პარასკევი, აგვისტო 15, 2025
15 აგვისტო, პარასკევი, 2025

კარგი დასასრულის განცდა

0
მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენი ჟურნალის ავტორები დიდი გულმოდგინებით არჩევდნენ არდადეგებზე საკითხავ მხატვრულ ლიტერატურას ყველა ასაკის მოსწავლეებისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სკოლებში არიან მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც, რომლებიც ამ შესანიშნავ რჩევებს გაითვალისწინებდნენ. ასევე დარწმუნებული ვარ, არც ქართული გამომცემლობების დაუღალავი მცდელობა – უფრო აქტიურად თარგმნონ და ბეჭდონ მოზარდებისათვის განკუთვნილი ლიტერატურა – ჩაივლის უშედეგოდ და ბოლო მოეღება პარადოქსს, რომლის თანახმადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გამოცემული წიგნების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა და ამავდროულად, ჩვენი მოზარდების წიგნიერების დონე ძალიან ჩამორჩება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისას.

 

ზაფხული იქით იყოს (არის კიდეც) და მე რომ მკითხოთ, ახლა სწორედ საუკეთესო დროა წავიკითხოთ ის ბოლო წიგნი, რომლისთვისაც არდადეგებზე ვერ მოვიცალეთ; განსაკუთრებით კარგი დ როა მეთორმეტეკლასელებისათვის, რომლებიც ოქტომბრიდან მოყოლებული, ალბათ, მთელი სასწავლო წელი ვეღარ მოიგდებენ დროს იმისთვის, რომ კლასგარეშე თუ არასაპროგრამო ლიტერატურით ისიამოვნონ.


თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა მისაღებ გამოცდებზე არ დაგვეხმარება. აბიტურიენტებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებას სელინჯერის, ბერჯესის, აკუტაგავას ნაწარმოებებთან გავლებული პარალელებით ასაბუთებენ, რასაკვირველია, სულ სხვა ფასი აქვთ გამსწორებელთა თვალში. წელს ერთ ნამუშევარში ფილიპ როთის ,,პორტნოის სინდრომიც” კი იყო მოხდენილად მოშველიებული. არც იმ წიგნის მოხსენიება დატოვებს გულგრილს თქვენი ნაშრომების შემფასებლებს, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ…


თუმცა წიგნების კითხვა ანგარებით დაახლოებით იგივეა, რაც ანგარებით ქორწინება, ამიტომ მოდი, თავი დავანებოთ დამატებითი მოტივაციის ძებნას, მით უმეტეს, რომ კარგ წიგნს ეს არ სჭირდება.


მაშ ასე, ჯულიან ბარნსი – ,,დასასრულის განცდა”. გამოცემული 2011 წელს, იმავე წელს ბუკერის პრემიით აღნიშნული. ამ წიგნის კითხვისას გრჩება შეგრძნება, რომ თანამედროვე სამყაროს მაჯისცემაზე გვიდევს ხელი. თუმცა თავად ავტორს ნაკლებად ესმის თანამედროვე სამყაროსი… ისე, ვერც თავის სიყმაწვილის დროინდელ ამბებში გარკვეულა მთლად ბოლომდე.


მოქმედების ადგილი – ლონდონის ერთ-ერთი სკოლა, სამოციანი წლების ოქროს პერიოდი, როცა ჯერ კიდევ არსებობს მხოლოდ ბიჭებისგან შემდგარი კლასები, მაღალი წრიდან გამოსული, ინტელექტუალური და ქედმაღალი ბიჭებისაგან. აი, ისეთებისგან, ფილოსოფიურ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს პრინციპულად რომ არ ეთანხმებიან და ორაზროვანი ნართაულებით კენწლავენ. ჩაკეტილი წრეები, რომლებშიც შეღწევა მხოლოდ განსაკუთრებულებს, დავაზუსტებ, განსაკუთრებული ჭკუა-გონების პატრონებს შეუძლიათ. მათ წინაშე მალე ინგლისისა, და მაშასადამე, მსოფლიოს, საუკეთესო უნივერსიტეტების: კემბრიჯის, ოქსფორდის, ბრისტოლის და ა.შ. კარი გაიღება. მერე საუკეთესო კარიერა ელით – გახამებული პერანგების, გოლფის მოედნების, საშობაო ინდაურთან შემოკრებილი ლამაზი ცოლ-შვილის ტრივიალური რომანტიკა.


მაგრამ მომავალი არასოდესაა ისეთი, როგორიც სკოლაში წარმოგიდგენია. ისევე, როგორც შობა-ახალი წელი არასოდეს ჰგავს მისალოც ბარათებზე დახატულ ფუმფულათოვლიან იდილიას. მთხრობელი, ტონი უებსტერი, გაიზარდა, პენსიაში გავიდა, ოჯახი დაენგრა, შვილი გაუუცხოვდა – მოკლედ, ყველაფერი საუკეთესო უკან მოიტოვა და ახლა დროა ახალგაზრდობის დროინდელი სიბრიყვეების გამოც მოიცვას სინანულმა.


მე რომ მკითხოთ, სიყმაწვილის ყველაზე რთულად გადასალახი პერიოდი ისაა, როცა შენს ცხოვრებაში პირველად ჩნდება უცხო ადამიანი, რომელსაც შენზე უზარმაზარი ზეგავლენა აქვს. თუ ის შენსავით ბიჭია, უმეგობრდები და ისე ეჯიბრები; თუ თავნება და რკინისებური ხასიათის გოგოა, რაღა დაგრჩენია, მასთან სასიყვარულო თამაშებს იწყებ, მერე ნიშნისმოგებით მიატოვებ, მაგრამ ეს ამბავი ორმოცი წელი გიღრღნის გულს და ვერაფრით ივიწყებ წაგებულ ომს.


ისევ მე რომ მკითხოთ (სხვა რაღა დაგრჩენიათ), უფროსკლასელისათვის, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გადაეშვება თავგადასავლებით სავსე მომავალში, ყველაზე გულდასაწყვეტი ის იქნებოდა, თუ მავანი მკითხავი უწინასწარმეტყველებდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები შენს ცხოვრებაში სწორედ ახლა ხდებაო: ვეღარასოდეს იქნები ასე ახლო მეგობრებთან, ვეღარასოდეს შეიყვარებ ასე ძლიერად ქალს, ვეღარასოდეს შეხედავ ასე თამამად ცხოვრებასო.


ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ უფროსკლასელებმა უნდა იცოდნენ, შეიძლება მათ ცხოვრებაში სწორედ ახლა ხდებოდეს ყველაზე მთავარი და საინტერესო მოვლენები – ეს წიგნი ამაზეცაა.


დამაინტრიგებელი სიუჟეტი (ამის გარეშე დღეს რომანის დაწერას ხომ აზრი აღარ აქვს), კარგად შეკრული კომპოზიცია, დინამიკური და ამავე დროს, დამაფიქრებელი თხრობა, მთარგმნელ ზაზა ჭილაძის დიდოსტატობა სრული ხუთვარსკვლავიანი მომსახურება ახალგაზრდა მკითხველის ხელთაა.


ერთ დღეს ერთმა შემთხვევითმა ერთდღიანმა მეგობარმა, რომელთა მსგავსთაც ხშირად გადავეყრებით ხოლმე დამამთავრებელ კლასებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წამიყვანა ლიტერატურული წრის მეცადინეობაზე დასასწრებად. მასწავლებელმა თხზულების დაწერა გვთხოვა და მიგვითითა, რომ დასკვნით ნაწილს განსაკუთრებული ყურადღებით მოვკიდებოდით, რადგან, როგორც მაიაკოვსკიმ თქვა, ნაწარმოებში მთავარი ზუსტად შერჩეული დასასრულია. ამიტომ ჯერ დასასრული უნდა მოიფიქრო და მერე _ ყველაფერი დანარჩენი.


მეც ჩემი სტატიის დასაბოლოებლად ბევრი ვიფიქრე და ასეთი სიტყვათა თამაში მოვიფიქრე, „დასასრულის განცდა” ღირებული ლიტერატურისათვის დამახასიათებელ უმთავრეს შეგრძნებას აჩუქებს მკითხველს – კარგი დასასრულის განცდას.



მხატვრული ლიტერატურის გამოყენების ზოგიერთი ასპექტი ისტორიის გაკვეთილზე

0
თანამედროვე განათლებული ადამიანი თავისი ქვეყნის და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფართო ცოდნით გამოირჩევა. ასეთი ცოდნა ძირითადად თავმოყრილია უძველეს ხელნაწერებსა და ისტორიულ ქრონიკებში, რომლებიც მოგვითხრობენ მნიშვნელოვან მოვლენებზე, პიროვნებებზე, მეფეებზე, მხედართმთავრებზე, დიპლომატებზე და სხვა ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე, ღრმა კვალი რომ დატოვეს ჩვენს ცნობიერებაზე. და თუმცა დროთა განმავლობაში ისტორიული მოვლენების მიმართ დამოკიდებულება იცვლება და ისტორიული მოვლენებიც სხვა მასშტაბებს იძენენ, უცვლელი რჩება ისტორიული ნაწარმოებების, როგორც წარსულის რეკონსტრუქციისა და მომავლის კონსტრუქციის შესწავლის მნიშვნელობა. ამიტომ, რაც მეტად გავუღვივებთ მოსწავლეებს სკოლაში ისტორიის საგნის მიმართ ინტერესს, მით მეტად საზოგადოებრივად მომზადებულ ახალგაზრდას შევძენთ საზოგადოებას.

ამ ამოცანების გადაწყვეტა აუცილებლად მოითხოვს დამხარე ნარატიული მასალის მოშველიებას. ისტორიული მატიანეების ავტორებიც კი, რომლებიც აღიარებდნენ თვითმხილველის ფასს ისტორიული მასალის გადმოცემაში და მუდმივად ახლდნენ თან ქვეყნის მესვეურებს სამხედრო ლაშქრობებში, მნიშვნელოვან მშენებლობებზე, ესწრებოდნენ მოლაპარაკებებს და ა.შ. იყენებდნენ სხვათა ჩანაწერებსაც როგორც ისტორიულ წყაროს, მათ შორის ლეგენდებს, გადმოცემებს, ფოლკლორულ მასალას და ცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა ზუსტად აღეწერათ ყველაფერი, რაც მათ ქვეყანაში და მათ დროს ხდებოდა, ჩაწვდომოდნენ ისტორიული მოვლენების მიზეზებს, გაეთვალათ შედეგები.

