პარასკევი, ივნისი 20, 2025
20 ივნისი, პარასკევი, 2025

საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლი

0

 

აჯარო სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო პროფილურ სკოლებზე – შესაბამისი სამინისტროები. საჯარო სკოლებზე სახელმწიფო კონტროლს ასევე ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები მათი უფლებამოსილებების ფარგლებში.

            სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში და კანონის მიზნის შესაბამისად.

არსებობს ორი ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესს. ეს არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

            „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საჯარო სკოლა ზოგიერთ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილებებია:

  • უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
  • სესხის აღება და თავდებობა. ამ გადაწყვეტილებების მისაღებად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობა საკმარისი არ არის – აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობაც;
  • საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
  • სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა. 2017 წლის პირველი იანვრიდან ეს ნორმა შეიცვლება და აუცილებელი იქნება სკოლების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა ფუნქციებისა და რაოდენობის შეთანხმება;
  • სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

            კონტროლის განხორციელების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუძლია, სკოლიდან გამოითხოვოს მასალები და ინფორმაცია ან ადგილზე შეისწავლოს სკოლის მიერ კანონის მოთხოვნათა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების საკითხი. სკოლა ვალდებულია, მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს.

საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია, სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო ვალდებულია, დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში.

თუ სამეურვეო საბჭო მიიჩნევს, რომ დირექტორს არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის გამო, იგი ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია:

  • დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში მისი საქმიანობის გამო დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა;
  • ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა მისი საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
  • დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

დირექტორისთვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია, დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული წესით სკოლის სამეურვეო საბჭოს ან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორისთვის ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პირს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე – ნებისმიერი სხვა თანამდებობა საჯარო სკოლის დირექციაში.

სხვათა ცხოვრება

0

თავი I. სხვათა საკვები

  • ცუდად მოიქეცი, არ უნდა ჩაგერტყა ძმისთვის ხელში ჩანგალი და არ უნდა გეთქვა, რომ მისი სიკვდილი გინდაუთხრა დაბნეულმა მამამ, ოთახში შევიდა, გრძელი თითები სანახევროდ გაქაჩლებულ თავში შეიცურა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
  • ჩემი თეფშიდან კარტოფილს იპარავდა.
  • კარტოფილის გამო ძმას ხელში ჩანგალი უნდა ჩაარტყა?
  • სულ ასე იქცევა. არადა, თვითონაც იმდენივე აქვს თეფშზე, რამდენიც მე.
  • აბა შემწვარი კარტოფილი არ მიყვარსო?
  • არ მიყვარს, მაგრამ მას თავისი აქვს.
  • ხვალ, სკოლაში წასვლამდე კიდევ დავილაპარაკოთ. პირობა მომეცი, რომ ბოდიშს მოუხდი.
  • სულ ჩემკენ იყურება. მეცადინეობის დროსაც ჩემი წიგნიდან კითხულობს, როცა თავისი ხელში უჭირავს. დიდ დასვენებაზეც სულ მე დამყვება.
  • ტყუპები ხართ, შენ მასზე 12 წუთით ადრე გაჩნდი. სულ 12 წუთით. როცა დედაშენის გულზე იწექით, დაე სიმშვიდეში იყოს მისი სული, მაშინაც შენ გიყურებდა.
  • ჩემს კარტოფილს ნუ ჭამს. მაგის კარტოფილსაც იგივე გემო აქვს.
  • კარგი, ვეტყვი, რომ შენს თეფშზე ხელი აღარაფერს ახლოს.
  • და, საერთოდ, უთხარი, რომ აღარ მინდა იმის თამაში.

 

თვეც არ გასულა, რაც ადამიანთა საბნების ქვეშ ჭვრიტინი და ნანახის სახალხოდ გამომზეურება ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო გამოშვებებისა და სოციალური ქსელების მთავარი სალაპარაკო თემა გახდა. ამ ამბავმა 13 ივნისს ადიდებული მდინარე ვერესავით წალეკა Facebook და იქ დაბუდებული მხეცები გალიებიდან გამოათავისუფლა. მათი დაჭერა, იმ ლომის მსგავსად, დღემდე ვერ ხერხდება.

ამ გულისამრევმა მოვლენებმა ჩემი ძველისძველი, დაუმთავრებელი მოთხრობა გამახსენა. რადგანაც მის დასრულებას ადრე თუ გვიან მოვახერხებ, მხოლოდ ზოგად მონახაზს მოგიყვებით: მოთხრობა აღწერს წინააღმდეგობრივ ამბავს ტყუპი ძმებისა, რომლებიც ყოველ საღამოს უყურებენ სერიალს “ბლანკოს ქვრივი” და გადაწყვეტენ ფილიპესა და დიუვანივით იცხოვრონ. დროთა განმავლობაში ერთ-ერთი მათგანი ხვდება, რომ შეუძლებელია ორ ადამიანს ერთი ცხოვრება ჰქონდეს და ცდილობს დიდი ხნის წინ დაწყებული თამაში უმტკივნეულოდ დაასრულოს, თუმცა ეს ძალიან რთული აღმოჩნდება.

ერთი ადამიანი – ერთი ცხოვრება. ამ თემაზე ჯერ კიდევ მაშინ დავფიქრდი, წერის პროცესში, როცა მივხვდი, რომ შენი მხედველობის სიმახვილე ბნელში უნდა მოექცეს იქ, სადაც მე ფარდას ვაფარებ და აღარ მინდა დაინახო რას ვჭამ, რას ვიცვამ, რას ვაკეთებ.

არსებობს ერთი ევროპულ-ამერიკული პრემიების მომხვეჭელი, ფლორიან ჰენკელ ფონ დონნერსმარკის ფილმი “სხვათა ცხოვრება”. ვიფიქრე, რომ ამ სურათის დახმარებით შევძლებდი ამომეხსნა ზოგიერთი ამოცანა.

ფილმის მოქმედება 1984 წლის აღმოსავლეთ ბერლინში ვითარდება – ადგილზე, სადაც საბჭოთა მეტასტაზები მთელ ტერიტორიაზე და ადამიანთა ტვინებზეა მოდებული. მიწაზე, სადაც კედლებსაც კი ყურები აქვთ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ადგილზე, სადაც ადამიანი თავისუფალი მხოლოდ ფიქრის დროსაა და როცა კი ფიქრი ბგერად გადაიქცევა, აპარატები ირთვება, КГБ-ის მიერ დაგეშილი ფორმიანი და უფორმო ჯალათები კი სმენად მოსხდებიან. იქ მხოლოდ იმის უფლება გაქვს, რომ უკეთესის იმედი გქონდეს სიკვდილამდე. თუკი შენი IQ თვალშისაცემია და ზედმეტის წამოყრანტალება შეგიძლია, შენზე იციან ყველაფერი – რას ჭამ, რა სისწრაფით, რამდენჯერ მიაშურებ ღამით ტუალეტს, რამდენ ხანს ჩერდები იქ, რა გაჩუქეს დაბადების დღეზე, როდის გაქვს ურთიერთობა შენს პარტნიორთან და რამდენად კმაყოფილი ხარ ამით.

ფილმში ნათლად ჩანს, რომ ადამიანის ხელით შექმნილ ბოროტებას, ამ 1000 თვალ-ყურიან ურჩხულს მხოლოდ ადამიანისავე ძალით თუ დაამარცხებ და რაც მეტია ადამიანი, მით უფრო სუსტდება ბოროტება.

ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ კადრებზე სოციალური ქსელების მომხმარებელთა რეაქციამ სასიამოვნოდ გამაკვირვა. მათ ერთხმად დაგმეს მომხდარი და დიდმა ნაწილმა საერთოდაც უარი თქვა მოგდებული ულუფის ჭამაზე, ანუ ვიდეოებს არ უყურა. ეს ერთადერთი სწორი გზაა.

იგნორირება ყველაზე ძლიერი იარაღია. ჯალათთა დაცინვა, მათი საქმიანობის აბუჩად აგდება კი ამ ამბების დასასრულის დასაწყისი.

ბოლო-ბოლო, ყურები მათ რომ აქვთ, ეგეთი უნდა. სხვისი ცხოვრების მოსმენასთან ერთად, იქნებ თავიანთ სინდისსაც მოუსმინონ.

 დასაწყისი მიკარნახეთ, მასწ!

0

როგორ დავიწყო წერა…

ვერ ვიწყებ, მასწ!

აი, მითხარით, როგორ დავიწყო და …

            მოსწავლეთა უმეტესობას უჭირს წერითი დავალების შესრულება. ისინი ვერ ახერხებენ არსებითისა და არაარსებითის, კონკრეტულისა და ზოგადის გამიჯვნას. ანალიზის ნაცვლად უმეტეს შემთხვევაში ტექსტის შინაარსს გადმოსცემენ. არ შეუძლიათ დავალებების მიხედვით თანამიმდევრული მსჯელობა, მოსაზრებების ლოგიკური დაკავშირება ერთმანეთთან, კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირება, თხზულების გამთლიანება და ტექსტის სათანადოდ ორგანიზება. პერსონაჟებს ხშირად ახასიათებენ ცალმხრივად ან უარყოფითად, ან მხოლოდ დადებითად, მაგრამ ყველაზე მეტად ჭირს ამა თუ იმ პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრება…  ამა თუ იმ  პერსონაჟის დახასიათებისას კი მოსწავლე ხშირად მის თავგადასავალს  გადმოსცემს.  ამიტომ საჭიროა გავარკვიოთ ,,დახასიათების ბუნება’’.

            სანამ წერას დავიწყებდეთ,  ,,გვერდით დავილაგოთ’’ საშენი მასალა. თავდაპირველად გულისყურით წავიკითხოთ ტექსტი. კითხვის პროცესში გამოვიყენოთ ჩანიშვნის ხერხი.  პერიოდულად ჩავინიშნოთ ახალი ინფორმაცია. ჩვენი თხზულების ,,გასალამაზებლად’’ კი გამოგვადგება მხატვრული ხერხები: ეპითეტი, მეტაფორა, შედარება, ჰიპერბოლა…  ჩამოთვლილი მხატვრული ხერხები ის ძირითადი მასალაა, რომლებიც  პერსონაჟის მხატვრული სახის გაანალიზებაში დაგვეხმარება.

            მაშ ასე, მთავარი მასალა  – ტექსტი და ტექსტის მხატვრული სამკაული ჩვენ გვერდითაა. გულისყურით გადავიკითხოთ ტექსტი ან კონკრეტული განსახილველი  ეპიზოდი.  მივყვეთ პერსონაჟის მოქმედებას, რადგან ავტორი  პერსონაჟის შინაგან ბუნებას მეტწილად თვით პერსონაჟის  მოქმედებაში ამჟღავნებს ან პირდაპირი დახასიათებით შლის ჩვენ წინაშე.

            ხო, ფანქარი დამავიწყდა. ფანქარიც ჩვენს განუყრელ მეგობრად უნდა იქცეს, რათა გამოვიყენოთ ჩანიშვნის ხერხი. მოკლედ, ვკითხულობთ აბზაც-აბზაც,  ვაკვირდებით, გვაძლევს თუ არა პერსონაჟის  თითოეული ქმედება ამა თუ იმ თვისებას და პერიოდულად ვიწერთ ახალ-ახალ ინფორმაციას. აი, უკვე ნახევარი გზა გავიარეთ. შავი სამუშაო შევასრულეთ. შემდეგ შევადგინოთ პერსონაჟის დახასიათების თანმიმდევრული გეგმა: განვიხილოთ პერსონაჟი სხვადასხვა თვალსაზრისითა და მიზნით.

  1. აღვწეროთ პერსონაჟის გარეგნობა, რადგან გარეგნული თვისებები ხელს უწყობს გამოამჟღავნოს მისი შინაგანი ბუნება და ხასიათი;
  2. გარეგნობასთან შეფარდებული მოქმედებათა აღწერა, მიდრეკილებები, განცდები, რომლებიც ქმნის ამ პიროვნებათა ხასიათს;
  3. შინაგანი თვისებები;
  4. ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟთან;
  5. როგორ საზოგადოებაში უხდება ცხოვრება მას;
  6. რა მორალურ-ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრობს საზოგადოება და პერსონაჟი ინარჩუნებს თუ არა ინდივიდუალობას;
  7. პერსონაჟის დამოკიდებულება საკუთარ თავთან;
  8. როგორ მეტყველებს პერსონაჟი, როგორ ენობრივ თავისებურებებს იჩენს მოქმედი პირი;
  9. როგორ ახასიათებს პერსონაჟს ავტორი, როგორ ახასიათებს მას სხვა (დადებითი ან უარყოფითი) პერსონაჟი, როგორია ჩვენი პირველი შეხვედრა მასთან. მაგალითად, ნესტანს (შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’) ძალიან დიდი ხანი ვიცნობთ სხვებისგან და მხოლოდ წერილის წერის დროს ვხვდებით პირისპირ.
  10. თუ პერსონაჟი დუმს, მაშინ მეტაფორა დაგვეხმარება, სადმე იქნება ,,ჩამალული’’ და ალბათ, პერსონაჟიც მეტაფორულად ,,დუმს’’;
  11. დავალაგოთ პერსონაჟის თვისებები ძირითად და მეორეხარისხოვან თვისებებად, დადებით და უარყოფით თვისებებად…
  12. დაბოლოს, რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ნაწარმოების მოქმედ პირთან. ჩავწვდეთ მათ შინაგან ბუნებას, რას ფიქრობეს, რას გრძნობენ… სიყვარული, აღტაცება, დაღონება, გაჯავრება… ანუ პერსონაჟის ემოციებზე დაკვირვება ასევე აუცილებელი მასალაა…

            ახლა კი  გადავიდეთ უფრო  კონკრეტულ საკითხზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირველი შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ, არის ის, რომ ნაწარმოების მოქმედი პირის მხატვრული სახის გააზრებისას მოთხრობის შინაარსს გადმოსცემთ. იწყებთ დახასიათებით და მერე უნებლიეთ გადადიხართ ნაწარმოების შინაარსის გადმოცემაზე.

            აი, დახასიათებიდან შინაარსის გადმოცემისკენ გადახრის ერთი მკვეთრი მაგალითი.

განსახილველად ავიღოთ მე-11 კლასელი მოსწავლის ნაშრომი ,,ბათუს მხატვრული სახის გააზრებისათვის’’ ( აკაკი წერეთლის ,,გამზრდელი“).

