სამშაბათი, ივლისი 22, 2025
22 ივლისი, სამშაბათი, 2025

კარგი შვილი, თბილისი, მეცენატი, თაიგული… მოკლედ, სამოქალაქო განათლება

0

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ დაწყებით კლასებში დამოუკიდებელ საგნად სამოქალაქო განათლება (მე და საზოგადოება) დაემატება. ეს საპილოტე პროგრამა სექტემბრიდან საყოველთაო უნდა გახდეს. დეტალები თანდათან გაცხადდება, მაგრამ თავად მიდგომა რომ მართებულია, ეს კამათს არ იწვევს. მომავალი მოქალაქე პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიოს საკუთარი თავის შემეცნებას, სოციუმის წინაშე პასუხისმგებლობას, სოციუმში ქცევის წესებს, რომ მომდევნო კლასებში უფრო სერიოზულ ამოცანებს გაართვას თავი.

ესგ-ს სადამრიგებლო საქმიანობის განაკვეთში ეს მიდგომა გარკვეულწილად გათვალისწინებული იყო, მაგრამ სიახლე უფრო თანმიმდევრულ შედეგზე გასვლის წინაპირობას შექმნის.

ჩვენი შემოთავაზება სადამრიგებლო საქმიანობაში გამოადგებათ დაწყებითი კლასების პედაგოგებს, სანამ ახალი პროგრამა და სახელმძღვანელო ექნებათ.

ეს ტექსტი ( დანართი 1) შეგვიძლია კითხვის საათისათვის გამოვიყენოთ. აქტივობის მიზანი, თვალსაწიერის გაფართოებასთან ერთად, წაკითხულის გააზრება-გაანალიზება და კრიტიკული აზროვნების განვითარება იქნება.
გარდა სათაურშივე გამოტანილი თემისა, ტექსტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობის საშუალებას მოგვცემს:

1.დედაქალაქი და მისი ღირშესანიშნაობები;
2.ქველმოქმედება და მეცენატობა;
3.გოგონები და ბიჭები;
4.საზოგადოებაში ქცევის წესები.

პირველი აქტივობა წინასწარ მომზადებული ტექსტის ხმამაღლა კითხვა იქნება. მასში რამდენიმე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, სხვები თვალს მიადევნებენ. დასრულების შემდეგ ყველას ეძლევა ,,ორთქლის გამოშვების”, ანუ აზრის გამოთქმის საშუალება. მოსაზრებებს ჩამოვწერთ დიდ ფურცელზე (ანალოგიურებს არ ვიმეორებთ). შემდეგ ვაჯგუფებთ და ვახდენთ შეჯამებას. ყურადღებას ვამახვილებთ სათაურის შინაარსზე და მოსწავლეებს ვთხოვთ, დაასახელონ სხვა მაგალითები, როცა შვილის საქციელმა დედა გაახარა და პირიქით.

მეორე აქტივობა. გონებრივი რუკის სქემას ვაკეთებთ დიდ ფურცელზე, შუაში ვწერთ ,,თბილისის ღირშესანიშნაობები”, ბავშვებს ვურიგებთ ფერად წებოვან ფურცლებს და ვთხოვთ დაწერონ მათთვის დედაქალაქში ყველაზე საყვარელი და საინტერესო სანახაობა. შემდეგ ვკრებთ ფურცლებს და დაჯგუფებულად ვაკრავთ გონებრივი რუკის სხივებზე. ვაკეთებთ კომენტარს ჯგუფებზე ( კულტურული კერები, ისტორიული ძეგლები, სანახაობები, გასართობი ადგილები…). თქვენი შეხედულებისამებრ გამოყავით 3-4 მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა, შექმენით ამდენივე ჯგუფი, გაუნაწილეთ ღირშესანიშნაობები. აუხსენით, რომ ისინი არიან ექსკურსიამძღოლები და შემდეგი შეხვედრისათვის უნდა მოამზადონ პრეზენტაცია.

მესამე აქტივობა. განუმარტეთ მეცენატობისა და ქველმოქმედების ტერმინები და სთხოვეთ მოსწავლეებს გამოთქვან თავიანთი აზრი, გაიხსენონ მათთვის ცნობილი ქველმოქმედება. თუ აქვთ სურვილი თავადაც გახდნენ მეცენატები. რას გააკეთებდნენ ამის საშუალება რომ ჰქონდეთ? (უმჯობესია, ამ კითხვაზე პასუხისთვისაც დრო მივცეთ და შინ პატარა ესეს მომზადება დავავალოთ, ხოლო საუკეთესო ნაშრომებით გავაკეთოთ კედლის გაზეთი ,,დღეს ვოცნებობთ, ხვალ გავაკეთებთ”).

მეოთხე აქტივობა. გოგონებისა და ბიჭების თემასთან დაკავშირებით კარგი იქნება, ყურადღება გავამახვილოთ წინადადებაზე ,,თანაც ძალიან კარგი გოგოა, სხვებივით მეტიჩარა და აუტანელი არ არის”. ეს წინადადება დავწეროთ დაფაზე ან დიდ ფურცელზე და გავმართოთ დისკუსია, მოვიშველიოთ კითხვები: სწორია თუ არა, რომ ბიჭები გოგონებს ასე მოიხსენებენ? შეიძლება თუ არა, ბიჭი იყოს მეტიჩარა და აუტანელი? დისკუსიის ამ ნაწილის დასამთავრებლად (რომ ის გოგონებისა და ბიჭების დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს) საუბარი კეთილგანწყობით კალაპოტში გადაგვყავს: ვაჩენთ წინასწარ გამზადებულ ამონარიდს ,,ნიკას ადრე ეცინებოდა, როცა ბიჭები გოგონებს თაიგულს ჩუქნიდნენ, ახლა კი გული დაწყდა, რომ მას არ ჰქონდა ყვავილები ამ ნიჭიერი და ლამაზი გოგონასათვის”. რა მოხდა, რამ შეცვალა ნიკას განწყობა? მიგირთმევიათ თუ არა ყვავილები ვინმესთვის?

მეხუთე აქტივობა. საზოგადოებაში ქცევის წესები – ამ საკითხთან დაკავშირებით, ვქმნით 4 ჯგუფს, ვაძლევთ დროს 5 წუთს, რომ ტექსტში მონიშნონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ქცევის წესებზე მიმანიშნებელი ფრაზები და შემდეგ წაიკითხონ. კიდევ რას დაამატებდით, როგორი ქცევაა საჭირო ასეთ ადგილას?

საბოლოოდ, გონებრივი იერიშით ვაჯამებთ, რა გვასწავლა ამ მოთხრობის წაკითხვამ, რაზე დაგვაფიქრა, რისი გაგების სურვილი აღგვიძრა და ასე შემდეგ.

ეს აქტივობები თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით, შეიძლება რამდენიმე შეხვედრისთვის გადაანაწილოთ, თუ თითოეულ თემას უფრო მეტ დროს დაუთმობთ. კარგი იქნება აქტივობების ვიზუალიზაცია თემატური საპრეზენტაციო ფაილებით.
დანართი 1
,,კარგი შვილი დედის გულის ვარდია……”
ზაფხულის არდადეგების ბოლო კვირას ნიკა თბილისს ეწვია. სტუმარმა ყველა გაახარა. განსაკუთრებით გიო გაახალისა დეიდაშვილის სტუმრობამ. დეიდამ მთელი კვირა დაგეგმა, რომ ნიკას ბევრი რამ ენახა. ბიჭები ხან მთაწმინდის პარკის ატრაქციონებზე იყვნენ, ხან ზოოპარკში, ნორჩი მხატვრების გამოფენაც დაათვალიერეს ძველ უბანში, ხელოვნების მუზეუმს ყველაზე დიდი დრო დაუთმეს.

ერთ დღეს შინ დაბრუნებულებს მაგიდაზე მოსაწვევი ბარათები დახვდათ. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიოს თანაკლასელის – ანანოს კონცერტი იმართებოდა და გიო მშობლებთან ერთად იყო მიწვეული.
ზურა ბიძიამ – მე წამოსვლა არ მომიხერხდება და ჩემი მოსაწვევი – ნიკასო.

ანანომ პრაღაში გამართულ ნორჩ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა და შინ გახარებული დაბრუნდა. ახლა აქ მართავდა კონცერტს.

– იცი, რა მაგრად უკრავს, თანაც ძალიან კარგი გოგოა, სხვებივით მეტიჩარა და აუტანელი არ არის, – უთხრა გიომ.
დეიდამ ბიჭები გამოაწყო და საღამოს 6 საათისთვის კონსერვატორიაში წავიდნენ. ნიკა დაინტერესდა ვისი ქანდაკება იდგა შესასვლელის ზემოთ.

– ეს ანტონ რუბინშტეინია, მუსიკოსი. მან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამართა კონცერტი თბილისში და იქიდან მიღებული მთელი შემოსავალი ამ შენობის ასაგებად გაიღო.

– ერთი კონცერტის თანხით აშენდა?

– ეს პირველი თანხა იყო, შემდეგ ამ მშენებლობაში ქართველმა მეცენატებმა ძმებმა ზუბალაშვილებმა შეიტანეს დიდი წვლილი. მაშინ აქ მუსიკალური სასწავლებელი გაიხსნა. უფრო მოგვიანებით – კონსერვატორია, – ღიმილით აუხსნა დეიდამ.

– დედა, მეცენატი რას ნიშნავს? – დაინტერესდა გიო.

– ის ადამიანია, რომელიც საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეებისთვის საკუთარ თანხას იხდის.

ხალხი ნელ-ნელა იკრიბებოდა, ესალმებოდნენ ერთმანეთს, კითხულობდნენ, ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. იქვე იყო ერთი ლამაზი ქალი, რომელთანაც ყველა მიდიოდა, ულოცავდა. ეს ანანოს დედააო, აუხსნა დეიდაშვილმა. ნიკა ჩუმ-ჩუმად ათვალიერებდა იქაურობას და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. უკვე ფიქრობდა იმაზე, სოფელში ჩასული როგორ მოუყვებოდა ამ ამბავს, თანატოლებსაც და უფროსებსაც. მალე დარბაზში შევიდნენ და ადგილები დაიკავეს.

სცენაზე როიალი იდგა. გამოვიდა შავფრაკიანი კაცი და ანანოს წარმატებებზე ილაპარაკა, მერე მისი პედაგოგი წარუდგინა საზოგადოებას, ისაუბრა ანანოს დედაზე, რომელიც ნიჭიერი შვილის ხელშესაწყობად ძალიან ზრუნავდა. ბოლოს, საკონცერტო პროგრამაც წარადგინა და სცენაზე თავად ანანოს მოუხმო.

ტაშის ხმაზე პატარა გოგონა გამოვიდა და დარბაზს თავი დაუკრა. ტაშმა იმატა, გოგონამაც უფრო დაბლა დაღუნა თავი და შემდეგ როიალისკენ წავიდა. პიანისტი მოერგო სკამსა და როიალს.

მსმენელი დადუმდა. გოგონამ ხელები მოიმარჯვა და დარბაზი ულამაზესი მუსიკით აივსო. ნიკას თავი სიზმარში ეგონა. მისი კლასელებიც დადიოდნენ მუსიკაზე, მისი უფროსი ბიძაშვილიც სამუსიკო სკოლის წარჩინებული იყო და ნიკას თხოვნით ხშირად უკრავდა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. ბგერები ხან მხიარულად დახტოდნენ და ხან სევდიანად დაფრინავდნენ დარბაზში. ბიჭს ხან ტყე და ჩიტების ჭიკჭიკი მოაგონდა, ხან – შფოთიანი ზღვის ხმაური.

დარბაზი მონუსხულივით უსმენდა. მუსიკა შეწყდა. მსმენელები ერთხანს დუმდნენ, მერე ტაშმა იფეთქა. აწითლებული გოგონა თავდახრილი იდგა სცენაზე. ბოლოს გამოაცხადა, ნება მიბოძეთ, ერთი პატარა კომპოზიცია კიდევ შეგისრულოთ, რომელსაც დედას ვუძღვნიო.

დარბაზი ისევ მიყუჩდა. როიალმა ჯერ დაბალი ხმები გამოსცა, მერე ხმამ იმატა, იმატა მაგრამ რბილად, თბილად. ნიკას დედა გაახსენდა და ძალიან, ძალიან მოენატრა. მუსიკამ მთელ დარბაზს უალერსა, უალერსა და ნელ-ნელა სადღაც გაიპარა..

ისევ ტაშმა გადაფარა ყველაფერი, სცენისაკენ წავიდნენ თაიგულიანი ბავშვები, უფროსები. გიომაც მოიმარჯვა ვარდები. ნიკას ადრე ეცინებოდა, როცა ბიჭები გოგონებს თაიგულს ჩუქნიდნენ, ახლა კი გული დაწყდა, რომ მას არ ჰქონდა ყვავილები ამ ნიჭიერი და ლამაზი გოგონასათვის. ანანომ ლამაზი თაიგულები შეარჩია და თავის პედაგოგსა და დედას მიართვა.

მაყურებელი დარბაზს ტოვებდა, წამოსვლის წინ დეიდა ისევ მივიდა ანანოს დედასთან დასამშვიდობებლად. ის ლამაზი ქალი უფრო გალამაზებულიყო, თითქოს ბრწყინავდა. მასთან ყავარჯენზე დაყრდნობილი ცნობილი მუსიკოსი იდგა და ეუბნებოდა – ,,კარგი შვილი დედის გულის ვარდია”, ცუდი ყველას აშოროს, თქვენ შესანიშნავი შვილი გყავთო.

შინ ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ. დასაძინებლად დაწოლილ ნიკას ის ჯადოსნური ხმები ჩაესმოდა და თვალწინ პრიალა კაბაში გამოწყობილი ანანო ედგა.

ეფექტური კომუნიკაციის პარამეტრები

0

შიფტერები და მათი მნიშვნელობა

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ცვალებადი მნიშვნელობის მქონე სიტყვების ზუსტი აზრი, უნდა ვიცოდეთ: მე – ვინ ამბობს, შენ – ვის ეუბნებიან, აქ – სად ამბობენ, ახლა – როდის ამბობენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ აღნიშნული ნიშნების გამოყენების პირობები. რა თქმა უნდა, მეტყველების სიტუაცია როცა უცნობია ეს პარამეტრები, იშვიათია, მაგრამ შესაძლებელი.

მაშასადამე, შიფტერების, ანუ დეიქტური სიტყვების – ე.ი. ცვალებადი ენიბრივი ნიშნების გამოყენება გულისხმობს განსაზღვრულ შეზღუდვებს. თუ მოლაპარაკეს უნდა, თანამოსაუბრეს გაუგოს, უნდა იზრუნის იმაზე, რომ მოსაუბრისათვის ცნობილი იყოს მეტყველების სიტუაციის ყველა აუცილებელი პარამეტრი.
მეტყველებაში ენობრივი ერთეულების მნიშვნელობები ცვალებადია. ტექსტის გაგება მრავალ ფატქორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია – კომუნიკაციის პირობები. „მეტყველების სიტუაციის პირობებზეა მთლიანად ორიენტირებული ინდექსურ ენობრივ ნიშანთა სემანტიკა” (კრონჰაუზი). ამგვარ სიტყვებს აღნიშავენ სემიოტიკური ტერმინით: ინდექსები. გამოიყენება სხვა სახელებიც: დეიქტური სიტყვები, რომელიც გამოიყენა ბრუგმანმა, ბიულერმა და ვაინრაიხმა; იაკობსონისა და იესპერსენის ტერმინია – შიფტერები. შიფტერებს მიეკუთვნება აგრეთვე მეტყველების სიტუაციასთან დაკავშირებული გრამატიკული კატეგორიები, მაგალითად, პირისა და დროის კატეგორია.

