ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

განმავითარებელი შეფასებისთვის შესაფერისი დავალებების მაგალითები და შეფასების შედეგების ანალიზის ნიმუშები

0

ტრადიციული განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებლები ზოგჯერ იყენებენ დავალებას:

 ვრცლად 

„მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამაჩემი“

0

„დამიხატეთ
თქვენი ოჯახი” – ვეუბნები ბავშვებს. ისინი ხატავენ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილ  დედებს და მამებს, ხელიხელჩაკიდებულ და-ძმებს, ბებია-ბაბუებს,
ძიძებს, ძაღლებს, კატებს, თუთიყუშებს, „ბეთმენებს”, „სპაიდერმენებს”, პრინცესებს…
ყველას და ყველაფერს, რაც მათ აბედნიერებს. ხანდახან ისეთი შემთხვევებიც მხვდება, მზეც
რომ ხატია, ნაკადულიც მორაკრაკებს, ფიფქია და შვიდივე ჯუჯა ადგილზეა, თუმცა არც დედაა
ნახატზე და არც მამა. ბავშვის ოჯახთან დაკავშირებული ნეგატიური განცდები, როგორც ხატვის
პროცესზე, ასევე საბოლოო ნახატზეც აისახება.
როცა ბავშვი
ნაწყენია ოჯახის წევრებზე, ცდილობს გააჭიანუროს დავალების შესრულება ან თვითნებურად
შეცვალოს წესები, მაგალითად, თუ ის ხატავს სხვა საგნებს და ოჯახის გარეთ მყოფ ადამიანებს,
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავს მიტოვებულად გრძნობდეს და მეტ ყურადღებას მოითხოვდეს
მშობლებისგან. არის შემთხვევები, როცა ბავშვი უარს ამბობს ადამიანის დახატვაზე – „მე
ადამიანების ხატვა არ ვიცი” – ან „გამორჩება” 
ოჯახის ის წევრი, რომლის მიმართაც პრეტენზიები აქვს.
 მათი არდახატვით, ბავშვი თითქოს გაურბის
ნეგატიურ ემოციებს. მაგალითად, თუ არ ხატავს დედმამიშვილებს, ამით ცდილობს, მხოლოდ
თვითონ ეკუთვნოდეს მშობლების სიყვარული და ყურადღება.  კითხვაზე, თუ რატომ არ დახატეს ოჯახის ესა თუ ის
წევრი, ისინი თავს იმართლებენ, რომ „ადგილი არ დარჩა”, „ის სასეირნოდ  წავიდა”, „სამსახურშია”, თუმცა ხანდახან ისინი პირდაპირ
ამბობენ, რომ „არ მინდოდა დამეხატა, იმიტომ რომ მირტყამს”, „არ მინდა ჩვენთან ცხოვრობდეს”.

„მე
მინდა დედა და მამა ისევ ერთად იყვნენ, ოღონდ ამას დედას არ ვეუბნები
, იმიტომ
რომ  ჰგონია მამაზე ვნერვიულობ”, – მითხრა ერთმა
7 წლის გოგონამ, ფურცლის ერთ მხარეს დედა, „
Frozen-ის  გოგო” და თავისი თავი დახატა, მეორე გვერდზე – მამა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს 8089 წყვილი განქორწინდა,
აქედან 2398 ქორწინებიდან 0 – 4 წელიწადში განქორწინდა, რაც ზრდის იმის ალბათობას,
რომ მათ მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. მშობლების განქორწინების შემდეგ, ზოგიერთ ბავშვს
აღენიშნება ძილის და კვების დარღვევები, უხასიათობა, შფოთვა, დისციპლინასა და სწავლასთან
დაკავშირებული პრობლემები, ასევე გვხვდება სომატური ჩივილები, მაგალითად, თავის ან
მუცლის ტკივილი. თუმცა კვლევებით დასტურდება, რომ იმ ოჯახებში, სადაც გაყრის შემდეგ
არ არის კონფლიქტური სიტუაციები, ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთივეა, როგორც
განუქორწინებელი ოჯახების ბავშვებისა.

„ბავშვების
გამო არ ვეყრები”, – ამბობს ხშირად ქალი და ცხოვრობს კაცთან, რომელიც ა(ღა)რ უყვარს.
„ბავშვები მეცოდება, თორემ ერთი დღეც არ გავჩერდებოდი მასთან”, – ძმაკაცებთან იქარვებს
გულს მისი ქმარი. ამ დროს ბავშვებს უმეტესწილად არა თვითონ გაყრის ფაქტი, არამედ ის
კონფლიქტური სიტუაცია აშინებთ, რომელიც განქორწინების პროცესში აქვთ მშობლებს. კონფლიქტებში
ბავშვების ჩართვა მათ დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებს და საფრთხეს უქმნის მათი განვითარების
პროცესს. ოჯახური ძალადობის ფაქტები ბავშვებში შიშს იწვევს და შეიძლება მოზარდობის
ასაკში მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას მათ, მნიშვნელობა არ აქვს ასეთი სიტუაცია
ერთხელ იყო, თუ მუდმივად გრძელდება.

როდესაც
მშობლები დაშორებას გადაწყვეტენ, მათი ბავშვები მრავალ სირთულეს აწყდებიან. ისინი უნდა
შეეგუონ მთელ რიგ ცვლილებებს, ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ადგილის და/ან სკოლის
შეცვლა, ნაკლები კონტაქტი ოჯახის რომელიმე წევრთან (უმეტეს შემთხვევაში, მამასთან).
ამ სირთულეებთან საბრძოლველად, ბავშვები საკუთარი ასაკის შესაბამის ქცევას მიმართავენ.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ეგოცენტრიზმი ახასიათებთ და როგორც თითქმის ყველა სიტუაციაში,
აქაც საკუთარ ბრალს ხედავენ. მათ ჰგონიათ, რომ მშობლები მის გამო დაშორდნენ და მიიჩნევენ,
რომ აუცილებლად უნდა შეარიგონ ისინი ერთმანეთს. 9-10 წლის ასაკისთვის, ისინი უფრო მეტად
აცნობიერებენ დაშორების მიზეზებს, მათი ბრაზი მშობლის მიმართ უფრო გაცნობიერებულია.
მათ შეიძლება ერთ-ერთის მხარე დაიჭირონ. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ
მშობელმა, რომელიც რჩება ბავშვთან, აგრძნობინოს მას სითბო და სიყვარული, მიაქციოს ყურადღება
მის განვითარებას და ზრუნავდეს მასზე. ეს ბავშვს დაცულობის განცდას შეუქმნის. რაც შეეხება,
არამეურვე მშობელს, ბავშვები უფრო მშვიდად გრძნობენ თავს, როცა მათი ვიზიტი რეგულარული,
დაგეგმილი და უკონფლიქტოა. ამ დროს შეხვედრების გარემო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
სიხშირე. 

            ერთმა 5 წლის გოგონამ საინტერესო „ჩემი
ოჯახი” დახატა. ფურცლის ერთ მხარეს საკუთარი თავი და დედამისი, მეორე მხარეს – მამა,
მისი მეორე ცოლი და მათი შვილი. „ეს ჩემი დაიკოა, დედამისი და ჩვენი მამა”, – ასე ამიხსნა.
კვლევების მიხედვით, გოგონებს უფრო უჭირთ, მშობლების მეორე ოჯახებთან შეგუება, ვიდრე
ბიჭებს. მე ჩავთვალე, რომ უბრალოდ, ამ ბავშვს ორი თბილი სახლი ჰქონდა.

             იმის გაგება, რომ დედას და მამას ერთად აღარ უნდათ
ცხოვრება და საჭიროა ერთ-ერთი მათგანი სახლიდან წავიდეს, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის
იმედგაცრუებაა. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, როგორ იქნება მიწოდებული
ეს ინფორმაცია მისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ერთად დაგეგმონ და უთხრან ბავშვს
მათი გადაწყვეტილების შესახებ, თან მიახვედრონ, რომ ეს მისი ბრალი არ არის, ერთმანეთსაც
არ გადააბრალონ მომხდარი და რაც მთავარია, ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ორივე მშობელი
დაშორების  მიუხედავად განაგრძობს მასზე ზრუნვას
და სიყვარულს. 

არის
შემთხვევები, როცა მეურვე მშობელი ბავშვს უკრძალავს მეორე მშობლის ნახვას ან მასზე
ისეთ ისტორიებს უყვება, რომელიც აკნინებს მის რეპუტაციას შვილის თვალში. ამ დროს ბავშვი
ორად იხლიჩება და შესაბამისად მისგან ასეთი ფრაზები გვესმის: „მამაჩემი ცუდი კაცია.
მე და დედა მიგვატოვა, მაგრამ მალე ნახავს სეირს. რომ გავიზრდები, მაგაზე უკეთესად
ვითამაშებ ფეხბურთს!” ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობლები
შვილის თანდასწრებით არ იყვნენ კრიტიკულები ერთმანეთის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია,
რომ არ მოუწყონ „დაკითხვები”, მეორე მშობელთან სტუმრობის შემდეგ, რადგან ბავშვი შეიძლება
დაითრგუნოს.

            ამრიგად, იმისათვის, რომ მშობლების განქორწინება
ბავშვისთვის ტრავმად არ იქცეს, ისევე როგორც ბევრი სხვა  სირთულის გადალახვაში, აუცილებელი პირობაა მშობლების
სითბო, სიყვარული და ყურადღება. 

