პარასკევი, ივლისი 4, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

რეჯიო ემილიას საგანმანათლებლო ფილოსოფია

0

როგორ დადის თევზი წყალში? რატომ არის ფერადი? თვალებიც რომ მოაძრო და პირიც, ჩავარდება და ზვიგენი შეჭამს? რაში სჭირდებათ ქვები, ბალახები და ჯოხები? წყალში სცივათ? სხვა თევზები როგორ ჩნდებიან? თევზებს რამისა ეშინიათ? წყლიდან რომ ამოიყვანო, დაიხოცებიან?

 


ეს კითხვები მას შემდეგ დაისვა, რაც თბილისის მე-6 საბავშვო ბაგა-ბაღში პატარებმა თევზები დახატეს. ზოგი თევზი ისეთი უფორმო იყო, ძნელად თუ მიხვდებოდით, ფურცელზე რა ეხატა, ამიტომ მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, ამ კუთხით ბავშვების ცოდნა აემაღლებინათ და პატარები ექსკურსიაზე წაიყვანეს ზოოპარკის ეგზოტარიუმში, დაათვალიერებინეს წიგნები, აჩვენეს ვიდეოები, მერე კი მათ კითხვებს მოუყარეს თავი და კვლევას შეუდგნენ. ზოგ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯგუფში მიიწვიეს ექსპერტები, ბიოლოგი და მეთევზე. მათ ბავშვებს აუხსნეს, რითი იკვებებიან თევზები, როგორ ცხოვრობენ და მრავლდებიან, როგორ იჭერენ მეთევზეები თევზს.


თანდათან ბავშვებმა მიღებული ცოდნის ნამუშევრებში გამოხატვა დაიწყეს – მათ უკვე იციან, რომ თევზს აქვს ფარფლები, კუდი, ლაყუჩები, ე.წ ხაზი, რომლითაც საშიშროების მოახლოებას გრძნობს, ხერხემალი და ფხები.


მერე ამ ნამუშევრების გამოფენა გამართეს. სტუმრად მიიწვიეს მეზობელი ჯგუფის ბავშვები და კითხვა-პასუხით, ლექსებითა და სიმღერით შეაჯამეს მიღებული ცოდნა.



თბილისის მე-6 ბაგა-ბაღში სწავლების ახალი მეთოდოლოგიის პილოტირება დაიწყო. ის იტალიის საბავშვო ბაღებშია აპრობირებული და რეჯიო ემილიას მეთოდის სახელითაა ცნობილი. სწავლების ეს მეთოდოლოგია ბავშვის შემეცნებითი განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაზეა ორიენტირებული. რეჯიო ემილიას მეთოდოლოგია ითვალისწინებს პროექტის მეთოდით სწავლებასაც, რომელიც რამდენიმე წელია დაინერგა ბაღში. პროექტი გულისხმობს ბავშვების მიერ რაიმე საკითხის სიღრმისეულ კვლევას, საკვლევი ობიექტის შესწავლას და ექსპერტებთან ურთიერთობას. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო „თევზი”.


რეჯიო ემილიას მეთოდი საგანმანათლებლო ფილოსოფიაა, რომელიც სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზეა ორიენტირებული. მისი ფუძემდებელია ლორის მალაგუცი, რომელიც თავადაც მასწავლებელი იყო. მეთოდი იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მას საფუძვლად დაედო ჰუმანისტური ღირებულებები. საზოგადოებას სურდა, ადრეულ განათლებაში ჩაედო განსაზღვრული პრინციპების პატივისცემა, აღეზარდა ადამიანები, რომლებიც პატივს სცემდნენ ერთმანეთს და აღარასოდეს დაიწყებდნენ ომს.


თბილისის მე-6 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი თამარ ბაქრაძე გვიხსნის, რომ პროგრამა აგებულია პროექტებით სწავლების მეთოდზე, რაც გულისხმობს ბავშვებისთვის საინტერესო თემების სიღრმისეულ კვლევას. პროცესში ინტეგრირებულია ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფერო. კურიკულუმი მოქნილია და გამუდმებით იცვლება, რათა პროგრამაში ჩართული ბავშვების საჭიროებებსა და ინტერესებს მოერგოს. რეჯიო ემილიას მეთოდოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიკურად მოწყობილ გარემოს, რომელიც თვითონვეა „მასწავლებელი”. აქცენტი დაისმის ბავშვის შემოქმედებითი უნარებისა და ზედა დონის აზროვნების განვითარებაზე. სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართული მშობლებიც.


რეჯიო ემილიას მეთოდი სამოცდაათიანი წლებიდან გახდა პოპულარული. დღეს უკვე მრავალ ქვეყანაში იმართება ბავშვთა ნამუშევრების გამოფენები. 1994 წელს ფუნქციობა დაიწყო რეჯიოს საერთაშორისო ცენტრმა, რომლის მიზანია, მასწავლებლები ამ მეთოდის საფუძველზე გადაამზადოს. გამოცდილების გასაზიარებლად იტალიაში მთელი მსოფლიოდან ჩადიან მასწავლებლები.


რეჯიო ემილიას მეთოდოლოგია აგებულია წინასწარ დაუგეგმავ კურიკულუმზე (Emargent curriculum), რომელიც თანდათან ყალიბდება სააღმზრდელო პროცესში. სასწავლო თემები და პროექტები ბავშვის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარეობს.


მათთვის საინტერესო პროექტზე მუშაობისას ბავშვები რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში ეწევიან სიღრმისეულ კვლევას, მერე კი შეიძლება ააგონ რაკეტა, დააპროექტონ სათამაშო მოედანი, შექმნან ხელნაკეთი წიგნი. მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ თავად ბავშვები არიან აქტივობათა დაგეგმვისა და განხორციელების უშუალო მონაწილეები.


რეჯიოს ბაღში ბავშვებს ხელს უწყობენ, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრები და გრძნობები არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებითაც.


ყოველი თემა თუ პროექტი მოიცავს მეტყველების, შემეცნებითი, შემოქმედებითი და ფიზიკური უნარების განსავითარებელ აქტივობებს – ხატვას, ძერწვას, კონსტრუირებას, სიმღერას, ცეკვას, დრამას, თოჯინებისა და ჩრდილების თეატრს, როლურ, მოძრავ და სამაგიდო თამაშებს, ექსპერიმენტებს და სხვა. მუშაობის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვებს შორის მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.


ყოველდღიური პროცესი სახალისოა და არ გულისხმობს რაიმე სახის ინფორმაციის ფორმალურ გადაცემას. თამაშის, კვლევის, კეთების მომენტში ბავშვები თავს კომფორტულად გრძნობენ და ივითარებენ შემოქმედებით თუ კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარს. ამრიგად, ეს მეთოდი ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას უზრუნველყოფს.


ბავშვებს თავისუფალი აღქმის განსავითარებლად შესაბამისი სივრცე სჭირდებათ, ამიტომ ბაღში მათ უნდა ჰქონდეთ მასალების ხელით მოსინჯვის, მათით მანიპულირების საშუალება. ჯგუფში არსებული სათამაშოები ტრანსფორმირებადია, რაც ეხმარება პატარებს, შემოქმედებითად გამოიყენონ ისინი და შექმნან მათთვის საინტერესო ნივთი. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია მასალა – რა შეგრძნებებს ბადებს შეხებისას, როგორი სუნი აქვს, აქვს თუ არა რაიმე უნიკალური თვისება, არის თუ არა ბუნებაში მოპოვებული, შეუძლიათ თუ არა ბავშვებს მისი რამეში გამოყენება, იძლევა თუ არა ის სწავლებისა და აღმოჩენის საშუალებას.


რეჯიო ემილიას ბაღის ჯგუფების სივრცე ბავშვებისთვის იოლი აღსაქმელია. იქ მათი ნამუშევრები კედლებზე მათივე თვალების სიმაღლეზეა გამოფენილი.


მასალები და აღჭურვილობა ყველასათვის ხელმისაწვდომია.


ოთახში შექმნილია სახლის მსგავსი მყუდრო ატმოსფერო დეკორატიული ნივთებით, ოთახის მცენარეებით, აკვარიუმით, მაგიდის გადასაფარებლებითა და ლამაზი ბალიშებით.


არის პატარა, წყნარი კუთხეებიც, სადაც შეიძლება ითამაშოს ერთმა ან ორმა ბავშვმა.


როგორც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რეჯიო ემილიას ბაღშიც უდიდესი როლი ენიჭება მასწავლებელს. მისი უმთავრესი მიზანია, შექმნას ისეთი გარემო, რომ ბავშვმა თავი ლაღად და მხიარულად იგრძნოს, სიხარულით მიდიოდეს ბაღში და სიამოვნებით ატარებდეს დღეს. მასწავლებელი ხელს უწყობს ბავშვებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და შენარჩუნებას, ისე, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს უარყოფილი და გარიყული; ასწავლის ბავშვებს კონკრეტულ სტრატეგიებს მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ცდილობს, დააინტერესოს ბავშვი სხვადასხვა მოვლენით, რათა მან თავად მოინდომოს გაჩენილ კითხვებზე პასუხების პოვნა. კითხვების გასაჩენად კი მასწავლებელს უწევს ბავშვის დაინტერესების სხვადასხვა ხერხის გამოყენება – ისეთებისა, როგორებიცაა ამბის მოყოლა, არტეფაქტის ჩვენება, ექსკურსია. მასწავლებლის მიერ დასმული კითხვები ხელს უწყობს ბავშვების აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას.


რეჯიოს პედაგოგიკის მიზანია, მზა გადაწყვეტილებები კი არ შესთავაზოს ბავშვებს, არამედ მხარი დაუჭიროს, განავითარონ საკუთარი თეორიები საკუთარ კითხვებზე პასუხის გაცემისას.

პერიფრაზისა და პარაფრაზისათვის

0
ძვირფას მკითხველს, ალბათ, არაერთგზის შეუნიშნავს ქართულ სამეცნიერო მეთოდურ ლიტერატურაში ტერმინების _ პერიფრაზისა და პარაფრაზის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული არაერთგვაროვნება. ზოგიერთი ავტორი გამოთქმის ან აზრის სხვა სიტყვებით გადმოცემას პერიფრაზს უწოდებს, ზოგი კი ამ ორ ტერმინს ერთმანეთთან აიგივებს. არადა, ორივე მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავებული სემანტიკური წარმომავლობისა გახლავთ და უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში მკეთრად გამიჯნულია კიდეც ერთმანეთისაგან.

 

ჩემი მშობლების თაობისთვის ესოდენ პოპულარულ მიხეილ ჭაბაშვილის მიერ შედგენილ „უცხო სიტყვათა ლექსიკონში” (1989) პერიფრაზი განმარტებულია, როგორც გამოთქმა, რომელიც აღწერით გადმოსცემს სხვა გამოთქმის ან სიტყვის აზრს (მაგ., <<საქართველოს დედაქალაქი>> _ ნაცვლად თბილისისა. <<ცხოველთა მეფე>> _ ნაცვლად ლომისა). ამავე ლექსიკონში პარაფრაზი პერიფრაზადაა მიჩნეული (გვ. 270). საგულისხმოა, რომ „სასკოლო ორთოგრაფიულ ლექსიკონშიც (https://www.ice.ge/liv/liv/mosc.php#)” ეს ორი ტერმინი ერთმანეთთანაა გაიგივებული.

„ვებსტერის შესწორებულ, სრულ ლექსიკონში” პერიფრაზი „აზრის გამოსახატად სხვა სიტყვების გამოყენებად ან საუბრის არაპირდაპირ, ირიბ გზად, ცირკუმლოკუციად” მიიჩნევა.

პერიფრაზი/პარაფრაზის განმარტება არ იძებნება ავთანდილ არაბულის საერთო რედაქციით 2011 წელს გამოცემულ „ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონში”.

პერიფრაზის განსაზღვრება არც „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში” (https://www.ena.ge/explanatory-online) იძებნება. სამაგიეროდ, აქ პარაფრაზი განმარტებულია, როგორც „აღწერა, აღწერითი სიტყვასაქცევი; 1. სხვისი თხზულების აზრის, გამოთქმის… გადმოცემა საკუთარი სიტყვებით. 2. მუს. რომელიმე მუსიკალური ნაწარმოებიდან აღებული თემის დამუშავება”.

აღნიშნულ განმარტებას უნდა ეყრდნობოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია წიგნის, სტატიის, დისერტაციისა და სხვადასხვა აკადემიური ნაშრომების ავტორებისთვის. მასში პარაფრაზი განიხილება წყაროს ამონარიდის ჩვენი სიტყვებით გადმოცემად და იგი პალგიატისაგან თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებადაც მოიაზრება (https://moodle.iliauni.edu.ge/mod/page/view.php?id=133). თავის „აკადემიური წერის სახელმძღვანელოში” ლია წულაძე კი აღნიშნული ცნების გამოსახატად სიტყვა პერიფრაზს იყენებს.

მაშ, პერიფრაზი თუ პარაფრაზი?

საგულისხმოა, რომ ორივე მათგანი ბერძნული წარმოშობის სიტყვებია და არცთუ ძნელი გამოსაცნობია, რომ განსხვავებული შინაარსის აფიქსებს შეიცავს. კერძოდ, περι- „ირგვლივ”, „შესახებ”, „გარშემო”… _ ცნებებს გამოხატავს, παρά-ს კი „ახლოს”, „გვერდით”, „მიღმა”, „გასწვრივ”… _ მნიშვნელობები გააჩნია, ანუ περι-ს უფრო როგორობითის გაგება აქვს, ხოლო παρά-ს _ თანაობითი. ამ აფიქსების აღქმაში, ალბათ, უფრო დაგვეხმარება პერიმეტრის და პარალელის ცნებების გააზრებაც.

შესაბამისად, პერიფრაზი სხვისი აზრის, ფრაზის შესახებ, ირგვლივ საუბარია. ვიკიპედიის ანალოგიით, ქართული ზედსართავების მარტივ მაგალითზე: უსაყვარლესი რომ ყველაზე საყვარელია, მოწითალო კი _ უფრო წითელი… ან ზმნების მაგალითზე: ბანაობა რომ შხაპის მიღებაა, საუბარი _ ლაპარაკი და მოწევა კი _ ‘გაბოლება’… პერიფრაზის მაგალითები უხვადაა სასწავლო ლიტერატურაში, აზროვნების ამ ტიპს დაწყებით საფეხურზევე ვაჩვევთ მოსწავლეებს, როდესაც თუნდაც წაკითხულის გაშინაარსებას ვთხოვთ. იგი ბენჯამენ ბლუმის ტაქსონომიურ სამკუთხედზე მეორე _ გაგების _ საფეხურს იჭერს და მაღალ სააზროვნო უნარებს არ საჭიროებს, რასაც ვერ ვიტყვით პარაფრაზისზე, რომელიც იმთავითვე გაცილებით მაღალ, სინთეზურ აზროვნებას ითხოვს.

