ორშაბათი, ივლისი 28, 2025
28 ივლისი, ორშაბათი, 2025

საფრანგეთის დიდი რევოლუცია

0

კონვენტის პირველი საქმე იყო საფრანგეთის რესპუბლიკად გამოცხადება. პარალელურად ჟირონდისტებმა მეფის გასამართლების საკითხი წამოაყენეს. იაკობინელები მტკიცედ მიემხრნენ ამ აზრს. რობესპიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ აქ სასამართლო კი არ არის მთავარი, არამედ პოლიტიკური ზომა და რომ „ლუდოვიკო უნდა მოკვდეს, რათა იცოცხლოს რესპუბლიკამ”. ამ რადიკალიზმმა დააფრთხო ჟირონდისტები. მათ მოიფიქრეს მეფის გადარჩენის გზა და შესთავაზეს კონვენტს, განაჩენი ხალხისთვის გადაეცათ დასამტკიცებლად, მაგრამ იაკობინელებს სწორედ ეს არ უნდოდათ (გარკვეულწილად ეშინოდათ კიდეც). დაიწყო პროცესი, რომლის დროსაც ლუი XVI-ს თავი ძალზე ღირსეულად ეჭირა. ჟირონდისტებს არ გააჩნდათ საკმარისი სამოქალაქო ვაჟკაცობა, რათა ეხსნათ იგი სიკვდილით დასჯისგან. ხმათა უზარმაზარი უმრავლესობით მეფე მიჩნეულ იქნა დამნაშავედ

ვრცლად

კობოლდების კობალტი

0
ბავშვობაში ზაფხულის არდადეგების ნაწილს ბებიასთან, სოფელში ვატარებდი. ბებიას ძალიან ვუყვარდი, ალბათ იმიტომაც, რომ უმცროსი შვილიშვილი ვიყავი, თანაც – მისი სეხნია. მეც ჯიუტად ვიმეორებდი ერთი საბავშვო ლექსის სტრიქონებს: „როცა დიდი გავხდები, ქეთო ბებო ვიქნები-მეთქი” და ამის გამო უფრო მეტად ვუყვარდებოდი, თუმცა აქა-იქ წაიწუწუნებდა კიდეც, ძნელია, „ანაბარა” როცა გყავს, რამხელა პასუხისმგებლობააო.

საღამოობით უბნის წამოღერებული გოგო-ბიჭები ფილმის სანახავად სოფლის კლუბში მიდიოდნენ. მათთან ერთად წასვლა მეც მინდოდა, მაგრამ ვინ წამიყვანდა, ან ვინ გამიშვებდა. პატარა ბავშვის თან წაყვანა არაფერში სჭირდებოდა – მთელი ფილმის განმავლობაში ათას კითხვას ერთად დავსვამდი და ყველას ხელს შევუშლიდი. ბებია კი მით უმეტეს არ გამიშვებდა. ჰოდა, რომ არ მეწუწუნა, გვერდით მომისვამდა და მეტყოდა, იმათ ფილმს უყურონ, მე კიდევ კობოლდებზე მოგიყვებიო.

კობოლდები შვედები იყვნენ. უფრო სწორად, მათი ორი შტო არსებობდა. ერთი შვედობდა, მეორე კი გერმანელობდა. ამ პატარა ცისფერ კაცუნებს საოცარი ღონე ჰქონდათ. კეთილშობილებით არ გამოირჩეოდნენ, პატარ-პატარა სისაძაგლეებსაც სჩადიოდნენ, მაგრამ მხიბლავდნენ რატომღაც. ბებიას მათ მიმართ ჩემი ნაზი გრძნობები სულაც არ მოსწონდა, მაგრამ ამას სათავისოდ იყენებდა და კობოლდებს ოსტატურად მოიშველიებდა ხოლმე ჩემს გასაჩუმებლად.

კობოლდები ტყეებში, მაღაროებსა და მინერალ კობოლდში ბინადრობდნენ. მე კიდევ იმედი მქონდა, ერთხელ ჩვენს ეზოშიც შემოივლიდნენ. მით უმეტეს, ზოგიერთი მათგანი, როცა კარგ გუნებზე იყო, ადამიანებს ეხმარებოდა კიდეც. აი, თუ უგუნებოდ იყვნენ, მაშინ სხვასაც უფუჭებდნენ განწყობას. ტყეში დაკარგულებს ისინი ცისფერ მინერალ კობოლდს უყრიდნენ წინ, განწყობისამებრ – ან გზას აუბნევდნენ, ან, პირიქით, სწორ გზაზე დააყენებდნენ და ტყიდან გასასვლელს აჩვენებდნენ… მე რატომღაც მჯეროდა, რომ ყველანაირ კობოლდთან გამოვნახავდი საერთო ენას.

ალბათ შეგიმჩნევიათ – ზოგჯერ ორი სრულიად უცნობი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთისგან დიდი მანძილი და, შესაძლოა, დროც აშორებთ, ერთი კვერცხუჯრედის ტყუპივით ჰგავს ერთმანეთს, ზოგი – გარეგნულად, ზოგიერთი კი აზრებითა და ხასიათით. როგორც ჩანს, ასე დაგვემართა მე და შვედ ქიმიკოს ჰენრიხ ბრანდსაც. ბავშვობაში ორივეს კობოლდები მოგვწონდა. ბრანდმა, ცხადია, არაფერი იცოდა ჩემ შესახებ, მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა და თანამედროვეც რომ ყოფილიყო, ვეჭვობ, ჩემი პიროვნებით დაინტერესებულიყო. მეც, რომ გითხრათ, იმხანად ბრანდის შესახებ რამე ვიცოდი-მეთქი, ნუ დამიჯერებთ. მოკლედ, ბავშვობაში ბრანდსაც, ჩემსავით, კობოლდებთან შეხვედრაზე უოცნებია, ამიტომ მოგვიანებით მინერალ კობოლდის შესწავლა დაიწყო.

1735 წელს მინერალ კობოლდიდან მან ნახევრად მეტალი კობალტი გამოყო და ეს ვრცლად აღწერა თავის დისერტაციაში. თუმცა მინერალ კობოლდს ჯერ კიდევ მე-17 საუკუნიდან იცნობდნენ და მინის ცისფრად შესაფერავად იყენებდნენ. სჯეროდათ, რომ თუ ასეთი მინა წარმოების დროს არ გასკდებოდა, განსაკუთრებით მტკიცე იქნებოდა. რატომ? თუ მინა ხარშვისა და შეფერადების დროს დაზიანდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ მინერალ კობოლდში ცუდი ზნის კობოლდი სახლობდა; თუ გადარჩებოდა, ესე იგი შიგნით კეთილი კობოლდი იყო და მინაც დიდხანს ემსახურებოდა ადამიანებს.

როგორც გითხარით, ბრანდი კობალტს ნახევრად მეტალს უწოდებდა. ასეთებად მიაჩნდა მას ის მეტალები, რომლებიც არ იჭედებოდა, მათ შორის – თუთია, სტიბიუმი, დარიშხანი, ვერცხლისწყალი და ბისმუტი (შეგახსენებთ, ეს ბრანდის ვერსიაა). 1774 წელს ბრანდმა კიდევ ერთი მინერალი აღმოაჩინა, რომელსაც კობოლდებთან, არც მეცნიერების, არც ლეგენდის და არც ზღაპრის დონეზე, საერთო არაფერი ჰქონდა. ეს იყო კობალტის სულფიდი – Co3S4. ბრანდის შემდეგ კობალტის თვისებების შესწავლა ისეთმა ქიმიკოსებმა განაგრძეს, როგორებიც იყვნენ პრუსტი, ტენარი, ბერცელიუსი, ბერგმანი. თუმცა ზოგიერთ ქიმიკოსს არ სჯეროდა ამ ელემენტის არსებობა. ერთი მათგანი იყო უნგრელი ქიმიკოსი პადაქსი, რომელსაც სწამდა, რომ კობალტი დამოუკიდებლად ვერ იარსებებდა – ის ყოველთვის დარიშხათან იყო ბმული.

სხვათა შორის, მინერალ კობოლდის თერმული დამუშავებით დარიშხანის ოქსიდი გამოიყოფოდა და თუ უსაფრთხოების ზომებს არ დაიცავდა, მეცნიერი იწამლებოდა. ამბობენ, ბრანდიც რამდენჯერმე მოწამლულა. მოგეხსენებათ, იმხანად უსაფრთხოების ზომებს სათანადოდ არ იცავდნენ. უფრო მეტიც – რასთანაც მუშაობდნენ ან რასაც მიიღებდნენ, ყველაფერს გემოს უსინჯავდნენ ან ყნოსავდნენ. მაშინდელ ქიმიკოსებს ლაბორატორიაში ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე, როგორიც ახლა ლაბორანტია. სხვაობა ის გახლდათ, რომ დღევანდელ ლაბორატორიებში მომუშავე ლაბორანტებს ქიმიური განათლება აქვთ, იმხანად კი ეს აუცილებლად არ მიიჩნეოდა – თანამშემწეებს უფრო შეგირდებად თვლიდნენ და მექანიკურ საქმეს ავალებდნენ. ჰოდა, ამ შეგირდებს სწამდათ, რომ თუ ქიმიკოსი კობალტის გამოყოფისას მოიწამლებოდა, „მინერალში მცხოვრები” კობოლდები გუნებაზე ვერ იყვნენ და მეცნიერს მათი სიმშვიდის დარღვევისთვის სჯიდნენ. სანამ მინერალის თერმულ დამუშავებას დაიწყებდნენ, მასში „მობინადრე” კობოლდების გულის მოსაგებად თურმე რაღაც სიმღერასაც კი მღეროდნენ.

ის კი არა, თვით კობალტიც საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის. 60-იან წლებში კობალტის მარილებს ზოგიერთი ლუდსახარში კომპანია ქაფის მდგრადობისთვის იყენებდა. ვინც ყოველდღე ოთხ ლიტრზე მეტ კობალტიან ლუდს მიირთმევდა, კარდიოლოგიური კლინიკის მუდმივი პაციენტი ხდებოდა. ზოგიერთი კი სიცოცხლესაც გამოესალმა. „კობალტიანი კარდიომიოპათიის” ბუმი 1964-1966 წლებში ამერიკაში (ნებრასკასა და მინესოტაში), კანადაში (კვებეკში) და ბელგიაში იყო. მას შემდეგ ლუდსახარშებს კობალტის მარილის გამოყენება აეკრძალათ.

ამრიგად, დღეს კობალტზე ვწერ. შესაძლოა იკითხოთ, რით უნდა იყოს ის ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანიო. გიპასუხებთ: თუნდაც ციანკობალამინის გამო, რომელსაც უფრო B12 ვიტამინის სახელით იცნობენ. ის ჰიდროვიტამინია და ძალიან რთული აგებულება აქვს. შეიცავს კორინის ბირთვს (ამ უკანასკნელს აგებულებით ზოგი ჰემს ამსგავსებს, ზოგიც – პორფირინის ბირთვს), რომელთანაც კობალტის +3 დაჟანგულობის ხარისხის მქონე იონია დაკავშირებული. B12 ვიტამინი ერთადერთია, რომელიც შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს. კობალამინის ნაკლებობისას შესაძლოა განვითარდეს ანემიის ავთვისებიანი ფორმა – მეგალობლასტური ანემიაა. ადამიანისთვის ამ ვიტამინის წყარო უმთავრესად ცხოველური პროდუქტებია, მათ შორის – ღვიძლი და თირკმელები. ასინთეზებენ ნაწლავის ფლორის მიკროორგანიზმებიც. მისი სადღეღამისო მოთხოვნილებაა 2-5 მკგ.