როგორ გვეხმარება ტექნოლოგიები პრობლემების მოგვარებაში

0
„იდეალური მასწავლებელი საკუთარ თავს ხიდად განიხილავს, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა გაიარონ. გადასვლის შემდეგ ეს ხიდი ინგრევა და პედაგოგი ყველას საკუთარის მშენებლობაში ეხმარება”.
                                                                                                                                                                        ნიკოს კაზანძაკისი
მართლაც, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომაც მასწავლებელმა არ უნდა დაზოგოს დრო და ენერგია და მოძებნოს ისეთი აქტივობები და მეთოდები, რომლებითაც მოსწავლეს „საკუთარი ხიდის მშენებლობაში” დაეხმარება.
დღეს მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა მოსწავლეთა ყურადღება შეინარჩუნონ, რადგან ისინი გაკვეთილზე დაბნეულები არიან და ერთ საკითხზე დიდხანს კონცენტრირება უჭირთ. ამავე დროს, ისინი მშვენივრად ახერხებენ კონცენტრირებას ფილმებსა და თამაშებზე; შეუძლიათ, საათები შეალიონ მათთვის საინტერესო მობილურის შესწავლას ან თამაშის გარჩევას. ისინი არ აღიარებენ სწავლების ძველებურ მეთოდებს.
განვიხილოთ ზოგიერთი პრობლემა, რომლებსაც შეიძლება წავაწყდეთ:
პრობლემა: მოსწავლეებს არ აინტერესებთ ტრადიციული გაკვეთილი.
პრობლემის მოგვარების გზა: მოსწავლეები მაშინ ითვისებენ მასალას კარგად, როდესაც თვითონვე აანალიზებენ და ამუშავებენ მას, ამაში კი შეიძლება ისტ-ი დაგვეხმაროს. ტრადიციული შემაჯამებელი სამუშაოს მაგივრად მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ, მოამზადონ პრეზენტაციები Microsoft PowerPoint-ში ან Windows Live Movie Maker-ში, დავავალოთ, შეკრიბონ და გადაამუშაონ თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია Microsoft OneNote-ის საშუალებით.
პრობლემა: მოსწავლეები ხალისით იწყებენ პროექტზე მუშაობას, მაგრამ მალევე უქრებათ ენთუზიაზმი.
პრობლემის მოგვარების გზა: ურჩიეთ, აწარმოონ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების აღწერა. შესთავაზეთ, რეგულარულად აღწერონ პროექტის მიმდინარეობა ბლოგზე ან ჩაატარონ კონფერენცია სხვა მოსწავლეებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად, მოამზადონ ვიდეოანგარიშები windows Live Movie Maker-ში ან საინფორმაციო ბუკლეტები.
პრობლემა: როგორ ვაიძულოთ მოსწავლეები, სხვადასხვა თემის შესწავლისას იფიქრონ უფრო კრიტიკულად?
პრობლემის მოგვარების გზა: შესთავაზეთ მოსწავლეებს, მოიფიქრონ და თავი მოუყარონ შესასწავლ საკითხთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სიტყვებსა და ფრაზებს, დაავალეთ ინფორმაციის მოპოვება საძიებო სისტემის, მაგ., იანდექსის ან ბინგის საშუალებით. უზრუნველყავით მათთვის ხელმისაწვდომი რესურსები, მიეცით მათი გაცნობისა და საკუთარი იდეების ჩამოყალიბების საშუალება. მათ შეუძლიათ, ჩაიწერონ ეს იდეები Word-ის საშუალებით, შემდეგ ეს ჩანაწერები გამოაქვეყნონ ლოკალურ ქსელში ან Windows SkyDrive-ში. დასასრულ, განიხილეთ არჩეული რესურსები ფორუმზე.
პრობლემა: ზოგჯერ ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილებიც მოსაწყენია მოსწავლეთათვის.
პრობლემის მოგვარების გზა: თქვენი დავალებები და კითხვები უნდა იყოს მულტიმედიური რებუსების მსგავსი. მაგალითად, ნუ შესთავაზებთ უბრალოდ ინფორმაციის მოძიებას შიდსსა და აივ ინფექციაზე; ამის მაგივრად Microsoft Photo Story-ს საშუალებით აჩვენეთ ვირუსისა და მსოფლიო რუკის სურათები და შესთავაზეთ, დაამყარონ კავშირი მათ შორის. სთხოვეთ, ისაუბრონ ამის შესახებ. ნუ მოსთხოვთ, უბრალოდ გაიხსენონ ლიტერატურული მიმდინარეობები და მათი მიმდევრები – შესთავაზეთ Microsoft PowerPoint-ში ან learningapps. Org-ში დამზადებული სახალისო მულტიმედიური თავსატეხები; უბრალო ძიება აქციეთ კვლევად.
პრობლემა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებაში?
მოგვარების გზა: აჩვენეთ ვიდეოტრანსლაციები და საინფორმაციო გამოშვებები მთელი მსოფლიოდან. გამოიყენეთ ის ვრცელი ინფორმაცია, რომელიც ყოველღიურად ვრცელდება ინტერნეტის საშუალებით. მიეცით გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენების საშუალება სხვადასხვა პროექტის განხორციელებით.
პრობლემა: როგორ მოვაწესრიგოთ კლასში მოსწავლეთა ურთიერთობა?
მოგვარების გზა: გამოიყენეთ Mouse Mischief ან Voting Pods-ი კენჭისყრისა და გამოკითხვის ჩასატარებლად.
საზოგადოდ, ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების საშუალებით მრავალი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი, ოღონდ მასწავლებელი ამისთვის კარგად უნდა იყოს მომზადებული და სკოლის ტექნიკური აღჭურვილობაც ხელს უწყობდეს. სხვანაირად ვერ მივაღწევთ მიზანს. ისტ-ტექნოლოგიები შეიძლება გამოვიყენოთ დისტანციური სწავლებისას, სხვადასხვა ინტელექტის მქონე მოსწავლეთა სწავლებისას, გლობალური სწავლებისას, პროექტებით სწავლებისას…
აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე პროგრამას, რომლებითაც შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი გაკვეთილები და მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოთ.
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მასალების დამუშავებისას გამოგვადგება შემდეგი ვებპროგრამები:


v

animoto
საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ მუსიკალური ვიდეორგოლები;


v

voicethread
ვაწყობთ ვიდეოფილმებს და ვადებთ ჩვენს ხმებს;


v

Dvolverვქმნით მოკლემეტრაჟიან
მულტიპლიკაციურ ფილმებს;


v

Windows Live Movie Maker– ვქმნით, ვამონტაჟებთ ვიდეორგოლებს;


v

AutoCollageვქმნით ფოტოკოლაჟებს;


v

BrainPop Featured
Movie
– ვქმნით მოკლემეტრაჟიან მულტიპლიკაციურ ფილმებს;


v

English with Leo – ვსწავლობთ ინგლისურს ხალისით;


v

Flashcards by
Microsoft
– ვქმნით ინტერაქტიულ ტესტებს;


v

Fresh Paint – დაწყებითი საფეხურისთვის, ხელოვნების გაკვეთილისთვის;


v

Kodu – ვქმნით საგანმანათლებლო თამაშებს;


v

Photosynth – ვქმნით სამგანზომილებიან სურათებსა და პანორამებს;


v

Windows Photo
Gallery
– ვქმნით ციფრული თხრობისთვის საჭირო
რესურსებს.