პარაფრაზი (παράφρασις) უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში განმარტებულია, როგორც „გამოსახვის დამატებითი მანერა” (და არა ახსნა, განმარტება). მას „დინამიურ ეკვივალენტსაც” უწოდებენ და მიზეზ-შედეგობითი ნიუანსის შემცველია. მაგალითად მოვიყვანთ ვიკიციტატას, რომლის თანახმადაც „წითელი შუქის ანთება”-ს ის ახსნა აქვს, რომ „მატარებელი უნდა გაჩერდეს”. აქ, ალბათ, ცნობილი სახარებისეული შეგონებაც გამოდგება: „უკუეთუ არა მიუტევოთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან ზეცათამან მოგიტეოთ თქუენ” (მოკლედ: მიუტევეთ და მოგეტევებათო); ან ცხრა ნეტარებიდან ნებისმიერი მუხლი: (მაგ.: ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანა”…); რუსთველისეული „რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა” ; ანაც ქართველებისთვის ესოდენ კარგად ცნობილი სინემალოგოსიც „წავა”: _”ხელი დეედება და წითელი ეენთება” (კინოფილმიდან „გარიგება”). უფრო ვრცელ მაგალითად კი, ალბათ, აკაკი ბაქრაძის ცნობილი ამონარიდი გამოდგება, მით უფრო რომ იგი პარალელური წყობის ნიმუშსაც წარმოადგენს და აზროვნების გაცილებით მაღალ საფეხურს შეგვაგრძნობინებს: „ხშირია შემთხვევა, როცა ვწერთ თავისუფლებაზე, მაგრამ ვერ ვქმნით თავისუფლების ლეგენდას, ვწერთ სიყვარულზე, მაგრამ ვერ ვქმნით სიყვარულის ლეგენდას, ვწერთ სიძულვილზე, მაგრამ ვერ ვქმნით სიძულვილის ლეგენდას… ერთი სიტყვით, ვყვებით ამბავს და მეტი არაფერი.”…

მოკლედ, განსხვავებანი თვალსაჩინოა!

ეს ორი ტერმინი პარონიმებია და არა იდენტური ცნებები! შესაბამისად, უნდა გაიმიჯნოს მათი განსაზღვრებაც და გამოყენებაც. ასე არც ყმაწვილები დაიბნევიან და ძვირფასი მასწავლებლებიც აიცილებენ თავიდან გარკვეულ უხერხულობას.

გამოყენებული ლიტერატურა და ელ-რესურსები:

1.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი წიგნის, სტატიის, დისერტაციისა და სხვადასხვა აკადემიური ნაშრომების ავტორებისთვის. https://moodle.iliauni.edu.ge/mod/page/view.php?id=133

2.სასკოლო ორთოგრაფიულ ლექსიკონი, https://www.ice.ge/liv/liv/mosc.php#

3.ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი https://www.ena.ge/explanatory-online

4.ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონი, ავთანდილ არაბულის საერთო რედაქციით, თბ., 2011.

5. წულაძე ლია, აკადემიური წერა, თბ., 2006.

6.ჭაბაშვილი მიხეილ, „უცხო სიტყვათა ლექსიკონი”, თბ.,1989.

7.Morey, James H. (January 1993). “Peter Comestar, Biblical Paraphrase, and the Medieval Popular Bible”. Speculum 68 (1): 6–35.

8.Webster's Revised Unabridged Dictionary, published 1913 by C. & G. Merriam Co.

9.“Writing in your own words”. The Open University. Retrieved July 27, 2012.

10.https://www.macroevolution.net/biology-prefixes-papo.html

 

სპორტის ტრადიცია საქართველოში

0
საქართველოში ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არა მარტო იცნობდნენ სპორტულ თამაშობებს, არამედ თავად ატარებდნენ მასშტაბურ ასპარეზობებს. საქართველოში ფიზიკური ვარჯიშებისა და სპორტული ასპარეზობების სიძველეს მრავალი ისტორიული წყარო და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალა ადასტურებს.

ჩვენამდე მოღწეული წყაროებიდან ყველაზე ძველი აპოლონიოს როდოსელის მიერ ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში დაწერილი ცნობილი „არგონავტიკაა”. ავტორს ნაშრომში აღწერილი აქვს „კოლხური ასპარეზობები”, რომლებსაც კოლხები, ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში, დაღუპული გმირების მოსაგონებლად ატარებდნენ. „არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”. როდოსელის ეს ცნობა საქართველოში სპორტული ასპარეზობების სიძველეს ადასტურებს და ქართველებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია. მასზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ ჯერ კიდევ 28 საუკუნის წინ ქართველებს სპეციალურად მოწყობილი საასპარეზო მოედანი ჰქონიათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უკვე არსებობდა ფიზიკური ვარჯიშების, წვრთნისა და ასპარეზობების მოწყობის მაღალი კულტურა.

მართალია, ჩვენამდე შემორჩენილ წყაროებში არ მოიპოვება ცნობები ქართველთა ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ გვაქვს მონაცემები იმის შესახებ, რომ ქართველები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ თავად ატარებდნენ ელინთა ოლიმპიადის მსგავს ხალხმრავალ სპორტულ თამაშებს. მკვლევარ-ეთნოგრაფი ივანე გვარამიძე გაზეთ “დროებაში” (17 ოქტომბერი 1882წ.) აღწერს, ე. წ. “მესხურ შეჯიბრებებს”, რომელშიც სრულიად საქართველო მონაწილეობდა. მსგავსი ტურნირების კვალი არმაზობის სახალხო დღესასწაულის ქრონიკებშიც გვხვდება ცნობილი სანახაობის “ყეენობის” სახით.

საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოში ფიზიკურ ვარჯიშობებს მხოლოდ სპორტული და სანახაობითი დანიშნულება არ ჰქონია. ქართველების ცხოვრების წესი, კავკასიის მკაცრი ბუნებრივი პირობები და განუწყვეტელი ბრძოლები განსაკუთრებულ სიძლიერეს, გამძლეობას, მოხერხებულობას, გაწვრთნილობასა და მრავალმხრივ სამხედრო მომზადებას მოითხოვდა. ცხადია, ასეთი გეოგრაფიული და ისტორიული რეალობიდან გამომდინარე ფიზიკური აღზრდის სისტემა საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მას გამორჩეული ადგილი ეკავა ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სახალხო დღესასწაულებსა თუ სხვა დღეებში გამართული შეჯიბრებები ახალგაზრდების წვრთნას უწყობდა ხელს.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ადრეულ საუკუნეებში საქართველოში ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად მოქმედებდა წესი, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ პირის მეფედ დასმისას აუცილებელი იყო, რომ ის ქვეყნის მართვისთვის საჭირო გონებრივი მონაცემებისა და უნარ-ჩვევების გარდა, საბრძოლო საქმეში დახელოვნებული და ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული, სხვებზე აღმატებული და მძლე უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია ომის მიმდინარეობის მაშინდელი წესებით იყო განპირობებული.

თითქმის ყოველ ბრძოლაში უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე დაპირისპირებულ მხარეებს გამოყავდათ ერის გამორჩეული გმირები. ისინი იყვნენ მამაცობით, მოხერხებულობითა და ფიზიკური შესაძლებლობებით გამორჩეული მეომრები, ანუ, როგორც მათ მაშინ უწოდებდნენ “ბუმბერაზები”, რომლებიც ბრძოლის ველზე საომრად მომზადებული ჯარისკაცების თვალწინ ერთმანეთს ერკინებოდნენ. ასეთი ორთაბრძოლები ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გამარჯვება ან დამარცხება ქვეყნის პრესტიჟის საქმე იყო და ნაწილობრივ ბრძოლის ბედსაც კი განსაზღვრავდა, რადგან ბრძოლის დაწყების წინ ის მეომრებზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთ ორთაბრძოლებში უმეტეს შემთხვევაში მეფეები მონაწილეობდნენ და შერკინება თითქმის ყოველთვის დამარცხებულის სიკვდილით მთავრდებოდა, ადვილი გასაგებია, თუ რატომ იყო მოთხოვნა, რომ ქვეყნის პირველი პირი ფიზიკური მონაცემებით ყოფილიყო გამორჩეული.

მემატიანეები სხვადასხვა ეპოქაში ქართველი მეფეების ტიტულატურის ჩამოთვლისა და დახასიათების დროს ფიზიკურ სიძლიერეს განსაკუთრებულ ადგილს უთმობდნენ, რასაც ხშირად ვხვდებით ისტორიულ წყაროებში. ასე მაგალითად, მეფე მირვანზე, იგივე მირიან I-ზე, რომელიც ძვ. წ.აღ.-ის 230-180 წწ. მეფობდა, ვკითხულობთ „მირვანი იყო ტანითა სრული, მშვენიერი, ძლიერი, მხნე და ქუელი”. 230-265 წლებში ქართლში (იბერიაში) მეფობდა მეფე ამაზასპი, რომელზეც ვკითხულობთ „იგი იყო კაცი ძლიერი და გოლიათი”.

არაერთი ჩანაწერი გვხვდება მეფე ვახტანგ გორგასალზე, მეფე დავით აღმაშენებელზე, მეფე ერეკლესა და სხვა ქართველ მეფეებზე და გმირებზე, რომლებიც თავისი ფიზიკური მონაცემებით, შიშს გვრიდნენ მოწინააღმდეგეს და მხნეობას მატებდნენ ქართველ მეომრებს. მეფე ვახტანგ გორგასალზე, ვკითხულობთ, რომ თურმე ერთხელ მას ნადირობის დროს ირემმა რქებით ცხენი დაუზიანა რის შემდეგაც მეფემ დაჭრილი ცხენი მხრებზე შეისვა და არმაზის ციხემდე ისე აიყვანა. „ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი (2,40მ) და აწცა რომე არა აბჯარი და სამოსელი მისი, მისგან უფროს საცნაურ არს”. „იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქაჲ და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მხართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა”.
 
 

ბჟალამ ჩაი

0

თბილისის წიგნის ფესტივალის შემდეგ ისე ვიღლები, იმდენი
ძალა და ნებისყოფა მეხარჯება, რომ შემდეგი კვირები დასვენებასაც ვერ ვახერხებ და რაც
არ უნდა უცნაური იყოს, ისევ მუშაობას გამოვყავარ გუნებაზე. ბახუსივითაა, ღვინით გაპობილს
ღვინითვე წამლობ.

ეს უკვე მეხუთე წელია ასე ხდება. ამ ფორიაქსა და გაწამაწიაში
სხვებივით ალბათ მეც მიფიქრია, რას ვაკეთებდი ათი წლის წინ, ზუსტად ამ დროს? ან ოცი
წლის წინ? ან ოცდახუთის? ადამიანი ხომ, ყველაფერთან ერთად, ცოტათი სტატისტიკაცაა და
ხშირად სწორედ ციფრების, თარიღების, შეკრება-გამოკლებისა და შეჯამების კუთხით მიუდგება
ცხოვრებას და მის თვალჩაუწვდენელ ჭაში ჩახედვას რომ ვერ ახერხებს, არითმეტიკას მოიმარჯვებს
ხოლმე.

თუნდაც თხუთმეტი წლის წინ, ამ დროს, რას ვაკეთებდი?

მაისის ბოლოდან არდადეგები იწყებოდა და დილით გამოძინებას,
რძიან ჩაის და მდინარეზე სიარულს დანატრებული, იმ დღიდანვე სოფლის მოქალაქე ვხდებოდი.
პირველი (დილით გამოძინება) მე და ჩემს ძმას თითქმის გარანტირებული გვქონდა, ბებიაჩემის
ახირებას თუ არ ვიგულისხმებთ – მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ საძინებელი ოთახის კედელზე
გამოკრული „დღის რეჟიმი” ურთულეს მისიად რჩებოდა წლების განმავლობაში, ბებიაჩემი ყოველ
ჯერზე მოითხოვდა საქვეყნოდ აღიარებული და კაცობრიობის უკეთესი ნაწილის (ბრძენკაცები,
ექიმები, სწავლულები) მიერ გამოცდილი წესების ჩვენგან შესრულებას. მთავარი პუნქტი ამ
დოკუმენტში დილაუთენია გაღვიძება იყო – ბუნების რიტმს და წესრიგს უნდა ავყოლოდით და
ჩვენც მაშინ გამოგვეხილა თვალი, მზე რომ დაანათებდა თავის თბილ და ბარაქიან სხივებს
დედამიწას, ფრინველი და პირუტყვი ახმიანდებოდა, ცვარისგან დაზნექილი ხე და ბალახი გაიმართებოდა
წელში და სოფლის გაჩერებაზე ჩამოივლიდა პირველ რეისობას მომავალი ყვითელი „პაზიკი”.   

დღის რეჟიმის შესრულებისა რა გითხრათ, მაგრამ ბებიაჩემის
მოთხოვნას – რძიანი ჩაი ბოლომდე დალიეთო – ზედმიწევნით ვასრულებდით. „ბები, ბები, ბჟალამ
ჩაი მინდა!” – ზევიდანვე ჩამოსძახებდა ჩემი ძმა, სანამ კიბეზე დავეშვებოდით და მაგიდას
მივუსხდებოდით. ხან, ახალგაღვიძებულზე იყო თუ მოშიებულზე, აერეოდა ხოლმე სიტყვები და
მეზობლებსა და ქუჩაში გამვლელს ერთნაირად ჩაესმოდა წკრიალა ხმით: „ბები, ბები, ჩალამ
ბჟაი… არა, ბჟალამ ჩაი მინდა!”. შაქარსაც გვარიანად ვყრიდით და თუ გამოგველეოდა,
მეორე ჭიქასაც ვიმატებდით ჩვენ თვითონ, მაგრამ ბებიაჩემის ხელით მორთმეული ბჟალამ ჩაი
მაინც სხვა იყო, უფრო სწორად, ამ გადმოსახედიდან ჩვენი სოფლის სახლსაც, ამ სახლის ბინადრებსაც,
მათ თავს გადახდენილ ამბებსაც, ყველაფერს, მგონია, რომ სწორედ იმ ბჟალამ ჩაის სურნელი
აფხიზლებდა და აცოცხლებდა, რომ მერე ერთი ოთახიდან მეორეში, ეზოდან ეზოში, შუკებიდან
ვიწრო ბილიკებისკენ ეტარებინა და მოკლე, შემოვლითი გზით – ოჭკირაფუთი – მიეყვანა დანიშნულების
ადგილამდე.

