კვირა, მაისი 3, 2026
3 მაისი, კვირა, 2026

მოსწავლეთა მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება ბიოლოგიის სწავლების პროცესში

0

ცვლადების განსაზღვრა

საბუნებისმეტყველო საგნების VII-XIIკლასების სტანდარტში არის ასეთი შინაარსის ინდიკატორი: მოსწავლე განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ და დამოუკიდებელ) პარამეტრებს. ქვემოთ გთავაზობთ მუდმივი და ცვლადი პარამეტრების განმარტებებს, ამ ცვლადების აღრიცხვისთვის შესაბამის მონაცემთა ცხრილებს, კონკრეტულ მაგალითებს და სავარჯიშოებს მოსწავლეებისთვის.

ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერი განსაზღვრავს ერთი ცვლადის გავლენას სხვებზე. ცდის დროს აკვირდებიან რაღაც ობიექტს, პროცესს, მოვლენას და აინტერესებთ, ახდენს თუ არა მასზე გავლენას რამე კონკრეტული პირობა/ფაქტორი. სხვაგვარად, აინტერესებთ, არის თუ არა დაკვირვების ობიექტი დამოკიდებული ამ ფაქტორზე და როგორ იცვლება იგი (ობიექტი) ამ ფაქტორზე დამოკიდებულებით. ამრიგად, დაკვირვების ობიექტი დამოკიდებული ცვლადია, ხოლო ფაქტორი – დამოუკიდებელი.

მეცნიერისთვის მნიშვნელოვანია, ჩართოს თავის ანგარიშში დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განმარტება ისე, რომ სხვა მეცნიერებმა, რომლებიც ამ ცდას გაიმეორებენ, იმავე სიზუსტით შეძლონ მონაცემების შეკრება და ჩაწერა.

დამოკიდებული ცვლადი იმის აღწერაა, რა იქნა გამოკვლეული და გაზომილი ცდის დროს და რას წარმოადგენს ეს სიდიდეები.

მაგალითად, დაკვირვების ობიექტია საფუარას გამრავლება. ცდით უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა დამოკიდებული მისი გამრავლების ინტენსივობა გარემო ფაქტორზე – ტემპერატურაზე. აქ საფუარას გამრავლების ინტენსივობა დამოკიდებული ცვლადია. გარემოს დაბალი ან მაღალი ტემპერატურა, თავის მხრივ, არ არის დამოკიდებული საფუარას გამრავლებაზე, ეს პირობა დაკვირვების ობიექტისგან დამოუკიდებლად არსებობს, ამიტომ ტემპერატურა დამოუკიდებელი ცვლადია.

როდესაც აკვირდებიან დამოკიდებულ ცვლადს რომელიმე კონკრეტულ პირობასთან (მაგალითად, მაღალ ან დაბალ ტემპერატურასთან) მიმართებით, ყველა სხვა პირობა მუდმივი უნდა იყოს. მაგალითად, ზემოთ განხილულ შემთხვევაში საფუარასთვის მუდმივი უნდა იყოს განათება, ტენიანობა, შაქრის რაოდენობა.

დამოუკიდებელი ცვლადები მრავალფეროვანია და ცდაში ყველა მათგანის გათვალისწინება ძნელია, ამიტომ ცდის დროს აუცილებელი პირობაა ცდის კონტროლი (საკონტროლო ცდა).

მონაცემთა ცხრილის შექმნა

ექსპერიმენტის მონაცემების ჩასაწერად მეცნიერები იყენებენ მონაცემთა ცხრილს. მონაცემთა ცხრილი მოიცავს დამოკიდებულ და დამოუკიდებელ ცვლადებს. დამოუკიდებელი ცვლადი, ჩვეულებრივ, აღნუსხულია ცხრილის მარცხენა სვეტში, ხოლო დამოკიდებული – მარჯვენაში. ზოგჯერ საჭიროა ფრჩხილებში ცვლადის საზომი ერთეულის მითითება. ყველა ცხრილს უნდა ჰქონდეს ნომერი და სათაური.

მაგალითი 1

ცხრილი 1 ასახავს ჰიპოთეტური ექსპერიმენტის მონაცემებს, რომელიც გვიჩვენებს, როგორ არის დამოკიდებული უჯრედების ზრდა ზრდის ჰორმონის კონცენტრაციაზე.

ghjkimnbvcxzsadgjk

მაგალითი 2

მეცნიერი შეისწავლის, როგორ იცვლება ორგანიზმის მიერ დახარჯული ენერგია სირბილის ხანგრძლივობის მიხედვით. ადამიანები დარბოდნენ სხვადასხვა ხნის – 10, 20 და 30 წუთის – განმავლობაში. ყველა შემთხვევაში იზომებოდა დახარჯული ენერგიის რაოდენობა კალორიებში და შედეგები აღირიცხებოდა მონაცემთა ცხრილში. რა არის ამ შემთხვევაში დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები? დამოკიდებული ცვლადია დახარჯული ენერგია, რომელიც სირბილის ხანგრძლივობის მიხედვით იცვლება. შესაბამისად, სირბილისთვის დახარჯული დროა დამოუკიდებელი ცვლადი.

kjhgvbnmjuytrdesa

მაგალითი 3

პლასტიდები ორგანოიდებია, რომლებსაც მრავალფეროვანი პიგმენტები აქვს. ქლოროპლასტები შეიცავს პიგმენტ ქლოროფილს და შეუძლია ფოტოსინთეზის წარმოება. ფოტოსინთეზის სიჩქარე იმატებს ქლოროპლასტების რიცხვის ზრდასთან ერთად. მოსწავლეებს სურდათ გამოეთვალათ, ზაფხულში უფრო სწრაფად მიმდინარეობდა ფოტოსინთეზი თუ შემოდგომაზე. მათ ზაფხულში და შემოდგომაზე მოაგროვეს დიდი რაოდენობის ფოთოლი და მათში ქლოროპლასტების რაოდენობა შეისწავლეს. ამ ცდაში დამოკიდებული ცვლადია ფოტოსინთეზის სისწრაფე, რაც ფოთლებში ქლოროპლასტების რაოდენობით განისაზღვრება, ხოლო დამოუკიდებელი – ზაფხულში და შემოდგომაზე მოგროვებული სხვადასხვა ხის ფოთლები.

ხის ფოთლები ქლოროპლასტების რაოდენობა ფოთლებში (რიცხვი/უჯრედი)
ზაფხული შემოდგომა
არყი 192 44
ცაცხვი 182 32
ნეკერჩხალი 183 28
ტირიფი 177 35

 

სავარჯიშოები

სავარჯიშო 1

დავუშვათ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, როგორ არის დამოკიდებული ტემპერატურაზე ქლორელას უჯრედების გამრავლების ინტენსივობა.

  1. მონაცემთა ცხრილის შექმნა: შექმენით მონაცემთა ცხრილი, რომელშიც ნაჩვენები იქნება, რომ უჯრედების რაოდენობა 200C-ზე 3-ჯერ გაიზარდა, 300C-ზე – 7-ჯერ, 400C-ზე – 12-ჯერ, 500C-ზე – 0-ჯერ.
  2. ცვლადების იდენტიფიცირება: აღნიშნეთ თქვენს ცხრილში დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადები.

ახსენით პასუხი.

სავარჯიშო 2

კომპანიამ, რომელიც აწარმოებს კვების პროდუქტებს, შექმნა ახალი ტიპის პროტეინული სასმელი ათლეტებისთვის. ამ კომპანიის მეცნიერებს ცდილობდნენ დაედგინათ pH-ის დონე, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია ფერმენტებისთვის პროტეინული სასმლის ცილების მოსანელებლად. მათ ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტული პროცედურა:

  • აიღეს 5 სინჯარა 2-2 მლ პროტეინული სასმლით;
  • აიღეს 5 სხვადასხვა ხსნარი, რომლებიც შეიცავდა ცილების მომნელებელ ფერმენტებს, მაგრამ თითოეულ ხსნარს ჰქონდა განსხვავებული pH: 1.5, 2.0, 2.5, 3.0 და 3.5. ეს ხსნარები თანაბარი რაოდენობით სათითაოდ დაამატეს სინჯარაში ჩასხმულ პროტეინულ სასმელებს;
  • სინჯარები მოათავსეს ერთნაირ ტემპერატურაზე გარკვეული ხნით და გაზომეს თითოეულ მათგანში ცილების რაოდენობა.

იდენტიფიცირება: რომელია ამ ექსპერიმენტში დამოკიდებული ცვლადი და რომელი – დამოუკიდებელი?

ახსენით პასუხი.

სავარჯიშო 3

ერთ-ერთი კვლევის დროს მეცნიერები შეისწავლიდნენ მიტოქონდრიების რაოდენობას სხვადასხვა ასაკის ადამიანების ორგანიზში. მათ ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტული პროცედურა:

  • მიიღეს კუნთოვანიქსოვილი სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან;
  • მიტოქონდრიების მოსანიშნავად ქსოვილებში შეიყვანეს რადიაქტიური ზონდები;
  • სპეციალური ხელსაწყოთი უჯრედებში დაითვალეს მიტოქონდრიების რაოდენობა.
ადამიანი # ასაკი მიტოქონდრიების რაოდენობა კუნთოვან უჯრედებში
1 47 2026
2 89 2987
3 65 2752
4 38 1989

 

  1. განსაზღვრეთ დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები ამ ექსპერიმენტისთვის. პასუხი დაასაბუთეთ.
  2. ამ მონაცემების მიხედვით გააანალიზეთ, რა კავშირია ასაკსა და მიტოქონდრიების რაოდენობას შორის.

მასწავლებლებისთვის

სავარჯიშო #1: დამოკიდებული ცვლადია ქლორელას გამრავლების ინტენსივობა, ხოლო დამოუკიდებელი – ტემპერატურა.

სავარჯიშო #2: დამოკიდებული ცვლადია პროტეინული სასმლის ცილების მომნელებელი ფერმენტების აქტივობა, ხოლო დამოუკიდებელი – pH.

სავარჯიშო #3:

  1. დამოკიდებული ცვლადია მიტოქონდრიების რაოდენობა, ხოლო დამოუკიდებელი – ადამიანების ასაკი.
  2. ასაკის მატებასთან ერთად უჯრედებში იზრდება მიტოქონდრიების რაოდენობა.

მარი და ვენსენი

0

სტუმარი: მარი მარიზი, ვენსენ ლორუა

ფრანგი პედაგოგების წყვილი – მარი მარიზი და ვენსენ ლორუა კავკასიის ფრანგული სკოლის მასწავლებლები არიან. მარი წელს საფრანგეთში დაბრუნდა – პენსიაზე გასასვლელად, ვენსენმა კი მოსწავლეების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. მათთან ინტერვიუ ბევრი რამითაა საინტერესო: პირველ რიგში, საინტერესოა ქართველი პედაგოგებისთვის, რომლებიც შეიტყობენ, როგორი ხედვა აქვთ მათ ფრანგ კოლეგებს სწავლებისა და ზოგადად, სასკოლო პროცესების მიმართ. ეს წყვილი საინტერესოა თავისი მსოფლმხედველობით, პრინციპებით, ცხოვრების წესით. 2013 წელს, მედიაპროექტ „სახე(ლ)ების” ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე მათ სპეციალური პრიზი გადაეცა, ნომინაციაში: წლის საუკეთესო უცხოელი პედაგოგები.

საქართველოში ჩამოსვლის ისტორია

მარი: საფრანგეთში ყოფნისას, სულ მქონდა სურვილი, უცხოეთში მემუშავა. ამ მიზნით ჩავეწერე ფრანგულის, როგორც უცხო ენის, სწავლების ფაკულტეტზე და მივიღე დიპლომი ლინგვისტიკაში. დიპლომის მზადებისას ვიმუშავე ფრანგულის, როგორც უცხო ენის, სწავლების საკითხებზე, შემდეგი ორი წელი„ მასტერის” მომზადებას მოვახმარე. ახლა გამოცდილებასთან ერთად უკვე მასტერის დიპლომიც მქონდა. გავგზავნე ჩემი კანდიდატურა შესაბამის ინსტანციაში, რომელიც მასწავლებლებს გზავნის საზღვარგარეთის ფრანგულ სკოლებში. თავდაპირველად ვფიქრობდი, სადმე ახლო წავსულიყავი. ეს ხომ ჩემი პირველი გასვლა იქნებოდა ჩემი ქვეყნის გარეთ. ამ პირველ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. ერთხელაც ვნახე საქართველოს განცხადება და ვიფიქრე, რომ ცუდი არ იქნებოდა, მეცადა. ეს ნამდვილი გამართლება იყო. მაშინ საქართველოს შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა იყო. აღმოსავლეთ ევროპით ვიყავი დაინტერესებული, სტუდენტობისას პოლონურ ენას ვსწავლობდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ გარკვეულწილად ვიცოდი, დედამიწის რა ნაწილში მინდოდა წასვლა. მართლაც, ბავშვებთან ერთად გრძელვადიან ექსკურსიაზე ვიყავი, როდესაც დამირეკა მაშინდელმა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ვირჟინი ვილშანჟმა და გამოხატა დაინტერესება ჩემი კადიდატურით. მეც ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი. რაკი ქვეყანის შესახებ წარმოდგენაც არ გვქონდა, გადავწყვიტეთ, ჩამოვსულიყავით და გვენახა, სად გვიწევდა მუშაობა. მე და ჩემი მეუღლე ვენსენი საქართველოში სამი კვირით ჩამოვედით. ძალიან სწრაფად შევეჩვიეთ აქაურობას, შემდეგ, სექტემბერში უკვე მარტო ჩამოვედი და აქ დავსახლდი…. ერთი წელი მე და ვენსენი ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. რამე უნდა გვეღონა – ან ვენსენი უნდა ჩამოსულიყო აქ და სამუშაო მოეძებნა, ან მე უნდა დავბრუნებულიყავი საფრანგეთში. ეს ჩემთვის უმძიმესი ნაბიჯი იქნებოდა, რადგანაც უნდა მიმეტოვებინა ძალიან საინტერესო საქმე, რომელიც სულ ახალი დაწყებული იყო. მე ხომ რაღაც ახლის და საინტერესოს შექმნაში ვიღებდი მონაწილეობას. ეს იყო კავკასიის ფრანგული სკოლა, რომელიც უკვე არსებობდა, მაგრამ უნდა განვითარებულიყო, გახსნილიყო ზედა კლასები, გადავსულიყავით ახალ შენობაში. მთავარი კი ის იყო, რომ შერეული ერთკლასიანი (რადგანაც პირველ წელს კლასში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები მყავდა) სკოლა უნდა გარდაქმნილიყო ნამდვილ მრავალკლასიან სკოლად. შერეულ კლასთან მუშაობა იმდენ ენერგიას მოითხოვს მასწავლებლისგან, რომ დიდხანს ვერ გავუძლებდი ასეთ პირობებს. ასეთ კლასთან მუშაობა იმიტომაც შევძელი, რომ ოჯახი არ მყავდა თან და შემეძლო, მთელი ჩემი ენერგია სამუშაოსთვის დამეთმო. მოკლედ, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ამ სკოლის მშენებლობაში მიმეღო მონაწილეობა და მემუშავა ჩემ მოწაფეებთან. მაშინ მშობლები ენთუზიაზმით იყვნენ აღსავსენი, ბავშვები – ძალიან მონდომებულები, უსაზღვროდ ცნობისმოყვარენი, მშრომელები. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თითქმის აღარ არსებობს საფრანგეთში. მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ ასეთ სამუშაო პირობებზე მხოლოდ შემეძლო მეოცნება. ამან ვენსენზეც იქონია გავლენა. ის ეცადა, ჩვენს სკოლაში დაეწყო მუშაობა, მაგრამ იმ პერიოდში ეს ნაადრევი აღმოჩნდა, რადგანაც მისთვის ჯერ არ არსებობდა კლასები. შესაბამისად, იგი დამოუკიდებლად ჩამოვიდა და ინგლისურ სკოლაში დაიწყო მუშაობა. მესამე წელს ვენსენი დაინიშნა კოლეჯის მასწავლებლად დისტანციური სწავლების სისტემით. დავიწყეთ ქართულის სწავლა, ქართულ კულტურაში ჩაღრმავება. მოკლედ, რაც უფრო მეტი დრო გადის, აქ დარჩენის სურვილი უფრო იზრდება.
ვენსენი: მარის სკოლაში მუშაობის დაახლოებით 30-იანი გამოცდილება ჰქონდა. მე კი იმ დროს – მხოლოდ ოთხწლიანი. ფილოლოგის დიპლომი 47 წლის ასაკში მივიღე. შესაბამისად, ამ საქმეში ახალბედა და გამოუცდელი ვიყავი. ყოველ წელს ახალ გამოცდილებას ვიძენდი. მქონდა ამ საქმის გაგრძელების უდიდესი სურვილი საფრანგეთში, მაგრამ საქმე სხვაგვარად წარიმართა. ახლა მიმაჩნია, რომ ეს სასარგებლოც კი აღმოჩნდა ჩემთვის. საზღვარგარეთ იმიტომ მოვისურვეთ წასვლა, რომ ჩვენი საქმის კარგად კეთება გვინდოდა. ჩვენი პროფესია გატაცებაა და სურვილი გვქონდა, იგი ისე გვეკეთებინა, როგორც ამას გატაცება მოითხოვს. საფრანგეთში სწავლების სისტემა ისეთი მიმართულებით მიდის და ადმინისტრაციული ზეწოლა ისეთია, რომ ის გვაცილებს ჩვენს ძირითად დანიშნულებას. ამიტომაც გაგვიჩნდა სურვილი, ჩვენი საქმე გვეკეთებინა ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს ადმინისტრაციული ზეწოლა არ იქნებოდა ძლიერი და ჩვენს მუშაობას აზრი ექნებოდა.

