სამშაბათი, მაისი 13, 2025
13 მაისი, სამშაბათი, 2025

მუსიკა და პოლიტიკა

0

ალბათ გსმენიათ ცნობილი იმ გამონათქვამის შესახებ, რომელიც მუსიკალური სმენის არმქონე ადამიანისა და სპილოს ურთიერთობის საკითხებს განიხილავს. ჩემი მუსიკალური მონაცემების შეფასებაც ყველაზე უკეთ სწორედ ამ საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზითაა შესაძლებელი. შესაბამისად უსინდისობა იქნება, თუ თქვენ წინაშე სხვადასხვა კომპოზიციის მხატვრული ღირებულების განსჯას დავიწყებ. თუმცა ნამდვილად შემიძლია რამდენიმე სიტყვა პოლიტიკისა და მუსიკის ურთიერთმიმართების შესახებ გითხრათ.

ცხადია, პირველი კლასიკური პოლიტიკური კომპოზიციის შექმნა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან რევოლუციას უკავშირდება. 1789 წლის მოვლენების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში აჯანყებულმა ფრანგებმა რესპუბლიკა დააარსეს, რომლის წინააღმდეგ კონტინენტური ევროპის ყველა მონარქია დაირაზმა. ორგანიზებული მონარქისტული ძალები თამამად და მარტივად უმკლავდებოდნენ ახლადშექმნილი რესპუბლიკური სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგობას. საფრანგეთის საკანონმდებლო კრება უამრავი წაგებული ბრძოლის შედეგების გაქარწყლებას საგანგებო დადგენილებით შეეცადა და რევოლუციის ავანგარდულ ძალას, ახალგაზრდობას, მორიგი შეტევისკენ მოუწოდა. 1792 წლის 20 სექტემბერს დაბა ვალმისთან გამართულ შეტაკებაში დაგლეჯილი უნიფორმებით შემოსილმა და მშიერმა ფრანგმა ჯარისკაცებმა პრუსიის არმია დაამარცხეს. იოჰან ვოლფგანგ გოეთემ სწორედ ვალმის ბრძოლის შესახებ თქვა: “ამ დღიდან და ამ ადგილიდან ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. ესაა მეეფებზე ხალხების პირველი გამარჯვება…”  რევოლუციურ ეპოქაში, მონარქისტებთან ბრძოლის დროს, ფრანგთა მთავარი სიმღერა რუჟე დე ლილის ლექსზე შექმნილი „მარსელიეზა” გახლდათ. სხვათა შორის ამავე კომპოზიციის შესრულება ძალიან უყვარდათ 1900-იანი წლების გურიაშიც.

„მარსელიეზას” შემდეგ ათობით პოლიტიკური ჰიმნი და მარში დაიწერა, რომელთა გარეშეც ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა მეცხრამეტე საუკუნის ევროპის მატიანე. ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი „ინტერნაციონალი” გახლავთ, რომელიც რუსმა იმპერიალისტებმა და ბოლშევიკებმა ჩვენს მეხსიერებაში ყველაზე მახინჯი ფორმით აღბეჭდეს.

პოლიტიკური სიმღერების ახალი ტალღის წარმოქმნას ხელი კიდევ ერთმა უმნიშვნელოვანესმა ისტორიულმა მოვლენამ შეუწყო. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ესპანეთს სამოქალაქო ომის ქარ–ცეცხლმა გადაუარა. „სახალხო ფრონტად” და „ფალანგად” გახლეჩილი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. სამოქალაქო დაპირისპირების მონაწილე ორივე პოლუსს სხვადასხვა კონტინენტიდანაც გამოექომაგნენ. მემარცხენეებმაც და მემარჯვენეებმაც თავიანთი საბრძოლო მარშები შექმნეს, რომლებსაც სამხედრო და სამოქალაქო სექტორის მობილიზებისათვის იყენებდნენ. გასული ასწლეულის შუა პერიოდის განმავლობაში ანტიფაშისტური მოძრაობის ჰიტად ესპანური ფოლკლორის ნიმუშების საფუძველზე შექმნილი კომპოზიცია „Viva la Quinta Brigada ” იქცა. მეტიც, რესპუბლიკელთა ჰიმნის თანამედროვე ვარიანტები დღემდე იქმნება და ამ ეპოქაშიც ასრულებს თანამოაზრეების თავშეყრის ფუნქციას. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მუსიკალური ნაწარმოები ირლანდიელ მუსიკოს ქრისტოფერ ენდრიუ მურს ეკუთვნის, რომელიც მან ესპანეთის სამოქალაქო ომში მებრძოლ თანამემამულეებს მიუძღვნა.

შეუძლებელია ყურადღება არ გავამახვილოთ „Baby Boom-ის” ეპოქაზე, პაციფისტებსა და პირდაპირი დემოკრატიის მომხრეებზე. ვიეტნამის ომისა და რეტროგრადული პარტიების მმართველობას 60-70-იანი წლების ამერიკაშიც და ევროპაშიც ძირითადად სტუდენტები დაუპირისპირდნენ. მათ საყოველთაო ანტისაომარი კამპანიის წარმოება მოახერხეს, რომელშიც მთელი მსოფლიო ჩაერთო. პროტესტანტები მშვიდობის დამყარებასთან ერთად პოლიტიკურ პროცესებში თანამონაწილეობის შესაძლებლობის გაზრდასაც ითხოვდნენ. ცხადია, მათ გლობალურ კამპანიას მხარდამჭერები მუსიკოსთა შორისაც აღმოაჩნდნენ. ახალი თაობის ერთ-ერთი მთავარი ქომაგი ჯონ ლენონი გახლდათ. მისი პირველი სოლოკომპოზიციების ნახევარი სწორედ ანტისაომარ და დემოკრატიულ თემატიკას ეთმობოდა. „Give Peace a Chance” და „Power to the People” რიგი საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის დღემდე საკულტო მელოდიად რჩება.

უნიკალურ სამხრეთამერიკელ ავტორებზე, „დუბლინელებზე” და სხვა აქტივისტ მუსიკოსებზე მოგვიანებით მოგიყვებით. მანამდე კი მხოლოდ ერთ გარემოებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოსწავლეებს არსებით დეტალზე მივანიშნებთ. მათ აუცილებლად უნდა შევახსენოთ, რომ თანამედროვე ხელოვნების მიზანი მხოლოდ კულტურის სფეროს სამსახური და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა არ არის. მუსიკას ჩვენი ღირებულებების, პრიორიტეტებისა და მიზნების საზოგადოების ფართო ფენებამდე მიტანაც შეუძლია, რაც მისი კიდევ ერთი მახასიათებელია.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში

0
ცურვა არ ვიცი. ამიტომ, ზღვაზე, უმეტესწილად, ვწევარ ცხელ ქვებზე, მზეს ვეფიცხები,  თვალები დახუჭული მაქვს და ვუსმენ ზღვას, საკუთარ თავს და გარშემომყოფ ადამიანებს. ძალიან ხშირად ჩემამდე აღწევს გაბრაზებული ხმა: „შვილო, ჩამოდი ზღვაში, ნაპირზე ჯდომისთვის ვიხდი ამდენს ფულს?”, „დებილო, ვის გავხარ, ასეთი მშიშარა, როგორ შეიძლება წყლის გეშინოდეს, 8 წლის ხარ უკვე?!”, „არა, არა, არ ჩაგაგდებ… ხახახა, გაცურე ახლა, გაცურე!”, „ნუ ყლაპავ ამ ჭუჭყიან წყალს, შე უპატრონო!”. თვალებს ვახელ და ვცდილობ, ეს ბავშვები ვიპოვო. ისინი ზღვიდან ამოდიან, ნაპირზე ჩუმად ჯდებიან და ცდილობენ სირცხვილის და დანაშაულის განცდა დამალონ. ვცდილობ, მათთან ახლოს მივიდე და სხვა რაიმეზე გადავატანინო ყურადღება, მაგალითად, ლამაზი კენჭების შეგროვებაზე ან მზის ჩასვლაზე. ზღვაში ვერ დავაბრუნებ, ცურვა მეც არ ვიცი.  7 წლის გიორგი ცურვის სასწავლად აუზში ხტება და ცდილობს მშობლების ყურადღება მიიპყროს, მაგრამ მათ უფრო „მნიშვნელოვანი” საქმე აქვთ, ერთობლივი „სელფი” უნდა ატვირთონ სოციალურ ქსელში. „მიდი, გიო, კარგად გამოგდის!” – ვეუბნები მე. ის მიღიმის, აუზში ხტება და სასაცილოდ აქნევს ხელ–ფეხს. ტაშს ვუკრავ და ვამხნევებ: „აბა, კიდევ სცადე!”

რა უნდა ვქნათ დიდებმა მაშინ, როცა პატარები ახალ ჩვევებს იძენენ? როგორ მოვიქცეთ, დავეხმაროთ მათ თუ არა?  როგორ გავარკვიოთ, როდის, სად და რა ფორმით სჭირდებათ ჩვენი დახმარება? რა უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ხელი არ შევუშალოთ ჰარმონიულ განვითარებაში? სხვადასხვა ფსიქოლოგიური თეორიების დახმარებით ვეცადე ამ კითხვებზე პასუხი მეპოვა. 

ერიკ ერიქსონის ფსიქო–სოციალური თეორიის მიხედვით, ადამიანის განვითარება მთელი ცხოვრება გრძელდება და მას გადასაჭრელი აქვს 8 კონფლიქტი, რომელთა გადაწყვეტაზეა დამოკიდებული მისი პიროვნების განვითარება. ამ ბლოგში რამდენიმე სტადიაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. მეორე სტადია იწყება 18 თვის ასაკში იწყება, 2–3 წლისთვის მთავრდება და მოიცავს კონფლიქტს – ავტონომია სირცხვილის/ეჭვის წინააღმდეგ.  ამ ეტაპზე, ბავშვები იწყებენ საკუთარი თავის კონტროლს. საკუთარი სხეულის ფუნქციების მართვა ბავშვს უყალიბებს დამოუკიდებლობის განცდას. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბება. ასევე ამ ეტაპზე ხდება საკვები პროდუქტების, სათამაშოების და ტანსაცმლის არჩევა. ბავშვები ამაყობენ საკუთარი მიღწევებით, ახალი უნარ-ჩვევებით და ცდილობენ, რომ ყველაფერი დაუხმარებლად გააკეთონ.  ამ დროს მშობლების მხრიდან ნეგატიური ჩარევა იქნება, თუ ისინი შეზღუდავენ ბავშვის ქცევებს და მოუთმენლობის გამო,  თავად გააკეთებენ იმას, რისი გაკეთება  ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია. ამის გამო, ბავშვს შეიძლება ეჭვი შეეპაროს საკუთარ შესაძლებლობებში და გახდეს სხვაზე დამოკიდებული. თუ მშობლები ამ პერიოდში იქნებიან მომთმენნი და მისცემენ შვილს ნებას – გააკეთოს ის, რისი უნარიც შესწევს, ამავე დროს მხარს დაუჭერენ მის თავისუფლებას და წააქეზებენ მის მცდელობებს, ბავშვი წარმატებით გადალახავს ამ კონფლიქტს. 
3–6 წლის ასაკის ბავშვის წინაშე დგას შემდეგი სახის კონფლიქტი: ინიციატივა დანაშაულის გრძნობის წინააღმდეგ. ამ პერიოდში ბავშვები ითავისებენ ახალ უნარ–ჩვევებს და მოითხოვენ მშობლების მხარდაჭერას ამ გამოწვევების წარმატებით გადასაწყვეტად. დანაშაულის გრძნობა კი ბავშვებს შეიძლება გაუჩნდეთ მაშინ, როცა მათ მცდელობებს, მშობლები აკრიტიკებენ, უკრძალავენ ან მათ ნაცვლად აკეთებენ. ამ შემთხვევაში,  ისინი კარგავენ თავდაჯერებულობას, ჰგონიათ, რომ რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ და ამ დროს დასწავლილმა წარუმატებლობის შიშმა, შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუშალოს ხელი მათ პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. 
ლევ ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციო-კულტურული თეორიის მიხედვით,  განვითარების ყოველ საფეხურზე არსებობს გამოწვევა, რომლის გადალახვა ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია (აქტუალური განვითარების ზონა) და არის სირთულეები, რომლებსაც მხოლოდ მოზრდილი ადამიანის დახმარებით დასძლევს (უახლოესი განვითარების ზონა). ვიგოტსკის აზრით, ილუზიის თამაში უახლოესი განვითარების  ზონის მოვალეობას ასრულებს და ბევრი უნარის გაჩენასა და დახვეწას უწყობს ხელს. მაგალითად, როცა ბავშვები „დედა-შვილობანას” თამაშობენ, მშობლის ქცევებს ერგებიან.  ილუზიით თამაში აუმჯობესებს სოციალურ და კოგნიტურ უნარებს, რადგან თამაშის წესების შედგენით, ბავშვები სოციალური ნორმებისა და მოლოდინების უკეთ გაგებას უახლოვდებიან და მათი შესრულება უნდებათ. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ ბავშვს ასწავლონ მისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ კიდევ რთული რაღაც, საჭიროა მშობლებმა და  მასწავლებლებმა გაითვალისწინონ რამდენიმე რჩევა:

·დააკვირდით ბავშვს და გაარკვიეთ,  სჭირდება თუ არა თქვენი დახმარება და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმეთ, რა ფორმით ჩაერთვებით ახალი გამოცდილების ათვისების  პროცესში. 

