ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
18 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები (მიმართვის ფორმები „ვეფხისტყაოსანში“)

0

ამ წერილით პირველ წერილში წამოჭრილ საკითხს დავუბრუნდები და ახლა არავერბალური კომუნიკაციიდან ვერბალურ კომუნიკაციაზე გადავალ და ისევ სანდრო ახვლედიანის დაკვირვებებზე მოგითხრობთ (აღვნიშნავ, რომ მოსწავლეთა კვლევითი ესეების შემოწმება გარე შეფასებით ხდება და აქვე დიდ მადლობას გადავუხდი იმ ანონიმურ გამსწორებელს, რომელმაც სანდროს ნაშრომს უმაღლესი შეფასება მისცა). დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებზე თქვენც არაერთხელ გიფიქრიათ.

ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობისას  ყველაზე ხშირად სამეტყველო ენას იყენებენ, ხოლო მიმართვის ფორმების კვლევა საუკეთესო გზაა იმის დასადგენად, თუ როგორ მყარდება ორ პირს შორის ურთიერთობა ნათესაური კავშირებისა თუ სოციალური სტატუსის გათვალისწინებით. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, როგორ მყარდებოდა ვერბალური კომუნიკაცია „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებს შორის. ამიტომაც  საჭიროა სწორედ მიმართვის ფორმების შესწავლა.

თქვენ/შენ – ფამილიარობა, შეცდომა თუ ნორმა – დღევანდელი მკითხველის ყურისთვის ცოტა უცნაურია, რომ მეფეებს მოსაუბრენი მხოლობითი რიცხვის მეორე პირის ფორმის ზმნებით მიმართავენ. დღევანდელ დღეს ასეთი მიმართვა იერარქიულად ზემდგომი პირისადმი განსაკუთრებულ უზრდელობად ჩაითვლება. მხოლობითი რიცხვის ზმნური ფორმებით მიმართავენ მეფეებსაც, უცხო ადამიანებსაც, ასაკით უფროსებსაც. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ მეფესთან მიმართებით ზმნა მხოლობით რიცხვში დგას, ნაცვალსახელი მრავლობით რიცხვშია. მაგრამ, თუკი როსტევანთან მიმართვაში „თქვენ/თქვენი“-ის გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია, ისევე როგორც როსტევანი საკუთარ თავზე საუბრისას პირველი პირის მრავლობითი რიცხვის ნაცვალსახელს „ჩვენ/ჩვენი“ გამოიყენებს, თინათინთან მიმართებით კი როსტევანი პირის ნაცვალსახელის მეორე, კუთვნილებითი ნაცვალსახელის მხოლობითი რიცხვის პირველი და მესამე პირის ფორმით სარგებლობს: „დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს“… (49); „თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან“. ასევე როსტევანიც და ავთანდილიც მხოლობითი რიცხვის ფორმის ნაცვალსახელით მოიხსენიებენ თინათინს: „მან განანათლეს ყოველნი“ (44); ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა“… (43) როგორც ჩანს, თინათინის ხსენება, სანამ მას მეფედ არ აკურთხებენ, მრავლობითი რიცხვის ფორმას არ საჭიროებს გარეშე პირთაგან. მაგრამ მეფედ კურთხევა მიმართვის ფორმების შეცვლასაც გამოიწვევდა არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ მას მეფეს დაუძახებენ, არამედ იმითაც, რომ მასთან მიმართებით მრავლობითი რიცხვის ნაცვალსახელს გამოიყენებენ სხვებიც და თვითონაც (თუმცა, როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში მამამისი, ძნელად სათქმელია). საინტერესოა, რომ იოანე ჩახრუხაძის „თამარიანში“ თამარის მისამართით პოეტი ნაცვალსახელ „შენ“-ს ხმარობს. თუმცა, ისევე როგორ „ვეფხისტყაოსანში“, ზმნის ფორმები მაინც მხოლობით რიცხვში დარჩება. დღევანდელი ქართულისთვის, ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, იერარქიის ზედა საფეხურზე მდგომს მხოლობით რიცხვში მივმართოთ, ასევე გრამატიკულად დაუშვებელია ორი ფორმის (მრავლობითი რიცხვის მეორე პირის პირის ან კუთვნილებითი ნაცვალსახელისა და ზმნის მხოლობით რიცხვში) ერთდროულად გამოყენება თანამედროვე ქართულისთვისაც და ძველი ქართულისთვისაც. მაშინ დაისმის კითხვა: რასთან გვაქვს საქმე, რატომ ირღვევა ენობრივი ნორმა, პოეტის შეცდომაა ეს თუ მოპოვებული მასალის რაოდენობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთგვარ ნორმასთან გვაქვს საქმე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე მაგალითის განხილვის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ: 1. ხომ არ შეიძლება, მეფეთა მიმართ გამოყენებულ „თქვენ“-ში იგულისხმებოდეს არა მარტო ერთი კონკრეტული მეფე, არამედ ყველა ის მეფე, რომლის თათბირიც მუდამ გამოირჩევა, ანუ ეს იყოს ერთგვარი კომპლიმენტი მეფეთა გვარის მიმართ; 2. ხომ არ შეიძლება, „თქვენ“-ში იგულისხმებოდეს მეფე და მთელი მისი სამფლობელო, ხალხი, რომელსაც იგი მართავს; 3. ხომ არ შეიძლება, მეფესთან მიმართებით მრავლობითი რიცხვის ნაცვალსახელის გამოყენება გულისხმობდეს მეფეს და მასთან ერთად უფალს. ამ ვარაუდს ამყარებს ის მოსაზრება, რომ მონარქისტულ ეპოქაში მეფე მიიჩნეოდა ღმერთისაგან დასმულად. ასეა თუ ისე, მასალის კვლევა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ძველ ქართულ ენაში არ მიიჩნეოდა ზრდილობის გამოხატულებად მრავლობითი რიცხვის ხმარება. ამას მიუთითებს ძველი ქართული ლიტერატურის სხვა ნიმუშებიც, რომლებშიც პერსონაჟები ერთმანეთს „შენობით“ მიმართავენ. შესაძლოა, მიმართვის ეს ფორმა დამკვიდრდა საქართველოში რუსული ენის გაბატონების შემდეგ, რადგან ე.წ. „тыканье\выканье» რუსულ ენაში მიმართვებისთვის ნორმას წარმოადგენს. თანაც, თუკი თვალს გავადევნებთ ქართული ლიტერატურის ნიმუშებს, დავინახავთ, რომ აღრევა – ორივე ფორმის გამოყენება, როდესაც არანაირი ნორმა არ არის დაცული – სწორედ რუსეთთან ურთიერთობასთან ერთად იწყება. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები კი ეპისტოლარული ხასიათის ნაშრომებშია დაფიქსირებული, სადაც ერთსა და იმავე პირს ზოგჯერ „შენობით“, ზოგჯერ კი – „თქვენობით“ მიმართავენ.

მიმართვის სხვა ფორმები – დღეს ახლობელ ადამიანებს ან რანგით ჩვენზე დაბლა მყოფებს საკუთარი სახელით მივმართავთ. ზოგჯერ, შეიძლება, საკუთარ სახელებს კნინობით-ალერსობითი ფორმის მაწარმოებელი სუფიქსებიც დავურთოთ. როდესაც ნათესაურ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს მივმართავთ, საკუთარ სახელებს ნათესაობითი კავშირების აღმნიშვნელ სიტყვებსაც ვურთავთ ან ამ სიტყვებს საკუთარი სახელის გარეშეც წარმოვთქვამთ. თუკი ადამიანი სოციალურ საფეხურზე ჩვენზე მაღლა დგას, დღეს მაშინ მის საკუთარ სახელს წინ ბატონოს (მამაკაცის შემთხვევაში) და ქალბატონოს ვუმატებთ. ქართულ ენაში იშვიათია ისეთი პროფესიები, რომელთა დასახელებაც მიმართვის დროს გვჭირდება. ასეთ დროს პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვა მოსდევს საკუთარ სახელს, თუმცა საკუთარი სახელის ხმარება აუცილებელიც არაა (მაგ. თუკი უცხოეთში ჯერ პროფესიას და შემდეგ მიმართვის ობიექტის გვარს ასახელებენ და პროფესორებს ამგვარად მიმართავენ, საქართველოში სკოლებში მხოლოდ „მასწავლებელო“ ან ამ სიტყვის შემოკლებული ვარიანტებიც ხშირად ისმის). „ვეფხისტყაოსანი“ მიმართვის ასეთ ფორმებს არ ცნობს. თუმცა პოემაში არც პროფესიათა დიდი ჩამონათვალი არ გვაქვს. ეს გასაგებიცაა, რადგან აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ისტორიული კონტექსტი, რომელიც ფონად გასდევს ნაწარმოებს. იმ პერიოდში – პატრონ-ყმობის ხანაში – ყმები ითავსებდნენ პროფესიებს, ამიტომაც მათთან კომუნიკაციას განსაკუთრებული მიმართვა არ სჭირდებოდა. გამონაკლისია ვაჭართა კლასი, შესაბამისად, ვაჭრებს გმირები ასეც მიმართავენ: „ვინ ხართ, ვაჭარნო?“ (1038), მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ გაიცნობს ავთანდილი, ჩვეულ, პოემისთვის დამახასიათებელ მიმართვაზე გადადის: „ჰე, ძმანო“… (1064).

 საინტერესოა, რომ „ვეფხისტყაოსანში“ პერსონაჟები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ სიტყვებით „დაო“ („დაო“-თი ძირითადად ფატმანს მიმართავენ გმირები, თუმცა ერთ შემთხვევაში მას სახელითაც მიმართავენ (1366), რაც არცთუ ისე ხშირია ტექსტში. პოემაში პირდაპირ საკუთარი სახელით ერთხელ ფრიდონსაც მიმართავს ავთანდილი (1405): „ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან…“) და „ძმაო“. ამ ფორმათაგან მეორე დღესაც ფართოდაა გავრცელებული საქართველოში, ხოლო პირველი ფორმა მხოლოდ მონაზონთა შორის გვხვდება.  „ძმაო“-თი მიმართვა საშუალებას აძლევს მოსაუბრეს, აღიქვას როგორც თანასწორი. შესაბამისად, ამგვარი მიმართვა აადვილებს ურთიერთობას და სოციალურ ბარიერს ხსნის თანამოსაუბრეთა შორის. თუმცა, თუკი მსჯელობა მართებულია, მაშინ კონტექსტიდან ამოვარდნილია ტარიელის მიმართვა რამაზ მეფისადმი წერილში: „ჩვენნო ძმანო და პატრონნო“… მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ აქ საქმე არა ზეპირ, არამედ წერილობით მიმართვის ფორმასთან გვაქვს, ხოლო მიმართვის მეორე ფორმა „პატრონნო“ გვაფიქრებინებს, რომ აქ საქმე ოფიციალური წერილის სავალდებულო ენასთან გვაქვს, რადგან ხატაელნი                                                                        არანაირად არ არიან ინდოელების პატრონნი. არაწერილობითი მიმართვის დროს ტარიელი რამაზ მეფეს ასევე მიმართავს: „რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები“… (432) ასევე ჩვეულებრივია მიმართვა „ყმაო“. საინტერესოა, რომ მეფეს (დედოფალსაც), რომელიც მონარქისტულ ეპოქაში სოციალური კიბის უმაღლეს საფეხურზე დგას, ძირითადად ტიტულით – „მეფეო“ – მიმართავენ. გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც ავთანდილი ფრიდონს წერილში აღმატებული სიტყვებით მიმართავს. წერილის ოფიციალური ენა მიმართვის ამგვარ ფორმას მოითხოვდა, რადგან ზეპირ მეტყველებაში ავთანდილის ენა სრულიად განსხვავებულია, როცა იგი ფრიდონს ესაუბრება.  გამორჩეული და უფრო ოფიციალურია ზღვათა ხელმწიფის ენაც, როდესაც იგი ტარიელს ესაუბრება. ამ ორ პერსონაჟს შორის არანაირი განსაკუთრებული სიახლოვე არ არის და, შესაძლოა, ამიტომაც არის მათი ენა ასეთი ოფიციალური. ასევე გამორჩეულად მიმართავს უსენი ხელმწიფეს. შესაძლებელია, ამის ახსნა მარტივი იყოს, რადგან უსენი არ უნდა ყოფილიყო სასახლის ხშირი სტუმარი და მისი მიმართვა მეფისადმი ამიტომაც იყო გამორჩეული. იმ შემთხვევაში, თუკი უსენისთვის სასახლის კარი უფრო ხშირად გაიღებოდა, მაშინ, შესაძლოა, უსენის მიმართვასაც ხელმწიფისადმი სხვა სახე მიეღო.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ მიმართვის ფორმად გამოიყენება დამოუკიდებლად მდგომი ზედსართავი სახელი ან ზედსართავი სახელი არსებით სახელთან ერთად. ესენია, „როსკიპო, ბოზო დიაცო“ ნესტანთან მიმართებით და „შმაგო“ ვაზირთან მიმართებით.

საინტერესოა, რომ ფარსადანი ტარიელს შემდეგნაირად მიმართავს: „შვილო ტარიელ“… (340) როსტევანი კი თინათინს ასე მიმართავს: „აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა“… (1553) „ნუ სტირ, ასულო“… (49) თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ როსტევანის დამოკიდებულება შვილისადმი ძალიან თბილია. ეს კარგად გამოიხატება იმ მეტაფორებში, რომლითაც იგი ასულს მოიხსენიებს ხოლმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როსტევანი ავთანდილს შემდეგნაირად მოიხსენიებს: „ ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!“ (831) როდესაც ნესტანი დედას მიმართავს, ასეთ სიტყვებს ამბობს: „ჰაი, მე რა ვქმნა, დედაო!“ მიმართვის დროს ნათესაური კავშირის აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენება სამეფო ოჯახებში, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი მოვლენა უნდა ყოფილიყო შუა საუკუნეების საქართველოში. თუმცა ნათესაური კავშირების აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენება მიმართვაში გვხვდება განსაკუთრებული მადლიერების აღსანიშნადაც. ასე მიმართავს ნესტანი ფატმანს: „დედისა მჯობო დედაო!“ (1294).

