ორშაბათი, ივნისი 30, 2025
30 ივნისი, ორშაბათი, 2025

დედის „ოთახი“

0
„ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა. მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება… იცი, რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ… და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას, შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას… და იცი, ერთხელაც მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი…”

ბოლო დროს ინტერნეტში კითხვა დამჩემდა – იქ ბევრ ისეთ წიგნს ვპოულობ, რომელიც არ მაქვს. დღესაც ნაირა გელაშვილის „დედის ოთახიდან” ცალკეული ფრაზები ამოვიკითხე და ფიქრმა ამიყოლია… რატომღაც ხშირად მახსენდება საკუთარი მოზარდობა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან სათუთი პერიოდია და ყველას განსაკუთრებულად გვახსოვს, ან იმიტომ, რომ უამრავი მოზარდი გვახვევია გარს და მათი ქცევაც თვალში საცემია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მოზარდებს შორის გვიწევს ტრიალი.

ნაირა გელაშვილის „დედის ოთახი” დიდი ხნის წინ წავიკითხე და რატომღაც არასოდეს შემიხედავს ამ თვალით, მაგრამ ახლა, როცა ხელახლა გადავავლე თვალი, ჩემი და რამდენი ჩემისთანას სატკივარი გამახსენდა…

ზემოთ მოზარდთა თვალში საცემი ქცევა ვახსენე – ერთი მეგობარი მყავს, რომელმაც მითხრა, ბავშვობაში იმდენი რამ გადავიტანე, კიდევ კარგად ვარო. ამან დამაფიქრა იმ მოზარდებზე, რომელთა თვალში საცემი ქცევა ყველას გვაღიზიანებს, მის მიზეზებზე კი ნაკლებად ვფიქრობთ. მინდა, blogger.ge-ზე გამოქვეყნებული წერილი გაგიზიაროთ და ყველას, ვისაც უკვე ჰყავს შვილი ან მომავალში გახდება მშობელი, ვთხოვო დაფიქრდეს, რათა თავისი მშობლების შეცდომები არ გაიმეოროს.
„წერილი მამას

დიდი ხანია შენთან ამაზე ლაპარაკი მინდოდა. თუმცა ვერა და ვერ გავბედე. ჩემთვის ვინახავდი გულში, მაგრამ ეხლა აღარ შემიძლია.

როცა ამბობდნენ მოზარდობის ხანა ადმიანის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდიაო, ვერ ვაცნობიერებდი რაზე საუბრობდნენ. ეხლა კი ვხვდები რომ ეს ნამდვილად ასეა. უკვე ვეღარ ვიტან teen age პერიოდს. ჩემს შემთხვევაში კიდევ უფრო ამძაფრებს ამ სირთულეს ის, რომ ორივე(მშობლები) ასე დაუნდობლად მექცევით. ისიც კი ვიფიქრე ნაშვილები ხომ არ ვართქო. თუმცა ეს წინა წელს იყო, ჩაიარა. როცა ძველ ნივთებს ვალაგებდი,წერილები ვიპოვნე. შენ წერდი საავადმყოფოში დედას. სახელს არჩევდით ჩემთვის. იქ სხვა დამადასტურებელი საბუთებიც იყო რამაც დამარწმუნა რომ ნამდვილად თქვენი შვილი ვარ. 

ძალიან მინდა ნორმალური ოჯახი მყავდეს და ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს. მე ორივე მიყვარხართ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ვერ მიტანთ, მაგრამ ხანდახან იმასაც ვგრძნობ, რომ გიყვარვართ. არ ვიცი ეს იმიტომაა ასე რომ მინდა იყოს თუ მართლა ასეა, მაგრამ… ამაზე მინდოდა შენთან მელაპარაკა, თუმცა არასოდეს მაქცევ ყურადგებას, შენთან ასეთ თემებზე საუბარი შეუძლებელია.

გუშინ ძლივს მოხერხდა რომ გვესაუბრა მაგრამ…

შენი აზრით რჩევა-დარიგებას მაძლევდი, მაგრამ გული ისე მატიკინე როგორც არასდროს. შენ ფიქრობ, რომ ქარაფშუტა და უჭკუო ვარ, მაგრამ ცდები. ასეთი არ ვარ. ყველაზე მატად დამცირება მტკენს გულს, მითუმეტეს შენგან, შენ ხომ ამას ხშირად აკეთებ.

ეს იყო მიზეზი იმის, გუშინ საუბრისას ტირილი ვეღარ შევიკავე. შენგან მიჩვეული ვარ დაუფიქრებლად წამოსროლილ სიტყვებს, დამცირებებს, მაგრამ გუშინ ზედმეტი მოგივიდა. შენ შეიძლება არც გახსოვს…

როცა მითხარი „თუ ასე უტვინოდ აპირებდი ცხოვრებას რატომ მოდიოდი საერთოდ ამქვეყანაზეო” მერჩივნა იქვე მოვმკვდარიყავი. ეს საშინელება იყო. ამ სიტყვებით შენ მითხარი, რომ ასეთი არავის ვჭირდები, ჯობია მოვკვდე. მინდოდა მიმეხვედრებინა ეს შეცდომა შენთვის მაგრამ არ გამომივიდა, შენ ხომ არასოდეს აქცევ ასეთ რამეს ყურადღებას.

რჩევის მოსმენაზე უარს არასოდეს ვამბობ. მაგრამ რჩევას ფორმა აქვს თავისი.

შეიძლება მითხრა, რჩევას მოგცემ, „ასე” მოიქეცი ჯობია. მაგრამ ასე არასოდეს მოქცეულხარ. არც შენ და არც დედა. თქვენს რჩევა-დარიგებებს რატომღაც ყოველთვის დამცირების, ლანძღვის და ჩხუბის ფორმა აქვს.

მე დახმარება მჭირდება, რომ სწორად ვიცხოვრო. ვიცი ბევრ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ეს გამივლის ასაკთან ერთად. არ ვარ ისეთი ცუდი თქვენ რომ გგონივართ. არასოდეს გატყუებთ და ამას არც მომავალში გავაკეთებ.
თქვენ გგონიათ სწორად ზრდით შვილს, მაგრამ ასე არ არის. ზოგჯერ დიდებიც ცდებიან. ძალიან ჭკვიანებიც.
ხშირად მომისმენია ბავშვების აღზრდის მეთოდების შესახებ. ამ თემაზე ტელეგადაცემებიც კეთდება. როცა მათ ვუსმენ, ყოველთვის ერთი გძნობა მეუფლება, ისინი მე მიგებენ მაგრამ თქვენ ვერა და ვერ გამიგეთ. მე სულ ვცდილობ გაგიგოთ,ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ რომ მართლა იმდენად უჭკუო ვარ რომ ვერაფერს ვიგებ და ყველაფერი ჩემი ბრალია. ასე საკუთარ თავს ვაჩლუნგებ და წარმომიდგენია მომავალში რაც მოხდება ჩემს სულში. თავმოყვარეობა თუ აღარ შემრჩა რა ვიქნები. მგონი არცერთ მშობველს არ უნდა რომ მისმა შვილმა ყველანაირი დამცირება აიტანოს და უთავმოყვარეო ადამიანი გაიზარდოს. თქვენ კი საით მიგყავართ.. ვეღარ ვიგებ რა ვქნა!..”

არ ვიცი, როგორი დედა ვიქნები, მაგრამ ვიცი, როგორი არ ვიქნები… მეცოდინება, რომ: „ის შვილია და მომავალი; მე მივდივარ, ის მოდის. იმისი დღენი გასავლელი მინდორია…” და რომ: „დედაშვილობაში შენ-ჩემობა რად არის? დედაშვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტავ დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არა ჰქონოდა… თუ აქვს, რად უჭრის ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის თვალითა, რად? რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, რა საკითხავია დედაშვილობაში?..” /ილია ჭავჭავაძე, “ოთარაანთ ქვრივი”/

იდეალურები ვერ ვიქნებით, მაგრამ ყველა ჩვენგანი უნდა ეცადოს იმის დანახვას, სად გადის ზღვარი შვილისთვის შექმნილ მომავალსა და საკუთარი თავისთვის შექმნილ მომავალს შორის, დაფიქრდეს, შვილის არჩევანია ესა თუ ის გადაწყვეტილება თუ საჩვენ-საკეთილდღეო და მისცეს შვილებს უპირობო – “ამიტომის” და “იმიტომის” გარეშე – სიყვარულის მაგალითი, მისცეს თავისუფლება, მანამდე კი ასწავლოს თავისუფლების სწორი გაგება და დნმ-ს უწყვეტი ბმულივით შექმნას ჯანსაღი მომავალი.

წყალი, სიცოცხლის საწყისი

0

გახსოვთ გალაკტიონი? “ძვირფასო! სული მევსება თოვლით…” როგორ უნდა გრძნობდეს თავს ადამიანი, რომელსაც სული თოვლით აქვს სავსე? ალბათ, ძალიან ცუდად. მის სულში, ჩანს, სხვისთვის უხილავ სევდას უნდა ედოს ბინა… დათოვლილ სულს რომ გაუგო, სულ ცოტა, გალაკტიონი უნდა იყო. მე კი დიდი პოეტის უკვდავი სიტყვები მხოლოდ იმისთვის მოვიხმე, რომ სიცივეჩამდგარი სულიდან საუბარი თოვლზე გადამეტანა.

თოვლი არ მიყვარს, არც სულში და არც გარეთ. მოსვლით გვახარებს, მერე კი დნება, წყლად გარდაიქმნება, იყინება და… ივსება კლინიკები კიდურებმოტეხილი პაციენტებით. თუ მოტეხილობა მარტივია და ოპერაციას არ მოითხოვს, არაბი ექიმი-ალქიმიკოსის ალ-რაზის მიერ აღმოჩენილ თაბაშირს დაადებენ და მისივე, ოღონდ გაუმჯობესებული (21-ე საუკუნეა, ბოლოს და ბოლოს) მეთოდიკით შეფუთავენ. ამასობაში გამოთბება კიდეც, ყინულიც დადნება და აორთქლდება.

იტყვით, საუბარი კვლავ ალქიმიკოსებისკენ მიჰყავსო და მართალიც იქნებით. რა ვქნა, მომწონს ეს ხალხი, თუმცა ამჯერად მინდა, მათ შეცდომაზე მოგითხროთ, რადგან შეცდომა მათიც უნდა ითქვას, ვინც მოგვწონს.

ზემოთ წყლის აგრეგატული მდგომარეობის სამი ფაზა აღვწერე: ის შეიძლება იყოს თხევად (წყალი), მყარ (თოვლი, ყინული) და გაზობრივ (წყლის ორთქლი) მდგომარეობაში. ეს ალქიმიკოსებმაც შეამჩნიეს, ოღონდ სხვანაირად აღიქვეს. მათ თქვეს: თუ წყალს შეუძლია, ორ სხვადასხვა ნივთიერებად – ორთქლად და ყინულად – გარდაიქმნას, რატომ არ შეიძლება, რომელიმე მეტალი ოქროდ იქცესო? აგრეგატული მდგომარეობის შესახებ მათ ჯერ არაფერი იცოდნენ.

წყალს მხოლოდ აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა კი არა, ბევრი სხვა რამეც შეუძლია, რადგან, როგორც ლეონარდო და ვინჩი იტყოდა, ის წყალია – სიცოცხლის საწყისი.

ადამიანის 2 თვის ემბრიონის სხეულის მასის 97% წყალია, 3 თვის ემბრიონისა – 96%, ახალშობილისა – 80%, 6-8 თვის ჩვილისა – 72-76%, 5-10 წლის ბავშვისა – 60-65%, ზრდასრული ახალგაზრდისა -42-45%, ასაკოვანი ადამიანისა – 25-30%. უწყლოდ სიცოცხლე შეუძლებელია. ამიტომაც მიმართავდა ასე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი: “წყალო! არც გემო გაქვს, არც ფერი, არც სურნელი. შენი აღწერა შეუძლებელია. შენით ტკბებიან და არ იციან, სინამდვილეში რა ხარ. შენ ყველაზე დიდი სიმდიდრე – თვით სიცოცხლე ხარ…”

იუნესკოს მონაცემებით, დაავადებათა 80% სასმელ წყალთანაა დაკავშირებული. შედარებით სუფთა ღრმა მიწისქვეშა წყლებია. მიწის სიღრმეში წარმოიშობა მინერალური წყალიც.

წყალი, რომელიც მიწისქვეშა ლაბირინთებში მოგზაურობს, გაივლის დედამიწის ქანებს, მინერალებს. მოგზაურობის დროს წყალში სხვადასხვა ნივთიერება იხსნება. შედეგად ის შემადგენლობას იცვლის. ზოგჯერ წყალი ისეა გაჯერებული სხვადასხვა ელემენტით, რომ “ჯანმრთელობის ელექსირად” იქცევა. ზოგიერთი მინერალური წყალი გოგირდწყალბადითაა გამდიდრებული, ზოგი – სოდით, სხვადასხვა ანიონებითა და კათიონებით.
ზოგჯერ მინერალური წყაროს სათავესთან მურა წითელი ფერის დანალექი შეიმჩნევა. წითელი ფერის ნალექი მიუთითებს, რომ წყალი სხვა მარილებთან ერთად რკინასაც შეიცავს. ორვალენტიანი რკინა იჟანგება ჰაერის ჟანგბადით, ურთიერთქმედებს წყალთან და გამოილექება წითელი ფერის რკინის (III) ჰიდროქსიდი.

მინერალური წყლიდან ყოველდღიურ ყოფაზე გადავიდეთ. ზოგჯერ წყალში საპონი ძნელად ქაფდება, საკვები პროდუქტები ცუდად იხარშება, წყლის ადუღებისას ჭურჭლის კედლებზე მინადუღის სქელი ფენა რჩება. ეს წყლის სიხისტის შედეგია.

ბუნებაში არსებობს ხისტი და რბილი წყალი. ორივე მათგანი შეიცავს (II-III) ვალენტიანი კალციუმისა და მაგნიუმის შემცველ მარილებს. წყალს, რომელშიც ეს მარილები მცირე რაოდენობითაა ან სულ არ არის, რბილი ეწოდება, ხისტ წყალში კი მათი შემცველობა გაცილებით მაღალია. ისიც უნდა ითქვას, რომ დასალევად ხისტ წყალს გაცილებით სასიამოვნო გემო აქვს.

მაინც როგორ ხვდება წყალში კალციუმისა და მაგნიუმის მარილები? ბუნებაში ამ მეტალების შემცველი მინერალები ფართოდაა გავრცელებული, ჰაერის შემადგენლობაში კი შედის გარკვეული რაოდენობის ნახშირორჟანგი და წყალიც. ისინი მინერალებთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან მარილებს, რომლებიც ჩაედინება ზღვებში, ოკეანეებში, მდინარეებში.

როგორ დავარბილოთ ხისტი წყალი? – ადუღებით ან სოდის დამატებით.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება თოვლის დაწვა? ნუ გეღიმებათ, ქიმიკოსებს ყველაფერი შეგვიძლია. მართალია, თოვლის ლოდინი გაისამდე მოგვიწევს, მაგრამ მოვა თუ არა… დავწვათ.

თუნუქის ქილაში ჩაყარეთ თოვლი. ქილის სიმაღლის ¼-ში გააკეთეთ ჩაღრმავება და მოათავსეთ 3-4 ნატეხი კალციუმის კარბიდი, დააყარეთ თოვლი. თოვლთან მიიტანეთ ანთებული ასანთი. თოვლი „იწვის”!
კალციუმის კარბიდზე წყლის ზემოქმედებით აცეტილენი წარმოიქმნება.
 

აცეტილენი უჯერი ნახშირწყალბადია და მნათი ჭვარტლიანი ალით იწვის. ალის სიკაშკაშე აცეტილენის ნახშირბადის მაღალი შემცველობითაა გამოწვეული. ჭვარტლის გამოყოფა კი იმაზე მიუთითებს, რომ აცეტილენი ბოლომდე არ იწვის.
 

რა თქმა უნდა, ამის შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მე მაინც დავწერ: თოვლი ამწოვ კარადაში „დაწვით”, ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს კი დამცავი სათვალე და ხელთათმანი უნდა ჰქონდეს!

წყლის მოლეკულებს შორის წყალბადური ბმებია. წყალბადური ბმა რომ არ არსებობდეს, წყალი ჩვეულებრივ პირობებში (მისი მცირე მოლეკულური მასის გამო) გაზობრივ მდგომარეობაში იქნებოდა. შესაბამისად, დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი გახდებოდა. წყალბადური ბმით აიხსნება ისიც, რომ წყლის დუღილის ტემპერატურა შედარებით მაღალია.

იცით, რომ ლეგენდარული „ტიტანიკი” წყალბადურმა ბმებმა იმსხვერპლა? დიახ, დიახ, ის ხომ აისბერგს შეეჯახა. აისბერგის (ანუ ყინულის) სიმტკიცე კი წყალბადური ბმების სიმრავლით არის გამოწვეული. აისბერგის (ანუ ყინულის) სიმკვრივე უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი წყლისა და მას შეუძლია, წყლის ზედაპირზე იტივტივოს.

იცით, რომ წყალბადური ბმა შეიძლება წყალბადსა და რომელიმე დიდი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტის ატომს (F,O,N) შორის წარმოიქმნას?

იცით, რომ წყალბადური ბმა წყლის გარდა სპირტებში, ცილებსა და ნუკლეინის მჟავებშიც გვხვდება?

იცით, რომ წყლის მოლეკულებს შორის წყალბადური ბმები მყარ მდგომარეობაშიც არსებობს?

