ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება

0
თეორიული საფუძვლები 

სწავლა/სწავლების ისეთ ინდუქციურ მეთოდებს შორის, როგორიცაა შემთხვევების ანალიზი, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება (PBL), როლური და სიტუაციური თამაშები, გამოკითხვით სწავლა, პროექტებით სწავლა, აღმოჩენის გზით სწავლა და ა.შ., თანამშრომლობით სწავლას გამორჩეული ფუნქცია და გამოყენება აქვს სასწავლო პროცესში. თანამშრომლობითი სწავლა ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, ისევე, როგორც კლასის გარეთ _  ზემოთ ჩამოთვლილ სხვა მეთოდებთან შერწყმით ან დამოუკიდებლად. 

ზემოთ ჩამოთვლილ ინდუქციურ მეთოდებს შორის თანამშრომლობითი სწავლა ყველაზე მოქნილი და მრავალფეროვანია. იგი შეიძლება მოიცავდეს გამოკითხვის, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლის, პროექტებით ან აღმოჩენით სწავლის ელემენტებს. 

თავისი არსით, თანამშრომლობითი სწავლა/სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდია. დამოუკიდებელი და კონკურენტული სწავლებისგან განსხვავებით, თანამშრომლობითი სწვალა/სწავლების ამოსავალი წერტილი მოსწავლეა, მასწავლებელს კი შედარებით პასიური დამკვირვებლის როლი ენიჭება. სწორედ ამ მიზეზით, წერილში “თანამშრომლობითი სწავლის” ტერმინს შემოგთავაზებთ და არა “სწავლების”, რადგან სწავლება მასწავლებლის წამყვან როლზე მიუთითებს. 

თანამშრომლობითი სწავლის უპირატესობები 

ვიგოტსკის თანახმად (1978), მოსწავლეები უფრო მაღალ ინტელექტუალურ დონეს ავლენენ კოლაბორაციულ გარემოში, ვიდრე დამოუკიდებლად სწავლისას. 

ჯონსონის მიხედვით (1989), თანამშრომლობითი სწავლა კონკურენტულ და ინდივიდუალურ მეთოდებთან შედარებით ა) უფრო მაღალ პროდუქტიულობას და მიღწევებს უზრუნველყოფს; ბ) უფრო მზრუნველობითია და ხელშემწყობი; გ) აძლიერებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ კომპეტენციებს და თვითშეფასების უნარს (NEA Reviews of the Research on Best Practices in Education).

როგორც აღვნიშნეთ, კოლაბორაციული სწავლის პროცესის მთავარი აქტორები მოსწავლეები არიან. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეებს თანამშრომლობითი სწავლის მეთოდით მიღებულ სასწავლო შედეგებთან მეტი პირადი კავშირი აქვთ. მათ თემა უკეთესად იციან და თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განცდა ეუფლებათ. 

ვიგოტსკის რომ დავუბრუნეთ, თანამშრომლობითი სწავლის პროცესში მოსწავლე ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენს ისეთი პასუხისმგებლობების გაზიარებით, როგორებიცაა: მიზნის მიღწევა, მოსაზრების მკაფიოდ წარმოჩენა, საკითხის კრიტიკულად განხილვა, მკაფიო და ღია კომუნიკაცია, სხვისი აზრის მოსმენა, მოსაზრებათა ანალიზი და შერწყმა. 

ბევრი მკვლევარი საუბრობს იმაზეც, რომ თანამშრომლობითი სწავლა მოსწავლის სოციალურ და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, ხშირად არის ხაზგასმული, რომ თანამშრომლობითი სწავლა, გარკვეულწილად, პროფესიული გარემოს სიმულაციას წარმოადგენს და მოსწავლეებს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი ინტერპერსონალური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. კომუნიკაციის, მოსმენის და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გარდა, მოსწავლეები სტრესისა და ემოციების მართვასაც სწავლობენ, რაც დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. 

სწავლების თანამედროვე მიდგომების შესაბამისად, მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვის მიზნით, თანამშრომლობითი სწავლის ტექნიკის გამოყენება მასწავლებლისთვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენებით, მას შეუძლია, სასწავლო მიზნის მისაღწევად დავალება სხვადასხვა ჭრილში შეადგინოს. მოსწავლეს შეიძლება მოვთხოვოთ ინფორმაციის მოკვლევა, საკითხის კვლევა, გარემოებების ანალიზი და შედარება, დიაგნოსტიკა, საკითხის გავრცობა, ჰოპოთეზის ჩამოყალიბება, პრიორიტეტების დადგენა, ფაქტების შეჯამება, პრობლემის გადაჭრა, გარემოებების ინტერპრეტაცია, საკითხის კრიტიკა და შეფასება, ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება და ა.შ. (Davis, 1993, McKeachie, 1999 in Bill Cerbin, April 23, 2010).

თანამშრომლობითი სწავლის მოდელები 

თანამშრომლობითი სწავლის ორი გავრცელებული მოდელი, რომლებიც ემიჯნება ჯგუფური მუშაობის მოდელს, ჯონსონის და კაგანის მოდელებია. 

ჯონსონის თანამშრომლობითი სწავლის მოდელის ძირითადი საფუძვლებია: ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება, პირდაპირი/ცოცხალი ინტერაქცია, სოციალური უნარ-ჩვევები, ჯგუფური ანალიზი და პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება (Johnson and Johnson, 1993). ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ცოცხალი ინტერაქცია უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის აქტიურ ჩართვას პროცესში და სასწავლო შედეგების მიღწევას. სოციალური უნარ-ჩვევების ფლობა პოზიციების ეფექტურად გაზიარებას განაპირობებს, ჯგუფური ანალიზი კი _ შედეგიანობას.  

კაგანის თანამშრომლობითი სწავლის მოდელიც ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება, რომლებიც შინაარსით ჯონსონის მოდელის იდენტურია. თუმცა კაგანის მოდელი თავისი მეთოდიკითა და პრაქტიკული გამოყენებით არსებითად განსხვავდება ჯონსონის მოდელისაგან. ჯონსონის მოდელი ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლობითი გაკვეთილის დაგეგმვაზე, მაშინ, როცა კაგანის მოდელის ხერხემალია თანამშრომლობითი მუშაობის ტექნიკა (სტრუქტურები), რომელიც განსაზღვრავს პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის მოქმედებას. განსხვავება ისიცაა, რომ კაგანის სტრუქტურულ სქემაში ინტეგრირებულია მოსწავლეთა თანაბარი მონაწილეობის განმაპირობებელი წესები და ინსტრუქციები, ჯონსონი კი  თითოეული მონაწილის აქტიურ ჩართულობას სოციალური უნარ-ჩვვების ეფექტურად გამოყენების ხარჯზე მოელის. ჯონსონისგან განსხვავებით, კაგანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება გუნდის ერთიან შეფასებას, რადგან თვლის, რომ გუნდისათვის საერთო ქულის დაწერა მოსწავლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას უგულებელყოფს,  ზოგიერთ მოსწავლეს უსამართლობის განცდას უჩენს, ამცირებს მოტივაციას და ა.შ. (www.kaganonline.com). 

თანამშრომლობითი სწავლის პროცესი

თანამშრომლობითი სწავლა გუნდური მუშაობის პრინციპზეა აგებული. გუნდში გაერთიანებულია სხვადასხვა დონის/ სწავლის სტილის/ შესაძლებლობის/ ეთნიკური და სოციალური წარმომავლობის მოსწავლეები. გუნდის მიზანია, ერთობლივად მიაღწიოს მიზანს. ეს განაპირობებს თითოეული წევრის პასუხისმგებლობას და ერთმანეთის დახმარების სურვლის. თანამშრომლობითი სწავლის ეფექტურობისთვის აუცილებელია, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს გუნდის კომპოზიცია, დავალება ისე შეადგინოს, რომ გუნდის თითოეულ წევრს კონკრეტული ამოცანა ჰქონდეს შესასრულებელი. მასწავლებელმა, ასევე, წინასწარ უნდა შექმნას თემატური კონტექსტი, ორიენტირები განუსაზღვროს მოსწავლეებს გუნდის საბოლოო მიზნებთან და თანამშრომლობის წესებთან დაკავშირებით.

თანამშრომლობითი სწავლის მეთოდიკის გამოყენება შესაძლებელია წყვილებში, სამეულებსა და მცირე ჯგუფებში. ჯგუფის წევრთა რაოდენობა სასურველია, ოთხ-ხუთ მოსწავლეს არ აღემატებოდეს. ტრადიციულ სასწავლო გარემოში, სადაც მოსწავლე მიჩვეულია მასწავლებელზე ორიენტირებულ გაკვეთილებს, თანამშრომლობითი სწავლის დანერგვა გარკვეულ დროს,  მოსწავლეთა მოქნილობას, მასწავლებლის მომზადებას და მოთმინებას მოითხოვს. გუნდური მუშაობის დროს მოსწავლეები წაახალისეთ, გამოიყენონ ცოდნა ახალი იდეების გენერირებისთვის, კრიტიკულად განიხილონ თემატიკა, არ შეუშინდნენ შეცდომებს, გააკეთონ აღმოჩენები, ჩამოაყალიბონ ჰიპოთეზები, გაამყარონ თავიანთი მოსაზრებები არგუმენტებით. 

მასწავლებლისთვის საყურადღებოა ამ მეთოდის ეფექტურობისთვის საჭირო მონიტორინგის პრინციპების და სამართლიანი შეფასების გათვალისწინებაც. თანამშრომლობითი სწავლის კრიტიკოსები აქტიურად საუბრობენ ამ ორ სირთულეზე. მათი მოსაზრებით, თანამშრომლობით სწავლაზე აგებული დავალების შესრულებისას მასწავლებელმა შესაძლოა დაკარგოს კლასზე კონტროლი, ვერ უზრუნველყოს მოსწავლეების თანაბარი ჩართულობა, ვერ შეძლოს თითოეული მოსწავლის შედეგის/მიღწევის იდენტიფიცირება და ობიექტურად შეფასება. მონიტორინგისა და შეფასების სირთულეების დასაძლევად, უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობითი სწავლების ტექნიკის და სტრუქტურული მოდელების ცოდნა, ისევე, როგორც თითოეული მათგანის გამოყენებისას _ კონკრეტული კლასის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების დადგენა.  

თანამშრომლობითი სწავლების რამდენიმე სტრუქტურული მოდელი 

ერთობლივი/ჯგუფური სწავლა: ჯგუფური სწავლის მოდელის მრავალი ვარიაცია შეიძლება შესთავაზოს მასწავლებელმა მოსწავლეებს თემატიკისა და მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით. თავისუფალი განხილვის დროს მოსწავლეები ჯგუფებში მსჯელობენ საკითხზე. განხილვაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მოდერირებული განხილვა მოითხოვს ჯგუფში ლიდერის შერჩევას, რომელიც ფასილიტაციას გაუწევს საკითხის განხილვას და უზრუნველყოფს ჯგუფის წევრების აქტიურ ჩართულობას. ქვეჯგუფებში განხილვა ორგანიზებულია სამწევრიან კლასტერებში, განხილვის შედეგების გაზიარება ხდება ორ ქვეჯგუფს შორის. ჯგუფის გამოკითხვა გულისხმობს ჯგუფის თითოეული წევრის გამოკითხვას შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ხდება შედეგების შეჯერება და ჯგუფის საერთო აზრის ჩამოყალიბება. დებატების დროს ჯგუფი ორ ნაწილად ან ქვეჯგუფებად იყოფა, მოსწავლეები მსჯელობენ და კამათობენ შერჩეულ საკითხზე. დებატების მოდელის გამოყენება ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობთ სადებატო საკითხს და დროს ვაძლევთ თავიანთი არგუმენტების და ჯგუფის სტრატეგიის მომზადებისთვის. გუნდური ვიქტორინა ბლიც-შეკითხვებზე აგებული შეჯიბრია და ცოდნის გამეორების, გახსენებისა და გამყარებისთვის ეფექტური მეთოდია. ჯგუფური მოკვლევა, დებატების მსგავსად, მოსამზადებელ სამუშაოს ითხოვს. მოსწავლეები თავად ირჩევენ თემას, ინაწილებენ თემის სეგმენტებს, აწარმოებენ ინფორმაციის კვლევა-გამოძიებას და ქმნიან ერთობლივ პრეზენტაციას. პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ სხვა მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი შეფასება გაუზიარონ ჯგუფს. შეფასების ზუსტი კრიტერიუმების წინასწარ დადგენის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია, ჯგუფებს შორის შეჯიბრიც მოაწყოს საუკეთესო პრეზენტაციის გამოვლენის მიზნით. 

ჯგუფური მატრიცა: ჯგუფური მატრიცის ტექნიკა შესასწავლი თემის ანალიზს, კლასიფიცირებას, ინფორმაციის ორგანიზებას მოითხოვს. მასწავლებლის მიერ შექმნილი სქემის გამოყენებით, მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ ბარათებს და განალაგებენ წინასწარ მომზადებულ სქემაზე. ბოლოს მასწავლებელი მათ აჩვენებს სქემის სწორ ვერსიას. ჯგუფურ მატრიცაზე მუშაობა მოსწავლეებს ეხმარება ინფორმაციის ორგანიზება– რეორგანიზებაში; ეფექტურია, როცა მოსწავლეებს დიდი მოცულობის ინფორმაცია აქვთ ასათვისებელი და გასაანალიზებელი. 

სეგმენტური მეთოდის, როლური თამაშის და სიმულაციის მეთოდები დეტალურადაა აღწერილი ინტერნეტ-გაზეთ “მასწავლებლის” სტატიებში, ამდენად, ამ მოდელებზე აღარ შევჩერდებით (იხილეთ: სეგმენტური მეთოდი, 16 ნოემბერი, 2012  https://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=19&id=124, როლური თამაში, 2 მაისი, 2012 https://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=19&id=39). 

წყვილში განხილვა: ამ ტექნიკის არსი მოსწავლეების მიერ იდეების და მოსაზრებების წყვილში გაზიარებაა. მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ, პასუხები წერილობით ჩაინიშნონ, შემდეგ წყვილში განიხილონ და მოსაზრებები შეაჯერონ. მასწავლებელს შეუძლია, პასუხები/შედეგები გამოიყენოს ჯგუფური განხილვის ფასილიტაციის ან ახალი მასალის ახნისთვის. ამ ტექნიკის გამოყენება მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვან ცნებებზე, აგრეთვე ავითარებს მოსწავლის მეტაკოგნიციას მოსაზრებების შედარებითა და ცოდნის დანაკლისის გამოვლენის გზით. ის მასწავლებელს კარგ წარმოდგენას უქმნის იმის თაობაზე, თუ რამდენად სიღრმისეულად იცნობს ან იაზრებს ჯგუფი მოცემულ თემატიკას.  

წყვილში განხილვის ერთ-ერთი ეფექტური ალტერნატივაა წყვილში პრობლემის გადაჭრა. ამ ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეები მონაცვლეობით უზიარებენ ერთმანეთს პრობლემის გადაჭრის მათეულ ხედვას/სტრატეგიას. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი დაასახელებს პრობლემას ან დაარიგებს ბარათებს პრობლემის აღწერით, თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, ჩანაწერები გააკეთოს და დასახოს პრობლემის გადაჭრის სტრატეგია. შემდეგ ისინი მონაცვლეობით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გეგმებს. სტრატეგიის გაზიარებისას მსმენელის როლში მყოფი მოსწავლე წაახალისებს მოსაუბრეს, განავრცოს თავის იდეები და უწყვეტად ისაუბროს დანიშნული დროის განმავლობაში. ამ ტექნიკის მთავარი უპირატესობა პროცესზე ფოკუსირებაა. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ჩამოაყალიბონ იდეები, მიიღონ გამოცდილება თავიანთი მოსაზრებების პრეზენტაციის დროს, განივითარონ თანმიმდევრულობა, გამოავლინონ თავიანთი ნაკლოვანებები ან დამატებითი ცოდნის/ინფორმაციის საჭიროება. მასწავლებლებს შეუძლიათ, დააკვირდნენ მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარ-ჩვევებს (Collaborative Learning Techniques Workshop, presented by Bill Cerbin, April 23, 2010).  

