კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

ლევან გიგინეიშვილი – მასწავლებლობა მუდმივი ძიების პროცესია

0

ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ს სტუმარია ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი, რომლის ლექციების უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება, რომლებსაც განმანათლებლებად მოიხსენიებენ: პლატონს, ჟან ჟაკ რუსოს, ჯონ ლოკს, ილია ჭავჭავაძეს და სხვებს.

– ბატონო ლევან, თუ შეიძლება, განუმარტეთ ჩვენს მკითხველს, რატომ არის ამ ხალხის მოღვაწეობა აქტუალური 21-ე საუკუნეშიც და რატომ უნდა ისწავლებოდეს მათი შემოქმედება სასკოლო ასაკიდანვე.

– არსებობს ასეთი ცნება – philosophia perennis, ანუ მარადიული ფილოსოფია. იგი გულისხმობს, რომ ცივილიზაციის ისტორიაში შესრულდა აზროვნების აქტები, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი კაცობრიობისთვის, რომლებიც არასოდეს დაძველდება და დაკარგავს ქმედითობას. ეს აქტები შეასრულეს პიროვნებებმა, რომლებმაც გაბედეს, ბოლომდე ეფიქრათ ფიქრი და საკუთარი, სრულიად განსაკუთრებული ხედვები ეშვათ, ყველასთვის ახალი კუთხით დაენახვებინათ რეალობა. ამ ხედვებმა შეცვალა – და შეუქცევადად შეცვალა – ცივილიზაცია. მეოცე საუკუნის ესპანელი ფილოსოფოსი სანტაიანა ამბობს: „ვინც არ იცის ფილოსოფიის ისტორია, განწირულია, გაიმეოროს იგი”. ეს იმას ნიშნავს, რომ ფილოსოფიის ისტორიაში არის რაღაც აუცილებელი და ობიექტური, ის, რასაც შინაგანი ლოგიკა და საზრისი ახლავს. აზროვნების ისტორია იმით არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ყოველთვის ტოვებს კამათის ადგილს. ეს არის აზრთა შეხლა-შემოხლის დიადი სივრცე, ხოლო იმის განცდა, რომ ამავე საკითხებზე დაფიქრებით ამ სივრცეს უერთდები, დიდი ბედნიერებაა. სწორედ ეს არის, ჩვენი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ხელშეუხებელი „უხილავი საუნჯე”. ტყუილად როდი ამბობდა თომა აკვინელი, რომ ფილოსოფია ადამიანის „ყველაზე სახალისო საქმიანობაა”; როდესაც მასწავლებელი აკითხებს ბავშვებს ამ გენიალურ მოაზროვნეთა ნაწარმოებებს, აცნობს მათ ხედვებს, მნიშვნელოვანია, ამას არ ჰქონდეს დაზუთხვის ან „თავში ჩაჭედების” ფორმა, – ის უნდა იძლეოდეს საზრდოს მათივე თავისუფალი აზროვნებისთვის, ნიადაგს კითხვების დასმისთვის, კამათისთვის. დიდი ფილოსოფიური საკითხები ეგზისტენციალურად, ცხოვრებისეულად უნდა განიცადონ მასწავლებელმაც და მოსწავლეებმაც. მხოლოდ მაშინ იქნება ფილოსოფიის სწავლის პროცესი სახალისოც და ნაყოფიერიც.

ფილოსოფოსები, ისევე როგორც პოეტები, დიდი ბავშვები არიან, იმ გაგებით, რომ მათ აქვთ ბავშვური განცვიფრების გაუცვეთელი უნარი. ამ უნარის გაცვეთასთან ერთად ფილოსოფოსიც კვდება – არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წიგნი დაუწერია მანამდე. ამიტომ, ვფიქრობ, სასკოლო ასაკი სწორედ რომ სათანადოა ფილოსოფიური ფიქრებისა და სამყაროს საიდუმლოებით გაკვირვებისთვის, მათზე მსჯელობისთვის. მეტიც – თუ ამ ასაკში არ დაიწყე, მერე უფრო და უფრო გაგიჭირდება მსგავსი ძიებების კულტივირება საკუთარ თავში. გადატვირთვაც არ შეიძლება, ცხადია, ამიტომ ფილოსოფოსთა ნააზრევის დოზა და სირთულე მასწავლებელმა ძალიან ფრთხილად და ფაქიზად უნდა შეარჩიოს, რათა არ დათრგუნოს მოსწავლეები ჭარბი ან მეტისმეტად რთული ინფორმაციით, რაც მხოლოდ მკვდარ ტვირთად ექცევა მათ. სწავლების პროცესში ფილოსოფიური ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივებაა მთავარი და არა ინფორმაციის გადაცემა. მასწავლებელმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს თავისი ეპოქისა და საზოგადოების მაჯისცემაც, რათა შეძლოს, თარგმნოს ძველი იდეები ახალი რეალობისთვის, თავისი მსმენელებისთვის ახალი სიცოცხლე შთაბეროს ძველ მოაზროვნეთა ფიქრებს.

– ილია ჭავჭავაძის შესახებ ლექციების კურსში თქვენ აღნიშნავთ, რომ ილიას ახალი ტიპის ქართველის აღზარდა სურდა. ეს მისი ეპოქის შემდეგაც აქტუალურ პრობლემად დარჩა. „მომავალ ქართველებს” გარკვეულწილად ზრდის თითოეული მასწავლებელი. თქვენი აზრით, უწინარესად რა ევალება მასწავლებელს, რა როლი აკისრია მას მომავალი თაობის აღზრდაში?

– ზევით უკვე ვთქვი, რომ მასწავლებელს, განურჩევლად საგნისა, ევალება, ბავშვებს შემეცნებისადმი ინტერესი გაუღვივოს. რამდენიმე წლის წინ ისეთი კარგი ლექცია მოვისმინე დედამიწის ქანებზე, ვიფიქრე: მოწაფეობის დროს რომ მომესმინა მსგავსი ლექცია, იქნებ გეოლოგიურზე ჩამებარებინა-მეთქი… მასწავლებელს, პირველ რიგში, თვითონვე უნდა ჰქონდეს ცოცხალი ინტერესი თავისი საგნისადმი, ერთგვარი უხილავი ცეცხლი. სხვაგვარად შეუძლებელია, დააინტერესო მოსწავლე და კურსიც მოსაწყენი ხდება. ამიტომ მასწავლებელი მუდმივი ზრდის, კითხვისა და ძიების პროცესში უნდა იყოს, წლიდან წლამდე კომპაქტდისკივით კი არ ატრიალებდეს ერთსა და იმავეს (ცხადია, არ ვგულისხმობ ამა თუ იმ დისციპლინის ფუნდამენტურ ასპექტებს, რომელთა გამეორებაც გადაუვალია). მასწავლებელმა თუ მოახერხა, თავისი საგნის სიყვარული, მისდამი ინტერესი მოსწავლეებსაც გადასცეს და ამით მათ დაკვირვებული, კონცენტრირებული კითხვის უნარის განვითარებაში დაეხმაროს, ძალიან დიდ სამოქალაქო როლს შეასრულებს. ილიას „ახალი ქართველი” უნდა ყოფილიყო დამოუკიდებლად მოაზროვნე, ზნეობრივი პრინციპების თავის თავში აღმომჩენი ადამიანი, რომელიც ბრმად და განუხილველად კი არ დაემორჩილებოდა ვისიმე აზრს, არამედ ილიასავე ერთი მოთხრობის გმირივით იტყოდა: „მე ისეთი მორჩილების მწამს, სადაც ჩემივე სინდისი, ჩემივე გონებაა ბატონი”.

– ვიკიპედიის განმარტებით, ფილოლოგია სწავლობს კაცობრიობის სულიერ კულტურას ამა თუ იმ ხალხის ენისა და ლიტერატურის მეშვეობით. ამის კვალობაზე, ფილოლოგიც განსაკუთრებული სულიერებით უნდა გამოირჩეოდეს. თქვენი აზრით, რა განასხვავებს ფილოლოგს სხვა პროფესიის ადამიანებისგან?
– ფილოლოგია, როგორც ყველა მეცნიერება, ეძებს კანონზომიერებებს მეტყველების, სხვადასხვა ჟანრის ტექსტების, სხვადასხვა ენის, მათი სტრუქტურისა და ურთიერთკავშირის სფეროში. როგორც ყველა მეცნიერებას, ფილოლოგიასაც აქვს უსასრულო საკვლევი სივრცე. ენა და მეტყველება ადამიანისთვის არის რეალობის შეცნობის ინსტრუმენტი და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კიდეც რეალობის სურათს; ენას, ამდენად, მსოფლმხედველობრივი დატვირთვაც აქვს. ფილოლოგს, რომელიც სიღრმისეულად სწავლობს სხვადასხვა ენას, აქვს საშუალება, დაინახოს სამყაროს უფრო მრავალფეროვანი, ნიუანსებით უფრო მდიდარი სურათი. მაგალითად, ქართველისთვის ქველმოქმედება ეტიმოლოგიურად მწყურვალისთვის მიცემულ წყალს უკავშირდება – „მოწყალება”; ბერძნისთვის, შესაძლოა, ჭრილობაზე დადებულ ზეთს – „ელეოს”… ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. სკოლის პერიოდიდან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გართობა ვებსტერის ლექსიკონში სიტყვების ეტიმოლოგიის ძიება იყო… თუნდაც სხვადასხვა ენის ფონეტიკის შესწავლა – განა საოცრად საინტერესო არ არის?! მახსოვს, უნგრეთში სწავლისას რა პირდაღებულები ვუსმენდით ერთი ჩვენი სამხრეთაფრიკელი მეგობრის ლაპარაკს [ნ]კოსაზე, და ვერა და ვერ ვახერხებდით მის მიერ გამოთქმული კონსონანტების გამეორებას. გარდა ამისა, ფილოლოგია სწავლობს დიდ ლიტერატურულ ტექსტებს, რომლებმაც ჩვენამდე საუკუნეების სიღრმეებიდან მოაღწია, ისევე როგორც თანამედროვე, უახლეს ლიტერატურას. ამდენად, ამ დისციპლინას უშუალო კავშირი აქვს ფასეულობით სამყაროებთან, რომლებსაც მთელი ეს მრავალფეროვანი ლიტერატურა გადმოსცემს. თავისი ყოველდღიური სამეცნიერო საქმიანობით ფილოლოგი კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან სულიერ გამოცდილებას ეზიარება. ფილოლოგიის ფაკულტეტზეც ამისთვის ჩავაბარე – გამეცნო კაცობრიობის სულიერი გამოცდილება ანტიკური ხანიდან, მენახა, რა ფასეულობები იყო მნიშვნელოვანი ამა თუ იმ ეპოქაში, რა არის მარადიული ამ ფასეულობებში, ამით სული გამემდიდრებინა და ჩემი ცხოვრებაც უფრო საინტერესო გამეხადა. მარტო იმის იმედიც კი, რომ ჰომეროსს დედანში წავიკითხავდი, მეყო, რათა ენთუზიაზმით შევსულიყავი კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა კი „ილიადასა” და „ოდისეას” მარტო იდეური სამყარო კი არ გაგვაცნო, არამედ ისეთი ნიუანსებიც, როგორიც, მაგალითად, თითოეული პერსონაჟის, დავუშვათ, ოდისევსის ან ნესტორის სიტყვაში სრულიად განსაკუთრებული, ინდივიდუალური სტრუქტურის არსებობაა.
ფილოლოგია ძალიან ღრმა და მრავალწახნაგოვანი დარგია; გემოვნებისა და ინტერესებისამებრ, სულ სხვადასხვა მიმართულება შეიძლება აირჩიო: ზოგადი ლინგვისტიკა, ფონეტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა…

– რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის ფილოლოგიის კურსის სკოლიდანვე სრულფასოვანი შესწავლა?

– ფილოლოგიის კურსისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა და გაკვეთილებზე მათი საინტერესო, თავისუფალი და შემოქმედებითი განხილვა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც, საერთოდ, რამე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სკოლაში. ასევე მნიშვნელოვანია აკადემიური წერის, არგუმენტირებული მსჯელობისა და გრამატიკის საფუძვლების შესწავლა. ოღონდ ამ ყველაფერს უფრო პრაქტიკული სახე უნდა მიეცეს, მაგალითად, თემების გასწორებისას და შეფასებისას მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეს მისივე ნაწერის კონკრეტულ მაგალითებზე უნდა აუხსნას, რა შეცდომა მოუვიდა, როგორი სინტაქსური თუ მორფოლოგიური კონსტრუქციაა მართებული, რა ნაკლი აქვს თემის სტრუქტურას და ა. შ. უცხო ენების სწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე საუბარი ღია კარის მტვრევა გამოვა…

– ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული განათლების სისტემაზე. თქვენი შეფასებით, როგორია საქართველოს განათლების სისტემა დღეს და რაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი?

