პარასკევი, აგვისტო 1, 2025
1 აგვისტო, პარასკევი, 2025

ხსნარების კოლიგატური თვისებები – მეორე ნაწილი

0

რაულის კანონიდან გამომდინარეობს ორი შედეგი: · ხსნარის გაყინვის ტემპერატურის დაწევა და ხსნარის დუღილის ტემპერატურის აწევა და ხსნარის გაყინვის ტემპერატურის დაწევა.

ცნობილია, რომ სუფთა წყალი 0 -ზე იყინება. თუ 1 კგ წყალში გავხსნით 1 მოლ შაქარს (საქაროზას), მიღებული ხსნარი გაიყინება უკვე არა 0 -ზე , არამედ -1,86 -ზე. გაყინვის ტემპერატურის დაწევა გამოითვლება ფორმულით:

 


ვრცლად


რა არის ტოტალიტარიზმი ანუ სტალინის ბრძოლა ხელისუფლებისთვის

0

არცთუ დიდი ხნის წინ მე-11 კლასში დავესწარი გაკვეთილს თემაზე „რა არის ტოტალიტარიზმი”. მასწავლებელმა კლასი ჯგუფებად დაყო; მოსწავლეებს დაევალათ, ჩამოეწერათ ტოტალიტარიზმის ძირითადი მახასიათებლები და ემსჯელათ მათ შესახებ. მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა დემოკრატიული ფასეულობები ჩამოწერა (!) და „იმსჯელა” ზოგადად, არგუმენტაციის გარეშე. დანარჩენების პასუხებიც იყო ზოგადი და ბუნდოვანი. მხოლოდ ერთმა ჯგუფმა მოიშველია ორუელის „ცხოველთა ფერმა”. როგორც თავად მოსწავლეებმა აღნიშნეს, სწორედ ამ წიგნის მეშვეობით გაიგეს მათ ტოტალიტარიზმის შესახებ. თავისთავად ის ფაქტი, რომ დიდ ჯგუფში რამდენიმე მოსწავლეს (ორს) წაკითხული ჰქონდა ცხოველთა ფერმა და მეტიც – გამოიყენა ის სხვა სიტუაციაში, შესანიშნავი და დასაფასებელია, მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, რომ მე-11 კლასის მოსწავლეთა უმრავლესობას არ აქვს გააზრებული ტოტალიტარიზმის არსი, რომ ისტორიის გაკვეთილებზე ასეთ საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა ან საერთოდ არ მიმდინარეობს, ან მიმდინარეობს თემის დასაწყისში, ნაცვლად იმისა, რომ შემაჯამებელი კითხვა თემის ბოლოს იქნეს დასმული, თუმცა ამავე მოსწავლეებმა შესაძლოა სტალინის, ფრანკოს ან ჰიტლერის მმართველობის ყოველი წელი ჩვენზე უკეთ იცოდნენ. არ არის ეს ნონსენსი?! არ არის ეს პარადოქსი იმ გამოწვევათა ფონზე, რასაც 21-ე საუკუნე გვიყენებს ჩვენ და ჩვენს მოსწავლეებს?!

ისტორიის სწავლა/სწავლების პროცესი ეფექტური და მოქნილი უნდა გახდეს და პასუხობდეს დღევანდელ გამოწვევებს. სულ მცირე  მიღებული კატასტროფული ცვლილებები ესგ-ში მაინც უნდა ამოვარდეს სასწრაფოდ და ამ პერიოდში მე-20 საუკუნეს მე-19 რომ დაემატა, რითაც მე-12 კლასში სწავლება კიდევ უფრო მოუქნელი, შაბლონური და ტლანქი გახდა (თუმცა კატი-მატისთვის – უფრო მიმზიდველი, რადგან ფაქტების კასკადს დაემატა არანორმალური ფაქტების კასკადი), ეს მაინც უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ. ეს ცვლილება დანახარჯს არ მოითხოვს, მას მხოლოდ პრობლემის გააზრება და ნება სჭირდება (მაგრამ…). იქნებ ის სტატუს კვოც შეიცვალოს, რომელიც არის ისტორიაში დღეს, გადაიხედოს მე-11-12 კლასებში ისტორიის სწავლება ზეზვა და მზიადან მოყოლებული ვიდრე 21 საუკუნემდე – ფაქტია, ეს მიდგომა არ ამართლებს! უფრო მეტიც – დღეს საქართველოში ისტორიის სწავლა/სწავლების მხრივ უარესი ვითარებაა, ვიდრე იყო თუნდაც 6 წლის წინ.

სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლებისთვის უცხოა საბჭოთა ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება. ახალგაზრდა თაობა არ იცნობს მე-20 საუკუნის საბჭოთა წარსულს, რაც პარადოქსულ და არანორმალურ ვითარებაში გვაყენებს – ჩვენი მოსწავლეები არ არიან მზად იმ გამოწვევებისთვის, რასაც დღევანდელი რეალობა უყენებს მათ.

გაკვეთილი ეხება საბჭოთა პერიოდს, სტალინის ბრძოლას ხელისუფლებისთვის. მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის უცნობია, რა ხდებოდა ლენინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირში, რა ხდებოდა 1924-1929(1928) წლებში და რა გზით მიაღწია სტალინმა ბელადობას.

სტალინის ბრძოლა ხელისუფლებისთვის (პირველი ეტაპი)

აქტვობა: სტალინის ბიოგრაფია

მოსწავლეებს გააცანით სტალინის ბიოგრაფია და გამართეთ მცირე დისკუსია ამ თემის საკვანძო საკითხების გარშემო (სტალინის ბიოგრაფიაში ბევრია ისეთი საკითხი, რომელიც უდავოდ გამოიწვევს მოსწავლეთა ყურადღებას და დისპუტს. ამდენად, მასწავლებელი მზად უნდა იყოს კითხვებზე პასუხის გასაცემად. შეგიძლიათ, ბიოგრაფიიდან წინასწარ ამოკრიფოთ რამდენიმე ფაქტი და ისე მიაწოდოთ მოსწავლეებს).

აქტივობა – ლენინის ანდერძი

23 დეკემბერი, 1922 

მე გირჩევთ, ჩვენს პარტიულ შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანოთ. რამდენიმე ისეთი საკითხის გაზიარება მინდა თქვენთვის, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

უპირველესად, ცენტრალური კომიტეტის წევრთა რაოდენობა უნდა გავზარდოთ… თუნდაც 100-მდე. ასე პარტიას ნაკლები საფრთხე დაემუქრება… 

შემდგომ, ჩემი აზრით, მხარი უნდა დავუჭიროთ გოსპლანს და, ამასთან ერთად, ამხანაგ ტროცკის…

მე ვფიქრობ, სტალინისა და ტროცკის ურთიერთობის განხილვაც მნიშვნელოვანია. მათი ურთიერთობა მომავალი განხეთქილების დიდ საშიშროებას ქმნის.

სწორედ ამიტომ შემოგთავაზეთ პარტიის წევრთა რაოდენობის 50-დან 100 კაცამდე გაზრდა.


24 დეკემბერი, 1922 წელი

ამხანაგმა სტალინმა, გახდა რა გენერალური მდივანი, მოიპოვა დიდი გავლენა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი ამ გავლენას სიფრთხილით გამოიყენებს. მეორე მხრივ, ამხანაგი ტროცკი… გამოირჩევა არამხოლოდ ინტელექტითა და შესაძლებლობებით. პირადად იგი არის ყველაზე უნარიანი ადამიანი დღეს ცენტრალურ კომიტეტში, თუმცაღა ახასიათებს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ყოველთვის თავდაჯერებულია; ამავე დროს ხშირად გაიტაცებს ხოლმე ადმინისტრაციული გვერდითი საქმეები.

ორი გამოკვეთილი ლიდერის ეს ორი თვისება შესაძლოა პარტიის რღვევის მიზეზი გახდეს და თუ ჩვენმა პარტიამ არ მიიღო ზომები, განხეთქილება გარდაუვალია.

მე არ დავახასიათებ პარტიის დანარჩენ წევრებს, თუმცა ზინოვიევისა და კამენევის ოქტომბრის ეპიზოდი არ ყოფილა შემთხვევითი, მაგრამ მხოლოდ ამის გამო მათ ვერ დავადანაშაულებ, როგორც ვერ დავადანაშაულებ არაბოლშევიკობის გამო ტროცკის.

მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ბუხარინზე: იგი გამორჩეულია, იგი არა მხოლოდ პარტიის თეორეტიკოსია, იგი კანონიერად ითვლება პარტიისთვის პატივსაცემ ადამიანად, მაგრამ ხშირად მისი თეორიები არ ეთანხმება მარქსისტულს, რადგან არის მასში რაღაც სქოლასტიკოსის (მას არასოდეს უსწავლია და, ვფიქრობ, არასოდეს ერკვეოდა დიალექტიკაში).


24 დეკემბრის დამატება

სტალინი ძალიან უხეშია და ეს ნაკლი, რომელიც გასაძლისია ჩვენს გარემოში, კომუნისტებში, გაუსაძლისი ხდება გენერალურ სამდივნოში. ამდენად, მეგობრებო, გთავაზობთ, კარგად აწონ-დაწონოთ და იფიქროთ იმაზე, როგორ გადავანაცვლოთ სტალინი გენერალური მდივნის პოსტიდან და როგორ დავნიშნოთ მის ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც… იქნება უფრო მომთმენი, ლოიალური, უფრო კეთილგანწყობილი, ზრდილობიანი და უფრო ყურადღებიანი მეგობრების მიმართ, ნაკლებად კაპრიზული და ა.შ. ეს გარემოება თქვენ შეგიძლიათ უმნიშვნელოდ ჩათვალოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, განხეთქილების თავიდან ასაცილებლად და ტროცკისა და სტალინის ურთიერთობის შესახებ ჩემ მიერ ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი, ან უმნიშვნელოა იმდენად, რომ შესაძლოა შეიძინოს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ცნობისათვის:

ლენინის ასეთი დამოკიდებულების უმთავრესი მიზეზი (გარდა შეუთანხმებლობისა ნეპის ირგვლივ) იყო საქართველოს საკითხი – საქართველოს შესვლა საბჭოთა კავშირში დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკის თუ ამიერკავკასიის სტატუსით. სტალინი წინააღმდეგი იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლისა. იგივე საკითხი იქცა შემდგომ სტალინსა და ფილიპე მახარაძეს შორის დაპირისპირების მიზეზად.

აქტივობა:

მოსწავლეებთან გამართეთ დისკუსია დოკუმენტის შესახებ. დაახასიათებინეთ მათ თითოეული პირი, რომელიც მოხსენიებული ჰყავს ანდერძში ლენინს. გაამახვილებინეთ ყურადღება სტალინსა და ტროცკიზე – როგორ ახასიათებს იგი მათ? როგორ ფიქრობთ, რატომ? რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი? 

მოსწავლეებმა შეაფასონ დოკუმენტი (წყაროები) და იფიქრონ, რატომ გახდა საიდუმლო ეს ანდერძი (მასში კრიტიკულად ყველაზე მეტად სტალინი იყო დახასიათებული, თუმცაღა ასევე კრიტიკულად იყვნენ დახასიათებულნი სხვა კომუნისტებიც, შესაბამისად, არა მხოლოდ სტალინს, არამედ არც ტროცკის და სხვა ლიდერებს აძლევდათ ხელს მისი გამოაშკარავება, ამიტომაც დოკუმენტი ცნობილი გახდა მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ). 

ლენინის დასაფლავება

ფაქტი:

ლენინის სიკვდილის დროს ტროცკი ახალი გამგზავრებული იყო სამკურნალოდ სოხუმში. ლენინის დასაფლავების თარიღი სტალინმა არასწორად შეატყობინა ტროცკის, რის გამოც დასაფლავება შედგა მანამდე, ვიდრე ტროცკი რუსეთში ჩავიდოდა. ამრიგად, ის დასაფლავებაზე არ იმყოფებოდა. სტალინი გამოვიდა გამოსათხოვარი სიტყვით. სიტყვაში მან დაახლოებით 100-ჯერ ახსენა ლენინი, რასაც ყოველ ჯერზე ხალხის ოვაციები და შეძახილები ახლდა. ეს სიტყვა ისტორიაში შევიდა „ბელადის ფიცის” სახელით. „ლენინმა გვიანდერძა… გავუფრთხილდეთ პარტიის წევრის წმინდა სახელს… ვფიცავთ, რომ ღირსეულად შევასრულებთ შენს ანდერძს… მუდამ გვემახსოვრება შენი სიტყვები – განვამტკიცოთ და გავაფართოოთ რესპუბლიკები”. მოგვიანებით ტროცკი იტყვის: „მე რომ ვყოფილიყავი მოსკოვში, მე დავდებდი ფიცს ლენინის კუბოსთან, მე ვიქნებოდი გამოცხადებული მემკვიდრედ, მე უფრო მეტი სიყვარული მქონდა პარტიასა და ხალხში, შეუდარებლად უფრო მეტი”. 

