კვირა, აგვისტო 10, 2025
10 აგვისტო, კვირა, 2025

რა ასაკიდან უნდა იწყებდეს ბავშვი უცხო ენის შესწავლას

0
ვფიქრობ, შეუძლებელია მოიძებნოს მშობელი, რომელსაც არ სურდეს, რომ წარმატებული შვილი ჰყავდეს. და რადგანაც დღეს წარმატებულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას უცხო ენის სათანადოდ ფლობა წარმოადგენს, ძალიან ბევრი მშობელი, ჯერ კიდევ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როდიდან დააწყებინოს ბავშვს უცხო ენის შესწავლა, არჩევს წიგნებს, სახელმძღვანელოებს და პედაგოგსაც კი, ვისთანაც მისი პატარა მომავალში მისთვის სასურველ უცხო ენას დაეუფლება. საყურადღებო ფაქტია ის, რომ სახელმწიფოც სერიოზულად არის დაინტერესებული აღნიშნული საკითხით, იმით, რომ ჩვენმა ბავშვებმა რაც შეიძლება ადრე დაიწყონ უცხო ენის შესწავლა. ამ კუთხით გარკვეული მუშაობა ტარდება საბავშვო ბაღებში. სკოლებში კი უკვე რამდენიმე წელია ბავშვები პირველი კლასიდან საგაკვეთილო პროცესში ეუფლებიან უცხო ენას. ალბათ საჭიროა, რომ როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლების პირველ კლასებში სერიოზულად იქნეს შესწავლილი და გაანალიზებული უცხო ენის სწავლების მდგომარეობა და გამოკვეთილ იქნეს აღნიშნული პროცესის, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. წლების წინ, იმ პერიოდში, როდესაც უცხო ენა პირველ კლასებში  ჯერ კიდევ არ ისწავლებოდა, ერთ-ერთი ბავშვის დედა აღშფოთებას და სიბრაზეს ვერ მალავდა იმის გამო, რომ მის შვილს სირთულეები ჰქონდა ქართული ანბანის  შესწავლისას. „წარმოგიდგენიათ?! გუშინ მთელი დღე ვუხსნიდი, რომ ეს არის ასო „ი”, მეგონა დაისწავლა, მაგრამ მოგვიანებით, როცა ვკითხე ეს რა ასოა-მეთქი, საოცარი სიმშვიდით მიპასუხა: ეს არის ასო „აი”. ნამდვილად გამაგიჟებს ეს ბავშვი”. პატარა ნინი ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა დედას და ვერ ხვდებოდა თავის დანაშაულს. „ინგლისურსაც ხომ არ ასწავლით თქვენს გოგონას?” – მორიდებით ვკითხე  შვილის საქციელით განრისხებულ ქალბატონს. „კი, ვასწავლი. ინგლისურში ანბანი უკვე ზეპირად იცის. რუსულსაც ვასწავლი და მალე ფრანგულიც უნდა დავიწყოთ”. ამაყად განმიცხადა ნინის დედამ. „ყველა ბავშვი სწავლობს უცხო ენას და ჩემმა შვილმა რატომ არ უნდა ისწავლოს?!” – გაოცებას ვერ მალავდა ქალბატონი, რომელსაც, როგორც ჩანს წინასწარ ჰქონდა შედგენილი საკუთარი შვილის საგანმანათლებლო პროგრამა. ვფიქრობ, ბევრი მშობელი არ ისურვებდა, რომ თავისი შვილი პატარა ნინის მდგომარეობაში ეხილა.
     ნამდვილად არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ენების ცოდნა ძალიან სასარგებლო, ხშირად კი აუცილებელიცაა თანამედროვე ცხოვრებაში. თუმცა რამდენად გამართლებულია უცხო ენის სწავლება ადრეულ ასაკში? შეიძლება თუ არა განისაზღვროს უცხო ენის შესასწავლად ყველაზე სასურველი და ოპტიმალური ასაკი. არსებობს ორი განსხვავებული შეხედულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მეცნიერთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ 1,5-დან 9 წლამდე იდეალური პერიოდია ენების შესასწავლად. არსებობს მონაცემები, რომლითაც მტკიცდება, რომ ბავშვი უფრო ადვილად ითვისებს უცხო ენას, ადვილად იწყებს ამ ენაზე ამეტყველებას, ვიდრე მოზრდილი ადამიანი. ძალიან ბევრ მოზრდილს, უდიდესი სურვილის და ძალისხმევის მიუხედავად, უჭირს უცხო ენის დაუფლება. პატარები კი ამას უპრობლემოდ ახერხებენ. ამ ფაქტს, ერთი მხრივ, ბავშვის ბიოლოგიური თავისებურებებით ხსნიან. კერძოდ კი იმით, რომ 9 წლამდე ასაკის ბავშვის ტვინის მეტყველებასთან დაკავშირებული მექანიზმები ბევრად უფრო მოქნილია და ეს მოქნილობა ასაკის მატებასთან ერთად თანდათან სუსტდება. მეორე მხრივ, ფსიქოლოგიური ბარიერის არარსებობა ენის შესწავლისას, მათ არ აქვთ შეცდომის დაშვების შიში, ცნობისმოყვარენი და გახსნილნი არიან ყველა სიახლის მიმართ. ის ფაქტი, რომ უფროსებთან შედარებით ნაკლებად მორცხვობენ უცხო ენაზე საუბრის დროს, ბავშვებს ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში აყენებს და ისინი გაცილებით სწრაფად იწყებენ უცხო ენაზე ლაპარაკს, ვიდრე უფროსები. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მართალია ენის შესწავლას დიდი დრო და შრომა სჭირდება, მაგრამ ძალიან ადვილია მისი დავიწყება. ენას მაშინვე ვივიწყებთ, თუ ამ ენაზე ურთიერთობის საშუალება აღარ გვაქვს. ენის ფუნქცია კომუნიკაციაა. თუკი კომუნიკაცია არ არსებობს, ენა სწრაფად გვავიწყდება. ამიტომ არის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც ბავშვობაში უცხო ენას ასწავლიდნენ, მოგვიანებით კი, გარკვეული მიზეზების გამო, შეწყვიტა მეცადინეობა, მოზრდილობაში, ორი-სამი უმარტივესი ფრაზის გარდა, აღარაფერი  ახსოვს. სწორედ აღნიშნულის გამო, ბევრი მიიჩნევს, რომ თუ ბავშვი უცხო ენის გამოყენების არანაირი აუცილებლობის წინაშე არ დგას, არ არის საჭირო ამ ენის შესწავლა მას ადრეულ ასაკში დავაწყებინოთ. ბავშვისთვის სულ ერთია რა ენაზე ილაპარაკებს. მისთვის მნიშვნელოვანია გაუგონ და თვითონაც გაუგოს სხვას. მას ჯერ არ შეუძლია ენის, როგორც ასეთის სიყვარული. თუ მისი ესმით და მასაც ესმის გარშემომყოფების, რომლებიც მის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ, მას არა აქვს მოტივაცია უცხო ენის შესასწავლად. მოტივაციის გარეშე კი შეუძლებელია ვილაპარაკოთ წარმატებულ სწავლა-სწავლებაზე. უცხო ენის შემოტანა და მისი სწავლება თვითმიზნად და ბავშვისთვის ხელოვნურ დატვირთვად არ უნდა იქცეს. ამ მიდგომის მიხედვით, უცხო ენის სწავლა ბავშვმა მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მშობლიურ ენას საკმაოდ დაეუფლება. თუ ბავშვს სკოლაში მშობლიურ ენაზე ჯერ არ უსწავლია რა არის ქვემდებარე და შემასმენელი, რა არის არსებითი სახელი და რით განსხვავდება ის ნაცვალსახელისგან, არანაირი უცხო ენის შესწავლაზე არ შეიძლება საუბარი. ბავშვი, ისევე როგორც მოზრდილი, ვერასოდეს შეძლებს გაიგოს და დაისწავლოს გააზრებულად სიტყვა, თუკი არ იცის ის მშობლიურ ენაზე. ამ გზით ენის სწავლა შეიძლება შევადაროთ სახლის აშენებას საძირკვლის გარეშე. უცხო ენა ბავშვის ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს მაშინ, როცა ის მშობლიურ ენაზე სათანადოდ ფლობს სიტყვების საჭირო მარაგს და შეუძლია სხვადასხვა სახის წინადადებების დამოუკიდებლად შედგენა; მაშინ, როცა მას ექნება საბაზისო ცოდნა მშობლიური ენის გრამატიკაში და მაშინ, როცა თვითონ ბავშვს და არა მის მშობელს ექნება სურვილი, რომ ის დაეუფლოს უცხო ენას. არსებობს აზრი, რომ ბავშვი ჯერ სრულად უნდა დაეუფლოს მშობლიურ ენაზე წერით მეტყველებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს უცხო ენის შესწავლა. ამასთან, თუ მას მშობლიურ ენაზე მეტყველებისას აქვს პრობლემები, აქვს მწირი ლექსიკური მარაგი, ურევს სიტყვების მნიშვნელობებს, აქვს უხეში დარღვევები ბგერების წარმოთქმისას ან სხვა ლოგოპედური პრობლემები, უცხო ენის შესწავლა შეიძლება სერიოზულ ხელისშემშლელ  ფაქტორად იქცეს  მშობლიურ ენაზე მეტყველების განვითარებისთვის.
     ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ უცხო ენის შესწავლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება დავიწყოთ. მთავარია, გვქონდეს გამოყენების სფერო და სერიოზული მოტივაცია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი, შევქმნათ შესაფერისი სასწავლო გარემო და შევარჩიოთ შესაბამისი სასწავლო მეთოდები. ამასთან, უმნიშვნელოვანესია შესატყვისი ენობრივი გარემოს შექმნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადრეული ასაკის ბავშვთან გვაქვს საქმე. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმა თამაშია და ამიტომ ენის დაუფლება ძირითადად თამაშის პროცესში უნდა ხორციელდებოდეს. ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ თამაშის სახით, ისე, რომ ბავშვი ვერც კი ხვდებოდეს, რომ მეცადინეობს. ის უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არ უნდა ჰქონდეს სავალდებულო გაკვეთილების სახე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მასში უკურეაქციას, უკმაყოფილებას, პროტესტს გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, გაართულებს სწავლების პროცესს. ნუ შევეცდებით ბავშვის დარწმუნებას იმაში, რომ ენის ცოდნა მას მომავალში გამოადგება, ის ამას ვერ გაიგებს, ვინაიდან ის ჯერ კიდევ მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობს და თავის საქმიანობას მომავალს არ უკავშირებს.
    სკოლამდელი ასკის ბავშვმა უცხო ენის შესაცნობად და მასთან დასაახლოებლად იგივე გზა უნდა გაიაროს, რასაც მშობლიურ ენასთან დამოკიდებულებაში გადის. მართალია, მშობლიური ენის დაუფლებას დიდი დრო და შრომა სჭირდება, მაგრამ ის ძალიან ბუნებრივად და ძალდაუტანებელად მიმდინარეობს. გავიხსენოთ, როგორ ეუფლება ბავშვი მშობლიურ ენას – დაბადების მომენტიდან ჩვილს ესმის უფროსების მეტყველება, ასევე ის, თუ როგორ საუბრობენ ისინი ერთმანეთში. არავის მოუვა თავში აზრად მშობლიურ ენაზე პატარასთან ურთიერთობისას მას ცალკეული, განყენებული სიტყვებით მიმართოს. ჩვენ ვსაუბრობთ ფრაზებით, ცალკეულ სიტყვებს კი, რასაკვირველია გამოვყოფთ ხმის ტონით, როცა ვუჩვენებთ საგანს ან სურათს, რომელზეც ამ სიტყვის აღმნიშვნელი საგანია გამოსახული ან ვუხსნით ჟესტებით. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ბავშვი იწყებს ჩვენი მეტყველების გაგებას. ასევე თანდათანობით ის ცდილობს იმ სიტყვების წარმოთქმას, რომელთა აზრი უკვე კარგად ესმის. აქტიური მეტყველება ყალიბდება თანდათან, სიტყვების სულ უფრო დიდი რაოდენობის გაგების კვალდაკვალ. ასეთივე მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული უცხო ენის სწავლებისას. არ არის აუცილებელი სიტყვების და ფრაზების ზედმიწევნით თარგმნა, საჭიროა ბავშვის თანდასწრებით ბევრი ვილაპარაკოთ შესასწავლ ენაზე. დროთა განმავლობაში პატარა თავისუფლად დაიწყებს აღნიშნულ ენაზე მეტყველებას. ასეთ პირობებში ეს ძალიან ბუნებრივად და ძალდაუტანებლად მოხდება.
     ასე რომ, ადრეულ ასაკში უცხო ენის დაუფლების პროცესში შესაბამისი ენობრივი გარემოს შექმნა საუკეთესო საშუალება და უმოკლესი გზაა ენის შესასწავლად. თუ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, აჯობებს უცხო ენის შესწავლა ბავშვს მოგვიანებით დავაწყებინოთ, როცა ენის ცოდნის საჭიროებას ის თავად იგრძნობს და სასწავლო მოტივაციაც უფრო მაღალი ექნება.
 

