პარასკევი, აგვისტო 1, 2025
1 აგვისტო, პარასკევი, 2025

მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა.მსოფლიო გამოცდილება. (მეორე ნაწილი)

0

ჩვენი ქვეყანა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სისტემის ამოქმედების მოლოდინშია. მიმდინარეობს დისკუსია სისტემის დადებით მხარეებსა და იმ საფრთხეებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ასეთი მნიშვნელოვანი სიახლის წარმატებით განხორციელებისთვის. ამ კონტექსტში საყურადღებოა ანალოგიური სისტემების გაანალიზება და შედარება ჩვენი ქვეყნის რეალობასთან. ჩვენი წერილი ეყრდნობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის განათლების ექსპერტების 2011 წლის მოხსენებას. მოხსენება მომზადებულია ანდრეას შლეიხერის (გერმანია) – განათლების მკვლევარის, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაციის (OECD) PISA-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და კოორდინატორის – მიერ.
პროფესიული კადრების შერჩევა და პედაგოგთა დაწყებითი პროფესიული მომზადება

განათლების სისტემების წინაშე დგას რთული ამოცანა – დააინტერესონ უმაღლესი სასწავლებლების ნიჭიერი კურსდამთავრებულები მასწავლებლის პროფესიით. სხვადასხვა ქვეყანაში ამ პრობლემას სხვადასხვანაირად წყვეტენ. შრომის ანაზღაურების კონკურენტუნარიანობა, კარიერული ზრდის პერსპექტივა, პროფესიული თვითრეალიზაციის განსხვავებული გზები და მასწავლებლებისთვის როგორც პროფესიონალებისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების მინიჭება გამოყენებული სტრატეგიების მნიშვნელოვანი ასპექტებია.

კადრების შერჩევის აქტიურ კამპანიაში აქცენტი შეიძლება დაისვას იმაზე, რომ ამ პროფესიას შეუძლია მორალური კმაყოფილების მოტანა – ამგვარად ამ პროფესიაში შეიძლება ისეთი ადამიანების მოზიდვა, რომლებიც სხვაგვარად არც კი განიხილავდნენ ამ შესაძლებლობას. იქ, სადაც პედაგოგიური მოღვაწეობა პრესტიჟულ საქმიანობად ითვლება, შესაძლებელია სტატუსის უფრო მეტად აწევა კონკურსის მეშვეობით, რომელიც მასწავლებლებს წარმოდგენას შუქმნის იმის შესახებ, რომ მათ პოპულარული პროფესია აირჩიეს. ამასთან ერთად, აუცილებელია გარკვეული დონე პროფესიული განათლების დასაწყისში, რომელიც ახალ მასწავლებლებს არა მხოლოდ სტანდარტული მეთოდების გამოყენებისთვის, არამედ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისთვისაც ამზადებს.
როგორ ვაქციოთ მასწავლებლობა მიმზიდველ პროფესიად

საგანმანათლებლო სისტემებს შეუძლია მაღალი კლასის სპეციალისტების მოზიდვა არა მარტო ანაზღაურებით, არამედ იმ პირობებითაც, რომლებშიც მასწავლებელი პროფესიონალად ჩამოყალიბდება.

PISA კვლევის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემები სტუდენტებს სთავაზობენ ისეთი სახისა და ხარისხის განათლებას, რომელიც ნაკლებწარმატებულ სისტემებში მხოლოდ ელიტური უმცირესობისთვის არის ხელმისაწვდომი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა შეძლონ ყველასთვის უმაღლესი დონის პედაგოგიური მომსახურების უზრუნველყოფა. როგორც გვიჩვენებს განათლების სფეროში ნაციონალური პოლიტიკის მიმოხილვა, წარმატებულ საგანმანათლებლო სისტემებს ხშირად აჰყავთ სამუშაოდ ისეთი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები, რომლებიც საუკეთესო სპეციალისტებმა დაამთავრეს. ადამიანები, რომლებიც პროფესიული თვითრეალიზაციისკენ მიისწრაფვიან და დაინტერესებულები არიან სტატუსის შესაბამისი პროფესიული შრომის პირობებით, შესაძლოა შეაშინოს სკოლებში დირექტიულმა ატმოსფერომ და მმართველობაში ბიუროკრატიული მექანიზმების გამოყენებამ. ამიტომ ბევრი საგანმანათლებლო სისტემა სკოლების მართვის რეორგანიზაციის გზით მიდის: ადმინისტრაციის სანაცვლოდ მოვიდა მმართველობა ნორმების საფუძველზე, რომელსაც პროფესიული საზოგადოება შეიმუშავებს და რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტატუსს, შრომის ანაზღაურების განსაზღვრულ დონეს, პროფესიულ დამოუკიდებლობას, ხარისხიან პროფესიულ განათლებას და პასუხისმგებლობას როგორც პროფესიული მოღვაწეობის შემადგენელს. ამავე საგანმანათლებლო სისტემებმა შექმნეს საზოგადოებრივი დიალოგის ეფექტური მექანიზმები. დაბოლოს, მათ შეიმუშავეს თანამშრომლობის მიმზიდველი ფორმები, რომლებიც შესაბამისობაშია მუშაობის მოქნილ გრაფიკთან დასაქმების გარანტიით და რომელიც სკოლას საკმარის უფლებამოსილებას სთავაზობს პედაგოგიური კადრების მართვის კუთხით.

მმართველობის ეს პრინციპები ნაციონალურ და რეგიონულ პოლიტიკაში პრიორიტეტული გახდა.

უნდა გავითვალისწინოთ სამუშაო ძალით სახელმწიფოს უზრუნველყოფა და მასზე მოთხოვნა და იმ სტრატეგიების მოფიქრება, რომლებიც მიმართულია პროფესიაში ახალგაზრდობის მოზიდვისკენ, ასევე – განსაზღვრულ საგნებში სპეციალისტების უკმარისობის პრობლემის მოგვარებისკენ.

იმ ქვეყნებშიც კი, სადაც განათლების სისტემას აქვს განსაკუთრებით ნიჭიერი კურსდამთავრებულების რეკრუტირების საშუალება, აღიარებენ, რომ სწავლების ხარისხი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა მასწავლებელმა. პოტენციური პედაგოგები, რომელთა შორისაც ხდება არჩევა, განიცდიან გავლენას საზოგადოებაში გაბატონებული აზრისა მოცემულ პროფესიაზე, მათ შორის – საზოგადოებრივ სტატუსზე; შრომის პირობებზე; მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობაზე იგრძნონ, რომ შენს სამუშაო ადგილზე რაღაც შენზეც არის დამოკიდებული; მატერიალურ შემადგენელზე. ეს ფაქტორები ყურადღებით არის შესასწავლი, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა უკვე შეეჯახა პედაგოგიური კადრების დეფიციტს და მომავალში სიტუაცია გაუარესდება, რადგან ბევრი მასწავლებელი პენსიაზე გავა. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მოთხოვნები განათლების სფეროში დაბალანსებულია, ცალკეულ საგნებსა და სკოლებში არ ჰყოფნით პედაგოგები მოსახლეობის სოციალურად მგრძნობიარე და იზოლირებული ჯგუფებისთვის.

ამ სფეროში პოლიტიკური გადაწყვეტილებები ორ სხვადასხვა დონეზე უნდა მიიღებოდეს. პირველი ეხება პროფესიის ხასიათს როგორც ასეთს და სპეციფიკურ პირობებს, რომლებშიც მასწავლებლები მუშაობენ. აქ ძალისხმევა საზოგადოდ მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლებისა და ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ უნდა იყოს მიმართული. მეორეა კონკრეტული ზომები, რომელთა მიზანია მასწავლებელთა მოზიდვა ქვეყნის იმ რეგიონებში, იმ თემებში, იმ სპეციალიზაციებში, სადაც ისინი არ ჰყოფნით. ამ დონეზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ პედაგოგებისთვის არსებობს შრომის არა ერთი ბაზარი, არამედ მთელი წყება ბაზრებისა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სკოლის ტიპის, განსაზღვრული საგნის სპეციალიზაციის მიხედვით. გამოკითხვისას ვიგებთ, რას აფასებენ თავიანთ მუშაობაში თავად მასწავლებლები, ასევე – რაზე დაისვას აქცენტი პროფესიაში ამა თუ იმ კატეგორიის სპეციალისტების მოსაზიდად: სწავლების სოციალურ მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებთან მუშაობის შესაძლებლობაზე, შემოქმედებითი თვითგამოხატვის პერსპექტივებზე თუ პროფესიულ დამოუკიდებლობასა და თანამოაზრეების ჯგუფში მუშაობაზე.

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური საშუალებებით შესაძლებელია გავლენის მოხდენა პედაგოგის პროფესიის მიმზიდველობაზე.

პედაგოგის პროფესიის სტატუსი არ წარმოადგენს ამა თუ იმ კულტურის უცვლელ მახასიათებელს და ზოგიერთ ქვეყანაში ის დროთა განმავლობაში იცვლება. სინგაპურის, ინგლისისა და ფინეთის მაგალითები მოწმობს, რომ სიტუაციის კარდინალური შეცვლა შესაძლებელია. სხვადასხვა ქვეყანაში შემჩნეულია კადრების შერჩევისადმი საინტერესო მიდგომები, მათ შორის:

▪ სარეკლამო პროგრამები, ორიენტირებული მასწავლებლობის კანდიდატების „არატრადიციულ” ჯგუფზე;
▪ შერჩევის ინსტრუმენტების გაფართოება;
▪ სამუშაო სტაჟის გათვალისწინების ნორმების გადახედვა პედაგოგთა ამა თუ იმ დაწესებულებაში დასაკავებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიტუაციები, როდესაც ახალბედა მასწავლებლებს გზავნიან რთულ და არაპოპულარულ სკოლებში, რაც უფრო მეტად აუარესებს მდგომარეობას ამ სკოლებში და შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდაზეც.

თუ კანდიდატი მასწავლებლობის დიდ სურვილს ამჟღავნებს, შერჩევის დროს ხანდახან უპირატესობა ენიჭება რთულად გაზომვად თვისებებს, ისეთებს, როგორებიცაა ენთუზიაზმი, შრომისმოყვარეობა და მოსწავლეთა მოთხოვნებისადმი გულისყურიანი დამოკიდებულება, რადგან ზოგ შემთხვევაში სწავლების ხარისხის კუთხით ისინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შრომითი გამოცდილება და დიპლომი.

კვლევებმა გვიჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი სკოლასთან: მშობლებს, რომლებიც ეხმარებიან მასწავლებლებს, ასევე დამსაქმებლებს, რომელთა თანამშრომლები მონაწილეობენ სამუშაო ადგილზე სასწავლო პროგრამებში – მასწავლებლებისადმი უკეთესი დამოკიდებულება აქვთ , ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც მათთან უშუალო კავშირი არ გააჩნიათ. სკოლასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გამყარებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს პედაგოგის სტატუსის ამაღლებას. მასწავლებლებსა და სკოლის ხელმძღვანელობას უნარი შესწევთ, საკვანძო როლი შეასრულონ სკოლასა და ოჯახებსა თუ მთლიანად საზოგადოებას შორის კავშირის გაძლიერებაში.

შრომის მიმზიდველ პირობებს ძალუძს გააუმჯობესოს მორალური კლიმატი, შეამციროს კადრების გადინება და გააფართოოს პედაგოგთა კონტინგენტი. 

თანამედროვე დამსაქმებლებს ესმით, რომ თანამშრომლებს ხელი უნდა შეუწყონ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებაში. ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, იმუშაონ არასრული რეჟიმით, ისინი სარგებლობენ შემოქმედებითი შვებულებით და უხანგრძლივდებათ შვებულება საკუთარ ხარჯზე, ხდება საწარმოო დაწესებულებებთან გაცვლა-გამოცვლსი ორგანიზება. ეს წამოწყებები მოითხოვს თანხებს, მაგრამ ამ დანახარჯის ფასად მცირდება კადრების გადინება, უმჯობესდება მორალური კლიმატი, სკოლებში შემოდის ახალი ცოდნა და უნარები.

პედაგოგიურ მუშაობას მეტი კმაყოფილება მოაქვს, როდესაც მასწავლებელი მონაწილეობს სკოლის მუშაობის გაუმჯობესების პროცესში. 

