შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

ესე და თავისუფალი წერა

0

რატომ უჭირთ მოსწავლეებს წერითი დავალებების შესრულება? ამ  კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პედაგოგმა ამაზე ზრუნვა  სწავლების პირველ საფეხურზევე დაიწყოს.

ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ მოტივაციურ წერით დავალებებს და მინდა ამ კუთხით გაგიზიაროთ გამოცდილება.

„ქრისტინე… აბა თვალები დახუჭე და… წარმოიდგინე ამ ლამაზი მთების იქით მზე როგორ ამოდის? – მთას მელნისფერი გადაჰკრავს მასწავლებელო… ტყე კი მუქია… ახლა კი წარმოიდგინე, რომ მზე უკვე ამოდის…

დიდი წითელი ბურთი ამოგორდა ნელ-ნელა, მისი სხივები გადაეფინა მთის კალთებს, მელნისფერი განაცრისფრდა, თოვლმა მზის სხივებზე ციმციმი დაიწყო, ნისლიც სადღაც ქურდივით მიიპარება..

ჩვენ ვწერთ თხზულებას ,,ამ მთებს იქით…” V-კლასელ ქრისტინეს ბავშვურ ფანტაზიას ,,ვაღვიძებ”, რომ  გააქტიურდეს…

 ვხედავ, რომ  მოსწავლეებს უჭირთ წერა. თითქოს შინაგანი სამყარო ჩაკეტილი აქვთ და ამ  ,,ყრუ კედელთან შეჯახება გვიწევს… ეს ხომ ქართულის მასწავლებლის პირდაპირი მოვალეობაცაა, გავხსნათ და ზედაპირზე ამოვატანინოთ ბავშვებს თავიანთი ლამაზი ფიქრები. არადა, თითოეულ ბავშვში ამოუცნობი სამყაროა. ისინი გულწრფელები და სუფთები არიან. საინტერესოა მათთან ამ კუთხით მუშაობა – ეს ჩემთვის ერთგვარი აზარტიცაა. მიხარია მათი ყველა წინსვლა. ასე მგონია მეც მათთან ერთად ხელახლა ვიბადები სულიერად და ერთად ვიზრდებით… მათ სულებამდე მისასვლელად დიდი შინაგანი ალღო გვჭირდება, ძალიან ფრთხილად უნდა მიხვიდე და, რაც მთავარია, მართალი უნდა იყო. ისინი ყველაზე მეტად გრძნობენ ამ სიმართლეს.

    მახსენდება ჩვენი ბავშვობა, როგორი შებოჭილები ვიყავით… უნდა გვეწერა სოციალიზმზე, ლენინზე და მერე რაღაც ზერელედ, ისე სასხვათაშორისოდ შუშანიკსა და ხანძთელზე..

      ჩვენ 90-იანელებს გვაიძულებდნენ, გვეფიქრა ისე, როგორც ისინი თვლიდნენ საჭიროდ, თითქოს რაღაც მარწუხებში ვიყავით მოქცეულნი და ამ მაგიური ჯაჭვის გარღვევა არავის შეეძლო.

ჩემი პირველი თხზულების დაწერაც მახსოვს. ჩემი ქართულის მასწავლებელი ქალბატონი ანა… მისი შემოსვლისას თითქოს ყველაფერს თავისი სახელი ერქმეოდა. მახსოვს პირველად ამოტანილი ჩემი გულწრფელი ნაფიქრისგან გამოწვეული ემოციაც… ძლივს რომ გავბედე… და მერე ის – აზრის თავისუფლებაც – თვითშეფასებას რომ გიმაღლებს და შინაგანი სიხარულებიც. მახსოვს და მინდა ეს ყველა ბავშვმა განიცადოს. ვიცი, უჭირთ მსხვრევა, მერე თანდათან ალაგებენ სათქმელს, შინაგანად იხსნებიან, ლაღდებიან და ხვდები, როგორი მაგიური ძაფი იბმება თქვენ შორის. ძაფი, რომელიც აღარასოდეს წყდება, რადგან გახელილ თვალებს აღარ ხუჭავენ და შენც გახარებს იმის ცოდნა, რომ ასეთი მოსწავლე აუცილებლად წინ წავა… აღარასოდეს შეჩერდება მისი ზრდა, რადგან საკუთარ თავში ხედვა როდესაც ეხსნებათ, ეწყებათ მუდმივი ძიების პროცესი, მერე სულ ახალი და ახალი და საინტერესო ხდება სამყარო..

     მოსწავლის საზოგადოებასთან  კომუნიკაციისათვის მნიშვნელოვანია წერის უნარი. მართლმეტყველებისა და მართლწერის ცუდი ცოდნა საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკის საგანია. მოსწავლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოხატვისა და  მსჯელობის უნარები. აღსანიშნავია, რომ წერის დროს ადამიანი მარტო რჩება საკუთარ თავთან, თავისუფლდება და ამიტომ ნაწერი გაცილებით ობიექტურია. წერის სწავლება სკოლის დაბალი საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ.

     დღეს კი კომპიუტერული თაობაა.. მოკლე და ლოგიკურ, მზა ინფორმაციას იღებენ ინტერნეტიდან. ჩნდება საშიშროება, დაიკარგოს შემოქმედებითი ხედვა, სიღრმე, ფანტაზიის უნარი, რასაც მხოლოდ წიგნი გვაძლევს. მოსწავლეებმა არ იციან, როგორ იკითხონ წიგნი, ჩასწვდნენ ქვეტექსტებს, უჭირთ მთავრის მიგნება. ესეს წერამდე მათ ტექსტის აღქმა უნდა ვასწავლოთ. ამისათვის მათ ძალიან ეხმარებათ სიტუაციის მოდელირება, პერსონაჟის როლის გათავისება. უნდა დავუსვათ შეკითხვები: რას შეცვლიდა თვითონ ამ ტექსტში და რატომ? რაში არ ეთანხმება  ავტორს ან პერსონაჟს? კარგი ეფექტი აქვს ტექსტის ორიენტირებულ  კითხვას, მონაკვეთებად დაყოფილ ტექსტთან მუშაობას, წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ. კითხულობენ და თან იაზრებენ ტექსტს, სიტყვებს, ცნებებს, ტერმინებს და გამოაქვთ დასკვნები.

  „ვარაუდების სქემა” – საინტერესოა საკუთარი  აზრის  ფორმულირებისთვის, აგრეთვე „ილუსტრირებული ისტორია”, როდესაც ტექსტს ვწყვეტთ მნიშვნელოვან ადგილას, სადაც პერსონაჟი ამოცანის წინაშე დგას და მოსწავლეს ვეკითხებით, თუ როგორ გაგრძელდება ამბავი? მათ ვანდობთ ნაწარმოების  ფინალის შექმნას, შემდეგ სასიამოვნოა მათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ნააზრევი და იმსჯელონ მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა ფინალის შესახებ. „გონებრივი იერიშისას” უნდა დავიცვათ პრინციპი: „ყველა აზრი მისაღებია კრიტიკის გარეშე”. აქ ხდება გამოთქმული აზრების დახარისხება პრიორიტეტებად.

სანამ მოსწავლეებს ესეის წერას დავავალებ, ვაცნობ –  ,,ესსაი” ფრანგული სიტყვაა და ქართულად  “ცდას” ნიშნავს. ესაა ცდა საკუთარი თავის შესაცნობად; გზა, ადამიანური ბუნების  საიდუმლოს წვდომისა და ამოცნობისკენ. “ლეს ესსაის” ასეთი სახელწოდება ერქვა ქალაქ ბორდოს მერის, მიშელ მონტენის წიგნს. იგი XVI  საუკუნეში მოღვაწეობდა. მან თავის ნაშრომს  “გულწრფელი წიგნი” უწოდა.

ასევე ვუხსნი ესეის სტრუქტურას – ესეი შედგება: შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან. დეტალური გეგმის შედგენა აადვილებს წერას. მნიშვნელოვანია სათაურის გააზრება, რასაც მთავარი სათქმელისკენ მივყავართ. ამის შემდეგ კი უნდა ვასწავლოთ, როგორ დავიწყოთ წერა, რადგან “კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია”. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რას ითხოვენ მისგან. იგი უნდა ჩასწვდეს ესეის სათაურის არსს. ძირითადი აზრი დასაწყისშივე უნდა გამოიკვეთოს. უნდა განვსაზღვროთ მიზანი, შემდეგ კი დამატებითი მოსაზრებები, რაც საფუძვლიანს გახდის ნაწერს. უნდა იყვნენ კონკრეტულნი.. ტექსტში ყოველთვის არის საკვანძო საკითხი, სიტყვა, წინადადება, რომელსაც მთავარი სათქმელისკენ მივყავართ. მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ მისი მიგნება, რომელიც ხშირად ნაწარმოების ბოლოშია, აქ იხსნება ხოლმე ტექსტი. მათ უნდა გაიაზრონ, სად იკვეთება პრობლემა, აქამდე მისასვლელი გზა კი პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტია, მათ უნდა ვასწავლოთ ხასიათში წვდომა  და თვისებების ამოღება, რომელიც აუცილებლად არგუმენტებით უნდა დაადასტურონ. ამისათვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავი წარმოიდგინონ პერსონაჟის ადგილას და საკუთარი გადასახედიდან ჩამოწერონ ყველა ის პრობლემა, რომელიც მის წინაშე დგას. ყურადღება უნდა მიაქციონ, როგორ გამოიყურება პერსონაჟი, რას ამბობს, როგორ იქცევა სხვადასხვა სიტუაციაში, რას გრძნობს, რას განიცდის, და, რაც მთავარია, თვითონ  მოსწავლეები რას ფიქრობენ მასზე, რა მოსწონთ. პერსონაჟის რა თვისებას თუ ქცევას შეცვლიდნენ, რა ასწავლა ამ ნაწარმოებმა, როგორ შეცვლიდნენ მოვლენებს. კარგ ეფექტს იძლევა ნაწარმოების ალტერნატიული ფინალი, მნიშვნელოვანია მათეული დასასრულიც. საჭიროა, მოსწავლე მივიყვანოთ სულიერი თავისუფლების განცდამდე. არ შეიძლება მისი ჩარჩოში მოქცევა. ეს მათ სილაღესა და თვითშეფასებას მატებს.

ლიტერატურა ხელოვნებაა..

ცალკე თემაა თავისუფალი ესეის წერა, რომელიც ერთგვარი ნიჭია, რასაც აღმოჩენა და განვითარება სჭირდება. ესაა მდიდარი, შინაგანი სამყაროსა და წიგნიერი ცოდნის ნაზავი. ასეთ ნაწერში იგრძნობა ინდივიდი. ნაწერი ღირებულია მაშინ, როდესაც ის ექსპრესიული მხატვრულ-გამომსახველობითია. განსაკუთრებით ალამაზებს და ამდიდრებს ნაწერს ტროპული მეტყველება.

მნიშვნელოვანია მოსწავლის განვითარების დონე, კითხულობს თუ არა იგი მისი ასაკისათვის განკუთვნილ ლიტერატურას, რაც ეხმარება მას ლექსიკური მარაგის დაგროვებაში და უმდიდრებს ფანტაზიას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია თხზულების წერის დროს.  მათ უნდა შევაყვაროთ  წიგნების კითხვა. უნდა გამოთქვან და წერონ შთაბეჭდილებები ესეების, ჩანახატების სახით. თუ მოსწავლეს სიტყვათა მარაგი მწირი აქვს, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება უჭირს. წერა ემოციების, გრძნობების, საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ესაა გზა შინაგანი თავისუფლებისაკენ..

მესტიის მუნიციპალიტეტი. იელის საჯარო სკოლა

ცისანა ლონდარიძე – ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

პროგრამით  „ასწავლე საქართველოსთვის“

 

 

 

 

სოციალიზაციის მექანიზმები

0

თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვს სუპერმარკეტში რამდენიმე ნივთის პოვნას დაავალებთ, ის რამდენიმეჯერ გაიმეორებს ჩამონათვალს, რათა უკეთ დაიმახსოვროს. ასეთია ამ ასაკის ბავშვების სტრატეგია. დიახ, ბავშვები პრობლემების მოსაგვარებლად სტრატეგიების დასახვას ადრეული ასაკიდანვე იწყებენ, რათა დავალებას სხვის დაუხმარებლად გაართვან თავი.

სტრატეგიების მეთოდი ბავშვებს ეხმარება მათ წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად მოგვარებაში, სხვადასხვა სიტუაციური სირთულის დაძლევაში და სასწავლო პროგრამის სწრაფად და ხარისხიანად ათვისებაში. მათ სკოლის ასაკიდანვე სჭირდებათ უფროსების გამოცდილებითი მხარდაჭერა სტრატეგიების შემუშავებაში. ვინაიდან ბავშვები დღის უდიდეს ნაწილს სკოლაში ატარებენ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში მასწავლებლების ჩართულობაც.

