პარასკევი, ივნისი 20, 2025
20 ივნისი, პარასკევი, 2025

ლიტერატურის ალქიმია

0

კარგი ლიტერატურა ის არის, რომელიც რაღაცით ჰგავს ცხოვრებას, რა ჟანრიც არ უნდა იყოს, რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს ტექსტს იმ ეპოქასთან, როცა იწერება და საზოგადოებასთან, პრობლემებთან. მეორე უკეთესი ვარიანტი ის არის, რომ ცხოვრება დაემსგავსოს ლიტერატურას, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო რთულია.

მე, ერთ ადამიანსაც კი, ბავშვობაში რომ ვცდილობდი ტომ სოიერს დავმსგავსებოდი, თითქმის არაფერი გამომდიოდა. არადა, მეგობრებიც მყავდა, სახეტიალოც იყო, ჯიბეებიც გამოტენილი მქონდა ათასგვარი გადასაცვლელი ნივთით, მაგრამ მაინც.

ლიტერატურული ტექსტებისა და არსებული რეალობის აცდენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხდება მოსწავლეებისთვის, რომ ტექსტებამდე მივიდნენ, იცოდნენ, გაიგონ, გაიაზრონ და შემდეგ გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია. რათქმაუნდა ყველა ტექსტს აქვს მისი განხილვის რაღაც წინაპირობები, თუ რა უნდა გაითვალისწინო, მაგალითად; ისტორიული კონტექსტი, ლიტერატურული მიმდინარეობა, ავტორის მსოფლმხედველობა და სხვა, მაგრამ მათი დანახვა არასწორად ან ნაკლებად ხდება.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მასწავლებლებმა, კარგი იქნებოდა დავუთმოთ დრო სოციალურ-პოლიტიკური რეალობის ასახვას, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებას მხატვრული ლიტერატურის ახსნის დროს. ჩემს ერთ მოსწავლეს, რომელიც აბსოლიტურად გულგრილად და ნაკლები ინტერესით სწავლობდა ქართულს, ასრულებდა მიცემულ დავალებებს, ერთხელ, ისე რომ არ დამიგეგმავს, ის ისტორიული ვითარება გავაცანი, რაც ტექსტის დაწერის დროს იყო. როგორც მახსოვს, ჰიმნოგრაფიულ ტექსტს ვუხსნიდი. რათქმაუნდა, იქამდეც გვქონდა მსგავსი საუბრები, ავტორის, მისი ბიოგრაფიის, ამათუიმ დროს არსებული რეალობის შესახებ, თუმცა იმჯერად უფრო ვრცლად ვისაუბრეთ. გაკვეთილის ბოლოს მითხრა, რომ დაინტერესდა და მთხოვა, შემდეგ გაკვეთილზეც გაგვეგრძელებინა ასეთი საუბრები. თავდაპირველად შეეტყო მოტივაციის ზრდა, შემდეგ კი უკვე თანდათან ვატყობდი როგორ უკეთ სწავლობდა, წერდა, მსჯელობდა, სხნიდა მოვლენების განვითარების ლოგიკურობას.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში უკვე ფიქრობენ საგნების გაერთიანებაზე. ზუსტად რა ტიპის სწავლება იქნება ეს მე არ ვიცი და არ მგონია თვითონაც გადაწყვეტილი ჰქონდეთ, თუმცა დადებითი კვეთა აუცილებელია ახსნის დროს. ლიტერატურის მასწავლებელმა აუცილებელია, რომ სწავლების პროცესში ისტორია, გეოგრაფია, გეომეტრია, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა ჩართოს, რადგან თვითონ ლიტერატურა ამ ყველაფრისგან შედგება და მოწყვეტა სხვადასხვა ძაფებისგან მხატვრულ ტექსტს ტოვებს სივრცისა და დროის გარეშე, სადაც ვერც გაზომავ რაიმეს, ვერც შეაფასებ და ვერც მიხვალ, მიუახლოვდები. ამიტომ არის დისტანცია მოსწავლეების მხრიდან ჰაგიოგრაფიული, შუა საუკუნეების და თუნდაც ზოგიერთი თანამედროვე ტექსტის მიმართაც კი.

ლიტერატურა ძალიან ჰგავს ალქიმიას, თუმცა თუ ალქიმიკოსებმა ვერ იპოვნეს ნივთიერება, რომელიც უბრალო ლითონის ოქროდ გარდაქმნას დააჩქარებდა, მწერლებმა ნახეს ადამიანის პიროვნებად ქცევის საშუალება, – კარგი ლიტერატურული ნაწარმოები. ჩვენ, მასწავლებლებს ისღა დაგვრჩენია, ცდის ჩატარება დავიწყოთ. ფორმულა სწორია.

მოზარდის სოციალიზაციის სტრატეგიები

0

თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვს სუპერმარკეტში რამდენიმე ნივთის პოვნას დაავალებთ, ის რამდენიმეჯერ გაიმეორებს ჩამონათვალს, რათა უკეთ დაიმახსოვროს. ასეთია ამ ასაკის ბავშვების სტრატეგია. დიახ, ბავშვები პრობლემების მოსაგვარებლად სტრატეგიების დასახვას ადრეული ასაკიდანვე იწყებენ, რათა დავალებას სხვის დაუხმარებლად გაართვან თავი.

სტრატეგიების მეთოდი ბავშვებს ეხმარება მათ წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად მოგვარებაში, სხვადასხვა სიტუაციური სირთულის დაძლევაში და სასწავლო პროგრამის სწრაფად და ხარისხიანად ათვისებაში. მათ სკოლის ასაკიდანვე სჭირდებათ უფროსების გამოცდილებითი მხარდაჭერა სტრატეგიების შემუშავებაში. ვინაიდან ბავშვები დღის უდიდეს ნაწილს სკოლაში ატარებენ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში მასწავლებლების ჩართულობაც.

სოციალურ ჩართულობას ბავშვი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს მშობლებსა და ახლობლებთან ურთიერთობით. მოგვიანებით ამ პროცესში სასკოლო გარემოც ერთვება. ბავშვი იძენს იმ თვისებებსა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდგომ სხვა ადმიანებთან ურთიერთობაში უნდა დაეხმაროს, უზრუნველყოს მისი პიროვნების ფორმირება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება.

ვიგოტსკის მიხედვით, დასწავლა გაშინაგნების გზით ხდება. ბავშვები დაისწავლიან იმ უნარებსა და ჩვევებს, რომლებსაც გარშემო ხედავენ.

სოციალიზაციის პროცესში მონაწილეობს ოთხი მექანიზმი:

  • იმიტაცია. ეს წამყვანი ფაქტორია ბავშვის სოციალიზაციის პროცესში და მის მიერ სხვისი ქცევის მოდელის გაცნობიერებულ კოპირებას წარმოადგენს. ბავშვები უმთავრესად ბაძავენ მშობლებს, ოჯახის წევრებს, მასწავლებლებს, ადამიანებს, რომლებთანაც ემოციური მიჯაჭვულობა აკავშირებთ ან რომლებსაც მათზე ძალაუფლება აქვთ. ამ პროცესზე უსიამოვნო განცდებიც ახდენს გავლენას. მაგალითად, როცა ბავშვს ფიზიკურად სჯიან, მან შესაძლოა გადაიღოს ეს ქცევა და „დასაჯოს“ თანატოლი ან ზრდასრულ ასაკშიც ვერ მოახერხოს ამ ფაქტის დავიწყება და საკუთარ შვილებზე იძალადოს.
  • იდენტიფიკაცია – სხვათა ღირებულებების, განწყობებისა და ქცევების საკუთრად მიჩნევა. ეს არის გზა, ბავშვმა კონკრეტული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა გააცნობიეროს.
  • სირცხვილის განცდა – საკუთარი საქციელით უკმაყოფილების თანმხლები ემოციური მდგომარეობა, რომელიც, წესისამებრ, გარშემო მყოფთა უარყოფით რეაქციასთანაა დაკავშირებული.
  • დანაშაულის განცდა. ის მჭიდროდ უკავშირდება სირცხვილის განცდას, თუმცა ამ დროს თავს იჩენს საკუთარი თავის დასჯის მოთხოვნილებაც. არ აქვს მნიშვნელობა, იციან თუ არა სხვებმა ამ დანაშაულის შესახებ – განცდა ორივე შემთხვევაში თანაბარია.

იმიტაცია და იდენტიფიკაცია პოზიტიური მექანიზმებია, რომლებიც განსაზღვრული ქცევის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ხოლო სირცხვილი და დანაშაულის განცდა – ნეგატიური, რამდენადაც კრძალავს ან თრგუნავს განსაზღვრულ ქცევას.

როგორც აღვნიშნეთ, დასწავლა ხდება გაშინაგნების გზით. სტრატეგიების დასახვის პროცესში კი დასწავლის ხარისხი მაღალია. კვლევებით დასტურდება, რომ სოციალიზაციას, სოციალურ ჩართულობას შეუძლია გაზარდოს მოსწავლის მიღწევები ან წაახალისოს უნარები, რომლებიც შემდგომ ხელს შეუწყობს მის მიღწევებს. იმის ცოდნა, რომ მისი შრომის შედეგს გარშემო მყოფები გაიზიარებენ, წაახალისებს მოსწავლეს და გულმოდგინე მუშაობისკენ უბიძგებს. სკოლა, ოჯახის მსგავსად, სოციალური ინსტიტუტია. ის უნდა დაეხმაროს ბავშვებს იმ სტრატეგიების შემუშავებაში, რომლებიც მათ სოციალიზაციას უზრუნველყოფს და ამ პროცესში ჩართული პოზიტიური მექანიზმების მიღებასა და ნეგატიურის გადალახვაში შეუწყობს ხელს.

უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის

0

 

განათლების სისტემაში ფორმალური განათლების პარალელურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალური განათლების განვითარებასაც და, შესაბამისად, არსებობს უამრავი შესაძლებლობა ცოდნის გაღრმავებისა და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავების/განვითარებისთვის, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოგვადგება. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უწყვეტი განათლების მნიშვნელობა კვლავ ბუნდოვანი რჩება.

სწორედ ამიტომ, სტატიის თემაა „უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის“, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და იმ გზების ჩვენება, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ უწყვეტი განათლება პროფესიული განვითარებისა და წარმატების მიღწევისთვის.

სტატიის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს განათლების სისტემით დაინტერესებული პირები, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები.

