პარასკევი, მაისი 1, 2026
1 მაისი, პარასკევი, 2026

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება ბიოლოგიის სწავლებისას

0

აღვწერთ დაკვირვებას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მეცნიერული უნარ-ჩვევების განვითარებას.

დაკვირვება – მემკვიდრეობის გამოკვლევა ადამიანში

თემა – ადამიანში ზოგიერთი მენდელისეული ნიშნის დამემკვიდრება

წინარე ცოდნა – მოსწავლეები იცნობენ ცნებებს: დომინანტური და რეცესიული ალელი, ფენოტიპი, გენოტიპი, ჰომოზიგოტა, ჰეტეროზიგოტა, მენდელის კანონები.

კავშირი სტანდარტთან

კვლ.IX.2 – მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს, აღრიცხავს მონაცემებს.

კვლ.IX.3 – მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამას, ცხრილს, გრაფიკს, სიას) მონაცემთა წარმოსადგენად.

კვლ.IX.4 – მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აანალიზებს მონაცემებს და გამოაქვს დასკვნები.

ბიოლ.IX.6 – მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები, იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აღწერს ადამიანში ზოგიერთი მენდელისეული ნიშნის (მაგ., თვალის ფერის, ყურის ბიბილოს ფორმის) მემკვიდრეობის სქემას.

სასწავლო მიზანი

მოსწავლეები შეძლებენ:

  • დაგეგმილი დაკვირვების ჩატარებას შესაბამისი მასალის გამოყენებით;
  • მონაცემების აღრიცხვას მონაცემთა ცხრილში;
  • მონაცემების გაანალიზებას და დასკვნების გამოტანას;
  • ადამიანში ზოგიერთი მენდელისეული ნიშნის დამემკვიდრების აღწერას;
  • იმის გააზრებას, რატომ მჟღავნდება რეცესიული ალელი ფენოტიპურად უფრო იშვიათად, ვიდრე დომინანტური.

ექსპერიმენტის მიზანი – ადამიანში ზოგიერთი მენდელისეული ნიშან-თვისების დამემკვიდრების შესწავლა

მასალა – თაბახის ფურცელი, ფანქარი, სარკე

პროცედურა

  1. მონაცემთა ცხრილი (რომელიც მასწავლებელმა წარმოადგინა დაფაზე) გადაწერეთ თაბახის ფურცელზე.
  2. სურათებზე წარმოდგენილია ნიშან-თვისებები, რომლებსაც დომინანტური ალელები განსაზღვრავს. სვეტში სათაურით “ნიშან-თვისება” თითოეული ნიშან-თვისებისთვის შემოხაზეთ თქვენი ფენოტიპი.
  3. თქვენი მონაცემები ცხრილიდან გადაიტანეთ დაფაზე დახაზულ ცხრილში, რომელიც მასწავლებელმა შექმნა მთელი კლასის მონაცემების შესაკრებად.
  4. მას შემდეგ, რაც თანაკლასელებიც გადაიტანენ თავიანთ მონაცემებს საერთო ცხრილში, ეს ინფორმაცია გადაიტანეთ თქვენს ცხრილში, შესაბამის გრაფებში.
  5. განსაზღვრეთ კონკრეტული ნიშან-თვისების მატარებელ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობა: კონკრეტული ნიშან-თვისების მატარებელ მოსწავლეთა რაოდენობა გაყავით მოსწავლეთა საერთო რაოდენობაზე და გაამრავლეთ 100-ზე. ჩაწერეთ მიღებული რიცხვი ცხრილის შესაბამის გრაფაში.

ანალიზი და დასკვნა

  1. თითოეული ნიშან-თვისებისთვის რომელი ალელი ვლინდება უფრო ხშირად – დომინანტური თუ რეცესიული?
  2. გამოკვლეული ნიშან-თვისებებიდან რომელი ვლინდება ყველაზე ხშირად თქვენს კლასში? ყველაზე იშვიათად?
  3. როგორია პროცენტული კოეფიციენტი თითოეული ნიშან-თვისებისათვის?
  4. დომინანტი ნიშან-თვისებები უფრო ხშირად მჟღავნდება თუ რეცესიული? როგორ ფიქრობთ, რატომ?
  5. როგორ შეიცვლება თქვენი მონაცემები, თუ 5 სხვა კლასთან ჩაატარებთ კვლევას და ჩაიწერთ მონაცემებს?

მონაცემთა ცხრილი

ნიშან-თვისება იმმოსწავლეებისრაოდენობა,რომელთაცაქვთდომინანტურიფენოტიპი იმმოსწავლეებისრაოდენობა,რომელთაცაქვთრეცესიულიფენოტიპი დომინანტური ფენოტიპის პროცენტული მაჩვენებელი რეცესიული ფენოტიპის პროცენტული მაჩვენებელი
დომინანტური რეცესიული
ენის ტრიალი

R

არაბრუნვადიენა

r

ქვრივის პიკი

W

სწორი ხაზი

w

თავისუფალი

ყურის ბიბილო

E

ზრდილი ბიბილო

e

ღრმულებილოყაზე

D

არ არის ჩაღრმავება

d

ჭორფლი

F

უჭორფლო

f

რეკომენდაცია მასწავლებლებისათვის: კარგი იქნება, თუ დაკვირვების შეჯამების დროს მოსწავლეებს დავაწერინებთ თითოეული ფენოტიპის შესაძლო გენოტიპის ვარიანტებს. ამით უფრო თვალსაჩინო გახდება, რატომ მჟღავნდება ფენოტიპურად უფრო იშვიათად რეცესიული ფენოტიპი.

22 მაისი – ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

0
ბიომრავალფეროვნება სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობას გულისხმობს. სახეობათა სიმრავლე განაპირობებს ბიომრავალფეროვნებას. ადგილს, სადაც მრავალი სახეობაა თავმოყრილი, ბიოლოგიურად მრავალფეროვანს ვუწოდებთ. ბიომრავალფეროვნება გულისხმობს ასევე იმ გარემოსა და ლანდშაფტებს, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს.

2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვას. უმთავრესია, მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ფლორისა და ფაუნის ენდემებისა და ბიომრავალფეროვნებაში მათი როლის შესახებ – ამრიგად, მოხდეს ცოდნის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გაგება-გააზრება.

უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში ცხოველთა და მცენარეთა მრავალი სახეობის საცხოვრებელი გარემო დაირღვა ანთროპოგენული ფაქტორის გამო. ეს მოხდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც. დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმების, ბიომრავალფეროვნების დაცვა.

დედამიწაზე მუდმივად მიმდინარეობდა სახეობათა გადაშენება, თუმცა სიცოცხლე გრძელდებოდა. მაგრამ არსებობს განსხვავება სახეობათა „ადრინდელ” და „დღევანდელ” შემცირებას შორის. წინათ სახეობათა გადაშენება უკავშირდებოდა ბუნებრივ პროცესებს, რომლებიც ნელი ტემპით მიმდინარეობდა; დღეს ის გამოწვეულია უშუალოდ ადამიანის ქმედებით, რაც შედარებით სწრაფი პროცესია. მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად ასამდე სახეობა იკარგება. სწორედ ამიტომ მეტად აქტუალური გახდა ბიომრავალფეროვნების დაცვა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ცოცხალი ორგანიზმების გადაშენება მათ სამუდამო გაქრობას ნიშნავს.

საქართველოსთვის დამახასიათებელია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, სახეობათა ენდემიზმის მაღალი დონე და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე. ამ გლობალურად მნიშვნელოვანი ფაქტორების გამო საქართველო როგორც კავკასიის ნაწილი შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალური ეკორეგიონის ნუსხაში.

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დასაცავად აუცილებელია ინფორმაცია სახეობათა გავრცელების არეალისა და სტატისტიკის შესახებ. ამ მიზანს ემსახურება წითელი ნუსხები. საყოველთაოდ აღიარებულია საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია IUCN-ის მიერ მომზადებული წითელი ნუსხა. საქართველოსაც აქვს ასეთი ნუსხა – მასში შეტანილია საქართველოში არსებული სახეობები, რომლებსაც გადაშენება ემუქრება. მთლიანობაში, საქართველოს წითელ ნუსხაში, 2010 წლის მონაცემების მიხედვით, შეტანილია 139 სახეობა, მათ შორის – ჯიქი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად გადაშენდა – ერთადერთი სახეობაა დარჩენილი ვაშლოვნის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ისეთი სახეობები, როგორიცაა ვეფხვი, ქურციკი და თახვი, უკვე გადაშენებულია.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა აქტივობაში და მეტი ინფორმაციის მიწოდება ბიომრავალფეროვნების შესახებ. მაგალითად, შეიძლება ენდემურ სახეობათა შესახებ წიგნის სანიშნების შექმნა და სხვა კლასის მოსწავლეებისთვის გაზიარება. ამ აქტივობის გამოყენება შეიძლება IV, V და VI კლასებში.

ამგვარად მოსწავლეს კარგად ამახსოვრდება გადაშენების პირას მყოფი სახეობები.
შეიძლება სტენდის (პოსტერის) შექმნაც – „გავუფრთხილდეთ დედამიწას”.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება ორიგამიზე მუშაობა. ქაღალდისგან შეიძლება შექმნან ცხოველთა და მცენარეთა სამყარო, „გააშენონ” ბოტანიკური ბაღი ან ზოოპარკი, ანდა შექმნან ეკოსისტემა.