იცით, რომ წყალბადური ბმები ყინულის კრისტალურ სტრუქტურაში წარმოქმნის ისეთ მოცულობით ბადეს, რომელშიც წყლის ერთი მოლეკულის წყალბადატომი მიმართულია მეზობელი მოლეკულის ჟანგბადატომისკენ?

იცით, რომ იაპონელმა მეცნიერებმა ახალი ელასტიკური ნივთიერება გამოიგონეს, რომლის 95% წყლისგან შედგება? დანარჩენი თიხა და ორგანული მასალაა. ასეთი „ელასტიკური წყალი” ჟელეს მოგვაგონებს და მის გამოყენებას მედიცინაში აპირებენ, თუმცა იმის იმედიც აქვთ, რომ მას შესაბამის სიმტკიცესა და სიმკვრივეს შესძენენ და პლასტმასების წარმოებაშიც შეიძლება გამოდგეს. ამჟამად პლასტმასების უმეტესობა ნავთობპროდუქტებისგან იწარმოება და მათი ნარჩენები პლანეტის თავსატეხია.

იცით, რომ სულ მცირე გაუწყლოება ნივთიერებათა ცვლას 3%-ით აფერხებს?

იცით, რომ, ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიეტოლოგების გამოკვლევით, ერთი ჭიქა წყალი ღამით შიმშილის შეტევას ბლოკავს?

იცით, რომ დღის განმავლობაში უმიზეზო დაღლილობის შეგრძნება შეიძლება წყლის უკმარისობის შედეგი იყოს?
იცით, რომ დღის განმავლობაში 5-7 ჭიქა წყლის დალევამ შესაძლოა ზურგისა და სახსრების ტკივილი 80%-ით შეგიმსუბუქოთ?

იცით, რომ თქვენს ორგანიზმში წყლის სულ 2%-ით შემცირება მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევს?

იცით, რომ გალაკტიონის ლექსი, რომლითაც წერილი დავიწყე, ასე სრულდება?
“ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები”.

ფიზიკა ამოცანებში – მუდმივობის კანონები მექანიკაში

0
წინამდებარე წერილში გთავაზობთ ამოცანებს მექანიკაში იმპულსის და ენერგიის  მუდმივობის კანონების გამოყენებაზე, აგრეთვე მუშაობის გამოთვლაზე და მათ კავშირზე  მექნიკური ენერგიის ცვლილებასთან.

 ვრცლად

„შავრაზმელები“ და ბახვის მანიფესტი

0
სკოლაში გატარებული უკანასკნელი წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სასწავლო პროცესის ფარგლებში ჩემ მიერ წაკითხული ისტორიის სახელმძღვანელოთა უმრავლესობა არასრულყოფილი გახლდათ. მივხვდი, რომ ამ წიგნებში ყველაფერს ბოლომდე არ მეუბნებოდნენ. ვგრძნობდი, რომ რაღაცებს მიზანმიმართულად ასხვაფერებდნენ ან მალავდნენ. ხშირად, უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხის ფურცლებზე არაერთ ზღაპარსა თუ უსაფუძვლო ლეგენდას გადავყრივარ. კიდევ კარგი, რომ ამ საგანშიც შესანიშნავი პედაგოგები მყავდნენ. ისინი ყოველთვის დაუღალავად მიკირკიტებდნენ, რათა კრიტიკული აზროვნების უნარი ჩამომყალიბებოდა.
მახსოვს, ჩემი ინტერესის ერთ-ერთი განსაკუთრებული სფერო რელიგიური ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართება გახლდათ. გაკვეთილებზე მიმდინარე ცხარე დისკუსიებისას, მუდამ ხაზს ვუსვამდი გრიგოლ ხანძთელისა და გიორგი ჭყონდიდელის სახელმწიფოებრივ საქმიანობას, რომელმაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელი მოუტანა ფეოდალურ საქართველოს. თუმცა, იქვე გაბრაზებით ვაკეთებდი აქცენტს XVII საუკუნეში სასულიერო პირების მიერ გადაბუგულ „ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერებზე. ჩემი კრიტიკის უმთავრესი ობიექტი გახლდათ პასიურობა, რომელიც XIX და XX ასწლეულების გზაგასაყარზე ეკლესიამ საქართველოში განვითარებული სოციალური მოძრაობის მიმართ გამოამჟღავნა. ხშირად, ჩემი შეფასებები ზედმეტად სუბიექტური და ძალიან რადიკალური იყო. ალბათ, ეს წარმოადგენდა რეაქციას, რომელიც 16 წლის მოსწავლეში სასკოლო სახელმძღვანელოებმა და ფრანგული რევოლუციისადმი ემოციურმა დამოკიდებულებამ გამოიწვიეს. ბუნებრივია, ჩემს ამგვარ პოზიციას არანაკლებ ხისტად უპირისპირდებოდა თანაკლასელთა ნაწილიც.

სასიხარულოდ, ჩვენს შფოთს ჩვენმა მასწავლებელმა თვალის დახამხამებაში დაუსვა წერტილი. მან რუსეთის პირველი რევოლუციის დროს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ დაწვრილებით გვიამბო.

1905 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა. გოლოვინის პროსპექტზე ათასობით მოქალაქე მეფის აბსოლუტიზმისა და სამხედრო რეჟიმის  წინააღმდეგ გამოვიდა. ისინი პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლებასა და რვასაათიან სამუშაო დღესაც ითხოვდნენ. მათთან ერთად, ქალაქის ცენტრში ფართომასშტაბიანი მიტინგი გამართეს ნიკოლოზ II-ის მხარდამჭერებმაც, რომელთა შორის მრავლად იყვნენ სასულიერო პირებიც. „შავრაზმელები” მოწინააღმდეგეებს ხელმწიფის პორტრეტისა და ხატების საჯარო თაყვანისცემას აიძულებდნენ. ვინც ამ ბრძანებას არ დაყაბულდებოდა, მათ ტყვიით უმასპინძლდებოდნენ. ცარისტების პროვოკაციის შედეგად, გამოსვლა უსასტიკესად დაარბიეს – 68 დემონსტრანტი გარდაიცვალა, ასობით ადამიანი უმძიმესად დაშავდა.

აღნიშნულ მოვლენათა პარალელურად, რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო შექმნილი დასავლეთ საქართველოში. იმერეთის, სამეგრელოსა და რა თქმა უნდა, გურიის სოფლებში ადგილობრივი თემები თანმიმდევრულად აქვეყნებდნენ საპროტესტო მანიფესტებს. აჯანყებულები მიწის ნაკვეთების დაბრუნებას, სავადებულო უფასო განათლებას, სიტყვის თავისუფლებას, რელიგიურ ორგანიზაციათა ქონების კონფისკაციას, „დრამის” (საეკლესიო გადასახადი) გაუქმებასა და დემოკრატიული წესით არჩეული დამფუძნებელი კრების მოწვევას ითხოვდნენ. „ჯვარცმის” საკრებულოში მდებარე პატარა გურული სოფლის – ბახვის მსგავსად, რიგ სხვა დასახლებებში შედგენილ დოკუმეტებსაც უპირველესად ადგილობრივი მღვდლები აწერდნენ ხელს. ამასთანავე, ისინი მოძრაობის აქტიური ორგანიზატორებიც იყვნენ და სიცოცხლის რისკის ფასად თანასოფლელებს თანადგომას უცხადებდნენ.

შესანიშნავი გაკვეთილის შემდეგ, ყოველთვის  ვცდილობ ნებისმიერი საკითხი მრავალმხრივი პერსპექტივიდან შევაფასო და სხვადასხვა განხილვის დროს უპირატესობა კომპლექსურ, ნაკლებად ემოციურ ანალიზს მივანიჭო. ხანდახან არ გამომდის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი თუ რომელია მსჯელობის მართებული გზა და სტრატეგია. 

დღესაც არ შემცვლია აზრი, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ „შავრაზმელთა” გვერდით ბახველი მღვდლებიც არსებობენ.


[ფოტო: ფილმიდან „პატრიოტი” (2000), მამა ოლივერი]

„იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“

0
„რელიგია და კულტურა” – კარგად მახსოვს, ასე ერქვა საგანს, რომელსაც მე-3 და მე-4 კლასებში გავდიოდით. სახელმძღვანელო ძალიან თხელტანიანი, 3-4-ათეულგვერდიანი გახლდათ, გარეკანზე მართლმადიდებლური ტაძარი ეხატა (თუ არ ვცდები, სვეტიცხოველი), სარჩევში კი ბევრ საინტერესო სათაურს ამოიკითხავდით. რელიგიის გაკვეთილი ყოველთვის ერთნაირად – ორმოცამდე 7-8 წლის ბავშვის ნათქვამი „მამაო ჩვენოთი” იწყებოდა. ლოცვას რომ დავასრულებდით, მერხებთან დავსხდებოდით და დავიწყებდით საუბარს ბიბლიაზე, მის პერსონაჟებზე, მამა ღმერთზე, იესოსა და მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე.

დღევანდელი გადმოსახედიდან სავსებით ბუნებრივი კითხვა მიჩნდება: თუ საგანს „რელიგია და კულტურა” ერქვა, რატომ მასწავლიდნენ მხოლოდ ერთ რელიგიას და სიტყვას არ ძრავდნენ იმაზე, რომ განსხვავებული კულტურის ქვეყნებში სხვა რელიგიებიც არსებობს, რომლებიც ქრისტიანობაზე არანაკლებ კეთილ ღირებულებებს ეფუძნება? თუმცა მაშინ ამდენს, რა თქმა უნდა, ვერ ვხვდებოდი… მოკლედ, სკოლაში ქრისტიანულ მორალს მასწავლიდნენ. მორალს, რომლის მიხედვითაც ღმერთი სიყვარული იყო, ცოდვა არ უნდა ჩაგვედინა, ათი მცნება დაგვეცვა და ასე შემდეგ.

ერთმნიშვნელოვნად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ…

 
იმ არეულობის ფონზე, რაც დღეს ხდება, უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ რელიგიაზე და უფრო და უფრო ვიბნევი. ერთ მხარეს ძალადობაა, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში ეჭვის შეტანა, კონსტიტუციის უგულებელყოფა, ეროვნული ღირებულებებით „გაპრავებული” (ახლა მოდაშია ეს სიტყვა) ზიზღი, მეორე მხარეს კი – ქრისტე, სიყვარული, სათნოება, პატიება, „არა კაც კლა”… არ ვიცი, მე მეშლება რამე თუ საზოგადოების ექსტრემისტულად განწყობილ ნაწილს…

სწორედ დაბნეულობისას მშველის მუსიკა. ორიოდე დღის წინ კიდევ ერთხელ გადმოვტვირთე ინტერნეტიდან ენდრიუ ლოიდ ვებერის უკვდავი როკოპერა „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი” (რომელზეც ფილმი ნორმან ჯუისონმა გადაიღო) და ყურება დავიწყე. არ მეგონა, ამდენი ნახვის შემდეგ კიდევ თუ მოახდენდა შთაბეჭდილებას.. 

მახსოვს, თავდაპირველად ამ როკოპერისადმი ძალიან ცუდად განვეწყვე. ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ტიპური შეცდომა მომივიდა – განვსაჯე ის, რაც არ მენახა. ალბათ, 12-13 წლის ვიქნებოდი, როცა ერთ-ერთმა ტელეარხმა ეს ფილმი თავის სამაუწყებლო ბადეში ჩასვა. მაშინ ბავშვურად ვიფიქრე, როგორ შეიძლება ღმერთზე ასეთი სათაურის მოფიქრება-მეთქი და გადავწყვიტე, პროტესტის ნიშნად ფილმისთვის არ მეყურებინა. იმხანად ჩემი გონება ჯერ კიდევ არ იყო მზად, როგორც მაშინ მიმაჩნდა, უდავო ჭეშმარიტების განსხვავებული ინტერპრეტაციების მისაღებად.

ფილმი საინტერესოდ იწყება – ოცამდე ჰიპი ავტობუსით მიემგზავრება „აღთქმულ მიწაზე” და გადაღებისთვის ემზადება. ამით რეჟისორი თითქოს გვახსენებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ხელოვნებაა და ჭეშმარიტებად არ უნდა აღვიქვათ. მოთხრობილია სახარებისეული ამბავი იესო ქრისტეს ცხოვრების ერთი კვირის შესახებ – იერუსალიმში შესვლის სამზადისიდან მის ჯვარცმამდე. მკვდრეთით აღდგომის სცენა ამ ფილმში არ არის. როკოპერა ძალიან კარგადაა დადგმული და შესრულებული. მხოლოდ ის რად ღირს, რომ სტუდიურ ჩანაწერში მთავარ, ქრისტეს პარტიას თავად „Deep Purple”-ის სოლისტი, იან გილანი ასრულებს.

როკოპერის დიდი ნაწილი იუდა ისკარიოტელზე მოგვითხრობს, რომელსაც იდეური წინააღმდეგობები აქვს თავის მასწავლებელთან, იესოსთან. სწორედ ამ უთანხმოებას აღწერს გენიალური არია, რომელსაც კარლ ანდერსონი ასრულებს. იუდას მიაჩნია, რომ ქრისტეს მიმდევრები მეტისმეტად ბევრს ელიან მისგან, როგორც მესიისგან, მეტისმეტად ბევრს ფიქრობენ სამოთხეზე, და ავიწყდებათ, რომ ქრისტე იმდენადვეა ღმერთი, რამდენადაც ადამიანი.

პირადად მე ფილმს იესოს „გაადამიანურების”, ანუ ადამიანებთან დაახლოების მცდელობად აღვიქვამ. კარგადაა წარმოჩენილი, რომ მასაც, ისევე როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, ჰქონდა შეგრძნებები, სირთულეები, რომელთა დაძლევაც გამუდმებით უწევდა, იმედგაცრუება, რომელიც იუდას ღალატის შემდეგ დაეუფლა და, რაც მთავარია, შიში და უსამართლობის შეგრძნება, რომელიც ერთ-ერთ არიაშია გამოხატული. არიას ასე ჰქვია: „რატომ უნდა მოვკვდე?” ქრისტე ეკამათება მამა ღმერთს და სთხოვს განუმარტოს, რას მისცემს კაცობრიობას მისი ტანჯვა და სიკვდილი. ის ამბობს:

„…მე შევიცვალე
ადრე შთაგონებული ვიყავი
ახლა კი სევდიანი და დაღლილი ვარ…”

თუმცა ამ წამიერი სისუსტის შემდეგ ქრისტე საბოლოოდ მიანდობს თავს უფალს და იტყვის, რომ მზადაა, ბოლომდე ატაროს ჯვარი, დაითმინოს ტანჯვა და მიიღოს სიკვდილიც, რადგან ღმერთს ასე სურს.

მერეა გაცემა, შეპყრობა, გასამართლება, გზა გოლგოთამდე, ჯვარცმა… ერთი შეხედვით, ახალი არაფერია, მაგრამ, მერწმუნეთ, ვებერისა და ჯუისონის უაღრესად ექსპერიმენტული ტანდემი ნამდვილად ბევრ ახალს აღმოგაჩენინებთ. აქ შეხვდებით როგორც პროგრესივ როკისა და ბლუზის, ისე სასულიერო მუსიკის, ე.წ. სპირიჩუელის, ელემენტებსაც. შესანიშნავი ქორეოგრაფია და სცენოგრაფია, კარგი სარეჟისორო გადაწყვეტები, იდეალური გადაღება… ერთი სიტყვით, მიმაჩნია, რომ ამ ფილმის ყურება სასურველია ყველასათვის, განურჩევლად იმისა, ქრისტიანი ხართ, მუსლიმი, ბუდისტი, ათეისტი, ბაპტისტი თუ ნებისმიერი სხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი. მოკლედ, საჭირო მასალაა სანახავად და გასააზრებლად. კარგი იქნება, თუ უკვე არ იცნობთ ამ როკოპერას, აუცილებლად გაეცნოთ სწორედ ახლა, იმ დროს, როცა ქრისტიანული ღირებულებების არასწორი ინტერპრეტირება ცუდს უქადის როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებსაც. კარგი იქნება, თუ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ღმერთი სიყვარულია და არა ძალადობა, რომ ქრისტიანული ღირებულებები რეალურად არ დგას შორს თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი უპირველესი ღირებულებისგან – პიროვნების თავისუფლებისგან და რომ საზოგადოების მრავალფეროვნება მის ძლიერებაზე მეტყველებს და არა სისუსტეზე.