ასეთი ადგილი ჩვენთვის ორი იყო: სტადიონი და მდინარე.
ან ორივე ერთად. ან ჯერ მდინარე, მერე – სტადიონი. პირიქითაც შეიძლება. ორივეგან ურიცხვი
გოგო-ბიჭი ირეოდა შუადღიდან გვიან საღამომდე. ორივეგან დიდი იყო თავის გამოცდისა და
გამოჩენის ასპარეზი. სიღრმე იმდენი არ ჰქონდა, მაგრამ ვიწრო კალაპოტში მოქცეული მდინარე
იმდენ ამბავს იტევდა, ითმენდა და იმახსოვრებდა, ჩვენხელებისთვის მისწრება იყო სწორედ.
თუმცა, რაღა მარტო ჩვენხელებისთვის – იქ ჩვენზე უფროსებიც ბლომად იყვნენ.

ბებიაჩემი, სანამ პირში სული ედგა და ჩვენი დევნა შეეძლო,
სულ გვარწმუნებდა, რომ არდადეგები სწორად უნდა გამოიყენო – არც დასვენება მოიკლო, არც
გართობა და მეცადინეობაშიც არ უნდა შეგეშალოს ხელი. ამის საილუსტრაციოდ ისეთი ვიღაცების
ცხოვრებას გვიყვებოდა, თავმოყვარე ადამიანს, სულ ცოტა, სინდისს მაინც შეუწუხებდა, მაგრამ
როგორც იმ დროს და იმ ასაკში ხდება – პირველივე გამოწვევაზე ვივიწყებდით რჩევა-დარიგებებს
და მხოლოდ უკან, ღელეგამოტოპილზე, დაბინდული ტყის ვიწრო ბილიკზე გვახსენდებოდა, რომ
დაუბარებლად გავვარდით შინიდან, სტადიონიდან გაოფლილები ჩავცვივდით მდინარეში, და გზად
ბალს და ბუშმალას შესეულები ბალისა და ბუშმალას პატრონებმა გამოგვყარეს თავიანთი ეზოებიდან.

სანამ ბებიაჩემი საყვედურებით სავსე ხონჩას შემოდგამდა
სუფრაზე, მე პირველი სიტყვები უკვე მზად მქონდა:

– ბები, ბჟალამ ჩაი მინდა.  

 

ლევან ბუთხუზი – მასწავლებელი არის ბურჯი, რომელზედაც დგას სახელმწიფო და საზოგადოება

0
National Geographic  — ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პერიოდული გამოცემაა, რომელიც პირველად 1888 წლის ოქტომბერში გამოიცა და 126 წლის შემდეგ უკვე  მსოფლიოს 37 ქვეყანაში გამოდის. მისი მკითხველთა რაოდენობა კი დაახლოებით 100 მილიონს შეადგენს. ისტორია, გეოგრაფია, ანთროპოლოგია, არქიტექტურა, კულტურა, მეცნიერება, ფოტოგრაფია – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჟურნალი აშუქებს და რომელიც მის  მსოფლიო პოპულარობას განსაზღვრავს. მისი საავტორო ნიშანი, ყვითელი ჩარჩო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდია და იგი  განათლებასა და მეცნიერებაზე მიუთითებს.

2012 წლიდან საქართველოში  ქართულ ენაზე  გამოიცა „National Geographic საქართველო”, რომელიც ქართველ მკითხველში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მთავარი რედაქტორი ლევან ბუთხუზი mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.
თუმცა „National Geographic საქართველო”-მდე ლევან ბუთხუზმა მსოფლიოს გარშემო ველური ბუნების შესწავლის დიდი გზა გაიარა. უდაბნო, ტროპიკული ტყეები, სტეპები, ტუნდრა, ტაიგა –  თითქმის 40 ქვეყანა შემოიარა, სადაც მგლების, აფთრების, ლეოპარდების, სპილოების, მაიმუნების და ველური ბუნების თითქმის ყველა ბინადრის ცხოვრებას სწავლობდა.  

თუმცა ყველაფერი საქართველოდან დაიწყო. ბავშვობიდან ცხოველების უსაზღრო სიყვარულმა ბიოლოგობა გადააწყვეტინა, ველური ბუნების შესწავლა კი ლაგოდეხის ნაკრძალიდან დაიწყო. 

„მას შემდეგ უამრავი ქვეყანა მოვიარე და დავრწმუნდი – არსად ისე ახლოს არ არიან ვარსკვლავები, როგორც ლაგოდეხის ნაკრძალში. საოცრებაა. ლაგოდეხის ნაკრძალიდან დანახული ცის მსგავსი სამყარო არ არსებობს. იმ დღეებიდან კიდევ ერთი “კადრი” ჩამრჩა მეხსიერებაში. ერთ დღეს გარიჟრაჟზე ავდექით და დასაკვირვებლად გავედით. ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრზე ვიყავით. ერთ ადგილზე შესასვენებლად ჩამოვსხედით. მზე ამოსვლას იწყებდა. დავინახე, მოპირდაპირე კლდის ქიმზე მგელი იდგა. ასწია თავი და ყმუილი დაიწყო, მაგრამ საზარელ ხმას კი არ გამოსცემდა, მისი ყმუილი ბეთჰოვენის მუსიკას ჰგავდა. გავირინდეთ, თითქოს სიცოცხლეს “ესალმებოდა”. მგლის ყმუილი ამომავალი მზის ჰიმნი იყო. ვარსკვლავებიანი ცა და ეს “კადრი” ალბათ არასდროს დამავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ მერე ცხოვრებაში ბევრი ლამაზი რამ ვნახე”.
„სამი რამ ამდიდრებს ადამიანს სულიერად – კითხვა, მუსიკა და მოგზაურობა. რომელიმე კონპონენტი თუ ამოვარდნილია, ამით ადამიანი არ მდაბლდება, მაგრამ უკეთესია, რომ ეს ასე იყოს. როდესაც შენს თავთან რჩები და გაქვს ემოციის გადაცემის მოთხოვნილება,  ამ ყველაფერს ერთად კრავს  მოგზაურობა. მოგზაურობა ამდიდრებს ადამიანს, რადგან ხვდები სხვა კულტურებს. სხვანაირად მოწყობილი ტვინის ადამიანებს ნახავ. ის უფრო ღიას, ტოლერანტულს გხდის და  უკეთესი გადაწყვეტილებების საშუალებას გაძლევს. ამით შენს ქვეყანასაც  მეტად გამოადგები. ეს არის ჩემი მოტივაცია და პრაქტიკული შედეგი, რაც შეიძლება მოგზაურობამ მოიტანოს. არსებობენ   ადამიანები ვისაც, არ უყვართ მოგზაურობა, მაგრამ ჩემთვის ეს  არის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება,  ახლის მიღება და ჩემი სულიერი სამყაროს გამდიდრება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კმაყოფილების გრძნობაა.  

საქართველოში ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ აუცილებელია სამოგზაუროდ საზღვარგარეთ წასვლა.  ვიდრე საზღვარგარეთ მოგზაურობას დავიწყებდი, მანამდე შესწავლილი მქონდა მთელი საქართველო. მე თუ მკითხავთ, დანაშაულია, როდესაც შენი სამშობლო არ გაქვს ნანახი. არადა, დღეს არც თუ ისე ძვირი ჯდება საქართველოში მოგზაურობა.  საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია ძალიან მარტივად ზურგჩანთა მოიკიდოს და თუ ფიზიკურად მზად არის, საქართველო დალაშქროს. საქართველო არის – მთელი მსოფლიო კონცენტრირებული პატარა ადგილას. იმდენი ეთნიკური, სუბენთნიკური, ბუნებრივი სიმდიდრე გვაქვს პატარა ქვეყანაში, რომელიც მაქსიმუმ 70 ათასი კვ. კილომეტრია, ისეთი უზარმაზარი ეკოსისტემებია კონცენტრირებული – სუბტროპიკებიდან დაწყებული უდაბნოთი დამთავრებული, მთა, ზღვა, ყველაფერი რაც ბუნებაში არსებობს, ამას ბევრ ქვეყანაში ვერ შეხვდებით. ეს რაც შეეხება ველურ ბუნებას, მაგრამ თვითონ ადამიანური თვალსაზრისით. ერთი შეხედვით გვგონია,  რომ საქართველოს სუბეთნიკური და მიკროეთნიკური გარემო – იმერელი, მეგრელი, კახელი და ა.შ. – ვიცით, მაგრამ გამოდის, რომ ძირითადად ყველას ვიცნობთ ანეგდოტებიდან და გარკვეული სტერეოტიპები გვაქვს ჩამოყალიბებული, რომელიც რეალობასთან ნაკლებად არის ახლოს და ზედაპირულია. ის სიღრმეები, რაც ადამიანებს აქვთ ადგილზე, რუკის იმ წერტილში უნდა ნახო, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს ცალკე მთელი სამყაროა.

როდესაც შენ ტურისტად კი არ ჩაიქროლებ  სადმე, ვთქვათ რაჭაში, არამედ რომელიმე ოჯახში შეხვალ დასველებული და ითხოვ თავშესაფარს. ოჯახის წევრები  სიამოვნებით დაგელაპარაკებიან  ჩაისთან და არ არის საჭირო ღრეობა. ამ დროს სრულიად სხვა განზომილებაში გადადიხარ და ადამიანური კომუნიკაციები გაჩვენებს, ადგილზე რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ამა თუ იმ კუთხის მაცხოვრებელი, ვიდრე თბილისში ნახულობ. ამ თვალსაზრისით ეს მრავალფეროვნება საქართველოსთვის ძალიან დიდი სიმდიდრეა. ამას რომ სწავლობ, ამისთვის სულ არ არის საჭირო, სადღაც აფრიკაში ირბინო, ამის დრო მოვა. შენს ქვეყანას კარგად რომ იცნობ, უკვე მზად ხარ ისეთი კულტურების სანახავად, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულია შენგან. როდესაც არ იცნობ და სხვა ქვეყნის სანახავად გარბიხარ,  ეს სიბრიყვეა, აროგანტობას ნიშნავს. ეს ჩემი აზრით, დანაშაულია,  რადგან „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდას” პრინციპია. ადამიანს თუ მოგზაურობა უყვარს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა სხვა ქვეყანაში წავა თუ არა, მისთვის საკმარისია საკუთრი სახლის მოშორებით ნახოს განსხვავებული ადგილი.   

 
მოგზაურობის ინტერესი ადამიანს ალბათ ბავშვობიდან უნდა გაუღრმავდეს. გარკვეულწილად  ეს ფუნქცია აქვს ექსკურსიებსაც. რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო ექსკურსიები და როგორია თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ? 

 
მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი სადაც არ უნდა წავიყვანოთ, ეს ძალიან კარგია მისთვის. არაფერი რომ არ აჩვენო და არ ასწავლო, მაინც დადებითად აისახება მის გონებაზე. თუმცა,  არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მიზანს და ამოცანას, რისთვის მიგყავს ბავშვი და როგორ აჩვენებ იმას, რაც უნდა ანახო. რა თქმა უნდა, ეს მასწავლებლის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. ექსკურსია ისეთივე რთულად დასაგეგმი და მეთოდოლოგიურად გასამართია, როგორც გაკვეთილი. ეს ფაქტობრივად გაკვეთილია, მხოლოდ გარეთ. უბრალოდ მცხეთაში წაყვანა და  ჯვარის ან სვეტიცხოველის ჩვენება, არაფერს ნიშნავს. თბილისელი ბავშვი, რომელიც მიდის მშობლებთან ერთად დასავლეთისკენ, ყოველთვის ხედავს ამ ძეგლებს, მშობლებიც უყვებიან მოკლე ისტორიას.

ამიტომ ეს არაფერს ნიშნავს, ხიბლი იმაშია, როდესაც ბავშვი მიგყავს, ვთქვათ, სვეტიცხოველთან, ხელს ადებინებ მის კედელზე და რაღაც ისტორიას უყვები. არ არის საჭირო მაინცდამაინც „დიდოსტატის მარჯვენიდან” მოუყვე.

უფრო მნიშვნელოვანია რეალური ისტორიის მოსმენა, ვთქვათ,  რა ხდებოდა სვეტიცხოველის მშენებლობის პერიოდში გიორგი პირველის ეპოქაში. ანუ  მთავარია – მიზანი, ამოცანა და მეთოდოლოგია. თუ ამ თვალსაზრისით ექსკურსია გამართულია, ბავშვს ყოველთვის დააინტერესებს იგი. მე ვთვლი, რომ სასკოლო ცხოვრებაში ექსკურსია არსებითად მნიშვნელოვანია და ის, რეგულარულად უნდა ეწყობოდეს. სკოლები აუცილებლად უნდა ხარჯავდნენ თანხებს ამ მიმართულებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეროვნულ მუზეუმში ისეთი სიმდიდრეა დაცული და ისეთი გამოცდილი თანამშრომლები არიან, რომლებიც ჩვეულებრივი გიდებივით კი არ ესაუბრებიან ბავშვებს, არამედ რეალური ისტორიებით შეახებენ მოსწავლეებს ცალკეულ ნივთს. ამიტომ თითო დღე თითო სკოლამ რომ მიიყვანოს ბავშვები და  ოქროს ფონდში ჩაიყვანონ, მოზარდი იქიდან მნიშვნელოვნად გამდიდრებული წამოვა. ამასთან, მიმაჩნია, რომ  ბავშვს აუცილებლად უნდა მიეცეს თამაშის საშუალება. ამ გზით უნდა მიიღოს ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში ექსკურსიაც მოსაწყენი იქნება და დაემსგავსება ზუსტად იმ გზას, როდესაც მამას მიჰყავს დასავლეთში და უბრალოდ აჩვენებს ისტორიულ ძეგლებს. 

