სამშაბათი, მაისი 13, 2025
13 მაისი, სამშაბათი, 2025

რამდენიმე სასწავლო აქტივობა, მოსწავლის ინტერესის გასაღვივებლად

0
ახალი სასწავლო წელი. მოლოდინები არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივია. ყველანი ვთანხმდებით, რომ წლევანდელი სასწავლო წლის ყველაზე დიდი სიახლე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოსული ,,მითიური” საფარველიდან, თუმცა მისი ოფიციალურად გამოქვეყნება დღე დღეზეა უნდა მოხდეს. სამაგიეროდ ვიცით ძირითადი პრინციპი – მასწავლებლის მეთოდურად გამართული ყველა აქტივობა კრედიტქულებად შეფასდება. განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალიც აგრეთვე ცნობილია. თუმცა მასწავლებლებისთვის შეთავაზებული საქმიანობები მათი აბსოლუტური უმრავლესობისათვის სულაც არ გახლავთ თანაბრად მოსახერხებელი და კომფორტული. ხოლო ზოგიერთი მათგანი პრაქტიკულად შეუძლებელიცაა. მაგალითად, კრედიტების დაგროვების ზოგიერთი გზა (კონფერენციები, სემინარები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სახელმძღვანელოს ან სასწავლო რესურსის ავტორობა და ა.შ.) მასწავლებლების უმეტესობისათვის სხვადასხვა მიზეზის გამო მიუწვდომელია და სავარაუდოდ ვითარება კარდინალურად არც მომავალში შეიცვლება. ამას თავისი ობიექტური (სუბიექტურს რომ თავი დავანებოთ) მიზეზები აქვს. მაგ: სასწავლო წლის განმავლობაში სულ ათიოდე რესპუბლიკური კონფერენცია და სემინარი ტარდება, სადაც მონაწილეთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, შეზღუდულია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი სემინარებსა და კონფერენციებში მასწავლებელთა საერთო რაოდენობის ძალზე მცირე ნაწილი შეძლებს მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მით უმეტეს სახელმძღვანელოს ან სასწავლო რესურსის ავტორობას, ამისათვის განსაკუთრებული ცოდნა, უნარი, უამრავი დრო, ენერგია და მნიშვნელოვანი ფინანსებია საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, სკოლის მასწავლებლებს შორის ასეთი საქმიანობით მხოლოდ რამდენიმე ათეული თუ მოახერხებს კრედიტების დაგროვებას. სავარაუდოდ, მასწავლებლებმა კრედიტების უმეტესი ნაწილი ისევ საგაკვეთილო პროცესში უნდა მოაგროვონ (მეორე ყველაზე ,,შემოსავლიანი” საქმიანობა ალბათ ტრენინგები იქნება). ასე რომ, სქემის ამოქმედების შემდეგ ორიგინალური, შემოქმედებითი და სააზროვნო საგაკვეთილო აქტივობების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. პირველი, ასეთი აქტივობები საინტერესოს და მიმზიდველს ხდის სასწავლო პროცესს (ამ თემას ამჯერად შეგნებულად აღარ განვავრცობთ). მეორე, მეთოდურად გამართული აქტივობები მასწავლებლის ფინანსურად მომგებიანი ვალდებულება ხდება.

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ისტორიის მასწავლებლებისათვის განკუთვნილ რამდენიმე სასწავლო აქტივობას, რომლებიც საკმაოდ შემოქმედებითი და პროდუქტიულია. მათი გამოყენებით შეგვიძლია გავაძლიეროთ მოსწავლეების ინტერესი საგნის მიმართ, განუვითაროთ მათ სააზროვნო – კოგნიტური, კითხვისა და წერითი მეტყველების უნარები, გაუფართოოთ წარმოსახვა და ფანტაზია.

მოცემული აქტივობები აგრეთვე მიზნად ისახავს ორ კონკრეტულ ამოცანას :

.ა) ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ ისტორიული კონტექსტის გააზრებას;

ბ) დაეხმაროს მოსწავლეებს უკეთ შეაფასონ პიროვნებების როლი ისტორიაში, არგუმენტებით დაასაბუთონ მათ მიერ გაღებული ძალისხმევის შედეგად მომხდარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების მნიშვნელობა.

ტექსტის კითხვისას, კითხვებზე პასუხების გაცემისას, წერითი დავალების შესრულებისას მოსწავლეები აღმოაჩენენ ფუნდამენტურ განსხვავებებს წარსულსა და აწმყოს შორის, გაიაზრებენ იმ გრანდიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ამ ადამიანებმა თავიანთ ეპოქაში გარშემომყოფთა აზროვნებაზე მოახდინეს. საგაკვეთილო აქტივობები რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს, სასურველია მასწავლებელმა შეარჩიოს ისეთი ისტორიული პიროვნებები, რომლებსაც თანამედროვეების მხრიდან თავს დიდი რისხვა დაატყდათ, რომელთა საქციელსაც თავის დროზე მიუღებლად, მკრეხელურად, შეურაცხმყოფელადაც კი თვლიდნენ. საინტერესოა, რომ ისტორიამ სრულად მოახდინა ზოგიერთი მათგანის ,,რეაბილიტაცია”, მათი საქმეები კი მომდევნო თაობებმა აიტაცეს და ნორმად აქციეს. თუმცა არსებობენ ისტორიული პიროვნებები, რომელთა საქმიანობას თაყვანისმცემლები და მოწინააღმდეგები არც თავის დროზე აკლდა და არც ახლა განიცდის მათ სიმცირეს. ამ პიროვნებების თაობაზე დღემდე რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები არსებობს. თუ არჩეული პერსონა ქალბატონი იქნება, აქტივობის დევიზად მისი ცხოვრებისეული პერიპეტიებიდან გამომდინარე შესაძლოა ცნობილი ისტორიკოსის, ლაურელ ტეტჩერ ულრიხის გამონათქვამიც გამოგვადგეს: ,,კარგად აღზრდილი ქალბატონები ისტორიას იშვიათად ქმნიან”.

სანამ უშუალოდ აქტივობების აღწერაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას, რომ მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს ნებისმიერ აქტივობას, გამოიყენოს მხოლოდ ის აქტივობები, რომლებიც მისთვის არის მოსახერხებელი, შეიტანოს მათში ცვლილებები და ა.შ.

თავდაპირველად აუცილებელია მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხონ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სახელმძღვანელოს ტექსტთან და ისტორიულ წყაროსთან ერთად შეიძლება კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაც იყოს. სასურველია, ეს იყოს მომცრო ზომის ნახატებიანი წიგნი. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ამ პიროვნების ირგვლივ განსახილველი საკითხების ჩამონათვალს შეადგენენ. მათში ყურადღება გამახვილებული იქნება, ერთი მხრივ, ისტორიულ გარემოებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ისტორიული პერსონის პიროვნულ ღირსებებსა და ხასიათის თვისებებზე. საბოლოოდ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას რამდენიმე აქტივობაში (უმეტესად წერით აქტივობაში) გამოიყენებენ. აქტივობები მიმართულია მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისაკენ, მაგრამ ამასთანავე ფოკუსირებულია კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტზე, მომხდარ სოციალურ ცვლილებებზე, ისტორიული პიროვნებების საზოგადოებასთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე.

მასწავლებლის მომზადება

ა) მოსწავლეებს სთავაზობს წასაკითხი ტექსტის რამდენიმე ვარიანტს. საბოლოო არჩევანს მოსწავლეები აკეთებენ (ეს არის მოსწავლეების მოტივირებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივების კიდევ ერთი საშუალება).

ბ) აწვდის მოსწავლეებს ტექსტებს. თუ ტექსტი მცირე ზომისაა, სურათების პრეზენტაციასთან ერთად, შესაძლოა მისი ხმამაღლა წაკითხვაც მოხერხდეს. სასურველია ყველა მოსწავლეს თავისი ეგზემპლიარი ჰქონდეს.

გ) მოსწავლეებს აცნობს შესასრულებელ დავალებებს, ხოლო დავალებების უკეთ გასაგებად და დროის მოგების მიზნით წინასწარ მომზადებული აქვს საჭირო რაოდენობით სპეციალური ფორმები.

თავდაპირველად მოსწავლეები უპასუხებენ რამდენიმე შეკითხვას. ეს მათ შემდგომი დავალებების უკეთ შესრულებაში დაეხმარება. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებსაც მოსწავლეები მას შემდეგ შეასრულებენ, როცა მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მათ გაიაზრეს წაკითხული ტექსტი. პირველი აქტივობა შეიძლება პროექტადაც მივიჩნიოთ.

ფოტოალბომი კომენტარებით
ეს აქტივობა განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო, რომლებსაც კეთებით სწავლა მოსწონთ. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შექმნან განსახილველი ისტორიული პიროვნების რამდენიმე ფოტოსურათისგან ან რეალისტური ნახატისაგან შემდგარი ფოტოალბომი, რომლებსაც მოსწავლეები, რასაკვირველია, ინტერნეტიდან მოიპოვებენ. დავავალოთ მოსწავლეებს მოპოვებულ მასალებზე თავიანთი კომენტარების დართვა. რასაკვირველია, ეს აქტივობა შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ისტორიულ პიროვნების შესახებ ასეთი რესურსი არსებობს. სასურველია ფოტოსურათზე ან ნახატზე სხვა პიროვნებებიც იყვნენ გამოსახულნი, ამასთანავე მოპოვებული სურათი (ნახატი) ისტორიული ხასიათის ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს.

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წერითი დავალებები უყვართ და ფანტაზიის უნარი კარგად აქვთ განვითარებული, განსაკუთრებით მოეწონებათ დავალება, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. ამ დავალებას პირობითად წარმოსახვითი ინტერვიუ დავარქვით.

წარმოსახვითი ინტერვიუ

მოსწავლეებს ვთხოვოთ გონებრივი იერიშით მოიფიქრონ ის კითხვები, რომლებსაც ისტორიულ პიროვნებას დაუსვამდნენ. კითხვები დაფაზე დავწეროთ. შემდეგ მოსწავლეები წყვილებად ან ტრიადებად დავყოთ და ვთხოვოთ მოფიქრებული კითხვებიდან ამოირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო კითხვების განსაზღვრული რაოდენობა (ვთქვათ 5 კითხვა) და მათზე ისეთი პასუხები გასცენ, როგორსაც მათი წარმოდგენით ისტორიული პერსონა გასცემდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პასუხების გაცემაა, მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ პასუხების გაცემისას თავი ისტორიული პიროვნების ადგილას წარმოიდგინონ, გაიხსენონ ისტორია და დავალება ისე შეასრულონ. მოსწავლეების პასუხებში უნდა ჩანდეს, რომ მათ იციან ამ პიროვნების ცხოვრების შესახებ. დავალების ბოლოს ერთი ან რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი შეიძლება წავიკითხოთ, ხოლო ყველა დასრულებული კი ინტერვიუ ერთად ავკინძოთ ხელნაწერ წიგნად.

აი, რამდენიმე მარტივი შეკითხვა, რომელიც ინტერვიუში შეიძლება გამოვიყენოთ :

ა) რას მოელიან ადამიანები თქვენგან?
ბ) რა იყო თქვენი უდიდესი მიღწევა? რატომ ამაყობთ მისით?
გ) როგორ დაახასიათებდით თქვენს პიროვნებას?
ე) ხასიათის რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში?
ვთხოვოთ მოსწავლეებს, ამ სიას სხვა კითხვებიც დაუმატონ.
ბოლო ორი დავალება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას ისტორიული პიროვნების ხასიათის თვისებებსა და ზნეობრივ ღირებულებებზე აკეთებს. ორივე აქტივობა ამოწმებს მოსწავლის მიერ წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს.

ხასიათის სოციოგრამა

ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ ისტორიული პიროვნების ხასიათი, დააფიქსირონ მისი დამოკიდებულებები უახლოეს ადამიანებთან, ამ ადამიანების დამოკიდებულება მათდამი. იგი მოსწავლეს განუვითარებს წაკითხულის გააზრების, აგრეთვე წაკითხულ ტექსტში სპეციფიკური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებისა და ადეკვატურად გამოყენების უნარს. დავალება ასე სრულდება: სამუშაო ფურცლის შუა რგოლში მოთავსებულია ისტორიული პერსონის სახელი. ავირჩიოთ ამ ადამიანის ცხოვრების რამდენიმე (ოთხი ოპტიმალური რაოდენობაა) მნიშვნელოვანი პიროვნება. მათი სახელები ორი ურთიერთსაპირისპირო ისრით დავაკავშიროთ მთავარ პიროვნებასთან. ვთხოვოთ მოსწავლეებს, ისრების გასწვრივ თითო წინადადებით დაწერონ, რა აკავშირებს ამ ადამიანებს ერთმანეთთან. მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ მათი აზრით მთავარი დამაკავშირებელი მომენტი. ეს შეიძლება იყოს: ერთმანეთთან დამოკიდებულება, დამსახურება ერთმანეთის წინაშე, რას ფიქრობდნენ ერთმანეთზე, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი და ა.შ. დავალების დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლეები ისრებზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით პიროვნების ხასიათის სოციოგრამას შეადგენენ.

