კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

ისრაელის ნობელიანტი პოლიტიკოსი

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

თუ  აღარ  გახსოვთ,  შეგახსენებთ. შიმონ პერესი ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია. უკვე 
80 წელს გადაცილებული  ყოფილი პრემიერი
ჯერ კიდევ სამუშაო ფორმაშია. ყურადღებით ადევნებს თვალს ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო  მოლაპარაკებებს და  არასამთავრობო ორგანიზაცია “პერესის მშვიდობის
ცენტრს” ხელმძღვანელობს. ისრაელის სხვა ყოფილ თუ ამჟამინდელ პოლიტიკოსებს შორის,
შიმონ პერესს  ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს. უფრო
მეტიც, პოლიტიკური ექსპერტები ფიქრობენ, რომ 
პერესის გარეშე მშვიდობა ისრაელში უფრო რთული მისაღწევი იქნება.

ბატონ ყოფილ პრემიერ-მინისტრს
(ასე მიმართავენ მას  მისი ხელქვეითები) ბევრი
ჟურნალისტი სტუმრობს და მათ, ძირითადად, მისი პოლიტიკური შეფასებები აინტერესებთ ხოლმე.

– “ცხელი შოკოლადი”?
საინტერესოა … რა  აინტერესებს ჩემგან “ცხელ
შოკოლადს”?

– თქვენი ცხოვრება,
ბატონო ყოფილო პრემიერ-მინისტრო.

– სულ ეს არის?

– მგონი კი.

– მაშინ  მე თქვენ გაჩუქებთ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნს და
დარჩენილი დრო საქართველოზე ვილაპარაკოთ.

– კი ბატონო, მაგრამ
ჩვენ ისრაელის ამბები უფრო გვაინტერესებს. გვაინტერესებს ამ  გადმოსახედიდან,  რით  ამაყობს
და რას  ნანობს შიმონ პერესი.

–  მე  არაფერს  ვნანობ, იმიტომ,  რომ  არაფრის  შეცვლა არ შემიძლია. გული მწყდება, რომ  ბევრი
რამის  გაკეთება შემეძლო და ვერ  გავაკეთე და ახლა სწორედ ამის კორექტირებას ვცდილობ.
ვამაყობ იმით, რომ ყოველთვის იდეალისტი ვიყავი და ვცდილობდი, ადამიანების ცხოვრება
გამეუმჯობესებინა. ვამაყობ იმითაც, რომ ჩემი შვილები გულწრფელი და შრომისმოყვარე ადამიანები
არიან და წიგნებით გამოტენილ სახლებში ცხოვრობენ. ისინი არ ფიქრობენ, რომ მათ ქვეყანას
მათი ვალი აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან თავისი ქვეყნის მოვალეები. ისინი არ
არიან პრივილეგირებული და არ ფიქრობენ, რომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული. რაც მთავარია,
მათ იციან, რომ მე ვიცხოვრე იმისათვის, რომ რაღაცისთვის მემსახურა.

– ახალგაზრდა მწერალმა,
ედგარ კერეტმა მითხრა, ებრაელებმა  ისრაელში
ებრაელობა დაკარგეს  და ეს გულდასაწყვეტიაო.
მე ზუსტად არ მესმის, რას  ნიშნავს ეს. იქნებ
თქვენ ამიხსნათ?

– ებრაელი ხალხი განსხვავდება
სხვა ხალხებისაგან. ისინი უკომპრომისო ხალხია. ებრაელი  ერი ცვლილებების და  სასწაულების ერია. მათ ღრმად  სწამთ, რომ  კაცობრიობის უკეთესობისაკენ შეცვლა
შესაძლებელია.  მთელი ებრაული  ისტორია მორალურ კოდექსს  ეფუძნება. მორალური
პრინციპების გარეშე, ებრაელი ებრაელი აღარ არის და ამით ის სხვა ხალხებს ემსგავსება. ხშირად ეს მორალური უკომპრომისობა
ძვირად გვიჯდება. მონობის დროს, მონობას ვეწინააღმდეგებოდით.  ოკუპაციის დროს – ოკუპანტებს. ჩვენ ყოველთვის კარგად
გვესმოდა ცხოვრების საზრისი. როცა სხვები  მაღალ  შენობებს აშენებდნენ,  ჩვენ მნიშვნელოვან  წიგნებს ვწერდით. 10 მცნება ხომ მთელი დასავლური
ცივილიზაციის ფუნდამენტია.  ამავდროულად, იუდაიზმი
ეკლესია არ არის. იუდაიზმი რწმენაა. ის არ ეფუძნება წესრიგს. ის რწმენაზეა აგებული.
ჩვენ არ გვყავს გმირი. ჩვენ არ გვყავს მეორე ღმერთი. ადამიანი პირდაპირ უკავშირდება
ღმერთს. პირველი ადამიანები არ იყვნენ ებრაელები, მაგრამ მეორე თაობა უკვე იყო. ებრაული
ენა და კულტურა წმინდად ითვლება. თუ  ქრისტიანებისთვის
ეს მიწა წმინდა მიწაა, ჩვენთვის ის აღთქმული ქვეყანაა. ამ დროს ისრაელის ახალი თაობა
ივიწყებს  ამ ყველაფერს. მათ მატერიალური  ყოფა უფრო ანაღვლებთ, ვიდრე იდეალისტური. მათი ცხოვრება
არ არის ამ ცნებებით გამსჭვალული და ეს მართლა გულდასაწყვეტია.

– არ ვიცი, ამასვე
ფიქრობდა თუ  არა  ედგარ კერეტი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო
ის სამშვიდობო მოლაპარაკებებია,  რომლისთვისაც
შიმონ პერესმა ნობელის პრემია  მიიღო. ამერიკული
უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე ამ მოლაპარაკებების ისტორია
განსაკუთრებულ “ქეისად”  ისწავლება.
მახსოვს, ჩვენს ერთ-ერთ ქართულ უნივერსიტეტშიც უნდა  წაეკითხა შიმონ პერესს  საჯარო ლექცია, მაგრამ ჯანმრთელობის გამო, ეს ვერ  შეძლო. ამიტომ, ძალიან ვამაყობდი, ამ ამბავს  პირადად მისგან რომ ვისმენდი.

– თავიდან ვიფიქრე,
რომ იორდანიის მეფე ჰუსეინს  უნდა შევხვედროდით.
გეოგრაფიულად და ლოგიკურადაც სამკუთხედი ვართ: იორდანია, პალესტინა და ჩვენ. მეფე ჰუსეინს  ჩუმად შევხვდით და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. დანარჩენზე
ლონდონში, მეფის და ჩემი საერთო მეგობრის სახლში ვისაუბრეთ. მახსოვს, ჩემი  მეგობრის
იურისტმა მეუღლემ მთელი ჩვენი “ამალა” დაითხოვა და სადილიც თვითონვე მოგვიმზადა.
სადილის ბოლოს, მეფეს ჭურჭლის გარეცხვა შევთავაზე. მან  სიამოვნებით მიიღო  ეს შეთავაზება, მაგრამ დი- ასახლისმა ეს საქმე არ
დაგვანება, თქვენ უმჯობესია  მშვიდობაზე იზრუნოთო.
მოკლედ, 8 საათი  ვიჯექით და მოვილაპარაკეთ
კიდეც. ეს ყველაზე  საუკეთესო შეთანხმება იყო,
რაც კი ოდესმე ყოფილა. მაგრამ, სამწუხაროდ, საპარლამენტო ხმების მხოლოდ  50% იყო
ჩვენი და ეს შეთანხმება ვერ გავიტანეთ. დღემდე მიმაჩნია და ძალიან ვწუხვარ,  რომ  ამით
ჩვენ მშვიდობის მიღწევის ყველაზე რეალური შანსი დავკარგეთ. მერე  ვიფიქრე, ღმერთო  ჩემო,  სხვა გზა არ გვაქვს, პალეს- ტინელებთან,  არაფატთან მოგვიწევს  მოლაპარაკება-მეთქი. “პალესტინელების  გათავისუფლების ორგანიზაციიდან” ბევრს ვიცნობდი,
მაგრამ მათ ყველას ერთი  საერთო თვისება  ჰქონდათ: ყველა პრობლემისაგან იდეოლოგიას ქმნიდნენ,
და ყველა არა-იდეოლოგიისაგან – გამოსავალს. ამიტომ მათთან კამათი უსასრულოდ გრძელდებოდა. სხვა გამოსავალი უნდა მეპოვა.
უნდა მეპოვა ადამიანი, რომელიც მიწაზე დაეშვებოდა და რეალურად ეცდებოდა მოლაპარაკებას.
ორივე მხარის არგუმენტები უკვე გასაგები იყო და ერთმანეთის დადანაშაულება უკვე დროის
ფუჭად  კარგვის ტოლფასი იყო. მოკლედ, შევარჩიე
ადამიანი, ვისაც, გამოცდის მიზნით, ყველაზე რთული რამ ვთხოვე.  ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საერთაშორისო მოლაპარაკებებისათვის
ჩვენ ჩვენი  კანდიდატი უნდა წარგვედგინა, პალესტინელებს
– თავისი. პალესტინელების რჩეული პალესტინის ეროვნული საბჭოს წევრი იყო და  მოლაპარაკებებს დიდად ვერ  გამოადგებოდა. ჩვენ კი, კანონის  თანახმად, არაფატთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე ვერ  გავიდოდით. ამიტომ, მე ჩემს რჩეულ აბუ ალას ვუთხარი,
თუ  მოლაპარაკება გინდათ, კაცი გამოცვალეთ-მეთქი.
იმის მაგივრად, რომ მას სხვებივით ეთქვა, ეს შეუძლებელიაო, გვითხრა, ვცდიო. გამოუვიდა  კიდეც. მეც მაშინვე ვთქვი, აი, ეს არის ის კაცი-მეთქი.
პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი იყო და ის ვაშინგტონში აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მე
მას  ვუთხარი, რომ  არაფერი გამოუვიდოდათ,  იმიტომ, რომ პალესტინელებთან ყველა შეხვედრის მერე, პრესკონფერენციას მართავდნენ. არადა,  მოლაპარაკებებს ინტიმი სჭირდება.  ეს იგივეა, შუა ქუჩაში სასიყვარულო ტრფიალის გამართვა
მოინდომო.  რაბინს ვუთხარი აბუ ალას შესახებ.   მან არ დამიჯერა, მაგრამ მითხრა, კარგი, ჰა, სცადეო.
ისე გამოვიდა, რომ ვაშინგტონის მოლაპარაკებები ჩაფლავდა, ოსლოს მოლაპარაკებებმა კი
შედეგი  გამოიღო.

მაგრამ ამისთვის,
კანონის სანახევროდ დარღვევა მოგვიხდა, რადგან ჩვენი პარლამენტი პალესტინის გათავისუფლების
ორგანიზაციასთან  მოლაპარაკებებს გვიკრძალავდა.
მე  პირდაპირ მინდოდა მათზე გასვლა, მაგრამ
რაბინმა მითხრა, ძალიან უცნაური იქნება, თავად შენ თუ დაარღვევ კანონსო. ამიტომ, მოლაპარაკებებზე
ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი და
იურისტი გავაგზავნე.

აბუ ალამ და ური სავირმა
ძალიან მალე გამონახეს საერთო ენა. არავინ იცის, ისინი ერთმანეთს რაზე ელაპარაკებოდნენ.
რომანტიულ თავგადასავალს ჰგავდა ეს ყველაფერი. მოწინააღმდეგე უნდა მოხიბლო, უნდა შეაცდინო,
ცოტა უნდა წაუყრუო კიდეც, იმიტომ, რომ თუ ყველაფერს გაშიშვლებულს ნახავ, შეიძლება მადა
დაგეკარგოს. ოსლოს  მოლაპარაკებები  1998 წლის აგვისტოში  ხდებოდა.  იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო და ისედაც ცოტა
ზედმეტად ემოციური ვიყავი. არაფატთან 8 საათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, შედგა
მოლაპარაკება. აბუ ალა და ური სავირი შვედეთში იყვნენ, 
არაფატი – ტუნისში.
მედიატორი ნორვეგიიდან ერთვებოდა. იმდენად კარგი სატელეფონო ხაზი იყო, რომ ყველაფერი
მესმოდა: მეს- მოდა მათი შეძახილები, მათი ტანჯვა. ეს არასდროს დამავიწყდება. მშობიარობას  გავდა ეს ყველაფერი. ტკივილი, იმედი.  შეთანხმებას დილის 6 საათზე მივაღწიეთ.