მუსიკა ომის არომატით: ჯაზის ორმხრივი ცხოვრება და ედიტი

0
ჯაზი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1917 წ.წ.) გამოჩნდა. ის იქ საფრანგეთის მხარეზე მებრძოლმა აფროამერიკელმა ჯარისკაცებმა შეიტანეს. მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ჯაზურმა ცხოვრებამ მოიწყინა, ვინაიდან ნაცისტებისგან თავის დასაღწევად მრავალმა მუსიკოსმა თავი ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარა. მაგრამ ჯაზი პარიზში მაინც ცოცხლობდა. ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში პარიზელებმა 80 ჯაზური კონცერტის გამართვა მოახერხეს.

ოკუპირებულ საფრანგეთში ჯაზს „ორმხრივი” ცხოვრება ჰქონდა. მისი როლი ნაცისტური ბანაკების სისტემაში ვითარებასთან ერთად იცვლებოდა. ერთი მხრივ, გერმანელები „უცხო მუსიკაში” საფრთხეს ვერ ხედავდნენ, თუმცა კი ჯაზის თავაწყვეტილი ბუნება გერმანულ ფასეულობებს ეწინააღმდეგებოდა. მეორე მხრივ, ის ნაცისტების პროპაგანდისა და რეჟიმის ფაშისტური „კუდების” გასართობი საშუალება იყო. “ესესი”-ს ცალკეული წევრები ნაციზმის მუსიკალური პრინციპების თავგადაკლული გულშემატკივრები სულაც არ ყოფილან; გესტაპოს ზოგიერთი ოფიცერი ჯაზის მუსიკოსებთან ერთად შესანიშნავად ატარებდა დროს. ასეთი შემთხვევების წყალობით საძულველმა ჯაზურმა მუსიკამ ნაცისტურ ბანაკებში გადარჩენა შეძლო. ტყვეების მიერ შესრულებული განდევნილი ჯაზის („დეგენერაციული მუსიკა”) მოსმენა პატიმრებს მორალურად აძლიერებდა, შეშინებულ ადამიანებს ამშვიდებდა. ბუხენვალდის ჯაზური ორკესტრის „რიტმის” საქსოფონისტის მოგონებიდან: „ჩვენ ნაციონალურად ჭრელი აუდიტორიის წინაშე მესამე რაიხის მიერ აკრძალულ „რასულად უსუფთაო” მუსიკას ვუკრავდით. ნებისმიერ სხვა გარემოებაში ჩვენი გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა. ჯაზი თავისუფალი სამყაროს სიმბოლოდ გადაიქცა, წინააღმდეგობის მოძრაობის შესანიშნავ საფარად”.

წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები კაბარეებში დოკუმენტებისა და ინფორმაციის გადაცემის მიზნით ფარულ შეხვედრებს აწყობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი „ხოტ კლუბი” იყო, რომელიც 1943 წელს გესტაპომ დაარბია. ზოგი მონაწილე გაზის კამერაში დაიღუპა, ზოგი დეპორტირებულ იქნა. დააპატიმრეს რამდენიმე ბრიტანელი აგენტიც. რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა არ ცხრებოდა, ახალგაზრდული ორგანიზაციები კვლავ იქმნებოდა, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო „სვინგერების” მსგავსი ორგანიზაცია „ზაზუ”. ასე უწოდებდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც ნაცისტური ოკუპაციის დროს მოქმედი წესების შესრულებაზე უარს ამბობდნენ. 

1942 წელს, როდესაც ფაშისტებმა ებრაელები აიძულეს, ტანსაცმელზე ყვითელი ვარსკვლავი დაეკერებინათ, „ზაზუს” ახალგაზრდობამაც დაიწყო ყვითელი ვარსკვლავის ტარება, რომლის შუაგულში „სვინგი” ან „ზაზუ” ეწერა. ასე იქცა „სვინგი” და „ზაზუ” წინააღმდეგობის სიმბოლოდ.

1943 წელს სენ-ჟერმენში ახალგაზრდების მდუმარე აქცია გესტაპომ დაარბია, მონაწილეები კი დააპატიმრა.
ახლა კი, გადავხედოთ ნაცისტური ოკუპაციის დროს წინააღმდეგობის მოძრაობაში ედიტ პიაფის ორმხრივი ცხოვრებით მონაწილეობის უმნიშვნელოვანეს როლს. 

ედიტი 
 
ედიტ პიაფის ცხოვრების ეპიზოდები საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ მისი მოღვაწეობა წინააღმდეგობის მოძრაობაში ნაცისტური ოკუპაციის დროს.

ომი ყველას შეეხო. ყველაზე მეტად – ევროპას. საფრანგეთში ამ ომს ვერავინ დაემალა. და აი, ისიც – ახალგაზრდა წარმატებული ედიტ ჯოვანა გასიონი მსოფლიო ტრაგედიის ნაწილი ხდება. ერთ დღესაც 25 წლის პიაფის მშობლიური საფრანგეთი ნაცისტებმა დაიპყრეს.

იმ ღამით მიუზიკ-ჰოლის სცენაზე ედიტის „სად არიან მეგობრები, ადრიან დილას ომში რომ წავიდნენ?” ჟღერდა. გამთენიისას, კონცერტის დასრულების შემდეგ, ქუჩიდან დიქტორის შემზარავი ხმა გაისმა: „დღეს, დილის 6 საათზე, გერმანიის ჯარმა ბელგიის საზღვარი გადმოკვეთა”. და მხიარულება დასრულდა. დიდი ხნით. კვირები კვირებს მოსდევდა. საჰაერო განგაშის ფონზე პარიზი საცოდავად გამოიყურებოდა. ედიტს სარდაფში ჩასვლა არ უნდოდა, ეშინოდა ცოცხლად დამარხვის. დაუჯერებელი იყო, მაგრამ ხალხი პარიზს ტოვებდა. დაცარიელდა მდიდრული სახლები და თანდათან – მთელი ქალაქი. 

რაოდენ პირქუში ჩანდა პარიზი 1940 წლის 13 ივნისის დილას, როდესაც წუთი-წუთზე ელოდნენ გერმანელების შემოსვლას… მერე იყო ოკუპაცია – აკრძალვები, დაჭერები, შავი ბაზარი, მძევლები, ქუჩებში გაკრული ბრძანებები, სვასტიკიანი პირადობის მოწმობები… 

ნაცისტების მოახლოებისას პარიზი ედიტმაც მიატოვა და ტულუზაში გაემგზავრა. მაგრამ როდესაც ხელმოწერილ იქნა დროებითი ზავი და საფრანგეთი ოკუპირებულად გამოცხადდა, დაბრუნდა, როგორც შედარებით უსაფრთხო გარემოში. რა თქმა უნდა, ეს ის პარიზი აღარ იყო. ედიტს რეგისტრაცია და სიმღერების შესრულებაზე ნაცისტების ნებართვა სჭირდებოდა. ვინაიდან ნაცისტებს მოსწონდათ მისი სიმღერა, გამოსვლის ნება დართეს. მომღერალი თავს უფლებას აძლევდა, შეესრულებინა ისეთი სიმღერები, რომელთა გამო შესაძლოა სერიოზულ უსიამოვნებებში გახვეულიყო. მაგალითად, „სად არიან ჩემი მეგობრები?” ომში წასულ მეგობრებს ეძღვნებოდა. ერთ-ერთ კონცერტზე ამ სიმღერის შესრულებისას ედიტი საფრანგეთის დროშაც კი შემოიხვია. 

ომის დაწყებამდე ედიტ პიაფის შემოქმედებას აყვავების ხანა ედგა. ამ პერიოდში ეს ნიჭიერი ქალბატონი მდიდრულ სახლში ხიზილალასა და ანანასს მიირთმევდა. ომით შეშფოთებული ედიტი შეძლებისდაგვარად ემსახურებოდა სამშობლოს, რისკის ფასად ებრაელებს გადარჩენაში ეხმარებოდა. საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად ედიტი ფრონტის წინა ხაზზე მეომრებს უმღეროდა. ომის პერიოდში მომღერლის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება უფრო და უფრო უიღბლო ხდებოდა. მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობის მოძრაობასთან ურთიერთობას მაინც განაგრძობდა. 

40-იან წლებში დაიდგა ჟან კოკტოს პიესა ედიტის მონაწილეობით. პიესას გასაოცარი წარმატება ხვდა წილად. სპექტაკლით გერმანელებიც დაინტერესდნენ და თეატრი გასტროლებით გერმანიაში მიიწვიეს. ედიტს კიდევ ერთი შანსი მიეცა ტყვეების დასახმარებლად. პიაფი იმ პირობით დათანხმდა, თუ სპექტაკლს საკონცენტრაციო ბანაკებში ფრანგი ტყვეებისთვისაც გამართავდა. შეთანხმება შედგა. ძნელი წარმოსადგენია ედიტის იმდროინდელი მდგომარეობა… გატანჯულ, გამოფიტულ ადამიანებს შორის მხიარული განწყობით სიმღერა. ყოველი გამოსვლის შემდეგ პიაფი მაყურებელთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებას ითხოვდა და გერმანელები მომღერალს ამ თხოვნასაც უსრულებდნენ. პარიზში დაბრუნებული ედიტი გადაღებულ ფოტოებს თავის მეგობრებს აწვდიდა წინააღმდეგობის მოძრაობიდან. ფოტოზე აღბეჭდილი ყოველი პატიმრისთვის ყალბი დოკუმენტები მზადდებოდა… ედიტი შინ შეძრწუნებული ბრუნდებოდა. მისთვის ძვირფასი იყო ყოველი ტყვე ფრანგი ჯარისკაცი. შემდეგ პიაფი კონცერტებით კვლავ ბრუნდებოდა იმავე ბანაკებში ტყვეებისთვის პასპორტების გადასაცემად, ოფიცრების ყურადღების გაფანტვას კი ქათინაურებით ახერხებდა. 

ამ საბუთებმა ბევრს გაუხსნა გზა თავისუფლებისკენ… მათი წყალობით 120–მა ტყვემ დააღწია თავი საკონცენტრაციო ბანაკს.

გარდა ამისა, ედიტი ხშირად მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად. 
სასიმღერო რეპერტუარის პრობლემატიკა ედიტთან ავტობიოგრაფიულია, როგორც ხელოვნებაში წვდომის ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

საუკეთესო ფრანგი შანსონიეებისთვის, როგორც წესი, უმნიშვნელოვანესი იყო სიმღერის პოეტური ტექსტის ხარისხი. „უპირველესად, სიტყვები მაინტერესებს, რათა ყოველ სიმღერაში პერსონაჟი გავაცოცხლო. სიმღერა მოთხრობაა. მსმენელს მისი უნდა სჯეროდეს. მე სიყვარულს განვასახიერებ. ჩემში ყოველი უჯრედი უნდა ფეთქავდეს – ასეთია ჩემი სახე”, – ამბობდა ედიტი.