„მეტყველება სხვა არაფერია, თუ არა ენის აქტუალიზაცია” – წერს ბენვენისტი. როცა ის საურობს სუბიექტურობაზე ენაში, ამტკიცებს, რომ სუბიექტურობა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანში ენის ფუნდამენტური თვისებების გამოვლენა, ეს თვისება კი ეგოა, ამ სუბიექტურობის ენობრივი სტსტუსი: პირი.

საკუთარი თავის გაცნობიერება მხოლოდ დაპირისპირებისას არის შესაძლებელი. მე ვამბობ მე-ს მხოლოდ ვინმესთან ურთიერთობისას, რომელიც იქნება შენ. მსგავსი დიალოგური პირობებით განისაზღვრება პირი. დიალოგი გულისხმობს შებრუნებულ პროცესსაც, როცა მე ხდება შენ და, შესაბამისად, ყოფილი შენ აღნიშნავს საკუთარ თავს მე-თი, ხოლო ყოფილი მე გახდება მეორე პირი – შენ.

პირების პოლარულობა – აი, რა არის ენაში ძირითადი პირობა, რომელთან მიმართებაშიც თავად კომუნიკაციის პროცესი არის პრაგმატული შედეგი (ბენვენისტი).

პირის ნაცვალსახელები ავლენენ სუბიექტურობას ენაში. მათზეა დამოკიდებული ამავე სტატუსის ნაცვალსახელთა სხვა ჯგუფები, რომლებიც ქმნიან „სუბიექტის” ირგვლივ სივრცით და დროით დამოკიდებულებებს. სუბიექტი ამ შემთვევაში, ორიენტირის როლში გამოდის. ასეთებია ადგილისა და დროის ზმნიზედები: აქ და ახლა, რომლებიც განისაზღვრებიან მხოლოდ მეტყველებაში და დამოკიდებულნი არიან მე-ზე.
სისტემას: „აქ – ახლა – მე” ბიულერი განიხილავს სუბიექტის ორიენტაციის სისტემად.

თუ ამ სქემას წარმოვიდგენთ, როგორც ენის „ჩვენებით ველს”, ცენტრალურ ადგილას, 0-ს პოზიციაში მოთავსდება მისათითებელი სიტყვები: მე-აქ-ახლა (ბიულერი).

ბიულერი მე და შენ პირის ნაცვალსახელების შესახებ ასე ხატოვნად წერს: სიტყვები მე და შენ გათამაშებულ ენობრივ დრამაში მიუთითებს ენობრივი მოქმედების როლის შემსრულებლებზე.

ხელოვნებაში ზოგადადამიანური სუბიექტურობის გამოვლენა ახლოსაა იმასთან, რასაც ლინგვისტები ენაში სუბიექტურობის გამოვლენას უწოდებენ.

ამ თვისებით ხასიათდება არა ერთი მწერალი და არა ერთი მოლაპარაკე, არამედ თითოეული მწერალი და თითოეული მოლაპარაკე, რადგან სუბიექტურობა წარმოადგენს თავად ხელოვნებისა და მეტყველების ძირითად თავისებურებას.

ვიაჩესლავ ივანოვი ნაშრომში: „შიფტერები და სუბიექტურობა” ლიტერატურისათვის დამახასიათებელ სუბიექტურობას განიხილავს ბორის პასტერნაკის მაგალითზე. პოეტს ახალგაზრდობაში წაუკითხავს მოხსენება, სადაც აღნიშნული ყოფილა, რომ „ეს სუბიექტურობა მხოლოდ ცალკეული ადამიანის თვისება კი არ არის, არამედ ზეპიროვნული ხარისხია, რომ ეს არის ზოგადად ადამიანური სამყაროს სუბიექტურობა… უკვდავების შეგრძნება თან ახლავს ცხოვრებისეულ განცდებს, როდესაც სუბიექტურობაში ჩვენ ვსწავლობთ დავინახოთ რაღაც, რაც არ არის მხოლოდ პიროვნული… ცოცხალი სული პიროვნულისგან გაუცხოებულია თავისუფალი სუბიექტურობის სასარგებლოდ – რომელიც არის უკვდავება!”

პოეზიასა და პროზაში პერსონაჟის სამყაროს ინდივიდუალობის გადმოცემა შესაძლებელია შინაგანი მეტყველებით, რომელიც თავად ადამიანს მიემართება. ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოლაპარაკე და მსმენელი ემთხვევა ერთმანეთს, სამაგიეროდ, იცვლება მეტყველების ფორმა. ადამიანის შინაგანი მეტყელებიდან მომდინარე მეტყველებაში იკარგება გრამატიკული მნიშვნელობები.

ვიგოტსკი შინაგანი მეტყველების წარმოშობის საკითხს რომ იკვლევდა, გამოთქვა ჰიპოთეზა – შინაგანი მეტყველების ეგოცენტრული მეტყველებიდან წარმოშობის შესახებ. ბავშვები როცა ერთმანეთს ესაუბრებიან, თითოეული ლაპარაკობს თავისას, თითქოს ბავშვები „ხმამაღლა ფიქრობენ”, მაგრამ მათ ამისთვის სჭირდებათ მეორე. როგორც პიაჟემ დაადგინა, გარკვეულ ასაკში ეგოცენტრული მეტყველება ქრება. ვიგოტსკის თანახმად, ამ დროს ყალიბდება შინაგანი მეტყველება.

ჩუკოვსკის ცნობილ წიგნში – „ორიდან ხუთამდე” – აქვს ასეთი შემთხვევა აღწერილი: გოგონას არაფრით არ შეუძლია გაიგოს, რა ბგერაა Я და ცვლის მას Ты -ზე, წიგნში ფრაზა: якову дали яблоко ბავშვმა წაიკითხა: Ты кову дали тыблоко.

მაიაკოვსკი წერს: „я для меня мало, кто-то из меня вырывается упрямо”, არტურ რემბო კი: „я _ это кто-то другой”.
პოეზიაში ზოგჯერ რამდენიმე მე ხმიანდება. ზოგჯერ მეორე პირი – შენ, აგრეთვე მე-ა. მაგალითად, გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსში ვკითხულობთ:

„ვიცან, გალაკტიონ, შენში აკტეონი _
შენ გსჯის ყოველივე, როგორც სიყვარული” –

1-ლი პირის ნაცვალსახელით – მე-თი მოლაპარაკე ადამიანი აღნიშნავს თავის თავს. საუბრის დროს კი თითოეული მოლაპარაკე აღინიშნება ამ პირით, მონაცვლეობით: ხან – ერთი, ხან – მეორე.

მე-2 პირის ნაცვალსახელით – შენ – მოლაპარაკე ადამიანი აღნიშნავს იმ პირს, რომელსაც მიმართავს საუბრის დროს, მაგრამ ამ სიტყვასაც მონაცვლეობით იყენებს ხან – ერთი, ხან – მეორე მოსაუბრე და მისი მნიშვნელობაც არ შეიძლება განისაზღვროს, მხოლოდ როგორც ადრესატი.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ამ რიგისაა შიფტრებეი: აქ და ახლა. იმისათვის, რომ დავადგინოთ სიტყვა – აქ-ის მნიშვნელობა, უნდა ვიცოდეთ, სად წარმოითქვა ის სიტყვა. აქ, ეკლესიაში, ნათქვამი განსხვავდება აქ, აუდიტირიაში, ნათქვამისაგან. აგრეთვე სიტყვა ახლა – თი აღნიშნული დრო ყოველთვის წარმოთქმის დროს აღნიშნავს. ეს დრო, რა თქმა უნდა, სხვადასხვა შეიძლება იყოს. ახლა – წარმოთქმული დილით, სხვა დროა და ახლა, წარმოთქმული საღამოს – სხვა, აგრეთვე ახლა – ჩვენს დროში წარმოთქმული განსხვავებული სემანტიკისაა, ვიდრე ახლა – ნათქვამი ძველ დროში.

როგორც ბენვენისტი წერს, ლინგვისტიკასა და ფსიქოლოგიაში მრავალგვარი გაგება სხვაგვარად წარმოგვიდგება, თუ მას მეტყველების ჩარჩოებში აღვადგენთ და განვსაზღვრავთ მას ორმხრივი სუბიექტურობის სიტუაციაში, რომელიც შესაძლებელს ხდის ენობრივ კომუნიკაციას.

მეტყველების აქტი შიფტერების მნიშვნელობას მეტად მოძრავს ხდის. მეტყველების აქტის პირობები განსხვავებულია, შესაბამისად, გრამატიკული სიტყვა და ფორმა განსაზღვრულია აზრით, ის ყოველთვის „ცარიელია”. სიტყვები მე და შენ არ მიეკუთვნება არავითარ რეალობას, თვინიერ თავად მეტყველების აქტისა და მისი მონაწილეებისა, როგორიც არ უნდა იყვნენ ისინი.

ზოგადი რიტორიკის ავტორები (დიუბუა, ედელინი…)ზემოაღნიშნულ შემთხვევებს განიხილავენ რიტორიკულ ფიგურათა რიგში, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის გამგზავნთან და მიმღებთან. „პირთა შერევას” ზოგადი რიტორიკის ავტორები კომუტაციას უწოდებენ.

დღეს ისეთი ესეისტების გავლენით, როგორიცაა, ბაშლიარი, მოდაში შემოდის კრიტიკაში „იდენტიფიკაცია”, რომელიც შლის საზღვარს კრიტიკოსსა და ავტორს შორის.

კომუტაცია: შენ-მე ხშირად გვხვდება პროპაგანდისტული ხასიათის ლიტერატურაში. თავის დროზე ამერიკაში ლოზუნგი: „შენ ხმა უნდა მისცე აიზენჰაუერს” ტრანსფორმირდა ლოზუნგში: „მე მიყვარს აიკი”. ლოზუნგი მიმართულია მილიონობით ადამანზე ზემოქმედებისათვის, ანალოგიური რეაქცია რომ გამოიწვიოს. როდესაც ამბობენ: მე – გულისხმობენ – შენ. ყველა მსმენელი (ანუ შენ) თუ მოახდენს იდენტიფიკაციას ლოზუნგის სუბიექტთან, მაშინ ლოზუნგის ენაც გამართლებული იქნება, ის ხომ მასების ფსიქოლოგიაზეა გათვლილი.

თამაში და მისი მნიშვნელობა

0

რა არის თამაში და რითაა ის მნიშვნელოვანი?

თამაში ბავშვისთვის ადრეული ბავშვობიდანვე წარმოადგენს სწავლის პირველად საშუალებას. თამაშის დროს ბავშვები სიამოვნებით იყენებენ ყველა „იარაღს”, რაც იმ დროისთვის გააჩნიათ – საკუთარ სხეულს, ოჯახებსა და თანატოლებთან ურთიერთობას, გარე სამყაროს. თამაში ყველა სხვა აქტივობაზე უკეთ ასაზრდოებს ბავშვის ჯანმრთელ განვითარებას. სწორედ თამაშის მეშვეობითაა შესაძლებელი ადრეული სწავლება. ბავშვები თამაშობენ, რადგან სიამოვნებთ. თამაშს შეუძლია, უამრავი ფორმა მიიღოს, მაგრამ მისი გულისგული მისგან განცდილი სიამოვნებაა. სიამოვნება მსგავსი აქტივობის განმეორების სურვილს ბადებს, განმეორების გზით მიიღწევა ოსტატობა, დაოსტატება კი, თავის მხრივ, იწვევს თავდაჯერებასა და ამოცანის შესრულების შეგრძნებას.
თამაშის ტიპები და ეტაპები

ბავშვები, გარემოებებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარ თამაშში ებმებიან. თამაშის ტიპები მოიცავს:

* ეულად თამაშს – ბავშვი დამოუკიდებლად, მარტო თამაშობს, მიჰყვება საკუთარ ინტერესებს სხვებისა და სხვებთან ურთიერთობის გარეშე;
* თამაშის ყურებას – ამ დროს ბავშვი სხვა ბავშვების თამაშს უყურებს, სვამს კითხვებს და იძლევა რჩევებს, მაგრამ არ მონაწილეობს თამაშში;

* პარალელურ თამაშს – ბავშვები თამაშობენ ერთნაირ თამაშს მსგავსი მასალებით, გვერდიგვერდ, მაგრამ ერთმანეთთან საუბრისა და ურთიერთქმედების გარეშე;

* ასოციაციურ თამაშს – ბავშვები ერთმანეთს ეთამაშებიან, იყენებენ საერთო მასალას და აქტივობებს ყოველგვარი ორგანიზების გარეშე;

* კოოპერაციულ თამაშს – ბავშვები ერთად მოქმედებენ და ურთიერთქმედებენ, რათა ერთად ითამაშონ ან შექმნან რაიმე ორგანიზებული და წინანსწარგანზრახული.

თამაშებს განასხვავებენ სირთულის მიხედვითაც. პირველ ეტაპზე თამაში მარტივ, შეგრძნებებზე დამყარებულ, შესწავლით და მასალების გამოყენებაში დაოსტატებისკენ მიმართულ აქტივობას წარმოადგენს. ასეთია, მაგალითად, ფანქრით ხაზების გავლება-ჯღაბნა, წყლის დასხმა, ქვიშის ჩაყრა-გადმოყრა, ზარის ჩამოკვრა.

როცა ბავშვები მასალებს გარდაქმნიან ან ახალს იგონებენ, ჩნდება წესები და ბავშვები სიმბოლურ თამშში ერთვებიან. მაგალითად, ბავშვმა შესაძლოა გადააჯვარედინოს ორი ჯოხი ლათინური T-ს მსგავსი სიმბოლოს დასაწერად ან შესთავაზოს მეორეს პლასტილინის „ნამცხვრები”. მეტყველების უნარის განვითარებასთან ერთად ბავშვები იწყებენ მასალებისა და ქმედებებისთვის სიტყვების გამოყენებას. ამ დროს ისინი ერთვებიან კოოპერაციულ, „თანამშრომლობით” თამაშებში და თანატოლებთან ფორმალური აქტივობა-თამაშისადმი მეტი ინტერესი უჩნდებათ.

როგორ ეხმარება თამაში ბავშვებს გაზრდაში?

შემეცნებითი უნარების გაძლიერება

თამაშის დროს ბავშვები იგებენ ცნებების შესახებ, სწავლობენ საგნების დაჯგუფებასა და კლასიფიკაციას, ეცნობიან საგნებისა და მოვლენების შინაარსს, იწყებენ პრობლემების გადაჭრას.

ხშირად თამაში შეიცავს ცდებსა და შეცდომებს და პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ამოცანებს. თამაში ბავშვისგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას, ქმედებას, გეგმის შედგენას და მიზნის მიღწევას.

მოტორული (მოძრაობის) უნარების განვითარება

თამაშის მეშვეობით ბავშვებს უვითარდებათ კუნთების კონტროლისა და კოორდინაციის უნარები, რომლებიც საჭიროა სიარულის, დარტყმის, ჭამისა თუ წერის დროს. ახალფეხადგმული ბავშვის უხეში მოტორული უნარები შესაძლოა გაძლიერდეს სათამაშო ურიკაზე მიწოლისას, უფრო მოზრდილ ბავშვებთან – ვთქვათ, კლასობანას თამაშისას.

