ოთხშაბათი, აგვისტო 6, 2025
6 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

ეკა დონაძე – 17 წელი 71-ეში

0
მასწავლებელი 17 წლის წინ გახდა. პირველი გაკვეთილი თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა და მას შემდეგ ყოველდღე აქ არის. ეკა დონაძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. როგორც თავად ამბობს (და ძნელია, არ დაეთანხმო), შესაძლოა, ყველაზე საჭირო საგნის მასწავლებელიც, რადგან ადამიანი მშობლიურ ენაზე ფიქრობს, აზროვნებს, მეტყველებს და ასე ვითარდება. 17 წლის განმავლობაში რამდენიმე საფეხური გაიარა, იყო დირექტორის მოადგილეც, თუმცა უბრალო მასწავლებლის როლი ყველაზე მეტად მოსწონს და ამბობს: „ბავშვებთან ურთიერთობა ჰაერივითაა”.

– ქალბატონო ეკა, თქვენ იმ თაობის მასწავლებლებს მიეკუთვნებით, რომლებსაც მუდმივი რეფორმებისა და სიახლეების პირობებში მოუწიათ მუშაობა.

– ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა, რადგან მასწავლებლობის პირველივე დღიდან განათლების სისტემის რეფორმის რეჟიმში ვარ. ამ წლების განმავლობაში უამრავი ტრენინგი გავიარე და, შეიძლება ითქვას, ახალი ტიპის მასწავლებლად ჩამოვყალიბდი. ჩემმა მოწაფეობამ საბჭოთა პერიოდში განვლო, თუმცა ამ სფეროში რეფორმა მეც შემეხო. ალბათ გახსოვთ, 80-იანი წლების ბოლოს რამდენიმე სკოლა დიფერენცირებული სწავლების ექსპერიმენტში ჩაერთო. ამ ნაკადში ჩემი სკოლაც მოხვდა. რეფორმის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჩემი ქართულის მასწავლებელი ლია თუშური გახლდათ, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა და ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

– მართებულად მიგაჩნიათ, მოსწავლემ ისწავლოს კონკრეტული მიმართულებით და არ მიიღოს ზოგადი განათლება?

– ვფიქრობ, დიფერენცირებული სწავლება ბოლო კლასებში გამართლებულია, მანამდე კი ზოგადი განათლების მიღება აუცილებელია. მე-11-12 კლასების მოსწავლემ უკვე იცის, რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება, ამიტომ კარგი იქნება, თუ სკოლაშიც შესაბამის საგნებზე დასვამს აქცენტს. გარდა ამისა, მე-12 კლასის მოსწავლეები ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებიან და ყველა საგნის თანაბრად კარგად სწავლას ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ, ძალით სწავლობენ უინტერესო საგანს, რის გამოც სტრესული მდგომარეობა უვითარდებათ – ისინი ხომ იმ ასაკში არიან, როდესაც ყველაფერს განსაკუთრებით განიცდიან.

 

– თქვენი შვილებიც ამ სკოლაში სწავლობენ? ეს ხომ არ გიქმნით უხერხულობას? ახერხებთ, დაიცვათ ზღვარი?

– უმცროს შვილს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვასწავლიდი და მივხვდი, რომ ეს ძალიან რთული იყო. გამიჭირდა და თავად ვთქვი მის სწავლებაზე უარი. როდესაც კლასში შვილი გიზის, ზღვარის დაცვა ძნელია. გარდა ამისა, გიჩნდება კომპლექსი, რომ სხვები მიკერძოებაში დაგადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ შვილიც და ყველა დანარჩენი მოსწავლეც თანაბარ პირობებში გყავს ჩაყენებული. მაგალითად, შარშან გაცდენების გამო ჩემმა შვილმა ორ საგანში ექსტერნის გამოცდები ჩააბარა – სწორედ ისე, როგორც ამას ნებისმიერი მოსწავლე გააკეთებდა და ერთი წამითაც არ მიფიქრია ჩემი მდგომარეობის გამოყენება.

– მთავრდება გაკვეთილები და მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც სკოლის შენობას ტოვებთ. გრძელდება თუ არა ურთიერთობა ამ კედლების მიღმა? 

– ცხადია, ურთიერთობას სკოლის გარეთაც ვინარჩუნებთ, რადგან უამრავი აქტივობის საშუალება არსებობს. არაერთი პროექტიც განგვიხორციელებია. მაგალითად, შემოდგომაზე დავეხმარეთ ბავშვთა სახლ „კარიტასს”. მოვიძიეთ სპონსორები, შევადგინეთ პროგრამა, მოვამზადეთ საჩუქრები, დავგეგმეთ კინოთეატრში სტუმრობა და შევუკვეთეთ ტორტი. ეს იყო საოცარი დღე, რომელიც ჩემი მოსწავლეების გარეშე ვერ შედგებოდა. საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ სკოლისგარე აქტივობები ბავშვების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე არც ისე აქტიურია, ასეთ ღონისძიებებზე უფრო იხსნება და უცნობ თვისებებს ამჟღავნებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებლებმა ხშირად უნდა დავგეგმოთ სკოლისგარე აქტივობები, რათა მოსწავლეებთან კონტაქტი არ დავკარგოთ.

– მოგყვებიან მოსწავლეები ამგვარ აქტივობებში?

– ბავშვებთან ურთიერთობა გაცილებით ადვილი და სასიამოვნოა, ვიდრე უფროსებთან, ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, დავაინტერესო და მიზანს ვაღწევ კიდეც. მასწავლებლობის მთელი ხიბლი ისაა, რომ სულ ახალგაზრდა ხარ. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ: მეუბნებიან, რომელი ახალი წიგნი გამოვიდა, რომელ ფილმს ვუყურო. მინდა, ისინი უკეთ გავიცნო და თავადაც საინტერესო ვიყო. მთავარია, ამ პროცესში გულწრფელობა შეინარჩუნო, რათა ნდობა არ დაკარგო. არ მინდა, პროფესია მემჩნეოდეს და ვიყო ტიპური მასწავლებელი, რომლისაც ბავშვებს ეშინიათ.

სწორედ ამგვარი სიახლოვე მაძლევს იმის საშუალებას, რომ ისინი სკოლისგარე აქტივობებით დავაინტერესო. თითქმის ყველა ჩემი მოსწავლე ძალიან აქტიურია, ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტში, მონაწილეობენ კონკურსებში, აქვთ იდეები და მათი განხორციელება სურთ. ხშირად ვსაუბრობთ აქტუალურ თემებზე, ერთად ვუყურებთ და განვიხილავთ ფილმებს, ვუკავშირებთ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და ა.შ. მაგალითად, ერთად ვნახეთ „მანდარინები” და გავავლეთ პარალელი „სტუმარ-მასპინძელთან”. შარშანდელი ამბავი კი არასდროს დამავიწყდება: მე-11 კლასს შევთავაზე, „მკვდარი პოეტების საზოგადოება” ენახათ. ამ პროცესს სოციალური ქსელით ვადევნებდი თვალს, ვკითხულობდი მათ სტატუსებს, კომენტარებს და ასე ვიგებდი, რას განიცდიდნენ. ყველაზე დიდი საოცრება კი ის იყო, რომ მეორე დღეს კლასში შესულს მერხებზე დამიდგნენ და „კაპიტანო, ჩემო კაპიტანო” შესძახეს! ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი რამ, სწორედ ამისთვის ხარ სკოლაში!

– ხართ იმისთვისაც, რომ ბავშვებს ასწავლოთ. მშობლიური ენა – ეს არის საგანი, რომლითაც ადამიანის აზროვნება ყალიბდება…

– …და საძირკველი ეყრება მის პიროვნულ ზრდას. ეს ყველაზე საჭირო საგანია, ურომლისოდაც ვერაფერს მიაღწევ. სამწუხაროდ, მშობლიური ენის ცოდნის აუცილებლობას არათუ მოსწავლეები, უფროსებიც ვერ ხვდებიან, რომლებიც შვილებს ბაღის ასაკიდანვე ატარებენ უცხო ენებზე. ერთმნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მშობლიური ენა ზედმიწევნით უნდა იცოდეს, რადგან სწორედ ამ ენაზე ვაზროვნებთ, ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ.

– რას აკეთებთ იმისთვის, რომ ქართულის ცოდნის აუცილებლობას მიხვდნენ?

– დაბალი კლასების მოსწავლეებს ამას ვერ აუხსნი, მაგრამ სწორი მიდგომის შემთხვევაში უფროსების დაინტერესება შესაძლებელია. გაკვეთილი უნდა იყოს არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ინტერაქტიულიც. მოსწავლეს ყველა ნაწარმოებში ის უნდა დაანახვო, რაც მისი ასაკისთვისაა საინტერესო, ეს კი საკმაოდ რთულია. ხელს გვიშლის პროგრამა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ მაძლევს მოსწავლეებისთვის ადეკვატური განათლების მიცემის საშუალებას. ვფიქრობ, ქართულის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით უფრო – დამამთავრებელ კლასებში. ფაქტია, რომ მოცემული პროგრამა მთლიანად უნდა ვასწავლო, რადგან ეს საკითხები მოდის გამოცდებზე, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მაქვს მხოლოდ მასალის ახსნის დრო, მაგრამ არა მოსწავლეებთან მისი განხილვის, ანალიზისა და ინტერაქტივისა, თანაც, გათვალისწინეთ, კლასში 30 მოსწავლე მიზის. ვფიქრობ, უნდა იყოს ნაკლები მასალა, რათა მისი განხილვისთვის მეტი დრო დაგვრჩეს. სიმრავლის გარდა, პროგრამის ნაწილი ასაკობრივადაც შეუსაბამოა, ტექსტების უმეტესობა ტრაგიკული, დეპრესიული და დრამატულია. სკოლის მოსწავლეების უმეტესობა გარდატეხის ასაკშია, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მყიფეა და უფრო მეტად განიცდიან. ნაწარმოებების უმეტესობის შინაარსი ბავშვებს ძალიან თრგუნავს, ერთმა მეთერთმეტეკლასელმა შუა გაკვეთილზე მითხრა, რას გვერჩით, მასწავლებელო, რა დაგიშავეთო. მართალიც იყო: „ოთარაანთ ქვრივი”, „ხევისბერი გოჩა”, „გამზრდელი”, „ჯაყოს ხიზნები” – ეს ნაწარმოებები მოზარდებისთვის ძალიან მძიმე საკითხავია. ცხადია, არ ვამბობ, რომ ისინი პროგრამიდან უნდა ამოვიღოთ, მაგრამ შედარებით მსუბუქი ნაწარმოებებიც აუცილებელია. ბავშვებს მეტი პოზიტივი სჭირდებათ.

– გაქვთ ამ მხრივ რეკომენდაცია? 

– პროგრამაში მეტ თანამედროვე ავტორს შევიყვანდი. ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი საინტერესო ნაწარმოები გამოვიდა, სადაც ამ ბავშვების ენაზე საუბრობენ, მათ გარემოს აღწერენ და მათთვის საინტერესო საკითხებს განიხილავენ. დავამატებდი უცხოელ ავტორებსაც. ვფიქრობ, უცხოური ლიტერატურა არანაკლები განათლების მიმცემია, ვიდრე ქართული კლასიკა.