კონცეპტუალური წრე

ეს წერითი დავალება მოსწავლეებს განუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას და წაკითხულის გააზრების უნარს. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ კავშირი მასწავლებლის მიწოდებულ სიტყვებსა და წაკითხულ ტექსტს შორის. აქტივობა ასე სრულდება: მასწავლებელი წრეში ქმნის მისთვის საჭირო რაოდენობის დანაყოფებს. თითოეულ დანაყოფში წერს იმ სიტყვას ან მოკლე ფრაზას, რომლებიც ყველაზე ნათლად ახასიათებს ისტორიულ პიროვნებას. მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ დაწერონ პიროვნების დახასიათება ისე, რომ აუცილებლად გამოიყენონ მოცემული სიტყვები. აქტივობა საკმაოდ პროდუქტიულია. იგი ავითარებს მოსწავლის წერით უნარებს, ლოგიკურ აზროვნებას, სიტყვებისა და ფრაზების სწორად დაკავშირებისა და გამოყენების უნარს. მოსწავლეებს ვთხოვოთ მიწოდებული სიტყვების გამუქება. სამუშაოს დასრულების ბოლოს კი – გამოთქვან თავიანთი აზრი, რამდენად დაეხმარა მასწავლებლის მიერ მიწოდებული სიტყვები და ფრაზები დავალების შესრულებაში, რამდენად ზუსტად ასახავდა ეს მონაცემები პერსონის ხასიათს.

დაბოლოს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზეპირი მსჯელობისას მოსწავლეებისთვის დამახასიათებელია მთავარი თემიდან გადახვევა, რომლის მიზეზიც მეტისმეტი მონდომებაა. ასეთ დროს მასწავლებელმა მოსწავლე აქტიურობისათვის უნდა შეაქოს, მაგრამ მათი მსჯელობა ისევ განსახილველი თემებისკენ უნდა შემოაბრუნოს. და კიდევ ერთი, შეფასებისას მასწავლებელმა მოსწავლეების ლექსიკურ მარაგთან და შემოქმედებითობის უნართან ერთად უნდა გაითვალისწინოს რამდენად ლოგიკურად იყენებენ ისინი წაკითხულ ინფორმაციას და რამდენად ადეკვატურად ახერხებენ თავიანთი მოსაზრებების დასაცავად წაკითხული ინფორმაციის მოშველიებას.

ნიკუშას

0

ჩემი ძმიშვილი – ნიკუშა, წელს პირველი კლასის მოსწავლე გახდა. იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახში უკანასკნელმა მე გამოვიარე სკოლის წლები, ანუ მოწაფეობის ავან-ჩავანი წესით დანარჩენებზე უკეთ უნდა მახსოვდეს, გადავწყვიტე წერილი მივწერო მას. იქნებ რამეში გამოადგეს კიდეც. „რა უნდა ისწავლო სკოლაში?” – ვკითხე ნიკუშას რამდენიმე დღის წინ, რაზეც დაუფიქრებლად მიპასუხა – „კითხვა”. იმედი მაქვს, როდესაც კითხვას ისწავლის, ამ წერილისთვისაც დარჩება დრო.

ნიკუშა,
მეოთხე კლასი რომ დავამთავრე, მეგონა ცხოვრებაში უკვე ყველაფერი მქონდა ნანახი. კითხვა შემეძლო, წერაც ვიცოდი. რიცხვების ნამრავლის გასაგებად 12 ფურცლიანი მწვანე რვეულის (ზედ რუსული ასოებით ეწერა ხოლმე – ТЕТРАДЬ) უკანა გარეკანზე დახედვა სულ უფრო იშვიათად მჭირდებოდა, 1-ლი სექტემბრისთვის ჩემი ძმის, მამაშენის გამონაცვალის მაგივრად, ბებიაშენმა და ბაბუაშენმა ლილოს ბაზრობიდან თეთრი ბოტასი მომიტანეს, რაც ჩემს ცხოვრებაში იმავე წონის მოვლენა იყო, როგორიც მსოფლიოს ისტორიიისთვის დასავლეთ რომის იმპერიის დაცემაა. ისტორიის მასწავლებელი ამ ამბავს ალბათ ცოტა მოგიყვებათ მოგიყვებათ და მაშინ კი ნამდვილად მიხვდები რა ძვირფასი იყო ჩემთვის ის ფეხსაცმელი.
თუმცა, მეხუთე კლასამდე დიდხანს ვიარე…
ჩემს დამრიგებელს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მზრდიდა, ქაღალდისგან დამზადებული 5-იანებისა და 2-იანების გულსაბნევები ჰქონდა, რომლებსაც ხან მკერდზე გვამაგრებდა, ხან – თმაში, იმის მიხედვით, თუ რა ნიშანს მივიღებდით, ან როგორ მოვიქცეოდით. ამ წამოწყების მთავარი იდეა ის იყო, რომ გულსაბნევი სახლამდე უნდა გკეთებოდა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგეხსნა. გვჯეროდა, რომ ჩვენს მასწავლებელს არგუსის მსგავსად (მის შესახებ მითოლოგიის წიგნში წაიკითხავ) მრავალი თვალი ჰქონდა და ჩვენს თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდა. არ მოგატყუებ, ვისთან-ვისთან და შენთან ტყუილი არაფერში მჭირდება – ხუთიანითაც გამივლია ჩვენს სახლამდე მისასვლელი გზა და ორიანითაც, თუმცა, უნდა ვაღიარო, პირველ ჯერზე გვარიანად ვინერვიულე. მთელი გზა ტირილ-ტირილით გავლიე. მერე ამეკვიატა აზრი, რომ მამაჩემს სამსახურში გააგებინეს ჩემი ორიანის ამბავი და დამალვა აღარ გამოვიდოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს ორიანით გულდამშვენებული დავხვედროდი. მისხალი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა მოხდა ამის შემდეგ, ანუ რა მითხრა ბაბუაშენმა. დამეფიცება, ამ ამბის გამო, ერთი რამ ბოლომდე, დიდი ლურსმნით ჩავიჭედე გონებაში და არასოდეს ამომვარდნია: ყველაფერი, რასაც განგებ ან შემთხვევით ვაკეთებ თუ ვაფუჭებ, ყველაფერი, რაც ჩემი ნახელავია, ჩემს ზურგჩანთაში დევს და მასზე პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ, რადგანაც ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან. ლაჩრებს კი მოგვიანებით – ლიტერატურაში, ისტორიასა და რეალურ ცხოვრებაშიც, ბევრს შეხვდები. დააშავებ რამეს? – ისწავლე საკუთარ შეცდომაზე, მწარე გაკვეთილად მიიღე ის და აღარასოდეს გაიმეორო, მაგრამ არამც და არამც არ უარყო საკუთარი საქციელი და არც პასუხისმგებლობა აირიდო თავიდან.
წლების შემდეგ, ვინმე – მეზობელი, ნაცნობი, წვეულებაზე ახლადგაცნობილი გოგონა, თანამშრომელი ან იქნებ ჟურნალისტი, აუცილებლად გკითხავს, თუ როგორ გაიცანი შენი საუკეთესო მეგობარი. დამიჯერებ? – ამაზე ფიქრში ღამეები მითენებია და ვერაფრით გავიხსენე როგორ გავიცანი, მაგალითად, ირაკლი ისაკაძე – კლასელი, რომელსაც თითქოს სარკეში ჩახედვის დროს ვხედავ, 19 წელია ერთად ვართ. ნუ შეიქმნი წარმოდგენას თანაკლასელებზე იმის მიხედვით, თუ რამდენად ლამაზი კედები ან მაისური აცვიათ მათ (ასე მხოლოდ მათი მშობლების ჯიბეზე შეიძლება წარმოდგენის შექმნა), უმჯობესი იქნება მიხვიდე და პირდაპირ ჰკითხო: „რომელი სუპერგმირი ხარ?” – თუკი დაუფიქრებლად გიპასუხებს, ესეიგი მასთან მეგობრობა შეიძლება.
მეხუთე კლასში რომ გადავედი, პირველი სართულიდან მეორეზე ამოვბარგდით – დირექტორის მისაღების წინ. ჩვენმა ახალმა დამრიგებელმა ბიოლოგიის კაბინეტი დაგვითმო. ეს იყო ალბათ ყველაზე მოწესრიგებული, დალაგებული და ნიმუშებით სავსე საკლასო ოთახი მთელ შენობაში. ოთახი დაახლოებით ნახევარ წელიწადში სხვა ოთახების ინფრასტრუქტურას გავუთანაბრეთ – დავხატეთ მერხებსა და კედლებზე, ადამიანის ჩონჩხს (შეგახსენებ, ბიოლოგიის კაბინეტი იყო) ამოვაცალეთ მალები, რის შემდეგაც ჯერ ქვედა ყბა მოვატეხეთ, შემდეგ კი – ხელები მოვამტვრიეთ. ბოლოს პარკეტიც ავყარეთ. დამიჯერე, თუკი ცხოვრებაში რამის ძალიან მრცხვენია, ალბათ სწორედ ეს საქციელია. ხანდახან, როცა ლალი ყიფიანს (მაშინდელ დამრიგებელს) ქუჩაში ვხვდები, სურვილი მიჩნდება, რომ 1000 ბოდიში მოვუხადო ამის გამო, მაგრამ, როგორც წეღან გითხარი, ყველაფერი – კარგიცა და ცუდიც ზურგჩანთაში მიდევს და ამ სირცხვილის გრძნობასაც ბოლო ამოსუნთქვამდე მივიტან.
შენს მოწაფეობრივ ცხოვრებაში იქნება წლები, როცა სახლში ყველაფერი დაგრჩება ფიზკულტურის (მგონი ახლა სპორტის ჰქვია) ფორმის გარდა. ერთი სული გექნება, რომ ზარი დაირეკოს, რათა დარბაზის გასახდელ ოთახამდე ყველას მიასწრო. ცხადია, ამაში ცუდი არაფერია. აი მე კი, ფიზკულტურის გაკვეთილზე ყოველთვის ეს ამბავი მახსენდება: მეშვიდე კლასში ვართ. დარბაზთან ვდგავართ. კარი დაკეტილია. მასწავლებელი იგვიანებს. ისე ვხმაურობთ, ლამის ჭერს ვიმხობთ თავზე. ვყვირით, ვხტუნაობთ და გაუქმებული ბუფეტის კარს, რომელსაც ისედაც ძლივს უდგას სული, ფეხებს ვურტყამთ. უცებ, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, ნანა მასწავლებელი წაგვადგა თავზე და ხელში სწორედ ის მოიგდო, რომელიც ცელქობით გამოირჩეოდა – თორნიკე სადილიანი. ჩვენ გადავრჩით, თორნიკე კი – დირექტორთან წაიყვანეს. კრება გავმართეთ, რა ვქნათ, რით ვუშველოთო, შეიძლება გარიცხონო, დედამისს დაურეკავენო, ისაო, ესაო. იქამდე ცოტა ხნით ადრე ერთი ყმაწვილის ისტორია მქონდა მასწავლებლისგან მოსმენილი – თავისი მეგობრები ბოროტ კაცს დაუტყვევებია და ტანზე თაფლწასმულები მზის გულზე (აი, შუადღისას ჩვენი საშრობის კიდესთან როა ისეთ სიცხეში) გაუკრავს მიწაზე. ამას კიდევ უთქვამს, როგორც ჩემი მეგობრები იტანჯებიან, ისე უნდა დავიტანჯოო, მისულა, ტანსაცმელი გაუხდია და მეგობრებთან ერთად დამჯდარა (ამ ყმაწვილს ცოტნე ერქვა – მერე წაიკითხავ ამაზეც). ამ ისტორიით შთაგონებული დირექტორის კაბინეტისკენ გავემართე. მეშინოდა, მუხლები მიკანკალებდა, მეტირებოდა, მაგრამ მაინც შევედი. „მურმანი მასწ, მეც ვურტყამდი კარს ფეხებს” – ვუთხარი დირექტორს, რომელმაც სათვალის ზემოდან გადმომხედა. სადილას სახე გაუბრწყინდა და ჯიგარი ხარო – თვალებით მანიშნა. მურმანი მასწავლებელმა მოგვატყუა, პოლიციაში ვრეკავ და დაკავებააო, ამიტომაც ხელწერილები იკმარა.
გგონია ამ ამბავს იმიტომ გიყვები, რომ თავი გმირი მგონია? – არა. სულაც არა. უფრო სწორად, მაშინ მეგონა, მაგრამ ახლა ეს ისტორია ჩემი ზუგჩანთის იმ ჯიბეში გადავდე, სადაც სამარცვინო ამბებია მოთავსებული. მეგობრის თანადგომას არაფერი სჯობია, მაგრამ ხანდახან, როცა პრობლემა შეგექმნება, შეეცადე კადრები უკან გადაახვიო ხოლმე და დაინახავ, სად დაუშვი შეცდომა. შეცდომა და სწორი საქციელი ხშირად რთული გასარჩევია, ამიტომ შენს ენაზე აგიხსნი: როცა კარს ფეხებს ვურტყამდით ჩვენ ვიყავით მწვანე გობლინები და არა ადამიანი ობობები; ამ დროს ჩვენ ბოროტ ბეინს უფრო ვგავდით, ვიდრე ბეტმენს. მწვანე გობლინი და ბეინი კი, როგორც ამთავრებენ ხოლმე, ჩემგან არ გესწავლება.
კიდევ ბევრი პერიოდი დაგიდგება სკოლაში სწავლის დროს – შატალოების პერიოდი, მოწონებულ-შეყვარებულობის პერიოდი, აბიტურიენტობის პერიოდი. აქ არ არსებობს რეცეპტები. აქ ვერავინ ვერაფერს გირჩევს – ისე უნდა მოიქცე, როგორც გული და სინდისი გიკარნახებს. მთავარი იცი რა არის? – კითხვები დასვი. დაუსვი კითხვები მასწავლებლებსაც და საკუთარ თავსაც. არ მოგერიდოს, რომ არასწორად გაგიგებენ, ან სულაც – ვერ გაგიგებენ. თუკი ვინმე პასუხს ვერ გაგცემს, ჩათვალე, რომ ესეც პასუხია.
იმედი მაქვს, რომ ლიტერატურის სიყვარულში დამემსგავსები და არა ფიზიკურად.
ერთსაც მოგიყვები და ჩემით წავალ: 172-ე სკოლის შენობა, რომელშიც მე და მამაშენმა 11-11 წელი გავატარეთ, აჭრელებული იყო კურსდამთავრებულთა სახელებით. ისე მოხდა, რომ ჩემი კლასის გამოშვების წელს, სკოლა შეღებეს და მოაკოხტავეს. როცა ბოლო ზარი მოახლოვდა, ჩვენ დიდი თათბირი მოვაწყეთ და ყველამ – ოროსნებმა, ხუთოსნებმა, ცელქებმა, წყნარებმა, აღრიცხვაზე აყვანილებმა, სპორტსმენებმა, მოცეკვავეებმა – გადავწყვიტეთ, რომ კედლებზე არცერთი სახელი არ დაგვეწერა. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ზედაპირები, რომლებზეც თუკი საკუთარ ინიციალებს არ ამოტვიფრავ, შენი სახელი უფრო დიდხანს ემახსოვრებათ.
იფიქრე ამაზე.