აქტივობა:

სტალინი ამავე დროს იყო გაზეთ „პრავდას” რედაქტორი. ეს იყო პროპაგანდისტული გაზეთი, რომელიც ვრცელდებოდა მთელ საბჭოთა კავშირში დიდი ტირაჟით. წარმოიდგინეთ, რომ გაზეთის რედაქტორი ხართ და უნდა გააშუქოთ ლენინის დასაფლავება.

საგაზეთო სტატია

მოსწავლეებს
სთხოვეთ:

 

·გამოიკვლიონ და სტატიაში მიუთითონ ლენინის დაკრძალვის ზუსტი რიცხვი;

·გამოიკვლიონ, სად იყო დასვენებული და შემდგომ გადასვენებული ლენინი და ვისი ბრძანებით;

·სტატიაში ჩართონ რამდენიმე (2-3) მნიშვნელოვანი ფოტო და მიაწერონ, რა ან ვინ არის აღბეჭდილი ამ ფოტოზე;

·წარმოადგინონ სტატია ორ სვეტად (როგორც გაზეთებშია);

·დაწერონ სტატია 11 ზომის შრიფტით;

·გაითვალისწინონ, რომ ეს არის მთავარი პროპაგანდისტული გაზეთი (რომლის რედაქტორი თავად სტალინია).

აქტივობა:

მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები განიხილეთ კლასში. სასურველია, თითოეულმა ჯგუფმა განხილვა მოაწყოს მასწავლებლის ან მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით (კრიტერიუმებს სურვილისამებრ (სასურველია, მოსწავლეებთან ერთად) დაამატეთ შეკითხვები და შეფასების ქულები): 

 

რამდენად რეალისტურია სტატია?

 

რატომ ფიქრობთ ასე? გათვალისწინებულია
თუ არა რეალობა? ეპოქა? ვითარება? გარემოება?

რამდენად პროპაგანდისტულია?

საიდან ჩანს?

როგორია კვლევა?

ზედაპირული, საშუალო, სიღრმისეული?
საიდან ჩანს?

 

როგორია ვიზუალური მხარე?

ეფექტური, ნაკლებად ეფექტური თუ
საშუალო? საიდან ჩანს?

 


 

აქტივობა:

გაკვეთილის/თემის ბოლოს სასურველია
მოსწავლეებმა დაწერონ ვრცელი ესე შემაფასებელი კითხვით: როგორ შეიძლება შეფასდეს ხელისუფლებისთვის
სტალინის ბრძოლის პირველი ეტაპი. შემაჯამებელ აქტივობად ესე ძალიან ეფექტურია, ის საშუალებას
აძლევს მოსწავლეს, ინდივიდუალური მკვლევარი გახდეს.

 

კითხვები:

შეაფასეთ სტალინის ნაბიჯები 1924 წლამდე (ბიოგრაფია/ლენინის
ანდერძი/ლენინის დაკრძალვა).

 

რა იყო სტალინის მიზანი? რატომ ფიქრობთ ასე? რომელი ფაქტებით
გაამყარებთ თქვენს მოსაზრებებს?

 

სტალინის რომელი თვისებები გამოჩნდა ამ მოვლენების დროს? სად, რომელ
შემთხვევაში?

როგორ ფიქრობთ, სტალინის წარმატების
მიზეზი მისი პიროვნული თვისებები იყო თუ ოპოზიციის სისუსტე? თუ ორივე ერთად? დაასაბუთეთ
პასუხი (პასუხისთვის შეგიძლიათ მოსწავლეებს მოსთხოვოთ, ჩაატარონ კიდევ ერთი მცირე კვლევა
– ნადეჟდა კრუპსკაიას დამოკიდებულება ანდერძისადმი).

 

თუ ფიქრობთ, რომ კლასი არ არის მზად
ესეს დასაწერად (რადგან სახელწიფო მოთხოვნა არ არის ესე ისტორიაში), შეგიძლიათ, ამის
ნაცვლად გამართოთ შემაჯამებელი დისკუსია.

ეგვიპტური ღამე

0

დილის ექვს საათზე ავდექი. არა, გატყუებთ, დილის ექვს საათზე მანქანაში ჩავჯექი, გამოდის, რომ უფრო ადრე ავმდგარვარ. ფაქტობრივად არც მძინებია. ასე ვიცი მგზავრობის წინ, მოუსვენრად ვარ. ოთახში ფარდები ბოლომდე გავხსენი და არაჩვეულებრივი ხედითა და ტულჩაში გატარებული ბოლო ღამით ვტკბები. უზარმაზარი მინებიდან დუნაის ხედი იშლება. ღამით, როცა ყველა ლამპიონი ანათებს, უჩვეულო სანახაობაა. ჰოდა, ღამის სამ საათამდე სავარძელში მონუსხულივით ვიჯექი და სივრცეს შევყურებდი. მიყვარს, როცა არაფერზე ვფიქრობ და სადღაც შორს ვიყურები. ახლა კი, გამოუძინებელი, მანქანაში ვზივარ და ბუქარესტისკენ მივეშურები. ჯგუფი შეხვედრიდან ვბრუნდებით. ყველა დღეს მიფრინავს და ფრენის მოუხერხებელი განრიგის გამო ბუქარესტში მხოლოდ მე ვრჩები. გვერდით პროექტის ბერძენი კოორდინატორი მიზის, უცნაური სახელით – მენელაოსი. თუმცა სახელი ლეგენდიდან აქვს და სულ მინდა ვკითხო – სად ყავს მშვენიერი ელენე. ბუნებრივია, არ ვეკითხები, რა ვიცი, ჩემს ქართულ იუმორს გაიგებს? მენელაოსის გვერდით იანუსი ზის (პროექტის ფინანსური მენეჯერი), მთელი გზა ენას არ აჩერებს და რაღაცებს მიყვება. მე კი ლამისაა, დასახუჭად გამზადებული თვალები, ორივე ხელით დავიჭირო და ისე უსმინო. იანუსიც ლეგენდიდანაა. იქ (ლეგენდაში) ორი სახე აქვს, თუმცა აქ, რუმინეთში ერთი სახითაა ჩამოსული. მესამე ბერძენიც ყავთ – გეორგოსი, რომელსაც სულ გიორგის ვეძახი და სულ მისწორებს, ბერძნულად მომმართე თუ შეიძლებაო.

 

ბუქარესტის ცენტრში პატარა სასტუმრო მაქვს შეკვეთილი. ოთახში შევდივარ და გაოცებას ვერ ვმალავ, ფანჯრები ჭერშია… ასეთი რამ პირველად ვნახე. გარშემო ვიყურები და ვფიქრობ, როგორ მოვხვდე ჭერში, რომ ფანჯარა გამოვაღო? მხოლოდ სააბაზანოს ფანჯრის გაღებას ვახერხებ. გზა ასეთია. სააბაზანოს ტუალეტის მაგიდაზე ვდგამ სკამს, სკამზე მე ვძვრები და ბოლო ძალების მოკრებით თითის წვერებზე ვიწევი. აჰა, ფანჯარაც გახსნილია, ანუ ჟანგბადიც მექნება. ოდნავ ენერგიას ვიკრებ და ბუქარესტის დასალაშქრად მივდივარ. აბა, მტერი იჯდეს ჭერში დაკიდულ ფანჯრებიან სასტუმროში… თან ყველა ოთახი ასეთი ჰქონიათ. ნეტა ბევრი იფიქრეს? მე გამოცდილება მივიღე – სასტუმროს არჩევისას, მისი მდებარეობის და კომფორტის პარალელურად, ამის შემდეგ ფანჯრების მდებარეობასაც მოვიკითხავ.

უცხო ქალაქის თვალიერება მიყვარს, დროც შეუმჩნევლად გადის. საღამო ხანს ე.წ. ძველი ქალაქისკენ ვიცვლი გეზს. იანვრისთვის უჩვეულოდ თბილი საღამო დგას. ყოველი ფეხის ნაბიჯზე გხვდება ვლად დრაკულა… უფრო სწორედ მისი ქანდაკება და სურათები. სისასტიკით იყო განთქმული და სახეც სასტიკი აქვს. უცბად ლამაზად გაფორმებული რესტორნის წინ ვჩერდები. უჩვეულო სახელი აქვს – „ეგვიპტური ღამე”. ჰმ, რუმინული კერძები უკვე გასინჯული მაქვს. მოდი აქაც შევალ და რამეს გავსინჯავ. კარებში ორი ფიგურა დგას, თუ შეხედავ დაგრჩება განცდა, თითქოს ისინიც გიყურებენ. ერთი ანუბისია, მეორე ამონ-რა. უჰ, მიყურონ… ძალიან თამამად გავივლი მათ შორის. აქეთ მადლობა მითხრან, რომ მათი ბიუჯეტის შევსება გადავწყვიტე. დარბაზში მაგიდებს ეგვიპტის მითიური ღვთაებების სახელები ქვიათ. რა, შუ, გები, ასირისი, სეტი, გორი, მაატი, ტოტა… დავიღალე თვალიერებით. ავდგები და ტოტას მაგიდასთან დავჯდები. ამას ვიცნობ, ქემეიას მფარველი ღვთაებაა. ეგვიპტელი ქურუმები, რომლებიც ქემეიას ფლობდნენ, სწორედ მას უმადლოდნენ ცოდნას. თითოეულ ქურუმს თავისი ჰიმნი ჰქონია, რომლითაც ქემეიას ასხამდა ხოტბას. ერთ-ერთი მეც მოვიძიე…

შვიდმა ლითონმა შექმნა სამყარო,

შვიდი ლითონი წაგვიძღვა წინა,

მოგვცა კოსმოსი-სიმდიდრის წყარო,

სპილენძი, ვერცხლი და მტკიცე რკინა,

მოგვცა თვით ოქრო, კალა და ტყვია,

შენ, ჩემო შვილო, არ შეგიტყვია?

გოგირდი არის მამა ამათი,

დედა სინდიყი, ნუ გსურს კამათი!

ბერძნებმა, რომლებმაც ეგვიპტე დაიპყრეს, თქვეს, ეს ჩვენებურ ჰერმესს ჰგავსო. ჰგავდესო, უპასუხეს ეგვიპტელებმა. ტოტა ახალგაზრდა ბრგე ჭაბუკის ტანის მქონე ღვთაებაა, რომელსაც რომელიღაც მტაცებელი ფრინველის თავი აქვს უზარმაზარი ნისკარტით. ისტორიულ წყაროებს ეგვიპტური ღამის შესახებ ლეგენდა შემორჩენია. ერთი ფარაონი ხალხისგან მოშორებით განმარტოებულა და უცებ დღისით მზისით წყვდიადი ჩამოწოლილა. სიბნელეში ზემოთ აღწერილი ღვთაების სხეული გაურჩევია, ტოტა ამოუცვნია და მინდობია. ტოტასაც სასახლემდე მშვიდობიანად მიუცილებია.რადგან შორეულ ლეგენდაში „ეგვიპტური ღამე” კარგად დასრულდა და მეც ბუქარესტის „ეგვიპტური ღამიდან” მშვიდობით გამოვაღწიე, ახლა გაკვეთილზე „ეგვიპტური ღამის” გაკეთებაც შემიძლია.

