პარასკევი, მაისი 1, 2026
1 მაისი, პარასკევი, 2026

სკოლამდელთა სიუჟეტური თამაშის თავისებურებანი

0
სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებსა და მასწავლებლებს კარგად მოეხსენებათ, რომ თამაში ბავშვის არა მხოლოდ საყვარელი საქმიანობა, არამედ წამყვანი ქცევაცაა, რომლის მეშვეობითაც ხდება მისი განვითარება.
ბავშვის განვითარებასთან ერთად იცვლება თამაშიც. თავდაპირველად ბავშვი თავისი სხეულის ნაწილებით თამაშობს, მოგვიანებით იწყებს საგნებით მანიპულაციას და მათი თვისებების შესწავლას. ამას ცვლის ილუზიის თამაში, როდესაც ბავშვი საგნებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ილუზიის თამაშის ერთ-ერთი სახესხვაობა როლების თამაში, როდესაც ბავშვი ცვლის საკუთარ მეს და ხან მეხანძრის როლს ირგებს, ხან კოსმონავტისას. თანდათან ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ შესრულებული როლი, არამედ ის სიუჟეტიც, რომელშიც თამაში ვითარდება.

ბავშვის თამაშისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

·თავისუფალი აქტიურობა;
·დადებითი ემოციური ელფერი, რომელიც თან ახლავს თავად თამაშის პროცესს და არა მხოლოდ მის შედეგს;
·სპონტანურობა, იმპროვიზაცია, საკუთარი ძალებისა და გარემოს შეცნობა.

ბავშვის თამაშის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ფსიქიკური განვითარების ბუნების გასაგებად.

არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმის თაობაზე, რატომ თამაშობს ბავშვი. ზოგი მეცნიერის აზრით, ბავშვის, ისევე როგორც ცხოველების, თამაშს მათი ჭარბი ენერგია განაპირობებს, მაგრამ ამგვარი მიდგომა არ სცემს პასუხს კითხვაზე, რატომ ირჩევს ბავშვი ზოგჯერ რთულ, წესებიან თამაშებსაც, მაშინ როდესაც ენერგიის დახარჯვა უფრო მარტივი მოქმედებებითაც შესაძლებელია. თამაშის მიზნის თაობაზეც არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბავშვი თამაშით იმ უნარებს ივითარებს, რომლებიც მას სამომავლოდ სერიოზული საქმიანობისთვის ამწიფებს. მაგრამ, ბუნებრივია, ბავშვი თამაშის დროს ამგვარ მიზანს არ ისახავს. ის უბრალოდ სიამოვნებას იღებს საკუთარი მოქმედებებისგან. ამიტომაც არის, რომ ბავშვები თამაშის დროს ხშირად ერთსა და იმავე მოქმედებებს იმეორებენ.

საინტერესოა ამის თაობაზე დიმიტრი უზნაძის აზრი. ის მიიჩნევს, რომ ადამიანს აქვს არსებული ძალების, ფუნქციების ამოქმედების ტენდენცია, მაგრამ მათ ასამოქმედებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გარემოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ამოქმედებულ ძალებს გარეთ შესატყვისი პირობები დახვდეს. ამიტომაც არის, რომ განსხვავებულ გარემოში ბავშვები განსხვავებულად თამაშობენ.

თამაშის შესახებ საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ლევ ვიგოტსკი. მისი აზრით, ბავშვი თამაშს სამი წლიდან იწყებს, ვინაიდან თამაში იწყება მაშინ, როდესაც ბავშვის წარმოსახვის უნარი უჩნდება. ვიგოტსკის აზრით, ბავშვის თამაშს წარმართავს მისი არარეალიზებული მოთხოვნილებები და მათი დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების სურვილი, რომელსაც ბავშვი წარმოსახვის განვითარებასთან ერთად ილუზორულად იკმაყოფილებს.

წარმოსახული სიტუაციის დროს ბავშვი ცვლის რეალურად აღქმულ გარემოს და ქმნის „ვითომურ” სიტუაციას. საინტერესოა ისიც, რომ თამაშის ვითომური სიტუაცია არ რჩება მხოლოდ ბავშვის წარმოსახვაში – მას ის პრაქტიკულ მოქმედებებში გადააქვს.

ქვემოთ სიუჟეტური თამაშის სტრუქტურასა და ნაირსახეობებს შევეხებით.
თამაშის სტრუქტურა

ზოგიერთი ავტორი თამაშის სტრუქტურას მეტად ანაწევრებს და თამაშში რეალურ და იდეალურ სიბრტყეებს გამოყოფს. მას მიეკუთვნება თამაშის დროს გამოყენებული მასალა (სათამაშოები, სხვადასხვა ნივთი), თამაშის დრო და სივრცე, სხვა მოთამაშეებთან თანამშრომლობა, მოთამაშე ბავშვის მეს პოზიცია თამაშის დროს.
მასალა (სათამაშოები). თამაშის დროს ბავშვები იყენებენ სათამაშოებსა თუ სხვა რეკვიზიტებს. ეს ეხმარება მათ, უკეთ მოირგონ ახალი როლი (მაგ., ქუდები, სათვალეები). რეალობის ამსახველი სათამაშოების (მაგ., სამუშაო იარაღების, ჭურჭლის, ავეჯის) მეშვეობით ბავშვები ქმნიან და ინარჩუნებენ წარმოსახვით სიტუაციას.
თამაშის სივრცე. ეს ის ადგილია, რომელსაც ბავშვი იყენებს თამაშის დროს. თამაშის სიტუაციიდან გამომდინარე, ხდება სივრცის დიფერენცირება და მასთვის განსაზღვრული ფუნქციის მინიჭება. მაგ., თუ ბავშვები გაითამაშებენ „მაღაზიაში წასვლის” სცენას, მნიშვნელოვანია, რომ „მაღაზიის” სივრცე „სახლის” სივრცისგან გამოყოფილი იყოს. ამრიგად, ბავშვი თამაშის სიუჟეტის შესაბამისად ცვლის რეალურ სივრცეს და მის კონკრეტულ ადგილებს განსხვავებულ დატვირთვას ანიჭებს.

თამაშის დრო

თამაშის დრო გულისხმობს როგორც სიუჟეტით წარმოდგენილი ამბის, ისე თამაშის მიმდინარეობის ხანგრძლივობასაც.

სიუჟეტის დრო. ეს არის დრო, რომელშიც ვითარდება სიუჟეტი. მაგ., ზამთარი ან ღამე. ამ დროის ხანგრძლივობა ბავშვის თამაშის სიუჟეტით არის განსაზღვრული.

თამაშის დროის მართვა. ბავშვის უნარი, „დაგეგმოს თამაში”, თავდაპირველად სუსტია და მისი რეალიზება პირდაპირ ხდება, მაგრამ თანდათან ბავშვი იძენს თამაშის დროის მართვის უნარს. მაგ., რეალური გარემოებიდან გამომდინარე, მას შესაძლოა მოუწიოს თამაშის „შეკუმშვა” და ადრე დასრულება.

რეალური დრო – ეს თამაშის რეალური ხანგრძლივობაა: რამდენ ხანს მიმდინარეობს თამაში, რამდენი ხანი ეთმობა ერთმანეთთან შეთანხმებას, მოლაპარაკებას, თავად თამაშს ან რამდენად ხშირად მეორდება ესა თუ ის სიუჟეტი.

ურთიერთობა თამაშის დროს. თამაშის დროს ბავშვებს შორის ურთიერთობა ორ დონზე მიმდინარეობს: სიუჟეტის ფარგლებში (როლებიდან ან რეალური ურთიერთობებიდან გამომდინარე) და მის ფარგლებს გარეთ.

ერთი მხრივ, ბავშვები ურთიერთობენ ერთმანეთთან წარმოსახულ სიტუაციაში ან მის ირგვლივ. ერთობლივი თამაშის დროს ბავშვებს შორის ურთიერთობის ეს ორი ტიპი ერთმანეთს ენაცვლება. ბავშვები, როლიდან გამომდინარე, იცვლიან მანერებს, ხმას, ინტონაციას, რაც იმის დასტურია, რომ ბავშვები განასხვავებენ რეალურ და როლურ ურთიერთობებს, თანაც რეალური ურთიერთობები ამ დროს მიმართულია საერთო საქმიანობის – თამაშის ორგანიზებისკენ, შეთანხმებისკენ და ა.შ.

მოთამაშის პოზიცია. თამაშში მნიშვნელოვანია თავად ბავშვის პოზიცია, ესე იგი რა ადგილი უკავია მოთამაშის მეს. ელკონინის თანახმად, ამგვარ პოზიციას ადგილი აქვს ერთობლივი როლური თამაშების დროს. მარტო თამაშის დროს არ წარმოიშობა იმის აუცილებლობა, რომ ბავშვმა შეიცვალოს საკუთარი პოზიცია ან შეუთანხმოს იგი თამაშის სხვა მონაწილეებს. ლევ ვიგოტსკის თანახმად, ბავშვი თამაშის დროს შეიცნობს საკუთარ მეს. განსხვავებული როლების გათამაშებისას ისბავშვი აღმოაჩენს მათ მსგავსებას ან განსხავებას საკუთარ თავთან, რაც სამომავლოდ მას დაეხმარება, გაითვალისწინოს განსხვავებული პოზიცია.

მეს პოზიცია სხვადასხვა სახეობის თამაშში სხვადასხვანაირია, რადგან ბავშვი, რომელიც თამაშობს, თავად არის თამაშის წყარო და ცენტრი. მოთამაშის პოზიცია აგრეთვე შეიძლება გამოვიყენოთ თამაშის სახეობათა კლასიფიკაციისთვის.
სიუჟეტური თამაშების ტიპოლოგია

თამაშში ჩართული ბავშვის პოზიცია როლიდან გამომდინარეობს. ბავშვი შესაძლოა თავად იყოს თამაშის „რეჟისორი” ან საკუთარი პოზიციიდან მონაწილეობდეს თამაშში.

ამის გათვალისწინებით, განასხვავებენ სიუჟეტური თამაშის სამ ტიპს, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე ვარიანტს აერთიანებს.

შევჩერდებით განსხვავებული სიუჟეტური თამაშის მახასიათებლებზე:
1. როლების თამაში – მოიაზრებს ახალი როლის მიღებას და ამ პოზიციიდან მოქმედებას. ამ დროს ხდება როგორც როლის გათავისება, ისე თამაშის დროს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებაც, რომლიდანაც ბავშვი აკვირდება თამაშის მიმდინარეობას.
შეგვიძლია განვასხვაოთ როლური თამაშის რამდენიმე სახეობა:
ა. კლასიკური როლური თამაში, რომელიც მოიაზრებს სხვა ბავშვებთან თანამშრომლობას ორ სიბრტყეზე – რეალურ ურთიერთობებს და როლიდან გამომდინარე ურთიერთობებს;

ბ. სათამაშოდან გამომდინარე როლური თამაში. ამგვარ თამაშში მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება სათამაშოს და მოქმედება მისგან გამომდინარე ვითარდება. საინტერესოა თავად სათამაშოს არჩევა თამაშის პარტნიორად. ამგვარი თამაშის დროს სათამაშო „გამოხატავს” ბავშვის სათქმელს, მოქმედებებსა და განცდებს.

გ. როლური თამაში პარტნიორის გარეშე. აქ ბავშვი ირგებს როლს და თამაშს წარმართავს წარმოსახულ პარტნიორთან ერთად. ამ შემთხვევაში ბავშვი განასახიერებს სხვადასხვა როლს. შესაძლოა, ამგვარ თამაშში ის ნაკლებად იყენებდეს სათამაშოებსა და სხვა ნივთებს.
თამაშში ბავშვს რეჟისორის ფუნქცია აქვს

ასეთია სიუჟეტური თამაში, სადაც ბავშვი თავად არ ირგებს როლს, მხოლოდ სათამაშოებით მანიპულირებს და მათ შორის ურთიერთობებს გაითამაშებს. ამ შემთხვევაში ბავშვი იგონებს თემას, სიუჟეტს და თავად ზემოდან უყურებს თამაშს; ის განუსაზღვრავს როლებს სათამაშოებს, მაგრამ თავად მხოლოდ თამაშის წარმმართველია.
ამგვარ თამაშებს მიეკუთვნება:

● ინდივიდუალური „სარეჟისორო” თამაში, როდესაც ბავშვი ირგებს რეჟისორის როლს და არ არის თამაშის უშუალო მონაწილე. ის სტრუქტურით ჰგავს როლურ თამაშს პარტნიორის გარეშე, სადაც როლებს შორის ურთიერთმიმართებას ერთი მოთამაშე ქმნის. განსხვავება მხოლოდ მის გაშუალებულ ხასიათშია, ანუ რეალიზება სათამაშოებიდან გამომდინარე ხდება.

● ერთობლივი „სარეჟისორო” თამაშები. ამგვარი თამაშის დროს რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან სათამაშოების გამოყენებით ურთიერთობს.

● სიტუაციების გათამაშება – სიუჟეტური თამაში, სადაც ბავშვი რეალური მედან გამომდინარე, საკუთარი სახელით მონაწილეობს. ამგვარ თამაშში ის შეიძლება იყენებდეს სათამაშოს ან მის შემცვლელებს, ხოლო მოქმედება გამოგონილ დროსა და სივრცეში მიმდინარეობდეს.

მაგალითად, ბავშვი გაითამაშებს, ვითომ ყაჩაღებს გადაეყარა ან ფანტასტიკურ სამყაროში მოხვდა. ამ თამაშში შესაძლოა რამდენიმე ბავშვი იყოს ჩართული, მაგრამ არც ერთი არ ირგებს განსხვავებულ როლს. ამ შემთხვევაში ბავშვები „სეირნობენ ტყეში”, მიუსხდებიან რეალურ მაგიდას და სადილობანას თამაშობენ ან აცოცხლებენ რეალურ სიტუაციას.

მნიშვნელოვანია უფროსის როლი და ფუნქცია ამგვარი თამაშების დროს. თუ სიუჟეტური თამაშის ნიშნებია ბავშვის თავისუფალი აქტიურობა, სიამოვნების მიღება თამაშის პროცესისგან, მისი სპონტანურობა და იმპროვიზაცია, უფროსის დირექტიული ჩართულობა სახეს უცვლის თამაშს. უფროსი შესაძლოა დაეხმაროს ბავშვს წამოჭრილი სირთულის გადაჭრაში ან ჩიხში შესულს ახალი იდეა მიაწოდეოს. მაგალითად, თუ ბავშვები თამაშის დროს „ტყეში სეირნობენ”, უფროსი შესაძლოა თამაშში ჩაერთოს როგორც „ფოტოგრაფი{, რომელსაც ფრინველებისა და ცხოველებისთვის სურს ფოტოების გადაღება და სთხოვოს პატარებს, მათი ადგილსამყოფელი მიასწავლონ. როდესაც ბავშვები კვლავ აქტიურად ჩაერთვებიან თამაშში, უფროსი ნელ-ნელა გამოვა თამაშიდან. უფროსს ასევე შეუძლია დახმარება სივრცის მოწყობაში, რეკვიზიტებითა და სათამაშოებით ბავშვების მომარაგება.