ორი მხარის  ხელმოწერების გაფორმების დღეს,  ლიბანში ჰეზბოლასთან შეტაკებას ჩვენი 9 ჯარისკაცი
შეეწირა.  ხელმოწერის ცერემონიალის გადადება
დავაპირეთ, მაგრამ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, რაბინმა თქვა, არა,  მოვაწეროთ ხელიო, ამიტომ ცერემო- ნიალი შამპანურების და ფურშეტის გარეშე შედგა.

ამის მერე, აბუ ალამ  ცალკე შეხვედრა  მთხოვა. ვიდრე რამეს მეტყოდა,  ცრემლები წასკდა. იმდენი  ემოცია ახლდა ამ მოლაპარაკებებს … მაგრამ მისი  რეაქცია მაინც გამიკვირდა.

ხალხი აკრიტიკებს
არაფატს და სწორადაც იქცევა.  ის პალესტინელების
აჯანყების შეუდარებელი ლიდერი, მაგრამ პალესტინური სახელმწიფოს სრული კრახის მომტანი  იყო. მაგრამ, ყოველთვის ვამბობ, რომ არ უნდა დავივიწყოთ
ის გაბედული ნაბიჯები, რომელიც მან გადადგა. მაშინ, როცა იქამდე პალესტინელები მიწის
55/45-ზე გაყოფას არ სჯერდებოდნენ, არაფატი 1967 წლის შეთანხმებას დაეთანხმა, რომელიც
პალესტინელებს მიწის 22 პროცენტს, ხოლო ჩვენ 78 პროცენტს გვაძლევდა. არ მეგულება  სხვა პალესტინელი ლიდერი, რომელიც ამას შეძლებდა.

მაგრამ  იცით, რაშია საქმე?  თუ  ომი  აერთიანებს ქვეყანას, მშვიდობა ანაწევრებს მას.
მშვიდობის მისაღწევად, კომპრომისე- ბია  საჭირო.
ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რატომ გაიღე  ამხელა მსხვერპლი? რატომ წახვედი ამხ- ელა კომპრომისზე? რატომ დათმე? ხალხი ვერ  იტანს დათმობებს. მაგრამ, სამწუხაროდ,  ამის გარეშე მშვიდობა არ არსებობს, ისევე როგორც
კომპრომისების გარეშე არ არსებობს მშვიდობა კაცებსა და ქალებს შორის. ძალიან საფრთხილოა:
თუ  ბევრის მოგებას შე- ეცდები, შეიძლება  პარტნიორი დაკარგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობებში
უნდა მოიგო  მშვიდობა, და არა ქულა. თუმცაღა,
ხალხი მაინც თავისას  ამბობს: ზედმეტად ბევრი
გაიღეო!

შიმონ პერესს  თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი  “ბრძოლა მშვიდობისათვის: “მემუარები”
აღარ უჩუქებია, რადგან, როგორც გაირკვა, მისი ინგლისური თარგმანი ჯერ არ არსებობს.  თუმცა, მალე იქნებაო, მანუგეშა.

მეც იგივე შემიძლია
გითხრათ, რაც ბატონმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მითხრა: თუ მისი ცხოვრება გაინტერესებთ,
მისი წიგნი წაიკითხეთ. ახლა კი მხოლოდ იმ დანაბარებს გადმოგცემთ, რაც შიმონ პერესმა
საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა:

– თუ ქვეყნის მომავალზე
ზრუნავთ, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ!

ესაუბრა შორენა შავერდაშვილი

ერთი, ორი, სამი ჩაკი

0

ყველას უყვარს ჩაკი. ის ჩაკ ნორისზე უნივერსალურია.
მას შეუძლია, ყველა გემოვნების მკითხველს ერთი ამოსუნთქვით წააკითხოს საკუთარი ტექსტები,
არამკითხველებს კი კითხვა დააწყებინოს. ეს ის ჩაკია, რომელიც პირდაპირ გიჟდება ყოველგვარი
სიბინძურის გამოფენაზე და ნაგავს
ურნაში კი არა, წიგნებში ყრის.
მკითხველი ნაგვის გადამამუშავებელია, ჩაკ პალანიკი – ნაგვის კონტეინერი, ოღონდ – არა
ჰერმეტულად დახურული. ის ჩვენზე, ნაგვის მკეთებლებზე წერს.

 

შელამაზებული თხრობა არ უყვარს, პირდაპირია
და უშუალო. ალბათ, ასეც უნდა იყოს: ინდივიდუალიზმის დაკარგვაზე, პიროვნების თვითრეალიზაციის
მცდელობასა და შეუძლებლობაზე, კაპიტალისტური სამყაროს და, საერთოდ, მსოფლიოს ხშირად
არაჰუმანურ კანონებსა თუ მონური მორჩილების აუცილებლობაზე, ტოტალური ანარქიის მიღწევასა
და მიღწეული ანარქიის უაზრობაზე სხვანაირად წერა არ გამოდის.

 

“მებრძოლთა კლუბი” არის რომანი ადამიანების
შესახებ, რომლებმაც, ჩაფლულებმა ყოველდღიურ რუტინასა და განუხორციელებელ ოცნებებში,
გადაწყვიტეს, აგრესიით, ჩამსხვრეული ძვლებითა და განადგურებული შენობებით, საკუთარი
და სხვების სისხლითა და ხორცით მოეწყოთ ანარქიული მსოფლიო.

 

ყველაფერი უძილობით, შიშითა და მარტოობით დაიწყო.
წიგნის მთავარი გმირი უდიდესი კორპორაციებით დახუნძლული ქვეყნის შვილია. კორპორაციული
წესები კი ისეთივე მოსაწყენია, როგორიც ბებიაჩემის ლოკალური შინაგანაწესი, რომლის მთავარი
პრინციპი მეტისმეტად ხშირად კვებაა. ის ჩვეულებრივი, მუდამ მომლოდინე ბებოა ბევრი საქმით
და მაინც შარაზე გამოკიდებული თვალებით. კორპორაციებისთვის კი შენ საჭირო, მაგრამ არამნიშვნელოვანი
ჭანჭიკი ხარ და ნებისმიერ დროს მარტივად ჩაგანაცვლებენ სხვა პატარა მექანიზმით. ეს
მაშინ, როცა წლობით ცდილობ, ჭანჭიკის უფერული ყოფიდან იერარქიული კიბის რომელიმე ზედა
საფეხურზე გადაინაცვლო. თუ საერთოდ გააჩნიათ ჭანჭიკებს იერარქია. ყოველ შემთხვევაში,
სტანდარტული ბრტყელტუჩა თუ არ მოგერია, ეგეც საქმეა.

 

მთავარ გმირს კი ძილი ვერაფრით მოერია. მას
მეტისმეტად ეშინოდა ბრტყელტუჩასი. ის მეტისმეტად მარტო იყო და გამამხნევებელ ჯგუფებში
სიარულიც დაიწყო: გვერდით ნაწლავის კიბოთი დაავადებული თუ გიდგას, საკუთარ სიცოცხლეს
უფრო მძაფრად გრძნობ. თითქოს სიცოცხლე კი არა, ორმაგი ჩიზბურგერი იყოს – მსუქანი, მსუყე,
დიდი და ბევრი.

 

ტაილერ დერდენიც გამოჩნდა. დიდი, უზარმაზარი,
ყოვლისშემძლე ტაილერ დერდენი. ისეთი ტაილერი, რომელიც ნეკა თითებზე აიწევა და ბრუს
ლისაც კი დააგდებს. ეს “ჩაკნორისა” პერსონაჟი, ეს თავზე ხელაღებული არამზადა,
ეს ამერიკელი სუპერმენი მთავარი გმირის ყველა განუხორციელებელი ოცნების შესანიშნავი
ნაკრებია. ის შემზარავად შესანიშნავია. შესაძლოა, უცებ მოიხიბლო კიდეც. მით უმეტეს,
თუ ფინჩერის ეკრანიზაციას რომანამდე გაეცანი.

“მებრძოლთა კლუბი” იმედების გაცრუების
შესახებ დაწერილი წიგნია. აქ ყველა ახდენილ ოცნებას ჯურღმულისკენ მიჰყავხარ. აქ არ
ელი კათარზისის მსგავს ფინალს და მთავარი გმირის თვითგადარჩენის მცდელობა ისეთივე არაორგანული
გგონია, როგორიც თბილისური, ჯერ კიდევ დაუმახინჯებელი ბილბორდები. არადა, მთავარი გმირი
მთავარი გმირების უპირველეს ჩვევას, გადარჩენას, მაინც მოახერხებს. ეს “კარფურივით”
წიგნია. ფართო არჩევანით და სევდიანი თანამშრომლებით, რომლებიც მადლობას გიხდიან შეძენილი
საღეჭი რეზინისთვის. აქაური არჩევანი საბოლოოაა: ან ირჩევ მებრძოლთა კლუბს, ან ირჩევ
მებრძოლთა კლუბს. სლოგანი საჭირო აღარაა და არც ყვითელ სამარშრუტო ტაქსიზე წააწერ შენს
უცილობელ მარშრუტს. ყველა ისედაც მებრძოლთა კლუბში მიდის.

 

საბოლოოდ კი, თითისბალიშებმოჭრილები, უანაბეჭდოები,
ნაწლავებგადმოყრილები, ერთმანეთს ემსგავსებიან და თავად ქმნიან ახალ, დაუნდობელ კორპორაციას,
ხორცსაკეპ მანქანას, ახალ ზომბილენდს.

 

ეს ჟურნალისტის ხელით შექმნილი ზომბილენდია.
ჩაკ პალანიკს პროფესია ისევე ეტყობა, როგორც მონიკა ბელუჩის – ნაოჭები. ეს კარგი და
ბუნებრივია. ბუნებრივია პალანიკის ფანების დიდი არმიის არსებობაც. ფსიქოსივრცეების
ძებნა და აღმოჩენაც ბუნებრივია. თუმცაღა, დღემდე მგონია, რომ “მებრძოლთა კლუბი”
ოცდაერთ წლამდე საკითხავი კარგი წიგნია. თანაც ამ რომანის კითხვისას სულ სისხლიანი
და მშვენიერი მულტიპლიკაციური სერიალი
“Happy Tree Friends” მახსენდება ხოლმე ლოსის მოჭრილი ფეხითა თუ ჰელოუინის
გვამებით. თითქოს რომანი კი არა, სისხლის ბანკი იყოს. უფრო კი სისხლის ავზი, რომელიც
გაუმჭვირვალეა და მეტის დანახვის საშუალებას არ გვაძლევს.

 

კონსტრუქტივისტული თეორია

0

შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე და რუსი მეცნიერი ლევ ვიგოტსკი, რომლებიც კონსტრუქტივისტული
თეორიის ფუძემდებლებად მიაზრებიან,
მიიჩნევენ, რომ მოსწავლე თვითონ აგებს ცოდნაგონებაშიმასწავლებელი მხოლოდ ეხმარება. ამდენად, კონსტრუქტივისტულაზროვნების განვითრება მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მასწავლებელს შეუძლია, ასწავლოს მოწაფეს გზ, მაგრამ მის გავლაზე პასუხისმგებლობა უკვე თავად მოწაფეს ეკისრება.