პროფესიონალიზმის არსი მდგომარეობს იმ ფაქტის აღიარებაში, რომ „ჩინოვნიკს” კი არა, არამედ პროფესიონალს აქვს ის ცოდნა, რომელიც აუცილებელია იმის შესახებ გადაწყვეტილებათა მისაღებად, რა მომსახურებაა საჭირო და როგორ უზრუნველვყოთ ის. როდესაც ორგანიზატორთა რიგებში პროფესიონალი ჭარბობს, მასში მმართველობის ნაკლები დონეა, მუშახელი იღებს კონსულტაციებს ყველა საჭირო საკითხზე და აქვს ფართო უფლებამოსილება კლიენტების მოთხოვნების დიაგნოსტირებისა და იმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კუთხით, როგორი მომსახურება დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. მართლაც, მრავალ პროფესიაში და მრავალი პროფესიონალისთვის მუშახელი ხელმძღვანელიცაა, ხშირად კი – ბიზნესის მფლობელიც.

პოლიტიკოსები, რომლებიც განათლების სფეროში გადაწყვეტილებებს იღებენ, არაერთხელ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ზემოდან წამოსული ინიციატივები არ კმარა იმისთვის, რომ რეალურად განხორციელდეს ღრმა და შეუქცევადი ცვლილებები. ზემოდან განხორციელებული რეფორმების წარუმატებლობის მიზეზი მრავალია: ასეთი რეფორმები ფოკუსირებულია ასპექტებზე, რომლებიც სწავლა-სწავლების ძირითად საფუძვლებსაა აცდენილი; რეფორმა გამომდინარეობს დაშვებიდან, რომ მასწავლებლებმა იციან, როგორ აკეთონ ის, რისი კეთებაც სინამდვილეში არ იციან; რეფორმატორები მასწავლებლებისგან ერთდროულად ბევრი რამის კეთებას ითხოვენ; მასწავლებლები და სკოლები არ ეთანხმებიან რეფორმის სტრატეგიას. 

უკანასკნელ ათწლეულში მრავალ საგანმანათლებლო სისტემაში სკოლების ხელმძღვანელობამ და პედაგოგებმა მიიღეს მოქმედების მნიშვნელოვანი თავისუფლება – ეს არის ის, რასაც მასწავლებლები უწოდებენ ფაქტორს, რომელიც მიმზიდველობას მატებს პედაგოგის პროფესიას და რომელიც, PISA პროგრამის შედეგების თანახმად, მჭიდროდაა დაკავშირებული სკოლის საქმიანობის წარმატებასთან ანგარიშვალდებულების ზომებთან შესაბამისობაში. ფინეთი და ონტარიო არიან იმის მაგალითები, წინათ ცენტრალიზებულმა სისტემებმა როგორ გადაიტანეს აქცენტები:

· სწავლების სრულყოფილებაზე;
·მასწავლებლებისთვის ახალი იდეების გამოცდისა და კოლეგებისგან სწავლების საშუალებების უზრუნველყოფაზე;
·ერთიანი სტრატეგიისა და შესაძლო შედეგების კომპლექსის შემუშავებაზე როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც;
·რეფორმის მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე პედაგოგთა და პროფკავშირების მხრივ. 

ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედების დიდი თავისუფლება მიენიჭა როგორც მთლიანად სკოლის კოლექტივს, ასევე თითოეულ მასწავლებელს. სხვაგან უფლებამოსილება გაეზარდათ სკოლებს, რომლებმაც შედეგები გააუმჯობესეს და შეუმცირდათ მათ, ვინც სირთულეებს განიცდის. ზოგიერთ ქვეყანაში სკოლის დირექტორი სტატუსით ოდნავ თუ განსხვავდება წამყვანი მასწავლებლისგან; სხვაგან ისევ ელიან, რომ სკოლის დირექტორი უხელმძღვანელებს მასწავლებლებს და მისცემს მიმართულებას მათ განვითარებას.

PISA-ს შედეგები ადასტურებს, რომ აქცენტი პროფესიულ პასუხისმგებლობაზე არ ეწინააღმდეგება დადგენილ ცენტრალიზებულ სტანდარტებს და შეფასების სისტემებს; სავარაუდოდ, ისინი ერთმანეთთან კავშირშია.
სტატია მომზადდა „Building a high-quality teaching profession. Lessons from around the world” მოხსენების საფუძველზე.
რედაქტირება გაუკეთა კახა ჟღენტმა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Building a High-Quality Teaching Profession Lessons from around THe worLd – https://asiasociety.org/files/lwtw-teachersummit.pdf
2. https://www.oecd.org/education/school/programmeforinternationalstudentassessmentpisa/47506177.pdf
3. „Учитель как специалист высокой квалификации: построение профессии.Уроки со всего мира”, Вопросы образования, 2011

როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება

0
თვითშეფასება მე-კონცეფციის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი მე-ს მიმართ განზოგადებული შეფასებითი დამოკიდებულებაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც გუნება-განწყობილებაზე, ისე ინდივიდუალური და სოციალური ქცევების ფართო სპექტრზე. თვითშეფასებას აყალიბებს როგორც საკუთარი, ისე პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების შეფასება. მას საფუძველი ბავშვობასა და მოზარდობაში ეყრება. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა დაიბნეს და არაადეკვატურად მოიქცეს, მაშინ როცა ადეკვატური თვითშეფასების მქონე პიროვნებისთვის სირთულე ცხოვრებისეული გამოწვევა და განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია. ადეკვატური თვითშეფასება ჯანმრთელი პიროვნების ძირითადი მახასიათებელია. აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავზე მეტისმეტად უარყოფითი წარმოდგენა პრობლემებს წარმოშობს. საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენაც ბადებს პრობლემებს, მაგრამ ასეთი ადამიანი, დაბალი თვითშეფასების მქონისგან განსხვავებით, ამას სულაც არ განიცდის. დაბალი თვითშეფასება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის, მორცხვობის, მოშიშრობის, საკუთარი თავის რეალიზების შეუძლებლობის განცდებს ბადებს. ასეთი ადამიანები აზვიადებენ წარუმატებლობას, მეტისმეტად კრიტიკულები არიან საკუთარი თავის მიმართ, ადვილად სწყინთ და სოციალური მხარდაჭერა სჭირდებათ.

გთავაზობთ ფ. ზიმბარდოს რეკომენდაციებს, რომლებიც თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ. მანამდე კი თქვენი თვითშეფასების დონის გარკვევა ვცადოთ.

გაეცანით პიროვნული თვისებების ჩამონათვალს:

მოწესრიგებული, საზრიანი, ფეთქებადი, მგრძნობიარე, ამაყი, უხეში, ხალისიანი, ირონიული, მზრუნველი, მორცხვი, გულწრფელი, დახვეწილი, აუჩქარებელი, მეოცნებე, ეჭვიანი, ჯიუტი, ნაზი, უშუალო, თანამგრძნობი, იმპულსური, მომხიბვლელი, ბუტია, ფრთხილი, პედანტური, პრინციპული, რომანტიკული, გონიერი, მიზანსწრაფული, თავშეკავებული. ენთუზიასტი, მიმტევებელი.

1. ამოიწერეთ თვისებები, რომლებიც უნდა ახასიათებდეს თქვენთვის იდეალურ ადამიანს (შეგიძლიათ, დაამატოთ სხვა თვისებაც, რომელიც, თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს იდეალს, მაგრამ ჩამონათვალში არ არის). დათვალეთ, რამდენი თვისება ამოიწერეთ.

2. ამოწერილთაგან ხაზი გაუსვით იმ თვისებებს, რომლებიც თქვენ გაქვთ. დათვალეთ, რამდენ სიტყვას გაუსვით ხაზი.

3. მეორე მაჩვენებელი გაყავით პირველზე.

შედეგების ინტერპრეტაცია: 0,4-0,6 – ადეკვატური თვითშეფასება; 0,7 და მეტი – მაღალი თვითშეფასება; 0,4 და ნაკლები – დაბალი თვითშეფასება.

რეკომენდაციები:

1. გააცნობიერეთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, დაისახეთ რეალური მიზნები. ზედმეტს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს, განსაჯეთ და განსაზღვრეთ, რისი მიღწევის შანსი გაქვთ. არ დაუშვათ, მიზნები სხვებმა დაგისახონ. დაფიქრდით თქვენი მიზნების საფუძვლიანობასა და მათი განხორციელების საშუალებებზე, თქვენი იდეალებია წარმოდგენილი მათში თუ სხვებისგან პასიურად მიღებული შთაბეჭდილებები აისახება.

2. განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის ღირებული, რისი გწამთ. აწონ-დაწონეთ თქვენი შესაძლებლობები და გადაწყვიტეთ, როგორი გინდათ იყოთ, შექმენით „სცენარების საწყობი”, შეუსატყვისეთ ისინი დღევანდელობას, თქვენს აქტუალურ ფსიქიკურ მდგომარეობას, იმოქმედეთ იმგვარად, რომ სცენარი კი არ გმართავდეთ, არამედ ცხოვრებაში გეხმარებოდეთ.

3. გააცნობიერეთ, რა არის თქვენი პიროვნული ღერძი. წარსულის ანალიზის გზით განსაზღვრეთ, რომელმა პიროვნულმა ურთიერთობებმა და გადაწყვეტილებებმა განსაზღვრა, ისე გეცხოვრათ, როგორც ცხოვრობთ. შეეცადეთ, გაუგოთ და აპატიოთ მათ, ვინც გაწყენინათ და ვერ დაგეხმარათ, როცა დახმარება გჭირდებოდათ. საკუთარ თავსაც აპატიეთ შეცდომები, ცოდვები, წარუმატებლობა და ჭოჭმანი. დაივიწყეთ უარყოფითი მოგონებები, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათგან სასარგებლო დასკვნებს გამოიტანთ. გახსოვდეთ: ვიდრე ცუდი მოგონებებით ცხოვრობთ, ისინი გიმონებენ. იცხოვრეთ კარგი მოგონებებით, გაიხსენეთ წარსული წარმატებები, თუნდაც უმნიშვნელო.

4. თუ თქვენს ქცევას დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი წარმართავს, ეს პოზიტიურ მიზნებს გაშორებთ, ზღუდავს თქვენს შემოქმედებითობას. აუცილებელია, ენდოთ საკუთარ თავს.

5. განიხილეთ თქვენი ქცევის მიზეზები ამჟამინდელი ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ არა პიროვნული ნაკლოვანებების პოზიციიდან.

6. ყველაფერი შეფარდებითია. ამქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. შეახსენეთ თავს, რომ ყოველთვის და ყველაფერზე არსებობს ალტერნატიული თვალსაზრისი. რეალობა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა გარკვეული ნაწილის შეთანხმება, ერთი და იგივე სახელი დაარქვან საგნებს და არა ის, რაც თითოეულ მათგანს სურდა თავისი წარმოსახვის შესაბამისად. ეს საშუალებას მოგცემთ, უფრო ადვილად აიტანოთ მოვლენათა განსხვავებული ინტერპრეტაციები, უკეთ გააცნობიეროთ ადამიანთა ქცევის მოტივები.

7. ნურასოდეს იტყვით საკუთარ თავზე ცუდს. წარმატებას იღბალს ნუ მიაწერთ, ხოლო წარუმატებლობას – საკუთარ თავს. წარმატებას თქვენს თავს უნდა უმადლოდეთ და წარუმატებლობის შემთხვევაში ისიც უნდა დაუშვათ, რომ ეს შესაძლოა თქვენი ბრალი არ ყოფილიყო. როგორც ა. ელისი აღნიშნავს, ადამიანები ხშირად ირაციონალურად ფიქრობენ და უარყოფითი დასკვნები გამოაქვთ საკუთარ თავზე, რაც დაბალი თვითშეფასების საფუძველი ხდება. განსაკუთრებით ერიდეთ ისეთ შეფასებით კატეგორიებს, როგორებიცაა უნიჭო, მახინჯი, უიღბლო, გამოუსწორებელი და სხვა; ასეთი შეფასებები დამანგრეველი ძალაა და ის უნდა შეაჩეროთ.

8. ნურავის მისცემთ უფლებას, გააკრიტიკოს თქვენი პიროვნება – კრიტიკის საგანი შეიძლება იყოს ქცევა. ნუ შეგეშინდებათ, ნუ მოერიდებით უკუკავშირს – ის შესაძლოა საკმაოდ კონსტრუქციული აღმოჩნდეს

9. გახსოვდეთ, წარუმატებლობა და იმედგაცრუება ზოგჯერ თქვენს საკეთილდღეოდ მუშაობს – ხომ შეიძლება, არასწორ მიზნებს ისახავდეთ? ეს ცხოვრებისეული გაკვეთილები უფრო დიდ იმედგაცრუებას აგაცილებთ თავიდან.