დაგჭირდებათ ნატრიუმის თიოსულფატი Na2S2O3 და კალიუმის იოდიდი KI. აიღეთ ორივე მათგანი თითო გრამის რაოდენობით და ორივე მარილი ერთად გახსენით 100 მლ გამოხდილ წყალში. შემდეგ აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი, ჩაყარეთ ქიმიურ ჭიქაში. ჯერ დაასხით მცირე რაოდენობით ცივი წყალი და შემდეგ მდუღარე წლით 20 მლ-მდე შეავსეთ. ხსნარი, ბუნებრივია, ოდნავ მღვრიე გამოვა. სახამებლის ხსნარი დაამატეთ პირველ სამუშაო ხსნარს (ანუ იმ ჭიქას, სადაც ნატრიუმის თიოსულფატი და კალიუმის იოდიდის საერთო ხსნარი გაქვთ). შემდეგ, ამზადებთ მეორე სამუშაო ხსნარს. იღებთ ორ ჭიქას და თითოეულ მათგანში ასხამთ 30 ან 50%-იანი წყალბადის პეროქსიდის სხვადასხვა რაოდენობას. ვთქვათ, ერთში 10მლ, მეორეში 20მლ (რაოდენობებით შეგიძლიათ ითამაშოთ). ორივე ჭიქაში არსებული პეროქსიდი ოდნავ შეამჟავეთ და გამოხდილი წყლით განაზავეთ 40 მლ-მდე. აი, ახლა უკვე თვით ექსპერიმენტის დროც დადგა. ქიმიურ ჭიქაში ჩაასხით 20მლ. პირველი სამუშაო ხსნარი და დაუმატეთ მეორე სამუშაო ხსნარი. ლოდინი ერთი წუთიც არ მოგიწევთ, ხსნარი მკვეთრად შეიცვლის ფერს და გაშავდება. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც იქ, ლეგენდაში. სინამდვილეში, გამოყოფილი იოდი სახამებელთან შედის რეაქციაში, უფრო სწორად, მასში შემავალ ამილოზას ფრაქციასთან (ხომ გახსოვთ, სახამებელი 80% ამილოპექტინს და 20% ამილოზას შეიცავს). ბუნებრივია ხსნარი ფერს იცვლის, რადგან იოდი სახამებლის კარგი აღმომჩენია. შეგიძლიათ მრავალფეროვნებაც შეიტანოთ. აიღოთ ორი ჭიქა, სადაც პირველი სამუშაო ხსნარი გექნებათ და ორივეს დაუმატოთ მეორე სამუშაო ხსნარი, ოღონდ კონცენტრაციები ცვალოთ. შესაბამისად, ხსნარი ფერს სხვადასხვა დროს შეიცვლის.

კონცენტრაციების ცვლით, „ეგვიპტური ღამე” იმ დროს დადგება, როცა ეს თქვენი სურვილი იქნება, ანუ ღვთაება ტოტას გაუწევთ კონკურენციას.

ამავე პრინციპი, ანუ იოდით სახამებლის ამოცნობა, შეგიძლიათ დიფუზიის თემის გავლის დროსაც გამოიყენოთ.

დაამზადეთ სახამებლის ხსნარი (100 მლ-იანი ქიმიური ჭიქა სანახევროდ გაავსეთ). იოდის ხსნარი პიპეტის მეშვეობით ჩაასხით პლასტიკურ პაკეტში და ჭიქაში მოათავსეთ იმგვარად, რომ იტივტივოს. დაინიშნეთ დრო, ნახევარ საათში პაკეტში იოდის ხსნარი მუქ შავში გადასულ იისფერს მიიღებს. დიფუზიის დროს ვიცით, რომ მოლეკულები მაღალი კონცენტრაციიდან დაბალი კონცენტრაციის მიმართულებით გადაადგილდებიან.

 

ერთმა ჩემმა მეგობარმა ამას წინათ საუბრისას თქვა, ვერ ვიტან ერთფეროვნებას და ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთ საქმეს აკეთებენო. მე კიდევ ვუპასუხე, მე მთელი ცხოვრება ქიმიას მივუძღვენი და რა ვქნა ახლა, მრავალფეროვნებისთვის პროფესია გამოვიცვალო–მეთქი. არაო, ეგ არ მიგულისხმიაო. რა იგულისხმა არ ვიცი, ის კი ვიცი, ქიმია თავადვეა მრავალფეროვანი. ამიტომაც ახლა ავდგებით, იმავე იოდით და სახამებლით კიდევ ერთ ცდას გავაკეთებთ.

აიღეთ ორი ვაშლი, ერთი მწიფე, მეორე მკვახე. გაჭერით შუაზე და დააწვეთეთ იოდის ხსნარი. მკვახე ვაშლის ნაჭერი იოდის ხსნართან ლურჯ შეფერილობას მიიღებს, მწიფე ვაშლის ნაჭერი კი ფერს არ შეიცვლის.

ჰკითხეთ მოსწავლეებს, რატომ?…

მკვახე ვაშლი შეიცავს სახამებელს, მწიფე ვაშლი კი – გლუკოზას. იოდის ხნარი გლუკოზას ვერ აღმოაჩენს და, შესაბამისად, არც ფერს არ შეიცვლის.

აქედან დასკვნა, ხილის დამწიფება წარმოადგენს ქიმიურ პროცესს, რომლის დროსაც ხდება სახამებლის შაქრად გარდაქმნა.

ბუნებრივია, გლუკოზას აღმოჩენაც შეგიძლიათ, ოღონდ შაბიამნის ხსნარით. საკვლევ ხსნარს ჯერ ტუტე არეს შეუქმნით, შემდეგ სპილენძის სულფატს დაუმატებთ და გააცხელებთ. ხსნარი ჯერ გაყვითლდება, რადგან წარმოიქმნება სპილენძის (II) ჰიდროქსიდი, შემდეგ კი აგურისფერს მიიღებს. რატომ? ერთ-ერთი საბოლოო პროდუქტი სპილენძის (I) ოქსიდი წარმოიქმნება. მას კი წითელი ფერი აქვს.

„ეგვიპტური ღამიდან” გამოსულმა კვლავ ანუბისს და ამონ-რას ჩავუარე და გარეთ გამოვედი. ჭერში ფანჯრებდაკიდულ სასტუმროში მივიჩქაროდი, იმ ღამით ძილი აუცილებლად მჭირდებოდა.

ადრე ერთ უცხოურ ქალაქში ვიყავი. ჩემგან არაფერი დაეწუნებოდა, მაგრამ არ მომეწონა. ჰოდა, როდესაც თვითმფრინავმა აფრენამდე სიჩქარე აკრიფა, გულში რატომღაც ვთქვი: ქალაქო „N”, აღარასოდეს შეხვედრამდე–მეთქი.

როდესაც ბუქარესტში აფრენის პროცესში ვიყავი, გულში დავემშვიდობე:

– მალე შეხვედრამდე, ბუქარესტო!

ყოველ ადამიანში მზეა -სწავლების სხვადასხვა სტილი და ახალი იდეები

0
“ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს”, _ ამბობდა სოკრატე. ეს გამონათქვამი ექოსავით გაისმის საუკუნეებში სხვადასხვა ვარიაციით: ყოველ ადამიანში ღმერთია, ყოველ ადამიანში ანგელოზია. ყოველ ადამიანში ნიჭის ნაპერწკალია…

ოღონდ აცალეთ… _ მრავალმნიშვნელოვანი ფრაზაა და, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ხელშეწყობას, რათა არ ჩაქრეს ეს მზე. 

მეტაფორულად თუ ვიტყვით, მასწავლებელი ყველაზე კარგად გრძნობს მოსწავლეებში ამ მზეების არსებობას, ამიტომაც ცდილობს, ხელი შეუწყოს მათ კაშკაშს. პირდაპირი მნიშვნელობით კი, ეს გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელმა უნდა შეძლოს ყოველი მოსწავლისთვის ინდივიდუალური “პირობის” შექმნა, მიხვდეს, სწავლების რომელი სტილი შეესაბამება მის ბუნებას, მონაცემებს და ისე დაგეგმოს გაკვეთილი. ეს, რა თქმა უნდა, დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის პირობებში საკმაოდ რთულია. 

თანამედროვე სკოლებში ბავშვები სხვადასხვა კლასში ასაკის მიხედვით სხედან და არა მათი ნიჭისა და უნარის შესაბამისად. ფსიქოლოგიური კვლევების საფუძველზე კი დასტურდება, რომ ერთი ასაკი არ გულისხმობს განვითარების ერთ დონეს. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს სრულიად განსხვავებული უნარი აქვთ სამყაროს აღქმისა და შემეცნებისა. 

სად არის გამოსავალი?

პედაგოგიური გამოცდილება მოწმობს, რომ სწავლების სხვადასხვა სტილის გამოყენება, მეთოდების მრავალფეროვნება, სწავლების გამოცდილი სტრატეგიების შემოქმედებითად განვითარება, სასწავლო მასალის შესაბამისი მეთოდების ვარიაციების მოფიქრება გარკვეულწილად გადაწყვეტს ამ პრობლემას _ ყველა მოსწავლე ჩაერთვება სწავლის პროცესში. 

ახალი მასალის შესწავლისას, განმტკიცებისას თუ ძველის გახსენებისას, საზოგადოდ, გასათვალისწინებელია შემდეგი:

1.მოსწავლეთა ერთი ნაწილი იყენებს სწავლების ერთ რომელიმე სტილს ნებისმიერ შემთხვევაში;

2.მოსწავლეთა მეორე ნაწილი იყენებს სწავლების სხვადასხვა სტილს ნებისმიერ შემთხვევაში (აქ გასათვალისწინებელია სხვადასხვა სტილის ვარიაციები);

3.მოსწავლეთა მესამე ნაწილი იყენებს სწავლების ერთ რომელიმე სტილს ერთ შემთხვევაში, მეორე სტილს _ სხვა შემთხვევაში.

მასწავლებელმა დაკვირვების საფუძველზე უნდა შეძლოს გაარკვიოს, კლასში მოსწავლეთა რა ტიპის ჯგუფები ჰყავს და შესაბამისად უნდა შეარჩიოს სწავლების სტილი.

მაგალითად, კონკრეტული მასალის სწავლებისას სასურველია, მასწავლებელმა გამოიყენოს სწავლების სხვადასხვა სტილი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის ინტელექტის მრავალმხრივ განვითარებას და ამავე დროს, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამგვარი მიდგომა გაზრდის შესაძლებლობას, ყველა მოსწავლემ მისთვის ხელმისაწვდომი სტილის საშუალებით შეისწავლოს მასალა.

ტრადიციული სწავლება, ძირითადად, ეფუძნება ლინგვისტურ და ლოგიკურ მეთოდებს. ცოდნის შესაძენად და გასამყარებლად სკოლაში, არსებითად, იყენებენ წიგნის მასალის კითხვაზე დაფუძნებულ მეთოდებს, გამეორებასა და გამოცდებს. არადა, სასურველია, მასწავლებელმა შემოქმედებითად გამოიყენოს სწავლების შვიდივე სახის სტილი:

1.ვიზუალური (სივრცობრივი, მხედველობითი) _ ზოგ მოსწავლეს განვითარებული აქვს ერთგვარი სივრცობრივი წარმოსახვა, ამიტომ მასალას უკეთ ითვისებს, როდესაც მასწავლებელი უხსნის და ასწავლის ფოტოებით, სურათებით, გრაფიკული, კოგნიტური სქემების გამოყენებით;

2.სმენითი (აკუსტიკური, მუსიკალური) _ ზოგ მოსწავლეს განვითარებული აქვს მოსმენით ათვისების უნარი, ამ შემთხვევაში, მასწავლებლის ვრცელი ახსნა-განმარტება, მინილექცია უფრო მიზანშეწონილია;

3.ვერბალური (ლინგვისტური) _ ამ შემთხვევაში, კითხვა-პასუხი, ზეპირად თუ წერილობით, იძლევა შედეგს იმ მოსწავლეებში, რომლებიც ამ სტილს ანიჭებენ უპირატესობას (ბუნებრივი თუ შეძენილი უნარის გათვალისწინებით);

4.ფიზიკური (კინესტიკური) _ სწავლების ეს სტილი გულისხმობს სხეულის ენის (ჟესტ-მიმიკის, ხელების მოძრაობის, შეხების) გამოყენებას; 

5.ლოგიკური (მათემატიკური) _ ზოგ მოსწავლეს განვითარებული აქვს ლოგიკური (მათემატიკური) ათვისების უნარი, ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია მეტი მსჯელობა, მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირების დაძებნა,  სააზროვნო ამოცანების გადაწყვეტა; 

6.სოციალური (ინტერპერსონალური) _  სწავლების ეს სტილი ისეთ მოსწავლეებს გამოადგებათ, რომლებსაც უყვართ სხვებთან ერთად სწავლა, გამოირჩევიან სოციალური აქტიურობით. ამ შემთხვევაში, გამართლებულია ჯგუფური, წყვილური მუშაობა, თუმცა მასწავლებელს არ უნდა დაავიწყდეს, რომ სწავლების ეს სტილი ყველასთვის მისაღები არ არის. ზოგიერთ მოსწავლეს არაფერს აძლევს ამგვარი მუშაობა. დღეს კი ხშირად გაიგონებთ ჯგუფური სწავლების, როგორც ეთგვარი პანაცეის, აღიარებას, რაც არ არის გამართლებული; 

7.ინდივიდუალური (ინტრაპერსონალური) _ არიან მოსწავლეები, რომლებსაც ურჩევნიათ ინდივიდუალური მუშაობა, რადგან ასე უფრო კარგად ითვისებენ. ასეთი მოსწავლეები დამოუკიდებლადაც მშვენივრად მეცადინეობენ. ამიტომ ასეთ ბავშვებს ჯგუფური მუშაობა ნაკლებად გამოადგებათ. 