თუმცა დავუბრუნდეთ კობალტს. ის, ერთი შეხედვით, რკინასავით ბზინავს და მასავით მაგნიტური თვისებები აქვს. წყალი და ჰაერი მასზე არ მოქმედებს. განზავებულ მჟავებშიც რკინაზე ძნელად იხსნება. კობალტს უფრო მეტად შენადნობებში იყენებენ, რომლებიც თბოგამძლე მასალებში შედის. ასეთი შენადნობია, მაგალითად, ვიტალიუმი, რომელიც შეიცავს 65% კობალტს, 28% ქრომს, 3% ვანადიუმს, 4% მოლიბდენს. ვიტალიუმი კოროზიისადმი ძალზე მდგრადია. კობალტის მყარი შენადნობი სტელიტი საჭრელი დანადგარების წარმოებაში გამოიყენება. მისი შემადგენლობა ასეთია: 40-60% კობალტი, 20-35% ქრომი, 5-20% ვანადიუმი და 1-2% ნახშირბადი. როგორც უკვე ვთქვი, კობალტის ნაერთები მინას მოცისფრო-მოლურჯო შეფერილობას აძლევს, ასეთი მინის ფხვნილისგან დამზადებულ საღებავს კი ჭურჭლის გასაფერადებლად იყენებენ და მას „კობალტის ჭურჭელს” უწოდებენ. კობალტის რადიაქტიურ იზოტოპ კობალტ-60-ს მედიცინაში იყენებენ γ-გამოსხივების წყაროდ. სახელიც ორიგინალური აქვს – „კობალტის იარაღი”.

კობალტს კატალიზატორადაც იყენებენ. ლითიუმის კობალტატი ლითიუმის აკუმულატორებში დადებითი მუხტის მქონე ელექტროდად გამოიყენება.

კობალტი ორ ოქსიდს წარმოქმნის: კობალტის (II) ოქსიდ CoO-ს და კობალტის (III) ოქსიდ Co2O3-ს. ამ ოქსიდების შესაბამისი ჰიდროქსიდებია Co(OH)2 და Co(OH)3, მათ კი შესაბამისი მარილები აქვთ, თუმცა სამვალენტიანი კობალტის მარილები არამდგრადია და იოლად გარდაიქმნება ორვალენტიანი კობალტის მარილებად. ცნობილია ასევე შერეული ტიპის ოქსიდი Co3O4 (ან CoO· Co2O3).

უწყლო მდგომარეობაში კობალტის ორვალენტიანი მარილები ლურჯია, მათ წყალხსნარებსა და კრისტალჰიდრატებს კი მოვარდისფრო ფერი დაჰკრავს. აქ, არ შემიძლია, ჩემი ერთი ჯგუფელი არ გავიხსენო, რომელიც ძალიან კარგად ქსოვდა და სტუდენტობის დროს ლაბორატორიაში საათობით ტკბებოდა კობალტის მარილების ყურებით, თან ოხრავდა, სად ვიშოვო ამ ფერის ძაფიო. 

ორვალენტიანი კობალტის ნაერთები ორვალენტიანი რკინის ნაერთებთან შედარებით ძალიან ძნელად იჟანგება, თუმცა ძლიერი მჟანგავების, მაგალითად, ნატრიუმის ჰიპოქლორიტის, თანაობისას დაჟანგვა სწრაფად მიმდინარეობს და ორვალენტიანი კობალტის ჰიდროქსიდი სამვალენტიანი კობალტის ჰიდროქსიდად გარდაიქმნება.
 

სამვალენტიან კობალტს კომპლექსნაერთების წარმოქმნა ახასიათებს. ამ შემთხვევაში ნაკლებ მდგრადობას სწორედ ორვალენტიანი კობალტი იჩენს, რადგან მისი კომპლექსნაერთები ძალზე არამდგრადია. ასეთ ნაერთებში კობალტის საკოორდინაციო რიცხვი ექვსის ტოლია.

ბუნებაში კობალტი შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული. დედამიწის ქერქში მისი შემცველობა დაახლოებით 0,004%-ია. ძალიან ხშირად ის დარიშხანთან ერთად გვხვდება და ალბათ ამიტომ იყო, უნგრელ ქიმიკოს პადაქსს მისი არსებობა დარიშხანის გარეშე რომ ვერ წარმოედგინა.

კობალტი რკინასა და ნიკელთან ერთად მეტეორიტების შემადგენლობაშიც შედის. ხშირად გაიგონებთ, რომ დედამიწას მეტეორიტი უახლოვდება და თუ დაეჯახა, გაგვანადგურებს. მერე ისე ხდება, რომ გვერდით ჩაგვიქროლებს ხოლმე, თუმცა ზოგიერთი ჟურნალისტი და მეცნიერი იმედს არ კარგავს და „გვამშვიდებს”, ეს ახლა აგვცდა, თორემ მაგას კვალში რომ უდგას, ასე, 10-15 წლის შემდეგ აქ იქნება და მერე ნახეთო. მე ასეთ განცხადებებზე მეღიმება – დამეჯახება და მეც აქ დავხვდები, სად წავალ. თუმცა, მოდი, წერილს ასეთ მძიმე ტალღაზე ნუ დავასრულებთ, სახუმარო განწყობა შევძინოთ:

იქნებ კობოლდები კოსმოსში გადასახლდნენ და იქიდან მეტეორიტებით გვიტევენ? ცრუ განგაშის და სენსაციის მოყვარული ჟურნალისტებისთვის ურიგო თემა არ უნდა იყოს, არა?

მარსის ქრონიკა(მასწავლებლის დღიურიდან)

0
უკვე მეორე თვე დაიწყო.
ერთმანეთიც მეტ-ნაკლებად გავიცანით, შევეჩვიეთ, შევეგუეთ და შევიყვარეთ კიდეც, პროგრამასაც გავუთამამდით.
რამდენიმე დღის შესახებ თქვენც მოგიყვებით.
ორშაბათი

საინტერესო თემატური კვირა გვქონდა, უამრავი კარგი ნაწარმოები გავიცანით, ცოტა ურთიერთობაშიც გავიხსენით, ფანტაზიას გასაქანი მივეცით.

ვისაუბრეთ ჩვენს სახლებზე, ოჯახზე, მეგობრებზე – ამაში ვიქტორ ჰიუგო, ასტრიდ ლინდგრენი, მარკ ტვენი, რეზო ინანიშვილი, ანტუან დე სენტ ეგზიუპერი, აკაკი წერეთელი და ოსკარ უაილდი დაგვეხმარნენ.

ამ თვის მთავარი თემის ჯერი დადგა – საკუთარ თავზე მოვყევით, ავტობიოგრაფიისა და დღიურის სპეციფიკას გავეცანით – ანა ფრანკის დღიური და აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი” წავიკითხეთ.

ვიმსჯელეთ მწერლის, მისი ოჯახის შესახებ, მიუხედავად აკაკი წერეთლის ენის სისხარტისა და სიმსუბუქისა, ტექსტმა ოდნავ დაგვღალა, ამიტომაც დღეს ერთგვარ გამომაცოცხლებელ, ვიღაცისთვის – კონტექსტიდან ამოჭრილ, თუმცა ჩემთვის სავსებით ლოგიკურ გაკვეთილს ვგეგმავ: არც მეტი, არც ნაკლები – ასტრონომიაზე ვილაპარაკებთ, შესანიშნავი მწერლის, რეი ბრედბერის მოთხრობას „სახეცვალებას” წავიკითხავთ, „მარსის ქრონიკის” ციკლიდან. ვისაუბრებთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრზე, ქართულ ლიტერატურაში ამ ჟანრის ნაწარმოებების შექმნის ცდებზე, ვნახავთ ბოლო დროის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის ამსახველ სიუჟეტს – ალბათ იცით, სულ ცოტა ხნის წინ ნასამ მარსზე წყალი აღმოაჩინა…

კითხვა გაგიჩნდებათ, როგორ გადავაბი წერეთელი და ბრედბერი. რასაკვირველია, ერთი შეხედვით უცნაური გადასვლაა.

საქმე ისაა, რომ აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიული ნაწარმოების კითხვისას ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ ნაწარმოებში ასახულია მეცხრამეტე საუკუნის ქართული ოჯახი დროისა და სივრცის შესაფერის გარემოში, ვისაუბრეთ განსხვავებასა და მსგავსებაზე, ჩვენს ოჯახურ წრეზე, ჩვენი ოჯახის წევრებზე, სახლზე, ერთად ყოფნის სიხარულზე.

რეი ბრედბერის ჩემ მიერ არჩეულ მოთხრობაში კი ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახი მათთვის სრულიად უჩვეულო გარემოში – პლანეტა მარსზე ხვდება. მოთხრობის სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება – ამერიკული ახალშენი მარსზე, შეგუების რთული პროცესი, შინაგანი თუ გარე კონფლიქტები, წინააღმდეგობანი… მოკლედ, ძალიან საინტერესო მოთხრობაა.

ჰოდა, ამ ორი ოჯახის – წერეთლებისა და ბიტერინგების -მსგავსება-განსხვავებაზე, სირთულეებსა და სიყვარულზე ვისაუბრებთ.

ბოლოს დაწერენ მცირე მხატვრულ თხზულებას: „თავგადასავალი, რომელიც არასდროს გადამხდენია”.
ამით ერთ დიდ თემას დავხურავთ და სხვა, არანაკლებ საინტერესო ამბებს მივადგებით.
სამშაბათი
დრო-სივრცულმა და ჟანრობრივმა ცვლილებამ ბავშვები მეტისმეტად გაახალისა, საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა.

თანდათანობით რთულდება და მრავალფეროვანი ხდება ჩვენი პროგრამა.

მეხუთე კლასის წიგნში რამდენიმე კარგი მოთხრობაა სკოლის თემატიკაზე, ვფიქრობ, სკოლას ჩვენს ცხოვრებასა და ლიტერატურაში კვირეულის ცალკე თემად გავიტან, განათლების მნიშვნელობასა და ცნობილი პედაგოგების ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან ერთად მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ პედაგოგობა შემთხვევითი, ხელწამოსაკრავი საქმიანობა არ არის, ადამიანები სწავლების ოსტატობას მთელი სიცოცხლის  განმავლობაში ხვეწენ და ავითარებენ, მთელ თავიანთ დროს უთმობენ და შედეგებსაც აღწევენ.

ამ კვირეულს ბავშვთა უფლებების კონვენციით ვიწყებ, დღეს სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გაცნობა და განხილვა მაქვს გეგმაში.

კონვენცია მუხლებად დავჭერი, ფერადი ქაღალდის ფურცლებზე დავაკარი და თითო მუხლს დავურიგებ ბავშვებს, ყველამ იმ მუხლზე უნდა ისაუბროს, რომელიც შეხვდება, თავისი გამოცდილება, ცოდნა გამოიყენოს, მაგალითები მოიყვანოს, არგუმენტებით გაამყაროს.

შემდეგ ერთ-ერთ მთავარ მუხლზე – განათლების უფლებაზე – მე ვისაუბრებ და ფილმს ვაჩვენებ პაკისტანელი გოგოს მალალა იუსუფზაის შესახებ, რომელიც თავისი თავისუფლებისმოყვარეობით თალიბებისთვის ისე საშიში აღმოჩნდა, რომ თავს დაესხნენ და კინაღამ მოკლეს. თითქმის ჩემი მოსწავლეების კბილაა მალალა – ძალიან მინდა, მათ ასეთი გმირები, ასეთი მიბაძვის ობიექტები ჰყავდნენ.

დავწერთ არგუმენტირებულ ესეს თემაზე „ჩემი უფლებები და მოვალეობები სკოლაში” (ხვალ სკოლის შინაგანაწესსაც გავაცნობ და პუნქტობრივად განვიხილავთ).

ოთხშაბათი
დღის თემა – „სკოლა”.
ვნახავთ მრავალფეროვან და საინტერესო პრეზენტაციას მსოფლიოს უცნაური სკოლების შესახებ, გავიხსენებთ წიგნებს, რომლებიც წაგვიკითხავს და სადაც სკოლებია ნახსენები – „ჯეინ ეარი”, „დევიდ კოპერფილდი”, „ჰარი პოტერი”, „ბიულერბიუელი ბავშვები”, ნოდარ დუმბაძის მოთხრობები და რომანები, რეზო ინანიშვილის შესანიშნავი პროზა…

ვნახავთ ნაწყვეტებს ამ ცნობილი წიგნების ეკრანიზაციებიდან.

ტექსტობრივ მასალად რამდენიმე საგაზეთო სტატია მაქვს – სკოლა ხიდის ქვეშ (ინდოეთის ქალაქ დელიში, ღატაკი ბავშვებისთვის), ინტერვიუ ხევსურეთის ერთ-ერთი სკოლის ახალგაზრდა მასწავლებელთან და მცხეთის რაიონის სოფელ მაქართის საჯარო სკოლის ამბავი, რომელსაც მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს.