მოგზაურობის შემადგენელი ნაწილია ლაშქრობა, რომელიც ასევე დანერგილია სკოლებში
ლაშქრობაც ისეთივე მნიშვნელოვანია მოზარდისთვის, როგორც ექსკურსია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკური დატვირთვა მოზარდისთვის აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებასთან კავშირი და ამ ყველაფრის აღქმა. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ლაშქრობაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, საღამოს კოცონთან ჯდომა, აზრების გაცვლა, ლაპარაკი.  თუ პატარა ბავშვებზეა საუბარი, ზღაპრების და „შავი ხელის” ისტორიების მოყოლა. შინაარსს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია კომუნიკაცია და პატივისცემა ერთმანეთისა, რომელიც ბავშვისგან ამ დროს გაუცნობიერებლად იბადება. თბილისს როგორც კი გაცდება, ადამიანი იცვლება, რადგან მისთვის განსხვავებულ გარემოში ხვდება. იმისათვის, რომ გარემოსთან ნებისმიერ შემთხვევაში ადეკვატურად იგრძნო თავი, ბავშვობიდან უნდა იყოს ჩადებული ბუნებასთან კონტაქტი. ერთი სიტყვით, ლაშქრობები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, ბუნებასთან სიახლოვის თვალსაზრისით, მაგრამ სოციალური კომუნიკაციების ჩამოყალიბების კუთხით, განსაკუთრებით საჭიროა. ბუნებაში, ღია გარემოში, მოზარდებს შორის სულ სხვა დამოკიდებულება ყალიბდება. 
რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის ცხოველებთან სიახლოვე?

წარმოუდგენლად დიდი და ამის ილუსტრირება ერთი მარტივი წინადადებით შეიძლება: ბავშვს, რომელსაც თავიდანვე ვუნერგავთ ცხოველის სიყვარულს, ბუნებრივად უყალიბდება თანაგრძნობის განცდაც, ხოლო ადამიანი, რომელსაც თანაგრძნობა შეუძლია, ტრადიციულად მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისაა. 
„National Geographic” მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული გამოცემაა. რას ნიშნავს საქართველოსთვის „National Geographic საქართველოს” გამოცემა?
პირველ რიგში „National Geographic” –  ეს არის ის ღირებულებები, რომელიც დასავლურ კულტურაშია, განსაკუთრებით მეცნიერებასა და განათლებასთან მიმართებაში. სწორედ ამის ნაწილი გახდა საქართველო.

 „National Geographic”-ის მიზანი არის ცოდნის გავრცელება. რა ტიპის ცოდნაზეა საუბარი – ნებისმიერი მიმართულების – მეცნიერება იქნება, ხელოვნება, ჰუმანიტარული დარგები, გეოპოლიტიკა  თუ სხვა.

კვალიფიციური ინფორმაციის გავრცელება ისეთი სახით ხდება, რომ ეს ვიზუალურად მარტივი აღსაქმელი, მაგრამ წასაკითხად არც ისე მარტივი იყოს. აქ გამოქვეყნებული სტატიები, არ არის პოპულარული მეცნიერება, ეს ისეთი სტატიებია, რომელიც დაწერილია ზღურბლზე, რომელიც  ადამიანს, განსაკუთრებით მოზარდს, დამატებით კითხვებს უჩენს, რომ იქექოს ენციკლოპედიაში, ინტერნეტში, რაღაც ტერმინი ან მოსაზრება ეძებოს. სწორედ ეს ნაწილი აქვს დაჭერილი „National Geographic”-ის.  საქართველოს შესვლა ამ დიდ ოჯახში იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ღირებულებითი სისტემის ნაწილი ხდები. პატარა ბავშვებზე არ არის აქ საუბარი, რადგან მათთვის სხვა ჟურნალები გამოიცემა და სხვა პროდუქტები არსებობს, საუბარია 14-15 წლიდან და შემდგომ, უკვე სტუდენტური ასაკის ახალგაზრდებზე. ჩვენი მკითხველის ასაკი შეუზღუდავია და შეიძლება 80 წლის და ზევითაც იყოს. თუმცა ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ახალგაზრდებზე და განათლების კომპონენტი არსებითად მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ ღირებულებებში საქართველოს ჩართვა და მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება ამ ჟურნალის  და წარმომადგენლობის იმ ოფისის მისიაა, რომელიც საქართველოშია.

„National Geographic საქართველო” უპირველესად ნიშნავს იმას, რომ გამოცემა ქართულ ენაზე გამოდის, სადაც ჩვენი კონტრაქტის საფუძველზე 70 პროცენტი იმისა იდენტურად  იბეჭდება, რაც 40 ქვეყანაში გამოდის, 30 პროცენტი კი უნდა იყოს ადგილზე წარმოებული სტატიების ან ფოტოგრაფიის კრებული. ეს არ არის იმპერატიული მოთხოვნა. თავიდან მეგონა, რომ 30 პროცენტი ძალიან ცოტაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  ბევრია. National Geographic–ის სტანდარტები ძალიან მაღალია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი ჟურნალისტი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ამ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. განსაკუთრებული ტრენინგები არ არის საჭირო, უბრალოდ პროცესში ჩართვაა საჭირო. ჟურნალმა უკვე მოიკიდა ფეხი საქართველოში, მჯერა იქნება კიდევ მრავალი წელი და ნელ–ნელა შეივსება ეს 30 პროცენტიც. ჩემი აზრით, არ უნდა გვეშინოდეს, როდესაც პროფესიონალი მიგვითითებს, ფრთები არ უნდა მოგვეკვეცოს, ქართველებს ესეც სასწავლი გვაქვს. „National Geographic საქართველო” ძალიან პოპულარულია გარკვეულ წრეში. ჩვენ გვინდა, რომ ეს წრე გავარღვიოთ და ყველასთვის ცნობისმოყვარე და დაინტერესებული ადამიანებისათვის პოპულარული გავხადოთ.  მაქსიმალურად ვცდილობთ ნელ–ნელა, კარგი გაგებით „მეტასტაზივით”, მოვედოთ მთელს საქართველოს, რადგან ამაზე უკეთეს საკითხავს ამ სფეროში ადამიანი ვერ იპოვის, ეს დაამტკიცა 126 წელმა, და 100 მილიონმა მკითხველმა მთელს მსოფლიოში.  
თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად ინტერესდებიან ქართველი მოზარდები „National Geographic საქართველო”-თი,  რადგან ჩვენთან არსებობს მოსაზრება, რომ ეს ჟურნალი უფრო დიდების საკითხავია.  
გამოწერებით თუ ვიმსჯელებთ (გაყიდვებზე ჯერ კვლევა არ ჩაგვიტარებია), ჩვენი მკითხველი ძირითადად არის 25 წლის ზევითაა, შედარებით დაბალი პროცენტია სტუდენტები და მოზარდები კიდევ უფრო პატარა. ის, რომ ეს ჟურნალი დიდების საკითხავია, სწორია. თუმცა 14-15 წლის მოზარდის ინტერესები, უკვე გადადის ზრდასრული ადამიანის ინტერესებისაკენ და უფრო მეტად კითხულობენ  დიდების ლიტერატურას.  ვაშინგტონი ამბობს, კარგია 25 წლის ზევით რომ არის მკითხველი, მაგრამ ჩემი პერსონალური ინტერესია, რაც შეიძლება მეტი  ახალგაზრდა ჩავრთო. ამისათვის  დამატებით სამუშაოებს ვასრულებთ, დავდივართ სკოლიდან სკოლაში, ვაკეთებთ პრეზენტაციებს,  გვინდა მაღალკლასელი მოსწავლეები დავაინტერესოთ. საჯარო სკოლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვინდა დავამყაროთ. ახლა მაგალითად 2000 სკოლის დირექტორს დავუკავშირდით, გვინდა ჟურნალი გამოიწერონ თვითღირებულების ფასად. ამასთან მთელი პაკეტი იქმნება მასალებისა, რომელიც გვინდა განათლების სამინისტროსთან ერთად  2015 წლიდან შევთავაზოთ. მომავალი წლიდან კარგი გაგებით აგრესიულად ვგეგმავთ სკოლებში შესვლას და მოზარდებთან მუშაობას. უნდა ითქვას, რომ ეს მეთოდი, ამ ჟურნალის და მისი წარმომადგენლობის პირდაპირი საქმე არ არის, მაგრამ მინდა, რომ ჩვენი  პროდუქტი პირველ რიგში იყოს მასწავლებლისთვის და  მოზარდებისთვის, რომ „მოიწამლონ”  „National Geographic საქართველო” -თი. მე მჯერა, თუ ისინი ერთხელ მაინც მოიხიბლებიან  რომელიმე სტატიით, აქ არის 6 სფერო – საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და ექსტრემალური მეცნიერებები, გეოპოლიტიკა, ველური ბუნება, ფიზიკა-ქიმია და სხვა ბევრი მიმართულება,  დამერწმუნეთ,  ვეღარ დაანებებს თავს, რადგან  „National Geographic საქართველო”  ცოდნის დაულეველი წყაროა. 
რამდენად მნიშვნელოვანია „National Geographic საქართველო” მასწავლებლებისთვის? 
„National Geographic საქართველო”-ს ორი მხარე აქვს – პირველია მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლება. იგი იძლევა ზღვა მასალას გაკვეთილის გამრავალფეროვნების, უკეთ ჩატარებისა და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით. ყველანაირი ინფორმაცია ეძლევა, რომელიც წელგამართულმა შეიძლება მიაწოდო ბავშვს და არ შეეშინდება, რომ მოსწავლე გამოგიჭერს  ფაქტის არასწორად დასახელებაში.

 მსოფლიო გადატვირტულია, ე.წ. „ჯანყი” ინფორმაციით და მასწავლებელს ისევე როგორ მეც, მიჭირს გავარკვიო, სად არის რეალობა და სად არის ვიღაცის გამოგონილი ჭორი. ეს ის ჟურნალია, რომელიც გარანტიას გაძლევთ, რომ მოტანილი ფაქტი,  იქნება ეს მეცნიერების თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით,  შეგიძლია ბავშვს თამამად გადასცე. მეორე მხარე პრაგმატული და პრაქტიკული მხარეა.  მასწავლებელს მოეთხოვება გარკვეული ატესტაციების და კრედიტების დაგროვება, რომ უფრო მაღალ იერარქიულ დონეზე ავიდეს და ელემენტარულად, მისი ხელფასი გაიზარდოს. რამდენადაც ვიცი ყოველთვის ჭირს კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება, რომელიც უფრო გააადვილებს ტესტირების პროცესს. „National Geographic საქართველო” არამარტო ჟურნალი, რამედ მთელი მასალაა, რომელიც მას მოჰყვება, შიდა დახურულ პორტალზე, რომელზეც მაქვს წვდომა და შემიძლია მასწავლებლებს შევთავაზო, ეს არის ძალიან სასარგებლო მისთვის, ვინც დაინტერესებულია წინსვლით (მატერიალურ წინსვლას ვგულისხმობ). ჯერჯერობით არ მინდა ვინმემ ჩემი ნათქვამი დაპირებად ჩათვალოს, მაგრამ ახლა ვმუშაობთ და გვინდა 2015-16 წლიდან  მასწავლებლებისთვის სტიპენდიების და გრანტების მთელი კასკადი შევიმუშაოთ. (ცხადია, ბავშვებისთვის ეს ყოველთვის იქნება), ვფიქრობთ ფორმაზე,  საინტერესო მასწავლებლების გამოვლენასა და სტიპენდიების დანიშვნაზე, რომ მათ გაუჩნდეთ დამატებითი მოტივაცია, უფრო მეტად ჩაიხედონ იმ ლიტერატურაში, რომელსაც ჩვენ ვფლობთ  და ვთავაზობთ წასაკითხად.  

თუ იცნობთ ქართულ განათლების სისტემას და თუ გაქვთ რჩევები მათთვის?

 
ვერ გავთავხედდები და დღევანდელ განათლების სისტემაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ღრმად არ ვარ ჩახედული. თუმცა გვერდიდან ვადევნებ თვალს. მე როგორც ბიოლოგი, უფრო ბიოლოგიის გაკვეთილებით  ვინტერესდები და ახლობლების შვილებს სულ ვეკითხები, რას და როგორ  ასწავლიან  და ისეთი სტატისტიკა დამიგროვდა, რომ მთლად სახარბიელოდ არ არის საქმე. როგორც ირკვევა, ბავშვებისთვის გაკვეთილი ტვირთია, რომელიც უნდა გადააგორონ. ტვირთის განცდა ხშირ შემთხვევაში მოდის მასწავლებლიდან და სისტემიდან. ნებისმიერი უმნიშვნელო  რამ, შეიძლება ისე საინტერესოდ მიაწოდო მოსწავლეს, რომ მან რაღაც მაინც დაიმახსოვროს. ეს მე პირადად არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ მგონია, რომ განათლების სისტემა მუდმივად უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ სწავლის მეთოდები უფრო და უფრო დაიხვეწოს. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას სხვადასხვანაირი მეთოდი სჭირდება. არ შეიძლება ერთი და იგივე ტერმინოლოგიით ესაუბრო მე-5 კლასელს და მეთორმეტე კლასელს და ერთი და იგივე ვიზუალი შესთავაზო. მასწავლებელი არის ბურჯი, რომელზეც დგას სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც ჩვენი მომავალია. სახელმწიფოს შეიძლება ვურჩიო, რომ მასწავლებელს ჰქონდეს დაინტერესება, თვითონ განვითარდეს და მეთოდოლოგიები განავითაროს. მაგრამ მასწავლებელს თუ ცხოვრების ბოლომდე,  ვთქვათ 100 ლარი ექნება ხელფასი, ძალიან ძნელი იქნება მისი ენთუზიაზმის შენარჩუნება.

სამწუხაროდ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება.  ყველაზე დიდი სიმდიდრე,  რაც  საქართველოში გვაქვს –  ეს არის ინტელექტი, ისევე როგორც სამხრეთ კორეაში. იქ 20 წლის წინ ისევე გატყავებული იყო სახელმწიფო, როგორც ჩვენ ვართ ამჟამად, მაგრამ ბოლო კაპიკები ჩადეს განათლებაში და არ დაელოდნენ ხვალინდელ ეფექტს, გრძელვადიან შედეგზე გათვალეს და დღეს რა მიღწევაც აქვთ, ყველამ კარგად ვიცით.

როგორც კი ამ კეთილ ნებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს, არ იქნება საჭირო წარმატების მისაღწევად 5 და 10 თაობის ლოდინი. არსებობენ სახელმწიფოები, რომლებმაც ერთ თაობაში მიაღწიეს უმაღლეს შედეგს, სამხრეთ კორეა ამის შესანიშნავი მაგალითია. უნდა შეიქმნას 10–წლიანი პროგრამა და სახელმწიფო ბოლომდე უნდა მიჰყვეს მას, მიუხედავად ხელისუფლებების ცვლილებისა. ეს ჩემი, როგორც მოქალაქის რჩევაა.  