ამ საკითხებზე ფიქრისას მოგვაგონდა აკაკი წერეთლის მოთხრობის “ჩემი თავგადასავალი” ერთი სახალისო ეპიზოდი, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორ ეძებს შემოქმედებითი ბუნების აღმზრდელი აღსაზრდელისთვის სწავლების ინდივიდუალურ სტილს, რომელიც მას დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება. აკაკი იხსენებს: “ჩემს ამხანაგ-ბიჭებში ერთი პატარა ბიჭი ერია. დიდი გამოეშმაკებული იყო ყველაფერში, მაგრამ გულისყური კი არ ჰქონდა. როცა დედა დაგვასწავლიდა ხოლმე ჩვენ ყველას საზეპირო ლოცვებს, ის ბიჭი ისე გამოშტერებული იდგა, რომ სიტყვის გამეორებას ვერ ახერხებდა. დედაჩემს ეს ძალიან უკვირდა: “ისე ყველაფერში მოხერხებული და ნიჭიერიაო და გულისყური კი დახშული აქვსო”.  

_ გაიკეთე სამი თითი, _ ეტყოდა ხოლმე გამოლენჩებულ ბიჭს, _ დაიდე შუბლზე! თქვი: “სახელითა მამისათა!” ახლა კიდევ ჭიპზე და თქვი: “და ძისათა!” ახლა მარჯვენა მხარზე და: “და სულისა წმინდისათა!”. ახლა მარცხენაზე: “ამინ!”. ბიჭი იმეორებდა თუთიყუშივით, მაგრამ დამოუკიდებლად კი ვერ ამბობდა. ბოლოს რომ ვეღარა მოუხერხა რა, სულ დაანებებინა თავი და ერთხელ, ბუხრის წინ რომ ვთამაშობდით, დედა ვითომ ხუმრობით მიუბრუნდა იმ ბიჭს და უთხრა: “პეტრე იყო ბელატიო!” (მელოტიო) უჩვენა შუბლი და დაადებინა სამი თითი. “წვერი ჰქონდა აქამდეო”, დაადებინა თითები ჭიპზე. “ულვაშები აქედან აქამდეო” _ გაატანინა მარჯვენა მხრიდან მარცხენაზე ხელი. ამ სიტყვების შემდეგ, რასაკვირველია, წარმოვიდგინეთ მოხუცებული პეტრე, თავტიტველა, დიდი წვერებითა და ულვაშებით. დავიწყეთ სიცილი და ზედიზედ ვიმეორებდით ზემო სიტყვებს, ხან ერთი და ხან მეორე. შედეგი კი ამისა ის იყო, რომ უგულისყურო ბიჭმა პირჯვრის წერა ისწავლა და მეორე დღეს “სახელითა მამისათაც” გაიზეპირა”.

თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, უფრო გამრავალფეროვნდეს სწავლების სტილი და მიესადაგოს ჩვენს ყოველდღიურობას _  საქართველოსა თუ მთელ მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას. ნებისმიერი სწავლების სტილით ხომ, საბოლოო ჯამში, ყალიბდება პიროვნება, რომელმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შეძლოს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და განვითარება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ე.წ. უკუკავშირის საშუალებით გაარკვიოს სწავლების ამა თუ იმ სტილის უპირატესობა კლასთან მუშაობისას, რათა შემდეგ უკეთესად შეძლოს ორი მნიშვნელოვანი საკითხის გარკვევა:

1.სწავლების რომელი სტილით მიაღწევს შედეგს;

2.თვითონ მასწავლებელი არის თუ არა დაოსტატებული სწავლების იმ სტილის მეთოდიკაში, რომელიც მოსწავლეებისთვის გარკვეული საკითხის სწავლებისას სჭირდება. 

ბილ გეიტსმა, “მაიკროსოფტის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, 2013 წელს TED-ის ერთ კონფერენციაზე (*TED მსოფლიოში პოპულარული ვებსაიტია, არაკომერციული ამერიკული ფონდის დაარსებული,  რომლის მიზანია ორიგინალური იდეების გავრცელება) ისაუბრა საგანმანათლებლო სისტემის რეფორმისთვის მნიშვნელოვან ახალ პროექტზე. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ გამოკითხვის შედეგად, რომელიც მოსწავლეთა კითხვის უნარს არკვევდა, ამერიკელმა მოსწავლეებმა მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავეს მსოფლიოში, პირველზე კი ჩინეთი  აღმოჩნდა.

მისი აზრით, ამ შედეგმა არსებული სისტემის ნაკლი წარმოაჩინა. ერთ-ერთ მიზეზად იგი სუსტ უკუკავშირს მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს ტექნიკა, მაგალითად, ვიდეოკამერა _ მასწავლებელი გადაიღებს თავის გაკვეთილებს და შემდეგ ნახავს. ეს მას გამოადგება, რათა გვერდიდან შეხედოს საკუთარ თავს, სწავლების პროცესს, განიხილოს, გააანალიზოს და შემდეგ ხარვეზები გამოასწოროს. ვფიქრობთ, საგულისხმო და გასათვალისწინებელი იდეაა. მასწავლებელმა შეიძლება ეს გაკვეთილი (სასურველია, არა საჩვენებელი, არამედ რიგითი) კოლეგებთანაც განიხილოს, რომლებიც კრიტიკულად შეაფასებენ, რაღაცას გაიზიარებენ, რაღაცას ვარიაციულად გამოიყენებენ.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ხომ შეიძლება, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, კოლეგები დაესწრონ ერთმანეთის გაკვეთილებს? რა თქმა უნდა, ეს გამოცდილი პრაქტიკაა, მაგრამ ამას აქვს უარყოფითი მხარეები, რომელთაგან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:

1.ერთგვარი სტრესი, რომელსაც, სხვების დასწრების შემთხვევაში, იღებს მასწავლებელიცა და მოსწავლეც;

2.ხშირ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ საჩვენებელი გაკვეთილი და არაფერი აქვს საერთო (ან თითქმის არაფერი) იმასთან, რაც ხდება ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში;

3.ბევრი რამ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს.

ვიდეოკამერით გადაღებული გაკვეთილი კი ცოცხლად შეინახავს ყველა ნიუანსს და მასწავლებელს შეეძლება, რომ ერთგვარი დისტანციიდან შეაფასოს საკუთარი თავიცა და მოსწავლეებიც, ემოციისა და სტრესის გარეშე. თანაც, როცა მასწავლებელი ჯერ თვითონ ნახავს, გაიაზრებს ხარვეზებს, მერე მისთვის უფრო იოლი იქნება კრიტიკული შეფასებების მოსმენა. 
ახალგაზრდა მასწავლებლების დასწრება უფროს კოლეგათა გაკვეთილებზე, შემდეგ განხილვა, რასაც მენტორობის სისტემა გულისხმობს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გზაა მომავალი მასწავლებლების დახელოვნებისთვის.

“ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც დაეხმარება ჩვენს მასწავლებლებს, იყვნენ საუკეთესოები”, _ თქვა ბილ გეიტსმა. იმისთვის, რომ გაერკვიათ არსებული საგანმანათლებლო სისტემის არსი, ბილ გეიტსის მიერ დაარსებული ფონდის წარმომადგენლებმა მთელი ამერიკის მასშტაბით 3000 მასწავლებელთან იმუშავეს. პროექტს ეწოდა: “სწავლების ეფექტურობის გაზომვა”. პროექტის მონაწილე ექსპერტები უყურებდნენ ვიდეოებს, რომლებზეც გადაღებული იყო საგაკვეთილო პროცესი და ნათლად ჩანდა, რას და როგორ ასწავლიდა მასწავლებელი, სწავლების რომელ სტილს ანიჭებდა უპირატესობას, როგორ იღებდნენ მონაწილეობას მოსწავლეები. პროცესი ფასდებოდა სხვადასხვა კრიტერიუმით, მაგალითად, რა ტიპის კითხვებს სვამდა მასწავლებელი, რამდენად მრავალფეროვანი იყო ეს კითხვები (გაგება, გააზრება, გამოყენება და სხვ.) შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ცნობილი “ბლუმის ტაქსონომია” რეალობაში. სხვა კრიტერიუმი აფასებდა, ეძებდა თუ არა მასწავლებელი ახსნის სხვადასხვა მეთოდს. მათ აგრეთვე გამოკითხეს მოსწავლეები, რომელთაც უნდა გაეცათ პასუხი, მაგალითად, ასეთ კითხვებზე: ხვდება თუ არა მასწავლებელი, რომ ბავშვმა ახალი მასალა გაიგო? ასწორებთ თუ არა საკუთარ შეცდომებს? საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ამ გამოკითხვით უკეთესი შედეგი აჩვენეს, საუკეთესო მოსწავლეები  ჰყავდათ. პროექტში ჩართულმა პედაგოგებმა განაცხადეს, რომ ეს ვიდეოები და მოსწავლეთათვის შედგენილი კითხვარები იყო ძალიან  კარგი დიაგნოსტიკური საშუალება კონკრეტული ხარვეზების გამოსავლენად, გასაანალიზებლად და გამოსწორების გზების საპოვნელად.

ყველამ კარგად იცის, რომ ხშირად მასწავლებელი პროფესიონალიზმს იმაღლებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგზე დასწრებით, სადაც ისმენს მსოფლიოში აღიარებულ თეორიებს სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ, თუმცა შემდეგ საკუთარ კლასში კონკრეტული მასალის სწავლებისას ვერაფერს ვერ იყენებს. ეს მასწავლებლის ბრალი კი არ არის, არამედ იმისა, რომ ცალკეა თეორია და ცალკე _ პრაქტიკა. მხოლოდ ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში, ჩვეულებრივ მოსწავლეებთან ურთიერთობისას გამოვლინდება მოსმენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკული ღირებულება. ამიტომაც, ვფიქრობთ, თვითშეფასების ეს ფორმა (ვიდეოები) ერთ-ერთი გზაა სწავლების პროცესის უკეთესად დასაგეგმად და გასაუმჯობესებლად. ამასთანვე, ეს ვიდეოები აშკარად გამოკვეთენ, ვთქვათ, რას ფიქრობს მასწავლებელი თეორიულად და რა გამოსდის პრაქტიკულად. შეიძლება ვიდეოკამერამ (შტატივზე დამაგრებულმა) სრულად ვერ მოიცვას (გამოსახულების თვალსაზრისით) საკლასო ოთახის მთელი სივრცე, მაგრამ ის ყველა ხმას აღბეჭდავს, რაც საშუალებას მისცემს მასწავლებელს, ყველა ნიუნსი აღიქვას და გააანალიზოს, გააუმჯობესოს სწავლების მეთოდოლოგია, სრულყოს კლასის მენეჯმენტი, კომპლექსური სწავლების ზოგიერთი ელემენტი შეცვალოს უფრო ეფექტური საშუალებით. როგორც პროექტის ერთმა მონაწილე მასწავლებელმა აღნიშნა, რასაც მასწავლებელი თავისსავე ვიდეოზე  ნახავს, ეს არც სასწავლო სტანდარტშია, არც პედაგოგიკის სახელმძღვანელოებში.

ყველა მასწავლებელი გამოარჩევს თავის საუკეთესო ვიდეოებს და შეიქმნება ერთგვარი ბაზა, პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომი. ეს ბაზა ყოველთვის შეივსება და განახლდება. ახალბედა თუ გამოცდილი პედაგოგი ნახავს, როგორ ასწავლიან სხვები ამა თუ იმ საკითხს და გაითვალისწინებს იმას, რაც მისაღებია მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა თუ მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფისთვის. 

თავდაპირველად კლასში კამერის დადგმის იდეამ შეიძლება ბევრი შეაცბუნოს, მაგრამ თუკი მასწავლებელი ნახავს, რომ სხვები ამას წარმატებით იყენებენ, მაშინ თვითონაც გაუჩნდება სურვილი არა მხოლოდ სხვების გაკვეთილების ნახვისა, არამედ საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა. რა თქმა უნდა, ამგვარ პროექტს დიდი ინვესტიცია სჭირდება, მაგრამ ეს აუცილებელია.

გასათვალისწინებელია ბილ გეიტსის ნათქვამი, რომ მასწავლებლებს სჭირდებათ ისეთი ყურადღება, როგორიც მათ სურთ და იმსახურებენ. მასწავლებლები საუკეთესოს იმსახურებენ, ამიტომ სახელმწიფომ არ უნდა დაიშუროს ფინანსები, რათა მათ ამგვარი პროექტების განხორციელება შეძლონ. 

