ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
2 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

მოხალისეობის გზები: როგორ გავხდეთ სოციალურად აქტიური

0

ახალგაზრდები ხშირად ღელავენ მიმდინარე მოვლენების გამო – უჩნდებათ პროტესტი ან მოსწონთ კონკრეტული აქტივობა და საკუთარი წვლილის შეტანა სურთ. თუმცა, არ იციან, ეს როგორ გააკეთონ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმას, რომ კარგი სოციალური აქტივისტი იყო, სათანადო ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

საიდან იწყება სოციალური აქტივიზმი? როგორ გავხდეთ სოციალურად აქტიური? როგორ, სად, როდის და ვისთან ერთად დავიწყოთ აქტიურობა? – ეს კითხვები მნიშვნელოვანი და არც ისე მარტივი პასუხგასაცემია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ, იყვნენ სოციალურად აქტიურნი.

ტექსტში წაიკითხავთ ახალგაზრდა ადამიანების გამოცდილების შესახებ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო კამპანიაში #მეგავაკეთებ. კამპანია მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაქსიმალურად ჩართულობას.

  1. აკეთე ის, რაც გიყვარს

ვფიქრობ, რომ ნამდვილი აქტივისტები ის ადამიანები არიან, ვისაც აბსოლუტურად სწამს, სჯერა და უყვარს, რასაც აკეთებს. თუ იმას აკეთებ, რაც გიყვარს და რაზეც ზრუნავ, აქედან აუცილებლად უფრო მეტ გამოცდილებას იღებ, – ამბობს მოხალისე მეთიუ ოტუბუ.

  1. იყავი მოქნილი

ყოველთვის ბოლომდე მიიყვანე საქმე. არ დანებდე. ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის 70-ზე მეტ წარმომადგენელს დავუკავშირდი. საბოლოოდ საქმისთვის გამოსადეგი, შესანიშნავი კადრიც ვიპოვე. მუშაობის დროს ბევრ პრობლემას გადაეყრები, თუმცა არასოდეს დანებდე, – ლუის სტოკი, მოხალისე.

  1. ჩართე აქტივობაში საკუთარი სკოლა ან უნივერსიტეტი

კამპანიის წამოწყების დროს, მნიშვნელოვანია, იპოვო არაერთი თანამოაზრე. მათ ყველაზე მარტივად საკუთარ სკოლაში ან უნივერსიტეტში იპოვი, – მუჰამედ უსმანი, მოხალისე.

  1. თამამად დაავალე სხვებს

ნუ დაიხევ უკან, როცა საქმე კონკრეტული აქტივობის შესრულებას ეხება. თუ დახმარება გჭირდება, თამამად სთხოვე დახმარება თანამოაზრეს. კარგი ლიდერი ყოველთვის უნდა იყოს გამოკვეთილი მენეჯერი, – ჰერმა ლაისი, მოხალისე.

  1. გამოიყენე გამოცდილება სათანადოდ

როცა საქმე რეზიუმეს შედგენასა და სამოტივაციო წერილის დაწერაზე მიდგება, პირველ რიგში გაითვალისწინე შენ მიერ მოხალისეობრივად ჩატარებული სოციალური აქტივობები, რადგან დღეს ეს დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია. ყველა ეს აქტივობა მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად კეთილი, სანდო და აქტიური ადამიანი ხარ, – ატჩასაედი, მოხალისე.

 

  1. აკეთე საქმე სოციალურად

იმისთვის, რომ შენი აქტივობები არაერთ სხვა ადამიანს დაანახო და ფართო საზოგადოებაში გაიტანო, აქტიურად გამოიყენე სოციალური მედიის სხვადასხვა არხი – გააკეთე ონლაინკამპანია. ასე უფრო მარტივად დაუკავშირდები სხვა თანამოაზრეებს, – იოზეფ შანტი, მოხალისე.

  1. ნუ დაკმაყოფილდები მხოლოდ ერთით

აქტიურად განაგრძე ახალი იდეების ძიება, აღმოაჩინე ახალი მიზნები და გაავრცელე სიყვარული, – მეთიუ ოტუბუ.

  1. მიუდექი საქმეს შემოქმედებითად

შესაძლოა მარტივად ვერ მიაგნო სოციალურ კამპანიას, რომლითაც დაინტერესდები. ნუ დაყოვნდები, თამამად მიდი ორგანიზაციებთან, ვინც მსგავს საკითხებზე მუშაობენ, შესთავაზე შენი დახმარება და რესურსები, – ჰონდარაიმსი, მოხალისე.

  1. მოუფრთხილდი დროს

სოციალურ აქტივიზმთან ერთად არ ჩამორჩე სხვა, არანაკლებ და უფრო მეტადაც მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. კარგად გაზომე დრო და სათანადოდ გაანაწილე ის, -პიტერ უაითი, მოხალისე.

  1. ფეხი აუწყვე ინტერნეტსამყაროს

ვფიქრობ, სოციალური აქტივიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სასარგებლო აპლიკაციების მოძებნა და გამოყენება, რადგან დღეს ადამიანები უმეტესად ონლაინსამყაროში ცხოვრობენ, ვიდრე რეალურში, დედამიწაზე. აუცილებლად იპოვეთ სასარგებლო აპლიკაციები, რომლებიც დაგეხმარებიან და რომელთა მეშვეობით, თქვენ სხვებს დაეხმარებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ძალიან წაადგება თქვენს რეზიუმეს, – ქლო დონოვანი, მოხალისე.

წყარო: https://www.theguardian.com/voluntary-sector-network/2016/feb/22/student-volunteering-week-10-ways-to-become-a-social-activist

 

 

დავიწყების უპირატესობანი

0

„რაღაც ქარაფშუტულად ვგრძნობ თავს, პეპივითო“,- ამოიოხრა. ავდექი და მაგრად ვუჩქმიტე. მეწყინა.

სინამდვილეში, კარლსონივით თითქმის სახურავზე ცხოვრობს, პატარა პრინცივით ოქროსფერი თმა აქვს და დინ მორიარტივით სულ გზაზეა გამოკიდებული. ერთი ნაკლი აქვს, წინასწარ ყველაფერზე ისე ნერვიულობს, თითქოს წვრილმანები მისი ცხოვრების ერთი ხელისმოსმით დანგრევის ზებუნებრივ ძალას ფლობდნენ. რა იცის, რომ ყველა ზებუნებრივ ძალას თავად ჩვენ ვფლობთ და საერთოდაც, პატარ- პატარა ღმერთები ვართ. პეპი კი ქარაფშუტა მხოლოდ იმის გამოა, რომ არც სკოლაში დადის, მაჭკატებს რაღაც ძალიან არაპრაქტიკული მეთოდით აცხობს, ფულისადმი არაყაირათიანი დამოკიდებულებით გამოირჩევა და ძაღლის ნაცვლად მაიმუნი, სახელად მისტერ ნილსონი ჰყავს. მიუხედავად ამ სულელური სტერეოტპებისა, იოჰანი ჩემი მეგობარია.

საერთოდაც, ჩემი ერთმანეთისგან განსხვავებული მეგობრები განსაკუთრებით მე არ მგვანან. მაგრამ ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს: ვაკეთებთ იმას, რაც ძალიან გვინდა. ვაკეთებთ მხოლოდ ამას და მეტს არაფერს. მაგრამ სანამ ამას მივხვდებოდით, სანამ ჩვენი სურვილები ჩვენთვისვე ცხადი გახდებოდა, მანამდე ყველაზე საინტერესო, ყველაზე გრძელი და ხიფათიანი გზა გავიარეთ:  ასე შეუცნობელი, ასე იდუმალი, ასეთი მნიშვნელოვანი და მშვენიერი თავების შეცნობის  რთული, თავგადასავლებით აღსავსე წლები.

სკოლაში, ზამთრულ ცივ, გაყინულ კლასებში მოკუნტულები, უარაფროები, სამი ზომით დიდ, გაცვეთილ ტანსაცმელში შეხვეულები, ლიდერები და არალიდერები ან ასე: ლიდერები და მსხვერპლები მაინც კეთილ ამბებზე ვფიქრობდით. საკუთარი თავის გამორკვევა ყველაზე კეთილი საქმეა და იმიტომ. სიცივით და სიღარიბით, ოჯახური თუ შიდა, სასკოლო კონფლიქტებით დამძიმებულები ჩვენს ძვირფას თავებზე ვფიქრობდით და მხოლოდ მაშინ, როცა შენი თავის შესახებ უფრო მეტის გაგებას მოინდომებ, სხვებსა და სხვების სურვილებზე ფიქრსაც იწყებ. ხვდები:

არაფერია ადამიანებზე მნიშვნელოვანი.

არაფერია მათ სურვილებზე მნიშვნელოვანი.

არაფერია მათ უსასრულო ზრდაზე მნიშვნელოვანი.

ერთი სიტყვით, დიდი მოგზაურობა საკუთარი თავებიდან იწყება. და, რა თქმა უნდა- პრობლემებიც, რომლებიც ხშირად დიდ მნიშვნელობასაც იძენენ. პრობლემები, რომლებიც დიდებსაც ისევე გვაქვს, როგორც- ბავშვებს.

მაშინ, როცა მშობლები ბინას ეძებენ და ოთახების რაოდენობაზე, ადგილმდებარეობაზე, რემონტსა და კეთილმოწყობაზე საუბრობენ, პატარები გულგახეთქილები ფიქრობენ, რამდენი დრო დაჭირდება ავეჯის გადაზიდვას ახალ სახლში, ან საერთოდაც, ამხელა კარადებს ვინ გადაათრევს, კარადები ტანსაცმელებივით ხომ არ დაპატარავდებიან. ან ეს სარკე, ძველი, ჩვენს გამოსახულებებს ნაჩვევი სარკე რომ დაზიანდეს. ვაითუ, ახალ სახლში ჭრაჭუნა იატაკი არ დახვდეთ, ეს ხომ ერთგვარი თავდაცვაა- ღამით მხოლოდ იატაკის აჭრაჭუნებისას თუ მიხვდები, რომ საფრთხე რომელიღაც სულელი მოჩვენების სახით გიახლოვდება, რომელიც რომელიღაც სულელური ფილმიდან პირდაპირ ჩვენს ოთახში გადმოვიდა. ნუ, იმედია, საცხოვრებლად- არა. ან განიცდიან მამის მივლინებას უცხო ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, სადაც სულ სხვა ენაზე ლაპარაკობენ. ვაითუ, მამა დაიკარგოს. ვაითუ.

ბავშვები ათას რამეზე ფიქრობენ და დარდობენ. ისინი არც ისე პრაქტიკულები არიან, როგორც დიდები და მათი წარმოსახვაც საყოფაცხოვრებო დეტალებს ცოტათი მაგიურ ელფერს აძლევს.