ნატიფი მოტორული და მანიპულაციური უნარები ვითარდება, როცა ბაღის ასაკის ბავშვები იყენებენ თითებს, ვთქვათ, სიმინდის რგოლებისგან (ე.წ. „ჩირიოს”) ყელსაბამის გაკეთებისას (იხ. სურათი) ან როდესაც 2-3 წლის პატარა ფანქრით ქაღალდზე ხატვას ცდილობს.
 
ხელისა და თვალის კოორდინაციისა და ჩაჭიდების უნარები ვითარდება ბურთის გადაგდება-დაჭერისას.
ოთახში, დარბაზში ან სხვა დახურულ სივრცეში ბურთზე ფეხის დარტყმისას ბავშვები ივითარებენ მსხვილი კუთების კოორდინაციას, ძალის კონტროლსა და მოქნილობას.
მეტყველების უნარების გაუმჯობესება

თამაშის დროს ლაპარაკი, სიმღერა, ლექსების წარმოთქმა და სიტყვებით თამაში ბავშვებს მეტყველების უნარებს ხვეწს და ეს პროცესი გართობის დროს მიმდინარეობს.

თამაშის დროს სოციალური და ემოციური უნარების ათვისება

თამაში ავითარებს წარმოსახვასა და შემოქმედებით უნარებს, ავარჯიშებს ბავშვს ისეთ სოციალურ უნარებში, როგორებიცაა ვისიმე დალოდება, ვინმესთან მოლაპარაკება, რიგრიგობით ლაპარაკი, თანამშრომლობა, ემოციების გამოხატვა და გაზიარება.

რჩევები თამაშის წასახალისებლად

* მიეცით ბავშვებს მეტი დრო და შესაძლებლობა როგორც დამოუკიდებელი, ისე მართული თამაშისთვის. მოერიდეთ თამაშის ჯილდოდ შეთავაზებას.

* პატივი ეცით თითოეული ბავშვის უნიკალურ, ინდივიდუალურ სტილსა და მიდგომას სწავლისა და თამაშისადმი.

* გამოუძებნეთ ბავშვებს დიდი სივრცე უსაფრთხო გამოკვლევისა და თამაშისთვის. შეზღუდეთ ამ დროს აკრძალვების რაოდენობა. მოაწყვეთ სათამაშო სივრცე დადგენილი საზღვრებით, როგორც შიგნით, ისე გარეთაც.

* მოამარაგეთ ბავშვები ნაირ-ნაირი საინტერესო და უსაფრთხო მასალით, შესთავაზეთ ასეთივე საინტერესო და უსაფრთხო აქტივობები, რომლებიც მარტივიდან რთულისკენ იცვლება: სათამაშოები, საშუალებები წერისა და ხატვისთვის, წიგნები, მუსიკალური ინსტრუმენტები, საზეიმო ტანსაცმელი, თავსატეხები, სამაგიდო თამაშები. არ არის აუცილებელი, სათამაშო მასალები ძვირი ან რთული იყოს. მთავარია, ისინი ბავშვების განვითარებას შეესაბამებოდეს.

* მოერიდეთ ბავშვების ზედმეტად სტიმულირებას, განსაკუთრებით – ჩვილ ასაკში. ისინი თვითონვე მიგანიშნებენ თავიანთი აგზნების ზღვარს ტირილით (ყვირილით) ან თვალის არიდებით.

* მკაფიოდ განუსაზღვრეთ ბავშვებს სივრცის მოწყობის წესები (ასევე – საზღვრებიც) და ის მასალები, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ სათამაშოდ.

* გამოუყავით ბავშვებს სივრცე, სადაც მათ შეეძლებათ მშვიდად, სხვების ჩაურევლად ითამაშონ, სხვა, უფრო ხმაურიანი აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცისგან მოშორებით. ამ სივრცეში უნდა იყოს ხალიჩა ან ფარდაგი, რბილი ბალიშები, ბავშვის ზომის ავეჯი და სხვა.

* მუდმივად ატრიალეთ სათამაშოები ან მასალები ბავშვების ინტერესის შესანარჩუნებლად.

* დააკვირდით ბავშვებს და წყნარად ადევნეთ თვალი მათ თამაშს. ჩაინიშნეთ, რა მოსწონთ ან არ მოსწონთ, რა აინტერესებთ. მიაქციეთ ყურადღება იმ სათამაშოებსა და მასალებს, რომლებიც მათ წარმოსახვის ამოქმედებისკენ უბიძგებს. ბავშვები ხშირად სიამოვნებით თამაშობენ ჩვეულებრივი საგნების საბავშვო ვერსიებით (სათამაშო სასწორით, ჭურჭლით, ავეჯით და სხვ).

* წაახალისეთ ბავშვები, მოგიყვნენ, რას აკეთებენ და როგორ გრძნობენ თავს. გააცანით მათ ახალი სიტყვები ლექსიკონის გასამდიდრებლად, ჩაინიშნეთ მათი ნათქვამი.

* დაეშვით ბავშვების სიმაღლეზე და შეურთდით მათ თამაშს. მოუწონეთ თამაში და შეუქმენით მისი გაგრძელების მოტივაცია. არასოდეს დასცინოთ ბავშვების თამაშს.

* გაუზიარეთ მშობლებს/ოჯახებს, რა შეამჩნიეთ მათი შვილების თამაშზე დაკვირვებისას.

* ურჩიეთ მშობლებს, ჩააცვან შვილებს ადვილად გასარეცხი ტანსაცმელი და მტკიცე ფეხსაცმელები.
უწინარესად – უსაფრთხოება!

ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საბაზისო წესების დაცვა თამაშის დროს ბავშვის დაზიანების ალბათობის შესამცირებლად. ეს წესები გულისხმობს უსაფრთხო სათამაშოებით, მასალებითა და გარემოთი ბავშვების უზრუნველყოფას. იხილეთ „კალიფორნიის ბავშვთა მოვლისა და ჯანმრთელობის პროგრამის” რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ ბავშვთა უსაფრთხოების რამდენიმე სახელმძღვანელო წესი:

* შიდა და გარე გარემოს უსაფრთხოების წესების ნუსხა;
* პლაკატი/პოსტერი სასულე გზებში საგნების შესაძლო შესუნთქვა-გადაცდენასა და ასფიქსიაზე;
* პლაკატი/პოსტერი „უსაფრთხო სათამაშო მოედანი”;
* სათამაშოების უსაფრთხოების წესების ნუსხა.
სასარგებლო რესურსები ბავშვებისთვის თამაშების ორგანიზების შესახებ:
www.zerotothree.org/play/more.html
https://playingforkeeps.org/site/library_01.html
გამოყენებული ლიტერატურა
Perry, B., Hogan, L., Marlin, S. Curiosity, Pleasure and Play: A Neurodevelopmental Perspective. Haaeyc Advocate, June 15, 2000. www.childtrauma.org/ctamaterials/Curiosity.asp.
Koralek, D. (2004). Spotlight on Young Children and Play. National Association for the Education of Young Children. Washington, D.C.
ავტორი: მარდი ლუკიჩი, California Childcare Health Program
წყარო: https://www.education.com/reference/article/Ref_Value_Play/?page=2

თარგმნა ლევან ალფაიძემ

ადამიანი წიგნების გადასახედიდან

0
ფრანც კაფკას `მეტამორფოზაში~, გულგრილ, მომხმარებლური ჟინით დაბრმავებულ საზოგადოებასა და გარემოს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე უახლოესი ადამიანების, მშობლებისა და დის უსიყვარულობა გადააქცევს გრეგორ ზამზას ხოჭოდ. ერთ მშვენიერ დილას, როცა გრეგორს ჩვეულებრივ უნდა დაეწყო მოვალეობებითა და პასუხისმგებლობებით დატვირთული, მომაბეზრებლად ერთფეროვანი დღე, ყოველგვარი ცხოვრებისეული სიცარიელის დამძლევი თვითშეგნებით – მე ვიღაცისთვის საჭირო ვარ (ავტოთერაპიის ძირითადი ფორმულა?!) _ სასწაული მოხდა. როგორც ზღაპარშია, ადამიანი გადაიქცა ურჩხულად! თუმცა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ გარეგნულად, რადგან ზამზას ხოჭოს სხეულის ნიღბის მიღმა მკითხველი ისევ მას ხედავს _ ნაზ, მოსიყვარულე არსებას, მშობლებსა და დაზე მზრუნველს, თავისი ოჯახისა და სამსახურის კეთილსინდისიერ მსახურს, რომელსაც საკუთარი თავი კი არა, სხვების ბედი აღელვებს: რა ეშველებათ უჩემოდ? `მე ჩემს მშობლებსა და დაზე ზრუნვა მაკისრია. მე გასაჭირში ვარ, მაგრამ უთუოდ თავს დავაღწევ~. მის ოჯახს კი ამ დროს სხვა საზრუნავი აქვს: `ვის ჰქონდა დრო ამ დამაშვრალსა და გადაღლილ ოჯახში გრეგორის გამო თავი იმაზე მეტად შეეწუხებინა, რაც მთლად აუცილებელი ოყო?~ `მათი ოჯახური მოვალეობა იყო, ზიზღი როგორმე დაეძლიათ და მოეთმინათ მისი არსებობა, მოეთმინათ, მეტი არაფერი~. გრეგორის გარეშეც მშვენივრად გრძელდება ცხოვრება, თუ შავ იუმორს გამოვიყენებთ და მშვენიერს ვუწოდებთ მის მიმართ ახლობელთა უსულგულო დამოკიდებულებას: `მთელი სხეული სტკიოდა, ამასთან, გრძნობდა, რომ ტკივილი თანდათან უყუჩდებოდა და საცაა მთლად გაუვლიდა. ზურგში ჩაჭედილ დამპალ ვაშლსა და მის გარშემო ანთებულ სხეულს, რომელიც რბილი მტვრით იყო დაფარული, თითქმის აღრც გრძნობდა, ოჯახის წევრებს ახლა სიყვარულითა და გულაჩუყებით იგონებდა. მისი გადაწყვეტილება ოჯახის დატოვების შესახებ მტკიცე იყო. იგი უსაგნო და ნეტარი ფიქრებით იყო გართული, როცა ქალაქის საათმა ღამის სამი დარეკა. როცა ფანჯარაზე გარიჟრაჟის სინათლე დაეცა, იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მერე თავი დაბლა ჩამოუვარდა და ნესტოებიდან უკანასკნელი სუსტი სუნთქვა აღმოხდა~.
ზღაპარში ობოლი გოგონას უანგარო სიყვარული ურჩხულს წყევლისგან, ჯადოსგან იხსნის და კვლავ პრინცად გადააქცევს. საწყალ ზამზას კი სანაგვეზე მოისვრიან _ აბა, რა სარგებლობა უნდა ჰქონდეს ოჯახისთვის მკვდარ ხოჭოს, მხოლოდ და მხოლოდ ხოჭოს, სხვა არაფერს, რადგან თვალმა მხოლოდ ეს დაინახა, სულმა კი… აბა, ვის უნახავს თუ განუცდია სული სიყვარულის გარეშე?! `მაშ, ასე, _ თქვა ბატონმა ზამზამ (გრეგორის მამამ),_ ჩვენ ახლა შეგვიძლია, ღმერთს მადლობა ვუთხრათ~. ისინი გათავისუფლდნენ ადამიანობისაგან, რათა შეძლონ ტკივილისა და დანაშაულის განცდის, სინდისის ქენჯნის გარეშე ცხოვრება.

მას შემდეგ, რაც ნახა და განიცადა, რომ ეცოცხლა, მოუნდებოდა თუ არა ადამიანადყოფილ ხოჭოს კვლავ ადამიანობა? ალბათ, არა. მკითხველი გრძნობს, რომ გრეგორ ზამზას ოჯახია ურჩხული, რომელმაც მსხვერპლად შეიწირა გრეგორ ზამზა და ეს მსხვერპლშეწირვა ქრისტიანებმა წარმართული სისასტიკით განახორციელეს ისე, რომ სისხლი არ დაუღვრიათ, ხელი არ გაუსვრიათ.

`იცი, ჩვენ ურჩხულები ვართ~, _ ამბობს ჩარლზ ბუკოვსკი ერთ ინტერვიუში. იქნებ, სწორედ ამიტომაც გაიაზრებს თანამედროვე სამყაროს, როგორც მაკულატურას. მის ამავე სახელწოდების პაროდიულ, ერთი შეხედვით, მიზანთროპულ რომანში, უცხოპლანეტელები იწუნებენ დედამიწას, საცხოვრებლად არ გამოდგება, ყველაფერი მოწამლულია, ყველგან სიძულვილი და უიმედობააო. მთავარ გმირს, ნიკს აქვს განცდა: `სრულ არარობად ვგრძნობდი თავს~. `დაიბადო, რათა მოკვდე. დაიბადო, რათა მერე გამოჭერილი ციყვივით იცხოვრო~. `რატომ მაქვს შეგრძნება, რომ საკუთარ დაკრძალვას ვესწრები?~. `რა გულისამრევები ვართ. განწირულები ჩვენი პატარ-პატარა საქმეების საკეთებლად~. `შუადღემდე არ ავდგები ლოგინიდან, ეგებ ამოწყდეს იქამდე ნახევარი კაცობრიობა და მეორე ნახევრის ატანა სანახევროდ გულისამრევი იყოს-მეთქი~. `მკვდარი არ ვიყავი ჯერ, სასწაული სისწრაფით ვიხრწნებოდი უბრალოდ. ჰო, მაგრამ ვინ არ იხრწნება? ყველა ერთ დახვრეტილ ნავში ვსხედვართ და თავს ვირთობთ~.

როცა `ჰამლეტის~ ცნობილ ეპიზოდში, ჰამლეტი მესაფლავეებს ეკითხება, რამდენ ხანს ძლებს ცხედარი მიწაში გაუხრწნელადო, ერთი პასუხობს: თუ სიცოცხლეშივე არ გაიხრწნაო.

წიგნების გადასახედიდან ცხოვრება უფრო ამაზრზენი ეჩვენება აკუტაგავა რიუნოსკეს მოთხრობის `ცხოვრება იდიოტისა~ მთავარ გმირს: `ეს მოხდა წიგნის მაღაზიის მეორე სართულზე. იგი, ოცი წლის ჭაბუკი, თაროებთან მიდგმულ კიბეზე იდგა და ახალ წიგნებს ათვალიერებდა: მოპასანი, ბოდლერი, სტრინდბერგი, იბსენი, შოუ, ტოლსტოი…

ამასობაში ბინდბუნდი ჩამოწვა. ჭაბუკი მაინც დაჟინებით განაგრძობდა ყდებზე წარწერების კითხვას. მის წინ მთელი `საკუნის დასასრული~ იყო: ნიცშე, ვერლენი, ძმები გონკურები, დოსტოევსკი, ჰაუპტმანი, ფლობერი…

ძლივსღა არჩევდა გვარებს. წიგნები ნელიად გაუჩინარდა ბნელში. ჭაბუკი ბოლოს გაბეზრდა და ის იყო ძირს ჩამოსვლა დააპირა, რომ ზუსტად ის ზემოთ უთალფაქო ელექტრონათურა აინთო. კიბიდან გადმოხედა მაღაზიის მოსამსახურეებს და მუშტრებს, რომლებიც თაროებშუა დაბორალობდნენ. ყველა უცნაურად პატარა და უსუსური ჩანდა.

_ ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს… _ იგი ერთხანს კიბიდან დაჰყურებდა მათ _ უმწეო, საცოდავ ქმნილებებს~.

ვკითხულობთ ვგრძნობთ ბანალურსა და გაცვეთილ, მაგრამ მაინც ერთადერთ სიმართლეს: სიყვარულია პანაცეა. ეჭვის ჭია კი კვლავ განაგრძობს ფიქრის ღრღნას: იქნებ სხვაგანაც იყოს გამოსავალი ლაბირინთიდან, რომელსაც ცხოვრება ემსგავსება, რაც უფრო სიღრმეში ჩავყვებით?!

როგორც სიყვარული, ისე სიძულვილიც, ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება. მერე ჩნდებიან ადამიანი – ურჩხულები, რომლებიც შურს იძიებენ საზოგადოებაზე. ასეთი გმირი მრავლადაა ხელოვნებაში, მაგალითად, დოქტორი ჰანიბალ ლექსტერი რიდლი სკოტის ფილმიდან `ჰანიბალი~ (გადაღებულია ტომას ჰარისის მოთხრობის მიხედვით). მიუხედავად მისი სისასტიკისა, მაყურებელი ხედავს, რომ ის კლავს მხოლოდ ხარბ, უზნეო ადამიანებს. ძალადობას ძალადობითვე პასუხობს და ამგვარად იქცევა შურისძიების მახვილად. საკითხავია, ვის ხელში? _ აშკარად ეშმაკისა, მაგრამ როგორც გოეთეს `ფაუსტში~ ამბობს მეფისტოფელი: `ვარ იმ ძალის ნაწილი ერთი, დღემუდამ ბოროტს რომ იზრახავს და სჩადის კეთილს~.

სწორედ ამიტომაც მოგვწონს მიხაილ ბულგაკოვის ვოლანდი (განსხეულებული ეშმაკი), რომელიც საზოგადოების მიერ უარყოფილ მწერალს ახალ ცხოვრებას სთავაზობს. სწორედ ის ამბობს რომანში (`ოსტატი და მარგარიტა~) ფრაზას, რომ ხელნაწერები არ იწვიან, სწორედ ის ასწავლის ჭკუას მოღალატე, მხოლოდ ანგარებით შეპყრობილ ადამიანისსახედაკარგულ არსებებს.

ვარსკვლავური იდეალები

0
ახლა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ მე რომ მოსწავლე ვიყავი, ლეონარდო დი კაპრიო იყო სკოლის მოსწავლე გოგონების გულთამპყრობელი ვარსკვლავი. ფერად ჟურნალებს Backstreet Boys-ის და Spice Girls-ის პოსტერები მოყვებოდა ხოლმე, უმეტესობამ ზეპირად იცოდა მათი ამბები, უმცირესობა კურტ კობეინს უსმენდა და უმრავლესობას ოდნავ ზემოდან, ცხვირაბზუებული უყურებდა.
მოზარდობისას ყველას უნდა გამორჩეული იყოს, ყველა თავისი ადგილის დაკავებას ცდილობს და მეც ვფიქრობდი, რომ ვარსკვლავი, რომელიც მეყვარებოდა სიმპატიური, სოლიდური და წარმოსადეგი უნდა ყოფილიყო, მასზე მოსაყოლი ამბები საინტერესო, მის სახელს ეფექტური ჟღერადობა  ჰქონოდა, არც ძალიან “პაპსა” ტიპი უნდა ყოფილიყო და არც ისეთი, ჩემ გარდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს რომ ეცოდინებოდა მისი არსებობის შესახებ. იმდენ ხანს ვიფიქრე, ასეთი ვინ შეიძლება იყოს-მეთქი, საბოლოოდ დავრჩი ვარსკვლავური სიყვარულის მიღმა. ერთი პერიოდი 27 წლის ასაკში გარდაცვლილი ვარსკვლავების (ჯიმი ჰენდრიქსი, ჯიმ მორისონი, ჯენის ჯოპლინი) იდეა მიტრიალებდა თავში, ვუდსტოკის აურა მახვევდა თავბრუს, მერე ეგეც გადავიფიქრე.
ახლა თვითონ ვარ 27 წლის, იდეალებს აღარ ვეძებ, მეტიც, ზოგჯერ მგონია ხოლმე, რომ ის ყოველდღიური რუტინა და ყოფითი ამბები, რაშიც ჩაფლული ვარ, არანაკლებ იმსახურებს პატივისცემას, ვიდრე ვუდსტოკზე ნამღერი სიყვარულისა და თავისუფლების ოდები. არ იფიქროთ, საკუთარ თავსა და საქმიანობაზე მაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა. უბრალოდ,  მივხვდი, რომ მხოლოდ სიმღერა ან კარგად შესრულებული როლი, ლამაზი თვალები ან ქერა თმა კი არა, ადამიანის პრიორიტეტები, გაკეთებული საქმეები და მსოფლმხედველობა იწვევს ჩემს პატივისცემას.

ლეონარდო დი კაპრიოს ისევ ინტერესით ვადევნებ თვალს. მისი სიყვარულისთვის საკმარისია თუნდაც ის ფაქტი, რომ გასულ წელს ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი ფონდიდან 3 მილიონი დოლარი გადარიცხა, რაც წყნარ ოკეანეში მცხოვრები ზვიგენების გადარჩენას უნდა მოხმარდეს.

“ჩვენი პლანეტის ოკეანეებზე ზრუნვა და მათში მცხოვრები ცხოველების დაცვა – ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას”, – ამბობს მსახიობი.

ასევე ინტერესით ვადევნებ თვალს სრულიად ახალგაზრდა მსახიობს, ვარსკვლავს ჰარი პოტერიდან, ემა ვოთსონს, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად არის ჩართული ქალთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ კამპანიებში. მან, გაეროს კეთილი ნების ელჩმა,  გახსნა გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კამპანია #HEFORSHE. სიტყვა, რომელიც 24 წლის მსახიობმა გახსნაზე თქვა, გულგრილს ძნელად თუ ვინმეს დატოვებდა:

,,მე ბრიტანელი ვარ და ვთვლი, რომ სწორია, როცა მეც იგივეს მიხდიან იგივე სამუშაოში, რასაც ჩემ კოლეგა მამაკაცებს. სწორია, როცა მაქვს შესაძლებლობა მივიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ჩემი საკუთარი სხეული განკარგვას. სწორია, როცა ქალები ჩართულნი არიან იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩემს ცხოვრებაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ უფლებებით ყველა ქვეყანაში.  დღეს მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია თქვას, რომ მან გენდერულ თანასწორობას მიაღწია.

მე გამიმართლა, რადგან მომეცა საშუალება მქონოდა ყველა ეს უფლება. მე მივიღე ეს პრივილეგია, რადგან ჩემს მშობლებს არ ვყვარებივარ უფრო ნაკლებად, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ქალად დავიბადე. ჩემს სკოლას არ დაუწესებია ჩემთვის შეზღუდვები, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ვიყავი. ადამიანებს, რომლებიც მე მეხმარებოდნენ, არ ჩაუთვლიათ, რომ მე ნაკლებ წარმატებას მივაღწევდი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა ბავშვი გამეჩინა. ამ გენდერული თანასწორობის ელჩებმა მოახდინეს გავლენა ჩემ პიროვნებაზე და დამეხმარნენ ჩამოვყალიბებულიყავი ისეთად, როგორიც ახლა ვარ.

შეიძლება მათ არ იცოდნენ, მაგრამ ისინი ცვლიან მსოფლიოს. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ასეთი ადამიანი და თუ თქვენ კვლავაც გძულთ სიტყვა – ფემინიზმი, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ აქ სიტყვა არ არის მთავარი, მთავარია იდეა და  აზრი, რომელიც ამ სიტყვის მიღმა იმალება, რადგან დღეს ძალიან ცოტა ქალს თუ აქვს საშუალება ისარგებლოს ყველა იმ უფლებითა და შესაძლებლობით, რომელიც მე მაქვს.

………………………….

თქვენ ალბათ ფიქრობთ – ვინ არის ეს გოგო ,,ჰარი პოტერიდან”? რა უნდა მას გაეროში?  ეს მნიშვნელოვანი კითხვებია. კითხვები, რომლებსაც მეც ვუსვამდი საკუთარი თავს.  პასუხია – მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეს პრობლემები ანაღვლებს და სურს მოახდინოს ცვლილებები. ერთხელ ედმუნდ ბერკმა თქვა – ყველაფერი, რაც ბოროტ ძალას სურს იმისათვის, რომ გამარჯვებას მიღწიოს, არის ის, რომ კაცებმა და ქალებმა ერთად კარგი საქმის კეთება ვერ შეძლონ.

გულწრფელად, რომ ვთქვა მე ძალიან ვნერვიულობდი, როცა თქვენ წინაშე სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. შემდეგ, საკუთარ თავს ვკითხე – თუ არა მე, მაშინ – ვინ? თუ არა ახლა, მაშინ – როდის?

თუ თქვენ მართლაც გჯერათ  თანასწორობის, მაშინ სწორედ თქვენ ხართ თანასწორობის ის ელჩები, რომლებზეც უკვე ვისაუბრე.  ამ კამპანიის სახელწოდება წარმოადგენს გამაერთიანებელ სიტყვას და ეს არის მოძრაობა, რომელიც იბრძვის გაერთიანებისთვის.  კამპანიას სახელად დაერქვა ,,HEFORSHE”.  მე მსურს, რომ თქვენ გადმოდგათ ნაბიჯი წინ, რათა დაგინახოთ და თქვენს თავს ჰკითხოთ – თუ არა მე, მაშინ – ვინ? თუ  არა ახლა, მაშინ – როდის?”

ემა ცხადია ერთადერთი ვარსკვლავი არ არის, რომელიც ქალთა უფლებების დაცვაზე კონცენტრირდა. რამდენიმე დღის წინ ანჯელინა ჯოლიმ დაარსა ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავი ორგანიზაცია. სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულმა ანჯელინამ სამოქალაქო აქტივიზმს უკვე წლებია მიჰყო ხელი. ის პერიოდულად ეწევა მკერდის კიბოს საინფორმაციო კამპანიას, აპელირებს ბავშვთა უფლებებზე, აქცენტს აკეთებს ოჯახის სიძლიერეზე. 7 პატარას  ზრდის ბრედ პიტთან ერთად, რომელთაგან მათი ბიოლოგიური შვილი მხოლოდ 3-ია.  4 ბავშვი მათ სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან ჰყავთ აყვანილი.

ბავშვების თემისადმი სენსიტიურია წერილის თავში ნახსენები ჯგუფის, spice girls-ის ერთ-ერთი ვარსკვლავის, ვიქტორიას მეუღლე, თავადაც ვარსკვლავი და ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი, რომელმაც უნისეფთან ერთად მომდევნო სამი წლისთვის 7,1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო შეზღუდული შესაძლებლობების, მიგრანტი და ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი  ბავშვებისათვის ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად.

სხვა ბევრი მაგალითის მოყვანაც შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ, იმის საილუსტრაციოდ, რომ იდეალების ქცევამ დროთა განმავლობაში სახე მნიშვნელოვნად იცვალა, ესეც საკმარისია. სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იმდენად მძიმე და რთული პრობლემები არსებობს, აღარავის გვაქვს ფუფუნება, მხოლოდ ეფექტურ ლირიკას და ლამაზ ფიგურას დავჯერდეთ. საჭიროა დაუღალავი შრომა, აქტიური მოქმედება და რაც შეიძლება მეტი რესურსის მოძიება როგორც საკუთარ თავში, ასევე გარშემომყოფებში.

თუ ამავეს ახსნას თქვენი მოსწავლეებისთვის გადაწყვეტთ, ესაუბრეთ  მარტივად, მოუყევით  პოპ ვარსკვლავებისა და მათი კეთილი საქმეების შესახებ, მგონია, ასე  უფრო მარტივად გაიგებენ და დაიჯერებენ აქტივიზმის მნიშვნელობას, ჰუმანიზმის ფასს. იმასაც ისწავლიან, აქცენტი გარეგნული მახასიათებლებიდან შინაარსზე როგორ გადაიტანონ.

პრესტიჟი თუ შინაგანი მოწოდება?

0
 „ერთადერთი შესაძლებლობა, აკეთო დიადი საქმე, 
არის გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.”
   სტივ ჯობსი 
ვინ გინდა გამოხვიდე? ეს კითხვა ხშირად ისმის, განსაკუთრებით, სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე. ვინც კი გიცნობს, ყველას აინტერესებს,  რა გადაწყვიტე, რა პროფესიას უკავშირებ შენს მომავალს. არადა, ამ დროს ხან ისეთი დაბნეული და გაორებული ხარ, რომ სულ არ გსიამოვნებს ყველასგან ამ კითხვის მოსმენა. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ შენგან მოელიან რომელიმე  პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესიის არჩევას. შენ კი სულ სხვა რამ გინდა. ის, რაც წარმოდგენებშიც კი ჟრუანტელს გგვრის. მერე რა, რომ არაა „მოდური”. შენი მოდა ის უნდა იყოს, რაც შენ გინდა და არა ის, რაც სხვებს უნდათ და მოსწონთ. გიკვირს, რატომ არაა პრესტიჟული დაწყებითი კლასების მასწავლებლობა. ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესია. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე სხვებისთვის ცოდნის გადაცემა და  ისეთ საყვარელ და საინტერესო არსებებთან ურთიერთობა, როგორებიც ბავშვები არიან.

მასწავლებლობა და თან დაწყებითი კლასების? გაგიჟდი? შენი სურვილით ყოფ ყულფში თავს? ირგვლივ ყველა ამას გეუბნება. ცდილობს, გადაგაფიქრებინოს და შემოგაჩეჩოს რამე უფრო პრესტიჟული: ეკონომისტობა, იურისტობა, დიპლომატობა, ექიმობა და ა.შ., ოღონდ, არა მასწავლებლობა. რა ყრია მასწავლებლობაში? დაბალი ხელფასი და ნერვების შლა. რა არის ამაში სასიამოვნო? თანაც, დაწყებითი კლასების მასწავლებლობა ძალიან დაბალი დონეა, შენისთანა გოგომ, რომელიც სკოლაში ყველა საგანს კარგად სწავლობს, დაწყებითების მასწავლებლობისთვის ტვინი როგორ უნდა მოაცდინოს? (თითქოს დაწყებითი კლასების მასწავლებელს არ სჭირდებოდეს ყველა საგნის კარგად ცოდნა).