პიაფი სრულიად თავისებურად მღეროდა… ასე სიმღერა მხოლოდ მას შეეძლო. მომღერალი მაყურებელს უმეტესად უიღბლო სიყვარულსა და მარტოობის დრამაზე მოუთხრობდა. მიუზიკ-ჰოლსა თუ მოდურ კაბარეებში ბუნების სტიქიის მსგავსი ხმით, ვნებითა და ტკივილით მომღერალი შესანიშნავ ტრაგიკულ არტისტად წარმოდგებოდა. ფერმკრთალ, გადაღლილ სახესა და ოდნავ ჩახლეჩილ ხმაში ხან სიგიჟე, ხან მეგობრული ირონია, ხან მარტოობის დაუსრულებელი სევდა გამოსჭვიოდა. 

როცა ედიტს რჩევას აძლევდნენ, ის პასუხობდა: „ჩემი კონსერვატორია ქუჩაა, გონება კი – ინტუიცია”. ქუჩის მომღერლობიდან ესტრადის ვარსკვლავად ქცეული ედიტ პიაფი დღემდე ფრანგული სიმღერის სიმბოლოა.

ბოლო ხანს ედიტს არაადამიანური ძალისხმევა სჭირდებოდა სიმღერის დროს სცენაზე გადასაადგილებლად, რათა ტკივილების გამო ხმის ფლობაზე (საშემსრულებლო ოსტატობაზე) კონტროლი არ დაეკარგა.

უდიდესი მომღერლის უკანასკნელი გამოსვლა 1963 წლის 18 მარტს შედგა – მადლიერმა მსმენელმა მას ხუთწუთიანი ოვაცია მოუწყო. იმავე წლის 10 ოქტომბერს კი ვარსკვლავის სიცოცხლე შეწყდა. მომღერლის უკანასკნელ გზაზე გაცილებისას გამოსათხოვარ სიტყვაში ითქვა: „ფრანგული სიმღერის მთელი მიმდინარეობა წავიდა ედიტ პიაფის სიკვდილთან ერთად”.

დღეს ფრანგები ამაყობენ თავიანთი „დიდი ედიტით”, რომელიც საფრანგეთის ნაციონალურ საგანძურადაა მიჩნეული.

მართვა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი სკოლაში

0
თუ დავფიქრდებით იმაზე, რა არის მთავარი ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად და სწავლების სასურველი შედეგის მისაღწევად, პირველი, რაც აზრად მოგვივა, კარგი მასწავლებელია. რასაკვირველია, სასწავლო გარემო, მატერიალური რესურსი, თემი და ოჯახი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პიროვნების ჩამოყალიბებაში, მაგრამ მრავლად ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შიშველი ხელებით, მხოლოდ მასწავლებლის მონდომების ხარჯზე, მოსწავლეებს სასურველი მიზნისთვის მიუღწევიათ. სკოლების ლიდერები დღითი დღე ჩივიან, რომ უჭირთ სასურველი კადრების პოვნა, განსაკუთრებით – საჯარო სექტორში, რომელიც დაბალი ანაზღაურებისა და სხვა ფაქტორების გამო კონკურენციას ვერ უწევს კერძოს. ინტერვიუებში ისინი აღნიშნავენ, რომ ფინანსური საკითხი ამ შემთხვევაში გადამწყვეტია. თუმცა მოტივაციის ფაქტორების შესასწავლად ჩატარებული მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ პერსონალის მოტივაცია ანაზღაურებაზე ერთმნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული – დიდ როლს ასრულებს გარემო და პიროვნული აღიარებაც. ადამიანები იშვიათად თმობენ სამსახურს, სადაც თავს დაფასებულად, აღიარებულად, გუნდის ნაწილად გრძნობენ. კვლევები წარმოაჩენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს – ორგანიზაციის მენეჯმენტის სტილს, რომელიც პერსონალს ან მოტივაციას აუმაღლებს, ან სამსახურის დატოვებისკენ უბიძგებს. გერმანული გამოცემები (Suddeutsche Zeitung, Die Welt) წერენ, რომ მუშაობის პოტენციალი იკლებს, როდესაც ადამიანი განუწყვეტლივ გრძნობს კონტროლს მენეჯერისგან. „მენეჯერებს ხშირად ავიწყდებათ, რომ თავადაც დაქვემდებარებულები არიან”, „თუ შეიქმნა გამოუვალი ვითარება, რომლის მართვა ხელმძღვანელს არ შეუძლია, ზეწოლა მაინც პერსონალზე მოდის”, – ნათქვამია სტატიაში.

საინტერესოა მათი მოსაზრებები, ვინც კარიერულ კიბეზე ერთი საფეხურით აიწია და დღეს თავადაა მენეჯერი. „სანამ რიგითი მასწავლებელი ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რატომ არ დგამდა დირექტორი რადიკალურ ნაბიჯებს სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად; ახლა, როდესაც ხელმძღვანელის პოზიციიდან ვაკვირდები, ვხვდები, რომ ცვლილებების განხორციელება არც ისე ადვილია”, – ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. „ვცდილობ, იგივე შეცდომები არ მომივიდეს, რაც ჩემს დირექტორს მოსდიოდა. არ მინდა დავივიწყო, რომ თავადაც რიგითი თანამშრომელი ვიყავი… ყველაზე რთული თანამშრომელთა მოტივირებაა”, – აღნიშნავს მეორე.

ადმინისტრირება ორგანიზებული საზოგადოების ყველა ინსტიტუციის აუცილებელი კომპონენტია. ადმინისტრაციული საქმიანობის აუცილებლობა მაშინვე იჩენს თავს, როცა საქმიანობის შესასრულებლად ორგანიზაციაში ორი ან მეტი თანამშრომელია საჭირო. მრავალი ისტორიული წყაროც კი ადმინისტრაციულ აქტივობებს აღწერს – პირამიდების მშენებლობით დაწყებული, ფეოდალური მამულების მართვა–გამგეობით დამთავრებული. ადმინისტრაციული პროცესის შესახებ ყველაზე ადრეული კონცეფციები თავმოყრილი იყო სამოქმედო მოდელის გარშემო – მართვას ახორციელებდა ის, ვინც ხელმძღვანელობდა აქტივობებს და ასრულებდა საქმეს. საინტერესოა, მაგრამ ჩემ მიერ გამოკითხულ პედაგოგთა უმრავლესობაც კერძო სექტორისთვის უპირატესობის მინიჭების მიზეზად მატერიალურ მხარესთან ერთად სასკოლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ასახელებს. ამ შემთხვევაში აქცენტი თანამშრომლობით სწავლასა და ჯანსაღ სასკოლო გარემოზე დაისმის.

სკოლაში ადამიანური რესურსების მენეჯმენტის თაობაზე საინტერესო მოსაზრებები აქვს გამოთქმული რონალდ უ. რებორის წიგნში „Human Resources Administration in Education: A Management Approach”.

ყველა სკოლაში საჭიროა ადამიანების მიზიდვა, შერჩევა, განთავსება, შეფასება და ანაზღაურება – ეს უპირობოდ შესასრულებელი აქტივობებია. ავტორი განმარტავს, რომ ადმინისტრირება სოციალური პროცესია, რომელიც მოიცავს ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვას გამიზნული სამუშაოს შესასრულებლად. მნიშვნელოვანია, მენეჯერებმა გაიაზრონ, რომ ადმინისტრირების პროცესი განსხვავდება სტრატეგიული დაგეგმვის პროცესისგან. ადმინისტრირება არის უკვე ჩამოყალიბებული სტრატეგიის განხორციელება, რაც უშუალოდ მოქმედებას გულისხმობს.

ადამიანური რესურსების ფუნქცია და პერსონალის ძირითადი ამოცანები ყველა სასკოლო სისტემაში ერთი და იგივეა: პერსონალის დაქირავება, შენარჩუნება, განვითარება და მოტივირება, ცალკეული თანამშრომლების ხელშეწყობა პროფესიული განვითარების მაქსიმალური დონის მისაღწევად და პერსონალის კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ეს მიზნები უნდა ხორციელდებოდეს ადამიანური რესურსების ფუნქციის შემდეგ მიმართულებათა გათვალისწინებით:

1. ადამიანური რესურსების დაგეგმვა – გეგმის შედგენა ადამიანური რესურსების ხანგრძლივ და ხანმოკლე მოთხოვნილებებთან დაკავშირებით სკოლის განვითარების აუცილებელი კომპონენტია;

2. თანამშრომლების დაქირავება – კვალიფიციური პერსონალი ბავშვების, მოზარდებისა თუ ზრდასრულებისთვის ეფექტიანი საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდების ძირითადი ფაქტორია;

3. შერჩევა – ადამიანური რესურსების ხანგრძლივი და ხანმოკლე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შერჩევა ხორციელდება საგანგებოდ შემუშავებული ტექნიკისა და პროცესების მეშვეობით;

4. განთავსება და საქმის კურსში ჩაყენება – შესაფერისი დაგეგმვის მეშვეობით ახალი თანამშრომლის ადაპტირება სასკოლო გარემოსთან, სასკოლო კულტურის გაცნობა, საერთო გეგმების გაზიარება;

5. პერსონალის განვითარება – განვითარების პროგრამები ხელს უწყობს პერსონალს სასკოლო მიზნების მიღწევაში და ცალკეულ პირებს პირადი და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას აძლევს;

6. მუშაობის შეფასება – შეფასების პროცესები და ტექნიკა ხელს უწყობს პიროვნებას პროფესიულ ზრდაში და ეხმარება სასკოლო თემს დასახული მიზნების მიღწევაში;

7. კომპენსაცია – ისეთი პროგრამების გატარება, რომლებიც ახდენს კვალიფიციური შრომის კომპენსაციას, ხელს უწყობს პერსონალის მოტივაციის ზრდას;

8. კოლექტიური მოლაპარაკებები – მოლაპარაკების პროცესი საშუალებას აძლევს პერსონალს, მონაწილეობა მიიღოს ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც გავლენას ახდენს მათ პროფესიულ და პერსონალურ კეთილდღეობაზე.

ავტორი აღნიშნავს, რომ ადამიანური რესურსების ფუნქციის ეს რვა განზომილება განცალკევებულ, იზოლირებულ ობიექტებს კი არ წარმოადგენს, არამედ ერთი და იმავე ფუნქციის ორგანული შემადგენელი ნაწილებია და იქვე დასძენს, რომ, სამწუხაროდ, მრავალი სკოლა ადამიანური რესურსების ფუნქციას დღემდე განიხილავს როგორც მხოლოდ კომპეტენტური მასწავლებლების სამუშაოზე აყვანას.

ცოდნის დონის მკვეთრმა ზრდამ და მუდმივად ცვალებადმა სოციალურმა გარემომ წარმოშვა მნიშვნელოვანი საკითხები ადამიანური რესურსების ადმინისტრირების სფეროში. წინათ კადრების განვითარება მოიაზრებოდა ძირითადად მიმდინარე ტრეინინგების მოდელთან კავშირში, რომელიც კონცენტრირებული იყო მცირერიცხოვანი სემინარების გამართვაზე სასწავლო მასალის ირგვლივ. ახალი სასწავლო ტექნოლოგიების მოზღვავებასთან ერთად განათლების სისტემაში მოსულ ახალ პროფესიონალთა შეცვლილი დამოკიდებულება და საზოგადოებრივი ღირებულებები იწვევს კადრების მუდმივი განვითარების აუცილებლობას, როგორც ადმინისტრატორებისთვის, ასევე მასწავლებლებისათვისაც. ეს ფუნქცია იმდენად სპეციალიზებულია, რომ ნამდვილად მოითხოვს ადამიანური რესურსების სპეციალისტის, ჩვენს სინამდვილეში კი სკოლის ადმინისტრატორის დიდ ყურადღებას.

სტატიის მომდევნო ნაწილებში მოკლედ მიმოვიხილავთ ავტორის მიერ დასახელებულ რვა პუნქტს და გაგაცნობთ ადამიანური რესურსების მართვის პროცესში გავრცელებულ ორ ძირითად ლიდერულ ტიპს (ტრანსცენდენტური და ტოტალური ხარისხის მენეჯმენტი), რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს განათლების ადმინისტრატორებს.