საქართველოში ჩემი პროფესიული ცხოვრება ისეთი ხალისით არ დაწყებულა, როგორც მარის. თავდაპირველად ვიმუშავე სხვა სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად. ეს არ იყო ჩემი ძირითადი პროფესია, ხოლო როდესაც ჩემი ძირითადი საქმის კეთებას შევუდექი კავკასიის ფრანგულ სკოლაში, მომიწია დისტანციური სწავლების სისტემით მუშაობა რეპეტიტორად. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს საქმე ძალიან სცილდება ჩემს წარმოდგენას მასწავლებლის ფუნქციის შესახებ. თუმცა სკოლა ამჟამად ისე ვითარდება, რომ ჩვენს პროფესიას და როლს თავისი პირველადი ფუნქცია დაუბრუნდება. დისტანციური სწავლებიდან გამოსვლას და პირდაპირ სწავლებაზე გადასვლას უაღრესად დიდი მონდომება სჭირდება. ვიყო ჩაბმული ამ ცვლილებებში, ვმონაწილეობდე ასეთ საინტერესო საქმეში და ვგრძნობდე, რომ ამ საქმისთვის საჭირო ვარ, რომელიც ჯერჯერობით ჩანასახის მდგომარეობაშია, ჩემთვის ნამდვილი ბედნიერებაა. ჩვენი ჩამოსვლის თავდაპირველი მიზეზი ჩვენი საქმის კარგად კეთებაა. ამას ისიც დაერთო, რომ საქართველო შეგვიყვარდა. ჩვენ ორმაგად მოგებულები ვართ. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ იდეალური არაფერია ამ ქვეყნად. სავსებით მოსალოდნელია, რომ ის, რასაც საფრანგეთში გავექეცით, აქაც გაჩნდეს, მე ვგულისხმობ ადმინისტრაციული ზეწოლის სიმძიმეს.
კავკასიის ფრანგული სკოლა და ,,მოსწავლის პროფესია”

მარი: თავიდან სკოლას ჰქონდა მხოლოდ ერთი კლასი, არ ჰქონდა ეზო, არ არსებობდა სკოლის სასადილო, სპორტული დარბაზი. იმ პერიოდში ვოცნებობდით სკოლის შენობაზე, რომელიც მშენებლობის პროცესში იყო, ეს პროცესი კი უსაშველოდ გაიწელა. იძულებული ვიყავით, დამატებითი სასწავლო წელი ფრანგული კულტურის ცენტრის შენობაში გაგვეტარებინა. ბოლოს, როგორც იქნა, გადავედით ახალ შენობაში, რომელიც ბზინავდა. მე მაშინვე უცნაური გრძნობა დამეუფლა, რადგან ეს უმშვენიერესი შენობა არ შეესაბამებოდა ჩემს წარმოდგენას სკოლის შესახებ. შიშიც კი გამიჩნდა იმის, რომ არასასურველ სიტუაციაში მოვხვდი. უფრო მეტიც: სკოლისთვის მიუსადაგებელი კლასები, რომლებშიც მანამდე მოგვიწია მუშაობა, უფრო კომფორტული მომეჩვენა, ვიდრე ეს მბზინავი შენობა, სადაც ყველაფერი ახალი იყო, უნაკლო, საუკეთესო. ასეთი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება. ობიქტურად თუ მივუდგებით, არაჩვეულებრივ პირობებში გვიწევს მუშაობა. თუ შევადარებთ საფრანგეთს, იქ ასეთი პირობები იშვიათია. ამჯერად ტრადიციული სკოლის ფორმისკენ მივდივართ, სკოლობანას აღარ ვთამაშობთ, გარემოს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ შინაარსი იქნას განხორციელებული.
ვენსენი: ობიექტურად თუ ვიტყვით, სკოლის პირველი ნაბიჯები გამოცდილი მასწავლებლების წყალობით გადაიდგა. ისინი დიდი პასუხისმგებლობით და მონდომებით მოეკიდნენ თავის საქმეს. მოწაფეებმაც იგრძნეს, რომ ამ სკოლას თავისი სპეციფიკა აქვს. აქაური სიმკაცრე, ხშირ შემთხვევაში, შოკის მომგვრელიც კი შეიძლება იყოს ქართველი ბავშვებისთვის. საქმე ისაა, რომ გარკვეული წესების ზედმიწევნითი დაცვა მათთვის ბუნებრივი არ არის. მიუხედავად ამისა, ბავშვებმა ეს სისტემა სრულიად გაითავისეს. სკოლას სათავეში უდგას ნამდვილი „კაპიტანი” – დირექტორი, რომელმაც რაღაც ორ კვირაში გააერთიანა სკოლა – იგულისხმება დირექცია, მასწავლებელთა კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები და სკოლის თანამშრომლები. ნათელია, რომ ჩვენს სკოლას სათავეში უდგას გამოცდილი, მშრომელი და კომპეტენტური ადამიანი, რის გამოც ძალიან მალე მივიღეთ სრულიად კონკრეტული შედეგები. სკოლის მიზანია, რომ მიღწეულ იქნას უმაღლესი დონე. იგი ელიტას შექმნის. მეორე საკითხია, რა ბედი ეწევა იმ მოწაფეებს, რომლებიც ალღოს ვერ აუღებენ ამ დონის სწავლებას, ეს მომავალში გადასაწყვეტი საკითხია. მთავარი ის არის, რომ ახალი დირექტორის სახით სკოლამ გამოცდილი ხელმძღვანელი იპოვა.
– სკოლის ელიტარულობის საკითხს დავაზუსტებ მკითხველისთვის: სკოლის პრეზენტაციაზე ბატონმა ფილიპ ლეფორმა – ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ ეს სკოლა იქმნებოდა ქართული ელიტის შესაქმნელად. რა თქმა უნდა, ამ სკოლაში ფრანგი ბავშვებიც ისწავლიდნენ, მაგრამ სკოლის ძირითადი მიზანი იყო ქართველების აღზრდა, რითაც საფრანგეთი საქართველოს ეხმარებოდა ქართული ელიტის შექმნაში, რომელიც შემდგომში ამ ქვეყნის დემოკრატიზაციაზე, მის მოდერნიზაციაზე იზრუნებდა. მარი, თქვენ ზემოთ თქვით, რომ ენთუზიაზმი, რომელსაც ამ სკოლის მოწაფეებში ხედავთ, საფრანგეთში გამქრალია. რისი თქმა გსურთ ამით?
მარი: ჩემი ქართველი მოსწავლეები საოცრად მონდომებულები, განათლებულები არიან. ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ენას ფლობენ. ფრანგები, მაგალითად, ძალიან ჩაკეტილები არიან ენების მიმართ. ფრანგ პატარას რომ სთხოვო, ინგლისური სიტყვები გაიმეოროს, სიცილი წასკდება. აქ კი რამდენიმე ენის ცოდნა ხელს უწყობს სხვების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების გამყარებას. ჩემი მოწაფეები არიან ცნობისმოყვარენი, შრომისმოყვარენი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საბჭოთა დროის სწავლების შედეგია, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ. ჩემი აზრით, ამ სისტემას ის დადებითი მხარე ჰქონდა, რომ ადამიანები მიაჩვია დიდი ძალისხმევის გაწევას. ჩვენ ამ ბაზას ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი ცოდნის გამოყენება. ერთია, მიიღო ცოდნა და მეორეა, იფიქრო, რისთვის იღებ, რაში შეიძლება მისი უკეთესად გამოყენება. ჩემი სამუშაოს ეს ნაწილი საოცრად საინტერესოა, რადგანაც აქ ყველაფერი ახლიდანაა გასაკეთებელი. გვიწევს დიდი ხნის ჩამოყალიბებულ ჩვევებთან შეჯახება, რასაც დიდი დრო მიაქვს. ამ პროცესში მათ მშობლებიც ვერ დაეხმარებიან ენის ბარიერის გამო, ასევე იმის გამო, რომ ჩვენს მეთოდიკას საქართველოში თითქმის არ იცნობენ. საქმეს ართულებს ისიც, რომ მაღალ კლასებში გადმოდიან ბავშვები, რომელთა ჩამოყალიბება ქართულ სკოლებში მოხდა. მათ იქ გარკვეული წარმატებები ჰქონდათ, აქ კი ნოლიდან უწევთ დაწყება. ჩვენ მათ ვასწავლით, რომ არსებობს საქმის კეთების უფრო ოპტიმალური საშუალება. შესაბამისად, ბავშვები პირველ რიგში სწავლების მეთოდიკის შეცვლაზე უნდა დავიყოლიოთ, რაც, ბუნებრივია, არ არის ადვილი. ეს ზოგჯერ ფრანგ ბავშვებსაც ეხება. ზოგი მათგანის მშობელი ბევრს მოგზაურობს, შესაბამისად, ბავშვები იცვლიან სკოლებს, მასწავლებლებს. ამიტომ გვჭირდება ასეთი ბავშვების ჩვენს ყაიდაზე გადმოყვანა. მე არ ვამბობ, რომ ფრანგები ყველაფერში უკეთესები ვართ. ქართულ სკოლებშიც არის მიღწევები და მიზნის მისაღწევად ორივე სისტემის საუკეთესო მხარეები უნდა გაერთიანდეს.
ვენსენი: ბავშვების მოქნილობა, ადაპტაციის უნარი ასაკის მომატებასთან ერთად მცირდება. დაწყებითი სკოლის ბავშვები უფრო ადვილად უღებენ ალღოს ჩვენს სისტემას, ვიდრე კოლეჯში მოხვედრილი ბავშვები, რომლებმაც გარკვეული უნარები ქართულ სისტემაში დააგროვეს, ერთგვარი აღიარება, მაგრამ იყვნენ სხვაზე მინდობილები. აქ კი ეუბნებიან, რომ თავად არიან პასუხისმგებელნი ბევრ რამეზე. ვცდილობთ ვასწავლოთ ე. წ. „მოსწავლის პროფესია”, რაც გულისხმობს არა მარტო გაკვეთილზე დასწრებას, არამედ მონაწილეობის მიღებას, მუდმივ ჩართულობას, ფიქრს იმაზე, თუ რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. არ არის საკმარისი მხოლოდ დავალების შესრულება. მნიშვნელოვანია, შეფასდეს მუშაობის, ათვისებული მასალის ხარისხი, ცოდნის სიღრმე და ა. შ. არ მეშინია ამ სიტყვის ხსენება: ტრაგიკულია ზოგიერთი მოსწავლის უუნარობა, ალღო აუღოს ამ ჩვენს მეთოდიკას. ჩვენი მოსწავლეები ორ მკვეთრად გამიჯნულ ჯგუფად იყოფიან. ერთი მხრივ, არიან ისინი, ვინც გასაოცარი ცნობისმოყვარეობით ეუფლებიან ყოველივე ახალს და უზადო მოხერხებულობით ართმევენ თავს სირთულეებს, და მეორე მხრივ, ისინი, ვინც ამას ვერ აკეთებენ. პირველ ჯგუფში გვყავს რამდენიმე ბრწყინვალე მოსწავლე. ისინი ქართული სისტემიდან მოვიდნენ და მიაღწიეს საუკეთესო შედეგებს. ისინი ფრანგ მოსწავლეებზე ორჯერ და სამჯერ მეტს აკეთებენ და იგივე ფრანგი ბრწყინვალე მოსწავლეები ახლოსაც ვერ მივლენ მათთან. კოლეჯის მოსწავლეების გარკევეული ნაწილი ვერ უღებს ალღოს ჩვენს სისტემას. საქმეს ისიც ართულებს, რომ დისტანციური სწავლება ხელს უწყობს ბავშვში ინერტულობის გაღვივებას. რაც უფრო მეტად ეჩვევა ბავშვი კონკრეტული, მკვეთრად შემოსაზღვრული დავალების მორჩილად შესრულებას, მით უფრო მეტად სცილდება იმას, რასაც მე „მოსწავლის პროფესიას” ვუწოდებ.
როგორც თქვენ ბრძანეთ, კოლეჯის მოსწავლეებს შორის იკვეთება ორი ტიპი. პირველი აერთიანებს დიდი ადაპტაციის უნარის მქონე ბავშვებს, ხოლო მეორე – ნაკლები ადაპტაციის უნარის მქონეს. რაღაც თვალსაზრისით, მეორე ჯგუფის ბავშვები არიან თუ არა განწირულები?
ვენსენი: ჩვენ, მასწავლებლებს, არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ასეთი მიდგომა. არც ერთი მოსწავლე არ არის განწირული. დაუძლეველი არაფერია ცხოვრებაში. მასწავლებლის როლი ზოგადად ძალიან მოკრძალებულია. მან ბავშვის წარმატება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიჩნიოს მხოლოდ საკუთარ დამსახურებად. წარმატებას ბევრი რამ განსაზღვრავს, პირველ რიგში ოჯახი. შარშან ჩავიბარე კლასი, რომლის ნახევარი მარის ყოფილი მოსწავლეები იყვნენ ანუ ფრანგული სკოლის პროდუქტი, და მეორე ნახევარი – ქართული სისტემიდან მოსულები. მაშინდელი სურათი რომ გენახათ, გაოგნდებოდით. კლასი ორ რადიკალურად განსხვავებულ ჯგუფად იყოფოდა. მათ არაფერი ჰქონდათ საეთო. მათ შორის ერთ-ერთი გოგონა იყო. იფიქრებდით, რომ იგი შეცდომით მოხვდა ჩვენს სკოლაში. მას მხოლოდ ის აინტერესებდა, როდის ჩავიდოდა აუზში და რას შეჭამდა. ერთი წლის და ორი თვის შემდეგ იმავე მოწაფეს ვერ იცნობთ. მთავარი ამაში ისაა, რომ ამ მოსწავლემ ალღო აუღო მიმართულებას. თუმცა ერთია ალღოს აღება და მეორეა მონდომება. რამდენად ექნებათ ამ მოსწავლეებს სურვილი, რომ თავს ძალა დაატანონ და დიდი ენერგია მოახმარონ სწავლას, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის.
მარი: ჩვენ ბავშვებს ვთხოვთ, უცხო ენაზე ისწავლონ. ეს მათგან ისედაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუ ბავშვის ოჯახში ზუსტადაა განსაზღვრული, თუ რატომ უნდა ისწავლოს მან ფრანგულ სკოლაში და რატომ უნდა ჩააქსოვოს ამაში დიდი შრომა, მას ადრე თუ გვიან უსათუოდ ექნება შედეგები. და პირიქით, თუ მშობლებმა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ ჩვენ ლამაზი სკოლა გვაქვს, მაშინ შედეგი ნაკლებადაა მოსალოდნელი.
საქართველო და საფრანგეთი – შედარებითი დახასიათება