სამწუხაროა, გამორიცხულია იმის დადგენა, როგორი ტონით ხდებოდა ნათესაური კავშირების აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენება ძველ საქართველოში. დღეს ამ სიტყვების გამოყენება სხვადასხვანაირი ტონით ხდება. მოსაუბრის ინტონაცია მიმართვისას იმისდა მიხედვით იცვლება, თუ რას ამბობს მთქმელი: თხოვნის შემთხვევაში ინტონაცია რბილდება, ასევე ადგილი აქვს მარცვალში ხმოვნის დაგრძელებასაც; ჩვეულებრივ ფრაზებში ინტონაცია შედარებით მონოტონურია, ხოლო ბრძანების შემთხვევაში ინტონაცია მკაცრდება და მარცვალში ხმოვანიც მოკლდება. წერილობით ტექსტებში ამის გამოხატვა შეუძლებელია, განსაკუთრებით, ისეთ ენებში, რომელთაც ფიქსირებული მახვილი არ გააჩნიათ და არც მახვილის გამომხატველი აღსანიშნი ნიშნის გამოყენება ხდება წერისას.

შეუძლებელია, ვერ შევნიშნოთ, რომ „ვეფხისტყაოსნისთვის“ უცხოა პატივისცემის გამომხატველი სიტყვების (ე.წ. ონორიფიკების) დართვა ტიტულებისთვის იერარქიის ზედა საფეხურზე მდგომ პირებთან მიმართებით. სამწუხაროდ, მეოცე საუკუნეში გადაღებულმა მხატვრულმა და ანიმაციურმა ფილმებმა არასწორად დაამკვიდრეს მოსაზრება, თითქოს მეფეებს ზეპირი მეტყველებისას შემდეგნაირად – დიდო მეფეო, თქვენო უმაღლესობავ, თქვენო უდიდებულესობავ და ა.შ. – მიმართავდნენ. ეს შეცდომა იქიდან მომდინარეობს, რომ სცენარის ავტორები ძირითადად ისეთ წერილობით წყაროებს ეყრდნობოდნენ, სადაც მეფეები ტიტულებზე დართული ონორიფიკებით მოიხსენიებოდნენ (sc. სიგელ-გუჯრები, ჩუქება-ბოძების დოკუმენტები და ა.შ.). ზეპირ მეტყველებაში იერარქიის ზედა საფეხურზე მდგომი პირებისთვის ონორიფიკებით მიმართვა გვიან პერიოდს ეკუთვნის და ჩვენში ალბათ ევროპიდან რუსეთის გზით შემოვიდა. თუმცა, შესაძლოა, მიმართვის ამგვარი ფორმები ახლო აღმოსავლეთსაც ახასიათებდა და მათი შემოსვლა სპარსული ან არაბული ტექსტების გავლენითაც შეიძლება აიხსნას. სამაგიეროდ, არ შეიძლება, შეუმჩნეველი დაგვრჩეს მიმართვის დროს მეტაფორების ხმარება. ერთი შეხედვით, მეტაფორები დისტანციას უნდა წარმოშობდეს მოსაუბრეთა შორის. თითქოს სიახლოვის განცდას უფრო მეტად საკუთარი სახელით მიმართვა უნდა ბადებდეს. მაგრამ თუ კარგად დავუფიქრდებით, შევნიშნავთ, რომ ახლობელი ადამიანები დღესაც მეტაფორების დახმარებით მიმართავენ ერთმანეთს და ასეთი მეტყველება, პირიქით, აახლოებს ადამიანებს. რა თქმა, უნდა, დღეს გვარით მიმართვა მოსაუბრეთა დისტანცირებას ახდენს, მაშინ, როცა საკუთარი სახელით მიმართვა ამ დისტანციას არღვევს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია მოსაუბრეთა საუბრის ტონი.

ერთი შეხედვით, ჩვენი ყურისთვის უცხოა გარეულ ცხოველთა აღმნიშვნელი სიტყვებით მიმართვა სიყვარულის ან პატივისცემის გამოსახატად. მაგრამ გავიხსენოთ, რომ დღევანდელ დღესაც ხდება ცხოველთა დასახელება მიმართვისას, ოღონდ, ამ შემთხვევაში შეცვლილია ცხოველების სახეობები. თუკი „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები ერთმანეთს ლომებს უწოდებენ, დღეს საალერსოდ საყვარელ ადამიანს, შეიძლება, „კნუტი“, „ფისო“ და სხვა საყვარელი ცხოველის აღმნიშვნელი სიტყვა ვუწოდოთ. პოემაში ასევე ძალიან ხშირია მიმართვებში მეტაფორულად მნათობთა აღმნიშვნელი სახელების გამოყენება. დღეს იმის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, ძველი დროიდანაა შენარჩუნებული საქართველოში ამგვარი მეტაფორების გამოყენება თუ ტექსტის პოპულარობამ განაპირობა ენაში მიმართვის ამ ფორმების დამკვიდრება, რომელიც, შესაძლოა, თავის დროზე რუსთველის მოფიქრებული, პოეტის ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო. თუმცა მე მაინც პირველი მოსაზრებისკენ ვიხრები და მიმაჩნია, რომ მიმართვებში მეტაფორების გამოყენება დამახასიათებელი მოვლენა იყო და დღემდე არის ქართული ენისათვის. ამის მაგალითია თუნდაც აკვნის სიმღერებში გამოყენებული მეტაფორები, სადაც ამ როლს არაჩვეულებრივად ითავსებს არა მარტო მნათობთა, არამედ ძვირფას ლითონთა, ძვირფას ქვათა და მცენარეთა სახელები.

დაბოლოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ისევე როგორც დღეს, რუსთველის ეპოქაშიც გავრცელებული ყოფილა საყვარელ ადამიანთან მიმართებით სიტყვა „საყვარელო“-ს გამოყენება და დამოუკიდებლად მდგომი კუთვნილებითი ნაცვალსახელის გამოყენება.

სახელმძღვანელო მშობლებისათვის: ბავშვები ნარკოტიკების გარეშე

0

ნარკოტიკების მომხმარებელი ბავშვების მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილები თანატოლთა ან ნარკოტიკებით მოვაჭრეთა გავლენის ქვეშ მოექცნენ, მაგრამ თავად ბავშვები ირწმუნებიან, რომ ნარკოტიკების მოხმარება სევდისგან დასაღწევად დაიწყეს, სურდათ დაევიწყებინათ პრობლემები, განმუხტულიყვნენ, ემხიარულათ, დაეკმაყოფილებინათ ცნობისმოყვარეობა, თავი ეგრძნოთ „დიდებად“, ეჩვენებინათ, რომ დამოუკიდებელნი არიან ან თავს რომელიღაც დაჯგუფებას მიაკუთვნებენ. ბავშვები და მოზარდები თვითონ ელტვიან ისეთ კამპანიებს, როგორიც მოსწონთ და მხოლოდ ამის მერე ექცევიან ახალი მეგობრების გავლენის ქვეშ. მშობლები ყველაზე უკეთ იცნობენ საკუთარ შვილებს. სწორედ მათ უნდა შესთავაზონ მათ სხვა ალტერნატივები ნარკოტიკების მოხმარების საპირწონედ.

გთავაზობთ ამონარიდს ინსტრუქციიდან, რომელსაც წლების განმავლობაში აშშ-ის განათლების სამინისტრო მშობლებში ავრცელებს. როგორ და რა უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ?

ურთიერთობა 4-5 წლის ასაკის ბავშვთან – ამ ასაკში ჩამოყალიბებული შეხედულებები და ჩვევები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ბავშვი უფროსს ასაკში მიიღებს. ამ მცირე ასაკში ის ცდილობს გაიგოს და დაიმახსოვროს წესები, უნდა გაიგოს მშობლებისგან „კარგისა“ და „ცუდის“ შესახებ. ბავშვს უკვე ესმის, რომ თამბაქოს მოხმარება ცუდია, მაგრამ ვერ იგებს რატომ. მით უფრო ვერ აცნობიერებს სავალალო ფაქტებს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ:

– მოუყევით თქვენს შვილს, რატომ არის საჭირო ჯანსაღი კვება. სთხოვეთ, დაასახელოს თავისი საყვარელი პროდუქტი. აუხსენით, რომ საკვები ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ძალების მოკრებისთვის აუცილებელია;

– გამოყავით რეგულარული დრო, რომელსაც მთლიანად ბავშვს დაუთმობთ. მიუჯექით იატაკზე, კარგად გამოკითხეთ რა მოსწონს და რა – არა. აგრძნობინეთ, რომ ძალიან გიყვართ. ამით იმ ნდობასა და კავშირს გაიმყარებთ, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ და გაგიიოლებთ ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან მიმართებაში;

– შეიმუშავეთ გარკვეული პრინციპები: ასწავლეთ სამართლიანად თამაშში, სათამაშოების სხვისთვის თხოვება, სიმართლის თქმა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა სახის ქცევას ელით მისგან;

– წაახალისეთ ბავშვი, როდესაც თქვენს სათხოვარს შეასრულებს, მოგისმენთ, დაგიჯერებთ, ყოველთვის უპასუხეთ კითხვებზე, დაუკონკრეტეთ რამე თუ ვერ გაიგო;

– თუ თამაშში ბავშვი რაღაცას ვერ აკეთებს, ისარგებლეთ ამ შემთხვევით და განუვითარეთ პრობლემების გადალახვის უნარები. მაგალითად, ის სათამაშო კოშკს ვერ აშენებს, ამიტომ ერთად ააშენეთ, აჩვენეთ პრობლემის დაძლევის გზები. ნეგატიური სიტუაცია პოზიტიურად გამოიყენეთ. დაარწმუნეთ ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებში;

– შეძლებისდაგვარად მიეცით ბავშვს იმის უფლება, ის ჩაიცვას, რაც სურს, იმ შემთხვევაშიც კი  თუ ბავშვს ეჩვენება, რომ გემოვნებით იცვამს. მიეცით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა;

– მიუთითეთ სახლში არსებულ შხამიან და მავნე ნივთიერებებზე, წაუკითხეთ რა წერია ეტიკეტებზე. აუხსენით, რომ ასეთი წარწერები ყველაფერს არ აქვს და რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, ეს სახიფათოა. აუხსენით, რომ მხოლოდ იმის ჭამა, ყლაპვა და შესუნთქვაა შეიძლება, რასაც თქვენ მისცემთ. განუმარტეთ, რომ წამალი მხოლოდ მას შველის, ვისთვისაც ექიმმა გამოწერს, სხვას კი, მით უფრო ბავშვებს, ვნებს.

ურთიერთობა 5-8 წლის ასაკის ბავშვთან – ამ ასაკში ბავშვი სახლისა და ოჯახის გარეთ არსებული სამყაროს მიმართ ინტერესის დემონსტრირებას ახდენს. ამ ასაკის ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც საკვებს არ წარმოადგენს, შეიძლება  მავნებელი აღმოჩნდეს. აუხსენით, როგორ უშლის ხელს ნარკოტიკები ორგანიზმის მუშაობას, რომ მათი მიღების შემდეგ თავს ცუდად იგრძნობს და შეიძლება სიკვდილის წინაშეც კი დადგეს. აუხსენით, რომ ნარკოტიკების მიღება შეიძლება მავნე ჩვევად იქცეს, რომელსაც თავს იოლად ვერ დააღწევს. შეაქეთ ბავშვი, რომელიც უვლის თავს და თუ ისე იქცევა, როგორც სთხოვეთ.

ბავშვს უნდა ესმოდეს:

– რით განსხვავდება ერთმანეთისგან კვების პროდუქტი, შხამი და ნარკოტიკები;

– ექიმის მიერ გამოწერილი წამალი, რომელსაც უფროსების მეთვალყურეობით იღებს, ეხმარება ავადმყოფობის დაძლევაში, მაგრამ სახიფათოა არასწორად მოხმარებისას. შორს დაიჭიროს თავი უცნობი სახის ნივთიერებებისგან;

– რატომ შეუძლიათ უფროსებს ალკოჰოლის მიღება, ბავშვებს კი მისი მცირე დოზის მიღებაც კი ეკრძალებათ.

ურთიერთობა 9-11 წლის ასაკის ბავშვთან –ამ ასაკის ბავშვებს შეგიძლიათ უფრო დეტალურად აუხსნათ, რატომ იზიდავს ადამიანს ნარკოტიკი. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ იმით, რომ ამ ასაკში ბავშვებს აინტერესებთ მძიმე ისტორიები საავტომობილო ავარიების ან მშობლების გაყრის შესახებ. ასეთივე მძიმე ისტორიებს მიაკუთვნეთ ნარკოტიკების მოხმარების ამბებიც. ამ ასაკში ბავშვებს უყვართ სხვადასხვა, უჩვეულო ფაქტების დადგენა, ამიტომ თამამად უამბეთ, როგორ მოქმედებს ნარკოტიკები ადამიანის თავის ტვინზე და ორგანიზმზე. აუხსენით, რომ ყველა ზედმეტი რაოდენობით მიღებული ნივთიერება სარისკო და სახიფათოა.

ამ ასაკში ბავშვებისთვის მეგობრების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათთვის გადამწყვეტია, თუ როგორ უყურებენ მეგობრები და თანატოლები მათ საქციელს. ამ ასაკში ბავშვები ტოვებენ იმ ვიწრო წრეს, სადაც აქამდე ტრიალებდნენ და ბავშვთა სხვადასხვა ჯგუფებს ერევიან. ასაკით უფროსმა მოზარდებმა შეიძლება გაასინჯონ ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკები. კვლევები ადასტურებს, რაც უფრო ადრე იწყებს ბავშვი მათ მოხმარებას, მით უფრო იზრდება  პრობლემების არეალი. აუცილებელია, ბავშვი მშობლებისგან ინფორმირებული იყოს:

– ორგანიზმზე ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკების ზემოქმედების შესახებ. ესმოდეს, რომ არსებობს კომისა და სასიკვდილო ზედოზირების საფრთხე;

– რას და რატომ იწვევს ნარკოტიკებზე მიჩვევა და რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ხშირად ვეღარ აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას, ბოლომდე ხდება სურვილებზე დამოკიდებული;

– მიზეზების შესახებ, რაც მოზარდ ორგანიზმს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის;

– ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გამოწვეული პრობლემები ექმნება არა მხოლოდ მას, არამედ მის ოჯახსა და საზოგადოდ, მსოფლიოს.

