კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

ჩვენ ჯარისკაცები ვიყავით

0
იმ დროს, ჩვენ ჯარისკაცობის უფრო გვეშნოდა, ვიდრე ჯარისკაცების. ხმები დადიოდა, რომ ქართულ არმიაში სამხედროებს დამპალ თევზსა და მატლმოდებული ფქვილით გამომცხვარ პურს აჭმევდნენ. ჩვენს უბანში ყველამ, ვისაც ერთზე მეტი ნაცნობი მაინც გამოუჩნდა გამგეობაში, ან სადმე, უფრო მაღალ წრეებში, შვილი ამ განსაცდელიდან დაიხსნა. იყვნენ ისეთებიც, ვინც სამშობლოს ძახილს უბრალოდ მიუყრუა და მათ დიდხანს (ზოგიერთს შეიძლება დღემდე) აკითხავდნენ კომისარიატის გაცეცხლებული თანამშრომლები, რომლებიც ბინებში ან ნაცნობ-მეგობრების სახლებში ეძებდნენ არმიაზე გამწყრალ ახალგაზრდებს. დაბეჩავებული არმიის შესახებ ამბების მოსმენამ, ჩემს გონებაში ისტორიის გაკვეთილებზე ნასწავლის წარმოდგენა აამღვრია, რადგანაც წარსულის არაკები  აშკარად არ ემთხვეოდა აწმყოს არაკებს. 
ამ მძიმე ფიქრების გარდა, ჩემს ცნობიერებაში არსებობდა ერთი სამხედრო პირი, რომელიც თავდაყირა აყენებდა ჩემს წარმოდგენას სამხედროებზე, იარაღიან, მსროლელ ხალხზე, რადგანაც ეს კაცი, პოლკოვნიკი ნოდარ ჩადუნელი, ჩვენი სკოლის სამხედრო კათედრის ხნიერი მასწავლებელი, იყო ერთერთი ყველაზე უკონფლიქტო და მშვიდობისმოყვარე ადამიანი ჩვენს უბანში. ის ყოველთვის საზეიმო სამხედრო ფორმით მოძრაობდა, თუმცაღა გზა გრძლად სავალი არ ჰქონია – მისი საცხოვრებელი კორპუსი სკოლის პირდაპირ, 50 ნაბიჯში იდგა. 50 ნაბიჯი აქეთ, 50 ნაბიჯი იქით. საკუთარი პედანტიზმი, იმ ბნელ და გაყინულ პერიოდშიც კი, პოლკოვნიკს უფლებას არ აძლევდა სკოლაში საზეიმო სამხედრო ფორმის, ან საპირველსექტემბროდ გულზე დაბნეული მედლების გარეშე მოსულიყო (მოგვიანებით მას მხოლოდ ერთხელ ვნახავ სპორტიულ შარვალსა და პერანგში, საღამოხანს, შებინდებისას, როცა საკუთარ ძაღლს გაასეირნებს და ჩემს დანახვაზე შეცბება). 
მერე ქართული არმიის საქმე წაღმა წავიდა, ჩემი მხედველობის სიმახვილისა კი – უკან. ნოდარ ჩადუნელმა ხანგრძლივი შვებულება აიღო და მის ნაცვლად, სამხედროს მასწავლებლის პოსტზე მისივე მეზობელი, წოდებით ასევე პოლკოვნიკი, ყოფილი მფრინავი რობერტი მასწავლებელი მოვიდა. რობერტი მასწავლებელს მასწავლებლობამდეც ვიცნობდი, მე-9 კორპუსის გვერდით ავტოფარეხი და პატარა ბაღი ჰქონდა, მე კი – ხეების ირგვლივ შემობარვაში ვეხმარებოდი ხოლმე. ერთხელ, დიდი დასვენების დროს, სკოლის დერეფანში შეესწრო, რომ ჩოგბურთის გაცვეთილი ბურთი, გარსი ჯგუფიდან გამოძევებული ვირთხის კანს რომ უგავდა, ჩამომტვრეულ ფანჯარაში შორი მანძილიდან ოსტატურად გავაძვრინე და ჩათვალა, რომ სამშობლოს სნაიპერი ეზრდებოდა. რა თქმა უნდა, მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ბურთს ჩემს კლასელ გოგონას, ვერიკოს ვუმიზნებდი, რომელიც საერთოდაც ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს იდგა. ასე მოვხვდი სკოლის სამხედრო ნაკრებში, რომელსაც 172-ე საშუალოს ღირსება შეჯიბრზე უნდა დაეცვა. 
ტყუილი რა საჭიროა, ჩვენ შორის არცერთი არ მოგაგონებდათ „ზღვის კატების” ან „მწვანე ბერეტების” წევრს, მაგრამ მათსავით კი ვემზადებოდით. ჩვენთვის გაკვეთილები გაცდა და ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა მიზანში სროლაში (ვერცერთხელ ვერ მოვარტყი ზუსტად. მეტიც, ციფერბლატშიც კი), სხვადასხვა ფიზიკურ შეჯიბრსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის განეიტრალებაში. უნდა ვაღიარო, ეს უკანასკნელი ჩემი ძლიერი მხარე აღმოჩნდა. ამ ერთ კვირაში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმემს ისე ვანეიტრალებდი, როგორც „დათუნია’ შოკოლადებს ვხსნი ხოლმე საახალწლოდ. 
ჩემპიონატი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, გაყინული სკოლის კიდევ უფრო გაყინულ სპორტულ დარბაზში ტარდებოდა. გუნდური შეჯიბრებში მონაწილეობის გარდა, მე პატარა ბურთის მიზანში სროლა და რა თქმა უნდა, განაღმვა დამევალა. ჯერ ბურთის სასროლად წავედი. მისია ასეთი გახლდათ: ერთ დაფეხვილ სკამზე, ხის სანახევროდ მწვანედ  შეღებილი ნაფოტი იდო. ჩემი მიზანი მტრის, ანუ ნაფოტის მწვანე ნაწილის ჩოგბურთის ბურთით (ამჯერად შედარებით ხარისხიანი) განადგურება იყო. ჩემმა მოწინააღმდეგემ ტომას ბეკეტის სიზუსტით ისროლა, მე – არათუ ნაფოტის მწვანე მხარეს, არამედ იმ დაფეხვილ სკამსაც კი ავაცილე. შტაბთან დაბრუნებულს რობერტი მასწავლებელმა მკითხა გაარტყიო? შემრცხვა და აბა რას ვიზამდი-მეთქი, ვუპასუხე. გაეხარდა.
მეორე დავალებაზე თავდაჯერებული წავედი და დარბაზის ბოლოს მისულს ცივი წყალი გადამესხა – ტანკსაწინააღმდეგოს ნაცვლად, ფეხოსანთა საწინააღმდეგო, ძველისძველი, ფერგადასული ნაღმი დამახვედრეს. რა ჭირი ვქნა? ჟიურის ხუთი წევრი მიყურებს. მოვკიდე ხელი ამ ოხერ ნაღმს, გადმოვატრიალე რაღაც სახელური გვერდით და ის-ის იყო უნდა-მეთქვა არ ვიცი – მეთქი, რომ ჟიურის თავმჯდომარემ დაიძახა: „ყოჩაღ, 100 ქულა”. 
აღმოჩნდა, რომ იმ ნახევარფაბრიკატი ნაღმის განეიტრალებას მხოლოდ ამ სახელურის გადმოტრიალება სჭირდებოდა. 
იმ დღეს დავმარცხდით. 
მერე ნოდარ ჩადუნელი სკოლაში დაბრუნდა და ჩემი მასწავლებელი გახდა. მეტიც, კლასის ოცმეთაურად დამნიშნა. ვაღიარებ, მსურველები ცოტა იყო . მგონი ეს მე-10 კლასში ხდებოდა და თავად მიხვდებით, მეათე კლასელ ბიჭს კლასის ოცმეთაურობისთვის მაინცდამაინც არ უნდა სცხელოდეს. 1000 სხვა გასაქანი და სამოღვაწეო სფერო არსებობს. 
ერთხელ სამხედროს გაკვეთილზე დიდი რუზრუზი იდგა. ოთახი გუგუნებდა. უკანა მერხები ყირაზე გადადიოდნენ, ნოდარი მასწავლებელი კი ცდილობდა სიმშვიდე შეეინარჩუნებინა და თითქოს ვერ იჯერებდა, რომ ის, ეთიოპიაში ნაომარი პოლკოვნიკი ვერ ახერხებდა მეათე კლასელი ლაწირაკების დაშოშმინებასა და დასჯას. ცხადად მახსოვს, რომ ამ დროს პოლკოვნიკი თვალდახუჭული იდგა და მაშინ გაისმა ზვიად ესართიას შეკითხვა, რომელმაც მთელი კლასი დაადუმა და ყურადღება მასწავლებლისკენ მიაპყრობინა: 
·მასწ, ომში ადამიანი მოგიკლავთ? 
კლასი, ისე რომ თითოეული მოსწავლის გულისცემა ისმოდა, ელოდა პოლკოვნიკ ჩადუნელის პასუხს და მას შემდეგ, რაც ამ კითხვაზე ირიბი პასუხი მიიღო, ახალგაზრდობა ისევ აყიჟინდა. პოლკოვნიკი ალბათ შეეგუა, რომ საკუთარ სამხედროებზე კონტროლი დაკარგა და ნაწყენმა, შუა გაკვეთილის დროს დატოვა კლასი. 
ამ ამბის გახსენებისას, დღემდე ვწითლდები.
ჩემი სამხედრო გამოცდილება მხოლოდ ამით შემოიფარგლა. უფრო სწორად, ჩემს სამხედრო კარიერას მაშინ დაესვა წერტილი, როცა სამედიციინო შემოწმებაზე წიგნაკში ჩამიწერეს: „ვარგისი არ არის”. არცთუ ისე დიდი ხანი გავიდა, რაც ორივე პოლკოვნიკი გარდაიცვალა. არა ომში, არამედ თავ-თავიანთ სახლებში და მგონი ამ საოცრად კეთილშობილ და გულიან ადამიანებზე, სამწუხაროდ, არავინ წერს ჩემ გარდა, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, არც მე ვარ გაბრიელ გარსია მარკესი. 

მედიაწიგნიერება და საბუნებისმეტყველო თემების სწავლება

0

ალბათ არცერთ ეპოქაში არ იყო იოლი მასწავლებლობა. ამ პროფესიის ხიბლი სწორედ სირთულეების და ახალი გამოწვევების გადალახვაშია. ამ მხრივ ოცდამეერთე საუკუნე განსაკუთრებულია. დღეს მასწავლებელს უწევს ასწავლოს მოსწავლეს, რომელიც ინფორმაციული ნაკადის ეპოქაში ცხოვრობს. ფაქტია სკოლა არის მოსწავლის განათლების ერთ-ერთი საშუალება და იქ მიღებულ ფორმალურ განათლებას ემატება არაფორმალური განათლების სხვადასხვა ინსტიტუციები, ასევე მნიშვნელოვანია ინფორმალური განათლების როლიც. ამ ყველაფრის ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროდუქტები და ტრადიციულ სასწავლო-საგანმანათლებლო ტექსტებთან ერთად გამოიყენოს მულტიმედიური ტექსტები. ტექსტები, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. დღეს თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი საინფორმაციო იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევნის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა”) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

 

დღეს ძალიან აქტუალურია მედიაწიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია. განვიხილოთ სწავლების მეთოდოლოგია მედიაწიგნიერების კონტექსტში. სწავლების ციკლი დავყოთ ოთხ თანმიმდევრული ეტაპად.



განვიხილოთ თითოეული ეტაპი უფრო დაწვრილებით:

1.სასწავლო თემის შესაბამისი მასალის მიწოდება

შესასწავლ თემაზე მასალის მიწოდების მეთოდოლოგია შეიძლება იყოს მრავალფეროვანი:

·ლექცია;

·სქემის განხილვა;

·ფილმის ჩვენება;

·მულტიმედიური მასალის წარდგენა;

·ფოტომასალის პრეზენტაცია;

·ბეჭდური მასალის დამუშავება და ა.შ.

2.საკითხის კრიტიკული გააზრება

მოსწავლეები, რომლებსაც საგნის შინაარსთან ერთად გამიზნულად ისწავლიან კრიტიკულ აზროვნებას, უკეთესად ეუფლებიან კონკრეტულ საგანს და დავალებებშიც უფრო მაღალ ქულებს იღებენ, ამის ძირითადი მიზეზი კი ისაა, რომ მაღალი დონის სააზროვნო უნარები ხელს უწყობს მაღალი დონის სწავლის უნარების გამომუშავებას (Liaw 2007; Renner, 1996; Davidson and Dunham, 1996). საკითხის კრიტიკული გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხელს უწყობს ამ თემაზე მოსწავლეს ჰქონდეს ცოდნის მყარი სტრუქტურა. ამ მიზნის მისაღწევად მასწავლებელს სხვადასხვა მეთოდების გამოყენება შეუძლია:

·დისკუსია;

·დებატები;

·შეკითხვის სხვადასხვა ფორმები (ალტერნატიული შეკითხვა, სუგესტიური შეკითხვა, დევიაციური შეკითხვა, დაბრუნებული შეკითხვა, კონტრშეკითხვა);

·შემთხვევის განხილვა;

·ექსპერიმენტი და ა.შ.