– ვფიქრობ, ბევრი პრობლემაა განათლების სისტემაში და ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე: სკოლა ცოცხალ ინტერესს უნდა უღვივებდეს მოსწავლეს ამა თუ იმ საგნისადმი და, ამ ინტერესიდან გამომდინარე, უვითარებდეს მას კონცენტრირებული კითხვის, დისციპლინირებული სწავლის უნარებს. დისციპლინა არ არის წვრთნა, ანუ არ არის დაკავშირებული გარე იძულებასთან ან ძალადობასთან; დისციპლინა არის საკუთარი თავისთვის წესრიგის ნებაყოფლობითი დაწესება, რათა სწავლის ძალისხმევა უფრო ნაყოფიერი გახადო და ახლის შემეცნებისგან მოგვრილ სიხარულს ეზიარო. თავად „მოსწავლის” ლათინური შესატყვისია discipulus… მოსწავლე ვერ შეძლებს დისციპლინის კულტივირებას, თუ მასწავლებლები არ მოხიბლავენ, არ დამუხტავენ საგნისადმი ინტერესით. მაგრამ დიდ კლასებში, სადაც 30-ზე მეტი მოსწავლეა, ძნელია ამგვარი ინტერესის გაღვივება, ამიტომ სწავლაც ხშირად ტვირთად და კატორღად იქცევა, სხვათა შორის – მასწავლებლებისთვისაც. აქ არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მასწავლებლის ხელფასიც გაცილებით მაღალი უნდა იყოს – ეს ცალკე მსჯელობის თემაა.

– თქვენი ლექციის ერთ-ერთი კურსი პავლე მოციქულს ეძღვნება. თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს რელიგია ადამიანის განათლებაში და უნდა ისწავლებოდეს თუ არა იგი სკოლაში, ან რა ფორმით?

– ვფიქრობ, თუ სკოლაში რელიგიის ისტორიას ასწავლიან, ამაში ცუდი არაფერია: თანამედროვე განათლებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა ძირითადი რელიგიები და კონფესიები არსებობს მსოფლიოში, რა მახასიათებლები აქვთ მათ, რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან… არ იქნება მართებული რომელიმე ერთი რელიგიის ან კონფესიის პერსპექტივიდან, მიკერძოებულად სწავლება, რადგან ამ დროს ადვილად იშლება ობიექტური ხედვის კუთხე და გაკვეთილი მეცნიერულ-აკადემიურიდან სხვა სივრცეში გადადის (ასეთი რამ, ალბათ, შესაწყნარებელია, მაგალითად, საკვირაო საეკლესიო სკოლაში ან მუსლიმანურ რელიგიურ მადრასეში, და ამ დროსაც საკმაო სიფრთხილეა საჭირო). რელიგიის ისტორიის მასწავლებელი, განურჩევლად პირადი რწმენისა და შეხედულებებისა, მოსწავლეებს ფართო სივრცეს უნდა უტოვებდეს თავისუფალი მსჯელობისთვის, დამოუკიდებელი კვლევისთვის. კლასში მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს ტოლერანტულ გარემოში და მოსწავლეებს ძვალ-რბილში უნდა გაუჯდეთ პატივისცემა ნებისმიერი პიროვნებისადმი, რომელიც რელიგიის შესახებ თუნდაც მათთვის მიუღებელ შეხედულებას გამოთქვამს. ამგვარი ტოლერანტობის ტრადიცია ყველა დიდ რელიგიას (ქრისტიანობას, იუდაიზმს, ისლამს) აქვს და სკოლის კონტექსტში აქცენტი უფრო ამაზე უნდა გაკეთდეს.
ვინაიდან პავლე მოციქული ახსენეთ, ნახეთ, როგორი პატივისცემით მიმართავს იგი წარმართ ათენელებს და უქებს კიდეც მათ ღვთისმოსაობას, აქებს და ციტირებს წარმართ ელინ პოეტებს, რომლებსაც, მისი აზრით, სწორი რელიგიური ინტუცია ჰქონდათ და ბიბლიურ წინასწარმეტყველებს ეხმიანებოდნენ, პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს თვით ქრისტეს არმიმღები თანამოძმე ებრაელების მიმართ და აღიარებს, რომ მათ აქვთ ღვთიური მოშურნეობა. ვგონებ, რელიგიის ისტორიის მასწავლებელი თავად უნდა იყოს რელიგიური, მორწმუნე, ანუ განვითარებული ჰქონდეს მეტაფიზიკურის, საკრალურის განცდა, თორემ მისი გაკვეთილები მშრალი, უინტერესო და გულისგამაწყალებელი გამოვა. თუმცაღა, მან კი არ უნდა იძალადოს, როგორც უკვე ვთქვი, თავს კი არ უნდა მოახვიოს თავისი შეხედულებები ბავშვებს, არამედ ინფორმაციის რაც შეიძლება ობიექტურად, დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გადაცემას შეუწყოს ხელი, კრიტიკულ აზროვნებას ფართო გასაქანი მისცეს.

ჩემი აზრით, რელიგიების ისტორია სკოლებში მაინც არ უნდა იყოს სავალდებულო საგანი, რადგან შეუძლებელია, სკოლების უმეტესობა მოამარაგო ისეთი მასწავლებლებით, რომლებიც ამ ძალიან ფაქიზი და რთული საკითხების სათანადოდ გადაცემას შეძლებენ. ალბათ, ცალკეულმა სკოლებმა, თუ გადაწყვეტენ თავიანთ კურიკულუმებში რელიგიის ისტორიის არჩევით საგნად შეტანას, სათანადოდ მომზადებული და საკმაო გამოცდილების მქონე პედაგოგები უნდა მოიწვიონ. ვფიქრობ, კერძო სკოლებისთვის ეს გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე სახელმწიფოსთვის.

გარდა პედაგოგისა, დგას სახელმძღვანელოს პრობლემაც. ცხადია, ძნელია, ასეთ რთულ, ნიუანსურ და ემოციურად დატვირთულ საგანზე დაბალანსებული სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა. დღეს არსებულ ქართულენოვან სახელმძღვანელოებს, ვშიშობ, ღირსებათა მიუხედავად, ბევრი მნიშვნელოვანი ხარვეზიც აქვთ.

– სხვა ქართველი მეცნიერებისგან განსხვავებით, თქვენი ლექციების ვიდეოკურსები მრავლად მოიძებნება ინტერნეტსივრცეში. ეს სწავლების ერთ-ერთი თანამედროვე ფორმაა, თუმცა საქართველოსთვის ის ჯერ კიდევ ახალია. ხომ არ გიფიქრიათ, სწავლების რაიმე ახალი ფორმა სკოლებშიც დაგენერგათ?

– მაინცდამაინც არ მიყვარს ვიდეოლექციები. ჩემთვის ლექციის საუკეთესო ფორმაა ლექტორის უშუალო ურთიერთობა სტუდენტებთან, როცა სტუდენტს შეუძლია, შუა ლექციაზე ხელი ასწიოს და ლექტორს კითხვა დაუსვას, ან ლექციის მსვლელობისას თავად ლექტორმა გამოიწვიოს სტუდენტები კითხვებით; ერთი სიტყვით, ლექციის დროს ინტერაქცია ძალიან ნაყოფიერი რამ არის. სწორედ ეს მნიშვნელოვანი რამ აკლია ვიდეოლექციას.
სკოლაში, სადაც მე ვასწავლი, – ეს გახლავთ გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია თბილისში, – გაკვეთილები ტარდება ოვალური მაგიდის გარშემო, მაქსიმუმ 15 მოსწავლესთან, აქვს დიალოგური ხასიათი, ანუ მოსწავლეები თავად ქმნიან გაკვეთილს ერთმანეთთან შინ წაკითხულ თუ კლასში განხილულ საკითხებზე მსჯელობით. მასწავლებელი უმთავრესად დისკუსიის მოდერატორის როლს სჯერდება (ცხადია, იტოვებს დროს ახალი მასალის ასახსნელადაც). უკვე მეცხრე წელია, ჩვენს სკოლაში სწავლება ამ მეთოდით მიმდინარეობს და, ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგებიც გვაქვს. ოღონდ სწავლების ეს ფორმა ჩემი მოგონილი არ არის – ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე კერძო სკოლაში, ფილიპსის ექსეტერის აკადემიაში დამკვიდრებული მეთოდი გახლავთ, რომელიც ჩვენს სკოლაშიც დავნერგეთ.

როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილები (წერილი 1)

0

სიკვდილმისჯილი სოკრატე, მკვლელი კონან დოილი, გარყვნილი ნაბოკოვი… ანუ როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილები (წერილი 1)

ამ ზაფხულს რამდენიმე საინტერესო პოსტს გადავაწყდი ფეისბუქზე. ამ პოსტების ნაწილი სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტომაც აიტაცა და დროებითი აჟიოტაჟიც გამოიწვია. მაშინ, როდესაც ფეისბუქის ერთი აქტიური მომხმარებელი ნოდარ დუმბაძეს ქართველი ერის წინაშე ჩადენილ ცოდვებს უთვლიდა, მეორე – ამ მწერლის შემოქმედებას იწუნებდა. როგორც ხდება ხოლმე, სოციალური ქსელების ინტენსიურმა მომხმარებლებმა თემა აიტაცეს, განავრცეს და მხოლოდ ერთი ქართველი მწერლის განქიქებას არ დასჯერდნენ: თუკი ე.წ. ცნობადი (მძულს ეს სიტყვა) სახე იყავი, რაღაცნაირად „უხერხულიც” კი გახდა, ქართული მწერლობა არ შეგეფასებინა და ნოდარ დუმბაძის წყალი არ გადაგესხა კიდევ რამდენიმე ქართველი მწერლისათვის. ასე უსამართლოდ გაილანძღა ბევრი ღირსეული ავტორი – დაწყებული ილიათი და ჭაბუა ამირეჯიბით დამთავრებული, აღარაფერს ვამბობ ამ ტიპის ადამიანების, ანუ ცნობადი სახეების მიერ „წვრილფეხობად” მიჩნეულ ავტორებზე. თითქოს თავის მოწონების ერთგვარ საშუალებადაც იქცა და, რაც უფრო ცნობადი იყავი, მით უფრო სახელიანი მწერლის შემოქმედებას უნდა შეხებოდი, თორემ შენს ცნობადობას ჩრდილი მიადგებოდა… შესაძლოა, არც მე მომწონდეს ზოგიერთი ქართველი მწერლის შემოქმედება, შესაძლოა, არც ზოგიერთი მათგანის ბიოგრაფიული დეტალი მხიბლავდეს დიდად, მაგრამ ახლა არც ნოდარ დუმბაძის და არც ოთარ ჭილაძის, არც გრიგოლ რობაქიძის და არც ოთარ ჩხეიძის, არც ჭაბუა ამირეჯიბის და, მით უმეტეს, არც ილიას მწერლური ღირსების აღდგენას ვცდილობ, რადგან, ერთი წამითაც არ მიმაჩნია, რომ ამ ავტორებს მსგავსი ფეისბუქპოსტები ოდნავ მაინც აკნინებდეს ან ამგვარი ხანმოკლე აჟიოტაჟის შემდეგ ქართველი ხალხი თავის ლიტერატურულ გემოვნებას ეჭვქვეშ დააყენებდეს; ასე მგონია, პირიქით მოხდება და ერის ის ნაწილი, რომელიც ფეისბუქით სარგებლობს და მსგავს პოსტებს ეცნობა, ამ ცნობადი ადამიანების ლიტერატურულ გემოვნებას უფრო დაიწუნებს და საფუძვლიან ეჭვს გაუჩენს – საერთოდაც ესმით კი მათ, რა არის ლიტერატურა, როგორ შეიძლება ნაწარმოების პერსონაჟსა და ავტორს შორის ტოლობის ნიშანი დასვა და, თუნდაც ავტორი პირველ პირში წერდეს, მისი ცხოვრებისეული ღირებულებები გააიგივო გამოგონილი პერსონაჟის ღირებულებებთან, თუნდაც ამ გამოგონილ პერსონაჟს ხანდახან პროტოტიპიც ჰყავდეს? მწერალი ლიტერატურული ოსტატობით, მწერლური ტექნიკით, ენის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების უნარით და სხვა მრავალი კრიტერიუმით ფასდება. წარმოუდგენელია, ერთ წერილში ყველა ეს კრიტერიუმი გავარჩიოთ, ეს ყველაფერი სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. თუმცა ესეც არაა საკმარისი და მხატვრული ტექსტის შეფასებას გემოვნებაც სჭირდება. აი აქ კი მარტო სკოლის ლიტერატურის გაკვეთილები არაა საკმარისი, გემოვნების ჩამოყალიბებას სხვა ბევრი რამ განაპირობებს…

საგანი, რომელსაც სკოლაში ვასწავლი მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, სავალდებულოა და მას ცოდნის თეორია ჰქვია. ვინც იცის, იმას ახსნა არ სჭირდება რა საგანია ეს, ვინც არ იცის, იმისთვის ნამდვილად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი გამოცდილების გაზიარება. მარტივად რომ ვთქვა, ცოდნის თეორიის გაკვეთილებზე სხვადასხვა აკადემიურ საგნებში დაგროვილი ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება. მოკლედ, ჩემი ჩატარებული თითქმის ყველა გაკვეთილი რაღაც თვალსაზრისით ინტეგრირებულია.