წვიმა, ცისარტყელა და მე

0
არ მიყვარს წვიმა… არ მიყვარს და მორჩა! გაუფრთხილებლად მოვა, თავზე დაგეცემა, დაგასველებს, აბუჩად აგიგდებს და გაგასასაცილოებს. მერე, თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, აგრუხუნდება, ელვით ცის შუაზე გაპობას შეეცდება და მანამდე იქნება ასე თავის ნებაზე, სანამ თვითონვე არ მობეზრდება და მიწყნარდება… ის კი მიწყნარდება, მაგრამ მე რა? თავისას მიაღწევს და გუნებას წამიხდენს.
სოციალური ქსელი ხომ ყველას გაქვთ? ჰოდა, ერთხელ დავწერე, ეს ქსელი ქიმიური ინდიკატორია, რომელიც ადამიანებს ამზეურებს-მეთქი. გარდა იმისა, რომ ზუსტად იცი, ვინ სად როდის რას მიირთმევს ან საით გაუწევია, ან სულაც როგორი ხედი იშლება მისი სასტუმროს აივნიდან, იმასაც შეიტყობთ, წვიმაში მოჰყვა თუ არა. თუ ვინმე დაწერს, რომ წვიმა უყვარს, რომ ეს ისეთი რომანტიკულია, შეიძლება, ცრემლიც კი მოგადგეს, ოღონდ ამ ცრემლს ვერავინ დაინახავს, რადგან წვიმა თანამზრახველად მოგევლინება და დამალავს – იცოდეთ, ის იმ დღეს არ დასველებულა, კომპიუტერთან არის მოკეცილი და წინ ქაფქაფა ყავა უდგას. დასველებულ ადამიანს კი აგრესიული სტატუსებით მაშინვე ამოიცნობთ. უფრო მეტიც – შესაძლოა, წვიმას წყევლა-კრულვაც კი შეუთვალოს და ამით უკვე დასველების ხარისხიც გაიზომება. თუ ვინმემ სახელდახელოდ გვირილის უზარმაზარი სურათი გამოფინა და მეგობრებს სადისკუსიოდ შესთავაზა თემა „რა სარგებლობა მოაქვს ამ ყვავილს ჩვეულებრივ ყოფაში”, ე.ი. ეძინა და არც კი გაუგია, რომ გარეთ კინაღამ ცა ჩამოიქცა.
მე კი ხმამაღლა ვამბობ: არ მიყვარს წვიმა. არც გარეთ და არც შიგნით, არც ძილის დროს და არც მგზავრობისას.
როგორ ფიქრობთ, როგორი წვიმა მოდის?
მჟავური.
70-იანი წლების დასაწყისში ამერიკის ერთ ქალაქში წვიმა მოვიდა. ჰო, რა მოხდა მერე, მოწვიმა და ეგ იყო. ქალბატონების კაპრონის წინდები კი… დაიხა. აი, ასე, თვალსა და ხელს შუა დადნა. წვიმას მომატებული მჟავიანობა ჰქონდა, კაპრონი კი მჟავას ვერ იტანს…
იცით, რომ ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილიდან აღებული წვიმის წყალიც კი ოდნავ მჟავა ბუნებისაა? ეს ნახშირმჟავას დამსახურებაა, რომელიც ატმოსფეროს ორი მუდმივი კომპონენტის, ნახშირორჟანგისა და წყლის ორთქლის, უსასრულო შეერთება-დაშლით წარმოიქმნება. რეაქცია შექცევადია და ამიტომ ნახშირმჟავას გამო წვიმის წყალი მხოლოდ ოდნავ არის მჟავა ბუნებისა, თუმცა მჟავა წვიმების გამომწვევი სხვა მჟავა ოქსიდებიც არსებობს, რომლებიც ატმოსფეროში შემთხვევით კომპონენტებს კი მიეკუთვნება, მაგრამ საკმაოდ ხშირად გვხვდება ჰაერის შემადგენლობაში.
კლასიკური განმარტებით, მჟავური ბუნების წვიმის pH მაჩვენებელი 5,6-ზე ნაკლები უნდა იყოს. გარდა უკვე ნახსენები ნახშირმჟავასი, ბუნებრივი აეროზოლები, რომლებიც შეიძლება მიტაცებულ იქნეს ატმოსფეროში, ასევე წარმოადგენს წვიმის მჟავიანობის მიზეზს. ასეთი აეროზოლები შეიძლება კარბონატული მინერალების მტვერსაც შეიცავდეს. წვიმის მჟავიანობას ატმოსფეროს შემთხვევითი კომპონენტებიც იწვევს. მაგ., აზოტისა და გოგირდის ოქსიდები, რომლებიც ასევე მჟავა ოქსიდებია და ჰაერში არსებულ წყლის ორთქლთან რეაქციით მჟავებს წარმოქმნის. ამ ოქსიდების წყარო მანქანებისა და ქარხნების გამონაბოლქვია (და არამხოლოდ).
რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მჟავურმა წვიმამ?
1. ზრდის ტბების, მდინარეებისა და წყალსატევების მჟავიანობას, ეს კი უარყოფითად მოქმედებს იქ არსებულ ფლორასა და ფაუნაზე და, საზოგადოდ, ეკოსისტემაზე; ასეთი წყალი ყველანაირად გამოუსადეგარი ხდება, რადგან მჟავა გარემო ნიადაგიდან მძიმე მეტალების მარილების გამოთავისუფლებას უწყობს ხელს და წყალი მძიმე მეტალებით ბინძურდება;
2. იწვევს ტყის დეგრადაციას, ყველაზე მეტად კი წიწვოვან მცენარეებს ვნებს;
3. აფუჭებს მოსავალს;
4. აზიანებს ნაგებობებს და აჩქარებს კოროზიას.
ერთხელ მცხეთიდან მოვდიოდი. გზად მოწვიმა და…
„ენთო ჯვარზე ცისარტყელა:
წითლად!
მწვანედ!
ყვითლად!…
და ღრუბლებიც,
მანქანებივით:
ზოგი – იდგა!
ზოგი – მიდიოდა!
ზოგიც – ემზადებოდა წასასვლელად!
და მხოლოდ ერმა,
გაჟღენთილმა მთვრალი წვიმებით,
დაარღვია დათქმული წესი,
და წითელ შუქზე გაიარა!..” (ტარიელ ჭანტურია)
მოდი, ერთი „ცისარტყელა” ან „შუქნიშანი” ჩვენც გავაკეთოთ გაკვეთილზე. აიღეთ 10 გ გლუკოზა და 8 გ ნატრიუმის ან კალიუმის ტუტე, ცალ-ცალკე გახსენით გამოხდილ წყალში (გლუკოზა – 400 მლ-ში, ტუტე – 100 მლ-ში), ხსნარები ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ იმდენი ინდიკატორი ინდიგოკარმინი, რამდენიც ერთ მცირე შპატელს ამოჰყვება და მოურიეთ. ხსნარი ჯერ გამწვანდება, მერე გაწითლდება, ბოლოს გაყვითლდება. სითხე რამდენჯერმე გადაასხით ერთი ჭიქიდან მეორეში (ამით ჟანგბადით გაამდიდრებთ) და ფერების ცვლა თავიდან დაიწყება. 
ცდის ქიმიზმის აღწერამდე აუცილებლად უნდა გითხრათ, სად იპოვოთ ინდიგოკარმინი. ის საკონდიტრო ლურჯი საღებავის შემადგენლობაშია. ჰოდა, სწორედ ნამცხვრების ლურჯად შესაღები ფხვნილი უნდა დაამატოთ ხსნარს, ოღონდ მანამდე ეტიკეტი წაიკითხეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ინდიგოკარმინს მართლაც შეიცავს, რადგან არსებობს საკონდიტრო ლურჯი საღებავი ინდიგოკარმინის გარეშეც. ერთხელ ტრენინგზე მკითხეს, უბრალოდ ინდიგო რომ დავამატოთ, არ გამოვაო? არა, მხოლოდ ინდიგოკარმინი!
თუმცა ეს უფრო „შუქნიშანია”, მე კი მინდა, „ცისარტყელაც” გავაკეთოთ. 
აიღეთ შვიდი ქიმიური ჭიქა. პირველში კალიუმის თიოციანატის ხსნარი ჩაასხით. წითელი ფერის მისაღებად ჩაამატეთ რკინის (III) ქლორიდის ხსნარის რამდენიმე წვეთი. წარმოიქმნება რკინის თიოციანატი, რომელსაც წითელი შეფერილობა აქვს:
3KSCN+FeCl3=Fe(SCN)3+3KCl
მეორე ჭიქაში ჩაასხით კალიუმის ბიქრომატის ხსნარი, რომელიც ისედაც ნარინჯისფერია და ამიტომ ასეც დავტოვებთ.
მესამე ჭიქაშიც კალიუმის ბიქრომატის ხსნარი ჩაასხით – თუ მას ნატრიუმის ტუტის ხსნარს დაუმატებთ, კაშკაშა ყვითელ შეფერილობას მიიღებთ. ტუტე არეში კალიუმის ბიქრომატი ქრომატში გადადის და ყვითლდება:
K2Cr2O7+NaOH=2KNaCrO4+H2O
მომდევნო სამ ჭიქაში ვასხამთ სპილენძის სულფატის სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს.
მეოთხე ჭიქაში სპილენძის სულფატის ხსნარს ვამატებთ კალიუმის თიოციანატს და მწვანე ფერს ვიღებთ:
CuSO4+4KSCN=K2[Cu(SCN)4]+K2SO4
მეხუთე ჭიქაშიც სპილენძის სულფატის ხსნარი ასხია, რომელიც ისედაც ცისფერია და ამიტომ ასეც დავტოვებთ. 
მეექვსე ჭიქაში სპილენძის სულფატის ოდნავ ნაკლები კონცენტრაციის ხსნარია, რომელსაც ლურჯი ფერის მისაღებად ამონიუმის ჰიდროქსიდს დავუმატებთ:
CuSO4+NH4OH=[Cu(NH3)4]SO4+4H2O
მეშვიდე ჭიქაში ასხია კალიუმის მანგანატის ხსნარი. გოგირდმჟავას დამატებისას მწვანე იისფრად გარდაიქმნება. 
ამრიგად, ჩვენ წინაშეა შვიდი ჭიქა ცისარტყელას შვიდივე ფერით.
ბავშვობაში წავიკითხე, ელვის დროს თუ ცას ყურადღებით გახედავ, ნაპრალიდან სხვა გალაქტიკაში გასასვლელს დაინახავო. რომ იცოდეთ, როგორი მონდომებით ვუყურებდი, მაგრამ განათება წამიერი იყო და ვერაფერსაც ვერ ვხედავდი. არ ვიცი, ბავშვობიდან რატომ დამჩემდა წვიმის სიძულვილი, მაგრამ თუ ოდესმე აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდა, ჩავალ და წვიმაში მთელი დღე უქოლგოდ ვივლი.
ამბობენ, იქ წვიმას მგოსნის ხმა აქვსო…
„აფხაზეთის წვიმა მიყვარს,
იცი რად?
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე
ხმაურობს.
ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი
და წკირად
მასზე ზვირთი დადის და 
მოგზაურობს” (გალაკტიონი).

საკეტი და სახელური

0
ათ წელზე მეტი იქნება, რაც ზაზამ ეს ამბავი მომიყვა. მაშინ არც დავფიქრებულვარ, მგონი გულგრილადაც კი ვუსმენდი, ის კი – ახლა მახსენდება და მრცხვენია კიდეც – მღელვარედ და დაუცხრომლად ჰყვებოდა.