მე, სამწუხაროდ, მსგავსი დიდური უნარები არ განმივითარდა. ამბობენ, ვერ გავიზარდე, რადგან დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ წავალ ჩინეთში სამოგზაუროდ, ჩინური თუ არ ვიცი. მერე მახსენდება  რომ, როგორც წესი, იქაც ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ინგლისურადაც ლაპარაკობენ. მერე იმაზე ვიწყებ ფიქრს, რა უნდა ქნას მან, ვინც არც ინგლისური იცის და არც ჩინური, მაგრამ ძალიან, არანორმალურად უნდა ჩინეთში გამგზავრება. პირდაპირ გიჟდება ჩინეთზე. უფრო მერე მეცინება და მახსენდება ერთი აზიელი ტურისტი დიუსელდორფის მთავარ სადგურზე, რომელიც ვერცერთ ენაზე ვერ ლაპარაკობდა მშობლიურის გარდა და მე კი ზუსტად ოთხ ენაზე ვუხსნიდი, როგორ მიეღწია სასურველ ტრანსპორტამდე. იმას კი ხელში მშვიდად ეჭირა მისამართი, ლათინურად ამოწერილი, როგორც იმედი, როგორც გზა, რომელიც აუცილებლად მიიყვანდა დანიშნულების ადგილამდე და იმეორებდა: „Tram, Tram”.

ცოტათი გავიზარდე, ცოტათი ვერ. იოჰანიც ცოტა გაიზარდა, ცოტა- ვერ. ამას შეუძლია ინერვიულოს, როგორ დაავიწყდა საწვიმარის წაღება წვიმიან ლონდონში და მხედველობიდან გამორჩეს ის ჭეშმარიტება, რომ ბრიტანული საწვიმარებიც ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებს, როგორსაც- მშობლიურ გერმანული.

მე შემიძლია, დილიდან ჩემი შესასრულებელი მოქმედებების ჯაჭვს ვითვლიდე, კბილების გაწმენდიდან საუზმემდე ყველა, სულ ყველა, ერთი ბეწო ქმედებასაც კი. მერე  მიკვირდეს, როგორ ჩამითრია ამ სულელურმა, დიდურმა რუტინამ.

ერთი წამით მაინც რომ დავფიქრებულიყავი, რა მარტივი რამეა ტვინის გათიშვა, რომ ცხოვრება რუტინად და პრობლემების ჯაჭვად არ იქცეს, სულ ერთი წამით ეს რომ გამეკეთებინა, უფრო მეტი დრო მექნებოდა, დავმტკბარიყავი სისხამი დილის ფერებითა და სურნელით, ფანჯარა ფართოდ გამომეღო და ნამძინარევი სხეულით მეგრძნო ადრეული გაზაფხულის სუსხი.

დიახ, ჩვენ ყველანი საკუთარი თავებისა და საკუთარი ცხოვრების მართვის ზებუნებრივ ძალას ვფლობთ. მაგრამ ხშირად კი გვავიწყდება.

დისნეის  კრეატიული სტრატეგია  და  სასწავლო კომპეტენციები

0

ჩვენ ძალიან დინამიკურ დროში ვცხოვრობთ, რომელსაც სავსებით საფუძვლიანად შეიძლება ვუწოდოთ კრეატიული სამყარო. მისი ერთ-ერთი ძირითადი ტენდეცია ადრე მიღებული ცოდნის სწრაფი ცვლაა. შექმნილ სიტუაციაში ნებისმიერი კომპეტენცია არამარტო ცოდნას, არამედ მის შემოქმედებითად გამოყენებასაც გულისხმობს.  ამიტომაა რომ  სასკოლო ცხოვრება მოსწავლეს ისეთი კომპეტენციების დაუფლებაში ეხმარება, რომელიც მას ასეთ ეპოქაში ცხოვრებისთვის გამოადგება. სავარჯიშოები, რომელიც ორიენტირებულია კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, პრობლემების მოგვარებაზე,  კრიტიკულ  და შემოქმედებით  აზროვნებაზე   და გადაწყვეტილებების  მიღებაზე, ხელს უწყობს მიზნების მიღწევას და შესაბამისი კომპეტენციების ჩამოყალიბებას. კრეატიული სტრატეგიები ამ ტიპის სამუშაოსთვის ძალიან მოსახერხებელია. მათ შორისაა, ე.წ. დისნეის მეთოდიც, რომელიც პრობლემების  უმოკლეს ვადაში  ხარისხიანად გადაწყვეტისთვის გამოიყენება  (მეთოდის ავტორია რობერტ დილტისი, რომელიც უკვირდებოდა უოლტ დისნეის მუშაობას და  აღმოაჩინა, რომ ის გადაწყვეტილების მიღებისთვის შესანიშნავი სტრატეგია იყო).

დისნეის კრეატიული სტრატეგია  (იგივე  „დისნეის წრეები“, ან „აზროვნების სამი სკამი“) როლურ თამაშზეა გათვლილი და გამოიყენება როგორც ჯგუფური, ასევე  ინდივიდუალური მუშაობისათვის. ის საუკეთესოდ ითვალისწინებს ადამიანების  განსხვავებულ, ინდივიდუალურ თავისებურებებსა და უნარებს, რომ ზოგიერთს სხვებზე მეტად შეუძლიათ სიტუაციის შეფასება და ახლის მოძიება თავიანთი წარმოსახვებისა და ოცნებების მეშვეობით, სხვებს – უკვე დასახული იდეების   რეალიზება ან კრიტიკა და ნაკლოვანი მხარეების აღმოჩენა. მთავარია, რომ  თანამშრომლობა კონსტრუქციული იყოს და ჯგუფის ყველა წევრმა თვითონ ამოირჩიოს თავისი როლი  და იმუშაოს დასახელებულ პრობლემაზე,  სტრატეგიის კრეატიულობა  კი უზრუნველყოფს   ჯგუფის წარმატებასა და პრობლემის გადაჭრას.

ზოგადად ნებისმიერი თამაში და მათ შორის როლური თამაშიც შემოქმედების სამ ფაზას მოიცავს: წარმოსახვას (ოცნებას), მოქმედებას (განხორციელების რეალური გზის მოძებნას) და შედეგს (ანალიზს, კრიტიკულ დასკვნას). დისნეის მეთოდით  იდეების გენერაციისთვის ჯგუფები სამ ფაზად იყოფიან, რომელთაც პირობითად შეიძლება მივაკუთვნოთ სხვადასხვა „როლები“: „კრიტიკა“, „მეოცნებე“ და „რეალისტი“. თამაშის დროს იმოქმედებენ შემდეგი პრინციპის მიხედვით:

  • ოცნება (რა მინდა?);
  • კრიტიკა  (რაში გამოდგება? რა არის  ამაში სასიკეთო?);
  • რეალისტი (ეს როგორ გავაკეთო?);
  • ანუ მეოცნებე, რეალისტი და კრიტიკოსი შექმნიან ერთიან  ჯგუფს,  ერთად გაერთიანდებიან    პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზის მოსაძიებლად  (სურ.1) და გადაჭრიან კიდეც პრობლემას.

dis

 სურ.1. „დისნეის წრეები“

ამავე დროს ნებისმიერი  ამოცანის გადაჭრისთვის გარკვეული ოპერაციებია შესასრულებელი:

  1. დავალების ფორმულირება;
  2. კრეატიული ნაწილი (იდეების გენერაცია);
  3. იდეების გადარჩევა და სუსტის გამოყოფა;
  4. დარჩენილი იდეების ანალიზი;
  5. დიზაინი;
  6. ტესტირება.

თითოეულ მათგანი  თანაბრად  ღირებულია:

  • პირველი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  სწორად ფორმულირებული ამოცანა გადაწყვეტილების 50-80 %-ია. ამ დროს უნდა დალაგდეს  ხარისხობრივი, რაოდენობრივი და დროითი მაჩვენებლები, ანუ უნდა დაიგეგმოს,  რა მოცულობით და რამდენ დროში უნდა შესრულდეს დავალება;
  • მეორე ეტაპი კონკრეტულად იდეების გენერაციაა (აქ გამოიყენება გონებრივი იერიში, სინექტიკის მეთოდი, აზროვნების 6 ქუდი და ა.შ.), მათგან ყველაზე მარტივი გონებრივი იერიშია. მას მონაწილეთა დიდი ნაწილიც უკეთესად იცნობს, მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზიც – გონებრივი იერიშის ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული წამყვანის კომპეტენციაზე;
  • მესამე ეტაპზე ხდება იდეების გადარჩევა და მარტივი კენჭისყრის საფუძველზე მხოლოდ ღირებული დარჩება (დროც ეკონომიურად დაიხარჯება);
  • მეოთხე ეტაპი ანალიზის და საკითხის კონკრეტულად ფორმულირების ეტაპი, გადაწყვეტის და რეალიზაციის გზების ჩამოყალიბებაა. გამოიყოფა თითოეული მათგანის მახასიათებლები და განსაკუთრებული თავისებურებები. აქვე განიხილება მოსალოდნელი შედეგებიც;
  • მეხუთე ეტაპი წინა ეტაპის შედეგების საფუძველზე ფორმირდება და მოდელად, ნიმუშად ჩამოყალიბდება;

6 – მეექვსე ეტაპი ტესტირების ეტაპია, ესაა  გამოცდისა და ცვლილებების ეტაპი.

პრობლემის გადაჭრისას დისნეის მეთოდი ეყრდნობა მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებს, რომელთაც  მეოცნების, რეალისტის და კრიტიკოსის როლები შეესაბამება:

  • „მეოცნებე“ ვერ განახორციელებს თავის იდეებს ცხოვრებაში „რეალისტის“ გარეშე;
  • „კრიტიკოსი“ „გადაყრის“ ყველა არასასურველ იდეას და გამოავლენს მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავდაცვის გზას;
  • „რეალისტი“ კი აწონასწორებს „კრიტიკოსს“ და „მეოცნებეს“, რადგან მათ გარეშე ისინი ერთად ვერ ითანამშრომლებენ და შედეგზე ვერ გავლენ.

მას შემდეგ, რაც დისნეის მეთოდის მიხედვით მუშაობისთვის  მომზადდება მასალა, ანუ გონებრივი იერიშის გზით გამოიყოფა აქტუალური პრობლემების სია (საწყისი სიტუაცია), ყველა ჯგუფს „თავისი“ პრობლემები დაფაზე გადააქვს და გვერდით მიუწერს მიზეზებს. შემდეგ მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად და  თითოეული მათგანი მიიღებს თანაბარი რაოდენობის ამოცანას (დაახლ. 5-8 პრობლემის დასახელებას). თამაშს ჰყავს დამკვირვებელი, მოდერატორი, რომლებიც  კონკრეტულად მაშინ ერთვებიან მუშაობაში, როდესაც ჯგუფის რომელიმე წევრი არ არის. მუშაობა მდგომარეობს პრობლემის   ყველა პოზიციიდან განსახილველად თითოეული როლის თანმიმდევრულ გამოყენებაში, „მორგებაში“, როლების თანმიმდევრობა შესაძლოა ასეთი იყოს:

  • „მეოცნებე“  აყალიბებს ამოცანას;
  • კრიტიკოსი იკვლევს დავალებას, ატარებს ანალიზს და შეარჩევს იდეებს;
  • რეალისტი  შერჩეული იდეების რეალიზებისთვის შეიმუშავებს ტაქტიკას.