10. ერიდეთ სიტუაციებს, სადაც დისკომფორტს გრძნობთ, ადამიანებს, ვისთან ურთიერთობაც არ გსურთ. თუ სიტუაციას ვერ ცვლით და საკუთარი რეაქციების კორექტირებას ვერ ახერხებთ, განერიდეთ, რათა არასრულფასოვნების კომპლექსი არ გაგიჩნდეთ. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და არ ღირს, დრო ჭმუნვაში დაკარგოთ.

11. მიეცით თავს დასვენების, მოდუნების უფლება და დრო. უსმინეთ მე-ს, მიიღეთ სიამოვნება ისეთი საქმეებისგან, რომლებიც შეგიძლიათ მარტომ აკეთოთ და თანაც გიტაცებთ.

12. პრაქტიკაში იყავით საზოგადოებრივი ტიპი – გალაღდით, იგრძენით ენერგია, რომელსაც სხვები ასხივებენ. წარმოიდგინეთ, რა აწუხებთ თქვენს ახლობლებს და რით შეგიძლიათ დაეხმაროთ. გაიგეთ, რაში სჭირდებით და რა შეგიძლიათ მისცეთ მათ. აღიარეთ, რომ მზად ხართ გასაცემად.

13. ზედმეტად ნუ დაიცავთ ყველაფერს საკუთარს, უკეთესია, დროდადრო გეტკინოთ იმის გამო, რომ კარგად არ მოიქეცით, ვიდრე ემოციურად გამოიფიტოთ.

14. დაისახეთ შორეული მიზნები და გულდასმით შეარჩიეთ უახლოესიც. შეიმუშავეთ მათი მიღწევის რეალური გეგმა, რეგულარულად შეაფასეთ პროგრესი და იყავით პირველი, ვინც მხარზე ხელს დაგკრავთ ან ჩაგჩურჩულებთ, რომ ფრთხილად იყოთ. ნუ შეგაშფოთებთ, რომ თავმდაბლად არ გამოიყურებით, მით უფრო – მაშინ, როცა არავინ ისმენს საკუთარი თავისკენ მიმართულ თქვენს ქება-დიდებას.

15. თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომლის ცხოვრებაშიც მუდამ ცუდი უნდა ხდებოდეს. კალია ხომ არ ხართ, გამუდმებით იხტუნოთ, რათა ფეხი არ დაგადგან – თქვენ ევოლუციის დამაგვირგვინებელი სახეობა, თქვენი მშობლების ოცნების ხორცშესხმა და უფლის ნებით გაჩენილი ადამიანი ბრძანდებით, უნიკალური ინდივიდი, რომელსაც შეუძლია, რეალურად შეცვალოს მოვლენათა მდინარება – რასაკვირველია, თუ მოინდომებთ, თუ საკუთარი თავის რწმენა გექნებათ. და თუ ეს ყველაფერი განახორციელეთ, პრობლემები გამოწვევებად იქცევა, ხოლო გამოწვევები – გამარჯვებად.

რას და რატომ სწავლობენ ჩვენი მოსწავლეები?

0

ახლა ბევრს საუბრობენ განათლების დონესა და სკოლის პრობლემებზე. უამრავი კვლევა ტარდება. პრობლემა იდენტიფიცირებულია, გადაჭრის გზებიც დასახულია, თუმცა შედეგი ჯერ კიდევ არასახარბიელოა. 

ჩემმა მეათეკლასელმა მოსწავლეებმა, რომლებსაც არჩევით საგნებს შორის გეოგრაფიული კვლევა ჰქონდათ, ჩაატარეს კვლევა განათლების საკითხებთან დაკავშირებით. მათი მიზანი სკოლის პრობლემების იდენტიფიცირება იყო.

 

კვლევის ჩატარების დროს ვიცოდი, რა მიზანიც მქონდა: ჩემს მოსწავლეებს ვასწავლე კვლევის მეთოდები, სოციოლოგიური გამოკითხვა, ანალიზი და პრობლემის იდენტიფიცირება. მე კი, როგორც მასწავლებელმა, დავინახე რა პრობლემებია დღევანდელ რეალობაში, რომ უმჯობესია ნებისმიერი სამუშაო მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, მათთან ერთად დაიგეგმოს…..

მინდა ჩვენი კვლევის რამდენიმე შედეგი გაგიზიაროთ, რომელიც ალბათ არავისთვის იქნება უცხო და უინტერესო. 

 ვრცლად

როგორ მოვექცეთ პატარა მატყუარას

0
აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგები ასეთია: იმ ადამიანთა 36%, რომლებიც ბავშვობაში  ხშირად იტყუებოდნენ, გასამართლებულია ქურდობისათვის. მატყუარები მეტად არიან მიდრეკილნი კანონდარღვევებისადმი, ხშირად ხვდებიან არაკეთილსაიმედო წრეებში, ხდებიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებლები. შერჩენილი ტყუილი მათ მატებს თავდაჯერებულობას, უჩენს დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის განცდას. თუმცა პატარა მატყუარების 2/3 კანონმორჩილ მოქალაქედ,  კარგ  პიროვნებად ყალიბდება.

მატყუარებად არ იბადებიან – ასე დაასკვნა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ეკმანმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში  სწავლობდა ტყუილის პრობლემას. მისი აზრით, აქ მემკვიდრეობითობის როლი ყველაზე უმნიშვნელოა. თუმცა  ცნობილია, რომ 3-4 წლის ბავშვები შეგნებულად ცრუობენ. როდის ასწრებენ ისინი ტყუილებში ,,დაოსტატებას”? 

ყველაფერი ოდესღაც იწყება, მაგრამ როცა საუბარი ბავშვის ტყუილს ეხება, ძნელია თქმა, როდის მოხდა ეს პირველად. სასკოლო სივრცე ახალი გარემოა, სადაც მოზარდს თავის დამკვიდრება უწევს. პირველი სასკოლო დღეები, კვირები და თვეები გარბის და უცებ პედაგოგი მოსწავლის ტყუილის პირისპირ აღმოჩნდება. თუნდაც სრულიად უმტკივნეულო, ,,უბოროტო” სიცრუე   განგაშის განცდას გვიჩენს. კითხვებს კითხვები ებმის: საიდან იღებს სათავეს მსგავსი გამოგონებები? გადაიზრდება თუ არა ისინი სერიოზულ ტყუილში? საჭიროა თუ არა დასჯა? ჩნდება ბუნებრივი ეჭვი, მანამდეც ხომ არ მატყუებდა? ასეთ დროს ემოციებს თუ ავყვებით, შეიძლება  მატყუარას დასჯის  სურვილმა გვძლიოს.

ფრთხილად! ჯერ გავერკვეთ მისი ქცევის მიზეზებში. მხოლოდ  შემდეგ  გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ.  
რაოდენ არასასიამოვნოდაც არ უნდა ჟღერდეს, ბავშვი მაგალითს იმ ადამიანებისგან იღებს, რომელთა შორისაც მას უწევს ყოფნა შინ, ეზოში, სკოლაში. უფროსები ხანდახან სრულიად უმნიშვნელო ტყუილებს ამბობენ. მაგალითად, ნაცნობს ეუბნებიან , რა კარგად გამოიყურებიო, როცა ეს ასე არ არის; გამყიდველს ეუბნებიან, ხურდა არ მაქვსო, როცა უბრალოდ ჩანთაში ჩხრეკა ეზარებათ. ანალოგიური ტყუილი შეიძლება ბავშვების თანდასწრებით მასწავლებელსაც წამოსცდეს… 

პრობლემა ისაა, რომ პატარებისთვის არ არსებობს სხვაობა დიდსა და პატარა ტყუილს შორის. სიცრუის ნებისმიერ მაგალითს ისინი აღიქვამენ, როგორც უსიტყვო ნებართვას, თავადაც გაიმეორონ მსგავსი საქციელი. ამიტომ, თუ ასეთი შემთხვევა შენიშნეთ, ამას მყისიერად უნდა მოჰყვეს უფროსების განმარტება. ზოგადად კი, მასწავლებლისათვის იკვეთება ძალიან მიზნობრივი საჭიროება და თემა კლასის საათისათვის. მოვემზადოთ ტყუილსა და მართალზე სასაუბროდ, იმის ასახსნელად,  რა არის დასაშვები, რაც ხანდახან შეიძლება… და რა არის ცუდი და დაუშვებელი…

თუ რომელიმე უფროსი (მშობელი თუ მასწავლებელი) დაიჩემებს, ამ ბავშვს არასდროს უთქვამს ტყუილიო, თითქმის დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის თავად ტყუის ან აჭარბებს.  

საერთოდ, რატომ ტყუიან ბავშვები?

მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს, მაგრამ შევჩერდეთ ძირითად, ტიპურ მიზეზებზე:

·სასჯელისგან თავის არიდების მიზნით.
·ახლობელი, საყვარელი ადამიანის დაცვის მიზნით.
·სურვილით, იყვნენ უკეთესები, ვიდრე სინამდვილეში არიან.
·პირად ცხოვრებაში ჩარევისაგან თავის დაცვის მიზნით.
·მისწრაფებით, მიაღწიონ იმას, რასაც უფროსები უკრძალავენ.

ზოგჯერ ტყუილის მიზეზად შეიძლება იქცეს ძლიერი სტრესი (მშობლების განქორწინება, ძალადობა, ახლობლის გარდაცვალება და ასე შემდეგ). ასეთ შემთხვევაში, სიცრუე დროებითია და ის გაივლის პრობლემის დაძლევის ან დროის გასვლის შემდეგ.

ამიტომ სანამ მოსწავლის ტყუილზე რეაგირების სტრატეგიას ავირჩევთ, ჯერ ტყუილის მიზეზს უნდა ჩავწვდეთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მოსწავლე აშკარად ტყუის, თუნდაც დავალების შეუსრულებლობის  მიზეზის შესახებ. არ ავყვეთ ემოციებს და თავი ავარიდოთ დადანაშაულების ისეთ ფორმულირებას, რომელიც იწყება სიტყვებით „შენ”, „შენგან”… „შენთვის”… სათქმელი გადავიტანოთ თავად ქმედებაზე და არა პიროვნებაზე.  გამოვიყენოთ სხვაგვარი ფორმულირებები : „ძალიან ცუდ  ხასიათზე  ვდგები, როცა…” „გული მწყდება, როცა ბავშვები… „განა, არ სჯობს სიმართლის თქმა…”  „ყოველთვის შევეცდები, გაგიგოთ, ამისთვის სიმართლის თქმაა საჭირო” და ასე შემდეგ.

ბავშვი ჩიხში არ უნდა შევიყვანოთ, მას უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ცუდად მოიქცა და მივცეთ დრო და საშუალება საკუთარი საქციელზე დაფიქრებისათვის, თვითშეფასებისათვის. აღარ ვსაუბრობთ ისეთ დრომოჭმულ სანქციაზე, როგორიც  საჯარო გაკიცხვა და თითით ჩვენებაა.

ნდობა მასწავლებლისა და მშობლის მიმართ ამ ასაკის ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ნუ დავაკარგვინებთ მას. მივცეთ მათ შანსი, თვითონ გაართვან თავი ტყუილთან ბრძოლას. კონტროლის გამკაცრება და ყოველ ნათქვამში ეჭვის შეტანა, საქმეს მხოლოდ ავნებს. ხანდახან კონკრეტულ სიმართლეზე ფასეული სწორედ თანამშრომლობა და ნდობაა, რათა ბავშვს დავეხმაროთ დაძლიოს სისუსტე – ტყულისადმი მიდრეკილება.

როდის ვტეხთ განგაშს?

შეუძლებელია ვინმემ განსაზღვროს, რამდენი ტყუილი შეიძლება ეპატიოს ბავშვს. მაგრამ არსებობს საგანგაშო სიგნალები, რომელთა შემჩნევის შემდეგ საჭიროა სპეციალისტის ჩარევა:

·ბავშვი იტყუება სისტემატურად, შინ და სკოლაში, უფროსებთან და თანატოლებთან.

·არანაირი საუბრები, ახსნა-განმარტებები, მასწავლებლისა და მშობლების ერთობლივი მცდელობები არ ამცირებს ტყუილების ნაკადს.

·ბავშვს არ აქვს დანაშაულის განცდა ტყუილის გამო, არ აღიარებს, რომ ტყუილი ცუდია.