სოციალურ ჩართულობას ბავშვი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს მშობლებსა და ახლობლებთან ურთიერთობით. მოგვიანებით ამ პროცესში სასკოლო გარემოც ერთვება. ბავშვი იძენს იმ თვისებებსა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდგომ სხვა ადმიანებთან ურთიერთობაში უნდა დაეხმაროს, უზრუნველყოს მისი პიროვნების ფორმირება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება.

ვიგოტსკის მიხედვით, დასწავლა გაშინაგნების გზით ხდება. ბავშვები დაისწავლიან იმ უნარებსა და ჩვევებს, რომლებსაც გარშემო ხედავენ.

სოციალიზაციის პროცესში მონაწილეობს ოთხი მექანიზმი:

  • იმიტაცია. ეს წამყვანი ფაქტორია ბავშვის სოციალიზაციის პროცესში და მის მიერ სხვისი ქცევის მოდელის გაცნობიერებულ კოპირებას წარმოადგენს. ბავშვები უმთავრესად ბაძავენ მშობლებს, ოჯახის წევრებს, მასწავლებლებს, ადამიანებს, რომლებთანაც ემოციური მიჯაჭვულობა აკავშირებთ ან რომლებსაც მათზე ძალაუფლება აქვთ. ამ პროცესზე უსიამოვნო განცდებიც ახდენს გავლენას. მაგალითად, როცა ბავშვს ფიზიკურად სჯიან, მან შესაძლოა გადაიღოს ეს ქცევა და „დასაჯოს“ თანატოლი ან ზრდასრულ ასაკშიც ვერ მოახერხოს ამ ფაქტის დავიწყება და საკუთარ შვილებზე იძალადოს.
  • იდენტიფიკაცია – სხვათა ღირებულებების, განწყობებისა და ქცევების საკუთრად მიჩნევა. ეს არის გზა, ბავშვმა კონკრეტული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა გააცნობიეროს.
  • სირცხვილის განცდა – საკუთარი საქციელით უკმაყოფილების თანმხლები ემოციური მდგომარეობა, რომელიც, წესისამებრ, გარშემო მყოფთა უარყოფით რეაქციასთანაა დაკავშირებული.
  • დანაშაულის განცდა. ის მჭიდროდ უკავშირდება სირცხვილის განცდას, თუმცა ამ დროს თავს იჩენს საკუთარი თავის დასჯის მოთხოვნილებაც. არ აქვს მნიშვნელობა, იციან თუ არა სხვებმა ამ დანაშაულის შესახებ – განცდა ორივე შემთხვევაში თანაბარია.

იმიტაცია და იდენტიფიკაცია პოზიტიური მექანიზმებია, რომლებიც განსაზღვრული ქცევის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ხოლო სირცხვილი და დანაშაულის განცდა – ნეგატიური, რამდენადაც კრძალავს ან თრგუნავს განსაზღვრულ ქცევას.

როგორც აღვნიშნეთ, დასწავლა ხდება გაშინაგნების გზით. სტრატეგიების დასახვის პროცესში კი დასწავლის ხარისხი მაღალია. კვლევებით დასტურდება, რომ სოციალიზაციას, სოციალურ ჩართულობას შეუძლია გაზარდოს მოსწავლის მიღწევები ან წაახალისოს უნარები, რომლებიც შემდგომ ხელს შეუწყობს მის მიღწევებს. იმის ცოდნა, რომ მისი შრომის შედეგს გარშემო მყოფები გაიზიარებენ, წაახალისებს მოსწავლეს და გულმოდგინე მუშაობისკენ უბიძგებს. სკოლა, ოჯახის მსგავსად, სოციალური ინსტიტუტია. ის უნდა დაეხმაროს ბავშვებს იმ სტრატეგიების შემუშავებაში, რომლებიც მათ სოციალიზაციას უზრუნველყოფს და ამ პროცესში ჩართული პოზიტიური მექანიზმების მიღებასა და ნეგატიურის გადალახვაში შეუწყობს ხელს.

     სწორი გზა არის აღმართი

0

„ბრწყინვალე სამშაბათია, წირვა ეს-ეს არის დასრულდა, ტკბილი, მშვიდი დღეა, მზე ანათებს, ჟინჟღლავს, ლიმონის ყვავილი სურნელს აფრქვევს, ხეები იკვირტება, ბალახი იწვერება, ქრისტე ამოდის მიწის ყოველი ბელტიდან“,_ ვკითხულობთ ნიკოს კაზანძაკისის სტრიქონებს რომანში „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ და სულში საოცარ სიმშვიდესა და უტკივილო სევდას ვგრძნობთ. მეოცე საუკუნის ამ ბერძენი მწერლის ნაწერებში კარგად წარმოჩნდება თანამედროვე სამყაროში კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირება და ამ ნიადაგზე წარმოშობილი გაუცხოების პრობლემები. ამ რომანშიც, რომელიც ახალი ბერძნულიდან შესანიშნავად თარგმნა მაია კაკაშვილმა, მკითხველი შეიგრძნობს სიკეთის არსს და ყოფის ამაოების დაძლევის გზებსაც შეიმეცნებს.

უილიამ ბლეიკი ერთ ლექსში წერს: „ქვიშის მარცვალში სამყარო დაინახე, მინდვრის ყვავილში სამოთხე იხილე, შენს ხელისგულზე _ უსასრულობა, ერთ წამში კი _ მარადისობა!“. ყოველივე ამის შესაგრძნობ-დასანახავად კი ადამიანს მომადლებია სიტყვა, ამიტომაც ვაჟა-ფშაველა მწერლობას „წმინდა ხელობად“ მიიჩნევდა, რადგან კარგად აცნობიერებდა სიტყვასთან, ლოგოსთან ურთიერთობის პასუხისმგებლობას. სიტყვის ძალა და ენერგია უნდა მიმართულიყო ადამიანში სულიერი საწყისების გასაღვიძებლად, რათა კაცობრიობას დეჰუმანიზაციის საშიშროება გადაელახა. ყოველ მწერალს ამისთვის საკუთარი გზა აქვს არჩეული, ზოგი ანგელოზებს ხატავს და ზოგი _ დემონებს, მაგრამ, ორივე შემთხვევაში,  მიზანი  ერთი უნდა იყოს: მკითხველის კათარზისი და ხსნა.

ჯვარცმის მისტერია ყოველი აღდგომის დღესასაწაულზე მეორდება. ეს საიდუმლო ადამიანის გულის ჭიდილს ასახავს უირველესად. ეს ჩვენს გულებში  იტანჯება, იმარხება და კვლავ აღორძინდება რწმენა. ნიკოს კაზანძაკისი თავისი რომანით მკითხველს კიდევ ერთხელ დააფიქრებს მარადიულ კითხვებზე: ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. რომანის მოქმედება ერთ ბერძნულ სოფელში, ლიკოვრისში,  ხდება, რომელიც წუთისოფლის ერთგვარი მოდელია თავისი ადამიანური სიჭრელით. ეროვნული და პიროვნული თავისუფლება ერთმანეთს გადაეწვნება: „ქრისტე აღსდგა! სამშობლოც აღსდგება მკვდრეთით!“.

რომანის სიუჟეტური ქარგა უცნაური ამბის გარშემო ვითარდება. სოფლის მღვდელი გადაწყვეტს  უძველესი ტრადიციის აღდგენას, რომლის მიხედვითაც, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ თანასოფლელებიდან ხუთი-ექვსი კაცი უნდა აირჩიონ, რომლებიც ვნების კვირაში ქრისტეს ვნებას გააცოცხლებენ. ასეც ხდება. სოფლელებიდან აირჩევენ მოციქულებს: პეტრეს, იაკობს, იოანეს, იუდა ისკარიოტელს და მარიამ მაგდალინელს. „ვინ შეძლებს, მთელი წელიწადი გული წმინდად შეინახოს და ჯვარცმული ქრისტე განასახიეროს“? ქრისტედ შეარჩევენ ცისფერთვალა ქერა მწყემს მანოლიოსს, რომელიც ადრე ტაძარში ეხმარებოდა მღვდელს. რომანში წარმოჩენილია, როგორ შეცვლის ეს „როლები“ განმასახიერებლებს, განსაკუთრებით, მანოლიოსს, რომელიც „ხორბლის ნაზი ღეროსავით ნათელს ეწაფებოდა და ნათლით იკვებებოდა“.

რომანი სავსეა დრამატული ეპიზოდებით, რომლებიც წარმოაჩენენ სამყაროში არსებული ბნელი და ნათელი ძალების ბრძოლას ადამიანთა გულებში.  ნიკოს კაძანძაკისი ამ რომანშიც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი  სტილის სტიქიაშია. ფრაზების მეტაფორულობა, თხრობის რიტმი და ენერგეტიკა, პოეტური გზნება ყოველივე იმისა, რასაც აღწერს, მკითხველზე გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. თხრობაში შემოჭრილი ბიბლიური, ძველი და ახალი აღთქმისეული ალუზიები და რემინისცენციები მკითხველს ეხმარება მხატვრული ტექსტის დროისა და სივრცის სიღრმისეულ აღქმასა და გააზრებაში. პესონაჟები კონკრეტული ადამიანები არიან, იმავდროულად, ერთგვარი სიმბოლოები, რომლებიც სამყაროს კანონზომიერებებს გამოავლენენ. რომანი სავსეა ადამიანთა სულში ატეხილი ქარიშხლებით, რომლებიც ხან ღუპავენ მათ, ხან კი ააღორძინებენ, ახლიდან შობენ, გულის, სულისა და გონების თვალს უხელენ. მკითხველი ისმენს სამყაროს ათასგვარ ხმას, ყნოსავს ზღვიდან მოტანილი ქარისა თუ გადამწვარი ბალახების ათასნაირ სურნელს, მათ შორის, ასეთსაც: იანოკოსი  „ბნელ ბოსელში შევიდა, სადაც მის საყვარელ ვირს ეძინა და სიზმრებს ნახულობდა. გომურს ნეხვისა და ნოტიო კოსმოგონიური სითბოს სურნელი ასდიოდა. ამგვარი სუნი ექნებოდაო,  იფიქრებდი,  შესაქმის პირველ წლებში სამყაროს“.

სოფელს მოულოდნელად თურქებისაგან აოხრებული სხვა სოფლის შიმშილისაგან დაუძლურებული ლტოლვილები მოადგებიან, რომელთაც გაძვალტყავებული მღვდელი ფოტისი მოუძღვებათ. მათთან ურთიერთობაში წარმოჩნდება ადამიანური სიხარბის, გაუტანლობის, სისასტიკის უსაზღვროება. ერთ-ერთი პერსონაჟი, იანაკოსი, ფიქრობს: „მართლაც, მხეცია ადამიანი, რასაც უნდა, იმას აკეთებს, რომელ გზასაც უნდა, იმას ადგება. ჯოჯოხეთისა და სამოთხის კარიბჭეები ერთმანეთს ეკვრის. ეშმაკს შეუძლია და შედის მხოლოდ ჯოჯოხეთში, ანგელოზს შეუძლია და შედის მხოლოდ სამოთხეში, ადამიანს _ სადაც სურს!“

ეს სოფელიც ისეთივე ჭრელია, როგორც სამყარო, ამიტომაც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უბედურ ლტოლვილებს დახმარების ხელს გაუწვდიან, მათ შორის არ აღმოჩნდება ლევკორისის მღვდელი, ამიტომაც გაიფიქრებს იანაკოსი: „გამოცანაა სამყარო. დიდი გამოცანა. ღმერთი დემონისგან ვერ გაგირჩევია კაცს.  ხშირად, უფალო მომიტევე, ერთი და იგივე სახე აქვთ“.

რომანის ყველა ამბავი საბოლოოდ მანოლიოსის ირგვლივ ერთიანდება. იგი დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილების გადატანის ფასად უარს ამბობს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და ელიას ტაძარში განმარტოვდება, მაგრამ არა საბოლოო სიმშვიდის, არამედ სულში მიმდინარე ბრძოლის გასაგრძელებლად, რადგან ფიზიკური ლტოლვებისა და ხორციელი ვნებების დათრგუნვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას: „როცა წყალი მშვიდდება, იხრწნება, როცა მეტისმეტად მშვიდდება სული, ისიც იხრწნება“.

რომანში სულიერი ცხოვრების არაერთი ამბავია ჩართული. მანოლიოსს თავისი მოძღვრის, მანასეს ნაამბობი ახსენდება:  ერთხელ განდეგილი ესტუმრა, წამით აღებდა თვალებს და მერე ისევ ხუჭავდა. მანასემ უთხრა: გაახილე თვალები, მამაო, რომ ღვთის საკვირველი საქმენი იხილო. მე თვალებს ვხუჭავ, _ უპასუხა მას ასკეტმა _ და მათ შემოქმედს ვხედავ“.