·გამოიჩინეთ მოთმინება. შესაძლოა, პირველივე ცდაზე ვერ დაწერონ ასო-ბგერა „წ”, ან ვერ გაცურონ ბრასით, ვერ დაიმახსოვრონ საჭადრაკო ფიგურების სვლები. გაკიცხვის და დაცინვის ნაცვლად, საჭიროა, რომ გაუმახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა გააკეთა კარგად, რა არ გამოუვი და გამოთქვათ იმედი იმის შესახებ, რომ შემდეგ ჯერზე უკეთ გააკეთებს. 

·იმუშავეთ ერთად. გახსოვდეთ, რომ ემოციურ მხარდაჭერასთან ერთად ბავშვს სჭირდება თქვენი დახმარება ზოგიერთი სირთულის გადასალახად.  

·რთული პრობლემა მიაწოდეთ მარტივ ნაწილებად, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლოს მისი გადაჭრა. მაგალითად, როცა საბოლოო მიზანია წერის უნარის განვითარება, პირველი ნაბიჯი იქნება კალმის სწორად დაჭერის  სწავლა.

·სწავლის პროცესში აქტიურად ჩართეთ თამაშის ტექნიკა. „თამაშში მიღწეული წარმატებები მომავალში ბავშვის რეალური მოქმედებების და მორალის საწყისი დონეა” – ამბობს ვიგოტსკი.

სამყარო დარაბებს მიღმა

0

კიევის დროით, სამი საათია. თბილისში საღამოს შვიდ საათზე მოვფრინავ, მაგრამ აეროპორტიდან ქალაქში გასვლას არ ვაპირებ. ვილნიუსიდან ვბრუნდები, ვილნიუსი კი ჩემთვის ყველა სხვა ქალაქზე მეტს ნიშნავს და მისგან მომავალს დამატებითი ემოცია არ მჭირდება. მეგობრები, რომლებიც რვა წლის წინ ერთად ვსწავლობდით ვილნიუსის უნივერსიტეტში, ისევ ჩვენს საყვარელ ქალაქში შევიკრიბეთ. გასული წლების განმავლობაში ერთმანეთთან კონტაქტი არასოდეს შეგვიწყვეტია, მაგრამ ამჯერად მაინც განსაკუთრებული შეხვედრა გამოგვივიდა.

თუმცა ჩემი პოსტი ვილნიუსზე არ არის, უფრო სხვა რამეებზეა, სხვა შერძნებებზე, გამოცდილებასა და აღმოჩენებზე, რომლებზეც ბოლო დღეების განმავლობაში, იქ ყოფნის დროს ვფიქრობდი.

უფრო კონკრეტულად, საზღვარგარეთ სწავლის სიკეთეებზე მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა. იყო სტუდენტი უცხო ქვეყანაში _ ეს მთელი თავგადასავალია და სრულიად ახალი, უცნობი სამყაროს აღმოჩენას გულისხმობს. სამყარო, რომელიც ჩვენი სამშობლოს მიღმა არსებობს, სავსეა საოცარი ამბებით, შესაძლებლობებით, გამოწვევებით და რაც მთავარია, ადამიანებით, რომლებიც ძალიან გვგვანან და ამავდროულად, განსხვავდებიან ჩვენგან.

 

ხშირად ვისმენ უცნაურ მოსაზრებებს, რომ ევროპასა და ამერიკაში შვილის სასწავლებლად გაშვება მის დაღუპვასა და დაკარგვას ნიშნავს, რომ უცხოურ უნივერსიტეტებში ახალგაზრდებს ქართველობას ართმევენ, რომ დასავლეთი სასწავლო სტიპენდიებით ცდილობს ჩვენს დაპყრობას და გადაგვარებას. აი, მე კი, კიევის აეროპორტში ვზივარ, ველოდები თვითმფრინავს, რომელიც თბილისში დამაბრუნებს და მაქვს შეგრძნება, რომ შინ კი არ ვბრუნდები, ერთი სახლიდან მეორეში მინვდივარ. თან ჩემი რვა წლის წინანდელი თავი მახსენდება, თავისი შიშებით, ფიქრებით, ეჭვებით, სურვილებით, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებით, მახსენდება და ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, 19 წლის ასაკში გამბედაობა რომ არ მყოფნოდა და ვილნიუსის უნივერსიტეტში არ წავსულიყავი ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამით. რომ არა ჩემი მეგობრები, რომლებსაც სხვადასხვა ეროვნება, რწმენა, კანის ფერი, პოლიტიკური შეხედულებები და ორიენტაცია გააჩნიათ, როგორი ვიქნებოდი მე? რომ არა მათი სიყვარული და პატივისცემა ჩემი ქვეყნისა და რელიგიის, ჩემი პირადი ცხოვრების მიმართ, როგორი დამოკიდებულება მექნებოდა სხვა ადამიანების მიმართ?

დამერწმუნეთ, არაფერი იქნებოდა ისე, როგორც არის. საუკეთესო შემთხვევაში, უფრო დიდი დრო დამჭირდებოდა საკუთარი თავის საპოვნელად. საკუთარი თავის პოვნა კი, მოგეხსენებათ, ნამდვილი და დიდი ცხოვრების დასაწყისია. უფრო დიდ დროს წამართმევდა იმის მიხვედრა, რომ სინამდვილეში, ადამიანებს მხოლოდ პიროვნული თვისებები განასხვავებთ ერთმანეთისგან და როცა ვიბადებით, ყველანი სრულიად თანასწორები ვართ სამყაროს წინაშე.

 

გადაგვარების შიში იქით იყოს და, სხვა ტიპის არგუმენტებიც მომისმენია საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივით შეშფოთებულებისგან. უფრო მეტად, მშობლები შიშობენ, რომ მათი შვილები თავს ვერ გაართმევენ საყოფაცხოვრებო პრობლემებს. არადა, მე ჯერ არ მინახავს სტუდენტი, რომელიც სასწავლებლად წავიდა და გაზქურის ჩართვა, ან კარტოფილის შეწვა ვერ მოახერხა. უფრო მეტიც, მე, ადამიანმა, რომელსაც მანამდე არასოდეს არაფერი გამიკეთებია სახლში, ლიტვაში ხაჭაპურის გამოცხობაც კი შევძელი კულტურული საღამოსთვის.

ჩემი ქართველი მეგობრები ხშირად ამბობენ, რომ მე ლიტვაში სულ სხვა ადამიანი წავედი და სულ სხვა, გაცილებით კარგი ადამიანი ჩამოვედი. არ ვიცი, რამდენად შესაფერისი სიტყვაა „კარგი”, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რომ ბავშვის ნაცვლად, რომელიც ოჯახის წევრებისთვის ყოველთვის პატარა იქნება, ჩემი სახით, ზრდასრული ადამიანი დაბრუნდა.

მე ჩემი უცხოელი მეგობრებისგან დღემდე ბევრ რაიმეს ვსწავლობ, ვსწავლობ, როგორ უნდა ვცე პატივი სხვებს, როგორ უნდა მოვიქცე, როცა საყვარელ ადამიანებს მძიმე დღეები უდგათ, როგორ უნდა დავსვა კითხვები, როგორ უნდა მოვახერხო მოვალეობების გადანაწილება ოჯახში, როგორ უნდა ვიყო მშობელი, რომელიც შვილების დამოუკიდებლად გაზრდას და წარმატებით მუშაობას ერთდროულად შეძლებს და რაც მთავარია, როგორ მიყვარდეს ჩემი ცხოვრების ყოველი დღე.

დღეს მე დანამდვილებით ვიცი, რომ მეგობრობა და სიყვარული საზღვრებს არ ცნობს, რომ მეგობრობას და სიყვარულს არც ეროვნება და რელიგია გააჩნია. ვიცი, ისიც, რომ მეგობრების შვილები, რომლებიც უტრეხტში, პრაღასა და რეიკიავიკში იზრდებიან, არაჩვეულებრივად საყვარელი ადამიანები არიან ჩემთვის და რომ საზღვარგარეთ სწავლა ოდნავაც არ უშლის ხელს სამშობლოს სიყვარულს, უფრო პირიქით.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყველაფერი რთულია, რთულია ვიზის მოლოდინი, სტიპენდიის მოპოვება, ყველა საბუთის შეგროვება, დიახ, რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ასე რომ, მოინდომეთ და გახსენით დარაბები, რომელთა მიღმაც სულ სხვა სამყარო გელოდებათ. ერთი ნაბიჯი და თქვენი ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

იზოლდა ოკრიბელაშვილი – ამას ვამბობ 63 წლის მასწავლებელი

0

სკოლის დირექტორის, იზოლდა ოკრიბელაშვილის, ბიოგრაფია ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიიდან იწყება. სწორედ ამ სოფელში სწავლობდა ის 8 წელი, თუმცა საბოლოოდ სკოლა მეზობელ სოფელ კიცხში დაამთავრა და იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ეს პროფესია, როგორც თავად ამბობს, პედაგოგობის სიყვარულმა აარჩევინა.

პროფესიად პედაგოგობა მეხუთე კლასიდან ავირჩიე და ვემზადებოდი ამისთვის. ბიბლიოთეკასა თუ წიგნის მაღაზიებში ვეძებდი ლიტერატურას, ვკითხულობდი პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთებს, ვაკვირდებოდი მასწავლებლებს.
VII-VIII კლასში მარიამ თალაკვაძის ,,ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა” მთლიანად დავამუშავე. გრამატიკა კარგად შევისწავლე, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის დროს ვეღარაფრით გადავშალე ეს სახელმძღვანელო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მარიამ თალაკვაძე მიკითხავდა.

 
მეც მიკვირს, როგორ ვახერხებდი თვითგანათლებას მთის სოფლის ფარღაღალა სკოლაში პატარა ჯიუტი გოგონა, რომელსაც სახლში უამრავ საქმეს მაკეთებინებდნენ – ცხვარ-ძროხას ვმწყემსავდი წიგნებით ხელში. მახსოვს, რომელი ხის ძირას რომელი წიგნი წავიკითხე, რომელ ნაკადულთან ვიტირე ჩემი საყვარელი პერსონაჟის ბედის გამო, რომელ გორაკზე რომელი ლექსი დავწერე, რომელი მთისკენ გამიშტერდა აღტაცებული მზერა.
მზერაზე გამახსენდა… გაზაფხულია, ამაღლებული გორაკზე შევყურებ მთებს, იმერული გაზაფხულის კოპწიაობას, აყვავებულ ხეებში ჩამუქებულ ნაძვებს, ჩემ ქვევით მდინარეს და დასავლეთის თეთრი ღრუბლებით აყვავებულ ჰორიზონტს (რომლის მიღმაც ადრე მეგონა, რომ ზღვა იყო). პირველად მეწვია მუზა და ირგვლივეთმა პირველი ლექსი – „გაზაფხული” – მიკარნახა. იქ იყო ასეთი სტრიქონი ფუტკარზე – „იელი მოუთმენლად მიელის”. ეს ალიტერაცია არისო, – მითხრა მასწავლებელმა, არაფრით არ იქნება შენიო. მაშ, ვისია-მეთქი. კლასიკოსის რომ იყოს, მეცოდინებოდა, ახლა ქვეყანა წერსო. ჩემი დაწერილია – მეთქი! – ავცრემლიანდი. არ დამიჯერა. მაინც ჩავწერე ის ლექსი სასკოლო კედლის გაზეთში. (კედლის გაზეთისთვის მხოლოდ ფურცელს მაძლევდნენ). რედკოლეგიის წევრებს შორის ფუნქციებს მე ვანაწილებდი და საუკეთესო გაზეთებს ვუშვებდით. კრიტიკული წერილებისთვის დიდი ბიჭებისგან საშინელი მუქარებიც ყოფილა, მაგრამ ჩემი დირექტორი უჩუმრად უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას.


