კვირა, ივნისი 29, 2025
29 ივნისი, კვირა, 2025

ეკონომიკური წიგნიერება როგორც „თამაშის წესების“ გაცნობა

0
„ეხლანდელს დროში ნურვინ იფიქრებთ, რომ წინ წაუხვიდეთ მცოდნესა და განსწავლულსა და ან არსებობისათვის ჭიდილში საეკონომიო მოედანზედ გამარჯვება თქვენ დაინარჩუნოთ” (ი. ჭავჭავაძე, „ისევ განათლების საკითხებზე”, 26 ოქტომბერი, 1889 წ.).
ყოველი საზოგადოება ცდილობს „მოერგოს” მასზე მოქმედ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ და სხვა ფაქტორებს. ამგვარი ადაპტაციის საჭიროება ხშირად საზოგადოების კრიზისის მიზეზად იქცევა. საზოგადოება იძულებულია, გარკვეულწილად შეცვალოს „თამაშის” ძველი ან შეიმუშაოს სრულიად ახალი „წესები”, რომლებიც ადეკვატურ პასუხს გასცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს. 

ადაპტაციური კრიზისის მიზეზია რადიკალურად შეცვლილი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტები და ქცევის ძველი, ფაქტობრივად უცვლელი მოდელები. ქცევის ახალ მოდელებს და თამაშის ახალ წესებთან ზიარებას გარკვეულწილად ახალი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები უდევს საფუძვლად და მისი უზრუნველყოფის რთული პროცესი მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი განათლების სფეროში მომუშავე ადამიანების ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგია ხოლმე. 
გვჭირდება თუ არა ეკონომიკის ცოდნა?

„ხშირად გამიგონია, რომ ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში დაიბერტყაო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრს სხვა ქვეყანაზე უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არც თვითონ ჩვენა ვართ უხეირონი, ღმერთი-რჯული. მკლავ-ძარღვად კარგები ვართ, ჯანიც და ძალ-ღონეც მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია… მაშ, რაღათა ვართ ღარიბნიო? მკითხავთ თქვენ.

იმიტომ, რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე ძევს, სად რა განძია. არ ვიცით, საიდამ რა ამოვიღოთ, რა ხერხითა და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფიც ბლომად… ცოდნის გარეშე დედამიწა თავის უხვსა და უხარბელს გულს არ გადაგვიხსნის, ისე უხვად არ მოგვაბარებს” (ილია ჭავჭავაძის სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე 1886 წელს). 

ამ ცოდნას ეკონომიკური მეცნიერება გვაძლევს. დღეს უკვე აღარავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ ეკონომიკური ცოდნა აუცილებელია – გვინდა თუ არა, ეკონომიკა ჩვენს ცხოვრებაში იჭრება. ბავშვები ჩვენგან დამოუკიდებლად, თავისთავად (სტიქიურად) სწავლობენ ეკონომიკას. ზრდასრულებმა ეს სტიქიური ცოდნა უნდა მოვუწესრიგოთ, სისტემაში მოვუყვანოთ და გავუფართოოთ. დაფანტული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის ნაცვლად ბავშვებმა უნდა შეძლონ გარემომცველი ეკონომიკური სამყაროსა და ამ სამყაროში მცხოვრებ ადამიანთა ეკონომიკური ურთიერთკავშირის მთლიანი სურათის წარმოდგენა. ეკონომიკის სწავლება მოემსახურება განათლების ეროვნულ მიზანს – „იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე”. საშუალო სკოლადამთავრებულმა უნდა შეძლოს გლობალურ ეკონომიკაში ჩაბმა და სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება საკუთარ ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესების ანალიზისას. ეკონომიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ეკონომიკური საკითხები ხშირად გავლენას ახდენს ამომრჩევლების გადაწყვეტილებებზე სახელმწიფო თუ ადგილობრივ არჩევნებზე. ეკონომიკის ცოდნა ეხმარება ადამიანს, უკეთ გაიგოს მის ცხოვრებაზე ყოველდღიურად მოქმედი ძალების არსი და შეაფასოს პიროვნული გადაწყვეტილებებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგები. დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის მრავალი ინსტიტუტი გაცილებით ეფექტურად ფუნქციობს, როცა მოქალაქეებმა კარგად იციან ეკონომიკა. ეკონომიკური აზროვნება ასევე მნიშვნელოვანია ისტორიაში, პოლიტიკაში, ბიზნესში და საერთაშორისო ურთიერთობებში გაჩენილ მრავალ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

საშუალო სკოლის დამთავრებისას მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული ეკონომიკური ცოდნა. უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა ესმოდეთ ძირითადი ეკონომიკური კონცეფციები და შეეძლოთ ლოგიკური მსჯელობა იმ ძირითად ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მათი როგორც მშრომელების, მომხმარებლებისა და მოქალაქეების ცხოვრებაზე, რათა შეძლონ მრავალი შეცდომის თავიდან აცილება.

ეკონომიკის სწავლებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ უნარებსაც, რომლებიც მოსწავლეებს ეკონომიკის შესწავლით ჩამოუყალიბდებათ, რადგან ეკონომიკური უნარები, ისევე როგორც ეკონომიკური ცოდნა, ეკონომიკური აზროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ძირითადი უნარები, რომლებიც მოსწავლეებს ეკონომიკის შესწავლამ უნდა განუვითაროს, მოიცავს: (ა) ეკონომიკური პრობლემების, ალტერნატივების, სარგებლისა და ხარჯების განსაზღვრას; (ბ) ეკონომიკაში სტიმულების გავლენის ანალიზს; (გ) ეკონომიკური პირობებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის მოსალოდნელი ცვლილებების შესწავლას; (დ) ეკონომიკური მონაცემების თავმოყრასა და ორგანიზებას და (ე) სარგებლისა და ხარჯების შედარებას.

ეკონომიკის შესწავლის საფუძველზე მოსწავლეები გახდებიან:

1. პასუხისმგებელი მოქალაქეები – მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გააზრებით ისინი პასუხისმგებლობით ჩაერთვებიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში;

2. ნაყოფიერი მშრომელები – საკუთარი ადამიანური კაპიტალის გონივრული ინვესტირებით მოსწავლეები პროდუქტიულები იქნებიან მთელი შრომითი ცხოვრების განმავლობაში;

3. მცოდნე მომხმარებლები – საკუთარი გადაწყვეტილებების ხარჯისა და სარგებლის შეფასებით უკეთ მოახერხებენ როგორც პირადი, ისე ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფას;

4. კეთილგონიერი (ფრთხილი) მომჭირნეები და ინვესტორები – მომჭირნეობის, დაზოგვისა და ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილებების ხარჯისა და სარგებლის ანალიზის ცოდნით ხელს შეუწყობენ პირად და ქვეყნის გრძელვადიან კეთილდღეობას;

5. გლობალური ეკონომიკის ეფექტური მონაწილეები – მსოფლიო ეკონომიკაში საკუთარი როლის პერსპექტივის გათვალისწინებით, განივითარებენ გლობალურ საბაზრო სივრცეში შეჯიბრების (კონკურენციის) უნარს;

6. გონივრული გადაწყვეტილებების მიმღებნი მთელი სიცოცხლის განმავლობაში – დასაბუთების უნარის ვარჯიშითა და ეკონომიკური ცოდნის გამოყენებით ისწავლიან ეფექტური არჩევანის გაკეთებას მუდმივად ცვალებად გარემოში.
საჭიროა თუ არა ეროვნული სტანდარტები ეკონომიკაში?

სამწუხაროდ, ეკონომიკური განათლება და აღზრდა ხშირად უსისტემო და დაუგეგმავი პროცესია, პერიოდული ხასიათი აქვს და განათლების ენთუზიასტი მუშაკების ძალისხმევაზეა აგებული. 

ეკონომიკის სწავლების საერთაშორისო გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, „ვასწავლოთ თუ არა ეკონომიკა” კითხვასთან შედარებით უფრო აქტუალური იქნება კითხვა „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა”.

ნებისმიერი საგნის საგანმანათლებლო სტანდარტი განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსის სავალდებულო მინიმუმს, მისი სწავლების გზებს და შედეგების მიღწევის ინდიკატორებს. ეკონომიკის სტანდარტებმაც თავისუფალი არაპოლიტიკური და არაპარტიზანული მეგზურის როლი უნდა შეასრულოს და განსაზღვროს, რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა, რა უნდა შეძლონ ამ ცოდნით შეიარაღებულებმა და როგორი დამოკიდებულება განივითარონ საზოგადოებაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მიმართ. 

საგანმანათლებლო სტანდარტი არ ზღუდავს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო მასალების ვარიანტულობას, ხელს არ უშლის სკოლებს, იმუშაონ მათთვის მისაღები სასწავლო პროგრამებით. მასში განსაზღვრულია იმ სავალდებულო კომპეტენციების მინიმუმი, რომლებიც ეკონომიკის კურსგავლილ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს, განურჩევლად იმისა, რომელი სკოლა დაამთავრა და რა პროგრამით ისწავლა.

ეკონომიკაში სტანდარტების შექმნის შესახებ რამდენიმე პრაქტიკული მოსაზრებაც არსებობს:

. უამისოდ ბევრმა სკოლამ შესაძლოა საერთოდ არ ჩართოს „ეკონომიკა” სასწავლო გეგმაში, ზოგმა კი მხოლოდ უმნიშვნელო ყურადღება დაუთმოს ან მისი სწავლება ააგოს არარეალური, ძნელად განსახორციელებელი სტანდარტების საფუძველზე (მრავალი სკოლა ეკონომიკური მეცნიერების სახელით სულ სხვა საგნებს – „წარმოების მართვა”, „ფინანსები”, „მარკეტინგი” – ასწავლის). ეროვნული სტანდარტები უზრუნველყოფს „ეკონომიკის” ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროგრამაში;

. ეროვნული სტანდარტები საფუძვლად დაედება ეკონომიკაში ქართული სახელმძღვანელოების შექმნას საშუალო სკოლის ყველა კლასისთვის;

. მასწავლებლები, რომლებსაც ეკონომიკის კურსის წაკითხვას ავალებენ, ხშირად დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან არ იციან ან თვით საგანი, ან მისი სწავლების მეთოდიკა. ეროვნული სტანდარტები მათთვის ერთგვარი საყრდენი იქნება, კომპასის როლს შეასრულებს და მიუთითებს, რაზე შეაჩერონ ყურადღება საგნის სწავლების თითოეულ საფეხურზე;
. თავი მოეყრება და შეჯერდება მასალები და გამოცდილება, რომლებიც ეკონომიკის სწავლებაში არსებობს, რაც, თავის მხრივ, გააადვილებს მეთოდური მასალების, რეკომენდაციების, დიდაქტიკური მასალების, საქმიანი თამაშების შერჩევას თითოეული კლასისათვის;

. ეკონომიკის ეროვნული სტანდარტები გახდება ეკონომიკის სწავლების მყარი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ეკონომიკურ წიგნიერებას. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მათ გაუადვილდებათ საბაზრო ეკონომიკის რთულ, ცვალებად სისტემაში გზის გაკვლევა.

ეკონომიკაში საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნისას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ შეზღუდულობის სიკეთე. თავის ნაშრომში „ბევრის სწავლება მცირეთი” ნოელ მაკინისი წერს: „შესავალი კურსები თითქმის ყველა დისციპლინაში თანდათან ძალზე არაპრაქტიკული ხდება, რადგან ცდილობს, მთელი მონათესავე ინფორმაცია მოიცვას. შეიძლება, ეს კურსები აიგოს დისციპლინის 5-6 ძირითადი საკითხის ირგვლივ, ვასწავლოთ მხოლოდ ის აუცილებელი, რაც ადამიანს ამ ინფორმაციის ცხოვრებაში გამოყენებაში დაეხმარება”.