ბლოგორიონისგანმარტებით, სწავლის
თეორიებს, რომლებიც სწავლას განსაზღვრავ
როგორც გამოცდილებისგან ცოდნის აგებას, სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები ეწოდება.

ეს თეორიები ყურადღებას
ამახვილებ
სწავლის პროცესის სოციალურ ხასიათზე.

ვიგოტსკი სწავლის სწორედ სოციალურ ხასიათს უსვამდა ხაზს. ბავშვები სწავლობენ მოზრდილ ადამიანებთან და უფრო კომპეტენტურ
თანატოლებთან კომუნიკაციის შედეგად.

კონსტრუქტივისტულ აზროვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკაფოლდინგი.

მასწავლებელი კულტურული აგენტის – დესპანის როლს ასრულებს(ვიგოტსკი). თავდაპირველად მან მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაუწიოს მოსწავლეს, მერე კი თანდათანობით შეამციროს მხარდაჭერა და ბავშვს დავალების დამოუკიდებლად შესრულები შესაძლებლობა მისცეს.

ბრუნერის კოგნიტური ზრდის თეორიის თანახმად, ადამიანის ინტელექტუალური განვითარება მოიცავს
მეთოდურ წინსვლას გონების გამოყენებ
ის კუთხით. მეთოდური წინსვლა გაუმჯობესებულ ენობრივ უნარებსა და სისტემატურ სწავლებაზედამოკიდებული.

ბრუნერი განასხვავებს ადამიანის აზროვნების პროცესის 3 ფორმას. ეს ფორმები ადამიანის ზრდასთან ერთად მოსდევს ერთმანეთს: მოქმედებითი გამოხატვა,
წარმოსახვითი გამოხატვა და სიმბოლური გამოხატვა (იყენებს სიმბოლურ
სისტემებს ცოდნის დასაშიფრად)

ამასთან, ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენით სწავლას, რაც კონსტრუქტივისტული
თეორიის ერთ
ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღმოჩენა
წარმოადგენს ინდუქციური აზროვნების ფორმას.

მეცნიერის მტკიცებით, ცოდნის ორგანიზების გზებია:

. ცნებები – მსგავსი საგნებისა და მოვლენების დაჯგუფება. ლოგიკური
აზროვნების ბირთვია ცნებების დაუფლება.

. სქემები (მჭიდროდ ორგანიზებული ფაქტების ერთობლიობა)
და სცენარები (როცა სქემა მოიცავს მოვლენათა სისტემურ თანმიმდევრობას,
მას სცენარი ეწოდება.)

ბავშვები სქემებსა და სცენარებს იყენებენ ჩვენ მიერ გამოტოვებული ინფორმაციის აღადგენად.

. თეორიები – ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, აგებენ შეხედულებათა სისტემებს ანუ თეორიებს სამყაროს
სხვადასხვა ასპექტის შესახებ.

. მსოფლმხედველობა – ზოგადი შეხედულებები და ვარაუდები რეალობის
შესახებ.

პიაჟესა და ვიგოტსკის თეორიების თანახმად, მოსწავლე სწავლის პროცესის
აქტიური მონაწილეა და არა ინფორმაციის პასიური მიმღები.

აქტივობები დაფუძებულია ყოველდღიურად წარმოჩენილ საჭიროებებთან
დაკავშირებულ მასალაზე.

მასალა თავდაპირველად განიხილება, როგორც ერთი მთლიანი და მერეღა ხდება მისი შემადგენელი ნაწილების გაანალიზება.

მასწავლებელი გაკვეთილს მოსწავლეთა კითხვებზე აგებს.

მასწავლებელი ქმნის სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამოუკიდებლად აღმოჩენა.

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს საკუთარი აზრიგამოთქმის საშუალებას, რის საფუძვეელზეც ასკვნის,
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.

შეფასება განიხილება როგორც სწავლებისა და
სწავლის პროცესის ნაწილი და ხორციელდება პორტფოლიოების გამოყენებითა და მოსწავლეებზე
უშუალო დაკვირვების გზით.

ახალი იდეების არსებულ ცოდნასთან დაკავშირება სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი
ნაწილია.

. მოდელირება ამ მიდგომის
დროს მასწავლებელი ხსნის რთულ ამოცანას და ნაბიჯ
ნაბიჯ უჩვენებს მოსწავლეებს ამოცანის ამოხსნისგზას, თან უხსნის, რატომ აირჩია ეს გზა და ყურადღებას ამახვილებს საკვანძო მომენტებზე.

. „ხარაჩოს მეთოდი” მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაცმათ დამოუკიდებლად გაუძნელდებათ. მასწავლებელი ეხმარება,
დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლე თავად ახერხებს დავალებისთვის
თავის გართმევას.

. არტიკულაცია მოსწავლეთა
წახალისება, მცირე ჯგუფებში მუშაობა
იდეალურია საკუთარი აზრის
გამოხატვისა და ჩამოყალიბებისთვის. ვერბალიზაცია მნიშვნელოვანი პროცესია კონსტრუქტივისტული
მიდგომის დროს.

. რეფლექსია (მეტაკოგნაცია) ამ დროს მოსწავლეები თავად ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ადარებენ თავიანთ შეხედულებებს, ნაშრომებს სხვა მოსწავლეების ან „ექსპერტების”
ნაშრომებს. ამ გზით
მათ კრიტიკული
აზროვნება უვითარდებათ.

. თანამშრომლობა ეს კომპონენტი უკავშირდება სოციალურ მხარეს, თანამშრომლობით გარემოს.
მოსწავლეები ერთმანეთთან ურთიერთობით იძენენ ცოდნას.

. არჩევანი კონსტრუქტივისტული
მეთოდი მოსწავლეებს ხშირად აძლევს არჩევანის საშუალებას
, მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ აზრი იმ საკითხსა თუ პროექტზე,
რომელზეც მუშაობენ. ეს მიდგომა ზრდის მოტივაციასაც.

. მოქნილობა კონსტრუქტივისტული
მიდგომის თანახმად, გაკვეთილი არ არის წინასწარ მკაცრად განსაზღვრული და დაგეგმილი
პროცესი, რომელიც ზუსტად ისე უნდა განხორციელდეს, როგორც დაიგეგმა. გაკვეთილის მიმდინარეობიდან
გამომდინარე, მასწავლებელი ცვლის გაკვეთილის გეგმას, საფეხურებს, ავლენს მოქნილობას.

. ადაპტაციის უნარი მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების
ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან.

. მრავალმხრივი რეალობა ეს მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს იმის გაგებაში,რომ ზოგჯერ განსაზღვრული პასუხი არ არსებობს.
ეს მათ კრიტიკულ აზროვნებას
აჩვევს.

მოამზადა თამარ კაციტაძემ


მურიკელა ღრრრ

0

ახლაც თვალწინ მიდგას: ზაფხულის მცხუნვარე დღეს, სადილის შემდეგ, ყველანი
რომ მოსასვენებლად გავიკრიფებოდით ჩვენ-ჩვენს ოთახებში, დედაჩემი ჩანიშნულ ადგილას
გადაშლიდა წიგნს, საიდანაც ახალი, უცნობი და მომნუსხველი სამყარო უნდა
გაცოცხლებულიყო ჩვენ თვალწინ.

მე და ჩემი ძმა ამ წუთს გაფაციცებით ველოდით. საუცხოო განცდაა – გარეთ მზე
აჭერს, პაპანაქებაა, შენ კი კაკლის ქვეშ წამოწოლილი ისმენ უჩვეულო და
თავბრუდამხვევ ამბებს. მაშინ მიკვირდა, რამდენ ხანს შეეძლო დედას ეკითხა ჩვენთვის
ზღაპრების წიგნი, ისე, რომ არ დაღლილიყო და მოწყენაც არ შეპარვოდა. არ მახსოვს,
თვითონ შეეწყვიტოს ან ვინმე უხეშად შემოჭრილიყოს, სანამ ჩვენ თვითონ არ
გამოვეთიშებოდით – დაგვეძინებოდა.

ზღაპრის პერსონაჟები ძილშიც განაგრძობდნენ
ცხოვრებას, სიზმარშიც მოგვყვებოდნენ.
ერთი ასეთი მშობლიური მურიკელა ღრრრ იყო და
ამ გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ბავშვობას სწორედ მისი ღრენა და ყეფა გასდევს
,
სანამ ავტომატების კაკანის, დაბომბვისა და სასოწარკვეთილი ადამიანების ხმა
შემოაღწევდა.

ჯერ მარტო სახელები იყო დაუვიწყარი:
მურიკელას დედას ავმყეფარი ერქვა, მის მეტოქე და მეგობარ კნუტებს
– ფისუნია ფი და პი, იმათ დედას კი ქალბატონი ფიჰფისო. ერთ დღესაც პატარა
ლეკვი მურიკელა მანქანაში ჩასვეს და სოფლიდან თბილისში წაიყვანეს.

აქედან იწყება ყველაფერი – აქედან იძაბებოდა
ჩვენი ცნობისმოყვარეობა. სულმოუთქმელად ველოდით, რას იზამდა დიდ ქალაქში
მოხვედრილი ლეკვი, რომელსაც გზაშივე გამოუცვალეს სახელი – მიკი შეარქვეს, მაგრამ
მურიკელა ახალ სახელს შეეჩვია, ახალ ყოფას კი
ვერა.
კორპუსების სივიწროვეში მოხვედრილს საბედისწერო ამბები გადახდა – ჯერ იყო და,
ბავშვს უკბინა, მერე ათი დღე მოუწია ცხოველთა სამკურნალო
პოლიკლინიკაში ყოფნა, იქიდან გამოწერილი ვიღაც მძღოლს გაატანეს სოფლისკენ, იმან კი შუა ქალაქში
ჩამოსვა და „ეზოს ძაღლი” თავზეხელაღებულ მაწანწალა „თანამოძმეებს” პირისპირ
შეატოვა.

მეც და ჩემს ძმასაც ერთი ქუჩის ძაღლი
მოგვწონდა ძალიან – ბუტუზო (იგივე ყურშა), იქაურობის წინამძღოლი, რომელსაც ცალი
თვალი ლომმა დასთხარა. ერთხელ ზოოპარკში, ლუკმაპურის საშოვნელად გასულს ლომის
გალიაში შეეყო თათი, რათა ხორცისთვის ჩაევლო კლანჭები, გალიის კიდესთან
მიეჩოჩებინა და დაეთრია. ლომმა თავი მოიმძინარა თურმე და როგორც კი ბუტუზო ხორცს
წაეპოტინა, წამოვარდა, ტორი ჩასცხო და ცალი თვალი დაუბუშტა.
 

თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, მურიკელამ სახელოვან
ბუტუზოსაც შეუღრინა.

თვითონ ეს სიტყვა – ღრრრ –  უცნაური მშობლიურობით ხვდებოდა გულს და არა
მარტო იმიტომ, მშობლისგან წაკითხული რომ გვესმოდა, არამედ იმიტომაც, რომ
დაუმორჩილებლობითა და შეუგუებლობით, მკაცრ ცხოვრებაში გაძლებითა და გარემო
პირობებთან გამკლავებით იყო ნაკარნახევი. ყველას და ყველაფერს უღრენდა მურიკელა –
კატის კნუტებს, გაფხორილ ინდაურს, მაწანწალა ძაღლებს, ქუჩას და ზღვასაც, მაგრამ
ღრენა მისი ახირება კი არა, უფრო თვითგადარჩენისა და საკუთარი თავის დამკვიდრების
ინსტინქტი იყო. ინსტინქტი, რომელმაც დიდი ქალაქიდან თავისი სოფლისკენ მიმავალ გზას
გაუყენა და მთელი წელი სიცხე-სიცივესა და ხიფათ-ფათერაკში გამოვლის ძალა
მისცა.
 

