოთხრობები, ესეები, ლექსები. გონებაში გამუდმებით ერთი ფიქრი მიტრიალებს: იქნებ ვაჟა რომ სხვაგვარად გვესწავლა, იქნებ ვაჟა რომ სხვაგვარად გაგვეაზრებინა, იქნებ ვაჟა რომ წაგვეკითხა. იქნებ… იქნებ… იქნებ… და ეს “იქნებ” არ მთავრდება. ისიც გავიგე, ზოგიერთს მისი წერილის – “მღვდლების ვინაობის” – ფრაგმენტის აღება მოუთხოვია პორტალ lib.ge-დან. რატომ? იმიტომ, რომ მას შემდეგ მაინცდამაინც არაფერი შეცვლილა ჩვენს ცნობიერებაში სასიკეთოდ – არც მღვდლების ვინაობა და არც ერის მორჩილება. ხოლო გენიალობა მწერლისა, რომლის პუბლიკაციები საუკუნის შემდეგაც ასეთი აქტუალურია, სათანადოდ ვერ გაგვიაზრებია. მის ორ-სამ ნაწარმოებს ჩავჭიდებივართ და გვგონია, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას ვიცნობთ. თუ უცხოა დღემდე ჩვენთვის მწერლის ფასეულობები, თუ უცხოა ჩვენთვის მარტივი ჭეშმარიტებები, მწერალი თავისი შემოქმედებით რომ გადმოგვცემს, რატომღა გვეამაყება იგი? იქნებ ჩვენც იმ იმ თეატრის რეჟისორმს ვგავართ, შემოქმედებითი კრიზისის გამო “ვეფხისტყაოსნის” სცენაზე დადგმა რომ ვერ შეძლო, მაგრამ ეყო თავხედობა იმის სათქმელად, რომ რუსთაველის პოემა “იდიოტიზმია”; იქნებ გამოვიჩინოთ ფხა და ვაღიაროთ საკუთარი სისუსტეები… ამით არც ვაჟას დააკლდება რამე და არც რუსთაველს.

“მღვდლებო-პოლიტიკოსებო!სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ. მე პირადად მწყინს, როცა ჰმღვდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ეს ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები, როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვათ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, გაურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამამთავარმა იესო ნაზარეველმა, არც არაფერი იმით დაშავდება…
თქვენი გავლენა ხალხზე, გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება. არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა, ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილს მამულიშვილებს და მოქალაქეებს…”
ამ სიტყვების კითხვისას მხოლოდ ერთი აზრი მომდის თავში: მთელ საუკუნეს თითქოს ისე ჩაევლოს საქართველოში, ჩვენ, ყველას, საღათას ძილით გვძინებოდეს და გუშინდელ ამბებს აფასებდეს მწერალი; თითქოს ისევ იმ ქართველებად დავრჩენილიყოთ, წერა-კითხვაც რომ იშვიათად სცოდნია ვინმეს.
მაშ, თუ წერა-კითხვაც ვიცით, რატომღა გვიჭირს ნაწერიდან აზრის გამოტანა? დავუშვათ, რომ ვაჟა-ფშაველას ესე “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” ბევრს არ წაუკითხავს, ობიექტური მიზეზებიც შეიძლება მოვუძებნოთ ამ ფაქტს, მიუხედავად ესეში განხილული თემის დღემდე აქტუალობისა. მოთხრობა “ამოდის, ნათდება” ხომ მაინც ყველამ ვიცით – სკოლაში ისწავლება, თანაც უმცროს კლასებში. ცოტა თუ მეგულება ნაწარმოები, ბავშვისთვისაც კი გასაგები ენით დაწერილი, სადაც ასე ნათლად იყოს აღწერილი ბრბოს ფსიქოლოგია. როდესაც ასეთ საგანძურს ფლობ, შეიძლება კი, კათარზისი არ განიცადო? თან – თუ სკოლაშიც გასწავლიან, გესაუბრებიან და გიხსნიან, რატომ და რა მიზეზით არ უნდა იქცე ბრბოს ნაწილად. ჩვენ კი აგერ უკვე ათწლეულებია ჩვენი ქვეცნობიერი კომპლექსების დასათრგუნავად დავრბივართ “ჯოს! ჯოს!” შეძახილებით და ვირტუალურ მტერს დავეძებთ, რომელსაც, ქარის წისქვილებივით, ხან იეჰოვას მოწმეებში ვხედავთ, ხან აი დი ბარათებზე დატანილ მხეცის ნიშანში, ხანაც ლგბტ აქტივისტებს დავეძებთ ცარიელ ავტობუსებში.