რითია ეკონომიკა გამორჩეული? როგორ შეუძლია მას ახსნას ადამიანური ქცევის სირთულეები განსხვავებული ფასეულობების, კულტურების, რესურსების, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ჭრილში? უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ ეკონომიკას საქმე აქვს ადამიანურ ქცევასთან. ადამიანური ქცევის თითქმის ყველა ასპექტი შეიძლება გაანალიზდეს ეკონომიკური მიდგომით, ეკონომიკის კუთხით. ეკონომიკა სწორედ მიდგომაა და არა დასკვნების განსაზღვრული ნაკრები. ჯონ მეინარდ კეინსის მიხედვით, „ეკონომიკური თეორია არ ასაზრდოებს პოლიტიკაში მყისიერად გამოსაყენებელ მყარ დასკვნებს. ის უფრო მეთოდია და არა დოქტრინა, გონების აპარატია, აზროვნების ტექნიკა, რომელიც მის მფლობელს სწორი დასკვნების გამოტანაში ეხმარება”.

იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეკონომიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში „გონების აპარატის, აზროვნების ტექნიკის” დახვეწაში დაეხმარება მომავალ თაობებს და ასწავლის იმ „ხერხსა და ოსტატობას”, როცა „ჯაფაც ადვილია და ნაჯაფიც ბლომად”.

ცდა ბედის მონახევრეა

0
მოგეხსენებათ, ნებისმიერი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია,  როცა საკუთარი ბიბლიოთეკიდან ჩვენთვის სასურველ წიგნს შევარჩევთ, ან მაღაზიაში შევიძენთ,ან მეგობარი გვათხოვებს. წაკითხულთაგანაც  ჩვენივე გემოვნებით  მოგვწონს ან არ მოგვწონს რომელიმე. ამა თუ იმ წიგნის წაკითხვის მოტივაციად, ხშირად, ავტორიტეტის რჩევაც გაგვითვალისწინებია, მაგრამ წაკითხვის უფლება ხომ საკუთარია და ვერავინ შეგვილახავს?!
გეთანხმებით, მრავალი მიზეზი არსებობს  წიგნის წასაკითხად, მაგრამ ეს მას შემდეგ ხდება ,როცა ჯერ – კითხვას და მერე წაკითხვას ვისწავლით. ასევე, მრავალი მიზეზია იმისთვის,რომ მკითხველად არ შევდგეთ, თუმცა, ესეც თანდათანობითი პროცესია, როცა  გარემომ არ მოინდომა, რომ კითხვასთან ერთად წაკითხვაც გვესწავლა.

ჩემი აზრით, მასწავლებელს მოსწავლისგან მკითხველის შექმნა არ ევალება. სკოლაში მან უნდა მიაწოდოს ფაქტები, ახსნას, მისცეს მითითება, ასწავლოს სწორად წაკითხვა… ასწავლოს სწავლა : სწორედ ამას ( არც თუ ისე სასურველად)  აფინანსებს სახელმწიფო. მაგრამ, თუ მასწავლებელს შეუძლია და  თუ ამ შეძლებას სურვილიც ახლავს, მაშინ, შესაძლებელია, რომ მისი მცდელობით  მოსწავლე მკითხველიც გახდეს.  ჩვენ ჩვენი ვცადოთ, პრაგმატულად, ეს  ჩვენსავე ინტერესებშია, რადგან საბოლოოდ კარგი მკითხველი ხომ უკეთ წარმოაჩენს  სწავლების შედეგს?!  კარგი შედეგისკენ მისასვლელი გზის ძებნა მასწავლებლობის კარგი მოტივაციაა.  

  წერა-კითხვას ვასწავლით პირველ კლასს თუ ლიტერატურას- მეთორმეტეს, ეს ნაცადი ხერხია,  გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა,რომ  მეთერთმეტე- მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა ნაწილი უკვე ჩამოყალიბებულია მკითხველად, ნაწილი – „არმკითხველად”,  ხელს ნუ ჩაიქნევთ, რადგან წაკითხვა არასდროს არაა გვიანი და თან, ცდა, ნამდვილად  ბედის მონახევრეა. 
აქ შევნიშნავთ, რომ პირველი და მეთორმეტე კლასები სპეციფიკურია, რადგან პირველში კითხვას სწავლობენ ,ხოლო მეთორმეტეში  საპროგრამო  ლიტერატურა  იმდენად დიდი მოცულობისაა და თან მოსწავლეები  ეროვნული გამოცდებითვის ემზადებიან, რომ, მონდომების შემთხვევაშიც, მათთვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნება „კლასგარეშე” ლიტერატურის კითხვა. სჯობს, რომ მეთორმეტე კლასში ხაზგასმულად ვიმუშავოთ, რათა სკოლაში სავალდებულო  წასაკითხს  ისე მიუდგნენ ,როგორც „ნამდვილ „ ლიტერატურას;  ამ დროს შეგვიძლია დავიკმაყოფილოთ საკუთარი -ლიტერატორის ამბიცია და  გამოვიდეთ  თავისუფალი პროგრამით, როგორც ყინულზე ფიგურული სრიალისას. რადგან, ჩემი რჩევაა, რომ   მეთორმეტე  კლასში მშობლიური ენის მასწავლებელს ყურადღების გამახვილება ენისა და  წერის ტექნოლოგიის სრულყოფაზე მართებს. თუმცა, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

ახლა დავუბრუნდეთ  იმას,თუ  როგორ  „შევთხზათ” კლასის  ბიბლიოთეკა და როგორ გავახვიოთ მოსწავლე  მკითხველის საბურველში. 

საკლასო ბიბლიოთეკა ?! 

 ფორმა და შინაარსის სქემა მარტივია. საჭიროა მინიშნებული ერთი თარო, თუნდაც ფანჯრის რაფა; აღრიცხვისთვის – ასევე, მინიშნებული რვეული, რომელიც თაროზევე მოთავსდება.  თითოეულ მოსწავლეს მოაქვს საკუთარი არჩევანით წიგნი:  ან წაკითხული და მოწონებული, ან წიგნი,რომელიც უნდა, რომ წაიკითხოს, ან წიგნი,რომელსაც გული ვერ დაუდო … წიგნის არჩევის მიზეზი ნაირგვარი იქნება. ამ შემთხვევაში, მთავარია მიზანი: „ წიგნი,რომელიც მინდა,რომ ყველამ წავიკითხოთ” . წიგნის ფორზაცზე მფლობელი მითითებული უნდა იყოს. მოსწავლეები და თქვენ თავად წერთ  ბიბლიოთეკის რვეულში თუ რომელი წიგნი რა დროს გაიტანეთ  ან დააბრუნეთ, შეთანხმების მიხედვით ქულებით წაკითხულ წიგნსაც აფასებთ  .

ვთქვათ, კლასში 25 მოსწავლეა. შეგროვდება 26 წიგნი -ერთი თქვენც უნდა მიიტანოთ. თქვენი არჩევანიც  სუბიექტურად არგუმენტირებული უნდა იყოს  – შესთავაზეთ მოსწავლეებს , ანუ შეუცურეთ ბიბლიოთეკაში ის წიგნი, რომელსაც ისურვებდით, რომ  წაკითხული ჰქონდეთ და საჭიროების შემთხვევაში, დაიცავით თქვენი არჩევანი. 

დავალება: ვინც ამაში მონაწილეობს, წლის განმავლობაში თითოეული  ყველა წიგნს კითხულობს რეჟიმით: კვირაში ერთი წიგნი.  ანუ თითოეულ მათგანს მოუწევს 25 წიგნის წაკითხვა,  საკუთარი 26-ე შეუძლია არ წაიკითხოს.

მონიტორინგიც საერთო  საქმე იქნება. რვეული სულ თაროზე დევს. ნებისმიერს შეუძლია წაიკიტხოს ჩანაწერები. თქვენ კი  თვალს ადევნებთ ჩანაწერებს რვეულში და თქვენთვის აღრიცხავთ თქვენივე შეხედულებით საინტერესო შემთხვევებს. მთავარია,რომ ოცდაექვსივე წიგნი ორშაბათიდან ორშაბათამდე „იკითხებოდეს” . 

შესაძლოა, რამდენიმე ბავშვმა ერთი და იგივე წიგნი მოიტანოს, მაგრამ ეს კითხვის დინამიკას არ ამუხრუჭებს. ეს მხოლოდ წიგნის სოციალურობაზე მეტყველებს  და თქვენთვისაც საჭირო კითხვის ნიშანს სვამს -რითია ეს წიგნი მათთვის საინტერესო. კლასის ბიბლიოთეკის პრინციპის 
მიხედვით ამ წიგნს უფრო სწრაფად წაიკითხავს მთელი კლასი და უფრო ადრე  შეგეძლებათ მისი განხილვა. 

რვეულის ჩანაწერების მიხედვით უკვე საყოველთაოდ წაკითხულ წიგნს  წიგნის პატრონი წარადგენს. პრეზენტაციებამდე თუ მიხვედით, შეგიძლიათ მოეშვათ -თამაში შედგა, ოქროს გასაღები ნაპოვნია. ახლა გამოთქვან და დაიცვან საკუთარი შეფასებები, ეკამათონ ერთმანეთს, დაიწუნონ ან მოიწონონ. არ დაივიწყოთ,რომ თქვენც 25 წიგნი გქონდათ წასაკითხი და 26-ე წიგნის  პრეზენტაციაც თქვენზეა. გაითვალისწინეთ,რომ წიგნის პრეზენტაცია გაკვეთილზე არ „მოხდება”. თუ გაკვეთილზე დასწრება და სკოლის წესების მიღება  მოსწავლეების  მოვალეობაა,რომელზედაც ხელი მოწერილი აქვთ პირველი კლასიდან ვიდრე სკოლის დამთავრებამდე,  წიგნის გაკვეთილი მათი უფლება, სურვილი და პასუხისმგებლობაა. ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს,დაახლოებით ამ განწყობით:  „ეს მე არ მითქვამს,შენ თვითონ თქვი!”. მოგეხსენებათ,  იქ სადაც იწყება „ჩემი” და „საკუთარი” , მონდომებაც მეტია და აზრიც უფრო შედეგიანია.  

თამაშის გაცნობისას მოსწავლეები არ შებოჭოთ გამომცდელი შეკითხვებით, მათი არჩევანის შეფასებითა და კონტროლით. სამაგიეროდ, გააცანით თამაშის წესები,  რეჟიმი და ბონუსის შესახებ არ დაივიწყოთ. ჯილდო დაუკავშირეთ  სასწავლო პროცესს და აუცილებლად მიოსწავლის ინტერესების წამახალისებელი უნდა იყოს . ნუ დაგაფრთხობთ,რომ თამაში შედეგზე ორიენტირებული იქნება, ეს არ შეურაცხგყოფთ არც-თქვენ და არც -წიგნს. ბონუსი თავად მოიფიქრეთ. გათვალეთ სათითაოდ ყველა ბავშვზე. ამ თამაშში ხომ  შეიძლება ყველა გამარჯვებული გამოვიდეს-ყველამ წაიკიტხოს 25 წიგნი. ეს საუკეთესო შედეგი იქნება  და თუნდაც, გზადაგზა გამოაკლდნენ მონაწილეები, თამაშის პირობები არ შეცვალოთ – წლის ბოლოს თქვენ თამამად შეგიძლიათ საამურ დასვენებას მიეცეთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს „ბონუსს” და როგორ აგდებს განწყობას დაბალი ხელფასი . მაგრამ, მხოლოდ-წლის ბოლოს, ზაფხულში იფიქრეთ ამაზე.  მთელი წელი ამ კუთხით  ხომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს, პროფესიულმა კავშირმა  და სკოლის ხელმძღვანელობამ. თქვენ მხოლოდ ასწავლიტ სწავლას.   

კითხვა წიგნით დავიწყოთ ?! 

გირჩევთ, პირველ კლასში ასოების სწავლა დავიწყოთ წიგნით. მივბაძოთ იაკობ გოგებაშვილს- ასოების სწავლას ხომ წინადადებით ვიწყებთ ?! 

 წავიტრაბახოთ,რომ როგორც  ქართული ანბანის სწავლა იწყება წინადადებით,ასევე წაკითხვა-წიგნით.  