როგორც ვხედავთ, სიუჟეტური თამაშის ყველა ზემოთ აღწერილ ტიპს ვითომური სიტუაციის არსებობა აერთიანებს. სიუჟეტური თამაშის ამგვარი კომპონენტების გამოყოფა გვაძლევს შესაძლებლობას, ერთი მხრივ, უფრო მკაფიოდ დავინახოთ საქმიანობის სტრუქტურული კომპონენტები, მეორე მხრივ კი ჩავწვდეთ ბავშვის სიუჟეტური თამაშის მრავალფეროვნებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. უზნაძე დ., შრომები, ტ.V. თბილისი, 1967
2. ყოლბაია მ., ბავშვის ფსიქოლოგია. თბილისი, 2005
3. Е. О. Смирнова, И. А. Рябкова. Структура и варианты сюжетной игры дошкольника. Московский городской психолого-педагогический университет, 2010.

ზომბები ლიტერატურაში

0
ერის სულს უპირატესად ხელოვანი, შემოქმედი გამოავლენს, ამიტომაც გრიგოლ რობაქიძემ რომან „ჩაკლულ სულში” ბოლშევიკური ექსპერიმენტის (საბჭოთა ადამიანის გამოყვანას რომ ითვალისწინებდა) სუბიექტად, ერთგვარ ცდისპირად თამაზ ენგური, მწერალი წარმოაჩინა, ერთი შეხედვით, იოლად რომ არ უნდა დაჰყოლოდა ექსპერიმენტატორებს. რომანში იხატება, როგორ ჩაუკლავენ ადამიანებს სულს და როგორ აქცევენ ზომბებად. სახიფათო და საშიში ის იყო, რომ მწერალი ხედავდა, არ არსებობდა ძალა, რომელიც ამ დემონურ იდეოლოგიას წინ აღუდგებოდა. 

ძალმომრეობაზე აგებული სახელმწიფო ფეოდორ დოსტოევსკიმ XIX საუკუნის 70-იან წლებში გამოცემულ რომან `ეშმაკნში~ წარმოაჩინა და საზოგადოებას მოახლოებული წითელი საფრთხე ამცნო. წიგნს წამძღვარებული აქვს ლუკას სახარებიდან ის ეპიზოდი, როდესაც იესო ქრისტე სნეულის სხეულიდან განდევნის ეშმაკებს. რომანის პერსონაჟი სტეფან ტროფიმოვიჩი ასე `განმარტავს~ ამ იგავს: `ეს ეშმაკნი, გამოსულნი სნეულისაგან და შესულნი ღორებში, _ ეს სულ მუწუკები და წყლულებია, უწმინდურება და სიბინძურე, ეშმაკნი და ეშმაკეულნი… ეს უწმინდურება, მთელი ეს სიბილწე… ეს ჩვენ ვართ… გაგიჟებულნი, გაცოფებულნი გადავეშვებით კბოდესა მას და მოვიშთვებით~.

გრიგოლ რობაქიძე ამ რომანით შეეხმიანა დოსტოევსკის და მანაც რევოლუცია ეშმაკეულად წარმოაჩინა, გასაბჭოებული საქართველო კი სნეულებაშეყრილად, რომლის სხეულიდან ეშმაკებს, რევოლუციონერებს, ღმერთი, ე.ი. დიდი რწმენა განდევნიდა.

როგორ განხორციელდა დოსტოევსკის „ეშმაკნში” დახატული საზოგადოების `მოდელი~ გასაბჭოებულ საქართველოში და როგორ აისახა რობაქიძის რომანში?

1. `ჯაშუშობა ახლა ატმოსფერული მოვლენაა და გამორიცხული არ არის, რომ თვით ასტრალურმა სხეულებმაც ჯაშუშობა დაიწყონ~. `უნდობლობა და შიში ბატონობდა~. `მასებს შიში იპყრობდა, ვერავინ ბედავდა მეორისთვის სახეში შეხედვას~.

2. დესპოტიზმი შეცვალა დიქტატურამ. `არავინ იყო თავისუფალი, ყველა საკუთარ თავს ადანაშაულებდა. მხოლოდ ერთი ახსნა არსებობდა: მონანიება, თვითმხილება და დანაშაულის აღიარება ეპიდემიასავით მოედო მთელ საბჭოეთს~.

3. `ციცერონს ენას არ აჭრიან, კოპერნიკს არ სთხრიან თვალებს, არც შექსპირს ქოლავენ ქვებით, სამაგიეროდ, ციცერონმა მარქსისტულად უნდა ილაპარაკოს, კოპერნიკმა მატერიალისტურად ჭვრიტოს სამყარო, ხოლო შექსპირმა პროლეტარულად თხზას~. ასე, ძალადობით პროლეტარულად ათხზვევინებდნენ დღეს ჩვენთვის ცნობილსა და აღიარებულ მწერლებს.

ღვთის ძიება და ღვთის მებრძოლეობა რომანში პარალელურად ვითარდება. ბოლშევიკური იდეოლოგია თანმიმდევრული, მიზანმიმართული პოლიტიკით განდევნიდა ადამიანთა სულიდან, გულიდან და გონებიდან ღმერთს, რელიგიას ანაცვლებდა იდეოლოგიით. ცალკეულნი კი ტანჯვის ფასად ინარჩუნებდნენ რწმენის ნაპერწკლებს.

მთავარი პერსონაჟის, თამაზ ენგურის, გულშიც იფლითება ღმერთი. ამ თემის სიღრმისა და ხატოვანების გასამძაფრებლად მწერალი შუამდინარულ მითოლოგიას მოიხმობს, კერძოდ, იშთარისა და თამუზის შესახებ მითს, რათა ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლა სიცოცხლის თანმდევ არქეტიპულ ძალებად წარმოაჩინოს.

მწერალს შემოქმედებაში უნდა დაეცვა მთავარი ხაზი, მომსახურებოდა ბოლშევიკურ რეჟიმს. „მთავარი ხაზის მიყოლის მზადყოფნა დროდადრო ფანტასტიკურ ზომებს აღწევდა. ერთმა ფიზიკოსმა განუცხადა კოლეგას: „მას შემდეგ, რაც ამხანაგ სტალინის ბოლო თეზისები მივუყენე ფიზიკას, ჩემთვის ბევრი რამ საოცრად ნათელი შეიქმნა”. კოლეგამ გაოგნებულმა შეხედა, მაგრამ თვითონაც დაფიქრდა, მართლაც ნაყოფიერი ხომ არ იქნებოდა ამ თეზისების გამოყენება და მხოლოდ გაურკვეველი „ჰმ” ჩაიბურდღუნა. საკვირველი ეს იყო: ფიზიკოსს, მართლაც, სჯეროდა თავისი სიტყვებისა. შეკითხვაზე, თუ რომელ წიგნებს კითხულობდა უპირატესად, ერთმა პოეტმა დამცინავად მიუგო: „წიგნებს? წიგნებს საერთოდ არ ვკითხულობ, განა უკეთესი საკითხავი არ მოიპოვება?! ცენტრალური კომიტეტის ნებისმიერი სხდომის სტენოგრამასავით წარმტაც და საინტერესო რასმე ვერც შეჰერაზადას ზღაპრებში პოვებთ, ვერც რობინზონის დღიურებში”… ხსენებულ სხდომებზე მართლაც შეუდარებელი ფანტასტიკა მეფობდა. ერთმა მკვლევარმა „ფეოდალური ჟღერადობები” აღმოაჩინა ბახისა და ბეთჰოვენის მუსიკაში. მეორემ „ბურჟუაზიულ პასაჟებს” მიაგნო ვაგნერის ოპერებში. მესამემ საკითხი დასვა, გოგენის ფერებში საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკა ხომ არ ცნაურდებაო. მეოთხე, თავის მხრივ, მძიმე ინდუსტრიის ეპოქას ჭვრეტდა სეზანის ტილოებში. მეხუთე პროლეტარულ მეტაფორებს აგროვებდა. ხუთივე ბეჯითად იწვალებდა თავს უზარმაზარი დიაგრამების ხატვით და იაჰვეს სიტყვებს ადასტურებდა: „ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი” („ჩაკლული სული”).

აკაკი ბაქრაძის აზრით, „კომპარტიამ ბეჯითად და მტკიცედ დაამკვიდრა ინტელექტუალური ექსპლუატაცია, როცა ადამიანს აიძულებენ ის ილაპარაკოს და წეროს, რაც მას არ სწამს და არ სჯერა” ( „მწერლობის მოთვინიერება”).
რობაქიძემ კონსტანტინე გამსახურდიას 1939 წ. დაწერილი „დიდოსტატის მარჯვენა” ჩათვალა ერთგვარ „დათმობად” და გიორგი მეფის მიერ ძელიცხოვლის ჯვრის მოწამვლა ეპოქის დაკვეთად, ზომბირებული საზოგადოებისთვის გამიზნულ „ლუკმად” მიიჩნია. მისი აზრით, რომანში 1. მეფე „გაბითურებულია”. რაა ის მეფე, რომელიც მოწინააღმდეგის მოსაცილებლად ასეთ საშინელებას მიმართავს? 2. „გაბითურებულია” ხატიც _ რაა ის სათაყვანო ხატი, რომელსაც ასე ექცევიან და ასე იყენებენ? ბოლშევიკები, რასაკვირველია, გაიხარებენ, როცა რომანის ამ ადგილს წაიკითხავენ, ხოლო ქართველნი? ყოველ ქართველს ეს სცენა ისარივით მოხვდებოდა და მოხვდება გულში.

რობაქიძის აზრით, შესაძლოა რომელიმე ქართველი მეფე ვერ იდგა თავის მეფურ სიმაღლეზე; ამის მაგალითებსაც ვხედავთ საქართველოს ისტორიაში, ხოლო აქ მალულად, თითქოს სუნთქვით, თითქოს „ხელმწიფების” იდეაც არის „გაკაწრული”, ის იდეა, რომლითაც გამართულია „ცხოვრება ქართლისა”, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. თავიდათავი აქ ხატის შელახვაა. „სვეტიცხოველი” საკრალური შუაგულია საქართველოს ისტორიისა და მისი ხატი სიმბოლური სახე ამ შუაგულის… და აი გამსახურდიას რომანში ეს ხატია შეგინებული. რელიგიური კულტი რომ განზე დავტოვოთ, ეს შეგინება ფსიქოლოგიურად მაინც ქეძაფივით მწველია. ეს არის ერთი მოკლე ეპიზოდი რომანში, გარნა ვიცით: ხშირად ერთს წვეთს საწამლავისა შეეუძლია მოწამლოს მთელი წყარო. აი, სადამდე მისულა გამსახურდიას დათმობა… ამ დათმობით „მოწამლა” მან არა მხოლოდ თავისი წიგნი, არამედ თავისი თავიც. საბჭოეთის ატმოსფეროში რომ არ ეცხოვრა, ამ „დათმობას” იგი არ დაუშვებდა და ვერც დაუშვებდა”.

დაგლეჯილი ღმერთი _ ეპოქის ურწმუნოებას ასეთი თავზარდამცემი მეტაფორით გამოხატავს მწერალი. ბოლშევიზმი თანმიმდევრულად ცდილობდა ადამიანთა გულებიდან რწმენის განდევნას, დევნიდა სასულიერო პირებს, იტაცებდა საეკლესიო ქონებას, ანგრევდა ტაძრებს.

რომანში მოთხრობილია: „საქართველოს ერთ კუთხეში კომკავშირლებმა სასწაულმოქმედ ხატზე მიიტანეს იერიში. საყდარში შეცვივდნენ, ერთმა დაამხო წმინდანის ხატი და ცოფისგან დაბრმავებული ფეხით ზედ შედგა. „აბა, დამსაჯოს თქვენმა ყოვლისშემძლე ხატმა!” სახეში მიახალა უძრავად მიშტერებულ მდუმარე გლეხებს. ერთმა მოხუცმა გლეხმა დაარღვია სიჩუმე, წყნარად მიუგო: „მეტი რაღა გიყოს? უკვე გაუგიჟებიხარ და ეგ არის”. თამაზს გაუხარდა. მოხუცის გაურყვნელ ტვინში, ჩანს, კიდევ მოქმედებდა თავისი მოდგმის გენი”.

ბოლშევიზმი ცდილობდა ტექნიკური პროგრესი გამოეყენებინა სამყაროდან რწმენის განსადევნად, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, უპირველესად, ევროპასა და ამერიკაში, სადაც „არ კლავენ ღმერთს, იქ იგი თავისით კვდება”… „ახალი ადამიანი იბადება, უღმერთო, მისთვის არ არსებობს საიდუმლო. არავითარი რიდი, მოწიწება, არავითარი მისტიკა, შიშველი ყოფიერება, ნივთიერი: არსად მეტაფიზიკური”. მაშ, სად არის გამოსავალი? რობაქიძის აზრით, როცა ადამიანი ბოლომდე გაიშიშვლებს თავს, სულ მთლად უღმერთო გახდება, მაშინ უნდა წარმოიშვას მასში დიდი მწუხარება დაკარგული ღმერთის გამო… მანამადე კი ღმერთი საიდუმლოდ დარჩება კომუნისტები ცდილობდნენ, რწმენა სიცრუით აეხსნათ. თვით მარქსის მიხედვით კი, ყოველი კულტი კანონზომიერად უნდა იყოს წარმოშობილი. ლენინი რელიგიას ხალხის ოპიუმს უწოდებდა და ახალი კომუნისტები ამაოდ ცდილობდნენ მარქსის„კანონზომიერების” ოპიუმთან მორიგებას.

აკაკი ბაქრაძის აზრით, `კომუნისტური ახალი ადამიანი~ _ უღირსებო კაცი _ კოლექტივის მოჯამაგირეა. ამ კოლექტივის სასარგებლოდ იგი დაუფიქრებლად მზად უნდა იყოს მკვლელობისთვისაც და მძარცველობისთვისაც. დაკარგული უნდა ჰქონდეს სინდისის ქენჯნის უნარიც~ (`მწერლობის მოთვინიერება~).

ასეთ ვითარებაში რა ემართება ხელოვანს? რომანის მიხედვით, იგი ჯამბაზს ემსგავსება, რადგან ცდილობს შენიღბოს სათქმელი, ბეწვის ხიდზე გაიაროს. `ლიტერატურაში, თეატრში, კინოში _ ყველგან მუშაითობდნენ, ყველა ცდილობდა, სწორად გაევლო ბაგირზე. შესაფერის თემებს ეძებდნენ, ამგვარი ცდებისთვის უფრო გამოსადეგს… გარკვეული ოსტატობა ჩამოყალიბდა, ერთგვარი აკრობატიკა…~ თვითონ გრიგოლ რობაქიძემ ვერ გაუძლო ამგვარ `მუშაითობას~ და უცხოეთში გააღწია, სადაც ემიგრანტობის მოუშუშებელი ჭრილობით, გაუნელებელი ნოსტალგიით გალია წუთისოფელი. სამშობლოს კი დაუტოვა რომანი „ჩაკლული სული” _ მხატვრული ტილო ზომბირებული საზოგადოებისა, რომელშიც, სპარსი პოეტის, ფორუყ ფაროხზადის მეტაფორით თუ ვიტყვით, უსულო ადამიანები თავიანთ ცხედრებს დაატარებენ.