ჩამოთვლილი აქტივობები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, მიიღონ სწორი განათლება და ეზიარონ ბიომრავალფეროვნების საკითხებს, გაუფრთხილდნენ ცოცხალ სამყაროს და გაიაზრონ ანთროპოგენული ფაქტორის უარყოფითი ზეგავლენა.

ამოცანებისა და თავსატეხების გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში

0
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ შემეცნებითი ხასიათის ამოცანის გარეშე არ იქნება ფიქრი და განსჯა. წარმოიშობა პრობლემა – იწყება მისი გადაჭრის გზების ძიება.

სწავლების დროს პრობლემების წამოჭრა და მათ გადაჭრაზე მუშაობა ზრდის მოსწავლეთა აქტივობას. ისინი შეისწავლიან პრობლემას, ეძიებენ გადაჭრის გზებს, გამოთქვამენ მოსაზრებებს, მოჰყავთ არგუმენტები, გამოაქვთ დასკვნები. სასკოლო პრაქტიკაში შეიძლება გამოვიყენოთ ამა თუ იმ ტიპის დავალება, რომელიც სწორად დაგეგმვის შემთხვევაში გაამრავალფეროვნებს საგაკვეთილო პროცესს და დაეხმარება მასწავლებელს, აღუძრას მოსწავლეებს საგნისადმი დადებითი განწყობა.

წინამდებარე სტატიაში შემოგთავაზებთ დავალებებს, რომელთა გამოყენება შეიძლება საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ეტაპზე.
1. დავალებები არსებული ცოდნის გასახსენებლად:

* ფოთლის კანის უჯრედები უფერული და გამჭვირვალეა.რა მნიშვნელობა აქვს ფოთლის აგებულების ამ თავისებურებას მცენარისათვის?
* სიცხეში ლოქორა ქვების ქვეშ იმალება, ხოლო წვიმის დროს ან ნესტიან ამინდში მისი ნახვა შესაძლებელია ნიადაგზე, მცენარეებზე და სხვაგანაც. რატომ?
2. დავალებები, რომლებიც ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას:

* გაზაფხულზე მინდვრად დათესეს ჭარხალი, მაგრამ თესლისგან მხოლოდ ერთი მცენარე განვითარდა, დანარჩენი არ გაღვივდა. მეორე წელს მცენარის ამონაყარმა გამოიტანა ყვავილები, მაგრამ ნაყოფი არ გაიკეთა. მომდევნო წლებშიც იგივე მოხდა. რა შეიძლება ვივარაუდოთ აღნიშნულის საფუძველზე?
3. დავალებები ნატურალური ობიექტების ამოსაცნობად:

* მიკროსკოპით დაათვალერეთ მცენარის ქსოვილების მიკროპრეპარატები, განსაზღვრეთ, რომელი ქსოვილებია, მიუთითეთ, რა ნიშან-თვისებების მიხედვით ამოიცანით ისინი და მცენარის რომელ ნაწილში გვხვდება აღნიშნული ქსოვილები.
4.ჰიპოთეზის წამოჭრა და დამტკიცება:

შემჩნეულია, რომ აკვარიუმში მყოფი წურბელები ჭექა-ქუხილის ან დიდთოვლობის წინ ზედაპირის ზემოთ ეკვრიან აკვარიუმის კედელს, დანარჩენ დროს კი, ჩვეულებრივ, აკვარიუმის ფსკერზე არიან ან წყლის სიღრმეში დაცურავენ. ივარაუდეთ, რამდენი ჰიპოთეზის საშუალებით შეიძლება ავხსნათ ეს მოვლენა. რომელი მოსაზრებაა უფრო სანდო?
5. დავალებები, რომლებიც კვლევა-ძიების უნარებს ავითარებს:

* ამფიბიები არჩევენ საგნების შეფერილობას, განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ულტრაიისფერი სხივების მიმართ. რომელი ცდით შეიძლება დავამტკიცოთ ამფიბიების ეს რეაქცია?
6. დავალებები, რომლებიც პრაქტიკასთან კავშირის დამყარებაში ეხმარება მოსწავლეს:

* ვენიდან სისხლის აღების დროს ექიმები ლახტს ადებენ მხარზე, ხოლო პაციენტი ხელის მტევანს კუმშავს და შლის. ამ დროს ვენები იბერება და უფრო შესამჩნევი ხდება. რით შეიძლება ავხსნათ ეს მოვლენა?
7. დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია თვითდაკვირვება/კვლევასთან:

* გაზომეთ საკუთარი სიმაღლე დილით, ადგომისთანავე, და საღამოს, ძილის წინ. შეადარეთ მონაცემები. ახსენით დღის განმავლობაში სიმაღლის ცვლილების მიზეზი.
* დაამტკიცეთ,რომ ხილული სისხლძარღვები ხელის ზურგზე არის ვენები.

8. დავალება, რომელიც მოსწავლეთათვის ახალ ინფორმაციას შეიცავს:

* სხეულის ტემპერატურის ცვალებადობით ღამურა ჩემპიონია – მისი სხეულის ტემპერატურის ამპლიტუდა 56 გრადუსს შეადგენს. ფრენისას ღამურას სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსია, ხოლო ზამთრობით 7,5 გრადუსამდე ეცემა. ზაფხულში გულისცემის სიხშირე წუთში 420-ია, ხოლო ზამთრის ძილის პერიოდში – სულ 8. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ბიოლოგიურ მოვლენას ღამურებისთვის?
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში შეიძლება დიდი როლი შეასრულოს თამაშებმა. სასწავლო თამაშები ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გააქტიურებას. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ადრე შეძენილი ცოდნის შესამოწმებლად და განსამტკიცებლად, ისე მისი გაფართოებისა და გაღრმავებისთვის. სასწავლო თამაშები მოსწავლეებს საგნობრივთან ერთად ტრანსფერული კომპეტენციების განვითარებაშიც ეხმარება. განვიხილოთ მათი რამდენიმე სახეობა:

ა) თამაში-სავარჯიშოები

შეიძლება მათი ორგანიზება როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური ფორმით. კარგია მასალის განმტკიცებისას, ცოდნის შემოწმებისას, კლასგარეშე მუშაობისას.

„მეხუთე ზედმეტია”.მოსწავლეებს ვთავაზობთ, იპოვონ ზედმეტი გარკვეული ნიშნის მიხედვით ჩამოთვლილ სახეობათაგან (თემატიკიდან გამომდინარე):
ნაძვი,ფიჭვი,მუხა,სოჭი, კედარი;
თაგვი,ლომი, სპილო,ნიანგი,ღამურა და ა.შ
ბ)თამაში-ძიება

მოსწავლეებს ვთავაზობთ, ყურადღებით მოისმინონ მასწავლებლის მონათხრობი, ჩაინიშნონ და შემდეგ დაასახელონ ის ტერმინები (სახელწოდებები, ფუნქციები ან სხვა), რომლებიც დაკავშირებულია აღნიშნულ საკითხთან. შეიძლება დავავალოთ მონათხრობში შეცდომების აღმოჩენა და ა.შ. ამგვარი აქტივობა არ მოითხოვს სპეციალურ მოწყობილობას და ბევრ დროს, თუმცა შედეგიანია.

გ) თამაში-შეჯიბრება

ეს შეიძლება იყოს კონკურსი, ვიქტორინა, სატელევიზიო გადაცემის (მაგ., „რა, სად, როდის?”) იმიტაცია და სხვა.

დ) შინაარსობრივ-როლური თამაში

ამ მეთოდის თავისებურება ის არის, რომ მოსწავლეები ასრულებენ როლებს, ხოლო თამაში დატვირთულია ღრმა და საინტერესო შინაარსით („პრესკონფერენცია”, „მრგვალი მაგიდა” და სხვა). ამ ტიპის თამაშები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მოირგონ სხვადასხვა პროფესია, თავი წარმოიდგინონ მკვლევარებად. აქტივობა მხოლოდ შემეცნებითი ინტერესის აღძვრას კი არ ემსახურება, არამედ პროფესიულ ორიენტაციასაც უწყობს ხელს. თამაშის პროცესში იქმნება ხელსაყრელი პირობები ინტერესთა ფართო სპექტრის დასაკმაყოფილებლად, შემოქმედებითი მისწრაფებებისა და უნარების განსავითარებლად.
ე) შემეცნებითი თამაში „მოგზაურობა”

ეს თამაში მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, „იმოგზაურონ” სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა გეოგრაფიულ სარტყელში, კლიმატურ ზონში, სამეფოში (ბაქტერიებისა, მცენარეებისა, ცხოველებისა) და ა.შ. თამაშის დროს მათ შეიძლება მივაწოდოთ ახალი ინფორმაცია ან შევუმოწმოთ არსებული ცოდნა. ეს აქტივობა, ჩვეულებრივ, ხორციელდება ერთი ან რამდენიმე თემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად.

გთავაზობთ თემა „მწერების” შესწავლის შემდეგ ამ აქტივობით ჩატარებული შემაჯამებელი გაკვეთილის მონახაზს.