…თეაკო რომ გათხოვდა, გემახსოვრება. მამამისმა მაგარი ქორწილი გადაუხადა, სიძეც მოსწონდათ მგონი, სანამ წამლის ბარიგობისთვის არ გასროკავდნენ. ქორწილში იმდენი ხალხი მოვიდა, ყველა არც დამჯდარა სუფრასთან, ნამდვილი ზედახორა იყო, თითქოს ხო ჭრელი და აჭრილი ხალხი, მაგრამ ყველა ყველას იცნობდა. ხუთი-ექვსი ჭიქის შემდეგ კაი ცეკვები გახურდა. ჯერ პატარები გამოვიჭერით, გავიქნიეთ და გამოვაქნიეთ, მალე სერიოზული ხალხიც აგვყვა.
ცოტა გადაკრულში ვიყავი და ვიფიქრე, ნუცას გამოვიწვევ-თქო – შენც ხო იცი, რა ლამაზი იყო ნუცა, სანამ იმ ახვარს გაყვებოდა. ნუცამაც არ გამიტეხა. ერთ კლასში ვიყავით სულ პატარაობიდან, ისიც მახსოვს, დედამისმა რომ მოიყვანა პირველ დღეს, მარტო დატოვება უნდოდა და ეს გაეტირა, მოაღო პირი! რა სასაცილო იყო. ცეკვაში ნუცას ვინ აჯობებდა – დახვეწილობა, სისადავე მაინც თავისას შვრება, ჩემნაირი ქაჯებიც კი კომპლექსდებიან, ასეთ გოგოებს რომ ხედავენ. 
ერთი ტაში მოწყდა, მეორე. მერე ვიღაცამ მოუნდომა გამოცეკვება, მაგრამ ჩავუხტი, გავშალე ხელები – მეშვიდე კლასელებში ჩემზე გრძელი ხელები არავის არ ჰქონდა, სლავასთან წელიწადნახევარი რომ დავდიოდი კალათბურთზე, ეტყობა ეგ გამომადგა. გადავუხურე იმ ტიპს, სამი მოხსნა ეგრევე. მეტი არც უცდია. ნუცაც კმაყოფილი იყო, იღიმოდა. 
ცოტა ხანში დაცხა, ხალხიც შეთვრა და ის მომაბეზრებელი, მაღალფარდოვანი სიყვარული გააჩაღეს. უსქესო სიყვარული, მიკროფონში სალაპარაკო. ნუცას გადავულაპარაკე, გარეთ გავიდეთ, სანამ ამ თამადას ეკლესიასტეს შეგონებებით არ დაუწყია ლაპარაკი-თქო. მიხაროდა, თავის გამოჩენა რომ შემეძლო. კაი-კაი ნარჩევ სახელებს უცებ ვიმახსოვრებდი – ნიჭიერი თუ ხარ, შენს ტვინში თავისუფლად დაეტევა დემი მური და შაკილ ო’ნილი, პიტ სამპრასი და ჰაროლდ პინტერი, ტონი ბლერი და შაკირა. მთავარია, უცხო, გაუცვეთავი იყოს. 
ეზოში გავედით. კაციშვილი არ ჩანდა. მანქანებით სავსე იყო დიდი ეზო. ლამპიონის პატარა შუქი ბჟუტავდა, ერთ ადგილას ჩაშტერებული. მსხლის ხის უზარმაზარი ჩრდილი ეფარა მანქანებზე, გეგონებოდა, ტოტებს ძმაკაცებივით ხელი გადაუხვევიათო. უცებ მომინდა მეც ნუცასთვის გადამეხვია ხელი, მისი სუნი და სითბო მეგრძნო და მისი რბილი და სუსტი თითები არ გამეშვა ხელიდან.
პაპანაქება დღეს ჭიშკარი თუ გამოგიღია, ისეთი გრძნობა მქონდა – სახელური რომ ცხელია და საკეტი ჩადუღებული, უნდა დაეჯაჯგურო. რომ მოქაჩო, ჯერ კარგად უნდა ჩაავლო ხელი. ხელისგულებს გიწვავს, სიცხეც გაჭერს ზევიდან. წვალებაში ხარ – ვერც კარს აღებ და მზეშიც იხრუკები. 
ორი სიტყვით უნდა მეთქვა. არა, უბრალოდ, ხელი უნდა გადამეხვია და… ამ დროს რას ვხედავ! ვიღაც ტიპს გოგო მანქანის კაპოტზე ჩამოუსვამს, ეფერება და ხელის აუჩქარებელი მოძრაობით გადი-გამოდის თავზე, მხრებზე, წინ და უკან. მეთქი, ვინაა ეს შობელძაღლი, რეებს ბედავს-თქო. რაც არ უნდა იყოს, ეზოა, ქორწილია, ხალხი მოძრაობს, შენ კი დამდგარხარ და… ხო გესმის, ათასი რამე! არა, შნოც უნდა გქონდეს, ეგეთები რომ გაბედო, მაგრამ მაინც ტეხავს. მე გამიტყდებოდა მის ადგილას, ვიღაცას რომ ვენახე. არა, ისედაც გამიტყდა, მომერიდა ნუცასკენ გახედვა – არ ვიცოდი, რა მეთქვა. რითი გამემართლებინა მაგ ტიპის საქციელი, ან რატო უნდა გამემართლებინა, კაცი იყო და კაცის საქმეს შვრებოდა, მაგრამ რატომღაც მომინდა, მის ნაცვლად მეთქვა რამე. ან არ მეთქვა და უბრალოდ… ეგრეც მოვიქეცი: გავიღიმე, ფართოდ გავიღიმე, სიცილამდე ღიმილი რომ არის, ისე, და ჩემი უდარდელობით გულმოცემულმა ნუცას გავხედე.
ნუცა არ ჩანდა. სადღაც გამქრალიყო. მივიხედ-მოვიხედე, ერთ ადგილას ჩაშტერებული      ლამპიონის შუქი ბჟუტავდა, დიდი ხის ტოტები მანქანებს გადაფარებოდნენ. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ქორწილში შევბრუნდი – ნუცა არც იქ იყო.
შოთიკო შემხვდა, მთვრალი და არეული. ნუცაზე რომ ვუთხარი, წეღან ეზოში ვნახეო. სად ეზოში-მეთქი. აი, მანდ, კიბესთან, მანქანები რომ აყენიაო. უცებ სახე გაებადრა და ხმადაბლა მითხრა, თვალებში ეშმაკები უთამაშებდა, – ხო ნახე, რეზიკოს რა ნაშა ყავდა დათრეულიო. 
რეზიკო? შენ საიდან იცი-მეთქი. რაღა საიდან, მეც მანდ ვიდექი და ლუკაც, ალეკოც, სუსლიკაც. არ გამაგიჟო-მეთქი. მე და ნუცა ვიყავით მარტო, რომ გამოვიხედე, ნუცაც არ იყო, თქვენ სად ჯანდაბაში იყავით-მეთქი. ჩვენც მანდ ვიყავით, ახლოს, და მერე ასეთ გოგოსთან რომ დგახარ, ძმაო, ცოტა ხელიც უნდა წაუჭიროო. 
ვითომ რატომ-მეთქი, – არ დავიხიე. არც რატომ, უბრალოდ, ამ რეზიკომ მთლად მოწამლა აქაურობა. რაც ეგ ჩამოვიდა, გაგიჟებას არიან ეს გოგოები, დიდიან-პატარიანა. აწყდებიან და ვერც აწყდებიან. ხო იცი, ჩვენხელა გოგოებს დიდი ბიჭები მოსწონთო.
ნუცასთვის ამაზე არასდროს არაფერი მიკითხავს. იმ დღის მერე სულ შეიცვალა. ცეცხლი მწვავდა, მაგრამ მისვლა ვერ გავბედე. სკოლა ისე დავამთავრეთ, ვერ შევძელი ერთხელაც მეკითხა, სად გაქრა იმ საღამოს, ან რატომ წავიდა. რეზიკოს რომ ნახავდა იმ გოგოსთან ერთად, ვიცი, მაგრამ რაღაც არ მჯერა, ის ბიჭები შეემჩნიოს, ვითომ ჩვენს უკან რომ იდგნენ. ნახავდა? მაშინ მე რატომ ვერ ვნახე. და ვის გამო გაიქცა ბოლოს და ბოლოს ეზოდან? – ჩემი, რეზიკოსი თუ იმ ბიჭების? ვის გამოექცა?
რეზიკომ მოწამლა ყველაფერიო – მეტი საქმე არა აქვს, პატარა გოგოების ამბავი ინაღვლოს, მაგის რა ბრალია, ვიღაცას თუ შეუყვარდა და შუა ეზოში გოგოსთან ერთად შეუსწრო? ჩემი ბრალიცაა, დროზე უნდა ჩამეკიდა ხელი, დროზე უნდა მეთქვა, რასაც აქამდე გონებაში ვღეჭავდი: დროზე უნდა დაფქვა, თორემ ხრეში გაგერევა და კბილები დაგიბლაგვდება. მერე ან რეზიკოს ნახავ ვიღაც შემთხვევით ტიპშასთან – და ის დაგაბნევს, ან შემთხვევითი დაღრეჭილი ნაბიჭვრები ამოგიდგებიან უკან, და შენ, ამ ფიქრებში ჩაყვინთული, ვერც მიხვდები, სად გაქრა ნუცა. 
მერე ისიც შეიძლება იფიქრო: იქნებ არც ვყოფილხარ მაგ ეზოში, ქორწილიდან ცხვირი არ გამომიყვია და თუ კაცი ხარ, ამდენი წლის შემდეგ ნუცას ამბავს რას მაყოლინებ, ვიღაც მევახშემ წაიყვანა და ცხოვრობენ ბედნიერადო. 
არა, ნაღდად არ მომიწევია, ზვიად… სკოლის მერე არ გავკარებივარ მაგას. დაგაბოლე, ხო? არა, ნამდვილი საოცრება იყო. რომ ვიხსენებ, გული მეწურება. აი, ისეთი გრძნობა მაქვს… პაპანაქება დღეს ჭიშკარი ხო გამოგიღია – სახელური რომ ცხელია და საკეტი ჩადუღებული, უნდა დაეჯაჯგურო. რომ მოქაჩო, ჯერ კარგად უნდა ჩაავლო ხელი. ხელისგულებს გიწვავს, სიცხეც გაჭერს ზევიდან. წვალებაში ხარ – ვერც კარს აღებ და მზეშიც იხრუკები. 

როგორ გადავირჩინოთ ყურთასმენა (II ნაწილი)

0
ადამიანის სმენის ორგანო სრულყოფილი მექანიზმია. მას ინტენსივობათა უზარმაზარ დიაპაზონში შეუძლია ბგერების აღქმა – კოღოს სუსტი წრიპინიდან ვულკანის ამოფრქვევის გამაყრუებელ გრუხუნამდე.

ბგერა შეგვიძლია სიხშირისა და ძალის მიხედვით დავახასიათოთ. ბგერის სიხშირე ჰერცებში იზომება, ხოლო ძალა – დეციბელებში. 150 დეციბელი ადამიანისთვის დამაყრუებელ ნიშნულად არის მიჩნეული. მაგალითად, შუა საუკუნეებში არსებობდა სიკვდილით დასჯა „ზარების რეკვით”: ზარების გუგუნი სიკვდილმისჯილს ნელა, წამებით კლავდა. მშენებლებს, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს, მუსიკოსებს სმენის დაქვეითება პროფესიულ დაავადებადაც შეიძლება ჩაეთვალოთ, თუმცა სმენის ნერვს მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული ხმაური არ აზიანებს – დისკოთეკა, მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა სმენის დაკარგვის მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია. საგულისხმოა, რომ ფლეერი (114 დბ), საქსოვი დაზგა, ბურღი და დისკოთეკაზე არსებული ხმაური იწვევს ეგრეთ წოდებულ „ბგერით სიმთვრალეს” (ჰიპნოზს), ძილის დარღვევას, ფსიქიკის აშლასა და სმენის დაკარგვას.
 
თანამედროვე ყოფაში ჩვენ გარშემო არსებული ხმები პირობითად შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დავყოთ:
მტკივნეული შეგრძნებების გამომწვევი
 
140 დბ – ზარბაზნის გასროლა ან თანამგზავრის გაშვება
130 დბ – სანგრევი ჩაქუჩის ხმა
129 დბ – ხმაური დისკოთეკებსა და კონცერტებზე, ხმის გამაძლიერებლების სიახლოვეს
120 დბ – როკმუსიკა 1-2 მ მანძილზე
ძალზე ხმამაღალი
100-110 დბ – როკკონცერტი დარბაზში
106 დბ – დასარტყამი ინსტრუმენტები
90 დბ – სათიბი მანქანა, მეტრო, სატვირთო ტრანსპორტი
ხმამაღალი 
80 დბ – ქუჩის ხმაური
70 დბ – მტვერსასრუტი, მაღვიძარა 
60 დბ – საუბარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა
საშუალო
50 დბ – წვიმა
40 დბ – წყნარი ოთახი

სუსტი
30 დბ – ჩურჩული, ბიბლიოთეკის დარბაზი
ხმაური, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 20-30 დეციბელს, ადამიანისთვის პრაქტიკულად უვნებელია.
ტონალურ-ზღურბლოვანი აუდიომეტრია სუბიექტური კვლევის მეთოდია. გამოკვლევა აუცილებელია სმენის სიმახვილისა და დაქვეითების ხარისხის დასადგენად, განსაკუთრებით – მუსიკოსებისა და ხმის რეჟისორებისთვის.
ნორმალური სმენა მოზრდილებისთვის 25 დბ-ია, ბავშვებისთვის – 15 დბ;

26-40 დბ – მსუბუქი სმენანაკლულობა;
41-55 დბ – ზომიერი სმენანაკლულობა;
56-70 დბ – მძიმე სმენანაკლულობის საშუალო ხარისხი;
71-90 დბ- სმენის მძიმე დაქვეითება;
90 დბ – ღრმა სმენანაკლულობა.
ყოველი ადამიანი ბგერას სხვადასხვანაირად აღიქვამს. ეს დამოკიდებულია ასაკზე, ტემპერამენტზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარემო პირობებზე.