თითოეულ მოსწავლეს ვაბარებთ,რომ მოიტანოს ან თან ატაროს ერთი ზღაპარი ან ამბავი, რომელსაც ხშირად უკითხავენ უფროსები. კითხვის გაკვეთილისთვის დრო ყოველდღიურად სპეციალურად გამოვყოთ  და იმდღევანდელ ნასწავლ ასოს მოსწავლეები დამოუკიდებლად მოძებნიან და ფანქრით მონიშნავენ.  შემდეგ ჩამოიარეთ და შვიდივე შეამოწმეთ, შეაქეთ, აღნიშნეთ. ამასობაში, წლის განმავლობაში  წიგნიც „შემოეკითხებათ”.
დავალებები წიგნის შესახებ?!

 კარგია, რომ წიგნის შესახებ ნებისმიერ კლასში ასაკთან შესაბამისი დავალება  მივცეთ მოსწავლეებს. მაგალითად, რომ  აღწერონ სახლის ბიბლიოთეკის ერთი თარო,ან  მოძებნონ გადაშლილი წიგნი საკუთარ სახლში,დაინტერესდნენ რა წიგნია და ვინ კითხულობს, ან საკუთარი ბიბლიოთეკიდან  ერთი წიგნის შესახებ ისაუბრონ, ან თვალი შეავლონ რას კითხულობენ ბებია-ბაბუები, ან გაიხსენონ პირველი წიგნი,რომელიც დედამ წაუკითხა,ან დაწერონ რას წაუკითხვენ  შვილს , ან მიეცით ლინკი და ვირტუალურად იმოგზაურონ მსოფლიოს ცნობილ ბიბლიოთეკებში, ან ესტუმრონ წიგნის მაღაზიას …  და სხვა ათასი რამ.

მასწავლებლის და მოსწავლის საქმიანი სისტემატურობა, სტაბილური დამოკიდებულება  წიგნთან  ყოველთვის შედეგიანია და თუ დამიჯერებთ- ეს ისაა, როცა ძალა აღმართს მოხნავს.

პირველი საკონფერენციო თემა

0
თვალდახუჭული ბუტბუტებდა, ბუხრის კუთხიდან ნახშირს აიღებდა და შუბლზე ჯვარს გამომსახავდა. ამთქნარებდა და ამთქნარებდა. „ნათვალავიაო”, – ბუტბუტით ამოაყოლებდა. მის კალთაში გატრუნული, მეც ვამთქნარებდი. ავი თვალის ძალას ეს გაბმული მთქნარებაც ადასტურებდა. ბუხარში ნაკვერჩხლები ტკაცუნობდა (ჰო, ზამთარი იდგა, მახსოვს, ფუმფულა ჯემპერი მეცვა). გვერდით ეწყო შავტარიანი დანა და თასით წყალი. შელოცვას რომ მორჩებოდა, ნახშირს წყლიან თასში ჩააგდებდა, მერე ბუხრის ოთახის ერთადერთ ფანჯარას გამოაღებდა და წყალს გარეთ გადაასხამდა. იქ მისი ვენახი იყო.
ალისასა მალისასა,
შეგილოცავ თვალისასა,
ქალის თვალი გცემდეს,
კაცის თვალი გცემდეს,
ბავშვის თვალი გცემდეს.
რიჟა იყოს, თეთრი იყოს, შავი იყოს.
რა ფერის იყოს,
გამოდი ჩემი შვილიშვილის ტანიდან,
თორემ აგჭრი ანეითა,
შავტარიანი დანეითა,
ჩაგაგდებ ქვაბსა ვარვარისასა,
მიგცემ ქარსა და ნიავსა.
ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს.
არა, სოფელში ნამდვილად არ უყვართ გამხდარი ბავშვები. ქალაქის ჰაერში გამოკიდებულ ბინაში გაზრდილი გოგოები, რომლებსაც სოფლის სხვა ბავშვებივით ლოყები წითლად არ აქვთ დაბრაწული და არც ხელები უწითლდებათ ზამთარში სიცივისგან. არ უყვართ ასფალტზე გაზრდილი ფერმკრთალი, „ლოყებჩატეტკილი” გოგოები, თუნდაც ეს უკანასკნელნი ძალიან ამაყობდნენ ამ სიფერმკრთალით. არ უყვართ გამხდარი, სისხლძარღვებამობურცული გოგოები – ეგენი შვილებს რას გაზრდიანო, ამბობენ. ალბათ, ამიტომაც გამომილოცავდა ხოლმე, სისხლი და ფერიანობა რომ მომმატებოდა.
ერთ დღეს ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა მანაგაძემ მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ იმ წელს საკონფერენციო თემას დავწერდი და კონფერენციაში მონაწილეობას მივიღებდი. მეშვიდეკლასელისთვის ეს წინადადება ცოტა შემაშფოთებლად ჟღერდა, მაგრამ ერთი სასიამოვნო და განსაკუთრებული შეგრძნებაც ახლდა თან – ეს იყო ნდობის გამოცხადება, რომელმაც ყველა შიში და მღელვარება უცებ გადაფარა.
მალე თემაც მოვიფიქრე: ძველი შელოცვები და ცრურწმენები. იდეალური გზამკვლევი ცოცხალი მყავდა – ბებია, რომელიც ნათვალევის, შეშინებულისა და გულის ლოცვებს მიკითხავდა. უნაზესთმიანი შამანი თავისი გამოლოცვებით. მისი ჩუმი ბუტბუტი სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ბავშვობის ყველაზე კეთილ მელოდიად დარჩება. ის ჩვენი ჯადოქარი იყო გადიდის მაღალი მთებიდან, სადაც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ აუცილებლად წავალ.
ჩემი საკონფერენციო თემა თორმეტფურცლიან მწვანე რვეულში მოთავსდა. ეს რვეული დროდადრო იკარგებოდა, მერე ვპოულობდი და ვინახავდი სხვა სასკოლო რვეულებთან ერთად, მაგრამ, მგონი, საბოლოოდ გაუჩინარდა. ჩემს ცუდ მეხსიერებას შემორჩა ცრურწმენები, რომელთა მიმართ ბებია დიდ პრინციპულობას იჩენდა:
 
ცოცხი მაღლა არ ააყუდო – ჩხუბი იცის!
მაგიდაზე არ დაჯდე – ავადმყოფობა იცის!
კარი არ გაიჯახუნო, თუ გაიჯახუნებ, მობრუნდი და ბოდიში მოუხადე!
კარაპინაზე არ დაჯდე – სიღარიბე იცის!
მარცხენა ხელისგული მოგეფხანა? – ფული იცის.
მარჯვენა მოგეფხანა? – ფულს გასცემ.
ცხვირი მოგეფხანა? – მოსასწრაფია.
ჩიტი ჭიკჭიკებს ფანჯარასთან? – ახალ ამბავს გაიგებ.
შენს პირს შაქარი ჩიტო, შენს პირს შაქარი.
ჩიტები დაბლა დაფრინავენ? – გაავდრდება.
მარჯვენა თვალი თუ გიციმციმებს, არ თქვა – უბედურება იცის.
წარბი თუ გეფხანება – მოსასწრაფია. ვიღაცა მოვა.
ღამით ძაღლები თუ ყმუიან – სიკვდილს გაიგებ…
ორშაბათს თავი არ დაიბანო. ორშაბათს თმა არ გაიშალო. ორშაბათს ფრჩხილები არ დაიჭრა!
ცუდი სიზმარი დაგესიზმრა? – უბრად გადი ეზოში, თავზე შემოივლე ეს სიზმარი და წყალს გაატანე.
შეგეშინდა? – სამჯერ მოსვი წყალი.
დაბანის დროს ფეხები ერთმანეთს არ გაუსვა, დედა მოგიკვდება.
მარილი ხელში არ მიაწოდო – ჩხუბი იცის.
პილპილი ხელში არ მიაწოდო – ჩხუბი იცის.
მარილი თუ დაგებნა, ჩხუბი იცის. ადექი და წყალი დაასხი.
მიცვალებულს სახეზე არ შეხედო – ქორწილის დღეს სახე გაგიშავდება.
ქათმის კუჭები არ შეჭამო – ქორწილის დღეს სახე გაგიშავდება.
სახლში ქოლგა არ გაშალო – შენი ქორწილის დღეს გაწვიმდება.
კიბის მესამე საფეხურიდან არ გადახტე, დედათა წესი შეგიწყდება.
უზმოზე არსად გახვიდე, თვალი გეცემა.
მურაბის ხარშვის დროს „ის” თუ გაქვს, ქვაბში არ ჩაიხედო – ქილები ავარდება.
ნახევარმთვარეა და მოხუფულებს აააგდებს.
ბოლოჭამიები ორსულ ქალს შეაჭრევინე.
ქათმებმა ნაადრევად დაიბუდეს? – ამინდი შეიცვლება.
გაჭყლეტილი ბაყაყი ნახე? – გაწვიმდება.
შეგეშინდა? – სამჯერ გადააფურთხე და სამჯერ თქვი: „ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს!”
გაცხელებულზე უცებ არ გაიხადო – დაგგრილავს.
გახურებულზე ცივი წყალი უცებ არ დალიო, ცოტა შეისვენე.
კატამ გადაგირბინა? – სხვა გზით წადი.
 
მათთან ისე ახლოს იყვნენ წმინდანები, თითქოს ღვთისმშობელსა და ანგელოზებს მათ ორღობეში ჩამოევლოთ. ისინი ისე ახლოს იყვნენ ბუნებასთან, მთელი მისი ასავალ-დასავალი იცოდნენ, ტანით გრძნობდნენ ამინდის ცვლილებას. მათი ლოცვები ისეთი უბრალო და მეგობრული იყო, თითქოს წმინდანებს და ანგელოზებს კი არა, საყვარელ ადამიანებს ელაპარაკებოდნენ. უზღვავ ცოდნას დაატარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უსწავლიათ სკოლაში, არ დაუმთავრებიათ კოლეჯები და უნივერსიტეტები. თითქოს არც ამ მიწისანი ყოფილან, თითქოს სულ სხვა კალენდრის მიხედვით ცხოვრობდნენ. მთვარის კალენდრის მიხედვით ხომ თესავდნენ ბოსტანში ბოსტნეულს და მწვანილს, ყანასაც ხომ ამ კალენდრის მიხედვით მარგლავდნენ. მთელი მათი ცხოვრება და საქმიანობა მჭიდრო კავშირში იყო ბუნებასთან. ბებიის გარდაცვალების შემდეგ კი ეს კავშირი ნელ-ნელა დაირღვა. აღარავინ დარჩა ამ ურთიერთობის გამგრძელებელი.
ეს ნათელი მისტერიები ისე ცხადად შემორჩა ჩემს გონებას, თითქოს ნამდვილად მენახოს, როგორ გადმოდიოდა შავი კლდიდან შავი კაცი შავი თოფით, შავი ნაბდით და შავტარიანი დანით კლავდა წითელ გველს. მენახოს მჯდომარე ღვთისმშობელი, რომელიც „ქსელსა ქსოვდა ძოძეულსა”.
თუ ბავშვობა ნამდვილად ტკბილი მოგონებების ზარდახშაა, მაშინ თქვენც აუცილებლად იპოვით იქ ისეთ ნაპერწკლებს, რომელთა მსგავსსაც, საბუხრეში თავშეყოფილი, მზერას არ აშორებდით, სანამ ბოლომდე არ მიიკარგებოდა. თქვენც გეყოლებოდათ ბებია, რომელიც უშუქობის ხანს ბუხართან მჯდომი, ჭრაქის შუქზე ტკბილ-ტკბილ შელოცვებს ჩაგჩურჩულებდათ: „აშინა მაშინა, გულო, რამ შეგაშინა”, „ჩემს შორენას გეეყარე, ვინცხა სხვა შორენას შეეყარე”, ჭინკობისთვეს კი ჭინკებით გაშინებდათ და მკაცრად გაფრთხილებდათ, თუ ჭინკამ დაგიძახა, ხმა არ გასცეო. თქვენც ამაოდ ელოდით ნოემბრის ღამეებში ჭინკის ძახილს. იპოვით შეღამებულზე სახლის წინ ჩამომსხდარ მოხუცებს და მათ გულითად საუბრებს. მაგიდის ქვეშ გაძრომაზე ნარდისა და დომინოს მოთამაშე მეზობელ კაცებს – ასეთი სანაძლეოც იდებოდა. ძალიან კეთილი იყო ეს ამბები. კოლორიტული და მხიარული. ნამდვილი იმერული ესკიზები.
ეს მოგონებათა ზარდახშა ფერადი და მხიარული ამბებითაა სავსე. აქ მრავლადაა წითელი ლენტებით მორთული ბუჩქები, სადაც ბატონები გადააბრძანეს. ბატონები ხომ ძალიან სერიოზული სტუმრები იყვნენ, მთელი ოჯახი ფეხაკრეფით დადიოდა მათ წინაშე. ბატონები რომ მობრძანდებოდნენ, ავადმყოფის ოთახი ხასხასა წითლით ირთვებოდა. წითელი ფარდები, წითელი თეთრეული, წითელი ჩაის ტილო. ბატონებიანი ავადმყოფის გაბრაზება ხომ არაფრით არ შეიძლებოდა, ყველა მისი სურვილი უნდა აესრულებინათ. დღემდე გული მწყდება, რომ თავად არასდროს მწვევია ბატონები ისეთ ცნობიერ ასაკში, რომ მთელი ამ წარმოდგენის მთავარი გმირი გავმხდარიყავი.
ეს წერილი ყველასთვისაა, განსაკუთრებით კი პედაგოგებისთვის, რომელთაც სურთ, საყვარელ მოსწავლეებს ასწავლონ წერა, ასწავლონ მნიშვნელოვანი ამბების შემჩნევა და ასეთ თემებზე რეფლექსია. მანამდე კი, სანამ მოსწავლეები წერის ტექნიკას დაეუფლებიან და ზოგადსაკაცობრიო თემებზე ფიქრს შეუდგებიან, იქნებ ჯობდეს, ვასწავლოთ დაკვირვება თავიანთ ყოველდღიურობაზე, ვასწავლოთ ამ ყოველდღიურობაში საინტერესო სიახლეების აღმოჩენა. ვთხოვოთ, მოგვიყვნენ მშობლებზე, ბებიებსა და ბაბუებზე, მეგობრებსა და და საყვარელ თამაშებზე, ან იმ წიგნებზე, რომლებიც შინ აქვთ. ეს გაცილებით მარტივია და ბუნებრივი.
 