გაიარეთ რამდენიმე სცენარით რეპეტიცია, თითქოსდა ბავშვს მისი მეგობრები ნარკოტიკების გასინჯვას სთავაზობენ, მან კი უარი უნდა უთხრას. დაე, ბავშვმა მტკიცე უარის თქმა ისწავლოს: „არა, ეს ძალიან სახიფათოა!“ მიეცით უფლება, რომ მშობელს „დააბრალოს“ და თქვას: „ლუდი რომ გავსინჯო, დედაჩემი მომკლავს“. „არ მინდა მშობლებმა ინერვიულონ“, – სწორედ რომ ასე ამბობს ბავშვთა უმრავლესობა, როდესაც ამ ასაკში მარიხუანას სთავაზობენ.

მშვიდად აუხსენით შვილებს, რომ რეკლამით, სასიმღერო ლირიკით და ტელეგადაცემებით მიზანმიმართულად ხდება ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკების იდეის რომანტიზაცია. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილები ერთმანეთისგან მიჯნავენ მითსა და რეალობას. თუ საჭიროა, შეაქეთ მათი ლოგიკური აზროვნება, აგრძნობინეთ, რომ სწორ გზაზე დგანან.

თუ შვილის მეგობრები ნარკოტიკებს მოიხმარენ, დიდი შანსია, რომ თქვენმა ბავშვმაც გაუსინჯოს გემო. უმჯობესია, იცნობდეთ შვილების მეგობრებს. დაადგინეთ, სად ატარებენ დროს და რა გატაცებები აქვთ. დაუმეგობრდით თქვენი შვილის მეგობრების მშობლებს.

ურთიერთობა 12-14 წლის ასაკის მოზარდთან – ეს თაობათა კონფლიქტის დროა. მოზარდებისთვის ავტორიტეტს წარმოადგენენ სხვა მოზარდები. მათ კი შესაძლოა საფრთხეები იზიდავდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები  მშობლების შეგონებებს სერიოზულად არ აღიქვამენ, რადგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით არიან გატაცებული, კიდევ უფრო სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.

– ისარგებლეთ იმით, რომ ახალგაზრდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თავიანთ გარეგნობას.  ხაზგასმით აღნიშნეთ ხოლმე, რამდენად არამიმზიდველი გარეგნობა უხდება მომხმარებელ ადამიანს. ის ვეღარ უვლის თავს, ხშირად პირიდან ცუდი სუნი ამოსდის, მისი ვიზუალური მხარე პეწს კარგავს, უფუჭდება კანი და კბილები, უცახცახებს ხელები, გაღიზიანებულია, ამიტომ ყველა ცდილობს, რომ თავი აარიდოს მასთან ურთიერთობას;

– ესაუბრეთ ნარკოტიკების გრძელვადიანი მოხმარების თანმდევ შედეგებზე, რომელსაც ვერავინ გაექცევა. აუხსენით, რომ ეს დაკარგული დროა და სწორედ ამ დროს ახალგაზრდას შეუძლია ყველაზე სწრაფად შეითვისოს უმნიშვნელოვანესი სოციალურად სასარგებლო უნარ-ჩვევები;

– მოუყევით სიმთვრალის გამო რამდენი სავალალო ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მომხდარა, უამბეთ ლეტალურ შედეგებზე და დასახიჩრებებზე, ასევე, ღვიძლის დაზიანებაზე გახშირებული თრობის შედეგად, ინფექციურ დაავადებებზე, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების დროს ზიარი შპრიცის გამოყენებით ვრცელდება;

 – მოუყევით როგორ სწრაფად ეჩვევა ადამიანი ნარკოტიკებს და მათრობელ საშუალება-ნივთიერებებს.

ურთიერთობა 15-17 წლის ასაკის მოზარდთან. თანამედროვე მოზარდებმა ნარკოტიკებზე გაცილებით მეტი იციან, ვიდრე მშობლებს წარმოუდგენიათ. მოზარდებს ბევრი რამ სმენიათ ნარკოტიკების სხვადასხვა სახეობების შესახებ და, შესაბამისად, შედეგების სხვადასხვაობაზეც.  სმენიათ შემთხვევით მოხმარებაზე – „გასინჯვაზე“ და მიჩვევაზეც. ისინი ხედავენ, რომ ზოგიერთი მათი თანატოლი ამა თუ იმ ნარკოტიკს მოიხმარს.

იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ თქვენს შვილებზე თანატოლების გავლენას, საკმარისი არ არის მხოლოდ ზოგადი იდეა ნარკოტიკების არმოხმარების თაობაზე. ამ ასაკში სასურველია მშობლებმა უამბონ მოზარდებს, რომ ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარება ახალშობილ ბავშვებში დეფექტებს იწვევს. მოზარდებმა სწორედ მშობლისგან უნდა გაიგონ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი იმ შემთხვევაშიც, თუ ის არასისტემურად მოიხმარს მათ. ასეთ მოხმარებასაც კი უმძიმესი შედეგი მოჰყვება.

როგორც წესი, მოზარდები იდეალისტები არიან და უყვართ იმის მოსმენა, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ. დაუზარელად ესაუბრეთ თქვენს შვილებს იმაზე, რომ ნარკოტიკების მოხმარება მსხვერპლის გარეშე შეუძლებელია და აიძულეთ გაიგოს, თუ რამდენად მავნე ზემოქმედებას ახდენს ნარკომანია საზოგადოების განვითარებაზე.

კიდევ ერთხელ გირჩევთ, ხშირად აქოთ თქვენი შვილების სწორი გადაწყვეტილება, უთხარით, რომ სამაგალითონი არიან, რომ თქვენ მათი ქცევით ამაყობთ. მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შეუმჩნეველნი არ რჩებიან, მათ აფასებენ და ეს მათთვის სტიმულის საუკეთესო საშუალებაა.

„ჩვენ შუა ხიდია ჩატეხილი…“ (მეორე წერილი მეთერთმეტეკლასელებს)

0

ოთარაანთ ქვრივისძველი პრობლემის გამო

 

„…გზა, დაფენილი მსხვერპლით, ცხედრებით

და სისხლით სველი.

გზა სასიკვდილო გადათეთრებით,

სამშობლო შავი ლიუციფერის.

ჩვენ მწუხარებამ დაგვიძმობილა

ღამის ტყეველი

არასდროს ჩვენთან იქ არ ყოფილა

ნაზარეველი.

საკმარისია, „ოთარაანთ ქვრივზე“ ალაპარაკდე და ხიდჩატეხილობის პრობლემა ახსენო, მცოდნე აუდიტორიის გულაცრუება გარანტირებული გაქვს. გავბედავთ  და მაინც ასე დავიწყებთ.

ერთი ბავშვური კითხვა: „ხიდი ჩატყდა“ ნიშნავს, რომ ეს ხიდი ადრე მთელი იყო? ანუ არსებობდა? ვის ან რას აკავშირებდა, ვინ იდგა მის აქეთ-იქით? რას გულისხმობს თავადი არჩილი, რომლის მეტყველება მოთხრობის დასკვნით ნაწილში ისედაც ტროპითაა დახუნძლული, როცა   „ხიდგაღმა დაწერილ წიგნზე“ – გიორგიზე ლაპარაკობს? ჩატეხილ ხიდს მისი დაც ახსენებს გულისტკივილით, ხოლო ხიდის გამთელების მეტაფორა იმდენად მრავალშრიანია, რომ მასზე მსჯელობას, დისკუსიას და განმარტებას ერთ გაკვეთილსაც დაუთმობდა კაცი:

ეგ ცრემლიანი ცოდნა უკანა სწვავს და ჰბუგავს, წინა ჰნამავს და ამწვანებს. ეგ ნამი რომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მიიტანს, რომ ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდი გაამრთელოს და ეგრე ორსავ ნაპირს გააერთებს. ეგ ცრემლიანი ცოდნა თუ ცოდნიანი ცრემლი უკანისა შუქია წინასი და შუქი ხომ

დასაწყისია განთიადისა, განა, ჩემო კარგო?!

ძალიან შორეული პერსპექტივაა, ძალიან ბუნდოვანი; უფრო კონკრეტულად მისი დანახვა შეუძლებელია. სამაგიეროდ, კარგად აღიწერება აწმყო, რომელიც წარმოშობს ასეთი პერსპექტივის სურვილს. ამ აწმყოში კი ხიდის კვალიც არ ჩანს, თუნდაც ჩატეხილისა. არავითარი ხიდი არ ყოფილა;  არ ყოფილა ვითარება, – აქ ისევ არჩილს დავესესხოთ, – როცა დღეს მოკვეთილი და დაკარგული ნახევარი მთელის ნაწილი იყო ანუ  გლეხკაცი და თავადიშვილი ერთ ორგანულ მთლიანობას წარმოადგენდნენ. არ არსებობს მეხსიერება, რომელშიც ასეთი მდგომარეობაა შემონახული. ჩატეხილი ხიდის მეტაფორა არსებითად მცდარია, ოღონდ ეს პერსონაჟის შეცდომაა და არა მწერლის. ჩვენ, მკითხველებმა, ის მწერლის შეხედულებად მივიღეთ და ასე ვსწავლობდით „ოთარაანთ ქვრივს“ ათწლეულების განმავლობაში.

თუ მაინცდამაინც არჩილის მეტაფორებს გვინდა დავეყრდნოთ,  ოდესღაც ვითომ არსებული ხიდის ნაცვლად ეგებ კედლის მოხმობა სჯობდეს: აი, რა დიდი კედელია ჩვენსა და იმათ შუა! ჩვენის სისხლხორცის ქვითკირიაქვითკირიჩვენ რომ გვკითხონ. ვითომ დიდი ხანია გადაგვიქცევია ეს მაგარი კედელიმაგრამ რით? მარტო წიგნისაგან გაალმასებულ ენითა. ენით ვაქცევთ და გული კი ისევ ებღაუჭება, ისევ აშენებს, აგებსნახევარკაცნი ვართ და ვაი, რომ უკეთესი ნახევარი მოგვთლია…“

ძმის ამ სიტყვებს კესო მოკლე რეპლიკას აგებებს:  არჩილ, მეტისმეტია“.  მართლაც, რადგან  მოთხრობაში ბევრი ვერაფერი ასაბუთებს ხსენებული უკეთესი ნახევრის მოთლას…

„ოთარაანთ ქვრივი“ დაიწერა საქართველოში ბატონყმობის გაუქმებიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ. თავს არ შეგაწყენთ იმ პრობლემათა ჩამოთვლით, რაც პიროვნული თავისუფლების მიღების შემდეგ გაუჩნდათ ქართველ გლეხებს. მით უმეტეს, ამას არც ილია ეხება დიდად თავის ტექსტში, თუ არ ჩავთვლით ორ-სამ მცირე ეპიზოდს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფითად არიან წარმოჩენილნი. შესაძლოა, არც იმის აღნიშვნა იყოს საჭირო, რომ, მიზეზთა გამო, საქართველოს – ანუ ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებს – არ უსარგებლიათ  ინსტიტუტებით, რომლებიც იმპერიაში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ამოქმედდა: უფრო განვითარებული თვითმმართველობითა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ დაამკვიდრა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში იმპერიის ხელისუფლებამ, ის გახლდათ, რომ „სისხლის აღება და ყაჩაღობაც ზოგ ჩამორჩენილ თავადაზნაურულ წრეებში ითვლებოდა სასახელო საქმედ. შიშობდნენ ამიტომ, რომ ასეთ პირობებში ადგილობრივი ელემენტებისაგან ნაფიც მსაჯულთა დაწესებას შეეძლო ხელი შეეშალა ბოროტმოქმედებასთან ბრძოლისათვის“ (სარგის კაკაბაძე, „ქართველი ხალხის ისტორია.  1783-1921“, გვ. 174,  თბილისი,  „ნეკერი“, 2003).

საქართველოში ადგილობრივ ძალებსა და მოსახლეობას იმპერიის ხელისუფლება უნდობლად ეკიდება. სოფელ წაბლიანის საზოგადოება „ოთარაანთ ქვრივში“ მაინცდამაინც არც განგაწყობს ნდობისთვის. ამ საზოგადოებაში თითქმის უწყვეტი დაძაბულობაა. ძალმომრეობა  ხშირად ახლავს პერსონაჟთა ურთიერთობებს, ისინი გულგრილები,  დაუდევრები, მატყუარები და მშიშრები არიან. უმოტივო დაუნდობლობა და სიძულვილი მსჭვალავს მათ მოქმედებას. გიორგი, რაგინდ მართალი იყოს, ოთხჯერ ჩხუბობს მოთხრობაში, გაუხარელ სოსია მეწისქვილეს წიხლით მოისვრიან თოვლში. მორალური უპირატესობის ცხადყოფას ხან ფიზიკური და ხან სიტყვიერი ძალადობა სჭირდება. ერთ რამედ ღირს სასამართლოს აღწერაც:

„თქვენი მტერი იყოს, მოსამართლეებს დღე დაადგათ. ომარაშვილის გულის მოგებაც უნდოდათ, ერთს სადილს მაინც გვაჭმევსო; ოთარაანთ ქვრივისაც ეშინოდათ, გუბერნატორამდის ივლისო. თუნდ ეგეც არ ყოფილიყო, გული გიორგისაკენ უწევდათ, თუმცა ცემა კი ცემად ედგათ თვალ-წინ. არ იცოდნენ, გულს აჰყოლოდნენ, ოთარაანთ ქვრივის შიშსა თუ ომარაშვილის ხათრსა“.

თავად ოთარაანთ ქვრივის უხეშობასა და სიხისტეზე არაფერს ვიტყვი; დავიმოწმებ 1992 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ერთ წერილს, რომლის ავტორია პროფესორი დოდონა კიზირია (იხ. ბმული: https://sites.google.com/site/genderreadings/dodona-kiziria-otaraant-kvrivze ).