ესაუბრა თამარ კაციტაძე.

მასწავლებლის შეკითხვები – გზა მოსწავლეთა თვითაქტუალიზაციისაკენ

0
ამ რამდენიმე თვის წინ ერთმა მასწავლებელმა მთხოვა, გაკვეთილზე დამესწარით, ტექსტზე ვმუშაობთ და თქვენი აზრი მაინტერესებსო. ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპიძელს” იწყებდა. მას შემდეგ რაც პოემის პირველი თავი წაიკითხეს, მასწავლებელმა მოსწავლეებს ტექსტის გააზრების ხარისხი შესამოწმებლად  შეკითხვები დაუსვა. მარტივ შეკითხვებზე, ისეთზე, რომელიც ტექსტიდან ზედაპირული ინფორმაციის ამოღებას გულისხმობდა, მოსწავლეები უხალისოდ პასუხობდნენ, მაგრამ როცა მასწავლებელმა დასვა შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ქისტების ადგილსამყოფლის აღწერას პოემაშიო, კლასი გამოცოცხლდა. იყო განსხვავებული პასუხები. ზოგი ამბობდა, ემოციურ ფონს ქმნისო, ზოგმა – მკითხველის ინტერსს აღძრავსო, ზოგმა – რაღაც მოულოდნელისათვის გვამზადებსო… აღარ გავაგრძელებ. ერთს ვიტყვი: იყო ისეთი საინტერესო აზრები, რომლებმაც მეც ახლებურად დამანახვეს ათასგზის წაკითხული. მასწავლებელი არ კმაყოფილდებოდა მოსწავლეთა პასუხებით და დაუმთავრებლად იმეორებდა: „კიდევ?.. კიდევ?..”  კლასი ჩაწყნარდა. პასუხები ამოიწურა. მართალი გითხრათ, გულში ვფიქრობდი, ნეტავ რა შეიძლება კიდევ ითქვას-მეთქი. როცა პაუზა გაგრძელდა, მასწავლებელმა  საყვედურის ტონით მიმართა მოსწავლეებს: „წინასწარმეტყველური ფუნქცია აქვს, წი-ნას-წარ-მეტყ-ვე-ლუ-რი.” დამარცვლით წარმოთქვა ბოლო სიტყვა…

ეს ამბავი შემთხვევით არ გამიხსენებია. ტიპური ვითარებაა. მასწავლებელი სვამს შეკითხვას, რომელიც მოსწავლეთა აზროვნების მაღალ დონეზეა ორიენტირებული და რომელიც სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას გულისხმობს, მაგრამ მოითხოვს და მიიღებს მხოლოდ იმ პასუხს, რომელიც მას მიაჩნია მართებულად, ანუ ისევ ჩარჩოში აქცევს მოსწავლეთა აზროვნებას. აი, მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება თავისთავად კარგი შეკითხვა შეეწიროს ე.წ. „მასწავლებლის ავტორიტარიზმს”. არ შეიძლება, არ დაეთანხმო როზმარი სმიდს, რომელიც წერდა, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, „სასკოლო პრაქტიკა მოსწავლეებს უყალიბებს მოლოდინს, რომ ყველა შეკითხვაზე არსებობს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი (Смид Р., 1999, с. 149)”. სწორედ ამის მაგალითია ზემოთ აღწერილი სიტუაცია.   

შეკითხვები ყოველთვის იყო და იქნება სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილი, რადგან მათ სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ მასწავლებლები: მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად, პროვოცირებისათვის, უკუკავშირისა თუ წარმოსახვის უნარის, ზოგადად, სააზროვნო პროცესების გააქტიურებისათვის და სხვ. 

გაკვეთილზე აზრის თავისუფლად გამოხატვისათვის მასტიმულირებელი გარემოს შესაქმნელად მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის უნდა ჩამოყალიბდეს პარტნიორული ურთიერთობები, ურთიერთობები კი დიალოგით იწყება. ჩვეულებრივ, დიალოგში ერთი მოსაუბრე სვამს კითხვას, რომელზედაც პასუხი მას ან არა აქვს, ან შეიძლება ჰქონდეს კიდეც, მაგრამ სხვისი აზრის მოსმენა უნდა. იქმნება კი დიალოგური სიტუაცია, ანუ კომუნიკაცია, როცა მასწავლებელი სვამს შეკითხვას, რომელზედაც პასუხი მას „თავში” აქვს. ის მოსწავლისაგან მოითხოვს ისეთი პასუხს, რომელიც მის ცოდნას ემთხვევა. რაც მთავარია, მოსწავლემაც იცის, რომ მის პასუხს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწონებს მასწავლებელი, თუ ზუსტად დაემთხვევა იმას, რაც მასწავლებელმა იცის (რაღაც „იცის” სიტყვის თამაშს დაემსგავსა ჩვენი აზრი და, იმედია, ტავტოლოგიად არ ჩამითვლის მკითხველი). მოსწავლე ნერვიულობს, რამდენად ზუსტად შეესაბამება მისი პასუხი მასწავლებლის ცოდნას. სავსებით შესაძლებელია, ამ ნერვიულობის დროს მოხდეს მისი გონების ბლოკირება და მან უბრალოდ ვერ გიპასუხოთ ის, რაც მან იცის. ალბათ, ყველას გქონიათ შემთხვევა, მშობელი საყვედურით რომ მოსულა თქვენთან და გულისტკივილით უთქვამს: ყველაფერი იცოდა, იმდენი იმეცადინა სახლში და აქ რა ემართებაო?.. 

„აბა რა ვქნათ, როგორ გავიგოთ, იცის თუ არა საკითხი მოსწავლემ?” – იკითხავს მასწავლებელი და, ერთი შეხედვით, ლეგიტიმური კითხვაა. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარგი შეკითხვა ისაა, რომელიც  ალტერნატიული პასუხებისათვის დიდ სივრცეს იძლევა და რომელზედაც თავად მასწავლებელს შეიძლება პასუხი არ ჰქონდეს. ეს როგორ? – ისევ გაიკვირვებს მავანი. ასეთ კითხვებს თქვენც სვამთ, მაგალითად, „რას ფიქრობთ, მართებულია თუ არა ნესტანის გადაწყვეტილება საქმროს მკვლელობასთან დაკავშირებით?” „რა ასოციაციებს იწვევს თქვენში თოვლის „ქალწულებივით ხიდიდან ფენა”? „თქვენ რას მოიმოქმედებდით, დავით აღმაშენებლის ადგილზე რომ ყოფილიყავით, კლდეკარის ერისთავების ღალატის შემთხვევაში?” ასეთი შეკითხვები ნებისმიერ მოსწავლეს უხსნის შიშის განცდას, ამავდროულად, ის პიროვნებად გრძნობს თავს, რადგან მისით ინტერესდებიან, აღიარებენ. ასე იქმნება გაკვეთილზე დიალოგური სიტუაცია, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის საფუძველია.    

  

მაშინაც კი, როცა მოსწავლეებს ვუსვამთ ცოდნაზე ორიენტირებულ კითხვას, უნდა შევუქმნათ განცდა, რომ არასწორი პასუხის შემთხვევაში მას მასწავლებელი არ მიატოვებს და რომ შეცდომა საშიში არ არის, შეცდომა „ჩვენი მეგობარია”, რომელიც გზას გვიკვლევს არცოდნიდან ცოდნისკენ. 

ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვების მოფიქრება მასწავლებლისათვის ადვილია. ალბათ, ამიტომაც არის რომ ისინი უფრო ხშირად სწორედ ასეთ შეკითხვებს სვამენ, თუმცა  დეკლარირებულად აღიარებენ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული შეკითხვების უპირატესობას. ეს დაადასტურა მასწავლებლების დამოკიდებულებებისა და საკლასო პრაქტიკის კვლევამ საქართველოს საჯარო სკოლებში – რატომ და როგორ სვამენ მასწავლებლები შეკითხვებს (ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე, ირინე ჟვანია, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.2(34). კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ: „დაკვირვებამ ცხადყო, რომ მასწავლებლების მიერ რეალურად დასმული კითხვების 3/4-მდე დახურულია და მათში აქცენტი ნაკლებად კეთდება მაღალი დონის კოგნიტური პროცესების შემოწმებაზე.” სამწუხარო და დამაფიქრბელი რეალობაა. 

მაინც როგორი შეკითხვები დავსვათ? 
შეკითხვათა მრავლნაირი კლასიფიკაცია არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბენჟამენ ბლუმის ტაქსონომიაზე დამყარებული კლასიფიკაცია. არსებობს მისი მოდიფიცირებული ვარიანტიც, რომელიც  შეკითხვათა ექვს ტიპს აერთიანებს. ეს არის:

·ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები, რომლებიც გულისხმობს ფაქტების დასახელებას, კონკრეტული ინფორმაციის აღდგენას. რა რისკ-ფაქტორები ახლავს ამ ტიპის შეკითხვებს, ზემოთ ამის შესახებ მოკლედ ვისაუბრეთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ასეთი შეკითხვებზე პასუხების მოძებნის გზას ვასწავლით მოსწავლეებს და ძალისხმევას ამაზე უფრო დავხარჯავთ, ვიდრე ინფორმაციის დამახსოვრებაზე, უკეთესია. 
·დამაზუსტებელი შეკითხვები, რომლებიც, ჩვეულებრივ, იწყება ასე: „თუ მე სწორად გავიგე…” „ანუ შენ ამბობ, რომ…” და ა.შ. ასეთი შეკითხვების დროს სასურველია,  მასწავლებელმა ზუსტად არ გაიმეოროს მოსწავლის ნათქვამი (ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსწავლის დაბნეულობა და შიში, რომ რაღაც სწორად არ თქვა), არამედ გააკეთოს მისი პერიფრაზირება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ გააკეთოს ეს ნეგატიური მიმიკით (მაგალითად, მაღლა აწეული წარბები, გაკვირვებული მზერა ფართოდ გახელილი თვალებით).
·ახსნითი შეკითხვები, რომლებიც, ჩვეულებრივ იწყება კითხვითი სიტყვით „რატომ”. ასეთ შეკითხვებსაც ახლავს გარკვეული რისკები. მაგალითად, მოსწავლემ შეიძლება ის აღიქვას, როგორც ძალდატანება, გაამართლოს საკუთარი პასუხი. ამიტომ სასურველია, თუ მასწავლებელი გულწრფელად გამოხატავს დაინტერესებას, რატომ ფიქრობს ის ასე? ასევე გასათვალისწინებელია, რომ, თუ „რატომ” კითხვაზე მოსწავლემ პასუხი უკვე იცის (ამოიკითხა სახელმძღვანელოში ან მოისმინა მასზე პასუხი მასწავლებლისაგან), ახსნითი შეკითხვა გადაიქცევა ცოდნაზე ორიენტირებულად. ასეთი შეკითხვები კარგია პერსონაჟის ქცევის მოტივის, მოვლენის მიზეზების ასახსნელად და სხვ. მათი საშუალებით ჩვენ ვუბიძგებთ მოსწავლეებს ინტერპრეტირებისაკენ, მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვისკენ.
·შეფასებითი შეკითხვები. საზოგადოდ ცნობილია, რომ ადამიანის ემოციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის სააზროვნო პროცესებზე. ჩვენ ფაქტისა თუ მოვლენის მიმართ ჯერ ემოციური დამოკიდებულება გვიყალიბდება და ამის შემდეგ – კრიტიკული (გაიხსენეთ „კორნელის გრაფა” – ემოციური და კრიტიკული კომენტარი). ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებს დავეხმაროთ, გაერკვნენ საკუთარ ემოციებში. სწორედ ამას ემსახურება ამ ტიპის შეკითხვები. ისინი ეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის, ისტორიული გმირების, პერსონაჟების, თუნდაც მათემატიკური ფორმულების მიმართ. მაგალითად, „რა გრძნობა დაგეუფლა, როცა ეს ამოცანა ამოხსენი?” „რა გრძნობებს იწვევს შენში ეს ლექსი?” „რა დამოკიდებულება გაქვს ამ პერსონაჟის მიმართ?” და ა.შ. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შეფასებითი შეკითხვების დასმა არ არის რეკომენდებული იმ დროს, როდსაც ისედაც მაღალია მოსწავლეთა აქტიურობისა და ჩართულობის ხარისხი, მაგალითად დისკუსიისას. ასევე, ასეთი ტიპის შეკითხვების დასმისას მას უნდა ეტყობოდეს, რომ ის ნამდვილად არის დაინტერესებული მოსწავლის პასუხით და არ სვამს შეკითხვას ფორმალურად.  
·პრაქტიკული შეკითხვები – ეს ისეთი შეკითხვებია, რომლებიც მიმართულია თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირზე. მაგალითად, „თქვენ რას მოიმოქმედებდით მის ადგილას?”  „როგორ შეიძლება გამოიყენო ცხოვრებაში მართკუთხდის ფართობის გამოთვლის ფორმულა?” და ა.შ.
·შემოქმედებითი ხასიათის შეკითხვები ისეთი შეკითხვებია, რომლებიც შეიცავს პირობითობის, პროგნოზირების, ვარაუდების ელემენტებს, „აიძულებს” მოსწავლეებს გააქტიურონ საკუთარი წარმოსახვა. მაგალითად, „როგორ ფიქრობ, როგორი იქნებოდა საქართველო დღეს, რომ არა 1801 წლის მანიფესტი?”  „რა მოხდებოდა, ყველა მცენარე რომ სიმაღლეში ალვის ხეს გატოლებოდა?” „თქვენი აზრით, როგორი დასასრული ექნება ამ რომანს?” და ა. შ.  შემოქმედებითი  შეკითხვები მთლიანად ცვლის გაკვეთილის ტრადიციულ მოდელს. აქ არ არსებობს სწორი და მცდარი პასუხები. ყველა მოსწავლე თავისუფალია თავის წარმოსახვაში. თითოეულის ფანტაზიას ისეთივე წონა და მნიშვნელობა აქვს, როგორიც მასწავლებლისას. აქ ისინი თანასწორნი არიან. ხშირად მასწავლებლები ერიდებიან ასეთი შეითხვების დასმას, რადგან უჭირთ მოსწავლეთა ფანტაზიის ნაკადის შეჩერება, მაგრამ შედეგი ღირს გარისკვად. 