ბევერლი სიმმსონი – ითამაშეთ, ნამდვილი თამაში

0
ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge-ს” სტუმარია აშშ-ის ჯორჯიის შტატის წლის მასწავლებელი ბევერლი სიმმსონი, რომელმაც ახლახან მოიპოვა საპრეზიდენტო ჯილდო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების გამორჩეული სწავლებისთვის.
– თქვენ მიიღეთ ჯილდო როგორც საუკეთესო მასწავლებელმა. როგორ მოხდა ეს და, საერთოდ, რა მოტივით ანიჭებენ ამ ჯილდოს ამერიკის შეერთებულ შტატებში?
– ამ ჯილდოს ეწოდება პრეზიდენტის ჯილდო მათემატიკისა და მეცნიერების სწავლებისთვის. მას ორმოცდაათივე შტატში ანიჭებენ თითო მასწავლებელს. მე ჯორჯიის შტატის საუკეთესო მასწავლებლად დამასახელეს. ჯილდოს მონიჭებამდე სპეციალური კომიტეტები გაკვირდებიან, უმეტესად – შეუმჩნევლად. შესაძლოა, მოვიდნენ და ინტერვიუც ჩამოგართვან. ტარდება გასაუბრებაც.
მასწავლებლებს არ ეხამუშებათ, რომ ვიღაც აკვირდება მათ, შეისწავლის მათ საქმიანობას?
– სწორედ ეს განასხვავებს სხვებისგან იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჯილდოს იღებენ. ეს ჯილდო, ფაქტობრივად, ენიჭება პედაგოგს, რომელიც ძალიან საინტერესოა, ხალისიანი, რომლის ყოველ გაკვეთილში არის რაღაც სიახლე. ასეთ მასწავლებელს არ ეშინია იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცა კარზე მიუკაკუნებს.
– ეს კომიტეტები დამოუკიდებლად არსებობს თუ მიბმულია განათლების სისტემას ან რომელიმე ორგანიზაციას? აქვს თუ არა ამ კომიტეტებს კონკრეტული კრიტერიუმები და იციან თუ არა მასწავლებლებმა წინასწარ ამის შესახებ?
– სხვადასხვა მდგომარეობაა ამერიკის სხვადასხვა შტატში. ჩვენ ახლახან დავიწყეთ მუშაობა მთელი შეერთებული შტატებისთვის ერთიანი ნაციონალური სასწავლო გეგმის შესადგენად. აქამდე ის შტატების მიხედვით იყო განსაზღვრული. რაც შეეხება დამკვირვებლებს, ესენი არიან განათლების სფეროს სპეციალისტები და ადმინისტრატორები. ასეთი კომიტეტი ყოველ შტატშია, მაგრამ ისინი იყენებენ ფედერალური მთავრობის მიერ შემუშავებულ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს.
– როგორ ფიქრობთ, რისთვის მიიღეთ ეს ჯილდო და რა გამოგარჩევთ სხვა მასწავლებლებისგან?
– მე განვსხვავდებოდი იმით, რომ ყოველთვის ვცდილობდი გამეხედა ჩემი მასწავლებლობის საზღვრებს მიღმა. ხშირად ვხვდებოდი ინჟინრებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში იყვნენ დასაქმებულნი, ვთხოვდი, მოსულიყვნენ სკოლაში და ესწავლებინათ ბავშვებისთვის ის, რის ცოდნაც გამოადგებოდათ მათ მომავალ სამუშაოზე; ვეკითხებოდი, რა მესწავლებინა მე თვითონ ისეთი, გამოსადეგი რომ ყოფილიყო იმ პროფესიებში, რომლებზე მოთხოვნაც არის ბაზარზე.
– საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლის დაინტერესება ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები ვითარდება, ბავშვებს მაინც უჭირთ ამ საგნების შეყვარება. ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაშიც დგას. როგორ ახერხებთ, შეაყვაროთ ბავშვებს ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა?
– კაცობრიობა ამ მეცნიერებებს ათასობით წლის განმავლობაში სწავლობდა, ჩვენ კი იძულებულნი ვართ, ეს ცოდნა ისე შევკუმშოთ, რომ რამდენიმეწლიან სასკოლო კურსში ჩავატიოთ. ძალიან კარგ შედეგებს ვიღებთ, როდესაც ბავშვებს ვატარებინებთ გალილეო გალილეისა და სხვების ექსპერიმენტებს. როდესაც მოსწავლეს უშუალო შეხება აქვს ექსპერიმენტთან, უფრო ემოციურადაც განეწყობა და უკეთესადაც ესმის საქმის არსი, ვიდრე მაშინ, როდესაც პირდაპირ ეუბნებით ამ ექსპერიმენტის შედეგს და თეორიულად უმტკიცებთ, რომ ეს ასეა.
– სკოლის ბაზაზე, ცოტა არ იყოს, რთულია ამ ექსპერიმენტების ჩატარება, მით უმეტეს – სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში, თუმცა ეგებ ბევრი რამ მასწავლებლის მონდომებაზეც იყოს დამოკიდებული. იცით, რა მაინტერესებს? ეს ინჟინრები სიამოვნებით მოდიან სკოლაში და თანამშრომლობენ მასწავლებლებთან?
– დღეს თქვენს კლასში რომ შემოვედი, ბავშვები ორ მწკრივად ისხდნენ. მე დავდექი როგორც ლექტორი და მათ რაღაცებს ვაჩვენებდი… სრულიად განსხვავებული იქნებოდა განწყობა და გარემო, ეს ბავშვები რომ მსხდარიყვნენ მაგიდების გარშემო, მე ჩამომევლო და საექსპერიმენტოდ საჭირო მასალები დამეწყო მათთვის. გაცილებით მეგობრული იქნებოდა ჩემდამი განწყობაც.
თუ ინჟინერს შესაბამის ინსტრუმენტსაც მისცემ და გარემოსაც შესაბამისად მოუწყობ, ის სიამოვნებით მოვა. მაგალითად, ვეუბნები, მინდა მუყაოსგან თვითფრინავის გაკეთება, მაგრამ არ ვიცი და იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. ისინიც სიამოვნებით მომყვებიან. მათ გაკვეთილებზე მეც ვსწავლობ და შემდეგ დამოუკიდებლად ვაკეთებ იმავეს.
მაგისტრის ხარისხი შემდეგნაირად მივიღე: ორი სემესტრის განმავლობაში დავდიოდი ქარხნებში თუ ობიექტებზე, კუდში დავდევდი ინჟინრებს, მინდოდა მენახა, როგორ იყენებდნენ მათემატიკას სამუშაო ადგილზე კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. ეს იყო დამოუკიდებელი კვლევა, რომლისთვისაც რაღაც კრედიტები მივიღე.
– როდესაც თქვენ შესახებ ვკითხულობდი, საინტერესო რამეს წავაწყდი. თქვენ ამბობთ, რომ საჭიროა, პედაგოგი მოწოდებით იყოს მკვლევარი, უყვარდეს ციფრები და განათლების რეფორმას მიუდგეს, როგორც მეწარმე – ბიზნესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც. მასწავლებელს შეუძლია, დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი პროფესიის არჩევაში, რადგან ის ყველაზე უკეთ იცნობს ამ ბავშვის შესაძლებლობებს. რაკი თქვენ დიდი ხანია ჩართული ხართ ამ პროცესში, ალბათ იცით, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ ერთმანეთს ის, რასაც სკოლა იძლევა და ის, რასაც ბაზარი მოითხოვს. 
– ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ხედავდეს ბაზრის მოთხოვნებს. არც ჩვენს ქვეყანაშია მთლად კარგად საქმე. მასწავლებელი რეალური გარემოსა და ცხოვრების მოთხოვნებს საგაკვეთილო პროცესში უნდა აზიარებდეს მოსწავლეს.
– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იცოდეს, რაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა. ალბათ არც ის იქნებოდა ურიგო, მასწავლებელსაც სცოდნოდა, რომელი პროფესიაა საჭირო იმ გარემოსთვის, სადაც ის ასწავლის. 
– ამერიკის ორ შტატში, არიზონასა და ჩრდილოეთ კაროლინაში, ტარდება ინტერნეტგამოკვლევა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ინტერნეტრეჟიმში დაინახონ ის, რაც მოსწონთ და ის, რაც კარიერული მიზნების განსახორციელებლად გამოადგებათ. 
– ჩვენი „მასწავლებელის სახლი” მასწავლებელთა პროფესიული დახელოვნების ცენტრია. აქ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან მასწავლებლები საგნობრივი კომპეტენციებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გასავითარებლად, იმის სასწავლად, რა და როგორ ასწავლონ. ჩვენი ტრენერებიც მიდიან რეგიონებში და ადგილზე უტარებენ გაკვეთილებს. ჩვენ ვიკვლევთ მასწავლებელთა საჭიროებებს და ამის მიხედვით ვგეგმავთ ტრენინგების შინაარსს. ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ არსებობს ამ ტიპის დაწესებულებები თუ ორგანიზაციები?
– დიახ, ჩვენც გვაქვს ამ ტიპის ცენტრები. ყველა შტატში არის რეგიონული საგანმანათლებო ასოციაცია. ისინი ფინანსდებიან ერთდროულად როგორც კონკრეტული შტატის, ასევე ცენტრალური მთავრობიდან. ხანდახან აერთიანებენ კიდეც თავიანთ ბიუჯეტს, რომ იყიდონ, ვთქვათ ლაბორატორია, ან რამე ტექნიკა სკოლებისთვის. გვაქვს მეცნიერების მასწავლებელთა ნაციონალური ასოციაციაც, ასევე – მათემატიკის მასწავლებელთა ნაციონალური საბჭო. მათ აქვთ თავიანთი ჟურნალი და შვიდასი ათასი წევრი ჰყავთ. ყოველწლიურად იმართება კონფერენცია, რომელზეც მთელი ქვეყნიდან ჩამოდის ათი ათასამდე მასწავლებელი. ისინი გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს, სწავლობენ ერთმანეთისგან. 
– ქალბატონო ბევერლი, როგორი წარმოდგენა შეგექმნათ ჩვენს განათლების სისტემაზე ? 
– მე მომაწოდეს მასალები, მარამ გამიჭირდა რეალურად აღქმა, ვიდრე თავად არ მივედი სკოლაში. გამიჩნდა შეგრძნება, რომ თქვენ გაცილებით მაღალი დონის სწავლება გაქვთ მე-6, მე-7, მე-8 კლასებში, მოსწავლეებმა მათემატიკაში უფრო მეტი იციან, ვიდრე მათმა თანატოლებმა შეერთებულ შტატებში. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

– თქვენ ბრძანებთ: იმისთვის, რომ დახელოვნდე, რომელიმე სფეროში ნამდვილი თამაში უნდა ითამაშოო. ნამდვილ თამაშსაც აქვს თავისი წესები. რამდენიმე მათგანს ხომ არ გაგვიმხელდით?
– ჩვენ ვუყურებთ მათემატიკასა და მეცნიერებას, როგორც საშემსრულებლო ხელოვნებას. საჭიროა პროექტების მომზადება, რომელთა განხორციელება მოითხოვს მათემატიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცოდნას. თუ ამ ცოდნის გარეშეც შესაძლებელი აღმოჩნდა ამოცანის შესრულება, ესე იგი პროექტი ვერ ყოფილა კარგად შედგენილი. პროექტში დაბალანსებული უნდა იყოს სხვადასხვა საკითხი.
ერთადერთი გზა პროექტის ოპტიმიზაციისთვის მათემატიკური საშუალებების გამოყენებაა. მათემატიკური ხედვა აუცილებელია. არავინ აგიყვანს სამსახურში იმიტომ, რომ დიფერენციალური განტოლების ამოხსნა შეგიძლია – აგიყვანენ იმიტომ, რომ შეგიძლია პრობლემის გადაჭრა, მაგრამ თუ დიფერენციალურ განტოლებებს იცნობ, პრობლემას უფრო სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებ. ერთი და იგივე მიდგომა უნდა გქონდეთ მესამეკლასელებსა და მეათეკლასელებთან. მათემატიკური პრობლემა სხვადასხვანაირად წარმოჩნდება სწავლების სხვადასხვა ეტაპზე. სწორედ ამიტომ მივედით ავტორბოლის მანქანებამდე და სხვა პროექტებამდეც. გვყავს მეხუთეკლასელები, რომლებიც იმდენად დაიხვეწნენ, რომ სპეციალურ საქარე გვირაბებს, რომლებიც მანქანების საწმენდად გამოიყენება, თავიანთი ხელით აკეთებენ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორად შეურჩიო ბავშვებს პრობლემები, სწორად დაუსახო ამოცანები. კრიტერიუმები ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ხანგრძლივი პერიოდისთვის ივარგოს. იგი სამი დისციპლინის ცოდნას მოითხოვს – მეცნიერებისა, მათემატიკისა და ტექნოლოგიისა. მათ შორის ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ.
ესაუბრა ნატო ინგოროყვა

ტრანსფერის მნიშვნელობა და მისი სახეები

0
მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა პირველებმა გამოიყენეს ცოდნის ტრანსფერის ხარისხის გასაზომი ტესტები. მათ სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული იმდროინდელი შედეგების გამოკვლევა სურდათ. მათი ერთ-ერთი მიზანი იყო, შეემოწმებინათ ეგრეთ წოდებული „ფორმალური დისციპლინის” დოქტრინა, რომელიც იმხანად ძალიან იყო გავრცელებული განათლებაში. ამ დოქტრინის თანახმად, რაიმე საგნის, მაგალითად, ინგლისური ენის ან გეოგრაფიის სწავლისას მოსწავლე იღებს უფრო ეფექტურ განათლებას, ვიდრე უბრალოდ საგნის ცოდნაა, ანუ პარალელურად იძენს სწავლის ზოგად უნარებს.
ამ დოქტრინის მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანის ფსიქიკა ზოგადი უნარების კრებულია – ისეთებისა, როგორიცაა დაკვირვება, ყურადღება, ამოცნობა, მსჯელობა –  და ეს უნარები ვარჯიშის შედეგად ვითარდება.
ამ და სხვა კვლევების შედეგად მეცნიერებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ კონკრეტულ სფეროში კომპეტენტურობის განვითარება ხდება ამ სფეროს პრობლემების გადაწყვეტის წესებისა და საკითხის დინამიკური, ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ.
თუ შევაჯერებთ მეოცე საუკუნის განმავლობაში ცოდნის ტრანსფერის შესახებ მიმდინარე მსჯელობებს, მივიღებთ ასეთ სქემას:

ნაჯიბ მაჰფუზი

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

კაიროს ყავახანების
დიკენსი

 

ამჯერად ნობელის  პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში გახდა ძალიან თავმდაბალი
ადამიანი. ასე წერენ ეგვიპტის გაზეთები ნაჯიბ მაჰფუზზე. მათ შორის, ვინც არაბულ ენაზე
წერს,  – ის პირველი ლიტერატორია,  ვისაც  ერგო  ასეთი  პატივი.  მას  პრემიას  ანიჭებს 50-წლიანი შემოქმედებითი გზა მწერლისა,
რომლის ნაწარმოებები ფართოდ არის ცნობილი მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში.

ჟურნალისტთა ყურადღებისადმი
ყოველთვის თავისამრიდებელი,  ახლა ის ყოველდღიურად
ესაუბრება  რამდენიმე ათეულ ადამიანს, კორესპონდენტს,
იძლევა ტელეინტერვიუებს, პასუხს სცემს რადიოკომენტატორთა შეკითხვებს.

მწერლის რომანების,  მოთხრობების გმირები აღებული  არიან კაიროს სინამდვილიდან: მოკლე დროში ნაჯიბ
მაჰფუზი დამკვიდრდა როგორც მოთხრობისა და “პატარა” რომანის ოსტატი, ზოგიერთმა
კრიტიკოსმა  კი დაიწყო მისი  მოხსენიება “კაიროს ყავახანების დიკენსად”.

 

– როგორ მოხვედით  ლიტერატურაში?

– წიგნებით კითხვა
მე დავიწყე ძალიან ადრე და ვკითხულობდი ბევრს, თანდათანობით გაჩნდა სურვილი თავადაც
დამეწერა რაღაც. მოგვიანებით ეს გადაიზარდა დაუცხრომელ წყურვილში.

– თქვენი ნაწარმოებებიდან ყველაზე წარმატებულად
რომელს მიიჩნევთ?

– ტრილოგიას “ბეინ  ალ-კასრეინს” და რომანს “ბავშვები ჩვენი
კვარტლიდან”. სწორედ ამისათვის  მომენიჭა
პრემია.

სხვა მწერალთა ნაწარმოებებიდან თქვენთვის  რომელია ახლობელი?

 

– გატაცებული ვიყავი
ეგვიპტური ლიტერატურის კლასიკოსებით. ბრწყინვალენი არიან რუსი კლასიკოსებიც: ტოლსტოი,
დოსტოევსკი, ჩეხოვი,  ტურგენევი… რამდენადმე
მათაც იქონიეს გავლენა ჩემს შემოქმედებაზე.

-თქვენისიყმაწვილისდროინდელი  ეგვიპტე რით  განსხვავდება თანამედროვისაგან?

– ამ დროის განმავლობაში
მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენები.

1919 წლის სახალხო
გამოსვლები, 1952 წლის რევოლუცია და ის აღმავლობა, რომელიც მან მოუტანა საზოგადოებას.
ომები, – დაუვიწყარი დამარცხებები და გამარჯვებები, რომლებიც ჩემს მეხსიერებაში გადაიტანა
ეგვიპტემ. მართლაც, ეს ომები იქცა კრიზისული პერიოდის უმთავრეს მიზეზად, რომელსაც იტანს
ქვეყანა, მაგრამ მთლიანობაში ეგვიპტე მიდის დემოკრატიული გზით და მშვიდობისმოყვარეობით
აშენებს თავის შინაპოლიტიკურ ურთიერთობებს.

– თქვენი აზრით, რაა  თანამედროვე მწერლის  მისია?

– ეს ჰუმანურობის
მისიაა. სუსტებისათვის დახმარება და დ ჩაგრულებისადმი თანადგომა. ბრძოლა მშვიდობისათვის
ამ პლანეტაზე. ამის გაუცნობიერებლად არც ღირს კალმის ხელში აღება.

– თქვენ, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატს,
უეჭველად გექნებათ მოწვევები საზღვარგარეთიდან. გაქვთ თუ  არა  განზრახული
მოგზაურობა?