პირველად თამაშს „მეოცნებე“ იწყებს – „შედის“  წარმოსახვით წრეში, რომელსაც შეკითხვაზე – რა მინდა – პასუხით პოზიტიური ემოციებით შეავსებს (ამ დროს მნიშვნელოვანია რაოდენობა იდეებისა და არა ხარისხი: რა გავაკეთოთ,  რა ვადაში, რატომ, როგორ მივიღოთ შედეგი, რა დადებითი ფაქტორები  გააჩნია ამ იდეებს და ა.შ.), ანუ პრობლემას „მოუძებნის“ იდეალურ გადაწყვეტილებას, მხოლოდ პოზიტიურს, ოპტიმისტურს, ყოველგვარი სირთულეების გარეშე!  შემდეგ მონაწილეები ფურცელს წრეზე დაატრიალებენ, რომ ყველა ჯგუფის მეოცნებე შეავსონ და როდესაც მიაღწევენ მაქსიმალურ შედეგს, დატოვებენ წრეს;

მეორე   წრეზე  „კრიტიკოსები“   ჩაერთვებიან თამაშში და  გააკრიტიკებენ, შეაფასებენ, რატომ ვერ გადაწყდება რეალურ სიტუაციაში „მეოცნებეების“  მიერ შემოთავაზებული პირობები (მთავარია, რომ მან არასოდეს უნდა გააკრიტიკოს იდეა როგორც ასეთი, უნდა იპოვოს იდეის სუსტი წერტილი, შესაძლო ნეგატიური შედეგი, ანუ  უნდა ახსნას, რა არის მასში ცუდი და უპასუხოს შეკითხვებს: რაში გამოდგება? რა არის  ამაში სასიკეთო? ვინ და რატომ  შეიძლება შეუშალოს ხელი იდეის რეალიზებას? რა არასასურველი ეფექტი შეიძლება დადგეს, საკმარისია თუ არა ინფორმაცია? რა გამოგვრჩა? ა.შ.). ფურცლის დატრიალებისა და ჯგუფების მუშაობის დასრულების შემდეგ „კრიტიკოსები“ დატოვებენ  წრეს და  ფურცელს მიიღებს „რეალისტი“;

 მესამე  წრეზე  შესული „რეალისტები“  გაეცნობიან ყველა წინა გადაწყვეტილებას და თავიანთი მოსაზრების მიხედვით მიიღებენ ყველაზე რეალურ გადაწყვეტილებას,  დასახავენ ოცნებების განხორციელების გზებს (უპასუხებენ კითხვაზე: რა უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი ცხოვრებაში განვახორციელოთ?) და როდესაც  ყველა ჯგუფის „რეალისტი“ ამოწურავს შესაძლებლობებს, წრეს დატოვებენ.

მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფის მოთხოვნილების საფუძველზე შესაძლებელია გამეორდეს  „მეოცნებე“-„კრიტიკოსი“-„რეალისტის“ ციკლი, მაგრამ ამჯერად უკვე  მიღებული გადაწყვეტილებების შესამოწმებლად და  პრობლემაც გადაიჭრება!

(სწავლის დაწყებით საფეხურზე სასურველია თითო როლის ცალკე ოთახში შესრულება, მაგალითად, „მეოცნების“ ოთახი შეიძლება მოირთოს სხვადასხვა  ფანტასტიკური გამოსახულებებით, „რეალისტის“ ოთახი – შეიძლება იყოს დიდი და ნათელი, „კრიტიკოსის“ ოთახი – პატარა და ცოტა მოუხერხებელი. თუ ოთახების არჩევის საშუალება არაა, მაშინ შესაძლებელია შევცვალოთ ინსტრუმენტები, მაგალითად, თითოეულ როლს სხვადასხვა ფერის ფლომასტერი მივცეთ –  მაგალითად, მეოცნებეს – მწვანე, კრიტიკოსს – შავი და  რეალისტს – ცისფერი).

დისნეის მეთოდი მიზნის მიღწევის ერთ-ერთი  კრეატიული  სტრატეგიაა, რომლის გამოყენებაც მასწავლებლებს სწავლის ნებისმიერ საფეხურზე და ნებისმიერი საგნობრივი მიმართულებით შეეძლება, იქნება ეს საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო, მათემატიკის თუ ა.შ. მთავარია, სწორად შეირჩეს დავალებები,  პრობლემა (რომელიც შეიძლება იყოს გაკვეთილის თემა, კონკრეტული ამოცანის ამოხსნა, ისტორიული ეპოქის მიმოხილვა, პერსპექტივის წარმოდგენა, სამოქალაქო ცხოვრების  ნებისმიერი პრობლემა, გეოსივრცის დაბინძურება და ეკოლოგიური თემები, კვების  თავისებურებები და ა.შ. არ უნდა დაგვავიწყდეს სივრცის და რეკვიზიტების ორგანიზებაც).

ამ მეთოდის ყველაზე დიდი  უპირატესობა, ე.წ.  „know-how“ (ინგლ.), მაინც დავალებების დროში სწრაფად შესრულება და პრობლემების მოგვარებაა.  განვიხილოთ შესაძლო მაგალითი – როგორ გამოვიყენოთ უ. დისნეის  სტრატეგია  სკოლაში სხვადასხვა  სასწავლო კომპეტენციების ფორმირებისთვის „პროექტული კვირის“ მომზადების ფარგლებში, როგორ ერთვებიან ჯგუფები,   როგორია სამუშაო პროცესი და  როგორ შეიძლება გაიწეროს ვადები:

 „პროექტულ კვირას“ მოამზადებენ საგნობრივი კათედრები ან ცალკეული პედაგოგები და მოსწავლეთა თვითმმართველობა, რადგან ორგანიზაციულად ის რთული სამუშაოა და მომზადებას მოითხოვს. მუშაობის პროცესში პროექტში მონაწილე  პედაგოგები უბრალოდ საგნის მასწავლებლები აღარ არიან, ისინი „იცვლიან“ როლს და გარკვეული პერიოდი არიან ენთუზიასისტები, მოტივატორები, სხვადასხვა საგნის სპეციალისტები, კონსულტანტები, ხელმძღვანელები განსაკუთრებით დროში დაგეგმვის მიმართულებით. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამუშაო გეგმა და  გრაფიკი (ცხრილი 1):

ცხრილი 1

ჯგუფი  № 1 ჯგუფი  № 2 ჯგუფი № 3
მეოცნებეები კრიტიკოსები რეალისტები
I – ორშაბათი: კედლის გაზეთის მომზადება „პროექტული კვირა“ – ჯგუფების შერჩევა;

1- გაკვეთილი – შეკრება, მუშაობის დაგეგმვა;

2–5- გაკვეთილი: ინფორმაციის შეკრება, პროექტის შინაარსზე ლექციის მოსმენა,

6-ე გაკვეთილი: ექსკურსია, ისტ-ის გამოყენება;

7-ე გაკვეთილი: მუშაობის შედეგები.

I- მოითხოვენ გრანდიოზულ მომზადებას, არც ყველა მასწავლებელს და ლიდერებს მოუნდებათ მონაწილეობა. I- ორშაბათიდღის პროდუქტი:

პროექტის დაწვრილებითი გეგმა; დავალებების მიცემა (ჯგუფურად და ინდივიდუალურად).

II – სამშაბათი დილიდანვე პრესცენტრის საინფორმაციო ბუკლეტის    მომზადება „პროექტული კვირის“ პირველი დღის შესახებ (ყოველდღიური მიმოხილვა)

1-7 გაკვეთილზე – ჯგუფებში მუშაობა, ინფორმაციის შეკრება, პროექტის საბოლოო პროდუქტის ფორმის დაზუსტება, ნიმუშის გამზადება.

II – აუცილებელია პროექტის ხელმძღვანელების თეორიული მომზადება (მასწავლებლებისაც და  მოსწავლეებისაც). II – სამშაბათი – დღის პროდუქტი: ინფორმაციის შეკრება პროექტის თემაზე
IIIოთხშაბათი – 1-7 გაკვეთილზე – პროექტული ჯგუფების მუშაობა; პროექტის პროდუქტის გამზადება; პრეზენტაციის ფორმის დაზუსტება; სცენარის მომზადება. IIIშეუძლებელია, მასწავლებლებს და მოსწავლეთა თვითმართველობას დაუღალავი მუშაობა დასჭირდებათ + დიდი დრო დაიხარჯება.  III – ოთხშაბათი – დღის პროდუქტი:  პროექტის პრეზენტაციის სცენარი.
IVხუთშაბათი – 1-7 გაკვეთილზე – პროექტული ჯგუფების მუშაობა; პროექტის პროდუქტის  გაფორმების დასრულება, საბოლოო სახის მიცემა; საპრეზენტაციოდ სცენარის მომზადება.  დასკვნითი რეპეტიცია. IVაუცილებელია საინფორმაციო ტექნიკური საშუალებების მომზადება. IVხუთშაბათი  – დღის პროდუქტი:  გამზადებული  პროდუქტი და პროექტის პრეზენტაცია.
Vპარასკევი – დილიდანვე საინფორმაციო ბუკლეტში   პროექტის დასკვნითი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის  განთავსება.

14 სთ. – პროექტის დაცვა;

15 სთ-ზე შედეგების შეჯამება.

Vარ გვყავს სპეციალისტები არც ფილმის გადასაღებად,  არც კვალიფიციური ფოტოგრაფი და არც დროა საკმარისი კვირეულის ხარისხიანად შეჯამებისთვის. Vპარასკევი  – 12 სთ-დან 13 სთ-მდე  ჟიურის მუშაობა და კვირეულის ვიდეო-ქრონიკის დემონსტრაცია.

14 სთ-ზე საბოლოო პრეზენტაცია;

15 სთ-ზე – რეფლექსია: კვირეულის შედეგების შეჯამება.

უ. დისნეის კრეატიული სტრატეგია ეფექტურად უზრუნველყოფს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების  ჩამოყალიბებას, ამიტომ მისი გამოყენება  სასწავლო პროცესში მისასალმებელია.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://coachingleaders.co.uk/nlp-the-disney-strategy-for-creativity/

https://www.alchemyformanagers.co.uk/topics/A84z9kMghUUaqfXe.html

https://prosto-coach.ru/instrumenty-kouchinga-2/strategiya-uolta-disneya/

https://www.psylive.ru/articles/6740_strategiya-uolta-disneya.aspx

Дилтс Роберт, Стратегии гениев, т.1 – https://log-in.ru/books/strategii-geniev-tom-1-dilts-robert-nlp/

ჩავებღაუჭოთ თუ გავუშვათ?