სამივე სტატიას დაწვრილებით განვიხილავთ, ვიმსჯელებთ განათლების მნიშვნელობასა და პრობლემატიკაზე, როგორი უნდა იყოს სკოლა, რა არის საჭირო კარგი განათლების მისაღებად, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვის უფლება განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ.

ბოლოს ბავშვები თავიანთი სკოლის აღწერას და, თუ სურვილი ექნებათ, დახატავენ კიდეც. რევაზ ინანიშვილის შესანიშნავ მოთხრობას „ეთერს” სახლში კარგად, გააზრებულად წაიკითხავენ.

P.S. გავაგრძელებდი სხვა დღეების გეგმებზე საუბარს, მაგრამ ამჯერად მირჩევნია, თქვენი კვირის შესახებ მიამბოთ, გამიზიარეთ თქვენი სასწავლო კვირის „მარსის ქრონიკა”.
მოუთმენლად გელოდებით!

ნანა კაკაბაძე – ბავშვებს ყველაზე მეტად გასართობი გადაცემები მოსწონთ

0
21-ე საუკუნე ტელევიზორისა და ინტერნეტის ეპოქად ითვლება. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ახალგაზრდების, განსაკუთრებით – მოსწავლეთა, უმეტესობა დროის უდიდეს ნაწილს სწორედ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ატარებს. რა ძალა აქვს ტელევიზორს, რით იზიდავს იგი ახალგაზრდა მაყურებელს? ამის შესახებ mastsavlebeli.ge „საზოგადოებრივი მაუწყებლის” საბავშვო გადაცემების ავტორს ნანა კაკაბაძეს ესაუბრა. 
ნანა კაკაბაძე:

– ტელევიზორი და ინტერნეტი ის საშუალებებია, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად მიიღო ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე, ეს კი მოზარდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – მათ ხომ ყოველდღიურად უამრავი კითხვა უგროვდებათ. ამასთან, ტელევიზორი და ინტერნეტი ბავშვებისთვის ის საოცარი და ფერადი სამყაროა, სადაც შეუძლიათ გადაცემების მეშვეობით იმოგზაურონ, მოუსმინონ მათთვის მოსაწონ მუსიკას, უყურონ მულტფილმებს და დაიკმაყოფილონ ბავშვური ინტერესი.

– დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ ტელევიზიებში საბავშვო გადაცემების დეფიციტი შეინიშნება, თუმცა „საზოგადოებრივ მაუწყებელში” არის ჯგუფი, რომელიც საბავშვო გადაცემებს ამზადებს. რა მიმართულებით მუშაობს ეს ჯგუფი, რა მიზანს ემსახურება?

– „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყოველთვის ცდილობდა, პატარა მაყურებლისთვის ხარისხიანი საბავშვო გადაცემები მიეწოდებინა. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი უკვე მრავალი წელია ზრუნავს ამისთვის, ამიტომ ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ვცდილობთ გავერკვეთ ბავშვის ფსიქოლოგიაში, რაშიც პროფესიონალებიც გვეხმარებიან, ახლო და მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ მოზარდებთან, რათა მუშაობის დროს მათი მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება შევძლოთ. ბავშვებთან ერთად ჩვენც ვვითარდებით. ახლა ახალ გადაცემაზე ვმუშაობთ, რომელსაც სულ მალე წარვუდგენთ მაყურებელს.

– როგორ გადაცემებს ანიჭებენ ბავშვები უპირატესობას?

– გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად გასართობი გადაცემები მოსწონთ, თუმცა აუცილებელია სიახლეც, რაც მათ ინტერესს გაუღვიძებს, ამიტომ გადაცემა უნდა იყოს შემეცნებითიც. თუ ბავშვი თამაშითა და გართობით ისწავლის რამე ახალს, ის კმაყოფილი დარჩება და მოუნდება, თვალი ადევნოს ასეთ გადაცემებს.
– ხშირად ამბობენ, რომ ტელევიზია უფრო მეტ დროს უნდა უთმობდეს შემეცნებით გადაცემებს, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე მოზარდს ეხება. თქვენი ჯგუფისთვის რამდენად პრიორიტეტულია ასეთი გადაცემები?
– როგორც გითხარით, ბავშვებს მოსწონთ თამაშითა და გართობით სწავლა, ამიტომ საბავშვო გადაცემას შემეცნებითი ხასიათიც უნდა ჰქონდეს და იმავდროულად გასართობიც იყოს.

– სკოლებთან, მასწავლებლებთან, განათლების სამინისტროსთან თუ თანამშრომლობთ?

– ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს ხშირად ნახავთ სკოლებში. გადაცემებისთვის ბავშვებს უმთავრესად სკოლებში ვპოულობთ, ჯერ პედაგოგებს და სკოლის დირექტორს ვუთანხმდებით, მერე კლასებში შევდივართ და ბავშვებს ვესაუბრებით. ხანდახან გადაცემაში მთელი კლასი მონაწილეობს, – არ გვინდა, ბავშვებს გული დავწყვიტოთ და წავართვათ ოცნების ახდენის – ჩვენს წამყვანებთან შეხვედრის, მათი გაცნობის – შესაძლებლობა. ვთანამშრომლობთ მუსიკალურ სტუდიებთანაც. რამდენიმე ჩვენს თანამშრომელს პედაგოგიური გამოცდილებაც აქვს.

– თქვენი აზრით, უნდა ურჩევდეს თუ არა მასწავლებელი მოსწავლეს, რას უყუროს?

– რა თქმა უნდა, მოსწავლეს სწორედ მასწავლებელი უნდა აძლევდეს რჩევას. უკეთ, რამდენიმე ვარიანტს სთავაზობდეს, საიდანაც ის თავად აირჩევს, რას უყუროს და რას – არა. კარგია, როცა მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთს ეხმარებიან. ამგვარ მუშაობაში იდეებიც უფრო მეტად იხვეწება.

– დღეს პრობლემად მიიჩნევა, რომ ბავშვების უმეტესობა უყურებს უფროსებისთვის განკუთვნილ ტელესერიალებს. როგორ მოიქცნენ მშობლები, რომ მათი შვილები უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებული საბავშვო გადაცემებზე?

– ბავშვები დილით ადრე იღვიძებენ, საღამოს კი უფროსებზე ადრე წვებიან დასაძინებლად. საბავშვო გადაცემების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მათ ყოველდღიურ რეჟიმს და გადაცემა ყოველთვის მათთვის მისაღებ დროს გადის ეთერში. ასევე ცნობილია, რომ 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი დღეში 20 წუთზე მეტს არ უნდა ატარებდეს ტელევიზორთან. კარგი იქნება, თუ მშობლები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ.

– წლების წინ საბჭოთა საქართველოში მცხოვრები ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ რადიოსა და ტელევიზიის საბავშვო გადაცემებს. დღეს როგორი დამოკიდებულება აქვს ახალ თაობას თქვენი გადაცემების მიმართ?

– საბედნიეროდ, მას შემდეგ ჩვენი პატარების ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ახლა მათ ფართო არჩევანი აქვთ, შეუძლიათ უამრავი ქართული თუ უცხოური საბავშვო გადაცემის ნახვა. კონკურენცია რომ დიდია, ეს ჩვენთვისაც არ არის ცუდი – სტიმულს გვაძლევს, არ მოვდუნდეთ, მეტი ვიშრომოთ და მეტად განვვითარდეთ. გვიყვარს სკოლებსა თუ ბაღებში მისვლა – იქ ჩვენი გადაცემის წამყვანებს ცნობენ, სიყვარულით ხვდებიან და დადებითი მუხტიც უხვად მოგვაქვს, რაც მუშაობაში ძალიან გვეხმარება.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს თქვენს ჯგუფს?

– სულ მალე ბავშვებს ახალ პროექტს შევთავაზებთ. „ყოჩაღების ქუჩაზე” – ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც ყოველ დილით გავა ეთერში. ეს შემეცნებით-გასართობი გადაცემაა, რომლის მთავარი გმირები ყველასათვის საყვარელი კაპიტანი და ბავშვები იქნებიან. გადაცემაში ახალი, საინტერესო პერსონაჟიც შემოვიყვანეთ – ბუზღუნა და მძინარა ბუა, რომელიც ჩვენს კაპიტანს და ბავშვებს უამრავ პრობლემას უქმნის. ერთი შეხედვით, ბუა უარყოფითი გმირია, თუმცა, ვფიქრობთ, ბავშვებს ისიც შეუყვარდებათ. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ – ჩვენს გადაცემას ბავშვების საყვარელი წამყვანი გოგიჩა გაუძღვება. გიორგი გოგიჩაიშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელს” დაუბრუნდა და ახალი იმიჯითა და გადაცემით შეეცდება, ბავშვების უფრო დიდი სიყვარული დაიმსახუროს. ასე რომ, ბავშვებს ვურჩევ, ყოველ დილით შემოგვიარონ „ყოჩაღების ქუჩაზე”, სადაც დიდი ჟრიამულია და ბევრი საინტერესო ამბავი ხდება.

“Dum docemus discimus” ანუ როცა ვასწავლით, ვსწავლობთ

0
რა ფუნქცია აქვს სკოლას? პასუხი ძალიან მარტივია: სკოლამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უნდა მოგვამზადოს, ანდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთი ცოდნა უნდა მოგვცეს, რომ კონკურენტულნი ვიყოთ იმ დიდ სამუშაო ბაზარზე, რასაც ცხოვრება ჰქვია. ოღონდ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა ერთი არ არის. თუკი ზოგიერთი ადამიანი სკოლის მერხიდან პირდაპირ გადის დამოუკიდებელ ცხოვრებაში, სხვები სკოლის შემდეგ ცოდნას იღრმავებენ და სხვა დაწესებულებებში აგრძელებენ სწავლას. ერთი ასეთი დაწესებულება უნივერსიტეტია. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება კი სათანადო ცოდნას და უნარებს მოითხოვს. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარების შემდეგ მისაღები გამოცდების შედეგებს ითვალისწინებენ, სხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კი განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებენ აბიტურიენტებს. მაგალითად, აშშ-ში, უმაღლესი სასწავლებელი მისაღები გამოცდის ქულების გარდა სკოლის ბოლო ოთხი წლის ნიშნების წარმოდგენასაც მოითხოვს, შემდეგ _ პერსონალურ ესესაც. ამით აბიტურიენტს საშუალება ეძლევა, მიმღებ კომისიას ისეთი რამ გააგებინოს, რისი გაგებაც მხოლოდ ნიშნებით და ქულებით წარმოუდგენელია. მომავალ სტუდენტს შეუძლია, კომისიას დაანახოს არა მარტო ის, თუ როგორ წერს და აზროვნებს, არამედ ისიც, თუ როგორ შეცვალა იგი კონკრეტულმა მოვლენამ, ან მან როგორ შეცვალა თავის გარშემო სამყარო. ზოგჯერ კარგად დაწერილ ესეს ისეთი ეფექტი მოუხდენია მიმღები კომისიის წევრებზე, რომ მათ ყურადღება არ მიუქცევიათ ქულებისთვის, ოჯახის შემოსავლისთვის და აბიტურიენტის ოცნება აუხდენიათ.  

სწორედ სკოლის ფუნქციაა სასურველ უნივერსიტეტში ადგილის მოპოვებისთვის ახალგაზრდების მომზადება. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს წერა – აზრის ჩამოყალიბება და მისთვის მიმზიდველი სახის მიცემა. სკოლა უნდა იძლეოდეს ისეთ ცოდნას, რომ გამოცდების ჩაბარება მოწადინებულ ახალგაზრდას არ გაუჭირდეს. დღევანდელ მსოფლიოში კონკურენცია ისეა გაზრდილი, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კარგ უნივერსიტეტებში აბარებენ, სკოლის ნიშნებიც კარგი აქვთ, მისაღები გამოცდის ქულებიც და პერსონალური ესეც _ საინტერესო. ამიტომაც უნივერსიტეტები უკვე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აბიტურიენტის სხვა ღირსებებსაც: გაუმარჯვია თუ არა რომელიმე საგნობრივ ოლიმპიადაზე; წარმატებით თუ უასპარეზია რომელიმე სპორტულ ტურნირზე; ხომ არ გამხდარა რომელიმე ფესტივალის ლაურეატი… ან იქნებ რამდენიმე უცხო ენას ფლობს; რთული სასწავლო პროგრამა დაძლია და ამით გამოირჩევა თანატოლებისგან… დიახ, ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტში მოხვედრისას. ამიტომაც იხვეწება და რთულდება სასკოლო პროგრამები, ამიტომაც აქვთ ჩართული უნივერსიტეტის პირველი წლის კურსები თავიანთ კურიკულუმებში სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებს. 