არა, წუთითაც არ მიგულისხმია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ცუდია. პირიქით, თუკი გააზრებულად ვიცით, რა გვსურს და საკუთარ ინდივიდუალობას არ ვკარგავთ, გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას და არ გავდივართ კანონის ჩარჩოებიდან, რაც არ უნდა განსხვავებული და რადიკალური პოზიცია გვეკავოს, ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრის გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ როდესაც გავდივართ კანონის ჩარჩოებიდან და ვიქცევით ბრბოდ, რომელსაც ადამიანთა მცირე ჯგუფების ჩაქოლვა განუზრახავს, სულ უნდა გვახსოვდეს: ამ ბიჭივით, რომელსაც გავეშებული ბრბო უპირებს ჩაქოლვას, ნებისმიერ დროს თავადვე შეიძლება აღმოვჩნდეთ მხილებულნი, ისევე როგორც ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში – მოხუცი მგელი ტოტია.

სოკრატეს როლი, თანამედროვე პედაგოგიური აზროვნების ჩამოყალიბებაში

0

პელეპონესის ომმა, რომელიც დაახლოებით ოცდაათ წელიწადს გაგრძელდა (431-404 წ.წ.), შეარყია ათენის ძლიერება, ხოლო ათენის დამარცხებამ, რაც თავისთავად დემოკრატიის დამარცხება იყო, ისეთი ვაკუუმი შექმნა ბერძნულ სივრცეში, რომელსაც ვერაფერი შეავსებდა. ეს არ ყოფილა მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური კრახი, ეს იყო ათენის სრული დაცემა. იმ ავბედით დროს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ათენის ჭეშმარიტი ძალა მისი სულიერი კულტურა იყო. ამის შეგნებამ კვლავ ქვეყნის სამსახურში ჩააყენა მოქალაქეები, რომელთაც მისთვის ზურგი შეექციათ. ისინი ხსნას, გამოსავალს ქვეყნის სულიერ აღორძინებაში ხედავდნენ. წაგებულმა ომმა განვითარების ახალი ბიძგი და ახალი გზა მისცა აზროვნებას. ეს სიახლე ლიტერატურაშიც აისახა. პოეზიამ დაკარგა სულიერი ცხოვრების წინამძღოლობა, ტრაგედიის ძლიერი სუნთქვა თითქოს მინელდა, წინა პლანზე პროზამ წამოიწია, გავრცელდა სხვადასხვა ფილოსოფიური მოძღვრება და სკოლა. ქსენოფონტეს, ისოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს და სხვა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან მწერალთა ქმნილებები მიზანდასახული და, ამდენად, პროგრამული ხასიათისა იყო. მათ ძირითად ამოცანას ადამიანის ფორმირება, მოქალაქის აღზრდა წარმოადგენდა, მოქალაქისა, რომელიც სახელმწიფოს პატრონი და საყრდენი იქნებოდა. ეს იყო სწორედ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილება, ახალი ისტორიული ეპოქის დასაწყისი. ლიტერატურის ახალმა ჟანრმა გამოხატვის ახალი ფორმა მოიტანა – ფილოსოფიური დიალოგი, საუბარი ან კამათი ბრძენსა და მის თანამოაზრეს, მიმდევარს ან მოწინააღმდეგეს შორის. ამ ფორმის დაბადებას სოკრატეს მიაწერენ.