თამაშის პირობა: ბუნებრივია, მოგზაურობა უნდა დაიწყოს სადგურიდან. მომდევნო სადგურამდე გადაადგილება შეიძლება მხოლოდ კითხვებზე სრული (არგუმენტირებული) პასუხის გაცემის შემდეგ. საბოლოოდ თითოეულ სადგურზე მიღებული ქულები ჯამდება.

პირველი სადგური – „ჭიანჭველები”

1. შეუძლიათ თუ არა ჭიანჭველებს ამინდის გამოცნობა?
2. რით კვებავენ ჭიანჭველები მატლებს?
3. რომელი ჭიანჭველები იშენებენ ბუდეს სოკოებზე?
მეორე სადგური -„აიბოლიტი”

1. რომელი მწერი შეიძლება იყოს მკურნალი?
2. მწერების რომელ პროდუქტებს აქვს სამკურნალო თვისება?
3. რა არის ჭიანჭველამჟავა და სად გამოიყენება ის?
მესამსე სადგური – „ბუნების მცველი”

1.როგორ შეგვიძლია დავიცვათ ჭიანჭველები?
2. კიდევ რომელ ფეხსახსრიანებს სჭირდებათ დაცვა?
3. რატომ უნდა დავიცვათ ფეხსახსრიანები?
მეოთხე სადგური -„მფრინავი ყვავილები”

1. რა მნიშვნელობა აქვს პეპლების შეფრილობას?
2. რატომ არის ზოგიერთი მდედრი პეპელა უფრთო?
3. რატომ არ ესხმიან ფრინველები თავს ზოგიერთ პეპელას?
მეხუთე სადგური – ხოჭოები

1. რომელი ხოჭოს სახელი უკავშირდება მსხვილფეხა საქონლის სახელს?
2. რომელ ხოჭოს იყენებენ მანათობლად?
3. რომელი წყლის ხოჭო არ შეიძლება გვყავდეს აკვარიუმში და რატომ?
როგორც ზემოთ ითქვა, ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის შეჯამება და მათი რეფლექსიური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა სახის ბიოლოგიური სავარჯიშო მოსწავლეებს აღუძრავს ინტერესს, უქმნის დადებით ემოციურ განწყობას, ხელს უწყობს მათი აზროვნების გააქტიურებას და ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებას.

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება

0

კვლავ გთავაზობთ ექსპერიმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მეცნიერული უნარ-ჩვევების განვითარებას. ექსპერიმენტი მნიშვნელოვანია მაღალი სააზროვნო (ანალიზის, სინთეზის, შეფასების) უნარების განვითარებისთვის, ამიტომ ქვემოთ, ექსპერიმენტის აღწერილობაში, მითითებულია, რომელი სააზროვნო უნარების განვითარებას ემსახურება კითხვები.

ეს ექსპერიმენტი გულისხმობს ერთ-ერთი ბიოლოგიური მოვლენის მოდელის შექმნას.
ექსპერიმენტი: გენეტიკური დრეიფი

თემა: მიკროევოლუციის ფაქტორები

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეები იცნობენ მიკროევოლუციის მამოძრავებელ ფაქტორებს, მათ შორის – გენთა დრეიფს, მის შედეგებსა და მნიშვნელობას ევოლუციისთვის. კერძოდ:

• თაობების განმავლობაში შემთხვევითი პროცესებით გამოწვეულ ალელთა სიხშირის ცვლილებას პოპულაციაში გენთა დრეიფი ეწოდება.
• იგი დაკავშირებულია პოპულაციურ ტალღებთან.
• გენთა დრეიფი ზრდის ან ამცირებს მასალას ევოლუციური პროცესისთვის.
• გენების დრეიფის ერთ-ერთი შედეგია დამფუძნებლის ეფექტი, რომლის დროსაც პოპულაციიდან გადის ორგანიზმების მცირე რიცხვი და სახლდება სხვა ტერიტორიაზე, აფუძნებს ახალ, ორიგინალურ პოპულაციას.
მოსწავლეებს შეუძლიათ გეგმის მიხედვით პროცედურების განხორციელება, მონაცემების შეგროვება, მათი აღრიცხვა მონაცემთა ცხრილში, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
კავშირი სტანდარტთან

ბიოლ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ევოლუციის კონცეფცია ორგანული სამყაროს მრავალფეროვნებისა და მასში მიმდინარე ცვლილებების ასახსნელად.

• მოიპოვებს მასალას სინთეზური ევოლუციური თეორიით მოწოდებული ევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორების შესახებ და აკეთებს პრეზენტაციას.
კვლ.XI.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.XI.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ექსპერიმენტის მიზანი: რა მნიშვნელობა აქვს გენების დრეიფს მიკროევოლუციის პროცესისთვის
მასალა: ბანქოს დასტა. დასტის მეშვეობით წარმოადგინეთ კუნძულზე დასახლებული ფრინველების პოპულაცია. ოთხი სხვადასხვა მასტი („გული”, „ყვავი”, „აგური”, „ჯვარი”) განასახიერებს ამ პოპულაციის სხვადასხვა ალელს. საწყის პოპულაციაში ამ ალელების სიხშირე თანაბარია (ე.ი. თითოეული – 25%).
პროცედურა:

1. აურიეთ მთელი დასტა (52 ბანქოს ქაღალდი) და დააწყვეთ მაგიდაზე ილუსტრაციებით ქვემოთ.
გადმოაბრუნეთ ნებისმიერი 40 კარტი. ისინი განასახიერებენ საწყისი პოპულაციის ინდივიდების შემთხვევითი კავშირის შედეგად მიღებულ 20 შთამომავალს 40 ალელით.

2. ეს 40 კარტი დაალაგეთ მასტების მიხედვით (ცალ-ცალკე გულები, აგურები, ყვავები და ჯვრები). დაადგინეთ შთამომავლობაში თითოეული ალელის შეხვედრის სიხშირე ყოველი სახეობის მასტის წილის გამოთვლით (ამ მიზნით თითოეული „ალელის” რაოდენობის მაჩვენებელი რიცხვი გაყავით „ალელების” საერთო რიცხვზე. მაგალითად, თუ გულის კარტების რიცხვია 10, შესაბამისი ალელის შეხვედრის სიხშირე იქნება: 10/40=1/4).

3. წარმოვიდგინოთ, რომ ქარიშხალმა რამდენიმე ინდივიდი სხვა კუნძულზე წაიღო. ისინი იზოლირებულნი აღმოჩნდნენ და დასაბამი მისცეს ახალ პოპულაციას. აურიეთ იგივე 40 კარტი და მათგან შემთხვევით გამოყავით 10 – ეს 10 ფურცელი განასახიერებს 5 ინდივიდს 10 ალელით, რომლებიც მცირე პოპულაციას ქმნიან.

4. გაიმეორეთ მე-2 ნაბიჯი და გამოთვალეთ ალელების შეხვედრის სიხშირე.

ანალიზი და დასკვნა:

1. ანალიზი: მე-2 და მე-4 პუნქტებში გამოთვლილი ალელების სიხშირე შეადარეთ ალელების სიხშირეს საწყის პოპულაციაში. როგორ იცვლება ის?

2. ანალიზი: რომელ ევოლუციურ მოვლენებს ასახავს მე-3 ნაბიჯი?

3. შეფასება: არის თუ არა თქვენ მიერ შესრულებული მოქმედება ევოლუციური პროცესის დემონსტრირება? რატომ?

4. შეფასება: არის თუ არა იგი ბუნებრივი გადარჩევის დემონსტრირება? პასუხი დაასაბუთეთ.

რეკომენდაცია მასწავლებლებისთვის: მე-3 ნაბიჯი ასახავს გენების დრეიფის დამფუძნებელ ეფექტს. მოსწავლეთა მიერ შესრულებული მოქმედება არის ევოლუციის პროცესის დემონსტრირება, ვინაიდან ამით მათ შექმნეს გენების დრეიფის მოდელი, რომელიც მიკროევოლუციის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორია. რაც შეეხება ბუნებრივ გადარჩევას, ამ შემთხვევაში მისი დემონსტრირება არ ხდება, რადგან პოპულაციიდან ინდივიდები გადიან შემთხვევით (ქარიშხალმა წაიღო რამდენიმე ინდივიდი სხვა კუნძულზე), მათი ბიოლოგიური ღირებულებისგან დამოუკიდებლად (ანუ განურჩევლად იმისა, ატარებდნენ თუ არა ეს ინდივიდები სახეობისთვის სასარგებლო ალელებს). ამიტომ გენების დრეიფი ევოლუციას მიმართულებას არ აძლევს. ბუნებრივი გადარჩევა ერთადერთი ფაქტორია, რომელიც მიმართულებას აძლევს ევოლუციას, რადგან მისი მოქმედების შედეგად უპირატესად გადარჩებიან უკეთ შეგუებული ინდივიდები.

მოსწავლეები ამ დასკვნამდე რომ მივიდნენ, მასწავლებელმა პრეზენტაციების დაასრულს დაფაზე უნდა დააფიქსიროს პროცედურის მე-4 ნაბიჯის შემდეგ გამოთვლილი ალელების სიხშირე (რომელიც, დიდი ალბათობით, სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა ექნება) და დაანახვოს მოსწავლეებს, რომ გენთა დრეიფის შედეგად შემთხვევით იზრდება რომელიმე ალელის კონცენტრაცია პოპულაციაში, ხოლო რომელიმესი შემთხვევით მცირდება.