ჩემი საყვარელი ქართული ენის მასწავლებლის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს ყოველდღიურად კითხვის გაკვეთილებს ვუტარებდი. ხან მე ვკითხულობდი ჩემს საყვარელ მოთხრობებსა და ლექსებს, ხან მათ ვაკითხებდი გაგრძელებით. ისინი მეექვსეკლასელები იყვნენ, მე -მერვეკლასელი. არავინ იპარებოდა, არავინ მირღვევდა წესრიგს. ზოგჯერ მასწავლებელს მეძახდნენ და მიხაროდა. დავრჩები, დაგეხმარები-მეთქი, ვეუბნებოდი. 25 გიჟს როგორ გააჩერებო, – მითხრა ერთხელ ერთმა მასწავლებელმა. მე გამეღიმა. ბავშვებმა ჟრიამულით გამოხატეს მხოლოდ ჩემთან ყოფნის სურვილი. მასწავლებლობანას ვთამაშობდი თითქოს, მაგრამ მეც ასეთი მასწავლებელი მჭირდებოდა და ამ ბავშვებსაც: გულღია, გახსნილი, მხიარული. ვაყოლებდი, ვიაზრებდით, ვმსჯელობდით, სასაცილოზე ვიცინოდით. ჩემს პირველ მასწავლებელს თამარ ნიჟარაძეს ვბაძავდი. დირექტორობაზე არ ვოცნებობდი, მაგრამ ლიდერის თვისებები ბავშვობაშიც მქონდა. მშობლები მანდობდნენ შვილებს მთებს იქით, ლაშქრობებზე, სოკოზე, მივიწყებული ეკლესია-მონასტრების დასასუფთავებლად; ჩემი იდეა იყო ქარსაცავი ზოლის გაშენება საქარიქედზე. დირექტორი დამეხმარა იდეის განხორციელებაში.
დამამთავრებელ კლასში მეგობართა ათეული გავაერთიანე, ლოგოც კი გვქონდა ჩვენი. სტუდენტობის დროს დედასავით ვზრუნავდი მათზე. ახლა ამას ვინ დაიჯერებს, მაგრამ მაშინ ჩემი თანატოლი ბიჭები სიგარეტს იქ არ ეწეოდნენ, სადაც მე ვიყავი.
საერთოდ ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი. ბევრი რამით ვინატრებდი ახლა ჩემთვის ასეთ მოსწავლეს, მაგრამ ზოგი უცნაურობა ბავშვისაგან ძალიან გამაბრაზებდა. მაგალითად: ტირილი სამიანისა და ოთხიანის მიღების გამო, რადგან ორიანი უფრო ვაჟკაცურ ნიშნად მიმაჩნდა. საშუალოდ არასოდეს ვსწავლობდი, არც საქმე გამიკეთებია არასოდეს საშუალოდ. ან სულ ძალიან კარგად (ესე იგი ფრიადზე) ვსწავლობდი, ან სულ არ ვისწავლიდი, სულ არ გავაკეთებდი. ესე იგი, ორიანი უფრო შემეფერებოდა. და მომწონდა სამართლიანი შეფასება.
პედაგოგიურ ჟურნალს ,,სკოლა და ცხოვრებას” რომ ვკითხულობდი, ერთ-ერთ აბზაცს, საუკეთესო მასწავლებელი რომ იყო დახასიათებული, მივაწერე: ,,თქვენ კი…” ამ ჟურნალს რომელიმე ჩემს მასწავლებელს მიუტანდა ფოსტალიონი, ჩემს ნაწერს კი ვინ არ იცნობდა… არ კითხულობდნენ ალბათ, გამოხმაურება არ ყოფილა.
ძალიან მენანება ის დრო, რომელსაც პედაგოგიური ლიტერატურის კითხვაზე ვაცდენდი. მაგრამ ჩემი მასწავლებლების ბრალია – არ მირჩევდნენ, არ იყვნენ გახსნილები და მეც არ ვიყავი მათთან გულწრფელი, თუმცა დღიურებში ვებაასებოდი.
დიპლომზე მუშაობის დროს ჩემმა დირექტორმა ვარძიის სკოლაში მიმიწვია მასწავლებლად. ვმუშაობდი ჩემი მასწავლებლების გვერდით, ვასწავლიდი ჩემს და-ძმებსაც. თავიდან სამ კლასში ვმუშაობდი. განსაკურებით მიყვარდნენ მეცხრე კლასელები. დიპლომი რომ დავიცავი, უნივერსიტეტში დარჩენა შემომთავაზეს. მეცხრეკლასელებს ვერ მივატოვებ, 2 წლის შემდეგ დავბრუნდები-მეთქი, ვუპასუხე. სულ მათზე ვლაპარაკობდი ყველგან.
ერთხელ ხარაგაულის რკინიგზის სადგურში ვდგავარ. ჩავლილი მატარებლიდან უცნობმა ჩამომძახა: ,,მეცხრეკლასელები როგორ არიან, მეცხრეკლასელები?!” ,,მეათე კლასში არიან, მეათეში”! – სიხარულით ვუპასუხე. ერთ წელიწადში რაიონის საგანმანათლებლო სივრცეში ცნობილი ვიყავი. გაზეთებშიც წერდნენ ჩემზე კარგ წერილებს. ზოგს ვაღიზიანებდი კიდეც. ქართული ლიტერატურის პროგრამიდან რომ ვრცელი ტექსტების ამოღება მოვითხოვე, ბევრი ოპონენტი გამომიჩნდა. დაზეპირებული ჰქონდა ხალხს „გვადი ბიგვა” და „კოლხეთის ცისკარი”. აუცილებლობად მიაჩნდათ, ბავშვებისთვის თვეობით ამ ნაწარმოებების სწავლება. იმ წელიწადს პროგრამა ბავშვებისათვის სასიკეთოდ შეიცვალა.

 
დირექტორობაზე არასოდეს მიოცნებია. ვიტირე კიდეც, ეს თანამდებობა რომ შემომთავაზეს. თუმცა აი, 33 წელია ბაზალეთის სკოლის დირექტორი ვარ.
ბაზალეთში სამუშაოდ დაოჯახების შემდეგ გადმოვედი. აქ ვცხოვრობ. მყავს სამი გოგონა. პედაგოგიური დინასტია შევქმენი. თეა ტალახაძე ფილოლოგია, ფიქრია – დაწყებითი კლასების მასწავლებელი, გვანცა – სტუდენტი, ფილოლოგიურზე სწავლობს ქუთაისის უნივერსიტეტში, მეოთხე კურსზეა და შეიძლება სტაჟიორად წელს ჩემს სკოლაში მოვიდეს. სამივე სერთიფიცირებული პედაგოგები ვართ, სხვადასხვა პროექტში ჩართულები. გვაქვს წარმატებები სწავლებაში. თეა ამჟამად სვანეთში მიდის „ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამით. ჩემს სკოლას ძალიან დააკლდება. აქ კარგი პირობები აქვს კარგი მუშაობისთვის. მაგრამ ალბათ არ უნდა მუდამ დედის ჩრდილში ყოფნა, თუმცა რესპუბლიკის ბევრი წარმატებული მასწავლებლისთვის მე მხოლოდ თეას დედა ვარ.

ქალბატონო იზოლდა, რამდენად რთულია დღეს სოფლის სკოლის დირექტორობა?
სოფლის სკოლის დირექტორობა ძალიან რთულია. ჩემთვისაც ასეთი იყო ეს 33 წელი. დამხვდა მინგრეულ-მონგრეული სასკოლო შენობა. ერთ საკლასო ოთახში ერთი მასწავლებელი ასწავლიდა ოთხ სხვადასხვა კლასს. 45 წუთში კიდეც გამოკითხავდა და ახალ მასალასაც უხსნიდა დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლეს. მაშინვე დავიწყე ზრუნვა კლასების გაყოფაზე და ექვს წელიწადში ახალი შენობა ავაშენეთ, კადრები გადავახალისეთ, გაორმაგდა მოსწავლეთა რაოდენობა… კაბინეტ-ლაბორატორიები აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით. მოვიდა წარმატებები სასკოლო, რაიონულ, რესპუბლიკურ კონკურსებში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციებში, გუნდურ-ინტეგრირებულ პროექტებში, სპორტულ შეჯიბრებებში და ა.შ. გვყავს მადლიერი მშობლები. ისინი ერთობლივ ღონისძიებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ერთად არიან ჩართულები: საახალწლო და საგაზაფხულო დღესასწაულებზე დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები აქტიურობენ, ექსკურსიებსა და ლაშქრობებში – უფროსკლასელთა მშობლები. როგორ უბრწყინავთ ბავშვებს თვალები, როდესაც მათი მშობლები სასკოლო სცენაზე მღერიან, ცეკვავენ, ლექსებს ამბობენ.2006 წელს განათლების სამინისტრო ჩვენს სკოლას დაბა ხარაგაულის ერთ-ერთსკოლასთან მიერთებას უპირებდა, მაგრამ გადავრჩით. ისეთი მიმართვა გააკეთეს მშობლებმა, იმდენი ხელმოწერა შეაგროვეს და დაასაბუთეს სკოლის სასიცოცხლო მნიშვნელობა ოთხი სოფლისთვის, რომ ოპტიმიზაციის კომისიამ გადაწყვეტილება გააუქმა. ასეთივე ხელმოწერები შეაგროვეს 2007 წელს, რომ სხვა სკოლაში არ ავრჩეულიყავი დირექტორად.
თქვენი აზრით, გარდა პედაგოგიური ნიჭისა, კიდევ რა თვისებებს უნდა ფლობდეს სკოლის დირექტორი?
დირექტორს უნდა ჰქონდეს კონტაქტი უმაღლეს სასწავლებლებთან და თვითონ უნდა ირჩევდეს კადრებს საკუთარი სკოლისათვის. მასვე უნდა ჰქონდეს კრიტერიუმები მასწავლებლის კადრების შესარჩევად და ვინც ამ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს, უნდა შეიცვალოს. სოფლის სკოლას ნაკლებად აქვს საშუალება კადრების შერჩევისა, რადგან ძლივს ნაპოვნი ერთი მასწავლებელი, სხვაგან ვერწამსვლელი, მუდმივად რჩება ამა თუ იმ საგნის მასწავლებლად სოფელში. ერთადერთი გამოსავალი დირექტორისთვის მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის გამუდმებული ზრუნვაა. მეც ვზრუნავ. ვახალისებ მათ მისწრაფებას ტრენინგების მოსასმენად, ვაფინანსებ მათ პროფესიულ მომზადებას სკოლის შესაძლებლობის შესაბამისად, ვყიდულობ საჭირო მეთოდურ თუ მხატვრულ ლიტერატურას. მივმართავ წახალისების ფორმებს მოტივაციის ასამაღლებლად და ასე შემდეგ…

ზოგიერთი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი, პრეტენზიებს გამოთქვამს სერტიფიცირების პროგრამასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ შეაფასებთ განათლების სისტემაში ამ პროგრამის დანერგვას?
სერტიფიცირებული დირექტორი გახლავართ და 10 სერტიფიცირებული პედაგოგი მყავს პატარა სკოლაში. ხარაგაულის საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე მეტი სერთიფიცირებული მასწავლებელი მყავდა ამ პროცესის დაწყების პირველი წლიდანვე. პედაგოგთა სერთიფიცირების პროგრამა აუცილებელ, დროულ პროცესად მიმაჩნია. პედაგოგები მივიდნენ წიგნთან, საგნობრივი ცოდნა გაიღრმავეს და სწავლების ახლებურ მიდგომებსა და თეორიებს დაეუფლნენ. სერთიფიცირებული მასწავლებელი დანამატს რომ ღებულობს, ესეც ძალიან კარგია, მასწავლებლის ხელფასი არასოდეს ყოფილა მისი შრომის შესაბამისი. მაგრამ სერთიფიცირება მარტო მასწავლებლის კეთილდღეობას კი არ ნიშნავს, არამედ ის მოსწავლის წარმატების, უკეთესი სკოლის, უკეთესი ქვეყნის საწინდარია. მენანება, რომ ბევრი სერთიფიცირებული საუკეთესო ახალგაზრდა პროფესიონალი უმუშევარია და დაპირებულ 2014 წლის ცვლილებებს ელოდება. მომავალზე ორიენტირებულმა სახელმწიფომ ბავშვების სასარგებლოდ უნდა იმოქმედოს. ეს ასეც იქნება. ამას ვამბობ 63 წლის მასწავლებელი. თუ მე ვერ შევძლებ კარგი გაკვეთილების ჩატარებას, თუ ბავშვებს არ გაუხარდებათ ჩემი გაკვეთილზე შესვლა, თუ ჩემი მშობლები თავიანთ შვილებს სხვა სკოლაში გადაიყვანენ, იმის გამო, რომ მე ცუდად ვასწავლიდი მათ, სერთიფიცირების მიუხედავად, მე თვითონ წავალ სკოლიდან. ვინც სკოლას მხოლოდ დასაქმების ადგილად მიიჩნევს, ვინც საკუთარი ოჯახის ლუკმა-პურისთვის მის მოსწავლეებს მომავლის პურს უკარგავს, მას სხვამ უნდა უთხრას სიმართლე და სახელმწიფომ კი ღირსეული პენსიით ღირსეულად გაისტუმროს შინ ამაგდარი ადამიანი. მინდა ვთქვა, რომ სერთიფიცირებაც არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ მასწავლებელი საუკეთესოა. მასწავლებელი უნდა შეფასდეს პრაქტიკული საქმიანობით, შედეგებით, მოსწავლეთა წარმატებით.

რა არის საჭირო, რომ უკეთესი სკოლა გვქონდეს?
პედაგოგიური კადრები უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესად უნდა მომზადდნენ. უნდა გვქონდეს უკეთესი საუნივერსიტეტო პროგრამა და უნდა ჰყავდეს უკეთესი კადრები უმაღლეს სასწავლებლებს. უნივერსიტეტებში სტუდენტებს მკაცრი გამოცდები უნდა უტარდებოდეთ და იქ უნდა ხდებოდნენ პროფესიონალები. სტუდენტობისას მათ მეტი კონტაქტები უნდა ჰქონდეთ პრაქტიკოს მასწავლებლებთან (ეს უნივერსიტეტმა უნდა მოაგვაროს). კარგი იქნება სკოლაში ერთწლიანი სტაჟირებაც. სერთიფიცირება მოსაწონია, მაგრამ პედაგოგის დიპლომი თითქმის უგულებელყოფილია, გაუფასურებულია საუნივერსიტეტო განათლება, რაც გულდასაწყვეტია.
არ შეიძლება მხოლოდ 2-3 კარგი მოსწავლის წარმატებით თავის მოწონება. ყველას აქვს სწავლის უფლება. ეს არ ნიშნავს მხოლოდ უფასო სახელმძღვანელოებს და უფასო ტრანსპორტით მგზავრობას, უსაფრთხო სკოლას. ბავშვს ყველაზე მეტად კარგი მასწავლებელი სჭირდება, რომელიც გამუდმებით ისწავლის, რომ კარგად ასწავლოს. იყო თუ არა კარგი პედაგოგი ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელმაც თავისი პროფესია შემაყვარა, გული გამითბო, რასაც მე წლების განმავლობაში ვიმეორებდი? არა! იმიტომ რომ მისი მოსწავლეების უმრავლესობამ არ იცოდა გამართული წერა-კითხვა, არ შეეძლოთ წერილის დაწერა, თავიანთი ემოციების წერილობით გადმოცემა. ჩემთვის მასწავლებელს არასოდეს დაუვალებია თავისუფალი თემის დაწერა. მხოლოდ ოლიმპიადებზე ვწერდი, როგორ მიხაროდა, ამ დროს თვითგამოხატვის საშუალება რომ მეძლეოდა! ეს იყო მაშინდელი განათლების სისტემის ბრალი, მაგრამ მასწავლებელმა ყოველთვის უნდა აჯობოს ყველა რეფორმას და ყველა სისტემას საკუთარი მოსწავლეების სულის გადასარჩენად.

