სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

საშინაო დავალება – განსხვავებული რაკურსი

0
გიო ლიტერატურაში სწავლობს “ნარნიის ქრონიკებს”.

 

დავალება – ნარნიის თემაზე უნდა შექმნას სამაგიდო თამაში თავისი დაფით, ბარათებით და წესებით. სამაგიდო თამაში გიომ აარჩია, კიდევ ორი არჩევანი იყო: ნარნიის ტურისტული ბროშურის შექმნა ან ჯადოსნური კარადის მოდელის გაკეთება. რა დრო და ნერვები მაქვს დახარჯული მოსაწყენი თემების წერაზე…

 

ეპიგრაფად დართული სიტყვები ჩვენი ინტერნეტგაზეთის ერთ-ერთ ბლოგერს, ნანა დიხამინჯიას ეკუთვნის. დავალება კი, რომელიც მისმა შვილმა უნდა შეასრულოს, ამერიკის პატარა ქალაქის, როლას სკოლაში მისცეს მოსწავლეს. ბლოგის დაწერის იდეა სწორედ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა. წარმოვიდგინე, რა ინტერესით, ხალისით და მაღალი მოტივაციით შეასრულებს მოსწავლე ამ ტიპის დავალებას, როგორ გააანალიზებს და დაამუშავებს ტექსტს, როგორ მიიღებს საკუთარი შრომის შედეგად საინტერესო პროდუქტს – სამაგიდო თამაშს, როგორ ტრანსფორმირდება მისთვის ტექსტი ფურცლებზე არსებული ნარატივიდან პრაქტიკულად გამოსაყენებელ, ხელშესახებ ობიექტად…

 

რამდენი ხანია, რაც სკოლა დაამთავრეთ? გახსოვთ თუ არა მოწაფეობის დროს შესრულებული რომელიმე საშინაო დავალება? აცნობიერებდით თუ არა საშინაო დავალების მიზანს ან დაგისვამთ თუ არა მასწავლებლისთვის კითხვა – ეს რატომ უნდა გავაკეთო?

საკუთარ თავს მოსწავლეების ადგილას მაშინ ვაყენებ, როცა მათთვის „სავალდებულოდ შესასრულებელი” და ცოტა არ იყოს, მოსაწყენი დავალებების მიცემა მიწევს. მართალია, „იდეალურ ქალთა სახეებს” და „დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების შედარებით დახასიათებებს” ჩვენი მოსწავლეები, საბედნიეროდ, აღარ წერენ და სტანდარტით არც საზეპირო ადგილების მონიშვნა და ჩაბარება არ ევალებათ, მაგრამ ვრცელ-ვრცელი თემები, რომლებშიც მკაცრად გაწერილი სტრუქტურა უნდა დაიცვან, შინაარსის დეტალურად დასწავლა და სახელმძღვანელოში მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც უხდებათ. ეს კი რუტინული და ნაკლებად შემოქმედებითი საქმე მგონია. (აქვე საზეპიროებთან დაკავშირებით მინდა შევნიშნო – ჩემი აზრით, სულ მცირე, უცნაურია, ამოიღო სტანდარტიდან საზეპირო ადგილი და საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეს დაუსვა შეკითხვა, რომელსაც ის ვერაფრით უპასუხებს, თუ ზეპირად ან ტექსტთან ძალიან ახლოს არ ახსოვს ნაწარმოები).

მოგეხსენებათ, დროის თვალსაზრისით საკმაოდ შეზღუდულები ვართ, საპროგრამო მასალა მოცულობითია, სტანდარტით გაწერილი კომპეტენციები – ასათვისებელი, გამოცდები (საატესტატო და ერთიანი ეროვნული) – ჩასაბარებელი. ამიტომ ყოველთვის ვერა, მაგრამ იშვიათად მაინც შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და სასიამოვნო (შესრულების პროცესი) სასარგებლოს (დასახული მიზნების, გეგმის შესრულება) შევუთავსოთ.

ქვევით ერთ უჩვეულო და ახლებურ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომელიც რომელიმე ეპოქის ლიტერატურული ტექსტების შესწავლის შემდეგ შეგეძლებათ გამოიყენოთ. ამ დავალების შესრულება მოსწავლეებს კრეატიული, საინტერესო იდეების გენერირების საშუალებას მისცემს. შედეგად მათ დაამახსოვრდებათ ტექსტები, გაუჩნდებათ თავიანთი დამოკიდებულება, განწყობა შესასწავლი მასალის მიმართ.

რამდენიმე ლექსი ერთად

ეს მეთოდი გერმანიაში, კასელის საერთაშორისო სემინარზე პოეტიკისა და კრეატიული წერის კურსის ფარგლებში გაგვაცნო კურსის ხელმძღვანელმა, ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტმა, კასელის თავისუფალი ვალდორფის სკოლის პედაგოგმა, პიტერ ლუცკერმა.

კურსის მიზანი გახლდათ ლექსებისადმი თანამედროვე მოზარდების სკეპტიკური ან უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა. „მათ უჭირთ პოეზიის გაგება, ეზარებათ ტროპების ამოხსნა, ფიქრი, კონცენტრირება. ითხოვენ მარტივ და გასაგებ ენაზე საუბარს, ისე, როგორც თავად ეხერხებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გადაცემისას. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ლექსი და მისი ავტორი საინტერესო გახდეს. ამ მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი გზა კითხვებია. დასვით კითხვები ისე, რომ მოსწავლეს თავიდანვე შეეცვალოს განწყობა შესასწავლი ობიექტისადმი. ეს არ იქნება კითხვები, რომლებიც მათ ცოდნას, მიხვედრილობას ან გამჭრიახობას შეაფასებს. არც დასწავლილი თეორიული მასალის გამოყენება დასჭირდებათ. რეალურად, ამ კითხვებზე სწორი პასუხები, რომლებსაც ისინი შემდეგ სახელმძღვანელოში გადაამოწმებენ, არც არსებობს, რადგან კითხვები კრეატიული იდეების გენერირებას უწყობს ხელს და სხვას – არაფერს”. შესავალი სიტყვის შემდეგ პიტერმა სამუშაო ფურცელი დაგვირიგა. ფურცელზე 4 ლექსი იყო წარმოდგენილი. ბოლოს კი ჩამოყალიბებული გახლდათ საკლასო სამუშაოს პირობა და კითხვები: წაიკითხეთ ლექსები, რომლებიც დაგირიგდათ. დაფიქრდით და შეარჩიეთ, რომელ ლექსს და რომელ სტრიქონს შეარჩევთ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

1. ამ ლექსებიდან ერთ-ერთის თარგმნა რომ გთხოვონ ენაზე, რომელსაც კარგად ფლობთ, რომელს შეარჩევდით? რომელი სტრიქონის თარგმნა გაგიჭირდებოდათ ყველაზე მეტად? რატომ?

2. ამ ლექსებიდან ერთ-ერთის ილუსტრირება რომ გთხოვონ, რომელს შეარჩევდით? კონკრეტულად რომელ ეპიზოდზე შეაჩერებდით ყურადღებას? რას გამოსახავდით ნახატზე?

3. ამ ლექსებიდან ერთ-ერთის მიხედვით სკეტჩის გაკეთებას შეძლებდით? რომელი ლექსი გამოდგებოდა „სცენაზე გასაცოცხლებლად”?

4. რომელი ლექსის განწყობა შეგიძლიათ გამოხატოთ ფოტოაპარატის მეშვეობით? რა კადრი წარმოგიდგებათ თვალწინ ლექსის კითხვისას? აღწერეთ სიტყვიერად.

5. კომპოზიტორმა რომ გთხოვოთ დახმარება და ერთ-ერთი ლექსის შერჩევა მუსიკის დასაწერად, რომელ ლექსს შეარჩევდით? არის თუ არა თქვენ მიერ შერჩეულ ლექსში ადგილები, რომლებსაც რეფრენივით/მისამღერივით გამოიყენებდით და გაიმეორებდით?

6. ამ ლექსების ავტორებთან გასაუბრების შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, რომელ ავტორს შეარჩევდით? რომელი ტაეპის ახსნას, განმარტებას ან განვრცობას მოსთხოვდით პოეტს?

7. ჩაწერეთ წარმოსახვითი ინტერვიუ ავტორთან. თავად დასვით შეკითხვები და თავადვე უპასუხეთ მათ.

მეთოდი გამოვიყენე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების შესწავლის შემდეგ. ამ შემთხვევაში, პირობის მოდიფიცირება მომიხდა, რადგან ოთხი განსხვავებული პოეტის ლექსის ნაცვლად ერთი პოეტის სამი სხვადასხვა ლექსი შევარჩიე, თუმცა მოსწავლეებს სამუშაო საინტერესოდ მოეჩვენათ და ხალისითაც შეასრულეს.

საინტერესო დაკვირვება – ლექსებიდან ერთ-ერთი ტატოს „სულო ბოროტო” იყო. ისე მოხდა, რომ უმრავლესობამ სწორედ ამ ლექსის მიხედვით მოისურვა „ილუსტრაციის” შექმნა. მოსწავლეები სიტყვებით „ხატავდნენ” შავ-ბნელ, იდუმალ, მისტიკურ „ნახატებს”. ნამუშევრების კლასში გაცნობისას ვიკითხე, რომელი ფერი სჭარბობს ლექსში? რა ფერის განცდა იბადება კითხვისას/მოსმენისას? პასუხი მოსალოდნელი იყო – შავი. შემდეგ კიდევ ერთხელ მივუბრუნდით ტექსტს და აღმოჩნდა, რომ ლექსში საერთოდ არ არის ნახსენები ფერი. ფერის განცდას ლექსის საერთო სულისკვეთება, განწყობა ბადებდა. ეს დაკვირვება თავად მოზარდებსაც საინტერესოდ ეჩვენათ.

აღმოჩნდა, რომ პოეზია იმაზე მეტია, ვიდრე ტროპებად „დაშლა”, შინაარსობრივი დეტალები თუ „სამახსოვრო ადგილები”.

აღმოჩნდა, რომ სიტყვის ოსტატებს, პოეტებს, კონკრეტული სიტყვების გამოყენების გარეშეც შეუძლიათ გარკვეული სურათხატების წარმოჩენა. სათქმელის გადმოცემა, მკითხველზე სასურველი ზემოქმედების მოხდენა.

აღმოჩნდა, რომ კარგი ლექსი იმაზე მეტია, ვიდრე საპროგრამო, სავალდებულო შესასწავლი და განწყობა „აუ, ამას რა ისწავლის” შეიცვალა დამოკიდებულებით „ვა, რა მაგარი ტიპი ყოფილა ეს ტატო…”

 

 

 

 

კიტა ჩხენკელი და მისი მოსწავლე

0
ჩვენ ძალიან ბევრ გამორჩეულ პროფესიონალს უნდა ვიცნობდეთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი სერიოზული მეცნიერისა და მისი მოღვაწეობის შესახებ მხოლოდ მცირერიცხვოვანი დარგობრივი წრეების წარმომადგენლებმა იციან. მაგალითად, საქართველოში დღემდე ნახევრად უცნობ ადამიანად რჩება ევროპაში ცნობილი ენათმეცნიერი კიტა ჩხენკელი.

 

კიტა ჩხენკელი საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის ძმა გახლდათ. ორივენი ცარისტულ იმპერიაში დაიბადნენ და ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი წლები ავტორიტარულ რეჟიმთან რევოლუციურ ბრძოლას შეალიეს. მოგვიანებით ძმების გზები გაიყო. აკაკი პოლიტიკაში დარჩა, კიტა კი 1920 წელს ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე ჩაირიცხა. 1936 წელს უმცროსმა ჩხენკელმა ჰამბურგის უნივერსიტეტში პოლიტეკონომიის დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. ბევრი მიიჩნევდა, რომ იგი ამავე დარგში გააგრძელებდა ნაყოფიერ მოღვაწეობას, მაგრამ მოულოდნელმა აუცილებლობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში გერმანიის ყველა ძირითად უნივერსიტეტში რუსული ენის შესწავლის ტენდენცია გაძლიერდა. ნაცისტების ამოცანას პოტენციური მოწინააღმდეგის კულტურის შესახებ სრულყოფილი ცოდნის დაგროვება წარმოადგენდა. შესაბამისად, კიტა ჩხენკელს ჰამბურგის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების განყოფილებაში გადაბარგება და რუსული ენის შესახებ ლექციების წაკითხვა მოუწია.

მისი ახალი კოლეგები, ლინგვისტები კიტას მშობლიური ენის თავისებურებებითაც დაინტერესდნენ და რამდენიმე თვეში მას ქართული ენის კურსების ხელმძღვანელობაც დაავალეს. საბოლოოდ, ჩხენკელმა პოლიტეკონომიას ენათმეცნიერებაში მოღვაწეობა აირჩია. მან მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს დაიწყო მუშაობა ქართულ-გერმანულ ლექსიკონსა და ქართული ენის სახელმძღვანელოზე, მაგრამ მისი მასალები 1943 წელს ჰამბურგის დაბომბვას შეეწირა.

ომის შემდეგ კიტა შვეიცარიაში გადასახლდა და იქ განაგრძო ნაყოფიერი მოღვაწეობა. ციურიხის კონფედერაციულ უნივერსიტეტში მან ქართული სტამბა „ამირანი” დაარსა. გამოსცა „ვისრამიანის” თარგმანი, დაბეჭდა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული ენის შესავალი”, რომელიც გერმანულენოვან სამყაროში დღემდე მიიჩნევა ქართველოლოგიის კლასიკურ სახელმძღვანელოდ. ამავე უნივერსიტეტში კიტა ჩხენკელმა უამრავი მასალა შეაგროვა „ვეფხისტყაოსნის” აკადემიური გამოცემისა და ქართულ-გერმანული ლექსიკონის დასასტამბად. სამწუხაროდ, იგი ნაადრევად გარდაიცვალა და ამ ორი უკანასკნელი წიგნის გამოქვეყნებას ვერ მოესწრო.

ხანმოკლე და წინააღმდეგობებით სავსე სიცოცხლის მიუხედავად, ქართველმა ემიგრანტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში საუნივერსიტეტო საზოგადოებებისათვის ქართული ენის სამეცნიერო ღირებულება შეეხსენებინა და ამ ენის კვლევების წახალისებისთვის შეეწყო ხელი. ფატობრივად, მისი მონდომების წყალობით განახლდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ევროპაში ქართველოლოგიური მეცნიერებების აქტიური შესწავლა.