ყმობიდან გათავისუფლების 25 წელი იმპერიაში არ ჰყოფნის თავისუფალი და პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ჩამოყალიბებას. ოთარაანთ ქვრივი ამ მხრივ სხვაზე წინაა, თუმცა ვერ იტყვი, რომ მისი შრომის ეთიკა, ფინანსების მენეჯმენტი, გამართული საოჯახო მეურნეობა თავისუფლების წყალობაა. თავისუფლება ამაგრებს მის შეუპოვრობას, თავისუფლება საშუალებას აძლევს, წელგამართული ელაპარაკოს თავადებს, რომლებთანაც „კლასობრივი ანტაგონიზმი“ შერბილებულია, მაგრამ მთლად გამქრალი არ არის.  სამაგიეროდ, ქვრივის ხასიათი, ეგებ მოთხრობაში აღუწერელი კულტურული ტრადიციებიც, ბოჭავს მას, მაგალითად, შეუნიღბავად, „პილპილმოუყრელად“ აკეთოს სიკეთე. ერთგან ის ტყუის კიდეც, როცა მათხოვარის განკითხვისას დასმულ კითხვას, მისი ხომ არ გემართაო, უპასუხებს: მაშ არადა, მაგის თავის მზემ, ჩემს თავს პურს დავაკლებდი და მაგის ქალამანში მივცემდი“. ილია არ გვეუბნება, რა დაუშავა ქვრივს მეზობელმა, რომელსაც ასე იხსენიებს: მითამ მე რითა ვარ ნაკლები აიმ დამპალ გოგიაზედ! თუ იმასა ჰშვენის ბარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ.

როცა საქმე ხისტ კომუნიკაციაზე მიდგება, ქვრივი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ამ მხრივ ის ორგანული ნაწილია საზოგადოებისა, რომელშიც ხიდი არ ჩამტყდარა, ვინაიდან არც უარსებია ოდესმე, და ქვრივის მოუხეშავი სიკეთე, სამართლიანობისთვის ბრძოლა, ერთი შეხედვით სამაგალითო შრომა უნაყოფო გარჯაა წაბლიანის საზოგადოების შიგნით ამ ყბადაღებული ხიდის გასადებად. არავის მოსდის აზრად, მიბაძოს ქვრივს.  მისი ერიდებათ და ეშინიათ. ერთადერთი, რაც უჭირს, შვილთან საუბარია, ადამიანთან, რომელიც უყვარს. ორი წელია, ამჩნევს გიორგის ცვლილებას ზნესა და ხასიათში და მიზეზის კითხვა ვერ მოუხერხებია. ორი წლის თავზე გადალახავს ამ სამანს.

რა გასაკვირია, რომ გიორგი, „თავისის დედის თითქმის ყურმოჭრილი ყმა“, ასევე ვერ ახერხებს საყვარელ ადამიანთან ლაპარაკს.  გიორგისა და კესოს შორის, ვიმეორებ, არავითარი ხიდი არ არის ჩატეხილი. მათ შორის სიცარიელეა, რომლის ამოვსება სიყვარულით შეიძლება. უფრო სწორად, შეიძლება სცადო ხიდის გადება, გაბედო სიყვარულის გამხელა. გიორგიც ბედავს, ოღონდ მაშინ, როცა მისთვის ამას აზრი აღარ აქვს. ის კვდება ტრაგიკული გმირივით. მოყვარული გულისა (პირუტყვსაც  ექომაგება) და სამართლიანობის მძაფრი განცდის მქონეს,  არ ეყო თავისუფლება, ყოფილიყო გამბედავი არაკონფლიქტურ გარემოში.  სხვა ადამიანებთან ნორმალური, კეთილგანწყობილი კომუნიკაცია თითქოს უცხოა ოთარაანთ ქვრივისა და მისი ვაჟისთვის.  ქვრივს არც იზიდავს ამგვარი ურთიერთობა და შესაბამის გარემოში მოხვედრისას უხერხულ სიტუაციას ქმნის (იხ. X თავი, „მხილებაა თუ კადნიერება?“). გიორგი ელტვის ასეთ გარემოს, კონფლიქტური ურთიერთობები არ არის მისი სტიქია, განრიდება ურჩევნია. ის ყმად არ დაბადებულა, თავისუფალ კაცად გაჩნდა. ეგ არის, რომ სიკვდილამდე ვერ გათავისუფლდა დედის ტვირთისგან, ვერ გაათავისუფლა სიყვარულმაც.

წაბლიანის საზოგადოებაში  ყველაზე ღირსეული ადამიანი საჯაროდ მხოლოდ წყრომას გამოხატავს, სხვებს ქოქოლას აყრის და ადამიანებს მკაცრად, უხეშად ექცევა. სიყვარულსა და მონატრებას კი დაატარებს, მაგრამ მხოლოდ საკუთარ  თავთან მარტოდ დარჩენილი თუ გაამჟღავნებს. დედაშვილურ სიყვარულს ახსნა არ სჭირდება, ამ სიყვარულს ორივე გამოუთქმელად გრძნობს; მეორე მხრივ, უსიყვარულო საზოგადოებაში თუნდაც ცხოველისადმი თანაგრძნობის გამოხატვას კონფლიქტი მოსდევს ( პირუტყვი მაინც არ გენანება, ქრისტიანი არა ხარ?“ – საყვედურობს გიორგი ომარაშვილის მოჯამაგირეს) და ქვრივის ვაჟს სწორედ ეს ატყუებს ან ამუხრუჭებს: ერთი მხრივ, უარის შიში, მეორე მხრივ კი საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარულის გამოხატვის, არტიკულირების უუნარობა.  დედასთან ეს არ დასჭირვებია, სხვა ქალთან კი არ იცის, როგორ უნდა ან/და ვერ ბედავს.

სოციალური ბარიერი (ხილული თუ უხილავი), ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ კესოს მართლა „კლასობრივი ლიბრი“ აქვს გადაკრული თვალზე და არც კი უშვებს, რომ შეიძლება, „სხვა წრის“ კაცი შეუყვარდეს,  გიორგის ეს წინააღმდეგობა თავის შიგნით გადალახული აქვს: მას კესო უყვარს, მან გაბედა ეს სიყვარული. უბრალოდ, საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან, ატყუებენ და სიკეთესაც ჩხუბით აკეთებენ, სადაც სიყვარული არ არის „კავშირი და თან შუამავალი“ (აკაკი), ის გამჟღავნებისთანავე კვდება. ხიდი მაშინვე ჩატყდა, როგორც  კი გაიდო. ხოლო მანამდე ანუ ხიდის გადებამდე გიორგის ხერხემალი ჩაუტყდა.  ხერხემლის გადატეხვამ პიროვნულად  გაამთლიანა და გააძლიერა ოთარაანთ ქვრივის ვაჟი, სიკვდილის წინ ის იქცა ბოლომდე თავისუფალ კაცად.

  1. S. მიმაჩნია, რომ საკმაოდ დიდები ხართ, რათა წაიკითხოთ დევიდ ჰერბერტ ლოურენსის „ლედი ჩატერლის საყვარელი“. იქ ნახავთ, როგორ ამსხვრევს სიყვარული კლასობრივ თუ სოციალურ დაბრკოლებებს. თანაც ეს წიგნი ქართულადაცაა თარგმნილი და გამოცემული.

მეტსახელების მაგია

0

მეცხრე კლასში ვიყავი, როცა მოსწავლეთა კონფერენციისთვის ერთი უცნაური თემა მომაფიქრდა: „ისტორიულ პირთა მეტსახელები“. დასაწერად და სალაპარაკოდაც საინტერესო ჩანდა, არც დიდი კვლევა-ძიება სჭირდებოდა და ჩვენში რომ ვთქვათ, თავმოსაწონებლადაც გამოვიყენე: ხდება ხოლმე, რაც არ უნდა ზედაპირული იყოს ტექსტი, ეფექტური სათაურითაც კი მიიზიდავს ადამიანს.

ფარსმან ქველი, ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ რეგვენი, თეოდოსი უსინათლო, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, ავგიორგი – ჯერ მარტო ქართული მატიანე მაძლევდა ამ მხრივ უხვ მასალას, ამასთან ერთად, იმავე წყაროებში შემონახული უცხოელი დამპყრობლებიც ხომ იყვნენ: მურვან ყრუ, ბასილი ბულგართმმუსვრელი…

ჩემი ნაშრომი ძირითადად ბიოგრაფიულ ცნობარს ჰგავდა, სადაც ამა თუ იმ პირისთვის მეტსახელის დარქმევას კი განვმარტავდი, მაგრამ უფრო ფართოდ ამ თემას არ შევხებივარ. მხოლოდ ათი წლის შემდეგ, რომანზე მუშაობისას, ფოტოგრაფ კალენიკეს – მენცარ კალეს – მეტსახელზე ფიქრის დროს ვცადე რაღაცებისთვის სახელის დარქმევა: „ყველაფრის მოფიქრება შეიძლება წინასწარ – საომარი მოქმედების, საქორწინო ხელშეკრულების, ანდერძის, დაბეზღების წერილის, – ოღონდ მეტსახელისა არა. მეტსახელი ყველაზე ახლო, გაუკვალავი გზით მიდის ადამიანის ბუნებასთან და დაფარული თვისებები გამოაქვს გარეთ“.

ადრე ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ უკვე დიდი ხნის გაუქმებულია ცნობილი ანდაზა: „ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო“. მაგრამ ის იდუმალება, რაც სქესის წინასწარ შეტყობით გაცხადდა, თითქოს მეტსახელის შერქმევის ვნებამ გადაქაჩა თავისკენ. ამიტომ, ვისაც ცოტა წარმოსახვა, გამჭრიახი გონება და იუმორი აქვს, მოსაწყენ ცხოვრებას ერთ მეტსახელს მაინც გამორჩება.

ლიტერატურის მკვლევარი და გერმანისტი გურამ ჭოხონელიძე, რომელმაც ჩვენთან გოეთეს „მგზავრის ღამეული სიმღერა“ მოამზადა გამოსაცემად, ქართველი პოლიტიკოსების მეტსახელებს აგროვებდა. „რა იმდენი არიან, ბატონო გურამ?“ – ეჭვით ვკითხავდი ხოლმე, ის კი ამაყად გამომხედავდა, ცოტას გამებუტებოდა ჩემი უკმეხი შეკითხვით გაბრაზებული და მალევე ჩამოთვლიდა რამდენიმეს:

– პუპუზააა, ჩემო ბატონო, პადოშა, გრეჩიხა… ძველებშიც ბევრია, ყველაფერს ხომ ვერ გეტყვი!

დარწმუნებული ვარ, ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება, ვინც ქართული ლიტერატურული პერსონაჟების მეტსახელებს უფრო მიზანმიმართულად შეკრებს და დაწვრილებით გამოიძიებს იმ ფსიქოლოგიურ იმპულსებს, რის გამოც თავად ავტორმა თუ სხვა პერსონაჟებმა გადაწყვიტეს ნაწარმოების გმირისთვის მეტსახელი შეერქმიათ.

ისე, რამდენიმეს გახსენება აქვე შეიძლება: ლამაზისეული ხომ მოგაგონდათ ილიას „კაცია ადამიანი?!“-დან? ერთი უშნოდ ჩასუქებული, ჯმუხი, ჭუჭყიანი არსება, ტანზე რომ ხამის ერთთავად ჭუჭყიანი ჩითის კაბა ეცვა და თავზე შიგადაშიგ ამოფლეთილი ჩითმერდინი წაეკრა, კნეინა დარეჯანის გამონაცვალი. ან ბრინკა – ნაშინდარში, თავისივე მამულში ჯაყოს ხიზნად და მსახურად ქცეული თეიმურაზ ხევისთავი; კაშელების ოჯახის ქვეშევრდომი ჟელეზნი ოთარ ჭილაძის „გოდორიდან“, რომელსაც „არაფერი გამოეპარება, ქვის ქვეშ რა დევს, ის იცის. შეუძლია, არ მოუსმინოს და გაიგოს, არ შეხედოს და დაინახოს… ასეთი ნიჭითაა ბუნებისგან დაჯილდოვებული და ამიტომაც ვერ შელევია რაჟდენი, ურჩევნია, მისთვის აგროვებდეს ის ცნობებს, ვიდრე მის შესახებ“.

ჩემი მხრიდან, ბოლო ხანს წაკითხული კარგი მწერლის – ბექა ქურხულის რომანის („სამოთხიდან გაქცეულები“) პერსონაჟებს დავამატებდი: ძესნა ლალე, ძია ბარადა და ეხლა ნახე რა ვქნა თემურა. პირველმა ორმა ბაღიდან წამოიყოლა მეტსახელი – ლალეს უთქვამს, „რო გავიზრდები, დედიკომ და მამიკომ დიდი ველოსიპედი „ძესნა-დვა“ უნდა მიყიდონო“ და ბავშვებმა ბევრი დასცინეს, უცხო სიტყვა „ძესნა“ მოეწონათ და კიდეც შერჩა იქიდან მოყოლებული; ძია ბარადას სახლში რუსი მოსამსახურე ჰყავდა და, როდესაც ბაღში „ბურატინოს“ უკითხავდნენ, ყარაბას-ბარაბასს რუსულ-ქართულად „ძია ბარადა“ დაარქვა; თემურ მათურელმა კი ფრონტის ხაზისკენ, ავღანეთისკენ გაჭრილმა აიკიდა ეხლა ნახე რა ვქნა თემურა.

მეტსახელების მაგიაც ესაა: კაციშვილმა არ იცის, ვის როდის უყივლებს ენა და ვის სად წაუცდება ფეხი. ამიტომ მათ, ვინც Chivo-ზე (ესპ. ვაცი, დიქტატორ ტრუხილიოს მეტსახელი) დაწერილ ლიოსას რომანს კითხულობს ან El Cholo-ს (ესპ. ინდიელისა და ევროპელის შთამომავალი, დიეგო სიმეონეს მეტსახელი) გაწვრთნილ „ატლეტიკოს“ ქომაგობს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, და არა მხოლოდ მათ, ყველას მოგვიწევს შეგუება იმასთან, რომ ერთხელაც ვიღაც გამოჩნდება და მსუბუქად, აუღელვებლად ისეთი მეტსახელით მოგვნიშნავს, ორ-სამ წელიწადს და ერთ თაობას კი არა, ჩვენს შთამომავლობას რომ გაწვდება.

სხვა ინგლისური

0

ორი წელია, ერთ გოგოს ინგლისურს ვასწავლი. წინა საუკუნის დასასრულს და ამ საუკუნის დასაწყისშიც ინგლისურს იმიტომ ვასწავლიდი, რომ თავის გატანის სხვა ხერხი არ მახსენდებოდა. იმხანად მასწავლებლობას იჩემებდა ყველა, ვისაც კი რაღაცის სწავლება შეეძლო და არც მე გამიტანჯავს თავი იმაზე ფიქრით, სწორად ვიქცეოდი თუ არა, როცა მოსწავლეებს ემილი დიკინსონის ლექსებს ვაკითხებდი. სილვია პლათის ლექსებსაც. მარკ სტრენდის ლექსებსაც.