– მოწვევები უკვე
მოდის,  მაგრამ მთელი ცხოვრება ეგვიპტეში გავატარე.
უცხოეთში ვიყავი სულ რაღაც ორჯერ. არ მიყვარს კაიროდან გამგზავრება და პრემიაც ვერაფერს შეცვლის.

– მითხარით, როცა შეიტყვეთ პრემიის მონიჭების
შესახებ, არ მოგინდათ გეთქვათ ცნობილი “შეჩერდი, წამო!..”

– ნობელის პრემიისადმი
აბსოლუტური პატივისცემის მიუხედავად  – არ მომსურვებია.  ცხოვრებაში მქონია უფრო ბედნიერი წუთებიც.

– მაგალითად?

– მაგალითად, როცა
შევიტყვე, რომ სტატიები, რომელთა დაბეჭდვის უფლება დიდხანს არ მქონდა, დაბეჭდეს…

– ახლა რაზე მუშაობთ?

– ვფიქრობ, დავასრულო
და გამოვცე ორი ციკლი მოთხრობებისა.

 

– გეგმავთ თუ  არა  დაწეროთ
რაიმე თანამედროვეობაზე?

– ჯერ არა. მაგრამ
საიდან უნდა ვიცოდე? აი, ჩვენ ვსაუბრობთ, მე კი შესაძლოა უკვე დამებადოს კიდეც ასეთი  ნაწარმოების დაწერის იდეა…

– აზრები ყოველთვის მოულოდნელად იბადებიან?

– ყოველთვის. არასოდეს
არაფერს არ ვგეგმავ. მებადება იდეა – ვჯდები და ვწერ.

 

ყოველ ნიჭს თავისი ასაკი აქვს

 

როდესაც ნაჯიბ მაჰფუზთან
ამ შეხვედრის ნებართვა  ვითხოვე, უარს ველოდი  მისი  ჯანმრთელობის
ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ის, ჩვეულებისამებრ, დამთანხმდა, უწინდელი
კეთილგანწყობით მიმიღო და ხანგრძლივი დროც დამითმო, მიუხედავად  მტანჯველი ტკივილებისა; სხვათა შორის, მას  არც ჩვეული ხალისი  დაუკარგავს. ჯანმრთელობის თაობაზე რომ  ვკითხე, მიპასუხა: “მტკივან ხელს  ახლაც  ვმკურნალობო”,
შემდეგ კი სიცილით დააყოლა: “მაგრამ  სმენა
და მხედველობა ისე დამიქვეითდა, მკურნალობა ვეღარას უშველისო”. მან მწერლობასა და ლიტერატურაში განვლილ გზაზე, იმ
უმნიშვნელოვანეს ქმნილებებზე ისაუბრა, რომლებშიც საკუთარ თავს ხედავს, ცენზურაზე და
იმაზეც, თრგუნავს თუ  არა  იგი მხატვრულ შემოქმედებას.

 

– როგორია თქვენი დღის განრიგი, უწინდებურად
დათქმული შეხვედრებით არის შეზღუდული?

– ჩემი დღე იწყება
ჩემს მეგობარ მუჰამედ საბრისთან ერთად. ის გაზეთ “ალ-აჰრამის” თანამშრომელია
და პრესას მიკითხავს ხოლმე. ამის შემდეგ ველოდები მკურნალ ექიმს, შუადღისას ვსადილობ
და ცოტა ხნით ვიძინებ. ძალიან ხშირად მოდიან ჩემთან მეგობრები, რომელთა მეშვეობითაც
ვეცნობი პოლიტიკისა და ლიტერატურის სიახლეებს, რადგან მე ვერ ვკითხულობ, ვურ ვუყურებ
ტელევიზორს და ვერ  ვუსმენ რადიოს.

 

თქვენზე მოწყობილი თავდასხმისა და ამ ამბის  შედეგებზე მინდა გკითხოთ…

– (ირონიულად იღიმება)
ამ  უბედურების შედეგად, უკვე ორი წელია, ვეღარ
ვწერ. ჯერაც ვმკურნალობ და კალამს ხელში მხოლოდ სავარჯიშოდ ვიღებ. ვიმედოვნებ, წერას
ისევ  შევძლებ.

– არ გიფიქრიათ,  უკარნახოთ ვინმეს და ჩააწერინოთ,  რათა თქვენს ნაწერებთან შეხვედრის სიხარული არ მოაკლდეს
თქვენს კალამს მონატრებულ  მკითხველს?

–  მართალი გითხრათ, არ შემიძლია. მთელი  ცხოვრება აზროვნებას და საკუთარი ხელით წერას ვარ  შეჩვეული, ახლა ვეღარ გამოვიცვლები. აი, ჩემს მემუარებს
კი უკვე სამი წელია ვკარნახობ ჟურნალისტს. ეს მემუარები სადაცაა დასრულდება და მალე
ცალკე წიგნადაც  გამოვა.

– თქვენი ბოლო ნაწერები  ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.
როგორ იქმნებოდა ისინი და თქვით თუ  არა  მათში სათქმელი?

– პირველ რიგში, უნდა  ითქვას, რომ  ეს ჩემი ბოლო ნაწერები როდია. დავწერე  ძალიან მოკლე ნოველები, რომლებიც  იბეჭდება ჟურნალში “ნახევარი დუნია”.
ამ ნოველებმა მაგრძნობინა, რომ მე კვლავ ვმუშაობ. ავტობიოგრაფია უცნაურ ვითარებაში
დაიწერა; კუჭს ვუჩიოდი და ლონდონში აღმოჩნდა, რომ ოპერაცია მჭირდებოდა. ლონდონში წასვლამდე, მერე კი იქიდან დაბრუნებისა და გამოჯანმრთელების
შემდეგაც ვეძებდი  რაიმე  თავშესაქცევს. ამიტომაც ვიწერდი ყველაფერს, რაც
თავში მომდიოდა. გამოქვეყნებაზე კი არ ვფიქრობდი. წერა რომ  დავამთავრე, გადავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ნაწერი
რედაქტირებას საჭიროებდა. ჩავასწორე. გამოქვეყნებაზე ისევ არ მიფიქრია, რადგან ჟანრი
ვერ  მოვუძებნე. ის არც ნოველა იყო, არც რომანი
და რასაკვირველია, არც პოეზია… მაშ, რა სახით შემეთავაზებინა იგი მკითხველისთვის?
ჩემი მეგობრების ნაწილი მირჩევდა მის გამოქვეყნებას, ნაწილი წინააღმდეგი იყო. ცოტა
არ იყოს, მომწყინდა ეს დაუმთავრებელი ურთიერთდაპირისპირება და მისთვის რომ ბოლო მომეღო,
ავდექი  და “ალ-აჰრამს” გავუგზავნე.
დაიბეჭდა და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ იგი ბევრს მოეწონა.

– მოგენატრებათ ხოლმე  თქვენი რომელიმე ნაწარმოების წაკითხვა?

 

– მართალი გითხრათ,
არასოდეს მიყვარდა  ჩემი ნაწარმოებების კითხვა
მათი დაწერის შემდეგ, მაგრამ ვუყურებდი კი მათ ტელევიზიით ან კინოში; თუმცა, ამჟამად,
ორივე ერთნაირად მიჭირს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  ფილმებად  ან სერიალებად ეკრანიზებული ჩემი ნაწარმოებების
უმრავლესობა სავსებით  მისაღები მგონია, მცირე
გამონაკლისთა გარდა.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს რომანებს ეკრანიზებამ
პოპულარობა შეჰმატა?

– შედარებაც არ არის
ნაბეჭდ ჩარჩოში მომწყვდეულ  ნაშრომსა და მის
ეკრანიზებულ ვარიანტს შორის, იქნება ეს სატელევიზიო თუ კინემატოგრაფიული ვარიანტი.
ჩემი ტექსტები ზეპირად იცის მილიონმა მაყურებელმა მაშინ, როცა მათი მკითხველი რამდენიმე
ათასს არ აღემატება. ეკრანიზება ლიტერატურისთვის სასარგებლოა, რადგან იგი ავრცელებს
მას იმ ხალხშიც, რომელიც არ კითხულობს.

– თქვენი რომანების ეკრანიზებული ვარიანტები
ნაჯიბ მაჰფუზის პიროვნების ამსახველია თუ  რეჟისორის?

– კინემატოგრაფიულ
ფილმებში რეჟისორი ნომერ პირველი ფიგურაა, რადგან ის ასრულებს  მთავარ სამუშაოს. იგი მწერლის ნაწარმოებს მისეული
თვალთახედვით გვთავაზობს. ასევე ხდება ტელევიზიაშიც. ნაწერი,  რომელიც ხილულ მხატვრულ ნაწარმოებად იქცევა,  უკვე რეჟისორს ემორჩილება. არასოდეს მიცდია საკუთარი
აზრი  მომეხვია თავზე  რომელიმე რეჟისორისთვის. მათ თავიანთი შეხედულებისამებრ  მოქმედების სრულ თავისუფლებას ვუტოვებდი.

– თქვენი რომანებიდან  რომელია ყველაზე ახლოს
თქვენს გონებასა და გულთან?

– არ არსებობს ასეთი
განსაზღვრული რომანი. როგორც შვილებს არ არჩევენ, ისე  მათ ვერ განვასხვავებ. თუმცა ზოგ რომანზე მეტი ჯაფა მაქვს  გაწეული სხვებთან შედარებით, მაგალითად, ტრილოგიაში,
ეპოპეაში “ალ-ხარაფიში”, “ათას ერთ ღამეში” და  ზოგ ნოველაში.

– ნაჯიფ მაჰფუზი თუა  მისი რომანების გმირთა  შორის?

– ზუსტად მისი  მსგავსი არა, მაგრამ ბევრჯერ მითქვამს, რომ ქემალი, ტრილოგიაში, წარმოადგენს იმ ინტელექტუალურ
და სულიერ განათლებას, რომელზეც გაიზარდა მთელი ჩემი თაობა.

 

– დიდტანიანი რომანი კონტრასტს ხომ არ ქმნის
ჩვენი ეპოქის სწრაფ რიტმთან?

– ლოგიკა ამას ადასტურებს.
სწრაფ ეპოქას უფრო მსუბუქი ნაშრომები ესადაგება, თუმცა რომანს თავისი მკითხველი ჰყავს
მთელ მსოფლიოში. ისე  კი, ღმერთმანი, არ ვიცი,
ამ ინტერნეტის ეპოქაში ეყოლებაღა მკითხველი 1000-გვერდიან  რომანს?

– ნასესხობა თუ  მიგაჩნიათ დასაშვებად ლიტერატურაში?

– ნაწერი, პირველ
რიგში, ავტორის სულის გამოძახილი უნდა იყოს, სხვა მწერლების რა გავლენის ქვეშაც არ
უნდა იმყოფებოდეს იგი. ნასესხობა ალბათ უფრო კინოში შეიძლება მოხდეს…

– აქვს თუ არა  ტალანტს განსაზღვრული  ასაკი?

– ვიღაცა დიდხანს
წერდა ბევრს,  ვიღაცა უფრო ნაკლებს, ვიღაც კი
მთელი სიცოცხლე ერთ რომანს წერს… ყოველ ნიჭს თავისი ასაკი აქვს. მე ვიცნობ ხალხს,
რომელთაც ერთი ან ორი ნაწარმოები შექმნეს და ამის შემდეგ აღარაფერი.

– შეიძლება მწერალმა დროებითი უნაყოფობის შემდეგ
ისევ განაგრძოს წერა?

– ეს მე შემემთხვა.   5 წელი (1952-57 წ.წ.)  წერა  შეწყვეტილი
მქონდა, მხოლოდ კინოსცენარებს ვწერდი, შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ლიტერატურას.

– თქვენ სახელმწიფო მოხელე იყავით და თან მწერალი,
მოქმედებს თუ  არა  თანამდებობა მწერალზე?

– მოქმედებს და ეს
გავლენა  პოზიტიურიცაა და ნეგატიურიც. ყველაზე
უარყოფითი თვისება,  რაც ამას თან ახლავს, ეს
მწერლის აქტივობის სამსახურისთვის ხარჯვაა, პოზიტიური მხარე კი ცხოვრებისეული გამოცდილება და იმ პიროვნებებთან  ნაცნობობაა, რომლებთანაც მას სამსახური აკავშირებს.

– სიყვარული? უნდა გამოსცადოს იგი მწერლმა,
რომ წეროს მასზე?

– მე ასე მგონია,
თუ  კაცი შეყვარებულია, ის უკეთ  წერს. როცა უყვარს, მისი  სული უფრო სავსე და  მდიდარია, რაც განაწყობს როგორც სიყვარულზე, ისე  სხვა თემებზე საწერად.

– შეიძლება წერა შემოსავლის მიღებისა და კომერციული
მიზნით?

 

– ეს პიროვნებასა
და მის ზნეობაზეა დამოკიდებული. ზოგი კარგად გამოიძიებს ხოლმე, ხალხს რა სჭირდება.
წერს და აქვეყნებს მას და შემოსავალსაც  იღებს,
მაგრამ ეს არ არის ნამდვილი მწერლობა, ეს წერის გარკვეული სახეა, იგი მწერლის შინაგანი
“მე”-დან მოდის, რომელიც ამ თავისი ექსპერიმენტით საკუთარ კმაყოფილებას უფრო
წინ აყენებს, ვიდრე ნაწერის  მკითხველი საზოგადოებისთვის
მისაღებლობა-მიუღებლობას.

– ნაჯიბ  მაჰფუზის შემოქმედებას  რა გამოარჩევს სხვათაგან?

– ერთი ნიშნით მისი
დახასიათება არ შემიძლია, რადგან ის ერთმანეთს უთავსებს ისტორიულ მწერლობას, რომანტიზმს,
რეალიზმს, სიმბოლიზმსა და ექსპრესიონიზმს.

– თქვენ ხანმოკლე პერიოდი (სულ 10 თვე) ხელოვნების
ნაწარმოებთა ცენზურას ხელმძღვანელობდით. ცენზურა ეხმარება ხელოვნებას?

– მიმაჩნია, რომ გონივრული
ცენზურა თავად შემოქმედთა სასიკეთოდ მუშაობს. იგი კანონის  და ზნეობრივი ეთიკის საფუძველზე განსაზღვრავს  დასაშვებსა და აკრძალულს. ცენზურაში მუშაობის მანძილზე ვიყავი ხელოვნების ქომაგი და ამასვე
ვითხოვდი ჩემი კოლეგებისგან… ისე,  მწერალს
ბევრად მეტი თავისუფლების მიცემის  საშუალება  აქვს საკუთარი თავისთვის, ვიდრე კინემატოგრაფისტს.

– როგორ გგონიათ, თქვენ მიერ  ნობელის  პრემიის მიღებით   არაბული რომანი  მსოფლიო ლიტერატურის ორბიტაზე გავიდა?

– დარწმუნებული ვარ,  რომ ბევრ არაბ ლიტერატორს შეიძლება ეწოდოს  მსოფლიო
დონის, რაც იმას ნიშნავს, რომ  მათი წაკითხვა
შესაძლებელია მშობლიური გარემოს ფარგლებს გარეთაც.

– ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე რა
აზრისა ხართ?

– ნორმალიზაცია ზავსა
და მშვიდობას გულისხმობს, მათ პარალელურად მიმდინარეობს. მშვიდობას კი ამჟამად წინ
დაბრკოლებები ეღობება.

 

– მიმდინარე ვითარებაში, როცა სამშვიდობო პროცესი
კრიზისს  განიცდის, დასაშვებად მიგაჩნიათ ისრაელელ
მწერლებთან შეხვედრა?

– ამასთან  მაგას რა კავშირი  აქვს! თვით ომის პირობებშიც კი შეუძლიათ  ჩემთან კონტაქტი.  ხელის  შემშლელი რა უნდა  იყოს? რატომ ვეტყვი უარს ვინმეს,
თუკი იგი ჩემთან შეხვედრას ითხოვს?! რისი უნდა მეშინოდეს?!

 

ჩემს მწერლობასა და  ხედვაში ყველა უდიდესი ძვრა მოულოდნელად, უცაბედად
ხდებოდა!

 

ნაჯიბ მაჰფუზისთვის
1988 წლის ოქტომბერში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებიდან მრავალი წელი
გავიდა.  იმ დღიდან რამდენი  რამ ითქვა, პოზიტიურიცა და ნეგატიურიც, პრემიასა და მის ლაურეატზე და არაბული სალიტერატურო
მწერლობის მდგომარეობაზე, მაგრამ ნაჯიბ მაჰფუზი აქ პირველად საუბრობს თავისი ბელეტრისტიკის
უდიდესი ძვრების შესახებ – როგორ ხდებოდა ისინი და ასევე ლიტერატურისა და სალიტერატურო
მწერლობისგან შორს მდგარ  იმ ღირსშესანიშნავ
შემთხვევაზე, რომელმაც მას  ამ გარდაქმნებისკენ
უბიძგა.

მართლაც, ნაჯიბ მაჰფუზი
ისტორიაში შევა იმ მხრივაც, რომ ის მეტად თავმდაბალი ადამიანთაგანია. იგი ერიდება ბრტყელ-ბრტყელ,
ხმაურიან სიტყვებს და არ საუბრობს იმ მიზეზზე, რამაც განაპირობა ფარაონული ეგვიპტის
შესახებ ისტორიული რომანებიდან წერის რეალისტურ ეტაპზე მისი  გადასვლა, რომლის მწვერვალიც გახლდათ მისი გახმაურებული
ტრილოგია, ამის შემდეგ კი მწერალი ე. წ.