 

როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს სკოლის დირექტორს მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან? თუ გაქვთ თქვენეული მიდგომები?
მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან სკოლის დირექტორს ძალიან თბილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენ ურთიერთთანამშრომლობისთვის ვართ გაჩენილნი, საერთო მიზანი გვაქვს და ვიბრძვით უკეთესი მომავლისათვის, უკეთესი საქართველოსთვის. საერთოდ მინდა, რომ განათლების სისტემაში ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ბავშვების მოყვარული ადამიანები დასაქმდნენ. ჰუმანური ადამიანი ვარ, მაგრამ დაუნდობელი ვარ გულგრილთა მიმართ, მათ მიმართ, ვინც არ იწვის, ბოლომდე არ იხარჯება მოსწავლეებისთვის, ხელფასის მომატება პასუხისმგებლობას არ უზრდის სხვისი შვილების ბედისათვის და მხოლოდ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას შეჰხარის.
პედაგოგები ხშირად ჩივიან, რომ დღეს მშობლებს აღარ სცალიათ, რომ აქტიურად ჩაერთონ შვილების განათლებაში. ეს პრობლემა თუ იკვეთება ბაზალეთში?
კარგი მშობლები გვყავს, მაგრამ მათ უმრავლესობას შვილების დასახმარებლად გაზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში არ სცალიათ.სოფელში არ არის საბავშვო ბაღი. სკოლაში მოსამზადებელი კლასი მაინც უნდა იყოს, რომ ბავშვებმა დაძლიონ პირველი კლასის პროგრამა. ჩვენი მოსწავლეების, მათი მშობლების, სოფლის საზოგადოების დიდი ხნის სურვილია, ორსაფეხურიანი სკოლის სამსაფეხურიანად გადაკეთება, რათა აქ სრულყონ საშუალო განათლება ჩვენთან ენაადგმულმა და გონებაგახსნილმა ბავშვებმა. 2005 წლიდან კურსდამთავრებულთა ნახევარი ყოველწლიურად ხდება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. ამჟამად რვა კურსდამთავრებულიდან ექვსი სტუდენტი სხვადასხვა გრანტით დაფინანსდა ან უფასო ფაკულტეტზე მოეწყო. ეს, რა თქმა უნდა, სიხარულით მავსებს.

რას ურჩევდით თქვენს კოლეგებს?
კოლეგებს ვურჩევდი, სკოლაში შესვლას ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით ანთებული გულით, მუდამ სიახლეებისაკენ სწრაფვას, უწყვეტ თვითგანათლებას.

ინტერკულტურული განათლება სწორხაზოვანი აზროვნების საპირწონედ

0
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ახალ, ოთხდონიან ვერსიაში კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინება და უსაფრთხო გარემოს შექმნა სხვადასხვა კულტურის მოსწავლეებისათვის ყველა საფეხურის მასწავლებელს მოეთხოვება.

მუხლი 6. პუნქტი 1.

მასწავლებელი ქმნის უსაფრთხო გარემოს სხვადასხვა კულტურის მოსწავლეებისათვის;
მუხლი 12. პუნქტი 1.

იყენებს მოსწავლეთა კულტურულ მრავალფეროვნებას დადებითი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
მუხლი 13 (5)  პუნქტი 1. 

მასწავლებელი იკვლევს კულტურული თავისებურებების გავლენას მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირებაზე; შეიმუშავებს რეკომენდაციებს პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
მუხლი 13 (11). პუნქტი 1.

მასწავლებელი არის სკოლასა და სასკოლო თემში ინტერკულტურული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშემწყობი საქმიანობების, სკოლაში ქცევის მართვასთან დაკავშირებული კვლევების ინიციატორი; კვლევის შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლაში პოზიტიური გარემოს დასამკვიდრებლად.(მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, 2014).

 საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. თბილისის ბევრ სკოლაში შეხვდებით სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებს (რომ არაფერი ვთქვათ ეთნიკური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებზე), რომლებსაც განსხვავებული ტრადიციები, ადათ-წესები და ენა აქვთ. 

იმის მიუხედავად, არის თუ არა კლასში სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლე, თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა ამკვიდრებდეს მრა­ვალფეროვნების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას. მასწავლებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ მრავალფეროვნება სასარგებლოა როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის კულტურული ჯგუფის მოსწავლეთათვის. მრავალფეროვნება „ამდიდრებს” სასწავლო გარემოს. მრავალფეროვან გარემოში ინტერკულტურული განათლების ელე­მენტების გამოყენებით მოსწავლეს უვითარდება:

ა. მრავალმხრივი ხედვა;

ბ. კონფლიქტის თავიდან არიდების უნარი;

გ. საერთო ღირებულებების მიმართ პატივისცემა. 

ვინ იცის, იქნებ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული გაყინული კონფლიქტების მოგვარების გზა სწორედ ინტერკულტურული განათლების კომპონენტის გაძლერებაზე გადის.  

სამწუხაროდ, რეალობაში გვხვდება ფაქტები, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ ყველა პედაგოგს არ აქვს კარგად გაცნობიერებული საკუთარი როლი კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელოზე ვმუშაობდით, საქართველოს სკოლებში ვაგროვებდით სიტუაციებს, რომელთა ანალიზსაც ვთავაზობდით მასწავლებლებს. მახსოვს, წავაწყდით სიტუაციას, რომელიც დასახელებულ სახელმძღვანელოში არ მოხვდა, მაგრამ მოგვიანებით ინტერკულტურული განათლების სახელმძღვანელოში გამოვიყენეთ. გთავაზობთ მოსწავლის მონათხრობს (ტესტი რედაქტირებულია, თუმცა შინაარსი შეცვლილი არ არის):  “მამით აფხაზი ვარ, დედა ქართველი მყავს. აფხაზეთთან კონფლიქტის გამო ჩემი მშობლები დაშორდნენ. ექვსი თვის ვიყავი, როცა დედამ თავისიანებთან წამომიყვანა. მამას სხვა ოჯახი ჰყავს. მასთან, ფაქტობრივად, ურთიერთობა არ მაქვს. რამდენჯერმე შეგვეხმიანა, მაგრამ მერე მისგან ზარებიც შეწყდა… ერთხელ ისტორიის გაკვეთილზე, როცა მასწავლებელი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტზე საუბრობდა, ისე “შეიჭრა როლში”, რომ ვერ დამალა გაღიზიანება. აფხაზები უმადურებად მონათლა. ჩვენი უხერხემლო მთავრობის ბრალია, ამდენი უფლება რომ მისცა აფხაზებსო. მოკლედ, კონფლიქტში ბრალი მთლიანად მეორე მხარეს დასდო. მასწავლებელი რომ ლაპარაკობდა, ვიგრძენი, კლასელები ხშირ-ხშირად გადმომხედავდნენ. დავიძაბე. ერთმა ისიც კი მითხრა: მე რომ შენს ადგილზე ვიყო, გვარს გამოვიცვლიდიო. კარგა ხანს სკოლაში სიარულის სურვილი დავკარგე. რომ არა ჩემი რამდენიმე ახლო თანაკლასელი ძმაკაცი და ქართულის მასწავლებელი, რომელმაც “ჰაკი აძბას” სწავლებისას სულ სხვა თვალით დაგვანახა აფხაზები, მათი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, ან სხვა სკოლაში გადავიდოდი, ან საერთოდაც აღარ ვივლიდი…”

მოცემული სიტუაცია, სამწუხაროდ, გამონაკლისი არ არის. ამგვარი დამოკიდებულების მიმანიშნერბელია ის მონაცემებიც, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევაში გამოვლინდა (იხ. „ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზე”, 2013). 

იმის მაგივრად, რომ მასწავლებელს ისტორიული ფაქტები და მოვლენები მიზანმიმართულად გამოეყენებინა,  ისტორიული მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივიდან ჭვრეტის საშუალება მიეცა მოსწავლეებისათვის და ამით  მათში შემწყნარებლობის უნარის განვითარებისათვის შეეწყო ხელი, მან თავისი მკვეთრად გამოხატული შეურიგებელი პოზიციით ქსენოფობიის დამკვიდრება წაახალისა.

უკანასკნელ ათწლეულებში საქართველოში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა მრავალ ოჯახს დაუტოვა მძაფრი ტკივილის განცდა. ეს ტკივილი ირეკლება ბავშვების სულზეც. მათი სათუთი ბუნება რეაგირებს ყოველ წვრილმანზეც კი. მით უმეტეს, როცა საუბარია ბავშვზე, რომელსაც ომმა ოჯახი დაუნგრია, ფაქტობრივად, უმამოდ დატოვა. სრულიად გაუგებარია მასწავლებლის პოზიცია, რომელიც თავს ახვევს მოსწავლეებს საკუთარ ხედვას, მოვლენის ცალმხრივ შეფასებას და არ ითვალისწინებს იმას, რომ კლასში აფხაზი ეროვნების მოსწავლე უზის. რადგანაც გაკვეთილის თემა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი იყო, მასწავლებელს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაეთვალისწინებინა ის ელემენტები, რომლებიც აუცილებელია კონფლიქტის ანალიზისას, კერძოდ:

კონფლიქტის ისტორიისა და მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევა;
კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის განსაზღვრა;
კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ქმედების მოტივისა და მათი ურთიერთდამოკიდებულებების გარკვევა;
იმ ფაქტორებისა და ტენდენციების განსაზღვრა, რომლებიც საფუძვლად უდევს კონფლიქტს;
გამოცდილების სწავლა როგორც გამარჯვებიდან, ისე მარცხიდან. 

ანალიზის ნაცვლად მასწავლებელი მხოლოდ ემოციური დამოკიდებულების გამოხატვით დაკმაყოფილდა და კლასში შექმნა გარემო, რომელმაც აფხაზი წარმოშობის ბიჭუნას უცხოდ და “დამნაშავედ” აგრძნობინა თავი მხოლოდ იმიტომ, რომ ის აფხაზია. 

ისტორიის მასწავლებელს შეეძლო გამოეყენებინა როლური თამაში (მაგალითად, სახალხო დიპლომატების შეხვედრა ან კონფლიქტის ანალიზი სამი  პოზიციიდან: ქართველების, აფხაზებისა და ნეიტრალური მხარის.) „სხვის ტყავში” ყოფნა მოსწავლეებს უკეთ აცნობიერებინებს „მოწინააღმდეგის” პოზიციას, იმას, რომ მარტო მისი პოზიცია არ არის ერთადერთი ჭეშმარიტება; უვითარებს ემპათიის უნარს. სწორედ ეს არის მაგალითი ინტერკულტურულ განათლებაში ტრანსფორმაციული მიდგომისა, რომელიც აძლევს საშუალებას მოსწავლეს, დაინახოს საკითხი სხვადას­ხვა პერსპექტივიდან. ტრანსფორმაციული მიდგომისას ხდება თუნდაც ძალიან ტაბუდადებული ფაქტების მიწოდება, განხილვა და ანალიზი და მოსწავლე საკუთარი პოზიციისა და ღირებუ­ლების ჩამოყალიბებისას აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხდება. ასეთი მიდგომა სასრგებლოა თავად მასწავლებლისთვისაც, რადგან ის რევიზიას უკეთებს თავის პოზიციასაც. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ საკითხზე მაწავლებელს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი თვალთახედვა, ის მოვალეა ამა თუ იმ საკითხზე მოსწავლეს ინფორმაცია მიაწოდოს სხვადასხვა კულტურული პერსპექტივიდან. 

სამწუხაროდ, სიტუაციაში არ ჩანს, რა გააკეთა ისეთი ქართულის მასწავლებელმა, რომ მოსწავლეს ნაწილობრივ შეუმსუბუქა “უცხოობის” განცდა, დაუბრუნა სკოლაში სიარულის სურვილი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან შეძლო აფხაზი ხალხის ღირსებების ჩვენება და იმ შემხები წერტილების, საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მონახვა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ამ ორი ხალხის ჰარმონიულ თანაცხოვრებას განაპირობებდა. სამაგიეროდ, ვიცი, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ტრანსფორმაციული მიდგომის გამოყენებამ. ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის ელენე რამიშვილის მოთხრობას, რომელიც, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა (ამ სკოლაში ვსწავლობდი და ვასწავლიდი კარგა ხანს, აქ ასწავლიდა დედაჩემიც, ელენე სურგულაძე), რომ  123-ე სკოლაში შექმნილი გარემოს, უპირველეს ყოვლისა კი, ისტორიისა და ქართულის მასწავლებლების საქმიანობის შედეგია.  
ჩემი აფხაზეთი