სოკრატე, ანტიკურ მოქალაქეთა საშუალო წრის წარმომადგენელი და მათი ინტერესების გამომხატველი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა დასავლეთის პედაგოგიკის ისტორიაში. წერილობითი მემკვიდრეობა სოკრატეს არ დაუტოვებია. ის „სოკრატული” ლიტერატურა, რომელიც არსებობს, მისი სიკვდილის შემდეგ გაჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის პლატონის ფილოსოფიური ქმნილებები და ქსენოფონტეს მოგონებანი. ქსენოფონტე თავის “მოგონებებში სოკრატეზე” მოგვითხრობს დიდი ათენელის ცხოვრებაზე, მის აღმზრდელობით მოღვაწეობაზე და საილუსტრაციოდ მოჰყავს სოკრატეს საუბრები. პლატონს, რომელიც სამუდამოდ სოკრატეს თაყვანისმცემელი და ერთგული დარჩა, თავისი დიალოგის მთავარ მოქმედ პირად სოკრატე გამოჰყავს და საკუთარ შეხედულებებსაც ხშირად მას მიაწერს. სოკრატეს სიკვდილის შემდეგ შეიქმნა მისი ცხოვრების ისტორიაც. ძნელი სათქმელია, რა არის აქედან რეალობა და რა – მითი, ლეგენდა, რომელია სოკრატეს ნააზრევი და რომელი – მისი მიმდევრებისა, მაგრამ ერთი რამ ცხადია – სოკრატემ „თავისი ცხოვრებით მაგალითი მისცა ახალ სამყაროს, სამყაროს, რომელიც მთლიანად ადამიანის სულიერ ღირებულებაზე იყო დაფუძნებული. ეს იყო ადამიანის სულში შეღწევა, ზრუნვა სულისთვის” (Jager W. 1936. Paideia, Die Formung des griechischen Menschen, in 3 Bänden, Berlin/Leipzig: Walter De Gruyter & Co, B. I : 95).

სოკრატე 469 წელს დაიბადა ათენელი მოქანდაკის სოფრონიკსის ოჯახში. მისმა ბავშვობამ და ყრმობამ პერიკლეს ზეობის პერიოდში გაიარა. იგი მოწმე შეიქმნა ათენის დიდების, მისი გამარჯვების, აღმშენებლობის. სკოლასთან ერთად, სადაც წერა-კითხვას, ანგარიშს, მუსიკას, გიმნასტიკას ასწავლიდნენ, მისი მასწავლებელი მშობლიური ქალაქი იყო ხელოვნების შედევრებით, თეატრით, ცოდნის წყურვილით შეპყრობილი ადამიანებით. მოწიფულ ასაკში სოკრატე ათენის დამარცხების, ნგრევის, თანამოქალაქეთა ზნეობრივი დაცემის, სულიერ ღირებულებათა გაუფასურების მოწმე გახდა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო იმ ადამიანებს შორის, ვინც ძველი დიდების დაბრუნებაზე ოცნებობდა და ამის ერთადერთ გზად ერის სულიერი აღორძინება ესახებოდა. სოკრატე არ წერდა, ის საერთო სატკივარზე ესაუბრებოდა თანამედროვეებს, რომელთაც საერთო სამშობლო, ისტორია, კანონი და კონსტიტუცია ჰქონდათ. მოსაუბრეებს შორის სოფისტებიც იყვნენ. ისინი ყოველთვის მარცხდებოდნენ სოკრატესთან კამათში. სოკრატე, რომელსაც მრავალ სოფისტთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, პოლემიკისას აცამტვერებდა მათ. ასე და ამგვარად, სოფისტები კარგავდნენ მსმენელებს, პატივს, სახელს… მათგან განსხვავებით, სოკრატეს სწამდა ჭეშმარიტება, მიისწრაფოდა მისი დადგენისკენ და ამტკიცებდა, რომ საერთო ჭეშმარიტების გარეშე არ იარსებებდა არც საზოგადოება, არც კანონი, არც სიმართლე. მიუხედავად ამისა, იგი არასდროს ქადაგებდა ჭეშმარიტებაზე – სურდა, თავისი შეკითხვებით, საუბრებით, დიალოგებით დახმარებოდა ადამიანებს, თავად მისულიყვნენ ჭეშმარიტებამდე. მისი უმთავრესი და, შეიძლება ითქვას, ერთადერთი მიზანი ადამიანის ზნეობრივი სრულყოფა იყო.

