ჟურნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ნატა
ნატვრის ხის პერსონაჟი, ელიოზი, გახსოვთ ალბათ ყველას. ზამთარსა და ზაფხულში, ხვატსა და სიცივეში ნატვრისთვალს რომ დაეძებდა ხან მდინარის ფსკერზე და ხანაც მაღლა ხის კენწეროზე. რატომღაც მგონია, რომ მისთვის ცხოვრების არსი ძიება უფრო იყო, ვიდრე თვით ამ ძიების პროცესის პროდუქტი. ამიტომაც ისე დაასრულა სიცოცხლე, რომ ვერც იპოვა. კაპანელიც ამბობდა ერთგან, კაცობრიობა მთელი მისი არსებობის მანძილზე მუდმივად ეძებსო, მიუხედავად იმისა მრავალჯერ ჰქონდა ხელის ჩაქნევისა და გულის გატეხვის მიზეზი. და დაე ვერც იპოვოსო… მიჭირს არ დავეთანხმო. რადგან თვით ძიების პროცესი ბევრად უფრო საინტერესო და შემოქმედებითია, ვიდრე გამიზნულის მიგნება, უკვე ხელის შეხება. ჰოდა ეძეებს დიდი თუ პატარა, გუშინ თუ დღეს, ხორცისა თუ სულის სარჩო-საბადებელს. ამ ძიების პროცესში შეიქნა პირველი შრომის ქვის იარაღები, ორთქლის მანქანა, დაზგა-დანადგარები, ელექტრონული მოწყობილობები, თვით ქალაქები, სახელმწიფოები და იმპერიებიც კი. ვეძებთ ყველგან, დედამიწის წიაღში, მის ზედაპირზე თუ ცასა და შორეულ კოსმოსში. ვეძებთ ყველაფერს, მატერიალურსა და არამატერიალურს. ერთნი ნედლეულს, წყალს, საკვებსა და ფუფუნებას. მეორენი კი ახალ იდეებს, სიტყვებს, ნოტებს, რითმებს…
ამ საყოველთაო ფუსფუსში ცხადია, ქიმიკოსებიც არიან ჩართულნი. მათი მიგნებული ახალი მოლეკულების, მასალების, მეთოდებისა თუ იდეების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. დღეს ერთ-ერთ მათგანზე მინდა მოგიყვეთ.
ქიმიკოსთა და ზოგადად კაცობრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაგარად მოლეკულების ერთმანეთზე გადაბმის მეთოდის აღმოჩენაა. მათ შორის კი მნიშვნელოვანი ადგილი პოლიმერიზაციის, მოლეკულების მძივად ასხმის რეაქციას ეკუთვნის.
პოლიეთილენის მიღებამ უმალ გააჩინა ახალი, უფრო დახვეწილი თვისებების პოლიმერების მიღების საჭიროება. არაერთი კირკიტა ქიმიკოსი შეუდგა ამ საქმეს. ამ გზაზე პირველი რაც გამოიცადა, ეთილენის უახლოესი ანალოგის პროპილენის გამოყენება იყო. ზოგადად ერთი კლასის ნაერთები, მით უფრო, უახლოესი ჰომოლოგები (ჰომოლოგიური რიგის ქუჩის კარის მეზობლები) ერთნაირად შედიან რეაქციები, მაგრამ პროპილენიდან პოლიპროპილენის მიღება არც თუ მთლად მარტივი აღმოჩნდა. ფურცელზე ეს ყველაფერი მარტივად იწერებოდა:
არც მაინც და მაინც კოლბაში ჭირდა მათ შორის რეაქციის ჩატარება. ურთიერთქმედების პირობების (წნევა, ტემპერატურა, ინიციატორი, კატალიზატორი) შერჩევის და კოლბის რამდენიმე საათიანი თუხთუხის შემდეგ ვიღებდით პროდუქტს. თუმცა, მეორე შემთხვევაში მიღებულ პოლიმერს არ ჰქონდა ისეთი ტექნიკური თვისებები (დნობის ტეპერატურა, მექანიკური სიმტკიცე და ა.შ.), რომელიც მისი გამოყენების საშუალებას მოგვცემდა.
კოლბაში მიმდინარე პროცესი ძალიან ჩამოჰგავს თოკზე მძივის ქვების ასხმას. ერთი მოლეკულა მეორეს ეკვრის და თუ ამ პროცესს „უსასრულოდ“ გავაგრძელებთ, მივიღებთ მაღალმოლეკულურ ნაერთს. მაგრამ რაში მდგომარეობდა სხვაობა პოლიეთილენსა და პოლიპროპილენს შორის? პროპილენში არსებული ერთი CH3 ჯგუფი რატომ იწვევდა ასეთ მნიშვნელოვან განსხვავებას მიღებულ პროდუქტებში?
დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი პოლიპროპილენის სტრუქტურული ფორმულა ძალიან სქემატურია და არ აღწერს მოლეკულის რეალურ აღნაგობას. პოლიპროპილენის მოლეკულისათვის შეიძლება დაიწეროს შემდეგი სამი სახის ფორმულა:
პირველ ფორმაში მეთილის ჯგუფების მდებარეობა ქაოსურია – პოლიმერის გრძელ ჯაჭვში მათი სივრცეში ორიენტაცია მხოლოდ შემთხვევითობაზე არის დამოკიდებული და არ ექვემდებარება რაიმე სიმეტრიას. მეორე ფორმაში კი, მეთილის ჯგუფები მორიგეობენ სივრცეში – ერთი თუ „ქვევით“ არის ორიენტირებული, მისი მომდევნო საპირისპირო მდებარეობას იკავებს. და ასე გრძელდება მთელს მოლეკულაში. იზოტაქტიკურ ფორმაში კი ყველა მეთილის ჯგუფი ერთი მიმართულებით „იყურება“. ეს მხოლოდ გამოსახვის ფორმა არ არის. ამით პოლიპროპილენის თვისებები მნიშვნელოვნად იცვლება. იზოტაქტიკური ფორმა ყველაზე მძიმეა (სიმკვრივე 0.92 გ/სმ3) და ლღვება 165 °C-ზე, როცა ატაქტიკური ფორმას მხოლოდ თხევადი ფორმით არსებობს ოთახის ტემპერატურაზე (დნობის ტემპერატურა -35°C). შესაბამისად, თუ პოლიმერის პარკის ან სხვა რაიმე ნაკეთობის დამზადება მინდა, მხოლოდ იზოტაქტიკური ფორმის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
პოლიპროპილენის აღმოჩენის შემდეგ წლები დაგვჭირდა, რომ გვეპოვა ეს კანონზომიერება და მისი განხორციელების გზები, რასაც დღეს უკვე სტერეორეგულარულ სინთეზს ვუწოდებთ. მას კი დასაბამი ნატამ (ციგლერთან ერთად) დაუდო. მან იპოვა ტიტანის ქლორიდის ის „ჯადოსნური ჯოხი“, რომელიც მეთილის ჯგუფებს სივრცეში სწორ ორიენტაციას აპოვნინებდა და პოლიპროპილენს კაცობრიობის სამსახურში ჩააყენებდა.
ლიტერატურის ალქიმია
კარგი ლიტერატურა ის არის, რომელიც რაღაცით ჰგავს ცხოვრებას, რა ჟანრიც არ უნდა იყოს, რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს ტექსტს იმ ეპოქასთან, როცა იწერება და საზოგადოებასთან, პრობლემებთან. მეორე უკეთესი ვარიანტი ის არის, რომ ცხოვრება დაემსგავსოს ლიტერატურას, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო რთულია.
მე, ერთ ადამიანსაც კი, ბავშვობაში რომ ვცდილობდი ტომ სოიერს დავმსგავსებოდი, თითქმის არაფერი გამომდიოდა. არადა, მეგობრებიც მყავდა, სახეტიალოც იყო, ჯიბეებიც გამოტენილი მქონდა ათასგვარი გადასაცვლელი ნივთით, მაგრამ მაინც.
ლიტერატურული ტექსტებისა და არსებული რეალობის აცდენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხდება მოსწავლეებისთვის, რომ ტექსტებამდე მივიდნენ, იცოდნენ, გაიგონ, გაიაზრონ და შემდეგ გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია. რათქმაუნდა ყველა ტექსტს აქვს მისი განხილვის რაღაც წინაპირობები, თუ რა უნდა გაითვალისწინო, მაგალითად; ისტორიული კონტექსტი, ლიტერატურული მიმდინარეობა, ავტორის მსოფლმხედველობა და სხვა, მაგრამ მათი დანახვა არასწორად ან ნაკლებად ხდება.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მასწავლებლებმა, კარგი იქნებოდა დავუთმოთ დრო სოციალურ-პოლიტიკური რეალობის ასახვას, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებას მხატვრული ლიტერატურის ახსნის დროს. ჩემს ერთ მოსწავლეს, რომელიც აბსოლიტურად გულგრილად და ნაკლები ინტერესით სწავლობდა ქართულს, ასრულებდა მიცემულ დავალებებს, ერთხელ, ისე რომ არ დამიგეგმავს, ის ისტორიული ვითარება გავაცანი, რაც ტექსტის დაწერის დროს იყო. როგორც მახსოვს, ჰიმნოგრაფიულ ტექსტს ვუხსნიდი. რათქმაუნდა, იქამდეც გვქონდა მსგავსი საუბრები, ავტორის, მისი ბიოგრაფიის, ამათუიმ დროს არსებული რეალობის შესახებ, თუმცა იმჯერად უფრო ვრცლად ვისაუბრეთ. გაკვეთილის ბოლოს მითხრა, რომ დაინტერესდა და მთხოვა, შემდეგ გაკვეთილზეც გაგვეგრძელებინა ასეთი საუბრები. თავდაპირველად შეეტყო მოტივაციის ზრდა, შემდეგ კი უკვე თანდათან ვატყობდი როგორ უკეთ სწავლობდა, წერდა, მსჯელობდა, სხნიდა მოვლენების განვითარების ლოგიკურობას.