0

შვიდი წლის რომ გახდა ირაკლი, პირველი კბილის ამოსაღებად წავედით. გაგვიმართლა, არაჩვეულებრივი ექიმი შეგვხვდა – ნატო კაპანაძე. ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა – რას რა მოჰყვებოდა, რას იგრძნობდა, როდის ეტკინებოდა და როგორ… საქმე საქმეზე რომ მიდგა და ნატოს კბილი უნდა ამოეღო, ჩემი შვილი მომიბრუნდა და გადიო, მითხრა. მოულოდნელობისგან დაბნეულმა, მიზეზიც ვერ ვკითხე. გამოვედი, დავდექი დერეფანში და დამეხვია მაჯლაჯუნა ფიქრები: გავიხსენე ირაკლის პირველი კბილის კოვზზე გაწკარუნების სიხარული… ჰოდა, რა გამოვიდა? – ახლა, როცა განსაცდელის და მოსალოდნელი ტკივილის პირისპირ მდგარს თითქოს უფრო მეტად უნდა ვჭირდებოდე, მიშვებს, აღარ ვჭირდები…

რამდენიმე წუთში ნატომ დამიძახა და მითხრა, რომ არაჩვეულებრივი შვილი მყავს, ნამდვილი მამაკაცი. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ის თავკერძობის მაჯლაჯუნა არ მასვენებდა – როგორ გავხდი უცებ ზედმეტი?!

ძილის წინ (ამ დროს „ვაჯამებთ“ ხოლმე გავლილი დღის ავ–კარგს) მიზეზი ვკითხე. არ მინდოდა, გეყურებინა და გენერვიულაო. როცა ნერვიულობ, სახე გეცვლება და მერე მეც ვნერვიულობო…

ვიცი, რაც უფრო გაიზრდება ირაკლი, მით უფრო ხშირად „გამიშვებს“. წლების განმავლობაში, შვილის დაბადებიდან დღემდე მთავარი როლის შემსრულებელს, ძალიან, ძალიან გამიჭირდება, მეორეხარისხოვან როლს ან სულაც როლის გარეშე დარჩენას შევეგუო, მაგრამ თუ თავკერძობაზე უარს არ ვიტყვი, ჩემი შვილი ვერასოდეს გახდება თვითკმარი, დამოუკიდებელი მამაკაცი. როლის შეცვლა დედაშვილურ სიყვარულს ვერაფერს დააკლებს, რადგან „ვეღარაფერი გადის შენი სიყვარულის წრიდან, როცა შენი გული მზეა: სიყვარულის სიხარულის გამომცემი და გადამდები, რომელიც დაფრინავს, ეხვევა, მღერის და ბავშვივით თამაშობს… და როცა გული მზეა, როცა ერთდროულად ბავშვი და დედაა, ანუ ბავშვი დედა, მაშინ ეყოლება ხოლმე უცბად მთელი სამყარო (პაწია სულდგმულებიდან დიად ვარსკვლავებამდე და იმათ მიღმა, ყველაფერი, რაც სურდა ჰყოლოდა) და ჰყავს იგი, როგორც შვილი“ (ნ. გელაშვილი „სარკის ნატეხები“).

გიზიარებთ ერთ–ერთი დედის, ვენდი დელ მონტეს, ბლოგს, რომლის სათაურია „ვემშვიდობები ჩემს ბიჭს“ და რომელიც, იმედი მაქვს, ისევე დაგეხმარებათ მშობლის მუდმივად ცვალებადი როლის მორგებაში, როგორც მე დამეხმარა.

„საძინებლის ღია კარის წინ ჩავიარე და შუქის ჩასაქრობად შევჩერდი. საწოლზე მწოლ ადამიანს თვალი შევავლე და გავიფიქრე: ახალგაზრდა კაცი… ის უკვე აღარ არის ჩემი პატარა ბიჭი, ის ახალგაზრდა კაცია.

დაიცადე… მხოლოდ ერთი წუთით… შეჩერდი… რამდენიმე წამი მჭირდება, რომ შევეგუო. დრო მჭირდება დასამშვიდობებლად.

ვიცი, რომ უნდა გავუშვა შვილი, რომელიც ორ სამყაროს – ბიჭობასა და მოზარდობას – შორისაა. ეს უკვე რამდენჯერმე მოხდა: გავუშვი უმწეო ჩვილი, რომელიც ლამის ხელისგულზე მეტეოდა; მოღიმარი სკოლამდელი, რომელიც მუდამ თოვლის პაპის ქუდითა და ტანსაცმლით დადიოდა და საყვარელ სათამაშოებს დაათრევდა; სკოლის ასაკის ბიჭი, რომელიც ყველგან დარბოდა, ყველაფერს იკვლევდა და ჩემი გულის შეტევების მიზეზი იყო. მისი ბავშვობისა და ჩემი დედობის ყველა ეტაპი მიყვარდა და როცა მომავალ ეტაპს მოუთმენლად ველოდებოდი, იმავდროულად გავლილს მივტიროდი.

სულ ცოტა ხნის წინ ძალიან, ძალიან მინდოდა, კიდევ ერთი ზაფხული მაინც ყოფილიყო იმ ასაკის, რომელიც საუკეთესოდ მიმაჩნდა. ღმერთო, როგორ მჭირდებოდა, ეს პატარა კაცი ცოტა ხანს კიდევ ყოფილიყო პატარა! ნატვრა ამისრულდა – გიჟური ცელქობის კიდევ ერთი ზაფხული გავატარეთ. მაგრამ მომდევნო ეტაპზე გადასვლა გარდაუვალი იყო. ის გაიზარდა. მეც მასთან ერთად გავიზარდე. სხვა არჩევანი არ მქონდა – ან მასთან ერთად უნდა გავზრდილიყავი, ან თამაშგარე დავრჩენილიყავი.

ახლა ვხვდები, რა არაჩვეულებრივი იყო ეს ყველაფერი. ვხედავ, როგორი კარგი კაცი დგება. ყოველდღიურად იმდენი რამ იცვლება მასში. თითქოს სოკოსავით ყოველ კვირა იზრდება, ხმა უბოხდება, სხვანაირად იცინის და ფიქრებს ხომ ნუღარ იკითხავთ! ღმერთო ჩემო, პოლიტიკაზე ვმსჯელობდით და იმდენი რამ იცის! ის იზრდება, წინ მიდის და საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნების გზების ძიებაში ბავშვობას უკან იტოვებს. ასეთია ბუნების გეგმა და მე სწორად ვიქცევი, როცა განზე ვდგები და ვაკვირდები, რადგან ის უკვე საოცარი პიროვნებაა. ის არაჩვეულებრივი კაცი დადგება.

მგონია, რომ მუდამ მომენატრება ჩემი მოღიმარი ახალფეხადგმული, ექვსი წლის ბიჭი ჯადოსნური იდეებით, „დიდთავა“ თოჯინითა და ჭურჭლით თამაში. როცა მისი ცხოვრების თითოეულ საფეხურს ვემშვიდობები, საშუალება მეძლევა გავიაზრო არა მარტო ის, რას ვკარგავ, არამედ ისიც, რას ვიღებ. ჩემი ბიჭი იზრდება და ეს არაჩვეულებრივი, ჯადოსნური რამ არის. ჩვენ უამრავი თავგადასავალი გველის.

გამიმართლა, რომ დღემდე „მაგარ“ დედად მიმიჩნევს ან მაჩვენებს, რომ ასეთად მივაჩინვარ. დღემდე ჩემთან ერთად უნდა დროის გატარება. დღემდე ჩემი ძმაკაცია თავგადასავლებისას, თუმცა ახლა თვითონ ირჩევს თავგადასავლებს. რა თქმა უნდა, ძმაკაცებთან ერთად უფრო მეტ დროს ატარებს, მაგრამ სანამ წავა, აუცილებლად მომიბრუნდება დასამშვიდობებლად, „მიყვარხარო“, მეტყვის და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უდგას გვერდით. დღემდე მეკითხება აზრს და მერე აყალიბებს თავისას.

ქუჩაზე გადასვლისას ზოგჯერ ისევ მკიდებს ხელს. ვერ გეტყვით, საკუთარი თუ ჩემი უსაფრთხოებისთვის. როგორიც უნდა იყოს მიზეზი, ხელს ვკიდებ“.

ინსტრუქციები გაკვეთილების დაგეგმვისა და ვიდეოგადაღებისთვის

0

ძვირფასო მასწავლებლებო, მსურს, გაგიზიაროთ პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მოსაზრებები იმ გაკვეთილების დაგეგმვისა და წარმართვის შესახებ, რომლებზეც შიდა შეფასებისთვის კომისია უნდა დაგესწროთ ან გარე შეფასებისთვის უნდა გადაიღოთ ვიდეოზე.