უნივერსიტეტებისთვის მიმზიდველი და ბონუს-ქულის მომცემია ე.წ. ვრცელი ესეს დაწერა ზედა კლასებში. ვინაიდან უმაღლესი სასწავლებლების ერთ-ერთი ამოცანა სტუდენტებისთვის კვლევითი უნარების გამომუშავებაა, ამიტომაც სტუდენტები ყველა კურსის ბოლოს ჯერ მოკლე კვლევით ნაშრომს წერენ, ბოლოს კი _ ვრცელ ნაშრომს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დიპლომის მიღების პროცესში. სკოლის მოსწავლეს არ მოეთხოვება ამ ტიპის ნაშრომის დაწერა, მაგრამ არის სკოლები, სადაც ასეთი, თითქმის საუნივერსიტეტო სირთულის ნაშრომის შესრულება წახალისებული, ზოგჯერ კი სავალდებულოცაა. ჰოდა, უნივერსიტეტებს ძალიან მოსწონთ ისეთი აბიტურიენტები, რომლებმაც კვლევითი ნაშრომის დაწერის უნარები უკვე სკოლაშივე გამოიმუშავეს. 

საქართველოს სკოლებში კვლევითი ნაშრომის შესრულება სავალდებულო არ არის, თუმცა წახალისებულია. როგორც ვიცით, არსებობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, როცა მასწავლებლები პროფესიული და კარიერული ზრდისთვის კრედიტებს აგროვებენ. მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი აღწერს სხვადასხვა ტიპის ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც ერთნაირად დადებითად მოქმედებს მოსწავლეზეც და მასწავლებელზეც. საგანმანათლებლო პროექტებიდან აღსანიშნავია სასწავლო და კვლევითი პროექტები. ასეთი პროექტების განხორციელებისას მასწავლებელი მოსწავლეების ინტერესების გაღრმავებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც მხოლოდ მოსწავლის მიღწევის დონე კი არ იზრდება, არამედ მასწავლებლისაც. ეს კი თუნდაც კრედიტების დაგროვებაში გამოიხატება. როგორც გზამკვლევშია აღნიშნული, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელობა მარტო კარიერული წინსვლის კი არა, პროფესიული ზრდის საწინდარიცაა. 

როგორც რომაელები იტყოდნენ, “Dum docemus discimus”, ანუ როცა ვასწავლით, ვსწავლობთ. მოსწავლისთვის კვლევის პროცესში კონსულტაციის გაწევა და ხელმძღვანელობა უდიდესი სიამოვნებაა მასწავლებლისთვის. სამწუხაროდ, ქართულ სინამდვილეში კვლევითი სახის რეფერატს სავალდებულო ხასიათი არ აქვს. მისი არჩევა ნებაყოფლობითია, თუმცა მასწავლებელს შეუძლია წაახალისოს მოსწავლე რჩევით, რომ ამგვარი ნაშრომის შესრულება მას დასჭირდება საუნივერსიტეტო სივრცეში მოხვედრის შემდეგ. რეფერატი ნებისმიერ საგანში შეიძლება შესრულდეს, თუკი მასწავლებელი თანახმაა, სათანადო ხელმძღვანელობა გაუწიოს მოსწავლეს. ხელმძღვანელობა კი იოლი საქმე არ არის და მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამიტომაც არის, რომ მასწავლებელი მოსწავლესთან ერთად იზრდება. რეფერატი რამდენიმე კრიტერიუმით ფასდება: ხდება მიზნის/თეზისის, კვლევის, შეთავაზებული მოსაზრების, დასკვნების შეფასება; ფასდება ნაშრომის ორგანიზება, შინაარსის კორექტულობა, ფაქტობრივი საიმედოობა, ენობრივი გამართულობა და ილუსტრაციების/თვალსაჩინოებების გამოყენება. 

ე.წ. Extended Essay, ანუ ვრცელი ესე, რომელიც შინაარსით ძალიან წააგავს ჩვენებურ რეფერატს, საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია. ჩვენგან განსხვავებით, მისი შესრულება სავალდებულოა სადიპლომო პროგრამის ყველა მოსწავლისთვის. გარდა იმისა, რომ მოსწავლე აბარებს სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს საგანთა ექვსი ჯგუფიდან, იგი აუცილებლად წერს ვრცელ კვლევით ესესაც, რომელსაც საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე ირჩევს. განვიხილოთ, რა არის საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ე.წ. ვრცელი ესე. იმედია, მისი გაცნობა დიდად წაადგებათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც მზად არიან, წაახალისონ თავიანთი მოსწავლეები კვლევით პროცესში და ამ გზით კრედიტებიც დააგროვონ.

 როგორც ვრცელი ესეს გზამკვლევი გვაცნობს, შესრულებული სამუშაო მოსწავლეს მისცემს საშუალებას, განახორციელოს დამოუკიდებელი კვლევა ფოკუსირებულ საკითხზე; განივითაროს კვლევისა და წერითი კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები; განივითაროს კრეატიული და კრიტიკული აზროვნება; ჩაერთოს კვლევის სისტემატურ პროცესში; განიცადოს ინტელექტუალური აღმოჩენით მიღებული აღტაცება. ნაშრომის სათანადო დონეზე შესრულებისთვის მოსწავლეებს უნდა ვურჩიოთ შემდეგი:

1.კარგად გაეცნონ შეფასების კრიტერიუმებს. შეფასების კრიტერიუმები კი შემდეგია:

a)საკვლევი შეკითხვა – ეს კრიტერიუმი აფასებს, თუ როგორ მიემართება საკვლევი შეკითხვა არჩეულ საგანს. სასურველია, შეკითხვა დაისვას შესავალ ნაწილში და გამეორდეს რეზიუმეში. თუკი შეკითხვა არ არის დასმული, ანდა დასმულია და არ მიემართება საგანს, მაშინ ამ კრიტერიუმში ნული ქულა იწერება. თუკი შეკითხვა კარგად არაა ჩამოყალიბებული, ან ძალიან ვრცელია და მას პასუხი ვერ გაეცემა 4000 სიტყვის ფარგლებში, მაშინ შეფასება ერთია. იმ შემთხვევაში, თუკი შეკითხვა კარგადაა ჩამოყალიბებული და მასზე პასუხის გაცემა შესაძლებელია ესეს ფარგლებში, მაშინ იწერება მაქსიმალური ორი ქულა.

b)შესავალი – როდესაც საკვლევი შეკითხვა კონტექსტიდან ამოვარდნილია, არ ჩანს მცდელობა, განიმარტოს საკვლევი შეკითხვის აქტუალობა, მაშინ ეს კრიტერიუმი ფასდება ნული ქულით. თუ შესავალში იკვეთება მცდელობა, რომ კონტექსტი დაუკავშირდეს საკვლევ შეკითხვას – ერთი ქულა იწერება, ხოლო თუკი შესავალს თანმიმდევრულად მივყავართ საკვლევ შეკითხვამდე, იწერება მაქსიმალური ორი ქულა.

c)მოკვლევა – თუკი მასალა და მონაცემები არ არის შეკრებილი, მაშინ ვწერთ 0 ქულას, არასათანადო მასალის მოკრებაში იწერება ერთი ქულა, შეზღუდული მასალის წარმოდგენა ორ ქულას გვაძლევს, დამაკმაყოფილებელი რაოდენობის მასალის მოძიება და სათანადო მონაცემების შეკრება კი _ სამ ქულას, ხოლო კვლევისთვის საჭირო ყველა მასალის გაცნობა, მონაცემთა შეგროვება ოთხ ქულას იძლევა.

d)შესასწავლი თემის გაგება და ცოდნის გამოვლენა – თუკი ესე არ ავლენს შესასწავლი თემის ნამდვილ ცოდნას, მაშინ ნული ქულა იწერება. ამ კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა ოთხია.

e)დასაბუთებული არგუმენტი – ესეში არ ჩანს დასაბუთებული არგუმენტაცია, რომელიც მიემართება საკვლევ შეკითხვას, რაც ფასდება ნული ქულით. წარუმატებული მცდელობა ფასდება ერთი ქულით, ნახევრად წარმატებული მცდელობა – ორი ქულით. თუ წარმოდგენილი არგუმენტები დასაბუთებულია, მაგრამ მცირე ხარვეზები აქვს, იწერება სამი ქულა, ხოლო მკაფიოდ გამოთქმული დასაბუთებული არგუმენტაცია, რომელიც სწორად მიემართება საკვლევ შეკითხვას, ოთხი ქულით ფასდება.

f)საგნისთვის დამახასიათებელი ანალიტიკური უნარების მისადაგება – ამ კრიტერიუმშიც მაქსიმალური ქულაა ოთხი.

g)საგნისთვის შესაბამისი აკადემიური ენის გამოყენება – ნაშრომში გაუგებარი ტერმინების გამოყენება ნული ქულაა, ნაწილობრივად გამართული ტერმინოლოგიის გამოყენება _ ერთი ქულა. ტერმინების ხარვეზებით გამოყენება ზოგიერთ შემთხვევაში – ორი, მცირე ლაფსუსებით ტერმინოლოგიის გამოყენება – სამი, ხოლო აკურატული გამოყენება მაქსიმალური ოთხი ქულით ფასდება.

h)დასკვნა – როდესაც დასკვნა არ მიესადაგება საკვლევ შეკითხვას, ნული ქულაა, ხოლო მაქსიმალური შეფასება ამ კრიტერიუმისთვის ორი ქულაა.

i)ფორმალური პრეზენტაცია – აღსანიშნავია, რომ ნაშრომის სტანდარტული ფორმატი გულისხმობს სატიტულო გვერდს, შინაარსს, გვერდების დანომვრას, ციტაციისა და ბიბლიოგრაფიის გამართულობას, დანართების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სწორად წარმოჩენას. ნული ქულა იწერება იმ შემთხვევაში, თუკი ნაშრომი ძალიან მოკლეა, ან აღემატება 40000 სიტყვას.

j)რეზიუმე – სამასსიტყვიანი რეზიუმე უნდა იმეორებდეს საკვლევ შეკითხვას, აჩვენებდეს, თუ რატომ დაინტერესდა მოსწავლე საკითხით, როგორ წარმართა კვლევა, რა მეთოდები გამოიყენა, რა დასკვნამდე მივიდა. მაქსიმალური ქულა ორია.

k)ჰოლისტიკური შეფასება – ამ კრიტერიუმის მიზანია, განასხვაოს ვრცელი კვლევითი ესე სხვა ტიპის ესეებისგანGან ინტელექტუალური ინიციატივისგან, შეაფასოს მოსწავლის შემართება და მოწადინება. როგორც წესი, საუკეთესო ესეების ავტორები ამ კრიტერიუმში მაქსიმალურ ქულას იმსახურებენ, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ესე მთლიანობაში არ იმსახურებს მაღალ შეფასებას, მაგრამ ეს კრიტერიუმი მაინც დამაკმაყოფილებელია. მაქსიმალური შეფასება ამ შემთხვევაში ოთხი ქულაა.

2.წაიკითხონ მანამდე შესრულებული ნამუშევრები.

3.საკმარისი დრო დაუთმონ საკვლევი შეკითხვის ჩამოყალიბებას – საკვლევი შეკითხვის სწორად დასმა ნაშრომის წარმატების ერთ-ერთი ეტაპია. საკვლევი შეკითხვა არც ძალიან ვრცელი უნდა იყოს და არც ძალიან ვიწრო, არც ბუნდოვანი და არც გაუგებრად ჩამოყალიბებული და შეუსაბამო. საკვლევ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელი უნდა იყოს 4000 სიტყვის ფარგლებში. თუკი შეკითხვას პასუხი არ გაეცემა, მაშინ სჯობს, უარი ითქვას მასზე და შეიცვალოს უკეთესით. 

4.ყურადღებით მოეკიდონ ესეს სტრუქტურას, რაც გულისხმობს რეზიუმეს, შესავალს, ძირითად ნაწილს (რომელიც რამდენიმე თავის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი) და დასკვნას. გასათვალისწინებელია ნაშრომის სათანადო დონეზე გაფორმებაც.