…მაშინ
არ დავკვირვებივარ, მაგრამ წლების შემდეგ რომ დავხედე ჩემი საყვარელი ზღაპრის
გარეკანს, მისი ავტორის – ნოდარ წულეისკირის შესახებაც მომინდა რაღაცების შეტყობა.
მერე სადღაც წავიკითხე, რომ სხვა ბევრი წიგნიც დაუწერია, უზენაესი საბჭოს დეპუტატიც
ყოფილა და იმ ტრაგიკული ამბების შემდეგ მარნეულში წასულა, სოფელ წერაქვის სკოლის
დირექტორად
და ქართულ ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

ეს ის დროა, როცა ავტომატების კაკანი მურიკელას ყეფასა და ღრენაზე მეტად
ისმის ჩვენს ბავშვობაში. მურიკელა კი ჩუმად არის, სადღაც მიმალულა, თითქოს თავის
დროს ელოდება, რომ ღამის დამთრგუნველ სიჩუმეში გამკრთალ ლანდებს გამოენთოს და
გააგონოს თავისი საბედისწერო და მშობლიური „ღრრრ”…
 

სწავლება ბედნიერებაა

0

მიუხედავად სირთულეებისა,
რომლებიც თან ახლავს
მასწავლებლის ყოველდღიურ
საქმიანობას,
მიუხედავად მცირე ხელფასებისა და იმ პრეტენზიების
მიუხედავადაც კი, მასწავლებლების მიმართ რომ გამოითქმის ხოლმე (ცოდვა გამხელილი ჯობია
და ზოგჯერ სამართლიანადაც), მე მჯერა, თითოეული ჩვენგანი გაკვეთილზე იმ რწმენით შედის,
რომელიც სტატიის სათაურში მაქვს გამოტანილი. სხვა გონივრული მიზეზის მოძიება, რის გამოც
მასწავლებლებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში, პრაქტიკულად უხელფასობის პირობებში,
მასობრივად არ დატოვეს სკოლა – გარდა პროფესიის დიდი სიყვარულისა, ძალიან ძნელია. სკოლაში
გატარებული წლების შემდეგ, ნება მომეცით, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რომელსაც არ აქვს
პრეტენზია, ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია იყოს – ბევრ მნიშვნელოვან და საპატიო
პროფესიას შორის უპირველესი მასწავლებლობაა. სტატიის სათაურიდან გამომდინარე, გასაგებია,
რომ ამჯერად მის მხოლოდ დადებით ასპექტებს შევეხები. რასაკვირველია, ყველა იმ დადებითი
მომენტის აღნუსხვა, რომლებიც მასწავლებლის საქმიანობასთან მოიაზრება, ერთ სტატიაში
შეუძლებელიცაა და არც მე მაქვს ამის პრეტენზია. მხოლოდ რამდენიმე მათგანს შევეხები,
რომელთა გამოც მომწონს ჩემი პროფესია, და განათლების ექსპერტთა მოსაზრებებსაც მოვიშველიებ.

საჯარო განათლების
სისტემა არის ჩვენი დღევანდელი და მომავალი ჯანსაღი საზოგადოების ქვაკუთხედი. ის უნარები
და ცოდნა, რომლებიც მოსწავლეებმა ჩვენი დახმარებით უნდა განივითარონ და აითვისონ, გადამწყვეტი
იქნება მათი მომავალი წარმატებისთვის და საბოლოო ჯამში ქვეყნის წარმატებას უნდა შეუწყოს
ხელი.

ჩემთვის დიდი სიამოვნებაა,
როცა მოსწავლის გამომეტყველებით ვგრძნობ, რომ იგი ჩასწვდა აზრს, რომლის გადაცემაც მსურდა.
ამ დროს მისი გამომეტყველება სავსეა არა მარტო კმაყოფილებით საკუთარი თავის მიმართ,
არამედ ბედნიერებითაც. მასწავლებლებს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ბავშვების ცხოვრება
უკეთესი გავხადოთ; როცა ბავშვის ცხოვრებას ცოტათი უფრო ბედნიერს ხდი, შენც ცოტათი უფრო
ბედნიერი ხდები, რადგან მოსწავლის დადებითი ემოციები მყისიერად აისახება შენს განწყობილებაზეც.

განსაკუთრებით სასიამოვნოა,
როცა წარმატებას აღწევ ისეთ მოსწავლეებთან, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ არ შეეძლოთ სწავლა,
რომ საკითხების უმეტესობა მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. არის შემთხვევები,
როცა მოსწავლეს წარუმატებლობის პერიოდი გაუგრძელდება ხოლმე. ის უხალისოდ მონაწილეობს
სასწავლო აქტივობებში, არასოდეს ასრულებს საშინაო დავალებას, რადგან არ ესმის ის. ასეთ
მოსწავლეებს დაკარგული აქვთ საკუთარი თავის რწმენა და შეგუებულნი არიან აზრს, რომ აკლიათ
გამჭრიახობა. შესაძლოა, ამ აკადემიურ წარუმატებლობათა მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემებიც
იყოს. ამ დროს მასწავლებელს რთული სამუშაოს შესრულება უწევს მრავალფეროვანი მეთოდოლოგიის
გამოყენებით, მაგრამ ჯილდო ის დიდი მიღწევაა, როცა მოსწავლეები იწყებენ გაცნობიერებას,
რომ მათი უიმედო განწყობილება არ იყო მართებული და მანამდე დაუძლეველი საკითხების დაძლევას
ახერხებენ. ეს უზარმაზარ კმაყოფილებას ანიჭებს როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლესაც.
ამ მოსწავლეების მიერ გაკეთებული ,,აღმოჩენა”: სწავლა და გაგება შესაძლებელია – ყველაზე
მნიშვნელოვანია.

მასწავლებლის კიდევ
ერთი საპატიო მოვალეობა ის არის, რომ ყოველდღიურად არაერთი ადამიანისთვის ხარ საჭირო.
შენი დახმარება ან რჩევა მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის, კოლეგებისთვის,
საზოგადოების წევრებისთვის. ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვისაც სჭირდები, ვისაც რაღაც
სურს შენგან.

მასწავლებლობა არის
პროფესია, რომელიც მასწავლებლებისგან თავიანთ სასწავლო საგანთან ყოველდღიურ კავშირს
მოითხოვს, კარგი გაგებით აიძულებს მათ, ყოველთვის ახსოვდეთ თავიანთი პროფესიის ფუნდამენტური
საკითხები და მუდამ სიახლეების კურსში იყვნენ. ცნობილი ჭეშმარიტებაა: საუკეთესო სწავლა
სწავლებაა. მოზარდების სწავლებისას მასწავლებლები თავადაც ხშირად ვიძენთ ახალ ცოდნას
და ვვითარდებით პროფესიული თვალსაზრისით.

ძალიან სასიამოვნოა,
რომ სკოლა არც იმ ადამიანებისთვისაა დახურული, რომლებიც არ არიან პროფესიით პედაგოგები,
მაგრამ აქვთ გარკვეული ცოდნა, რომელიც სჭირდებათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ასეთ
ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ გარკვეული მომზადება და მოხალისეებად შევიდნენ
სკოლებში. პირადად მიმუშავია ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლებთან ერთად და ამას
მხოლოდ დადებითი შედეგები მოჰქონდა (მოსწავლეებისთვის – სწავლის დამატებითი სტიმული,
საგნის მასწავლებლისთვის – სასაუბრო პრაქტიკა, პედაგოგიური კოლექტივისთვის – უცხო,
საინტერესო წევრის შემომატება). იგივე შეიძლება ითქვას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ
ადგილებში მომუშავე ქართველ მოხალისეებზეც. სასკოლო სისტემას აუცილებლად სჭირდება პარტნიორობა
ორგანიზაციებთან, კერძო პირებთან, კორპორაციებთან, რათა ერთიანი ძალებით მოვახერხოთ
განათლების დონის ამაღლება ქვეყანაში.

მასწავლებლობა გვაძლევს
შესაძლებლობას, გავეცნოთ სწავლებისა და განვითარების უნიკალურ თეორიებს, საგანმანათლებლო
პროგრამებს, უამრავ სასწავლო აქტივობას და სასწავლო პროცესში წარმატებით გამოვიყენოთ.
ძალიან საინტერესოა იმის გააზრება, რომ სასწავლო მეთოდოლოგიით ერთმანეთისგან განსხვავებული
ეს თეორიები მასწავლებლებს აძლევს შესანიშნავ საშუალებას, მათი ერთმანეთთან გონივრული
შეხამებით, კონკრეტული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, შეძლონ სასწავლო პროცესის
გამრავალფეროვნება, მოსწავლეებში მიძინებული უნარების აღმოჩენა და განვითარება, ეროვნული
სასწავლო გეგმით და საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა.

სტატიის დასასრულს
შემოგთავაზებთ განათლების სპეციალისტის ერიკა კარესის მოსაზრებებს მასწავლებლის პროფესიის
როლსა და დანიშნულებაზე საზოგადოებაში. გაეცანით მათ და დაფიქრდით – თქვენ რას დაამატებდით
ამ ჩამონათვალს, თქვენ რა გხიბლავთ საკუთარ პროფესიაში და რა გაძლევთ სტიმულს ყოველდღიურ
საქმიანობაში?

* ძალზე მნიშვნელოვანი
და საპასუხისმგებლოა ის დიდი გავლენა, რომელიც მასწავლებლებს ჰქონდათ, აქვთ და მომავალშიც
ექნებათ როგორც საზოგადოების საპატიო წევრებს.

* მასწავლებლობა ყველაზე
შემოქმედებითი პროფესიაა, რადგანაც თითოეული მოსწავლე განუსაზღვრელი პოტენციალის მქონე
გამოცანაა, რომელიც მასწავლებელმა უნდა გამოიცნოს და მოძებნოს სწავლების მისთვის საუკეთესო
სტილი.

* სწავლება ისტორიის
მონაწილეებად გვხდის, მასწავლებლების ხელში ,,გაივლის” და მოსწავლეებს ,,გადაეცემათ”
ის ცოდნა, რომელსაც კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში აგროვებდა და ეს პროცესი
უსასრულოდ გაგრძელდება მომავალ ათასწლეულებშიც.

* სწავლება გვაძლევს
შანსს, ვიყოთ კრეატიულები და გამომგონებლები, ყოველდღიურად შევქმნათ რაიმე ღირებული
და გავაკეთოთ ახალი აღმოჩენა.

* სწავლება ახალ თაობებთან
გვაკავშირებს, გვაცნობს რა ჩვენი ქვეყნის ყოველ მომდევნო თაობას, დაგვაფიქრებს მთელი
მსოფლიოს ახალ თაობებზე. ჩვენ თვალწინ თაობები ტალღებივით მიედინება და ყოველთვის იქ
ვართ, სადაც სიახლეები ყველაზე მძაფრად ხდება და ამ სიახლეების შემოქმედებიც ვხდებით.
მასწავლებელი ყოველთვის ახალგაზრდად გრძნობს თავს, ის არასოდეს „ბერდება”, რადგან არ
იტანჯებიან.

* მასწავლებლებს გვაქვს
ყველაზე რეალური შანსი, საზოგადოება უკეთესობისაკენ შევცვალოთ.

*  წარმატებული სასწავლო პროცესისგან მასწავლებელი იღებს
კმაყოფილების სრულყოფილ გრძნობას, რომელიც ხშირად მეორდება და დადებითი ემოციებით მუხტავს
მას. რაზეც არ უნდა საუბრობდეს მასწავლებელი, მთავარი ყოველთვის არის ის, რასაც უყურებს
– მისკენ მიმართული მოსწავლეთა სახეები.