შემეცნებითი ინტერესის გაღვივების ხერხები ბიოლოგიის გაკვეთილზე

0
საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორები გულისხმობს როგორც წინასაგაკვეთილო მომზადებას, ისე უშუალოდ პროცესსაც. გაკვეთილის ტიპიდან გამომდინარე, შესასწავლი მასალის გადაცემის სხვადასხვა ფაზაზე საგნისადმი შემეცნებითი ინტერესის გასაღვივებლად პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს მეთოდების ფართო არსენალი. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, გაგიზიაროთ რამდენიმე ასეთი ხერხი.

შესასწავლი მასალით მოსწავლეთა დაინტერესება, მათთვის შემეცნებითი ინტერესის გაღვივება შეიძლება მოხერხდეს:
·სიახლეთა გაცნობით;
·სასწავლო მასალაში ახალი საინტერესო ინფორმაციის ჩართვით – მონათხრობი უნდა იყოს მიმზიდველი, ინტერესის აღმძვრელი, აფართოებდეს და ამდიდრებდეს მოსწავლის არსებულ ცოდნას.
მაგალითად:

რამდენ ყვავილს სტუმრობს ფუტკარი დღეში?

დადგენილია, რომ ფუტკარი წუთში საშუალოდ 12 ყვავილს სტუმრობს, ე.ი. საათში – 720-ს, ხოლო 10 სამუშაო საათის განმავლობაში – 7200-ს. ფუტკრის შედარებით სუსტი ოჯახი მინდორში ათი ათასამდე მუშა ფუტკარს გზავნის. თუ დავუშვებთ, რომ ისინი მხოლოდ ნექტარს აგროვებენ, გამოდის, რომ ეს ჯარი დღის განმავლობაში დაახლოებით 72 მილიონ ყვავილს ესტუმრება.
ამ დროს მოსწავლეთა ემოციური ინტერესის მაჩვენებელია მათი წამიერი სიჩუმე, ვიდრე მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებდნენ. ეს ინფორმაცია აოცებს და აღაფრთოვანებს.
ან ასეთი ამბავი:

1560 წელს საფრანგეთის წარგზავნილმა (ელჩმა) ჟან ნიკომ ლისაბონში (პორტუგალია) ამერიკიდან ჩამოსული ვაჭრისგან შეიძინა თამბაქოს თესლი და მიართვა საფრანგეთის სამეფო კარს პორტუგალიაში და დედოფალ ეკატერინე მედიჩის როგორც სამკურნალო მცენარე. კარლ ლინემ, რომელმაც შემდგომ აღწერა ეს მცენარე, უწოდა მას Nicotiana tabacum. გვარი აღებულ იქნა ელჩის პატივსაცემად, ხოლო სახელი “ტაბაკუმი” – კარიბის ზღვის კუნძულ ტობაგოდან, სადაც თამბაქოს ეს სახეობა იყო გავრცელებული. 1828 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა თამბაქოდან გამოყვეს აქტიური ინგრედიენტი და მას ნიკოტინი დაარქვეს. 80 წლის შემდეგ საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით ექიმმა ლეგარმა დაამტკიცა თამბაქოს სამკურნალო ეფექტის მოჩვენებითობა.
სემანტიზაციის ხერხი (მეთოდი) ეფუძნება სიტყვის მნიშვნელობის, სახელწოდების გააზრების საფუძველზე ინტერესის აღძვრას.

მაგალითად:
მცენარე ვირისტერფას დედა-დედინაცვალსაც უწოდებენ. რატომ შეარქვა ხალხმა მას ეს სახელი? (მცენარის ფოთლის ქვედა ზედაპირი ბუსუსებითაა დაფარული და შეხებისას თბილია, ხოლო ზედა – პრიალა და შეხებისას ცივი. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს სახელიც: თბილი – დედაა, ცივი -დედინაცვალი).

დაახლოებით 250 წლის წინ ჰოლანდიელმა მეცნიერმა აბრაამ ტრამბლემ (Abraham Trembley) მტკნარ წყალში დანახულ არსებას ჰიდრა უწოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ? (ჰიდრა მითიური არსებაა. ბერძნულ მითოლოგიაში ჰერაკლეს მეორე საგმირო საქმე ლერნეს ჰიდრას მოკვლა იყო).
სიტყვების, ტერმინების აზრობრივი შინაარსის გაგება მოსწავლეებს ეხმარება საგანთა შორის კავშირების დამყარებაში, განუვითარებს წარმოსახვის უნარს, ფატაზიას, გონებამახვილობას, აღუძრავს ინტერესს, დამატებითი ლიტერატურის საშუალებით მეტი გაიგოს შესასწავლი ობიექტის შესახებ.
შესასწავლი მასალის მნიშვნელობის გააზრება – ამ ხერხით სწავლებისას ხაზს ვუსვამთ მასალის შესწავლის აუცილებლობას მისი ბიოლოგიური, პრაქტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სარეწაო თუ სხვა მნიშვნელობის გამო.
მაგალითად:
. ცნობილია, რომ ტყეებს “მწვანე ფილტვებს” უწოდებენ. ცნობილია, რომ ერთი ჰექტარი ტყე წლის განმავლობაში ასუფთავებს 18 მილიონ კუბურ მეტრ ჰაერს. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ ტყეების ჩეხვა ამ ტემპით გაგრძელდა, დაახლოებით 100 წელიწადში დედამიწაზე ტყე აღარ დარჩება. გარდა ამისა, ტყის გაჩეხვა ანადგურებს ასიათასობით სახეობის ცხოველსა და მცენარეს, იწვევს კლიმატის ცვლილებას და უამრავ თანმხლებ უბედურებას. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ტყის კაფვაზე ხელს ვერ ავიღებთ, რადგან ხეტყე მრავალი მიზნით გამოიყენება. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

. გრიპის პროფილაქტიკისთვის ექიმები გვირჩევენ, მივიღოთ ვიტამინების დიდი დოზა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
. საკვების შერჩევისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არა მარტო ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა მასში, არამედ მისი მიღების შედეგად წარმოქმნილი ენერგიის რაოდენობაც. როგორ ფიქრობთ, რატომ?
ეს ხერხი მოსწავლეებს მხოლოდ შესასწავლი მასალის მნიშვნელობის გააზრებაში კი არ დაეხმარება, არამედ პროცესის მონაწილედაც აგრძნობინებს თავს. ეს კი ხელს შეუწყობს ცნობისმოყვარეობის აღძვრას. საგაკვეთილო პროცესში მყარდება დადებითი ფსიქოლოგიური განწყობა – “სიტუაციის მოლოდინი”, როცა მოსწავლეები ხალისით იღებენ ახალს და ისწრაფიან, გაამდიდრონ მიღებული ინფორმაცია უამრავი შეკითხვის მეშვეობით.
შესასწავლი მასალის გააზრების ფაზაში შემეცნებითი აქტივობის განმავითარებელი მეთოდებია:
. პრობლემური კითხვის დასმა, პრობლემური სიტუაციის შექმნა და სხვა.

მაგალითად:
ლეკვებს კვებავდნენ მხოლოდ რძით. როგორ ფიქრობთ, ხორცის დანახვაზე ლეკვებს ნერწყვი გამოეყოფათ? პასუხი დაასაბუთეთ.
კვლევის მეთოდი
მოსწავლეთა მიერ ჩატარებული ცდების, დაკვირვებისა და ლიტერატურული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მოსწავლეებს ვთავაზობთ, თავად გადაჭრან პრობლემა, მოახდინონ შედეგების ფორმულირება და გამოიტანონ დასკვნები.

მაგალითად:
ქარხანა, რომელსაც გამწმენდი ფილტრები არ გააჩნია, მდებარეობს წყალსატევის ახლოს, სადაც მრავალი სხვადასხვა ჯიშის ცხოველი ბინადრობს. წყალსატევში შეინიშნება ამფიბიების მასობრივი სიკვდილი. წყლის ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ წყალი არ შეიცავს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს. დაფიქრდით, რას შეიძლება გამოეწვია ამფიბიების სიკვდილი.
ევრისტიკული მეთოდი

მასწავლებელი ეყრდნობა მოსწავლეთა ცოდნას და კითხვა-პასუხის, დამაზუსტებელი კითხვების საშუალებით ეხმარება მოსწავლეებს სწორი პასუხების “მიგნებაში”.
მაგალითად;

დავუშვათ, ისაუზმეთ შებოლილი ხორცის ბუტერბროდით. საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელ განყოფილებაში მოხდება მისი მონელება?

რომელი ნივთიერებების დახმარებით მოხდება მისი მონელება?

რომელ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს მიღებული საუზმე?
დაასახელეთ რგოლოვანი ჭიებისა და ჭიის სხვა ტიპების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები.
რატომ არის მათი გაჩენა პროგრესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ევოლუციური ნაბიჯი?
სამეცნიერო კამათი

გაკვეთილზე მასწავლებელი ქმნის საკამათო სიტუაციას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა უნარებს, ჩამოაყალიბონ და დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება.

