კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

წასაკითხი ტექსტების ტიპები

0
თითოეულ  მასწავლებელს  სურს,  რომ მისი გაკვეთილი იყოს მიმზიდველი, საინტერესო და დასამახსოვრებელი. ამიტომ  მუდმივად ცდილობს მოძებნოს ყველაზე ეფექტური, მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაეხმარება. როგორც წესი,  ასეთი “შემოქმედობითობა” ყოველთვის  შედეგიანია. მოცემული საქმიანობის პირობა კი ის სიხარულია, რასაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთად განიცდიან შემოქმედებითი საქმიანობის _ სწავლა/სწავლების დროს. აღნიშნული პროცესი, უპირველესად, ტექსტთან მუშაობას გულისხმობს, რადგან სასწავლო  პროგრამა,  რომელიც საგნის სწავლებისას გვერდს უვლის კითხვას, ვერ ამზადებს ბავშვებს სამომავლოდ. ამ მხრივ სწორედ ის მეთოდებია ყველაზე ხელსაყრელი, რომლებიც ტექსტების უკეთ გაგებაში დაეხმარება მოსწავლეებს და მასწავლებელს მიუთითებს, როგორ ასწავლოს სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი წერა-კითხვა დაბალ და მაღალ კლასებში და როგორი ტიპის ტესქტები უნდა შეარჩიოს საამისოდ.… 

ცნობილია, რომ მეცნიერები  ძირითადად  სამი მიზნით კითხულობენ, რაც ასახავს მათ წარმოდგენას მსოფლიოზე. ეს მიზნებია:   

შექმნან წესრიგი ქაოსიდან;
მიუახლოვდნენ  “რეალურ სამყაროს” მოდელებისა  და ანალოგების შეცვლით, რომლებიც არის აბსტრაქტული და ხშირად  შეუმჩნეველი. ეს მოდელები და ანალოგები ბოლოს იცვლებიან უკეთესი ანალოგებითა და მოდელებით; 
ღრმა და სისტემატური ფიქრით უკუაგდონ ნებისმიერი ეჭვი ნაშრომის სისწორეში.
სამეცნიერო მოღვაწეობა, უპირველესად, გულისხმობს კითხვას და წერას სამეცნიერო კანონების შესასწავლად. ის ამ მიზნით იყენებს ბიოლოგიის, ფიზიკისა და სხვა მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევებსა თუ მეთოდებს. მაგალითად,  “ისტორიის საგნის მომზადება” ძირითადად ნიშნავს კითხვასა და წერას ისტორიის სამეცნიერო კანონების გათვალისწინებით. ეს კანონებია:
  • დამამტკიცებელი საბუთები, ანალიზი, არგუმენტების სტანდარტები, რომელთა საშუალებითაც ისტორიკოსები მხარს უჭერენ ერთმანეთს ახალი აღმოჩენების გაკეთებისას და ადრე მიღებული დასკვნების უარყოფისას. 
შესაბამისად, კონკრეტულ სამეცნიერო დარგზე დაფუძნებულ სხვადასხვა სასწავლო დისციპლინას თავისი სპეციფიკა აქვს. სწავლებისას ეს გათვალისწინებული უნდა იყოს. ამის საფუძველი დაწყებით კლასებშივე უნდა შეიქმნას. სწავლის ამ ეტაპზე მოსწავლეები ნაკლებად მუშაობენ საინფორმაციო ტექსტებზე და უფრო თხრობითი ჟანრის ტექსტებს ეცნობიან, რადგან ეს საფეხური ძირითადად ზეპირმეტყველების განვითარებას ემსახურება. მაგრამ სწავლის ზედა საფეხურზე პირიქითაა – იქ უფრო მეტად საინფორმაციო ტიპის ტექსტებს ხვდებიან. შესაძლებელია, მოთხრობის  ჟანრმა გააადვილოს კიდეც საინფორმაციო ტექსტების შესწავლა, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კითხვისა და გაგების უნარი ახალ ჟანრში ძველის მსგავსი იყოს. ამიტომ, ასეთი ტიპის ტექსტების წაკითხვას დაწყებით საფეხურზევე უფრო მეტად უნდა მიექცეს ყურადღება.

თხრობითი ჟანრი

საინფორმაციო ჟანრი

· მონაწილეობენ მოქმედი პირები,
რომელთა მიბაძვაც მოსწავლეებს შეუძლიათ;

· გვაძლევს ზოგად ინფორმაციას
საგნებისა და მოვლენების მახასიათებლებსა და მათ შორის არსებულ კავშირებზე;

· იყენებს მოვლენათა სიუჟეტურ განვითარებას დროის მიხედვით. გადმოსცემს დასაწყისს, ძირითად ამბავს და დასასრულს მოვლენებისა, რომლებიც დალაგებულია ქრონოლოგიურად, თუ არაა აღნიშნული რეტროსპექციები;

· იყენებს ტექსტის სხვადასხვა მოდელს, ხშირად ერთსა და იმავე ტექსტში: ჩამონათვალს, შედარებას და დაპირისპირებას, კითხვას და პასუხს, მიზეზს და შედეგს, პრობლემასა და მის გადაწყვეტას და ქრონოლოგიურ წყობას;

· დამოუკიდებელია; ხშირად
წიგნში თითოეული მოთხრობის წაკითხვა დამოუკიდებლად შეიძლება;

· ეთანხმება, უარყოფს ან ავითარებს
სხვადასხვა დარგის ტექსტებს;

· აქვს ილუსტრაციები და წარმოსახვითია;

· აქვს ილუსტრაციები, რომლებიც
რეალურია: დიაგრამები, ფიგურები, შინაარსის ვიზუალური მოდელები და ცხრილები;

· აქვს თავების სათაურები
და ციტატები;

· აქვს თავების სათაურები,
ქვეთავების სათაურები, საძიებელი, ლექსიკონი და სარჩევი;

· იყენებს მცირე რაოდენობით
ახალ სიტყვას; სიტყვათა მარაგი სალაპარაკო ენის ლექსიკის მსგავსია;

· იყენებს ბევრ ახალ სიტყვას,
ტექნიკური სიტყვების ჩათვლით, ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, ჩვეულებრივი სიტყვები
ტექნიკურ სფეროში გამოიყენონ;

· იყენებს წარსულ და აწმყო
დროებს;

· იყენებს არსებით სახელებს
და სახელზმნებს;

· აქვს ბუნდოვანი შინაარსი ახალი სიტყვების მნიშვნელობის გამოცნობისას.

· ზუსტად წარმოგვიდგენს ახალ სიტყვებს, ხშირად იყენებს ერთმანეთთან მნიშვნელობით ახლოს მდგომ ტექნიკურ სიტყვებს.

საინფორმაციო (სამეცნიერო)  ტექსტების  შედგენა  სხვადასხვა  მიზნით ხდება და, შესაბამისად, სხვადასხვა მახასიათებლითა და თავისებურებით ხასიათდება: 
  • ტექსტები, რომლებიც ფოკუსირებულია სწავლებასა და სწავლაზე, ფართო აუდიტორიაზე, ტექსტის საფუძვლიან გაგებაზე, სამოქალაქო საქმიანობაზე, ანდა გათვლილია რომელიმე სამეცნიერო საზოგადოების შიგნით კომუნიკაციისთვის;
  • ტექსტები, რომლებიც არგუმენტაციისა და სხვადასხვა კონცეფციის შედარებისთვისაა განსაზღვრული (ასეთი ტექსტები კარგად ჩამოყალიბებული და სტილისტურად გამართულია); 
  • ტექსტები, რომელთაც იყენებენ ლაბორატორიული სამუშაოებისთვის (მათში განსაზღვრულია მიზანი, ძირითადი საკითხი, აღწერილია მასალა, მასალების სია _ ამა თუ იმ დარგზე დამოკიდებული საზომი სისტემის მიხედვით, პროცედურებისა და პრაქტიკული მოქმედების  დეტალები, მათი გრაფიკული აღწერილობა და სხვ.).
მასწავლებლებს,  რომლებიც  სასწავლო პროგრამის  შედგენისთვის და განხორციელებისთვის  სწავლობენ ამ  ფუნქციებს  და მათი  გამოყენების გზებს, შეუძლიათ დაეხმარონ მოსწავლეებს წაკითხულის გაგების უნარის განვითარებაში და, შესაბამისად, აკადემიური საგნების სწავლაში. 
წასაკითხი  ტექსტების  ტიპის შერჩევა მნიშვნელოვანია საგნის წერილობითი მასალის  გაგებისთვისაც. ასეთ დროს გარკვეული მოთხოვნების დაცვაცაა  აუცილებელი, რომლებიც მოსწავლეთა მხრიდან შესაფერის აქტივობას  გულისხმობს. ესენია:
  • ტექსტის წაკითხვა (პარაგრაფების მიხედვით);
  • ლექცია-გაკვეთილების მოსმენა;
  • გაკვეთილის მიმდინარეობისას დიალოგების გამართვა;
  • აუდიოვიზუალურ პრეზენტაციებში მონაწილეობა;
  • გრაფიკული ორგანიზატორების (ვენის დიაგრამა ან ცხრილი) გამოყენება და ა.შ. 
ზოგადად, აკადემიურ დისციპლინებს შორის მასალის წაკითხვის გზები განსხვავებულია:  ერთი  დარგის მასალის კარგი წაკითხვა არ ნიშნავს იმას, რომ შევძლებთ სხვა დარგის წერილობითი მასალის კარგად გაგებას. ამიტომ მოსწავლეთა წარმატებებისთვის საჭიროა სპეციალური დავალებები და პრაქტიკა სპეციალიზებული დისციპლინების შინაარსის გასაგებად და წასაკითხად. ეს გულისხმობს:
I – ტექსტის წაკითხვის მიზნის დადგენას  (სამეცნიერო ლიტერატურის კითხვისას სხვადასხვა მიზნით წაკითხულმა ტექსტმა  შეიძლება სხვადასხვა შედეგი მოიტანოს. მაგალითად, კითხვის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს ავალებენ, შინაარსიდან ამოკრიბონ სხვადასხვა არგუმენტის განვითარების შედეგები. ხოლო თუ ბავშვებს დავავალებთ, რომ წაიკითხონ იმისთვის, რათა ზოგადი წარმოდგენა შეექმნათ წაკითხულზე, მაშინ გაღრმავდება ტექსტის არსის გაგების უნარი).

II _ ტექსტის წაკითხვით მოსწავლეთა შორის განმარტებათა გონებრივი მოდელის განვითარებას. განმარტების გონებრივი მოდელები ავითარებს სასწავლო დისციპლინების ძირითად და საერთო ცნებებს, ეს კი გვეხმარება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორებიცაა: 

·რომელი ექსპერიმენტი ჩავატაროთ?
·როგორი ფორმა მივცეთ მას?
·როგორ შევასრულოთ იგი?
·რა დასკვნების გაკეთებაა შესაძლებელი ექსპერიმენტის მსვლელობისას? 
·იქნება თუ არა შედეგები იმდენად მნიშვნელოვანი და დასაბუთებული, რომ არსებული განმარტებითი მოდელი დამტკიცდეს ან გადასახედი გახდეს?
III _ ტექსტის წაკითხვით ტიპოგრაფიული და ორგანიზაციული მახასიათებლების და ფუნქციების დადგენას, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, ერთმანეთისგან  განასხვავონ  მოცემულობა, მოთხოვნები,  დამამტკიცებელი საბუთები და შემდგომში ყურადღება მიაქციონ მათ სხვადასხვანაირ გამოყენებას არგუმენტირებისას; გაითვალისწინონ და ყურადღება მიაქციონ  სხვადასხვა ტიპის  განმარტებასა და ახსნას, გამოიყენონ, შეადარონ ისინი, რათა საბოლოოდ სასურველ შედეგს მიაღწიონ.
IV _ ტექსტის წაკითხვით  იმის დადგენას, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ სამეცნიერო საგნები, ჩავატაროთ ექსპერიმენტები და გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა პრაქტიკაში; ასევე, როგორ ვიკითხოთ კრიტიკულად, კონსტრუქციულად და შემოქმედებითად. 

გასათვალისწინებელია, რომ   მოსწავლეებს  შეიძლება ვასწავლოთ სხვადასხვა სახის სტრუქტურული ცოდნის გამოყენება, მათ შორის კითხვაც, რათა ამოიცნონ და წარმოადგინონ ძირითადი საკითხები, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ მათ ვერ შეძლონ სათანადოდ გადასცენ, გამოიყენონ ცოდნა. 

მაგალითად, ისტორიკოსის შემთხვევაში, კითხვა არ ნიშნავს კარგ მკითხველობას. ისტორიკოსი ზუსტად იყენებს თავის შესაძლებლობებს ისტორიული ტექსტების კითხვისას, ხოლო სხვადასხვა დარგის ექსპერტები სხვადასხვანაირად კითხულობენ ისტორიულ მასალებს.  ისტორიკოსთა მიერ გამომუშავებული  მეთოდის შესწავლა, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ ისტორიის წყაროები, იმ სწავლების მეთოდის ნაწილია, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ ისტორია კარგად,  რათა  შეგვექმნას აზრი მიმდინარე და ისტორიულ მოვლენებზე. ამიტომ ისტორიის საგნის (ისევე, როგორც სხვა სასწავლო დისციპლინის)  მასწავლებელებმა საგნის მეთოდოლოგია კარგად უნდა აითვისონ.  

და რადგან ისტორია უპირველესად “თხრობას” ნიშნავს,  ამიტომ ისტორიული ჟანრის ტექსტის კითხვის მოთხოვნები სასარგებლოა წაკითხულის გაგების უნარის განვითარებისთვის, გაგებისთვის. ეს კი დაეხმარება მოსწავლეს ისტორიის სწავლაში, ისტორიულ მოვლენებზე, ცნებებსა და თეორიებზე ინფორმაციის მოძიებაში,  ასევე იმ უნარების, ჩვევებისა და გამოცდილების დაგროვებაში, რომლებიც აუცილებელია ისტორიული მასალის გასაგებად და ისტორიული კვლევის ჩასატარებლად, ანუ მოსწავლე შეძლებს ტექსტის წაკითხვას კრიტიკულად, კონსტრუქციულად და შემოქმედებითად.  