  1. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ აქტივობის/გაკვეთილის თემა და მიზანი, გაკვეთილის დასაწყისში ხმამაღლა გააცანით მაყურებლებს ან გააკარით დაფაზე/კედელზე და წააკითხეთ კამერას/ოპერატორს და მისი თვალით – მაყურებელსაც.
  2. მისდიეთ დასახულ მიზანს, რათა გაკვეთილი შეკრული და ფოკუსირებული გამოვიდეს. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ 45 წუთი გაქვთ და ნუ გაიფანტებით, ნუ გადასწვდებით მეტისმეტად ბევრ საკითხსა თუ აქტივობას.
  3. წინასწარ გაიაზრეთ: რამდენ ხანს გაგრძელდება მოსწავლეთა პრეზენტაცია და დისკუსია/განხილვა; როგორ უზრუნველყოფთ მასში ყველა მოსწავლის ჩართვას; ვიდრე ერთი ჯგუფი მოხსენებას წაიკითხავს, რას გააკეთებენ სხვები; გაიგებენ თუ არა დაბალი მზაობის მოსწავლეები მაღალი მზაობის მოსწავლეთა მოხსენებას; დააინტერესებთ თუ არა მაღალი მზაობის მოსწავლეებს დაბალი მზაობის მოსწავლეთა მოხსენება; როგორ აიყოლიებთ მოსწავლეებს, რომ ერთმანეთს მოუსმინონ და მონაწილეობა მიიღონ სხვისი პრეზენტაციის განხილვაში; შეაფასებენ თუ არა მოსწავლეები ერთმანეთს; დასვამენ დამატებით კითხვებს თუ „ჩაარიხინებენ“ პრეზენტაციას და „კრება დარჩება მხიარული“. გაითვალისწინეთ მოსალოდნელი პრობლემები და წინასწარ შეიმუშავეთ მათი გადაჭრის გზები, მერე კი გაკვეთილზე განახორციელეთ. მაგალითად, ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაციის დროს ჯერ ყველა ჯგუფის ნამუშევარი გამოაკარით, მერე კი სთხოვეთ მოსწავლეებს რომელიმე მათგანის ისე წარმოჩენა, რომ სხვებმაც უსმინონ, კითხვები დაუსვან და შეაფასონ კიდეც (თუ ცოტა მოზრდილები არიან). ამისთვის შეფასების კრიტერიუმები თავიდანვე უნდა გამოაკრათ საკლასო ოთახში და განმარტოთ.
  4. მზად იყავით, რომ სწორი რეაგირება მოახდინოთ მოსწავლის თუნდაც მოულოდნელ მოქმედებაზე (მაგალითად, არ წაახდინოთ ეფექტური საგაკვეთილო ეპიზოდი შეუფერებელი მიმართვით/სიტყვით). ჯობია, ყველაფერი ზედმიწევნით გათვალოთ წინასწარ. მაგალითად, ჩამოწეროთ მოსწავლეთა ტიპური შეცდომები საშინაო ან საკლასო სამუშაოში ან თქვენს დამატებით კითხვებზე, მოამზადოთ „ხარაჩოები“ ამ შეცდომების გამოსასწორებლად და უკუკავშირის ვერსიაც მიაყოლოთ, რომ გაკვეთილზე გამოგადგეთ. მოიფიქრეთ, თვალსაჩინოებას გამოიყენებთ სკაფოლდინგისთვის თუ მიმგეზავი კითხვები სჯობია, უკუკავშირი წერილობითი იქნება თუ ზეპირსიტყვიერი.
  5. თუ გაკვეთილზე რამე ახალს ან უჩვეულოს აპირებთ, ხმამაღლა გამოაცხადეთ, რომ ბავშვებმაც გაიგონონ და ვიდეოს მაყურებლებმაც. ყველაფერი უნდა წარმოჩნდეს ან გაისმას ხმამაღლა, „ამირან გულში მღეროდა“ დაუშვებელია. ამის მისაღწევად გადაღების დროს ჩათვალეთ, რომ თქვენთვის კი არ მუშაობთ, არამედ მაყურებელი მასწავლებლებისთვის, რათა მათ ისწავლონ თქვენი სანიმუშო მოქმედების საშუალებით.
  6. დიფერენცირება მზაობის მიხედვით უკვე დაჯგუფებულ მოსწავლეებთან მუშაობას ნიშნავს. ვინ ვისთან უნდა დაჯგუფდეს, ამას განმავითარებელი შეფასების საფუძველზე გაარკვევთ, ამიტომ ინტენსიურად გამოიყენეთ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ფორმა -მოკლე ქვიზი, ოთხი კუთხე, 3-2-1, „დაამყარე კავშირი“ და სხვა.
  7. გაკვეთილის განმავლობაში აუცილებლად მიეცით უკუკავშირი თუნდაც რამდენიმე მოსწავლეს ვერბალური, წერილობითი ან გრაფიკული სახით. მოიფიქრეთ შესაფერისი ფორმები და წინასწარ გათვალეთ სიტუაციები.
  8. რაგინდ შესანიშნავი კითხვები/სავარჯიშოები მისცეთ მოსწავლეებს, ყველაფერი კარგად უნდა იყოს გამიჯნული ადრესატის მზაობის დონის შესაბამისად. დაფიქრდით და მოისაზრეთ, როგორ მიხვდეს მაყურებელი, ვის რა მზაობა აქვს და სწორად არჩევს თუ არა მასწავლებელი მოსწავლის შესაფერის კითხვას/ამოცანას გაკვეთილის მიმდინარეობის დროს. მაყურებელს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ შემთხვევით კითხვებს სვამთ, თორემ დიფერენცირების ეფექტი დაიკარგება და ტრადიციულ ფრონტალურ გამოკითხვას ან ჯგუფურ მუშაობას დაემსგავსება ეკრანზე.
  9. დიფერენცირება უფრო მკვეთრად წარმოაჩინეთ, რათა მაყურებელი მიხვდეს, რა ხდება, რით გამოიხატება დიფერენცირება, რის საფუძველზე და რა მიზნით. ხმამაღლა გამოაცხადეთ (და ჯგუფისთვის განკუთვნილი დავალების ბარათიც ყველას აჩვენეთ), რომ ყველა ჯგუფს ერთსა და იმავე საკითხზე აძლევთ დავალებებს, თუმცა ეს დავალებები განსხვავებულია.
  10. დიფერენცირებული დავალებების მიცემისას ხმამაღლა ახსენით, რა განასხვავებს ერთმანეთისგან დავალებებს (მაგალითად, მანიპულატივების გამოყენება, დროში შეზღუდვა, დაწვრილებითი ინსტრუქციები, დამოუკიდებლობის ხარისხი დავალების შესრულებისას, შესასრულებელ დავალებასთან დაკავშირებით არჩევანის მიცემა მოსწავლეებისთვის და ა.შ.).
  11. ეცადეთ, გაკვეთილი ცალკეულ საინტერესო აქტივობათა კრებულიდან ერთიან კონსტრუქტივისტულ დიფერენცირებულ პროცესად აქციოთ.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ:

◦ განმავითარებელი შეფასება გაკვეთილის განმავლობაში 3-ჯერ მაინც უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ხერხით.

◦ მხოლოდ ისტ-ის იმედად ნუ იქნებით, რადგან ვიდეოკამერაზე სლაიდები არცთუ კარგად ჩანს.

◦ თუ მოსწავლეები გაწაფული არიან ჯგუფური მუშაობის ორგანიზებაში, შეიძლება, გაკვეთილის დასაწყისში კლასი სტანდარტული განლაგებით ისხდეს და მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას გადააჯგუფოთ. გამოჩნდეს, რომ ისინი განსხვავებული მზაობის პრინციპით სხდებიან ჯგუფებად.

◦ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სსსმ მოსწავლეს (თუ გყავთ კლასში ასეთი ბავშვი) და წარმოაჩინეთ, როგორ წარმართავთ მასთან დიფერენცირებულ სწავლებას.

◦ ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს მომზადებული, რათა დრო უშუალოდ მოსწავლეთა მეცადინეობაზე დაიხარჯოს. ასე რომ, ოპტიმალურად დაგეგმეთ აქტივობები, რათა 45 წუთს არ გადააცილოთ.

ნუ დაუშვებთ ყველაზე უარეს პედაგოგიურ შეცდომებს:

  • კითხვის დასმისთანავე ნუ მოითხოვთ პასუხს, აცალეთ მოსწავლეებს ფიქრი და აზრიანი პასუხის მომზადება. საკუთარ კითხვას პასუხს თავად ნუ გასცემთ. მოპასუხის სწრაფად მითითებაც არ არის ყველასთვის კომფორტული, ეს სტრესს იწვევს მოსწავლეებში და აღძრავს მიკერძოებული მიდგომის ეჭვს. უმჯობესია, მოსწავლეებმა წყვილ-წყვილად განიხილონ საკითხი და რამდენიმე წყვილის მოსაზრება მოისმინოთ. ისიც შეიძლება, კითხვის დასმის შემდეგ მცირე პაუზა გააკეთოთ და შემთხვევითი შერჩევის წესით აირჩიოთ მოპასუხე. ეს თქვენი მიუკერძოებლობის დასტურიც იქნება და ყველა მოსწავლესაც აიძულებს, თავიდანვე იფიქროს პასუხის შესახებ.
  • გაკვეთილს ნურც სლაიდშოუდ გადააქცევთ და ნურც ახსნა-განმარტებათა ნიაღვრად. ეფექტური სწავლება დაფასთან მუშაობასაც მოიცავს, თხრობასაც, დისკუსიასაც, სავარჯიშოების შესრულებასაც, ინდივიდუალურ დავალებებსაც და ჯგუფურ მუშაობასაც. სწორედ მათი კომბინაციის მართლზომიერი და მიზანშეწონილი შერჩევა-შედგენა წარმოაჩენს თქვენს ოსტატობას გაკვეთილის დაგეგმვასა და წარმართვაში.
  • ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს ბედის ანაბარა ნუ მიატოვებთ. უმჯობესია, თანამშრომლობითი მოდელი გამოიყენოთ, როდესაც ყოველ მოსწავლეს მისთვის ცნობილი ვალდებულება აკისრია, ანგარიშვალდებულია თქვენი და თანაკლასელების წინაშე. პერიოდულად ყველა ჯგუფს მიუახლოვდით, მიაყურადეთ და ჩაეკითხეთ, სამუშაოს შესრულების რომელ ეტაპზე არიან და რა შედეგი მიიღეს.
  • მოსწავლეებისთვის დავალებებისა და საკითხების შეთავაზებისას ნუ გამოიყენებთ სტრატეგიას „მენდეთ, რადგან მე უკეთ ვიცი, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის“; იზრუნეთ იმაზე, რომ ეს დავალებები და საკითხები მოსწავლეებისთვის შესაფერისი, აზრიანი და საინტერესო იყოს, რათა მართლა აუმაღლდეთ მოტივაცია და აგყვნენ ინიციატივაში, არ გიმტყუნონ, არ დაგაღალატონ გაკვეთილის მსვლელობისას.

როგორ დავაინტერესოთ მოსწავლეები?

0

ცოდნის შეძენის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ინტერესია. მოსწავლის აზროვნების პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ მას ყურადღება არ მოუდუნდეს. აღქმის დროს აზროვნებასთან შედარებით ყურადღება ნაკლებად დუნდება. ზოგჯერ მოსწავლე, გამიზნულად, თვითონ ინტერესდება საკითხით, ანუ ავლენს აქტიურ ყურადღებას, მაგრამ ზოგჯერ ინდეფერენტულია და არაფერი აინტერესებს. ნებისმიერ მოზარდს ახასიათებს უნებლიე ყურადღება, რაც განაპირობებს მის აქტივობებში ძალდაუტანებლად ჩართვას. როგორ გამოვიწვიოთ უნებლიე ყურადღება, რომ  დიდი ძალისხმევისა და მოწოდებების გარეშე დავაინტერესოთ მოსწავლეები? გრამატიკის საკითხების სწავლებისას ისინი არ ავლენენ უნებლიე ყურადღებასა და ინტერესს, მაშინ, როდესაც სწავლის პროცესი ყურადღებას ეყრდნობა. მოსწავლეები უმეტეს შემთხვევაში ხალისით სწავლობენ ლიტერატურას. ამისათვის მრავალ მეთოდსა და ხერხს ვიყენებთ და შედეგსაც ვაღწევთ. საკმარისია ინფორმაციის, ტექსტის გადაცემის დროს როლში შეხვიდე, გამოიყენო დახვეწილი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, რომ ბავშვი მონუსხული, ინტერესით გისმენს. გარდა ამისა, მრავალი აქტივობაა, რომელთა გამოყენებით მოსწავლეებს ტექსტს აანალიზებინებ, მაგრამ გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით გრამატიკის საკითხების სწავლებისას. ამ შემთხვევაში არც სიმულაციები მეხმარება, არც სიტყვებით თამაში, არც მკითხველის თეატრი და არც სიტუაციური ამოცანა, რომელზედაც დისკუსიას გამართავენ. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსწავლემ ქართული ენის საკითხები ხალისით ისწავლოს? რა სტრატეგია და მეთოდი გამოვიყენოთ, რომ მასალა, თეორიული თუ პრაქტიკული, მისთვის მოსაბეზრებელი არ იყოს? როგორ დავგეგმოთ აქტივობები, რომ მოსწავლემ ენთუზიაზმი გაკვეთილის ბოლომდე შეინარჩუნოს? როგორ მოვახერხოთ, რო მის იყოს აქტიური, ჰქონდეს განწყობა და მიაღწიოს შედეგს? ამ კითხვებს პასუხს იმ შემთხვევაში გავცემთ, თუ გაკვეთილს დავგეგმავთ ისეთი რესურსების გამოყენებით, რომლებიც მაქსიმალურად მიიქცევს ბავშვების ყურადღებას. რა შეიძლება იყოს ეს რესურსები? ეს უკვე ჩვენს შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული. მეექვსეკლასელი მოსწავლეებისათვის უნდა ამეხსნა შორისდებული. ვფიქრობდი როგორ დამეინტერესებინა მოსწავლეები, რომ ყველა მათგანი ხალისით ჩართულიყო საგაკვეთილო პროცესში. გადავწყვიტე გამომეყენებინა ილუსტრაციები. ბოლოს გაკვეთილის გეგმა შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:

სიღრმისეული წვდომა – ილუსტრაციაზე დაკვირვება:

 მოსწავლეებს ვთხოვ, თანმიმდევრულად  დააკვირდნენ ილუსტრაციებს  (4 თანმიმდევრულად დალაგებული ილუსტრაცია power point-ში წინასწარ მაქვს მომზადებული) და უნდა ამოიცნონ ემოციები და გადმოსცენ პირადი დამოკიდებულება, პარალელურად პასუხს გასცემენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს.

პირველი სლაიდი: სლაიდზე მოცემულია ბავშვი, რომელიც აღტაცებას გამოხატავს, იქვეა შემდეგი წინადადება: ,,……. რა ლამაზია!“ სლაიდზე დატანილია კითხვაც: თქვენი აზრით, წერტილების ადგილზე რომელი სიტყვა ჩაისმის? ვაი, ეჰ, უჰ.

Cub1

სწორად გაცემული პასუხის შემდეგ ვსვამ შემდეგ კითხვას: თქვენი აზრით, მოცემული წინადადებიდან რომელი სიტყვა გამოხატავს გრძნობას? პასუხის გაცემის შემდეგ ისევ ვსვამ კითხვას:  რას გამოხატავს „უჰ“, აღტაცებას თუ წყენას? მოსწავლეები აზუსტებენ გრძნობას, რომელსაც სიტყვა გამოხატავს.

მეორე სლაიდი: მოცემულია შვლის ნუკრის ილუსტრაცია წინადადებებით: ,,…. რამდენი გამოცდილება მაკლია, მე საცოდავსა!”

თქვენი აზრით, წერტილების ადგილზე რომელი სიტყვა ჩაისმის? „ოჰ“, „ვაი“, „იფ“.

chb2

Cub3

Cub4

პასუხის გაცემის შემდეგ ისევ ვსვამ კითხვას:

თქვენი აზრით, მოცემული წინადადებიდან რომელი სიტყვა გამოხატავს გრძნობას? მოსწავლეები ასახელებენ სიტყვას. რას გამოხატავს „ოჰ“? წყენას თუ სიხარულს? მოსწავლეები აზუსტებენ გრძნობას, რომელსაც სიტყვა გამოხატავს.

მესამე სლაიდი: ილუსტრაცია: მასწავლებელი აქებს ბავშვს. წინადადება: ,,…. კარგად გააკეთე!”

თქვენი აზრით, წერტილების ადგილზე რომელი სიტყვა ჩაისმის? „ბარაქალა“, „ვაშა“, „ყოჩაღ“.

Cub5

სწორად გაცემული პასუხის შემდეგ ვსვამ შემდეგ კითხვას:

თქვენი აზრით, მოცემული წინადადებიდან რომელი სიტყვა გამოხატავს გრძნობას? მოსწავლეები ასახელებენ სიტყვას.

რას გამოხატავს სიტყვა ,,ყოჩაღ“? სიხარულს, მოწონებასა თუ აღფრთოვანებას. მოსწავლეები აზუსტებენ გრძნობას, რომელსაც სიტყვა გამოხატავს.

chub5

მეოთხე სლაიდი: ილუსტრაციასთან ერთად წინადადება: ,,…. მეც ფრთები მომცა!”

თქვენი აზრით, წერტილების ადგილზე რომელი სიტყვა ჩაისმის? აუჰ, ნეტავ, ბიჭოს.

cub6

 სწორად გაცემული პასუხის შემდეგ ვსვამ  კითხვას:

თქვენი აზრით, მოცემული წინადადებიდან რომელი სიტყვა გამოხატავს გრძნობას? მოსწავლეები ასახელებენ სიტყვას. სიტყვა, რას გამოხატავს ,,ნეტავ“, გაკვირვებას, ნატვრას თუ სინანულს? მოსწავლეები აზუსტებენ გრძნობას, რომელსაც სიტყვა გამოხატავს.

chub7

აქედან გამომდინარე, რას გამოხატავს შორისდებული? მოვისმენ რამდენიმე პასუხს (სურვილისამებრ ან შერჩევით) და დაკვირვების საფუძველზე ვადგენ მოსწავლეებმა როგორ ააგეს ცოდნა.

ჯგუფებს ვურიგებ ფურცლებს შემდეგი წინადადებებით:

პირველი ჯგუფი:

  • იფ, იფ, როგორ დამშვენებულა! (აღტაცება, მოწონება)
  • ეჰ, დასრულდა ჩვენი დღესასწაული! (სინანული)
  • უი, შე საბრალო! (თანაგრძნობა, შებრალება)

მეორე ჯგუფი:

  • აფსუს როგორ დაუკარგავს ფერი! (სინანული)
  • ოჰ, რა კარგები ხართ! (აღტაცება, მოწონება)
  • ერიჰა, ეს რა მოგსვლიათ! (გაკვირვება)

                   მესამე ჯგუფი

  • ვაშა, შენს თავდადებას! (აღტაცება, მოწონება)
  • ოჰ, როგორ მიჭირს მარტოობა! (ნაღველი, მწუხარება)
  • ვაი, რომ გვიანღა მიხვდა ამას! (სინანული)

მოსწავლეებმა მოცემული წინადადებებიდან უნდა გამოყონ შორისდებულები და აღნიშნონ, რა გრძნობას გამოხატავენ ისინი.

 ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ დავალებას. სწორ პასუხებს ვაჩვენებ ისევ სლაიდებით და ვაფასებ ჯგუფების მუშაობას.

სლაიდით მოსწავლეებს ვაჩვენებ ორ წინადადებას:

  • ოჰ, რა კარგები ხართ!
  • ოჰ, როგორ მიჭირს მარტოობა!

ვსვამ შემდეგ კითხვებს:

ერთ შემთხვევაში რა გრძნობას გამოხატავს შორისდებული?

მეორე შემთხვევაში? მოსწავლეები (სურვილისამებრ ან შერჩევით) პასუხს სცემენ კითხვებს.

აქედან გამომდინარე, რა დასკვნას გააკეთებთ?

მოსწავლეები არკვევენ ერთი და იმავე შორისდებულის დანიშნულებას ორ სხვადასხვა შემთხვევაში.

ამ აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს ისევ ვურიგებ ფურცლებს შემდეგი წინადადებებით:

  • ჰა, ვაჟო, დაიჭი ყანწი!
  • შენ, ეი, კერპო, ჩააგე ხმალი!
  • აგე, სად ყოფილა!

მოსწავლეებმა უნდა გამოყონ შორისდებულები და აღნიშნონ, გამოხატავენ თუ არა ისინი გრძნობასა და ემოციას.

დავალების შემოწმებისა და შეფასების შემდეგ მოსწავლეებმა  შორისდებულები – „გამარჯობა“, „გენაცვალე“, „ღმერთმანი“, „მშვიდობით“, „ჩემმა მზემ“, „შენი ჭირიმე“, „ნახვამდის“, „გმადლობთ“ – უნდა დაალაგონ  შემდეგი  ჯგუფების – ფიცის, მისალმება-გამოთხოვების, საალერსო-სამადლობელი – მიხედვით.

შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის შემდეგ სწორ პასუხებს სლაიდით ვაჩვენებ.

დაკვირვების საფუძველზე ვადგენ, როგორ ააგეს მოსწავლეებმა ცოდნა. ვაფასებ სწორად და დროულად შესრულებულ სამუშაოს, მოსწავლეებს ვაფასებინებ ერთმანეთის მუშაობას.

            გრამატიკის საკითხების სწავლებისას, როდესაც ვიყენებ ილუსტრაციებს, თვალსაჩინოებას, მოსწავლეები დაკვირვებით სცემენ კითხვებს სწორ პასუხებს და აგებენ ცოდნას. ასეთ შემთხვევაში ყველა მოსწავლე იჩენს მაქსიმალურ ყურადღებას და, შესაბამისად, თანაბრად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. ინტერესით შეძენილი  ცოდნა კი ხანგრძლივ ხასიათს ატარებს.

ხელოვნება ყოველდღიურად

0

“ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს, ყველაზე ნაკლებად ხელოვნება. მასწავლებელი ისეთი რამეების გაკეთებას გვთხოვს, რაც არ ვიცით. თან არ გვიხსნის, როგორ უნდა გავაკეთოთ დავალება” – მითხრა მეოთხე კლასელმა ბიჭუნამ, რომელიც ჩემს შვილებთან ერთად თამაშობდა ჩვენი კორპუსის წინ მდებარე სკოლის ეზოში. კი ვუთხარი, ხელოვნება მშვენიერი რამეა, იმ შენს მასწავლებელს უთხარი, კარგად აგიხსნათ, რაც წიგნებში წერია, შეუძლებელი არაფერი იქნება, შენნაირი ჭკვიანი ბავშვისთვისთქო, მაგრამ ეჭვი მაქვს, დამოკიდებულებას ამ საგნის მიმართ არ შეიცვლიდა. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ეს მასწავლებელი ამ მეთოდით გააგრძელებს სწავლებას.

 

და ვიფიქრე, მოგიყვეთ ორი პროექტის ამბავი, რომელსაც ერთი შეხედვით შეიძლება  ხელოვნებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ შეიძლება არქიტექტურაზე, ფოტოფრაფიაზე, ტიპოგრაფიასა და ფოლკლორზე საუბრისას დაგეხმაროთ, უფრო მარტივად ახსნათ ყოველდღიური ამბებით რთული პროცესები.