 

პროფესორ ჩხენკელის ყველაზე დიდი დამსახურება, ალბათ, მაინც ციურიხის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კათედრის დაფუძნება გახლდათ. აღნიშნულმა სამეცნიერო სტრუქტურამ აღზარდა და გააერთიანა არაერთი უმაღლესი რანგის ენათმეცნიერი, რომლებმაც ღირსეულად გააგრძელეს ცნობილი მასწავლებლის გზა.

თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ გერმანულ-ქართულ ან ქართულ-გერმანულ ლექსიკონს, რომელშიც კიტას მოსწავლის იოლანდა მარშევის სახელი არ იყოს მითითებული. სწორედ ამ ქალბატონმა მიიყვანა ბოლომდე ჩხენკელის დაწყებული საქმე და გამოსცა პირველი მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ქართულ-გერმანული ლექსიკონი, რომელიც ყველა სხვა ფუნდამენტური ნაშრომის შექმნის მთავარი წინაპირობა გახდა.

რაც მთავარია, იოლანდა მარშევისა და კიტას სხვა მოწაფეების წყალობით გააგრძელა ქართველოლოგიის კათედრამ შუაგულ ევროპაში არსებობა და არამხოლოდ მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრად, არამედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს ცენტრადაც ჩამოყალიბდა.

2015 წლის 3 მაისს ქ-ნი მარშევი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან მინდოდა, რომ გერმანული ენის ყველა მასწავლებლისა და ჩემს ბიბლიოთეკაში არსებული შესანიშნავი წიგნისათვის მადლობა გადამეხადა მისთვის. ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს სერიოზული მეცნიერების, კიტა ჩხენკელისა და იოლანდა მარშევის მოღვაწეობის შესახებ.

გიორგი მელაძე – იდეალური სკოლის ძიებაში

0
როგორია იდეალური სკოლა, როგორია იდეალური სკოლის შეფასების კრიტერიუმები, რას ირჩევს მშობელი და რა არის უკეთესი თავად მოსწავლისთვის. ამ მხრივ აზრი ყოველთვის ორად იყოფა: ერთი ნაწილი უპირატესობას კერძო სკოლას ანიჭებს, მეორე ნაწილისთვის მხოლოდ საჯაროა მისაღები და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომი, თუმცა ორივე შემთხვევაში მოსწავლე განათლების ერთიანი სისტემის მომხმარებელი ხდება. სწორედ ამ სისტემას ემორჩილება ყველაზე ძვირადღირებული კერძო და შორეულ სოფელში მდებარე 5-მოსწავლიანი სკოლაც. ამ და სხვა საკითხებზე ნიუტონის თავისუფალი სკოლის დირექტორ გიორგი მელაძეს ვესაუბრებით.  
– ბატონო გიორგი, თქვენ კერძო სკოლის დირექტორი ბრძანდებით. თქვენი პოზიციიდან კერძო და საჯარო სკოლებს შორის როგორ შედარებას გააკეთებდით?

– როგორც წესი, კერძო სკოლა საჯაროებთან შედარებით ბევრად კარგ სერვისთან ასოცირდება, რაც მას იმთავითვე აძლევს დიდ უპირატესობას. თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლაში ახალი სახელმძღვანელოების შეტანისა და მასწავლებლების აყვანასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციის გამო, რომლის თანახმადაც პედაგოგობა არ შეუძლია კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელს თუ მას მასწავლებლის სერთიფიკატი არ გააჩნია, კერძო სკოლები უფრო მეტად იზღუდებიან და გარკვეულ დონეზე ერთიან მოდელს უახლოვდებიან. თუმცა ასეთ ფონზეც კი კერძო სკოლების უპირატესობა მაინც მკაფიოდ გამოიხატება. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა, რაშიც იგულისხმება არა მხოლოდ კეთილმოწყობილი შენობა, არამედ სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი აღჭურვილობა, ტექნიკა, მეთოდოლოგია, მასწავლებლების კვალიფიკაცია და სხვა. ამ შემთხვევაში კარგად გარემონტებული შენობა უკანა პლანზე იწევს, თუმცა ამას ყველა კერძო სკოლაზეც ვერ იტყვი – კონკრეტული სეგმენტებით ზოგ კერძო სკოლას შეიძლება საჯაროც სჯობდეს. 

– ალბათ ნებისმიერი ტიპის სკოლაში არსებობს სასწავლო პროცესის, მასწავლებლების მუშაობის მეთოდებისა და მოსწავლეების მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლისა და კონტროლის აუცილებლობა. რამდენად საჭიროა და როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი? 

– საუკეთესო კონტროლი მოსწავლეებთან და მათ მეურვეებთან, როგორც წესი, მშობლებთან, სწორი კომუნიკაციაა. თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში არსებობს უამრავი საშუალება, რომელთა მეშვეობითაც სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება. აუცილებლად მიმაჩნია და, ამ პრაქტიკას ჩვენს სკოლაში სისტემატურად მივმართავთ, პერმანენტული შეხვედრები მშობლებთან, ასევე სპეციალური კითხვარების შევსება, როდესაც მოსწავლეები და მათი მეურვეები აფასებენ ყველაფერს – კვებიდან დაწყებული ტექნიკური აღჭურვილობით დამთავრებული. ასეთი პრაქტიკა ანალიზის გაკეთებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის პროცესს აადვილებს. ცხადია, კონტროლი სჭირდება მასწავლებელსაც, რომელიც ზოგჯერ ხელოვნურად უწერს მოსწავლეს მაღალ ნიშანს, რათა მშობელი კმაყოფილი იყოს. ანუ ვიღებთ შემთხვევას, როდესაც  შინაარსი რეალობასთან თანხვედრაში არაა, თუმცა მშობელი ბედნიერია და მასწავლებლისთვის ესეც კმარა. ამრიგად სასკოლო სივრცეში მყოფ ადამიანებთან გამუდმებული დიალოგის გარეშე რეალობის დადგენა შეუძლებელია. 

– როგორი უნდა იყოს მოსწავლის როლი ამ პროცესში?

– მოსწავლე თავად ამ პროცესის უშუალო მონაწილეა, ამიტომ მისი აზრი, სურვილები და კრიტიკა აუცილებლად უნდა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ. საუკეთესო შემთხვევაა, თუ სკოლას გააჩნია ტუტორის ინსტიტუტი, სამსახური, რომლის წარმომადგენელიც არცერთ საგანს არ ასწავლის, ამრიგად არ არის მიკერძოებული. ის სისტემატურად ხვდება მოსწავლეებს, ესაუბრება სკოლაში არსებულ ვითარებაზე და მოსწავლეების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს ისმენს. თანამედროვე თაობა საკმაოდ გამბედავი და თავდაჯერებულია იმისთვის, რომ პრობლემებზე ისაუბროს და ზოგჯერ მისი გადაჭრის გზებიც შემოგვთავაზოს. სამწუხაროა, რომ ეს ინსტიტუტი არ მოქმედებს საჯარო სკოლებში, რადგან ამისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსი, ასევე გამართული მენეჯმენტი და, უბრალოდ, ამის სურვილია საჭირო. 

– არსებობს სავალდებულო სასწავლო პროცესი და მისგან დამოუკიდებელი აქტივობები, რაც მოსწავლის განვითარებისთვის არანაკლებ აუცილებელია. 

– ეს სეგმენტი სკოლების უმეტესობაში შესაძლებლობის მიხედვითაა განვითარებული. ალბათ სუბიექტური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ნიუტონის სკოლაში ამ მიმართულებას განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. არასავალდებულო აქტივობებში ორი მიმართულება გვაქვს: ერთჯერადი და პერმანენტული. ერთჯერადი აქტივობები კონკრეტული პროფესიის ან სფეროს წარმომადგენლის მოწვევასა და მის მიერ მოსწავლეებისთვის წაკითხულ ლექციაში ან პრაქტიკულ სამუშაოში გამოიხატება. ეს შეიძლება იყოს ენათმეცნიერი, მხატვარი, ფოტოხელოვანი, ფიზიკოსი და სხვა. ასეთი შეხვედრებისას მოსწავლეების თვალსაწიერი საგრძნობლად ფართოვდება, უამრავ ახალს იგებენ, ზოგჯერ ისეთს, ადრე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდათ. მეორე, ანუ პერმანენტული ხასიათის აქტივობებია სკოლაში არსებული კლუბები, რომლებსაც მოსწავლეები სურვილისამებრ ირჩევენ. აქ არის კლუბები უცხო ენების წრეებით დაწყებული, სპორტით გაგრძელებული და ხელოვნებითა თუ ტექნიკური მეცნიერებებით დამთავრებული. 

– სკოლებში ამ ტიპის კლუბების არსებობა მოწმობს, რომ მათდამი ინტერესი თავად მოსწავლეებსაც აქვთ.

– ინტერესი მართლაც დიდია. ძალიან კარგი, საოცრად განვითარებული თაობა მოდის. საინფორმაციო რესურსებზე წვდომა შეუზღუდავად აქვთ და მათ სწორად იყენებენ. აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ იჩენენ ინტერესს, სკოლამ კი მათი ინტერესის განვითარებას შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. 

– როდესაც სისტემა არ არის სრულყოფილი ან გამართული, ნაკლოვანებების გამოსწორება უცხოური ანალოგების შესწავლითა და ზოგჯერ პირდაპირ გადმოღებითაცაა შესაძლებელი. რამდენად ამართლებს ჩვენს შემთხვევაში ეს მეთოდი? 

– როდესაც განათლების სფეროში მუშაობ, აუცილებლად უნდა ადევნო თვალი, როგორ ვითარდება ამ მიმართულებით მსოფლიო. ამ სფეროში ვითარება დინამიკურად იცვლება, შემოდის ახალი მეთოდები, დამხმარე საშუალებები, ონლაინ სავარჯიშოები და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმა მათი სრული სახით გადმოღების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან გარკვეულ სტანდარტს უნდა დავემორჩილოთ, თუმცა მაინც არსებობს პროგრამები, რომელთა ჩვენს სკოლებში დანერგვა და ინტენსიურად გამოყენება შესაძლებელია. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და ის გამუდმებით უნდა ფიქრობდეს განახლებასა და გადახალისებაზე, უნდა იზრუნოს, რომ სწავლის პროცესი ნებისმიერი მოსწავლისთვის საინტერესო იყოს. 

– ემხრობით დიფერენცირებულ სწავლებას?

– ჩემი აზრით, პლუსი დიფერენცირებულ სწავლებასაც აქვს და სტანდარტულსაც. გარკვეულ ასაკში ადამიანს აუცილებლად უნდა მისცე მიმართულება, თუმცა უკეთესია, თუ არჩევნის არეალი ფართოა. მრავალი წელია განათლების სისტემაში ვმუშაობ და მინახავს სტუდენტები, რომლებსაც მეორე ან მესამე კურსზე შეუცვლიათ აზრი, სხვა სპეციალობით მონდომებიათ სწავლის გაგრძელება და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშიც აღმოჩენილან. ამრიგად, თუ არჩევნის წინაშე სტუდენტი შეიძლება დადგეს, მსგავსი ალბათობა სკოლის მოსწავლის შემთხვევაში უფრო მეტია. 

– მასწავლებლები ინტერვიუებში ხშირად უსვამენ ხაზს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემას. ზოგი პროგრამის სიმწირისა და ერთფეროვნების გამო წუხს, ზოგს კი მიაჩნია, რომ პროგრამა კონკრეტულ კლასში მყოფი მოსწავლის ასაკს არ შეეფერება და ა.შ. ფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად პრობლემაა?

– როგორც მთელი სისტემა, ცხადია, არც ეს სეგმენტია სრულყოფილი. ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია სახელმძღვანელო მინიმალური სავალდებულო პროგრამით, რომელიც მოსწავლისთვის დამატებით ლიტერატურამდე მისასვლელ გზას წარმოადგენს. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტის გაგების სურვილი, ვიდრე სახელმძღვანელოში შეუძლია ამოკითხოს. პრობლემას ქმნის კანონში არსებული რეგულაციაც, რომლის თანახმადაც სახელმძღვანელოს არჩევიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მისი შეცვლის უფლება არ გვაქვს. ანუ თუ ამ წლებში ბაზარზე უკეთესი სახელმძღვანელო გამოჩნდება, ძველს მისით ვერ ჩავანაცვლებთ. ეს კი ნამდვილად გახლავთ პრობლემა. 

– და დასასრულ – როგორ ფიქრობთ, როგორია იდეალური სკოლა?

– პირველ რიგში, სკოლას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს მთავარი მოტივი – მოსწავლეს მისაღები გამოცდებისთვის ამზადებს თუ ცხოვრებისთვის. მე მეორეს მომხრე ვარ, მაგრამ რეალობა, ანუ ჩვენთან არსებული სისტემა ამას ნაკლებად იზიარებს. კარგია, როდესაც სკოლის მიერ შეთავაზებული სწავლების გეგმა და მუშაობის პრიციპი მშობელსაც აქვს გათავისებული, რადგან ბავშვისთვის განათლების მიცემისა და შედეგის ხარისხი სწორედ ამ ორი მხარის ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული. სკოლიდან შინ მიბრუნებულ მოსწავლეს მშობელი მხოლოდ საზეპიროების ჩაბარებას არ უნდა სთხოვდეს, რაც მეხსიერების გავარჯიშების გარდა, არაფრის მომცემი არაა. ამრიგად იდეალურია სკოლა, სადაც ბავშვს უხარია მისვლა, როდესაც სკოლას კარგად აქვს ჩამოყალიბებული და გათავისებული მიზანი, რომ მოსწავლეს ამზადებს არა გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის, როდესაც ამას იზიარებს მშობელი, ბავშვს დამატებითი აქტივობების არჩევის თავისუფლება აქვს და ეს ყველაფერი მაღალტექნოლოგიურ გარემოშია მოქცეული.
ესაუბრა ია ვეკუა

პოზიციური ტექნოლოგია როგორც ცოდნის ხარისხის ამაღლების საშუალება

0

ბოლო ხანს იმატა ინტერესმა ახალი საგანმანათლებლო მოდელების, განსაკუთრებით კი იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომლებიც სკოლამდელ და სასკოლო განათლებას ეხება. მათ შორისაა პოზიციური განათლების მოდელიც, რომელიც მოსწავლეებს სასწავლო მასალაზე მაქსიმალურ კონცენტრაციასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება.