V – სპეციალიზებული  დისციპლინების შინაარსის გასაგებად და წასაკითხად  ეფექტურია  “მონაცემების  გააზრებული კითხვა” (მაგალითად, ისტორიის სწავლებაში იგი მოსწავლეებისგან  მოითხოვს,  გააანალიზონ პირველადი წყაროები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში შედგენილია ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის მონაწილეთა მიერ იმავე პერიოდში). 

მონაცემების  გააზრებული  კითხვა  გვხვდება  ეროვნულ გამოცდებზე და არის საკლასო პრაქტიკის ქვაკუთხედი. იმისთვის, რომ მონაცემების გააზრებული კითხვის მოთხოვნებს ადეკვატურად უპასუხოს, მოსწავლემ უნდა წეროს და იკითხოს საგნის პეციალისტის (მაგ., ისტორიკოსის) მსგავსად, გამოიყენოს ამ დარგში არსებული ცოდნა და წერა-კითხვის სპეციალიზებული  ტექნიკა ისე,  რომ ტექსტის სტრუქტურის მიზეზშედეგობრივი და შემთხვევითი ორგანიზებისას  არგუმენტებმა დამამტკიცებელ საბუთებზე წარმოქმნილ პრეტენზიებს უპასუხოს  (მაგ., ისტორიული პერიოდის შესახებ ისტორიულად დასაბუთებული აზრი გადმოიცეს). 
VI – ასევე  მნიშვნელოვანია  ტექსტის  წაკითხვით შინაარსის საერთო გაგება.  იგი გულისხმობს   კლასში სხვადასხვა შინაარსის, ძირითადად სამი ტიპის  წერილობითი მასალის  გაცნობას:

პირველ  ტიპს  განეკუთვნება  მეორეული  წყაროები, რომლებიც შედგენილია დარგის სპეციალისტების მიერ (მაგალითად, გამოქვეყნებული სტატიები, მონახაზები, არაფორმალური  წერილები, ლექციები, წიგნის ველზე გაკეთებული მინაწერები, სხვადასხვა თემაზე შედგენილი პროფესიული წიგნები) და ამ მასალის  საფუძველზე  იმ დარგის  შესახებ  ინფორმაციის მიღება, რომელსაც იგი განეკუთვნება. ამ მეორეული წყაროების წაკითხვისას მასწავლებელი, ერთგვარად, ხმამაღლა ფიქრობს, რათა აშკარა გახადოს მტკიცებები და შეავსოს ტექსტის დაუსრულებელი ნაწილები, შეაფასოს ავტორის ახსნა-განმარტებები და დასკვნები.

მეორე ტიპი  არის პირველადი წყაროები,  რომლებიც ამა თუ იმ მოვლენის მონაწილეთა მიერ შეიქმნა. ესენი არიან სოციალური მეცნიერებისა და სამეცნიერო ექსპერიმენტების მონაწილეები და ბუნების დამკვირვებლები. მასწავლებლებმა ბევრი უნდა ესაუბრონ მოსწავლეებს ამ წყაროების ენაზე, რათა მათ წყაროების სრულყოფილად გაგება შეძლონ. 
პირველადი წყარო ხშირად დაწერილია მისი შედგენის დროისთვის, ადგილისა  და შემდგენლის სოციალური  სტატუსისთვის  დამახასიათებელი ენით. ზოგჯერ  პირველადი წყაროების სიტყვებსა და ფრაზებს არა მარტო სპეციალური მნიშვნელობა აქვთ, არამედ მათთვის სპეციალური სემანტიკაც არსებობს  (მაგალითად, “უდანაშაულო” შეიძლება არ ნიშნავდეს “უდანაშაულოს”, ეს დამოკიდებულია სასამართლო სისტემის სპეციფიკურობასა და მის მოქმედებაზე და სხვ.). ზოგიერთი პირველადი წყარო კი მოსწავლეებს საერთოდ პირველად ხვდებათ ცალკეულ ჟანრში: მაგალითად, ფორმალური ესე, წერილები, დაბადების, გარდაცვალებისა და საკუთრების მოწმობები, პირადი წერილები, დღიურები, პირობების ცხრილი და დიაგრამა, დაკვირვების ბოლო შედეგები და სხვ.  მოსწავლეები ასეთი ტექსტის და სიტყვების ახსნისთვის და  გაგებისთვის    უნდა მოვამზადოთ. მათ უნდა ვასწავლოთ, რომ ზოგადად ენას აქვს გარკვეული ბუნება და მახასიათებლები და რომ მათი შესწავლა აუცილებელია. 

მესამე სახის  წერილობითი მასალა არის სახელმძღვანელო. მოსწავლე უნდა შეეცადოს “ისწავლოს სახელმძღვანელო”, და არა _ მარტო მისი შინაარსი.  სახელმძღვანელო კარნახობს მას გზებს, როგორ იპოვოს პასუხები კითხვებზე ტექსტის თავიდან ბოლომდე წაკითხვისა და წაკითხულის სრულყოფილად გაგების გარეშე. 
დღესდღეობით ბევრი მასწავლებელი ასწავლის სამეცნიერო  სფეროსთვის დამახასიათებელ წაკითხვას მხოლოდ ერთი, ძირითადი კითხვის მეთოდით. მაგრამ  ფაქტია, რომ  წასაკითხი ტექსტის ტიპები სასწავლო დისციპლინისთვის დამახსიათებელ მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს და ასეთი ტექსტების შედგენაზე წერა-კითხვის სწავლების სპეციალისტებთან ერთად შესაბამისი დარგების სპეციალისტებიც უნდა მუშაობდნენ (ბიოლოგები, ლიტერატურის თეორეტიკოსები და სხვ.). ამით მასწავლებელთა ცოდნაც ამაღლდება და კითხვა და მისი სწორად გამოყენება დიდი წვლილს შეიტანს მოსწავლეთა მიღწევებში, მათ მიერ საგნობრივი დისციპლინების შესწავლაში და ცოდნისა და აზროვნების მაღალი დონეების დაუფლებაში

ტაუტომერია

0

რაც იყო, რაც არის და რაც მომავალში იქნება – ყველაფერი კანონზომიერია. შემთხვევითობა არ არსებობს. დაბადება და სიკვდილი, შენება და ნგრევა, მშვიდობა და ომი, ბედნიერება და ტკივილი, ცივილიზაციათა აღმოცენება-აღზევება თუ მათი დაქცევა-გადაშენება კანონზომიერია – თითოეული მათგანი რაღაც კანონს ემორჩილება. მთელი ჩვენი კვლევა-ძიება თუ რელიგიები ამ კანონზომიერებების ჩაწვდომისათვის არის მომართული. მრავალსაუკუნოვანი დაუღალავი წვალების შედეგად  რამდენიმეს მივაგენით კიდეც და საქვეყნოდ დასანახად დიდი ზარ-ზეიმით სცენაზე გამოვფინეთ,  მაგრამ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ იდუმალების ფარდის უკან ღრმა ტალანებშია მიმოფანტული…

კანონებს ჩვენ არ ვქმნით. ეს კანონები სამყაროს გაჩენამდე შეიქმნა და თვით სამყარო ამ კანონებით შექმნეს. ნიუტონმა, ფარადეიმ, ლავუაზიემ თავის დროზე სწორედ ამ ბნელ ტალანებში ხეტიალისას იპოვეს „თავიანთი” კანონები, ისტორიის მტვერი ჩამოაცილეს, დავარცხნ-გაასუფთავეს და საზეიმოდ გამოდგეს სცენის განათებულ ნაწილში ჩვენს დასანახად… მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი მოვლენაა ჩვენს გარშემო, რომელსაც ვერც ერთი ჩვენთვის ცნობილი კანონით ვერ ვხსნით და ჩვენი დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობის დასაოკებლად  „დაუწერელი” კანონის მცნება შემოვიღეთ…

ქიმიაში ბუტლეროვისა და სხვათა  დანატოვარი კანონების თანახმად, ორგანულ ნაერთის მოლეკულის აგებისას რამდენიმე მარტივი წესით (კანონით) თუ ვისარგებლებთ, სტრუქტურის დაწერა ბურთების ერთმანეთთან ჩხირებით შეერთების თამაშად შეიძლება იქცეს – ამოცანად, რომლის თავის გართმევას საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვიც შეძლებს. თუმცა შეცდომის  თავიდან ასაცილებლად რამდენიმე დაუწერელი (უფრო სწორად, ჯერ ვერ დაწერილი) კანონიც უნდა გავითვალისწინოთ.

ნახშირბად ატომებს შეუძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ჯაჭვში ჩართონ ორი ან მეტი ვალენტობის ელემენტები, გარე „ორბიტაზე” კი წყალბად ატომები გაცვალონ ნებისმიერ ელემენტზე ნებისმიერი რაოდენებით  (თეორიულად მაინც). ავიღოთ მაგალითად რამდენიმე ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადის ატომი. მათი ერთანეთთან შეერთებისას უზენაესი კანონია ვალენტობა:  ნახშირბად ატომი ყოველთვის ოთხ ელემენტს უნდა უკავშირდებოდეს, ჟანგბადი-ორს, ხოლო წყალბადი – ერთს:

მაგრამ არ შეიძლება დავწეროთ (ავაგოთ) ისეთი სტრუქტურა, რომელშიც ჰიდროქსილის ჯგუფი და ორმაგი ბმა ერთიდაიგივე ნახშირბად ატომთან იქნება ჩანაცვლებული:

 

ასეთი ნაერთი მაშინვე უნდა გადაჯგუფდეს – გარდაიქმნას სხვა ნივთიერებაში:

ვინ ან რა კრძალავს ამ ორი ფუნქციური ჯგუფის ერთად ყოფნას, ჯერ-ჯერობით ნათლად ბოლომდე ვერ ჩავწვდით, თუმცა მოვლენას კი მივანიჭეთ სახელი ტაუტომერია. სწორედ ამ აკრძალვის შედეგია ალკინებზე წყლის მოქმედებით  სპირტები რომ არ მიიღებიან არასოდეს…

ვერ აგიხსენით ტაუტომერიის არსი მთლად გასაგებად? მას სამოქალაქო საზოგადოებაში ინტერესთა კონფლიქტი ეწოდება…
PS. ეს ჩემი ბოლო ბლოგია. მინდა დაგემშვიდობოთ და დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან მე ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან… თითოეული თქვენი კომენტარი, თითოეული გაზიარებული თუ არ გაზიარებული ბლოგი იყო ის კომპასი, რომელიც ჩემი პროფესიული განვითარების ორიენტირს წარმოადგენდა…

წლის ბოლოს ერთად გავიცინებთ

0
„განყოფანი სიცილთანი ესე არს: ღ ი მ ი ლ ი არს სიცილი სიმშვიდით, უჴმო, ბაგეთა ოდენ შეეტყობოდეს; ს ი ც ი ლ ი არს მცირედ ჴმიანი და მდაბალი; კ ა შ კ ა შ ი არს სიცილი მაღალი და მოჴდომილი; კ ა ს კ ა ს ი არს სიცილი მაღალი და წვლილი; რ ა ხ რ ა ხ ი არს სიცილი მაღალი და უშვერი; თ ქ ა რ თ ქ ა რ ი არს სიცილი მრავალთაგან შეჴმობილი; ღ ი ნ ც ი ლ ი არს სიცილი მიწყივ უწესო; ხოლო ფ რ უ ს ტ უ ნ ი, ვის არა ენებოს სიცილის გამოჩინება და ერთს საცინელს საქმეზედ წარსცინოს და მალიად დაიდუმოს”. 
„იცინეთ, იცინეთ, წლის ბოლოს მე გავიცინებ!” – მასწავლებლის ეს დაპირება-მუქარა ნაცნობია ჩემი მშობლების და ჩემი თაობისთვის. დღესაც კი შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყნის N სკოლის N კლასში მავანი მასწავლებელი ასე პასუხობდეს ონავარი მოსწავლეების მხიარულ გუნება-განწყობილებას. არ არის იოლი საქმე სიცილი აუკრძალო ბავშვებს, მით უმეტეს, დეკემბრის ბოლოს, როცა „სხვაგან ქრის” მათი გონება, შინ მორთული ან მოსართავი ნაძვის ხე ელოდებათ, ჯიბეში „ასაფეთქებლები” უწყვიათ და თოვლის ბაბუასთან წერილიც გაგზავნილი აქვთ. ძვირფასო მასწავლებლებო, სიტუაციის განსამუხტად და კლასში დისციპლინის დასამყარებლად სცადეთ გაიცინოთ მათთან ერთად. რა თქმა უნდა თქვენც მართალი ხართ, როცა ფიქრობთ, რომ „სასაცილოდ გვცალია ახლა?!” ჟურნალების შევსება, სემესტრული ნიშნების გამოყვანა, დახასიათებების დაწერა, სილაბუსები, გეგმები, სქემები, საოჯახო საქმეები… როგორც დედაჩემი (26 წელია ქიმიას ასწავლის) ამბობს: „მასწავლებელი ფიგაროა, „ფიგარო – იქ, ფიგარო – აქ”, რადგან  საკლასო ოთახში ის არის მასწავლებელიც, ფსიქოლოგიც, თარჯიმანიც, ჟესტების ენის ექსპერტიც. სიცილი კი დადებითია და თვითონ მასაც ეხმარება სტრესისგან თავის დაღწევაში. 

ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერებების პროფესორი რობერტ პროვაინი  სიცილის გადამდებობის შესახებ ამბობს, რომ ჩვენ ვიცინით უფრო ნაკლებად მაშინ, როცა ვართ მარტო და 30-ჯერ მეტად, როცა გვახლავს სხვა ადამიან(ებ)ი. მისი აზრით, სიცილი უმეტეს შემთხვევაში არ არის პასუხი ხუმრობაზე და მისი თავდაპირველი მიზანი სხვა ადამიანებში დადებითი განცდის გამოწვევა იყო. როცა ერთი ადამიანი იცინის, შეიძლება გარშემომყოფებმაც მიბაძონ და საბოლოოდ, მთელი ჯგუფი გამხიარულდეს და განიტვირთოს. ამრიგად,  სიცილი ხელს უწყობს ჯგუფში დაძაბულობის განმუხტვას და ერთიანობის განცდის ჩამოყალიბებას. 