წარსულისა და აწმყოს კავშირურთიერთობების დადგენაში და ისტორიის საგაკვეთილო პროცესის სრულყოფაში ისტორიის მასწავლებელს ეფექტურად ეხმარება მხატვრული ლიტერატურა. მთავარია, მასწავლებელმა სწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში მხატვრული ლიტერატურის ადგილისა და როლის მნიშვნელობაზე. მხატვრული ლიტერატურის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არაა გასაკვირი, რადგან უკვე დიდი ხანია ისტორია და ლიტერატურა „ერთად მოდიან”:

  • ისტორია ლიტერატურას აძლევს ფაქტს, მასალას განსჯისა და განხილვისთვის;

  • ლიტერატურული ნაწარმოები ხშირად მოგვითხრობს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიული განვითარების შესახებ;

  • ლიტერატურას განვითარების კანონზომიერება ახასიათებს;

  • ისტორიას თავისი კანონები აქვს, ის გარკვეული კანონზომიერებით ხასიათდება;

  • დროთა განმავლობაში ლიტერატურული მიმართულებები, ესთეტიკური სისტემები, განვითარების კანონები იცვლება;

  • საზოგადოებასაც, როგორც ლიტერატურას, ახასიათებს ბრძოლა წარმავლობასთან, ორივე ცდილობს დროის უკვდავყოფას და ამ დროის სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანის მოქცევას;
  • შედეგად კი მოგებული რჩება (და ყოველთვის რჩებოდა) მწერალი, ლიტერატურა, ასავე – მკითხველიც!.. 
  • შესაბამისად, იზრდება და ვითარდება (იზრდებოდა და ვითარდებოდა) ადამიანი – საზოგადოების და სახელმწიფოს ისტორიული პროცესის წარმმართველი. 

რაზე მოგვითხრობს ისტორიული შინაარსის მხატვრული ლიტერატურა და რატომაა მისი გამოყენება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ისტორიის გაკვეთილზე?

ა) უპირველესად, მხატვრული ლიტერატურა ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს: მისწრაფებას ბედნიერებისკენ, სიხარულს, სიყვარულს, მისი შრომას და გარჯას, დარდსა და ნაღველს, ბრძოლას განსაცდელთან და ა.შ.

ბ) მეორე მხრივ, მხატვრულ ლიტერატურაში ნათლად და საინტერესოდაა აღწერილი ესა თუ ისტორიული მოვლენა, რომელიც თავისთავად მშრალი სახითაა წარმოდგენილი ისტორიულ ქრონიკებში.

ისტორიული შინაარსის მხატვრული ლიტერატურა, წარმოადგენს რა ინფორმაციის მდიდარ წყაროს, შეგვიძლია ორ ჯგუფად გავყოთ:

  • I – შესასწავლი ეპოქის მხატვრული ნაწარმოებების გაცნობა;
  • II – ისტორიული ბელესტრისტიკა.

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურულ ძეგლებს მიეკუთვნება ის ნაწარმოებებიც, რომელთა ავტორებიც წარმოადგენენ უშუალო მხილველებს ანდა მონაწილეებს აღწერილი ამბებისა (მაგალითად, დავით გურამიშვილის „დავითიანი”; რაფიელ დანიბეგაშვილის „მოგზაურობა ინდოეთში”; „Путешествие в Индию грузинского дворянина Рафаила Данибегова”, ჟან შარდენის, ალექსანდრე დიუმას, არტურ ლაისტის და სხვ. ნაწარმოებები). ეფუძნებიან რა მოცემული ეპოქის ისტორიულ წყაროებს, მემუარებს, სამეცნიერო გამოკვლევებს, მონოგრაფიებს, ისინი თავისებურ დოკუმენტებს წარმოადგენენ მოცემული ეპოქის შესწავლისთვის და ისტორიულ მეცნიერებას წარსულის რეკონსტრუქციაში ეხმარებიან, რადგან მაქსიმალურად ახლოს არიან რეალურ სინამდვილესთან.

რაც შეეხება ისტორიულ ბესტსელერებს, ისინი გამოირჩევიან ისტორიული რეალიზმით და დიდ ემოციურ გავლენას ახდენენ მოსწავლეებზე. მათი დიდი ნაწილი ისტორიის საგნის შესწავლით სწორედ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ისტორიული რომანები და მოთხრობები წაიკითხა. მხატვრული ტექსტის ემოციური ზემოქმედება ზოგჯერ იმხელაა, რომ მოსწავლეებში გარკვეულ აღფრთოვანებას, შეურიგებლობას, ბრძოლისუნარიანობას და თანაგრძნობას იწვევს, რაც ეხმარება მოსწავლეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

აუცილებელია, რომ გაკვეთილზე მხატვრული ტექსტის ნაწყვეტები წინასწარ და გარკვეული პრინციპით შეარჩიოს მასწავლებელმა:

·მხატვრული ტექსტი ახლოს უნდა იყოს სახელმძღვანელოსთან;
·შეესაბამებოდეს სასწავლო პროგრამას;
· ისტორიული მოვლენები ცოცხლად უნდა იყოს გადმოცემული;
·ისტორიული პირების და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახეები საინტერესო და დასამახსოვრებელი უნდა იყოს;
· ტექსტი ეპოქის ვიზუალიზაციას და წარსულის სურათების აღდგენის საშუალებას უნდა იძლეოდეს;
·დაეხმაროს მოსწავლეს ცხოვრების იდეალის განსაზღვრაში.

გაკვეთილის ახსნისას ისტორიის მასწავლებლისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს საზოგადოების, ხალხის განწყობილებების, მათი აზრების, გრძნობების, მისწრაფებების გადმოცემა. ასეთ შემთხვევებს ძირითადად მიეკუთვნება ის გაკვეთილები, რომელიც ამა თუ იმ ეპოქის კულტურულ მიღწევებს, ზეპირსიტყვიერებას, მწერლობის დახასიათებას შეეხება, რომლებიც თავისთავად ისტორიის შესწავლის წყაროებს წარმოადგენენ. ასეთია, მაგალითად, გაკვეთილები მსოფლიო ისტორიის კურსიდან:

·ძველი ბერძნული მითები;
· ჰომეროსის პოემები;
· „ილიადა”;
· „ოდისეა” და ა.შ.

თუმცა გაკვეთილზე წინასწარ შერჩეული მხატვრული ლიტერატურის ნაწყვეტების წაკითხვით მასწავლებელმა შეიძლება იმაზე უკეთეს შედეგს მიაღწიოს, ვიდრე ამის საშუალებას სახელმძღვანელო მისცემდა.
მხატვრული ლიტერატურის კრიტერიუმებია:

  • ნაწარმოების სამეცნიერო ღირებულება;
  • მაღალი მხატვრული ღირებულება;
  • მიღწევადობა, ასაკობრივი თავისებურებები;
  • წიგნის აღმზრდელობითი მნიშვნელობა.
მხატვრული ლიტერატურის მოშველიებით ისტორიის მასწავლებლის საუბარი გაცილებით დამაჯერებელი და საინტერესოა. მთავარია, მასწავლებელმა ზომიერად შეარჩიოს მათი მოცულობა და ხანგრძლივობა. მხატვრული ტექსტი მიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ დამხმარე საშუალება წარსულის რეკონსტრუქციისთვის, რომელიც ისტორიული მოვლენების კანონზომიერების შეცნობასა და გააზრებაში დაეხმარება მოსწავლეს. შედეგად კი მასწავლებელი მიიღებს ისტორიის სწავლების საგანმანათლებლო მიზნის მიღწევის რეალურ საშუალებას.
მხატვრული ტექსტი ეხმარება მასწავლებელს არამარტო გაკვეთილის ახსნაში, არამედ შეუძლია, ჩაანაცვლოს კიდეც სახელმძღვანელოს ტექსტი მხატვრული ლიტერატურით, თუ ის მასწავლებლის დასახულ მიზანს (დაახასიათოს, აღწეროს, ჩამოთვალოს ისტორიული პროცესები) ზუსტად შეესაბამება.

მაგალითი: შეასრულეთ საშინაო დავალება

(საბაზო და საშუალო საფეხურისთვის):

ვარიანტი I –
  • მოიძიეთ და გაეცანით ინფორმაციას ისტორიული ხასიათის ლექსებისა და სიმღერების შესახებ;

ვარიანტი II –
  • გაეცანით გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებას; წარსულის რა სურათები გააცოცხლა პოეტმა თავის ნაწარმოებებში?

ვარიანტი III –
  •  მსოფლიო ლიტერატურის რომელ შედევრებს იცნობთ, რომელთა საფუძველსაც ისტორიული მოვლენები წარმოადგენენ? რა ისწავლეთ ახალი ამ ნაწარმოებების წაკითხვით?

ვარიანტი IV –
  • დაასახელეთ თქვენი საყვარელი მწერლები. ყველაზე მეტად რა ტიპის საზოგადოებრივ მოვლენებზე წერენ ისინი? აღწერეთ ეს მოვლენები და ა.შ. 

მხატვრული ლიტერატურის გამოყენება ისტორიის გაკვეთილს უფრო მეტ ხალისს და ინტერესს სძენს, ხელს უწყობს დამოუკიდებელი კითხვის უნარის განვითარებას, სოციალური ჩვევების ჩამოყალიბებას, ინფორმაციის ტრანსფორმაციას, სააზროვნო პროცესების გააქტიურებას და მისი გამოყენება ამ მიმართულებით მისასალმებელია.ის შეიძლება განვიხილოთ როგორც საუკეთესო საინფორმაციო საშუალება საშინაო დავალების შესრულებისთვისაც, ეფექტური და სასარგებლოა საგაკვეთილო სივრცის გარეთაც, როგორც კლასგარეშე საკითხავი მასალა, რითაც ამტკიცებს იმ ჩვევებს, რომელსაც გაკვეთილზე ჩაუყარა საფუძველი მასწავლებელმა, შედეგად კი ვიღებთ კარგ მკითხველს, ერუდირებულ, განათლებულ ახალგაზრდას, რომელსაც შეუძლია იმსჯელოს ისტორიულ პროცესებზე და გააკეთოს შესაფერისი დასკვნები.