სწავლის დაწყებას გილოცავ!

საუკეთესო განათლების მიღების გზები-ფინეთი, სამხრეთ კორეა

0

ჯერ კიდევ ორმოცდაათი წლის წინ სამხრეთ კორეასა და ფინეთს საშინელი საგანმანათლებლო სისტემა ჰქონდათ. მაშინ ფინეთი ეკონომიური კრიზისის საფრთხის წინაშე იდგა. სამხრეთ კორეა კი სამოქალაქო ომის გამო, მიწასთან იყო გასწორებული. დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ, ამ ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა დანარჩენი მსოფლიოსთვის სამაგალითოდ იქცა.  სამხრეთ კორეისა და ფინეთის სკოლებში მოსწავლეები შესანიშნავ განათლებას იღებენ. საინტერესოა, რა შეუძლიათ სხვა ქვეყნებს ისწავლონ ამ ორი ქვეყნის მაგალითზე, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებული საგანმანათლებლო მოდელით ხელმძღვანელობენ?!

კორეული მოდელი შრომისმოყვარეობასა და დაუღალავ შრომას მოიაზრებს.

„ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში, თუ სოციოეკონომიკურ კიბეზე აცოცება და სტაბილური სამუშაოს პოვნა გინდა, რთული გამოცდების ჩაბარება მოგიწევს”, –  ამბობს მარკ აკერი, განათლებისა და ეკონომიკის ეროვნული ცენტრის დირექტორი. გამოცდების ჩაბარება დიდ ცოდნასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს. ამ გზით მიღწეულ წარმატებას სამხრეთ კორეაში უპირატესი მნიშვნელობა აქვს. 

კორეელებმა საგმირო საქმე ჩაიდინეს – დღეს ქვეყანაში განათლების დონე 100%-ს აღწევს. ამ შედეგის მისაღწევად, ქვეყანა საგანმანათლებლო ექსტრემიზმის მიმდევარი გახდა.  ადგილობრივი მოსწავლეები ტიტანური შრომისა და უდიდესი წნეხის ქვეშ ცხოვრობენ. აქ ნიჭი ღვთისგან ბოძებულ საჩუქრად არ მიიჩნევა. ხალხს სამხრეთ კორეაში ღრმად სწამს, რომ დაუღალავი შრომითა და სიბეჯითით დასახულ მიზანს მიაღწევ. მოკლედ, აქ მოსწავლეებს წარუმატებლობის უფლება არ აქვთ.  სკოლაში სწავლასთან ერთად ისინი კერძო მასწავლებლებთან ემზადებიან და მთელი დღის მანძილზე თავისუფალი დრო მხოლოდ ერთი საათი აქვთ.  აქაურებს ერთგვარი დევიზიც გააჩნიათ – თუ საკმარისად ბევრს სწავლობ, საკმარისად ჭკვიანი ხარ. თუ აქაური მოსწავლეების საგამოცდო შედეგებს სხვა ქვეყნებისას  შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ სამხრეთ კორეაში საუკეთესო შედეგი აქვთ, კრიტიკული აზროვნების ტესტისა და ანალიზის ჩათვლით.

 „სამხრეთ კორეელებს სჯერათ, რომ ამ რთული სასწავლო პერიოდის გავლის შემდეგ, მათ შესანიშნავი მომავალი ელით”, – წერს ანდრეას შლაითერი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგანმანათლებლო პოლიტიკის მრჩეველი. „აქ მშობლები შვილებს ეკითხებიან:  რა გირჩევნია –  ხანმოკლე უბედურება თუ ხანრძლივი ბედნიერება?!”.

სამხრეთ კორეაში საკლასო ოთახი დიდი ზომისაა და კლასში ბევრი ბავშვი სწავლობს, რაც, მაგალითად, მიუღებელი იქნებოდა ამერიკელი მშობლისათვის. სამხრეთ კორეაში მასწავლებლის მიზანი კლასის ერთ საზოგადოებად ჩამოყალიბება და მათთან, როგორც ერთიან კომუნასთან ურთიერთობის მართვაა. ამერიკელი მასწავლებლები კი მოსწავლეებთან ინდივიდუალურ ურთიერთობას ამჯობინებენ.

„თუ არჩევანის აკეთება ამერიკულსა და კორეულ საგანმანათლებლო მოდელს შორის მომიწევდა, ჩემი შვილისათვის კორეულს ავირჩევდი. თანამედროვე მსოფლიოში ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ ისწავლოს, როგორ იშრომოს ბეჯითად და როგორ არ დანებდეს მარცხს. კორეული მოდელი სწორედ ამაზეა ორიენტირებული”, – ამბობს მწერალი ამანდა რიპლი.

ფინური საგანმანათლებლო მოდელი დაფუძნებულია მოსწავლის მოტივაციასა და კლასგარეშე აქტივობაზე.

ზოგჯერ სპეციალისტები აქაურ საგანმანათლებლო მოდელს უტოპიურს უწოდებენ. აქაური მოსწავლეები საკლასო ოთახებში ძალიან ცოტა დროს ატარებენ. მოკლე გაკვეთილებს სკოლის მიერ ორგანიზებული კლასგარეშე აქტივობები ცვლის, რადგან აქ სჯერათ, რომ ბავშვები საკლასო ოთახის გარეთ უფრო მნიშვნელოვან ცოდნას იღებენ. ფინეთში სკოლა თანაბრადაა განათლების მიღებისა და ირგვლივ მყოფებთან სოციალიზაციის საშუალება.

ფინური კულტურაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოსწავლის მოტივაციასა და სწავლის მიმართ პერსონალურ ინტერესს. აქ მესამე გაკვეთილი არა სავალდებულო, არამედ არჩევითია. მოსწავლეები გამოცდებსაც არჩევით აბარებენ. აქაური საგანმანათლებო მოდელი ნაკლებად სტრესულია და მისი უპირატესობა  მოსწავლისთვის მიცემული არჩევანის საშუალებაა – ისწავლოს ის, რაც სურს.

„საერთო ჯამში ფინელების ცხოვრებისეული გასაღები მაინც განათლებაა”, – ამბობს ანდრეას შლაითერი, „მაგალითად, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ საუბრობენ ფინურად. ამიტომ ფინელები შვედურ ენას შეისწავლიან. ეს ფაქტი უბიძგებს მათ შეისწავლონ უცხო ენები. ამასთანავე, ყველა ფინელს, რომელსაც წარმატებასა და მაღალანაზღაურებად სამსახურზე აქვს პრეტენზია, დამატებით კიდევ ერთი უცხო ენის შესწავლა უწევს. ისინი ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულ ან რუსულ ენებზე არიან ორიენტირებულნი. აქ მცირეწლოვანი ბავშვებიც კი ხვდებიან, რომ ფინური ფინეთის გარდა სხვაგან არსად ესმით, ამიტომ საჭიროა უცხო ენის  სწავლა”.

ფინურსა და სამხრეთ კორეულ საგანმანათლებლო მოდელებს ერთი მსგავსება აქვთ. ორივე ქვეყანაში დიდ პატივს სცემენ მასწავლებელსა და მათ პროფესიულ მიღწევებს. ფინელები დიდ ყურადღებას აქცევენ მასწავლებლის პროფესიონალიზმს და მათ განსაკუთრებით მკაცრ გამოცდებს უტარებენ.   

მასწავლებლები ფინეთში წელიწადში 600 საათის განმავლობაში ატარებენ გაკვეთილებს, დანარჩენს კი პროფესიულ განვითარებას უთმობენ. ამ უკანასკნელს დიდ ყურადღებას აქცევენ სამხრეთ კორეაშიც, ამიტომ მასწავლებლობა აქ ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საქმიანობაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მასწავლებლები წლის განმავლობაში 1,100 საათს საკლასო ოთახში ატარებენ და პროფესიული განვითარებისთვის ნაკლები დრო რჩებათ.

წყარო: https://ideas.ted.com/2014/09/04/what-the-best-education-systems-are-doing-right/

 

 

 

მოვლენა, რომელიც სახელმძღვანელოებში ვერ მოხვდა

0

ჩემი მასწავლებლები ყოველთვის მირჩევდნენ სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები მოღვაწეების მემუარების კითხვას. მუდამ მიმითითებდნენ, რომ უშუალო  მონაწილეთა მიერ  მოვლენათა განსხვავებული შეფასებების ცოდნა აუცილებლად დამეხმარებოდა საკუთარი  კომპეტენტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. კეთილი ადამიანების წინადადება ჩემთვის უაღრესად სასარგებლო გამოდგა და არაერთი მნიშვნელოვანი ახალგაზრდა მაძიებლისათვის ფასეული აღმოჩენის გაკეთებაში დამეხმარა.

დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ისტორიის და ვერც სამოქალაქო განათლების ვერც ერთ სახელმძღვანელოში ვერ აღმოაჩენთ ცნობას გასული საუკუნის დასაწყისში თბილისში განვითარებული ერთ-ერთი უსერიოზულესი კონფლიქტის შესახებ. შესაძლოა, დარგის სპეციალისტების გარდა არც არავინ იცის, რომ 1905 წელს ჩვენს დედაქალაქში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის უმძიმესი შეტაკება მოხდა. მხარეების მორიგება განსაკუთრებული ჩარევის შედეგად მოხერხდა. არადა, აღნიშნული მოვლენა საკუთარ მემუარებში დაწვრილებით აქვთ აღწერილი საქართველოს განათლების პირველ მინისტრ გიორგი ლასხიშვილსაც და იმპერიული დუმის ერთ-ერთ ლიდერ ქართველ დეპუტატ ისიდორე რამიშვილსაც.

რა მოხდა 1905 წელს თბილისში?

პირველი რევოლუციის ტალღამ პერიფერიულ რეგიონებამდეც მიაღწია. სამხრეთ კავკასია თვითმპყრობელობის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი გახლდათ. სოლიდარულად მოქმედი კავკასიელი ერების დასაპირისპირებლად და წინააღმდეგობის მოძრაობიდან მათი გამოთიშვის მიზნით,  რუსებმა პროვოკაციების გზა აირჩიეს. თავდაპირველად სომეხთა და აზერბაიჯანელთა სისხლისღვრის წახალისება ორივე ეროვნების ადამიანებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, ბაქოში, ყოფით ნიადაგზე მოხდა და შემდგომ განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. ხელსაყრელი გარემოებით ისარგებლეს თბილისში მოქმედი რელიგიურ-პოლიტიკური ორგანიზაციის „ჭეშმარიტ რუსთა კავშირის” წევრებმა. ორივე ეროვნების ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი „შავრაზმელები” თბილისის ქუჩებში თავს ესხმოდნენ სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც. შედეგად, ქმნიდნენ ილუზიას იმისა, რომ ბაქოს მოვლენებმა საქართველოშიც გადმოინაცვლეს. მათ მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია.  თბილისში სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთმანეთის ხოცვა მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკური ნიშნის საფუძველზე დაიწყეს. როგორც ისიდორე რამიშვილი გადმოგვცემს, პოლიცია და ჟანდარმერია  ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ღამ-ღამობით ორივე ეროვნების წარმომადგენელთა სახლებზე სპეციალურ ნიშნებს ამაგრებდა, რათა დაპირისპირებულებს ფარული თავდასხმებისას ადვილად ამოეცნოთ „მტერი”. საბოლოოდ კონფლიქტმა რუსებისთვისაც კი წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია. ბოტანიკურ ბაღთან და სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სომხური შეიარაღებული რაზმები, თათრის მოედანზე კი ხიშტიანი თოფებით აღჭურვილი აზერბაიჯანელები ჩამწკრივდნენ. ფაქტობრივად ორ ჯგუფს შორის სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება გაჩაღდა მაშინდელი თბილისის საქმიან უბანში, სალდათის ბაზრობისა და აბანოების უბანში.