“უდიდესი ადამიანური
კითხვების” რომანებზე გადადის, რომლითაც ლიტერატურული ხელჩაქნეულობისა და  სასოწარკვეთის წლების შემდეგ ნაჯიბ მაჰფუზი მწერლობას
დაუბრუნდა. როდესაც მწერალი ამ  გადაქმნებზე
საუბრობს, მისთვის ჩვეული  თავმდაბლობით ამბობს,  რომ  ისინი
ყველანი მოულოდნელად, უცაბედად მოხდა და საამისოდ რაიმე წინასწარი გეგმა მას არ ჰქონია,
თუმცა რომელიმე სხვა მწერალს, შესაძლოა, ვრცლად ესაუბრა იმ ფილოსოფიაზე, ამა თუ  იმ ცვლილებას რომ განაპირობებდა, მაგრამ ნაჯიბ მაჰფუზი
მორიდებული ადამიანია და,  რაც მთავარია,  გულწრფელი. გულწრფელობაა ის საიდუმლო, რასაც მწერალი
მიჰყავს ხალხამდე  ან აშორებს  მათ ერთმანეთს და, რადგან ძნელია, უსვამდე ნაჯიბ
მაჰფუზს კითხვებს, იღებდე მისგან პასუხებს და არ დაინტერესდე მისი ამჟამინდელი მდგომარეობით,
საჭიროდ მივიჩნიეთ,  შევხებოდით დიდი ლიტერატორის
პიროვნულ და სალიტერატურო ვითარებას ამჟამად, კერძოდ, როცა ის ვერ  კითხულობს, ვერ  წერს და დიდის გაჭირვებით ესმის.

ეს ინტერვიუ თანამედროვე
დიდ არაბ ლიტერატორს ჩამოართვა ცნობილმა ჟურნალისტმა, ნოველისტმა და რომანისტმა იუსუფ
ალაკიდმა კაიროში.

– უდიდესი ცვლილებები თქვენს რომანისტულ მწერლობაში
ერთი მიმდინარეობიდან მეორისკენ გეგმაზომიერად ხდებოდა თუ როგორ? როგორ გადახვედით,
მაგალითად, ფარაონული ეგვიპტის ისტორიული რომანებიდან  პირველ რეალისტურ რომანებზე და რეალისტურიდან კი
მომდევნო რომანებზე?

– ღმერთმანი, ეს გადასვლები
ერთი ციკლიდან მეორეზე,  ერთი ინტერესიდან მეორეზე  წმინდა წყლის შემთხვევითობაა.

– თქვენი მხრიდან  ყოველგვარი წინასწარი  დაგეგმვის გარეშე?

– აქ არავითარი დაგეგმვა
არ ყოფილა, არც წინასწარგანზრახული და არც სხვაგვარი.

– მოდით, დავიწყოთ  პირველი ცვლილებებიდან. სამი
ფარაონული რომანის  – “თებეს ბრძოლა”,
“როდოპისი” და “აჰმასი – დამოუკიდებლობის გმირი” – დაწერიდან.
რა იყო ამ რომანების წერის მიზანი?

– ეს იყო  ეგვიპტის ისტორიის  აღწერის  ჩემეული მცდელობა თუ  მცდელობის სურვილი, ფარაონების
ეპოქიდან  მოყოლებული თანამედროვე  ეპოქამდე რომანების  ციკლით. მაშინ მეჩვენებოდა, რომ  ეს სამუშაო მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩემი ერთადერთი
საქმიანობა იქნებოდა, მთელი ცხოვრების კურსი.

– მაგრამ ეს ფარაონული ისტორია მხოლოდ სამი რომანი გაგიგრძელდათ და ამაზე შეჩერდით. ზუსტად
რა მოხდა?

 

– უცაბედად მესამე
რომანის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სურვილი ჩამიკვდა. დამიჯერეთ, აქამდე არ ვიცი ეგვიპტის
ისტორიის რომანებით დაწერის სურვილის ამ მოულოდნელი ჩაკვდომის საიდუმ- ლო. ეს შეჩერება
დაუგეგმავად მოხდა, ჩემი პიროვნული სურვილით.

ძველი თებედან თანამედროვე  თებესა და ახალ კაიროზე გადავედი.  ამ გადასვლისას აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავი მთხოვდა
ჩემთვის და მკითხველისთვის ჩემთან შედარებით კიდევ უფრო უცნობი, დაფარული სამყაროს
წარმოდგენა-წარმოჩენას. სწორედ ამიტომ აუცილებელი გახდა რეალისტური მწერლობა, რომელიც
მეტად შესაფერი იყო ამ ახალი ეტაპისთვის.

– მაგრამ თქვენი რეალისტურ მწერლობაზე გადასვლის
დროს ყველა, თქვენი ჩათვლით, მსოფლიოში რეალიზმის სიკვდილს წინასწარმეტყველებდა. როგორ
გაბედეთ ეს გადასვლა, რომელიც მწერლობის დინების საწინააღმდეგო სვლა იყო?

– მთლად სწორს არ
ბრძანებთ.  ცნობილი ფაქტია, რომ  ყველა რეალიზმის სიკვდილს იუწყებოდა, როცა მე მას
დავადექი, მაგრამ იგი ვპოვე, როგორც შესაფერისი მხატვრული  ფორმა და მეთოდი –  წამომეჭრა ჩემი სათქმელი და  მიმეტანა იგი ხალხამდე.  ასე შევბედე წერის ამ  ფორმას. ეს ცვლილება სპონტანურად მოხდა, ყოველგვარი
წინასწარდასახული მიზნის თვინიერ.  ფარაონულ
ეპოქაზე წერა იმიტომ არ შემიწყვეტია,  რომ  ჩემი მიზნები მასში ამოვწურე ან მასზე წერის უსარგებლობა აღმოვაჩინე, ანდა ამის შემდეგ მოვისურვილე
რეალისტური მწერლობა, მივატოვე იგი და სხვაზე გადავედი. კიდევ ერთხელ გარწმუნებ, ეს
ასე არ მომხდარა. ჩემი შინაგანი  მე  იყო ყოველთვის ერთი ეტაპიდან მეორეზე  ჩემი გადასვლების წარმმართველი.

– ერთი და იმავე ეტაპის რომანები, როგორებიცაა
“ალ-მიდაკის შესახვევი”, “ხან ალ-ხალილი”, “ახალი კაირო”,
“დასაწყისი და დასასრული”… ცალ-ცალკე, იზოლირებულად იწერებოდა თუ რამე
კავშირშია ერთმანეთთან? ხომ არ არის მისაღები თქვენთვის, რომ ამ რომანებს აერთიანებს
ერთი ადგილი – ისლამური კაირო და ერთი და იგივე დრო – 40-იანი წლები?

– არა,  ეს ის არ არის, რაც ამ  რომანებს აერთიანებს. მხოლოდ ერთიანი სტილია ის,
რაც ამ ტექსტებს ერთმანეთთან აკავშირებს, წერის მანერა და ხედვაც.  კავშირი აქ გამომდინარეობს  ერთი  და
იმავე სამწერლობო ეტაპიდან.

– ამას მოჰყვა  ადამიანური ბედ-იღბლისა და უდიდესი იდეების ამსახველ
რომანებზე გადასვლა. როგორ მოხდა ეს?

– მოხდა ისე, რომ
უდიდესი ლიტერატურული ხელჩაქნეულობის პერიოდში – 1952 წლის 23 ივლისის რევოლუციის შემდეგ,
წერას შევეშვი იმ ზომამდე, რომ  სცენარისტადღა
ვმუშაობდი.  დავწერე  რამდენიმე კინემატოგრაფიული ფილმის სცენარი. ვწერდი
სცენარებსა  და დიალოგებს და იმ პერიოდში ასე
წარმომედგინა, რომ ლიტერატურის წერა ჩემს ცხოვრებაში საბოლოოდ დამთავრდა და წარსულის
მიღწევებადღა მრჩებოდა. ამიერიდან მე მას აღარ დავუბრუნდებოდი, რადგან ჩემი სიტყვა
ლიტერატურაში უკვე ვთქვი და დავამთავრე, მაგრამ აღმოვაჩინე,  რომ  საქმე
ხელახლა დაიძრა, თუმცა სხვაგვარად.

– რა არის ის ახალი ელემენტი, რამაც ეს ახალი
გზა განაპირობა?

– იყო იდეა,  რომელიც საფუძვლად დაედო იმ მოტივებს, წერის განახლებისკენ
რომ  შემომაბრუნეს.

– თქვენ მიერ  ფილოსოფიაში მიღებულმა  განათლებამ ხომ არ შეასრულა თავისი როლი თქვენი ამ მიმართულებით შემობრუნებაში?

– მიუხედავად წერის
მანერისა, ფილოსოფია თან სდევდა ყველა ჩემს განვლილ ეტაპს, დაწყებული ისტორიული ციკლიდან,
მოყოლებული იმ ეტაპამდე, რომელზედაც ახლა ვსაუბრობთ და ეს იმიტომ, რომ  ფილოსოფია არის უპირველესი ყოვლისა.

– თქვენი ნოველათა კრებული “ალაჰის წუთისოფელი” ითვლება უდიდესი  კითხვების თხზულებათა წყაროდ,  მიუხედავად იმისა, რომ ის რომანი  კი არა, ნოველათა კრებულია.

– ეს თანამედროვე  ეტაპს  განეკუთვნება,
“უდიდესი კითხვების” ეტაპს,  როგორც
შენ მას უწოდებ ან მეტაფიზიკურ ეტაპს,  როგორც
მას ზოგი კრიტიკოსი ეძახის და სწორედ ამით განსხვავდება ჩემი პირველი ნოველათა კრებულისგან
“სიგიჟის ჩურჩული”.

– მივედით უდიდესი კითხვების  რომანებამდე: “გზა”,  “ალ- ხარაფიში”, “ათასი ღამის ღამეები”…
ეს ამ  ეტაპის ყველა რომანია?

 

– სწორია… შეიძლებოდა,
ამ რომანებისთვის რომანი “ლაყბობა ნილოსზე”  დაგვემატებინა.

– მიუხედავად იმისა, რომ  იგი 60-იანი წლების შუა ხანების ეგვიპტის აქტუალურ მოვლენებს  ეხება?

– ორი კურდღელი მოვკალი
– შევეხე საჭირბოროტო და  საჩოთირო საკითხებს,
რომელთაც ამავდროულად შესწევდათ ძალა უდიდესი კითხვების წამოჭრისა. ამიტომაც  ითარგმნა და მსოფლიო მასშტაბით  იკითხებოდა  მაშინ, როცა რომელიმე  მის მკითხველს შეიძლება,
წარმოდგენაც არ ჰქონოდა  იმ ადგილობრივ ვითარებასა
და იმ მოვლენათა ფონზე, რომელთაც ის შეეხებოდა.

– ზოგი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ თქვენი შემოქმედების
მთავარი  ადამიანური კითხვები მხოლოდ იმ რომანებით
არ შემოიფარგლება, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ…

– ნამდვილად…  როგორც უკვე გითხარი,  ფილოსოფია  ყველა ჩემს ბელეტრისტულ ლიტერატურულ ნაშრომში დევს,
თვით რომან “როდოპისშიც”, რომელიც პირველ, ისტორიულ ეტაპს განეკუთვნება.
იქაც კი უდიდესი კითხვებია.

– ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რომანისტისთვის
უმჯობესია, ფილოსოფია შეისწავლოს?

– არა,  სრულებითაც არა.

– მაგრამ თქვენ ხომ სწავლობდით ფილოსოფიას?

– ეს მხოლოდ და მხოლოდ
შემთხვევითობის წყალობით მოხდა.

– მაგრამ თქვენ რომ ფილოსოფია არ გესწავლათ,
შეიძლება, საქმე სხვაგვარად  წასულიყო?

– შეიძლება… მაგრამ  ჩვენ ფილოსოფიის თავისუფალი მკითხველები ვიყავით,
რაც სისტემატური, რეგულარული შესწავლისგან შორს დგას. ჩვენ ვემოწაფებოდით ტაჰა  ჰუსეინს, აბას ალ-აკკადს, სალამა მუსას, იბრაჰიმ
აბდ ალ-კადირ ალ-მაზინის. ფილოსოფიას ამ  მოწაფეობის
შემდეგ მივუტრიალდი, შესაძლოა მისი  გავლენით
ჩემზე.  თუმცა  ამ  სახელებს  ჩემზე  შემოქმედებითი  გავლენა რომ ჰქონოდა,  შესაძლოა, ფილოსოფიის
შესწავლას არც შევდგომოდი. მაგალითად,  ალ-ყაკკადი  რომ  ისეთი  რომანისტი ყოფილიყო, როგორიც პოეტი იყო და ტაჰა ჰუსეინი რომ რომანისტი ყოფილიყო, ნამდვილად
ინგლისური ან არაბული ენის  განყოფილებაზე შევიდოდი,
ნაცვლად ფილოსოფიის შესწავლისა.

 

– თუმცა, როცა ისტორიული რომანები  წავიკითხე, ვთქვი ჩემთვის, მართლაც ნაჯიბ მაჰფუზი ფილოსოფიის შესწავლის ნაცვლად ისტორიის
კვლევის გზას უნდა დასდგომოდა-მეთქი…

–  ეს ძალიან გონივრულია.  მწერალი, რომელიც ესწრაფვის ეგვიპტის ისტორიაზე
წერას, ბუნებრივია, რომ ისტორიის კვლევაში დასპეციალდეს. სინამდვილეში, მე ეგვიპტის
ისტორიას მისი სიყვარ- ულისა და მისით აღტაცების გამო მოვკიდე ხელი, განსაკუთრებით
კი ძველის, ვგულისხმობ ფარაონულს.

– არ გქონიათ  სურვილი, დაგესრულებინათ წერის ეს ხაზი?

– დამიდგა ასეთი სურვილი
და დავწერე რომანი “რეალობის მკვიდრი”. იგი ეხნატონს ეხება და  ასრულებს პირველ სამ  რომანს.

– ახლა არანაირი სურვილი არა  გაქვთ ისტორიული რომანის წერისა?

– არავითარი სურვილი
არა  მაქვს.

– ახლა რა აზრები გიტრიალებთ თავში უბედური
შემთხვევის შემდეგ თქვენი მარჯვენისა და მხედველობის მდგომარეობის მიზეზით წერის შეწყვეტის  ამჟამინდელ ეტაპზე?

– ძნელია ამას  იდეები ვუწოდო, ის პირადი საქმეები უფროა. მე  დიდ დროს ვატარებ  განმარტოებაში და  მთელი ჩემი ნუგეში წარსულის გახსენებაა პიროვნებათა მეშვეობით. ადრე, როცა ვწერდი, რომანს
შევყავდი სამყაროს წვრილმან დეტალებში, კითხვას მივყავდი აწმყოსა და ხვალინდელი დღისკენ.
ეს კარი ახლა სრულიად დაიხურა ჩემთვის. ფიქრებისა და განსჯის უმრავლესობა შორეული წარსულისკენ
მეწევა, მთლად დასაწყისისკენ, როცა ალ-გამალიას უბანში, ყადის სახლში, ვცხოვრობდი,
სადაც  დავიბადე. ისლამურ კაიროში.

ადგილებს უბრუნდებით, პიროვნებებს თუ  მოვლენებს?

– ეს ყველაფერი ერთდროულად
ხდება. ძნელია ვთქვა, რომ  ამათგან ერთ რომელიმე
კომპონენტს  გამოვყოფ.

– ვინ არიან ის პიროვნებები, ვისაც უბრუნდებით
ახლა?

– მათი დიდი უმრავლესობა
უკვე გარდაცვლილია. ძალიან მცირე ნაწილი ცოცხლებისა ხანდახან შეუმჩნევლად შემოიპარებიან
ხოლმე ჩემს ფიქრებში. გარდაცვლილთა უმრავლესობა ჩემი ოჯახიდანაა – მამაჩემი, დედაჩემი,
ძმები, ზოგიერთი მეგობარი.

 

– წარსულის ეს ჭვრეტა  რამე კონკრეტულზე მიგანიშნებთ?

– არა, მე თითქოს
ციხეში გამომწყვდეული კაცი ვარ,  რომელიც წარსულის
დროებში ამგვარ გადასვლებში თავისუფლად ამოვისუნთქავ ხოლმე.

– ამასთან ერთად, თქვენ გიკითხავენ ყველა გამომავალ
გაზეთს და ყოველდღიურად ხვდებით ხალხის გარკვეულ კატეგორიას. ისინი ცდილობენ მოგაწვდინონ
თქვენ მომხდარი.

– ეს ზედაპირული საქმეებია.  საქმე, რომელსაც მე თვითონ არ ვასრულებ. კითხვა
ან თვალყურის დევნება იმისა, რაც ამქვეყნად ხდება, ზედაპირზე რჩება, სიღრმეებს საერთოდ
არ აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ მე ნახევარ დღეზე მეტს სწორედ ამ საქმეებს ვანდომებ.
მერე კიდევ ეს საქმეები მნიშვნელობითაც ზედაპირულია. ჟურნალ-გაზეთები გამოკვლევა  როდია, თანაც ისინი წარმავალი, დროებითი, წვრილმანი რაღაცებია, უდიდესი ჭვრეტისგან შორს მდგარი.
ყოველდღიურ საქმეებში ჩაძირვა  არ ეხმარება
ადამიანს ცხოვრებისეული პოზიციის შემუშავებაში.

– არის ისეთი კონკრეტული, გარკვეული რამ, რისი
კითხვაც გენატრებათ თქვენ თვითონ?