სექტემბერი. წასვლა

0
საქართველოდან წასვლისას ყოველთვის გამორთული ვარ ხოლმე.  ელექტროენერგიის გადასახადს რომ ვზოგავთ, წკაპ  და არასაჭირო ოთახში არასაჭირო შუქს ვთიშავთ, ეგრე ვაკეთებ ყოველი გამგზავრებისას. გამოვრთავ ემოციებს, წინასწარ მონატრებებს, თბილისურ  ამბებს და მივდივარ. ეხლაც ვიდექი და არ ვფიქრობდი. დაგორავენ ფერად- ფერადი ჩემოდნები, ირევა ხალხი, ხმაური, ხმაური, რეგისტრაციის რიგი, პასპორტები, ბილეთები: ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს არის გამგზავრება. ვისთვის ერთი კვირით, ვისთვის- წლებით, ვისთვის- სამუდამოდ. ასე, გამორთულს, თავში სულ უცნაური სიტყვები მომდის ხოლმე და მერე იმ სიტყვების უცნაურობაზე, არაკეთილხმოვანებაზე, კეთილხმოვანებაზე, სემანტიკასა თუ ეტიმოლოგიაზე ვფიქრობ ხოლმე. 
გაფრენამდე „Wall”-ში შევიარეთ. იქნებ გახალისდეო, ნონომ და  ჩემი უზარმაზარი ჩემოდანი  რომელიღაც კუთხეში მიაყუდა. უფრო მოვიწყინე. ამხელა ჩემოდანს კუთხეში დგომა აღარ ეკადრება- მეთქი, გავიფიქრე და ბართან მივედი.  

პარასკევი საღამო აქ ისეთი ხმაურიანია, როგორიც საერთოდ უნდა იყოს პარასკევი საღამო. მეგობრები მეხვევიან და აღფრთოვანებულები მიმტკიცებენ, რომ სასწავლებლად წახვიდე გერმანიაში, ნიშნავს, ისწავლო ცხოვრება. რომ გერმანია ყველაზე მაგარი ქვეყანაა, რომ დარწმუნებულები არიან, ძალიან მალე შევეჩვევი იქაურ რიტმს და აქაური არ მომენატრება. რომ წასვლა ნიშნავს მომავალს. რომ ყველაფერი კარგად იქნება და არ უნდა ვიდარდო. რომ კი, აბა, სხვანაირად როგორ, ჩემი აქაური ადამიანები მომენატრებიან, მაგრამ მე ხო ძლიერი ვარ. მამხნევებენ, მიღიმიან, მეხუტებიან. ალექსა ოქტომბერში ჩამოდის, გნახავ- მეთქი. ბერლინური ორომტრიალისთვის რამდენად მზად ვიქნები, არ ვიცი. მაგრამ ახლა, ამ მომენტში დაჟინებით მინდა, ოქტომბერში ბერლინში ჩავიდე. ვიღაც არაყს მაჩეჩებს ხელში. ვსვამ, ვერ ვთვრები. 

ჩემი ბავშვობისდროინდელი თამაში სადღაციდან დაბრუნება არასდროს ყოფილა. სულ სხვაგან წასვლობანას ვთამაშობდი. ჩავალაგებდი ბარგს მოვარდისფრო, ჩემი დის ბავშვობის კიდეებგაცრეცილ ჩემოდანში და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ მივდიოდი.  აი, ახლაც ვდგები მოშორებით, თვალებს ფართოდ ვახელ, ვუყურებ ადამიანებს, ფერადებს, ლამაზებს.  ვიღიმი და ვცდილობ, ყველა ერთად და ყველა ასეთი ბედნიერი დავიმახსოვრო. ამელივით გამომდის. ჩემს თავსაც ვხედავ, განვიცდი და ჰეჰ, რაღაც ფილმივით ამბავია- მეთქი, ვფიქრობ.

თბილისური ხმაური სტოკჰოლმიდანაც მენატრებოდა და ლონდონიდანაც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა ჩემი უცხოური ვიზიტი ძალიანაც გრძელვადიანია, მოდი, დავიმახსოვრებ, როგორია მთვრალი ანა, რომლისთვისაც სამშობლო ნუტელაა. ყოველი ჭამის მერე სძულდება და მერე თავიდან უყვარდება. აი, ნონოს მარცხნივ თორნიკე დგას, რომელიც დეპრესიაშია, სვამს და მერე ნებისმიერ უახლოეს სკამზე იძინებს. ცოტა მოშორებით- დათა, რომელიც ყველაზე კარგი ბიჭია კარგ ბიჭთა შორის. კეთილი და ფართო ღიმილით. ვერ გადაუწყვეტია, სკუტერისთვის შეაგროვოს ფული თუ იმოგზაუროს. 

„Wall”-დან  აეროპორტამდე თამთამ მოგვიყვანა, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა.  საუკეთესო მეგობრები ცრემლების შეკავებას ვერასდროს ახერხებენ. რაღაც არაგერმანულად გაცვიაო და ცდილობს, საკუთარი ჟაკეტი დამითმოს. არ შემცივდება- მეთქი,- პოზიციას არ ვთმობ. ბოლოს ნონო ჩემოდანს ხსნის, იქექება და სადღაც, სიღრმიდან ქურთუკი ამოაქვს, მაწვდის: „თხლად გაცვია. ახლა იქ ძალიან ცივა და არც კი გაბედო შეწინააღმდეგება”.  ქურთუკს ვართმევ. წინა ზამთრის სუნი აქვს.

დიუსელდორფამდე ხუთსაათიანი სტამბულია. იქ შემიძლია, მწეველებისთვის განკუთვნილ ღია სივრცეში გავიდე და თვითმფრინავებს ვუყურო,- ფრინველებივით კი არა, ვეშაპებივით უზარმაზარ, მეტალის კონსტრუქციებს. ცოტა მეშინია, უფრო მეტად კი მომწონს, როცა ვაკვირდები, როგორ გადასდით მზე პრიალა ზურგებსა და ფარფლებზე. მერე, დიუსელდორფში ნინა, ჩემი ბავშვობის მეგობარი დამხვდება და ერთად წავალთ ბოხუმში. ნონო სახლში დაბრუნდება და ცხოვრებას გააგრძელებს. საღამოობით, ჩვეულებრივ, ფეხბურთს უყურებს, რაღაც უცნაური ლიგების თამაშებს. თამთა „ვერონაში” მოგება- ზარალს დაითვლის და დეკლარაციებს გააგზავნის. ჩემი და, თიკა, აუცილებლად და შეგნებულად არაერთხელ გაივლის აბაშიძე- არაყიშვილის კუთხეში, ერთხელ- აუცილებლად შემოდგომის სურნელოვან, თბილ საღამოს. აუცილებლად გაახსენდება, როგორ მოვკალათდებოდი ხოლმე იქვე, ტროტუარზე ოქროსფერ ფოთლებში, ავახრაშუნებდი, მერე ხელებით ლატარეასავით ავურ- დავურევდი. აფრინდებოდნენ ეს ფოთლები, დაფრინდებოდნენ და პირდაპირ მე დამაფრინდებოდნენ. იქნებ, ცოტათი წაიტიროს კიდეც.  ტომი უჩემოდ მივა სკოლაში. სამაგიეროდ, მე შემიძლია, გამოვუგზავნო სასკოლო ჩანთა პატარა პრინცის პრინტით. და მაინც, რა უცნაური სიტყვაა ეს „კულიჩი”. საიდან გამახსენდა. კულიჩი. კულიჩი.

ემპათიის სწავლება, დანიელი მშობლების რჩევები

0
ყველას გვინდა ჩვენი შვილები ბედნიერები იყვნენ. კვლევები გვიჩვენებენ, რომ დანიის მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერებს შორის არიან, რის გამოც შეგვიძლია ვივარუდოთ, რომ დანიელებმა მიაგნეს იმას თუ რას ნიშნავს ბედნიერება. ასე რომ გასაკვირი არაა, რომ სტატია “მშობლობის დანიური რჩევები” ყველაზე კითხვადი აღმოჩნდა. ამ პოპულარობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ,  უფრო ჩავუღრმავდეთ დანიურ კულტურას “მშობლობის დანიური გზები”-ს მეშვეობით, რომლის ავტორიცაა ჯესიკა ალექსანდერი და ფსიქოთერაპევტი იბენ სანდალი. წინა თვეში განვიხილეთ თამაშზე დაფუძნებული მშობლობის ძალა, ახლა ავტორებს ვესაუბრებით დანიელების დამოკიდებულებაზე ბავშვებისთვის თანაგრძნობის კონცეპტის სწავლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

გვითხარით, როგორ განმარტავთ ემპათიას.

ემპათია არის უნარი გაიაზრო სხვისი ემოციები ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ – გქონდეს უნარი სხვისი ფეხსაცმლით გაიარო რამდენიმე მილი. ამერიკა უფრო ინდივიდებზეა დაფუძნებული. იყო გამარჯვებული და იბრძოლო საუკეთესობისთვის ჩვენთვის ძალიან ჩვეულებრივი მიზნებია. ეს უტოლდება წარმატებას და არა მგონია საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდეთ ამ საკითს. ეს უბრალოდ ჩვენი კულტურის ნაწილია. გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს. შეიძლება ძირითადი განსხვავება დანიასა და ამერიკას შორის არის ის, რომ დანიელები აფასებენ გუნდურ მუშაობას დამოუკიდებლად ვარსკვლავად გახდომის სურვილზე მეტად. და ამით ისინი აქტიურად სწავლობენ ემპათიას.