ურთიერთსწავლება: მოსწავლეები მასწავლებლის როლს ირგებენ ჯგუფებში. ისინი ერთობლივად კითხულობენ ტექსტს ან ასრულებენ დავალებას და შემდეგ ინაწილებენ მასალას სწავლებისთვის. თითოეული მოსწავლე ირჩევს მისთვის სასურველ სწავლების მეთოდს (ჯგუფური განხილვა, მასალის შეჯამება, კითხვების დასმა, საკითხის გარჩევა). დავალების ამ ფორმატში შესრულებისას მოსწავლეებს შეიძლება გადაეცეთ პირველწყაროები, დამატებითი სტატიები, არტეფაქტები, ხელნაწერები, სტატისტიკა, მულტიმედია მასალა და ა.შ. ამ ტექნიკის გამოყენება მათ უვითარებს პირველწყაროებთან მუშაობის, სტატისტიკის, არტეფაქტებისა თუ კრიტიკული მიმოხილვის ანალიზის უნარს. მასწავლებლის როლის მორგება საკუთარი თავის მონიტორინგსა და მასალის ახლებურად რეკონსტრუირებას უწყობს ხელს, ასევე, მოსწავლეებს მასალის ინტერპრეტირების მრავალმხრივობასთან აზიარებს  (Collaborative Learning Techniques Workshop, presented by Bill Cerbin, April 23, 2010).

თანამშრომლობითი სწავლის მრავალ ტექნიკას შორის მხოლოდ რამდენიმე შემოგთავაზეთ ამ წერილში. თანამშრომლობითი სწავლის მეთოდის გამოყენებისას უნდა ვეცადოთ, რომ თემატიკისა და მოსწავლეების საჭიროებებისა თუ ინტერესების შესაბამისად ავირჩიოთ თანამშრომლობითი სწავლის მოდელები. უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, სასწავლო მიზნების, თემატიკის, ვადების, მოსწავლეთა მომზადების დონის გათვალიწინებით, სწავლების სამი მოდელიდან (დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი) რომელი მოდელი ან მოდელების კომბინაცია იქნება ეფექტური.  

ბავშვის ფიზიკური მზაობა სკოლისათვის

0
სკოლაში სწავლისათვის მზაობის ჩამოყალიბება რთული და ხანგრძლივი პროცესია. მისი მიზანია ბავშვის მრავალმხრივი განვითარება. განასხვავებენ ზოგად და სპეციალურ მზაობას. ზოგადი  მზაობა, ძირითადად, განისაზღვრება ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების დონით. სპეციალური მზაობა გულისხმობს ბავშვებში ისეთი წარმოდგენებისა და უნარ–ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც შემდეგი სასწავლო საგნების სწავლების საფუძველს ქმნიან: მშობლიური ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და სხვ. 
სკოლაში სწავლისათვის მზაობას განიხილავენ, როგორც  ბავშვში ისეთ კომპეტენციათა არსებობას, რომლებიც აუცილებელია მოსწავლის სტატუსის ჩამოსაყალიბებლად. ამავდროულად, საბავშვო ბაღში და ოჯახშიც ძირითად ყურადღებას, როგორც წესი, აქცევენ სპეციალურ განათლებას, ხოლო ფიზიკური განათლება, ხშირ შემთხვევაში, ჩრდილში რჩება. ამის გამო სკოლამდელთა დიდ ნაწილს არ აქვს ჩამოყალიბებული მზაობა ფიზიკური აქტივობების შესასრულებლად, სწორი ტანადობის განსამტკიცებლად, სასიცოცხლო ფიზიკური უნარ-ჩვევების დასაუფლებლად და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება ფიზიკური აღზრდა-განათლებისადმი უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ჯანმრთელობაზე, რომელზეც უნდა ვიფიქროთ ბავშვის დაბადებიდანვე (უფრო სწორად, მუცლად ყოფნის პერიოდიდან). ყველა პირობა უნდა შევქმნათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვებში კიდევ უფრო იმატებს ისეთი დაავადებები, როგორიცაა სკოლიოზი, კიფოზი, სისხლძარღვთა სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევა და სხვ.  ცნობილია, რომ უმცროს სკოლამდელ ასაკში ბავშვთა 15-25%-ს უკვე აქვს ქრონიკული პათოლოგიები, ხოლო 6-7 წლისათვის ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევს.
სკოლამდელთა ფიზიკური აღზრდისა და განათლების სფეროში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად  სხვადასხვა გზა არსებობს. მთავარია, რომ ინიციატივებს არ ჰქონდეს ტემპების დაჩქარების ხასიათი. უპირველეს ყოვლისა, ისინი მიზნად უნდა ისახავდნენ ბავშვისათვის შესაფერისი პირობების შექმნას, მისი მონაცემებისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. 
ოჯახი და პედაგოგები სისტემატურად უნდა ზრუნავდნენ სკოლაში სწავლისათვის ბავშვის მომზადებაზე. მათ უნდა შეაჩვიონ ბავშვი, რომ დაიცვას ჯანსაღი ცხოვრების წესი და მიაღწიოს განვითარების ისეთ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს იმ ცოდნისა და უნარ–ჩვევების  დაუფლებას, რაც აუცილებელია სკოლის სასწავლო პროგრამის  წარმატებით დაძლევა–ათვისებისათვის. 
ფიზიკური აღზრდის საშუალებებია: ფიზიკური ვარჯიში, ჰიგიენური ფაქტორები და ბუნებრივი პირობები. ბავშვთა ფიზიკური განვითარებისათვის იყენებენ სამივეს, მაგრამ მათ შორის ძირითად საშუალებად ითვლება ფიზიკური ვარჯიში, რომელიც სისტემატური ხასიათის უნდა იყოს. 
სწავლების დაწყებით საფეხურზე ფიზიკურ ვარჯიშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარების თვალსაზრისით. იგი დადებითად მოქმედებს შინაგან ორგანოებსა და ნივთიერებათა ცვლაზე. ფიზიკური ვარჯიში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის ემოციურ სფეროს, იწვევს ძირითადი ფიზიკური თვისებების განვითარებას (ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, სიმარჯვე და მოქნილობა). ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემა, კეროდ კი, თავის ტვინის ქერქი მნიშვნელოვნად ვითარდება და ბავშვები შედარებით ადვილად იწყებენ ფიზიკური ვარჯიშის ათვისებას, რადგან ყურადღება უუმჯობესდებათ.  
სწავლების დაწყებით საფეხურზე ფიზიკური ვარჯიშის დროს გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ორგანიზმის ძვლოვანი სისტემა ინტენსიურად ვითარდება, სხეულის წონა ყოველწლიურად იზრდება 2-3 კგ-ით, სიმაღლე – 2-4 სმ-ით, გულ-მკერდის გარშემოწერილობა  – 2-4 სმ-ით, ძვლები შედარებით ელასტიკურია, ხოლო კუნთოვანი სისტემა სუსტადაა განვითარებული. ამიტომ ამ ასაკში მერხთან ხანგრძლივმა ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლისა და გულ-მკერდის ფორმის პათოლოგიური გადახრა. 
სწორი ტანადობის განვითარებისას პირველი ამოცანაა სამოძრაო აპარატისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების ხელშემწყობი „ძირითადი დგომის” („გამართული ტანადობის”) ჩვევის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განმტკიცება. ეს ამოცანა წყდება სასიცოცხლო მნიშვნელობის მოძრაობითი მოქმედებების (სიარული, რბენა და სხვ.) ტექნიკის დაუფლებისას ფიზიკური თვისებების გამომუშავებით (ძალა და მოქნილობა, სტატიკური და დინამიკური წონასწორობის დაცვის უნარის განვითარება). 
პირველ ეტაპზე აუცილებელია შეიქმნას ტანადობის შესახებ საკმაოდ ნათელი წარმოდგენა. განმარტებისა და დემონსტრირების მეთოდებთან ერთად ამ მიზნის მისაღწევად მიმართავენ სტატიკურ ვარჯიშებს. ამ დროს მოსწავლემ უნდა დაიცვას „იძულებით” დავალებული რაციონალური პოზა (ვარჯიში სპორტულ კედელთან, ვარჯიშები ტანვარჯიშის ჯოხებით და ა.შ.). თავისთავად იგულისხმება, რომ ასეთმა ვარჯიშებმა არ უნდა გამოიწვიოს გადაღლა, ისინი მრავალფეროვანი და შეძლებისდაგვარად, საინტერესო უნდა იყოს. სწორი ტანადობის დაცვის აუცილებლობის შესახებ დასაწყისში, რაც შეიძლება, ხშირად უნდა მოვაგონოთ მოსწავლეებს. უმცროსი ასაკის ბავშვებთან მეცადინეობის დროს უნდა მოქმედებდეს წესი: ყოველი გაკვეთილი, ყოველი ფიზკულტურული პაუზა და ყოველდღიური დილის ტანვარჯიში „გამასწორებელი” ვარჯიშით და ტანადობის კონტროლით უნდა დაიწყოს.
დგომის სწორი პოზის ათვისებისათვის მიზანშეწონილია ყურადღების გამახვილება მის ძირითად ელემენტებზე. მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე მივაქციოთ ყურადღება დგომის დროს თავის სწორ მდგომარეობას (საფეთქლის ხაზი, პრაქტიკულად, მიმართული უნდა იყოს ჰორიზონტალურად; მზერა წინ მიპყრობილი, კისერი სწორად გამართული და არა ზედმეტად დაძაბული, მხრები გადაშლლილი და არა აწეული). ამასთან ერთად ვერტიკალური მდგომარეობის დროს ტანის ზედა რგოლების მდგომარეობა ბევრად განისაზღვრება ქვემოთ მდებარე საყრდენი რგოლების, უპირველეს ყოვლისა, ქვედა კიდურების მდგომარეობით. ამიტომ ძირითადი დგომის ელემენტების ათვისებისა და მათ სისწორის კონტროლის დროს უნდა დავიცვათ შემდეგი თანმიმდევრობა:
1.ტერფების მდგომარეობა. დგომისას ისინი თითქმის პარალელურად უნდა იყოს, რამდენადმე გაშლილი. 
2.ფეხების სრული გამართვა მუხლის სახსრებში. ფეხების გამართვის დროს წვივითა და ბარძაყით სწორი ხაზი უნდა იქმნებოდეს. 
3.მენჯის სახსრებსა და წელის არეში გაშლა. უნდა დავდგეთ გამართულად და თავის ზედმეტად დახრის გარეშე დავინახოთ ფეხის თითები. 
4.სხეულის ზედა რგოლების გაწყობა. დგომისას ბეჭებისა და მხრების სწორი გამართვა, გულმკერდის „გაშლილი” მდგომარეობა და თავის სწორი მდგომარეობა. 
ამრიგად, განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ბავშვის ტანადობის ჩამოყალიბებას. ეს ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს სისტემატურ მეცადინეობებს ბავშვის ჯანმრთელობისა და ფიზიკური განვითარების დონის გათვალისწინებით.
მეცადინეობისათვის ირჩევენ სხვადასხვა კუნთოვანი ჯგუფის ვარჯიშებს: მხრის სარტყლის, ზურგის, მუცლის პრესისა და ქვედა კიდურებისათვის. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, დაბალი საწყისი მდგომარეობების გამოყენება (წოლელა, ჯდომელა, ჩოქბჯენში), რომელიც ხელს უწყობს ხერხემლის სწორი აღნაგობის შენარჩუნებასა და მასზე დატვირთვის შემცირებას. დატვირთვის მოცულობა და ინტენსივობა უნდა იზრდებოდეს თანდათანობით.
ფიზიკური ვარჯიშების ჩატარებისას რეკომენდებულია სხვადასხვა  სავარჯიშო იარაღის გამოყენება (ტანვარჯიშის ჯოხი, სალტე, ბურთი, სილის პარკუჭი და სხვ.), რაც ახალისებს მეცადინეობას. ამასთან ერთად, ხდება თავისა და სხეულის მდგომარეობის ფიქსაცია, რაც დადებითად მოქმედებს სწორი ტანადობის ჩამოყალიბებაზე.
გთავაზობთ ფიზიკური ვარჯიშების რამდენიმე კომპლექსს სწორი ტანადობის გასამტკიცებლად.

ვარჯიშები ტანადობის ჩამოსაყალიბებლად
1)ს.მ. (საწყისი მდგომარეობა) – ძირითადი დგომი, ხელისგულები კეფაზე, იდაყვები გაშლილი;
თვლაზე 1-2 – გაზნექით ფეხის ცერებზე აწევა, შესუნთქვა;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ამოსუნთქვა.
2)ს.მ – ძირითადი დგომი, ღუნწინმკლავი, თითები გადახლართულია;
თვლაზე 1-2 – ზემკლავი ნების ზევით შებრუნებით, ფეხის ცერებზე აწევა, შესუნთქვა;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ამოსუნთქვა.
3)ს.მ. – ძირითადი დგომი, მკლავები ტანსუკან, თითები გადახლართული, ნები გარეთ;
თვლაზე 1 – მკლავების ენერგიულად უკან გაწევა, ნები შიგნით;
თვლაზე 2 – ფეხის ცერებზე აწევა, გაზნექი,   შესუნთქვა (თავი პირდაპირ);
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ამოსუნთქვა.
4)ს.მ. – ძირითადი დგომი, ხელები მოხრილი იდაყვის სახსარში და მოთავსებული მხრებზე;
 თვლაზე 1-4 – მკლავების წრიული მოძრაობა წინიდან უკან;
თვლაზე 5-8 – მკლავების წრიული მოძრაობა უკნიდან წინ.
5)ს.მ. – პირაღმა წოლი, ხელები ტანის გასწვრივ;
თვლაზე 1-2 იხრება თავი, ტერფები და ხელის მტევნები;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.
6)ს.მ. – პირაღმა წოლი, ხელები ტანის გასწვრივ;
თვლაზე 1 მარჯვენა ხელის და მარცხენა ფეხის აწევა 45° კუთხით;
თვლაზე 2-3-4 ნელი ტემპით დაბრუნება საწყის მდგომარეობაში;
იგივე მეორდება მარცხენა ხელით და მარჯვენა ფეხით.
ს.მ. –  პირქვე წოლი, ზემკლავი;
თვლაზე 1-2 – გაზნექი თავისა და მკლავების  მაღლა აწევით, შესუნთქვა;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ამოსუნთქვა.
7)ს.მ. –  პირქვე წოლი,  ღუნგანმკლავი;
თვლაზე 1-2 – გაზნექი, ბეჭების შეერთება, შესუნთქვა;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.
8)ს.მ. –  პირქვე წოლი, ზემკლავი;
თვლაზე 1-2 – მარცხენა მკლავისა და მარჯვენა ფეხის ზეაქნევი და გაზნექი, თავის ზევით აწევა;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება;
თვლაზე 5-8 – იგივე მარჯვენა მკლავითა და მარცხენა ფეხით.
9)ს.მ. –  პირქვე წოლი, ხელები ტანის გასწვრივ;
თვლაზე 1 გაზნექი თავის, მკლავების და ფეხების მაღლა აწევით, მკლავები და ფეხები ოდნავ განზე;
თვლაზე 2-3 აღნიშნულ პოზაში გაჩერება;
თვლაზე 4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

ყველა ვარჯიში მეორდება 6-8-ჯერ.