3.საკითხის შემოქმედებითად გააზრება

სწავლა სწავლების პროცესში გამოყენებული მრავალფეროვანი რესურსების და მეთოდების პირობებში მოსწავლემ უნდა შეძლოს გამოყენებულ სასწავლო რესურსებში არსებული გზავნილების დეკოდირება და ამავდროულად თვითონ უნდა შექმნას მიცემული დავალებების შესაბამისი გზავნილები. გამოდის, რომ სასწავლო საინფორმაციო მასალის ანალიზი და სხვადასხვა ტიპის მასალის შექმნა მოსწავლეებმა ერთნაირად უნდა შეძლონ. ამიტომ შემოქმედებითი აზროვნება მედიაწიგნიერების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

4.ახალი პროდუქტის შექმნა და ცოდნის სტრუქტურა

ახალი პროდუქტის შექმნა ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ თემაზე სხვადასხვა საგნებიდან ცოდნის ტრანსფერისა და სხვადასხვა უნარების გამოყენებით ადამიანის გონებაში ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს:

· ახალი ტექსტი;

·ჰიპოთეზის წამოყენება;

·კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა;

·შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა;

·პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება;

·პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;

·ახალი გამოგონება და ა.შ.

კონკრეტულად განვიხილოთ სწავლების ოთხეტაპიანი ციკლი მედიაწიგნიერების კონტექსტში.


საგანი – ქიმია

თემა – ჰაერის დაბინძურება

გაკვეთილის სასწავლო მიზანი

მოსწავლემ შეძლოს: ჰაერისა დაბინძურების გზების აღწერა; ინფორმაციის მოპოვება გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებლების შესახებ; მტკიცებულებების მოტანა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა; საუბარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე; პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების განხილვა და საკუთარი ცოდნის სტრუქტურის გამოხატვის მიზნით საინფორმაციო მედიაპროდუქტის შექმნა.



ესგ შესაბამისობა:


ქიმ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება.

ბიოლ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.


შეფასების კრიტერიუმები:


1. მოსწავლემ აღწერა ჰაერის დაბინძურების გზები;

2. მოიპოვა ინფორმაცია გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებლების შესახებ;

3. მოიტანა მტკიცებულებები და იმსჯელა პრობლემის გადაჭრის გზებზე;

4. ისაუბრა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე;

5. შექმნა შესაბამისი საინფორმაციო მედიაპროდუქტი


პირველი ეტაპი


აქტივობა -1

ქიმიის მასწავლებელი – ახდენს ამ თემაზე მოსწავლეთა წინარე ცოდნის აქტივაციის ამ მიზნით დაფაზე აკრავს დედამიწის სტილიზებულ აპლიკაციას – „მწვანე დედამიწა” და სვამს კითხვას

რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას?

მოსწავლეები – ასახელებენ და მათ მიერ დასახელებულ „დამაბინძურებლებს” შავი მარკერით აწერენ „მწვანე დედამიწაზე” და ნელ-ნელა ამ წარწერებით დედამიწა მუქი ფერის საფარველით იფარება.

აქტივობა – 2

ქიმიის მასწავლებელი მოსწავლეთა წყვილებს დასამუშავებლად აძლევთ საინფორმაციო ტექსტს „ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები” და სთხოვს ამ ტექსტის რეზიუმირებას.

აქტივობა – 3

ქიმიის მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს 4-წუთიან დოკუმენტურ ფილმს „ჰაერის საშიში დამაბინძურებლები” და სთხოვს მოსწავლეებს ფილმში მოცემული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით შეადგინონ ცხრილები ან ნებისმიერი სახის დიაგრამები.

აქტივობა – 4

ბიოლოგიის მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს წინა მასალებში აღნიშნული ჰაერის მავნე დამაბინძურებლების მავნებლობის მულტიმედიურ სქემებს შესაძლო დაავადებებთან მიმართებაში.



მეორე ეტაპი

აქტივობა – 5

მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა პირველი ეტაპისას მიწოდებული ტექსტების დამუშავების, დეკოდირების შემდეგ მოსწავლეებს შესთავაზოს საკითხების კრიტიკული გააზრება, მაგალითად, დისკუსიით. სავარაუდო სადისკუსიო თემები:

რამდენად გარდაუვალი იყო ტექნიკური პროგრესით შექმნილი ჰაერის ეკოლოგიის საფრთხე?

დამაბინძურებლებიდან რა ნივთიერებებია განსაკუთრებით საშიში და რამდენად შეიძლება მათი მავნებლობის თავიდან აცილება?

რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების მიერ საერთაშორისო შეთანხმებების შესრულება, რისი მონაწილეებიც არიან?

რა დაავადებების სიხშირემ შეიძლება მოიმატოს დიდ და ინდუსტრიულ ქალაქებში?


აქტივობა – 6


დისკუსიის შემდეგ მასწავლებელმა სასურველია მოსწავლეებს შესთავაზოს, რომ მისცენ რეკომენდაციები:

სახელმწიფოს;

მძღოლებს;

საწარმოებს;

გარემოსდაცვით ორგანიზაციებს;

ფეხით მოსიარულეებს;

ექიმებს და ა.შ.





მესამე და მეოთხე ეტაპი



აქტივობა – 7

სხვადასხვა მასალების კრიტიკულად გააზრების შემდეგ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს „შექმნაზე ორიენტირებული” შემოქმედებითი აქტივობა და მოსწავლეთა ჯგუფებს შესთავაზოს თემებისა და შესაქმნელი პროდუქტების/გზავნილის ტიპი არჩევანი. მაგალითისათვის გთავაზობთ სქემას:

 

გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერებები

მავნე აირების ურთიერთქმედება და სმოგი…

რაზეა დამოკიდებული ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ინტენსივობა

გამონაბოლქვის გავლენა ჯანმრთელობაზე

კონვენციები და შეთანხმებები ჰაერის დაბინძურების შესახებ

საინფორმაციო პოსტერი

პირველი ჯგუფი

მტკიცებულებითი ესსე

მეორე ჯგუფი

აქტუალური ვიდეორგოლი

მესამე ჯგუფი

სლაიდჩვენება

მეოთხე ჯგუფი

გამაფრთხილებელი პოსტერი

მეხუთე ჯგუფი



აქტივობა – 8

მნიშვნელოვანია მასწავლებელმა თემის შეჯამება მოახდინოს ზემოთგანხილული ოთხივე ეტაპის შესაბამისად და მოსწავლეებს შესთავაზოს მიზანმიმართული რეფლექსია შემდეგი კითხვებით:

რა სახის მასალების, გზავნილების დამუშავება/დეკოდირება მოგიწიათ?

რამდენად მნიშვნელოვანი იყო თემატური დისკუსია ამ საკითხზე ახალი ცოდნის სტრუქტურის შესაქმნელად და რა მტკიცებულებებს ეფუძნება თქვენი ცოდნის სტრუქტურა?

მოგეცათ თუ არა საკითხის შემოქმედებითად განხილვის საშუალება?

რა ტიპის გზავნილები შექმენით ამ სწავლებისას და რა ცოდნის სტრუქტურას ეყრდნობა თქვენი გზავნილები?


საბუნებისმეტყველო საგნების სხვადასხვა საკითხების შესწავლისას კერძოდ: ეკოლოგიაში, გარემოსდაცვით მიმართულებებში, სოციალურ ეკოლოგიაში და მდგრადი განვითარების მიმართულებებში მნიშვნელოვანია მოსწავლეს საშუალება მიეცეს განუვითარდეს ადეკვატური კომპეტენცია მედიაწიგნიერებაში, რათა შეძლოს საზოგადოების დემოკრატიზაციის მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება; ზოგადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება. სხავადასხვა ინტერესის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის და – ადამიანის უფლებათა აღიარების საქმეში.

მნიშვნელოვანია მასწავლებელმა თემის სწავლების მეთოდოლოგია ამ ოთხი ეტაპის გათვალისწინებით შესთავაზოს მოსწავლეს. თუ სწავლება მრავალფეროვანი ტექსტებისა გზავნილების დეკოდირებით იწყება და ბოლოს მოსწავლე მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის მყარი სტრუქტურის გამოყენებით თვითონ ქმნის გზავნილს, ასეთი სწავლება მოზარდს ხდის მედიაწიგნიერს; რომელიც არის მნიშვნელოვანი უნარი, რაც თავისთავად განსაზღვრავს, რომ მოსწავლემ ნებისმიერ მედიაგზავნილში ერთმანეთისაგან გაარჩიოს მთავარი და არამთავარი. მყარი, მტკიცებულებაზე, კანონზომიერებაზე, კონცეფციებზე დაფუძნებული ცოდნის სტრუქტურა უნივერსალურად ეხმარება მოსწავლეს გაფილტროს ინფორმაციული ნაკადი, რომელიც ამ საუკუნემ მოიტანა.












ახალი წელი ფორთოხლის ხის ქვეშ(მეორე საშობაო წერილი მხოლოდ მოსწავლეებისათვის)

0

მე ერთი შვილი მყავს, ირაკლი.

თუ მკითხავთ როგორი ბიჭიაო, მე ობიექტურად გიპასუხებთ, რომ მისმა დაბადებამ მოაწესრიგა და კანონზომიერება გაუჩინა აქამდე არსებულ კოსმიურ ქაოსს, უარჰყო სამყაროსეული ამაოებისა და ამაოებათა ამაოების ბიბლიური თეზისი და სრულყოფილება მიანიჭა დედამიწას… არანაკლებ ობიექტურად ვიტყვი, თუკი ასტრიდ ლინდგრენს დავესესხები, რომ ,,ბიჭუნა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია… აბა, რამდენი ბიჭია ამქვეყნად, ვისაც ცისფერი თვალები და ჭუჭყიანი ყურები აქვს”. თუმცა ეს ,,ჭუჭყიანი ყურები” არ მომწონს, მის სისუფთავეზე მთელი მონდომებით ვზრუნავ. მონდომება კარგი რამეა, თუმცა ხშირად მაინც არ ამართლებს: აი, თუნდაც ის, რომ რაც არ უნდა მაგრად შევუკრა ბათინკის ზონარი, მეორე წამში ისევ გახსნილი აქვს და ფეხებში ებლანდება, კიდევ ეს უნდა ერთი წლის მამაკაცის გაჭირვებას?!

მოკლედ, იდეალურობამდე, სხვა დედების მსგავსად, მეც ბევრი მიკლია, თუმცა იმედი მაქვს, სულ სამ რამეს მაინც გადავცემ მას: წარმოსახვის უნარს, უბრალო და ხელმისაწვდომი ბედნიერებებით ტკბობის ნიჭსა და წასაკითხი წიგნების სიას. თუმცა, ეს სამი რამ შეიძლება ერთი მთლიანობაცაა: წიგნები, წარმოსახვა და წვრილმანების გამო დღეში უთვალავჯერ სიხარული.