5.დროულად დაიწყონ ნაშრომზე მუშაობა. კარგი ნაშრომის დაწყებას რამდენიმე თვე სჭირდება, რადგან მოსაძიებელია მასალა, ესე კი, სულ ცოტა, სამჯერ მაინც უნდა წაიკითხოს ხელმძღვანელმა.

6.გამოიყენონ ადგილობრივ ბიბლიოთეკაში არსებული რესურსები. რესურსების შეკრებისას ჩაინიშნონ გამოსადეგი ინფორმაცია (ბოლო ეტაპზე ყოველთვის ჭირს იმის გახსენება, თუ სად რა ამოვიკითხეთ).

7.სწორად გამოიყენონ საგნისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგია და აკადემიურად გამართონ ნაშრომი.

8.მუშაობის დასრულების შემდეგ დაწერონ რეზიუმე.

9.ჩაბარებამდე ყურადღებით გადაიკითხონ დასრულებული ნამუშევარი. 

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ აქ წარმოდგენილი რჩევები გამოადგებათ ჩვენს მასწავლებლებს მოსწავლეების წახალისებასა და დაინტერესებაში სასურველ თემაზე კვლევის საწარმოებლად. 

დასარულს შევნიშნავ: საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში შესრულებული ესეები იგზავნება გარე გამსწორებელთან. რადგან არ გვყავს დამოუკიდებელი გამსწორებლები, ჩემი რჩევა იქნება, პირველ ეტაპზე სკოლაში შეიქმნას, სულ ცოტა, სამკაციანი კომისია, რომელიც ანონიმურად გაასწორებს კვლევით ესეებს; ხოლო შემდეგ სკოლები გაერთიანდნენ და ერთობლივი მიუკერძოებელი კომისიები შექმნან. თუკი კვლევას უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა, მოსწავლეთა დაინტერესებაც ბუნებრივად გაიზრდება. 
 

რეკომენდაციები სიზარმაცის საწინააღმდეგოდ

0
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ზარმაცობს ან საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება არ სურს? როგორ გავუღვივოთ სწავლის სურვილი? რა მიზეზები მოჰყავთ ბავშვებს საკუთარი სიზარმაცის გასამართლებლად და რამდენად ყურადსაღებია მათი არგუმენტები? ეს აინტერესებს ყველას, ვისაც შინ თუნდაც ერთი სასკოლო ასაკის ბავშვი ჰყავს.
„როგორია შენი დამოკიდებულება სწავლის მიმართ და როგორი განწყობით ასრულებ საშინაო დავალებებს?” – ამ კითხვებს მოწაფეები სხვადასხვანაირად პასუხობენ, თუმცა თითქმის ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ თუ დავალება საინტერესოდაა ფორმულირებული, უფრო ბეჯითად და ინტერესით ასრულებენ მას.

მოზარდის სწავლით დაინტერესება, გარეგანი ფაქტორებით (უმაღლესში ჩაბარებით, კარიერული წინსვლით, სოციალური აღიარებით და ა.შ.) მისი მოტივირება დღეს გაცილებით ძნელია, ვიდრე წინათ. უამრავი კერძო და ფასიანი სასწავლებელი, სადაც დიდი ძალისხმევის გარეშე შეიძლება მოხვედრა, ბიზნესუნარებზე დაფუძნებული კარიერული წინსვლა, რომელიც განსაკუთრებულ ინტელექტუალურ კაპიტალს არ მოითხოვს, მოზარდში უამრავ კითხვას ბადებს. მშობლებსა და მასწავლებლებსაც მეტი სიფრთხილით მართებთ ამ კითხვებზე პასუხების დაძებნა და სწორი მოტივაციის შექმნაზე ზრუნვა.

მოსწავლის სასწავლო აქტივობები მისი შინაგანი მოტივაციით უნდა იყოს განპირობებული. ასეთ დროს მოსწავლისთვის თავად აქტივობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო. ამიტომ ნებისმიერი მიზნისკენ სვლა პატარ-პატარა ნაბიჯების წარმატებით დაძლევას გულისხმობს.
იმისთვის, რომ მოსწავლე ზარმაც, უმოტივაციო, ჩამორჩენილ და აპათიურ პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს, საჭიროა სასწავლო-შემეცნებითი პროცესის სწორად დაგეგმვა.
რჩევები, რომლებსაც ფსიქოლოგთა და მკვლევართა რეკომენდაციებზე დაყრდნობით „ავერსის” სპეციალისტები იძლევიან, მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მშობლებისთვისაც:
1. გაითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები და ნუ მოსთხოვთ მას ისეთი დავალების შესრულებას, რომელიც მის ძალებს აღემატება. ამით თავიდან აიცილებთ ფსიქოემოციურ დარღვევებს, არასრულფასოვნების კომპლექსს, გადაღლას.

2. სწორად დაგეგმეთ დღის რეჟიმი. სასურველია, ცხრილი სკოლაში იმგვარად შედგეს, რომ ესთეტიკური ბლოკის საგნები ენაცვლებოდეს რთულს. საშინაო დავალებების შესრულებამდე ბავშვმა უნდა მოახერხოს განტვირთვა. მიზანშეწონილია დავალებების დასრულება დაძინებამდე ერთი საათით ადრე.

3. მოერიდეთ შანტაჟს, თუ არ გინდათ, მოგვიანებით თავად გახდეთ მისი მსხვერპლი. მხოლოდ ჯილდოსთვის ან სასჯელის თავიდან ასაცილებლად შესრულებული დავალება ფორმალური და არაფრის მომცემია.

4. მიიღეთ მონაწილეობა დავალების შესრულებაში, ოღონდ არა როგორც მოკარნახემ ან დამკვირვებელმა, არამედ ისე, თითქოს თავად გაინტერესებთ შედეგი. მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანი მოტივია მოზარდისთვის.

5. თუ ბავშვი ბევრ დროს უთმობს სხვადასხვა გასართობს (კომპიუტერი იქნება ეს, ტელევიზორი თუ ჰობი), დაჰპირდით, რომ ამ ყველაფრისთვის დრო დავალებების შესრულების შემდეგ გამოინახება.

6. იზრუნეთ მოსწავლის იმუნიტეტსა და სწორ ფიზიკურ განვითარებაზე. სპორტი, გაკაჟება, ვიტამინების კომპლექსი ის აუცილებელი ფაქტორებია, რაც მოზარდის ჰარმონიულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას უზრუნველყოფს.

7. მიზნებისა და მისაღწევი შედეგების სწორ ფორმულირებას არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს. „კლასში საუკეთესო უნდა იყო!” „ათიანის გარდა სხვა ნიშანი არ დამანახო!” და ამგვარი მოთხოვნები დამთრგუნველი და მატრავმირებელი უფროა, ვიდრე სიკეთის მომტანი. საზოგადოდ, მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნიშანი სწავლისა და ცოდნის შეფასების ერთადერთ ფაქტორად ვერ ჩაითვლება. სხვათა შორის, დიმიტრი უზნაძე მხარს უჭერდა სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების განდევნას: „ციფრული შეფასება, როგორც წესი, სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ხელს უშლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას”, – აღნიშნავს ის თავის ნაშრომებში განათლების ფსიქოლოგიის შესახებ.

8. გახსოვდეთ, სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, უპირველესად, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გულისხმობს. თუ ახალი აქტივობის მიმართ ბავშვებს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას შევუქმნით, შედეგიც აუცილებლად დადებითი იქნება.

9. სასჯელსა და მატერიალურ ჯილდოზე ორიენტირება, როგორც ითქვა, არცთუ ეფექტურია. სამაგიეროდ, ქცევის განმტკიცება მიიჩნევა პრიორიტეტულ ფაქტორად. განმამტკიცებელი სტიმული ცვლის სასურველი ან არასასურველი ქცევის სიხშირეს. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეები ხშირად სწავლობენ და ამჟღავნებენ ახალ ქცევას იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს მათთვის სასურველი შედეგი მოაქვს.

განმამტკიცებელ სტიმულებად მიიჩნევა: 

1. სოციალური განმამტკიცებელი სტიმულები – ქება, ღიმილი და ყურადღება; 

2. ქცევითი განმამტკიცებელი სტიმულები – თამაშები და სხვა სახალისო ერთობლივი მოქმედებები; 

3. სიმბოლური განმამტკიცებელი სტიმულები – ნიშნები. სერტიფიკატები, დიპლომები…

და კიდევ ერთი რჩევა: დიმიტრი უზნაძის დასკვნით, „აღზრდის ძირითადი ტრაგედიაა” უფსკრული აღმზრდელისა და აღსაზრდელის მისწრაფებათა შორის. „აღმზრდელი, თუმც კი თვლის, რომ აღსაზრდელის მომავალი კეთილდღეობით ხელმძღვანელობს, სინამდვილეში არ აქცევს ყურადღებას აღსაზრდელის სურვილებს, არ ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და ხელმძღვანელობს საკუთარი მოტივებით. ის, რაც, აღმზრდელის აზრით, კეთილდღეობას წარმოადგენს, აღსაზრდელისათვის ხშირად წვალებად იქცევა”, – წერს უზნაძე და, ვფიქრობთ, ეს მშობლებმაც და მასწავლებლებმაც უნდა გაითვალისწინონ.

პროფესია – რედაქტორი

0
მახსოვს, ერთხელ პაატა ჩხეიძემ თავაზიანად შეუსწორა ჯანსუღ ჩარკვიანს: 

– თქვენამდე ვახტანგ ჭელიძემ გამოიყენა „ჰო, კაი” ინგლისური „ოქეის” შესატყვისად ჯერ კიდევ როდის, სელინჯერის რომანს როცა თარგმნიდა.

ბატონმა ჯანსუღმა იწყინა, პირველობა რომ ჩამოართვეს.

თუ არ ვცდები, იმ დღეს სწორედ ვახტანგ ჭელიძის თხზულებათა მრავალტომეულის პრეზენტაცია იყო. ინგლისურ და ამერიკულ ლიტერატურაზე ჩამოვარდა საუბარი, გაიხსენეს დიდებული ხალხი და მათ შორის სელინჯერიც, რომელიც პირველად ვახტანგ ჭელიძის წყალობით გაიცნო ქართველმა მკითხველმა, მისი საეტაპო მნიშვნელობის თარგმანით შეიყვარა ჰოლდენ კოლფილდი და ფიბი, სხვებიც. მას შემდეგ რომანის სხვა თარგმანიც გამოიცა და „ახალი მთარგმნელი” შეეცადა დაეკნინებინა „ძველი მთარგმნელის” დამსახურება. არ გამოვიდა ეს საქმე.

ყველაფერი პირველი შეუძლებელია იყოს მაღალხარისხიანი და სამაგალითო. ზოგჯერ პირველმა წარუმატებელმა ნაბიჯმა შეიძლება დაჩრდილოს ამა თუ იმ უცხოენოვან მწერალზე წინასწარ შექმნილი წარმოდგენა და არამარტო მთარგმნელს, არამედ ლიტერატურის მოყვარულ ადამიანს, უბრალო მკითხველს საბოლოოდ დაუკარგოს ინტერესი.

ვახტანგ ჭელიძემ პირიქით, სელინჯერისადმი ინტერესი გააღვივა, და არა მხოლოდ სელინჯერისადმი – დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზო”, ჰემინგუეისა და სტაინბეკის რომანები და ჩარლი ჩაპლინის არაჩვეულებრივი ავტობიოგრაფიული წიგნი მან გაგვაცნო პირველად…

მაგრამ აქ გავჩერდეთ! სულ სხვა რამეზე ვაპირებდი საუბარს, უფრო ზუსტად, კიდევ ერთი აუცილებელი შტრიხი მინდოდა მეჩვენებინა ვახტანგ ჭელიძის მრავალმხრივი მოღვაწეობიდან, რომელიც დღემდე დაუფასებელია, განსაკუთრებით ჩვენს თაობაში.