ცხადია, ამ კონფლიქტს გაკოტრებული და ნდობის არმქონე ცარისტული ხელისუფლება ვერ მოაგვარებდა. მხარეების მორიგება ქართული საზოგადოების ყველაზე გავლენიანმა ძალამ, მემარცხენე მოძრაობამ იკისრა. მემარცხენეთა მანიფესტაცია ნაძალადევში დაიწყო. ისინი მსვლელობით კონფლიქტის შუაგულისკენ გაეშურნენ. ალექსანდრეს ბაღთან, ვორონცოვის ხიდზე, თვითმმართველობის მოედანზე და სხვა საკვანძო ადგილებიდან მსვლელობას ათასობით ადამიანი შეუერთდა. საბოლოოდ, ძირითადად ქართველებით დაკომპლექტებული მომიტინგეები სომეხ-აზერბაიჯანელთა ბრძოლის ველის ცენტრში დაბანაკდნენ. თითქმის ერთი კვირა მშვიდობის მოთხოვნით იყვნენ დაბანაკებულნი რეგიონის ყველაზე ცხელ წერტილში. მალე მათ შეიარაღებაც იშოვეს, რათა მომრიგებელ ბანაკზე თავდასხმის შესაძლებლობა შეემცირებინათ. თუმცა ქართულმა ბანაკმა მიზანს ვერ მიაღწია. უნებლიე გასროლამ კონფლიქტის შუაგულში ორმხრივი ცეცხლის გაჩაღება გამოიწვია. შედეგად, „წითელი ჯვრის” აქტივისტი რაჟდენ სტურუა დაიღუპა. მაშასადამე, სომეხ-აზერბაიჯანელთა ერთკვირიან საბრძოლო მოქმედებებში ფაქტობრივად ერთადერთი მსხვერპლი ქართველი აღმოჩნდა. თბილისში მცხოვრები ერების მორიგება სწორედ რაჟდენ სტურუას სამოქალაქო დაკრძალვაზე მოხდა. თუ გიორგი ლასხიშვილს ვენდობით, თბილისშივე დასრულებულმა კონფლიქტმა დედაქალაქს ბორჩალოს მაზრიდან მომავალი აზერბაიჯანული რაზმების თავდასხმა აარიდა თავიდან.

რა შეგვიძლია ვთქვათ განხილული მოვლენის საფუძველზე?

უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გავუსვათ საქართველოს მოსახლეობის განსაკუთრებულ როლს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება წარსულში კავკასიურ ეთნოსთა მორიგების საქმეში ასრულებდა. სომეხ-აზერბაიჯანელთა კონფლიქტი უშუალოდ არ ემუქრებოდა ქალაქის დანარჩენ მცხოვრებლებს. თუმცა მიუხედავად ამისა, ათასობით მოქალაქე სიცოცხლის რისკის ფასად დაპირისპირებულ მხარეთა შორის ჩადგა. აქვე უნდა ითქვას მოწინააღმდეგეთა დაზავების შედეგად დემოკრატიული მოთხოვნებით ბრძოლის გაგრძელების შესახებ. თბილისი კიდევ ორი წლის განმავლობაში იყო კავკასიური ერების სოლიდარული, ანტიცარისტული მოქმედებების მთავარი კერა.

დღეს, ამ საზოგადოების წარმომადგენლები ვეღარ ვახერხებთ ერთა შორის თანხმობის პროცესებში მთავარი ფუნქციის შესრულებას. მეტიც, ამ ეტაპზე ჩვენი მოქმედებების მთავარი იარაღი ღორის სისხლი და ამავე პირუტყვის თავი გახლავთ. იქნებ ამგვარი მორალური კრიზისის ერთ-ერთი უმცირესი წინაპირობა ისიც არის, რომ ასეთი ისტორიები თანამედროვე სახელმძღვანელოებში საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ .

მაია სარიშვილი – გაკვეთილი ბავშვის თვალებით

0

“ვერაფრით ვიხსენებ, როდის ვიყავი ბავშვი. რაც თავი მახსოვს, სულ დიდი მეგონა თავი. თამაშისა და მხიარულების დროსაც რაღაც დარდზე ვიყავი აცმული და ეს დარდი – ახლა ვხვდები – დიდებზე ფიქრის გამო მქონდა. სულ მათ ვაკვირდებოდი და ვიკვლევდი. კინოსავით ვუყურებდი მათ ცხოვრებას – მასწავლებლებისას, ნათესავებისას, მეზობლებისას. მაოგნებდა მათი სამყარო. ახლა რომ ვფიქრობ, მთელი ჩემი ბავშვობა ადამიანებზე დაკვირვების ერთი გრძელი და მძიმე ხანა იყო… მერე კი, როცა თვითონ გავხდი დიდი, ბავშვებზე დაკვირვების ხანა დამეწყო და ჩემი ცხოვრება დღესაც კინოს ყურებას ჰგავს, ოღონდ ეს კინო ახლა ბავშვებზეა…

სკოლა არ მიყვარდა. იქ მე საშინლად უცხო ვიყავი. თერთმეტი წელი ისე ვეწამე, არავისთვის მითქვამს, მიშველეთ-მეთქი. ყველას მშვიდი, თავმდაბალი და უწყინარი ვეგონე და გიჟი რომ ვიყავი, საიდუმლოდ მქონდა. ერთადერთი დღე იყო, როცა სკოლის სიყვარული ვიგრძენი: დაახლოებით ცხრა წლისა ვიქნებოდი, ერთ კვირა დღეს რომ სრულიად შემთხვევით მოვხვდი ცარიელ სკოლაში და გავოგნდი, ისე მშვენიერი იყო ეს უბავშვებო და უმასწავლებლებო დერეფნები და კლასები… სიჩუმე და აუწერელი იდუმალება… ერთი კედელი ხუთოსნების შავ-თეთრ ფოტოებს ჰქონდა დათმობილი და ამ ხუთოსნების მზერაც ისეთი თბილი და ადამიანური მომეჩვენა, ვერასდროს წარმოვიდგენდი. დერეფნის ბოლოდან ორ დიდ ქოთანში ჩარგული მაღალი პალმები ძლივძლივობით მივაჩოჩე იმ ფოტოებთან და ასე გამოვხატე აღფრთოვანება და სიყვარული…” – ასე იხსენებს ბავშვობას პოეტი მაია სარიშვილი, რომელიც დღეს ოთხი შვილის დედაა და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არ უყვარდა, წლების განმავლობაში ასწავლიდა იქ.
მაია სარიშვილი ავტორია პოეტური კრებულებისა “ცხადის გადაფარვა” და “მიკროსკოპი”. “მიკროსკოპისთვის” “წლის საუკეთესო პოეტური კრებულის” ნომინაციით 2008 წელს ლიტერატურული პრემია “საბა” მიიღო. “საქართველოს რადიოში” დადგმულია (რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი) მისი რადიოპიესები: “სამი ვედრო თოვლი”, “ძალიან ცუდი კაცი”, “ჭიამაიების ოჯახი”, “კატა ისევ წვიმაში”.

– მაია, შეგიძლიათ, სკოლაში დაბრუნდეთ და მოსწავლე მაია სარიშვილი გაიხსენოთ?

– მოსწავლე მაია სარიშვილი იყო ძალიან დაძაბული და უთვალავი მდუღარე ამბით ამოვსებული ადამიანი, რომელმაც წარმატებით მოირგო მშვიდი, უკონფლიქტო, თბილი ბავშვის ნიღაბი. ეს უფრო სასოწარკვეთილის ერთადერთი გასაქცევი იყო – უხმოდ მეტარებინა ათასჯერ იმაზე მეტი სიმძიმე, ვიდრე ზიდვა შემეძლო. როგორღაც მაინც შევძელი. დიდად არავის ხვდებოდა თვალში ჩემი უცნაურობანი. მერჩივნა, მაქსიმალურად დავმსგავსებოდი სხვებს, არაფრით გამოვრჩეულიყავი. ასე უფრო დაცულად ვგრძნობდი თავს… თუმცა ყოველი დილა, როცა სკოლაში უნდა წავსულიყავი, სტრესი იყო. გარედან თითქოს ჩვეულებრივად გამოვიყურებოდი, მაგრამ ყინულის ქანდაკება მედგა ტანში, რომელიც ძალიან მძიმე სატარებელი გახლდათ. რა არ მიყვარდა იქ? – დიდი ფანჯრები რომ ჰქონდა კლასებს და ამის გამო ძალიან განათებული რომ იყო ყოველი კუნჭული; ბევრი ბავშვი რომ ირეოდა დერეფანში; კლასელებს რომ ისეთ რაღაცებზე შეეძლოთ სიცილი და გართობა, რაც მე საერთოდ არ მამხიარულებდა; მასწავლებლებს რომ ყვირილი ედგათ მთელ სხეულში და მთელი დღე რომ ჩურჩულით ელაპარაკათ, ყვირილი მეგონა მაინც; სიის ამოკითხვაც მძულდა – არ მსიამოვნებდა, ჩემი სახელი და გვარი რომ ისმოდა ხმამაღლა; ათასი რამ კიდევ…

– გყოლიათ მასწავლებელი, რომელიც დღემდე გახსოვთ?
– მათემატიკის მასწავლებელი – სირანა. უამრავი მიზეზის გამო ბავშვები სულ დასცინოდნენ. არც მე მიყვარდა ეს ქალი დიდად, მაგრამ ერთხელ წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ბავშვობისას, სულ პატარა, ახალფეხადგმული, ჩვილი თითებით და სუფთა, ნათელი თვალებით და ისე აღარ მაღიზიანებდა… ახლაც მაქვს ეს ჩემდა უნებური ჩვევა – როცა ვინმე გულს მატკენს, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი იქნებოდა ბავშვობისას და პატიებას ეს მიადვილებს… დაცინვის გარეშე არც ერთი მასწავლებელი არ რჩებოდა, მაგრამ, მახსოვს, სირანას მაინც ყველაზე უფრო ვიმეტებდით… ერთ დილასაც, როცა პირველი გვქონდა მათემატიკა, სირანამ დააგვიანა. ბავშვებმა მისი მიბაძვა დაიწყეს და ყველა ახარხარდა. ამ დროს საკლასო ოთახში დირექტორი შემოვიდა და გვითხრა, სირანა ამ დილით მკვდარი უნახავთო თავისივე საწოლში… შემზარავი იყო ეს წამები, როცა დაცინვა და ხარხარი ასე ერთი ხელის მოსმით მოკვეთა ტრაგედიამ – თითქოს ვიღაცამ უშველებელი ნაჯახი მოიქნია და ყველას წაგვაწყვიტა სიცილი ტუჩებთან საშიშად ახლოს, სადღაც ერთ მილიმეტრზე…

– თუ გყოლიათ მოსწავლე, რომელიც საკუთრ ბავშვობას გახსენებთ? იცვლება თუ არა ამ დროს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება?

– ყველა მოსწავლეში საკუთარ თავს ვეძებდი თითქოს, მეშინოდა, “მაია” არ გამომპარვოდა სადმე; მეც ხომ სულ შენიღბული ვიყავი, ამიტომ ვცდილობდი, ვინმე ასევე ნიჭიერად შენიღბული არ გამომპარვოდა. ბევრი აღმოვაჩინე, სხვათა შორის… ბავშვები ხშირად არ არიან ისინი, რადაც მიზეზთა გამო თავს გვაჩვენებენ. ეს მტკივნეული ამბავია და ძალიან სათუთად მოსავლელი…

– თქვენ წერთ, რომ სკოლა არ გიყვარდათ, რატომ? როგორია თქვენი საოცნებო სკოლა?
– საოცნებო სკოლა? მოკლედ ვიტყვი: არც შავ-თეთრი, არც ჭრელი. პასტელის ფერებს რომ განწყობა მოაქვთ, ისეთი. უბრალო, ოდნავ სევდიანიც – საკლასო ოთახებში ბევრი ქოთნის ყვავილით და გამჭვირვალე მასწავლებლებით… არა, ახლა რომ დავფიქრდი, ჩემი საოცნებო სკოლა ალბათ ძალიან ნიჭიერად გადაღებულ შავ-თეთრ კინოს უფრო ჰგავს, სადაც ფერები ისე ბუნებრივად იგულისხმება და იგრძნობა, რომ აღარ სჭირდება ზედმეტად გაფერადება რაღაც ჭყეტელა, მატყუარა ფერებით…

– თეორიულად როგორ წამოგიდგენიათ სრულყოფილი მასწავლებელი და თქვენ როგორი პედაგოგი იყავით?