* მიუხედავად იმისა,
რომ ჩვენ არ ვქმნით პროდუქციას პირდაპირი გაგებით, სწავლება საოცრად პროდუქტიულია.
რომელი პროდუქცია შეედრება იმას, როცა ერთმანეთს შევადარებთ მოსწავლის ცოდნის დონეს
სასწავლო წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს და აღმოვაჩენთ იმ პროგრესს, რომელსაც
მოსწავლემ მიაღწია.
ცოდნის ამაღლებაასწორედ ის პროდუქტი, რომლის წარმოებაც მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია
არა მარტო ვაწარმოოთ პროდუქცია, არამედ გავზომოთ კიდეც ის.


v 

საკლასო ოთახის კარი
ყველასათვის ღიაა, ხოლო მასწავლებელი კაცობრიობის ამ საუკეთესო ნაწილის პორტალთან იმ
რწმენით დგას, რომ ყველა მოსწავლეში არის საოცარი ძალა და მას ნამდვილად შეუძლია გახდეს
წარმატებული ადამიანი.

ვინც ჩემზე იტყვის ლაღია, გინა ამბავი პერუელი ტერორისტისა

0

არი ეგეთი სურათი, ოცდაათიანების ევროპაში გადაღებული,
ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის გოგო დგას მხრებში გამართული, თითო ხელში კიდევ თითო საბელი
უჭირავს, მწევრებს იოკებს, წელშიგაზნექილებს, ჯიშიანებს, პატრონივით ალწაკიდებულებს.
გოგოა, ქალობისკენ ახლად ნაბიჯგადადგმული, ჯერაც უგნური და მთვრალი საკუთარი არსით,
აი, იმ ასაკში, ქალობა დიდი რამ ბედნიერება რომ ჰგონიათ, დედოფლობა, სხვათა მორჩილება
და თაყვანისცემა, არა დარდი, არა უცრემლო, გულგვამში ჩაბრუნებული ქვითინი და თვალღიად
შემოთენებული ღამეები.

ამ ერთი თვის წინ ღონიერად დაბერებული კაცი გავიცანი
ერთი, პერუელი, სამოცდაათს ჩასცდენოდა უკვე, ყურში სმენა დაჰკლებოდა, ოღონდ ჯანი –
ჯერ ვერ. ბეჭები ჰქონდა არშინით გასაზომი, მთელ დღეს იჯდა ჩემ წინ, როგორღაც მზეში
გამოყვანილი ჯიშის. იჯდა და ამბავს ჰყვებოდა ესპანურ-ფრანგულად, ფრანგულად რო დაავიწყდებოდა
რამე, ესპანურს მოიშველიებდა და ეგრე. ჰოდა, იჯდა ეს გარუჯული პერუელი და ჰყვებოდა
ამბავს ორი მაოელი ტერორისტისას და ერთ მონაგლეჯს მეოცე საუკუნის ისტორიისას.

 
იდგა წელი 1962, ჰოდა ერთი ჩვეულებრივი, ამაყი და ღარიბი ბიჭი პისკოში ჩავიდა. პორტი
იყო მაინც და ბედს ეძებდა ეტყობა, სახლიდან აბარგებული, ლიმასთან ახლოს სოფლიდან ახეტებული.
წამოსული და წამოსული. ეხლა აღარ მახსოვს, რატომ და ეგრეც შეაბოტა ერთ მშვენიერ დღეს
არც ისე მდიდრული სახლის ეზოში. ყველაფერზე ეტყობოდა, ძველი მოსდევდათ რაღაც, ოღონდ
ხელს უჭერდნენო, ძველმა გვარებმა იციან ეგრე, ქალები რო დარჩებიან მარტო ოჯახში, ჩაიხვევიან
რაღაცნაიარად, ჩაიკეტებიან და მწყემსად უდგებიან საკუთარ ბედს, უხმო წუხილში ხმებიანო
ნელა. ჭასთან კიდე ქალი დაინახა, ძველ, გულუბრყვილო, ისტორიულ ესპანეთზე გადაღებულ
ფილმებში როგორცაა, ისე, დაინახა და წლის თავზე ის ქალი ცოლი იყო უკვე მისი.

მანუელ პერერა ასპაუზას ოცდაერთი შესრულებოდა მაშინ,
მოიკომუნისტებდა, ოღონდ სტალინმოძულე მაოისტი გამხდარიყო, ქვეყნის გადაბრუნების დიდად
მსურველი, მე ხო რა, ერთი დღით ვნახე, – ამდენი წლის მერეც თვალნათლივ ეტყობა მაშინდელი
გამობრძმედილობის კვალი. თვალს რომ დავხუჭავ, ეგრეც წარმომიდგენია ახალგაზრდობაში,
შარვალში რევოლვერგაჩრილი, უმსუბუქესად, ფეხაკრეფით მოსიარულე, უჩქამოდ.

სულ დასაწყისში სურათი რომ ვთქვი, მწევრებიანი გოგოსი,
ის მოიყვანა ცოლად. ცოლსაც, სიდედრსაც ტუნისური პასპორტები ჰქონდათ, მაინც იცოდა, არაბები
არ იყვნენ, უფროსი ქალი – უფრო ჩრდილოელი, უმცროსი სამხრეთელი მეტად. უფროსი – უფრო
მკაცრი და მშრალი, დახვეწილიც უფრო, მოევროპულოდ, უმცროსი – ამაყი უსაშველოდ, ამპარტავანი;
ისე ჩავიდა საფლავში, რამდენი წლის იყო, ვერ დავტყუე ვერაფრითო, შემოგვღიმილა, კარგად
დაფარული სიხარულით. მერე როდის როდის გაიგო, სიდედრი შვეიცარიელი ბარონესა ყოფილა,
ცოლი – ქართველი გენერლის გოგო. და უყურებდა, როგორ ცხოვრობდა პერუში გადახვეწილი ორი
ქალი, როგორ ეფერებოდნენ მეოთხედი საუკუნის წინ გარდაცვლილი ქმრისა და მამის ამღვრეულ
ლანდს.

მერე გახდნენ სამნი. სამნი. სიდედრს ერქვა მართა, ვაჟს – მანუელ, ქალს – მარიამი, რა
თქმა უნდა. დღეს მანუელ პერერა ასპაუზამ ერთადერთი სიტყვა იცის ქართულად, ,,დედა”;
ეგრეც გვითხრა, მე ყველგან დედას ვიტყვი და თქვენ კიდევ დადექით და მართა იგულისხმეთო.
ძალიან უყვარდა მართას მანუელი, დაისვამდა და ამბებს უყვებოდა ხოლმე, ოღონდ ფრანგულად,
ესპანური უკვე ვეღარ ესწავლა, თუ აღარ. იჯდა მარიამი და თარგმნიდა. ოჯახის ამბებს.
იმისასაც, სურათიდან მომზირალისას და სხვებისასაც. მერე იყო კრებები ღამით, იარაღით
სირბილი და ტერორისტული აქტები. დაჭერა და გამოქცევა ციხიდან, გადამწვარი სახლი, ფეხით
გაქცევა ბოლივიაში, საფრანგეთის იქაური საელჩო და ბოლოს პარიზში ნაპოვნი თავშესაფარი.

ამ ათიოდე წლის წინ დაქვრივდა მანუელი, ცოლის სხეულს
კრემაცია გაუკეთა, პერუში ფერფლიც არ ჩაასვენებინეს; დედის გვერდით დავკრძალავო, უფიქრია,
– არ გამოვიდა. საფრანგეთი თვითონ არ უყვარდა თურმე მარიამს; რა უნდა მექნა, ავდექი
და აქეთ წამოვასვენეო. მეთქი, რატო, ახსენებდა, ენატრებოდა თვალით უნახავი სამშობლო
თუ რატო. არაო, მითხრა, რაღაცას გეტყვით და სწორად უნდა გამიგოთო, მეთქი, თქვი. იმანაც,
ერთი კვიატი სჭირდა ჩემ ცოლს, სულ ისე როცა შეიქმნებოდა, დანა კბილს არ უხსნიდა, ადგებოდა,
საგანგებოდ გადანახულ კაბას გადმოიღებდა, ოთახში ჩაიკეტებოდა და ქართულს ცეკვავდაო.
მარტო.

ადრეც ხო ვახსენე, ის, გენერალი მამა, ჰოდა, იმ დიდი
ომის დროს გერმანიაში მარიამის მამა ქართულ ლეგიონებს ადგენდა, შვილი კიდე, შეღერებული,
ქალობაში ფეხგადაბიჯებული შვილი, თან დაჰყავდა ყველგან. მამაილა იყო, მამას ნებიერა
და აბა როგორ. სახლსმონატრებულ ჯარისკაცებს ეცეკვებოდა თურმე იქ ქართულს მარიამი, ეგრე
ცეკვა-ცეკვით გადადიოდა თურმე ნაწილიდან ნაწილში მამა-შვილი. წაქცევამდე ცეკვავდნენ
თურმე. მანუელმა – უფრო მაგიტომ ჩამოსვენეო.

გურამიშვილს ვუხსნიდი იმ დღეს ჩემებს, ღვთისმშობლის
ტირილის სულ დასაწყისს, აი, შვილმკვდარი დედების ეპიზოდს. დარდი რა არი-მეთქი და ვერა
თქვეს, მიკიბ-მოკიბეს უშნოდ. ხან აქედან შემოვუარე, ხან იქიდან, ვერ გავაგებინე, რო
დარდი მარტო უსაშველო შეიძლება იყოს, რო მარტო ტარება შეიძლება მისი, რო დარდად მარტო
ის ითქმის, რაც რო მოურევნელია. მერე ავდექი და ამ ამბავს მოვუყევი.

მაშინ კიდე, მანუელს რო ვემშვიდობებოდით უკვე, მოვეწონეთ
როგორღაც, ფეხზე ვიდექით, ლაპარაკვერმოთავებულები, სათქმელგაგრძელებულები, ჰოდა ეგრეც
გამოგვიშვირა ჩვენ, ორ ქართველს, მობრინჯაოსფერო პერუელმა თავისი დაძარღვული ხელი,
თვალებში შემოგვხედა და მეო ინკა ვარო, იმ ძველების არისტოკრატული გვარის ჩამომავალიო,
ჩვენაო ოქრო გადავმალეთ, რო ესპანელებს ვერ მიეგნოთ, ხო იპოვეს აქა-იქ მაინც, მაგრამ
ეგ ზღვაში წვეთიაო, ჰყვებოდა სიხარულით. თვითონ სოფელში დაბადებულიყო, როგორც ადრევე
ვთქვი, ლიმას მახლობლად, იქაურობის სახელი ალბათ ოქროვანად მოქართულდება, ეამაყებოდა
ეგეც. ჰოდა, იმას ვამბობდი, ხელი გამოგვიშვირა და მთელი სერიოზულობით გვითხრა, თუ იცით,
რით განსხვავდება ინკების მოდგმის პერუელი ესპანური მოდგმის პერუელისგანო. აბა საიდან
უნდა გვცოდნოდა, იმან კიდე დაბერილ ძარღვებზე დაგვახედა და – ჩვენ სისხლს სხვა ფერი
აქ, ოქრო დაჰყვებაო. მე კიდე ვიდექი და ვფიქრობდი, როგორ ჰგავს-მეთქი ეს ჩემზე ერთი
თავით დაბალი კაცი იმას, მასავით გადარეულს და მასავით პერუელს, დიდ ლიოსას. მეთქი,
მჯერა.

გაკვეთილი და მოდულური ტექნოლოგიები

0

საგანმანათლებლო პროცესის მთავარი მიზანი ინტელექტუალური, დამოუკიდებელი ადამიანის აღზრდაა, რისთვისაც მრავალგვარი საგანმანათლებლო პროგრამა და მათი ადეკვატური სასწავლო ტექნოლოგიებია შექმნილი.