მაგალითად, მოსწავლეებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ ამა თუ იმ მოსაზრებას და ჩამოაყალიბონ მტკიცე არგუმენტები მის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

მოსაზრება 1
ნიჟარა კარგი თავდაცვის საშუალებაა მოლუსკებისთვის, ამიტომაც, მიუხედავად მათი უძველესი წარმოშობისა, ისინი დღესაც უხერხემლოთა ყველაზე მრავალრიცხოვან ტიპს წარმოადგენენ.
მოსაზრება 2
ნიჟარის როგორც თავდაცვის კარგი საშუალების არსებობის მიუხედავად, მოლუსკების რაოდენობა წყალსატევებში შესამჩნევად მცირდება.
მოსაზრება 3
მიმაჩნია, რომ მათი შემცირება იმის ბრალია, მათ საკვებად იყენებს როგორც ადამიანი, ასევე ბევრი ცხოველი და ფრინველი.
მოსაზრება 4
მიმაჩნია, რომ, მიუხედავად ნიჟარისა, მოლუსკები უძლურნი არიან იმ ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების მიმართ, რომლებიც ნიადაგსა და წყალში ხვდება.
სხვადასხვა მოსაზრების მოსმენა, გაანალიზება და შემდგომ არგუმენტებზე დაყრდნობით საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება მოსწავლეებს აღუძრავს სირთულეთა დაძლევის სტიმულს, გაუაქტიურებს აზროვნებას, შესძენს კვლევა-ძიებისთვის საჭირო უნარებს.

შესასწავლი მასალის განმტკიცების ეტაპზე მასწავლებლის მიერ გამოყენებული სასწავლო აქტივობა ემსახურება იმ მიზანს, რომ მას შემდეგ, რაც გააანალიზებენ ახალ მასალას და მოახდენენ დასკვნების ფორმულირებას, მოსწავლეებმა შესასწავლი მასალა დაინახონ ახალი კუთხით, კერძოდ, როგორ შეიძლება მისი პრაქტიკაში გამოყენება. ეს მათ ცოდნის ტრანსფერის საშუალებას მისცემს.

ამისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი აქტივობები:

. დავალებაში ნატურალური ობიექტების გამოყენება

მოსწავლეებს ვურიგებთ სხვადასხვა მცენარის ფოთლებს და ვთხოვთ, იპოვონ ის ნიშან-თვისებები, რითაც შესაძლებელია ამ მცენარეების კლასიფიკაცია.
წარწერის გარეშე ვურიგებთ ბაყაყისა და ადამიანის სისხლის მიკროპრეპარატს; ვაძლევთ დავალებას, გაარჩიონ პრეპარატები და უპასუხონ კითხვას: რასთანაა დაკავშირებული ადამიანის ერითროციტის სწორედ ასეთი ფორმა?
მოდელირება
მოსწავლეებს ვურიგებთ სხვადასხვა ორგანიზმის სურათებს და ვაძლევთ დავალებას, ამ სურათების მეშვეობით შეადგინონ ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები ორგანიზმების ყველა შესაძლო კვებითი ჯაჭვი.
სქემებისა და ცხრილების შედგენა.

მაგ., შეავსეთ ცხრილი:
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალი ცოდნის ათვისება არ არის მარტო წესების დასწავლა, დასკვნების გამოტანა და განზოგადება; ის უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენას და მეცნიერული აზროვნების განვითარებას მოცემული მასალის ღრმა ლოგიკური ანალიზის საფუძველზე.

მოსწავლეთა მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება ბიოლოგიის სწავლებისას

0
მეორე ნაწილი

გთავაზობთ კიდევ ერთ ექსპერიმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მეცნიერული უნარ-ჩვევების განვითარებას.

ეს ექსპერიმენტი თითქმის პირველის იდენტურია, თუმცა, გამოყენებული რესურსების თვალსაზრისით, უფრო მარტივი. ის კლასშიც შეიძლება ჩატარდეს რეფლექსიის ფაზაში და საშინაო დავალებადაც მიეცეს მოსწავლეებს – ეს მათ განუვითარებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევებს.

ექსპერიმენტი: ალბათობის თეორია გენეტიკაში

თემა: მენდელის კანონების სტატისტიკური ხასიათი

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეებმა იციან მონოჰიბრიდული შეჯვარების არსი და დათიშვის კანონი. ამ კანონის თანახმად, მონოჰიბრიდული შეჯვარების დროს მიღებული პირველი თაობის ჰიბრიდების თვითდამტვერვის გზით ან ერთმანეთთან შეჯვარებით გამრავლებისას მეორე თაობაში გამოვლინდება რიგორც დომინანტური, ისე რეცესიული ნიშან-თვისება თანაფარდობით 3:1. მოსწავლეებმა იციან, რომ მენდელის კანონებს სტატისტიკური ხასიათი აქვს.

შეიძლება პენეტის ცხრილის გამოყენება გენოტიპური და ფენოტიპური დათიშვის თანაფარდობის დასადგენად.
კავშირი სტანდარტთან

კვლ.XI.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

• იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
• აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს, იღებს სარწმუნო მონაცემებს.

კვლ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

• იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად.
კვლ.XI.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

• იყენებს დიაგრამებს, ცხრილებსა და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
• აანალიზებს მონაცემებს (მაგ., საშუალო არითმეტიკული სიდიდის და საშუალოდან გადახრების დადგენა), საჭიროების შემთხვევაში, საკონტროლო ცდის შედეგების გათვალისწინებით, გამოიტანს დასკვნებს;
• განიხილავს, საკმარისია თუ არა მონაცემები (რაოდენობრივად და თვისებრივად) გამოთქმული ვარაუდის დასადასტურებლად ან დასკვნის გამოსატანად;

• ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს, განსხვავების შემთხვევაში ხსნის მიზეზებს.
ბიოლ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და იმსჯელოს ცვალებადობის ფორმებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

• მოიპოვებს ინფორმაციას და ადარებს მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის მოქმედებას, მსჯელობს მათ ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე;

• გენეტიკური ამოცანების გადაჭრისას იყენებს მონაცემთა ანალიზს, სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის ელემენტებს.
სასწავლო მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ:
• ჰიპოთეზის გამოთქმას;
• დაგეგმილი ცდის ჩატარებას;
• მონაცემების აღრიცხვას;
• მონაცემთა ცხრილის საშუალებით მონაცემების წარმოდგენას;
• მონაცემების ანალიზს სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის გამოყენებით;
• ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანას;
• დასკვნების შედარებას გამოთქმულ ვარაუდთან;
• საკუთარი მონაცენების სხვებისთვის გაცვლა/გაზიარებას;
• მსჯელობას მენდელის კანონების სტატისტიკური ხასიათის შესახებ.
ექსპერიმენტის მიზანი: როგორ მოქმედებს ალბათობის კანონი გენების კომბინაციაზე
მასალა: 2 მწვანე და 2 ყვითელი მარკერი, პლასტმასის ჭიქა
პროცედურა

1. ცალკე ფურცელზე ან რვეულში მოამზადეთ ცხრილი მონაცემების აღრიცხვისთვის;
2.ბარდაში თესლის ყვითელი შეფერილობა (A) დომინირებს მწვანეზე (ა). გამოიყენეთ პენეტის ცხრილი და განსაზღვრეთ იმ ჰიბრიდების მოსალოდნელი გენოტიპი და ფენოტიპი, რომელთა მშობლებიც არიან ჰეტეროზიგოტურები (Aა) თესლის შეფერილობის მიხედვით;
3.ოთხივე მარკერი (ყვითელი და მწვანე) მოათავსეთ ჭიქაში. თითოეული მარკერი ასახავს ალელებს ჰეტეროზიგოტურ მცენარეებში;
4.ჭიქა შეანჯღრიეთ და თვალდახუჭულმა ამოიღეთ რომელიმე 2 მარკერი. 2 მარკერი ასახავს ალელების კომბინაციას კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმის დროს. ეს პროცედურა გაიმეორეთ 10-ჯერ და მარკერების – “ალელების” – კომბინაცია ჩაინიშნეთ მონაცემთა ცხრილში (ყოველი პროცედურის შემდეგ მარკერები ჭიქაში დააბრუნეთ);
5. მე-4 ნაბიჯი გაიმეორეთ ჯერ 50-ჯერ, შემდეგ – 100-ჯერ;
6. დათვალეთ თითოეული ტიპის გენოტიპი ყველა სერიისთვის;
7.მონაცემების გამოყენებით თითოეული სერიისათვის (10, 50 და 100) განსაზღვრეთ ყვითელი ფენოტიპების რაოდენობა;
8.მონაცემების გამოყენებით თითოეული სერიისათვის (10, 50 და 100) განსაზღვრეთ გენოტიპური და ფენოტიპური დათიშვის თანაფარდობა; დათიშვის თანაფარდობის გამოსათვლელად თითოეული გენოტიპის/ფენოტიპის რაოდენობის განმსაზღვრელი რიცხვი უნდა გავყოთ უმცირეს რიცხვზე და დავამრგვალოთ უახლოეს მთელ რიცხვამდე. მაგალითად, დავუშვათ, სერიისათვის 100, მიღებული გაქვთ ასეთი შედეგი: 23AA, 51Aა და 26აა; ამ შემთხვევისათვის გენოტიპური დათიშვის თანაფარდობა ასე იანგარიშება: 23/23=1, 51/23=2,2, 26/23=1,1. ე.ი. გენოტიპური დათიშვა ასეთია: 1AA: 2Aა: 1აა.