წელს ჩვენს სკოლაში საგნის მასწავლებლებს ახალი ვალდებულება დაეკისრათ, მათ მეექვსედან მეათე კლასის ჩათვლით ყველა კლასში სემესტრში თითო ინტერდიციპლინარული გაკვეთილი უნდა ჩაატარონ. ეს კი მასწავლებელთა აქტიურ თანამშრომლობას მოითხოვს. სანამ სასწავლო პროცესი დაიწყებოდა, სამუშაო შეხვედრებიც ჩავატარეთ. ამ შეხვედრების შემდეგ კი სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა შეიმუშავეს გეგმა, რა ტიპის ინტეგრირება განეხორციელებინათ და როგორ გასულიყვნენ მიზანზე. უნებლიეთ რამდენიმე საუბრის შემსწრეც გავხდი: ისტორიისა და ფიზიკის მასწავლებელი გეგმავდნენ ერთობლივი გაკვეთილის ჩატარებას ატომური ბომბის ისტორიაზე; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად პოსტმოდერნიზმის უკეთ ასახსნელად ერთად ჩასატარებელ გაკვეთილს მიმოიხილავდნენ; ყველაზე პოპულარული მაინც ტექნოლოგიების მასწავლებელი იყო, რადგან ბევრმა გადაწყვიტა თავისი გაკვეთილის შეწყვილება ამ საგანთან. რა თქმა უნდა, ყველა მცდელობა გარკვეული სახის შედეგს მოიტანს მომავალში, გაკვეთილებიც საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება და მოსწავლეებიც შეძლებენ საგნებს შორის კავშირების მოძებნას. თუმცა სწორედ ამ საუბრებმა გადამაწყვეტინა, რამდენიმე რჩევა მიმეცა იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც მზად არიან ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარონ და თავიანთ მოსწავლეებს ოდნავ განსხვავებული რაკურსით დაანახონ საგანი. ასეთი გაკვეთილების ჩასატარებლად კი, ჩემი აზრით, კარგი იქნება, ისეთი კონცეპტი ავარჩიოთ, რომელიც საზიარო იქნება რამდენიმე აკადემიური დისციპლინისათვის. რაც მთავარია, ეს არ იქნება მხოლოდ თეორიული ტიპის ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული გაკვეთილი, არამედ ხშირად ცხოვრებისეული მაგალითები შეიძლება გახდეს ამგვარი გაკვეთილების ბიძგი. ასეთი გაკვეთილის ჩასატარებლად დავეყრდნობოდი და გავაფართოვებდი ჩემი საგნის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს – პრეზენტაციას. ცოდნის თეორიაში საბოლოო შეფასების მისაღებად ყველა მოსწავლემ ერთი პრეზენტაცია მაინც უნდა გააკეთოს. ეს პრეზენტაცია ცალკეც და ჯგუფურადაც კეთდება (გათვალისწინებულია 10 წუთი თითოეულ მონაწილეზე). პრეზენტაციის ერთი მესამედი რეალური ცხოვრებისეული სიტუაციის აღწერას ხმარდება. ამის შემდეგ მოსწავლე დასვამს ე.წ. ცოდნის შეკითხვას და დანარჩენ დროს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მოახმარს ისე, რომ აუცილებლად დაეყრდნობა სხვადასხვა საგნობრივ ცოდნას. თუკი ჩემი რომელიმე მოსწავლე წერილის დასაწყისში მოთხრობილ ამბავს გამოიყენებდა რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციად, მაშინ ამ სიტუაციაზე დაყრდნობით შემდეგ შეკითხვას დასვამდა: რამდენად სანდოა წარმოსახვით მიღებული ცოდნა სხვადასხვა აკადემიური დისციპლინებისათვის? პრეზენტაციის დარჩენილ ნაწილში კი მოსწავლე ისაუბრებდა წარმოსახვის როლზე ნებისმიერ ორ საგანში. ბოლოს მოსწავლე მიღებულ დასკვნებს მიუსადაგებდა თავდაპირველ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გვიჩვენებდა, როგორ შეიძლებოდა ამ დასკვნის მისადაგება სხვა მსგავს სიტუაციებზეც.

სწორედ ამ ტიპის პრეზენტაციას განვავრცობდი და ჩემ მიერ ზემოთ აღწერილ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე (real-life situation) დაფუძნებით ინტეგრირებული გაკვეთილის თემად ავირჩევდი წარმოსახვას. ასეთი გაკვეთილის ჩატარება ერთ მასწავლებელსაც შეუძლია, თუმცა ორი ან სამი (გააჩნია, წარმოსახვის როლს რამდენ და რომელ საგანში განვიხილავდით) მასწავლებლის კოოპერაციაც მისასალმებელია. ამ გაკვეთილზე შევეცდებოდი, მოსწავლეებისთვის არა მარტო ის ამეხსნა, თუ რა როლი ეკისრება წარმოსახვას ცოდნის სხვადასხვა სფეროში, არამედ თავად მოსწავლეებს მივცემდი საშუალებას დაფიქრებულიყვნენ და მიმხვდარიყვნენ წარმოსახვის როლზე. წარმოსახვა რომ უმნიშვნელოვანესი იარაღია ცოდნის მიღების პროცესში, ამაზე აღარავინ არ დაობს. სამწუხაროდ, ბევრი მიიჩნევს, რომ წარმოსახვა მხოლოდ ხელოვნებისა და ლიტერატურის საკუთრებაა. არადა, აინშტაინიც ამბობდა, რომ წარმოსახვა ცოდნაზე მთავარია. ამ გამონათქვამის გასაგებად მოსწავლეებს საშუალებას მივცემდი, საბუნებისმეტყველო საგნებში წარმოსახვის აუცილებლობაზე დაფიქრებულიყვნენ, შევახსენებდი ისეთ მაგალითებს, საიდანაც ნათლად ჩანს, როგორ ივარაუდეს მეცნიერებმა ესა თუ ის მოვლენა იქამდე, სანამ ტექნოლოგია ამ მოსაზრებას საბოლოოდ დაამტკიცებდა (ატომების თეორია და მიკროსკოპი, ჰელიოცენტრიზმი და ტელესკოპი და სხვ.). როდესაც მოსწავლეები დარწმუნდებოდნენ, რომ წარმოსახვის გარეშე თითქმის შეუძლებელია სამეცნიერო ჰიპოთეზის გამოთქმა საბუნებისმეტყველო დარგებში, შემდეგ ისტორიაზე გადავიდოდი. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაც სხვა დარგების მსგავსად ფაქტებს ეფუძნება, ფაქტებს ახსნა სჭირდება. ხშირად სწორედ ფაქტების ახსნისათვის სჭირდებათ ისტორიკოსებს წარმოსახვა. და ბოლოს გაკვეთილს ლიტერატურით (თუ დრო დამრჩებოდა, ხელოვნების დარგებსაც შევეხებოდი) დავასრულებდი. წარმოსახვის გარეშე წარმოუდგენელია მწერალი. იმისათვის რომ შეთხზას, მას ულევი ფანტაზია სჭირდება, თანაც, თუკი უნდა, რომ კარგად შეთხზას, მას წარმოსახვაც ძალიან კარგი უნდა ჰქონდეს. აბა, დაფიქრდით, არტურ კონან დოილისთვის რომ ესაყვედურათ კარგი წარმოსახვის უნარის გამო და იმ პერიოდში ინგლისში ჩადენილი ნებისმიერი მკვლელობა მისთვის დაებრალებინათ. თუმცა ლიტერატურის ისტორიამ არაერთი ასეთი მაგალითი იცის, ზოგიერთი მათგანი ავტორისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა: სოკრატეს სასამართლო პროცესზე არისტოფანეს კომედიის პერსონაჟს დასდეს ბრალი და ფილოსოფოსი სოკრატე მისი, ამ ლიტერატურული პერსონაჟის ცოდვებისთვის გაასამართლეს. ამ საბედისწერო გაუგებრობის გამო არისტოფანეს მკვლევარებს დღემდე უწევთ კომედიოგრაფის დაცვა; ნაბოკოვის „ლოლიტა’ არაერთ ქვეყანაში აიკრძალა, ხოლო მწერალს ბევრმა უბირმა მკითხველმა პედოფილობაც დააბრალა, ეძებდა რა დამთხვევებს რომანის ეპიზოდებსა და მწერლის ცხოვრებას შორის. ფეისბუქის ქართველ მომხმარებელთა ნაწილის ლოგიკითაც, მწერლის კარგი წარმოსახვის უნარი უპირატესობა კი არაა, არამედ მწერალი პერსონაჟებისთვის გამოგონილი ნააზრევისა და ქმედებების გამო ერის წინაშე სცოდავს. რას ვიზამთ, ამავე ლოგიკას თუ მივყვებით, აინშტაინი ყველაზე დიდი ცოდვილი იყო, როდესაც ცოდნაზე მაღლა სწორედ წარმოსახვის უნარს აყენებდა…

და ბოლოს, თუკი ერთ ინტეგრირებულ გაკვეთილს ჩაატარებთ წარმოსახვაზე, შეეცადეთ, თქვენც მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი წარმოსახვა და გაკვეთილი დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ მოსწავლეებისათვის! ჩემი შემდეგი წერილი კი სწორედ მოგონებაზე იქნება…

ბლუმის ტაქსონომია აქტუალობას ინარჩუნებს

0
სპეციალისტებს შორის დღემდე გრძელდება კამათი ბლუმის ტაქსონომიის ნიუანსების ირგვლივ, თუმცა დავას არ იწვევს საგანმანათლებლო პროცესში მისი მნიშვნელოვნება. ახლაც საუბარია ბლუმის ტაქსონომიის მორიგ გააქტიურებაზე, ანუ ბლუმის ტაქსონომია აქტუალობას ინარჩუნებს. უფრო მეტიც, ის გამოიყენება არა მარტო ტრადიციული განათლების ჩარჩოში, არამედ სრულიად ახალ მოდელებში, რომლებიც გვთავაზობენ ინტერაქტიურ განათლებას და მის მიმღებლობას ახალ ტექნოლოგიებში.

ამ თემას ეხება ალან კარინგტონის ბლოგზე (https://www.unity.net.au/allansportfolio/edublog/?p=324)  გამოქვეყნებული  საინტერესო მოდელი სახელწოდებით ,,პედაგოგიური ბორბალი”, რომელშიც ავტორი გვაცნობს  თანხვედრის წერტილებს ბლუმის ტაქსონომიის დონეებსა და ,,I Pad”-ის სასარგებლო დამატებების ჯგუფებს შორის.

მაგალითად, დამახსოვრებისა და გაგების დონისათვის ავტორის აზრით, მშვენივრად გამოდგება ისეთი დამატება, როგორიცაა Facebook, Google Search, Twitter, Blog Docs, Mental Case, DocsToGo, QuizCast, FeedlerRSS და სხვა. გამოყენების დონის განვითარებისა და სრულყოფისათვის –  Evernote, AudioBoo, Explain Everything, Keynote. ანალიტიკური უნარების განვითარებისათვის – Mind Mush, Syrvey Pro, Poplet, Inspiration Maps, Pages, DropVox, Comic Life. სინთეზის უნარს ყველაზე უკეთ WikiNodes, Web to PDF, Share Board, Prompter Pro ავითარებს. ხოლო შეფასებისა და რაიმე ახლის შექმნის უნარი ყველაზე უფრო აქტუალურია ისეთ დამატებებში, როგორიცაა – Creative Book Builder, Interview Assistant, Aurasma, Fotobabble, iMovie, WordPress, Skype, Tapose, Google+, Student Pad…

ბლუმის ტაქსონომია საგანმანათლებლო მიზნების იერარქიული სისტემაა, რომელიც მოღვაწეობის  სამ სფეროს – კოგნიტურს (ვიცი), აფექტურსა (ვგრძნობ) და ფსიქომოტორულს (ვქმნი) – მოიცავს.

მისი მიზანია, პედაგოგების მოტივირება, რომ სწავლების პროცესში მათ ფოკუსირება მოახდინონ სამივე სფეროზე და ამით უზრუნველყონ სწავლების ყველაზე სრულყოფილი ფორმა.

ტაქსონომიის პირველი ნაწილი, რომელიც 1956 წელს გამოქვეყნდა  ნაშრომში,,საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომია – შემეცნების სფერო”, მოიცავს კოგნიტური სფეროს საგანმანათლებლო მიზნებს. იგი მოამზადა მეცნიერთა ჯგუფმა ბენჯამენ ბლუმის ხელმძღვანელობით.

განათლების სფეროში ბლუმის ტაქსონომია მიჩნეულია საბაზო და არსებით თემად. თუმცა, პრაქტიკაში ხშირია ერთგვარი დაბნეულობა ამ თემასთან მიმართებაში. შეიძლება, ეს განაპირობა ტაქსონომიის არსის ინტერპრეტირებული გაგებისა და  გადაცემის ტენდენციამ. თავის დროზე ბლუმი საკუთარ წიგნზე წერდა, რომ ეს იყო ,,ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი და ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კითხვადი წიგნი აშშ-ს პედაგოგიკაში”.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბლუმი და მისი ჯგუფი შეეცადა პასუხი გაეცა კითხვაზე, რომლის პასუხზეც ხშირად უფიქრია უამრავი თაობის უამრავ პედაგოგს: რა მიზანსა და ამოცანებს ისახავს პედაგოგი კლასში შესვლამდე? როგორ არის დაკავშირებული ეს მიზნები და ამოცანები ერთმანეთთან და როგორ შევამოწმოთ, მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს?