თუ მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში დოზირებულად იყენებს იუმორს, იზრდება იმის ალბათობა, რომ მოსწავლეებს ის მოეწონებათ, რაც ხელს შეუწყობს მას, უმტკივნეულოდ მართოს მათი ქცევები. საჭირო დროს ნათქვამი ხუმრობა კლასში დადებით განწყობას ქმნის, მასწავლებელთან ერთად სიცილის დროს მოსწავლეები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ და უფრო მეტად მოტივირებულნი არიან.

 

„იუმორი გამოყენებულ უნდა იქნას კლასში”, – გვიზიარებს გამოცდილებას პამელა მეტვეი, ამერიკელი მასწავლებელი, რომელიც მე-6 კლასს საზოგადოებრივ სწავლებებს ასწავლის, – „ხუმრობა, სიცილი, ცეკვა, სიმღერა. მე ამ ყველაფერს ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ყველა მასწავლებელმა უნდა გააკეთოს. ეს ეხმარება ბავშვებს, გაკვეთილზე ყურადღებით ყოფნასა  და ხანდახან იდეის დამახსოვრებაშიც კი. ამიტომ დადექით მაგიდაზე და იცეკვეთ, როცა აძლევთ ინსტრუქციებს, ლაპარაკობთ ინგლისური აქცენტით ან წაიმღერეთ პასუხები საშინაო დავალებაში მიცემულ კითხვებზე. 

შავი იუმორი, ცინიზმი, ირონია  – ეს იუმორის ისეთი სახეებია, რომელიც მასწავლებელს კლასში არ გამოადგება, რადგან ამან შეიძლება მოსწავლეებთან კონფლიქტი გამოიწვიოს. მან იუმორის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე რჩევა: 

ხუმრობა უნდა იყოს ეთიკური და არ უნდა დასცინოს მოსწავლეს, რათა ის არ ჩავარდეს უხერხულ სიტუაციაში.

არ არის მიზანშეწონილი ხუმრობა იმაზე, რასაც მოსწავლე ვერ შეცვლის, მაგალითად მის გვარზე, ფიზიკურ შესაძლებლობებზე, სხეულის უჩვეულო პროპორციებზე, მეტყველების დარღვევებზე. აგრეთვე, არ შეიძლება დაცინვა სიყვარულზე. ეს ყველაფერი ტკივილს აყენებს მოსწავლეს. 

დაუშვებელია უწმაწური ხუმრობა, რადგან ეს მეტყველებს მასწავლებლის დაბალ კულტურაზე.

როგორც სხვა სიტუაციებში, აქაც ცუდ ტონად ითვლება საკუთარ ხუმრობაზე პირველად გაცინება, რადგან ეს იმთავითვე მიუთითებს დადებით დამოკიდებულებას საკუთარი ხუმრობისადმი და შეიძლება მოსწავლეების მხრიდან უკუშედეგი გამოიწვიოს. 

არ შეიძლება დაცინვა მოუხერხებლობაზე. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის თვითშეფასებაზე და/ან გამოიწვიოს კონფლიქტი მასწავლებელთან. 

მასწავლებელი ყოველთვის მზად უნდა იყოს პასუხი გასცეს მწარე სიტყვებს, პირველმა აღიაროს საკუთარი წარუმატებლობა.

ძვირფასო მასწავლებლებო, წლის ბოლოა, სემესტრის დასასრული, ჰოდა, უკანა მერხზე სიცილის ხმას რომ გაიგებთ, გულწრფელი ღიმილით (იქედნურს – მიხვდებიან და აღარ გაგიღიმებენ) უთხარით: „ერთად გავიცინოთ, რომ მომავალი წელი იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ვგეგმავთ და წარმოგვიდგენია”.

მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს დაესწარით!

ბიძია ჯო

0
ჩემი დღევანდელი ამბავი ერთი ფოტოთი მინდა დავიწყო. ოდნავ ქვემოთ თუ ჩაიხედავთ, საკმაოდ ძველ სურათს დაინახავთ, რომელზეც ერთი ახალგაზრდა მომღერალია გამოსახული, გრძელი თმითა და არასტანდარტული ფორმის წვერით. ტანზე ჭრელი მაისური და ზოლიანი შარვალი აცვია.

სურათი 1969 წლის 17 აგვისტოს, ვუდსტოკის ფესტივალზეა გადაღებული. დიახ, სწორედ იმ ფესტივალზე, რომელიც უკვე ლეგენდადაა ქცეული, რომელზე მოხვედრაც ალბათ მუსიკალურ ბედნიერებათა შორის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნებოდა და რომელზეც აუცილებლად უფრო მეტს დავწერ მომავალში. “მშვიდობისა და მუსიკის სამი დღე” – ეს იყო სლოგანი ფესტივალისა, რომელმაც ძალიან ბევრი ამერიკელის (და არა მხოლოდ ამერიკელის) ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, ფოტოზე გამოსახული ადამიანი ამ დროს მხოლოდ 25 წლისაა. სულ ახლახან გახდა პოპულარული – “ბითლზის” ძალიან მაგარი სიმღერა “დააქავერა”. ოდნავ მოგვიანებით მის სახელს მთელი მსოფლიო გაიგებს – ვუდსტოკის ფესტივალი მისი კარიერის ნამდვილ ტრამპლინად იქცევა. 

2007 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა, თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში. მაშინ მის კონცერტს ვერ დავესწარი, თუმცა იმედი მქონდა, მომავალში მაინც მოვახერხებდი მის ცოცხლად მოსმენას. 2014 წლის 22 დეკემბერს მივხვდი, რომ სამწუხაროდ, ეს სურვილი სამუდამოდ აუსრულებელი დამრჩებოდა.

 
დარწმუნებული ვარ, ასაკის მიუხედავად, ბევრმა თქვენგანმა ფოტოს დანახვისთანავე იცნო ეს ახალგაზრდა. თუ ვერ იცანით, მარტივად გეტყვით – მისი სახელი ასეთია: ჯონ რობერტ ‘‘ჯო’’ კოკერი.

წარმოშობით ინგლისიდან იყო, შეფილდიდან. ძირითადად ბლუზს, როკსა და სოულს მღეროდა. 1969 წლის 17 აგვისტოს ის სწორედ იმ სცენაზე იდგა, რომელზეც ჯიმი ჰედნრიქსი, ჯენის ჯოპლინი, რავი შანკარი, ჯგუფი „The Who” და კიდევ არაერთი ლეგენდა გამოსულა. სპეციფიკური მოძრაობები და ძალიან ძლიერი ვოკალი ჰქონდა, რომელსაც ჩახლეჩილი ხმა თავისებურ ეფექტს მატებდა. ამ ყველაფრის ერთიანობამ მისი გამოსვლა ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო და დასამახსოვრებელ შოუდ აქცია ვუდსტოკის ფესტივალზე.

როგორც აღვნიშნეთ, კოკერის პირველი წარმატება “ბითლზის” ტრეკს, „With a Little Help from My Friends”-ს უკავშირდება. 1968-ში მან სწორედ ამ სიმღერის საკუთარი ვერსია ჩაწერა და ბრიტანულ როკსივრცეში საუკეთესო კომპოზიციის წოდებაც მიიღო. 1 წლის შემდეგ სწორედ ეს ტრეკი შეასრულა ვუდსტოკის ფესტივალზეც:

1970-ში საკმაოდ ხანგრძლივი ტური გამართა შტატებში – 48 ქალაქში დაუკრა თავის ახალ ბენდთან, „Mad Dogs and Englishmen”-თან ერთად. სწორედ ამ ტურით დაიპყრო მთელი ამერიკა, შემდეგ წლებში კი – მთელი მსოფლიო. 1961-დან 2014 წლამდე 22 სტუდიური ალბომი გამოუშვა და ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი ღირებული კომპოზიცია შექმნა. მისი ტრეკები ადამიანური სევდით, სიყვარულითა და თავისუფლებითაა სავსე, რაც ბრიტანელ მუსიკოსებს ყოველთვის ახასიათებდათ. სწორედ ამ თვისებების გამო თანაქალაქელებმა კოკერს „შეფილდის სულის გამოძახილი” – „The Sheffield Soul Shouter” – შეარქვეს.

ჯო კოკერი იმ თაობის სიმბოლო იყო, რომელმაც ვუდსტოკის მუხტი დღემდე მოიტანა. ბოლო წლებში მისი მუსიკა შეიძლება აღარ ჰგავდა 60-იანების როკენროლს, უფრო სოულისა და ბლუზის შედარებით „დამჯდარ”, თუმცა მაინც ძალიან მკვეთრ და რიტმულ მელოდიებს გვთავაზობდა. მის თვალებში ყოველთვის იგრძნობოდა, რომ ბიძია ჯო სხვა განზომილებიდან, სხვა სტიქიიდან გახლდათ.

22 დეკემბრის საღამოს გავიგე, რომ 70 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ვიგრძენი, რომ ნელ-ნელა მსოფლიო მუსიკის ისტორიის კიდევ ერთი ძალიან დიდი და ძალიან მაგარი ეტაპი სრულდებოდა – დედამიწას ცნობილი ვუდსტოკელები ხელიდან ეცლებოდნენ… გული ძალიან დამწყდა. 

აი ასეთი იყო ჯო კოკერი – ადამიანი, რომლის გამოც 2014 წელი იმაზე უფრო სევდიანად დასრულდება, ვიდრე მეგონა…
მშვიდობით, ბიძია ჯო! შენი მუსიკა კიდევ კარგა ხანს იცოცხლებს…

მულტიკულტურული განათლების ორიენტირები და ტექნოლოგია „OPEN SPACE“

0
სწავლის მნიშვნელობაზე საუბრისას ძნელია უპირატესი ასპექტის გამოყოფა, მაგრამ შესაძლებელია მსჯელობა ადამიანის ფორმირებისთვის საჭირო მახასიათებლებზე. მათ შესახებ საზოგადოებაში უამრავი მოსაზრება არსებობს, რომელთაგან გამოკვეთილია ერთი, სახელდობრ, ის, რომ „შესაძლოა, მოსწავლე არ იყოს დიდად განსწავლული, მაგრამ აუცილებლად უნდა ისწავლოს დამოუკიდებელობა, თავისი ქცევის, ქმედებების გაანალიზება, სრულყოფილებისკენ სვლა, საზოგადოებაში თავისი თავის რეალიზების გზების მოძიება”. ამიტომ სწავლების პროცესის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ მხარეებისა და მიდგომების აღმოჩენაა, რომლებიც მოსწავლეს ამის საშუალებას მისცემს, მულტიკულტურული განათლება და მისი შესაფერისი ინტერაქციული მეთოდების გამოყენება კი ამ მიზნის მიღწევის ეფექტური საშუალებაა.

მულტიკულტურული განათლება ემსახურება სწავლებას სხვადასხვა კულტურის შესახებ, რათა მიღწეულ იქნეს მიმღებლობა ან, სულ მცირე, ტოლერანტობა განსხვავებული კულტურის მიმართ; იგი გულისხმობს ფაქტობრივი სიტუაციის გადმოცემას, აღწერას, მრავალი კულტურული ჯგუფისაგან შემდგარი საზოგადოების რეალური სურათის ასახვას. აქედან გამომდინარე, სხვა კულტურების გაგებისა და მათთან ეფექტიანი ურთიერთობის სწავლა ნებისმიერი საზოგადოების საგანმანათლებლო მიზნების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. განათლების პოლიტიკისთვის ასეთი დატვირთვის მიცემა არ არის გასაკვირი, რადგან მხოლოდ ცოდნა ვერ განუვითარებს მოსწავლეებს ჰუმანური და დემოკრატიული ცვლილებებისადმი ემოციურ, მზრუნველ პასუხისმგებლობას. ცოდნასთან ერთად მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ღირებულებები, დამოკიდებულებები და უნარები, რომლებიც აუცილებელია, რათა სხვების პერსპექტივები გავიგოთ და უფრო დიდი მიზნებისკენ გადავდგათ ნაბიჯები. რაც შეეხება ინტერაქციას – ინტერაქციული მეთოდიკით სწავლა/სწავლება აქტიური და სასიამოვნო პროცესია მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც და მულტიკულტურული განათლების შედეგებზე საუბრისას ის აუცილებლად გაგვახსენდება, როგორც ამ მხრივ ყველაზე მოხერხებული მიდგმა. 

საზოგადოდ, ინტერაქციული სწავლების მიზანი არ არის ტრადიციული მეთოდებისთვის კონკურენციის გაწევა; მისი მიზანი სწავლების ყველა ფორმის გაერთიანებაა. ინტერაქციული ტექნოლოგიის (ანუ ურთიერთქმედებით სწავლის) გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების გააქტიურებას, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო ანალიზის უნარისა და არგუმენტირების ხერხების სრულყოფას; დიალოგის, კომუნიკაციის განვითარებას, რადგან თანამშრომლობითი სწავლისას ემოციური კონტაქტები „აიძულებს” მოსწავლეს, მოუსმინოს გვერდით მყოფს. ინტერაქციული მეთოდიკა მულტიკულტურული განათლების ფარგლებში სწორედ იმის საშუალებას იძლევა, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ არა მარტო ცოდნა და თანაგრძნობა სხვა კულტურისადმი, არამედ შეძლონ კიდეც რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება ნებისმიერ სიტუაციაში აზროვნების, მოქმედებისა და ურთიერთობის ყველაზე მისაღები მოდელების შესამუშავებლად. 