ელიზბარ ელიზბარაშვილი

0

„ლეგო“ ბავშვობიდან

0
ბავშვობისდროინდელი ცათამბჯენები გაიხსენეთ. ჭრელა-ჭრულა ლეგოშენობები. მაშინ კონსტრუქციის შესაფასებლად ერთადერთ კრიტერიუმი – „სიმაღლე” – კმაროდა. ჩვენი ინჟინერია იქ დასრულდა: სიმაღლეში გავიზარდეთ, ლეგოაგურები დაპატარავდა. პლასტმასის უზარმაზარი სახლებიდან ბეტონის სახლებში გადავინაცვლეთ, რომელთა პარამეტრებიც კვ.მ.- ებით განისაზღვრა. პრაქტიკულები გავხდით და ჩეხურ პროექტსაც განვასხვავებთ „ხრუშჩოვკისგან”, ხანდახან თეთრსა და შავ კარკასებზეც ვსაუბრობთ. გვყავს მეზობლები, რომლებიც შიგადაშიგ წყალს გვიშვებენ ხოლმე და მერე რემონტის ფულს გვიხდიან. ერთი სიტყვით, პლასტმასის აგურები ნამდვილი აგურებით ჩავანაცვლეთ, უფრო ხშირად – ორით.
„ლეგოც” ჩვენთან ერთად გაიზარდა. ანიმაციური სივრცე დაიპყრო, კომპიუტერულ თამაშებში შეაღწია და ხელოვნების საზღვრებიც ხმაურიანად გადაკვეთა. 
„ლეგოს” მთავარი პრინციპია, იყო პარალელურ სამყაროში. ეს ის იყო, რაც ბავშვობაში ასე გვართობდა. ქმნის პროცესი არასოდეს ყოფილა ისეთი სახალისო და მნიშვნელოვანი, როგორც მაშინ. პლასტმასიდან დაწყებული შენება ერთგვარი შემზადება იყო იმ პრაქტიკული და ზოგჯერ რუტინული ამბისა, რომელსაც ცხოვრება ჰქვია და რომელიც დიდობისას ასე აქტიურად აღარ უნდა ანგრიო. 

უკვე უფროსებმა კი „ლეგოს მულტფილმიც” ვნახეთ ნაცნობი და უცნობი გმირებით: „ჰარი პოტერის”, „ბეჭდების მბრძანებლის”, თუ „ვარსკვლავური ომების” პერსონაჟებით, რომლებიც კუბიკების სამყაროში ცხოვრობენ და თავადაც საკმაოდ გეომეტრიულად გამოიყურებიან. ეს აუცილებლად სანახავი ანიმაციაა განსაკუთრებით უფროსებისთვის, რომლებსაც კომუნალურების გადახდა მობეზრდათ და ბავშვობა მოენატრათ.
 უფროსები, რომლებსაც ძველებურად უყვართ და ართობთ მულტფილმები, ხშირად ხდებიან დაცინვის ობიექტები, ისევე, როგორც 12 წელს გადაცილებული ბავშვები. მათ შეუძლიათ, აღფრთოვანებით ისაუბრონ, მაგალითად, “Brave”- ზე და ეს არაჩვეულებრივია, რადგან სიკეთე და სიყვარული, რომელიც ანიმაციების თვისებაა, ყველა ასაკისთვის საჭირო ატრიბუტია. წრეს ფარგლის გარეშეც შემოხაზავთ, შეგიძლიათ, ფანქარიც არ გამოიყენოთ და თითით მონიშნოთ წარმოსახვითი რკალები, მაგრამ ბედნიერები სიკეთისა და სიყვარულის გარეშე ვერ იქნებით. არც კი ეცადოთ, არც კი მოინდომოთ.
ბავშვობის ატრიბუტებზე ვსაუბრობდით, ლეგოზე, რომელიც გაიზარდა და იმდენად უზარმაზარი გახდა, „დისქავერის” მუზეუმში გამოიფინა. ნათან სავაიას ლეგოფიგურა 11 014 აგურისგან შედგება და თქვენ თვალწინ იხსნის გულს. იქედან გადმოცვენილი კუბიკები აუცილებლად დაგტოვებთ იმედგაცრუებულს. არადა, თითქოს შეგუებულები ხართ მის არც თუ ისე ადამიანურ მონაცემებსა და შემადგენლობას. თქვენ დგახართ, უყურებთ ყვითელ, თქვენნაირ HOMO FABER-ს, რომელიც აგურ-აგურ გეშლებათ. ბავშვობაში შეგეძლოთ, პლასტმასისთვის სიცოცხლისუნარიანობა შეგეძინათ, ახლა –  პირიქით. ახლა კუბიკები ნგრევაა და არა – შენება. პროფესიით იურისტმა ლეგოინჟინერმა, ნათან სავაიამ ყვითელი ადამიანის გარდა მსოფლიო შედევრების ლეგორეპროდუქციებიც შექმნა. მაგალითად, „მონა ლიზა”, რომლისთვისაც 4 773 დეტალი იკმარა. დინოზავრის ჩონჩხს კი მან 80 020 კუბიკი მოანდომა. 
ეს უცნაური ექსპოზიცია ამით არ დასრულებულა, სავაიამ კუბიკებს ხმაც ამოაღებინა და ლეგოინსტრუმენტი შექმნა. მართალია, ცოტა განსხვავებული ჟღერადობის ვიოლონჩელო გამოუვიდა, მაგრამ, რაც მთავარია, ხმაურიანი.
დიახ, კუბიკები ხმაურიანი უნდა იყოს. აუცილებლად. ისინი ხომ ბავშვობიდან მოდიან. ისინი არ უნდა დადუმდნენ, რადგან მულტფილმების გარდა მუზეუმებშიც ბევრი აქვთ სახეტიალო. მუზეუმის სიჩუმის დარღვევა კი მხოლოდ ბავშვების უფლებაა. 

ნეოლითი – ცვლილებები ნეოლითში

0
 შესავალი. თანამედროვე ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია აზრი იმის თაობაზე, რომ  ისტორია ძირითადად სახელმწიფოსა და დამწერლობის წარმოშობიდან იწყება. მიუხედავად ამისა,  ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ მსოფლიო ისტორიის ეს კურსი ნეოლითიდან დავიწყოთ. ასეთ მიდგომას თავისი ახსნა მოეძებნება: ახალი ქვის ხანა, ეს ის ეპოქაა, როდესაც საფუძველი ეყრება თანამდროვე ცივილიზაციისთვის დამახასიათებელ უამრავ მოვლენასა თუ ინსტიტუტს, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიებისა და მშენებლობის განვითარება, რელიგიური ინსტიტუტების ჩამოყალიბება, წინარე სახელმწიფოს სტრუქტურების ფორმირება  და სხვა. ჩვენი აზრით, ნეოლითის ხანაში მომხდარი ცვლილებების ანალიზის გარეშე შეუძლებელია კაცობრიობის განვითარების სრულყოფილი სურათის შექმნა.

მიწათმოქმედების და მესაქონლეობის წარმოშობა. ნეოლითი (ძვ.წ. X – IV ს.ს.) წარმოადგენს ქვის ხანის დამასრულებელ ეტაპს. ამ ეპოქაში მოხდა გრანდიოზული გადატრიალება, რომელსაც ინგლისელმა მეცნიერმა გორდონ ჩაილდმა „ნეოლითური რევოლუცია” უწოდა. ნეოლითური რევოლუცია არის კაცობრიობის ისტორიის ის ეტაპი, როდესაც მიმთვისებლური მეურნეობიდან (ნადირობა, შემგროვებლობა, მეთევზეობა) საზოგადოება გადავიდა მწარმოებლურ მეურნეობაზე (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა). კაცობრიობა დღემდე  აგრძელებს არსებობას იმ პროგრესის საფუძველზე, რომლებსაც ამ ეპოქის საზოგადოებამ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაში მიაღწია. უკვე 7 –10 ათასი წლის წინათ ადამიანმა მარცვლეულის, ხილისა და ბოსტნეულის იმ ძირითადი ჯიშების გამოყვანა დაიწყო, რომლებითაც დღემდე ვსარგებლობთ. მოგვიანებით ამ კულტურების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, გაიზარდა მხოლოდ მათი გავრცელების არეალი. მიუხედავად იმისა, რომ ნეოლითში სამიწათმოქმედო სამუშაოები ძალიან დიდ ფიზიკურ დანახარჯებს მოითხოვდა, ეს შრომა მაინც გამართლებული იყო, რადგანაც შემგროვებლობასთან შედარებით მიწის დამუშავება  საკვებით მომარაგების უფრო მდგრად პირობებს ქმნიდა.

იგივე შეიძლება ითქვას მესაქონლეობაზეც. ახალი ქვის ხანაში დაიწყო იმ ცხოველების მოშინაურება – ძროხა, ხარი,  ცხვარი, თხა, ღორი, ფრინველი, რომლებიც დღესაც წარმოადგენენ ჩვენი კვების რაციონის ძირითად შემადგენელ ნაწილს. საწყისს ეტაპზე ადამიანი ამ ცხოველების მხოლოდ ხორცს, ტყავსა და ბეწვს იყენებდა. მხოლოდ, მოგვიანებით საზოგადოებამ ჯეროვნად დააფასა  რძის და მისგან მიღებული პროდუქტების სარგებელი. ჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, საზოგადოებამ ამ ცხოველების ენერგიის გამოყენებაც დაიწყო,  განსაკუთრებით ეს ითქმის მსხვილფეხა საქონელზე. მოგვიანებით, როდესაც მოიშინაურეს ცხენი და აქლემი, ადამიანს დიდი სივრცეების სწრაფად გადალახვის საშუალება მიეცა. ამ ცხოველების გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზაციის განვითარების პროცესი.

ამრიგად, ნეოლითის ეპოქაში პირველად მოხდა შრომის დანაწილება – მიწათმოქმედება და მესაქონლეობა ერთმანეთისგან განსხვავებულ დარგებად ჩამოყალიბდნენ. ამან გამოიწვია ცხოვრების სტილის შეცვლა, წარმოიშვნენ მიწათმოქმედი – ბინადარი და მესაქონლე – მომთაბარე საზოგადოებები.  ასეთმა დიფერენციაცია არათანაბარი განვითარების მიზეზი გახდა და ცალკეულმა საზოგადოებებმა წინსვლა განსხვავებული გზებითა და განსხვავებული ტემპებით განაგრძეს. 

ნეოლითის დროს  მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაზე გადასვლის პროცესი ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე, მაგალითად, პალეოლითიდან – მეზოლითზე. მიუხედავად იმისა, რომ მიწათმოქმედება და მესაქონლეობა ცალკეულ დარგებად ყალიბდებოდნენ, ისინი ჯერ კიდევ არ წარმოადგენდნენ ადამიანის საქმიანობის წამყვან სფეროებს და მხოლოდ დამატებითი ფუნქციის მატარებლები იყვნენ. იქ, სადაც ბუნებრივი პირობები არ იყო ხელსაყრელი, ნეოლითის ხანაში ადამიანი ისევ ნადირობასა და მეთევზეობას მისდევდა. თუ ნეოლითის ხანის ბოლოს ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, ჩინეთსა და ინდოეთში  მიწათმოქმედება პრევალირებდა, ევროპაში ის ნაკლებად იყო განვითარებული, ხოლო დედამიწის სხვა რაიონებში სულაც ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში მიწათმოქმედება და მესაქონლეობა წამყვან პოზიციებს იკავებდა.

 
ქვის დამუშავების ახალი ტექნოლოგიების განვითარება. ნეოლითი ახალი ტექნოლოგიების ეპოქადაც შეიძლება ჩაითვალოს. ქვის დამუშავების ინდუსტრიამ სრულყოფილებას მიაღწია, რაზეც სამუშაო იარაღის დამზადების მაღალი ხარისხი მიუთითებს. პალეოლითისგან განსხვავებით, ახალ ქვის ხანაში ადამიანებმა პირველად მოახერხეს ქვის გაჭრა, გახვრეტა და გაპრიალება. ამგვარად დამზადებული იარაღი აღარ იყო ისეთი უხეში, როგორც მანამდე. ასევე შეიცვალა ქვის სახეობებიც (მაგ., დიორიტი, ნეფრიტი, იასპი და სხვა), რომლებსაც იარაღის დასამზადებლად იყენებდნენ. ამგვარი ხარისხის ქვის სახეობების მოსაპოვებლად ადამიანმა დაიწყო მათი მიწისქვეშა მოპოვება, რაზეც იმ დროში მაღაროების არსებობა მიუთითებს. ქვის მაღალტექნოლოგიურმა დამუშავებამ საგრძნობლად გაზარდა იარაღის ასორტიმენტი. მიწათმოქმედების განვითარების რაიონებში არქეოლოგები ხშირად მოიპოვებენ სანაყებს, მარცვლეულის საფქვავს, მარტივ თოხს მიწის დამუშავებისთვის, კაჟის ნამგლებს და სხვა იარაღებს. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ახალი ტიპის ნაჯახი, რომელიც ბრტყელი და ტრაპეციის ფორმისა იყო. ამგვარი იარაღით შედარებით ადვილი იყო ხის მოჭრა და მისი დამუშავება, რაზეც მიუთითებს ამ დროს დამზადებული ხის თხილამურები, ციგები, ნავები და სხვა.
 