შკითხვებით ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეთა აზროვნების ცნობიერად წარმართვა და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც სრულად გამოვლინდება თითოეულის ინტელექტუალური პოტენციალი. ამიტომ დავუსვათ მოსწავლეებს შეკითხვები, მაგრამ დავუსვათ წინასწარ კარგად მოფიქრებული და აზროვნების სხვადასხვა დონის განვითარებისკენ მიმართული შეკითხვები.   

2 ამბავი ჩემზე

0

„მესხმა ბურთი გაიტანა კარში, სახიფათო მდგომარეობაში” – საოჯახო ზეპირისტყვიერების ისტორიკოსები დღემდე დავობენ, მე მეკუთვნის ეს სტრიქონები თუ ჩემს ბიძაშვილს.

ღრმა ბავშვობა იყო, ცოტაც რომ ამოვცურე, ასე გაგრძელდა – გურიაში ფეხბურთის მოედანი ხშირ შემთხვევაში ქუჩა იყო, სადაც მანქანა ისეთივე სიხშირით ჩამოივლიდა, რა სიხშირითაც შიშველი ფანები ჩამორბიან ნამდვილ სტადიონებზე. დარტყმას დაყუდება ერქვა. თუ მეკარეს ძლიერი ბურთების ეშინოდა – დაყუდება არ იყო. ბურთი ძელს არ ხვდებოდა, თუ კი, მაშინ კარის ზომა იზრდებოდა – ძელის მაგივრობას ქვა სწევდა. ფეხები სულ დალეწილი გვქონდა, „აბა, ბალეტს ხომ არ ვცეკვადით”.

ჰო, ალბათ ყველგან ასე ხდებოდა. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ადამიანებს, როგორც წესი, სწორედ ასე დაწყებული ისტორიები გვიყვარს – ისინი ხომ ღარიბ უბნებში იზრდებოდნენ, აი, პელე ჩვრის ბურთით თამაშობდა, მარადონა – ფორთოხლით, აგერ ახლა რიბერი ლამის მეკურტნედ მუშაობდა და რუნი ვიღაც ჯიბგირებთან მუშტი-კრივით ამთავრებდა „მატჩს”.

სანაკრებო განხრით, როგორც გითხარით, მე ინგლისის გულშემატკივარი ვარ. ეს არ ვიცი, საიდან მოდის, ვერაფრით ვიტყვი – ერთ დღეს მაკმანამანის ლამაზ პასს ვუყურე, რივალდოს ფინტს ვამჯობინე და ავირჩიე-მეთქი. უფრო ბრმა ამბავს ჰგავს. ალბათ ყველა ასე ირჩევს თავიდან, თითქმის თვალდახუჭული და მერე, ჭირში თუ ლხინში, გვერდით უდგას საყვარელ გუნდს. არგენტინა ჩემი მტერია (ბრჭყალებში რომ ჩავსვა, ყალბი იქნება). განა არ ვიცი, რომ ხშირად გვჯობნიან ხოლმე (ეს უცხო გუნდებზე პირველ პირში ლაპარაკიც ფეხბურთის სენთაგანია), რომ მარადონას იმ საღამოს ხელიც ღმერთის ჰქონდა და ფეხიც, რომ ოუენის მცირე რევანში და ბექემის მიკნავლებული თერთმეტმეტრიანი ისტორიას არ ცვლის, მაგრამ „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”.

ისე, აშკარად ძველი საქმეა:

ფარაონთა სამარხებში არქეოლოგებმა ბურთებს მიაგნეს. არავინ იცის, რისთვის იყენებდნენ მათ ეგვიპტელი ზეპურები, მაგრამ ადამიანებმა ერთ დღესაც რომ ფეხი დაჰკრეს, ცხადია: ძველი ბერძნები ესკიპიროსს თამაშობდნენ, რომაელები – გარპას-ტუპს, იაპონელები – კემარს, ჩინელები – ძი-ნიუს. ეს სახეობები ფეხბურთის ჰომოერეკტუსები იყვნენ.

ფეხბურთის ჰომოსაპიენსი (დღეს ჰომოფაბერად ქცეული) ინგლისში დაიბადა XIX საუკენეში.

ფეხბურთს ჩვენშიც თამაშობენ. ადრე უფრო უკეთ. იმ ადრინდელის ექოს ექო იყო ავტორდაუდგენელი სტრიქონები, დასაწყისში რომ გაგაცანით და ალბათ გაგაცინეთ.

ნუ ჩამითვლით ფსევდოპატრიოტულ გამოხდომად, როდის-როდის და, ფეხბურთზე ლაპარაკისას ყველაზე გულწრფელი ვარ – აბა, ადექით, ჩასვით მესხის ადგილას რომელიმე მოქმედი ქართველი ფეხბურთელის გვარი, დაარღვიეთ მარცვლების რაოდენობა, რიტმი, რითმა, რაც გნებავთ. ამაოდ. სახიფათო მდგომარეობაც ვერ შევქმენით, გოლს ვინღა ჩივის.

სასწავლო პროგრამების დანერგვის დონეები

0
სხვადასხვა ქვეყანაში ზოგადი განათლების მიღება რეგულირდება სასწავლო გეგმით, რომელზე დაყრდნობითაც მასწავლებლები ქმნიან სასწავლო პროგრამებს კონკრეტული კლასისათვის. სასწავლო პროგრამების დანერგვის პროცესი ინდივიდუალურია. ამ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მასწავლებლისა და კლასის თავისებურებები. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების განზოგადების შემდეგ განათლების სპეციალისტებმა გამოყვეს სასწავლო პროგრამების დანერგვის სამი დონე. ამ სტატიიაში მიმოვიხილავთ სასწავლო პროგრამების დანერგვის დონეებს, მასწავლებლის ექსპრესიული მიზნების როლს და ლატენტური სასწავლო პროგრამის მნიშვნელობას.

საკვანძო სიტყვები: იმიტაციური დონე, შუალედური დონე, კოგნიტურ-გენერაციული დონე, ექსპრესიული მიზნები, ლატენტური სასწავლო პროგრამა.
შესავალი
კარგმა მასწავლებელმა ზუსტად იცის, როგორ შეარჩიოს კონკრეტული თემის სწავლების შესაბამისი მეთოდი; ამაზე დაყრდნობით როგორ გაუმკლავდეს სწავლების პროცესში წარმოქმნილ სიტუაციებსა და პრობლემებს ისე, რომ არ გადაუხვიოს სასწავლო პროგრამას. სასწავლო პროგრამების შექმნა და დანერგვა ერთნაირად შრომატევადია პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის. სწორად ორგანიზებული მოქმედებები საშუალებას აძლევს მას, განახორციელოს სასწავლო პროგრამით დასახული ექსპრესიული მიზნები და ამოცანები (ეისნერი, 1998). პედაგოგიკა ვითარდება გამოცდილებასთან ერთად. მასწავლებლის განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს მის უნარს, დამოუკიდებლად და სპონტანურად მიიღოს გადაწყვეტილება გარკვეული სიტუაციიდან გამომდინარე და ყოველთვის გაითვალისწინოს მოსწავლისა და სასწავლო პროგრამის ინტერესები და მიზნები. სასწავლო პროგრამის დანერგვის პროცესის მრავალფეროვნებაზე მსჯელობისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ პროცესში სწავლების დონეებად დაყოფის მიდგომები.
ძირითადი ნაწილი

სასწავლო პროგრამის დანერგვის პროცესში სწავლებას გარკვეულ დონეებად (ტანერი & ტანერი, 1995) განიხილავენ. გამოყოფენ სამ ძირითად დონეს.
პირველი დონეა იმიტაციური დონე. იგი მოიცავს რუტინულ, მეთოდურ ქმედებებს. აღნიშნული ქმედებები განპირობებულია კონკრეტული სახელმძღვანელოთი და ინსტრუქტაჟით.
მეორე დონე, ანუ შუალედური, უფრო მაღალპროფესიულ დონეს შეესაბამება და მოიცავს მეთოდურ და მოდიფიცირებულ სწავლებას.
მესამე დონე კრეატიულ-გენერაციულია, ყველაზე მაღალი პროფესიონალიზმით ხასიათდება და გულისხმობს ინტერპრეტირებულ სწავლებას, რომელიც მასწავლებლისგან მოითხოვს როგორც სკოლის მიზნების გათვალისწინებას, ისე მოსწავლის საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
 
მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასწავლო პროგრამის იმპლემენტაციასა და შედეგის მიღებაში.
იმიტაციური დონე – მასწავლებელი, რომელიც მუშაობს ამ დონეზე, უბრალოდ, ხელმძღვანელობს კლასს. იგი მიმართავს ისეთ რუტინულ ქმედებებს, როგორიცაა ბავშვების მუდმივი დასაქმება სხვადასხვა დავალების მიცემით; ასევე ინარჩუნებს დისციპლინას კლასში. ამ დროს ძირითადად მოსწავლეებს აძლევენ მარტივ პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მასწავლებლებისთვის იდეასა და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება მეთოდოლოგიური სირთულეა, რადგან იგი სცდება წინასწარ განსაზღვრული გეგმის ფარგლებს და პედაგოგისგან მოითხოვს სწავლების მეთოდის ინტერპრეტირებას, კლასში არსებული მდგომარეობის შესაბამისად. მასწავლებლები ძირითადად ასრულებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ინსტრუქციულ მითითებებს. ამ სახის ინსტრუქტაჟი ხელს უწყობს კლასში მასწავლებლის როლის შესუსტებას და მის დაყვანას რუტინულ ელემენტებამდე. ნათელია, რომ ამ შემთხვევაში მასწავლებლის პედაგოგიური როლი დაკნინებულია. ზოგჯერ მისი ფუნქცია დადის მხოლოდ გარკვეული მოქმედებების ტექნიკურ შესრულებამდე, როგორიცაა: ტესტების და დავალებების დარიგება და შეგროვება, შედეგების დოკუმენტირება, მოსწავლეების დაკავება სავარჯიშოების შესრულებით და ა.შ.
მასწავლებლები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ტესტებისთვის მოსწავლეების მომზადებაზე. ისინი მიმართავენ სწავლების ყველაზე ბანალურ მეთოდს, როგორიცაა საგამოცდო საკითხების პირდაპირი სწავლება. ამ დროს არ ხდება სწავლების მეთოდის შერჩევა მოსწავლეების ცოდნის დონის შეფასების საფუძველზე. პედაგოგი არ ცდილობს შეიტანოს გონივრული კორექტივები სასწავლო პროცესში. ასევე არ ხდება მოსწავლეთა სუსტი მხარეების გამოვლენა, რის მიხედვითაც უნდა მოდიფიცირდეს სწავლების მეთოდიკა.
შუალედურ დონეზე მასწავლებელი ახდენს სწავლების მეთოდის მოდიფიცირებას მოსწავლეთა პროფესიული შეფასების საფუძველზე; ადაპტირდება პირველი დონისთვის დამახასიათებელი სწავლების სტრატეგია კლასში არსებული სიტუაციის მიხედვით. ხშირად პედაგოგები ტოვებენ სასწავლო პროგრამის გარკვეულ ნაწილს, პერიოდულად ამატებენ დამატებით მასალას ან მიმართავენ სწავლების სხვა მიდგომას ბაზისური მეთოდის პარალელურად. მასწავლებლისგან არ უნდა ველოდოთ რაიმე დიდ ინოვაციას – სასწავლო პროგრამაში მას შეაქვს საშუალო დონის მოდიფიკაცია. ზოგჯერ მასწავლებლებს სასწავლო პროგრამა ხელს უშლის პედაგოგიური კვალიფიკაციის გამომჟღავნებაში. ეს ეხება ისეთ სკოლებში მომუშავე პედაგოგებს, სადაც ხელმძღვანელობა მათგან მოითხოვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მეთოდების ზედმიწევნით ზუსტ გამოყენებას. ამ შემთხვევაში, მასწავლებლები შეზღუდულნი არიან – არ შეუძლიათ შეიტანონ შესწორებები სასწავლო პროგრამაში. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ შესთავაზონ სკოლის ხელმძღვანელობას ალტერნატიული სასწავლო პროგრამა.
 
კოგნიტურ-გენერაციული დონე, ანუ მესამე დონე წარმოადგენს პედაგოგიური პროფესიონალიზმის უმაღლეს სტანდარტს. აღნიშნულ დონეზე სწავლება ხორციელდება სკოლის ყველაზე ამბიციური მიზნის მისაღწევად. ამიტომ კლასის აქტივობები ძალიან მაღალი ხარისხისაა და კონცენტრირებულია არა მარტო აკადემიურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე, არამედ სოციალური და მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებაზეც. სასწავლო პროგრამის განხორციელება ფოკუსირებულია მოსწავლის ინდივიდუალურ ნიჭსა და ინტერესებზე, რაც ხელს უწყობს აზროვნების, კომუნიკაციისა და კვლევის უნარების განვითარებას. იდეასა და პრობლემაზე ორიენტირებული საკლასო აქტივობები იგეგმება და ხორციელდება მასწავლებლის მიერ, მოსწავლის ბუნების, მოთხოვნილებებისა და საზოგადოებრივი ღირებულებების გათვალისწინებით. სასწავლო პროგრამა ორგანიზებულია სხვადასხვანაირად და ყოველთვის შეესაბამება ასაკობრივ ჯგუფსა და ბავშვის განვითარების დონეს. პედაგოგი ჯერ აფასებს კლასის შესაძლებლობებს და შემდეგ ირჩევს სწავლების მეთოდს. შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ყურადღება ექცევა, თუ რამდენად შეესაბამება სწავლების შერჩეული მეთოდი მოსწავლეების განვითარების დონეს, ინტერესებსა და მისწრაფებებს, ასევე, თუ რამდენადაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა. როდესაც მასწავლებელი ხვდება, რომ ვერ აღწევს დასახულ მიზანს, მაშინ მას საკუთარ გამოცდილებაზე, თეორიულ ცოდნასა და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცვლილებები შეაქვს სწავლების მეთოდში. ამგვარად, პედაგოგს გააჩნია ისეთი მაღალი დონის კვალიფიკაცია, რომ შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს სასწავლო მასალა და მეთოდები.
ყველაფერი, რისი გაკეთებაც მიზანშეწონილია სკოლაში, ყოველთვის არ გამომდინარეობს სასწავლო პროგრამის გეგმიდან. ეისნერმა (1998) საკლასო ოთახში მიმდინარე მოვლენებს, რომლებსაც არ გააჩნიათ გამოხატული გეგმა ან მიზანი, ექსპრესიული მიზნები უწოდა. სიტყვა „მიზანი” ამ შემთხვევაში ცოტა დამაბნეველია, რადგან არ იგულისხმება წინასწარ დაგეგმილი მოვლენა. წარმოვიდგინოთ პედაგოგი, რომელიც კლასში ახორციელებს ახალ და დაუგეგმავ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია რაიმე გარემოებით. ცალკეული მოსწავლის ან კლასის გაუთვალისწინებელი სასწავლო მიმართულებით წაყვანა დამოკიდებულია მასწავლებლის ინტუიციაზე, აღებული გეზის შეცვლის აუცილებლობაზე, გაჩენილი პრობლემის გამოსწორების სურვილზე ან მოსწავლეებში ინტერესის გაღრმავების მიზანზე. ექსპრესიული მიზანი – ეს არის სწავლების პროცესში ახალი და ღირებული ელემენტების ჩართვა, რომლებიც წინასწარ არ იყო დაგეგმილი.
ექსპრესიული მიზნები მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესში, რადგან სასკოლო პროგრამას ანიჭებს მნიშვნელოვან მოქნილობას და აგრეთვე ითვალისწინებს პედაგოგის პროფესიული გადაწყვეტილების მიღების უნარს. ამ გზით მასწავლებელს შეუძლია გაუმკლავდეს კლასში წარმოქმნილ მოულოდნელ სიტუაციებს. ექსპრესიული მიზნებით ასევე შესაძლებელია სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზება მოსწავლეების ინტერესებისა და მოთხოვნილების გათვალისწინებით.
კრეატიულ-გენერაციული პედაგოგიკა ეფუძნება ექსპრესიულ მიზნებს – ამ დროს ხდება კლასში არსებული პრობლემების შეფასება და ამ პრობლემების გადასაჭრელი მოქმედებების განხორციელება.
მაგალითისთვის განვიხილოთ ისტორიის პედაგოგი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სწავლების როლური თამაშის მეთოდი გამოიყენოს. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს დაევალათ სცენარის შექმნა, მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ მათ ძალიან გაუჭირდათ დიალოგების შეთხზვა. ამ შემთხვევაში პედაგოგს შეუძლია აირჩიოს რამდენიმე მიმართულება:

1.თავი დაანებოს აღნიშნულ დავალებას და გადავიდეს გეგმით გათვალისწინებულ სხვა საკითხზე;
2.ყურადღება არ მიაქციოს იმ ფაქტს, რომ მოსწავლეებს უჭირთ დიალოგების დაწერა და მოითხოვოს აღნიშნული დავალების შესრულება;
3.გადავიდეს ექსპრესიულ მიზანზე, ანუ შეეცადოს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრას სხვადასხვა მეთოდით, მაგალითად, სთხოვოს მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ერთკვირიანი თანამშრომლობა მოსწავლეებში წერის პრობლემის გადასაჭრელად.
ამ შემთხვევაში დიალოგის დაწერა არ წარმოადგენს ისტორიის საგნის მთავარ მიზანს, მაგრამ მასწავლებელს აქვს საშუალება, გამოასწოროს შექმნილი მდგომარეობა. ექსპრესიული მიზნების წარმოშობა საშუალებას აძლევს პედაგოგს, გაუმკლავდეს წარმოქმნილ სირთულეებს. სწავლების პროცესი მიმართულია კონკრეტული მიზნისკენ, მაგრამ იგი თვითონაც განაპირობებს ახალი მიზნების წარმოშობას. სასწავლო პროცესში წარმოქმნილი ექსპრესიული მიზნები ყოველთვის გამომდინარეობს მოსწავლის ინტერესებიდან და აძლევს მას მნიშვნელოვან საგანმანათლებლო შედეგს. აღსანიშნავია, რომ ექსპრესიული მიზნების წარმოშობა არ ანიჭებს პედაგოგს სრულ თავისუფლებას. მას არ აქვს უფლება, რადიკალურად გადაუხვიოს გეგმიდან. არ შეიძლება სასწავლო პროგრამის ნორმატიული განრიგის უარყოფა, თუნდაც ეს გამოწვეული იყოს მოულოდნელად შექმნილი სიტუაციით.
სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, თუ რამდენად მანიფესტირებადია პროგრამა და რამდენად შეესაბამება იგი დასახულ მიზანს. ამიტომ სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს ზუსტად განსაზღვრულ მასალასა და ქმედებებს, რომლებიც შეესაბამება საზოგადოებრივ ღირებულებებსა და მოთხოვნებს.
ნებისმიერი სასწავლო პროგრამის განხორციელება დაკავშირებულია ლატენტურ და შეუცნობელ პროცესებთან, რომლებიც ბავშვებს ასწავლის მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, როდესაც მოსწავლეებს ვასწავლით გამრავლების ტაბულას, შეიძლება შევაყვაროთ ან შევაძულოთ მათემატიკა და სწავლის პროცესი, ასევე, შეიძლება განვუვითაროთ ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა.
სასწავლო პროგრამის შემქმნელები მრავალი წლის განმავლობაში მოხიბლულნი იყვნენ ლატენტური სასწავლო პროგრამის ცნებით. იგი აფართოებს სასწავლო პროცესის მნიშვნელობას, რადგან სცდება მისი მიზნების, შინაარსის, თანმიმდევრობისა და შეფასების სისტემის ტრადიციულ ფარგლებს. განათლების სისტემაში არსებული ადრეული პროგრესული მიმდინარეობა მიმართული იყო სასკოლო პროგრამების გაფართოებისკენ (სხვადასხვა უნარ-ჩვევების, დამოკიდებულებების, მისწრაფებების განვითარებისკენ). ამიტომ ლატენტური სასწავლო პროგრამა გახდა სასწავლო პროგრამების პროგრესულად მოაზროვნე შემქმნელების ძირითადი ორიენტირი.
ამასთანავე, წარმოიშვა შეკითხვები სასწავლო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით. მაგალითად, რა გავლენა აქვს სკოლას მოსწავლის განწყობასა და ცოდნის შეძენის სურვილზე? რას აკეთებს სკოლა იმისათვის, რომ ბავშვებს ჩამოუყალიბოს საკუთარი თავის პატივისცემა, გავლენა მოახდინოს დასვენების ჯანსაღ წესზე, მიმართოს მათი ქმედებები საზოგადოებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ? ჯონ დიუი ლატენტურ სასწავლო პროგრამას უწოდებდა კოლატერალურ სწავლებას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მას. იგი წერდა: „როცა აღიარებენ, რომ მოსწავლე სწავლობს მხოლოდ გარკვეულ საგანებს სკოლაში, ეს ალბათ ყველაზე დიდი პედაგოგიური შეცდომაა”. კოლატერალური სწავლება – ეს არის შეხედულებების, დამოკიდებულებების, მიდრეკილებებისა და გემოვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ლატენტური სასწავლო პროგრამა, რომელიც მეტწილად დამოკიდებულია მასწავლებლის პედაგოგიურ მონაცემებზე.
დასკვნა
რა განაპირობებს სასწავლო პროცესის წარმატებას? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. რაც უნდა სრულყოფილი და დახვეწილი იყოს სასწავლო პროგრამის შინაარსი, მის პრაქტიკულ განხორციელებას განაპირობებს სწავლების მეთოდი და პედაგოგიკა. მარტივად რომ ვთქვათ, პედაგოგიკა – ეს არის ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის, რასაც სასწავლო პროგრამა მოჰყავს მოქმედებაში.
მასწავლებლის კვალიფიკაცია მდგომარეობს მის უნარში, სხვადასხვა კუთხით შეაფასოს კლასისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და ამის საფუძველზე წარმართოს სასწავლო პროცესი. ექსპრესიული მიზნების გაჩენა დამოკიდებულია პედაგოგის გონივრულ გადაწყვეტილებაზე, სწავლების პროცესში ჩართოს დაუგეგმავი ეფექტური მოქმედებები, რომლებიც მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ემსახურება საგანმანათლებლო მიზანს.
რადგან სასწავლო პროგრამა უფრო მეტია, ვიდრე დაწერილი ინსტრუქციები, მისი განხორციელება დამოკიდებულია პედაგოგის დამოუკიდებელ გონივრულ გადაწყვეტილებებზე. ასეთი მასწავლებლები მოქმედებენ სასწავლო პროგრამის განხორციელების კრეატიულ-გენერაციულ დონეზე. მათ შესწევთ უნარი, შეაფასონ და გაითვალისწინონ კლასში არსებული პრობლემები და ვითარებები და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები. მათ ასევე კარგად ესმით ლატენტური სასწავლო პროგრამის მნიშვნელობა, რომელიც თან ახლავს სასწავლო პროცესს და შეუცნობლად ახდენს გავლენას მოსწავლის დამოკიდებულებაზე სხვადასხვა საკითხის მიმართ.

განათლების სისტემის ინოვაციები

0
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ და ცვალებად სამყაროში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების განვითარების კვალობაზე იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ თავად ამ მოვლენათა გარკვევაც კი პრობლემა ხდება დროის სიმცირის გამო. მივაღწევთ თუ არა მიზანს, აღმოჩნდება, რომ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, უკვე ისტორიის ნაწილად იქცა და ახალი შემხვედრი ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ. სანამ ჩვენი აღქმის სისტემები ამ ახალი ცვლადის შესწავლას და გააზრებას მოასწრებენ, ყველაფერი თავიდან დასაწყები ხდება, რადგან შემდეგი ნაკადი უკვე მოგვდგომია კარს. საბოლოოდ, სამყაროს აღქმისა და შეცნობის პროცესები ერთ დიდ კალეიდოსკოპს ემსგავსება, რომლის ღერძიც ისე სწრაფად ტრიალებს, რომ ინფორმირების ნაცვლად ინფორმაციულ ვაკუუმს გვიქმნის და იქ, სადაც აწყობილი სისტემა უნდა იყოს, ქაოსსა და უწესრიგობას ვაწყდებით. შედეგად ჩნდება კითხვები: რამ გამოიწვია ქაოსის წარმოშობა? კანონზომიერია თუ შემთხვევითი ეს პროცესები? შეიძლებოდა თუ არა ამ სირთულეების თავიდან აცილება? როგორი შეიძლება იყოს მოსალოდნელი შედეგები? 
მეცნიერებაში ქაოსი ბოლო დრომდე ასოცირდებოდა შემთხვევით პროცესებთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ქაოსი სრულიადაც არაა შემთხვევაზე დამოკიდებული, რადგან იგი თავად სისტემის შინაგანი თვისებაა, ზოგადად არსებულია და წარმოიშვება ყველგან და ყოველთვის . ამიტომ უკანასკნელ ათწლეულში არსებითად შეიცვალა შეხედულება ქაოსის ბუნებაზე და მის როლზე ბიოლოგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ თუ სხვა ხასიათის სისტემების მუშაობაში.

ფუნქციურად ქაოსი, როგორც ნებისმიერი რთული სისტემა, უმარტივეს წესებზეა დამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემაც უმარტივესი ფორმულიდან გამომდინარეობს, მის მცირედ ცვლილებასაც კი მივყავართ უსასრულო ქაოსამდე, რომელიც ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ქაოსი იმთავითვე შეიცავს მოწესრიგების მოთხოვნილებას და აუცილებლობას. გამოკვლევების თანახმად, წესრიგი და ქაოსი სრულიადაც არ არიან განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებული ცნებები.

ადამიანი ქაოსის საკითხით მითოსური ხანიდან ინტერესდება და ეს არ არის მხოლოდ ცნობისმოყვარეობის შედეგი – არსებობისთვის მას აუცილებლად სჭირდება გარემომცველ სამყაროზე, როგორც ქაოსსზე ან წესრიგზე, წარმოდგენის შექმნა. წესრიგი და ქაოსი ონტოლოგიური სტრუქტურების (ყოფიერების, ანუ არსებობის სტრუქტურების) ფუნდამენტური კონცეპტებია და მათი გააზრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია.

გარკვეული ქაოსურობა კოსმიურ სივრცესაც ახასიათებს, მაგრამ მას „მუდმივობის” დიდი ველიც გააჩნია, ამიტომ ადამიანისთვის, როგორც კოსმოსის ნაწილისთვის, ქაოსის ფაქტორს გარკვეული მნიშვნელობა ნამდვილად აქვს. უფრო მეტიც, ერთგვარი „ქაოსურობის ნორმა”, ანუ გარკვეული შუალედური რეჟიმი ქაოსსა და წესრიგს შორის ადამიანის დამახასიათებელ თვისებადაც განიხილება. თუმცა ქაოსური მდგომარეობა ყოველთვის არ ნიშნავს „უკიდურეს, გამოუვალ მდგომარეობას”, უბრალოდ, საჭიროა კრიტიკულად გავაანალიზოთ მოვლენები. . სირთულე ამ მხრივაც შეიძლება წარმოიშვას, რადგან როგორც მოვლენათა კრიტიკული გაანალიზება ცხადყოფს, კრიტიკულობაც არაა დაზღვეული ქაოსურობისაგან. იგი შეიძლება დახასიათდეს, როგორც ქაოსისა და წესრიგის ზღვარზე მყოფი მდგომარეობა, რომელიც ახალი სისტემის წარმოშობას მოითხოვს. მოცემული პრობლემის კვლევამ წინ წამოსწია კრიტიკულობის თვითორგანიზების თეორია , რომლის თანახმადაც თვითორგანიზებად და თვითმართვად პროცესებში ქაოსს თავისი ფუნქციები და როლი გააჩნია და თავისთავად მივყავართ ერთი სისტემიდან მეორეზე გადამრთველი „მექანიზმის” აუცილებლობამდე. მართალია, ეს „მექანიზმი” რთული სისტემების მოწესრიგებას უწყობს ხელს, მაგრამ ამავდროულად თვითორგანიზებისას ამავე ქაოსის წიაღში სპონტანურად წარმოიქმნება და პარალელურად მიმდინარეობს ქვესისტემების სინქრონიზაციაც. შედეგად კი ვიღებთ ახალ დისციპლინას – სინერგეტიკას, მრავალი სისტემის გაერთიანებას, რომელშიც თვითორგანიზაციის მეშვეობით ქაოსიდან წესრიგის წარმოშობის პროცესები მიმდინარეობს .