როგორ ზრდიან მომავლის მომავალს

0
ჩვენი ცხოვრების წესი მჭიდროდ უკავშირდება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. მომავალში ეს ტენდენცია კიდევ უფრო განვითარდება. ლოგიკურიცაა, რომ ახალი ტექნოლოგიები დაინერგება სწავლების სისტემაში. ეს უკვე მოხდა კალიფორნიის სკოლაში Altschool. აქ ბავშვებს ამზადებენ იმ მსოფლიოსთვის, რომელსაც კომპიუტერული ტექნოლოგიები უხელმძღვანელებენ.

AltSchool მიკროსკოლების (თითოეულში 80-150 მოსწავლეა) ქსელის შექმნის იდეა 2013 წელს დაიბადა. მას საფუძველი „Google +”-ის ყოფილმა პერსონალიზაციის ხელმძღვანელმა მაქს ვენტილამ ჩაუყარა. ახალი თაობის სკოლების პროექტმა Fecabook-ის შემქმნელი მარკ ცუკენბერგი დააინტერესა და ნოვატორულ წამოწყებაში მან პრისცილა ჩანთან ერთად 100 მილიონი დოლარი დააბანდა. ცნობისათვის, სოცქსელების „მამას” განათლებაში დიდი თანხა პირველად არ ჩაუდია. 2010 წელს მან თავისი საქველმოქმედო ფონდიდან ნიუ-ჯერსის სკოლას 100 მლნ დოლარი ჩაურიცხა, 2014 წელს კი სან-ფრანცისკოს განათლების სისტემის განვითარებისთვის 120 მლნ. დოლარი გამოყო.

დღეს AltSchool კერძო სკოლების გამართული ქსელია. მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ამ პროექტისთვის სპეციალურად შემუშავდა ინდივიდუალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც მასწავლებელს შეუძლია სათითაოდ შეუდგინოს ყველა მოსწავლეს გაკვეთილის ან მთელი კურსის გეგმა. მარტივად რომ ვთქვათ, საერთო სასწავლო გეგმის ნაცვლად, სკოლა მოსწავლის მოთხოვნებზე ადაპტირებულ კურსს ამუშავებს, რასაკვირველია, მშობლებისა და მასწავლებლების რეკომენდაციებისა და სურვილების გათვალისწინებით.

თავის მოსწავლეებს სკოლა სპეციალურ სერვისებს სთავაზობს. ისინი მათემატიკისა და კითხვის სწრაფ სწავლაზეა ორიენტირებული. სკოლაში განათლების მიღება ძვირი სიამოვნებაა – წელიწადში 21 ათასი დოლარი. თუმცა ამ ყველაფრის შედეგად მსოფლიოს ახალი „სტივ ჯობსები”, „ცუკერბერგები” და „გეიტსები” უნდა შეემატოს. მაგალითად, სან-ფრანცისკოში ასეთი სასწავლო დაწესებულება 2014 წელს გაიხსნა და პირველივე წელს მას უკვე 20 მოსწავლე ჰყავდა. ორ წელიწადში კი ქსელი ხუთი ახალი სკოლით გამდიდრდა, სადაც მთავარი აქცენტი პერსონალიზებულ სწავლებასა და ერთიანი ტექნოლოგიური პლატფორმაზე (მასწავლებლებისთვის-მშობლებისთვის-ადმინისტრაციისთვის) გაკეთდა. უახლოეს მომავალში მსოფლიოს მასშტაბით 20 ასეთი სკოლა იმუშავებს.

AltSchool გეგმით, 2015 წელს სულ რვა სკოლას უნდა ამუშავებულიყო, სადაც 500 მოსწავლე ისწავლიდა, მათ შორის კალიფორნიის გარეთაც – ნიუ-იორკში.

სკოლაში სამი ჯგუფია, თუმცა არ მოქმედებს დაწყებითი, საშუალო და უფროსკლასელებად დაყოფის ტრადიციული სისტემა. სკოლის მოსწავლეები თავდაპირველად iPad-ის დამატებაში პირად პროფაილებს ავსებენ. სპეციალურად სკოლისათვის Apple, Google და Uber 50-მდე ყოფილმა თანამშრომელმა შეიმუშავა ციფრული პლატფორმა, რომელიც თვალს ადევნებს მოსწავლეთა დასწრებასა და მათ ნიშნებს, ეხმარება მათ სწავლის დაგეგმარებაში, აკვირდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყველა ბავშვი იღებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ „პლეილისტს”, სადაც დასახული მიზნის მისაღწევად ყველა აქტივობაა გაწერილი.

სკოლაში ყველაფერი ავტომატიზებულია. ბევრი ბავშვი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ყურსასმენებით დადის, რათა ყურადღება არ გაეფანტოს. საკლასო სივრცის ღია სტუდიური განლაგება, ციფრული სასწავლო მასალა ნებისმიერ ოთახს სამეცნიერო ლაბორატორიად ან იოგისთვის განკუთვნილ დარბაზად გარდაქმნის. ბავშვებს სკოლაში 5-13 წლის ასაკში იღებენ. სწავლების პროცესი შერეულ ასაკობრივ ჯგუფებში მიმდინარეობს.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო გარემო თავის გემოზე გადაასხვანაიროს და კეთილმოაწყოს. ვთქვათ, მერხი ან თაროები იქ დადგას, სადაც მოინდომებს. საკლასო ოთახები მოდულსადგურებად აღიქმება, მოსწავლეები კი მუდმივად გადადიან კლასიდან კლასში.

თითოეული მოსწავლე მხოლოდ თავისთვის განკუთვნილ დავალებებს იღებს. შესრულება სავალდებულოა. დავალებები უჩვეულოა. ვიღაცას ბლოგი მიჰყავს, ვიღაც კი პროგრამებს წერს. როგორც ჩანს, ინტერნეტის მომავალი სწორედ ამ ბავშვების ხელშია. ამიტომ Altschool-ის სკოლის ტიპური დღე არატიპურად იწყება. მოსწავლე მთელი დღის განმავლობაში „გამობმულია” გაჯეტებზე და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მშობელს ეს არ მოსწონს, ასეთი ტიპის სკოლის სისტემისთვის ეს ნორმალურია, მით უმეტეს, რომ ამაში 100 მლნ.-დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდა.

რატომ არის ეს პროექტი გენიალური? პერსონალიზებული სწავლება პოპულარულობის თვალსაზრისით მხოლოდ პროექტულ სწავლებას ჩამორჩება. სისტემა აგებულია თითოეული ბავშვის ინდივიდუალობის გათვალისწინებით. სკოლის ფილოსოფიის მიხედვითაც, „ცენტრალური მოთამაშე” – მოსწავლე, მთავარი კი მოსწავლის ინტერესებია.

ეტაპი 1. Learner Profile შექმნა – ლოგიკურია, რომ ბავშვს ვერ ასწავლი და განავითარებ, თუ არ იცნობ მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. მათი გამოვლენის შემდეგ, ჩნდება მისი მომავალი განვითარების გეგმის პირველი მონახაზი. სკოლაში პირველად მოსულ ბავშვთან მიმდინარეობს ინტერვიუ. ინტერვიურების პროცესს არაფერი აქვს საერთო სკოლის ტრადიციულ ტესტებთან ან გასაუბრებასთან. აი, როგორია ინტერვიუს ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც მშობელი წერილობით ეცნობა: „იმისათვის, რომ შევქმნათ გარემო, რომელიც თქვენი შვილის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება, გვაქვს წიგნებით დატვირთული ოთახი, საგანმანათლებლო სათამაშოები და სხვა მასალა. ბავშვი თვითონ წყვეტს და იჩენს ინიციატივას, რა უნდა აკეთოს ამ სათამაშოებით და ნივთებით. ჩვენ ვაკვირდებით მის თამაშს და გზადაგზა ვეკითხებით: „რას ხედავ?” „როგორ ფიქრობ, რა შეიძლება გააკეთო ამ მასალიგან?” და სხვ. იმის მიხედვით თუ როგორ „ეკონტაქტება” ბავშვი ნივთებს/მასალებს, ვადგენთ, რა და რამდენად აინტერესებს”. ინტერვიურების პროცესში ფორმირდება მოსწავლის პროფილი, რომელიც მაქსიმალურად დეტალურად აღწერს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ინტერესებს, მიზნებს, რაც საბოლოდ განვითარების სასტარტო წერტილი ხდება კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი პროგრამის შემუშავებისას. ინტერვიუ ეხმარება მასწავლებელსაც, ისე დაგეგმოს კლასთან ურთიერთობა, რომ ერთი ბავშვის ძლიერი მხარეები ეხმარებოდეს სხვას სუსტი მხარეების დაძლევაში. მაგალითად, ბავშვი, რომელიც მიდრეკილია დაგეგმარებისადმი, მაგრამ მოქმედებაში პასიურია და ბავშვი ექსპერიმენტატორი ერთმანეთზე ზემოქმედებს და ერთმანეთს აძლიერებს.

ეტაპი 2. პროექტული სწავლება – სამყარო საოცარია და მასში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული, ანუ: ერთ გაკვეთილზე რამდენიმე დისციპლინა კვეთს ერთმანეთს. პროექტის რეალიზება საკუთარი გამოცდილების მიღებით მიმდინარეობს (მაგალითად, კარტოფილის დათესვიდან მოსავლის აღებამდე – ესეც პროექტია) და სხვების გამოცდილების აღქმა-გაზიარებით – მოსწავლეები პრაქტიკაში აკვირდებიან უფროსი თაობის პროექტებს: სტუმრობენ კომპანიების ოფისებს, ლაბორატორიებს, მუზეუმებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს. გაკვეთილებს ხშირად ატარებენ მოწვეული ექსპერტები (მხატვრები, მუსიკოსები, მეწარმეები).

ეტაპი 3. ტექნოლოგიების გონივრულად გამოყენება – ეს ქმნის ერთიან ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც მასწავლებლებს ეხმარება ერთმანეთთან მუდმივად დაკავშირებული პერსონალიზებული გეგმების შექმნაში, თითოეული მოსწავლის პროგრესის კონტროლში, მშობლებთან კონტაქტში, ადმინისტრაციისთვის სრული სურათის შექმნაში, თუ რა ხდება სკოლაში. არავინ კარგავს დროს უსარგებლო ქაღალდომანიაში.

ვიდეოკამერა აფიქსირებს ყველაფერს, რაც სკოლის კედელებში ხდება – გაკვეთილიც კი ვიდეოზე იწერება, მასწავლებელს კი ეს შიდაანალიზის ჩატარების შესაძლებლობას აძლევს.

პროექტის ეტაპებს მოსწავლეები Ipad ან Chromebook აფიქსირებენ და მასწავლებლებს ისე უგზავნიან შესაფასებლად.

პროექტის საბოლოო მიზანი ის არის, რომ ალტერნატიული სწავლების ეს ფორმა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს. ინვესტიციის საშუალებით კი ოცნება რეალობად იქცევა. ამჟამად ორგანიზატორები ფინანსური რესურსის საშუალებით ცდილობენ პროექტის გაფართოებას და ნიჭიერი სპეციალისტების მოზიდვას. პროექტის ავტორთა ღრმა რწმენით, მასწავლებლებმა და მშობლებმა ბავშვებში შემოქმედებითი უნარები უნდა განავითარონ და არ გადატვირთონ ისინი იმ ცოდნით, რაც თვითონ მიუღიათ.

დიახ, სირცხვილია

0

სირცხვილის გრძნობა ყველას აქვს. ვის რისი რცხვენია და ვის რისი… შედარებითია მისი შეგრძნება.

თუ მე ლექციაზე მოუმზადებელი მივალ, დიახ, სირცხვილია…
თუ სტუდენტებთან არასამართლიანი ვიქნები, დიახ, სირცხვილია…
თუ სტუდენტი არ ისწავლის, დიახ, სირცხვილია…
თუ სტუდენტი არც ისწავლის, მაგრამ სტიპენდიის ამბიცია ექნება, დიახ, სირცხვილია…
თუ სახლიდან მოუწესრიგებელი გამოვალ, დიახ, სირცხვილია…
ათასი რამეა სირცხვილი, მე ასე ვფიქრობ, სხვა სხვანაირად…
გულგრილობა სირცხვილია…
ექიმის პაციენტისადმი გულგრილობა, დიახ, სირცხვილია…
მასწავლებლის მოსწავლეებისადმი გულგრილობა, დიახ, სირცხვილია…
ზოგადად საქმისადმი გულგრილობა, დიახ, სირცხვილია…
და ხალხისადმი გულგრილობა? ოჰ, რა სირცხვილია…
ვალუტის კურსით თამაში? დიახ, სირცხვილია…
და თუ ეს მიზანმიმართულად ხდება? ოჰ, რა სირცხვილია…
როცა საქმის არა გაგეგება რა, მაგრამ, მაინც თანამდებობას რომ თანხმდები…უფრო სირცხვილია…
ხალხს რომ გზა არ აქვს, დიახ, სირცხვილია…
და ხალხს რომ თაკარა სიცხეში უწყლოდ ამყოფებ? ოჰ, რა სირცხვილია…

გაყალბება სირცხვილია…

და შენს გაყალბებულ პროდუქტს თუ ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირება? ძალიან სირცხვილია!!!

ერევანში კოლეგა მყავს, მართალია ინჟინერია, მაგრამ კოლეგები ერთი საერთო პროექტის მიხედვით გამოვდივართ. ამას წინათ სურათი გამომიგზავნა, ქეთიჯან, ცავატანე, აბა აქ რას ხედავო? დავაკვირდი და მინდორში რაღაც ორჩოფეხებზე შემდგარი აპარატი იდგა და ზედ უამრავი ფუტკარი ჰყავდა დასეული. მივწერე, აპარატს ვხედავ, რასაც სავარაუდოდ თაფლი წაუსვით, რომ ფუტკრები დაგეხვიათ ზედ-მეთქი. ბევრი იცინა, არაო, ამ მოწყობილობის ფასი ოთხასი ათასი ევროა, მაგას თაფლს როგორ წავუსვამდითო. ესენი კიდევ ველური ფუტკრები არიან. როგორც ჩანს, სკას ახალი ოჯახი გამოეყო და გზად ახალი სახლისკენ, ამაზე გადაწყვიტეს დასვენება. პროფესიონალი მეფუტკრეების მოშველიება დაგვჭირდაო.