სხვადასხვა სტილის მუსიკა სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკაზე. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბუნების ხმები და კლასიკური მუსიკა ამშვიდებს, პოპმუსიკა აღაგზნებს და ამხნევებს, ხოლო როკმუსიკა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ჩვენს ემოციებზე. სმენის დაქვეითების მთავარ მიზეზად ექიმებს მაინც ხმამაღალი მუსიკა მიაჩნიათ, რომლითაც ესოდენ არიან გატაცებულნი ახალგაზრდები. ახალგაზრდული მაქსიმალიზმის გამო ამ თაობას სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით ყველაზე მეტად ემუქრება სმენის დაქვეითების საფრთხე. მძაფრი შეგრძნებების ძიებისას მათთვის ემოციაა მნიშვნელოვანი და არა რაციონალურობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს სმენის დაქვეითების პროფილაქტიკის გზები და საშუალებები: ვეცადოთ, შეძლებისამებრ მოვშორდეთ ხმის გამაძლიერებლებს, ხოლო მუსიკის ხანგრძლივად მოსმენის შემთხვევაში დროდადრო შევისვენოთ. კიდევ ერთი: ექსტრემალურ სიტუაციებში ყურის დამცავი საცობები გამოვიყენოთ. მაგალითად, გერმანიაში დისკოთეკების ორგანიზატორები საცობებს უფასოდ არიგებენ. სამწუხაროდ, ამგვარი მომსახურება ახალგაზრდებში ნაკლებად პოპულარულია.

თუ რომელიმე ჩვენგანს ამგვარი პრობლემა აქვს, უნდა იცოდეს, რომ ის მარტო არ არის: სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ ინგლისში ტინიტუსით 10 000 კაცი იტანჯება, ხოლო მთელ მსოფლიოში – 500 000-ზე მეტი. სივრცის ხმაურით დაბინძურების გამო ასეთი ადამიანების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. დღეს უამრავი ცნობილი პიროვნება დგას ამ სირთულის წინაშე: ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის ლიდერი უილიამ ადამსი, კანადელი მომღერალი ნილ იანგი, ინგლისელი როკმომღერალი ოზი ოსბორნი, ინგლისელი მუსიკოსი ლიამ გალაჰერი, ინგლისელი მომღერალი სტინგი, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ბარბრა სტრეიზანდი და სხვები. ბარბრა აღნიშნავს: „პირველად ამ პრობლემით მხოლოდ 30 წლისამ მივაკითხე ექიმს. მე-6 კლასში ვიყავი, როცა ყურებში რეკვა ჩამესმა. რატომღაც ფსიქიკურ გადახრას გადავაბრალე, ამიტომ ჩემს პრობლემას საგულდაგულოდ ვმალავდი, თავზე კი შარფს ვიხვევდი ხმამაღალი ბგერების დასაბლოკავად, რომლებიც გარედან შემოღწეული მეგონა. წლობით ვცხოვრობდი ამ საიდუმლოთი და მისი გარკვევის შიშით”.
ბრიტანული ჯგუფის „Coldplay”-ს სოლისტი კრის მარტინი ათწლიანი დუმილის შემდეგ აღიარებს, რომ მრავალი წელია, ყურებში ხმაურით იტანჯება, მიზეზად კი ბავშვობიდან ყურსასმენებით მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენას ასახელებს. კონცერტებზე კრისს მრავალი დისკომფორტის გადალახვა უწევს – საერთო მიქსში პარტიების უკეთ გასარჩევად და, იმავდროულად, მუსიკალური ხმაურის შესამცირებლად ის სპეციალური სასმენი მონიტორებით სარგებლობს. ტინიტუსისა და სმენის დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილების მხარდასაჭერად მომღერალი ბრიტანულ ორგანიზაცია „Action On Hearing Loss”-ს შეუერთდა.
უკანასკნელ წლებში ეს მოვლენა ისე გავრცელდა, რომ დაარსდა საერთაშორისო ასოციაცია, რომელშიც ამ პრობლემით დაინტერესებული ორგანიზაციები გაერთიანდნენ. ტინიტუსის წარმოშობის მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არის. ეს შესაძლოა იყოს შიდა ყურის პრობლემები, წამლების უარყოფითი ზემოქმედება, ტრავმები, სტრესი, ცხოვრების დაძაბული რიტმი და სხვა. მაგრამ ის, რომ მაღალი სიხშირის ბგერის სასმენ ორგანოზე ხანგრძლივი ზემოქმედება საბოლოოდ სმენის დაქვეითებას იწვევს, ფაქტად რჩება. მისი ზემოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სასმენი სისტემის გადატვირთვასთან. სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდია მოწოდებული: პრეპარატები, სპეციალური ვარჯიშები, – თუმცა მათი ეფექტურობა მაღალი არ არის, ამიტომ სიმშვიდის, სიჩუმისა და დადებითი ემოციების იმედიღა დაგვრჩენია.

დღეს მრავალ ქვეყანაში დადგენილია ბგერის სიძლიერის ნორმები. აშშ-ის სმენის ინსტიტუტმა (House Ear Institute) ინდივიდუალური გამოყენების დამცავი საყურისები შექმნა. მათი საშუალებით შესაძლებელია ბგერის საერთო დონის 25 დბ-ით დაწევა როგორც დაბალ, ასევე მაღალ სიხშირეებზე. ამ დროს ხმოვანების ტემბრი უცვლელი რჩება.

სმენის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მრავალწლიანი გამოკვლევებით დადგენილ იქნა ხმაურის დასაშვები დონე და მისი ზემოქმედების უსაფრთხო ხანგრძლივობა. 115 დბ-ზე ძლიერი ხმაური ნებისმიერი ხანგრძლივობისას სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. განსაკუთრებით სარისკოა ფლეერისა და მობილური ტელეფონის (ღია) საყურისებისა და საყურე ჩანართების გამოყენება. სრული იზოლაციის არარსებობა სასმენ მილში დაბალი და მაღალი სიხშირეების გაჟონვას იწვევს, ამიტომ მსმენელი თანდათან იწყებს სიმძლავრის მომატებას. იმის გათვალისწინებით, რომ მუსიკის მოსმენა დღეში რამდენიმე საათს გრძელდება, უფრო და უფრო იზრდება სმენის დაზიანების საფრთხე. გამოკვლევებმა ცხადყო ისიც, რომ ყურში ჩასადგმელ საყურისებს ბგერის 7-9 დეციბელით მატება ახასიათებს. დახურული ტიპის ყურსასმენების ხმის დიაპაზონი ნაკლებია, ამიტომ ისინი შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა უკეთესი იქნება, თავად ვაკონტროლოთ ხმის დონე: 

▪ ყურსასმენებში ბგერის ძალა არ უნდა აღემატებოდეს პლეერის მაქსიმალური შესაძლებლობის 60%-ს;
▪ ხმის სიძლიერე ნორმალურად ჩაითვლება, თუ შეგვეძლება გარეშე ხმების გაგონებაც;
▪ ყურსასმენებიდან გამომავალი ხმა არ უნდა ესმოდეთ გარშემო მყოფებს;
▪ თუ ურთიერთობისას უნებლიეთ ყვირილზე გადავდივართ, ეს ნიშნავს, რომ მუსიკა ზედმეტად ხმამაღალია;
▪ არ შეიძლება ყურსასმენებით უწყვეტად სარგებლობა 2 საათის განმავლობაში.
ადამიანები ხმამაღალ ცხოვრებას შევეჩვიეთ და თუ ძველად ხმაური მხოლოდ დღესასწაულებზე ისმოდა, დღეს ის გამუდმებით ჩვენ გარშემოა. განსაკუთრებით სახიფათოა ის მუსიკალური დისკოთეკები და შოუები, სადაც მსმენელის ემოციებზე უძლიერესი ეფექტის მოსახდენად იყენებენ წარმოუდგენლად დაბალი და მაღალი სიხშირის ხმამაღალ ბგერებს. სამწუხაროდ, არავის აინტერესებს, რა გაუთვალისწინებელი შედეგით შეიძლება დასრულდეს სასმენ ორგანოზე ამგვარი ზეწოლა.
 
ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს ინფორმირების სისტემა – „ხმის ინდიკატორი” (რეალური დროის რეჟიმში), რომელიც აუდიტორიას ხმის ზღვარის მოსალოდნელ გადაჭარბებას ამცნობს. ამრიგად, მსმენელი გაფრთხილებულია სასმენი ორგანოს სავარაუდო დაზიანების შესახებ. არსებობს ხმაურის ავტომატური შემზღუდველებიც, რომლებიც ნაწილობრივ აბალანსებს დარბაზში ხმის გადაჭარბებულ დონეს.
გავუფრთხილდეთ სმენას. მისი დაცვა ყოველთვის შესაძლებელია. 

კანადელ მეცნიერთა აზრით, ხანდაზმულ ასაკში პროფესიონალი მუსიკოსები მახვილი სმენის – ბგერების ფართო დიაპაზონში ამოცნობის უნარის წყალობით საიმედოდ არიან დაცულნი სმენის დაქვეითებისგან. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მუსიკას ბავშვობიდან მისდევენ, სხვებზე ნაკლებად განიცდიან სმენის ორგანოს ატროფიას.

სასჯელი “ბარსელონასათვის”

0
სკანდალი თუ გინდა ესაა – კატალონიის “ბარსელონას” 2 წლის მანძილზე ტრანსფერების განხორციელება აუკრძალეს და გვარიანი ფულადი ჯარიმაც დააკისრეს. ”ბარსელონა”, რა თქმა უნდა, უბედური ქართული საფეხბურთო კლუბი არაა, აღნიშნული ჯარიმის გადახდას რომ შეეწიროს და არც ორწლიანი უტრანსფერობა დააქცევს, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან კატალონიური კლუბის დაჯარიმება პირველ ყოვლისა იმის დასტური იყო, რომ ფეხბურთში მანკიერებების არსებობა პირინეაზეც აღიარეს და ეს – როგორც ზოგიერთი ფიქრობდა – მხოლოდ იტალიის ფეხბურთის ბოსების ახირება არ იყო.

მჯერა, რომ ესპანური ფეხბურთის მესაჭენი არ მოიქცევიან ისე სულელურად, როგორც მათი იტალიელი კოლეგები მოიქცნენ და საფეხბურთო სკანდალების გამუდმებულ კვლევა–ძიებას არ გადააყოლებენ ფეხბურთს, მაგრამ მანკიერებები რომ უნდა აღმოიფხვრას – ამაზე ყველანი ვთანხმდებით და ჩვენს აზრზე შესაძლებელია ”ბარსელონას” ობიექტური ინჩასებიც კი იყვნენ.