მეთუნეობის წარმოშობა. ნეოლითის ეპოქას ზოგიერთი სწავლული „კერამიკის საუკუნესაც” უწოდებს. სწორედ ამ დროს იწყება თიხის გამოყენება სხვადასხვა სახის სამეურნეო და საოჯახო ინვენტარის დასამზადებლად. სამეთუნეო მორგვის გამოგონებამდე თიხას, რომელშიც დაფხვნილ ნიჟარებს, ბალახს ან ქვიშას ურევდნენ (ამით ნაკეთობა უფრო მყარი ხდებოდა), ხელით ზელდნენ და სათანადო ფორმას აძლევდნენ. ამგვარად დამზადებულ კერამიკულ ნაწარმს წყლის, მარცვლეულის და სხვადასხვა პროდუქტების შესანახად და ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ. ნაწილი მეცნიერებისა მიიჩნევს, რომ კერამიკის დამუშავებას ძირითადად ქალები მისდევდნენ.
 
საფეიქრო წარმოების განვითარება. ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი იყო საფეიქრო წარმოების ჩასახვა. ადამიანმა შეძლო სამოსის დამზადების ახალი მეთოდების შემოღება. თუ მანამდე ტანსაცმლის შესაქმნელად ძირითადად ტყავს იყენებდნენ, ახალი ქვის ხანაში სამოსის დასამზადებლად  ტყავის გარდა დაიწყეს  კანაფის, ჭინჭრის, თმებისა და მატყლისგან  დამზადებული ძაფის გამოყენება. ამგვარად მიღებული ტანსაცმელი სხვადასხვა საღებავით იღებებოდა, რაც მას სილამაზესა და სინატიფეს სძენდა. ამ ეპოქის განათხარებში არქეოლოგებმა ძაფის სართავი და საქსოვი პრიმიტიული მოწყობილობები აღმოაჩინეს. 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნეოლითში შრომის დანაწილების კიდევ ერთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობასთან  ერთად ცალკე დარგად ჩამოყალიბება დაიწყო ხელოსნობამ.
 

მშენებლობისა და არქიტექტურის განვითარება. წინა ეპოქებისგან განსხვავებით, ნეოლითის ადამიანი ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდა, რაც სამიწათმოქმედო ცხოვრების წესზე გადასვლამ გამოწვია. მიწურების, ქოხებისა და ხიმიჯებიანი ნაგებობების გარდა, ადამიანმა დაიწყო თიხის, ხისა და ქვის სახლების მშენებლობა.  ხელოსნობის განვითარებამ ცხოვრების  უკეთესი პირობები შექმნა, რის შედეგადაც გაჩნდა  მეტ–ნაკლებად სტაციონარული დასახლებები. მოგვიანებით ეს დასახლებები ქალაქური ტიპის სამოსახლოებად ჩამოყალიბდა. ნეოლითური არქიტექტურის დიდ ნამოსახლარებში სივრცის ორგანიზების ორი განსხვავებული ტიპია ასახული: პირველ შემთხვევაში, ესაა მრგვალი ფორმის დასახლება ცენტრალური მოედნით, რომლისგანაც მზის სხივების მსგავსად „გამოდიან” ქუჩები,  ხოლო მეორე შემთხვევაში გვხდება დაგეგმარება, რომელიც გულისხმობს სწორი კუთხით გადამკვეთი „ქუჩების” სისტემას.  

ახალი ქვის ხანაში ადამიანები საკუთარ საცხოვრებლებს სხვადასხვა მასალით აგებდნენ. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელ ბუნებრივ გარემოში მდებარეობდა კონკრეტული დასახლება. ტყიან ზოლში სახლებს ძირითადად ხისგან აგებდნენ, ხოლო კლდოვან ადგილებში – ქვისგან. მესოპოტამიაში არც ქვა იყო და არც ხე, ამიტომ საშენ მასალად თიხას იყენებდნენ. მესაქონლე საზოგადოებებში, სადაც მოსახლეობა მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, საცხოვრებელი, ხშირ შემთხვევაში, კარავს წარმოადგენდა, რომელსაც ტყავის, თივის ან თოვლისგან (ჩრდილოეთში) აგებდნენ. ნეოლითურ სამოსახლოებში  უკვე გვხვდება დახურული კერია და მარტივი ავეჯი, ასევე, სახლის ირგვლივ განლაგებული  სხვადასხვა სახის სამეურნეო ნაგებობები: ბეღელი, საკუჭნაო, თივის ფარდული და სხვა. ამ ეპოქაში მცირე აზიაში, სირიასა და პალესტინაში დიდი და მდიდარი დასახლებები წარმოიქმნა, რომელთაც კედელი ჰქონდათ შემოვლებული. სწორედ, ამან ათქმევინა გორდონ ჩაილდს, რომ ნეოლითური რევოლუცია, ამავე დროს, „ურბანული (ქალაქური) რევოლუციაც” არის. თუმცა დღეს მრავალი მკვლევარი ამ აზრს არ იზიარებს.  მშენებლობის სფეროში ახალი ქვის ხანაში წარმოიშვა ისეთი უცნაური და, ხშირ შემთხვევაში, საიდუმლოებით მოცული ნაგებობები, როგორიცაა მეგალითები. ეს ორიგინალური შენობები ქვის უზარმაზარი ლოდებისგან იყო აგებული და უმეტეს შემთხვევაში საკულტო დანიშნულება ჰქონდა. 

 
მხატვრობის განვითარება. ნეოლითის მხატვრობაში ნიშანდობლივია ფიგურათა გამოსახვის არარეალისტური მიდგომა, განსაკუთრებით ეს ეხება ევროპას. ამ ეპოქის საფრანგეთისა და ესპანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი კედლის მხატვრობის ნიმუშების დათვალიერებისას ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს კაცობრიობა დაუბრუნდა ადრეული პალეოლითის  პრიმიტიულ ფერწერას. ახალი ქვის ხანაში კედლის მხატვრობაში ვხვდებით ხაზების უწესრიგო ხლართებს, წერტილთა რიგებს, გაურკვეველ სქემატურ ნიშნებს და სხვა მინიშნებებს. ადამიანის ფიგურა წარმოდგენილია ერთგვაროვანი თხელი ხაზების მეშვეობით, თუმცა ეს ნაკლებად ეხებათ ცხოველთა გამოსახულებებს.  გამქრალია ფერწერის ისეთი გამომსახველობითი ხერხების გამოყენება, რომლითაც აგრერიგად მდიდარი იყო პალეოლითის ეპოქის ალტამირასა და ლასკოს გამოქვაბულების მხატვრობა. დაისმის შეკითხვა – რა გახდა ამგვარი დეგრადაციის მიზეზი?

დღეს მეცნიერებაში გავრცელებულია აზრი, რომ ამგვარი ცვლილება სულაც არ იყო გამოწვეული ნეოლითელთა ოსტატობის ხარისხის დაცემით ან პროპორციის გრძნობის დაკარგვით. ამ შემთხვევაში ადამიანთა ფიგურების სტილიზაცია პასუხობს ახალი ეპოქის ძირითად მიზანს – მოქმედების, მოძრაობისა და მასობრივი სცენების გამოსახვას. ხელოვნების ესთეტიკური და შემეცნებითი დანიშნულება უკანა პლანზე გადადის. ძირითადი ადგილი ეთმობა მის კომუნიკაციურ, რელიგიურ და მემორიალურ ფუნქციას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამგვარი გამომსახველობითი ფორმების არსებობა ნიშანია არა პრიმიტიულობისკენ დაბრუნებისა, არამედ ადამიანის იმ საფეხურზე ასვლისა, როდესაც კონკრეტულ აზროვნებასთან ერთად ნელ-ნელა ფეხს იკიდებს მოვლენათა განზოგადების უნარი. 
 
ნეოლითური კულტურები. როგორც ზემოთ ვთქვით, ნეოლითური კულტურის გავრცელება დედამიწის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულ დროს მიმდინარეობდა. 

 ნეოლითური რევოლუციის ხანაში მახლობელ აღმოსავლეთში წარმოიქმნა რამდენიმე ადრე სამიწათმოქმედო კულტურა, რომლებიც პირველი ცივილიზაციების საწყისს პლასტად შეიძლება ჩაითვალოს. 

იორდანულ – პალესტინური კულტურა. განსაკუთრებულ კულტურულ ზონას წარმოადგენს იორდანულ-პალესტინური კომპლექსი, რომელიც მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, მდინარე იორდანის ხეობაში მდებარეობს, ბიბლიური ქალაქის – იერიქონის ტერიტორიაზე. ეს ნასახლარი 4 ჰექტარზე იყო გაშენებული და 4 მეტრი სიმაღლის ქვის სქელი კედლებით იყო გარშემორტყმული. კედელში ჩაშენებული იყო 7 მეტრი სიმაღლის საყარაულო კოშკი.

 
როგორც ჩანს, კედლის ძირითად დანიშნულებას დასახლების მტრისგან დაცვა წარმოადგენდა. ეს კი გახშირებულ თავდასხმებსა და შეტაკებებზე მიუთითებს. არქეოლოგიური განათხარიდან ჩანს, რომ ნასახლარის მოსახლეობა შენობა-ნაგებობების მშენებლობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, რაც  ცხოვრების საკმაოდ მაღალ დონესა და არქიტექტურის განვითარებაზე მიუთითებს. სახლების კედლებს სქელი ალიზისგან აშენებდნენ, ხოლო იატაკი წითლად ან კრემისფრად შეღებილი კირქვით იყო გალესილი, ღებავდნენ კედლებსაც: დაახლოებით მეტრამდე სიმაღლეზე ის წითელი იყო, ხოლო ზემოთ, ჭერამდე -კრემისფერი. კლიმატური პირობების გათვალისწინებით,  ყველა ნაგებობა ბანიანი გადახურვით ხასიათდებოდა და იატაკი მიწის ზედაპირზე ან მის ქვევით იყო. ამგვარი არქიტექტურა განპირობებული იყო ცხელი და მშრალი ჰავით. სახლებს შორის პატარა ეზოები იყო, სადაც საჭმელს ამზადებდნენ. იერიქონელები იმ დროისთვის არცთუ ისე ცუდად იკვებებოდნენ. მათ რაციონში ძირითადად ხორცი (როგორც წესი, ნანადირევი) და ხორბალი შედიოდა. ცხოველთაგან მოშინაურებული ჰყავდათ ძაღლი, კატა და თხა. 

ნეოლითური იერიქონი   გორდონ ჩაილდმა გათხარა. სწორედ ამ დასახლებაზე დაყრდნობით, მეცნიერმა შემოიტანა ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ურბანული (ქალაქური) და აგრარული (სამიწათმოქმედო) რევოლუცია”.
2. ჩათალ ჰუიუქის კულტურა. ადრესამიწათმოქმედო კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა მცირე აზია (დღევანდელი თურქეთი). არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს დასახლება, რომელსაც ჩათალ ჰუიუქი (დღევანდელი ადგილის სახელის მიხედვით) ჰქვია. ნეოლითში  ამ რეგიონში 20-მდე დასახლება მდებარეობდა, რომელთაგანაც ჩათალ ჰუიუქი ერთგვარ „დედაქალაქს” წარმოადგენდა. ის მეტად მდიდარი  „ქალაქი” იყო და 2-ათასიდან 6-ათასამდე მოსახლეს იტევდა. აქ ადამიანები ალიზის შენობებში ცხოვრობდნენ. ჩათალ ჰუიუქის მოსახლეობა მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით იყო დაკავებული. აქაური ნეოლითელები 14-მდე სახეობის მცენარეს და მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს აშენებდნენ. მათ რაციონში შედიოდა რამდენიმე ჯიშის ხორბალი, ქერი, მუხუდო, ფსტა, ნუშის ზეთი და სხვა. ცხოვრების მაღალ დონეზე მიუთითებს გათხრების შედეგად აღმოჩენილი სხვადასხვა სახის სამკაულები – საყურეები, სამაჯურები, მძივები და ყელსაბამები, ასევე კოსმეტიკის მრავალფეროვანი საშუალებებიც. ჩათალ ჰუიუქის მდიდარ სამყაროზე მიუთითებს აქ აგებული სალოცავები, რომლებიც კედლის მხატვრობითა და თიხის ბარელიეფებით ხასიათდება.  