ბლოკმოდულური სწავლება წარმოადგენს სწავლების ტრადიციულისგან განსხვავებულ, ალტერნატიულ სისტემას, რომლის ძირითადი მიზანი ასე შეიძლება განისაზღვროს:„გადავაქციოთ მოსწავლის საქმიანობა მის თვითშემოქმედებად”. მოდულური სწავლებისას, სხვა სისტემებისგან განსხვავებით:


·

სწავლების შინაარსი წარმოდგენილია დამთავრებული, დამოუკიდებელი ბლოკების (კომპლექსური თემების, საინფორმაციო ბლოკების) სახით;


·

მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან ინდივიდუალური ხასიათისაა;


·

მოსწავლე ყველაზე მეტ დროს დამოუკიდებელ სამუშაოს ანდომებს, რაც საშუალებას აძლევს მას, განსაზღვროს თავისი ცოდნის დონე, დაინახოს „ჩავარდნები” ცოდნასა და უნარებში.

მოდულური სწავლება საშუალებას გვაძლევს:


·

გავააქტიუროთ სასწავლო პროცესი;


·

გავზარდოთ შესასწავლი მასალის ათვისების დონე;


·

ავამაღლოთ სწავლის მოტივაცია;


·

განვავითაროთ თანამშრომლობითი და საქმიანი ურთიერთობებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;


·

შევძლოთ სწავლის შინაარსის ინდივიდუალიზაცია და სწავლების რაციონალიზაცია.

მოდულური სწავლებისას მნიშვნელოვანი მომენტია სწავლების რაციონალიზაციია, რადგან მისი არსია:


ü

სწავლების შინაარსის ინდივიდუალურობა;


ü

მოსწავლის მიერ სწავლის გზებისა და ტემპის (დროის მონაკვეთი) დამოუკიდებლად არჩევა;


ü

სწავლის პროცესის მუდმივი კორექციის შესაძლებლობა (კონტროლისა და თვითკონტროლის განხორციელებით).

მოდულური სწავლების მოსალოდნელი შედეგია: ა) მოსწავლემ შეძლოს ცოდნის შემოქმედებითად, დამოუკიდებლად მოიპოვება; ბ) ჩასწვდეს მოვლენათა, საგანთა არსს, გააანალიზოს და განაზოგადოს ისინი.

რა საზოგადო პრინციპები აქვს მოდულურ სწავლებას? ესენია: მოდულობა; სწავლის შინაარსიდან ცალკეული ელემენტების გამოყოფა; დინამიკურობა; პარიტეტულობა; მრავალმხრივობა და მეთოდური კონსულტირება; მოსალოდნელი პერსპექტივების განჭვრეტა; ცოდნის ეფექტურობა და მოქნილობა. ვინაიდან მოსწავლე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, თავისი საქმიანობის აქტიური სუბიექტია, ამ პრინციპების განხორციელება მისთვის აუცილებელია. მოსწავლის პოზიცია – ეს ხომ სრულფასოვანი სუბიექტის პოზიციაა, რომელიც მოღვაწეობისას საქმიანობის ყველა ეტაპს გადის: მიზანმიმართულობას, დაგეგმვას, რეალიზაციას, განსაზღვრავს საქმიანობის მიზანსა და შედეგს (რეზულტატს).

რა არის მოდული?იგი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერთგვარი კვანძი, რომელიც თავს უყრის სწავლების შინაარსსა და სწავლების ტექნოლოგიას:


სწავლების ასეთი ფორმის დროს სასწავლო პროცესი დინამიკურად ვითარდება ყველა მიმართულებით (მოსწავლე – მასწავლებელი – კლასი), ხოლო მასწავლებლის ფუნქციური დანიშნულება საინფორმაციო-მაკონტროლებელი პოზიციიდან კონსულტანტ-კოორდინატორის ფუნქციისკენ მიემართება, თავად ურთიერთობა კი მოსწავლე-მასწავლებელს შორის მიმდინარეობს მოდულის მეშვეობით.


როგორია
მასწავლებლის სამოქმედო გეგმა მოდულური სწავლებისას?

მოდულური სწავლებისას (ანუ მთლიანი კურსის, მთელი მასალის
თემატურ ბლოკებად დაგეგმვისას), უპირველესად, ყოველი მოდულის დიდაქტიკური მიზანი (თდმ)
განისაზღვრება, მერე კი მთლიანი, საერთო კომპლექსური, ინტეგრირებული მიზანი (იდმ).
თავის მხრივ, იდმ-ის მოდულს შესაძლოა ჰქონდეს თავისი კერძო, დიდაქტიკური მიზანი (კდმ),
რომლის (კდმ-ის) საფუძველზეც შემდეგ ხდება ცალკეული სასწავლო ელემენტების (სე) ფიქსირებაც.
ყოველ კერძო დიდაქტიკურ მიზანს შეესაბამება ერთი სასწავლო ელემენტი, რის შედეგადაც
ვიღებთ მიზნების მთელ წყებას: თდმ-იდმ-სედმ-კდმ-სე.

ძირითადი მასალის თემებად კონცენტრირება დამოუკიდებელი
მუშაობისას (ინდივიდუალურადაც და ერთობლივადაც) შეიცავს გარკვეულ უპირატესობას მასალის
უკეთ ათვისების კუთხით. მისი მეშვეობით ადვილია მთელი მასალის ერთიანობაში წარმოდგენა,
მისი პრაქტიკული მნიშვნელობის გაცნობიერება. გაკვეთილების ზოგად თემებად დაყოფა ასევე
კარგია სწავლის კონსტრუირებისთვის, რადგან გამოკვეთს იმ მასალას, რომელიც მოსალოდნელ
შედეგებს შეესაბამება. ამავდროულად იგი ეფექტური საშუალებაა დამოუკიდებელი კვლევისა
და მიღებული შედეგების განხილვისთვის.

მასალის
ზოგად თემატურ ბლოკებად შესწავლისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის დაცვა:
სასწავლო პროცესის მკაცრი ორგანიზაცია; მთლიანი ბლოკის
მიზნისა და ამოცანის განსაზღვრა; შესაბამისი მეთოდების შერჩევა; დამოუკიდებელ მუშაობაში
მოსწავლეთა ფართო ჩართულობა და კომბინირებული საშუალებები – ისეთი, როგორიცაა წერილობითი
პასუხი, ზეპირი გადმოცემა, ურთიერთკონტროლი და მასწავლებლისადმი მოსწავლის რწმენა.

ყოველ თემატურ ბლოკში გამოიყოფა რამდენიმე მოდული:

1-ელი მოდული(1-2 გაკვეთილი) – მასწავლებლის მიერ თემის ძირითადი საკითხების ზეპირი გადმოცემა,
ძირითადი ცნებების განმარტება;

მე-2 მოდული(3-5 გაკვეთილი) – დამოუკიდებელი და პრაქტიკული სამუშაო, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის
ხელმძღვანელობით მუშაობენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე, შეიმუშავებენ თხზულების
მასალას, განიხილავენ. ამ ეტაპზე ეფექტურია პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება, კონფერენციების,
თამაშების, პრეზენტაციების გამართვა;

მე-3 მოდული(1-2 გაკვეთილი) – თემის განმეორება და განზოგადება;

მე-4 მოდული(1-2 გაკვეთილი) – მთლიანი თემის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის კონტროლი/შემოწმება.

როგორ ხდება შეფასება მოდულური სწავლებისას: ამ დროსმთავარია არა კრიტიკა, არამედ სწავლებისთვის კომფორტული
გარემოს შექმნა, წარმატების განცდა და მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
მთავარია, მოსწავლე გაცდეს სავალდებულო მინიმუმის ჩარჩოებს, რაც დასახული მიზნისკენ
მიმავალი პირველი ნაბიჯი იქნება. აქ გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება
– „კარგია” და „ შესანიშნავია” [შეფასების ეს სისტემა, საზოგადოდ, შეიძლება გამოვიყენოთ
ცოდნის თითოეული საფეხურისთვის (ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება)].

 

განვიხილოთ შეფასების აღნიშნული სისტემა ისტორიის საგნის
მაგალითზე: 


ამის კვალობაზე, შეფასების
ფურცელს ექნება ასეთი სახე: 

სახელი, გვარი

სე -1

სე-2

სე-3

სე-4

სე-5

სე-6

შედეგები

შეფასება

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოდულური სწავლების პრინციპს
როგორც ალტერნატიული სწავლების ტექნოლოგიას საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს.
ასეთ გაკვეთილებზე საუკეთესო პირობებია ცოდნის ათვისებისთვის,
მოსწავლეთა ყურადღება მაქსიმალურია, თვალში საცემია სამუშაო გარემოს კომფორტულობაც.
მოსწავლეებს აქვთ ინდივიდუალური და თვითრეალიზაციის საშუალება, თვითკონტროლის გზით
კი შეუძლიათ მოდულის ათვისების ხელშემშლელი ფაქტორებს გამოვლენა. და ყოველივე ეს საუკეთესო
გზაა საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად – მოსწავლის მოტივაციისა თუ სწავლების ხარისხის
ასამაღლებლად, ცოდნის დასაუფლებლად. 


მოსწავლეთა ლიტერატურული ინტერესების განვითარება

0

დიმიტრი უზნაძისა და შარლოტა ბიულერის კვლევებზე დაყრდნობით

არდადეგების პერიოდში მშობლებისა და პედაგოგების განსაკუთრებული საზრუნავია ბავშვებისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევა. იმისთვის, რომ ბავშვი წიგნმა გაიტაცოს და კითხვა შეუყვარდეს, ძალზე მნიშვნელოვანია, საკითხავი ლიტერატურა მის ინტერესებსა და ასაკს შეესატყვისებოდეს.

დ. უზნაძემ მოსწავლეთა ინტერესების სფეროები ლიტერატურული ინტერესების განვითარებაზე დაყრდნობით იკვლია. აღნიშნული კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში დამუშავდა. 

კვლევის მონაცემების თანახმად, 8-9 წლის ბავშვი მეტი ხალისით კითხულობს იმ  წიგნს, რომლის სიუჟეტიც მისი თანატოლის ცხოვრებას, მის ყოველდღიურ გამოცდილებას  ასახავს. შესწავლილი ბავშვების 41,3% სწორედ ამ მოტივით ანიჭებდა წიგნებს უპირატესობას. 18,4% პროცენტისთვის მომხიბვლელი გახლდათ ზღაპრული შინარსი, მაგრამ ორივე შემთხვევაში წამყვანი პირობა წიგნში მხიარული ეპიზოდების ან იუმორისტული სცენების არსებობა იყო.  უზნაძის თანახმად, „ბავშვს ცრემლი და უბედურება არც წიგნში არ უყვარს, იგი მასში უსიამოვნო ნალექს ტოვებს, და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წიგნი იმ წიგნთა სიაში მოაქციოს, რომელიც განსაკუთრებით არ მოსწონს” (უზნაძე, 2005, გვ 491).

ამ ორთან ერთად უზნაძე ხაზს უსვამს კიდევ ერთ ფაქტორს – წიგნი, მასში არსებული ლექსიკა ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს, ვინაიდან იმის შესახებ, მოეწონა თუ არა წიგნში აღწერილი სიუჟეტი, გამოიწვია თუ არა მასში ღიმილი, ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებს, თუ წაკითხული კარგად გაიგო. 

ბავშვისთვის ახალშეძენილი ჩვევა და მასში დახელოვნება, საზოგადოდ, სასიამოვნოა, ამიტომაც მას ისეთი წიგნი მოსწონს, რომელიც ამ პირობის ამოქმედების საშუალებას აძლევს, კერძოდ, გასაგებია და სასიამოვნო. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს რისკი, ბავშვს კითხვის ხალისი თავიდანვე ჩაუქრეს.

8-9 წლის ბავშვები წიგნის დადებით მხარედ ილუსტრაციებსა და დიდ შრიფტსაც ასახელებდნენ.