პ.ს. ჩემმა სასკოლო საკონფერენციო თემამ მაშინ გაიმარჯვა. მერე გამარჯვებულები დაჯილდოებაზე მიგვიწვიეს და სიგელები გადმოგვცეს. ეს იყო და ეს.

 

რა არის ვიზუალიზაცია, ანუ რატომ უნდა იფიქროთ სახეებით?

0

„როდესაც იდეა მიჩნდება, მაშინვე ვიწყებ მის განვითარებას წარმოსახვაში: ვცვლი კონსტრუქციას, ვაუმჯობესებ და აზრობრივად მომყავს მექანიზმი მოძრაობაში. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, აზრებში ვმართავ ჩემს ტურბინას თუ სახელოსნოში… ასეთ ვითარებაში შემიძლია, სწრაფად განვავითარო და სრულვყო კონცეფცია ისე, რომ არაფერს შევეხო…”

ნიკოლა ტესლა, „My Inventions”
ადამიანის სხეული მექანიზმია, ოღონდ ცოცხალი მექანიზმი. ამ რთული სისტემის მუშაობის ცოდნა საშუალებას გვაძლევს, ის ვმართოთ. რაც უფრო ღრმად ვეცნობით და ვსწავლობთ, მით უფრო ეფექტური ხდება მართვის შედეგები.

ცოტა უცნაური სიტუაციაა: უკვე ორი ვართ: ერთი, ვინც სწავლობს და მეორე: ვისაც სწავლობს… შეიძლება, მესამეც გამოჩნდეს, უფრო სწორად, ის სულ ჩანს და ის მთავარია: ის, ვინც აკვირდება იმას, ვინც სწავლობს და იმას, რომელსაც სწავლობს…

სად ვართ ჩვენ… რომელი ვართ…?

ლოსევი წერს: თუ სული ჩემი – მხოლოდ „ჩემია” და არა მე თვითონ… მაშინ სად ვარ „მე”?

დავაკვირდეთ იმ კუთვნილებით ნაცვალსახელს, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ ვიყენებთ: ჩემი სული… ჩემი ხელი, ჩემი ნაწერი, ჩემი ფიქრები, ჩემი აზრები…. ეს ყველაფერი მე „მეკუთვნის”, ანუ: არცერთი მათგანი „მე” არ ვარ „თავად”… უბრალოდ, მეკუთვნის…

როგორც სადენები არ არის დენი, არამედ მხოლოდ გამტარია, ასევე არ არის ადამიანის სხეული სული, ისიც – გამტარია…

„მე” იმყოფება დაბადების, სიკვდილის და ცხოვრების მიღმა… (ლოსევი). არა მგონია, ამ განმარტებამ შვება მოგვიტანოს…

მოკლედ, ჩვენ (პირველი) ვსწავლობთ ჩვენს (მეორე) მექანიზმს და ის (მესამე) სულ გვაკვირდება…

ახლა ჩვენში იმ ადამიანს დავუბრუნდეთ, რომელიც ფიქრობს, ქმნის, წარმოიდგენს, წარმოისახავს… ანუ: სურვილებს აქცევს ფორმებად, „ფილმად”. ვიზუალიზაცია სწორედ ეს არის: წარმოსახვაში სასურველი რეალობის დანახვა სახეებით. ეს ჩვენი ყოველდღიური არსებობაა, არაფერია ახალი… ახალი ის არის, რომ ჩვენ ვიწყებთ მის შესწავლას და ამ სისტემის შესწავლით და გამოყენებით უფრო საინტერესოს გავხდით ჩვენს ცხოვრებას.

ვიზუალიზაციის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი. როდესაც ჩვენი აზრები ხშირად მეორდება ცნობიერში, ამის შემდეგ ის პირდაპირ გადაედინება არაცნობიერში, არაცნობიერი მას იღებს, როგორც ჭეშმარიტებას და ქმნის ყველა პირობას, რომ ის გამოვლინდეს, მატერიალიზდეს რეალურ ცხოვრებაში… საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ტვინი ვერ არჩევს, არ შეუძლია ზღვრის გავლება რეალურსა და წარმოსახულ მოვლენებს შორის.

როდესაც ადამიანი პერიოდულად ფიქრობს ერთსა და იმავე მოვლენაზე და, ამავე დროს, წარმოიდგენს მას, რაც შეიძლება მკაფიოდ, არაცნობიერი ზღაპრული ჯინივით იწყებს მის შესრულებას.

არაცნობიერი – ჩვენი ყველაზე ერთგული მეგობარია, ის – ყოვლისშემძლეა; ის უსმენს ჩვენს აზრებს, დაუყოვნებლივ გამოაქვს დასკვნები, იწყებს გზების ძიებას სასურველის მისაღწევად, მაგრამ არსებობს ერთი პირობა, მისი ენა განსაკუთრებულია… მას მხოლოდ ვიზუალური, „სახეების” ენა, ესმის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალიზაცია… ანუ მკაფიოდ წარმოსახვა იმისა, რაც გსურთ… მაგრამ მხოლოდ წარმოსახვა არაფერია, თუ მას არ ახლავს შესაბამისი კინესთეტიკური განცდები, შეგრძნებები, ანუ ის უნდა იყოს ემოციური, მხოლოდ ეს ანიჭებს ვიზუალურ სახეებს ძალას… ამ გზით წარმოსახული ღრმად იჭრება ჩვენში… შესაძლოა, რომ ამ პროცესს სასიამოვნო მუსიკაც ახლდეს თან.

ახლა შეგიძლიათ, რომ თქვენი ცნობიერების „რევიზია” ჩაატაროთ: რაზე ფიქრობთ ხშირად, რას წარმოისახავთ? რომელი სახეებია თქვენს ცნობიერებაში რეგისტრირებული და ნამდვილად გსურთ თუ არა მათი „ახდენა”? ადამიანები ძალიან ხშირად ფიქრობენ იმაზე, რაც არ სურთ, ატარებენ ნეგატიურ წარმოდგენებს და ამით ნიშანს აძლევენ არაცნობიერს, რომ იმოქმედოს… მერე უკვირთ, რატომ „ახდა” ის, რაც არ სურდათ, მაგრამ რაზეც ბევრს ფიქრობდნენ.

კარგი იქნება, თუ აირჩევთ აზრის გამოხატვის პოზიტიურ ვერსიას და კონცნტრირდებით სასურველზე და არა იმაზე, რაც არ გსურთ… ადამიანი ის არის, რაზეც ფიქრობს, რაზეც საუბრობს, რა წარმოდგენებსაც ატარებს… ვისაც ფიქრის შეცვლა შეუძლია, მას შეუძლია სამყაროს შეცვლაც… ბრმა ბედისწერას ჩვენი უმოქმედობა და ავტომატიზმი ქმნის…

ვიზუალიზაცია, როგორც განსაკუთრებული სემიოტიკური ენა, შეგვიძლია ბევრი მეთოდით განვუვითაროთ მოსწავლეებს… მაგალითად, მოასმენინეთ კლასიკური მუსიკა და თხოვეთ, რომ გაახმოვანონ, რასაც წარმოისახავენ… ერთი სემიოტიკური სისტემიდან მეორე სემიოტიკურ სისტემაში „გადასვლა” შემოქმედებითი პროცესიც არის, საინტერესოც და მოსწავლეთა უნარების გამოვლენაც ასე უფრო მოხერხდება… მუსიკა შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგალითად, ბეთჰოვენის „მთვარის სონატა”:

საინტერესო იქნება იმაზე დაკვირვებაც: რომელი ემოცია იქნება დომინანტი ტექსტებით გადმოცემულ შინაარსებში: სევდა, სიხარული, შიში, ბედნიერება….?
ნიკოლა ტესლა ადამიანის ევოლუციაში უპირველეს მნიშვნელობას გამომგონებლობას ანიჭებდა, რადგან თლიდა, რომ ეს იყო შემოქმედებითი აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი. ადამიანის განვითარების უზენაეს მიზნად მას მიაჩნდა მატერიალურ სამყაროზე ცნობიერების სრული დიქტატი. თავისი ყველა აღმოჩენა ტესლას ვიზუალური აზროვნების წყალობით აქვს გაკეთებული… ბევრმა მეცნიერმა აზროვნების ამ ტიპის წყალობით შეცვალა სამყარო…

აინშტაინიც ყოველთვის სახეებით ფიქრობდა და არა სიტყვებით ან მათემატიკური სიმბოლოებით… ხოლო ტესლას წარმოსახვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ხელშესახებად ხედავდა ყველაფერს… ტესლას სტრატეგიას ჰგავს მოცარტის სტრატეგია, რომელიც ამბობდა, რომ მუსიკას ჯერ გონებაში ქმნიდა და მერე გადმოჰქონდა ქაღალდზე, უკვე დასრულებული…

რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ ამ გენიოსთა აზროვნების წესი? ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტები თვლიან, რომ ამ სტრატეგიების ცოდნით ბავშვებში ძლიერდება ვიზუალური აზროვნება და ამიტომ ეს უნარები მათ სკოლიდანვე უნდა გამოვუმუშავოთ, შევაჩვიოთ სახეებით აზროვნებას…

როდესაც ბავშვები მშობლებს გამოგონილ ამბებს უყვებიან და როდესაც მშობლებს ეს ამბები არ მოსწონთ, ისინი ეუბნებიან: რომ ეს მათი ფანტაზიაა, ან რომ ეს ცუდი მოგონებაა და მალე გაივლის და ცდილობენ, რაც შეიძლება, დაუთრგუნონ მათ ასეთი ფანტაზიები და „გადმორთონ” რეალურ ცხოვრებაზე.