პოზიციური სწავლის მოდელს (ნ. ე. ვერაქსა, პოზიციური სწავლების მოდელი, 1994) საფუძვლების მთელი წყება აქვს. მათ შორის გამოიყოფა ლ. ვიგოტსკის კულტურულ-ისტორიული კონცეფცია და, საზოგადოდ, დიალექტიკურ აზროვნებასთან დაკავშირებული მეთოდოლოგია. თუ გავითვალისწინებთ მასწავლებლების დაინტერესებას პედაგოგიური პროცესის ოპტიმალიზაციით და შესაბამისი ინდივიდუალაური გზების შერჩევით, შეიძლება ითქვას, რომ პოზიციური ტექნოლოგია ამ მხრივ ყველაზე მოხერხებულია, რადგან საიმედოდ უზრუნველყოფს ლოგიკური პროცესის წარმართვას, სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილების ურთიერთკავშირს, მათ მიზანმიმართულობას, დაგეგმვას და შედეგების კორექციას.

პოზიციური განათლების ტექნოლოგია ემსახურება არა მარტო ცოდნის ათვისებას, არამედ მოსწავლის განვითარებასაც სწავლის პროცესში, ამიტომ საინტერესო და ეფექტურია ნებისმიერი დისციპლინის შესწავლისას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან, წესისამებრ, ჰუმანიტარული აზროვნების მოსწავლეები არ გამოირჩევიან მათემატიკური ან სხვა (ფორმალური ხასიათით ანალოგიური) სპეციალური უნარების ფლობის მაღალი ხარისხით. სასკოლო სწავლება კი, განსაკუთრებით – მაღალ კლასებში, ტრადიციულად, ფორმალურ აზროვნებას ეფუძნება, რის შედეგადაც წარმოიშობა ურთიერთსაპირისპირო სიტუაცია: მოსწავლეთა განსაზღვრულ ნაწილს (ჰუმანიტარული მიმართულებისას) არ გააჩნია ლოგიკური აზროვნების მაღალი დონე და, ვინაიდან გრძნობს ამას, გაურბის ან ცდილობს გაექცეს იმ დისციპლინებს, რომელთაც სთავაზობენ, არადა რეალური სასწავლო პროცესი პირდაპირ მოითხოვს ლოგიკური აზროვნების გამოყენებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განაზოგადონ, გააანალიზონ და სისტემაში მოიყვანონ შესწავლილი მასალა.

აღნიშნული წინააღმდეგობის დაძლევა, ჩვეულებისამებრ, ხდება იმით, რომ მასწავლებლები მიმართავენ სპეციალურ მეთოდებს მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების განსავითარებლად, რათა მათ გაუადვილდეთ ამ აპარატის გამოყენება, მაგალითად, ეცდებიან მასალის სისტემატიზაციის დახვეწას, სქემების სახით (სქემატურად) მათ წარმოსახვას და ა.შ.

ასეთი მიდგომით კი ვიღებთ იმას, რომ მოსწავლეები იმდენს არ ფიქრობენ, რამდენსაც იმახსოვრებენ და საბოლოოდ უყალიბდებათ თვისება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს რიგიდულობა, ანუ რიგიდულები ხდებიან. ამის მიზეზი კი მზა შაბლონებისა და სქემების გამოყენებაა, რაც ავიწროებს მოსწავლის აზროვნებას.
პოზიციური აზროვნების ტექნოლოგია ყველაზე მეტად ეხმარება მოსწავლე/მასწავლებელს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ წმინდა სახით მისი გამოყენება მაინც არ შეიძლება. ამისთვის საჭიროა წინასწარი სისტემური მომზადება და მოსწავლეთა ფსიქოლოგიური მზაობის დონის განსაზღვრა.

მოსწავლეთა ფსიქოლოგიური მზადყოფნის დონეებს შორის ძირითადად გამოიყოფა:

▪ მე-5-6 კლასები (ფსიქოლოგები ხშირად ამ საფეხურს მიაკუთვნებენ მე-7 კლასსაც);
▪ მე-8-9 კლასები;

▪ მე-10-12 კლასები.

რაც შეეხება პოციზიური აზროვნების ტექნოლოგიის სტრუქტურას და შესაფერის სააზროვნო საშუალებებს, აქ სამ ძირითად ნაწილს/პოზიციას გამოყოფენ:

● პირველი პოზიცია – ნორმატიული. ის დაკავშირებულია შესაბამისისი საქმიანობის ნორმებისა და წესების ათვისებასთან, ინფორმაციის გადამუშავებასთან;

● მეორე პოზიცია – დიალექტიკური. უკავშირდება პასუხს კითხვაზე, როგორ გარდაიქნება ინფორმაცია და როგორია მისი სისტემატიზაციის საშუალებები;

● მესამე პოზიცია – სიმბოლური. ესაა პასუხი კითხვაზე, რა საჭიროა მოცემულ კითხვაზე პასუხის გაცემა და რისთვის უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი.

ამის შესაბამისად გამოყოფენ პოზიციური აზროვნების ტექნოლოგიის ეტაპებსაც:

● I ეტაპი საინფორმაციო – სააზროვნო – სადემონსტრაციო-დისკუსიური ხასიათისაა და გულისხმობს საკმაო რაოდენობის სასწავლო ტექსტის არსებობას, ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას და დისკუსიისთვის ჯგუფების მომზადებას;

● II ეტაპი ორგანიზაციულია და მოიცავს მოსწავლეთა დაყოფას ჯგუფებად, პოზიციების (პოზიციური როლების) განაწილებას ჯგუფებს შორის.

ჯგუფების პოზიციებია (სავარაუდო):

1. კონცეფცია;
2. სქემა;
3. პოეტები;
4. თეატრი;
5. ასოციაცია;
6. ექსპერტი;
7. თეზისი;
8. პოზიტივი;
9. ნეგატივი;
10. შეკითხვა;
11. პრაქტიკა;
12. რეფლექსია;
13. ოჯახი;
14. მეთოდისტი;
15. ექსპერიმენტატორი;
16. ოპოზიცია;
17. ოპტიმისტი;
18. პესიმისტი;
19. რეალისტი;
20. კრიტიკოსი;
21. დამცველი და ა.შ.

III ეტაპია პოზიციური კითხვის/წაკითხვის ეტაპი:

◦ ჯგუფები აარჩევენ შესაფერის პოზიციებს, გაიაზრებენ მათ შინაარსს და შეარჩევენ პრეზენტაციისთვის საჭირო საშუალებებს;

◦ წაიკითხავენ ტექსტს თავიანთი პოზიციიდან (ანუ თავიანთი როლის პოზიციიდან);

IV ეტაპია ჯგუფის მიერ საკუთარი პოზიციის პრეზენტაცია ანუ პოზიციის „დაცვა”. ამ დროს:

▪ მთელი ჯგუფი გამოდის აუდიტორიის წინაშე, წარმოადგენს შესაფერის ილუსტრაციას, ახსნის და დაიცავს თავის პოზიციას, რითაც ჯგუფებს „სქემა” და „სიმბოლო”ეძლევათ საშუალება, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები საკუთარი პოზიციის გაფორმებასთან დაკავშირებით (დაფაზე ან პოსტერით);

▪ ჯგუფი უპასუხებს დანარჩენი მოსწავლეებისა და მასწავლებლის შეკითხვებს.

● V ეტაპი შედეგების შეჯამებაა.

მუშაობის პროცესში ჯგუფების ამოცანაა:

▪ „აპოლოგეტი” – გამოავლინოს და ჩამოაყალიბოს მასალის დადებითი, ორიგინალური, საინტერესო და პერსპექტიული მხარეები;

▪ „ოპოზიცია” – მოახდინოს თემის შესწავლისას გამოვლენილი ყველა „არასაკმარისი” მხარის ფორმულირება;

▪ „კონცეფცია” – თემის შინაარსის უკეთ გასაგებად გამოყოს თემაში მოცემული ბაზისური ცნებები (ძირითადი არსი, კონცეფცია) და განსაზღვროს ისინი;

▪ „სქემა” – წარმოადგინოს სქემა, რომელიც ასახავს თემის ცალკეულ ნაწილებს შორის აზრობრივ კავშირებს და ახსნას ისინი;

▪ „თეზისი” – გადმოსცეს შესასწავლი მასალის შინაარსი ძირითადი თეზისების ან ციტატების სახით;

▪ „შეკითხვა” – ჩამოაყალიბოს კითხვები სასწავლო მასალის შინაარსის მიხედვით და შეადგინოს თემის მარტივი გეგმა;

▪ „რეფლექსია” – განსაზღვროს სავარაუდო სირთულეები, რომლებსაც შესაძლოა შეეჯახონ მოსწავლეები მასალის გამოყენებისას, ახსნან და დაასაბუთონ პოზიცია;

▪ „პრაქტიკა” – მოცემული თემის შესასწავლად გამოიყენოს მხარეთმცოდნეობითი მასალა (პრაქტიკული მასალა);

▪ „ასოციაცია” – დახატოს თემის გაცნობისას მიღებული შთაბეჭდილებები (თემის შინაარსის ვიზუალიზაცია);

▪ „პროგნოზი” – მოცემული თემის საფუძველზე მოვლენათა შემდგომი განვითარების წარმოდგენა;

▪ „ალტერნატივა” – იმსჯელოს და დაასაბუთოს, იყო თუ არა შესაძლებელი ალტერნატიული გზის პოვნა;

▪ „სახელი” – წარმოაჩინოს ისტორიულ მოვლენაზე ისტორიული პირის, ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის გავლენის დონე;

▪ „ნეგატივი” – ქვეყნის ეკონომიკურ (და ა.შ.) განვითარებაში ნეგატიური მომენტებისა და შედეგების გამოყოფა და ფორმულირება;

▪ „პოზიტივი” – ქვეყნის ეკონომიკურ (და ა.შ.) განვითარებაში პოზიტიური მომენტებისა და შედეგების გამოყოფა და ფორმულირება;

▪ „პოეზია” – სალექსო ფორმით გადმოსცეს მასალაში მითითებული წესები, განსაზღვრებები, ცნებათა შინაარსი;

▪ „რებუსი”, „კროსვორდი” – დაშიფროს მასალის კონცეფცია, ცნება, შინაარსი რებუსის ან კროსვორდის სახით;

▪ „ექსპერტი” – გამოყოს თითოეული ჯგუფის საქმიანობიდან პოზიტიური და ნეგატიური მომენტები და შეაფასოს მუშაობის შედეგი;
და ა.შ.

(ჯგუფების სახელწოდება შეიძლება შეიცვალოს მასალის შინაარსისა და გაკვეთილის მიზნის შესაბამისად).

პოზიციური ტექნოლოგიის გამოყენებისთვის ყოველ ეტაპზე იგეგმება მოსწავლეთა მომზადება. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ თითოეული ჯგუფი მოსწავლეთა განვითარების სხვადასხვა ხარისხს გულისხმობს, ამიტომ, კვლევების თანახმად, უნარ-ჩვევების გასამყარებლად აღნიშნული ტექნოლოგია ყოველ გაკვეთილზე უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა (ასეთი მიდგომა გათვალისწინებულია კიდეც საგნობრივი მასალის შედგენისას). ბუნებრივია, მე-5-7 კლასებში ის მოიცავს გაკვეთილის ნაწილს და პოზიციად შეიძლება შევუფარდოთ 2-5 (მაგალითად, ჯგუფების ოპტიმალური შეფარდებაა ასევე: „პოზიტივი”-„ნეგატივი”, „აპოლოგეტი”-„ოპოზიცია”, „თეზისი”-„პროგნოზი”, „სახელი”-„ექსპერტი” და ა.შ.), მაგრამ, ზოგადად, ყველაფერი კონკრეტულ მასალაზეა დამოკიდებული; მოსწავლეები ამის შემდეგ თანდათან დაეუფლებიან მეტაგეგმის ტექნიკასაც და გამოიყენებენ ინფორმაციის გადამუშავების სხვადასხვა ხერხს. შემდეგ მუშაობა თანდათან გართულდება და გაიზრდება ჯგუფების რაოდენობაც, შედეგად კი მივიღებთ პოზიციურ გაკვეთილს.

წარმოდგენილი მოდელი ითვალისწინებს ორნაწილიან სასწავლო გეგმას: ერთი მხრივ, სასწავლო პროცესი საინტერესოა, მოსწავლე ემოციურად დაცულია და დადებითადაა განწყობილი განსაზღვრული პოზიციის მიმართ (რაც ასევე კარგი მოტივატორია სწავლისთვის), მეორე მხრივ, მასწავლებელი გამოიყენებს სასწავლო პროცესის ორგანიზების ისეთი ფორმას, რომლის დროსაც მასალის ათვისება გაცილებით ეფექტურად მიმდინარეობს (განსაკუთრებით დიდია მასწავლებლის მაორგანიზებელი როლი „პოზიციის დაცვისას” წარმოებული დისკუსიის დროს).

ვინაიდან კონკრეტული საგნის სწავლებას სპეციფიკური მიდგომებიც სჭირდება (მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებლის უმთავრესი ამოცანაა, გაითვალისწინოს შესასწავლი მასალის დიდი მოცულობა და ოპტიმალურად გამოიყენოს ინფორმაცია), პოზიციური ტექნოლოგიის გამოყენება მასწავლებელს მასალის სტრუქტურირების საშუალებას აძლევს, რაც უადვილებს მოსწავლეს, საინფორმაციო ბლოკების სახით „დაინახოს” და გადაამუშაოს მასალა.

პოზიციური ტექნოლოგიის სისტემა მთლიანად უნდა მოიცავდეს გაკვეთილს, ის ყველაფერში უნდა იყოს, მათ შორის – მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის ფორმაშიც (აქ იგულისხმება მოსწავლეთა ინდივიდუალური და წყვილებად მუშაობის შეთავსება/ცვლილება, მოსწავლეთა „ძლიერებად” და „სუსტებად” დაყოფა და ამ უკანასკნელთა გააქტიურება) და, საბოლოოდ, მივიღებთ დამოუკიდებლად შექმნილ ჯგუფებს ინტერპერსონალური ინტერესებით, რომლებიც ჯგუფის წევრთა დიდი აქტიურობით გამოირჩევა.

თუმცა ამ ტექნოლოგიას აქვს ნაკლიც – ჯგუფური მუშაობისას მასწავლებელს უჭირს დაადგინოს თითოეული მოსწავლის ინფორმირების დონე, მაგრამ ეს გამოსწორდება შემოქმედებითი ხასიათის საშინაო დავალების მიცემით: მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გამოიყენონ თანაკლასელების ჩანაწერები, აირჩიონ ის პოზიცია, რომელმაც უფრო დააინტერესათ (ეს კარგი მოტივატორია სუსტი მოსწავლეებისთვისაც – შეეძლებათ, განსაზღვრული პოზიციის ჩარჩოში მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება). საშინაო დავალების შემოწმებისას მასწავლებელი მიხვდება, მიაღწია თუ არა მიზანს.