საინტერესოა, რომ წიგნის ზღაპრული, ფანტასტიკური შინაარსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 9-10 წლის ბავშვებისთვის ხდება. მოწონებულ წიგნს უპირატესობას ფანტასტიკური, ზღაპრული შინაარსის გამო მოსწავლეთა 31,6% ანიჭებდა, მაშინ როდესაც მომდევნო ასაკში ეს მოტივი 5,9%-მდე ეცემოდა. არმოწონების მიზეზებზე საუბრისას ბავშვები ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ ზღაპრის სიუჟეტი სინამდვილეში არასოდეს ხდება.
ამავე, 9-10 წლის ასაკში ბავშვს ახალი ინტერესი უჩნდება – ეს არის ფათერაკი, მოქმედი გმირის მოხერხებულობა, სახიფათო სიტუაციისგან თავის დაღწევა  ან ბოროტებასთან ბრძოლა. 

გერმანელმა ბავშვთა ფსიქოლოგმა შარლოტა  ბიულერმა ამის სადემონსტრაციოდ რობინზონ კრუზოს ტიპის ნაწარმოებისადმი ინტერესის დინამიკა წარმოადგინა. მან 8000 ბავშვის ლიტერატურული ინტერესების შესწავლისას შემდეგი მონაცემები მიიღო:

 

ასაკი

8-9

9-10

10-11

11-12

12-13

13-14

14-15

15-16

16-17

17-18

გოგონა

10

13

18

16

16

11

4

2

1


ვაჟი


4

12

12

10

6

4

1



როგორც ცხრილიდანაც ჩანს, აღნიშნული ნაწარმოები განსაკუთრებით პოპულარულია 10-11 წლის ბავშვებს შორის, რომელთაც სიუჟეტში ადამიანის მოხერხებულობა და გამჭრიახობა ხიბლავთ. 
11-12 წლის ბავშვები კიდევ ერთი სიუჟეტით ინტერესდებიან. კერძოდ, გმირის მიერ განხორციელებული ალტრუისტული ქცევით. ამგვარ სიუჟეტს ამ ასაკის ბავშვების 17% ანიჭებდა უპირატესობას.
რამდენადმე იცვლება სურათი 12-13 წლის ასაკში. ამ ასაკის ბავშვები ალტრუისტულმა ქცევამ რომ დააინტერესოს, ის თავგანწირვასა და გმირობას, მაღალი ღირებულებებისკენ სწრაფვას უნდა აღწერდეს. ეს განსაკუთრებით რაინდთა თქმულებების ლიტერატურულ ჟანრს ახასიათებს. რაინდთა ისტორიებისადმი ინტერესი სასკოლო ასაკში ცხრილის სახით არის წარმოდგენილი (შ. ბიულერის მონაცემები):

 

ასაკი

8-9

9-10

10-11

11-12

12-13

13-14

14-15

15-16

16-17

17-18

გოგონა

2

9

13

16

12

7

2

3

2

2

ვაჟი

2

3

6

13

15

5

3

1

1


საინტერესოა ისიც, რომ ეს ინტერესი 14 წლამდე ნარჩუნდება.

დ. უზნაძის კვლევის მონაცემების თანახმად,  რაინდთა ისტორიებისადმი  ინტერესი მაქსიმალურ დონეს 13-14 წლის ასაკში აღწევდა.
ამგვარ განსხვავებას უზნაძე განსხვავებული საკვლევი ობიექტით ხსნიდა. კერძოდ, შ. ბიულერი
აღნუსხავდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებში თითოეული ჟანრის წაკითხვის ინტენსივობას, დ.
უზნაძე კი ნაწარმოებების მოწონების მოტივებს იკვლევდა.

11-12 წლიდან ბავშვებს უჩნდებათ ახალი, უცნობი რეალობის
შეცნობის სურვილი, ამიტომ იმგვარ საკითხავ ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც
რომელიმე რეალური სფეროს შედარებით ღრმად შესწავლის შესაძლებლობას იძლევა და ინტელექტუალურ
მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ამგვარ ლიტერატურას ბავშვების 20,9% ანიჭებდა უპირატესობას.

12-13 წლის ბავშვებთან კვლავ დიდ ინტერესს იწვევს თავგადასავლები,
ოღონდ, 9-10 წლისებისგან განსხვავებით, სახიფათო სიტუაციებისგან თავის დაღწევის პროცესი
მეტად ხიბლავთ, ვიდრე თავისთავად წარმატებით დაგვირგვინებული სიუჟეტი. კვლევის ერთ-ერთი
მონაწილე წიგნის მიმართ ინტერესის მოტივს ამგვარად ასაბუთებდა: „მომეწონა, როგორც მოგზაურობდნენო”.
პერსონაჟის მიმართ სიმპათიას კი მისი ფიზიკური ძალ-ღონე, ვაჟკაცობა და გამბედაობა განაპირობებდა.

უზნაძე მიმოიხილავს კესტერის კვლევებსაც. რომელთა თანახმადაც,
6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებს უმთავრესად ზღაპრები ხიბლავთ და ამ პერიოდს მეცნიერი
 ზღაპრის ხანას უწოდებს. 10-დან 13 წლამდე მოზარდები
უპირატესობას სათავგადასავლო ამბებს, მოგზაურთა ცხოვრებასა და  სამხედრო ისტორიებს ანიჭებენ. განსხვავებული სურათია
გოგონებთან: მათ 10 წლიდან სენტიმენტალური სიუჟეტი იტაცებთ. 14-17 წლიდან ბავშვები
უმთავრესად ავანტიურისტული და დეტექტიური სიუჟეტებით იხიბლებიან, აგრეთვე ისტორიული
და რეალისტური შინაარსის ნაწარმოებებითაც. კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე კი, კესტერის
მოსაზრებით, ინტერესი ტექნიკურ, ფილოსოფიურ და ისტორიულ ლიტერატურაზე გადადის, გოგონების
შემთხვევაში კი ინტერესთა სფეროს  რომანებიც
ემატება.

უზანაძე ინტერესთა მსგავს ცვალებადობას ბავშვის ასაკობრივი
თავისებურებებით ხსნის, რაც ვლინდება კიდეც სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის
მონაცემების მსგავსებით. უზნაძე ინტერესების განვითარებას სხვა სფეროებზეც განაზოგადებს
და ასკვნის, რომ ინტერესების ამგვარი განვითარება სპექტაკლებისა და კინოფილმების მიმართაც
ნარჩუნდება.

დ. უზნაძის, შ. ბიულერის მიერ ჩატარებული კვლევების
მონაცემები ალბათ დიდ დახმარებას გაუწევს მკითხველს   არდადეგების განმავლობაში ბავშვებისთვის საკითხავი
ლიტერატურის შერჩევაში.

სპარსული ლექსი

0
პატარაობისას ხშირად ვოცნებობდი უცხო ქვეყნებში მოგზაურობაზე. საოცრად მიზიდავდა თავგადასავლები და მთელი გულით მჯეროდა, რომ სადღაც სხვაგან უფრო კარგია, ვიდრე აქ, ჩემს სამშობლოში. ჩვენი თაობის ბავშვობამ თბილისისა თუ აფხაზეთის ომსა და ჩაბნელებულ სახლებში ჩაიარა. იქ, სადღაც კი ყველაფერი ისეთი ლამაზი და ფერადი ჩანდა… საბჭოთა ადამიანს მაშინ ვერც კი წარმოედგინა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისთვის მთელი მსოფლიოს კარი გაიღებოდა და ისიც თავისუფალი მოქალაქე იქნებოდა. სამწუხაროდ, ბავშვობისდროინდელი ოცნება ჯერაც ვერ ავიხდინე, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ვიდრე სხვაგან წახვალ, კარგად უნდა გაიცნო საკუთარი. 

თანამედროვე ქართველებისთვის ევროპა ყველაზე მიმზიდველი და მისაბაძია. გასაკვირი როდია – ჩვენი წინაპრებიც ხომ გამუდმებით დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობას ესწრაფოდნენ. რუსეთთან შეერთების შემდეგ ევროპული კულტურა ნაწილობრივ აღწევდა ჩვენამდე, უფრო – გაფილტრული სახით, ამიტომ ქართველობა გამუდმებით ცდილობდა, ევროპასთან პირდაპირი კავშირი ჰქონოდა. არჩევანი საუკუნეების წინ გავაკეთეთ და დღესაც მის დასაცავად ვიბრძვით. ევროპა ისევ ახლოსაა და თანაც შორს. ბევრი ქართველი გეტყვით, რომ ოცნებობს პარიზის, რომის, ლონდონის, ბერლინის მონახულებაზე. ჩვენ გვიყვარს ევროპული თავისუფლება. მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ქართულ კულტურას, რომელსაც დღეს დასავლურის, ევროპულის ნაწილად მოვიაზრებთ, თავის დროზე დიდი ღვაწლი დასდო აღმოსავლეთმა. ჩემი აზრით, ქართველი მენტალურად აღმოსავლელი უფროა, ვიდრე ევროპელი. მოგზაურობა ვახსენე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად ჩემი საბერძნეთის შემდეგ სწორედ აღმოსავლეთის ქვეყნები მაინტერესებს, ის უძველესი ადგილები, სადაც ოდესღაც მსოფლიოს ნახევარი გული ძგერდა. 

XI-XII საუკუნეების საქართველოს ცოცხალი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ქრისტიან და მუსლიმან ხალხებთან. ივ. ჯავახიშვილი წერს: „თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველო სხვადასხვა მაჰმადიანთა სამთავროებს და სპარსეთს ებრძოდა, პოეზია და კულტურა ქართველ-სპარსთა სულიერს ერთობას ჰქმნიდა და მტრობის მაგიერ სიყვარულს თესავდა. ქართველებისთვის სპარსული კულტურა უცხო რამე არა ყოფილა და თავისი პოლიტიკური მტრების მწერლობას, მეცნიერებასა და ხელოვნებას ისინი დიდ პატივს სცემდნენ”. ეს სიტყვები ბევრ ქართველს დააფიქრებს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, რომ ხელოვნება, ლიტერატურა ისეთი ფენომენია, რომელსაც მტრობის სიკეთად გარდაქმნაც კი ძალუძს. პოლიტიკას ერთი შეხედვით საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს კულტურათა გაცვლასთან, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის ასე როდია.

ქართულ ენაზე ითარგმნებოდა, ერთი მხრივ, ჰომეროსი, მეორე მხრივ კი სპარსელ-ტაჯიკ-აზერბაიჯანელ პოეტთა თხზულებანი. არსებობს მოსაზრებაც, რომ ქართული საზოგადოება უფრო კარგად იცნობდა სპარსელ კლასიკოსებს, ვიდრე თავად სპარსელები. 

სპარსეთი რომ უძველესი და ძალზე საინტერესო კულტურის კერაა, აქ, ვფიქრობ, მკითხველიც დაგვეთანხმება. საქართველომ კი მართლაც ბევრი რამ შეითვისა მეზობლისაგან.

როგორც ვიცით, XV-XVI საუკუნეებიდან საქართველო სპარსეთის მფლობელობაში იმყოფებოდა. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების სატრანზიტო გზებმა სამხრეთისკენ გადაინაცვლა. საქართველო მოსწყდა ევროპულ კულტურას და მუსლიმანური იმპერიების ხელში ჩავარდა. სპარსელები ქართველთა წინააღმდეგ ყველანაირ იარაღს იყენებდნენ. ცდილობდნენ, თავს მოეხვიათ ენა, რელიგია, წესწყობილება. დახმარება ევროპიდან აგვიანებდა, „დიდი რუსი ხალხი” კი მუდამ მზად იყო ჩვენს საშველად. დამპყრობელი ცდილობდა, თავისი იდეოლოგია, დამწერლობა თავს მოეხვია ქართველთათვის. განსაკუთრებით საშიში იყო სპარსეთი. თავად-აზნაურები გატაცებული იყვნენ სპარსული სალაღობო პოეზიით. თეიმურაზ პირველი დაუფარავად აცხადებდა: „სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი… მძიმე არს ენა ქართველთაო”. ძნელია, ამ მოსაზრებას დაეთანხმო… მე როგორც ერთ ქართველს მიმაჩნია, რომ ქართული ძალიან მოქნილი, ლაზათიანი და სიტყვაუხვი ენაა, რომელიც ზუსტად გამოხატავს მწერლის ემოციას და აღწევს მკითხველამდე. 