აფხაზეთის ომის ამსახველი კადრებიდან 
ჩემთვის ცრემლისმომგვრელი და შემაძრწუნებელი 
იყო ის, თუ როგორ მისდევდა ხალხით სავსე გემს ძაღლი.
სამი თვის ვიყავი მაშინ, როცა სოხუმის ცხოველთა ბაზარში მიყიდეს. ამ დღიდან ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ოჯახთან შეგუება, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. ვცდილობდი, ყურადღება რომ მოექციათ, ახალი მზრუნველებისათვის ნერვები მომეშალა. სახლის ყოველ კუთხეს ვსვრიდი, ბევრს ვყეფდი და სახლში ყველაფერს ვხრავდი. ოჯახის წევრები გიოს ეჩხუბებოდნენ იმისათვის, რომ მან აიჩემა ძაღლის ყიდვა. ერთადერთი, ვინც ჩემს უშაულო პატრონს მხარს უჭერდა, მისი მეზობელი საიდი იყო, თორმეტი წლის აფხაზი ბიჭი. ის და გიო საუკეთესო მეგობრები იყვნენ. მე ხან ერთთან გავრბოდი, ხან – მეორესთან, ვეთამაშებოდი. ყველაზე მეტად ზღვის ნაპირზე ყოფნა მიყვარდა. საიდი ზღვაში ცურავდა, გიო ნაპირზე იჯდა და ცდილობდა. ჯოხი რაც შეიძლება შორს გადაეგდო. მე წყალში შევვარდებოდი ჯოხის მოსატანად, მაგრამ საიდი ჯოხთან უფრო ადრე მიცურდებოდა და იწყებოდა ერთი ძიძგილაობა. . . მერე საიდი და გიო ადგილებს ცვლიდნენ. ერთი ნაპირზე რჩებოდა, მეორე ზღვაში შედიოდა. უზომოდ მიყვარდა ჩემი პატრონიცა და საიდიც…
დღეები გადიოდა. ჩვენ ერთმანეთს უფრო და უფრო დავუახლოვდით. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. სკოლაში რომ მიდიოდნენ, გული მწყდებოდა, ხოლო როცა ბრუნდებოდნენ, სიხარულისაგან ვყეფდი და ადგილზე ვეღარ ვჩერდებოდი. ბევრჯერ დამიკაწრავს გიორგი და საიდი. მიკბენია კიდეც, მაგრამ, გეფიცებით, ეს ზედმეტი სიყვარულით თუ მომსვლია.
ზაფხულის არდადეგები დაიწყო. ახლა უფრო ხშირად გავდიოდით ზღვაზე. ხან ქვიშაში ვკოტრიალობდით, ხანაც ტალღებს ვეთამაშებოდით. მეც, გიოსაც და საიდსაც უზომოდ გვიყვარდა შოკოლადი, ამიტომ ტკბილის გამო ხშირად “ვომობდით”. ზაფხულის არდადეგები ყველაზე ბედნიერი დრო იყო ჩემთვის. . .
მერე გიო სახლიდან აღარ გადიოდა. არც თამაშის სურვილი ჰქონდა. საიდიც არსად ჩანდა. ეზოში გასულს ჩემთვის მანამდე უცნობი ხმები მესმოდა. რაღაც გრუხუნებდა, რაღაც ავისმომასწავებლად ზუზუნებდა ჰაერში. ირგვლივ რკინის ჯოხებიანი კაცები დარბოდნენ. ადამიანების კივილს ჩემიანების ყმული მოჰყვებოდა, ჩემიანების ყმუილზე მეც ვყმუოდი, თუმცა არ ვიცი, რატომ. ეზოდან გასვლას ვერ ვბედავდი, რომ გამეგო, რა აყმუვლებდათ. სახლში შესულს გიო მეჩხუბებოდა, გარეთ ნუ გადიხარო. ჩემი პატრონები ფანჯარაში გახედვასაც ვერ ბედავდნენ. საიდიც აღარ მოდიოიწაზე ეცემოდა და აღარ დგებოდა. რამდენიმე ადგილას ცეცხლის ალი ავარდა. ღამღამობით ჩვენს სახლში მეზობლები ჩუმად მოდიოდნენ და სულ იმაზე იყო ლაპარაკი, დაეტოვებინათ თუ არა სოხუმი და როგორ გაეღწიათ. ჩემმა ოჯახმაც ამაზე დაიწყო ფიქრი…
ალმოდებული სოხუმიდან მანქანები, გემები სადღაც მიდიოდნენ…
გათენდა ის დღე, როცა ჩვენც უნდა წავსულიყავით. ჩვენც? მე ასე ვფიქრობდი, მაგრამ ვიღას ახსოვდა ძაღლი ბობო. გიოს, რა თქმა უნდა, უნდოდა ჩემი წაყვანა, მაგრამ გემზე თავად მოხვდებოდა თუ არა, არავინ იცოდა. მშობლები ეუბნებოდნენ: “რა დროს ძაღლია, წამოდი ჩქარა! ძაღლი უფრო უსაფრთხოდ იქნება აქ, ვიდრე ჩვენ.” გიოს და მის ოჯახს ნაპირამდე მივყევი იმ იმედით, რომ მაინც არ დამტოვებდნენ. სანაპიროზე მისულმა ყავახანის უკან საიდის ცრემლიანი თვალები დავინახე. გემი დაიძრა. ზღვაში შევცურე. მე მას ვსდიე იქამდე, სანამდეც შევძელი. შემდეგ სადღაც გემის ბოლოდან გიორგის ყვირილი შემომესმა: “დაბრუნდი, ბობო, დაბრუნდი. საიდთან მიდი!” 
ვიდექი ნაპირზე და ვუყურებდი იმ გემს, რომელსაც გიო მიჰყავდა ჩემგან შორს, ძალიან შორს, თუმცა ძალიან ახლოს, საქართველოდან საქართველოში…    

ელენე რამიშვილი
თბილისის 123-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე      

მახსოვს, როგორ შეხვდა სკოლა ელენეს წარმატებას. მეტიც, მასწავლებელმა მისი მოთხრობა ერთ-ერთი გაკვეთილის თემად გამოიყენა და მოსწავლეებს ასარჩევად შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განსავითარებელი დავალება მისცა, რომელიც ინტეკულტურულ ასპექტსაც შეიცავდა: „გააგრძელეთ მოთხრობა”, „გადმოეცით მოთხრობის შინაარსი გიოს პოზიციიდან”, „გადმოეცით მოთხრობის შინაარსი საიდის პოზიციიდან”, „მისწერეთ წერილი საქართველოსა და აფხაზეთის ლიდერებს”. 

ინტერკულტურული განათლების ასპექტების გათვალისწინება სწავლებაში, რაც ახალი სტანდარტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, არ არის ძნელი მისაღწევი, ამ კუთხით პედაგოგიური მიდგომების სწავლა სრულიად შესაძლებელია; რთული შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევა, სწორხაზოვანი აზროვნების გადალახვაა.    

სიმარტივე ინტერნეტდამოკიდებულების წინააღმდეგ

0
კომპანია eBay-ის ტექნიკურმა დირექტორმა საკუთარი შვილები სკოლაში კომპიუტერების გარეშე გაისტუმრა. მის მაგალითს სხვა თანამშრომლებმა და სილიკონის ხეობის გიგანტებმა – Apple, Yahoo, Hewlett-Packard „მამებმაც” მიმართეს. Waldorf of the Peninsula სკოლა 1984 წელს დაარსდა. ერთი შეხედვით ის ჩვეულებრივი სასწავლო დაწესებულებაა. კლასებში ფერადცარციანი დაფებია, კედლებზე – წიგნებისთვის განკუთვნილი უბრალო თაროები, ხის მერხებზე კალმების და ფანქრების ჩასადები დევს. სკოლის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ არაფერში იყენებენ კომპიუტერს. ცივილიზაციის ყველა მონაპოვარი სკოლის სივრცეში აქტუალობადაკარგულია. მეცადინეობის დროს არ სარგობლობენ პლანშეტებით და სმარტფონებით. მოსწავლეები კერვას ძველებური საკერავი მანქანებით სწავლობენ, ძერწვას – თიხით. სასურველია, ბავშვებმა გაკვეთილების მომზადების დროს არც სახლშიც გამოიყენოს ელექტროტექნიკა.
 
თანამედროვე მოსწავლეების უმეტესობას ვერ წარმოუდგენია თუ როგორ უნდა ისწავლოს კომპიუტერის გარეშე. ბავშვები ჩვეული არიან ინტერენეტით ინფორმაციის მოპოვებას. თუმცა Waldorf of the Peninsula-ში მოსწავლეთა აზროვნების განვითარებისათვის ადგილობრივი მასწავლებლები სხვა საშუალებებს იყენებენ. მაგალითად, ლობიოს მარცვლებით სავსე პატარა ტომრები ბავშვებს ლექსების დამახსოვრებაში ეხმარება. ასეთი ვარჯიში ხელს უწყობს სხეულისა და ტვინის სინქრონიზაციას. მკვლევართა აზრით, კომპიუტერი ბავშვში შემოქმედებით აზროვნებას კლავს, უკარგავს მოძრაობის ინტერესს და სურვილს.
 
გიგანტური კომპანიების „მამებს” მიაჩნიათ, რომ მათი შვილები კომპიუტერულ ტექნიკას, ადრე თუ გვიან, მაინც ეზიარებიან. Google-ის ერთ-ერთი თანამშრომელი სახელად იგლი IT-ის ათვისების პროცესს ელემენტარულ ქმედებას – კბილების ხეხვას ადარებს. „ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამო ბავშვი მის ათვისებას დაიგვიანებს”, – ამობობს ის.
 
აღსანიშნავია, რომ თავს „დაჩაგრულად” არც ამ სკოლის მოსწავლეები გრძნობენ. ისინი ჩვეულებრივად ცხოვრობენ მაღალი ტექნოლოგიების სიკეთის გარეშე, კომპიუტერს კი მხოლოდ ფილმების საყურებლად იყენებენ. Waldorf of the Peninsula-ის ბევრ მოსწავლეს გული წყდება, რომ მათი მშობლები და ახლობლები ინტერნეტს და მობილურ ტელეფონებს ძალიან დიდ დროს უთმობენ. 11 წლის ორად კამკარი ჩივის, რომ მთელი ზაფხული თანატოლ ნათესავებთან ერთად გაატარა, მაგრამ ისინი საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას, რადგან ყველანი ინტერნეტდამოკიდებულები იყვნენ და დღე და ღამე კომპიუტერით თამაშობდნენ. „ჰეი, მეგობრებო, მე თქვენს გვერდით ვარ!” – შეჯანჯღარებით ახსენებდა თავს ორადი ნათესავებს..
 
ფურმანის უნივერსიტეტის პედაგოგი, პროფესორი და სასწავლო მეთოდების შესახებ 12 წიგნის ავტორი პოლ ტომასი ირწმუნება, რომ ახალი ტექნოლოგიები ზედმეტად ფანტავენ ბავშვის ყურადღებას და საბაზისო ცოდნას არ იძლევიან. სკოლა კი ის ადგილია, სადაც აუცილებელია წერა-კითხვა, თვლა და კრიტიკულად აზროვნება ვისწავლოთ.
 
ინტერნეტდამოკიდებულების თემაზე პირველი კვლევები 1996 წლით თარიღდება. ტერმინი „ინტერნედამოკიდებულება” ბოლომდე დღესაც არ არის განმარტებული და მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. ინტერნეტდამოკიდებულების გარდა, არსებობს რიგი ტერმინებისა, რომელიც ინტერნეტის არაზომიერ გამოყენებას უკავშირდება: ინტერნეტთან შეჩვევა, ინტერნეტის პათოლოგიური გამოყენება, ინტერნეტის პრობლემური მოხმარება. იმის მიუხედავად, თუ რა სახელწოდება გამოიყენება ინტერნეტზე მიჩვევის ფენომენის აღწერისათვის, ადამიანის ინტერნეტზე დამოკიდებულების არსებობა ეჭვგარეშეა. დამოკიდებულება არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი მოქმედება, რომელიც მიმართულია სიხარულის გრძნობის მისაღწევად და რაიმე ფსიქოლოგიური ტვირთისგან გასათავისუფლებლად, კონტროლის ფარგლებს ცილდება.
 
კომპიუტერული დამოკიდებულება ყველაზე მეტად მოზარდებს ემუქრება. ხშირად ეს დაბალი თვითშეფასების, თვითრწმენის დეფიციტის, თვითრეალიზაციის არარსებობის ბრალია. ამ პრობლემების მოგვარებას მშობლები უნდა ეცადონ, რასაკვირველია, არა გაკიცხვისა და სადამსჯელო გზით.
 
ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრი ჰენრიეტა ჯონსი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ინტერნეტდამოკიდებულება გეიმერებს – ქსელში მოთამაშეებს ახასიათებთ. ისინი საათობით ეჯაჭვებიან კომპიუტერს. ის ამბობს, რომ ეს უკვე დიაგნოზია და მისი ზრდასრული პაციენტები ამის გამო თავს ანებებენ სასწავლებლებს, ანგრევენ ოჯახებს და კარგავენ კავშირს რეალურ გარემოსთან. ინტერნეტზე დამოკიდებულ ადამიანები ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს.
 
ორი წლის წინ ჩინეთში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად, ინტერნეტზე დამოკიდებულთა თავის ტვინის სკანირების შემდეგ გამოვლინდა ე.წ. თეთრი ნივთიერების დაზიანება. მსგავსი რამ ხშირად აღენიშნებათ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებს. კვლევამ 35 ადამიანი მოიცვა. 17-ს მძიმე ინტერნეტდამოკიდებულება დაუდგინდა. მეცნიერებმა მათი თავის ტვინი ჯანმრთელი ადამიანების თავის ტვინის ტოპოგრაფიულ მაჩვენებლებს შეადარეს. ინტერნეტდამოკიდებულებს აღმოაჩნდათ დარღვევები ნერვული ქსოვილების იმ ნაწილებზე, რომლებიც განსაზღვრავს ემოციებს, თვითკონტროლს და გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე.
 

„ჩვენი ცხოვრების მდინარე“

0

შემოდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი დროა მასწავლებლებისთვის – ახალი სასწავლო წელი იწყება, ბავშვები საინტერესო სიახლეებს ელიან ჩვენგან, ახალ მოსწავლეებს ადაპტირების პერიოდი აქვთ გასავლელი და მათთან განსხვავებული მიდგომით უნდა იმუშაო. ყველა პედაგოგი ცდილობს, მოზარდებს რაც შეიძლება მეტი სიახლე შესთავაზოს, სკოლის ცხოვრება მათთვის უფრო საინტერესო და ნაყოფიერი რომ გახდეს.