– ვფიქრობ, მხოლოდ საინტერესო და არაორდინარულ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ კარგი მასწავლებლები. მათ, ვინც, როგორც ბეტონის ფირფიტებით, მხოლოდ პედაგოგიკის სახელმძღვანელოს ფურცლებით არ არიან შემორაგულები და ბავშვების სიყვარულთან, ფანტაზიასა თუ სხვა სიკეთეებთან ერთად აქვთ სითამამეც, ჩაატარონ გაკვეთილი ისე, როგორც იმ დღეს კარნახობენ ბავშვების თვალები. მე ვერ აღმოვჩნდი კარგი პედაგოგი, რადგან რეჟიმი და ვალდებულებები მანგრევს. იქნებ ერთ დილასაც არ მინდა ბავშვების დანახვა და მათთან ლაპარაკი?! იყო შემთხვევები, შუა გზაში ავტობუსიდან ჩამოვსულვარ და გაკვეთილი გამიცდენია. ცხადია, ასე არაფერი გამოვა… ჰოდა, აღარცა ვარ მასწავლებელი.

– რას ნიშნავს მშობელი, რომელიც იმავდროულად არის მასწავლებელი და პოეტი?

– დიდად სანაქებო ვერც მშობელი ვარ. ჩემი ოთხივე შვილი სკოლის მოსწავლეა და აბსოლუტურად ვერ ვეხმარები მათ. როცა რამეს ვერ ხვდებიან, ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად ავუხსნა და თავიდან მოვიშორო, და ეს – საუკეთესო შემთხვევაში. ვერ ვდარდობ იმაზე, როგორი ქულები აქვთ ტესტებში და რამდენი გაცდენა დაუგროვდათ. მგონი, პირიქითაა – ბავშვები ნერვიულობენ, მე კი ვამშვიდებ, ვეუბნები: ნუ გეშინიათ, ისწავლეთ მშვიდად, ხანაც ნუ ისწავლით და როცა შეძლებთ, მაშინ ამოქაჩეთ-მეთქი ეს ჩამორჩენა. რაც მთავარია, კითხვა უყვართ და ამას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აკეთებენ. ხომ ვიცი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ამის იმედზე ვარ ალბათ, რომ უშველიან თავს როგორმე…

– რას ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

– მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც და მშობლებსაც სწორედ ამას ვუსურვებდი: იმოქმედეთ მშვიდად. შემზარავი სანახავია, როგორ ეკარგება მოსწავლეს ფერი იმის გამო, რომ დაბალი ქულა მიიღო და სახლში “მოკლავენ”. მე არ მინდა, ბავშვებს რამისა ეშინოდეთ – სულერთია, მოჩვენებებისა თუ მასწავლებლების. რიდი? რიდი თავისთავად მოვა, როცა სიყვარულსა და პატივისცემას იგრძნობენ… არანაირი სწავლა და განათლება არ ღირს ბავშვის ნერვების ფასად. ლაღი და მშვიდი ბავშვები ყველაფერს შეძლებენ.

მასწავლებელის პროფესიის მომავალი მასწავლებელს არ ექნება არასტაბილურობის და უსამართლობის განცდა

0
ჟურნალ „მასწავლებლის” და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge”-ს კითხვებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის  მოდგილე, ირინა აბულაძე პასუხობს

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე არსებობს „მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის” ჩარჩო. სქემა მასწავლებლებში დიდ ვნებათა ღელვას იწვევს – მათ აღელვებთ თავიანთი მომავალი. როგორი იქნება ახალი სქემა, რა უპირატესობა ექნება მას არსებულთან შედარებით?
დოკუმენტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, თუმცა სქემის კონტურები, როგორც თავადაც აღნიშნეთ, უკვე გამოიკვეთა. არსებულისგან მას უმთავრესად ის განასხვავებს, რომ არსებული დოკუმენტი არეგულირებს მხოლოდ პროფესიული განვითარების მიმართულებას, ანუ ეხება მხოლოდ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, ისიც მათგან მხოლოდ მათ განვითარებას ვინც ნებაყოფლობით ჩაერთო პროფესიული განვითარების სქემაში;  ახალი რეგულაცია კი მოიცავს როგორც პროფესიული განვითარების, ისე პროფესიაში შესვლის, პროფესიული განვითარების, კარიერული ზრდისა და შეფასების კომპონენტებსაც. ეს არის მასწავლებლის პროფესიის მარეგულირებელი ერთიანი დოკუმენტი და ეხება უკლებლივ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებელს; 
მოგეხსენებათ, მასწავლებლის პროფესია რეგულირებად პროფესიებს მიეკუთვნება, თუმცა მისი რეგულირება დღემდე არ ხორციელდებოდა. არ არსებობდა იმის მკაცრი კრიტერიუმები, ვის შეეძლო პროფესიაში შესვლა, როგორ ენიჭებოდა ან როდის წყდებოდა მასწავლებლობის უფლება, როგორ ხდებოდა კარიერული ზრდა და საქმიანობის შეფასება და ა. შ. გარდა ამისა, მოსაწესრიგებელია საუნივერსიტეტო მომზადების ნაწილიც, კერძოდ ეროვნულ კვალიფიკაციათა  ჩარჩოში არ არის დაკონკრეტებული მასწავლებელთა კვალიფიკაცია ამომწურავად, არსებობს მხოლოდ რამდენიმე ზოგადი კვალიფიკაცია, ვთქვათ, “დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი” , რაც პრობლემას ქმნის ხარისხიანი მასწვლებლის მომზადების პროგრამების შესაქმნელად; ამ მიმართულებით ერთადერთი მარეგულირებელი დოკუმენტი მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი სტანდარტია.

საგნის მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რა მოეთხოვება, ვის შეუძლია მისი კომპენტეციის შეფასება და როგორია შეფასების ინსტრუმენტები.
მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობებს იქამდე მივყავართ, რომ ამ პროფესიის არჩევის მოტივაცია დაბალია, ხოლო მათი უმეტესობა, ვინც ამ პროფესიაში მოდის, ამას გაუაზრებლად აკეთებს. მომავალი მასწავლებლისთვის არც სახელფასო ანაზღაურებაა მიმზიდველი და  არც პროფესიული განვითარებისთვის შექმნილი გარემო. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროფესიაში შესვლისთვის პრაქტიკულად არანაირი წინაღობა სამართლებრივად არ არსებობს,  მასწავლებლად გახდომის დაინტერესებამ არ იმატა.  
პრობლემის მოგვარების გზა ასეთია: მოხდეს პროფესიის მარეგულირებელი კომპონენტების ინტეგრირება ყველა დონეზე, რათა ლოგიკური გახდეს კავშირები საუნივერსიტეტო მომზადებიდან პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და შეფასების მიმართულებით. აუცილებელია სახელფასო დაინტერესებაც. სტუდენტი უნივერსიტეტში განაცხადს რომ გააკეთებს, უკვე უნდა იცოდეს, რა კომპეტენცია ექნება პროგრამის  დამთავრების შემდეგ. მას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ პროფესიაში შესვლას გამჭვირვალე და სანდო მექანიზმები დაარეგულირებს. უნდა ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობაც, პროფესიული საქმიანობის შედეგი კი ხელფასზე აისახოს. აქვე ვიტყვი, რომ ვერც ერთი სისტემა ვერ იქნება წარმატებული რომელიმე ერთი კომპონენტის ხარჯზე. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა სხვადასხვა მიმართულებით – არა მხოლოდ ხელფასი, არა მხოლოდ შეფასება, არა მხოლოდ პროფესიული განვითარება, არამედ ყველაფერი ერთად და ურთიერთდაკავშირებულად. 
შეუწყობს თუ არა ხელს ახალი სქემა სკოლას, გახდეს ავტონომიური და მასწავლებელი თავად წყვეტდეს, როგორ იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე? საინტერესოა ამ სქემის დანერგვის გზები და ხერხებიც.
პროფესიული განვითარების სქემა ახალი  სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია. ახალი სისტემის მიხედვით, ყველა კომპონენტი ერთიანობაში უნდა განვიხილოთ. მაგალითად, პროფესიული განვითარების მიმართულებით უნდა ვეცადოთ, გადავიდეთ ტრენინგ-სისტემიდან უწყვეტი პროფესიული განვითარების კონცეფციის დანერგვაზე და ამის განმხორციელებელი მხოლოდ სახელმწიფო არუნდა იყოს. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა საკუთარ საკლასო პრაქტიკაზე დაფუძნებით, კოლეგებსა და სკოლასთან თანამშრომლობით დაადგინოს პროფესიული საჭიროებები და ამის შემდეგ აირჩიოს პროფესიული განვითარების ის გზა, რომელიც სჭირდება. ასეთ ინდივიდუალურ მიდგომებს კი ცენტრალიზებული გზით ვერ გავუმკლავდებით, ამიტომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. სახელმწიფომ უნდა იტვირთოს აკრედიტაციის და, საზოგადოდ, ხარისხის მაკონტროლებლის როლი, მაგრამ ის, ვინც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ბაზარზე უნდა გაჩნდეს სწორედ იმისთვის, რომ უპასუხოს მასწავლებლის ინდივიდუალურ-კონკრეტულ საჭიროებებს პროფესიული განვითარების მიმართულებით. 
რაც შეეხება შეფასების ნაწილს, ამაში მასწავლებლები და სკოლები უნდა იყვნენ ჩართულნი. პროცესი იწყება მასწავლებლის თვითშეფასებით და ამის შემდეგ იგეგმება მისი პროფესიული განვითარების გზა. შეფასების კომპონენტი (პროფესიული საქმიანობის ამსახველი პორტფოლიო და საკლასო დაკვირვება) განხორციელდება შერეული-ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მიდგომით. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთ სკოლას შეუძლია ადმინისტრირება გაუწიოს შიდა სასკოლო შეაფსებას, ზოგი კი ინსტიტუციურად ამისთვის ნაკლებად  არის. მთავარი პრინციპი ის გახლავთ, რომ სკოლაში უნდა შეიქმნას და გადამზადდეს ჯგუფები. სწორედ ისინი დააკვირდებიან საკუთარ მასწავლებელს. საკლასო დაკვირვების კომპონენტზე ამჟამად მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელიც 2015 წლის განმავლობაში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის და სკოლების   ჩართულობით შეიმუშავებს საკლასო დაკვირვების ინსტრუმენტს. შემდეგ პროცესი გვაჩვენებს, ვის და რა დონეზე შეეძლება ამ ინსტრუმენტის გამოყენება. მთავარი ამოსავალი ამ დეცენტალიზებული მიდგომის არის ის, რომ არ შეიძლება სკოლა იყოს მოწყვეტილი პროცესებს, განსაკუთრებით ხარისხის მართვის მიმართულებით, რომელიც მიმდინარეობს მის კედლებში. 
რაც შეეხება პორტფოლიოს, რომლის მეშვეობითაც მოხდება კონკრეტული კომპეტენციების დადასტურება,  მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებით – ყველა მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, შეფასების ციკლის განმავლობაში წარმოადგინოს დადასტურებები, რომლებიც მის კონკრეტულ კომპეტენციას წარმოაჩენს.. 
მასწავლებლებს წინასწარ ეცოდინებათ, რა ექნებათ წარმოსადგენი, ეცოდინებათ შეფასების რუბრიკები. ასე რომ, 2015 წელი იქნება მოსამზადებელი, შეფასების რუბრიკების დახვეწისა და პროფესიული განვითარების სისტემის გარდაქმნის წელი. პირველი შეფასება კი განხორციელდება 2016-2017 სასწავლო წლის ბოლოს, მას შემდეგ რაც ყველა ინსტრუმენტი გამოიცდება და მზად იქნება გამოყენებისათვის. 
მომზადების პროცესის ხელშესაწყობად, აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ მომზადდა და  სკოლები უახლოეს დღეებში მიიღებენ ცენტრის ახალ  გამოცემებს “მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი”, “მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი”  და  “სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების გზამკვლევი”
იმ პირობებში, როდესაც მასწავლებლის პროფესიული განვითარება მის საჭიროებებს მოერგება, სად ხედავთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ადგილს?
მიგვაჩნია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, უპირველესად, წამყვანი უნდა იყოს მასწავლებელთა პროფესიის რეგულირებასა და გრძელვადიანი ხედვის შემუშავების კუთხით. მეორეა ხარისხის კონტროლი. სწორედ ცენტრი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც არა მხოლოდ დაგეგმავს, არამედ გააკონტროლებს კიდეც ხარისხს მასწავლებლის პროფესიის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების  მიმართულებით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცენტრი აღარ განახორციელებს პროფესიული განვითარების აქტივობებს. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. აუცილებლად გაჩნდება იარსებებს ისეთი  ადგილები და მიმართულებები, სადაც კერძო პროვაიდერს არ ექნება საქმიანობის ინტერესი – მაგალითად, მაღალმთიანი რეგიონების ან ძალზე მცირეკონტინგენტიანი სკოლები – და მასწავლებელი პროცესების მიღმა რომ არ დარჩეს, ამის ერთ-ერთი განმხორციელებელი სწორედ ჩვენი ცენტრი იქნება. გავაგრძელებთ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებასაც: ესენია ინკლუზიური განათლების მასწავლებლის მიმართულება, მაღალმთიანი რეგიონების სკოლების ხელშეწყობა, სკოლების ადმინისტრაციისა და მართვის პროგრამა, რესურსებით უზრუნველყოფა, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში  სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა  და ა.შ.
ჩვენ დაახლოებით 62 ათასი მასწავლებელი გვყავს. ზოგიერთი მათგანი სერტიფიცირებულია. მათ ძალიან აინტერესებთ კატეგორიებად დაყოფის საკითხი. სქემით უკვე განისაზღვრა, რომ სამომავლოდ გვეყოლება პრაქტიკოსი, წამყვანი, უფროსი და მენტორი მასწავლებლები. მათი დაყოფის კრიტერიუმებიც განსაზღვრულია? საიტერესოა, რა ელით იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროფესიული განვითარების არსებულ სქემაში და კრედიტქულები მოიპოვეს.
როდესაც სქემა დამტკიცდება, სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება სპეციალური კომისია. მასში გამოცდების ეროვნული ცენტრის, სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. კომისია დაამტკიცებს კონკრეტულ დეტალებს, რომლებიც სქემის დოკუმენტს მიჰყვება. ერთი მათგანია საფეხურებზე გადანაწილების ეტაპი, რომელიც ამ წლის ბოლომდე განხორციელდება. უკვე განსაზღვრულია კრიტერიუმებიც, რასაც კომისია განიხილავს და დაამტკიცებს. პრაქტიკოს მასწავლებლებად განისაზღვრებიან მოქმედი არასერტიფიცირებული მასწავლებლები, რომლებსაც ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი კვალიფიკაცია აქვთ, წამყვან მასწავლებლებად –  მოქმედი სერტიფიცირებული მასწავლებლები ზოგადი და უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით. უფროსი მასწავლებლის კატეგორია მიენიჭებათ მათ, ვისაც აქვს ორ წელზე მეტი ხნის გამოცდილება და დოქტორის აკადემიური ხარისხი. განაწილების კრიტერიუმები არ უკავშირდება პროფესიული განვითარების პროცესს,  მაგალითად, უფროს მასწავლებლად გახდომა შეეძლება ნებისმიერ მასწავლებელს განურჩევლად მისი აკადემიური ხარისხისა. 
საფეხურებზე განაწილების შემდეგ, კომისია დაადგენს, რა დამატებითი კრედიტქულები შეჰყვებათ კატეგორიებში  განაწილებულ მასწავლებლებს.. შესაძლოა, მასწავლებლები ერთსა და იმავე საფეხურზე იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა სასტარტო პოზიცია ჰქონდეთ. მაგალითად, თუ ერთმა სერტიფიცირებულმა მასწავლებელმა დამატებით ჩააბარა სხვა საგნის სასერტიფიკაციო გამოცდა ან გამოსცა რაიმე რესურსი, მონაწილეობდა გრიფირებული სახელმძღვანელოს გამოცემაში და ა.შ. მას ამისთვის დამატებითი კრედიტქულები მიენიჭება; ან არასერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურზეა დამატებით კრედიტქულას მიიღებს თუ აქვს ერთ ერთი გამოცდა ჩაბარებული, ან  წარმოადგენს სხვა მიღწევებს პროფესიულ საქმიანობაში.
გარდა ამისა, კომისია აუცილებლად დაამტკიცებს გარდამავალ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს დღეისათვის სქემაში ჩართული მასწავლებლების კრედიტქულების ასახვას ახალ სქემაში.
ვინაიდან დღევანდელ დღემდე სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასება  არ იყო განსაზღვრული და ეს მხოლოდ 8 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, არსებულ სქემაში ჩართული  მასწავლებლები არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რამდენად სრულყოფილად იცავენ ისინი მოთხოვნებს, გარდა ამისა ეს მოთხოვნებიც არ იყო ჩამოყალიბებული გასაგებად. 2011 წლიდან სქემაში ჩართულია ხუთი ათასამდე მასწავლებელი, თუმცა მათ უმრავლესობას რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნაკლებად აქვს რაიმე გამოცდილება დაგროვებული და ეს გასაგებიცაა. მოთხოვნების, შეფასების კრიტერიუმების და 8-8 წლიან პერსპექტივაში პროფესიაში დაწინაურება ცალსახად არ წარმოადგენდა ინტერესის საგანს. თუმცა, ისინი ვისაც აქვს მნიშვნელოვანი შრომა გაწეული, მათი კრედიტქულების გადაანგარიშების კრიტერიუმებს კომისია დაადგენს, რათა მოხდეს მათი ასახვა ახალ სქემაში.  ეს ყველაფერი წლის ბოლოსთვის დასრულდება და მასწავლებლებს ექნებათ სრული ინფორმაცია რა პროცესები განხორციელდება ამ მიმართულებით 2015-2017 წლებში და შემდგომ. 