თაფლი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ტკბილეული გახლავთ. ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, საიდან ამზადებდნენ ეს ბზუილა მწერები თაფლს. მერეღა აღმოაჩინეს, რომ თურმე ყვავილის ნექტრისგან. ნექტარი რამდენიმე ტიპის შაქარს შეიცავს, ასევე მჟავებს, სპირტებს, ფერმენტებს. ფუტკრები თაფლად გადაამუშავებენ და მისი შემადგენლობაც იცვლება. ძირითადად ემატება ვიტამინები და მიკროელემენტები. თუმცა მთავარი შემადგენელი ნაწილი მაინც მასში შემავალი ნახშირწყლებია (აბა რა იქნება, რაკი შაქრებს შეიცავს). ეს შაქრები გლუკოზა და ფრუქტოზაა. ძველად ზოგ ქვეყანაში ძმობას ერთმანეთს თაფლით ეფიცებოდნენ. აი, შეჭამდით ერთად თაფლს და მორჩა, უკვე ძმები იყავით. დაახლოებით ჩვენთან, რომ ფიც-ვერცხლს ჭამდნენ.

მაგრამ… იმ დროსაც იყვნენ უსირცხვილოები. თქვენ გგონიათ არ იყვნენ?

თაფლის ფალსიფიკატორებზე მოგახსენებთ. ძირითადად სახამებელს, ცარცს და სახამებლის შემცვლელს უმატებდნენ. ასეთი უსირცხვილოები დღესაც არიან, აბა რა. სამაგიეროდ, ქიმიკოსებმა შეგვიძლია გასწავლოთ, როგორ გამოავლინოთ ისინი. მაშ ასე:

ავიღოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და გავხსნათ მცირეოდენ გამოხდილ წყალში. შემდეგ მიღებული ხსნარი სამ სინჯარაში გავანაწილოთ. პირველ სინჯარაში იოდის ხსნარი ჩავასხათ, თუ ხსნარი გალურჯდა, ეს ნიშნავს, რომ თაფლში სახამებელია ჩამატებული და არ ვარგა. თუ ფერი არ შეიცვალა, მაშინ ნატურალური ყოფილა.

ახლა ვნახოთ, უსირცხვილომ თაფლს ცარცი ხომ არ ჩაამატა. ამიტომ მეორე სინჯარაში ჩავამატოთ რამდენიმე წვეთი ჩვეულებრივი სამზარეულოს ძმარი. შეგახსენებთ, რომ ეს 5%-იანი ძმარმჟავაა, ცარცი კიდევ კალციუმის კარბონატია. ამიტომ, თუ ის თაფლშია ჩამატებული, მაშინ რეაქცია სწორედ ძმარმჟავასა და კარბონატს შორის მოხდება და შედეგად ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ანუ, ბუშტუკები უნდა წარმოიქმნას. თუ გაზი არ გამოიყო, თაფლი ნატურალურია.

მესამე სინჯარას სახამებლის შემცვლელზე ვამოწმებთ და ვუმატებთ ჩვეულებრივ სამედიცინო სპირტს. ფალსიფიცირების შემთხვევაში სითხე რძესავით უნდა გათეთრდეს.

ზოგიერთი კი თაფლს შაქრის სიროფს უმატებს. სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში ევროპაში შაქრის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მასზე პირველად ალექსანდრე მაკედონელმა შეიტყო. ინდოეთის დალაშქვრისას მთავარსარდალსა და მის ჯარისკაცებზე შთაბეჭდილება მყარმა ტკბილმა ნივთიერებამ მოახდინა. შემდეგ უკვე შინ დაბრუნებულები ათას ტყუილ-მართალს ერთად ყვებოდნენ. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე შაქარს შაქრის ლერწმისგან აწარმოებდნენ. ზოგი მას წამლად მიიჩნევდა, ზოგიც პირის ჩასატკბარუნებელ პროდუქტად. მცირე დოზებით აფთიაქშიც კი ყიდდნენ. თუმცა 1749 წელს მოხდა შაქრის რევოლუცია. იმ წელს გერმანელმა ანდრეა მარგრაფმა ქიმიკოსებიდან პირველმა კვლევისთვის მიკროსკოპი გამოიყენა. ჰოდა იჯდა საათობით და ათას რამეს აკვირდებოდა. ერთ დღესაც მიკროსკოპის ქვეშ თეთრი ჭარხლის თხელი ნაჭერი ამოდო და იქ შაქრის პაწაწინა კრისტალები დაინახა. შეგახსენებთ, რომ ყველა ნივთიერებას მისთვის დამახასიათებელი კრისტალური მესრის ტიპი და ფორმა აქვს. ამის შემდეგ შაქრის წარმოება შაქრის ჭარხლისგან დაიწყეს. ჭარხალს აქუცმაცებენ, ადუღებენ წყალში, რათა საქაროზა გამოყონ. ამას სპეციალურ აპარატებში აწარმოებენ და მიღებულ ხსნარს კალციუმის ჰიდროქსიდით ამუშავებენ. შემდეგ მის ზედმეტ რაოდენობას მოაშორებენ და აორთქლებით ფხვნილს მიიღებენ. მრავალჯერადი წმენდის შემდეგ კი ვიღებთ რაფინირებულ შაქარს.

ამას წინათ მიწისქვეშა გასასვლელთან ერთი ბოთლი რძე ვიყიდე. ჭარმაგი ქალბატონი იჯდა, მწვანილს და რძეს ყიდდა. იფიცებოდა ნაღდიაო. ასეთი გულიბრყვილოც არ ვარ, რომ მჯეროდეს ქუჩაში ნამდვილ რძეს ყიდიან, თუმცა ასეთ ფალსიფიცირებას არ ველოდი. რძიანი ბოთლით პირდაპირ ლაბორატორიაში წავედი, სადაც სტუდენტები მეცადინეობაზე მელოდებოდნენ. ვითომ სახლის რძეც სწორედ ამისთვის მჭირდებოდა, მისგან ცილები უნდა გამოგვეყო, მაგრამ რა ცილა… ის, რაც ბოთლში ესხა, წყალგარეული იყო.

ყველაზე იოლად სპირტით შეგვიძლია დადგენა რძე წყლითაა განზავებული, თუ არა. სპირტი და რძე ერთმანეთს შეურიეთ პროპორციით 1:2. კარგად შეანჯღრიეთ და გაშლილ ჭურჭელში გადმოასხით. თუ რძე ნამდვილია, მაშინ ფიფქისმაგვარი მასა გამოილექება, ეს ცილა კაზეინია, რომლის დენატურაციაც სპირტით მოხდა. თუ არაფერი გამოილექა, რძე წყალგარეულია და …ფიფქები შესაძლოა გამოილექოს კიდეც, ოღონდ მცირე რაოდენობით და დიდი ხნის შემდეგ.

წყლით განზავების გარდა, რძეს შესაძლოა სახამებელი, ცარცი, სოდა ჰქონდეს დამატებული. თუ რძეს ლიმონმჟავას (ლიმონს) ან ძმარმჟავას (ძმარს) დავამატებთ და გაზის ბუშტუკები წარმოიქმნება, ეს ნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რაღაც აქვს დამატებული და ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

რძის 3-5მლ-ს დავამატოთ 7-8 წვეთი ბრომთიმოლის ლურჯის ხსნარი, არ შევანჯღრიოთ და 10 წუთი დაველოდოთ. თუ ზედაპირზე წარმოქმნილი რგოლი ყვითელი დარჩა, მაშინ რძეს სოდა არ აქვს დამატებული, მწვანე ან მომწვანე მოლურჯო ფერი რძეში სოდის არსებობაზე მიუთითებს.

თუ რძეში ჩაშვებული ლაკმუსის ქაღალდი გაწითლდება, მაშინ მასში რაიმე მჟავა ჩაუმატებიათ, მაგ. ბორის ან სალიცილის.

ამ წერილს გვიან ღამით ვწერ. მაინც ვერ ვიძინებ და ბარემ დავწერო… კუს ტბაზე თურმე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება და იმხელაზე აქვთ ხმა აწეული, მგონი ნახევარ თბილისს ესმის. ამას „მუსიკა” ისე ქვია, თორემ ეს არის გაურკვეველი ბრახუნის, შიშინის, სტვენის და ა.შ. ნარევი. ამას უბნის მაწანწალა ძაღლების ყმუილსაც თუ დავამატებთ… ძაღლებს არ გაემტყუნებათ, შეუძლებელია ამ ხმებზე არ იყმუვლო.. ეს ჩემი აზრია, თორემ რადგან ფესტივალს ატარებენ, მას მიმდევრებიც ეყოლება. აქ მთავარი სხვა რამეა. თურმე იმაზე, რომ ნახევარმა ქალაქმა ღამე ათიოს, ვერ დაიძინოს და ამ გაურკვეველ ხმაურს უსმინოს, ფესტივალის ორგანიზატორებს მერიის ნებართვა ჰქონიათ. სწორედ ასეთ პასუხს იძლევა პასუხობს სამაშველო სამსახური, რომელიც იქვე აღიარებს, რომ ორი ღამის უძილობით შეწუხებული მოქალაქეების ზარი არ წყდება. კი ბატონო, ყველანაირ ფესტივალს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ხომ შეიძლება, ვინც ნებართვის გაცემაზე ხელს აწერს, ხმაურის (დიახ, ხმაურის და არა მუსიკის) სიმაღლის ზღვრები დააწესოს. თუ თავად არ იცის, ექიმებს ჰკითხოს და ეტყვიან, რომ ხმაური ჯანმრთელობის მტერია, ხმაურით გამოწვეული უძილობა კი ნერვულ სისტემას ანადგურებს. ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რამდენი ავადმყოფი, მოხუცი ადამიანი იტანჯება ეს ორი ღამეა ამ ხმაურით, რამდენი ჩვილი გააღვიძეს. თუმცა ვის ანაღვლებს, ფესტივალი გრძელდება…

სირცხვილი შედარებითი გრძნობაა… მე ერთის მრცხვენია, სხვას სხვა რამის. ის კი ვიცი, რომ ზოგიერთი უსირცხვილო ადამიანი გულგრილია საქმისადმი, ხალხისადმი, ქვეყნისადმი. თუმცა ეს ეტყობა გენეტიკურად მოგვდგამს. გახსოვთ, ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წერდა:
აყვავებულა მდელო, აყვავებულა მთები…
(და შემდეგ დასძენს, ამდენი უსირცხვილოს ხელში )
მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?

ვის რა მოგვცა სკოლაში ჰაგიოგრაფიის სწავლამ, ანუ განათლება პროცესია თუ პროდუქტი?!

0

უკვე რამდენიმე ათეული წელია კამათობენ, ქართული ლიტერატურის სასკოლო პროგრამით უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჰაგიოგრაფია; როდის უნდა ისწავლებოდეს; რა დოზით უნდა ისწავლებოდეს და, საერთოდ, იქნებ ამოვიღოთ პროგრამიდან, რადგან კომუნისტური ხანის განათლების გადმონაშთი უფროა, თავისი საზეპიროებითო.

ამ საკითხზე კამათი, უდავოდ, წინსვლაა, რადგან წინა ხანაში, სოციალისტურ-კომუნისტურში არავინ ფიქრობდა ამ საკითხზე. ტაქტიკას ვინ დაგიდევდათ, თუ ეს ფაქტი სტრატეგიულ გამარჯვებად მიაჩნდათ. საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ეროვნულ მონაპოვრად ითვლებოდა ქართულ ენაზე სწავლა – ქართული ლიტერატურის სწავლის შესაძლებლობა ხომ „დიდგორის” ბადალი იყო. გეზის დამკვეთი ცენტრალური პარტიული მმართველობა ლოიალურად უყურებდა „ქართველთა თვითდამკვიდრებას”: ვის რას დაუშავებს რაღაც სამმილიონიანი ქართული ენობრივი კაკაფონია, სამაგიეროდ იფიქრებენ, რომ ჩვენ ვართ, ვინც ვართო… ქართული ბუნების შესწავლა არ გაუჭირდებოდა მათ, ვინც ის იცის, შავ ზღვაში რამდენი ბარაბულკა ცხოვრობსო, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ხუმრობდა.

დღეს ვკამათობთ! ეჭვი შეგვაქვს! ვარაუდს გამოვთქვამთ! რჩევას ვიძლევით!

ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი, თუ დავფიქრდებით, როგორ უნდა ისწავლებოდეს ის,რატომ და რისთვის.
ამას წინათ სოციალურ ქსელში კამათს შევესწარი. ერთი ამბობდა, ვის რა მოგვცა სკოლაში ჰაგიოგრაფიის სწავლამო.

აქვე ერთ სუბიექტურ დაკვირვებასაც გაგიმხელთ – როგორიც სწავლებაა, სწავლაც ისეთივეა და შედეგიც

პროგრამაში ტრადიციულად არსებული ნაწარმოებებიდან ყველაზე პოპულარული „შუშანიკის წამებაა”. ასე იყო ათწლეულების წინაც და ახლაც, რადგან ყოფილი მოსწავლეები, ახლა ასაკოვნებიც და ახალგაზრდებიც, ზოგადად ჰაგიოგრაფიაზე საუბრისას იაკობ ცურტაველის თხზულებით იფარგლებიან. მიზეზი მარტივია – ეს პირველი ნაწარმოებია, რომელიც ახალ სასწავლო წელს ისწავლება; შინაარსი მხატვრულად ერთ ყოფით იოლ ამბადაა გადმოცემული; „სასაცილო” პასაჟები და ფრაზები დასამახსოვრებელია.

საპროგრამო ორი მომდევნო ჰაგიოგრაფიული თხზულება ამგვარი პოპულარულობით ვერ დაიკვეხნის. უმეტესად, ძველებმაც და ახლებმაც აბო თბილელის შესახებ ბევრი არაფერი იციან. ალბათ არავის გაუჭირდება პასუხი შეკითხვაზე – რატომ არიან მაშინდელი ქართველი ქრისტიანები შედარებული ქარისგან რხეულ ლერწამთან? გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან კი რამდენიმე „რომანულ ” ეპიზოდ-ამბავს გაიხსენებენ, რომლებზეც სწავლებისას აქცენტი კეთდება.

ხსენებული საფეისბუქო კამათისას ერთმა ფრენდმა დაასაბუთა, რომ შუშანიკის ამბავი უნდა ისწავლებოდეს, როგორც მხატვრული ნაწარმოები, აბოს ამბავი საერთოდ უნდა ამოიღონ, რადგან სოციალიზაციისთვის უსარგებლოა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან მხოლოდ ფრაგმენტები უნდა ვასწავლოთო. ვეთანხმები.

სხვა კომენტატორი პროგრამის შემდგენლებს ასაკის გათვალისწინებასა და დოზირებას ურჩევს. ეს საკითხი, შედარებით მოწესრიგდა, მაგრამ მაინც ტორტმანებს. ზოგიერთი მასწავლებელი მაინც მიიჩნევს, რომ მოსწავლის ასაკის გაუთვალისწინებლად, ლიტერატურის სწავლებისას ქრონოლოგიას უნდა მიჰყვეს.