რომანი მკითხველს აჯერებს, რომ  თითოეულ ადამიანს მთელი სამყაროს ხსნა შეუძლია. საგულისხმოა ეპიზოდი, როცა მანოლიოსი ფოტისს ეკითხება:

„როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, მამაო?

_ადამიანების სიყვარულით, შვილო ჩემო.

_ და როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანები?

_გარჯით, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ.

და რომელია  სწორი გზა?

_ აღმართი!“

მწერლის აზრით, რწმენა ადამიანთა სიყვარულში მჟღავნდება. მანოლიოსს მოძღვარმა ესეც უამბო:  ერთ ბერს ნატვრად ჰქონდა ღვთის წმინდა საფლავის მოლოცვა, მოწყალებას ითხოვდა და რამდენიმე წელიწადში 30 ლირა მოაგროვა, კურთხევა მიიღო წინამძღვრისგან და გზას გაუდგა. ჯერ კიდევ მონასტერს არ დაშორებოდა, რომ  ჩამოძონძილი, ფერმკრთალი, დადარდიანებული ადამიანი დაინახა, ბალახს აგროვებდა, ჰკითხა, მამაო, სად მიდიხარო. წმინდა საფლავზე, ძმაო, მოსალოცად, ქრისტეს საფლავს რომ სამჯერ შემოვუარო და თაყვანი ვცეო. ფული რამდენი გაქვსო? 30 ლირაო. ეგ ფული მე მომეცი, რადგან ჩემი ცოლ-შვილი შიმშილობს.  მე შემომიარე სამჯერ და მერე მუხლებზე დაეცი, მეთაყვანეო. ბერი ასე მოიქცა და მონასტერში დაბრუნდა.

ფოტისი იგონებს: „ერთ ბერს ვკითხე, რომელიც უფსკრულის პირას მარტო ცხოვრობდა, როგორ იპოვე გზა ხსნისა?_ აბა, რა ვიცი, მიპასუხა, _ ისე, რომ ვერც გავიგე.  ერთ დილას ავდექი, ღამით ეწვიმა, ფანჯრიდან გადავიხედე. სულ ეს იყო. _ სხვა არაფერი, მამა სოფრონიოს? _ სხვა რა გინდა, შვილო ჩემო, ღმერთი დავინახე ჩემი ფანჯრიდან!“

ფანჯრიდან გაიხედო და ღმერთი დაინახო! _ ეს არის რომანის პათოსი! ამისთვისაა მოთხრობილი ყოველივე. ყოველ ადამიანში მოიპოვება ნიადაგი და საზრდო იმისთვის, რომ იქიდან იუდა, კაიაფა, პილატე, პეტრე, იოანე თუ ქრისტე დაიბადოს. მთავარია, რომლის დაბადებას შეუწყობ ხელს, რომელს მიაწვდი მაცოცხლებელ წყაროს გასახარებლად. დიდი წვალებით, მაგრამ მაინც, მანოლიოსის გულში ქრისტე იბადება, იგი სოფლელებს კაცთმოყვარეობისკენ მოუწოდებს, ეხმარება მღვიმეებში გახიზნულ ლტოლვილებს, თუმცა თანასოფლელელი ბობოლები უპირისპირდებიან. ბოლოს მანოლიოსს აჯანყების მეთაურობას აბრალებენ, ყოველგვარი ბოროტების მიზეზად მიიჩნევენ. მას ჯერ ეკლესიაში მღვდელი გრიგორისი შეაჩვენებს, თურქი აღა კი მოკვლას ბრძანებას გასცემს. პანაიოტაროსი, იუდას როლისთვს რომ შეარჩიეს, დანას გაუყრის, ბრბო დაგლეჯს. წამებულის სხეულს მღვდელ ფოტისს მისცემენ, რომელიც მანოლიოსს  მთაზე, ელიას სამლოცველოსთან დაკრძალავს.

მკითხველს კი მწერალი საფიქრელად უტოვებს მღვდელ ფოტისის კითხვას:  „უკვე ორი ათასი წელი ახლოვდება და კვლავაც… კვლავაც ჯვარს გაცვამენ. როდის დაიბადები, ჩემო ქრისტე, რომ აღარ ეცვა ჯვარს, რომ ჩვენთან ერთად იცოცხლო სამარადისოდ?“

ბიოგრაფია  უფრო მეტია, ვიდრე საინფორმაციო ტექსტი

0

ქართული ლიტერატურის თანამედროვე სახელმძღვანელოებში ძირითად თუ დამხმარე სასწავლო მასალად წარმოდგენილი ბიოგრაფიული ლიტერატურა ძალიან მწირია, მაშინ როდესაც საბჭოთა პერიოდის ქრესტომათიებში თითოეულ საპროგრამო ტექსტს დართული ჰქონდა ბიოგრაფიული ცნობები ავტორის შესახებ. ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის საჭიროა საინტერესოდ გადმოცემული ბიოგრაფიული ტექსტების სწავლა წარსულისა თუ თანამედროვეობის გამოჩენილი ადამიანების შესახებ. არ არის აუცილებელი, ეს ადამიანი მწერალი იყოს; მთავარია, ბიოგრაფია წარმოაჩენდეს რეალურ პიროვნებას მისი ღირსებებით, დამსახურებებითა და შეცდომებით.

ბიოგრაფია უფრო მეტია, ვიდრე საინფორმაციო ტექსტი, რომლის სწავლებას სკოლაში შეიძლება სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს, მაგალითად, ინფორმაციის მიღება, ლიტერატურათმცოდნეობითი ცნებების (კომპოზიცია, სიუჟეტური ქარგა, ბიოგრაფიული ჟანრი და სხვ.) გაცნობა, ისტორიული მოვლენების კვლევა ცალკეული ადამიანების ცხოვრების მიღმა, პერსონალური მაგალითების გამოყენებით ზნეობრივი თუ სამოქალაქო ღირებულებების წარმოჩენა. გარდა ამისა, ბიოგრაფიული ნარატივის სწავლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა შეიძლება იყოს მოსწავლეთა მიერ გმირის ცხოვრებასთან საკუთარი გამოცდილების იდენტიფიკაცია, რაც მათ აქტუალური პრობლემების გაანალიზებაში დაეხმარება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ბიოგრაფიული ტექსტი ეხმიანებოდეს მოსწავლეთა ფსიქიკურ მზაობას და მათი ასაკისთვის დამახასიათებელ შინაგან კონფლიქტებს.

სკოლაში ბიოგრაფიის სწავლება ძალიან საინტერესო საკითხია. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რატომ ვასწავლით ასეთ ტექსტს, რას გულისხმობს ბიოგრაფიის სწავლება და რა საკითხებს ეხება იგი. ყურადღება მივაქციოთ ბიოგრაფიული ნაწარმოების სტრუქტურას, ავტორის პერსპექტივას, რას ნიშნავს ადამიანი, პიროვნება და ვინ ვარ მე.

მნიშვნელოვანია ისიც, როგორ ვარჩევთ წასაკითხ ბიოგრაფიას. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა მოსწავლეთა ასაკი და მზაობა, მერე კი ის, ვისი ბიოგრაფიის შესწავლაა მათთვის მიზანშეწონილი.

ბიოგრაფიული ტექსტი, რომელსაც სასწავლო მასალად ვირჩევთ, არ უნდა იყოს გადატვირთული თარიღებითა და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენებით. მეტიც – ისეთი ბიოგრაფიის სწავლებას, სადაც ფაქტები მექანიკურადაა დაჯგუფებული, სჯობს გამოჩენილი ადამიანის შესახებ ერთი მოგონების ან სახალისო ამბის გაცნობა, რომელიც ტიპობრივად წარმოაჩენს გმირის ხასიათს. ამით თავიდან ავიცილებთ ერთ ყალიბში მოქცეული ბიოგრაფიების მოსაწყენ ზუთხვას. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბიოგრაფია მეტ-ნაკლებად ერთგვარი ელემენტებისგან შედგება: დაბადება, ოჯახი, ბავშვობის წლები, განათლება, დაოჯახება და სხვ. უნდა გავითვალისწინოთ ბიოგრაფიული შაბლონის არსებობაც – ბავშვობაში გამოვლენილი განსაკუთრებული ნიჭი, ლტოლვა თავისუფლებისკენ, თანატოლებისგან განსხვავებული მისწრაფებები, მარტოსულობა და მისთანანი. ბიოგრაფიაში მთავარი გმირი სრულყოფილად უნდა წარმოჩნდეს. ამისთვის ტექსტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს: გმირის ცხოვრების გზას, მის მსოფლმხედველობას, გამონათქვამებს, საქმიანობას (რამდენად შეესაბამება მის მიერ დეკლარირებული შეხედულებები რეალურ ცხოვრებისეულ ფაქტებს), რას წერენ მასზე/რას წერს საკუთარ თავზე. ეს ყველაფერი ქმნის ბიოგრაფიულ გმირს, რომელსაც პედაგოგიკაში სრულყოფილ ხასიათს უწოდებენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გმირი რომელიმე თვისებასთან/ხატთან/სტერეოტიპთან კი არ გაიგივდეს, არამედ დინამიკური იყოს. უნდა წარმოჩნდეს მისი შინაგანი წინააღმდეგობებიც. ეს მოსწავლეებს დაეხმარება, საკუთარ ეგოში გაამთლიანონ რამდენიმე, ხშირად წინააღმდეგობრივი ქვესუბიექტი. სხვისი ბიოგრაფიული მაგალითების ანალიზით ისინი გააცნობიერებენ, რომ შინაგანი კონფლიქტი ადამიანის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.

კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ პოსტერს, რომელზეც გამოსახული იქნება ბიოგრაფიის გეგმა/ჩარჩო. სასურველია, ეს ჩარჩო მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

  • ძირითადი მონაცემები პიროვნების შესახებ: ვინ? სად? როდის? როგორ?
  • ცხოვრებისეული გამოცდილება, მოვლენები, რომლებმაც ეს ადამიანი ცნობილი გახადა;
  • მისი პიროვნული თვისებები;
  • მისი მნიშვნელოვანი წვლილი;
  • რითია ეს პიროვნება საინტერესო და მოსაწონი?

სასურველია, მასწავლებელმა გააკეთოს ჩარჩოს სამოდელო მიმოხილვა (მაგ. ხმამაღლა ფიქრის მეთოდის გამოყენებით).

გთავაზობთ პოსტერის ნიმუშს:

ბიო

ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ მასწავლებელმა უნდა დასვას ისეთი კითხვები, რომ მოსწავლეებმა ტექსტი მხოლოდ ინფორმაციულ დონეზე არ დაიმახსოვრონ. მაგალითად:

  • რითია ამ ადამიანის ცხოვრება საინტერესო და გამორჩეული?
  • რა არის მის ცხოვრებაში უარყოფითი?
  • რით იყო მისი ცხოვრება მოსაწონი?
  • რომელმა თვისებამ განაპირობა მისი ცხოვრების ამგვარად წარმართვა?
  • რა იყო მისი ყველაზე პრობლემური თვისება?
  • მისი რომელი თვისება იყო სასარგებლო?
  • რა შეცდომები დაუშვა?
  • შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?
  • დაასახელე 2-3 ნაბიჯი მისი ცხოვრებიდან, რომლებსაც მიბაძავდი.
  • ზოგი ამბობს, რომ ადამიანზე მტრების მიხედვითაც შეგიძლია იმსჯელო. რას იტყვით ამ კუთხით მასზე?
  • აღმზრდელები დიდ როლს ასრულებენ პიროვნების ჩამოყალიბებაში. რამდენად ეხება ეს ამ პიროვნებას?
  • ბევრის ქცევა, ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულებები განსაზღვრულ წესებს ექვემდებარება. ეს ადამიანი დამოუკიდებელი იდეებით უფრო მოქმედებდა თუ ამ წესებით?
  • რას ნიშნავს გმირობა და იყო თუ არა ის გმირი?
  • რატომ მიგაჩნია ასე?
  • რით განსხვავდება ცნობილი ადამიანი გმირისგან?

მოსწავლეებს მოსწონთ ბიოგრაფიის წერისას გრაფიკული სქემების გამოყენება, რომლებსაც ხშირად გაკვეთილის მესამე ფაზაზე ვიყენებ.

მაგალითად, დროის ღერძი:

ბიო1

ან კონცეპტუალური სქემები:

ბიო2

საშინაო დავალებისთვის ხშირად ვიყენებ ეფექტურ აქტივობებს ბიოგრაფიის ცოდნის განსამტკიცებლად. მაგალითად:

  • ბიოგრაფიის ან ავტობიოგრაფიის დაწერა;
  • ხუთსტრიქონიანი ლექსი პიროვნების შესახებ;
  • გმირის წარმოსახვითი ვიზიტი სკოლაში;
  • მე–20 საუკუნის უდიდესი ადამიანების საკლასო სია;
  • წიგნის სანიშნები დიდი ადამიანით.