ვარჯიშები მუცლის კუნთებისათვის (პრესის ვარჯიშები)

1)პირაღმა წოლი, ზეტანის აწევა (ფეხები დამაგრებულია);
2)პირაღმა წოლი, მოხრილი ფეხების აწევა;
3)პირაღმა წოლი, გამართული ფეხების რიგრიგობით აწევა 45°-ით;
4)პირაღმა წოლი, გამართული ფეხების რიგრიგობით აწევა 45°-ით და განზე გატანა;
5)პირაღმა წოლი, გამართული ფეხების აწევა 90°-ით;
6)„მაკრატელა”. პირაღმა წოლი, გამართული ფეხების აწევა, განზე გაშლა და შემხვედრი მოძრაობით გადაჯვარედინება;
7)„ველოსიპედი”. პირაღმა წოლი, ფეხების მოხრა და ჰაერში წრიული მოძრაობის გაკეთება (წინ და უკან);
8)პირაღმა წოლი, გამართული ფეხების აწევა მაღლა, თავს უკან ფეხის თითებით იატაკის შეხება.
ვარჯიშები ტერფის გამაგრებისათვის
1)სიარული:  ფეხის ცერებზე;  ქუსლებზე; ტერფის გარეთა და შიგნითა ნაწილით;
2)სხვადასხვა საგნის ჩავლება და გადაადგილება ფეხის თითებით (ტანვარჯიშის ჯოხი, სახტუნელა და სხვ.);
3)სპორტულ კედელზე ცოცვა ფეხის თითების ჩავლებით.
ვარჯიშები ტანვარჯიშის ჯოხით

1)ს.მ. – ძირითადი დგომი, ჯოხი ქვევით.
თვლაზე 1 – ჯოხი მკერდზე;
თვლაზე 2 – ჯოხი ზევით (უყურებთ ჯოხს);
თვლაზე 3 – ჯოხი მკერდზე;
თვლაზე 4 – დაბრუნება საწყის მდგომარეობაში.
2)ს.მ. – ფეხშლით დგომი, ჯოხი მხრებზე;
თვლაზე 1 – ზეტანის მარჯივნივ ბრუნი (ჯოხი ზევით);
თვლაზე 2 – ს.მ.;
თვლაზე 3-4 იგივე მეორე მხარეს.
3)ს.მ.  – ძირითადი დგომი, ჯოხი ქვევით;
თვლაზე 1 – ბუქნი, ჯოხი წინ;
თვლაზე 2 – ს.მ.
4)ს.მ. – ჯდომი, გამართული ფეხები ერთად, ჯოხი მუხლებზე (ორივე ხელშია);
თვლაზე 1 – წინზნექი, ჯოხით ცერებზე შეხება;
თვლაზე 2 – ს.მ.
ყველა ვარჯიში მეორდება 6-8 ჯერ.
ვარჯიშები სალტით

1)ს.მ. – ძირითადი დგომი, სალტე ქვევით, ორივე ხელში;
თვლაზე 1-2 – მარჯვენის უკუფეხი ცერზე, სალტე ზევით (უყურებთ სალტეს);
თვლაზე 3-4 – ს.მ.
2)ს.მ. – ძირითადი დგომი (სალტე ამოტაცით ორივე ხელშია);
თვლაზე 1-2 – გაქნევით სალტე მარჯვნივ (მარჯვენა ხელით);
თვლაზე 3-4 – ს.მ.;
5-8 – იგივე მეორე მხარეს მარცხენა  ხელით.
3)ს.მ. – ძირითადი დგომი, ზემკლავი, სალტე ორივე ხელშია;
თვლაზე 1-2 – წინზნექი, სალტის შეხება იატაკთან (მკლავები გამართული);
თვლაზე 3-4 – ზემართი ს.მ. 
4)ს.მ. – ჯდომბჯენი, ფეხები მოღუნული, სალტე ტანსწინ იატაკზეა;
თვლაზე 1 – მარჯვენა ფეხის გამართვა, სალტეში მოთავსება;
თვლაზე 2 – ს.მ.;
თვლაზე 3-4 – იგივე მარცხენა ფეხით.
ყველა ვარჯიში მეორდება 6-8 ჯერ.

ნაციონალური ფოტოგრაფია

0
არის ერთი კარგი, მხიარული ფილმი, მთავარ როლს ჟიული დელპი ასრულებს – “ორი დღე პარიზში” ჰქვია. თვითონ ფილმი – დიდი არაფერი, ასეთი რომანტიკული მელოდრამა ათასობითაა, მაგრამ, აი, ჟიული დელპის გმირი პატარაობისას კი ხშირად მახსენდება – უცნაური, დაბნეული ბავშვია, კონცენტრაციის პრობლემები აქვსო, უფროსები რომ იტყვიან ხოლმე, “სხვაგან რომ ქრის მისი გონება”, ეგეთი.

და აი, მას, პატარა დაბნეულ გოგონას, რომელიც სინამდვილეში იმას ხედავს, რასაც სხვები – ვერ და ის აინტერესებს, რაც სხვებს – ნაკლებად, მშობლები ფოტოაპარატს აჩუქებენ. კამერა გოგონას ცხოვრებას ცვლის: ის იწყებს ლოკოკინების, ფოთლების, ხეების, ადამიანების გადაღებას. საბოლოოდ პროფესიადაც ფოტოგრაფობას ირჩევს.

მართალია, მე პროფესიით ფოტოგრაფი არ ვარ, მაგრამ მეც დაახლოებით ამ გოგონას ხნის გახლდით, პირველი “კოდაკი” რომ მაჩუქეს. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. დავდიოდი და ყველაფერს ვიღებდი სერიულად, 36-36 კადრად. მერე ფირები ძალიან უჟმურ კაცთან, ფოტოგრაფ გივისთან მიმქონდა გასამჟღავნებლად და იმ ნახევარ საათს, სანამ ჩემს დაჭერილ კადრებს დაბეჭდილს ვნახავდი, გული გამალებით მიცემდა.

ხსენებული ფილმიც და ჩემი პირველი კამერაც ამ რამდენიმე დღის წინ გამახსენდა, ძველი ფოტოების თვალიერებისას. ჟიული დელპის გმირისგან განსხვავებით, 10-11 წლისა უმეტესად ეკლესიებს, ციხეებს, მთებს და მდინარეებს ვიღებდი თურმე. არანაირი ცხოველები, ფრინველები, ადამიანები – მხოლოდ ლანდშაფტი და კულტურული ძეგლები. დიდი არაფერი ფოტოები, საინტერესო თითქმის ვერაფერი ვნახე.

დავსევდიანდი იმაზე ფიქრით, აქ, ჩვენს ქვეყანაში, რა პატარებს გვაჩვევენ, რომ ქვეყანა ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს, რომ ჩვენი სამშობლო კულტურული ძეგლები, ლამის მითოლოგიად ქცეული ფასეულობები და ისტორიული ნარატივებია ძლევამოსილ ომებსა და დაუჯერებელ გამარჯვებებზე, ჩვენი კულტურა კი – მეხუთე საუკუნიდან ფეხადგმული მწერლობა. როგორ გვეკარგება ამ დროს ჩვენი რეალობისთვის უფრო მეტად დამახასიათებელი შტრიხები, ვერ ვამჩნევთ ისტორიული შენობების გვერდით დაყრილ ნაგავს, არ ვფიქრობთ იქ, მთებში, მარტო მცხოვრებ ადამიანებზე, არ ვწუხვართ ჩვენს ქუჩებში მოწანწალე უპატრონო ცხოველებზე, ვერ ვხედავთ ჩვენს მეზობლად გაზრდილი ბავშვების სევდას და მათი მშობლების გაჭირვებას, არ ვიცნობთ თანამედროვე ხელოვნებას და მწერლებს, მხატვრებს და არტისტებს მხოლოდ სატელევიზიო შოუებში ვხედავთ, ნაციონალური ღირებულებებს ამოფარებულები ზოგჯერ გაუმართლებელ ძალადობას ვჩადით. ძველი ამბების ჰიპერბოლიზებით ვირთობთ თავს, ის კი, რაც ჩვენ გარშემო ტრიალებს, შეუმჩნეველი გვრჩება.

აი, ამ ძველი ფოტოების თვალიერებისას საოცრად მომინდა, მათზე მეპოვა ჩვენი მეზობელი თამარა ბებო, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელიც დიდი ხანია აღარ არის, ჩემი ძაღლი, რომელიც საღამოობით მუხლებზე მეჯდა და ხელებს მილოკავდა, ბუები, რომლებიც ჩვენს ეზოში ბინადრობდნენ და ციყვები, რომლებიც ჩვენი სახლის წინ მდებარე პარკში დახტოდნენ, კესანეები, გვიმრები, დედაჩემის გამომცხვარი მურაბიანი ღვეზელები, ხევსურეთის სახლის ჭერხოში ჩამოკიდებული საქანელა და ბაბუაჩემის კატები, ის ჩანთა, რომლითაც ბიძაჩემს ახალი წიგნები მოჰქონდა ჩვენთან, დეიდაჩემის სახლში გაკრული “ბითლზის” ვეებერთელა პლაკატი და ბევრი სხვა რამ, რაც ჩემი ბავშვობის ნაწილია… მაგრამ არა, მსგავსი არაფერი – ეკლესიები, ციხეები, მთები.

გარემო იყო ეგეთი ჩვენთვის, ოთხმოცდაათიანებგამოვლილი ბავშვებისთვის. ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ და საკუთარ ფეხზე ჯერ კიდევ სუსტად მდგარ ქვეყანაში ყოველი კუთხიდან “სამშობლო” ისმოდა.

ვინაიდან ჩემს ბავშვობას, საყვარელი პერსონაჟებითა და ნივთებით, უკან ვერ დავაბრუნებ, ტრაფარეტული ფოტოების გამო წუხილს აზრიც არ აქვს. ამ ამბავსაც იმიტომ მოგიყევით, რომ იქნებ ყველამ ერთად როგორმე დავძლიოთ ცდუნება, ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, მეგობრებს, ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს დავანახოთ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მოვაწონოთ ის, რაც ჩვენ მოგვწონს და ვასწავლოთ ისე ფიქრი, როგორც ჩვენ ვფიქრობთ – იქნებ მათ ჩვენზე უკეთესი რამეები მოეწონოთ, უფრო საინტერესო გზები აირჩიონ, უფრო მყარი დასაყრდენი იპოვონ და რეალობის უკეთ აღქმა შეძლონ.
თანამედროვე რეალობის ილუსტრაციად კი ერთი გერმანელი ფოტოგრაფის საქართველოში გადაღებული ფოტოებისგან შედგენილ კოლაჟს გიტოვებთ. ასეა, უცხო თვალი უკეთ ხედავს.

საშიში ახლობელი

0
 მამა რომ მომიკვდა, ხუთი წლის ვიყავი.
იმ დიდ ოთახში, სადაც სუდარაგადაფარებული მამაჩემი, ექიმების უცოდინრობის მსხვერპლი, ესვენა, მე არ მიშვებდნენ. 

მითხრეს, რომ ჩემი მამიკო მივლინებაში წავიდა. რაკი მამის შინ არყოფნა, მისი რთული და საპასუხისმგებლო სამსახურის გამო, ჩვეულებრივი ამბავი იყო, არც არაფერი გამკვირვებია. ერთადერთი, რაც ბავშვურ ცნობისწადილს მიღვიძებდა, ჩვენი სახლის შემოსასვლელში ყვავილის გვირგვინების სიმრავლე იყო, მაგრამ, ვინაიდან არ ვიყავი ისეთი ბავშვი, უფროსებს ათას კითხვას რომ უსვამენ, არც ამის მიზეზი მიკითხავს.

სამზარეულოდან მანდარინით სავსე პარკი მოვიპარეთ მე და ჩემმა ბიძაშვილმა, ეზოში, ხის სკამებზე ვისხედით, ვჭამდით და თან რიცხვობანას ვთამაშობდით. იცით, ეს რა თამაშია? დანამდვილებით არც მე მახსოვს, ისევე როგორც ჩემი ბავშვობის ბევრი სხვა თამაში. ერთი მონაწილე რომ დედა იყო და ყველაფერს ის წყვეტდა, ესღა ჩამრჩა მეხსიერებაში.

ამ დროს მეზობლის “დიდი” გოგო მოვიდა და მითხრა, რა გიხარია, მამაშენი მოკვდაო. ბევრი ვერაფერი გავიგე, სახლში ავედი, იმ დიდ ოთახში შევირბინე და შავოსან დედაჩემს ვკითხე: მამაჩემი მართლა მოკვდა-მეთქი? პასუხი და რეაქციები აღარ მახსოვს.

მერე სიკვდილი შინაური და ახლობელი გახდა, მარადიული მდგმურივით ჩაგვისახლდა ბინაში, ერთი ოთახი კი სულაც დაისაკუთრა – ბიბლიოთეკა, სადაც კედლებზე ახალგაზრდა და გაღიმებული მამაჩემის უამრავი სურათი ეკიდა: ზოგი – ფოტო, ზოგიც – ვიღაც უცნობი მხატვრის დახატული. დარღვეული პერსპექტივა ჩემს ცხოვრებაში ამ სურათით დაიწყო. ახალბედა მხატვარი თუ იყო…

მერე? მერე საფლავზე დავდიოდით. პირველ ხანებში – ხშირად, მერე  და მერე – უფრო და უფრო იშვიათად. მიყვარდა იქაურობა – ულამაზეს ვარდებს ახარებდა დედა, რომელი დეკორატიული ბაღი შეედრებოდა. საფლავის გვერდით, ბეტონმოსხმულ ბანზე, სკამები და მაგიდა იდგა. აღდგომის მეორე დღეს საფლავზე მიგვქონდა წითელი კვერცხები და პასქა. მიყვარდა იქაური ტრაპეზი.

მერე ის ბეტონი ლეღვმა ამოტეხა. არ ამოვთხარეთ. ახლა უზარმაზარი ხეა, ისეთი მსხმოიარე, როგორიც არსად მინახავს.
რამ გამახსენდა ეს ამბები?

ამას წინათ ქართულ ეთნოგრაფიულ მასალებში ქექვისას კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, როგორ მეგობრობს ქართული ცნობიერება სიკვდილთან, მეტიც – დროდადრო მეტისმეტად ფამილარულიცაა. თუ, მაგალითად, ლიტვაში სუფრაზე ერთი ზედმეტი თეფში იდება ჯერ არმოსული მეგობრისთვის, ლეჩხუმში ასეთ თეფშს მიცვალებულისთვის დებენ.

ყველაფერი ზღაპრებით იწყება. აბა, გაიხსენეთ – ქართულ ზღაპრებში გმირი ისე ადვილად კვდება და ცოცხლდება, თითქოს არაფერი, თითქოს სულ უბრალო რამაა, დევს მოჭრილი თავის ადგილას ახალი ამოსდიოდეს, მარჩენალი ძროხა დაგიკლან და მის საფლავზე მოლაპარაკე ხემ გაიხაროს. „კოკროჭინა” ან „ფისასოს ზღაპარი” გახსოვთ? ძალიან დიდი დოზით გვყავს ოჯახში სიკვდილი, ძალიან…

ერთი უცნაური ზღაპარიც ვიპოვე, ნათლია-სიკვდილზე.
მთელ ტექსტს არ გადმოვწერ, მოკლე შინაარსს მოგიყვებით:

გლეხმა ნათლიის ძებნა დაიწყო, რომელიც სრულიად უანგაროდ, უსაჩუქროდ მოუნათლავდა ერთადერთ შვილს. ასეთი მხოლოდ სიკვდილი იპოვა… სიკვდილმა შვილი მოუნათლა და თან დაუახლოვდა, გაამდიდრა, ცხოვრება მოუწყო. გლეხმა ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ მოეშორებინა თავიდან ეს საშიში ახლობელი. რა თქმა უნდა, მაინც ვერ დააღწია თავი, რადგან ახლობლობა მასთან არ ჭრიდა და ქრთამი… ეს ისეთი ნათლიაა, რომ არასდროს დაავიწყდები.

ერთ ხალხურ ლექსში, ნახეთ, როგორი ამბები ხდება:
„ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო,
ჩაგძინებოდა მთაზედა.
ვიფიქრე, გავუსწორდები,
ხელიც ავიკარ ხმალზედა,
მაგრამ ვერ გამოგიმეტე,
მზე დაგფენოდა თავზედა.
დავიჩოქე და გაკოცე
ნამმოკიდებულ თმაზედა”.