ქაოსის წარმოშობის, თვითორგანიზაციის და თვითმართვის საკითხები ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის: ადამიანის თავის ტვინში მიმდინარე კოგნიტური პროცესები მოწმობს, რომ ქაოსური დინამიკის გარეშე შეუძლებელია სწავლა/დასწავლა, რადგან ადამიანის ტვინში სხვაგვარად არ ხდება ვერბალიზაცია (5). ამავე დროს ქაოსის შესწავლით დავადგენთ კანონზომიერებას იმ სისტემებშიც, რომლებიც აბსოლუტურად ქაოსურად მიგვაჩნია და გავარკვევთ პედაგოგიური სისტემების ორგანიზების არსსაც, რადგან ეს სფერო გვაძლევს იმ ადამიანურ რესურსს, რომელმაც უნდა შეძლოს, ზოგადად, ქაოსის მოწესრიგება.

განათლების სისტემა თავისი შინაარსით რთულ სტრუქტურას მიეკუთვნება, რომელიც მოიცავს მმართველობის ორგანოებს, მართვის სტილს, პედაგოგიურ მოდელებს და პრაქტიკულ სასკოლო ცხოვრებას. მართალია, განათლების სისტემის მდგრადობის საკითხი თავისთავადაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ როგორც ყველა სხვა რთული სისტემა, არც განათლების სფეროა დაზღვეული ქაოსური პრობლემებისგან. ამიტომ ამ სისტემის ნორმალური მართვა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა მმართველობაში სახელმწიფოს და კონკრეტული ორგანიზაციების წილი თანაბრად იქნება წარმოდგენილი. პრობლემების წარმოშობის საწყის სტადიაშივე თუ დავიწყებთ ცვლილებებს და შევიტანთ ქაოსის გარკვეულ ნორმას, მაშინ ყველა რგოლში შეიძლება დამყარდეს წესრიგი ქაოსის ბუნების შესაფერისად . წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც მუდმივი ქაოსი, ასევე მის აღსაკვეთად მიმართული ტოტალური ჩარევა საგანმანათლებლო პროცესში, თანაბრად გამოიწვევენ სისტემის დეგრადაციას.

საგანმანათლებლო სისტემის ფუნქციონირების და განვითარების, ისევე როგორც ბიოლოგიური სისტემის განვითარების აღსანიშნავად არსებობს ცნება „ქაოსურობის ნორმა”. სახელმწიფოს როლი ასეთ პირობებში არა მხოლოდ საგანმანათლებლო დასწესებულებების უსასრულო სისტემის ფორმირებაშია (რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ ამის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა სისტემების ვარიაციების საშუალებით, რითაც მივიღებთ უფრო მოქნილ სასწავლო პროცესებს, სახლემძღვანელოებს, მეთოდური ლიტერატურის შესწავლის და არჩევის საშუალებებსა და საგანმანთლებლო ტექნოლოგიებს.

გასაგებია, რომ განათლების ვარირებას, როგორც ქაოსის ნორმას, შეიძლება მხოლოდ მივესალმოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უსასრულო, და, რაც მთავარია, არ უნდა არღვევდეს თავად „ქაოსურობის ნორმას”. მაგალითად, სხვადასხვა საგნის სწავლებისას „ნორმირებული ქაოსი” გამოხატება იმაში, რომ სხვადასხვა ფორმით და მეთოდით აუცილებლად უნდა იქნას მიღწეული შედეგი და ეს შედეგი უნდა შეესაბამებოდეს აზროვნების საფეხურებს – ცოდნის დონეებს. არ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მეცნიერებების წილის შემცირება ახალი, ხშირად არცთუ აუცილებელად საჭირო საგნების სანაცვლოდ. ამიტომ კვლევა-ძიება ამ მიმართულებით, სწავლების ახალი გზებისა და ფორმების მოძიება აუცილებლად უნდა წარმოებდეს, მაგრამ მუდმივად უნდა გვახსოვდეს ქაოსის „ნორმა” .
ქაოსის, როგორც თვითორგანიზაციისა და თავითგანახლების ფაქტორის, შესწავლა კონკრეტული პედაგოგიური მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელია. საკითხის კვლევისას გამოიკვეთება თავად პედაგოგიური მოდელების მიზნის დადგენის პრობლემა. მკვლევარები ამ მოდელებს ძირითადად ორ ნაწილად ყოფენ: “მკაცრი” (ავტორიტარული) და „რბილი” (დემოკრატიული) მოდელები. პირველი შემთხვევის დროს პედაგოგიური მიზნები ყოველთვის კონკრეტულია და ყველაფერი მიმართულია მიზნის მისაღწევად, მეორე შემთხვევაში კი სისტემებს უფრო ზოგადი მოდელის ხასიათი გააჩნია და მიზნისკენ სხვადასხვა გზებით და საშუალებებით მიდის (7). მართალია, ზოგიერთი ფილოსოფიური სკოლა საერთოდ უარყოფს მიზნის კატეგორიებს, მაგრამ პედაგოგიურ მეცნიერებაში მიზანს მკვეთრად გამოხატული, განსაზღვრული ადგილი უკავია – რაც უფრო გამოკვეთილია მიზანი, მით უფრო ეფექტურია სასწავლო პრაქტიკა.

განათლების „ავტორიტარული” მოდელი აიძულებს მოსწავლეს და მასწავლებელს, აუცილებლად მიაღწიონ წინასწარ განსაზღვრულ მიზნს, მაგრამ იძულება ყოველთვის არაა ეფექტური საშუალება. „დემოკრატიული” მოდელის დროს კი შესაძლებელია „დაუგეგმავი გადასვლებიც”, რადგან აქ უმთავრესი დანიშნულება აქვს არა ტექნოლოგიებს, არამედ სწავლის სტრატეგიებს, რომლებიც გამომდინარეობს პრობლემის შინაარსისგან და შეესაბამება მოსწავლის ასაკობროვ და პიროვნულ თავისებურებებს. ამით შეიძლება ერთგვარი ქაოსური სიტუაცია შეიქმნას სისტემის მუშაობაში. ამიტომ აუცილებელია, თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში გამოიკვეთოს სასწავლო პარამეტრების თავისუფლების პრინციპი, რითაც თავიდან ავიცილებთ მოსალოდნელ გართულებებს.

თანამედროვე სკოლა ვერ გაექცევა გარკვეულ ქაოსურობას, რადგან, როგორც ვხედავთ, იგი არსებით როლს ასრულებს სასწავლო პროცესში. ამიტომ „სასკოლო ქაოსების” კი არ უნდა შეგვეშინდეს, არამედ იგი ბუნებრივ პროცესად უნდა ჩავთვალოთ. მალე ეს „უწესრიგობა” ბუნებრივად გადავა წესრიგში და უფრო უკეთეს წესრიგში, ვიდრე მას შესაფერისი ნორმებით განვსაზღვრავთ. ამას ხელს უწყობს განმავითარებელი სწავლების სისტემები, რომლებიც სწავლის თითქმის ყველა მხარეს მოიცავს. სწორად შერჩეული სტრატეგიის დროს არც ისე მნიშვნელოვანია, რა ფორმა, საშუალება, მეთოდი გამოიყენება. მთავარია, რომ ისინი ეხმარებოდნენ სუბიექტს გზის არჩევაში. ასეთი მოდელების არჩევა გაცილებით კვალიფიკაციურ კადრსა და გაცილებით დიდი ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, ვიდრე ეს ხდება „ავტორიტარული” მოდელების დროს. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ მომავალი სწორდ ასეთი გზით სიარულშია .

მკვლევარები, რომლებიც აანალიზებენ სწავლებას, გამოყოფენ სამ საფეხურს: ა) სწავლება ქაოსის საზღვრამდე, როდესაც ხდება იდეების გენერაცია; ბ) შემოქმედებითი აზროვნების სტიმულაცია სხვადასხვა მიმართულებით; გ) მოსწავლეები ისმენენ სხვების აზრს და ამის საფუძველზე გამოიმუშავებენ მოსაზრებებს. აქ მასწავლებლის როლი გულისხმობს არა მხოლოდ ცოდნის „გაფართოებას” და მსჯელობების შეფასებას, არამედ მთლიანი პროცესის ზედამხედველობას და სწავლის პროცესის დონეების მიხედვით „მართვას”. ასეთ დროს ათვისების ხარისხი გაცილებით მაღალია. სტიმულიც იზრდება, რადგან სწავლის ამ სტრატეგიის დროს ხდება არა ქაოსის აღკვეთა, არამედ წესრიგსა და ქაოსურობას შორის შუალედური ურთიერთოებების მოძებნა და მოსწავლეებიც უფრო ნაყოფიერად მუშაობენ. თუმცა ფაქტია, რომ ეს ნაყოფიერება მიღწეულია სტრეოტიპების გვერდის ავლით და პრობლემების სულ სხვა მხრიდან დანახვით .

ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ჯ. დევის-სივერის კვლევები („ქაოსი კლასში”), რომლის საფუძველს წარმოადგენს თვითორგანიზების თეორია. იგი იკვლევს სიტუაციებს „ქაოსის ზღვარზე”. კვლევის თანახმად, ქაოსი ხელს უწყობს ახალი წესრიგის დამკვიდრებას და არსებითია, რომ ამ ახალი წესრიგის დამკვიდრება ხდება არა გარე ძალების ჩარევით, არამედ მას გააჩნია სპონტანური (ქაოსური) ხასიათი.

სად გადის ზღვარი წერიგსა და უწესრიგობას შორის? რა შეიძლება მისცეს ადამიანს „ქაოსის ზღვარზე” სწავლების სტრატეგიამ? ჯ. დევის-სივერის თანახმად, ესაა საკუთარი თავის ძიების, შინაგანი მოტივების ფორმირების და სწავლის მიზნის გამოკვეთის გზა, მოსწავლეთა თვითშემეცნებისკენ და თვითგანათლებისკენ სწრაფვის საშუალება.

რა არ შეუძლია მისცეს „ქაოსის ზღვარზე” სწავლებამ მოსწავლეს? გარანტიები, დაცულობა, მომავლის გარკვეულობა (რადგან არსებული სიტუაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც განვითრების სპონტანური ხაზი). ადამიანი მუდმივად არჩევანის წინაშე დგას ასეთ დროს, რადგან აქტიურდება, ზოგადად, არჩევანის პრობლემა. ამის დასაძლევად კი საჭიროა განვითარების ვარიანტების ანდა მიახლოებითი დიაპაზონების დანახვა, ამა თუ იმ ვარიანტის შედეგების განსაზღვრა და ქმედებების შეფასება. ასეთი ქაოსური სიტუაცია შეიძლება დავახსიათოთ, როგორც კონსტურქციული ქაოსი, რომელშიც მკვეთრადაა გამოხატული პროცესები: თვითდასწავლა, სწავლა მასწავლებლის ზედამხედველობით და ურთიერთსწავლება. მასწავლებლები თავისუფლები არიან თავიან ქმედებებში – ერთმანეთთანაც და მოსწავლეებთანაც. ამ დროს სწავლების მთავარ მექანიზმს წარმოადგენს კონსტრუქციული ქაოსის სიტუაცია .

მაშასადამე, მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც „ქაოსის ზღვარზე”, მიგვიყვანს ყველა ზემოხსენებულ შედეგთან, თუ გამოვიყენებთ კონსტრუქციული ქაოსის ელემენტებს. სწავლის პროცესში კონსტრუქცული ქაოსის და, ზოგადად, სინერგეტიკული პროცესების როლის შესწავლისას გამოიკვეთება ქაოსის ამგვარი როლი და მისი ფაქტორი თვითორგანიზაციისა და „თვითგანათლების” პროცესში. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს სწავლების მიმართ სისტემური მიდგომების გამოყენების ნაყოფიერებას .

ასეთი გზა განვითარების ფართო პერსპექტივას გვთავაზობს, რადგან იაზროვნო სინერგეტიკულად – ნიშნავს იაზროვნო არასწორხაზოვნად, ალტერნატიულად და შეძლო მოვლენათა მიმართულებების ადეკვატური ცვლილება, ხოლო ასწავლო სინერგეტიკულად – ნიშნავს აღზარდო არასწორხაზოვნად, ალტერნატიულად მოაზროვნე ადამიანები, ტალანტები, რომლებიც უკეთესს გახდიან სამყაროს. ქაოსი, როგორც გზა ინოვაციისკენ, როგორც სისტემის თვითორგანიზების ფაქტორი, სინერგეტიკული პროცესის უმნიშველოვანესი ნაწილია. ქაოსი, როგორც სამყაროს ემპირიული მოცემულობა, როგორც მუდმივი ცვლადი, როგორც სიკეთე და ბოროტება, როგორც წესრიგი და უწესრიგობა, ორგანიზაცია და დეზორგანიზაცია – თვითგანახლებისკენ მსწრაფი მოთხოვნილებაა. ეს გამოწვევა თამამად უნდა მიიღოს განათლების სისტემამ და მომავლის სამსახურში ჩააყენოს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სწავლის პროცესი – ესაა უმჭიდროესი კავშირი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ეს არაა ცოდნის გადატანის უბრალო პროცესი. იგი ისეთი შემოქმედებითი პირობების შექმნას გულისხმობს, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის გადაცემისა და ათვისების ინტერესის გაღვიძებას. ესაა ღია დიალოგი და შესაბამისი უკუკავშირი, პრობლემური სიტუაციების გადაჭრისას თანამშრომლობა. ასეთი თანამშრომლობით მასწავლებელი ისწავლის, როგორ დაინახოს და შეაფასოს მოსწავლის საჭიროება, როგორ აღმოაჩინოს, რა იმალება მოსწავლის უკან და როგორ გაუგოს მას. ასეთი „თავისუფლების” პრინციპი თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელებში ხაზგასმით უნდა იყოს გამოკვეთილი და არც ამით გამოწვეული ქაოსი უნდა ჩაითვალოს საფრთხედ, რადგან ის, რაც ქაოსის ზღვარზეა, ორგანიზდება თვითორგანიზების და თვითგანათლების გზით და კონსტრუქციული ქაოსით. საგანმანათლებლო მოდელებში დაშვებული „ქაოსური” პრინციპების ეფექტურობას კი „სინერგეტიკული დიალოგის” (არათანაბარ სისტემებში არასწაროხაზოვანი პროცესების მართვის ხელოვნება) არსებობა უზრუნველყოფს.

სტატისტიკის ელემენტები, რომლებიც პრაქტიკაში გამოგვადგება

0
ტრადიციულად, სასკოლო მათემატიკის კურსში ძირითადი ყურადღება ექცევა აღწერითი სტატისტიკის მიმართულებას, რომლის ძირითადი მიზანია ამა თუ იმ ვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების რიცხვითი მახასიათებლების დადგენა. მაგალითად: მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე, საშუალო ხელფასი, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი (რაოდენობრივი მონაცემების მოდა).

ვრცლად

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...