„ზაზუნას დღე“ მასწავლებლისათვის

0
ამას წინათ ერთმა ნაცნობმა მკითხა: „მაინც რა არის ყველაზე რთული მასწავლებლის პროფესიაში?” პასუხის გაცემა გამიჭირდა. ახლა კი ვფიქრობ, რომ უზარმაზარ პასუხისმგებლობასთან, ურთიერთობათა რეგულირებასთან, ორ ცეცხლს შუა დგომასა და თავბრუდამხვევ ტემპთან ერთად ამ საქმიანობის რუტინულ ბუნებასაც დავასახელებდი.
განმარტებითი ლექსიკონი გვამცნობს, რომ რუტინა იმ მოქმედებათა ერთობლიობაა, რომლებიც მეორდება ხშირად და განსაზღვრული თანმიმდევრობით. ჩემთვის კი რუტინა ნიშნავს: მონატრებულ მეგობრებს, განაწყენებულ შვილს (რა ხანია, ერთად არ გაგისეირნიათ), ბედს შეგუებულ მშობლებს (იქნებ „ხვალ” მაინც მოიცალო მათთვის), გაიშვიათებულ კარგ განწყობას და წვრილმანებით – ჟანგიანი ლურსმნებით გამოტენილ დღეებს. ხანდახან, როცა ამ ჯადოსნური წრიდან გაქცევას ახერხებ, ხვდები, რომ ოქტომბერი მართლაც „ლომფერია” და უმიზეზო სიხარულის შეგრძნებით სავსეს, ფოთოლცვენის ცქერაც კი გაბედნიერებს.
რა თქმა უნდა, ამ ქალაქში მარტო მასწავლებლები არ დაიარებიან ჩაშავებული უპეებით, გადაღლილი მზერითა და ჩახლეჩილი ხმით. მაინც რას ვაკეთებთ ასეთს, განსაკუთრებულს?! – კვირიდან კვირამდე წითელ კვალს ვტოვებთ ათობით რვეულსა თუ ტესტში, მანამდე კი ამ რვეულების პატრონთა აზრებს ვალაგებთ. ვცდილობთ, თითოეულ მოსწავლეს თანაბრად ვერგოთ, თვალი დავუხუჭოთ გულგრილობას, ყური შევაჩვიოთ მოსალოდნელ ჭორებსა და უთანხმოებას, სკოლისთვის ჩვეულ გაუსაძლის ხმაურს… თან ამ ყველაფერს ზვარაკად ისე შევწიროთ მთელი სიცოცხლის სამყოფი დრო და ენერგია, საყვედურიც კი არ დაგვცდეს.
აი, რას გვავალებს მასწავლებლის ეთიკის კოდექსი:
უპირველეს ყოვლისა, „მოვიწესრიგოთ ქცევა” და ვიქცეთ ფიზიკური და პროფესიული თვალსაზრისით „მისაღებ კანდიდატურად”; გავხდეთ უებრო ორატორები; განგებამ ურთიერთობათა მართვისა და თანამშრომლობის უნარითაც უნდა დაგვაჯილდოოს; გავუფრთხილდეთ არა მარტო ადამიანებს, არამედ სასკოლო ნივთებსაც და ვაწარმოოთ დოკუმენტაცია, რომელიც გაცილებით მეტ დროს გვართმევს, ვიდრე გაკვეთილების მომზადება და ჩატარება ერთად. ამასთან, გამუდმებით უნდა ვიზრუნოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზეც – დავესწროთ პროფესიულ ტრენინგებსა და გამოცდებს, ჩავებათ მასწავლებლების ახალ საერთო მარათონში და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯით გავიხანგრძლივოთ მასწავლებლის სტატუსის ტარების უფლება. იმაზე კი არავინ ფიქრობს, შეუძლია თუ არა ადამიანის ტვინს ამდენი საქმის ერთდროულად კეთება.
არსებობს კი საქართველოში ისეთი სამსახური, რომელიც სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ სახლში არ გამოგვეკიდება მაწანწალა ძაღლივით?! ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მარტო მასწავლებლის პროფესიას არ ეხება. შეიძლება ითქვას, რუტინა ოცდამეერთე საუკუნის სამარკო ნიშნად იქცა, თანაც ისეთივე მოდურია, როგორც სპლინი სიმბოლისტების ეპოქაში.
პირველად, როცა ფილმი „ზაზუნას დღე” ვნახე, ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, კადრის რამდენჯერმე დატრიალებისა და ცხოვრების სწორ გზაზე დაყენების შანსი მართლა რომ გვეძლეოდეს–მეთქი. გავიდა ხანი და მივხვდი, რომ თითქმის იდენტური დღეების გამეორებამ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აქციოს ატომურ ბომბად, რომელიც ყველაზე უხერხულ მომენტში აფეთქდება.

კონფუცის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, საკმარისია აკეთო ის, რაც გიყვარს და ცხოვრებაში არასოდეს მოგიწევს მუშაობა. თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე. თუ სასურველი პროფესიის ტყვედ იქეცი, მალე სიამოვნებას ვერც მისგან მიიღებ.

ადამიანთა უმრავლესობა სამსახურს აუცილებელ, გარდაუვალ ვალდებულებად მიიჩნევს. მათთვის ყოველი დილა ნიშნავს მაღვიძარას ხმაზე გაღვიძებას, ნაჩქარევ საუზმეს და მრუდე ჩრდილს თვალთან, ფეხად გასწრებულ ავტობუსზე დარდს, ტრანსპორტში თითქმის ცალ ფეხზე დგომას და გაღიზიანებული მგზავრების უნებლიე მუჯლუგუნების თმენას. სამსახურში შუადღის დადგომას ვერასოდეს იგრძნობ, საღამო კი დილის გზას ზედმიწევნით იმეორებს, ოღონდ პირიქით – სამსახურიდან სახლისკენ. მრავალი ჩვენგანი ამ მარშრუტს მხოლოდ სიცოცხლისთვის სამყოფი ლუკმაპურის მოსაპოვებლად გადის. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ადრე თუ გვიან რუტინას ეჩვევი, რადგან საკუთარი ცხოვრების გადაწყობას, ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრს, რამის შეცვლას მეტი გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენა სჭირდება.

თვითშეფასების ამაღლება მომაბეზრებელ ყოველდღიურობასთან ბრძოლის ერთ–ერთი მთავარი იარაღია, მის ჩამოყალიბებაზე მუშაობა კი სწორედ სკოლიდან იწყება. ისმის კითხვა: მასწავლებელი, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე ვერ გარკვეულა, მოახერხებს მოზარდისთვის ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას?!

ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება საკმაოდ რთული დავალებაა რუტინაში ჩაბმული ადამიანისთვის. თუ მას სტრესული სამსახურიდან თავის დაღწევის საშუალებას შესთავაზებთ, ის აუცილებლად მოიმიზეზებს მიმდინარე პროექტს, თანაც არგუმენტებით დაგიმტკიცებთ, რომ თავს ვერ გაართმევდა თქვენ მიერ შეთავაზებულ მოვალეობებს. შესაძლოა, ამ ყველაფერს დაერთოს ასაკი, ოჯახური მდგომარეობა ან მარტო ცხოვრების თანამდევი პრობლემები. მოკლედ, დღევანდელი კვერცხის დაკარგვის შიშით ხვალინდელ ქათამს ცოტა თუ წაეპოტინება.

სინდისის ქენჯნა უცნაური რამ არის, მაინცდამაინც მაშინ ახსენდები, როცა სულის მოსათქმელად ყურსასმენებს ან სიზმრებს მიღმა ემალები. მეგობრებთან შერბენის დრო თუ გამონახე, გონება მაინც დასამთავრებელი საქმეებისკენ გაგირბის. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის რუტინულ ყოფაზე აუტანელი სწორედ ეს უცნაური დანაშაულის შეგრძნებაა, გადასარჩენად მოპარული ყოველი წამის გამო რომ გახრჩობს.

ორიოდე სიტყვას ერთფეროვნების ფერხულში ჩაბმული ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზეც ვიტყვი: ეჭვიანობა – ყველგან შეთქმულება ელანდებათ; სენსიტიურობა – ადვილად სწყინთ და იბუტებიან, შესაძლოა, მოულოდნელად ცრემლებიც კი წასკდეთ ან უმნიშვნელო წვრილმანზე აფეთქდნენ; საყოველთაო გულგრილობა – სირაქლემას პოზა, რუტინის უკანასკნელი სტადიით დაავადებულ ადამიანებს რომ ახასიათებთ.

როგორ უნდა განვიკურნოთ ამ ახალი მავნე ჩვევისგან?! უპირველეს ყოვლისა, ხშირად გადავუხვიოთ დასახულ გეგმებს (დასაწყისისთვის შინ სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დროს დაბრუნებაც კმარა), უარყოფითი ემოციების დასაბალანსებლად კი ხელოვნებასთან დამეგობრებას გირჩევდით (ჩემთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტი საყვარელი მუსიკა და ლიტერატურაა).

გაგიკვირდებათ და განტვირთვის ერთ–ერთ საშუალებად თვითგანათლებაც მოიაზრება. საქართველოში ერთდროულად მუშაობა, სწავლა და ოჯახის შექმნა ლამის შეუსრულებელ მისიად ითვლება. მაგრამ თუ ადამიანს რაღაც ძალიან აინტერესებს, თვითგანათლების გზით გასაოცარ შედეგს მიაღწევს. შეგიძლიათ ესტუმროთ ონლაინკურსებს, შეისწავლოთ სასურველი უცხო ენა ან მეცნიერება, წაიკითხოთ თქვენთვის საინტერესო ლიტერატურა… ჩვენი დრო შინიდან გაუსვლელად ცოდნის გამდიდრების საშუალებათა ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის.

მასწავლებლებს რომ თავი დავანებოთ, სასკოლო რუტინა მოსწავლეების არამდგრად, მრავალფეროვნებას მოწყურებულ შემოქმედებით ბუნებას ვერაფრით მოაწონებს თავს. ამიტომ საგანმანათლებლო სივრცე ყველაზე მეტად ინოვაციისადმი კეთილგანწყობილ თანამშრომლებს „იხდენს”. თუმცა ახალი იდეების განხორციელებას კარგი ორგანიზების უნარი და დროის სწორად მართვაც სჭირდება. არადა, დღის ზედმიწევნით დაგეგმვასა და შესრულებას ისევ რუტინულ ყოფასთან მივყავართ…

ჩემი აზრით, დასრულებული საქმეები არ არსებობს და ყველა ორშაბათი წერტილის მძიმედ გადაქცევის დღეა, ამიტომ ხანდახან გვერდზე გადადეთ შესასრულებელი დავალებების სია და გაიქეცით ქარში, წვიმაში, ფილმებში, წიგნში, მეგობრების ცხოვრებაში, საკუთარ თავში, თუნდაც არაფრის გასაკეთებლად. იმედი მაქვს, ერთხელ თქვენს დღიურშიც გაჩნდება „ფანჯარა”, რომელსაც დამატებითი საქმეების მოგვარების ნაცვლად სასურველი დასვენებისთვის გამოიყენებთ.

ინტერაქციული ლექციის გამოყენება გაკვეთილზე

0
ლექცია საგაკვეთილო საქმიანობის გავრცელებული ფორმაა. ის განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყენება დიდი მოცულობის ინფორმაციის მოკლე დროში გადასაცემად. სასკოლო ლექცია ძირითადად ერთ საგაკვეთილო ფორმატს მოიცავს, რითაც ის განსხვავდებასხვა ტიპის (მაგ. უმაღლესი სასწავლებლების) ლექციისგან, რომლის დროსაც თემის გადაცემა შეიძლება რამდენიმე საათს გაგრძელდეს. ამიტომ მიზნის მისაღწევად დიდი მნიშნელობა აქვს ამ 1 საათის მაქსიმალურად გამოყენებას. იმისათვის, რომ მასწავლებლებმა შევძლოთ ლექციის სწავლის აქტიურ ფორმად გადაქცევა, სწავლის სტრატეგიებიდან მოსახერხებელია ინტერიული ლექციის გამოყენება. ინერაქიურობა (ინგლ. Interaqtiv – „ურთიერთქმედება”) პედაგოგიკაში ნიშნავს პედაგოგის (ვინც ასწავლის) აქტიურ ზემოქმედებას მოსწავლეზე (ვინც სწავლობს). ამ დროს ლექციური ელემენტები აქტიურად ერწყმის გავარჯიშებას, ცოდნის ავტომატიზებას, რაც დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავებაში მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობასიწვევს.