            „ბათუს ცის მახლობლად აქვს ფაცხა, რომელიც დრო და ჟამის შესაფერად ,,ზაფხულ გრილი და ზამთარ თბილია’’. იგი „რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილია“. ერთხელ, უკუნეთ სიბნელეში ბათუს კარს მოადგა მისი ძუძუმტე-საფარ ბეგი. ბათუმ თბილად მიიღო იგი, მოასვენა და მისი ამბავი იკითხა. ბათუმ  მძიმე საქმე თვითონ იტვირთა, ძიძიშვილი სახლში დატოვა, თავად კი საფრთხეში ჩაიგდო თავი და უკადრი საქმე იკადრა. ბათუ პარავს  ინალიფას ცხენს, სახლში ბრუნდება, ფაცხაში შესულს გული არ უთმენს და ნაზიბროლასთან შესვლას გადაწყვეტს. შევა და შემზარავ სურათს იხილავს. ქვეშაგები მინგრეულ-მონგრეულია, ნაზიბროლა ყელს იხოკავს და ტირის. მიხვდა ბათუ, რაც მოხდა და მომხდარმა შეზარა, მუხლი მოეკვეცა, მაგრამ კვლავ გონს მოვიდა. ნაზიბროლას მოეხვია, კოცნით ამოუშრო ცრემლი და გაამხნევა’’.

            მოსწავლეს გაუკვირდა, რომ ამ ნაშრომში დაბალი შეფასება მიიღო, რადგან ბათუს ამბავი თანმიმდევრულად გადმოსცა, ენა გამართულია და მარტივი, სასვენი ნიშნები სწორადაა დასმული და სხვა. ამ ნაშრომიდან ჩანს, რომ მოსწავლე ბეჯითია, მაგრამ მას ,,მასწავლებლის ხელი აკლია’’, მოსწავლე არ არის გარკვეული პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრების ბუნებასა და თავისებურებაში…

            მოკლედ, თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ  განსახილველი ტექსტი, შეაგროვეთ ცნობები, რაც შეიძლება მეტად აითვისეთ ის მხატვრული ხერხები, (შედარებები, მეტაფორები, ეპითეტები), რომლებიც დაკავშირებულია მოქმედი პირის ამბავთან. ერთმანეთისგან გამოყავით ძირითადი წვრილმანი, მნიშვნელოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი მოქმედებები. გაამახვილეთ ყურადღება მოქმედი პირის იმ ძირითად ხასიათზე, რომელიც მოქმედების სახით ვლინდება. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ მოქმედი პირის გარეგნული პორტრეტის აღწერით. ეს არ მოგვცემს სრულ სურათს. ეცადეთ მოქმედი პირის პორტრეტი წარმოადგინოთ მისი გარეგნული  და შინაგანი თვისებებისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა მოქმედებაში, მოძრაობაში. სწორედ პორტრეტის დახატვის ეს მხარეა, მკითხველის შთაბეჭდილებას რომ აძლიერებს, პერსონაჟის სახეს მხატვრულად, ცოცხლად რომ წარმოგვიდგენს. ყურადღება უნდა მივაქციოთ  ნაწარმოების ფსიქოლოგიურსა და ემოციურ მხარეებსაც – რას  ფიქრობენ და გრძნობენ ისინი.

მაგალითად, იმავე მოსწავლის ნაშრომმა  ოდნავი ,,ჯადოქრობით’’ ასეთი სახე მიიღო.  ბათუს ,,ცის მახლობლად’’ აქვს ფაცხა. იგი არა მარტო ფიზიკურადაა ახლოს ცასთან (მას ცის მახლობლად აქვს ბინა), არამედ სულიერადაც. ცა კი ღვთიურობის სიმბოლოა. ღვთის რჩეულია ბათუ, უფალს მისთვის ზებუნებრივი, დიდი ნიჭი მოუმადლებია, რადგან მას შესწევს უნარი იყოს რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი’’. ღმერთს წყალობა არც სხვა რამეში დაუკლია ბათუსთვის, ამქვეყნიური, ყველაზე დიდი ნეტარება-სიყვარულიც მიუმადლებია მისთვის. სწორედ ერთი თვე იქნება, რაც ცოლად ის ქალი მოიყვანა, ვინც უყვარდა. ის სამეგრელოს ასულია, იასავით ნაზი, ,,ცისა და ქვეყნის‘’ შუამავლად მიაჩნია მას აფხაზი, სულიერი და ხორციელი სიყვარული ჰარმონიულადაა მათში შერწყმული. ისინი ბედნიერები არიან.

          დავიმახსოვროთ! პერსონაჟის დამახასიათებელი თვისებები ნაწარმოებში თანდათანობით მოქმედების გაშლასთან ერთად ყალიბდება და  ასე, თანდათანობით ,,შენდება’’ მისი მხატვრული სახეც. თუ გიჭირთ მსჯელობის გაშლა, „გამოიგონეთ“ მოკამათე, რომელიც გიმტკიცებთ, რომ სულაც არ არის პერსონაჟი ისეთი, როგორიც გგონიათ. მერწმუნეთ, თავისთავად მოვა სიტყვები, არგუმენტები და თუ მაინც გაგიჭირდათ, პერსონაჟის სახეებზე ვიმუშაოთ არა ნაწარმოების მიხედვით, არამედ დამოუკიდებლად, ცხოვრებაზე დაკვირვებით.  გადავხედოთ გვერდით მჯდომ მეგობარს  და… დავიწყოთ!

გამოყენებული ლიტერატურა

ინასარიძე მაია,  ნაჭყებია მაია,  ,,ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდები’’, თბ.  2006 წ.

 თოფაძე ქეთევან,  ,,წერითი მეტყველების სწავლების სტრატეგიები’’, თბ. 2011 წ.

 ლეიაშვილი ნონა,   ,,მხატვრული სახის ახლებური გააზრებისათვის’’, ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი’’ WWW.mastsavlebeli.ge, თბ. 2012

ფირჩხაძე მაია, კრიტიკული აზროვნების განვითარების ზოგიერთი ტექნოლოგია და სტრატეგია, ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი’’ WWW.mastsavlebeli.ge, თბ. 2013

 ფეიქრიშვილი მადონა   ,,როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს წერის უნარ-ჩვევები’’ , ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი’’ WWW.mastsavlebeli.ge, თბ.  2016

დათაშვილი ლალი, ,,ქართველი მწერლები სკოლაში’’, წიგნი 4, აკაკი წერეთელი, თბ. 2008 წ.

                                      ლია გოგოხია

ვლადიმირ კომაროვის  თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

სექტანტური იწროების დაძლევისათვის

0

ორიოდე სიტყვა ილიას და ვაჟას ქრისტიანობაზე

უსაშველოდ უნდა “უჭირდეს” ადამიანს, რომ ილიას მწყემს
ქალში, ნაცვლად უმწიკვლო და უზადო მშვენიერებისა,
გადამეტებული ხორციელება დაინახოს. ასევე, სულიერი
სიღატაკის შედეგია, ვაჟას მსოფლხედვის მიღმა
წარმართობა და სხვა “ვიწრობები” ვეძიოთ

უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა თანამედროვე ადამიანის მიდგომამ ქრისტიანული რელიგიისადმი – მისი ეკლესიისა და მოძღვრებისადმი. ბუნებრივია, ერთი და შეურყეველი აზრი, არათუ ასეთი ღრმა და მრავალმხრივი მოძღვრების, არამედ სრულიად მარტივი თემებისადმიც კი არ აქვს ადამიანს და ხშირად ისეთ საკითხებზე გვიწევს ცხარე კამათი, სადაც ყველაფერი ზედაპირზე აწყვია. ადამიანი არ არის მარტივი არსება და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზებიც მისი ფსიქიკის რთული წყობიდან მომდინარეობს. ამას ვერაფერს “ვუშველით”.

საკითხის გასაშლელად ილიას და ვაჟას შემოქმედებას მოვიშველიებთ. როგორ ესმით მათ ისეთი ცნებები, როგორებიც არის – სარწმუნოება, სულიერება, სიკეთის ანუ მადლის ქმნა, კაცთმოყვარეობა და პატრიოტიზმი.

ილიას შემთხვევაში, ერთი შეხედვით, თითქოს მარტივად უნდა იყოს საქმე, რადგან იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მისი პიროვნება სრულიად “აკმაყოფილებს” მართლმადიდებლური ქრისტიანობის დოგმებს და კანონებს, მაგრამ, ეს რომ ასე არ არის, ამაზე მეტყველებს ილიას ბიოგრაფია და მხატვრული შემოქმედება. ერთია, ილიას უდიდესი პატივისცემა სასულიერო პირებისადმი, რომელთაც ღირსეულად აღასრულეს თავიანთი ვალი ამ რთულ გზაზე, მაგრამ მეორეა მისი იდეალი, რასაც თავად მსახურებდა – ერისკაცობა, ამ ასპარეზზე “ბრძოლა” და თავგანწირვა. პირველის ნიმუშად გამოგვადგება მისი სიტყვა, წარმოთქმული ქუთაის-გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალებაზე. აქ შესანიშნავად ჩანს ილიას დამოკიდებულება ადამიანისადმი, რომელმაც მთელი ცხოვრება სასულიერო მოღვაწეობას მიუძღვნა და რომელმაც პირნათლად აღასრულა თავისი სულიერი მისია. მან (გაბრიელმა) მეცნიერება და სარწმუნოება შეუზავა ერთმანეთსო, წერს ილია და სასულიერო პირის მთავარ ღირსებად მიიჩნევს საერო ღვაწლის ანუ მეცნიერების შეზავებას სასულიერო ღვაწლთან, ამ ორი, ერთი შეხედვით, მოურიგებელი სფეროს ჰარმონიას. ილიასთვის გაბრიელ ქიქოძე იმდენად არის პატივსაცემი და სათაყვანებელი, რამდენადაც იგი ემსახურა “მაღლა” ღმერთს და მიწაზე – ხალხს, ადამიანებს. მეორე ანუ საერო იდეალები კი მწერალმა თავის მხატვრულ ნააზრევში ცხადყო. თუმცა, ილიასი რომ არცთუ კარგად ესმოდათ, იქიდანაც ჩანს, როგორ მიიღო ქართულმა კრიტიკამ და იმჟამინდელი ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა მისი “განდეგილი”. მას ამუნათებდნენ და ბრალს სდებდნენ, რომ მკითხველს ქრისტიანულ იდეალს სთავაზობდა ანუ ბერულ ცხოვრებას უხატავდა იდეალად, რომ იგი მოუწოდებდა ადამიანებს, მიეტოვებინა საერო ყოფა და სასულიერო ცხოვრებას შესდგომოდნენ. გასაგებია, რომ მხატვრულ ტექსტს უფრო მეტი ჩაღმავება და დაკვირვება სჭირდება, რათა მისი იდეა ამოიცნო, მაგრამ აღნიშნული პოემა საკმაოდ ნათლად და ცხადად ეუბნება მკითხველს თავის სათქმელს, რაც აბსოლუტურად სცილდება ზემოაღნიშნულ შეხედულებას და, მის საპირისპიროდ, სწორედაც რომ, სასულიერო ცხოვრების გზაზე შემდგარი ადამიანის დრამას გადმოსცემს, ადამიანისა, რომელსაც ვერც თავისი ჭეშმარიტი მისია გაუცნობიერებია და ვერც საკუთარი სულიერ-მშვინვიერი უნარები შეუფასებია. სწორედ ამ ლაბირინთებში ეხვევა ილიას განდეგილი და აქედან უჭირს თავის დაღწევა, იმდენად უჭირს, რომ გამოსავალს ვერ ხედავს და იღუპება. განდეგილის “პირველაღმომჩენის”, ანუ მისი მართებულად წამკითხველის საპატიო მისია კიტა აბაშიძეს ეკუთვნის, მან დაინახა და მკითხველსაც “წააკითხა” ილიას გზავნილი – რომ იგი განდეგილური ცხოვრებისკენ კი არ “მიაქანებდა” საზოგადოებას, არამედ აფრთხილებდა, რომ ვინც ამ გზას აირჩევს, კარგად უნდა ჰქონდეს გასიგრძეგანებული მისი სირთულეც, რათა განდეგილივით არ დაასრულოს ცხოვრება. ამავე დროს, ილიამ იმგვარი თანაგრძნობით და თანალმობით დახატა სახე ბერისა, რომელსაც მიუტოვებია ეს ქვეყანა, როგორც “ცოდვის სადგური”, როგორც “ბოროტების სამეუფო”, რომ შეუძლებელია, შენც არ გახდე თანამონაწილე ამ განცდისა. ეს არ არის პერსონაჟი, რომელსაც ხელწამოსაკრავ, გზასაცდენილ პიროვნებად წარმოიდგენ, ანდა, ფარისევლობაში დასდებ ბრალს. ილიას ძალიან უყვარს განდეგილი და თანაუგრძნობს კიდეც, ამის დასტური ის მხატვრული დამაჯერებლობაა, რომელსაც იყენებს ამ გმირის შესაქმნელად.