როგორ უკავშირდება ემპათიაში ვარჯიში საერთო ბედნიერებას?
უკანასკნელი ნევროლოგიური კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები იღებენ მეტ ბედნიერებას სხვებთან ურთიერთობისგან, ვიდრე მარტო გამარჯვებისგან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს “სოციალური ტვინი”, რომელიც ინთება იმისთვის, რომ დაგვანახოს –  ჩვენ გვამოძრავებს პირადი ინტერესებისგან განსხვავებული რამ, ჩვენ ვმოძრაობთ სოციალური კავშირებისადმი. მზრუნველ ურთიერთობებს ბედნიერებისკენ უფრო მივყავართ, ვიდრე, მაგალითად ფულს. გავრცელებული აზრია, რომ ადამიანები თავისთავად ეგოისტები არიან, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ასე არ არის. ჩვენ ყველანი დაბადებიდან მიბმული ვართ ემპათიასთან.  უბრალოდ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა დავუკავშირდეთ იმ მავთულებს, რომლებიც აამუშავებენ მას. უნარი – ენდობოდე და უგებდე სხვებს, ბედნიერების მიღწევის გასაღებებია. და ბავშვებს შეიძლება ეს ყველაფერი ვასწავლოთ.

როგორ ასწავლიან ამას დანიელი მშობლები?

დანიელები ემპათიას სკოლებში აწავლიან, რაც საკმაოდ განსაკუთრებულია. ემპათია ძალიან დიდი მოცემულობაა და შეიძლება განსხვავებულად ასწავლო სხვადასხვა ასაკში. სამი მაგალითი იქნება – ენის არჩევა, მისცე ბავშვს უფლება თვითონ დაარეგულიროს საკუთარი თავი და წაუკითხო სხვადასხვა ისტორიები.

გვითხარით პირველი კონცეპტის შესახებ: ენის არჩევნის გამოყენება ემპათიის სწავლების პროცესში.

პირველი რაც უნდა გახსოვდეთ ემპათიის სწავლებისას ისაა, რომ ბავშვები გვირეკლავენ ჩვენ. ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა სახის ენას გამოვიყენებთ. როგორ აღწერთ სხვებს, იქნებით გამგები თუ გამკიცხავი, შემწყნარებელი თუ შემარცხვენელი. ამ ყველაფერს იმეორებენ ბავშვები. სხვებზე ცუდად საუბარი ბავშვების თვალწინ, თქმა რომ “ის ეგოისტია”, “ის ისეთი გამაღიზიანებელია” არ არის ემპათიური ენა, რადგან ქმედების მიღმა არ არის ემოცია – ეს იარლიყის მიწებებაა. დანიაში, თითქმის ვერასოდეს გაიგებთ ბავშვების თვალწინ ნეგატიურად ლაპარაკობდეს მშობელი სხვა ბავშვებზე. ისინი ყოველთვის ცდილობენ, იპოვონ გზები თავისი ბავშვებისთვის რომ გააგებინონ სხვა ბავშვის საქციელი ნეგატიური იარლიყის დაკვრის გარეშე. თუ გემახსოვრებათ, რომ ბავშვები ბუნებრივად კარგები არიან და რომ ყველა ქმედების მიღმა რაღაც მიზეზია, ეს დაგეხმარებათ ბუნებრივად იპოვოთ კარგი სხვებში. ეს დაგვეხმარება თავი უკეთესად ვიგრძნოთ, რადგან ამით ვსწავლობთ “თავიდან ჩარჩოში ჩასმას” – კიდევ ერთი “დანიური გზა” რაც აუმჯობესებს ბედნიერებას. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს იპოვონ ქმედების მიზეზები იარლიყს მიღმა. “გამაღიზიანებელია” ხომ არ გგონია რომ მას შია? ან იქნებ დაიღალა იმიტომ რომ შუა დღის ძილი გამოტოვა? შენ ხომ იცი როგორი შეგრძნებაა როცა მშიერი და დაღლილი ხარ” “ის ძუნწია? ისე ჟღერს, რომ ცუდი დღე ქონდა სკოლაში. წინა დღეს ამბობდი რომ ძალიან თავაზიანია. ის მართლა თავაზიანია, ჰო?” დაეხმარო ბავშვებს, გაიგონ სხვისი გრძნობები ქმედებებს მიღმა და გაუძღვე მათ კეთილი დასკვნებისკენ – სწორედ ეს არის ემპათიის სწავლება. ეს განსაზღვრავს გარკვეულ ნერვულ ბილიკს პატიებისკენ და ბადებს მეტ ნდობას, ურთიერთობას, უკეთეს და-ძმურ ურთიერთობას, თუ რამდენიმე შვილი გყავთ. და არ დაივიწყოთ, რომ მშობლებმა ერთმანეთის მიმართაც უნდა გამოხატონ ემპათია. მშობლობა რთულია და ხშირად სწორად არ ვიქცევით, მაგრამ არა უშავს. იყო გამგები და მიმტევებელი საკუთარი თავის მიმართ გხდის უფრო მიმტევებლებს ბავშვების და სხვების მიმართაც.

ახსენით თვით დარეგულირების კონცეპტი
სანამ დავხელოვნდებით სხვისი ემოციების მიღებაში, საკუთარი ემოციები უნდა გავიგოთ. მშობლები ხანდახან ეუბნებიან, ბავშვებს რა უნდა იგრძნონ და რა არ უნდა იგრძნონ. ისინი ზედმეტად მიუთითებენ მათ. თუ მოწყენილები, მშივრები, გაბრაზებულები, ცივები ან იმედგაცრუებულები არიან, ხშირად ეუბნებიან “არა, შენ არ ხარ ასე”, “არ მოიწყინო” , “არანაირი მიზეზი არ გაქვს გაბრაზებისთვის”, “არ უნდა იყო მშიერი, ჭამე!” უთხრა ბავშვს რას გრძნობს და რას უნდა გრძნობდეს არ არის გზა, რითიც მას ასწავლი, როგორ უნდა მართოს თავისი გრძნობები. ჩვენ, მშობლები, უნდა ვენდობოდეთ ბავშვებს, იმისთვის რომ ისწავლონ საკუთარი ემოციების საზღვრები. ეს ქმნის საკუთარი თავის უფრო ძლიერ შეგრძნებას, რაც შემდეგ თვითრწმენას განაპირობებს. როდესაც ისინი გაიზრდებიან ნაკლებად შეეშინდებათ თქვან “არა”, როდესაც მათ საზღვრებს ვინმე შეეხება, იმიტომ რომ ექნებათ საკუთარ თავის ნდობა სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია სწავლებისას, უნდა დავეხმაროთ ენის გამოყენებით, მაგრამ აუცილებლად უნდა ვენდოთ იმისთვის, რომ თვითონ ენდონ საკუთარ თაცებს. გახსოვდეთ, არ არსებობს ცუდი და კარგი ემოციები, არსებობენ უბრალოდ ემოციები. 

და ბოლოს, რა სახის ისტორიები შეგვიძლია წავუკითხოთ ბავშვებს ემპათიის სწავლებისთვის?
წაუკითხეთ ბავშვებს ყველა სახის ისტორიები, არა მარტო ბედნიერი ისტორიები. რთულ ემოციებზე საუბარი წიგნებში იქნება საუკეთესო გზა ემპათიის სასწავლებლად. ბევრი დანიური საბავშვო წიგნი ამერიკული სტანდარტების შესაბამისად შოკისმომგვრელია იმ თემების გამო, რომლებსაც მოიცავს, მაგრამ კვლევებმა აჩვენეს, რომ ყველა ემოციის შესახებ წაკითხვა ბავშვში ემპათიას ზრდის. დანიურ ამბავში  “პატარა ქალთევზა”, ქალთევზა არ რჩება პრინცთან, ის სევდისგან კვდება მარტო და ზღვის ქაფად გარდაიქმნება. ეს დისკუსიისთვის საერთოდ ახალ საკითხებს გვაძლევს. გასაოცარია როგორი მიმღებები არიან ბავშვები. მათ ყველაფერზე ლაპარაკი სურთ. ეს ხანდახან ზრდასრულებისთვის უფრო რთულია ხოლმე, ვიდრე ბავშებისთვის. გახსოდეთ ისინი ჩვენს დისკომფორტსაც იმეორებენ. თუ ცხოვრების წარმატებებსა და წარუმატებლობაზე არადრამატულად ვისაუბრებთ, ბავშვები უფრო დიდხანს იქნებიან ხალისიანები. წიგნები ემპათიის სასწავლებლად ძალიან კარგი გზაა.
წყარო – https://www.mothermag.com/teaching-empathy-to-children/

მსჯელობა-დასაბუთების უნარი და მისი შეფასება მათემატიკაში

0
მსჯელობა და დასაბუთება მათემატიკის სწავლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. გარდა იმისა, რომ მსჯელობა – დასაბუთება თავისთავად მნიშვნელოვანი კომპეტენციაა, იგი ცოდნის გამოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. მსჯელობა მოიცავს ყველანაირ კავშირებს მოსწავლის გამოცდილებასა და ცოდნას შორის, რომლებიც გამოიყენება ამა თუ იმ მოსაზრების დასაბუთების მიზნით. დასაბუთება გულისხმობს არა მხოლოდ ლოგიკურად მწყობრი და თანმიმდევრული არგუმენტების წარმოდგენას, რომლებიც ეფუძნება აქსიომებს, განსაზღვრებებს და თეორემებს, არამედ ყველანაირ აქტივობებს, რომელთა შედეგად ხდება სიახლეების აღმოჩენა, ჰიპოთეზის/ვარაუდის ჩამოყალიბება, განზოგადება და შეფასება. აქედან გამომდინარე, მსჯელობა-დასაბუთება შეიძლება განვიხილოთ როგორც ახალი ცოდნის კონსტრუირების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება.