წიგნებზე ვამბობდი, ერთი სული მაქვს, ზოგ მათგანს როდის წავუკითხავ, მაგალითად, მონტეირუ ლობატუს ,,ყვითელი კოდალას ორდენს”. მომიყოლია თქვენთვის, როგორ დაბრუნდა ერთხელ სახლში ჩემი ყველაზე ლამაზი და საყვარელი ბებო, ამოიღო თავისი ჯიბეებიანი შავი ჩანთიდან მსოფლიოში უგემრიელესი ,,პრიანიკის” ნამცხვარი (ვიცი, რომ ,,თაფლაკვერი” ჰქვია, მაგრამ საოცრად არაფრისმთქმელი სიტყვაა) და კიდევ უფრო გემრიელი ,,ყვითელი კოდალას ორდენი”…

არცთუ საბედნიეროდ, გურმანი ვარ, არამხოლოდ საჭმლის მიმართ: გემრიელი წიგნები ნამდვილად არსებობენ. გემრიელი ადამიანებიც. მაგალითად, გადია ნასტასია ძალიან გემრიელი ქალია: პირდაპირია, იუმორის გრძნობა აქვს და მთელი დღე სამზარეულოში ტრიალებს, ისეთ რამეებს ამზადებს, თითებს ჩაიკვნეტ. ხოლო თუ ოჯახში თვითმარქვია კატა ფელიქსი შემოიჭრა და ჩუმ-ჩუმად წიწილებს სანსლავს, წამოავლებს კუთხეში მიყუდებულ ცოცხს ხელს და კუდით ქვას ასროლინებს. თავის პატრონ დონა ბენტასა და მის შვილიშვილებს არავის გააბრიყვებინებს, ნურას უკაცრავად…

შვილიშვილი ორია: გოგო _ ცხვირპაჭუა, რომელსაც მხოლოდ დონა ბენტა ეძახის ჯიუტად ნამდვილ სახელ ლუსიას (დონა ბენტასიც გვესმის, მას რომ არ ეჭიროს თავი სერიოზულად, სულ აირეოდა ოჯახი) და პედრინიო, მამაცი ბიჭი, რომელმაც იაგუარი დაამარცხა. ამის მერე იყო, მთელი ტყე რომ შურისსაძიებლად მიადგა მათ ოჯახს…
მარტო მთელი ტყე კი არა, ზღვის ბინადართა მთელი შემადგენლობაცაა ნამყოფი დონა ბენტას ფერმაში, ოღონდ ამჯერად, სტუმრად. დონა ობობამ ცხვირპაჭუას ზღვის ტალღისგან ულამაზესი კაბა შეუკერა, რომელშიც ცოცხალი თევზები დასრიალებდნენ და კაბა წამდაუწუმ იცვლიდა ფერებს…
ცხვირპაჭუას კიდევ ნაჭრისგან შეკერილი თოჯინა, ემილია, ჰყავს, რომელიც ისეთი თავნება, თავკერძა და თავხედია, რომ გადია ნასტასია სულ იმ დღეს წყევლის, როცა ის შეკერა. ჰოდა, ერთ დღეს ემილია ტიტულს დაეხრბა და მარკიზ დე რაბიკოს, მოკლეკუდა გოჭს გაჰყვა ცოლად და ქორწილშივე აღმოაჩინა, რომ ,,ღორია ეგ თქვენი მარკიზი”. ხდება ხოლმე…

სეირნობაში, თამაშსა და გადია ნასტასიას ღვეზელების ჭამაში გატარებული დღეების შემდეგ საღამოობით ბავშვები და მათი მეგობარი თოჯინები დონა ბენტას ამბებს უსმენენ ხოლმე, ხანდახან ჭკვიან ბებოს ღრმად განსწავლული გრაფი დე სიმინდოც ჩაურთავს სიტყვას…

თუ ამ წიგნს წაიკითხავთ, გაიგებთ, რომ ახალი წლის საუკეთესო ატრიბუტები მხოლოდ თოვლი, ირმებშებმული ციგა და მოგიზგიზე ბუხარი კი არ არის, დედამიწის მეორე მხარეს, მხიარულ ბრაზილიაში, ბავშვები ახალ წელს სიცხეში, ბაღში, ფორთოხლის მსხმოარე ხის ქვეშ ხვდებიან _ სუფრაზე აქვთ თავიანთსავე ბაღში დაკრეფილი კენკრის ღვეზელი და ასევე თავიანთ ბაღში დაკრეფილი ლიმონის შინნაკეთი ლიმონათი…

წაიკითხეთ და გაიგებთ, რომ ბრაზილიაში ბინადრობენ ცხოველები: იაგუარი, კაპიბარა და მარტორქები ეზოში უბიათ.

წაიკითხეთ და გაიგებთ, რომ ბრაზილიაში ბაღებში ხარობს მანგო, მარაკუია და ჯადოსნური ჟაბუტიკაბა. ჟატიბუკაბა არ თქვათ, ჟა-ბუ-ტი-კა-ბა…

წაიკითხეთ და გაიგებთ… ირაკლი ჯერ ერთი წლისაა, ჯერ დიდი დრო გავა სანამ ის წაიკითხავს, ჰოდა, თქვენ წაიკითხეთ.

წაიკითხეთ, გემრიელია!

დუმილი, როგორც გამოსავალი

0
1. თოვლის ბაბუაზე მეტად სანტა მიყვარს. სანტა უფრო მხიარულია, თან უფრო საახალწლოდაც გამოიყურება: შესაძლოა, ამაში დამნაშავე ფერებია

2. არაფერი არსებობს ბუხარზე ჯადოსნური, იყო ბუხრის მწმენდავი, ნიშნავს, გქონდეს ცოტაოდენი შანსი, რომელიმე წელიწადს შეხვდე ბავშვობას

3. თოვლი, ეს ის ატრიბუტია, რომელიც თავის დროზე ახალი წლისთვის შეიქმნა. ამ ბოლო დროს კი მოსვლა ეზარება

4. ბავშვობა ის დროა, როცა არ ოცნებობ, გაიკეთო ტატუ სპილოგადაყლაპული გველის გამოსახულებით

5. 90– იანი წლების ბავშვები ახალ წელს დუმილით ვხვდებოდით. გვჯეროდა, რომ სანტა ღარიბი იყო. მგონი ირმებიც კი არ ჰყავდა

6. მე მახსოვს ლამპის შუქით განათებული ახალი წელი. მახსოვს ნავთის სუნი

7. საახალწლოდ წიგნებს არ მჩუქნიდნენ. მაშინ წიგნების ჩუქება “მოსული პონტი” არ იყო

8. არ მიყვარდა ჩიჩილაკი. არც არასდროს გვქონია. ვფიქრობდი, რომ ფუმფულა, მწვანე, ხელოვნური ნაძვის ხე უფრო თემატური და პომპეზური იყო

9. ახალი წელი აუცილებლად პომპეზური უნდა იყოს

10. მანდარინებს გვჩუქნიდნენ. არადა, ის ისედაც ბევრი იყო

11. სკოლაშიც მანდარინებს გვჩუქნიდნენ. მგონი, მანდარინების თაობა ვართ. კარგად ჟღერს

12. ჩვენ ორი ზომით დიდი “დუბლიონკები” გვეცვა. ძველი ზამთარები “დუბლიონკის” გარეშე იგივეა, ჩიზბურგერს კიტრის მწნილის თხელი ნაჭრები გამოაცალო

13. ვან დამი გმირი იყო. მაშინ ჩაკ ნორისი და ვან დამი ხდებოდა. გმირებიც იცვლებიან, რა თქმა უნდა. ვან დამიდან ბილბო ბეგინსამდე.  

14.  ძალიან იშვიათად გამოვხატავდით პროტესტს, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, ჩვენს პროტესტს ვერ დაინახავდნენ. გაიხსენეთ მე– 9 ბლოკი

15. ვერ წარმოგვედგინა, რომ პროტესტის ვიზუალიზაცია თუ მოსახერხებელი ფორმა არ იყო, ყვირილი შეგვეძლო

16. მაგრამ, მგონი, მაინც ბევრი რამე გვეზარებოდა. ან თუ არ გვეზარებოდა, უბრალოდ, არაფერი ვიცოდით გამოხატვის თავისუფლებისა და მისი ფორმების შესახებ

17. როგორც ყველა ბავშვს, ჩვენც არაფერი გვსმენოდა ჩვენი განსაკუთრებულობის შესახებ. ამით გვჯობიხართ უფროსებს: წარმოდგენა არ გაქვთ თქვენი ჯადოსნური თვისებების შესახებ, ჩვენ კი თავი უზარმაზარები გვგონია

18. საახალწლოდ დედამ საკუთარი ხელით ააკრა შპალერი და მერე თითოეული კედელი სხვადასხვა, პასტელურ ფერში გადაღება. განსაკუთრებული დღესასწაული მქონდა. მაშინ შემიყვარდა ფერები

19. ახალ წელს სადღესასწაულო,  გემრიელ და განსხვავებულ კერძებს ჩემი არაგურმანობის გამო ვერ ვუკავშირებ. განწყობა არა გემოთი, ფორმით მოდის. შუბა მხოლოდ იმიტომ არის გემრიელი, რომ ლამაზია, თან– ჭრელი

20. გაითვალისწინეთ: პატარა, ფერადი შუშხუნები მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ფეიერვერკებიც. დასაწყისში ახალი წელის პომპეზურობის შესახებ გელაპარაკეთ

21. მიწერეთ წერილები სანტას. სთხოვეთ ყველაფერი მიწიერი, პლანშეტებიდან დაწყებული ლეონარდო დი კაპრიოს ცოლობით დამთავრებული. სანტამ, კარგა ხანია, ირმები იშოვა და მის უზარმაზარ მარხილში ლეონარდოს ადგილიც გამოიძებნება

22. არ დაგავიწყდეთ, საჩუქრების გარეშე ახალი წელი არ გამოვა. დიდებს ხომ სანტა სურვილებს აღარ უსრულებთ. გაუკეთეთ სიურპრიზები მშობლებს: მათ ყველაზე მეტად თქვენი შესანიშნავი გრაფიკული ნამუშევრები გაუხარდებათ. ნახატის უკანა მხარეს არ დაგავიწყდეთ მიძღვნის გაკეთება: კეთილი სურვილები უფროსებისთვის იგივეა, რაც თქვენთვის შოკოლადი

23. ენის მოჩლექით კი არ გელაპარაკებით. ჩემთვისაც ძვირფასია შოკოლადი, აბა, წარმოდგინეთ, რა ტრაგიკული იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, შოკოლადი ისეთ ფუფუნებად რომ ითვლებოდეს, როგორც ადრე. გახსოვთ წუწურაქი კროკერების  საკონდიტროს ვიტრინებთან ატუზული გროვერი?!

24. წინასაახალწლოდ უყურეთ ბევრ საახალწლო ფილმსა და მულტფილმს. შეაგროვეთ იდეები. ისინი აუცილებლად გამოგადგებათ განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად. 

25. გადაიღეთ ბევრი ფოტო და ვიდეო. აუცილებლად. მე ისიც კი არ მახსოვს, რა მეცვა წინა ახალ წელს

26. დრესკოდი ისეთი რამეა, რომლის გარეშეც დღესასწაული საძირკველამოყვანილი, მშენებარე სახლივით არასახარბიელოდ გამოიყურება

27. აიძულეთ მშობლები, გამოეწყვნენ ისე, როგორც ამ დღეს შეჰფერის. 

28. ყველა კედელზე ჩამოკიდეთ წინდები, ბუხრის ქონა აუცილებელი სულაც არ არის. ასე უფრო დიდი შანსია, სანტას არცერთი თქვენი სურვილი არ გამორჩეს. ის ცოტათი გულმავიწყია.