კლასში სამუშაოდ კი, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებისა, შეიძლება გამოვიყენოთ:

  • დისკუსია: ვინ არის ყველაზე დიდი ქართველი?
  • ბიოგრაფიების ყუთი;
  • წარმოსახვითი თოქშოუ ცნობილი ადამიანის მონაწილეობით;
  • ბიოგრაფიული ეპიზოდის გათამაშება;
  • ბიოგრაფიული ფილმის ჩვენება და განხილვა.

ბიოგრაფიული ტექსტების სწავლება ჟანრობრივ მრავალფეროვნებას შესძენს ქართული ლიტერატურის საგანს. მათში ცხადად წარმოჩნდება ინფორმაციის სხვადასხვა სახეობა და ადვილად განირჩევა ისტორიული და ლიტერატურული დისკურსები. გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილების გაცნობა წააქეზებს მოზარდებს საკუთარ გამოცდილებაში ჩაღრმავებისკენ, სააზროვნო ჰორიზონტს გაუფართოებს მათ და, რაც მთავარია, მარადიულ ღირებულებებს აზიარებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

წყარო: ვიკიპედია

პაატა პაპავა. მოხსენება „ბიოგრაფიის სწავლება“. მასალები ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციისთვის „წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა“. თბილისი, 2014

     ერატოსთენე – გეოგრაფიის ფუძემდებელი

0

19  ივნისს თამამად შეიძლება ვუწოდოთ გეოგრაფიის დღე, რადგან  ჩვენს წელთაღრიცხვამდე  240 წელს  სწორედ ამ დღეს ქალაქ კირენეში ძველი ბერძენი  მეცნიერი, გეოგრაფიის ფუძემდებელი ერატოსთენე  დაიბადა.  მომავალმა   მეცნიერმა განათლება  ალექსანდრიასა და ათენში მიიღო.  კალიმაჰეს სიკვდილის შემდეგ კი  იგი  მსოფლიოში  უძველეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკას განაგებდა. ერატასოთენე ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი იყო. ის დაინტერესებული იყო ფილოლოგიით (ეს სიტყვა პირველად მან იხმარა „გრამატიკის“ ნაცვლად), მათემატიკით, ასტრონომიით, ქრონოლოგიით, ფილოსოფიით,  მუსიკით და, რა თქმა უნდა, გეოგრაფიით.

ერატოსთენე მართლაცდა გეოგრაფიის ფუძემდებელია. სწორედ მან პირველმა დაამკვიდრა ტერმინი ”გეოგრაფია~, პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე, ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები; ასევე შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი, ე.წ. ”ერატოსთენეს საცერი“; დაადგინა საბერძნეთის ისტორიის ძირითადი თარიღები. მას ეკუთვნის ნაშრომები ”ძველი კომედიის შესახებ“ (12 წიგნად), ”ქრონოგრაფიათა შესახებ“ (9 წიგნად), ”გეოგრაფია“ (3 წიგნად). თუცა ამჟამად მისი ნაწერებიდან მხოლოდ ნაწყვეტებია შემორჩენილი.

ძველმა ბერძნებმა უკვე იცოდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და  ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც ჰქონდათ: პითაგორამ განაცხადა, რომ ” ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულია, ხოლო ყველაზე სრულყოფილი ფორმა  სფეროა. მაშასადამე დედამიწა მრგვალია.” ერატოსთენეც იზიარებდა პითაგორას აზრს დედამიწის სფერულობის შესახებ. მან გამოთვალა მისი გარშემოწერილობა და რადიუსი.  თავის ტრაქტატში  ”დედამიწის გაზომვის შესახებ” ( Peri tes anametreseos tes ges)  ალექსანდრიასა და სიენას  შორის არსებული მანძილისა და ორივე ადგილას მზის სხივების დაცემის კუთხის სხვაობის საფუძველზე, ერატოსთენემ ეკვატორის სიგრძე გამოთვალა.

ერას2

ერატოსთენეს ექპერიმენტი

ერატოსთენეს ექსპერიმენტი დედამიწის ზომის  დადგენის შესახებ ასე წარიმართა:

  1. ეგვიპტეში მოგზაურობისას, მეცნიერმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ქ. სიენაში (ამჟამინდელი ქალაქი ასუანი),  21 ან 22 ივლისს – ზაფხულის ნაბუნიობის დღეს,  შუადღისას  მზის სხივები  ყველაზე ღრმა ჭის ფსკერსაც კი ანათებენ.  მაშასადამე ამ დროს  მზე  სიენას თავზე ზუსტად ვერტიკალურად მდებარეობდა და არ იყო დახრილი,  მაშინ როცა, ამავე დროს, ქ. ალექსანდრიაში, სადაც თვითონ ცხოვრობდა, მზე შედარებით დაბალ სიმაღლეზე იყო და ყოველი საგანი ჩრდილს ქმნიდა.
  2. ერატოსთენემ იცოდა, რომ ალექსანდრია სიენას ჩრდილოეთით  თითქმის იმავე გრძედზე  მდებარეობდა.
  3. ერასტოთენემ დაამზადა ნახევრადმრგვალი თასისმაგვარი ხელსაწყო, რომლის ფსკერზე, პირდაპირ ცენტრში, ვერტიკალური ჩხირი – გნომონი  დაამაგრა. თასის შიგნით მან წრე დახაზა, რომელიც 180 ტოლ ნაწილად – გრადუსებად დაყო.
  4. ზაფხულის ნაბუნიობის დღეს  მან  ალექსანდრიაში  დაკვირვების შედეგად შენიშნა, რომ გნომონის ჩრდილის სიგრძე მის ხელსაწყოზე სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და ბოლოს 7,2-გრადუსზე შეჩერდა. შემდეგ კი კვლავ მატება დაიწყო. რაც იმას ნიშნავდა, რომ მზის სხივების დაცემის კუთხე 7,2° -ია ანუ მზე ზენიტიდან სწორედ ამდენით იყო გადახრილი.  ერატოსთენემ  360° გაყო 7,2°-ზე  და  50 მიიღო. ამგვარად, მან დაადგინა, რომ სიენასა და ალექსანდრიას შორის  დაშორება დედამიწის გარშემოწერილობის  1/50-ის ტოლია.
  5. შემდეგ ბერძენმა მეცნიერმა სინესა და ალექსანდრიას შორის ფაქტიური დაშორება განსაზღვრა. იმ პერიოდში ეს არც თუ ადვილი საქმე იყო. მაშინ ადამიანები  აქლემებით გადაადგილდებოდნენ,  გავლილ მანძილს კი სტადიებში ზომავდნენ. აქლემების ქარავანი  ჩვეულებრივ  დაახლოებით 100 სტადიას გადიოდა დღეში. სიენადან ალექსანდრიაში მოგზაურობას 50 დღე სჭირდებოდა.  მაშასადამე  ორ ქალაქს შორის მანძილის ასე  განისაზღვრა:

               100 სტადია  x 50 დღე  = 5 000 სტადია.

  1. რადგანაც ერატოსთენეს მიხედვით 5000 სტადია დედამიწის გარშემოწერილობის 1/50-ის ტოლია, შესაბამისად მთელი გარშემოწერილობა იქნება:

            5 000  სტადია x 50 = 250 000  სტადია.

  1. სტადიის სიგრძეს ამჟამად სხვადასხვანაირად ანგარიშობენ: ერთი ვარიანტის მიხედვით სტადია 1657 მ-ია.  მაშასადამე  დედამიწის გარშემოწერილობა ტოლია:

                  250 000  სტადია  x 1657 მ = 39 250 000 მ.

      მეტრების კილომეტრებში გადასაყვანად მიღებულ რიცხვი 1000-ზე იყოფა და    საბოლოო პასუხია 39 250 კმ.

იმ დროისათვის ეს შედეგი საოცრად ზუსტი იყო, რადგან დღევანდელი გამოთვლებით დედამიწის გარშემოწერილობა – 40076 კმ-ია.

თავის  3-ტომიან ნაშრომში  ”გეოგრაფია” (Geographika) ერატოსთენემ  პირველად გადმოსცა  გეოგრაფიის სისტემური მეცნიერული შინაარსი.  მან დასაწყისში მიმოიხილა ის საკითხები, რაც იმ დროსათვის  ბერძნულ მეცნიერებაში უკვე იყო ცნობილი. ერატოსთენემ  პითაგორაზე დაყრდნობით  დასაბამი დაუდო  მათემატიკურ  და ფიზიკურ  გეოგრაფიას. ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ თუ გიბრალტარის სრუტიდან გემი სულ დასავლეთით  ივლიდა, შესაძლებელი იყო ინდოეთამდე მისვლა.  მოგვიანებით, სწორედ ამ ვარაუდზე დაყრდნობით  გადაწყვეტა  ქრისტეფორე კოლუმბმა  1492 წელს მოგზაურობის დაწყება. ერატოსთენემ თავის ნაშრომს მსოფლიოს გეოგრაფიული რუკაც დაურთო, რომელსაც სტრაბონის ცნობით ჰიპარქე ნიკეიელი აკრიტიკებდა.  თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ   პირველი რუკა, რომელიც დედამიწის სფეროსებული ფორმის გათვალისწინებით შეიქმნა,  სწორედ  ერატოსთენეს ეკუთვნის.  ითვლება, რომ სწორედ მან პირველმა  შეადგინა  მსოფლიოს რუკა  მერიდიანებისა და პარალელების  გამოყენებით,  რომლებსაც თავად ”ერთმანეთის  გვერდით  გამავალ  ხაზებსა” და ”შუადღემდე  ხაზებს” უწოდებდა.

ერასტ3

ერატოსთენეს მსოფლიოს რუკა

ერატოსთენეს მიხედვით მსოფლიო – ერთი კუნძულია, რომელსაც  ზემოდან  ჩრდილოეთის ოკეანე, ხოლო ქვემოდან  – ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. კუნძული ევროპად, ლიბიად, არაბეთად, არიანად, ინდოეთად და სკიფიად იყოფა.  ინდოეთის სამხრეთით   კიდევ ერთი კუნძული – ტაბროპანი, სავარაუდოდ თანამედროვე  შრი-ლანკა (ცეილონი) მდებარეობდა.

ამასთან, ერატოსთენე არ უარყოფდა, რომ სხვა ნახევარსფეროში შესაძლებელი იყო ”ანტიპოდების” არსებობა. თუმცა მათამდე მიღწევა შეუძლებელი  იყო, რადგან, როგორც ძველი ბერძნები თვლიდნენ, ეკვატორთან ისე ცხელოდა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი იწვოდა, ხოლო ზღვა   კი დუღდა;  და პირიქით – პოლუსებთან ისე ციოდა, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა.

გეოგრაფიაში  გაწეული  ღვაწლის გარდა, ერატოსთენეს ასევე ეკუთვნის მათემატიკური შრომა პლატონიკი (Platonikos),  სადაც განხილული აქვს მათემატიკისა და მუსიკის საკითხები, ხოლო ცხრაწიგნიან  ნაშრომში ”ქრონოლოგია” (Chronographiai)  მან საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქრონოლოგიას. წიგნი მოიცავდა  პერიოდს ტროას დაცემიდან ალექსანდრეს სიკვდილამდე.  ერატოსთენემ ოლიმპიური  თამაშების გამარჯვებულთა  სიებზე  დაყრდნობით  ზუსტი ქრონოლოგიური ცხრილი შეიმუშავა, სადაც  მისთვის ცნობილი ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული მოვლენა ოლიმპიადების მიხედვით,  ანუ 4-წლიანი ინტერვალით იყო დათარიღებული.

ერატოსთენეს 12-ტომიანი ნაშრომი ”ძველი კომედიის”  (Peri tes archaias komodias) შესახებ  ლიტერატურული, ლინგვისტური და ისტორიული  კვლევაა. მასვე ეკუთვნის ლექსები. ერატოსთენე პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც საკუთარ თავს ”ფილოლოგი”  (philologos – მეცნიერების მოსიყვარულე, მსგავსად  philosophos – სიბრძნის მოსიყვარულე) უწოდა.

რა შეცდომები მოგვდის ბავშვებთან ურთიერთობისას

0

ბავშვებთან ურთიერთობისას ბევრს მოსდის შეცდომა. მშობლები და მასწავლებლები ხშირად საუბრობენ სირთულეებზე, რომლებსაც ამ დროს აწყდებიან. გთავაზობთ მასალას, რომელშიც ბავშვებთან ურთიერთობის თანმხლები ტიპური შეცდომებია განხილული.