მესამე მოკამათე 2004-2009 წლების პრაქტიკას ამართლებს, როცა მასწავლებელი თავად არჩევდა ნაწარმოებსა და სწავლების დროს. ვეთანხმები, რადგან ნებისმიერი მასწავლებელი ნებისმიერ ნაწარმოებს ისე ასწავლის, როგორც თვითონ იცის, როგორც საჭიროდ მიაჩნია და როგორც შეუძლია: ვინ „საზეპიროებს” აძლევს და მერე ჯიქურ მხოლოდ საზეპიროებს გამოიკითხავს და ამ ნიშნით ცოდნა-არცოდნას შეაფასებს; ვინ ისტორიულ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას; ვინ – ლექსიკაზე; ვინ – მას რელიგიის სახელმძღვანელოდ გადააქცევს და უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვებს დაახვავებს მოსწავლის თავში, რომელიც ბოლოს ერთ ზოგად შეკითხვად გადაიქცევა: რა მომცა სკოლაში ჰაგიოჰრაფიის სწავლამ ?! …

ვფიქრობ, რომ პროგრამას ის უნდა არჩევდეს, ვინც უშუალოდ ასწავლის, უყურებს და ხედავს მოსწავლეს. რადგან სწავლება პროდუქტი ვერ იქნება, ის პროცესია, რომელმაც ერთსახოვანი შედეგი არ უნდა მოგვცეს და შეუძლებელიცაა მოგვცეს. ამდენად საკონტროლო გამოსაკითხი შეკითხვებიც, ტესტიც უნდა იძლეოდეს მრავალსახეობის შესაძლებლობებს, თუ ის მხოლოდ ფაქტობრივ ასპექტს არ შეეხება.

მხოლოდ „მცოდნეების” მიერ შედგენილ-გაწერილი პროგრამა და მისი ასევე პროგრამული შესრულება ერთიან უსახო შედეგს რომ იძლევა, ვხედავთ. ჩემი აზრი, პროგრამის უნიფიცირების საწინააღმდეგო არ არის, არც პროგრამაში სხვა ნაწარმოებების შეტანის სურვილია. პირიქით, ჰაგიოგრაფიის პროგრამიდან ამოღების წინააღმდეგი ვარ, რადგან თითქმის სწავლების საუკუნოვანი ისტორიით ჰაგიოგრაფია სკოლაში ერთ-ერთ სოციალურ ხიდად „აშენდა”, რომელიც თაობებს აკავშირებს – ეს უკვე ტრადიციაა, პაპას-შვილს-შვილიშვილს რომ აკავშირებს. ვფიქრობ, რომ უნიფიცირება მხოლოდ სტრატეგიაში, მიზნის განსაზღვრაშია დასაშვები. და როცა განათლების პოლიტიკა ლიტერატურის სწავლებისას მკვეთრად გამიჯნავს, რისთვის უნდა ასწავლოს პედაგოგმა ჰაგიოგრაფია და მიუთითებს ალტერნატიულ გზებს, მასწავლებელი თავად შეადგენს მარშრუტს: რომელი გზით, როგორ მიაღწიოს მიზანს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ასპექტი: ერთი – მასწავლებელი პროფესიულ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს და, მეორე – გავთვალოთ მოსწავლეთა მიერ ათვისების სხვადასხვა უნარი – ყველა მოსწავლე ერთნაირად ვერ ისწავლის. განათლებაში არაერთხელ ყოფილა, რომ საქმე იქ ფუჭდება, სადაც არასწორი თანასწორობა მყარდება, როგორც – მასწავლებლებში, ასევე – მოსწავლეებშიც. სწორედ პროცესია მრავალფეროვანი და საინტერესო. სწავლება პროცესი უნდა იყოს და არ არსებობს ერთადერთი, შეუცვლელი გზა. ეს არჩევანი მასწავლებლებს სწორედ განათლების სახელმწიფო პოლიტიკამ უნდა მისცეს.

გამოცდილებით ვისწავლე, რომ მოსწავლე, რომელიც „შუშანიკში” რამდენიმე ხედვას გაუსვამს ხაზს – სახელმწიფოებრივს, მორალურს, მხატვრულს თუ კულტურულს, მაგრამ არ ეცოდინება ზეპირად „ქარნი ხორშაკნი” ან დაბეჯითებით არ იტყვის, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაა ერთადერთი სარწმუნოებაო, მასწავლებელთან ერთად ათქულიან შეფასებას იმსახურებს.

სათაურის შეკითხვა პასუხად რომ გადავაქციოთ, მაშინ პრობლემა მარტივად გადაწყდება: მოვიფიქროთ რატომ და რისთვის ვასწავლოთ სკოლაში ჰაგიოგრაფია და გვეცოდინება, რა მოგვცა სწავლამ ან რატომ ვერ ავითვისეთ ის, რის მოცემაც შეეძლო.

არასწორი ვალდებულებები გოგონებისთვის

0

არ არის ლამაზი ასეთი მოკლე კაბებით და ვიწრო შარვლებით სიარული, კი გიხდება, მაგრამ მაინც; გვიანობამდე გარეთ რომ ხარ, რას იფიქრებს ხალხი? ამდენს რომ დადიხარ, ვის აქვს შენი თავი? ძალიან თავდაჯერებული ქალების ეშინიათ კაცებს, სუსტი გოგონები უფრო მოსწონთ; ნუ ტირი ყველაფერზე, არ არის ლამაზი; ნამეტანი არაფერი არ ვარგა, არც სწავლა, მით უმეტეს, გოგო ხარ, ოჯახზეც ხომ უნდა იფიქრო; მაგისტრატურაში ჩააბარე, ხარისხი მაინც მნიშვნელოვანია, რა იცი რაში გამოგადგეს; ორსულად ხომ არ ხარ? კიდევ ორსულად ხარ? ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხომ უნდა გქონდეს, შეიძლება არ გიყვარს, მაგრამ რა იცი, როდის გამოგადგეს; ნუ იტყვი, რომ წინა სამსახურიდან შენ თვითონ წამოხვედი, არასერიოზულის შთაბეჭდილება არ დაუტოვო პოტენციურ დამსაქმებელს; როდემდე შეიძლება იარო ჯინსით და კედებით, ქალს ხომ უნდა ჰგავდე; როგორ დადიხარ მაღალი ქუსლებით; ამ ბოლოს მოიმატე ხომ? გინდა კარგი დიეტა გასწავლო; ძალიან გახდი, კაცი ძაღლი კი არ არის, ძვლები რომ ღრღნას; დაცხა უკვე, თეთრი ფეხებით სიარული უხერხულია, რუჯი საჭიროა; როგორი შავი ხარ, ამდენიც არ შეიძლება, ოჯახის და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება ძნელია. აბა ვის მოწონს ცოლი, რომელიც არასოდეს არ არის სახლში ან თანამშრომელი, რომელიც სულ ბავშვებზე ფიქრობს და ასე დაუსრულებლად…

ალბათ მსოფლიოს ყველა წერტილში ისმენენ გოგონები მსგავს შეგონებებს სხვა გოგონებისგან, დედებისგან, მასწავლებლებისგან, მეზობლებისგან, უბრალო ნაცნობებისგან, ყველა იმ ადამიანისგან, ვისაც სხვის საქმეში ჩარევა არ ეზარება, ვინც ფიქრობს, რომ სხვისი ქცევის მართვა მისი საქმეა. როგორც წესი, ამ შეგონებებს მეტი დამარჯერებლობისთვის ერთი საერთო ლაიტმოტივი გასდევს – ასეთი ნუ იქნები, ასეთები კაცებს არ მოწონთ და მსოფლიოს ყველა წერტილში გოგონები იწყებენ ფიქრს იმაზე, როგორები იყვნენ, რომ კაცებს მოეწონოთ. გოგონების უმეტესობა ადვილად ივიწყებს, რომ პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს კომფორტულად საკუთარ თავთან და შემდეგ წამოიწყოს ფლირტი სხვებთან. გოგონების უმეტესობას საკუთარი თავის პატივისცემას ბევრი არავინ ასწავლის. პრინციპში, არც ბიჭებს.

უარყოფას აზრი არ აქვს, მეც მომისმენია რჩევები იმის შესახებ, როგორი უნდა ვიყო, რას ვაკეთებ არასწორად, რა შეიძლება არ მოეწონოს პოტენციურ პარტნიორს და ა.შ. მომისმენია ძალიან ახლობლებისგანაც და უბრალო ნაცნობებისგანაც. მეტიც, სანამ ის ბიჭი შემიყვარდებოდა, რომელიც ახლა ჩემი შვილების მამაა, შეწუხებულს რამდენჯერმე იმაზეც კი მიფიქრია, მართლაც პრობლემური ხომ არ არის ჩემი ესა თუ ის ქცევა, ხომ არ სჯობს, რამე შევცვალო-მეთქი. ახლა ვხვდები როგორი სისულელეა, როგორი შეურაცხყოფაა საკუთარი თავის კორექტირება იმაზე ფიქრით, რომ ვიღაცისთვის სასურველი გახდები და კიდევ უფრო მეტად თანაუგრძნობ გოგონებს, რომლებსაც ასეთი ქცევისკენ მოუწოდებენ. მათი უმეტესობა ხომ ასეთ რჩევებს სულაც არ თვლის მათ საქმეში ჩარევად, შეურაცხყოფად.
ცოტა ხნის წინ ერთი გადასარევი წიგნი წავიკითხე, ჯულიან ბარნსის “დასასრულის განცდა”, რომლის მთავარ გმირსაც ცხოვრების განმავლობაში ორი გოგონა უყვარდება, ერთი სტუდენტობისას, ერთი უფრო მოგვიანებით. ეს ორი გოგონა არაფრით არ ჰგავს ერთმანეთს. ერთი სრულიად არაპროგნოზირებადია, ცოტა თავქარიანი, ტვინს ურევს ამ ტიპს, ვერაფერს ვერ იგებო, ეჩიჩინება, ისიც იჯერებს და მაინც, მიუხედავად სირთულეებისა, უყვარს, მთელი არსებით. მეორე მოწესრიგებულია, ყველა დეტალი გათვლილი აქვს, ზუსტად არჩევს სათქმელ სიტყვებს, კარგად იცის, რა უნდა და როგორ და ასე შემდეგ. ესეც მთელი არსებით უყვარს, დაშორების მერეც საუკეთესო მეგობრებად რჩებიან, ყველაზე კარგად ესმით ერთმანეთის, მოკლედ, ამ კარგ წიგნსა და გადასარევ ავტორზე ბევრი სხვა რამის თქმაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ ამბავი აუცილებელი საკითხავი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც გონია, რომ კაცებისთვის თავის მოსაწონებლად, რაიმენაირი უნდა იყო.

ტონი უებსტერის ნარატივი მხოლოდ გოგონებისთვის არა, ბიჭებისთვისაც საყურადღებოა. მათაც ხომ აიძულებს საზოგადოებრივი წნეხი თავი მაჩოებად წარმოადგინონ, თავდაჯერებული იყვნენ, არაფრის შეეშინდეთ, ცხოვრების განმავლობაში ბევრ გოგონასთან ჰქონდეთ კავშირი და ა.შ. ეს კიდევ დგას და ყვება, როგორი უძლურები ვართ ადამიანების დროის, სიყვარულის, სიკვდილის, ავადმყოფობის, სასოწარკვეთის განცდის, საკუთარი მეხსიერების წინაშე, როგორი მყიფეა გარემო ჩვენ გარშემო და რა ცოტაა ისეთი რამეები, რასაც შეიძლება დაეყრდნო. იმდენად კარგად არის დაწერილი ამბავი, ისეთი გულწრფელია მთავარი გმირი, ისე კარგად ყვება თავისი სისუსტეების და უერთიერთობების სირთულეების შესახებ. კითხვის პარალელურად იწყებ ფიქრს, როგორ გადარჩე, როგორ გიყვარდეს, როგორი მეგობარი იყო, როგორი ხალხი გჭირდება გარშემო და ხვდები, რომ საკუთარი თავის კორექტირებაზე ფიქრი სისულელეა, იმდენ რამეზე ხარჯავ ადამიანი დროს და რესურსებს, რომ სწორედ შენ უნდა იყო ის, ვისაც ენდობი, ვისაც ესაუბრები, ვისიც გჯერა, რომ გადარჩე.
ამიტომ ალბათ მათ, ვინც საკუთარ თავთან ჰარნომიულად ცხოვრების ფასი დავინახეთ, ბევრი უნდა ვილაპარაკოთ არასწორ ვალდებულებებზე, რასაც გოგონებს (და პრინციპში ბიჭებსაც) ვაკისრებთ ხოლმე, რომ მეტმა ადამიანმა შეძლოს თავისუფლად ცხოვრება, ლაღი ურთიერთობები, მყარად დგომა, დროსთან და საზოგადოებრივ წნეხთან გამკლავება.

თავისუფალი სივრცე – სკოლა ბორბლებზე

0
თქვენთან როგორ იყო არ ვიცი, ჩემთან კი სკოლის მერხს მასწავლებელი გვირჩევდა და მასთან ჯდომა, კონკრეტულ თანაკლასელთან ერთად, ერთი, ორი, ხშირად სამი წელიც გვიწევდა. ასე გავატარე დაწყებითი კლასის ორ-ორი წელი ორ სხვადასხვა თანაკლასელთან ერთად ერთ მერხთან. არადა, მრავალფეროვნება და მეტი კომუნიკაცია სხვადასხვა თანაკლასელთან ცუდი არ არის. პირიქით, სასარგებლოა განსაკუთრებით დაწყებილი კლასის მოსწავლეებისთვის. დღემდე ვერ ვუძებნი ახსნას მასწავლებელთა ჩვევას, მკაცრად განსაზღვროს კონკრეტული მერხი კონკრეტული მოსწავლისთვის და აიძულოს მასთან ჯდომა, როცა მოსწავლეს გემოვნება შესაძლოა ხშირად შეეცვალოს. მოუნდეს უფრო ახლოს იჯდეს კართან, ან სხვა თანაკლასელთან, რომელსაც ყველაზე მეტად ემეგობრება და სურს მეტი დრო გაატაროს, ან სულაც, ურჩევნია წითელ მერხთან იჯდეს, ვიდრე თეთრთან. 
მერხის სურვილისამებრ არჩევის გარდა, ჩემს სკოლაში აკრძალული იყო გაკვეთილიდან უნებართვოდ გასვლა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მიზნისთვის გჭირდებოდა კლასის დატოვება – თავს შეუძლოდ გრძნობდი, ორწუთიანი შესვენება გინდოდა – ყოველთვის მასწავლებელი წყვეტდა როდის ადგებოდი და შეგეძლო თუ არა კლასის დატოვება. მოგვიანებით, როცა სწავლა ლონდონში განვაგრძე, თვალებს არ ვუჯერებდი, როცა მასწავლებელი მერხზე შემომჯდარი გვესაუბრებოდა, თანაკლასელები სურვილისამებრ გადიოდნენ კლასიდან. შოკი მივიღე, როცა ჩემ გვერდით მჯდომმა ლილიმ ჩანთიდან სენდვიჩი ამოაცურა და ჭამა დაიწყო. მეგონა, მასწავლებელი მივარდებოდა და გარეთ გასვლას უბრძანებდა. ასე არ მომხდარა. მას ზედმეტი ყურადღებაც არ მიუქცევია ამ ფაქტისთვის.