აღნიშნული სწავლება წინასწარ უნდა დაგეგმოს მასწავლებელმა, ხოლო როდესაც გადაწყდება, რომ სწავლების გარკვეულ ეტაპზე მას სჭირდება მისი გამოყენება, აუცილებელად უნდა მოაგვაროს სხვა საორგანიზაციო საკითხებიც:
I ეტაპზე
  • ინტერაქციული მეთოდებიდან შეარჩიოს რომელიმე ერთი, ყველაზე მოხერხებული მეთოდი; 
  • ამოარჩიოს მიზნის შესაფერისი ეფექტური სახელმძღვანელო;
  • გამოკვეთოს დავალებებისა და სავარჯიშოების ტიპები; 
  • მოიფიქროს/წარმოიდგინოს მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები.

II ეტაპზე 

  • შეისწავლოს მოსწავლეთა ცოდნის ხარისხი და მოსწრების დინამიკა; 
  • გადახედოს საგნობრივ რეიტინგს და შეაფასოს გაწეული საქმიანობა. 
მოსწავლეთა მულტიკულტურული განათლების ფარგლებში და ნებისმიერი სახის ინტერაქციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის ეფექტური საშუალებაა „ღია სივრცის” (Open Space) მეთოდი (მეთოდის ავტორია ჰარისონ ოუენი, ხოლო საერთაშორისო აბრევიატურაა OsonOS). ამ ტიპის მიდგომა უნიკალურია იმით, რომ მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გააერთიანონ თავიანთი თეორიული, პრაქტიკული, სასწავლო, კულტურული მიზნები და გადაწყვიტონ პრობლემების დიდი რაოდენობა, თვითონ შეარჩიონ სტრატეგია, ჯგუფები და თვითონვე წარმართონ თავიანთი სამუშაო გრაფიკიც. ტექნოლოგია გამოიყენება ახალი საგანმანათლებლო პროდუქტების, სასწავლო პროგრამების შექმნისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, ინტეგრირებული კვლევებისთვის. სამუშაო განწყობილების შესაქმნელად ხშირად აღნიშნული შეხვედრები coffee break-ის თანხლებით იმართება. 
მე „ვხსნი სივრცეს”, – აცხადებს მოდერატორი, რითაც გააცხადებს პროცესის არსს, შემდეგ კი წარადგენს თემას: 

  • „ჩვენი განხილვის თემააა… მომდევნო… ხნის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავებთ ჩვენს საუკეთესო იდეებსა და შესაძლებლობებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად.
  • ჩვენ გვაქვს „ახალი ამბების დაფა”, რომელზეც წარმოდგენილია ჩვენი სამუშაოს გეგმა. როდესაც განსაზღვრავთ ძირითად პრობლემას, დაასათაურეთ ის და დაწერეთ ფურცელზე.
  • ყველა, ვისაც სურს პრობლემის ღიად მოგვარება, გამოდის მრგვალი მაგიდის ცენტრში და გამოაცხადებს მას ხმამაღლა, შემდეგ კი ფურცელს მიამაგრებს დაფაზე.
  • მონაწილეები შექმნიან სიას, ჩამოწერენ პრობლემებს განსახილველად და განაწილდებიან სადისკუსიო ჯგუფებად. ჯგუფები მუშაობენ პარალელურ რეჟიმში. 
  • თითოეული მათგანი ჩამოწერს ძირითად თეზისებს და მიამაგრებს დაფაზე, რათა ყველას შეეძლოს, მუშაობის დროს გაეცნოს მეორე ჯგუფის სამუშაო ვერსიას.
  • პატარა ჯგუფებში მუშაობის შემდეგ მოხდება კონვერგენცია – გაერთიანება თემების მიხედვით უფრო მსხვილ ჯგუფებად ყველაზე საინტერესო თემების ირგვლივ და გაგრძელდება დისკუსია.
  • სამუშაო დრო არ არის რეგლამენტირებული”.
მუშაობის დასრულებისას გამოცდილებისა და შთაბეჭდილების გაზიარებისთვის ჯგუფები სხდებიან მრგვალ მაგიდასთან, განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს და შეაჯერებენ მოსაზრებებს. ჯგუფების თვითორგანიზება მაღალია, თითოეულს წარმოდგენილი და გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა და პატივისცემა ჯგუფისა და მთელი ღონისძიების მიმართ. 

ტექნოლოგია იძლევა თვითორგანიზების საშუალებას, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია „ორი ფეხის კანონი”, რომელიც გამოხატავს ძირითად იდეას და მზადყოფნას მის დასაცავად. პრაქტიკულად კანონი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, იმოძრაონ ჯგუფებს შორის. თუ მონაწილემ ერთ ჯგუფში ვერ მიიღო თავისთვის საინტერესო ინფორმაცია და არც თვითონ მოაქვს სარგებლობა ამ ჯგუფისთვის, შეუძლია გადავიდეს მეორეში, ანუ გამოიყენოს თავისი „ორი ფეხი” იქ მოსახვედრად, სადაც მას დაეხმარებიან და სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს. 
ღია სივრცის პრინციპებია:

  • ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს სწორედ ის არის, ვინც საჭიროა;
  • რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ერთადერთია, რაც უნდა მომხდარიყო;
  • როცა გინდა რამე დაიწყო, ეს საამისოდ სწორედ რომ შესაფერისი დროა;
  • როცა ყველაფერი დამთავრდება, სწორედ მაშინ დგება დასასრული.
პრინციპების სივრცის წარმოსახვისთვის განვიხილოთ მაგალითი:

„რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ერთადერთია, რაც უნდა მომხდარიყო” – ეს პრინციპი ზრდის შესაძლებლობათა სივრცეს, რადგან შესაძლებელს ხდის „წაგებასაც” და „მოგებასაც”, „წარმატებასაც” და „წარუმატებლობასაც”, ამავე დროს ის გაფრთხილებაცაა, რომ მოვლენები ისე განვითარდება, რის საშუალებასაც მას ადამიანები მისცემენ.
„ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს სწორედ ის არის, ვინც საჭიროა” – როდესაც ჩვენ „ვხსნით სივრცეს”, არასოდეს ვიცით, ვინ მოვა და ვინ რა როლს შეასრულებს, მაგრამ შეგვიძლია გვქონდეს გარანტია, რომ ჯგუფი, როდესაც ის „ღია სივრცეში” შედის, აუცილებლად მივა საჭირო შედეგამდე.

ღია სივრცის (Open Space) ტექნოლოგიის გამოყენება მიზანშეწონილია განმაზოგადებელ გაკვეთილებზე, სემინარებსა და ცალკეულ გაკვეთილებზეც (განსაკუთრებით – ცოდნის კორექციისთვის). ეს არ არის გასაკვირი, რადგან ყველა მასწავლებლის მიზანია, დააინტერესოს მოსწავლე თავისი საგნით, გაუღვივოს მისი დაუფლების სურვილი. თუ მასწავლებელი ხელსაყრელ მეთოდებს შეარჩევს საგნით დაინტერესებისთვის, შესაძლოა, მოსწავლეს ამის სურვილი მართლაც გაუჩნდეს.
სამკუთხედი „მასწავლებელი-ტექნოლოგია-მოსწავლე” სწორედ ამის თვალსაჩინო დასტურია: მასწავლებელი უნდა გახდეს არა მარტო პედაგოგი, არამედ მეთოდოლოგიც და ტექნოლოგიც, ხოლო მოსწავლე – ამ პროცესების აქტიური მონაწილე. სწავლის ტრადიციული ფორმების დროს მასწავლებელი ასრულებს ერთგვარი „ფილტრის” როლს, რომელიც „გაატარებს” ინფორმაციას თავის მიღმა, მაგრამ ინტერაქციული სწავლებისას ის „დამხმარის” როლშია, რომელიც უბრალოდ „ააქტიურებს” მოსწავლისკენ მიმართულ ინფორმაციულ ნაკადს. ამიტომ, როდესაც გაკვეთილებზე რომელიმე მიმართულება, პრობლემა გამოიკვეთება, შემდეგში მის ირგვლივ გაიმართება ღია სივრცის შეხვედრა. თითოეული მოსწავლე იმ პრობლემას წამოსწევს წინ, იმას დაუჭერს მხარს, რომელიც მისთვის ყველაზე მეტადაა საინტერესო და მნიშვნელოვანი და, საზოგადოდაც, იმუშავებენ მოცემული ტექნოლოგიის ჩარჩოთი.

განვიხილოთ, როგორ შეიძლება ღია სივრცის მეთოდის გამოყენება, მაგალითად, ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე და განვიხილოთ თემა „დღესასწაულები და ტრადიციები” – როგორ აღინიშნებოდა და აღინიშნება ხალხური ტრადიციები და დღესასწაულები (აქ უნდა ითქვას, რომ მულტიკულტურული განათლების ერთ-ერთი სახეა კონტრიბუციული მიდგომა, რომელსაც გმირებისა და დღესასწაულების შესახებ მიდგომასაც უწოდებენ. ეს მიდგომა სასწავლო გეგმაში მულტიკულტურული განათლების ინტეგრაციის საწყისი დონეა, რომელიც ჩვენს რეალობაში საკმაოდ ხშირად გვხვდება. მარტივად, ზედმეტი სირთულისა და ცვლილებების გარეშე, სასწავლო გეგმაში ჩართულია უმცირესობათა დღესასწაულების, მათი გმირების ისტორიები. ამით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, განსხვავებული კულტურის შესახებ მიიღონ ინფორმაცია, მაგრამ ეს ხდება ფრაგმენტულად, სასწავლო გეგმაში თანამიმდევრული და გააზრებული ცვლილების გარეშე. არც მანამდე და არც ამ საკითხების გავლის შემდეგ პროგრამაში არაფერი იცვლება. სიმარტივის გამო ამ მიდგომას ხშირად მიმართავენ. იქმნება ზედაპირული შთაბეჭდილება, რომ მრავალფეროვნება ასახულია, მაგრამ ხელშეუხებელი რჩება მულტიკულტურული განათლების მრავალი საკითხი და პრობლემა (ნ. კაპანაძე, მულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლება).

ღია სივრცის (open space) ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, დავძლიოთ ეს ხარვეზი და შევავსოთ იგი თავად მოსწავლეთა ჩართულობით, მათი იდეების გენერაციით და ახლის აღმოჩენის სურვილით, ძიებით და ურთიერთთანამშრომლობით.

აღნიშნული თემის – „დღესასწაულები და ტრადიციები” – ფარგლებში მოსწავლეებს შევთავაზებთ შემდეგ საკითხებს: დღესასწაულის ისტორია, ზეიმის ტრადიცია და სიმბოლიკა და სხვა. მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ და დაწერონ მათთვის ცნობილი ინფორმაცია მოცემულ თემატიკაზე და შეავსონ თავიანთი მარაგი ახალი ცოდნით. 
ამავე დროს, ნებისმიერი არჩეული საკითხისაგან (ანუ კონკრეტული სათაურისგან) დამოუკიდებლად მოსწავლეები მიიღებენ შემდეგ დავალებასაც:

I ჯგუფი – შობის დღესასწაულის აღსანიშნავად თქვენ მართავთ ბანკეტს. ამ დღესთან დაკავშირებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაცია. როგორ აღნიშნავდნენ ამ დღეს წინათ? კიდევ როგორ შეიძლება აღინიშნოს ეს დღე?

II ჯგუფი – მოცემულ ინფორმაციაში იპოვეთ და შეავსეთ გამოტოვებული ადგილები შესაბამისი სიტყვის მოძიებით. საამისოდ გამოიყენეთ თქვენ მიერ მოპოვებული ახალი ინფორმაციაც და ისიც, რაც უკვე იცოდით. რომელ სიტყვას დაამატებდით?

III ჯგუფი – ჩასვით ახალი სიტყვა და განმარტეთ იგი. რას აღნიშნავს ეს სიტყვა? გილოცავთ, თქვენ უკვე იცით ახალი სიტყვა ცნება „შობის დღესასწაულის” გარშემო!
ღია სივრცის (Open Space) მეთოდით შესაძლებელია გაკვეთილის ჩატარებაც. მით უფრო მიზანშეწონილია ის ისეთი გაკვეთილების ჩასატარებლად, რომლებიც გარე სამყაროს აღქმაში შეგვიწყობს ხელს და მოქალაქეობრივი ღირებულებების შეძენაში დაგვეხმარება. მაგალითად, ფიზიკის სწავლების მაგალითზე განვიხილოთ შემდეგი საკითხი: 

გაკვეთილის თემა: თვალი. მხედველობის დეფექტები

გაკვეთილის სამუშაო სათაური: სამყარო აღიქმება თვალით და არა თვალის გამოყენების საშუალებით (უ. ბლეიკი)
გაკვეთილის სამუშაო ვერსია: ადამიანისა და გარე სამყაროს კავშირი უპირველესად მხედველობის გზით მყარდება
გაკვეთილი სასწავლო ამოცანა: ვიზუალური აღქმის გამოკვლევა ზოგიერთი ოპტიკური ილუზიის მაგალითზე და ცხოველთა სამყაროში არსებული თავისებურებები 

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის განზოგადება და სისტემატიზაცია თვალის როგორც ოპტიკური სისტემის შესახებ 

უნარ-ჩვევების განმავითარებელი ამოცანა: მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობის წახალისება, ინფორმაციის მოძიებისთვის საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ზრუნვა და მცდელობა სამყაროს ჰარმონიის შენარჩუნებისთვის

შედეგი: ფიზიკისა და კონკრეტული თემის შესწავლით ფორმირდება მოსწავლის გლობალური აზროვნება, შემეცნებითი უნარები და მოსაწავლეები სამყაროს აღიქვამენ ერთიანობაში, როგორც მთლიან და განუყოფელ სისტემას. 

ინტერაქციული სწავლებისას სწავლის თანამედროვე მეთოდებთან შედარებით ყველაზე აქტიურია მოსწავლე, მასწავლებელი კი მისი აქტიურობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. ამ დროს მოსწავლეთა გამოცდილება ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორიც მასწავლებლისა, ხოლო მულტიკულტურული გარემოს შექმნისთვის ყველა ამგვარი ორიენტირი აუცილებელია.