ბლუმი შეეცადა ერთიან სისტემაში მოექცია დანაწევრებული მიზნები და ამოცანები. ფაქტია, მან შექმნა თეორია, რომელიც უკვე მესამოცე წელია არ კარგავს აქტუალობას და მწვავე კამათსა და განსჯას აღძრავს მეცნიერთა და პრაქტიკოსთა ახალ-ახალ თაობებში.

ტაქსონომიის განახლებული ვერსია ანდერსონისა და კრატვოლის მიერ 2001 წელს გამოქვეყნდა. ამ ვერსიით კოგნიტურ სფეროში საგანმანათლებლო მიზნების იერარქიას აქვს ორი განზომილება – ცოდნა (4 დონე) და კოგნიტური პროცესები (6 დონე). ეს ვერსია, დარგის სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, უფრო  მოქნილი და ტევადია.

თავის დროზე, ბლუმი შეეცადა საგანმანათლებლო მიზნების სტრუქტურირებით აეგო იერარქია, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერდა ადამიანური აზროვნების დონეებს და მისგან მომდინარე სასწავლო მიზნებს.

ტაქსონომიის მიხედვით, თითოეული დონის შესაბამისად, გარკვეული მიზნების გათვალისწინებით შესაძლებელია ამოცანათა ნაკრების შეთავაზება. ეს პედაგოგისათვის ხელსაყრელ ჩარჩოს წარმოადგენს მუშაობის თანმიმდევრულად დასაგეგმავად.

მაგალითად, ცოდნა (დამახსოვრება) – ამ დონეს შეესაბამება ამოცანები, რომელთა ფორმულირებისთვის შემოთავაზებულია  შემდეგი ზმნები: დაიმახსოვრეთ, გაიმეორეთ, ჩამოთვალეთ, დაასახელეთ, ჩამოწერეთ, მოახდინეთ იმიტირება, განსაზღვრეთ, ისწავლეთ…

გაგების შეაბამისი ამოცანების შესადგენად გამოიყენება ზმნები: ახსენით, აღწერეთ, განსაზღვრეთ, განიხილეთ, მოახდინეთ ფორმულირება, ილუსტრირება, დემონსტრირება…

გამოყენებისაკენ მიმართული ამოცანები ფორმულირდება ზმნებით: გადაწყვეტა, დაგეგმვა, ახსნა, გამოსახვა, ექსპერიმენტირება, ვარჯიში, ჩვენება, დასაბუთება, გამოყენება, სწავლება-დემონსტრირება…

ანალიტიკური შესაძლებლობები ფორმულირდება ისეთი ამოცანებით, რომლის საკვანძო ზმნებია: გამოკვლევა, შედარება, შეპირისპირება, დანაწევრება, განასხვავეთ, ინტერპრეტირება, ანალიზი, დაჯგუფება, ამორჩევა, გამოყოფა, კლასიფიცირება…

თავის მხრივ, სინთეზის უნარი ვითარდება ამოცანებით, რომელიც ფორმულირდება შედგენის, შეთხზვის, კონსტრუირების, წარმოსახვის,ფორმულირების, გამოსახვის შესაბამისი ამოცანებით.

უკანასკნელი დონე მიმართულია დამოუკიდებელ ინტელექტუალურ საქმიანობაზე და ითხოვს შეფასების, გამართლების, მხარდაჭერის, რეკომენდირების, კრიტიკის, დასკვნის გაკეთების უნარებს.

ამავდროულად კოგნიტური პირამიდის ყველა დონე , ბლუმის მიხედვით, ემყარება წინა დონეს ან დონეებს. ყველაფრის საფუძველი არის ცოდნა (დამახსოვრება), ხოლო კოგნიტური უნარებისა და ასევე საგანმანათლებლო მიზნების უმაღლესი წერტილია დამოუკიდებელი შეფასების უნარი.

ერთი შეხედვით იდეა ცხადია: დამახსოვრებისა და ცოდნის გარეშე შეუძლებელია გაგება, მის გარეშე კი – გამოყენება. საწყისი დონეების დაძლევის გარეშე კი შეუძლებელია ანალიზი და სინთეზი. ყველა დასახელებულის გარეშე კი წარმოუდგენელია ფაქტებისა და მოვლენების შემოქმედებითი შეფასება.

მაგრამ ოპონენტთა აზრით, სწორედ აქ იმალება ბლუმის ტაქსონომიის ხარვეზი. უხეშად რომ ვთქვათ, ამ იერარქიაში ერთმანეთშია აღრეული სხვადასხვა კატეგორიის ცნებები. სახელდობრ, სწავლების კონკრეტული შედეგები (დამახსოვრება, გაგება, გამოყენება) და აზროვნებითი ოპერაციები, აუცილებელი ამ შედეგების (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) მისაღწევად.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს გაურკვევლობა ხელს არ უშლის სხვადასხვა ქვეყნების პედაგოგებს, შეთავაზებული იერარქიის გამოყენებით შექმნან გააზრებული და სისტემატიზებული ამოცანები, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაზე. ზემოთ დასახელებული ,,პედაგოგიური ბორბლის” ვერსიაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ბლუმის ტაქსონომია ახალ გარემოებებშიც არ კარგავს აქტუალობას. 

უჩინარი ბავშვების ამბები

0

ადრე ერთ გოგოზე დავწერე, დედა სხვა ბავშვებთან თამაშს რომ უკრძალავდა. დაასეირნებდა დიდ შავ პლუშის დათუნიას კორპუსების გარშემო და სკვერში ფეხს არ დგამდა, ვიდრე ყველა ბავშვი არ წავიდოდა შინ.

 

 

ის პატარა გოგო მერე ბებოსთან ერთად შემხვდა, გულზე ახალი პლუშის სათამაშო მიეხუტებინა და ცდილობდა, ბებოს ხელიდან დასხლტომოდა. „გაჩერდი, გაჩერდი!” – ეუბნებოდა ბებია და მაგრად უჭერდა ხელს პატარა თითებზე.

ზაფხულის არდადეგებს სოფელში ვატარებთ. ყველაზე ბედნიერი დღეები სწორედ აქ მაქვს გატარებული. დილიდან ეზოში გამოვეფინებით და მთებიდან მონაბერ ჰაერს ვისუნთქავთ. ნაშუადღევს, ვიდრე ბავშვებს სძინავთ, თაროზე საყვარელ წიგნებს დავეძებ და მათ წაკითხვას ვცდილობ, საღამოობით კი მდინარეზე დავდივართ. არაფერი ისე არ ახარებს ბავშვის გულს, როგორც გავარვარებული, ცხელი დღის შემდეგ თანატოლებთან ერთად მთის მდინარეში გაგრილება და სილაში კოტრიალი, მერე კი სილისგან შავი „ნამცხვრების” ცხობა და მდინარის ყველაზე სწრაფი შენაკადიდან დაშვება.

მდინარის პირას ახალგაზრდა ქალი და პატარა ბიჭუნა დგანან. დედას მაგრად ჩაუკიდია შვილისთვის ხელი. სხვა ბავშვები წყალში ხტებიან და მხიარულობენ, იციანიან, ერთმანეთს ეხუმრებიან… ბიჭს დათუნა ჰქვია. დათუნა წყლისკენ იქაჩება, მაგრამ დედის ძლიერ ხელს მაგრად უჭირავს და წყალში ჩასვლის უფლებას არ აძლევს.

მდინარეზე თითქმის ყოველდღე დავდივართ და ამ დედა–შვილსაც ხშირად ვხედავ. დგანან ასე ხელიხელჩაკიდებულები, ვიდრე სხვა ბავშვები წყალში ჭყუმპალაობენ.

ჩვენ პატარა მწვანე, პოკემონებიანი საცურაო კამერა გვაქვს. დათუნას მოსწონს ჩვენი კამერა, მოდის ჩვენთან და დიალოგის წამოწყებას ცდილობს. დედა უკან მოჰყვება და აჩუმებს, ლაპარაკს არ აცლის. სახის მარჯვენა მხარე ბიჭს დაკაწრული აქვს. ეზოში იტკინაო, გვიხსნის დედა, ძალიან ცელქიაო. დათუნას ჩვენთან მეგობრობა უნდა, მაგრამ ისევ არ აცლიან ლაპარაკს და თითებზე მაგრად უჭერენ ხელს. დედა–შვილი ჩვეულ ადგილს უბრუნდება და იქიდან აგრძელებს მოთამაშე ბავშვების ყურებას.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ასეთ დროს როგორ მოვიქცე. მიჭირს, მივიდე ბავშვების მშობლებთან და პირდაპირ ვუთხრა, რომ დათუნასაც და მარიამსაც სხვა ბავშვებივით აქვთ უფლება, როგორც უნდათ, ისე ითამაშონ, რამდენიც უნდათ, იმდენი იხტუნონ, იმღერონ სიმღერები, რომლებიც მოსწონთ, გამოთქვან თავიანთი აზრი, გამოხატონ ემოცია და ამაში არავინ შეუშალოს ხელი. რომ არც მათ, არც მათ შვილებს არაფერი დაუშავებიათ და დროს ნუ დაკარგავენ იმაზე ფიქრში, ჩვენ რას ვიფიქრებთ მათზე, ან რას ვიტყვით, ან როგორ შევხედავთ და ამ შიშის გამო არასოდეს მოუჭირონ ხელი მაგრად თავიანთ შვილებს, როდესაც ისინი დამოუკიდებლად თამაშს და სხვებთან ურთიერთობას მოინდომებენ.

სირცხვილი არ არის, როდესაც მათ შვილებს პოკემონებიანი საცურაო კამერები მოსწონთ და საკუთარი ამბების მოყოლას იწყებენ, ან სხვა ბავშვებთან ერთად თამაში და სატვირთოს ძარაზე ნიჩბებით სილის დაყრა უნდათ, ან სულაც საუბარი ურჩევნიათ ყველაფერს… მშობლების დარცხვენა მათი საქციელის გამო ასუსტებს და საკუთარ თავში აეჭვებს ამ პატარებს, რომლებიც მთელი გულით ითხოვენ გარე სამყაროსთან ურთიერთობას, ცდილობენ, მიიღონ ახალი გამოცდილება და თავიანთ თავში არ ჩაიკეტონ.

თუმცა მშობლების შიში არც ისე გაუგებარია – ისინი ხომ თავიანთი პატარების დაცვას ცდილობენ, ეშინიათ, მათ ვინმემ არ ატკინოს გული, არ დასცინოს და გარიყოს. კეთილი მიზნები ამოძრავებთ, როდესაც ფარივით გადაეფარებიან ხოლმე შვილებს, სინამდვილეში კი ამით უფრო მეტად უწყობენ ხელს მათ იზოლაციას.

„…სამაგიეროდ, მეორე გვყავს ძალიან კარგი”, – მეუბნება დიდი ხნის უნახავი ბავშვობის მეგობრის დედა. ჩემი მეგობარი მრავალი წელია არ მინახავს. არც მისი შვილები მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ უფროსი გოგონა სამშობიარო ტრავმით დაიბადა, დამოუკიდებლად ვერ დადის და ლაპარაკიც უჭირს. ერთადერთი სივრცე, სადაც ერთმანეთის შესახებ რამეს ვიგებთ, ინტერნეტია. ფოტოებზე ჩემი მეგობრის მხოლოდ ერთი შვილი ჩანს, მხოლოდ ის არის მშობლებთან ერთად ატრაქციონებზე, გასართობ პარკში, მხოლოდ მისი დაბადების დღის ამსახველ ფოტოებს ათავსებს ოჯახი სოციალურ ქსელში…

ასეთია იმ ბავშვების ამბები, რომლებიც გარემოებათა გამო ხშირად ჩვენი თვალთახედვის არიდან უჩინარდებიან. ბავშვებისა, რომლებიც დღითი დღე უფრო და უფრო ირიყებიან საზოგადოებისგან, რადგან არც ოჯახმა, არც საზოგადოებამ არ იციან მათი ძირითადი უფლების შესახებ – იყვნენ ყველასათვის ხილულნი.