წელს ჩვენმა სკოლამ ბიბლიოთეკისთვის ბევრი ახალი წიგნი შეიძინა და მკითხველთა კლუბის დღეების ორგანიზება მომანდო. დამეთანხმებით, რაც არ უნდა თავგამოდებით ამტკიცო, რომ კითხვა კარგია, ტექნოლოგიების თაობას მხოლოდ ლოზუნგებით ვერ მიიზიდავ, ეს შეხვედრები გაკვეთილებს არ უნდა ჰგავდეს. აქ სხვა რამაა საჭირო, საერთო მიზანი – კომპასი, რომელიც ქაღალდის გემის ეკიპაჟს ღირსეულ მეგზურობას გაუწევს სიტყვების ქვეყანაში.

 ბოლო ხანს სოციალურ ქსელებში გახშირდა ე.წ. გამოწვევები. ჯერ იყო და, წიგნები გამოვიდნენ სახეტიალოდ (სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ შევხვედრივარ), ახლა კი, საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან წააწყდებით წიგნების ათეულს, რომელმაც ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მეც დავინტერესდი ამ წამოწყებით და ჩემი თავი გამოვიწვიე – ათეულის შედგენა ვცადე.

საყვარელი წიგნი ბევრია, ლინდგრენის საგანძურით დაწყებული, „ხისსუნიანი” ფოლკნერით დამთავრებული. მაგრამ სტატუსს „წიგნი, რომელმაც შემცვალა” მხოლოდ ერთი გადაუღებელი ამბავი იმსახურებს. მეც მხოლოდ ამ წიგნზე მოგიყვებით.

***

„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა”.

ჩემი წილი ყინული წლების წინ, თავსხმა წვიმების სეზონზე აღმოვაჩინე. მახსოვს, ჩემი მოსწავლეობის დროს შემოდგომის არდადეგები გვქონდა და წვიმიან დღეებს ბებიასთან, კითხვაში ვატარებდი. ოქროს თევზების გადადნობა, ანუ ნაცნობი წიგნების გადაკითხვა რომ მომბეზრდა, ფეხებმოყანყალებულ კარადაში შევრგე თავი და ოდესღაც 2 მანეთად და 30 კაპიკად შეძენილი ასი წლის სამყოფი მარტოობა გამოვაცოცე. დიდხანს ვაკვირდებოდი წიგნის ყდას – ციცაბო ფერდობზე შეფენილ წითელკრამიტებიან სახლებს, გაფრენილ ზეწრებს, გამოცხადებულ სიყვარულსა და ბუენდიების მდედრული საწყისის გასამებულ გამოსახულებას. შემდეგ გადავფურცლე და პირველი წინადადების ამოკითხვისთანავე ვიგრძენი, რომ ამ წიგნში მარტო მაკონდოელების კი არა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მდინარე მიედინებოდა.

ვისაც ჯერ არ გიმოგზაურიათ მაკონდოში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადამიანებით დასახლებულ უკაცრიელ სამყაროში. მოემზადეთ! თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ, გაიქცევით, დამარცხდებით, დაბრუნდებით და ყველაფერს დაკარგავთ, რადგან კაცთა მოდგმის ასწლოვან მარტოობის ხეს მხოლოდ ერთი შემოდგომის სამყოფი სიცოცხლის გამოსხმა შეუძლია.

 

 

 2014 წლის 17 აპრილია. ბუენდიების ნასახლარი ნელ-ნელა ივსება წარსულის ხმებით – ბებერი ბაბუაწვერების ჩურჩულით. პოლკოვნიკი მარკესი ფეხაკრეფით მისდევს თავისი წარმომავლობის საიდუმლო ბილიკებს და ისე გატაცებით იწყებს საკუთარი თავის კითხვას, ვერც კი ამჩნევს, რომ, როგორც მოსწავლე დაფიდან – ცარცის ნაკვალევს, ისე შლის მიწიდან გრიგალი მოჩვენებით ქალაქს და მასში დარჩენილ სიცოცხლის ნაპერწკალსაც აქრობს. „ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის, სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი”.

მაკონდოში ახლა ალბათ წვიმს

 რაც დრო გადის, ადამიანების ცხოვრება უფრო და უფრო ემსგავსება ოქროს თევზების გადადნობა-ჩამოსხმას. მათ ისევ ავიწყდებათ, მეორდებიან, ნაკლებად სწამთ სიყვარულის და სიბერის წარმოდგენაც კი ზარავთ. არადა, „სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის… ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე”.

რაც თავი მახსოვს, ვიბრძვით და ვმარცხდებით, უცხოტომელები ისე ოსტატურად იკავებენ ჩვენი ქვეყნის მიწას, ისღა დაგვრჩენია, საკუთარი სახლის წინკართან ჩამოვსხდეთ და გაოგნებული, თუ გავბედავთ, შეურაცხყოფილი სახეებით დაველოდოთ, როდის შეგვამჩნევენ ჩვენსავე სახლში, როდის გვიწყალობებენ ორიოდე ლუკმა სიცოცხლის უფლებას.

„არ გასულა ცოტა ხანი და ჩვენ, ამ ადგილის პირველაღმომჩენებმა და დასახლების დამაარსებლებმა, უცხოდ და უთვისტომოდ ვიგრძენით თავი შუა ქუჩაში გაშლილ კარვებსა და შიმშილით ფერდებჩაცვენილ ჯორებს შორის, რომელთა პატრონები მოურიდებლად, ყველას თვალწინ იცვლიდნენ ტანისამოსს, მათი ცოლები კი გაშლილი ქოლგებით ხელში ისხდნენ ჩემოდნებზე.

ომის შემდეგ მაკონდოში რომ ჩამოვედით და ამ მიწების ნაყოფიერება ვიხილეთ, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ სულ მალე ხალხი ამ ადგილისკენ იხუვლებდა, მაგრამ ვაი რომ ვერავინ განჭვრიტა ყველა უბედურება, რაც მათ ჩამოსვლას მოჰყვა. და ამიტომ, როცა ლავის მოახლოება ვიგრძენით და ხალხის ნიაღვარი წალეკვით დაგვემუქრა, ისღა დაგვრჩენოდა, თეფშები და დანა-ჩანგალი გამოგვედგა კარში და მოთმინებით გვეცადა, როდის შეგვამჩნევდნენ ახალმოსულები”.

 მეც სწორედ ასეთი დამარცხების მეშინია – მოჩვენებით სიმშვიდეში ცხოვრების, დაბადებისთანავე უიმედობის ჭიანჭველები რომ გაცლიან ხელიდან. უკვე რამდენი წელია, ვდგავართ კედელთან და გამოცხადებული ზამთრის დადგომას ველოდებით. იქნებ დადგა კიდეც, ჩვენ კი, პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას მსგავსად, ბავშვობაში გავექეცით.

  

***

ჩემი მოსწავლეები ჯერ მეტისმეტად პატარები არიან მათი ცხოვრების მთავარი წიგნის აღმოსაჩენად, მაგრამ საყვარელი წიგნების ათეულის შედგენა მგონი ძალიან დააინტერესებთ. მკითხველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ საღამოებზე ბავშვები წაკითხული წიგნებით გამოწვეულ შთაბეჭდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ. უქმე დღეებში საკუთარი ინტერესების მიხედვით შერჩეულ ახალ კრებულებს სახლში წაიყვანენ, მომდევნო შეხვედრაზე საყვარელ პერსონაჟებს მეგობრებსაც გააცნობენ, ერთმანეთს წაკითხულ წიგნებს გაუცვლიან და სიხარულით გაეხვევიან ახალ თავგადასავლებში. წლის ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ათეულის ამორჩევას ყველა მოსწავლე შეძლებს. მკითხველთა კლუბის ბოლო შეხვედრაზე კლასის, სკოლის რჩეულების გამოვლენაც შეიძლება (გზადაგზა პროექტი დაიხვეწება და უფრო მრავალფეროვანი გახდება).

ასე რომ, გამოწვევა მიღებულია, ჩვენი სკოლის წიგნები ბევრს იხეტიალებენ და, ბიბლიოთეკის თაროებიდან გაპარულები, მოსწავლეების გულებში დაიდებენ ბინას.

 

ასერტული ქცევის კონცეფცია საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი I)

0
ასერტულობა საკუთარი აზრის მართებულობის მტკიცებას, საკუთარი  უფლებების დაცვას გულისხმობს. ასერტული უნარებით აღჭურვილი ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს და გარშემომყოფებს. ეს არის უნარი იყო თავდაჯერებული და თავაზიანი, პასუხისმგებელი ქცევაზე, როდესაც ქცევა განპირობებულია  საკუთარი  შეხედულებებით,  მოტივებით და არა თავსმოხვეული აზრებით. 

     ასერტულობის კონცეფცია ჩამოყალიბდა ამერიკულ ფსიქოლოგიაში  მეოცე საუკუნის 50-იან წლებში (Salter,1949). კონცეფციაში ენდრიუ სოლტერი ხშირად აღწერს ასერტულ ტექნიკებს, თუმცა ამ ტერმინს  არ ხმარობს.  წიგნში „პირობითი რეფლექსთერაპია” ე. სოლტერი  აღწერს სიტუაციებს, სადაც  იყენებს მრავალ ასერტულ ტექნიკას, რომლებიც შემდგომში  ასერტული თერაპიის საბაზისო მოდელი გახდა.

ე. სოლტერის თეორიაში ასერტული ქცევა განიხილება, როგორც ადამიანთაშორისი ურთიერთობების ოპტიმალური, ყველაზე კონსტრუქციული მოდელი, განსხვავებით ორ ყველაზე გავრცელებული დესტრუქციული  მოდელისგან – მანიპულაცია და აგრესია. ადამიანები ზოგჯერ ხვდებიან  სხვადასხვა სოციალური გავლენის ქვეშ, რითაც საკმაოდ ბოროტად სარგებლობენ გარშემომყოფები -მანიპულირებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად. აწყდება რა მიუღებელ მოთხოვნებს, ადამიანს ხშირად არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა –  ექცევა  ზემოქმედების ქვეშ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ. იგი საუბარსაც კი  ვერ ახერხებს საკუთარ მოთხოვნილებებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, რადგან სხვების მოლოდინებს ითვალისწინებს და ეშინია გამოამჟღავნოს თავისი ჭეშმარიტი სახე. ამ პროცესში ადამიანი თვითონ იძენს  მანიპულაციურ უნარებს. მაგ. ცდილობს აგრესიით უპასუხოს აგრესიას ან  კრიტიკას, თვით სამართლიანსაც კი. ასეთი ტაქტიკა იძლევა შედეგს, მაგრამ მხოლოდ დროებითს და საკმაოდ მყიფეს. ამ ტიპის ინტერაქცია ადამიანს კი არ ამდიდრებს, არამედ ასუსტებს, როგორც პიროვნებათაშორისი ურთიერთობის, ასევე სულიერი თვალსაზრისითაც.

 ე. სოლტერის ქცევის მოდელი ითვალისწინებს შემდეგ მიდგომებს:

1.გამოხატეთ საკუთარი გრძნობები სიტყვიერად – იცოდნენ გარშემომყოფებმა როდის ხართ ბედნიერი, როდის გაბრაზებული და ასე შემდეგ;

2.გამოხატეთ გრძნობები არავერბალური გზით. მაგ: ღიმილი, ტირილი და ა.შ.

3.გამოთქვით თქვენი პოზიცია, როდესაც ვინმეს არ ეთანხმებით,  ნუ იქნებით ჩუმად;

4.გამოიყენეთ სიტყვა „მე”  რამდენადაც  ეს შესაძლებელია;

5.გამოხატეთ კმაყოფილება, როდესაც გაქებენ;

6.იცხოვრეთ დღევანდელი დღითაც.

    განათლების ფსიქოლოგიაში  ბევრმა კვლევამ დაადასტურა, რომ პედაგოგიური სირთულეების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოწვეულია არა იმდენად პედაგოგების    მეცნიერული და მეთოდური მომზადების არასაკმარისი დონით, რამდენადაც პროფესიულ-პედაგოგიური ურთიერთობის, სოციალური ინტერაქციის უნარების  დეფორმაციით. 70-იან წლებში, როცა მსოფლიოში სულ უფრო მეტი ყურადღება დაეთმო დემოკრატიულ ღირებულებებს და თანამშრომლობით მიდგომებს, დამუშავებული იქნა ლი და მარლენ  კანტერების  კლასის მართვის ასერტული მოდელი. ისინი  თვლიან, რომ თქვენ, როგორც მასწავლებელს, გაქვთ უფლება, განსაზღვროთ, რა არის საუკეთესო თქვენი მოსწავლეებისთვის, მათ არ უნდა შეგიშალონ ხელი სწავლების პროცესში და არ უნდა შეუშალონ ხელი სხვა მოსწავლეებს ცოდნის დაუფლებაში. ამ მიზნის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა იმოქმედოს ასერტულად და არა აგრესიულად ან პასიურად.