მულტიკულტურული განათლება და ინტერაქციული სწავლის ტექნოლოგია, ეფუძნება რა სიტუაციურ მოდელირებას და მოსწავლეთა ორგანიზების ჯგუფურ (დიდი და პატარა ჯგუფი, წყვილი) ფორმას და მიმართულია კომუნიკაციური დავალებების ერთობლივი გადაწყვეტისკენ, სწავლების ყველა ეტაპზე წამყვანი ტექნოლოგიაა. ამ ტექნოლოგიის სწორი და დროული გამოყენებისას მაღლდება დადებითი მოტივაცია, შემოქმედებითი აქტიურობა, იზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე, ინფორმირებულობა და სწავლა/სწავლება სახალისო და სასიამოვნო პროცესად გადაიქცევა. ღია სივრცის (open space) ტექნოლოგია კი ამის ყველაზე თვალსაჩინო დასტურია, რადგან ღონისძიების დასრულების შემდეგაც გრძელდება „ღია საზოგადოება” მონაწილეთა მთავარ ღირებულებებში აქტუალური საკითხის განხილვისას ჩამოყალიბებული პოზიციის არსებობით, ტოლერანტობით, მოქალაქეობითა და ყოველდღიური ცხოვრებით.

დიდი ბაბუის სამადლობელი

0
ჩემი დიდი ბაბუა, ბებიაჩემის მამა ექვთიმე ქევანაშვილი, ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე გარდაიცვალა. ექვთიმე რამდენიმე შემორჩენილი ფოტოთი მახსოვს. ფოტოებში ის პირქუშია და მკაცრი, იმდენად მკაცრი, რომ მის მიმართ თავიდან ერთადერთი გრძნობა მქონდა – მეშინოდა. 

ერთ აღდგომას, როცა უკვე მიმატება-გამოკლება შემეძლო, ექვთიმესა და მისი ცოლის კატო ბაქრაძის საფლავების თარიღები გულმოდგინედ შევისწავლე. აღმოვაჩინე, რომ კატო ექვთიმეზე თითქმის 30 წლით უმცროსი იყო. ძალიან გამიკვირდა. გამიკვირდა ისიც, რომ ექვთიმემ ორმოც წელს გადაცილებულმა შეირთო ცოლი. გაოცება დედაჩემს გავუზიარე. დედაჩემმა ამიხსნა, რომ ექვთიმე დურგალი იყო, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, ბევრი ძმა ჰყავდა და ამიტომ ძალიან დიდხანს და ბევრი იშრომა საკუთარი სახლის ასაშენებლად. მხოლოდ ამის შემდეგ მოიყვანა ცოლი – ოჯახის შექმნისთვის, ალბათ, უკვე საკმაოდ ხანში შესულმა.

მერე ექვთიმეს მიმართ შიში გამიქრა, მაგრამ ვერ შევიყვარე. ერთხელ ბებიაჩემი მომიყვა, როგორ ამოუთხარა და გადაუყარა მამამ ეზოში დარგული ყვავილები. ექვთიმეს აზრით, ყვავილების ადგილი თურმე სასაფლაოზე იყო. მერე, როცა გათხოვდა, ბებიაჩემმა საკუთარი ბაღი გააშენა. ის ბაღი ჩემი ბავშვობის ბაღიც იყო. პალმაც კი გვედგა პალმისთვის სრულიად შეუსაბამო კლიმატურ პირობებში. პალმა არ იზრდებოდა, მაგრამ ბებიაჩემი აცოცხლებდა. მახსოვს, რა გულმოდგინედ ფუთავდა ზამთრობით, რომ არ გაყინულიყო. ის ბაღიც და ის პალმაც მიწისძვრის დროს დანგრეულმა სახლმა შეიწირა. როცა ბებიაჩემს იმ ბაღში ვხედავდი, წარმოვიდგენდი, როგორ უთხრის მამამისი ყვავილებს და ბებიაჩემი, პატარა გოგო, როგორ ტირის. ბებია ძალიან მიყვარდა. მამამისი – არა.

გვიან, მრავალი წლის შემდეგ, მივხვდი, რომ ექვთიმე ყველაზე უკეთესი კაცი იყო მთელ მსოფლიოში. ერთხელ რომელიღაც ძველ საბუთზე ხელმოწერის მაგივრად ჯვარი ვნახე. წინათ ასე ხელს ის აწერდა, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა. ახლა ვერაფრით ვიხსენებ, ვისი ხელმოწერა იყო ის ჯვარი და, სამწუხაროდ, აღარც არავინაა ცოცხალი, მითხრას, იცოდა თუ არა ექვთიმემ წერა-კითხვა. შეიძლება არც იცოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი სხვა რამაა: ჩემმა დიდმა ბაბუამ იცოდა ყველაზე მნიშვნელოვანი – განათლების ფასი.

ექვთიმეს ორი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავდა. ექვთიმემ, ვისი ქონებაც არაერთხელ შეეწირა კოლექტივიზაციას, ექვთიმემ, რომელმაც მთელი ცხოვრება დურგლობაში გაატარა, ექვთიმემ, რომელიც რაჭის დამეწყრილ სოფელში ცხოვრობდა – სამივე შვილს უმაღლესი განათლება მისცა. ბებიაჩემი და მისი და-ძმა ყველაზე მძიმე პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს იყვნენ სტუდენტები. ექვთიმეს, რაც მთავარია, განათლებისთვის არ განუსხვავებია ბიჭი და გოგო. არ განუსხვავებია არც ქონების გაყოფისას. მამასისხლად ნაყიდი ვენახი (ასე ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე) ბებიაჩემს დაუტოვა და არა მის ძმას.

ბებიაჩემი და მისი და მასწავლებლები იყვნენ. 19-20 წლის გოგოებმა დაიწყეს სკოლაში მუშაობა და იქ დარჩნენ თითქმის სიკვიდილამდე.

ბებიაჩემი, ელენე ქევანაშვილი, ნახევარ საუკუნეზე მეტი, 53 წელი იყო ბიოლოგიის მასწავლებელი ამბროლაურის პირველ საშუალო სკოლაში. ბებიაჩემის დამ, თამარმა, თბილისის 30-ე სკოლაში, დაწყებით კლასებში, ალბათ, ათასობით ბავშვს ასწავლა წერა-კითხვა.

ახლა, როცა უკვე დიდი გოგო ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი დიდი ბაბუა. ალბათ, ბებიაჩემსაც ძალიან უყვარდა მამამისი. ალბათ, იმ გადაყრილ ყვავილებზე გული კი დასწყდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კარგად იცოდა – მამის წყალობით ყველაზე დიდი გულისწყვეტა აიცილა თავიდან. მისი თაობის ათასობით, ათიათასობით გოგოს დიდი გულისწყვეტა. იმ გოგოებისა, რომლებსაც ძალიან უნდოდათ უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ არ გამოუვიდათ და არ გამოუვიდათ უბრალო მიზეზის გამო – მამებმა ხელი არ შეუწყვეს.

მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი დიდი ბაბუის და, აბა, ამასთან ამოთხრილი ყვავილები რაღა მოსატანია.

მიფრინავენ წეროები…

0

ცხელა… სუნთქვა ჭირს… თუმცა ავტობუსში კონდიციონერი მუშაობს და თავს შედარებით უკეთ ვგრძნობ. ფანჯარასთან ვარ მოკალათებული და ვცდილობ, გარემოს თვალიერებით გავირთო თავი. გარშემო ზუზუნია. ყველა თავის ენაზე საუბრობს – სომხურად, ბერძნულად, რუმინულად, თურქულად, მოლდავურად… მხოლოდ ქართული ლაპარაკი არ ისმის – მარტო ვარ და ვის რა უთხრა. თუმცა ინგლისური ყველას გვაერთიანებს და სომეხი მასპინძელიც სიმწრის ღიმილით გვიცხადებს მიკროფონში, თქვენ კი არ შეშინდეთ, მაგრამ ბოლო ერთი საათი სულ სხვა მხარეს გვივლია და ახლა ერთი ამდენი უკან დასაბრუნებლად გვჭირდება, რომ საჭირო გადასახვევთან მოვხვდეთო. ავტობუსში სიცილი ისმის, ვერ გეტყვით ოღონდ, მხიარული თუ ნერვული.

 

ჩვენ პარაკარის ჭაობისკენ მივდივართ. რა გვინდა ამ სიცხეში ჭაობში? კარგი შეკითხვაა. პასუხი მარტივია – ჭაობი უნდა ვნახოთ იქ მზარდი მცენარეებითურთ. იქვე სპეციალისტები გველოდებიან და ყველაფერს აგვიხსნიან – რა ტიპის ნიადაგია, რა ტიპის დაბინძურებისგან წმენდს წყალს ამგვარი ჭაობი… მოკლედ, უინტერესო სულაც არ არის. მით უმეტეს, მთელ ამ ერთ ავტობუს ხალხს სწორედ ჭაობისადმი მიძღვნილი პროექტი გვაერთიანებს და ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი საზრუნავ-საწუხარიც ეს არის.

ეს რაღაა?! წეროებიიი… აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე?! ასე ახლოს ასე ბევრი არასდროს მინახავს, თორემ კახეთში შორიდან ერთი-ორისთვის თვალი როგორ არ მომიკრავს. ამბობენ, კარგის ნიშანიაო, ანუ ბოლოს და ბოლოს ჭაობის გზას ვიპოვით. დინჯად სხედან, გარემოს ზვერავენ, აი, იმ ბუდეში პატარაც უზით.

თურქი კოლეგა, სახელად ბურაკი, გვერდით მიჯდება. მეორე დღეა, ჩემთვის ქართული სიტყვების გამოძალვას ცდილობს. გამოთქმა ეძნელება და მერე მთელი დღე ბუტბუტით დადის, – ეტყობა, იმეორებს.

– წეროებს ათვალიერებ?

– დიახ.

-რა ჰქვი წეროს ქართულად?

– წერო. წე-რო… ოღონდ ეს მხოლობითია. როცა ბევრია – წე-რო-ები.

– რა რთული ენა გაქვთ, – უკმაყოფილოა თურქი კოლეგა.

მე კი, მისი შემხედვარე, სახუმარო განწყობაზე ვდგები და ვთავაზობ:

– გინდა ლექსი გასწავლო? წეროებზე…

და მის თანხმობას არ ველოდები, ისე ვუმარცვლავ:

„მიფრინავენ, მიფრინავენ წეროები შორს,

აღარ დაბრუნდებიანო, უვრცელებენ ჭორს…”

– მოიცა, მოიცა, ლათინური ასოებით დამიწერე.

ვუწერ და ბურაკიც უკან გადადის – დავალება აქვს სასწავლი.

არა, მაინც როგორ ცხელა… ვითომ გლობალური დათბობის ბრალია? და რა არის ეს გლობალური დათბობა?

მეცნიერთა კვლევის თანახმად, 1860 წლიდან დღემდე ტემპერატურა იცვლება – იმატებს. მათივე აზრით, დათბობა ე.წ. სათბურის ეფექტის დამსახურებაა, რომლის მიზეზიც უმთავრესად ატმოსფეროში სათბურის გაზების დაგროვება გახლავთ.

ამ საკითხის შესახებ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. ერთი მათგანია სათბურის ეფექტი. ამ ეფექტის შესახებ მოსაზრება პირველად ფრანგმა ქიმიკოსმა ფურიემ გამოთქვა 1827 წელს. ატმოსფეროში არის მოლეკულები, რომლებიც ინფრაწითელ გამოსხივებას შთანთქავს. მზის სითბური გამოსხივების მთავარი მშთანთქმელი ატმოსფეროში ორთქლისა და ღრუბლების სახით არსებული წყალია, თუმცა აქ თავიანთ სიტყვას ორგანული ნაერთები და გაზებიც ამბობენ. სათბურის გაზების ატმოსფეროში დაგროვება წარმოქმნის ე.წ. ბუმბულის საფარს, რომელიც მზის სხივებს ატარებს, სითბოს კი – არა. მზის სითბო უკან, კოსმოსში, ვეღარ ბრუნდება.

დედამიწაზე სათბურის ეფექტის გავლენა შეიძლება ავტომანქანის მაგალითზე განვიხილოთ. ავტომობილი მზეზე დგომისას ხურდება (სალონში ფანჯრებიდან აღწევს სინათლე), სალონი ცხელდება. სინათლის ენერგია სითბურ ენერგიად გარდაიქმნება. სინათლისგან განსხვავებით, სითბური ენერგიის დიდი ნაწილი სალონში კავდება, რადგან ავტომობილის მინა მას უკანვე აღარ ატარებს. შედეგად სალონში ტემპერატურა იზრდება.

მომწამლავი სათბურის გაზები ხელს უშლიან სივრცეში სითბოს გაფანტვას. ამის შედეგად გაზებისა და წყლის ორთქლის ფენები სქელდება, რაც გლობალურ დათბობას იწვევს.

სათბურის გაზი ბევრია, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთ მათგანზე დავწერ. რატომ გამოვარჩიე? ჭაობის გაზსაც უწოდებენ და იმიტომ, მე კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უცხოელ კოლეგებთან ერთად უკვე მთელი წელია ჭაობზე ვფიქრობ.

ეს მეთანი გახლავთ. ჰაერზე ორჯერ მსუბუქია და ჭაობის გაზს იმიტომ უწოდებენ, რომ ჰაერის მიწოდების გარეშე, მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმების დაშლის შედეგად წარმოიქმნება, ამიტომ ჭაობებიდან, ტბებიდან, გუბურებიდან გამოიყოფა. გვხვდება ქვანახშირის მაღაროებშიც. მას ნახშირორჟანგთან შედარებით 25-ჯერ მეტად შეუძლია ინფრაწითელი რადიაციის შთქნთქმა. ატმოსფეროში ის სამი გზით შეიძლება მოხვდეს: ბუნებრივით, ანთროპოგენურით, კვაზიბუნებრივით. ბუნებრივ პირობებში მეთანი ანაერობული მიკროორგანიზმების მეთანოგენების საშუალებით წარმოიქმნება. მათ სუბსტრატს ძმარმჟავა, მეთანოლი, მეთილამინი, მეთილმერკაპტანი და CO2+H2 ნარევი წარმოადგენს. ყველა ეს ნაერთი სხვა ანაერობული მიკროორგანიზმების ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნება, რომლებიც, თავის მხრივ, მკვდარ ორგანიზმებს შლიან. მოკლედ, მეთანის წარმოქმნა შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ:

CH3COOH=CH4+CO2

CH3OH+H2=CH4+H2O

CH3SH+H2=CH4+H2S

CO2+4H2=CH4+2H2O

წარმოქმნილი მეთანის ნაწილს აერობული მეთანდამჟანგავი ბაქტერიები, მეთანოტროფები, შთანთქავენ.