მსურველთათვის ღია იქნება კარი პროფესიაში შემოსასვლელად?
შემუშავდება რამდენიმე გზა პროფესიაში შესასვლელად. ჩვენ ახლა გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით. ახალი საუნივერსიტეტო პროგრამები მეტად მოერგება მასწავლებლის ახალ პროფესიულ სტანდარტს. პრაქტიკის კომპონენტი გაძლიერდება. სტუდენტების პირველი გამოშვება 4-5 წელიწადში გვეყოლება, თუმცა მანამდე პროფესიაში შესვლა  ვერ გაიყინება. მასწავლებლად გახდომა შეეძლება პირს, მისი განათლების, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით, სწორედ ამის საფუძველზე იქნება განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნები გაივლის ის მასწვლებლის მომზადების პროგრამას, მაძიებლობის პროგრამას თუ ჩააბარებს საგნობრივ გამოცდას. 
გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა შერჩევისა და დასაქმების წესზეც. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, არსებული ვაკანსია გამოაქვეყნოს საჯაროდ. დადგინდება სკოლის მიერ კონკურსის ჩატარების წესი. სკოლას ექნება იმის შესაძლებლობაც, კონკურსანტს დამატებითი პირობები წაუყენოს, თუმცა ზოგადი შერჩევის  წესი უნიფიცირებული იქნება.
რა მიანიჭებს მასწავლებელს სტაბილურობის განცდას, რა მისცემს მოტივაციას, ჩაერთოს სქემაში და ამ პროფესიაში დარჩეს?
9 სექტემბერს “მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის” კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა 2015 წლიდან მზარდი იქნება და მიებმება ქვეყნის ბიუჯეტის განვითარებას და მასწვლებლის პროფესიულ განვითარებას და საქმიანობის შეფასებას. 
მასწავლებელს ეცოდინება, რომ სახელფასო ზრდა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება მის მიღწევებზე პროფესიულ საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ სერტიფიცირების არსებული მოდელი იცვლება და უფრო კომპლექსური ხდება, ჩვენ ვაღიარებთ მის მცდელობას, მის მიერ გაწეულ შრომას და არსებულ ცვლილებებს წინა გამოცდილებაზე ვაგებთ, და არამც და არამც არ ვუგულებელყოფთ მათ. 
სახელწიფომ მომავალშიც  უნდა შეინარჩონოს კურსი განვითარებისკენ, რომელის განხორციელების გზაც  არ გაუჩენს მასწავლებლებს უსამართლობისა და არასტაბილურობის განცდას, აჩვენებს, რომ ყოველი მომდევნო ცვლილება იქნება ლოგიკური გაგრძელება წინა მოთხოვნებისა, რომლებსაც სახელმწიფო უყენებდა  მასწავლებლებს და რომ ცვლილებები ორიენტირებულია დახვეწაზე და სრული სურათის წარმოდგენაზე, რაც გულისხმობს სხვადასხვა სეგმენტის და ნაწილის გაერთიანებას და დაკავშირებას და არა მათ გათიშვას. 

ესაუბრა ნატო ინგოროყვა

პრაქტიკული კვლევა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის

0
” პრაქტიკული კვლევა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის,
რომ გავიგოთ, რა ხდება ჩვენს სკოლაში, და
როგორ ვაქციოთ ის უკეთეს ადგილად”.
 
(Emily F. Calhoun, 1994)
 
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს  ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.[1] ამიტომ ზოგადი განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სკოლის დონეზე კი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური პედაგოგების გუნდი, რომლებიც მოტივირებულები არიან ერთობლივი მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე გააუმჯობესონ სასკოლო გარემო. ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება პრაქტიკული კვლევის გამოყენებაა.
საქართველოს განათლების სისტემაში პრაქტიკული კვლევის დანერგვა 2009 წლიდან დაიწყო, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ,,განათლების ადმინისტრირება” შეიქმნა. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, პრაქტიკული კვლევის მეთოდის გამოყენებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებს შეისწავლიან და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით ცდილობენ მათ მოგვარებას. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა 2013 წელს „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების” ქვეპროგრამის პილოტირება დაიწყო. ქვეპროგრამის ფარგლებში იქმნება პროფესიული განვითარების ჯგუფები, რომლებიც ზრუნავენ როგორც საკუთარი, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე, ცდილობენ ჩართონ პედაგოგები პროფესიული განვითარების მრავალფეროვან აქტივობებში, რათა ხელი შეუწყონ მათში თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის, როგორც ღირებულების ჩამოყალიბებას.
პრაქტიკული კვლევა არის პრობლემის ერთგვარი მეცნიერული გამოკვლევა, რომლის პროცესში თანამშრომლობის საფუძველზე ხდება ახალი ცოდნის გენერირება. ამ ტიპის კვლევის მთავარი პრინციპია გუნდურობა. შესაბამისად, საკვლევი საკითხის/პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაჭრაზე მუშაობს საკითხით დაინტერესებული ადამიანების, მკვლევრების გუნდი, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია შედეგზე  ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება.
გუნდურობისა და თანამშრომლობის პრინციპის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია სწავლა-სწავლების პროცესი, რომლის ხარისხიანად წარმართვა შეუძლებელია სკოლის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ერთობლივი მუშაობის გარეშე. შესაბამისად, სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის პროცესში მკვლევარი შეიძლება იყოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წევრი – დირექტორი, მასწავლებელი, კათედრის ხელმძღვანელი, მოსწავლე და სხვა. მათ ყველაზე უკეთ იციან თავისი სამუშაოს ძლიერი და სუსტი მხარეები, იციან საქმიანობის რა ნაწილშია პრობლემა და ცდილობენ მის გადაჭრას.
აქედან გამომდინარე, პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო ალტერნატივა იმის წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ სასკოლო გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. იგი მიმართულია სკოლაში არსებული რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა გადაჭრას საკვლევი პრობლემა და დაინახოს  შედეგი. 
რეალური შედეგის მიღწევისა და კვლევის ეფექტიანად განხორციელებისათვის მასწავლებლებმა რამდენიმე ძირითადი ეტაპი უნდა გაიარონ:
§  საკვლევი საკითხის შერჩევა – მასწავლებლების მაქსიმალური ჩართულობისა და დაინტერესებისათვის აუცილებელია, შერჩეული პრობლემა აქტუალური იყოს  ჯგუფის ყველა წევრისთვის.
§  კვლევის მიზნის განსაზღვრა – კვლევის მიზანი უნდა გამომდინარეობდეს საკვლევი პრობლემის გადაჭრის მნიშვნელოვნებიდან და ემსახურებოდეს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.
§  კვლევის მეთოდოლოგიის შერჩევა – მკვლევრებმა უნდა ჩამოაყალიბონ ხერხები – როგორ შეისწავლიან მათ მიერ დასახელებულ პრობლემას. კვლევის ინსტრუმენტების შერჩევისას მკვლევარი სრულიად თავისუფალია და ირჩევს იმ ალტერნატივას, რომლის საშუალებითაც საკითხის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას შეძლებს.  
§  ინტერვენცია – მონაცემთა გაანალიზებისა და პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირების შემდეგ,  დგება ინტერვენციის ეტაპი, როდესაც მკვლევარს საშუალება აქვს, მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიმუშაოს სტრატეგია და გადაჭრას პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების განხორციელების შემდეგ მიღებული მონაცემები გაუმჯობესებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სტრატეგია მკვლევრებმა/მასწავლებლებმა სწორად შეარჩიეს. ამ გზით მკვლევარი თავად პოულობს პრობლემების გადაჭრის გზებს და ყოველი დაბრკოლების გადალახვა მისი პროფესიული ზრდის წინაპირობა ხდება.
§  შეფასება – ინტერვენციის შედეგების შეფასება მკვლევარს საშუალებას მისცემს გაიგოს, მიღწეულია თუ არა კვლევის შედეგი, გადაჭრილია თუ არა პრობლემა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკული კვლევა მკვლევარს, ამ შემთხვევაში მასწავლებელს, ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებაში, უვითარებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს, იზრდება თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და ხდება გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემაში კვლევით სამუშაოებს გარკვეული კრედიტები ენიჭება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია სტატიის ან ანალიტიკური ნაშრომის მომზადება, რომლის საშუალებითაც მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა, მიღებული გამოცდილება კოლეგებსა და საზოგადოებას გაუზიაროს.
ამრიგად, სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკოსი მკვლევრის ჩამოყალიბებასა და სკოლისათვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ საქმიანობებში პროგრესის მიღწევას. ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია კვლევის ამ მეთოდის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
 
 
 
გამოყენებული ლიტერატურა:
1.      საქართველოს მთვარობის 2004 წლის 18 ოქტომბრის N84  განკარგულება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცეცბის შესახებ”
2.      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის N90/ნ ბრძანება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დამტკიცების შესახებ”.
3.      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის  N1014  ბრძანება „მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის დამტკიცების  შესახებ”.
4.      Wayne K Hoy, Cecil G Miskel. Educational Administration: Theory, Research, and Practice. McGraw-Hill Humanities Social, 2004.
5.      Zeichner, Ken. “Educational Action Research.” In Handbook of Action Research: Participative Inquiry and Practice, by Peter Reason and Hilary Bradbury (eds.), 273-283. London: Sage Publications, 2001.
6.      Karlsen, Jan Irgens. “Action Research as a Method: Reflections from a Program for Developing Methods and Competence.” In Handbook of Action Research: Participative Inquiry and Practice, by Peter Reason and Hilary Bradbury (eds.), 143-158. London: Sage Publications, 2001.
7.      Passmore, William. “Action Research in the Workplace: The Socio-technical Perspective.” In Handbook of Action Research: Participative Inquiry and Practice, by Peter Reason and Hilary Bradbury (eds.), 38-47. London: Sage Publications, 2001.
 