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში უკვე ფიქრობენ საგნების გაერთიანებაზე. ზუსტად რა ტიპის სწავლება იქნება ეს მე არ ვიცი და არ მგონია თვითონაც გადაწყვეტილი ჰქონდეთ, თუმცა დადებითი კვეთა აუცილებელია ახსნის დროს. ლიტერატურის მასწავლებელმა აუცილებელია, რომ სწავლების პროცესში ისტორია, გეოგრაფია, გეომეტრია, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა ჩართოს, რადგან თვითონ ლიტერატურა ამ ყველაფრისგან შედგება და მოწყვეტა სხვადასხვა ძაფებისგან მხატვრულ ტექსტს ტოვებს სივრცისა და დროის გარეშე, სადაც ვერც გაზომავ რაიმეს, ვერც შეაფასებ და ვერც მიხვალ, მიუახლოვდები. ამიტომ არის დისტანცია მოსწავლეების მხრიდან ჰაგიოგრაფიული, შუა საუკუნეების და თუნდაც ზოგიერთი თანამედროვე ტექსტის მიმართაც კი.
ლიტერატურა ძალიან ჰგავს ალქიმიას, თუმცა თუ ალქიმიკოსებმა ვერ იპოვნეს ნივთიერება, რომელიც უბრალო ლითონის ოქროდ გარდაქმნას დააჩქარებდა, მწერლებმა ნახეს ადამიანის პიროვნებად ქცევის საშუალება, – კარგი ლიტერატურული ნაწარმოები. ჩვენ, მასწავლებლებს ისღა დაგვრჩენია, ცდის ჩატარება დავიწყოთ. ფორმულა სწორია.
უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის
განათლების სისტემაში ფორმალური განათლების პარალელურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალური განათლების განვითარებასაც და, შესაბამისად, არსებობს უამრავი შესაძლებლობა ცოდნის გაღრმავებისა და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავების/განვითარებისთვის, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოგვადგება. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უწყვეტი განათლების მნიშვნელობა კვლავ ბუნდოვანი რჩება.
სწორედ ამიტომ, სტატიის თემაა „უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის“, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და იმ გზების ჩვენება, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ უწყვეტი განათლება პროფესიული განვითარებისა და წარმატების მიღწევისთვის.
სტატიის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს განათლების სისტემით დაინტერესებული პირები, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები.
სტატიაში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია განათლების სისტემის განვითარების პროცესში უწყვეტი განათლების მნიშვნელობის შესახებ და უმაღლესი განათლების სისტემაში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობების დანერგვის, ამ მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. სტატიაში წარმოდგენილი რეკომენდაციები მკითხველს დაეხმარება თვითრეალიზების პროცესში უწყვეტი განათლების მექანიზმების უკეთ გამოყენებაში.
განათლების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურაში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში აქტიურად მსჯელობენ უწყვეტი განათლების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საჭიროებისა და არსის შესახებ. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უწყვეტი განათლების მნიშვნელობა კვლავ ბუნდოვანი რჩება. და მაინც, რას გულისხმობს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობა?
როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენდება ფორმალური განათლება სკოლიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით, რომელიც ორიენტირებულია დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციების განვითარებაზე, გვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში, არჩეულ საქმიანობაში პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და კარიერულ წინსვლაში. თუმცა პროფესიული/კარიერული მიზნების პარალელურად ადამიანს აქვს სხვა ინტერესები და ინტელექტუალური მოთხოვნილებები და ფორმალური განათლების პარალელურად არსებობს უამრავი შესაძლებლობა ცოდნის გაღრმავებისა და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავების/განვითარებისთვის, რომლებიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოადგება.
უწყვეტი განათლება მოიცავს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების შესაძლებლობას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. შესაბამისად, უწყვეტი განათლება ნებაყოფლობითი და მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას, არამედ ჩვენი ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების (ჰობის) დაკმაყოფილებას.
მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (LLL) საგანმანათლებლო პოლიტიკის მიზანია პიროვნებისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე მისი საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ოპტიმალური პირობების შექმნა. შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვისათვის არაერთი აქტივობა განხორციელდა და დღესაც ხორციელდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო 1998 წელს, სორბონის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, სადაც პირველად გაჟღერდა, რომ „ახლოვდება განათლებასა და შრომის პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი, როდესაც პროფესიული კარიერის მრავალფეროვნება და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა აშკარა აუცილებლობა ხდება… უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან, სტუდენტებისა და საზოგადოების წინაშე შექმნან განათლების ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის კარიერული განვითარების ოპტიმალური სფეროს შერჩევას“. 1999 წელს ბოლონიის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში „კრედიტების მოპოვება შესაძლებელი უნდა იყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ჩათვლით“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ არაერთი შეხვედრა გაიმართა (პრაღა – 2001, ბერლინი – 2003, ბერგენი – 2005, ლონდონი – 2007), სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი უწყვეტი განათლების მნიშვნელობას.
2009 წელს მიღებულმა ლუვენის კომუნიკემ კი მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებს ათწლეულის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაუსახა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უწყვეტი განათლება საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის საუკეთესო ინსტრუმენტია. კომუნიკეს თანახმად, „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“ გულისხმობს კვალიფიკაციისა და ცოდნის მიღებას, მიღებული ცოდნის გააზრებას, ახალი უნარებისა და კომპეტენციების შეძენას, პიროვნულ ზრდას. „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“ ნიშნავს, რომ კვალიფიკაცია შეიძლება მოპოვებულ იქნას მოქნილად, ნახევარგანაკვეთიანი და პრაქტიკული გამოცდილებით მოპოვებული (work-based) სწავლითაც.