·ტყუილს თან ახლავს სხვა უსიამოვნებები: ქურდობა, აგრესიული საქციელი, მტკივნეული რეაგირება, საკუთარ თავში  ჩაკეტილობა…

ასეთი ნიშნების შემჩნევისას აუცილებელი ხდება ექიმი ფსიქოლოგის ჩარევა. ის შეიმუშავებს სტრატეგიას, რომლის განხორციელებისთვის ექიმის, მშობლისა და პედაგოგის შეთანხმებული ძალისხმევაა საჭირო. 

გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ რომელიმე მცდელობის შედეგად იქმნება გარანტია, რომ ბავშვი აღარასდროს  იტყვის ტყუილს. ჩვენ უნდა ჩავწვდეთ მის გამომწვევ მიზეზებს. მასწავლებელს კარგად მოეხსენება, რომ ყველა მოსწავლე განსხვავებულია, თითოეულს სწავლისა და ურთიერთობების ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვს, აქვთ განსხვავებული ინტელექტუალური უნარები; ვისთვის ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდაა უპირატესი, ვისთვის აღიარების…

პრობლემის გასაღებიც, უმრავლეს შემთხვევაში, აქ იმალება. ხანდახან ჩვენი და მშობლების მიდგომა ბავშვისადმი წაყენებული მოთხოვნების მიმართ გადახედვას ითხოვს. რამდენად რეალისტურია ამოცანები, რომელსაც კონკრეტულ მოსწავლეს ვუსახავთ? ტყუილის პრობლემა ხომ არ არის ამოზრდილი იმ მიზნებიდან, რომელიც ბავშვს დავუსახეთ და რომელთან გამკლავებაც მას უჭირს? ტყუილში ხომ არ იპოვნა მან „ხსნა”? ან ხომ არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, როგორია ბავშვის თვითშეფასება, რატომ ცდილობს ის უკეთესობის ილუზიის შექმნას? სამუშაო ბევრია, დიდი მნიშვნელობა აქვს ნიუანსებს. მათ განსაზღვრაში პედაგოგს შეუცვლელ დამხმარებას გაუწევს განმავითარებელი შეფასების ისეთი ფორმა, როგორიც არის მოსწავლეზე დაკვირვება. დამრიგებელს დაკვირვების  გაანალიზებით  ისეთი ,,მაშველი რგოლის” შექმნა შეუძლია, რომელიც მოსწავლეს ტყუილების მორევიდან კეთილგანწყობის ნაპირზე გამოიყვანს.

სისხლის მეტაფორა

0
იცი, რამ მოგიყვანა, ბაბუა?
– არა! – უპასუხა შვილიშვილმა.
– მე გეტყვი, აბა: სისხლმა მოგიყვანა, ბაბუა, სასწაულია სისხლი………..
მხოლოდ სისხლი ლაპარაკობდა და ფიქრობდა, ხოლო რას ლაპარაკობდა და
ფიქრობდა სისხლი, – ღმერთმა უწყის!”

ნოდარ დუმბაძე „სისხლი”

იესომ „აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად”. (მათე, 26, 27-28).
„სისხლი” არქეტიპული სიმბოლოა, რომელთანაც ერთდროულად არის დაკავშირებული როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კონოტაციები. მნიშვნელობათა აბმივალენტურობა არის კონცეპტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი (განსხვავებით სიტყვისაგან).
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ენის ფრაზეოლოგიაში სისხლთან დაკავშირებით უარყოფითი შინაარსის კონოტაციები სჭარბობს. ასეთებია: სისხლი აემღვრა (ბრაზი მოერია), სისხლი მოაწვა (ბოღმა ახრჩობს), სისხლი გაეყინა (ელდა ეცა, შეეშინდა), სისხლი გაუშრა (გაიტანჯა), სისხლი თავში აუვარდა (მეტისმეტად გაბრაზდა), სისხლი მართებს (ვინმე ჰყავს მოკლული), სისხლს ეძებს (ვინმეს მოსაკლავად დასდევს) და ასე შემდეგ.

სისხლი არის სიმბოლო სიცოცხლის, სიკვდილის და სიყვარულის; დაკავშირებულია დაბადებასთან, ქორწინებასთან, ომთან… კონცეპტი „დაატარებს” ბიბლიურ ცოდვასაც, რაც ასე გამოხატა ანა კალანდაძემ ლექსში: „და თქვა უფალმან…”

პირჯვარი დაიწეროდის,და თქვა უფალმან კაენის მიმართ:

სად არის აბელ, ძმაი შენი… 
კაენ, სად არის, აბელ?
სისხლის იკვრება რკალი…
სხვისას… არ იღებს ზეცა,
საკუთარს ითხოვს, კაენ!
(ხაზგასმა ჩემია-ც.ბ.)

სისხლი ქრისტიანული სიმბოლოცაა: იესომ „აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად” (მათე, 26, 27-28).

„სისხლის ყივილი” – ეს მეტაფორა დაკავშირებულია ყოველივე მშობლიურთან, რომელიც განუყოფელია ადამიანის „მე”-სგან. ამიტომ, თუ ადამიანი ტოვებს სამშობლოს, გარკვეული აზრით, ის ტოვებს საკუთარ თავსაც, რადგანაც ადამიანი კოლექტიურ-ისტორიული სხეულის, სამშობლოს ნაწილია.

ვაჟა-ფშაველა „ალუდა ქეთელაურში” სისხლის აღების წესს ასე აპროტესტებს:

ვისაც მტერობა მასწყურდეს,
გააღოს სახლის კარია,
სისხლ დაიგუბოს კერაში,
თვითონაც შიგვე მდგარია.
ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,
პურადაც მოსახმარია.
მითამ საყდარში არია.
სისხლშია ჰქონდეს ქორწილი,
იქ დაიწეროს ჯვარია,
დაიპატიჟოს სტუმრები,
დაამწკრიოდეს ჯარია.
სისხლში დაიგოს ლოგინი,
გვერდს დაიწვინოს ცალია,
ბევრი იყოლოს შვილები,
ბევრი ვაჟი და ქალია;
იქვე საფლავი გათხაროს,
იქ დაიმარხოს მკვდარია.
შენ რო სხვა მაჰკლა,
შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია.

წარმოდგენილ ნაწყვეტში მტერობის მოსურნე და შურისმაძიებელი ადამიანის მთელი ცხოვრება სისხლის ფონით არის წარმოდგენილი და ნაჩვენებია ცხოვრების ამ წესის შეუქცევადი ხასიათი. კონცეპტის ამგვარი გააზრება, რა თქმა უნდა, უარყოფით კონოტაციებს ქმნის.

სისხლი ითხოვს სისხლს, სისხლი წყვეტს… ზოგჯერ ის ადამიანზე მეტია… ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა” შეიძლება დავიმოწმოთ ამ კონტექსტით: „მოძმეთ სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს, გადასწყვიტე, თემო!”

ქართულ პოეზიაში სისხლის სხვა მნიშვნელობებიც გვხვდება. საინტერესოა, ილია ჭავჭავაძის მიერ პოეზიის განმარტება: „პოეზია ნიჭია, მადლია, რომელიც ეძლევა კაცთა, მხოლოდ ღვთივ რჩეულთა,მადლია, მაგრამ, ამასთანავე, ტვირთიც არის, რადგანაც იგი მოვლენილია, რათა ჭრილობიდან სისხლის შეუწყვეტელი დენა კაცთა სიცოცხლეს შეუყენოს!” პოეზიის სისხლთან დაკავშირება საინტერესო სახეს ბადებს. ერთი მხრივ, სისხლდენა მტკივნეული პროცესია და, მეორე მხრივ, ლექსის დაბადება – დიდი სიხარული. ამგვარ ამბივალენტურ კონოტაციას ქმნის სისხლი ტიციან ტაბიძის ესენინისადმი მიძღვნილ ლექსში:

გდიოდა ლექსი, შენ როგორც სისხლი,
მოურჩენელი გულის იარა,
თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი
და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა.

„სისხლის სისხლთან ზიარება” – ეს არის პოეზიის, როგორც სისხლის, და ფიზიკური სისხლის ურთიერთშერევის მისტიკური აქტი.

მირზა გელოვანი ერთ ლექსში წერს:
თქვენ ღვინოს ნუ სვამთ სხვა თასიდან, უარი თასებს!
უარი ყველას… სიყვარული ერთს ათასიდან.
ვინც უკვდავებას, როგორც ხვითოს, ქვეყნად აფასებს,
დალიეთ ღვინო ჩემი თასიდან.
ვულკანის ტკივილს სიყვარული ვინც შეავედროს,
ვისაც სურს, ღამის ნაოჭებში ცამ გაუღიმოს,
დალიეთ სისხლი ამ თასიდან უალავერდოდ,
ჩემი თასიდან დალიეთ ღვინო.

მირზა გელოვანის დამოწმებულ ლექსში სისხლი და ღვინო სინონიმებია. „დალიეთ სისხლი ამ თასიდან” ბიბლიური ალუზიაა. 

რატომ მაინცდამაინც სისხლის მეტაფორიზაციით გადმოიცემა სულის უკვდავების იდეა? ამ მოვლენის ასახსნელად შეიძლება მივმართოთ ისევ სისხლის ბიბლიურ გაგებას. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ: „რადგან სისხლშია ხორციელის სული…” (ლევიანნი, 17:11) ანდა: „რადგან სული ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი…” (ლევიანნი, 17:14). ამ გაგებიდან გამომდინარე, შეიძლება უკეთ აიხსნას ილია ჭავჭავაძის გამონათქვამი: პოეზია მოვლენილია, „რათა ჭრილობიდან სისხლის შეუწყვეტელი დენა კაცთა სიცოცხლეს შეუყენოს!”  
მაშასადამე, პოეზია „სისხლის გადასხმაა”, თან გამუდმებული გადასხმა… რატომ სისხლის? რადგან სისხლშია სული! (ბიბლიური გაგება).

სისხლის განსაკუთრებულობასა და ძალაზე მეტყველებს ძველ საქართველოში ძმადნაფიცობის სისხლის შერევით განმტკიცების ტრადიციაც.

სისხლი უწყვეტ ციკლს ქმნის – …წარსულიდან მოდის აწმყოში და გადაედინება მომავალში. სისხლის უწყვეტობა (ქართული გენის უკვდავების მეტაფორა) კარგად გამოიხატა მუხრან მაჭავარიანის ლექსში: „ვითარცა მტკვარი…”

ვითარცა ღვინო – ქვევრიდან ხაპში –
ხაპიდან დოქში – დოქიდან ჯამში –
ქართული სისხლი, ქართული სული,
ქართული სიტყვა, ქართული გული
გადადიოდა კაციდან კაცში…
გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდდნენ.
და…მიუხედავად ამისა,
მაინც, –
გამოიარა რუსთველის გული,
გამოიარა ვახტანგის გული,
გამოიარა თამარის გული,
გამოიარა სულხანის გული…
და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი,
ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი
და…
იარონ! იარონ! იარონ!
ამინ!

წარმოდგენილი ლექსი ერთგვარი ლოცვა და საგალობელია ქართული გენისა. ამ სიმძაფრეს ავტორი სწორედ სისხლის პოეტიკით აღწევს. „კაციდან კაცში” სისხლის გადასვლა „თასიდან თასში” გადასვლასთან ასოცირებული, ერთგვარად მისტიკურ რიტუალს ემსგავსება და „გრაალის თასის” სიმბოლიკასაც გვახსენებს.

ძალადობისგან გათავისუფლება

0

ნატო ინგოროყვამ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-სთვის ბლოგის დაწერა დიდი ხნის წინ შემომთავაზა. ვერ იქნა და ვერ დავწერე. კარგა ხანს ვიმიზეზე მოუცლელობა, მაგრამ ყოველთვის, როცა ჩემს თავს სოციალურ ქსელში უსაქმოდ მობოდიალეს აღმოვაჩენდი, ვხვდებოდი, რომ ნატოსაც ვატყუებდი და და საკუთარ თავსაც.


თუ საკუთარ თავს ატყუებ, საფუძველშვე უარს ამბობ ნამდვილ ცხოვრებაზე, ამიტომ ამ საღამოს, როდესაც საზოგადოებაში დამკვიდრებულმა გულგრილობამ ძალიან შემაწუხა და წერა მომინდა, ჩემს თავთან ანგარიშის გასწორება გადავწყვიტე.