 
3. ჩრდილო მესოპოტამიის და დასავლეთ ირანის კულტურები. ნეოლითის მესამე, მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა ჩრდილო მესოპოტამიის და დასავლეთ ირანის კულტურები.  ამ რაიონების მოსახლეობა ბინადარ ცხოვრებას ეწეოდა, რაზეც ქვის ფუნდამენტზე აგებული ალიზის სქელკედლიანი სახლები მიუთითებს. ცალკეულ დასახლებებს უკვე ჰქონდათ სქელი, გარს შემოვლებული კედლები და დიდი კარები. აქაურ ბინადრებს მოჰყავდათ სხვადასხვა სახის მცენარეული კულტურები და აშენებდნენ ცხვარს, თხასა და ღორს. გარდა თიხის ჭურჭლისა, ადგილობრივები ქვის ჭურჭელსაც ამზადებდნენ. არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს  ნახევარმთვარის ფორმის პირველი ნამგალი. ასეთი რამ სხვაგან არ გვხდება. როგორც ჩანს, ამ დასახლებების მოსახლეობა საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობდა, რაზეც მიუთითებენ თიხის სათამაშო ქვები.

გარდა ამ სამი ზონისა ოდნავ გვიანდელი ნეოლითური კულტურები აღმოჩენილია შუა აზიის, ინდოეთის, ჩინეთის, ბალკანეთის და კავკასიის (მათ შორის საქართველოს) ტერიტორიაზეც. ევროპის ცენტრალურ და ჩრდილო ნაწილებში ნეოლითური საზოგადოება ჩამოყალიბებას გაცილებით გვიან იწყებს.

 
„დემოგრაფიული რევოლუცია”. მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაზე გადასვლამ „დემოგრაფიული რევოლუცია” გამოიწვია. მეცნიერთა აზრით, ამ ეპოქაში მსოფლიოს მოსახლეობა 15-ჯერ გაიზარდა. მოსახლეობის რაოდენობის ამგვარი ცვლილება ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ განაპირობა.  

გაგრძელება იქნება…

კაცი წარსულიდან

0
ვინ შეიძლება იყოს კაცი, რომელიც გაზაფხულის სუსხიან ღამეს გარეუბნის სკოლის ეზოში, კალათბურთის ფარების უკან, მონჯღრეულ ძელსკამზე ჩამომჯდარა, თვალებზე მომწვანო კეპი ჩამოუფხატავს, ხელში ჩამქრალი სიგარეტი შერჩენია და უშფოთველად თვლემს? არადა, ირგვლივ საშინელი, ჭეშმარიტად გარეუბნული, სუსხიანი ქარი დაბზუის. ის ქარი ასე, უდრტვინველად მჯდომ არაერთ კაცს შესჯდომია სხეულში და აუკანკალებია, მაგრამ ეს კაცი რიგით და ერთნაირად მობუზულ მოკანკალეებს არ ჰგავს და არც შეწუხებისა ეტყობა რაიმე…

და მაინც, ვინ არის ეს კაცი? ყოველ დილით, როდესაც ბავშვები სკოლის ჭიშკარს ააჭრიალებენ, მწვანეკეპიანი კაცი იქ, იმ ძელსკამზე ჩამომჯდარი ხვდებათ, ოღონდ ამ დროს უკვე რაღაცნაირ, უცნაურ ფაციფუცშია გართული. ძველი პალტოს გამობერილი ჯიბეებიდან ამოღებული ათასგვარი ციფრებით აჭრელებული ფურცლები სკამზევე გაუშლია და საწერი კალმით გაჩქარებით ინიშნავს რაღაცებს. ბავშვები უკვე ამ კაცსაც შეეგუვნენ და აღარც აქა-იქ მიყრილი მისი ფურცლებიდან ამოკითხული ფრიად ბუნდოვანი ციფრები აკვირვებთ ძველებურად. განა მხოლოდ ციფრები?! მაგალითად, ფურცელზე, რომლის თავშიც წითელი კალმით წერია „ბაიერნი”-„ვერდერი”, მთელი ფურცლის სიგრძეზე სხვადასხვა ფერის კალმითა და ორგვარი ფანქრით ჩამოწერილი აქვს: „16 ოქტომბერი, 1997. წესით, ფრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ…”, „20 იანვარი, 2001 წლისა, ზუსტად ისე, როგორც ვამბობდი!”, „2003. 1:2. ბოლომდე ასე უნდა ყოფილიყო”. ამ ჩანაწერთა მიზანი და რაობა მხოლოდ მომწვანოკეპიანმა კაცმა თუ იცის, რომელიც მასთან ბავშვური და ყოველთვის მოულოდნელი კითხვებით მისულ მოსწავლეებს ბუნდოვანი პასუხებით იშორებდა და ბოლოს მათაც დაანებეს თავი.

კაცს ერთი უზარმაზარი რვეული ჰქონდა, თუმცა არც მთლად რვეული – უფრო საბჭოეთის დროინდელი რომელიღაც საწარმოს საქმეთა წარმოების წიგნი. ამ წიგნსა თუ რვეულში ჩახედვის სურვილი ტოტალიზატორში მოკალათებულ არაერთ ყმაწვილკაცს კლავდა, მაგრამ ეს არცთუ ადვილი იყო. როდესაც კაცი ტოტალიზატორში შედიოდა, ყველა ესალმებოდა, ზოგი – თავის დაკვრით, ზოგი – ხელის ჩამორთმევითაც, მაგრამ ამ კიდით კიდემდე 200 კვადრატულმეტრიან საბუკმეკერო კანტორაში ერთ ადამიანსაც ვერ ნახავდით, რომელმაც ამ უცნაური კაცის სახელი იცოდა. ასე მოიხსენიებდნენ: „აი, იმ კაცმა მითხრა, სკოლის ეზოში რომ ცხოვრობს”, ანდა – „ის ხომ იცი, დიდი რვეული რომ დააქვს ხოლმე…” ხოლო მან, ვისაც ერთხელ მაინც მიეცა კაცის წიგნ-რვეულში ჩახედვის ნება, თავს ვერავინ დადებს, რომ ყოველივე გაიგო და შეიცნო, რაიც ამ საიდუმლოებით მოცულ ფურცლებზე იყო ჩამომწკრივებული. ყველამ იცოდა, რომ უცნაური კაცი არასოდეს ყიდულობდა ტოტალიზატორის მოყვარულთა გაზეთებს. ამგვარ გაზეთს თუ სადმე გადააწყდებოდა, აიღებდა, ფერადნახატებიანი წიგნივით ორიოდე წამში გადაათვალიერებდა და უმალვე უბრუნებდა პატრონს. არადა, მასზე უკეთ ბევრმა როდი იცოდა მომავლი ტურების, მომავალი მატჩებისა და, საერთოდ, მომავლის ამბები. მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა  ეს ყველაფერი, არცთუ ადვილად მისახვედრი გახლავთ.

ალბათ იყო დრო, როდესაც უცნაური კაცი სულაც არ იყო უცნაური კაცი; ოციოდე წლის წინ შესაძლოა „ვახტანგიჩად” ან „მევლუდიჩადაც” კი უხმობდნენ. იცხოვრებდა ერთ პროვინციულ პატარა ქალაქში, რომელშიც წლების განმავლობაში მხოლოდ 4 დასახელების გაზეთსა და სამიოდე ჟურნალს თუ იშოვიდით, ტელევიზორი კი ჯიუტად აჩვენებდა ორად ორ არხს და ამ ორიდანაც ერთზე გამუდმებით დაბღვერილი ხალხი გამოდიოდა და სხვა დაბღვერილებს მუშტებს უღერებდა. მერე, როდესაც ერთმა მუშტმოღერებულებმა მეორეებს სძლიეს და განდევნეს, პროვინციულ ქალაქში შიმშილობა დაიწყო. ამ უცნაურმა კაცმაც, რომელიც, როგორც ვთქვით, მაშინ სულაც არ იქნებოდა უცნაური, ალბათ სახლი გაყიდა, დაჯდა უფანჯრო, მყრალ მატარებელში და თბილისში ჩამოვიდა. მერე ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავისით მოხდებოდა და ერთ დღესაც კაცმა სკოლის ეზოში გამოიღვიძა. ხოლო როდესაც კაცი ყოველ დილით სკოლის ეზოში იღვიძებს, მისთვის საერთოდ ცოტა რამ თუა შეუცნობელი.

მომწვანოკეპიანი კაცი არც ფულის მოგებით გახარებული უნახავთ ოდესმე და არც მატჩის ბოლო წუთზე გატანილი არასასურველი გოლის გამო ტუჩების მკვნეტავი, თუმცა ფსონს ყოველდღე დებდა და მოგების მიმღებთათვის გამოყოფილ სარკმელთანაც არაერთხელ მდგარა ხელგაწვდილი. სად და რას ჭამდა, ვერც ეს გაიგო ვინმემ. სიგარეტი კი მუდამ თავისი ჰქონდა და სათხოვნელად მისულ პატარა ბიჭებსაც არასოდეს ამადლიდა და საერთოდ, ყველას უწყინარ კაცად მიაჩნდა, სანამ თავისი რვეული არ დაკარგა. დაკარგვასაც ვერ იტყვი, რადგან ერთ ქარიან ღამეს, ძელსკამზე ჩაძინებულს, ვიღაცამ ეს რვეული დიდი ოსტატობით ასწაპნა. იმ დღეს კაცი ტოტალიზატორში არ მისულა, არც მეორე დღეს… მივიდა მხოლოდ მესამე დღეს. კვირა იყო და ჭეშმარიტი სატოტალიზატორო გაწამაწიაც იდგა. კაცი ერთ-ერთ მაგიდაზე დადგა, დოინჯი შემოიყარა და თავისი გაბზარული ხმით დაიღრიალა: „რამე დაგიშავეთ, თქვე არაკაცებო? დაგიშავეთ-მეთქი რამე?!” მერე მაგიდიდან ჩამოვიდა, კარში გასვლისას უკან, დარბაზისკენ გადააფურთხა და მას შემდეგ ის არც ტოტალიზატორში და არც სკოლის ეზოში აღარავის უნახავს.

 
ასეთი კაცის შეჩვევა უფრო ძნელია, ვიდრე დავიწყება. ჰოდა, სკოლის მოსწავლეებმაც და ტოტალიზატორის ნაცნობებმაც მალე დაივიწყეს მწვანეკეპიანი კაცი. ერთი ცნობილი ქართული მოთხრობისა არ იყოს, აზარტულმა ყმაწვილკაცებმა ის მხოლოდ ერთხელ გაიხსენეს – მაშინ, როდესაც ერთი აზარტულ ყმაწვილკაცთაგანი ირწმუნებოდა, ქალაქის სხვა უბნის სხვა ტოტალიზატორში უცნაური კაცის წიგნ-ბლოკნოტი მავანი სოლიდური ბიძაკაცის ხელში დავინახეო. ეგ იყო და ეგ… 

ბულინგი

0
ხშირად გაიგონებთ, რომ ახლანდელი თაობა მეტად აგრესიული და დაუნდობელია. მიზეზებზე აქტიურად მსჯელობენ და კამათობენ, დამნაშავესაც პოულობენ: სოციალური ქსელი, ფილმები, ვირტუალური თამაშები… ყველაზე მეტად კი, რა თქმა უნდა, სკოლას და მასწავლებელს ადანაშაულებენ.

ზოგადი განათლების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაა. მოთხოვნა „იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე” ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ პრიორიტეტულ კომპეტენციებშიც არის ასახული:

„სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვ.”

საგნის სწავლება სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად ხელს უნდა უწყობდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილი ცხრა პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციის განვითარებასაც, რისთვისაც საგანთაშორისი კავშირების დამყარებაა საჭირო. მოსწავლეს უნდა შეეძლოს, ერთ საგანში შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენოს (ტრანსფერი).