– პრობლემა აშკარაა, მაგრამ პროგრამას ვერ შეცვლით. რა გამოსავალს პოულობთ? 

– ვირჩევთ ოპტიმალური პროგრამის მქონე სახელმძღვანელოს. ამჟამად ერთადერთი გამოსავალი ესაა. საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა კი პროგრამის დახვეწა იქნება.

 

– პროგრამის ხარვეზების პირობებში ალბათ გამოსავლად მიიჩნევა კლასგარეშე კითხვაც. 

– ნამდვილად ასეა და ამ მხრივ ძალიან კარგი ტენდენცია შეინიშნება – ბოლო წლებში მკითხველი მოზარდების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, რაც წიგნის ბაზრის განვითარების დამსახურებაცაა: ბევრი ახალი და ხარისხიანი თარგმანი გამოდის, მრავალფეროვანია ჟანრული პალიტრაც და ასე შემდეგ. გარდა ამისა, არსებობს უამრავი კონკურსი, რომლებიც მოსწავლეების ამ მხრივ განვითარებას უწყობს ხელს. ახალი თაობა უკეთ აცნობიერებს, რომ ზოგადი განათლება აუცილებელია, რომ უამისოდ ვერ განვითარდებიან, ვერ მიაღწევენ სასურველ შედეგს.

– კარგია, რომ კითხულობენ, მაგრამ აქვთ კი წაკითხულის გაანალიზებისა და დასკვნების გამოტანის უნარი?

– ამ მხრივ ცოტა უჭირთ, წერითი უნარები ნაკლებად აქვთ განვითარებული, ვიდრე სასაუბრო, თუმცა მასწავლებლის მოვალეობა მოსწავლის ამ მხრივ გახსნაცაა, რაზეც გამუდმებით ვმუშაობ. ფაქტია ისიც, რომ ვინც მეტს კითხულობს, წერითი და მეტყველების უნარებიც გაცილებით უკეთესი აქვს.

– ალბათ გყავთ რთული ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მიდგომა და ყურადღება სჭირდებათ…

– ჩვენს სკოლაში ბავშვთა სახლის რამდენიმე ყოფილი აღსაზრდელი სწავლობს, რომლებიც ახლა ოჯახებში არიან გადანაწილებული. მეშვიდე კლასში ერთი განსაკუთრებული, ძალიან საინტერესო, მაგრამ, იმავდროულად, რთული გოგონა მყავს. საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი, ამიტომ მისი კარგად მესმის. მაგალითად, როდესაც ნუგზარ შატაიძის მოთხრობას „მოგზაურობა აფრიკაში” ვკითხულობდით და წებოს შესუნთქვის სცენებზე ვიყავით, თქვა, რომ სინამდვილეში წებოს ყნოსვა სულაც არ კლავს, გამოუცდია. დავიბენი, მაგრამ ვეცადე, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, რათა თავად არ ეგრძნო უხერხულობა. ის ვერ ახერხებს საკუთარი საქციელის გაკონტროლებას, სულ მოძრაობს, ხმაურიანი და აქტიურია, გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს; უნდა აგრძნობინო, რომ კარგია, თბილია, საჭიროა. ვერ იტანს უხეშობას, მაგრამ რაც უნდა დაგჭირდეს, მაშინვე შენ გვერდითაა. სიის კითხვისას პირველი ამბობს, თუ ვინმე გვაკლია. ამას თვითონაც ხვდება. ერთხელ თქვა კიდეც – ვიცი, რომ გაკვეთილზე გაჩერება მიჭირს და ვერ ვიტან, როდესაც მასწავლებელი მეჩხუბებაო. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. ვიცი, რომ კარგ ოჯახში ცხოვრობს, სკოლის ფსიქოლოგი მასთან აქტიურად მუშაობს და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად ექნება.

– გაქვთ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. ეს ნიშნავს, რომ მიღწეულით დაკმაყოფილება არ გჩვევიათ. როგორ ფიქრობთ, მოვა დრო, როდესაც სკოლაში მუშაობას თავს დაანებებთ და უფრო დიდ ასპარეზზე გადაინაცვლებთ? 

– ალბათ მოვა ამის დროც. ვფიქრობ, განათლების სისტემაში გავაგრძელებ მუშაობას, მაგრამ ახლა სკოლის პერიოდი მაქვს, ამაზე საინტერესო ადგილი ჯერ ვერ წარმომიდგენია. ბავშვებთან ურთიერთობა ჰაერივითაა, რაც ახლა ძალიან მჭირდება.

ესაუბრა ია ვეკუა

აგზნება და მოტივაცია: მღელვარება და შფოთვა სწავლის პროცესში

0
აგზნება მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ რეაქციებს – ცვლის ტვინის რეაქციულობას, სისხლის მიმოქცევას, გულისცემას, სუნთქვას. ჩვენ უფრო მომართულები, ფხიზლები და აღელვებულები ვხდებით. იმისთვის, რომ მოტივაციაზე აგზნების გავლენა გავიგოთ, შევეხოთ ორ საკითხს. პირველი ღამით მეცადინეობის საკითხია. თქვენ მესამედ კითხულობთ ტექსტს და ცდილობთ გაიგოთ, მაგრამ საშინლად გეძინებათ. თქვენი ყურადღება მოდუნებულია და თვალებს ძლივს ახელთ. გადაწყვიტეთ, დასაძინებლად დაწვეთ, დილით ადრე ადგეთ და მეცადინეობა გააგრძელოთ (გადაწყვეტილება, რომელიც, თავადაც იცით, იშვიათად მუშაობს). მეორე შემთხვევაში, წარმოიდგინეთ, რომ ხვალ უმნიშვნელოვანესი გამოცდა გელით, რომელზეც თქვენი მომავალია დამოკიდებული. ძალიან ღელავთ და ყველასგან დიდ ზეწოლას გრძნობთ, რომ კარგად ჩააბაროთ. იცით, რომ კარგი გამოძინება გჭირდებათ, მაგრამ ისე ფხიზლად ხართ, როგორც არასდროს. პირველ შემთხვევაში აგზნება ძალიან დაბალია, მეორე შემთხვევაში კი – ძალიან მაღალი.

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი აქტივობისთვის არსებობს აგზნების ოპტიმალური დონე. ზოგადად თუ ვიტყვით, აგზნების მაღალი დონე სასარგებლოა მარტივი ამოცანების შესრულებისას, მაგრამ რთული, კომპლექსური ამოცანის გადაჭრისას, პირიქით, უკეთესია დაბალი დონის აგზნება. ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება აგზნების გაზრდა ცნობისმოყვარეობის გაღვიძებით.

ცნობისმოყვარეობა: სიახლე და კომპლექსურობა. ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ცნობისმოყვარეობა შეიძლება განისაზღვროს როგორც მრავალი სფეროთი დაინტერესების ტენდენცია. თითქმის 40 წლის წინ ფსიქოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ინდივიდები ბუნებრივად არიან მოტივირებულნი სიახლეების, სიურპრიზების, სირთულეთა ძიებისათვის. სწავლების კვლევამ ცხადყო, რომ სასწავლო მიდგომებისა და ამოცანების მრავალფეროვნებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სწავლას. უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის შესასწავლ საგანთან დაკავშირებული საგნებით მანიპულირებისა და მათი ათვისების შანსის მიცემა შესაძლოა ყველაზე ეფექტური გზა იყოს მათში ცნობისმოყვარეობის სტიმულირებისთვის. უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის კარგად კონსტრუირებული კითხვები, ლოგიკური ამოცანები, პარადოქსები შესაძლოა ასევე ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდეს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება მთავარი არ არის – კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგიწევთ, უფრო მნიშვნელოვანია, შევუნარჩუნოთ მათ ეს ინტერესი.

ჯორჯ ლოუენშტეინი ვარაუდობს, რომ ცნობისმოყვარეობა ღვივდება მაშინ, როცა ყურადღება ცოდნაში განსაზღვრულ დანაკლისზეა ფოკუსირებული. ინფორმაციული დანაკლისი იწვევს დეპრივაციის ისეთ გრძნობას, რომელსაც ცნობისმოყვარეობას ვუწოდებთ. ცნობისმოყვარე ადამიანი მოტივირებულია, აღმოფხვრას საკუთარ ცოდნაში არსებული ხარვეზები, რათა დეპრივაციის განცდა შეამციროს. ეს იდეა ეხმიანება და ჰგავს წონასწორობის დარღვევის პიაჟესეულ ცნებას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლების პროცესში. ჯერ ერთი, მოსწავლეებს განსაზღვრული ცოდნა სჭირდებათ იმის გასაცნობიერებლად, რომ ცოდნაში დანაკლისი აქვთ – ეს მათ ცნობისმოყვარეობას გაუღვივებს. მეორე – მოსწავლეებმა ისე უნდა შეიცნონ ეს დანაკლისი, რომ ცნობისმოყვარეობა აღეძრათ. შესაძლოა, დაგვეხმაროს მოსწავლეებისთვის კითხვების დასმა და უკუკავშირი. შეცდომებსაც შეუძლია ცნობისმოყვარეობის სტიმულირება ცოდნის დეფიციტზე მითითებით. დაბოლოს, რაც მეტს ვსწავლობთ, მით უფრო ცნობისმოყვარენი ვხდებით. როგორც მასლოუმ აღნიშნა, ცოდნის შეძენის მოთხოვნილება მუდმივად მზარდია და არასდროს იკლებს.

როგორც ვნახეთ, ზოგჯერ აგზნება არც ძალიან მაღალია და არც ძალიან დაბალი. ვინაიდან საკლასო ოთახი ის ადგილია, სადაც მოსწავლეები მოწმდებიან და ფასდებიან, შფოთვა შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს კლასის მოტივაციისთვის.

შფოთვა კლასში. ძნელად ვიპოვით ადამიანს, ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში რომ არ განეცადოს შფოთვა, მოუსვენრობა, ეჭვი საკუთარი შესაძლებლობების გამო, დაძაბულობა. შფოთვის გავლენა სასკოლო მიღწევებზე ნათელია. ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა ნაშრომში, იერკსისა და დოდსონის ყველაზე ადრეული (1908 წლის) ნაშრომიდან მოყოლებული დღემდე, მკვლევრები მიუთითებენ სასკოლო მიღწევების ყველა ასპექტსა და შფოთვას შორის უარყოფით კორელაციაზე. შფოთვა შეიძლება იყოს წარუმატებლობის მიზეზიც და შედეგიც. მოსწავლეები იმიტომ არიან წარუმატებელნი, რომ შფოთავენ, ხოლო წარუმატებლობა, თავის მხრივ, აძლიერებს შფოთვას. შფოთვა ერთსა და იმავე დროს ნიშან-თვისებაცაა და სიტუაციური ფაქტორიც. ზოგიერთი მოსწავლე სხვადასხვა სიტუაციაში შფოთავს (შფოთვა როგორც თვისება), მაგრამ ზოგიერთი სიტუაცია შფოთვას განსაკუთრებით უწევს პროვოცირებას (სიტუაციურად განპირობებული შფოთვა).