29. ახალი წელი მხოლოდ მაშინ არ მოდის, როცა მისთვის საგანგებოდ ემზადებიან

30. ის არ დაგელოდებათ, თუ თქვენ სათანადო განწყობის შექმნა ვერ მოასწარით

31. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

უბნის ბიჭობის უპირატესობანი

0
ერთი ვაჟიკა იყო, ჩემი კლასელი. იყო რა, არის კიდეც. ჩემს უბანში ცხოვრობდა. მე ორი წლის წინ შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი, ის, ალბათ, ახლაც ჩემს ძველ უბანში ცხოვრობს. ჰოდა, ერთხელ მასწავლებელმა სახალისო გამოკითხვა ჩაგვიტარა მთელ კლასს. ყველა ვამბობდით, ვის რა გვინდოდა გამოვსულიყავით. უჰ, რა ვერსიებს აღარ მოისმენდით, სახელოვნებო სფეროთი დაწყებული, არარსებული პროფესიებით დამთავრებული; ზოგს მსახიობობა გვინდოდა, ზოგს – პოლიციელობა, ზოგს – კარატისტობა და ზოგსაც – უცხოპლანეტელობა. ჰო, იყო ასეთიც, ჩემი ერთი გვარსარდავასახელებ კლასელი, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, უცხოპლანეტელობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მასწავლებელი ჩაეკითხა, კოსმონავტობას ხომ არ გულისხმობო და ამან, არაო, სახელდობრ (სინამდვილეში მან გამოიყენა რუსული სიტყვა „იმენა”, – ავტ. შენ.) უცხოპლანეტელობა მინდაო. არ ვიცი, რა გეგმა ჰქონდა ამ მიზნამდე მისაღწევად, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მისწრაფება ბევრად უფრო საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო, ვიდრე ვაჟიკას სურვილი. ვაჟა ადგა და გამოაცხადა, უბნის ბიჭი მინდა ვიყოო. რას ნიშნავს ეს უბნის ბიჭიო, შეშფოთდა მასწავლებელი, ქურდობას გულისხმობო? არაო, ვაჟიკამ, არც ქურდობა მინდა და არც კაიბიჭობა, თუმცაღა პატივს ვცემ ზემორე ჩამოთვლილ სუბიექტებსო (როგორც ხვდებით, არც ვაჟიკას უსაუბრია მსგავსი ლექსიკით, – ავტ. შენ.), მაგრამ მაგხელა პრეტენზიები არ მაქვს, უბრალოდ უბნის ბიჭობა მინდაო, აი, მინდა ჩემს უბანში ვიყო, ვიტრიალო, ძმაკაცებთან ერთად ვიქეიფო, სამეზობლოს პატივი ვცე და სამეზობლოც პატივს მცემდესო და უბრალოდ, უბნის ბიჭობა მინდაო. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ კლასიდან ყველაზე ადრე ვაჟიკამ მიაღწია საწადელს (თუმცა არაფერი ვიცი ჩემი მეორე კლასელის გაუცხოპლანეტელების შესახებ – შესაძლოა, მანაც მიაღწია და გვიმალავს, მაგრამ ჩვენ ვაჟიკას დავუბრუნდეთ, – ავტ. შენ.), დიახ, სანამ ჩვენ ვაბიტურიენტობდით, საზეპიროებს ვიზუთხავდით, სხვადასხვა სპეციალობაში გამოცდებს ვაბარებდით და ა.შ., ვაჟიკა უბნის ბიჭი გახდა. აი, ასე, დილა რომ თენდება, იღვიძებს ვაჟიკა და უბანში გამოდის. აღსანიშნავია, რომ სხვა „ვაჟიკებიც” არსებობენ, რომლებიც ასევე უბნის ბიჭები გახდნენ. ჰოდა, იკრიბება ეს ნარჩევი საზოგადოება, ხან ქეიფობს, ხან ის, ხან ეს, ხან კი უბრალოდ „აბირჟავებს” და კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. თუმცაღა ამ სტატუსის მქონე სუბიექტებისგან ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: „ცხოვრებამ მოიტანა”, „რას იზავ, ძმაო, კაი კაცებს არ აფასებენ ამ ქვეყანაში”, „აბა, მე აქ უნდა ვიდგე ეხლა?!” – მაგრამ მთლიანობაში მაინც კმაყოფილები არიან და ეს კმაყოფილება მათ ყოველდღიურობაში მჟღავნდება. იცნობენ თითქმის ყველა მეზობელს და თუ უბანში ახალი მაცხოვრებელი გამოჩნდა, ცდილობენ მის გაცნობასაც, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ან მას რომ გაუჭირდეს რამე, ან ბიჭებს დასჭირდეთ მისი დახმარება… ეს უბნის ბიჭები არიან უბნის სული და გული, ხან ღამის სამ-ოთხ საათზე ტკბილად (და უნდა ითქვას, რომ ხშირად უსმენოდ) მომღერლები, ხან მეგობრულად მაგინებლები, ხან მოაყალმაყალეები, ხან კი მშვიდები და უწყინრები. რაც მთავარია, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ცხოვრებამ დააკისრა: დაიცვან საკუთარი უბანი, ზურგი გაუმაგრონ სამეზობლოს და მოაწესრიგონ ყოველგვარი გაურკვევლობა, რაც კი მათ უბანში წარმოიშობა, ანუ, უფრო ლიტერატურულად რომ ვთქვათ, „დააყენონ პალაჟენია”. ეს კარგი, მაგრამ ჩემს კლასელ ვაჟიკას, ჩემს მესამე კლასელ ვაჟიკას, ჩემს მეგობარ რვა წლის ვაჟიკას რა ხიბლავდა ასეთ ცხოვრებაში? აი, ეს კითხვა მაწუხებს იმ დღის შემდეგ და ვფიქრობ, ერთგვარი გასაღები ვუპოვე კიდეც საიდუმლოს, რომელიც აშკარა სპილოა ოთახში და რომელსაც ხშირად არცთუ დიდ ყურადღებას აქცევენ მშობლები და მასწავლებლები. მე დღემდე მგონია, რომ სასწავლო პროცესზე, განათლება-შემეცნებაზე და, საზოგადოდ, ინდივიდად ჩამოყალიბებაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს საკლასო ოთახს მიღმა, გაკვეთილებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ მიმდინარე მოვლენები, ვიდრე თავად შიდა პროცესი. რა თქმა უნდა, არ ვცდილობ გაკვეთილების მნიშვნელობის დაკნინებას, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ე.წ. „სწორი გზიდან გადახვევა” ხშირად სწორედ სკოლის მიღმა ხდება და შემდეგ ძალიან რთულია „ვაჟიკების” სწორ გზაზე დაბრუნება, მათი სასწავლო პროცესისკენ მოქცევა. არა, მორჩა, ის უკვე იქითა მხარეს ფიქრობს, უბნის ბიჭობაზე ოცნებობს, იმ მშვიდ და პასუხისმგებლობისგან თავისუფალ ცხოვრებაზე, რომელიც ამ ამპლუას ახლავს თან. ჰოდა, ასე რომ არ მოხდეს და ვაჟიკებიც შედგნენ ინდივიდებად, უფრო მეტად უნდა მივაპყროთ ყურადღება მათ ფიქრებს, სკოლისმიღმა ინტერესებსა და იმ გარემოებებს, რომლებშიც ისინი ერთგვარ რომანტიკას ხედავენ.

მოდი, გამოვყოთ ვაჟიკას ოცნებისეული რომანტიკის მთავარი შტრიხები, ანუ უბნის ბიჭობის უპირატესობანი:

1. უბნის ბიჭს, როგორც უკვე აღვნიშნე, თითქმის არ გააჩნია პასუხისმგებლობა, თუმცაღა, რა თქმა უნდა, აქვს ოჯახი, ხშირად ჰყავს ცოლ-შვილიც. უბნის ბიჭი როგორღაც ცხოვრობს, ხან ძმაკაცების, ხან ტოტალიზატორის და სხვა ტიპის სათამაშო ობიექტების, ხან ნათესავების, უფრო ხშირად კი ცოლისა და მშობლების ხარჯზე.

2. უბნის ბიჭს არ უწევს დილით ადრე გაღვიძება, ის იღვიძებს მაშინ, როცა თავად სურს. თუნდაც ერთი დღე გამოტოვოს, ეს საპატიოა, თუ წინა დღეს ძმაკაცებთან ერთად იქეიფა და დაღლილია. ჰო, დაღლილი. განა არ მოგისმენიათ, როგორ ამშვიდებენ მთვრალ, მოაყალმაყალე უბნის ბიჭებს მათი ახლობლები: „კარგი, კარგი, მორჩი ახლა სმას, დაიძინე, დაისვენე, დაისვენე”. უბნის ბიჭიც იფერებს ამ საკაცობრიო დაღლილობას და დიდი გაწევ-გამოწევისა და გინების მერე წვება და ისვენებს, თანაც ისე, რომ სინდისიც არ ქენჯნის – ის ხომ დაღლილია.

 

3. უბნის ბიჭის საცხოვრებელი ადგილი უფრო ვრცელია, ვიდრე თითოეული ჩვენგანისა. ის სცდება ბინის, კორპუსისა და ქუჩის ფარგლებს. ის სრული სიამოვნებით შეიგრძნობს უბანს, ის ამ უბნის შვილია, ერთსა და იმავე დროს მისი მეფეც და ჯარისკაციც. აი, ამ პასუხისმგებლობას ის კარგად გრძნობს, რაც ხშირად გამოიხატება იმით, რომ შეუძლია ჩაერიოს ნებისმიერ სამეზობლო კონფლიქტში ან უბანში მომხდარ სიახლეებში, ახალი მაღაზიის გახსნა იქნება ეს, გზის დაგება, გამწვანება თუ რამე სხვა. აქედან გამომდინარე, უბნის ბიჭი ყველაზე უსაფრთხოდ საკუთარ უბანში გრძნობს თავს. მას სიამოვნებს ამ ქუჩებში გავლა-გამოვლა, თუნდაც დღეში ჩვიდმეტჯერ; სიამოვნებს სამსახურში მიმავალი და სამსახურიდან მომავალი მეზობლებისთვის თვალის გაყოლება; სიამოვნებს ბირჟაზე დგომა და სივრცეში უმიზნოდ ყურებაც, რამეთუ ეს მისი სამფლობელოა, აქ ის მშვიდადაა, აქ მას არ ემუქრება სასტიკი სიტყვა: პასუხისმგებლობა.

4. უბნის ბიჭობის კიდევ ერთი საოცარი უპირატესობა საკუთარი თავის პატივისცემაა. რა წამს გასცდება უბნის ბიჭი უბნის ფარგლებს, ის არაფერია, არაფერს წარმოადგენს, დაბნეულია, არ იცის, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში. თუ გაუმართლა და ცნობილ ადამიანებში მოხვდა, აიწურება, უკბილოდ იხუმრებს ან უადგილო კომენტარს გააკეთებს. აქ ის დაუცველია და უსუსური, რამეთუ საკუთარ უბანს კილომეტრებითაა დაშორებული. მაგრამ უბანში… უბანში ის ყველა ცნობილ ადამიანზე მაღლა დგას, უბანში ტოლ-სწორად ელაპარაკება მეზობელ პროფესორსაც და დილაობით მოფარფატე მემაწვნესაც, უბანში ის არის ყურადღების ცენტრში, მოჩხუბარ ბავშვებს არიგებს და უფრო მოზრდილებს დახმარებას ჰპირდება, თუ ვინმემ აწყენინათ. კაცმა რომ თქვას, ვის რას უშავებს უბნის ბიჭი, კაი კაცია, ჯიგარი… ხშირად იტყვიან მასზე, თავის თავის უბედურიაო, მაგრამ უბნის ბიჭს ეს არ ადარდებს, – „ცხოვრებამ მოიტანა”.

უპირატესობათა ჩამოთვლამ შესაძლოა მეტისმეტად შორს წამიყვანოს და ისიც შესაძლოა, იმ უცნაურ დღეს, უბნის ბიჭობა რომ ინატრა, ვაჟიკას გონებაში სულ სხვა არგუმენტები უტრიალებდა, – აბა, ვინ იცის, რა ხდება უბნის ბიჭის გონებაში, თავად მის გარდა, – მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სტატუსი ერთგვარ რომანტიკას მართლაც გულისხმობს, ერთგვარ აუხსნელ სიმშვიდეს, გაუგებარ სტაბილურობას, გარანტირებულ კაი კაცის სახელს და პასუხისმგებლობათა თითქმის არქონას.

ვაჟიკა დღემდე უბნის ბიჭია, როცა ჩემს ძველ უბანში ვბრუნდები, ხშირად მხვდება – იქვე, მინიმარკეტთან, ბირჟაზე დგას სხვა ვაჟიკებთან ერთად. გადავეხვევი, გადამეხვევა, მივიკითხ-მოვიკითხავთ ერთმანეთს, ოჯახებს, პირად ცხოვრებას და ერთი-ორი თბილი სიტყვითაც შევამკობთ ხოლმე ერთმანეთს. ის აღნიშნავს, რომ ტელევიზორში მიყურებს, მე ღიმილით ვპასუხობ… აბა, რა ვუთხრა, სულ ბირჟაზე გხედავ და აღარ მოგწყინდა ამ ერთი და იმავე სახეებისა და ადგილების ყურება-მეთქი? არა, ეგ როგორ ვუთხრა… არადა, რომ ვკითხო, „აეხლა, დღე-დღეზე ველოდები რაღაცას და ცოტა საქმეს მოვეკიდები, რაღაცა იქნებაო”, მიპასუხებს. სულ ელოდება, სულ დღე-დღეზე და სულ – რაღაცას. რა ვიცი, რა გითხრათ, რაღაცა იქნება ალბათ, ცხოვრება მოიტანს, დღეს ან ხვალ… ან არასოდეს.

რუსუდან გოცირიძე – სიმამაცის ჯილდო

0
ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მსოფლიოში პირველი სასულიერო პირი ქალია, რომელსაც აშშ-ის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ „სიმამაცის” ჯილდო გადასცა. ეს ჯილდო 2007 წელს ჰილარი კლინტონმა დააწესა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე იმ არაამერიკელ ქალებს გადასცემენ, რომლებმაც საკუთარი მოღვაწეობით სიმამაცე გამოიჩინეს.

რით დაიმსახურა ქართველმა ქალმა ეს ჯილდო? რუსუდან გოცირიძე mastsavlebeli.ge-სთვის თავისი ცხოვრების ისტორიას იხსენებს.
– დავიბადე ბაპტისტურ ოჯახში. მეოთხე თაობის ბაპტისტი ვარ. ჩემი პაპა ხუცესი იყო და, ფაქტობრივად, ეკლესიაში გავიზარდე. ჩემი ცხოვრების არც ერთი ეტაპი არ მახსოვს ღმერთის გარეშე. ეს მოცემულობა იყო. ბავშვობაში თუ სხვებს ზღაპრებს უყვებიან, პაპაჩემი ბიბლიურ ამბებს მიყვებოდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ბაპტისტური ეკლესიის საკვირაო სკოლაში დავდიოდი, ახალგაზრდულ ჯგუფში, და იქვე გაიარა ჩემმა ახალგაზრდობამაც. აქედან გამომდინარე, ის, რომ გავხდი ბაპტისტური ეკლესიის ნაწილი, ჩემთვის რადიკალური ნაბიჯი არ ყოფილა – ამ ეკლესიის ნაწილად მოვევლინე სამყაროს. მაგრამ მე ვიზრდებოდი ისეთ ეკლესიაში, სადაც ქალის როლი ისეთი არ იყო, როგორიც დღესაა. ეს გახლდათ ეკლესია, სადაც ქალის ხმა მხოლოდ გალობის დროს ისმოდა. ბაპტისტური ეკლესია იყო ტრადიციული პურიტანულ-პროტესტანტული, მასკულინური ეკლესია, როგორსაც დღესაც ბევრს ნახავთ ევროპაში, ამერიკასა თუ მსოფლიოს სხვა ნაწილებში. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეკლესიებს საშუალება მიეცათ, თავიანთი საგანმანათლებლო კერები შეექმნათ. ჩვენმა ეკლესიამაც დაიწყო ბიბლიის კოდის გაკეთება. მაშინ 17 წლის ვიყავი. პირველი უცნაურობა ჩვენთვის ის გახლდათ, რომ სკოლა ღია იყო გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც. ეს ის პერიოდია, როდესაც უამრავი კითხვა ჩნდებოდა საზოგადოებაში, თავადაც იმ ასაკში ვიყავი, მინდოდა გამეგო ბევრი რამ იმის მიღმა, რასაც კათედრიდან ვისმენდი. იმ პერიოდში ტელევიზორიდან გამუდმებით მესმოდა ჩემი ეკლესიის ლანძღვა-გინება და მინდოდა, სხვა წყაროებიდან მიმეღო ინფორმაცია. საბჭოთა პერიოდში ჩემი ეკლესიის გინება არსად გამიგონია, მაგრამ შემდეგ რელიგიურ-ნაციონალური ტალღა მომძლავრდა. სხვადასხვა დინება გაჩნდა საზოგადოებაშიც.