არდადეგების ექო გაკვეთილზე

0
გრილ სექტემბერში ყველანი ცხელი ზაფხულიდან მოვდივართ. მოსწავლეთათვის ეს ყველაზე დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი დროა _ ზაფხულის არდადეგები. ზაფხული თავბრუდამხვევი თავგადასავლების დროა. ეს დრო გრძელი და სავსეა მზით, ზღვით, მთებითა და ჰაერით _ განსხვავებული და ფერადოვანი  შთაბეჭდილებებით_ რომლებსაც ზოგი უცხო ქალაქების ნახვით იღებს, ზოგი  _ უცხო სოფლების, ახალი ადამიანების გაცნობითა და დამეგობრებით. ზოგი რეალურად მოგზაურობს, ზოგი კი  _ წიგნების სამყაროში. ორივე გამოცდილების დიდი წყაროა ბავშვებისთვის. ყველას აქვს სურვილი, არდადეგების შესახებ უამბოს თანატოლებს. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მასწავლებელი მოსწავლეებს ამის შესაძლებლობას მისცემს.  დღეს ტექნოლოგიები უამრავ საშუალებას იძლევიან, რომ შენი შთაბეჭდილება სხვებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს, გაუზიარო_ ეს იქნება სოციალური ქსელები თუ ბლოგები. ამ წერილის წერისას სწორედ ამ ბლოგებს გადავხედე და საინტერესო ჩანაწერებს გადავაწყდი. ისიც წავიკითხე, რომ მოსწავლეობის დროს ზოგს მაინცდამაინც არ მოსწონდა, როდესაც მასწავლებელი პირველ გაკვეთილზე ტრადიციულ თემას აწერინებდა: როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები. რატომღაც, ამ თემის წერისას არ არიან ბავშვები გულწრფელნი, ხანდახან შინ წინასწარ საგულდაგულოდ მომზადებულ თემასაც იზეპირებენ და მერე იმას წერენ – მოსაჩვენებლად, თავმოსაწონებლად. შეიძლება გამოგონილი ისტორიაც იყოს, რომელიც თავისთვად შეიძლება ურიგო არ იყოს, მაგრამ ხელოვნურობის იერი მაინც დაჰკრავდეს. არადა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სწორედაც გულწრფელობა, რომელიც ადამიანს ეხმარება, როგორც საკუთარი თავის, ასევე ადამიანებისა და სამყაროს შეცნობაში. ეს ყოველივე ხომ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებსა და ნიუანსებში მჟღავნდება. სწორედ ამ ნიუანსებშია ჩამალული ზაფხულის მთელი გემო და სურნელი, ის განუმეორებელი არომატები, რომლებიც გამოთქმის თანავე იფანტებიან და თითქოს უკვალოდ ქრებიან.
გთავაზობთ რამდენიმე სასწავლო სტრატეგიას, რომლებიც შეიძლება სასწავლო წლის დასაწყისში გამოიყენოთ.
ჩემი მეგობრის ისტორია
ბავშვები დასხით წყვილებად და მიეცით დრო დამოუკიდებლად იმუშავონ. ერთმანეთს უამბონ, სად და როგორ გაატარეს ზაფხული. ჯერ ერთმა ჩანიშნოს პირველის ნაამბობის დეტალები, მერე _ მეორემ. დანიშნული დროის გასვლის შემდეგ კი წყვილიდან ჯერ ერთი გამოვიდეს და მეწყვილის არდადეგების შესახებ მოყვეს, მერე _მეორე.
ნახატებით გადმოცემული შთაბეჭდილებები
შეიძლება წყვილის წევრებს შესთავაზოთ, რაიმე დახატონ ერთმანეთის ნაამბობის შესახებ და შემდეგ ამ ნახატის საშუალებით იმსჯელონ. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, რომ ხატვა შეეძლოთ, შეიძლება შტრიხებისა და ნიშნების საშუალებითაც გადმოიცეს სათქმელი. ამ დროს ხომ ყველაფერი იმაზეა  დამოკიდებული, ნახატს როგორი მონაყოლით შეავსებს ავტორი.
არდადეგები სლაიდშოუთი
შეიძლება არდადეგების დაწყებისას დაავალოთ მოსწავლეებს ზაფხულში გადაღებული ფოტოების მიხედვით სლაიდშოუები მოამზადონ_ სურვილისამებრ. მერე კლასს გაუზიარონ. ეს დავალება იმით არის კარგი, რომ შესაბამის პროგრამებს მოძებნიან და ისწავლიან, კეთების პროცესში კი შემოქმედებით უნარებს განავითარებენ.
შინგაუსვლელი არდადეგები

შეიძლება ბავშვი არსადაც არ წაიყვანონ ზაფხულში, მაგრამ ეზოში მოწყობილ აუზშიც შვენიერი დრო გაატაროს. თავგადასავლები აქაც არანაკლები შეიძლება იყოს, მთავარია, ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა, მცირე დეტალები გაიხსენოს, მეგობარ ხატიას ან ნიკას  სასაცილო აბებს მოყვეს.
მასწავლებლის არადედეგები
შეიძლება მასწავლებელმაც მოამზადოს სლაიდშოუ თავისი არდადეგების შესახებ, ან ორიოდე სიტყვით უამბოს_ სახალისო ისტორიების ჩართვით. ერთი წუთის განმავლობაში წაკითხული წიგნის შესახებაც უთხრას ორიოდე სიტყვა.
წაკითხული წიგნები
კარგი იქნება, თუ არდადეგების შემდეგ წაკითხული წიგნების პრეზენტაციებიც გაიმართება. ეს რომ არ იყოს მოსაწყენი და მოსწავლეებმა მხოლოდ ერთმანეთის მონოლოგებს არ უსმინონ, ზემოთ ნახსენები მეთოდი აქაც შეიძლება გამოიყენოთ.
წყვილებში ერთმანეთს უმბონ, რა წაიკითხეს, რა მოეწონათ და შემდეგ მეწყვილემ წარმოადგინოს. ასე უკეთესად მოუსმენენ ერთმანეთს, უფრო დაინტერესდებიან და  ახალი წიგნის წაკითხვის სურვილი გაუჩნდებათ. 

სხვა სტრატეგიები
შეიძლება წინასწარ, გაკვეთილის დასაწყისში, სურვილისამებრ, მოსწავლეების დანაწილება იმის მიხედვით, ვის რა გზით რა შთაბეჭდილება უნდა, რომ გადმოსცეს. მაგალითად, ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ მოსწავლეები, რომელთაც არდადეგები სოფელში გაატარეს, ერთად _ რომელთაც იმოგზაურეს და ა. შ. შემდეგ ჯგუფში გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ერთი _ ჯგუფის მიერვე შერჩეული პრეზენტატორი _ გამოვიდეს და ყველას ნაამბობიდან შერჩეული ეპიზოდები წარმოადგინოს. 

ჩვენ ვსწავლობთ ქართულს

0
არდადეგებზე  მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლაში ბავშვები და პედაგოგები კვირაში ორჯერ  ,,რესურსოთახში” იკრიბებოდნენ. შეკრების მიზანი ქართულის სწავლა და მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრირება იყო. ეს პროექტი პროგრამა ,,მომავლის თაობის” ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია შიბდიროვია. ნათიას კოლეგები: ზამელი მეშველიანი, ინგა თირქია და თეა ნებიერიძე ეხმარებოდნენ. 

სკოლაში 400 მოსწავლეა, მათგან 300 ეთნიკურად აზერბაიჯანელია, 100 _ ქართველი. სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს. ოჯახში აზერბაიჯანელი ბავშვები მშობლიურ ენას იყენებენ, თურქულ და აზერბაიჯანულ ტელეარხებს უყურებენ. ზაფხულის არდადეგები საკმარისი დროა იმისათვის, რომ ქართული სიტყვების მცირე და განუმტკიცებელი  მარაგი დავიწყებას მიეცეს, მით უმეტეს, პატარებში. ახალი სასწავლო წლიდან ისევ თავიდან იწყება ყველაფერი, ბავშვებს სასწავლო ენაზე კომუნიკაციის  პრობლემა უღრმავდებათ, რაც სწავლის ხარისხზე მოქმედებს.

_გაკვეთილზე, როცა ახალ მასალაზე მუშაობ, ან თუნდაც განვლილ საკითხებზე მსჯელობ, თვალნათლივ ხედავ, რომ აზერბაიჯანელ ბავშვებს უჭირთ აზრის გამოთქმა, მსჯელობა, არა იმიტომ, რომ სათქმელი არ აქვთ, ან სხვაზე ნაკლებ შეუძლიათ ანალიზი, შეფასება, არამედ, იმიტომ, რომ უჭირთ ქართულად მეტყველება, ლექსიკური მარაგი ნაკლები აქვთ, ან სიტყვების მნიშვნელობა ბოლომდე არ ესმით. მე თავად ეთნიკურად ასირიელი ვარ და გამოცდილებითაც ვიცი,  თავის დამკვიდრებისთვის, განათლების მიღებისათვის და კარიერული წინსვლისათვის, რამდენად აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა. მინდოდა, ჩვენს მოსწავლეებსაც დავხმარებოდი, რომ ეს ბარიერი დაეძლიათ. ამიტომაც, როცა საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, პროექტი ამ თემაზე მოვამზადე. _ გვიხსნის ნათია შიბდიროვი. 


… სამუშაო დღეს ,,რესურსოთახი” თანდათან ივსება გოგო-ბიჭებით, ზოგს დედა მოსდევს, ზოგს _ ბებია…

_ პროექტით ერთ ჯგუფთან უნდა გვემუშავა, მაგრამ მსურველები იყვნენ, თან ბავშვებმა სხვადასხვა დონეზე იცოდნენ ქართული.  ჩავატარეთ ტესტირება და ცოდნის დონის მიხედვით შევქმენით ორი ჯგუფი.   ვინც ახლოს ცხოვრობს, მეცადინეობაზე მარტო მოდის, სხვებს უფროსები მოჰყვებიან და თავადაც ყურადღებით უსმენენ. აი, ამ ბებიამ ერთი ბავშვი, რომ მოიყვანა და მოგვისმინა, მეორე შეხვედრაზე უკვე უმცროსი შვილიშვილიც მოიყოლა, რომელიც ახლა უნდა მოვიდეს სკოლაში და გვთხოვა ისიც დაგესწრებათო. რა თქმა უნდა, დავთანხმდით. 

ოთახის კედლებზე გამოფენილ  ფერად ნახატებს გვერდით დიდი ზომის შრიფტით დაბეჭდილი ტექსტიც ახლავს. მაგიდაზე ფერადი საბავშვო წიგნებია. ეს რესურსი ძალიან ეხმარება ბავშვებს. სკოლის დირექტორმა ირმა ალანიამ განათლების სამინისტროს კონკურსისათვის მოამზადა პროექტი წიგნიერების დონის ამაღლების ხელშესაწყობად და ეს რესურსიც ამ პროექტით მოიძიეს.  ქალბატონი ირმა ზაფხულის სკოლას აქტიურად უჭერდა მხარს და ხშირად ესწრებოდა მეცადინეობებს.  აქტივობები მრავალფეროვანი ჰქონდათ, მეთოდებსაც ერთმანეთს უნაცვლებენ, რომ სწავლა სახალისო ყოფილიყო.  წინასწარ შერჩეულ ქართულ მულტფილმებს მოკლე-მოკლე ნაწილებად აჩვენებდნენ, ყოველი ნაწილის შემდეგ ჩერდებოდნენ და  კითხვებით აზუსტებდნენ, თუ როგორ გაიგეს შინაარსი ბავშვებმა. რას შეეხებოდა ფილმი, რომელი სიტყვა იყო უცნობი, იქვე ხდებოდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მერე აგრძელებდნენ… ბოლო კითხვები  კრიტიკული აზროვნების განვითარებას და შემოქმედებითობას უწყობდა ხელს, რადგან მოსწავლეებს თავიანთი მოსაზრებები, შეფასებები და ვერსიები უნდა გაეზიარებინათ. ჩვენი სტუმრობის დღეს ქართული ნახატი ფილმი ,,მტრობა” უნდა ენახათ. პატარა მაყურებლები  დიდ მოლოდინში იყვნენ.

_ კითხვის აქტივობებიც გვაქვს, რომ ბავშვებმა ეს კომპეტენციაც განივითარონ. ვკითხულობთ ზღაპრებს. ყველა ხერხს მივმართავთ, რომ სიტყვები გასაგები გავხადო მათთვის. ერთხელ მარტო ვიყავი და ვერ ავუხსენი რა იყო ,,ცხვარი” და ბოლოს, ხმა გამოვაჯავრე, მაშინვე მიხვდნენ  და თან გამხიარულდნენ, ბევრი იცინეს. პროექტის ეფექტურობას ისიც უწყობს ხელს, რომ ჩემმა კოლეგამ თეა ნებიერიძემ იცის აზერბაიჯანული ენა და ეს ძალიან გვეხმარება. მეცადინეობებში ჩართულია  უფროსკლასელი  ჰეგანა მამედოვა, რომელიც წარმატებული მოსწავლეა და ამასთან ჩვენი სამოქალაქო კლუბ ,,სუფთა მწვანის” ერთერთი ლიდერია. ჰეგანა უთარგმნის ბავშვებს გაუგებარ სიტყვებს და ძალიან ეხმარება მათ. თავიდან  მორცხვობდნენ, ახლა უკვე უცნობ სიტყვაზე მაშინვე კითხულობენ, რას ნიშნავსო… მერე  ერთმანეთს უხსნიან. მონიტორინგისათვის შედგენილი გვაქვს პატარ-პატარა ტესტები, რომ შედეგებს თვალი მივადევნოთ._ გვიამბო ნათიამ.

პატარების სახეებსა და თვალებში, იმდენი განცდა მონაცვლეობდა, როცა ფილმს უყურებდნენ,   სურათებს აღწერდნენ,  კითხულობდნენ თუ ემოციურად უხსნიდნენ უფროსებს, რატომ არის მტრობა ცუდი, რომ დასკვნა იოლი იყო: მრავალმხრივ სასიკეთო საქმე გაკეთდა ამ ზაფხულის  სკოლაში: აზერბაიჯანელი ბავშვების სამოქალაქო ინტეგრაციის, მშობლებთან კომუნიკაციის, სწავლის ხარისხის გაუმჯობესების, პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით და ბოლოს, იმ მიმართულებით, რომ ამ ეგრეთწოდებულ, რესურსოთახში რეალური ნაბიჯები გადაიდგა ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ციხისძირის სკოლა მოსწავლეთა ეთნიკურ მრავალფეროვნებას რესურსად იყენებს.