„საინტერესო იყო გურამ ასათიანის წერილი ნიკო ლორთქიფანიძეზე (მწერლის პორტრეტი), რომელიც იუბილის წინ – და, სამწუხაროდ, გურამის გარდაცვალების რამდენიმე ხნით ადრე – დავბეჭდეთ” – ასე იწყება ერთ-ერთი ჩანაწერი ვახტანგ ჭელიძის წიგნიდან „ტკბილ-მწარე ამბები”. იქვე ნათქვამია, რომ ავტორმა წერილი გაზეთისთვის საავადმყოფოდან გამოგზავნა: 

„მე არ მინახავს საავადმყოფოში; ვერიდებოდი – როცა გაიგეს, სასიცოცხლო პირი არ აქვსო, მთელი ქალაქი – ცნობისმოყვარე ობივატელები – მის სანახავად დაიძრა: თითქოს ყველა ცდილობდა, ეგრძნობინებია, რომ დიდი დღე აღარ ჰქონდა”. 

კარგად ნაცნობი სცენაა, ჩვენც რომ არაერთხელ გვსმენია და გვინახავს, ფსიქოლოგიურადაც კარგად შესწავლილი და არაერთ მწერალთან წარმატებით დამუშავებული. ისევ ჩანაწერს მივყვეთ:  

„მე მერიდებოდა – ვუთხარი კიდეც მანანას (მის ცოლს) და თინას (ცოლის დას), არ მინდა ვაგრძნობინო, რომ მომაკვდავის სანახავად მივდივარ-მეთქი, სხვა დროს ხომ არ ვნახავდი, ისეთი ახლო ურთიერთობა არა მქონდა-მეთქი. თან, ვიცოდი, ისეთ დღეში იყო თავისი სნეულების გამო, რომ მოერიდებოდა… ერთი სიტყვით, არ მინახავს და წერილი გამოგზავნა”.

ვახტანგ ჭელიძე იმხანად „ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორია, ათი წელია ამ საპასუხისმგებლო საქმეს უძღვება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მანამდე ჟურნალი „ცისკარი” აღადგინა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიტერატურული გამოცემა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან. ამასთან ერთად, ხელმძღვანელობს „ხომლს” – უცხოური ლიტერატურის ალმანახს, სადაც თანამედროვე თუ წინა საუკუნეთა მსოფლიო ლიტერატურის შედევრების საუკეთესო თარგმანები იბეჭდება.  

გურამ ასათიანის რანგის ავტორი ყველა რედაქტორისთვის სანატრელია – მის თითოეულ წერილს განსაკუთრებული მოლოდინი ახლავს, მისი ორიგინალური და მრავალმხრივ საგულისხმო შეფასება-გააზრება ამა თუ იმ მწერლისა და ნაწარმოებისა ყოველთვის საინტერესოა. მაგრამ ამჯერად: 

„დასაწყისშივე ეწერა, რომ ნიკო ლორთქიფანიძე განებივრებული არ ყოფილა, დასცინოდნენ კიდეც, და ასეთი მაგალითი მოჰყავდა: მოსკოვში რაღაც პლენუმი იყო და იქ ვიყავით, როცა ნიკო ლორთქიფანიძის გარდაცვალების ამბავი მოვიდა (გურამი იმ დროს მგონი მოსკოვში სწავლობდა), ერთმა მწერალმა აგდებულად გაიხუმრაო (არ ასახელებდა, ვინ იყო ეს მწერალი) – საცოდავი, რავა ბატივით დაბაჯბაჯებდაო, და იქვე შენიშნავდა ავტორი: მართლაც, ნიკო ლორთქიფანიძე დაჩაჩანაკებული კაცი იყო, სასაცილოდ დადიოდაო”. 

რა უნდა ქნა რედაქტორმა მაშინ, როცა ამას არ ეთანხმები? გაუწიო ავტორიტეტულ კრიტიკოსს ანგარიში? თუ შეუსწორო? მაგრამ მასთან შეხვედრაც რომ ვერ ხერხდება? რა დროს წერილის გადამუშავებაზე და დეტალების შეთანხმებაზეა საუბარი, სიკვდილს ებრძვის კაცი.  

არადა, აშკარად ჩანს, რომ არ ეთანხმებოდა: 

„ძალიან უხერხულად ჟღერდა, ალბათ ვერ მოზომა გურამმა. ეს არც სინამდვილე იყო: ნიკო ლორთქიფანიძე მოკლე ნაბიჯებით კი დადიოდა, მაგრამ დაბეჩავებული და სასაცილოდ მობაჯბაჯე, რა თქმა უნდა, არ ყოფილა; პირიქით უფრო ითქმის – უკარება კაცი იყო, ამაყი, გაუცინარი…” 

და ვახტანგ ჭელიძემ გადაწყვიტა, ამოეღო ეს ადგილი წერილიდან. მერე უნდოდა ეს ფაქტი საბაბად გამოეყენებინა, რომ საავადმყოფოში ენახა გურამ ასათიანი და შეეთანხმებინა, მაგრამ… ვეღარ მოასწრო და ასევე დაიბეჭდა. 

ნამდვილი რედაქტორისთვის, რომელიც ამავე დროს კარგი მწერალი იყო, დიდ მწერლებსაც ჩინებულად თარგმნიდა და ყოველ გამოქვეყნებულ სიტყვას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა, ცხადია, რთული იქნებოდა ამის გააზრება: მან ავტორთან შეუთანხმებლად ჩაასწორა მისი წერილი! მერე რა, რომ მხოლოდ სამი-ოთხი კაცი იცნობდა ნამდვილ ტექსტს და ფართო მკითხველს დედანზე ხელი არ მიუწვდებოდა… ეტყობა, ვახტანგ ჭელიძემ ძალიან განიცადა ეს ამბავი, რაც ჩანაწერის დასკვნით ნაწილშიც იგრძნობა:

„როცა გარდაიცვალა და ოჯახში მივედი, დედამისმა მომატირა – როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე – აღარა გვყავსო… და ეს წერილი გაიხსენა, ასე თქვაო, ვახტანგმა რაღაც სიტყვა ამოიღოო, მაგრამ თვითონვე კმაყოფილი იყოო… მანანას, ეტყობა, უხერხულად ეჩვენა და მაშინვე მიაშველა – ორჯერ გაიმეორა – ძალიან მადლობელი დარჩა, რომ ამოიღე, თვითონვე გული ეთანაღრებოდაო…” 

ბოლოს ვახტანგ ჭელიძე მაინც გაორებულია – „ეს კი თქვა, მაგრამ მე მაინც ჩემი დამემართა. საშინლად დამწყდა გული. მაგრამ შეიძლებოდა კი ისე გამეშვა?.. შეურაცხყოფა არ იქნებოდა მწერლისა?! თანაც, მართალი რომ არ იყო – სინამდვილეში ასეთი რამ რომ არ ყოფილა?”

გაორებულია, მაგრამ ეს, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სასიკეთო გაორებაა, ზნეობრივ პიროვნებას, პროფესიონალიზმს რომ ახლავს თან. მსგავსი რამ შეიძლება მხოლოდ ისეთ ადამიანს დაემართოს, ვინც გულგრილად არ ეკიდება საქმეს, ვისთვისაც სულერთი არაა ერთი კოლეგის აზრი მეორეზე, და ვინც ყოველთვის ცდილობს, პლატონიც უყვარდეს, მაგრამ ჭეშმარიტება მასზე უფრო მეტად…

მე მინდა სკოლაში წასვლა!

0
სკოლის ყველა თანამშრომელი დამეთანხმება – ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლა განსაკუთრებული სიხარულით პირველკლასელებს უღებს კარს. ისე მოხდა, რომ უკვე მესამე წელია, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი, მათ მეც ვეგებები საკლასო ოთახში.

როგორები არიან ახლანდელი პირველკლასელები? მე მათ მოკლედ ასე დავახასიათებდი: ასაკის კვალობაზე საკმაოდ დამოუკიდებლები, ტექნოლოგიების მიმართ საოცრად ნიჭიერები, თავისუფლების მოყვარულები, ურთიერთობისთვის გახსნილები, თამამები და… ძალიან ლამაზები. მათთან მუშაობა ერთსა და იმავე დროს ძნელიცაა და სასიამოვნოც, გასათვალისწინებელია უმცირესი დეტალები, წარმატება და ხელის მოცარვა საოცარი სისწრაფით ენაცვლება ერთმანეთს. ამ სტატიაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, შორის საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე – სკოლაში სიარულის სურვილის უქონლობაზე, სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვაზე გესაუბრებით.

„არ მინდა სკოლაში წასვლა”, – ეს ფრაზა ალბათ ბევრ მშობელს ეცნო. კვლევებმა დაადასტურა (ამის შესახებ ჩვენს ინტერნეტგაზეთშიც ვწერდით): სკოლაში წასვლაზე 5-6 წლის ბავშვების უარი იმითაც არის განპირობებული, რომ რამდენიმეკვირიანი სწავლის შემდეგ პირველკლასელებისთვის მიზანშეწონილია ერთკვირიანი არდადეგები. რა მიზეზითაც არ უნდა ამბობდნენ უარს ბავშვები სკოლაში წასვლაზე, ხშირად მდგომარეობა საკმაოდ მძიმდება. ამ დროს მშობლებს დიდი ემოციური და ფიზიკური ძალისხმევის გაღება უხდებათ (ცემას არ ვგულისხმობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ არც უამისობაა), რომ შვილს გადაწყვეტილება შეაცვლევინონ და სკოლაში წასვლა აიძულონ. შემდეგ მოვლენები უმეტესად ორი სცენარით ვითარდება: ბავშვი ან ეგუება სკოლას და სიჯიუტეს თავს ანებებს, ან საბოლოოდ შეიძულებს მას და მასთან ერთად – სწავლასაც. სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვის მიერ სიჯიუტის პირველი გამოვლენისთანავე პანიკას არ მივეცეთ; გვახსოვდეს, ჯერ კიდევ გვაქვს დრო მდგომარეობის გამოსასწორებლად, გვაქვს შანსი, ბავშვს დავუბრუნოთ სკოლის სიყვარული და შემოვაბრუნოთ იგი სასწავლო პროცესისკენ. რაც მთავარია, ამის გაკეთება სავსებით მშვიდობიანი მეთოდებითაც შეიძლება.

ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ბავშვებს სკოლაში წასვლა არ უნდათ, ის არის, რომ მათ არ მოსწონთ კითხვა. აქ მასწავლებლებთან ერთად მშობლებიც უნდა გაისარჯონ, რომ შვილებს კითხვა მოანდომონ. განათლების ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბავშვისთვის სკოლის, სწავლის შეყვარება მშობელს გაცილებით უადვილდება, თუ მას თვითონვე უყვარს კითხვა. კითხვის მოყვარული მშობელი თავისი მაგალითით აჩვევს ბავშვს წიგნის სიყვარულს. „როცა ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კითხულობს და ყოველდღიურად იღებს ახალ ინფორმაციას, ეს მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს”, – მიაჩნია რესა ფოგელს (Resa Fogel), ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს. „უბრალოდ ჟურნალის კითხვაც კი, რომელსაც მშობელი შესაძლოა სულაც გასართობად კითხულობდეს, ბავშვს თავისთავად აფიქრებინებს, რომ კითხვა ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია, მის მშობელს კითხვა უყვარს და ყოველთვის ახერხებს ამისთვის დროის გამონახვას”.

ყოველგვარი ლიტერატურა, რომელსაც შვილს წააკითხებ, – კომიქსებით დაწყებული და ასაკის შესაბამისი ჟურნალებით დამთავრებული, – დაეხმარება მას ლიტერატურული უნარების განვითარებაში და სამუდამოდ შეაყვარებს კითხვას, წიგნს. კითხვის მიმართ ინტერესის გაჩენას ხელს უწყობს ბიბლიოთეკებსა და წიგნების მაღაზიებში სიარულიც. თავდაპირველად წიგნებს შვილისთვის მშობლები არჩევენ, მერე და მერე კი ის თვითონაც შეძლებს საკუთარი გემოვნებით წიგნების შერჩევას.

არ დაგავიწყდეთ, ყოველდღე ჰკითხოთ ბავშვს, როგორ ჩაიარა იმ დღემ სკოლაში. ნუ დასჯერდებით არაფრისმთქმელ ერთსიტყვიან პასუხს (მაგ., ,,კარგად”). დაუსვით კითხვები, რათა ის მოგიყვეთ რაიმე კონკრეტულ ამბავს, რომელიც იმ დღეს გადახდა თავს. ეს გულითადი ურთიერთობის დამყარების შესანიშნავი ხერხია და იმის საწინდარიც, რომ მომავალში ბავშვი თავის პრობლემებზე გულახდილად მოგიყვებათ.