დაკვირვება

1. რომელი გენოტიპი იქნა მიღებული ყველაზე ხშირად?
2. როგორ გენოტიპურ და ფენოტიპურ დათიშვას მოელოდით?
3. როგორ გენოტიპურ და ფენოტიპურ დათიშვას მოელოდით 10-იან, 50-იან და 100-იან სერიაში?
ანალიზი და დასკვნა:

1. როგორ შეესაბამება ექსპერიმენტში მიღებული დათიშვის თანაფარდობა თეორიულად მოსალოდნელ დათიშვას?
2. რომელი სერიის დათიშვის მონაცემებია ყველაზე ახლოს თეორიულად მოსალოდნელ Dდათიშვის თანაფარდობასთან? ახსენით შედეგი.
3. როგორ აისახება ალბათობა თქვენი ექსპერიმენტის შედეგთან?
4. თქვენი ჯგუფის ჯამური შედეგები შეადარეთ კლასის ჯამურ შედეგებს. რომელ შემთხვევაშია გენოტიპებისა და ფენოტიპების რეალური თანაფარდობა უფრო ახლოს თეორიულად მოსალოდნელ თანაფარდობასთან? რატომ?
5. გამოთქვით ჰიპოთეზა, როგორ უნდა მიაღწიოთ, რომ რეალური შედეგი უფრო ახლოს იყოს თეორიულად მოსალოდნელ შედეგთან.
6. გამოიტანეთ დასკვნა, რატომ ატარებდა მენდელი ექსპერიმენტებს მრავალ ინდივიდზე და რატომ აგროვებდა დიდი რაოდენობის მონაცემებს.

რეკომენდაცია მასწავლებლებისთვის: თუ საშინაო დავალებად მიეცით, სასურველია, დავალების შესაფასებლად კლასი დაყოთ მცირე ჯგუფებად, სადაც ისინი გაუზიარებენ ერთმანეთს ცდის შედეგებს, მონაცემთა ცხრილში შეიტანენ თავიანთი ჯგუფის ჯამურ შედეგებს და პრეზენტაციის დროს თითოეული ჯგუფი თავის შედეგებს დააფიქსირებს თქვენ მიერ შედგენილ მონაცემთა ცხრილში. ამის შემდეგ კლასის ჯამური შედეგების განხილვა გაადვილდება.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ბიოლოგიის გაკვეთილზე

0

სასწავლო მეთოდიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებას, “აიძულებს” მათ, იფიქრონ და მოიძიონ პრობლემის გადაჭრის სწორი გზა.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელოვანი ელემენტებია:

. სიტუაციის შექმნა შემეცნებითი ინტერესის გასაღვივებლად;

. დამოუკიდებელი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ცოდნის ათვისება, რომელიც მოსწავლეს პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება;

. პრაქტიკულ-შემეცნებითი სავარჯიშოების საშუალებით ახალი ცოდნის მიღება, გაფართოება, გაღრმავება.

შემეცნებით საქმიანობაში პრობლემები მხოლოდ აზროვნების დახვეწის საშუალება როდია, – ხშირად ის ადამიანის ნიჭისა და შესაძლებლობების (მიდრეკილებების) განვითარებას ემსახურება. პრობლემურ სიტუაციას ვერ ქმნის ყველა კითხვა, ამოცანა თუ მოსაზრება; თუ მოსწავლეს ჩვენს ყველა კითხვაზე მზა პასუხი აქვს, ეს მას ახალ ცოდნას ვერ შესძენს – ეს იქნება გახსენება და არსებული ცოდნის კვლავწარმოება.

შემეცნებითი პრობლემისთვის ის არის დამახასიათებელი, რომ მოსწავლე გაჰყავს არსებული ცოდნის ფარგლებიდან; მასში არის რაღაც შეუცნობელი, რომელიც აზროვნების გააქტიურებას მოითხოვს. საამისოდ პედაგოგმა შესაძლოა გამოიყენოს აქტიური პრობლემურ-სიტუაციური ანალიზის მეთოდი,რომლის საფუძველია სწავლება კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის გზით. სწავლების ეს მეთოდი ეფუძნება კონკრეტული პრაქტიკული მაგალითების განხილვას. ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მიღებული ცოდნა პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად თეორიისა და პრაქტიკის შეხამებით. მეთოდი ეფექტიანად ავითარებს დასაბუთებული გადაწყვეტილების შეზღუდულ დროში მიღების უნარს, ასევე – ანალიტიკურ აზროვნებას, გუნდური მუშაობის, ალტერნატიული აზრის მოსმენისა და გაგების, ალტერნატივების გათვალისწინებით განზოგადებული გადაწყვეტილებების მიღების, მოქმედებათა დაგეგმვისა და მათი შედეგების პროგნოზირების უნარებს.

მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებებისა და სასწავლო მასალის შინაარსის შესაბამისად, შეიძლება გამოვიყენოთ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სხვადასხვა ხერხი. აი, რამდენიმე მაგალითი:

  1. ანალოგიის ხერხი

ამ შემთხვევაში ვეყრდნობით მოსწავლეების ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან ვაანალიზებთ წინარე ცოდნას ახალი ამოცანის გადასაწყვეტად.

  1. ინდუქციური (ანალიტიკურ-სინთეზური) ხერხი

მოსწავლეები დამოუკიდებლად იკვლევენ ფაქტს ან მოვლენას და გამოაქვთ აუცილებელი მეცნიერული დასკვნები. მაგალითად, თემა “მღიერების” შესწავლის დროს მოსწავლეებმა მასწავლებლის მონათხრობიდან იციან, რომ მეცნიერები მღიერებს დიდხანს ჩვეულებრივ მცენარეებად მიიჩნევდნენ და ხავსებს მიაკუთვნებდნენ, მერე კი აღმოაჩინეს, რომ მღიერები სოკოსა და წყალმცენარეების რთული თანაცხოვრების შესანიშნავი მაგალითია. ხდება პრობლემური საკითხების ფორმულირება: რას წარმოადგენენ მღიერები? მცენარეთა რომელ ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ ისინი? დაასაბუთეთ, რატომ.

  1. მიზეზების ძიება

მოსწავლეებს ვაცნობთ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ცდებს, რომელთა შედეგები განაპირობებს ამა თუ იმ მოვლენას და შესასწავლი მასალის ანალიზის საფუძველს იძლევა.

მოვიშველიოთ რამდენიმე მაგალითი:

ა) სამასი წლის წინ მეცნიერმა ვან ჰელმონტმა ჩაატარა ცდა: ქოთანში მოათავსა 80 კგ მიწა და მასში ჩარგო ტირიფი, რომელიც წინასწარ ჰქონდა აწონილი. ტირიფი 5 წლის განმავლობაში იზრდებოდა. მას არ აძლევდნენ დამატებით საკვებს, მხოლოდ რწყავდნენ მარილებისგან თავისუფალი წყლით. ხუთი წლის შემდეგ, ქოთნის აწონისას, მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ ტირიფის წონა 65 კილოგრამამდე გიზარდა, ხოლო მიწის წონა ქოთანში შემცირდა მხოლოდ 50 გრამით. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა? რით შეიძლება ამ მოვლენის ახსნა?

ბ) ორ კოლბაში, რომელთაგან ერთში ჩვეულებრივი წყალი ესხა, ხოლო მეორეში – გადადუღებული, მოათავსეს ამებები. ერთ-ერთ კოლბაში ამებები რამდენიმე ხნის შემდეგ დაიხოცნენ. ახსენით, რატომ მოხდა ასე.

  1. პრობლემური შეკითხვის წამოწევა

ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც პრობლემის გადასაწყვეტად და ახალი ცოდნის მისაღებად საჭიროა ადრე ნასწავლი პრინციპების ან კანონზომიერებების შემოქმედებითად გამოყენება.

მაგალითად:

* ფრინველის ჩანასახი ჟანგბადით მარაგდება კვერცხის საჰაერო საკნის მეშვეობით. მაშ, როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ფრინველის ჩანასახს ლაყუჩის ხვრელები უვითარდება?

* პიანინოზე დაკვრისას, სარეცხის რეცხვისას და სხვა ხელით შესასრულებელი სამუშაოს შესრულებისას გევღლება (გვტკივდება) ზურგი. რატომ?

* რაში სჭირდება ექიმს იმის ცოდნა, ცაცია ხართ თუ მემარჯვენე?

  1. პარადოქსული ფაქტის გაცნობა, ჰიპოთეზების წამოყენება, ვარაუდების გამოთქმა

* ფაქტი პირველი: გასულ საუკუნეში ატლანტის ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე იფეთქა წითელას ეპიდემიამ, რომელიც იქ ევროპაში დაავადებულმა ადამიანმა შეიტანა. კუნძულის შვიდი ათასი მკვიდრიდან ჯანმრთელი (ვისაც ინფექცია არ შეხვედრია) დარჩა ასამდე ასაკოვანი ადამიანი, რომლებმაც ეს დაავადება გადაიტანეს დიდი ხნის წინ.