სიკვდილი ზოგჯერ ვეფხისა და მოყმის ორთაბრძოლაა, ზოგჯერ – ბაცალიგოს თოვლის დნობა და ლამაზი ცოლის ტირილი, ზოგჯერ – შვება ბეჩავი იერემასთვის, ზოგჯერ – ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ომში მყოფი ვაჟკაცი დაამარცხოს. ლიტერატურა, სხვა ყველაფერთან ერთად, სიკვდილზე წერა, სიკვდილთან შეგუება და სიკვდილთან ახლობლობაცაა. 

“შენ გაგიმარჯოს, სიკვდილო,
სიცოცხლე შვენობს შენითა”, –

ესეც სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ნათლულის სიტყვებია.

ნინო ჩაკვეტაძე – ორშრიანი დუპლექსის მიღმა

0
რაღა თქმა უნდა, შეგიძლიათ შემომედავოთ, პატარა უფლისწული რა შუაშიაო და მხატვარსაც ხომ ის საერთოდ არ უხსენებია, მაგრამ მისი ნახატების ხილვის დროსაც ზუსტად ისევე გავლღვი, როგორც ხეები – თებერვლის ბოლოს. მე არ მახსოვს სხვა მწერალი, გარდა ეგზიუპერისა, რომელსაც თავისი ბავშვურ-დიდური ფილოსოფიით და უნივერსალური სიკეთით ჩვენი გაუხეშებული მერქანი კარაქივით დაერბილებინოს და სხვა მხატვარი, რომელსაც ასე შესძლებოდეს, გამოვეძვრინეთ მანქანების ნერვული ხმაურიდან, ოფისების ალიაქოთიდან, ერთი სიტყვით, მთელი ამ დიდური რუტინიდან და მშვიდ ბავშვობაში დავებრუნებინეთ. მისი ფერწერა ერთგვარი ტრანსპორტია, უფრო კი მატარებლის სინქრონული ხმაური, რომელსაც პირდაპირ დასაწყისისკენ მივყავართ.
ნინო ჩაკვეტაძის შემოქმედების დასაწყისი ერთგვარი ძიება იყო, რომელმაც ჩვენთვის ასეთი “მატარებელი” გამოაგონებინა:
“ახლა როგორსაც ხედავთ ჩემს ნამუშევრებს, უფრო ბოლო პერიოდს ეკუთვნის. ბევრს არ ვმუშაობდი და არც ხშირად გამოჩენის პრეტენზია მქონია, პატარები მყავდა შვილები. ნიკოლაძე დავამთავრე, მერე – სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. კლასიკურად, ვხატავდით ფანქარში ნატურას ან პორტრეტს და ფერში – კომპოზიციებს თავისუფალ თემაზე. ახლა რომ ვიხსენებ, ხშირად ვხატავდი ბებია-ბაბუას და ბავშვებს. სულ ძიების პროცესში ვიყავი. ირაკლი ფარჯიანი მიყვარდა ძალიან. ახლაც მიყვარს. იმდენად მომწონდა, ერთ დროს მის გავლენასაც კი განვიცდიდი, თუმცა ეს გასაკვირი არ არის, სწავლის და ძიების ჩვეულებრივი გზაა. ახლა გავთავისუფლდი გავლენებისგან.
პროპორციების დარღვევის მიუხედავად, ჩემი ნახატები არ არის აბსტრაქტული. სამი წლის წინ მივხვდი, რომ ეს იყო ორგანული ჩემთვის, აქ უნდა ვყოფილიყავი, ასეთ ნამუშევრებში. ასე თუ ისე, გაამართლა და თავსაც კომფორტულად ვგრძნობ, ცოტა დავმშვიდდი, რაღაცას მაინც მივაგენი-მეთქი”.
შესაძლოა, მიაგნო საფულეში ჩარჩენილ ფულს, გადავიწყებულ კაბას, საჭირო მისამართს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთჯერადია: ფულს დახარჯავ, კაბას გაცვეთ, რომელიმე ქუჩის რომელიმე ნომრიდანაც ერთსაათიანი ვიზიტის შემდეგ წამოხვალ. მისი ნახატები კი ისევე ვერ იქნება ერთჯერადი, როგორც ჩვენი ძალიან, ძალიან ნოსტალგიური ბავშვობა. ამ ბავშვობას, ამ სენტიმენტალურ მეხსიერებას მუდამ და ყველგან თან ვატარებთ. 


გაიხსენეთ თქვენი მზერა, რომელსაც ბავშვობაში კაკლის მურაბის ქილას აბჯენდით. გაიხსენეთ თქვენი მომლოდინე ბებიები და პაპები. გაიხსენეთ ხის კენწეროები, რომლებიც ხანდახან არაკეთილსინდისიერად გექცეოდნენ და მიწაზე გაბრუნებდნენ. გაიხსენეთ დიდი ხნის ნახმარ ჩანთასავით გადატყავებული თქვენი მუხლები. გაიხსენეთ სასკოლო ზეიმები, რომლებზეც რაც უფრო ხმამაღლა იტყოდით ლექსს, პათოსი მით უფრო დაგიფასდებოდათ ერთით მეტი მანდარინით ან კანფეტით. გაიხსენეთ ბავშვობისდროინდელი ფინჯნები ზედ მიხატული გეტრებიანი გოგოთი და პატარა ობობათი. გაიხსენეთ თქვენი საბავშვო ოთახის შპალერი ცხოველებით, გნომებით და ზღაპრული სამყაროთი… მერე ისიც ისევე გააქრეს, როგორც სხვა ყველაფერი, – ადგნენ, ააფხრიწეს და სტრუქტურული ვინილით, მეტალირებული შპალერით თუ ორშრიანი დუპლექსით შეცვალეს. დიდობისას ინტერიერი უნდა შეიცვალოს გამძლე პროდუქციით…
და როცა ამ დიდობის ინტერიერიდან გაქცევა გინდება, ნინოს “მატარებელი” ყველაზე სწრაფი და მშობლიური ტრანსპორტია, თუმცა ცოტათი სევდიანიც – რაც მეტად გენატრება, მით მეტად სენტიმენტალური ხდები: 

“ჩემი სევდიანი პერსონაჟების გამო ხშირად ჰგონიათ, რომ მწარე ბავშვობა მქონდა. არადა, მოსიყვარულე მშობლები მყავდა, არც ბებია-ბაბუას გავუზრდივარ, თუმცა კი ისინი ისევე ზრუნავდნენ ჩემზე, როგორც მსოფლიოს სხვა ბებია-ბაბუები – საკუთარ შვილიშვილებზე… სევდიანი ნახატები ალბათ იმიტომ გამომდის, რომ არანორმალურად მენატრება ის დრო. 18 წლისა საბოლოოდ მივხვდი – უკვე ძალიან დიდი ვიყავი, თან არეული 89 წელი იდგა. ახალ თაობას ვერც კი წარმოგვედგინა, რომ თავისუფლება ასე ახლოს იყო…”
ნიკოლაძის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა, მერე რამდენიმე წელი იქვე ასწავლიდა, უფრო მერე – სკოლაში. ამბობს, რომ სტაბილური სამსახური დროის კარგვაა, ეს დრო შეიძლება უფრო კარგი საქმეების საკეთებლად  გამოიყენო. აი, მაგალითად, “ბაკურ სულაკაურის” ან “პალიტრა L-ის” წიგნები გააფორმო, ან პერსონალურ გამოფენას მიხედო, ან ხიმენესის ქართული თარგმანის დასურათებაზე იოცნებო. ასეთი ოცნება სწორედ რომ საქმეა, მით უმეტეს, თუ მის ასახდენად რამდენიმე ნახატსაც შექმნი:

“პლატერო და მე” ძალიან ჩემია. დიდი ხნის წინ წავიკითხე რამდენიმე ფრაგმენტი ამ წიგნიდან, დაბეჭდილი “ლიტერატურულ საქართველოში”. ძალიან ამაღელვა. სათაური არ დამამახსოვრდა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ესპანელი მწერლისა იყო. სულ ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა მიმეგნო ამ წიგნისთვის. ინტერნეტშიც ვეძებე ყველა სავარაუდო სახელით. შარშან კი დეიდაშვილის მეგობარი მესტუმრა. ხელში წიგნი ეჭირა და ამ სიტყვებით გადმომცა: “ვფიქრობ, აუცილებლად მოგეწონება, საშენოაო”. დავხედე და ჩემი დიდი ხნის ნაძებნი “პლატერო და მე” შემრჩა ხელში. ძალიან გამიხარდა. ეს წიგნი ამ ქალბატონისთვის მთარგმნელს, მანანა გიგინეიშვილს უჩუქებია. მერე კი თავად მთარგმნელმა ნახა ჩემი ნამუშევრები ფეისბუქზე და ავტოგრაფით გამომიგზავნა ხიმენესი. გავიგე ტელეფონის ნომერი, რომ მადლობა გადამეხადა. მან მითხრა, რომ მოხიბლული იყო ჩემი ნამუშევრებით, აღნიშნა, შენი ნახატები ამ წიგნს ძალიან ჰგავსო და მისი დასურათება შემომთავაზა. ასე რომ, იდეა არის, მაგრამ რამდენიმე გამომცემლობამ უარი თქვა – მომგებიანი არ იქნებაო… ერთ-ერთი ნოველის სიუჟეტი დავხატე კიდეც: ბავშვები ლამპის შუქზე ვახშმობენ, ვირუკა პლატერო ფანჯარას მოადგება, ბავშვებს შეეშინდებათ და გაცვივდებიან, ეს კი იყურება თავისი უზარმაზარი თვალებით… მერე კიდევ დავხატე ერთი პლატერო, ხიმენესთან ერთად რომ მიდის… პერსონაჟები მხოლოდ მაშინ მიყვარდება, თუ ამაღელვეს”.
ილუსტრაციებზე მუშაობა სპონტანურად დაიწყო, მაკა მიქელაძისა და ნინო ჩაკვეტაძის დუეტი, მათი განხორციელებული იდეები კი, დარწმუნებული ვარ, მომგებიანი ინვესტიციაა გამომცემლობებისთვის. ამგვარი ინვესტიციები მხოლოდ მატერიალურ მოგებას არ ნიშნავს – ბავშვების გემოვნების დახვეწა უფრო საინტერესო, უფრო დიდი  საქმეა. ამას შეიძლება მომავლის ინვესტიციაც დავარქვათ:
“ჯერ კიდევ ბავშვობაში რვეულებში ვიწერდი ლექსებს და ვაფორმებდი. დედას შენახული აქვს ეს მცირე “არქივი”. მერე, დაახლოებით 2000 წელს, “დილაში” მიმიყვანა ახლობელმა, მიმიღეს და ბედნიერი ვიყავი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში თითო-თითო გვერდს ვაფორმებდი. ეს ჩემთვის დასაწყისივით გახლდათ. მერე ერთხანს ჩემთვის ვხატავდი საბავშვო თემატიკაზე. ერთხელ, დიდი ხნის წინ, მე და მაკა მიქელაძე ერთმანეთის მეზობლად ვისვენებდით აგარაკზე. დროს კი ასე ვკლავდით: მაკამ ჩემი ილუსტრაციის ტიპის ნახატები ნახა და ამით შთაგონებულმა, რამდენიმე ლექსი დაწერა. დაგვიგროვდა ასეთი ლექსები და განვიზრახეთ მათი გამოცემა. სწორედ მაშინ ინერგებოდა საქართველოში კარგი ხარისხის გამოცემის პრაქტიკა. სერიაც გავაკეთეთ – ოთხი სხვადასხვა ფორმის წიგნი: მზის ფორმისა – მზის ბავშვის ამბავი, მთვარის ფორმისა – მთვარის ბავშვის ამბავი, ვარსკვლავისა – ვარსკვლავის ბავშვის ამბავი და ღრუბლისა – ღრუბლის ბავშვის ამბავი. დიდი მონდომებით შევუდექით საქმეს, მაგრამ წიგნად ჯერ არ გამოგვიცია, თუმცა გამომცემლებს მოეწონათ. თუ გამოვეცით, ბევრი რამის შეცვლა მომიწევს, რადგან ძველ ნამუშევრებს უკვე კრიტიკული თვალით ვუყურებ, ეს კი საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ამგვარად გაფორმებული წიგნი იმდროინდელი საქართველოსთვის ნამდვილად სასიამოვნო სიახლე იქნებოდა. 

2007 წელს პირველად მოვხატე სერიოზული წიგნი – “ბერძნულ-რომაული მითები”, რომლის ტექსტიც ასევე მაკა მიქელაძეს ეკუთვნის. ეს “ბაკურ სულაკაურის” პროექტი გახლდათ. გამაკეთებინეს რამდენიმე საცდელი ილუსტრაცია, მოეწონათ და ამიყვანეს. თავად არ ვარ აქტიური პიროვნება და მიჭირს გამომცემლობაში ამბიციებით მისვლა. პროექტმა გაამართლა, დღემდე კარგად იყიდება ეს წიგნი. ვთანამშრომლობ სულაკაურის და “პალიტრის” გამომცემლობებთან. 
მულტფილმებიდან გამომდინარე, ბავშვები უფრო პრიმიტიულ ტიპაჟებს ამჯობინებენ, რასაც აწვდიან, ის მოსწონთ. მე ძველი, კლასიკური ილუსტრაციები მირჩევნია. კარგი ნახატების გარეშე ბავშვს გემოვნება ვერ დაეხვეწება. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში ხელოვნების სწავლება და ბავშვებისთვის მისი სწორად, მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება. გული მწყდება, რომ ხელოვნება ისევე იჩაგრება, როგორც, მაგალითად, ფიზაღზრდა: თუ ფიზიკური უნარები, რომლებიც არაგონებრივ, სავსებით ხორციელ რესურსებს მოითხოვს, ყველა ბავშვისათვის ვერ იქნება ადვილი საქმე, არც ისე რთულია, თითოეულმა ბავშვმა თავი გაართვას საგანს, რომელიც არა კუნთების, არამედ გონების მუშაობის შედეგად იქნება მისაწვდომი”.
ნინოს ნახატებში “მომავლის ინვესტიციის” დაბანდება ერთ ჩეხ ქალბატონსაც სურდა, რომელიც ნინოს ინტერნეტით დაუკავშირდა და ცნობილი გადაინგლისურებული ჩეხური ზღაპრის დასურათება შესთავაზა. შეთანხმება შედგა, თუმცა საგამომცემლო სირთულეთა გამო წიგნი ვერ გამოიცა: 
“ილუსტრაციები დიდხანს მეწყო, მერე იმ ქალისგან ნებართვა ავიღეთ, ქართულად გვეთარგმნა და გამოგვეცა. “პალიტრა L-ს” მოეწონა ძალიან და სულ რამდენიმე კვირაა, რაც წიგნის თაროებზე იან კარაფიატის “ციცინათელები” გამოჩნდა.