ახლა სხვა ამბავია. ამ გოგოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვასწავლი ინგლისურს, რომ ეს ორივესთვის სიხარული და სიამოვნებაა.  ჩემი მოსწავლე, 13 წლის კვალობაზე, ნაკითხია და ენასთან ურთიერთობისთვის აუცილებელი ჩვევებიც აქვს. ამის გამოა, რომ ჩვეულებრივი გაკვეთილები სახეს იცვლიან და უჩვეულონი ხდებიან. ენის მასწავლებელს ეს ნამდვილად შეუძლია – ახალი სამყაროს კარი გახსნას და თავგადასავლებს მოწყურებულს შიგ შეუძღვეს – იდუმალებით, სილამაზით, ამაღელვებელი ლანდშაფტებით, თვალწარმტაცი ლაბირინთებით სავსე სივრცეში.

როცა ინგლისურის გაკვეთილი ახლოვდება, კედლის საათს ვუყურებ – სიხარულისა და კიდევ რაღაც ისეთის მოლოდინით, რაც სახელდების ყოველგვარ მცდელობას ეწინააღმდეგება.

ალბათ ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი მოსწავლე ჩემი ძმისშვილია. ოღონდ ეს გაკვეთილის დაწყებისთანავე გვავიწყდება. მოგზაურებს ვგავართ – გრძელ გზას დამდგარ ყარიბებს, უსასრულო ექსპედიციის მონაწილეებს, სამყაროს მეცნიერული მეთოდებით ახსნის მოიმედე მკვლევრებს და ამავე დროს – პოეტ-ვარსკვლავთმრიცხველებს. შესაძლოა, ახლაც ისევე ვაზვიადებ, როგორც სხვა საგაზეთო ჩანაწერებში. აბა, როგორ ვისაუბრებ აუღელვებლად ამ ახალი სამყაროს მისადგომებთან, როცა ყველა გზა ვიწრო და მოლიპულია, ცის სურათი – მაცდუნებლად ბუნდოვანი, თითოეული ჩრდილი – პრეისტორიული ცხოველის ფორმის.

არ აღვწერ ჩვენს ყოველდღიურ ნაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, ისინი თქვენს ნაბიჯებს ემთხვევა. ტექსტის გარჩევა. ლექსიკური და გრამატიკული სავარჯიშოები. წერითი დავალებები. საუბრები გარემოს დაბინძურებასა თუ სმარტფონების გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე. გზის აუცილებლად გასავლელი მონაკვეთები. სავალდებულო სირბილი.

ჩემს მოსწავლეს წერა უყვარს და, როგორც წესი, რამდენიმეგვერდიან ესეებს წერს ხოლმე. ხმამაღლა კითხვაც უყვარს. შენიშვნებს ძალიან იშვიათად ვაძლევ – უმთავრესად მაშინ, როცა ერთი და იგივე შეცდომა მეტისმეტად ხშირად მხვდება ყურში. ნაწერში წითელი კალმით არაფერს ვასწორებ – წერის სიხარული სიხარულად უნდა დარჩეს. წესების სწავლა და გამეორება კი გაკვეთილის სავალდებულო ნაწილში უფრო გამართლებულია.

ზოგჯერ სათაური არ მოსწონს და არაფერს წერს. ზოგჯერ წერას იწყებს და ხვდება, რომ საკუთარი პოზიციის განსაზღვრისა და აზრების დალაგებისთვის რამდენიმე დღე მაინც დასჭირდება. რა მოხდა, თუ ფიქრობს, რომ არც ერთი ცნობილი ფობია არა აქვს – რა ვიცოდი ამ ასაკში ჩემს ფობიებზე?!

ინგლისურის გაკვეთილის ყველაზე სასიამოვნო და სრულიად არასავალდებულო ნაწილი მაშინ იწყება, როცა სხვა დანარჩენი მთავრდება. სახელმძღვანელოები და რვეულები დახურულია. კალამი და ფანქარი – გვერდით მიწყობილი. ლექსიკონი – მაგიდის კიდემდე გაწეული.

ლექსების კითხვა ორი თვის წინ დავიწყეთ. ვუთხარი, რაღაცას წაგაკითხებ და აბა, თუ მოგეწონება-მეთქი. მოეწონა.

დიდი ხნის წინ შედგენილ ანთოლოგიას ვშლი და წინასწარ შერჩეული ლექსის წაკითხვას ვთხოვ. კითხულობს. მერე რა, რომ დროდადრო უცხო სიტყვები ხვდება ან  აზრის გამოტანა უძნელდება. სწრაფად კითხვა უყვარს და ვეუბნები, ნელა იკითხე-მეთქი. არ ვუსწორებ, როცა უცხო სიტყვას არასწორად კითხულობს. პირველი წაკითხვის მერე რამდენიმე წუთს ისვენებს. მერე ლექსს სტრიქონ-სტრიქონ თარგმნის. აქ აუცილებლად ვეხმარები. არანაირი გარჩევა და სიმბოლოების ანალიზი. უბრალოდ, პოეზია – ჯერ ერთ, მერე მეორე ენაზე. როცა ბოლო სტრიქონსაც ვთარგმნით, ვთხოვ, ახლა თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ წაიკითხე-მეთქი. ხმამაღლა. ისევ ნელა, აუჩქარებლად.

ეს არის და ეს. გაკვეთილი დასრულებულია. არ ვცდილობთ, პოეტის გულისნადებს ჩავწვდეთ ან, მისი ბიოგრაფიული ფაქტების გათვალისწინებით, რაღაც თეორიები ავაგოთ. სულერთია, რას ფიქრობდა. სულერთია, რა სჯეროდა – ინდოეთში იმოგზაურა თუ ახალი კონტინენტი აღმოაჩინა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არჩევანი ყოველთვის არ ამართლებს და შესაძლოა ძალიან ცნობილი პოეტის კარგმა ლექსმა ისეთი შთაბეჭდილება ვერ მოახდინოს, როგორსაც ელოდით. დროის შერჩევა უმნიშვნელოვანესია, შეცდომის დაშვება – ძალიან იოლი. ჩემს გოგოს უილიამ უორდსუორთი არ მოეწონა – სიამოვნების წყაროდ ვერ ექცა, მისი სახეები თვალწინ ვერ გაუცოცხლდა, ნარცისების მდელო ძილში ვერ ჩაჰყვა. და რა დაშავდა? არც არაფერი. ერთ დღესაც მოულოდნელად გადააწყდება და თავიდან აღმოაჩენს.

რობერტ ფროსტი, ალფრედ ჰაუსმანი, ედნა სენტ-ვინსენტ მილეი, ენ სექსტონი და მარგარეტ ეტვუდიც კი… კონსტანტინოს კავაფისისა და მარინა ცვეტაევას ლექსების ინგლისური თარგმანებიც წავაკითხე. ჰოდა, ცოტა ხნის წინ ვნახე, რომ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოსთვის მიეწერა ერთ-ერთი ცნობილი ლექსის სათაური. მოუნდა და ინტერნეტში მოძებნა. ალბათ კიდევ ერთხელ წაიკითხა.  ესეც – მოგზაურობის მთავარი მიზანი: ენის, პოეზიისა და ყოველდღიური ამბებისგან რაღაც ისეთის აშენება, რაც გზაცაა, ქალაქიც და ახალი სამყაროც.

„გაკვეთილს ვიწყებ ლოცვით“

0

„ჩვენ გვყავდა მუსლიმი მოსწავლე, სამართალს ვასწავლიდი… იეღოველებიც გვყავს, სამწუხაროდ… სამწუხაროდ იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელია, ქართველი იეღოველი იყოს“. ეს ერთი-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებლის თვალსაზრისია. ძალიან მცდარი თვალსაზრისი. ნახეთ, სხვა მასწავლებელი რას ამბობს: „ახლა კლასში სომეხიც მყავს და იეზიდიც, მაგრამ გაკვეთილს ვიწყებ ლოცვით. ისინიც ჩვენთან ერთად ლოცულობენ“.[1] რა სამწუხაროა.

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანაწორი, განურჩევლად აღმსარებლობისა და მსოფლმხედველობისა. ყველას აქვს უფლება, თავად აირჩიოს რელიგია. რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია და გულისხმობს, ერთი მხრივ, „შინაგან თავისუფლებას“ ანუ ადამიანის აბსოლუტურ თავისუფლებას, ჰქონდეს, არ ჰქონდეს ან შეიცვალოს რწმენა, მეორე მხრივ კი „გარეგან თავისუფლებას“, რომელიც ადამიანს უფლებას აძლევს, თავისი რელიგიური შეხედულებები გამოხატოს, გაავრცელოს და გაუზიაროს სხვებს.

სახელმწიფო ვალდებულია, იყოს ნეიტრალური, ტოლერანტული და დაიცვას ყველა ადამიანის უფლებები, განურჩევლად მისი რელიგიური თუ სხვა შეხედულებებისა, საჯარო სკოლას კი, განათლების მიღების კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, განსაკუთებით მართებს ტოლერანტულობა. სკოლას არ აქვს უფლება, სწავლების შინაარსი და მეთოდები ან სასწავლო პროცესის ორგანიზების ფორმები რომელიმე ერთ რელიგიაზე ააგოს. საჯარო სკოლაში გამორიცხული უნდა იყოს პროზელიტიზმი და რელიგიური ინდოქტრინაცია.

არ შეიძლება, მოსწავლის რელიგიური შეხედულებები საჯარო სკოლაში განათლების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება იყოს – ამით ირღვევა თანასწორობის პრინციპი, იზღუდება განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება და რელიგიის თავისუფლება.

მასწავლებელსაც აქვს რელიგიის თავისუფლება და უფლებამოსილია, სკოლას თავისი რელიგიური შეხედულებების პატივისცემა მოსთხოვოს, თუმცა სასწავლო პროცესში მასწავლებლები წარმოადგენენ სკოლას, ფართო გაგებით კი სახელმწიფოს, ამიტომ მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ისინი უნდა იყვნენ ტოლერანტულები და დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტი. გაკვეთილიც რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპზე უნდა აიგოს. არ შეიძლება, სკოლა რელიგიური კონფრონტაციის ადგილი იყოს.

მასწავლებელი მოსწავლისთვის მაგალითია და გავლენას ახდენს მოსწავლის მომავალ ცხოვრებაზე, ამიტომ ეკრძალება რელიგიური მოსაზრებების გამოხატვა რაიმე ფორმით. მაგალითად, ჟენევის ერთ-ერთმა სკოლამ მუსლიმ მასწავლებელს სკოლაში თავსაბურავით სიარული აუკრძალა.  საქმე სასამართლომდე მივიდა. უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სკოლის გადაწყვეტილება მართებული იყო, რადგან არ შეიძლება, მასწავლებელი სასწავლო პროცესის დროს რაიმე სახით გამოხატავდეს თავის რელიგიურ შეხედულებებს და ამით გავლენას ახდენდეს მოსწავლეებისა და მათი მშობლების რელიგიურ გრძნობებზე.

თვალი გადავავლოთ საქართველოს კანონმდებლობას:

◦ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა რელიგიური გაერთიანებებისგან („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).

◦ დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისთვის გამოყენება („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი).

◦ სკოლა ვალდებულია, დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი).

◦ საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი).

ეს ნორმა ბუნდოვნად არის ფორმულირებული. ამიტომ განმარტებას მოითხოვს. კანონის მიზნისა და სხვა ნორმებთან სისტემური კავშირის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნორმა საჯარო სკოლას ავალდებულებს, არ განათავსოს სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოები. რელიგიური სიმბოლოების სკოლაში განთავსება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კერძოდ, როცა ეს კონკრეტული საგნის სწავლების მიზანს ემსახურება.

◦ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ, სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ იგი ემსახურება რელიგიური განათლების მიღებას („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი).

ეს ნორმა კრძალავს სასწავლო პროცესის ან გაკვეთილის დაწყებას რაიმე რელიგიური რიტუალით (მაგალითად, ლოცვით).

◦ მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ პროპაგანდას (მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი).

◦ მასწავლებელი თანაბარ ყურადღებას იჩენს ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად  რელიგიისა ან სხვა ნიშნისა, და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება (მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი).

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების თანახმად კი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ არ დაუშვებს მოსწავლის დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით.

[1] https://emc.org.ge/2014/03/31/religia_sajaro_skolebshi/

სმოგი…

0

ბოლო დროს თურქული ენის კურსებზე დავდივარ. სრულიად ახალგაზრდა მასწავლებელი გვყავს, სახელად ესრა. გრძელი თმები და შავი თვალები აქვს, ქართული არ იცის, მაგრამ ცდილობს, რომ ისწავლოს. ჯგუფი სტუდენტებითაა დაკომპლექტებული და მათ შორის ყველაზე უფროსი მე ვარ. თუმცა ეს არავითარ დისკომფორტს არ მიქმნის და მთელი ენერგიით სასწავლო პროცესში ვარ ჩაბმული.

გაკვეთილზე შესვლისას ესრას ვესალმები, „ჰოშ გელდინიზ“ და სულ  „კაკო ყაჩაღიდან“ მახსენდება ამონარიდი, გახსოვთ ხომ?

„…ხოშ გელდი, ძამო…“

თუმცა კაკო ყაჩაღის ციტირებას გაკვეთილზე არ ვაპირებ და თავაზიანი ღიმილით და „ჰოშ გელდინიზ“-ით ვკმაყოფილდები. პასუხად ტრადიციულ „ჰოშ ბულდუქ“-ს ვღებულობ. ჯგუფში მხოლოდ ორი ბიჭია ლუკა და თორნიკე, დანარჩენი გოგონები არიან და იქ, სადაც ერთად ამდენი გოგოა, უეჭველად ხმაურსაც ექნება ადგილი. ესრა ჰოჯამ (ესრა მასწავლებელმა) აქა-იქ ქართული სიტყვებიც იცის, ამიტომ გამაფრთხილებელი ტონით გადასძახებს ხოლმე: „გოგოლარ“… ეს ქართულ-თურქულის ნაზავია. გოგო თურქულად „ქიზ“ არის, მრავლობითშიც „ქიზლარ“ იქნება, თუმცა „გოგოლარ“ უფრო სხვანაირად გამოდის, თან მოფერებით, თან მკაცრად.