მარი: დავიწყოთ დადებითი მხარეებით. ქართველები გვეკითხებიან ხოლმე, რატომ მოგწონთ აქ ცხოვრება. ჩვენ ვპასუხობთ, რომ აქ უკეთესია. ამის გაგონებაზე ყველას თვალები უფართოვდება. ის, რაც ჩვენთვის კარგია საქართველოში, ცუდია ქართველებისთვის. ეს საკმაოდ უცნაურად ჟღერს. ჩვენ აქ მოგვწონს სიმარტივე, ადამიანური ურთიერთობები, ცხოვრების სტილის ავთენტურობა. სრულიად გააზრებული გვაქვს, რომ ეს ავთენტურობა ძალიან ბევრი ქართველისთვის ფინანსურ სიდუხჭირესთან არის დაკავშირებული. ძნელია, მშვიდად უყურო, როგორ უჭირთ გარშემო მყოფ ადამიანებს და შენ კი ამ დროს სიამოვნებას იღებდე იმავე ყოფისგან. მაგალითად, უფრო და უფრო ხშირად გვესმის, როგორ კარგავენ ადამიანები სამსახურს იმის გამო, რომ მათი მეორე ნახევარი ოპოზიციურ პარტიაშია. საქართველოში ასევე კარგად არ არის დაცული ადამიანის უფლებები. ძალიან გვინდა, რომ საქართველო განვითარდეს. თუმცა ისიც არ გვინდა, რომ საფრანგეთს დაემსგავსოს. რა უნდა უსურვო ასეთ ქვეყანას? მე ძალიან კარგად მესმის ქართველების, რომელთაც სურთ, ჰქონდეთ სუპერმარკეტები, ინტერნეტი, დახეული ჯინსის შარვლები. ჩვენ კი ამის დანახვაზე გული გვეკუმშება, რადგანაც ვიცით, რასაც ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ საქართველოში აღმოვჩნდით. ამით ჩვენ უკან დაბრუნება შევძელით. აქ ისევ აღმოვაჩენთ იმ ღირებულებებს, რომლებიც სავსებით აღარ არსებობს საფრანგეთში. იქ რომ ვბრუნდებით, თავს ცუდად ვგრძნობთ. ფრანგული საზოგადოება სრულიად მიმართულია მომხმარებლობისკენ, ყველა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, შესაბამისად, იქაური ყოფა ძალიან მოსაწყენი და დეპრესიულია. ქართველებისთვის ამის ახსნა ძალიან ძნელია. რადგანაც მათ მიაჩნიათ, რომ საშინელ სიღატაკეში ცხოვრობენ.
– თქვენ გამორიცხავთ იმას, რომ თანამედროვე ცხოვრების ელემენტების დამკვიდრებით ქართულ ნიადაგზე საქართველო არ დაკარგავს იმ მიმზიდველ მხარეებს, რომელიც თქვენთვის ასე ძვირფასია?

ვენსენი: ძალიან მოხარული ვიქნები, ასე რომ მოხდეს, მაგრამ მაინც მეშინია. მეშინია იმიტომ, რომ ყველაფერი საოცარი სისწრაფით იცვლება. ჩვენ ბევრს დავდივართ ფეხით და ვხედავთ, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ავთენტური და ხელშეუხებელია, ძალიან შორსაა მომხმარებლური საზოგადოებისგან, მანკიერებისგან. დიდი დრო გავა, ვიდრე იგი გარდაიქმნება თანამედროვე საზოგადოებად. ჩვენთვის კი კარგია ეს, მაგრამ მათთვის თუ არის კარგი? მაინც მინდა ვიფიქრო, რომ თუ ქართველები შეიცვლებიან, ძირითად თვისებებს მაინც შეინარჩუნებენ. ზემოთ ჩვენი მეზობლები ვახსენე. ისინი ცოტა ხნის წინ გამოასახლეს და მათზე უფრო გაჭირვებულმა მეზობლებმა შეიკედლეს. საფრანგეთში ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. ვფიქრობ, ქართველებმა იციან, რამდენად ფასდაუდებელია ყოველივე ეს. ასეთი სიმდიდრე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტერნეტი და ა. შ.
– შეგიძლიათ, მომხმარებლური საზოგადოების უარყოფით მხარეებზე მესაუბროთ?
მარი: მომხმარებლურ საზოგადოებაში ადამიანს ეუფლება სიცარიელის შეგრძნება მას შემდეგ, რაც დაიკმაყოფილებს სასურველი საგნების შეძენის სურვილს. მაგალითად, გრენობლიდან ტულუზამდე 500 კილომეტრია და 10 კილომეტრსაც ვერ გაივლით ისე, რომ არ შეგხვდეთ სარეკლამო ბანერი, რომელიც მუდმივად გთავაზობთ რაღაც ფასდაკლებას, გთავაზობენ, შეიძინოთ სამი ორის ფასად. გაუთავებელი მოწოდება მოხმარებისკენ ათაყვანებს ადამიანს. ეს ყველაფერი ჩემში გულისრევას იწვევს, რადგანაც ჩემი თავისუფლება ამით იზღუდება. მე არ მაქვს საშუალება, თავისუფლად დავტკბე ბუნებით, რადგანაც ჩემი მზერა გაუთავებლად აწყდება ამაზრზენ სარეკლამო ბანერს. ამიტომაცაა, რომ საფრანგეთში ხალხს მუდმივად აქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რაც გაღიზიანებას და დეპრესიას იწვევს. ადამიანებს აღარ აქვთ სურვილი, იურთიერთონ. მთავარი დღესდღეობით ისაა, რომ გქონდეს უახლესი ტექნოლოგიური ნივთი, ამ დროს ნამდვილად მთავარი და მნიშვნელოვანი გვერდზე რჩება. ეს უცნაურად შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს. საფარანგეთში ჩვენ გვყავს მეგობრები. მათთან ერთად გვსიამოვნებს ყოფნა. თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო გვრძნობთ, რომ ფრანგებს უფრო და უფრო უჭირთ ერთმანეთთან გულითადი ურთიერთობა, თავის თავში იკეტებიან და ნამდვილი გრძნობების ჩვენება აღარ ძალუძთ. საუბრების ძირითადი თემა მატერიალური ფასეულობებია და არა – ადამიანური გრძნობები. შესაძლოა, რომ თბილი ადამიანური ურთიერთობები შენარჩუნდა ოჯახებს შიგნით, ძალიან ვიწრო წრეში. ამ წრის მიღმა კი ადამიანები სულ სხვა დონეზე ურთიერთობენ.
– ახლა კი ვთქვათ, რა არ მოგწონთ საქართველოში.

ვენსენი: თუ როგორ ვაფასებთ საქართველოს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ საფრანგეთს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საფრანგეთი აღმოჩნდა დესტრუქციულ სისტემაში. აქ კი იქმნება შეგრძნება, რომ აღმშენებლობით სისტემაში ვართ. ამის დასტურად შემიძლია მოვიყვანო შემდეგი მაგალითი: ერთი წელი უნდა გავიდეს, ვიდრე საფრანგეთი მოგვენატრება და პირიქით, საფრანგეთში ყოფნისას, ორი დღის თავზე საქართველო გვენატრება. ეს საოცარია. ყოველი ჩვენი დაბრუნება თბილისის აეროპორტში დილის სამ საათზე დაკავშირებულია ბედნიერების შეგრძნებასთან, რადგანაც ვუბრუნდებით ჩვენთვის სასიამოვნო გარემოს. ახლა კი ასე დავსვათ შეკითხვა: საქართველოში ყველაფერი არაჩვეულებრივია? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ მიერ მოყვანილი ზოგი მაგალითი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ საქართველო უარყოფითი ეპითეტებით შეგვემკო, მაგრამ ადამიანს უნდა შესწევდეს განზოგადების უნარი. ჩვენ აქ მოგვწონს ადამიანური ურთიერთობები, თანამედროვე სამყაროში განადგურებული და არარსებული ფასეულობები, რომლებიც ყველაფერზე მაღლა დგას და რომელთაც ჩვენ ასე ვეტრფით. რაც შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარეს, ჩვენ, ერთი მხრივ, არც ვცდილობთ ჩავუღრმავდეთ ამ საკითხებს, და მეორე მხრივ, კრიტიკულები ვართ ზოგიერთის მიმართ. რა არ მომწონს? ძალიან მომწონს ქართული სუფრის ტრადიცია, სადღეგრძელოები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ახლობელი ქართველები გულწრფელი ხალხია და როდესაც სადღეგრძელოს გვიძღვნიან, მთელი გულით მოგვმართავენ. მაგრამ ხშირად შეხვდებით ისეთ სიტუაციებს, სადაც სადღეგრძელო რიტუალის დონეზეა შემორჩენილი, სრულიად დაცლილია თავისი პირველადი შინაარსისგან. ასეთ სიტუაციებში საუბრები სკლეროზირებულ თემებს ვერ სცდება, იჭედება თამარ მეფის ეპოქაში და სხვა საგნებზე ვეღარ გადადის. აქ მზერა წარსულისკენაა მიმართული. მართალია, ქართველებს დიდი წარსული და კულტურა აქვთ, მაგრამ წარსულზე ყურადღების კონცენტრირება იმ მიზნით, რომ აიცილო საკუთარ თავზე ლაპარაკი, საკუთარ გრძნობებზე და საკუთარ ცხოვრებაზე, არ არის გამოსავალი. ეს ჩემთვის საკუთარ კულტურულ სიღარიბეზე მეტყველებს.
მარი: მე არ ვიხმარდი სიტყვა „სიღარიბეს”. უბრალოდ, დღევანდელი კულტურა სულ რამდენიმე საკითხით შემოიფარგლება. ყველა ერთისა და იმავე საკითხის შესახებ საუბრობს. ბავშვებიც კი ამ თემებით საზრდოობენ.
– შეიძლება ვთქვათ, რომ ეს „სკლეროზირება” ერთ გარკვეულ თაობასთანაა დაკავშირებული?

ვენსენი: საკუთარი კულტურის დაცვა და შენარჩუნება ძალიან კარგია. ჩვენ ძალიან მოგვწონს ის პატარა ქართველები თბილისობაზე, რომლებიც ასეთი სიყვარულითა და ენთუზიაზმით ასრულებენ ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს, მაგრამ უსასრულოდ ერთისა და იმავეს ნახვა, უბრალოდ, მოსაბეზრებელია. ამ მხრივ ჩვენ ნამდვილად გვაკლია მრავალფეროვნება.
– მოკლედ, თქვენი დაკვირებით, ქართველებს გვაკლია ერთგვარი გახსნილობა გარე სამყაროს მიმართ.

მარი: გეთანხმებით. რამდენიმე საკითხში ქართველები საკმაოდ ჩაკეტილები არიან. მაგალითად მოვიყვან რელიგიის თემას. ამაზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. რელიგია თითქოს ეხმარება ადამიანებს და ამავე დროს გარკვეულწილად აშორებს რეალურ პრობლემებს. ჩვენ ქართველ მეგობრებთან ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ საკმარისია, საუბარი რელიგიას შეეხოს, აღარაფერი საერთო აღარ გვრჩება. ამ თემაზე საუბრისას ქართველები საოცრად მიამიტები ჩანან. რელიგიის ეგიდით, ხანდახან წარმოუდგენელი ხდება, მოითხოვო შენი გასამრჯელო, მიუხედავად იმისა, რომ შენ ეს გასამრჯელო თავდადებული შრომით დაიმსახურე. დროდადრო ვაწყდები შემთხვევებს, როცა ადამიანები სრულიად გაუმართლებლად იჩაგრავენ თავს. ეს ჩემთვის სულაც არ არის დიდსულოვნების გამოვლინება, უფრო თავდაჯერებულობის ნაკლებობა ან თავის თავში დაურწმუნებლობაა. ძალიან კარგია, რომ ქართველები ერთმანეთის მიმართ ადამიანურები არიან, მაგრამ ეს დამოკიდებულება აბსურდული არ უნდა გახდეს. ჩვენ ვერ ვბედავთ, ვთქვათ, რომ ღმერთზე მეტად ადამიანები გვაინტერესებს. არ არის აუცილებელი, იყო რელიგიური, რომ იყო კეთილი. არ მოგვწონს ასევე ქართველების ერთგვარი სიზარმაცე, სიზანტე, ის, რომ სიტყვას არანაირი ფასი არა აქვს.
ვენსენი: ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ სიტყვა ითქმის მხოლოდ სათქმელად და არანაირად არ არის გამყარებული საქმით. არაერთი არასასიამოვნო მომენტის მიუხედავად, ჩვენი სურვილი, შევუერთდეთ ქართულ საზოგადოებას და ქართულ ყოფას, არ იკლებს. ჩვენ უაღრესად გვსიამოვნებს ქართველებთან ურთიერთობა, ქართულ კულტურასთან ურთიერთობა. ჩვენი ცნობისმოყვარეობა არაა მიმართული თამარ მეფის საქართველოსკენ, ეკლესიების გაუთავებელი ვიზიტებისკენ, არამედ – ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებისკენ. ჩვენი სურვილია, ვეზიაროთ უფრო სოციალურ კულტურას, სადაც უფრო მეტია ცოცხალ ადამიანებთან შეხება. ეს ხომ დაუშრეტავი თემაა და ჩვენ ის ყველაფერზე მეტად გვაინტერესებს. აქ იმდენი ახლის აღმოჩენა შეიძლება… სხვის კულტურას მაშინ დაეწაფები, თუ შეძლებ, შენი კულტურა ცოტათი `დათმო.” ჩვენ ძალიან შორს ვართ იმისაგან, რომ ფრანგული კულტურა, რომელიც, თავის მხრივ, საოცრად მდიდარია და ფესვებით ჩაზრდილი თავის ისტორიაში, პედესტალზე შემოვდგათ და ვინმეს მაგალითად მოვუყვანოთ. უბრალოდ, ფრაგული კულტურა დღეს ნაკლებად ადამიანურია. რაკი სოლიდარობა ადამიანებში აღარ არსებობს, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ხალხზე ზრუნვას. აქ კი პირიქითაა: სახელმწიფო უარს ამბობს პასუხისმგებლობის აღებაზე, რადგანაც იცის, რომ ხალხი ერთმანეთს დაეხმარება. ჩვენ ძალიან საინტერესო პოზიცია გვიჭირავს. ვართ ორი კულტურის შუაში და სულაც არ ვადარებთ მათ ერთმანეთს.