მოკლედ, გამძლეობა და მართლა დიდი სურვილი გჭირდება ამ დროს, რომ არ გადაიფიქრო. და მეც გავუძელი, მოვუსმინე იმ ხმას, რომელიც მესმოდა გულით და არა ყურებით და ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (მაშინ დაწყებითი განათლების სპეციალობა ამ ფაკულტეტზე იყო, ახლა კი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზეა), სადაც, სამწუხაროდ, სწორედ მასწავლებლობის არაპრესტიჟულობამ შემიქმნა პრობლემა. ფაკულტეტზე ჩარიცხულ უამრავ სტუდენტს შორის, რეგისტრაციის იმხელა რიგში, სადაც ადამიანი გაიჭყლიტებოდა კიდეც, ერთი მე აღმოვჩნდი მასწავლებლობის მსურველი, მხოლოდ ერთი, ან თუნდაც ორი  ჩემნაირით, ჯგუფი ვერ შედგებოდა. ამიტომაც იძულებული გამხადეს, სხვა სპეციალობა ამერჩია. მეც ავირჩიე ქართული ფილოლოგია, მაგრამ არც მაშინ მითქვამს უარი ჩემს სურვილზე. გადავწყვიტე, შემდეგი სემესტრიდან სხვა უნივერსიტეტში გადავსულიყავი, სადაც ჩემთვის სასურველი პროფესიის არჩევას შევძლებდი. ამ იმედით დავამთავრე პირველი სემესტრი და მოხდა სასწაული. მეორე სემესტრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, აღმოვაჩინე, რომ თსუ-შივე შედგა დაწყებითი განათლების სპეციალობის ჯგუფი სხვა უნივერსიტეტებიდან მობილობით გადმოსულ სტუდენტთაგან, და მეც არც დავფიქრებულვარ, ისე გადავედი პრესტიჟული ფილოლოგიიდან არაპრესტიჟულ, მაგრამ ჩემთვის გულით სასურველ დაწყებით განათლებაზე.

როდესაც სამომავლო პროფესიად დაწყებითი კლასების მასწავლებლობას ვირჩევდი, სხვებივით იმას ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ მასწავლებლობა მხოლოდ ორჯერ ორის სწავლება იყო და ამაზე ადვილი პროფესია არ არსებობდა, მაგრამ არც ისეთი რთული მეგონა, როგორიც სინამდვილეშია. უნივერსიტეტში რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ღრმად ვაცნობიერებდი, რამხელა პასუხისმგებლობას ვაკისრებდი საკუთარ თავს მასწავლებლობით. ყველა ლექტორი გვეუბნებოდა, ბავშვის სული მასწავლებელს უკავია ხელშიო. ამ სიტყვების გაგონებაზე პირველად შემეშინდა მასწავლებლობის – ვაითუ, ვერ აღმოვჩნდე კარგი მასწავლებელი და ბავშვების სულს რამე ვავნო-მეთქი (მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ვიცი, თუ ადამიანი რაიმეს გულით მოინდომებს, აუცილებლად გამოუვა, მე კი ძალიან, ძალიან  მინდა, რომ კარგი მასწავლებელი ვიყო).

აი, მაშინ კი, როცა უნივერსიტეტიდან სკოლაში პრაქტიკაზე გაგვიშვეს, შიშმა ჩემი სხეული მთლიანად დაიპყრო. ნუთუ უკვე დადგა ჩემი აღსასრულის ჟამი-მეთქი, გავიფიქრე. ფსიქოლოგიურად, აშკარად, არ ვიყავი მზად გაკვეთილის ჩატარებისთვის.

შიშმა ცოტათი გადამიარა, როცა გვითხრეს, რომ თავიდან მხოლოდ დავესწრებოდით და, ასე ვთქვათ, დამკვირვებლები ვიქნებოდით. როცა უკანა მერხზე ზიხარ და აკვირდები, თითქოს ყველაფერი არც ისე რთულია, შენიშვნებიც კი გიჩნდება მასწავლებლის ამა თუ იმ ქმედებასთან დაკავშირებით, მარამ, როგორც ამბობენ, „სხვის ომში ყველა ბრძენია” და, აი, საკუთარ ომში ბრძოლა არც ისე ადვილია, განსაკუთრებით, თუ ეს „ომი” გაკვეთილის პირველად ჩატარებაა…

როცა მითხრეს, რომ სულ მალე პირველი გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ეს იყო გამოცდა, რომლის მსგავსი არც სკოლაში მქონია მოსწავლეობის დროს და არც უნივერსიტეტში. მეშინოდა, რომ ამ „გამოცდას” ვერ ჩავაბარებდი. მთელი კვირა ღელვასა და ნერვიულობაში გავატარე. დავგეგმე გაკვეთილი, წარმოდგენებში ათასჯერ მაინც შევედი კლასში და ათასჯერვე ისე განვიცადე, თითქოს მართლა იქ ვიყავი. ვაითუ, განცდების გამო სულ დამვიწყებოდა, რაზე მესაუბრა და ბავშვებთან შევრცხვენილიყავი. ამის წარმოდგენაც კი არ მინდოდა. არ მეგონა, ამ დღის გადატანას თუ შევძლებდი. გულის კანკალით ველოდი გაკვეთილის ჩატარების დღეს და ისიც დადგა.

არ ვიცი, სიტყვებით შესაძლებელია თუ არა იმის გადმოცემა, რაც მაშინ განვიცადე. ბოლო მერხიდან ყველაფერი ნამდვილად  სხვაგვარად ჩანდა, დაფასთან კი … ვიდექი და თავი სცენაზე მეგონა. „მაყურებელი” საკმაოდ აქტიური მყავდა. სამოცი თვალი მიყურებდა და ჩემს „გამოსვლას” ელოდებოდა. გავბედე და დავიწყე… ოცდაათი ბავშვი კითხვაზე ხელს ერთდროულად იწევდა. თვალები მიჭრელდებოდა, თავი ფუტკრების სკაში მეგონა. ყველა ბავშვს, თითქოს, ერთი სახე ჰქონდა… მიკვირდა, როგორ ვახერხებდი გაკვეთილის ჩატარებას. ერთი სული მქონდა, ზარის დარეკვამდე, რომ ამომესუნთქა. მიუხედავად ასეთი განცდებისა, საქმე ბოლომდე მივიყვანე, კლასიდან არ გავქცეულვარ.

ეს იყო და ეს, ამ დღის შემდეგ ასეთი შეგრძნება აღარ მქონია. მეორედ ჩატარებისას, თვალები აღარ ამჭრელებია, მესამედ და მეოთხედ კი უკვე აღარ ვგავდი ახლადგამოჩეკილ წიწილას და ყელი მამალივით მქონდა მოღერებული, თითქოს, მთელი ცხოვრება გაკვეთილები მეტარებინოს.

რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი, სულ უფრო მეტად მიყვარდებოდნენ ბავშვები. პატარებისგან წამოსული სითბო მეც მათბობდა და, მგონი, საკლასო ოთახსაც. მიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ სემესტრი დასრულდებოდა და მათთან დაშორება მომიწევდა. 

სემესტრის ბოლო მაინც მოახლოვდა. ვთვლი, რომ ბავშვებზე უკეთესად მასწავლებელს ვერასდროს ვერავინ შეაფასებს. ამიტომ ვთხოვე, წერილობით აღეწერათ  ჩემი და ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილები. მათაც დიდი სიამოვნებით დამიწერეს. 

რამდენი ნაწერიც წავიკითხე, იმდენი ღიმილი მაჩუქეს ბავშვებმა. ამაზე საყვარელ და სასიამოვნო წერილებს ვერასდროს ვერავინ დამიწერს, თუ არა ისევ ბავშვები. 

გარდა ლამაზი მოგონებებისა, უკვე  წერილები და ნახატებიც მაქვს. ბავშვების სითბოც დღემდე მომყვება და მათბობს.

თუმცა, ჩემი „მასწავლებლობა”, ბავშვების სითბო, წერილები და ნახატები მხოლოდ ტკბილ მოგონებებად რომ არ დამრჩეს, ამისთვის, ვიცი, დიდი შრომა და თავდადებაა საჭირო. ჩემგან ისეთი მასწავლებელი უნდა დადგეს, რომ არ გავამართლო მცდარი აზრი – დაწყებითი კლასების პედაგოგობა დაბალი დონეაო.

ესე ისტორიის სწავლებაში

0
ისტორიის მასწავლებლები ალბათ დამეთანხმებიან, რომ სასკოლო რეფორმების დაწყებამდე მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებისას პედაგოგები აშკარა უპირატესობას ანიჭებდნენ ზეპირ მეტყველებას (გაკვეთილის მოყოლას). რეფორმების საწყის ეტაპზე ამ მიზნით თითქმის ყველა საგანში, მათ შორის – ისტორიაშიც, ძალზე პოპულარული გახდა ტესტები. ამჟამად მასწავლებლის გადასაწყვეტია, ცოდნის შემოწმების რომელ ფორმას მიიჩნევს მართებულად ამა თუ იმ შემთხვევაში, არჩევანი კი საკმაოდ ფართოა: პრეზენტაცია, ტესტირება, ექსპერიმენტი, პროექტი, რეფერატი, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია… სადავო არ არის, რომ მასწავლებლის მოვალეობაა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი მეთოდებით შეუმოწმოს მოსწავლეებს ცოდნა, რათა ყოველ მათგანს მიეცეს თავისი განსხვავებული უნარების გამოვლენისა და განვითარების საშუალება. ვფიქრობ, მასწავლებლები იმაშიც დამეთანხმებიან, რომ მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საკამათო ასპექტია. რაც უფრო კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად მიუდგება მასწავლებელი ამ საკითხს, მით უფრო მეტი ძალისხმევის გაღება მოუხდება მას. არ მინდა ვამტკიცო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისეთი „არაზუსტი” მეცნიერების შემთხვევაში, როგორიც ისტორიაა, მოსწავლეთა შეფასება კიდევ უფრო რთულდება. მოგეხსენებათ, უამრავი ისტორიული ფაქტი თუ მოვლენა დღემდე განსჯის საგანია. ასეთი მოვლენების განხილვისას მასწავლებლები მიმართავენ სხვადასხვა აქტივობას  (დებატებს, დისკუსიებს, როლურ თამაშებს და სხვ.), რომლებიც ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა. ეს აქტივობები უვითარებს მოსწავლეს ისეთ უნარებს, როგორებიცაა პრეზენტაცია, ლოგიკური მსჯელობა, თანამშრომლობა. მაგრამ ზეპირ მეტყველებასთან დაკავშირებული ამ აქტივობების დროს მასწავლებელი ვერ ახერხებს სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის თანაბრად ჩართვას. ვერც იმაში ვიქნებით დარწმუნებული, რომ ყველა მოსწავლემ გამოთქვა თავისი მოსაზრება – ზოგი თავს შეიკავებს, ზოგს დრო არ ეყოფა აზრის იმგვარად ჩამოსაყალიბებლად, როგორადაც სურდა. ამასთანავე, თავის გამოჩენასთან დაკავშირებული ეს აქტივობები ყოველთვის ვერ იქნება იმის საწინდარი, რომ მოსწავლეებმა ბოლომდე გაიაზრეს წაკითხული ტექსტი, სიღრმისეულად ჩასწვდნენ საკითხის არსს. სწორედ ამ ნაკლოვანებათა გამოსწორების საშუალებას გვაძლევს წერითი დავალებები. წერითი დავალების დროს მოსწავლე ინდივიდუალურად, მშვიდ ვითარებაში მუშაობს. ცდილობს, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს და არგუმენტებით გაამყაროს თავისი მოსაზრება. ამ დროს მას არ უხდება თავისი აზრის მართებულობაში სხვების დარწმუნება, არც განსხვავებული მოსაზრებისთვის ანგარიშის გაწევა და კომპრომისი. სამაგიეროდ, მოსწავლეს ისტორიული კონტექსტის საფუძვლიანად გააზრება მოეთხოვება. ამასთანავე, ის ბუნებრივად იწყებს კრიტიკულ აზროვნებას და იუმჯობესებს წერის კულტურას. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული ფორმაა წერითი დავალება (ესე). ურიგო არ იქნება, თუ სემესტრის განმავლობაში მოსწავლე რამდენიმე ესეს დაწერს. იმისთვის, რომ მასწავლებელს გაუადვილდეს მოსწავლეების შეფასება, ხოლო მოსწავლეს – ესეს დაწერა, მასწავლებელმა წინასწარ უნდა გააცნოს მას ესეს წერის წესები, სტრუქტურა და სხვა მოთხოვნები, რომლებიც სწავლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვაა.

რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ის სირთულეებიც, რომლებიც შესაძლოა ესეს წერისას წარმოიშვას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსწავლეს მასწავლებლის დაუხმარებლად გაუჭირდება თავისი ნამუშევრისთვის სტრუქტურულად გამართული ფორმის მიცემა. ამ პრობლემის დაძლევის ყველაზე მოხერხებული გზაა მოსწავლისთვის ესეს ჩარჩო-ფორმის შეთავაზება. ეს თავად მასწავლებლებისთვისაც საჭიროა, რადგან მათ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაში დაეხმარება. ესეს წერისას მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თავიანთი ცოდნის საილუსტრაციოდ მოეთხოვებათ არა დეტალური ინფორმაციის გადმოცემა, არამედ საკუთარი მოსაზრებების მკაფიოდ და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება. 

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ, კერძოდ, ესეს სათაური. როგორ გაართმევს თავს მოსწავლე ესეს, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებულ სათაურზე. სწორედ ასეთმა სათაურმა უნდა მისცეს შესაძლებლობა მოსწავლეს, მკაფიოდ გამოხატოს თავისი პოზიცია, გამოთქვას ვარაუდი, წამოჭრას ჰიპოთეზა. სათაური გარკვეულწილად ესეს სტრუქტურასაც განაპირობებს. მას არ უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა, რომ მოსწავლემ მასში აპრიორულად დაინახოს „ჭეშმარიტება”, რამაც შესაძლოა განაპირობოს მისი არჩევანი. სათაური ისეთი ფორმით უნდა მივაწოდოთ მოსწავლეს, რომ მან მეტ-ნაკლებად თანაბრად წარმოიდგინოს ორივე პოზიცია და არჩევანი თავად გააკეთოს. ამასთანავე, სათაური არ უნდა იყოს ბუნდოვანი, რათა მოსწავლეს მეტისმეტად არ გაურთულოს ამოცანა. რაც შეეხება თემას, ალბათ უფრო ნაყოფიერი იქნება, თუ მოსწავლეს შევთავაზებთ ესეს დაწერას არა რომელიმე გლობალურ საკითხზე, არამედ კონკრეტულ ფაქტზე. მაგალითად, ნაცვლად საფრანგეთის რევოლუციის შეფასებისა, შევთავაზებთ დაასაბუთოს ან უარყოს ლუი მეთექვსმეტის სიკვდილით დასჯის მართებულობა.