მეთანის წარმოქმნის ანთროპოგენური წყარო, გასაგებია, რომ ადამიანის საქმიანობაა. რასაც ადამიანი არ იზამს… თან სულ ვერ ხვდება, რომ იმ ტოტს ჭრის, რომელზეც მყუდროდ (თავად ასე ჰგონია) მოკალათებულა.

გადაუმუშავებელი ყოფითი ნარჩენები, მეცხოველეობის ნარჩენები, სამრეწველო ნარჩენები – ეს ყველაფერი მეთანის წარმოქმნის წყაროა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ჩამდინარე წყლებსაც აბინძურებს, რომლებიც, თუ ასე დაბინძურებული ზედაპირულ წყლებში მოხვდა, ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. ჰოდა, ზემოთ რომ ვწერდი, ერთი ავტობუსი ხალხი მეორე წელია ჭაობზე ვფიქრობთ-მეთქი, ხელოვნური ჭაობი სწორედ ამ ტიპის დაბინძურებული წყლების ბუნებრივი და იაფი გამწმენდი საშუალებაა, ოღონდ საქართველოში, მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, მას ჯერ არ იყენებენ.

მეთანის ანთროპოგენური ემისია ხშირად საწვავის (ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის) მოპოვებასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, თან ახლავს წიაღისეული საწვავისა და ბიომასის წვის პროცესებს. ეს უკანასკნელი ტყის ხანძრებს გულისხმობს, რომლებიც ბოლო ხანს ასე საეჭვოდ მრავლად იყო ჩვენს ქვეყანაში, უმეტესად კი ჩვენივე, ადამიანების დაუდევრობის გამო ჩნდებოდა. ენის წვერზე მიტრიალებს, იქნებ განზრახ აჩენდნენ-მეთქი, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ თუ შენი ქვეყანა და შთამომავლობა გიყვარს, ასეთი რამის ჩადენა შეგიძლია.

ანთროპოგენური ემისიით მეთანი გარემოში გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვიდანაც ხვდება, თუმცა ამ დროს გარემოში პარაფინური ნახშირწყალბადების C1-C8 მთელი თაიგული გამოდის.

ახლა მეთანის ემისიის კვაზიბუნებრივ, ანუ ბუნებრივთან მკვეთრად მიახლოებულ გზასაც მივხედოთ. ის უმთავრესად სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული. მისი წარმოქმნა ამ შემთხვევაშიც ნიადაგში მიკროორგანიზმების – მეთანოგენების საქმიანობას უკავშირდება. სხვათა შორის, ეს მიკროორგანიზმები განსაკუთრებით აქტიურები მარცვლოვანთა ნათესებში ყოფილან, მათ შორის კი მეთანის გამოყოფის მხრივ თურმე პირველი ადგილი უჭირავს ბრინჯის ყანებს.

ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ნათელი გახდება, რომ ატმოსფეროში მეთანის გამოყოფა 70%-ით ადამიანის საქმიანობას უკავშირდება და სწორედ ჰომო საპიენსის გონიერებაზეა დამოკიდებული, რამდენად დააბინძურებს თავისივე საცხოვრებელ გარემოს.

აქვე ერთი მინიშნებაც მინდა მოგცეთ: რაც მე აქ „სათბურის ერთ-ერთ გაზზე” დავწერე, ქიმიის მნიშვნელოვანი დარგის – ეკოლოგიური ქიმიის საქმეა. ასე რომ, თუ მასწავლებლები გაკვეთილზე ორგანული ქიმიის კვალდაკვალ მცირე ინფორმაციას ეკოლოგიური ქიმიიდანაც მიაწვდიან ბავშვებს, იქნებ ბოლოს და ბოლოს ქიმიის მცოდნე თუ არა, გარემოს დამფასებელი მომავლის ადამიანები გავზარდოთ.

უკვე საღამოა და სასიამოვნო სიგრილე იგრძნობა. სასტუმროს წინ ავტობუსიდან ჩამოვდივარ და ვფიქრობ, ამდენი ხნის მგზავრობის შემდეგ, თანაც ასეთ სასიამოვნო სიგრილეში, ფეხით ხომ არ გამევლო-მეთქი. თურქი კოლეგა კვლავ ჩემკენ მოდის:

– შენი დაწერილი ლექსი კი ვისწავლე, მაგრამ რას ნიშნავს?

კარგ დროს მეკითხება – ჯერ ისწავლა და შინაარსი ახლაღა აინტერესებს. ვუხსნი.

– წეროებს ჭორს უყრიან? რატომ?..

ისე გულწრფელად უკვირს, რომ კვლავ სახუმარო განწყობაზე მაყენებს:

– შური ბურაკ, შური. ფეხები კისრიდან ეწყებათ და შურთ…

უკან ბავშვობაში

0

დაახლოებით  50 წელიწადზე მეტია, რაც ამერიკელი ბავშვები  მსოფლიოში სანტას მიმოფრენას ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობის (NORAD) მეშვეობით ახერხებენ.

დიახ, 50 წელზე მეტია ჩვენგან შორს, დიდები და პატარები ერთად იჯერებენ ჯადოსნური ბაბუის არსებობას, რომელსაც ჩვენი სურვილების ასრულება შეუძლია. სანტების მოგზაურობას ვებგვერდის – https://www.noradsanta.org/ –  საშუალებით  ჩვენც შეგვიძლია ვადევნოთ თვალი.

ბოლო თვეებია, ჩემი სახლის ფანჯრიდან ვაკვირდები მშენებარე კორპუსს,

სადაც ადრე დილიდან გვიან ღამემდე დასვენების დღეების გარეშე მუშაობენ ადამიანები იმისათვის, რომ მომდევნო წლის ბოლოს ორი მრავალსართულიანი კორპუსი იყოს მზად. რამდენიმე კვირის წინ, ერთ სრულიად ჩვეულებრივ დილას,  მშენებლობიდან კაცი ჩამოვარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, დაიღუპა. ადამიანი, რომელიც იძულებული იყო საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად მინიმალური ანაზღაურების ფასად, ყინვასა და სიცხეში ზეგანაკვეთურად და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ემუშავა, ისე გაქრა, ვითომ არც ყოფილა. რამდენიმე საათში სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა, მომავალი წლის ბოლოს ახალ სახლებში ბედნიერი ან მეტ-ნაკლებად ბედნიერი ოჯახები შესახლდებიან და სულაც არ ეცოდინებათ, რომ მათი სახლის მშენებლობისას დაღლილი და დაუცველი ადამიანი დაიღუპა. სხვებმა კი, ასეთივე დაღლილებმა და დაუცველებმა, ვერც კი იგლოვეს მეგობარი, ვერც ამ პირობებში მუშაობაზე თქვეს უარი და ასე, ხმაამოუღებლად გააგრძელეს მძიმე ბლოკების ერთმანეთზე დადება, მეტალების შედუღაბება, გადარჩენისთვის ბრძოლა. მათი თეთრი კედლები და ხისფერი იატაკი, მათი მბზინავი აბაზანის კედლები და მაღალი ჭერი სხვების სისხლისა და ოფლის შედეგია. ასეთ ამბებზე ბედნიერი ან მეტ-ნაკლებად ბედნიერი ტიპები როგორც წესი არ  ვფიქრობთ ხოლმე.
იმავე დილას, ტაქსის მძღოლმა მითხრა, კარგია ქმარი მუშაობის უფლებას რომ გაძლევს, ყველას კი არ ესმის ამდენიო.  არ დამეზარა და მონდომებით ავუხსენი, რომ ჩვენი ქვეყანა იმიტომ არის ასეთი ღარიბი, ადამიანები იმიტომ კვდებიან კატორღულ სამუშაო პირობებში, ბავშვები იმიტომ ვერ ხვდებიან, რატომ ნიშნავს კარგად სწავლა მათ უკეთეს მომავალს, რომ კაცები ეგრე აბუჩად იგდებენ ქალების უნარებს,  მათ შესაძლებლობებს, არ აძლევენ დამოუკიდებლად და ბედნიერად ცხოვრების საშუალებას. ვუთხარი, რომ სულელია ყველა კაცი, რომელსაც სახლში გამოკეტილი ქალის არსებობა აბედნიერებს, თითქმის შეუძლებელია ასეთმა ქალმა სილაღე და საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნოს, თავისთვის ან გარშემომყოფებისთვის  რაიმე სასარგებლო გააკეთოს. ასეთ დროს მგონია ხოლმე, რომ არანაირი აზრი არ აქვს ჩვენს დაუმთავრებელ საუბრებს მაღალ მატერიებზე.

ცოტა ხნის წინ ერთ სკოლაში მქონდა შეხვედრა. დირექტორთან ერთად განვიხილავდი ამ კონკრეტული სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ვმსჯელობდით იმაზე, მიღწევადია თუ არა ბავშვმა რეპეტიტორის გარეშე, მხოლოდ სკოლის კედლებში მიიღოს სათანადო განათლება, რა აკრძალვებია საჭირო იმისათვის, რომ კონტროლი ხელიდან არ გაგექცეს და რა თემებზე უნდა შეეძლოს მასწავლებელს ღიად მსჯელობა, ბავშვების ნდობა რომ მოიპოვოს. მიუხედავად იმისა, რომ რაც  ჟურნალის მასწავლებლისთვის ვწერ, ხშირად ვფიქრობ ამ თემებზე, იქ, იმ კონკრეტული სკოლის კედლებში მივხვდი, რომ სკოლის კედლებს გარეთ მსჯელობისას შემუშავებული ტაქტიკები როგორც წესი კონკრეტულ ბავშვებთან მიმართებაში აზრს კარგავს. საერთოდაც, მომეჩვენა, რომ სკოლის კედლებში, სადაც მთავარი გმირები ბავშვები არიან, დიდები ცოტა სასაცილოდ გამოვიყურებოდით.

ასეთივე უსუსურობის განცდა დამეუფლა წინა კვირაში, როცა ლექციის წაკითხვისას რამდენიმე სტუდენტმა მობილური ტელეფონი ამოიღო და სოციალურ ქსელებში გამექცა. ვერ მივხვდი, რა უნდა მეთქვა ზრდასრული ადამიანებისთვის, რომლებმაც წესით იციან, რისი სწავლაც უნდათ და ისიც, რომ მობილური დივაისების გამოყენება ლექციაზე რეკომენდებული არ არის. ამიტომ ისე გავაგრძელე ლექციის კითხვა, ვითომც არ მიჯავრია რამდენიმე ადამიანის ყურადღება რომ შევინარჩუნე.

ახალი წლის წინა პერიოდში, როცა ადამიანები დღესასწაულისთვის ემზადებიან, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს იმის ფუფუნება ერთმანეთს მხოლოდ სასიამოვნო და სახალისო ამბები მოვუყვეთ და ვერც სანტას მოგზაურობას ვუყურებთ. ჩვენ ძალიან მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე ვდგავართ, ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ უკეთ ცხოვრება შევძლოთ.

ბევრი ისეთი კითხვა არსებობს, რომელზე პასუხიც მოსაძებნი გვაქვს, არადა, წელიწადის ამ დროს მგონია, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად უნდებათ უკან, ბავშვობაში დაბრუნება, მშვიდ გარემოში ახლობელ ადამიანებთან განმარტოება, გეგმების რეალურობის  დაჯერება და უკეთესი მომავლის იმედის ქონა. ახალი წლის წინა პერიოდი ალბათ სწორედ ის დრო უნდა იყოს, როცა შეიძლება საკუთარ თავს უკან, ბავშვობაში დაბრუნების საშუალება მივცეთ და იქიდან შევხედოთ ზრდასრულების ყოველდღიურ სევდა-საზრუნავებს. იქნებ რაღაც კითხვებზე მაინც მივიღოთ სწორი პასუხი.

ნანა სუმბაძე – თაობები და ღირებულებები

0

ცოტა ხნის წინ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ნანა სუმბაძემ დაასრულა ღირებულებებთან დაკავშირებული გამოკვლევა “თაობები და ღირებულებები”, რომლის დასკვნაშიც ნათქვამია, რომ დღევანდელ ახალგაზრდა თაობაში ღირებულებათა ცვლა შეინიშნება. რით გამოიხატება ეს ცვლილება და, საზოგადოდ, რით განსხვავდება ახალი თაობა წინამორბედებისგან, ამის შესახებ mastsavlebeli.ge-ს კითხვებს კვლევის ავტორი თავად უპასუხებს.

– ქალბატონო ნანა, რით არის მნიშვნელოვანი და რას აძლევს ქვეყანას ღირებულებებთან დაკავშირებული კვლევები?