ჩემი პირველი პროფესია, ფსიქოლოგობა, თუ ოდესმე რამეში გამომდგომია, ჩემივე თავის რეაბილიტაციაა. ხშირად, როდესაც საკუთარი შფოთვების შენიღბვას ვცდილობ, ჩემი თავი ჩამჭრელ კითხვებს მისვამს და მაიძულებს ვაღიარო, რომ პრობლემა მაქვს. ფსიქოლოგიაშიც ასე მასწავლეს: თუ ოდესმე სითამამე გეყო და ფსიქოლოგად მუშაობა გადაწყვიტე, ფსიქოთერაპიისა და საკუთარ თავზე მუშაობის 200 საათი (ალბათ, საუკეთესო შემთხვევაში) უნდა გაიარო, სანამ სხვის შინაგან სამყაროზე ლაპარაკს გაბედავ.

სიტყვა „მასწავლებელი” ჩემთვის არ არის იოლად გადასატანი რამ. ბევრი მასწავლებელი მყოლია – სამი სკოლა გამოვიცვალე, მაგრამ ამ სიტყვის წარმოთქმისას მხოლოდ ერთი მათგანი მახსენდება და ამ დროს თუ შემომხედავთ, შეამჩნევთ, რომ წელში ვიხრები და იატაკს დავყურებ. მის სახელს არ ვიტყვი. არც სკოლას. მე-6 კლასში ვიყავი, როდესაც გამოაცხადა, რომ ფეხსაცმელი უჭერდა და ვისაც მისი ზომა ეცვა, უნდა გაეხადა და მიეცა. მე მოვიბუზე და ვლოცულობდი, მისი ზომა არ მცმოდა. საბედნიეროდ, გადავრჩი. ბავშვობიდან მტკივნეულად აღვიქვამდი პირად სივრცეში შემოჭრას, ამიტომ ყველა ასეთი თხოვნა, კომენტარი სხეულის ნაწილებზე თუ ხმამაღლა სარძლოდ დასახელება (ასეთი რამეებიც სჩვეოდა) ძალიან მძაბავდა. ამ ამბის შემდეგ ხშირად მესიზმრებოდა, რომ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ, ორივე ფეხსაცმელი დავკარგე და ყველა ჩემს შიშველ ფეხებს უყურებს, მე კი ძალიან მრცხვენია და ვეძებ, ვეძებ ამ ფეხსაცმელებს… იმ მასწავლებელმა საბოლოოდ დაამსხვრია მასწავლებლებისადმი ჩემი ნდობა. იყვნენ კარგებიც, რომელთა მზრუნველობამ და ამაგმა აქამდე მომიყვანა, მაგრამ ის ემოცია, აწ უკვე ტრავმა, არ მავიწყდება.


სავარაუდოდ, მე სკოლაში ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ვარ. შესაძლოა, ზოგისთვის გაუგებარი ფორმის ძალადობის, მაგრამ ძალადობის არსიც ეს არის – თუ თავად არ გამოგიცდია, არ უნდა განსაჯო სხვის ნაცვლად მისი მატრავმირებელი ძალა. ეს ამბავი ასე იყო, მე დამამახსოვრდა ტრავმად, როდესაც ჩემს პირად სივრცეში შემოჭრის რეალური საფრთხე ვიგრძენი.


იქნებ ამიტომაც ვარ ვალდებული, დავწერო სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, რადგან მანამდე, სანამ ყველა ვითამაშებთ, თითქოს არაფერი გადაგვხდენია, ყველა სხვა ბავშვი დაუცველი დარჩება. ჩემი ჯერია, ამოვიღო ხმა, გავბედო და ვთქვა, როგორ მაწუხებდა ზოგიერთი მასწავლებელი მამაკაცის დაჟინებული მზერა წამოზრდილ ადგილებზე, როგორ არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა, როცა ყოველ დილით კიბესთან მხვდებოდნენ „მაგარი გოგოები” და ტანსაცმლისა და ჩანთის გამო დამცინოდნენ, ან უსამართლობას ვგრძნობდი, როდესაც ჩემი მასწავლებელი მხოლოდ იმათ უწერდა კარგ ნიშნებს, ვისაც თავად ამზადებდა შინ.


გავიდა ხანი და მე ბავშვთა მიმართ ძალადობის ინდივიდუალურ ქეისებს ომბუდსმენის ბავშვთა უფლებების ცენტრის უფროსის პოზიციიდან ვსწავლობდი. ბევრს ვუსმენდი ბავშვებსაც, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც და ვხვდებოდი, რომ ძალადობა სკოლაში კი არ იწყება, არამედ იქ პრობლემის მხოლოდ მწვერვალი ჩანს და თავად მასწავლებელმაც, შესაძლოა, ძალზე კეთილგანწყობილმაც კი, არ იცის, როდის გადადის ძალადობაში მისი ქცევა; არ იცის, რომ ბავშვები არიან ადამიანის უფლებების და თავისუფლებების მატარებელი სუბიექტები და, მაშასადამე, უფლებრივად თანასწორები; რომ ამ ბავშვებს აქვთ ღირსება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეილახოს.


მაგრამ არც საგანმანათლებლო სისტემამ იცის, რომ ამ მასწავლებლებსაც აქვთ ღირსება, რომელიც ილახება დაუფასებელი შრომის, არასათანადო პირობების, არასწორი კომუნიკაციის გამო. შესაძლოა, ისინიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ფორმის ძალადობისა თუ ინფორმაციის ნაკლებობის მსხვერპლნი იყვნენ და შედეგად ხდება ის, რაც ხდება – გაუაზრებელი, გაუთვალისწინებელი კრიზისები სკოლებში, სადაც ყველა ზიანდება, ყველაზე მეტად კი – ბავშვი.


ამ ყველაფრის გამო მე მინდა დავწერო და თქვენთან ერთად გავთავისუფლდე ჩემსავე თავში დაფარული ტრავმებისგან, გავთავისუფლდე ჩემი თავისგან როგორც ძალადობის მსხვერპლისგან და გავხდე ძალადობის შემდეგ გადარჩენილი (survivor). მე ხმამაღლა ვილაპარაკებ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, მის არსსა და ფესვებზე, ძალადობის აღკვეთის საკანონმდებლო ნორმებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე, თანამედროვე გამოწვევებზე. იმისთვის, რომ მერე თქვენც ილაპარაკოთ, რადგან ეს მხოლოდ თქვენ არ გამოგივლიათ. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოება, სადაც ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და ტრავმის გადალახვაში დავეხმარებით.


მე ამ ყველაფერზე დავწერ თქვენთვის, რათა თქვენც ჩემსავით გათავისუფლდეთ. მერე ჩვენ სათითაოდ გამოვეყოფით ძალადობის ამ სცენას, გარედან შევხედავთ ძალადობის კულტურას და გავხდებით გადარჩენილები და ძალიან ძლიერები, რომლებიც ყველა სხვა სირთულეს გაუმკლავდებიან და სხვებსაც დაეხმარებიან ამაში.

წერის პროცესის დასრულება – ნაწერის წარდგენა საზოგადოებისათვის

0
წინა წერილებში შემოგთავაზეთ წერის ორი ეტაპის (წერამდე და უშუალოდ წერის პროცესი) საქმიანობების აღწერა. ამჯერად გაგიზიარებთ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს წერის პროცესის დასრულების შემდგომ. მეთოდურ ლიტერატურაში ეს ეტაპი ამგვარი სახელწოდებით მოიხსენიება: ნაწერის წარდგენა საზოგადოებისათვის. ნაწერის წარდგენაში იგულისხმება, რომ ის ან უნდა წაიკითხონ, ან უნდა მოუსმინონ. “მწერალი” საკუთარი თავის პირველი აუდიტორიაა, მაგრამ მას სხვების რეაქციაც აინტერესებს. წარდგენის რამდენიმე  ფორმა არსებობს:

“ავტორის წრე”. ეს არის სტრატეგია, რომელიც: 

·ავითარებს აუდიტორიის გრძნობას; 

·ავითარებს ერთობლივი სწავლის, თანატოლებთან აზრების გაზიარების და რედაქტირების უნარებს; 

·ხაზს უსვამს იმას, რომ ყოველ მოსწავლეს აქვს საყურადღებო აზრები და გამოცდილება, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ნაყოფიერად; მოსწავლე უნდა მიხვდეს, რომ თანატოლები მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენენ ნაწერის შეფასების  პროცესში; 

·ეხმარება მოსწავლეებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში („მოვისმენ ყველა აზრს და საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ).

  “ავტორის წრისათვის” მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთად უნდა დაადგინონ წესები (მაგალითად, რეგლამენტი, თანამიმდევრობა, კორექტულობა და ა.შ.). 

  “ავტორის წრის” პროცედურებია:
·ჩვეულებრივ, ავტორი ზის წრეში, როგორც აუდიტორიის ნაწილი. 

·მსმენელთა პირველი გამოხმაურება უნდა იყოს კომენტარები პოზიტიური მონაკვეთის, კონკრეტული ძლიერი მხარეების შესახებ. მსმენელებმა შეიძლება ისაუბრონ მათი საერთო შთაბეჭდილებების, განსაკუთრებით ცოცხალი პასაჟების, საინტერესო აღწერების, შესავალი ან ფინალური ნაწილების შესახებ. 

·ავტორის თხოვნით მსმენელებმა შეიძლება მას ნაწერის სრულყოფის, გაუმჯობესებისათვის რჩევები მისცენ (მაგალითად, უფრო ადეკვატური ლექსიკური ერთეულების შერჩევა, ზოგიერთ ფრაზაში სიცხადის შეტანა, დამატებითი დეტალები და სხვა). 

·ავტორები გულახდილნი უნდა იყვნენ და როგორც თანაკლასელებს, ისე  მასწავლებელს გაუზიარონ ის სირთულეები, რომლებიც მათ წერის პროცესში შეხვდათ (მაგალითად, გაუჭირდათ თუ არა დაწყება, შემოაკლდათ თუ არა სიტყვის მარაგი, ბრკოლდებოდნენ თუ არა აზრის ჩამოყალიბების დროს და ა.შ.). ამასთან, გაუზიაროს, როგორ მოახერხა რომელიმე სირთულის დაძლევა.

·მასწავლებელს შეუძლია დააკვირდეს და აღნუსხოს მოსწავლეთა (როგორც წარმომდგენის, ისე მსმენელებისა) მონაწილეობა შეფასების ცხრილების ან ჩანაწერების გამოყენებით. 

·მასწავლებელს შეუძლია ჩაინიშნოს, რა ტიპის კომენტარები გაკეთდა მოსწავლეების მიერ ან რა შეკითხვები დაისვა. ეს დახმარებას გაუწევს მას იმის დადგენაში, თუ როგორ ფიქრობენ და აზროვნებენ მოსწავლეები, რამდენად შეუძლიათ არსებითისა და მნიშვნელოვნის დანახვა, როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება, ალღო და ა.შ. 

 ავტორის წრის ვარიანტი შეიძლება ამგვარიც იყოს: მოსწავლეებმა თავიანთი საბოლოო ნამუშევრები წაუკითხონ უმცროსკლასელებს ან სხვა საზოგადოებას (მაგალითად, უფროსებს). თუ წერითი ნამუშევარი გამოიკვრება, სასურველია, იქვე გამოვაკრათ თანატოლთა პოზიტიური კომენტარებიც. 

ცნობილი ფრაზაა: „თუ გინდა წერო კარგად, წერე ხშირად”. მაგრამ ყველა მასწავლებლისათვის ცნობილია, რომ მოსწავლეები ყველაზე უხალისოდ სწორედ წერით დავალებებს ეკიდებიან. მათ წასახალისებლად შემოგთავაზებთ რამდენიმე საშუალებას.   

ავტორის სკამი. თუ მოსწავლეს აძლევთ საშუალებას, წარუდგინოს თანაკლასელებს საკუთარი ნაწერი, გამოარჩიეთ თუნდაც უმნიშვნელო დეტალით  ავტორის სკამი (მაგალითად, დაუდგით მას გვერდით ქოთნით ყვავილები, შეგიძლიათ შემოახვიოთ ლამაზი ყელსახვევი, დაუდგათ ტრაფარეტი). ეს წამახალისებელი საშუალება განსაკუთრებით ამართლებს შემოქმედებითი წერის დროს. საკმარისია, ერთხელ შესთავაზოთ „ავტორის სკამის” იდეა მოსწავლეებს, რომ შემდეგში თავად გამოიჩენენ მისი მორთვის ინიციატივას. მახსოვს, როცა მეექვსე კლასელებს ამის საშუალება მივეცი, რამდენი შემოქმედებითი იდეა წამოვიდა კლასისაგან. რაც მთავარია, ყველას გაუჩნდა იმ სკამზე დაჯდომის სურვილი, ამიტომ წერითი დავალებაც ხალისით შეასრულეს. კენჭისყრაც კი დაგვჭირდა იმისათვის, თუ ვინ წარმოადგენდა საკუთარ ნამუშევარს, იმდენად ბევრი იყო მსურველი.   