მარი: არ შემიძლია, არ დავამატო, რომ ენის სწავლასთან ერთად, ბევრ რამეს ფარდა ეხდება. რწმუნდები, რომ ხშირად საუბარი ერთსა და იმავე საკითხების გარშემო ტრიალებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ენის არცოდნა ბევრი რამის იდეალიზებას უწყობს ხელს. პირველი ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ საკმაოდ ტურისტული დამოკიდებულება მქონდა. საბედნიეროდ, საქართველოში კლასიკური გაგებით ტურისტული გასაქანი ჯერ დიდ მასშტაბებს არ აღწევს. ამიტომაც, ერთი წლის თავზე დავიწყე ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება. ენის სწავლასთან ერთად ბევრ რამეს აეხადა ფარდა და მე მიხარია, რომ საქართველოს აღმოჩენა ჩემთვის კიდევ უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა. მინდა უკეთ გავიგო, რატომ მსიამოვნებს აქ ყოფნა. ადრე ბევრ ფოტოს ვიღებდი, ახლა – მეტად ნაკლებს. ახლა ამ ხალხთან ცხოვრება უფრო მაინტერესებს, ვიდრე მათი ფოტოზე აღბეჭდვა.

ვენსენი: გვინდა, რომ ფოტოების საშუალებით ჩვენი გამოცდილება ჩვენს ფრანგ მეგობრებს გავუზიაროთ. ეს არ არის ადვილი. ამიტომაც დავიწყე დღიურების წერა. ჩემი მკითხველების წყალობით მეტად ვრწმუნდები, თუ რამდენად გამიმართლა, რომ ასეთ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელმაც შეძლო, შეენარჩუნებინა ამ გლობალიზაციის პერიოდში თავისი შარმი. ვიცით, რომ საბოლოოდ მსოფლიო ცვლილებები საქართველოსაც არ აუვლის გვერდს, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა, რომ ამ ძველი სამყაროს უკანასკნელ მომენტში ვცხოვრობთ.

მარი: პირველი წელი ძირითადად ფეხით დავდიოდი, ან სამარშრუტო ტაქსით. ჩვენი მოგზაურობა ორ პერიოდად იყოფა: მუშაობის პერიოდი და არდადეგების პერიოდი, როდესაც ვახერხებთ საკმაოდ შორს წასვლას. ჩვენ ძალიან გვიყვარს ბუნება. მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ კიდევ უფრო დიდი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში ადამიანებს უკავიათ. ყოველ კვირას ბუნებაში დავდივართ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. როგორც კი არდადეგები გვეწყება, მივდივართ ახალი ადგილების აღმოსაჩენად. ჩვენ არ ვჩერდებით ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში. ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას ვანიჭებთ უპირატესობას და მათთან ვათევთ ღამეს. ხშირ შემთხვევაში, ეს გესტჰაუზები ძალიან არაკომფორტულია. იქ ქართულად ვლაპარაკობთ. როგორც წესი, ძალიან კარგად გვხვდებიან. რაკი ხშირ შემთხვევაში ასეთი ადგილები ძალიან არაკომფორტულია, იქიდან, შესაძლოა, დაღლილებიც კი წამოვიდეთ, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კმაყოფილები და ემოციურად დატვირთულები ვართ ხოლმე. ჩვენ თითქმის ჩვენ მიერ აღმოჩენილი ყველა ადგილის კოორდინატებს ვინახავთ. ხანდახან ვბრუნდებით ამ ადგილებში. ჩვენს ნაცნობ მასპინძლებთან შეხვედრა სცილდება ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ მომენტებს და სადღაც გადაჰყავხარ. უცხო ქვეყანასთან ზიარებას ჩვენთვის ეს მომენტები განსაზღვრავენ. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელივანია კულინარული აღმოჩენები. საქმე ისაა, რომ ჩვენ საქართველოში არ ჩამოვსულვართ ფრანგული ან საერთაშორისო სამზარეულოს აღმოსაჩენად. საქართველოს ვეცნობით არა მარტო მისი სხვადასხვა კუთხის მონახულებით, არამედ – უბრალო სასადილოებში. მახსენდება სამგორის ბაზარზე ერთი პატარა სასადილო, სადაც საკმაოდ უგემური შეჭამადი მოგვართვეს. სამაგიეროდ, ისეთი ადამიანური ურთიერთობების მოწმენი გავხდით, რომ ჩვენზე ბედიერი იმ წუთებში არავინ იყო. ესაა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველო ჩვენთვის ყოველ კუთხე-კუნჭულშია და ამ ადგილების აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს, უკეთ დავინახოთ და გავუგოთ ამ ქვეყანას.
ესაუბრა: მაკა კასრაძე

ადამიანის იზოტოპური შედგენილობა

0
წინა სტატიაში იმაზე ვისაუბრეთ, რომ საგანთაშორისი პრინციპები მოსწავლეს საშუალებას აძლევს, მთლიანობაში აღიქვას სამყარო, რაც პრობლემის გონივრულად გადაჭრას ემსახურება. ამ ამოცანის წარმატებით შესრულება შესაძლებელია სასწავლო პროცესში ინტეგრირებული გაკვეთილების მეშვეობით. პედაგოგს შეუძლია, შემოთავაზებული მასალა საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ბიოლოგიისა და ქიმიის კურსში შესაბამისი მასალის სწავლებისას.

ადამიანის იზოტოპური შედგენილობა

ადამიანის ორგანიზმიც, როგორც ყველა მატერია, ატომებისგან შედგება, მაგრამ ეს ატომები ერთმანეთისგან განსხვავდება ელემენტარული ნაწილაკების რაოდენობით, ე. ი. ახასიათებს იზოტოპიის თვისება (ატომებს, რომლებიც ერთმანეთისგან ბირთვში ნეიტრონების რაოდენობით განსხვავდება, იზოტოპები ეწოდება). რიცხვებით ოპერირება და აღქმა რომ გაგვიადვილდეს, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომლის სხეულის მასა 50 კგ-ია. ამ წონის ადამიანისთვის ნახშირბადის, წყალბადის, ჟანგბადისა და აზოტის წილად მოდის 48. 3 კგ, ხოლო დანარჩენი ნივთიერებების მასა 1, 3 კგ-ს შეადგენს. თუ ბუნებრივი იზოტოპების გავრცელების ცხრილით ვიხელმძღვანელებთ, იოლად გამოვთვლით, რომელი ნივთიერების რომელი იზოტოპებისგან შედგება ეს ჰიპოთეტური ადამიანი.

ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მეტია ჟანგბადი (30. 481 კგ). ეს ნიშნავს, რომ ჟანგბადი მასური რიცხვით 16 (აღინიშნება 16 0) არის 30. 4 კგ ჟანგბადის იზოტოპი მასური რიცხვით 17 (17 0) 12. 3 გრამი, ხოლო იზოტოპი მასური რიცხვით 18 (18 0) – 68. 6 გრამი. ნახშირბადი ორგანიზმში 11. 537 კგ-ია და მისი იზოტოპური განაწილება ასეთია: ნახშირბადი მასური რიცხვით 12 (12 C) – 11. 4 კგ, ხოლო მასური რიცხვით 13 (13 C) – 137 გ. წყალბადი ადამიანის ორგანიზმში ხუთ კილოგრამზე ოდნავ მეტია, აქედან მასური რიცხვით 1(1Н) – 5. 0 კგ, ხოლო მასური რიცხვით 2 (2Н ან D-დეიტერიუმი) – 1. 5 გ, დაბოლოს, აზოტის იზოტოპი მასური რიცხვით 14 (14N ) შეადგენს 1. 3 კგ-ს, ხოლო მასური რიცხვით 15 (15N) – 5. 1 გრამს.

ამრიგად, გამოდის, რომ ადამიანის ორგანიზმში 225 გრამი მძიმე იზოტოპია. კვების მეშვეობით ადამიანი იზრდება და იმატებს წონას. ასევე კვების ხარჯზე ხდება დახარჯული ენერგიის კომპენსირება, სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება, ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულირება; შესაბამისად, მიმდინარეობს მძიმე იზოტოპების მატებაც. საკვები ცილები, ცხიმები და ნახშირწყლებია, ყველა ეს ნივთიერება კი ძირითადად ზემოთ დასახელებული ოთხი ძირითადი ელემენტისგან (ჟანგბადი, წყალბადი, ნახშირბადი და აზოტი) შედგება. ყველა ორგანული ნივთიერება საბოლოო ჯამში თავის წარმოშობას მცენარეებში მიმდინარე ფოტოსინთეზს უნდა უმადლოდეს: მცენარეები შთანთქავენ ჰაერიდან ნახშირორჟანგს, რომელიც სინათლის, წყლის, ფერმენტების (კატალიზატორების) ზემოქმედებით ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების პატარ-პატარა „აგურებად” იქცევა. ნახშირორჟანგის ათვისება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – ნახშირბადის კონცენტრაციაზე ჰაერში, გარემოს ტემპერატურაზე, დღის ხანგრძლივობაზე და ა.შ.

სამყაროში უფრო ფართოდაა გავრცელებული ფოტოსინთეზის მექანიზმი, რომელსაც კელვინის ციკლი (С3) ეწოდება. მას, სხვა ორისგან განსხვავებით, ნაკლები ენერგია, ე. ი. ნაკლები მზის ენერგია სჭირდება, მაგრამ გარემოში ნახშირბადის დიდ კონცენტრაციას მოითხოვს. ხემცენარეების უმრავლესობა, ბუჩქები და ბალახები სწორედ ამ გზით შთანთქავენ გარემოდან ნახშირორჟანგს.

ფოტოსინთეზის მეორე გზაა С4 (ჰეტჩ-სლეკის ციკლი). ამ დროს მცენარეები ნახშირორჟანგისგან თავდაპირველად ასინთეზებენ ვაშლისა და ასპარაგინის მჟავებს, რომელთა მოლეკულა ოთხ ატომ ნახშირბადს შეიცავს (სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდება С4). ეს მექანიზმი მუშაობს ჰაერში ნახშირბადის მცირე კონცენტრაციისას, მაგრამ მოითხოვს ბევრ ენერგიას. ამ მექანიზმით ახორციელებენ ფოტოსინთეზს, მაგალითად, შაქრის ლერწამი და სიმინდი.

ფოტოსინთეზის მესამე მექანიზმია САМ (Crassulacean Acid Metabolism). ზოგიერთი მცენარე, მაგალითად, კაქტუსი და ანანასი, იყენებს ნახშირბადის ათვისების კომბინირებულ გზას. მცენარეების მიერ ნახშირორჟანგის ათვისებისას კატალიზატორის როლს ასრულებენ ფერმენტები, რომლებიც ბუნებაში ფართოდ გავრცელებულ (1Н, 12С, 14N და 16О) იზოტოპებთან მუშაობას „ამჯობინებენ”. ფოტოსინთეზის პროცესი და, შესაბამისად, ნახშირორჟანგის ათვისება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რომელთა შედეგად ბუნებრივი ორგანული ნივთიერებები ბუნებაში უფრო მეტად გავრცელებული იზოტოპებით მდიდრება. ამის გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვნად შესაძლებელია არა მარტო მცენარეებისა და ნაყოფების, არამედ მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების იზოტოპური შემადგენლობის იდენტიფიცირებაც. ელემენტებს შორის მცირე იზოტოპური სხვაობა იზომება მას-სპექტროსკოპის მეშვეობით და d (დელტა) ერთეულით გამოისახება.

ფოტოსინთეზის ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმებისთვის d-ს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, d 13С კელვინის ციკლის დროს 21%-დან 31%-მდე მერყეობს, С4-ის დროს – 9%დან 15%-მდე, ხოლო САМ-ის დროს – 11%-დან 28%-მდე. ამ დიაპაზონების ცოდნა მეცნიერს საშუალებას აძლევს, არა მარტო მცენარეთა, არამედ მათი პროდუქტების შემადგენლობაც განსაზღვროს.

მოხერხებულია იზოტოპური შემადგენლობის კონტროლის მექანიზმის განხილვა თაფლის მაგალითზე. ფუტკრები ნექტარს და მტვერს, წესისამებრ, С3-მცენარეებიდან აგროვებენ, ამიტომ ნატურალური თაფლის d 13С არის 25%. მაგრამ თუ თაფლი განზავებულია შაქრის სიროფით (შაქრის d 13С შეადგენს 10%-ს), მაშინ მისი d 13С 25%-დან 10%-მდე მერყეობს. ამგვარად შესაძლებელია არა მარტო თაფლის ფალსიფიკაციის დადგენა, არამედ ყველა საკვებისა და ნახევარფაბრიკატის (ხილის წვენების, გამაგრილებელი სასმელების კონცენტრატების, ალკოჰოლური სასმელების და სხვ.) შემადგენლობის დაზუსტებაც.

ყველა საკვები თავისთავად ატარებს იზოტოპურ იარლიყს და ვინაიდან ადამიანი მიირთმევს საკვებს და წყალს, ბუნებრივია, ისიც ამ იარლიყის მატარებელია. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რომ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანების d 13С მაჩვენებელი განსხვავებულია. მაგალითად, ამერიკელებისათვის ის 19%-დან 13%-მდე მერყეობს, ხოლო ევროპელებისთვის – 28%-დან 21%-მდე. ეს შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას: ევროპელები უმთავრესად С3-მცენარეებით იკვებებიან, ხოლო ამერიკელთა საკვების დიდი წილი С4 ტიპის მცენარეებზე მოდის.