სასულიერო სკოლაში მე, ისევე როგორც მრავალი ჩემი მეგობარი გოგონა, მეტის გასაგებად მივედი. მინდოდა, მეტი მცოდნოდა ჩვენი ეკლესიის ისტორიაზე, ეკლესიოლოგიასა და თეოლოგიურ საკითხებზე. დროთა განმავლობაში საგნები იცვლებოდა ან ახალი ემატებოდა. ერთ-ერთი საგანი იყო ჰომილეტიკა – ქადაგების ხელოვნება. პირველი ნაპერწკალი, რომ მოწოდებული ვიყავი ღვთისმსახურებისთვის, სწორედ ჰომილეტიკის გაკვეთილებზე ვიგრძენი. ბევრ რამეს ვსწავლობდით: ძველ და ახალ აღთქმას, პასტორალურ თეოლოგიას, როგორ უნდა იქადაგოს მღვდელმა, როგორ დამოძღვროს… მაგრამ ისე არაფერს უმოქმედია, როგორც ჰომილეტიკის გაკვეთილებს. მივხვდი, რომ კიდევ შემეძლო რაღაცის კეთება. მაგრამ ეს იყო დრო, როდესაც ქალი არ დაგვინახავს ამბიონთან. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა. 2002 წელს, ჩვენს ეკლესიაში პირველ დიაკონ ქალს დაესხა ხელი. ეს იყო 50 წლის, ცხოვრებაში კარგად რეალიზებული, პროფესიით ექიმი ქალბატონი, რომელიც 17-18 წლის სტუდენტებთან ერთად სწავლობდა სასულიერო სკოლაში. ჩვენს ეკლესიას ასეთი ტრადიცია აქვს – ხელდასხმა ხდება სულთმოფენობის დღეს. ამ დღეს მთელი ქვეყნიდან ჩამოდიან მორწმუნეები და გაერთიანებული ეკლესია დასტურს აძლევს ღვთისმსახურთა ხელდასხმას. ერთ-ერთ ასეთ დღესასწაულზე მოხდა ჩემი დიაკვნად ხელდასხმაც. თავდაპირველად ამაზე საუბარი დამიწყო ჩვენმა ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა, რომელიც სემინარიაში მასწავლიდა. მითხრა, რომ მხედავდა ღვთისმსახურებაში და მთხოვა, მესაუბრა გამჩენთან, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. ასევე მოხდა მაშინაც, როდესაც ხელდასხმა მივიღე ხუცესობაზე და შემდეგ – ეპისკოპოსობაზე. მაგრამ ამ სამი საფეხურიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დიაკვნად ხელდასხმა იყო. 29 წლისა გახლდით, როცა გადაწყვეტილება მივიღე, სასულიერო მსახურებას შევდგომოდი.

ბევრი ბაპტისტური ეკლესიაა, სადაც ქალებს ღვთისმსახურებად ხელს არ ასხამენ. მაგალითად, რუსეთში, ამერიკის სამხრეთ ნაწილში. სამხრეთელმა ბაპტისტებმა ძალიან ძნელად მიიღეს თანასწორობა, არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის, არამედ საზოგადოდაც. ალბათ ისინი იყვნენ უკანასკნელნი, ვინც მონობას ბოლომდე უჭერდა მხარს. ამას გარკვეული ბიბლიური მუხლებით ამართლებდნენ. თუმცა არის ბაპტისტური, ლუთერანური, ანგლიკანური, უფრო მეტად პროტესტანტული ფრთის ეკლესიები, რომლებსაც ეპისკოპოსი ქალები ჰყავთ და ამით ხაზს უსვამენ თანასწორობას. უფლისთვის ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან და ამას ამბობს სწორედ პეტრე მოციქული, ვის ციტირებასაც ახდენენ უთანასწორობის გასამართლებლად. პავლე იყო ის, ვინც თქვა, ქალები უნდა დუმდნენ ეკლესიაში, თუ რამე კითხვა გაუჩნდებათ, შინ ჰკითხონ მამაკაცებს და პასუხი საკუთარი ქმრებისგან მიიღონო, მაგრამ მანვე თქვა გალატელთა წერილში, რომ უფლისთვის არ არსებობს არც ქალი და არც მამაკაცი, არც თავისუფალი და არც მონა, არც ბერძენი და არც იუდეველი. ამით იესომ ყველაზე უფრო მკაცრად განსაზღვრული ეთნიკური, სოციალური და გენდერული საზღვრები მოარღვია. როდესაც პავლე მოციქულის ციტირება ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს არის წერილები, მიწერილი კონკრეტული გამოცდილების მქონე კონკრეტული ეკლესიებისთვის. შეუძლებელია ამ წერილების უნივერსალურად გაშლა გეოგრაფიულად თუ ეპოქალურად. გარდა ამისა, როდესაც თანასწორობაზე ვსაუბრობთ, ვიხსენებთ ქალისა და მამაკაცის შექმნის ამბავს, რომლის ორი ნარატივია ბიბლიაში. დაბადების პირველ ორ თავში ორჯერ ვკითხულობთ შექმნის ისტორიას: ერთხელ – როდესაც ღმერთმა დღეების მიხედვით შექმნა სამყარო და მამაკაცის ნეკნისგან შექმნა ქალი; მერე კი ისევ იწყება: და ღმერთმა შექმნა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად, – და აქ საუბარია იმაზე, რომ ღმერთმა ადამიანი ერთმანეთს დაქვემდებარებულ ორსაფეხურიან იერარქიად კი არ შექმნა, არამედ ქალად და მამაკაცად, რომლებიც აბსოლუტურად თანასწორი ქმნილებანი არიან. თანაც, როცა ვხედავთ, საზოგადოებაში ამის დეკლარირებით რამოდენა ძალადობა ხდება, რამდენი საშინელება შეიძლება გაამართლონ, ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს ძალას და მოწადინებას, საღვთო წერილის ეს მუხლები განსხვავებულ შუქზე იქნეს წაკითხული.

მიუხედავად იმისა, რომ იესოს ცხოვრების პერიოდში იერუსალიმში ქალის სტატუსი, ფაქტობრივად, ნულის ქვევით იყო, იესო არსად ახსენებს ამ საფეხურებს. თალმუდში წერია, რომ ათი ქალის ნათქვამს გადაწონიდა ერთი კაცის სიტყვა. ეს აიხსნებოდა ქალის სიბრიყვით და წინადაუცვეთელობით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა „ახალ აღთქმაში” არის მკვდრეთით აღდგომის მოწმობა, რომელიც იესომ სწორედ ქალს დაავალა. ჩემი აზრით, ამაზე ხმამაღალი რამ წარმოუდგენელია. იესო არ გამოსცხადებია პეტრეს, იოანეს, იაკობს – იმ სამეულს, რომელიც სულ თან დაჰყვებოდა; პირველი, ვისაც ის გამოეცხადა, იყო მარიამი. უფალმა იცოდა, რომ კაცსაც არ დაუჯერებდნენ ამ სასწაულს, მაგრამ ეს ძვირფასი გზავნილი მაინც ქალს ჩააბარა. მოგეხსენებათ, იესო სულ იგავებით ესაუბრებოდა ხალხს და ეკითხებოდა, თქვენ ვინ გგონივართო. კიდევ უფრო უცნაური ამბავი: ერთადერთი, ვისაც მან თავისი სახელი უთხრა, იყო სამარიელი ქალი. ეს მაშინ, როდესაც იუდეველებს ისე სძულდათ სამარიელები, რომ ძაღლებად თვლიდნენ და არც კი ელაპარაკებოდნენ. სწორედ სამარიელ საეჭვო რეპუტაციის ქალს გაუმჟღავნა თავისი ვინაობა იესომ: „მე ვარ”, – რასაც ეუბნება უფალი მოსეს, როდესაც ცეცხლოვან ბუჩქში გამოეცხადება. ეს უფლის ბიბლიური სახელია. მარავლი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც იესო ქალებისთვის გამყარებულ ტრადიციულ კედლებს არღვევს.

– თქვენი რელიგიური გადმოსახედიდან, როგორ ჩანს ქალების პრობლემები საქართელოში?

– ქალის პრობლემებს მე მხოლოდ ამბიონიდან არ ვაკვირდები – აქტიურად ვარ ჩართული გენდერული თანასწორობის საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაცია „კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევით ცენტრში” თითქმის ათი წელი ვიმუშავე გენდერის ექსპერტად. ამ მიმართულებით კვლევებსა და ტრენინგებში ვმონაწილეობდი და ძალიან ხელშესახები საბუთებით შემიძლია ვილაპარაკო. საქართველოში მუდმივად ამტკიცებენ, რომ ქალებს პრობლემები არ აქვთ, რომ ხელისგულზე ატარებენ და რომ ეს ყველაფერი არის ევროპიდან შემოგდებული პრობლემა. შეუძლებელია, მას განგებ შემოგდებული უწოდო, როდესაც კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს პრობლემა ძალიან მტკივნეულად დგას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ძნელად საუბრობენ ამ თემებზე. კვლევების თანახმად, ყოველი მეხუთე ქალი ამა თუ იმ ძალადობის მსხვერპლია, ხოლო ყოველი მეათე – ფიზიკური ძალადობისა. ერთხელ პარლამენტის ერთ-ერთ წევრს ვეკამათე. იგი ამტკიცებდა, რომ მის მეგობრებსა და ნათესავებს ძალადობის პრობლემა არ აქვთ. მას ვუპასუხე, ძალიან ცუდია, რომ დეპუტატი საზოგადოების პრობლემას მხოლოდ საკუთარი წრით ზომავს-მეთქი. მე ბევრჯერ გადავწყდომივარ სერიოზულ ძალადობას, როდესაც ქმრები ცოლებს უკრძალავენ განათლებას, მეგობრებთან სიარულს. ქალებს, რომლებიც აუტანელი შრომის ფასად თავად არჩენენ ოჯახებს, ქმრები აქეთ ზღუდავენ ფინანსურად. უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ადამიანს ესმის, როგორ ხდება მეზობლის ოჯახში ძალადობა და მიკაკუნებასაც კი ვერ ბედავს. ის კი არა, მეორე დილით დიდი გულმოდგინებით ესალმებიან მოძალადე კაცს, რომელმაც ღამით ცოლ-შვილი დააწიოკა. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ შეგვიძლია, ამ ყველაფერზე თვალები დავხუჭოთ, რადგან თბილისში „ქართლის დედა” დგას, რადგან სიტყვები „დედამიწა” და „დედაბოძი” არსებობს ქართულ ენაში – თურმე ეს ყოფილა იმის დასტური, რომ ქალს პატივს ვცემთ, მაგრამ ასე არ არის.



– როგორ ფიქრობთ, რა არის ამ პრობლემის მთავარი მიზეზი?

– მიზეზი უამრავია, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ ვართ ტრადიციული მასკულინური საზოგადოება, თანაც შეშინებული, ბევრჯერ დარბეული და გაპარტახებული ერი. ჩემი დაკვირვება ასეთია: არის შიში, რომ რაღაცები ცუდად წავა და ამიტომ სურთ, ე.წ. სუსტი რგოლები კარგად აკონტროლონ. და ვინ არის სუსტი, თუ არა ქალი, თუ არა აღმსარებლობით ან სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანი? ჩვენს საზოგადოებას ძალიან უჭირს უცხოს მიღება.

– თქვენც რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ბრძანდებით. რა პრობლემებს აწყდებით ამის გამო საქართველოში?