სტატიაში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია განათლების სისტემის განვითარების პროცესში უწყვეტი განათლების მნიშვნელობის შესახებ და უმაღლესი განათლების სისტემაში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობების დანერგვის, ამ მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. სტატიაში წარმოდგენილი რეკომენდაციები მკითხველს დაეხმარება თვითრეალიზების პროცესში უწყვეტი განათლების მექანიზმების უკეთ გამოყენებაში.

განათლების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურაში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში აქტიურად მსჯელობენ უწყვეტი განათლების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საჭიროებისა და არსის შესახებ. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უწყვეტი განათლების მნიშვნელობა კვლავ ბუნდოვანი რჩება. და მაინც, რას გულისხმობს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობა?

როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენდება ფორმალური განათლება სკოლიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით, რომელიც ორიენტირებულია დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციების განვითარებაზე, გვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში, არჩეულ საქმიანობაში პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და კარიერულ წინსვლაში. თუმცა პროფესიული/კარიერული მიზნების პარალელურად ადამიანს აქვს სხვა ინტერესები და ინტელექტუალური მოთხოვნილებები და ფორმალური განათლების პარალელურად არსებობს უამრავი შესაძლებლობა ცოდნის გაღრმავებისა და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავების/განვითარებისთვის, რომლებიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოადგება.

უწყვეტი განათლება მოიცავს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების შესაძლებლობას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. შესაბამისად, უწყვეტი განათლება ნებაყოფლობითი და მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას, არამედ ჩვენი ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების (ჰობის) დაკმაყოფილებას.

მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (LLL) საგანმანათლებლო პოლიტიკის მიზანია პიროვნებისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე მისი საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ოპტიმალური პირობების შექმნა. შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვისათვის არაერთი აქტივობა განხორციელდა და დღესაც ხორციელდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო 1998 წელს, სორბონის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, სადაც პირველად გაჟღერდა, რომ „ახლოვდება განათლებასა და შრომის პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი, როდესაც პროფესიული კარიერის მრავალფეროვნება და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა აშკარა აუცილებლობა ხდება… უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან, სტუდენტებისა და საზოგადოების წინაშე შექმნან განათლების ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის კარიერული განვითარების ოპტიმალური სფეროს შერჩევას“. 1999 წელს ბოლონიის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში „კრედიტების მოპოვება შესაძლებელი უნდა იყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ჩათვლით“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ არაერთი შეხვედრა გაიმართა (პრაღა – 2001, ბერლინი – 2003, ბერგენი – 2005, ლონდონი – 2007), სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი უწყვეტი განათლების მნიშვნელობას.

2009 წელს მიღებულმა ლუვენის კომუნიკემ კი მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებს ათწლეულის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაუსახა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უწყვეტი განათლება საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს  განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის საუკეთესო ინსტრუმენტია. კომუნიკეს თანახმად, „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“ გულისხმობს კვალიფიკაციისა და ცოდნის მიღებას, მიღებული ცოდნის გააზრებას, ახალი უნარებისა და კომპეტენციების შეძენას, პიროვნულ ზრდას. „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“ ნიშნავს, რომ კვალიფიკაცია შეიძლება მოპოვებულ იქნას მოქნილად, ნახევარგანაკვეთიანი და პრაქტიკული გამოცდილებით მოპოვებული (work-based) სწავლითაც.

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ამ მიმართულებით ერთგვარი გარდატეხა მოხდა 2005 წელს, როდესაც ბერგენის სამიტზე ჩვენი ქვეყანა ბოლონიის პროცესს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაფიქსირდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობის ინტერესი, შეიქმნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი დეპარტამენტები და მათ ვებგვერდებზე გაჩნდა ჩანაწერები უწყვეტი განათლების მნიშვნელობის შესახებ. კვლავ პრობლემად რჩება, ერთი მხრივ, ფორმალური განათლების სისტემაში არსებული ჩიხები და ბარიერები, რაც ხელს უშლის პროფესიის შეცვლისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების სისტემაში გადასვლის მოქნილობას, მეორე მხრივ კი, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე და მზაობა. აღსანიშნავია, რომ დღემდე უწყვეტი განათლების მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ კვლევა არ ჩატარებულა.

უწყვეტი განათლება საზოგადოების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და გულისხმობს როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას და პროფესიული საქმიანობის პარალელურად უკავშირდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, საზოგადოებრივ აქტივობებს, ხელოვნებას, სპორტს და ა.შ.  მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტი განათლება შეიძლება არა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას, არამედ ჩვენი ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების (ჰობის) დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს.

მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა არის მოქნილი, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და მისი მიღება შესაძლებელია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას. ფრანგი პოლიტიკოსის, ჟაკ დელორსის (1996) აზრით, მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლება 4 ძირითად კომპონენტს გულისხმობს, კერძოდ:

  • ისწავლო შეცნობა, გააზრება (Learning to know) – სწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც შემდგომში დაეხმარება ადამიანს მიღებული ცოდნა შეინარჩუნოს მთელი სიცოცხლის მანძილზე;
  • კეთება (Learning to do) – მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რაც უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და განვითარებადი;
  • თანაცხოვრება სხვებთან ერთად (Learning to live together, and with others) – სოციალური ინკლუზია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თავისებურებების პატივისცემა;
  • ცხოვრება, არსებობა (Learning to be) – პიროვნების კომპლექსური განვითარება: გონება და სხეული, ინტელექტი, სენსიტიურობა, სულიერება და სხვა.

იმისათვის, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეძლოს უწყვეტი განათლების საშუალებით თვითრეალიზება, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • შეადგინეთ სია, თუ რისი სწავლა გსურთ (To-Learn List) – ყველა ჩვენგანს აქვს შესასრულებელი/გასაკეთებელი საქმეების სია, თუ რა გვინდა გავაკეთოთ სამსახურში, ცხოვრებაში. სცადეთ, დაფიქრდეთ, რისი სწავლა გსურთ და შეადგინეთ „To-Learn“ სია. აქ შეგიძლიათ დაწეროთ სწავლის სრულიად ახალი და განსხვავებული მიმართულებები, მაგალითად: ახალი უცხო ენის შესწავლა, გიტარაზე დაკვრა, მანქანის ტარება და ა.შ. დაფიქრდით, რა გაძლევთ მოტივაციას, რა გაინტერესებთ და მიამატეთ სიას. სიიდან თქვენს მიერ ჩამოწერილი პუნქტების შესრულება ყველაზე სასიამოვნო, სასარგებლო და სახალისო პროცესი იქნება;
  • ყოველთვის იქონიეთ თან წიგნი – არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გჭირდებათ წიგნის წასაკითხად. ატარეთ წიგნი ყველგან და იკითხეთ, სადაც შეძლებთ (ტრანსპორტში, სახლში და ა.შ.), დაუთმეთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობის რამდენიმე წუთი კითხვას;
  • გაუზიარეთ თქვენი ცოდნა სხვებს/ასწავლეთ – გაუზიარეთ თქვენი ცოდნა და უნარები გარშემომყოფებს. როცა ჩვენ ვასწავლით სხვას, მათთან ერთად ვსწავლობთ ჩვენც. შექმენით ბლოგი, იმსჯელეთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და ა.შ;
  • ისწავლეთ სხვებთან ერთად – გუნდური მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის გენერირებისათვის;
  • დილის 15 წუთი დაუთმეთ განათლებას ყოველ დილის 15 წუთი და ძალიან მცირე დროში თავად შეამჩნევთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი მეხსიერება და იქნებით უფრო ენერგიული და მოტივირებული.

შესაბამისად, უწყვეტი განათლება მოხალისეობრივი, თვითმოტივირებაზე დაფუძნებული განათლებაა, რომელიც სოციალურ ინკლუზიას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და პერსონალურ განვითარებას გულისხმობს. ეს არის მრავალფეროვანი და კომპლექსური საშუალება იმისათვის, რომ ადამიანმა უზრუნველყოს საკუთარი თავის რეალიზება და საზოგადოებაში თვითდამკვიდრება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Delors, J. (1996) Learning: The treasure within Report to UNESCO of the International Commission on Education for the Twenty-first Century, UNESCO
  2. „WHATISLIFELONGLEARNING?“,Lifelong learning Council Queensland INC, https://www.llcq.org.au/01_cms/details.asp?ID=12 , 13/04/2016
  3. ზრდასრულთა განათლება თემის განვითარებისთვის, ედვინ ჰამილტონი, 2010

 

  1. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში “მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის” სტრატეგია, 2010.
  2. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების ოთხი მინისტრის ერთობლივი დეკლარაცია, სორბონა, პარიზი, 1998 წლის 25 მაისი.
  3. უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე, ევროპის განათლების მინისტრების ერთობლივი დეკლარაცია, 1999 წლის 19 ივნისი, ბოლონია
  4. ევროპის ქვეყნების უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების შეხვედრის კომუნიკე, პრაღა, 2001 წლის 19 მაისი.
  5. უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების კონფერენციის კომუნიკე, გერმანია, ბერლინი, 2003 წლის 19 სექტემბერი.
  6. უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი ევროპელი მინისტრების კონფერენციის კომუნიკე, 2005 წლის 19-20 მაისი, ბერგენი.
  7. უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების კონფერენციის კომუნიკე, ლუვენი, 2009 წლის 28-29 აპრილი.

WWW.ნოესმამიკო.COM

0

დღევანდელი ამბის მთავარი გმირები რიკი, ები და ნოეა.

რიკი ნოეს მოსიყვარულე მამიკოა. ები კი დედიკო. თავად ნოა უკვე 4 წლის ბიჭუნაა დაუნის სინდრომით. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოჯახს ძალიან ახლოს იცნობენ. როგორ? – ძალიან მარტივად. მსოფლიოს საკუთარი ოჯახი რიკმა გააცნო. მან 2011 წელს ბლოგი შექმნა, სახელწოდებით www.noahsdad.com (ნოას მამიკო). ერთგვარად, რიკმა შეძლო, რომ მსოფლიოს მოსახლეობისთვის თვალნათლივ ეჩვენებინა არასწორი დამოკიდებულება, რასაც ისინი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ გამოხატავდნენ.