შფოთვას აქვს როგორც კოგნიტური, ასევე აფექტური კომპონენტებიც. შფოთვის კოგნიტური მხარე მოიცავს მღელვარებასა და ნეგატიურ აზრებს – ფიქრს იმაზე, რა ცუდი იქნება, თუ მარცხს იწვნევ და მღელვარებას, რომ ასე დაგემართება. აფექტური მხარე გულისხმობს ფიზიოლოგიურ და ემოციურ რეაქციებს – ხელისგულების გაოფლიანებას, უსიამოვნო შეგრძნებებს მუცლის არეში, პულსის აჩქარებას, შიშს. როდესაც არსებობს წნეხი, რომ უნდა მოახდინო საკუთარი თავის პრეზენტაცია მოსწავლეებს შორის შეჯიბრების ვითარებაში, მარცხს მოჰყვება არასასიამოვნო შედეგები და ამ ყველაფერმა შესაძლოა შფოთვა გამოიწვიოს. სასკოლო ასაკის ბავშვებთან ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო დამოკიდებულება ძილის ხარისხს (რამდენად სწრაფად იძინებთ და რამდენად კარგად გძინავთ) და შფოთვას შორის. კარგი ძილი პოზიტიურ აგზნებასა და სწავლის დიდ სურვილთანაა დაკავშირებული, ხოლო ცუდი –დამასუსტებელ შფოთვასა და ნაკლებად წარმატებულ სასკოლო პრეზენტაციასთან. 

როგორ უშლის ხელს შფოთვა მიღწევებს. შფოთვა სამ ასპექტში აბრკოლებს სწავლას და გამოცდაზე თავის წარმოჩენას: ყურადღების ფოკუსირების, სწავლის და შემოწმების კუთხით. როდესაც მოსწავლეები ახალ მასალას სწავლობენ, სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ მას. შფოთვის მაღალი დონის მქონე მოსწავლეები ყურადღებას ანაწილებენ ახალ მასალასა და საკუთარ გრძნობებს შორის – რამდენად ღელავენ. ნაცვლად იმისა, რომ დასასწავლ მასალაზე მოახდინონ კონცენტრირება, ისინი საკუთარ გრძნობებზე არიან კონცენტრირებულნი და ფიქრობენ: „რა დაძაბული ვარ, მე ამას ვერასოდეს გავიგებ!” მოსწავლეს, რომელიც შფოთავს, შესაძლოა გამორჩეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან მისი ყურადღება საკუთარ განცდებზეა ფოკუსირებული.

მაგრამ პრობლემები ამით არ მთავრდება. მაშინაც კი, თუ მოსწავლის ყურადღება სათანადოდ კონცენტრირებულია, მას უჭირს იმ მასალის ათვისება, რომელიც ნაკლებორგანიზებული და რთულია, ანუ მისგან მეხსიერებაზე დაყრდნობას მოითხოვს. სამწუხაროდ, სკოლაში სასწავლი მასალა უმეტესად სწორედ ასეთია. გარდა ამისა, შფოთვის მაღალი დონის მქონე მრავალ მოსწავლეს არასათანადო სასწავლო ჩვევები აქვს. მოდუნების სწავლა ავტომატურად ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას – სასწავლო სტრატეგიები და უნარ-ჩვევებიც უნდა გაუმჯობესდეს.
დაბოლოს, შფოთვიანმა მოსწავლეებმა ხშირად იმაზე მეტი იციან, ვიდრე წარმოაჩენენ. მათ აკლიათ გამოცდის ჩაბარების უნარ–ჩვევები ან შესაძლოა, მასალა ძალიან კარგად ჰქონდეთ ნასწავლი, მაგრამ გამოცდაზე „გაითიშონ და ყველაფერი დაავიწყდეთ”.

უნარები, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებათ ბავშვებს (ნაწილი პირველი)

0
ამერიკული
გამოცდილება: რა ხდება საბავშვო ბაღებში 

როგორ განდევნა თამაში საბავშვო ბაღიდან სწავლისადმი ზედმეტად აკადემიურმა მიდგომამ – უნარები, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებათ 5 წლის ბავშვებს

21-ე საუკუნის ტრუიზმია, როდესაც ამბობენ, რომ თუ აშშ-ს სურს, გლობალური ეკონომიკის ლიდერი იყოს, საჯარო სკოლები უნდა გააუმჯობესოს.

იდეალურ შემთხვევაში, ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ყოველი ბავშვი მიიღებს შესაძლო უმაღლესი ხარისხის განათლებას.

თუმცა ჩვენს კულტურაში (იგულისხმება ამერიკული კულტურა, – ლ. ა.), რომელიც ცნობილია ფასტფუდით, მოკლე მედიაკლიპებით და სწრაფი ჩამოტვირთვებით (ინგლ. Downloads –ლ. ა.), „სწრაფი” ხშირად „უკეთესის” სინონიმად აღიქმება.

ასეთმა დამოკიდებულებამ აშშ-ის უამრავ სასკოლო ოლქში პოპულარული გახადა „აკადემიური საბავშვო ბაღების” (იგულისხმება სკოლამდელი 1 წელი, რომელსაც აშშ-ში „საბავშვო ბაღს”/Kindergarten-ს ეძახიან და რომელშიც 5 წლის ბავშვები მიდიან, – ლ.ა.) ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ასეთ „ბაღებში” 5 წლის ბავშვებს უმეტესად სასკოლოს მსგავს გარემოს უქმნიან, შეასწავლიან საჭირო უნარებს და საშინაო დავალებებით უფრო ტვირთავენ, ვიდრე არასტრუქტურირებული და წარმოსახვითი თამაშებით.

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის მათემატიკურ უნარებსა და კითხვის სწავლაზე აქცენტირებამ გამოიწვია ის, რომ ბავშვებს და მასწავლებლებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ თამაშისა და გარემოს თავისუფალი კვლევისთვის.

„საბავშვო ბაღი დღეს, ფაქტობრივად, სკოლის პირველ კლასად გადაიქცა, ხოლო პირველი კლასი, შესაბამისად, უკვე მეორე კლასია”, – ამბობს ენ სტაუდტი, 19-წლიანი გამოცდილების მქონე საბავშვო ბაღის მასწავლებელი ნიუ-ჯერსიდან.

„წინათ ნორმალურ მოვლენად აღიქმებოდა, რომ პირველ კლასში ბავშვები კითხვას სწავლობდნენ. ახლა იმ ბავშვებს, რომლებმაც საბავშვო ბაღში კითხვა ვერ ისწავლეს, ჩამორჩენილებად მიიჩნევენ”.

„მართლაც ასეა – სულ რაღაც 10 წლის წინ საბავშვო ბაღში ბავშვების 15%-ს შეეძლო კითხვა, 30 წლის წინ კი „მკითხველების” რაოდენობა 5%-ს შეადგენდა”.

წელს მერილენდის შტატში, მონტგომერის საგრაფოში – ტერიტორიულ ერთეულში, რომელმაც, მრავალი სასკოლო ოლქის მსგავსად, 5 წლის ბავშვებისთვის ბაღში ყოფნის სრული სასწავლო დღე დაადგინა – საბავშვო ბაღის კურსდამთავრებულთა 90%-მა ჩააბარა ტესტი კითხვაში.

გამკაცრების კურსი საბავშვო ბაღებისთვის

საბავშვო ბაღების სულ უფრო „აკადემიურ” რელსებზე გადასვლა, ერთი მხრივ, გასაგებია. ამ ტენდენციის არგუმენტაცია მოიცავს ადრეული სწავლების მნიშვნელობასა და პატარა ბავშვების შესაძლებლობათა ზრდას.

„ხუთი წლის ბავშვებს „პატარებად” უკვე აღარ განიხილავენ”, – ამბობს ლიზ სტივენსი, საბავშვო ბაღის მასწავლებელი სან–დიეგოდან. – „ტვინის შესახებ გამოკვლევები მოწმობს, რომ ეს შესაფერისი პერიოდია კითხვის სასწავლად”. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამაში თავისი როლი შეასრულა სასკოლო პროგრამამ No Child Left Behind (NCLB) (ჯორჯ ბუში-უმცროსის პრეზიდენტობის დროს მიღებული ფედერალური პროგრამა), რომელიც აქცენტს სტანდარტიზებულ ტესტირებასა და საბაზო უნარების გაუმჯობესებაზე სვამს.

სკოლებზე NCLSB პროგრამით გამოწვეულმა ზეწოლამ, უზრუნველეყოთ სტანდარტიზებული გამოცდების ჩატარება მესამეკლასელი ბავშვებისთვის, მომზადების სიმძიმის ნაწილი საბავშვო ბაღებზეც გადაიტანა. კითხვის აუცილებელი სწავლების საბავშვო ბაღებში გადატანამ სკოლას და სასკოლო მომზადებას ინსტრუქტაჟის დამატებითი წელი მისცა.

რა გამოგვრჩა?

 

ადრეული განათლების სასწავლო სტანდარტების გაუმჯობესების მომხრეები ყურადღებას უმთავრესად სტატისტიკაზე ამახვილებენ. მათი აზრით, რაც უფრო მეტ ბავშვს ეცოდინება კითხვა და ანგარიში, მით უკეთესი.

მაგრამ ეს მიღწევები შესაძლოა ყველას ძალიან ძვირი დაუჯდეს. კითხვისა და მათემატიკური უნარების ათვისების ხარჯზე ფერხდება სხვა უნარების განვითარება – ისეთებისა, როგორებიცაა საკუთარი ძალებით მოქმედება, პრობლემების გადაჭრა და სივრცითი აზროვნება.

„როდესაც სათამაშო სამშენებლო კუბების კუთხეს მათემატიკის სწავლების კუთხით ვცვლით, შედეგად რას ვიღებთ? – კითხულობს ენ სტაუდტი, – სათამაშო კუბებიც მათემატიკაა, უბრალოდ, კუბებით თამაში უფრო სახალისოა”.

„მოსწავლეთა კითხვითი თუ მათემატიკური უნარების გაძლიერებისას არაფერი ვიცით იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს ინტენსიფიცირებული აკადემიური სწავლება ბავშვებში სწავლის მოტივაციაზე, მათ მოტორულ და სოციალურ უნარებსა და თვითშეფასებაზე”.

„არსებობს რისკი, რომ სკოლის უკვე მესამე კლასში მივიღოთ აკადემიური მოსწრების ზეწოლისგან „გადამწვარი” ბავშვები”, – ამბობს ენ სტაუდტი. – „თამაში ის გზაა, რომლის მეშვეობითაც ბავშვი სწავლობს. თამაში მეტი უნდა იყოს მაღალ კლასებში და არ უნდა შემცირდეს დაბალში”.

ძნელი სამუშაო თამაშისას

სამეცნიერო კვლევები საფუძველს უმყარებენ ცოდნას, რომელსაც ადრეული სწავლების პედაგოგები ისედაც ფლობდნენ: წარმოსახვითი თამაში ადრეული ასაკის ბავშვების სოციალური, ემოციური და მორალური განვითარების კატალიზატორია.

მასწავლებლის ხელშეწყობით და დაკვირვებით საბავშვო ბაღებს შეუძლიათ, წარმოსახვითი თამაში ბავშვების გარშემო არსებული სამყაროს აღქმის გზამკვლევად აქციონ, პარალელურად კი თამაშის დროს მტკიცე საფუძველი ჩაუყარონ სიტყვებისა და რიცხვების არსის გაგებას.