სოკრატე კარგა ხნის განმავლობაში მხოლოდ ზეპურ საზოგადოებაში ტრიალებდა, მხოლოდ განათლებულ ადამიანთა წრისთვის იყო ცნობილი. შედარებით გვიან გავიდა იგი ქუჩაში, ხალხში, გავიდა იმ მიზნით, რომ დახმარებოდა ყველას, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებდა, დახმარებოდა უანგაროდ, უშურველად. ამის ერთ-ერთი მიზანი სოფისტების ზედმეტად გააქტიურებაც იყო. მალე მან მრავალი მსმენელი შეიძინა, მისი აუდიტორია დღითი დღე იზრდებოდა. „რა შეიძლება იყოს უფრო მარგებელი, ვიდრე სოკრატეს საზოგადოება და მისი საუბრებიო”, – წერდა ქსენოფონტე (ქსენოფონტე, mogonebebi sokrateze. sokrates apologia. ZvelberZnulidan Targmna akaki uruSaZem. Tbilisi, Tbilisis universitetis gamomcemloba, 1973. გვ. 116))

პოპულარობა მოიპოვა მან ახალგაზრდებშიც. ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი გონების სიღრმით, მჭევრმეტყველებით, მოთმინებით, სიკეთით, საერთოდ, მისი ცხოვრების სტილით. სოკრატეც აფასებდა ახალგაზრდებს როგორც თანამოსაუბრეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც გამორჩეულ ცნობისმოყვარეობასა და ცოდნის წყურვილს ამჟღავნებდა.
სოკრატე ახალგაზრდებს უკეთურებისგან განარიდებდა და უნერგავდა მათ მაღალ ზნეობას: სიკეთეს, პატიოსნებას, სამართლიანობას, თავდაჭერილობას; ასწავლიდა მშობლის, საერთოდ, უფროსის პატივისცემას, უხსნიდა ჭეშმარიტი მეგობრობის, ნამდვილი სიყვარულის არსს, აღზრდა-განათლების აუცილებლობას. ეს, როგორც უკვე ვთქვით, არც ქადაგებით და არც დამოძღვრით არ ხდებოდა. მას ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, საუბარში ჩართვით, კითხვა-პასუხით მიჰყავდა მოსაუბრე ძირითად საკითხამდე და ბოლოს – სწორ დასკვნამდე. ეს არ იყო მარტო სწორი დასკვნის გამოტანა, მარტო ჭეშმარიტების დადგენა – „როგორც მოქანდაკე თლის თავის საჭრეთელით მარმარილოს, ღვთიური სილამაზის ნიმუში რომ შექმნას, ასე აცილებდა იგი თანამოსაუბრეს დაბინდული ცნობიერებიდან ყოველგვარ ზედმეტს, უსარგებლოს და პოულობდა ჭეშმარიტებას მთელი თავისი მშვენიერებით, და თანამოსაუბრე, რომელსაც თავის სულში მიჰქონდა ეს ჭეშმარიტება, უკვე თავისად მიიჩნევდა მას და ტკბებოდა მისით, როგორც მხატვრული ქმნილებით” ( Синовский В. 1914. Сократ и его время, Издание третъе, Издание Башмакова, Я.).

სოკრატე თავად იყო ზნეობრივად სრულყოფილი. მისი სიტყვა და ცხოვრების წესი არასოდეს სცდებოდა ერთმანეთს და სწორედ ეს განაპირობებდა მისი პიროვნების განსაკუთრებულ მომხიბლაობას. ის იყო ჭეშმარიტი პატრიოტი, ათენის დიდი მოქალაქე, რომელიც ერთნაირი ერთგულებითა და პატიოსნებით ემსახურებოდა მამულს როგორც ომიანობის, ასევე მშვიდობიან დროს. მისი ყოველი სიტყვა, პირადი მაგალითი, ცხოვრების წესი არაჩვეულებრივად დადებით გავლენას ახდენდა ადამიანებზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. ის სარგებლობდა დიდი სიყვარულით და პატივისცემით მსმენელებში და ასეთივე პატივისცემით პასუხობდა მათ. თავისი მსმნელები სოკრატეს მოსწავლეებად კი არა, პარტნიორებად, მეგობრებად მიაჩნდა ასეც მოიხსენებდა მათ. მისი წყალობით სიტყვა “მეგობარი” ისე დამკვიდრდა მოსწავლესთან კავშირში, რომ სოკრატეს შემდეგ ლიცეუმებსა და აკადემიებში ჩარიცხული მოსწავლე „ჩარიცხულ მეგობრად” იწოდებოდა.