ოთხი წელია, რიკი აქტიურად აქვეყნებს სტატიებს ბლოგზე. გადათვალიერებისას, საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ არის ჩართული მამა შვილის აღზრდაში. რიკის ბლოგს ყოველდღიურად ათასობით მკითხველი ჰყავს. აქ კიდევ უფრო მეტ კომენტარს, რჩევასა და გამოხმაურებას წაიკითხავთ. ბლოგი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ მასში ბევრ ყოველდღიურ, მარტივ პრობლემას გადააწყდებით, რომელსაც მშვენიერი გადაწყვეტებიც აქვს.

რიკმა ბლოგის შექმნა რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტა. უპირველესად მას სურდა მკითხველისათვის ეჩვენებინა, რომ ტრაგედია სულაც არ არის დაუნის სინდრომის მქონე პატარის ყოლა. ასევე, მას სურდა მიეღო რჩევები გამოცდილი ადამიანებისგან, გაეგო მეტი რამ, რათა სწორად მიდგომოდა ახალშობილს. ბლოგის არსებობის განმავლობაში რიკსა და ების სრულიად ჯანმრთელი, მეორე ბავშვიც შეეძინათ, რომელიც ასევე, ბლოგის აქტიური პერსონაჟია.

ბავშვების გაჩენის შემდეგ ოჯახში ფუნქციები ასე გადანაწილდა – ებიმ მუშაობა განაგრძო, რიკი კი შინ დარჩა პატარების მოსავლელად და საოჯახო საქმეების გასაკეთებლად. როცა პატარებს აძინებს და სახლის საქმეებიც მოგვარებული აქვს, რიკი კომპიუტერს რთავს და შეკვეთილი სტატიების წერას იწყებს, რისთვისაც დამატებით უხდიან. რიკი ხშირად აღნიშნავს, თუ როგორი ბედნიერია მისი ოჯახი და რომ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები პრობლემებს თავისდაუნებურად, თვითონვე ქმნიან.

ეს გახლავთ სულ პირველი პოსტი რიკის ბლოგიდან, რომელიც მან ნოას დაბადების შესახებ დაწერა. პოსტში წაიკითხავთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ: როგორ აგებინებენ ექიმები მშობლებს ახალშობილის დაუნის სინდრომის შესახებ; როგორი რეაქცია აქვთ ახალბედა დედიკოებსა და მამიკოებს. და ასევე – როგორ ვაცნობოთ ეს ამბავი ნაცნობ-მეგობრებს? რას იტყვიან ისინი? როგორ გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება? რიკი უკეთესად გვიამბობს:

  • ის დღე არასოდეს დამავიწყდება. სამზარეულოში, მაგიდასთან ვიჯექი და ტელეფონზე მეგობარს ვესაუბრებოდი. უცებ, ჩემი ცოლი ოთახში შემორბის და ნერვიულად მეუბნება – რიკ, ტელეფონი გათიშე, გთხოვ. საუბარი სასწრაფოდ შევწყვიტე და საშინელი ამბის მოსასმენად მოვემზადე. სანამ რამეს ამოვილუღლუღებდი, ებიმ პლასმასის ჯოხი გამომიწოდა, რომელსაც ორი ლურჯად განათებული ხაზი ჰქონდა. თურმე ამ ორ ხაზს მთელი ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო. ჩვენ ძალიან მალე ბავშვი გვეყოლებოდა.

მას შემდეგ, რაც მისი სქესის შესახებ შევიტყვეთ, მე და ები ბავშვისთვის სახელს ვარჩევდით. ნოე პირველივე გაჟღერებაზე მოგვეწონა.

2010 წლის 13 დეკემბერს ები საავადმყოფოში წავიყვანე, წინასწარ შემოწმებაზე პირად ექიმთან, რომელმაც მშობიარობის დღედ 15 დეკემბერი დანიშნა.

15 დეკემბერს სისხამ დილით საავადმყოფოში ვიყავით. ექიმები და ექთნები პალატაში უკვე შეკრებილიყვნენ. 12-საათიანი ლოდინის შემდეგ, ექიმმა მამცნო, რომ ორი არჩევანი მქონდა – ან კიდევ 12 საათს ან მეტს უნდა დავლოდებოდი ნოეს დაბადებას, ან ებისთვის საკეისრო კვეთა უნდა გაეკეთებინათ. მე, ჩემმა და ების მშობლებმა და, რა თქმა უნდა, თავად ებიმ საკეისრო კვეთა ვარჩიეთ.

ძალიან მალე ექთანმა მიხმო და ების პალატაში შემიყვანა. აი, ისიც – გვითხრა ექიმმა, რომელსაც ხელში პატარა, საყვარელი არსება ეჭირა.

როგორც ჩვეულებრივ ახალშობილს რამდენიმე წუთის მანძილზე დედას უტოვებენ გამოსაკვებად, მოსაფერებლად მაინც. ექიმებმა კი განაცხადეს, რომ ახალშობილი დამატებითი შემოწმებებისათვის უნდა წაეყვანათ.

ების პალატაში მე და ბებია-ბაბუები ვიყავით. ჩვენი ლოდინი ბიჭუნას კიდევ ერთხელ ნახვისა საეჭვოდ დიდხანს გრძელდებოდა.

სამი საათის შემდეგ ოთახში ორი ექიმი და ერთიც ექთანი შემოვიდა. მისი სიტყვები მკაფიოდ მიდგას ყურში:

  • ნოე ძალიან ლამაზი ბავშვია პაწაწინა ყურებით, უსაყვარლესი ლოყებით, ზღვისფერი თვალებით, უბრალოდ, ის 21-ე ტრისომიითაა დაავადებული – ცახცახით ამოღერღა.

მანამდე არასოდეს გამეგო 21-ე ტრისომიის მნიშვნელობა. ებიმ ტირილი დაიწყო. პედიატრი გამალებით ეფერებოდა მას.

დრო გაიყინა. ვერაფერი გავიგე. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემს თავს კარგი არაფერი ხდებოდა. ები ტიროდა და ექიმი ეფერებოდა.

– ანუ, ჩემს შვილიშვილს დაუნის სინდრომი აქვს? – თქვა ბებიამ.

– დიახ!

ორიოდ წამში ოთახში ყველა ტიროდა – ები, ექიმები, ექთანი, ბებიები და ბაბუები. გაუკონტროლებელი ქვითინი მძვინვარებდა.

ექიმი დარჩა და დაუნის სინდრომის შესახებ ვრცლად გვესაუბრებოდა. გვაძლევდა რჩევებს, თუ როგორ გვემოქმედა. ერთადერთი რაც მინდოდა, ჩემი შვილის ნახვა იყო, თუნდაც ცოტა ხნით. ჰოდა, ნოეს მოყვანა მოვითხოვე.

როგორც კი ნოე ხელში დავიჭირე, ქვითინი შეწყდა. არ ვიცოდით რა გვექნა, რა გვეთქვა.

ნოემ გაიღიმა. სიმართლე გითხრათ, ამ ღიმილმა მაგრძნობინა, რომ არ მაინტერესებდა ჩემი ბიჭუნა რომელი სინდრომით იყო ავად, რამდენი ქრომოსომა აკლდა. მე ბედნიერი ვიყავი, რომ ის გაჩნდა. ის ცოცხალი იყო. ჩემებიც იღიმოდნენ – ები, ბებიები და ბაბუები. ჩვენ ყველანი უბედნიერესი ვიყავით – ეს დაბადება იყო და არა გარდაცვალება, არა დაკრძალვა. ტირილი კი ყველაზე შეუსაბამო საქციელია, როცა შენი შვილი, შვილიშვილი იბადება. ეს ფილმივით იყო, რომელსაც ჩემთვის ყველაზე კეთილი დასასრული აღმოაჩნდა.

შინ დაბრუნებულმა რიკმა და ებიმ სპეციალური დამხმარე ექიმი აიყვანეს, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პატარებზე შესაბამისად ზრუნავს. რიკო გვიამბობს რომ ყველაფერი ისე დეტალურად შეისწავლა, ექიმს ერთ თვეში დაემშვიდობა და ნოეს მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე აიღო.

  • სასაცილოა, ნეტავ, რა გვატირებდა მაშინ, დაუნის სინდრომის გაგონების დროს. ყველაფერი ისე კარგად წარიმართა, დღეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში. მგონია, რომ მთელ ქვეყანას ვაჩვენე, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სულაც არ იქნებიან თანატოლებისგან განსხვავებულები, თუ მათ ოდნავ განსხვავებულად მიუდგებით. უფრო მეტ მზრუნველობასა და სითბოს უჩვენებთ, რადგან სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევიან ისინი.

რიკი ბლოგზე თითქმის ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს. მაგალითად, აქ დეტალურად გაიგებთ, როგორია ნოეს პირველი არდადეგები და სასტუმროში დროის გატარება, მისი პირველი ვიზიტი ბეისბოლის მატჩზე, პირველი ლუკმა კოვზით და ა.შ.

  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ძალიან პრობლემურია წყლის ბოთლიდან დალევა. ხშირად ეწუწებათ წყალი და ტანისამოსს ისვრიან. გადავწყვიტე არ დავნებებულიყავი და დღეში ერთხელ მაინც ძალიან ფრთხილად მიმეცა მისთვის ბოთლით წყალი. მგონი გამოგვივიდა, ახლა თითქმის აღარ იწუწავს. 2011 წელი.
  • დღეს ები ისვენებს. ჰოდა, ძალიან მინდა მეგობრებთან წავიდეს და კარგად დაისვენოს. დიდი ხანია არსად წასულა. სამაგიეროდ, მე და ნოე ბეისბოლის სანახავად წავალთ და ვნახოთ, როგორ მოიქცევა. ასეთ ხალხმრავალ ადგილას პირველად მიდის. თუ შეეშინდა, გაღიზიანდა ან ტირილი დაიწყო, მაშინვე უკან დავბრუნდებით. სპეციალურად ცოტა ბარგს წავიღებ, რომ კომფორტულად ვიგრძნოთ თავი. 2011 წელი. (მოგვიანებით ვიგებთ, რომ ნოე მშვენივრად მოიქცა და თამაშით აღფრთოვანებული დიდხანს უკრავდა ტაშს).
  • ორი წლის ნოე საუბრის თერაპიაზე შევიყვანე. კვირაში ორჯერ დამყავს თითო საათით. სპეციალისტი თავდაპირველად მარტო ავარჯიშებდა. ახლა სამ თანატოლთანაა და მათთან ერთად ძალიან წარმატებით წარმოთქვამს არაერთ სიტყვას. 2012 წელი.
  • ჩვენს მეგობრებთან და მათ პატარებთან ერთად შვებულების გატარება გადავწყვიტეთ. პირველი შემთხვევაა, როცა ნოე შინიდან ერთი კვირით მიგვყავს. ები ნერვიულობს. შვებულების გასატარებლად ჰიუსტონში მივდივართ. 2012 წელი.