მოვიყვანოთ შესაბამისი მაგალითი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებიდან:

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება XX საუკუნის დამდეგს

შესავალი ნაწილი – აქ მთავარია მიზნის გამოკვეთა, რისთვისაც:

● გაკვეთილის ძირითადი ფრაზა დაიწერება დაფაზე: „სამრეწველო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით საქართველო მკვეთრად ჩამორჩებოდა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს და, მიუხედავად საფაბრიკო-საქარხნო წარმოებისა და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის ზრდისა, მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროდ კვლავ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება მიიჩნეოდა”.

● დაისმება კითხვები: რაზე ვისაუბრებთ გაკვეთილზე? რისგან შედგება ეკონომიკა?
● შედგება სქემა:

● გამოიტანენ დასკვნას: მაშასადამე, დღეს გაკვეთილზე საუბარი იქნება ეკონომიკაზე.

ამის შემდეგ მასწავლებლის სიტყვებიც და გაკვეთილის ტექსტუალური მასალაც მიმართული იქნება XX საუკუნის დამდეგის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დახასიათებისკენ.

მომდევნო ეტაპზე წინ წამოიწევს კითხვა, რა განაპირობებდა საქართველოს ეკონომიკის ასეთ ურთიერგამომრიცხავ ხასიათს.

პასუხის გასაცემად განხილულ იქნება საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე ფაქტორი:

1. სახელმწიფო სტრუქტურების გავლენა ეკონომიკაზე;
2. სხვა ქვეყნების დაინტერესება;
3. მონოპოლიზმი;
4. სტრატიფიკაცია;
5. ცენტრის გაღატაკება.
რაც შეეხება ორგანიზაციულ მხარეს:

გამოიკვეთება პასუხის მოძიების სხვადასხვა გზა:

▪ ჯგუფი „კონცეფცია” იმუშავებს სახელმძღვანელოს ტექსტზე და განიხილავს სახელმწიფოს გავლენას ეკონომიკაზე;

 

▪ ჯგუფი „მხარეთმცოდნე” შეისწავლის ქვეყნის კონკრეტულ მხარეს, გამოკვეთს ეკონომიკის განვითარების კანონზომიერ მომენტებს და მახასიათებლებს;

▪ ჯგუფი „დოკუმენტალისტი” ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ გააკეთებს იმდროინდელი დოკუმენტების (საარქივო ჩანაწერები, პლაკატები, კარიკატურები და ა.შ. – მრავალფეროვანი მასალა) ანალიზს;

▪ „სტატისტიკოსი” განაზოგადებს სტატისტიკურ მონაცემებს აღნიშნულ საკითხზე;

და ყველა მათგანს დასახმარებლად ექნება „სამარშრუტო ფურცლები” (პოსტერები), რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ინფორმაციის სწორი, სათანადო გზების მოძიებაში.

პოზიციური ტექნოლოგიით მუშაობა მოსწავლეებს უყალიბებს სისტემურ აზროვნებას, არგუმენტირებისა და, საზოგადოდ, კრიტიკული აზროვნების უნარს. დიდია მისი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც (საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნება, კომპეტენციისა და კომუნიკაციის მაღალი დონე, სწორი თვითშეფასების უნარის განვითარება), რაც პოზიციური აზროვნების ტექნოლოგიას ცოდნის ხარისხის ამაღლების ეფექტურ საშუალებად აქცევს და ცხადყოფს, რომ სასწავლო პროცესში მისი გამოყენება მისასალმებელია.
 
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Veraksa N.E. Model of position training of students. Psychology questions. 1994. N3. PP. 122-129 (in Russian).
2. Vygotsky L.S. The Problem of the Development of Higher Mental Functions // The Collected Works of L.S.Vygotsky. V.4. Edited by Robert W. Rieber. – Plenum Press, New York, 1997. PP. 1-252;
3.Positional method of teaching for university students, Olga Shiyan and Igor Shiyan, PhD in psychology, Professors, University of Moscow (Russia), https://www.educ-revues.fr/DIOTIME/AffichageDocument.aspx?iddoc=39754;
4.https://www.voppsy.ru

სკოლის ლიდერი დღეს

0
ლიდერობის, როგორც ტერმინის, მრავალგვარი განმარტება არსებობს. მენეჯმენტის თეორიებში მას განიხილავენ როგორც იდეების განხორციელებას, მიზნების ჩამოყალიბებაში ჯგუფზე გავლენის მოხდენის უნარს; თვლიან, რომ ლიდერებს ერთმანეთისაგან განასხვავებთ წარმატება და მარცხი. ბევრი კვლევის მიუხედავად, არ არსებობს ზუსტი ჩამონათვალი მახასიათებელი თვისებებისა. მთავარი კითხვა: რა თვისებებს უნდა ატარებდეს ჭეშმარიტი ლიდერი – მაინც პასუხგაუცემელია. როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი თანამედროვე გარემოში? კარგი მენეჯერი, თუ უფრო მეტად შემოქმედებითი პიროვნება, რომელიც არ კმაყოფილდება მიღწეულით და მუდმივი განახლებისათვის იბრძვის? 

იმის გასაგებად, როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი, თავდაპირველად საჭიროა განვმარტოთ – რა არის თავად სკოლა და მოკლედ ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  • რა არის სკოლის მიზანი?
  • როგორია მისი სოციალური დანიშნულება?
  • რამდენად მნიშვნელოვანია იგი საზოგადოებისათვის?
სკოლა ღია სოციალური სიტემაა, რომელსაც აქვს 4 მნიშვნელოვანი ელემენტი, ანუ ქვესისტემა :
  • სტრუქტურული;
  • ინდივიდუალური;
  • პოლიტიკური;
  • კულტურული.
სწავლა–სწავლების პროცესი კი მისი, როგორც სისტემის, ტექნიკური ბირთვია. სკოლის დანიშნულებაა აღზარდოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ადამიანებს შესძინოს და განუვითაროს სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, რათა მათ შეძლონ სწავლა, მუშაობა მრავალფეროვან საზოგადოებაში. განათლების მიზანია, ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, მუდმივად განაგრძოს განვითარება. სწავლის საგანი და სწავლის შედეგად მიღებული ცოდნა კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

სკოლა საზოგადოების განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. იგი ერთგვარი სარკეა ამ უკანასკნელისა, რადგან სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულება ასახავს იმ ღირებულებებსა და მისწრაფებებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. სკოლას, როგორც სოციალურ სისტემას, გააჩნია განვითარების, თვითგანახლების უნარი; პირდაპირ განიცდის ყველა იმ ცვლილებას, რაც საზოგადოებაში ხდება. საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რას ითხოვს სკოლისაგან და მოვალეობებს აკისრებს მას? სკოლის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწავლა–სწავლების პროცესია. სწორედ ესაა ის მთავარი ელემენტი, რაც შემდგომ განვითარებას, განახლებასა და გაუმჯობესებას ექვემდებარება (რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი). საგანმანათლებლო დაწესებულება, მთელი თავისი შემადგენელი ნაწილებით (მოსწავლეები, პედაგოგები, ადმინისტრაცია) ორიენტირებულნი უნდა იყვნენ მისი სრულყოფისაკენ, გაუმჯობესებისაკენ. გაუმჯობესებაა, როცა ორგანიზაციას შეუძლია აჩვენოს, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის გზით იგი თავის მიზანს მიუახლოვდა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის მართვისას მთავარი პასუხისმგებლობა სკოლის ლიდერს ეკისრება.

ვინ არის სკოლის ლიდერი? ბევრი თვლის, რომ იგი არის პიროვნება, რომელსაც სწავლების პროცესის გაუმჯობესებისაკენ წარმართვა ხელეწიფება, ვინც ნამდვილად ზრუნავს სწავლებაზე, რომელსაც ისეთი ფართომასშტაბიანი ქმედებების განხორციელება შეუძლია, რომელიც მიმართული იქნება ისევ და ისევ სასწავლო პროცესის პროგრესისკენ.

მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სკოლის კარგად მართვისათვის მხოლოდ მენეჯერული უნარების ქონა იყო საკმარისი, წარსულს ჩაჰბარდა. ფასეულობათა ცვლილებამ, ტექნიკურმა პროგრესმა და სხვა მრავალმა ფაქტორმა განათლების სისტემებიც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სწავლა–სწავლება გახდა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული პროცესი. აქედან გამომდინარე, თანამედროვე პირობებში აუცილებელია, სკოლის ლიდერი, პირველ რიგში, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ლიდერი იყოს, რათა თავიდან აიცილოს რუტინული განათლების საშიშროება, სწავლა გახადოს შინაგან მოთხოვნილებებთან დაკავშირებული პროცესი და შედეგი, არა გარეგნულად თავსმოხვეული თამაშის ნაწილი.

სკოლის ლიდერობა თანამედროვე პირობებში არის უნარი, რომელიც ლიდერს აძლევს სხვა ადამიანის თვალსაწიერის გაფართოების საშუალებას; განაპირობებს მათი მწარმოებლობის მაღალი სტანდარტების მიღწევას. იგი ხელს უწყობს მოსწავლეს წარმატების მიღწევაში, აღნიშნულს კი ახორციელებს სკოლის კულტურის დაცვით, ზრუნვით და თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო პროგრამების ათვისების უზრუნველყოფით.

სკოლის ადმინისტრატორებმა უნდა მართონ თავად სწავლების პროცესები. თუკი ისინი მართავენ სკოლას და არ აკონტროლებენ საგანმანათლებლო პროცესებს, ირიდებენ პასუხისმგებლობებს, ფაქტობრივად, ისინი არ მართავენ სკოლას და მისი ძირითადი ფუნქციების განხორციელების პროცესს. საგანმანათლებლო ლიდერობაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ტექნიკური პროცესების მართვას, არამედ სწავლა–სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, პრობლემების გადაჭრას, სამომავლო გზების დასახვას აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისათვის, ზრუნვას თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და ინოვაციური იდეების წახალისებას, ხელშეწყობას ჯანსაღი სასკოლო კლიმატის შექმნისათვის, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებას და ა.შ.

არსებობს კონკრეტული მითითებები, თუ როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი თანამედროვე პირობებში:

  • ლიდერობის მიზანს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება უნდა წარმოადგენდეს;
  • კოლექტიური სწავლა ყველა დონეზე;
  • ლიდერები თავად უნდა იძლეოდნენ ფასეულობებისა და ქცევის მაგალითს;
  • სასკოლო კულტურის ცვლილებამ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ადამიანებმა პატივი სცენ ჯანსაღ კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს;
  • ლიდერები პასუხისმგებელნი არიან დაეხმარონ ადამიანებს იმის მიღწევაში, რასაც მათგან მოითხოვენ.
დღეს არსებული პირობები დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებენ სკოლის ლიდერებს. რადგან ისინი თავადაც არიან პასუხისმგებელნი საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებზე. ძირითადი მიზნებისა და ფასეულობების ერთიანი ხედვა ორგანიზაციის მიერ სწავლების გაუმჯობესებისაკენ წინსვლის პირობაა. ლიდერობა მიზნად ისახავს სწავლების პროცესის წარმართვის, ასევე სწავლების შესახებ ცოდნის შეძენის, პროცესებისთვის პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილების გადანაწილებას.

საგანმანათლებლო ლიდერის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს ფუნქციების სწორად განაწილება უნდა წარმოადგენდეს. სკოლა მთელი თავისი პერსონალით მოწოდებული უნდა იყოს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ. ამისათვის მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი სასკოლო კლიმატი, რომელიც მოახდენს პედაგოგების მოტივირებას თანამშრომლობისა და კოლეგიალობისაკენ. ამაში ადმინისტრატორს ნამდვილად დაეხმარება ისეთი ერთეულების ჩამოყალიბება, როგორიც პროფესიული თანამეგობრობა და „კრიტიკულ მეგობართა ჯგუფია”. თავიანთი შინაარსით ისინი მოწოდებული არიან თანამშრომლობით გადაჭრან სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სირთულეები და დასახონ ამ უკანასკნელის გაუმჯობესების გზები. აღნიშნული გაერთიანებები ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო ლიდერს, უკეთ მართოს შიდა და სწავლა–სწავლებასთან დაკავშირებული პროცესები, შექმნას ჯანსაღი სასკოლო კლიმატი. ფუნქციების გადანაწილება გაზრდის თანამშრომელთა პასუხისმგებლობებს, დადებითად იმოქმედებს შინაგანი მოტივაციის გაზრდაზე, რადგან ისინი გააანალიზებენ საკუთარ და კოლეგების პედაგოგიურ გამოცდილებასა და პრაქტიკას. ასე რომ, ეს გაერთიანებები „მომგებიანი სვლა” იქნება ადმინისტრატორისათვის როგორც ადმინისტარციული, ასევე „საგანმანათლებლო მართვის” თვალსაზრისით.

საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რთულია იყო საგანმანათლებლო ლიდერი. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სისტემა მუდმივ ცვლილებებს განიცდის. რაც არ შეიძლება ყოველთვის დადებითად ისახებოდეს სასწავლო პროცესზე. საგანმანათლებლო ლიდერად ჩამოყალიბებაში გარემო პირობებმაც უნდა ითამაშოს დიდი როლი. ამისათვის კი სკოლების მეტი თავისუფლებაა საჭირო. მოქმედების თავისუფლება სკოლას საშუალებას მისცემს, სასწავლო პროცესი საკუთარ საჭიროებებს მოარგოს. ხოლო კოლექტივს შეეძლება იყოს მეტად შემოქმედებითი და თავისუფალი პრობლემის გადაჭრისა თუ ნებისმიერი საკითხის მოგვარებისას; დასახოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც უნდა განახორციელოს, სირთულეები, რომლებიც უნდა გადალახოს, და დაამკვიდროს ტექნოლოგიები, რომლებიც უნდა გამოიყენოს ამ სირთულის გადასალახად.

როცა სახელმწიფოსთვის განათლება პრიორიტეტია

0
ახლახან ინტერნეტში ერთი ინფორმაცია მომხვდა თვალში – ფინეთის სკოლებში საგნების სწავლება შეწყდება და თემების მიხედვით სწავლება დაიწყებაო. არაფერს ვიტყვი იმის შესახებ, რომ სტატიის დამწერს მკითხველისთვის უფრო დამაჯერებლად უნდა მიეწოდებინა ახალი ამბავი და მკითხველიც საგონებელში აღარ ჩავარდებოდა – აბა, ეს რა პედაგოგიკაა, თუ პირველი კლასიდანვე ადამიანს ერთი განსაზღვრული პროფესიის სამყოფ ცოდნას აძლევენო.
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.

საგნებით სწავლება საშუალო სკოლის უფროს კლასში თემის მიხედვით სწავლებით შეიცვლება და ამას მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ ადამიანები ცხოვრებისთვის უკეთ მოამზადონ.