ტესლას ასეთ დროს სხვა მეთოდი ჰქონდა… როდესაც რაიმე წარმოსახვა აეკვიატებოდა (და გენიოსს ასეთი ბევრი ჰქონდა) და თავიდან ვერ იშორებდა, კი არ თრგუნავდა, იწყებდა ამ წარმოსახვის მართვას და უძებნიდა ისეთ განვითარებას, როგორიც მას სურდა… ვფიქრობ, ეს სტრატეგია ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შეაჩვევს, მართონ წარმოსახვები და შემდგომში არა მხოლოდ წარმოსახვები, არამედ საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება.

წარმოსახვის უნარის განსაკუთრებულობაზეა ერთი თანამედროვე ესპანელი მწერლის, ხუან მარსეს, პატარა მოთხრობა („უჟანგავი ფოლადის ავტომობილი”), რომელსაც ასეთ შემთხვევაში ხშირად ვიმოწმებ. მოთხრობაში სულ ორი პერსონაჟია: ძლევამოსილი ფინანსისტი და ღარიბი ბიჭუნა. შემთხვევითობის წყალობით, მათი გზები გადაიკვეთება და მოწყენილი ნავთობის მაგნატი ღარიბი ბიჭუნასაგან ისეთ რამეს გაიგებს და ისწავლის, რაზეც მანამდე არასდროს უფიქრია… ბიჭუნა მას აზიარებს ნამდვილ მისტიკას და პირველად 50 წლის განმავლობაში სინიორ ალკონი სამსახურში არ მიდის… რაღაც მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რამაც ჩვეული ავტომატური რეჟიმიდან ამოაგდო… მოკლედ, ბიჭუნას დაჟინებულობით და ძლიერი წარმოსახვით მან შეიძინა მანქანა, რომელიც არ არსებობდა და რომლის დანახვაც მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, როცა გადაწყვიტა, შეეძინა ბიჭუნას შეთავაზებული არარსებული ლინკოლმ -კონტინენტალი.

პ.ს. სწორედ ასეთ შემთხვევებზე ამბობს ტესლა: რომ ცნობიერება ბატონობს საგნებზე…

ცვლილების მნიშვნელობა და ერთი უპრეცედენტო საბავშვო პროექტი

0

ჰაერივით საჭირო ცვლილებები

დიდი ხანია მინდა დავწერო ცვლილებების საჭიროებაზე იმ სფეროში, რომელსაც ქართული პედაგოგიკა ჰქვია და გამიხარდა, როცა წავიკითხე ჩვენი თანამედროვე ნორვეგიელი ფსიქოლოგიის პროფესორის, ესპენ რეისამბის დასკვნა ცვლილების, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. მეცნიერის მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევებით დასტურდება, რომ ცვლილება თავისთავად ყოველთვის პოზიტიური მოვლენაა და ის წარმატებული სოციალური ურთიერთობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან, პედაგოგიკის სფეროში განსახორციელებელი ცვლილებები უნდა შეეხოს საშინაო და საზოგადო აღზრდის საკითხებს. ფაქტია, აღმზრდელობით საკითხებში სკოლას ოჯახს და ზოგადად საზოგადოებას როგორც არასდროს, ისე სჭირდება ცვლილებები. საჭიროა, ხმამაღლა ითქვას, რომ დღევანდელ მასწავლებელს სჭირდება დამოკიდებულებების შეცვლა, ისევე, როგორც თანამედროვე დედას, რაც საბჭოთა ეპოქაში აღზრდილი ადამიანებისა და მათ მიერ აღზრდილი მემკვიდრეების ცნობიერებისათვის ძნელად მისაღები ტრანსფორმაციაა. დღესაც სკოლების მასწავლებელთა და მშობელთა უმრავლესობას სწორედ ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც შინაგანად დასჯისა და წახალისების ძველი მოდელის მომხრენი უფრო არიან, ვიდრე საკუთარ პედაგოგიურ-აღმზრდელობით მიდგომებში ნებისმიერი პრინციპული, ახალ ღირებულებებზე ორიენტირებული ცვლილების შეტანისა.

ვფიქრობ, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული ყოფითი და პედაგოგიური დამოკიდებულებები არაფრით შეცვლილა (არც ზედაპირულად და არც ძირეულად) უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. სერიოზული ცვლილება, ჩემი აზრით, იმიტომ არ ჩანს, რომ არ გვაქვს შინაგანი მზაობა სიახლის მისაღებად.
დედებს უჭირთ სიყვარულის გაცემა

სამი შვილი მყავს. ყოველდღე მიწევს სკოლასა და ბაღთან ურთიერთობა. ვხედავ, როგორ ვეპყრობით მშობლები შვილებს, მასწავლებლები – მშობლებს, აღმზრდელები – აღსაზრდელებს. ამ ფონზე მე, როგორც დედა, ყოველ წამს ვცდილობ იმ მავნე აღმზრდელობითი ჩვევების მოცილებასა და საკუთარი თავიდან განდევნას, რომელიც შეუთავსებელია დედის ფენომენთან. ეს მძიმე პროცესია და დიდი თევზის გასუფთავებას ჰგავს. ყველა დედას მინდა ვუთხრა, რომ შევცვალოთ საკუთარი თავი. ვცადოთ ბავშვის ტყავში შეძრომა და მისი გადმოსახედიდან ყურება. ეს ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. სხვანაირად, ცვლილება არ მოხდება, არ მოხდება განვითარება, სანატრელი ევროპული ღირებულებების დამკვიდრება.

უამრავ წვრილმან ყოფით სიტუაციაზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ დედებს სიყვარულის გაცემა გვიჭირს. დედებმა სიყვარულის გაცემა უნდა ვისწავლოთ! თითქოს ბანალური, მაგრამ აუცილებელი მოწოდებაა, რადგან ყველა ადამიანს ეხება, და რაც ბევრს ეხება, ის მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი. ჩემწილად, აღზრდაში დაშვებული შეცდომების ანაზღაურებას შვილების მოსმენით და გაგებით ვიწყებ…

ფული და ბავშვების განათლება

ეს საკითხი, ალბათ, დღევანდელი ეკონომიკის ყველაზე მტკივნეული სფეროა. საკმარისი ფული თუ არ გაქვს, ბავშვს (მარტივად, სიმძაფრის გარეშე რომ ვთქვათ) ბევრი რამ მოაკლდება, მათ შორის, ყველაზე აუცილებელი – განათლების მიღების შესაძლებლობა…

ამ ფონზე უპრეცედენტო და დაუჯერებელია ის პროექტი, რომელსაც „მწერალთა სახლი” მიმდინარე წლის თებერვლიდან აქტიურად ახორციელებს: მისი დირექტორის, ნატა ლომოურისა და საბავშვო პოეტის, ვასილ გულეურის, ძალისხმევით ყოველ შაბათს ტარდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები. გარდა იმისა, რომ ბავშვები სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ინფორმაციას იღებენ, მათთვის საინტერესო ფორმით ერთვებიან შემეცნებით აქტივობებში:

·ისმენენ ლექციებს;
·მონაწილეობენ სემინარებში;
·კითხულობენ ზღაპრებსა და ლექსებს;
·დეკლამატორობენ;
·ხვდებიან და ესაუბრებიან საბავშვო ავტორებს;
·ხატავენ.

ამ ყველაფრის გამო, ყოველ შაბათს მოსწავლეები მწერალთა სახლში სიამოვნებით დადიან. მოკლედ, ეს ჩვეულებრივი, ბავშვების ინტერესებზე ორიენტირებული თავისუფალი ურთიერთობებია, რაშიც არაჩვეულებრივია ის, რომ მშობლები ფულს არაფერში იხდიან: არც ფართში, არც ლექციებში, არც ინვენტარსა და სასწავლო ნივთებში. კიდევ ისაა სასიამოვნო, რომ ამ ყველაფრის ინიციატორი მწერალთა სახლია.

ყოველ შაბათს მწერალთა სახლში მიმდინარე ეს ამბავი, ვფიქრობ, ასე სასურველი ისეთი ცვლილების ნიმუშია, რომელიც თანდათან შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებასაც იმ საკითხის მიმართ, რომ აუცილებლად უნდა გადაიხადო, რათა შვილს საუკეთესო მისცე.

მე დავინახე ეს ცვლილება და ამიტომ დავწერე. როცა ვასილ გულეური ამ შეხვედრებს უძღვება, მას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად ხომ მასწავლებლებიც ესწრებიან?! რა თქმა უნდა…

ამგვარად, მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ცვლილებები აღზრდის სფეროში და, უპირველესად, ცვლილებები ჩვენს დამოკიდებულებებში შევიტანოთ.

პოეტური გადაძახილი: ყივჩაღის პაემანი კარმენთან

0
გიორგი ლეონიძე პოეზიის მასკარადზე ხშირად ყივჩაღის ნიღბით ცხადდებოდა. საუკუნეთა სიღრმიდან გამოხმობილი გადამთიელის სახე უცნაური ძალით იზიდავდა, ხიბლავდა, ატყვევებდა, აჯადოებდა. ეს ნიღაბი უხდებოდა კიდევაც, საუკეთესოდ გამოხატავდა მის არსებაში ჩაბუდებულ სტიქიურ, ველურ, დაუმორჩილებელ, ვერმოხელთებულ ძალას:

„თეთრ ვარდებს დავეშურე ყივჩაღური ლირიკით, / მოდიოდა სახელი ნაოჭების ბილიკით!”

სწორედ ყივჩაღის სახის ქვეშ ვლინდებოდა მისი „სხვა მე”, ჩვეულებისამებრ, დაფარული, მიყუჩებული, მინავლებული. შეიძლება ეთქვა, რომ ყივჩაღი თვითონ არ ასვენებდა, მიიხმობდა და მანამ არ მოეშვებოდა, სანამ მასთან შერწყმას არ დათანხმდებოდა, სანამ არ მისცემდა საშუალებას, გაცოცხლებულიყო მისი გზით. ამ შემთხვევაში, პოეტი მედიუმივით ატარებდა თავის არსებაში ყივჩაღს და ლექსში შემოჰყავდა ცოცხალი, ატეხილი, ვნებადაუოკებელი.

პოეტი ახალგაზრდობიდან მოყოლებული სიბერემდე ვერ შეელია ამ სახეს და ასაკოვანიც ისევე ერგებოდა ამ ნიღაბს, როგორც ყმაწვილობისას, რადგან ყივჩაღი მისი სულის ორეული იყო, სულისა, რომლისთვისაც უცხოა დროის ცვალებადობა. პოეტმა თავისი პორტრეტიც სწორედ ამ ნიღბით წარმოაჩინა. ჯერ უზარმაზარი მთები გამოკვეთა, როგორც „ბუმბერაზთა საშინელი მხედრობა” („მთებში”), მერე საკუთარი სახეც დახატა, რომელიც „ყივჩაღურებ ჩაჰყურებდა” გაპობილ ნაპრალებს. „ყივჩაღური ყურება” მისთვის იმგვარი ხატი იყო, რომელსაც ვერანაირი სხვა სიტყვა ვერ ჩაენაცვლებოდა. ამგვარი მზერა იტევდა თავისუფალი ადამიანის ყოველგვარ განცდას, უპირველესად კი, დაუმორჩილებლობას: „თუ ხარ მონა, აქ არავინ გენდობა”.

პოეტი გულგრილად ვერ „ჩაუვლიდა” ვერც „ყურღანებს”, რადგან იქ ეგულებოდა ჩაძინებული ყივჩაღები, თავქვეშ თოქალთოები რომ ეგოთ. ხატავდა მათ სიზმრებში აჭიხვინებულ ცხენებს და წუხდა:

„როგორ გატორეს ერთხელ ტრამალი, 
როგორ ამტვრევდნენ გულის ფიცარსა, 
მაგრამ ვერ ნახეს ქვეყნად წამალი
და გამწარებით ხრავენ მიწასა” („ყივჩაღური ღამე”).