ერთი კვირის შემდეგ.

  • ნოეს ახალი მეგობრები ჰყავს. ძალიან მოსწონს მათთან ერთად თამაში და გართობა. მეგობრებსაც მოსწონთ ნოე თბილი და მოსიყვარულე რომაა. მე კი ვგიჟდები მამობაზე.
  • ნოე ცურვაზე შევიყვანე. კვირაში ორჯერ დადის ტომ ლანდრის საცურაო აუზზე. გამალებით იქნევს ხელ-ფეხს, უხარია წყალში ყოფნა და შინ მოსულს, დაღლილს მალევე ეძინება. ექიმი ამბობს, რომ ცურვა ძალიან კარგია მისი ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. 2012 წელი.
  • ძალიან უყვარს მულტფილმების ყურება საღამოს ჩემთან და ებისთან ერთად. განსაკუთრებით, დინოზავრები მოსწონს. დავპირდით, რომ ტეხასში, დინოზავრების პარკ-ნაკრძალში წავიყვანდით. ასეც მოხდა გასულ შაბათს. ისეთი აღფრთოვანებული იყო – დინოზავრებზე აძვრა და ფოტოები გადაიღო. კარუსელებზეც ბევრი იხალისა. პირობა დაგვადებინა, რომ მალე ისევ წამოვიყვანთ. 2013 წელი.
  • ნიუ-იორკში მივემგზავრებით. მე, ები და ნოე დიდი ხანია ამ დღისთვის ვემზადებით. ვიზიტი ნოეს სამსახიობო ნიჭს შეეხება. დაუნის სინდრომის ასოციაციამ ჩვენი ბიჭი სპეციალურად მიიწვია, რათა დაუნის სინდრომისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლში თაიმ სქვერზე გადაიღონ. ძალიან ვღელავთ. 2014 წელი.

დღეს ნოე ხუთი წლის მხიარული და მოსიყვარულე ბიჭია, რომელიც დაუღალავად ეთამაშება თავის ორი წლის ძამიკოს. დადის ბაღში, სადაც თანატოლებთან ერთად ხატვასა და წერას სწავლობს. ნოე მშობლებთან ერთად ყოველ დღე სეირნობს. გაგიკვირდებათ, რომ სექტემბრიდან მას ცხენზე ჯირითის სწავლა უნდა. ცხენებიდან კი პონი არჩია. ნოეს ძალიან უყვარს მულტფილმების ყურება, მეგობრებთან სტუმრობა, მშობლების მეგობრებთან ერთად დროის გატარება და თამაში. რიკის ბლოგზე ნახავთ, როგორ ეხმარება ნოე მამიკოს უმცროსი ძმისთვის საკვების მომზადებაში, თავისი ნივთების მოწესრიგებასა და სხვა საქმეებში. ნოეს დამოუკიდებლად ბანაობაც შეუძლია.

ყველაზე კეთილი და კარგი ამ ამბავში ის გახლავთ, რომ ნოეს ჯერ არსად შეჰქმნია სოციალიზაციის პრობლემა – არც ბაღში და არც თანატოლ მეგობრებთან. არავინ ფიქრობს და არავინ ამჩნევს, რომ ის განსხავებულია. ნოე თავს სრულფასოვან ოთხი წლის ბიჭუნად გრძნობს.

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!

წაიკითხეთ მეტი: https://noahsdad.com/

არმარიუმის საკვირაო სკოლა

0

არმარიუმის სკოლა 5–დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შექმნილი  არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეა, რომლის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ბავშვს ცოდნის მიღებასა და სხვადასხვა უნარების განვითარებაში.

   არმარიუმის სასკოლო გარემო ბავშვებს საკუთარ თავში ბევრი ახალი უნარის განვითარების საშუალებას აძლევს –  შემოქმედებითი, შემეცნებითი და სოციალური უნარების გამომუშავება,  საკუთარი თავის რწმენის განმტკიცება, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, თავისუფალი აზროვნება.

ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი გარემო და სივრცე, რომელიც საშუალებას მისცემს  ბავშვს, გამოავლინოს საკუთარი თავი, არ შეუშინდეს შეცდომებს, იყოს თამამი სწავლისა და შემეცნების პროცესში. არმარიუმის სკოლა უპირველესად ისეთ თავისუფალ სივრცეს უზრუნველყოფს, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, იაზროვნონ, კრიტიკულად შეხედონ ნებისმიერ საკითხს და ყოველთვის ის თქვან, რასაც ფიქრობენ.

ar1

     ჯგუფში ბავშვების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მაქსიმალურად ახლო კომუნიკაცია დაამყარონ და გაიცნონ ბავშვი, რაც მას ეხმარება, ინდივიდუალურად ზუსტად განსაზღვროს, თუ რა უნარის განვითარება ესაჭიროება თითოეულ მათგანს და გაკვეთილის პროცესსაც სწორედ საჭიროებების მიხედვით გეგმავს.

    ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს გარე სამყაროსთან ურთიერთობაში. პედაგოგები მუდმივად ცდილობენ განუვითარონ მათ პიროვნული თვისებები, ასწავლონ კრიზისული სიტუაციებიდან გამოსვლის გზები და შეაჩვიონ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.

ar2

არმარიუმში 5-6 წლის (სკოლამდელი) ბავშვებისათვის  სასკოლო მზაობის კურსი მუშაობს, რომლის ფარგლებში ბავშვები გამოიმუშავებენ იმ უნარებს, რომლებიც დაეხმარება მათ სასკოლო გარემოსთან შეგუებასა და  შემდგომ განვითარებაში. კურსში შედის ლიტერატურის, მათემატიკის, ინგლისურისა და ხელოვნების გაკვეთილები, რადგან ბავშვებმა სხვადასხვა მიმართულებით საბაზისო ცოდნა მიიღონ.

ar3

ასევე,  6–8 წლის ბავშვებისათვის არსებობს სახალისო მათემატიკის  კურსი, რომლის მიზანია ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების განვითარება. სასწავლო პროცესში ძირითადად იყენებენ სხვადასხვა ტიპის გუნდურ თამაშებს, რომლებშიც ყველა ბავშვი ერთვება. ფსიქოლოგი პედაგოგი ინტერაქტიული თამაშებით ბავშვებს სირთულეების გადალახვაში ეხმარება.

ar4

„ლიტერატურის სამყაროში“ 6–8 წლის ბავშვებისათვისაა, სადაც  ეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს, მსჯელობენ მათში განხილულ თემებზე და ცდილობენ იპოვნონ პრობლემების მოგვარების გზები. ასრულებენ სხვადასხვა სახალისო აქტივობას, თავად  ქმნიან პერსონაჟებს და დგამენ მცირე სპექტაკლებს.

6–8 წლის ბავშვები ასევე სწავლობენ პრაქტიკულ ინგლისურს. აქ ისინი შეისწავლიან საკომუნიკაციო ლექსიკას. სხვადასხვა როლური თამაში კი მათ საშუალებას აძლევს პრაქტიკაში გამოიყენონ შესწავლილი მასალა.

 ar5

ხელოვნება კურსი  კი 6–8 წლის ბავშვებისათვისაა და კურსის მიზანია შემოქმედებითი ხედვისა და ფანტაზიის განვითარება. ძირითადად ფერადი საღებავებითა და სხვადასხვა მასალის გამოყენებით მუშაობენ. ბავშვები ერთად ან ინდივიდუალურად პედაგოგის დახმარებით საოცარ ნამუშევრებს ქმნიან.

ar8

საკვირაო სკოლის  მიზანია ფანტაზიისა და შინაგანი მისწრაფებების გამოვლენა. ბავშვებს საშუალება აქვთ ჩაატარონ მცირე ექსპერიმენტები, სიმბოლოების გამოყენებით ჯგუფურად ან ინდივიდუალურად მოიფიქრონ ამბავი, შექმნან პერსონაჟები, დადგან მცირე სახის სპექტაკლები, იაზროვნონ, განიხილონ სხვადასხვა მოვლენა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი შემეცნებით პროცესში და ა. შ. ყველაფერი ეს კი ერთად ძალიან ხალისიან გარემოს ქმნის.

ar6

ჩვენ ვცდილობთ, თითოეულ ბავშვს შეუქმნათ სკოლისგან განსხვავებული სივრცე. ფიქრობთ, რომ მათ აქვთ ბევრი უნარი, რომელსაც დახვეწა და განვითარება სჭირდება. სკოლის კეთილგანწყობილ, მრავალფეროვან, შემეცნებით გარემოში, რომელიც მისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება, მასწავლებლები მას ამაში დაეხმარებიან.

ar7

სკოლა არმარიუმი, თბილისში,  არაგვის ქ. #4 -ში ფუნქციონირებს.

info@armarium.ge

www.facebook.com/armarium.ge

ალტერნატიული შეფასების მეთოდები: პორტფოლიო

0

უკვე გამოქვეყნებულ სტატიებში ვისაუბრეთ შეფასების მიდგომებსა და ზოგად სტრატეგიებზე Don Kauchak-ისა და Paul Eggen-ის წიგნზე „learning and Teaching: Research-Based Methods“ დაყრდნობით. ამჯერად განვავრცობთ შეფასების ალტერნატიულ მეთოდს – პორტფოლიოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტორები პორტფოლიოს განიხილავენ ალტერნატიული შეფასების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდად. შეფასების სხვა ფორმებისგან პორტფოლიოს ისინი ორი ნიშნით განასხვავებენ: პირველი – მასში ნამუშევრები გროვდება განსაზღვრული ხნის განმავლობაში, რაც საშუალებას იძლევა, თვალი მივადევნოთ მოსწავლის პროგრესს; მეორე – პორტფოლიო რთავს მოსწავლეებს მომზადების, შეგროვებისა და შეფასების პროცესში. ამასთან ერთად, ავტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პორტფოლიოს შედგენისა და მის შეფასებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას. ითქვა ისიც, რომ პორტფოლიოს აქტიურად იყენებენ ქართველი მასწავლებლები. დაწყებითი კლასის ერთ-ერთი მასწავლებელი ინტერვიუში ამბობს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ პორტფოლიოში ასახული სწავლის პროგრესი საკუთარი სიტყვებით, მაგრამ ობიექტურად აღწერა.