მე იმ სტატიამ „ფინური განათლება” გამახსენა. მაინც რითია ის აღსანიშნავი და მისაბაძი?

იმის გასარკვევად, რომ განათლების ფინური სისტემა მხოლოდ მომხმარებელს არ ამზადებს, სტატისტიკას მოვიშველიებ.

ფინელების 90 პროცენტზე მეტს უმაღლესი განათლება აქვს; ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია, რომ ახალგაზრდობის 60 პროცენტი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტია; ქვეყნის პედაგოგიური უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა საუკეთესო 10 პროცენტი ხდება მასწავლებელი; ყველა მასწავლებელს მაგისტრის ხარისხი აქვს, ხარისხი კი სახელმწიფოს მიერაა სუბსიდირებული; ფინეთში ერთ მასწავლებელზე საშუალოდ უფრო ნაკლები მოსწავლეა, ვიდრე, ვთქვათ, ნიუ-იორკში; 2001 წლის მონაცემებით, ფინელი მოსწავლეები საუკეთესოები იყვნენ მათემატიკაში, ბუნებისმცოდნეობასა და კითხვაში და მაღალ საერთაშორისო რეიტინგს დღემდე ინარჩუნებენ. თავისი ხელფასით ბინა, კვება, მკურნალობა, მოგზაურობა მარტოხელა მასწავლებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

ისე, ფინეთი არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სხვა სფეროებშიც წარჩინებულია. მაგალითად, 2010 წელს ის საუკეთესო ქვეყნების სიის სათავეში იყო, 2012 წელს კი ამერიკულმა მშვიდობის ფონდმა ყველაზე სტაბილურ ქვეყნად მიიჩნია…

ახლა სტატისტიკას თავი დავანებოთ და ფინური საგანმანათლებლო სისტემის ძირითად პრინციპებზე შევჩერდეთ.
თანასწორობა, პრაქტიკულობა, ინდივიდუალურობა, ნდობა, ნებელობა, დამოუკიდებლობა – მშრალად ესაა ფინური სასკოლო განათლების სისტემის საყრდენი.
თანასწორობა

ყველა სკოლას, ათასბავშვიანი იქნება თუ თერთმეტბავშვიანი, ერთნაირი აღჭურვილობა და პროპორციული დაფინანსება აქვს; ყველა საგნის სწავლება თანაბრად მნიშვნელოვანია, მათემატიკა ან ლიტერატურა არ მიიჩნევა „უფრო” საგნებად, ვიდრე მუსიკა და როგორი მათემატიკოსიც არ უნდა იყოს მოსწავლე, ის სხვებთან ერთად პროგრამით გადის ამ საგანს. მშობლის სოციალური სტატუსის შესახებ მასწავლებელი განსაკუთრებულ შემთხვევაში იგებს, საერთოდ კი მსგავსი ინფორმაციის შემცველი ანკეტები მასწავლებლისთვის მიუწვდომელია, მოსწავლეებს არ ყოფენ კლასებად მშობლების კარიერული ღირსებების მიხედვით (არ ვადარებ, მაგრამ მახსენდება ქართული სკოლების რეალობა, არცთუ წარსული!). არ არსებობს კარგი და ცუდი მოსწავლე – მოსწავლეებს ერთმანეთს არ ადარებენ, გენიალურები და გონებრივად თუ ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობისანი ერთად სწავლობენ. ჩვეულებრივ სკოლებშია გახსნილი განსაკუთრებული კლასები სმენა- და მხედველობადაქვეითებულებისთვის – სპეციალური სკოლები „განსხვავებული” ბავშვებისთვის არ არსებობს. პრინციპი გასაგებია – ინტეგრირებული საზოგადოება ინტეგრირებული სკოლით იწყება. ფინელებს არც საყვარელი ან საძულველი მასწავლებლები ჰყავთ, არც მასწავლებლებს მოეთხოვებათ მოსწავლეებში „სულისა და გულის ჩადება”, მაგრამ სოციალური ჰარმონიის დამრღვევ მასწავლებელს კონტრაქტი უუქმდება – მასწავლებელი ფინეთში მასწავლებელია, მოძღვრობასა და დამრიგებლობას, სულით ბავშვებთან შედუღაბებას მისგან არ ითხოვენ. თანასწორია მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის უფლებებიც. მოსწავლეებს პირველი კლასიდანვე უხსნიან მათ უფლებებს. ეს მშობლებისთვისაც სტიმულის მიმცემია, რათა აკონტროლონ და არ დაარღვიონ ბავშვის უფლებები.

და თუ დაიბადა კითხვა, მაშ, როგორღა აკონტროლებენ ბავშვებსო, გავითვალისწინოთ, რომ უფლებების სწავლებამდე მათ მოვალეობას ასწავლიან – სკოლაში არსებობის მოვალეობას.

უფლება-მოვალეობათა სწავლება სავსებით გამართლებულად და სასიკეთოდ მიმაჩნია, მოსწავლე პასუხისმგებელი უნდა იყოს თავის არსებობაზე სკოლაში და ამას პირველივე კლასიდან აცნობიერებდეს. კარგი იქნებოდა, ეს სკოლაში მიღების ერთ-ერთი პირველი კრიტერიუმი იყოს.
ინდივიდუალურობა

განურჩევლად ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალური გეგმა იქმნება. იგულისხმება სახელმძღვანელოები, სავარჯიშოები, დავალებები, დასახარჯი დრო, ყველასთვის შესაბამისი სირთულის „მისაწვდომი” მასალა. ერთსა და იმავე კლასში მოსწავლეები სხვადასხვა დავალებას ასრულებენ, პერსონალური დონის გათვალისწინებითვე ფასდებიან და თუ დავალება საუკეთესოდაა შესრულებული, განურჩევლად იმისა, მაღალი დონისაა თუ შედარებით ადვილია, მოსწავლე საუკეთესო შეფასებას იმსახურებს. შემდეგ გაკვეთილზე ის შედარებით მაღალი დონის დავალებას იღებს, მაგრამ თუ თავი ვერ გაართვა, საგანგაშო არაფერია – წინ კიდევ არა ერთი და ორი ცდა ელის.
პრაქტიკულობა

ფინეთში არჩევანი ორმოცი წლის წინ გააკეთეს: „ჩვენ ვამზადებთ ცხოვრებისთვის და არა გამოცდებისთვის!” გამოცდები ფინურ სკოლაში არ არის. შუალედურ ტესტირებებსა და საკონტროლოებს მასწავლებლები თავიანთი ნებისა და მოსაზრებისამებრ ატარებენ ან არ ატარებენ. არსებობს ერთადერთი სტანდარტული სავალდებულო ტესტი, რომელიც 16 წლის მოსწავლეებს მეცხრე დამამთავრებელ კლასში აქვთ და მასწავლებლები ამ ტესტების გამო არ ღელავენ, ამისთვის ბავშვებს საგანგებოდ არ ამზადებენ.

ფაქტია, რომ მოსწავლეები სკოლას პრაქტიკული ცოდნით ამთავრებენ: ყველას შეუძლია გამოთვალოს მემკვიდრეობაზე დარიცხული გადასახადი, გახსნას საკუთარი სავიზიტო საიტი ან „ქარის ვარდის” პრინციპის გამოყენებით გირჩიოს, ბოსტანში რომელ მხარეს ჯობს ყვავილოვანი კომბოსტოს დარგვა, სახლებისა და ქუჩების დაგეგმარების ცოდნაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ნდობა

ქვეყანაში ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამაა საერთო რეკომენდაციებით და ყველა მასწავლებელი თვითონ ირჩევს იმ მეთოდს, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია. სახელმწიფო მასწავლებელს ენდობა.

სახელმწიფო სისტემა ბავშვებს ენდობა. ბავშვი თავად ირჩევს, მოისმინოს და ნახოს თუ არა ის, რასაც სთავაზობენ და შეუძლია, საკუთარი მოსაზრებისამებრ, გაკვეთილზე ის აკეთოს, რაც უფრო აზრიან საქმედ მიაჩნია, მაგალითად, არ უყუროს ლიტერატურის გაკვეთილზე შეთავაზებულ ფილმს და, ნაცვლად ამისა, იკითხოს წიგნი. ამრიგად, მოსწავლე თავად ირჩევს თავისთვის სასარგებლოს.

ბუნებრივია, იგულისხმება, რომ ხელს არავის უშლის და საერთო მოთხოვნებს, საგნობრივი იქნება თუ დისციპლინური, ემორჩილება.
ნება 

სწავლის ნება ყველას თანაბრად ეძლევა, მაგრამ სწავლობს ის, ვისაც უნდა სწავლა. ბუნებრივია, მასწავლებელი შეეცდება მოსწავლის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ თუ მოსწავლეს ინტერესი ან უნარი არ გააჩნია, ცუდი ნიშნებით მას არ დაბომბავენ, თუმცა მომავალში მისთვის სასარგებლო და შესაფერისი საქმისთვის გაამწესებენ. ადამიანი, თვითმფრინავის კონსტრუქტორი იქნება თუ სატვირთო მაქანის მძღოლი, სახელმწიფოსთვის ერთნაირად პატივსაცემი და ღირებულია. ფინეთში საშუალო სკოლის ამოცანად ესეც მიიჩნევა – გაიგონ, ღირს თუ არა, ამა თუ იმ მოსწავლემ ლიცეუმში ან პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა. მოსწავლის მიდრეკილებებისა და შესაძლებლობების გარკვევით დაკავებულია სკოლის საშტატო სპეციალისტი – ე.წ. „მომავლის მასწავლებელი”.

გაცდენილი გაკვეთილების აღდგენა მკაცრად კონტროლდება. მასწავლებელი აუცილებლად გამოძებნის „ფანჯარას” და დასვამს მოსწავლეს სხვა კლასთან ერთად, მისცემს დავალებას ან მარტივ დირექტივას: დაჯექი, იფიქრე ცხოვრებაზე, თუ მოიწყინე, არა უშავს, მაგრამ თუ სხვას ხელს შეუშლი, ეს საათი აღდგენილად არ ჩაგეთვლებაო. მშობლის გამოძახებით და შეურაცხმყოფელი წამოძახებებით არ იმუქრებიან. ასევე, მშვიდად და უდრტვინველად ვერ გადადიან გამცდენი მოსწავლეები მომდევნო კლასში. მეორეწლიანობა ფინეთში სირცხვილად და თავის მოჭრად არ ითვლება. გაგებით ეკიდებიან, რომ „დიდობა-მოზრდილობა” სერიოზული საქმეა და მისთვის მომზადება საპასუხისმგებლო პროცესია. ასეთებისთვის ფინურ სკოლაში ნებაყოფლობითი მეათე კლასიცაა.

მოკლედ, სწავლება ფინურ სკოლაში დელიკატურია, მაგრამ სასკოლო რეჟიმი მკაცრად კონტროლდება.
დამოუკიდებლობა

უმთავრესი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებააო, ფიქრობენ ფინეთში. ასწავლიან აზროვნებას და ცოდნის მიღების დამოუკიდებელ უნარს უვითარებენ. ფინურ სკოლებში ბევრს წერენ, აზრის ლიტერატურული ენით გადმოცემას სწავლობენ. მოსწავლეებს ასწავლიან, როგორ მოძებნონ, ისწავლონ სწავლა. არა ფორმულების დაზეპირება, არამედ ენციკლოპედიებით, ათასნაირი ცნობარით, ინტერნეტითა თუ კალკულატორით სარგებლობა. სკოლა პრობლემის ოსოაგვარებლად საჭირო რესურსებს უჩვენებს.

ფინეთი დიდი ქვეყანა არ არის, ექვსმილიონიან სახელმწიფოში 80 000 მასწავლებელია.

სკოლას მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო -შენობით, აღჭურვილობით, წიგნებით, სწავლებით, რვეულებით, საკანცელარიო ნივთებით, სკოლაში კვებით.

მასწავლებლები დღეში ოთხ გაკვეთილზე მეტს არ ატარებენ და სტანდარტით, კვირაში ორი სამუშაო დღე პროფესიული განვითარებისთვის აქვთ გამოყოფილი. ფინეთის სკოლის მოსწავლეების 30 პროცენტს მასწავლებლები დამატებით, ინდივიდუალურად ეხმარებიან. ამ ქვეყანაში მასწავლებლის სტატუსი ექიმობასა და იურისტობასთან ერთად უმაღლესია. ეს პრესტიჟული პროფესიაა.

ბაბუების ომი

0

ერთი მწერალი წერს, რომ ვერც ერთი მწერალი ვერ დაწერს რამეს ისეთს, რაც სადღაც ოდესღაც მართლა არ მომხდარა.

მარკესიც კი.

იყო დრო და კედელთან დასახვრეტად მდგომი ბაბუაჩემის ძმა იმას იგონებდა, როგორ წაიყვანა მამამ…არ ვიცი სად, მაგრამ ალბათ, რაიონული ცენტრისათვის არ გაუცილებია, დიდი-დიდი ქუთაისში წაეყვანა ყველაზე შორს, ფეხსაცმელები ეყიდა მისთვის ან რამე ასეთი.

მერე კი უცებ პირდაპირ შუაგულ ევროპაში ამოყო თავი. ოღონდ არც ვან-გოგის ნახატები უნახავს მუზეუმში და არც გონდოლიერთა ნამღერი ბარკაროლათი დამტკბარა, ბუჰენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში კარტოფილის კანებით იცხრობდა შიმშილს.

ეს ამბავი ყურმოკვრით ვიცოდით, თვითონ ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა, მაშინაც კი, როცა საბჭოთა კავშირი დასუსტდა, მაშინაც კი _ როცა მთლიანად დაიშალა და საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადეს. მხოლოდ 90 წლისამ, ლოგინში ჩავარდნილმა, დაიწყო ომის ამბების მოყოლა, დაიწყო ისე, რომ ვეღარ ვაჩუმებდით, იმის რწმენა არ დაუკარგავს, რომ კარგა ხნის გარდაცვლილი სტალინის მსახვრალი ხელი ამ დროსა და ამ ადგილასაც მისწვდებოდა, უბრალოდ, ისე გაუმართლა, რომ ამდენ ხანს იცოცხლა, უკვე აღარ ენაღვლებოდა, ორიოდე კვირით ადრე მოკვდებოდა თუ გვიან…

ტექსელის აჯანყებაში მონაწილეობისათვის არ მიუყენებიათ კედელთან, არც რომელიმე სხვა გმირობისათვის. ებრაელს მიამსგავსეს, სულო ცოდვილო, გვარიანად ჰგავდა, მაგრამ არ იყო და მაინც საწყენია, უაზროდ რომ კვდები, თუნდაც ომში.