ილიას განდეგილს იმდენად ბევრი “პოზიტივი” აქვს, რომ მისი დაგმობა ძნელია, უმალ, პირიქით, მკითხველს აფიქრებინებს, “უფალი ჭავჭა ვაძე განდეგილობას გვთავაზობსო”. ბოლოს და ბოლოს, იგი იმდენად წმინდად ცხოვრობს, რომ “პირდაპირი კავშირი” აქვს ღმერთთან – მის ლოცვანს სხივი იჭერს. სწორედ ამგვარმა ხატებამ აფიქრებინა ილიას კრიტიკოსებს, რომ იგი განდეგილობას უკიჟინებდა საზოგადოებას. არადა, სიმპატიური კი არის ბერი, მაგრამ – არც იმდენად, რომ მისი ბედის, მისი ხვედრის, მისი ცხოვრების განმეორების თუ მიბაძვის სურვილი აღეძრას მკითხველს. განდეგილი სიმპატიურია მანამ, სანამ ცალკეა, მარტო, “ოპონენტის” გარეშე, მანამ, სანამ საბედისწერო ჟამი ჩამოჰკრავს. მას აქვს “მოპოვებული” გარკვეული სულიერი საუნჯე, მაგრამ, იგი არ არის შეურყეველი და უძლეველი, რის გამოც ამ საუნჯის შენარჩუნება ბეწვზე ჰკიდია და იგი წყვეტას იწყებს, როდესაც მშვენიერი ყმაწვილი ქალი – სიმბოლო თუ რეალობა – მის სენაკს მიაღწევს და “ყირაზე დაუყენებს” მთელ ნაკოწიწებ “სიმდიდრეს”. ილიას განდეგილი ლამაზმა ყმაწვილქალმა დაამარცხა, ანუ ცხოვრებამ სდია ყინულის გამოქვაბულამდე და იქ სძლია, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა ამას (თუმცა, პოემაში ისიც არის ნათქვამი, რომ რაღაც საბედისწერო გამოცდისთვის ემზადებოდა მწირი, მას წინასწარვე ჰქონდა ბუნდოვანი წარმოდგენა საკუთარი მარცხის, ანდა მარცხის შესაძლებლობის შესახებ).
გზავნილი ცხადი და ცალსახაა – თუ ადამიანი თავის მოწოდებას საკუთარი შესაძლებლობების გაუთვალისწინებლად მიჰყვება, უთუოდ დაუდგება საბედისწერო ჟამი, რომელიც პასუხს აგებინებს ასეთი არაგონივრული (თუნდაც, კეთილშობილური) ნაბიჯისთვის, რადგან გონიერ, მოაზროვნე ადამიანს მოეთხოვება, კარგად შეისწავლოს საკუთარი “კონსტიტუცია”, შეაფასოს თავისი უნარები და მერე დაადგეს რთულ აღმართებს თუ იწროებს, თუნდაც, ეს ეხებოდეს არა სასულიერო, არამედ, საერო, ამქვეყნიურ მიზანს.

დაღუპული ბერი, რომელმაც ვერ ფიზიკურად გაიმარჯვა და ვერც სულიერად (როგორც ტრაგედიის გმირმა), ბუნებრივია, ვერ იქნებოდა ილიას იდეალი. მან, სწორედაც რომ, იდეალობის მოწადინე და ამ გზაზე დამარცხებული ბერი დახატა. იმაზე არ უნდა ვიდავოთ, თითქოს ამ ერთი განდეგილის მარცხით ილიამ მთელი სასულიერო ფენა განიკითხა. რა თქმა უნდა, არა, თუმცა, იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ იმ ეპოქაში, როდესაც ილიას უხდებოდა ცხოვრება, ანუ პოსტგანმანათლებლობის ეპოქაში, განვითარებული კაპიტალიზმის ხანაში, არც ისე ბუნებრივი და “გამართლებული” იყო ე.წ. განდეგილური ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია თავისი წესისამებრ ფუნქციონირებდა და ყველა ის სეგმენტიც განაგრძობდა არსებობას, რაც მის წიაღში გაჩნდა ქრისტიანობის ადრეული საუკუნეებიდან, იქნებოდა ეს განდეგილობა, სალოსობა თუ მესვეტეობა და სხვა. მაგრამ, ბუნებრივია, სასულიერო ცხოვრების ეს ფორმა ვეღარ იყო ისეთი აქტუალური, როგორც ქრისტიანობის ადრეულ საუკუნეებში, იმ დროს, როდესაც განდგომილი მეუდაბნოე ბერები უდიდეს მისიას აღასრულებდნენ – უდაბნოთ ქალაქჰყოფდნენ, ანუ ახალ-ახალ ქალაქებსა და საგანმანათლებლო ცენტრებს აარსებდნენ.

იმ ეპოქამ თავისი საქმე გააკეთა, გვიანი შუასაუკუნეების შემდეგ ქრისტიანულ ცხოვრებას განდგომილობის ის მასშტაბები, რა თქმა უნდა, ვერ ექნებოდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ სოციალურ ყოფაში ცხოვრების ეს სტილი ბუნებრივად ვეღარ ეწერებოდა. საყურადღებოა ამ მხრივ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ევროპული და რუსული მწერლობა, სადაც, ასევე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ბერების, სასულიერო პირების პირადი ტრაგედიები თუ არაერთმნიშვნელოვანი მიდგომა სულიერებისა და ხორციელებისადმი. რამდენიმე გახმაურებული ნაწარმოების დასახელებაც კმარა, რათა ეპოქის ზოგადი სურათი წარმოვიდგინოთ – ემილ ზოლას “აბე მურეს შეცოდება”, გუსტავ ფლობერის “წმინდა ანტუანის ცდუნება”, ლევ ტოლსტოის “მამა სერგი” და ილიას “განდეგილი” მე-19 ს-ის 80-იან წლებში იწერება, თითქოს ერთბაშად მოაწყდა ევროპულ აზრს ასკეტიზმისა და კარჩაკეტილი ცხოვრების კრიტიკის სურვილი. არც არის გასაკვირი, პრიორიტეტებს სოციო-კულტურული გარემოებები კარნახობენ ცხოვრებას, ამ დროს კი, მთელი ის მოძრაობები, რაც ევროპას და მასთან დაახლოებულ სივრცეებს მოედო (მხედველობაში გვაქვს საფრანგეთის რევოლუციები, კაპიტალიზმის განვითარება და ახალი სოციალური წესრიგის ჩამოყალიბება), თავის “ახალ რეჟიმს” ქმნიდა – სეკულარულს, დემოკრატიულსა და ლიბერალურს, რომელსაც ისტორიისთვის უნდა ჩაებარებინა ეკლესიის მიერ ნაკარნახევი სოციალური პრიორიტეტები, კერძოდ, ამ ინსტიტუციის ისეთი აქტიური მონაწილეობა საზოგადო ცხოვრებაში, რასაც ადგილი ჰქონდა ადრეული თუ გვიანი ფეოდალიზმის ხანაში.

ამიტომ ილიას, როგორც პიროვნებას, რომელსაც მთელი არსებით ჰქონდა გასიგრძეგანებული და გააზრებული თავისი ეპოქა, ქრისტიანობაშიც ჰყავდა თავისი იდეალები, ანუ ადამიანები, რომელნიც სასულიერო ცხოვრების აქტიურ გზას ირჩევდნენ, კერძოდ, ესენი იყვნენ მოღვაწე ბერები ანდა, ე.წ. თეთრი სამღვდელოება. ერთ-ერთ რეალურ პერსონაზე ზემოთ მოგახსენეთ (გაბრიელ ეპისკოპოსს ვგულისხმობ), მეორეს კი შესანიშნავად აღწერს “გლახის ნაამბობში”. ეს არის მღვდელი, რომელმაც წერა-კითხვა ასწავლა “გლახას” და რომლის სიკეთეც სიცოცხლის ბოლომდე არ ავიწყდება გაბრიელს. ამ მღვდლის სახე სრულიად ცხადად და მიეთ-მოეთის გარეშე გვაცნობს ილიას ქრისტიანულ იდეალს – ის არის ქმედითი, საქმიანი, ლამის, საერო ცხოვრებამდე, კერძოდ კი, მასწავლებლობამდე აყვანილი თუ დაყვანილი მოძღვარი. მისთვის მთავარია ღვაწლი ანუ საქმე, მისთვის მოყვასის სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ამ მოყვასზე ზრუნვა, მისი აღზრდა-განათლება, იმ იდეალების სამსახური, რასაც ქრისტიანობა გვასწავლს, მაგრამ ამას აკეთებს არა ლიტონი სიტყვებით, არამედ – საქმით. როგორც ილიას უყვარდა თქმა – ამ მღვდლის სიტყვა საქმიანია და საქმე – სიტყვიანი. მისი “ჰე ჰეა” და “არა – არა”, წინააღმდეგ შემთხვევას ასე ამკობს აკაკი – “სიტყვით სწორე, საქმით – კუზა”. ამგვარი არც ქრისტიანობა უყვარს ილიას და არც, ზოგადად, ადამიანობა. აბა, რა ფასი აქვს სიტყვას, თუ მხოლოდ იღაღადე და არ აღასრულე?! ამის საუკეთესო მაგალითი თავად იესო-ქრისტეა, ვინც ერში, ხალხში ცხოვრობდა და სიტყვასაც აწვდიდა მსმენელს და საქმითაც ეხმარებოდა. უფრო დიდი “საქმიანი”, ვიდრე ქრისტეა, არც იცის კაცთა მოდგმამ. ამიტომაც, ჩვენი დიდი ერისკაცის იდეალი სწორედაც “საქმითმეტყველი სულია” და არა – უსაქმო და უსაგნო სული. თვით ლოცვასაც კი არ აქვს ძალა, როდესაც ადამიანს მოყვასის ეშინია, მასთან ცდუნება აშინებს და ანგრევს.

განდეგილსაც რომ შესძლებოდა ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარული, არ შეაშინებდა ყმაწვილი ქალის სილამაზე, მაგრამ მას საკუთარი სექსუალური არსება, ე.წ. ლიბიდო სძლევს და მთელ სულიერებას ყირაზე უყენებს. ეს ერთი შტრიხი, ეს ერთი საცდური იმდენად მაღალი მნიშვნელობისაა ამ ადამიანისთვის, რომ ღვთისმშობლის სახესაც კი გადაფარავს და აქაც ილიას შესანიშნავად ესმის კაცის ფიზიოლოგიური ბუნება – როდესაც ხორცი ურწყულია, მას ძალუძს ერთ წამში მოუღოს ბოლო სულს, სიცოცხლეს. რომ ზოგჯერ ეს, ერთი შეხედვით, ხელწამოსაკრავი “გვამი” მთლიანად განსაზღვრავს ადამიანის ბედსა და მისწრაფებებს. ცოტა რომ ვიხუმროთ, აქ ილია ფროიდამდელი ფროიდიანელია. მას უკვე აღმოჩენილი და შესწავლილი აქვს “ლიბიდოს” სიმძლავრე და, ლამის, ყოვლისშემძლეობა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ილიამ ქრისტიანულ იდეალად მღვდელი დაგვისახა და არა – ბერი, ამით, უთუოდ, ისიც გვითხრა, რომ თანამედროვე ცხოვრებაში მღვდელს მეტი საშუალება აქვს საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობისა, მას უფრო რთული მისია აკისრია. გავიხსენოთ, როგორ გადაარჩინა ამ მოძღვარმა ადამიანი დახრჩობას (გლახის ნაამბობი). ანუ, ამ ერთი ეპიზოდიდანაც ჩანს, რომ მღვდელი ანუ მოძღვარი ძალიან ახლოს დგას საერო ცხოვრებასთან, იგი ერშია, ხალხში მოღვაწეობს და არა მხოლოდ წერა-კითხვას ანუ წიგნს, არამედ, ცხოვრებასაც ასწავლის თავის მოწაფეებს – იგი ცოცხალი მაგალითია მათთვის.
“ოთარაანთ ქვრივიც” კარგ მასალას იძლევა ილიას ქრისტიანობის გასაგებად. ქალის იდეალი (ილიას ალტერ-ეგო) – ოთარაანთ ქვრივი, თავის ადამიანობას და ჰუმანიზმს, და თუნდაც, თავის ქრისტიანობას მხოლოდ საქმით ადასტურებს, მას ზედმეტი ლაპარაკიც კი არ უყვარს. აქ ილიას “პურიტანიზმი” ლამის უკიდურესობამდე მიდის: მისი იდეალი (ოთარაანთ ქვრივი) არც ეკლესიაში ჩანს, არც ლოცვად დამდგარი (“მე ჩემთვის არ ვლოცულობ, ღმერთი არ შევაწუხო-მეთქი და თქვენთვის სად ვილოცებდი?!” -ეუბნება კესოს), მაგრამ მთელი მისი შეგნება და ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, ქრისტიანულია, იგი შორს დგას ფარისევლობისგან, მისთვის უცხოა სიტყვისა და საქმის განყოფა, მისი მადლი ჩუმად ითესება, ზუსტად ისე, როგორც სახარება გვასწავლის – არ იცის მარცხენამ მარჯვენისა. იგი მართალი და პირნათელია ყველას წინაშე. საკუთარ “ქვეცნობიერსაც” კი შესანიშნავ “პასუხებს სცემს” და ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ილიას ქვრივი დაკომპლექსებული ქალია, მისი გიორგი კი გადედლებული ვაჟი. ეს მიდგომა ყირაზე აყენებს ილიას მოთხრობას – ოთარაანთ ქვრივის არჩევანი შეგნებული ადამიანის არჩევანია – მან შვილისთვის თავგანწირვა აირჩია და იმის გამო კი არა, რას იტყოდა ხალხი, ანდა, იმის გამო კი არა, რომ რომელიმე “ძველი კომპლექსი” მართავდა, არამედ მისთვის, რომ მისი ერთადერთი ვაჟი მამინაცვალს არ დაეჩაგრა. არაფერია ამაში “კომპლექსური” და გაუგებარი. ამ გზას, შესაძლოა, დაადგეს თანამედროვე ქალიც, ვისაც კარგად აქვს გასიგრძეგანებული მეორედ გათხოვების მოსალოდნელი საფრთხეები. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოთარაანთ ქვრივის თაყვანისმცემელი სოსია მეწისქვილე არ არის ქვრივის ტოლი და სწორი, იგი პასიური ადამიანია, ბრძოლის უნარს მოკლებული, მხოლოდ გრძნობადი არსებაა და არა – ქმედითი. ქვრივისთვის კი, ისევე, როგორც ილიასთვის, უმოქმედობა სიკვდილია.

ასე რომ, არც ქვრივის და არც გიორგის პიროვნებაზე არ “უმუშავიათ” კომპლექსებს, ისინი იმდენად შეგნებული და მართალი ადამიანები არიან და, ამავე დროს, იმდენად მაღალი ინტელექტის მატარებელნი, რომ კომპლექსებს მხოლოდ ბრალად თუ წავუყენებდით. კომპლექსებს რომ დაეძლიათ, არც არჩილიანთას გაუშვებდა ქვრივი და ნებაყოფლობით არ გადააბარებდა თავის ვაჟს იმ ოჯახს, სადაც უთუოდ ელოდა დიდი განსაცდელი, როგორც შვილს, ისე – დედას. ამიტომაც ის ცნობილი სიტყვები – “დედა-შვილობაში შენ-ჩემობა რად არისო?!” ოთარაანთ ქვრივის ღრმა ინტელექტზე მეტყველებს, თვითკრიტიკის დიდ ნიჭზე, რაც, როგორც წესი, დაკომპლექსებულ ადამიანებს არ (ან ნაკლებად) ახასიათებთ.