იზოტოპების ანალიზს იყენებენ არა მარტო საკვების კონტროლისთვის, რაც, თავისთავად, ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ სპორტსა და მედიცინაშიც. კერძოდ, ადამიანის იზოტოპური იარლიყი საშუალებას იძლევა, გაკონტროლდეს მასტიმულირებელი პრეპარატების (დოპინგის) კვალი სპორტსმენის ორგანიზმში.

1994 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა კოლიტის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ინფექციური წარმოშობა. მათი გამომწვევია 1983 წელს აღმოჩენილი ბაქტერია Helicobacter pylori (H. pylori). ეს ბაქტერია დაფარულია ფერმენტ ურეაზის გარსით და ამიტომ თავისუფლად ცხოვრობს კუჭის მჟავე არეში. ურეაზა შარდოვანას ამიაკად და ნახშირორჟანგად შლის. მედიცინაში სწორედ ურეაზის ეს თვისებაა გამოყენებული არაინვაზირებული დიაგნოსტირების დროს: პაციენტს ამონასუნთქს სტერილურ სინჯარაში ჩააბერინებენ და დალუქავენ. შემდეგ ასმევენ წვენს, რომელშიც გახსნილია 70 მგ შარდოვანა, გამდიდრებული სტაბილური ნახშირბადით (13С). ნახევარი საათის შემდეგ ისევ იღებენ პაციენტის მიერ ამოსუნთქული ჰაერის სინჯს სპეციალურ მარკირებულ სინჯარაში. თუ პაციენტი დაავადებულია, ამონასუნთქი გაჯერებული იქნება 13С ნახშირბადით; ამასთანავე, რაც მეტია კუჭში H. pylori, მით მეტია მარკირებული ნახშირბადის რაოდენობა. ამ ტესტს მედიკოსები „ურეაზას სუნთქვის ტესტს” უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ არაინვაზიური მეთოდით დიაგნოსტირებისას სუნთქვის ტესტი ფართოდ გამოიყენება მრავალი სხვა დაავადების სადიაგნოზოდაც.

განვითარებისა და სწავლების თეორიები

0

მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო (სამტომეული)

ganvitarebisa_scavlis_teoriebi

ხარაჩოები უკეთ სწავლისთვის

0

ჩემს მესამეკლასელ შვილს ბუნებისმეტყველებაში „ჩრდილი“უნდა ესწავლა. მამამისმა ბურთის და მაგიდის ლამპის მოტანა სთხოვა. ბურთს ლამპა დაანათეს, ცვლიდნენლამპის მდებარეობას. ბურთის ჩრდილი შესაბამისად ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა. ამ უმარტივესი ექსპერიმენტის შემდეგ კარგა ხანს ქუჩის ლამპიონების ქვეშ ის საკუთარი ჩრდილის სიდიდეს ამოწმებდა.

 

სწორედ ამ შემთხვევამ გადამაწყვეტინა რებეკა ალბერის სტატიის – „ხარაჩოს 6 სტრატეგია თქვენი მოსწავლეებისათვის” – თარგმნა. სიტყვა scaffolding-ის ქართულიშესატყვისი „ხარაჩოა”.პედაგოგიურ ლიტერატურაში ეს სიტყვა ხშირად პირდაპირაც გადმოაქვთ(„სკაფოლდინგი”). თუმცა, ჩემი აზრით, ხარაჩო მის შინაარსსუკეთ გამოხატავს.

„რა არის მეტყველებაში „ხარაჩოს ალტერნატივა? ალბათ, რაღაც ამის მსგავსი: წაიკითხეთ ეს 9გვერდიანი სამეცნიერო სტატია და ოთხშაბათისთვის დაწერეთ დეტალური ესე თემაზე, რომელსაც ის ეძღვნება. ერიჰა, არც უსაფრთხოების ბადე, არც პარაშუტი, არც ხარაჩო – აი ასე, უბრალოდ, ქარში სულის მოუთქმელად ვტოვებთ.

პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ გაკვეთილი ხარაჩოს გამოყენებით და დიფერენცირებული სწავლება ერთმანეთისაგან განსხვავდება. ხარაჩოს გამოყენება ნიშნავს სასწავლის დანაწევრებას და შემდეგ ყოველი ნაწილისთვის ინსტრუმენტის ან სტრუქტურის შეთავაზებას. მაგალითად, კითხვისთვის ხარაჩოს მოსამზადებლად შეგიძლიათ მიმოიხილოთ ტექსტი და იმსჯელოთ საკვანძო სიტყვებზე ან დაანაწევროთ ტექსტი და ნაწილ–ნაწილ კითხვის კვალდაკვალ იმსჯელოთ. დიფერენცირებული სწავლებისას მოსწავლეს შესაძლოა მთლიანი ტექსტი მივცეთ წასაკითხად; შევკვეცოთ ან შევცვალოთ ტექსტი და ასევე შევცვალოთ თანმდევი წერითი დავალებაც.

მოკლედ რომ ვთქვათ, თავდაპირველად ვიყენებთ ხარაჩოს, შემდეგ კი იმ ბავშვებისთვის, ვისაც დამატებითი დახმარება სჭირდებათ, ვიყენებთ დიფერენცირებას ტექსტის და/ან დავალების მოდიფიცირების სახით – ვრჩევთ შედარებით მარტივ ტექსტს და/ან ალტერნატიულ დავალებას.

ცხადია, ხარაჩოსა და დიფერენცირებას საერთოც აქვს. გაკვეთილისათვის შესატყვისი ხარაჩოს ან დიფერენცირებული სწავლების შეთავაზება რომ შევძლოთ, უნდა ვიცოდეთ, როგორია ჩვენი მოსწავლეების განვითარების უახლოესი ზონა ინდივიდუალურ ან კოლექტიურ დონეზე. როგორც განათლების მკვლევარი ეილინ რეიმონდი ამბობს, „განვითარების უახლოესი ზონა არის მანძილი ბავშვს დამოუკიდებელ შესაძლებლობებსა და მომავალ შესაძლებლობებს შორის, რომელსაც ის კომპეტენტური დახმარების საშუალებით მიაღწევს“.

მაშ ასე, გავეცნოთ ხარაჩოს სტრატეგიებს, რომელიც მოსწავლეს სწავლაში დაეხმარება:

1. აჩვენეთ და უთხარით

რამდენჯერ გვითქვამს, რომ ბევრად უკეთ ვსწავლობთ, როცა ვხედავთ, ვიდრე, როცა გვესმის? ჩემს გამოცდილებაში მოდელირება ხარაჩოს აგების ქვაკუთხედია. ალბათ, ყველას გაგვიწყვეტინებია საუბარი ფრაზით „უბრალოდ, მაჩვენე!” ყოველ ჯერზე, როცა საშუალება გვაქვს, მოსწავლეებსუნდა ვაჩვენოთ, რის გაკეთებას ველოდებით მათგან.


·

აქტივობა „თევზის ქვაბი” ადამიანის ან ადამიანთა სპეციფიკური ჯგუფის გამოცდილებისა და პერსპექტივის აქტიური მოსმენისთვისაა განკუთვნილი. ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ოთახის ცენტრში ზის (თევზის ქვაბი) და მათ გარშემო კლასის დანარჩენი მოსწავლეები უსხედან. მათ შორის აქტიური დიალოგი იმართება.


·

მუშაობის დაწყებამდე ყოველთვის უნდა ვაჩვენოთ მოსწავლეებს მზა შედეგი/პროდუქტი, რომლის გაკეთებასაც ვაპირებთ. თუ დავალებად ესეს ან კვლევაზე დაფუძნებულ პროექტს მივცემთ, უნდა ვაჩვენოთ მისი მოდელი კრიტერიუმების ცხრილთან ან რუბრიკებთან ერთად და პროცესის ყოველი ეტაპი მოსწავლეებთან ერთად უნდა გავიაროთ.


·

გამოვიყენოთ ხმამაღლა ფიქრი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ჩვენი ფიქრის მოდელი სხვადასხვა აქტივობისას: ტექსტის კითხვა, პრობლემის გადაჭრა, პროექტის დაგეგმვა. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლეთა შემეცნებითი უნარები განვითარების პროცესშია და მნიშვნელოვანია ყოველი ხელსაყრელი შესაძლებლობის გამოყენება.

2. დაეყრდენით არსებულ ცოდნას

სთხოვეთ მოსწავლეებს შინაარსის ან კონცეფციის შესახებ საკუთარი გამოცდილების, ეჭვებისა და იდეების გაზიარება და თავის ცხოვრებასთანდაკავშირება. ზოგჯერ შესაძლოა დაგვჭირდეს მინიშნებისა და მოსაზრებების შეთავაზება, მათი გარკვეულწილად გაძღოლა, თუმცა, როგორც კი ჩაწვდებიან, დამოუკიდებლად შეძლებენ მუშაობას.

დამეთანხმებით, რომ მოსწავლეების არსებულ ცოდნაზე დაყრდნობა და მისი მომავალი ცოდნის ჩარჩოდგამოყენება, არამხოლოდ ხარაჩოს ტექნიკაა, არამედ უბრალოდ კარგი სწავლება.

3. მიეცით დრო სასაუბროდ

მოსწავლეს ახალი იდეებისა და ინფორმაციის დასამუშავებლადსჭირდება დრო. დრო სჭირდება ასევე იმისთვისაც, რომ ნასწავლი სიტყვებად აქციო და მსგავსი გამოცდილების მოსწავლეებთან ერთადჩამოაყალიბო. ყველამ ვიცით, რომ სტრუქტურირებული დისკუსიები, მოსწავლის ასაკის მიუხედავად, ყველაზე ნაყოფიერია.

4. წინმსწრები მუშაობა ახალ სიტყვებზე

ხშირად უყურადღებოდ ვტოვებთახალ სიტყვებზე მუშაობის სტრატეგიას. არასწორად ვიქცევით, როდესაც მოსწავლეებს მარტო ვტოვებთ რთულ ტექსტზე სამუშაოდ, რომლის დროსაც მათ წინ მრავალი სირთულის ხაფანგი ელოდება. ჩვენ მოუმზადებლად ვუშვებთ ამ რთულ გზაზე და მერე გვიკვირს, რომ ა) ინტერესი უქრებათ, ბ) ხმაურობენ ან გ) იძინებენ.

წინასწარ ლექსიკონზე მუშაობა არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ათეულობით სიტყვის განმარტების მოძებნა და დაწერა დავავალოთ. ეს ისევ ა, ბ და გ შედეგებს მოგვიტანს. მოსწავლეებს ახალი სიტყვები ფოტოების ან უკვე ნაცნობი და საინტერესო საგნების კონტექსტში უნდა გავაცნოთ. გამოვიყენოთ ანალოგიები, მეტაფორები და ვთხოვოთ მოსწავლეებს, ყოველი სიტყვისთვის შექმნანსიმბოლო ან ნახატი, მივცეთ დრო დისკუსიისთვის (მცირე ჯგუფებში ან მთელ კლასში). მხოლოდ ამის შემდეგ ვიყენებთლექსიკონს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოსწავლეებმა მათ მიერ აღმოჩენილი განმარტებების შედარება შეძლონ. მხოლოდ ამგვარად მომზადებული ახალი სიტყვებით შეძლებენ მოსწავლეები რთული ტექსტის დაძლევას.

5. თვალსაჩინოებების გამოყენება

გრაფიკული ორგანიზატორები, ნახატები და ცხრილები შეიძლება ხარაჩოებად გამოვიყენოთ. გრაფიკული ორგანიზატორი ეხმარება მოსწავლეს ვიზუალურად წარმოადგინოს თავისი იდეები, მოაწესრიგოს ინფორმაცია და ჩასწვდეს ისეთ კონცეფციებს, როგორიცაა თანმიმდევრობა და მიზეზ–შედეგობრიობა.

გრაფიკული ორგანიზატორი აყალიბებსმოსწავლეთა აზროვნებას. ის ერთგვარი დროებითისავარჯიშო ბორბალია.

6. პაუზა, კითხვის დასმა, პაუზა, მიმოხილვა

ეს არაჩვეულებრივი გზაა განვსაზღვროთ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმამასალა, სანამ ისინი რთულ ტექსტს კითხულობენ ან ახალ კონცეფციას სწავლობენ. აი მისი მოქმედების არსი: დისკუსიიდან ან წაკითხულიდან ახალ იდეას ვაზიარებთ, შემდეგ ვყოვნდებით (ფიქრისთვის დრო), ვსვამთ სტრატეგიულ შეკითხვას, კვლავ ვყოვნდებით. სტრატეგიული შეკითხვა გაკვეთილამდე უნდა მოვიფიქროთ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის არის ღია შეკითხვა, სპეციფიკური და განსაზღვრული მიმართულების. ხშირად საუკეთესო შეკითხვა აზრს კარგავსპასუხის მოსაფიქრებელი პაუზის გარეშე. ამიტომ უნდა „გავუძლოთ”ლოდინის არაკომფორტულობას. ვეცადოთ მოსწავლეები აქტიურ მოსმენაშიჩართვა.ვთხოვთ ერთ–ერთ მათგანს, ისაუბროს ყველაზე მნიშვნელოვანზე, რაც მოისმინეს, აღმოაჩინეს. თუ შეკითხვაზე პასუხი გაუჭირდათ, სხვასთან ერთადმსჯელობიშესაძლებლობამივცეთ.

ახლის მოსინჯვა

მრავალფეროვანი მოსწავლეების გარემოში მასწავლებელმა მუდმივად უნდა ისწავლოს და გამოსცადოს ახალი ხარაჩო–სტრატეგიები. ხანდახან უნდა დავფიქრდეთ, რომ სამომავლოდ უფრო სწრაფად შევძლოთ წინ სიარული. შესაძლოა ხარაჩოს აგება მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ საბოლოო პროდუქტი უფრო მაღალი ხარისხის, ხოლო მიღებული გამოცდილება კი უფროსასარგებლო იქნება ყველა მონაწილისთვის.

ბიოლოგიის თანამედროვე გაკვეთილი

0

როგორ უნდა დავგეგმოთ/შევიმუშაოთ გაკვეთილი? რა უნდა ვიცოდეთ ბიოლოგიის ეფექტური გაკვეთილის ასაგებად? რა ფორმით მოვახდინოთ სასწავლო პროცესის ორგანიზება? – ეს კითხვები ყველაზე ხშირად დაისმის ახალბედა მასწავლებლებთან შეხვედრის დროს. თუმცა გაკვეთილის პრობლემა სკოლაში ყოველთვის აქტუალურია და პედაგოგების არც ერთი შეხვედრა ამ თემაზე მსჯელობის გარეშე არ ჩაივლის.