მე საბავშვო მხატვარს მიწოდებენ, თუმცა ჩემს ნახატებზე მეტი რეაქცია უფროსებს აქვთ. ილუსტრატორი ნამდვილად საბავშვო ვარ. არიან მხატვრები, რომლებსაც არ ადარდებთ ხალხის რეაქცია და არ აქტიურობენ, არ მართავენ გამოფენებს, ჩემთვის კი ეს პრაქტიკა მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია ახალი იდეებიც, მაგალითად, დედა-შვილის დუეტი: მინდოდა, “შობის დილიდან” ერთ პერსონაჟზე, დიდთვალება გოგოზე დამეწერა, საინტერესო ტიპაჟია და მისი ამბები პატარებს, ვფიქრობ, დააინტერესებდათ. ჩემს თექვსმეტი წლის შვილს, რომელსაც წერა ემარჯვება, ვთხოვე, ერთად გვემუშავა ასეთ პროექტზე – ის დაწერდა, მე დავხატავდი. შეშინდა, ვერ გამომივაო…”
ოჯახის გარემოცვაში მუშაობა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილები მეტისმეტად პატარები არიან საიმისოდ, რომ გაიგონ: მათი დედა მხოლოდ დედა არ არის, მხატვარიცაა.
“როცა მივხვდი, რომ არ მექნებოდა მუშაობისთვის იდეალური პირობები: დიდი, ნათელი სახელოსნო თბილისის ლამაზი ხედით და ბევრი სიმშვიდე, – გადავწყვიტე, ყოველგვარ სიტუაციას მოვრგებოდი და გამომივიდა. მართალია, ყოფითი, ყოველდღიური წვრილმანები მეხება, რადგან ოჯახი მაქვს, მაგრამ ვინაიდან არსად ვმუშაობ დილიდან საღამომდე მკაცრად განსაზღვრული რუტინული გრაფიკით, სახატავად დრო ნამდვილად მრჩება.
ის კი აუცილებლად უნდა დამრჩეს, რომ ადამიანებისგან დადებითი მუხტი მივიღო. ერთმა კარგმა მხატვარმა მითხრა, რა წარმატებული გამოფენა გქონდაო და მეორე დაეთანხმა, ჰო, მოენატრა ხალხს ლირიკაო. ჩემთვის ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აღმოჩნდა, რომ ჩემი ნამუშევრები მხოლოდ ფართო მასებისთვის არ არის განკუთვნილი და არც მხოლოდ თვალს ახარებს – ბევრი გამოცდილი ფერმწერისა თუ ხელოვნებათმცოდნისგან გამიგონია გულწრფელი აღტაცება. ძალიან მნიშვნელოვანი, სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა ჩემი და ზაზა აბზიანიძის წარდგენაც ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე. ვნახოთ, რა იქნება”.
ნინოს დარჩენილი დრო ჩვენ გვეკუთვნის: მათ, ვისაც მოენატრა ლირიკა, მათ, ვისი ბებიებიც ისეთივე ტკბილები და დანაოჭებულები იყვნენ, როგორც მათივე დამზადებული ჩირი, ასხმულებად რომ კიდებდნენ სამზარეულოს კედლებზე, მათ, ვისაც შეეძლო, ბაბუაწვერებში ეთამაშა და ალერგია არ დასწყებოდა და მათ, ვისაც დღეს უკვე ქარის ყოველ შემობერვაზე აცემინებს.
სალომე შენგელიძე

ფრონტალური გაკვეთილი კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში(მეორე ნაწილი)

0
ფრონტალური გაკვეთილი, ტრადიციული გაგებით, წარმოადგენს მასწავლებელზე ორიენტირებულ საგაკვეთილო პროცესს. ეს არის სწავლების სტრატეგია, რომელიც ხშირად პირდაპირ სწავლებადაც იხსენიება და აქცენტს მასწავლებლის როლზე აკეთებს. ეს მეთოდი მრავალფეროვან ვარიაციებად ჩამოყალიბდა, თუმცა, ყველა ამ ვარიანტს აქვს ერთი საერთო – მასწავლებელი წარმოადგენს მოსწავლეთათვის ცოდნის გადაცემის ძირითად წყაროს. ფრონტალური მეთოდის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ლექციური ტიპის გაკვეთილი, კითხვა-პასუხზე აგებული გაკვეთილი, დემონსტრირებით წარმართული გაკვეთილი.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ტრადიციულ ფრონტალურ გაკვეთილს უფრო ნეგატიური იმიჯი აქვს, ვიდრე პოზიტიური. პედაგოგებისა თუ განათლების სპეციალისტების ნაწილი, რომელიც სწავლების პროცესისადმი მხოლოდ ინტერაქტიულ მიდგომებს იზიარებს, მიიჩნევს, რომ ფრონტალური გაკვეთილების გამოყენება ხელს უშლის სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვას. ამ აზრის განსამტკიცებლად ისინი ასახელებენ ფრონტალური გაკვეთილის მხოლოდ უარყოფით მხარეებს:

* ფრონტალური გაკვეთილი უმეტესწილად ავტორიტარული და დირექტიულია;
* მოსწავლეები პასიურები არიან და მცირეა მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
* არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა სწავლის ინდივიდუალური ტემპი;
* ამ ტიპის გაკვეთილი ხელს არ უწყობს მოსწავლეთა სოციალური კომპეტენციის განვითარებას;
* უეფექტოა მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) განვითარების თვალსაზრისითაც.

ხოლო როდესაც მასწავლებელი თუ განათლების მეცნიერების ზოგიერთი წარმომადგენელი ფრონტალური გაკვეთილის უპირატესობასა და წარმატებაზე საუბრობს, თვალწინ ისეთი „დიდაქტიკური მონოკულტურა” უდგას, სადაც წარმმართველია დიდი ავტორიტეტი, შიში და მკაცრი დისციპლინა – მაშასადამე, სასწავლო პროცესისადმი ავტორიტარული, კერძოდ, ბიჰევიორისტული მიდგომა. ამ შემთხვევაში ვექტორის მიმართება ცალმხრივია – მასწავლებლიდან კლასისკენ. ისინი საუბრობენ ფრონტალური გაკვეთილის მხოლოდ პოზიტიურ მხარეებზე. კერძოდ, იმაზე, რომ

* ის საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეებს სწრაფად გადავცეთ დიდი მოცულობის ინფორმაცია;
* ის ორგანიზაციულად და მეთოდურად ადვილად ჩასატარებელია;
* მეთოდი ტრადიციული და მრავალჯერ ნაცადია.

ხშირად ფრონტალური გაკვეთილები წმინდა ტიპის ლექციიდან თუ მასწავლებლის პრეზენტაციიდან საუბარზე ორიენტირებულ ფაზებში გადადის, შესაძლოა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართოს და შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ დირექტიული მიდგომა მასწავლებელმა ინტერაქტიულით შეცვალა, მაგრამ უმეტესად ამასაც ფრონტალური ხასიათი აქვს, ე.ი. ისევ მასწავლებელი დგას ცენტრში და არა მოსწავლე. ამგვარ მიდგომას შეიძლება “მოჩვენებითი თანამშრომლობა” ვუწოდოთ, რადგან მასწავლებელი, თუმცაღა შედის დიალოგში მოსწავლეებთან, ისმენს მათ აზრს, საბოლოოდ მაინც თავად განსაზღვრავს ყველაფერს. ვექტორის მიმართება ამ შემთხვევაშიც ცალმხრივია – მასწავლებლიდან კლასისკენ.

ბუნებრივია, ასეთი მიდგომით შესაძლებელია, მოსწავლემ მიიღოს გარკვეული ცოდნა, მაგრამ როგორ ავიცილოთ თავიდან ფრონტალური გაკვეთილის თანმხლები ზემოთ ჩამოთვლილი ნეგატიური ფაქტორები? ამ კითხვაზე სწავლების პროცესისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა სცემს პასუხს.

კონსტრუქტივისტული დიდაქტიკა გვთავაზობს სასწავლო პროცესში ფრონტალური გაკვეთილების შეზღუდულად და ინტერაქტიულ მეთოდებთან კომბინირებულად გამოყენებას, მაშასადამე, ფრონტალური გაკვეთილების ჩანაცვლებას ფრონტალური ფაზებით, რომლებიც, თავის მხრივ, ინტერაქტიული იქნება, ანუ წარიმართება მოსწავლეებთან დიალოგურ რეჟიმში. მოსწავლეთა ჩართვა დიალოგში, მათი მხრივ კითხვების დასმა მარტო ნებადართული კი არ უნდა იყოს, არამედ მასწავლებელი ახალისებდეს კიდეც ამას და ხელს უწყობდეს. ეს უზრუნველყოფს ვექტორის ორმხრივ მიმართებას – როგორც მასწავლებლიდან თითოეული მოსწავლისკენ, ასევე მოსწავლიდან მასწავლებლისკენ. შედეგად მოსწავლეები მხოლოდ ცოდნას კი არ იძენენ და მაღალ სააზროვნო უნარებს ივითარებენ, არამედ საკლასო ოთახში მკვიდრდება ღია ურთიერთობებისა და კომუნიკაციის კულტურა.

მასწავლებელს, იმისთვის, რომ შეძლოს ფრონტალური ფაზების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ფრონტალური მეთოდის ყველა თავისებურება, მისი ძლიერი თუ სუსტი მხარეები და გაითვალისწინოს ისინი გაკვეთილის დაგეგმვისას:

* როდესაც მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში ფრონტალური მეთოდის გამოყენებას გეგმავს, უნდა იცოდეს მისი გამოყენების საზღვრები: როდესაც მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებში, მაგალითად, კვლევა-ძიების ან მეტაკოგნიტური უნარების განვითარება, ფრონტალური მეთოდის გამოყენება არარელევანტური იქნება, მაგრამ მაშინ, როცა მასწავლებლის მიზანია, ყველა მოსწავლეს დროის მცირე მონაკვეთში გადასცეს დიდი მოცულობის ინფორმაცია, დაანახოს ცალკეულ შინაარსთა ურთიერთკავშირი, ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია.

* ფრონტალური მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელს ყველა მოსწავლე თვალთახედვის არეალში ჰყავს, ყველანი ერთი საკითხისა თუ პრობლემის ირგვლივ არიან კონცენტრირებულები, რაც მეთოდს უფრო ადვილად გამოსაყენებელს ხდის;

* ტრადიციული ფრონტალური მეთოდით მუშაობისას მოსწავლეთა მოტივაცია დაბალია. წარმატების მისაღწევად საჭიროა გავუღვიძოთ მათ ინტერესი როგორც შესასწავლი თემისადმი, ასევე კონკრეტულად იმ ფრონტალური სტრატეგიისადმი, რომლის საშუალებითაც ამ მასალას გადავცემთ. ამიტომ მასალა, რომელსაც მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის, უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი, საინტერესოდ დემონსტრირებული თუ ახსნილი. ამ დროს, გარდა იმისა, რომ მოსწავლეს უჩნდება ინფორმაციის მიღების მოტივაცია, გამოუმუშავდება კომპეტენციაც, თავად როგორ წარდგეს სხვათა წინაშე, როგორ გააკეთოს ეფექტური პრეზენტაცია. ამ კომპეტენციის მნიშვნელობა სცილდება სკოლის ყოველდღიურობას, ეს არის ადამიანის მნიშვნელოვანი უნარი ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.

* ტრადიციული ფრონტალური მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეთა ავტონომია, თვითეფექტურობა და სოციალური/თანამშრომლობითი კომპეტენცია შეზღუდულია. მაგრამ თუ მასწავლებელი ფრონტალურ ფაზებს მიანიჭებს ინტერაქტიურ ხასიათს, მეთოდის ეს სუსტი მხარე დაიძლევა.
ყველა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ უნდა დავგეგმოთ ფრონტალური ფაზები, რომ გავზარდოთ მათი ეფექტიანობა:

* მხოლოდ მასწავლებელი კი არ უნდა იყოს ფრონტალური ფაზის განმხორციელებელი, მაკონტროლებელი, არამედ მოსწავლეებსაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გახდნენ ამ ფაზის აქტიური მონაწილენი და, შესაძლოა, წარმმართველებიც;

* სწავლების ინტერაქტიულ, ქმედებაზე ორიენტირებულ ფაზებში ან ასეთ ფაზებს შორის სასურველია ხანმოკლე ფრონტალური ფაზების ჩასმა, რათა ნათელი მოეფინოს მოსწავლეებისთვის გაუგებარ საკითხებს;

* იმისთვის, რომ ფრონტალური ფაზები ხელს უწყობდეს მოსწავლეთა საუბრის კულტურის განვითარებას, მასწავლებელმა აქტიური მინილექციის, პრეზენტაციისა თუ დემონსტრირების დროს ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ენას, ხმას, ჟესტებს, მიმიკას, ემოციებს, ოთახში გადაადგილებას, აქტიური მოსმენის კულტურას, ლექციაში მოსწავლეთა ჩართვის ინიცირებას, მათი მხრვ განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, რათა მოსწავლეებთან კონტაქტი ცოცხალი გახადოს და მისი ეს ქცევა მისაბაძი გახდეს აღსაზრდელებისთვის. მაშასადამე, ფრონტალური ფაზების სწორად წარმართვისას მასწავლებელი შეიძლება გახდეს მოსწავლეთათვის წარმატებული და გონივრული ქცევის მოდელი.

* ფრონტალური ფაზების მეშვეობით მოსწავლეები იძენენ გამოცდილებას ენის ფუნქციის შესახებ. აცნობიერებენ, რომ ვერბალური არხი ინფორმაციის გაცვლისა და ადამიანთა შორის ურთიერთობების დამყარების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. ფრონტალურ ფაზაში აქტიური მონაწილეობა მოსწავლეს უვითარებს უნარს, აუდიტორიას ინფორმაცია გასაგებად და სახალისოდ გადასცეს, დიალოგში შევიდეს მსმენელებთან, კორექტულად დაუსვას კითხვები, მოისმინოს და გაითვალისწინოს მსმენელთა/თანამოსაუბრეთა აზრი, განაზოგადოს ან დააკონკრეტოს ინფორმაცია, გააანალიზოს, შეაჯამოს, დასკვნები გამოიტანოს. მოსწავლეებში ვერბალური კომუნიკაციის კომპეტენციის განვითარება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ფრონტალური ფაზები დირექტიულ ხასიათს კი არ ატარებს, არამედ გაჯერებულია კითხვა-პასუხით, დიალოგით, დისკუსიით.

* ფრონტალური ფაზები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში მხოლოდ საქმის გაიოლების მიზნით.

კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის თანახმად, ფრონტალური გაკვეთილი შეიძლება განვიხილოთ როგორც ოთხი თანმიმდევრული სამუშაო ფაზა. პირველი ფაზა – მასწავლებელი გადასცემს მოსწავლეებს ცოდნას, რომელსაც მოსწავლეები ადვილად გაიგებენ, თუ გადაცემული საკითხის სტრუქტურა მათ აზრობრივ სტრუქტურას შეესაბამება და მათი აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. მეორე ფაზამ უნდა უზრუნველყოს საკითხის უფრო ღრმად წვდომა, რაც საკლასო დისკუსიით მიიღწევა. მესამე ფაზა – ახალშესწავლილი მასალის განმტკიცება ვარჯიშით. მეოთხე ფაზა – შეძენილი კომპეტენციების სხვადასხვა, მათ შორის – არასასკოლო, სიტუაციაში გამოყენება, ე.ი. ცოდნის ტრანსფერი.

ფრონტალური გაკვეთილის ოთხივე სამუშაო ფაზის განხორციელებაზე ლაპარაკისას არ ვგულისხმობთ 45-წუთიანი გაკვეთილი – ეს უმეტესად არარეალისტურია. ოთხივე ფაზის სრულყოფილად განხორციელებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

ინტერნეტ წყროების სანდოობის შეფასება

0
თანამედროვე განათლების სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს როგორც უმაღლესი, ასევე ზოგადი განათლების სფეროში კვლევითი ინიციატივების ხელშეწყობა წარმოადგენს. ეს კი, თავისთავად, სტუდენტებისა და მოსწავლეების კვლევითი უნარ-ჩვევებით აღჭურვასა და პრაქტიკაში მათი გამოყენება-დანერგვისთვის საჭირო გარემოს შექმნას გულისხმობს. ამ სტატიის მიზანი კვლევის მოსამზადებელი სამუშაოების დროს ინფორმაციის მოძიების, მისი სანდოობის განსაზღვრის და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა წყაროდან მიღებული მასალის შეჯერების განხილვაა.