მისი ძმა, ჩემი ღვიძლი ბაბუ, პარტიზანი იყო იტალიაში, პერმთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში მალავდა გლეხის ოჯახი. მასპინძლის ვაჟიშვილის ოთახში აძინებდნენ და სუფრაზე თავისი ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებს შორის. ერთ დღესაც სოფელს გერმანელები შემოესიენ, ჩხრეკა ჩაატარეს, ბაბუ სახლიდან წავიდა და დაიმალა, სხვა პარტიზანებისაგან განსხვავებით გაუმართლა და ვერ იპოვეს. საღამოს სახლთან რომ მივიდა და ფანჯრიდან შეიხედა სასადილო ოთახში, ვახშმის დრო იყო, სუფრა გაეშალათ, გარს მისხდომოდნენ და არავინ არაფერს ჭამდა. ბაბუს თეფში და დანა-ჩანგალი თავის ადგილას ეწყო და პატრონს ელოდა…

ბაბუ იხსენებდა, რომ ორმა რამემ გადაარჩინა: ცოტა ჭამას იყო მიჩვეული და სიგარეტს არ ეწეოდა…

ორჯერ ჩაიდგეს ტყვედ გერმანელებმა და ერთხელ დაიჭრა. სამშობლოში დაბრუნებული სამი კვირის დაქორწინებული, მათემატიკის გაკვეთილს ატარებდა, უშიშროების ხალხი რომ შეუცვივდა და მალე სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს. შვიდი წელი იჯდა ციხეში და ბებიაჩემს ხისგან გამოთლილ სასურათე ალბომებს უგზავნიდა ზედ ამოკვეთილი დაფოთლილი ვაზის გრეხილებით, რომლებსაც ნაყოფის ნაცვლად წითლად მოხასხასე გულები ესხა.

ორჯერ დაუნგრია ცხოვრება სტალინმა და ბელადის გარდაცვალების დღეს მაინც მკვდარს ჰგავდა. შეუცნობელი იყო სიმძლავრე კომუნისტური იდეოლოგიისა.

ეს დედის მხრიდან ბაბუებზე მოგახსენეთ. მამის მხრიდან ბაბუ დღესაც ცოცხალია. ომში არ ყოფილა, გავლენიანმა მამამ მოუხერხა და ,,ზურგში” გაგზავნეს, სვანეთის ოქროს საბადოებზე. დეზერტირობაზე რომ ჩამოვუდგე სიტყვა, აღშფოთებულმა მითხრა:

,,რას ამბობ, ბაბუ, ადამიანის შვილს რა მომაკვლევინებდა!”

მე მესმის მისი და ვამაყობ. მეც მასავით პაციფისტი ვარ.

ბებიების ომიც არსებობდა. არანაკლებად დუხჭირი ამბებით.

,,ცხრა დედმამიშვილი ვიყავით, ბებია. საჭმელი არ გვყოფნიდა, მშივრები ვიყავით, მაგრამ სტუმრად რომ მივდიოდით მეზობლებთან და საჭმელს შემოგვთავაზებდნენ, ხელს არაფერს ვახლებდით, ვუარობდით, ახლა ვისადილეთო.”

,,საჭმელი ბევრი გვქონდა სვანეთში, ომის დროსაც _ სამწყემსურიდან ჩამოტანილი ყველის დიდრონ თავებს ნაჯახით ვჭრიდით ხოლმე, მაგრამ ტანსაცმელი გვიჭირდა ძალიან. ელექტრომავთულებისაგან მოქსოვილი კაბა მქონდა და სკოლაში წაღმა მეცვა, სახლში _ უკუღმა.”

ეს ჩემი ოჯახის ომია, მეორე მსოფლიო ომი. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩემმა ოჯახმა იგი თითქმის უდანაკარგოდ გადაიტანა, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ავადმყოფობებსა და შიშებს, რომლებიც ჩემმა ბაბუებმა ევროპიდან ჩამოიტანეს, თუ არ ჩავთვლით სიცივესა და შიმშილს… მაგრამ არსებობდნენ ბევრად უფრო დაზარალებული ოჯახები.

შვიდი წლის წინ ომი საკუთარ თავზე ვიგრძენი, ომის ნატეხი, ომის ნამსხვრევი. არც საჭმელი შემოგვკლებია და გარეთაც აგვისტო ჩახჩახებდა, მაგრამ მივხვდი, რომ მომავლის ყველა გეგმა, რომლებიც მასულდგმულებდა, უცებ გაქრა, თითქოს ექიმმა მითხრა, რომ სასიკვდილო სენი მჭირს და სულ ცოტა ხნის სიცოცხლე დამრჩენია, რომელიც საავადმყოფოს კედლებში გამომწყვდეულმა უნდა გავატარო.

ომი იმას ჰგავს, რომ მთელ ქვეყანას ერთხმად გამოუცხადოს ექიმმა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე დამართნია და ყველაფერი, რაც თავის მომავლად წარმოედგინა, უნდა დაივიწყოს.

მეორე მსოფლიო ომში თითქოს მთელ სამყაროს მოსდებოდა მეტასტაზები.

მე მეორე მსოფლიო ომის შესახებ ჩემი ოჯახის წევრებისაგან ბევრი არაფერი გამიგია, ამაზე ლაპარაკი არ სურდათ. ომის შესახებ რემარკმა მიამბო, ანე ფრანკის დღიურებმა, ,,შინდლერის სიამ”, ,,პიანისტმა”, ,,ბიჭუნამ ზოლიანი პიჟამოთი”…

ეს ადრე იყო, რაც გავიზარდე, ომის შესახებ აღარაფერი წამიკითხავს და არც ფილმი მინახავს. ჩემი გონება ვეღარ ეგუება ომის ცნების არსებობას. აქვს არცთუ გონივრული იმედი კაცობრიობის კეთილშობილებისა, კაცობრიობის კარგი მეხსიერებისა და კაცობრიობის რაციონალურობისა, რომ მეტ მასშტაბურ ომს აღარ დაუშვებს.

მაგრამ ყოველ წელს, წელიწადში ერთხელ, მაინც ვიხსენებ ომს. ყოველ წელს ვაძლევ ჩემს მოსწავლეებს დავალებას, გამიკეთონ პრეზენტაცია ,,ჰოლოკოსტის” თემაზე, მოძებნონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, მეტი სურათი, მეტი ფაქტი. ბავშვები უნდა იცნობდნენ ომს, მის ყველა საშინელებას, უნდა იცნობდნენ ისტორიიდან, გეოგრაფიიდან, ლიტერატურიდან, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, მათ არასოდეს უნდა დაივიწყონ, რა მოაქვს ომებს, რადგან მათ შორის იქნებიან მომავალში ადამიანები, რომლებსაც ომი თავიდან აცილება შეეძლებათ და მათ ეს უნდა გააკეთონ.

ბაბუაჩემის ძმამ კი გერმანელებს უტყუარი საბუთი წარუდგინა თავისი არაებრაელობის დასადასტურებლად _ აჩვენა, რომ წინადაცვეთა არ ჰქონდა ჩატარებული. და მას შემდეგ სამოცდახუთ წელს მოესწრო, ჰყავდა ცოლი და სამი შვილი, მუშაობდა მიწაზე და იცოდა, რომ ქუთაისში ფეხსაცმელების საყიდლად წასვლა ნამდვილად არის დღესასწაული, რომელიც უნდა დააფასოს ადამიანმა.

თეთრია – თოვლი არ არის…

0

ეს ყუთები უკვე დავცალე და შემიძლია, გადასაყრელად გარეთ გავიტანო. ახლა ის კუთხე მაქვს მოსაწესრიგებელი. დამავიწყდა მეთქვა, ლაბორატორიას ვალაგებ. ახალ ოთახში გადმოვიტანე და იმედია, კიდევ სადმე აღარ მომიწევს გადაბარგება. ახლა რეაქტივებს ყუთებიდან ვიღებ და კარადებში ვაწყობ. ნელა ვმუშაობ, – ასეთ საქმეში აჩქარება არ ვარგა, – ამიტომ ერთი გამოცანის თქმასაც მოვასწრებ:

თეთრია – თოვლი არ არის, წკრიალებს – ზარი არ არის, ძვირფასია – ოქრო არ არის.

აბა, რა არის?

არ იცით? ასე იყოს, წაგეხმარებით. ის დიდი ხნის წინ გაჩნდა ჩინეთში. გავიდა რამდენიმე საუკუნე და მასზე მოთხოვნა საოცრად გაიზარდა. ვერც ახლა მიხვდით? რა გაეწყობა, აი, იმ დალაგებული კუთხისკენ გადავინაცვლებ – ჩაფიქრებული საგანი იქაა. მართალია, ვერ ხედავთ, მაგრამ მენდეთ – მაგიდაზე ქაფქაფა ყავით სავსე ფინჯანი დგას და ახლა სწორედ ამ სასმლის დალევას ვაპირებ. თუმცა გამოცანის პასუხი არც ფინჯანია და არც, მით უმეტეს, ყავა. პასუხი ფაიფურია.

ფაიფურის გამომგონებლის ვინაობასა და მისამართს ნუ მკითხავთ. დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – ჩინეთში ცხოვრობდა მრავალი საუკუნის წინ. თუმცა იმხანად ფაიფურის ნივთები მხოლოდ იმპერატორისა და მისი ოჯახის პრივილეგია იყო. საკმაო ხანი დასჭირდა, რომ ფაიფურით სარგებლობა ყველას შესძლებოდა. მისი მასობრივი წარმოება ჩინეთში მხოლოდ მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში დაიწყო, ცენტრად კი ქალაქი ძინ დე ჯენი იქცა. მერე ფაიფურმა ევროპაში შეაღწია და მალე ძვირფას ქვებზე მეტად დაფასდა. მდიდარი ფრანგი ქალბატონები გულზე დიდი სიამოვნებით იკიდებდნენ ოქროთი ან პლატინით მოვარაყებულ ფაიფურის ნატეხებს. წარმოება, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბოლოს ყოველგვარი საიდუმლო მჟღავნდება, ამიტომ დღეს მისი შემადგენლობა და დამზადების წესი ცნობილია და ინტერნეტგაზეთში დაწერასაც კი ვერავინ აგვიკრძალავს.

ძირითად მასას ე.წ. ფაიფურის ქვისგან ამზადებდნენ. მისი ქიმიური შემადგენლობა ასეთია: SiO2, Al2O3, TiO2, MgO, CaO, Na2O, K2O. ამ ქვას აქუცმაცებდნენ, რეცხავდნენ, შეურევდნენ კირს და მიღებულ მასას ათეულობით წლით მიწაში მარხავდნენ, რათა განსაკუთრებული პლასტიკურობა შეეძინა. თუ მასალა თხელკედლებიანი ჭურჭლისთვის სჭირდებოდათ, ის ერთი საუკუნე მაინც უნდა დარჩენილიყო მიწის ქვეშ. ასე რომ, ბაბუა მარხავდა, შვილიშვილები კი იყენებდნენ. მზა ნივთებს ღუმელში გამოწვავდნენ, ათას გრადუსზე. შედეგად იღებდნენ ფაიფურს, რომელსაც უამრავი ღირსება ჰქონდა: იყო მტკიცე, აირებისა და სითხეებისადმი მდგრადი, მისგან ისეთი თხელკედლებიანი ჭურჭლის დამზადება შეიძლებოდა, თითქოს გამჭვირვალეაო. თუ ამ ჭურჭელს ფრთხილად შემოჰკრავდით წკირს, ზანზალაკივით წკრიალებდა.

ფაიფური ქიმიურადაც მედეგია, ამიტომ ლაბორატორიაში ფაიფურის ჭურჭელს ვიყენებთ: როდინსა და სანაყს, ფინჯანს, ჯამს აორთქლებისთვის, ტიგელს, თავსახურს, შპატელს..

.

იყო მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ერთი ალქიმიკოსი – იოჰან ფრიდრიხ ბედგერი. ბერლინში აფთიაქარის ხელობას სწავლობდა, მერე იქ რაღაც ვერ აეწყო და საქსონიის მეფე ავგუსტს შეაფარა თავი. ბუნებრივია, ეძებდა ფილოსოფიურ ქვას, რომელიც სააფთიაქო საქმიანობისთვისაც უნდოდა და ოქროს მისაღებადაც. რით მიიპყრო ავგუსტის ყურადღება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მეფემ უთხრა, დაანებე ახლა თავი არარეალურ ამბებზე ფიქრს და მიდი ერთი, ფაიფურის რეცეპტი მომიძებნე, თანაც ისეთი, რომ ხარისხით ჩინურს არ ჩამოუვარდებოდესო. ეს ჩვენი იოჰან ფრიდრიხი გონიერი კაცი აღმოჩნდა – ფილოსოფიურ ქვას აღარ ჩასცივებია, ადგა და რაც დაუფასდებოდა, იმის ძებნა დაიწყო. სხვადასხვა პროპორციებით ურევდა და ურევდა თეთრ თიხას და კაოლინს, მინდვრის შპატს და კვარცს და ღუმელში წვავდა და წვავდა. და აი, 1707 წლის დეკემბრის ბოლოს შედეგი მიიღო. ეს თარიღი ევროპული ფაიფურის დაბადების დღეა. იმ დღიდან იოჰან ფრიდრიხი გაძლიერებული დაცვით დადიოდა – მეფეს ეშინოდა, ფაიფურის საიდუმლოს არ გაეჟონა. მაგრამ მაინც გაჟონა: აიღეთ 50% კაოლინი, 25% მინდვრის შპატი, 25% კვარცი, ეს ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დაფქვით, იმდენი წყალი დაამატეთ, რომ ზომიერად დანამოს, კარგად აურიეთ ერთმანეთში და ნარევიდან ზედმეტი ჰაერი გამოდევნეთ. მორჩა, ამ მასისგან ნებისმიერი ჭურჭლის დამზადებაა შესაძლებელი.

მოგვიანებით ინგლისში ფაიფურის მასას კალციუმის ფოსფატი დაამატეს, რომელსაც ძვლების დაწვით იღებდნენ. ამ გზით მიღებული ფაიფურის ნივთები მკვეთრი სითეთრით გამოირჩევა და ძალიან თხელი კედლები აქვს. თავად ფაიფურს კი „ძვლოვანს” უწოდებენ.