კვლავ პირველ სიტყვაზე მივიდეთ. ილია და აკაკი თავიანთ ეპოქაში განდეგილობას ისევ ეროვნულ საქმეს უკავშირებდნენ, მათი მრწამსით, მოღვაწეობის ყველა სფერო ეროვნულსა და საზოგადოებრივ საქმეს უნდა მოხმარებოდა. ამის ნათელი დასტურია გაბრიელ სალოსის სახე “თორნიკე ერისთავში” და, თავად, თორნიკეს პერსონაჟი. ასევე, საყურადღებოა, აკაკის დიდი სიყვარული ქრისტიანობისა და ეკლესიისადმი, თუმცა, ამავე დროს, – მხატვრული შემოქმედების ჩაყენება მთლიანად საერო სამსახურში. აკაკიზეც ხომ ვერ ვიტყვით, ორთოდოქსიითა და პურტანიზმით გამოირჩეოდაო.

ახლა ვაჟაზეც ვთქვათ.

ვაჟას ზერელე მცოდნეებმაც კი იციან, რომ, ილიასგან განსხვავებით, მასთან კიდევ უფრო “რთულად არის საქმე”. ვაჟას არც კი აინტერესებს ზემოაღნიშნული თემები. მის ძირითად პოემებსა თუ მოთხრობებში არც მღვდელი გვხდება, არც ბერი (მთავარ პერსონაჟად). ამას თავისი მიზეზი აქვს, რა თქმა უნდა. იმ სივრცეში, სადაც მისი პოემები თუ პროზაული ნაწერების მოქმედება ვითარდება, ტრადიციული ეკლესიური ქრისტიანობა ნაკლებად “მუშაობს”, რადგან არათუ მე-19 საუკუნეში, დღესაც კი, ჩვენს მთიანეთში დიდი დოზით არის შემორჩენილი წარმართული რიტუალი, იქ მღვდლის პარალელურად არსებობენ ხატისკაცები ან ხევისბერები, რაც მთისთვის დამახასიათებელი სოციალური ინსტიტუტებია. მთის ზნეობა და ეთიკა მთლიანად არის გაჯერებული საუკუნოვანი ტრადიციით, რომელსაც ხშირად წარმართული ძირები აქვს და ან არის ადაპტირებული ქრისტიანულ ტრადიციებთან, ან – არა. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ვაჟა არაქრისტიანი, წარმართი ანდა რომელიმე სხვა კულტის მსახურია. უკვე კარგად არის ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებაში ვაჟას მსოფლხედვა შესწავლილი და პოპულარიზებული და მკვლევართა დიდი ნაწილი თანხმდება კიდეც, რომ ვაჟას მხოფლხედვა, არც მეტი, არც ნაკლები, მთლიანად ეყრდნობა ქრისტიანულ ფასეულობებს, რომ მთელი მისი ჰუმანიზმი და პატრიოტიზმი სხვა არაფერია, თუ არა მაღალი ქრისტიანობა, ქრისტიანობის ლიბერალური ფასეულობების სინთეზი, რომლის უმთავრესი მახასიათებლებია ყველაზე მაღალი გაგების ეკუმენიზმი, საყოველთაო სიყვარული ადამიანისა, საყოველთაო პატივისცემა სხვა ეთნოსის, სხვა აღმსარებლობის, უცხო კულტურისადმი. ვაჟას მთელი სიდიადე სწორედ ამ საყოველთაობაშია ანუ კათოლიკობაშია და ამიტომ არის მისი შემოქმედება მიჩნეული ახალი ქართული ლიტერატურის მწვერვალად, მწერლობად, რომელიც არ იკეტება არც ეპოქაში, არც სივრცეში, არც რომელიმე კულტურაში და რომ მისი სულიერი წვდომები მხოლოდ მომავლის ადამიანის აღმოსაჩენია. ვაჟამ არ იცის ზღვარი ადამიანის სიყვარულში, მის თანაგრძნობასა და თანალმობაში. ისევე, როგორც ქრისტიანობამ არ იცის მოყვასის გარჩევა ეთნოსისა და სჯულის მიხედვითაც კი. ქანაანელი დედაკაცის ამბავს გავიხსენებთ თუ მეზვერისა და ფარისევლის იგავს. რა იქნებოდა ახალი მოძღვრება, თუ ძველი აღთქმის სჯულს ვერ გადააჭარბებდა თავისი სულიერების ხარისხით და ინტელექტის დიაპაზონით?! _ ძველის განმეორება და მეტი არაფერი. ქრისტემ კი შაბათის “დაძლევა” ანუ კლიშეების მსხვრევა და კიდევ – მტრის სიყვარული ასწავლა ახალ ადამიანს, ანუ, მიზნად დაუსახა ისეთი ლოდის გადაგორება, რომელსაც მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ეჭიდავება ადამიანი და რომელიც მას კი არ აძლიერებს, არამედ სრესს და თელავს. “ხოლო მე გეტყვი თქუენ – გიყვარდეთ მტერიცა თქვენი”, ვინაიდან მოყვასის სიყვარულს მოწოდებაც არ სჭირდება, აქ სიყვარული სავსებით ბუნებრივი “ანგარიშით” ცოცხლობს – გიყვარს – უყვარხარ, სიყვარულს სიყვარულით პასუხობ, მაგრამ რას ნიშნავს, გიყვარდეს ის, ვინც არათუ არ გიყვარს, არამედ შენი საფრთხეც არის, შესაძლოა, შენს სიცოცხლესაც ემუქრება?! აგერ, 20 საუკუნეა, ცდილობს მის ამოხსნას ადამიანი და, ჩვენდა სავალალოდ, ჯერ ვერაფერი გაუგია. ვაჟამ სიყვარულის ამ სახეობაზე მოუთხრო თავის მკითხველებს, არც პეტრეზე და არც იოანეზე, არამედ, მტრის სიყვარულის შესაძლებლობაზე, შურისძიების დავიწყებაზე, საყოველთაო შერიგებაზე ანუ ასე უსამართლოდ გავულგარულებულ ეკუმენიზმზე, ერთიან დიდ რელიგიაზე, რომლის წიაღში ადამიანები “ერთმანეთისას იტყვიან, ერთურთის დანდობისასა” და, სასტიკად გაუსწორდა მოძველებულ, ბნელ ტრადიციებს, რომელთა დაცვა ვიეთთ თემისა და ტომის სიყვარული ჰგონიათ.
ისიც ცნობილია, როგორი მკაცრი და შეუპოვარი იყო ვაჟა ცხვრის ტყავში გახვეული მგლების, ანუ ანაფორას შეფარებული მღვდლების მიმართ. ამ დამოკიდებულების გამო მას დღემდე ლანძღავენ და გმობენ შუასაუკუნეობრივი სქოლასტიკური აზროვნების ადამიანები. ასეთი შინაარსის მოხსენებაც კი წაუკითხავთ სამეცნიერო კონფერენციაზე. ნაშრომის ავტორს ვაჟას ანათემაც მოუთხოვია და ბოლშევიკების მიერ მისი ვაჟიშვილის დახვრეტა მამის მკრეხელობის პასუხად მიუჩნევია, ანუ _ “ქრისტიანული სამართლიანობის აღდგენად”. ამ სულისკვეთებას რამდენი ადამიანი იზიარებს, ვინ იცის, მაგრამ ჩვენს გარშემო ადამიანთა გარკვეული ნაწილი ისე მსჯელობს და ისე აღიქვამს ქრისტიანობას, რომ, რად უნდა ლაპარაკი, სიხარულით დაუმატებს ფიჩხს ვაჟას დასაწვავ კოცონს?! არ დაგვავიწყდეს, თვალის გამოთხრაც ამ სამართლიანობის აღდგენად მიაჩნია ზოგიერთ “მხურვალე” ქრისტიანს. ვერაფერს იტყვი, ნამდვილი “მეცნიერული სიზუსტით” არის მწერლის ცხოვრება და შემოქმედება შესწავლილ-განჩხრეკილი. ვაჟასნაირ წამებულს სიკვდილის შემდეგ რომ ამდენ ქვას ესვრი, რომელ ქრისტიანობასა და ადამიანობაზე ვლაპარაკობთ?!

ქრისტეს მთელი მოღვაწეობაც სინაგოგებში გამოჭიმულ, გაზულუქებულ მწიგნობრებსა და ფარისევლებს მიემართებოდათ, მათ, ვისაც ყველაფერი ეპყრათ ხელთ, გარდა სულიერებისა. ამიტომ შეეშინდა ჰეროდეს ქრისტეს ვარსკვლავის გამოჩენისა, რადგან მან მხოლოდ მიწიერი ტახტის არსებობა იცოდა, სხვა სახედველი არ გახსნოდა და არც გაეხსნა, ისე ჩავიდა თუ გადავარდა “გარესკნელის ბნელში”.

* * *
და ბოლოს, მოღვაწე რის მოღვაწეა, თუ თავისი ეპოქის სულისკვეთება ვერ ამოიცნო?! რომ არა ეს ნიჭი, როგორ ეტყვის იგი თავის ხალხს იმ სათქმელს, რაც მხოლოდ მან უნდა უთხრას, როგორ დააყენებს “მრევლს” სწორ გზაზე, როგორ დაუსახავს ორიენტირებს, თუ დრო და ადგილი არევია?! მისი უპირველესი მოვალეობა სწორედ “ეპოქის ენის” წაკითხვაა და იმ პრიორიტეტების ზუსტი მონიშვნა, რაც მის ერს თუ, ზოგადად, კაცობრიობას სჭირდება. ასეთი კაცები მიგვანიშნებენ, საით წავიდეთ, სად არის ჩვენი გზა ხსნისა, საით და როგორ უნდა ვვიდოდეთ, რომ “ადგილამდე” ჩასვლა შევძლოთ. რეტროგრადები და ობსკურანტები სწორედ ამგვარი ნათელი სახეების წინააღმდეგ გამოენთებიან ხოლმე და მთელი სისასტიკით, ღრიალითა და სტვენით ცდილობენ, ჩაახშონ ხმა, რომელიც ღაღადებს, მაგრამ, საბედნიეროდ, ის კი არ უწყიან, რომ არც ამ ხმის ჩახშობა ხერხდება, არც ამ გზის ნარ-ეკლით დაფარვა. ბოლოს და ბოლოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯვარზე გააკრეს ანდა ტყვიაც არ დაიშურეს და ასე ჩამოაცილეს საზოგადოებას ასეთი ადამიანები, ანდა, თუ იმდენი ძალა და ღონე არ ეყო იმავე საზოგადოებას, რომ შიმშილითა და სიცივით არ მოუკვდეს ვაჟასნაირი თუ ფიროსმანისდარი გენიოსები. როგორც თავად ილიას უყვარს თქმა – სანთელ-საკმეველი თავის გზას არ კარგავს. ასეთ დაუკარგავ გზად გვესახება ილიას, ვაჟას, აკაკის მიერ განცდილი და განმარტებული ქრისტიანობა, რომელსაც ვერც ღობეს შემოარტყამ, ვერც ყორეს, რადგან მათი თვალსაწიერი ყოველგვარ ღობე-ყორეს თვალშეუდგამი სიმაღლიდან გადასცქერის. მხოლოდ ბრიყვებს ჰგონიათ, რომ საუნჯის მიტაცება შესაძლებელია. რა ქნან, სიბრიყვე “ავალდებულებთ”!

და კიდევ, ილიას მრავალმხრივობის, მისი მასშტაბური აზროვნების და არა – ჩარჩოებსა და კედლებში მოქცეული რწმენის დასტურად ერთი მოკლე ციტატაც გამოგვადგება “განდეგილიდან”. ეს არის ბერის პასუხი მწყემსი ქალის კითხვაზე:

“-მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წარვწყდებით,
ვეღარ დავიხსნით ცოდვისგან სულსა?!” (ქალი)
“-ხსნა ყველგან არის, ხოლო გზა ხსნისა
ასეთი მერგო მე – უბედურსა”. (ბერი)

სწორედაც რომ, ხსნა ყველგან არის, სადაც ადამიანი თავის ჭეშმარიტ მისიას, თავის ადამიანობას, ამ უდიდეს მოვალეობას, მაღალი სინდისისა და კაცთმოყვარეობის კარნახით ემსახურება.

ამიტომ არიან ვაჟას “უცხონებელი” გმირები უფრო ახლობელნი, ვიდრე ერთი ერისა და ერთი ეკლესიის შვილები, რომელთაც თავიანთი მაღალი მისია დაუვიწყებიათ და მხოლოდ ფორმალური, გახევებული ტრადიციით იბრძვიან იმის წინააღმდეგ, რაც ხმელ ხესაც კი ანედლებს – ანუ, მართალი სამართლის წინააღმდეგ.

მაგრამ ვაჟას თუ ილიას მსოფლხედვა, მათი ჰუმანიზმი, მაინც მომავლის საზოგადოების, პროგრესული ადამიანებისგან შედგენილი საზოგადოებისთვის იქნება მისაღები და არა – ვიწრო ჩარჩოებში, დამცრობილ-დაპატარავებული ქრისტიანობით მოვაჭრე საზოგადოებისა, რომელსაც თავისი სიპატარავით სურს იმის ახსნა-განმარტება, რაც თავისთავად არის უკიდეგანო და უსაზღვრო, თავისი არსით არის საყოველთაო და ყოვლისმომცველი. ასეთი ქრისტიანობა სჭირდება მომავლის კაცობრიობას, რომელმაც უნდა შეარიგოს, არკი დააშოროს და დააცალკევოს ფორმალური, გარეგანი ნიშნით დაცალკევებული საზოგადოებები. ამის დემონსტრაციაა სამთა ღამეული შეხვედრები “სტუმარ-მასპინძლის” ფინალში და გველის მიერ ლუხუმის განკურნება “ბახტრიონში”, იქ, სადაც ყველა ფორმალობა და კლიშე დაძლეულია და სადაც ნამდვილ ადამიანებს – სხვადასხვა ერისა და რწმენის შვილებს – და არსებებს, რომელთაც, ყველა წესით და რიგით, ერთმანეთთან არ მიესვლებათ – ადამიანსა და გველს – მაინც აერთიანებთ ზოგადი სიკეთე. ამ სიკეთისა და ერთურთის დანდობის წყალობით კი შესაძლებელი ხდება სანატრელი ჰარმონიის, ჭეშმარიტი ღვთაებრივი მიზნის მიღწევა. ყველა სხვა გზა და ბილიკი მხოლოდ ანგრევს, ხლეჩს და აპირისპირებს მათ, რომელთა დაპირისპირება ცოდვა და დანაშაულია.