როგორი უნდა იყოს გაკვეთილი თანამედროვე სკოლაში? ბიოლოგიის მასწავლებელი ყოველთვის დგას ამ პრობლემის წინაშე, რადგან თითოეული გაკვეთილი თავისებურია. როგორ უნდა ჩატარდეს გაკვეთილი, რომ მოხდეს მოსწავლეთა დაინტერესება, მათი შემეცნებითი ინტერესების გაღვივება, კვლევითი საქმიანობის წარმართვა?

ხშირად ამბობენ, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე იგივეა, რაც სცენაზე მსახიობი. ყველასთვის გასაგებია: თუ მსახიობი კარგად არ თამაშობს, სპექტაკლი უინტერესო და მოსაწყენი იქნება. ახლა წარმოვიდგინოთ მოსაწყენი გაკვეთილი და. . . მასწავლებელი გაკვეთილზე მსახიობიც უნდა იყოს, ფსიქოლოგიც, უპირველესად კი ცოდნის მიღების გზის მაჩვენებელი. ბუნებრივია, ეს საკმაოდ რთული მისიაა, განსაკუთრებით – 21-ე საუკუნის სკოლაში, ამიტომ დღევანდელი გაკვეთილი უნდა განსხვავდებოდეს თუნდაც მეოცე საუკუნის ბოლოს ჩატარებული გაკვეთილებისგან. ვეჯახებით სიტუაციას, როცა მოსწავლეთა მოთხოვნები საკმაოდ მაღალია, ხოლო პედაგოგების დიდი უმრავლესობა ძველი ტრადიციული სკოლის წარმომადგენელია და ვერ/არ იზიარებს სწავლების თანამედროვე პრინციპებსა და ტექნოლოგიებს. ბუნებრივია, ისმის კითხვა: მაინც როგორი უნდა იყოს გაკვეთილი თანამედროვე სკოლაში?

ის უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. გამოყენებული იყოს მეცნიერების უახლესი მიღწევები;
2. გარემო ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა ინტერესების, შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების შესაბამისი შემეცნებითი ინტერესების განვითარებას;
3. უნდა მოხდეს პიროვნული სფეროს მოტივაცია და აქტივიზაცია;
4. მოსწავლეთა ცოდნის დონეზე დაყრდნობით საგნისა და საგანთაშორისი კავშირების დადგენა;
5. სასწავლო პროცესის ყველა ეტაპის ემოციური და ლოგიკური თანმიმდევრობა;
6. სასწავლო რესურსები ეფექტური მოხმარება/გამოყენება;
7. მოსწავლეთა პირადი გამოცდილების დაკავშირება ყოფა-ცხოვრებასთან;
8. მოსწავლეთათვის ცოდნის მიღების წყურვილის გაღვივება;

9. თითოეული გაკვეთილის გულმოდგინე დიაგნოსტიკა, პროგნოზირება, დაგეგმვა/კონსტრუირება.

გაკვეთილის ეფექტურობა დამოკიდებულია მრვალ ფაქტორზე, მასწავლებელმა უნდა გაითავისოს, რომ მაღალი შედეგი მხოლოდ თანმიმდევრული, გააზრებული, დაგეგმილი აქტივობით მიიღება.

გაკვეთილის აგების მეთოდიკის შემუშავებისას მნიშვნელოვანია, მოსწავლეს არ ვუყურებდეთ როგორც „მასალას”, რომელიც თავისებური ტექნოლოგიით უნდა დამუშავდეს; გაკვეთილის პედაგოგიური ღირებულებაა, მოსწავლეებმა იგრძნონ მათი აქტიური როლი სასწავლო პროცესში, რადგან უდავოა, რომ ცოდნა აქტიურად უნდა მიიღებოდეს. პედაგოგის ამოცანაა, მობილიზება გაუწიოს შემეცნების ყველა ფსიქოლოგიურ კომპონენტს: ყურადღებას, აზროვნებას, დამახსოვრებას, აღქმას, წარმოსახვას, შეგრძნებას, ამიტომ დიდი ყურადღება ეთმობა მეცადინეობებზე ისეთი მეთოდებისა და ფორმების შემუშავებას, რომლებიც ყველა ამ პროცესს ითვალისწინებს. ძნელია მიაღწიო მყარ ცოდნას, თუ მოსწავლეს არ აქვს შესასწავლი მასალისა და საგაკვეთილო პროცესის ინტერესი. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გადავცეთ არა მარტო განსაზღვრული ცოდნა, არამედ განვუვითაროთ სურვილი, თვითონვე მოიძიონ, იპოვონ და გამოიყენონ აუცილებელი ინფორმაცია. მოსწავლეთა შემოქმედებითი საქმიანობის აუცილებელი წინა პირობაა შემეცნებითი ინტერესი, ცოდნის გამოყენება, წარმოსახვითი კონსტრუირება და ინიციატივა, ეს კი დაკავშირებულია მათ გარკვეულ ძალისხმევასთან.

გაკვეთილის ფორმის გულდასმით შერჩევა აუცილებელია და დამოკიდებულია შესასწავლ მასალაზე, მოსწავლეთა ცოდნის დონეზე, მასწავლებლისა და მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებაზე და, ბუნებრივია, კიდევ მრავალ პატარ-პატარა დეტალზე, რომლებიც, როგორც წესი, ინდივიდუალურია კონკრეტული სასწავლო პროცესისთვის, ამიტომ გაკვეთილის ფორმების სხვადასხვა კომბინაცია და ცვალებადობა ძალიან დიდია, რაც სასწავლო პროცესის შემოქმედებითი მოდელირების შესაძლებლობას იძლევა.

მოდელირების ფართო შესაძლებლობებს იძლევა ინტეგრირებული საგაკვეთილო პროცესიც. ამ გაკვეთილების სპეციფიკა ასეთია: ორი ან სამი საგნის მასწავლებელი ერთდროულად ატარებს გაკვეთილს და ამიტომ აქ ძალზე მნიშვნელოვანია გაკვეთილის ფორმის/მეთოდის სწორად შერჩევა. წინასწარ განისაზღვრება მასალის მოცულობა და სიღრმე, შესწავლის თანმიმდევრობა. ხშირად ასეთ გაკვეთილს წინ უნდა უძღვოდეს შესაბამისი საშინაო დავალების მომზადება.

საგანთაშორისი პრინციპები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მთლიანობაში აღიქვან სამყარო, რაც პრობლემის გონივრულად გადაჭრას ემსახურება. მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნის გაერთიანების უნარის გარეშე ძნელია მრავალი პრობლემური სიტუაციის მოგვარება. საგანთაშორისი პროექტების შესასრულებლად მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ინტეგრირების ელემენტები, ამიტომ სასურველია, სასწავლო პროცესში ჩართული იყოს ინტეგრირებული გაკვეთილებიც. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსხვილი თემების განხილვის დროს პრიორიტეტულია შემდეგი საგნების ინტეგრაცია: ბიოლოგია-ქიმია; ბიოლოგია-ეკოლოგია; ბიოლოგია- ინფორმატიკა, ბიოლოგია-ფიზიკა.

მე-8 კლასში ანატომიის საკითხების გავლისას მოსწავლეები გადიან თემას „კუნთები (კუნთის მუშაობა, ფუნქციები, რეფლექსი)”, რომელიც საშუალებას გვაძლევს, „უცნაური” (ჩემი მოსწავლეების შეფასებით) გაკვეთილი ჩავატაროთ. ეს თემა კარგი მასალაა მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ბიოლოგიისა და სპორტის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩასატარებლად.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გაიფართოონ ცოდნა კუნთებისა და მათი ფუნქციების შესახებ

გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული

რესურსი: კუნთების მულაჟი, ტაბულა

გაკვეთილის მსვლელობა

1. საორგანიზაციო/შესავალი ნაწილი

2. წინარე ცოდნის შემოწმება (ბიოლოგიის მასწავლებელი)
გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეები პასუხობენ შემდეგ კითხვებს:
* დაასახელეთ კუნთოვანი ქსოვილის სამი ტიპი (გლუვი, განივზოლიანი, გულისა).
* რა თვისება ახასიათებს კუნთოვან ქსოვილს? (აღგზნება და შეკუმშვა)
* რა ფუნქციას ასრულებენ ჩონჩხის კუნთები?
3. მოსწავლეებს მივცეთ განმარტებები: მიოფიბრილები, დინამიკური მოძრაობა, სტატიკური მუშაობა, მომხრელი და გამშლელი კუნთები
4. ახალი მასალის შესწავლა: კუნთის ძირითადი ჯგუფები და მათი ფუნქცია
დაფაზე ჩამოწერილია კუნთების ძირითადი ჯგუფები; ბიოლოგიის მასწავლებელი ასახელებს და ტაბულაზე უჩვენებს ამ კუნთებს.
* თავის კუნთები: ა) საღეჭი; ბ) მიმიკური;
* კისრის კუნთები;
* ტანის კუნთები: ა) გულმკერდის კუნთები; მუცლის კუნთები; გ) ზურგის კუნთები;
* კიდურების კუნთები.
ამის შემდეგ ფიზკულტურის მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს, მოსწავლეები კი ასრულებენ ვარჯიშებს კუნთების გარკვეული ჯგუფებისათვის:
სავარჯიშო 1. საფეთქლის კუნთებისთვის. ხელი მიიდეთ საფეთქელზე და შეასრულეთ ღეჭვითი მოძრაობა. რა მოსდის ამ დროს კუნთებს?(კუნთი იკუმშება)
სავარჯიშო 2. ხელები მიიდეთ ლოყებზე და შეასრულეთ ღეჭვითი მოძრაობა. ამ დროს თქვენ აკვირდებით საღეჭი კუნთების მუშაობას.
სავარჯიშო 3. მიიღეთ გაბრაზებული მიმიკა (შუბლი შეჭმუხნეთ). რა შეამჩნიეთ? (მოძრაობს თავის კანი, იკუმშება ქალასზედა კუნთი)
სავარჯიშო 4. დახუჭეთ თვალები. რომელი კუნთები მუშაობენ? (თვალის მამოძრავებელი ირიბი კუნთები)
სავარჯიშო 5. წარმოიდგინეთ, რომ ხელისგულზე გიდევთ ფიფქი. შეუბერეთ სული, მერე კი გაიღიმეთ. რომელი კუნთები მუშაობენ? (ლოყის კუნთები)
სავარჯიშო 6. კისრის კუნთებისთვის. თავის ბრუნი მარჯვნივ, მარცხნივ. რა როლს ასრულებენ ეს კუნთები? (თავის ტრიალი და დახრა)
სავარჯიშო 7. მუცლის კუნთებისთვის. გადაიხარეთ წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ, აბრუნეთ ტანი წრიულად. რას უწყობს ხელს ეს მოძრაობები? (ზრდის ხერხემლის მოქნილობას)

სავარჯიშო 8. ზურგის კუნთებისთვის. 1. ხელები შემოირტყით წელზე (დოინჯი); 2. შეეცადეთ, ერთმანეთს მიუახლოოთ იდაყვები; 3. მარჯვენა ფეხი გასწიეთ უკან; 4. გადაიხარეთ უკან. ამ დროს მუშაობს ზურგის ყველა კუნთი (ტრაპეციული, უგანიერესი, რომბისებური).

ტარდება ასევე სავარჯიშოების ციკლი ზედა და ქვედა კიდურების კუნთებისათვის, რომლის დროსაც მოძრაობს გამშლელი და მომხრელი კუნთები.

ამ ფორმით ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს უადვილდებათ მასალის ათვისება. ამ გაკვეთილის მნიშვნელოვანი შედეგია ისიც, რომ მოსწავლეები აცნობიერებენ ანატომიის ცოდნის მნიშვნელობას სპორტსმენებისთვის, რათა სწორად გადაანაწილონ დატვირთვა და კუნთი არ დაიზიანონ.