კვირის / თვის ავტორი. ყოველ კვირაში ან თვეში გამოყავით თითო ავტორი და მათი ნამუშევარი გამოაკარით კლასში ან დერეფანში ამისათვის მომზადებულ სპეციალურ დაფაზე. Aაქვე შეიძლება გამოიკრას მოსწავლის ბიოგრაფია და ფოტოსურათი. სასურველია, რომ კვირის ავტორი თავად მოსწავლეებმა შეარჩიონ მასწავლებელთან ერთად წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.

ადგილობრივი გაზეთები. მოსწავლეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი ნაწერი ადგილობრივ პრესაში, წერონ ადგილობრივი გაზეთის გარკვეული რუბრიკებისათვი (მაგალითად, მოზარდები გვწერენ, წერილები რედაქტორს და ა.შ.). წაახალისეთ მოსწავლეები, თავად მოიფიქრონ რუბრიკის სათაური, სავარაუდო თემატიკა და მინი პროექტის სახით შესთავაზონ პრესის წარმომადგენლებს.

საინფორმაციო ბიულეტენი მშობლებისათვის / ადგილობრივი საზოგადოებისათვის. შესთავაზეთ მოსწავლეებს შექმნან საინფორმაციო ბიულეტენი  მშობლებისთვის და / ან ადგილობრივი საზოგადოებისათვის. მოსწავლეთა ნაწერები უფრო საინტერესოს გახდის ამ ბიულეტენს, თავად მოსწავლეები კი იამაყებენ იმით, რომ მათმა ნაწერმა უფრო დიდი აუდიტორია მოიპოვა. 

წერაზე რეაგირება 

ვიდრე წერითი ნაშრომის შესახებ აზრების გაცვლაში ჩაერთვებიან, სასურველია, რომ მოსწავლემ (ავტორმა) დაიწყოს საკუთარი ნამუშევრის გაანალიზება. ეს მათ ეხმარება ნაწერის გაუმჯობესებაში, ასევე გარკვეული საკითხების უკეთ ჩამოყალიბებაში. შეკითხვების ნუსხას, რომელსაც გთავაზობთ, შეუძლია დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს საკუთარ ნაწერზე ფიქრში. ასეთი შეკითხვები მოსწავლეებს შეიძლება მასწავლებელმა მიაწოდოს ან თავად მოსწავლემ შექმნას მასწავლებელთან ერთად.
 

საკუთარ თავს დაუსვი ზოგიერთი ამ შეკითხვათაგანი:

·რას განვიცდი იმის მიმართ, რაც უკვე დავწერე? 
·რა არის კარგი, რისი გაუმჯობესებაც შემიძლია? 
·რა არის ჩემი მიზანი? 
·არის რამე ისეთი, რაც არ შეესაბამება მიზანს ან არასწორად მეჩვენება? 
·რა აღმოვაჩინე წერისას? 
·რა არის ერთი, ყველაზე უმნიშვნელოვანესი რამ, რისი შეტყობინებაც მსურს ჩემი  ნაწერით აუდიტორიისათვის? 
·როგორ შემიძლია ავაგო ეს აზრი? არის ისეთი ადგილები, სადაც ჩემი მთავარი აზრიდან გადავუხვიე? 
·ვინ არის ჩემი აუდიტორია? რა ინტერესები აქვს?
·რას იფიქრებენ ჩემი მკითხველები, რომლებიც ჩემს ნაწერს წაიკითხავენ / მოიმენენ? 
·სავარაუდოდ, რა შეკითხვები დასვამენ? 
·რა დამეხმარება ნაწერის გაუმჯობესებაში (რომელი ამოვირჩიო ჩამოთვლილთაგან)? 

ახალი შავი ვარიანტის დაწერა;

თანატოლებთან საუბარი;
მასწავლებელთან საუბარი;
წიგნი;
ხელახლა ხმამაღლა წაკითხვა;
ჩუმად წაკითხვა, რამდენჯერმე გადაკითხვა;
ამ ჟანრის / ფორმის ნიმუშის წაკითხვა;
იქნებ დროებით გადავდო;
ეს აზრი სხვა ჟანრში  / ფორმით მოვსინჯო; 

რაც შეეხება წერითი ნაწერების შეფასებას, ამის შესახებ მომდევნო სტატიაში გესაუბრებით.

თუ მოზარდს სკოლაში სიარული არ უყვარს

0
‘’დედა, თავს ცუდად ვგრძნობ’’, – თქვენი შვილი გეძახით სააბაზანო ოთახიდან, სადაც ის 15 წუთის წინ შეიკეტა. არადა, სწორედაც რომ სკოლაში წასვლის დროა და ამ თვის განმავლობაში მსგავსი რამ უკვე მეოთხედ ხდება. ეს ცუდად გახდომა სკოლაში წასვლამდე ზუსტად 15 წუთით ადრე იწყება. საინტერესოა ბავშვის შეუძლოდ გახდომის მიზეზები.

ბავშვების უმეტესობა საკმაოდ ხშირად აცხადებს პროტესტს სკოლაში წასვლაზე, მოზარდების 5 პროცენტი კი ამგვარ უკიდურეს ზომამდე ცუდად გახდომამდე მიდის. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, რაში მდგომარეობს ბავშვის მიერ გამოვლენილი ამგვარი სიმპტომების მიზეზი.

მშობლებს საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, რათა მათმა შვილმა სკოლაში წასვლის შიში დასძლიოს. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რაიმე სახის ზეწოლას ხომ არ განიცდის თქვენი შვილი თანაკლასელების ან თუნდაც მასწავლებლების მხრიდან. კარგი იქნება, თუ მოზარდს სკოლაში დანიშნულ დროზე უფრო ადრე მიიყვანთ. ეს ხელს შეუწყობს თქვენს შვილს უკეთ მოახდინოს ადაპტაცია გარემოსთან, უკეთ გაიცნოს სკოლის შენობა, რომელშიც მას დიდი დროის გატარება მოუწევს, უკეთ შეეგუება საკუთარ აღმზრდელს. ხშირ შემთხვევაში სკოლაში პირველად წასვლის შიში მხოლოდ რამდენიმე დღეს გრძელდება.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სიმპტომი რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, აუცილებელია ბავშვი სპეციალისტს გაესინჯოს, რათა დადგინდეს, ხომ არ არსებობს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, რომელსაც მოზარდი ამ მდგომარეობამდე მიჰყავს. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ თუ ბავშვების ერთი ნაწილი პირველივე დღიდან იძულებს სკოლასა და იქ სიარულს, არ არის გამორიცხული, მოზარდთა იმ კატეგორიამაც შეიძულოს სკოლაში სიარული, რომელთაც თავიდანვე არ გამოუთქვამთ პროტესტი. მშობლისათვის მეტად მნიშვნელოვანია ამის მიზეზის დადგენა, რადგან დროულად მოხდეს მოზარდისათვის შესაბამისი დახმარების გაწევა.
პრობლემები სწავლასთან
როდესაც ბავშვს პრობლემები სწავლასთან ექმნება, ამის პირველი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბავშვი რაოდენობის ან სირთულის გამო ვერ ართმევს თავს დავალებას. მეორე შემთხვევაში კი პირიქითაა – თქვენი ბავშვი საკმარისზე კარგადაა მომზადებული და მას გაცილებით მეტი ცოდნა აქვს დაგროვილი, ვიდრე მოცემულ მომენტში მოეთხოვება. ამგვარი შემთხვევები თუმცა იშვიათია, მაგრამ პრაქტიკაში მაინც არსებობს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უბრალოდ სწყინდება სკოლაში სიარული, რადგანაც ახალს ის ვერაფერს იგებს და სკოლაზე გულის აყრაც ამითაა განპირობებული. 

მიუხედავად იმისა, რა მიზეზის გამო ექმნება მოზარდს პრობლემები სწავლასთან, პირველ რიგში აუცილებელია მშობელმა კონსულტაცია მის აღმზრდელთან გაიაროს. უნდა გაირკვეს ამ პრობლემის მიზეზი. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შედგენა შეუძლებელია, მაგრამ მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ უთუოდ ნათელი გახდება ის მიზეზი, რის გამოც ბავშვმა სკოლაში სიარული შეიძულა. ამასთანავე აუცილებლობას წარმოადგენს ყურისა და თვალის ექიმთან ვიზიტი, რადგანაც შესაძლებელია სმენისა და მხედველობის მცირე დარღვევაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდეს. 
პრობლემები მასწავლებელთან
არ არის გამორიცხული ბავშვს სკოლაში სიარული მასწავლებელთან ურთიერთობის გამო შესძულდეს. ამის გასარკვევად ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს – საკმარისია ბავშვი და მისი აღმზრდელი საუზმეზე ან სხვა, უშუალო გარემოში ერთად მოხვდნენ და მათ საუბრის საშუალება მიეცეთ. დაკვირვებული და ალღოიანი მშობელი უმალ მიხვდება მისი შვილის დამოკიდებულებას აღმზრდელისადმი. ნებისმიერ ბავშვს აქვს სურვილი, მასწავლებელი უყვარდეს და თუ ის სითბოსა და გულისხმიერებას აღმზრდელისაგან ვერ იღებს, მისი სწავლისადმი უგულისყურო დამოკიდებლება შესაძლოა ამითაც იყოს გამოწვეული. თუ მასწავლებელთან არასახარბიელო დამოკიდებულება პროგესირებადია, მაშინ აჯობებს ბავშვი სხვა აღმზრდელთან გადაიყვანოთ, თუნდაც პარალელურ კლასში ან სხვა სკოლაში.
ძალადობა ბავშვზე
მოულოდნელი პროტესტი სკოლაში სიარულის მისამართით შესაძლოა ბავშვზე ძალადობის რაიმე ფორმითაც იყოს გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში, მშობელი უნდა შეეცადოს შვილთან საუბარს. იმ შემთხვევაში, თუ პატარას ამ თემაზე საუბარი არ სურს, მაშინ პრობლემური ბავშვის მშობელი მის თანაკლასელებთან და მეგობრებთან უნდა შეეცადოს სიტუაციის გარკვევას. თუ აღმოჩნდა, რომ ადგილი აქვს ბავშვზე რაიმე ფორმით ზეწოლას, სასწრაფოდ უნდა ეცნობოს სკოლის ადმინისტრაციასა და შესაბამის უწყებას. 
მარტოობა
სკოლის შეძულების ერთ–ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ბავშვს სკოლაში საერთოდ არ ჰყავს მეგობრები. მოცემულ შემთხვევაში მშობელი აუცილებლად უნდა გაესაუბროს აღმზრდელს. ვინ ვინ და მასწავლებელმა ყველაზე უკეთ იცის ბავშვების ურთიერთობების შესახებ და ის შესაბამის რჩევებსაც მისცემს მშობელს. ამასთანავე უმჯობესი იქნება, თუ ამგვარ პრობლემურ ბავშვებს რაიმე წრესა თუ სექციაში ჩავწერთ. თითქმის ყველა სკოლაში არსებობს ამგვარი სექციები და მოზარდსაც საშუალება მიეცემა, გაიჩინოს ახალი მეგობრები. 
გამოცდების შიში
ბავშვისათვის სკოლაში სიარულის პროტესტი შესაძლოა გამოწვეული იყოს გამოცდების შიშით. ამ ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში საკმაოდ გაზრდილია სკოლის მოთხოვნები წინასაგამოცდო პერიოდში. უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვები, რომლებსაც სკოლაში სიარული ძალიან უყვარდათ, გამოცდების შიშის გამო სკოლას იძულებენ. ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ მშობელმა ბავშვს დაძაბულობა მოუხსნას. აუხსნას, რომ გამოცდების ჩაბარებაში საშიში არაფერია. უბრალოდ მოზარდმა უნდა განაგრძოს კარგად სწავლა და ყველაფერი კარგად იქნება.
 განაგრძეთ მოზარდთან საუბარი
თუ მოსწავლეს სკოლაში სიარული შესძულდა, საუკეთესო რჩევის მიცემა მისთვის მასწავლებელსა და მშობელს შეუძლიათ. მშობელმა ბევრი უნდა ესაუბროს ბავშვს, უნდა შეეცადოს, მონახოს მიზეზი, რატომ შესძულდა მის შვილს სკოლაში სიარული, მასწავლებელთან ერთად აუცილებლად უნდა გამოვავლინოთ ის მიზეზები თუ მიზეზთა ერთობლიობა, რომლის გამოც ბავშვს სკოლაში სიარული აღარ სურს.