ნათია შიბდიროვს, დამთავრებული აქვს სულხან-საბას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი; აქვს რვაწლიანი პედაგოგიური გამოცდილება. სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მოუსვენარი და მაძიებელი ადამიანია. სწორად აფასებს სასკოლო თემის საჭიროებებს და პრობლემების მოგვარების გზებსაც ეძებს. ნათიას ინიციატივით, სამოქალაქო კლუბმა ნაადრევი ქორწინების თემა გაააქტიურა სკოლაში. მოიძიეს სტატისტიკა, მოიძიეს ნაადრევი ქორწინების ნეგატიური შედეგები, ჩაატარეს გამოკითხვა თემში და ცნობიერების ასამაღლებლად დაამზადეს ბუკლეტები, ჩაატარეს კონფერენცია, მოიწვიეს ექიმი, სამართალდამცველები, თვითმმართველობა, მშობლები… ანუ პრობლემას კომპლექსურად მიუდგნენ და ახალგაზრდებში ცნობიერების ცვლილებასაც მიაღწიეს. 

_ნათია, როგორ ფიქრობთ,  ზაფხულის სკოლამ  რა შედეგზე გაგიყვანთ?

_  ჩვენ უკვე ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ეს პროცესი პროექტთან ერთად არ დამთავრდება და რესურსოთახი სკოლაში იმუშავებს, ჩვენ ასე ვაპირებთ, რომ შაბათ-კვირას გაგრძელდეს მუშაობა.. შედეგი არის ის, რომ ბავშვები ხალისით მოდიოდნენ, ახლაც მონდომებულები არიან, მიღებული ცოდნა და უნარები ახალი სასწავლო წლიდან ყველა საგანში დაეხმარებათ. ეს ჩვენც გვიმაღლებს მოტივაციას. როცა ამ იდეაზე ფიქრი დავიწყე, იმ პერიოდში  ასურელ ბავშვებს ესროდნენ. მე ჩემი თემის წევრებთან და სხვა მოქალაქეებთან ერთად ვაპროტესტებდი ბავშვებზე თავდასხმებს.   ბევრმა აზერბაიჯანელმა მოსწავლემ  თანაგრძნობა გამომიცხადა და აქციაზე წამოსვლის სურვილიც გამოთქვა. ცხადია, არ მივიჩნიე მიზანშეწონილად ბავშვების მონაწილეობა აქციებში, მაგრამ ერთი ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარული და მზრუნველობა გადაარჩენს ადამიანებს, ურთიერთობებს. ეს მჯერა და ამიტომაც ჩემი ზაფხულის დრო სიამოვნებით დავუთმე ამ პროექტს. მიხარია, რომ დირექტორისგან, კოლეგებისგან სრული მხარდაჭერა მაქვს.   

_ მტრობა ცუდია, ცუდი ამბები მოსდევს, სიყვარული კარგია… _ჩამარცვლით კითხულობს პატარა ბიჭი. 

საპირველსექტემბროდ

0
1994 წელი და ჩემი პირველი სექტემბერი. თითქმის ექვსი წლის, კლასში ასაკითაც და ტანითაც ყველაზე პატარა, თავზე – თმის დიდი გრაგნილით, გრაგნილში – გედის ბუმბულებით, დედის შეკერილი ლურჯი ფრიალა ბალერინის კაბით, ფერადი ჩანთით, ციცქნა სახეზე – დიდი თვალებით და თვალებში – დიდი მოლოდინით, დაზეპირებული ლექსებით და მინდვრის ყვავილებით მივადექი ჩემი საკლასო ოთახის კარს. კარი თეთრი იყო, შემინული, საგულდაგულოდ შეღებილი, შიგნიდან – რკინის საკეტით, გარედან – დიდი ბოქლომით. საინტერესო ისაა, რომ მთელი იმ თერთმეტი წლიდან, რაც სკოლაში გავატარე, ყველაზე ნათლად დაწყებითი კლასები და იქ გადამხდარი ამბები მახსოვს. მახსოვს ჩემი პირველი, შავი და ნესტიანი საკლასო ოთახი პირველ სართულზე, ქურდებისგან თავის დასაცავად ფანჯრებზე აკრული გისოსები, მერხი, რომელთანაც ვიჯექი და მერხები, რომლებთანაც ჩემი თანაკლასელები ისხდნენ. მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი, მწვანე დაფა და აგურის ცარცი, გაჭვარტლული ღუმელი და მისი ანთებისას უფრო მეტად გაჭვარტლული მასწავლებელი. მახსოვს პარალელური კლასი კედლის მეორე მხარეს, დიდი ლანგარი და იმ ლანგარზე საზეიმოდ დაწყობილი და ორმაგად საზეიმო ვითარებაში გადმოცემული თითო ნაჭერი პური! და ეს სულაც არ არის სასაცილო – იმდროინდელი მთავრობა დიდად ამაყობდა ამ სოცილური პროექტით. მუქი წითელი ჯემიც იყო, მახსოვს, მაგრამ ამას გუბერნატორი უზრუნველყოფდა, დირექცია თუ მასწავლებელი, არ ვიცი. მახსოვს პირველი ინსტრუქციებიც – თუ გარეთ გასვლა გვსურს, ვიწევთ ხელს და მივყვებით მასწავლებელს. ხანდახან ვისვენებთ – ხელს ვავარჯიშებთ ან თავს მერხზე ვდებთ. ახლა – ლექსები, მერე – კიდევ ლექსები და მერე – ბევრი „ქება”.

ფრიად „მომზადებული” ვიყავი – დედაჩემი დიდად გაისარჯა და გულმოდგინედ დამაზეპირებინა უამრავი სტროფი „ვეფხისტყაოსნიდან”. ერთი რვეული გამავსებინა ნაწერით და მშობლებთან ერთად კარის ჭუჭრუტანიდან უყურებდა ჩემს პირველ წარმატებას. მასწავლებლის კითხვაზე, აბა, კიდევ ვის სურს ლექსის თქმაო, მთელი შემართებით ავიწიე ხელი და ნაცვლად დაპირებული მონოლოგისა, გარეთ გამოვვარდი: „დეე, ის ლექსი როგორ იწყება?” „არა უშავს, ჯერ პატარაა”, – დაამშვიდეს მშობლებმა J საღამოს შინ კიდევ ერთხელ გავიმეორე „ვეფხისტყაოსანი”: „იყო არაბეთს როსტევან…” ჰო, ავთანდილის ანდერძიც.

საკლასო ოთახი მორთული არ დამხვედრია, უბრალოდ, სუფთა იყო და კრიალა. ნესტის სუნით გაჟღენთილი, დაბურული, მაგრამ გულმოდგინედ დალაგებული. ისიც მახსოვს, როგორ ველოდი ამ დღეს, როგორ მშურდა იმ ბავშვების, ვინც უკვე დადიოდა სკოლაში. ერთი მათგანის ოთხკუთხედი ჩანთაც მახსოვს, კატის ყურები რომ ჰქონდა მიხატული. ინტერესით შევცქეროდი იმ ჩანთიდან ამოჩრილ წიგნებს და ირონიულად ნათქვამ „ნახავ, რა მალე მოგბეზრდებაზე” თვალებს დავაკვესებდი ხოლმე. ჩემი პირველი „დედა ენაც” მახსოვს, პირველი რვეულიც, პირველი ხუთიანიც, გულმოდგინედ ვერდამალული სამიანიც და იმ სიმღერების ტექსტებიც, მუსიკის გაკვეთილზე რომ გვამღერებდნენ დაფასთან.

მეორე მერხზე ვიჯექი. ჩემ უკან – ჩემი საუკეთესო მეგობარი. მახსოვს, გულმოდგინედ ამოალაგა ჩანთიდან წიგნები, მიუხედავად მასწავლებლის გაფრთხილებისა, დღეს არაფერი დაგვჭირდებაო. მრგვალი პენალიც მიუდო გვერდით. პენალში ფანქრები და კალმები ეწყო. მე აღვფრთოვანდი – რა მოწესრიგებულია–მეთქი. იმ დღესვე გადავწყვიტე: „ჩემი მეგობარია!..” ახლა, ამ წერილს რომ ვწერ, ვეკითხები: რა გახსოვს იმ პირველი სექტემბრიდან? ჩემი მოგონებები აღარ მყოფნის, შენიც შემომაშველე–მეთქი. მპასუხობს: როგორ არ გახსოვს დღის დასასრული – საზეიმოდ მოწვეული ქალაქის ფოტოგრაფი, ერთობლივი ფოტოები, წითელ ალბომებში რომ ჩაგვიკრესო? ან ის, ინდივიდუალურ ფოტოებში ყველას ერთნაირი, მასწავლებლის მიერ საგულდაგულოდ ამორჩეული  ჩანთა რომ გვიჭირავს – დიდია და ფერადი, ფოტოში კარგად გამოჩნდებაო? ჩვენი კლასის სიაც გამომიგზავნა. მაინც როგორ გვახსოვს ეს პირველი სექტემბერი!

წითელი ვაშლი გაგორდა, თამთა სკოლაში გარბოდა! ვაშლი არც მაშინ მყვარებია და არც ახლა მიყვარს. ბებიის მიერ ამოჩემებული ამ ლექსის გაგონებაზე კი წარმოვიდგენდი, როგორ მივდევ ვაშლს, რომელიც ჯადოსნური ძალით მიგორავს სრულიად სწორ ზედაპირზე – ჩემი სკოლის ეზოში – და თეთრ კარში შევდივარ. ის ლურჯი კაბა მაცვია, ოღონდ თეთრი წინსაფრით – „დედა ენიდან” ნასწავლი პირველი მოთხრობის გმირს რომ ეკეთა. იმ თეთრ კარში, რომლის მიღმაც პატარა ბავშვებმა დიდი ცხოვრება დავიწყეთ.

მერე რა იყო? მეორე, მესამე, მეოთხე და მომდევნო დღეებში ცოტა მომბეზრდა, ცოტა შემცივდა, ცოტა გამიკვირდა და ბევრი ვერ გავიგე, ცოტა მეწყინა ან უფრო ამეტირა. ბევრი რამ იყო კიდევ და ბევრზე ბევრი ცოტა. მაგრამ პირველ დღეს – ყველაფერი განსაკუთრებული, ახლის მოლოდინი, ხუთი წლის ბავშვის მომავალში ფრთხილად შებიჯება. სიხარული – ყველაზე მეტი და ღიმილიც ჩუმ–ჩუმად. სიხარული, ახლაც რომაა, ისეთი – სიცივის, ნესტის, სიმკაცრის, ცოტა უსამართლობის მიუხედავად, მაგრამ იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. მე ნამდვილად ვიყავი და ის წლებიც ნამდვილი იყო, რაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, პატარებო, პატარა დიდებო და კიდევ უფრო დიდებო! თქვენც გილოცავთ, იმ შავბნელდროგამოვლილო, ერთ დროს სახეგაჭვარტლულო და მაინც საქმისთვის თავდადებულო მასწავლებლებო.

მაინც როგორ გვახსოვს ეს პირველი სექტემბერი!..

„გზაში ვარ და მივდივარ…“

0
პოეზიის სწავლება ადვილი არ არის… ერთია, რომ ლექსი კარგია, მხატვრულია და მეორე, ამ ტექსტით გამოხატული აზრი, გრძნობა ან ემოცია, რამდენად შეიძლება შენი იყოს ან როგორ შეიძლება აქციო „შენად”.
ამიტომ მასწავლებელებს ვთავაზობ საინტერესო პოსტმოდერნისტულ ლიტერატურულ თამაშს, როგორ უნდა შექმნან მოსწავლეებმა ტექსტებთან დიალოგი… ეძებონ კითხვები და არა პასუხები…
რაღაც კითხვებზე პასუხები უკვე არსებობს ყველა პოეტის შემოქმედებაში, ამიტომ მოსწავლეები ჯერ კითხულობენ რომელიმე პოეტის პოეზიას, მერე მათთვის საინტერესო ციტატებს მონიშნავენ და ამის შემდეგ იწყებენ არსებულ პასუხებზე კითხვების შედგენას, თან შეუძლიათ, რომ ამ კითხვებს გარკვეული სიუჟეტი გამოუძებნონ.
ამ გზით მოსწავლეები უკეთ ეცნობიან და იმახსოვრებენ პოეტის შემოქმედებას, ავარჯიშებენ აზროვნების განსხვავებულ ფოკუსს, ორიენტირებულები არიან საკუთარ შინაგან კითხვებზე და უფრო მეტს ფიქრობენ პოეტის „პასუხებზე”, რადგან ხდებიან თანაშემოქმედები.
ვითარდება მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები, ისინი ეძებენ და ქმნიან კითხვებით სიუჟეტებს, ამონტაჟებენ პოეტურ ტექსტებს და ქმნიან მოდელირებულ დიალოგს.
ამგვარი დამონტაჟებით ტექსტები იძენენ ახალ სემიოტიკურ განზომილებას, როცა ერთი წიგნიდან 20 მოსწავლე 20 განსხვავებულ დიალოგს შექმნის.
მოკლედ, საინტერესო სემიოტიკური თამაშია: ვამონტაჟებთ პოეტებს!