რატომ უჭირთ მოსწავლეებს ინფორმაციის მოძიება და მისი სანდოობის განსაზღვრა?
ზოგჯერ მასწავლებელი თვლის, რომ მოსწავლეებმა უკვე იციან ლიტერატურით სარგებლობა, საკითხის შესაბამისი წიგნებისა და ჟურნალების მოძებნა, ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვება და პრაქტიკულად გამოყენება. შესაძლოა, ის მარტივად აღიქვამს ამ საკითხს და დიდ ყურადღებას არ უთმობს იმას, რომ მოსწავლეებმა სიღმისეულად გაიაზრონ აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა. სინამდვილეში ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება დიდ დროს და მასწავლებლისგან ეფექტურად დაგეგმილ აქტივობებს მოითხოვს. 21-ე საუკუნის ინფორმაციულ გარემოში ძნელია, ამ უნარის გარეშე ადამიანმა საჭირო და სანდო ინფორმაცია ადვილად მოიპოვოს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია და ერთგვარ პრობლემას ქმნის ინტერნეტში მოპოვებულ მასალასთან მიმართებაში.

რატომ არის რთული ინტერნეტის საშუალებით სანდო მასალის მოძიება?

ინტერნეტი მოიცავს როგორც ღირებულ, მაღალი ხარისხის ინფორმაციულ წყაროებს, ასევე, ბევრ არასანდო, მიკერძოებულ და სიმართლესთან შეუსაბამო მასალას. ინფორმაციის მრავალფეროვნება ინტერნეტის მახასიათებელია, რასაც მასზე ღია წვდომის შესაძლებლობა და ნებისმიერი მასალის თავისუფლად გავრცელება ქმნის. საძიებო სისტემა ინფორმციას ეძებს, როგორც სანდო, ასევე არასანდო წყაროებში, ამიტომ რამდენადაც ადვილია ინტერნეტში დიდი რაოდენობით მასალის მოპოვება, მით უფრო ძნელია სანდო და სარწმუნო წყაროს მიგნება.

ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს და ძნელია, დადგინდეს ზუსტი და ნათელი კრიტერიუმები, რომლებიც ამის შესაძლებლობას მოგვცემენ. ეს სტატია დაეხმარება მკითხველს, განსაზღვროს და შეაფასოს, შეესაბამება თუ არა კონკრეტული ვებ-საიტი მის მიზნებს და არის თუ არა მოძიებული ინტერნეტ-რესურსი შედარებით სანდო.

რა უნდა გავაკეთოთ ინფორმაციის სანდოობის დასადგენად?

იმისათვის, რომ დავადგინოთ, რამდენად სანდოა ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას კითხვების დასმა წარმოადგენს. კითხვები საშუალებას იძლევა, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იოლად შემოწმდეს ვებ-საიტისა და მასზე განთავსებული ინფორმაციის სანდოობა:

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, შესაბამის შეკითხვებთან ერთად:

 
1.ვებ-საიტზე პასუხისმგებელი პირისა და ავტორის შემოწმება:
·ვინ არის ვებ-საიტზე პასუხისმგებელი? ეს საიტი ასოცირდება სანდო ორგანიზაციასთან (მაგალითად, უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა, სამთავრობო სააგენტო, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი)?
·შესაძლებელია საიტის ავტორის დადგენა? საიტზე განთავსებული ტექსტების ავტორების დადგენა? მუშაობს თუ არა ბმულები, რომლებშიც მოცემულია ინფორმაცია საიტის ან ტექსტის ავტორების შესახებ?
·ვინ წერს ინფორმაციას? ჰყავს თუ არა საიტს კვალიფიციური და გამოცდილი ავტორები? შეიძლება თუ არა ამის გადამოწმება?
·დაცულია თუ არა საავტორო უფლებები?
 
შინაარსის შემოწმება
·წარმოდგენილი ინფორმაცია არის თუ არა დასაბუთებული ფაქტებით, სტატისტიკური მონაცემებით, კანონმდებლობით და ა.შ.? თუ ავტორს არ მოჰყავს არანაირი მტკიცებულება, მაშინ ინფორმაცია შეიძლება, უბრალოდ, ვინმეს სუბიქტური მოსაზრება იყოს და არ შეესაბამებოდეს სიმართლეს.
·არსებობს სხვა წყაროები, რომლებიც ეთანხმებიან ან ეწინააღმდეგებიან მოპოვებულ ინფორმაციას? ასეთ შემთხვევაში, საჭირო ხდება დამატებითი წყაროების მოძიება და გადამოწმება.
·შეიძლება თუ არა ვიმსჯელოთ, როდის არის შექმნილი და განთავსებული ინფორმაცია? ხდება თუ არა საიტის განახლება? შეესაბამება თუ არა ბოლო განახლების თარიღი თქვენთვის საჭირო თემას და არის თუ არა ის ამჟამადაც აქტუალური?
ობიქტურობის შემოწმება

·რა ინტერესი და მიზანი აქვს ორგანიზაციას ინფორმაციის წარმოდგენისას? ხომ არ გამოხატავს ცალმხრივად ერთი მხარის ინტერესს? მაგ: ხომ არ ეწევა აქტიურ პროპაგანდას რაიმე სადავო სოციალური საკითხის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ? ხომ არ შეიცავს უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელ და დაუსაბუთებელ განცხადებებს?
·ჩანს, რატომ შეიქმნა მოცემული საიტი (საზოგადოების ინფორმირებისთვის, რეკლამებისთვის, იდეების გენერირებისთვის, დისკუსიებისთვის თუ სხვ.)?
·ეს სახელმწიფო ან კომერციული ვებ-გვერდია თუ კერძო, ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ვებ-გვერდი?
დიზაინისა და ნავიგაციის შემოწმება

·ადვილად იხსნება საიტი? არის საიტზე საძიებო სისტემა? მუშაობს თუ არა ყველა ღილაკი და ბმული?
·არის თუ არა ინფორმაცია სისტემურად განლაგებული?
·პასუხობს თუ არა გვერდის დიზაინი და შინაარსი მთავარ გვერდს?
·ავსებს თუ არა საიტის შინაარსს განთავსებული ფოტო-მასალა?
·არის თუ არა გრამატიკული შეცდომები?
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებისა, ინფორმაციის ძიებისას ასევე მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ვებ-საიტის დომენის იდენტიფიკაცია და ვიცოდეთ, რას აღნიშნავს თითოეული მათგანი:
·.org – ძირითადად, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციები, ზოგჯერ სკოლები და სათემო ორგნიზაციები;
·.com – ბიზნეს და კომერციული საიტები;
·.net – ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტ ქსელთან (მაგ: ინტერნეტ სერვისის პროვაიდერები და სხვ.);
·.edu – ძირითადად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
·.gov – სამთავრობო საიტები;
·.mil – სამხედრო საიტები;
·.info – საინფორმაციო რესურსები;
·~ _ ეს ნიშანი ყოველთვის მიუთითებს პერსონლურ გვერდზე.
 
რა უნდა ვიცოდეთ არასანდო წყაროების შესახებ?

ცნობილია, რომ ბევრი მოსწავლე ინფორმაციას მოიპოვებს ისეთი საიტებიდან, როგორიც არის ვიკიპედია და ბლოგები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან კარგი საშუალებებია იდეების გენერირებისა და ინსპირირებისთვის, ამგვარი საიტებიდან მოპოვებულ მასალას ყოველთვის სჭირდება გადამოწმება და სხვა წყაროებით დადასტურება. ამას მარტივი ახსნა აქვს, მაგ: ვიკიპედია წარმოადგენს თავისუფალ, ღია ვიკი-ენციკლოპედიას, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. ბლოგები კი, ძირითადად, პერსონალური ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებული ვებ-საიტებია, სადაც გამოქვეყნებული ინფორმაცია ხშირად სუბიქტურ ხასიათს ატარებს.

ინფორმაციის მოძიებისას თუ თავიდანვე გვეცოდინება, რომელია შედარებით არასანდო წყარო, მაშინ უფრო გაგვიადვილდება მოპოვებული ინფორმაციიდან საჭირო მასალის სელექცია.

არასანდო წყაროს მაგალითებია:
·ვიკიპედია
·ბლოგები
·ფორუმები
·საიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის ლობირებას, არიან
არაობიქტურები და ტენდენციურები
·საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მიერ შექმნილი საიტები და ა.შ.

და ბოლოს, ინტერნეტში სანდო ინფორმაციის მოსაპოვებლად სასურველია, უმეტესად მივმართოთ საგანმანათლებლო და სამთავრობო ინსტიტუციების, ბიბლიოთეკების, სამეცნიერო ელექტრონული ბაზების, ფონდებისა და ა.შ ვებ-საიტებს.

წინაღი იონი – მტერი თუ მოყვარე?

0

საწარმოში ერთი ბერძენი ტექნოლოგი მყავდა – ალბათ 50-ს გადაცილებული, ჩია ტანის, გულჩათხრობილი ანდრეას კოურისი. ენისა და თავისი ხასიათის გამო სულ რამდენიმე კაცს თუ ეკონტაქტებოდა. ცხოვრების წესიც განსხვავებული ჰქონდა – ერთთავად ქარხანაში იყო, ცხოვრებითაც იქ ცხოვრობდა, ათენში კიევის გავლით უკრაინის ავიახაზებით დაფრინავდა… მოკლედ, მეც და სხვებსაც არაერთი “მიზეზი” გვქონდა, მასთან საქმიან ურთიერთობას დავჯერებოდით, მაგრამ ერთ დღესაც ეს ჩია კაცი რამდენიმე წამში დაიშალა ჩემ თვალწინ და ბუმბერაზ ადამიანად წარმოისახა.

ქარხანაში მორიგი საქმიანი თათბირი დამთავრდა. მოთათბირენი ფუნქციების, განყოფილებებისა და დავალებების მიხედვით ჯგუფებად დავიშალეთ და საუბარი განვაგრძეთ. ერთი კუთხე ჩვენც, მე და ანდრეასსაც, გვერგო იმ დღის გეგმების განსახილველად. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ორი კოლეგა შემოგვიერთდა და განვაგრძეთ საუბარი ქარხნისთვის მეტად საჭირბოროტო საკითზე – ხარისხიანი ნედლეულის შემოტანაზე. ალტერნატივა ორი გვაქვს – ჩინეთი და თურქეთი. სინჯი ორივე ქვეყნიდან მივიღეთ, ლაბორატორიაში ანალიზიც ჩავატარეთ და ახლა პარამეტრების შეჯერებით ვარ დაკავებული. ჩემი არჩევანი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, თურქეთისკენ იხრება. ანდრეასიც მხარს მიჭერს და ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ არგუმენტებიც მოჰყავს. „ოთხთა კავშირში” ერთ-ერთი ლოჯისტიკიდანაა და მოთმინებით ელის ჩვენს ვერდიქტს. მოკლედ, გადაწყდა, თურქეთს ვირჩევთ. დროც აღარ ითმენს… ანდრეასს კი მოჰყავს და მოჰყავს ახალ-ახალი არგუმენტები. და ამ საქმიან დიალოგში უცებ იმ მეოთხემ იკითხა: “კვიპროსი გახსოვთო?” ამ ახალგაზრდული სიანცით დასმულმა უადგილო კითხვამ მოწმენდილ ცაზე გავარდნილ მეხზე უფრო დიდი ეფექტი მოახდინა. ნანას, ლოჯისტიკის განყოფილების თანამშრომელს, შეცბუნებანარევმა გაკვირვების ღიმილმა გადაუარა სახეზე, მე – შეცბუნებულ-გაბრაზებულმა, მაგრამ ენა ვერ აღწერს, რა დაემართა ანდრეასს. სიტყვა პირზე შეაცივდა, სახის თითოეული კუნთი აუცახცახდა, ნაცრისფერმა გადაჰკრა, ხელით იქვე მდგომ მაგიდას დაეყრდნო და გაირინდა… ანდრეასის თავს ქარაშოტად დატეხილი მღელვარება ჩვენც გადმოგვედო და ერთხანს მივჩერებოდით გახევებულნი… ჩამოვარდნილმა სიჩუმემ აუტანელზე მეტხანს გასტანა. შემდეგ ვინ ბოდიშს იხდიდა, ვინ ტუქსავდა, ვინ მხრებს იჩეჩავდა და ამაოდ იმართლებდა თავს… ჩვენი ჩია ბერძენი კი მთელი შინაგანი ძალისხმევით ცდილობდა თვალის უპეზე მომდგარი ცრემლის უკან ჩაბრუნებას… ბოლოს მაინც გამოექცა ერთი წვეთი, სწრაფად ჩამოირბინა მარცხენა ლოყა და, თითქოს ჩვენგან დამალვა ეჩქარებაო, ულვაშში გაუჩინარდა…

ანდრეასის მთელი გულის დარდი ცრემლის ამ ერთმა წვეთმა გამორეცხა შიგნიდან. თავი არც აუწევია, ისე მოგვიხადა ბოდიში და გაგვერიდა…

მეორე დღეს ადრე მივედი სამსახურში. ანდრეასი უკვე თავის მაგიდასთან იჯდა. მივესალმეთ ერთმანეთს. პეტრეპავლობის დღესასწაულს ზეიმობდა საქართველო. ეს რომ ვამცნე, ადგა, მოვიდა, მომილოცა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ დასძინა: დღევანდელ დღეს თურქეთის არმია ჩემს სოფელში შემოიჭრაო, მე მაშინ 12 წლის ვიყავიო… კიდევ რაღაცას მიყვებოდა, მაგრამ არაფერი გამიგია, რადგან ახლა მე ვიბრძოდი მთელი ძალისხმევით, როგორმე ცრემლი უკან რომ ჩამებრუნებინა…

იმ წამს ანდრეასი ხელახლა დაიბადა ჩემთვის… მაშინ მივხვდი, რატომ დაფრინავდა ათენში უკრაინის ავიახაზებით… კიდევ ერთხელ გამახსენდა ოდესღაც ბავშვობაში წაკითხული კოლინ მაკალოუს ფრაზა ბერძენ ხალხზე “ეკალ-ბარდებში მომღერლიდან” და მივხვდი, რა ზუსტად დაუნახავს თავისი მატერიკის შორეული წერტილიდან ერთი ციცქნა საბერძნეთი…

რამ გამახსენა ანდრეასი? დღეს სტუდენტებთან ელექტროლიზის საკითხებს ვარჩევდი. ელექტროლიზის აბაზანაშიც ნატრიუმის ქლორიდის იონები გარეგანი ფაქტორის მოქმედებამდე ისევე მშვიდად თანაარსებობენ, როგორც ერთ დროს თურქები და ბერძნები კუნძულ კვიპროსზე. უფრო მეტიც – თუმცაღა ნატრიუმი და ქლორი სხვადასხვა ბუნებისანი არიან და ურთიერთსაპირისპიროდ არიან დამუხტულნი, სანამ ისინი ერთად სახლობენ, სისტემა ნეიტრალურია და მდგრადი. გარეშე ძალის (ელექტრული დენი) ზემოქმედებით კი ეს იონები ერთმანეთს სცილდებიან, დაჯარდებიან, თავქუდმოგლეჯილნი მიიჩქარიან ვიღაცის მიერ სისტემაში ჩადებული ელექტროდებისკენ და ივიწყებენ ერთმანეთს. კიდევ რა არის საინტერესო (და დამაფიქრებელი) მათ ქცევაში? დამუხტული ერთგვაროვანი იონები ერთმანეთსაც ვეღარ იტანენ, ახლოს აღარ იკარებენ და საწინააღმდეგო ელექტროდებისკენ ურთიერთქიშპით, ხელის კვრითა და გზიდან გადაგდებით მიიქჩარიან – არავინ მიგვასწროსო, თუმცა მასთან მიახლოებულნი (ვინ იცის, ნანობენ კიდეც, მაგრამ რაღა დროს) ელექტრონების გაცემა-მიერთებით სხვა ნაერთებად გარდაიქმნებიან და უწინდელი სახის დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ.

იქნებ მკითხოთ, ელექტროლიზის ასახსნელად ამ სიშორეს წასვლა რა საჭირო იყოო. აბა, რა გითხრათ… სხვის პრობლემებზე უფრო ადვილია საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარისა გრცხვენია…

მოსწავლეთა “ცუდი ქცევის” ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა ნაწილი მე-5.