ჯენტლმენთა სკოლა

0
ალბათ ყველას გითამაშიათ  ,,ასოციაციობანა”: ჩაიფიქრებ რომელიმე სიტყვას და შემდეგ ცდილობ, შენს მეწყვილეს რაც შეიძლება ზუსტი ასოციაციური გასაღები მიაწოდო. 
სტუდენტური თავშეყრის დროს, პურმარილი და ცეკვა-სიმღერა რომ მოგვყირჭდებოდა, თავს სხვადასხვა თამაშით ვიქცევდით, მათ შორის იყო ასოციაციობანაც.  სათამაშო ,,მასალად”, პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, ლიტერატურას ვიყენებდით: ჩავიფიქრებდით რომელიმე წიგნს ან პერსონაჟს და ვცდილობდით მისთვის დამახასიათებელი ხასიათის, ჟესტებისა თუ ტერმინოლოგიის გამოყენებით გაგვეცოცხლებინა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვა არავის გვეზარებოდა და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ბიბლიოთეკაში ვატარებდით, წაკითხული წიგნების ერთმანეთისთვის თამაშ-თამაშით გაზიარებამ  ფსკერამდე ,,ყვინთვას” მიგვაჩვია. 

გეოგრაფია ჩემი სუსტი წერტილი იყო, მასზე ზოგადი წარმოდგენა მქონდა. ამ მხრივ, ინფორმაციულ ვაკუუმს მოგზაური მეგობრების მონათხრობი და მხატვრული ლიტერატურიდან მიღებული ინფორმაცია მივსებდა. ჩემთვის გერმანია ჯადოსნურ მთის ძირში დასახლებული ტონიო კროგერების სამშობლო იყო. საფრანგეთის დედაქალაქშიც გერმანელი მწერლის წყალობით მოვხდი, ტრიუმფალური თაღის ქვეშ პირველად გერმანელ ექიმთან ერთად გავიარე. მოგვიანებით, ჩემს ლიტერატურულ გლობუსზე წვიმიანი მაკონდო გაჩნდა. მის გვერდით ,,აღმოცენდა” ფოლკნერის ამერიკა, რომელიც ჩემთვის დღემდე მეზობელ კარმიდამოსავით ახლობელი, ხისსუნიანი ადამიანებით დასახლებული შემოდგომაა. 

პირველი წიგნი, რომლის წყალობითაც ნისლიანი ალბიონი აღმოვაჩინე, დღემდე ქვაფენილიან ქუჩასთან, ეტლის ბორბლების ავისმომასწავებელ ღრჭიალთან და, რაც მთავარია, შესაშურ წონასწორობასა და თავდაჭრილობასთან ასოცირდება. გოლზუორთის რომანში დღემდე ყველაზე დიდი დოზით ვგრძნობ ინგლისს, მთელი მისი თავშეკავებისა თუ თავაშვებულობის პიკით. მალე ბეიკერ-სტრიტის 221ბ  სახლში ნამდვილ ,,ჯენტლმენთა ბუდე” აღმოვაჩინე და იმდენჯერ წავიკითხე, ვნახე და მოვისმინე მათი ამბები, სანამ ჭეშმარიტ ,,ჰოლმსოლოგად’’ არ ვიქეცი… 

***
რომელი მშობელი იტყოდა უარს, მათი ვაჟი თავაზიან, თავშეკავებულ, გაწონასწორებულ ადამიანად რომ ჩამოყალიბებულიყო?! ჯენტლმენთა სკოლა, თუ ასეთი დაწესებულება მართლა არსებობს, პირველ რიგში, ბრიტანეთის კუნძულებზე უნდა ვეძიოთ. 

ერთი შეხედვით, ინგლისური აღზრდის პრინციპი მატივია.  ჯონ ლოკის აზრით, ბავშვის აღზრდა ნიშნავს ჯენტლმენის აღზრდას. რაც უფრო ჩქარა დაიწყებს ბავშვი გაზრდას, მით უფრო მალე იქცევა პიროვნებად, ანუ დაიწყებს დამოუკიდებლად აზროვნებას და დაეყრდნობა საკუთარ თავს. კრიტიკოსთა ნაწილი ჯონ ლოკს პატარებისთვის ბავშვობის წართმევას აბრალებდა. თავის მხრივ, ფილოსოფოსი ამტკიცებდა, რომ თუ მოზარდს დროულად არ ,,წაართვი” ბავშვობა, მთელი ცხოვრების მანძილზე ბავშვად დარჩება. 

როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ნისლიანი ალბიონის აღსაზრდელთა პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს სკოლა ასრულებს. ბრიტანული განათლების სპეციფიკასთან დაკავშირებული კვლევების  მიხედვით, ნამდვილი ბრიტანული სულის ჩამოყალიბება მხოლოდ ამ სასწავლო დაწესებულებაში –  ,,Public School” – არის შესაძლებელი. მეოთხედი საუკუნის წინ, Public  School -ის კურსდამთავრებულებს ადვილად იცნობდით გამორჩეული მსჯელობისა და დგომის მანერით. ახლა ჯენტლმენებისთვის დამახასიათებელი გარეგნული შტრიხების უმეტესობა დაკარგულია.

დროთა განმავლობაში ბრიტანული სკოლებიც შეიცვალა. დღეს ინგლისელი მოსწავლეები თავს პოპულარული სპორტული ბრენდების ტანსაცმლით იწონებენ, უსმენენ რეპს, ყოველი წინადადების ბოლოს უწევენ ხმას (სატელევიზიო ,,საპნის ოპერებისთვის” დამახასიათებელი საუბრის მანერა ), ლაპარაკისას უხვად იყენებენ სლენგს…  თუმცა ამ ფაქტორებს უარყოფითად თითქმის არ განიხილავენ: ,,თქვენი ბიჭუნა ვერ შეიძენს ცუდ ჩვევებს, თუ მას კარგ სკოლაში არ გაგზავნით” – მსგავსი შინაარსის ფრაზებს არც თუ იშვიათად მოჰკრავთ ყურს, ე.წ. მაღალ საზოგადოებაშიც კი.

იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პ.გ. ვუდჰაუსი (Public  School-ის კურსდამთავრებული) აღნიშნავდა, რომ  საინტერესო ავტობიოგრაფიისთვის აუცილებელია, სულ მცირე, სამი კომპონენტი: ექსცენტრული მამა, უბედური ბავშვობა და მძიმე სკოლის წლები.

Public school  სრულიად განსხვავებული ინსტიტუტია, უნიკალური სოციალური ფუნქციით. სწორედ ეს სკოლები ქმნიან ქვეყნის ელიტას. ფაქტია, თუ ქვეყანა საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებს განსაკუთრებულობას, ესე იგი  ეფექტურად მუშაობს ,,ჯენტლმენთა სკოლა”.

მსგავს პრივილეგირებულ სასწავლო დაწესებულებებში სწავლა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ასეთი სკოლები მცირერიცხოვანი კლასებითაა დაკომპლექტებული. მოსწავლეებთან მუშაობენ მხოლოდ უმაღლესი რანგის პროფესიონალები, თითოეულ აღსაზრდელზე მორგებული, ინდივიდუალური პროგრამებით. სკოლებში ფუნქციონირებს უძველესი ბიბლიოთეკები, რომლებიც მორგებულია თანამედროვე მოსწავლის საჭიროებებს, მათი საცავი ასიათასობით ტომს ითვლის. 

წარმატებული სოციალური სტარტის თვალსაზრისით, Public school-ის კურსდამთავრებულთა უპირატესობას ორი მიზეზით ხსნიან: პირველ რიგში, დახურული სკოლა დახურული კლუბის მსგავსი დაწესებულებაა. აქ სწავლის პერიოდში მოპოვებული კავშირები მთელი ცხოვრების მანძილზე დაურღვეველი რჩება. მაგალითად, უძველესი ინგლისური კოლეჯის, Harrow-ს კურსდამთავრებულმა – უინსტონ ჩერჩილმა, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი თანაკლასელებით ,,გაამდიდრა”. თუმცა საქმე მხოლოდ კავშირებში არაა. ჩერჩილისა და მისი თანაკლასელების მიერ მიღწეული წარმატება იმაზე მეტყველებს, რომ მათ საშუალო სკოლაში საჭირო ადამიანებთან ერთად უმაღლესი ხარისხის განათლებაც შეიძინეს.

თუმცა ცალსახად არც ინტელექტს და არც განათლების მიღების შესაძლებლობას შრომის გარეშე წარმატება არავისთვის მოუტანია. ისევ უინსტონ ჩერჩილს გავიხსენებ, რომელიც საკმაოდ სუსტი მოსწავლე ყოფილა, მაგრამ ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკოსად იქცა. უდიდესი ძალაუფლების მოპოვების მიუხედავად, ინგლისელი ორატორი და ნობელიანტი მიიჩნევდა, რომ სკოლის მასწავლებლები ფლობენ ისეთ ძალაუფლებას, რომელზეც  პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია. 

 მსგავსი ძალაუფლება ნებისმიერი სკოლის მასწავლებელს აქვს, მაგრამ ინგლისის დახურული სკოლების მიერ არჩეული აღმზრდელობითი კურსის მთავარი  მიზანი თითოეულ მოსწავლეში პიროვნების აღმოჩენა, მაღალი მოტივაციის შექმნა და რეალური მომავლისთვის შემზადება გახლავთ. ოჯახს მოშორებულ ადგილობრივ თუ უცხოელ მოსწავლეებს ,,ჯენტლმენთა” სკოლაში საკმაოდ რთული გზის გავლა უწევთ. აქ უნდა იყო ძლიერი, მიზანდასახული, შეუვალი და კატეგორიულიც კი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.

 თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად,  IQ-ს დონეზე მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტის განვითარებაა, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული მოზარდის წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბება. ინიციატივის გამოჩენის, კონკურენციის, ადაპტირების… მოკლედ რომ ვთქვათ, გამარჯვების ნიჭი განაპირობებს პიროვნების სოციუმში წარმატებით თვითდამკვიდრებას. თუმცა, სანამ გამარჯვებას მოიპოვებ, ჯერ საკუთარი თავი უნდა გაიცნო, დარჩე ,,მე”-დ ყველა შესაძლო სიტუაციაში.

ინგლისური სკოლებისთვის დამახასიათებელი სწრაფვა ახალი ადამიანების, ე.წ. ჯენტლმენთა ჯგუფის შექმნისკენ, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან როგორც საუკეთესო განათლებით, ასევე საკუთარი თავისა და საზოგადოების მართვის, ლიდერისთვის საჭირო უნარებით, სხვა არაფერია, თუ არა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გამოვლილი ჯონ ლოკის თეორიის ხორცშესხმა, სადაც გადამწყვეტი ადგილი უჭირავს ბავშვის ადრეული ასაკიდან აღზრდას.
***
ამ წერილის დაწერის სურვილი  პ.გ. ვუდჰაუსის ჯენტლმენების გაცნობის  შემდეგ გამიჩნდა. ვუსტერების გვარის ღირსეულ წარმომადგენელს და მის გამჭრიახ კამერდინერს უსასრულო პერსონაჟების სიაში, ჰოლმსისა და უოტსონის გვერდით მივუჩინე ადგილი. თუ ოდესმე ,,ჯენტლმენური მარილის” დაგემოვნების სურვილი გაგიჩნდათ, ინგლისელი არისტოკრატის – ბერტი ვუსტერისა და მისი ერთგული ლაქიის – ჯივზის დიალოგებზე უკეთეს ნუგბარს, ჩემი აზრით, ვერავინ შემოგთავაზებთ. 

მოკლედ, ვისაც ბრიტანული განათლების მიღებაზე ხელი არ მიუწვდება, ნუ მოიწყენს. მთარგმნელობითი საქმიანობა საქართველოში წლიდან წლამდე უმჯობესდება. ჰოდა, ვიკითხოთ ინგლისური ლიტერატურა და თუ ჯენტლმენად ვერ ვიქეცით, იუმორისა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწას რა უდგას წინ?!  