”ბარსელონას” გარშემო ატეხილი სკანდალი, როგორც იცით, არასრულწლოვან ფეხბურთელებთან არასწორად გაფორმებულ კონტრაქტებს უკავშირდება. ეს თემა კარგა ხანი იდგა საფეხბურთო ევროპის წინაშე, მაგრამ ყურს ბევრი არ იბარტყუნებდა. მიზეზი მარტივია – არავის სურდა ზედმეტად თავის შეწუხება და ზედმეტი პრობლემების შექმნა მაშინ, როდესაც ისედაც ბლომად ფულს იჯიბავდნენ და სად ეცალათ გადაცდომების გამოსასწორებლად?! 

არადა არასრულწლოვანთა დასაქმების პრინციპები გაეროსა და ევროკავშირის ინტერესის საგანს წარმოადგენს და ეს ორგანიზაციები გამადიდებელი ლუპის ქვეშ აკვირდებიან ყველაფერს, რაც არასრულწლოვანთა შრომას უკავშირდება. გასაგებია, რომ კატალონიის “ბარსელონა” აფრიკის მაღარო არაა, სადაც ბავშვებს შრომით ტყავს აძრობენ და ეს ხშირად უბედური მოზარდების დაღუპვის მიზეზიც კი ხდება, მაგრამ ლეგენდარულ კლუბს ნამდვილად არ ეგების ასეთ ფაქიზ საკითხს რუსული კლუბივით მიუდგეს და სულ არ გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა დაცვის ის პრინციპები, რაზეც რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და რამდენიმე ველური სახელმწიფოს გარდა, მთელი გონიერი კაცობრიობა თანხმდება.

ჯერ კიდევ ბოსმანის წესებში (რომელმაც თავის დროზე დიდი მითქმა-მოთქმა და სკანდალი გამოიწვია) ნათლად იყო გაწერილი მოზარდების ფეხბურთში დასაქმების წესები და მკაცრად იზღუდებოდა არასრულწლოვანთათვის სრულფასოვანი კონტრაქტების დადება. თუმცა შემდეგ ბობოლა ევროპული კლუბების ზეწოლით ამ წესებშიც შეიტანეს ცვლილებები და სწორედ ამის შედეგია ის, რომ არგენტინასა და ბრაზილიაში საკმარისია ბავშვმა ბურთს ფეხი ორჯერ გადაატაროს, რომ ეგრევე ევროპაში მიჰყავთ – ახალი მესი და ნეიმარი გაიზრდებაო. ახალ გარემოსთან შეგუება და შორ მანძილებზე წანწალი ბავშვის ფსიქიკაზე კარგ გავლენას რომ არ ახდენს, ეს ბევრს არავის ადარდებს. აღარაფერს ვამბობ მათთვის დაწესებული ანაზღაურების ყოვლად ბუნდოვან და გაუმართავ პრინციპებზე.

ეს ტექსტი რომ ევროპელებმა წაიკითხონ, ალბათ იტყვიან, თქვენ რაღა გადარდებთ, თქვენ მაინც ხომ არ დგახართ ახალგაზრდა ფეხბურთელთა დიდი მიგრაციის საფრთხის წინაშეო. მაგრამ ვინც ამას იტყვის, ალბათ არ ეცოდინება ის, რომ მიუხედავად ქართული ფეხბურთის დაცემისა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საბავშვო აკადემიებში უამრავი ჩვენებური მოზარდი ვარჯიშობს და სწორედ ეს ბავშვები გვაძლევენ იმედს, რომ მომავალში მაინც შეიძლება დაადგეს საშველი საქართველოს ნაკრებს.

ჰოდა, ჯერ ერთი, ამ ბავშვების ბედი ალბათ ყველას უნდა გვაღელვებდეს და, მეორეც, თუკი კაცს ფეხბურთი გიყვარს და გაინტერესებს, მაშინ იმ არგენტინელი თუ ბრაზილიელი ყმაწვილების ბედიც უნდა გაფიქრებდეს, რომლებიც ხშირად ორი ლუკმა სარჩოს საზღაურად ჩამოჰყავთ ევროპულ კლუბებს და მათი დიდი ნაწილი შემდგომში საერთოდ ვეღარ ახერხებს დიდი ფეხბურთის თამაშს. როგორც დიდმა გარინჩამ თქვა: ”ფეხბურთი ყველასია და როდესაც ეს ასე არ იქნება, ის დღე შეგვიძლია ფეხბურთის დასასრულად ჩავთვალოთ”.

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

0
სხვანაირად არ გამომივიდა, მეც სიკვდილზე ვწერ, სიკვდილზე, რომელიც ისეთი მარტივი, ახლო და ხელშესახები გახდა ჩვენთვის, აღარც გვაშფოთებს; სიკვდილზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი გულგრილობისა და ვიწრო აზროვნების საზარელი შედეგი; სიკვდილზე, რომელიც ეზოში ავი ქოფაკივით დავაბით, მივაძინეთ და მაშინ ვაღვიძებთ, როცა დაგვჭირდება, სანახაობაზე დასასწრებად კი ვეძახით მეზობლებს, მეგობრებს, ახლობლებს, რომლებიც კიდევ უფრო ინდიფერენტულები და სასტიკები არიან, ვიდრე ჩვენ.

ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი სამწუხარო რეალობა, სადაც სხვისი ტრაგედია არაფრად მიიჩნევა, სადაც ოჯახში ძალადობას საზოგადოების პრობლემად არ აღიქვამენ, სადაც მოკლულ ცოლებს ღალატში ადანაშაულებენ, სადაც სამართალდამცავებს ნაცემი ქალებისთვის თვალის გასწორება კი არა, მოძალადე ქმრების დასჯა ეუხერხულებათ.
იქ, სადაც გავიზარდე, ჩემი ოჯახის ბინიდან რამდენიმე სართულით ქვევით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ორი შვილით. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი წყვილი იყო და მათი ყოფაც არაფრით გამოირჩეოდა იქამდე, სანამ ალკოჰოლით გაგიჟებული ქმარი ოჯახში ნამდვილ ჯოჯოხეთს არ მოაწყობდა. ეს კი არც ისე იშვიათად ხდებოდა. პოლიციის გამოძახება, მგონი, არავის უცდია, ალბათ აზრიც არ ექნებოდა – 90-იანების დასაწყისის ამბავს გიყვებით. მახსოვს შეწუხებული და შეშინებული დედაჩემი, რომელიც ხშირად ცდილობდა მეზობელი ქალის გადარჩენას სასტიკი ძალადობისგან, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მახსოვს არაადამიანური ღრიალი, კივილი, სასოწარკვეთილი შვილების ტირილი, რომელიც სივრცეს ერეოდა და ოთხი სართულით მაღლა აღწევდა. 

მერე გოგო გარდაიცვალა. ნაცემს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ვეღარ გაუძლო. დედამთილი მკვდარ რძალს ადანაშაულებდა, რომ ქმარს ვერ მიხედა, მეზობლები დანანებით აქნევდნენ თავებს და შიგადაშიგ აღნიშნავდნენ, რომ სწორედ ქალზეა დამოკიდებული, როგორ მოექცევა კაცი. მოძალადე ქმარი არავის დაუსჯია, უფრო მეტიც, მთელმა ეზომ ჩვეულებრივ განაგრძო მასთან ურთიერთობა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. როგორც ჩანს, ესეც ჩვენი ბუნებაა – მარტივად დავივიწყოთ მიცვალებულები, რომელთა გახსენებაც სინდისს გვიღვიძებს და მშვიდად დაძინების უფლებას გვართმევს.   

თუ ძალადობის სტატისტიკას გადავხედავთ, რთული მისახვედრი არ იქნება, რომ საქართველოში თითქმის ყველა უბანს, ყველა ეზოს, ყველა კორპუსს, მინიმუმ, ერთი მოძალადე ჰყავს. ჩვენ მათ ვიცნობთ, ვესალმებით, სამეზობლოსთვის საჭირბოროტო საკითხებს მათთან ერთად განვიხილავთ. როცა მათი სახლებიდან შემაძრწუნებელი ხმები გვესმის, ყურებზე ხელს ვიფარებთ, რომ შინაგანმა ხმამ ჩარევისკენ არ გვიბიძგოს. ამით ჩვენ დანაშაულის თანამონაწილენი ვხდებით, ვეხმარებით მოძალადე ქმრებს, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენონ ცოლებს, ტერორში აცხოვრონ შვილები და საქმე საქმეზე რომ მიდგება, არც მკვლელობაზე დაიხიონ უკან. მოძალადეებმა იციან, რომ ამ შემთხვევაშიც კი როგორღაც მოიძებნება მიზეზი მათ გასამართლებლად.

რა მოხდება, თუ მოძალადეებს სრულ ბლოკადაში ვაცხოვრებთ? რა მოხდება, თუკი მიხვდებიან, რომ მათ საქციელს არავინ გაამართლებს? რა მოხდება, თუ ჩვენ, ყველანი, უარს ვიტყვით, ვიყოთ შემწყნარებელნი მათ მიმართ, ვინც საკუთარი ოჯახების განადგურებით მთელ ქვეყანას აავადებს? იქნებ ერთობლივი ძალებით მოვახერხოთ და დავარღვიოთ დუმილი იმ საზარელი სენის მიმართ, რომელსაც ოჯახში ძალადობა ჰქვია, იქნებ შევძლოთ, თავიდან ავიცილოთ ქალთა მკვლელობის შემაძრწუნებელი სერიის გაგრძელება.

ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში თოთხმეტი ქალი მოკლეს. ჩვენ იქამდე უნდა ვიმეოროთ ეს რიცხვი და მათი სახელები, სანამ ყველა მოძალადე პასუხს არ აგებს, სანამ ძალადობის ჯაჭვი, სათითაოდ რომ გვითრევს, სადმე არ გაწყდება, სანამ ქალზე ხელის აღმართვას უდიდეს სირცხვილად და ტრაგედიად არ ჩათვლის თითოეული ჩვენგანი, გამონაკლისის გარეშე.

რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ ამ თემაზე ბოლო დროს ბევრი დაწერეს, მაგრამ სანამ ერთ ისეთ ისტორიას მაინც, როგორსაც ზემოთ მოვყევი, გულსა და გონებაში ვინახავთ, დუმილი დანაშულია, რადგან არავინაა დაზღვეული, იყოს შემდეგი იმ სისხლით დალაქავებულ  სიაში, რომელიც მხოლოდ 2014 წლის მონაცემებით, ჯერჯერობით, თოთხმეტი სახელისგან შედგება.