იდიომატური „მიწის ხვრა” აქ შინაარსის საზღვრებს იფართოებს და მკითხველს ჩაესმის მძლავრ ყბებში მოქნეული მიწის ხრაშახრუში. არა, ასეთნი მიწაში დიდხანს ვერ გაძლებენ და პოეტმა მხოლოდ შეაშველა ხელი ერთ-ერთს, ყველაზე გაბედულსა და გამორჩეულს. თუმცა ვიღაცას უკვე დაესწრო და „მუხრანის საზღვართან” ჩასაფრებული ყივჩაღი პოეტურ სამყაროში შემოეყვანა, ლაღი და თავხედი. იმ უსახელოს, მადლიანს არც ენა აკლდა, არც გული და ხელოვნება და არც ღვთის შემწეობა. გულში ჩამწვდომად გამოეთქვა ყივჩაღის ამბავი, თავზე ხელაღებული მოძალადისა, თავის გზაზე მშვიდად მიმავალ ცოლ-ქმარს რომ დაესხა და ქალის წაგვრას ლამობდა.

ხალხური ლექსის ყივჩაღი აღარ დაეხსნა პოეტს, ტყვედ გაიხადა, მის ალტერ- ეგოდ იქცა და „აიძულა” ახალი სიცოცხლე ჩაებერა მისთვის. „ისევ აღვსდექი”, _ იტყვის გიორგი ლეონიძის ხელით „განახლებული” ყივჩაღი და „ყურღანებიდან” გაფრენილ გნოლს გააყოლებს სივრცეს მოწყურებულ თვალებს. მერე კი გაჰყვება აყვავებული თავთუხების ხოდაბუნებში ჩაკარგულ გზას და თავის სისხლს ყაყაჩოებისას შეურევს. მანამდე კი სიყვარული უნდა დაიბადოს, როგორც ბალახი ან მინდვრის ყვავილი გაზაფხულზე, უბრალოდ, ბუნებრივად, თავისთავად, როდესაც ჟამი მოუწევს, როცა „ზაფხული მიწურვილი” იქნება, „ხოხბობის თვეში”. მართალია, ყივჩაღის ბედისწერა დიდი ხანია დაწერილია, მაგრამ იგი მაინც თავისუფალია, რადგან არ გაურბის მას. პირიქით, თქარათქურით აამტვერებს ტრამალებს, მცხეთას „საკეტურებს დაუმტვრევს” და „კელაპტრიან ტაძრებს დალეწავს”. ყივჩაღობა სიყვარულის გზით სიკვდილის დაძლევას ნიშნავს, ამიტომაც გაისმის ასე ზეაწეულად და საზეიმოდ:

''მუზარადიან შენ ქმარს შემოვხვდი, /თავი შუაზე გადამიჩეხა''. 

თითქოს მოწინააღმდეგეს სასიკვდილოდ კი არ დაეჭრას, არამედ გამარჯვებულის დაფნა დაედგას თავზე. მკითხველი ხედავს გადაჩეხილი თავიდან მოთქრიალე სისხლს, მაგრამ შიშისა და ძრწოლის ნაცვლად გამარჯვების სიხარული გადაედება. სიცოცხლე თითქოს კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმოაჩენს თავის მშვენიერებას: „როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები”. სიცოცხლე წვაა, „ხარშვაა”, თუხთუხია. ტრიალებს და ბზრიალებს სამყარო წრეზე, სადაც ყოველი წერტილი ერთდროულად სიკვდილიც არის და სიცოცხლეც. „სატრფოს ელვის ტანი” კვლავ უხმობს ყივჩაღს „ათასი წლის მერეც” და ისიც ისევ აღსდგება „დასალეწად და თავგასაჩეხად”. იგი სატრფოს ვერასოდეს „შეეყრება”, მუდამ გადაეღობებიან და დაჩეხენ, მაგრამ ამით სიყვარულის ცეცხლს უფრო შეაგზნებენ, როგორც გრიგოლ რობაქიძის მოხუცი ხევსური („ენგადი”) ამბობს: „ღვთიურ არს სიყორულ, ხორციელ იგემებ _ მოჰკლავ მას, იწვოდ მხოლოდ”. 

სიზმარსა თუ ცხადში, როცა მთვარე „ხორცით გაივსებოდა _ უნაზესი მუცელი, აბრეშუმის საბუდარს რომ სწყდება” და ქვეყნიერება „მთვარის მორევში” ჩაიძირებოდა, ისევ ამოყვინთავდა რომელიმე ქალი, მერე ყივჩაღს რომ უნდა შეხვედროდა:

„უბნებში გადადიან ცეცხლები ყირამალა 
მღერის ვაჟთა კრებული, 
ყივჩაღურად თამაშობს 
გოგო ჩამკვრივებული”.

ასეთ დროს წლების სიმრავლით დაქანცული სოლომონიც იღვიძებდა და კვლავ მიიხმობდა მიჯნურს. „წლები წარვიდნენ, და შუადღეც თუ მიიწურა, ისევ ვენახში გელოდები, ჩემო სულამით”. 

თუმცა ყივჩაღის მორიგი მოვლენისა და „გაცოცხლებისას” მაინც შედგა გამორჩეული პაემანი. პოეტმა იგი თვით კარმენს შეახვედრა, სიყვარულისთვის თავზე ხელაღებულს. პროსპერ მერიმეს ნოველის („კარმენი”) ცეცხლოვანი და საბედისწერო ქალი ხელოვნების სამყაროში დაუოკებელი ვნების, დაუმორჩილებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ დიდი ხანია უკვე ქცეულიყო. გიორგი ლეონიძისთვისაც კარმენი „ქალი და ხმალი იყო” („კარმენ”), ქარიშხალს ჩამოტეხილი ცეცხლის ნატეხი. „წარბქამანდებით ნაცნობი სახე” მოსვენებას უკარგავდა და სადღაც გულის სიღრმეში აფიქრებინებდა: „შენი ხანჯლური სევდაც ხომ ამხელს, კარმენ, ბასკი ხარ, ვგონებ, ქართველი”. და რადგან ეს „ვერსია” კარმენის ბასკ-ქართველობისა ასე უმტკივნეულოდ შეითხზა წარმოსახვაში, აქედან მწველმა ოცნებამაც გაშალა ფრთები და „ლოგიკურად” გაიდო ხიდი მუხრანისკენ. პოეტმა ყივჩაღის ნაცნობი ნიღაბი კვლავ მოირგო:

„და თუ ასეა… გახსოვს მუხრანი,
დანაყულ ხმალზე სისხლის კურცხალი…
მთვრალი ყივჩაღი გზად მობუღრავე, 
მტვერში ღრიალით დანამუხლარი''.

კარმენის ტოლი და სწორი ხომ მხოლოდ ყივჩაღი შეიძლება ყოფილიყო, რადგან ორივესთვის სიყვარული სიკვდილს ნიშნავდა. ამიტომაც მათი ავისმომასწავებელი შეხვედრა თან იზიდავდა და თან აშინებდა პოეტს:

„ვაი,თუ ავი სიზმარი ახდა,
ტორეადორი დაეცეს მხოლოდ, 
ვაჰ, თუ თავიდან იწყება ახლად, 
ის, რაც გათავდა მუხრანის ბოლოს”. 

ასე გადალახა პოეტმა მხატვრული დროსივრცის საზღვრები და თავისი პოეზიის უზადო სცენაზე ერთმანეთს შეახვედრა ყივჩაღი და კარმენი. 
 

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა დაიწყო

0

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა დაიწყო. ოლიმპიადის პროგრამის მიხედვით, საქართველოს 11 ქალაქში (გორი, თბილისი, ბათუმი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური) 2015 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდება. მასში მონაწილეობას 400-ზე მეტი სკოლა მიიღებს.

ოლიმპიადა შემდეგ სახეობებს მოიცავს:
– მინიფეხბურთი (ვაჟები);
– კალათბურთი (ვაჟები);
– კალათბურთი (გოგონები);
– მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები);
– მძლეოსნობა (შერეული);
– მოძრავი თამაშები (მხიარული სტარტები).
რეგიონალური თამაშები, მარტიდან ივნისის ჩათვლით, ხოლო დასკვნითი ფინალური ეტაპი – 2015 წლის 1-10 ივლისს – ანაკლიის ,,მომავლის ბანაკში” ტარდება. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის წარმატებულ მონაწილეებს, მინიფეხბურთში, 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების პერსპექტივა აქვს, რომელიც ხორვატიაში გაიმართება.
კალათბურთში (3×3) წარმატებულები 2016 წლის ესტონეთის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ. მაგიდის ჩოგბურთში წარმატებულებს – 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ისრაელში, ხოლო კროსში წარმატებულებს – უნგრეთში 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები ელოდებათ. საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სპორტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება VIII-X კლასის მოსწავლეებს აქვთ, ხოლო – მოძრავ თამაშებში – III-VII კლასების მოსწავლეებს.
 
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველმა სკოლის გუნდმა რეგისტრაცია შემდეგი წესით უნდა გაიაროს: ოლიმპიადის პირველ ეტაპზე – მონაწილეობის მსურველი სკოლები სახეობების მიხედვით განაცხადებს სპორტული ოლიმპიადის ადგილობრივ საორგანიზაციო ჯგუფს წარუდგენენ. ოლიმპიადის მეორე ეტაპზე – განაცხადი ცენტრალურ სარეგისტრაციო კომისიას უნდა მიაწოდონ.

23 მარტს ქალაქ გორმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრების ფინალურ ეტაპს უმასპინძლა.
ფინალურ ეტაპზე უშუალოდ დასასწრებად გორს საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი, და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე ეწვივნენ. ისინი მძლეოსნობისა და მხიარული სტარტების შეჯიბრებათა ფინალურ ასპარეზობებს დაესწრნენ და ოლიმპიადის პროგრამის ყველა სახეობაში გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.

მძლეოსნურ ესტაფეტაში პირველი ადგილი დაიკავა გორის II საჯარო სკოლამ, მომდევნო ადგილებზე შესაბამისად I და IV სკოლა გავიდნენ. კალათბურთში ვაჟთა შორის ყველას II სკოლამ აჯობა, გოგონებიდან კი საუკეთესო III სკოლა იყო. ეს სკოლა გახდა მინი ფეხბურთში ვაჟთა შორის გამართული ტურნირის გამარჯვებულიც. მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა შორის საუკეთესო აღმოჩნდა ანა მარიამიძე (გორის ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია), ხოლო ვაჟებში – გიორგი მჭედლიძე (IV სკოლა). ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის გუნდმა მხიარულ სტარტებშიც ყველას აჯობა, მეორე და მესამე ადგილებზე კი გორის VIII და VII საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ.
შეჯიბრების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა და გორის რაიონის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა მიიღეს. სხვადასხვა სახეობებში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები ჩვენი ქვეყნის 11-ვე ქალაქიდან მონაწილეობას გადამწყვეტ შეჯიბრებებში მიიღებენ, რომელიც ანაკლიაში გაიმართება. იქ გამოვლენილი საუკეთესოები კი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებენ, რომელიც ხორვატიაში, უნგრეთში, ესტონეთსა და ისრაელში გაიმართება.
სპორტული ოლიმპიადა წლეულს საქართველოში პირველად იმართება. პროექტი საპილოტეა და გაისად მასში ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის ჩართვა იგეგმება.
ლევან ყიფიანი გორში გამართული შეჯიბრების და გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ, ცენტრალურ სასპორტო სკოლაში ძიუდოისტ ქალთა ნაკრების სავარჯიშო პროცესს დაესწრო. ეს გუნდი მთავარი მწვრთნელის გია თენაძის ხელმძღვანელობით მოსამზადებელ შეკრებას გადის. ბოლოს ბატონმა მინისტრმა ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზიც მოინახულა. შეგახსენებთ, რომ დარბაზის მშენებლობა შარშანდელი წლის მიწურულს დასრულდა. იქ გორელი ფალავნებიც უკვე ვარჯიშობენ, თუმცა მიზეზთა გამო ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შესაბამისი ჭიდაობის სკოლის დაფუძნება, რაც ბუნებრივია პრობლემას უქმნის დარბაზში სრულფასოვან მუშაობას.
როგორც უკვე ვთქვით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები დაგეგმილია ანაკლიის „მომავლის ბანაკში”, სადაც სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, კულტურული და გასართობი სანახაობაც გაიმართება. პროექტის სპონსორია კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო”.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა წელს პირველად იმართება. პროექტი საპილოტეა. მომავალ წელს ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის ჩართვა იგეგმება.