სპარსული ლექსები პირველად რომ წავიკითხე, მოვიხიბლე და ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს უცხოტომელის კი არა, ქართველი ავტორის შემოქმედებას ვეცნობოდი. სპარსული პოეზია მხოლოდ სალაღობო და ყურის დამატკბობელი როდია; მასში ძალიან დიდი სიბრძნეა ჩაქსოვილი. არ ვიცი, როგორ ჟღერს ეს ლექსები ორიგინალურ ენაზე, მაგრამ ქართული რომ ძალიან უხდება, ვფიქრობ, თქვენც დამეთანხმებით.

აი, სწორედ ახლა ხელთ მაქვს სპარსული პოეზიის ნიმუშები – მაგალი თოდუას თარგმანი, რომელიც 1980 წელს დაისტამბა და ამ სახის პირველი გამოცემა გახლდათ. რამდენიმე ავტორი თანამედროვეთა თარგმანშიც ვნახე, მაგრამ ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მომეწონა. 

პოეზიის მოყვარულთ, რასაკვირველია, ერთხელ მაინც წაუკითხავთ სპარსული ლექსი, რომელიც ასე ლამაზად ჟღერს:
ჰაფეზი, „წუთისოფელი”
ხომ ნახე უკვე წუთისოფელი,
რარიგ ბილწი და რარიგ ფლიდია?!
დრო ცოტა დაგვრჩა, მოვასწროთ, თორემ
ცოტა გვახაროს, ისიც დიდია.
საწუთროს ნუ სწუხ, მასზე ვიწუხოთ, 
ეგ ჩვენი გზები საით მიდიან?
ხვალ რა მოგველის, არავინ ვუწყით
სიცოცხლე ჩვენი ბეწვზე ჰკიდია.
ჰაფეზი (შამს-ედ-დინ მოჰამედ შირაზი ჰაფეზი), პოეტი, რომლის ლექსიც სპარსული კლასიკური პოეზიის საუკეთესო ნიმუშია, მოღვაწეობდა 1320-1389 წლებში, მისი საფლავი კი დღესაც წმინდა ადგილად მიაჩნიათ ირანელებს. მე-19 საუკუნის ევროპაში ძალზე პოპულარული იყო მისი ლირიკა. გოეთემ ერთ-ერთ წიგნს „ჰაფეზის წიგნი” უწოდა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა ამ პოეტის მიმართ. ძალიან კარგი თარგმანი აქვს ვახუშტი კოტეტიშვილს, რომელმაც ქართული სულიც ჩაბერა სპარსულ ლექსს. 

კიდევ ერთი ავტორი, რომლის შემოქმედებაც ქართველი მკითხველისთვის უცხო არ უნდა იყოს, ჯალალედინ რუმია (1207-1273). პოეტი, რომლის შემოქმედება ადვილად აღწევს ადამიანის გულში, რადგან სავსეა სიკეთით, სიყვარულითა და პოეტური გულწრფელობით. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ იგი სუფიზმის მიმდევარი იყო და ქადაგებდა მშვიდობას, ერთმანეთის სიყვარულს, მიტევებას. ისლამისტებისგან განსხვავებით, სუფისტები ასკეტურ ცხოვრებას მისდევენ, თუმცა ჯალალედინ რუმი ასკეტი არ ყოფილა. 

ჯალალედინ რუმი, „განა არ იცი?”
მე ქვა ვიყავი,
მოვკვდი ქვა და მცენარედ მოველ,
მოვკვდი მცენარეც
და ბუნაგი ცხოველში ვპოვე.
მოვკვდი ცხოველიც და ვიქეცი ადამის ტომად.
მოვკვდები აქაც, მაგრამ განა მაძრწუნებს კვდომა!
გარდავიცვლები ახალ დღეთა იმედით მთენი, 
რომ ანგელოზის გამომესხას მსუბუქი ფრთენი.
და ერთ დღეს, როცა ანგელოზის დადგება რიგიც,
არავინ იცის, იქ რა მელის, რა არის იქით…
წერილი მოგზაურობაზე საუბრით დავიწყე, რომ არავის გაჰკვირვებოდა ჩემი ესოდენ დიდი სურვილი აღმოსავლური კულტურის გაცნობისა. ალბათ, ოცნების ასრულებას ჭრელა-ჭრულა აღმოსავლეთით დავიწყებ. ეს სურვილი უფრო მეტად გამიმძაფრდა მას შემდეგ, რაც სპარსული ლექსები შევიყვარე. ვფიქრობ, სპარსული პოეზია ძალიან საყურადღებო პოეტურ ნიმუშებს შეიცავს, რომლებიც ლიტერატურის მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესო იქნება. გარდა ამისა, ეს არის ლექსი, რომელიც სავსეა სიმსუბუქით, სიმშვიდით, თითოეული ტაეპის მიღმა კი მკითხველი შემოქმედის გულისცემას გრძნობს.

„მგორავი ქვები“ და მათი დაბრუნება

0

„Rolling Stone Gathers No Moss” – ეს ინგლისური გამოთქმა
ქართულად დაახლოებით ამგვარად ითარგმნება: აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო. ილია
ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებიც” გეხსომებათ – მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა, ჩემო
თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემიო… ქვეყნისა არ ვიცი, ჩემთვის კი ნამდვილად
ასეა. ჯერ ერთი, ძალიან ბევრს დავდივარ, მეორე – ვცდილობ, ერთ დონეზე არ გავჩერდე და
განვითარების გზა ვეძებო ყველგან, სამუშაო იქნება ეს, სწავლა, მუსიკა თუ აქ, ამ ბლოგზე
წერა.

ცოტა ხნის წინ, როცა სტამბოლის აეროპორტის გავლით შვედეთიდან
ვბრუნდებოდი, ერთ-ერთ მაღაზიაში მუსიკალური ჟურნალების დიდ კოლექციას წავაწყდი. სწორედ
იქ შევიძინე ჟურნალი „The Rolling Stone”, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან
გამოცემად ითვლება მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. 23 მაისით დათარიღებული ნომრის პირველ
გვერდზე ამ ჟურნალის სეხნია ჯგუფი, 60-70-იანი წლების როკენროლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი,
„The Rolling Stones”-ი იყო აღბეჭდილი. ამ ლეგენდარულმა ჯგუფმა და ჟურნალმა შთამაგონეს
ეს პოსტიც.

Rolling Stone-ს, „აგორებულ ქვას”, ისეთ ადამიანს უწოდებენ,
რომელსაც ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია და მუდამ ახლის ძიებაშია. მიკ ჯაგერი, კიტ
რიჩარდსი, ჩარლზ უოტსი და რონი ვუდი სწორედ ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ და, როგორც
ჩანს, მუდმივი სიახლის ძიებით მოახერხეს ჯგუფის ასე დიდხანს შენარჩუნება. დიახ, თუ
მცირე ცვლილებებს არ ჩავთვლით (რომლებიც ზოგჯერ ტრაგიკულიც გახლდათ), „The Rolling
Stones” უკვე 51 წელია დგას სცენაზე. ეს უდავო რეკორდია როკჯგუფებს შორის.


„როლინგების” (როგორც ჩვენთან უყვართ ხოლმე თქმა) ისტორია
1962 წელს იწყება. მაშინ ბენდში ბრაიან ჯონსი, მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, იან სტიუარტი,
ბილი უილმანი და ჩარლი უოტსი ირიცხებოდნენ. პირველი წარმატება ჯგუფს სამოციანი წლების
შუაში ეწვია – პირველმა სამმა ალბომმა „როლინგებს” არნახული პოპულარობა მოუტანა. შემდეგ
იყო დიდი ტრაგედია – 1969 წელს გარდაიცვალა ბენდის 27 წლის ლიდერი, ბრაიან ჯონსი (მიზეზი,
როგორც ჩანს, ნარკოდამოკიდებულება იყო). სწორედ ბრაიან ჯონსმა დაუდო სათავე მითს „27-ელთა
კლუბის” შესახებ. ამ ვირტუალურ კლუბში აერთიანებენ მუსიკოსებს, რომლებიც 27 წლის ასაკში
დაიღუპნენ: ჯიმი ჰენდრიქსს, ჯენის ჯოპლინს, ჯიმ მორისონს, ოდნავ მოგვიანებით – კურტ
კობეინს…

ჯონსის გარდაცვალებას ჯაგერისა და რიჩარდსის დუეტის
„გალიდერება” მოჰყვა. სწორედ ამ ორმა, ჩარლი უოტსა და რონი ვუდთან ერთად, მოიყვანა
ბენდი დღემდე. დღეს მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა ვუდია – 66 წლის. კიტი და მიკი
69-სა არიან. ჩარლი ყველაზე ხანდაზმულია – 72 წლისაც კი არ ანებებს დასარტყამ ინსტრუმენტებს.
თანაც არცთუ ურიგოდ გამოსდის.

კიტ რიჩარდსი ჟურნალ „Rolling Stone”-ისთვის მიცემულ
ინტერვიუში ამბობს: „ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფი გატყდა, მაგრამ მისი შეკეთება შესაძლებელია”.
რა თქმა უნდა, ურთულესია დაუკრა ცოცხლად 70 წლისამ (სავარაუდოდ, სწორედ ამას გულისხმობს
რიჩარდსი ბენდის „გატეხვაზე” ლაპარაკისას). მიუხედავად ამისა, „როლინგები” დღესაც აგრძელებენ
წარმატებულ ტურნეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.


2012-ში, როდესაც ბენდს 50 წელი შეუსრულდა, მან საკუთარი
კომპოზიციების ახალი ნაკრები გამოუშვა, სათაურით: „GRRR”. ალბომში რამდენიმე ათეული
ძველი და ორი ახალი სიმღერა – „Doom and Gloom” და „One More Shot” – შევიდა. მიუხედავად
ასაკისა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის განწყობა და სული, რომელიც მრავალი ათეული
წელია მოსდევთ, ბენდის წევრებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.

ჩემთვის „როლინგები” ისტორიაა, რომელიც დროდადრო მეორდება.
კარგი ალბომები, შემდეგ – პაუზა, რომლის დროსაც ბენდის წევრები სოლო ალბომების კეთებით
არიან დაკავებული, უთანხმოებები, ბევრი ნარკოტიკი, შერიგება, დაბრუნება, ახალი ალბომი,
მეტი წარმატება, კიდევ ერთი პაუზა… და შემდეგ ყველაფერი თავიდან… კიტ რიჩარდსი
და მიკ ჯაგერი დღესაც აღიარებენ, რომ ერთმანეთთან ადრინდელი ურთიერთობა აღარ აქვთ (ისინი
ბავშვობის მეგობრები არიან). ბოლო გაერთიანების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე, იყვნენ
თუ არა მიკი და კიტ რიჩარდსი „უწინდებურად ძმები”, ჯაგერმა უპასუხა: „მე ძმა მყავს;
კიტი და მე უბრალოდ ერთად ვმუშაობთ”.

როგორც ხედავთ, საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობენ 🙂 თანაც,
ასაკის კვალობაზე, სცენაზე იდეალურად დგანან და უკრავენ. გასაკვირია, რომ წარსულში
სერიოზული ნარკოდამოკიდებულების, ალკოჰოლის ზემოქმედების, გადატვირთული გრაფიკის, ათეულობით
წლის მუშაობისა და, ბოლოს, ასაკის მიუხედავად, „The Rolling Stones” დღემდე ძალიან
კარგ ფორმაშია და დაუვიწყარ კონცერტებს მართაფვს მსმენელისთვის. მსმენელი კი, ვფიქრობ,
ამ ჯგუფს არასდროს მოაკლდება.

უსმინეთ „Rolling Stones”-ს, მათ შექმნეს როკენროლის
ისტორია.



ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...