 

ინტერაქციულ ლექციას საფუძვლად ცოდნის ორგანიზებისშემდეგი კანონზომიერებაუდევს:

I ეტაპზეხდება გაგება(გააზრება, შემეცნება, განზოგადება), ანუ კონცეპტუალური ცოდნის მიღწევა;

IIეტაპზე – ათვისება (განმეორების სხვადასხვა ხერხის გამოყენება), ანუ ცოდნა იძენს დინამიურ ხასიათს;

IIIეტაპზე – ადგილი აქვს უნარების გამოყენება/ფორმირებას (სტანდარტული და შემოქმედებითი ფორმით), ანუ ტრანსფერული ცოდნის ჩამოყალიბებას.

მიზნის მისაღწევად და მაქსიმალური შედეგისთვის უნდა გვახსოვდეს, რომ

  • ინტერაქციული ლექცია კარგად უნდა გაიწეროს დროში, შესაძლებელია რამდენიმე ნაწილადაც დავყოთ;
  • სასურველია მოსწავლეებს ლექციის დასაწყისშივე წარვუდგინოთ მონახაზი, რითაც ისინი შეძლებენ დაინახონ ლექციის სტრუქტურული ერთეულები და საყრდენი მომენტები;

  • დასაწყისშივე დავსვათ შეკითხვა, რომელიც გამოიწვევს მათ ცნობისმოყვარეობას და მივცეთ მისი შესრულებისათვის საჭირო ინსტრუქცია. ეს გაზრდის მოტივაციას, ინტერესს ლექციის მიმართ და მასალის ათვისებაც უფრო ადვილად და სწრაფად მოხდება;

  • ლექციის დროს გამოვიყენოთ როგორც აუდიო, ისე ვიდეო-მასალა, ვიზუალიზაციის სხვა საშუალებები, კოგნიტური სქემები, რაც ანალიზის, სინთეზის საშუალებას მისცემს მოსწავლეს და გაუაქტიურებს წარმოსახვას;

  • უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი არა გადაცემული ინფორმაციის მოცულობა, არამედ ის, თუ რა და როგორ გაიგეს მოსწავლეებმა, როგორ აითვისეს ძირითადი მომენტები, შეძლეს თუ არა აზროვნების კიდევ უფრო მაღალი საფეხურების წვდომა, რისთვისაც მოსწავლე დროდადრო უნდა ჩავრთოთ საქმიანობაში და ლექციის აქტიურ ნაწილად ვაქციოთ. შესაბამისად, დავუსვათ შეკითხვები და გადავამოწმოთ ინფორმაციის წვდომის ხარისხი;

  • ინტერაქტიური ლექციის მოსმენის პარალელურად მოსწავლეები ავსებენ მასწავლებლის მიცემულ კოგნიტურ სქემას (მაგ., ორგანაიზერს), რითაც განაზოგადებენ ლექციის ცალკეულ ნაწილებს და შექმნიან ერთ მთლიანს, ანუ მოახერხებენ ცოდნის სხვადასხვა საფეხურების გამოყენებას;

  • მუშაობის ნაყოფიერება დადასტურდება, თუ ლექციის ბოლოს მოსწავლეები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოთხრობის შედგენას (ანუცოდნ აგებას)შეძლებენ.

მაგალითად, ისტორიის VII კლასის კურსში, როდესაც მოსწავლე ეცნობა დიდ ბრიტანეთს და ნორმანთა დაპყრობების შედეგებს ინგლისში,ვიზუალური საყრდენისთვის მასწავლებელს შეუძლია ირლანდიის და გაერთიანებული სამეფოს რუკის გამოყენება;ხოლო ლექციის მსვლელობის და მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ მას შეუძლია მოსწავლეებს დაავალოს კოგნიტური სქემის შევსება (ნახ.1):

ლექციის მეორე ნაწილში მოსწავლეები უკვე მეორე სქემაზე იმუშავებენ – ქვეყნის მოსახელობის შემადგენლობასა და მნიშვნელოვან მოვლენებზე (ნახ.2):

გაკვეთილის ბოლოს კი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგენენ მოთხრობას დიდ ბრიტანეთსადა ინგლისში ნორმანთა დაპყრობების შედეგებზე, რაც მოწმობს, რომ ინტერაქციული ლექციის მეშვეობით ინფორმაციის შინაარსი მათთვის გაცილებით მისაღები, ადვილად დასამახსოვრებელი და გამოსაყენებელი გახდა.

რაც შეეხება რეფლექსიას, ამ დროს მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეები შეაფასოს სასიგნალო ბარათებით (ნახ. 3):




საბოლოო ჯამში აღნიშნულ თემაზე 1 საგაკვეთილო ინტერაქციული ლექციის ფორმატი ასეთი იქნება (ნახ. 4):

კიდევ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ინტერაქციული ლექციის მაგალითი XI კლასის მსოფლიო ისტორიის კურსიდან:

თემა – „ფეოდალიზმი ევროპაში. რომის კათოლიკური ეკლესია. ჯვაროსნული ლაშქრობები XI-XIII სს”.

ინდიკატორები და შედეგები – ისტ. XI.1; 2; 4; 5; 6; 7.

შინაარსიფეოდალიზმი ევროპაში; პაპიზმი; ეკლესია და ბრძოლა ლეგიტიმაციისათვის; ბრძოლა გავლენისთვის შუა საუკნეების ქრისტიანულ სამყაროში; ჯვაროსნული ეპოქა; რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია.

საყრდენი ტექსტი: შუა საუკუნეების ევროპული საზოგადოება სამი წოდებისგან შედგებოდა, რაც მის განსაკუთრებულ თავისებურებას უსვამდა ხაზს; ყოველ მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა; ისინი იბრძოდნენ გავლენის სფეროების გაფართოებისთვის, რაც საზოგადოებაში მრავალ წინააღმდეგობას და ცვლილებას იწვევდა, მათ შორის მსოფლიო ასპარეზზეც.

ლექციის მოსმენის პარალელურადმოსწავლეები შეავსებენკოგნიტურ სქემას – ლოგიკურ ჯაჭვს, სადაც ნახსენები იქნება ყველა ახალი ცნება და ტერმინი, ნაჩვენები იქნება ორ ფენას შორის – სასულიერო და საერო წოდებას შორის არსებული წინააღმდეგობები და ხაზგასმული იქნება სოციალური და ისტორიული მოვლენების ურთიერთკავშირი (ნახ.5):


 ნახ.5

ლექციის მოსალოდნელი შედეგები შემოთავაზებული ცხრილის (ნახ.4) მიხედვით:

N1 – მოტივაცია/განწყობისთვის – შეკითხვა: რა კავშირია ფეოდალურ ევროპას, რომის კათოლიკური ეკლესიასა და ჯვაროსნულ ლაშქრობებს შორის XI-XIII სს-ში? (მიადევნეთ თვალ-ყური კოგნიტურ სქმას);

N2 – წოდებები„ვინც იბრძვის, ვინც ლოცულობს და ვინც მუშაობს”;

N3 – ერთი წოდებიდან მეორეზე გადასვლა შეუძლებელია;

N4 – ახალი მასალი გამტკიცება:

ა) მსოფლიო ბატონობისკენ კათოლიკური ეკლესიის და ფეოდალების მისწრაფების შედეგები იყო:


·

ვაჭრობის განვითარება;


·

ბიზანტიის იმპერიის დაცემა;


·

აღმოსავლური კულტურის გაცნობა;


·

ტექნიკური გამოგონებები.

ბ)ბლოკსქემასთან დაბრუნება (ნახ.5), ახალ ტერმინებზე და ცნებებზე აქცენტირება;

N5 – ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობის შედეგების შემოწმებისთვის:

ა)დაასახელეთ, რომელი ცნება შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას –

„განსაკუთრებული მოსაკრებელი” ესაა:


·

საეკლესიო კრება;


·

საეკლესიო გასახადი.

ბ) იპოვეთ შესატყვისობა მოცემულ განსაზღვრებებს შორის – „ინკვიზიცია” ესაა:


·

განსაკუთრებული საეკლესიო ტრიბუნალი, რომელიც ერეტიკოსების წინააღმდეგ საბრძოლველად დაარსდა;


·

აღსარება;


·

განდიდების აკრძალვა.

გ) რა ეწოდება სიგელს, რომლითაც ხდებოდა
„დამნაშავის” გათავისუფლება/შეწყალება:


·

მონანიება;


·

ინდულგენცია.

დ) იპოვეთ ზედმეტი: ისტორიკოსები თვლიან, რომ ჯვაროსნული ლაშქრობების

მიზეზი იყო:


·

ევროპის მოსახლეობის ზრდა;


·

რელიგიური მოტივი – ქრისტეს საფლავის გათავისუფლება;


·

ნორმანების თავდასხმები ევროპის სამხრეთში;


·

პაპების მისწრაფება ძალაუფლების გაზრდისკენ;


·

სხვადასხვა წოდების გამდიდრების, ნადავლის სურვილი.

ე)ვის შეუძლია მოგვითხროს, ევროპის ფეოდალური საზოგადოება როგორ აღოჩნდა ჩაბმულიჯვაროსნულ ლაშქრობებში?

N6 – რეფლექსია და შედეგების შემოწმება (მოსწავლეები აჩვენებენ სასიგნალო ბარათებს):


·

„ვინ რომელი აირჩიეთ”?


·

დასვენებაზე ის მოვიდეს, ვინც „ვერ გაიგო”.

ინტერაქციული ლექციის დინამიკურობა და მაღალი მოტივაცია მოსწავლეთა რეალური წარმატების საფუძველია, ამიტომ მისი გამოყენება სასწავლო პროცესში სასურველი და აუცილებელია.

შიში, რომელიც მაღვიძებს

0

ხანდახან ვფიქრობ, თუკი ოდესმე ჩვენს შვილებს წარმატების გზაზე რაიმე შეაფერხებსეს იქნება ჩვენი დაუოკებელი მოლოდინი სწრაფად შევქმნათ მათგან პატარა გენიოსები, ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი, გამორჩეული და საუკეთესო ბავშვები დანარჩენ სხვა ბავშვებს შორის.

 

 

 


და ასე, ნელ-ნელა იწყება ახალ-ახალი შეჯიბრებები, პატარა ცხოვრებისეული გამოცდები და ამ პერიოდის დადგომას მშობლები უფრო მეტად განვიცდით და ვნერვიულობთ, ვიდრე თავად ისინი – ჩვენი ცხოვრების მთავარი გმირები, რომლებიც ამ ყველაფერს ისე აღიქვამენ, როგორც სახალისო თავგადასავალს და ჩვენს დაჟინებულ ყიჟინასაც არად აგდებენ, როდესაც ვასწავლით ჭკუას, ხიფათის თავიდან არიდების ყველაზე გამოცდილ ხერხებ, ვუსახავთ ოპტიმალურ მარშრუტს, თავს დავტრიალებთ, ვასწავლით როგორ ითამაშოს, როგორ მიესალმოს მეზობელს, როგორ გადახადოს მადლობა, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში, როგორ მოითმინოს, როგორ იბრძოლოს, როგორ აჯობოს სხვებს, როგორ გახდეს მამაცი, ყველასგან გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი, როგორ გახდეს ნამდვილი სუპერგმირი, რომელიც ყველა მაყურებლის იმედს ამართლებს.


მიდი, საჭე კარგად დაატრიალე და მანქანაც დაიძვრება!