მოსწავლეთა ამგვარი ქცევა ჩემს კლასში არ გამხდარა მიზეზი დაბალი აკადემიური მოსწრების, გაკვეთილების ჩაშლისა და გაცდენის. პირიქით, ყველა ბედნიერი ვიყავით. ჩვენ მაქსიმალურად ჩართული ვიყავით გაკვეთილების პროცესში და სიხარულით ვსწავლობდით ტექსტებსა და ვწერდით ტესტებს, როცა მასწავლებელი არაორდინალური ხერხებით, თამაშით ცდილობდა ჩვენს დაინტერესებას.

მოსწავლეებს საკლასო ოთახში თავისუფალი გადაადგილებისა და თავისუფალი არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ. ამ დროს თავს ისინი მერხზე გამობმულ არსებებად თავს არ მიიჩნევენ და გრძნობენ, რომ მათ სურვილებს უფროსები ითვალისწინებენ. ეს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია.

ფინეთის განათლების სისტემაზე, მათ წარმატებაზე არაერთხელ დამიწერია. თუმცა დღეს კიდევ ერთხელ უნდა გიამბოთ მათი ახალი სკოლის შესახებ. ფინელი მოსწავლეები მსგავსი მარტივი საკითხებით არ დაიტანჯებიან და გაკვეთილებზე მათ სურვილებს, აზრს და გემოვნებას აუცილებლად გაითვალისწინებენ. ფინეთი ახალ სასწავლო წელს ახალი სკოლით შეხვდა. სკოლა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალურია მსოფლიოში. სკოლა ბორბლებზე – ეს ახალი სკოლის საუკეთესო ეპითეტია.

ახალი სკოლა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს წააგავს. არქიტექტორებმა უარი თქვეს მოსაწყენ, ტრადიციულ დაგეგმარებაზე, სკოლის კლასებად დაყოფაზე.

10500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია დაწყებითი და საშუალო სკოლა, ახალგაზრდული სახლი, თეატრალური დარბაზი, სასადილო, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი. სასწავლო პროცესი თავისუფალ ატმოსფეროში მიმდინარეობს. მოსწავლეებს არ ეკრძალებათ მათთვის სასურველ პოზაში ჯდომა, რაც საგაკვეთილო პროცესში მეტ ჩართულობას განაპირობებს. მოსწავლეები იქ სხედან, სადაც თავად სურთ და ამგვარად, უფრო ჩართულები არიან დისკუსიებში. მათთვის მსგავსი ურთიერთობები წახალისებულია.

სასკოლო მერხები მოსწავლის სიმაღლის მიხედვით, ბორბლებზე რეგულირდება და მოსწავლეებს კლასის ნებისმიერ კუთხეში გადაადგილება შეუძლიათ.

მსურველებს უფლება აქვთ წამოწვნენ დივანზე, შემოსხდნენ მერხზე. სასკოლო დაფის როლს აქ ნოუთბუქი ასრულებს, რომელიც საერთო ქსელშია მიერთებული და მასწავლებელთან უწყვეტი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

სასადილო სივრცე ის ადგილია, სადაც მასწავლებელიცა და მოსწავლეებიც ერთად მიირთმევენ. აქვეა სცენა, რომელზეც კონცერტებს მართავენ, სპექტაკლებს დგამენ. სკოლის ეზოში, ხანგრძლივი დასვენების დროს, მოსწავლეებს სეირნობა და თამაში შეუძლიათ. სკოლის ინტერიერის შესაქმნელად არქიტექტორებმა

ეკოლოგიურად სუფთა მასალა გამოიყენეს. რომელიც თბილ და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. სკოლის ეზო ღიაა, არ დგანან დაცვის თანამშრომლები. ვიდეოკამერები კი შეუმჩნევლად არის დამონტაჟებული.

ფინური განათლების მენეჯმენტის მამამთავრებს კარგად აქვთ გაანალიზებული ის ფაქტი, რომ მსგავსი სასკოლო სისტემა მოსწავლეებს ნერვულ დაძაბულობას უმცირებს. სტანდარტული სკოლის ფორმისაგან გამიჯვნა ცვლის სოციალურ ფონს და მოსწავლეებს სწავლისკენ მეტად უბიძგებს.

თქვენ თუ გიცდიათ საკუთარი მოსწავლეებისათვის ცოტა მეტი თავისუფლება მიგეცათ და გეჩვენებინათ, რომ მათ სურვილებს პატივს სცემთ?

მუსიკა ომის არომატით: ხელთათმანებიანი ვაგნერი

0
უახლეს ისტორიაში ებრაელთა დევნის დასაწყისად 1930-იან წლებს განიხილავენ, როდესაც გერმანიისა და ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში ანტისემიტური პოლიტიკის გამტარებელი მემარჯვენე რადიკალები მოვიდნენ (სინამდვილეში, ისტორიული ქრონოლოგიით, ებრაელები ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. 1200 წლიდან იდევნებოდნენ). მიმდინარე მოვლენებმა ასეულობით ათასი ებრაელის დევნა განაპირობა. მეორე მსოფლიო ომამდე 400 ათასამდე ებრაელმა დატოვა გერმანიის, ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია.

როდესაც გერმანიაში ებრაელ და ანტინაცისტ ავტორთა წიგნების საჯარო დაწვა დაიწყო, ათასობით ებრაელმა თავშესაფარი საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში პოვა. ქვეყნები, რომლებიც 1939 წლამდე მესამე რაიხის მიერ დევნილ ებრაელობას იფარებდნენ, მალე თავად აღმოჩნდნენ ოკუპირებულნი და დევნილებს, ფაქტობრივად, გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. აქვე უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არცთუ ცოტა დევნილი მიიღო და გადაარჩინა.

ცნობილია, რომ ანტისემიტიზმი კომპოზიტორ რიჰარდ ვაგნერის მსოფლმხედველობის განუყოფელი ნაწილი იყო. მისი ანტისემიტური გამოსვლები და პუბლიკაციები („ებრაელობა მუსიკაში”) იმ დროის ლაიფციგის კონსერვატორიის პროფესორების აღშფოთებას იწვევდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს გენიალური მუსიკოსი ებრაელ დირიჟორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევდა თავისი ოპერის, „პარსიფალის”, დირიჟორობის უფლებას, თუ ის მოინათლებოდა. დირიჟორი ჰერმან ლევი ბავარიის სამეფო კაპელის კაპელმაისტერი იყო, ორკესტრს სხვა დირიჟორთან ერთად გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, კონტრაქტის დარღვევა ბავარიის მეფესაც კი არ შეეძლო, მაგრამ, კომპოზიტორის კატეგორიული მოთხოვნით, მეფემ ვაგნერთან ერთად ახალი სამპუნქტიანი ხელშეკრულება გააფორმა (კონტრაქტი დაცულია მიუნხენის გერმანული ხელოვნების მუზეუმში). დანარჩენი ორი მოთხოვნის გახმოვანებისგან თავს შევიკავებ…

უნდა ითქვას, რომ ოპერა „პარსიფალი” მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ვაგნერის შემოქმედებაში. კომპოზიტორი ნაწარმოებს არა ოპერას, არამედ სადღესასწაულო სცენურ მისტერიას უწოდებდა, რელიგიურ ცერემონიად მიაჩნდა და არა ტრადიციულ გასართობ სანახაობად. ოპერის პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში კომპოზიტორი წერდა: „ჩემს ოპერაში წარმოვადგენ ებრაული სისხლისგან განწმენდილი ქრისტეს იდეას”. მისივე სიტყვებით, „პარსიფალი” „ხსნაა მხსნელისგან”, „ვინაიდან ქრისტეს ძარღვებში ებრაული სისხლი მიედინებოდა”. მეუღლისადმი მიწერილ წერილში კი, აი, რას ვაწყდებით: „გამანადგურებელი ბგერები, რომლებიც ლიტავრებისთვის სოლ მინორში შევთხზე, ებრაელთა სრულ დაღუპვას განასახიერებს. ამაზე დიდებული არაფერი დამიწერია”. ნიცშე კი „პარსიფალს” შავ მესას უწოდებდა. მოგვიანებით ერთმა ავსტრიელმა ოფიცერმა, ვაგნერის ოპერების შესანიშნავმა მცოდნემ, „პარსიფალში” XX საუკუნის ანტიქრისტე – ადოლფ ჰიტლერი ამოიცნო.

ისტორია ცხადყოფს, რამდენად სახიფათოა რასისტული და ქსენოფობიური იდეების თამამად ფრქვევა, განსაკუთრებით – სახელოვნებო ელიტის წარმომადგენლებისგან, რადგან არ ვიცით, როგორ მოგვიბრუნდება ჩვენივე სიტყვები. და აი, XIX საუკუნის უდიდესი კომპოზიტორის სიტყვებს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტრაგედიით მილიონობით ცხედარი „გამოეხმაურა”. 

შემაშფოთებელია ვაგნერის წიგნის ერთ-ერთი თავი – „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტა” (იდეისა და ტერმინის ავტორი თავად ვაგნერია). კომპოზიტორი ბავარიის პარლამენტს ებრაელების განადგურების საკუთარ გეგმას სთავაზობდა. მთელი ისტორიის განმავლობაში, არათუ მუსიკოსი, არავინ, ფილოსოფოსების ჩათვლით, ასეთი გეგმით არ გამოსულა. ვაგნერის მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი ნიცშეც კი, რომელსაც ებრაელთა მიმართ სიმპათიას ვერაფრით დააბრალებდი, კომპოზიტორს სწერდა: „თქვენ ხართ ავადმყოფობა და არა ადამიანი”. ფილოსოფოსის აზრით, ვაგნერი ციხეში უნდა მომკვდარიყო და არა საწოლში.

 
ვაგნერი ზრუნავდა, რომ მისი იდეები ნათლად გაეგოთ თაობებს. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, საკუთარ იუბილეზე წარმოთქმულ სიტყვაში, კომპოზიტორმა ხაზგასმით აღნიშნა: „ჩემი სადირიჟორო ჯოხი კიდევ ბევრჯერ დაანახებს მომავალ თაობებს, რა გზით უნდა იარონ”. ვაგნერს არა მხოლოდ საკუთარი იდეების ხორცშესხმა სურდა, არამედ: „სიკვდილის შემდეგ ზევიდან მივადევნებ თვალს, რომ მითითებული გზიდან არავინ გადაუხვიოსო”. გამაოგნებელი აღმოჩნდა გზა, რომლისკენაც ვაგნერმა თაობებს მიუთითა. მოგვიანებით სწორედ ეს იდეები აიტაცეს ნაცისტებმა. ვაგნერის მისტიციზმმა და იდეოლოგიურმა ანტისემიტიზმმა უდიდესი გავლენა მოახდინა XX საუკუნის დასაწყისის გერმანულ ნაციონალიზმზე. ჰიტლერს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ვაგნერი მისი სულიერი მოძღვარი იყო. უფრო მეტიც – გერმანულმა ნაციზმმა, ფაქტობრივად, ვაგნერის შემოქმედების საფუძველზე „ააგო” ფაშიზმი.

ჰიტლერის წარმოუდგენელი თავდაჯერება მაგიურად რომ ზემოქმედებდა და თრგუნავდა საზოგადოებას, სწორედ ვაგნერის „რეალობის გადაჭარბების”, „შეუძლებლის შეძლების” მოთხოვნიდან მომდინარეობდა. სწორედ ვაგნერით დაიწყო ხელოვნებაში მასების მოჯადოების ეპოქა, ხელოვნების რეალობაზე მეფობა. ვაგნერის გარეშე  მესამე რაიხის ესთეტიკა წარმოუდგენელია. კომპოზიტორის ექსპანსიურობით მოწამლულმა ადოლფ ჰიტლერმა ხელისუფლების სათავისკენ ტრიუმფალური სვლა ვაგნერის გმირივით დაიწყო; თავისი არტისტულობითა და შეუპოვრობით საკუთარი მსმენელი მან უზარმაზარ მასად აქცია.

ვაგნერი გერმანულ მუსიკალურ ტრადიციებს აღმერთებდა და თუ არსებობს გამოთქმა: „იტალიელისთვის მუსიკა სიყვარულია, ფრანგისთვის – საზოგადოების სამსახური, ხოლო გერმანელისთვის – მეცნიერება”, – ვაგნერის პერიფრაზით ის ასე ჟღერდა: „იტალიელი მომღერალია, ფრანგი – ვირტუოზი, გერმანელი კი მუსიკოსი. მხოლოდ გერმანელს აქვს სრული უფლება, იწოდებოდეს მუსიკოსად, რამეთუ მხოლოდ მასზე ითქმის: „მუსიკა მას უყვარს არა იმისთვის, რომ მისით მოიხიბლონ, მოიპოვოს ავტორიტეტი ან ფული, არამედ იმიტომ, რომ მუსიკა ღვთაებრივია”.

გერმანელების ისტორიული როლის შეცნობასა და გერმანული ნაციის ფორმირებაში დარწმუნებულმა რიჰარდ ვაგნერმა ძალზე რთული და მონუმენტური დრამატურგიის მქონე ეპიკური ტილო „ნიბელუნგების ბეჭედი” შექმნა. ტეტრალოგია იღბლიანი აღმოჩნდა – პრემიერიდან მოყოლებული დღემდე, თეატრების აფიშებიდან არ ჩამოსულა.

გერმანიის მსოფლიო ბატონობის იდეით შეპყრობილი ადოლფ ჰიტლერი სახელმწიფოს 1933 წელს ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ წელს აღინიშნა რიჰარდ ვაგნერის გარდაცვალებიდან 50–ე წლისთავი ფესტივალით „ვაგნერი და ახალი გერმანია”. ამ იუბილესთან დაკავშირებით ჰიტლერს ვაგნერის რამდენიმე ოპერის პარტიტურა მიართვეს. ამბობენ, რომ ფიურერმა ისინი ბუნკერში თან წაიღო. სახელმწიფოს სათავეში ნაცისტების მოსვლით განსაკუთრებული კავშირი დამყარდა XIX საუკუნის კომპოზიტორსა და XX საუკუნის დიქტატორს შორის. ჰიტლერი ვაგნერის მსოფლმხედველობასთან მისტიკურ კავშირს გრძნობდა. ის ჯერ კიდევ 1924 წელს ამტკიცებდა, რომ გერმანიის მომავლის მისეული ხედვა ვაგნერის შემოქმედებაში იყო ასახული. გერმანიის სათავეში მოსვლის შემდეგ კი ვაგნერით გატაცება თავისებურ ნაციონალურ კულტად აქცია.