            პორტფოლიოს წარმოებასა და მის შეფასებაზე უფრო ფართოდ მსჯელობენ Roger Farr, Roger C. Farr და Bruce Tone წიგნში „Portfolio and Performance Assessment: Helping Students Evaluate Their Progress as Readers and Writers“. ავტორები განიხილავენ, როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს შეკრებილი მასალით პორტფოლიოს კონცეფციის განხორციელება გაკვეთილზე. ისინი პორტფოლიოს მოიაზრებენ ხარისხიანი სწავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ მოსწავლის მიერ შესრულებული ნამუშევრების შეგროვებას – მეორე და მნიშვნელოვანი ეტაპი მასწავლებელთან კონსულტაციაა. მასწავლებელი მწვრთნელის როლშია, რომელიც დამაზუსტებელი კითხვებით მოსწავლეებს აზრების ფოკუსირებაში ეხმარება: რატომ არ გამოვიდა პროექტი ისეთი, როგორიც დაგეგმილი იყო? რა უნდა გავაუმჯობესოთ მომავალში?

ავტორები აღნიშნავენ, რომ პორტფოლიოში მასალებს ამატებენ როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი. ამ მასალების თავმოყრა შეიძლება საქაღალდეში, ყუთში ან, უბრალოდ, თაროზე. პორტფოლიო იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ქაღალდების შეკვრა ან მისი სათავსი. ის მოსწავლის მუდმივად განვითარებადი აზროვნების შედეგად ნაფიქრი და გამოთქმული მოსაზრებების საცავია. ხანდახან მასწავლებელი მოსწავლეს ამა თუ იმ მასალის დამატებას ურჩევს და უხსნის, რატომ იქნება კარგი პორტფოლიოში მისი შენახვა. აქედან გამომდინარე, პორტფოლიო ხდება მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობისა და დისკუსიის ცენტრალური პუნქტი. ავტორთა განმარტებით, პორტფოლიო არის მოსწავლის ნამუშევრების შენახვის პრაქტიკა, რაც საშუალებას აძლევს მასაც და მის მასწავლებელსაც, ამ კოლექციის თვალიერებით დააკვირდნენ მუშაობის პროცესს. შედარებით რთულად კი პორტფოლიოს განმარტება ასე შეიძლება: ეს არის კოლექცია, რომელიც ისეა ორგანიზებული, რომ ასახოს და წარმოადგინოს ინფორმაცია მოსწავლის აზროვნების მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც მან მასალებზე მუშაობისას გამოიყენა.

პორტფოლიოს შეფასება ეყრდნობა იმის გაცნობიერებას, რომ ეფექტური შეფასება მოსწავლით იწყება. თუ რომელიმე მოსწავლის აკადემიური მოსწრება გასაუმჯობესებელია, უპირველეს ყოვლისა, თავად მოსწავლემ უნდა დაინახოს ამის საჭიროება. მას უნდა შეეძლოს თვითშეფასება და განსჯა იმისა, როგორ განვითარდეს შემდგომში, როგორ განსაზღვროს გასავარჯიშებელი და გასაუმჯობესებელი უნარები და სფეროები, რომლებზეც უნდა მოახდინოს ფოკუსირება – განათლების მიზანი ხომ სწორედ ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებაა, რომელსაც შეუძლია სწავლის გაგრძელება მასწავლებლის მითითების გარეშე. პორტფოლიოც, უწინარეს ყოვლისა, ამ მიზნითაა შექმნილი და არა მხოლოდ იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეამოწმოს და შეაფასოს მოსწავლის პროგრესი. თუ მასწავლებელი იყენებს პორტფოლიოთი შეფასების მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის როგორც თვითშემფასებლის განვითარებას, ის იქცევა გაკვეთილების ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სასწავლო კომპონენტად, ვინაიდან მოსწავლეებს ასწავლის იმ გზების ძიებაზე ფიქრს, რომლებითაც თავიანთი კომპეტენციები და უნარები უნდა გააუმჯობესონ.

ობიექტური თვითშეფასება პიროვნების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თვითშეფასების კულტურის ადრეული ასაკიდანვე ჩამოყალიბება ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის, განსაკუთრებით – საქართველოში, სადაც თავად პედაგოგები გამოირჩევიან მაღალი თვითშეფასებით, რაც სულაც არ არის მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრების პირდაპირპროპორციული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში პედაგოგთა მიერ წარმატებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. დაწყებითი კლასების პედაგოგი ინტერვიუირების დროს დეტალურად აღწერს პორტფოლიოს გამოყენების პროცესს და შედეგებს, რასაც მესამეკლასელებთან მიაღწია. ის აღნიშნავს, რომ მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ პორტფოლიოს წარმოებას. მასწავლებელმა მათ ნება დართო, თავად შეექმნათ და გაეფორმებინათ საქაღალდე. მოსწავლეებმა აირჩიეს კლასში ადგილი, სადაც თავიანთ პორტფოლიოებს განათავსებდნენ, ცდილობდნენ, წარმატებით შეესრულებინათ დავალებები, რათა შემდგომ ისინი საქაღალდეში მოეთავსებინათ. მასწავლებელი მათ აძლევდა პერიოდულ უკუკავშირს. დასასრულ, მათთვის გასაგები კრიტერიუმების გამოყენებით სთხოვა, შეეფასებინათ საკუთარი პორტფოლიო და დაეწერათ, რა ისწავლეს. „შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მესამეკლასელებს ასე ობიექტურად შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება“, – აღნიშნავს ის.

პორტფოლიო უნდა შეიცავდეს ყოველგვარ ნაწერს და მასალას, რომელიც უკავშირდება მოსწავლის მიერ წაკითხულ ან წასაკითხ ტექსტებს. პორტფოლიოში შესული მასალების ბალანსი დამოკიდებული იქნება მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებზე, აზროვნების ჩვევებზე, აზრების წყაროებზე და ა. შ. პორტფოლიოს მოხმარების „თავისუფალი“ შინაარსი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მოსწავლე თავს გრძნობდეს თავისი კრებულის ჭეშმარიტ მფლობელად. პორტფოლიოში შეიძლება თავმოყრილი იყოს პირველადი და დაუსრულებელი სამუშაო ვერსიებიც და დასრულებული ნამუშევრებიც, ორიგინალური მოთხრობები, წასაკითხი ნაწარმოებების კატალოგები, მოსაზრებათა ჩამონათვალი, მოსწავლის ნახატები, ძველი გამოცემებიდან ამონაჭრები და სხვა მასალა. გარდა ამისა, მასში შეიძლება შევიდეს მასწავლებლის მიერ მიწოდებული ორგანიზაციული, შეფასებითი და ანალიტიკური ჩანაწერები და რჩევებიც, რაც ხელს შეუწყობს და მიმართულებას მისცემს პორტფოლიოს ცალკეული მასალებისა თუ დოკუმენტების ჯგუფების ანალიზს. ზოგი მათგანი ინფორმაციას აწვდის როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელსაც. ეს ქაღალდები მოიცავს კონსპექტებს, სარჩევებს, რეზიუმეებსა და შესაფასებელ ინსტრუმენტებს, მოსწავლის, მისი თანაკლასელებისა და მასწავლებლის შენიშვნებს, პორტფოლიოს შინაარსს.

რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, მოსწავლის პროტფოლიო გადაიტვირთოს ბევრი ფურცლითა და დავალებით, რაც სრულიადაც არ არის სასურველი. მიუხედავად ამისა, მასწავლებელმა არ უნდა დაუწესოს მოსწავლეს ისეთი ლიმიტი, რომელიც მის თავისუფალ არჩევანს შეზღუდავს. გარდა ამისა, მან თვალყური უნდა ადევნოს იმ მოსწავლეებს, რომლებიც პორტფოლიოს შიგთავსის ანალიზის დროს გამუდმებით ეწევიან მასალების გადარჩევას. მაგალითად, გადათეთრებული ნამუშევრების სამუშაო ვერსიები პორტფოლიოში უნდა დარჩეს საბოლოო ვარიანტებთან ერთად, ისევე როგორც ნებისმიერი მასალა, რომელიც საფუძვლად დაედო რაიმე ნაწერს. მოსწავლემ – განსაკუთრებით ისეთმა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს პორტფოლიოს მოწესრიგებას – შესაძლოა მიიჩნიოს, რომ აღარ სჭირდება გამოყენებული მასალა და შეცდომების შემცველი სამუშაო ვარიანტების გადაყრა მოიწადინოს, რაც დაუშვებელია, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი საბუთები, რომლებიც წარმოაჩენს პროცესს, რომლის ანალიზიც უნდა შეძლოს მოსწავლემ.

„თავდაპირველად შევამჩნიე, რომ მოსწავლეები ერიდებოდნენ პორტფოლიოში ნაკლებად წარმატებული დავალებების განთავსებას. მათ ეგონათ, რომ თუ ასეთ ნამუშევრებს საქაღალდეში შეიტანდნენ, ეს მათ საბოლოო შეფასებაზე აისახებოდა, ჩემი მიზანი კი მხოლოდ ის იყო, მათთვის თვითშეფასების კულტურის ჩანასახი გამეღვივებინა“, – აღნიშნავს პედაგოგი.

ჩემთვის როგორც ავტორისთვის სასიამოვნო სიახლედ იქცა ის ფაქტი, რომ საქართველოს რიგითი სკოლის მოტივირებული მასწავლებლის მიერ გამოყენებული მეთოდისა და მიდგომის ვრცელი ინტერპრეტაცია ვიპოვე თანამედროვე სახელმძღვანელოში, რომელზეც მას წარმოდგენაც არ ჰქონდა. პორტფოლიოსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დეტალებზე სტატიის მომდევნო ნაწილებშიც ვისაუბრებთ.