და მაინც, ყველაზე უკეთესი გზა რომელია საკუთარი, ინდივიდუალური იდეალების გამოსახატავად?! რა თქმა უნდა, ის გზა, რომელსაც აირჩევ, რომელზეც დგახარ (შეგნებულსა და ჩამოყალიბებულ პერსონებზე ვწერ, რა თქმა უნდა). ერთია, რომ პატივს სცემს სხვათა არჩევანს, მაგრამ საქმე, რომელსაც ემსახურება საზოგადო მოღვაწე, ნათლად გვაჩვენებს, რომ მისთვის უმთავრესი საშუალება თავისი მისიის აღსასრულებლად სწორედ ამ გზაზე წარმოუდგენია. ამიტომაც ამბობს განდეგილში, ისევ ბერის პირით – “ხსნა ყველგან არის”.

თუ რამე აფერხებს და აკნინებს ადამიანის სულიერ განვითარებას, ჩაკეტილობა, რეტროგრადობა, ვიწრო აზროვნება და მხოლოდ “საკუთარ ბოსტანში” ძრომიალია. მოგეხსენებათ, ჩაკეტილი საზოგადოებები სექტების სახელით არის ცნობილი, ხოლო სექტანტური აზროვნება ნიშნავს – ერთადერთ ჭეშმარიტებად მხოლოდ იმ გზის აღიარება, რომელზეც დგახარ, რომელსაც მხოლოდ შენი საზოგადოების წევრები მისდევენ. ამგვარ მოძღვრებებს რა შეუძლიათ, არაერთხელ გავმხდარვართ მოწმენი – ერთმა ამგვარმა ჯგუფმა იმდენად დაიჯერა თავისი შესაძლებლობების, რომ გაფრენა გადაწყვიტა და ცხვირ-პირი დაიმტვრია, თუმცა, “ზურგზე არ დაცემულან”, ამ დაცემის მიზეზს “მიაგნეს” – გადმოხტომა დაგვაგვიანდაო. ამგვარი ამბები ერთი შეხედვით სასაცილო ჩანს, თუმცა, თავისი არსით ძალზე დრამატული და დამაფიქრებელია, ბოლოს და ბოლოს, ასეთი ფარისევლური სწავლებების მიღმა ადამიანები დგანან თავიანთი ცხოვრებით. ფანატიზმის მსგავს შემთხვევებს ყველა ორთოდოქსულ რელიგიებში შევხვდებით, ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ეკლესიას ეკუთვნი, თუ გონიერებაც არ გინათებს გზას და თუ ფანატიზმისკენ ხარ მიდრეკილი. თუ ვინმეს და რამეს უხდება გონიერება და აზროვნების სიფათოვე, ისევ ქრისტეს სწავლებას, როგორც ახალ აღთქმას, კაცობრიობის გადასარჩენად დადებულს თავად უფლის მიერ.

კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:
“მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წარვწყდებით,
ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?”
“ხსნა ყველგან არის”…………….
ფრაზის გაგრძელება უკვე განდეგილის მიერ საკუთარი ტრაგედიის უნებური დადასტურებაა.

და ბოლოს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ილია წმინდანად შერაცხვა იმას ადასტურებს, რომ ეკლესია იღებს, იწყნარებს და წმინდანადაც კი რაცხავს ადამიანს, რომელსაც ე.წ. ორთოდოქსულ-ეკლესიური ცხოვრებით არ უცხოვრია, არამედ, შეგნებული ქრისტიანობით იცხოვრა და მთელი ცხოვრებით დაადასტურა ამ იდეალებისადმი ერთგულება. საბოლოოდ კი მოწამეობრივად აღესრულა, არა, უშუალოდ, ქრისტიანობის დაცვისთვის, არამედ სწორედ ეროვნული იდეალების ერთგულებისათვის. ამ აქტით ეკლესიამ ორგვარი “მესიჯი” დაუტოვა საზოგადოებას – პირველი – რომ ეკლესიის და “სასუფევლის კარი ღიაა” იმ საერო მოღვაწეთათვისაც კი, რომელნიც სქოლასტიკურ ჩარჩოებს და ვიწრობებს თავიანთი “ფართო აღმსარებლობით” არღვევდნენ და მეორე – უფრო მეტი ალბათობით – იგი ისაკუთრებს ილიას და ამიერიდან მთელი მისი მხატვრული შემოქმედება თუ საზოგადოებრივი საქმიანობა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანობის დოგმატიკიდან უნდა შეფასდეს, რაც, თავისთავად ცხადია, მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოში აქცევს მწერლის შემოქმედებას, ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, არათუ მიუღებელი, შეუძლებელიც არის. ილია ჭავჭავაძემ საერო ცხოვრებით იცხოვრა და მისი შემოქმედებაც ყველა ასპექტით კვლევას საჭიროებს.

რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას და ეკლესიისა თუ მრევლის დამოკიდებულებას მისდამი – ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობაა და, ბრძოლაც კი მიდის ვაჟა-ფშაველას, როგორც არა-ჭეშმარიტი ქრისტიანის, არამართლმადიდებელი თუ არადამაკმაყოფილებლად “წესიერი” ქრისტიანის წინააღმდეგ და იმის მიხედვით, შეიწყნარებს თუ არა ეკლესია ვაჟას, როგორც ქრისტიანს, დიდად არის დამოკიდებული არა ვაჟას აღქმა ქართული კრიტიკული აზრის მიერ, არამედ – ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი თავისუფლება და მასშტაბები. რადგან დღეს ჩვენი ეკლესიის წინაშე დგას სერიოზული, ლამის, სექტანტური ფანატიზმის დონემდე დაშვებული საფრთხე, ამიტომ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა გადაარჩინოს ნამდვილი, საყოველთაო, “კათოლიკე” ქრისტიანობა, ის ქრისტიანობა, რომელიც ქართველებს ისტორიაში გვამართლებს და რომელმაც რვა საუკუნის წინ შეაძლებინა ქართველ მწერალს, უმაღლესი გაგების ქრისტიანული პოემა დაეწერა, რომლის სიმაღლეს მხოლოდ ვაჟა თუ უსწორებს თვალს უკანასკნელი ორი საუკუნის ქართულ მწერლობაში.

მიზეზ-შედეგობრივი  კავშირების  ფორმირება  ისტორიის გაკვეთილზე                                                                                                      

0

 

ისტორიის სწავლების ძირითადი მიზანი მოსწავლეთა პიროვნული განვითარებაა. ამ გზაზე მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ცოდნა უდავოდ დაეხმარება მოსწავლეს პიროვნული სრულყოფისთვის, რადგან მოვლენების ამგვარი შესწავლა ფაქტების მშრალი გროვა და პასიური ცოდნა კი არა, არამედ აზროვნების მაღალი დონეების განვითარებაა. ის ადამიანს ცხოვრებისეული სიტუციების გაანალიზებასა და სასურველი შედეგის მიღებაში ეხმარება.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გულისხმობს  კავშირს  ცალკე აღებულ ერთ მოვლენას,  ანუ  მიზეზს და, მეორე მხრივ, სხვა მოვლენას შორის, რომელიც წინა მოვლენის შედეგად მიიჩნევა. ეს უკურეაქციაა, გარკვეული კანონზომიერება, რადგან  მიზეზის არსებობა აუცილებლად მოიაზრებს შედეგის დადგომასაც, ხოლო იმ უნარის გამომუშავება, რომელიც ასეთი კავშირების დადგენაში  დაეხმარება მოსწავლეს, ძალიან მნიშვნელოვანია.

უპირველესად მიზეზისა და შედეგის დადგენაში მოსწავლეს ეხმარება თავად შეკითხვა, მისი არსის  გაგება და კითხვაზე პასუხის სწორად გაცემა. მაგრამ კითხვაზე პასუხისათვის აუცილებელია მთელი რიგი მოქმედებების შესრულება, რომლისთვისაც მოსწავლეს მინიმალური ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეს. ამიტომ როდესაც მოსწავლეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაში ვავარჯიშებთ, მას უნდა მივცეთ ისეთი დავალებები, რომლის შესრულებისთვის ცოდნის მინიმუმია საკმარისი. შესაბამისად, საწყის ეტაპზე ცოდნის მინიმუმის, ანუ მიკროცოდნის საფუძველზე, მოსწავლე აითვისებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებისთვის საჭირო უნარების მინიმუმს, შეიძენს ერთგვარ მიკროუნარს, რასაც შემდგომში ცოდნის ამაღლების პარალელურად  განავითარებს.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასამყარებლად აუცილებელი უნარების მინიმუმი  (მიკროუნარი) გულისხმობს  რამდენიმე ეტაპს:

  • შედეგის გამომწვევი შეკითხვის გამოყოფას;
  •  ანალიზის ობიექტის გამოცალკავებას;
  •   მიღებული ობიექტის აღწერას;
  •  დამატებითი მახასიათებლების (შედეგის) ჩამოთვლას;
  •   შეკითხვის ხელახლა ფორმულირებას, საამისოდ საჭირო უნარის  გამომუშავებას.

ანუ იმისათვის, რომ   მოსწავლემ   დაადგინოს  ისტორიული  მოვლენის  გამომწვევი მიზეზი, მნიშვნელოვანია რამდენიმე ნაბიჯის შესრულება:

ნაბიჯი I

  • მოსწავლემ უნდა გაანალიზოს შეკითხვა;
  • დაინახოს  მასში  შედეგზე, ანუ პასუხზე  მინიშნება;
  • მიხვდეს, რომ ისტორიული მოვლენის გამომწვევი მიზეზი ესაა ცვლილება, რომელმაც გარკვეული შედეგი განაპირობა;
  • და რომ  შედეგი ესაა ცვლილება, რომელიც გარკვეულმა  მიზეზებმა განაპირობეს.

მაგალითად: მასწავლებლის დავალება„უპასუხე, რა გახდა XVს-ის დამდეგის საქართველოში პოლიტიკური  და ეკონომიკური  სიძნელეების  გამომწვევი  მიზეზი?“   – მოსწავლე პასუხს მიიღებს შემდეგი ოპერაციების შესრულებით:

) შეკითხვის ანალიზით, რის საფუძველზეც  მიხვდება, რომ XVს-ის დამდეგის საქართველოში  გარკვეულ ცვლილებებს, მოვლენებს ჰქონდა  ადგილი;

) რომ ამ ცვლილებებმა, მოვლენებმა გარკვეული პოლიტიკური  და ეკონომიკური  სიძნელეები  გამოიწვია;

) რომ  ეკონომიკური და პოლიტიკური  სიძნელეები  რაღაც ცვლილებებმა განაპირობა (ანუ ამ პოლიტიკური და ეკონომიკური სიძნელეების  მიზეზი გახდა ცვლილებები);

) რომ  XVს-ის დამდეგის საქართველოში მოხდა ცვლილებები, რომლის მიზეზებმაც   მოიტანა  შედეგი –  ქვეყნის  პოლიტიკური და ეკონომიკური   სიძნელეები.

ნაბიჯი II:  იმისათვის, რომ   მოსწავლემ   დაადგინოს  ისტორიული  მოვლენის  გამომწვევი მიზეზი, მან უნდა დაინახოს შედეგი. 

მაგალითად, იმისათვის  რომ  მოსწავლემ დაინახოს შედეგი – „XVს-ის დამდეგის საქართველოში იყო პოლიტიკური და ეკონომიკური სიძნელეები“  – ამისათვის მან უნდა შეასრულოს რამდენიმე ოპერაცია:

ა)  გამოყოს ანალიზის  ობიექტი (ობიექტი, ანუ ის, რისკენაცაა მიმართული მოქმედება და პასუხობს კითხვაზე „რა?“)  ანუ  (ამ შემთხვევაში) „პოლიტიკური და ეკონომიკური   სიძნელეები“;

ბ)  განსაზღვროს ანალიზის ობიექტის კომპონენტები (შემადგენელი ნაწილები), ანუ ის, რისგანაც შედგება „ობიექტის ანალიზი“ (პოლიტიკა, ეკონომიკა და სიძნელე);

გ) დაწვრილებითი აღწეროს ანალიზის ობიექტის კომპონენტები – ანუ გამოყოს ხარისხობრივი ნიშნები (ეკონომიკა, ანუ იმ საშუალებების ერთობლიობა, რომელსაც იყენებენ ადამიანები საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად; პოლიტიკა ანუ იმ ინსტიტუტების ერთობლიობა, რომლითაც ადამიანები ორგანიზებას უწევენ მათთვის სასურველი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას; სიძნელე ანუ გარკვეული სიმძიმე, რაღაცის არქონა, მიზნის მიუღწევლობა რაღაცის არქონის გამო და ა.შ.);

დ)  დაამყაროს კავშირი ანალიზის ობიექტებს შორის,  ანუ სამივე ცნება გააერთიანოს;

ე)  წაიკითხოს მიღებული შედეგი;

ვ) იპოვოს დამატებითი პირობები XVს-ის დამდეგის საქართველოს  დახასიათებისთვის;

ზ)  აღწეროს, ჩამოთვალოს, დაასახელოს ეს პირობები, ანუ ის, რომ  XVს-ის დამდეგის საქართველომ  გადაიტანა თემურ-ლენგის გამანადგურებელი ლაშქრობა; გადაიხადეს  მძიმე გადასახადები; მტრისგან დანგრეული მეურნეობის აღდგენას დიდი სახსრები დასჭირდა; საქართველოს საზღვრებთან გაჩნდნენ ახალი, მტრულად განწყობილი   პოლიტიკური სუბიექტები; ქვეყნის ცალკეულ ნაწილებს შორის მოიშალა კავშირები და ა.შ.