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ამ მიმართულებით ერთგვარი გარდატეხა მოხდა 2005 წელს, როდესაც ბერგენის სამიტზე ჩვენი ქვეყანა ბოლონიის პროცესს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაფიქსირდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობის ინტერესი, შეიქმნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი დეპარტამენტები და მათ ვებგვერდებზე გაჩნდა ჩანაწერები უწყვეტი განათლების მნიშვნელობის შესახებ. კვლავ პრობლემად რჩება, ერთი მხრივ, ფორმალური განათლების სისტემაში არსებული ჩიხები და ბარიერები, რაც ხელს უშლის პროფესიის შეცვლისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების სისტემაში გადასვლის მოქნილობას, მეორე მხრივ კი, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე და მზაობა. აღსანიშნავია, რომ დღემდე უწყვეტი განათლების მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ კვლევა არ ჩატარებულა.
უწყვეტი განათლება საზოგადოების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და გულისხმობს როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას და პროფესიული საქმიანობის პარალელურად უკავშირდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, საზოგადოებრივ აქტივობებს, ხელოვნებას, სპორტს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტი განათლება შეიძლება არა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას, არამედ ჩვენი ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების (ჰობის) დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს.
მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა არის მოქნილი, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და მისი მიღება შესაძლებელია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას. ფრანგი პოლიტიკოსის, ჟაკ დელორსის (1996) აზრით, მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლება 4 ძირითად კომპონენტს გულისხმობს, კერძოდ:
- ისწავლო შეცნობა, გააზრება (Learning to know) – სწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც შემდგომში დაეხმარება ადამიანს მიღებული ცოდნა შეინარჩუნოს მთელი სიცოცხლის მანძილზე;
- კეთება (Learning to do) – მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რაც უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და განვითარებადი;
- თანაცხოვრება სხვებთან ერთად (Learning to live together, and with others) – სოციალური ინკლუზია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თავისებურებების პატივისცემა;
- ცხოვრება, არსებობა (Learning to be) – პიროვნების კომპლექსური განვითარება: გონება და სხეული, ინტელექტი, სენსიტიურობა, სულიერება და სხვა.
იმისათვის, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეძლოს უწყვეტი განათლების საშუალებით თვითრეალიზება, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
- შეადგინეთ სია, თუ რისი სწავლა გსურთ (To-Learn List) – ყველა ჩვენგანს აქვს შესასრულებელი/გასაკეთებელი საქმეების სია, თუ რა გვინდა გავაკეთოთ სამსახურში, ცხოვრებაში. სცადეთ, დაფიქრდეთ, რისი სწავლა გსურთ და შეადგინეთ „To-Learn“ სია. აქ შეგიძლიათ დაწეროთ სწავლის სრულიად ახალი და განსხვავებული მიმართულებები, მაგალითად: ახალი უცხო ენის შესწავლა, გიტარაზე დაკვრა, მანქანის ტარება და ა.შ. დაფიქრდით, რა გაძლევთ მოტივაციას, რა გაინტერესებთ და მიამატეთ სიას. სიიდან თქვენს მიერ ჩამოწერილი პუნქტების შესრულება ყველაზე სასიამოვნო, სასარგებლო და სახალისო პროცესი იქნება;
- ყოველთვის იქონიეთ თან წიგნი – არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გჭირდებათ წიგნის წასაკითხად. ატარეთ წიგნი ყველგან და იკითხეთ, სადაც შეძლებთ (ტრანსპორტში, სახლში და ა.შ.), დაუთმეთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობის რამდენიმე წუთი კითხვას;
- გაუზიარეთ თქვენი ცოდნა სხვებს/ასწავლეთ – გაუზიარეთ თქვენი ცოდნა და უნარები გარშემომყოფებს. როცა ჩვენ ვასწავლით სხვას, მათთან ერთად ვსწავლობთ ჩვენც. შექმენით ბლოგი, იმსჯელეთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და ა.შ;
- ისწავლეთ სხვებთან ერთად – გუნდური მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის გენერირებისათვის;
- დილის 15 წუთი დაუთმეთ განათლებას ყოველ დილის 15 წუთი და ძალიან მცირე დროში თავად შეამჩნევთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი მეხსიერება და იქნებით უფრო ენერგიული და მოტივირებული.
შესაბამისად, უწყვეტი განათლება მოხალისეობრივი, თვითმოტივირებაზე დაფუძნებული განათლებაა, რომელიც სოციალურ ინკლუზიას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და პერსონალურ განვითარებას გულისხმობს. ეს არის მრავალფეროვანი და კომპლექსური საშუალება იმისათვის, რომ ადამიანმა უზრუნველყოს საკუთარი თავის რეალიზება და საზოგადოებაში თვითდამკვიდრება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Delors, J. (1996) Learning: The treasure within Report to UNESCO of the International Commission on Education for the Twenty-first Century, UNESCO
- „WHATISLIFELONGLEARNING?“,Lifelong learning Council Queensland INC, https://www.llcq.org.au/01_cms/details.asp?ID=12 , 13/04/2016
- ზრდასრულთა განათლება თემის განვითარებისთვის, ედვინ ჰამილტონი, 2010
- საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში “მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის” სტრატეგია, 2010.
- საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების ოთხი მინისტრის ერთობლივი დეკლარაცია, სორბონა, პარიზი, 1998 წლის 25 მაისი.
- უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე, ევროპის განათლების მინისტრების ერთობლივი დეკლარაცია, 1999 წლის 19 ივნისი, ბოლონია
- ევროპის ქვეყნების უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების შეხვედრის კომუნიკე, პრაღა, 2001 წლის 19 მაისი.
- უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების კონფერენციის კომუნიკე, გერმანია, ბერლინი, 2003 წლის 19 სექტემბერი.
- უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი ევროპელი მინისტრების კონფერენციის კომუნიკე, 2005 წლის 19-20 მაისი, ბერგენი.
- უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების კონფერენციის კომუნიკე, ლუვენი, 2009 წლის 28-29 აპრილი.
WWW.ნოესმამიკო.COM
დღევანდელი ამბის მთავარი გმირები რიკი, ები და ნოეა.
რიკი ნოეს მოსიყვარულე მამიკოა. ები კი დედიკო. თავად ნოა უკვე 4 წლის ბიჭუნაა დაუნის სინდრომით. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოჯახს ძალიან ახლოს იცნობენ. როგორ? – ძალიან მარტივად. მსოფლიოს საკუთარი ოჯახი რიკმა გააცნო. მან 2011 წელს ბლოგი შექმნა, სახელწოდებით www.noahsdad.com (ნოას მამიკო). ერთგვარად, რიკმა შეძლო, რომ მსოფლიოს მოსახლეობისთვის თვალნათლივ ეჩვენებინა არასწორი დამოკიდებულება, რასაც ისინი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ გამოხატავდნენ.
ოთხი წელია, რიკი აქტიურად აქვეყნებს სტატიებს ბლოგზე. გადათვალიერებისას, საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ არის ჩართული მამა შვილის აღზრდაში. რიკის ბლოგს ყოველდღიურად ათასობით მკითხველი ჰყავს. აქ კიდევ უფრო მეტ კომენტარს, რჩევასა და გამოხმაურებას წაიკითხავთ. ბლოგი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ მასში ბევრ ყოველდღიურ, მარტივ პრობლემას გადააწყდებით, რომელსაც მშვენიერი გადაწყვეტებიც აქვს.
რიკმა ბლოგის შექმნა რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტა. უპირველესად მას სურდა მკითხველისათვის ეჩვენებინა, რომ ტრაგედია სულაც არ არის დაუნის სინდრომის მქონე პატარის ყოლა. ასევე, მას სურდა მიეღო რჩევები გამოცდილი ადამიანებისგან, გაეგო მეტი რამ, რათა სწორად მიდგომოდა ახალშობილს. ბლოგის არსებობის განმავლობაში რიკსა და ების სრულიად ჯანმრთელი, მეორე ბავშვიც შეეძინათ, რომელიც ასევე, ბლოგის აქტიური პერსონაჟია.
ბავშვების გაჩენის შემდეგ ოჯახში ფუნქციები ასე გადანაწილდა – ებიმ მუშაობა განაგრძო, რიკი კი შინ დარჩა პატარების მოსავლელად და საოჯახო საქმეების გასაკეთებლად. როცა პატარებს აძინებს და სახლის საქმეებიც მოგვარებული აქვს, რიკი კომპიუტერს რთავს და შეკვეთილი სტატიების წერას იწყებს, რისთვისაც დამატებით უხდიან. რიკი ხშირად აღნიშნავს, თუ როგორი ბედნიერია მისი ოჯახი და რომ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები პრობლემებს თავისდაუნებურად, თვითონვე ქმნიან.
ეს გახლავთ სულ პირველი პოსტი რიკის ბლოგიდან, რომელიც მან ნოას დაბადების შესახებ დაწერა. პოსტში წაიკითხავთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ: როგორ აგებინებენ ექიმები მშობლებს ახალშობილის დაუნის სინდრომის შესახებ; როგორი რეაქცია აქვთ ახალბედა დედიკოებსა და მამიკოებს. და ასევე – როგორ ვაცნობოთ ეს ამბავი ნაცნობ-მეგობრებს? რას იტყვიან ისინი? როგორ გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება? რიკი უკეთესად გვიამბობს:
- ის დღე არასოდეს დამავიწყდება. სამზარეულოში, მაგიდასთან ვიჯექი და ტელეფონზე მეგობარს ვესაუბრებოდი. უცებ, ჩემი ცოლი ოთახში შემორბის და ნერვიულად მეუბნება – რიკ, ტელეფონი გათიშე, გთხოვ. საუბარი სასწრაფოდ შევწყვიტე და საშინელი ამბის მოსასმენად მოვემზადე. სანამ რამეს ამოვილუღლუღებდი, ებიმ პლასმასის ჯოხი გამომიწოდა, რომელსაც ორი ლურჯად განათებული ხაზი ჰქონდა. თურმე ამ ორ ხაზს მთელი ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო. ჩვენ ძალიან მალე ბავშვი გვეყოლებოდა.
მას შემდეგ, რაც მისი სქესის შესახებ შევიტყვეთ, მე და ები ბავშვისთვის სახელს ვარჩევდით. ნოე პირველივე გაჟღერებაზე მოგვეწონა.
2010 წლის 13 დეკემბერს ები საავადმყოფოში წავიყვანე, წინასწარ შემოწმებაზე პირად ექიმთან, რომელმაც მშობიარობის დღედ 15 დეკემბერი დანიშნა.