– ღირებულებებს განმარტავენ როგორც სასურველ, ღრმად გამჯდარ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავს მომავალ ქმედებებს და ამართლებს წარსულს. სხვადასხვა თაობის ღირებულებათა კვლევა თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს ცოდნას ამა თუ იმ საზოგადოებაში, ამა თუ იმ ისტორიულ კონტექსტში თაობების მამოძრავებელი ძალის, თაობებს შორის არსებული მსგავსებისა და განსხვავების შესახებ, მაგრამ იგი, ამასთან ერთად, იძლევა საზოგადოების განვითარების შესაძლო ტრაექტორიის, კერძოდ საქართველოსთვის კი მისი დემოკრატიული განვითარების განჭვრეტის შესაძლებლობას.
ინდივიდის ღირებულებები მეტწილად დროით, კულტურითა და პიროვნული მახასიათებლებით არის განსაზღვრული. სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური გარემოს მკვეთრი შეცვლა, ჩვეულებრივ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოებაში არსებულ ღირებულებებს და დასაბამს აძლევს მათ ცვლილებას. ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა მკვეთრად შეცვალა როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური გარემო. შეუძლებელია, ყოველივე ამას მოსახლეობაში ღირებულებების ცვლა არ გამოეწვია და თუ ასეა, ეს ცვლილება უფრო გამოკვეთილი ახალგაზრდებში უნდა იყოს – თაობაში, რომელიც განსხვავებულ პირობებში გაიზარდა.

– სახელდობრ, რომელ ფაქტორებს შეიძლებოდა გამოეწვია საქართველოში ღირებულებების ცვლა?

– ერთი ფორმაცია, კომუნიზმი, შეიცვალა მეორით -კაპიტალიზმით, რუსეთზე ქვეყნის საგარეო ორიენტაცია დასავლეთზე ორიენტაციამ შეცვალა, საბჭოთა კავშირის რღვევით გამოწვეულმა საწარმოების დახურვამ ბევრს უკიდურესი სიღარიბე მოუტანა, ახალმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა კი მოსახლეობის მცირე ნაწილი ძალზე გაამდიდრა, შედეგად არნახულად გაიზარდა უფსკრული ღარიბებსა და მდიდრებს შორის. კიდევ ერთი ფაქტორია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სწრაფი ზრდა. ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ გაარღვია ეროვნული საზღვრები და ხელი შეუწყო ნაკლებად ტრადიციული ღირებულებების დამკვიდრებას.

– რა იყო კვლევა “თაობები და ღირებელებების” მიზანი და რა შედეგი მიიღეთ საბოლოოდ?

– გამოკვლევის მთავარი მიზანი იყო თაობათა ღირებულებებს შორის განსხვავების დადგენა და მიღებული მონაცემების საფუძველზე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ძირითად გამოწვევათა იდენტიფიცირება. შედეგები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს თაობათა შორის არსებულ განსხვავებაზე. გამოკითხვამ მოგვცა სამი თაობის (შვილები, მშობლები და ბებია-პაპა) ადამიანებში არსებულ ღირებულებათა აღწერისა და მათი ერთმანეთთან შედარების საშუალება. როგორც კვლევისას გამოჩნდა, ეკონომიკის ნგრევის საწყის პერიოდში უფროს თაობას უფრო მეტად გაუჭირდებოდა ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობასთან მორგება და, შესაბამისად, მათი ღირებულებები ნაკლებად შეიცვალა.

ღირებულებების თვალსაზრისით, თაობებს შორის განსხვავება ინდივიდუალიზმი-კოლექტივიზმის შეპირისპირებისას უფრო მკაფიოა, ვიდრე მატერიალიზმის ან პოსტმატერიალიზმის შემთხვევაში. კვლევის შედეგები მოწმობს, რომ კოლექტივისტურ ორიენტაციას ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები უფროსებზე ნაკლებად იზიარებენ, ისინი ინდივიდუალიზმისკენ ისწრაფიან. ამასთან, ახალგაზრდებში უფრო მეტია მათი წილი, ვინც შერეულ და პოსტმატერიალისტურ ღირებულებს იზიარებს. სამაგიეროდ, კვლევამ აჩვენა, რომ დემოკრატია და მისი ძირითადი მახასიათებლები, მაგალითად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობა, სამივე თაობის წარმომადგენელთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენს. თაობები თანხმდებიან იმაზეც, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. სამაგიეროდ, ახალგაზრდა თაობა უფრო მეტ შემწყნარებლობას ამჟღავნებს სხვა ჯგუფების – ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობების, ნარკომანების, კრიმინალების წარმომადგენელთა მიმართ, მაგრამ ეს დამოკიდებულება არ ვრცელდება სხვა რელიგიის წარმომადგენლებზე, რომელთა მიმართაც ახალგაზრდობა წინა თაობებზე ნაკლებ შემწყნარებლობას იჩენს.

როგორც კვლევისას გამოიკვეთა, რელიგია ახალგაზრდებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უფროსი თაობებისთვის. ეს შემდეგი მიზეზით აიხსნება: საბჭოთა კავშირის დაშლამ ღირებულებათა და მრწამსების მკვეთრი გადაფასების აუცილებლობა წარმოშვა; ამ დროს, ჩვეულებრივ, ხდება ძლიერი და კეთილგანწყობილი ავტორიტეტის ძიება. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ეკლესია. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეკლესიის გავლენა უფრო დიდი აღმოჩნდა იმ თაობაზე, რომელიც ამ დროს პიროვნული ზრდისა და ფორმირების პროცესში იყო. ამით უნდა აიხსნას ახალგაზრდების უფროს თაობაზე ბევრად უფრო მეტი რელიგიურობა.

საინტერესოა ერთი რამ: საზოგადოების ეფექტური ფუნქციობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საზოგადოების წევრთა ურთიერთნდობასა და სოლიდარობაზე. სხვა ადამიანებისადმი ნდობას დემოკრატიისა და საზოგადოებრივი აქტივობის ერთ-ერთ პირობად მიიჩნევენ, მაგრამ კვლევისას გამოჩნდა, რომ საქართველოში ნდობა სხვების მიმართ ძალზე დაბალია. არადა, საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობამ ადამიანურ ღირებულებათაგან ყველაზე სასურველ თვისებებად მიიჩნია მეგობრებისადმი ერთგულება, პატივისცემით სარგებლობა, სხვისთვის დახმარების გაწევა, ტრადიციების ერთგულება, საზოგადოებაში მოწონებით სარგებლობა, თავმდაბლობა და ა.შ.

ერთი სიტყვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ აშკარაა ახალგაზრდებში ღირებულათა ცვლის პროცესი, რაც გამოიხატება კოლექტივისტური ორიენტაციის შემცირებით და პოსტმატერიალისტური ღირებულებების ზრდით, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს ასახავს. რაც შეეხება დემოკრატიის განვითარებას, ამისთვის ნდობასთან ერთდ აუცილებელია ნებაყოფლობითი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა, რის ნაკლებობაც შეიმჩნევა ახალ თაობაში.

ჩემი აზრით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, ახალგაზრდებმა მოზარდ ასაკშივე შეიძინონ მონაწილეობის გამოცდილება. სკოლა თანამიმდევრულად უნდა ახორციელებდეს პოლიტიკას მოსწავლის საზოგადოერივად სასარგებლო საქმიანობაში ჩასართავად. სასწავლო პროგრამები ყურადღებას უნდა ამახვილებდეს სხვების მიმართ ნდობის ამაღლებაზე და ა. შ.

– თქვენი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ახალ თაობაში ინდივიდუალიზმმა იმძლავრა. არადა, ტრადიციულად, საქართველო კოლექტივისტური კულტურის ქვეყანაა. ხომ არ გამოიწვევს ეს ეროვნული იდენტობის ცვლილებას?

– ღირებულების ფორმირება ძალიან რთული პროცესია, მის ჩამოყალიბებას მრავალი წელი სჭირდება. ამიტომ არის, რომ ერთი ქვეყნის კულტურა განსხვავდება მეორე ქვეყნის კულტურისგან, ერთი ეპოქის ღირებულებები – იმავე ქვეყნის სხვა ეპოქის ღირებულებებისგან. მაგრამ ღირებულებათა მოკლე ხანში შექმნის მცდელობა ყველა ქვეყანაში, ყველა ეპოქაში წარუმატებლად სრულდება. ქართული კულტურა უფრო კოლექტივისტური და მატერიალისტურია, ანუ ჩვენთვის პირადი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია და ამ ურთიერთობებზე იგება შეხედულებები, მაშინ როცა ინდივიდუალისტურ კულტურებში აქცენტი პიროვნებაზე კეთდება. არადა, დღევანდელ ახალგაზრდებს პირადი ამბიციების ხორცშესხმა, პირადი მიზნების მიღწევა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე გარშემო მყოფთათვის რამის გაკეთება. ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანები გადარჩენისკენ მიილტვიან. ღირებულებების ჩამოყალიბება ადრეული ბავშვობიდან იწყება და მოწიფული ასაკისთვის მთავრდება, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილება მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ცვლის ღირებულებებს.

ცნობილია, რომ კოლექტივიზმისა და ინდივიდუალიზმის ღირებულებებთან არის დაკავშირებული თვისებები, რომლებიც ბავშვმა ოჯახში უნდა შეიძინოს. “თაობები და ღირებულებების” კვლევისას რესპონდენტები ყველაზე მნიშვნელოვან თვისებებად პასუხისმგებლობის გრძნობას, შრომისმოყვარეობას და მიზანსწრაფულობას მიიჩნევდნენ, მაგრამ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ბავშვისთვის ისეთი თვისებების გაღვივება, რომლებიც დამოუკიდებლობასა და მიზნის მიღწევასთან არის დაკავშირებული. გეთანხმებით, ღირებულელების შეცვლა ხელ უწყობს ტრადიციების რღვევას და ამას ვერ გავექცევით. საქართველო გლობალური ტენდენციის საერთო სივრცეშია მოქცეული, ეს კი, თავისთავად ცხადია, გავლენას ახდენს. საზოგადოება ვითრდება და პასუხობს ამ გამოწვევებს.

– მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ინდივიდებზე იყო დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, საქართველოში ამ მიმართულებით ღირებულებების ცვლა ქვეყნის მომავლისთვის იქნებ სასიკეთოც იყოს…

– ეს ძალზე სპეციფიკური თემაა. შეგვიძლია, გავიხსენოთ იაპონია, რომელიც კოლექტივისტური კულტურის ქვეყანაა… როდესაც ადამიანი ინდივიდუალიზმს აღწევს, მრავალ ფასეულ ღირებულებას კარგავს. ასევეა კოლექტივიზმშიც. თუმცა მე პირადად კოლექტივიზმის მომხრე ვარ, რადგან ამ ტიპის კულტურა ადამიანს იმის განცდას უქმნის, რომ ის საჭირო და მნიშვნელოვანია, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია თვითშეფასებისთვის.

– მასწავლებელთა კორპუსი სხვადასხვა თაობას ეკუთვნის, რაც, თქვენი დასკვნის მიხედვით, ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა მათ და მოსწავლეებს განსხვავებული ღირებულებები ჰქონდეთ. ხომ არ წარმოშობს ეს “ხიდჩატეხილობის” პრობლემას? საზოგადოდ, რა როლი ეკისრება პედაგოგს მოსწავლის ღირებულებების ჩამოყალიბებაში?

– მოზარდისთვის ღირებულებათა ჩამოყალიბება მხოლოდ მასწავლებელს არ ევალება, – ამაზე მთელი სისტემა უნდა მუშაობდეს. პრობლემა ის არის, რომ საქართველოს არ აქვს ჩამოყალიბებული თავისი ხედვა, – არ ვიცით, სახელდობრ, რა გვსურს. თან ევროპისკენ მივისწრაფით და თან ეროვნული მახასიათებლების შენარჩუნებაც გვინდა. ვიდრე ეს არ გაირკვევა, რამის სწავლებაზე ლაპარაკი ძნელია. საქართველომ უნდა იპოვოს ადგილი ეროვნულ ღირებულებებსა და ევროპას შორის.

მასწავლებელი მოსწავლესთან ურთიერთობისას უნივერსალური ღირებულებებით უნდა ხელმძღვანელობდეს. ესენია პატივისცემა, დემოკრატია, ადამიანის უფლება და თავისუფლება, რელიგია… მაგრამ ღირებულებების თეორიულად დასწავლა შეუძლებელია; მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაცია საკუთრი საქციელით უნდა უნერგავდნენ მოსწავლეს ფუნდამენტურ ღირებულებებს. თუ მოსწავლის უფლებას ვინმე ლახავს, ღირებულებების შესახებ განცხადებებს აზრი არ აქვს.

ჩემი აზრით, მთავარი ღირებულება სხვისი ღირებულებების პატივისცემაა, მაშინაც კი, როდესაც შენი აზრი არ ემთხვევა სხვისას. და კიდევ ერთი: მნიშვნელოვანია სმენის კულტურა. თუ ეს ორი თვისება მასწავლებელსაც ექნება და მოსწავლესაც, მერწმუნეთ, მათ შორის პრობლემა აღარ წარმოიშობა.

დასასრულისა და დასაწყისის გასაყარზე

0
მასწავლებლების ჩვეული სამუშაო რეჟიმი დეკემბრის დადგომისთანავე იცვლება. ჩემი აზრით, არ არსებობს ამაზე რთული და, ამასთანავე, სახალისო სასწავლო პერიოდი. ჩვენს სამასწავლებლოში რომ შემოგახედათ, თავი სანტას სახელოსნოში გეგონებათ. მასწავლებლები ბავშვებთან ერთად ნაძვის ხეებს, თოვლის ბაბუებს, საშობაო ცას და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ რამეს ამზადებენ. საახალწლო მოსართავებად ქცეული გირჩების წყალობით ყველა ოთახში ტყის სურნელი დგას… ძალიან დამღლელი, მაგრამ ყველაზე ჯადოსნური თვეა დეკემბერი. მორთულ კლასებში გაკვეთილებიც სხვანაირი გამოდის, მყუდრო, ზამთრული. ერთმანეთს სითბოს ვუნაწილებთ, ყინულის პაპისგან საჩუქრებს ვიღებთ, საკვების ძებნაში სოფლად ჩამოსულ ცხოველებს კარს ვუღებთ და სახლში ვეპატიჟებით… არც ერთი ზღაპარი აღარ გვიკვირს, ყველაფერი გვენამდვილება. აი, ასეთი თვეა დეკემბერი.