* ფაქტი მეორე:1967 წელს კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკა) ახალგაზრდა ქირურგმა ქრისტიან ბერნარდმა ჩაატარა გულის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია. ოპერაცია ჩატარდა უმკაცრესი სტერილიზაციის პირობებში და ვირტუოზულად, მაგრამ ორგანიზმი ვერ შეეგუა ახალ ორგანოს და პაციენტი დაიღუპა.

რა პარადოქსულიც უნდა მოგეჩვენოთ, ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან კავშირი აქვს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

* ტყეში მტაცებელი ფრინველების განადგურებამ გამოიწვია სხვა ფრინველების გამრავლება, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ მათი რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა. ახსენით ამ მოვლენის მიზეზი.

  1. მეცნიერთა გამონათქვამების მიხედვით პრობლემური სიტუაციების შექმნა:

ცნობილი გეოგრაფი და მოგზაური ა. ჰუმბოლტი ამტკიცებდა: “ადამიანებს წინ უძღვით ტყეები, ხოლო აცილებს უდაბნო”. რატომ ფიქრობდა ასე მეცნიერი?

  1. ერთსა და იმავე ფაქტზე სხვადასხვა თვალსაზრისის გაცნობა.

პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლებისას სასწავლო მასალა შეიძლება ავაგოთ კონფლიქტური დებულების ხაზგასმით და მოსწავლეებს საკითხი ამ გზით ავუხსნათ: მაგალითად, განსაჯეთ დებულება: ცნობილია, რომ კუნთის უმნიშვნელო მუშაობის დროსაც კი იცვლება არტერიული წნევა.

პირველი მოსწავლის პასუხი: “ეს ხდება მაშინ, როდესაც მომუშავე კუნთი სისხლში გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა სანათურის გაფართოება-შევიწროებას”.

მეორე მოსწავლის პასუხი: “როცა ტვინი კუნთს უგზავნის სიგნალს, რომელიც მას მუშაობას აიძულებს, ის სიგნალს გზავნის სისხლძარღვებთან, რითაც ისინი არეგულირებენ სისხლის წნევას”.

როგორ ფიქრობთ, მართებულია მსჯელობა? რომელი მოსწავლეა მართალი? რატომ?

  1. მოსწავლეთა განვითარების დონის გათვალისწინებით, შეიძლება გამოვიყენოთ ასეთი ხერხიც: მოსწავლეები მასწავლებლის მონათხრობში დამოუკიდებლად პოულობენ შემეცნებით სახის პრობლემას, ახდენენ ამ პრობლემის ფორმულირებას და აყალიბებენ მკაფიო არგუმენტებს მის გადასაჭრელად.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის სასწავლო პროცესის ორგანიზების განსაკუთრებული ტიპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გაკვეთილზე გავაღვივოთ მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობა, ხელი შევუწყოთ მათ მასალის უკეთ გააზრებასა და ხანგრძლივი (მყარი) ცოდნის მიღებაში. თუმცა პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას აქვს გარკვეული შეზღუდვებიც:

. მეთოდის გამოყენება არ შეიძლება გაკვეთილზე, რომელიც აღწერითი ხასიათის კვლევებს განიხილავს.

. მის გამოყენებას ზღუდავს პროცესის სირთულეც, რაც გამოიხატება იმით, რომ ზოგჯერ თხრობითი ფორმით მასალის გადაცემა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მეთოდის გამოყენებით.

ერთ-ერთი შემზღუდველი ფაქტორია არსებული სახელმძღვანელოებიც (ბუნებრივია, არა ყველა), რადგან ისინი არ ითვალისწინებს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების აუცილებლობას, ორიენტირებულია უმთავრესად ფაქტობრივ მასალაზე და მიმართულია ტექსტის გაგებისა და რეპროდუცირების უნარის განვითარებისკენ.

თითქმის არ არსებობს დამხმარე სახელმძღვანელო, რომელსაც პედაგოგი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას გამოიყენებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა: გაკვეთილზე პრობლემური სიტუაციის გამოყენება მოსწავლეს აყენებს სირთულის პირისპირ, რომლის დაძლევა მოითხოვს შემოქმედებით მიდგომას, აიძულებს მოსწავლეს, იფიქროს, იაზროვნოს, ეძებოს გამოსავალი, იმსჯელოს, განიცადოს სწორი გადაწყვეტილებით მიღებული სიხარული. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს საგნისადმი აქტიური შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას.

მეცნიერული კვლევის უნარების განვითარება ბიოლოგიის სწავლების პროცესში

0

მოგეხსენებათ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, განუვითაროს მოსწავლეებს მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები: დაკვირვება, აღწერა; კვლევის საგნისა და ეტაპების განსაზღვრა; კვლევის მონაცემების აღრიცხვა; კლასიფიკაცია; სიდიდეების/ცვლადების გაზომვა; მონაცემების ინტერპრეტაცია; განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა; ცდის დაგეგმვა; ცდის ჩატარება; მონაცემთა ანალიზი და შეფასება; მოდელის შექმნა და გამოყენება.

ამ უნარ-ჩვევების განსავითარებლად ყველაზე ეფექტური ხერხია ცდა/ექსპერიმენტი.
შეგახსენებთ ექსპერიმენტის ძირითად ეტაპებს:

პრეზენტაციის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

0
ბიოლოგიის საგაკვეთილო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის პედაგოგს საშუალება აქვს გამოიყენოს მრავალფეროვანი აქტივობები,რომელიც საშუალებას იძლევა მოსწავლეებში აღძრას ცნობისმოყვარეობა და გაუღვივოს ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ. ერთ-ერთი საინტერესო აქტივობაა ელექტრონული პრეზენტაციის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რომელიც უფრო ნათელსა და თვალსაჩინოს ხდის საგაკვეთილო მასალას, ხელს უწყობს ცოდნის სისტემაში მოყვანას და უზრუნველყოფს ათვისების მაღალ დონეს. შემოთავაზებული პრეზენტაცია „ცენტრალური ნერვული სისტემის აგებულება და ფუნქცია” დაეხმარება პედაგოგს ახსნას გაკვეთილი ანატომიაში (განსაკუთრებით მე-9 კლასში).

შეგახსენებთ 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:
„2012-2013 სასწავლო წელს მეცხრეკლასელმა მოსწავლემ საგანი “ბიოლოგია” გაიაროს მე-9 კლასის ახალი პროგრამისა და 2012 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოების მიხედვით და დამატებით გაიაროს მე-8 კლასის ბიოლოგიის ახალი პროგრამის იმ შედეგების საკითხები, რომლებიც არ აქვს მიღწეული, მაგ.: ადამიანის ანატომია (იხ.თავი 2.2.) ამისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც 2012 წელს გრიფირებული მე-8 კლასის ბიოლოგიის, ასევე ძველი, 2008 წელს გრიფირებული მე-9 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოები.”

ექსპერიმენტის მნიშვნელობა ბიოლოგიის სწავლებაში

0

ცდა, ექსპერიმენტი სწავლების ერთ-ერთი რთული და შრომატევადი მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ (შევისწავლოთ) ესა თუ ის მოვლენა და დავადგინოთ მიზეზშედეგობრივი კავშირი. პრაqტიკაში ამ მეთოდის გამოყენება პედაგოგს საშუალებას აძლევს, ერთდროულად შეასრულოს რამდენიმე ამოცანა, კერძოდ:

  1. გამოიყენოს ექსპერიმენტის ფართo შესაძლებლობა მოსწავლეთა სწავლების, აღზრდისa და განვითარებისთვის, ხელი შეუწყოს მათ ცოდნის მიღებაში, გაღრმავებაში, ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებასა და სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ცდის ჩატარებისა და მისი შედეგების გამოყენებისას მოსწავლეები იღებენ ახალ ცოდნას და იძენენ ჩვევებს, რწმუნდებიან ბიოლოგიური მოვლენების მატერიალისტურ თვისებაში, პრაქტიკულად ამოწმებენ თეორიული ცოდნის სიზუსტეს, სწავლობენ მონაცემების გაანალიზებას, შედარებას და დასკვნების გამოტანას. ძნელი წარმოსადგენია უფრო ეფექტური მეთოდი, ხელს რომ უწყობდეს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, აჩვევდეს მათ მეცნიერული სტილით აზროვნებას და საქმისადმი შემოქმედებით მიდგომას.
  2. ექსპერიმენტული სამუშაოები ააქტიურებს მოსწავლეთა შემეცნებით და შემოქმედებით აზროვნებას; მოსწავლეები უშუალოდ არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.
  3. ექსპერიმენტული სამუშაოები აღძრავს ცნობისმოყვარეობას, რაც საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეები კვლევით სამუშაოებში ჩავრთოთ. კვლევით სამუშაოებს დადებითი შედეგი მაშინ მოაქვს, როდესაც ტარდება მეთოდურად სწორად და მოსწავლეები ხედავენ თავიანთი შრომის შედეგს.

ბიოლოგიური ექსპერიმენტი/ცდა აუცილებლად უნდა იყოს:

. ხელმისაწვდომი;

. თვალსაჩინო/აღქმადი;

. შემეცნებითი ღირებულების მქონე.