ჰიტლერის წყალობით ვაგნერი სამყაროს ნამდვილ ცენტრად გადაიქცა, თუმცა აღიარება არც მანამდე აკლდა. მისი მუსიკა ჟღერდა ყველგან, საკონცენტრაციო ბანაკების ჩათვლით, სადაც სასიკვდილოდ განწირულები გაზის კამერაში „ზიგფრიდის” უვერტიურის თანხლებით შედიოდნენ. არც ერთ სხვა მუსიკოსს არ ჰქონია ნაცისტებთან ესოდენ მჭიდრო კავშირი, როგორიც ვაგნერს და მესამე რაიხთან ასოცირება ლაქად ისე არავის დამჩნევია, როგორც ვაგნერის შემოქმედებას. დიახ, ჰიტლერის მიერ მისი მუსიკის სიყვარული ჩრდილად ადგას კომპოზიტორის შემოქმედებას. მის ნაწარმოებებს ისრაელში იშვიათად თუ შეასრულებენ.

საინტერესოა, რომ რიჰარდ ვაგნერის შვილთაშვილი, მუსიკათმცოდნე გოტფრიდ ვაგნერი, იერუსალიმის არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორს, ისტორიკოსსა და ნაცისტურ დამნაშავეთა მკვლევარს თხოვნით მიმართავს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ისრაელში ვაგნერის მუსიკა არ ჟღერდეს. შვილთაშვილი კარგად აცნობიერებს დიდი ბაბუის ზღვარგადასულ ანტისემიტობას. გოტფრიდი მიიჩნევს, რომ კომპოზიტორის აქტიურმა ანტისემიტურმა პოზიციამ და სხვა ფაქტორებმა ჰიტლერი „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის” აუცილებლობაში დაარწმუნა. 

კომპოზიტორის დასაცავად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ხელოვნების სამყაროში ვაგნერი ერთადერთი ანტისემიტი არ ყოფილა, რომ სხვადასხვა გამონათქვამის საფუძველზე ქსენოფობიური მიდრეკილებები არაერთი გამოჩენილი მოღვაწისთვის „დაუბრალებიათ”. და ერთიც – რიჰარდ ვაგნერის მუსიკა მსოფლიო კულტურის მწვერვალია, მაგრამ…

გოგოების თამაში

0

სტამბოლში მოხვედრის იმედი, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ გამიცრუვდა. ყოველთვის, როცა ვაპირებ, ვგეგმავ, ცალი ფეხი აეროპორტში მიდგას, გამოჩნდება რაღაც, რაც ჯადოსნური კონსტანტინოპოლის ნახვაში ხელს მიშლის. ამჯერადაც დავუშვი, რომ შეიძლებოდა, ერთ საინტერესო სამუშაო შეხვედრაზე მე წავსულიყავი და სტამბოლი ცალი თვალით მაინც მენახა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მონაწილეთა ჯგუფში ვერ მოვხვდი და თბილისში დავრჩი, ჩემს რუტინასთან და საშემოდგომო გამოცდასავით გამოყოლილ ზაფხულის სიცხესთან ერთად.

კვირა მძიმედ დაიწყო. ორშაბათმა საკუთარ თავს არ უღალატა. საღამოს კი, სახლისკენ მიმავალი, კიდევ ერთხელ გავბრაზდი ჩვენს სინამდვილეზე და საზოგადოებაზე, რომლის ნაწილი მე თვითონაც ვარ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ერთერთი ეზოდან, ბავშვების ბედნიერი ყიჟინა მომესმა. ჩანდა, მშვენივრად ერთობოდნენ. რამდენიმე წამში მათი ხმა ქალის შეშფოთებულმა შეძახილმა გადაფარა: „გოგოებმა ცალკე ითამაშეთ! აქეთ გამოდით!” მალე ბავშვები მიჩუმდნენ. როგორც ჩანს, მშობლებმა იმარჯვეს და გოგონებს განცალკევებით მიუჩინეს ადგილი.
„გოგოებმა ცალკე ითამაშეთ!” _ ეს ფრაზა შესანიშნავად აღწერს ჩვენი რეალობის მთელ სიმძიმეს. გოგონებს თამაშს არ უშლიან, მაგრამ ისინი მოვალენი არიან, საკუთარი სივრცე ჰქონდეთ, სხვების მიერ დადგენილ ქცევის წესებს დაემორჩილონ და საზღვარს, რომელიც მათ ტერიტორიას ბიჭებისგან ჰყოფს, არ გადააბიჯონ. გოგოების თამაში სხვაგვარი უნდა იყოს, უფრო მშვიდი, უფრო ჩუმი, რომელიც მეზობლებს საღამოს საათების იდილიას არ შეუშფოთებს, რომელიც დაზიანებებს არ გამოიწვევს, რომელიც მშობლებს თავსატეხს არ გაუჩენს.
გოგოები, რომლებსაც ცალკე თამაშისკენ მოუწოდებენ, დედებს და მამებს იშვიათად შეჰყავთ სპორტის იმ სახეობაზე, რომელიც ბიჭების პრივილეგიად ითვლება. ფეხბურთი მამაკაცების სამყაროა, საფეხბურთო მოედანზე ქალის ადგილი არ არის _ ასე ფიქრობენ საქაართველოში. ამიტომ არ გამკვირვებია, რომ წინა კვირაში ჩვენმა ფეხბურთელმა გოგონებმა ჩეხეთის ნაკრებთან წააგეს, წააგეს თითქმის ცარიელი ტრიბუნებით გარშემორტყმულ მოედანზე, წააგეს აქა-იქ წამოსროლილი გამამხნევებელი შეძახილების და გაცილებით მეტი ქილიკისა და კრიტიკის ფონზე, წააგეს თავდადებული გულშემატკივრობის გარეშე. როგორც სპორტის მოყვარულმა, კარგად ვიცი, რომ გულშემატკივრობას დამსახურება სჭირდება, მაგრამ ასევე მჯერა, რომ გუნდს, რომელიც გვიყვარს, რომლის მომავლისაც გვჯერა, წაგების დროსაც გვერდით უნდა დავუდგეთ. უფრო მეტიც, მე თუ მკითხავთ, გაცილებით საინტერესო მათი მხარდაჭერაა, ვინც დიდ გზაზე ახლა გადის, ვისთვისაც თითოეული ტაში, თითოეული შეძახილი მნიშვნელოვანია.
ჩვენ ერთად უნდა გავიზარდოთ: გოგოები და ბიჭები, მშობლები და შვილები, მოთამაშეები და გულშემატკივრები. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ერთად, ერთ სივრცეში, ერთ მოედანზე, ერთიანი სულისკვეთებით. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის გამხნევება და უნდა გვესმოდეს, რომ მთელ ცხოვრებას ტრავმებისა და შეცდომების გარეშე ვერ გავატარებთ და ჯობია, არ გვეშინოდეს.
სწორედ იმ პერიოდში, როცა ვიმედოვნებდი, რომ სტამბოლში ვიქნებოდი და თბილისში აღმოვჩნდი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა მხარი დაუჭირა გენდერული კვოტების შესახებ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წინადადების კანონპროექტად ქცევას. სხდომას, პროცესში ჩართულ სხვა ადამიანებთან ერთად, მეც დავესწარი. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, რა შედეგს მივიღებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არასოდეს დამავიწყდება, როგორ შევედით კომიტეტის სხდომაზე წინადადების ავტორი და მხარდამჭერი ორმოცზე მეტი ქალი. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე და წამები, როცა „ცალკე მოთამაშე” გოგოებმა „ძირითად მოედანზე” შეაბიჯეს. ამ ისტორიული დღის მონაწილედ ყოფნისთვის ნამდვილად ღირდა თბილისში დარჩენა. სტამბოლის ნახვას ალბათ ოდესმე შევძლებ. იმედი ჯერაც არ დამიკარგავს.
იქამდე კი, სანამ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ქალებს მხარდაჭერა სჭირდებათ. ზოგჯერ აუციელებელია, ერთმანეთს შემოვუძახოთ და შევახსენოთ, რომ ცალკე არ უნდა ვითამაშოთ, რადგან ფეხბურთი, პოლიტიკა და ყველაფერი სხვა, ჩვენი, გოგოების და ქალების თამაშიცაა.

ჩვენ ვასწავლით მოსწავლეს, თუ ის თავად სწავლობს?

0
ზოგადად, მასწავლებლებისთვის არაა უცხო მოსწავლეთა მოტივაციის პრობლემა – უნარი ვასწავლოთ ისე, რომ სწავლა-სწავლების პროცესი იყოს საინტერესო მოსწავლისთვისაც და თავად მასწავლებლისთვისაც. ვფიქრობ, მასწავლებელი, რომელიც ისტ-ს სისტემატურად იყენებს გაკვეთილებზე, განსხვავდება სხვა მასწავლებლებისგან: ჩვენ საკითხის შესასწავლად გვაქვს ,,მთელი სამყარო – რესურსი”. გვინდა თუ არა ისტ-ის გამოყენება, თავისთავად ცვლის ტრადიციული მუშაობის მეთოდებს, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას.

ჩემი, როგორც მათემატიკის მასწავლებლის მუშაობა, ძირეულად არ იცვლება – ვარ ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) სტანდარტებზე და წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებზე, რის შედეგადაც ჩემი მუშაობა მუდმივად განიცდის განახლებას. ყველა ცვლილება ორიენტირებულია მოსწავლეთა მათემატიკური ცოდნის გაღრმავებაზე;

დავალებები უნდა იყოს შინაარსობრივი, პრაქტიკულად ღირებული, მოსწავლეთათვის საინტერესო, ისინი ხელს უნდა უწყობდეს აზროვნების უნარების განვითარებას, შემოქმედებითი ნიჭის გააქტიურებას, დავალებებს უნდა მოეძებნოს პრაქტიკული გამოყენება. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები დავალებაზე მუშაობის დროს, თავად შეაფასონ დავალების ტიპი და შეარჩიონ სასურველი ისტ-პროდუქტი შედეგის თვალსაჩინო ასახვისათვის.
გაკვეთილის დაგეგმვაზე მუშაობის დროს, აქტივობების დაგეგმვისას, ისტ-ის გამოყენების საშუალებით უნდა გაოცდე თავად და გააოცო მოსწავლეებიც, რადგან XXI საუკუნეში მათემატიკის სწავლება მხოლოდ რიცხვებით და ფორმულებით აღარ შემოიფარგლება. მათემატიკამ ადამიანის საქმიანობის ბევრად მეტი არეალი მოიცვა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს სივრცე ყველგან რადიკალურად განსხვავებულია. კერძოდ, თუ ერთ სფეროში კონკრეტული გამომთვლელია საჭირო, მეორე სფეროში მხოლოდ მათემატიკური ლოგიკით შემოვიფარგლებით. ზუსტად ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათემატიკის და არა მხოლოდ მათემატიკის სწავლებისას, ისტტექნოლოგიებს ასე ფართოდ ვიყენებ. ის მეხმარება იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რასაც 21-ე საუკუნის უნარებს უწოდებენ .ჩემი აზრით, აღნიშნული უნარები ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს, ის უნდა გააჩნდეს მოსწავლესაც, რომელმაც უნდა დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში, გახდეს კონკურენტული მისთვის სასურველი საქმიანობის სფეროში. ზემოაღნიშნული უნარების განვითარებაზე საუბარია ესგ-ს ერთ-ერთ თავშიც – “გამჭოლი კომპეტენციები”, რომლებიც ცხრა მიმართულების სახითაა ჩამოყალიბებული. ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია, თუმცა მათემატიკაში პრიორიტეტი ენიჭება ოთხ ძირითად მიმართულებას, რომლებიც გამოყოფილია დიაგრამაში:


 

მონაცემების გამოყენება და ინფრომაციის წყაროები;
მონაცემების დახარისხება და კვლევა;
ანალიზი და პროცესის ავტომატიზაცია;
მოდელი და მოდელირება.
სხვა მიმართულებები, ბუნებრივია, ასევე, შესაძლოა გამოვიყენოთ და განვავითაროთ მათემატიკაში.
თითოეული ეს მიმართულება შესაძლებელია შემდეგნაირად გაიშალოს:
დამოუკიდებელი მუშაობა ინფორმაციასთან: მოძიება, შერჩევა, ანალიზი და შეფასება, დახარისხება, წარდგენა, მისი გადაცემა;
მოდელირება, ობიექტის დაგეგმარება პროცესში, მათ შორის სხვა ფაქტორების ურთიერთქმედების გათვალისწინებით, საკუთარი გეგმების პასუხისმგებლობით რეალიზება;
გადაწყვეტილების მიღება და გაუთვალისწინებელი მოვლენების/ფაქტების გათვალისწინება, სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში (LLL).
აღნიშნულის შესაბამისად, ჩემი გაკვეთილების დაგეგმვისას ორიენტირებული ვიყავი როგორც ესგ-ს შედეგზე, ასევე დასახელებული უნარების განვითარებაზე.
ამასთანავე, მსურს, აღვნიშნო, რომ ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებისთვის ხელი შემიწყო კომპანია Microsoft–ის და კომპანია Intel–ის ერთობლივმა პროექტმა “Windows 8 1:1 ელექტრონული სწავლება”. პროექტის ფარგლებში ყველა მოსწავლეს გადაეცა ტრანსფორმერი პლანშეტები. შესაბამისად, გაკვეთილისთვის ისტრესურსის შექმნისას ან ინტერნეტში სხვადასხვა ონლაინრესურსის ძიებისას, ვიცოდი, რომ, როგორც გაკვეთილზე, ასევე საკლასო სივრცის მიღმა, ყველა მოსწავლეს შეუფერხებლად ექნებოდა წვდომა ჩემ მიერ გადაგზავნილ მასალებზე.
ამჟამად გაგიზიარებთ მათემატიკის სწავლებისას ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითებს,- თუ როგორ ვუსადაგებდი გაკვეთილის მიზანს სხვადასხვა ელექტრონულ ინსტრუმენტს. ვცდილობდი მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებას, საშუალებას ვაძლევდი მოსწავლეებს, თავად აეგოთ ახალი ცოდნა ინფორმაციული სივრცეში ორიენტაციის გზით.
ალბათ, თითოეულ ამ გეგმაზე უფრო რეფლექსიის სახით ვისაუბრებ, რა შედეგი გამოიღო მიდგომამ, აქტივობამ, რომელიც მე დავგეგმე და გაკვეთილზე განვახორციელე. თუ როგორ იმუშავეს მოსწავლეებმა გაკვეთილებზე და გაკვეთილების მიღმა.
უპირველეს ყოვლისა, გაკვეთილების ძლიერ მხარედ მინდა აღვნიშნო მოსწავლეთა მოტივაცია. ამასთანავე, ხაზს ვუსვამ, რომ მოტივაციის მიზეზს არ განაპირობებდა მხოლოდ პროექტში მონაწილეობა, ან ის, რომ მათ ინტერაქტიულ პრეზენტაციას ვუჩვენებდი, ან ვთხოვდი, შესულიყვნენ საიტზე, სადაც თამაშით სწავლობდნენ და ითვისებდნენ ახალ საკითხს, არამედ გაკვეთილები იყო იმგვარად დაგეგმილი, რომ მოსწავლეები მუდმივად აღმოჩენის პროცესში იყვნენ. მე მათ მხოლოდ საწყის ცოდნას ან მითითებებს ვაწვდიდი. მოსწავლეები თავად აგრძელებდნენ ახალი მასალის სასურველი ტემპით ათვისებას. აქვე, ალბათ, არ შეიძლება, არ ვახსენო “შებრუნებული საკლასო ოთახის” მოდელი ((Flipped Classroom),), რომელსაც მე აქტიურად ვიყენებდი გაკვეთილზე. თუმცა შემდგომ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეისწავლიდნენ საკითხს, ისინი თავად ქმნიდნენ ვიდეოებს ამ მოდელის შესაბამისად. შემოგთავაზებთ ერთ-ერთი აქტივობის აღწერას:
აქტივობის დასახელება: გეომეტრია, კუთხის გრადუსული ზომა, კუთხის აგება.
მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს გეომეტრიული ფიგურების აგება მათი კუთხეების გრადუსული ზომების გათვალისწინებით. დაასახელოს კუთხეები მათი გრადუსული ზომის მიხედვით: ბლაგვი, მართი, მახვილი და გაშლილი.
მიმდინარეობა: გაკვეთილამდე, წინა დღეს, მოსწავლეები სახლში ეცნობიან ვიდეოს „კუთხის აგება ტრანსპორტიის გამოყენებით”.
მასწავლებელი იწყებს გაკვეთილს მოსწავლეთათვის პერსონალურ კომპიუტერებში „სავარჯიშო 1″-ის გადაგზავნით. მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და უკან უგზავნიან მასწავლებელს ტექსტურ რედაქტორში შესრულებულ დავალებას ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.