0
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, იგრძნონ თავიანთი ინტელექტუალური კომპეტენტურობა 
ქცევითი დარღვევების თავიდან აცილება მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი – მოსწავლე პატივს უნდა სცემდეს საკუთარ თავს. ის უნდა გრძნობდეს, რომ: 1. შეუძლია სასწავლო ამოცანის გადაწყვეტა, 2. შეუძლია, ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობა ააგოს მასწავლებელთან და 3. შეაქვს თავისი წვლილი საკლასო კოლექტივში. თუ ეს ასეა, მას აღარ გაუჩნდება სურვილი, დახარჯოს ენერგია ცუდ ქცევაში.

რწმენა, რომ ნიჭიერი ხარ, გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ნიჭიერების რეალური დონე, ყოველ შემთხვევაში, მოტივაციის თვალსაზრისით, ეს კი სწავლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს რწმენა წარმატებას არა მარტო ფორმალურად, არამედ ემოციურადაც განგვაცდევინებს. მოსწავლეები, რომლებსაც სჯერათ თავიანთი ნიჭიერების, სკოლაში თავს კარგად და თანაც წარმატებულად გრძნობენ. მასწავლებელმა კი უნდა გაითვალისწინოს, რომ ნიჭი კარგად სწავლის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტია. „შეიძლება იყო ნიჭიერი, მაგრამ თუ არ ხარ მიზანსწრაფული, სწავლაში წარმატებას ვერ მიაღწევ” (ანასტაზი).

რა შეიძლება გაააკეთოს მან ამ თვალსაზრისით?

სტრატეგია 1. განიხილეთ შეცდომა ბუნებრივ და საჭირო მოვლენად. უპირველესად, იმუშავეთ იმაზე, რომ მოსწავლეს გაუქრეს შეცდომის შიში. ბავშვები ხშირად თავიანთ შეცდომებს ხედავენ, სხვისას კი ვერა (ან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ), ამიტომ შესაძლოა, თავი სხვებზე უარესებად მიაჩნდეთ. მასწავლებელს შეუძლია, შეუცვალოს მათ საკუთარ თავისადმი დამოკიდებულება, თუ აჩვენებს, რომ შეცდომა ყველას მოსდის და ეს ბუნებრივია. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა თამაში, მაგ., “პაროლობანა”. მისი იდეა ასეთია: როცა ზარი დაირეკება, ჩადექით კარში და გამოაცხადეთ, რომ მოსწავლეებს კლასიდან მხოლოდ პაროლის თქმის შემდეგ გაუშვებთ. პაროლი კი ისაა, რომ თითოეულმა მათგანმა უნდა დაასახელოს ერთი შეცდომა, რომელიც ოდესღაც მოუვიდა და რომელმაც რაღაც ასწავლა (ნებისმიერ საგანში). თავდაპირველად მოსწავლეებს უჭირთ ამ თამაშში ჩართვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამას თავად გააკეთებთ, ის სასიამოვნო გასართობად იქცევა. შეიძლება, თამაში ასეთ რამესაც გულისხმობდეს: „როგორ მოვიქცეთ, რომ ეს შეცდომა აღარ გავიმეოროთ?” – და სხვა. მასწავლებლმა შესაძლოა ასეც უთხრას მოსწავლეს: „შეცდომა უკვე დაშვებულია, ახლა ვნახოთ, რას გვეუბნება ის”, – ან იუმორი მოიშველიოს: „ეს შეცდომაა, მაგრამ არა უშავს; შენ რომ შეცდომებს არ უშვებდე, მე სამსახურიც არ მექნებოდა”. ცნობილია შემთხვევები, როცა დიდი საწარმოები აჯილდოებენ თანამშრომლებს, რომელთა შემოქმედებითი იდეები ჩავარდა, მაგრამ მათ განიხილავენ როგორც არასტანდარტულს და ღირებულს.

როგორც ვიცით, მასწავლებლის ე.წ. “წითელი ფანქრის” აზროვნებას აყალიბებს პედაგოგიური პრაქტიკის წლები. მასწავლებელი მცირე შეცდომებზეც კი ავტომატურად რეაგირებს. უარი თქვით ამ პრაქტიკაზე. ნურც პრაქტიკულად გამოიყენებთ წითელ ფანქარს და ნუ დაუბრუნებთ მოსწავლეს წითლად გადახაზულ რვეულებს. ბავშვები ნაკლებად ენდობიან ფურცელს, რომელიც შეცდომას სამუდამოდ აღნუსხავს. თუმცა ეს კონსტრუქციულ კრიტიკაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ერთ ჯერზე გაასწორებინეთ ერთი ან ორი შეცდომა, ნახავთ, რომ შიშის დაძლევა უფრო მეტს მოგცემთ, ვიდრე წითელი პასტით აჭრელებული რვეული.

სტრატეგია 2. გამოუმუშავეთ მოსწავლეებს წარმატების რწმენა. ამისთვის გამოიყენეთ ხერხები, რომელთა ღერძს პოზიტიური უკუკავშირი წარმოადგენს. ჩვეულებრივ, მასწავლებელი ელოდება, როდის ამოხსნის მოსწავლე ამოცანას უშეცდომოდ. ასეთი განწყობით დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. პროცესს მეტი ყურადღება მიაქციეთ, ვიდრე შედეგს,  ხაზი გაუსვით ყოველგვარ წინსვლას, თუნდაც უმნიშვნელოს, წარმოაჩინეთ მოსწავლის ძლიერი მხარეები. როგორც კი მცირე უკეთესობას შეამჩნევთ, ჩაუწერეთ ეს რვეულში. ყველა მოსწავლე უხარია ქება და ეძლევა უფრო მეტი მოტივაცია წარმატების გასამეორებლად. ეს ძალზე ეფექტიანი სტრატეგიაა. 

არასოდეს შეადაროთ მოსწავლეები ერთმანეთს. შესაძლოა, მოსწავლე სათანადოდ ვერ წერდეს, მაგრამ კარგი იყოს ზეპირ გამოკითხვასა და დისკუსიაში. ხაზი გაუსვით თითოეულის შესაძლებლობებს. ამით ისინი საკუთარ კომპეტენტურობას იგრძნობენ.

ბევრ მასწავლებელს ეშინია, მოსწავლეებს “თავში არ აუვარდეთ”. ეს შეცდომაა. ადრე ნახსენები თამაში “პაროლობანა” აქაც დიდ სამსახურს გაგვიწევს: შესთავაზეთ მოსწავლეებს, დაასახელონ თავიანთი ძლიერი, კარგი მხარეები, ან ფურცელზე დაწერონ – ეს იქნება გარეთ გასაშვები ბილეთი. აჩვენეთ, რომ მათი წარმატების გჯერათ. მაგრამ მოლოდინი გულწრფელი უნდა იყოს – მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება ის ძლიერი ინსტრუმენტი. კომენტარები: “შენ ამას შეძლებ”,”შენ ერთი მათგანი ხარ, ვისაც ამის უნარი აქვს” და სხვა, – სასარგებლო აღმოჩნდება მოსწავლისთვის. უთხარით: “შენი შესაძლებლობების პატრონი, უკეთეს შედეგსაც მიაღწევ”, – და არა “შენთვის ეს შედეგიც არ არის ურიგო”, – თუნდაც მართლა ასე იყოს.

აღიარეთ თქვენ მიერ მიცემული ამოცანების სირთულე. ნურასოდეს იტყვით, რომ დავალება ადვილია. თქვით, რომ რთულია, მაგრამ გჯერათ, მოსწავლეები თავს გაართმევენ. “ადვილი” დავალების შეუსრულებლობა დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს უფრო მეტად დაუქვეითებს საკუთარი თავის რწმენას. თუ რთულ ამოცანებს შეასრულებენ, ცხადია, თვითშეფასებაც აუმაღლდებათ.

ზოგჯერ შეუზღუდეთ ამოცანის ამოხსნისთვის გამოყოფილი დრო. თუ ხედავთ, რომ მოსწავლე ვერაფერს ახერხებს და დროის დამატებას აზრი აღარ აქვს, თქვით: “დავამთავრეთ”. ამით თქვენ მას იხსნით წარუმატებლობის განცდისგან – იმიტომ ვერ გააკეთა, რომ ვერ მოასწრო.

სტრატეგია 3. ხაზი გაუსვით წარსულ წარმატებებს. 

უფროსები ყურადღებას უმთავრესად იმაზე ამახვილებენ, რას ვერ აკეთებს ბავშვი კარგად. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ბავშვს აიძულებენ, მომავალში უკეთესი გახდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. განათლების ფსიქოლოგებს, პირიქით, მიაჩნიათ, რომ ერთადერთი უხიფათო გზა, რომელიც ბავშვს სწავლის მოტივაციას გაუძლიერებს, არის ხაზგასმა ყოველივე იმისა, რასაც იგი სწორად აკეთებს.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ძალისხმევის ზომა, სხვების დახმარება, ამოცანის სირთულე, გამართლება. მოსწავლეს მხოლოდ პირველი ორის მართვა შეუძლია. ჩვენ მას იმის გაგებაში უნდა დავეხმაროთ, რომ სწორედ ეს ორია მთავარი. თუ მოსწავლე კითხვაზე: “შენი აზრით, რამ განაპირობა წინა კვირას შენი წარმატება ამოცანის ამოხსნისას?” – გიპასუხებთ: “ძალიან მოვინდომე”, ან: “ვიცოდი, თავს გავართმევდი”, – დაუდასტურეთ და შეგიძლიათ, აღარ გააგრძელოთ, მაგრამ თუ მან გიპასუხათ, რომ დაეხმარნენ, უთხარით: “კი, მართალია, მაგრამ შენ ცდილობდი და თანაც ნიჭიერი ხარ”. თუ გითხრა, რომ დავალება ადვილი იყო, უთხარით: “ეს შენთვის იყო ადვილი”. თუ გითხრათ, რომ გაუმართლა, დააზუსტეთ: “შენ განაპირობე შენივე იღბალი, რადგან უნარი გაქვს და მონდომებულიც ხარ”. გაიმეორეთ და განამტკიცეთ წარმატებები. თუ მოსწავლე ახალ მასალაში მოიკოჭლებს, ნუ იჩქარებთ, დაუბრუნდით მის მიერ წარმატებით ამოხსნილ ამოცანას და გაიმეორეთ ის. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ხერხია. მოსწავლეებს უყვართ წარმატების დემოსტრირება. მიეცით ამის საშუალება, გაამეორებინეთ, გამეორება ხომ ცოდნის დედაა. ამით იზრდება შანსი, ახალი მასალაც უკეთ გაიგოს. უფროსებსაც მოგვწონს ეს ხერხი – დააკვირდით რა ხშირად ვაკეთებთ იმ კერძს, რომელიც კარგად გამოგვდის.

სტრატეგია 4. გახადეთ სწავლების პროცესი ხელშესახები. ერთერთი მიზეზი, რის გამოც მოსწავლეებს არ სჯერათ თავიანთი წარმატებისა, ის არის, რომ ისინი ვერ გრძნობენ პროგრესს. შეფასება არ იძლევა ამისთვის საკმარის ინფორმაციას. მაგ., თუ მოსწავლეს საგანში 6 ქულა აქვს, მან შესაძლოა ჩათვალოს, რომ წინ არ მიდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის. მათთვის აუცილებელია, შეკითხვა “რა მიიღე?” შეიცვალოს შეკითხვით “რა ისწავლე?”

წახალისების მიზნით მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ასეთი ხერხი, მაგ., პირველ კლასში მათემატიკის სწავლებისას: რა მოქმედებასაც დაეუფლება მოსწავლე, იმის აღმნიშვნელი წებოვანი ფურცელი ეკვრება მის მერხს. “შეკრება”, “გამოკლება”, “გამრავლება”, “გაყოფა”… ბავშვებს მოსწონთ ეს კოლექცია და მისი სიმრავლით ამაყობენ. ეს კარგი თვალსაჩინო მასალაა მშობელთა კრებისთვისაც – მასში ხომ თითოეული ბავშვის შესაძლებლობები და მონდომებაა ჩადებული.

წარმატების ალბომები. უფროსკლასელებმა შეიძლება ასეთ ალბომებში თავი მოუყარონ მათემატიკურ ამოცანებს, თემებს და სხვადასხვა პროექტში შესრულებულ სამუშაოებს, ასევე – წაკითხულ წიგნებს. მთავარია, ალბომი იყოს ინდივიდუალური და უკავშირდებოდეს პროგრამას. ერთმანეთს ნუ შეაჯიბრებთ მათ, ხაზი გაუსვით, რომ განვითარების პიროვნული გზა განსხვავებულია.

საუბარი გუშინდელის, დღევანდელისა და ხვალინდელის შესახებ. სხვა ხერხებთან ერთად ძალზე ეფექტიანია ეს მეთოდიც. მაგ., “მოკლედ მოგვიყევი იმის შესახებ, რომ შარშან ერთი სიტყვაც არ იცოდი, მაგ., ინგლისურ ენაზე, რა იცი დღეს და რა გეგმები გაქვს სამომავლოდ”. ცხადია, ეს საუბრები კორექტული უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყოს თვითრწმენის ამაღლებას. ისიც უნდა ითქვას, რომ წარსული წარუმატებლობა არაფერია, თუ დღეს გაცილებით წინ წაიწიე და ამდენი და ასეთი საინტერესო გეგმა გაქვს ხვალისთვის.

სტრატეგია 5. მიღწევების აღიარება. არიან წარმატებული მოსწავლეებიც და ისეთებიც, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა წარმატებას მიაღწიონ. მათთან შეიძლება გამოვიყენოთ მხარდაჭერის რამდენიმე ხერხი:

აპლოდისმენტები. ქების სიტყვებში ენთუზიაზმი უნდა იგრძნობოდეს. მაგ.: “ყოჩაღ, ნინი, შენი მოხსენება (თხზულება) ისეთივე გემოვნებიანია, როგორიც შენი ნახატები”. თუ შეამჩნიეთ, რომ ანა, რომელსაც უჭირს კოლექტივში ჩართვა, ფიზკულტურის გაკვეთილზე თამაშში ჩაერთო, უთხარით: “ანა, ვხედავ, შენი წყალობით გუნდი ახლებურად თამაშობს”. მოსწავლე უნდა შევაქოთ სკოლის გარეთ მიღწეული წამატებისთვისაც.

ვარსკვლავები და სტიკერები. უმცროსკლასელებს ეს ძალიან მოსწონთ, სახე უბრწყინდებათ და მადლიერებას გამოხატავენ. თუ სხვა მასწავლებელმაც იგივე გააკეთა, უთხარით, რომ მოხარული ხართ. მედლები და ჯილდოები ეძლევათ მათ, ვინც შინაც კარგად იქცევა და სკოლაშიც. დაიხსომეთ, უნდა შევაქოთ ასაკისა და შესაძლებლობების შესატყვისი მცდელობა, გულმოდგინება და არა “საუკეთესო შედეგი”. იუმორისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებისთვის ზოგჯერ შეიძლება უცნაური ხერხი გამოვიყენოთ და დავაჯილდოოთ მოსწავლე, მაგ., “გადაწერის საუკეთესო და ორიგინალური ხერხის გამოყენებისთვის” (ჯილდოც მოიფიქრეთ).

მოაწყვეთ თხზულებების, ნახატების, მოხსენებების გამოფენა. კარგი იქნება, თუ სხვა კლასსაც მოიწვევთ.