სასმისები წარსულიდან

0
ავტორი: ლევან სებისკვერაძე
არქეოლოგიური გათხრების შედეგად დგინდება, რომ ჩვენი წინაპრები განსხვავებულ სასმისებს ჯერ კიდევ ლეგენდარული კოლხეთისა და იბერიის სამეფოების არსებობის პერიოდიდან იყენებდნენ. ვანის გათხრების დროს აღმოჩნდა მრავალი სხვადასხვა მოცულობისა და ფორმის სასმისი, რომელთა დანიშნულება რომ საღვინედ გამოყენებაა, ეს ქართველ არქეოლოგებსა და ისტორიკოსებში ეჭვს არ იწვევს.
მერაბ თურმენიძე, ისტორიკოსი: “საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ჩვენი უძველესი წინაპრები ღვინოს ნამდვილად აყენებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით დასავლეთ საქართველო უნდა გამოვარჩიოთ. იმერეთში, სამეგრელოსა, და აფხაზეთში, აღმოჩნდა ძირითადად თიხისაგან დამზადებული სხვადასხვა ზომის საღვინე სასმისი. ვანის ნოქალაქევში იპოვეს ულამაზესი ჩუქურთმებით დამშვენებული ფიალა, რომელიც ჩვენს ერამდე დაახლოებით ათასი წლით თარიღდება. ეს მოწმობს არა მხოლოდ იმას, ქართველებს ღვინო მუდამ რომ გვიყვარდა, არამედ იმასაც, რომ ჩვენში ღვინოს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდნენ და საღვინე სასმისს სწორედ ამიტომაც ამკობდნენ ლამაზი ორნამენტებით. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი კასპის რაიონში, მეოცე საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩენილია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭური, რაც კი აქამდე ვინმეს უნახავს. გაირკვა, რომ იმ ჭურში დაახლოებით 15 ტონა ღვინო ეტეოდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი: 1. უზარმაზარი ჭურის დამზადება შესაბამისი საჭიროებით იყო ნაკარნახევი და მის პატრონს (სავარაუდოდ ერთ-ერთ რიგით გლეხს) იმდენი მოსავალი მოჰყავდა, რომ 15-ტონიანი ჭურის გავსება შეეძლო. 2. ჭურის პატრონს ამ ღვინის გაყიდვის ან სხვა პროდუქტებზე გადაცვლის პერსპექტივა ჰქონდა და სწორედ ამ ღვინოზე ექნებოდა მთელი წლის საკმარი შემოსავლის შოვნის იმედი. 3. ჩემი ერთი ნათესავი იმის გამო, რომ ეშინია, არასწორად დაყენების გამო ღვინო მთლიანად არ გაუფუჭდეს, ღვინოს სხვადასხვა ჭურჭელში აყენებს, იმ იმედით, რომ ღვინის ნაწილი მაინც გადარჩება. ის კასპელი გლეხი კი თავის შესაძლებლობებში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ არ ეშინოდა 15 ტონის ერთად დაყენების. ეს ყველაფერი, საქართველოში ძველ დროში არსებული მეღვინეობის დიდ ტრადიციებზე მეტყველებს”.
მე-19-ე საუკუნეში თბილისში ცხოვრობდა ცნობილი მეღვინე – თეიმურაზ ქევხიშვილი. თეიმურაზი ნამდვილად არ იყო კლასიკური ჩარჩ-მიკიტანი და კახეთიდან თბილისში გასაყიდად ჩამოტანილ ღვინოს პირველ რიგში თავად იგემოვნებდა. მოიწვევდა ღვინის ყადრის მცოდნე რამდენიმე ნაცნობს. დასხდებოდნენ თეიმურაზის მარანში და თეიმურაზ ქევხიშვილის მიერ დამკვიდრებული სუფრის წესის თანახმად, სმას კამეჩის რქისაგან გაკეთებულ, სამლიტრიანი ყანწით იწყებდნენ. ასეთი წესი იყო: ვინც იმ ყანწს მოერეოდა, ის სუფრაზე ქეიფს აგრძელებდა, ვინც ვერა – სუფრიდან უნდა წასულიყო. მთელმა ქალაქმა იცოდა ქევხიშვილის ლეგენდარული ყანწის ამბავი და დღეს ღრმად მოხუცებული თბილისელი ბერიკაცებისაგან შესაძლებელია კიდეც მოისმინოთ ერთი, მეტად საინტერესო ისტორია, რომელიც ამ ყანწს უკავშირდება. კახეთიდან ახლად ჩამოტანილი ღვინის დაგემოვნების მიზნით ქევხიშვილის მიერ გაშლილ ერთ-ერთ სუფრაზე წარმოშობით ქართლელი სირაჯი, მეტსახელად კაკულა მიიწვიეს. ეს კაკულა ერთი, გამხდარი და ჩია კაცი ყოფილა, რომელიც ღვინის დალევის მოყვარული კი იყო, მაგრამ კამეჩის რქის ყანწი მისთვის ნამეტანი დიდი აღმოჩნდა. შუა სმაში წაიბორძიკა, ფეხი გაუცურდა და დაბლა დაცემული, ყანწის ბოლოს მკერდით წამოეგო. კაკულა კი გადარჩა, მაგრამ იმის მერე თურმე მთელი ქალაქი დასცინოდა და „დაყანწულს” ეძახდა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში კამეჩის რქისაგან ყანწებს იშვიათად ამზადებდნენ. პოპულარული უფრო ხარისა და ჯიხვის ყანწები იყო, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ორიგინალობის მიზნით სხვა ტიპის ყანწებიც გაუკეთებიათ.
როდესაც განსხვავებულ სასმისებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის ლეგენდარული ყანწი. ზუგდიდის მუზეუმში ბევრს უნახავს ეს უზარმაზარი სასმისი და ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ ამხელა ყანწს ადრე მართლა ვინმე სვამდა. დადიანის ყანწს აწერია: „ვინც დამლიოს იმისი ვარ”. როგორც ჩანს, ეს ყანწი თავად დადიანის გარდა, ან მართლა ვერავინ დალია, ანდა ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი მოთხრობის სიუჟეტისა არ იყოს, არავინ კადრულობდა ამ მართლაც ლეგენდარული სასმისის სახლში წაღებას.
ბევრისათვის ხშირად გაუგებარია, მაინცდამაინც განსხვავებული სასმისით რატომ უნდა დაილიოს ესა თუ ის სადღეგრძელო და ამ ყველაფერში ერთგვარი „სუფრული კეკლუცობის” მომენტებსაც ხედავენ. ეთნოგრაფ ელგუჯა იოსელიანის აზრით, განსხვავებული სასმისით სადღეგრძელოს დალევა ადრე მხოლოდ თანამესუფრეებისათვის თავის მოწონება და დასალოცი ობიექტისადმი „კოჭის გორება” არ იყო.
ელგუჯა იოსელიანი, ეთნოგრაფი: “ბოლო დროს ერთი ძალიან კარგი ძველი ადათი აღდგა და ამას პირადად მე მივესალმები. თუკი დაახლოებით 10-20 წლის წინ სასმისის განსხვავებულობა მისი სიდიდით გაიზომებოდა, ახლა, როგორც იქნა, გავიგეთ, რომ სასმისის განსხვავებულობა პირველ რიგში მის ორიგინალურ ფორმებში უნდა წარმოვიდგინოთ. სწორედ ასე იყო ადრე, ძველ საქართველოში და მიხარია, რომ ამ ძველ ადათს ვუბრუნდებით. ჭინჭილა სხვა არაფერი იყო, თუ არა განსხვავებული სასმისი, რომლითაც ყველაზე ლამაზ და ყველაზე კარგ სადღეგრძელოებს ამბობდნენ. ლოცავდნენ ბავშვებს, მოხუცებს, მეუღლეებს, ნათესავებს.. და იმით არავინ რჩებოდა ნაწყენი, რომ ჭინჭილაში ცოტა ღვინო ჩადიოდა. გურიაში არსებობდა ჭინჭილას მსგავსი სასმისი, რომელსაც „საფეხეს” ეძახდნენ. სწორედ იმ სასმისით სვამდნენ დღეს გარგად ცნობილ ახლადშემოსწრებული არამსმელი სტუმირისადმი მიძღვნილ სადღეგრძელოებს: “ორი ფეხით ხარ შემოსული და ორი ჭიქა მაინც დალიე”, ან “ღმერთი სამობითაა და სამება უნდა დალოცოო”… დიდი, უზარმაზარი სასმისები, უფრო თავადებს უყვარდათ და ეს არცაა გასაკვირი. თავადების სუფრა ხომ სმაში ერთმანეთის შეჯიბრი იყო. გლეხები კი დროს სულ სხვაგვარად ატარებდნენ. გლეხებისათვის სუფრა მხოლოდ უზომოდ სმა არ იყო. გლეხები სუფრასთან მღეროდნენ, შაირობდნენ, კაფიაობდნენ, ცეკვავდნენ. ხალხური სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ სწორედ გლეხების შექმნილია. აბა რომელი ჭკუათმყოფელი თავადი ან ბატონი იმღერებდა: “ჩავუხტეთ მუხრანბატონსა”, “ცხრა მათრახი გადამარტყეს” ან “არ გეიშვას ჩვენი პრაპორშჩიკიო”. საერთოდ, სუფრაზე ბევრი რამ თამადაზეა დამოკიდებული. თუკი თამადა დათრობის და არა ქეიფის მოყვარული კაცია, მაშინ იგი თანამესუფრეებს განსხვავებულ სასმისებს ძალიან ხშირად ასმევს და ამ განსხვავებულებით ქეიფს თავისი ხიბლი ეკარგება. ადრე თამადა სუფრაზე ერთ, მაქსიმუმ ორ განსხვავებულ სასმისს სვამდა, რათა ხაზი გასმოდა ამ სადღეგრძელოების აუცილებლობასა და მნიშვნელობას”.
საქართველოს საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს, ქართული სუფრა ღრეობის, ჩხუბებისა და უაზრო ლაყბობის ასპარეზად იქცა. რესტორნებსა და ოჯახებში გაშლილ სუფრებზე, ხშირად პირველად პოლიტბიუროს, შემდეგ კომუნისტურ პარტიას და წითელ არმიას ლოცავდნენ. ეს სადღეგრძელოები ყანწით ისმებოდა და ასმაგად სამწუხაროა, რომ ხშირად კომუნისტური პარტიის დამლოცავის ხელში დაჭერილი უძველესი ყანწი, თავის დროზე იმ ადამიანებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გალიეს. თბილისელი დიმიტრი ჩაჩუა იხსენებს საინტერესო ისტორიას. იგი თავად შეესწრო ერთ მართლაც სამარცხვინო ფაქტს, როდესაც ცეკას ფუნქციონირები დავით სარაჯიშვილის ნაქონი ყანწით ლენინისა „დიადი საბჭოეთის” სადღეგრძელოს სვამდნენ.
დიმიტრი ჩაჩუა, 71 წლის: “1962 წელს, სრულიად შემთხვევით მოვხვდი სუფრაზე, სადაც სულ ცეკასი და მაშინდელი მთავრობის წევრები ისხდნენ. სუფრა იმდროინდელ თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში, რესტორან “ხევში” იყო გაშლილი. პირველად პოლიტბიურო დალოცეს. მე მეგონა ხუმრობდნენ, მაგრამ რომ გავიღიმე, ისეთი შემომიბღვირეს, სადღეგრძელოც კი არ მითქვამს, ისე დავლიე. მერე პარტია დალოცეს. მესამე სადღეგრძელოსთვის თამადა რომ ადგა, ყანწი მოითხოვა. ამ დროს ერთი მელოტი კაცი წამოდგა და თამადას ეუბნება: „ცოტა ხანს მოითმინე და ძალიან მაგარ ყანწს მოვიტანო. მართლაც, ის მელოტი კაცი გავიდა და დაახლოებით ნახევარ საათში, ერთი ძალიან ლამაზი, თეთრი ყანწით დაბრუნდა. გვითხრა: ეს დავით სარაჯიშვილის ნაქონი ყანწია და ლენინის სადღეგრძელო ამით უნდა დავლიოთო”. მამაჩემისაგან ვიცოდი ვინც იყო სარაჯიშვილი და ისიც ვიცოდი, რუსებზე მზე და მთვარე რომ არ ამოსდიოდა. ავდექი და თამადას სიცილით ვუთხარი: ამ ყანწით ლენინის სადღეგრძელოს რომ ვსვამთ, ვინ იცის სარაჯიშვილი საფლავში რამდენჯერ გადატრიალდა-მეთქი… კიდევ კარგი არ მცემეს, თორემ ისე არც უმაგისობა იყო. ერთი იმასაც ამბობდა: სწორედ სარაჯიშვილისთანა კაპიტალისტების ყანწით უნდა დავლიოთ ლენინის სადღეგრძელო, რადგან ლენინს ზუსტად ის გაუხარდებოდა, მათთვის წართმეულ ქონებას უბრალო ხალხი რომ ვიყენებთო… ისინი თუ უბრალო ხალხი იყვნენ, მე რაღა უნდა მეთქვა? იმათ სულ უცხოური კოსტუმები ეცვათ, მე კიდევ ბიძაშვილისაგან ნათხოვარი შარვალი”.

კითხვის საათი სკოლაში: მოშინაურების საიდუმლო

0

წიგნიერების ხელშეწყობის მიზნით, სკოლებში კითხვის საათის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპიუტერის, ტაბლეტისა თუ სმარტფონის ეკრანს მიჯაჭვული ახალი თაობისთვის ორ ყდას შორის მოქცეული თავგადასავლების მოკრძალებული ხიბლი დღითიდღე უფერულდება. მე კი ჩემს პატარა „სამზარეულოში” ხანდახან მაინც ვახერხებ გასული საუკუნის შემოტყუებას.

პატარების მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ხრიკის მოფიქრება შეიძლება, მაგალითად: სასურველი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის მოკლე მიმოხილვის ჩვენება, როლური თამაში, თოჯინების თეატრის შექმნა და წიგნის პერსონაჟების გაცოცხლება…

ამას წინათ ინტერნეტსივრცეში ახალი ანიმაციური ფილმი გამოჩნდა.https://naxe.org/load/animaciuri/patara_uplistsuli_kartulad_the_little_prince_multfilmi_patara_ufliswuli_qartulad/3-1-0-4832 მეც შესაძლებლობა მომეცა დავბრუნებულიყავი ჩემთვის ყველაზე ამოუწურავი უასაკო წიგნის სამყაროში და კიდევ ერთხელ მემოგზაურა „ყველაზე მშვენიერ და სევდიან პეიზაჟში”, ოღონდ ამჯერად პატარა თანამგზავრებთან ერთად.

ბავშვებს ჯერ ანტუანზე ვუყვები – ორი საუკუნის გზაგასაყარზე (1900 წ.) დაბადებულ პატარა უფლისწულზე, რომელიც დაქვრივებულმა დედამ ექვს შვილთან ერთად რის ვაივაგლახით გაზარდა.

ახალგაზრდა ეკზიუპერის ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპი მაშინ დადგა, როცა ანტუანი ჯარში გაიწვიეს (1921 წელი) და პილოტთა კურსზე გაანაწილეს. ერთი წლის შემდეგ მომავალმა მწერალმა მფრინავის მოწმობა, მოგვიანებით კი – კომპანიაში „აეროპოსტალი” პილოტის ადგილიც მიიღო (მას საფოსტო გზავნილები გადაჰქონდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაპირზე). ანტუანი პარიზში დასახლდა. დედაქალაქში დაიწყო მისი, როგორც მწერლის კარიერაც. 30-იან წლებში „აეროპოსტალის” ბუენოს აირესის განყოფილების უფროსი ჟურნალისტისა და კორესპონდენტის საქმიანობასაც ითავსებდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას მწერალი უკვე აღარ მსახურობდა ავიაციაში. საჰაერო ბრძოლებში მიღებულმა ჭრილობებმა მას სამხედრო სამსახურში დარჩენის უფლება წაართვა. მაგრამ ანტუანმა მაინც მოახერხა თავის საყვარელ თვითმფრინავთან დაბრუნება. მართალია, ტრავმების გამო უჭირდა დამოუკიდებლად ჩაცმა და გადაადგილება, მაგრამ მანქანის მართვა და ტყვიამფრქვევიდან სროლა ბევრ სამხედრო მფრინავზე უკეთ გამოსდიოდა. ეკზიუპერი იბრძოდა მტრის მიერ საფრანგეთის დაპყრობამდე, შემდეგ კი ამერიკაში გაემგზავრა. მისი შემოქმედების მწვერვალად აღიარებული წიგნი – „პატარა უფლისწული” სწორედ ნიუ-იორკში დაიწერა (1943 წელი). ანტუანმა დიდხანს ვერ გაძლო სამშობლოს გარეშე და საფრანგეთის ავიაციაში დაბრუნება მოახერხა. ერთ-ერთი სადაზვერვო მისიის შესრულების დროს სამხედრო მფრინავი საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა.
მრავალი წლის შემდეგ (1998) მარსელთან ახლოს ერთი მეთევზე ზღვაში სამაჯურს აღმოაჩენს, რომელზეც ანტუანის და მისი მეუღლის სახელს ამოიკითხავს. მალე აქ თვითმფრინავის ნარჩენებსაც იპოვიან. მისი ჩამოვარდნის მიზეზი დღემდე უცნობია.

„პატარა უფლისწული” წარსულისა და აწმყოს გასაყარზე მდებარე ბავშვური გულუბრყვილობისა და უსაზღვრო ფანტაზიის პლანეტიდან გახლავთ. სამშობლოდან გადახვეწილ მწერალს სასოწარკვეთის უდაბნოში ერთმანეთისთვის შეუხვედრებია ბავშვობის მთავარი მოგონება – „ცოტათი დაბერებული” საკუთარი თავი და ყველაფრის შეცვლის იმედი.

პატარა ანტუანი წუხს, რომ დიდებს ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა. იქნებ სჯობდეს, არასდროს გაიზარდო და პატარა უფლისწულად დარჩე. თან, თუ მხოლოდ შენ შეგიძლია ქუდის სილუეტში მახრჩობელა გველის მუცელში გამომწყვდეული სპილოს დანახვა, მეგობრის პოვნაც გიძნელდება. ერთხელაც მოგბეზრდება საკუთარ თავთან გულითადი საუბრის გამართვა და ფანტაზიის სამეფოც მზადაა გადარჩენის გაკვეთილების ჩასატარებლად.