 
[1]საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის განკარგულება N84 „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების” დამტკიცების შესახებ, გვ.1.

სტერეოტიპული აზროვნების წინააღმდეგ

0
პოზიტიური სწავლება ბავშვს შფოთვის დამარცხებაში, თვითრწმენის გამყარებაში, წარმატების მიღწევაში ეხმარება. ავსტრალიის ერთ-ერთ სკოლაში შემუშავებულია ერთიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს „ბედნიერების გაკვეთილები” უტარდებათ.  გილონგის საჯარო სკოლაში პოზიტიური სწავლების პროგრამა 2008 წლიდანაა ჩაშვებული.  

ფსიქოლოგიაში პოზიტიური მიმართულება ადამიანის ფსიქიკის დადებით ასპექტებს იკვლევს. მის ფუძემდებლად ამერიკელი მარტინ სელიგმანი მიიჩნევა. სწორედ მან დაუთმო ფსიქოლოგიაში ჯეროვანი ყურადღება ადამიანის ცხოვრების ისეთ პოზიტიურ მხარეებს, როგორიც არის: შემოქმედებითობა, იმედი, მიზნის მიღწევის სურვილი, ნიჭი. მანამდე კვლევების უმეტესობა პათოლოგიების მკურნალობას სწავლობდა. სელიგმანის ნოვატორულმა იდეებმა სამეცნიერო წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, რამაც ფსიქოლოგიაში ახალი მიმართულება შექმნა.     

„ბედნიერების გაკვეთილებს” გერმანელი მოსწავლეებიც გადიან. ჰამბურგში მასწავლებელი ცდილობს გააცნობიერებინოს ბავშვს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სოციალური ურთიერთობები, ნდობის ფაქტორი, კოლექტივისადმი მიკუთვნებულობა. „ბედნიერების გაკვეთილები” წარმატებით ტარდება მსოფლიოს სხვა ქვეყნების სკოლებშიც. მაგალითად, ჰიმალაის სამეფო ბუტანის ერთ-ერთი სოფლის, ვუჩუს, სასწავლო დაწესებულებაში ბავშვები არა მხოლოდ წერა-კითხვასა და თვლას, არამედ ჰუმანიზმის საფუძვლებსაც სწავლობენ. პარიზის „სკოლა 42″ კი ერთადერთია, სადაც არც გამოცდებია და არც სასწავლო განრიგი (სკოლის შემქმნელი კსავიე ნილი ინტერნეტ-პროვაიდერ „FREE”-ის ხელმძღვანელია). სკოლაში არასტერეოტიპული წესებია: სტუდენტები „შეკვეთით” მუშაობას სწავლობენ, ანუ იმას, რისი კეთებაც სამომავლოდ მოუწევთ და რაც ფინანსურ კეთილდღეობას, მაშასადამე, ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნებას მოუტანს. სკოლის დირექტორი კვამ იანგნანი ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებებმა თავიანთი ღირებულებების სისტემას დროდადრო უნდა გადახედონ. დღევანდელ სკოლებში სწავლების პროცესი მოსწავლეებისთვის ინფორმაციის გადაცემაზეა აგებული. ეს ეწინააღმდეგება ინფორმაციის ორმხრივად გაცვლის თანამედროვე მოთხოვნებს. „სკოლა 42″-ში პედაგოგები მეორე პლანზე არიან. სასწავლო პროცესი ისეა აგებული, რომ მოსწავლეებმა (რომელთა ასაკი 18-დან 30 წლამდეა) თავად უნდა მოიძიონ ნებისმიერი ინფორმაცია, გადაამუშაონ ის და მასწავლებელს ისე ჩააბარონ.        

           

განათლების ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სკოლა ნოვატორული იდეების მკვეთრ დეფიციტს განიცდის და ამის გამო კარგავს ნიჭიერ მოსწავლეებს. მწერალი და განათლების ექსპერტი, ინგლისელი კენეტ რობინსონი თავის ახალ წიგნში „ელემენტი” წერს: „ხშირად ვფიქრობ ტალანტზე, რომელიც გიგანტურ მიწისქვეშა რეზერვს ჰგავს. სკოლა მისი გამოყენების შანსს არ იძლევა. სკოლას ძალიან ვიწრო ხედვა აქვს აკადემიურ მოსწრებასთან და წარმატებასთან დაკავშირებით. მოსწავლეთა უმრავლესობა გაკვეთილზე გაუნძრევლად ზის და მასწავლებლის ნათქვამს ინიშნავს. რასაკვირველია, ესეც სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი, მაგრამ არა ერთადერთი ნაწილია. არსებობს ბავშვის ტალანტის მიგნების უამრავი ხერხი. თუმცა სკოლა მათ არ იყენებს. ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს – რამდენიმეწუთიანი გაკვეთილი, შესვენება, შემდეგ სხვა გაკვეთილი. წარმოიდგინეთ მეწარმე, რომელსაც თავისი ბიზნესი აქვს და ერთ ადგილს ტკეპნის. ის ვერასოდეს გახდება წარმატებული, ვერ განვითარდება. მე ვემხრობი იმ აზრს, რომ ბავშვების წინაშე კონკრეტული ამოცანა დაისვას. მის გადასაჭრელად კი მან სხვადასხვა სფეროს შეისწავლოს. აზროვნება დინამიკური უნდა იყოს, ხედვა – მრავალკუთხა”.  

         

ბრიტანეთის განათლების სისტემაში კენეტ რობინსონის პრაქტიკული გამოცდილება და დამსახურება უდავოა. ის არ არის ფინანსური განათლების სპეციალისტი. მისი წიგნები ეხება კრეატიულობას. სერ კენი არ აღმერთებს ფულს, მაგრამ ამბობს, რომ სასურველია ბავშვი ისე გავზარდოთ და ავღზარდოთ, რომ სტუდენტობის პერიოდში საკუთარი განათლების ნაწილობრივ დაფინანსება მაინც შეძლოს. ზრდასრული ადამიანი ბედნიერი იყოს, სამსახური და თვითრეალიზაციის საშუალება უნდა ჰქონდეს. 

რობინსონის განმარტებით, თანამედროვე განათლების მოდელი ინდუსტრიული რევოლუციის შედეგია და მაშინდელი ეკონომიკის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.  სკოლა ძველი ფაბრიკაა, სადაც სამუშაო დღე ზარის რეკვით იწყება და მთავრდება, საგაკვეთილო პროცესი ერთნაირია, ყველა საგანი გარკვეულ ჩარჩოშია მოქცეული, სწავლების ფინალიც იდენტურია – ყველა მოსწავლე ატესტატს იღებს. ამ სისტემიდან ერთი რგოლიც რომ ამოვარდეს, კონვეიერი ჩერდება. სტანდარტულია ტესტებიც – თავისი კითხვა-პასუხებით, აქაც არაფერია საინტერესო. სკოლის სისტემა, როგორც კონვეიერული წარმოების იმიტაცია, ადამიანებს იმ სამუშაოსთვის ამზადებს, სადაც არ არის აუცილებელი კრეატიულობის გამოჩენა. მთავარია, სქემის მიხედვით იმოქმედო და ინდუსტრიულ გარემოს შეესაბამებოდე. ამავდროულად, ჩვენი შვილების დიდი ნაწილი არ იმუშავებს ფაბრიკებში, არ შეასრულებს კონვეიერულ სამუშაოს. ამისათვის მათ ჩინეთში ცხოვრება მოუწევდათ. 

მეტიც, ჩვენს შვილებს საქმე არ ექნებათ 70-80-იანი წლების მსხვილ ინდუსტრიულ კორპორაციებთან. საზოგადოება შეიცვლება. შეიცვლება პროფესიები, ხედვა. თანამედროვე სამყაროში უკვე გაუფასურდა უნივერსიტეტის დიპლომი. უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი ხშირად ისეთივე უმუშევარი რჩება, როგორც გაუნათლებელი. სულ უფრო მეტ მოგებას კი ის კომპანიები ნახულობენ, რომლებსაც შემოქმედებითი, კრეატიული და არაორდინარული გადაწყვეტილების მიმღები გუნდი ჰყავს. რობინსონი ფიქრობს, რომ არსებული განათლების სისტემა კლავს ყველაზე მთავარს – დივერგენტულ აზროვნებას, ანუ იმის შესაძლებლობას, რომ ერთ კითხვაზე მზად რამდენიმე პასუხი გქონდეს, პრობლემის გადაჭრის ბევრ გზას ხედავდე. რობინსონს მაგალითად მოაქვს ერთ-ერთი კვლევა – სკოლამდელი ასაკის ბავშვების 98% დივერგენული აზროვნების გენიაა, 8-10 წლის ასაკში მათი რიცხვი 50%-მდე კლებულობს. საშუალო ასაკის ადამიანს კი კითხვაზე: რაში გვჭირდება ასანთი, მხოლოდ ერთი პასუხი ექნება. გენიოსი კი 200-ს ვარიანტს შემოგვთავაზებდა…  

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსწავლეები სწორხაზოვნად არ აზროვნებდნენ? თავის წიგნში რობინსონი გვირჩევს არ დავსაჯოთ ბავშვები კარნახისთვის, რადგან რეალურ ცხოვრებაში ზრდასრული ადამიანებიც იღებენ რჩევებს კოლეგებისგან. სწავლება უნდა მიმდინარეობდეს მცირე ჯგუფებში საერთო პროექტზე მუშაობის გზით. ასევე, სერ კენი ნეგატიურადაა განწყობილი ტესტების მიმართ – ისინი არავის არაფერს რგებენ. სკოლა არ უნდა წარმოადგენდეს ფაბრიკას, რომელიც „ერთფეროვან პროდუქტს” უშვებს. ექსპერტის ღრმა რწმენით, იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს 10-15 წლის შემდეგ რაიმე ეკონომიკური შანსები ჰქონდეთ, დამყაყებულ სისტემას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. არ შეიძლება მასწავლებლისგან  მაღალი ნიშნების გაფეტიშება. უმჯობესია, ყურადღება დაეთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც ნებისმიერი სიტუაციიდან არასტანდარტულ გამოსავალს ეძებენ და ცნობისმოყვარენი არიან.                    
               
მოამზადა ირმა კახურაშვილმა

აქვე, ახლოს…

0
შუაში პატარა ხევია, სადაც ზაფხულობით წყალი შრება ხოლმე და უწყლოდ დარჩენილი ბაყაყების ყიყინი აყრუებს მიდამოს. ხევის იქით მავთულხლართებია გაბმული. მავთულხლართებთან სულ ახლოს კი რუსების საგუშაგოა მოწყობილი. საგუშაგოზე დღეც და ღამეც ანთია უზარმაზარი პროჟექტორი, რომელიც სიბნელეში ისე კაშკაშებს, თითქოს ამით გეუბნება, მომიახლოვდები და…

ხევის აქეთ ყანებია. უფრო სწორად ნაყანებები, რადგან რუსების შიშით ბოლო რამდენიმე წელია გლეხები ამ ადგილებში ხორბლის დათესვას ერიდებიან. ამით ყველაზე კარგად სოფლელმა ბიჭებმა იხეირეს, რომლებმაც ერთ-ერთ ნაყანებში, ზედ რუსების საგუშაგოს პირდაპირ, სწორ, ვაკე ადგილას ფეხბურთის სტადიონი მოიწყვეს და ყოველ საღამოს აგორებენ ბურთს. ძელებად თავიდან დიდი ქვები ჰქონდათ დაწყობილი, მერე მობეზრდათ იმაზე ჩხუბი, დარტყმული ბურთები გადიოდა თუ არა კარში და ჭალაში მოჭრილი გრძელი სარებით საფეხბურთო კარებების მსგავსი აჯღაბუჯღები შეაკოწიწეს. ომის მერე ნაპოვნი ტანკის შესანიღბი შალითა დაჭრეს და კარს უკან “ბადეებიც” გააკეთეს. აბა, მეტი რაღა შეიძლება უნდოდეს ბიჭს, რომელიც დღისით ბაღში და ვენახში ეხმარება მამას, საღამოს კი მისი ერთადერთი გასართობი ფეხბურთის თამაშია…

თავიდან მშობლები ბიჭებს ძალიან უშლიდნენ რუსების საგუშაგოსთან ასე ახლოს ფეხბურთის თამაშს. ზოგიერთებს სახლიდან არც კი უშვებდნენ მიტოვებული ყანებისაკენ, მაგრამ ბავშვი იმის ბავშვია, რომ ხან გაიპარება, ხან შეგეხვეწება, ხან გაძვრება და მაინც იმას გააკეთებს, რაც მოუწადინებია. ცელქობის გამო ბავშვის მიტყეპვა მაინცადამაინც კარგი საქციელი რომ არაა – ეს თქვენც კარგად იცით.