მასწავლებელი შეაჯამებს დავალებას, (მოგვიანებით, გაკვეთილის შემდეგ, იგი ნახულობს თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებულ დავალებას და მოსწავლეებს უგზავნის განმავითარებელი შეფასების კომენტარს).

შემდეგ ის მოსწავლეებს „სავარჯიშო 2″ უგზავნის. მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და პასუხებს საზიარო დაფაზე აფიქსირებენ www.padlet.com. გაზიარებული დაფის ბმული მასწავლებელს მოსწავლეებთან წინასწარ აქვს გადაგზავნილი. ბოლოს იმართება დისკუსია, თუ ვინ რა ნიშნით მოახდინა სამკუთხედების განაწილება.
დავალებად მასწავლებელი მოსწავლეებს „სავარჯიშო 3″ -ს უგზავნის.
შედეგი: მოსწავლეები დამოუკიდებლად, ვიდეო-გაკვეთილის ყურებით სწავლობენ. გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ახალ ცოდნას დავალებაზე მუშაობით. მასწავლებელს აქვს უფრო მეტი დრო, რათა დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს და დაამყაროს უკუკავშირი. მოსწავლე თავად სწავლობს მისთვის ბუნებრივი ტემპით.
გარდა აღნიშნულისა, სწავლების ერთ-ერთ ძლიერ მხარედ გამოვყოფ სხვა პედაგოგებთან თანამშრომლობას და ერთობლივად ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, მაგალითად: ვინ ვარ მე? Who I Am?

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ გაკვეთილის ჩატარების დროს მე თავად მივლინებით ვიყავი წასული და გაკვეთილზე Skype-ის საშუალებით ჩავერთე და ასე ერთობლივად შევძელით გაკვეთილის ჩატარება მე და ინგლისური ენის მასწავლებელმა, ქალბატონმა ნანა გოგიაშვილმა.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საილუსტრაციოდ კიდევ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: ,,ნატურალური რიცხვის ჯერადები და გამყოფები”. ამ გაკვეთილის ძლიერ მხარედ მინდა ავღნიშნო, როგორც დავალებების სიმრავლე და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება (დიფერენცირებული დავალებები), ასევე, გამოყენებული აპლიკაცია Mind Map, რომლის გადმოწერა Windows 8 Store-ის მაღაზიიდან შევძელით, სადაც უამრავი სხვადასხვა აპლიკაციაა, რომელთაც აქტიურად ვიყენებდით საგაკვეთილო პროცესში .
„მართკუთხედის ფართობი”, ამ საკითხის განმარტებისას გამოყენებული იყო თამაში Kodu. თავად მოსწავლეებმა აღმოაჩინეს და ჩაწერეს მართკუთხედის ფართობი, და რაც ყველზე საინტერესო იყო. გაკვეთილის ბოლოს შექმნეს ვიდეო-რგოლი, თუ როგორ გამოსახონ ერთეულოვანი ფართობის გამოყენებით ნებისმიერი ფიგურის ფართობი.
დამეთანხმებით, რომ მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ კოსმოსი, პლანეტები, ოცნებობენ იქ მოგზაურობაზე. სწორედ ამ თემას დაუკავშირე გაკვეთილი სახელწოდებით “სიგრძის ერთეული, დრო”. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ვირტუალურ ტურში – ჩვენს გალაქტიკაში. გაიგეს, თუ რა სიჩქარით მოძრაობს სინათლის სხივი კოსმოსში და რა დრო სჭირდება მას მზიდან სხვადასხვა პლანეტებამდე; შემდეგ, ამ მონაცემების საფუძველზე, გაიგეს მანძილი მზიდან ჩვენი გალაქტიკის თითოეულ პლანეტამდე. ამ საკითხმა მოსწავლეები ისე გაიტაცა, რომ გადავწყვიტე, გამეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით “მოგზაურობა მარსზე”. პროექტის განხორციელებისას, მოსწავლეებმა, როგორც კი გაიგეს მარსზე არსებული სასიცოცხლო პირობები, ააგეს ხომალდის მოდელი, მოახდინეს ფრენის ტრაექტორიის მოდელირება და გამოთვალეს ფრენისთვის საჭირო საწვავისა და სურსათის რაოდენობა. გამოთქვეს ვარაუდები. მოსწავლეთა ნაწილმა შექმნა მარსის ლანდშაფტის მოდელი, ააგო სახლები და სათბურები, დათესა სხვადასხვა მცენარე, და, დააკვირდა ზრდის პროცესს, შეისწავლა ზრდისთვისს საჭირო ხელშემწყობი ფაქტორები, და, რაც ყველაზე მთავარია, თავად მოსწავლეებმა შეძლეს მოეძიებინათ ზრდისთვის საჭირო ალტერნატიული ელემენტები (მზის ნაცვლად მუდმივი ხელოვნური განათება, ნიადაგის ნაცვლად სხვადასხვა ფხვიერი მასა, და ა.შ.).
ზემოაღნიშნულ პროექტზე მუშაობამ შექმნა წინაპირობა, რომ მოსწავლეთათვის ამეხსნა ზოგიერთი სივრცული ფიგურა, თუმცა ეს საკითხი წინარე გამოცდილებით მათთვის იმდენად მარტივი აღმოჩნდა, რომ თემის სწავლებისთვის დათმობილი გაკვეთილები თითქმის მთლიანად დატვირთული იყო ონლაინრესურსებით და სიმულაციებით, რამაც საშუალება მოგვცა, გავსულიყავი როგორც მათემატიკის სტანდარტის შედეგზე, ასევე, უფრო მეტი ცოდნა გადამეცა მოსწავლეთათვის და ხელი შემეწყო მათი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
ამოცანის ამოხსნის სხვადასხვა ხერხით მოცემული საკითხის სწავლებამაც არ ჩაირა ისტ და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის გარეშე. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, თავად მოეფიქრებინათ ამოცანები. ამასთან ერთად, ამოცანის პირობები ბუნებისმეტყველების საკითხებიდან უნდა მოეფიქრებინათ, რითაც კიდევ ერთი საგნის ინტეგრირება შევძელით მათემატიკასთან, და გრამატიკაც არ დაგვრჩენია უყურადღებოდ. ყველა ამოცანის პირობა გამართული უნდა ყოფილიყო. აქტივობის დასასრულს, მოსწავლეთა ნაწილმა ვიდეო-რგოლი მოამზადა, ზოგიერთმა მათგანმა კი ამოცანის ანიმაციური პირობა შექმნა.
კიდევ ერთ თემას გამოვყოფდი. ესაა – “წილადი”, აქვე აღვნიშნავ, რომ საკითხზე მუშაობის დროს გამოვიყენე მანიპულატივები, რეალური ხელშესახები რესურსი, რათა ჩემი კლასი მთლიანად ვირტუალურ კლასად არ გადაქცეულიყო. ასევე მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ჩემ მიერ მომზადებულ ელექტრონულ დავალებებზე, ასევე ონლაინრესურსებზე.
 
აქტივობის დასახელება: წილადი – მთელის ნაწილი.
მიზანი: მოსწავლეებმა განივითარონ წილადების წაკითხვის, გამოსახვისა და შედარების უნარ-ჩვევები; მოახდინონ წილადების ცნების ინტერპრეტაცია.
მიმდინარეობა: მოსწავლეები მუშაობენ დავალებებზე, რომლებსაც მათ მასწავლებელი ელ-ფოსტის საშუალებით გადაუგზავნის. ისინი დავალებას მასწავლებელს უკან გადაუგზავნიან.
ასევე მოსწავლეებს საშუალება აქვთ დავალებების შესრულებისას იქონიონ ერთმანეთთან მიმოწერა ჩეთის მეშვეობით, გაუწიონ კონსულტაციები ერთმანეთს.
მოსწავლები კომპიუტერში წილადების მოდელებს ქმნიან, მოიძიებენ და შემდეგ თავად შექმნიან ვიდეოგაკვეთილებს: „წილადების ისტორია”.

თვალსაჩინო მასალის „წილადების” გამოყენებისას მოსწავლეები წყვილებში თავად აღმოაჩენენ წილადების შედარების წესს.
შედეგი: ტექნოლოგიების დახმარებით საშუალება მომეცა მეჩვენებინა მოსწავლეთათვის ანიმაციური რესურსები, რომლებიც უკეთ დაეხმარა მათ ცნების გააზრებაში.

ამასთან მანიპულატივებზე მუშაობისას, მოსწავლეები აფიქსირებენ საკუთარ აზრს, აკეთებენ ვიდეოჩანაწერებს, ამზადებენ პრეზენტაციებს.

პრობლემებზე მუშაობისას მოსწავლეები მუდმივად თანამშრომლობენ ისტ-ტექნოლოგიების დახმარებით, ეხმარებიან ერთმანეთს ახალი ცოდნის კონსტრუირებაში.

თემის შესწავლის პარალელურად მოსწავლეებმა დაიწყეს პროექტის განხორცილება „წილადები”.
მოსწავლეები იკვლევენ საკითხებს:
რამდენად მნიშვნელოვანია წილადები?
რამდენად ხშირად და სად აქვთ ოჯახის წევრებს წილადებთან შეხება?
პარალელს ავლებენ საყოფაცხოვრებო პირობებში მსგავს საკითხებთან შეხების საშუალებებს. რაც შეეხება სასწავლო პროექტის ეფექტურობას, ეს ცალკე განსახილველი თემაა …
დასკვნის ნაცვლად…
მე შევნიშნე, რომ უფრო საინტერესოდ წარიმართება გაკვეთილები, სადაც თემაზე მუშაობა პირდაპირ არ უკავშირდება ისტ-ს შესწავლას – გამოყენებას: პოსტერის შექმნა, სქემების აგება, ამოცანის კრებულების შექმნა, ანიმაციური მოთხრობების შექმნა თემის ირგვლივ.

მოსწავლეებს უხარიათ საკუთარი მიღწევები, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი პირველად განიცდის თვითრეალიზაციის შეგრძნებას. განსაკუთრებულ დაინტერესებას ჩემში ასევე სხვადასხვა საგნის ინტეგრირება იწვევს. ახალი გამოწვევები, რადგანაც მაშინ მეც მოსწავლის როლში გამოვდიოდი, როდესაც სხვა საგნის სწავლების თავისებურებებს – ახალ მეთოდიკას, ინოვაციურ ტაქტიკებს ვეცნობოდი.
მასწავლებელი, რომელიც სასწავლო პროცესში სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობას იყენებს, სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და ეფექტურს ხდის, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და აქვს ეფექტური უკუკავშირი თითოეულ მოსწავლესთან.

სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ასევე აღსანიშნავია 1:1 ელექტრონული სწავლების შესაძლებლობა, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს გასცდეს ფორმალური განათლების ჩარჩოებს და უფრო აქტიურად ჩართოს მოსწავლეები პროექტსა თუ სხვა აქტივობებში, საშუალება მისცეს მოსწავლეებს თავად ააგონ საკუთარი ცოდნა თანამშრომლობით და კვლევა ძიებით.
რესურსები:

1.1.შებრუნებული საკლასო ოთახის შესახებ: https://shsotreiningi.blogspot.com/p/20-4-3-2.html
1.2.ვიდეო შსო-ს მოდელის მიხედვით: https://www.youtube.com/watch?v=KryfP7aecWo
3.დავალების ნიმუშები: https://isischool-my.sharepoint.com/personal/dimitri_teacher_ge/_layouts/15/guestaccess.aspx?guestaccesstoken=q56tkm%2bilDPVt58TSJMJ1fUuvEGgkQDDlPdNWkeoZbw%3d&docid=0469e35c2d8bf44acaa819892203750e22
https://isischool-my.sharepoint.com/personal/dimitri_teacher_ge/_layouts/15/guestaccess.aspx?guestaccesstoken=l%2fnSbfSoMhtIF8MoOukW7LmnT7DDAoAGXnjneo7af6A%3d&docid=0c066dd45ece24218b5235530cc73c0fb
https://isischool-my.sharepoint.com/personal/dimitri_teacher_ge/_layouts/15/guestaccess.aspx?guestaccesstoken=a8uVDPi42QAxuA1bynOTonbgNJuCtM14yg%2f5huy9%2fwU%3d&docid=02d4dac2a16884da9b849ede7db1e7462
2.4.გაკვეთილის გეგმა და რესურსები: https://www.educatornetwork.com/Resources/LearningActivities/Details/6c7594b7-90aa-4731-89b9-0a66f441c595
https://www.educatornetwork.com/Resources/LearningActivities/Details/d2ab704c-e48f-4bcd-81b9-e42c9dc52e84
დიმიტრი პოპოვი

სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა,
მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებელი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...