 

  1. ბრძანება: „ახლავე შეწყვიტე!“; „ახლავე აალაგე!“; „ახლავე წადი დასაძინებლად!“; „გაჩუმდი!“ „ასეთი სისულელე მეორედ აღარ გამაგონო!“

ასეთი კატეგორიული მოთხოვნის გაგონებისას ბავშვს ჰგონია, რომ მშობლებს არ სურთ, მის პრობლემებს ჩასწვდნენ. ის განიცდის მისი დამოუკიდებლობის მიმართ უპატივცემულობას.

  1. გაფრთხილება, მუქარა: „თუ ახლავე არ შეწყვეტ ტირილს, წავალ და მიგატოვებ!“; „ფრთხილად იყავი, უარესი არ დაგემართოს!“; „თუ ასეთი რამ განმეორდა, საკუთარ საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ!“; „თუ შინ დროზე არ დაბრუნდები, მეორედ არსად გაგიშვებ!“

მშობლებო, იქნებ თქვენს შვილს მძიმე პერიოდი უდგას? ამ დროს თქვენს მუქარას აზრი ეკარგება. ასეთი გამოთქმები უარესად ძაბავს ბავშვის სულიერ მდგომარეობას და შესაძლოა, ჩიხშიც კი შეიყვანოს სიტუაცია.

  1. ჭკუის სწავლება, მორალის კითხვა: „ვალდებული ხარ, წესიერად მოიქცე“; „უფროსებს პატივი უნდა სცე“; „კარგად უნდა ისწავლო“; „ჩვენი იმედი უნდა გაამართლო“

ასეთი ფრაზებისგან ბავშვი ახალს ვერაფერს ისწავლის – ისინი ხომ უკვე ასჯერ მაინც მოუსმენია. სამაგიეროდ, გრძნობს უფროსების ავტორიტეტის ზეწოლას, ზოგჯერ დანაშაულის განცდა იპყრობს, ხანდახან მოყირჭების განცდა უჩნდება, უფრო ხშირად კი ყველაფერ ამას ერთდროულად განიცდის.

საქმე ის არის, რომ მორალური ღირებულებები და ქცევა ბავშვს უყალიბდება არა სიტყვებით, არამედ ოჯახში სათანადო ატმოსფეროს ხელშეწყობით და უფროსების შესაბამისი ქცევის მოდელირებით (მიბაძვით).

  1. რჩევები, მზამზარეული გადაწყვეტილებები: „შენც აიღე და თქვი…“; „რატომ არ გინდა, სცადო?“; „მიმაჩნია, რომ ბოდიში უნდა მოუხადო“; „მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი, აუცილებლად სამაგიეროს გადავუხდიდი“

მშობლების და, საზოგადოდ, უფროსების ასეთი პოზიცია ბავშვს აღიზიანებს და, რაც ყველაზე უარესია, უქრობს სურვილს, მომავალში უფროსებს საკუთარ პრობლემებზე ესაუბროს.

მიუხედავად იმისა, რომ რჩევა-დარიგების მიცემა უფრო ადვილია, უნდა დავაცადოთ ბავშვს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება – ეს დამოუკიდებლობისკენ მისი გასავლელი გზაა.

  1. ლოგიკური არგუმენტები, ნოტაციები, ლექციები: „უკვე უნდა იცოდე, რომ ჭამის წინ ხელების დაბანაა საჭირო“; „მუდამ უყურადღებო ხარ და ამიტომ სულ შეცდომას უშვებ“; „რამდენჯერ გაგაფრთხილე, თუ არ დამიჯერებ, მერე საკუთარ თავს დააბრალე–მეთქი“

აქ ბავშვები უფროსებს პასუხობენ: „თავი დამანებე!“; „რამდენჯერ უნდა მითხრა ერთი და იგივე?“ ამ დროს, საუკეთესო შემთხვევაში, წარმოიქმნება „შინაარსობლივი ბარიერი“ ან, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ფსიქოლოგიური სიყრუე.

  1. კრიტიკა, საყვედურები, ბრალის დადება: „რას ჰგავს ეს, რა უმსგავსობაა?!“; „სულ ტყუილად მქონია შენი იმედი“; „ყველაფერი შენი ბრალია!“; „ყოველთვის ყველაფერს აფუჭებ!“

ალბათ, უკვე მზად ხართ დაგვეთანხმოთ, რომ ასეთ ფრაზებს არავითარი აღმზრდელობითი ფუნქცია არ გააჩნია. ისინი ბავშვებში ან თავდაცვით რეაქციას, საპასუხო თავდასხმას, უარყოფას, გაბოროტებას იწვევს, ან დათრგუნულობის, იმედგაცრუების გრძნობას. ბავშვის თვითშეფასება ეცემა, ის იწყებს ფიქრს, რომ ცუდია, უნებისყოფო, უიმედო, უიღბლო.

  1. ქება. ყოველივე იმის შემდეგ, რაც უკვე ვთქვით, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგაკვირვებთ რეკომენდაცია, არ შეაქოთ ბავშვი. მინდა, კარგად ავხსნა განსხვავება ქებასა და წახალისებას ან ქებასა და გამამხნევებელ გამოხმაურებას შორის. ქებაში ყოველთვის არის შეფასების მომენტი: „ყოჩაღ, შენ პირდაპირ გენიოსი ხარ!“; „შენ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი ხარ!“; „შენ ისეთი მამაცი ხარ, არაფერს უშინდები!“ ნაცვლად ამისა, უმჯობესია თქვათ: „გამიხარდა, ასე რომ მოიქეცი“.

შვილი: „მე ხომ მართლა ძალიან ცუდად გამოვედი შეჯიბრებაზე!“

მამა: „მე ასე არ მომჩვენებია. პირიქით, მომეწონა კიდეც (და უნდა ჩამოვთვალოთ, რა მოგვეწონა)“. ნაცვლად ამისა, მშობლები ამობობენ: „რას ამბობ, შენ, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალე იყავი“.

 

  1. ირონია: „მტირალა“, „უქნარა“, „ზარმაცი“, „მშიშარა“. ასეთი შეფასებები ბავშვის ჩვენგან გარიყვის და საკუთარი თავის რწმენის შესუსტების საუკეთესო გზაა. ასეთ დროს ბავშვები, როგორც წესი, იბუტებიან და თავდაცვით პოზიციაში გადადიან.

  1. ინტერპრეტაციები, ვარაუდები: „დარწმუნებული ვარ, ისევ მატყუებ“; „ეჭვი არ მეპარება, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ…“; „როგორც ყოველთვის, ისევ იჩხუბებდი“

უფროსები ხშირად უმეორებენ ბავშვებს: „კარგად გიცნობ და წინასწარ ვიცი, რას იფიქრებ და რას გააკეთებ“. ასეთი ვარაუდები ბავშვებს ძალიან აბრაზებს. მართლაც, რომელ ჩვენგანს მოსწონს, როდესაც მისი ქცევა ნაწინასწარმეტყველები და გათვლილია? ასეთ დროს ან თავდაცვითი რეაქცია ჩნდება, ან სურვილი, საერთოდ გავექცეთ ურთიერთობას.

  1. ჩაძიება, გამოძიება: „ძალიან მაინტერესებს…“; „მაინც რა მოხდა? ხომ იცი, გავარკვევ“; „ისევ გააბრაზე უმცროსი ძმა?“; „რატომ ხარ ჩუმად?“

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელია „გამოძიებისგან“ თავის შეკავება, მაინც გირჩევთ, კითხვითი წინადადებები თხრობითით შეცვალოთ.

 

  1. სიტყვიერი თანაგრძნობა, დარწმუნება, დანამუსება: ბავშვებს თანაგრძნობა სჭირდებათ, ეს უდავოა, მაგრამ მაინც არსებობს რისკი, ისეთმა ფრაზებმა, როგორებიცაა „თანაგიგრძნობ“, „მესმის შენი“, ზედმეტად ფორმალურად გაიჟღეროს, ამიტომ იქნებ ჯობს, ხანდახან არაფერი ვთქვათ, უბრალოდ, გულში ჩავიკრათ ბავშვი.

„არ მიქციო ყურადღება“, „გაიზრდები და გაგივლის“, „დრო გავა და დაგავიწყდება“ – ასეთი გამხნევება კი, სავსებით შესაძლებელია, ბავშვმა მისი პრობლემისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებად აღიქვას. მას არ უნდა ეგონოს, რომ ცდილობთ დააკნინოთ ან საერთოდ უგულებელყოთ მისი დარდი.

  1. ხუმრობა, საუბრისთვის თავის არიდება.

შვილი: მამა, იცი, ვერ ვიტან ქიმიას, ამ საგნისა არაფერი მესმის.

მამა: ქიმიის სიყვარულშიც კი მე მგავხარ“.

შვილის პრობლემა მამისთვის ხუმრობის საგანია…

„თავი დამანებე!“, „ახლა შენი თავი არ მაქვს“, „შენმა წუწუნმა გული გამიწყალა!“ – ამ ფრაზებზე რაღა უნდა ითქვას?

როდესაც მშობლები ეცნობიან მათ მიერვე წარმოთქმული ფრაზების ამ გრძელ სიას, შეწუხებულები წამოიძახებენ ხოლმე: „ეს არ შეიძლება, ის შეცდომაა, ასე არ უნდა უთხრა“… აბა, რა შეიძლება?!“

და დგება დრო, თავად მშობლებს მოვუსმინოთ, რომლებიც განერვიულებულები და შეფიქრიანებულები არიან.

თურმე აქამდე ყველაფერი არასწორად უკეთებიათ, მაგრამ ძნელია, გადაეჩვიო სისხლსა და ხორცში გამჯდარ დამრიგებლურ ფრაზებს, შენიშვნებს, გაფრთხილებებს.

ფსიქოლოგი: ესე იგი გიჭირთ საჭირო ფრაზების შერჩევა?

მშობლები: აბა რა, ისინი ხომ ჩვენთვის სრულიად უჩვეულოა. ნეტავ არ შეიძლება, ისევ ძველებურად გავაგრძელოთ?

ფსიქოლოგი: ისევ ძველებურად საუბარი გირჩევნიათ?

მშობლები: დიახ!.. თუმცა არა. ვხვდებით, რომ ეს სიკეთის მომტანი არ არის!

 

აქ სასარგებლო იქნება ერთი შედარება:

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს არასდროს უნახავს ველოსიპედი და უცებ შესაფასებლად მიუტანეს ორი სხვადასხვა ტიპის კონსტრუქცია. რომელს მიანიჭებს უპირატესობას? რა თქმა უნდა, სამბორბლიანს. რატომ? იმიტომ, რომ ადვილად და სწრაფად ისწავლის მის ტარებას და თავს კომფორტულად იგრძნობს. ორთვლიანი ველოსიპედის უპირატესობა მისთვის მანამდე გაუგებარი დარჩება, სანამ მის შესასწავლად დროსა და ენერგიას არ დახარჯავს.

ბავშვებისადმი მბრძანებლური, დამრიგებლური, საყვედურის კილოთი მიმართვაც ხომ დასწავლილი და დროთა განმავლობაში შესისხლხორცებული მდგომარეობაა, ისევე როგორც დიდი ხნის შეჩვეული ძველებური მოდელის მანქანის ტარების ჩვევა.

მთელი მსოფლიოს ფსიქოლოგებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა „კონსტრუქცია“ გაეუმჯობესებინათ და დახმარებოდნენ მშობლებს, ესწავლათ „უკეთესი“ მანქანის „მართვა“.

ბავშვთან ურთიერთობების ახალი უნარ-ჩვევების შეძენის მცდელობას საფუძვლად უდევს ჰუმანური პრინციპები:

  • ბავშვის პიროვნების პატივისცემა;
  • მისი სურვილებისა და გრძნობების პატივისცემა;
  • შეცდომის უფლების დადასტურება;
  • ბავშვის საჭიროებათა გათვალისწინება;
  • მუდმივ ჭკუის სწავლებასა და კონტროლზე უარის თქმა.

სტატია მომზადებულია რუსი ფსიქოლოგის იულია გიპენრეიტერის წიგნის „როგორ უნდა ბავშვთან ურთიერთობა“ მიხედვით

ბავშვების მოწყენილობის მიზეზები

0

„ცუდად იქცევა, არავინ ადარდებს, ყველას უხეშად გველაპარაკება – შინაც, სკოლაშიც, მეგობრებსაც“, – შეწუხებული ჰყვებოდა ერთი ნაცნობი შვილზე. გოგონა კარგად სწავლობს, მშვიდ და ბედნიერ ოჯახში იზრდება და, წესით, არავითარი მიზეზი არ აქვს, ცუდად ექცეოდეს გარშემო მყოფებს, ეუხეშებოდეს მშობლებს, მეგობრებს, მაგრამ, აბა, ეგრე სად არის, ყველაფერი მარტივ წესებს ემორჩილებოდეს…

მეც მშვიდ და ბედნიერ ოჯახში ვიზრდებოდი, კარგი მეგობრები მყავდა, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ხშირად ვიყავი მოწყენილი ან შეწუხებული, ზოგჯერ – უხეში, ზოგჯერ – დაუნდობელიც. ხან ვფიქრობდი, რომ არაფერს ჰქონდა აზრი – არც ხმამაღალ პროტესტს და არც საკუთარ მოწყენილობაზე ლაპარაკს – და ვჩუმდებოდი, ვკეტავდი კარს და ისე ვუყურებდი მოვლენებს, ველოდი, როდის გავიზრდებოდი, რომ უკვე თანასწორის პოზიციიდან მელაპარაკა ჩემს ვნებებზე. ამისთვის უნდა გავძლიერებულიყავი.