15 დეკემბერს სისხამ დილით საავადმყოფოში ვიყავით. ექიმები და ექთნები პალატაში უკვე შეკრებილიყვნენ. 12-საათიანი ლოდინის შემდეგ, ექიმმა მამცნო, რომ ორი არჩევანი მქონდა – ან კიდევ 12 საათს ან მეტს უნდა დავლოდებოდი ნოეს დაბადებას, ან ებისთვის საკეისრო კვეთა უნდა გაეკეთებინათ. მე, ჩემმა და ების მშობლებმა და, რა თქმა უნდა, თავად ებიმ საკეისრო კვეთა ვარჩიეთ.
ძალიან მალე ექთანმა მიხმო და ების პალატაში შემიყვანა. აი, ისიც – გვითხრა ექიმმა, რომელსაც ხელში პატარა, საყვარელი არსება ეჭირა.
როგორც ჩვეულებრივ ახალშობილს რამდენიმე წუთის მანძილზე დედას უტოვებენ გამოსაკვებად, მოსაფერებლად მაინც. ექიმებმა კი განაცხადეს, რომ ახალშობილი დამატებითი შემოწმებებისათვის უნდა წაეყვანათ.
ების პალატაში მე და ბებია-ბაბუები ვიყავით. ჩვენი ლოდინი ბიჭუნას კიდევ ერთხელ ნახვისა საეჭვოდ დიდხანს გრძელდებოდა.
სამი საათის შემდეგ ოთახში ორი ექიმი და ერთიც ექთანი შემოვიდა. მისი სიტყვები მკაფიოდ მიდგას ყურში:
- ნოე ძალიან ლამაზი ბავშვია პაწაწინა ყურებით, უსაყვარლესი ლოყებით, ზღვისფერი თვალებით, უბრალოდ, ის 21-ე ტრისომიითაა დაავადებული – ცახცახით ამოღერღა.
მანამდე არასოდეს გამეგო 21-ე ტრისომიის მნიშვნელობა. ებიმ ტირილი დაიწყო. პედიატრი გამალებით ეფერებოდა მას.
დრო გაიყინა. ვერაფერი გავიგე. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემს თავს კარგი არაფერი ხდებოდა. ები ტიროდა და ექიმი ეფერებოდა.
– ანუ, ჩემს შვილიშვილს დაუნის სინდრომი აქვს? – თქვა ბებიამ.
– დიახ!
ორიოდ წამში ოთახში ყველა ტიროდა – ები, ექიმები, ექთანი, ბებიები და ბაბუები. გაუკონტროლებელი ქვითინი მძვინვარებდა.
ექიმი დარჩა და დაუნის სინდრომის შესახებ ვრცლად გვესაუბრებოდა. გვაძლევდა რჩევებს, თუ როგორ გვემოქმედა. ერთადერთი რაც მინდოდა, ჩემი შვილის ნახვა იყო, თუნდაც ცოტა ხნით. ჰოდა, ნოეს მოყვანა მოვითხოვე.
როგორც კი ნოე ხელში დავიჭირე, ქვითინი შეწყდა. არ ვიცოდით რა გვექნა, რა გვეთქვა.
ნოემ გაიღიმა. სიმართლე გითხრათ, ამ ღიმილმა მაგრძნობინა, რომ არ მაინტერესებდა ჩემი ბიჭუნა რომელი სინდრომით იყო ავად, რამდენი ქრომოსომა აკლდა. მე ბედნიერი ვიყავი, რომ ის გაჩნდა. ის ცოცხალი იყო. ჩემებიც იღიმოდნენ – ები, ბებიები და ბაბუები. ჩვენ ყველანი უბედნიერესი ვიყავით – ეს დაბადება იყო და არა გარდაცვალება, არა დაკრძალვა. ტირილი კი ყველაზე შეუსაბამო საქციელია, როცა შენი შვილი, შვილიშვილი იბადება. ეს ფილმივით იყო, რომელსაც ჩემთვის ყველაზე კეთილი დასასრული აღმოაჩნდა.
შინ დაბრუნებულმა რიკმა და ებიმ სპეციალური დამხმარე ექიმი აიყვანეს, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პატარებზე შესაბამისად ზრუნავს. რიკო გვიამბობს რომ ყველაფერი ისე დეტალურად შეისწავლა, ექიმს ერთ თვეში დაემშვიდობა და ნოეს მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე აიღო.
- სასაცილოა, ნეტავ, რა გვატირებდა მაშინ, დაუნის სინდრომის გაგონების დროს. ყველაფერი ისე კარგად წარიმართა, დღეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში. მგონია, რომ მთელ ქვეყანას ვაჩვენე, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სულაც არ იქნებიან თანატოლებისგან განსხვავებულები, თუ მათ ოდნავ განსხვავებულად მიუდგებით. უფრო მეტ მზრუნველობასა და სითბოს უჩვენებთ, რადგან სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევიან ისინი.
რიკი ბლოგზე თითქმის ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს. მაგალითად, აქ დეტალურად გაიგებთ, როგორია ნოეს პირველი არდადეგები და სასტუმროში დროის გატარება, მისი პირველი ვიზიტი ბეისბოლის მატჩზე, პირველი ლუკმა კოვზით და ა.შ.
- დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ძალიან პრობლემურია წყლის ბოთლიდან დალევა. ხშირად ეწუწებათ წყალი და ტანისამოსს ისვრიან. გადავწყვიტე არ დავნებებულიყავი და დღეში ერთხელ მაინც ძალიან ფრთხილად მიმეცა მისთვის ბოთლით წყალი. მგონი გამოგვივიდა, ახლა თითქმის აღარ იწუწავს. 2011 წელი.
- დღეს ები ისვენებს. ჰოდა, ძალიან მინდა მეგობრებთან წავიდეს და კარგად დაისვენოს. დიდი ხანია არსად წასულა. სამაგიეროდ, მე და ნოე ბეისბოლის სანახავად წავალთ და ვნახოთ, როგორ მოიქცევა. ასეთ ხალხმრავალ ადგილას პირველად მიდის. თუ შეეშინდა, გაღიზიანდა ან ტირილი დაიწყო, მაშინვე უკან დავბრუნდებით. სპეციალურად ცოტა ბარგს წავიღებ, რომ კომფორტულად ვიგრძნოთ თავი. 2011 წელი. (მოგვიანებით ვიგებთ, რომ ნოე მშვენივრად მოიქცა და თამაშით აღფრთოვანებული დიდხანს უკრავდა ტაშს).
- ორი წლის ნოე საუბრის თერაპიაზე შევიყვანე. კვირაში ორჯერ დამყავს თითო საათით. სპეციალისტი თავდაპირველად მარტო ავარჯიშებდა. ახლა სამ თანატოლთანაა და მათთან ერთად ძალიან წარმატებით წარმოთქვამს არაერთ სიტყვას. 2012 წელი.
- ჩვენს მეგობრებთან და მათ პატარებთან ერთად შვებულების გატარება გადავწყვიტეთ. პირველი შემთხვევაა, როცა ნოე შინიდან ერთი კვირით მიგვყავს. ები ნერვიულობს. შვებულების გასატარებლად ჰიუსტონში მივდივართ. 2012 წელი.
ერთი კვირის შემდეგ.
- ნოეს ახალი მეგობრები ჰყავს. ძალიან მოსწონს მათთან ერთად თამაში და გართობა. მეგობრებსაც მოსწონთ ნოე თბილი და მოსიყვარულე რომაა. მე კი ვგიჟდები მამობაზე.
- ნოე ცურვაზე შევიყვანე. კვირაში ორჯერ დადის ტომ ლანდრის საცურაო აუზზე. გამალებით იქნევს ხელ-ფეხს, უხარია წყალში ყოფნა და შინ მოსულს, დაღლილს მალევე ეძინება. ექიმი ამბობს, რომ ცურვა ძალიან კარგია მისი ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. 2012 წელი.
- ძალიან უყვარს მულტფილმების ყურება საღამოს ჩემთან და ებისთან ერთად. განსაკუთრებით, დინოზავრები მოსწონს. დავპირდით, რომ ტეხასში, დინოზავრების პარკ-ნაკრძალში წავიყვანდით. ასეც მოხდა გასულ შაბათს. ისეთი აღფრთოვანებული იყო – დინოზავრებზე აძვრა და ფოტოები გადაიღო. კარუსელებზეც ბევრი იხალისა. პირობა დაგვადებინა, რომ მალე ისევ წამოვიყვანთ. 2013 წელი.
- ნიუ-იორკში მივემგზავრებით. მე, ები და ნოე დიდი ხანია ამ დღისთვის ვემზადებით. ვიზიტი ნოეს სამსახიობო ნიჭს შეეხება. დაუნის სინდრომის ასოციაციამ ჩვენი ბიჭი სპეციალურად მიიწვია, რათა დაუნის სინდრომისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლში თაიმ სქვერზე გადაიღონ. ძალიან ვღელავთ. 2014 წელი.
დღეს ნოე ხუთი წლის მხიარული და მოსიყვარულე ბიჭია, რომელიც დაუღალავად ეთამაშება თავის ორი წლის ძამიკოს. დადის ბაღში, სადაც თანატოლებთან ერთად ხატვასა და წერას სწავლობს. ნოე მშობლებთან ერთად ყოველ დღე სეირნობს. გაგიკვირდებათ, რომ სექტემბრიდან მას ცხენზე ჯირითის სწავლა უნდა. ცხენებიდან კი პონი არჩია. ნოეს ძალიან უყვარს მულტფილმების ყურება, მეგობრებთან სტუმრობა, მშობლების მეგობრებთან ერთად დროის გატარება და თამაში. რიკის ბლოგზე ნახავთ, როგორ ეხმარება ნოე მამიკოს უმცროსი ძმისთვის საკვების მომზადებაში, თავისი ნივთების მოწესრიგებასა და სხვა საქმეებში. ნოეს დამოუკიდებლად ბანაობაც შეუძლია.
ყველაზე კეთილი და კარგი ამ ამბავში ის გახლავთ, რომ ნოეს ჯერ არსად შეჰქმნია სოციალიზაციის პრობლემა – არც ბაღში და არც თანატოლ მეგობრებთან. არავინ ფიქრობს და არავინ ამჩნევს, რომ ის განსხავებულია. ნოე თავს სრულფასოვან ოთხი წლის ბიჭუნად გრძნობს.