ერთხელ თამთამ იტირა

0

მგონი, მითქვამს თქვენთვის, რომ კლასში ხმამაღალი კითხვა ჩემთვის სწავლების ერთ-ერთი საყვარელი სტრატეგიაა: პირველი იმიტომ, რომ ამის შემდეგ გული ოდნავ მიმშვიდდება_ მოსწავლემ სახლშიც რომ აღარ წაიკითხოს, ერთხელ მაინც აქვს მოსმენილი ტექსტი; ხოლო მეორე და უფრო საკრალური მიზეზი ის არის, რომ ამ გზით კლასს მეტნაკლებად გადავცემ ჩემს დამოკიდებულებას კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოების მიმართ: ხმის ტონი, ემოცია და ვიბრაცია, მნიშვნელოვანი მონაკვეთების მახვილებისა და აქცენტების მეშვეობით ხაზგასმა (რასაკვირველია, მოზომილი პათეტიკით) იქცევა დამატებით საშუალებად მასწავლებლის ხელში, რომ მოსწავლეებს გააგებინოს ის მთავარი, რაც ხშირად სიტყვებს შორის იკარგება ანდა ინტერპრეტირებისას უფერულდება.

თუმცა ყველა მასწავლებელმა და მსახიობმა იცის ერთი რამ: არტისტულ შემართებას ფრთები სცვივა მაშინ, როდესაც აუდიტორია ,,არ გყვება”. ერთი და იმავე ასაკის მოსწავლეებთან ერთსა და იმავე თემაზე დაგეგმილი ორი გაკვეთილი, კლასის ემპათიის ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება სულ სხვადასხვანაირი იყოს. განსაკუთრებით საორჭოფო ეს პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც ცდილობ, მოსწავლეებმა კონკრეტულ საკითხს იუმორით შეხედონ:

_ მოდი, ვნახოთ, როგორი იყო იდეალური მიჯნურის პარამეტრები მე-12 საუკუნეში და ყველამ საკუთარ გულში ვაღიაროთ, დავაკმაყოფილებდით თუ არა ყველა ამ მოთხოვნას:

,,მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა”…

ეს ჩამონათვალი, მართალი რომ გითხრათ, ქვეცნობიერად მაშინებს, რადგან მახსენებს სხვა, გრძელსა და მაქსიმალისტურ ნუსხას _ როგორი უნდა იყოს იდეალური მასწავლებელი. იმ მოთხოვნათა სია, რომლებსაც პედაგოგს საზოგადოება უყენებს, მრავალნაირი არსებობს და ყველა მათგანი შეიცავს ერთ აუცილებელ კომპონენტს _ მასწავლებელს ერთნაირი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ყველა მოსწავლის მიმართ და ყველა მათგანს თანაბრად უყოფდეს თავის ყურადღებასა და კეთილგანწყობას.

შესაძლებელია თუ არა, რომ მასწავლებელი ყველა მოსწავლის მიმართ თანაბარი სიმპათიით იყოს განწყობილი? ასე ვთქვათ, მზესავით სწორად მოეფინებოდეს ყველას? თუნდაც თავის გულში არ გამოარჩიოს ის, ვინც, ვთქვათ, ცამეტი წლისაა და უკვე ,,მარტინ იდენი” წაიკითხა და თამამად (სწორადაც) მსჯელობს მასზე? ვისაც ისე შეუძლია თხზულებების წერა, რომ მასწავლებელს თვალზე ცრემლს მოადენს  ანდა გულიანად აცინებს? ვინც ახსნისას თვალებში გონიერი მზერით უყურებს და ყველა საკითხზე დამოუკიდებელი აზრი გააჩნია? ანდა უბრალოდ, ვინც ისეთი კეთილი და გულუბრყვილოა, რომ უნებურად მისი დაცვის სურვილს გიჩენს? გამოვტყდები, მე ეს ძალიან მიჭირს.

შეუძლებელია ამ საკითხზე საუბრისას არ გაგახსენდეს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” ცნობილი პასაჟი, რომელშიც ავტორი წერს, რომ მათემატიკა არაზუსტი მეცნიერებაა, ვინაიდან რიგითი ობივატელი და სერვანტესი ვერ იქნებიან ერთს პლუს ერთი. აი, შეიძლება მათემატიკის მასწავლებლებისთვის იყოს ყველა ბავშვი თანაბრად გულშესავარდნი…

მასწავლებლობა ერთ-ერთი ჩვეულებრივი პროფესიაა, თავისი ყოველდღიური და დამღლელი რუტინით, რომელსაც ადამიანები გვილამაზებენ და ადამიანებივე ხდიან ჩვენთვის უსიამოს. ნებისმიერ სხვა სამსახურშიც, თუკი გვინდა, რომ წარმატება და კოლეგების ემპათია ჩვენი თანმდევი იყოს, ასევე გვიწევს, რომ ჩვენც ყველასთან თანაბრად კეთილგანწყობილი და ამავდროულად, დისტანციური ურთიერთობა გვქონდეს. მაგრამ, დროთა განმავლობაში, კრიტიკულ სიტუაციებში, მაინც ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე, ვიღაც ჩვენთვის უფრო მიმზიდველი და მისაღებია, ვიღაც კი _ პირიქით. და ეს სრულებით ბუნებრივია…

 ცხადია, რომ ჩვენი მოსწავლეებიც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბავშვები არიან, ჩვეულებრივი ადამიანები გახლავან და მათთანაც ჩვეულებრივ მიმდინარეობს ის ზემოთაღწერილი ,,საყოფაცხოვრებო ქიმია”, რომელიც გვაიძულებს, რომ ზოგიერთი ადამიანის გვერდით უკეთ ვიგრძნოთ თავი, ესეც ბუნებრივია…

მაგრამ ერთ დღეს თამთამ გვერდზე გამიხმო. თამთა მერვე კლასში იყო, იმ მოსწავლეთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, ქარაშოტივით რომ შეისრუტავენ ყველაფერს, რასაც ახსნისას ეტყვი და უდანაკარგოდ განათავსებენ უმაღლესი ხარისხის მეხსიერების ბარათებზე, რომლებიც თვით ღმერთისგან მიიღეს საჩუქრად და თავში ინახავენ; სამაგიეროდ, მისი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა და საოცარი მიზანდასახულობა იმ მშვენიერი კარიერის გზას უწინასწარმეტყველებდა, რომელსაც უკვე საკმაოდ მყარად ადგას. ჯერ კიდეც ვერ ესწავლა, როგორ დაეფარა წყენა, თუკი ცხრა ქულით შეაფასებდი. გამიხმო და უცებ ატირდა:

_ დათო ყველა მასწავლებელს განსაკუთრებით უყვარს, იმიტომ რომ ჭკვიანია; ანა _ რადგან ლამაზია; ქეთი ყველა მასწავლებელს ტოლივით ელაპარაკება, მე და ირაკლი კი ჩვეულებრივები ვართ.

,,ყველა მასწავლებელში” მეც ვიგულისხმებოდი… დღემდე იმედი მაქვს, რომ მარტო მე არ ვიგულისხმებოდი _ თითქოს ცოდვის გაყოფა ცოდვას ამსუბუქებდეს.

თამთა ყოველდღე იტანჯებოდა, რადგან ჩვენ, მისმა მასწავლებლებმა, ვერ გავუღვიძეთ და გავუღვივეთ საკუთარი არაჩვეულებრივობის შეგრძნება, ვერ დავუფასეთ ის საათები, რომლებსაც თავაუღებელ მეცადინეობაში ატარებდა. არასოდეს აღგვინიშნავს, რომ მისი დიდური მონდომება და კეთილსინდისიერება, ასე ნელ-ნელა და თანდათან რომ მოჰქონდა შედეგი, ყველასთვის მისაბაძი უნდა ყოფილიყო, როგორც დათოს ნიჭიერება, ანას თანდაყოლილი მომხიბვლელობა, ქეთის სილაღე და დამოუკიდებლობა… თამთამ უჩვენოდაც იპოვა საკუთარი თავი.

ნარატივის კანონებით მას თამთა უნდა ერქვას, მაგრამ თამთა ბოლოს მაშინ ვნახე პირადად მერვე კლასი რომ დაამთავრა. ნინი და მე მას შემდეგ, რაც სკოლა დაამთავრა, უკვე რამდენიმე წელია, ყოველთვე ვხვდებით ერთმანეთს და მთელი თვის ამბებს ვუყვებით. უფრო ხშირად მე ვლაპარაკობ, ის კი გულმოდგინედ მისმენს და მერე ჩემს ნათქვამს აანალიზებს. მის დასკვნებს ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები, მისი ყველა სიტყვა და აზრი, ყველა მონათხრობი მნიშვნელოვანი და საგულისხმოა ჩემთვის. მის გვერდით ერთდროულად ახალგაზრდაც ვხდები და ვღვინდები კიდეც. ეს ყველაზე უცნაური მეგობრობაა ჩემთვის და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არ ვნანობ, რომ მოსწავლის მიმართ სუბიექტური ვიყავი. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც იდეალური მასწავლებელი ვიყავი.

პალმების უბანში…

0

შორეულ აფრიკაში, სადაც გადაჭიმულ ტრამალებზე მზე სასტიკად აჭერდა, ერთი ლომი ცხოვრობდა. თანამედროვე ლომი არ იყო, ძველ დროზე ვწერ. თანამედროვე არ იყო-მეთქი, ჰო, არც ინტერნეტი ჰქონია, არც სოციალური ქსელი, არც ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა თავაუღებლად და არც სარკასტული სტატუსების თუ კომენტარების წერით იწუხებდა თავს. ეს ყველაფერი არც ახლანდელ ლომებს აქვთ, მაგრამ ამათ მხოლოდ ფაფარი აქვთ, იმ ძველს კიდევ თმით მთელი ტანი ჰქონდა დაფარული და პაპანაქება სიცხეში ღონემიხდილიღა დადიოდა. მობეზრდა ერთ დღესაც და პალმების უბანში სტილისტ წეროსთან გადაწყვიტა წასვლა.

წერო მაღალ ფეხებზე იდგა, ზემოდან იყურებოდა და თითო პალმაზე სამ-სამი სერთიფიკატი ეკიდა. სად აღარ იყო გამარჯვებული, რომელ ფერს აღარ „დასვამდა“ მხოლოდ ერთი საღებავიდან. შეჭრითაც ყველანაირ ფასონს ფლობდა, ისიც იცოდა თქვენს ოვალს რა ფორმა შეესაბამებოდა.

ლომი სიხარულით მიიღო და უთხრა, რომ შესაბამისად შეჭრიდა. ფაფარსაც შეუსწორებდა. თუმცა პროცესი ისე გაიწელა, რომ ფაფრის შესწორებამდე საქმე აღარ მივიდა, ლომს მოთმინებამ უმტყუნა, წამოხტა და გაიქცა. მას შემდეგ დადის ასე მხოლოდ ფაფრით და ტანზე შედარებით აღარ ცხელა.