 

“ქართული ხალხური რეკლამის” მაგალითების გადაღება დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყე ორი მიზეზის გამო. ერთი იმიტომ, რომ ქუჩებში ფეხით სიარულისთვის პლიუს ერთი მიზეზი მქონოდა და მეორე იმიტომ რომ მეჩვენებინა, რამდენად საინტერესო და სახასიათოა ადამიანის ხელით გაკეთებული წარწერები თუ გრაფიკული გამოსახულებები. დღეს, როცა ათასობით მარკეტინგის სპეციალისტი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ცდილობს ისეთი ხრიკების მოფიქრებას, რაც მათთვის სასურველი პროდუქტისკენ მიაქცევს მომხმარებლების ყურადღებას, უფრო და უფრო საინტერესოდ მეჩვენება ის ხალხი, რომლებიც სპონტანურად, მარტო, საკუთარი ხელით ქმნიან წარწერებს, იგონებენ სლოგანებს და გრაფიკულ გამოსახულებებს იმისათვის, რომ ჩვენი ყურადღება მიიქციონ, იმ ადამიანების, რომლებსაც მოტივაცია გვჭირდება ქუჩაში ფეხით სიარულისთვის, ყველა საჭირო ინფორმაციას და სერვისს ინტერნეტში ვეძებთ და სიამოვნებით ვასრულებინებთ რთულ ამოცანებს მანქანურ დანადგარებს. მეორეც არის,ხანგრძლივმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხშირად სწორედ ასეთი, სპონტანური ხელნაკეთი აბრები უფრო საინტერესო და მეტყველია. თუკი შეიძლება ასეთი ჟანრი არსებობდეს, ეს არის მარკეტინგული ფოლკლორი.

 

რეკლამა

ურბანული პალიმფსესტიც ქუჩაში სეირნობებისას გაჩენილი პროექტია. წლების წინ ვხუმრობდი, ქალაქში რემონტი გვაქვსთქო.  ნელ-ნელა მივხვდი, რომ ქაოტური მშენებლობები, ძველი სახლების ახალი მაღალსართულიანი კორპუსებით ჩანაცვლების უსასრულო პროცესი და ამ პროცესში მონაწილე ნაგებობები და მათი ბინადრები ასევე უსასრულო სევდას იწვევდა ჩემში და ვიფიქრე დამემახსოვრებინა ყველა ის კედელი, რომელიც თავისდა უნებურად მიმდინარე არქიტექტურული პროცესებში აღმოჩნდა ჩართული;

 

მარტო დარჩენილი ძველ, დაბზარულ კედლებზე შემორჩენილი ფილები, ორნამენტები, ნახატები, შპალერები, საღებავები ააშკარავებენ იმას, რასაც თავის თავში ინახავდნენ, სანამ ერთიანი სხეული იყვნენ;

 

ურბანული პალიმფსესტების ძებნა და კითხვა ერთდროულად გავს თამაშსაც, როცა დადიხარ წარმოსახვით სამყაროში და იგონებ სხვადასხვა ისტორიებს და სისტემურ კვლევასაც, როცა მკვლევრის ხელში ჩავარდნილი მნიშვნელოვანი დოკუმენტები ნათელს ხდის ამ პერიოდის ისტორიას, მიმდინარე პროცესებს, საზოგადოებრივ განვითარებას და გადაწყვეტილების მიმღები პირების პრიორიტეტებს.

 

პალიმფსესტი

არ ვიცი, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს მეოთხე, მეექვსე ან თუნდაც მეათე კლასელი ბავშვისთვის ეს კონკრეტული პროექტები, ან თქვენ, მათი მასწავლებლები რამდენად ჩათვლით ამ ყველაფერს, კომერციული მიზნებით შესრულებულ სხვადასხვა ადგილებში ჩამოკიდულ აბრებს და დანგრეულ, დაბზარულ კედლებს ხელოვნებად, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ თანამედროვე ხელოვნებაში ყველასთვის და ყველაფრისთვის შეიძლება მოიძებნოს ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი ადგილის პოვნაა საჭირო, სწორი კონტექსტის, იმისათვის რომ ჩვენგან ცალკე არ დარჩეს, ყოველდღიურად მოვიხმარდეთ ან სულაც ჩვენ ვქმნიდეთ ისეთს, როგორიც მოგვეწონება. საბოლოოდ ხომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ყველაფერს ჩვენ ვანიჭებთ ღირებულებას.

 

პ.ს.

ორივე პროექტისთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ Facebook-ზე.

ქართული ხალხური რეკლამა – https://www.facebook.com/adsfromgeorgianstreet/

ურბანული პალიმფსესტი – https://www.facebook.com/UrbanPalimpsest/

 

 

 

ვიცი, როგორ დავაინტერესო მოსწავლეები

0

ილია ვადაჭკორიამ ისტორიკოსის პროფესია მამის _ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ შოთა ვადაჭკორიას გზის გასაგრძელებლად აირჩია, მაგრამ მშობლების შეწუხებას მოერიდა და გადაწვიტა ცხოვრებისეულ მოთხოვნებს თავად გამკლავებოდა, ემუშავა და მეცნიერებას მერე ჩაღრმავებოდა. სამუშაოს ძიებაში თურქეთს მიაშურა, თხილი აგროვა, გასამრჯელოთი კომპიუტერი შეიძინა, პროგრამები ისწავლა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის  მშობლიურ სკოლაში ბიბლიოთეკარად დაიწყო მუშაობა. ზოგჯერ ასაკოვანი პედაგოგის ჩანაცვლება უხდებოდა და მიხვდა, მასწავლებლობამ დააინტერესა. მერე თანდათან მოემატა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საათები, ჭანჭათის სკოლას აკეთის სკოლაც მიემატა. გაკვეთილს გაკვეთილი მოჰყვა… ილიას კი საქმის ზერელედ კეთება არც უყვარს და არც შეუძლია.

_ძალიან საინტერესო და მოტივირებული თაობა მოდის. ერთ რამეს ვაკვირდები: ჩვენს დროს მოსწავლეები პირობითად სამ ნაწილად იყოფოდნენ, წარჩინებულები, საშუალო მოსწრების მქონენი და ასე ვთქვათ, ჩამორჩენილები… ახლა მოსწავლეები ან ძალიან კარგად სწავლობენ, ან საერთოდ არ სწავლობენ. ვინც სწავლობს მართლა მაქსიმუმის მიღებას ცდილობს, გაკვეთილიდანაც, სოციალური ქსელებიდანაც. ზოგიერთი მათგანი ისეთია, ზრდასრული ადამიანის აზროვნება და უნარები აქვს, ჩემი ერთი მოსწავლე გურიის ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარეა, მასთან, როგორც ჩემს თანატოლთან, ისე შემიძლია მსჯელობა.

_ გამოდის, რომ მასწავლებლობა თქვენი საქმე გამოდგა?

_ უნივერსიტეტში ერთი ჩვენი ლექტორი ეუბნებოდა ზარმაც სტუდენტებს, თქვენ სკოლის იქით ვერსად იმუშავებთო… წარმოიდგინეთ, მისი დამოკიდებულება და ცოტა არ იყოს, აქედანაც შემექმნა განწყობა, რომ სკოლაში რა მინდა მეთქი. საერთოდაც ასეთი მიდგომა  მასწავლებლის პროფესიისადმი ინტერესს აქარწყლებს. ახლა, როცა ვმუშაობ მასწავლებლად და გავიცანი უამრავი განათლებული და პატივსაცემი კოლეგა, იმ ლექტორის უპასუხისმგებლობა სრულად გავიაზრე. მოსწავლეები შემოგყურებენ, გისმენენ, შენ კი უნდა მისცე მათ მაქსიმუმი და თან ისე, რომ ეს ცხოვრებაში გამოადგეთ, მათ მომავალში გასაგნებად აძლევ ცოდნას, უნარ-ჩვევებს… უფრო უკეთესი და მნიშვნელოვანი რამ ვერც წარმომიდგენია. მასწავლებლობაში ჩემი აუსრულებელი ინტერესების რეალიზებაც მოვახერხე: სულ მინდოდა ვიდეოგადაღება მცოდნოდა და ახლა ბავშვებთან ერთად ვქმნით სხვადასხვა ვიდოსიუჟეტებს, გვაქვს ბლოგი, სადაც ვტვირთავთ.

_ პედაგოგები ხშირად ჩივიან არ ვართ დაფასებულები, პატივს არ გვცემენო, თქვენთანაც ასეა?

_ რას ბრძანებთ, ჩვენთან სოფელში, ნამდვილად არ არის ასე,  მოსწავლეთა მშობლებისაგან, თანასოფლელებისგან ისეთ მოწიწებას და პატივისცემას ვგრძნობ, ხანდახან 30 წლის კაცისათვის ცოტა უხერხულადაც მეჩვენება.

_ სკოლაში გენდერული ბალანსი ქალთა მხარეს ირღვევა…  

_ გაგვიმართლა, აკეთის  სკოლაში მამაკაცები უმცირესობაში არ არიან, ცხრანი ვართ და თან უმრავლესობა _ახალგაზრდები. ვმეგობრობთ,  სკოლაშიც და სკოლის გარეთაც. მხარს ვუბამთ ერთმანეთს. მამაკაცების ყოფნას სკოლაში, თავისი შედეგები აქვს. ჩვენი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ თქვენმა მეგობრობამ მოსწავლე ბიჭებზე დადებითი გავლენა იქონია, აღარ კინკლაობენ, არ ჩხუბობენ, პირიქით, მეგობრულები გახდნენო. პირველად, მასწავლებლობა რომ დავიწყე, კლასის მართვაში პრობლემებს წავაწყდი, ბიჭებმა შენიშნეს, რჩევები მომცეს, თვითონაც დაელაპარაკნენ მოსწავლეებს და მალე სიტუაცია შეიცვალა. ახლა ფასილიტატორადაც ამირჩიეს, ესეც დიდი პასუხისმგებლობაა და ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო. კოლეგებს თუ რამ დასჭირდათ ჩემგან, მაქსიმალურად მინდა მათი დახმარება.

 

მასწავლებელი ილია ვადაჭკორია

_ რა მეთოდებს მიმართავთ, რომ მოსწავლეებს თქვენს გაკვეთილზე ყოფნა აინტერესებდეთ და ეხალისებოდეთ?