ახლა ეს წერილი თუ რომელიმე კირკიტა მოსწავლემ წაიკითხა და ქიმიის გაკვეთილზე ფაიფურის დამზადება განიზრახა, პირდაპირ გეტყვით, არაფერი გამოუვა. საკლასო ოთახში არც სპეციალური ინგრედიენტები გექნებათ და არც გამოსაწვავი ღუმელი. აი, ფაიფურის იმიტირება კი შეიძლება. ასეთ ფაიფურს მეორენაირად ცივ ფაიფურს უწოდებენ. დაგჭირდებათ წებო (3/4) – პოლივინილაცეტატის ემულსია, ნახევარი ჭიქა წყალი, ნებისმიერი ნელსაცხებელი (ან ვაზელინი) – ერთი ჩაის კოვზი, გლიცერინი – ერთი ჩაის კოვზი – და ერთი ჭიქა სიმინდის სახამებელი. ჯერ თხევად ინგრედიენტებს აურევთ ერთმანეთში და გააცხელებთ, მერე ნელ-ნელა დაუმატებთ სახამებელს. კარგად აურევთ და მიიღებთ თეთრ მასას, რომლისგანაც, როგორც პლასტილინისგან, ისე შეიძლება ძერწვა. მერე ის ჰაერზე გამყარდება და თითქმის ფაიფურივით მდგრადი გახდება.

 
დედაჩემს თანამშრომელი ჰყავდა, ორი ვაჟის დედა. სხვაობა ძმებს შორის სულ ერთი-ორი წელი იქნებოდა. ენერგია სად წაეღოთ, არ იცოდნენ და დროდადრო ერთმანეთზე ცდიდნენ ძალას. ერთხელ ეს ქალბატონი სტუმრად გვეწვია და შვილებიც მოიყვანა. დედამ სუფრის გაშლა დაიწყო, მეც დამიხმარა, თან მეგობარს ესაუბრებოდა. უცებ, – რა ვერ გაიყვეს ბიჭებმა, ვერ გეტყვით, – ჩვენს ხალიჩაზე ქარბორბალასავით ჩაეხვივნენ ერთმანეთს. სად რომლის ხელ-ფეხი იყო, ვერ გაარჩევდით. პირდაღებული შევცქეროდი სახელდახელოდ მოწყობილ ტატამს. საქმეში ბიჭების დედა ჩაერია და ორივე დააშოშმინა, მაგრამ მანამდე ამ ჯიკაობა- ჭიდაობას ჩემი ფაიფურის თოჯინის ხელი ემსხვერპლა. დღეს ეს ძმები ცნობილი ხალხია. აი, ჩემი თოჯინა რომ შეიწირეს, ახსოვთ თუ არა, არ ვიცი. რამდენიმე დღის შემდეგ დედამ რაღაც სპეციალური წებოთი ისე ოსტატურად მიაწება თოჯინას ხელი, რომ არც კი ეტყობა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ მიწებებულია. მახსოვს, მითხრა, ეს საუკეთესო წებოაო. თუმცა ცნება „საუკეთესო წებო”, ცოტა არ იყოს, საკამათოა. უამრავი წებო არსებობს ამქვეყნად და ყველას თავისი დანიშნულება აქვს.

სწორედ ახლახან, აი, იმ ყუთში ნატრიუმის სილიკატის ტუტე ხსნარი, იგივე სილიკატური წებო ვიპოვე. ქაღალდისთვის ეს წებო არ ვარგა, სამაგიეროდ სამშენებლო საქმეში იყენებენ აქტიურად. წყალგაუმტარობის მისანიჭებლად ცემენტს ამატებენ, ჟღენთენ ხის მასალას, რომ ცეცხლგამძლე გახდეს… თუმცა მე მშენებლობას არ ვაპირებ; სამაგიეროდ, შემიძლია, მისი მეშვეობით სხვადასხვა „წყალმცენარე” გავზარდო.

ავიღოთ ქიმიური ჭიქა და ჩავასხათ სილიკატური წებო, გავაზავოთ ორ-სამჯერ მეტი წყლით და შიგნით რკინის (III) ქლორიდის პატარა ბურთულა ჩავაგდოთ. ბურთულას ჩვენ თვალწინ გამოეზრდება ტოტები, რომლებიც უფრო და უფრო რთულ ფორმას მიიღებს და უცნაურ ტრაექტორიას მოხაზავს. სანახავად მართლაც ლამაზია, მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ სილამაზე არ გვაინტერესებს – იმის ცოდნაც გვჭირდება, რა ხდება ჭიქაში.

მაშ ასე, რკინის (III) ქლორიდის ბურთულა სილიკატის ხსნარში ხვდება და გახსნას იწყებს. გახსნის პროცესში ის ნატრიუმის სილიკატთან შედის რეაქციაში. შედეგად წყალში უხსნადი რკინის სილიკატი წარმოიქმნება. რკინის სილიკატი ხსნარში მემბრანას წარმოქმნის, რომელსაც წყლის მოლეკულების გატარება შეუძლია. მემბრანა იბერება, მერე სკდება და ახალი მრგვალი წარმონაქმნი გამოიყოფა, მერე – ისევ ახალი და ამგვარად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხსნარში ქიმიური წყალმცენარე იზრდება. შეიძლება, სილიკატურ წებოში მოვათავსოთ სხვა მძიმე მეტალების მარილებიც (კობალტის სულფატი, ნიკელის სულფატი, მანგანუმის ქლორიდი) და ერთ ჭიქაში მთელი ბაღი გავზარდოთ.

ლაბორატორიაში სხვა წებოც მაქვს, ე.წ. „სუპერ წებო”. „მომენტსაც” უწოდებენ. მის საფუძველს ციან აკრილატი შეადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ციანაკრილმჟავას ეთერია. ციანის რადიკალი საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ ამ მხრივ ეს წებო ნაკლებად საშიშია, ვიდრე, მაგალითად, ციანწყალბადმჟავა ან ციანიდები (ანუ ნივთიერებები, რომლებიც ასევე CN ჯგუფს შეიცავს), თუმცა ასეთი წებოებით ის ნივთები არ უნდა დავაწებოთ, რომლებიც საკვებს ეხება.
ახლა ჯობია, ისევ საქმეს მივხედო, თორემ ასე თუ ვიბაასე, დალაგებას მთელ კვირას მოვანდომებ. ფაიფურის ფინჯნიდან ყავის უკანასკნელ ყლუპსაც მოვსვამ და შევუდგები…

ჰო, მართლა, არ მითქვამს, რომ ჭიქას უცნაური არსება ახატია, სახელად გარუდა. მის შესახებ განსაცვიფრებლად საინტერესო ამბები ვიცი, მომდევნო შესვენებისას მოვყვები…

რისგან უნდა დავიცვათ ბავშვი

0
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და გადაცემისთვის ჩაწერა მთხოვა. საუბრის თემა იყო – მულტფილმები, ანიმაციები, მათში ჩადებული შეფარული გზავნილები და მშობლების როლი, ანუ როგორ უნდა დავიცვათ შვილები სხვადასხვა იდეოლოგიისგან, ძალადობისა და აგრესიისგან. მგონია, რომ თანამედროვე ადამიანები ხშირად ვცდილობთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემებიდან მეორეხარისხოვან თემებზე ყურადღების გადატანას, ზოგჯერ პრობლემებსაც ვიგონებთ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობაშიც, ცხადია, ტყუილად ვხარჯავთ დროს. ზოგჯერ მგონია, რომ რიგ საკითხებზე იმდენად სწორხაზოვანი დამოკიდებულებები ჩამოყალიბდა, იმდენად კარგად დავიზეპირეთ გასაპროტესტებელი ამბების სია, მოსაწყენიც კია ასე ცხოვრება.

ახლაც, ვილაპარაკე იმაზე, როგორი სიფრთხილე მართებს მშობელს პლანშეტითა და ინტერნეტით შეირაღებულ ბავშვთან, რომელმაც შესაძლოა რაიმე საშიშს ან მისი ფსიქიკისთვის საზიანოს უყუროს, როცა თვალყურს არ ადევნებ, როგორ დევს ცალკეულ ნარატივებში ისეთი გზავნილები, რომელიც სადავოა; როგორ არ ჯდება გენდერული თანასწორობის კონცეფციაში კონკია და ფიფქია, რომლებიც მხოლოდ იმისთვის ცხოვრობენ, რომ ბოლოს პრინცმა შენიშნოს და ეს პრინციც როგორი ბურჟუაზიული მოვლენაა; რატომ არ შეიძლება ჩვეულებრივი ბიჭი შეგიყვარდეს ლამაზ და ჭკვიან გოგოს და მასთან იცხოვრო დიდხანს და ბედნიერად. ან საერთოდ, რა აუცილებელია, რომ ძალიან ლამაზი იყო, ჩვეულებრივ გოგონებსაც ხომ ისევე აქვთ ბედნიერების უფლება, როგორც ყველა დანარჩენს.

ისიც ვთქვი, რომ სიფრთხილე კარგია, მაგრამ სტერილურობა არ შეიძლება. ბავშვები ადრე თუ გვიან იზრდებიან, ჩვენი მეთვალყურეობის არეს ტოვებენ  და ხვდებიან, რომ სამყაროში  აგრესიისა და სიძულვილისთვისაც მოიპოვება ადგილი, ზოგჯერ ბოროტებიც იმარჯვებენ, უსამართლო ადამიანებიც მრავლად მოიპოვებიან. ბავშვები იზრდებიან და თვითონ იცნობენ პრეტენზიული პრინცების, მათზე დაქორწინების მსურველი გოგონების, დიქტატორი ხელმწიფეების, ავი დედინაცვლების და უპრინციპო მლიქვნელი მოსამსახურეების პროტოტიპებს. ბავშვები იზრდებიან და ჯობია მათ უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე ცოტა, ჯობია მათ უსამართლობასთან ბრძოლაზე უკვე ქონდეთ ნაფიქრი, ვიდრე უცებ აღმოჩნდნენ რთულ პრობლემებთან პირისპირ. ბავშვები იზრდებიან და ჩვენ, უფროსები ვართ პასუხისმგებლები მათზე, რომლებსაც არ დააინტერესებთ, რამდენი დრო დავკარგეთ შიშებსა და გაურკვევლობასთან ბრძოლაში. მათ ძლიერი მხარდამჭერები სჭირდებათ. ცხოვრება რთულია და  ისინი მომზადებულები, ძლიერები უნდა იყვნენ.

მეტიც, სანამ დიდები გაიზრდებიან, მათი ცხოვრება მანამდეც არ შეიძლება  მხოლოდ ფერადი ეკრანით შემოვსაზღვროთ.  ისინი ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში ყოველდღე დადიან და ხედავენ მშიერ თანატოლებს, აგრესიულ უფროსებს, სასოწარკვეთილ მოხუცებს, უწესოდ გაჩერებულ მანქანებს, დანაგვიანებულ გარემოს, განადგურებულ საჯარო სივრცეებს, უცენზურო ურთიერთობებს, ნაწამებ  ცხოველებს და ა.შ. შეუძლებელია ბავშვს ეს აარიდო. შეუძლებელია სტერილური გარემო შეუქმნა.

უფრო ძველი ამბავი. 
ერთ-ერთ რეგიონში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით სკოლის მოსწავლეებს პოლიტიკური შინაარსის ძალადობის შემცველი კადრები აჩვენეს. ბავშვები ამბობდნენ, რომ ისინი სკოლიდან წაიყვანეს, თუმცა არ იცოდნენ, რას ნახავდნენ. ამბავი, ცხადია, გახმაურდა, ავყაყანდით ჟურნალისტები, იურისტები, ფსიქოლოგები, უფლებადმცველები, მშობლები – ეს როგორ შეიძლება, ბავშვებს პოლიტიკაში რატომ სვრიან, როგორ შეიძლება ყველაფერი იკადრო ადამიანმა.  დავსვით სკოლის, მასწავლებლის, რესურსცენტრის ხელმძღვანელის, სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი, ვესაუბრეთ ერთმანეთს, ფსიქოლოგებს, იურისტებს, მასწავლებლებს და როცა საკმარისი ბოლი გამოვუშვით, დავმშვიდდით, სხვა თემაზე გადავერთეთ.

მერე ნიუსი შემხვდა. იმ რესურსცენტრის ხელმძღვანელი დაუსჯიათ, შეხვედრის ორგანიზატორი და იდეის ავტორი ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორად დაუნიშნავთ. ხვდებით ხომ რაზეა საუბარი?

ბავშვებს შეიძლება არ ვაჩვენოთ ძალადობის შემცველი კადრები, არ ვაყურებინოთ რიგი მულტფილმები, არ შევიგინოთ და ვილანძღოთ მათი თანდასწრებით, მაგრამ ამას ვერ ავარიდებთ. ვერანაირად ვერ დავუმალავთ იმას, რომ ადამიანები კარიერას ზოგჯერ ასეთი ბინძური მეთოდებით იკეთებენ, სამართლიანობისთვის ბრძოლოს გზაზე შეიძლება ვინმე წვრილმანი ჩინოვნიკი დატუქსონ საჩვენებლად, მსხვილმან დამნაშავეებს ხელი დააფარონ, არაფერიც არ უთხრან. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები ამას პატარაობიდანვე ხედავენ და ერთ დღესაც შეიძლება გითხრან, რაში მადარდებს შენი პატიოსნება და სამართლიანობა, როცა ასეთი ადამიანები უფრო კარგად ცხოვრობენო და ეს დღე მძიმე იქნება, პასუხს შეიძლება არც მოუსმინონ.
სულ ახალი ამბავი. 

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. მედია დღეების განმავლობაში იკვებებოდა სასოწარკვეთილი მშობლების ტირილით, სასწრაფოს მანქანებზე ხელების ბრახუნითა და ცრემლიანი ინტერვიუებით, არც ტრაგედიას გადარჩენილი არასრულწლოვანების ჩაწერა დაიზარა ჯერ კიდევ კვამლიანი შენობის ფონზე.  ხელისუფლების წარმომადგენლები  სამძიმარზე მივიდნენ, ოჯახებს საკომპენსახიო თანხა გამოუწერეს, ზოგი ტრაგედიის მიზეზებით დაინტერესდა, სასტუმროს მეპატრონე დაქცეულ ბიზნესზე ჩიოდა, მოკლედ, ყველა თავისას ცდილობდა.

ისინი, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და ბავშვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, კითხვებს მედიის არაეთიკურობაზე, შენობების დაუცველობასა და მასწავლებლების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სვამენ, მაგრამ ეს მხოლოდ მომავალზე თუ იმოქმედებს დადებითად. არც დაღუპულ ბავშვებს, არც ტრაგედიისას იქ მყოფ სხვა მოსწავლეებს და არც მათ, ვინც ეკრანებიდან მგლოვიარე მშობლები ნახა, ვერაფრით დაეხმარება.
ამას ვამბობდი დასაწყისში, პირველხარიხოვანი ამბებიდან მეორეზე გადაგვაქვს ყურადღება- მეთქი: სანამ ქვეყანაში ბავშვების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, სანამ განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ადვილად შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო, სანამ ჩვენი შვილები ძალადობისგან დაცულები არ არიან და არც მათი უსაფრთხოებაა გარანტირებული სხვადასხვა შენობებსა და სივრცეებში, ყველაფერს აზრი ეკარგება, მაშ შორის ანიმაციებში ფარული მესიჯების ძებნასა  და იმაზე საუბარსაც, როგორ დავიცვათ პატარები იდეოლოგიური გზავნილებისგან.