ექსპერიმენტის/ცდის ჩატარებამდე მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ მისი მიზანი, ვასწავლოთ ჩატარების ტექნიკა, ობიექტზე ან პროცესზე დაკვირვება, მონაცემების შეკრება და შედეგების ფორმულირება. გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ცდა ხანგრძლივია და ერთი გაკვეთილის ფარგლებში არ ეტევა. მათი შესრულებისას, შედეგების განჭვრეტისა და ფორმულირებისას საჭიროა პედაგოგის დახმარება. პირველ მეცადინეობებზე, ვიდრე მოსწავლეებს არ გააჩნიათ ცდის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის საჭირო ცოდნა, პედაგოგი ატარებს სადემონსტრაციო ცდას. ამ დროს მოსწავლეებში აქტიურდება დაკვირვებისა და კვლევის პროცესები, რაც მიმართულია ცდის არსის გააზრებისკენ, შედეგების ფორმულირებისკენ კითხვებზე პასუხის გაცემის გზით. მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებასთან ერთად იზრდება ცდის ჩატარებისას კვლევითი და დამოუკიდებელი მუშაობის წილი.

ცდის მნიშვნელობის გასააზრებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ, ცდის მიზნისა და ჩატარების ტექნიკის განსაზღვრას, კითხვების ფორმულირებას, რაც ხელს შეუწყობს ცდის არსის გამოვლენას (გაგებას), დასკვნების ფორმულირებას. მოსწავლეები უნდა ხედავდნენ როგორც საწყის მონაცემებს, ისე ცდის საბოლოო შედეგს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სადემონსტრაციო ცდას როგორც მასწავლებლის მონათხრობის თვალსაჩინო ილუსტრაციას, ის უდიდეს ეფექტს იძლევა საუბართან ერთად, რომელიც მოსწავლეს ცდის შედეგების გააზრების საშუალებას აძლევს. განსაკუთრებული შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს ცდებს, რომლებშიც მოსწავლეები უშუალოდ მონაწილეობენ. ამ დროს მათ უვითარდებათ უნარები, რომლებიც საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესასწავლად უმნიშვნელოვანესია, კერძოდ:

  1. პრობლემის/საკვლევი ობიექტის განსაზღვრა;
  2. ვარაუდის/საკვლევი ობიექტის განსაზღვრა;
  3. ცდის/ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭირო მასალებისა და მოწყობილობების მომზადება;
  4. სამუშაო პროცედურა და მისი მსვლელობისთვის თვალყურის დევნება;
  5. მონაცემთა აღრიცხვა/ჩანიშვნა;
  6. მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  7. ვარაუდის შემოწმება და დასკვნების გამოტანა;
  8. პრაქტიკული გამოყენების/შესაძლებლობის, დანიშნულების განსაზღვრა.

ცდის მიმდინარეობასა და შედეგებს რვეულში/ჟურნალში იწერენ. ჩანაწერს შესაძლოა ჰქონდეს, მაგალითად, ცხრილის სახე:

N ცდისდასახელება ცდის დაწყებისთარიღი/დაწყებისდრო ცდის დასრულებისთარიღი/დასრულებისდრო ცდისშედეგი შენიშვნა

ცდის დასახელებაცდის დაწყების თარიღი/დაწყების დროცდის დასრულების თარიღი/დასრულების დრო ცდის შედეგიშენიშვნა

ასევე შეიძლება გაკეთდეს ჩანახატი, გადაღებულ იქნეს ფოტო ან ვიდეო, რომელიც ცდის არსს გამოხატავს.

ყოველი ცდის, ექსპერიმენტის დაწყებამდე მოსწავლეებს უნდა მივცეთ რჩევები, რომლებიც მათ მუშაობისას დაეხმარება.

მაგალითად: რჩევები მცენარეებზე ცდების ჩატარების დროს

. ვიდრე მცენარეებზე ცდების ჩატარებას გადაწყვეტდეთ, გახსოვდეთ, რომ მათთან მუშაობა ყურადღებასა და წესრიგს მოითხოვს.

. ცდის დაწყებამდე მოამზადეთ ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეთ (თესლი, მცენარე, ხელსაწყო და სხვ.). მაგიდაზე ზედმეტი არაფერი უნდა იდოს.

. იმუშავეთ აუჩქარებლად. სიჩქარესა და მოუთმენლობას ცუდი შედეგი მოაქვს.

. მცენარეს გამოზრდისას გულმოდგინედ მოუარეთ, დროულად მორწყეთ, გაუფხვიერეთ ნიადაგი, მიეცით დამატებითი საკვები. ცუდი მოვლით კარგ შედეგს ნუ ელით. ცდის დროს აუცილებლად უნდა გქონდეთ საცდელი და საკონტროლო მცენარეები, რომლებიც ერთნაირ პირობებში იზრდება.

გთავაზობთ მარტივ ექსპერიმენტს, რომელიც არ მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯს და, აქედან გამომდინარე, ხელმისაწვდომია, პედაგოგს კი საშუალებას აძლევს, ექსპერიმენტის შედეგები გამოიყენოს სხვადასხვა კუთხით თემის ან საკითხის უკეთ გასააზრებლად. მასწავლებლის შეხედულებისამებრ, შეიძლება, ამ ექსპერიმენტს მივცეთ პროექტის სახე.

ცდა: როგორ მწიფდება ხილი და ბოსტნეული?

მოსწავლეთა პროვოცირებისთვის ვიწყებთ საუბარს: ალბათ გაგიგონიათ, რომ ერთი დამპალი ვაშლი მთელ ტომარას აფუჭებს. მეორე მხრივ, მწიფე ბანანი სხვა ხილს დამწიფებაში ეხმარება. იმავეს თქმა შეიძლება ბოსტნეულზეც, მაგალითად, პომიდორზე. ამ პროცესზე დასკვირვებლად ჩავატაროთ ცდა.

ცდისთვის დაგჭირდება:

. 2 ცალი ძალიან მწიფე ბანანი;

. 3 ცალი მწვანე ბანანი;

. 2 ცალი მწვანე პომიდორი;

. 3 ცალი ქაღალდის პაკეტი;

. მარკერი;

. მწებარე ქაღალდი ან ეტიკეტი.

სამუშაოს მიმდინარეობა:

  1. მაგიდაზე დადეთ ერთი მწვანე ბანანი, მეორე კი ქაღალდის პაკეტში ჩადეთ. პაკეტში მოათავსეთ მესამე მწვანე ბანანიც ერთ ძალიან მწიფე ბანანთან ერთად. პაკეტებს გაუკეთეთ წარწერა და მოუკარით თავი.
  2. ერთი მწვანე პომიდორი დადეთ მაგიდაზე, მეორე კი დარჩენილ მწიფე ბანანთან ერთად ჩადეთ პაკეტში, მოუკარით თავი და გაუკეთეთ წარწერა.
  3. პაკეტები ხუთი დღით მოათავსეთ სიბნელეში. შემდეგ ამოალაგეთ იქიდან ბანანები და პომიდვრები და მაგიდაზე დატოვებულს შეადარეთ.

ცდის შედეგი

მაგიდაზე დატოვებულმა ბანანმა და პომიდორმა ოდნავ იცვალა ფერი და დარბილდა, პაკეტში მოთავსებული ბანანი უფრო მეტად დამწიფდა, ხოლო ძალიან დამწიფდა ბანანი, რომელიც პაკეტში მწიფე ბანანთან ერთად იდო (ორივე თითქმის გაშავდა). ასევე უკეთესად დამწიფდა მწიფე ბანანთან მოთავსებული პომიდორიც.

განმარტება

ხილი და ბოსტნეული უკეთესად მწიფდება სიბნელეში, დახურულ პაკეტში. გარდა ამისა, დამწიფებისას ხილი და ბოსტნეული გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს სხვა ხილისა და ბოსტნეულის დამწიფებას. ეს ნივთიერებაა აირი ეთილენი. ამასთან, დახურულ სივრცეში ხილი და ბოსტნეული შთანთქავს მის მიერვე გამოყოფილ ეთილენს, რითაც ასევე აჩქარებს დამწიფების პროცესს.

ეთილენის (ან, როგორც მეცნიერები უწოდებენ, “დამწიფების ჰორმონის”) გამოყოფასთან ერთად დამწიფების პროცესში ნაყოფი შთანთქავს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს. ქაღალდის პაკეტები, პოლიეთილენის პაკეტისგან განსხვავებით, ატარებს იმდენ ჟანგბადს, რომ დამწიფების პროცესის მიმდინარეობა არ ფერხდება.

რჩევა ცდის შედეგების წარმოსადგენად

სამუშაოს ყოველი საფეხური გადაიღე და ფოტო/ვიდეო დაურთე ნაშრომს.

იცი თუ არა, რომ…

ზამთრობით სათბურში ხილისა და ბოსტნეულის დამწიფების დასაჩქარებლად ეთილენს იყენებენ? სწრაფი დამწიფების დროს ნაყოფში ორგანული ნივთიერებები არასრულად გარდაიქმნება, ამიტომ სათბურის ხილსა და ბოსტნეულს ისეთი გემო არ აქვს, როგორიც ბუნებრივად მოწეულს. ტროპიკული ხილი რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, გზაში, ყუთებში მწიფდება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...