სოკრატეს მთელი სისრულით ჰქონდა შეგნებული მასწავლებლის, აღმზრდელის ურთულესი ამოცანა და უდიდესი პასუხისმგებლობა. სოკრატესეულმა პედაგოგიურმა შეხედულებებმა საუკუნეებს გაუძლო და დღესაც არ გასვლია ყავლი. თანამედროვე პედაგოგიკაში ერთ-ერთ ძირითად მიდგომას, რომელიც მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას (სხვადასხვა მოსაზრების ანალიზის, შეფასების, პრობლემის გადაწყვეტის უნარის გამომუშავებას და სხვ.) უწყობს ხელს, სოკრატესეული მეთოდი ეწოდება.

სოკრატე სავსებით სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე პედაგოგიური აზროვნების ერთ-ერთ ფუძემდებლად, რადგან თანამედროვე პედაგოგიური აზროვნების ორივე ორიენტირს – ორიენტაციას პიროვნებაზე და ორიენტაციას შედეგზე – საერთო მეთოდოლოგია უდევს საფუძვლად, რომელიც სწორედ სოკრატეს სახელს უკავშირდება. სოკრატე დიალოგის დროს იყენებდა ინდუქციურ მიდგომას, რომლის მიზანია კონკრეტული მაგალითებიდან განზოგადებული დასკვნის გამოტანის უნარის გამომუშავება და რომელიც დღესაც მეტად აქტუალურია პედაგოგიურ აზროვნებაში. მასწავლებელს იმისთვის კი არ მოჰყავს მაგალითები, რომ მოსწავლემ დაიმახსოვროს ისინი როგორც კონკრეტული შემთხვევები, არამედ იმისთვის, რომ გონებაში შეადაროს ეს მაგალითები ერთმანეთს, იპოვოს საერთო და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა. ეს თითქოსდა ადვილი სააზროვნო პროცესი სინამდვილეში კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და ამ მონაპოვრის ავტორია სოკრატე. ვერც ერთი სხვა მეთოდით ადამიანი ვერ შეძლებს სამყაროს შემეცნებას. მან შეიძლება გონებამახვილური ინტელექტუალური ამოცანები შექმნას, შეიძლება გაიზეპიროს ფაქტები და ფრაზები, მაგრამ ვერასოდეს გადაწყვეტს მისი გარემომცველი სამყაროსა და სოციუმის მიერ წამოჭრილ ვერც ერთ ამოცანას.

არის კიდევ ერთი მომენტი, უშუალოდ დაკავშირებული სოკრატეს სახელთან. ეს თანამედროვე პედაგოგიკაში ფართოდ გამოყენებული ინტერაქტიული მეთოდია. მისი დანერგვაც შეიძლება სოკრატეს მივაწეროთ. სოკრატე არ ქადაგებდა, ის ამა თუ იმ თემაზე დიალოგში იწვევდა თავის მოსწავლეებს და ამ გზით მიჰყავდა ჭეშმარიტების შეცნობამდე. ამ დიალოგებში სოკრატე, რომელიც განათლებითა და ინტელექტით გაცილებით მაღლა იდგა თავის მოწაფეებზე, არასოდეს ამჟღავნებდა ამ უპირატესობას და განიხილავდა მათ როგორც ინტელექტუალურ პარტნიორებს – ეს მიდგომაც საფუძვლად უდევს თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებს.

თანამედროვე პედაგოგიკის მესაძირკვლედ სოკრატე ითვლება კიდევ ერთი მიზეზის გამო. ის მარტო ინტელექტუალურად კი არ ზრდიდა თავის მოსწავლეებს, არამედ აყალიბებდა მათ ზნეობას მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით და ამასაც აკეთებდა არა დამოძღვრის ფორმით, არამედ პირადი მაგალითითა და პრაქტიკული ნაბიჯებით, რომელთა განხორციელებაში ყოველთვის ჰყავდა ჩართული მოსწავლეებიც. ეს გზა სამოქალაქო ღირებულებათა ათვისებასა და სამოქალაქო ცნობიერების გამომუშავებაზე იყო აგებული. მოსწავლეებში სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის გამომუშავება დღესაც პრიორიტეტულია და, აქედან გამომდინარე, იგი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...