ნაბიჯი IIIმოსწავლემ შეძლოს შეკითხვის ხელახლა ფორმულირება, ანუ პერეფორმულირება, რისთვისაც გააერთიანოს „ობიექტი + ობიექტის დაახასიათება“  და ამის  საფუძველზე  შეცვალოს და ჩამოაყალიბოს ახალი შეკითხვა:

„რა გახდა XVს-ის დამდეგის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური სიძნელეების მიზეზი?“

პასუხისთვის მოსწავლემ ისევ რამდენიმე ოპერაცია უნდა შეასრულოს: 

  • ჩამოყალიბებულ შეკითხვაში შეცვალოს ობიექტი ისე, რომ მიიღოს ის, თუ „რა გახდა  მიზეზი სიძნელეებისა –  ქვეყნის ნაწილებს შორის  კავშირების მოშლისა, ახალი მეზობელი სუბიექტების გაჩენისა, მძიმე გადასახადების გადახდისა, მტრის თავდასხმებისა – რის გამოც XVს-ის დამდეგის საქართველოში რთული  ვითარება შეიქმნა.
  • ახალ შეკითხვაში შემოიტანოს დამატებითი  პირობა, ანუ ის, რაც მოხდა –  „რამ გამოიწვია სიძნელეები (ქვეყნის ნაწილებს შორის კავშირების  მოშლამ, ახალი მეზობელი სუბიექტების გაჩენამ, მტრის თავდასხმებმა, მძიმე გადასახადების გადახდამ),  თუ   ეს ყველაფერი საქართველოში XV ს-ის დამდეგს  მოხდა?“
  •  გააკეთოს  დასკვნები და უპასუხოს შეკითხვას: „XVს-ის დამდეგის საქართველოში რა გახდა პოლიტიკური და ეკონომიკური სიძნელეების მიზეზი?“ – პასუხი: „XV ს-ის დამდეგის საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური სიძნელეების მიზეზი გახდა  ქვეყნის ნაწილებს შორის  კავშირების  მოშლა, მტრის თავდასხმები, მძიმე გადასახადები,  ახალი მეზობელი მტრულად განწყობილი  პოლიტიკური სუბიექტების გაჩენა, დიდი სახსრების გაღება მტრისგან დანგრეული მეურნეობის აღდგენისთვის“.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დავალებების შეფასებისას მასწავლებელი, სავარაუდოდ,  შეაფასებს მოსწავლის  მინიმუმ-უნარს (მიკროუნარს):

  • შეკითხვაში შედეგის გამოყოფას;
  • შედეგში ანალიზის ობიექტის გამოყოფას;
  • შედეგის შედეგად გამოცალკავებული ობიექტის აღწერას;
  • დამატებითი მახასიათებლების გამოყოფას, რომლებიც შეიცავენ შედეგებს;
  • შეკითხვის ხელახალ ფორმულირებას.

თუ მოსწავლე შეასრულებს დავალებას, მასწავლებელს შეუძლია რეფლექსიისათვის მოსწავლეს ახალი შეკითხვები დაუსვას,  რომელიც დაახლოებით ასეთი ტიპის  იქნება:

  • რა სახის მოქმედებები შეასრულე?
  • რა გზით გაეცი პასუხი შეკითხვას?

მოსწავლის პასუხის საფუძველზე მასწავლებელს შეუძლია გააკეთოს დასკვნა, მართლაც შეძლო თუ არა მოსწავლემ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება, უნარისა და ცოდნის შეერთება, თუ მიღებული პასუხი მხოლოდ სასწავლო მასალის სრულად ფლობის საფუძველზე გააკეთა?

მასწავლებლის ამოცანაა, შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები  ყოველი ისტორიული მოვლენის მიზეზს იპოვნიან. ასეთი სამუშაოს უზრუნველსაყოფად მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეები ამუშაოს ჯგუფებში და წყვილებში, რათა მოსწავლეებისათვის უფრო სახალისო და საინტერესო იყოს გაკვეთილი და ახალი მეთოდების ათვისება.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირის უნარის გამომუშავება მოსწავლეებში მიღწეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლე ყველა დავალებას სწორად შეასრულებს. თუ მოსწავლე ამას ვერ შეძლებს, უნდა დავადგინოთ სიძნელის მიზეზი; დავალებები  მივცეთ იმ  მინიმუმი უნარის, მიკროუნარის გათვალისწინებით, რომელიც მას აღმოაჩნდა და უკეთესი შედეგების მისაღებად, მოსწავლის  ცოდნის, უნარისა და განწყობილების  შესაბამისად  უნდა მოხდეს სწავლების ორიგანიზება.

ორი ზღაპარი დიდებისა და პატარებისთვის

0

ერთ დღეს გადავწყვიტე, ჩემი პატარა ბიჭის ნახატები გამეზღაპრებინა. ეს მეთოდი, ნახატების ამეტყველების, გაკვეთილზეც მშვენივრად გამოგადგებათ, მოსწავლესა და მასწავლებელს ან მოსწავლეებს შორის ურთიერთობის დამყარების შესანიშნავი საშუალებაა. ჰოდა, თქვენც სცადეთ, მანამდე კი ნახეთ, რა გამოგვივიდა მე და გიორგის.

  1. დიდი ხელმწიფის და პატარა სასახლის ამბავი

zg1

 

იყო და არა იყო რა… ალბათ უფრო იყო, ვიდრე არ იყო, რაკი ერთმა პატარა ბიჭმა დახატა.

ჰოდა, იყო ერთი დიდი ხელმწიფე. რატომ იყო დიდი, თვითონაც ვერ გიპასუხებდათ, მაგრამ მას მერე, რაც ასწავლეს, რომ არსებობს დიდი და პატარა, გადაწყვიტა, დიდად ყოფნა ჯობიაო.

ნამდვილი ხელმწიფე იყო – ოქროს გვირგვინით, რომელიც მზის შუქზე ბრდღვიალებდა და ბრდღვიალებდა, ალისფერი მოსასხამით, უფრო სწორად, ძოწეულით, რომელიც მკერავმა ბიზანტიისა და შორეული აღმოსავლეთის ხელმწიფეების სამოსის თარგის მიხედვით შეუკერა და შავი, პრიალა ფეხსაცმელებით. (აი, ისეთი, დედას ბანკში ანდაც გამგეობაში რომ შეჰყვები და კაცებს რომ აცვიათ, ზემოთ ახედვაც არ გჭირდება, ზუსტად იცი, ჰალსტუხი როგორი ფერისა ექნებათ). ეს ფეხსაცმელები ისე პრიალებდა, მეფეს მასში ჩახედვა და გვერდზე ჩამოცურებული გვირგვინის გასწორებაც კი შეეძლო.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა ხელმწიფეს, მასაც ჰქონდა ოქროთი მოგუმბათებული დიდებული სასახლე. ოღონდაც სასახლე ისეთი პატარა იყო, ხელმწიფეს კისრამდე ძლივს სწვდებოდა.

ძალიან დარდობდა ხელმწიფე – ცალი თვალით მაინც შემაჭვრიტა ან ჩემი ტახტი როგორია, ან მამაჩემის დანატოვარი განძი როგორაა შენახული, სხვა თუ არაფერი, სასახლეში როგორი სამზარეულო მაქვს, დანა-ჩანგალი ვერცხლისაა თუ ჩვეულებრივიო, მაგრამ ვერაფერიც… სასახლის ხავერდის ფარდები სულ ჩამოფარებული იყო, საკვამურიდან ვერ ჩაიჭყიტებდი, კარიდან კი, დიდი, დიდი, დერეფანი და კედლებზე ჩამოკიდებული მეფეების სურათები დაგენახა – ისიც ისეთი პატარა, ვინ რომელი მეფე იყო, ვერ გაარჩევდი.

ერთ დღესაც დადარდიანებული მეფე, რომელიღაც კანონზე მუშაობდა, თვალი სასახლისკენ გაექცა და დაინახა, ორი თაგვი როგორ გამოცუნცულდა სასახლის პაწაწინა კარიბჭიდან, მოცუნცულებდნენ და რაღაცაზე ჩხუბობდნენ. მეფე გაისუსა და ყური დაუგდო:

მოზრდილი თაგვი უფრო პატარას ეჩხუბებოდა:

– რით ვერ ისწავლე, რომ საჭმელი მაგიდასთან უნდა ჭამო და არა იმ ხავერდის  სამეფო ტახტზე. დაყრი ამ ნამცეცებს, დაასხამ ამ ფაფას. ეს ხავერდი კიდევ ისე ცუდად იწმინდება, მეფის ტახტია თუ ფეთხუმი ვირთხის, ვერ გაიგებ!

გაეცინა ხელმწიფეს, მეზობელი ქვეყნის მეფემ რომ გაიგოს, ჩემს ტახტზე პატარა წრუწუნა საუზმობს, მეორე დღესვე ყველა ხელშეკრულებას გააუქმებსო. გადაწყვიტა, ეს მისი სამხედრო საიდუმლოება ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ეს პირველი მნიშვნელოვანი სამხედრო საიდუმლოება იყო, რომელიც საერთოდ ჰქონდა მის პატარა ქვეყანას.

კმაყოფილი ხელმწიფე სასახლის წინ, მწვანე მოლზე წამოწვა და დიდხანს, დიდხანს, მზის ჩასვლამდე უყურებდა, როგორ თამაშობდნენ მზის ოქროსფერი სხივები მისი პატარა სასახლის ქონგურებზე.

საერთოდ, ზღაპრები სხვანაირად მთავრდება, მაგრამ ეს ერთი ასე დამთავრდეს, ჩვენი ნება არაა?

 

 

ფერი ყველაფერია თუ არა?

 

zg2

ხომ შეიძლება ერთი ზღაპარი ამ „იყო და არა იყო რა“-ს გარეშე დავიწყო? მით უმეტეს, რომ ყველაფერი ნამდვილია, რასაც პატარა ბავშვები ხატავენ.

ჰოდა, ერთ ქუჩაზე რამდენიმე ლამაზი სახლი ცხოვრობდა.

არ დამიწყო ახლა, სახლები როგორ ცხოვრობდნენო, უსულოები არიანო, გეგონოს! დიახაც ცხოვრობდნენ, დილაობით ყავის ნაცვლად სუფთა ჰაერსაც სვამდნენ (ზოგჯერ მწარე გამონაბოლქვსაც), ღრუბლების ჩრდილსაც ეფარებოდნენ, მზესაც ეფიცხებოდნენ, გვერდით მდგარი ერთადერთი ხის ფოთლების შრიალსაც უსმენდნენ და იმასაც უყურებდნენ, თანდათანობით, შემოდგომის მოსვლასთან ერთად როგორ ოქროსფერდებოდა გაზონებზე ბალახი.

სიმართლე გითხრა, სახლები დიდი ჭორიკანა ვინმეები გახლდნენ, გადმოფენდნენ სარეცხ თოკებზე გასაშრობ სარეცხს და ამბებს – ვის ვინ როგორ უყვარდა, როგორ სწავლობდა პატარა ბიჭი, როგორი ლექსები უყვარდა პატარა გოგოს, როგორ წვნიანს აკეთებდა ბებია… სხვა ქუჩების ამბებსაც ჰყვებოდნენ – იმ ქალაქში სახლების გარდა, ქარიც და ჩიტებიც ჭორიკნები იყვნენ და ამბები გაჰქონდათ და გამოჰქონდათ.

ერთ დღესაც ქუჩის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, სახლები გადაეღებათ, იყიდეს ფერად-ფერადი საღებავები და საქმესაც შეუდგნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ზუსტად ვერ გათვალეს საღებავის რაოდენობა და ერთი სახლი შეუღებავი დარჩა. დარჩა და დაე, დარჩესო – დაეზარათ საღებავის საყიდლად წასვლა, ადამიანებს ხომ ასე უყვართ დაუმთავრებელი საქმეები….

მეორე დილას, სახლებმა გაიღვიძეს თუ არა, ერთმანეთი შეათვალიერეს, მოეწონათ ახალი, მბზინვარე ფერები… ბოლოს, იმ ერთ სახლსაც შეავლეს თვალი, შეუღებავი რომ დარჩა და მორცხვად, ნაღვლიანად ახამხამებდა ფანჯრებზე ფარდებს… შეხედეს და არ მოეწონათ, არ მოეწონათ და დასცინეს, ძველი სამოსი გაცვია, სულ მთლად გახუნებული, მოდიდან გამოსული,  შარშანწინ რომ კაჭკაჭმა დაგასკლინტა, ისიც გეტყობაო… რაღაცნაირი, არარესპექტაბელური ხარო (გრძელი სიტყვაა ხო? მაგრამ ჟღერს), შენთან  ლაპარაკი აღარ გვინდაო… არც საღამოს ნისლის სმაზე დაპატიჟეს, არც დილის რიჟრაჟის დასაგემოვნებლად….

მოიწყინა საბრალო, თეთრმა სახლმა, სახურავი ნაღვლიანად ჩამოჰკიდა და დარაბებიდან გავიდა ხანი, ჯერ წვიმა მოვიდა, მერე დათოვა, მერე ქარი, ისევ წვიმა, თოვლი – შეღებილ სახლებს სამოსი გაუხუნდათ, აუჭრელდათ, დაუუშნოვდათ, ხელმეორედ შეღებვას კი მათი პატრონები ვინ იცის, როდის მოისურვებდნენ.

თეთრი სახლი კი იდგა ისევ ისე, ფერი არ შეცვლია, უბრალო, თეთრი სამოსი ეცვა…

საღამოს რომ მეზობლებმა ვარსკვლავების ორცხობილებზე ისევ დაპატიჟეს, სახლი რაღაცას მიხვდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, მას ორი კარგი თვისება  ჰქონდა – სახურავი, რომელიც წყალს არ აპარებდა და პატიების საოცარი ნიჭი.

მოკლედ, ალბათ მიხვდი, რისი თქმა მინდოდა, ძველ მეგობარს არანაირი სიახლის თუ წარმატების გამო არ უნდა აწყენინო, ყველაფერს ყავლი გასდის, ყველაფერი ძველდება, მეგობარი კი ყოველთვის შენთან რჩება.

 

 

 

სასწავლო პროექტი პოეზიის სწავლებისათვის

0

მეთერთმეტეკლასელები თერგდალეულთა შემოქმედებას გადიან და ილიას ლექსს „ჩემო კალამო“ და აკაკის „პოეტს“ სწავლობენ.

ორივეგან პოეტის დანიშნულებასა და პასუხისმგებლობაზეა საუბარი. თავისთავად ცხადია, ქართულის მასწავლებლისთვის არ არის რთული ამოცანა, ბავშვებს მოუყვეს და დაანახვოს იმდროინდელი სინამდვილე, რომელიც შემოქმედისგან სწორედ ამას, ერის მამობას ითხოვდა.

თუმცა ჩვენი პროგრამები ნაკლებად იძლევა საშუალებას მოსწავლეებმა შედარებით თანამედროვე პოეტთა განცდებსა და შეხედულებებსაც მიადევნონ თვალი.  რაიმე ერთი კუთხით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოეზიასთან, მის აღქმასთან და პოეტის დანიშნულებასთან დაკავშირებით, საერთო სურათის წარმოდგენა, პარალელების გავლება, აზროვნებისა და დამოკიდებულებების ცვლილება ეპოქის ცვლილებასთან ერთად, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მეთერთმეტეკლასელებისათვის და მათ პოეზიაში აზროვნების უნარ-ჩვევებსაც აუმაღლებს და საკუთარ სააზროვნო სივრცესაც მისცემს. ეს კი ყველაზე მეტად ხიბლავთ მოზარდებს და გულწრფელ ინტერესს აღუძრავთ.