წერომ რა გააკეთა ლომის გაქცევის შემდეგ? არც არაფერი, იქვე პალმის ზეთი ჩამოასხა და ნამცხვრის ცხობას შეუდგა.

შევჩერდეთ…

რაც აქამდე წაიკითხეთ, რა არ არის სწორი?

ლომებს ტელეფონი და ინტერნეტი არ აქვთ, თუმცა აფრიკაში ცხოვრობენ. ეს სწორია…

აფრიკაში წეროს ექვსი სახეობაა, თუმცა სტილისტობა არცერთს არ შეუძლია, არც „პეჩენიების“ ცხობა…

მეეჭვება ლომი სტილისტთან მისულიყო… ეს არასწორია.

საერთოდაც, ზემოთ დაწერილი იმ ნახატი ფილმის ჩემებური გადამღერებაა, რომელსაც ბავშვობაში სიამოვნებით უყურებდი.

ახლა პალმის ზეთს მივხედოთ. წერომ პალმის ზეთი ჩამოასხა-მეთქი, სწორია? ჰო, წერო ვერაფერს ჩამოასხამდა, მაგრამ წეროს ნაცვლად მე ან თქვენ რომ ვყოფილიყავით, პალმის ზეთი თხევადი სახით გვექნებოდა? გვექნებოდა, თან წითელი ფერის, თუ მისი მოპოვების თავდაპირველ ეტაპზე ვიქნებოდით. წითელ ფერს მას მასში შემავალი A ვიტამინი ანიჭებს, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს. სხვადასხვა ტიპის კაროტინოიდებიც აქვეა. რაც უფრო დიდხანს  ყოვნდება ჰაერზე, A ვიტამინი  მით უფრო მეტად იშლება, ცხიმიც მოთეთრო მოყვითალო ფერს იღებს და მყარდება.

მიმიხვდით არა? პალმის ზეთზე ვწერ. ბოლო დროს ინტერნეტგვერდებზე პალმის ზეთზე დაწერილ იმდენ ტყუილ-მართალს გადავაწყდი, ვიფიქრე, მეც უეჭველი რამე უნდა დავწერო-მეთქი. რადგან ეს წერილიც ინტერნეტში გამოქვეყნდება, გადავწყვიტე, მეც ტყუილ-ჭეშმარიტობანა მეთამაშა და სტატიის ზედა ნაწილში წეროსა და ლომზე სულ ტყუილები ვწერე.

მეორე ნაწილში სიმართლის დროა.

 პალმის ზეთს გვინეის პალმის ნაყოფისგან იღებს. ძირითადი მწარმოებლები ინდონეზია, ფილიპინები და მალაიზიაა. მცენარეული ზეთია, ოღონდ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში მცენარეული ზეთის ქიმიური დამუშავებით მიღებული ჰიდროგენიზებული ცხიმი და პალმის ზეთი. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ტრანს ცხიმი, მაგ. მარგარინი.

  პალმის ზეთი 30 გრადუსზეც კი  არ ლღვება. თავდაპირველად, ანუ მიღების დროს,  ის მოწითალო ფერის სითხეა. ეს A ვიტამინის და სხვა კაროტინოიდების მაღალი შემცველობის გამო ხდება. ჰაერზე დაყოვნების შემდეგ ვიტამინი იშლება, სითხე კი მყარდება და მოთეთრო მოყვითალო ფერს იღებს. ანუ ახასიათებს ორი ფრაქცია – მყარი და თხევადი. ზოგიერთ ქვეყანაში სხვადასხვა სალათზე მოსასხმელად თხევად ფრაქციასაც იყენებენ. მყარი ფრაქცია კი ისეთი პროდუქტების შექმნისთვისაა, რომლებიც დიდხანს ინახება. ამ პროდუქტების მომხმარებელი მე და თქვენც ვართ, „პეჩენიები“, კამფეტები, ნაყინი.

ნაჯერ და უჯერ ცხიმოვან მჟავებზე თუ გსმენიათ რამე? ამ შეკითხვას  ქიმიკოსებისთვის არ ვწერ. ხომ შეიძლება წერილი ისტორიკოსმა, ან სულაც მარკშეიდერმა წაიკითხოს? ხომ გახსოვთ „ცისფერი მთებიდან“, ერთი-ორი მარკშეიდერი ყველგან უნდა იყოს, ჰოდა, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ წერილს არ წაიკითხავს.

ცხიმოვანი მჟავები ნახშირბადის ოთხი და მეტი ატომის შემცველი მონოკარბონმჟავებია. ისინი პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: 1)მოკლე ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C4-C10) და 2) გრძელი ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C12-C24) შემცველ ცხიმოვანმჟავებად. მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს უმაღლეს ცხიმოვანმჟავებს უწოდებენ. უჯრედებსა და ქსოვილებში უმაღლესი ცხიმოვანი მჟავები თავისუფალ მდგომარეობაში ძალიან მცირე რაოდენობითაა. ძირითადად ლიპიდების შემადგენლობაში გვხვდებიან. ადამიანის ორგანიზმში ლიპიდები უპირატესად C16-C18 ცხიმოვანმჟავებს შეიცავს.

ცხიმოვანმჟავა შეიძლება იყოს ნაჯერი ან უჯერი. ნაჯერ ცხიმოვანმჟავებში ორმაგი ბმები არ არის. უჯერი ცხიმოვანმჟავები ერთ, ორ ან მეტ ორმაგ ბმას შეიცავს. ერთი ორმაგი ბმის შემცველ უჯერ ცხიმოვანმჟავას მონოუჯერს, ორი ან მეტი ორმაგი ბმის შემცველს პოლიუჯერს უწოდებენ.

ჰოდა, მოდი გავარჩიოთ, როგორია ნაჯერი და უჯერი  ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა  პალმის ზეთში, კარაქსა და ზეითუნის ზეთში?

უჯერი მჟავებიდან ყველაზე მეტად ომეგა სამი გვაინტერესებს და ის დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთშია.

ნაჯერი მჟავების შემცველობა მეტია კარაქში (50% 100 გრამზე), შემდეგ პალმის ზეთში (40%100 გრამზე) და ბოლოს, ზეითუნის ზეთი 13 %-ს შეიცავს.

ცუდი რითია ნაჯერი მჟავაო, შეიძლება იკითხოს იმ მკითხველმა, რომელიც ქიმიკოსი არ არის. გახსოვთ არა? პირობითად დავუშვით, რომ ისტორიკოსი ან მარკშეიდერია.

ნაჯერი მჟავა  ქოლესტერინს იკავშირებს და სისხლძარღვებში დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის ფოლაქებს წარმოქმნის. შედეგად, სისხლძარღვები ვიწროვდება, სისხლის გამტარიანობა ძნელდება, რაც საკმაოდ მძიმე პროცესების ინიცირებას იწვევს, მაგ. ათეროსკლეროზის.

თუმცა, ცალკე აღებული „ცუდი“, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი ნებისმიერ ცხოველურ ცხიმში გვხვდება. არის კარაქშიც, რადგან ის ცხოველურია. ზეითუნის ზეთში არ არის, მცენარეულია და იმიტომ. პალმის ზეთში არის? პალმის ზეთშიც არ გვხვდება, ეს ზეთიც მცენარეულია. გამოდის რომ, პალმის ზეთი ათეროსკლეროზისთვის საშიში არ არის, თუ მის შემცველ პროდუქტებს კილოგრამობით არ მიირთმევთ, და/ან პარალელურად არ მიირთმევთ ქოლესტერინიან  პროდუქტებს.  ხომ გახსოვთ, პალმის ზეთი ნაჯერ მჟავებს შეიცავს (40%100 გრამზე), ნაჯერ მჟავებს კი სისხლძარღვებში ქოლესტეროლი შეაქვთ.

ზემოთ დავწერე A ვიტამინს შეიცავს-მეთქი, თუმცა მის შემადგენლობაში E ვიტამინიც შედის. კარაქში ის ძალიან მცირე რაოდენობით არის, ზეითუნის ზეთს კი ამ სამეულიდან, მისი შემცველობის მხრივ, პირველი ადგილი უჭირავს.

ეს ორივე ვიტამინი ცხიმში ხსნადი გახლავთ და სილამაზის  ვიტამინების სახელწოდებით არის ცნობილი.

A ვიტამინზე ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება 1-2,5მგ-ია. მას ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევის პირობებში უჯრედების მემბრანებს ზეჟანგური დაჟანგვისგან იცავს. ნაკლებობის დროს ეპითელური ქსოვილი რქოვანდება, კანზე ხორკლები წარმოიქმნება, ჩამოიფქცვნება ეპითელიუმი სასუნთქ ორგანოებში (და არა მხოლოდ), რის გამოც ადვილდება ინფექციის შეჭრა.

E ვიტამინზე ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება 30მგ-ია. ორგანიზმს მისი დეპონირების უნარი აქვს. ავიტამინოზის დროს დამახასიათებელია ცვლილებები კუნთებში, კლებულობს კრეატინის რაოდენობა. ვითარდება კუნთოვანი ქსოვილის ატროფია, რადგან მცირდება კუნთის შეკუმშვაში მონაწილე ცილის-მიოზინის რაოდენობა და მას სტრომის ცილა კოლაგენი ცვლის. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცვლილებებისა, რასაც ამ ორი ვიტამინის ნაკლებობა იწვევს.

რაზე გავჩერდი? ჰო, პალმების უბანში სტილისტ წეროს რამდენიმესაათიანი პროცედურის შემდეგ ნახევრად გაკრეჭილი ლომი გაექცა. წერო უბრალო სტილისტი კი არ იყო, სამი ქვეყნის ჩემპიონი გახლდათ სტილისტობაში, თავისი ფასი იცოდა, ამიტომ ლომს უკან სულაც არ გაჰკიდებია, მაცივრიდან ნაყინი გადმოიღო და ყავასთან ერთად მიირთვა.

ნეტა თუ ახსოვდა, რომ პალმის ზეთში ნაჯერი მჟავები მცირედ, მაგრამ მაინც არის. ნაჯერი მჟავა ქოლესტერინს იკავშირებს და მის სისხლძარღვებში შეტანას უწყობს ხელს, ამიტომ პალმის ზეთის პარალელურად ქოლესტერინის შემცველი პროდუქტებისგან თავი უნდა შეიკავოს. პალმის ზეთის შემცველი პროდუქტები კი (ეს პროდუქტები დიდხანს ინახება, ნაყინიც მათ შორისაა) მცირე რაოდენობით უნდა მიიღოს.