ახალი მოძრაობის დასაწყისი

0

თბილისში ახალ მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის არ გახლავთ. მოძრაობა ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დასახმარებლად და გასაძლიერებლად შეიქმნა. 21-ე საჯარო სკოლის (ყოფილი მეექვსე გიმნაზია) კურსდამთავრებულებმა თავიანთი სასწავლებლის მხარდასაჭერად ახალი ასოციაცია ჩამოაყალიბეს. ევროპასა და ამერიკაში ამგვარი ორგანიზაციების საქმიანობა მრავალწლიან საპატიო ტრადიციად მიიჩნევა, საქართველოში კი ძალიან ცოტა ადამიანი თუ იწუხებს თავს საკუთარ სკოლაზე ზრუნვით.

კურსდამთავრებულებსა და სკოლებს შორის კავშირების მოშლა მრავალი ფაქტორით შეიძლება აიხსნას. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა, კეთილდღეობის დაბალი დონე. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ წლების განმავლობაში სკოლა ერთ-ერთ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებას წარმოადგენდა საქართველოში. სამინისტრო დიდხანს ერიდებოდა სკოლასა და თემს, სკოლასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის არსებული კედლის დანგრევას, გარკვეული ზედამხედველობისა და კონტროლის პირობებში სკოლის კარის შეღებას. ამასთანავე, დღემდე არსებობენ სკოლის მესვეურები, რომელთაც გამჭვირვალობა, საზოგადოებასთან თანამშრომლობა საფრთხედ მიაჩნიათ. ისინი კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობაში მათ მიერვე დაფუძნებული სასკოლო წესრიგის შეცვლის საშიშროებას ხედავენ. შესაბამისად, მათ არ აწყობთ „სტატუს კვოს” შეცვლა და არასახარბიელო სამუშაო პირობებს უქმნიან მოხალისეობის საფუძველზე შექმნილ ასოციაციებს. თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. ადამიანები საკუთარ სასწავლებლებზე იწყებენ ზრუნვას, სკოლები კი დაუსაბუთებელი შიშის გარეშე ხვდებიან საზოგადოებრივ ინიციატივებს.

რას საქმიანობს საჯარო სკოლის მხარდამჭერთა ასოციაცია ???

წარსულში ამგვარი ასოციაციის მიზნები მეც განსხვავებულად წარმომედგინა. მეგონა, რომ მისი მთავარი მისია მხოლოდ შემოწირულობების შეგროვება და სკოლის მატერიალური დახმარება შეიძლებოდა ყოფილიყო. 21-ე სკოლის მხარდამჭერებზე დაკვირვებამ კი ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ცოდნის მიღების შესაძლებლობა მომცა. თურმე, საკუთარი სკოლის დახმარება ჩემნაირ ღარიბ და ჯიბეგაფხეკილ ადამიანებსაც შეუძლიათ.

ასოციაციის „ფეისბუკის” გვერდის დამკვირვებლებმა უკვე აღმოვაჩინეთ, რომ გაერთიანება სამი მთავარი მიმართულებით მუშაობს. უპირველესად, ასოციაციის წარმომადგენლები მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების შექმნაზე ზრუნავენ. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალად ჩამოყალიბებული კურსდამთავრებულები ინტენსიურად სტუმრობენ თავიანთ სასწავლებელს, და საჯარო ლექციებს, სემინარებს, დისკუსიებსა და ფილმის ჩვენებებს აწყობენ.

კურსდამთავრებულთა მეორე ჯგუფი სკოლის პრესტიჟსა და აღიარებაზე ზრუნავს. ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოებრივი კომუნიკაციების საშუალებით მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიაწოდონ ინფორმაცია სკოლის დადებითი მახასიათებლების შესახებ. მომავალში საზოგადოებასთან ურთიერთობებზე მომუშავე ჯგუფის წევრების სოციალური კაპიტალი სკოლისთვის ფინანსური თუ სხვა ტიპის დახმარების მობილიზების წინაპირობაც შეიძლება გახდეს. საჭიროების შემთხვევაში ალბათ ეს ჯგუფი სხვადასხვა სტრუქტურებში სასწავლებლის ინტერესების ლობირებასაც შეეცდება.

მესამე მიმართულება კლასგარეშე საქმიანობის ორგანიზებაზეა ორიენტირებული. ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანები გეგმავენ ექსკურსიებს თავიანთ სამუშაო ადგილებზე (მაგალითად პარლამენტში), ხელს უწყობენ სპორტული, მუსიკალური თუ სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.

მაშასადამე, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში კურსდამთავრებულები თავიანთი სასწავლებლის დახმარებას უკვე ახერხებენ დაწესებულების ინტერესების ლობირებით, ფინანსების მოზიდვის მცდელობით, საგანმანათლებლო რესურსების შექმნითა და კლასგარეშე ღონისძიებების დაგეგმვით. იმედია, რომ ამგვარი მოძრაობა ოდესმე ყველა სკოლაში დაიწყება.

ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისაგან. ჩვენი ქვეყანა ძალიან ღარიბია. საუბედუროდ, საქართველოს პოლიტიკურ ელიტას სხვა პრიორიტეტები აქვს. შესაბამისად, ჩვენი უშუალო დახმარებისა და თანამონაწილეობის გარეშე, მხოლოდ სახელმწიფოს იმედად საქართველოს განათლების სისტემის განვითარება ჯერჯერობით წარმოუდგენელია.

წარმოსახვა და ახალი გამოცდილება რუტინის წინააღმდეგ

0

თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში მნიშვნელოვანია, მივმართოთ ჩვენი ძალები ახალი ტიპის ადამიანის აღსაზრდელად, რომელიც არ იგრძნობს თავს დაკარგულად და უცხოდ, რომელსაც ეს ცვლილებები შთააგონებს, რომელსაც შეეძლება იმპროვიზება, იქნება თავდაჯერებული, გამბედავი, ძლიერი, რათა ღირსეულად და აღტაცებით შეხვდეს ახალ, მისთვის მოულოდნელ სიტუაციებს.

აბრაამ მასლოუ
სწავლების ეფექტური სტრატეგიების შემუშავება, თანამედროვე მეთოდების მოძიება, უშუალოდ სწავლების პროცესში მოსწავლეთა ასაკობრივი, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინება გადამწყვეტი ფაქტორია მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად.

როგორც ცნობილია, სწავლა-სწავლების პროცესში მონაწილე სუბიექტი ჩართულია რეპროდუქციულ საქმიანობაში (წინარე ცოდნას, სხვების გამოცდილებას, უკვე არსებულ სქემებს, მონაცემებს ამუშავებს, აანალიზებს, იმახსოვრებს), მაგრამ თუ ამ პროცესში შემოქმედებითი ასპექტიც არ იქნა გათვალისწინებული, ის უბრალოდ მოსაწყენი, არაეფექტიანი და რუტინული გახდება.

რა შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა შემოქმედებითი უნარების გასააქტიურებლად? არსებობს კონკრეტული სავარჯიშოები და მეთოდები, რომლებიც მოსწავლეს შემოქმედებით მიდგომას ასწავლის თუ ეს მხოლოდ თანდაყოლილი უნარებია?

შევეცდებით, ვუპასუხოთ ამ კითხვებს და რამდენიმე მარტივ და პრაქტიკულ სავარჯიშოსა და სტრატეგიასაც შემოგთავაზებთ.

რობერტ შტენბერგი და უენდი ვილიამსი სტატიაში „კრეატიულობის სწავლება: 24 რჩევა” მიმოიხილავენ კრეატიულობის ინვესტიციის თეორიებს და ასკვნიან, რომ „კრეატიულად მოაზროვნე ადამიანები კარგ ინვესტორებს ჰგვანან: ისინი პროდუქტს „იაფად ყიდულობენ”, მერე კი ძვირად ყიდიან, მაგრამ, ფინანსურ სამყაროში მოქმედი ინვესტორებისგან განსხვავებით, კრეატიული ადამიანები ასე იდეების სამყაროში იქცევიან”.

ეს შედარება საკმაოდ ზუსტია, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე მოცემულობას, სადაც ინოვატორული იდეები და მათი განხორციელების სტრატეგიები საკმაოდ ძვირად ფასობს.

ამავე სტატიაში ავტორები მიუთითებენ: „ჩვენ ხშირად გვგონია, რომ კრეატიული ადამიანები რაღაც იშვიათი და სხვებისთვის მიუწვდომელი შესაძლებლობებით არიან დაჯილდოებულნი, მაგრამ ასე არ არის. კრეატიული ადამიანები ისინი არიან, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს”.
აბრაამ მასლოუს მიხედვით, კრეატიულობა სიახლის შეცნობის, განჭვრეტისა და მიღების უნარია. სწორედ ასეთ დროსაა ადამიანი სრულად ინტეგრირებული გარემოში, რომელშიც არსებობს. ეს სისტემური თვისებაა და, მასლოუსავე ხატოვანი შედარებით, წარმატება-აღიარებასავით არ აცხრება თავს ადამიანს და არც ციებ-ცხელებასავით იპყრობს მას. კრეატიული, შემოქმედებითად განწყობილი ადამიანი შემოქმედების აქტზეა კონცენტრირებული და მიღებულ განათლებას, ცოდნას, გამოცდილებას სრულად, დაუნაწევრებლად იყენებს საქმიანობისას.

ეს ორი მიდგომა სავსებით საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ შემოქმედებითობა, კრეატიულობა ექსტრაორდინარული, მხოლოდ ერთეულებისთვის დამახასიათებელი უნარი არ არის და მისი გამომუშავება სწორად წარმართული სასწავლო პროცესის მეშვეობითაცაა შესაძლებელი. ამრიგად, პასუხი სტატიის შესავალში დასმულ ერთ კითხვაზე – თანდაყოლილია შემოქმედებითობა თუ მისი „შეძენაც” შეიძლება – გაცემულია. გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე.

ზემოთ რუტინა ვახსენეთ. ობიექტურად რომ შევაფასოთ, სწავლების პროცესი მუდმივად ხალისიანი ვერ იქნება.
სწავლა შრომაა, ხშირად – საკმაოდ მძიმე და ერთფეროვანიც.

რამდენად გვაქვს ჩვენ, მოქმედ პედაგოგებს, ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში იმის დრო და საშუალება, რომ ცალკე დრო დავუთმოთ ახალი სტრატეგიების მოძიებას და მათ ჯეროვან დანერგვას? ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტების აზრით, თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი, შეუძლია, არსებული სასწავლო გეგმა, კურიკულუმი და საპროგრამო მასალა უკვე აპრობირებულ მეთოდებზე მორგებით მიაწოდოს მათ.

განვიხილოთ ეს მოსაზრება სასკოლო საგნების მაგალითზე.

სხვადასხვა სახის ტექსტზე მუშაობა მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის შესწავლის დროს უწევთ. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტექსტზე მუშაობა მათთვის მოსაწყენი და ერთფეროვანი კი არა, საინტერესო და სასარგებლოც იყოს?

განათლების ფილოსოფიის, წარმოსახვის მეშვეობით სწავლების კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი კირან იგანი მიიჩნევს, რომ სწავლების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია წარმოსახვის უნარის გააქტიურება. წარმოსახვის უნარის განვითარება მას თეორიული ცოდნის დიდი რაოდენობით მიღებაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, რადგან სწორედ ესაა სწავლების არსი, ამ უნარის გარეშე ვერ იარსებებს ფართო თვალსაწიერი, ვერ მოხდება პიროვნების ჰარმონიული განმვითარება და ვერც ერთი „დიდი და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ახალი აღმოჩენა”.