უფროსკლასელების ფსიქომოტორული უნარების განვითარება

0
უნარების განვითარების პრობლემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პედაგოგიურ მეცნიერებასა და პრაქტიკაში. ადამიანის მრავალ პრობლემას შორის ფსიქომოტორული უნარები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ეს უკავშირდება იმას, რომ ადამიანის ყველა სახის აქტივობა გარკვეულ მოძრაობას გულისხმობს. ფსიქომოტორიკა სენსომოტორულ-იდეომოტორული და ემოციურ-მოტორული რეაქციებია და აქტივობებში ფსიქიკის ობიექტივაციის ძირითადი სახეა. ფსიქომოტორიკა ფსიქიკის მოძრაობითი აქტებისა და რეაქციების საშუალებით გამოვლინებაა.
ყოველი მოძრაობითი აქტივობის სიზუსტე განისაზღვრება მისი გარეგანი ფორმისა და შინაარსის შესაბამისობით. გარეგანი ძალა განსაზღვრავს ცალკეულ მოძრაობით მიმართულებას, ამპლიტუდას, შეთანხმებულობას, ე.ი. ფიზიკური ვარჯიშის ფორმას. მოძრაობითი აქტის შინაგანი მხარე განისაზღვრება ორგანიზმში სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესის ურთიერთკავშირით, გარკვეული ფიზიკური დატვირთვის ზემოქმედებით. რაც უფრო მაღალია ამ პროცესების შეთანხმებულობა, მით უფრო ეკონომიურად სრულდება  მოძრაობითი მოქმედება.
ფსიქომოტორული უნარების ერთიანი კრიტერიუმები არ არის დადგენილი. სავარაუდოდ, არსებობს თვისებათა კომპლექსი, რომელიც პირობითად გაყოფილია 2 ჯგუფად: ფიზიკური განვითარების თვისებები და საკუთრივ ფსიქომოტორული თვისებები. 
ფიზიკური განვითარების თვისებებს მიეკუთვნება: სტატიკური ძალა, დინამიკური ძალა, ფეთქებადი ძალა, მოქნილობა, დინამიკური მოქნილობა, საერთო გამძლეობა, სპეციალური გამძლეობა, კოორდინაცია, წონასწორობა. ფსიქომოტორულ თვისებებს მიეკუთვნება: მოძრაობის სიზუსტის რეგულაცია, მოძრაობათა კოორდინაცია, რეაქციების დიფერენცირება, რეაქციის სისწრაფე, ხელის მოძრაობის სისწრაფე, მაჯის მოძრაობის სისწრაფე, თვალყურის მიდევნება, თითების მოქნილობა და სხვ.
ბავშვის ფსიქომოტორული შესაძლებლობები დამოკიდებულია მთელი რიგი ფსიქიკური ფუნქციების განვითარების ასაკობრივ თავისებურებებზე:  მოძრაობითი შეგრძნებები, სენსომოტორული პროცესები, მეხსიერება, აზროვნება და ყურადღება. უმცროსკლასელებში მოძრაობის სისწრაფე მატულობს, მაგრამ შესრულების სიზუსტე ჯერ კიდევ დაბალია. ბავშვები აკეთებენ ბევრ ე.წ. ”ზედმეტ” და გაუაზრებელ მოძრაობას. ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ გარეგნულად მსგავსი  მოძრაობების დიფერენცირება მართვის ძირითადი პარამეტრების მიხედვით. უმცროსკლასელებს ჯერ კიდევ არასაკმარისად აქვთ განვითარებული აზროვნება, ყურადღების განაწილებისა და გადატანის ჩვევები.  ეს კი ართულებს მოძრაობითი ჩვევების შესწავლასა და ათვისებას.
მოზარდების ინტენსიური ზრდა იწვევს ზოგიერთ დისპროპორციას არა მხოლოდ ტანის აღნაგობაში, არამედ მოძრაობითი აპარატის მართვაშიც. მოუქნელობა შეიძლება მოზარდის მორცხვობის, გაუბედაობის, თავის თავში დაურწმუნებლობის მიზეზი გახდეს. 11-15 წლის ბავშვებში მატულობს მოძრაობის შესრულების სისწრაფე და სიზუსტე და თუ ამ ასაკში არ ვიმუშავებთ მოძრაობის სიმარჯვესა და მოძრაობათა კოორდინაციაზე, მოზარდებს შეიძლება ჩამოუყალიბდეთ არასწორი ჩვევები და მოძრაობითი სტერეოტიპები, რომელთა დაძლევაც ზრდასრულობის ასაკში გართულდება.  
გთავაზობთ უფროსკლასელთა ფსიქომოტორული უნარების განვითარების შესამოწმებელ ტესტებს.
რექაციის სისწრაფე ვარდნილ საგანზე
 
შეფასება ხდება „სახაზავის დაჭერის” ტესტის მიხედვით. მოსწავლე იღებს საწყის მდგომარეობას (ს.მ.): ძირითადი დგომი (ძ.დ.) – ხელი მოხრილია იდაყვის სახსარში (კუთხე 90°), ნები შიგნით, თითები გამართულია. მასწავლებელს ვერტიკალურად უჭირავს 40 სმ-ის სიგრძის  სახაზავი თითებიდან 1-2 სმ-ის დაშორებით. სახაზავის ნულოვანი ნიშანი ნების ქვედა ზღვრის დონეზეა. სიგნალის გარეშე მასწავლებელი ხელიდან უშვებს სახაზავს, მოსწავლემ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაიჭიროს იგი. მანძილი იზომება სანტიმეტრებში ნულოვანი ნიშნიდან ნების ქვედა ზღვრამდე. მიზანშეწონილია, მოსწავლეს მივცეთ ერთი საცდელი და სამი ჩასათვლელი ცდის უფლება. გამოიყვანება 3 ცდის შედეგის საშუალო არითმეტიკული.
მოძრაობითი ამოცანების გადაწყვეტის ეფექტიანობა
ეს შეიძლება გამოვლინდეს სათვალავის (ფიშკების) არჩევისას და გადაწყობისას. პლასტმასის ყუთში (15X19 სმ) ჩაყრილია სხვადასხვა დიამეტრის სათვალავი (ფიშკები) (მსხვილი 20 მმ, საშუალო 15 მმ, წვრილი 5 მმ), თითოეული დიამეტრის 10-10 ცალი. სიგნალზე „დაიწყე!” მოსწავლეს მსხვილი დიამეტრის სათვალავი ერთი მეორის შემდეგ გადააქვს ახლო მდგომ იმავე ზომის მეორე ყუთში. მას შემდეგ, როცა ყველა მსხვილი დიამეტრის სათვალავი გადატანილია,  ხდება მათი უკან დაბრუნება პირველ ყუთში და მათი შერევა დანარჩენ ფიშკებთან. მოსწავლე ამავე დავალებას ასრულებს საშუალო და პატარა ზომის ფიშკებთანაც ცალ-ცალკე. აღინიშნება ფიშკების გადაადგილების ზუსტი დრო, რომელიც ჯამდება ყოველი ცდის მიხედვით. 
მოცემული მოძრაობის ამპლიტუდის აღდგენის სიზუსტე
თვალდახუჭული მოსწავლე ხელით 3-ჯერ ასრულებს მოძრაობას მასწავლებლის მიერ მონიშნულ ფარგლებში. მოსწავლე იმახსოვრებს მოძრაობას და ხელს აბრუნებს საწყის მდგომარეობაში. შეზღუდვის მოცილების შემდეგ მან 3-ჯერ უნდა გაიმეოროს მოცემული ამპლიტუდის მოძრაობა მხედველობითი კონტროლის გარეშე. აღდგენის სიზუსტე ფასდება ეტალონიდან გადახრის მიხედვით. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა 3 ცდის უფლება.
სივრცობრივი პარამეტრების აღდგენის უნარი
 
დავალება 1: სრულდება ადგილიდან სიგრძეზე ხტომა (რაც შეიძლება შორს). თითოეულ მოსწავლეს ეძლევა 3 ცდის უფლება, აღინიშნება საუკეთესო შედეგი. 
დავალება 2: მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, გადახტნენ თავისი მაქსიმალური ნახტომის ნახევარ მანძილზე, ჯერ ღია თვალებით, შემდეგ კი დახუჭულით. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა 3-3 ცდის უფლება. გადახრის სიდიდის გაანგარიშება ხდება ღია და დახუჭული თვალებით შესრულებული ხტომების შედეგების საფუძველზე. შეცდომის სიდიდე ფიქსირდება 3 ცდის გაანგარიშების შედეგად.
სტატიკური წონასწორობის შენარჩუნება
იყენებენ ორ პოზიციას: მარტივს და გართულებულს. პირველი: მოსწავლის ტერფები ერთ ხაზზეა, ცალი ფეხის ქუსლი ეხება მეორე ფეხის ცერს; განმკლავი, თვალები დახუჭული. იზომება ამ მდგომარეობაში დგომის მდგრადობის დრო. მეორე: მოსწავლე დგას ცალ ფეხზე, მეორე ფეხი მოხრილია მუხლის სახსარში, მისი ტერფი ებჯინება საყრდენი ფეხის მუხლს; წინმკლავი; თვალები დახუჭული. ასევე, განისაზღვრება ამ მდგომარეობაში დგომის მდგრადობის დრო.
მოძრაობის მაქსიმალური ტემპის შენარჩუნება
მტევნის მოძრაობის მაქსიმალური სიხშირის შენარჩუნება 40 წმ-ის განმავლობაში. ფურცელზე 2 რიგად დახაზულია ერთი ზომის (5X5 სმ) კვადრატები, რომლებიც დანომრილია 1-დან 8-მდე. სიგნალზე მოსწავლემ 5 წამში უნდა დასვას, რაც შეიძლება, მეტი წერტილი პირველ კვადრატში. შემდეგ ნიშანზე სრულდება იგივე დავალება მეორე კვადრატში, შემდეგ – მესამეში და ა.შ. ამრიგად, ყოველ 5 წმ-ის შემდეგ მოსწავლემ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დასვას წერტილები ყველა კვადრატში. აღინიშნება მტევნის მოძრაობის მაქსიმალური რაოდენობა 5 წამში. 
ამ ტესტის ვარიანტი: კალათბურთის ბურთის ტარება (დრიბლინგი) ცალი ხელით, 15 წმ-ის განმავლობაში. 
სივრცეში ორიენტაციის უნარი
ეს უნარი შეიძლება შევამოწმოთ შემდეგი დავალებებით: ”ზიგზაგისებური რბენა”, „მიზანში ტყორცნა”. სიგნალზე მოსწავლე 15 მ-ს გარბის მაქსიმალური სისწრაფით (სტარტიდან ფინიშამდე). ამის შემდეგ იმავე მონაკვეთზე (15 მ) დააწყობენ 5 ტენილ ბურთს, რომლებიც განლაგებული იქნება სტარტიდან 1 მ-ის და ერთმანეთისგან 2.5 მ-ის დაშორებით. ბურთების გვერდის ავლით (ზიგზაგისებურად) მოსწავლემ მანძილი უნდა გაირბინოს მაქსიმალური სისწრაფით. დრო იზომება წამზომით. ფასდება განსხვავება „პირდაპირ” და „ზიგზაგისებურ” რბენებს შორის. 
„მიზანში ტყორცნა”. იატაკზე დადებულ რგოლში კალათბურთის ბურთის ნებისმიერი ხერხით ჩაგდება. რგოლის დიამეტრი – 1მ, მანძილი ტყორცნის ხაზიდან რგოლამდე – 5 მ. 10 ცდის შემდეგ აღინიშნება რგოლში ბურთის ჩაგდების რაოდენობა.
უფროსკლასელების ფსიქომოტორული უნარების სრულყოფას დაეხმარება სპეციალურად შერჩეული ფიზიკური ვარჯიშები. ისინი შედგენილია სპორტის ისეთი სახეობების გათვალისწინებით, როგორიცაა მძლეოსნობა, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი. 