 
ამას წინათ მეოთხე კლასში ნუგზარ შატაიძის „ძველი ადათი” წავიკითხეთ. მოთხრობის შინაარსიდან გამომდინარე, ბავშვები დაინტერესდნენ ძველი ქართული საახალწლო ტრადიციებით და მომავალი გაკვეთილის თემა თავად აირჩიეს. ერთად მოვიძიეთ და გავეცანით სხვადასხვა კუთხის საახალწლო წეს-ჩვეულებებს, საკალანდო კერძებიც „მოვამზადეთ”, ვიმღერეთ თოვლ- და სევდანარევი სიმღერები… ძალიან საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა.
 
ახალი წელი ძველ დროში ზამთარს სულაც არ უკავშირდებოდა. IV სუკუნეში მას 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII საუკუნიდან კი – სექტემბერში, რაც თვის ძველი სახელწოდებიდანაც ჩანს (სექტემბერი – ახალწლისა). IX საუკუნის 20-იან წლებში ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან დაიწყეს. იანვარში ახალი წელი პირველად XIV საუკუნეში დადგა. 
სამეფო კარზე ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მეჯინიბეთუხუცესი მეფეს სამ ცხენს მიართმევდა – რჩეულ ბედაურებს და ჯაგლაგს, რომელსაც კლავდნენ და მის ხორცს სანადიროდ შერჩეულ ადგილას ყრიდნენ ნადირის სატყუარად. ახალი წლის დილას, ცისკრის ლოცვის დაწყებამდე, სამეფო ოჯახს ჭყონდიდელი მეკვლეობდა, ლოცვის შემდეგ კი ნადირობა იმართებოდა. ამ დღეს ნადირისთვის არ უნდა აგეცდინა. ვისაც მიზანი უმტყუნებდა, იმას წელიც „გაუცუდდებოდა”.

ახალი წლის მსგავსად, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულსაც დიდი ზარზეიმით ხვდებოდა ქართველი ხალხი. შობა 25 დეკემბერს IV საუკუნიდან აღინიშნებოდა და ახალ წელს წინ უსწრებდა, რადგან რელიგიური თვალსაზრისით სამყაროს განახლება ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებას უკავშირდება. XX საუკუნის დასაწყისში ასტროლოგიური გამოთვლების საფუძველზე კალენდარში ცვლილებები შეიტანეს და შობის დღესასწაულმაც ორი კვირით გადაიწია. აქედან წარმოიშვა ძველი და ახალი სტილის კალენდრები, ძველ სტილს – საეკლესიო, ახალს კი სამოქალაქო ცხოვრება დაუკავშირეს. 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული ტრადიცია კარდაკარ ალილოს სიმღერით სიარულია. „ალილო” მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან „ალილუია”, რაც ღვთის დიდებას ნიშნავს. საქართველოში ალილოს მომღერლები ტრადიციულ გალობა-სიმღერას ასრულებდნენ. კარს მომდგარი მეალილოეები უხვად უნდა დაგესაჩუქრებინა, რადგან მათი სტუმრობა ბარაქიან წელს ჰპირდებოდა მასპინძელ ოჯახს. 

ალილოზე სიარულის ტრადიცია კვლავ ააღორძინა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც შეგროვებულ სანოვაგესა და შესაწირავს უმწეოებსა და პატიმრებს უნაწილებს.

 
საახალწლო რიტუალებს რელიგიური ფესვები აქვს. ძველად ახალ წელს ბუნების გაღვიძებას, ნაყოფიერების ღვთაების მიწისქვეშეთიდან ამოსვლას უკავშირებდნენ. სწორედ ამ დროს იწყებოდა სიცოცხლის ციკლის ახალი ეტაპი, ანუ ახალი წელი. გაზაფხულის პირველი დღე პირველი ხნულის გავლებით იწყებოდა, ამას მიწის გაღვიძებას უწოდებდნენ. პირველ ხნულს მიწისქვეშეთიდან ნაყოფიერების ღვთაება ამოჰყავდა. მას თან ახალი სიცოცხლე მოჰქონდა და დამხვდურებიც ხელდამშვენებულები ეგებებოდნენ. ამიტომ გამოირჩევა ახალი წელი სანოვაგის სიუხვით.

პირველი ხნული იმას გაჰყავდა, ვისაც დავლათიანი კაცის სახელი ჰქონდა. მის მოხნულ მიწას მოსავლიანობა დაებედებაო, ასე სწამდათ ძველად. აქედან მოდის მეკვლეობის ტრადიციაც. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახალი წლის აღნიშვნამ საოჯახო ხასიათი მიიღო და მეკვლეც, ხნულის გაყვანის ნაცვლად, ჩვენი სახლისკენ მომავალ ბილიკს კვალავს.

საქართველოს ყველა კუთხეში ახალი წლის სამზადისი რამდენიმე დღით ადრე იწყებოდა. სახლისა და კარ-მიდამოს დასუფთავებას, საახალწლო სუფრისთვის სანოვაგის მომარაგებას, სხვადასხვა ფორმის (ცხოველების, ფრინველების, შრომის იარაღების) კვერების ცხობას ერთი დღე როგორ ეყოფოდა… ყურძნის უხვი მოსავლის მისაღებად ყურძნის მტევნის მოყვანილობის პურს – აგუნას აცხობდნენ. რადგან ახალ წელი საქართველოში წმინდა ბასილის მოხსენიების დღეს ემთხვევა. აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე აცხობენ ადამიანის ფორმის პურებს – „ბასილას კვერებს”.
 
გამომცხვარი კვერები თუ პურები, ხონჩაზე ან ცხრილზე დაწყობილ საახალწლო ნუგბართან ერთად, ოჯახის უფროსს მარანში შეჰქონდა, სადაც მისალოც სიტყვებს წარმოთქვამდა და თან გადაბრუნებულ საწნახელს ნაჯახის ყუას უკაკუნებდა. მარნის „მოლოცვის” შემდეგ ოჯახის უფროსი ახალი წლის მოსვლას შინაურ პირუტყვს, ფრინველს და მთელ კარ-მიდამოს ულოცავდა. ვენახში ვაზის პური, ხელადა ღვინო და ნასუქი მამალი მიჰქონდა. 
ეზოს შემოვლის შემდეგ ოჯახის უფროსი სავსე ხონჩით სახლში შედიოდა, მიმოაბნევდა ხორბალს (ან სხვა მარცვლეულს) და დაილოცებოდა, ოჯახის წევრებს ტკბილეულით „დააბერებდა”. 

ახალ წელს კერაში ცეცხლი ჩაუქრობლად უნდა შეენახათ. ანთებული მუგუზლიდან დაცვენილი ნაპერწკლების სიმრავლე პურის, ღვინის, დოვლათის, ოჯახის გამრავლების სიმბოლო იყო.

მთაში ახალ წელს წყალსაც ულოცავდნენ. დიასახლისები წყაროს წყალში შინაური ფრინველისთვის მარცვლეულს ალბობდნენ, სჯეროდათ, რომ „დამწყალობებული” საკენკი მათ ფრინველს გაამრავლებდა. ხევსურები ახალი წლის პირველ დღეს მდინარესაც უმასპინძლდებოდნენ, მასში ერბოიან-ყველიან პურის ნაჭერს აგდებდნენ. მომადლიერებულ მდინარეს ნათესები ზომიერად უნდა მოერწყა, არ უნდა დაეტბორა. აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის წინა დღეს ოჯახში აუცილებლად მოიტანდნენ წყაროს უმძრახ წყალს და ეზოში მოასხამდნენ.
 
განსხვავებული საახალწლო ტრადიციების მიუხედავად, საქართველოს ყველა კუთხეში, თითოეულ ოჯახში არის ბავშვი, რომელიც თოვლის ბაბუას ელოდება, უფროსები კი მეკვლის გარეშე ახალ წელს არ ითენებენ.
თეთრ ჩოხაში გამოწყობილი, წვერულვაშიანი კეთილი მოხუცი მხარზე ხურჯინგადაკიდებული მიიჩქარის ქართველი ბავშვების დასასაჩუქრებლად. ახალი წელი ხომ, უპირველესად, ბავშვების დღესასწაულია. ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მათი სურვილების ასრულებაა.

მეკვლეობა, სავარაუდოდ, სტუმარმასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. საქართველოში სტუმრის მიღება ოჯახის მთავარ ღირსებად ითვლებოდა და რა გასაკვირია, რომ საახალწლო დღის წესრიგში პირველ ადგილს სწორედ მეკვლის შერჩევა იკავებს. დღეს მეკვლეობას ოჯახის წევრებიც ითავსებენ, მაგრამ ძველად გზის გამკვალავი აუცილებლად ფეხბედნიერი სტუმარი უნდა ყოფილიყო. და რადგან ამ სტატუსით არცთუ ისე ბევრი ადამიანი სარგებლობდა, სოფლის სანატრელ მეკვლეს ხშირად ერთ ღამეში ყველა ოჯახის შემოვლა უწევდა. „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა”, – ამ სიტყვებით ლოცავდა მასპინძლებს წლის პირველი სტუმარი.

მეკვლე შეიძლება სულაც არ შესულიყო ოჯახში. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში ის მასპინძლის ვენახს სტუმრობდა და საგანგებოდ შემონახულ ყველაზე დიდ მტევანს ვაზის ძირში წურავდა. ამ რიტუალის მიზანი კარგი მოსავლის დაკვებება იყო. ვაზის დაწურვის ნაცვლად დღეს მეკვლეს ოჯახში ხორბალი შეაქვს და ტრადიციული დალოცვის შემდეგ იატაკზე მთესველივით ფანტავს.

გურულ ახალ წელს რომ კალანდა ჰქვია, გეცოდინებათ. ახლა კალანდას 14 იანვარს ანუ „ძველით ახალ წელს” ეძახიან. ქართველებს ხომ ორი ახალი წელი გვაქვს – ძველი და ახალი კალენდრის მიხედვით. 

14 იანვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისებურად აღნიშნავენ. გურულები ამ დღეს ჩიჩილაკს რთავენ, შუაღამის დადგომას კი თოფების ბათქაბუთქით ეგებებიან. სწამთ, რომ ძველით ახალ წელს აუცილებლად გათოვდება და ხშირად ასეც ხდება. კალანდობა ღამისთვის წინასწარ საცეცხლედ იმარაგებენ ცხემლას და 13 იანვრის მიწურულს ბუხარში დიდ ცეცხლს აჩაღებენ. ოჯახის უფროსი ცეცხლს შეუჩხიკინებს, ნაპერწკლებს გააყრევინებს, თან ლოცულობს: „ღმერთო, მომეცი ამდენი ძროხა, ამდენი ღორი, ამდენი ქათამი, ამდენი ბატი, ამდენი იხვი, კაცთა მშვიდობა და კარგად ყოფნა”. ამ რიტუალს „გალოცვა” ეწოდება.

საახალწლო რიტუალის სამი მთავარი ატრიბუტი: სიცოცხლის ხე, ღორის თავი და ბასილას კვერები – გურიის საახალწლო ტრადიციაშიც ფიგურირებს. 

სიცოცხლის ხეს ჩიჩილაკი განასახიერებს. მას „ბასილას წვერებსაც” ეძახიან. მორთული ხის სიმბოლიკა ძალიან ძველია და ნაყოფიერებას უკავშირდება. ფიქრობენ, რომ ჩიჩილაკი თავისი ბურბუშელებით მზის სხივებს განასახიერებს. მის თავზე ჯვრის გამოსახულებას აკეთებენ და ჩირით, ხილით, სუროს ფოთლებით რთავენ. ნათლისღების წინა დღეს ბასილას წვერებს წვავენ და მის ფერფლს გასული წლის უსიამოვნებებს ატანდნენ. ზეპირი გადმოცემით, პირველი ჩიჩილაკი იესოს გაუკეთა მისმა მამობილმა იოსებმა.

დროთა განმავლობაში საახალწლო მორთულობაში წამყვანი ადგილი ნაძვის ხემ დაიკავა. ევროპაში მარადმწვანე მცენარეები მოსავლიანობის სიმბოლოდ ითვლებოდა, ამიტომ ტოტები ან მთელი ხე მოჰქონდათ სახლში. ეკლესია ებრძოდა ამ წარმართულ ჩვეულებას, მაგრამ მერე დააკანონა და შობას დაუკავშირა. ნაძვის ხე ერთგვარი სიცოცხლის ხეა. მას თავდაპირველად ვაშლებით რთავდნენ (როგორც სამოთხის ხის სიმბოლოს), ტოტებზე ჰკიდებდნენ ვაფლის ნაჭერსაც (ზიარების პურს), ნაძვის წვერს კი „ბეთლემის ვარსკვლავი” ამშვენებდა. სავარაუდოდ, ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ჩვენში რუსეთიდან შემოვიდა. დღეს ქართულ ოჯახებში ისევ მკვიდრდება ჩიჩილაკი. მას ნაძვის ხესთან ერთად რთავენ.

ღორის თავის სიმბოლოც წარმართულია. ძველად იგი წმინდა ცხოველად მიიჩნეოდა, მხოლოდ დღესასწაულზე კლავდნენ და ღვთაებებს სწირავდნენ. ეს რიტუალი ზამთრის პერიოდში სრულდებოდა და ქრისტიანულ საქართველოში შობა-ახალ წელს დაუკავშირეს. 

დღეს წმინდა ბასილს ოჯახის უფროსი მოსავლიან, ჯანმრთელ და ბედნიერ წელიწადს შესთხოვს. მეკვლის მსგავსად, ისიც ამ სიტყვებით ლოცავს თავის ნაგრამს: 

„შემოვდგი ფეხი, გილოცავთ, 
გწყალობდეთ წმინდა ბასილი, 
იმისი მადლით იყავით 
პურით და ღვინით ავსილი”.
***
და მაინც, რა არის ახალი წელი? ჩემთვის მთელი ეს აურზაური, ერთი წლის მომატებასთან ერთად, ახალი დღის გათენებას ნიშნავს. რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა იმედი გაქვს, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ეს „ხვალ” აუცილებლად გათენდება. ჰოდა, ყოველი ახალი დღის დადგომას გილოცავთ, ადამიანებო!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...