განსაკუთრებული არაფერი – ჩვეულებრივი ამბავია ამ ასაკის გოგო-ბიჭებისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენ, ზრდასრულებს, გვავიწყდება ხოლმე, როგორია პატარა გოგო-ბიჭების ჩვეულებრივი ამბები, მაინც მოგიყვებით იმას, რაც ჩემს ნაცნობს ვუთხარი.

ბავშვებს, მით უმეტეს – შედარებით უფროსებს, სჭირდებათ ადგილი, სადაც მარტონი იქნებიან და თვითონვე მოჰყვებიან თავიანთ ამბებს, მშობლების, მშობლების მეგობრების, მათი შვილების, მასწავლებლების, თავიანთი მეგობრების გარეშე. იმ ხალხის გარეშე, ვინც მათზე ბევრი რამ იცის, ვისაც მათზე ჩამოყალიბებული აზრი აქვს, ვისაც მიაჩნია, რომ კარგად იცნობს.

ბავშვებს სჭირდებათ ადგილი, სადაც სხვადასხვა უნარს მოსინჯავენ – თამამად, გაბედულად; ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, მოიგონებენ ისტორიებს, ითამაშებენ როლებს, სხვადასხვა წერტილიდან დაინახავენ საკუთარ თავს. მათ სჭირდებათ სივრცე, სადაც ზოგჯერ უბრალოდ მარტო დარჩებიან და აღარ მოუწევთ თამაში და ექსპერიმენტები, საკუთარი თავის მოსმენას ისწავლიან, საკუთარი შინასამყაროს ყველაზე ღრმა და დამალულ შრეებს დაინახავენ და, რაც მთავარია, სჭირდებათ უფროსი, ვინც ამ საჭიროებებს დაინახავს, ვინც პატივს სცემს მათ პირად სივრცეს, მათ დამოუკიდებლობას და არ შეეშინდება პატარების უხეშობის, მიუღებელი სურვილების ან თამამი განცხადებების. დიახ, ჩვენ, უფროსებს, ხშირად გვეშინია და არ გვინდა დავინახოთ ამბავი ისე, როგორც სხვა გვიყვება. გვირჩევნია, ჩვენ თვითონ მოვიგონოთ ჩვენთვის მისაღები ინტერპრეტაცია და მოქმედ გმირებს ჩვენს ველზე გავუნაწილოთ სასურველი როლები.

მახსოვს, როგორ მაწუხებდა, როცა აღნიშნავდნენ, რომ ჭკვიანი და ნიჭიერი ვიყავი – ეს ჩემთვის არა პრივილეგია ან სიკეთე, არამედ ზედმეტი ტვირთი იყო, რომელიც ათას ვალდებულებას მიჩენდა. ჰო, ბევრს ვკითხულობდი და კარგად ვწერდი, სამაგიეროდ, ვერ ვთამაშობდი რეზინობანას და წრეში ბურთის თამაშის დროსაც პირველი ვიჭრებოდი, იმ დროს კი ჩემი თანატოლებისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი წაკითხული წიგნები. ამიტომ მერჩივნა, არავის ემტკიცებინა ჩემი ნიჭიერება, მერჩივნა მეფიქრა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ზოგი რამ გამოსდის, ზოგი – არა. განა ყველა ასეთი არ არის, ბოლოს და ბოლოს?

მახსოვს, როგორ მინდოდა, ისეთ ადგილას წავსულიყავი, სადაც არ იქნებოდა ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელმაც ჩემი თითქმის ყველა ამბავი იცოდა და მის გარეშე შემძლებოდა საკუთარ თავზე ამბების მოყოლა. განა არ მიყვარდა, – უბრალოდ, ის ინფორმაცია, რაც მას ჩემ შესახებ ჰქონდა, ჩარჩოებს მიწესებდა, თამაშის წესებს მიდგენდა.

მახსოვს, როგორ მიყვარდა დღეები, როცა შინ მარტო ვიყავი და შემეძლო მეჭამა, რაც მინდოდა, წამეკითხა, რაც ხელში მომხვდებოდა და ისე გამენაწილებინა დრო, როგორც გამიხარდებოდა.

ისიც მახსოვს, რა ბედნიერება იყო, ქალაქგარეთ უცხო ადამიანებთან ერთად რომ დავიწყე სიარული. ვიჯექი ხოლმე კანტივით კოცონის პირას და ვფიქრობდი ზნეობრივ კანონებსა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე.

პირველად რომ წავედი მარტო სხვა ქვეყანაში და უზარმაზარ სივრცეში მარტოდმარტო აღმოვჩნდი, ის დაბნეულობა და გარემოში გარკვევის რთული და ხანგრძლივი პერიოდიც მახსოვს და მგონია, რომ ადამიანი სწორედ ასეთ თავგადასავლებში იზრდება. უცნობი სივრცეების ათვისებით, უცხო ადამიანებთან საერთო ენის გამონახვით, წინასწარ შექმნილი განწყობის მოშორებით და რეალობასთან პირისპირ დგომით. ამიტომაც მგონია, რომ ბავშვების მოწყენის მიზეზი ხშირად ჩვენ ვართ, ჩვენ, ვისაც გვაღელვებს, როგორები იქნებიან უჩვენოდ, რას შეჭამენ, რას ისწავლიან და გვირჩევნია, მუდამ გვერდით გვყვავდეს და თვალი ვადევნოთ, მათი ქცევის პროგნოზირება შეგვეძლოს, ვიდრე მოულოდნელ ამბებში გავყოთ თავი.

არადა, შეუძლებელია, ყველაფერი აკონტროლო და ყველაფერი თავიდან აიცილო. შეუძლებელია, ყველაფერი ისე იყოს, როგორც მარტივი წესები გვკარნახობს. სამაგიეროდ, საკუთარი შიშების დანახვა და სხვების მოსმენა შესაძლებელია.

ინოვაციური ისტორიული განათლება ყველასათვის

0

ინოვაციური ისტორიული განათლება ყველასათვის (Innovating History Education for All – IHEA) ევროკლიოს – ისტორიული განათლების ევროპული ასოციაციის – პროექტია, რომლის განხორციელებაც 2015 წელს დაიწყო და რომელშიც ჩართულნი არიან ისტორიული განათლების სპეციალისტები. პროექტის მიზანია ციფრული სწავლების მეთოდების დანერგვა სკოლებსა და ლოკალურ გარემოში, მოსწავლეთა დახმარება იმ უნარ-ჩვევების შეძენაში, რომლებიც ისტორიის სწავლა-სწავლებისთვის არის მნიშვნელოვანი. პროექტი ითვალისწინებს ისტორიის გაკვეთილებსა თუ ტრეინინგებზე ციფრული ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას. მის ავტორებს განზრახული აქვთ ისეთი სასწავლო რესურსების შექმნა, რომლებიც პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტის სამიზნე ჯგუფი შერჩეულია არა იმის მიხედვით, რამდენად კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს, არამედ იმისა, რამდენად მაღალია მათი მოტივაცია, ისწავლონ და ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ. ავტორთა ჩანაფიქრის თანახმად, პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ევროპაში ისტორიის სწავლა-სწავლების დონის ამაღლებას, სამოქალაქო ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განვითარებას, ციფრული რესურსებისა და კვლევის საჭროებებიდან გამომდინარე პრაქტიკის დანერგვას.

პროექტი მიმდინარეობს ევროკლიოს ეგიდით, მისი თანაპარტნიორები არიან გერმანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ხოლო კოორდინატორები – ევროკლიოს წარმომადგენლები ჯუდით გირლინგი და სტივენ სტიგერსი. ძირითადი სამიზნე ჯგუფის წევრები არიან მილენკო რადანოვიჩი (ხორვატია), ნათია ფირცხალავა (საქართველო), პასკალ ტასკი (ნიდერლანდები), რიჩარდ კენეტი (დიდი ბრიტანეთი), სუსანა მარგარეტ გესტსდოტირი (ისლანდია) და ჯგუფის კოორდინატორი ჰელენ სნელსონი.

ინ1

ინ2

მინდა, გაგიზიაროთ ისტორიის გაკვეთილებისთვის გამოსადეგი ერთ-ერთი ელექტრონულ–ციფრული საშუალება – Google Apps Forms. მე მისი გამოყენება მხოლოდ მეორე სემესტრიდან დავიწყე და წარმატებითაც ვიყენებ. რაც მთავარია, აშკარაა, რომ მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი არიან და მეტი მონდომებითაც მუშაობენ.

Google Apps Forms-ის შესაქმნელად უნდა გავხსნათ ელექტრონული ფოსტა Google Apps-ში. Google Apps-ში საკმაოდ ბევრი ნიმუშია მოცემული. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ იმ აქტივობაზე, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ ტრეინინგებსა თუ გაკვეთილებზე.

Google Apps forms ეფექტურია რამდენიმე თვალსაზრისით:

  • მოხერხებულია მოსწავლეთა ნამუშევრებისა თუ პასუხების კოლექციონირებისთვის;
  • შესაძლებელია მისი ყოველდღიური გამოყენება;
  • მოხერხებულია შეფასებისა თუ თვითშეფასებისთვის;
  • შესაძლებელია მისი გამოყენება პროექტებზე მუშაობისას პროცესის ყოველდღიური კოორდინაციისა და მონიტორინგისთვის;
  • საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სხვადასხვა ტიპის – ვიზუალური თუ წერილობითი –წყაროების კოლექცია.

პროცედურა მარტივია: მოსწავლეებმა უნდა შექმნან თავიანთი Google Apps forms; მასწავლებელს შეუძლია, დაამატოს მოსწავლეები, კოლეგები, გაუზიაროს მათ ინფორმაცია და ითანამშრომლოს მათთან, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც პროგრამაში დაამატებს.

პროცესი საინტერესოა და ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას (სამწუხაროდ, მასწავლებლებთან პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს). პროგრამაში გაწევრება შეუძლია ყველა მსურველს – წევრთა რაოდენობა ლიმიტირებული არ არის. რაც ყველაზე საინტერესოა, ხდება ფორმებში შეტანილი ცვლილებების ავტომატური დამახსოვრება.

https://apps.google.com/learning–center/products/forms/get-started/

ამჯერად უპირატესობას მივანიჭებ Google Apps Form-ში პარაგრაფის სტრუქტურის შექმნას მხოლოდ ერთი მიზეზით – ამ ფორმის საშუალებით შეგვიძლია ვთხოვოთ მოსწავლეებს, გასცენ კითხვებსა თუ დავალებებს არა მოკლე, არამედ ვრცელი, არგუმენტირებული პასუხი (თუმცა არსებობს სხვადასხვა ვარიაცია, ქვიზი, ვორქშითი, არჩევითბოლოიანი პასუხები (რომლებსაც, სასურველია, თავი ავარიდოთ – კატები და მატები ისტორიაში ისედაც მრავლად ითხოვს დახურულ პასუხებს).

მაშ ასე – როგორ ავირჩიოთ პარაგრაფის სტრუქტურული ფორმა Google Apps Forms-ში.

ინ3

 

სტრატეგია 1: წყაროების მოძიება

ისტორიული კვლევისთვის Google Apps Forms ძალიან ეფექტური მეთოდია. მოსწავლეებს ვთხოვე, დაედასტურებინათ ჩემ მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება Google Apps Forms-ში გაწევრიანებაზე. მასში მოცემული მქონდა კითხვარი თითოეული წყაროს შესახებ – რომელი და რა ტიპის წყარო უნდა მოეძიებინათ და რა თემაზე (თემა ყველას ერთი ჰქონდა მიცემული წინასწარ – ის, რომელზეც ვმუშაობდით). როგორც აღვნიშნე, Google Apps Forms იძლევა სხვადასხვა ტიპის – წერილობითი, ვიზუალური და აუდიო – წყაროების გამოყენების საშუალებას. ყველა წყაროს უნდა დაერთოს ბიბლიოგრაფია.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ წყაროების ინდივიდუალურად მოძიების პროცესზე. მომდევნო ეტაპი იქნება კვლევა, სადაც ყოველ მოწავლეს სხვადასხვა საკვლევი თემა ექნება არჩეული. მოხდება კვლევის პროცესის მონიტორინგი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, თუმცა უკეთესი იქნება, ამ პროცესს მთელი კლასი (ან სკოლა) ადევნებდეს თვალს (თვალის დევნება შეეძლება ყველას, ვინც გაწევრდება პროგრამაში ან ვისაც შემქნელისგან მიუვა გაწევრების მოთხოვნა). ინდივიდუალური კვლევის პროცესს მონიტორინგს უწევს მასწავლებელი. მონიტორინგის დროს მასწავლებელი არკვევს, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს წყაროების მოძიების პროცესი, რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევა, რამდენად ვალიდური და რელევანტურია წყაროები და ა. შ.