– ბევრი რამის…
მაგალითად, ზოგი რამ, რაც ადრე წამიკითხავს და მსურს ხელახლა წამეკითხა, თავიდან, უმრავლესობა
იმ ახალი წიგნებისა,  რომლებზეც  მსმენია და  არ შემიძლია  მათი  წაკითხვა
ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

– მაინც კონკრეტულად რა წიგნებია ეს?

– უპირველეს ყოვლისა,
იმ წიგნების  თავში, რომლებზეც ბევრი მსმენია
და ვისურვებდი წამეკითხა, ამერიკაში მცხოვრები იაპონელი მოაზროვნის ფუკოიამას წიგნია
“ისტორიის დასასრული”.

– მაგრამ ნაიმ საბრიმ  ხომ წაგიკითხათ ამ  წიგნის თითქმის მესამედი?

– დიახ, ასე იყო,
მაგრამ გარემოებებმა  შეგვაწყვეტინა. ვადასტურებ,
რომ  ის ძლიერ მშვენიერი  წიგნთაგანია.

– სხვა წიგნები?

–  ახალი წიგნებიდან,  რომლებზეც მსმენია  და  ვისურვებდი
არაბულად მათ წაკითხვას,  მუჰამედ ჰასანეინის  წიგნია “საიქიოს სტრუქტურა”. მან დიდი და ხანგრძლივი, მნიშვნელოვანი ცხოვრებით
იცხოვრა, მნიშვნელოვანი მწერალია. ვისურვებდი, გავცნობოდი მის აზრსა და ანალიზს, მაგრამ
დიდად სამწუხაროდ, მხედველობა დავკარგე, რამაც მომწყვიტა მისი  ნაწერების კითხვას.

– რატომ ვინმეს არ სთხოვთ, წაგიკითხოთ მისი  ცალკეული მონაკვეთები?

– ეს ფანტაზიაა. ვინ
წაგიკითხავს მთელ წიგნს? სხვებისგან არაფერს ვითხოვ,  გარდა  იმისა, რაც მათ  საკუთარი  ნებით  შეუძლიათ
შემომთავაზონ, სრული არჩევანი მათზეა. ჩვენი ეს საუბარი ჩათვალე, როგორც საშუალება,
გიამბო ეგვიპტის, არაბული სამყაროსა და მსოფლიოს სიახლეებზე, მე კი სარგებლობას ვიღებ  შენი ნაამბობიდან.  შემდეგ ჯამალი  წამიკითხავს  კასიდას ან ნოველას, მაგრამ  საქმე ამას არ გასცდება.
საერთოდ კი კითხვა მაინც ისეთ საქმიანობად რჩება, რაც ადამიანმა თვითონ უნდა აკეთოს.

– უახლოეს მომავალში, თქვენი მარჯვენის განკურნების
შემდეგ, როდესაც წერას დაუბრუნდებით, რა იქნება პირველი სტრიქონი, რომელსაც დაწერთ?

– რამე ახალგაზრდობის
დღეებიდან და წლებიდან… მოგონებები.

– ეს ავტობიოგრაფიულ გამოძახილთან იქნება ახლოს?

– არა… ძალიან მოკლე
ისტორიები (ჰიქაიათები).

– ადრე მითხარით, რომ ერთსტრიქონიანი ჰიქაიათების
დაწერა  გსურდათ…

– ეს ხუმრობით…
სერიოზულად ეს არ მითქვამს. გითხარი, როგორც სასაცილო ანეკდოტი, რომელზეც  გავიცინებდით, მაგრამ ზოგმა დაიჯერა ეს ანეკდოტი
და განაცხადა, რომ მე მასთან დავბე- ჭდავდი ერთსტრიქონიან ნოველებს.

წერის ჩემეული პრობლემა
მხოლოდ  ხელი როდია. საქმე ისაა, რომ  ვერ  ვხედავ,
რასაც ვწერ. ჩემს ნაწერს მხოლოდ შავ ხაზებად ვლანდავ, ამიტომ, რასაც დავწერ, კონცენტრირებული
და მარტივი უნდა  იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში,
აზრი მეკარგება,  ჩემი დაწერილის გადათვალიერება
რომ  მოვინდომო.

– მაშ, მწერლობაში დაბრუნება  ხელის კი არა, მხედველობის პრობლემა ყოფილა?!

– მზერა, მხვედველობა
ხელზე ათასგზის უფრო მნიშვნელოვანია.

 

– სანამ საქმე ამგვარადაა… არ გიფიქრიათ,
ხმით მაინც ჩაგეწერათ თქვენი მონათხრობი?

– არ ვიცი… კარნახით
ჩემი ისტორიის ჩაწერა შეუძლებელია. არ ვიცი, როგორ შევიცვალო წერის მეთოდი, რომელსაც
ამდენი წელია მივდევ, 80 წელია. როგორ ვიფიქრო მის შეცვლაზე, როგორ?.. არ ვიტყოდი,
რომ ეს ძნელია. ვიტყოდი, რომ ეს შეუძლებელია, შეუძლებელზე უფრო შეუძლებელი.

– მაგრამ თქვენ ხომ კარნახობთ გაზეთ “ალ-აჰრამის”
წარმო- მადგენელს  თქვენს შეხედულებებს ყოველკვირეულად?

– ეს მხოლოდ  სიტყვებია, როგორც საუბარი,  რომელიც  ახლა მიგვყავს, მაგრამ  ამას მწერლობად არ ვთვლი. ის სავსებით  განსხვავდება მწერლობის, წერის იდეისგან. მაგალითად,
ტაჰა  ჰუსეინი როცა კარნახობდა, ის ამას წერად
მიიჩნევდა, ეს მისი მეთოდი იყო. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე კარნახობდა, არასოდეს
დაუწერია, კალამი ხელში არ აუღია,  ასო არ გამოუყვანია
ფურცელზე. ის კარნახს  პროფესიონალურად მისდევდა.

ეს ინტერვიუ ორი შეხვედრის მანძილზე იწერებოდა
ნაჯიბ მაჰ- ფუზთან. პირველზე ფოტოგრაფი მოვიდა და ბევრი სურათი გადაგვიღო. მოვიდნენ ჩვენი შეხვედრის დამსწრენი. შეკითხვები
მეორე შეხვედრისთვის გადავდე. სანამ საუბარს დავიწყებდი, მკითხა:

– ეს ინტერვიუ რომელი
ჟურნალისთვის მზადდება?

ვუთხარი:

– “ალ-არაბიასთვის”. მან დაასრულა:

– კუვეიტური “ალ-არაბიასთვის?”

და, სანამ ვუპასუხებდი, თქვა:

– იცი, რომ მისი მუდმივი
მკითხველი ვიყავი? ერთი იმათთაგანი, ვინც ყოველთვის მოუთმენლად ელოდა მის წაკითხვას
ყოველი თვის დასაწყისში.  მართლაც დიდებული
ჟურნალია.

– როდის შეწყვიტეთ მისი კითხვა?

– შვიდი  წლის წინ, როცა საერთოდ შევწყვიტე  კითხვა და მათ შორის “ალ-არაბიასაც”.

– რა დაგრჩათ  გონებაში “ალ-არაბიადან”?

– ის არის საყოველთაო
კულტურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი. მისი  მკითხველისთვის
ბევრი სხვა ჟურნალი უკვე  უსარგებლო ხდება.
იგი საუკეთესო არაბულ მონაპოვრად  ითვლება არაბულ
კულტურული ხასიათის პრესაში. ის საუკეთესო ჟურნალია ამ ტიპის ყველა არაბულ ჟურნალს
შორის. ის ყოვლისმომცველი, ენციკლოპედიური ხასიათის ჟურნალია და ჩვენ გვესაჭიროება
ამგვარი ჟურნალები, სანამ ენციკლოპედიური ცნობარები ასე მცირერიცხოვანი და იშვიათია.

თარგმნეს

 

შორენა წიქარიშვილმადა დარეჯან გარდავაძემ

ქუჩები მოგვითხრობენ ისტორიას

0
ქუჩა ქალაქური ფენომენია, რომლის დასაბამი საუკუნეთა სიღრმეშია საძიებელი. პირველი ქუჩები უძველეს ქალაქებში წარმოიშვა, მათი სახელდების ტრადიცია კი მოგვიანებით გაჩნდა. ქუჩათა სახელწოდებებში არა მარტო კონკრეტული ქალაქის, არამედ ცალკეული ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურის ისტორიის ამოკითხვა და მისი განვითარებისთვის თვალის გადევნებაცაა შესაძლებელი.

ამ მხრივ საინტერესოა საქართველოს დედაქალაქი თბილისი და მისი ქუჩების ონომასტიკა. ტოპონიმიკური მოგზაურობა თბილისში, რომელიც საქართველოს სატახტოდ V საუკუნის მეორე ნახევარში ამ ქალაქის დამაარსებელმა მეფე ვახტანგ გორგასალმა აქცია, წარსულის მრავალ ფაქტსა და მოვლენას გაგვახსენებს. მოგზაურობისას შევხვდებით არაერთ ისტორიულ პირს, რომელთაც თავიანთი მოღვაწეობით კვალი დატოვეს თბილისის ცხოვრებაში. ქუჩები “გაიხსენებენ” და შეულამაზებლად “მოგვიყვებიან” თავიანთ თავგადასავალს, რადგან მათ ბევრი რამ “იციან” და კარგადაც “ახსოვთ”. საკმარისია, თვალი გადავავლოთ ბოლო ორი ასწლეულის საქართველოს ისტორიას და ამაში ჩვენც ცხადად დავრწმუნდებით.

XIX საუკუნის დამდეგს აღმოსავლეთი საქართველო რუსეთის იმპერიაში იქნა ინკორპორირებული. მალე რუსეთმა დასავლეთი საქართველოც დაიპყრო, ირან-ოსმალეთს კავკასიიდან ფეხი ამოუკვეთა და აქ თვითონ გაბატონდა. თბილისი, რომელიც მხარის გეოგრაფიული ცენტრი იყო, რუსეთის მეფის მთავრობამ რეგიონის პოლიტიკურ ცენტრადაც აქცია, რადგან სწორედ ამ ქალაქში იყო განლაგებული ადგილობრივი რუსული ადმინისტრაცია ჯერ მთავარმართებლის, ხოლო 1845 წლიდან კავკასიის მეფისნაცვლისა და მათი სტრუქტურების სახით.

მიუხედავად ამისა, თბილისმა დიდხანს ვერ მოიშუშა 1795 წელს ირანის შაჰის აღა მაჰმად-ხანის შემოსევით მიყენებული იარები. მტერმა მაშინ ისეთი სისასტიკით ააოხრა ქალაქი, რომ ამ ამბებიდან სამი ათეული წლის შემდეგაც კი თბილისის ქუჩები ნანგრევებით ყოფილა სავსე.

თბილისის აღდგენა, განაშენიანება და ძირითადი საქალაქო ინფრასტრუქტურის შექმნა XIX საუკუნის 40-50-იანი წლებიდან იწყება. პარალელურად წარმოებდა დაპყრობილი მხარის მოსახლეობის გარუსება და ასიმილირება, რისთვისაც საიმპერიო ხელისუფლება მრავალ საშუალებას მიმართავდა. ერთ-ერთი ასეთ საშუალება გახლდათ რუსული ტოპონიმიკის დანერგვა.

რუსეთი სამხედრო-პოლიტიკური იმპერია იყო. მისი საზღვრების გაფართოებაში მთავარი როლი არმიას ეკისრებოდა. სამხედრო ძალა იყო ძირითადი საყრდენი დაპყრობილ ხალხებზე ბატონობის შესანარჩუნებლადაც. საქართველოს ანექსიის შემდეგ მხარის უმაღლესი ხელისუფალი რუსი მთავარმართებელი გახდა. ამ პოსტზე, როგორც წესი, მაღალი რანგის სამხედროები – გენერლები ინიშნებოდნენ. სამხედრო პირს ებარა ადგილობრივი სამოქალაქო საქმეების გაძღოლა და ასეთივე მოხელენი იდგნენ მაზრების, ქალაქებისა თუ სასამართლო დაწესებულებათა სათავეშიც. 

მართვა-გამგეობის ამგვარი ორგანიზაცია, არსებითად, სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენდა. ამიტომ არ ყოფილა შემთხვევითი, რომ ახალშემოერთებული ქვეყნის მთავარი ქალაქის ქუჩებისა თუ მოედნების სახელწოდებებში საიმპერატორო ოჯახის წევრთა და რომანოვთა დინასტიის ცნობილ წარმომადგენელთა სახელების გვერდით სამხედრო დასახელებები მოჭარბდა (შტაბის, არსენალის, ყაზარმის, არტილერიის, მესანგრეთა და სხვ. ქუჩები).

თბილისის გოდონიმიაში თავდაპირველად მხარის დამპყრობი გენერლების, კავკასიის რუს მმართველ-გამგებელთა სახელები გამოჩნდა, რომლებმაც ძველი ქართული სახელწოდებები ჩაანაცვლა. XIX საუკუნის 60-იანი წლების შუა ხანების ერთი საარქივო საბუთის თანახმად, რომელიც დასათაურებულია როგორც “Медико-топографические описание города Тифлиса”, თბილისში 134 ქუჩა, 61 შესახვევი და 17 მოედანი მოითვლებოდა. ამავე პერიოდში შედგენილი სტატისტიკური კომიტეტის ცნობით კი თბილისის ქუჩების რაოდენობა 200-ს აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს უკვე არაქართული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული. 

კავკასიის რუსული ადმინისტრაციის მიერ თბილისში დანერგილი ონომასტიკური სისტემა, რომელიც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე მოქმედებდა, თვითმპყრობელობის კოლონიურ ინტერესებს ასახავდა და მასვე ემსახურებოდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთში მეფის მთავრობა დაემხო და იმპერიაც დაიშალა, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ ეროვნულ-პოლიტიკური თავისუფლება აღიდგინა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც სამი წელი იარსება. მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე აღბეჭდილი ახალი ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი უცხოეთის 20-მდე ქვეყანამ ოფიციალურად ცნო და აღიარა. დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დამდგარი დამოუკიდებელი საქართველოს მესაჭეობა ხალხმა ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალას – სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და მის ლიდერებს დააკისრა. ნოე ჟორდანიას ხელისუფლებამ მოკლე ხანში ძირფესვიანად შეცვალა დედაქალაქის ქუჩების, მოედნებისა თუ გამზირების სახელდება და წინა პლანზე ქართული სახელწოდებები წამოსწია. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის თბილისის ტოპონიმიკაში მმართველი პარტიის იდეურ-მსოფლმხედველობრივი ორიენტაციაც საკმაოდ აისახა (პლეხანოვის, კაუცკის, სოცინტერნის და მისთ. ქუჩები).

1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველო ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა. უთანასწორო ომში დამარცხებულმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. გამოცხადდდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა, რომელსაც მოსკოვზე დამოკიდებული ადგილობრივი მარიონეტული ხელმძღვანელობა – რევკომი განაგებდა. მომდევნო წლის ბოლოდან ხელახლა დაპყრობილი საქართველო ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით, რომელშიც აზერბაიჯანი და სომხეთიც შედიოდნენ, სსრ კავშირად წოდებულ მოდერნიზებულ რუსეთის იმპერიაში გააერთიანეს. 1936 წელს ხსენებული ფედერაცია გაუქმდა. საქართველომ ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი შეიძინა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში კვლავ საბჭოური იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა და მის დიქტატს ემორჩილებოდა. 

 საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა თბილისში ახალი რევოლუციური ტოპონიმიკა შემოიღო და უფროსი თაობის მკვიდრნი კიდევ ერთხელ აიძულა, თავიდან შეესწავლათ საკუთარი ქალაქი. პროლეტარიატის ბელადების დარად, არ დარჩენილა არც ერთი თვალსაჩინო ბოლშევიკი ლიდერი, წარსულში ცნობილი ტერორისტი, საკავშირო თუ საერთაშორისო რანგის კომუნისტური მოძრაობის აღიარებული მოღვაწე, რომლის სახელი საქართველოს დედაქალაქის ქუჩებისა თუ მოედნებისთვის არ დაერქმიოთ.

საბჭოურ რეჟიმს, განსაკუთრებით – სტალინის პერიოდში, ათვალწუნებული კომუნისტი ხელმძღვანელების შერისხვა და ისტორიიდან მათი სახელების გაქრობის მცდელობა ახასიათებდა. ეს პროცესი მკაფიოდ აისახა თბილისის გოდონიმებისა და აგრონიმების ცვლილებებში. მანამდე განდიდებული და შემდგომ რეპრესირებული ტროცკის, ზინოვიევის, ბუხარინისა და სხვათა სახელებს ქუჩების აბრებზე ახლად აღზევებულ მათივე თანაპარტიელთა სახელები ენაცვლებოდა. ასე გრძელდებოდა საბჭოური რეჟიმის აღსასრულამდე.

პოლიტიზებული და იდეოლოგიზებული სახელწოდებები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საბჭოთა წარსულთან ერთად სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას.

ზემოთ ზოგადი შტრიხებით გადმოცემული საქართველოს ბოლო ორი საუკუნის ისტორია შთამბეჭდავად იკითხება მისი დედაქალაქის ქუჩათა სახელწოდებებსა და მათ ცვლილებებში. საკმარისია თვალი გადავავლოთ თბილისის რამდენიმე პროსპექტის, ქუჩისა და მოედნის დასახელებათა ევოლუციას, რომ ნათქვამის სისწორეში დავრწმუნდებით.