წეროს ამის ცოდნა არაფერში სჭირდება, ჩვენ დავიმახსოვროთ.

ლუდის ფესვები

0

სამყაროს შექმნისა და ლუდის გამოგონების თარიღები ლამის ერთმანეთს ემთხვევა. ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე X საუკუნეში მესოპოტამიაში ამ სასმლის 70-მდე რეცეპტი იცოდნენ. ბაბილონში ლუდის ხარისხის დაცვის კანონი მოქმედებდა.

ძველი რომაელები ლუდს უხვმოსავლიანობის ქალღმერთ ცერერასაგან ნაბოძებ ღვთიურ სითხედ მიიჩნევდნენ და ჰიმნებსა და ოდებში ხოტბას ასხამდნენ მას. მომთაბარე სკვითებს ჰიმნებზე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ, სამაგიეროდ, ლუდს განათლებულ ბერძნებსა და რომაელებზე უკეთ ხარშავდნენ, რასაც ბერძენი მოგზაურებიც ადასტურებდნენ თავიანთ ნაშრომებში.

მოკლედ, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი ერი, ლუდის დამზადების ხელოვნება რომ არ სცოდნოდა. გამონაკლისს მხოლოდ ავსტრალიელი აბორიგენები წარმოადგენდნენ, რომლებიც მეგობრებთან ერთად ლუდის სმას მათ შეჭმას ამჯობინებდნენ.

ჩვენი წინაპრების ლუდს თანამედროვე სასმელთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც მშვილდ-ისარს – კალაშნიკოვის ავტომატთან. მას არც თეთრი ქაფი დაჰყვებოდა და არც ოქროსფერი დაჰკრავდა. ეს იყო მღვრიე წებოვანი სასმელი, რომლის გემოც დამჟავებული ცომისას წააგავდა. მაშინდელ ლუდს ამ სასმლისთვის დამახასიათებელი სიმწარეც კი არ ჰქონდა.

ბავარიული სვია

ცნობილია, რომ ლუდს სიმწარეს სვია სძენს. ევროპაში მის შესახებ IX საუკუნემდე არავის არაფერი გაეგონა. მანამდე ამ სასმელში ათასგვარ „ნაგავს“ ყრიდნენ. მაგალითად, დაფნას. სვიის მოყვანა პირველებმა ბავარიელებმა დაიწყეს. ბავარიული ლუდის დიდებაც სწორედ აქედან იღებს სათავეს.

გერმანული ლეგენდის მიხედვით, სვიიანი სასმელი ზღაპრულმა მეფემ გამბრინუსმა შექმნა. მას რეალური პროტოტიპიც ჰყავდა – ლუდის დიდი მოყვარული ჰერცოგი იან პრიმუსი. 1515-1516 წლებში ბავარიის ჰერცოგმა ვილჰელმმა დაამტკიცა „კანონი სუფთა ლუდის შესახებ“, რომლის თანახმად, ნამდვილი ლუდის შემადგენლობაში ქერი, სვია და წყალი შედიოდა.

საყოველთაოდ მიღებული განმარტებით, ლუდი სუსტი ალკოჰოლიანი, მატონიზებელი და გამაგრილებელი სასმელია. მას მადაზე მოვყავართ და აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ძველადაც იცოდნენ. თბილი ლუდით აყუჩებდნენ კბილის ტკივილს და აცხრობდნენ ყელის გაღიზიანებას. მეომრები მას დაღლილობისას ფეხებზე ისვამდნენ. ლუდს ასმევდნენ ფიზიკურად და სულიერად დასუსტებულებს. ამ სასმლით მკურნალობდნენ ღვიძლსა და თირკმელებს და ქოლერის პროფილაქტიკის საშუალებად მიიჩნევდნენ. XIX საუკუნის შუა წლებამდე ევროპის ყველა საავადმყოფოში პაციენტებს წამალზე ლუდს აყოლებინებდნენ.

დღეს ლუდის მარგებლობაზე ბევრს კამათობენ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ის ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას, ამაღლებს იმუნიტეტს, აღადგენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, ამცირებს სისხლძარღვების დაავადებათა რისკს.

ზედმეტი წონის დაგროვებაში ლუდის დადანაშაულება არასწორია. მისი კალორიულობა ხილის წვენებისა და ტკბილი გაზიანი სასმელებისას არ აღემატება. სხვა საქმეა, რომ „ფანტასა“ და „კოკა-კოლა“ 2-3 ჭიქაზე მეტს ვერ დალევ, ლუდი კი სამი ლიტრიც შეუმჩნევლად შემოგესმევა, თანაც მას, ტრადიციისამებრ, მსუყე მისაყოლებელთან ერთად სვამენ: ძეხვი, სოსისი, ღორის კანჭი გემრიელია, მაგრამ აღნაგობას დიდ დარტყმას აყენებს.

საფუარის ნალექი სასმლის ბუნებრიობაზე მეტყველებს, თანაც ეს არ ეხება მხოლოდ ხორბლისგან დამზადებულ ლუდს. მაგალითად, კლასიკური ბელგიური ქერის ლუდი „შიმეიც“ ძველებური ტექნოლოგიით მზადდება და არ იფილტრება.

ხორბალთან ერთად ლუდში ბრინჯს, კარტოფილის ფქვილს, შაქარს და ჯეჯილს ამატებენ. ეს დანამატები, სპეციალისტთა აზრით, ცვლის სასმლის არსს და გემოზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს. მუქი ლუდის წარმოებისთვის ქერს დამატებით ხალავენ, რათა მასში შემავალი შაქარი კარამელად იქცეს. სასმლის სიმწარე მასში სვიის ოდენობით განისაზღვრება – რაც უფრო ნაკლებია სვია, ლუდიც უფრო ტკბილი გამოდის.

გარდა ამისა, ლუდის ყველა ქარხანას სასმლის ორიგინალური, საიდუმლო რეცეპტი აქვს. ზოგი ლუდს ice-ripng ტექნოლოგიით ამზადებს – სასმელი სიცივეში „მწიფდება“, რაც მას წარმოუდგენელ არომატს სძენს. უშვებენ აგრეთვე დიეტურ ლუდს – უალკოჰოლოს დაბალკალორიულს, დიაბეტურს. რა თქმა უნდა, ეს კეთილშობილური საქმეა, მაგრამ, სიმართლე რომ ითქვას, გრადუსისა და ბუნებრივი შაქრის გარეშე ლუდი გაზიანი სასმელია, რომელსაც ნამდვილ ლუდთან საერთო არაფერი აქვს. ლუდის ნამდვილი მოყვარულები მას არ აღიარებენ და მიაჩნიათ, რომ ჯობს, ლუდზე საერთოდ უარი თქვა, ვიდრე მისი სუროგატით დაკმაყოფილდე. თუმცა ყოველთვის კარგია, როცა არსებობს არჩევანი, თუნდაც არასრულფასოვანი.

რეკორდები

ლუდის მწარმოებელ კომპანიებში უძველესად მიჩნევა გერმანული „ვეიჰნშტეფანი“. ის მიუნხენის მახლობლად მდებარე ქალაქის ფრეიზინგში 1040 წელს შეიქმნა.

ამერიკული „ადოლფ კურს კომპანი“ ლუდის უდიდესი ქარხანაა მსოფლიოში. ის კოლორადოში მდებარეობს და ყოველწლიურად ორნახევარ მილიარდ ლიტრ სასმელს აწარმოებს. ლუდის ყველაზე პატარა ქარხანად შეიძლება ჩაითვალოს ჩეხეთის ქალაქ პლზენის მუზეუმის ექსპონატი. მოქმედი ლუდის ქარხნის ასლი 1958 წელს ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენისთვის შეიქმნა. მინიქარხანა ერთ ჯერზე 30 ლიტრ ლუდს ხარშავს.

ნორვეგიელ იან სოლბერგს ლუდის ეტიკეტების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს. ის 350 000-ზე მეტ ეგზემპლარს ითვლის.

ავსტრიის დედაქალაქ ვენის მკვიდრი ლეო პისაქერი ლუდის ჭიქების სადგამთა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კოლექციის მფლობელია. 140 000 სადგამი მან 155 ქვეყანაში შეაგროვა. აღსანიშნავია, რომ თავად ლეო ლუდს არ სვამს.

სვიის ყველაზე დიდი პლანტაცია აშშ-ში ვაშინგტონის შტატის ქალაქ ტოპენიშაში მდებარეობს. მისი ფართობი 753,9 ჰექტარია. ის სვიის მსოფლიოში უდიდეს მწარმოებელს, ფირმა „ჯონ ი. ჰაას“ ეკუთვნის. ფირმის პლანტაციების საერთო ფართობი 2149 ჰექტარს შეადგენს. პლანტაციები ამერიკის შტატებში აიდაჰოში, ორეგონსა და ვაშინგტონში, ბრიტანეთის საგრაფო კენტში და ავსტრალიაშია მდებარეობს.

მალაიზიაში 1985 წელს ლუდის მსოფლიოში ყველაზე დიდი კათხა გააკეთეს. ფირმა „სელანგორ პიუტას“ ამ ქმნილების სიმაღლე 198,7 სმ იყო და ის 2796 ლიტრ ლუდს იტევდა.

ლუდის მსოფლიოში უდიდეს ბარს „მატჰაიზერი“ ჰქვია და მიუნხენში, ბაიერშტრასე 5–ში მდებარეობს. ყოველდღე იქ საშუალოდ 56449 ლიტრი ლუდი იყიდება. ეს ბარი 1829 წელს გაიხსნა, მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა, 1955 წელს კი აღადგინეს. დღესდღეობით ბარი 5500 ადამიანს იტევს.

1938 წელს ავსტრალიაში, შტატ ვიქტორიის ქალაქ მილდიურეში, ლუდის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბარი გაიხსნა. მისი სიგრძე 91 მეტრია და იგი ლუდის 27 ავტომატს იტევს.

მსოფლიოში ყველაზე პატარა პაბი (ინგლისური ლუდის ბარი) „ლეიქსაიდინი“ ბრიტანეთის ქალაქ სუთპორტში მდებარეობს. მისი დარბაზის ფართობი 6,7X4,878 მეტრია.

ლუდის მსოფლიოში ყველაზე პატარა ბოთლი ციურიხის მახლობლად მდებარე სოფელ ვადენსვილში მზადდება. ის 40 მილილიტრ ლუდს იტევს და 9 ფრანკი ღირს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...