_  განათლების თანამედროვე თეორიები და მიდგომები უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომ  საგაკვეთილო პროცესიც და კლასგარეშე საქმიანობაც საინტერესოდ და სასარგებლოდ წარიმართოს. მოსწავლეს უნდა გაუჩინო ინტერესი თემის მიმართ, უნდა დაანახო, მიახვედრო რაში გამოადგება კონკრეტული თემის შესწავლა ცხოვრებაში. ავიღოთ სამოქალაქო განათლება. ამ რამდენიმე ხნის წინ, ტრეფიკინგის თემას გავდიოდით. შევიტანე კლასში შრომითი ხელშეკრულების ფორმები და დამსაქმებლის პირობები, ვთხოვე გასცნობოდნენ და აერჩიათ სასურველი დამსაქმებელი და მასთან შრომით ხელშეკრულებაზე მოეწერათ ხელი. ბევრმა მათგანმა ზერელედ გადახედა პირობებს და ის დამსქმებელი აირჩია, რომელიც მაღალ ანაზღაურებას ჰპირდებოდა, მათ ყურადღება არ მიუქცევიათ შრომით ხელშეკრულებაში პატარა შრიფტით გაკეთებულ კაბალურ პირობებზე, რომელიც დასაქმებულს  ტრეფიკინგის მსხვერპლად აქცევდა. ასე მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობამ. 16 მოსწავლიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა წინდახედული. ამის შემდეგ დავიწყეთ თემის გაშლა და მსჯელობა- ანალიზი. ინტერესი მაშინვე გაღრმავდა, ჩართულობა იყო სრული. დარწმუნებული ვარ ეს გამოცდილება არ დაავიწყდებათ და მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ. საინტერესო დისკუსია გაიმართა მოსწავლეებს შორის, როცა ისტორიის გაკვეთილზე დიდგორის ბრძოლასა და ჰანიბალის ბრძოლას შორის, უფრო ზუსტად, გამოყენებულ საბრძოლო სტრატეგიებს შორის მსგავსება- განსხვავებაზე იმსჯელეს, შემდეგ ორ სხვადასხვა მიდგომის : დამოუკიდებლად მივიდა აღმაშენებელი ასეთი სტრატეგიის შემუშავებამდე თუ ის იცნობდა მსოფლიოს საბრძოლო გამოცდილებას,  თავ-თავისი გამზიარებლები გამოუჩნდნენ და არგუმენტებით ამყარებდნენ პოზიციებს. საინტრესო დისკუსია გამოვიდა და ასეთი გაკვეთილები მოსწონთ მოსწავლეებს. ჩართული ვართ სხვადასხვა პროექტებში და იქიდანაც ვიღებთ სასარგებლო რესურსებს. მიყვარს ტრენინგები, რადგან ყოველთვის ახალ პროფესიულ ცოდნას და გამოცდილებას იძენ და მერე ერთი სული გაქვს ეს კლასში როგორ იმუშავებს, როგორ გაართმევ თავს, როგორც პედაგოგი.

_ ილია, მეცნიერებას მასწავლებლობამ სძლია?

_ არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი ასე და მეცნიერულ საქმიანობაზე ისევ ვფიქრობ, ალბათ, დამიდგება ეს დროც. ერთადერთი, რაც მაწუხებს, საჯარო ბიბლიოთეკისა და სხვა სამეცნიერო ბიბლიოთეკების სიშორეა, მაგრამ ამასაც მოევლება. მასწავლებლობა კი სულაც არ შემიშლის ხელს სამეცნიერო საქმიანობაში. პირიქით, ხანდახან ჩემთვის საინტერესო თემებზე მოსწავლეებისაგან ისეთ მოულოდნელ და ხალას მოსაზრებებს ვისმენ, რომ გაოცებული ვრჩები, თან მოგეხსენებათ, გურულებს როგორ უყვართ კამათი და დისკუსია. ჯერჯერობით, სკოლაზეა მიმართული ჩემი ინტერესი. ერთი სული მაქვს გაკვეთილზე დაკვირვების აქტივობებში ჩავერთო. სქემამ სხვაგვარად გამოაცოცხლა სკოლა და პედაგოგები. მომავალ სასწავლო წელს ეს ალბათ, უფრო საგრძნობი იქნება.

 

სიყვარულის მეტაფორები: სასმელ-საკვები

0

„მომწყურდი ახლა, ის მომწყურდი,

ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…“

გალაკტიონი

„მარადიულობა! მარადიულობა! – სწორედ ეს არის წყურვილი, წყურვილი მარადმყოფობისა, ის, რასაც სიყვარულს უწოდებენ, ადამიანებს შორის სიყვარულს, რამეთუ ორ ადამიანს როცა ერთმანეთი უყვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთს უნდა უკვდავჰყოს თავისი თავი მეორეში. ის, რაც არ არის მარადიული, არც რეალურია…“

მიგელ დე უნამუნი, „უკვდავების წყურვილი“

 

სიყვარულის კიდევ ერთი უნივერსალური ფიზიოლოგიური მეტაფორა: შიმშილი და წყურვილი. სიყვარული გვწყურია და სული იკვებება სიყვარულით… მართალია, ეს განსაკუთრებული სასმელ-საკვებია და, უმეტესად, წყურვილს ვერ იკლავ, მაგრამ გამუდმებულად მიელტვი ამ გრძნობას, როგორც მშიერ-მწყურვალი და იკარგები და ირევი მასში სრულ გაქრობამდე.

სიყვარული – საკვებია და ამიტომ მას აქვს გემო, ეს გემო ხან ტკბილია და ხან -მწარე, ხანაც – ტკბილ-მწარე, მაგრამ როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა:

„ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს

სიცოცხლე არ შეუწონოს?“

დიახ, უმეტესად სიყვარული – სიტკბოა, ამიტომაც ფრაზეოლოგიაში არსებობს გამონათქვამი: „სიყვარულის სიტკბო“.  საკვებთან და სიტკბოსთანაა დაკავშირებული აგრეთვე ფრაზეოლოგიური მეტაფორები: თაფლობის თვე… კანფეტივით ქალი, შოკოლადივით კანი…. სიყვარულის გემო, შენი ტუჩების გემო, მარწყვივით ბაგეები, თვალებით თრობა და სხვა. ამ ტიპის ფრაზეოლოგიზმები უნივერსალურია და ყველა კულტურაშია გავრცელებული.

სიყვარული – სასმელია, ამიტომ მისით, როგორც სასმელით, თვრებიან,  ფრაზეოლოგიზმი – „სიყვარულმა დამათრო“ – სწორედ აქედან გამომდინარეობს.

სიყვარულის გემოს გასინჯვა კი ეტიმოლოგიურად შესაძლოა ედემის ბაღში ადამისა და ევას მიერ აკრძალული ხილის გასინჯვიდან მოდის. მოკლედ, სიყვარულის გემოს ვერ გაიგებ, თუ არ დააგემოვნე… ანუ: მიირთმევ სიყვარულს… როგორი გემო აქვს მას, ეს სრულიად ინდივიდუალურია, მაგრამ ფაქტი ერთია: ამ საიდუმლოს რომ ჩასწვდე, უნდა გასინჯო…

მოკლედ, რა ხილია სიყვარული? როგორც ჩანს, ამ ხილის გემო ყოველთვის იცოდნენ:

„ახლა კი მინდა, მოგითხროთ ვისისა და რამინის სიყვარულის ამბავი. ეს ვისი და რამინი დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ ირანში. მეტყვით, რაღა დროის ადამისჟამობის სიყვარულზე ლაპარაკია, მაშინ იცოდნენ კი, სიყვარული რა ხილი იყოო! სცოდნიათ, ბატონო, და ეს ხილი გემოზედაც უსინჯავთ ხოლმე, როგორც კი ამის შემთხვევა მისცემიათ. (ვისისა და რამინიის სიყვარულის ამბავი,  ფახრ ედ-დინ გორგანელი).

თუ უფრო შორს წავალთ ფრაზეოლოგიზმებში, ძლიერი სიყვარულის გამოსახატავად კანიბალურ მეტაფორებსაც მივადგებით. საყვარელ ადამიანს ხშირად მიმართავენ:  მინდა შეგჭამო, ჩაგყლაპო, ჩაგახრამუნო… ამით თითქოს გამოიხატება სიყვარულის ობიექტის სრულად ფლობის სურვილი და წყურვილი (რომლის მსუბუქ ფორმებიცაა:  ჩქმეტა, კბენა… ).

ერთგვარ კანიბალურ რიტუალს წარმოადგენს პატრიკ ზიუსკინდის რომანი „სუნამო“, რომელშიც მშვენიერი, უმანკო არსებები იწირებიან იმისათვის, რომ მათ სურნელს  ფლობდეს მთავარი პერსონაჟი გრენუი, რათა საკუთარი სიმყრალე დაივიწყოს…  ის „ჭამს“ ქალებს, რათა იკვებოს მათი სურნელით.

„არქაულ კულტურებში  მამაკაცი ,,მჭამელია“, ქალი კი – ,,საჭმელი“, თუმც ლევი-სტროსის აზრით, მითოლოგიურ პლანში ხშირად ხდება ამ თანმიმდევრობის ინვერტირება, შებრუნება, რისი ნიმუშია ,,vagina dentata”… ,,მჭამელობის“ ინვერტირებისას კოსმოგონიურ-მითოსურ პლანში ქალის ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაშიც მამაკაცი ინარჩუნებს თავის საწყის მდგომარეობას. იგი ისევ ,,ქალისმჭამელად“ რჩება, მაგრამ ამავე პროცესში თავადაც ,,შეჭმულია” ,,კაცისმჭამელი“ ქალი-ურჩხულის მიერ. ,,მჭამელობის“ ორმაგი კოდირება – მდედრი და მამრი ორი ურჩხულის ,,კოსმოგონიურ-სექსუალური წრე“ ცოტა უფრო მოგვიანებით ჩნდება მითოლოგიურ წარმოდგენებსა თუ ალქიმიურ იკონოგრაფიაში ,,ერთმანეთისმჭამელი“ წრეშეკრული ურჩხულების სახით” (ხათუნა თავდგირიძე, მითოსური სიმულაიები და მშვენიერი ურჩხული).

სემანტიკური კავშირი სიყვარული – საკვები   ეფუძნება მითოლოგიურ აზროვნებას და კულტურის განვითარების ყველა საფეხურზე პოულობს თავის გამოხატულებას. ჭამა და სექსუალური აქტი იმდენად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ ზოგ ენაში ეს ორი ცნება ერთი სიტყვით აღინიშნება. ეს ღრმა ეტიმოლოგიური და არქაული კავშირი განაპირობებს თანამედროვე სარეკლამო ენაში კვების პროდუქტების დაკავშირებას სექსუალობასთან.

ძალიან პოპულარული გახდა Thames Valley Police-ს მიერ შექმნილი სოციალური რეკლამა – ჩაი და სექსი – რომელშიც იუმორისტულად, მხიარულად გადმოცემულია ინფორმაცია სექსის შეთავაზებაზე (ჩაის შეთავაზების მეტაფორით). რეკლამის მიზანია – სექსზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მთავარი მესიჯი: სექსი თანხმობის გარეშე – გაუპატიურებაა.

და მაინც, რა არის სიყვარულში შიმშილი და წყურვილი? ან „ურთიერთშეჭმის“ სტრატეგიის საბოლოო მიზანი?

ეს ციტატი საუკეთესო პასუხია:

„ყოფნა! ყოფნა მარადიულად!

ყოფნა უსასრულოდ!

წყურვილი ყოფნისა!

შიმშილი ღმერთისა!

წყურვილი მარადიული და უკვდავი სიყვარულისა!

ყოფნა დაუსაბამოდ! ყოფნა ღმერთად!“ (მიგელ დე უნამუნო)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...