„თამაში აადვილებს ბავშვების აზროვნებითი შესაძლებლობების ზრდას”, – ამბობს დოქტორი დევიდ ელკინდი, ავტორი ცნობილი წიგნისა The Power of Play („თამაშის ძალა”). სხვადასხვაგვარი საგნების (მანქანების, ნიჟარების, მძივების) კლასიფიკაციით და ექსპერიმენტებით (თამაში წყლით, თიხით) ბავშვები შეისწავლიან ვარაუდების გამოთქმას და დასკვნების გამოტანას. „ბავშვების მიერ დასმული კითხვები თამაშებში მათ დახელოვნებას უწყობს ხელს”, – ამბობს ელკინდი, – „კითხვების დასმით ბავშვები საკუთარ სასწავლო გამოცდილებას ქმნიან”.

ზრდის დაჩქარებული ტემპი

დედამიწაზე ალბათ არსად „იზრდებიან” ბავშვები უფრო ჩქარა, ვიდრე აშშ-ში. ჯოან ალმონი, ორგანიზაცია Alliance for Childhood-ის კოორდინატორი, ჰყვება ცნობილ შვეიცარელ განმანათლებელთან, ჟან პიაჟესთან დაკავშირებულ ეპიზოდს: „პიაჟეს დიდად არ უყვარდა ამერიკულ აუდიტორიასთან საუბარი – ამერიკაში, როდესაც სახელგანთქმული შვეიცარიელი პროფესორი დაასრულებდა ხოლმე ლექციას ბავშვის განვითარების ბუნებრივი პროგრესის შესახებ, ვინმე აუცილებლად ჰკითხავდა: „და როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვებმა ეს საფეხურები უფრო ჩქარა გაიარონ?”

ფინეთში, რომელიც უკვე წლებია, მსოფლიოს უცვლელი ლიდერია წერა-კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში მოწაფეთა უნარებით, ბავშვები ფორმალურ სასკოლო კურს 7 წლამდე არ იწყებენ, თანაც გაკვეთილები მხოლოდ ნახევარი დღე გრძელდება.

თუ ფინეთს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ იქ ბავშვები ნაკლებ დროს ატარებენ სკოლის კედლებში. აქ, აშშ-ში კი დადგენილია, რომ 5 წლის ბავშვები „წინასასკოლო” საბავშვო ბაღში დადიან, მანამდე კი ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში ატარებენ რამდენიმე წელს.

ვივიენ გასინ ფეილი, ავტორი წიგნისა „ბავშვის სამუშაო. ფანტაზიური თამაშის მნიშნელობა” (A Child’s Work. The Importance of Fantasy Play), წერს, რომ გაჩნდა კითხვა: „რაკი ბავშვები წინასასკოლოდ საბავშვო ბაღში დადიან, აქვთ კი მათ საკმარისი სათამაშო დრო წინასასკოლო კურსის დაწყებამდე?” ბავშვთა განვითარების ექსპერტების თანახმად, პასუხი ამ კითხვაზე უარყოფითია.

თამაში ბავშვების აუცილებელი სამუშაოა

ამერიკელი ფსიქოლოგის ერიკ ერიკსონის თანახმად, წარმოსახვითი თამაშების დროს ინიციატივის განვითარება მცირე ასაკის ბავშვების ზრდის პროცესის უმთავრესი გამოწვევაა. თუ ბავშვები თამაშის შემადგენელ ამ ნაწილს და თამაშის დროს შესასრულებელ თავიანთ ამ სამუშაოს გამოტოვებენ, შესაძლოა, მათი სწავლის უნარები განვითარების უფრო გვიანდელი ფაზების დროს სერიოზულად დაზიანდეს.

ეს მხოლოდ ბავშვური თამაში არ არის

დოქტორი რობერტა მიქნიქ გოლინკოფი განათლების პროფესორია დელავერის უნივერსიტეტში. დოქტორი მიქნიქ გოლინკოფი მრავალი წიგნის ავტორია, მათ შორის – წიგნებისა „თამაში = სწავლას” და „აინშტაინი არასოდეს იყენებდა სასწავლო ბარათებს”. იგი წერს, რომ თამაში უპირველესი საშუალებაა, რომელსაც ბავშვები სამყაროს შესასწავლად, კრიტიკული და სოციალური უნარების განსავითარებლად, ემოციური ზრდისა და ჩამოყალიბებისთვის იყენებენ. „სათამაშო დრო ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას მისინჯონ თავიანთი ძალები და თუ საჭიროა, მათთან შეჯიბრებაშიც ჩაებან”, – ამბობს გოლინკოფი.

2003 წელს კაიზერის ოჯახის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 6 წლამდე ასაკის ბავშვები ტელევიზორთან, კომპიუტერსა და ვიდეოთამაშებთან იმდენსავე დროს ატარებდნენ, რამდენსაც გარეთ თამაშში.

ნათელია, რომ ფიზიკური თამაშის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისთვის. დღეს სკოლასა თუ სახლში ბავშვებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ არასტრუქტურირებული თამაშისთვის. „ბავშვების გართობის ფუნქცია მედიამ იტვირთა”, – ამბობს სინდი მიდენდორფი, მასწავლებელი, ექსპერტი, ავტორი წიგნისა „დიფერენცირებული სწავლება საბავშვო ბაღში” (Differentiating Instruction in Kindergarten). – „ტელევიზია, ფილმები და ვიდეოთამაშები ბავშვებს მათ წარმოსახვით თამაშებს აშორებს”. მიდენდორფს მასწავლებლობის ათეულობით წელი აქვს გატარებული სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში, ხოლო პენსიაზე გასვლამდე, ბოლო 22 წელი, საბავშვო ბაღში ასწავლიდა. მისი თქმით, თამაშს მეტყველების განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს – სწორედ მეტყველების უნარის ჩამოყალიბება ქმნის საფუძველს კითხვისა და შინაარსის აღქმის უნარების განვითარებისთვის.

მიდენდორფის თქმით, „თამაში დღეს ბევრი საბავშვო ბაღიდან განიდევნა”. „მაგრამ ვინაიდან ვერ ვაღწევთ იმ აკადემიურ მაჩვენებლებს, რომლებსაც ყველა მოელოდა, განათლების სპეციალისტთა დიდი ნაწილი უკვე ხვდება, რომ ბავშვებს აკადემიური სტანდარტები ამჯერად უკვე თამაშის მეშვეობით უნდა შეასწავლონ”.

რა შეუძლიათ მასწავლებლებს ?

როგორ შეუძლია საბავშვო ბაღის მასწავლებელს, წარმატებით ჩართოს თამაში სასწავლო პროგრამაში? „ეს შესაძლებელია, თუ მათემატიკას, მეცნიერებებსა და კითხვით სავარჯიშოებს სახალისო, აზრიან კონტექსტში მივაწვდით პატარებს”, – ამბობს გოლინკოფი.

„სწავლა სიამოვნების მომგვრელი უნდა იყოს”, – ამბობს პროფესორი გოლინკოფი. – „თუ ბავშვი სკოლისადმი სიძულვილით იზრდება, მომავალში ეს სავალალო შედეგს გამოიღებს”.

ჯოან ალმონის თანახმად, „თამაშისადმი სწრაფვა ყველა ჯანმრთელ ბავშვს ახასიათებს, თუმცა მათ თამაშისთვის დრო და საშუალება სჭირდებათ”.

მაგრამ რა ვუყოთ იმ ბავშვებს, რომლებმაც არ იციან, რა ქნან, უფრო სწორად, არ იციან, როგორ ითამაშონ? „თუ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში არ შეუძლია, ეს მასწავლებელს შეუძლია. ის უნდა ეთამაშოს ბავშვს. მთავარია, სწორად გავაცნობიეროთ ის მომენტი, როდესაც მასწავლებელმა უკან უნდა დაიხიოს, რათა ბავშვი დამოკიდებული არ გახადოს გარე ჩარევაზე”, ხსნის ალმონი. მასწავლებლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ თამაშის დაწყებას ბავშვებისათვის, შეკითხვების დასმის, ახალი სიტყვების გამოყენების ან თანატოლებს შორის წამახალისებელი სოციალური კოოპერაციის მეშვეობით. წარმოსახვითი (ფანტაზიური) თამაშის წახალისებისათვის, ყველაზე მოსახერხებელი, მრავალი დანიშნულების მქონე საგნები და მასალებია.
ხის კუბები,ქსოვილის ნაჭრები და სხვა, საბაზო სამშენებლო საგნები, ბავშვებს საშუალებას აძლევენ თვითონ მოიფიქრონ სცენარების უთვალავი რაოდენობა – თანაც, საბავშვო ბაღის ოთახის მოსაწყობად, ამ მასალების მოპოვება საკმაოდ იაფია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მუსიკა და ხელოვნება ცალკე დისციპლინებად არ უნდა ისწავლებოდეს. მიდენდორფის რჩევით, ძალიან კარგია ისტორიების ხმამაღლა კითხვა და მოსმენილი ლიტერატურული პერსონაჟების დახატვის წახალისება ბავშვებში.
 ალტერნატიულად, ასევე შესაძლოა კლასმა თეატრალურად დადგას მოსმენილი ზღაპარი თუ ამბავი – ამ დროს ბავშვები იგებენ და სწავლობენ მნიშვნელოვან გაკვეთილს ამბის სიუჟეტისა და ამბის გმირების შესახებ. ნებისმიერი ამბავი შეიცავს მათემატიკურ თუ რაოდენობრივ ინფორმაციასაც, რომლებიც გამოდგება მატემატიკური უნარების ჩამოსაყალიბებლად.
“მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ბავშვების წარმოსახვითი თამაში როგორც პლაცდარმი, გაკვეთილის გეგმის შესადგენად”, ამბობს მიდენდორფი.
„დასასრულს, ისე ჩამოყალიბდება, რომ არავის მოუწევს არცჩევანის გაკეთება აკადემიურ პროგრამასა და თამაშზე დამყარებულ საბავშვო ბაღს შორის. აუცილებელია ამ ორის დაბალანსება”.
 (პირველი ნაწილის დასასრული)

სკოლის ბიბლიოთეკა

0
პირადი გამოცდილებიდან რომ ვთქვა, სკლის ბიბლიოთეკაში ორი სხვადასხვა სტატუსით შევდიოდი, როგორც მოსწავლე და შემდეგ – მასწავლებელი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში თერთმეტი წლის განმავლობაში ვსწავლობდი, ხოლო მასწავლებელი სულ რაღაც სამი წელი ვიყავი, ამ უკანასკნელის დროს უფრო ხშირი და პროდუქტიული იყო ჩემი ყოფნა ბიბლიოთეკაში. რა იყო ამის მიზეზი?.. ალბათ ის, რომ მე არ მქონდა სკოლის კარგი ბიბლიოთეკა, უფრო სწროად თუ ვიტყვი, თითქმის საერთოდ არ მქონდა. 
რამდენიმე წლის წინ სკოლებს დაურიგდათ წიგნები, ე.წ. პრეზიდენტის საჩუქრის მანიშნებელი ბეჭდით. მათ შორის იყო ზღაპრები, მარკესის რამდენიმე რომანი და პოეზიის კრებულები. დღეს კი იმ სკოლათა უმეტესობაში, რომლების ბიბლიოთეკებშიც მე ვყოფილვარ ისეთი სიტუაციაა, რომ აქვთ საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული და მხოლოდ ეს პრეზიდენტის საჩუქარი წიგნები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დირექტორები ნაკლებად, ან საერთოდ არ იყენებენ სკოლისათის გამოყოფილ თანხას ახალი წიგების შესაძენად. უფრო მეტიც, ზოგგან ბიბლიოთეკარის შტატი აქვს მასწავლებელს, რომელიც იქ მხოლოდ მაშინ შედის, როცა ვინმე სთხოვს კარის გაღებას. წიგნების თაროები დამტვერილია და დაულაგებელია, სადმე კუთხეში დგას ერთი დიდი მაგიდა და სულ ესაა მთელი აღწერილობა იმისა, რაც ყველაზე მიმზიდველი უნდა იყოს სკოლაში. 
ბიბლიოთეკა, როგორც საშუალება, მიიღო განათლება, ბიბლიოთეკა – პარალელური განზომილება, თუ ალტერნატიული სამყარო, თითქმის სრულად იგნორირებულია. კი, რა თქმა უნდა, არის ისეთი სკოლები, განსაკუთრებით კერძო, სადაც ყველაფერი კარგად აქვთ მოწყობილი, შეხვალ და თითქოს ყველაფერი რიგზეა; თვალსაჩინოდ დალაგებული წიგნები კარგ თაროებზე, მოწყობილი სამკითხველო დარბაზი, მაგრამ იშვიათად რომ იქ მჯდარი მოსწავლე დაინახო, მოსწავლე და მასწავლებელიც, რადგან მასწავლებლის პროფესიული ზრდაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლის განვითარებაზე. 