ციკლიდან: ვამონტაჟებთ პოეტებს. დიალოგი ნატო ინგოროყვასთან

_ ნატო, რას ეტყოდი ადამიანებს,
რომლებიც ვერ რისკავენ, რომლებსაც ეშინიათ ცხოვრებაში შეცდომების დაშვების… ამიტომ
ყველაფერს წინაწარ ზომავენ, გეგმავენ, ფიქრობენ… წვალობენ და, ამასობაში, გადის ცხოვრება…

_ გარისკე,

კიდევ ერთხელ გაუსინჯე გემო.

დაარქვი თუნდაც – სინანული.

შედიან ერთ მდინარეში ორჯერ,

მდინარე – გამდინარეა.

_ საით მიდის ეგ მდინარე
მერე… და, ვთქვათ, ჩვენი ცხოვრება (ან სიტყვები,
რომლებითაც ცხოვრებას გამოვხატავთ) რომ შევაგდოთ სასწორზე, საით გადასწონის, შენი აზრით?

_ როცა სიტყვები წონასწორობის სასწორზე დგება,

იქით გადაწონის, სადაც შეცდომებია დაშვებული.

_ ნატო, შენი ლექსებიდან
სოფლის სურნელიც მოდის… ყველა სიტყვა და ამ სიტყვით აღნიშნული საგნები ცოცხლები არიან…
ხშირად დაჯდები და საგნებსაც ისე ელეპარაკები,
როგორც ადამიანებს… თანაზიარი ხარ ბუნებასთან, საგნებთან, მოვლენებთან, წარსულთან
და მომავალთან და ცხოვრობ აწმყოში და რასაც ცხოვრობ, მერე წისქვილივით ფქვავ სიტყვებად…
წისქვილზე გამახსენდა და უნდა გკითხო, აი, ახლა, შეგიძლია, რამე ისეთი უთხრა წისქვილს,
ჩვენც რომ მოვისმენთ… რატომ არის ეს მეტაფორა შენთვის ასე ცოცხალი და მნიშვნელოვანი?

 

უცნაური ვინმე ხარ, წისქვილო,
ღერღავ და ღიღინებ.
გამოგიტყდები, ვერ ვიცხოვრე შენებურად:
”ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო”.
ვერც იმას გეტყვი,
რომ შენი ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავს.
ჰო, ნუ დაფრთხები, არ შეყოვნდე,
ჩემზე დარდი ღარში არ გაიჩხირო,
მოდი, ჩამოვფქვათ:

 

ცხოვრებაში ზოგჯერ გვიხდება, რაღაცებს თვალი
ავარიდოთ, რაღაცას გავერიდოთ, რაღაც არ შევიმჩნიოთ… მაგრამ ყოველთვის არის რაღაც,
რასაც მზერას ვერ ავარიდებთ… მაინტერესებს, ასეთი რა არის ნატო ინგოროყვასათვის?

_ მე არ შემიძლია ავარიდო მზერა
წარსულისკენ წასულ ნისლის ფილაქანებს,
ანდა იმნაირებს, ანდა იმათგანებს,
ვისაც უბედობით ურჩი ბედისწერა
უჩინმაჩინივით სადღაც მიაქანებს.

_ ჩვენი ცნობიერება სავსეა ხსოვნით… ჩვენ შევდგებით
ამ უნიკალური ელემენტისგან. შენ ხშირად ამბობ, რომ რომ ხსოვნა მოსაწყენი გამოცდილებაა…
იქნებ გვითხრა, რატომ?

ხსოვნა - მოსაწყენი გამოცდილებაა,
არაფერია იქ ნედლი და მოულოდნელი.
დაცულია სიტყვისგან - რისკი.
 
ნანგრევების ქვა
შეყვარებულია წარსულზე და
ვერ თავისუფლდება მისგან.
 ........................................
ესაა მეხსიერების თვისება -
მოჰყვები თავიდან თუ ბოლოდან,
მაინც არაფერი იცვლება

_ როდის ხვდები, რომ
დამთავრდა ბავშვობა…?

_ „ამის პატრონმა რა ჰქნას?” – აღარავინ გეთამაშება…

_ დარიგება, რომელიც შენს ხსოვნას შემორჩა ბავშვობიდან…

_ რა დრო გასულა, რაც დამარიგეს:

„უკვე დიდი გოგო ხარ, აღარ იტირო”…

_ რას ენდობი?

_ ვენდობი

სიტყვებს, რომლებიც დაიწერა…

_ რა ვუყოთ სიზმრებს,
რომლებიც არ მოგვწონს?

_ ნუ გაატან სიზმრებს წყალს,

მაინც არ მიაქვს…

_ ერთი სათხოვარი, რომელსაც
ღმერთს სთხოვდი აქ და ახლა?

_ მოვიდნენ ანგელოზები, ღმერთო,

ჩხრეკა ჩაატარონ,

ნება _დართულია…

_ გაგვიმხილე, რას ფიქრობენ
პოეტები?

_ ვკეცავთ გზას,

ნიშნებად ვტოვებთ ლექსებს

და ვფიქრობთ:

დროის გარდა

ნეტავ უკან კიდევ ვინ მოგვდევს?

_ მიმართე ახლა, ვისაც
გსურს…

_ უფალო,

დღეს ჩემი ფრენა

ყველა ქარის წინააღმდეგ,

შენ გაბარია…

_ ვთქვათ, ახლა გეძლევა
არჩევანი… შენ უნდა აირჩიო… რას ირჩევს ნატო და რატომ ირჩევს?

_ თუ მე ვირჩევ,

მირჩევნია, გავტყდე, ვიდრე გავიბზარო,

თუ შენ ირჩევ დგომას, თან – ერთ ადგილზე,

ვერ გავჩერდები…

გზაში ვარ და მივდივარ…

P.S. გაგრძელება მოიძიეთ ნატო ინგოროყვას პოეზიაში…

“თბილისიდან”

0

„ამის გამო ქუთაისის გუბერნიაში ათასი მღვდელმსახურიდან ცამეტი კაციც არ იქნება სემინარია კურსდამთავრებული, დანარჩენები არიან წერა-კითხვის მცირემცოდნენი და განუვითარებელი პირები “. ეს იაკობ გოგებაშვილის ერთ-ერთი წერილიდანაა.

 


არც ამ წერილში და არც ჩემს სტატიაში თქვენ გაუნათლებელ საქმღვდელოებაზე და ამით მიყენებულ ეროვნულ ზარალზე ვერაფერს წაიკითხავთ, ვისაუბრებთ მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის ერთ ისტორიაზე განათლების სფეროდან. უსამართლობის ისეთ მაგალითზე, რომელსაც სავალალო შედეგი მოჰყვება ხოლმე.


შევეცდები გაჩვენოთ, თუ ერთ „რიგით” პუბლიკაციას როგორ შეუძლია მოსწავლის ცოდნის მობილიზება.


იაკობ გოგებაშვილის მიერ 1885 წელს გაზეთ „სოვრემენიე იზვესტიისთვის” რუსულ ენაზე წერილი „თბილისიდან” მკითხველს აცნობს თბილისის სასულიერო სემინარიაში არსებულ სასტიკ რეჟიმსა და მოსწავლეთა აუტანელ მდგომარეობას. კერძოდ , იგი ეხება მეექვსე დამამთავრებელი კლასის მოსწავლის სილიბისტრო ჯიბლაძის სემინარიიდან უსამართლო გარიცხვის და ამ მიზეზით მის მიერ სემინარიის რექტორის დეკანოზი პავლე ჩუდეცკის ცემას. დიახ, ეს ის ჩუდეცკია, 1886 წელს სხვა სემინარიელი- ლალიაშვილი რომ მოკლავს.


მაშინ საზოგადოება აღშფოთებული და შეურაცხყოფილი დარჩა ფაქტით, რომ სემინარიის ყოფილმა სტუდენტმა რექტორი ცემა. ამას განსაკუთრებით განიცდიდა საზოგადოების ქართული ნაწილი, რადგან დამნაშავე მათი ტომისა იყო. თუმცა, როცა გაირკვა საქმის ვითარება, რეაქციის სიმძაფრე შენელდა და იაკობ გოგებაშვილმაც რუსი საზოგადოებისთვის რეალური სურათის საჩვენებლად ეს წერილი დაწერა.


ვიდრე საქმის არსზე გადავიდოდეს, ავტორი მკითხველს არწმუნებს მიწოდებული ცნობის უტყუარობაში.


მეექვსე კლასის მოსწავლე ჯიბლაძე ფეხის სიმსივნის სამკურნალოდ მოათავსეს საავადმყოფოში. მას თან საკითხავად ჰქონდა მეგობრისგან ნათხოვარი ცენზურის მიერ დაშვებული ვინმე შელგუნოვის უნიჭო კომპილატორული წიგნი. წიგნი არ ყოფილა სემინარიის ბიბლიოთეკიდან, საიდანაც წიგნის გამოტანა იმგვარ ფორმალურ ორომტრიალს მოითხოვს, რომ ბიბლიოთეკით სარგებლობის აკრძალვის ტოლფასიაო, წერს ავტორი. ამიტომაც, მოსწავლეები ერთმანეთში ნათხოვრობენ, რომ აცდნენ გაწამაწიას, თუმცა, ამის გამო, ხშირად, ცენზურით დაშვებულ, მაგრამ ასაკისთვის შეუფერებელ წიგნებსაც კითხულობენო, სინანულით აღნიშნავს იაკობ გოგებაშვილი. თურმე, ხშირი ყოფილა შემთხვევაც, როცა მოსწავლე, სწორედ ნათხოვარი წიგნის ჩაუბარებლობისთვის გაურიცხავთ. ჯიბლაძის შემთხვევაშიც ასე მომხდარა. სემინარიის უფროსმა ჯიბლაძეს წიგნის ჩაბარება მოსთხოვა, რაზეც ჯიბლაძემ უარი უთხრა, მეგობარს რა დავუბრუნოო. უფროსი სემინარიიდან გარიცხვით დამუქრებია, რაც ჯიბლაძეს არასერიოზულად ჩაუთვლია – ავადმყოფს, თან ბოლო კლასის ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლეს გასარიცხად ვინ გამიმეტებსო ?! თუმცა, ერთ კვირაში აცნობეს, რომ სემინარიიდან გარიცხული იყო და საავადმყოფოს დატოვებაც მოსთხოვეს . უმწეო მდგომარეობით გაცეცხლებული ჯიბლაძე საავადმყოფოდან კი წამოვიდა გასიებულხი ფეხით, მაგრამ სემინარიიდან შორს არ წასულა: იქვე კიბის ქვეშ დაიმალა, გაკვეთილზე მიმავალ პავლე ჩუდეცკის თავს დაესხა და ცემა. ჩუდეცკი დარჩა ნაცემი და ჯიბლაძეც არანაკლებ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თოთხმეტი წლის შრომა ხომ წყალში ჩაეყარა და პოლიციამ მეტეხის ციხეშიც გასიებული სისხლიანი ფეხით წაათრია.


წერილში იაკობ გოგებაშვილი ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ საზოგადოებაში გაჩენილ ბევრ შეკითხვას სვამს : როგორ შეიძლებოდა ავადმყოფი მოსწავლის მიმართ ასეთი მკაცრი ზომების მიღება? როგორ შეიძლებოდა დამამთავრებელი კლასიდან კარგი მოსწრების მოსწავლის გარიცხვა და მისი უმწეო მდგომარეობაში სემინარიის გარეთ დატოვება? ნუთუ არ შეიძლებოდა დასჯა მხოლოდ სახაზინო კმაყოფის აღკვეთით ? ან- დაავადებული ფეხის მორჩენამდე მოცდა მაინც ?! ..


იაკობ გოგებაშვილი რუს საზოგადოებას დაუფარავად ამცნობს, რომ , ზოგადად, ადგილობრივი სასულიერო ხელისუფლებისთვის ადვილი ყოფილა მოსწავლეების გარიცხვა და ქართულ საეგზარქოსოში მხოლოდ ათიოდე მოსწავლე თუ ამთავრებს კურსს, არადა, ექვს სასულიერო სემინარიაში სამი ათასამდე ახალგაზრდა სწავლობსო (!). ავტორი, ერთ-ერთ ფაქტორად უმართავ სიტუაციას ასახელებს, როცა სემინარიის შიდა დაპირისპირებებსა და ერთმანეთისთვის ორმოების თხრას მოსწავლეები ეწირებიანო. „ თბილისის სასულიერო სემინარიის ახლანდელი მდგომარეობა მოითხოვს გულმოდგინე და დაწვრილებით რევიზიას უფლებამოსილი მიუდგომელი დ შორსმჭვრეტელი პირის მხრივ, რომელიც შეძლებს მთელი სიმართლე თქვას, თუნდაც, რომ ეს სიმართლე მწვავეც იყოს თვით ეპარქიის ხელისუფლებისთვის” -წერს იაკობ გოგებაშვილი.