შესაძლოა, ბავშვმა საუბარი იქით წაიყვანოს და ისეთ სფეროში გთხოვოთ დახმარება, რომლის ექსპერტად ვერ გამოდგებით. ამ შემთხვევაში უხერხული არ იქნება, თუ ეტყვით: „იცი, რა, მე ეს კარგად არ ვიცი, მაგრამ მოდი, ერთად ვიფიქროთ და ვიპოვოთ გამოსავალი”. მაგალითად, თუ ბავშვს ისეთ საგნებში სჭირდება დახმარება, რომლებიც თქვენ არ იცით (მაგ., უცხო ენაში), იდეალური გამოსავალი იქნება, ინტერნეტი მოიშველიოთ.

სპეციალისტები გვირჩევენ, თუ შვილმა ჩვენი მოწაფეობის დროინდელი ემოციების შესახებ გვკითხა, ყოველთვის დადებითად ვუპასუხოთ. „ნურასოდეს ეტყვით ბავშვებს, რომ სკოლა არ გიყვარდათ, თუნდაც სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად ყოფილიყო”, – გვიჩევს ქრისტინა ვებერი, ბავშვთა ფსიქოლოგი. ასეთი ტყუილი სიცრუეთა იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც სარგებლობა მოაქვს. ხშირად მშობელი სკოლისადმი შვილის უარყოფით დამოკიდებულებას იმ საბაბით ეგუება, რომ თავადაც არ უყვარდა სკოლა და ეს ნორმალურ მოვლენად მიაჩნია. სინამდვილეში ეს გამამართლებელი არგუმენტი არ არის; საჭიროა ამ მცდარი წარმოდგენის შეცვლა

ამრიგად, ბავშვის ნურც ერთ კითხვას ნუ დატოვებთ უპასუხოდ და არ დაგავიწყდეთ სკოლისა და სწავლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოხატვა.

განათლების ექსპერტები მშობლებს სკოლასთან (როგორც მასწავლებლებთან, ისე დირექციისა და პერსონალის წარმომადგენლებთანაც) ხშირი და პოზიტიური ურთიერთობის დამყარებას ურჩევენ. შესთავაზეთ მათ დახმარება თქვენი შესაძლებლობლების ფარგლებში (მაგ., ოთახის მოწყობაში), იქონიეთ ელექტრონული მიმოწერა მასწავლებლებთან შვილის აკადემიური მიღწევებისთვის თვალყურის სადევნებლად, დაესწარით სასკოლო ღონისძიებებს. პროაქტიური, დაუზარელი დამოკიდებულება თქვენ როგორც მშობელს კარგ სამსახურს გაგიწევთ და მკვეთრად გააუმჯობესებს თქვენი შვილის შედეგებს სკოლაში. მასწავლებლებთან ერთად მუშაობა საწინდარია იმისა, რომ დროულად შეიტყობთ შვილის პრობლემების შესახებ და ეფექტურ გზას მონახავთ მათ მოსაგვარებლად.

„დაარწმუნე ბავშვი, რომ მასწავლებელი მისი მოკავშირეა”, – გვირჩევს სინდი კესლერი (Cyndi Kessler), სსსმ მოსწავლეთა განათლების სპეციალისტი. მეც მჯერა, მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეცდება გახდეს მოსწავლეებისა და მათი მშობლების მოკავშირე პრობლემებთან ბრძოლისას მომავალი წარმატებისთვის. 
დამეთანხმებით, საქმე არც ისე მარტივად არის, როცა მშობელი სკოლის მიმართ შვილის უარყოფით დამოკიდებულებაში მასწავლებელს მიიჩნევს დამნაშავედ. ასეთ დელიკატურ ვითარებაში მშობელს უფლება აქვს, მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია – მიმართოს დირექციას, თანაგრძნობა გაუწიოს ბავშვს და სხვ., მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ კესლერის ერთ რჩევასაც გაითვალისწინებს: „თუ შენ როგორც მშობელს პრეტენზიები გაქვს მასწავლებელთან, ნუ განიკითხავ მას შვილთან ერთად ან მისი თანდასწრებით”.

განათლების სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, კარგად შეისწავლონ შვილის ხასიათი და ამის გათვალისწინებით შეურჩიონ სკოლა (ექსპერიმენტული, მონტესორი, ტრადიციული საჯარო, რელიგიური, სპორტული და სხვ.).

„ვფიქრობ, სწავლაში წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ბავშვის ხასიათისა და სკოლის სტრუქტურის სწორად მორგებაა. სკოლის ტიპი ბავშვის ხასიათს უნდა შეესატყვისებოდეს”, – ამბობს პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვუ. ამისთვის მშობელმა არ უნდა დაიზაროს შვილთან ერთად რამდენიმე სკოლის დათვალიერება, პერსონალთან გასაუბრება საინტერესო საკითხების გასარკვევად (სასწავლო დაწესებულების ტიპი, სწავლის სტილი, სკოლის შინაგანაწესი და სხვ.), რათა დარწმუნდეს, რომ ეს სწორედ ის სკოლაა, რომელიც მის შვილს სჭირდება. 

ვითვალისწინებთ, რომ ჩვენს სინამდვილეში ამის გაკეთება ძალზე რთულია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი, მაგრამ, ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ თავისთავად საინტერესო რჩევაა და თუ მშობელს აქვს არჩევანის საშუალება, ურიგო არ იქნება, ამ საკითხითაც დაინტერესდეს. 

მშობლებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მათმა შვილმა შესაძლოა ერთნაირი წარმატებით ვერ დაძლიოს ყველა საგანი. როცა მშობელს ეუბნებიან, რომ მისი შვილი კარგად სწავლობს მათემატიკას, მას ეუფლება სურვილი, ბავშვმა ასევე გამოიჩინოს თავი ქართულში, უცხო ენაში და ა.შ. საბედნიეროდ, ნიჭიერი პატარები უმეტესად ყველა საგანში ნიჭიერები არიან, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მშობელმა გული არ უნდა გაიტეხოს, სასოწარკვეთილებას არ უნდა მიეცეს. 

დაბოლოს, არამც და არამც არ დასცინოთ შვილს წარუმატებლობის შემთხვევაში, ნურასოდეს აიგდებთ აბუჩად მის შესაძლებლობებს. ყველამ ვიცით, რომ ცხოვრება წარმატებებისა და წარუმატებლობებისგან შედგება, ბავშვის ცხოვრება კი სკოლაა (ცხადია, მხოლოდ აკადემიურ შედეგებს არ ვგულისხმობთ) – მშობელს მოეთხოვება, უპირობო სიყვარულის ატმოსფერო შეუქმნას შვილს, მოუსმინოს და გაითვალისწინოს მისი აზრი, განუწყვეტლივ ითანამშრომლოს მასთან სწავლის პროცესში. მხოლოდ ამგვარად თუ მოახერხებთ, სწავლის სიყვარული ჩაუნერგოთ შვილს. გაწეული შრომის პირველი რეალური ჯილდო წარმატებული სტუდენტია, ხოლო საბოლოო – კვალიფიციური სპეციალისტი და ბედნიერი ადამიანი.

სოციალურ-კულტურული თეორია და პედაგოგიკა

0

 ლევ ვიგოტსკი, ფსიქოლოგი. მას ეკუთვნის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების
კულტურულ-ისტორიული თეორია, ასევე, თავის ტვინში ფსიქიკური ფუნქციების სისტემური ლოკალიზაციის
თეორია. მანვე ჩამოაყალიბა ბავშვის განვითარების სოციალურ-კულტურული თეორია. ვიგოტსკიმ
დასაბამი მისცა მეტყველებისა და აზროვნების ურთიერთმიმართების ექსპერიმენტულ კვლევას
განვითარების ჭრილში.

 

რატომ უწოდებენ ვიგოტსკის თეორიას სოციალურ-კულტურული
განვითარების თეორიას?

  

    რადგან ბავშვი კონკრეტულ სოციალურ
და კულტურულ გარემოში იბადება, მის ფსიქიკურ განვითარებას განსაზღვრავს სოციალური ურთიერთობები და კულტურული მონაპოვარი, მაგ., დამწერლობა,
რიცხვითი სისტემა და სხვ. შესაბამისად, ბავშვის აზროვნებისა და ზოგადად, შემეცნებითი
(კოგნიტური) სფეროს განვითარებაც კონკრეტულ
სოციალურ-კულტურულ გარემოში ხდება,   მისთვის
მნიშვნელოვანი უფროსის (ავტორიტეტის) საშუალებით. 

   ბავშვის ფსიქიკური განვითარების
პროცესში სოციალური ურთიერთობები წამყვან როლს ასრულებს. ვიგოტსკი თავის თეორიაში ბავშვის
განვითარებაში მონაწილე ფსიქიკურ ფუნქციებს ორ დონეზე განიხილავს:

  პირველია სოციალურ-ინტერფსიქოლოგიური დონე,
რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ფსიქიკა სხვებთან სოციალურ ურთიერთობებში ყალიბდება;

  მეორეა ინდივიდუალური დონე – ინტრაფსიქოლოგიური;
ამ ეტაპზე ბავშვის გარემოსთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილება შიდა პლანზე გადადის,
რაშიც წამყვან როლს მეტყველება ასრულებს.

 

 რას
ეფუძნება ვიგოტსკის თეორია?

 

ვიგოტსკის თეორია ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

1. განვითარება სოციალურ-კულტურულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს;

2. ბავშვი ცოდნას  პასიურად კი არ ითვისებს,
არამედ ცოდნას აგებს;

3. სწავლა წინ უნდა უსწრებდეს განვითარებას;

4. ფსიქიკურ
განვითარებაში ცენტრალური ადგილი მეტყველებას უკავია.

 

როგორია პიჟეს და ვიგოტსკის თეორიული მიდგომები სწავლის და განვითარების
ურთიერთმიმართების საკითხისადმი?

 

 


·                    

პიაჟეს მიაჩნდა, რომ განვითარება წინ
ძღვის სწავ­ლას. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, ბავშვებს ჯერ გარკვეული კოგნიტური სტრუქტურები, ანუ სქემები უნდა ჩამოუყალიბდეთ,
რათა მათ შეძლონ სამყაროს შესწავლა და შემეცნება.


·                    

ვიგოტსკის თეორია კი ვარაუ­დობს, რომ სწავლა
წინ უძღვის და ხელს უწყობს კოგნიტურ განვი­თარებას. ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში
არსებულ სიმბოლოთა მნიშვნელობებს სხვა ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

როგორ განმარტავს ვიგოტსკი თვითრეგულირების უნარს?

ვიგოტსკის აზრით, განვითარება მოიცავს ბავშვის მიერ სიმბოლოთა მნიშვნელობების
ისე გათავისებას, რომ მას შეეძლოს დამოუკიდე­ბლად აზროვნება და პრობლემების გადაჭრა.
ამ უნარს თვითრეგული­რების უნარი ეწოდება.

რა საფეხურები უნდა გაიაროს ბავშვმა, რომ თვითრეგულირებისა
და დამოუკიდებლად აზროვნების უნარი  განუვითარდეს?

იმისათვის, რომ ბავშვს თვითრეგულირებისა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარი
განუვითარდეს, მან  სამი საფეხური უნდა გაიაროს:

ვიგოტსკის აზრით,
რა როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში სოციალური კომუნიკაცია?

 

ვიგოტსკის მიაჩნდა, რომ
სოციალური კომუნიკაცია მნიშვნელო­ვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. მისი შეხედულებით,
ბავშვების აზროვნება ვითარდება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად. უფრო მცოდნე
და გამოცდილ ადამიანებთან კომუნიკაცი­ის დროს ისინი იძენენ ისეთ ცოდნას, რომლის შეძენასაც
დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ. პიაჟე ვარაუდობდა,
რომ ბავშვები დამოუკიდებლად შეიმეცნებენ სამყაროს, ხოლო ვიგოტსკი ამტკიცებდა, რომ სულაც არ არის აუცილებელი ან საჭირო, რომ ბავშვებმა
მათ კულტურაში არსებული ცოდნა ხელახლა აღმოაჩინონ. ცოდნა საუკუნეების განმავლობაში
იქმნებოდა საზოგა­დოებაში და ბავშვმა ის სოციალური კომუნიკაციების საშუალებით უნდა
გაითავისოს.