ძველი თბილისის ქუჩების უმრავლესობას სახელი არ ერქვა. ქალაქი რამდენიმე ძირითად უბნად (კალა, ისანი, აბანოთა უბანი და სხვ.) იყო დაყოფილი. ზოგიერთი დასახელება ამ კონკრეტულ მიდამოში მცხოვრები ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის ეთნიკურ წარმომავლობას ასახავდა (ქართველთა უბანი, ურიათა უბანი, მოგვთა უბანი და ა.შ.), ზოგიც სოციალური, პროფესიული თუ კონფესიური ნიშნით ყალიბდებოდა. მაგალითად, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ არისტოკრატიის უბანს მეფის სასახლე, სამეფო გვარისა და დაწინაურებული სათავადოების წარმომადგენელთა სახლები და მიმდებარე ბაღები შეადგენდა. მდაბიო მოსახლეობა კეთილმოწყობას მოკლებულ გარეთუბანში ცხოვრობდა. თბილისის ისტორიულ ქვემო უბანში, რომელიც მრავალეროვნული მოსახლეობით გამოირჩეოდა, ქართული ტაძრების გვერდით სომხური ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესიაც იდგა. ქუჩათა ნაწილის სახელწოდებას მის გასწვრივ განლაგებული სავაჭრო რიგების ხასიათი განსაზღვრავდა (მაგალითად, ბამბის რიგი, სირაჯხანა, მექვაბის რიგი, თოფხანა, ხარაზხანა). არცთუ იშვიათად დასახელება ხელოსანთა საქმიანობის (დაბახანა, სამღებროს, მჭედლის ქუჩები) ან ამ უბანში არსებული საეკლესიო ნაგებობათა (ანჩისხატი, სიონი, ბეთლემი) მიხედვით შეირჩეოდა.

თანამედროვე თბილისის მთავარი მოედანი, რომელიც ქალაქის სხვა უბნებს რამდენიმე ქუჩით უერთდებოდა, XIX საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს წარმოიშვა. მისი პირველი სახელწოდება, შტაბის მოედანი, აქ აგებულმა რუსეთის საოკუპაციო არმიის შტაბის შენობამ განაპირობა. გერმანული წარმომავლობის ამ სამხედრო ტერმინით მოედანი რამდენიმე წლის განმავლობაში იწოდებოდა. საგულისხმოა, რომ მოედნის მომდევნო დასახელებაც რუსეთის საჯარისო შენაერთების სამხედრო მიღწევასთანაა დაკავშირებული.

1826 წელს დაწყებული რუსეთ-ირანის ომის მეორე წელს კავკასიის რუსული არმია მხარის მთავარსარდლისა და მთავარმართებლის, გრაფ ივან პასკევიჩის მეთაურობით ერევნის სახანოში შეიჭრა, ქალაქი ერევანი აიღო და რუსეთის იმპერიას დაუმორჩილა. ამ წარმატების აღსანიშნვად პასკევიჩს “ერევნელის” ტიტული უბოძეს, მთავარმართებლის პატივსაცემად კი თბილისის მთავარ მოედანს პასკევიჩ-ერევნელის მოედანი დაერქვა (ეს უკანასკნელი ხალხურ მეტყველებას შეცდომით ერევნის მოედნის სახელით შემორჩა). 

ათწლეულების განმავლობაში, ვიდრე 1918 წლამდე, ხსენებული მოედანი რომანოვთა იმპერიის მნიშვნელოვნად განმამტკიცებელი რუსი გენერლის, პოლონეთის ცნობილი აჯანყების ჩახშობისთვის გრაფის წოდებაში აყვანილი თავადის სახელს ატარებდა. მაგრამ შეუძლებელია, დაპყრობილ ქვეყანაში დამპყრობელმა უკვდავება დაიმკვიდროს. პასკევიჩ-ერევნელის ვინაობა მაშინვე მიეცა დავიწყებას, როგორც კი საქართველომ ეროვნული თავისუფლება მოიპოვა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ეს კი 1918 წლის 26 მაისს მოხდა, როცა საქართველოს ეოვნული საბჭოს სხდომამ დამოუკიდებლობის აქტი დაამტკიცა და სათავე დაუდო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წელთაღრიცხვას. ამ მოვლენის აღსანიშნავად ახლად განახლებული სახელმწიფოს პოლიტიკურმა მესვეურებმა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავისუფლების სიმბოლური ხე დარგეს და მოედანსაც თავისუფლების მოედანი უწოდეს.

სამწუხაროდ, ქვეყანის თავისუფლებამ მცირე ხანს გასტანა. თავისუფლების სახელი ხანგრძლივად ვერც დედაქალაქის მთავარმა მოედანმა შეინარჩუნა. 1921 წლიდან ძალაუფლებას დაუფლებულ ბოლშევიკთათვის ეროვნული თავისუფლების იდეა მიუღებელი აღმოჩნდა, მათ საქართველო კვლავ რუსეთის იმპერიულ უღელში შეაბეს, რომელსაც დაშლილი ,,ხალხთა საპყრობილის” ნანგრევებზე კრემლი ხელახლა აკოწიწებდა.

თავის დროზე მეფის რუსეთი ცდილობდა, დაპყრობილი ქართველი ხალხის მეხსიერებიდან წაეშალა სამშობლოსა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის გამომხატველი ცნება “საქართველო”, რომლის სანაცვლოდაც თბილისისა და ქუთაისის გუბერნიათა სახელწოდებები შემოიღო. ამავე კურსის გაგრძელება იყო 1921 წელს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ანექსირებული, გასაბჭოებული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გაერთიანებით შეექმნათ ახალი პოლიტიკური ერთეული – ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და იგი კვლავ იმპერიულ სივრცეში მოექციათ.

კრემლის მორჩილმა საქართველოს ხელისუფლებამ ამ სრულიად ხელოვნური წარმონაქმნის – ამიერკავკასიის ფედერაციის სახელი 1922 წელს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანსაც დაარქვა და მისი დამკვიდრება საზოგადოების ცნობიერებაში ამ გზითაც სცადა.

ამიერკავკასიის ფედერაცია, როგორც ზედმეტი რგოლი, 1936 წელს გაუქმებულ იქნა, მაგრამ მისი სახელი თბილისის მთავარ მოედანს კიდევ რამდენიმე წელი ერქვა. 1938 წელს მოედანს ცნობილი ქართველი ბოლშევიკი მოღვაწისა და თვალსაჩინო ჩეკისტის ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. აქამდე საქართველოსა და ამიერკავკასიის ფედერაციის კომუნისტი ხელმძღვანელი ბერია ის-ის იყო კიდევ უფრო დააწინაურეს, მოსკოვში გადაიყვანეს, ჯერ სახელმწიფო უშიშროების საკავშირო უწყება ჩააბარეს, მერე შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნეს, ხოლო მოგვიანებით ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი პოლიტბიუროს შემადგენლობაშიც შეიყვანეს.

XX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი შემოქმედი ბერიაც იყო. საქართველოში, სადაც ამ დიდი ბოროტების მსხვერპლი 12 ათას კაცს მოითვლიდა, რეპრესიები სწორედ ბერიას სახელს უკავშირდებოდა. ამიტომ მისი განდიდება სრულიად ამორალური მოვლენა გახლდათ, მაგრამ საბჭოეთში ადამიანურ მორალსა და ზნეობას არავინ დაგიდევდათ. ლ. ბერია მხოლოდ ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ იქნა შერისხული. ცხადია, მისი სახელი ჩამოაშორეს თბილისის მთავარ მოედანსაც, რომელიც ახლა ვლადიმერ ლენინის მოედნად მოინათლა. სიახლე იმითაც გამოიხატა, რომ თუ აქამდე მოედანზე ვისიმე ძეგლი არ მდგარა, 1956 წელს აქ პროლეტარიატის ბელადის მონუმენტური – 18,5 მ – სიმაღლის ქანდაკება წამოიმართა და პარადების მისაღებად უფრო მაღალი ტრიბუნა მოეწყო.

ხსენებული მოედნიდან ლენინი 30 წელზე მეტხანს “გაჰყურებდა” ქალაქს, მაგრამ მალე ვითარება კარდინალურად შეიცვალა.

80-იანი წლების შუა ხანებიდან საბჭოთა სივრცეში ზემოდან დაშვებულმა დათმობებმა (ე. წ. პერესტროიკა) არარუსულ რესპუბლიკებში ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას. საქართველოში ამ მოძრაობას რამდენიმე თავისებურება ჰქონდა. ერთ-ერთი ისიც იყო, რომ იგი არა დარბაზებში, არამედ ქუჩებში აზვირთდა და განვითარდა. გამოიკვეთნენ მოძრაობის აღიარებული ლიდერები მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვები, რომლებიც საზოგადოების სულ უფრო მზარდ მხარდაჭერას პოვებდნენ. ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ წინა პლანზე ეროვნული იდეალები, რუსიფიკაციასთან ბრძოლის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ქრისტიანული რწმენის განმტკიცების, ეკოლოგიური უსაფრთხოების და სხვ. საკითხები წამოაყენა. მალე მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნად საბჭოური იმპერიიდან საქართველოს გამოყოფისა და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი იქცა. 

იმპერიის მესვეურები დააფრთხო პროცესების ამგვარმა განვითარებამ. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, ცენტრალური მოედნის მახლობლად, მთავრობის სახლთან შეკრებილი ხალხმრავალი მშვიდობიანი მიტინგი, რომელშიც 10 ათასამდე კაცი მონაწილეობდა, ძალის გამოყენებით უხეშად აღკვეთეს. დაიღუპა 20-მდე დემონსტრანტი. უმთავრესად ქალები. ბევრმა სხვადასხვა ფორმით სხეულის დაზიანება მიიღო, უფრო მეტი კი მიტინგის დარბევისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლა. იმპერიის ხელისუფლების მხრივ ხალხთან ასეთმა ანგარიშსწორებამ საპროტესტო განწყობა ვერ დააცხრო. ქუჩის გავლენა ადგილობრივ სახელისუფლო სტრუქტურებზე კიდევ უფრო გაიზარდა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო. დათმობათა რიგს განეკუთვნებოდა ისიც, რომ, ეროვნული მოძრაობის მოთხოვნით, დასახელებები შეეცვალა საქართველოს არაერთ ქალაქს, რაიონსა თუ სოფელს, რომელთაც ბოლშევიკ-რევოლუციონერთა სახელების ნაცვლად თავიანთი ისტორიული სახელწოდებები აღუდგინეს.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დედაქალაქის ცენტრალური მოედნიდან ლენინის ძეგლის აღებას და მოედნისთვის კვლავ თავისუფლების სახელის მიკუთვნებას, რაც ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის უკანასკნელ წელს განხორციელდა. ამ ძეგლის დემონტაჟითა და მოედნისათვის პროლეტარიატის ბელადის სახელის ჩამოშორებით საქართველოში დასაბამი მიეცა საბჭოურ სინამდვილესთან გამოთხოვების პროცესს. ქართველი ხალხი ზურგს აქცევდა ბოლშევიკურ იდეოლოგიას, მის ფასეულობებს და განვითარების ახალ ფაზაში, ახალ განზომილებაში იწყებდა გადასვლას. 1990 წლის ოქტომბერში გამართულ მრავალპარტიულ არჩევნებში საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ მარცხი განიცადა და ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ეროვნულ-პოლიტიკური ძალები მოვიდნენ. კომუნისტური რეჟიმი მშვიდობიანი გზით შეიცვალა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. მომდევნო წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენა გამოაცხადა.

1837-1840 წლებში თბილისში ყველაზე განიერი ქუჩის გაყვანა და კეთილმოწყობა დაიწყეს. მას თავდაპირველად “რუსეთისაკენ მიმავალ გზას” უწოდებდნენ, რადგან იგი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ საქართველოს სამხედრო გზას უერთდებოდა, რომელიც ქალაქის განაპირას იწყებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაყვანილი ქუჩა პროსპექტად იქცა და მას საქართველოს იმდროინდელი მთავარმართებლის გენერალ გოლოვინის სახელი მიაკუთვნეს. ამ უხეირო რუსი დიდმოხელის გვარი საქართველოს ისტორიას არც შემორჩებოდა, რომ არა ეს გამზირი, რომელმაც სრულიად შეუსაბამო სახელწოდება შვიდ ათეულ წელზე მეტხანს ატარა.

1918 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გამზირს სახელი შეუცვალა და მას უდიდესი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, უკვდავი “ვეხისტყაოსნის” შემოქმედის, შოთა რუსთაველის სახელი დაუმკვიდრა. დედაქალაქის მთავარი გამზირი დღესაც რუსთაველის გამზირად იწოდება, რადგან საბჭოთა პერიოდის კომუნისტურმა მმართველობამ მას სახელწოდება შეუნარჩუნა და პროსპექტი პოეტის შთამბეჭდავი ძეგლითაც დაამშვენა.

კოლონიური წარსული თანამედროვე თბილისის მეორე გამორჩეული პროსპექტის სახელწოდებაშიც აისახა. XIX საუკუნის შუა ხანებში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაშენებულ გამზირს კავკასიის მეფისნაცვლის, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სახელი დაარქვეს. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიულმა ხელისუფლებამ იმხანად გარდაცვლილი საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწის, მარქსიზმის თეორეტიკოსისა და პროპაგანდისტის გიორგი პლეხანოვის უკვდასაყოფად პროსპექტს მისი სახელი მიანიჭა. 

მიუხედავად იმისა, რომ პლეხანოვი მენშევიკი იყო და რუსეთში განხორციელებულ ოქტომბრის რევოლუციას (ბოლშევიკურ სახელმწიფო გადატრიალებას) არ თანაუგრძნობდა, საქართველოს კომუნისტურ ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდში პროსპექტისთვის სახელი არ გადაურქმევია. გიორგი პლეხანოვი ლენინის გზას მხოლოდ XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ “გაუყენა”. თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ გამზირს სახელწოდება 1990 წელს შეეცვალა და იგი ახლა საქართველოს ისტორიაში ყველაზე სახელოვანი მეფის – დავით აღმაშენებლის სახელით იწოდება. 

არანაკლებ საინტერესოა თბილისის კიდევ ერთი ძველი მოედნის სახელწოდებათა ევოლუციაც. მოედანი, რომელიც დღეს მეფე ერეკლე II-ის სახელს ატარებს, ჯერ კიდევ XVII საუკუნეში წარმოიშვა. იგი თავდაპირველად ბატონის (მეფის) მოედნად იწოდებოდა, მის ერთ ნაწილს კი სალაყბო ერქვა, რადგან აქ ხშირად იკრიბებოდნენ ქალაქის მცხოვრებნი და ქვეყნის ამბებზე ბჭობდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში ამ ადგილას საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორის რეზიდენცია აიგო და მოედანსაც “გუბერნატორის” მოედანი დაერქვა. 1885 წლიდან მოედანი ეგზარქოსის მოედნად იწოდებოდა. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მას გერმანელი სოციალისტის ავგუსტ ბებელის სახელი მიაკუთვნეს, ხოლო 1948 წლიდან კი ერეკლე მეორის მოედნად იქნა სახელდებული.

სახელწოდებათა მრავლგზის შეცვლას ვერ გადაურჩა თბილისის ერთ-ერთი ძველი ბაღიც, რომელიც ქალაქის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტის მახლობლად მდებარეობს. ძველად ამ ადგილს ყაბახს უწოდებდნენ და იგი სპორტულ შეჯიბრებათა ასპარეზად გამოიყენებოდა. საქართველოში რუსული კოლონიური რეჟიმის დამყარების შემდეგ აქ სამხედრო აღლუმებისა და ჯარის ნაწილების სამწყობრო ვარჯიშებისთვის პლაცი მოეწყო, 1872 წლისთვის კი მშვენიერი ბაღი გაშენდა, რომელიც იმპერატორ ალექსანდრე II-ის პატივსაცემად მისი სახელობის ბაღად მონათლეს. თვითმპყრობელობის დამხობამდე თბილისელთა გართობა-დასვენების ამ კერას რუსთხელმწიფის სახელი ერქვა. 1918 წლიდან ბაღი კომუნარების სახელს ატარებდა, ხოლო საბჭოთა წლებში აქ საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი დამაარსებლის, ბორის ძნელაძის ძეგლი აღმართეს და ბაღსაც ბორის ძნელაძის სახელი დაარქვეს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განახლების შემდეგ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, ბაღს კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი და დღეს იგი 9 აპრილის ბაღის სახელით არის ცნობილი. 

როგორც დავინახეთ, ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელწოდებათა პერმანენტული ცვლა უმეტესად პოლიტიკური კონიუნქტურით იყო განპირობებული. იმედია, ეს მახინჯი მოვლენა საბოლოოდ აღმოიფხვრება და აღარ განმეორდება, ტოპონიმიკა თავს დააღწევს პოლიტიკის გავლენას და ქუჩებს მომავალში უფრო ბუნებრივი, ქალაქური ცხოვრების სხვა ნიუანსები ექნებათ მოსათხრობი.

თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება

0
თეორიული საფუძვლები 

სწავლა/სწავლების ისეთ ინდუქციურ მეთოდებს შორის, როგორიცაა შემთხვევების ანალიზი, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება (PBL), როლური და სიტუაციური თამაშები, გამოკითხვით სწავლა, პროექტებით სწავლა, აღმოჩენის გზით სწავლა და ა.შ., თანამშრომლობით სწავლას გამორჩეული ფუნქცია და გამოყენება აქვს სასწავლო პროცესში. თანამშრომლობითი სწავლა ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, ისევე, როგორც კლასის გარეთ _  ზემოთ ჩამოთვლილ სხვა მეთოდებთან შერწყმით ან დამოუკიდებლად. 