გარდა იმისა, რომ პუბლიცისტიკის წაკითხვა ყოველთვის საინტერესოა დროის, სიტუაციის თუ ზოგადად, აქტუალური თემების გსაცნობად, კონკრეტულად, ეს წერილი მრაავალმხრივ მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს. შესაძლებელია, თანამედროვე განათლების აქტუალურ პრობლემებზე საუბარი, შედარების, მსგავსება-განსხვავების აქცენტების დასმა და უკვე ნასწავლი ლიტერატურის გახსენება .


მაგალითად, როდესაც აკაკი წერეთლის „განთიადს” სწავლობენ, მასწავლებელი, ბუნებრივია, აუცილებლად ეხება დიმიტრი ყიფიანის ისტორიას. ეს ისტორია, უმეტესად, მშრალ ფაქტად რჩება : მოხუცი მოღვაწე, რომელმაც გაილაშქრა პავლე ეგზარქოსის წინააღმდეგ, რადგან მან დაწყევლა ქართველი ერი სემინარიის რექტორის მკვლელობისთვის; ის გადაასახლეს ასტრახანში და იქ დაქირავებულმა მკვლელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. ყველაფერი შეკვეთილ მკვლელობაზე ამერიკული ფილმის შინაარსივით რომ არ დარჩეს ახალგაზრდის მეხსიერებას, აუცილებელია დამატებითი ფაქტების მიწოდება, რომლებიც სიღრმეში ჩაახედებს მოსწავლეს, დამოუკიდებლად ამსჯელებს და დასკვნასაც გამოატანინებს.


თუ მივაწვდით ინფორმაციას, რა უძღოდა წინ ან ჩუდეცკის მკვლელობას, ან საქართველოს ისტორიაში რა საბედისწერო ცვლილებები ხდებოდა, მოსწავლეებისთვის ბევრი რამ ნათელი გახდება.


1811 წელს რუსეთის მეფე ალექსანდრე პირველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორეს სწერს, რომ „საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან მიერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანდეს უწმინდესისა და უმართებულესი სინოდის საბჭოში. ახალ მართვა-გამგეობასთან შეუთავსებელია საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა… გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის გამგებლობისგან, უწმინდესი სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით “. და ანტონ მეორე რუსეთში გადაასახლეს. ასე დაკარგა საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვიდან მეათე წელს სულიერი დამოუკიდებლობაც.


საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსის მეშვეობით მართავდა. ქართული ენის, ტრადიციებისა და ბუნების არცოდნის გამო ეკლესიასა და მორწმუნეთა შორის ბარიერი იოლად შეიქმნა, ეკლესიის ავტორიტეტი საზოგადოების თვალში ეცემოდა. ამას ცალკეულ ეგზარქოსთა უღირსი საქციელიც განაპირობებდა.


მაგალითად, ეგზარქოსმა ევგენიმ ალავერდისა და სვეტიცხოვლის ფრესკები შეათეთრებინა, აქაოდა მეფის დასახვედრად სანიტარული ღონისძიება ჩავატარეო; ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა კი სემინარიის რექტორ პავლე ჩუდეცკისთან ერთად ხახულის ხატი გაძარცვა და ოქრო-ვერცხლი მიიტაცა ( გაძარცვული ხახულის ხატის ნახვა ახალგაზრდებს წიგნებშიც და მუზეუმშიც შეუძლიათ!) . იმავე ეგზარქოსმა პავლემ 1886 წელს ჩუდეცკის მკვლელობის გამო მთელი ერი გადასცა ანათემას. საინტერესო იქნება, თუ კლასის რომელიმე მოსწავლე წაიკითხავს მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშას” და კლასისთვის მოამზადებს პრეზენტაციას .


საქართველოში აღარ არსებობდა საეკლესიო კათედრები, რომლებიც სოციალურ და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის იყვნენ მოწოდებული. საქართველომ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აშენებდა. სიტყვამ მოიტანა და აუცილებლად გაიხსენებთ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას. ქართული წირვა-ლოცვა, ქართული საგალობლები ეკლესიაში შეიცვალა რუსულით! ეგზარქოსები ანტიქართულ პოლიტიკას დაუფარავად ეწეოდნენ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან რუსი სულიერი მამები აფრთხილებდნენ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ და მოციქულების მიერ მოქცეულ ქვეყანას პატივით მოპყრობოდნენ.


ამ ინფორმაციას თუ მივაწვდით, იაკობ გოგებაშვილის წერილსაც წაიკითხავთ და ერთად


გაანალიზებთ, მერე დიმიტრი ყიფიანის წერილსაც დაუმატებთ, რომლიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ შეიძლება ერთკაციანი წერილობითი კორექტული ამბოხი , მაშინ უსამართლობისგან ან შერჩევითი სამართლისგან ჩალით გადახურულ უფლებააყრილ ქვეყანას -საქართველოსაც დაინახავენ. იოლად მისახვედრი იქნება ისიც, რომ ლალიაშვილისგან ჩუდეცკის მკვლელობას წინ უსამართლობისა და ერის დაკნინების კასკადი უძღოდა. სახელმწიფო კი უკვე კარგახნის გადაშენებული იყო. არც დიმიტრი ყიფიანის პიროვნება დარჩება მხოლოდ ბუნდოვან ფაქტად. და ნაკითხ მოსწავლეებს არ გაუჩნდებათ ლოგიკური შეკითხვა, თუ რატომ არ შეიძლებოდა მართლა მძარცველს მოეკლა დიმიტრი ყიფიანი , რასკოლნიკოვმაც ხომ ნაჯახით მოკლაო…ბუნებრივად გასაგები გახდება გრიგოლ ორბელიანის ლოგიკაც -რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდასო, რომ წერდა.


სხვათა შორის, მსჯელობა, ასევე ბუნებრივად მიგვიყვანს ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისადან” სოლომონ ლიონიძის არგუმენტამდეც, თუ რატომ არ უნდა „შეუერთდეს” ერთი სახელმწიფო, თუნდაც ერთმორწმუნე, სხვა სახელმწიფოს , თუ მათ სხვადასხვა ბუნება აქვთო და მხოლოდ სჯულის ერთობა ვერარას არგებსო.


მეცხრამეტე საუკუნის ძალიან ბევრი კარგი პუბლიცისტური წერილია და მათი წაკითხვა აზრსმოკლებული არასდროს იქნება, რადგან თუ სწავლის პროცესი უწყვეტ ჯაჭვად არ გადაიქცა, ახალი და ძველი ერთმანეთს არ დაუახლოვდა, ცოდნა მატყუარა “არაფრისმაქნისი” ფაქტების გროვად დარჩება. ამის ინსპირატორად კი ისევ ახალი ცოდნა უნდაგახდეს.


ჩვენ, მხოლოდ ერთი მაგალითი განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ნასწავლის გამეორება და ცოდნად გადაქცევა.

დაბრუნება

0
ჯეი ჩემი ამერიკელი მეგობარია. ორი წლის წინ „დაივში” გავიცანი, ლუდს სვამდა, იღიმოდა და საქართველოზე ლაპარაკობდა. ჯეის საქართველო ისეთი სულაც არ იყო, როგორიც ჩემი ან შენი საქართველოა. შორიდან განსაკუთრებით ლამაზია უცხო მიწები. უცხო ადამიანებიც. როცა ახლოს ხარ, ხანგრძლივად ახლოს, სულ გაქცევა გინდება. გაიქცევი, დასახლდები ახალ მიწაზე და ნოსტალგია უცებ ისე ეფექტურად, ისე მოულოდნელად დაგატყდება თავს, როგორც რომელიმე კარგი ფილმის კარგი ოუფენინგი. 

იმ დღეს მე და ჯეი სამშობლოებზე, სხვა ხალხზე და ჩვენს ხალხზე, გაქცევებზე და დაბრუნებებზე ვლაპარაკობდით. იმ დღესვე შევთანხმდით, რომ ჩვენი შეყვარებულებიც უფრო მეტად შორიდან გვიყვარს ხოლმე, კამბოჯადან ან ისლანდიიდან. იმაზეც შევთანხმდით, რომ ტეხავს. მაგრად ტეხავს. და ნამდვილი სიყვარული ყოველდღიური ახლო ყოფნა და მონატრებაა. არ მობეზრებაა. კამბოჯასა და ისლანდიაში ერთად წასვლაა. ლუდის დასალევად ერთად გასვლა და სახლში ერთად დაბრუნებაა. 

ჯეი ორი ორი კვირით იყო საქართველოში. ქვეყნის გაცნობის კულინარიული გზა ყოველთვის ბანალური მეჩვენებოდა, ცოტათი- უხერხულიც. ოხშივარადენილი, კუჭზე გასული ისტორია, საუკეთესო რესტორნებში საუკეთესო კერძების შეკვეთა და შემდეგ მაძღარი საუბარი ზუსტად ის იყო, რაც მე და ჯეის ერთად არასდროს უნდა გადაგვხდენოდა. ჰოდა, ავდექით და მოვიარეთ საქართველო. ლამაზიაო, ჯეიმ. ჰო- მეთქი, მაგრამ მე სტეპები და პრერიები მირჩევნია, ის სიმშრალე, ის ოქროსფერი, გადახრუკული მიწები, ის მინიმალიზმი- მეთქი. იქვე შევთანხმდით, რომ არასდროს ვიკამათებდით იმაზე, ტაიგა უფრო მეტად მოგვწონს, ტუნდრა თუ სტეპები. ეს იგივეა, ორი გენიალური მხატვრის ორ გენიალურ ტილოს უყურებდე, ფიქრობდე: „ვაჰ, რა მაგარია”, მაგრამ მესამეს მსუყე, ბავშვური მონასმები მსოფლიოს გერჩივნოს. 

ჯეიც გახუნებულია, იმ სტეპებივით ოქროსფერი. მთელი გულით იცინის და თავის მძიმე ამბებსაც ისე მიყვება, თითქოს პლაჟზე ღიღინ- ღიღინით ამზადებდეს სენდვიჩებს, მე კი ვალდებული ვარ მსუბუქად, რბილად და ზღვიურად ვკითხო, დაუმატებს თუ არა კეტჩუპს ჩემს სენდვიჩს, მაგრამ მერიდება, ჩუმად ვარ. ჯეის ძმა დაუნის სინდრომით დაიბადა და შეყვარებული მას ზუსტად ძმის ერთი ზედმეტი ქრომოსომის გამო დაშორდა. გოგომ გადაწყვიტა, რომ ერთ სახლში სამი უკვე ბევრია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მესამე დანარჩენებს არ ჰგავს, განსხვავებული გარეგნობა აქვს და თან ზედმეტად ცნობისმოყვარე და ემოციურია. ადგა და წავიდა. 

ჩვენ დავასკვენით, რომ სხვადასხვა ქვეყნის რეალობა ხანდახან ძალიან ჰგავს ერთმანეთს. არაფერი იცვლება: პორტლენდიდან იქნები თუ ქუთაისიდან, კატმანდუდან თუ ტოკიოდან, ერთხელაც ადგება საყვარელი ადამიანი და შენი ძმის ქრომოსომული სისტემის გამო მიგატოვებს.

 საქართველოდან ამერიკაში დაბრუნებულმა ჯეიმ მალევე დაიწყო ბავშვებთან მუშაობა ადრეული ჩარევის პროგრამის ფარგლებში და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად მოუმზადებელია საზოგადოება, მიიღოს ადამიანები, რომლებიც ერთი ქრომოსომით გვისწრებენ. ან ჩვენ ჩამოვრჩებით მათ ერთი ქრომოსომით.

იმ ღამეს კი, იმ შორეულ ღამეს ვიწექით კარავთან, გულაღმა. ვუყურებდით ვარსკვლავებიან ცას  და საერთო ამბებზე ვლაპარაკობდით. ახლა, ამდენი ხნის მერე, როცა ამდენი დრო გავიდა, როცა ახალი ზაფხული დადგა, ჯეიმ კი სხვადასხვა სოციალური პროგრამით მსოფლიო მოიარა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბავშვებს გარემოსთან და ადამიანებთან ადაპტაციაში დაეხმარა, ამ გარემოსა და ადამიანებს კი ზედმეტქრომოსომიან ბავშვებთან ურთიერთობა ასწავლა, მივიღე წერილი შორეული აფრიკიდან. 

ჩემი ოქროსფერი ამერიკელი მეგობარი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი, რაც გააკეთა, რაც ამ ორი წლის განმავლობაში თავს გადახდა, სულ იმ ჯადოსნური, ვარსკვლავებიანი ცის დამსახურებაა. წერილის ბოლო, გადმოქართულებული ფრაზები კი დაახლოებით ასე ჟღერს:

„რამდენიმე დღეში ჩამოვალ. ახალი გადაწყვეტილებებისა და ახალი ისტორიების დროა. მე მტკიცედ მჯერა, რომ ყველაფერი კარგი იმ წერტილიდან იწყება, რა წერტილშიც ჩვენ გადავიკვეთეთ ზუსტად ორი წლის. გკოცნი. მიყვარხარ”.

გავიბადრე. ჩემი ოქროსფერი, რომანტიკული მეგობარი ჩამოდის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...