და როცა  საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა მამაკაცი ადგილს არ დაგვითმობს, შეყვარებული არ გაგვიღებს მანქანის კარს, არც სკამს გამოგვიწევს მაგიდასთან დაჯდომისას და არც ქოლგას დაგვიჭერს თავსხმა წვიმაში (ხელში აყვანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ,,დავიკიდოთ, ჯივზ!”

ჟესტების მუსიკა (I ნაწილი)

0
„მუსიკას ძალუძს იარსებოს სივრცის გარეშე, მუსიკა დროა”.

შოპენჰაუერი

ჰერაკლიტეს, პლატონის, კანტის, ჰეგელის, თომას მანის, სტრავინსკის, ბორხესის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის და სხვა უდიდესი მოაზროვნეების ინტერესის საგანი ოდითგანვე იყო დროის გააზრება და ჭვრეტა.
იგორ სტრავინსკის აზრით, მუსიკა ერთადერთი რამაა, რაც მსმენელს დროის სუბსტანციასთან უშუალო შეხების შესაძლებლობას აძლევს.

დრო ნაკადია. რიტმიც. მუსიკა, რომელიც განისაზღვრება მეტრით, რიტმით და ტემპით, ვერ იარსებებს დროის მიღმა. მუსიკა პროცესია. ის დროში ვითარდება და დროს რიტმის საშუალებით „ახმოვანებს”.

პრაქტიკულად, ყოველ ჩვენგანს ოდესმე უსწავლია მუსიკა – ან მუსიკალურ სკოლაში, ან კერძოდ პედაგოგთან, ან საჯარო სკოლაში, მუსიკის გაკვეთილებზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ერთხელ მაინც უთხოვიათ, გამოგვეყვანა რაიმე რიტმი, მაგალითად, მაგიდაზე კაკუნით ან ტაშის შემოკვრით. შესაძლოა, იმ დროს მუსიკის (რიტმის) გაკვეთილები უაზრო მეცადინეობად ან დროსტარებად მიგვაჩნდა, მაგრამ ჩვენ ისინი მაინც დაგვამახსოვრდა. მასწავლებლები მუდამ გვახსენებდნენ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა – მგალობელი ფრინველებიდან მოძრავ ავტომობილებამდე და მტირალა თოთო ბავშვამდე – საკუთარი რიტმით ცხოვრობს. ერთი სიტყვით, მუსიკალური მზადება თვლით იწყება და ეს სწორია, რადგან მუსიკაში ვერ იქნება წესრიგი მკაფიო რიტმის გარეშე.

რიტმის საფუძველია პულსი, პულსაცია, როგორც ძლიერი და სუსტი დროების თანაბარი მონაცვლეობა. ყველაზე უკეთ ეს პულსაცია საცეკვაო მუსიკაში შეიმჩნევა, მაგალითად, ვალსში. ერთ ძლიერ დროს ორი სუსტი დრო მოსდევს, შემდეგ – ისევ ერთი ძლიერი და ისევ ორი სუსტი და ა.შ. ამ პულსაციას თვლას უწოდებენ. ზუსტი სახელწოდება კი გრძლიობაა, ანუ მეტრი.
 

რიტმი – ეს დროის ფეთქვაა. მაგალითად, საათის წიკწიკი. ერთი წუთის განმავლობაში წამების ისარი 60-ჯერ წიკწიკებს, ხოლო თითო წიკწიკი რიტმში ერთი დარტყმის ტოლია. თუ წამების ისარს ავაჩქარებთ ან შევანელებთ, ჩვენ შევცვლით ათვლის ტემპს. მუსიკალურ ჩანაწერში ნოტები გვეუბნებიან, რამდენჯერ უნდა დავუკრათ ყოველ თვლაზე და რომელი ნოტი.

როგორც ცნობილია, ადამიანის პირველი „ინსტრუმენტი” მისივე სხეული იყო. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რაც აუცილებელია მუსიკის შესრულებისთვის. ეგრეთ წოდებული ხმოვანი ჟესტები: დარტყმა, მირტყმა, დაბაკუნება და თითების გატკაცუნება – ხმისა და მოძრაობის ერთობლიობა ფართოდ გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება მუსიკალური აღზრდის მეთოდიკაში კარლ ორფის სისტემის მიხედვით.

ხმოვანი ჟესტები იდეალურია რიტმული სწავლების დაწყებით ეტაპზე, ვინაიდან ეს „ინსტრუმენტები” მუდამ თან ახლავს ადამიანს. სწორედ ამ ხმოვანი ჟესტების საშუალებით არის სასარგებლო სხვადასხვა რიტმული ფიგურაციის დამუშავება, ვიდრე მათ დასარტყამ ინსტრუმენტებზე გადავიტანდეთ. მაგალითად, დოლი ფეხების ბაკუნის იმიტაციას ახდენს, კასტანეტები – ხელის დარტყმის იმიტაციას… ასე რომ, ისინი სავსებით ბუნებრივად „გამოდიან” ადამიანებიდან. იდეა ელემენტარული მუსიცირებისა იმ „ინსტრუმენტების” გამოყენებით, რაც ადამიანს ბუნებისგან აქვს ნაბოძები, კარლ ორფმა თავისი სისტემისთვის აიღო არაევროპელი (აფრიკის, ავსტრალიის, ინდონეზიის) ხალხებისგან. სისტემა გამოირჩევა უნივერსალურობით და მნიშვნელოვანია მასობრივი პედაგოგიკისთვის. რიტმული ჟესტების მსგავსი ფორმები სხვადასხვა სახით მსოფლიოს ყველა ხალხს მოეპოვება.

რიტმი – აფრიკული მუსიკის ღმერთია. აქ დასარტყამი ინსტრუმენტების ფონზე სიმღერა და ცეკვა ბატონობს. მუსიკა და ცეკვა ერთმანეთს რიტმის მეშვეობით ერწყმის. ისინი განუყოფელნი არიან. ერთი გულისხმობს მეორეს, ამიტომ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ აფრიკელთა რიტმის შეგრძნება შედეგია სხეულის იდეალური შესწავლისა ყოველგვარი მათემატიკური გაანგარიშებისა და გრძლიობათა თანაფარდობის გარეშე.

საკუთარი სხეულის ბგერებით თამაში არის ბავშვის პირველი გაუცნობიერებელი იმპროვიზაცია. ხმოვანი ჟესტებით იმპროვიზაციის საფუძველია უნებლიე, გონებით არაკონტროლირებადი მოძრაობა, სხეულის სპონტანური მოტორიკა. იმპროვიზაცია ანუ ექსპერიმენტული „თამაშები” – თავისუფალი საუბარი სხეულით, ხმით, საკრავებით – ბავშვებს უფროსებზე ადვილად გამოსდით. და მე მახსენდება 4 წლის უსინათლო სტივ უანდერი, რომლის პირველი „საკრავები” იყო სამზარეულოს ქვაბები. სტივი საათობით უკაკუნებდა მათ კოვზებს და ცდილობდა რიტმი რადიოში მოსმენილი მუსიკისთვის აეყოლებინა. დედა მიხვდა, რომ შვილისთვის საჭირო იყო ნამდვილი მუსიკალური ინსტრუმენტი და ვინაიდან ხელმოკლეობის გამო როიალზე ოცნებაც კი არ შეეძლო, მან სტივს ტუჩის ჰარმონიკა უყიდა. ამ საკრავზე იგი 6 წლამდე უკრავდა, ხოლო პიანინო პატარა ბიჭუნას კეთილი მეზობლის წყალობით მხოლოდ 9 წლის ასაკში ეღირსა. ქვაბებით დაწყებული მუსიკალური ისტორია 25-ჯერ აღებული „გრემის” პრემიით დაგვირგვინდა და სტივი მოგვევლინა XX საუკუნის მეორე ნახევრის „შავი” მუსიკის პოპულარული სტილების – რიტმ-ენდ-ბლუზისა და სოულის – ერთ-ერთ ფუძემდებლად.

 

 

14 წლის სტივ უანდერი

„ბავშვებს სწავლა დასაბამიდან არ უყვართ, მათ თამაში ურჩევნიათ, ამიტომ ნებისმიერი სწავლება უნდა მივაწოდოთ, როგორც თამაში”.
კარლ ორფი

XX საუკუნის გერმანელ კომპოზიტორსა და პედაგოგს ორფს, ცნობილს კანტატით „კარმინა ბურანა”, დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკალური განათლების სფეროში. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, მიუნხენში დააარსა ტანვარჯიშის, მუსიკისა და ცეკვის სკოლა. მოგვიანებით მუსიცირების, ქორეოგრაფიისა და თეატრის საფუძველზე შეიმუშავა კომპლექსური მუსიკალური სწავლების სისტემა. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ბავშვთა მუსიკალურ აღზრდაში, სადაც წამყვანი როლი მიანიჭა მუსიკალურ-რიტმულ მხარეს. აღნიშნულ მეთოდიკას ბავშვებისთვის უნდა მოეტანა სიხარულისა და კმაყოფილების განცდა. ორფის აზრით, სიტყვისა და სიმღერის მონაცვლეობა ბავშვებისთვის ისევე ბუნებრივია, როგორც თამაში.
 
ბავშვი ცეკვავს, მღერის, თამაშობს, თხზავს, იგონებს – ქმნის საკუთარს, ცდილობს თვითგამოხატვას და, რაც მთავარია, ამით დიდ სიამოვნებას იღებს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევუქმნათ პირობები შემოქმედებითი ნიჭის გამოღვიძებისა და რეალიზაციისთვის. ამ დროს ჩვენი, მშობლებისა და მასწავლებლების, ამოცანაა, საჭიროების შემთხვევაში შეუმჩნევლად მოვახდინოთ მათი შემოქმედებითი უნარების ორგანიზება (კორექტირება, წარმართვა); არ ვასწავლოთ „როგორ” – შესაძლებლობა მივცეთ, თავად იპოვონ გამოსავალი, რათა მათში გაიღვიძოს ფანტაზიამ და ინიციატივამ.

სწავლებისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება სმენით და მხედველობით მეხსიერებას, კონცენტრაციას, ყურადღებას ბგერისა და სიტყვის მიმართ, ტექსტის შინაარსში ჩაღრმავებას, მეტყველებისას ინტონაციური შესაძლებლობების განვითარებას, ხატოვან აზროვნებას და ემოციურ რეაქციებს.

ხელოვნების დარგებიდან ყველაზე ადვილად მუსიკა პოულობს გზას ბავშვის გულისკენ. მუსიკის თანხლებით მოძრაობა და სიმღერა ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ავითარებს აზროვნებასა და მეტყველებას. ბავშვები, რომლებსაც უყვართ და ესმით მუსიკა, გამოირჩევიან აღქმის განსაკუთრებული უნარით, თანაგრძნობით და ემოციური განცდებით. 

„ხელოვნებას ბრძოლა უწევს არსებობისთვის. ის არ გახლავთ ფუფუნება, ის აუცილებლობაა, საჭიროა, როგორც ჰაერი და წყალი”.
საიმონ რეტლი
 
მოცეკვავეებსაც აქვთ თავიანთი ენა – ჟესტების ენა. სხეულის ენას ანუ გაცნობიერებული ჟესტებით საუბარს ძალუძს გადმოსცეს ემოციების მთელი სპექტრი. ბალეტში სამსახიობო ოსტატობა იდეალური უნდა იყოს, ვინაიდან წარმოდგენის შინაარსი მაყურებლამდე მოძრაობებითა და ჟესტებით არის მისატანი. და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვა სასცენო დარგების მსახიობებისგან განსხვავებით, მოცეკვავის ჟესტები გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე სიტყვები.

საილუსტრაციოდ მინდა შემოგთავაზოთ ჩემთვის გამორჩეული კომპოზიტორის, იგორ სტრავინსკის, გენიალური ბალეტი „კურთხეული გაზაფხული”, სადაც იგი თამამად იყენებს ბგერათა მანამდე გაუგონარ თანაჟღერადობას, წარმოუდგენელ რიტმებსა და უჩვეულო საორკესტრო ფერებს. ბალეტში მაჰიპნოზებელი რიტმის სტიქიური ძალა უფრო და უფრო იპყრობს მაყურებელს. გაზაფხულის მოახლოება – ბუნების თანდათანობითი გამოღვიძება იძერწება სიმების გამოკვეთილი რიტმითა და ვალტორნების გადაძახილით.

იგორ სტრავინსკის ბალეტი „კურთხეული გაზაფხული”, ფინალური სცენა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...