რა არის მიზეზი იმისა, რაც ვთვქი?.. იქნებ რაღაც ფასადურობა ყველაფერის, რაც დღესდღეობით მრავლადაა ჩვენს საზოგადოებაში. რატომ ვერ გახდა მიმზიდველი მუშაობა, კითხვა, მაშინ როცა დღეს სტუდენტთა და დამამთავრებელ კლასის მოსწავლეთა უმეტესობა მხარზე ჩანთაგადაკიდებულები ჯიუტად დადიან და სხვადასხვა ელექტრონული წიგნით ხელდამშვენებულნი მსჯელობენ წიგნებზე. 
საბოლოოდ, მინდა გითხრათ, მოსწავლეებსაც, მასწავლებლებსაც, რომ სკოლაში, სახლში, – მოკლედ ყველგან, სადაც კი არის, საუკეთესო ადგილი ბიბლიოთეკაა და ნუ მოშორდებით საუკეთესო ადგილებს, რადგან ისინი ჩვენც თავისნაირებად გვაქცევენ ხოლმე. 

მეგობრობა, როგორც პასუხისმგებლობა

0

მგონი ადრეც მითქვამს, სკოლა დიდად არ მიყვარდა. არც ბევრი ნათელი მოგონება მახსენდება მის კედლებში გატარებული წლებიდან. ერთი კარგი მეგობარი, რამდენიმე მასწავლებელი, რომლებმაც ჩემზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინესდა შემთხვევები, რომლებიც პერიოდულად მახსენებს ხოლმე თავს. სულ ეგ არის.

 

თავიდან, სტუდენტობის პირველ წლებში ცოტა გულიც კი მწყდებოდა იმაზე, სკოლის ნოსტალგია რომ არ მქონდა, ამბებს არ ვიხსენებდი, კლასელების ნახვის სურვილი არ მიჩნდებოდა და საერთოდ, იმ სენტიმენტებისგან შორს ვიყავი, რაც ჩემს გარშემო ქონდათ. ახალ სივრცეში რომ გავშინაურდი, მივხვდი, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, ყველას ერთნაირი დამოკიდებულებები ვერ ექნება, ჩვენი განსხვავებული შეგრძნებები და მოგონებები, არც ცუდია, არც კარგი, ისაა, რაც გვაქვს.

ახლა რომ ვფიქრობ, სულაც არ არის ცოტა ის, რაც სკოლიდან გამომყვა. კი ვითომ ადვილი სათქმელია ერთი კარგი მეგობარი, რამდენიმე მასწავლებელი, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს და შემთხვევები, რომლებიც პერიოდულად მახსენებს ხოლმე თავს, მაგრამ თუნდაც მხოლოდ ამ ერთი კარგი მეგობრისთვის ღირდა იმ სკოლაში სწავლა. რაც დრო გადის, ვხვდები რომ კარგი მეგობრების პოვნა რთული ამბავია. თან ბავშვობაში შეძენილ მეგობარს კიდევ სხვა დატვირთვა აქვს.

რამდენიმე წლის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარი გერმანიაში წავიდა, კომპიუტერული ლინგვისტიკის სასწავლად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს წლები დაჟინებით ვუმეორებდი, სანამ აქ დაბრუნებას გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდი, ნამდვილად გინდა თუ არა შენი შვილი აქაური განათლების და ჯანდაცვის სისტემებს ჩაუგდო ხელში, მწვანე საფარის და ჟანგბადის გარეშე დარჩენილ ქალაქში აცხოვრო, უტროტუარო ქუჩებში ასეირნო და მოუწყობელ პარკებში ასეირნო, რომლებიც დილაობით ნაგვით არის სავსე-თქო, მაგრამ სულ ვიცოდი, რომ აზრი არ ქონდა, დაამთავრებდა სწავლას და ჩამოვიდოდა.

ასეც მოხდა. ჩამოვიდა და იმ საღამოს, როცა ჩემთან უნდა მოსულიყო, მივხვდი, რომ ვღელავდი. ოთახებში დავდიოდი, მიყრილ-მოყრილ ნივთებს ვალაგებდი, ვფიქრობდი, რომელი ჩაი უფრო მოეწონებოდა, მოსაყოლ ამბებს და დასასმელ კითხვებს ვარჩევდი, მოკლედ, ცოტა უცნაურად ვიქცეოდი. ისე, როგორც არასოდეს არ მოვქცეულვარ ჩემ ყველაზე ახლო მეგობართან. იმის მერე ვფიქრობ და მივხვდი, რომ არსებობს მეგობრობა, რომელიც პასუხისმგებლობას გიჩენს. დიახ, ზუსტად ასე.

თუ დიდი ხანია არ გინახავს ის, ვინც ძალიან გიყვარს და ვისაც თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცნობ, ხვდები, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა, ინტერესები, საქმეები, ყოველდღიურობა, შესაძლოა გარეგნობა და საცხოვრებელი ადგილიც კი. მას კი, ვინც შენს შესახებ ყველაფერი იცის, ვისაც ახსოვხარ ჯერ კიდევ იმ დროიდან, წერა-კითხვა რომ არ იცოდი და სახლიდან გარეთ მარტო ვერ გადიოდი, ცხადია, არაფერი გამოეპარება და იმასღა ფიქრობ, ცვლილებები თქვენს შორის ბარიერად არ იქცეს, ისევ შეძლოთ ისე ლაპარაკი, როგორც ერთ მერხზე შესვენებებისას, სკოლის ეზოს კუთხეში გაკვეთილების დამთავრების მერე, ისევ ისე გულიანად იცინოთ, როცა ის ბიჭი ჩნდებოდა დაბნეული სახით, რომელსაც თქვენგან ერთ-ერთი მოწონდა, ისევ ისეთი ენთუზიაზმით დაგეგმოთ ერთობლივი მოგზაურობები, როგორც ამას სტუდენტობისას აკეთებდით, ისევ ისეთი მნიშვნელოვანები იყოთ ერთმანეთისთვის ახლა, როცა თქვენ გარშემო თქვენი შვილები და მათი მამები დადიან, როგორც მაშინ, როცა მხოლოდ თქვენ ორი იყავით და ყველა დანარჩენი. არ არის ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელი.

როცა ვფიქრობ ხოლმე იმაზე, როგორ სკოლაში მინდა ჩემმა შვილმა იაროს, უსაფრთხო გარემოსა და თავის საქმეზე, ბავშვებზე შეყვარებულ მასწავლებლებთან ერთად სწორედ ეს მინდა, რომ ნამდვილი მეგობრები შეიძინოს სკოლაში. ისეთები, რომლებთან ურთიერთობაც გარდა გართობისა და მხიარულებისა, პასუხისმგებლობაც იქნება, რომ კარგი ადამიანი იყო, ყოველთვის ეცადო, მაქსიმუმი გააკეთო და სხვებს (არა მხოლოდ ახლობლებს) შენთან ურთიერთობის სურვილი არასოდეს გაუნელდეთ.

მართვა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი სკოლაში – ლიდერული სტილები