სტრატეგია 2: წყაროებზე დაფუძნებული დოკუმენტის შექმნა

სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან დოკუმენტი, რომელშიც შეიტანენ წყაროების ადაპტირებულ ვერსიებს ბიბლიოგრაფიითურთ, მიუთითებენ წყაროს ტიპს – წერილობითს (პირველადს, მეორეულს), ვიზუალურს (კარიკატურა), ვიდეოს (თუ ვიდეოჩანაწერი ხანგრძლივია, მოსწავლემ უნდა მიუთითოს, რომელ წუთებს მოიცავს მისთვს საინტერესო მონაკვეთი). მნიშვნელოვანია, წყაროები ეხებოდეს მხოლოდ ერთ, კონკრეტულ თემას (მხოლოდ ასეა შესაძლებელი ღრმა ანალიზი).

მიზანი:

  • მოსწავლეებმა მოძიონ ვალიდური წყაროები;
  • მოიძიონ თემატურად;
  • მოახდინონ სხვადასხვა ტიპის წყაროების კლასიფიცირება;
  • გააანალიზონ, რამდენად ვალიდურია წყაროები.

ამის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა დასვან კითხვები თავიანთ შექმნილ წყაროებზე დაყრდნობით (Google Apps Forms-ში ამისთვის საკმარისი სივრცეა (ველია)). კითხვები უნდა მოიცავდეს: გაგებას, გამოყენებას, ანალიზს (შედარებას), სინთეზს (მაგალითად, მინი ესე მოცემული წყაროების გამოყენებით).

კითხვები/დავალებების სტრუქტურა მოსწავლეებმა იციან (ჩვენ როგორც ვმუშაობთ კლასში). შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია, კითხვებისა და დავალებების შექმნის სტრატეგია წინასწარ გაუზიაროს მოსწავლეებს. მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს კითხვების დასმის ერთი სტრატეგია, წყაროების რაოდენობა კი – წინასწარ დაგეგმილი (მაგ., 5 წყარო და გაგება-გამოყენება-ანალიზი-სინთეზის შესაბამისად დასმული კითხვები თუ დავალება). 1. რა არის დოკუმენტის მთავარი სათქმელი? 2. რა არის კარიკატურის მთავარი გზავნილი/გზავნილები? 3. შეადარეთ ა და ბ წყაროები ერთმანეთს, გამოყავით მსგავსებები და განსხვავებები. 4. შეაფასეთ წყარო (წარმომავლობა, ავტორის სტატუსი და ვინაობა, მიზანი, ძლიერი მხარეები, ხარვეზები). 5. მოცემული წყაროებისა და ცოდნის გამოყენებით დაწერეთ მინი ესე.

ეს სტრატეგია ახალი არ არის, მაგრამ სიახლე მისი Google Apps Forms-ში გამოყენებაა. ყველა მოსწავლე თავის ფორმას აკეთებს, პარალელურად, ყველა, ვინც გაწევრებულია, ხედავს და სურვილისამებრ წერს კომენტარს. მასწავლებელი კი არა მხოლოდ მონიტორინგს უწევს ამ პროცესს, არამედ ამოწმებს კიდეც, დააკმაყოფილა თუ არა მოსწავლემ ყველა კრიტერიუმი. მასწავლებლის კომენტარებს ყველა ხედავს.

Google forms-ის გამოყენებას არაერთი დადებითი მხარე აქვს:

  • ის უფასოა და მასში გაწევრება მარტივია;
  • შესაძლებელია მუშაობა ქართული ანბანით;
  • ამ ტექნიკის გამოყენება ხელს უწყობს საკლასო ოთახში პროფესიონალური გარემოს შექმნას;
  • მასწავლებელს აძლევს გაკვეთილის უკეთ და უფრო ეფექტურად დაგეგმვის საშუალებას;
  • ეხმარება მასწავლებელს მიიღოს კრიტიკული გამოხმაურებები მოსწავლეებისა და კოლეგებისგან;
  • პასუხობს თანამედროვე გამოწვევას, ეფექტურად დაინერგოს ციფრული ტექნოლოგია ისტორიის გაკვეთილებზე.

https://euroclio.eu/projects/innovating-history-education-for-all/

https://labs.historiana.eu/author/natia/

 

პროექტის შესახებ ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://euroclio.eu/projects/innovating-history-education-for-all/

პანამისა და ნიკარაგუას არხები – ალტერნატივა 100 წლის შემდეგ

0

2014 წლის 15 აგვისტოს ასი წელი შესრულდა, რაც პანამის არხში პირველმა გემმა გაიარა. ეს გრანდიოზული საინჟინრო სტრუქტურა ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეს აკავშირებს. არხის სიგრძე 81 კილომეტრი და 600 მეტრია, სიგანე – 150 მეტრი, სიღრმე – 12 მეტრი. პანამის არხი საგრძნობლად ამოკლებს საზღვაო გზებს და დროის ეკონომიას იწვევს. მისი წყალობით საზღვაო მანძილი ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოს შორის შემცირდა 22,5 ათასი კილომეტრიდან 9,5 ათას კილომეტრამდე, თუმცა 100 წლის შემდეგ პანამის არხის კონკურენტის მშენებლობა დაიწყო.

პანამის არხი

პანამა

პანამის არხის მშენებლობის იდეა XVI საუკუნეში დაიბადა, როდესაც საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა და ესპანეთის მეფე კარლ V ჰაბსბურგმა 1534 წელს გამოაქვეყნა გამოკვლევის ანგარიში, რომელიც მიზნად ისახავდა ამერიკის კონტინენტზე გამავალი გზის შექმნას, რომელიც ესპანეთსა და პერუს შორის გემების მიმოსვლას გააადვილებდა. ასეთი გზა ესპანეთს პორტუგალიასთან მიმართებაში სამხედრო უპირატესობას მისცემდა.

თუმცა პროექტის განხორციელება XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო. პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ფრანგული კომპანია, რომელიც მშენებლობაში იყო ჩართული, გაკოტრდა. აღსანიშნავია, რომ სამუშაოს ხელმძღვანელობდა ფრანგი დიპლომატი, მეწარმე, განათლებით იურისტი ფერდინანდ მარი ლესეფსი. იგი 1854-1869 წლებში ხელმძღვანელობდა სუეცის არხის მშენებლობას.

ამის შემდეგ, პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელში გადავიდა. აშშ-ში რამდენიმე პარტია ხმელეთის ამ ყელის გასწვრივ არხის აშენების დიდ ინტერესს გამოხატავდა. ზოგიერთი მათგანი არხის გაყვანას ნიკარაგუაზე არჩევდა, ზოგიერთი კი მხარს უჭერდა პანამაში საფრანგეთის აქტივების შეძენას. საბოლოოდ, 1902 წელს აშშ-ის სენატმა ხმა პანამური ვარიანტის განხორციელების სასარგებლოდ მისცა აუცილებელი უფლებების მიღების პირობით. მშენებლობა ათ წელიწადში, 1914 წელს დასრულდა. არხის გახსნით გემებმა თავიდან აიცილეს გრძელი, სახიფათო ჰორნის კონცხის გზა, სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილის შემოვლით (დრეიკის სრუტეში) ან მაგელანის სრუტის გავლით. ამ ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ურთულესმა საინჟინრო პროექტმა, რაც კი კაცობრიობას ოდესმე განუხორციელებია, გემებს საშუალება მისცა, იმოძრაონ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის იმის ნახევარ დროში, რაც მანამდე სჭირდებოდათ. 1914 წლის 15 აგვისტოს პანამის არხში პირველი ლაინერი SS Ancon გავიდა, თუმცა ოქტომბერში ჩამოწოლილმა მეწყერმა საზეიმო გახსნას ხელი შეუშალა.  პანამის არხი ოფიციალურად 1920 წლის 12 ივნისს გაიხსნა.

პანამა

პანამა1

პანამის არხის ტერიტორია ჯერ კოლუმბიას ეკუთვნოდა, შემდეგ საფრანგეთს, ბოლოს კი აშშ-ს, რომელმაც მისი მშენებლობა დაასრულა. 1999 წელს არხი პანამის მთავრობას გადაეცა. უმსხვილეს გემებს, რომლებსაც დღეს არხში გავლა შეუძლიათ პანამაქსს უწოდებენ. ამერიკის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოებამ პანამის არხი მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათა შორის დაასახელა.

არხიდან მიღებული შემოსავალი დღეისთვის პანამის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. პანამას მესამე ან მეოთხე უდიდესი ეკონომიკა აქვს ცენტრალურ ამერიკაში; ამავე დროს ის ყველაზე სწრაფად მზარდი და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მხრივ პირველია ამ რეგიონში. 2010 წელს პანამა მეოთხე ადგილზე იყო ადამიანური განვითარების ინდექსის მხრივ ლათინურ ამერიკაში, მსოფლიოში კი 54–ე ადგილზე.

2007 წელს პანამის არხის გაფართოება დაიწყო, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდა. რეკონსტრუქციის პროექტის მთავარი მიზანი წლიური ტვირთგამტარობის გაზრდაა. გაფართოებული არხის გამტარუნარიანობის მაქსიმალური მაჩვენებელი წელიწადში 600 მლნ ტონას მიაღწევს. სამუშაოების ფარგლებში უფრო დიდი ჩამკეტები აშენდება, რაც ფართო და ღრმა არხების საშუალებით დიდი გემებს გავლის შესაძლებლობას მისცემს. გემების ზომა 25%-ით სიგრძეში და 26%-ით სიღრმეში გაიზრდება; შესაბამისად, განისაზღვრება პანამაქსის ახალი სტანდარტიც.

2013 წელს ნიკარაგუის პარლამენტმა დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც კომპანია HKND Group-ს (ჰონგ-კონგი) უფლება მიეცა პანამის კონკურენტი არხი დააპროექტოს და ააშენოს. შეთანხმების პირობებით, კომპანიას არხის მართვა-გამგებლობა მომდევნო 50 წლით გადაეცემა. ნიკარაგუის მთავრობა არხზე დიდ იმედებს ამყარებს და მიაჩნია, რომ იგი მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკას. გახსნის ცერემონიას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, რადგან ჯერ მხოლოდ იმ გზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროზე ასაშენებელი პორტისთვისაა აუცილებელი. ამ პორტიდან იქნება არხის დასაწყისი.

ნიკარაგუისა და პანამის არხების მდებარეობა

ნიკარაგუა2

ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ესპანეთის მეფე კარლ V-ის ბრძანებით ნიკარაგუის ტერიტორია შეისწავლეს, რათა ორი ოკეანე დაეკავშირებინათ. 1795 წელს ტბა ნიკარაგუასა და მდინარე სან-ხუანზე იგეგმებოდა არხის გაყვანა.

1830 წელს ჰოლანდიის მეფე უილიამ II-ის მითითებით პირველი ტოპოგრაფიული კვლევები ჩატარდა.

აშშ-ს მე-20 საუკუნის დასაწყისში ნიკარაგუის არხის აშენების გეგმა ჰქონდა: მდინარე რიო-სან-ხუანის, ნიკარაგუის ტბისა და რივასის გეოგრაფიული ყელის გავლით ატლანტისა და წყნარი ოკეანეები ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ. მაშინ ამ არხის მშენებლობის გეგმა ჩაიშალა, რადგანაც საფრანგეთი პანამის არხის გაყვანას მისაღებ ფასად უკვე ახორციელებდა.

პროექტი ნიკარაგუაში და მთლიანად ცენტრალური ამერიკაში ეკონომიკურ სიტუაციას სრულიად შეცვლის. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მშენებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმალური იქნება, ამავე დროს ქვეყნის მილიონამდე მაცხოვრებელი დასაქმდება. არსებული გეგმის თანახმად არხი წყნარ ოკეანეში მდინარე ბრიტოს შესართავიდან დაიწყება და ატლანტის ოკეანეში მდინარე პუნტა-გორდას შესართავთან დასრულდება. არხის სრული სიგრძე დაახლოებით 278 კილომეტრი იქნება, მათგან 105 კილომეტრი ტბა ნიკარაგუაზე მოდის, სიღრმე 26–30 მეტრი, ხოლო სიგანე 230–530 მეტრი იქნება. არხის გასავლელად გემებს დაახლოებით 30 საათი დასჭირდებათ. წლის განმავლობაში არხი 5 ათასზე მეტ გემს გაატარებს. ნიკარაგუის არხის ექსპლუატაციის დაწყების თარიღად 2019 წელია დაგეგმილი, ხოლო მშენებლობა ბოლომდე 2029 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის სრული ღირებულება 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ახალი 278 კილომეტრიანი არხი გაცილებით უფრო გრძელი, ღრმა და განიერი იქნება, ვიდრე მისი ამჟამინდელი კონკურენტი პანამის არხი, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში ორ ოკეანეს უკვე აკავშირებს.