ყველაზე ცუდი ამბავი მაშინ ხდებოდა, თუკი თამაშის დროს ცუდად დარტყმული ბურთი ხევში ჩაუვარდებოდათ. ხევის წყალი დამშრალიც რომ ყოფილიყო, ეს პატარა კანიონი ეკლებითა და ძეძვიანი ბუჩქებით იყო სავსე და იქიდან ბურთის ამოტანა მინიმუმ გასისხლიანებულ ფეხებად ფასობდა. ამიტომ ბურთი მას მოქონდა, ვინც გადააგდებდა და იყო ერთი ხვეწნა-მუდარა თუ დაძალება – არა შენ ჩადი, არა შენო.

ამ ყველაფერს რუსი ჯარისკაცები თითქმის ყოველდღე უყურებდნენ, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არასოდეს აქცევდნენ. ერთი-ორჯერ კი დაუძახეს ბიჭებს – ხმამაღლა ნუ ყვირით, “გლავნი აფიცერი” ისვენებსო. ეს იყო და ეს.

ერთ საღამოს კი, როდესაც სოფლის ბავშვები ფეხბურთის სათამაშოდ ხევის პირას იკრიბებოდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათ სტადიონზე რუსების ”ბეტეერები” იდგა და ირგვლივ მავთულხლართის გაბმით გართული ჯარისკაცები დაფუთფუთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი მშობლებისაგან მკაცრად იყო გაფრთხილებული, რუსებთან კონტაქტს მოერიდეთო, მაინც ვერ მოითმინეს და მათში ერთ-ერთი, რომელსაც ბელორუსი დედა ჰყავდა და შესაბამისად რუსული ყველაზე კარგად იცოდა, ჯარისკაცებს მიუახლოვდა და ჰკითხა, ჩვენს სტადიონზე რა გინდათო.

ჯარისკაცების პასუხი იყო სწორედ ისეთი, როგორსაც შეიძლება მათგან მოელოდე. მისულ ბიჭს გვარიანი ჭიტლაყი უთავაზეს, ზედ გინებაც მიაყოლეს და უდრტვინველად გააგრძელეს მავთულხლართების ხევის გადმოღმა გაბმა. ბიჭები დაფრთხნენ და არეულად გაიქცნენ უკან, სოფლისკენ. სოფელში ამ დროს ბაღებიდან და ყანებიდან დაბრუნებული მათი მშობლები ისვენებდნენ, ნახირიდან მოსულ ძროხებს აბინავებდნენ და ბიჭების წუწუნის მოსასმენად არავის ეცალა. მათთვის ის ნაყანები ადგილები უკვე ისედაც დაკარგული იყო და ბიჭების სათამაშო მოედნის ”იქითა მხარეს” მოქცევა აბა რა ისეთი უბედურება იყო სხვა უფრო დიდი და საზარელი უბედურებების ფონზე.

იმ ღამეს სოფელში არც ერთ ბიჭს არ დასძინებია. სტადიონის დაკარგვაზე მეტად იმაზე ჯავრობდნენ, მათ მშობლებს განსაკუთრებულად გულთან რომ არ მიუტანიათ ეს ამბავი. უბედურებასთან შეგუება ალბათ ყველაზე საშინელი რამაა ქვეყანაზე.

როგორ ვიმუშაოთ დამოუკიდებლად წერისას დაშვებულ შეცდომებზე

0
წერის უნარის გამომუშავება და ჩამოყალიბება  საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია და ამ უნარის ჩამოყალიბება დიდადაა დამოკიდებული  არამხოლოდ მასწავლებლებზე, არამედ თავად მოსწავლეების სურვილსა და მონდომებაზე. მსურს, შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა და მითითება, თუ როგორ შეიძლება გამოვუმუშაოთ აღსაზრდელებს ეს უნარი. ვფიქრობ, ამ მითითებების გამოყენებით მოსწავლეები შეიძენენ შეცდომებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს.

 თავდაპირველად ბავშვებს შესთავაზეთ მარტივი ტექსტები, რათა ისინი დამოუკიდებელ მუშაობას მიაჩვიოთ. დასაწყისში უმჯობესი იქნება, რამდენიმე გაკვეთილი ერთი სახის შეცდომების აღმოჩენას დაუთმოთ . ასეთი  მეცადინეობებით მოსწავლეები ზუსტად არკვევენ შეცდომის ტიპს, იწყებენ გააზრებულ სწავლას, აზროვნებას, სწავლობენ  მართლწერას, იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს უაქტიურდებათ აზროვნება, ყურადღება და უყალიბდებათ ნასწავლი თეორიული მასალის შეგნებულად და გააზრებულად გამოყენების უნარი. 

შეცდომებზე მუშაობის გასაადვილებლად გააცანით მათ „სამახსოვრო” და „ როგორ ვიმუშაოთ შეცდომებზე”.

 ინდივიდუალური შეფასების ბარათებს კი თქვენ შეავსებთ და დააკვირდებით მოსწავლეთა პროგრესს. ბარათში  წერების სავარაუდო რაოდენობა და კლასი მაქვს მითითებული. საჭიროების მიხედვით დაამატეთ კლასი და წერითი დავალებების რაოდენობა. შესაძლებელია, მხოლოდ სემესტრების ბოლოს დააკვირდეთ მათ პროგრესს, მაშინ ცხრილში მხოლოდ პირველსა და მეორე სემესტრებს ჩაწერთ, დანარჩენ გრაფებს კი წაშლით.

სამახსოვრო

 თუ შენ სიტყვაში გამოტოვე, გადაადგილე ან დააკელი ასო, დაწერე ეს სიტყვა სწორად და დაყავი ის მარცვლებად. მონიშნე ბგერები, რომლებიც გამოტოვე. 

თავდაპირველად გაარკვიე, სიტყვის რომელ ნაწილში დაუშვი შეცდომა:

 ა)თუ შეცდომა თავსართში გაქვს დაშვებული, გამოყავი ეს თავსართი, მოიფიქრე ამ თავსართიანი კიდევ ერთი სიტყვა და ჩაიწერე;

ბ)თუ შეცდომა ფუძეშია, გამოყავი ფუძე, მოიფიქრე ამ ფუძიანი რამდენიმე სიტყვა, ყველა სიტყვაში გამოყავი ფუძე, შეადგინე წინადადებები;

გ)თუ შეცდომა სუფიქსშია (ბოლოსართში), დაწერე კიდევ ორი სიტყვა ამავე სუფიქსის გამოყენებით, გამოყავი სუფიქსები. 

დ)თუ შეცდომა დაშვებულია არსებითი სახელის დაბოლოებაში, გადმოწერე ეს არსებითი იმ სიტყვასთან ერთად, რომელსაც მიემართება, დაუსვი სათანადო  კითხვა და ჩააყენე შესაბამის  ბრუნვაში. 

ე)თუ შეცდომა ზედსართავი სახელის დაბოლოებაშია დაშვებული, გადმოწერე ეს ზედსართავი იმ არსებითთან ერთად, რომელსაც განსაზღვრავს. განსაზღვრე ბრუნვა, გამოყავი დაბოლოება. 

ვ)თუ შეცდომა ზმნის დაბოლოებაშია, დაწერე ამ ზმნის საწყისი ფორმა, მიუთითე უღლება, დრო, პირი, ზმნის რიცხვი, ამ ზმნის გამოყენებით შეადგინე წინადადება.

როგორ ვიმუშაოთ შეცდომებზე

1. წინადადების წერისას დაშვებული შეცდომები.

სწორად გადაწერე წინადადება.  შეადგინე ახალი წინადადება იმავე სიტყვების გამოყენებით

2. ტექსტში დაშვებული შეცდომები.

გადაწერე მთლიანი ტექსტი სწორად.

3. ასოების გამოტოვება, დამახინჯება, ასოების შეცვლა, სიტყვის მარცვლებად დაყოფა.

გადმოწერე სიტყვა, დაყავი სიტყვა მარცვლებად, შეადგინე წინადადება ამ სიტყვის გამოყენებით და ჩაიწერე. 

4. სიტყვის გადატანა.

გადმოწერე სიტყვა, დაყავი სიტყვა გადასატანად: დე-და.

დაიმახსოვრე! სიტყვის გადატანისას დაუშვებელია ერთი ასოს დატოვება ან შემდეგ ხაზზე  გადატანა .

5. სიტყვის მარაგი.

მოძებნე სიტყვის განმარტება ლექსიკონში, გადმოწერე, მოიფიქრე ამ სიტყვის სამი სინონიმი.

6. სიტყვის დაყოფა შემადგენელ ნაწილებად.

გადმოწერე სიტყვა, დაწერე ამ სიტყვის 2 სახეცვლილი ფორმა – გამოყავი დაბოლოება, მოიფიქრე მსგავსი ფუძის მქონე 2 სიტყვა – გამოყავი ფუძე, შემდეგ მოძებნე თავსართ-ბოლოსართები.

ქუდი – ქუდით, ქუდის, ქუდიანი, მექუდე.

7. თანდებულის ხმარება

გადმოწერე სიტყვა, გამოყავი თანდებული, ამ თანდებულის გამოყენებით მოიფიქრე კიდევ ხუთი სიტყვა.

8. სუფიქსების მართლწერა.

გადმოწერე სწორად, გამოყავი სუფიქსი, ამ სუფიქსის გამოყენებით დაწერე კიდევ სამი სიტყვა.

წერს – ხატავს, ქარგავს, აფერადებს.

9. გამოყავი თანდებული.

გადმოწერე თანდებულიანი სიტყვა, ფუძესა და თანდებულს შორის ჩაწერე შესაბამისი კითხვა, ამ თანდებულის გამოყენებით დაწერე კიდევ სამი სიტყვა. 

10. უარყოფითი ნაწილაკი „არა” და ზმნა იწერება  ცალ-ცალკე.

გადმოწერე სწორად, გამოყავი ადგილი არასა და ზმნას შორის, ჩაიწერე კიდევ სამი სიტყვათშეთანხმება „არა” ნაწილაკის გამოყენებით:  არ წამოვიდა, არ შემოვიდა, არ დარბოდა, არ  შეეძლო.

11. წინადადების მთავარი წევრების გამოყოფა.

გადმოწერე წინადადება, გამოყავი შემასმენელი და ქვემდებარე. მოიფიქრე მსგავსი წინადადებები, გაარჩიე ისინი. 

12. წინადადებაში მეტყველების ნაწილების გამოყოფა.

გადმოწერე წინადადება, ყოველი სიტყვის ქვეშ მიაწერე, რომელი მეტყველების ნაწილია. მოიფიქრე მსგავსი წინადადება და მოძებნე მეტყველების ნაწილები .

წერისას დაშვებული შეცდომების ინდივიდუალური ბარათი ქართულ ენასა და ლიტერატურაში  
( მასწავლებლებისათვის)( მასწავლებლებისათვის)

მოსწავლე __    
____________________

№                

 

                 შეცდომის სახე

კლასი

კლასი

1

2

3

4

შენიშვნა

1

2

3

4

შენიშვნა

1.

ნარნარა ბგერების
არევა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

ასოების გამორჩენა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

სიტყვის გადატანა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.

შ, ს-ს არევა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.

ხ, ღ-ს არევა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.

ზედმეტი ასოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7.

ც,წ-ს არევა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8.

ზმნისწინების
არევა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9.

აბზაცი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10.

სასვენი ნიშნების
გამოტოვება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11.

არასწორი თანდებულების
გამოყენება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12.

არასწორი ბრუნება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13.

არასწორი რიცხვი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

14.

ზმნის პირების
არასწორი გამოყენება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

15.

ნაცვალსახელის
არასწორი გამოყენება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

16.

კუმშვა-კვეცა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

17.

ზმნის მართლწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

18.

არსებითი სახელის
მართლწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

19.

რიცხვითი სახელის
მართლწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

20.

ნაცვალსახელის
მართლწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

21.

კომპოზიტებთან
დაკავშირებული შეცდომები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

22.

მსაზღვრელ-საზღვრულთან
დაკავშირებული შეცდომები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

23.

რიცხვში მონაცვლე
ზმნები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

24.

სახელზმნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

25.

ლექსიკა და
ფრაზეოლოგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

26.

უცხოური სიტყვების
მართლწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

27.

ჟარგონი, დიალექტიზმები,
ბარბარიზმები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

28.

სასვენი ნიშნები
მარტივ წინადადებაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

29.

სასვენი ნიშნები
შერწყმულ წინადადებაში
.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

30.

სასვენი ნიშნები
რთულ წინადადებაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

31.

სტილის საკითხები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

32.

სინტაქსი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

33.

კავშირის გამოყენებასთან
დაკავშირებული შეცდომები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...