როგორც ცნობილია, 1970-იან წლებამდე დასავლეთშიც საკლასო დისციპლინის სტერეოტიპული მოდელი იყო ავტორიტარული მართვა, როცა მასწავლებლები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მოსწავლეების რეალურ საჭიროებებს, იყვნენ  მკაცრები და ხშირად  სწავლება დაფუძნებული იყო შიშზე,  რათა გაეძლიერებინათ კონტროლი კლასზე. მეორე მხრივ, იყვნენ ე.წ. დამთმობი, პასიური მასწავლებლები, საკმაოდ არაეფექტურები თავიანთ საქმიანობაში.  ასერტული მიდგომა არის ერთ-ერთი ის მოდელი, რომელმაც შეცვალა ეს დამოკიდებულებები და ურთიერთობის პოზიტიურ ჭრილში გადატანას შეეცადა. ასერტული დისციპლინა წარმოადგენს სტრუქტურიზებულ, სისტემურ მიდგომას. ამ პროგრამის ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ მასწავლებელს მოსწავლეებისგან აქვს მკაფიო მოლოდინები, ისინი  აგებენ პოზიტიურ, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას. ამ მიზნის მისაღწევად  ისინი არიან თანმიმდევრულნი, იყენებენ ჯილდოს, საჭიროების შემთხვევაში კი დასჯას. ასერტული მასწავლებლები არ იყენებენ უხეშ, სარკასტულ გამონათქვამებს, მოსწავლეებს ასწავლიან  მისაღებ ქცევას (პირდაპირი მითითებით, აღწერით, ქცევის მოდელირებით, პრაქტიკით, განხილვით, დაჯილდოებით). ისინი არ რეაგირებენ არაადეკვატურად, როგორც ეს პასიურ მასწავლებლებს სჩვევიათ. ასერტული მასწავლებელი რეაგირებს თავდაჯერებულად და სწრაფად. სასწავლო წლის დასაწყისში კლასი იღებს ქცევის წესებს.  წესები  მყარი, ნათელი, კონკრეტული, მოკლე მითითებებია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ გარეგანი კონტროლი. „პასუხისმგებლობა არის ზუსტად ის, რასაც ასერტული მიდგომა” ეხება, ამბობს ლი კანტერი (Canter, 1988). დამატებით, მასწავლებლებს  უფლება აქვთ მოითხოვონ დახმარება მშობლებისგან და ადმინისტრაციისგან. 

მოსწავლეები მასწავლებლისგან ითხოვენ თბილ ურთიერთკავშირს, მხარდაჭერას, პატივისცემას ტონსა და მანერებში. ასერტული მასწავლებელი ყურადღებით უსმენს მოსწავლეებს, ესაუბრება პატივისცემით და სამართლიანად ექცევა მათ. პოზიტიური განმამტკიცებლები: შექება, მშობლებისთვის მადლობის წერილის მიწერა, სერთიფიკატები და ა.შ  გამოყენებული უნდა იქნას მისაღები ქცევის დროს. ასეთი მიდგომა მოსწავლეებს ცუდად მოქცევის სურვილს უქრობს (Ketteringham, 2007).

ასერტული მიდგომა არ გულისხმობს ცუდი ყოფაქცევის მოსწავლეთა სახელების კედელზე გაკვრას, გულისხმობს მათ გაფრთხილებას. კვლევები ადასტურებენ, რომ  უარყოფითი ინტერპრეტაციები მომდინარეობს პროფესიულად გადამწვარი მასწავლებლებისგან, რომლებმაც ვერ მიიღეს სათანადო მხარდაჭერა მშობლებისგან, ადმინისტრაციისგან და თავიანთი ფრუსტრირებული მდგომარეობა მოსწავლეებზე გადაიტანეს (Canter, 1989). ასერტული მიდგომა არ არის ნეგატივზე დაფუძნებული პროგრამა, მაგრამ არასწორად განხორციელების შემთხვევაში პროგრამა შესაძლოა იქცეს ასეთად.  როგორც ლი კანტერი თავის სტატიაში წერს, „პროგრამა კი არ უნდა შეიცვალოს, არამედ – მასწავლებლები”.

კანტერი გამოყოფს ქცევის მართვის სამდონიან მოდელს პოზიტიური მიდგომის დასამკვიდრებლად:

პირველი – თუ მასწავლებელს სურს მოსწავლეები მიყვნენ მის მითითებებს, მათ უნდა ასწავლონ  ყოველი აქტივობისთვის შესაბამისი სპეციფიკური ქცევა. მაგ. როგორ მოიქცნენ ლექციის ტიპის გაკვეთილების დროს, მცირე ჯგუფში მუშაობისას, ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლის პროცესში… (მაგალითად, ისეთი ელემენტარული სპეციფიკური ქმედებაც კი, როგორიცაა ხელის აწევა კომენტარის ან პასუხის გაცემისას).

შემდეგ ეტაპზე, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, მასწავლებლებმა პოზიტიური განმამტიცებლები უნდა
გამოიყენონ, როცა მოსწავლეები წესების

შესაბამისად იქცევიან. განმამტკიცებელი მრავალგვარი შეიძლება იყოს: სოციალური

განმამტკიცებლები – სიტყვები, ღიმილი, სათანადო ჟესტები;

გრაფიკული განმამტკიცებლები  – ვარსკლავები, სტიკერები, მარკები.

განმამტკიცებელი აქტივობები – თავისუფალი დროის მიცემა, სპეციალური

თამაშები. მატერიალური განმამტკიცებლები – მარკები, ფანქრები, სერთიფიკატები.

როგორც წესი, მასწავლებლები უმეტესად მითითებებს აძლევენ და ყურადღებას

აქცევენ მოსწავლეებს, როდესაც ისინი არღვევენ წესებს. ამის ნაცვლად, მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმ მოსწავლეების ქცევას, რომლებიც

იცავენ წესებს. წარმატებული მასწავლებლები ყურადღებას აქცევენ და

განამტკიცებენ მოსწავლეთა პოზიტიურ ქცევას, რადგან კარგად აქვთ

გაცნობიერებული, რომ ნეგატიურ ქცევაზე  ფოკუსირება მოსწავლეებს სწორედ

ამგვარ ქცევას ასწავლის და არა პირიქით.

მესამე – თუ მოსწავლე მაინც  წესების შეუსაბამოდ  იქცევა (მას შემდეგ რაც მიიღო მითითებები და მიიღო პოზიტიური განმამტკიცებლები) გამოიყენება დასჯა. იგი რასაკვირველია, არ არის სასტიკი, რადგან ასერტული მასწავლებელი კარგად აცნობიერებს მის საბოლოო უარყოფით შედეგებს. დასჯა შეიძლება მოიცავდეს საკლასო აქტივობებიდან გამოთიშვას, დროებით ტაიმაუტს, მშობლებთან ან პასუხისმგებელ პირებთან კონტაქტს, ადმინისტრაციასთან მიმართვას ან გაკვეთილების შემდეგ დატოვებას. ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე სუფთა ფურცლიდან იწყება – დასჯა მხოლოდ იმ დღეს გამოიყენება, როდესაც მოსწავლემ წესები დაარღვია და არ უნდა გავრცელდეს სხვა დღეებზე. 

  ასერტული მიდგომა ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას. იგი არის ერთგვარი საწყისი წერტილი. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა პროფესიული უნარები, მაგ. ჯგუფური მუშაობისას, როგორ დაეხმაროს სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოსწავლეებს. მასწავლებლები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას, ესწრებიან სხვადასხვა ტრენინგებს (მათ შორის კლასის მართვის), ჩართულები არიან კათედრის მუშაობაში, იღებენ უკუკავშირს ადმინისტრაციისგან და .ა.შ. 

მრავალწლიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ კლასებში, რომლებშიც მასწავლებლები კლასის მართვისას ასერტულ მიდგომას იყენებდნენ, მნიშვნელოვნად შემცირდა აგრესიული ქცევის რაოდენობა და იმ მოსწავლეების რიცხვი, რომლებსაც ადმინისტრაციის წინაშე მოუხდათ წარდგომა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეების ჩართულობის დონე სხვადასხვა საკლასო აქტივობებში.  სხვა კვლევების თანახმად, მასწავლებლები (რომლებმაც გაიარეს ტრენინგი ასერტულ დისციპლინაში)  შეფასებულნი იქნენ, როგორც უფრო ეფექტურები კლასის მართვის თვალსაზრისით. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ  აჩვენა, რომ ასერტული მიდგომა მასწავლებლებს ეხმარება საკლასო გარემოსა და მოსწავლეთა ქცევის გაუმჯობესებაში. მოსწავლეებს შესაბამისად კარგი ყოფაქცევის მოტივაციაც გაუჩნდათ.

      თუ რა გვიჩვენა საქართველოში აღნიშნულ საკითხზე ჩატარებულმა საპილოტე კვლევამ (რომელიც სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩვენი ხელმძღვანელობით პედაგოგმა ლიკა ჭყონიამ შეასრულა) ამას  მომდევნო სტატიაში გაეცნობით.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზამკვლევი

0
მასწავლებელი სასკოლო ცხოვრების მთავარი ფიგურაა,ამიტომ ის სათანადოდუნდა იყოსშეფასებული და დაფასებული. სწავლებისადმი ახალი ტექნოლოგიური მიდგომები შეფასების ახალ ტიპებს მოითხოვს. მას უნდა ჰქონდეს ანალიტიკური ხასიათი, გამოავლინოს პედაგოგის როგორც წარმატებული, ასევე გასაუმჯობესებელი მხარეები.
ვფიქრობ, ამ კუთხით საკმაოდ ნოვაციურ მიდგომად უნდა ჩაითვალოს მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ის მოდელი, რომელსაც ამბროლაურის I საჯარო სკოლის ინოვაციური სასკოლო ცენტრი გვთავაზობს.
„წარმატებას რომ მიაღწიო, პროფესიული განვითარება პროცესად უნდა აღიქვა და არა ერთჯერად ღონისძიებად” (დ. სუინი). წინამდებარე გზამკვლევიც სწორედ მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესს ასახავს (4 წლის განმავლობაში – 2009-დან 2012 წლამდე).
გზამკვლევზე ფიქრი მაშინ დავიწყე, როცა უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი გავხდი – 1997 წელს. ამ ატესტაციამ უკმარისობის გრძნობა დამიტოვა, რადგან შეფასება მხოლოდ საგნის ცოდნის მიხედვით ხდებოდა, რაც, დამეთანხმებით, ვერ იქნება შეფასების სრულყოფილი ფორმა. მთავარია, ცოდნითა და უნარებით რა შედეგს აღწევს მასწავლებელი და უამრავი სხვა კრიტერიუმი, რომლებიც დეტალურად არის გაანალიზებული გზამკვლევში. მისი მიუკერძოებელი და სამართლიანი წარმოების შემთხვევაში დირექცია უმტკივნეულოდ აამუშავებს მასწავლებლის წახალისების სხვადასხვა ფორმას. „განმსაზღვრელი” და „განმავითარებელი” მექანიზმები, მასწავლებელს დაეხმარება გააანალიზოს რეკომენდაციები და აქტიურად დაიწყოს იმ გზებისა და მეთოდების ძიება, რომლებიც მას სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ვფიქრობ, ეს ან სხვა სახის გზამკვლევი დიდად წაადგება მასწავლებლის სერტიფიცირების ახალ ფორმას. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ შეფასების ეს მოდელი განზოგადდა ჩვენი რაიონის ხუთ სკოლაში. გზამკვლევის ამუშავებამ გაამართლა. როცა „შეფასება ობიექტურია და დასაბუთებული, დირექტორის მიმართ მასწავლებელთა ნეგატიური უკუკავშირიც იკლებს”; „მასწავლებლებს შორის იმატა პროფესიულმა დაინტერესებამ”, – ეს და სხვა ამგვარი კომენტარები მოდიოდა ჩვენს სასკოლო ცენტრში.
მიმაჩნია, რომ მხოლოდ ენთუზიაზმით შეფასების ასეთი მოდელი ყველგან ვერ იმუშავებს. საჭიროა, ეს ზემოდან იყოს მითითებული.
გავეცნოთ გზამკვლევის შინაარსს:
I გვერდზე თავსდება მფლობელის ავტობიოგრაფია და შემოქმედებითი გზა 2009 წლამდე.
II გვ. – მასწავლებელთა პროფესიული დონე
პედაგოგის მუშაობის პროცესში (პირობითად) შეიძლება გამოიკვეთოს ოთხი ძირითადი პროფესიული დონე:
1. პასიური – დამახასიათებელია იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც ვერ ფლობენ მასწავლებლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, არ ცდილობენ ამ უნარების განვითარებას ან (ხშირ შემთხვევაში) არ აინტერესებთ პედაგოგის პროფესია. მათ მიმართ გამოითქმის მშობლებისა და მოსწავლეების პრეტენზია.
ქულათა რაოდენობა: საგნის მასწავლებლისთვის – 17-22, დამრიგებლისთვის – 21-26, კათედრის ხელმძღვანელისთვის – 23-28.
2. სიტუაციური – ეს ის პედაგოგები არიან, რომლებსაც შეუძლიათ საინტერესო საშუალებებისა და ხერხების მიგნება, მაგრამ ამ პოტენციალს მხოლოდ ნაწილობრივ, სტიქიურად იყენებენ. პერიოდულად ეხმაურებიან სიახლეებს, მაგრამ არ აქტიურობენ მათ დასანერგავად.
ქულათა რაოდენობა: საგნის მასწავლებლისთვის – 39-44, დამრიგებლისთვის – 44-48, კათედრის ხელმძღვანელისთვის – 62-72.
3. აქტიური – გამოირჩევიან პროფესიონალიზმის მაღალი დონით, საგნის კარგი ცოდნით, მათი სტილი მომთხოვნელობაა. პასუხისმგებლობით ეკიდებიან მეთოდიკაში სიახლეების დანერგვას, აქტიურად მონაწილეობენ კათედრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
ქულათა რაოდენობა: საგნის მასწავლებლისთვის – 61-66, დამრიგებლისთვის – 66-70, კათედრის ხელმძღვანელისთვის – 67-72.
4. შემოქმედებითი – დამახასიათებელია მაღალი პროფესიული დონის პედაგოგებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან საგნის ღრმა მეცნიერული ცოდნით, ინდივიდუალურობით, აქვთ განსაკუთრებული მიგნებები სწავლების ახალ ტექნოლოგიებში, მიზნობრივად იყენებენ თვითნაკეთ თვალსაჩინოებებს, აქვთ საავტორო ნაშრომები, მეთოდური რეკომენდაციები, მაღალია მათ მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტებისა და პრეზენტაციების მაჩვენებლები.
ქულათა რაოდენობა: საგნის მასწავლებლისთვის – 83-88, დამრიგებლისთვის – 88-92, კათედრის ხელმძღვანელისთვის – 89-94.
მასწავლებლის პროფესიული დონე შეიძლება განისაზღვროს შემდეგი პარამეტრებით:
1. პროფესიული ცოდნა, უნარები და შედეგები;
2. თვითგანვითარება და პროფესიული პასუხისმგებლობა;
3. დამატებითი ინდიკატორები დამრიგებელთათვის;
4. დამატებითი ინდიკატორები კათედრის ხელმძღვანელთათვის.
მასწავლებელს, რათა მან წლის განმავლობაში იმუშაოს თავის პედაგოგიურ საქმიანობაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, რეკომენდაციები ეძლევა სემესტრისა და წლის ბოლოს. ასე ხდება შეფასების ორი (განმსაზღვრელი და განმავითარებელი) სისტემის მონაცვლეობა, შედეგებიც ნათლად ჩანს მიმდინარე 4 წლის განმავლობაში.
(შეფასების ფურცელი იხილეთ დანართში)
შეფასების მაგალითები
როგორ ხდება შეფასება? გთავაზობთ ოთხივე პარამეტრიდან თითო მაგალითს:
1.I პარამეტრის მეათე მუხლი: თუ მასწავლებელი გეგმავს და ატარებს საგნობრივ შემეცნებით და სხვა ტიპის ღონისძიებებს, მაგრამ დაბალია მათი ხარისხი, დაეწერება 2 ქულა; თუ ხარისხი მაღალია, მას „აქტიური” დონე შეესაბამება და ეწერება 3 ქულა, მაგრამ თუ მასწავლებელს, ამასთან ერთად, შეუძლია ღონისძიებათა საკუთარი სცენარის შემუშავება, გამოირჩევა ორიგინალურობით, ის „შემოქმედებითია” და ეწერება 4 ქულა.
2.II პარამეტრის მეორე მუხლი: თუ მასწავლებელი აქტიურადაა ჩართული საგნის სწავლების პროფესიულ განხილვაში სკოლის შიგნით, ის „აქტიურია” და ეწერება 3 ქულა, მაგრამ თუ სკოლის გარეთაც, სახელმწიფოს მასშტაბით, მონაწილეობს ამაში, ამ შემთხვევაში „შემოქმედებითია” და ეწერება 4 ქულა.
3.III პარამეტრის პირველი მუხლი: როცა კლასის დამრიგებლის პროგრამა გამოირჩევა ორიგინალურობით, მოიცავს საინტერესო ექსკურსიებს, შეხვედრებს პოეტებთან, მსახიობებთან და სხვ., ის აქტიურია ან შემოქმედებითი, იმის მიხედვით, როგორ ახორციელებს თავის მიერ დაგეგმილ ამ და სხვა ღონისძიებებს (ეწერება შესაბამისი ქულები და კომენტარები).
4.IV პარამეტრის პირველი მუხლი: თუ კათედრის ხელმძღვანელს აქვს წლიური სამუშაოს გეგმა და ცვლილებები შეაქვს სიახლეებთან მიმართებით, ის „აქტიურია” და ეწერება 3 ქულა, მაგრამ როცა ის სკოლაში მნიშვნელოვანი საკითხის ინიციატორად წარმოაჩენს თავს (მაგ., რესურსების შექმნა- პრეზენტაცია, პროექტების შემოტანა კათედრაზე და სხვა), „შემოქმედებითია” და ეწერება 4 ქულა.