დიდების გასაგონად ვიტყვი, რომ პატარა უფლისწული „ასტეროიდი ბ–612–ის” ბინადარი გახლავთ. თუმცა ახლა ხომ დიდებისთვის არ ვირჯები, ბავშვებს კი პატარა უფლისწულის არსებობაში დასარწმუნებლად მისი ახალი მეგობრის მიერ დახატულ ყუთში ჩაძინებული ბატკნის დანახვაც ჰყოფნით.

„სანამ ბაობაბი დიდი ხე გახდებოდეს, იგი ჯერ სულ პატარაა”; ადამიანიც, სანამ დიდი გაიზრდებოდეს, პატარაა. სიცოცხლე ცხოვრების ყველაზე საინტერესო საფეხურიდან იწყება და ყველა ამ საფეხურზე რაც შეიძლება დიდხანს გაჩერებას ნატრობს. პატარა უფლისწულს გაზრდა არ ემუქრება, ყოველ შემთხვევაში, იგი ამ იმედით აგრძელებს მოგზაურობას ერთი მკითხველის წარმოსახვიდან მეორისაში.

წიგნის მოკლე მიმოხილვის შემდეგ, პატარა მსმენელებს მელიისა და უფლისწულის შეხვედრის ამბავს ვუკითხავ. ,,პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ”, ამიტომაც შემოვლითი გზებით შევეცდები გამოუცდელი აუდიტორიის გულამდე ყველაზე მთავარი სათქმელის მიტანას. ჯერ მელიის ტყავში შევძვრებით, მერე – უფლისწულისაში, მეგობრებსაც ვიპოვით და ,,მოვიშინაურებთ”… მერე რა, რომ ეს სიტყვა დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.

სანამ ბავშვებს წიგნის ილუსტრაციებს და მის ეკრანიზაციას ვაჩვენებდე, ჯერ ვთხოვ, თავად წარმოიდგინონ და დახატონ ახლადდამეგობრებული პერსონაჟები. საინტერესოა, როგორ გამოიყურება ოცდამეერთე საუკუნის თვალით დანახული ასი ათასი სხვა მელიისგან გამორჩეული – ერთადერთი, მოშინაურებული მეგობარი და ყანის შრიალივით იდუმალი ოქროსფერთმიანი მოგზაური.

დრო გადის, მარტოობის ასტეროიდზე კი უფრო და უფრო მეტი ადამიანი სახლდება, რადგან „საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია” და აღარავის შესწევს ძალა, გული იმ ერთადერთის შესახვედრად მოამზადოს, ვის გამოჩენასაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა.
საინტერესოა, რატომ – უფლისწული?! მგონი პასუხი აქაც პიროვნულ თავისუფლებაში უნდა ვეძებოთ. ანტუანის კოსმიური მეგობარი თავისივე თავის „უფალია” – სახლზე ოდნავ დიდი პლანეტის, ორი მოქმედი ვულკანის, ორმოცდასამჯერ მზის ჩასვლის სამყოფი სევდის, ოთხი ეკლის ამარა დარჩენილი მედიდური მეგობრისა და ნახვრეტებიან ყუთში ნაგულისხმევი ბატკნის პატრონი, რომელიც სახლიდან ასე შორსაც კი გადარჩენის გაკვეთილებს უტარებს ახლადმოშინაურებულ სამყაროებს.

ლიტერატურული ტექსტების სწავლება- პროზასა და პოეზიაზე…

0

ლიტერატურული ტექსტების შესწავლის პროცესში საკმაოდ ხშირად შეინიშნება სირთულე, როდესაც კონვენციურ ლექსებთან ერთად კლასს ურითმო ლექსებსაც ვაცნობთ.

 

მოსწავლეებს უჭირთ იმის გააზრება, რომ ურითმო ან მეტრულად მოუწესრიგებელი ტექსტი პოეტურია, ის ლირიკულ ჟანრებს განეკუთვნება და არ ითვლება ეპიკურად. ბლოგში მინდა გაგიზიროთ საკუთარი გამოცდილება – როგორ შეიძლება თავისუფალი და თეთრი ლექსის (ვერლიბრი და ვერბლანი) მიწოდება და დამუშავება ისე, რომ მოსწავლებმა იგრძნონ ამ სალექსო ფორმების თავისებურებები, თავად გასცენ პასუხი კითხვას – ვერლიბრი და ვერბლანი ლექსია თუ პროზა? რატომ მიიჩნევა კონვენციური ლექსისგან ფორმის თვალსაზრისით ასე განსხვავებული ტექსტი პოეტურად?

ამ სამუშაოს ჩასატარებლად, სასურველია, ერთი ან ორი საგაკვეთილო საათი მთლიანად დავუთმოთ მასალას. ბლოგში სანიმუშოდ შემოთავაზებული ტექსტები საილუსტრაციო ხასიათისაა, კონკრეტული კლასისთვის შესაფერისი ტექსტების შერჩევის დროს მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს პროგრამული ტექსტებიდან ამონარიდები, ასევე, საკუთარი სურვილისა და გემოვნებისამაებრ მიაწოდოს მოსწავლეებს თანამედროვე ქართველი და უცხოელი პოეტების ლექსები.

მომზადება: წინასწარ მოვიძიებთ პროზაულ და პოეტურ ნიმუშებს. გვჭირდება რამდენიმე პროზაული, ნარატიული ტექსტი და რამდენიმე არაკონვენციური ლექსი ( ვერლიბრი ან ვერბლანი). სამუშაო ფურცელზე განთავსებულ არაკონვენციურ ლექსებს მიზანმიმართულად „დავუკარგავთ” სალექსო ფორმას ( სალექსო სტრიქონების შეერთებით, ანუ ლექსს პროზაული ტექსტის სახეს ვაძლევთ) და ვურიგებთ მოსწავლეებს.

მითითება ასეთია – წაიკითხეთ და ამოიცანით, რომელია აქედან პროზაული ტექსტი და რომელი – პოეტური. კომენტარები ჩაინიშნეთ სამუშაო რვეულში; დააზუსტეთ, რატომ მიგაჩნიათ ეს ნაწყვეტი პროზაულ ან პოეტურ ნიმუშად.

მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ მოსწავლეებს, შესაძლოა, საერთოდაც გაუჭირდეთ პოეტური ტექსტების გამორჩევა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ტექსტები კლასის შესაძლებლობების გათვალისწინებით შეირჩეს.

დრო – 10-15 წუთი;

სამუშაო ფურცლის ნიმუში:

1.

– ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ. ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,

როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ. ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ, განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ. ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს, ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ…

2.

შემოდგომამშვიდობისა. მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა. შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ. ჩემო მუდამ ცვალებადო, ჩემო მოუხელთებელო, ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ, მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან, მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ, მე შემიძლია გარეთ თბილოდეს, მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა, გული კი გრძნობდეს: მათგან ერთ-ერთი ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე ჩემი შეყვარებულია, მესამე კი ჩემი შეყვარებულია. შემიძლია არ შემეძლოს სხვაგვარად წერა, მე შემიძლია, შემოდგომამშვიდობისა, არ შემეძლოს სხვაგვარად წერა..

3.

დავიბადე ამ ჭაობში ჰოსპიტალებში, რომლებიც ისეთი ძვირია, უფრო იაფში გამოხვალ რომ ჩაძაღლდე. ვექილებში, რომლებიც იმდენ რამეში გდებენ ბრალს, უკეთესია დანაშაული აღიარო ქალაქში, სადაც ციხეები გატიკნულია და საგიჟეთები დაცარიელებული ადგილას, სადაც მასები სულელებს აქცევენ გასუქებულ გმირებად. დავიბადე აქ!

4.

აი, ასეთია ჩემი ცხოვრება,არც ხელს მკიდებს,არც მიცდის,არც კი მაკვირდება,ცალკე დადის მოპირდაპირე ტროტუარზედა ნერვიული ნაბიჯებით,უკან მოუხედავად,გზაზე მუდამ შუქნიშნის წითელ შუქზე გადადის…

5.

შენ რომ დაიბადე, ღრუბლიანი დღე იყო, რესა. ცხელოდა და სუნთქვა ჭირდა, ნიავის ჭაჭანებაც არ იყო, სიო რომ სიოა, ისიც კი არ ქროდა. შენ ჩვრებში გახვეული იწექი, სახე გაგლურჯებოდა და კაცმა არ იცოდა, გადარჩებოდი თუ არა, ტირილის თავიც აღარ გქონდა. წყაროს წყალს გასმევდნენ ქალები, წლისა რო შესრულდი, ძლივს გამოიხედე. შენი ტოლები რომ თამაშობდნენ, ჩრდილში დაგსვამდა ხოლმე დედაშენი და მთელი დღე ასე იჯექი და პურს ლოღნიდი, რადგან წამოდგომაც არ შეგეძლო – ფეხებში ძალა არა გქონდა, რესა.

6.

ეს ამბავი სიცოცხლეშივე მემახსოვრება,რადგან ყველაფერი ძალზე უბრალოდ მოხდა.ირენე თავის ოთახში ქსოვდა, საათმა რვა დარეკა, მე მატეს დალევა მომინდა. დერეფანი გავიარე, გამოღებულ კარამდე მივედი და სამზარეულოსკენ რომ შევტრიალდი, ბიბლიოთეკიდან თუ სასადილოდან ხმაური მომესმა, ყრუ გაურკვეველი ხმაური,თითქოს ვიღაცეები საუბრობდნენ,თუ სავარძელი ეცემოდა ხალიჩაზე.იმავე წამს ან შეიძლება ცოტა მოგვიანებით ხმაური დერეფნის მეორე მხრიდან გავიგონე. მაშინვე კარს ვეცი და დავკეტე. კიდევ კარგი, გასაღები ჩვენკენ იყო, გულის დასააარხეინებლად ურდულიც გავუყარე.

მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ საკუთარი დასკვნების და დაკვირვებების გაზიარებას.

მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს მოსწავლეების მიერ აღმოჩენილ მახასიათებლებს. სასურველია, დაფა ორ ნაწილად დაიყოს და ეს მახასიათებლები ცალ-ცალკე დაჯგუფდეს. სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოიკვეთება, რომ ტექსტებში, რომლებიც მოსწავლეებმა პროზაულად მიიჩნიეს ( N5 და N 6) აღწერა მეტად ობიექტურია, ყურადღება გამახვილებულია გადმოსაცემ ამბავზე ( რა არის გადმოცემული), რიტმი ან მისი მოლოდინი არ იკვეთება…პოეტურ ტექსტებში კი ( N 1, N 2, N 3, N 4) ყურადღების ცენტრში „მოსაუბრის” განცდები ან შთაბეჭდილებებია, ავტორი კონცეტრირებულია ამ შთაბეჭდილებების მხატვრული სახეებით გადმოცემაზე, აღწერა სუბიექტურია, არ იკვეთება პერსონაჟების სახელები, ლექსიკა ექსპრესიულია…

ამის შემდეგ, სასურველია, მოსწავლეებს ჩვენ მიერ ფორმადაკარგული ლექსების ორიგინალები გავაცნოთ. ამ შემთხვევაში ისევ უნდა მივმართოთ კლასს კითხვით – ფურცელზე ამგვარი ფორმით წარმოდგენილი ტექსტი პირველივე დანახვისთანავე მიახვედრებს თუ არა მკითხველს, რომ ტექსტი პოეტურია?

ჩატარებული სამუშაოს შემდეგ მოსწავლეები თავად ჩაინიშნავენ რვეულებში მათ მიერვე შემუშავებულ თეორიას.

მათ ეცოდინებათ, რომ ლექსი, შესაძლოა, არ გამოიყურებოდეს ისე, როგორც „ჩვეულებრივი” ანუ კონვენციური ლექსი გამოიყურება ( სტროფი, სალექსო სტრიქონი, თანაბარზომიერი ან არათანაბარზომიერი მარცვლებისგან შედგენილი სტრიქონების მონაცვლეობა…), თუმცა მაინც ინარჩუნებდეს სალექსო სტრიქონის ფორმას;

ლექსში, შესაძლოა, არ იყოს რითმა, მაგრამ ის მაინც ლექსად ითვლება და თვისებრივად, როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით, განსხვავდება პროზაული ტექსტისგან. მეტიც, ზოგიერთი ლექსი (მაგალითად,ვერლიბრი) მეტრულადაც კი მოუწესრიგებელია, ანუ რიტმი არ არის დაცული, თუმცა, მიუხედავად ამისა ის მაინც ლირიკულია.

პროზაულ, ნარატიულ ტექსტებში კი აუცილებლად ამბავი უნდა იყოს გადმოცემული. ჟანრის თავისებურებების მიხედვით, ეს ამბავი ან ვრცლად და დეტალურადაა მიმოხილული ( დიდი ეპიკური ჟანრები) ან მოკლედ (მცირე ეპიკური ჟანრები), თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თხრობითი და აღწერითი ტიპის ტექსტებია, განსხვავებით ლირიკისგან, სადაც ლირიკული გმირის ემოციურ მდგომარეობას, სუბიექტურ განცდებს, შთაბეჭდილებებს, მის „შინაგან სამყაროს” ან „შინაგან ბიოგრაფიას” ვეცნობით.

გაკვეთილი კი ერთი თვალსაჩინო და ხუმრობანარევი შედარებით შეგიძლიათ დაასრულოთ: განსხვავება პროზასა და პოეზიას შორის ძალიან ჰგავს სხვაობას ალგებრასა და არითმეტიკას შორის.

პოეტი თავის ლექსებში „გვიმტკიცებს”, რომ X + Y = Z

პროზაიკოსი კი გვეუბნება: 5+7=12

პროზაიკოსს უმრავი რამ აქვს „მოსასწრები” და გადმოსაცემი. მან უნდა მოგვითხროს, მარტივ მამრავლებად დაგვიშალოს, დაგვიმტკიცოს რამე ან უარყოს. მოწოდებით ის პოპულარიზატორია.

პოეტი კი „ფორმულებით” (მეტაფორებით) გვესაუბრება და დაშიფრული შეტყობინებების ამოხსნას „გვაიძულებს”…

ლიტერატურის თეორიის საკითხების შესწავლისას სირთულე იკვეთება, ასევე, ვერლიბრისა და ვერბლანის შესწავლის პროცესშიც. მომდევნო ბლოგში სწორედ თეთრი და თავისუფალი ლექსის განსხვავებაზე და თითოეულისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე გავამახვილებთ ყურადღებას.


ბლოგში გამოყენებული ტექსტები:


ზვიად რატიანის „ნეგატივი. 20 წლის შემდეგ” , „ადამიანი ფანჯარასთან” ( N 1 , N 2 )


ჩარლზ ბუკოვსკი „დინოზავრეთი , ჩვენ” ( N 3)


თეა თოფურიას ლექსი ( N 4)


გურამ დოჩანაშვილი ნაწყვეტი რომანიდან „სამოსელი პირველი” ( N 5 )


ხულიო კორტასარი „მიტაცებული სახლი” ( N 6 )

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...