ეცადე სხვებს არ დაეჯახო. თავისუფალ წრეზე იარე!

მიდი, მიდი ძალიან მაგარი ხარ, ახლა კარგად დაატრიალე საჭე მარჯვნივ და პედალიდან ფეხი არ აიღო!


ეს პატარა წარმოდგენაა ჩვენი შვილების მონაწილეობით. მათთვის ეს მხიარული თავგადასავალი, რომელიც ძალიან უნდათ დიდხანს გაგრძელდეს. ზოგიერთი ახანგრძლივებს ამ თავგადასავალს, მანქანიდან არ გადმოდის და საჭეს მოხერხებულად ატრიალებს. მშობლების დაჟინებული, აღგზნებულ ხმიანი ქორო კი ატრაქციონების ხმაურში იკარგება. ისინი, ტელეფონებით აღჭურვილები, ცდილობენ ნათლად აღბეჭდონ თავიანთი შვილების გმირობები ეკრანზე და, ამავდროულად, შვილებსაც ამხნევებენ ხმამაღალი შეძახილებით.


– ყოჩაღ, ყოჩაღ, ძალიან მაგარი ხარ! – ისმის ხმამაღალი შეძახილები ტაშის თანხლებით. ეს პატარები კი იქამდე დააქროლებენ ამ თავიანთ საოცნებო მანქანებს , სანამ ზარის წკარუნი ამ მხიარულ ქროლვას არ შეაწყვეტინებს. მშობლები კი ნერვიულობენ და შფოთავენ, ოხრავენ ბავშვების მანქანების ყოველ შეჯახებაზე. განერვიულებული ხმით ასწავლიან, როგორ გამოძვრნენ რთული სიტუაციიდან. ზოგიერთი, პირველად დაჯდა ამ ფერად მანქანაზე და უფრო მეტი ალბათობაა, რომ სუპერგმირი ვერ გახდეს. მეც ავნერვიულდი, მეც მინდა ჩემი შვილი სუპერგმირი იყოს, მანქანას გამოცდილი ავტომრბოლელივით დააქროლებდეს, ყველა შექმნილი ჩიხიდან უპრობლემოდ გამოძვრეს, საერთოდ პრობლემები არ შეხვდეს, სულ თავისუფალ წრეზე იაროს და წინ არაფერი გადაეღობოს, რაც ხელს შეუშლის ამ ელექტროავტომობილის თავისუფლად მართვაში. დაძაბული ვუყურებ, მეც გადმომედო სხვა მშობლების შფოთვა. შეცდომაა – თითქოს, თავში ვიღაც მისიგნალებს. ვხვდები, რომ ამ პატარა განგაშის ზარმა უნდა გამომარკვიოს და საკუთარი შფოთვები გარედან დამანახოს. “მერე რა, საერთოდ თუ ვერ დაძრავს მანქანას, მერე რა, თუ ისე გაეჩხირება მანქანებს შორის , რომ ზარის დაწკარუნებამდეც ვერ შეძლებს ჩიხიდან თავის დაღწევას, მიდი გაუღიმე”, – ისევ მესმის ხმა შიგნიდან. ვუჯერებ შინაგან ხმას. მოვეშვი, შვებით ამოვისუნთქე და ჩემი სუპერგმირი შვილის მორიგჩამოქროლებისას თავისუფლად ვღიმი და არც ხმამაღალ მითითებს ვაძლევ, რომელსაც მაინც ვერ გაიგონებს. უბრალოდ ვუღიმი. ისიც იღიმის და საჭეს მარდად ატრიალებს.


ჩვენ – მშობლები, ვჭედავთ ამ მოლოდინების ხატს ჩვენი შვილების მომავლის სახით. გვსურს ეს ხატი ბრწყინვალე და თვალსაჩინო იყოს ყველასთვის. ვცდილობთ, ნაადრევად ავკიდოთ ეს მოლოდინები მათ სუსტ მხრებზე და ვურჩევთ წინასწარ წარმოიდგინონ საკუთარი მომავალი ისეთი, რომლითაც იქნებიან კმაყოფილი. რომლითაც, ჩვენც ვიქნებით კმაყოფილი. ვცდილობთ დავგეგმოთ მათი ცხოვრება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეხვდეთ, ნაკლები განსაცდელი, ნაკლები თავსატეხი და საორჭოფო საქმე. თუ შეგვეძლება, ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ ყველაფერი, მივცეთ ყველაფერი მზამზარეული. სამაგიეროდ მოვაკლოთ ის უნარები, რომლითაც დაიცავენ საკუთარ სურვილებსდა საკუთარ შეხედულებებს. ჩვენ ვემსგავსებით თვითმფრინავ დედებს, რომლებიც თავიანთი ჰიპერმზრუნველობით თავს დაზუზუნებენ შვილებს და არ აცლიან დატოვონ ისინი საკუთარი უნარების და შესაძლებლობების პირისპირ; არ აცლიან მათ პრობლემებთან გამკლავება, წამოდგომა, როცა წაიქცევიან; არ აცლიან, თავად შექმნან მათთვის სასურველი პირადი სივრცე. ალბათ, რთულია მშობლისთვისაც იოლად დათმოს შვილისთვის თავისუფლების ნამცეცები. თავისუფლების ცნება ხომ ყველასთვის ინდივიდუალურად ითარგმნება.


ისე მოხდა, რომ ამ წერილის დაწერამდე ცოტა ხნით ადრე ფილიპ როთის “პორტნოის სინდრომის” კითხვა დავასრულე. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომლის პირველი თავი ასე იწყება : “წარმოიდგინეთ, ცნობიერებაში ისე ღრმად მყავდა ჩაბეჭდილი , რომ სკოლაში სწავლის პირველ წელს, მგონი, მჯეროდა: ყოველი მასწავლებელი დედაჩემი იყო, ოღონდ გადაცმულ-შენიღბული. გაისმებოდა თუ არა ბოლო ზარი, სახლში გამოვრბოდი და ენაგადმოგდებულს ყოველ ჯერზე ეს მაინტერესებდა : დედას მანამდე თუ მივუსწრებდი, სანამ გარდასახვას დაასრულებდა. შინ დაბრუნებულს მუდამ სამზარეულოში მხვდებოდა და მაგიდაზე რძესა და ფხვიერ ნამცხვარს მიდგამდა”.


ბავშვობის მოგონებებით და იქიდან წამოღებული უამრავი კომპლექსებით არის დატვირთული რომანი სიუჟეტი. ფსიქოთერაპევტის სკამზე განრთხმული ალექს პორტნოი კი სულაც არ არის ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი ბიჭი, მას თავისი ებრაული გრძელი ცხვირი გამოარჩევს სხვა თანატოლებისგან და ასევე დედა, რომელიც ცდილობს არ დაკარგოს კონტროლი ვაჟიშვილზე, რადაც არ უნდა დაუჯდეს. ეს დაძაბული ბრძოლაა დედასა და შვილს შორის და ამ ბრძოლის მსხვერპლი ეს გრძელცხვირა ალექსია, რომელიც გამალებული ცდილობს დედის ზრუნვის მარწუხებისგან თავის დახსნას. ხან გამოსდის და ხან არა.


ფსიქოთერაპევტის ერთ სეანსში ჩატეული თავგადასავალის სიუჟეტი ბევრისთვის შეიძლება იყოს ნაცნობი. განსაკუთრებით კი მშობლებისთვის, რომლებიც გამუდმებით ვცდილობთ, ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია მივცეთ ჩვენს შვილებს და გავხადოთ ისინი უფრო ბედნიერები, ვიდრე თავად ვიყავით ისე, რომ არ წავართვათ თავისუფლების შეგრძნება და ის თავისუფალი სივრცე, რომელიც მათთვის ძალიან საჭიროა.


მე კი ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვფიქრობ ამ ყველაფერზე და მაღვიძებს იმაზე შიში, როგორ მიყვარდეს, ვზრუნავდე, ვასწავლიდე, ვიცავდე ისე, რომ არ წავართვა თავისუფლების განცდა.







 

პოეტი და ზღვა. აკაკი წერეთლის ერთი მეტაფორა

0

„…და მინიშნებანი ოდითგან

ენაა ღმერთთა”

ჰიოლდერლინი

ენა ნიშანთა სისტემაა… და ამ ენით გამოთქმული ყოველი აზრიც ზოგისთვის უბრალოდ ტექსტია და ზოგისთვის – „მინიშნება”. მეტაფორები კიდევ უფრო ღრმა და კონცეპტუალური მინიშნებებია, მათი ახსნით ჩვენ ვწვდებით ისეთ სიღრმეებს, რომლებშიც უბრალო ლექსიკით ვერ ჩავაღწევთ…

აკაკი წერეთლის ერთ ლექსზე მინდა გესაუბროთ, ლექსს ჰქვია: „ზღვაო, აღელდი, აღელდი…”

რა კავშირია პოეტსა და ზღვას შორის…? უფრო სწორად, ზღვასა და პოეტის გულს შორის…?

გულსა და ზღვას შორის რომ კავშირია, ამას ადვილად დავადასტურებთ ქართული ენის ლექსიკის საფუძველზე, რადგან სიტყვა ვღელავ გულისა და ზღვის მეტაფორულ კავშირზე მიუთითებს და ლექსიკაში ეს ლექსემა ენობრივი მეტაფორაა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ზღვა -გული უნივერსალურიცაა და კონცეპტუალურიც, ამავე დროს.

აკაკი წერეთლის ლექსში „ზღვაო, აღელდი, აღელდი” – პოეტის გულის მეტაფორული კავშირი ზღვასთან ფილოსოფიურ-ეზოთერული მნიშვნელობისაა. ლექსის დასაწყისში საუბარია იმაზე, რომ პოეტი ზღვას აღლვებისკენ მოუწოდებს და არა სიმშვიდისკენ. მოგეხსენებათ, რომ აღელვება, დამშვიდება, მიქცევა-მოქცევა – ზღვის ხასიათია. ზღვა ყოველთვის ცვალებადია თავისი ბუნებით, რადგან ის ცოცხალია და ტბასავით დამდგარი არ არის. სიცოცხლის თვისება კი მოძრაობაა…

ზღვაო, აღელდი, აღელდი,
ქარტეხილს დაემორჩილე,
აამთაგორე ტალღები,
კიდეებს გადააცილე!

შემდეგ სტრიქონში პოეტი განმარტავს, რატომ არ უნდა დამშვიდდეს და რატომ უნდა იღელვოს ზღვამ: განძი ზღვის გულში, ზღვის ფსკერზე ინახება და როდესაც ზღვა დამშვიდებულია, განძი დაფარულია, შეუძლებელია მისი ზედაპირზე ამოტანა… შეიძლება არც იცოდე, რომ განძის მფლობელი ხარ. რა ასაჩინოებს დაფარულ განძს…? რა თქმა უნდა, ღელვა, ბობოქრობა, ტალღების კიდეებს გადაცილება… ასეთ დროს ნაკადი შეეხება ფსკერსაც და ამოჰყრის, თუ რამ დაფარულია…

მარგალიტების სალარო
შენი უფსკრული გულია,
მყუდროების დროს ის განძი
ქვეყნისთვის დაფარულია.

მზისა და მთვარის ენერგია ზღვას აბობოქრებს, სწორედ ეს აძლევს ძალას ტალღებს, რომ ფსკერიდან ამოჰყაროს მარგალიტები და უხილავი გახადოს ხილული:

მხოლოდ როდესაც მრისხანებ,
გულს უხსნი მზეს და მთავრესა,
იმ მარგალიტებს შესტყორცნი
შენ შემკვრელ არემარესა.

ამ აღწერის შემდეგ გადადის პოეტი მეტაფორის მეორე ელემენტზე: ეს არის პოეტი, უფრო ზუსტად კი, პოეტის გული. რეზონანსი მყარდება აღელვებულ ზღვასა და პოეტის გულს შორის… პოეტისათვის ეს აღელვება უბრალო ბრაზი ან შფოთვა კი არ არის, არამედ ერთგვარი სტიქია, მაღალი ძაბვა, მაღალი სიხშირე, რომლის წყალობითაც პოეტის გული სწვდება არა ყოველდღიურ ამბებს, არამედ მომავალში მოგზაურობს და, როგორც წინასწარმეტყველს, იმ მაღალი სიხშირიდან „მოაქვს ამბები”.

პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი
მრისხანე გულის ღელვასა!..
ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი
და სიბნელის დროს ელვასა!

ზღვა დაცულია…. როგორც არ უნდა აღელდეს და იბობოქროს, როგორც არ უნდა გადააცილოს კიდეებს ტალღები, ის მაინც დაუბრუნდება კალაპოტს… პოეტის ღელვასაც თითქოს ღმერთი იცავს…

ნახეთ, როგორ ენათესავება აკაკი წერეთლის ამ ლექსს ჰიოლდერლინი შემდეგ სტრიქონში:
„… და მიჰქრის სული, როგორც არწივი,

შესაგებებლად ჭექა-ქუხილთა,
და ასახელებს თავის მომავალ ღმერთებს
წინასწარ.”

პოეტური მეტყველება თავისი არსით მეტაფორაა იმის მიუხედავად, ტექსტში არის თუ არა მეტაფორები. ეს არის ერთგვარი „პარალელური რეალობა”, ან „გზავნილი მომავლიდან”, რომლის სწორად წაკითხამ შეიძლება ბევრი რამ დაანახოს ადამიანს, ერს, კაცობრიობას.

„პოეტური თქმა ამ მინიშნებათა დაჭერაა და შემდეგ მისი ხალხში განვრცობა, ამგვარი დაჭერა არის მიღება და, ამავე დროს, ხელახლა გაღება მადლისა, რადგან პოეტი უკვე „პირველივე ნიშანში” ჭვრეტს უკვე საბოლოო სისრულეს. და ეს განჭვრეტილი თავის სიტყვაში შეაქვს, რათა იწინასწარმეტყველოს ჯერ არაღსრულებული…” (ჰიოლდერლინი).
პოეზიის ამგვარი გაგება (ისევ მეტაფორულად) კვანტური ცნობიერების პროექციაა, რაც ნიშნავს, რომ ამგვარ ტექსტებში დარღვეულია დროის გაგება და ერთდროულად არსებობს წარსული-აწმყო-მომავალი…. პოეტი ერთგვარად წინასწარმეტყველია, მისი სიტყვა აფხიზლებს, აღვიძებს, აფრთხილებს, მიანიშნებს ადამიანებს…

პოეტის შესახებ ამ იდეიდან გამომდინარეობს შემდეგი მეტაფორა: პოეტი _ გარემოების საყვირი.

ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა:
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩვენს გონება-გრძნობასა…”

პოეტი, რომელიც „არც მიწას ეკუთვნის და არც ცას” და, ამავე დროს, მიწისაცაა და ცისაც… და მისი გრძნობა-გონების ხელისუფალი „ღმერთია”…. ღმერთიც მეტაფორაა, სხვა უფრო ზუსტი სიტყვა გამოხატვისთვის არ გვაქვს….

თარგმნის მნიშვნელობა

0
რამდენიმე დღის წინ ჩემი მოკრძალებული ბიბლიოთეკის დალაგების დროს „თავისუფლების დღიურების” 2013 წლის გამოცემას გადავაწყდი. ყდაზე ჩემს საშინელ პორტრეტთან ერთად კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე უამრავი საინტერესო ადამიანის ფოტო. წლების წინ საკუთარი თავისათვის წიგნში ერთადერთი გვერდის ჩაკეცვის უფლება მიმიცია. მაშინ ჩემი განსაკუთრებული ყურადღება დავით წერედიანის ძალიან მძიმედ მოსასმენმა ფრაზამ დაიმსახურა. ცნობილი ქართველი მთარგმნელი და პოეტი თავის ჩანაწერებში აღნიშნავს: „„ფაუსტის” მეორე ნაწილის თარგმანს ორიოდე პწკარი მივამატე. ვერ გადამიწყვეტია, ინტენსიურად ჩავუჯდე თუ არა. დაახლოებით ორიათასი სტრიქონი მაქვს თარგმნილი, ორიამდენი კიდევ წინ არის. არადა, სჭირდება ვინმეს? დღეს რომ ქვეყანაზე არავის სჭირდება, ეგ დანამდვილებით ვიცი. ეჭვი მეპარება, მომავალშიც დასჭირდეთ. გამოდის, მხოლოდ ჩემს ჭიას ვახარებ”.

მაშასადამე, რა გამოდის? ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ყველა დროის შედევრის სრული ტექსტი მშობლიურ ენაზე არ შეგვიქმნია. ჩვენდა სასიხარულოდ არსებობს ადამიანი, რომელიც საერთო ცოდნის ამ უმნიშვნელოვანესი ნაკლის გამოსწორებასა და კულტურის გამდიდრებაში გვეხმარება. ჩვენ კი იმდენს ვახერხებთ, რომ მან თავისი საქმიანობა უსარგებლოდ და სხვებისთვის უინტერესოდ მიიჩნიოს. ალბათ, ამაზე უარესი კოლექტიური შეცდომის დაშვება ძნელად არის წარმოსადგენი.

დავით წერედიანის დღიურმა ჩემთვის უსაყვარლესი კიდევ ერთი მთარგმნელი გამახსენა. ვფიქრობ, ძალიან ბევრი იცნობს მწერალ გურამ ფანჯიკიძესა და მის განუმეორებელ, ორიგინალურ და მრავალფეროვან ლექსიკას. ჩემ ირგვლივ ყოველდღიურად ბჭობენ მისი ქალიშვილების პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პოზიციებზე. ძალიან ხშირად გვესმის ფანჯიკიძის სიძის შესახებაც. ჩვენს საზოგადოებას ამ ოჯახის მთავარი წევრი ავიწყდება ხოლმე. უნივერსიტეტის ბაღში ბევრი იწონებს თავს თომას მანის შემოქმედების ცოდნითა და სიყვარულით, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მიპასუხონ შეკითხვაზე, ვინ არის გერმანელი კლასიკოსის ქართულენოვან თარგმანთა უმრავლესობის ავტორი. ვფიქრობ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მხოლოდ დალი ფანჯიკიძემ მოახერხა და გენიალური პროზაიკოსის ნაწარმოებებს თარგმნის შემდეგაც კი შეუნარჩუნა გამორჩეული რიტმი და მუსიკალურობა. შეუძლებელია, რომ ნორმალური საზოგადოება ამ ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ მადლიერებასა და პატივისცემას ინტენსიურად არ გამოხატავდეს.

გასულ ზაფხულს ცნობილი ქართველი მწერლის ნაირა გელაშვილის „პირველი ორი წრე და ყველა სხვა” წავიკითხე. არსად შემხვედრია, არსად წამიკითხავს უკეთ ჩამოყალიბებული თარგმანის კონცეფცია ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ხალხებისთვის: „დიდი ხნის მანძილზე მსოფლიო კულტურის, მეცნიერების, სამოქალაქო აზრისგან მოწყვეტილ, იზოლაციაში მყოფი საზოგადოებებისათვის თარგმანი ნამდვილი ფანჯარა და ხსნის გზაა, რადგანაც მისი წყალობით მყარდება კონტაქტი გარე სამყაროსთან, ამ სამყაროს ცოცხალ აზრთან, გრძნობასთან და ლინგვისტურ ველთან, მისი წყალობით იგება ყველაზე ხანგამძლე ხიდები. ლიტერატურული ნაწარმოებების კარგი თარგმანი მშობლიურ ენაზე ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანებს იმ ქვეყნებთან, რომელებსაც ეს ნაწარმოებები ეკუთვნის. უღვიძებს ამ ენების შესწავლის, ამ ლიტერატურისა და ქვეყნების გაცნობის სურვილს. მაშასადამე, უზრუნველყოფს დახურულ საზოგადოებათა გახსნასა და მათ გარესამყაროსთან ინტეგრაციას”.

დღეს არაერთი მიიჩნევს, რომ ჩვენს საზოგადოებაში საბჭოთა იზოლაციონიზმი უკვე დამარცხებულია. ბევრს ჰგონია, რომ თანამედროვე დასავლური ღირებულებების, კულტურისა და სამოქალაქო პოზიციების ადეკვატურად აღსაქმელად უცხო ენის ცოდნა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების უნარი საკმარისია. მაშინ როგორღა ახერხებენ უცნაური ორგანიზაციები ჩვენს თანამოქალაქეთა შორის ევროპული პოლიტიკური სისტემების მიმართ გამოუსწორებელი ნიჰილიზმის დანერგვას? სჯობს სიმართლე ვაღიაროთ. თარგმანის ახალი ცენტრებისა და სკოლების დაფუძნებისა და მხარდაჭერის გარეშე ჩვენ კვლავ გაგვიჭირდება სრულყოფილი კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბება დასავლეთთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობების პირობებში სოციალური და პოლიტიკური ინტეგრაციის პრობლემები ბევრად უფრო მარტივად შეიძლება გადაწყდეს.

ბედი მასწავლებლისა

0
მასწავლებელი არაერთი მხატვრული ტექსტის პერსონაჟია. ამჯერად წარმოვაჩენთ როგორ იხატება მასწავლებლის სახე თამაზ ბაძაღუას პიესაში „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!” პიესის მთავარი თემა გაუცხოება. ადამიანები მარტოობით იტანჯებიან. მთავარმა პერსონაჟმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა  ვერ გაუძლო რომანტიკული იდეალების მსხვრევას. გარკვეული ხნის განმავლობაში თავს იტყუებდა, (ასე შეაფასა შემდეგ საკუთარი ილუზიები), რომ ლიტერატურას შეეძლო ადამიანის ზნეობრივი აღზრდა, „მეგონა ჩიტებს ვზრდიდი, მართლა, ძალიან მაღლა რომ შეკრავდნენ კამარას”. მას ეგონა, რაკი მოსწავლეებს სულ პოეზიასა და მშვენიერებაზე ელაპარაკებოდა, ისინიც მისნაირადვე შეხედავდნენ სამყაროს, ცას, შემოდგომასა და ყვითელ ფოთლებზე ისაუბრებდნენ, მაგრამ რეალობამ სულ სხვა რამ აჩვენა: არც ერთი მისი მოსწავლე არ დაადგა იმ გზას, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა. ამან ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა, სკოლიდან წამოვიდა. მას სტანჯავდა ფიქრი, რომ ვერ შეძლო მოსწავლეებზე ზემოქმედების მოხდენა, რომელთაგან ბევრი „ლოთი და მამაძაღლი გახდა”: `ოცი წელი ვასწავლიდი-მეთქი. ქართულს ვასწავლიდი. რუსთაველს და ბარათაშვილს ვასწავლიდი. გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა. მაინც არაფერი გამოვიდა. ნეხვის გროვაზე ენძელა არ ამოვა, უნდა იცოდე, მე გვიან მივხვდი. იცით, როდის მივხვდი? ერთხელ, აი ამ მწარე არყით გამოვიბრუჟე, ქუჩაში გამოვედი და ძალიან მომინდა ჩემი ყოფილი მოწაფეები მენახა. დავფიქრდი და იცით, რა აღმოვაჩინე? თურმე მთელი ოცი წელიწადი არც ერთ ჩემს მოწაფეს ფილოლოგიურზე არ ჩაუბარებია. გესმის? რას ნიშნავს ეს? მიხვდი, რომ არარაობა ვიყავი. მივხვდი, რომ ოცი წელი ჩემს თავსაც ვატყუებდი და იმათაც. მე ერთს ვუჩიჩინებდი და სიმართლე მეორე მხარეზე იყო. ეს საშინელებაა”. 