 ვრცლად

ელექტროსტატიკა – გაგრძელება

0
ელექტრული ველები აკმაყოფილებენ სუპერპოზიციის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუხტების სისტემის ელექტრული ველი ცალკეული მუხტების ელექტრული ველების ჯამს წარმოადგენს. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ მუხტების სისტემის ელექტრული ველის დაძაბულობა ცალკეული მუხტების ელექტრული ველების დაძაბულობების ვექტორულ ჯამს უტოლდება, ხოლო ასეთი მუხტების ელექტრული ველის პოტენციალი – ცალკეული მუხტების ელექტრული ველების პოტენციალების ალგებრულ ჯამს. ამ უკანასკნელის გამოანგარიშებისას უნდა  გვახსოვდეს – არსებობს წერტილი, სადაც პოტენციალი ნულის ტოლია და იგი ყოველი მუხტის ელექტრული ველისთვის ერთი და იგივე უნდა იყოს. როგორც წესი, ნულოვანი პოტენციალის მქონე წერტილად მუხტიდან უსასრულოდ დაშორებული წერტილი განიხილება. 

ჩემი არდადეგები

0

ვიცი, დამაგვიანდა. ვიცი, იტყვით, რაღაც დროს არდადეგებიაო, მაგრამ რა ვქნა. დიდი გოგოების არდადეგები ზოგჯერ არ ემთხვევა კალენდრით გათვალისწინებულსა და საყოველთაოს. შეიძლება, სწორედ ესაა ზრდასრულობის ჭეშმარიტი სევდა.

ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი კვირა დავისვენე, ჩემთვის სექტემბერსაც ზაფხულის სუნი აქვს. ყოველთვის ასე იყო. სექტემბერი ის თვეა, ზაფხულის ფერადი დღეებისთვის ხელის გაშვება რომ უჭირს და მუდმივად გაიძულებს, შორს დარჩენილ ზღვაზე იფიქრო. ვიღაცები ალბათ მთაზე ფიქრობენ. ჩემთვის ზღვაა მთავარი. ზღვა ჩემი მშვიდი ძილი და ნათელი დღეებია.

სკოლაში რომ ვსწავლობდი, ჩემი „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები”, სხვების თემებისგან განსხვავებით, წაკითხული წიგნების გრძელ ჩამონათვალს წარმოადგენდა. ჩემს არდადეგებს თავგადასავლები აკლდა, განძის ძიების, მდინარეზე ნავებით დაშვების, სახლიდან გაპარვის ისტორიები. სამაგიეროდ, მასწავლებლები მაქებდნენ.

მოგვიანებით, როცა გავიზარდე, არდადეგების შესახებ თემების წერაც დავივიწყე და უფრო მეტიც, ზაფხულოით დასვენებასაც თითქმის ავაღე ხელი. ამიტომ მომიტევეთ, თუ პოსტი, რომელსაც ახლა კითხულობთ, ხუთოსანი გოგოს შესაფერისად არ მოგეჩვენებათ.

ჩემი წლევანდელი ზაფხული დანარჩენებს არ ჰგავდა. წელს, პირველად, წლების განმავლობაში დაგროვილი დაღლილობა და უძილობა განსაკუთრებული სიმძაფრით ვიგრძენი და მივხვდი, რომ უნდა დამესვენა. ასეთი რამ, შეიძლება, ყველას დაემართოს, საგანგაშო არაფერია. ჩვენ ხშირად გვავიწყდება საკუთარი თავი ყოველდღიურ ორომტრიალში, გვავიწყდება ძილი, გვავიწყდება, ზოგჯერ სხეულს ვკითხოთ, ხომ არ გადაიქანცა, ჩვენი დახმარება ხომ არ სჭირდება, ხომ არ ურჩევნია, ცოტა ხნით ტემპი დააგდოს და ცხოვრების წესი შეიცვალოს. და მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როცა გადაწვის პირას მყოფი ორგანიზმი თავისას ითხოვს.

გასულ ზაფხულს გამოვიძინე. გამოვაძინე ჩემი დაღლილი გონება და დახმარების მომლოდინე თვალები. გამოვიძინე სინდისის ქენჯნის გარეშე, ისე მშვიდად, როგორც დედები იძინებენ შვილების შინ დაბრუნების შემდეგ.

ბავშვობის ზაფხულებისგან განსხვავებით, წლევანდელ არდადეგებზე წაკითხული წიგნების სია ძალიან მოკლე გამოდგა. სულ ერთი წიგნი ავიღე ხელში _ მარიო ვარგას ლიოსას „ცუდი გოგოს ოინები”. დავდიოდი ბათუმის ქუჩებში ლიოსასთან ერთად და დაუზარლად ვპასუხობდი სათაურით დაინტერესებული გამვლელ-გამომვლელების, მიმტანების, მძღოლების და მეზობელ შეზლონგებზე მოკალათებულების შეკითხვებს: „რაზეა?” „როგორი წიგნია?” „შინაარსიც სათაურივით საინტერესო აქვს?”

გასულ ზაფხულს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი _ გადავწყვიტე, ცხოვრებაში პირველად, საშინელებათა ჟანრის ფილმი მენახა და „ამერიკულ საშინელებათა ისტორიის” მთელ პირველ სეზონს ვუყურე. საინტერესო იყო, მაგრამ დამთრგუნველი. დარწმუნებული არა ვარ, რომ გავაგრძელებ, თუმცა გარისკვად მაინც ღირდა. მთავარია, რომ ის გავაკეთე, რაც მანამდე არასოდეს გამიკეთებია. შეიძლება, თავგადასავლადაც კი ჩამეთვალოს.

გასულ ზაფხულს ფეხით სიარულის დავიწყებული ბედნიერება გავიხსენე. ვისწავლე, რომ ზოგჯერ აუცილებელია, მანქანა იქ დატოვო, სადაც მოგწყინდება, ქუჩას გაუყვე და ათვალიერო ადამიანები, შენობები, ღრმად ისუნთქო (თუკი ისეთ ადგილას ხარ, სადაც ჰაერი საკმარისია, რა თქმა უნდა), უცნობებს გაუღიმო, ნაცნობებს მიესალმო და სახლში რომ დაბრუნდები, უცნაური სიხარულით იყო სავსე.

გასულ ზაფხულს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბავშვობის მეგობრები სრულიად განსაკუთრებული ადამიანები არიან. შეიძლება, ისინი წლობით ვერ ნახო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ყველანი ერთად დაბრუნდეთ მშობლიურ ქალაქში, ერთ-ერთი მათგანის ქორწილის გამო და ყველაფერი ისე იყოს, როგორც ამერიკულ ფილმებშია. დავრწმუნდი, რომ სანამ მათთან ერთად ხმამაღლა სიმღერისა და დაუდევრად ცეკვის არ გრცხვენია, ბავშვობა დაკარგული არ არის.

გასულ ზაფხულს ჩემი ახალი წიგნის წერა დავასრულე. ადვილი არ აღმოჩნდა, ყველაფერი ისე გადამეტანა ფურცელზე, როგორც ვფიქრობდი, გულწრფელად მომეყოლა ჩემი დარდისა და შიშის შესახებ, მაგრამ მაინც შევძელი. არ ვიცი, რა გამოვიდა. წიგნს „ქალაქი წყალზე” ჰქვია. წიგნზე მუშაობამ ხელით წერა გამახსენა. ჩემდა გასაოცრად, ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელით დავწერე, რაც კიდევ უფრო უცნაური რამ იყო ჩემთვის, ვიდრე საღამოობით სეირნობა.

გასულ ზაფხულს მივხვდი, რომ შეიძლება, ერთ დღეს ადგე და ხელი გაუშვა მოგონებებს, ხელი გაუშვა ფიქრს, რომელიც გამძიმებს და იმ ადამიანის აჩრდილს, რომელიც, მართალია, ძვირფასი გეგონა, მაგრამ წავიდა. შეიძლება, გაუშვა და არ დაგენანოს. ყველაფერი შეიძლება.

ხედავთ? ისევ განძის და ექსტრემალური თავგადასავლების გარეშე დავრჩი. სანამ სხვები ფეისბუქზე იწონებდნენ თავს ულამაზეს ადგილებში გადაღებული ფოტოებით, მე საკუთარ თავში ვიმოგზაურე. ეს ჩემი საუკეთესო ზაფხული იყო.
პოსტ სკრიპტუმ: ამ პოსტის დაწერა ნასტასია არაბულის პოსტმა შთამაგონა. მადლობა მას.

სკოლაში წასვლა

0

ჰოდა, მოვიდა სექტემბერიც. სოციალური ქსელი გამოპრანჭული, ბედნიერი, გახამებულსამოსიანი ბავშვების ფოტოებით, მათი მშობლების აღტაცებული კომენტარებით, მოსაზრებებითა და შთაბეჭდილებებით გაივსო.

-ჩემს გოგოს დღეს სკოლის პირველი დღე აქვს, წარმატებას გისურვებ, დედიკო!

-ახალი დღე, ახალი სკოლა, ახალი ურთიერთობები, ჩემს ბიჭზე უფრო მე ვნერვიულობ!

– ჩვენი მასწავლებელი თბილი და კარგი გოგონა ჩანს, იმედია, ეს შთაბეჭდილება არ გაგვინელდება…

დაა.შ. და ა.შ.

ახალი ცხოვრება, ახალი ურთიერთობები, ახალი გამოწვევები და იმედგაცრუებები, და ახალი შიშები, განსაკუთრებით შიშებზე მინდა გელაპარაკოთ.

წელს სკოლაში ის ბავშვიც წავა, ვისაც ძალიან გაუჭირდება გაკვეთილზე მშვიდად ჯდომა და იქნებ საკლასო ოთახში სეირნობამ დაამშვიდოს.

ის ბავშვიც წავა, ვისაც კომუნიკაცია განსაკუთრებით უჭირს, თანდათანობითი, ყოველდღიური შეგუება სჭირდება.

ისიც წავა, ვისაც ცუდად ესმის ან დაფის დანახვა უჭირს.

ისიც, ვინც ეტლით მოძრაობს და ადაპტირების გარეშე საკლასო ოთახში შესვლა გაუჭირდება.

ისიც წავა, ვისაც უცხო ადამიანების განსაკუთრებული შიში აქვს.