ამა თუ იმ ტიპის ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე, სასურველია, მასწავლებელმა აღძრას ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ. ამის გაკეთება ერთი ან რამდენიმე ზოგადი კითხვის მეშვეობითაა შესაძლებელი. მეტი სიცხადისა და დროის ეკონომიისთვის, მასწავლებელს შეუძლია, წინასწარ დაამზადოს ბარათები ან დაფაზე ჩამოწეროს კითხვები. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია აუდიტორიაში გაჩენილი აზრების, იდეების, მოსაზრებების უკრიტიკოდ აღნუსხვა. ეს მეთოდი გაააქტიურებს მორიდებულ და პასიურ მოსწავლეებსაც, რომლებიც, როგორც წესი, ერიდებინ საკუთარი მოსაზრების გამოთქმას იმის შიშით, რომ პასუხი არასწორი ან მიუღებელი იქნება (დავალების პირობის გაცნობისას მასწავლებელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დასმულ საკითხებზე გამოთქმულ ნებისმიერ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება!).

გაკვეთილის ძირითადი თემის განხილვისას გზადაგზა თავად მოსწავლეები შეეცდებიან, არგუმენტირებულად დაასაბუთონ დაფაზე არსებული თეზისების მართებულობა ან მცდარობა.

გაკვეთილის ბოლო ნაწილში მასწავლებელი კვლავ მიმართავს წარმოსახვის გასააქტიურებელ მეთოდს და კვლავ კითხვების მეშვეობით შეეცდება სასურველი შედეგების მიღწევას. ამ ეტაპზე შესაძლებელია სიტუაციური ან როლური თამაშების გამოყენებაც.

სთხოვეთ მოსწავლეებს იმ ცხოვრებისეული სიტუაციების პროეცირება, მოფიქრება, მოგონება, სადაც მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოადგებათ. სთხოვეთ მათ გაკვეთილის ილუსტრირება. მაგალითად, დაუსვით ასეთი კითხვა: თქვენ რომ სახელმძღვანელოს ილუსტრატორი იყოთ, ამ თემის შესახებ პარაგრაფისთვის რა ილუსტრაციას მოიფიქრებდით? რას დახატავდით? როგორ? რით? რატომ მაინცდამაინც ამას?

ან როლური თამაშის შემთხვევაში დაავალეთ, თავიანთივე მოფიქრებული სცენარის მიხედვით დადგან მცირე სცენა, სადაც თავადვე იქნებიან მსახიობებიც და რეჟისორებიც.

შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვაც. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეები ინტერესით ამზადებენ 2-3-წუთიან „ვიდეოსიუჟეტებს” მიცემული თემის მიხედვით. ჩანაწერს კი, მათი სურვილის თანახმად, ან ერთად ნახავთ, ან კონფიდენციალურად.

ნებისმიერ ზემოთ აღწერილ შემთხვევაში წამყვან როლს მოტივაციის ამაღლებასა და პროცესის გასაინტერესოებაში სწორედ წარმოსახვა ასრულებს. ზოგ შემთხვევაში მოსწავლე თავს ილუსტრატორად წარმოიდგენს, ზოგ შემთხვევაში – ინოვატორული იდეების შემოქმედად ან რეპორტიორად, რომელსაც საინტერესო რეპორტაჟი აქვს მოსამზადებელი „რედაქტორის” მიერ მიცემულ თემაზე.

ზემოთ უკვე ნახსენებ სტატიაში „კრეატიულობის სწავლება: 24 რჩევა” ავტორთა მიერ შემოთავაზებული 24 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ასეთია: „გაითვალისწინეთ სხვა შეხედულებები”. შტერნბერგი და ვილიამსი მიიჩნევენ, რომ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობას მაქსიმალური სარგებლობა მაშინ მოაქვს, როდესაც „თავს სხვის ადგილას წარმოვიდგენთ… როდესაც თვალსაწიერს იმით ვიფართოებთ, რომ სამყაროს სხვა წერტილიდან დანახვას ვსწავლობთ. ეს გამოცდილება ზრდის კრეატიულ აზროვნებას და წვლილს”.

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება და გამოცდილება კომენტარებში. ეს, ერთი მხრივ, წარმოდგენას შეგვიქმნის თანამედროვე მდგომარეობაზე, მასწავლებელთა დამოკიდებულებაზე სხვადასხვა მეთოდის დანერგვისადმი, მეორე მხრივ კი საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ და გავიზიაროთ სხვების პირადი გამოცდილება.
გამოყენებული ლიტერატურა:

. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება; წარმოსახვითი განათლება, თავი V, რობერტ შტერნბერგი და უენდი მ. ვილიამსი, კრეატიულობის სწავლება: 24 რჩევა, თბილისი, 2012 წ.
. Abraham Harold Maslow THE FARTHER REACHES OF HUMAN NATURE, ელექტრონული რესურსი
. Kieran Egan An Imaginative Approach to Teaching, ელექტრონული რესურსი
. Abraham H. Maslow, The Farther Reaches of Human Nature

ტექნოლოგიები და ინგლისური ენის გაკვეთილი

0
დღეს წარმოუდგენელია სახელმწიფოს წინსვლა და განვითარება ტექნოლოგიების გარეშე. მსოფლიოს თანამედროვე საზოგადოება აქტიურად იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად მოხდეს ისტ-ის სხვადასხვა საშუალების გამოყენება სწავლისა და სწავლების პროცესში. ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, არამედ თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას; ასევე, შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას; ისეთი ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავებას როგორიცაა გაგების, კომუნიკაციისუნარი, ანალიტიკური, სინთეზური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები. ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლოა უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება. შეგვიძლია სასწავლო შინაარსი გავხადოთ უფრო ინტერაქტიური. ისტ-ის სასწავლო პროცესში დანერგვა ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად მიმდინარეობს. 

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს ცოდნა და განუვითაროს ის უნარები და დამოკიდებულება, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მრავალ რეფორმას ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. იგეგმება და ხორციელდება ტრენინგები პედაგოგებისთვის. არსებობს ქართული ინტერნეტ-რესურსები, რომელთა გამოყენება შეუძლიათ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. რაც, თავის მხრივ, უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის სწავლისა და სწავლების პროცესს. როგორც ხედავთ სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. იგი სწავლების ყველა საფეხურს და საგანს ეხება, მათ შორის ინგლისურსაც. ინგლისურის გაკვეთილი უფრო მეტად მიმზიდველი ხდება მოსწავლეებისათვის, როდესაც იგი ინტეგრირებულია ისტ-თან. სხვადასხვა ისტ რესურსის გამოყენება: ვიდეო და აუდიო მასალა, პრეზენტაციები და სხვადასხვა საიტები ონლაინში სამუშაოდ სასურველი შედეგის განმაპირობებელია.

ნიმუშისათვის წარმოგიდგენთ მასალას, რომელიც ასახავს, თუ როგორ უწყობს ხელს ისტ რესურსის გამოყენება მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას. ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეს უვითარდება ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, მართვის, დამუშავების, შეფასების და ანალიზის უნარი. გაგაცნობთ კონკრეტულ აქტივობებს რომლებიც ავითარებენ ზემოთ აღნიშნულ უნარებს.
მე გახლავართ ინგლისური ენის მასწავლებელი ჩემი აქტივობების მიზანი, რომლებიც განვახორციელე მეხუთე კლასში, გახლდათ:

ნამყო განუსაზღვრელი დროის პრაქტიკაში გამოყენება და მოსწავლეებში ტექნოლოგიური და კოლაბორაციული უნარების განვითარება.
მიზანი შესაბამისობაშია ესგ საგნობრივი პროგრამის შედეგებთან და ინდიკატორებთან კერძოდ:

უცხ.დ.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება;

უცხ.დ.III.6. ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება. მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში ნაცნობი სიტყვების მოძიება წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით;

უცხ.დ.III.8. მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება. აფორმებს ნახატებს /ილუსტრაციებს წარწერებით).
1 აქტივობა – გაკვეთილი იწყება გამოწვევით, მოსწავლეებს ვაჩვენებ ზღაპრის გმირის სურათს და ისინი ინგლისურად ამბობენ ნებისმიერ სიტყვას, რაც სურათის დანახვისას ახსენდებათ. მეტი თვალსაჩინოებისათვის მოსწავლეების მიერ დასახელებულ სიტყვებს ვაგროვებთ დაფაზე. ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეები ხვდებიან, რომ გაკვეთილი უკავშირდება მულტფილმის გმირებს.

2 აქტივობა – მოსწავლეები უყურებენ ანიმაციურ ფილმს “Jack and the beanstalk” (ანიმაციური ფილმი მოძიებულია ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე) და ცდილობენ დაიმახსოვრონ მოქმედი გმირების სახელები. მულტფილმის დასრულების შემდეგ ბავშვები პასუხობენ შეკითხვებს:

ვინ არის მთავარი გმირი?
რა ჰქვია ჯეკის დედას?
ვინ არიან მულტფილმის პერსონაჟები?

ამის შემდეგ მოსწავლეები თითო წინადადებით აალაპარაკებენ მულტფილმის პერსონაჟებს.

3 აქტივობა – მოსწავლეები კითხულობენ ილუსტრირებულ ტექსტს ” Jack and the beanstalk” და ტექსტში ხაზგასმით ნიშნავენ ზმნებს (ტექსტში ზმნები მოცემულია ნამყო განუსაზღვრელ დროში). ჩამოწერენ მათ დაფაზე. მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს უნდა შეძლონ წინადადებების ჩამოყალიბება წარსულ დროში. შესაბამისად ამ აქტივობით ისინი კიდევ ერთხელ აკვირდებიან მოქმედებისა და მდგომარეობის გამომხატველ სიტყვებს.

4 აქტივობა – პერსონაჟების ალაპარაკება – სპეციალური პროგრამის მეშვეობით.

(იხილეთ ლინკი: https://www.pimpampum.net/bubblr) მოსწავლეები მუშაობენ ონლაინში. მოსწავლეები მოიძიებენ მულტფილმის გმირების სამ სურათს, ზემოთ აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, ზედ დაასვამენ ბუშტს და შიგნით ჩაწერენ წინადადებას იმ ზმნების გამოყენებით, რომლებიც ტექსტში მონიშნეს. მოსწავლეები თავიანთ ნამუშევრებს აარქივებენ. ამის შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ევალება, სახლში გაეცნოს თანაკლასელის ნამუშევარს და დატოვოს კომენტარი. ამ აქტივობით მოსწავლეები პრაქტიკაში იყენებენ იმ ცოდნას, რომელიც შეიძინეს გაკვეთილის მსვლელობისას. ისტ-ის გამოყენება მათ სამუშაოს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.
აქტივობების შედეგად ჩვენ გვაქვს მოსწავლის მიერ შექმნილი თვალსაჩინოება, მოძიებული და წარწერით გაფორმებული ნახატი. ამ აქტივობებმა ასევე ხელი შეუწყო თანამშრომლობისა და ტექნოლოგიების გამოყენებას. მათ განუვითარდათ:

ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავების უნარი – ანიმაციური ფილმის ნახვის შემდეგ მათ უკეთ გაიგეს ტექსტი;

ძიების უნარი – მოიძიეს მულტფილმის გმირების ფოტოები;

მართვის უნარი – აალაპარაკეს პერსონაჟები, რომელთა ტექსტის რედაქტირებაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს;
გაანალიზების უნარი – მოსწავლეები გაეცვნენ თითოეული თანაკლასელის ნამუშევარს;

შეფასების უნარი – მოსწავლეებმა დაწერეს კომენტარი თანაკლასელთა ნამუშევრებზე.
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გვაძლევს იმის გაკეთების საშუალებას, რაც შეუძლებელია მის გარეშე და თან ძალიან მოკლე დროში.
გამოყენებული ლიტერატურა:
წიგნები
English World, Marry Bowen and Liz Hocking- Macmillan
ვებგვერდები
https://www.pimpampum.net/bubblr
https://learnenglishkids.britishcouncil.org/en/short-stories/jack-and-the-beanstalk
ნინო სარაული
გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა
ინგლისური ენის მასწავლებელი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...