პოზიტიური იზოლაცია. ზოგჯერ მოსწავლეს ქცევითი დარღვევისთვის იზოლაციაში ვამყოფებთ. ეს ნეგატიური გამოცდილება შეიძლება შეიცვალოს, თუ ორგანიზაციას გავუწევთ პოზიტიურ იზოლაციას. ამ მიზნით ბავშვი შეიძლება გაიგზავნოს სკოლის დირექტორთან, ფსიქოლოგთან ან სხვა, რომლებიც დაადასტურებენ მოსწავლის წარმატებას. ეს მეთოდი კარგად მოქმედებს საკუთარ თავში დაურწმუნებელ ბავშვებზე. შეიძლება სხვა ხერხის გამოყენებაც. მაგ., გაკვეთილის შემდეგ ცოტა ხნით დაიტოვოთ ბავშვი და ესაუბროთ მის წარმატებაზე. კარგია “სკამი პლუს ნიშნით” – მოსწავლისთვის, რომელმაც დღევანდელ გაკვეთილზე თავი კარგად წამოაჩინა.

თვითაღიარება. ბავშვი საკუთარი წარმატების აღიარებას სხვისგან ელოდება. ასწავლეთ მას საკუთარი წარმატებების შეფასება, მაგ., ასე: “დაფიქრდი, შენი რომელი წარმატება ღირს იმად, რომ სხვასაც გააცნო”. ასეთი განცხადების გაკეთება თავდაპირველად ბავშვებს უჭირთ, განსაკუთრებით – დაბალი თვითშეფასების მქონეთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ისინიც ახერხებენ.

წინადადება მასწავლებლებს: მოსწავლეთა პრობლემების იდენტიფიცირების, საჭიროებების დადგენისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. დაუმთავრებელი წინადადებების მეთოდი. მოსწავლეებს დაურიგეთ დაუსრულებელი წინადადებების ჩამონათვალი, სთხოვეთ მათი დასრულება (შეგიძლიათ, ჩამონათვალი თქვენი ინტერესების შესატყვისად შეადგინოთ), მაგ., ასეთი:

1. ნიჭიერების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ მე…
2. ჩემი აზრით, მონდომება სწავლაში…
3. როდესაც შეცდომა მომდის…
4.  სხვისი შეცდომების მიმართ…
5. შეცდომის აღიარება…
6. მასწავლებლის მიერ ჩემს რვეულში გაკეთებული შენიშვნები…
7. როდესაც ვინმეს მადარებენ…
8. წარსული წარმატებების გახსენება…

„მრგვალი მაგიდა“ და სწავლების აქტიური მეთოდები

0
„სწავლა-სწავლების” პრინციპით სასწავლო მოღვაწეობის ორგანიზებას ხელს უწყობს სწავლების აქტიური მეთოდები. ისინი სპეციალური ღონისძიებებისა და საშუალებების გამოვლენით პიროვნების თვითშემეცნებისა და თვითგანვითარებისთვის აუცილებელ პირობებს ქმნიან. ამ მეთოდების განსაკუთრებულ მხარე ის არის, რომ მათი რეალიზება მოსწავლისა და მასწავლებლის ერთობლივი მუშაობის გარეშე შეუძლებელია.

საზოგადოდ, სწავლების მეთოდების კლასიფიკაციაში ძირითადად სწავლების სამი მხარე გამოიყოფა:
ტრადიციული;
ახალი (იმიტირებული);
უახლესი (განმავითარებელი) ფორმები და მეთოდები.

სწავლების ყველა ფორმა და მეთოდი პირობითად ორ ნაწილად იყოფა – ევრისტიულ (შემოქმედებით, არაპროგრამირებულ, ახალი გზების აღმოჩენისკენ მიმავალ) და პროგრამირებულ (ალგორითმული პროგრამები) ნაწილებად.

სწავლების ტრადიციული ფორმები (ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა, ლექცია-ტრენინგი და ა.შ.)
უზრუნველყოფს გარკვეული ცოდნისა და უნარის დაუფლებას, ხელს უწყობს ცოდნის ტრანსფერს და შესაბამისი უნარების გამომუშავებას. ამ დროს ძირითად პრობლემას წარმოადგენს იმ მოსწავლეთა მოტივაცია, რომლებიც საკუთარი ძალებით ეუფლებიან განათლებას, რადგან მათი სურვილის, მათთან კონტაქტის გარეშე მასწავლებლები მათთვის ახალი ცოდნის გადაცემას ვერ მოახერხებენ.

სწავლების ახალი ფორმები (სწავლების იმიტირებული მეთოდები) უზრუნველყოფს აზროვნების როლისა და სწავლის მოტივაციის გაძლიერებას. მათ წარმატებით იყენებენ დისტანციური განათლებისა და სწავლების არაკლასიკური ფორმების (მაგ., ტრანსლაციური სწავლების) დროს.

სწავლების უახლესი ფორმები (ინოვაციური თამაშები, მოსწავლეთა მაორგანიზებელი თამაშები) განაპირობებს ინტელექტუალური და თვითგანვითარების კულტურის ფორმირებას. ამ დროს მოსწავლე ავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, უყალიბდება თვითორგანიზების მექანიზმი.

სწავლების აქტიური მეთოდების მახასიათებლებია:
აზროვნების მიზანმიმართული აქტიურობა (მოსწავლე აქტიური უნდა იყოს, თუნდაც თავისი სურვილის მიუხედავად, მისგან დამოუკიდებლად);
სასწავლო პროცესში მოსწავლის განუწყვეტელი ჩართულობის უზრუნველყოფა (რათა მოსწავლის აქტიურობა მდგრადი და ხანგრძლივი იყოს);
დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარის გამომუშავება (რომელიც აამაღლებს მოსწავლის მოტივაციას და ემოციურ დონეს);
სასწავლო პროცესის ორგანიზაციულ საკითხებში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთობლივი საქმიანობა.

სწავლების აქტიური მეთოდები

არაიმიტირებული

იმიტირებული

არასათამაშო

სათამაშო

პრობლემური სწავლება

კონკრეტული სიტუაციების ანალიზი

საქმიანი თამაში

ლაბორატორიული სამუშაო

იმიტირებული სავარჯიშო

როლების გათამაშება

პრაქტიკული მეცადინეობა

ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება


თამაშის პროექტირება

ევრისტიული ლექცია

დოკუმენტაციის შერჩევა

როლების ავტომატიზება

სემინარი

თემატური დისკუსია

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

პროგრამირებული სწავლება

საკურსო სამუშაო

სადიპლომო პროექტირება

საწარმოო სწავლა, მეცადინეობა

პრაქტიკული საქმიანობისას მასწავლებელს შეუძლია სწავლების აქტიური მეთოდებიდან გამოიყენოს მისთვის მისაღები, კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი ხერხები. მაგალითად, რაიმე საკითხის ახსნის, შექმნის, ობიექტის სრულყოფის პროცესის ანუ იმიტირების დროს შეუძლია გამოიყენოს „თამაშის პროექტირების” მეთოდი; ასევე მის ხელთაა ტესტირება (დიაგნოსტირების მეთოდი) – დავალებების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, გავზომოთ თითოეული მოსწავლის განვითარების დონე; „საქმიანი თამაშის” მეთოდით კი მოახდენს პირობით გარემოში რეალური პროცესების მოდელირებას.

ამ მეთოდის განმსაზღვრელი აუცილებელი ნიშნებია:
პროცესის წარმოება;
საქმიანი მოდელირებისთვის საჭირო ობიექტის არსებობა;
თამაშის მონაწილეებს შორის როლების განაწილება;
ამა თუ იმ როლის შესრულებისას მონაწილეთა ურთიერთზემოქმედება;
მონაწილეების ინტერესთა სხვადასხვაობა;
კონფლიქტური სიტუაციის არსებობა თამაშში;
მთელი ჯგუფისთვის საერთო მიზნის არსებობა;
თამაშის მსვლელობისას „გადაწყვეტილებათა ჯაჭვის” რეალიზაცია;
თამაშის დროს ჯგუფის თითოეული წევრის და მთლიანად ჯგუფის შეფასება.
საზოგადოდ, სასწავლო თამაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სწავლების მეთოდადაც და სწავლების ორგანიზების ფორმადაც.
 
სასწავლო თამაშების კლასიფიკაციის სქემა:

სასწავლო თამაში გამოიყენება:

სასწავლო პროცესში სივრცობრივდროითი ორიენტაციისას: ისტორიული თამაშები (პრეცედენტის მეთოდის მიხედვით); ტაქტიკური თამაშები, შეჯიბრება;

მოთხოვნილების (ნებელობის) მიხედვით: თამაში- ტრაგედია, მშვიდი ან ზედმეტად მკაცრი თამაშები, კომედიები;

შინაარსისადამიზანმიმართულებისმიხედვით: საქმიანითამაშები, ორგანიზაციულშემოქმედებითითამაშები; საზოგადოდ, როლური თამაშები;

შემეცნებისმიხედვით: დიდაქტიკურითამაშები; თამაშივარჯიში; შემოქმედებითი (კონსტრუქტიული), ევრისტიული, კვლევითი თამაშები;

განხორციელების ფორმის მიხედვით: საგნობრივი, ინსტრუმენტული და ინტელექტუალური თამაშები.


სწავლების მეთოდებიდან უკანასკნელ ხანს აქტიურად გამოიყენება მეთოდი „მრგვალი მაგიდა”. ეს არის მეთოდების ჯგუფი, რომლის საფუძველია პრობლემის ჯგუფურად გადაწყვეტის პრინციპი. იგი სხვადასხვა სახის სასწავლო მეცადინეობას მოიაზრებს.

კონკრეტულად „მრგვალი მაგიდის” მეთოდების ჯგუფში ერთიანდება შემდეგი ქვეჯგუფები:

I – სასწავლო სემინარები:

ა) საგანთაშორისი სემინარი – მეცადინეობაზე გამოაქვთ თემა, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ასპექტით: პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, იურიდიული, ზნეობრივი და სხვ. სემინარზე შეიძლება შესაბამისი პროფესიის სპეციალისტების მოწვევა, მსმენელებს შორის განაწილებულია მოხსენების თემებიც. ასეთი სემინარი იძლევა მოსწავლეთა აზროვნების გაფართოებისა და პრობლემის კომპლექსური შეფასების საშუალებას.

ბ) პრობლემაზე ორიენტირებული სემინარი – კურსის თითოეული თემის შესწავლის წინ ხდება თემის შინაარსთან დაკავშირებული პრობლემის განხილვა. შემდეგ მოსწავლეებს ავალებენ პრობლემების შერჩევასა და ახსნას. პრობლემის განხილვა ხდება სემინარზე, ჯგუფური დისკუსიის დროს.
გ) პრობლემაზე ორიენტირებული სემინარი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მსმენელთა შესაძლებლობები ცალკეული კუთხით. ამავე დროს ის იწვევს მძაფრ ინტერესს სასწავლო კურსის აღნიშნული თემის მიმართაც.

დ) თემატური სემინარი – მზადდება და ტარდება რომელიმე აქტუალურ თემაზე ანდა მის რომელიმე საკითხზე აქცენტირებისთვის. სემინარის დაწყების წინ მოსწავლეებს აძლევენ დავალებას – გამოყონ თემის არსებითი მხარეები, იპოვონ კავშირები პრაქტიკულ ცხოვრებასთან, საქმიანობასთან. თემატური სემინარები წარმართავს მონაწილეთა ინტერესს განსახილველი საკითხის გადაწყვეტის საშუალებათა მოძიებისკენ.

ე) ორიენტაციული – ასეთ სემინარზე განხილვის საგანია ნაცნობი თემების ახალი ასპექტები, შესწავლილი პრობლემების მოგვარების გზები, გამოქვეყნებული ოფიციალური მასალები, დირექტივები.

ვ) სისტემური სემინარები – ისინი ტარდება მთლიანად კურსის ანდა რომელიმე თემის პრობლემატიკის შესასწავლად (თემატიკა შეიძლება იყოს, მაგალითად, „კულტურული ღირებულებების სისტემა და ადამიანის სულიერი განვითარება”). ასეთი სემინარები ხელს უწყობს მოსწავლეს, ფართოდ გამოავლინოს შესაძლებლობები, არ ჩაიკეტოს ვიწრო წრეში, აღმოაჩინოს მიზეზშედეგობრივი კავშირები, ყურადღებით შეისწავლოს საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა მხარე.

II – სასწავლო დისკუსია

იგი ტარდება:

სალექციო მასალების მიხედვით;
პრაქტიკული მეცადინეობების შედეგებით;
პრობლემების მიხედვით, რომელებსაც გამოყოფენ თავად მსმენელები;
შესასწავლი სფეროს მოვლენებისა და ფაქტების საფუძველზე;
ნაბეჭდი პუბლიკაციების მიხედვით.

სასწავლო დისკუსიისას ახალი ინფორმაციის მოცულობის გაზრდის გზით ხდება ცოდნის გამტკიცება; იგი ხელს უწყობს კამათის ხელოვნების გამომუშავებას, საკუთარი აზრის დამტკიცებას და დაცვას, სხვისი აზრის პატივისცემას.

III – სასწავლო შეხვედრები „მრგვალ მაგიდასთან”

მეთოდის უფრო მეტი ეფექტურობისთვის ძალიან სასარგებლოა „მრგვალ მაგიდასთან” სხვადასხვა სპეციალისტის (მეცნიერების, ხელოვნების მუშაკების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელების და სხვ.) მოწვევა. ყოველი ასეთი შეხვედრის წინ მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, განსახილველად წამოსწიონ მათთვის საინტერესო საკითხები. შერჩეული საკითხები შესაბამისი პასუხების მოსამზადებლად გადაეცემათ „მრგვალ მაგიდასთან” მოწვეულებს.

„მრგვალ მაგიდასთან” გამართული სხდომა აქტიურად და საინტერესოდ რომ წარიმართოს, აუცილებელია დისკუსიისა და აზრთა თავისუფალი გაცვლისთვის აუდიტორიის წინასწარ მომზადება.

„მრგვალი მაგიდის” გამართვისას მოსწავლეებს აქტიურობის ასამაღლებლად სთავაზობენ რამდენიმე კრიტიკული, მწვავე საკითხის განხილვას; ამავე დროს ამა თუ იმ პრობლემის თვალსაჩინოებისთვის კარგი იქნება კინო-ფოტო-დოკუმენტური, საგაზეთო, გრაფიკული, დიაგრამული მასალების გამოყენებაც. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ განხილვისას არ უნდა მოხდეს თემიდან გადახვევა, გამომსვლელებმა მონაწილეობა მიიღონ აზრთა თავისუფალი გაცვლის პროცესში და მათ გამოსვლას არ ჰქონდეს მოხსენების ხასიათი.

აღნიშნული ჯგუფი შეგვიძლია ორ „ბანაკადაც” გავყოთ და თითოეულ მათგანს მივცეთ სხვადასხვა დავალება.

მაგალითად, ერთ ჯგუფს შეიძლება მიეცეს ასეთი დავალება/თეზისი: „ძალიან თვალსაჩინო ფაქტების მიღება და აღიარებაც კი არ შეიძლება უარგუმენტოდ”. მეორე ნაწილს შეიძლება შევთავაზოთ ასეთი პრინციპი: „გაუმართლებელია დროის დახარჯვა ჭეშმარიტების მტკიცებაზე, რადგან ყოველი განათლებული ადამიანი თავად მიხვდება, რა არის ჭეშმარიტი და რა – არა”.

გთავაზობთ „მრგვალი მაგიდის” ორგანიზების მაგალითს: 6 მონაწილეს სთავაზობენ სამ-სამი იდეის წამოყენებას დასახული პრობლემის გადაჭრისთვის. მონაწილეები იდეებს იწერენ თავიანთ ბლანკზე, მერე კი წრეში გადაცემენ ერთმანეთს და ასე იქცევიან ხუთჯერ.

აღნიშნული მეთოდების გამოყენება სწავლა/სწავლების პროცესს გაააქტიურებს და გაახალისებს, გაზრდის მოსწავლის კომუნიკაბელურობას, გააცნობს მას ცოდნის მოპოვების ალტერნატიულ გზებს, აამაღლებს სასწავლო მოტივაციას და გაცილებით ეფექტურს გახდის მთლიანად სასწავლო პროცესს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...