გეოგრაფია როგორც კომპლექსური მეცნიერება საბაზო და საშუალო საფეხურებზე შესანიშნავ საშუალებას იძლევა, მოსწავლეებმა არა მარტო შეისწავლონ გეოგრაფია როგორც ცალკე დისციპლინა, არამედ განივითარონ გლობალური ხედვა და დამოკიდებულება, ჩამოყალიბდნენ შემოქმედებით და კრიტიკულ, შემწყნარებელ და სხვისი უფლებების პატივისმცემელ პიროვნებებად.

გთავაზობთ გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმას, რომლის ჩატარებაც შესაძლებელია როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურზე, გლობალური გეოგრაფიის შესწავლისას.

ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში” და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში გაართულ ტრენინგზე შემოგვთავაზეს სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. საგანმანათლებლო პაკეტი მოიცავს 6 დოკუმენტურ ფილმს, 4 სოციალურ რეკლამასა და მეთოდურ სახელძღვანელოს მასწავლებლებისთვის. თითოეული ფილმის ნახვით გამოწვეულ ემოციებზე ცალკე სტატია დაიწერება…

მინდა, შემოგთავაზოთ სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა ერთი-ერთი დოკუმენტური ფილმის გამოყენებით.

ფილმი ოთხწუთიანია და ეხება ბავშვთა უფლებების დაცვას, ბულინგს. რატომ დამაინტერესა ამ ფილმმა? ალბათ იმიტომ, რომ მიიჩნევა, თითქოს საქართველოში ეს პრობლემა არ არსებობს და არც ჩვენს სკოლებში ბულინგის შემთხვევათა ზუსტი სტატისტიკა მოიპოვება.

2013 წელს ჩემმა მეათეკლასელებმა სხვადასხვა საკითხზე გამოკვლევა ჩაატარეს. გამოკითხვის დროს ისინი არ შემოფარგლულან თავიანთი სკოლით. კითხვაზე, ხდება თუ არა სკოლაში რაიმე სახის ძალადობა (ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური), მათ ასეთი შედეგი მიიღეს.
 
აქვე უნდა ითქვას, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ფსიქოლოგიურ ძალადობას ვერ აღიქვამს, არ იცის, რა არის ბულინგი და ეს ძალადობად არ მიაჩნია.

ამიტომ იყო, ამ პატარა ფილმმა რომ დამაფიქრა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ჩატარების სურვილი აღმიძრა. ბულინგი არ არის ცალკეული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პრობლემა, ის შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სკოლაში მოხდეს. მთავარია ვიცოდეთ, როგორ დავადგინოთ, ბავშვი პოტენციური მსხვერპლია თუ აგრესორი. ნებისმიერი მოსწავლე შეიძლება იყოს როგორც ბულინგის მსხვერპლი, ისე მისი ინიციატორიც.

სასურველია, გაკვეთილამდე მოსწავლეებმა ჩაატარონ მცირე კვლევა ძალადობის შესახებ. საკმარისია რამდენიმე კითხვა:

1. რა არის ბულინგი?
2. არის თუ არა ძალადობა სკოლაში?
3. რას მიიჩნევთ ძალადობად?

მოსწავლეები კითხვარს თავად ადგენენ. 

გაკვეთილი იწყება ფილმის ჩვენებით.

„რომი” /ნიდერლანდები/

ფილმი მოგვითხრობს 12 წლის გოგონას ისტორიას, რომელიც წლების განმავლობაში თანატოლების მხრიდან ბულინგს განიცდის. რომი უბედურია, ხშირად ტირის და გაურბის მეგობრებს. იმის მაგივრად, რომ პრობლემა მოაგვაროს და სხვა ბავშვებივით იცხოვროს, დარდის დასავიწყებლად ჭამს და კიდევ უფრო უმწეოდ და უბედურად გრძნობს თავს. ყველაზე თვალშისაცემი ფილმში ის არის, რომ რომის პრობლემის შესახებ არავინ იცის, არც მშობლებმა და არც მასწავლებელმა.

მერწმუნეთ, ფილმი გულგრილს არც ბავშვებს დატოვებს. პირველი აქტივობაც სწორედ ემოციებისა და შთაბეჭდილებების გამოხატვაა. ასეთ დროს შეიძლება ყველაზე გულახდილი დიალოგი წარიმართოს. 

* რა ემოცია მოგგვარათ ფილმმა?
* რა პრობლემაა წამოჭრილი მასში?
* რა არის მისი ძირითადი თემა? დამატებითი?

ამ საკითხების განხილვის შემდეგ მასწავლებელი ატარებს აქტიურ ლექციას, რადგან ბულინგის სახეობათა განხილვაში სასურველია მოსწავლეთა ჩართვა.

მასწავლებელი განიხილავს ბულინგსა და მის სახეობებს.

ბულინგი ტერმინია, რომელიც აღნიშნავს გარიყვას, შეშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას. ეს არის აგრესიული ნეგატიური ქცევა. არსებობს ბულინგის რამდენიმე სახეობა:

ფიზიკური ბულინგი გულისხმობს ფიზიკურ თავდასხმას.

სიტყვიერი ბულინგი გულისხმობს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელიც დაკავშირებულია ეროვნებასთან, რელიგიასთან, რასასთან და ა.შ.

არაპირდაპირი ბულინგი გულისხმობს ინფორმაციის, ჭორის გავრცელებას. იგი ბულინგის ყველაზე გავრცელებული სახეობაა.

კიბერბულინგი გულისხმობს ბულინგს ტექსტური გზავნილების, სურათების, ბლოგებისა და სოციალური ქსელის საშუალებით.

ბულინგის ფორმების განხილვაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული და გამოთქვამენ საკუთარ აზრს.
შემდეგ მოსწავლეები ავსებენ T დიაგრამას. მათ აგრესორი და მსხვერპლი ბავშვის დამახასიათებელი თვისებები უნდა ჩამოაყალიბონ: 
ბავშვი მსხვერპლი ———— ბავშვი აგრესორი
შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებად მსჯელობენ იმაზე, არის თუ არა მათ გარშემო ბულინგის შემთხვევები და ფიქრობენ პრობლემის მოგვარების გზებზე.
პრეზენტაციის დროს შეიძლება მცირე დისკუსიაც გაიმართოს.

დაკარგული სულიკოს ძებნაში-( სურათები)

0
სასადილო ოთახი

გარეთ ბერძნული გაზაფხულია, თბილი, თესალიური.

სასადილო ოთახში  დიდი, მრგვალი მაგიდაა გაშლილი – ფეტა, ზეთისხილი, ძაძიკი, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ქართულად შეზავებული ლობიო, თეთრი, მაკედონური ღვინო.

სუფრასთან პონტოელი ბერძნები სადილობენ. სასაუბრო ენა რამდენიმე – ბერძნული, ქართული, პონტოური, ალაგ – ალაგ რუსული, თემა – ერთი – სამშობლო.

–ჩვენ მოხუცები კატებივით ვართ – ამბობს მოხუცი ბებია – გადმოვიღებ საჭმელს თეფშზე, მგონია, შევჭამ, მაგრამ ერთი ლუკმაც მყოფნის. ადრე ბევრს ვმუშაობდით და გემრიელადაც ვჭამდით. ადრე, ჩვენს სოფელში…
მთავარ კედელზე აია სოფიას ტაძრის უზარმაზარი სურათი ჰკიდია – გრანდიოზული  ბიზანტიური ტაძარი ულამაზეს თურქულ ქალაქში. 

სხედან ჩემი მოხუცები.

უყურებენ ტაძრის გრანდიოზულ არქიტექტურას.
ბერძნულ სიმღერებს მღერიან და თავიანთ ქართულ სოფელს გლოვობენ.
ბიზანტიის დედაქალაქი

ჩვენი სასტუმრო სტამბულის ცენტრშია, მანქანის დასაყენებელ ადგილს ვპოულობთ,  მანქანაში ინგოლშტატის ბაზრობაზე ნაყიდი ველოსიპედი, თხილამურები, ბავშვის საწოლი, ჩემი ბალიში და პლედი და კიდევ რა აღარ დევს. 

სასტუმროს ადმინისტრატორმა ღერი ინგლისური არ იცის, როგორღაც ვაგებინებთ, რა გვინდა, საიდან ვართ, საქართველოს გაგონებაზე გვეუბნება, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან მათ სასტუმროში ორი ქართველი გოგო მუშაობს.

ბარგს სასტუმროში ვტოვებთ და მაშინვე გავდივართ ქალაქის სანახავად, ცოტა დრო გვაქვს, მე კი კონსტანტინეპოლში პირველად ვარ. ( ვერაფრით ვეძახი სტამბულს).

სასწაული ქალაქია, ვნახულობთ უმდიდრეს მუზეუმებს, სასახლეებს, მეჩეთებს… წმინდა სოფიას ტაძარს, რომელიც ვინმე ანთიმოსმა ააშენა, რომელიც, ბიძაჩემის თეორიის მიხედვით, ჩვენი გვარის ერთ–ერთი მამამთავარი იყო.  

ვესტუმრეთ  ბერძნების ნასახლარებს, ეკლესიებს, ისტორიის უსამართლობა ყელში მიჭერს, მაგრამ არაფერს ვიმჩნევ – ძალიან სტუმართმოყვარეები არიან ჩვენი თურქი მასპინძლები…
წითელი კაბა და წითელი მანიკურები
საუზმეზე ჩავდივართ.

შვედურ მაგიდასთან ტურისტები ირევიან, სკანდინავიელი წყვილი მზისფერი თმითა და გულღია ღიმილით, ჩინელი გოგონა, თან საუზმობს, თან ბლოკნოტში რაღაცებს ინიშნავს, ფრანგი შეყვარებულები…
ყავას ვისხამ, ცივია.

ზაზას რაღაცას ვეუბნები.
შავთმიანი მიმტანი გოგონა გვიახლოვდება:
–საქართველოდან ხართ?
–დიახ… – უხარია, გვესაუბრება, ქართულ ენას ისრუტავს თითქოს.
სახლში მიდიხართ? – დასტურის შემდეგ თვალები უნაღვლიანდება:
ნეტა მეც მოვდიოდე, პატარა გოგო მყავს, სამი წლის, წითელ მანიკურებს და წითელ კაბას მაბარებს, ერთი წელია არ მინახავს,  იმდენი რამე უნდათ ბავშვებს….
… თითქოს არც ყოფილა ეს საოცარი მოგზაურობა, გერმანული მუზეუმები, მზიანი ტოსკანა და აღორძინების ხანის ზეიმი ფლორენციაში, თითქოს არც არაფერი ყოფილა, ისე მიმძიმდება გული და სახლში, ჩემს სამი წლის ბიჭთან სასწრაფოდ დაბრუნება მინდება.

ბალახი
( საქართველოში დაბრუნებული ფერეიდნელის ნაამბობიდან)
„ – ხო, ახლა ემეჩი უშიშროების ხალღმა, ვინც ჩვენ ჩოგიყანა იქა, ხო, იმ უშიშროების ხალღმა რო წაგიყვანა იქა, რათ მიდიხართ იქაო, იცით, რო იქ ბალახის გარდა არაფერი არ იჭმევისო. მარტო ბალახი მიწის საჭმელი არაფერი არ არიო.
მე თქი, რო ჩემო ბატონო, მე კი პარსული არ ვიცი კარქათ-მეთქი, და ბეჰთარას-მეთქი, იმ ჩემ სამშობლოჩი წაიღებ, ბეჰთარი უფრო კარგია, იმდენი ვიცი-მეთქი. ჩემ სამშობლოს ბალახი ჯობია–მეთქი….”
სულიკო
ესეც საქართველოს საზღვარი. ახლა უფრო ნელა მივდივართ, დაგემოვნებით.  ისეთი გრძნობაა, თითქოს ორი კვირა კი არა, 2 წელი არ ვყოფილვართ აქეთ.  მშვენიერი გაზაფხულია, აყვავებული ხეებით ვტკბები, ფანჯრიდან თავი მაქვს გაყოფილი.

უცებ რაღაცამ ჩამიქროლა ყურთან, კიდევ კარგი ამცდა – პლასტმასის ბოთლია, კოკა–კოლის.
–გოგო, შემოყავი თავი, საქართველოში ხარ – დამცინის ზაზა – თვითონ უკვე ქართულმძღოლურად მანევრირებს, ხმოვან სიგნალს და ხმოვან შეძახილებს ხშირად იყენებს. 

ფანჯარას სასწრაფოდ ვკეტავ, მაინც სულელივით  მიხარია რაღაც და ვარინკა წერეთლისეულ ცნობილ მოტივს ხმადაბლა ვღიღინებ:
„გულამოსკვნილი ვტიროდი
სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”
სადა ხარ, მაინც სადა ხარ, სულიკო?

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...