კლასიკური გაგებით, ესე სამი ნაწილისგან შედგება. პირველია შესავალი პარაგრაფი, რომელშიც მოსწავლე აყალიბებს თავის პოზიციას (სასურველია, ისეთი ფორმით, რომ თავიდანვე აღუძრას ინტერესი მკითხველს). მას მოსდევს ძირითადი პარაგრაფები, რომლებშიც მოსწავლეს მოჰყავს თავისი არგუმენტები და ამტკიცებს მათ; ზოგჯერ განიხილავს საპირისპირო მოსაზრებასაც და მათ გაბათილებას ცდილობს; შეიძლება ჰიპოთეზების წამოჭრაც. დაბოლოს, მესამე, დასკვნითი პარაგრაფი, რომელშიც ესეს ავტორი კიდევ ერთხელ მოკლედ აყალიბებს თავის პოზიციას, ამჯერად – ესეში მოყვანილი არგუმენტების შეჯერების საფუძველზე. 
მოსწავლის ესეს ჩარჩო 

ესეს პირველ პარაგრაფში მოსწავლე აყალიბებს თავის პოზიციას და მოჰყავს ორი არგუმენტი მის გასამყარებლად. მაგრამ კარგი დასაწყისისთვის ეს არ არის საკმარისი; ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ თავიდანვე მიიპყრონ მკითხველის ყურადღება, მაგ., პოპულარული გამონათქვამით, ყველასათვის ნაცნობი ციტატით, სანდო სტატისტიკური მონაცემებით, თუმცა ყოველივე ეს დაკვირვებით უნდა იქნეს შერჩეული, რათა მოსწავლის პოზიცია გაამყაროს, ეს კი საკმაოდ რთული ამოცანაა და მოსწავლეთა უმეტესობა ამას თავდაპირველად ალბათ ვერ მოახერხებს. მეორე და მესამე პარაგრაფები მოსწავლის არგუმენტების დასაბუთებას ეთმობა. სასურველია, მოსწავლემ მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები. შეიძლება პარაგრაფების მოკლე შემაჯამებელი წინადადებებით დასრულება (მაგ., ასე: „როგორც ვხედავთ…”). მეოთხე პარაგრაფი იმითაა საინტერესო, რომ მოსწავლემ საკითხს ოპონენტის თვალით უნდა შეხედოს, მოიყვანოს ერთი კონტრარგუმენტი და სცადოს მისი არგუმენტირებულად გაბათილება. მოსწავლე პარაგრაფს დაახლოებით ასე დაიწყებს: „შესაძლოა, ოპონენტები შემეკამათონ…”, მოიყვანს კონტრარგუმენტს და შეეცდება დაასაბუთოს, რატომ არის ის მის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე სუსტი. მეხუთე პარაგრაფი დასკვნას ეთმობა. მოსწავლე კიდევ ერთხელ მოკლედ და კრეატიულად დაასაბუთებს თავის მოსაზრებას და ეცდება, ეფექტურად დაასრულოს ესე. მოსწავლეს უნდა ავუხსნათ, რომ ესემ მკითხველისთვის გასაგები უნდა გახადოს ავტორის მოსაზრება, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში მის მართებულობაში დაარწმუნოს.

ავტობიოგრაფიული ალბომი (ნაწილი I)

0

„არ არსებობს სხვა გზა, გარდა მუსიკისა”.

პ. ჩაიკოვსკი
ჩაიკოვსკის საბავშვო საფორტეპიანო მემკვიდრეობა ბავშვის მუსიკალური სწავლა-აღმზრდელობითი პროცესის ერთ-ერთი მთავარი ეტაპია. ფორტეპიანოს გაკვეთილზე ის უნდა იქცეს პროგრამის აუცილებელ ნაწილად. სხვადასხვა სკოლის კლასებსა და საკონცერტო დარბაზებში ყოველ წელს ჟღერს ერთი და იგივე პიესები იმ უკვდავი ოპუსიდან, საუკუნეზე მეტი ხნის წინ რომ დაწერა პიოტრ ჩაიკოვსკიმ.

საბავშვო მუსიკით ჩაიკოვსკი კომპოზიტორ-ფსიქოლოგად გვევლინება. იგი ტალანტის მთელი გენიალურობით ხსნის ბავშვის შინასამყაროს – მის გრძნობებსა და განცდებს, ფანტაზიასა და შთაბეჭდილებებს, ამიტომ „საბავშვო ალბომი” უდიდესი პედაგოგიური ფასეულობის მატარებელია. მოკლე და მსუბუქი პიესების მაგალითზე კომპოზიტორი ახალგაზრდა მუსიკოსებს აცნობს რუსულ ხალხურ მუსიკას, აგრეთვე – საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის მუსიკალურ კულტურას, შეჰყავს ბავშვები სხვადასხვა საცეკვაო ჟანრის – ვალსის, პოლკას, მაზურკასა და მარშის სამყაროში, მუსიკის მეშვეობით აჩვენებს მათ, როგორ შეიძლება მწუხარებისა და სიხარულის, ბუნების რეალური სახეებისა და ზღაპრული ფანტაზიების, მხიარული თამაშების, ლოცვის თანმხლები სულიერი განცდების, ერთი სიტყვით, შთაბეჭდილებათა მრავალფეროვანი სამყაროს გამოხატვა.

პიოტრ ჩაიკოვსკი „საბავშვო ალბომით” პირველად შეეხო საბავშვო თემას. ამ თემაზე ნაწარმოებების შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა კომპოზიტორის ცხოვრებისეული მდგომარეობა (1877-1878 წ.წ.) – ძლიერი სულიერი განცდების დროს მისი ხანგრძლივი ურთიერთობა დისშვილებთან და, ამასთან ერთად, საკუთარი ბავშვობის გახსენება. მეორე მოსაზრებით, ალბომის შექმნას საფუძვლად დაედო ძმის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ყრუ-მუნჯ კოლია კონრადისთან ურთიერთობა. მესამე ვერსიით, ის შუმანის ცნობილი ნაწარმოების „ალბომი ახალგაზრდებისთვის” მიბაძვით შეიქმნა. ჩაიკოვსკი თავადაც აღნიშნავდა: „მსურს შევქმნა პატარა, მსუბუქი პიესების წყება მიმზიდველი სათაურებით, როგორებიც აქვს შუმანს”.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

დედის გარდაცვალებამ 14 წლის პიოტრ ჩაიკოვსკის ცხოვრებას უდიდესი კვალი დააჩნია. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პეტია შთაბეჭდილებიან, მგრძნობიარე და მოწყვლად ბიჭუნად იზრდებოდა, რის გამოც ძიძამ „შუშის ბავშვი” შეარქვა.

ათი წლით უმცროსი ტყუპი ძმის – მოდესტისა და ანატოლის ბედზე პასუხისმგებლობა მთლიანად პიოტრმა იტვირთა. მოდესტი იხსენებს: „ყველაზე ბრძენი და გამოცდილი პედაგოგი, მოსიყვარულე და ნაზი დედაც კი ვერ შეცვლიდა ჩვენდამი მის მზრუნველობას. ყველაფერს, რაც სულსა თუ გონებაში გაგვაჩნდა, მას უნდა ვუმადლოდეთ. უდიდესი იყო მისი გავლენა ჩვენზე. და თითქოს ჩვენ სამმა შევქმენით ოჯახი ოჯახში. პიოტრი ჩვენთვის იყო ძმაც, დედაც, მეგობარიც, დამრიგებელიც – ყველაფერი დედამიწის ზურგზე”. თითქოსდა ამის პასუხად, მოგვიანებით დრამატურგმა მოდესტ ჩაიკოვსკიმ ძმის საოპერო შედევრებისთვის, „პიკის ქალისა” და „იოლანტასთვის”, შესანიშნავი ლიბრეტოები დაწერა.

ძმების ერთგული მეგობრობა პიოტრ ჩაიკოვსკის მოულოდნელმა სიკვდილმა შეწყვიტა. კომპოზიტორმა ძმის ხელში დალია სული. დარჩენილი ცხოვრება მოდესტმა მთლიანად დიდი კომპოზიტორის სახელის უკვდავყოფას მიუძღვნა. გახდა ძმის პირველი ბიოგრაფი, დააფუძნა კომპოზიტორის სახლ-მუზეუმი და მისი არქივი ქალაქ კლინში, მოსკოვთან ახლოს.

უნდა ვახსენოთ მოდესტ ჩაიკოვსკის პედაგოგიური ტალანტიც. ყრუ-მუნჯი ბიჭუნას მშობლებმა შვილი აღსაზრდელად 25 წლის მოდესტს მიაბარეს და სპეციალური მეთოდიკის შესასწავლად შვეიცარიაში გამგზავრება შესთავაზეს. მოდესტი წინადადებას დათანხმდა და 8 წლის კოლია კონრადის აღზრდა-განათლებაზე დაიწყო ზრუნვა. მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა თითქმის ზრდასრულ ასაკამდე გაგრძელდა. მოდესტ ჩაიკოვსკის დაუღალავი შრომის წყალობით მისმა აღსაზრდელმა ლაპარაკიც ისწავლა, კითხვაც, ირგვლივ მყოფთა საუბარიც ესმოდა და, ამასთან, მშვენიერი განათლებაც მიიღო.

პიოტრ ჩაიკოვსკის საბავშვო ალბომის შექმნისთვის ერთ-ერთი ბიძგი სწორედ კოლიამ მისცა. შვეიცარიასა და იტალიაში მოგზაურობისას კომპოზიტორი ეცნობოდა ბავშვის ინტერესთა სამყაროს, აკვირდებოდა მის რეაქციებს, შთაბეჭდილებებს. მისთვის თითქოს აქამდე უხილავი სულისა და ფსიქიკის საზღვრები გაიხსნა. ჩაიკოვსკის წერილებიდან კარგად ჩანს მისი მგრძნობიარე, ამაღელვებელი მზრუნველობა კოლიას მიმართ, რომლის გვერდითაც მოგზაურობისას ბევრი დრო გაატარა. „ბედნიერი ვარ. მოგზაურობის უკანასკნელი დღეები აღსავსე იყო სასიხარულო შეგრძნებებით. მიყვარს ბავშვები. კოლია უსასრულობამდე მახარებს. ძალიან საინტერესოა ასეთ ჭკვიან ბავშვზე დაკვირვება. ახლა განწყობილი ვარ, დასასვენებლად ხელი მოვკიდო ათასგვარ წვრილმან საქმეს”.
ალბომის შექმნა ჩაიკოვსკის კიდევ ერთმა იმპულსმა შთააგონა. ეს მოხდა ფლორენციაში მოგზაურობის დროს, როდესაც კომპოზიტორმა ქუჩაში 10-11 წლის ბიჭუნას ვიტორიოს ნამღერი მოისმინა. აი, რას სწერდა ის მეგობარს ამის შესახებ: „არ მახსოვს, ოდესმე უბრალო ხალხურ სიმღერას ასე ავეღელვებინო; ბიჭუნამ შემძრა თავისი სასწაულებრივი ხმით. მესამე დღეს კვლავ მქონდა ბედნიერება, ქუჩის პატარა მომღერალი მეპოვნა. მან ისევ მიმღერა და მე გამაოცა კონტრასტმა ბავშვურ ხმასა და სიმღერის ტრაგიკულ შინაარსს შორის. აღფრთოვანებისგან გული მიწუხდა”… იმავე დღეებში კომპოზიტორმა თავის გამომცემელ პ. იურგენსონს მისწერა, რომ გადაწყვიტა, თანდათანობით ეწერა პატარა პიესები ფორტეპიანოსთვის.

„საბავშვო ალბომში” ჩაიკოვსკიმ გამოიყენა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას მოსმენილი შთამბეჭდავი მუსიკა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალბომი კომპოზიტორის ერთგვარი დღიურია. მოგზაურობამ ჩაიკოვსკის საშუალება მისცა, შეეცნო მსოფლიო კულტურის სიბრძნე, რაც აისახა კიდეც მის საბავშვო შემოქმედებაზე.

***
ჩაიკოვსკის „საბავშვო ალბომი” (ოპუსი 39) სპეციფიკური „საბავშვო პედაგოგიური” მიმართულების ერთადერთი საფორტეპიანო ოპუსია. 24 მსუბუქი პიესისგან შემდგარ ციკლს თემატიკა აერთიანებს. მასში არეკლილია კომპოზიტორის მიერ გასაოცარი სიზუსტითა და სიფაქიზით დანახული ბავშვის სამყარო. ალბომი 1878 წელს დაიწერა. „დიდი ხანია, ვფიქრობ საბავშვო მუსიკალური ლიტერატურის გამდიდრებაზე, რომელიც არცთუ მდიდარია”, – წერდა ჩაიკოვსკი.

კომპოზიტორი ბევრ დროს ატარებდა კიევთან ახლოს, სოფელ კამენკაში, დავიდოვების მამულში, რომლის მფლობელი ლევ დავიდოვი ჩაიკოვსკის საყვარელი დის ალექსანდრას მეუღლე და ამავე დროს მისი მეგობარიც იყო. გასაკვირი არ არის, რომ ალბომი კომპოზიტორმა 6 წლის დისშვილს – ვალოდიას მიუძღვნა: „ეს ალბომი ჩემს დისშვილს მივუძღვენი, რომელსაც გატაცებით უყვარს მუსიკა და მპირდება, რომ მუსიკოსი გახდება”, – სწერდა ის მეგობარს. მოგვიანებით მასვე მიუძღვნა „ყველაზე გულწრფელი ნაწარმოები” – მე-6 სიმფონია.
ვალოდია დავიდოვი
ჩაიკოვსკის ძალიან უყვარდა ბავშვები. შეეძლო, საათობით ეთამაშა მათთან და დამტკბარიყო მათი უშუალობით. ალბათ საკუთარ შვილებზეც ოცნებობდა, მაგრამ ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა. კომპოზიტორი სულიერ სითბოს ძმისა და დის მრავალშვილიან ოჯახებში პოვებდა. ამიტომ გასაგებია მისი სურვილი, ჩაძირულიყო ნათელ და სუფთა ბავშვურ სამყაროში საკუთარ განცდებთან ერთად.
 
პირველი ადრესატი შუმანის ნაწარმოებების ციკლისა „ალბომი ახალგაზრდებისთვის” კომპოზიტორის 7 წლის ქალიშვილი იყო. პროკოფიევის ვაჟები წამოიზარდნენ და შეიქმნა კიდეც „საბავშვო მუსიკა”. შოსტაკოვიჩის ქალიშვილს მიეძღვნა „საბავშვო რვეული”. მაგრამ ჩაიკოვსკის ხომ არ ჰყავდა შვილები; მაშ, რა იყო მიზეზი იმისა, რომ 38 წლის ასაკში კომპოზიტორმა მუსიკალური შემოქმედების ძალზე სპეციფიკურ სფეროს მიმართა? ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია – მას ხომ ძალიან უყვარდა ბავშვები და მათი რთული და მდიდარი სამყარო, რომელიც მოიცავს არა მარტო თამაშსა და გართობას, არამედ ფიქრებსაც ღმერთის, სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოს შესახებ, ვნებისკენ ქვეცნობიერ სწრაფვას და სხვა.

სკოლის ბიბლიოთეკა – მტვრიანი წიგნთსაცავი თუ სწავლების აქტიური სივრცე?

0
21-ე საუკუნეში, ინფორმაციით გაჯერებულ ეპოქაში,  ბიბლიოთეკა არ არის და ვერ იქნება მხოლოდ წიგნების საცავი ან  მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი. დღეს ის ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, შემოქმედებითი სწავლებისა  და მსჯელობის ხელშეწყობის სივრცეც უნდა იყოს. 

სკოლის ბიბლიოთეკა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აუცილებელი ქვეგანაყოფია, რომელსაც თავისი ფუნქციები გააჩნია. ის დადგენილი წესებითა და მეთოდებით ემსახურება მოსწავლეებს. 

სწავლების პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის აუცილებელია ბიბლიოთეკა სკოლის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქმებოდეს. თანამედროვე სასკოლო ბიბლიოთეკის  ფუნქციებია:

–        შესატყვისი სასწავლო  ლიტერატურის მოპოვება და დაცვა;
–        საძიებო აპარატის წარმოება და სრულყოფილად გამოყენება;
–        ინფორმაციის მოძიება და სასწავლო  პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფა;
–        კლასგარეშე კითხვის ორგანიზაცია;
–        კულტურულ  საგანმანათლებლო  ღონისძიების ჩატარება;
_      თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელთა მაღალკულტურული მომსახურება.