– იყო ამ საზოგადოებაში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, ნიშნავს იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბავშვობის მეგობარმა შესაძლოა კარი აღარ გაგიღოს, ან ვიღაცამ გითხრას, რომ შენთან ურთიერთობით მისი ოჯახი იბილწება, ან მარხვაზეა და ცოდვაში დგება და ამიტომ აღარ უნდა ურთიერთობა. შესაძლოა, ადამიანმა, რომლის მეჯვარეც ხარ, გააუქმოს ჯვრისწერა და ხელახლა დაიწეროს ჯვარი, რადგან მოძღვარმა უთხრა, რაკი ბაპტისტი გყავდა მეჯვარედ, შენი შვილები დაწყევლილები იქნებიანო. სულ დაძაბული შეყურებ მეგობარს, შვილი ავად რომ გაუხდება, ვინმე ხომ არ ეტყვის, ეს წყევლაა, რადგან თქვენს ოჯახში ბაპტისტი დადისო. ძალიან ხშირად ხდება ასე… იყო რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, ნიშნავს იმას, რომ შენს ეკლესიაში გაზრდილმა გოგო-ბიჭებმა შესაძლოა ქუჩაში თვალი აგარიდონ, როცა მეგობრებთან ერთად არიან. მესმის, რატომაც… შესაძლოა აღმოაჩინო, რომ ფეისბუქიდან ამოუშლიხართ, რათა ამ ურთიერთობით შენს რელიგიასთან არ ასოცირდებოდნენ და ვინმეს ეჭვი არ შეეპაროს მათ ჭეშმარიტ ქართველობაში… ეს ძალიან მტკივნეული და რთულია. მე რაღაცნაირად მოვახერხე, რომ ჩემი შვილების სკოლაში და მეგობრების წრეში ეს პრობლემა არ წარმოიშვა. ყველამ იცოდა, ვინ ვიყავით და რას წარმოვადგენდით. ამის გადალახვა არ მოუხდათ ჩემს შვილებს, კარგ პედაგოგებთან მოხვდნენ და მათი განსხვავებულობა უფრო ეძვირფასებათ მათ მეგობრებს, ვიდრე უბედურებად მიიჩნევენ. მაგრამ ჩემი ერთი კოლეგის შვილი ააყენა მასწავლებელმა, გამოკითხა, რომელ ეკლესიაში დადიან მისი მშობლები, ვინ არის მათი მოძღვარი და როდესაც გაიგო, რომ მამამისი ჩვენი ეკლესიის მოძღვარია, დაუწყო დამოძღვრა თანაკლასელების თანდასწრებით, რათა გადაერჩინა მისი სული. ჩვენი ჩარევის შემდეგ ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ბავშვისთვის ეს ხომ წაუშლელი ტრავმაა – როგორ უყურებდნენ მეგობრები როგორც გამორჩეულს, საცოდავს, დასაცინს… იეჰოვას მოწმეების ცემა მაღალ კლასებში დღესაც პატივად ითვლება.

– ამგვარი დამოკიდებულება რელიგიური გაუნათლებლობით ხომ არ აიხსნება? ქრისტიანობა ხომ აბსოლუტურ შეწყნარებას გულისხმობს…

– სავსებით გეთანხმებით. ადამიანებს, რომლებიც ქრისტეს სახელით ვინმეზე ძალადობენ, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ქრისტიანობა, რა რანგის ქრისტიანებადაც არ უნდა მოიხსენიებოდნენ ისინი. ასე მხოლოდ საქართველოში არ ხდება – ქრისტიანობის მთელი ისტორია სავსეა ასეთი შეცდომებით, ყბადაღებულ ჯვაროსნობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ქრისტეს სახელით ამდენი ძალადობა რომ მოხდა, ეს იმის ბრალია, რომ ყველაზე მაღალ იერარქებსაც კი არ ჰქონდათ წარმოდგენა, რა იყო ქრისტიანობა.

– სკოლაში ისწავლება რელიგიების ისტორია. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, განათლებით მოგვარდეს სხვა რელიგიებისადმი დამოკიდებულების პრობლემა?

– საზოგადოდ, მჯერა განათლების ჯადოსნური ძალის, მაგრამ ზოგჯერ იმედი მიცრუვდება. ზოგიერთი ძალიან განათლებული და მოაზროვნე ადამიანი მაღალი ტრიბუნიდან ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ განათლების ყოვლისშემძლეობის რწმენა შემერყა. მაგრამ მაინც მჯერა განათლების – არა ინფორმაციული დონის, არამედ განმანათლებლური განათლების. ეს არის, ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოების საშველი. მაგრამ აქ არის ერთი „მაგრამ”… კარგად ვიცი, რა მძიმე კონტინგენტია განათლების სისტემაში. ცალკეული პედაგოგების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს არის ყველაზე უფრო ქსენოფობი, უცხოსადმი სიძულვილით განწყობილი ადამიანების ჯგუფი. მე მქონდა ფუფუნება, რომ მრავალფეროვნების საკითხებზე მემუშავა პედაგოგებთან და ასეთი მძიმე კატეგორია არ მყოლია, პედაგოგების ძალიან დიდი ნაწილისთვის კი სრულიად წარმოუდგენელია, ერთნაირად მიუდგნენ განსახვავებული აღმსარებლობისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებს. ფიზიკის, მათემატიკის მასწავლებელი რომ გვევლინება მქადაგებლად, არც ეს არის უცხო… მე როგორც მშობელი ორ რამეს არ ვისურვებდი: ერთი, რომ ჩემს შვილს სკოლაში მიეღო რელიგიური და მეორე – რეპროდუქციული, სექსოლოგიური განათლება. ამ ორ საკითხს ვერ ვანდობდი ჩვენს განათლების სისტემას. იმიტომ კი არა, რომ აუცილებელი არ არის, არამედ იმიტომ, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ვინ ასწავლის ამ საგნებს, რადგან ამ სფეროში გაუნათლებელმა ადამიანმა შეიძლება სრულიად დააზიანოს მოსწავლე როგორც სულიერად, ისე ფიზიკურადაც. მჯერა, რომ ამ სიბნელეს გამოაწორებს განათლება, მაგრამ სინათლე განათლებულმა ადამიანმა უნდა შემოიტანოს.

– თქვენ ბრძანდებით ქალი, მოძღვარი, მუშაობთ სამოქალაქო სექტორში, იმავდროულად ხართ დედა. როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს?

– ისეთივე სირთულეები მაქვს, როგორიც ნებისმიერ დასაქმებულ დედას – უნდა იყო შვილთან, წახვიდე მშობელთა კრებაზე, მაგრამ არ გაქვს დრო… ამ მხრივ სხვა დედებისგან არ განვსხვავდები, იმავე გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე ვდგავარ, რომლებსაც ეჯახება ნებისმიერი ქალი. რაც შეეხება იმას, რომ ვარ სასულიერო პირი… ჩემს მეუღლეს ხუმრობით ჰკითხავენ ხოლმე, აღსარებას ვის აბარებ, მეუღლეს თუ ეპისკოპოსსო. რაღაც უცნაური ოჯახი გვაქვს. შესაძლოა, პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ სასულიერო პირობა იმიტომ უფრო გავბედე, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი შვილებისგან, მეუღლისგან. გარეთ რომ ასე ყელმოღერებით ვლაპარაკობ თანასწორობაზე, ამის სითამამეს ის მაძლევს, რაც ჩემს სახლში ხდება. მაქვს ფუფუნება, ვაკეთო და შემოსავალი მივიღო იმ საქმისგან, რომელიც მიყვარს და რომლისაც მჯერა. ამით ბედნიერი ვარ.



– ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ, სიმამაცის ჯილდო გადმოგცათ. რით გამოიხატა თქვენი სიმამაცე?

– ამან გამაკვირვა, რადგან მიმაჩნია, რომ რაც მიკეთებია, სიმამაცისგან ძალიან შორს დგას. იქ ვნახე სხვა ქალები, რომლებსაც აჯილდოებდნენ – როგორი ქვეყნებიდან არიან, რას ნიშნავს, იყო მათ ქვეყანაში ქალი და რა გარემოში აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ… მიკვირს, რა კრიტერიუმით მოვხვდი იქ. მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ სიმამაცეა, კონკრეტული რელიგიის წარმომადგენელი ქალი იცავდეს სხვა რელიგიას, საუბრობდეს ქალთა, ეთნიკური ჯგუფების და ლგბტ თემის უფლებებზე. პირველი სასულიერო პირი ვარ, ვინც ეს ჯილდო მიიღო. მაგრამ ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე გეტყვით: ეს ყველაფერი ჩემი მოვლეობაა. როცა სასულიერო პირი ხარ, სხვა რა გევალება? სასულიერო პირის მთავარი დანიშნულება არც ქადაგებაა, არც ზიარება და არც ანაფორის ტარება; მთავარი დანიშნულებაა, მათ გვერდით იდგეს, ვისაც უჭირს. ძმის სიყვარული არ არის სიყვარული, რადგან ის თავისთავად გიყვარს; უნდა გიყვარდეს ის, ვისი სიყვარულიც გაგიჭირდება. თუ სასულიერო პირმა ვერ შეძლო ეს, სხვა მით უმეტეს ვერ შეძლებს…

თვითშემოქმედება

0
„ცა რომ სარკე იყოს” და „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები” – ეს იყო ორი თემა, რომლებიც ყოველწლიურად უნდა გვეწერა სკოლაში. ბოლოს უკვე, მეათე თუ მეთერთმეტე კლასში რომ მოგვთხოვეს იმ პირველი ზემოთქმულის დაწერა, აი, მაშინ კი წამოვდექით რამდენიმე მოსწავლე და, – ღმერთო ჩემო, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ცასაც და სარკესაცო, – ვთქვით. ასე ჩაიარა ჩვენმა შემოქმედებითმა პროცესმა იმ დროს.

 
რა თქმა უნდა, სკოლას არც ევალება და უტოპიაც იქნება მოვითხოვოთ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოსწავლეები მწერლებად აქციოს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, რომ წერა სჯობს გადაწერას, როგორი მნიშვნელოვანი ტექსტიც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი.

ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოში ყოველი ახალი მასალის შემდეგ მოცემულია შეკითხვები, სააზროვნო სავარჯიშოები, მაგრამ ეს ყველაფერი არის სხვა ტექსტზე მუშაობის გამოცდილება. აქედან მოსწავლეს შეუძლია მიიღოს ლოგიკური აზროვნების უნარი, ზოგადი განათლება, ესთეტიკური სიამოვნება და ა.შ. ეს იქნება შემოქმედებითი პროცესი, მაგრამ არა წმინდა ინსპირაცია.

თუ ჩვენ გვინდა, აღიზარდოს მომავალი თაობა, რომელსაც ლიტერატურის კონკრეტული პერიოდების განვითარების, სხვადასხვა ავტორის შემოქმედების თავისებურებათა და სიმბოლო-ნიშანთა ამოხსნის ცოდნა ექნება, საკმარისია, მხოლოდ ტესტური დავალებების კითხვებს უპასუხონ, მონიშნული ადგილები დაიზეპირონ და ზედმიწევნით იცოდნენ შინაარსი, მაგრამ თუ გვსურს, ისინი შემოქმედებით ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, აუცილებელია, დავაინტერესოთ ისინი, წერონ საკუთარი ამბები, აზრები, შეხედულებები.

1924 წელს ნიუ-იორკში ბავშვთა აღზრდასთან დაკავშირებულ შეკითხვას გიორგი გურჯიევმა ასე უპასუხა: „საერთოდ, აღზრდა, სამწუხაროდ, მხოლოდ გონების განვითარებით იფარგლება. ბავშვს აძალებენ, იზეპიროს ლექსები თუთიყუშივით, ისე, რომ მას არაფერი ესმის და მშობლებს უხარიათ, თუ პატარა ამას ახერხებს. ასევე მექანიკურად სწავლობს იგი ყველაფერს სკოლაში და როცა გამოცდასაც წარჩინებით ჩააბარებს, მას კვლავ აღარაფერი ესმის და ვეღარაფერს გრძნობს. აზროვნების თვალსაზრისით იგი მოზრდილი, 40 წლის ადამიანია, არსით კი ათი წლის ბავშვად რჩება. აზროვნებაში იგი არაფერს უფრთხის, მაგრამ თავისი არსით იგი მფრთხალია”.
შემდეგ გურჯიევი საუბრობს გულწრფელობაზე როგორც საშუალებაზე, რომელიც გვაჩვენებს საკუთარ თავს და სხვებს ზუსტად ისეთებს, როგორებიც ვართ. გულწრფელობა კი სად უნდა იყოს, თუ არა ლიტერატურაში, ტექსტებში, რომელსაც შენ თვითონ წერ, ამ შემთხვევაში – მოსწავლე.

რატომაც არა, მშვენიერი იქნება… თუ რომელიმე მოსწავლე დაწერდა კარგ ტექსტს, მე როგორც მასწავლებელი მას დანარჩენ კლასს ვაჩვენებდი და ვასწავლიდი ისე, როგორც ისწავლება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალა. არ არის ყველაფერი ქაჯეთის ციხე, ან სული ობოლი, არც ალუდა და ოთარაანთ ქვრივი. სამყარო უსასრულოა, ისევე როგორც ადამიანის შესაძლებლობები, განსაკუთრებით კი – ბავშვებისა. რაღაც ნაივური და გაბედული ყოველთვის შეიმჩნევა მათში. მხოლოდ გოეთე, ჰომეროსი და კიდევ ორი-სამი თუ იყვნენ მოხუცი ახალგაზრდები, დანარჩენი ყველაფერი დიდებული თითქმის სასკოლო ასაკში შექმნეს ავტორებმა.
ერთი მასწავლებელი მომიყვა, რომ მისი მოსწავლე გარდაიცვალა, მის თანაკლასელს კი მცირე მოთხრობა დაუწერია. მე ეს ფურცელი ახლაღა ვნახე, წლების შემდეგ.