ამ წერილში შემოგთავაზებთ პოეზიასთან და პოეტებთან დაკავშირებული პროექტის გეგმას, რომელიც, ვფიქრობ, საინტერესო და ბევრის მომცემი იქნება მოსწავლეებისათვის.

პროექტის ფარგლებში კლასი შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად და თითოეული ჯგუფის წევრებს დაევალოთ კონკრეტულ პოეტსა და პერიოდზე, ასევე ამ პოეტის  კონკრეტულ ლექსზე მცირე კვლევის ჩატარება.

ჩემ მიერ შერჩეული პოეტებისა და მათი ლექსების სია ასე გამოიყურება:

ნიკო სამადაშვილი _ „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით )“

შოთა ჩანტლაძე _ „მანიფესტი“

ბესიკ ხარანაული _ „სიტყვების უქონლობის გამო“

შოთა იათაშვილი _ „მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი“

 ჩემ მიერ შემოთავაზებულ პროექტში არ არიან ცისფერყანწელები და გალაკტიონ ტაბიძე, რადგან მათი შემოქმედება ისედაც შედის სასწავლო პროგრამებში, თუმცა პედაგოგს, რა თქმა უნდა შეუძლია, საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვალოს და შეადგინოს თავისი გეგმა და მან უფრო ამომწურავად მოიცვას მთელი მეოცე საუკუნე, მე უბრალოდ შევეცდები ჩემეული მოდელის ჩვენებას.

ნიკო სამადაშვილი _ „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით)

ამ პოეტის შემოქმედების გასაცნობად ჯგუფის წევრებს შეიძლება დაევალოთ:

  1. პოეტის ბიოგრაფია
  2. თამაზ ჩხენკელის წერილი „ ნიკო სამადაშვილი“
  3. ზურაბ კიკნაძის წერილი „მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი“
  4. პროექტის ფარგლებში შეთავაზებული ლექსი „ ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით) „
  5. პოეტის შემოქმედების რამდენიმე ნიმუში.

კვლევის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა უნდა დაინახონ მოცემული ეპოქის გავლენა ადამიანისა და პოეტის ცხოვრებაზე, პოეტის დამოკიდებულება პოეზიასთან და საკუთარ ლექსებთან მაშინ, როდესაც ის არათუ ერის მამა არ არის, არამედ გამოქვეყნების საშუალებაც კი არა აქვს, შემოქმედის ინდივიდუალური სტილი.

შოთა ჩანტლაძე _ „მანიფესტი“

ჯგუფის წევრებს დაევალოთ:

  1. მოიძიონ და გაიღრმავონ ცოდნა ვერლიბრის შესახებ
  2. შოთა ჩანტლაძის ბიოგრაფია
  3. ინტერვიუ მაია ჯალიაშვილთან _ „მე მინდა სიცოცხლე“
  4. შოთა ჩანტლაძე _ „მანიფესტი“
  5. შოთა ჩანტლაძის პოეზიის ნიმუშები

კვლევის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა უნდა შეძლონ, დაინახონ პოეტი, რომელიც თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით არ ჩაეწერა საბჭოთა პოეტის საერთო სურათში, რამაც ერთი მხრივ, მას მისცა შემოქმედებითი თავისუფლების, განუმეორებელი ინდივიდუალიზმის საშუალება, მეორე მხრივ, მან, როგორც შემოქმედმა გავლენა ვერ იქონია შემდგომ ლიტერატურულ პროცესებზე, რადგან საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ის ისე გარდაიცვალა, საკუთარ წიგნს არ მოსწრებია. მოსწავლეებმა „მანიფესტის“ განხილვისას უნდა შეძლონ, გაიაზრონ 60-იანი წლების არაფორმალი პოეტის ირონიისა და პროტესტის, მაქსიმალურად მშრალი სტილის მიზეზები და სათქმელი.

ბესიკ ხარანაული _ „სიტყვების უქონლობის გამო“

ჯგუფის წევრებს დაევალოთ:

  1. ბესიკ ხარანაულის ბიოგრაფია
  2. ნაირა გელაშვილი _ „ბესიკ ხარანაულის პოეზია“ (წერილი პირველი)
  3. გაეცნონ ბესიკ ხარანაულის პოეზიის სხვა ნიმუშებსაც, გაიხსენონ თავიანთ სახელმძღვანელოებში შეტანილი ლექსები, (სასურველია, წაიკითხონ პოემა „მიკარნახე ანგელინას“ მეორე თავი)
  4. „სიტყვების უქონლობის გამო“

ჯგუფის წევრებმა კვლევის ფარგლებში უნდა შეძლონ, დაინახონ თანამედროვე პოეტის აღქმა და პასუხისმგებლობა პოეზიისადმი, განსაზღვრონ, ლექსის თემატიკა, რომ აქ მეორე ტრაგიკული ხაზიცაა, დედასთან, სამყაროსთან მიმართებაში. (ამაში ნაირა გელაშვილის წერილიც დაეხმარებათ)

შოთა იათაშვილი _ „ მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი“

პროექტის ფარგლებში შეისწავლონ:

  1. პოეტის ბიოგრაფია
  2. საქართველოს უახლეს ისტორია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
  3. ეკა ქევანიშვილი _ „შოთას პოეტური გამოცდილების სიმწარე“
  4. შოთა იათაშვილი _ „მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი“

ჯგუფის წევრებმა უნდა გაიაზრონ გასული საუკუნის დასასრულის კრიზისი და მისი გავლენა პოეზიაზე, შეძლონ, განსაზღვრონ თანამედროვეობის გამოწვევები არა მხოლოდ სათქმელის, არამედ ფორმობრივი, გამოხატვის კუთხითაც.

ზემოთ მოყვანილი მასალები ადვილად მოსაძიებელია ინტერნეტ სივრცეში. სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით პედაგოგსა და მოსწავლეებს შეუძლიათ გააფართოვონ ან შეამცირონ კვლევის მოცულობა.

მას შემდეგ, რაც თითოეული ჯგუფის თითოეული წევრი შეასრულებს დაკისრებულ დავალებას, მათ ჯერ საკუთარი ჯგუფის წევრებს უნდა გააცნონ კვლევის შედეგები, რის შემდეგაც ჯგუფი მზად იქნება პრეზენტაციით წარდგეს კლასის წინაშე.

       თუკი კლასში საშუალება არის (პროექტორი, დიდი ეკრანი) სასურველია მოიძიონ და მოიტანონ ფოტო და ვიდეო მასალაც.  სამწუხაროდ, ნიკო სამადაშვილისა შოთა ჩანტლაძის არც ვიდეო და არც აუდიო ჩანაწერი არ დარჩენილა, მაგრამ რაც შეეხება თანამედროვე პოეტებს _ ბესიკ ხარანაულსა და შოთა იათაშვილს, მათი აუდიო და ვიდეო მასალები ინტერნეტ სივრცეში ადვილად ხელმისაწვდომია.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს მოუწევთ ერთამანეთთან მჭიდრო ურთიერთობა, რაც მათ თანამშრომლურ უნარებსა და ჯგუფური სამუშაოსთვის საჭირო ჩვევებს განავითარებს.

ჯგუფის წევრებთან თუ კლასთან საკუთარი კვლევის წარდგინებისას მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, აიმაღლონ აუდიტორიასთან ურთიერთობის, პრეზენტაციის უნარები.

მოცემული მასალები საშუალებას მისცემთ თუნდაც ფრაგმენტული წარმოდგენა შეექმნათ მეოცე საუკუნეზე და ამ პერიოდში მომხდარ კულტურულ ცვლილებებზე, რაც პოეზიაში და პოეტების საკუთარ შემოქმედებასთან დამოკიდებულებაშიც აისახა.

პროექტის დასასრულს შეიძლება მოეწყოს დისკუსია, სასურველია, დისკუსიისას ოთხივე ლექსი (ელექტრონული ან ამობეჭდილი ) ხელმისაწვდომი იყოს ყველა მონაწილისათვის.

პედაგოგს შეუძლია წინასწარ დაავალოს, გაიხსენონ ქართული პოეზიის გზა რუსთაველიდან („შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი“) ან გაუფრთხილებლად მიმართოს მათი ყურადღება პოეზიის სათავეებთან და დისკუსიის სივრცე მოულოდნელად გააფართოვოს.

გარეგანი მოტივაციისათვის, შესაძლებელია,  პედაგოგმა თითოეული ჯგუფის კვლევა შეაფასოს,

ან მისცეს რაიმე სახის  კონკურსის სახე.

ვფიქრობ, მსგავსი ტიპის პროექტები არა მხოლოდ იმ სიცარიელეს შეავსებს, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის სწავლებისას გვაქვს, არამედ დაეხმარება ჩვენს მოზარდებს, ისწავლონ აზროვნება ერთიან ლიტერატურულ სივრცეში და ნაწარმოების, პოეტის, ეპოქის ერთმანეთთან დაკავშირება, აღქმა, ანალიზი შეიძლონ.

სხვა ბერლინი

0

არსებობს სხვა ქალაქის სიყვარული, ისეთი მძაფრი, შენს ქალაქში დგახარ და გული გიჩერდება, კუჭთან პეპლებს გრძნობ და სუნთქვა გიჭირს. ისეთი ხორციელია ეს სიყვარული, ისეთი ხანგრძლივი და მუდმივიც კი, რომ არ წახვიდე, მოგადგება ყასაბივით და მთელი ცხოვრების განმავლობაში უმოწყალოდ დაგჩეხავს, მერე გულმოდგინედ გაგანაწილებს: იქით ქონი, აქეთ ხორცი, მჭლე. მერე იტყვიან, რომ არაპატრიოტული საქციელია, რომ არავის შეეფერება სხვა ქალაქის ასეთი სიყვარული და წასვლა მით უმეტეს. ეს ისეთი უხერხულია, როგორც შენი ვეგეტარიანული შიმშილი რომელიმე ხორციან სუფრაზე.

მაგრამ როგორ შეიძლება, სიყვარული იყოს ასეთი უხერხული?! წასვლა მით უმეტეს: ამას, როგორც წესი, ასე ადვილად არ გპატიობენ, მიწა- წყლისას, მამულისას შეგახსენებენ და ბევრჯერ გისაყვედურებენ შენს უკანონო სიყვარულს, შენს არალეგალურ საქციელს. მერე შენზე დიდხანს ილაპარაკებენ ისე, როგორც ქალზე, რომელმაც შვილები და ოჯახი მიატოვა და სხვა კაცთან გაიქცა.

არადა, უწყინარია ჩვენი სიყვარული.

პირველად ჩემი მეგობარი წავიდა. მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი, ის უარაფროდ წამოვიდა ჩვენი ბავშვობის სიყვარულში, მე ჩემი ყველაფრით თბილისში დავრჩი.

ჰო, ეს პოსტდამერ პლატცია, ბერლინი. ვდგავარ და გვერდით უზარმაზარი შენობები მიდგას, ცოტათი ნიუ იორკშიც ვარ, უფრო მეტად- ბერლინში.  ხმაურია, სიმაღლე და სიცივე.

ახლა, როცა ჩემს მეგობართან ერთად აქ, ამ ქალაქში ვდგავარ, გვერდით კი  ამხელა შენობები ამოგვიდგნენ,  ვხედავ:

სხვა ქალაქებს და სხვა ქვეყნებს. სხვების სამშობლოებს და ჩემსას. ყველა ისეთი არაჩვეულებრივია, სრულიად შესაძლებელია, ჩახვიდე და უკან აღარ დაბრუნდე. სრულიად შესაძლებელია, სხვა მიწა ისე ბუნებრივად გახდეს შენი, როგორც თმა, რომელიც საუკუნის წინ გადაიღებე  და ახლა  შენი ბუნებრივი ფერი დაგავიწყდა. და ეს ღალატი, აბა რაღა თქმა უნდა, რომ არ არის.

სამშობლო მოცემულობაა, ამ სიტყვის ყველაზე კეთილი, ემოციური გაგებით. ის ხანდახან არ გენატრება, რა დაუნდობლადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეა. თანდაყოლილი რამეა, ხშირად ვერ მოგენატრება. მაგრამ თუ მოგენატრა, ერთი დიდი სევდაა.

ასეთი მონატრებებისას დედაჩემის მომზადებული ყავის და კარტოფილის ღვეზელის სუნი მცემს ხოლმე. ვხედავ, ჩვენი უზარმაზარი ფანჯრებიდან ზამთრის მზე გადმოდის, წყალივით იღვრება, ოთახს პირთამდე ავსებს. ალბათ შაბათია. ჭრიალებს ჩვენი ძველი იატაკი, დედაჩემი დედურად, ფეხაკრეფით დადის, ეს კი მაინც ჭრიალებს. ეს მენატრება ხოლმე, ეს მახსენდება, ეს აუღელვებელი სიმშვიდე, ეს უარაფრო და უანგარო სიყვარული, ეს სიღარიბე და ეს სიმდიდრე.

რამდენი ხანია არ მიფიქრია სამშობლოს რაობასა და მისი ქონის აუცილებლობაზე. ბავშვობაში ძალით გვაფიქრებდნენ ხოლმე და ხანდახან ჩვენ, ბავშვები, დროებით ვიძულებდით ამ აუცილებლად შესაყვარებელ სივრცეს, ამ მიწას და გაუბედავად ვამბობდით, რომ სამშობლო მგონი ისაა, სადაც გავიზარდეთ და რომ კი, გვიყვარს და რომ არ ვიცით როგორ გვიყვარს და რომ კი, მის წინაშე პასუხისმგებლობები გვაქვს, რომ ჰო, შესაძლოა, ცოტაოდენი ვალიც, რომ კი, ის თავდადებას მოითხოვს, ეს თავდადება ადრე მსხვერპლი იყო, შესაძლოა ახლაც.

მაგრამ იქნებ, უმსხვერპლოდაც შესაძლებელია სიყვარული?!

იქნებ მაშინ, როცა შენი საყვარელი ქალაქის ცენტრში დგახარ და არსაიდან მოსული სევდა კიდევ ერთხელ გაფიქრებინებს, რომ ამ სიყვარულის მიუხედავად მაინც სხვაგან ხარ და სხვა ხარ, საკმარისია ეროვნული იდენტობის, ჩემთვის ხანდახან ასეთი გაუგებარი ტერმინის შეგრძნების, შეგნებისა თუ შენარჩუნებისთვის?!