ახალ გრამატიკულ  წესს ძალიან მონდომებით გვიხსნის და იქვე გვეკითხება, ხომ იოლიაო? ეჰ, ბარემ არ არის იოლი, მაგრამ მაინც ყველა გულმოდგინედ ვუკრავთ თავს – კი, ბატონო, იოლია. ოდნავ მოგვიანებით, თავისივე ახსნილს უბრუნდება და მაგალითს დაფაზე შეცდომით წერს, გამომცდელად გადაგვავლებს თვალს და გვკითხავს: „დოღრუ მუ?“, სიმართლე დავწერეო? პასუხად პირველი რაც ისმის, თორნიკეს „აპაპაპაპააა“, ანუ, არაო, ეგ სიმართლე ვერ იქნებაო. შემდეგ უკვე სწორი ვერსიის თქმას, ყველა ერთმანეთს ვასწრებთ (მათ შორის მეც).

ჰკითხეთ ათჯერ, ათჯერვე ერთნაირი ენერგიით ახსნის. იმ დღესაც ასე იყო, როცა საათის ცნობას გვასწავლიდა და დაუღალავად ხატავდა დაფაზე დროის სხვადასხვა ვერსიას კითხვით: „ქაჩ საათ?“ ერთმა გოგონამ ქართულად იხუმრა, ჩვენი ჰოჯა ცეცხლივით არისო. მე კიდევ, თითქოს ვინმემ მთხოვა, მაშინვე თურქულად მოვახსენე, ცეცხლივით ქალბატონი ხართ-მეთქი. თავიდან ვერ გაიგო, შემდეგ ავუხსენით, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ენერგიულია და საქართველოში ცეცხლივით ყოფნა ქათინაურია.

სხვათა შორის ცეცხლს, ადრეული ალქიმიკოსების შემდეგ ჯერ იან ბაპტისტა ვან გელმუტმა, შემდეგ გეორგ შტალმა, ბოლოს ლავუაზიემ მიაქცია ყურადღება. ცეცხლში ყველამ განსხვავებული რამ დაინახა, თუმცა ერთზე ყველა შეჯერდა, ცეცხლის დროს წვის პროცესები მიმდინარეობს. და თუ წვის პროცესი არასრულია? დიახ, გაზები გამოიყოფა და სწორედ ეს გაზები, ა

დღეს სწორედ სმოგზე ვსაუბრობთ.

1661 წელს ჯონ ეველინმა თავის წიგნში “Fumifugium” ლონდონის ატმოსფერული ჰაერი აღწერა. აქვე დაწერა ზოგჯერ წარმოქმნილ უცნაურ ბოლსა და ნისლზე, რომელშიც ფაქტობრივად არაფერი ჩანდა და ისეთ განცდას ტოვებდა, თითქოს ვულკანის  ამოხეთქვის შემდეგ ჰაერი ფერფლითაა სავსეო.

ტერმინი „სმოგი“ ორი სტყვის კომბინაციით წარმოიქმნა: „Smoke“ და “Fog” და ასახავს ჰაერის დაბინძურების ტიპს, რომლის დროსაც ჰაერში ატაცებული დაქუცმაცებული მყარი ნაწილაკებისა და მათთან შერეული თხევადი აეროზოლების გამო ხილვადობა ფაქტობრივად შეუძლებელია. დღეისათვის არჩევენ: კლასიკურ, იგივე ლონდონურ სმოგს  და ფოტოქიმიურ, ლოს ანჯელესის სმოგს.

კლასიკურ სმოგში ძირითადად საწვავისა და ნახშირის ნაწილაკები გვხვდება. არასრულად დამწვარი ნახშირის კონცენტრაცია მომატებულია, რაც თავის მხრივ ზრდის ატმოსფეროში გოგირდის დიოქსიდის კონცენტრაციას. ამ უკანასკნელის არსებობა ატმოსფეროში მჟავას წარმოქმნას განაპირობებს (მჟავა ოქსიდია და ატმოსფერულ წყლის ორთქლთან შედის რეაქციაში). მეცხრამეტე საუკუნეში სმოგი ხშირი სტუმარი იყო ისეთი ქალაქების, სადაც  ინდუსტრიული ცენტრები არსებობდა, მათ შორის იყო ლონდონიც. ამ ქალაქებში ნახშირი ინდუსტრიაშიც გამოიყენებოდა საწვავად და სახლებსაც ათბობდნენ.  1952 წელს ლონდონში სმოგი რამდენიმე კვირას იდგა და 4000 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. მათ უმეტესობას სუნთქვის პრობლემა აწუხებდა. მოგვიანებით კანონმდებლობამ ინდუსტრიულ ცენტრებს რეგულაციები დაუწესა, თუმცა 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ არსებობდნენ ქარხნები, რომლებიც საწვავად ნახშირს იყენებდნენ და გამონაბოლქვზე არავითარი კონტროლი არ ჰქონდათ. საფრთხეს ის ტრანსპორტიც წარმოადგენდა, რომელთა გამონაბოლქვიც ნახშირჟანგს და აქროლად ნახშირწყალბადებს შეიცავდა. ასეთი ტრანსპორტი ძირითადად ორტაქტიანი ძრავით იყო გაწყობილი.

2000 წლიდან სმოგი ჩინეთისა და ინდოეთის პრობლემად იქცა. პეკინში სმოგმა 2008 წლის ოლიმპიური თამაშების მომზადებაში სერიოზული შეფერხებები გამოიწვია. თვითონ თამაშების მიმდინარეობის დროსაც ტრანსპორტის სიმრავლისა და სხვადასხვა გამონაბოლქვის გამო კატასტროფულად გაიზარდა ოზონის ფოტოქიმიური წარმოქმნა. ეს უკანასკნელი კი აზოტის დიოქსიდის ფორმირებასა და ჰიდროქსილ რადიკალის წარმოქმნას უწყობდა ხელს. ამ უკანასკნელთან უკვე ნახშირწყალბადები შედიოდნენ რეაქციაში და… პეკინის მისადგომებთან დამდგარი სმოგი უკვე შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნეოდა.

ფოტოქიმიური  სმოგი  მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ფენომენია. ფოტოქიმიური  სმოგი ბენზინის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვის პირმშოა. მას წინ უსწრებს ქიმიური და ფოტოქიმიური რეაქციების მთელი ჯაჭვი, რომლებიც სპეციფიკურ პირობებში მიმდინარეობს. მის წარმოსაქმნელად საჭიროა არასრულად დამწვარი ნახშირწყალბადები, აზოტის ოქსიდები. ის  დამჟანგველებსა და  ნახშირბადის შემცველი რეაქციების პროდუქტებს შეიცავს. ასევე აუცილებელია სპეციფიკური კლიმატური პირობებიც. სმოგის წარმომქმნელი ზოგიერთი რეაქცია თერმულია და მაღალი ტემპერატურა სჭირდება. ზოგიერთი ფოტოქიმიურია. მის წარმოსაქმნელად აუცილებელია მზის სხივები. გამოყოფილი აირები ერთ დონეზე უნდა განთავსდნენ, რომ რეაქცია დაიწყოს. ასეთი პირობები ხშირად ლოს-ანჯელესის თავზე იქმნება და მისი სახელიც შეერქვა – ლოს-ანჯელესის  სმოგი. თუმცა ფოტოქიმიური  სმოგი   შეინიშნება მექსიკის, ქაიროს, ჯაკარტას, იოჰანესბურგის და ა.შ.  თავზეც.

ფოტოქიმიური სმოგის შემადგენლობა და წარმოქმნის მექანიზმი გაშიფრულია და მეცნიერები ატმოსფეროს მუდმივი მონიტორინგით არიან დაკავებული. მაგალითად, 1992 წლის 21 მაისს, კანადაში ტორონტოს მიდამოებში ასეთი სურათი იყო:

დილის ექვს საათზე მზისგან  უკვე იგრძნობოდა, რომ ცხელი დღე იქნებოდა. ქუჩებში მოძრაობა გახშირდა და ატმოსფეროში პარალელურად ნახშირწყალბადებისა და აზოტის ოქსიდის კონცენტრაცია გაიზარდა. განსაკუთრებით მოიმატა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ. შუადღისას ოქსიდების კონცენტრაციამ თითქოს იკლო, სამაგიეროდ დამჟანგავი აგენტების რაოდენობამ იმატა და აპარატურამ ალდეჰიდების არსებობა დააფიქსირა. შუადღის შემდეგ ნაგვიანევზე სმოგის ნიშნებიც გამოჩნდა.

სმოგის ფორმირებისთვის ჰიდროქსილის რადიკალის წარმოქმნაა საჭირო. სწორედ მასთან გააგრძელებენ რეაქციებს ალკანები. თავდაპირველად აზოტის და ჟანგბადის ურთიერთქმედებით აზოტის (II) ოქსიდი წარმოიქმნება.  შემდეგ, მიღებული პროდუქტი იჟანგება აზოტის დიოქსიდის წარმოქმნით. მისი გარდაქმნებით კი (სინათლეა საჭირო) წარმოიქმნება ჰიდროქსილის რადიკალი, რომელიც უკვე ალკანებთან ერთვება რეაქციაში.

ერთ დაბაში გოგო და ბიჭი ცხოვრობდნენ. ერთმანეთი შეუყვარდათ და ყოველ დღე ნახულობდნენ. მავანმა გოგოს მამას ამბავი მიუტანა, შენი გოგო, აიიი იმის ბიჭს ყვარობსო. მამა მკაცრი იყო, ჰოდა ადგა და ქოში უკუღმა ჰყარა…  ეს რა გამიბედეთო! გოგო სახლში გამოკეტა, გარეთ გასვლას მოგანატრებო. გოგომაც პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა და თქვა, იმის მეტი არავინაც არ მინდაო:

„თუ იქნება, ის იქნება

სხვას ახლოს არ გავეკარები,

სამ წელიწადს პურს არა ვჭამ,

უნდა დავკეტო კარები …“ (ხალხური)

შიმშილობის მესამე დღეს კი დაფიქრდა, მე რომ ასე თავს ვიკლავ, ნეტავ ის რაღას აკეთებსო და დის ხელით წერილი აახლა (სად იყო მაშინ ტელეფონები და ინტერნეტი). ბიჭმა შემოუთვალა, ამაღამ გავიპაროთ, შენი და კარებს გაგიღებსო. ასეც მოიქცნენ, მაგრამ უკან, უამრავი ტყვია-წამლით განრისხებული მამა დაედევნათ.

აქ ესრა ჰოჯა გაჩერდა…

– შემდეგ? შემდეგ რა მოხდა?

– რა ვიცი, რა მოხდა. ეგ თავადვე მოიფიქრეთ. ამბავი იმიტომ მოვყევი, ზმნები წარსულ დროში ჩამესვა და თქვენ  ყური შეგეჩვიათ. ახლა  სწორედ ზმნის  წარსულ დროში  წარმოებას ვისწავლითო…

ჰმ, წარსული დროის წარმოება აუცილებელია, მაგრამ ამბავი ხომ უნდა დასრულდეს. გაქცეულ ბავშვებს მამას ორლულიანი თოფით ხომ ვერ დავახოცინებთ? აჰა, მოვიფიქრე…

გოგომ და ბიჭმა დადევნებულ მამას ერთ ქალაქში შეასწრეს. ქალაქში სმოგი იდგა… ჰოდა, მამამ ვერაფერიც ვერ დაინახა, არც სმოგზე სმენოდა რამე. ჩაიქნია ხელი, ქოშებიც შეისწორა (ხომ, გახსოვთ, სიბრაზისგან, რომ უკუღმა ჰყარა) და დაბრუნდა ისევ თავის დაბაში.

გოგო და ბიჭი კი რანაირ ოჯახს შექმნიან და რამდენი შვილი ეყოლებათ, მაგაზე ზმნის მომავალი დროის წარმოებისას ვისაუბროთ.

ალტერნატიული შეფასების მეთოდები – პორტფოლიო (ნაწილი მეორე)

0

სტატიის წინა ნაწილში განვიხილეთ პორტფოლიოს წარმოებას და მის შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც მომზადებული იყო Roger Farr, Roger C. Farr და Bruce Tone წიგნის  „Portfolio and Performance Assessment: Helping Students Evaluate Their Progress as Readers and Writers“ დაყრდნობით. ასევე ვისაუბრეთ პორტფოლიოს წვლილზე მოსწავლეებში იბიექტური თვითშეფასების ჩამოყალიბების კუთხით. ამჯერად მიმოვიხილავთ რა მნიშვნელობა აქვს პორტფოლიოს აზროვნების განვითარებასა და წერა-კითხვის სწავლებაში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ საუკეთესო გზა იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა ინდივიდუალურ პიროვნებას  ენის გამოყენებით აზრის გამოხატვა, არის მის მიერ გამოხატული აზრის შეფასება. იმავე ანალიზის დახმარებით, შეგვიძლია ასევე გამოვიტანოთ დასკვნა აზრის ჩამოყალიბების პროცესზე. თუ ჩვენ ხელი მიგვიწვდება აზრის გამოხატვის სხვადასხვა ეტაპებზე – შენიშვნების და სამუშაო ვერსიების ფორმით – უკეთესი წარმოდგენა გვექმნება პროცესზე, ხოლო პროცესის დაკვირვების მეორე გზაა, დაკვირვების შესაძლებობებისთვის თვალყურისდევნება მისი მიმდინარეობის პროცესში. ეს მოითხოვს, რომ ენის სწავლება იყოს რეალური გამოცდილება – ანუ, რის გაკეთებასაც მოსწავლეებს მოვთხოვთ გაკვეთილზე, იყოს შეძლებისდაგვარად ღირებული ცხოვრებისეული გამოცდილება ან წააგავდეს მაინც იმას, რაც შეიძლება საკლასო ოთახის გარეთ მოხდეს.

აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ იმ შემთხვევაში სწავლობენ კარგად, როდესაც სასწავლო პროცესი პრაქტიკულ, ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა დაახლოებული, არამედ ისინი ამავე დროს საუკეთესოდ აფასებენ კიდეც. ამ მოსაზრებას ამყარებენ ავტორები და აღნიშნავენ, რომ დღესდღეობით განათლების სფეროში შემოთავაზებული ალტერნატიული შეფასებების უმეტესობა ცდილობს, იყოს ავთენტიკური და ეფუძნებოდეს პრაქტიკული უნარების გამოყენებას. ბევრი პედაგოგის აზრით, იმისათვის რომ შეფასება იყოს როგორც ავთენტიკური და პრაქტიკული უნარების გამოყენებაზე დაფუძნებული, მოსწავლე უნდა იყოს მთავარი შემფასებელი. პორტფოლიოს შეფასება ძირითადად ამ მოთხოვნას პასუხობს. ავთენტიკური შეფასება გულისხმობს მოსწავლეების უნარების განვითარება ისე, რომ მოსწავლეს მათი გამოყენება მისთვის გასაგები და რეალური გზით შეეძლოს. ამას ეწოდება ტერმინი „ავთენტიკური“. პორტფოლიოს შიგთავსის დიდი ნაწილის შერჩევასა და მის ორგანიზებაზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, მოსწავლის პორტფოლიო გაცილებით ავთენტიკურია იმ მასალებთან შედარებით, რომლებთან მუშაობაც ევალებათ სწავლის პროცესში. მეტყველების შეფასების სწორი ინსტრუმენტების ყურადღებით შერჩევის მიზანიც იგივეა.

მასწავლებელს შეუძლია დაადგინოს, რამდენად ავთენტიკურია შეფასება და რამდენად ეფუძნება ის პრაქტიკული უნარების გამოყენებას, თუ განსაღვრავს დონეს, რომლითაც მოსწავლე აკონტროლებს საკუთარ შეფასებას. მაგალითად, წერითი ტესტი, რომელშიც რამდენიმე სავარაუდო პასუხიდან ერთი უნდა შეირჩეს, რეგულირდება ტესტის წარმომდგენის და არა მოსწავლის მიერ. ხოლო ავთენტიკური შეფასებები კი, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლის მიერ რეგულირდება. პორტფოლიო ძალიან ახლოს დგას ავთენტიკურობასთან, მაგრამ ის ასევე ეფუძნება პრაქტიკული უნარების გამოყენებას.

ავტორები ამყარებენ მოსაზრებას, რომ მეტყველების განვითარებასა და ენის სწავლებაში პორტფოლიოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ისინი გვთავაზობენ იმ შეკითხვების ჩამონათვალს, რაც შეიძლება მასწავლებელს გაუჩნდეს პროტფოლიოს ანალიზის დროს. ესენია:

  1. რა სახის ტექსტები და თემებია ჭეშმარიტად საინტერესო თითოეული მოსწავლისთვის? წერის რა სახეები მოსწონს მოსწავლეთა უმეტესობას და რომელი გამოსდით ყველაზე კარგად? რა არის თითოეული მოსწავლის მიერ ენის გამოყენების მთავარი ძლიერი მხარეები? წერით და კითხვით დავალებებში რომელი განმეორებადი თემა, საკითხი, სურათი და დეტალი მიუთითებს მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებსა და ინფორმაციის საჭიროებაზე? მოსწავლის მიერ წაკითხული რომელი ტექსტები იყო ამ კუთხით ხელშემწყობი? არის თუ არა რომელიმე ტექსტი ნათელი ნიმუში საწერად?
  2. როგორ იყენებენ სხვადასხვა მოსწავლეები მათ მიერ წაკითხულ მასალას? როგორ და რამდენად ეფექტიანად გამოიყენება ჩამოყალიბებული აზრი? ჩანს თუ არა ამ გამოყენების შედეგად, რომ მოსწავლეს კარგად ესმის მასალა? რას გვეუბნება მოსწავლის მიერ პორტფოლიოზე მუშაობა – ორგანიზება, ანალიზი – მის, როგორც მკითხველის, მწერლის, მოაზროვნის ან თვითშემფასებლის განვითარებაზე? რა სახის აზროვნებაა გადმოცემული თითოეულ პორტფოლიოში თავმოყრილ მასალაში?

პორტფოლიოსთან დაკავშირებით აზრების გაცვლა-გამოცვლა მასწავლებელს და მოსწავლეს შორის შეიძლება გაკვეთილზე მიმდინარეობდეს, მაგრამ მისი წარმატებული შეფასებისთვის მნიშვნელოვანია შეხვედრები, რომლების მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლესთან მიზანმიმართულად უნდა დანიშნოს. პირისპირ შეხვედრების დროს საქაღალდის შეფასება ახდენს მოსწავლის ძალებისა და ინტერესების განვითარების დემონსტრირებას და მიუთითებს სწავლებაში ყურადსაღებ ფაქტორებზე სამომავლოდ. ამ შეხვედრების დროს მასწავლებელი და მოსწავლე ერთად უყრიან თავს ყველა შენიშვნასა და მოსაზრებას, რომელიც გაუჩნდათ შეხვედრების დროს პორტფოლიოს ხშირი შემოწმებისას.

ავტორები რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ შეხვედრის დროს პორტფოლიო გახსნილ მდგომარეობაში, ხელმისაწვდომ ადგილას იყოს განთავსებული, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.  ორივე მხარე აკეთებს ჩანიშვნებს შეხვედრის განმავლობაში და ერთმანეთს უზიარებს. ამისათვის რეკომენდებულია სპეციალური ორმხრივი ფურცელი, რომელიც შეხვედრის ღია ხასიათისა და შეფასებების გაზიარების მაჩვენებელია. გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებლის მიერ პორტფოლიოს სრული შეფასება არ ხდება შეხვედრის დროს. ისევე, როგორც მოსწავლე ხშირად მარტო მუშაობს თავის კრებულზე, მასწავლებელმა შეიძლება დამოუკიდებლად.

            პორტფოლიოს შეფასება არის უაღრესად მიმზიდველი მეთოდოლოგია, რომელიც თავდაპირველად ბევრ მასწავლებელს იზიდავს,  თუმცა ის მოითხოვს ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც  ძალიან რთულია. არსებულ პრაქტიკაში გამოიკვეთა კონკრეტული გარემოებები და რისკები, რაც თან ახლავს ამ მეთოდის გამოყეებას.

  1. პორტფოლიოების გამოყენების მცდელობა წერითი გამოცდის შეფასებაში – რომელშიც მონაწილეობენ მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლის სხვა ანგარიშვალდებული პირები – არ არის ძალიან წარმატებული. ჩანს, რომ პორტფოლიოს შეფასება ამ შემთხვევაში ზედმეტად მიკერძოებულია.
  2. ბევრი მასწავლებელი ცდილობს პორტფოლიოს შიგთავსის სტანდარტიზებას, რაც მის არსს კონტროლის ქვეშ აქცევს. ეს მოსწავლეს ართმევს არჩევანის უფლებას და საკუთრების შეგრძნებას, რაც აუცილებელია თვითშეფასების განვითარებისთვის.

მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, პორტფოლიო კვლავ რჩება ალტერნატიული შეფასების ერთ-ერთ ძირითად მეთოდად და კონკურენციას უწევს პრაქტიკული უნარების შეფასებას, რომელზეც სტატიის მომდევნო ნაწილებში ვისაუბრებთ.

რეცეპტები ინკლუზიისა და პედაგოგიური გამძლეობისთვის- ნაწილი II

0

პედაგოგიური გამძლეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოსტულატად მეგობრებთან, კოლეგებთან თანამშრომლობას მოიაზრებენ. ცნობილია, რომ თანამშრომლობით უკეთესი შედეგის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე კონკურენციით. ეს აღიარებული ნორმაა, რომელიც ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიოლოგიასა თუ ეკონომიკაში სინერგიის სახელწოდებითაა ცნობილი. მისი ყველაზე მარტივი პირობითი ფორმულა ასეთია: 1+1>2. რა თქმა უნდა, უფრო ვრცელი და ამომწურავი ფორმულებიც არსებობს, მაგრამ ყველა მათგანის არსი შეიძლება დავიყვანოთ ფართოდ აღიარებულ ჭეშმარიტებაზე: „ძალა ერთობაშია“.

ტერმინი „სინერგია“ ბერძნულიდან მომდინარეობს და „ერთად შრომას“ ნიშნავს. ეს ის ცოდნაა, რომელიც უხსოვარი დროიდან მოჰყვება კაცობრიობას, ამიტომაც ხშირად ამოვიკითხავთ რელიგიურ ტექსტებში, ზღაპრებში, იგავ-არაკებსა და სახელმწიფო სიმბოლოებშიც კი, და რაკი „სკოლა პატარა სახელმწიფოა“ (დ. უზნაძე), მით უფრო გვჭირდება ამ ცოდნის გათავისება.

კოლეგა ფასდაუდებელი განძი და რესურსია. კოლეგებს შორის ნდობას, ურთიერთგაგებას, თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სპეცმასწავლებლებისთვის კი განსაკუთრებით საჭიროა იმის ცოდნა, რას აკეთებენ გაკვეთილებზე მათი მეგობრები ბავშვების მხარდასაჭერად. ურთიერთკავშირს განუზომელი ძალა აქვს და სკოლებში საუკეთესო საგანმანათლებლო სერვისების შექმნის საფუძველიცაა. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ სხვაგვარად ჩვენი საქმიანობა მძიმე და მოსაბეზრებელი იქნებოდა, ყოფა კი – გაუსაძლისი.

მომდევნო რეცეპტი მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობის დამყარებაა. მასწავლებლებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, ინდივიდუალურად შეისწავლონ ყოველი მოსწავლე. ბავშვებს, რომლებსაც ვასწაავლით, აკადემიურ, სოციალურ და ინდივიდუალურ დონეებზე უნდა ვიცნობდეთ. როცა ურთიერთობას პერსონალურად არ ვავითარებთ, ბავშვებს ხშირად ჰგონიათ, რომ მათ კი არ გადავცემთ ცოდნას, არამედ ზოგადად გავცემთ, ხოლო ის, რაც კონკრეტულად მათ არ მიემართებათ, არც უნდა ისწავლონ. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ პირადად მას ვეკონტაქტებით, მასზე ვზრუნავთ, რადგან მისთვის საუკეთესო გვინდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში აუმაღლდება მოტივაცია, მიიღებს სტიმულს კარგი სწავლისა და ჩვენი გახარებისთვის და გადაწყვეტს, წარმატებული გახდეს.

ხელნაწერი წერილები, პოზიტივიზმის გაზიარება და ჩართულობა

მელისა ფერი წერს, რომ მოსწავლეებთან უფრო მეტად დასაახლოებლად და კარგი ურთიერთობის დასამყარებლად სასწავლო წლის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე თითოეულ მათგანს უგზავნის ხელნაწერ წერილს, რომელშიც გამოხატავს სიხარულს იმის გამო, რომ მათი სწავლების პატივი ერგო და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალი თანამშრომლობისთვის.

ყოველ ორშაბათს მელისა სთხოვს მოსწავლეებს, მოუყვნენ ვიკენდზე მომხდარ ერთ პოზიტიურ ამბავს. მათი სკოლისგარე ცხოვრებისადმი ინტერესი ბავშვებს ახალისებს და სწრაფად ბადებს მათთვის საყვარელ ტრადიციას, რომელსაც ზოგჯერ თავად შეახსენებენ ხოლმე მასწავლებელს. თუ რომელიმე მოსწავლე სპორტს მისდევს, მელისა მშობლებს თამაშების განრიგს სთხოვს და თავადაც ცდილობს სასწავლო წლის განმავლობაში ერთი თამაშის ორგანიზებას სასკოლო სტადიონზე. ყოველ ასეთ მცდელობას საუკეთესო შედეგი მოჰყვება.

საუბარი მხოლოდ კარგზე

დროდადრო საკლასო ოთახში დაფასთან შეიძლება გამოვაკრათ დღის პოზიტიური ფრაზა. მაგალითად, ასეთი: „გვჯეროდეს კარგის!“

რადგან…

„რწმენა იქცევა ფიქრად

ფიქრი – სიტყვად

სიტყვა – ქმედებად

ქმედება – ჩვევად

ჩვევა – თვისებად

თვისება – ფასეულობად.

ჩვენი ფასეულობა ჩვენი ბედისწერაა!“

(მაჰათმა განდი)

სპეციალური განათლების პედაგოგები მთელი დღის განმავლობაში ეჯახებიან განსაკუთრებულ გამოწვევებსა და სირთულეებს. ადვილია, პრობლემას შეეჩეხო და დამარცხდე, მაგრამ თუ ამ სირთულეების შესახებ სხვა მასწავლებლებს მოვუყვებით, მათი მოგვარების საშუალების პოვნა ერთიორად გაიოლდება. თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ დარგში გამოწვევები უსასრულოა.

 

მასწავლებლობა ბედისწერაა, რომელსაც ვირჩევთ და ვემსახურებით, რადგან ვგრძნობთ და ვხედავთ, როგორ იცვლება ბავშვის ცხოვრება. ეს რთული და, იმავდროულად, საამაყო საქმეა, რადგან წარმატებები აშკარაა და დღეს მათი გაზიარება მთელი სამყაროსთვის შეიძლება. მელისა ფერი გვიბიძგებს, ყველას მოვფინოთ სწავლების სიხარული, განსაკუთრებით მაშინ, როცა სპეციალურ განათლებას ვემსახურებით. „წინსვლა წინსვლაა, რაგინდ მცირე ნაბიჯებით მივიწევდეთ წინ, სიყვარულით სავსე პატარა ბარათები კი დაუვიწყარი სიხარულია, რომლითაც ბავშვები გვაჯილდოებენ“, – აცხადებს იგი.

მასწავლებლის გამძლეობის კიდევ ერთი რეცეპტი ოჯახის წევრებთან ურთიერთგაგებისა და პოზიტიური ურთიერთობის დამყარებაა. იმისთვის, რომ ეფექტურად ვასწავლოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი მოსწავლე უნიკალური ოჯახიდანაა და, უპირველეს ყოვლისა, მისი ოჯახისა გვესმოდეს. ბოუენის ოჯახის სისტემის თეორიის პირველი პრინციპის თანახმად, ვერავინ ამოიცნობს პიროვნებას იმის ცოდნის გარეშე, როგორი ურთიერთობა აქვს მას ოჯახთან. ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელიც სწავლების დროს მუდამ უნდა გვახსოვდეს. მშობლებმა და მომვლელებმა ხშირად ყველაფერი იციან ბავშვზე. ამგვარად, მათი აზრი არათუ იმსახურებს მოსმენას, არამედ საგანმანათლებლო პროცესის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ნაწილია. მშობლებს შეუძლიათ დაგვეხმარონ არა მხოლოდ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებაში, არამედ მათი ძლიერი და სუსტი მხარეების ამოცნობასა და სწავლების სტილის მიგნებაშიც. ისინი შეიძლება ჩვენს მარჯვენა ხელად იქცნენ.