არ ვიცი, სად არის ახლა ამ ტექსტის ავტორი, რას აკეთებს, სად სწავლობს, მაგრამ მჯერა, რომ ის არ იქნება დაკარგული არც საზოგადოებაში, არც საკუთარ თავში. შეუძლებელია, მეათეკლასელ მოსწავლეს ორ-სამ წინადადებაში ასე ჩაეტია ყველაფერი, თუ იქამდეც არ აკეთებდა ჩანაწერებს, საკუთარ აზრებს, გრძნობებს არ გამოხატავდა და არ იყო გათვიცნობიერებული. მისი ისედაც მცირე ტექსტი ასე მთავრდება:

„ჩვენ საკონტროლო ვწერეთ გუშინ. დღეს ახალი გაკვეთილი გვაქვს. შენ ჩამოგვრჩი, ან იქნებ წინ ხარ და გველოდები”.

დამარცხებული კანდიდატები

0
რამდენიმე კვირის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურაში, წარმომადგენლობით საბჭოში ამირჩიეს. ცხადია, კენჭისყრის შემდეგ საჯარო მადლობა გადავუხადე თანაფაკულტეტელებს. მოგვიანებით უამრავი წერილიც მივიღე. მათ შორის ერთი ელექტრონული შეტყობინება გამოირჩეოდა. ჩემი ანონიმური გულშემატკივარი უზომოდ წუხდა, რომ თურმე „დამარცხების გემო” არ ვიცი. ბუნებრივია, არ მოვყვები წუწუნს ხელის მოცარვათა შესახებ, მაგრამ ერთი ამბავი აუცილებლად უნდა გავიხსენო.

პირველად არჩევნებში მონაწილეობა მაიძულეს – ჩემმა მეგობრებმა მოინდომეს, მოსწავლეთა კვოტით სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი გავმხდარიყავი. სასკოლო კენჭისყრაში დავმარცხდი. ჩემს მასწავლებლებს ეგონათ, ამას გადაულახავ ტრაგედიად მივიჩნევდი. გონიერი, კეთილი პედაგოგები ჩემს გამხნევებას ცდილობდნენ და ათასგვარ ისტორიას მიყვებოდნენ დამარცხებული კანდიდატების შესახებ. დღეს სწორედ ამ საინტერესო ფაქტების გახსენებას შევეცდები თქვენთვის.

დამარცხების შემდეგ პირველად ქართულის მასწავლებელს შევხვდი. მაკა ბრეგვაძემ 1890-იანი წლები გაიხსენა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტფილისის სათათბირო საბჭოს ასარჩევად რამდენიმე საქალაქო კენჭისყრა ჩატარდა. მაშინ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ რამდენიმე ასეულ კაცს ჰქონდა. აუცილებელი იყო, ქართველ ამომრჩევლებს საერთო ენა გამოენახათ შედარებით ღარიბ არაქართველ ხმოსნებთან, რომელთაც „ახალგაზრდა სომეხთა ჯგუფად” მოიხსენიებდნენ. განსხვავებული ეთნიკური ერთობებისადმი მიკუთვნებულობა მოუგვარებელ პრობლემას არ წარმოადგენდა, მოლაპარაკების შედეგიანად დასრულება შესაძლებელი იყო, თუმცა ყველა დისკუსია წარუმატებლად დასრულდა. ამომრჩეველთა ჯგუფებმა შეთანხმება ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს. შეუთანხმებლობის შედეგად ილია ჭავჭავაძე ორჯერ დამარცხდა ქალაქის საბჭოს არჩევნებში. ჯგუფთა დაპირისპირების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ილიას დაბლოკვა გახლდათ. თბილისის ქართველი ამომრჩევლები მას შეუფერებელ კანდიდატად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით ასეთივე ფათერაკი გადახდა თავს ილიას უახლოეს თანამებრძოლსაც. მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე აკაკი წერეთელს ჩაუგდეს საარჩევნო ურნაში შავი ქვა, რათა დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში საჩხერის ინტერესების დამცველი არ გამხდარიყო.

ქართულის შემდეგ ისტორიის გაკვეთილი გველოდა წინ. ისტორიის მასწავლებელიც განსკუთრებულად მომზადებული დამხვდა. გაკვეთილის დაწყებისთანავე მან მწვანეყდიანი წიგნი მოიმარჯვა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრემიერ-მინისტრის წარუმატებლობის შესახებ დაიწყო მსჯელობა. ისტორიულ ფიგურას ჯერ დანდის ოლქში წაუგია საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ პარტიის ლიდერის პოსტის დასაკავებლად გამართულ კენჭისყრაში წაბორძიკებულა. ბოლოს, ოცწლიანი დავიდარაბის მიუხედავად, მაინც გამხდარა თავისი ქვეყნის ლიდერი, მოუგია მსოფლიოში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი და ომის შემდგომ პირველსავე არჩევნებზე კვლავ დამარცხებულა. პროფესორი მაჭავარიანი სერ უინსტონ ჩერჩილის შესახებ გვიყვებოდა… მერე კი მთელი გაკვეთილი 1946 წელს არჩევნებში დამარცხებული გენერალი დე გოლის გამო მოთქვამდა, რაც ჩვენთვის, ბუნებრივია, დაუგეგმავი მხიარულების საბაბი გახდა.

მეექვსე გაკვეთილზე გეოგრაფიის მასწავლებლისთვის უნდა მოგვესმინა. ვიფიქრე, რომ ამჯერად მაინც ამცდებოდა გამხნევება და ირიბად ყურადღების ცენტრში აღმოჩენა. იმ წელს შევიტყვე პირველად ჩემი მომავალი პროფესიის, პოლიტიკის მეცნიერების შესახებ და უკვე გატაცებული ვიყავი მისი ძირითადი, ყველაზე მარტივი დებულებების ძიებით. როგორც ჩანს, ჩემი ახალი გატაცების შესახებ პედაგოგმაც იცოდა, ამიტომ მან საუბარი ეკონომიკური გეოგრაფიის ნაცვლად დიდ პოლიტოლოგებზე ჩამოაგდო. თავდაპირველად ყურადღება ვილფრედო პარეტოზე გაამახვილა. „ელიტების წრებრუნვის თეორიის” ავტორს არაერთხელ უცდია ბედი იტალიის პარლამენტში მოსახვედრად, მაგრამ დღემდე აქტუალური სამეცნიერო კონცეფციის ფუძემდებელი ვერც ერთხელ ვერ გამხდარა ჩრდილოეთ იტალიის მოქალაქეთა რჩეული. იტალიელი ამომრჩევლები მას უღირს და უნიჭო კანდიდატად მიიჩნევდნენ და კენჭისყრაში მის გამარჯვებასაც მონდომებით ეწინააღმდეგებოდნენ. ცხადია, დამარცხებას აკადემიურ კიბეზე პარეტოს სვლა არ შეუფერხებია.

გეოგრაფმა იტალიელის თავგადასავლის აღწერა არ იკმარა და ჩარლზ მერიემის უიღბლობათა ეპოპეაც გაიხსენა. მერიემი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც გაბედა და ემპირიული მეთოდების გამოყენებით შეისწავლა ჩიკაგოელთა საარჩევნო ქცევა. მაშასადამე, მან დასაბუთებული, დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე იცოდა ყველაფერი ჩიკაგოელთა ღირებულებების, პრინციპების, განწყობების შესახებ. მიუხედავად ამისა, მან მაინც ვერ მოახერხა ქალაქის მერის ნაკლებად მნიშვნელოვანი პოსტის მოპოვება.

გამოგიტყდებით, მასწავლებელთა მხარდაჭერა ბევრი რამის გააზრებაში დამეხმარა. მაშინ არაფერი ვიცოდი სამოქალაქო განათლების თანამედროვე სახელმძღვანელოების შესახებ. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ამოვიკითხე ინტერნეტში, რომ წარუმატებლობის გადააზრების სტრატეგიები სამოქალაქო განათლების სწავლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მოსწავლეთათვის ყველაზე სასარგებლო რგოლს წარმოადგენს. მიხარია, რომ ჩემი მასწავლებლები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ალბათ, ურიგო არ იქნება, სხვა პედაგოგებმაც გაამახვილონ ყურადღება იმაზე, როგორ აღიქვამს დამარცხებას, ხელის მოცარვას თითოეული მოსწავლე. მერწმუნეთ, მოვლენის პოზიტიურ აღქმას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლაც კი შეუძლია.

პრაგმალინგვისტიკა – ენა და ადამიანი

0
პრაგმალინგვისტიკის ენათმეცნიერების დარგად გამოყოფა დაკავშირებულია 1970 წელს ჩატარებულ საერთაშორისო სიმპოზიუმთან, რომელიც პრაგმატიკის საკითხებს მიეძღვნა. სიმპოზიუმის მონაწილეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კომუნიკაციის პრაგმატიკული ასპექტები გამოკვლეული უნდა იქნეს ლინგვისტიკური თეორიის ჩარჩოებში ამ კომუნიკაციის სინტაქსურ და სემანტიკურ ასპექტებთან ერთად. 

პრაგმატიკის უმთავრესი პოსტულატია – ენის ფაქტების შესწავლა ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც წინა პლანზე წამოსწია ენობრივი ურთიერთობის ლინგვოპრაგმატიკული პრობლემატიკა, რომელიც, ამავე დროს, მოითხოვს მეტყველების სიტუაციის განხილვას. ასეთ შემთხვევაში, ლინგვისტიკური პრაგმატიკის ობიექტია – ენა, მეტყველება, როგორც ენობრივი შემოქმედება და მეტყველება, როგორც ენობრივი მასალა (ტექსტი), ხოლო საგანი – ენის შესწავლა ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით ფართო სოციალურ კონტექსტში.

პრაგმალინგვისტიკისადმი ინტერესი განპირობებულია თანამედროვე საზოგადოებაში მისი როლით: მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა განვითარებით და საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული ფორმირების მოთხოვნით.

პრაგმალინგვისტიკის მთავარი შესასწავლი  პრობლემა: „ენა და ადამიანი” – აერთიანებს მრავალ ლინგვისტიკურ, ფსიქოლინგვისტიკურ, აგრეთვე სოციალურ-ისტორიულ, ნაციონალურ-კულტურულ, ეთნოგრაფიულ და სხვა ფაქტორებს.

პრაგმატიკის განსაზღვრისას ერთ შემთხვევაში წინა პლანზე იწევს ადამიანის ფაქტორი; გ. კლაუსს პრაგმატიკის გაგებაში შემოაქვს „ენობრივი ნიშნების გამოყენების ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური ასპექტები”. სხვა დეფინიციაში გამოიყოფა პრაგმალინგვისტიკური გამოკვლევების ფუნქციური ასპექტი (ენა კონტექსტში), მათი კონტექსტური განპირობებულობა.

მესამე ტიპის განსაზღვრაში ყურადღება ექცევა ენობრივი კომუნიკაციის ეფექტურობას კომუნიკანტთა ურთიერთობისა და ურთიერთზეგავლენის პროცესში. ასეთ შემთხვევაში, ენის პრაგმატიკულ ფუნქციას მიაკუთვნებენ ენობრივ ზეგავლენას, ინტერაქციას. დგება საკითხი, რათა შესწავლილ იქნეს ადამიანთა ქცევის მართვა მეტყველების მეშვეობით. კომუნიკაციის მთავარ ფაქტორად გამოიყოფა კომუნიკაციის სუბიექტის მიერ ენის წარმატებით გამოყენება მიზნის მისაღწევად.

დაბოლოს, დეფინიციათა შორის აღსანიშნავია მეტყველების პრაგმატიკული გამოკვლევის ინტერპრეტაციული ასპექტი, რომელიც ვლინდება ამა თუ იმ კომუნიკაციურ კონტექსტში. ინტერპრეტაციის ობიექტი ამ შემთხვევაში, როგორც არუთინოვა აღნიშნავს, არის – გამონათქვამის პრაგმატიკული მნიშვნელობა.

ზემოაღნიშნული განმარტებები არ უპირისპირდება ერთმანეთს. ისინი მხოლოდ პრაგმატიკული პრობლემატიკის განსხვავებულ მხარეებს ასახავს: ადამიანის ფაქტორი, შემოქმედებითი, პროცესუალური ასპექტი, ნიშნის ინტერაქტიული პოტენცია, ფართო ისტორიული და სოციალური კონტექსტი.