§საწყისი მდგომარეობა (ს.მ.) – სტარტის ხაზთან ზურგით ჯდომში მყოფი მოსწავლის მიცემულ ნიშანზე წამოხტომა, სახით წინ შებრუნება და გარბენა. მანძილი 15-20 მ. ვარიანტები: ს.მ. – სტარტის ხაზთან გვერდულად ჯდომი (მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან).  თითოეული დავალება სრულდება 2-3 ჯერ საწყისი მდგომარეობიდან. რეკომენდებულია ვარჯიშის შესრულება ჯგუფურად (3 – 4 მოსწავლე). 

§წახტომი ფეხიდან ფეხზე (მრავალხტომი), მანძილი 15-20 მ, მეორდება 2-3-ჯერ. 

§ცალ ფეხზე წახტომები ადგილზე, 10-12-ჯერ. ღრმა წინზნექში ფეხის ცვლა და წახტომების გაგრძელება, რიტმისა და წონასწორობის შენარჩუნებით. ფეხის ცვლა მეორდება 3-4-ჯერ. 

§ცალ ფეხზე ტანვარჯიშულ სკამზე ხტომი (იქეთ-აქეთ), ნიშანზე ფეხის შეცვლა. წახტომები უნდა იყოს რბილად და რიტმულად შესრულებული.

§ცალი ხელით ხელბურთის ბურთის სწრაფი ტარება კარში ტყორცნით, ტყორცნა ხელის შენაცვლებით. 

§ბურთის ცალი ხელით მაღლა აგდება, ჩაცუცქება უკან  ხელებზე დაყრდნობით, ადგომა, ბურთის დაჭერა ნებისმიერი ხერხით, ტერფების გადაადგილების გარეშე; მეორდება 6-8 ჯერ, ბურთის გდება ხელების მონაცვლეობით.

§წახტომები ცალ ფეხზე, მანძილი 10-15 მ, ჰაერში ყოფნისას ბურთის კარში ტყორცნა.

§ბურთის ცალი ხელით ტარება მოძრაობაში, ყოველ სამ ნაბიჯში ხელების მონაცვლეობა. 3-4 წრე დარბაზის ირგვლივ.

§ხელბურთის მოედნის ცენტრიდან 10-15 მ-ის დაცილებით (ორივე მიმართულებით) 2 მოთამაშე (ერთს ხელში უჭირავს ბურთი) მირბის ერთმანეთისაკენ. შუა ხაზთან ერთი მოთამაშე მეორეს გადასცემს ბურთს, გარბის მოედნის მეორე მხარეს ნიშნულამდე და ბრუნდება უკან. მოედნის ცენტრში ხდება განმეორებითი გადაცემა. ვარჯიშის ხანგრძლივობა 3-5 წთ. შეიძლება ჩატარდეს შეჯიბრი 2-4  წყვილში. სასურველია, პარტნიორები იყვნენ თანაბარი სიძლიერის.

§კალათბურთის მოედნის შუა ხაზიდან ნიშანზე საჯარიმო გდების ხაზზე დადებულ ბურთთან მირბენა, ბურთის აღება და ტყორცნა კალათში. 

§კალათბურთის ბურთის გადაგორება ხელის გულიდან მტევნის ზურგის მხარეზე და პირიქით – 10-12-ჯერ, ხელების მონაცვლეობით.

§მიდგმითი ნაბიჯებით გადაადგილებისას (მარჯვნივ, მარცხვნივ, წინ და უკან) ორი ხელით მკერდიდან კედელზე ბურთის ტყორცნა და დაჭერა, 2-3 წთ-ის განმავლობაში.

§მოსწავლეები დგანან წრეზე, ორს ან სამს უჭირავს ბურთები. ისინი  ერთდროულად ბურთებს გადასცემენ უბურთო მოთამაშეებს. არ შეიძლება ბურთის გადაცემა გვერდით მდგომი მოთამაშისთვის. ვარჯიში გრძელდება 5-6 წთ.

§ფრენბურთის ბურთის ბადის ზევით აგდება, ბადის ქვეშ გასვლით მოედნის მეორე მხარეს ბურთის დაჭერა. 

§ადგილიდან წახტომი სიგრძეზე და ხტომში ტენილი ბურთის წინ გდება.

§ნახევარბუქნიდან ტენილი ბურთის გდება წინ და ზევით, გაქცევა და ვარდნილი ბურთის ჰაერში დაჭერა. 
როგორც ცნობილია, უფროსკლასელები ადვილად თანხმდებიან ფსიქომოტორული უნარების დონის შემოწმებაზე. რეკომენდებულია, მასწავლებელმა მოამზადოს და ჩაატაროს კომპლექსური ტესტირება და შეაფასოს თითოეული მოსწავლის უნარი. ეს შეიძლება გადაიზარდოს შეჯიბრებაში, რომელიც მოსწავლეებში ფსიქომოტორული უნარების სრულყოფის სურვილს გამოიწვევს. ამისთვის მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს მოცემული ვარჯიშების რეგულარული შესრულება სპორტის გაკვეთილებზე.  

„მამა, წიგნი წამიკითხე“

0

რა ხდება, როცა ოჯახში ბიჭი იბადება?


6 წლამდე მამაკაცების 82%:


▪ არ უკითხავს შვილს წიგნებს;


▪ არ უმზადებს საკვებს.


7-დან 12 წლამდე:


▪ არ დაჰყავს სკოლაში ან გასართობად;


▪ არ ესაუბრება მასწავლებლებს;


▪ არ უმზადებს საკვებს.


13-დან 18 წლამდე მოზარდებს ბევრი კითხვა უჩნდებათ:


▪ რა არის შიდსი?


▪ ნარკოტიკები?


▪ ცხოვრების ჯანსაღი წესი?


▪ სქესობრივი კავშირი?


▪ ოჯახი? სამეგობრო?


მამების 58% ვაჟებს ყოველდღე არ ესაუბრება.


 ბიჭი უკვე სრულწლოვანია, ცხოვრება – მრავალფეროვანი, თუმცა მან უსაფრთხო ქცევის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ის ქორწინდება.


▪ მეუღლეს კონსულტაციაზე მამაკაცების 54% დაჰყვება. მათგან მშობიარობას ესწრება მხოლოდ 5%.


▪ მამაკაცების 70%-ს მიაჩნია, რომ ოჯახის დაგეგმვა ქალის საქმეა, თუმცა 10-დან 8 ოჯახში გადამწყვეტი სიტყვა კაცს ეკუთვნის. მათი 78% არ ალაგებს სახლს, 67% არ ამზადებს საჭმელს. მიუხედავად ამისა, მამაკაცების 54% მიიჩნევს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არსებობს.


„კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში” – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოაქვეყნა და რომლის მონაცემებიც ახლახან წაიკითხეთ. კვლევა ცხადყოფს, რომ ამგვარი სტერეოტიპები თაობიდან თაობას გადაეცემა.


ხშირად გაიგონებდით, როგორ ეუბნებიან დედები და მამები შვილებს: „შენ კაცი ხარ და ძლიერი უნდა იყო”, „რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ?!” „თუ ვინმემ დაგარტყა, უპასუხე!”


ამგვარი დამოკიდებულებები ვაჟს სტერეოტიპებით აზროვნებისკენ უბიძგებს და უკვე გაზრდილი, აუცილებლად შეეცდება, საპირისპირო სქესს თავისი დომინანტობა დაუმტკიცოს. თუმცა ოდესმე აუცილებლად დადგება დრო, როდესაც კაცი თავის სიმამაცეს ვერ გამოიყენებს, დაიწყებს საკუთარ სისუსტეზე ფიქრს და ავტორიტეტის აღდგენას ძალის გამოყენებით შეეცდება. აქ მთავრდება ციკლი, რომელიც მშობლის მიერ შვილისთვის „ნამდვილი მამაკაცის” სტერეოტიპის შექმნით დაიწყო და მოძალადე მამაკაცის ჩამოყალიბებით დასრულდა.


კვლევის გამოქვეყნების შემდეგ გაეროს მოსახლეობის ფონდმა თავად სცადა საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპების შესუსტება, მერე კი დანგრევა და Facebook-ის აუდიტორიას ახალი პროექტი შესთავაზა, რომელსაც „მამა, წიგნი წამიკითხე” ჰქვია.



„ჩვენ გვსურს, დაინგრეს სტერეოტიპი, რომ ბავშვის აღზრდა მხოლოდ დედის მოვალეობაა. მიზნად ვისახავთ, მშობლებს, განსაკუთრებით – მამებს, მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვის აღზრდაში მამების ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. თუ გსურთ, თქვენს შვილს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და გაიზარდოს თავდაჯერებულ პიროვნებად, მაშინ ჩვენი გვერდი სწორედ თქვენთვისაა!” – ამბობს პროექტის ავტორი სოფო დათუაშვილი.


ძვირფასო მამებო, თქვენი ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. თქვენს პატარებში განათლების, კითხვის სახით დაბანდებული ინვესტიცია მომავალში წარმატებას მოუტანს მათ. კითხვა ავითარებს მეხსიერებას, ცნობისმოყვარეობასა და ფანტაზიას, და თუ ჯერაც არ იცით, როგორ დაიწყოთ ურთიერთობა შვილებთან, როგორ გამონახოთ მათთან საერთო ენა და როგორ ემეგობროთ, მიჰყევით გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალ პროექტს, გაიზიარეთ სხვების გამოცდილება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...