მშობლებთან კონტაქტის დასაწყებად კარგი იქნება, ჩამოვწეროთ და გავუგზავნოთ მათ მთელი წლის განმავლობაში მისაღწევი მიზნები და მოლოდინები, მივიწვიოთ ისინი საკლასო ოთახში და დავარწმუნოთ ჩვენს მზადყოფნაში, რომ გავითვალისწინებთ ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს, მოსაზრებას, წინადადებას, თუ ეს ხელს შეუწყობს მის წინსვლას.

კარგი იქნება მშობლების რეგულარული ინფორმირება სასწავლო პროცესის, აქტივობების, ღონისძიებების შესახებ. უნდა გვჯეროდეს, რომ მოსწავლის თუნდაც მცირედი წარმატების შესახებ ყოველი პოზიტიური გამოხმაურება ახალ წარმატებასთან მიგვიყვანს. ყოველდღიურ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მოვლენებს ბავშვის მშობლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ისინი ხედავენ, რომ ვიცავთ მათ შვილს, გვიყვარს ის და თავადაც უფრო მეტად ერთვებიან სასწავლო პროცესში, ეს კი ბავშვის აკადემიური წარმატების უმთავრეს საფუძვლად მიიჩნევა. ასე რომ, თუ პრიორიტეტად მოსწავლის მშობლებთან პოზიტიურ ურთიერთობას დავისახავთ, გავზრდით წარმატების ალბათობას, შევიმსუბუქებთ შრომას და სიმშვიდეს მოვიპოვებთ.

მაშასადამე, ორგანიზებულობა, პირადი ცხოვრების შენარჩუნება, საკუთარ თავზე ზრუნვა, ბავშვების დასაქმება, მონაცემთა გამოყენება, პირადი ინსტინქტების გათვალისწინება, კოლეგებთან თანამშრომლობა, მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობის დამყარება, მხოლოდ კარგზე საუბარი, კარგი ურთიერთობის დამყარება საკუთარი ოჯახის წევრებსა და მოსწავლეთა მშობლებთან ის ათი რეცეპტია, რომლებსაც მუდმივად უნდა ვიყენებდეთ, რათა შევქმნათ უფრო ჩართული სასწავლო გარემო, მივიღოთ უკეთესი შედეგი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას და მოვიპოვოთ გამძლეობა მომდევნო უფრო რთული და შემოქმედებითი სასწავლო წლებისათვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა და ელექტრონული რესურსები:

  1. ანა ლაღიძე, თათია პაჭკორია, მაია ბაგრატიონი, ”ინკლუზიური განათლება – გზამკვლევი მასწავლებლებისათვის”, თბილისი, 2009
  2. თათია პაჭკორია, სალომე მაზმიშვილი, თამუნა კბილცეცხლაშვილი, ქეთევან იაშვილი, მეიკო ჭელიძე, „ინკლუზიური განათლება, მოსწავლე, ოჯახი და სკოლა“, თბილისი, 2012
  3. https://www.friendshipcircle.org/blog/2014/02/04/10-ways-a-special-education-teacher-can-stay-sane-during-the-school-year/
  4. https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=pe30M_GWpcQC&oi=fnd&pg=PA39&dq=bowen+family+system++theory+&ots=9SHFktbXLR&sig=3bWXb7dK-MLmM9dn0xPUUxlqC4I&redir_esc=y#v=onepage&q=bowen%20family%20system%20%20theory&f=false

რატომ მოკვდა მამაჩემი, ანუ „ალუდა ქეთელაურის“ სიზმარი ომის რომანტიკის წინაააღმდეგ

0

ისევ თავად ვაჟათი დავიწყებ. ალბათ ბევრ მკითხველს ეცნობა სურათი: გაბადრული, ამაყი მშობლები და თითისტოლა ბავშვი, რომელიც „თავის სიგრძე“  „ბაკურს“ სტუმრების საამებლად ომახიანად ჩააბულბულებს და კმაყოფილი და აღფრთოვანებულია ყველა: სტუმრებიც, მშობლებიც, თავად პატარაც.

რა ხდება ამ ლექსში, რა ტრაგედია ტრიალებს, სწორია თუ არა ბაკურის საქციელი, ეს დიდად არავის ანაღვლებს. არც ის ანაღვლებს ვინმეს, ბავშვი რომ შემთხვევით მართლა დაფიქრდეს იმაზე, რასაც ამბობს. როგორ განუმარტავენ მშობლები, მიაყენებს თუ არა შეუფერებელ ტრავმას იმის გაგება, რატომ დახოცა ბაკურმა ოჯახი, მაგრამ, საბედნიეროდ, როგორც წესი, კითხვები არ ჩნდება, მშობლებიც კმაყოფილნი რჩებიან და ბავშვიც იფერებს მიღებულ ოვაციასა და ყურადღებას.

ომი პირველად მაშინ შემძულდა, როცა 1992 წელს  მძიმე ავადმყოფობით მამა გარდაიცვალა.

მაშინ 19 წლისა ვიყავი. მანამდე დიდი სამამულო, ანუ მეორე მსოფლიო ომის თემა ლაიტმოტივად გასდევდა ჩემს ბავშვობას.

იმდენად დიდ პატივში იყო ომში დაღუპულ გმირთა სახელები, თვითონ ომის საშინელებაზე არც მიფიქრია.

სოფელში, მისაღებ ოთახში, ყველაზე დიდ კედელზე, ბებიას მოქსოვილი ულამაზესი ფარდაგის ფონზე პაპას გადიდებული ფოტო, ფოტოს ძირში კი მისთვის ნაყიდი ვერცხლის ხანჯალი ეკიდა. ის ხანჯალი ბებიას შეუძენია ომისას, ერთი ვედრო ერბო და ორი ცხვარი გადაუხდია, დაბრუნდება ქმარი და საჩუქრად დავახვედრებო.

ლამაზი იყო ფარდაგიც, ხმალიც, ფოტოც და ოცდაექვსი წლის პაპაჩემის გმირულად ვერდაბრუნების ამბავიც.

ლამაზი იყო მამაჩემის ლექსიც მამამისზე:

„სალამი მამა, წლები მიდიან…

რა უნდა გითხრა გულგასახარი.

აი, მე უკვე შენზე დიდი ვარ,

დავმშვენებულვარ უკვე ჭაღარით…“

კიდევ უფრო ლამაზი იყო პაპას ფრონტიდან გამოგზავნილი ლექსი:

„გოგლამ სთქვა მთიულიშვილმა: ყელში ამომდის ალია,

ნეტავი, ცეცხლად მაქცია, დამეწვა მთა და ბარია,

ომში მოკლული ვაჟკაცი საბრალო სანახავია,

გადაქცეულა ველზედა, ფრინველს უთხრია თვალია.

პირველ რო ვნახე, შევძრწუნდი, გულ დადნა როგორც რვალია,

მას მერე რამდენი ვნახე, ეჩვევა კაცის თვალია….

მე რომ აქ მოვკვდე, ამ ფრონტზე, ცოლო ჩაიცვი შავია,

ერთ წელიწადსა მიგლოვე, თვალთაგან ცრემლი ღვარია,

მერე ნება გაქვს, გათხოვდი, ჩემზედ არ დასდვა თავია,

მე სხვანიც მომიგონებენ, ვაჟი დამრჩა და ქალია“.

მხიბლავდა, პატარა ბიჭი ცოლს რომ ერთგულებას არ სთხოვდა და ლექსის დასაწყისში ომის საშინელ სურათს ვერც აღვიქვამდი.

ლამაზი იყო სოფლის წმინდა გიორგის დღეობაზე ომში გარდაცვლილი პაპასთვის ცალკე დანთებული სანთელი და მისთვის გამომცხვარი გულიანი ქადებიც.

ლამაზი იყო დეკანოზის დალოცვაც, როცა ის მთა-მთიულეთის მთელ სალოცავებს ჩამოთვლიდა და შინმოუსვლელების სულს მათ შეავედრებდა.

ლამაზი იყო მამას ოცნება, როდესმე წასულიყო მოლდავეთში, იმ საძმო სასაფლაოზე, სადაც მამამისი იყო დაკრძალული. ლამაზი იყო, ოღონდ ასრულება არ ეწერა.

მხიბლავდა და რომანტიკის ბურუსში იყო გახვეული ბებიას გმირობა ერთგულებაზე, ობლების გაზრდაზე.

არაფერი მიჩენდა ომის მიმართ პროტესტს, ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი: პაპას – გმირის სახელი, ბებიას – საამაყო და ბედნიერი შვილები, ჩვენ – მზრუნველი და თბილი ოჯახი.

მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი ახალი მომხდარი იყო და აფხაზეთიც კარზე გვქონდა მომდგარი, მამა გარდაიცვალა.

როცა ტრაგედია გატყდება თავს, შენდაუნებურად ეძებ დამნაშავეს. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ დამნაშავე ომი იყო, ის, კარგა ხნის წინ მომხდარი და გამარჯვებული ომი, რომელმაც პაპაჩემი იმსხვერპლა. ობლობის გამო მამას ბავშვობიდან დააწვა მძიმე ფიზიკური შრომის ტვირთი და პირველად სერიოზულად ჩვიდმეტი წლის ასაკში დაავადდა. მერე ეს სენი პერიოდულად იჩენდა ხოლმე თავს. რაღა თქმა უნდა, მესმის და მესმოდა „ეს რომ ასე არ მომხდარიყო“ ლოგიკის სისუსტე, მაგრამ მაშინ  მძაფრად ვიგრძენი: პაპა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მამას ჯანმრთელობა არ შეერყეოდა, რომ იდილია, რომელიც მქონდა, გაცილებით ხანგრძლივი და მყარი იქნებოდა, რომ ვიპოვე საკუთარი თავისთვის მთავარი დამნაშავე – მეორე მსოფლიო ომი – და მთელი არსებით შევიძულე!

ალბათ ადამიანს არ შეუძლია შეულამაზებლად დაიმახსოვროს სისასტიკე და უგუნურება და ამიტომ შეძლებისდაგვარად ნიღბავს წარსულს. გადარჩენის სიხარული ჯაბნის დანაკარგის მწუხარებას და პატარა ბიჭების გმირული სიკვდილი ომის საშინელ სურათებს კი არ ამძაფრებს, წინ ეფარება. თუმცა დანაკარგი იმდენად მძიმეა, შეიძლება მესამე თაობასაც მოუქნიოს მათრახი.

შეულამაზებელი სინამდვილე ომსა და მტერობაზე ცოცხალი ადამიანების მეხსიერებაში კი არა, მხატვრული ლიტერატურაში გვაქვს შემორჩენილი. იქაც ყველაზე მძაფრად სიზმარში. ეტყობა სინამდვილე იმდენად სასტიკია, რომ მხატვრულ გამონაგონშიც კი დამაჯერებლობას მხოლოდ სიზმარში იძენს:

„დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა

კაცის ხორც იყო წვნიანი,

ვჭამდი, მზარავდა თუმცაღა

კაცის ხელ-ფეხი წვნიანი.

რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი

უმსგავსი, შაჩვენებული,

„ჭამეო, რამამ მიძახა,

ნუ ჰხდები გაშტერებული,

კიდევ მიმირთვით ალუდას

წვენ-ხორცი გაცხელებული“.

იმდენად მძიმეა ამ სტრიქონებში ნათქვამი აზრი, რომ ყოველი კვლა კანიბალიზმის ტოლფასია, იქნებ ასე გადმოთარგმნად არც ღირდეს. გამონაგონში ზმანებად ნანახი, ირიბად ნათქვამი, რაღა თქმა უნდა, გაცილებით შთამბეჭდავია. ის თითქოს გადადის და არც გადადის იმ ტაბუს, რომელიც ადამიანებმა საკუთარ თავს დავუდეთ და ხმამაღლა აღარ ვლაპარაკობთ. ომი, მტერობა, კვლა  – ისაა, რის უპირველეს მიზეზზეც პირდაპირ და ხმამაღლა ვეღარ ვლაპარაკობთ. სამარცხვინოა, იმდენად არაადამიანური უდევს საწყისში, მაგრამ დავიწყებაც არ შეიძლება.

ამ წერილს რომ ვწერ, 9 მაისი კარზეა მომდგარი, ყოველთვის მიხარია ეს დღე, მაგრამ ყოველთვის მძულს ეს ომი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი საყრდენი – მამა – ნაადრევად გამომაცალა. ჩემთვის ასეა – ზუსტად ვიცი, მხოლოდ ის შეძლებდა დროდადრო შეეხსენებინა ჩემი საკუთარი თავის მნიშვნელობა. მისი მხარდაჭერით ბევრი რამ უფრო ჯანსაღი და ნამდვილი იქნებოდა.

71 წელია გასული ამ ომის დამთავრებიდან და ახლაღა შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცნაირად დავძლიე, მოვერიე, თვალი გავუსწორე და მისი გამრუდებული ჩემს ცხოვრებაში შეძლებისდაგვარად გავასწორე. არადა, იმ ომისთვის მე უკვე მესამე თაობა ვარ.

მას მერე საქართველომ კიდევ გამოირა ომები, გაცილებით ახალი ტკივილები, ახალი დანაკარგები, თანაც ისეთები, გამარჯვების სიხარულიც რომ ვერ გვიშველის მოსანელებლად.

წყევლა თითქოს უკადრი საქციელია, მაგრამ მტრობა, სისხლისღვრა, ომის სურვილი ერთადერთია, რომელიც ამას იმსახურებს:

„ვისაც მტერობა მოსწყურდეს

გააღოს სახლის კარია,

სისხლ დაიგუბოს კერაში

თვითონაც შიგვე მდგარია,

ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,

პურადაც მოსახმარია.

პირჯვარი დაიწეროდეს,

მითამ საყდარში არია…“

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...