ნეტა, საერთოდაც, რა არის ეს ეროვნული იდენტობა, ეგ ფანჯარაა, რომლიდანაც ზამთრის მზე იღვრება ხოლმე?!

 ჭრელი წინდა და რამდენიმე რჩევა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის

0

სიყვარულს ორმაგად აბრუნებენ, სხვებზე მეტად თანაუგრძნობენ და უგებენ, უყვართ მშობლები, და-ძმები, სკოლაში სიარული, მასწავლებლები და მეგობრები, დედის მომზადებული კერძები და მამის მოსმენა, კითხვა და მუსიკა, თვალებში ცქერა, მოფერება, წახალისება, შექება… ჭრელი წინდებიც ასევე უყვართ, თუმცა ქრომოსომებს რომ წინდის ფორმა აქვთ, ნაკლებად იციან.

150 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც დანარჩენებისაგან საერთო სახასიათო ნიშნებით  გამორჩეული ბავშვების ჯგუფი პირველად აღწერა და გამოავლინა დაავადება, რომლის საფუძვლად 1959 წელს ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა პირველად მიიჩნია ქრომოსომული ანომალია, როცა ნაცვლად 46 ქრომოსომისა, 21-ე წყვილში გვხვდება დამატებით მესამე ქრომოსომა. სწორედ ამიტომ შეირჩა დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღედ წლის მესამე თვის 21-ე რიცხვი და ეს თარიღი უკვე მეათე წელია, რაც მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

უკვე საზოგადო მოღვაწე და მსახიობი, ჯეისონ კინგსლი პროფესორ მიშელ ლევიტზთან ერთად წიგნში Count Us In—Growing Up With Down Syndrome ‘ჩვენც ჩაგვრთეთ – ზრდა დაუნის სინდრომით’ (Jason KingsleyMitchell Levitz, 2007) ამ მოვლენას სულაც არ მიიჩნევს ნაკლოვანებად და აცხადებს, რომ ეს არის დეფექტი, რომელიც ანელებს ათვისების პროცესს, რაც ტრაგედიად ამაოდ მიგვაჩნია, რადგან თითოეული ბავშვის შემთხვევაში ეს სინდრომი სხვადასხვანაირად ვლინდება, მათ განსხვავებული უნარი და შესაძლებლობები აქვთ. ზოგიერთ მათგანს შეუძლია საკმარისი ცოდნა შეიძინოს, რათა საზოგადოების აქტიური წევრი გახდეს და სრულფასოვნად იცხოვროს.

ყოველწლიურად მსოფლიოში სულ უფრო მეტი დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვი მიდის სკოლაში და თავის და-ძმებთან და მეგობრებთან ერთად ერთობა. თუმცა ჩვენში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა მშობლები, სხვა შვილებისაგან განსხვავებით, ამგვარი ბავშვის ტარებას სპეცსკოლაში ამჯობინებს. მართალია, მათ სწავლა უჭირთ, მაგრამ თანატოლებთან ერთად სასკოლო განათლების მიღება ეხმარებათ, გახდნენ უფრო დამოუკიდებელი, ურთიერთობა ჰქონდეთ ხალხთან და ინტელექტუალურადაც განვითარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ბავშვები ნელა ვითარდებიან, თანატოლებთან შედარებით სხვაობა ასაკის მატებასთან ერთად უფრო შესამჩნევია, ზოგი ექსპერტი მაინც ამჯობინებს მათ ჩვეულებრივ სკოლაში მიყვანას იმ პირობით, თუ იქნება ორმხრივი შეთანხმება მასწავლებლებსა და მშობლებს შორის და თუ სკოლა გაითვალისწინებს დამატებითი მეცადინეობის საათებს, საჭიროების შემთხვევაში ლოგოპედის დახმარებას და სხვ..

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა ის სასწავლო მეთოდები, რომლებსაც დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად იყენებენ. თერაპევტები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვებს საოჯახო საქმეებში მიაღებინონ მონაწილეობა; თამაშებისა და სპეციალური სასწავლო პროგრამების საშუალებით უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარონ. ასეთი პროგრამები, რომლებშიც ბავშვი დაბადებიდან მალევე უნდა ჩავრთოთ, მოიცავს ფიზიოთერაპიას, ლოგოპედიას, დამატებით ყურადღებას და აგრეთვე ბავშვისა და ოჯახის ემოციურ მხარდაჭერას. პროგრესი შესაძლოა ნელა მიმდინარეობდეს. ზოგჯერ იმის გამო, რომ ლაპარაკი უჭირთ, ბავშვები ტირილს იწყებენ ან ცუდ ხასიათზე დგებიან. მიუხედავად ამისა, მშობლებს შეუძლიათ, ასწავლონ მარტივი ჟესტებითა და თვალსაჩინო დამხმარე საშუალებებით აზრის გამოხატვა.

სკოლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ასეთი ტიპის აღსაზრდელს იღებენ, უნდა იცოდნენ, რომ მათთან მუშაობა დიდ დროს, ძალისხმევას, თავის მიძღვნასა და მოთმინებას მოითხოვს. თუმცა მათი ეს შრომა დროთა განმავლობაში დაჯილდოვდება სწავლაში კარგი შედეგითა და დიდი სიყვარულით. ამ ბავშვებს ხომ გარშემომყოფთა დაახლოების თანდაყოლილი ნიჭიც აქვთ და სხვებს მეტ თანაგანცდასა და ემპათიას ასწავლიან. თავადაც მუდამ რაღაც ახალს სწავლობენ და გამოცდილებას იძენენ, რადგან, როგორც წესი, ძალიან კარგი ხანმოკლე მეხსიერება აქვთ. თუმცა სასურველია მათი სასწავლო გარემო კარგად ორგანიზებული იყოს, რადგან ნებისმიერ ხელისშემშლელ ხმაურსა თუ მოვლენაზე იოლად გადაერთვებიან. არ უნდა დავსვათ ისინი ახლოს ფანჯრებთან და კართან ან ისეთ ადგილას საკლასო ოთახში, სადაც ხმაურის აღმოცენების ალბათობა მაღალია. მათი ემოციური თუ ინტელექტუალური განვითარებისთვის კი მუდამ უნდა გვახსოვდეს შემდეგი:

  • ვუყუროთ პირდაპირ სახეში, დავამყაროთ მათთან მხედველობითი კონტაქტი,
  • ვესაუბროთ ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე, მოკლე წინადადებებით, დანაწევრებული ფრაზებით.
  • გამოვიყენოთ სხეულის ენა – ჟესტები, მიმიკები, მინიშნებები.
  • შევანელოთ მეტყველების ტემპი, მივცეთ დრო გააზრებისთვის.
  • ყურადღებით მოვუსმინოთ და ჩვენი ნათქვემის გამეორება ვთხოვოთ.
  • გამოვიყენოთ მულტიმოდალური მიდგომა, ვასწავლოთ სმენით და შეხებით, გამოვიყენოთ წიგნები სხვადასხვა სენსორული ელემენტებით
  • გამოვიყენოთ რაც შეიძლება მეტი კონკრეტული მაგალითი და ყოფითი სიტუაცია სწავლებისათვის.
  • ყოველთვის დავყოთ დავალებები პატარა ეტაპებად და ყოველი ეტაპის წინ უზრუნველვყოთ ბავშვი ახალი ინსტრუქციით.
  • ახალი მასალის მიწოდებისას ვეცადოთ ჩვენი მეტყველების ტემპი იყოს შენელებული, მასალა კარგად სტრუქტურირებული (მარტივიდან – რთულისკენ), მოვლენები –ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული.
  • უმჯობესია, წინასწარ იცოდნენ გაკვეთილის გეგმა, ანუ რას რის შემდეგ აკეთებენ, რათა მზად იყვნენ ცვლილებებისათვის და ახალ დავალებაზე გადართვამ არ გაუფანტოს ყურადღება.
  • მასწავლებლის მკაფიო და მარტივი ინსტრუქციები, ასევე გამოკითხვის ალტერნატიული ფორმები (წერილობითი, კითხვებზე მოკლე პასუხები, სურათებზე მითითება) ეხმარება ბავშვს, აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, ამავდროულად, მასალის ათვისებაში.
  • ქცევის მართვის სტრატეგიები დაუნის სინდრომის ბავშვებისთვის იგივეა, რაც ყველა დანარჩენი ბავშვისთვის. მთავარია, რომ სასურველ ქცევას აუცილებლად მოჰყვეს დადებითი განმტკიცება (შექება, წახალისება, დასაჩუქრება) და, რომ ეს განმამტკიცებელი აუცილებლად მნიშვნელოვანი და ღირებული იყოს ბავშვისთვის.

თავადვე გვირჩევენ: „ნუ დავკარგავთ მოთმინებას!“, რადგან ძლიერ უყვართ სიცოცხლე! ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე ზრუნვა და სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის მომზადება ჩვენი უპირველესი ვალია. ისინი კი ჩვენს იმედებს ყოველთვის გაამართლებენ, რადგანაც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან!

გამოყენებული რესურსები:

  1. ინკლუზიური განათლების გზამკვლევი, თბილისი, 2012.
  2. Kingsley Jason,Levitz Mitchell, Count Us In – Growing Up With Down Syndrome, New York, 2007.
  3. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98

ერთით მეტი ქრომოსომა – ოთხი პორტრეტი

0

თეოდორა

6 წლის, დადის საბავშვო ბაღში. უყვარს მეგობრებთან ერთად თამაში, მონაწილეობს სპექტაკლებში, ვიდეორგოლებში. სექტემბრიდან მიდის სკოლაში. დედა ცდილობს, რომ როგორც სკოლამდელი, ისე საშუალო განათლების პროგრამა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საქართველოში გამართული იყოს და თეოდორამ და მისმა მეგობრებმა თანაბარ პირობებში ისწავლონ.

12476537_1293454780681420_559967928_n

ნინო

ცხოვრობს თიანეთში, მესამეკლასელია. დედა იხსენებს წინააღმდეგობებს, რომელიც პატარა ასაკიდანვე შეხვდათ: იმის შიშით, რომ არ იცოდა საზოგადოება რეგიონში გოგონას როგორ მიიღებდა, ოჯახი არ ურჩევდა მის საჯარო ბაღში მიყვანას. ბაღში არ გამოჰყავდათ სცენაზე ჯგუფელებთან ერთად, მშობლის პროტესტი კი აკვირვებდათ. ახლა დაბაში ნინოს ყველა იცნობს, მისდამი უკვე კეთილგანწყობილი არიან. დადის სკოლაში, უყვარს ქართულისა და ბუნების გაკვეთილები, სახელოვნებო საგნები. შეხვდა ძალიან კარგი მასწავლებელი, რომელიც უწყობს ხელს მის განვითარებას და აქტიურად რთავს საგაკვეთილო აქტივობებში.

ლექსო

ნიჭიერი, 23 წლის თვითნასწავლი მხატვარია. მეამაყება, რომ მისი ფერწერული ნამუშევარი ჩემი სახლის კედელსაც ამშვენებს. მშვიდი და მეგობრულია. სკოლაში ვერ იარა – იმ პერიოდში არ იყო ინკლუზიური სწავლების გამოცდილება, კერძო სკოლებმაც კი ვერ მიიღეს (სხვა მოსწავლეთა მშობლების პროტესტის შიშით). რამდენიმე წელიწადი დღის ცენტრში დადიოდა, პარალელურად ემზადებოდა კერძო მასწავლებლებთან სხვადასხვა საგანში. მეცხრე კლასის ატესტატი აიღო ექსტერნად. ამჟამად ჩაბმულია პროფესიული განათლების პროგრამაში, დადის კოლეჯში და ეუფლება მზარეულის პროფესიას, რომლის დამადასტურებელი სერტიფიკატიც სექტემბერში ექნება. ოცნებობს გახსნას კაფე, რომელსაც საკუთარი ნახატებით მოაწყობს.

12721904_1293454784014753_801241078_n

გიგო

გიგო უკვე ცნობილი ბიჭია. პოპულარული ტელეწამყვანისა და მსახიობის ნიჭს პატარა ასაკიდან ვადევნებდი თვალს – 10 წლისა უკვე ძალიან კარგად პოზიორობდა ფოტოობიექტივთან. 14 წლამდე დადიოდა დღის ცენტრში, საჯარო სკოლაში კი მხოლოდ მეექვსე კლასში მიიღეს, სადაც ყველა საგნის მასწავლებლები მასთან ინდივიდუალური გეგმით დღემდე მუშაობენ. პარალელურად დადიოდა სამსახიობო კურსებზე ცენტრ „აისიში“ და სტუდია „ლურჯა ცხენებში“. ახლა მეთორმეტე კლასშია და იბრძვის ატესტატის ასაღებად, რომლისათვისაც გამოცდები სურს განსხვავებული, მასზე მორგებული წესით ჩააბაროს. აპირებს სწავლის გაგრძელებას თეატრალურზე, მაგრამ არც პროფესიულ სასწავლებელს ამ მიმართულებით და არც თეატრალურ უნივერსიტეტს სსსმ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება არ გააჩნია.

ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესებისა და მიზნების მქონე ამ ოთხ ადამიანს ერთით მეტი ქრომოსომა აერთიანებთ. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები ინკლუზიურ განათლებაში არიან ჩართული და თანატოლებთან ერთად სწავლობენ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საშუალო განათლების ხარისხი პირდაპირ დაკავშირებულია სკოლამდელ განათლებასთან, სადაც არაერთი ხარვეზი გვხვდება. მშობლები ასახელებენ სკოლამდელი განათლების კანონს, საიდანაც მასწავლებელთა გადამზადების აუცილებლობა ამოღებულია. ბაღების მართვის სააგენტოს განცხდებით კი 2015 წელს პროფესიული რესურსის 60% გადამზადდა, დანარჩენი 40% კი წელს აიმაღლებს ცოდნას. სკოლებში დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს, ჩვეულებრივ, არ უჭირთ გაკვეთილზე გაჩერება და საკლასო ყველა აქტივობაში არიან ჩართული. საშუალო განათლების მიღების შემდეგ ისინი პროფესიულ სასწავლებლებში მათთვის საინტერესო პროფესიებს ეუფლებიან და ხანდახან დასაქმებასაც ახერხებენ.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...