ისიც, ვისაც გადატანილი სტრესის გამო კალმის ხელში დაკავებისას თითები უკანკალებს.

ისიც, ვისაც მხოლოდ კალმის ბოლოს ღეჭვა ამშვიდებს.

ისიც, ვისთვისაც აკრძალვები თუ უარი ცოტა რთული გასაგებია.

ისიც, ვინც თანდათან უნდა შეეჩვიოს სისტემურობას, დავალებებს, გაკვეთილებს.

ისიც წავა, ვინც ნებისმიერი ხმაურისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

ისიც, ვისაც შეხებების ეშინია.

ისიც, ვინც შეიძლება სრულიად უადგილო წამოძახილით დაიმშვიდოს თავი.

ისიც, ვინც არ არის მიჩვეული მითითებების შესრულებას.

ისიც, ვინც განსაკუთრებულად ცელქია ან პირიქით, მეტისმეტად მორცხვი და გაუბედავი.

ისიც, ვისაც გაკვეთილზე ეძინება, ძალიან, ძალიან უჭირს ამდენი ხნის განმავლობაში არ ჩასთვლიმოს.

წელს სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე ბევრი ბავშვი წავა, ინტეგრირებული კლასი, რესურს ოთახი, სპეციალური პედაგოგი, ფსიქოლოგი – ამ ყველაფერზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ მშობლები, რომელთაც ხშირად თავიანთი შვილების გვერდით, კლასში ჯდომა ან საკლასო ოთახებთან ატუზვა უწევთ.

ყოველი ახალი სექტემბერი ახალი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის, მოსწავლეებისათვის, მშობლებისათვის, მასწავლებლებისათვის – იქნებ წელს უკეთ მოვახერხოთ ბავშვების ინტეგრირება, იქნებ წელს უფრო მეტი ვიცოდეთ, იქნებ წელს უფრო მეტი ვიშრომოთ და უფრო მეტად შევიყვაროთ?

თუ შენ მასწავლებელი ხარ, ეცადე, ბავშვების წინაშე არ შეარცხვინო, უკმეხად არ მიმართო, შეურაცხყოფა არ მიაყენო, მაქსიმალურად ჩართო კლასის მუშაობაში, იცოდე, რომ ის სხვებისგან არაფრით განსხვავდება, იქნებ თანაკლასელებზე მეტიც იცოდეს.

თუ შენ მოსწავლე ხარ, იცოდე, რომ მის გვერდით ყოფნა, მისი დახმარება შენი მოვალეობაა, მასთან ურთიერთობა კი ძალიან, ძალიან საინტერესო თავგადასავალი.

თუ შენ მშობელი ხარ, აუცილებლად უთხარი მასწავლებელს, რომ მშობელთა კრებაზე, ხმამაღლა და ყველას გასაგონად არაეთიკურია ვინმეს დიაგნოზის, ქცევის თავისებურების განხილვა. იცოდე, რომ ვიღაცების გამორჩევა, ვიღაცებისთვის თავის არიდება და დისტანცირება არაფერს კარგს არ მოუტანს შენს შვილს. მან ყველანაირ ადამიანთან ურთიერთობა, ყველას სიყვარული უნდა ისწავლოს.

თუ შენ სკოლის ადმინისტრაცია ხარ, აუცილებლად მოაწყვე შენს სკოლაში რესურსოთახი, დაასაქმე გამოცდილი, განათლებული, ემპათიური პედაგოგი თუ ფსიქოლოგი, არავითარ შემთხვევაში არ განარჩიო ერთი მოსწავლე მეორისგან.

თუ შენ განათლების სამინისტრო ხარ, დაგეგმე და განახორციელე უფრო მეტი პროექტი ინკლუზიური განათლების გასაუმჯობესებლად, ასწავლე უფრო მეტ პედაგოგს, აღჭურვე უფრო მეტი სკოლა, მოამზადე და დაასაქმე უფრო მეტი პროფესიონალი.

თუ შენ ქვეყანა ხარ, ასწავლე და შეიყვარე შენი ყველაზე საუკეთესო ნაწილი.

წარმატებას გისურვებ!

პროექტი – „ახალი მზიური“ – ანუ სად ვისწავლოთ ჰუმანიზმი

0

ეს ბოლო ხანებია სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეობლოგები,რომლითაც საზოგადოებისთვის და უცნობი ცნობილი ადამიანები მხარს უჭერენ საზოგადოება „მზიანის” პროექტს – „ახალი მზიური”.

 

„ახალი მზიურის” იდეა ფესტივალ „მზიურის” დამაარსებელსა და ორგანიზატორს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის. ფესტივალი აგერ უკვე ათი წელია, ყოველ პირველ ივნისს პარკში უამრავ ბავშვს უყრის თავს და ერთი დღით იქაურობა ცოცხლდება და ფერადდება. მოძრაობის მიზანია, „მზიურს” სიცოცხლე და ფუნქცია მთელი წლის განმავლობაში შესძინოს. 25 სექტემბერს აქტივისტები ბაღს მოაწესრიგებენ, 26-ში კი, 15 საათზე ყველას გვეპატიჟებიან აქციაზე -„გააფერადე მზიური.”

თბილისი რომ დაბინძურებული და უჟანგბადო ქალაქია, ყველამ ვიცით. თითოეულ პარკს, სკვერს განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება, ხშირ შემთხვევაში – დაცვაც. თუმცა, პარკი და სკვერი ის ადგილია, სადაც ადამიანები ისვენებენ და ერთმანეთს ხვდებიან. ქალაქი არ არის მხოლოდ არქიტექტურა, ის, უპირველესად, ადამიანური ურთიერთობებია, რისთვისაც ერთ-ერთი სასიამოვნო გარემო შეიძლება სწორედ ეს, დღეს გავერანებული და თითქმის მიტოვებული პარკი გახდეს.

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ „მზიურის” იდეა ჩვენს საყვარელ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის: „ვისაც ეს წერილი ღიმილს მოჰგვრის, ვთხოვ, თითო აგური იშოვოს, მოიტანოს და მდინარე ვერეს ხეობაში დადოს. მერე ნახონ, ეს ჩვენი ოცნების ქალაქი თუ ნება-ნება, თანდათან ყველა ჩვენთაგანის მეცადინეობით არ აშენდეს. სხვისი არ ვიცი და მე კი სიამოვნებით გავხდებოდი ამ მზიურ ქალაქის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე. შეიძლება ეგ საქმე არც ისე იოლი იყოს, როგორც მე დავხატე, მაგრამ არ არის სავალდებულო, ჩვენ მიერ დაწყებული საქმე ჩვენ დავამთავროთ, მთავარია, ჩვენ დავიწყოთ.”

პარკი 1982 წელს გაიხსნა. მას შემდეგ ის მუდმივად განსაცდელის ქვეშაა. ჩეხავენ, ავიწროებენ, კორპუსებს აშენებენ, ატრაქციონები განადგურდა, მადაზე მოსულ ფულისმკეთებლებს, როგორც ჩანს, ნაკლებად აკავებთ ქალაქის ინტერესებიცა და საყვარელი მწერლის სახელიც.

უკანასკნელი განსაცდელი „მზიურს” წელს, 13 ივნისს, სტიქიამ მოუვლინა, მაგრამ სწორედ ამ განსაცდელის ჟამს გამოჩნდა, რომ თბილისელებს უყვართ თავიანთი პარკი. ათასობით ახალგაზრდა აქ უანგაროდ, ენთუზიაზმის ხარჯზე მუშაობდა და ასუფთავებდა გარემოს. მოქალაქეობრივი შეგნებისა და პასუხისმგებლობის, ინიციატივის ამგვარი მაგალითი იშვიათად უნახავს ქალაქს. მართალია, მოგვიანებით, სპეკულაციისა და არასწორი ქმედებების ერთეული შემთხვევებიც იყო, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჩვენს პატარა- გოგო ბიჭებს და მათ ერთობას, საკმაოდ ბევრი შეუძლია, რომ ბალერინა გოგონები, თუ მოინდომეს, მორებს ეზიდებიან და რაც მთავარია, აქვთ შეგრძნებაცა და შეგნებაც, რომ ეს ქვეყანა, ქალაქი თუ პარკი მათია, მათი საკუთრებაა და მათი საზრუნავია.

მზიურისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭება ამ მუხტის შენარჩუნებასა და სწორად განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ნოდარ დუმბაძეც ხომ ამას წერდა, ყველამ თითო აგური დავდოთო, ანუ მისთვისაც ეს იყო საქმე, რომელსაც მშენებლობის პროცესშივე უნდა გაეერთიანებინა ქართველები. სამწუხაროა, რომ 13 ივნისის მსგავსი მუხტი ქვეყანაში მხოლოდ დიდი უბედურებისა ან ბედნიერების დროს იქმნება. (მაგ. 9 აპრილი, უეფას თასის მოგება). ეტყობა, იმპულსურობა ქართველი კაცის ბუნებაშია და გეგმაზომიერი შრომის კულტურას უცაბედი თავდადების მაგალითები სჭარბობს.

„მზიურის” ახალი პროექტი თბილისელებისთვის ახალი გამოცდილება იქნება. თუკი ჩვენ, ამ ქალაქის მკვიდრნი, შევძლებთ ჩვენი მოქალაქეობრივი ენერგიის სწორედ განაწილებას, მომავალი თაობებისათვის შეიქმნება ადგილი, რომელიც არა მხოლოდ დასვენების, არამედ განვითარების საშუალებასაც მისცემს მათ და ჩამოაყალიბებს ქალაქური ყოფის ახალ, ძალიან საჭირო კულტურას.

ორგანიზაცია „მზიანის” წევრები გეგმავენ, რომ პარკში არსებული კაფე და ამფითეატრი ახალი ფუნქციით დატვირთონ. აქ მოეწყობა სოციალური კაფე, რომლის მიზანიც კომერცია და მოგება კი არ იქნება, არამედ ის, რომ სხვადასხვა სოციალური პროექტი შესთავაზონ პარკის სტუმრებს.