0
სტატიის პირველ ნაწილში მოკლედ ვისაუბრეთ ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ძირითად პრინციპებსა და საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ასევე გავეცანით რონალდ უ. რებორის მოსაზრებებს წიგნიდან „Human Resources Administration in Education: A Management Approach”. ამჯერად შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ავტორის მიერ დასახელებული ორი ძირითადი ლიდერული სტილი (ტრანსცენდენტური და ტოტალური ხარისხის მენეჯმენტი), რომელიც ავტორის მოსაზრებით ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სფეროში ფართოდაა გავრცელებული და ყველაზე სრულყოფილია.
როგორც სტატიის პირველ ნაწილში აღვნიშნეთ, ადმინისტრირება არის ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის პროცესი იმ საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად, რომელიც სასკოლო სტრატეგიების სახით არის ფორმულირებული. აქედან გამომდინარე, ადმინისტრირება უფრო აღმასრულებელია, ვიდრე სტრატეგიის ჩამოყალიბების აქტივობა. მისი ფუნქციებია – ადამიანური რესურსების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და დამხმარე სამსახურების ადმინისტრირება. ყველა ფუნქციას გააჩნია მიზნები, რომლებიც ადმინისტრაციული პროცესების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით ხორციელდება. ყოველი სასკოლო სისტემა წარმოადგენს ადამიანური რესურსების ფუნქციას, რომლის მიზნებია სასკოლო საზოგადოებების წინაშე დასახული ამოცანების გადაწყვეტა და სამუშაო კოლექტივის წევრებისათვის დახმარების აღმოჩენა – პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდასა და პროფესიული კარიერის შექმნაში. ეს მიზნები მიიღწევა ადამიანური რესურსების დაგეგმვის, სამუშაოდ აყვანის, შერჩევის, თანამდებობებზე განაწილების და საქმის კურსში შეყვანის, კადრების განვითარების, მუშაობის შეფასების, კომპენსაციის და კოლექტიური მოლაპარაკებების გზით.
ტრანსცენდენტური ლიდერობა ხშირად განიხილება როგორც ყველაზე შესაფერისი ლიდერული სტილი ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. ამ ტიპის ლიდერები, მიუხედავად ყველა სირთულისა, გუნდს სათავეში უდგანან. კონტექსტი „ტრანსცენდენტური” უფრო მეტად გულისხმობს ისეთ გზას ცხოვრებაში, რომელიც აკადემიურ საზოგადოებასა და პროფესიაში ლიდერობას ეძღვნება, ვიდრე უბრალოდ ადმინისტრაციული თანამდებობის შოვნას მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ცხადია, რომ მატერიალური საკითხები ყველასათვის მნიშვნელოვანია. თუმცა ტრანსცენდენტურობის გრძნობის გარეშე ადმინისტრატორი შეიძლება კონცენტრირდეს მხოლოდ სამუშაოს შესრულებაზე და უგულისყუროდ დარჩეს საგანმანათლებლო ლიდერად ყოფნის უნივერსალური საფუძვლები. ტრანსცენდენტური ლიდერი ეს საგანმანათლებლო ლიდერია, რომლისთვისაც მთავარი პიროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობაა. ასეთი ტიპის ადმინისტრატორები საქმეს ერთგულად ასრულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრება, სკოლის თემში არსებული გაუგებრობებსა თუ სხვა პრობლემებში დამნაშავედ საზოგადოებას ხშირად სწორედ სკოლის ლიდერი გამოყავს.
ლიდერობის ტრანსცენდენტურობის აღიარება ადამიანისაგან მოითხოვს მუდმივ მცდელობას იმის გაცნობიერებაში, თუ რით შეუძლია ის ემსახუროს აკადემიურ პროცესს, პროფესიას თავისი სამუშაოს შესრულებით და მოცემულ სკოლას მისი ლიდერის პოზიციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის განხორციელებით. რთულია, ამ გრძნობის შენარჩუნება, თუ პიროვნებას არ გააჩნია მიზანმიმართული გეგმა და მოტივაცია. ეს ინდივიდისაგან მაღალ ემოციურ ინტელექტსა და მოთმინების უნარს მოითხოვს. იმის გამო, რომ ადამიანური რესურსების მენეჯერები დაკავშირებულნი არიან ადამიანის ზრდასა და განვითარებასთან, მათ უფრო ღია დამოკიდებულება აქვთ იმ კულტურული განსხვავებების მიმართ, რომლებიც ადამიანებსა და დაწესებულებებს შორის არსებობს. ამგვარად, ისინი აცნობიერებენ, რომ სხვა ადამიანების ფასეულობებმა და შეხედულებებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს მათზე და იმ ხალხზე, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. ტრანსცენდენტური ლიდერობის ძირეული წინაპირობაა ის, რომ პიროვნება მოქმედებს ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე. მისთვის ღირებულია, თუ რას წარმოადგენს ინდივიდი – როგორც ადამიანი. ამგვარი ადმინისტრატორების უმეტესობა აცნობიერებს, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს უფრო მეტი რამ, ვიდრე წამიერი გარემოებებია და რომ ამ გადაწყვეტილებების ეფექტი შესაძლოა გასცდეს არსებული სიტუაციის ფარგლებს. ისინი ცდილობენ თეორიები მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს და პრაქტიკაში განახორციელონ. მოქმედებენ მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის საფუძველზე. შეუძლიათ ცვლილებების ინიცირება და სასკოლო თემში იცავენ სოციალური სამართლიანობის პრინციპს. ტრანსცენდენტური ლიდერის ბოლო და უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის ის, რომ მათ დისკუსიების მეშვეობით შეუძლიათ პროფესიული პოზიციების ჩამოყალიბება. ამგვარი დისკუსიებით ყველა მონაწილე თანმხდება საერთო პოზიციაზე, იმაზე, თუ როგორ წარმართონ საქმიანობა მომავალში უფრო ეფექტიანად.
ტოტალური ხარისხის მენეჯმენტის თეორიამ თავის მხრივ განვითარება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე იაპონიაში ჰპოვა. ეს გულისხმობს ხარისხის მართვის სისტემის უმაღლეს ნიშნულზე განვითარებასა და კონტროლს, რომლის მიზანი უმაღლესი ხარისხის „პროდუქციის წარმოებაა”. ასეთი ტიპის ლიდერები ძირითადად შედეგზე ორიენტირებული არიან. მათთვის მთავარია საბოლოო შედეგი და ამ შედეგის მიღწევის საშუალებები. ასეთი ტიპის ლიდერები ზრუნავენ საკუთარი ადამიანური რესურსის პროფესიულ განვითარებაზე, რადგან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სასურველი ხარისხის მიღწევა მხოლოდ საუკეთესო კადრებითაა შესაძლებელი.
 
დღევანდელ ქართულ რეალობაში, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, სკოლებში ვხვდებით ტრანსცენდენტურ ლიდერებს – ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ საგანმანათლებლო ლიდერები, იმუშაონ გუნდის მოტივაციის ამაღლებაზე და, რაც მთავარია, ჩართონ ისინი დისკუსიებში. ამ ტიპის ლიდერის მთავარ ღირსებად, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ. მათ შეუძლიათ სკოლის თემი პრობლემებზე ასაუბრონ და მათი გადაჭრის გზებიც ერთობლივად დასახონ. მენეჯმენტის თეორიებიდან ამგვარ ადმინისტრატორის მახასიათებლებში „უჩინარი ლიდერის” თვისებებსაც დავინახავდი – გუნდი მიჰყავს სასურველ შედეგამდე იმ განცდით, თითქოს აღნიშნული იდეების გენერატორები თავად არიან. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს „ტყუილს” და იმას, რომ ადმინისტრატორი არ გაითვალისწინებს თემის მოსაზრებებს. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ადამიანების შრომის ეფექტიანობა იზრდება მაშინ, თუ პრობლემის მოგვარების გზების დასახვის პროცესში თავადაც არიან ჩართულნი. ისინი დაფასებულად და აღიარებულად გრძნობენ თავს, როცა იმ პრობლემაზე, რომელიც მათ უშუალოდ ეხებათ, ლიდერი სთხოვს მოსაზრებების ჩამოყალიბებას და შემდეგ ითვალისწინებს მათ. ეს მიდგომა შეგვიძლია გავავრცელოთ არა მხოლოდ პრობლემასთან, არამედ ზოგადად ორგანიზაციაში დამკვიდრებულ წესებთან მიმართებითაც. ეს საკლასო წესების შემუშავებას ჰგავს – თავიდანვე ვთანხმებით ძირითად პრინციპებზე და შემდგომ მის დაცვაზე ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ამგვარი მიდგომებით მოსწავლეებში არა მხოლოდ სასურველ სწავლის შედეგებს ვაღწევთ, არამედ სკოლაში ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებას ვუწყობთ ხელს. „ვგრძნობ, რომ დირექტორი პატივს სცემს ჩემს მოსაზრებებს და ხშირად მეკითხება კიდეც, რა შეიძლება გავაკეთოთ კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებით. ეს ბედნიერების განცდაა”, – აღნიშნავს ერთ-ერთი რესპოდენტი კითხვაზე – თუ რა განცდა ეუფლება მაშინ, როდესაც ხედავს, რომ მისი მოსაზრებები სკოლის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა. სკოლის ადმინისტრატორებო, გახადეთ მასწავლებლები ბედნიერები!
 
 
 
 
 

 

ლიტერატურა უკეთესი საზოგადოებისათვის

0

ჯონსონი ამბობდა: „მოვალეობის შესრულებისას, მე მთავარს მივხვდი: ყველა ჩვენი ეროვნული
პრობლემის პასუხი
  – პასუხი მთელი სამყაროს
თითოეულ სირთულეზე – ერთ სიტყვამდე დადის და ეს სიტყვა არის განათლება”. 


რთულია, დღევანდელი საქართველოს რეალობიდან გამომდინარე არ დაეთანხმო ზემოთმოყვანილ
აზრს. ჩვენ, ყველანი ვხვდებით ერთმანეთს ქუჩებში, ტრანსპორტში, ოთახებში და საღამოობით
ისევ სახლში დაბუნებულები უფრო მეტად გადაღლილი ვართ ერთმანეთით, იმ აგრესიით, მუდმივი
დაპირისპირებებით სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რაც ხდება ჩვენს რეალობაში. ტელეეკრანებისან,
ინტერნეტსივრციდან ვიღებთ ინფორმაციას, რომლის დიდი ნაწილი ნეგატიურია. რა თქმა უნდა,
ამის გამომწვევი მიზეზები ეკნომიკურ-პოლიტიკურ მწვავე მდგომარეობიდან იღებს სათავეებს,
მაგრამ მე მინდა სხვაზე გავაგრძელო წერა; რა როლი აქვს ლიტერატურას ბავშვის, მოსწავლის
ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რომელიც პოზიტიურ როლს შეასრულებს თავისი სოციუმისათვის?..

ბაღის ასაკიდან მშობლები შვილებს უკითხავენ ზღაპრებს, შემდეგ უკვე თვითონ სწავლობს
ანბანს და იწყებს ალტერნატიული სამყაროების შემეცნებას. პირადი გაოცდილებიდან მახსოვს,
როგორ დავდგამდი ხოლმე სკამს, ავძვრებოდი, დავდგებოდი და წიგნის მაღალი თაროებიდან
გადმომქონდა ისეთები, რომელთა აზრსაც მაშინ ვერ გავიგებდი და სათაურიც კი რთული იყო
ჩემთვის, ან წაკითხვისთანავე მიყვარდებოდა, აქტი კი ერთი იყო, რომ რაც და როგორც არ
უნდა ყოფილიყო, ჩემმა მშობლებმა მოახერეს ის, რომ მე გამიჩნდა ინტერესი ლიტერატურის
მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ზემოთქმული ინტერესის გაღვივება ბავშვობაშვე მხდეს,
როცა მისი წარმოსახვა უსაზღვროა. ჩვენ ადამიანები ჰო ისე ვართ მოწყობილი, რომ ასაკის
მატებასთან ერთად ჩვენში იმატებენ აზრები და იდეები, მაგრამ მათ მაინც ის ჯიუტი დაჯერებულობა
აკლია, რაც ბავშვობაში გაგვაჩნდა. 

მხატვრული ლიტერატურა, რა ჟანრისაც არ უნდა იყოს ის, მაინც რატომღაც აკეთილშობილებს
ადამიანს. რატომ?.. იმიტომ, რომ ლიტერატურა მუდმივი ფიქრის ინსპირატორია, ის ადამიანი
კი, რომელიც ფიქრობს, რაიმეს განსჯის, თავის გულსა და გონებაში აყალიბებს და შემდეგ
იღებს გადაწყვეტილებებს, იწყებს მოქმედებას, ყოველთვის უკეთესია ხოლმე. ლიტერატურას
უყვარს უხეში, მოუქნელი, ან ჟიულიენ სორელის მსგავსი გმირების შექმნა და ესეც კი ამაღლებულია
იქ, მაგრამ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი პირიქით გადმოვიდეს. 

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ეროვნული პრობლემა თავდათან
მოგვარდეს, რადგან ის ერთი სიტყვა – განათლება – უცხო არ იყოს?.. ლიტარტურა, პირველ
რიგში ის სასწავლო დისციპლინაა, რომელიც მოსწავლეს განსჯის, ფიქრის უნარს აძველს, რაც
უმთავრეს როლს ასრულებს პიროვნების ჩამოყალიბაბაში. მთავარია, რომ ეს ლიტერატურა სწორად
იყოს მიტანილი მოსწავლემდე, სწორად ახსნილი მათთვის, ვინც შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება
უნდა ააშენონ, ან განაახლონ.

 

 

 

 

 

 





ღვინის საქმე

0

აჭარაში ღვინის სმა მომიხდა. ამასწინათ ბიბლიოთეკა გავხსენით. სადაც ჩავდივარ, ეგ აუცილებელი მასპინძელია.

შეიძლებოდა დაგვეწყო ისე, როგორც ალბათ ამ თემაზე საუბარს იწყებენ ხოლმე. ვთქვათ, „in vino veritas”, ან რამე ამდაგვარით.