ამგვარმა განცდამ ბონდოს საკუთარი თავისა და ადამიანის რწმენა შეურყია, ოჯახსა და მეგობრებთანაც გააუცხოვა. მის ტანჯვას აძლიერებს განცდა, რომ ხედავს, თითქოს ყველას ეშმაკისთვის მუყიდია სული, მათ შორის, თვითონაც. ერთადერთი საზრუნავი აფორიაქებთ ადამიანებს: როგორ იცხოვრონ უკეთესად. ისინი ბედნიერებას მხოლოდ კარგ სასმელ-საჭმელში, კეთილმოწყობილ ბინაში, სამსახურსა და ჩასაცმელ-დასახურავში ხედავენ. ბონდოს კი აღელვებს ზღვისპირა ქალაქის ჰორიზონტები, პოეზიის სანახები. ამიტომ თანდათან შორდება ყველას, ცოლსა და ქალიშვილსაც. ის თავისი `გიჟური~ მსჯელობით სხვათა გამოფხიზლებას ცდილობს: „შეხედეთ, შეხედეთ, ამ ნისლებში დაინთქმება ჩვენი სხეული, ამ ათასწლოვან ღამის ნისლებში ჩავიკარგებით, გესმის? რა ყრუდ და ფოთოლივით წყნარად თრთიან ვარსკლავები, რა სიჩუმეა.… ჩვენი კვალი კი სამარადისოდ წარიხოცება, უღონო გულის ტანჯვა,… მიუსაფარი, ამ ცივ წყლებზე იხეტიალებს, ვარსკლავების გულებს გააპობს.…საით მივდივართ, გეკითხები, საით მივდივართ?!” .

ბონდო მასწავლებლისთვის დილემად ქცეულა ერთი ასეთი თემაც: აღტაცება ყოველივე უცხოურით: „ერთი მეც მინდა ავიდე. გავხედო, გამოვხედო, რა აგიჟებს ამ ხალხს, სულ უცხოეთი, უცხოეთი რომ აკერიათ პირზე, ჯერ გელათი არ უნახავთ, აგერ ქუთაისთან, დავით აღმაშენებლის საფლავი არ უნახავთ,…კაცო, ბეთანია არ უნახავთ და ფიჯის კუნძულების საგზურს ეძებენ… ჰა და ჰა მადასკარი იკადრონ.… მე რასაც ვამბობ, ყველაფერი ძველია, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი იცვლება,… ამიტომ მიყვარს ძველი სიტყვები: `ჟამთა რა წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვათა წარმოდგეს, ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შვებანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნება დაჭნეს, სხვამან მიღოს სკიპტრა, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო” .

ბონდოს ერთადერთი ნუგეშად უჩანს  ის, რომ `გოგონა მწერდა, რომ გვჭირდებიო, მოუთმენლად გელითო და ათას სისულელეს. მე მათ არ ვჭირდებოდი, მე მათ ვატყუებდი. იმ წერილს კი ახლაც ვინახავ. აგერ მაქვს. გულის ჯიბეში. თითქოს არაფერში მარგია, მაგრამ რაღაც სხვანაირად მაწვალებს. ვკითხულობ და არ შეიძლება ცრემლები არ მომერიოს. ოო, ეს ყველაფერი სიმართლე რომ იყოს. რა ბედნიერი ვიქნებოდი~. 

მის გარშემოც ასეთივე მარტოსულები არიან _ ყველას თავისი მიზეზი აქვს, მთავარია, რომ ერთი ადამიანი მეორის მარტოობის ტვირთს ვერ ამსუბუქებს. ბონდო თავს დაკარგულად მიიჩნევს. უფრო მეტიც, ის თავს მკვდრად აღიქვამს. ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის „წარმავალი მშვენიერების” ერთი ნახევრადშეშლილი მოხუცი გვახსენდება, რომელიც ეუბნება ახლობლებს: მე თქვენ გიცნობდით, სანამ ცოცხლები იყავითო. მრავალმნიშვნელოვანი ფრაზაა. უმიზნობა, უიმედობა _ სულიერ სიკვდილს ეთანაბრება. 

პიესაში შემოიჭრება ზღვის უსაზღვრო სივრცე, რომელმაც თითქოს უნდა გამოაფხიზლოს ადამიანები, მაგრამ ისინი ვერ არღვევენ საკუთარ ეგოს და მტკიცედ შემოსაზღვრულ ჩარჩოებს, ვერ გადიან ყოველდღიურობის ერთფეროვანი საზღვრებიდან. მხოლოდ იტალიური გემის გამოჩენა შეამღვრევს ხოლმე ქალაქის მდორე მდინარებას. გემი ამ პიესაშიც უცხოს, შორეულის, მიუწვდომელის სიმბოლოა. პიესის სათაური `ღუზა, ჩაუშვი ანგელოზო~ მრავალმნიშვნელოვანია. ანგელოზი გემის სახელია, რომელიც სიკეთისა და სინათლის სიმბოლოდ იქცევა. იგი მხოლოდ დროებით ჩაუშვებს ღუზას, მერე კი ისევ გასცურავს და თან წაიყოლებს ადამიანურ ოცნებას.

ბონდოს მონოლოგები გამსჭვალულია გამოუსავლობის შეგრძნებით: „მე ახლა ვთამაშობ. ლოთსა და მასხარას ვთამაშობ. უსაქმურსა და ვიგინდარას ვთამაშობ”. „იმედი, იმედი, ვითომ ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე ვცხოვრობთ და კაცმა ისიც კი ვერ ისწავლა, თავისივე მსგავსი არ მოკლას.…ეძახე ამას გონიერი ცხოველი. ადამიანი ადამიანისთვის მგელია! მე მარტო ამისი მჯერა. მგელი დიახ, მგელი _ სისხლიანი, კბილებდაკრეჭილი. ჰამ! ჰამ! ძვალი დროზე თუ არ გადაუგდე, შეგჭამს. არც ღმერთის ეშინია და არც განკითხვის. იმიტომ რომ ასე ასწავლეს, ასე გაზარდეს~.

მიშელ უელბეკი ამბობს ერთ ინტერვიუში, როგორ დამთრგუნველად იმოქმედა მასზე პასკალის აზრების ერთმა თვალსაზრისმა: „გული გამიხეთქა ამ პასაჟმა: `წარმოიდგინეთ ბორკილდადებული, სიკვდილმისჯილი ადამიანები. ყოველ დღე ზოგიერთ მათგანს დანარჩენების თვალწინ უმოწყალოდ კლავენ. ეს უკანასკნელები კი ხვდებიან, რომ ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორშიც მათი თანამოძმეები, ერთმანეთს ნაღვლიანად შეყურებენ და თავის რიგს ელიან. ეს ადამიანური მდგომარეობის სურათია”.  გარდაუვალი სიკვდილი  მოკვდავი ადამიანის ხვედრია. ასე რომ, ადამიანი თითქოს დაბადებიდანვე სიკვდილმისჯილია და ამ სასჯელს ვერავინ დააღწევს თავს, მაგრამ არის გზა ამ სასჯელისგან თავდაღწევისა _ ეს არის რწმენა და ხელოვნება. ორივეს შეუძლია ადამიანი უკვდავებას აზიაროს. სიკვდილსა და ამაოებაზე ფიქრმა ადამიანი სიცოცხლისთვის უნდა აღძრას. 

ამგვარი განცდა ამ პიესის წაკითხვისასაც ჩნდება. მაგრამ მწერალს სჯერა ადამიანში ღვთაებრივი ნაპერწკლის არსებობისა, ამიტომაც განწირულობის ტკივილს იმედით გადალახავს. ბონდო ახალგაზრდა ნუგზარს ამშვიდებს: „ნუ გეშინია,… ჩვენ მაინც წავალთ მზის ამოსვლის სანახავად…(მცირე პაუზა) ოღონდ აქ მტკივა…(ბონდოს ძელსკამზე დააწვენენ. მარია ჭრილობას უხვევს. ლაშა პერანგს გაიძრობს და ჭრილობის შეხვევაში ეხმარება). ნუ გეშინიათ,…მალე აქ ანგელოზები ჩაუშვებენ ღუზას,…ისიც აქა მაქვს,…წერილი…(გაისმის გემის საყვირის ხმა. იგი ნაპირს შორდება. კიბეზე ტორტით ხელში ჩამოდის ინგა. გემის საყვირის ხმას ერთვის მხიარული იტალიური სიმღერა”.

ფოლკლორის ინტერპრეტაცია

0

საქმე არის ასე:

აი, სიცხე რომ გაქვს და გარეთ რომ თოვს, ყინვაა და თავი სასახლეში გეგულება, თუნდაც ჩვეულებრივ ლოგინში იწვე. სიცხე გაქვს და თამამი ხარ: საბანი სადამდეც გწვდება, ორჯერ უფრო გრძელი გგონია – და ამ ანდაზასავით ანგრევ დანარჩენსაც. აქ შეიძლება ამგვარი სლოგანიც: სიცხე ათამამებს! ამ შემთხვევაში ლიტერატურულ მიმართულებას ვგულისხმობ, თორემ ისე – სხვა ამბავშიც. მით უფრო, თუ ეს შენი საქმეა – სიტყვებთან თამაში. მერე რა, რომ ხანდახან ცეცხლთან თამაშზე უარესია – ვთქვათ კაი ბიჭურად: თუ აფერისტობ, დაიწვები. ჰოდა, მივადექი ზღაპრებსა და ანდაზებს. ვიფიქრე: ხომ არ არის პირველი ქართული ათეისტური მანიფესტი, ეს გამოთქმა: „თავს ზევით ძალა არ არის?”, ხომ არ იყვნენ პირველი პროტესტანტები გურულები, გამორიცხავდნენ უზენაესთან შუამავალს და ასე ლოცულობდნენ: „რომ ხარ – ქე ვიცი, რა მინდა – ქე იცი, აბა, შენ იცი”,

სხვაგან წავიდეთ:

ეგებ ის სცენა, არაერთ ზღაპარში, ქალი დევის სულის საამებლად ბოძს რომ ყვავილებით რთავს და მერე ცეკვავს – ეროვნული სტრიპტიზის ჩანასახია? – ახლა არ მითხრათ, ეს მეოცე საუკუნის პროდუქტიაო, ახლა არა – მერე მითხარით.

მოკლედ, ზომის გაღმა ვიმკრეხელე, ცამდე ვაწვდენდი ხელებს, ღრუბლებამდე ავედი და ბოლოს ძილში დავეცი. ახლა მიწაზე ვარ. აქ. თქვენთან. მაგრამ სხვაგვარად მაინც არ ძალმიძს.

უნდა განვაცხადო: ქართული ლიტერატურა, მიუხედავად არნახული მასალისა, ფოლკლორის ინტერეპრეტაციას კეთროვანივით გაურბის. ერთი-ორ გამონაკლისზე ნუ ვისაუბრებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამამულო ხელოვნების ფრაგმენტულობას ადასტურებს. ხანდახან ჩვენებური ავტორები სიუზან ზონტაგთან (ეს მართლაც რომ საინტერესო ქალი, ინტერპრეტაციის წინააღმდეგ ილაშქრებდა ახალგაზრდობაში) შეთქმულები მგონია. დაუსწრებლად შეთქმულები, თორემ იმსიგრძე ესეს მაგათ რა წააკითხებდა. აბა, რას უნდა მივაწეროთ, სამონასტრო კედლებზე ამონაკაწრი უნებლიე შედევრი – „თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის… რა ლამაზი იყავი ბიჭო” – ინტერპრეტაციის თავბრუდამხვევ შესაძლებლობას რომ იძლევა – აქამდე ერთი ავტორის ერთ ნელ-თბილ ლექსს გამორჩა.

ვიღაცას ინტერპრეტაცია მაინცდამაინც ეპატაჟური ტექსტები ჰგონია (იხილეთ მეოცეს მიწურული და აგერ ჩვენი ოცდამეერთე), ზოგს ლექსებში ასფურცელას და ცისკარას ხსენება (გაეცანით ქართული პოეზიის ანთოლოგიებს, განსაკუთრებით გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან). მოკლედ…

მე მაინც მომავლის იმედი მაქვს. ამიტომაც დავწერე ესე. ჰოდა, თქვენც ნუ მკითხავთ, რა შუაშია ეს სათაური, უბრალოდ იყავით უფრო თამამი და გაათეთრეთ ყორანი, ბატონებო და ქალბატონებო, რადგან ქვიშით არ გამოდის, სხვა რამით მაინც.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...