მასწავლებლის წლიური შეფასება

იხილეთ ვრცლად:


იზოლდა ჯოხაძე

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი. ინოვაციური სასკოლო ცენტრის ხელმძღვანელი

ჩემი პედაგოგიური მრწამსი – რა არის განათლება

0

მუხლი პირველი.

მე მჯერა, რომ ნებისმიერი სახის განათლება სათავეს ადამიანთა მოდგმის საზოგადოებრივ ცნობიერებაში ინდივიდის ჩართულობიდან იღებს. ეს პროცესი, გაუცნობიერებლად, თითქმის დაბადების მომენტიდან იწყება და თანდათანობით გამოკვეთს ინდივიდის ძალებს, ჟღინთავს მის ცნობიერებას, აყალიბებს ჩვევებს, ავარჯიშებს იდეებს და აღძრავს მასში გრძნობებსა და ემოციებს. ამ არაცნობიერი განათლების მეშვეობით ადამიანი, თანდათანობით, კაცობრიობის მიერ თანაცხოვრების განმავლობაში დაგროვებული ინტელექტუალური და მორალური რესურსის თანამოზიარე ხდება. მას მემკვიდრეობით ცივილიზაციის საუნჯე ერგება. მსოფლიოში ყველაზე ფორმალური და ტექნიკური ხასიათის განათლებაც კი, ამ ზოგად პროცესს უსაფრთხოდ ვერ გაემიჯნება; ასეთ განათლებას ამ პროცესის მხოლოდ ორგანიზება ან გარკვეული მიმართულებით წარმართვა შეუძლია.

მე მჯერა, რომ ჭეშმარიტი განათლება ბავშვის ძალების იმ სოციალურ ვითარებათა მოთხოვნების მიერ სტიმულირებისგან მოდის, რომლებშიც იგი არსებობს. ეს მოთხოვნები წარმართავენ ბავშვს მოქმედებდეს, როგორც ერთობის წევრი, თავისი ქცევისა და შეგრძნების თავდაპირველ შეზღუდულობას გასცდეს და საკუთარ თავს იმ ჯგუფის კეთილდღეობის გადმოსახედიდან განიხილავდეს, რომელსაც თავად მიეკუთვნება. თავის ქმედებებზე სხვისი პასუხების მიხედვით ბავშვი თითოეული ამ ქმედების მნიშვნელობას სოციალური საზომით იაზრებს. ქმედების ღირებულება ისევ ამ ქმედებაზე აირეკლება. მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რით პასუხობენ ბავშვის ინსტინქტურ ტიტინს, ის აცნობიერებს ამ ტიტინის მნიშვნელობას; ეს ბავშვური ხმები თანდათან ჩამოყალიბებულ ენად გარდაიქმნება და ბავშვიც მასში თავმოყრილი იდეებისა და ემოციების საუნჯეს ეზიარება.

მე მჯერა, რომ ამ საგანმანათლებლო პროცესს ორი მხარე აქვს – ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური; და არცერთი არ შეიძლება დაექვემდებაროს მეორეს ან უგულებეყოფილ იქნას თანამდევი ბოროტი შედეგების გარეშე. ამ ორი მხარიდან ფსიქოლოგიური საფუძველს წარმოადგენს. ბავშვის პირადი ინსტინქტები და შესაძლებლობები ძირითადი მასალაა, რომელიც მისი შემდგომი განათლებისთვის ნიადგს ამზადებს. თუ მასწავლებლის მიერ გაწეული ძალისხმევა არ უკავშირდება ბავშვის მიერ დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით განხორციელებულ აქტივობებს, განათლება გარეგან ზეწოლამდე დადის. ამ პროცესს მართლაც შეუძლია გარკვეული გარეგანი შედეგების მოცემა, თუმცა მას საგანმანათლებლოს ვერ ვუწოდებთ. მაშასადამე, ინდივიდის ფსიქოლოგიური თავისებურებების და ქცევის გააზრების გარეშე, საგანმანათლებლო პროცესი შემთხვევითი და თვითნებური იქნება. თუ ბედად ეს პროცესი ბავშვის აქტივობას დაემთხვევა, ამან შესაძლოა განვითარებისთვის საჭირო გარკვეული ბერკეტები მოგვცეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვური ბუნების შინაგან უთანხმოებას, რღვევას ან განვითარების შეჩერებას მივიღებთ.

მე მჯერა, რომ თანამედროვე ცივილიზაციის მდგომარეობის, სოციალური გარემოებების ცოდნა აუცილებელია ბავშვის შესაძლებლობათა სათანადოდ გაგებისთვის. ბავშვს საკუთარი ინსტინქტები და მიდრეკილებები გააჩნია, მაგრამ ჩვენ არ გვესმის მათი მნიშვნელობა მანამ, სანამ მათ ტოლფას სოციალურ ღირებულებებად არ ვთარგმნით. ჩვენ ამ მიდრეკილებების სოციალურ წარსულში გადატანა და მათი, როგორც კაცობრიობის წარსული გამოცდილების გაგრძელებად დანახვა უნდა შეგვეძლოს. ჩვენ, ასევე, მათი მომავალში განჭვრეტის ძალა უნდა შეგვწევდეს, რათა თვალსაჩინო გავხადოთ მისი შედეგი და მიზანი. ახლახანს მოყვანილი მაგალითის ფარგლებში, სწორედ ბავშვის ტიტინში მისი მომავალი სოციალური ურთიერთობის პერსპექტივის, პოტენციისა და მეტყველების საფუძვლის დანახვა აძლევს ადამიანს ბავშვის ამ ინსტიქტებთან სათანადოდ ურთიერთობის საშუალებას.

მე მჯერა, რომ ეს ფსიქოლოგიური და სოციალური მხარეები ერთმანეთთან ორგანულ კავშირშია და განათლება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მათ შორის კომპრომისი ანდა ერთის მეორეზე უპირატესობა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ განათლების ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განსაზღვრება ფორმალური და უნაყოფოა – რომ ის იდეებს გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ განვითარების შესახებ გვაწვდის და მათი გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე არაფერს გვეუბნება. მეორეს მხრივ, ამტკიცებენ, რომ განათლების სოციალური განმარტება, როგორც ცივილიზაციასთან ადაპტირება, განათლებას ძალდატანების გარეგან პროცესად აყალიბებს, რისი შედეგიც ინდივიდის თავისუფლების წინასწარ განსაზღვრულ სოციალურ და პოლიტიკურ სტატუსზე დაქვემდებარებაა.

მე მჯერა, რომ თუ განკერძოებულად განვიხილავთ, ორივე შეხედულება ჭეშმარიტია. იმისათვის, რომ ძალის რეალური მნიშვნელობა გავიგოთ, აუცილებელია მისი მიზანი, გამოყენება თუ ფუნქცია ვიცოდეთ; ამას კი ჩვენ ვერ შევიმეცნებთ, თუ ინდივიდს სოციალურ ურთიერთობებში აქტიურ მონაწილედ არ განვიხილავთ. მაგრამ, მეორეს მხრივ, ერთადერთი შესაძლებელი გავლენა, რაც არსებულ გარემო პირობებში ბავშვზე შეგვიძლია ვიქონიოთ, ის არის, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვს საკუთარი ძალების სრულად დაუფლების პირობებს ვუქმნით. დემოკრატიისა და თანამედროვე ინდუსტრიის აღმოცენების პირობებში შეუძლებელია იწინასწარმეტყველო თუ რას შეიძლება წარმოადგენდეს საკუთრივ ცივილიზაცია ოცი წლის შემდეგ. შესაბამისად, შეუძლებელია ბავშვი წინასწარ, საგულდაგულოდ გათვლილი გარემოებებისთვის მოამზადო. მოამზადო მომავალი ცხოვრებისთვის, ნიშნავს საკუთარი თავის ბატონი გახადო; მოამზადო იგი ისე, რომ სრულად და აქტიურად ფლობდეს საკუთარ უნარებს; რომ მისი თვალი, ყური და ხელი განკარგვისთვის შემართული იარაღი იყოს, რომ მის განსჯას შესწევდეს ძალა იმ ვითარებათა გათავისებისა, რომლებშიც მას მუშაობა მოუწევს და რომ აღმასრულებელი ძალები ყაირათიანად და შედეგიანად მოქმედებისთვის იყოს მზად. შეუძლებელია ინდივიდს მსგავსი ადაპტაციის უნარი გამოუმუშავო თუ მუდმივად არ იზრუნე მის პირად შესაძლებლობებზე, გემოვნებასა და ინტერესებზე; ანუ ფსიქოლოგიური თვალსაწიერიდან განათლების მუდმივი გადააზრების გარეშე.

რომ შევაჯამოთ, მე მჯერა, რომ ადამიანი, რომელმაც განათლება უნდა მიიღოს, არის სოციალური ინდივიდი და საზოგადოება ინდივიდთა ორგანულ ერთობას წარმოადგენს. თუ ჩვენ ბავშვს სოციალურ ფაქტორს გამოვაკლებთ, ხელში მხოლოდ აბსტრაქციაღა შეგვრჩება; თუკი საზოგადოებისგან ინდივიდუალურ ფაქტორს გამოვრიცხავთ, ინერტულ და უსიცოცხლო მასას მივიღებთ. მაშასადამე, განათლება, ბავშვის შესაძლებლობების, ინტერესების და ჩვევების ფსიქოლოგიური საფუძვლების წვდომით უნდა დაიწყოს – განათლება, სწორედ ამ საკითხებთან მიმართებით ყოველ ნაბიჯზე უნდა კონტროლდებოდეს. მუდმივად უნდა ხდებოდეს ამ უნარების, ინტერესებისა და ჩვევების ინტერპრეტირება – აუცილებელია გვესმოდეს მათი მნიშვნელობა. ისინი მათი სოციალური ეკვივალენტების შესაბამისად უნდა განიმარტოს – იმ თვალსაზრისით, თუ როგორ წაადგება საზოგადოებას.
My Pedagogic Creed
by John Dewey
School Journal vol. 54 (January 1897), pp. 77-80
ARTICLE ONE. WHAT EDUCATION IS

თარგმნა გიორგი მელიქაძემ

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...