თხრობის საიდუმლო

0
რა გამოარჩევს გურამ რჩეულიშვილის პროზას? უმთავრესად, მისი წერის სტილი, თხრობის მანერა, რომელიც საოცარი, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის ხან მთლიანად უჩინარდება თხრობისას, ხან რომელიმე ნიღბით შემოიჭრება და ყოველთვის პოულობს მკითხველის გულამდე პირდაპირ მისასვლელ გზას, რაც მხოლოდ დიდოსტატ მწერლებთან გვხვდება. მასაც შეიძლება ეთქვა მარკესივით, „იცხოვრო, რათა მოჰყვე”. ამ მოყოლის გარეშე მას არ შეეძლო. ეს იყო მისი ბედისწერა. სწორედ ამ ბედისწერამ შეაქმნევინა `ალავერდობა~, `დევების ცეკვა~, `ბათარეკა ჭინჭარაული~, `სიკვდილი მთებში~, `მუნჯი ახმედი და სიცოცხლე~, `თვირთვილა~ და სხვა მოთხრობები, პიესები, ლექსები. წერის ვნებაზე, როგორც დემონურ ძალაზე, რომელიც ჩრდილივით დაჰყვებოდა და მოსვენებას უკარგავდა, ხშირად მსჯელობდა ჩანაწერებში: „მე მინდა ვიყო მწერალი, თანაც დიდი, მერე რა, მე ჩემი ფიქრებისა არ მეშინია”.

მრავალმხრივობა _ განფენა სამყაროში და ამგვარად უსასრულო დრო-სივრცის აღქმა და გადმოცემა, ადამიანის, როგორც მარადისობის ნაწილის შეგრძნება, სურვილი საკუთარი არსებიდან გასვლისა, მისი მთავარი საფიქრალი იყო. ეს კარგად ჩანს ამ ჩანაწერში: „მთებში დავდივარ, ალპინისტი არა ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, როგორც დედა იტყვის, „სტუდენტის სახე” არა მაქვს, ღვინოსა ვსვამ, ლოთი არა ვარ, ცხენზე ჯირითი მიყვარს-მხედარი არა ვარ, ვჩხუბობ _ დიდი გამრტყმელი არა ვარ, გულუხვი ვარ _ ფული არა მაქვს _ ცარიელა გული ვის რად უნდა? შეყვარებული ვარ _ საყვარელი არა მყავს”.

ეს ერთდროულობა, მთელი სისავსით განცდა სიცოცხლის მრავალგვარობისა, რომელიც ირეკლება მის მოთხრობებში, ქმნის კიდევაც მისი ნარატივის თავისებურებას. მას სურს იყოს აქ და სხვაგან: აქ _ ეს ყოფიერი, მატერიალური დრო-სივრცეა, აწმყოა, ერთგვარი ჩარჩო, რომელსაც გაარღვევს სიტყვის საშუალებით. სწორედ სიტყვა, თხრობა აძლევს მას ძალას იყოს სხვაგან _ წარსულის, ლეგენდის, ზღაპრის, მითის არამატერიალურ დრო-სივრცეში. ამგვარად აბამს ის ინტერტექსტუალურ კავშირებს დაყოფილ და დაფანტულ დრო-სივრცეებს შორის და მოჩვენებითი, ყოფიერების ზედაპირული საფარველის მიღმა არსებულ ერთიანი სამყაროს მხატვრულ მოდელს ქმნის. ამგვარი სისავსისა და მთლიანობის განცდა ხშირად უჩნდებათ მის პერსონაჟებს, მის ალტერ-ეგოებს: `როცა საგნები კარგავენ წონას და კაცს შეუძლია ჰაერთან შეერთება~ (`ნათელა~). აქ მეტაფორულად გამოთქმულია წყურვილი სამყაროს პირველსაწყის სტიქიებთან (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი) შეერთებისა. ამ `შეერთებას~ (ამ სიტყვის ქარაგმული მნიშვნელობით) ის ახორციელებს სხვადასხვა გზით: ან ლიტერატურისთვის ცნობილი პარადიგმების, ან ახალი მხატვრული სახეების, ან აბსტრაქტული მუსიკალური ვარიაციებით, რომლებიც ლირიკულ ნაკადებად შემოიჭრებიან თხრობაში. შემეცნების ამ გზაზე მისთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, ადამიანთა მიერ წვრილმანად თუ მსხვილმანად დახარისხებული. მისთვის არ არსებობს საგანთა და მოვლენათა ამგვარი კლასიფიკაციები, მისთვის ყოველივეს ახსნილი თუ აუხსნელი ფუნქცია და დანიშნულება აქვს, ამიტომაც მნიშვნელოვანია მისთვის ყოველი შთაბეჭდილება, მზის ცქერითა თუ ქოშის ცქერით აღბეჭდილი. ის მხატვრულ ღირებულებად აქცევს ნებისმიერ რამეს, რაც მისი გონების, სულის, შეგრძნების სივრცეში შემოიჭრება. ამიტომაც მისი თხრობის სტრუქტურის მატრიცად შეიძლება მივიჩნიოთ `მე~, სამყაროს აღმქმელი თუ შემმეცნებელი. ეს `მე~ ტრანსფორმირდება ყოველწამიერად და განეფინება რეალურსა თუ წარმოსახულ სივრცეში. თუ არსებობს `მე~ _ არსებობს სამყარო.

მწერლისთვის უმთავრესი ღირებულება თავისუფლება. ამიტომაცაა, რომ თავს იკლავს მზია ჭინჭარაული, რომელსაც უკრძალავენ საკუთარი თავიდან, რეალური სამყაროდან სხვა განზომილებაში გასვლას. საზოგადოება, წეს-კანონი, ჩვეულება თუ ყოველგვარი ჩარჩო და ნორმა მას მამის სახით ევლინება. Mმამა, ამ შემთხვევაში, გნასახიერებს სამყაროს, დამკვიდრებულსა და სწორხაზოვანს, შვილი კი გადახვევას, სხვა გზის არჩევას. Aამ `გზიდან ცდომას~, რაც სხვათაგან განსხვავებულობაში მჟღავნდება. ეს შეჯახება ტრაგედიით სრულდება, თუმცა თვითმკვლელობა აქ უფრო საზეიმო ელფერს იძენს, ის სულის გამარჯვებას წარმოაჩენს, რომელმაც მოიშორა სხეული, როგორც ბარიერი უცხო სამყაროებში სამოგზაუროდ (`ბათარეკა ჭინჭარაული~).

`დევების ცეკვა~ ერთგვარი გასაღებია მისი მხატვრული სამყაროსი, რომელშიც ჩანს ინტერტექსტუალური კავშირები ზღაპარსა და მითთან. მწერალი აქტიურად იყენებს სხვადასხვა კოდს, ამ შემთხვევაში, ქართული კულტურული და კოლექტიური მეხსიერების საცავიდან და მრავალშრიან მხატვრულ სახეებს ქმნის. ამგვარი კოდები მყარ სტრუქრურებს ქმნიან მის თხრობაში, რომელთა ცალკეული ელემენტი აღქმისა და გააზრების სხვადასხვა დონეს შეიცავს. მხატვრული სისტემის ეს კოდირებული ელემენტები ქმნიან სწორედ გურამ რჩეულიშვილის თხრობის ინდივიდუალურობას. ადამიანური გონების წადილი შეიმეცნოს დაფარული, ფარდა ახადოს საიდუმლოს, სამყაროსავით ძველია, მაგრამ ახალია მისი გამოხატვის ფორმა, რომელიც გურამ რჩეულიშვილის ამ მოთხრობაში გვხვდება. მეორდება ადამიანური მისტერია, გადალახოს `ბედის საზღვარი~. გურამ რჩეულიშვილისთვის სიცოცხლის, სიწმინდის, სიკეთის, ღვთის საიდუმლო ხელშეუხებელია, ისევე, როგორც შეულახავია თეთნულდის, მარადიული ქალწულის უმანკოება.

ერთი მხრივ, დაუოკებელი სწრაფვა შემეცნებისკენ, მეორე მხრივ, ამ სწრაფვის დემონურობა, რადგან შემეცნება დასრულებას გულისხმობს, რაც წარმოუდგენელია სიცოცხლის მარადიული არსებობის განზომილებაში, ამიტომაც იფერფლებიან ძმები ცეცხლში, მათი როკვა წარმოაჩენს ადამიანურ დრტვინვას საზღვრების გადასალახავად. აქ შიძლება ინტერტექსტუალური კავშირი ფაუსტთანაც გავაბათ. მეორე მხრივ, ძმები ხორჯოლანები, დევები, ხტონური, ბნელი ძალის განმასახიერებელნი არიან, რომლებიც მიისწრაფიან თეთნულდის, ღვთაებრივის მოსაპოვებლად.

მწერალი იყენებს მითოლოგიისა და ზღაპრის პარადიგმებს, რათა ადამიანური არსებობისთვის დამახასიათებელი ეს ჭიდილი გულსა და გონებას შორის შთამბეჭდავად წარმოაჩინოს.

ის ფიქრობდა მკითხველზე, მაგრამ ყოველთვის გრძნობდა ყველაზე დიდი წამკითხველ-შემფასებლის მზერას: `მე ხომ დღეს კალამი მხოლოდ იმიტომ ავიღე, რომ ღმერთისთვის შემეჩივლა ჩემი საკუთარი ტანჯვები”, „ღმერთს მხოლოდ აზრი ესმის, ხოლო ადამიანებს –სიტყვები”.

მისი ნოველები, მინიატურები გვაოცებენ თხრობის ხვადასხვა რაკურსის მონაცვლეობით ისე, რომ მკითხველი ვერც კი ამჩნევს, როგორ გადაინაცვლებს მისი მზერა მატერიალურიდან წარმოსახულისკენ ან პირიქით. თხრობის ერთგვარი ჯვარსახოვნება, რევაზ სირაძეს თუ დავესესხებით, ხშირად მისი მოთხრობების მთავარი საყრდენია, სტრუქტურის მოქნილი ხერხემალი. მისი თხრობა ხანდახან მოგვაგონებს ფიროსმანისა თუ ვან გოგის ნახატებს, რომლებზეც აღბეჭდილია, წითელპერანგა მეთევზე, ლანჩამძვრალი ფეხსაცმელი თუ კარტოფილით სავსე კალათა. ისე დაწმენდილად და ნაივურად გადმოგვცემს შეგრძნებებს, თვალის პირველახელისას რომ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ერთადერთი დაბრკოლება მხოლოდ სიტყვიერად გამოთქმაა, სწორედ ეს დაბრკოლება იყო მძლავრი იმპულსი ყველგან და ყოველთვის ეწერა. მის ჩანაწერებსა და მოთხრობებში ჩანს, როგორ დაეძებდა ინდივიდუალურ სტილს, რათა ეს მტანჯველი განცდა, ადამიანის დროში არსებობის ტკივილისა, გადმოეცა. „ჯერ ყაზბეგს ვბაძავდი, მერე ვინ იცის, ვის~. „ღმერთო, რა დავაშავე, რომ წერა დამაწყებინე! ვერ გამიფიქრია რამე, რომ ჩაწერა არ მომინდეს ან უბრალოდ, ან ლექსად, ან მოთხრობად _ ნამდვილი ტანჯვაა, _ რომელსაც თავს ვერ ვაღწევ, როგორც ჰერაკლე თავის თორმეტ დავალებას”.

ის, ამ შემთხვევაში, მიემსგავსება სიზიფესაც, რომელსაც მისჯილი აქვს ლოდის ატანა მწვერვალზე, გურამ რჩეულიშვილისთვის ეს ლოდია წერა, ხოლო მწვერვალი _ რაიმეს შექმნა, მერე ისევ დაუგორდება ლოდი და თავიდან ეზიდება. ყოველი ასვლა მწვერვალზე _ ბედნიერებაა, რომელიც იკარგება და თავიდან უნდა ეძიო: `ყველაზე კარგს კი მათგან იგი დაწერს, ვინც სხვაზე მეტად და ღირსებით იტანჯება ვერმიღწეულის ვნებით შეპყრობილი~.

„მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებულიო”, _ ეს წუხილი ვაჟასთვისაც გაიგივებული იყო შემოქმედებასთან, როგორც თვითონ ამბობდა, „წმინდა ხელობის” მსახურებასთან („ჩემი ვედრება”).

გურამ რჩეულიშვილს მოსწონდა ჯოისის დუბლინელების ციკლის მოთხრობა `მკვდრები~. ამან უფრო გაგვიმძაფრა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კეთილისმყოფელი გავლენა ჰქონდა ამ მოთხრობებს მასზე, რადგან მისთვისაც მნიშვნელოვანია ცხოვრების ნებისმიერი ფრაგმენტი, ერთგვარი ღია დასასრულებით, ცხოვრების მდინარის ნებისმიერი ტალღის მოხელთება და აღწერა.

მოსკოვის ქუჩებში უპასპორტოდ მოხეტიალეს მილიციელი რომ გააჩერებს ვინაობის გასარკვევად, ეუბნება, მწერალი ვარო. მისთვის მწერლობა განიცდებოდა, როგორც სამყაროს მოქალაქეობა. მხოლოდ ამგვარად ამართლებდა საკუთარ არსებობას.

იგი წუხდა: საზოგადოების დიდი ნაწილი მე მხვდება როგორც გადმომმღერებელს ევროპული თუ ამერიკული „დაკარგული თაობის” მოტივებისა. სასურველი იქნებოდა, რომ ჩემმა თეორიულმა ნაწილმა მხატვრულთან კავშირში გააქარწყლოს ეს შეხედულება და ჩვენ (საზოგადოებამ, თქვენ და მე) ერთმანეთს პირდაპირ, გულწრფელად დავუწყოთ თვალებში ყურება…”

მხოლოდ ამგვარი გზით, მწერლისთვის თვალებში გულწრფელი ჩახედვით, შეიძლება გურამ რჩეულიშვილის შემოქმედების არა მხოლოდ გაგება, არამედ თხრობის საიდუმლოსთან ზიარება, რომელიც გიბიძგებს კვლავ და კვლავ მიუბრუნდე მის ნაწერებს და თავიდან აღმოაჩინო სამყარო და საკუთარი თავი.
 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...