ზემოთ ჩამოთვლილ ინდუქციურ მეთოდებს შორის თანამშრომლობითი სწავლა ყველაზე მოქნილი და მრავალფეროვანია. იგი შეიძლება მოიცავდეს გამოკითხვის, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლის, პროექტებით ან აღმოჩენით სწავლის ელემენტებს. 

თავისი არსით, თანამშრომლობითი სწავლა/სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდია. დამოუკიდებელი და კონკურენტული სწავლებისგან განსხვავებით, თანამშრომლობითი სწვალა/სწავლების ამოსავალი წერტილი მოსწავლეა, მასწავლებელს კი შედარებით პასიური დამკვირვებლის როლი ენიჭება. სწორედ ამ მიზეზით, წერილში “თანამშრომლობითი სწავლის” ტერმინს შემოგთავაზებთ და არა “სწავლების”, რადგან სწავლება მასწავლებლის წამყვან როლზე მიუთითებს. 

თანამშრომლობითი სწავლის უპირატესობები 

ვიგოტსკის თანახმად (1978), მოსწავლეები უფრო მაღალ ინტელექტუალურ დონეს ავლენენ კოლაბორაციულ გარემოში, ვიდრე დამოუკიდებლად სწავლისას. 

ჯონსონის მიხედვით (1989), თანამშრომლობითი სწავლა კონკურენტულ და ინდივიდუალურ მეთოდებთან შედარებით ა) უფრო მაღალ პროდუქტიულობას და მიღწევებს უზრუნველყოფს; ბ) უფრო მზრუნველობითია და ხელშემწყობი; გ) აძლიერებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ კომპეტენციებს და თვითშეფასების უნარს (NEA Reviews of the Research on Best Practices in Education).

როგორც აღვნიშნეთ, კოლაბორაციული სწავლის პროცესის მთავარი აქტორები მოსწავლეები არიან. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეებს თანამშრომლობითი სწავლის მეთოდით მიღებულ სასწავლო შედეგებთან მეტი პირადი კავშირი აქვთ. მათ თემა უკეთესად იციან და თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განცდა ეუფლებათ. 

ვიგოტსკის რომ დავუბრუნეთ, თანამშრომლობითი სწავლის პროცესში მოსწავლე ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენს ისეთი პასუხისმგებლობების გაზიარებით, როგორებიცაა: მიზნის მიღწევა, მოსაზრების მკაფიოდ წარმოჩენა, საკითხის კრიტიკულად განხილვა, მკაფიო და ღია კომუნიკაცია, სხვისი აზრის მოსმენა, მოსაზრებათა ანალიზი და შერწყმა. 

ბევრი მკვლევარი საუბრობს იმაზეც, რომ თანამშრომლობითი სწავლა მოსწავლის სოციალურ და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, ხშირად არის ხაზგასმული, რომ თანამშრომლობითი სწავლა, გარკვეულწილად, პროფესიული გარემოს სიმულაციას წარმოადგენს და მოსწავლეებს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი ინტერპერსონალური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. კომუნიკაციის, მოსმენის და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გარდა, მოსწავლეები სტრესისა და ემოციების მართვასაც სწავლობენ, რაც დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. 

სწავლების თანამედროვე მიდგომების შესაბამისად, მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვის მიზნით, თანამშრომლობითი სწავლის ტექნიკის გამოყენება მასწავლებლისთვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენებით, მას შეუძლია, სასწავლო მიზნის მისაღწევად დავალება სხვადასხვა ჭრილში შეადგინოს. მოსწავლეს შეიძლება მოვთხოვოთ ინფორმაციის მოკვლევა, საკითხის კვლევა, გარემოებების ანალიზი და შედარება, დიაგნოსტიკა, საკითხის გავრცობა, ჰოპოთეზის ჩამოყალიბება, პრიორიტეტების დადგენა, ფაქტების შეჯამება, პრობლემის გადაჭრა, გარემოებების ინტერპრეტაცია, საკითხის კრიტიკა და შეფასება, ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება და ა.შ. (Davis, 1993, McKeachie, 1999 in Bill Cerbin, April 23, 2010).

თანამშრომლობითი სწავლის მოდელები 

თანამშრომლობითი სწავლის ორი გავრცელებული მოდელი, რომლებიც ემიჯნება ჯგუფური მუშაობის მოდელს, ჯონსონის და კაგანის მოდელებია. 

ჯონსონის თანამშრომლობითი სწავლის მოდელის ძირითადი საფუძვლებია: ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება, პირდაპირი/ცოცხალი ინტერაქცია, სოციალური უნარ-ჩვევები, ჯგუფური ანალიზი და პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება (Johnson and Johnson, 1993). ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ცოცხალი ინტერაქცია უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის აქტიურ ჩართვას პროცესში და სასწავლო შედეგების მიღწევას. სოციალური უნარ-ჩვევების ფლობა პოზიციების ეფექტურად გაზიარებას განაპირობებს, ჯგუფური ანალიზი კი _ შედეგიანობას.  

კაგანის თანამშრომლობითი სწავლის მოდელიც ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება, რომლებიც შინაარსით ჯონსონის მოდელის იდენტურია. თუმცა კაგანის მოდელი თავისი მეთოდიკითა და პრაქტიკული გამოყენებით არსებითად განსხვავდება ჯონსონის მოდელისაგან. ჯონსონის მოდელი ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლობითი გაკვეთილის დაგეგმვაზე, მაშინ, როცა კაგანის მოდელის ხერხემალია თანამშრომლობითი მუშაობის ტექნიკა (სტრუქტურები), რომელიც განსაზღვრავს პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის მოქმედებას. განსხვავება ისიცაა, რომ კაგანის სტრუქტურულ სქემაში ინტეგრირებულია მოსწავლეთა თანაბარი მონაწილეობის განმაპირობებელი წესები და ინსტრუქციები, ჯონსონი კი  თითოეული მონაწილის აქტიურ ჩართულობას სოციალური უნარ-ჩვვების ეფექტურად გამოყენების ხარჯზე მოელის. ჯონსონისგან განსხვავებით, კაგანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება გუნდის ერთიან შეფასებას, რადგან თვლის, რომ გუნდისათვის საერთო ქულის დაწერა მოსწავლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას უგულებელყოფს,  ზოგიერთ მოსწავლეს უსამართლობის განცდას უჩენს, ამცირებს მოტივაციას და ა.შ. (www.kaganonline.com). 

თანამშრომლობითი სწავლის პროცესი

თანამშრომლობითი სწავლა გუნდური მუშაობის პრინციპზეა აგებული. გუნდში გაერთიანებულია სხვადასხვა დონის/ სწავლის სტილის/ შესაძლებლობის/ ეთნიკური და სოციალური წარმომავლობის მოსწავლეები. გუნდის მიზანია, ერთობლივად მიაღწიოს მიზანს. ეს განაპირობებს თითოეული წევრის პასუხისმგებლობას და ერთმანეთის დახმარების სურვლის. თანამშრომლობითი სწავლის ეფექტურობისთვის აუცილებელია, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს გუნდის კომპოზიცია, დავალება ისე შეადგინოს, რომ გუნდის თითოეულ წევრს კონკრეტული ამოცანა ჰქონდეს შესასრულებელი. მასწავლებელმა, ასევე, წინასწარ უნდა შექმნას თემატური კონტექსტი, ორიენტირები განუსაზღვროს მოსწავლეებს გუნდის საბოლოო მიზნებთან და თანამშრომლობის წესებთან დაკავშირებით.

თანამშრომლობითი სწავლის მეთოდიკის გამოყენება შესაძლებელია წყვილებში, სამეულებსა და მცირე ჯგუფებში. ჯგუფის წევრთა რაოდენობა სასურველია, ოთხ-ხუთ მოსწავლეს არ აღემატებოდეს. ტრადიციულ სასწავლო გარემოში, სადაც მოსწავლე მიჩვეულია მასწავლებელზე ორიენტირებულ გაკვეთილებს, თანამშრომლობითი სწავლის დანერგვა გარკვეულ დროს,  მოსწავლეთა მოქნილობას, მასწავლებლის მომზადებას და მოთმინებას მოითხოვს. გუნდური მუშაობის დროს მოსწავლეები წაახალისეთ, გამოიყენონ ცოდნა ახალი იდეების გენერირებისთვის, კრიტიკულად განიხილონ თემატიკა, არ შეუშინდნენ შეცდომებს, გააკეთონ აღმოჩენები, ჩამოაყალიბონ ჰიპოთეზები, გაამყარონ თავიანთი მოსაზრებები არგუმენტებით. 

მასწავლებლისთვის საყურადღებოა ამ მეთოდის ეფექტურობისთვის საჭირო მონიტორინგის პრინციპების და სამართლიანი შეფასების გათვალისწინებაც. თანამშრომლობითი სწავლის კრიტიკოსები აქტიურად საუბრობენ ამ ორ სირთულეზე. მათი მოსაზრებით, თანამშრომლობით სწავლაზე აგებული დავალების შესრულებისას მასწავლებელმა შესაძლოა დაკარგოს კლასზე კონტროლი, ვერ უზრუნველყოს მოსწავლეების თანაბარი ჩართულობა, ვერ შეძლოს თითოეული მოსწავლის შედეგის/მიღწევის იდენტიფიცირება და ობიექტურად შეფასება. მონიტორინგისა და შეფასების სირთულეების დასაძლევად, უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობითი სწავლების ტექნიკის და სტრუქტურული მოდელების ცოდნა, ისევე, როგორც თითოეული მათგანის გამოყენებისას _ კონკრეტული კლასის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების დადგენა.  

თანამშრომლობითი სწავლების რამდენიმე სტრუქტურული მოდელი 

ერთობლივი/ჯგუფური სწავლა: ჯგუფური სწავლის მოდელის მრავალი ვარიაცია შეიძლება შესთავაზოს მასწავლებელმა მოსწავლეებს თემატიკისა და მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით. თავისუფალი განხილვის დროს მოსწავლეები ჯგუფებში მსჯელობენ საკითხზე. განხილვაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მოდერირებული განხილვა მოითხოვს ჯგუფში ლიდერის შერჩევას, რომელიც ფასილიტაციას გაუწევს საკითხის განხილვას და უზრუნველყოფს ჯგუფის წევრების აქტიურ ჩართულობას. ქვეჯგუფებში განხილვა ორგანიზებულია სამწევრიან კლასტერებში, განხილვის შედეგების გაზიარება ხდება ორ ქვეჯგუფს შორის. ჯგუფის გამოკითხვა გულისხმობს ჯგუფის თითოეული წევრის გამოკითხვას შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ხდება შედეგების შეჯერება და ჯგუფის საერთო აზრის ჩამოყალიბება. დებატების დროს ჯგუფი ორ ნაწილად ან ქვეჯგუფებად იყოფა, მოსწავლეები მსჯელობენ და კამათობენ შერჩეულ საკითხზე. დებატების მოდელის გამოყენება ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობთ სადებატო საკითხს და დროს ვაძლევთ თავიანთი არგუმენტების და ჯგუფის სტრატეგიის მომზადებისთვის. გუნდური ვიქტორინა ბლიც-შეკითხვებზე აგებული შეჯიბრია და ცოდნის გამეორების, გახსენებისა და გამყარებისთვის ეფექტური მეთოდია. ჯგუფური მოკვლევა, დებატების მსგავსად, მოსამზადებელ სამუშაოს ითხოვს. მოსწავლეები თავად ირჩევენ თემას, ინაწილებენ თემის სეგმენტებს, აწარმოებენ ინფორმაციის კვლევა-გამოძიებას და ქმნიან ერთობლივ პრეზენტაციას. პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ სხვა მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი შეფასება გაუზიარონ ჯგუფს. შეფასების ზუსტი კრიტერიუმების წინასწარ დადგენის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია, ჯგუფებს შორის შეჯიბრიც მოაწყოს საუკეთესო პრეზენტაციის გამოვლენის მიზნით. 

ჯგუფური მატრიცა: ჯგუფური მატრიცის ტექნიკა შესასწავლი თემის ანალიზს, კლასიფიცირებას, ინფორმაციის ორგანიზებას მოითხოვს. მასწავლებლის მიერ შექმნილი სქემის გამოყენებით, მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ ბარათებს და განალაგებენ წინასწარ მომზადებულ სქემაზე. ბოლოს მასწავლებელი მათ აჩვენებს სქემის სწორ ვერსიას. ჯგუფურ მატრიცაზე მუშაობა მოსწავლეებს ეხმარება ინფორმაციის ორგანიზება– რეორგანიზებაში; ეფექტურია, როცა მოსწავლეებს დიდი მოცულობის ინფორმაცია აქვთ ასათვისებელი და გასაანალიზებელი. 

სეგმენტური მეთოდის, როლური თამაშის და სიმულაციის მეთოდები დეტალურადაა აღწერილი ინტერნეტ-გაზეთ “მასწავლებლის” სტატიებში, ამდენად, ამ მოდელებზე აღარ შევჩერდებით (იხილეთ: სეგმენტური მეთოდი, 16 ნოემბერი, 2012  https://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=19&id=124, როლური თამაში, 2 მაისი, 2012 https://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=19&id=39). 

წყვილში განხილვა: ამ ტექნიკის არსი მოსწავლეების მიერ იდეების და მოსაზრებების წყვილში გაზიარებაა. მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ, პასუხები წერილობით ჩაინიშნონ, შემდეგ წყვილში განიხილონ და მოსაზრებები შეაჯერონ. მასწავლებელს შეუძლია, პასუხები/შედეგები გამოიყენოს ჯგუფური განხილვის ფასილიტაციის ან ახალი მასალის ახნისთვის. ამ ტექნიკის გამოყენება მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვან ცნებებზე, აგრეთვე ავითარებს მოსწავლის მეტაკოგნიციას მოსაზრებების შედარებითა და ცოდნის დანაკლისის გამოვლენის გზით. ის მასწავლებელს კარგ წარმოდგენას უქმნის იმის თაობაზე, თუ რამდენად სიღრმისეულად იცნობს ან იაზრებს ჯგუფი მოცემულ თემატიკას.  

წყვილში განხილვის ერთ-ერთი ეფექტური ალტერნატივაა წყვილში პრობლემის გადაჭრა. ამ ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეები მონაცვლეობით უზიარებენ ერთმანეთს პრობლემის გადაჭრის მათეულ ხედვას/სტრატეგიას. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი დაასახელებს პრობლემას ან დაარიგებს ბარათებს პრობლემის აღწერით, თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, ჩანაწერები გააკეთოს და დასახოს პრობლემის გადაჭრის სტრატეგია. შემდეგ ისინი მონაცვლეობით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გეგმებს. სტრატეგიის გაზიარებისას მსმენელის როლში მყოფი მოსწავლე წაახალისებს მოსაუბრეს, განავრცოს თავის იდეები და უწყვეტად ისაუბროს დანიშნული დროის განმავლობაში. ამ ტექნიკის მთავარი უპირატესობა პროცესზე ფოკუსირებაა. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ჩამოაყალიბონ იდეები, მიიღონ გამოცდილება თავიანთი მოსაზრებების პრეზენტაციის დროს, განივითარონ თანმიმდევრულობა, გამოავლინონ თავიანთი ნაკლოვანებები ან დამატებითი ცოდნის/ინფორმაციის საჭიროება. მასწავლებლებს შეუძლიათ, დააკვირდნენ მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარ-ჩვევებს (Collaborative Learning Techniques Workshop, presented by Bill Cerbin, April 23, 2010).  

ურთიერთსწავლება: მოსწავლეები მასწავლებლის როლს ირგებენ ჯგუფებში. ისინი ერთობლივად კითხულობენ ტექსტს ან ასრულებენ დავალებას და შემდეგ ინაწილებენ მასალას სწავლებისთვის. თითოეული მოსწავლე ირჩევს მისთვის სასურველ სწავლების მეთოდს (ჯგუფური განხილვა, მასალის შეჯამება, კითხვების დასმა, საკითხის გარჩევა). დავალების ამ ფორმატში შესრულებისას მოსწავლეებს შეიძლება გადაეცეთ პირველწყაროები, დამატებითი სტატიები, არტეფაქტები, ხელნაწერები, სტატისტიკა, მულტიმედია მასალა და ა.შ. ამ ტექნიკის გამოყენება მათ უვითარებს პირველწყაროებთან მუშაობის, სტატისტიკის, არტეფაქტებისა თუ კრიტიკული მიმოხილვის ანალიზის უნარს. მასწავლებლის როლის მორგება საკუთარი თავის მონიტორინგსა და მასალის ახლებურად რეკონსტრუირებას უწყობს ხელს, ასევე, მოსწავლეებს მასალის ინტერპრეტირების მრავალმხრივობასთან აზიარებს  (Collaborative Learning Techniques Workshop, presented by Bill Cerbin, April 23, 2010).

თანამშრომლობითი სწავლის მრავალ ტექნიკას შორის მხოლოდ რამდენიმე შემოგთავაზეთ ამ წერილში. თანამშრომლობითი სწავლის მეთოდის გამოყენებისას უნდა ვეცადოთ, რომ თემატიკისა და მოსწავლეების საჭიროებებისა თუ ინტერესების შესაბამისად ავირჩიოთ თანამშრომლობითი სწავლის მოდელები. უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, სასწავლო მიზნების, თემატიკის, ვადების, მოსწავლეთა მომზადების დონის გათვალიწინებით, სწავლების სამი მოდელიდან (დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი) რომელი მოდელი ან მოდელების კომბინაცია იქნება ეფექტური.  

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...