პრაგმატიკული პრობლემატიკის სირთულე და მრავალფეროვნება მეცნიერებს უფლებას აძლევს განაცხადონ, რომ: ჩვენი დროის ვერცერთი მკვლევარი თავის თავზე ვერ აიღებს, ზუსტად განსაზღვროს ენის კვლევისას, რა არის პრაგმატიკული და რა – არა.
ინფორმემები და პრაგმემები

პრაგმალინგვისტიკა, როგორც ენათმეცნიერების განსაკუთრებული დარგი, თავისი მიზნების ეფექტურად განხორციელებისათვის საჭიროებს თავისებურ, პრაგმალინგვისტიკურ ერთეულთა სისტემების გამოყოფას, რომლებიც ასახავს ენის პრაგმატიკულ, მარეგულირებელ და ზეგავლენის ფუნქციებს. პრაგმალინგვისტიკური ერთეულები ცალ-ცალკე ქმნიან თავ-თავიანთ სტრუქტურას და სისტემას, რომელთა შორისაც შეინიშნება აგრეთვე სისტემური და სტრუქტურული ურთიერთობა.

პრაგმალინგვისტიკის ძირითადი ერთეულებია: ინფორმემა და პრაგმემა. ინფორმემები ენის სხვადასხვა დონის ისეთი ერთეულებია, რომლებიც ემსახურებიან ინფორმაციული შინაარსის გადაცემას და ასრულებენ მხოლოდ ინტელექტუალურ-ინფორმაციულ ფუნქციას; ისინი გამოიყენებიან შეტყობინებისათვის, ინფორმაციისათვის.
პრაგმემები – პრაგმატიკული შინაარსის მატარებელი ერთეულებია, რომელთათვისაც პრაგმატიკული ფუნქცია წამყვანი ფუნქციაა, ისინი გამიზნულია ძირითადად ფსიქიკის ემოციურ სფეროსა და ადამიანის ქცევაზე ზემოქმედებისათვის. ამასთანავე, ზოგიერთი პრაგმემისათვის ნიშანდობლივია, როგორც პრაგმატიკული, ასევე ინტელექტუალურ-ინფორმაციული ფუნქცია.

ინფორმემების სტრუქტურა

1.ნომინაციური ინფორმემებს მიეკუთვნება სრული მნიშვნელობის მქონე მეტყველების ნაწილები, რომლებიც ნომინაციურ ფუნქციას ასრულებენ: სიტყვა, ქრისტიანი, კეთება, დამოძღვრა, გუშინ, ორნი და ასე შემდეგ…
2.დეიქსისური ინფორმემები – მე, შენ, იქ, ვიღაც, რომელიღაც…
3.რელაციური ინფორმემები – კავშირები, ზმნისწინები და სხვა…

 
პრაგმემების სტრუქტურა
1.ემოციური პრაგმემები – მაგალითად, შორისდებულები: ეჰ, აჰ, ვაშა…
2.ემოციურ-შეფასებითი ხასიათის პრაგმემები – რომლებსაც მიეკუთვნება ემოციურ-შეფასებითი ლექსიკა;
3.ექსპრესიული პრაგმემები.
 
როგორც ინფორმემები, ასევე პრაგმემები, შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ ლექსიკური ერთეულებით, არამედ ენის სხვა დონის ერთეულებითაც. მაგალითად, მორფემებში შეიძლება გამოვყოთ მორფემე-ინფორმემა და მორფემა-პრაგმემა. მორფემა-ინფორმემეაა: ძმ-ობა, მეგობრ-ობა… ხოლო მორფემა-პრაგმემა, მაგალითად, კნინობითის მაწარმოებელი – ილო… მამ-ილო, დედ-ილო… და ასე შემდეგ.
მყარი სიტყვათშეთანხმება-ინფორმემები გადმოგვცემენ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის შინაარსს: სიტყვის მოთხოვნა, მხედველობაში მაქვს, ადგილი აქვს და სხვა; ხოლო მყარი სიტყვათშეთანხმება-პრაგმემები არის ტიპური ცხოვრებისეული სიტუაციებისათვის სოციალური და ინდივიდუალური ქცევის რეკომენდაციები. ასეთებია: ანდაზები, ფრაზეოლოგიზმები, ფრთიანი გამონათქვამები…

პრაგმემათა შორის მიზანშეწონილია განვასხვავოთ ენობრივი პრაგმემები და მეტყველების პრაგმემები. ენობრივი პრაგმემები მყარი პრაგმატიკული ინფორმაციის მატარებელია, რაც შეეხება მეტყველების პრაგმემებს, ისინი პრაგმატიკული პოტენციალის აქტუალიზაციის შედეგად ხდებიან პრაგმატიკული ინფორმაციის მატარებლები.

პრაგმემებთან და ინფორმემებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა ჯგუფის პრაგმალინგვისტიკური ერთეულები – სენსიბილატორები (გამაძლიერებლები) და აქტუალიზატორები.

ენობრივ პრაგმემათა სენსიბილატორები შეიძლება იყოს: ა) ლინგვისტიკური; ბ) პარალინგვისტიკური;  გ) არალინგვისტიკური.

ლინგვისტიკური სენსიბილატორები ძირითადად სხვა ენობრივი პრაგმემებია, მათი გამაძლიერებელი გავლენა მრავალმხრივი შეიძლება იყოს.

პარალინგვისტიკური და არალინგვისტიკური სენსიბილატორებიც მრავალფეროვანია: ხმის ტემბრი, წარმოთქმის სიძლიერე, ჟესტი, მიმიკა, სხეულის მოძრაობა, მოსაუბრის შინაგანი სტატუსი, ავტორიტეტულობა და სხვა.
აქტუალიზატორებიც შეიძლება იყოს აგრეთვე: ლინგვისტიკური, პარალინგვისტიკური და არალინგვისტიკური.
მჭევრმეტყველება შემოქმედებითი პროცესია. ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესოა ენობრივ ერთეულებზე დაკვირვება, ეს შეეხება ენის ყველა დონეს. ინფორმემები, რომლებსაც პოტენციური პრაგმატიკული ფუნქცია აქვთ, მეტყველების პროცესში პრაგმემებად გარდაიქმნებიან. ამგვარი გარდაქმნები მჭევრმეტყველებაში ძალიან მოულოდნელია. პრაგმემათა გავლენის ძალა კი იზრდება მოულოდნელი პრაგმემების გამოყენებით მოცემულ სამეტყველო სიტუაციაში. თუკი მოხდა, რომ ერთხელ მოულოდნელად წარმოქმნილი პრაგმემა ხშირად განმეორდა, თანდათან მოხდება მისი ზეგავლენის ძალის შემცირება და ადაპტაციის წყალობით შეიძლება შაბლონად იქცეს მეტყველებაში. ეს ფაქტი აღნიშნული აქვს მეიეს: „ამის გამოა, რომ მოხმარებიდან გამოსვლის ტენდენციის ნიშანი აზის ისეთ სიტყვებს, რომლებიც აღმატებით ხარისხს გამოხატავენ. ასეთი სიტყვებია: ძალიან, სრულიად, საგანგებოდ… და სხვა. სწორედ იმიტომ, რომ მათი ზეგავლენის ძალა განლეულია”. ეს კარგად იციან სიტყვის ოსტატებმა. მაგალითად, მაიაკოვსკი წერდა: სიტყვა, როგორც კი ჩვევად იქცევა, ძველდება, როგორც კაბა…
ადაპტაციის მოქმედებით შეიძლება აიხსნას მოვლენა, რომელიც ცნობილია „სატიაციის” სახელით. ვერბალური სატიაცია – ნიშნავს სიტყვის მნიშვნელობის სუბიექტური დაკარგვას ხშირი მოხმარების გამო. 
ადაპტაცია, რომელიც პრაგმემათა პრაგმატიკულ ძალას ასუსტებს, ამავე დროს ქმნის სტიმულს, რათა ორატორმა სხვა პრაგმატიკული საშუალებები შექმნას, რაც იწვევს ენის სხვადასხვა დონის  ერთეულების სემანტიკურ ცვლილებებს, რასაც, საბოლოო ჯამში, ენის პრაგმატიკული სისტემის გამდიდრებისკენ მივყავართ. 

გზა ჩემპიონობამდე

0
ყველაზე დიდ და ლეგენდარულ სპორტსმენსაც კი ჰქონია  ბავშვობაში ერთგვარი შიშები. მასაც არ უნდოდა ძიუდოზე და ჭიდაობაზე შესვლა. ასე ამბობდა, ამათ რომ ვუყურებ, არ მინდა ჭიდაობა, ასე მგონია ზევიდან ვინმე თუ დამაწვება, გავიგუდებიო. ახლა თამაშებს რომ ვუყურებ, თავზე ათი კაცი აწევს და სულაც არ ეტყობა, რომ გაგუდვის ეშინია.
ბიჭი რომ წამოიზარდა და მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული აღნაგობა დაჰყვა. მამამ ვარჯიშების დატვირთვა გაზარდა, შვედური კიბე და სხვა სავარჯიშოები მოუწყო და დღეში რამდენჯერმე, ქარსა თუ ყინვაში, ბიჭს ლამის ენერგიის გამოცლამდე ავარჯიშებდა. 
როგორც ყველა ბავშვს, მასაც თვალი გართობაზე ეჭირა და ხშირად არ ესმოდა, რა ინტერესი ჰქონდა მამას მის მიმართ ასე რომ აცლიდა სიქას. მაგრამ ის, რომ ახლა მას ასეთი გაუგონარი ამტანობა აქვს, სწორედ ბავშვობიდან დაწყებული აღზრდის სპარტანული წესის დამსახურებაა.
“რა უნდა მახსოვდეს, თვეების ბავშვი ვიყავი, მაგრამ მოყოლით ვიცი, რომ მამაჩემი დაახლოებით ექვსი თვის ასაკიდან დამიჭერდა და ყველა სახსარს მიწვალებდა, მავარჯიშებდა. მასაჟის გაკეთებას და ვარჯიშს ცოდნაც უნდა და შესაძლოა, მამაჩემმა ყველაფერი კარგად არ იცოდა, მაგრამ ფაქტია, არაფერი დაუზიანებია და იმ ვარჯიშებმა თავისი საქმე გააკეთა”, – იხსენებს.
მერე ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ალბათ ნებისმიერი ბავშვის შემთხვევაში ხდებოდა. ეს ახლაა, რომ პატარები 2-3 წლიდან კომპიუტერს ეჯაჭვებიან და იმის იქით აღარაფერი უნდათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საუკეთესო მეგობრები ერთმანეთს წლების განმავლობაში ვერ ხვდებიან, ან რეალურად სულაც არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ სოციალური ქსელების მეშვეობით ისეთი ნაცნობობა აქვთ განთქმული შოთა რუსთაველის ტარიელსა და ავთანდილსაც რომ შეშურდებოდათ. მაშინ კი, საბჭოთა კავშირის რღვევის შედეგად დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ ქვეყანაში ყველაფერი ეზო იყო.
რამდენმა თამაშმა და გართობის ფორმამ დაკარგა ფუნქცია. ახლანდელი ბავშვებისთვის წარმოუდგენელია ისეთი თამაშები, როგორებიც “ორდროშობანა”, “შვიდი ქვა”, “გრძელი” და “მოკლე ვირი” ან “ლახტი”, “დაჭერობანა” და “გაშეშობანა” იყო. მაგრამ ყველა ეს თამაშობა ფიზიკურ აქტივობას უკავშირდებოდა და პატარები აქტიური ცხოვრების წესით მათდა უნებურად ორგანიზმს იკაჟებდნენ. ამასთან, ეს იყო საწყისი იმ ურთიერთობებისა, რომელსაც შემდგომში “ბავშვობის”, გინდათ “საცვლის მეგობრობას” ვეძახით და ასეთ ფონზე დაწყებული ცხოვრების შემდეგ აღარავის უკვირდა მოზრდილობისას პირადი ურთიერთობების რეალურად დამყარება.
თანატოლებისგან პატარაობიდანვე რომ გამოირჩეოდა აღნაგობით, ბავშვების უმეტესობისგან ხასიათითაც განსხვავდებოდა. თითქმის ყველა ეზოს ერთი პრობლემა ჰქონდა – ძნელი მოსაძებნი იყო ბავშვი, რომელიც კარში ჩადგებოდა და სხვისი დარტყმული ბურთებისთვის ტანის შეშვერას ისურვებდა. ყველას სურდა, რომ წინ ერბინა, ბურთთან რაც შეიძლება მეტი შეხება ჰქონოდა და გოლები გაიტანა, მას კი, კარში დგომა უფრო ხიბლავდა და უფროსებიც მას ყოველთვის დიდი სიამოვნებით ათამაშებდნენ.
ეს არ იყო მსუქანი ბავშვის სიზარმაცე. უბრალოდ, კაცია და გუნება და მასაც ყველაზე მეტად ამ მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება ხიბლავდა. პატარებისთვის თოვლს და წვიმას ხელი რომ არ შეეშალა, მწვრთნელმა გადახურული, მაგრამ სწორი ადგილი მოძებნა. დარბაზში რკინის იატაკი იყო დაგებული, ეს იყო მთავარი გამოცდა. გამოცდა, რომელიც ბრწყინვალედ ჩააბარა! იყო ბევრი ტკივილი და ტრავმა. იყო გულაცრუებამდე მისული ნიჰილიზმიც, მაგრამ ახლა ეს ბიჭი დიდი ჩემპიონია!  ჩემპიონობა მხოლოდ ასე მოდის!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...