ყველა ეს ფუნქცია კომპლექსურად მოქმედებს და ხელს უწყობს ძირითადი მიზნის განხორციელებას –  ხელი შეუწყოს განათლების, საინფორმაციო საქმიანობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სწავლებისა და თვითგანვითარების, აგრეთვე კულტურის გაცნობისა და დაცვის ამოცანებს, ზოგადად, წიგნიერების დონის ამაღლებას.  სასკოლო ბიბლიოთეკის დანიშნულება ამ ყველაფერთან ერთად ისიცაა, რომ მოსწავლეებმა მიიღონ მათთვის საჭირო ცოდნის მაქსიმუმი და მაღალი მოქალაქეობრივი მორალისა და ზნეობის ადამიანებად აღიზარდონ. 

სასკოლო ბიბლიოთეკის რესურსი თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის: მოსწავლეთათვის, მასწავლებლებისთვის, სკოლის პერსონალისთვის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, საინტერესოა პასუხი კითხვაზე: რა ფუნქცია აკისრია ბიბლიოთეკას რეალურად დღეს სკოლაში? რამდენად ხშირად სტუმრობენ მას მოსწავლეები და იყენებენ თუ არა ისინი აქტიურად სასკოლო ბიბლიოთეკის რესურსებს.

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო კურსის – „კვლევა საკლასო ოთახში” – ფარგლებში დაიგეგმა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, თუ რამდენად ასრულებს ბიბლიოთეკა თავის ფუნქციას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. 

სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტებთან ერთად შევჯერდით კვლევის შემდეგ მეთოდებზე:

ანკეტირება  (წინასწარი მოლაპარაკების შედეგად სტუდენტებს მიეცათ საშუალება თბილისის და კეხიჯვრის სკოლებში გამოეკითხათ მოსწავლეები მე-6,მე-7,მე-8,მე-9 და მე- 10 კლასების მოსწავლეები.

ანალიზი (სამიზნე ჯგუფისგან  ინფორმაციის შეგროვება, ინფორმაციის ჯგუფში შეჯერება, ანკეტირების შედეგების დამუშავება).

კვლევის ობიექტი: ქ.თბილისის 163-ე, 51-ე, 32-ე საჯარო სკოლების და კეხიჯვრის    სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
გამოიკვეთა საკვლევი პრობლემაც: რეალურად სარგებლობენ თუ არა მოსწავლები სასკოლო ბიბლიოთეკებით ან რამდენად მნიშვნელოვნად და საჭიროდ მიაჩნიათ მათ ბიბლიოთეკების არსებობა სასკოლო სივრცეში. 

შემუშავდა ჰიპოთეზა: მოსწავლეთა უმრავლესობა სათანადოდ არ სარგებლობს სკოლის ბიბლიოთეკით.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 90 მოსწავლე: აქედან 35 ვაჟი და 55 გოგონა. გამოკითხულთა ასაკი 12-16 წელი.  
სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული ანკეტა მოიცავდა ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე საკითხს. ვფიქრობთ, მიღებული შედეგების გაცნობა საინტერესო იქნება განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, მასწავლებლებისთვის, თავად მოწაფეებისა და, ზოგადად, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
კითხვაზე – გიყვართ თუ არა კითხვა? გამოკითხულთაგან  53-მა მოსწავლემ განაცხადა, რომ კითხვა ძალიან უყვარს. 26-მა მოსწავლემ დააფიქსირა პასუხი – ნაკლებად. მოვალეობის გამო გამოკითხულთაგან კითხულობს  7 რესპონდენტი, ხოლო დანარჩენ 4-ს საერთოდ არ უყვარს კითხვა.

კითხვაზე რა სიხშირით კითხულობთ? 43 რესპონდენტმა უპასუხა – კვირაში ერთხელ, 28 მათგანმა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე, 16 მოსწავლემ დააფიქსირა პასუხი წელიწადში რამდენჯერმე, ხოლო 5-მა მოსწავლემ გულახდილად აღიარა, რომ ისინი ძალიან იშვიათად კითხულობენ.

დავინტერესდით იმითაც, თუ რა ჟანრის წიგნებს ანიჭებენ მოსწავლეები უპირატესობას. გამოკითხულთაგან 38 მოსწავლემ განაცხადა, რომ უპირატესობას ანიჭებდა სათავგადასავლო ჟანრს, 27-მა მათგანმა არჩევანი დეტექტივზე გააკეთა . 11-მა მოსწავლემ განაცხადა, რომ მათ ისტორიული ჟანრის ტექსტების კითხვა მოსწონთ. ფანტასტიკასა და ფსიქოლოგიურ ჟანრზე 6-მა მოსწავლემ შეაჩერა არჩევანი. პუნქტი „ჟანრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მთავარია თხელტანიანი იყოს” შემოხაზა 13-მა მოსწავლემ.

თქვენი აზრით, რა საჭიროა ბიბლიოთეკა სკოლაში? გამოკითხულთაგან 44 მოსწავლემ განაცხადა, რომ ეს აუცილებელია განათლების ხარისხის ასამაღლებლად. 28 მოსწავლის აზრით, ბიბლიოთეკა საჭიროა მხოლოდ იმათთვის, ვისაც სახლში წიგნი არ აქვს. 9 მათგანმა განაცხადა, რომ საერთოდ ვერ ხედავს ბიბლიოთეკის არსებობის საჭიროებას. 4-მა მოსწავლემ კი არჩევანი გააკეთა პასუხზე: საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად.
გაინტერესებთ, რამდენად ხშირად სტუმრობენ მოწაფეები  სკოლის ბიბლიოთეკას? გამოკითხულთაგან  38 რესპონდენტი, სამწუხაროდ, წელიწადში რამდენჯერმე მიმართავს წიგნსაცავს. 28 მოსწავლემ განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე იყენებს ბიბლიოთეკის რესურსს. 28 მათგანი არადროს სარგებლობს სკოლის ბიბლიოთეკით და მხოლოდ 2 აღმოჩნდა გამოკითხულთაგან ისეთი, ვინც კვირაში ერთხელ მაინც მიდის ბიბლიოთეკაში.

კითხვაზე:  საშინაო დავალების შესრულების მიზნით გისარგებლიათ თუ არა სკოლის ბიბლიოთეკით? უარყოფითი პასუხი დააფიქსირა 76(!) მოსწავლემ, ხოლო დანარჩენმა 14-მა რესპოდენტმა დადებითად უპასუხა.

„მასწავლებელი  გვთხოვს ბიბლიოთეკით სარგებლობას საშინაო დავალების შესრულების დროს” – კითხვარის ამ პუნქტს გამოკითხულთაგან 66 მოსწავლემ  უარყოფითად უპასუხა, დანარჩენმა 23-მა  განაცხადა, რომ ეს საკმაოდ იშვიათად ხდება.

საუბრობთ თუ არა კლასში წაკითხულ კლასგარეშე ლიტერატურაზე? გამოკითხულთაგან 46  მოსწავლემ განაცხადა, რომ ეს ზოგჯერ ხდება, 24-მა ბავშვმა დააფიქსირა დადებითი პასუხი, ხოლო დარჩენილმა 20-მა მოსწავლემ უარყოფით უპასუხა.

კითხვაზე:  საიდან შეიტყვეთ  სკოლის ბიბლიოთეკის არსებობის შესახებ? გამოკითხულთაგან 39 მოსწავლემ განაცხადა, რომ  თვითონ მოიპოვეს ეს ინფორმაცია, 36-მა მოსწავლემ დაფიქსირა პასუხი, რომლის თანახმადაც მათ ეს ინფორმაცია მასწავლებლებმა მიაწოდეს, ხოლო  15 რესპონდენტმა ინფორმაციის წყაროდ კლასელები დაასახელა.

დაბოლოს, კითხვა – თქვენი ნება რომ იყოს, შეცვლიდით თუ არა რამეს ბიბლიოთეკაში? (თუ კი, რას შეცვლიდით) გამოკითხულთაგან 37 მოსწავლემ განაცხადა, რომ მათ სურთ უფრო მრავალფეროვანი გარემო მეტი წიგნით, 29 მოზარდმა განაცხადა, რომ არაფერს შეცვლიდნენ, 14-მა, რომ გაარემონტებდნენ ბიბლიოთეკას, დანარჩენი 10 ხმა კი გადანაწილდა შემდეგ პასუხებზე: „დავამატებდი თანამედროვე წიგნებს”, „საერთოდ დავხურავდი, ყველაფერს”, „როცა მივდივარ ან დაკეტილია ან არ სცალიათ”.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის ბიბლიოთეკა, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. შესაბამისად, სასკოლო ბიბლიოთეკის ძირითადი სამიზნე აუდიტორია – მოსწავლეები – არ და ვერ სარგებლობენ სათანადოდ ბიბლიოთეკით. კიდევ უფრო სავალალოა ეს შედეგები იმ პირობებში, როდესაც გამოიკვეთა მოწაფეების სურვილი – იკითხონ ახალგამოცემული წიგნები. მათ  უყვართ კითხვა, მათ სურთ ჰქონდეთ მყუდრო, მრავალფეროვანი და კომფორტული სივრცე, სადაც შეძლებენ სასიამოვნოდ და სასარგებლოდ დროის გატარებას, თუმცა… რეალობა სხვაგვარია.

გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემაც: ხშირად მასწავლებლები არ და ვერ უქმნიან სათანადო მოტივაციას მოსწავლეებს, რომ მათ ბიბლიოთეკის მომსახურებით ისარგებლონ და აღიქვან ის განათლების, საინფორმაციო საქმიანობის უნარ-ჩვევების გამომუშავების, სწავლებისა და თვითგანვითარების, აგრეთვე კულტურის გაცნობის რესურსად. თუმცა, ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. ზოგადად, მოუწესრიგებელი სასკოლო ინფრასტრუქტურა ცალკე კვლევის და განხილვის საკითხია, ამიტომ ახლა ამაზე ვრცლად აღარ შევჩერდებით. 

როგორც ხედავთ, კვლევამ წარმოაჩინა, რომ მოსწავლეები თითქმის არ სტუმრობენ სასკოლო ბიბლიოთეკას, თუმცა რესპოდენტთა უმრავლესობამ აცხადებს,  რომ კითხვა ძალიან უყვარს. ყურადღებას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ მოსწავლეთა საყვარელი საკითხავი ჟანრები მეტად მრავალფეროვანია და ამ ინტერესების დაკმაყოფილებას ბიბლიოთეკა თავისი მწირი და მოძველებული „რეპერტუარით”ვერ ახერხებს. 
რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს, ჩვენი ჰიპოთეზა გამართლდა…

კიდევ ერთხელ ოჯახში ძალადობის შესახებ

0
 “ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევის” შედეგები, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტის „დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში” ფარგლებში ჩატარდა, ასე გამოიყურებოდა: საქართველოში, ქორწინებაში მყოფ ქალთა 9, 1% (ყოველი მე-11 ქალი) აღიარებს, რომ გამხდარა მეუღლის/პარტნიორის მიერ განხორციელებული ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

2. ქალთა 14% აღიარებს, რომ გამხდარა ემოციური ძალადობის მსხვერპლი;

3. ქალთა 35% აღნიშნავს, რომ მეუღლის/პარტნიორის მხრიდან განუცდია ძალადობის სხვადასხვა ფორმები ქცევის კონტროლის მიზნით, აქედან, ქალთა 29%-ს არ აქვს უფლება ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ ოჯახთან, ქალთა 11,6%-ს ექიმთან წასასვლელადქმრის ნებართვა სჭირდება;

4. იმ ქალთა 2, 7%-ს განუცდიათ ფიზიკური ძალადობა ორსულობის პერიოდში. რესპონდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ძალადობის ჩამდენი პირი, მათი შვილის მამაა;

5. ქალთა 50% ფიქრობს, რომ ცოლი ქმარს უნდა ეთანხმებოდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება;

6. ქალთა 34, 1% კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებად მიიჩნევს.

კვლევაში საუბარია, რომ  საქართველოში ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა სწორედ ოჯახში ძალადობაა.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ოჯახი ყველაზე მშვიდობიან სოციალურ ინსტიტუტად მოიაზრება, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ,  ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა. ეჭვის ქვეშ დადგა ის საკითხიც და პრობლემაც რეალურად წარმოჩინდა, რომ ქალის კულტზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის მნიშვნელობაზე აღმატებით ხარისხში საუბარი არა მარტო გადამეტებულია, არამედ  პირიქით – რეალურ ვითარებაში ქალის მნიშვნელობა და როლი გაუფასურებული და დაკნინებულია.

ფემიციდის გახშირებულმა ფაქტებმა და მართლაც შემზარავმა სტატისტიკამ (მარტო 2014 წელს, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ქმრებმა, ყოფილმა ქმრებმა, პარტნიორებმა 27 ქალი მოკლეს) ოჯახში ძალადობის პრობლემა საზოგადოების წინაშე მეტი სიმწვავით  დააყენა. რამ გამოიწვია ძალადობის ასეთი რეზონანსი და რა უქმნის ოჯახში ძალადობას ნაყოფიერ ნიადაგს, ამ შეკითხვით ფონდ “ტასოს” წარმომადგენელს თამთა თათარაშვილს მივმართეთ.  