პროექტის მიხედვით „მზიურის კაფესა და ამფითეატრის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული და მისაწვდომი იქნება. გაკეთდება პანდუსები, მოაჯირები, უსინათლოებისთვის სანიშნები, მცირე მხედველთათვის დიდი შრიფტები, სმენის არმქონეთათვის სპეციალური ნიშნები, მენიუსა და ყველა საინფორმაციო ბუკლეტზე იქნება ბრაილის შრიფტი, ერთ-ერთ თანამშრომელს ეცოდინება ჟესტების ენა. მსგავსი გარემო მოსახერხებელი იქნება არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, არამედ მშობლებისთვისაც, რომლებიც ბავშვებს ეტლით ასეირნებენ, ასევე მოხუცებულთათვის. კაფეს მოგება ჩაბრუნდება სოციალურ-ინკლუზიურ პროექტებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანთა ინტეგრაციას. კაფე დატვირთული იქნება ლიტერატურული საღამოებით, გამოფენებით, პრეზენტაციებით. მოეწყობა თემატური დღეები: ხატვის დღე, წიგნის დღე, კულინარიული დღე, ბავშვთა გასართობი დღეები”.

ამფითეატრი სეზონურად მოემსახურება ბავშვთა კლასიკური მუსიკის საღამოებს, მოეწყობა ღია კინოჩვენებები, სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური კონცერტები, დისკუსიები, ინკლუზიური სპექტაკლები. . .

ამფითეატრი უფასოდ მოემსახურება ახალგაზრდა შემოქმედებს და ხელს შეუწყობ მათ პროფესიულ ზრდასა და პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ თავად ორგანიზატორი, ანა გოგუაძე, ეტლით მოსარგებლეა, მაგრამ უკვე წლებია, საოცარი შემართებითა და შრომისუნარიანობით ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ძალიან პირობითი რამაა. მისი ყოველი წარმატებული პროექტის შემდეგ მიჩნდება შეგრძნება, რომ სირცხვილია, როცა ჩვენ, დანარჩენებს რაღაც არ გამოგვდის, რაღაცაზე ვწუწუნებთ, რაღაც გვეზარება. მას, რა თქმა უნდა, ათმაგი ძალისხმევის ფასად უჯდება ყველა წარმატება, მაგრამ არ იღლება, იბრძვის და იმარჯვებს.

იმ ვიდეობლოგებში, ზემოთ რომ ვახსენე, ყველა თავისი ოცნების „მზიურზე” საუბრობს. თითოეული მათგანის ნატვრა შეიძლება ახდეს, თუკი საზოგადოების წევრები ცოტაოდენ ძალისხმევა მოვახმართ.

მე ჩემი ოცნების „მზიურზე” მოგიყვებით:

ქართულ სკოლებში ექსკურსიების შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპი ძალიან აზარალებს საგანმანათლებლო პროცესს. თანამედროვე ბავშვისთვის ექსკურსია ნიშნავს: მათთვის პერსონალურად დაქირავებულ ტრანსპორტს, საჭმლის უზომო რაოდენობას და კიდევ რომელიმე ხუროთმოძღვრულ ძეგლს, რომელსაც უცებ მოირბენენ. რა თქმა უნდა, არსებობს ბედნიერი გამონაკლისები, მაგრამ ძირითადად ასეა. ამას ქალაქის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაც უწყობს ხელს. არ არის ადვილი დღევანდელ თბილისში ბავშვების ჯგუფთან ერთად გადაადგილება. ტრანსპორტი ცუდად მოძრაობს, ტროტუარზე მანქანებია, გადასასვლელებზე მძღოლები ფეხით მოსიარულეებს გზას არ უთმობენ. მოკლედ მტრულია გარემო. არადა ევროპული ქალაქების ქუჩები სავსეა მასწავლებლებთან ერთად ფეხითა თუ ტრანსპორტით მოსიარულე მოსწავლეებით.

ჩემი ოცნების „მზიურში”, კორდზე ექსკურსიაზე წამოსული რომელიმე კლასი კითხვის საათს აწყობს. სხვა ავტორებს რომ თავი დავანებოთ, რა კარგი იქნება, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებასთან აქ, მის ნაოცნებარ გარემოში შეხვედრა. რამდენ რამეზე შეიძლება საუბარი თუნდაც „Hellados” განხილვისას!

როგორია და რას ბადებს ძალმომრეობა, რატომ ვერ იღებენ ბავშვები განსხვავებულებს, როგორ შეიძლება დაიძლიოს ძალადობა, რამდენად პირობითია ეს „განსხვავებულობა”, რამდენად პირობითია, თუნდაც ეთნიკური კუთვნილება, რა შეიძლება მოხდეს, როცა ბავშვს საზოგადოება, ამ შემთხვევაში მამა, საერთოდ ვერ აღიქვამს პიროვნებად?

საზოგადოების ჰუმანიზმი იმით ფასდება, რამდენად ზრუნავს განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე. თუკი „მზიური” ასეთი ადგილი იქნება, როგორ ბუნებრივად წარიმართება საუბრები სიკეთეზე, პატიებაზე, ერთმანეთის მიღებაზე, – ყველაფერზე, რაზეც ნოდარ დუმბაძე წერდა.

აქ შეიძლება მოეწყოს კლასის საათებიც. ადამიანი ბუნებაში უფრო გახსნილია. ათასი პრობლემა, რომელიც კლასში შეიძლება გაჩნდეს, ამ გარემოში უფრო ბუნებრივად ითქმება. სიკეთე გადამდებია და თუკი ბავშვები დაინახავენ, როგორ ზრუნავს საზოგადოება განსხვავებულ ადამიანებზე, იქნებ უფრო დაფიქრდნენ, რომ სირცხვილია დაცინვა სიგამხდრე -სიმსუქნის, ათოსნობა – ოროსნობის, სათვალის, ნაკლები ფიზიკური მონაცემების და უამრავი ასეთი ფაქტორის გამო.

„მზიურს” აქვს პერსპექტივა თბილისელების სამოქალაქო თვითშეგნების გამოხატულებად იქცეს. მაშინ მასწავლებლები შეძლებენ „სამოქალაქო განათლების” გაკვეთილების აქ ჩატარებასაც, რა კარგი იქნება, მოიყვანო ბავშვი აყვავებულ „მზიურში” და უთხრა: აი, რა შეუძლია სწორად ჩამოყალიბებულ ღირებულებებს და ადამიანთა ერთიან ძალისხმევას,.

ერთი ხორცშესხმული ოცნება სიხარულთან ერთად ახალ ოცნებებს ბადებს და როგორც ისევ ნოდარ დუმბაძე იტყოდა: „მერე გავმრავლდებით და ჩვენ ვიქნებით მთელი სოფელი”.

ორგანიზატორები მერიისგან ერთადერთ რამეს ითხოვენ, მოეხსნას კაფესა და ამფითეატრს საიჯარო გადასახადი.





კრიტიკული აზროვნების განვითარება კოლაბორაციული სწავლებისას და სტრატეგია „ზიგზაგი“

0
თანამედროვე მოზარდები საგრძნობლად ცნობისმოყვარეები არიან, მათ სურთ სამყაროს შეცნობა, შეუძლიათ ორიგინალური იდეების წამოყენება და სერიოზული შეკითხვების დასმა. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა განვითარებას და აზროვნების სტიმულაციას, რისთვისაც ფართოდ უნდა გამოიყენოს თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და სწავლა/სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები. 

ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ტექნოლოგიას კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგია წარმოადგენს. მისი სისტემატური გამოყენებით შესაძლებელია მოსწავლეთა გონებრივი საქმიანობის გააქტიურება. იგი ორიენტირებულია ინფორმაციის გააზრებასა და გადამუშავებაზე. ამ დროს მოსწავლეები, ამოდიან რა რეალური და კონკრეტული მიზნებიდან, სწავლის პროცესში თავად ახდენენ ცოდნის კონსტრუირებას, განსაზღვრავენ საკუთარი განვითარების მიმართულებას და საბოლოო შედეგს. კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგიის გამოყენებით ცოცხლდება გაკვეთილი, ხოლო სწავლა გადაიქცევა სახალისო და სასიამოვნო ემოციების პროცესად.

იმისათვის, რომ მივცეთ ბავშვებს გაკვეთილზე აქტიური მოქმედების და საკუთარი ცოდნის გამოყენების საშუალება, ტექნოლოგიის ავტორები გვათავაზობენ გაკვეთილის აგების შემდეგ სქემას:

კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ინფორმაციასთან მუშაობის გამოცდილება. საამისოდ ძალიან მოსახერხებელია სტრატეგია „ზიგზაგი”1. ასეთი სახელი მას ინფორმაციასთან მუშაობის არასწორი, ზიგზაგისებური ფორმის გამო ეწოდება. სტრატეგია „ზიგზაგი” ტექსტის მოცულობის შესაბამისად ორ ნაწილად იყოფა: „ზიგზაგი” და „ზიგზაგი – 2″. „ზიგზაგი” ძირითადად დიდი მოცულობის ტექსტებთან სამუშაოდ გამოიყენება (მსგავსია სტრატეგია „მოზაიკა-1″), ხოლო „ზიგზაგი – 2″ – მცირე ზომის ტექსტებისთვის.

ზოგადად სტრატეგია „ზიგზაგი” და კონკრეტულად სტრატეგია „ზიგზაგი – 2″ გამოიყენება შემდეგი მიზნების გადაჭრისთვის:

§ტექსტის ერთობლივი ანალიზი;
§ჯგუფში კვლევითი საქმიანობის წარმართვა;
§ინფორმაციის გადაცემა;
§ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით რომელიმე საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა.