ნიკარაგუის არხის პროექტის კრიტიკოსთა აზრით, მას ნეგატიური გავლენა ექნება გარემოზე და ეჭვი ეპარებათ, რომ მისი მშენებლობა ეკონომიკურად გამართლებული იყოს.

მოწინააღმდეგეთა აზრით, არხის მშენებლობა  ნიკარაგუის ტბის ეკოსისტემის განადგურებასა და 4 000 ჰექტარი ტროპიკული ტყისა და ჭარბტენიანი ტერიტორიის განადგურებას გამოიწვევს, რაც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს შეუქმნის.

მეცნიერთა აზრით, არხის მშენებლობა უნიკალური ბუნებრივი ნაკრძალის განადგურებას გამოიწვევს, რადგან ნიკარაგუის ტბა, გარდა იმისა, რომ მტკნარი წყლის ტბაა, მასში ხერხთევზა, ტარპონი და ზვიგენი ბინადრობენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნიკარაგუის ტბის ზვიგენი ენდემურ სახეობას მიეკუთვნება. 1960-იან წლებში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ზვიგენები ტბაში ხელოვნურად შეიყვანეს. თუმცა მოგვიანებით, ეს მოსაზრება უკუაგდეს, დადასტურდა რა, რომ ზვიგენებს კალმახების მსგავსად რიო-სან-ხუანის (მდინარე, რომელიც ტბას მსოფლიო ოკეანესთან აკავშირებს) დინებაში ცურვა შეეძლოთ. გარდა ამისა, ნიკარაგუის ტბაში კიდევ არაერთი სახეობის თევზი ბინადრობს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ნიკარაგუაში ხელისუფლებისგან გარემოს მონიტორინგი მოითხოვა, რომელიც საფრთხეებს გამოავლენს.

2015 წლის 14 ივლისს ათასობით ნიკარაგუელმა გლეხმა არხის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო. მათი აზრით, ისინი მიწას კარგავენ, და, გარდა ამისა, ქვეყნის მტკნარი წყლის ძირითადი მარაგი ნადგურდება. თუმცა ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა ომარ ალიესლევენსმა განაცხადა, რომ ამ არხმა შეიძლება ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის ისტორია და ეკონომიკა შეცვალოს.

„ამ დიდებული არხით ნიკარაგუა კომერციული დანიშნულების მთელი საზღვაო ტვირთების 5%-ის გადაზიდვას გეგმავს, რაც დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს და მშპ-ს გააორმაგებს“, – აღნიშნა ალიესლევენსმა.

პანამა3

სულების ქვეყანა

0

ინგლისი მოჩვენებათა ქვეყანაა. ეს რომ ასეა, ეჭვი არავის ეპარება. სხვაგან ვერსად მოისმენთ იმდენ ლეგენდას თავშეუკავებელი ეჭვიანობის მსხვერპლთა – ახალგაზრდა ქალების – ფერმკრთალ ლანდებზე და მუხანათურად განგმირული მეფეების აჩრდილებზე, რამდენსაც ამ ქვეყანაში. ინგლისის თითქმის ყველა სასახლის ბნელ დერეფნებში მოჩვენებები დაეხეტებიან.

შესაძლოა, ყველა ინგლისელი არაცნობიერად მზად იყოს მოჩვენებასთან შესახვედრად, მაგრამ ხმამაღლა არასოდეს აღიარებს ამას. ვიკ ტენდიც, ქოვენთრის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალისტი, ყველა ლეგენდას მონაჩმახს უწოდებდა და მიაჩნდა, რომ მათთვის ყურადღების მიქცევა არ ღირდა.

იმ საღამოს, როგორც ყოველთვის, ის თავის ლაბორატორიაში მუშაობდა. მოულოდნელად ცივმა ოფლმა დაასხა. აშკარად იგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა და ეს მზერა შემაძრწუნებელი იყო. მერე ეს „საშინელება“ უფორმო, ნაცრისფერი გახდა, ოთახი გადაიარა და მეცნიერის პირისპირ აღმოჩნდა. მის მოხაზულობაში განირჩეოდა ხელები და ფეხები, თავის ადგილას ბურუსი ჰქონდა, მის შუაგულში კი – შავი ლაქა, თითქოს პირი. რამდენიმე წამის შემდეგ მოჩვენება ჰაერში გაიფანტა და გაქრა.

ვიკ ტენდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, როდესაც პირველმა შიშმა გაუარა, მან მეცნიერივით დაიწყო  – სცადა, ამ უცნაური ხილვის მიზეზი ეპოვა. ყველაზე იოლი გამოსავალი იყო, ის ჰალუცინაციად მოენათლა, მაგრამ საიდან უნდა გაჩენილიყო ჰალუცინაცია, როდესაც ტენდი არათუ ნარკოტიკს ან სპირტიან სასმელს, ყავასაც იშვიათად სვამდა? არაამქვეყნიური ძალების არსებობას კი მეცნიერი კატეგორიულად უარყოფდა, ამიტომ ჩვეულებრივი ფიზიკური ფაქტორების ძებნა გადაწყვიტა.

ძებნა დიდხანს არ გაგრძელებულა – ტენდიმ მიაგნო მიზეზს, თანაც სრულიად შემთხვევით. ამაში კი თავისი ჰობი – ფარიკაობა დაეხმარა. „მოჩვენებასთან“ შეხვედრიდან გარკვეული ხნის შემდეგ მეცნიერმა ლაბორატორიაში მიიტანა თავისი დაშნა, რათა მომავალი ტურნირისთვის წესრიგში მოეყვანა. მოულოდნელად გირაგში მოქცეულმა ხმლის პირმა ვიბრირება დაიწყო, თითქოს ვიღაცის უხილავი ხელი ეხებოდა. სხვას ტენდის ადგილას ეს მართლა უხილავი ხელი ეგონებოდა, მაგრამ მეცნიერი ამ შემთხვევამ რეზონანსული რხევის იდეამდე მიიყვანა, რომელსაც ხმოვანი ტალღები იწვევს. მაგალითად, როდესაც მუსიკა მთელ ხმაზეა ჩართული, კარადაში ჭურჭელი ზანზარს იწყებს. უცნაური ის იყო, რომ ოთახში აბსოლუტური სიჩუმე სუფევდა.

სუფევდა კი? ამ კითხვას მეცნიერმა საქმით გასცა პასუხი: მან ბგერითი ტალღები სპეციალური აპარატურით გაზომა და აღმოჩნდა, რომ ოთახში აუტანელი ხმაური იდგა, ოღონდ ბგერითი ტალღები ძალიან დაბალი სიხშირისა იყო, რომლის აღქმა ადამიანის ყურს არ შეუძლია. ეს გახლდათ ინფრაბგერა.

ხანმოკლე ძიების შემდეგ მეცნიერმა მის წყაროსაც მიაგნო – ცოტა ხნის წინ კონდიციონერში დამონტაჟებულ ახალ ვენტილატორს. მისი გამორთვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ „მოჩვენებებიც“ გამქრალიყვნენ და დაშნის პირსაც შეეწყვიტა ვიბრირება.

მეზღვაურებს წლების განმავლობაში აფორიაქებდა „მფრინავი ჰოლანდიელის“ საიდუმლო – ხომალდი, რომელიც ეკიპაჟის გარეშე დაცურავდა. ოკეანეში რამდენიმეჯერ წააწყდნენ ასეთ გემს. გემები მწყობრში იყო; სად გაქრნენ ადამიანები, ვერავინ  გაიგო.

ამ სერიის უკანასკნელი შემთხვევა გახლდათ „მარია სელესტა“ – არაჩვეულებრივი შხუნა, რომელიც ოკეანეში სხვა ხომალდმა აღმოაჩინა. შხუნაზე გადასულმა მეზღვაურებმა კამბუზში ჯერ კიდევ ცხელი სადილი აღმოაჩინეს, გემის ჟურნალში – მელანშეუშრობელი ჩანაწერი, ხალხი კი არსად ჩანდა. ისინი სულ ახლახან წასულიყვნენ, მაგრამ სად?

ამ კითხვას პასუხი მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გაეცა.

დამნაშავე აღმოჩნდა 7 ჰერცი სიხშირის ინფრაბგერა, რომელსაც ოკეანის ტალღები განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოსცემს. ამ სიხშირის ბგერები ადამიანებს ძრწოლას ჰგვრის, ისინი ჭკუიდან იშლებიან და „საშინელებისგან“ თავის გადასარჩენად გემიდან ხტებიან.

„ჩემი მოჩვენებაც ინფრაბგერის ბრალი ხომ არ იყო?“ – ასეთი აზრი დაებადა მეცნიერს. საგულდაგულოდ შეამოწმა ლაბორატორია და აღმოაჩინა, რომ ტალღების სიხშირე იქ 18.98 ჰერცს შეადგენდა, ეს კი სწორედ ის სიხშირეა, რომლის დროსაც ადამიანის თვალი რეზონირებას იწყებს. გამოდის, რომ სწორედ დაბალი სიხშირის ბგერითმა ტალღებმა გამოიწვია ვიკ ტენდის მხედველობის ცდომილება და მან დაინახა ის, რაც სინამდვილეში არ არსებობდა.

შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბუნებრივ პირობებში ასეთი დაბალი სიხშირის ტალღები საკმაოდ ხშირად წარმოიქმნება. მაგალითად, მაშინ, როდესაც ძლიერი ქარი საკვამლე მილებს ან კოშკურებს ეჯახება. ეს ბგერები საკმაოდ სქელ კედლებშიც აღწევს და შემაძრწუნებელ შეგრძნებებს იწვევს. განსაკუთრებით ხშირად ისმის ამგვარი ხმები გვირაბისებრ დერეფნებში, რომლებითაც სავსეა ინგლისის უძველესი ციხესიმაგრეები. არც ძლიერი ქარებია ბრიტანეთისთვის უცხო ხილი, ამიტომაც სწორედ აქ „ხვდებიან“ ყველაზე ხშირად ადამიანებს მოჩვენებები.

თავისი გამოკვლევის შედეგები ვიკ ტენდიმ ფიზიკურ კვლევათა საზოგადოების ჟურნალში გამოაქვეყნა, რომელიც 1822 წლიდან გამოიცემა და რომელთანაც ბრიტანელი პარაფსიქოლოგები და ბუნებისმეტყველები თანამშრომლობენ. ეს საზოგადოება პარანორმალური მოვლენების გონივრულ ახსნას ცდილობს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პროფესიონალმა „მოჩვენებებზე მონადირეებმა“ ერთხმად აიტაცეს ტენდის იდეა. ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანელი პარაფსიქოლოგი ტონი კორნელი მიიჩნევს, რომ ეს აღმოჩენა კაცობრიობას მრავალი საიდუმლოს ამოცნობის საშუალებას მისცემს. თუმცა არსებობენ ისეთი მეცნიერებიც, რომლებიც ტენდის თეორიას ეჭვით უყურებენ.

ფიზიკოსები, რომლებმაც გამოიკვლიეს ადამიანის ორგანიზმზე ინფრაბგერის ზემოქმედება, აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეები დაღლილობას და თვალებსა და ყურებში ძლიერ წნევას უჩიოდნენ, მაგრამ ჰალუცინაციებს და, მით უმეტეს, მოჩვევენებს არავინ შეუწუხებია. მხედველობის ცდომილება არც ავტომობილების მძღოლებს ჰქონიათ, თუმცა ცნობილია, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სალონში მაღალი ინფრასიხშირის ბგერითი ტალღები წარმოიქმნება.

ერთი მხრივ, მოჩვენების გაჩენის მიზეზი თითქოს დადგენილია, მეორე მხრივ, რჩება კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მოჩვენებები კი დღემდე დაძრწიან ბრიტანეთის კუნძულებზე. ამაში არაამქვეყნიურ ძალებს მიუძღვით ბრალი თუ, უბრალოდ, მხედველობის ცდომილებას, დანამდვილებით ჯერ არავინ იცის.

ალბათ სწორედ ესაა მკვლევართა საქმიანობის ხიბლი. ბუნებამ, რომელმაც ადამიანი თავისი კიდევ ერთი საიდუმლოს ზღურბლთან მიიყვანა, მოულოდნელად მას ცხვირწინ მიუხურა კარი, ამიტომ მეცნიერებს საიდუმლოს ამოსაცნობად ახალი გზების ძიება მოუწევთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...