მაგრამ მე სხვა რამე გამახსენდა:

იცით თუ არა, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენს დიად საბჭოთა მამულში გამოცხადდა ბრძოლა მავნე ტრადიციების წინააღმდეგ? საქართველოში ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ქორწილებსა და ქელეხებს მიადგნენ. თითქმის ყველა, ვისაც კალამი უჭრიდა ან არ – ამ თემაზე წერდა. ფელეტონები, ლექსები, კრიტიკული წერილები, ასე განსაჯეთ, რამდენიმე რომანიც კი. ჰოდა, აბა რა იქნებოდა ამ ტექსტთა მთავარი საგანი, თუ არა ღვინო. სადღა იყო ის სახარებისეული არგუმენტი, რომ ეს სასმელი ახარებს გულსა კაცისასა (სხვათა შორის, მოგვიანებით სამეცნიერო კვლევებმა დაასტურა, რომ ღვინო, მაგალითად, საფერავი, ერთგვარი ანტიდეპრესანტია). მოკლედ, გვარიანად გალანძღეს – „ნოეს ნარკოტიკით” დაწყებული, „კაპიტალისტური გადმონაშთების შარბათით” დამთავრებული, რა აღარ უწოდეს. დარწმუნებული კი ვარ, ჩუმ-ჩუმად, საღამოობით, სანდო მეგობრებთან ერთად თვითონაც ჭარბად გეახლებოდნენ, მაგრამ აქ რიტორიკაა აღსანიშნავი.

ჰოდა, ეს ამბავიც ცხადად გამცნობთ, რომ ვერ დამარცხდა. ან კი როგორ დამარცხდებოდა.

მე ვფიქრობ, ღვინო ერთგვარი სახელმწიფოებრივი მეხსიერებაცაა, გარდა იმისა, რომ სიმბოლოა და ერთი იმ იშვიათ ბრენდთაგანი (ვთქვათ, ქართულ ფოლკლორსა და „ვეფხისტყაოსანთან” ერთად), რომლებითაც შეიძლება თავი თამამად მოვიწონოთ საზღვრებს იქითაც.

თუნდაც მთელი თავისი „გადაცდომებით”. კარგად მახსოვს, როგორ აძალებდა სტუმრებს ბაბუაჩემი ყანწებს და თვითონაც „კისერს იტეხდა”. ყანწი კიდევ ჰო, მაგრამ ლამფის შუშები და ქალის ფეხსაცმელებიც გემახსოვრებათ. მაგრამ ღვინომ რა დააშავა? ღვინო თხევადია, რა ყალიბსაც მოარგებ, იმდენი და იმგვარი იქნება. ჩვენი ვალიც თითქოს სწორედ ეს არის – უფრო ფართო აზრით ბუნებრივია, ვიდრე მისი კონკრეტულ სასმისში ჩასხმა.

ამასწინათ საფრანგეთში გახლდით. ზევით რომ სახელმწიფოებრივ მეხსიერებაზე გესაუბრებოდით, იქ კიდევ უფრო განმიმტკიცდა ეს აზრი. ლევილში, ქართულ სათვისტომოში, წინაპართა სურათების გვერდით ქართული ღვინო ედგათ. მისით გიმასპინძლდებიან იმ ღვინის ქვეყანაში. ეს უმნიშვნელო რამე როდია. მით უფრო, უკვე მრავალჯერ ითქვა – კულინარია და მათ შორის ალკოჰოლიც შეიძლება იდენტობის უფრო მკაფიო განმსაზღვრელი იყოს, ვიდრე, ვთქვათ, ენა და ეროვნება.

ჰოდა, ისე დავამთავროთ, როგორც უნდა დაგვეწყო: in vino veritas. მათთვისაც კი, როგორც ერთ ფრთიან ფრაზაში იყო: „ვინც ღვინოს ვერ იტანს”.

ოღონდ ზომიერად. ღვინოს უხდება მისი დატანება.

ტიპური შეცდომები ოჯახურ აღზრდაში

0
 ის, რომ ოჯახის როლი და მნიშვნელობა ბავშვის აღზრდის პროცესში განუზომელია, დავას ნამდვილად არ უნდა იწვევდეს, ვინაიდან ტრადიციულად აღზრდის მთავარ ინსტიტუტს სწორედ ოჯახი წარმოადგენს. იმას, რასაც ბავშვი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ოჯახში იძენს, მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს. ოჯახის, როგორც აღზრდის ინსტიტუტის მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ აქ ბავშვი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს ატარებს. სწორედ ამიტომ, ბავშვზე ზემოქმედების ხანგრძლივობით, აღზრდის ვერცერთი სხვა სოციალური ინსტიტუტი მას ვერ შეედრება. სწორედ ოჯახში იწყება ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი და ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მშობლების პიროვნული მახასიათებლები და ხასიათი გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, შფოთიანი დედების შვილები თავადაც შფოთიანები არიან. პატივმოყვარე მშობლები ისე თრგუნავენ შვილებს, რომ თავისდა უნებურად, მათში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბების ხელშემწყობნი ხდებიან. თავშეუკავებელი მამა, რომელიც უმნიშვნელო მიზეზითაც კი გამოდის წონასწორობიდან, ქცევის მსგავს ტიპს, ნებით თუ უნებლიეთ, საკუთარ შვილებშიც აყალიბებს. ასე რომ, ოჯახი, აღზრდის პროცესში, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი  ფაქტორის როლში შეიძლება მოგვევლინოს. არცერთ სხვა სოციალურ ინსტიტუტს არ შეუძლია ბავშვის აღზრდის პროცესისთვის იმდენი ზიანის მიყენება, რამდენიც ოჯახს. ეს ხშირად ხდება მაშინ, როცა ბავშვის აღზრდის პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, როგორ მოვიქცეთ, რომ აღზრდის პროცესში ოჯახის დადებითი გავლენა გავაძლიეროთ, უარყოფითი კი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამისათვის აუცილებელია კარგად გავაცნობიეროთ  და გავაანალიზოთ ის შესაძლო და მოსალოდნელი შეცდომები, რასაც ბავშვის აღზრდის პროცესში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. მართალია, ყველა ოჯახი თავისებური და განსხვავებულია, ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი, ინდივიდუალური, გამორჩეული სტილი აქვს, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიკვეთოს ის ტიპური შეცდომები, რომლებიც, როგორც წესი, ბევრ ოჯახში გვხვდება.

     ოჯახურ აღზრდაში მშობლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეცდომა ჰიპერმზრუნველობაა. არცთუ იშვიათად, შეიძლება ის გაცილებით უფრო მეტი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე მზრუნველობის და ყურადღების დეფიციტი. ჰიპერმზრუნველობა ეს ზრუნვის არაბუნებრივი, მომატებული დონეა. ის გამოიხატება მშობლების სურვილით მუდმივი ყურადღების ქვეშ ჰყავდეს ბავშვი, ყოველთვის დაიცვას ის, აკონტროლოს, თვალყური ადევნოს მის ყოველ ნაბიჯს. ასეთი მშობლების ტიპური გამონათქვამებია: „ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ჩემი შვილისთვის ვაკეთებ”; „ჩემი შვილი ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მთავარია”; „ჩემი შვილის გამო მე ბევრ რამეზე მომიხდა უარის თქმა ცხოვრებში”;  „მე ყოველთვის ვფიქრობ ჩემს შვილზე, მის საქმეებზე, ჯანმრთელობაზე” და ა.შ. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ბავშვს უჩნდება სურვილი მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს და უარს არაფერზე ეუბნებოდნენ. ისინი ხშირად საკუთარ თავში დაურწმუნებლები არიან, უვითარდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი და ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულის შიში. ასეთი ბავშვები ჭირვეულობით გამოირჩევიან, აკლიათ დამოუკიდებლობა, რის გამოც რეალურ ცხოვრებაში ხშირად განიცდიან წარუმატებლობას და მარცხს. არ შეუძლიათ მობილიზება რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები ჰიპერმზრუნველობას საკმაოდ დიდხანს აგრძელებენ, რის გამოც საკუთარ მოზრდილ შვილს თანატოლებთან უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ. ერთ-ერთი ქალბატონი შეწუხებული იყო იმით, რომ მისი 22 წლის ვაჟი მეგობრის აგარაკზე თანატოლებთან ერთად რამდენიმე დღით აპირებდა წასვლას. “როგორ უნდა გავუშვა, იქ ისინი მარტო, უფროსების გარეშე იქნებიან”, – შეშფოთებას ვერ მალავდა დედა. ის მხოლოდ მაშინ დანებდა და წავიდა დათმობაზე, როცა შვილისგან ასეთი სიტყვები მოისმინა: „დედა, მინდა რომ მენდობოდე, მე რომ რაიმე ცუდის გაკეთება მინდოდეს, ამას აქ, შენ გვერდით მოვახერხებდი”.

     ბავშვის პიროვნულ განვითარებაში უარყოფითი შედეგების მომტანი ხდება ასევე ჰოპერმზრუნველობის საწინააღმდეგო პოზიცია – ავტორიტარიზმი – მკაცრი, სისასტიკემდე მისული ძალაუფლება ბავშვებზე, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა. ავტორიტარული სტილი ხასიათდება უზომო სიმკაცრით და მომთხოვნელობით. დაშინება, იძულება, დასჯა აღზრდის ამ სტილის მთავარი საშუალებებია. ბავშვებში ის იწვევს შიშის, დაუცველობის გრძნობას. როცა ბავშვი სკოლიდან კარგი ნიშნებით ბრუნდება, მას არ აქებენ. ნაცვლად ამისა, უკითხავენ მორალს, თუ რისკენ უნდა ისწრაფოდეს ცხოვრებაში. დაბალი ნიშნების მიღების შემთხვევაში კი – სჯიან. ბავშვთან ურთიერთობაში ხშირად ადგილი აქვს ირონიას, დაცინვას. ასეთ ოჯახებში ბავშვებს არა აქვთ ემოციური უსაფრთხოების განცდა. მათ უჩნდებათ უნდობლობა ადამიანების მიმართ, თავს არიდებენ მათთან ურთიერთობას. ასეთი ბავშვები მოზრდილობაში ხდებიან სასტიკები, უხეშები, მატყუარები, ფარისევლები, უნებისყოფოები, მხდალები, ზარმაცები, გაბოროტებულები და შურისმაძიებლები.