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
წაიკითხეთ მეტი: https://noahsdad.com/
არმარიუმის საკვირაო სკოლა
არმარიუმის სკოლა 5–დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შექმნილი არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეა, რომლის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ბავშვს ცოდნის მიღებასა და სხვადასხვა უნარების განვითარებაში.
არმარიუმის სასკოლო გარემო ბავშვებს საკუთარ თავში ბევრი ახალი უნარის განვითარების საშუალებას აძლევს – შემოქმედებითი, შემეცნებითი და სოციალური უნარების გამომუშავება, საკუთარი თავის რწმენის განმტკიცება, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, თავისუფალი აზროვნება.
ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი გარემო და სივრცე, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვს, გამოავლინოს საკუთარი თავი, არ შეუშინდეს შეცდომებს, იყოს თამამი სწავლისა და შემეცნების პროცესში. არმარიუმის სკოლა უპირველესად ისეთ თავისუფალ სივრცეს უზრუნველყოფს, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, იაზროვნონ, კრიტიკულად შეხედონ ნებისმიერ საკითხს და ყოველთვის ის თქვან, რასაც ფიქრობენ.
ჯგუფში ბავშვების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მაქსიმალურად ახლო კომუნიკაცია დაამყარონ და გაიცნონ ბავშვი, რაც მას ეხმარება, ინდივიდუალურად ზუსტად განსაზღვროს, თუ რა უნარის განვითარება ესაჭიროება თითოეულ მათგანს და გაკვეთილის პროცესსაც სწორედ საჭიროებების მიხედვით გეგმავს.
ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს გარე სამყაროსთან ურთიერთობაში. პედაგოგები მუდმივად ცდილობენ განუვითარონ მათ პიროვნული თვისებები, ასწავლონ კრიზისული სიტუაციებიდან გამოსვლის გზები და შეაჩვიონ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
არმარიუმში 5-6 წლის (სკოლამდელი) ბავშვებისათვის სასკოლო მზაობის კურსი მუშაობს, რომლის ფარგლებში ბავშვები გამოიმუშავებენ იმ უნარებს, რომლებიც დაეხმარება მათ სასკოლო გარემოსთან შეგუებასა და შემდგომ განვითარებაში. კურსში შედის ლიტერატურის, მათემატიკის, ინგლისურისა და ხელოვნების გაკვეთილები, რადგან ბავშვებმა სხვადასხვა მიმართულებით საბაზისო ცოდნა მიიღონ.
ასევე, 6–8 წლის ბავშვებისათვის არსებობს სახალისო მათემატიკის კურსი, რომლის მიზანია ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების განვითარება. სასწავლო პროცესში ძირითადად იყენებენ სხვადასხვა ტიპის გუნდურ თამაშებს, რომლებშიც ყველა ბავშვი ერთვება. ფსიქოლოგი პედაგოგი ინტერაქტიული თამაშებით ბავშვებს სირთულეების გადალახვაში ეხმარება.
„ლიტერატურის სამყაროში“ 6–8 წლის ბავშვებისათვისაა, სადაც ეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს, მსჯელობენ მათში განხილულ თემებზე და ცდილობენ იპოვნონ პრობლემების მოგვარების გზები. ასრულებენ სხვადასხვა სახალისო აქტივობას, თავად ქმნიან პერსონაჟებს და დგამენ მცირე სპექტაკლებს.
6–8 წლის ბავშვები ასევე სწავლობენ პრაქტიკულ ინგლისურს. აქ ისინი შეისწავლიან საკომუნიკაციო ლექსიკას. სხვადასხვა როლური თამაში კი მათ საშუალებას აძლევს პრაქტიკაში გამოიყენონ შესწავლილი მასალა.
ხელოვნება კურსი კი 6–8 წლის ბავშვებისათვისაა და კურსის მიზანია შემოქმედებითი ხედვისა და ფანტაზიის განვითარება. ძირითადად ფერადი საღებავებითა და სხვადასხვა მასალის გამოყენებით მუშაობენ. ბავშვები ერთად ან ინდივიდუალურად პედაგოგის დახმარებით საოცარ ნამუშევრებს ქმნიან.
საკვირაო სკოლის მიზანია ფანტაზიისა და შინაგანი მისწრაფებების გამოვლენა. ბავშვებს საშუალება აქვთ ჩაატარონ მცირე ექსპერიმენტები, სიმბოლოების გამოყენებით ჯგუფურად ან ინდივიდუალურად მოიფიქრონ ამბავი, შექმნან პერსონაჟები, დადგან მცირე სახის სპექტაკლები, იაზროვნონ, განიხილონ სხვადასხვა მოვლენა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი შემეცნებით პროცესში და ა. შ. ყველაფერი ეს კი ერთად ძალიან ხალისიან გარემოს ქმნის.
ჩვენ ვცდილობთ, თითოეულ ბავშვს შეუქმნათ სკოლისგან განსხვავებული სივრცე. ფიქრობთ, რომ მათ აქვთ ბევრი უნარი, რომელსაც დახვეწა და განვითარება სჭირდება. სკოლის კეთილგანწყობილ, მრავალფეროვან, შემეცნებით გარემოში, რომელიც მისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება, მასწავლებლები მას ამაში დაეხმარებიან.
სკოლა არმარიუმი, თბილისში, არაგვის ქ. #4 -ში ფუნქციონირებს.
www.facebook.com/armarium.ge