“ხშირად მთავარ გამომწვევ მიზეზად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს ასახელებენ ხოლმე, მაგრამ ამას არ ვეთანხმები. ოჯახში ძალადობა ყველანაირი სოციალური ფენის წარმომადგენელ ოჯახებში ხდება. ძირითად მიზეზად მე პატრიარქალური და ძალადობრივი კულტურის ფონი მიმაჩნია. პატრიარქალური ცნობიერება არ გულისხმობს მაინცდამაინც ძალადობრივ ქცევას. შეიძლება ადამიანი, ოჯახი აბსოლუტურად შორს იდგეს ძალადობრივი ქცევისა და კულტურისგან, მაგრამ ატარებდეს პატრიარქალურ ცნობიერებას, რომელიც ძირითადად ყველა გენდერულ ურთიერთმიმართებას „ბუნებრივის” ტერმინებში ხსნის და მოიაზრებს. მაგალითად, ისეთი მოსაზრებები, როგორიცაა „ბუნებრივია, რომ ქალი არის პირველი პასუხისმგებელი ბავშვების აღზრდასა და ოჯახის სისუფთავეზე”; „ბუნებრივია, რომ მამაკაცები მეტნი არიან პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკა ბინძური საქმეა და ქალს იქ არაფერი ესაქმება”; „ქალის სხეული ესთეტიკურად უფრო ლამაზი და მიმზიდველია, ამიტომ ბუნებრივია, რომ მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა პროდუქციის რეკლამირებისთვის” და ა.შ. ამგვარი მოსაზრებები იმის მაჩვენებელია, რომ საზოგადოების გარკვეულმა (დიდმა) ნაწილმა ვერ მოახერხა მის ცნობიერებაში მყარად გამჯდარი წარმოდგენების კრიტიკულად შეფასება. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პრობლემა ასევე დაკავშირებულია განათლების საკითხთანაც. ერთი მხრივ, გენდერი, როგორც ფაქტორი არ არის გათვალისწინებული საგანმანათლებო მასალებში, მეორე მხრივ, ეჭვი მაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემა ჯერ კიდევ არ უწყობს ხელს მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. ამგვარ ცნობიერებას ემატება უკვე მყარად გამჯდარი და ჩამოყალიბებული ძალადობრივი კულტურა, სადაც მთავარი ღირებულებები ფიზიკური სიძლიერე და მატერიალური სიმდიდრეა, და ფასობს ადამიანის ყველა ის თვისება, რომლებიც ამგვარი ძალაუფლების მოპოვებისთვის სჭირდება ადამიანს. რაც შეეხება ემოციურ და ემპათიურ ბუნებასა და ქცევას, ეს სისუსტედ და „ქალურ” ხასიათად არის მიჩნეული და არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას. შესაბამისად თავად ქალიც არ მიიჩნევა ღირებულებად, მას აქვს თავისი „ფასი” მხოლოდ გარკვეული, პატრიარქალური კულტურის მიერ წაყენებული მოთხოვნების შესრულებისა და დაკმაყოფილების შემთხვევაში – ქალი უნდა იყოს ხელუხლებელი/ქალწული და არ გააჩნდეს სექსუალური სურვილები, აუცილებლად უნდა გააჩინოს შვილები და მათ კარგად აღზრდაზეც თავად აგოს პასუხი, მარტომ უნდა შექმნას ყველანაირი პირობა ოჯახის წვერების კომფორტისა და სიმშვიდისათვის, შესაბამისად, ეს სიმშვიდე რომ ერთი წუთითაც არ დაირღვეს მას არ უნდა გააჩნდეს, ან არ უნდა გამოხატოს, საკუთარი აზრი. ამგვარი დამოკიდებულება დამოუკიდებელი, საკუთარი სურვილების მქონე ადამიანის მიმართ არის არა სრულფასოვანი, არამედ ასეთი დამოკიდებულება სეიძლება გვქონდეს, უხეშად რომ თქვათ, „საბაზრო საქონლის” მიმართ “- ამბობს თამთა თათარაშვილი.

ჩვენი საზოგადოება პატრიარქალური საზოგადოებაა, სადაც ქალის როლი წინასწარ დეტერმინირებულია და ტრადიციული მეხსიერებით იგი მხოლოდ ოჯახში უნდა რეალიზდებოდეს. წინასწარგანსაზღვრული სოციალური  მოდელის მიხედვით, ქალს უნდა გააჩნდეს ისეთი თვისებები, როგორიცაა სინაზე და ერთგულება, მოთმინება და ყველანაირი გაჭირვების ატანის უნარი. თუმცა, ამის მიუხედავად, საზოგადოება თვლის, რომ  ქალის მთავარი როლი ოჯახის შენარჩუნების საქმეში კაცზე მეტად გადამწყვეტია. პატრიარქალური კულტურა ქალს განსაზღვრულ სოციალურ მოდელს უყენებს და სამაგალითო ქართველი ქალის ქცევა, სწორედ ამ წინასწარ განსაზღვრულ ნორმებში უნდა ჯდებოდეს. სამაგალითოა ქალი, რომელიც ქმნის ოჯახს, უვლის და პატრონობს შვილებს, რომელიც არ ცდილობს ჰქონდეს პროფესიული ცხოვრება და იყოს საზოგადოების აქტიური ნაწილი, არამედ ის ქალს მოიაზრებს როგორც სახლში მჯდომ არსებას, რომელმაც შვილები უნდა გაზარდოს, მოემსახუროს მეუღლეს და ბედნიერება ოჯახში იპოვოს. სწორედ, ოჯახის შექმნა და დედობა განისაზღვრება ქალის ცხოვრებისეული მიღწევების “გვირგვინად” და მიზნების მწვერვალად. ასეთი ქალი დაფასებულია საზოგადოების და ოჯახის მხრიდანაც – ასეთია საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი ქალის როლსა და მოვალეობებზე.

ძალადობის მსხვერპლ ქალებს მინიმალური მხარდაჭერა აქვთ საკუთარი მშობლების მხრიდანაც. ხშირად, სწორედ ოჯახი არის წინააღმდეგი, რომ ქალმა ურთიერთობა გაწყვიტოს მოძალადე მეუღლესთან. საზოგადოებრივი, ორმაგი სტანდარტის  მორალიც ამას ქადაგებს, რომ კომპრომისზე ისევ ქალი უნდა წავიდეს, რომ შეინარჩუნოს და გადაარჩინოს ოჯახი დანგრევას, რომ სწორედ მას მართებს და მოეთხოვება უფრო მეტი კაცთან შედარებით, მან უნდა მოითმინოს როგორც შეუძლია და ეს აუცილებლად გამოადგება მათ ოჯახსა და შვილებს. 

 საზოგადოების მხრიდან გამოვლენილ გულგრილობასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს წასასვლელი და თავის გადასარჩენი ადგილი არ აქვთ, ისინი არც ფინანსურად დამოუკიდებლები  არიან, რაც ხელს უშლით გადაწყვეტილების მიღებაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში. უმეტეს შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. 

ქალის ეკონომიკური დამოუკიდებლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძალადობის თავიდან აცილებაში. თამთა თათარაშვილი  მიიჩნევს, რომ  ფინანსურ სიძლიერესთან ერთად ადამიანს უნდა გააჩნდეს  ხელმისაწვდომობა სათანადო განათლებაზე, არჩევნის თავისუფლებაზე, რაც შესაბამისად კრიტიკული აზროვნების განვითარებას ნიშნავს. “არა აქვს მნიშვნელობა ფინანსური შემოსავლების სიდიდესა და სიმდიდრეს, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქალს აქვს დამოუკიდებელი ცნობიერება, რომელიც გულისხმობს, რომ იგია პასუხისმგებელი თავის კეთილდღეობაზე და არა, მაგალითად, მამა, უფროსი ძმა ან ქმარი. აქვს ცნობიერება, რომელმაც იცის, რომ ადამიანის განვითარების არეალი გაცილებით უფრო ფართოა, რომ გარემო  თუ კულტურული ფონი, რომელიც შენ გზღუდავს  და გაბრკოლებს, შენგანვე და შენნაირებისგან შედგება და შენს ხელშია ის ასეთად დარჩება თუ შეიცვლის განწყობას”.

1994 წელს საქართველო შეუერთდა გაეროს კონვენციას, “ქალის მიმართ ყველანაირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ”. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას დასაქმების  სფეროში ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციოდ, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნას თანაბარი უფლებები. მაგალითად : შრომის უფლება, პროფესიის  ან სამუშაოს  თავისუფალი არჩევის, ყველა სამსახურებრივი შეღავათითა და პირობით სარგებლობის უფლება, ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხო პირობების, მათ შორის შთამომავლობის და  განგრძობის ფუნქციის დაცვა. კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფო მხარეს განაგრძოს ქალების ცნობიერების ამაღლება მათთვის კონვენციით მინიჭებული უფლებების შესახებ; ასევე წაახალისოს ქალები, რათა მათ დროულად აცნობონ სასამართლო უწყებებს სექსუალური და გენდერული დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ. კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს  გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაიმსხვრეს საზოგადოებასა და ოჯახში ქალებისა და კაცების როლსა და პასუხისმგებლობაზე არსებული სტერეოტიპები. გარდა ამისა, კომიტეტი სახელმწიფოს  მოუწოდებს  შეისწავლოს ნაადრევი  ქორწინებების რაოდენობა და  ამით გამოწვეული უარყოფითი გავლენა გოგონებზე, მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.

კომიტეტის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბოლო დროის ტენდენცია ოჯახში ძალადობის ახალი ფორმის, ქალების მასიური მკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით. CEDAW  მოუწოდებს ქართულ მხარეს მიიღოს ზომები, რათა მოხდეს ქმრების/პარტნიორების მიერ ქალთა მკვლელობებისა და ძალადობის სხვა ფორმების შემცირება. ასევე, ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში მათ მიერ ამ ფაქტის მხილებას, აამაღლოს მათი ცნობიერება  ამ ქმედებათა კრიმინალად კვალიფიკაციის შესახებ და უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობის ეფექტური გამოძიება, ასევე უზრუნველყოს მათი წვდომა სახელმწიფო თავშესაფრებზე და თანამშრომლობა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ოჯახში ძალადობის ფაქტების საჯარო განხილვა მიუღებელია საზოგადოებისათვის. საზოგადოების უმრავლესობას აღიზიანებს, როცა ოჯახის საქმეები ღია განსჯის საგანი  ხდება. პატრიარქალური ცნობიერების პერიფერიებიდან ასეთი პრობლემების განხილვა მხოლოდ ოჯახში უნდა ხდებოდეს და იქვე გვარდებოდეს. ერთ-ერთი არხი, რომლითაც ძალადობა იკვებება, სწორედ ამგვარად  განწყობილი საზოგადოებაა, რომელიც აიძულებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს დამალონ თავიანთი პრობლემები, რაც ძალადობას უფრო შეუქცევადს ხდის. საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ასეთი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მენტალურ კარჩაკეტილობასა და იმ ადამიანურ კრიზისზე მიუთითებს, რომლითაც აღბეჭდილია ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ გამოთქმული შეფასებები. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2009 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევა, საზოგადოების სწორედ ასეთ დამოკიდებულებებს წარმოაჩენს. კვლევის მიხედვით, ქალთა 50’1 % ფიქრობს, რომ კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ  შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება მას. ქალთა 34’1 % კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს. 44’9% ფიქრობს, რომ აუცილებელია, მამაკაცმა  ცოლს დაანახოს, თუ ვინ არის ოჯახის უფროსი.

ფემინისტი ია მერკვილაძე ქალთა მიმართ ძალადობის  ფენომენის განხილვისას შეუძლებლად მიიჩნევს  კულტურული შემადგენლისთვის გვერდის ავლას, რომლის კვლავწარმოებაში პატრიარქალური საზოგადოების მითებსა და სტერეოტიპებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. :”სქესთა შორის განსხვავება, რომელიც ქალს მეორად როლს ანიჭებს მიუხედავად, ე.წ “დედის კულტისა” (და არა ქალის)  და ქალის ფერტილობა ანუ მისი “ბიოლოგიური დანიშნულება” სწორედ ის ნიადაგია, რომელზეც უხეში მასკულინობა აღმოცენდება, რადგან საუკუნეების განმავლობაში ქალისა და კაცის როლების დელეგირება, გნებავთ ზღაპრებში, ლიტერატურულ ძეგლებში, გნებავთ კინოინდუსტრიაში კაცს აწებებს ერთგვარ იარლიყებს, მათ შორის “ძლიერი კაცის” ხატებს, რომელიც ისეთ სექსისტურ კულტურაში, როგორიც ქართულია ძალიან ძნელად ექვემდებარება ტრანსფორმაციას. “ძლიერი კაცი” ნიშნავს – ფიზიკური და ეკონომიკური ძალის მქონეს, აგრესიულს, გადაწყვეტილების მიმღებს, “კაი მსმელსა და კაი დამრტყმელს”, “კაი დამღრიალებელს”,  ავტორიტარს, დამსჯელს, დამპყრობელს, მოძალადეს. “ნამდვილი ქალი” ნიშნავს უტყვს, უამბიციოს, სამზარეულოს “დედოფალს”, რომლის “მისია” ფიზიკური მომხიბვლელობა და კაცისთვის, ოჯახისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. თუმცაღა დააკვირდით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა სოციოეკონომიკური, პოლიტიკური როლები. ქართველი ქალები აღარ არიან სახლში ქმრის ხელფასისა და “მარიფათის” მომლოდინე დიასახლისები, ისინი თავად მოიპოვებენ სარჩო–საბადებელს, გნებავთ ემიგრაციაში წასვლით, გნებავთ პროფესიული წინსვლით, გნებავთ ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად გადადგმული თუნდაც სარისკო ნაბიჯებით; აი, კაცის ხატი, რომელიც მუდმივად “ტესტირების რეჟიმშია”, ცდილობს თავის “ჭეშმარიტ სტანდარტს” არ ჩამორჩეს და შესაბამისად, ე.წ. ჰეგემონიური მასკულინობის  სადავეებს ეპოტინება. ამიტომაცაა, რომ ამგვარ კულტურულ გარემოში ჰომოფობია ყვავის – რადგანაც “ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქართველი კაცები” სხვა “არაჭეშმარიტ კაცებს”, ანუ “ქალაჩუნებს” “გაფემინურობას” არ პატიობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ჩრდილი ადგება “ნამდვილ კაცობას” (შესაბამისად, მათაც), რაც თავისთავად ნიშნავს “არ ჰგავდე ქალს”. ანუ ანტიფემინურობა, გნებავთ ანტიფემინისტობა, კაცობის დამადასტურებელ უტყუარ ატრიბუტადაა დაქცეული. 

პატრიარქალურ, დომინაციურ კულტურულ თუ პოპკულტურულ გარემოში  (მაგალითად,  სექსისტური გასართობი შოუები, რომლებსაც მაღალი რეიტინგი აქვთ და რომლებსაც მოზარდები შეუზღუდავად უყურებენ) ბიჭები, კაცები თავად არიან  კონსტრუირებული ჩარჩოების მსხვერპლნი, რადგანაც მათ მათი იდენტობის შესაბამისი “ჭეშმარიტი კაცების” წინაშე ძლიერის როლი (რომელსაც ხელი არ აუკანკალდება) უნდა ითამაშონ, ხოლო ამ დადგმულ სპექტაკლში ქალი მათი ძალაუფლების პროეცირების ყველაზე ადვილი და ხელმისაწვდომი “სიბრტყეა”.

 ძალადობრივი კულტურა  იმთავითვე გამორიცხავს თანასწორობაზე ღია მსჯელობას, თანასწორობის დამკვიდრების არაფიქტიურ ნაბიჯებსა და ქმედებას, მათ შორის, ე.წ. უმცირესობების მიმართაც.  ქართულ სოციალურ გარემოში, მათ შორის სოციალურ ქსელებში ანდა მედია სივრცეში ვერ გაიგონებთ, ვერ წაიკითხავთ კაცის სიტყვებს:  “მე ფემინისტი ვარ”. ორმა–სამმა ცნობადმა სახემ ეს მხოლოდ მას მერე წარმოთქვა, რაც წელს ქმრებისა და ყოფილი ქმრების მიერ მოკლული ქალების რიცხვმა კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. თუმცა მანამდე დიდად არ შეუწუხებიათ თავი არც სექსისტური გადაცემების კრიტიკით და, მით უმეტეს, არც ამ სფეროში სამოქალაქო აქტივიზმით. ამგვარ სიტუაციაში არსებობს საშიშროება, რომ ქალთა მიმართ ძალადობის დაგმობა მავანთათვის გახდეს უბრალოდ მომგებიანი ტრენდი და მეტი არაფერი, ხოლო ამ პრობლემის გადაჭრას საზოგადოება ყოველგვარი სიღრმისეული გაანალიზების, კულტურული კოდების გადახედვის გარეშე მიუდგეს და მთელი პასუხიმგებლობა სახელმწიფოს, სამართლადამცველებს გადააბაროს”, – ამბობს ია მერკვილაძე.

ოჯახში ძალადობა კომპლექსური პრობლემაა. მისი ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი კულტურული სტერეოტიპების ფესვებშია საძიებელი, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა ძალადობის წინააღმდეგ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...