 

რატომ ითვლება
“მოქმედება” მნიშ­ვნელოვან ცნებად სოციალურ-კულტურულ თეორიაში?

 

   აღსანიშნავია,
რომ ბავშვები აქტიურ როლს თამაშობენ სოციალურ კომუნიკაციაში. შესაბამისად, მოქმედება მნიშ­ვნელოვანი ცნებაა სოციალურ-კულტურულ
თეორიაში. ვიგოტსკის მი­აჩნდა, რომ ბავშვები სწავლობენ მოქმედებაში, ანუ როცა უფრო
მცოდნე ადამიანებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული მნიშ­ვნელოვან საქმიანობაში. ასეთი
საქმიანობის დროს ბავშვები აქტი­ურად შედიან დიალოგში გარშემო მყოფ ადამიანებთან. დიალოგის
საშუალებით ხდება იდეების გაცვლა და ბავშვის განვითარებაც წინ მიდის.

 

 

როგორ განმარტავს
ვიგოტსკი  ბავშვის განვითარე­ბის არსებულ და
უახლოეს განვითარების დონეებს?

 

ვიგოტსკი განასხვავებს
ბავშვის განვითარე­ბის არსებულ და პოტენციურ განვითარების დონეებს.

ბავშვის განვითარების არსებული დონე გულისხმობს იმ ამოცანე­ბის ზედა ზღვარს, რომელთა შესრულებაც
ბავშვს დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შეუძლია.

ბავშვის განვითარების უახლოესი დონე კი გულისხმობს იმ ამოცანათა/მოქმედებათა ზედა ზღვარს,
რომელთა შესრულებაც ბავშვს შეუძლია უფრო კომპეტენ­ტური ადამიანის დახმარებით.

 

ბავშვის უახლოესი განვითარების ზონა მოიცავს სწავლის და პრობ­ლემების გადაჭრის
უნარებს, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებს ჩამოყალიბებას და განვითარებას.
რასაკვირველია, დროთა განმავლობაში ყოველი ბავშვის უახლოესი განვითარების
ზონა იცვლება; ის გარკვეულ ამოცანებს/მოქმედებებს ეუფლება და მზად არის უფრო რთული
დავალებების შესასრულებლად.

 

 

რა არის სკაფოლდინგი და რა როლს თამაშობს ის მოსწავლის სწავლაში?

 

    სკაფოლდინგი (დამხმარე საშუალებათა სისტემა) ნიშნავს იმ დახმარებას,
რომელიც ბავშვს
შესაძლებლობას აძლევს, შეასრულოს დავალებები, რომლებიც მისი უახლოესი განვითარების ზონის ფარგლებში თავსდება. ეს არის “დამხმარე საშუალებათა
სისტემა”. სკაფოლდიგნი (
Scaffolding) სიტყვასიტყვით „ხარაჩოს დადგმას” ნიშნავს. როგორც ვიცით, ხარაჩო მშენებელთა დასაყრდენ მოწყობილობას წარმოადგენს: მუშებს შეუძლიათ ხარაჩოზე დადგნენ მანამ, სანამ ახალი შენობა საკმარისად გამყარდება. როცა შენობა სტაბილური გახდება, ხარაჩო საჭირო აღარ არის და მას თანდათან ხსნიან.

 

 

  რა მნიშვნელობა აქვს ამოცანათა სირთულის ზრდას მოსწავლის
განვითარებისას?

 

იმისათვის, რომ განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში
ვას­წავლოთ, აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ კოგნიტური
განვითარების რა დონეზე იმყოფებიან მოსწავლეები
: უნდა შევაფასოთ, დავალებების/ამოცანების
დამოუკიდებლად შესრულების როგორი უნარი აქვთ და რისი გაკეთება შეუძლიათ სხვების დახმარებით.

  ვიგოტსკის
მიაჩნ­და, რომ ბავშვები ძალიან ცოტას სწავლობენ ისეთი დავალებების შესრულებით, რომლებისთვის
თავის გართმევაც დამოუკიდებლად შეუძლიათ. ისინი, ძირითადად, ვითარდებიან მაშინ, როცა
ცდილობენ რთული დავალებების შესრულებას სხვა ადამიანების დახმარებით და მითითებით,
ანუ როცა მოსინჯავენ ისეთ ამოცანებს, რომლებიც მათი განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში
თავსდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კოგნიტურ განვითარებას ხელს უწ­ყობს ცხოვრებისეული
სირთულეების გადალახვა და არა იოლი მიღწევები.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ზომიერების
დაცვა რთული დავალებების ინტენსიურად მიწოდებისას?

როცა ბავშვებს რთული დავალებების შესრულება ერთმანეთის
მიყოლებით, მთელი დღის განმავლობაში უწევთ, ეს უარყოფითად მოქმედებს მათ თვითშეფასებასა
და თავდაჯერებულობაზე. ეს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა ბავშვები წარუმატებლობას
და იმედგაცრუებას ხშირად გან­იცდიან. 


მართალია, რთული დავალებები მნიშვნელოვნად უწყობს
ხელს ბავშვის განვითარებას, მაგრამ ის დავალებები, რომელთა შესრულებაც მას არ შეუძლია
სხვა ადამიანების დახმარებისა და მხარდაჭერის მიუხედავად, აბსოლუტურად უსარგებლოა.
განვითარების უახლოესი ზონა განსაზღვრავს ბავშვის კოგნიტური შესაძლებლობების ზედა ზღვარს,
ანუ იმას, თუ რისი შესწავლა შეუძლია ბავშვს მისი კოგნი­ტური განვითარების კონკრეტულ
ეტაპზე.

ფსიქოლოგიური თეორიის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ

0
მასწავლებლები ხშირად წუხან, რომ ფსიქოლოგიური თეორიების პრაქტიკაში გამოყენება ძალიან უჭირთ. ამ წერილში მინდა გაგაცნოთ ლ. ვიგოტსკის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, პ. გალპერინის, კონცეფცია გონებრივ ქმედებათა ეტაპობრივი ფორმირების შესახებ, რომლის პრაქტიკული გამოყენება სურვილის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია და ძალზე ეფექტიანიც.

გალპერინს (პიაჟეს მინიმალური ჩარევის მეთოდისგან განსხვავებით) მიაჩნია, რომ მასწავლებლის ჩაურევლად ბავშვისთვის შეუძლებელი იქნებოდა ზოგიერთი კოგნიტური სქემის დაუფლება. იგი ეფუძნება მოზრდილისა და ბავშვის ურთიერთობის ვიგოტსკისეულ მოსაზრებას: მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს და ამ პროცესში ორიენტაცია აიღოს ბავშვის ხვალინდელ დღეზე („განვითარების უახლოესი ზონა”).

გალპერინის კონცეფციის თანახმად, ცოდნის შეძენა გარკვეული პროცესია, სადაც გონებრივი ქმედებები შეიძინება/ფორმირდება მხოლოდ მატერიალური მოქმედების გავლით. იგი 5 ეტაპს მოიცავს:
I. მოქმედების წინასწარი წარმოდგენა. ამ ეტაპზე შესაძლებელია ორი მეთოდის გამოყენება:

1. მასწავლებელი მოსწავლეს უხსნის მოქმედებას და სთხოვს, გაიმეოროს ის მისი დახმარებით, მითითებით;

2. მასწავლებელი მოქმედებას თვითონ ასრულებს, მოსწავლე აკვირდება და ეხმარება მას, რაღაცას „კარნახობს”. დადასტურდა ამ უკანასკნელი მიდგომის დიდი ეფექტიანობა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე ამ დროს უფრო პასიურია, ვიდრე პირველ შემთხვევაში, თუმცა ამგვარი შედეგი ადვილად აიხსნება ცნობილი რუსი ფსიქოლოგის ლურიას კვლევის შედეგებით: მოსწავლეს განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე უჭირს ერთსა და იმავე დროს რამის კეთება და სიტყვიერი გამოხატვა. გალპერინს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ქმედებისგან გათავისუფლება მოსწავლეს ამოცანაზე კონცენტრირებაში ეხმარება.

რეკომენდაცია მასწავლებელს: თავდაპირველად სასურველია, თქვენ თვითონ აკეთოთ რამე, ბავშვი დააკვირდეს ამ პროცესს და მისი მონაწილეობა შემოიფარგლოს თქვენდამი გამოთქმული ერთგვარი „მითითებებით” (მაგ., „მასწავლებელო, მოდი, ასე გავაკეთოთ…”). ამ ეტაპზე გამოიყენეთ რეალური საგნები, მოდელები, მაგ., ჩხირები თვლა-ანგარიშის სასწავლებლად. თქვენ შეასრულეთ მოქმედება, მოსწავლე „დაიხმარეთ”.

II. მოქმედების დაუფლება საგნის გამოყენებით. ამ ეტაპზე მოსწავლე თვითონ ურთიერთობს მასალასთან, მასწავლებელი ხელმძღვანელობს, უხსნის და უსწორებს. მისი მეტყველება მოსწავლის პრაქტიკული მოქმედებისკენ არის მიმართული, თუმცა არ უბიძგებს მას მასალის აბსტრაჰირებისკენ, არ წაახალისებს წარმოსახვითი ოპერაციების წარმოებას, მასწავლებელი არ სთხოვს მოსწავლეს, რაიმე წარმოიდგინოს, განაზოგადოს, მით უფრო – დასკვნა გამოიტანოს.

რეკომენდაცია მასწავლებელს: თქვენი დახმარება უნდა გამოიხატოს იმაით, რომ მოსწავლემ შეძლოს საგნის გამოყოფა, დაინახოს კონკრეტული მოქმდების მიზანი და მისი მიღწევის გზა. ამ ეტაპზეც გამოიყენეთ რეალური საგნები, მოდელები, მაგ., ჩხირები თვლა-ანგარიშის სასწავლებლად. მოსწავლე ასრულებს მოქმედებას, თქვენ ეხმარებით.
III. მოქმედების დაუფლება გარეგანი მეტყველების დონეზე. ამ ეტაპზე მოსწავლე უკვე დაუფლებულია საგნების გამოყენებით განსაზღვრულ მოქმედებებს; შესწევს უნარი, თავისი მოქმედებები გარეგანი მეტყველების საშუალებით წარმოიდგინოს. მას შეუძლია ახსნას, რა ხერხით აპირებს მოქმედებას. პრაქტიკული მოქმედებები თეორიული ხდება, ეს უკანასკნელი კი გარეგანი მეტყველებითაა გამყარებული.
რეკომენდაცია მასწავლებელს: ნუ აუკრძალავთ მოსწავლეს მოქმედების შესრულებისას ხმამაღლა ლაპარაკს – პირიქით.

IV. მოქმედების გადატანა შინაგან დონეზე. ამ სტადიაში მასწავლებელმა, ნაცვლად ხმამაღალისა, უნდა წაახალისოს თავისთვის ლაპარაკი, ჩურჩული. მოსწავლე კვლავ იყენებს გაშლილ მეტყველებას, მაგრამ მოქმედების შესრულებაში გაწაფვასთან ერთად მისი მეტყველებაც იკვეცება.
რეკომენდაცია მასწავლებელს: ნუ აუკრძალავთ მოსწავლეს ჩურჩულს – ის მას დიდ დახმარებას უწევს მოქმედების გაშინაგნებაში (ინტერიორიზაცია).
V. გონებრივი მოქმედების საბოლოო ფორმირება. ამ ეტაპზე გონებრივი მოქმედება მთლიანად შინაგანი ხდება, იგი შეკუმშულია და შემოკლებული. მეტყველების ნაკადი, რომელიც დამახასიათებელია წინა ეტაპებისთვის, ცნებების სახით ფორმირდება. პრაქტიკული მოქმედება გონებრივი ფენომენი ხდება. 

რეკომენდაცია მასწავლებელს: თუ აღმოჩნდა, რომ მოსწავლე ცდება და არასწორად ისწავლა, აუცილებელია დავბრუნდეთ უფრო ადრეულ სტადიაზე და დავიწყოთ თავიდან, მივცეთ მოზარდს საშუალება, გავარჯიშდეს იმ სტადიაზე, სადაც ესა თუ ის მოქმედება შეცდომით განუმტკიცდა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...