სტრატეგია „ზიგზაგი” და განსაკუთრებით „ზიგზაგი – 2″ (Johnson, Johnson, & Holubec, 1990; Slavin, 1980) გულისხმობს თანამშრომლობით სწავლა/სწავლებას და ამ გზით სხვადასხვა უნარების, განსაკუთრებით კი ერთობლივი კრიტიკული ანალიზის უნარის განვითარებას. თანამშრომლობითი სწავლის ძირითადი საფუძვლებია: ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება, პირდაპირი/ცოცხალი ინტერაქცია, სოციალური უნარ-ჩვევები, ჯგუფური ანალიზი და პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება2. და რადგან გუნდის მიზანია, ერთობლივად მიაღწიოს მიზანს, ეს განაპირობებს თითოეული წევრის პასუხისმგებლობას და ერთმანეთის დახმარების სურვილსაც3. კარგად წარმართული თანამშრომლობითი მუშაობის ტექნიკით (სტრუქტურებით) უზრუნველყოფილია პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის მოქმედება4.

თანამშრომლობითი მუშაობისას ჯგუფში (მცირე ზომის ჯგუფები) ახალი იდეები წამოიჭრება. ამ იდეებს ერთობლივად განიხილავენ და გადაჭრიან. სამუშაო პროცესი გაცილებით ახლოსაა რეალურ სიტუაციასთან, ვიდრე ჩვეულებრივი გაკვეთილი, როდესაც შემოქმედებითი ხასიათის დავალებებს ვაძლევთ ჯგუფებს, რადგან „ზიგზაგისებური” გადაწყვეტილებები არამარტო კომპრომისის საფუძველზე მიიღება, არამედ აქცენტირდება ჯგუფში წამოყენებულ ყველაზე ღირებულ იდეაზე და მეტ გასაქანს აძლევს ინდივიდუალიზმს.

თანამშრომლობითი სწავლის ეფექტურობისთვის და ამ გზით კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის აუცილებელია, მასწავლებელმა წინასწარ შეადგინოს დავალება ისე, რომ გუნდის თითოეულ წევრს კონკრეტული ამოცანა ჰქონდეს შესასრულებელი. მასწავლებელმა ასევე, წინასწარ უნდა შექმნას თემატური კონტექსტი და მუშაობის პრინციპები განუმარტოს მოსწავლეებს5.

მუშაობის ეტაპები: ა) სამუშაო ჯგუფი მიიღებს ტექსტს, რომელსაც „უნდა გადახედოს”; ბ) ჯგუფის წევრების რაოდენობის შესაბამისია მიცემული დავალებებიც (ჯგუფში 4-6 მონაწილე); გ) „ცალკეული” საკითხების სპეციალისტები ერთიანდებიან „ექსპერტულ” ჯგუფებში; დ) „ექსპერტული” ჯგუფები ყურადღებით ეცნობიან ტექსტს, ეძებენ პასუხებს მიცემულ დავალებაზე; ე) „ექსპერტული” ჯგუფები შეისწავლიან საკითხს და ამზადებენ პერეზენტაციას „სამუშაო” ჯგუფისთვის; ვ) ბრუნდებიან რა „სამუშაო” ჯგუფებში, ექსპერტები პასუხობენ „თავიანთ” შეკითხვებზე; ზ) კითხვებზე პასუხს მთელი აუდიტორია ისმენს.
სტრატეგიის მუშაობის სქემა:

 
დასკვნით ეტაპზე მასწავლებელს შეუძლია განიხილოს მოსწავლეებთან შედარებით პრობლემური, სადავო თემები, შესთავაზოს დავალება ან სხვა დამატებითი წყაროების გაცნობა, რომელიც საკითხის შემდეგი კვლევისთვისაა მნიშვნელოვანი.
სამუშაოს ბოლოს მნიშნელოვანი ეტაპია შეფასება, როგორც ჯგუფური, ასევე – ინდივიდუალური ფორმით, მაგრამ, რადგან ეს იყო თანამშრომლობითი სწავლა/სწავლება, ამიტომ უმჯობესია მოსწავლეებს ვუბიძგოთ თვითშეფასებისკენ. თვითშეფასების ფურცელში მოსწავლე შეაფასებს თავის მოღვაწეობას ჯგუფში. თითოეული მის მიერ შესრულებული მოქმედება შეიძლება შეფასდეს 5-ბალიანი სისტემით:
მაგალითად, მოსწავლეთა თვითშეფასების ფურცელი:
ასეთი შეფასების შედეგებით მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს, რა მიმართულებით მიდის მისი განვითარება, რა გზით უნდა წავიდეს შემდეგში. მასწავლებელი კი განსაზღვრავს, რამდენად ადეკვატურია მოსწავლის საქმიანობა ჯგუფში.

კოლაბორაციული სწავლებისას კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის გამოიყენება ასევე სტრატეგია „საპირისპირო ზიგზაგი” (ავტორი Т. Hedeen (2003). იგი იმით განხვავდება ძირითადისაგან, რომ: ა) ექსპერტების ჯგუფის სპიკერი ნაცვლად იმისა, რომ დაუბრუნდეს თავის სამუშაო ჯგუფს, გამოკვლეულ მასალას გააცნობს მთელ აუდიტორიას; ბ) თავის მხრივ აუდიტორია შეკითხვებს დაუსვამს ექსპერტულ ჯგუფებს და ისინიც უპასუხებენ, დააზუსტებენ ინფორმაციას; გ) ამის შემდეგ ექსპერტული ჯგუფის წევრები გააკონტროლებენ აუდიტორიის მიერ მასალის ათვისების ხარისხსაც6.

მაგალითი: სტრატეგია „ზიგზაგი 2-ის” გამოყენებით განვიხილოთ თემა, რომელიც ნებისმიერი სასწავლო დისციპლინის სწავლებისას შეიძლება წამოიჭრას:

თემა: „თანამედროვე სამყაროს მრავალფეროვნება”

სტრატეგია „ზიგზაგი 2-ის” წესის თანახმად, სამუშაოდ წარმოდგენილი იქნება მცირე ზომის ტექსტები, რომელიც გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარებიან. სავარაუდო ტექსტების მიხედვით შესაძლო საკითხების ჩამონათვალი ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

I ეტაპი:

§ტექსტების გაცნობა ჯგუფებისთვის (ისინი თითქმის ყველა სასწავლო დისციპლინის ფარგლებში გვხდებიან);

II ეტაპი:

§ტექსტის გამოყენებით დაასახელეთ…. (ისტორიული, ევოლუციური, გეოლოგიური, ტექნოლოგიური…) განვითარების ეტაპები;
§დაასახელეთ … (სამრეწველო წარმოების, ადამიანის განვითარების, სეისმური საშუალებების, კოსმოსის კვლევის…) ეტაპები;
§დაასახელეთ (საზოგადოების, კულტურის, ხელოვნების, ბუნებისმეტყველების…) განვითარების ეტაპები.

III ეტაპი:

§კლასი იყოფა ჯგუფებად – 1, II, III:
§1-ელი შეისწავლის (ისტორიული…) განვითარების ეტაპებს და შეადგენს კლასტერს;
§II ჯგუფი შეიმუშავებს (სამრეწველო საზოგადოებაზე…) და დაწერს სინქვეინს;
§III ჯგუფი შეიმუშავებს (პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე…) და შეავსებს ლინგვისტურ კონსტრუქციას.

IV ეტაპი:

§თავის მხრივ თითოეული ჯგუფი საკითხის ირგვლივ მოიფიქრებს 1 ან 2 საკონტროლო შეკითხვას;
§ჯგუფები მუშაობენ 10 წუთი;

§შემდეგ 1, II, III ჯგუფის მონაწილეებიდან იქნება ახალი ჯგუფი;
§და თითოეული მათგანი წარმოადგენს თავის თემას, გაეცნობა დამატებით საკითხებს, დასვამს შეკითხვებს.
§მუშაობის 10 წუთი;

V ეტაპი:
§პრეზენტაცია;
§შეფასება;
§დასასრული.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ გაკვეთილებზე ყალიბდება კოლაბორაციული უნარ-ჩვევები, მოსწავლეები გამოკვეთავენ საკუთარ შეცდომებს, სწავლობენ თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ფასს, იზრდება მათი აქტივობა და ჩართულობა, სტრატეგია „ზიგზაგი”-ის ყველაზე მთავარ ღირსებად მაინც ერთობლივი კრიტიკული ანალიზის უნარის განვითარება მიიჩნევა. აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებით მონაწილეები არა მარტო საგაკვეთილო მასალის მომზადებასა და გაფორმებაში იღებენ მონაწილეობას, არამედ სრული სახით ეცნობიან მოცემულ საკითხს. შედეგად იცვლება მოსწავლეთა დამოკიდებულება გაკვეთილის მიმართ, მაღლდება მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები, მასალის გადმოცემის, ლოგიკური საუბრის, ანალიზის, კვლევითი საქმიანობის, შეკითხვის დასმის უნარები და აქტიურდება შემეცნებითი ინტერესი გარე სამყაროს მიმართ, რაც საბოლოო ჯამში წარმატებული სწავლის საუკეთესო მოტივატორია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Развитие критического мышления на уроке. Заир-Бек С …
www.alleng.ru/d/schexam/schexam028.htm
2. Johnson, D. W., & Johnson, R. (1985, 1990). Cooperative learning: Warm-ups, grouping strategies and group activities. Edina, MN: Interaction Book Company. Second edition, 1990; Slavin, R., Sharan, S. Kagan, S., Hertz-Lazarowitz, R., Webb, C. & Schmuck, R. (Eds.) Learning to Cooperate, Cooperating to Learn. New York, NY: Plenum, 1985;
3. Тарханова И.Ю. Стратегии интерактивного обучения
yspu.org/…/ТАРХАНОВА_Стратегии_интерактивно..
<4. https://www.kaganonline.com/free_articles/dr_spencer_kagan/384/Effect-Size-Reveals-the-Impact-of-Kagan-Structures-and-Cooperative-Learning,3>
5. თეო ნეფარიძე, თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება, https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=241
https://www.gifted.uconn.edu/nrcgt/reports/rbdm9106/rbdm9106.pdf
6. Hedeen, T. (2003). The reverse jigsaw: A process of cooperative learning and discussion. Teaching Sociology, 31(3), 325–332; https://www.jstor.org/stable/3211330?seq=1#page_scan_tab_contents

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...