     ბავშვის პიროვნების ფორმირებისათვის არანაკლებ დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს ემოციურად გულგრილი დამოკიდებულება მშობლების მხრიდან. ისინი ხშირად, საკმაოდ ადრეული ასაკიდან, სრულ თავისუფლებას ანიჭებენ ბავშვს. მშობლების ასეთი პოზიციის მიზეზი შეიძლება იყოს მათი დაკავებულობა საკუთარი საქმეებით და პრობლემებით, გულგრილობა ბავშვების მიმართ, ასევე სურვილი ადრეული ასაკიდან მიაჩვიონ ბავშვი დამოუკიდებლობას. ამგვარი დამოკიდებულების შედეგად ბავშვს უჩნდება სიმარტოვის და უსუსურობის განცდა ისეთი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვისას, რომელთაც, მშობლების მხარდაჭერის შემთხვევაში ადვილად გაართმევდა თავს. მშობლიური სითბოსა და ყურადღების დეფიციტის  პირობებში შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას  ბავშვის ინტელექტუალურ და ფსიქიკურ განვითარებას. გარდამავალ ასაკში ასეთმა ბავშვებმა შეიძლება თავი მიანებონ სწავლას დ მოხვდნენ არაკეთილსაიმედო გარემოში. სწორედ ამიტომ, მშობლების უმთავრეს ამოცანას ბავშვისთვის კეთილგანწყობილი და სიყვარულით სავსე გარემოს შექმნა უნდა წარმოადგენდეს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია სიყვარულის სწავლება. მხოლოდ მშობლებთან მჭიდრო კონტაქტმა შეიძლება აგრძნობინოს ბავშვს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ. მშობლების მხრიდან ყურადღების, ზრუნვისა და სიყვარულის დეფიციტის პირობებში მყოფი ბავშვები ხშირად ავადმყოფობასაც კი ნატრობენ, რომ იქნებ მაშინ მაინც მოიცალონ მშობლებმა და გარვეული დრო დაუთმონ მას. ალბათ ბევრისთვის საყურადღებო იქნება ერთი მეშვიდეკლასელი გოგონას სიტყვები; მან ჩემ მიერ მიწოდებულ დაუსრულებელ წინადადებას – „მე რომ დედა ვიყო…” – ასეთი გაგრძელება მოუძებნა – „მე რომ დედა ვიყო, ჩემ შვილს პირველ რიგში სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი”. გოგონას ყველაფერი ჰქონდა, რასაც მოისურვებდა. ერთადერთი, რის დეფიციტსაც განიცდიდა, დედის სითბო, სიყვარული და ყურადღება იყო. ამ ბავშვის დედის მსგავსად, ბევრი მშობელი თავის უყურადღებობას შვილის მიმართ სამსახურში დაკავებულობით ხსნის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბავშვისთვის ხშირად დედასთან ათწუთიანი ურთიერთობაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს მის სიყვარულში დასარწმუნებლად. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ურთიერთობის ხარისხი და არა იმ დროის ხანგრძლივობა, რასაც ბავშვთან ჩვენი ურთიერთობა მოიცავს.

     ხშირად, აღმზრდელობითი თვალსაზრისით,  დიდი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს არათანამიმდევრულობა ბავშვთან დამოკიდებულებაში. როდესაც მშობელი, საკუთარი გუნება-განწყობილებიდან გამომდინარე, ხან სჯის და ხან ხმას არ იღებს ბავშვის ერთსა და იმავე ქცევაზე. ასეთი მშობლები არაპროგნოზირებადი ემოციური რეაქციებით გამოირჩევიან. ბავშვმა არ იცის, რას უნდა ელოდოს მშობლისგან, ვინაიდან ერთი და იმავე საქციელის გამო მას ხან სჯიან და ხან ეფერებიან. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება დაურწმუნებლობის განცდა, ეჭვი ეპარება მშობლის სიყვარულში. მოზრდილობის ასაკში ისინი ძალიან არასტაბილურები არიან პიროვნებათა შორის ურთიერთობებში, აკლიათ სიმტკიცე, სიმყარე და თანმიმდევრულობა ადამიანებთან ურთიერთობაში.

     ოჯახური აღზრდის პრობლემები კიდევ უამრავი სხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც იმას ამტკიცებს, რომ ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესი ოჯახში საკმაოდ რთული დ მრავალფეროვანია. საჭიროა ბავშვთან დამოკიდებულებაში მოიძებნოს ის „ოქროს შუალედი”, რომელიც ბევრ პრობლემას აგვაცილებდა თავიდან.

ბედნიერი ოჯახი

0
ოქტომბრის ოქროსფერ შაბათს ჩემს ლექტორს ვესტუმრე. უ- ბანიდან როგორც კი თავი ამოვყავი, ხეები და ყვავილები და ფოთლები და სურნელოვანი სითბო სახეში ისე ძლიერად მომაწყდა, თითქოს რომელიმე მძიმე რაგბისტი ყოფილიყოს. თითქოს ჩემი გერმანული, უწონო ბედნიერება კილოგრამებს სწრაფად ისხამდა და მალე ფერხორციანი ბედნიერება მეყოლებოდა. დიახ, ეს ვერნეა. ქალაქის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც ლანგენდრეარსა და ჰარპენს შორის მდებარეობს. 

ბევრი ვიარე თუ ცოტა, გავიარე ერთი გრძელი და რამდენიმე მოკლე ქუჩა, ჰოფმანების თეთრ, სამსართულიან სახლს მივადექი. აქ იურგენ ჰოფმანი ცხოვრობს სამ მცირეწლოვან შვილთან და ცოლთან ერთად.

ბავშვობაში ვოცნებობდი, ჩემს სახლს საფოსტო ყუთი ჰქონოდა და მეგობრებისგან წერილები მიმეღო. საერთოდაც, ძალიან მინდოდა, უცხოელი მეგობრებიც მყოლოდა და შობა-ახალ წელს ჩემთვის მისალოცი ბარათები გამოეგზავნათ. ნეტა, როგორ ცხოვრობდნენ ბავშვები შორეულ ქვეყნებში, როგორი თამაშები და სათამაშოები ჰქონდათ, ნეტა, შაბათ-კვირას მშობლებს სად მიჰყავდათ?!

ჩვენს სკოლაში ხანდახან საგულდაგულოდ შეფუთული, ჭრელ-ჭრელი ყუთები ჩამოდიოდა, რომლებიც განკუთვნილი იყო სოციალურ ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ბავშვებისთვის. ჰო, და კიდევ მასწავლებლის შვილებისთვის, ეგრეც ხდებოდა ხოლმე. ამ ყუთებს გერმანელი ბავშვები უგზავნიდნენ ქართველ ბავშვებს. ბედნიერებას ნივთიერად უნაწილებდნენ.

მე არც მასწავლებლის შვილი ვიყავი და ჩემი ოჯახი არც სოციალურ დახმარებას იღებდა, ასე რომ, იმ ყუთის დასაკუთრების ბედნიერება წილად არასდროს მხვდა. ნეტა იცოდეთ, როგორ მინდოდა. გროვერი ცხვირმიჭყლეტილი რო დგას წუწურაქი კროკერების საკონდიტროს ფანჯარასთან, მასე ვიყავი. ერთხელ ჩავიჭყიტე და სულო და გულო – პრიალ-პრიალა სახატავი რვეულები და პასტელები, ხის ფერადი, სუუუფთა გერმანული სათამაშოები, უხხ…

ახლა კი ვდგავარ სამსართულიან სახლთან, გარს მოვლილი ბაღი რომ აკრავს – მწვანე, მწვანე, ყვითელი ფოთლებით გახალისებული; მაგიდით, სკამებითა თუ გრილით, ვარდის ორიოდე ბუჩქით, ქოლგითა და საქანელით ეს ბაღი ზუსტად ისეთია, როგორიც ბავშვობაში წარმომედგინა. საფოსტო ყუთიც ნამდვილი საფოსტო ყუთია, ოღონდაც „Hoffmans” აწერია.

კარს ორმოცი წლის იურგენი, შვიდი წლის ფინი, ხუთი წლის ლინა, ორი წლის მარა და სავარაუდოდ, ორმოცი წლისვე იუდითი მიღებენ. გაღიმებულები. ცოცხალი საოჯახო პორტრეტია. რა მაგარია.

სანამ მე და იურგენი არქეოლოგიური ძეგლების ფიქსაციასა და სხვა პრაქტიკულ თემებზე ვსაუბრობთ, ბავშვები საკუთარი ხელით გვიცხობენ ნამცხვარს. ცომი პატარა ხელებით მოზილეს, ფორმებშიც ჩაასხეს და იუდითმა მხოლოდ ქურაში მოათავსა. ნამდვილი დღესასწაულია, პატარებს განსაკუთრებულად უხარიათ უფროსული საქმიანობები.

აქ ბავშვებს ბევრს არაფერს უკრძალავენ, აქ ბავშვებს ნამდვილი ბავშვობა და ყველაფერში ცხვირის ჩაყოფის ბავშვური ბედნიერება აქვთ. მესამე სართული კი, „შფილფლაცად” წოდებული, უზარმაზარი სათამაშო არენაა სხვადასხვა გასართობითა და უამრავი სათამაშოთი. მაგრამ სამივე სართული მაინც ბავშვებისაა: ფინს ყოველთვის ავიწყდება, რომ თავისი მანქანების უზარმაზარი კოლექციის ნაწილი სასურველია, პირველ სართულზე არ იყოს განთავსებული; ლინა ცხენებზეა შეყვარებული, ოღონდ-არაპრინცესულად. მისი ინტერესთა სფერო მაინცდამაინც თეთრი რაშებით არ შემოიფარგლება და ფუმფულა სათამაშოების ნაცვლად ლინდა ჩეპმანის წიგნებთან ერთად სძინავს. წიგნების ეს სერიები იმ ჯადოსნური სამყაროს შესახებ მოგვითხრობენ, რომელშიც პონი ვოლკე და მისი მეგობრები ცხოვრობენ. ლინა არაფრისდიდებით გაცვლის ბედნიერ ძილს წესრიგზე და საწოლს ბიბლიოთეკის ფუნქციას არ წაართმევს. მარა კი, მარა ორი წლისაა და ჯერჯერობით, მხოლოდ გასტრონომიული გატაცებები აქვს და ამ გატაცებებში ოსტატურად ამოთხვრის ნიჭი.

ჰოფმანების ორი ათას თხუთმეტი წლის კალენდარიც ოჯახურია. ოქტომბრის თვის საილუსტრაციოდ რომელიღაც ჰოლანდიურ ტყეში გადაღებული ოქროსფერი, ოჯახური ფოტოა წარმოდგენილი. ყველგან ფოტოები, ბავშვების ნახატები, სათამაშოები და საბავშვო წიგნებია. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ აქ ბავშვები ცხოვრობენ. ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად ცხოვრობენ. უფროსების საუბარშიც ერევიან და დიახაც, ხანდახან რაღაცებსაც აფუჭებენ. ხანდახან საყვედურებსაც იღებენ და ხანდახან ისჯებიან კიდეც. ხანდახან კი მამის ქართველ მეგობარს უგემრიელეს ნამცხვარს უცხობენ, მერე ბაღში მაგიდას გააწყობენ, ნამცხვარს ზედ ჟივილ-ხივილით შემოდგამენ და მე, 90-იანელი ქართველი ბავშვი, ოქტომბრის ამ მზიან დღეს ჩემი ბავშვობის ოცნებაში ვხვდები.

სანამ ფოტოს გადავიღებთ, ყველაფერი ისედაც ფოტოსურათივითაა: ღიმილი, ბედნიერი ოჯახი, ოჯახის მეგობარი, ჩაის თხელი, გამჭვირვალე ჭიქები, ვაშლის ნამცხვარი, ოქტომბრის თბილი დასაწყისი, მოწნული, თეთრი სკამები, მაგიდაც თეთრი, მწვანე ბალახი ყვითელი ფოთლებით. ყველაფერი ზუსტად იმ ფოტოსურათივითაა, რომელიც ძალიან მინდოდა, ბავშვობაში ჩემი უცხოელი მეგობრისგან მიმეღო.
 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...